შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მეზობლად (ნაწილი 22)


9-09-2016, 20:15
ავტორი Kristy
ნანახია 1 902

სახლში დაბრუნებულ ბიჭს ნანა კარებში შეეგება, შეშინებული იყო და თავს იმართლებდა, რამე რომ მეეჭვა მაშინვე დაგირეკავდიო. ლუკა ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა ბოლომდე თუ რა ხდებოდა მის გარშემო, ყველაფერი ერთდროულად მოიშალა და თავდაყირა დადგა, თითქოს ყველამ მის წინააღმდეგ შეკრაო პირი. ბიჭს მხოლოდ ის უნდოდა, რომ ცოტა ხანი მაინც მარტო დარჩენილიყო, მაგრამ ქალი არ ცხრებოდა, ხან ქალის უეცარ გარდაცვალებაზე ტიტინებდა, ხან კი მისი დალუჯებული სახის შემხედვარე კითხვებს აყრიდა და დახმარებას სთავაზობდა.
- ქალბატონო ნანა, დიდი მადლობა დახმარებისთვის. - თქვა ბიჭმა და ფული გაუწოდა.
- არა, არა, - იუარა ქალმა. - ნახევარი თვეც კი არ გასულა წინა ხელფასიდან, ამას ვერ ავიღებ.
- აიღეთ, თქვენ ეს დაიმსახურეთ.
- დიდი მადლობა შვილო. - თქვა ქალმა და ფული ჩანთაში ჩაიდო. - რაში დაგეხმარო? რამე ხომ არ გჭირდება?
- არაფერი, მადლობა. ყველაფერს თვითონ მივხედავ.- თქვა ბიჭმა და კარებისკენ გაუძღვა.
ქალი გააცილა და სახლში მარტო დარჩა - გვერდით ოთახში გარდაცვლილი ბებია ესვენა, მეზობელ სახლში კი დაკარგული სიყვარული ეგულებოდა. გული საშინლად ტკიოდა, მაგრამ იცოდა, რომ თავი ხელში უნდა აეყვანა, წინ დაკრძალვა ელოდა და ორგანიზაციული საქმეები თვითონ უნდა ეკისრა. უცებ გონს მოეგო, ტელეფონი აიღო და ყველგან დარეკა, სადაც საჭირო იყო: მოაგვარა დაკრძალვის ცერემონიის საქმეები, სტუმრებისთვის რესტორანში დარბაზიც იქირავა და სუფრაც შეუკვეთა, ნათესავებსაც შეატყობინა ბებიის გარდაცვალების ამბავი, ყველაფერი ცივი გონებით დაგეგმა და მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ ეს ამბავი მამისთვის არ უცნობებია. ბიჭმა ტელეფონი აიღო და ნომერი ნელა აკრიფა, აშკარად უმძიმდა მამასთან დარეკვა.
- გისმენთ. - გაისმა ხმა ტელეფონში.
- ლუკა ვარ. - მძიმედ წარმოთქვა ბიჭმა. - ბებია გარდაიცვალა. ვიფიქრე, უნდა გცოდნოდა.
- ვიზიარებ.
- დაკრძალვა ზეგ იქნება, სამზე, თუ მოსვლას გადაწყვეტ.
- გასაგებია.
- კარგი.
ბიჭმა ტელეფონი სწრაფად გათიშა და თავი ხელებში ჩარგო. ეზოში იჯდა, კიბის ბოლო საფეხურზე და თავში ათასი აზრი უტრიალებდა: ბებიის გარდაცვალებამ ძალიან ატკინა გული, არც ის იცოდა, საყვარელი ქალი როგორ დაებრუნებინა. ამ დროს ეზოში ლიზი შემოვიდა.
- ლუკა, აქ რატომ ზიხარ?
- არ ვიცი, - თავი ასწია ბიჭმა. - სახლში შესვლა არ მინდოდა.
- კარგად ხარ?
- არა.
- სულელური კითხვა იყო, ბოდიში. - დაიმორცხვა გოგონამ. - ძალიან ვწუხვარ ბებიაშენის გამო.
- მადლობა, რომ მოხვედი.
- დახმარება ხომ არ გჭირდება?
- არა, უკვე ყველაფერი მოვაგვარე.
- გარეთ ცივა. წამოდი, სახლში შევიდეთ.
- არ მინდა შიგნით შესვლა.
- ბავშვივით ნუ იქცევი ლუკა, წამოდი!
- მასთან ჯერ არ ვყოფილვარ. არ ვიცი, ამ ამბავთან შეგუება არ მინდა, მისი იქ დანახვა კი... თითქოს იძულებული გავხდები, გავუშვა. უბრალოდ არ შემიძლია კიდევ ვინმეს დაკარგვას შევეგუო.
- ლუკა, ის უკვე წავიდა. ვერაფერს შეცვლი.
- ჰო, ვიცი.
- აბა, შევიდეთ?
- არა, ჯერ აქ ვიქნები. შენ წადი, არ მინდა აქ იჯდე, თან ცოტა ხანი მარტო დარჩენა მინდა. გთხოვ, არ გეწყინოს.
- მესმის. ოღონდ დამპირდი, რომ სახლში მალე შეხვალ.
- კარგი.
ლიზი სახლში დაბნეული დაბრუნდა, ბიჭი ძალიან ებრალებოდა, რადგან მის მდგომარეობას კარგად ხედავდა, მაგრამ ვერც იმ ფაქტს ივიწყებდა, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვინც ოდესრაც მისი დის მკვლელობაში დაადანაშაულეს და ვინც მთელი არსებით სძულდა, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს უნახავს. მართალია, ეჭვები თავს არ ანებებდნენ, მაგრამ გული კარნახობდა, რომ მისი დატოვება უსამართლობა იყო. გოგონას აკვირვებდა ლუკას ხასიათის ცვლილებები - როცა საქმე მის საყვარელ ადამიანებს ეხებოდა, ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული მამაკაცი უსუსურ ბავშვად იქცეოდა ხოლმე, რომელსაც დაცვა სჭირდება, რომ არ დაიკარგოს. ლიზის ეს კონტრასტი ძალიან მოსწონდა, ამ დროს სურვილი უჩნდებოდა მოხვეოდა და თავისივე აზრებისგან დაეცვა, რომლებიც ყოველთვის მას სდებდნენ ბრალს ყველაფერში. გოგონამ თამარის გარდაცვალების ამბავი მეგობრებს შეატყობინა და დაბლა ჩავიდა, მამასთან.
- ის პარაზიტი ხომ არ გინახავს? - მაშინვე იკითხა კაცმა, როგორც კი გოგონას მოჰკრა თვალი. - ხომ არ შეგაწუხა დღეს?
- არა მამა. - იცრუა გოგონამ.
- ძალიანაც კარგი, თავისი ადგილი იცოდეს! - კმაყოფილეით თქვა კაცმა, მერე ისევ წამოენთო და ჩვეულ სტილში განაგრძო. - არ ვიცი როგორ მოახერხა, მაგრამ მის წინააღმდეგ საქმე არ არსებობს, თითქოს ჩემი გოგონა არასდროს მოუკლავთ. ეგ არაფერი, საჩივარი უკვე შევიტანე.
- რა ქენი? - თვალები გაუფართოვდა ლიზის.
- ჩემი შვილის მკვლელი გარეთაა და ნასამართლეობაც კი არ აქვს, სხვა რა უნდა გამეკეთებინა? რამდენიმე მეგობარი მყავს პოლიციაში, აუცილებლად გავარკვევ ეს როგორ გააკეთა და უკან დავაბრუნებ!
- მამა არა, გთხოვ ეს არ გააკეთო.
- რაო? რატომ არ უნდა გავაკეთო? ერთადერთი, რასაც ის მკვლელი იმსახურებს, ციხეა!
- მამი გეხვეწები, თუ გიყვარვარ, დაანებე თავი.
- გაგიჟდი ლიზი?
- მამა, დღეს ბებია გარდაეცვალა, მარტო ის ჰყავდა, პრობლემები ისედაც საკმარისად აქვს. გთხოვ, დაანებე თავი.
- არ მადარდებს! - იყვირა კაცმა. - თან უკვე გავაკეთე. აი, ნახავ, ხვალ ან ზეგ უკვე ყველაფერი მეცოდინება და უკან შევაბრუნებ.
ლიზიმ ოთახში აირბინა და სასწრაფოდ ლუკას დაურეკა, ყველაფერი მოუყვა. ბიჭი დაჰპირდა აკაკის გავაფრთხილებ და მოაგვარებსო, ინფორმირებისთვის მადლობა გადაუხადა და მშვიდობიანი ღამე უსურვა. დილით, როცა ლიზიმ გაიღვიძა და დაბლა ჩავიდა სასაუზმოდ, მამა გაცეცხლებული დახვდა.
- უარი მითხრეს, - გაჰყვიროდა კაცი. - წარმოგიდგენია? მე, თამაზ სანიკიძეს შვილის მკვლელის დაჭერაზე უარი მითხრეს და მიზეზიც კი არ ამიხსნეს.
- მამა, გთხოვ, შეეშვი ამ საქმეს.
- აშკარად ვიღაც გავლენიანი იცავს, - აგრძელებდა კაცი და შვილის თხოვნას აინუნშიაც არ აგდებდა. - საქმესაც ის გაუსუფთავებდა. მე მაგათ ვუჩვენებ! კაცი არ ვიყო, ყველა თუ არ გამოვქექო!
გოგონა მიხვდა, რომ მისი გადარწმუნების მცდელობა უშედეგო იქნებოდა, აკაკი მოაგვარებს ყველაფერსო გაიფიქრა და მამას უფლება მისცა მთელი ბოღმა ამოენთხია. როგორც კი კაცი საუბარს მორჩა და სამსახურში წავიდა, გოგონამ მერის გაუარა და ლუკასთან წავიდნენ.
დაკრძალვის ცერემონია მოკრძალებული იყო, არც დიდი ხალხმრავლობით გამოირჩეოდა, მაგრამ ნათესავებს შორის არსებული დაძაბულობა, რაც ალბათ ლუკას წარსულით იყო გამოწვეული, აშკარად იგრძნობოდა. ბიჭს შავი შარვალ-კოსტიუმი ეცვა, შავი ჰალსტუხი ეკეთა და საცოდავი გამომეტყველებით გაჰყურებდა სივრცეს, თვალებზე მომდგარ ცრემლებს საგულდაგულოდ მალავდა. მერი და ლიზი მასთან მივიდნენ.
- გუშინ ისე წახვედი, ვერც მოგისამძიმრე, - თქვა ქალმა. - ძალიან ვწუხვარ.
- არაუშავს, - საცოდავად გაიღიმა ბიჭმა. - მადლობა, რომ მოხვედით.
- ეგ რა სალაპარაკოა.
- ბავშვები არ მოსულან? - იკითხა ლიზიმ.
- კი, დილიდან აქ არიან. შენ გითქვამს...
- ვიფიქრე, კარგი იქნებოდა თუ მოვიდოდნენ, გვერდში დაგიდგებოდნენ.
- კარგად მოქცეულხარ, მე სულ გადამავიწყდა.
- წამოდი, ეზოში გავიდეთ. ჰაერზე გასვლა არ გაწყენს.
- კარგი, წავიდეთ.
- მამაჩემი არ ნებდება, - დაიწყო გოგონამ. - სარჩელზე უარი უთქვამთ, ახლა კი დაიჟინა, ყველაფერს თავად გავარკვევო.
- ვერაფერს იპოვნის!
- ჰო, მაგრამ არ ვიცი ამის მერე რა იქნება.
- მაშინ ზუსტად ამაზე შევჩერდით, შენ არ მიპასუხე, რა იქნება მერე.
- რაზე?
- გითხარი, რომ ბებიას ვერ ვტოვებდი, ახლა კი... ახლა ხელს არაფერი მიშლის, რომ აქედანაც და შენი ცხოვრებიდანაც გავქრე.
- ეს რას ნიშნავს?
- იმას, რომ უნდა მითხრა რა გავაკეთო.
- რას იზამ თუ გეტყვი, რომ ჩემთვის იბრძოლო?
- შენთან ვიქნები, რაც არ უნდა მოხდეს.
- გამარჯობა ლუკა. - მათ უკან მაღალი, ჭაღარა კაცი იდგა ხასხასა წითელი ჰალსტუხით და ბიჭს ქედმაღალი გამომეტყველებით გაჰყურებდა.
- გამარჯობა მამა.
- რას ნიშნავს, როცა ვიღაც კვდება, არა? რამდენი წელია ერთმანეთი არ გვინახავს?!
- მეშვიდე წელია.
- შენ რა, წლებსაც ითვლი? რა პატივია! - ჩაიხითხითა კაცმა. - წავალ, კუბოს შემოვუვლი.
- ლუკამ კეფა ნერვიულად მოიფხანა და ადგილზე აწრიალდა, მძიმედ სუნთქავდა, თითქოს ყველში წაუჭირეს და არ უშვებენო. ლიზიმ განერვიულებული ბიჭი თავისკენ შემოაბრუნა, ძლიერად ჩაჰკიდა ხელები და თავდაჯერებული ტონით უთხრა:
- ყველაფერი კარგადაა ლუკა, შემომხედე! ყველაფერი გაივლის!
- წლები გადის, მისი დამოკიდებულება კი ოდნავადაც არ იცვლება. ეს მანადგურებს.
- უფლება არ აქვს ასე მოგექცეს!
- საქმეც ის არის, რომ აქვს. სანამ ვერ ვამტკიცებ, რომ ის საშინელება მე არ ჩამიდენია, ყველას ყველაფერის უფლება აქვს.
- ამ ამბის გარკვევა სცადე?
- მას შემდეგ, რაც გამოვედი, ამას ვცდილობ, მაგრამ არავინ არაფერი იცის, არავის არაფერი დაუნახავს. მხოლოდ ის იციან, რომ მე ვიყავი იმ წყეულ ადგილზე, როცა...
- ისე მარტივი ინტერესისთვის, მეგობარი გოგოც ითრიე? - ისევ გაისმა დამცინავი ხმა ზურგს უკან.
- ასე რა უფლების ელაპარაკებით?!
- ლიზი, არ გინდა. - შეაჩერა ლუკამ.
- თან გიცავს კიდეც. - აგრძელებდა კაცი.
- დარჩენას აპირებ?
- რა თქმა უნდა არა, გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს.
- ლუკა ოქრიაშვილი?! - ადგილს ორი ოფიცერი მიუახლოვდა. - თქვენ დაპატიმრებული ხართ მკვლელობისთვის მისჯილი პატიმრობის უკანონოდ შეწყვეტისთვის.
- ეგ ახალი მუხლია?
- შებრუნდით და ხელები თავზე დაიწყვეთ. - ოფიცერმა იარაღს მოავლო ხელი.
- ესეც ახალი შარი! - ჩაიცინა ლუკას მამამ და მშვიდად დაიძრა გასასვლელისკენ. გაბრაზებულმა გოგონამ კაცს თვალი გააყოლა და უცებ ეზოში მდგარ მამას მოჰკრა თვალი.
- ამას შენ აკეთებ? - ახლა მას მიუბრუნდა გოგონა.
- აქ რა ჯანდაბა გინდა? - უყვირა კაცმა.
- მამა, გთხოვ, არ მისცე უფელება წაიყვანონ.
- ყველა ჩვენ გვიყურებს ლიზი, ახლავე შეწყვიტე.
გოგონამ მიმოიხედა. სტუმრები და მეზობლები მათ ირგვლივ შეჯგუფულიყვნენ და ამ სცენას ინტერესით ადევნებდნენ თვალს. მალე საბა და გიორგიც გამოჩნდნენ, ლუკამ ბიჭებს სთხოვა დაკრძალვის საქმეებისთვის მიეხედათ და მორჩილად გაჰყვა ოფიცრებს. მათი წასვლიდან რამდენიმე წუთში აკაკიც გამოჩნდა.
- გამარჯობა, - კაცმა ლიზი შენიშნა და მისკენ გაემართა. - ლუკა სად არის?
- ახლახან წაიყვანეს პოლიციელებმა.
- ამის დედაც, - იყვირა კაცმა. - მანქანის ნომერი ხომ არ დაგამახსოვრდა?
- არა, რატომ?
- ისინი პოლიციელები არ იყვნენ.
- მე გადავუღე სურათი. - თქვა გიორგიმ და ტელეფონი გაუწოდა. აკაკიმ მანქანის ნომერი ამოწერა და წასვლა დააპირა.
- მოიცადეთ, რას ნიშნავს პოლიციელები არ იყვნენ?
- ახსნის დრო არ მაქვს! - თქვა კაცმა, მერე სადღაც დარეკა, ვიღაცას ნომერი უკარნახა, მისი მოძებნა დაავალა და მანქანაში ჩაჯდა.
- გთხოვთ, მეც წამოვალ.
- არა! - ლიზიმ მანქანის კარი გამოაღო და უნებართვოდ ჩაჯდა.
- ლიზი, რას აკეთებ? - იყვირა მამამ.
- ახლავე გადმოდი მანქანიდან! - გაბრაზდა აკაკი. - შენ რომ არა, ლუკას ასეთი პრობლემები არასოდეს ექნებოდა. ახლა დროსაც მაკარგვინებ!
- ჩემს შვილს ასე ნუ ელაპარაკებით! და საერთოდ, ვინ ხართ?
- გამატარეთ! - თქვა კაცმა და იქაურობა სწრაფად დატოვა.
ლუკასგან მთელი დღე არაფერი ისმოდა. გოგონა თავს ვერ ერეოდა, საშინლად იყო დაძაბული და საკუტარ თავს ვერ პატიობდა, რომ აკაკის ნომერი მაინც არ გამოართვა, ახლა ხომ ეცოდინებოდა რა ხდებოდა. მამამისს, რომელიც თავს დასტრიალებდა და იმის გარკვევას ცდილობდა, მისი გოგონა დის მკვლელის ამბავს ასე რატომ განიცდიდა, ზედაც არ უყურებდა. დრო გადიოდა, ტელეფონი კი ისევ დუმდა. ღამე თითქმის არ უძინია, საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ ცუდი არაფერი მომხდარა, რომ აკაკი უშველიდა, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. დილაც ნერვიულად გათენდა, მამა სამსახურში გაისტუმრა და რომ არ გაგიჟებულიყო, მერისთან გავიდა სალაპარაკოდ. დღის მეორე ნახევარში ტელეფონმა, როგორც იქნა, დარეკა.
- ლუკა, როგორ ხარ?
- ცოცხალი ვარ!
- ცუდი ხმა გაქვს. მართლა კარგად ხარ?
- საავადმყოფოში ვარ.
- მითხარი სად, ახლავე მოვალ.
გოგონა მაშინვე საავადმყოფოსკენ გაეშურა. მტავარი უკვე იცოდა, ლუკა ცოცხალი იყო, ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რა სჭირდა, ის მაინც მეკითხა რამდენად მძიმე მდგომარეობში იყოო, ფიქრობდა გოგონა და ტაქსის მძღოლს აჩქარებდა. ფოიეში ბიჭის პალატა იკითხა და უკანმოუხედავად გაიქცა.
- ღმერთო ჩემო! - აღმოხდა ლიზის, როცა პალატის კარი შეაღო და თაბაშირში ჩასმული ბიჭი დაინახა. - რა გჭირს?
- გადავრჩები! - გაიღიმა ბიჭმა, მაგრამ დახეთქილი სახე ეტკინა და მაშინვე შეწყვიტა სიცილი.
- ექიმი რას ამბობს?
- ამბობს, რომ სამი მალა მაქ ჩამტვრეული, კიდევ ხელები და ბარძაყის ძვალი. პრინციპში, ეს ექიმის გარეშეც იგრძნობა... მოკლედ, ფეხზე კარგა ხანი ვერ დავდგები.
- ასე რატომ მოგექცნენ? აკაკიმ თქვა, პოლიციელები არ ყოფილანო... ვინ იყვნენ? რა უნდოდათ?
- ძველი ანგარიში ჰქონდათ, ერთ-ერთის ძმიშვილი ჩამისვამს.
- მაგრამ პოლიციელებად რატომ წარადგინეს თავი ან რატომ ახლა? - გოგონა უცებ შედგა, თითქოს რაღაც გაახსენდაო. - მამაჩემი, არა?
- ჰო. ჩემზე გამოძიების დაწყება ითხოვა, როგორც ჩანს, თავისი საქმე კარგად გააკეთეს, მაგრამ გრძელი ენა აღმოაჩნდათ, თან საკმაოდ ცუდ წრეებში.
- ანუ მაინც მამაჩემის ბრალია, ასეთ დღეში რომ ხარ.
- ასე ვერ ვიტყოდი, მან ხომ არ იცოდა?! ვერ დავადანაშაულებ.
- ოდესმე ვინმეს თუ ადანაშაულებ რამეში საკუთარი თავის გარდა?
- კი, ბევრი დაიჭირეს ჩემი ბრალდებით. - ისევ სცადა გაღიმება ბიჭმა.
- ისევ ხუმრობ.
- დაკრძალვამ როგორ ჩაიარა?
- ყველაფერი კარგად დამთავრდა, ბიჭები საქმიანი სახეებით დადიოდნენ, მაგრამ პრინციპში არაფერი გაუკეთებიათ, ყველაფერზე წინასწარ გიზრუნია.
- ჰეი, მაინც მოხვედი პატარავ?! - თქვა უცებ ბიჭმა და კარებს გახედა. კარებში ანა-მარია იდგა და ბიჭს შეწუხებული სახით გასცქეროდა.
- საშინლად გამოიყურები! - თავთან ჩამოუჯდა გოგონა.
- გმადლობთ!
- კარგი რა, როგორ ვერ მიხვდი ვინ იყვნენ?
- მივხვდი პატარავ, მაგრამ რას გავაწყობდი? რამე რომ მეცადა, უდანაშაულო ადამიანები დაშავდებოდნენ.
- იცოდი ვინც იყვნენ და მაინც გაყევი? - საკუთარ ყურებს არ უჯერებდა ლიზი.
- ვინ იყვნენ არ ვიცოდი, მაგრამ პოლიციელები რომ არ ყოფილან აშკარა იყო. თუნდაც იმიტომ, რომ პოლიცია არ დამაპატიმრებდა, თან იმ ბრალდებით... არც კი მახსოვს რა სისულელე თქვა.
- უარეს დღეშიც ყოფილხარ. - გაამხნევა ანა-მარიამ. ამ დროს ოთახში ლუკას ექიმი შემოვიდა.
- აბა, როგორ ხარ? - იკითხა მან.
- ვცოცხლობ ექიმო.
- კიდევ დიდხანს იცოცხლებ, არ იდარდო. მოდი კიდევ ერთხელ გაგსინჯავ, ვნახოთ ახლა როგორ ხარ.
- ფეხზე დგომას როის შევძლებ ექიმო?
- ჯერ წოლითი რეჟიმი გაქვს, მხოლოდ 8 კვირის შემდეგ მოგცემთ ყავარჯნებით გადაადგილების უფლებას და 16დან 20 კვირამდე მხოლოდ მათი დახმარებით ივლი. მერე ვნახოთ.
- არა, 8 კვირა ვერ დავწვები.
- გინდა, რომ ფეხი ისეთივე შეინარჩუნო, როგორიც ადრე გქონდა?
- კი. - ამოიოხრა ბიჭმა.
- ჰოდა, ზუსტად ისე იზამ, როგორც მე გეტყვი!
ლუკა საავადმყოფოში მთელი კვირით დატოვეს. გოგონა ყოველდღე სტუმრობდა, კარგადაც უვლიდა და ცოტას ამხიარულებდა კიდეც. ყოველდღე იქ იყო ანა-მარიაც, შიგადაშიგ აკაკიც შემოივლიდა ხოლმე, როგორც ამბობდა, ლუკაზე „მისი უპასუხისმგებლო სიყვარულის გამო“, რომელმაც ამდენი პრობლემა შექმნა, ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო. ერთ დღესაც, როცა ლიზი ჩვეულებისამებრ ესტუმრა ბიჭს საავადმყოფოში, ლუკა უხასიათოდ დახვდა.
- რამე მოხდა? - იკითხა გოგონამ.
- ხვალ გამწერენ.
- მერე რატომ ხარ მოწყენილი? არ გიხარია?
- აქედან წასვლა კი, მაგრამ... - ბიჭი გაჩუმდა.
- რა ხდება ლუკა?
- მინდა რაღაც გკითხო. - ბიჭმა ლიზის უხერხულად გახედა. - მთელი კვირაა ყოველდღე მსტუმრობ და თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც ადრე... რა იქნება, როცა აქედან გავალ?
- ლუკა მე მართლა არ ვიცი. შენი მჯერა და მიყვარხარ, მეორეს მხრივ, ჩემი დის მკვლელი მთელი გულით მძულს და როცა ვფიქრობ, რომ ერთსა და იმავე ადამიანზე ვსაუბრობ, ძალიან ვიბნევი.
- ამ ბრალდების წინააღმდეგ მხოლოდ ჩემი სიტყვა მაქვს ლიზი, სხვა არაფერი. ჩემს სიმართლეს ვერაფრით დაგიმტკიცებ.
- ლუკა, სიმართლე მითხარი, მართლა გიყვარვარ? ნამდვილად, ისე, როგორც ფილმებში... როცა არაფერს აქვს მნიშვნელობა, გარდა ამ სიყვარულისა და როცა ყველაფერს გაუძლებ მის გამო?
- ფილმების მოყვარული არ ვარ, არ ვიცი როგორ ხდება ხოლმე იქ. - იხუმრა ბიჭმა, მაგრამ მიხვდა, რომ ლიზი სერიოზულად ეკითხებოდა და მაშინვე დასერიოზულდა: - ლიზი, მიყვარხარ! არ ვიცი რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ ეს დაგიმტკიცო, უბრალოდ მითხარი რა გჭირდება.
- არაფერი, უბრალოდ დაბნეული ვარ. ჩვენი ურთიერთობა ისეთი ჩახლართულია, რომ ზოგჯერ მომავლის ძალიან მეშინია.
- რა გინდა, რომ გავაკეთო?
- მინდა ჩემთან იყო! - თქვა გოგონამ. - არ მაინტერესებს ვის რა უნდა ან რას ფიქრობს, ეს ჩვენი ცხოვრებაა და მთავარი ის არის, ჩვენ რა გვინდა. შეგიძლია ჩემთან იყო, მიუხედავად იმისა, წინ რა გველოდება?
- ვერავინ მაიძულებს შენზე უარი ვთქვა ლიზი, ჩემი თავიდან მოშორება მხოლოდ შენ შეგიძლია, მხოლოდ ამ შემთხვევაში წავალ შენგან.
- ადრეც მითქვამს და ახლაც გაგიმეორებ, მე შენი მჯერა ლუკა და შენს დატოვებას არ ვაპირებ. მამა გამიგებს, მოუწევს გამიგოს!
- ანუ ერთად ვართ?
- ყოველთვის! - გაუღიმა გოგონამ და შუბლზე აკოცა. - ხვალაც მოვალ და სახლში წაგიყვან. რომელზე გიშვებენ?
- თორმეტზე.
- კარგი, ხვალ თორმეტზე აქ ვარ. ახლა კი წავედი. შენ დაისვენე!
- როგორც იტყვით, ქალბატონო.
უკანასკნელი სემესტრი ბაკალავრზე ჩვეული ხალისით დაიწყო, მაგრამ არა ლუკასთვის, ის ჯერ კიდევ რეაბილიტაციას გადიოდა, მიუხედავად სწრაფი ტემპებისა, ჯერ კიდევ ყავარჯნებით გადაადგილდებოდა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ბიჭი მუდამ შეზღუდული იყო და ეს სულაც არ მოსწონდა, ყავარჯნებიც გაცილებით სწრაფად მოიშორა, ვიდრე ექიმმა ურჩია და უნივერსიტეტეში სიარულიც დაიწყო.
- სულ მეშინია ხოლმე, როცა ფეხზე გხედავ. - უთხრა ერთხელ ლიზიმ. - ლუკა, იქნებ ექიმს დაუჯერო და ყავარჯნები გამოიყენო?!
- კარგად ვარ პრინცესა, არ იდადრო.
- კარგი, როგორც გინდა.
- მისმინე, მამაშენთან ხომ არ გილაპარაკია?
- არა, სიტყვის გაგონებაც არ უნდა. გაიძახის, აუცილებლად ჩავსვამო.
- ჰო. - ჩაფიქრდა ბიჭი. - ზოგჯერ ვფიქრობ, რამე ხომ არ უნდა გავაკეთო. არ ვიცი, დაბნეული ვარ და ეს ძალიან მაწუხებს.
- აკაკიმ რით დაარწმუნა, რომ კანონიერად გამოგიშვეს?
- შეწყალების საბუთები გავაკეთეთ.
- ახლა გასაგებია რატომ ლანძღავს სასჯელაღსრულების სიტემას. - გულწრფელად გაეცინა გოგონას.
ლუკა ხედავდა, რომ მამის დამოკიდებულება მის მიმართ გოგონაზე უარყოფითად მოქმედებდა და გადაწყვიტა, რომ ეს პრობლემა როგორმე უნდა მოეგვარებინა. გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ეცადა მასთან ლაპარაკი და როგორმე დაერწმუნებინა, რომ მისი ქალიშვილი ნამდვილად უყვარდა. ისეთი დრო შეარჩია, როცა ლიზი სახლში არ იყო და მის სახლში მივიდა.
- აქ რას აკეთებ? - იყვირა კაცმა, როცა კარები გააღო და ლუკა დაინახა. - სინდისი საერთოდ აღარ შეგრჩა? რა გინდა ჩვენგან?
- ბატონო თამაზ, უნდა ვილაპარაკოთ.
- ახლავე გაქრი აქედან, თორემ სახეს გაგილამაზებ. - საოცარი სიბრაზით თქვა კაცმა და კარი მიუხურა. ლუკამ ისევ დარეკა. - შენ რა, გინდა მართლა შემომელახო?
- თუ მერე მომისმენთ, ამისთვისაც მზად ვარ.
- რა?
- უნდა ვილაპარაკოთ ბატონო თამაზ, ამას ვერ გავექცევით და თუ ამისთვის ჯერ უნდა მცემოთ, მაშინ ახლავე დაიწყეთ.
- შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს! სახელმწუფომ შეგიწყალა, მაგრამ ჩემგან იგივეს არ ელოდო და იცოდე, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რომ უკან შეგაბრუნო!
- თქვენი მესმის, არ მაქვს იდეალური წარსული, მაგრამ დამიჯერეთ, არავის ეყვარება ლიზი ისე, როგორც მე მიყვარს.
- იდეალური წარსული არ გაქვს? - გაცეცხლდა კაცი. - შენ მისი და მოკალი!
- ასე არ არის. დამიჯერეთ, არ ვარ დამნაშავე.
- გაჩუმდი! შენ მე სულელი გგონივარ?
- არა ბატონო თამაზ, ამიტომაც გთხოვთ, რომ საქმის მასალებს ისე გადახედოთ, როგორც მოსამართლემ და არა როგორც მამამ. თვითონ მიხვდებით, რომ პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს.
- კარგად დაგეგმე არა, მანიაკო?! მაგრამ ამინც გამოგიჭირეს!
- გთხოვთ, გადახედეთ საქმეს. გააკეთეთ ეს ლიზისთვის.
- მას ნუ ახსენებ! - ისევ აყვირდა კაცი. - თუ გგონია, რომ მასთან ყოფნის უფლებას მოგცემ ძალიან შემცდარხარ! არ ვიცი როგორ გააბრუე ჩემი გოგონა, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ თქვენ ერთად ვერ იქნებით! შენთან დარჩენას ვერ აიძულებ.
- მე მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც მას სურს. ლიზის უნდოდა ურთიერთობა გაგვეგრძელებინა, მას არასდროს არაფერს ვაიძულებ!
- მისი დატოვება მოგიწევს, გინდა ეს შენ თუ არა. - დარწმუნებით თქვა კაცმა. - შენ მისთვის ახალი გამოცდილება ხარ და მეტი არაფერი. გგონია შეყვარებულია? მე ჩემს შვილს კარგად ვიცნობ, მას უბრალოდ მოსწონს, რომ მისი შენარჩუნებისთვის იბრძვიან. ამიტომ ჯობია მისგან ახლავე წახვიდე.
- შეიძლება მართალიც ხართ... და მაინც, არსად წავალ, სანამ თავად არ გამაგდებს.
- მისთვის მხოლოდ ერთგული ძაღლი ხარ, რომელსაც მაშინვე გააგდებს, როგორც კი მობეზრდება.
- ასე იყოს.
- მაშინ ჯობია მოემზადო, რადგან სწორედ ამას იზამს!



№1 სტუმარი Magda

ვაიმე ვაიმე ეს რა იყო, ჩქარააა დადეე რა შემდეგიი, ზედმეტად გაფუჭდა საქმე. თან იმ კაცმაც როგორ უთხრა არ უყვარხარო. მგონი მართალია

 


№2 სტუმარი mk

ukve am kacis mixrchoba minda :dd rogor tanjav lukas mecodeba ukve

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent