შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მეზობლად (ნაწილი 21)


7-09-2016, 16:45
ავტორი Kristy
ნანახია 2 312

სემესტრებს შორის შესვენება ერთთვიანი იყო, ამიტომ მეგობრებს ძალების აღსადგენად საკმარისი დრო ჰქონდათ. ყველა განტვირთვას და დასვენებას ცდილობდა, მხოლოდ ლუკა გრძნობდა თავს მოუსვენრად - აშკარა იყო, რომ რაღაც აწუხებდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. ერთხელ, როცა ყველანი ერთად იყვნენ, ლიზი მარტო დაიგულა, გამბედაობა მოიკრიბა და მასთან მივიდა:
- ლიზი, შეგიძლია ხვალ საღამოს მნახო?
- კი, რატომ?
- მინდა ერთ ადგილას წაგიყვანო.
- ოჰო, კარგი. - გაუხარდა ლიზის. - ხვალ აქ მოვალ, არ მინდა სახლიდან გამოსვლისას გვნახონ, იცი რატომაც.
- არა, რვაზე ამ მისამართზე მოდი, - ბიჭმა ფურცელი გაუწოდა, სადაც მისამართი ეწერა.
- ეს რა ადგილია?
- ნახავ, - ღიმილით თქვა ბიჭმა, თითქოს გაუხარდა, რომ გოგონამ არ იცოდა სად ეპატიჟებოდნენ. - ჰო, მართლა, ლამაზად ჩაიცვი.
- რას ჩურჩულებთ მანდ? მოდით აქ! - დაუძახა საბამ და დაბნეული გოგონა ისევ მეგობრების წრეში დააბრუნა.
მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს ბიჭის ქცევამ ლიზი ცოტა დააბნია, დათქმულ დროს მაინც მივიდა მითითებულ მისამართზე - ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პრესტიჟული რესტორანი ქალაქში. ლუკა უკვე ელოდა.
- საღამო მშვიდობის! - გაიცინა გოგონამ.
- საღამო მშვიდობის, ჩემო ქალბატონო! - ბიჭი წამოდგა და სკამი გამოუწია. - მოდი, დაჯექი.
- არ იფიქრო, რომ არ მომწონს აქაურობა, მაგრამ... რამეს აღვნიშნავთ?
- კი, - თქვა ბიჭმა და მომხიბვლელად გაიღიმა. - ძალიან მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ. საოცრად გამოიყურები!
- მადლობა. როგორც ყოველთვის, არა?
- როგორც ყოველთვის! რას შეუკვეთავ? - ჰკითხა ლუკამ და მიმტანს ანიშნა, მოდიო. - დღეს კერძებს შენ არჩევ!
- გაითვალისწინე, ძალიან მშია! - თქვა გოგონამ და მენიუს გადახედა. - ჯერ ღორის მწვადი და შოთის პური, ევროპული ყველის ასორტი ძალიან გემრიელად გამოიყურება, კიდევ პიცა პეპერონის ბოლოსკენ, დესერტად კი შოკოლადის ტორტი მინდა. სასმელები შენ აარჩიე.
- წითელი ღვინო... უდაოდ!
- გასაგებია, ახლავე მოგართმევთ. - თქვა მიმტანმა და სრწაფად წავიდა.
- კარგი, რას აღვნიშნავთ?
- ის, რომ აქ ხარ, ჩემს წინ ამ საღამოს აღნიშვნად არ ღირს?
- ნუ, ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ რაღაც არის, ვგრძნობ ამას. ბოლო დროს ძალიან უცნაურად იქცევი.
- ჰო? - გაეღიმა ბიჭს. - ალბათ იმიტომ, რომ დაბნეული ვარ.
- რატომ? - მიმტანმა შეკვეთა მოიტანა და წყვილს გემრიელად ვახშმობა უსურვა. - რა უცნაურია, აქ უხერხულად ვარ.
- არ მოგწონს? თუ გინდა, ახლავე წავიდეთ.
- არა ლუკა, არა! ეგ არ მიგულისხმია. ძალიან მომწონს, უბრალოდ მიუჩვეველი ვარ. ზედმეტად დიდი რესტორანია და თავს ისე ვგრძნობ, როგორც დამნაშავე პოლიციელების გარემოცვაში.
- და საიდან იცი გრძნობს თავს დამნაშავე პოლიციელების გარემოცვაში?
- კარგი რა! ის ვიგულისხმე, რომ კომფორტულად ვერ იქნება, მაგრამ წასვლა არ მინდა. აქ შენთან ერთად ძალიან მომწონს. - თქვა ლიზიმ და კერძებს დახედა. - ღმერთო, როგორი სურნელია, ეს გემრიელობა ახლავე ჩემს პირში უნდა აღმოჩნდეს.
- შეგერგოს! - თბილად გაუღიმა ბიჭმა.
- შენ არ ჭამ? - იკითხა უცებ გოგონამ, როცა შენიშნა, რომ ბიჭს კერძებისთვის პირი არ დაუკარებია.
- ჰო, რა თქმა უნდა, უბრალოდ შენი ცქერით ვტკბებოდი.
- მაინც არ მითხარი, რას აღვნიშნავთ.
- ამ დღეს გნახე პირველად, როცა შენს მეზობლად გადმოვედი საცხოვრებლად. შენ იყავი პირველი, ვინც გადმობარგებისას ვნახე და ძალიან გამიხარდა, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე.
- რატომ?
- იმიტომ, რომ იმ წუთიდან მიყვარხარ, როცა პირველად მოგკარი თვალი.
- ამას სერიოზულად ამბობ? ერთი ნახვით სიყვარულის არ მჯერა!
- მე კი სიყვარულის არ მჯეროდა საერთოდ.
- სად მნახე?
- ქუჩაში იყავი, მოკლე ღია ცისფერი კაბით და თეთრი კეტებით, თმები უკან გქონდა დაწნული. დღემდე მახსოვს შენი გულწრფელი სიცილი იმ დღეს. მაშინ მივხვდი, რომ სამყაროში ჯერ კიდევ არსებობდა სილამაზე და მსურდა მასთან რაც შეიძლება ახლოს ვყოფილიყავი.
- რატომ გადაიფიქრე?
- დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ეს შესაძლებელი იყო.
- რატომ?
- ჩემი წარსულის გამო... და მომავლისაც... არ ვიცოდი, ღირდა თუ არა და სიმართლე გითხრა, დღემდე არ ვიცი.
- რა? რას მეუბნები ლუკა, რა არ იცი?
- ერტად ვართ, მაგრამ არ ვიცი რამდენად ნამდვილია ეს. ვცდილობ ამ თემაზე არ ვიფიქრო, მაგრამ რაც უფრო ვცდილობ მის იგნორირებას, უფრო მეტად მაწუხებს. თავიდან ვერ ვიშორებ იმ აზრს, რომ რაღაც ისე ვერ არის.
- არ მითხრა, რომ ამან შეგაშინა და დაშორებას აპირებ. ამისთვის მომიყვანე აქ?
- არა! არასოდეს დაგშორდები ლიზი, საკუთარი ნებით არასოდეს წავალ. - თქვა ბიჭმა და ხელზე აკოცა - იცი? შენ ჯერ კიდევ ვერ ხვდები ბოლომდე ჩემთვის რამდენს ნიშნავ. უშენოდ უბრალოდ ვერ ვიცხოვრებ.
- მაშინ ნუ იცხოვრებ!
- მაგრამ არც ის მინდა, რომ რამე გაიძულო. ამიტომ მინდა, რომ რაღაც გკითხო და ძალიან გთხოვ, არ გამიბრაზდე.
- კარგი.
- გიყვარვარ ლიზი?
- ასეთ სისულელეს როგორ მეკითხები?! - გაიცინა გოგონამ. - ასე რომ არ იყოს, შენთან ხომ არ ვიქნებოდი?
- უბრალოდ მიპასუხე, კარგი?
- რა თქმა უნდა, მიყვარხარ ლუკა.
- დარწმუნებული ხარ?
- ჰო. რა ხდება ლუკა? მეგონა ყველაფერი კარგად იყო, ახლა კი ამ კითხვებს მაყრი. არაფერი მესმის!
- დამიჯერე, ცუდი არაფერი ხდება. უბრალოდ უნდა მეკითხა, სანამ რამეს გავაკეთებდი. უნდა მცოდნოდა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ინანებ.
- რა გადაწყვეტილებას?
- მიყვარხარ ლიზი, იმაზე მეტად, ვიდრე საერთოდ შესაძლებელი მეგონა შეყვარება. მგონია, ყოველი დილა მხოლოდ იმიტომ თენდება, რომ შენ ელოდები მზის ამოსვლას; მგონია, რომ უშენოდ მთელი სამყარო გაჩერდება, რადგან უშენოდ უბრალოდ არაფერი იქნება ისე, როგორც მინდა, რომ იყოს.
- როგორ გინდა იყოს?
- მინდა მიყვარდე, შენზე ვზრუნავდე და გიფრთხილდებოდე. მინდა ყოველ დღე გხედავდე ჩემს გვერდით, არ ვიმალებოდეთ, მინდა ხმამაღლა შემეძლოს იმის თქმა, რომ ჩემი ხარ, რომ ხელი ჩაგკიდო და ქუჩაში თამამად გავიდე. მინდა ერთ დღესაც, ღრმად მოხუცმა შენს გვერდით გავიღვიძო და ვიცოდე, რომ შენი სიბერე მე მეკუთვნის, ისევე როგორც შენი ახალგაზრდობა მეკუთვნოდა მე.
- მეც მინდა ეს ყველაფერი.
- მაშინ ჩემი გახდი, რომ შევძლო, ვიყო შენი! სამუდამოდ! - ბიჭი წამოდგა, ლიზის წინ ცალ მუხლზე დადგა და ბეჭედი გაუწოდა. - ცოლად გამომყვები ლიზი?
- მთელი ეს დრო ამას გეგმავდი? - გაეცინა გოგონას.
- იმაზე ვფიქრობდი, უნდა გამეკეთებინა თუ არა ეს. კარგი რა, მომენტს ნუ აფუჭებ, ჩქარა მითხარი პასუხი. - ვედრებით თქვა ბიჭმა. ლიზის ისევ გაეცინა.
- თანახმა ვარ! - თქვა მან. - რა თქმა უნდა, თანახმა ვარ სულელეო!
ლუკამ არათითზე ბეჭედი მოარგო და გადაეხვია. დარბაზში აპლოდისმენტები და მისალოცი სიტყვები გაისმა, როგორც აღმოჩნდა, ხელის თხოვნის ეს სცენა ყველამ ნახა და მისი წარმატებით დასრულების გამო ყველა გახარებული იყო, მერე ვიღაცამ იყვირა „კოცნა“ო, დანარჩენებიც მალევე აიყოლია და ახლა დარბაზი კოცნას ერთხმად ითხოვდა.
- მგონი გაები. - გაუცინა გოგონამ.
- მე თუ შენ? - იკითხა ბიჭმა და მოურიდებლად აკოცა.
- გიჟი ხარ! - უთხრა გოგონამ, როცა მისი ტუჩებისგან განთავისუფლდა.
- მაშინ მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი გიჟი ვყოფილვარ. რამდენიმე წამის წინ ხომ ცოლობაზე დამთანხმდი?!
- ჰო, მაგრამ იმედია გესმის, რომ მას შემდეგ, რაც ეს ბეჭედი გამიკეთე, უფროსი მე გავხდი!
- ოღონდ მაგ მშვენიერ არათითზე ჩემი ბეჭედი გეკეთოს, მზად ვარ მთელი ცხოვრება თქვენობით გესაუბრო და ყოველ ნაბიჯზე ნებართვა შენგან ვითხოვო, ჩემო ქალბატონო!
- ზედმეტად კარგი ხარ ლუკა, იმდენად კარგი, რომ ძნელია ეს დაიჯერო. თავი ზღაპარში მგონია.
- მაგრამ მე რეალური ვარ, ისევე როგორც ეგ ბეჭედი შენს თითზე.
ახალმა ამბავმა არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰპოვა: მეგობრებს ძალიან გაუხარდათ და მაშინვე ქორწილის გეგმებზე დაიწყეს საუბარი, მერი გაოცებას ვერ მალავდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება უფროსებთან შეთანხმების გარეშე მიიღეს, მაგრამ მთავარი გამოწვევა მაინც წინ იყო - ახალი ამბავი ლიზის მამისთვის უნდა შეეტყობინებინათ. ლუკამ გადაწყვიტა მომავალ სიმამრს თავად დალაპარაკებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც დასთანხმდა ლიზის დაჟინებულ თხოვნას, რომ ჯერ ის დალაპარაკებოდა.
- საღამო მშვიდობისა, მამიკო. - მიეგება გოგონა სახლში დაბრუნებულ მამას.
- საღამო მშვიდობის. როგორ ხარ ძვირფასო?
- ძალიან კარგად მამი. - თქვა გოგონამ და ხელები მაგიდაზე შემოაწყო, რომ მამას მის ხელზე ბეჭედი შეემჩნია.
- მშვენიერია, მე კი დღეს საშინლად დავიღალე მა, წყალს გადავივლებ და დავწვები.
- მაგრამ შენთან ლაპარაკი მინდოდა.
- ვერ მოიცდის საყვარელო? ახლა საუბრის თავი ნამდვილად არ მაქვს.
- არა მამა, ჯობია ახლა ვილაპარაკოთ.
- რამე მოხდა? - შვილის ასეთმა დაჟინებამ კაცი შეაკრთო.
- კი, მოხდა.
- რა? თქვი, რაღას მაწვალებ?!
- აი, ეს! - გოგონამ ხელი გაუწოდა. - შენს გოგოს ცოლობა სთხოვეს მამა.
- რაო? ასე უჩემოდ? როდის? ვინ?
- შენთანაც უნდოდა მოსვლა, მაგრამ ვთხოვე ჯერ მე ვეტყვი-თქო.
- ულამაზესი ბეჭედია საყვარელო. - კაცს დაღლილობა გადაავიწყდა და ერთბაშად ამ ახალ ამბვაში გადაეშვა. - დროზე თქვი ვინაა. ასეთი ბეჭედი თუ გიყიდა, გამოდის კარგი ბიჭია.
- დედამისის ბეჭედია. ასე მითხრა, მინდა შენ გქონდესო.
- თქვი, ვინაა?
- ლუკა, ჩვენი მეზობელი. - რბილად თქვა გოგონამ, რომ ზედმეტი გაღიზიანება არ გამოეწვია.
- მეზობელი? - კაცი წამით ჩაფიქრდა, მერე სახე წამოენთო, აშკარა იყო მიხვდა ვისზე ელაპარაკებოდნენ, გოგონას მიუბრუნდა და ნაძალადევი სიმშვიდით ჰკითხა. - ბიჭი ქოხიდან?
- მამა, გთხოვ, ასე ნუ ამბობ.
- მე ხომ ვთქვი, მაგ ბიჭს აღარ შეხვდე მეთქი?
- მამა ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი.
- რას ქვია გიყვართ? - თავი ვეღარ შეიკავა კაცმა და მთელ ხმაზე იყვირა. - ვინ გიყვარს გოგო? აღარ გამაგონო!
- მამა, გთხოვ...
- ხვალვე დაუბრუნებ ბეჭედს! - მოითხოვა კაცმა. - თან ჩემს თვალწინ! მეც ვეტყვი ერთ-ორ სიტყვას იმ ვაჟბატონს.
- მამა, საერთოდ იცი ვინაა?
- არ გამაგონო! არ მაინტერესებს! ჩემი გოგო იმ ცინგლიანისთვის გავზარდე? იმის გამბედაობას არ ყოფნის, რომ ჯერ მე დამელაპარაკოს.
- ხომ გითხარი, უნდოდა, მაგრამ მე დავუშალე.
- ანუ ქალის ჭკუაზე დადის. მითუმეტეს!
- შენ რა, არ მოგწონს, რომ შენს გოგოს უსმენენ?
- ნუ იცავ! - არ ცხრებოდა კაცი. - სიტყვა აღარ გამაგონო ამ თემაზე!
- მაგრამ რატომ?
- ასეთი მომავალი გინდა შვილო? იჯდე იმ ქოხში და მისი შვილები ზარდო? ამისთვის გასწავლე? ამისთვის ვშრომობდი?
- არა მამა...
- რით უნდა გარჩინოს, მითხარი? იქნებ მებაღეობას აპირებს?
- თუ მომისმენ, გეტყვი მამა.
- კარგი, გისმენ ალბატონო!
- ის მუშაობს მამა, და არც ღარიბია. პროფესიას რაც შეეხება, ლუკა ჩემი ჯგუფელია და ეს უკვე იცი.
- ვხედავ, როგორი მდიდარიცაა. სად მუშაობს?
- კომპიუტერესბის სპეციალისტია ერთ-ერთ კომპანიაში და იმაზე მდიდარია, ვიდრე ჩანს.
- შენ რა, მისი ქონებრივი დეკლარაცია ნახე?
- მისი ბინა ვნახე პეკინზე და სახლი წყნეთში. ეს საკმარისია?
- რაო? რა გინდოდა მის სახლებში?
- მეგობრებთან ერთად ვიყავი მამა, დაწყნარდი.
- კარგი. - დაცხრა კაცი. - მაშინ აქ რატომ ცხოვრობს?
- ბებიის გამო, ქალი ავადაა და აქ უნდოდა გადმოსვლა, მის ახალგაზრდობის სახლში, ლუკა კი მას უვლის.
- ბატონი კეთილშობილება ყოფილა. - აგდებით თქვა კაცმა, რომ ლიზის არ შეემჩნია ამ ბიჭის მიმართ გაჩენილი სიმპათია. - ანუ ასე? დარწმუნებული ხარ?
- ჰო მამი, გაიცნობ და ნახავ.
- ამბობ, რომ ჩემთან უნდოდა ლაპარაკი?
- ჰო.
- მაშინ ხვალ რვაზე აქ დაველოდები. ვნახოთ, რა აქვს სათქმელი. - თქვა კაცმა და ოთახში ავიდა.
გოგონამ ლუკას სიხარულით აცნობა დანიშნული შეხვედრის შესახებ და სთხოვა არ დაეგვიანა, როდის დამიგვიანიაო დაამშვიდა ბიჭმა და მიღებული შანსის გამოსაყენებლად მოემზადა. თავის მხრივ დამხვედრიც დიდი ენთუზიაზმით ემზადებოდა, ამ ბიჭის გაცნობით ძალიან იყო დაინტერესებული და მოუთმენლად ელოდა მასთან შეხვედრას. მეორე დღეს, ზუსტად რვაზე ბიჭი მეზობლის მეზობლის კარებთან იდგა. კარები ლიზიმ გაუღო და მომავალი მეუღლე შიგნით შეიპატიჟა.
- გამარჯობა, ბატონო თამაზ. როგორ გიკითხოთ?
- შენ?! - კაცს სახეზე უაზრო გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ვერ გაეგო, რას აკეთებდა ეს ბიჭი მის სახლში.
- მაპატიეთ, რომ თავიდანვე თქვენთან არ მოვედი და მესმის, რომ ამის გამო ჩემზე ნაწყენი ხართ.
- გაჩუმდი! - კაცი მძიმედ წამოიმართა. - ახლავე შეწყყვიტე!
- მამა, რა გჭირს? - შეშინდა ლიზი.
- გარეთ რატომ ხარ? - მიკნავებული ხმით იკითხა კაცმა ისე, რომ ლიზისთვის არც შეუხედავს.
- უკაცრავად? - დაიბნა ლუკა.
- ციხეში რატომ არ ხარ? - გაცეცხლებული თვალები მიაპყრო ბიჭს. ლუკა ადგილზე გაიყინა. - მიპასუხე შე ნაბი*ვარო! აქ რას აკეთებ? ახლა ცდილობ მეორე შვილიც წამართვა?
- მე... მიცნობთ? - ახლა კი კაცმა თავი ვეღარ შეიკავა, ბიჭს ეცა და ცემა დაუწყო. ლუკას თავის დაცვა არც უცდია.
- თავხედო! - ყვიროდა კაცი. - როგორ ბედავ? აქ მოსვლას როგორ ბედავ?
- მამა, რას აკეთებ? - მამის შეჩერება სცადა ლიზიმ. - მამა გეხვეწები, გაჩერდი.
კაცი მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როცა ხელი გაუშეშდა და ძალაგამოცლილი დივანზე მიესვენა. ლუკა ფეხზე ძლივს დადგა, სახე რამდენიმე ადგილას ჰქონდა დახეთქილი და სისხლი სდიოდა.
- ღმერთო ჩემო, ლუკა, კარგად ხარ? - ეკითხებოდა შეშინებული გოგონა. - არაფერი მესმის, აქ რა მოხდა?
- შენი და, - დაიწყო ბიჭმა. - რომელიც მოკლეს... რა ერქვა მას?
- ევა. რატომ? ის რა შუაშია?
- ევა თამარაშვილი?
- ჰო. მოიცა, გვარი საიდან იცი? - ბიჭმა ერთი ამოისუნთქა, თვალები დახუჭა და ძლივს გასაგონად წარმოსთქვა:
- მის გამო ვიჯექი.
- რა? - ნაბიჯით უკან დაიხია გოგონამ.
- მისი მკვლელობისთვის ვიჯექი ლიზი.
- ანუ ისიც იცოდი, რომ მკვლელობისთვის იჯდა? - უფრო მეტად გაბრაზდა კაცი, რომელიც მათ მცირე დიალოგს უსმენდა. - სანამ ადგომა ჯერ კიდევ არ შემიძლია, აქედან გამასწარი, თორემ მაგ სახეს არ შეგარჩენ მკვლელო!
- ლიზი, მისმინე, მე არ ვიცოდი. - თავის მართლება სცადა ლუკამ.
- გაჩუმდი, არაფერი თქვა! - გოგონამ ბეჭდის მოხსნა დაიწყო.
- ამას ნუ აკეთებ, გთხოვ.
- წადი აქედან! - თქვა გოგონამ და ბეჭედი ხელში ჩაუდო.
- ლიზი, გთხოვ.
- გაეთრიე! - უყვირა გოგონამ.
- ვერ გაიგე რა გითხრეს?! - კაცმა მაისურზე წაავლო ხელი და ქუჩაში მოისროლა. - იცოდე, ჩემს შვილთან მიკარება არ გაბედო. არც იფიქრო!
სასტიკად ნაცემ ბიჭს კარი ცხვირწინ მიუხურეს. ლუკა ადგილიდან არ დაძრულა, იქვე მუხლებზე დაეშვა და თავი ჩაღუნა. ვერაფერზე ფიქრობდა, ვერც მოძრაობდა, უბრალოდ გაუნძრევლად იჯდა და დაკარგულ სიყვარულს გულში ჩუმად გლოვობდა; კარს მიღმა კი გაცოფებული კაცი ბოლთას სცემდა და იმუქრებოდა, იმ პარაზიტს უკან ციხეში შევაბრუნებო. ცოტა ხნის შემდეგ, როცა ტკივილის პირველმა ტალღამ გაიარა და ცოტა ძალა მოიკრიბა, ლუკა წამოდგა, ბებიასთან მომვლელი გაგზავნა, დღეს სახლში არ ვიქნებიო, თვითონ კი თავის ბინაში ავიდა.
ბიჭი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორი უიღბლო იყო, საკუთარ თავზე ბრაზობდა, რომ არასდროს არაფერი უეჭვია და ვერ ვხდებოდა, ასეთ შარში როგორ გაება. დღემდე მხოლოდ ის აწუხებდა, რომ მის მიმართ გოგონას გრძნობებში დარწმუნებული არ იყო, ახლა კი მიხვდა, რომ გაცილებით დიდი პრობლემა ჰქონდა. ტელეფონი აიღო და ლიზისთან დარეკვა სცადა, მაგრამ გათიშული იყო. ლიზი ოთახში იჯდა და ტიროდა, ვერ იჯერებდა, რომ ბიჭმა არ იცოდა მისი დის შესახებ და რაც უფრო მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო იზრდებოდა მის მიმართ რისხვა. როგორც კი დილა გათენდა და გოგონამ თვალები გაახილა, მაშინვე მერისთან წავიდა.
- ლიზიკო, როგორ ხარ? - ქალი დილაადრიან გოგონას დანახვამ გააკვირვა.
- საშინლად! - თქვა ლიზიმ და სახლში შევიდა.
- კარგი, რა მოხდა? - გოგონამ მეზობელს ყველაფერი უამბო. მეზობელი გაოცებას ვერ მალავდა. - ღმერთო ჩემო, ეს რა მესმის. ლუკა კარგადაა?
- მამამ საშინლად ცემა, მაგრამ არ მაინტერესებს. ეს როგორ გამიკეთა?
- და რა გაგიკეთა?
- მომატყუა. - იყვირა გოგონამ. - არ მითხრა, რომ ჩემი დის მკვლელობა დააბრალეს. შეუძლებელია არ სცოდნოდა!
- რატომ არის შეუძლებელი?
- შენ რა, ახლა მას იცავ?
- მე იმას ვამბობ, რომ უნდა მოუსმინო. აცადე, აგიხსნას. იქნებ რას გეტყვის.
- არ მაინტერესებს!
- ნუ ჯიუტობ ლიზი! კარგად იცი, რომ ტავიდან არ მომწონდა ეგ ბიწი და გეუბნებოდი, ჩამოშდორდი მეთქი, მაგრამ მერე გავიცანი და ვნახე, როგორიცაა. არა მგონია, მოეტყუებინე, თან ასეთ საკითხზე.
- ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?
- ეგეც რომ არა, - თავისას აგრძელებდა ქალი. - რა აზრი ჰქონდა ისეთ ტყუილს, რომელიც მამაშენთან შეხვედრისთანავე გამოაშკარავდებოდა? ის ბიჭი ასეთი სულელი გგონია?
- არა, სულელი არ არის.
- ჰოდა, უფლება მიეცი აგიხსნას. - უცებ კარებზე დააკაკუნეს. - წავალ, გავაღებ.
- გამარჯობა მერიკო, ლიზი აქაა? - მისმა ნაცნობი ხმა.
- ლუკა, რას გავხარ! - შეიცხადა ქალმა. - შემოდი, აქ არის.
- უკვე ყველაფერი იცი, არა?
- ჰო, ლიზიმ მომიყვა. - ქალმა ლუკა ოთახში შემოაცილა. - მე დაგტოვებთ, თქვენ კი მშვიდად ისაუბრეთ.
- მადლობა მერიკო.
- აქ რა გინდა. - ჰკითხა გოგონამ, როცა ქალი გავიდა.
- შენთან სახლში ვიყავი და არ დამხვდი, ვიფიქრე აქ ინებოდი.
- ჩემთან სახლში მიხვედი? შენ სულ გაგიჟდი? მამაჩემი რომ დაგხვედროდა?
- ამაზე მეტს რას მიზამდა?
- არ გეგონოს, რომ ამის გამო მამაჩემს გავამტყუნებ.
- ამას არც ვითხოვ ლიზი, უბრალოდ მინდა მომისმინო.
- იმაზე მეტი რა უნდა მითხრა, რაც უკვე გავიგე?
- არ ვიცოდი, რომ ის გოგო შენი და იყო. გეფიცები, ამაზე არც მიფიქრია და არც შენ მოგიყოლია რამე მის შესახებ, რაღაც რომ მეეჭვა. სულელურ სიტუაციაში ვართ, მაგრამ გთხოვ, ხელს ნუ მკრავ.
- შენ მითხარი, რომ მკვლელობა დაგბრალდა, მაგრამ მეტი არაფერი გითქვამს. რატომ? დანარჩენი რატომ დამიმალე?
- დეტალურად არ მომიყოლია, რადგან საჭიროდ არ ჩავთვალე.
- საჭიროდ არ ჩათვალე გეთქვა, რომ გოგონას მოკვლის გარდა მასზე ძალადობაც დაგბრალდა? ეს უმნიშვნელო დეტალია?
- არა, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს...
- რას ამბობ ლუკა? რას არ აქვს მნიშვნელობა?
- თუ დამამთავრებინებ, იქნებ მიხვდე რასაც ვამბობ?! - ლიზი უცებ გაჩუმდა, ბიჭმა შუბლზე მოისვა ხელი და განაგრძო: - იმას ვგულისხმობ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა დამბრალდა, მთავარი ისაა, რომ მე ეს არ გამიკეთებია.
- ჩემი დის საქმე გაიხსნა, დამნაშავე იპოვნეს, მას დაუმტკიცეს...
- ჰო, დაუმტკიცეს და ციხეში წლები გაატარა. ლიზი შემომხედე, თვალებში შემომხედე და მითხარი, რომ დამნაშავე ვარ, რომ შემეძლო პატარა გოგონაზე ძალა მეხმარა და მერე მომეკლა... მითხარი, რომ ამის დაჯერება შეგიძლია!
- მაშინ მითხარი როგორ შეიძლება ეს ამბავი არ გცოდნოდა?
- ლიზი, მამაშენი პროცესებზე არ დადიოდა, მხოლოდ დედა ვნახე ერთხელ, როგორც გითხარი. გვარიც კი სხვაა. ეს ახლაც არ მესმის.
- ჰო, ის ჩემი დისშვილი იყო, მაგრამ დებივით გავიზარდეთ. მშობლები 2 წლისამ დაკარგა და ჩვენ შევიფარეთ.
- ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. როგორ შემეძლო მეფიქრა, რომ ბედი ისევ იქ დამაბრუნებდა, საიდანაც მეგონა თავი დავაღწიე.
- მე... არ ვიცი ლუკა. ახლა ამაზე საუბარი არ შემიძლია.
- მაშინ როდის?
- არ ვიცი... იქნებ არასდროს!
- ამას ნუ გამიკეთებ ლიზი! ამ ამბის გამო ერთხელ უკვე დავკარგე ყველაფერი, ისევ იგივეს ნუ გამიკეთებ, გთხოვ.
- ცოტა ხნით უნდა წახვიდე ლუკა, დრო მჭირდება.
- არა!
- უნდა წახვიდე!
- ხომ იცი, რომ ბებოს ვერ დავტოვებ ლიზი?! თუმცა, თუ ასე გინდა, შემიძლია დაგპირდე, რომ ვეღარ მნახავ.
- მე მინდა? ნუთუ ვერ ხვდები, რომ არ მინდა, იდიოტო? არ მინდა ეს! - ყვიროდა გოგონა და გამეტებით ურტყამდა მუშტებს მკერდზე. ბიჭმა მკლავები შემოხვია და გულზე ძლიერად მიიკრა.
- ჩუ, მშვიდად პრინცესა, მშვიდად.
გოგონას ყვირილზე ოთახში მერი შემოვიდა, მაგრამ როცა ეს სცენა დაინახა, გადაწყვიტა არ ჩარეულიყო, კარებში გაჩერდა და ელოდა, როდის შეწყვეტდა ლიზი ისტერიკას; თან ლუკას ქცევას აკვირდებოდა და უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ ეს ბიჭი ნამდვილად იმსახურებდა ბედნიერებას. უცებ ლუკას ტელეფონმა დარეკა, ნანა რეკავსო, თქვა და ზარს უპასუხა.
- გისმენთ, ქალბატონო ნანა. რა? - ბიჭს სახე გაუშეშდა. - კარგი, ახლავე მოვალ.
- რა მოხდა? - იკითხა ლიზიმ.
- ბებია გარდაიცვალა. - თქვა ბიჭმა და ოთახიდან გავიდა.



№1 სტუმარი Magda

მეგონა ალბათ ქორწილი დარჩა და იმის გარკვევა რამდენი ბავშვი ეყოლებათ მეთქი. ამას ნამდვილად არ ველოდი. მომწონს მოულოდნელობები, მაგრამ იმედია კარგად დამტავრდება

 


№2 სტუმარი მკ

ძალიან კარგია ძალიან საყვარელი ქალი იყო ცუდია რომ მოკვდა (( გაააგრძელე კარგია და საინტერესო მოულოდნელობებით სავსე

 


№3  offline წევრი SillyGirl

ძალიან მომწონს ისტორია
საყვარელი და თბილი ისტორია <3
ლუკა ძალიან საყვარელია და არაა ღირსი ლიზიმაც აქციოს ზურგი.
ძალიან კარგად წერ, ასე განაგრძე წარმატებები <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

Au dzalian cudia.Luka mecodeba.vxvdebodi eg istoriaro mouyva lizastan iyo kavshirshi davwere kidec komentarshi.I media namdvil mkvlels ipovian da lizis mamac bodishs mouxdis.tan exla beboc gardaecvala da problems da tkivili ertmanets miemata

Imedia male gamoswordeba yvelaferi
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent