შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარის საიდუმლო სრულად


11-09-2016, 21:44
ავტორი bethelimit
ნანახია 47 901

თბილ შენობაში შესვლა მესიამოვნა. გარეთ ისეთი ქარბუქი იყო, ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა, მთელი გზა თითქმის თვალდახუჭული მოვდიოდი, მტვერი რომ არ შემყროდა თვალებში. როგორ არ მიყვარს ქარი, საშინლად მეჯავრება, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მთელი ჩემი იღბლიანობა ქართან არის დაკავშირებული. როცა რამე მნიშვნელოვანი ხდება ჩემს ცხოვრებაში, რამე სასიამოვნო, ყოველთვის _ ქარიან ამინდში. ახლაც, დარწმუნებული ვარ, რა საქმეზეც მივდივარ, აუცილებლად გამომივა, იმიტომ, რომ გარეთ ქვეყანა იქცევა, ისეთი ქარიშხალია.

_ უკაცრავად, ქალბატონო, მთავარი ექიმის კაბინეტი სად არის? _ ვკითხე თეთრხალათიან ჩია ქალს, რომელსაც ცალ ხელში ვედრო ეჭირა, მეორეში _ ცოცხი, ალბათ სანიტარი იყო.

მან ალმაცერად შემომხედა, ჩემს ჩაცმულობას თვალი ააყოლა და მკვახედ მომახალა.

_ დღეს მიღება არა აქვს.

_ იცით, მე დაბარებული ვარ, _ მორიდებით დავუწყე ახსნა.

_ რა საქმეზე? _ ისევ შემათვალიერა სანიტარმა.

_ მუშაობის დაწყება მინდა თქვენთან… ექიმად, _ დავაყოლე და გავიღიმე.

ქალს უცაბედად სახე შეეცვალა, ვედრო ძირს დადგა, ცოცხი შიგ ჩადო, ხელები ხალათზე შეიწმინდა, გაიბადრა და დატკბა.

_ უი, რას ამბობ, შვილო, ეგ რა კარგი ამბავი მითხარი. წამო, გენაცვალე, წამო! აგე, იმ კარს ხომ ხედავ, მარცხნივ, აწერია კიდეც ზედ. მიბრძანდი, შვილო, ღმერთმა ხელი მოგიმართოს.

_ გმადლობთ, ქალბატონო, უღრმესი მადლობა, _ კვლავ გავიღიმე და გზა გავაგრძელე.

დერეფანში საღებავის სუნი ტრიალებდა. ჩანდა, აქ რემონტი ახალი დამთავრებული იყო, ქათქათებდა იქაურობა. ყოველ ორ მეტრში ლამაზ ქოთნებში ჩარგული ოთახის ყვავილები იწონებდნენ თავს. აი, რითია კერძო კლინიკა უკეთესი. როცა რაღაც შენი საკუთრებაა, სათუთად უვლი.

ოქროსფერ კარზე თეთრი აბრა იყო გაკრული, რომელზეც შავი ასოებით ეწერა: პროფესორი მიხეილ ვირსალაძე. ის იყო, დაკაკუნება გადავწყვიტე, რომ კარი მოულოდნელად გაიღო და ზღურბლზე ვიღაც კინაღამ დამეჯახა.

_ მაპატიეთ, _ თქვა მამაკაცმა და განზე გადგა, გზა დამითმო.

შევხედე და… ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ვიღაცამ გულში მესროლა. მაღალი იყო, შავგვრემანი, დიდი შავი თვალებით, თეთრი ხალათი ეცვა… არ ვიცი, იმ მომენტში გავფითრდი თუ გავმწვანდი, მაგრამ ვიგრძენი, რომ სახეზე ფერი მეცვალა. ის იყო… სანდრო… არა, ნამდვილად არ ვცდებოდი, მართლა სანდრიკა იყო, ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული… ღმერთო, რა დაგიშავე, რატომ, რატომ, რატომ… რაღა მაინცდამაინც აქ, ამ საავადმყოფოში, სადაც დღე-დღეზე მუშაობა უნდა დავიწყო.

მასაც დაეტყო სახეზე გაკვირვება, მაგრამ არ შეიმჩნია, მზერა ამარიდა და ოთახში შევედი თუ არა, გარეთ გავიდა.

მუხლები ამიკანკალდა, ნაბიჯის გადადგმას ვერ ვახერხებდი, ისე დავიბენი, დამავიწყდა, სად ვიყავი და რისთვის მოვედი.

შავ სავარძელში სათვალიანი ჭაღარა კაცი იჯდა. ჩემს დანახვაზე წამოდგა, ხელები გაშალა და გაღიმებული დაიძრა ჩემკენ.

_ ჩვენი მშვენიერი ლედი, გიცანით, სოფიო, როგორც კი შემოგხედეთ, მაშინვე მივხვდი. სხვანაირი ვერც წარმომედგინეთ, გოგონი! _ თქვა მან და ხელი მძლავრად ჩამომართვა.

_ გამარჯობათ, ბატონო მიხეილ, მოხარული ვარ, რომ გაგიცანით, _ კეკლუცად გავუღიმე.

_ დაბრძანდით, ჩემო კარგო, მოისვენეთ. ყავას ხომ არ ინებებთ?

_ არა, არა, ნუ შეწუხდებით.

_ აბა, როგორ მიდის საქმეები? როგორ მყავს ბიძინა?

_ გმადლობთ, არა უშავს. მოკითხვა დამაბარა თქვენთან.

_ რას შვრება, სულ რომ დაიკარგა, ძველი მეგობრები აღარ უნდა, კაცო? _ ხელები მოიფშვნიტა მთავარმა ექიმმა და თავის სავარძელს დაუბრუნდა.

_ იცით? თითქმის არ გამოდის სახლიდან. ჯერ მაინც უჭირს სიარული. ავარიის შემდეგ ცოტათი დაუძლურდა. თუმცა სულიერად არ გატეხილა, ზის შინ და მუშაობს, წერს, კითხულობს, შეძლებისდაგვარად თავის ბაღს უვლის და რა ვიცი.

_ ძალიან კარგი, ძალიან კარგი. აბა, ახლა თქვენ შესახებ მიამბეთ რამე. მგონი, სადღაც მუშაობდით, არა?

_ დიახ, ყუფუნიასთან ვმუშაობდი ორი წელი. მერე წამოვედი, ვერ გავძელი. იქ ცუდი სიტუაცია იყო… ვერ შევეგუე, ძალიან უხეში კაცია… როგორ გითხრათ.

_ ვიცი, ვიცი, მსმენია. არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. მე ისეთმა კაცმა გამომიგზავნა თქვენი თავი, დარწმუნებული ვარ, არ შეცდებოდა. ვიცი, ბიძინა უნიჭო ადამიანებს არ გაუწევს პროტექციას. სწორედ რომ კარგ დროს დაემთხვა მისი ზარი, ახლა მართლაც მჭირდება ანესთეზიოლოგი. ჩემი ქალიშვილი დეკრეტში გავიდა და ალბათ ორი წელი მაინც ვერ შეძლებს სამსახურში დაბრუნებას. მის ადგილს კი დროებით თქვენ დაიკავებთ. მერე ვნახოთ, იქამდე იმედია, უფრო გავფართოვდებით და ერთი-ორი კარგი ანესთეზიოლოგი კიდევ დაგვჭირდება, მარკშეიდერის არ იყოს, _ ბოხი ხმით გაიცინა მიხეილმა, სათვალე მოიხსნა და დაჟინებით შემომაცქერდა.

_ კარგი სპეციალისტი, თანაც ასეთი ლამაზი და მშვენიერი _ ეს ჩვენს დროში იშვიათობაა, დამეთანხმეთ. მიხარია, ძალიან მიხარია, რომ ასეთი ხართ. კარგი, სოფიო, ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, ორშაბათიდან შეგიძლიათ შეუდგეთ მუშაობას.

_ როგორ, ასე ადვილად? _ გაოცება ვერ დავმალე.

_ აბა, რას ელოდით? გაგიჭიანურებდით აუდიენციას? დაგიბარებდით ხვალაც, ზეგაც, თავს დავიფასებდით? ჩემო კარგო სოფიო, აქ ჩვენ ასე არ გვჩვევია. გათხოვილი ხართ?

_ არა, _ ვთქვი და გავწითლდი.

_ ო-ო-ო! როგორ გაახარებთ ჩვენს ბიჭებს. იცით, როგორი ტალიკ-ტალიკა ვაჟკაცები გვყავს? თანაც სულ უცოლოები, კაცო! ახლანდელ ბიჭებს საერთოდ არ უნდათ ცოლის მოყვანა, არ ვიცი, რას ფიქრობენ. მხოლოდ საკუთარი თავი ანაღვლებთ, არავითარი სამშობლო, ქვეყნის კეთილდღეობა მათთვის არ არსებობს. თქვენხელებს სამ-სამი შვილი მაინც უნდა ჰყავდეთ უკვე, აბა რა! _ მამაკაცი წამოდგა და ამით მიმანიშნა, ვიზიტი დამთავრებულიაო.

_ მე ახლა საორდინატოროში შეგიყვანთ, თანამშრომლებთან წარგადგენთ და დანარჩენი თქვენ იცით. ორშაბათს მობრძანდებით, ჩვენი კადრების უფროსიც ადგილზე იქნება, გაგაფორმებთ და დავიწყოთ.

მეც ავდექი, რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ ბოლო წუთში თავი შევიკავე.

_ ვიცი, ვიცი, რისი თქმაც გინდათ, სოფიო, მიგიხვდით. ხელფასზე არ გაწყენინებთ, ჩვენთან მაღალი ანაზღაურებაა. ასე რომ, უკმაყოფილო არ დარჩებით. მერე ვილაპარაკოთ ამ საკითხზე, _ მხარზე მომითათუნა ხელი და კარისკენ გამიძღვა.

საორდინატორო მთავარი ექიმის კაბინეტიდან ორიოდე მეტრში იყო. ოთახში ხუთი თეთრხალათიანი დამხვდა _ ორი ქალი და სამი მამაკაცი, მათ შორის _ სანდრო. სახეზე ალმურმა გადამიარა.

_ ხალხო, გაიცანით ჩვენი ახალი თანამშრომელი, ქალბატონი სოფიო თავაძე, ანესთეზიოლოგი, ნინოს მაგივრად იმუშავებს, _ წარუდგინა მათ ჩემი თავი, _ იმედია, გაუგებთ ერთმანეთს. ვაჟა, შენ გაძლევ ახლა ერთ დავალებას. მოკიდე ამ მშვენიერ გოგონას ხელი და თავისი კაბინეტი ანახვე, პალატებიც დაათვალიერებინე, ცოტა მოშინაურდეს. ხომ იცი, ახალი თანამშრომელი ყოველთვის მორიდებულია, შევუწყოთ ხელი, რაც შეიძლება მალე გახდეს ჩვენიანი.

ვაჟა საშუალო სიმაღლის ქერა, ოდნავ პუტკუნა მამაკაცი იყო, საკმაოდ სიმპათიური, საოცრად ლამაზი წითელი ტუჩებით.

_ რასაკვირველია, შალვოვიჩ, არ არის პრობლემა, _ ვაჟა დანარჩენებს გამოეყო და ჩემკენ წამოვიდა.

_ აბა, თქვენ იცით, გაიცანით ერთმანეთი, მე დროებით დაგტოვებთ. შეხვედრამდე, სოფიო, _ დამემშვიდობა მთავარი ექიმი და გავიდა.

ადგილიდან ვერ ვიძროდი, ხელები სად წამეღო, არ ვიცოდი. სანდროსკენ გავაპარე მზერა. იგი ზედაც არ მიყურებდა. რატომ იქცევა ასე? თითქოს მე ვიყო რამეში დამნაშავე. იქნებ ვერ მცნობს? თოთხმეტი წელია, არ მინახავს, არც არაფერი მსმენია მასზე. ახლა კი… ბედის ირონია ამას ჰქვია. შევხვდი იქ, სადაც არ ველოდი და იმ დროს, როცა ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი მისი ნახვა. ნუთუ დღევანდელი ქარი აქ რამე შუაშია? აზრები გავფანტე და ჩემ გვერდით მდგარ ვაჟას გავუღიმე.

_ ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში, _ ხავერდოვანი ხმით წარმოთქვა ვაჟამ, ოდნავ გაპრანჭული ტონით. ასე მაშინ იქცევიან მამაკაცები, როცა ქალზე შთაბეჭდილების მოხდენა უნდათ.

_ ეს ნანკაა, უროლოგი, კლინიკის მარადიული დედოფალი, _ ვაჟამ თანამშრომლების დახასიათება და გაცნობა დაიწყო, _ ეს კი ნათიაა, ყველაზე გულჩვილი და მტირალა თერაპევტი მთელ საავადმყოფოში, _ გაიცინა, _ რაც შეეხება კაცებს, სანდრო პროფესიონალი ქირურგია, მაესტროს ვეძახით. ხედავთ, როგორი სიმპატიჩნი ბიჭია? გელაც მაგარი ქირურგია, ამხელა სათვალე რომ არ უშლიდეს ხელს ოპერაციის გაკეთებაში, _ ახლა უკვე გულიანად გაიცინა ვაჟამ და სხვებიც აიყოლია, _ მე კი… მე ერთი პატარა კაცი ვარ, პატარა უროლოგი, ეგ არის და ეგ.

ყველას ღიმილით ვუქნევდი თავს, თან დაძაბულობა მემატებოდა, რადგან სანდრო განაგრძობდა ჩემს იგნორირებას. იგი ტელეფონის ყურმილს დაწვდა და ნომრის აკრეფა დაიწყო. გულში გამეცინა, რა საჭირო იყო ასე მოქცევა, ვერ ვხვდებოდი.

_ წამოდით, თქვენი კაბინეტი განახვოთ, _ ვაჟამ კარი გააღო, ხელი წინ გაიშვირა, თავი გვერდზე გადახარა და ამ ჟესტით მანიშნა, წამობრძანდითო.

ერთი ბეწო ოთახი იყო, მაგრამ მყუდრო და ლამაზი. მაგიდა, ორი სავარძელი და დივანი იდგა. მაგიდის პირდაპირ, კედელზე სადგამი იყო ჩამაგრებული, რომელზეც ტელევიზორი შემოედოთ.

_ მუშაობს? _ თვალით ვანიშნე ტელევიზორზე.

_ აპა რა-ა! _ მხიარულად შესძახა, _ სულ რიხინ-რიხინით. მართალია, პატარაა, მაგრამ მუშა. ესეც თქვენ, თქვენი კაბინეტის გასაღები, _ მამაკაცმა მაგიდაზე დადებული ყვითელ პლასტმასზე ჩამოცმული გასაღები აიღო და მომაწოდა, _ მეორე დარაჯთან იქნება ისე, ყოველი შემთხვევისათვის, თქვენს არყოფნაში ვინმეს რამე რომ დასჭირდეს.

_ გასაგებია, დიდი მადლობა, ვაჟა, იმედია, ვიმეგობრებთ, _ თვალები დავუჟუჟუნე სიმპათიურ უროლოგს და გასაღები გამოვართვი.

_ აუცილებლად, მაგაში ეჭვი ერთი წუთითაც არ მეპარება, სოფიო. თქვენ ისეთი ლამაზი სახელი გქვიათ და თვითონაც ისეთი ლამაზი ხართ… აპ, აპ, აპ! არაფერი მითხრათ, ძალიან გთხოვთ! ეს კომპლიმენტი არ არის, ეს რეალობაა. მართლა ძალიან ლამაზი ხართ. დიდი ხანია, არ მინახავს ასეთი სილამაზე, _ სიტყვის თქმა არ მაცალა ვაჟამ, მერე მოულოდნელად თავი ჩემკენ გადმოხარა და ლოყაზე მაკოცა.

გაოცებულმა შევხედე.

_ ეს ისე, მეგობრობის ნიშნად, ცუდ ჟესტად არ მიიღოთ, არ ვარ ცუდი კაცი, _ თქვა და გაწითლდა.

უნებლიეთ გამეღიმა, სულაც არ გავბრაზებულვარ, როგორც მაკოცა, ისე მივიღე.

კვლავ გარეთ გამოვედით. ვაჟამ ამჯერად პალატები შემომატარა და ავადმყოფები გამაცნო. როგორ მიხაროდა ეს ყველაფერი…. მერე ყველას თავაზიანად დავემშვიდობე და სასიამოვნო განცდებით ავსებულმა დავტოვე კლინიკა, ხვალინდელი უკეთესი დღის მოლოდინში…



8 8 8

სანდრო… ჩემი ტკივილი და შვება, ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი და ყველაზე შავი წერტილი ერთდროულად. ბედისწერაა ალბათ ჩვენი ხელმეორედ შეხვედრა. შეხვედრაც არის და შეხვედრაც, არაფრად ჩამაგდო, არც კი გამომელაპარაკა, თითქოს ვიღაც უცხო ვყოფილიყავი. არადა, ერთ დროს როგორ გვიყვარდა ერთმანეთი…

ჩვენი ურთიერთობა თოთხმეტი წლის წინ დაიწყო, ქარიან ამინდში. სამედიცინოზე ვსწავლობდი, პირველ კურსზე. ზამთარი იყო. ლექციები დაგვიმთავრდა და ნიტასთან ერთად გარეთ გამოვედი. სუსხი ძვალ-რბილში ატანდა, თან წვიმდა, ყინულივით ცივი წვეთები სახეში მცემდა. სუნთქვა მიჭირდა. თავი ქურქის საყელოში ჩავმალე, მაგრამ ვერას ვხდებოდი, გაავებულ ქარს ვერ დავემალე. შემოვტრიალდი და ასე, უკუსვლით განვაგრძე სიარული, რომ ცოტა ამომესუნთქა. ამ დროს ვიღაცის ხმა მომესმა ზედ ყურთან.

_ რა დედამ გშობა ასეთი მზეთუნახავი, ჭირიმე!

გაოცებული მოვტრიალდი და ულამაზეს შავ, დიდრონ თვალებს წავაწყდი, რუსული «უშანკა» ქუდის ქვეშ რომ მიმალულიყო.

«რა სიმპათიური ბიჭია და რა გოიმურ რაღაცებს ლაპარაკობს», _ ესღა გავიფიქრე და აბეზარ თაყვანისმცემელს ზურგი ვაქციე.

_ რა გქვია? აქ სწავლობ? _ გვერდით ამომიდგა მაღალი მამაკაცი და ჩემთან ერთად უკუსვლით გააგრძელა სვლა.

თვალებით ნიტას დავუწყე ძებნა, ვერსად დავლანდე.

_ სად გაქრა ეს გოგო! _ ჩემთვის ვთქვი და ისევ შევტრიალდი, რომ ნიტა დამენახა.

ის წინ მიდიოდა, კი არ მიდიოდა, გარბოდა გაჩერებისკენ. სიცილი ვერ შევიკავე, ისე სასაცილოდ გამოიყურებოდა სიცივით მოკუნტული დაქალი.

_ არ მეტყვი, რა გქვია? ხომ იცი, თუ მოვინდომე, მაინც გავიგებ, _ არ მეშვებოდა მამაკაცი.

_ ჰოდა, მოინდომე, _ მივახალე გაბრაზებულმა და ადგილიდან მოვწყდი, ნიტას გავეკიდე.

სანამ გაჩერებას მიუახლოვდებოდა, დავეწიე და ხელკავი გამოვდე.

_ რას გამოქანდი, ვერ დამელოდე? _ ვუსაყვედურე მეგობარს.

_ რა დაგელოდე, შენც ახლა მოგინდა იმ ვიღაცასთან მუსაიფი, ამ მწარე სიცივეში? სხვა დროს ვერ ნახავდი? _ აქეთ შემომიტია ნიტამ.

_ გეფიცები, თუ ვიცოდე, ვინ არის. ისეთი ქაჯური რამეები მითხრა, კინაღამ სიცილი ამიტყდა, _ ძლივს გადავიკისკისე კბილებაკაწკაწებულმა.

_ რა ვიცი, თვალებს კი უჟუჟუნებდი და…

_ ოჰ! ძაან კი ნახავდი შენ ჩემს თვალებს, აი! _ ვიწყინე დაქალის შენიშვნა.

_ სად ცხოვრობთ, გოგოებო, მანქანით მიგაცილებთ შინ! _ ის უცხო ბიჭი ისევ მოგვიახლოვდა და გვერდით დაგვიდგა.

_ კარგს იზამთ, თორემ გავიყინეთ, ავტობუსიც არ ჩანს, _ წამოიძახა უცებ ნიტამ.

განრისხებულმა შევხედე, მან კი თვალი ჩამიკრა, რა გენაღვლებაო.

მამაკაცმა ერთი დაუსტვინა, ხელი აიქნია და შავი «ბმვ» ზედ ჩვენს ფეხებთან გაჩერდა.

_ ჩასხედით, თქვენს განკარგულებაში ვართ! _ უკანა კარი გამოაღო უცნობმა.

ნიტა ეგრევე ჩახტა მანქანაში. საჭესთან კიდევ უფრო სიმპათიური «დუბლიონკიანი» მამაკაცი იჯდა. შევყოყმანდი, რა მინდოდა ამ უცხო ადამიანებთან, ეს რა ქნა ამ გოგომ, რამ გააგიჟა, ვფიქრობდი ჩემთვის.

_ მოდი, მოდი, ჩქარა ჩაჯექი! _ ნიტამ ჩაიწია და ადგილი დამითმო.

უხერხულად ვიგრძენი თავი, ჩემდა უნებურად დავჯექი მანქანაში და მძღოლს მივესალმე.

იმ ბიჭმა კარი მომიხურა, თვითონ წინ დასკუპდა და დავიძარით.

_ აბა, საით მივდივართ? _ მხიარულად შესძახა ჩემმა თაყვანისმცემელმა და ქუდი მოიხადა. შავი თმა ჰქონდა, მოკლედ შეჭრილი და ძალიან ლამაზი თავის ფორმა. ასეთი ქართველებს იშვიათად აქვთ.

_ ვაჟაზე, მეექვსე კვარტალში, _ დამასწრო ნიტმა და კვლავ თვალი ჩამიკრა.

_ არის, ვაჟაზე, სრული სვლით, _ ბოცმანივით გვიპატაკა მამაკაცმა და თავის მეგობარს მხარზე დაჰკრა ხელი, _ შენ იცი, ჯიმი, არ შემარცხვინო.

აბა, ჯიმიო, და, ისეთი სიცილი ამიტყდა, ვერ გავჩერდი. საქართველოში თუ ვინმეს ჯიმი ერქვა, ვერ წარმოვიდგენდი. ნეტავ ამას რა ჰქვია? რაჯი ხომ არა? ან ჯონი, იქნებ ჯონდი?

_ რატომ იცინით? რა ვთქვი ასეთი სასაცილო? _ უცნობი ჩვენკენ მოტრიალდა და მკლავით სავარძლის საზურგეს დაეყრდნო, _ ახლა თქვენი სახელები მითხარით, ლამაზებო, რა გქვიათ?

_ მე ნიტა, ამას სოფიო, _ უპასუხა ნიტამ.

_ ვაჰ, რა სახელებია! ბეზპადობნა პრიიატნა, _ რატომღაც რუსულად გააგრძელა მან, _ მე სანდროს მეძახიან, ამას კი ჯიმის. მართალია, ჯიმშერი შეარქვეს დაბადებიდან, მაგრამ მერე ძმაკაცებმა შევკვეცეთ და ჯიმიდ ვაქციეთ. ხომ კარგად მოვიქეცით?

_ გადასარევად! _ საოცარი სარკაზმით წამოვისროლე.

_ ჩვენთან სწავლობთ, გოგოებო? _ სანდრო თვალებით მჭამდა, ერთი წამით არ მაცილებდა მზერას.

_ კი, სამკურნალოზე. თქვენ? _ ნიტა ძალიან აქტიურობდა.

_ მეც, უკვე დამამთავრებელ კურსზე. ჯიმი «გეპეიჩნიკია», ოღონდ მარადიული სტუდენტი, ორი წლის წინ უნდა დაემთავრებინა, მაგრამ რად გინდა, არ უშვებენ. ლექტორებს ისე გვიყვარხარ, ჯერ ვერ დაგამთავრებინებთო, გამოუცხადეს, _ გაიხუმრა სანდრომ და ისეთი ხმით გაიცინა, ენა ჩამივარდა.

ასეთი ლამაზი სიცილი მამაკაცისგან ჯერ არ მსმენია. არც ისეთი გოიმი ყოფილა, როგორც პირველად მომეჩვენა.

_ გინდათ, ერთი კარგი წინადადება შემოგთავაზოთ? _ ჯიმიმ სარკეში ჩაიხედა და იქიდან შემოგვხედა.

_ არ გვინდა, _ წამოვიძახე, სანამ ნიტა კიდევ რამე ჩემს საპირისპიროს იტყოდა.

_ რატომ, რატომ, იქნება და, რას გთავაზობთ? _ ჯიმიმ მანქანის სვლა შეანელა.

_ ჩვენ სახლში გვეჩქარება, _ ჯიუტად ვიდექი ჩემსაზე.

_ მერე ვინ გიშლით? სახლი არსად გაიქცევა. არა, მართლა, თუ რამე ისეთი საქმე არა გაქვთ, სადმე კაფეში დავსხდეთ, ყავა დავლიოთ, უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი.

_ არ! _ ისეთი განწირული ხმით ვიყვირე, თითქოს მოტაცებას მიპირებდნენ, _ არავითარ შემთხვევაში!

_ რატომ, დედამ გაგაფრთხილა, უცნობ ძიებს არ ჩაუჯდე მანქანაშიო? _ ეს სანდრო იყო.

შუბლშეკრულმა ნიტას მუჯლუგუნი გავკარი, დამეხმარე-მეთქი.

_ სოფიოს თუ ეჩქარება, მივიყვანოთ სახლამდე, მე კი სიამოვნებით წამოვიდოდი თქვენთან ერთად. ახლა ცხელი ყავა ნამდვილად არ მაწყენდა, თანაც ასეთ სიმპათიურ საზოგადოებაში, _ ნიშნისმოგებით თქვა ნიტამ და ფანჯარაში გაიხედა.

მისი წინადადება იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, თვალები დავაჭყიტე. როდის იყო, ასეთ სითამამეს იჩენდა, უცნობებთან კი არა, ნაცნობებთან არ გაუკეთებია მსგავსი რამ.

_ შენ რა, გაგიჟდი? _ ხმადაბლა ვუთხარი.

_ სოფი, გთხოვ, წამოდი ჩვენთან ერთად, _ ჩემი სახელი, რატომღაც შეამოკლა სანდრომ, _ კაციჭამიები ნამდვილად არა ვართ, ბოლოს და ბოლოს, ერთ შენობაში ვსწავლობთ, ხვალაც შევხვდებით ერთმანეთს და ზეგაც, ასე არ არის, ნიტა? _ იგი ჩემს დაყოლიებას ცდილობდა.

_ არა, გმადლობთ. საქმე მაქვს, ტელეფონის ზარს ველოდები. ჩემმა ძმამ უნდა დამირეკოს მოსკოვიდან, _ სასტიკ უარზე დავდექი.

_ ნუ აძალებ, სანდრიკ, თუ არ ცალია, ხომ ვერ ვაიძულებთ ადამიანს. ჩვენ სამნი წავიდეთ, ხვალ კი სოფიოც შემოგვიერთდება, _ თქვა ჯიმიმ და სისწრაფეს უმატა.

_ კარგი, ბატონო, როგორც გინდათ, _ სანდროს თითქოს ნაპერწკალი ჩაუქრა თვალებში, ზურგი შემაქცია, სავარძელში გასწორდა და წინ გადაიხარა.

რამდენიმე წუთში ვაჟას ძეგლს მივუახლოვდით. იქ გავაჩერებინე ახალგაცნობილ ბიჭებს მანქანა, მადლობა გადავუხადე და გადმოვედი.

_ არ გადაიფიქრე? _ ვკითხე ნიტას და მკაცრად შევხედე.

_ არა, მოგვიანებით დაგირეკავ, _ დარცხვენილი ღიმილით მითხრა და კარი ფრთხილად მიხურა.

გაწბილებული ავედი შინ. რა უცებ ჩაიქნია ხელი ჩემს დაყოლიებაზე იმ ბიჭმა, როგორ განვიხიბლე…

ჩანთა და ქურქი საწოლზე მოვისროლე და სარკეს მივუახლოვდი, ჩემს ყველაზე ერთგულ მესაიდუმლეს, რომელიც ყოველთვის იმას მიმტკიცებს, რომ ყველაზე, ყველაზე ლამაზი გოგო ვარ მთელი დედამიწის ზურგზე. არა, მთლად ასე არ არის, მაგრამ თბილისში ნამდვილად ვარ. ამას მარტო ჩემი სარკე არ აღიარებს, სხვებსაც უთქვამთ. ჯერ წინიდან შევხედე ჩემს თავს, მერე გვერდიდან. აბა, როგორ დამახასიათებს ჩემი სარკე? მაღალი, აშოლტილი, გრძელი, ჩამოსხმული ფეხები, ვიწრო წელი, მაღალი თეძოები, ლამაზი მკერდი, შავი თმა და ნაცრისფერი თვალები… იშვიათობაა, არა? თქვენც ხომ მეთანხმებით? ცხვირი? ტუჩები? ნუ იტყვით, თოჯინასავით დახატული გოგო ვარ. მართლა ძალიან ლამაზი ვარ, არ ვაჭარბებ. კაცები ჭკუას კარგავენ ჩემზე, ქალები კი შურით სკდებიან. ცხრამეტი წლის ვარ, კარგი ოჯახის შვილი, სტუდენტი, პერსპექტიული საცოლე. მყავს უნიკალური მშობლები და უსაყვარლესი ძმა. ისინი მოსკოვში არიან. მამა და ძმა იქ მუშაობენ, მსხვილი ბიზნესი აქვთ, დედა კი მათ ეხმარება, ქალი ხომ სჭირდებათ მამაკაცებს. მე მარტო დამტოვეს აქ, იმიტომ, რომ იციან, თავქარიანი არ ვარ, ცუდს არაფერს გავაკეთებ. ისე ძალიან მიყვარს ჩემი თავი, ადვილად ვერავინ დამჩაგრავს. გარდა ამისა, კარგად ვიცი საკუთარი თავის ფასი, ამიტომ ზედმეტად თავს არავის გავუყადრებ. მყავს უამრავი თაყვანისმცემელი, მათ მოგერიებას ხანდახან წლობითაც კი ვუნდები.

ახლა, ამ ასაკში, როცა ამ ყველაფერს გიყვებით, ოცდაცამეტი წლის ვარ. ჩემს ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეცვლილა, ისევ ისეთი ვარ, ისევ გაუთხოვარი და პერსპექტიული საცოლე, მაქვს საკუთარი ბინა და ავტომობილი «პეჟო», თაყვანისმცემლებიც არ მელევა, მაგრამ გულთან ახლოს ჯერჯერობით არავინ მოდის, რა ვქნა, რა ჩემი ბრალია, თუ სანდროსნაირი სხვა ვერავინ ვიპოვე. ის განსაკუთრებული იყო, დღემდე ვერ დავივიწყე. რამდენი წელია, არ მინახავს, მაგრამ მასზე მოგონებებით დღემდე ვცხოვრობ, ჩემს ფანტაზიებში მხოლოდ სანდრო არსებობს, მხოლოდ მას აქვს უფლება, შემეხოს, მომეფეროს, დამეუფლოს… მე ჩემი ვირტუალური სამყარო მაქვს, პატარა სახელმწიფო, სადაც მხოლოდ მე და სანდრიკა ვცხოვრობთ… ჯერჯერობით. მეც მინდა, რომ მისი ადგილი ახლა სხვამ დაიკავოს, მისნაირმა ან მასზე უკეთესმა, ძალიან მინდა, მაგრამ უშედეგოდ. განა არ არის დრო, ახალი სიყვარული გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში? მე ხომ სიყვარულში ყოველთვის მიმართლებდა? ყველა მამაკაცი, ვისაც კი ოდესმე თვალი დავადგი, ფეხქვეშ გამეგო, ჩემს იქით სხვა ქალს ვეღარ ამჩნევდნენ, მაგრამ სანდროს გარდა, ყველასთან უინტერესო გამოვიდა ურთიერთობა. ბოლოს, წლების მერე, თვალი რომ გადავავლე ჩემს ცხოვრებას, ერთ რამეს მივხვდი _ მხოლოდ ისეთი მამაკაცი მიზიდავდა, რომლის მოხიბვლაც ძნელი იქნებოდა, რომელთან დაახლოებაშიც დიდი ძალისხმევა დამჭირდებოდა. შეიძლება ბევრს უცნაურად მოეჩვენოს ჩემი ნათქვამი, მაგრამ ასეა. ალბათ იმიტომ, რომ კაცები დანახვისთანავე ვერ მალავენ აღფრთოვანებას, პირველი წუთებიდანვე თავზე დამფოფინებენ, იხარჯებიან, რომ როგორმე მოიგონ ჩემი გული. ეს კი, ცოტა არ იყოს, მომაბეზრებელია. უფრო დამაინტრიგებელი ის არის, როცა მამაკაცი ნაკლებ ყურადღებას გაქცევს, თითქოს ვერ გამჩნევს და შენ გიწევს «ჩალიჩი», როგორმე შეგამჩნიოს, აღმოგაჩინოს, დაგინახოს, თურმე რა კარგი ხარ, სად იყო აქამდე, როგორ გამოეპარა ასეთი რამ. აი, ეს უფრო საინტერესოა. ამიტომ ალბათ ყველაფერს ჯობია, მაინცდამაინც გამორჩეული გარეგნობის არ იყო, რომ გარჯამ, წვალებამ მოგიწიოს, ძნელად, მაგრამ ბოლოს მაინც მიაღწიო მიზანს. ალბათ ასე მოპოვებული სიყვარული უფრო მოსაფრთხილებელი იქნება. არ ვიცი, მე რატომღაც, ასე მგონია. სწორედ ასე იყო სანდროს შემთხვევაშიც.

…რაც შეეხება ნიტას, ორი წელია მას ვიცნობ. ერთად ვემზადებოდით ფიზიკასა და ქიმიაში. იქიდან დავმეგობრდით. ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობთ, ორი კვარტლის მოშორებით, გამოცდებიც ერთად ჩავაბარეთ, ერთად ჩავირიცხეთ და ერთ ჯგუფშიც მოვხვდით. დღედაღამ ერთად ვართ, ძალიან გვიყვარს და საოცრად გვესმის ერთმანეთის, გემოვნებაც ერთნაირი გვაქვს. ერთი ისაა, რომ ტანსაცმელი არ გვერგება ერთიმეორის. ის ჩემზე ცოტათი დაბალია, საშუალო სიმაღლის, ოდნავ მოსული, დიდი მკერდი აქვს და ლამაზი თაფლისფერი თვალები, გაბუსხული, საოცრად ვარდისფერი ტუჩები, პატარა ცხვირი და მრგვალი ნიკაპი. ერთი ნაკლი აქვს მხოლოდ, რასაც საგულდაგულოდ მალავს. მუხლს ზემოთ ერთი ფეხი მეორეზე წვრილი აქვს, თვითონაც არ იცის, რატომ. ექიმებმაც ვერაფერი გაუგეს. ამიტომ უფრო ხშირად გრძელი კაბები აცვია, მოკლეს იშვიათად ხმარობს, შარვალსაც არ იცვამს, ეშინია, არ შემეტყოსო.

ორი ლამაზმანი მთელ ფაკულტეტზე ეგრევე «დავფიქსირდით». როცა დერეფანში გამოვდიოდით, ასობით წყვილი თვალი ჩვენ მოგვჩერებოდა. რა თქმა უნდა, გვსიამოვნებდა სხვების ყურადღება, განსაკუთრებით ბიჭების, ამიტომ ამაყად თავაწეულები და ყელმოღერებულები დავდიოდით ხოლმე. მალე ისეთი პოპულარულები გავხდით, ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა, ყველას ჩვენთან უნდოდა მეგობრობა _ გოგოსაც და ბიჭსაც. ეს სასიამოვნო იყო.

მე და ნიტას ერთმანეთთან არასდროს გვიჩხუბია, უბრალო შეკამათებაც კი არ მოგვსვლია. დღეს კი… რა ჩაიდინა? რა იყო ეს, რა ეტაკა? ნამდვილად გაგიჟდა, სხვას ვერაფერს დავარქმევ მის საქციელს. მოვიდეს ერთი, ნახავს, რას ვუზამ…

ტანსაცმელი გამოვიცვალე, უგემურად ვისადილე და პრაქტიკულის წერას შევუდექი, მაგრამ აზრები სხვაგან გამირბოდა. როცა მეცადინეობას მოვრჩი, საწოლზე წამოვწექი და ტელევიზორი ჩავრთე. რა ცუდი გოგოა, დღეს კინოში უნდა წავსულიყავით, მან კი იმ ვიღაცებში გამცვალა. ადგილს ვერ ვპოულობდი. სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, შეკვეთა მივეცი მოსკოვში, დედას დაველაპარაკე. ორ დღეში ფულს გამოგიგზავნიო, შემპირდა. სულ არ აპირებს აქეთ ჩამოსვლას, მთლად აიღო ჩემზე ხელი. ამათ ხელის შეწყობა სჭირდებათ, შენ რა გიჭირს, ისწავლე და იყავი შენთვისო, გამეხუმრა. მესიამოვნა დედასთან საუბარი, რამდენი თვეა, არ მინახავს, სექტემბრის ბოლოს წავიდა და დარჩა და დარჩა იქ. სანამ გამოცდები მქონდა, გვერდიდან არ მომცილებია, ჩემზე მეტად ნერვიულობდა. სტუდენტი გავხდი თუ არა, მაშინვე მოადუნა ყურადღება. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, თორემ დედას ამქვეყნად ყველაზე ძალიან ვუყვარვარ და ყველაზე მეტად აქვს ჩემი იმედი.

მთელი დღე სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ ნიტა და ის ბიჭები მიტრიალებდა გონებაში. ამასობაში დაღამდა. ნიტამ არ დარეკა, არც მოგვიანებით და არც მერე, საღამოს. მეც შეგნებულად არ ვურეკავდი, მაინტერესებდა, სანამ გასტანდა მისი დუმილი. იქნებ მეც უნდა წავსულიყავი? კარგი ვქენი, მეგობარი უცხო კაცებთან ერთად მარტო რომ გავუშვი? იქნებ რამე მოხდა? იქნებ რამე დაუშავეს? მანქანის ნომერიც რომ არ დამიმახსოვრებია? ამის გაფიქრებაზე კანი ამებურძგლა. ეს როგორ არ ვიფიქრე. მეც მოვიმიზეზე რა, ჩემი ძმის ზარი. როდის იყო, მერაბი თავს იწუხებდა ჩემთან დარეკვით. რაში დამჭირდა ტყუილის თქმა. არა, არა, ძალა უნდა დამეტანებინა ნიტასთვის, გადმოსულიყო მანქანიდან. რა სულელი ვარ! ახლავე დავურეკავ.

შეშფოთებული მივვარდი ტელეფონს და ნომერი ავკრიფე. რამდენიმე ზუმერის მერე ნიტას ნამძინარევი ხმა გაისმა.

_ გისმენთ.

_ ცოცხალი ხარ?

_ მკვდარი რატომ უნდა ვიყო?

_ რატომ არ დამირეკე?

_ როგორ არ დაგირეკე, მაგრამ სულ დაკავება იყო, მერე კი ჩამეძინა. ვის ელაპარაკებოდი?

_ დედაჩემს.

_ მართლა? როგორ არიან? როდის ჩამოდის?

_ ჯერ არ აპირებს, რა ვიცი. რა ქენი, სად იყავით, მომიყევი ერთი, რას ნიშნავდა შენი დღევანდელი გამოსვლა?

_ ვაიმე, სოფიო, არ იცი, რა ბიჭები არიან. შენ რაღა დაგემართა, რომ წამოსულიყავი, რა მოხდებოდა, ვითომ? მე ჭკუა გადამეკეტა სანდროზე, კინაღამ შევიშალე, რომ დაილაპარაკა. რა ხმა აქვს, რა თვალები, შეიძლება გარეკო.

_ ღმერთო, რა სულელი ხარ, _ გამეცინა ნიტას ნათქვამზე, თუმცა, სადღაც, გულის სიღრმეში, რაღაც ჩამწყდა, რაღა სანდრო მოეწონა?

_ მაგრამ მგონი შენ მოსწონხარ, სულ შენზე მეკითხებოდა, ყველაფერი აინტერესებდა.

_ ნუ იგონებ, რა! _ ვთქვი, მაგრამ მაინც მესიამოვნა მისი ნათქვამი.

_ დედას გეფიცები, ენა არ გაუჩერებია. ვინ არის, ვისი შვილია, რამდენი წლისაა, როგორი გოგოა… ტვინი წაიღო, მთელი ორი საათი შენი სახელი ეკერა პირზე.

_ ის მეორე როგორი ტიპია? _ რატომღაც ჯიმიზე გადავიტანე აქცენტი.

_ ისა? მეორე? ის ცოლიანია. კარგი ბიჭია, მაგრამ რად გინდა, საჩვენო არ არის, წვრილშვილის პატრონია. იცი, სანდრომ რა თქვა? დედაჩემი ლექტორიაო, მაგრამ ვერაფრით ვათქმევინე, რა საგანს ასწავლის. შეიძლება ჩვენც გვიკითხავს ლექციას.

_ მოგატყუა ალბათ.

_ არა, არა, რატომ უნდა მოვეტყუებინე, რაში სჭირდებოდა. ხვალ, ლექციების შემდეგ დაგვხვდებიან და რესტორანში წაგვიყვანენ.

_ შენ ხომ არ გაგიჟდი, გოგო, რა გეტაკა!

_ რა იყო, რა ვთქვი ამისთანა?

_ მე არსად არ მოვდივარ, შენ რაც გინდა, ის ქენი.

_ მაგარი ტიპია, აი, ახლოს გაიცნობ და თვითონ დარწმუნდები.

_ ვერ გავიგე, ქალბატონო, შენ ჩემთვის ჩალიჩობ თუ შენთვის?

ნიტამ გადაიკისკისა.

_ თუ შენთან არაფერი გამოუვა, აქ არ ვარ? ხომ დამითმობ?

_ შენი იყოს, ახლავე, აქედანვე, _ ღიმილი ვერ შევიკავე, თუმცა ვგრძნობდი, სანდრო ნამდვილად არ მემეტებოდა არავისთვის, ნიტასთვისაც კი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი, რაღაცამ მიმიზიდა მასში.

_ ძალიან მაგარი ვიღაცაა, სულაც არ არის ქაჯი, საიდან მოიტანე?

_ როდის გითხარი, ქაჯია-მეთქი? _ გამიკვირდა.

_ შენ არ თქვი, ქაჯობები მითხრა, სიცილით მოვკვდიო?

_ ჰო, ეგ დამავიწყდა, იზვინი.

_ მგონი, შენც დაგევასა და იმიტომაც დაგავიწყდა. ჰა, გამოტყდი ახლა, ხომ დაგევასა?

_ ნუ სულელობ, რა დამევასა, ერთხელ ვნახე ადამიანი.

_ მერე რა, ერთი ნახვით შეყვარება არ გაგიგია, თუ რა?

_ მოიცა ერთი, რა დროს ეგ არის.

_ ეგ არის, ეგა, ჩემო ნაცრისფერთვალებავ, შენ თვითონ ვერ გრძნობ, როგორ გიახლოვდება სიყვარული.

_ აბა, აბა. მერე რა უნდა ვქნათ მე და შენ? ერთი მამაკაცი როგორ უნდა გავიყოთ? არ გეშინია, რომ ვიჩხუბოთ?

_ რას ამბობ, სოფიო, რა უნდა ვიჩხუბოთ. ეგ გამორიცხულია. ისე ვთქვი, კარგი ბიჭია-მეთქი, თორემ სხვა კი არაფერი. კაცს შენ მოსწონხარ და მე როგორ დაგაწერო?

_ კარგი, კარგი, ნუ გაილექსე. პრაქტიკულზე რა ქენი, დაწერე?

_ ვაიმე, როგორ დამავიწყდა. ისეთ ეიფორიაში ვიყავი, სულ ამომივარდა თავიდან. ახლა დავჯდები და დავწერ.

_ მიდი, მიდი, მიხედე საქმეს და ხვალ არ დააგვიანო. შენა… ხვალ მაინც წავიდეთ კინოში, კარგი? თუ გინდა, დღევანდელი დღე გაპატიო, უარი არ მითხრა.

_ ხვა-ალ? _ ნიტა შეყოყმანდა, _ კარგი წავიდეთ. იქნებ ისინიც წამოვიდნენ, რა იცი.

_ «ისინი» არ გამაგონო! თუ წავალთ, მხოლოდ ჩვენ ორნი, გასაგებია? _ შორს დავიჭირე.

_ კარგი, ოღონდ შენ არ გაბრაზდე და როგორც იტყვი, ისე გავაკეთოთ. აბა პაკა.

_ ხვალამდე. ლექციაზე არ დააგვიანო.

_ არ დავაგვიანებ, გპირდები…

ყურმილი დავკიდე და მოსმენილით კმაყოფილმა გავიზმორე. ესე იგი, მოვწონვარ. ესე იგი, მაგარი ტიპია. ვნახოთ, ვნახოთ. თუ ჰგონია, რომ ჩემი მოთვინიერება ასე ადვილია, მაგასაც ნახავს. ჩემს სიყვარულს დამსახურება უნდა, ეგრე კი არ არის.

ასე კი ვამბობდი, მაგრამ გულის სიღრმეში სხვა რამეს ვფიქრობდი… უკვე მაინტერესებდა უცნობი სანდრო, მამაკაცი, რომელმაც ჩემი გაცნობა ძალზე ბანალური ფრაზებით დაიწყო…

* * *



მთელი ღამე არ მიძინია. თვალწინ გამუდმებით სანდრო მიტრიალებდა. როდის-როდის წამართვა ძილმა თავი, თითქმის თენდებოდა. ნიტას ვაფრთხილებდი, ლექციაზე არ დაიგვიანო-მეთქი და ლამის მე დავაგვიანე. ჩვენს ლექტორს ერთი ნაბიჯით შევასწარი აუდიტორიაში. ნიტამ საყვედურებით ამავსო, მე კი არაფერი მესმოდა, გონებით სხვაგან დავქროდი. ერთი სული მქონდა, როდის დაირეკებოდა ზარი და როდის დამთავრდებოდა ლექციები. მის ნახვას ვეშურებოდი…

გარეთ გადაუღებლად წვიმდა. მე და ნიტა უსიტყვოდ მივუყვებოდით გრძელ დერეფანს, თან აქეთ-იქით ვაცეცებდით თვალებს, მათ ვეძებდით, ახალგაცნობილ ბიჭებს.

_ გამარჯობათ, გოგოებო, _ ჰოლში, განცხადებების დაფასთან, ჯიმი ატუზულიყო ჯიბეებში ხელებჩაწყობილი.

ნიტას სახე გაუბრწყინდა, დიდი ოვაციებით შეხვდა ჯიმის, მე ზრდილობის გულისთვის გავუღიმე და მზერა მოვავლე ირგვლივ, სანდროს ვეძებდი, რომელიც არ ჩანდა.

_ შენი მეგობარი სად არის? _ ნიტამაც მიმოიხედა.

_ დღეს ვერ მოვიდა, საქმე ჰქონდა. სამაგიეროდ, მე აქ ვარ, მიმსახურეთ, როგორც გაგიხარდებათ! _ გულზე მუშტი დაიბრაგუნა ჯიმიმ და ისე შეხედა ნიტას, კინაღამ თვალებით შეჭამა.

«ეს კაცი მგონი შეყვარებულია უკვე”, _ გავიფიქრე ჩემთვის.

_ წავედით? _ იკითხა მამაკაცმა.

_ რა ვიცი, წავედით, _ უხალისოდ ჩაილაპარაკა ნიტამ, როგორც ჩანდა, მასაც გაუფუჭდა ხასიათი.

_ სად აპირებ წასვლას? _ შუბლი შევკარი და დაქალს უკმეხად გავხედე.

_ სახლში, სხვაგან სად უნდა წავიდეთ, _ მხრები აიჩეჩა ნიტამ.

_ რა სახლში, რა დროს სახლია, რესტორანში გეპატიჟებით ორივეს.

რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ ჯიმიმ შემაწყვეტინა.

_ ახლა არ დამიწყოთ ალია-ბალია. ხომ მოვილაპარაკეთ გუშინ, არა? არ უთხარი შენს მეგობარს, რასაც ვაპირებდით? _ ნიტას მიუბრუნდა.

_ ჰო, მაგრამ გადავიფიქრეთ. ჩვენც საქმე გვაქვს, არ გვცალია, სხვა დროს იყოს, _ რატომღაც ნიტამაც უარი თქვა გართობაზე.

ეს გამიკვირდა. ნუთუ ამასაც სანდრო მოსწონს? ჩემდა უნებურად რაღაც მეწყინა. არა, ნამდვილად არ მინდოდა, ასე ყოფილიყო.

ჯიმი ბევრს გვეხვეწა, მაგრამ ვერ დაგვითანხმა. სხვა რა გზა ჰქონდა, სახლამდე მიგვიყვანა ორივე და დაგვემშვიდობა.

ჩემთან ავედით. საუბარი ვერ აეწყო, არც ერთი ხმას არ ვიღებდით.

_ წავალ მე, დავიძინებ, _ თქვა ბოლოს ნიტამ.

_ როგორც გინდა, _ გამიხარდა, ეს რომ თქვა, ისე ძალიან მინდოდა მარტო დარჩენა.

და წავიდა…

და დავრჩი მარტო ჩემს ფიქრებთან…

რატომ არ მოვიდა? რა მოხდა გუშინ? იქნებ სანდროსა და ნიტას შორის ხდება რამე და ამიტომაც არ ისურვა მან დღეს ჩემთან შეხვედრა? რა მემართება? რა მინდა? დიდი ამბავი, თუ ასეა. ეს ხომ სიყვარული არ არის. მხოლოდ ერთი დღეა, რაც ვიცნობ. ბოლოს და ბოლოს, გადამივლის. ღმერთმა ხელი მოუმართოს ორივეს, ჩემი რა მიდის, რას ვკარგავ? არა, რაღაცაშია საქმე, რაღაც მოხდა, ნამდვილად მოხდა. მაგრამ რა? ფიქრით თავს ვიმტვრევდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა.

ის ღამეც თეთრად გავათენე…

სანდრო არც შემდეგ დღეებში გამოჩენილა. კვირამ ისე ჩაიარა, მის შესახებ ვერაფერი გავიგე. არც ნიტა იღებდა ხმას, ამ თემაზე ლაპარაკი არ ჩამოუგდია ჩემთან. ჯიმი ყოველდღე გვხვდებოდა შემოსასვლელთან, მაგრამ ნიტა ჯიუტად უარს ეუბნებოდა შეხვედრაზე. ის კი არა, მანქანაშიც კი არ ჩაუჯდა მესამე დღეს. დარჩა ბიჭი გაწბილებული.

პარასკევს ინსტიტუტში არ წავსულვარ. სიცხემ ამიწია და ლექციები გავაცდინე. ერთით მიხაროდა, რომ არ წავედი, მისი შეხვედრის მოლოდინი მაინც არ მექნებოდა. მოუთმენლად ველოდებოდი, როდის მომაკითხავდა ნიტა, იქნებ ახალი გამეგო რამე. ის იმაზე ადრე მოვიდა, ვიდრე ველოდი.

_ იცი? ახალი ამბავი გავიგე.

_ რა ამბავი?

_ ნათელა ხომ იცი, პრაქტიკულს რომ გვიტარებს.

_ ჰო, მერე?

_ შენ რომ ეხვეწებოდი, შენი რძალი გავხდებიო.

_ და მერე რა? თქვი, ნუ ამომხადე სული.

_ სანდრო მისი შვილი ყოფილა.

_ რას ამბობ! _ თვალები შუბლზე ამივიდა, _ რომელი?

_ უფროსი, ყველაზე სერიოზულიაო, რომ ამბობდა.

_ აჰა!

გამახსენდა, როგორ ვეხუმრებოდი ქალბატონ ნათელას, ნამცხვრები გყვარებიათ და თუ რძლად წამიყვანთ, ამ სიამოვნებას არ მოგაკლებთ, ისეთი ნუგბარების გამოცხობა ვიცი-მეთქი. შემოგვჩივლა, სამი ბიჭი მყავს, სამივე უცოლო, არც ერთი ოჯახის შექმნაზე არ ფიქრობსო. უფროსი ძალიან სერიოზულია, ქალებისკენ საერთოდ არ იყურება, მისი მოსაწონი გოგო არ გამოჩნდა მთელ თბილისში. შუათანას საცოლე ჰყავს, მაგრამ არ ჩქარობს მოყვანას, ხოლო უმცროსი ჯერ ჩვიდმეტი წლისაა, რა დროს მაგის ცოლიაო. აბა, რას ვიფიქრებდი. ნეტავ იცოდეს, როგორ გავიცანი მისი ვაჟი და როგორ მომეწონა. საინტერესოა, რომ გაიგოს, როგორ შეხვდება ამ ამბავს.

მოიცა, გავიხსენო, ზუსტად როგორ თქვა? მისი მოსაწონი გოგო არ გამოჩნდა თბილისშიო? აბა მე რატომ დამადგა თვალი? რა ნახა ჩემში განსაკუთრებული? და თუკი ნახა, მერე რატომ ჩაიქნია ხელი? მერე რატომ დაიკარგა? განიხიბლა? რის გამო? იქნებ ნიტას წამოცდა რამე ისეთი ჩემზე, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია?

_ მთელი ნახევარი საათი მელაპარაკა შენზე.

სუნთქვა შემეკრა ამის გაგონებაზე.

_ ვინ გელაპარაკა, რა მითხარი? _ შემეშინდა, ამ ფიქრში მისი ნათქვამიდან რამე ხომ არ გამომრჩა-მეთქი.

_ ვინ და ნათელა! სანდრომ და სოფიომ როგორ გაიცნეს ერთმანეთიო.

_ იმან საიდან იცის, რომ გავიცანი?

_ სანდროს უთქვამს.

_ რა უთქვამს, არ გადამრიო! _ უფრო და უფრო მიპყრობდა გაოცება.

_ შენზე გამოუკითხავს რაღაც-რაღაცები, ვინ არის, რა გვარია, ვისი სტუდენტია, რომელ ჯგუფში სწავლობს. მერე დედამისისთვის უკითხავს, როგორი გოგოაო. იმას უთქვამს, არაჩვეულებრივი სტუდენტია, უნიჭიერესი, გადასარევად სწავლობს, კარგი მომავალი აქვსო.

_ მერე?

_ მერე და მერე! ეგ საჩემო არ ყოფილაო და გატრიალებულა.

_ ნიტა, თუ ქალი ხარ, წესიერად მომიყევი. რას ნიშნავს საჩემო არ ყოფილაო, გიჟია თუ რა?

_ მე მაგას ბედნიერებას ვერ შევპირდები, კომფორტულად ვერ ვაცხოვრებ, ცუდი ადამიანი ვარ და ტყუილად ცხოვრებას გავუფუჭებო, უთქვამს.

_ მატყუებ! _ აღვშფოთდი.

_ დედის სულს გეფიცები, არ გატყუებ.

_ რატომ არის ცუდი ადამიანი?

_ როგორც გავიგე, ნარკომანი ყოფილა. აი ამიტომ.

_ მართლა? _ სული შემიგუბდა, კინაღამ სასულეში გადამცდა ნერწყვი ნერვიულობისგან, _ ეგ ვიღამ გითხრა?

_ მაცაცომ, მაგის კარის მეზობელია.

_ ჩვენი კურსელი მაცაცო?

_ ჰო. ნათელას რომ ველაპარაკებოდი, იქვე იდგა და გვისმენდა. მერე ჩემთან ერთად წამოვიდა და გზაში მომიყვა. ერთხელ თურმე ზედმეტი მოსვლია დოზა და კინაღამ მომკვდარა, ძლივს გადაურჩენიათ.

_ ნიტა, მოდი, ამაზე მეტჯერ ნუღარ ვილაპარაკებთ, კარგი? _ ლამის ავტირდი, ნიკაპი ამიკანკალდა.

_ როგორც გინდა, _ მხრები აიჩეჩა ნიტამ, გამებუტა და წავიდა.

ის დღე იყო და ის დღე, სანდრო არ გამომლაპარაკებია. რამდენჯერმე შემხვდა დერეფანში, თბილად მომესალმა, ახლოს მოსვლა არც უფიქრია, თვალი ამარიდა და გვერდით ჩამიარა.

ასე განმეორდა ბევრჯერ. ნიტასთან უფრო იპოვა საერთო ენა. მასთან დადგებოდა კიდეც, ემასლაათებოდა, იცინოდნენ, რაღაცებს ყვებოდნენ, მე კი ყოველთვის განზე ვრჩებოდი. ნიტას შეგნებულად არ ვეკითხებოდი არაფერს, ისიც ჯიუტად დუმდა, რადგან ერთხელ უკვე ავუკრძალე სანდროზე ლაპარაკი.

არავინ იცის, სანამ გაგრძელდებოდა ასე, რომ არა ერთი ბედნიერი შემთხვევა. საახალწლო კარნავალი გვქონდა. მე, როგორც პროფესიონალ მოცეკვავეს, კონცერტში მონაწილეობა შემომთავაზეს, «სამბა» უნდა მეცეკვა ვინმე პატარა აკაკისთან ერთად. სიამოვნებით დავთანხმდი, ძალიან მინდოდა, რამით გამომეჩინა თავი, რომ სანდრო გამეგიჟებინა ჩემი ტალანტით. იცით, ყველაზე საოცარი რა იყო? პატარა აკაკი სანდროს უმცროსი ძმა აღმოჩნდა. არ არის ბედის ირონია? ვფიქრობ, რომ არის.

რეპეტიციებს სააქტო დარბაზში გავდიოდით. კარგი ბიჭი იყო აკაკი, მალე დავმეგობრდით. მიყვებოდა, როგორ არ გაყვა დედ-მამის კვალს და როგორ თქვა უარი ექიმობაზე, თავისი გაიტანა და ეკონომიურზე ჩაირიცხა უნივერსიტეტში. მშობლები კი დატოვა იმედგაცრუებული, მაგრამ თვითონ კმაყოფილია თავისი არჩევანით. აბა, ყველა ექიმი ხომ არ იქნებაო, ქვა რომ ააგდო, ექიმს ან იურისტს დაეცემა თავშიო, მეხუმრება. მოვა დრო და შენ და შენნაირები ყველანი უმუშევრები დარჩებით, მე კი ორი სამსახური ერთად მექნებაო, ღადაობს. მერე მოხვალ ჩემთან და მე მთხოვ, მდივნად დამაწყებინე შენთან მუშაობაო. აი, ასეთი კარგი ბიჭია აკაკი.

ცეკვაში მშვენიერი წყვილი გამოვდექით. დედის ხათრით ცეკვავს ჩვენს კარნავალზე, თორემ რა უნდა უნივერსიტეტის სტუდენტს სამედიცინო ინსტიტუტში, დედას ვერ უთხრა უარი, ამ თხოვნას მაინც შევუსრულებო, გულწრფელად იღიმის და ისე მესაუბრება აკაკი.

8 8 8

30 დეკემბერიც გათენდა. დღეს კარნავალი გვაქვს. დილაადრიან სალონში გავვარდი ვარცხნილობის გასაკეთებლად. საგანგებოდ შევიკერე ოქროსფერი საღამოს კაბა, რომ რაც შეიძლება ლამაზად გამოვიყურებოდე. მინდა ყველას ყურადღების ცენტრში ვიყო, ყველა მე მიყურებდეს. რა ვქნა, მიყვარს ასეთი რამეები. თან ნომინაციებიც არის, იქნებ რომელიმეს გამოვკრა ხელი.

საღამომდე კიდევ ერთხელ გავიარეთ რეპეტიცია. აკაკი აღტაცებული მიყურებდა.

_ ისეთი ლამაზი ხარ, თვალს ვერ გაშორებ. ცოტა დიდი რომ ვიყო, მოგიტაცებდი, ჩემს ძმასავით კი არ დავიხევდი უკან, _ მითხრა და ფართოდ გამიღიმა.

სახე შემეცვალა სანდროს ხსენებაზე, მგონი, გავფითრდი.

_ შენი ძმა რა შუაშია? _ ხმის კანკალით ვკითხე, ვითომ არაფერი ვიცოდი.

_ უბრალოდ ისე ვთქვი, ის ერიდება გოგოებთან ურთიერთობას, ვერ პოულობს მათთან საერთო ენას, _ დაიბნა ბიჭი და ამით ეცადა თავისი ნათქვამის გამოსწორებას.

_ შეყვარებული არ ჰყავს? _ დრო ვიხელთე, ჩემთვის საჭირო ინფორმაციის გასაგებად.

_ არა და არც არასდროს ჰყოლია, უკარებაა ნამეტანი, _ ირონიულად გაიცინა.

_ შენს ძმაზე ამბობენ… _ დავიწყე და მაშინვე გავჩერდი, დროზე დავაჭირე ენას კბილი.

_ მართალია, რასაც ამბობენ… მამაჩემი ბევრს ეცადა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა, _ სახეზე ჩრდილმა გადაურბინა ბიჭს.

_ რატომ? მილიონი საშუალება არსებობს, ბოლოს და ბოლოს, უმკურნალონ, ხომ შეიძლება? დედაშენს ეგ არ გაუჭირდება, არც მამაშენს, ქვეყნის ვიღაცას იცნობენ.

_ საქმე მაგაში სულაც არ არის, სოფიო. თვითონ სანდროს არ უნდა. ასე ურჩევნია. მისთვის სხვა სიამოვნება არ არსებობს. წამო, წავედით, თორემ შეიძლება უჩვენოდ დაიწყოს კონცერტი, _ მითხრა ბოლოს, ხელი ჩამჭიდა და სასადილოსკენ წამიყვანა.

რა ლამაზად მოურთავთ აქაურობა. ბრჭყვიალა «წვიმები”, გირლანდები, ნაძვის ტოტები, სათამაშოები, ბუშტები… მაგიდებიც ათასნაირი კერძით გაუწყვიათ. ყველა ფაკულტეტს თავისი მაგიდა ჰქონდა აღებული.

ჩემი ჯგუფელები შორიდანვე დავლანდე. ხელი დამიქნიეს. აკაკის დროებით დავემშვიდობე და ჩვენი მაგიდისკენ წავედი. ნიტას წითელი კაბა ეცვა, ბრწყინავდა, ისეთი ლამაზი იყო.

_ რა მაგარ ფორმაში ხარ, რომ იცოდე, _ გადამკოცნა ნიტამ.

_ შენც, სხვათა შორის, _ არც მე დავრჩი კომპლიმენტის ვალში.

_ ისიც აქ არის, იცი? _ საიდუმლოდ ჩამჩურჩულა ყურში.

გავწითლდი, თითქოს ტყუილში გამომიჭირესო.

_ ვინ ის, ჯიმი? _ ვითომ ვერ მივუხვდი.

_ ჯიმიც და სანდროც, _ ორაზროვნად შემომხედა და თავი დამიქნია, თან თვალი მარცხენა კუთხისკენ გააპარა, იქით გაიხედეო.

გავიხედე. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. გავუღიმე, მანაც გამიღიმა, ხელიც კი დამიქნია. ლამის მივესიყვარულე თვალებით, მან კი მოულონელად ზურგი შემაქცია და ვიღაცასთან საუბარი გააბა. კინაღამ მოვკვდი, ისე მეწყინა, რაღაც ჩამწყდა გულში, რომელიღაც სიმი, მთავარი სიმი, რომელიც მასთან მაკავშირებდა. მუხლებში სისუსტე ვიგრძენი, ლამის ჩავიკეცე. სკამს დავეყრდენი და ჩამოვჯექი, რომ არ წავქცეულიყავი. ვიგრძენი, როგორ გავფითრდი.

_ რა მაგარ ფორმაშია, არა? _ თქვა ნიტამ და ჩემ გვერდით ჩამოჯდა.

_ რა ვუყო მერე, იყოს რა, _ ვეცადე, გულგრილად მეთქვა, თითქოს სულაც არ მაინტერესებდა.

_ არც არაფერი, ისე ვთქვი.

საბოლოოდ გამიფუჭდა გუნება, ყველაფრის ხალისი დავკარგე. ხანდახან გავაპარებდი მზერას განაპირა მაგიდისკენ, სადაც სანდრო მეგულებოდა. ის კი საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას, თავის ჯგუფელებში ჩამჯდარიყო, რაღაცას ყვებოდა და გულიანად იცინოდა სხვებთან ერთად. ჯიმიც იქვე იყო, ჩემსავით ისიც უხასიათოდ გამოიყურებოდა. ალბათ ნიტას გამო, ვერა და ვერ მოიგო ნიტას გული, ერთხელაც ვერ დაითანხმა შეხვედრაზე. არადა, ბიჭი ყურებამდე იყო შეყვარებული. დღედაღამ ჩვენს ინსტიტუტში დახეტიალობდა, დაკვირვებული ადამიანი იფიქრებდა, აქაური სტუდენტიაო, ყოველდღე აკითხავდა ნიტას. ის კი შეუვალი იყო, ახლოს არ იკარებდა ჯიმის.

საღამო ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ლექტორების თუ სტუდენტების მილოცვები და სიტყვით გამოსვლები ერთმანეთს ცვლიდა, მერე ნომრების გამოცხადება დაიწყეს. ზოგმა იმღერა, ზოგმა ლექსი წაიკითხა, ზოგმაც იცეკვა… ჩემი და აკაკის ჯერიც დადგა. ცეცხლოვანი «სამბას» მელოდიამ დარბაზიც აიყოლია. ყელმოღერებული გავედი სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე, აკაკი უკან მომყვებოდა. ძალიან ლამაზი წყვილი ვიყავით, ყველა ჩვენ შემოგვცქეროდა.

დავიწყეთ… თავიდან ცოტა გაუბედავად ვცეკვავდი, მერე და მერე აზარტში შევედი, ყოველგვარი დაძაბულობა და კომპლექსი მომეხსნა, საერთოდ გადამავიწყდა სად ვიყავი, თამამად გავშალე ხელები და… ავიწყვიტე. ვცეკვავდი ისე, როგორც არასდროს, მთელი გრძნობით, მთელი გზნებით, სხეული მიხურდა. ჩემი ყოველი მოძრაობა სიყვარულის ახსნას ჰგავდა. ეს მისთვის იყო განკუთვნილი, ჩემი ყველა მოძრაობა მას ეძღვნებოდა, ყველა გამოხედვა, ყველა მიმიკა, ღიმილი თუ ღაწვზე ჩამოგორებული ცრემლი… ეს სიყვარულით ნაკარნახევი ცეკვა იყო, ვნებით აალებული გულის ფეთქვა… ჩემი ცეცხლისფერი კაბით შემოსილი სხეული ცეცხლის ალივით ირხეოდა გირლანდების შუქზე, იკლაკნებოდა, ეძებდა მას და ეძახდა მას, თავისთან უხმობდა… ამწუთას ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ მოესურვებინა, ოღონდ მოენდომებინა…

ტაშის გრიალმა გამომაფხიზლა. დარბაზს გადავხედე, ყველა ფეხზე იდგა, ყველა «ბრავოს» ყვიროდა. აკაკი ჩამეხუტა და მაკოცა.

_ ეს საღამო შენია, სოფიო, შენ ყველა დაიპყარი, გიხაროდეს, _ ჩამჩურჩულა ყურში და ხელზე ხელი მომიჭირა.

გული საგულეში არ ეტეოდა, ეს ყველაზე ბედნიერი საღამო იყო ჩემს ცხოვრებაში, საღამო, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნოდა.

იქით გავიხედე. ის არც ტაშს უკრავდა, არც არაფერს ყვიროდა, ფეხზეც კი არ ამდგარა. იჯდა თავისთვის, მიყურებდა და კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. თვალებში კი… თვალებში მხოლოდ ერთი რამ იკითხებოდა _ შენ მე მეკუთვნი…

მეც ეს მინდოდა…

ოვაციები კარგა ხანს არ დამცხრალა, ჩვენი ცეკვის გამეორებას ჯიუტად ითხოვდა ყველა. ცივ უარზე დავდექი, მეორედ ასე ვერ ვიცეკვებდი. ჩემს ადგილს დავუბრუნდი. ნიტამ ლოყაზე მაკოცა.

_ კინაღამ ვიტირე, ისეთი კარგი იყავი, _ გულწრფელად მითხრა დაქალმა.

გამიხარდა…

კონცერტი რომ დამთავრდა, ნომინაციების გამოცხადება დაიწყეს. მგონი, ყველას ყველაფერი შეხვდა, ჩემ გარდა… ნიტამ ყველაზე მომხიბვლელი ქალის ტიტული მოიპოვა. რა თქმა უნდა, არ მწყენია, მაგრამ სადღაც, გულის კუნჭულში, თითქოს შურმა გამკრა. ნუთუ მე არაფერი მერგება? აბა რისთვის ვიცეკვე ასე?

_ ახლა კი, ყველაზე მთავარი, _ გამოაცხადა წამყვანმა, _ ჩვენ ვირჩევთ კარნავალის დედოფალს.

ყველა გაისუსა. დავიძაბე. რატომღაც, ჩემი თავი მოვიაზრე ამ აპლუაში.

_ და ერთხმად, ხმათა ასი პროცენტით… მეჯლისის დედოფალი გახდააა… სო-ფი-ო-ო-ო! _ მთელი ხმით იყვირა კონფერანსიემ.

სმენა დამეხშო, ყურები დამიგუბდა. კიდევ ერთხელ დაინგრა დარბაზი, ყველანი ახმაურდნენ. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა…

სცენაზე გამიწვიეს, საჩუქრები გადმომცეს. თავი სიზმარში მეგონა, ან ზღაპარში… კონკიად წარმოვიდგინე ჩემი თავი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ღაპაღუპით ჩამომდიოდა ღაწვებზე. ოვაციები არ ცხრებოდა.

_ როცა ტირი, უფრო ლამაზი ხარ, _ ჩამესმა ნაცნობი და მონატრებული ხმა ზედ ყურთან.

შევკრთი, მოვიხედე და… სანდრო შემრჩა ხელთ. არ ვიცი, როგორ აღმოჩნდა სცენაზე, როგორ ვერ შევამჩნიე მისი მოახლოება.

_ მივმართავ მამაკაცებს, ვისაც გერჩით გული, გამბედაობა და სიმამაცე, ეცეკვეთ საღამოს დედოფალს! _ ისევ საზეიმო ხმით გამოაცხადა წამყვანმა და მაგიდებს გადახედა.

თუმცა… ყველაზე მამაცი, გამბედავი და ყველაზე სასურველი უკვე ჩემ გვერდით იდგა. სანდრომ ხელი გამომიწოდა და შტრაუსის ვალსიც ჩაირთო. მე უკვე ვეღარაფერს ვხედავდი, თითქოს დავბრმავდი, თითქოს დავყრუვდი, მხოლოდ სანდროს ხელს ვგრძნობდი, წელზე რომ მქონდა შემოხვეული და მის მხურვალე მკერდს, მძლავრად რომ მიკრავდა გულში… ისე ვყავდი ჩაბღუჯული, თითქოს სადმე გაქცევას ვაპირებდი. საოცრად მსუბუქად ცეკვავდა, ლაღად, ერთხელ არ შეშლია ფეხი, როგორც ჩანს, ძმასავით ცეკვის კარგი სკოლა ჰქონდა გავლილი…

_ რომ შემეძლოს, მთელი ცხოვრება ასე ფრენა-ფრენით ვივლიდი შენთან ერთად, _ ჩამჩურჩულებდა ყურში ვნებიანი ხმით, _ მთელი ცხოვრება ასე ჩახუტებულს გატარებდი, სანატრელო!

არ იცით, რა სიამოვნება იყო ამ სიტყვების მოსმენა. ქვეყანა ჩემი მეგონა, ნეტარების მორევში ვიყავი შთანთქმული. ალბათ ღრუბლებში ფრენის სიამოვნებაღა თუ შეედრებოდა ამ წუთებს.

_ მიყვარხარ, სანდრო, _ აღმომხდა ჩემდა უნებურად, _ უსაშველოდ მიყვარხარ!

და… მოულოდნელად გაჩერდა, ხელი შემიშვა, დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში. დანისლული მზერა ჰქონდა, ნაღვლიანი, თითქოს ჩამქრალიყო ის ნაპერწკალი, წეღან ასე რომ უბრწყინავდა თვალებში.

მერე თითქოს გონს მოეგოო, ისევ მომხვია მკლავი და დამატრიალა… ლოყა ლოყაზე მივადე ბედნიერებისგან გათანგულმა, თან მისი საქციელით ოდნავ შეცბუნებულმა.

_ სოფიო, _ ჩამესმა ყურში მისი ხმა.

_ გისმენ, სანდრო, _ მუსიკის ფონზე ჩემი ხმა ჩაიკარგა, ალბათ ვეღარც გაიგო, რადგან გაიმეორა.

_ სოფიო…

თავი ავწიე და შევხედე.

_ ბატონო…

_ ეგ სისულელე მეორედ აღარ გაიმეორო, იცოდე, _ ისევ დანაღვლიანებოდა სახე, ისევ ისეთი ჩამქრალი მზერა ჰქონდა.

_ რატომ?

_ თორემ ძალიან მეწყინება, _ გააგრძელა მან, ჩემი კითხვა უპასუხოდ დატოვა.

_ რატომ-მეთქი, გეკითხები, არ გინდა ამიხსნა?

_ ასეა საჭირო და იმიტომ.

_ ეგ პასუხი არ არის, ამ პასუხს არ მივიღებ. კონკრეტული ახსნა მჭირდება, _ კატეგორიული ვიყავი.

_ მე სხვა მიყვარს და იმიტომ, კონკრეტული ახსნა ეს არის. გასაგებია? _ თქვა და ისევ გაჩერდა, ისევ შემიშვა ხელი.

არ მახსოვს, როგორ მოეშვა სხეული, როგორ მოვდუნდი და ჩავიკეცე… ისღა მახსოვს, ვიღაც სახეში რომ მილაწუნებდა, ვიღაც წყალს მასხამდა… მივხვდი, რომ გონება დავკარგე და მასულიერებდნენ.

ასე დამთავრდა ჩემი ერთი ყველაზე ბედნიერი საღამო.

კიდევ ერთი ღამე გავათენე თეთრად, ამჯერად _ ტირილში…

8 8 8

არავის ვუსურვებ ისეთი ახალი წლის გათენებას, მე რომ გამითენდა. შინ ჩავიკეტე, ტელეფონი გამოვრთე და ლოგინში შევწექი. რამდენჯერმე ვიღაცამ დააბრახუნა კარზე, არ გავუღე. ვიცოდი, ნიტა იქნებოდა. აღარაფერი მახსოვდა, არც ჭამა მინდოდა, არც არავის ხმის გაგონება. მხოლოდ სანდროს ხმა ჩამესმოდა ყურში, მხოლოდ მისი სიტყვების შინაარსი მიფორიაქებდა სულს. «მე სხვა მიყვარს და იმიტომ, კონკრეტული ახსნა ეს არის. გასაგებია?» _ თითქოს ჩაქუჩივით მხვდებოდა თავში ეს საბედისწერო წინადადება.

მციოდა და გაზქურის ანთება მეზარებოდა, მშიოდა და ჭამის სურვილი გამქრობოდა, ბნელოდა და შუქის ანთება არ მინდოდა. არაფერი არ მინდოდა, სიკვდილის გარდა. რა მიქნა ამ ბიჭმა, როგორ დამშალა, როგორ გამანადგურა… რა უნდა ჩემგან, რას მერჩის… ფიქრი ფიქრს ცვლიდა. ნეტავ სად არის ახლა, თუ ვახსოვარ მაინც? დავიჯერო, არ ფიქრობს ჩემზე? იქნებ მართლა სხვა უყვარს? იქნებ ტყუილი თქვა? იქნებ… იმდენი «იქნებ» დაგროვდა, გზა და კვალი ამერია.

არა, მორჩა! უნდა დავურეკო და ველაპარაკო! ასე გაგრძელება არ შეიძლება. სულ არ მაინტერესებს, ნარკომანია თუ არა, ჩემთვის სულერთია, ვინც გინდა იყოს, ოღონდ მოვიდეს, ოღონდ შემიყვაროს, ოღონდ არ მიმატოვოს… მე მასთან მინდა, მხოლოდ მასთან და სხვა არავისთან. ყველაფერზე თანახმა ვარ, სანდრო. მხოლოდ შენთან ვიქნები ბედნიერი, მხოლოდ შენთან…

ტელეფონი ჩავრთე და ნიტას დავურეკე, შინ არ აღმოჩნდა, საქეიფოდ იყო წასული. ვისთან? იქნებ ჯიმისთან და სანდროსთან ერთად? როგორ გავიგო? დავიჯერო, არ დარეკავს? ვინ იცის, იქნებ რეკავდა კიდეც, მე კი ტელეფონი გამორთული მქონდა. რატომ გამოვრთე, რატომ, რატომ? ახია ჩემზე! ვტუქსავდი თავს.

ისე მოსაღამოვდა, არავის გავხსენებივარ. რვა საათი იქნებოდა, გაბმული ზარი რომ გაისმა. ეს მოსკოვი იყო, დედა მირეკავდა შეშინებული, ხომ კარგად ხარ, წუხელ ღამის მერე გირეკავ და ხმა ვერ მოგაწვდინეო. მოვატყუე, კარნავალი გვქონდა და ღამე ინსტიტუტში გავატარეთ-მეთქი. ძლივს დავამშვიდე. თუ ასე გააგრძელებ, ჩამოვალ და შენ გვერდით ვიქნები, ნერვიულობის თავი არა მაქვსო. დავაწყნარე, ვეფერე, ახალი წელი იყო, შინ ხომ არ დავჯდებოდი მარტო, ჯგუფელებთან გავერთე-მეთქი. როგორც იქნა, დავარწმუნე.

ნიტა კი, თითქოს განგებ, არ მირეკავდა.

ლოდინით გული გადამეწურა. ავწრიალდი, ლამის იყო, კივილი დავიწყე. მე ვიცი, რასაც ვიზამ, საუკეთესო ახალ წელს მოვიწყობ ჩემთვის, _ მტკიცედ გადავწყვიტე და ლოგინიდან გამოვძვერი…

ერთ საათში ისეთ ფორმაში ვიყავი, ჰოლივუდის კინოვარსკვლავებსაც კი შეშურდებოდათ. საცხობში ჩავედი, ნამცხვრები ვიყიდე, ხილი და სასმელიც გამოვაყოლე, ლამაზი სუფრა გავშალე, სანთლები ავანთე და მაგნიტოფონი ბოლო ხმაზე ჩავრთე. თუ ქეიფია, ქეიფი იყოს, ამას მარტოც მოვახერხებ, მათ გარეშე-მეთქი, ჩემთვის ვლაპარაკობდი. ცალ ხელში შამპანურით სავსე ფუჟერი მეჭირა, მეორეში _ ნამცხვრის ნაჭერი. შამპანურს ვწრუპავდი, ნამცხვარს ვაყოლებდი, თან ვცეკვავდი, თან ვმღეროდი… ერთი სიტყვით, მოლხენის ხასიათზე დავდექი. სასმელმა თავისი ქნა. ორი ჭიქის შემდეგ ისე გავხურდი, ყველანაირმა წყენამ გადამიარა, გავხალისდი. თითქოს ახლა აღმოვაჩინე, რა მშვენიერია ცხოვრება, რა სიამოვნებაა, როცა ვიღაც გიყვარს, როცა გენატრება, ელოდები, როდის გაიღებს მოწყალებას «მისი ბრწყინვალება» და გამოჩნდება, დაგაფასებს თავისი ვიზიტით თუ სატელეფონო ზარით…

სარკეში ჩავიხედე. ლამაზი ვიყავი, ძალიან ლამაზი. მივხვდი, რომ საკუთარი თავი არა მარტო მიყვარდა, მომწონდა კიდეც. ეს მკვრივი მკერდი, მრგვალი თეძოები, მაღალი წელი და სანთელივით ჩამოსხმული ფეხები ჩემია, მე მეკუთვნის. თვალები? კიდევ ვის აქვს ასეთი უძირო, იდუმალი, მომნუსხველად ნაცრისფერი თვალები? ეს ჩემი მთავარი იარაღია, რომლითაც ნებისმიერი მამაკაცის გული შემიძლია დავიპყრო, ერთი გასროლილი მზერით, ერთი გამოუცნობი შეხედვით… სანდროთი კი არ მთავრდება საკაცეთი…

ამ ფიქრებში ვიყავი, რომ კარზე ძლიერი ბრახუნის ხმა გაისმა…

* * *



მუსიკა გამოვრთე. ბრახუნი კვლავ განმეორდა. გულმა რეჩხი მიყო, ნიტას «ხელწერას» არ ჰგავდა. სანამ კარს გავაღებდი, სარკეში ჩავიხედე, მშვენივრად გამოვიყურებოდი. შემოსასვლელისკენ, რატომღაც, ფეხის წვერებზე გავემართე და სათვალთვალოში გავიხედე, რომლისთვისაც ვიღაცას ხელი აეფარებინა.

_ ვინ არის? _ დავიძახე და პასუხის მოლოდინში ჭერს ავხედე დოინჯშემოყრილმა.

_ სტუმრები ვართ, _ ნიტას ხმა ვიცანი.

ხელები ამიკანკალდა, მკლავებზე ხორკლებმა დამაყარა ნერვიულობისგან _ იქნებ ისიც მოვიდა?

კარი გავაღე… ზღურბლთან თვალებგაბრწყინებული ნიტა იდგა უზარმაზარი თაიგულით ხელში.

_ არ მელოდი, არა? _ მხიარულად შესძახა და ოთახში შემოიჭრა.

ის იყო, შემობრუნებას ვაპირებდი, რომ სიბნელიდან ჯერ ჯიმი გამოჩნდა შამპანურის სამი ბოთლით ხელში, მერე კი სანდრო _ მუყაოს დიდი ყუთით, ალბათ ნამცხვრები თუ მოჰქონდა. სიტყვით ვერ გადმოვცემ, რა დამემართა. გავშეშდი, ადგილიდან ვერ ვიძროდი.

_ გილოცავ ახალ წელს, ჩემო კარგო, _ თქვა ჯიმიმ და ლოყაზე მაკოცა.

_ მეც გილოცავ, მრავალს დაესწარი, _ ძლივს ამოვილუღლუღე.

_ ბედნიერებას გისურვებ, _ მითხრა სანდრომ და თვალი თვალში გამიყარა.

კინაღამ წამომცდა, შენთან ერთად-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე.

_ მეც, _ მოკლედ მოვჭერი.

სანდრო ჩემკენ გადმოიხარა საკოცნელად, ჩემდა უნებურად, ლოყის ნაცვლად ტუჩები მივუშვირე. ოდნავ შემეხო. ცივი ტუჩები ჰქონდა, მაგრამ მისი კოცნის გემო მაინც ვიგრძენი. ნეტარებისგან წამით თვალები დავხუჭე. ღმერთო, როგორ მინდოდა ეს წამები გაგრძელებულიყო. სასიამოვნო ჟრუანტელმა მთელ სხეულში გავარვარებულ ლავასავით დამიარა.

_ ხომ არ შეგაწუხეთ, სოფიო, ასე რომ შემოგეჭერით? _ ღიმილით მომიბრუნდა ჯიმი.

_ არა, რას ამბობთ, ძალიან გამახარეთ, _ ისეთი ბედნიერი ვიყავი, მეგონა, დავფრინავდი.

_ მუსიკის ხმა რომ გამოდიოდა, ვიფიქრე, სტუმრები ჰყავს და უჩემოდ ქეიფობს-მეთქი და საყვედურის თქმას ვაპირებდი, _ ნიტამ თვალი ჩამიკრა.

_ არა, მარტო ვარ, _ მორცხვად ვთქვი.

_ და შენთვის უბერავ, არა? _ გადაიკისკისა ნიტამ.

_ აბა რა ვქნა, გამოვყრუვდი სახლში, _ ვიმართლე თავი.

_ მერე ვისი ბრალია? წამოსულიყავი ჩვენთან და მაგარ დროს გაატარებდი. დილიდან ვგიჟობთ. ეს ყვავილები ჯიმიმ გიყიდა, სად წავიღო?

_ ლარნაკი საძინებელშია, ისე მეკითხები, თითქოს არ იცოდე.

_ რა მახსოვს, სოფიო, ამ ბოლო ხანებში ყველაფერი მავიწყდება. გუშინ მთელი დილა სათვალეს ვეძებდი და თურმე თავზე არ მქონია დაკოსებული? _ ისევ გადაიკისკისა ნიტამ და ლარნაკის მოსაძებნად გავიდა.

_ ეს იმიტომ, რომ ზამთარში არაა სათვალე საჭირო, ასე არ არის, სოფიო? _ დაასკვნა ჯიმიმ და თანამოაზრესავით შემომხედა, დამიდასტურეო.

_ მაგაში გეთანხმებით, მაგრამ ნიტა ზამთარ-ზაფხულ არ იშორებს სათვალეს, სულ უკეთია, _ გავამართლე მეგობარი.

სანდრო ხმას არ იღებდა, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დადიოდა წინ და უკან და ბინას ათვალიერებდა.

_ ლამაზი სახლია… შენსავით, _ გამომხედა და ორაზროვნად გამიღიმა.

_ ჰო, არა უშავს, _ ვუპასუხე და მისი მზერით მონუსხულმა თავი დავხარე, სახეზე ალმური წამეკიდა.

_ სუფრაც გაშლილია, ქეიფის გაგრძელების მეტი არაფერი დაგვრჩენია, _ ნიტა ოთახში ლარნაკით ხელში შემობრუნდა, _ ამ ყვავილებს კარადაზე შემოვდგამ, მაგიდაზე ხელს შეგვიშლის.

_ სადაც გაგიხარდება, იქ დადე, რა მნიშვნელობა აქვს, _ მხრები ავიჩეჩე და მაგიდის განახლებას შევუდექი.

სტუმრების მოტანილი ყუთი გავხსენი, ნამცხვრები ამოვალაგე და ორ თეფშზე გადავანაწილე.

_ აბა, დავსხდეთ. ჯიმი, ჩამოასხი, რა! _ ნიტა აქტიურობდა, _ სანდრო, შენ აგერ დაჯექი, მაგიდის თავში, მე სოფიოს მივუჯდები გვერდით.

_ არ მინდა მაგიდის თავში, მე თქვენ წინ მოვკალათდები და გიყურებთ, როგორ დათვრებით ლამაზი ქალები, _ გაიხუმრა სანდრომ.

_ მე აუცილებლად შენ გვერდით უნდა მოვხვდე, ჩემო აღმაფრენავ! _ გამოაცხადა ჯიმიმ და დაელოდა, ნიტა სად დაჯდებოდა.

_ როგორმე აქაც არ მომასვენო. გირჩევნია, შენს ცოლ-შვილს მიხედო, პატივცემულო! _ გაიპრანჭა ნიტა, გრძელი ქვედაბოლო ერთმანეთზე გადაიდო და დაჯდა.

მე მარჯვნივ მივუჯექი, ჯიმი _ მარცხნივ. სანდრო ზუსტად ჩემ წინ აღმოჩნდა. ისევ გამიყარა თვალი თვალში, ისევ დამიარა ცხელმა ტალღამ. ამ თვალების შემოხედვას ვერ ვუძლებდი, რაღაც საშინელება მემართებოდა.

_ აბა, ბუჩქი, ბუჩქი, _ კეკლუცობდა ნიტა.

ერთმანეთს ახალი წელი მივულოცეთ და ყველამ დავლიეთ.

_ ერთი ამათ უყურე, სანდრიკ, რა მსმელი ქალები არიან, ხედავ შე-ენ? _ ხელი ხელს შემოჰკრა ჯიმიმ.

_ არამარტო მსმელი, დამრტყმელიც, _ შენიშნა ნიტამ და ნიშნისმოგებით დაუქნია თავი ჯიმის.

_ რას მელაპარაკები, ქალბატონო, ეგეთებიც შეგიძლია?

_ სცადე და ნახავ, თუ არ გჯერა, _ ვალში არ დარჩა იგი მამაკაცს.

_ მე მშია, იცით? _ თქვა უცებ სანდრომ.

ელდა მეცა, სახლში ერთი ნამცეცი არაფერი მქონდა, პურიც კი არ მიყიდია მეორე დღეა.

_ ვაიმე, მაცივარი გამოცარიელებული მაქვს, ჩავალ, რამეს ამოვიტან, _ შეწუხებული ფეხზე წამოვხტი.

_ არ გინდა, სად უნდა წახვიდე, რა სისულელეა. შენ რაღა მოგივიდა, სანდრიკ, რა დროს ჭამაა, რესტორნიდან არ მოდიხარ, ადამიანო?

_ არც იქ მიჭამია არაფერი.

_ ეგრეა, ეგრე, რაღაც ამ ბოლო ხანებში ცოტას ჭამ, რაშია საქმე? _ მრავალმნიშვნელოვნად იკითხა ჯიმიმ.

_ სხვა დროს ხომ ერთი ხარი არ მყოფნიდა, აი, _ სანდრომ თავი გადააქნია.

_ იცით… კარტოფილი მაქვს, ახლა გამახსენდა, უცებ გავთლი და შევწვავ, _ წამოვიძახე გახარებულმა.

_ აჰა, კარტოფილი კარგია. ნიტა, მე და შენ ჩავიდეთ და პური ამოვიტანოთ. ტყემალი გააქვს? _ მკითხა ჯიმიმ.

_ ტომატის საწებელა მაქვს, არ წავა?

_ მაგას რა ჯობია, კიდევ უკეთესი. წამო, ნიტა, ჩავიდეთ რა, მარტო მეზარება.

_ წავიდეთ, რა გაეწყობა, _ ნიტას მაინცდამაინც არ ეხამუშა შემოთავაზება, მაგრამ უარიც ვერ თქვა.

სამზარეულოში თითქმის ბარბაცით გავედი, ჯამში წყალი ჩავასხი, კალათიდან კარტოფილი ამოვყარე და გათლას შევუდექი.

_ მოგეხმარო? _ სანდრო მომიახლოვდა და ჩემ უკან დადგა.

_ არა, გმადლობთ, _ ცეცხლი წამეკიდა სხეულზე.

_ რაღაც უხასიათოდ მეჩვენები, ასეა? _ თქვა, თმა გადამიწია და კისერზე გაშლილი ხელი დამადო.

ლამის იყო, კვნესა აღმომხდა.

_ ცუდად ვარ, _ კი არ ვთქვი, დავიკნავლე.

_ რა დაგემართა?

_ მოვიწამლე, _ ხამამაღლა წარმოვთქვი და მოვტრიალდი. ჩემი მკერდი მისას შეეხო.

_ მოიწამლე? რითი? _ სანდრო ტუჩებზე მიყურებდა.

_ შენი სიყვარულით. ჩემი სისხლი შენი სიყვარულითაა მოწამლული. ამის განკურნება შეუძლებელია, სანდრო, აღარაფერი ეშველება.

_ ვითომ? _ თავი გვერდზე გადახარა და ზემოდან დამხედა, _ რა მაგის პასუხია, მაგრამ არაჩვეულებრივად ლამაზი მხრები გაქვს და საოცრად მაღალი ყელი.

_ მართლა?

_ მართლა.

_ შენი იყოს, თუ გინდა.

_ თუ მინდა?.. მინდა რომელია, მაგრამ არ შემიძლია, სოფი.

_ რატომ?

_ ასეთ ძვირად ღირებულ საჩუქარს ვერ მივიღებ, უფლება არ მაქვს.

_ რატომ გგონია, რომ უფლება არ გაქვს?

_ იმიტომ, რომ ვერ გავუფრთხილდები, არ მინდა დავაზიანო, არ მინდა გამიტყდეს…

_ არა უშავს, მე მემეტება. მე გჩუქნი, რაც მთავარია. რა მოუვა, არ მაინტერესებს.

_ დავიჯერო, ასეთი უგულო ხარ? _ თვალებმოჭუტულმა გამიღიმა და მზერა ახლა ჩემს მკერდზე გადაიტანა. მისი სიახლოვე თავბრუს მახვევდა.

_ ამ ბოლო ხანებში კი, ნამდვილად უგულო გავხდი.

_ რატომ, რა მოხდა?

_ ერთი გული მქონდა და ისიც დავკარგე.

_ დაკარგე? სად?

_ ვიღაცამ მომპარა, _ ჩვენ ბანალურად ვფლირტაობით, მაგრამ ეს ფლირტი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა.

_ მითხარი, ვინ გაბედა ეს და სასტიკად დავსჯი, _ სანდრომ შუბლი შუბლზე მომადო, მისი ცხელი სუნთქვა სახეში მცემდა.

_ მე თვითონ დავსჯი, შენ დახმარება არ მჭირდება.

_ და როგორ დასჯი?

_ აი, ასე, _ ვთქვი გაბედულად, თავი ავწიე, თმა უკან გადავიყარე და ყელზე დავადე სურვილისგან გამშრალი ტუჩები.

მამაკაცმა ერთი ამოიგმინა, ცალი ხელი წელზე მომხვია, მეორე თმაში შემიცურა და მძლავრად მიმიკრა გულზე. მერე…

მერე ყველაფერი ერთმანეთში აირია. სანდროს ტუჩებმა ადვილად იპოვეს ჩემი ტუჩები.. მის მკერდზე მიხუტებულს მესმოდა, როგორ უცემდა გული, როგორ გაუხშირდა სუნთქვა, ტუჩებიც გახურებოდა. აღარაფერი მახსოვდა, თავდავიწყებას მივეცი. მკერდი ვნებიანად მიღელავდა, ძუძუსთავები ჩემდა უნებურად მიიწევდნენ მამაკაცისკენ, მთელი ძალით ეგლისებოდნენ მის ფართო გულმკერდს. არ ვიცი, სანამ გაგრძელდებოდა ეს ღვთაებრივი ნეტარება, ნიტას ხმა რომ არ გამეგონა. მეხნაკრავივით მოვწყდი მამაკაცს, თმა გავისწორე, შევტრიალდი, დანას დავტაცე ხელი და კარტოფილის გათლა გავაგრძელე ვნებისგან აძიგძიგებულმა. სანდროც მსწრაფლ გამერიდა და ონკანის წინ დადგა, წყალი მოუშვა, ჭიქა შეუშვირა, აავსო და მოიყუდა.

ნიტა და ჯიმი სიცილით შემოვიდნენ სამზარეულოში.

_ რა ჰქენით, გათალეთ? _ ნიტამ პურები მაგიდაზე დააწყო, ძეხვი და კვერცხიც ამოალაგა პარკიდან.

_ ასე უცებ კიო კი არ ვიყავი, ვთლი, _ ვთქვი აჭარხლებულმა.

_ მე კი ძლივს გავგრილდი, _ გაიღიმა სანდრომ და ჭიქა ონკანის კიდეზე შემოდგა, თან მრავლისმეტყველი მზერა მესროლა.

_ გინდა მოგეხმარო? _ ნიტა მომიახლოვდა.

_ არ მინდა, ცოტაა, უცებ მოვრჩები, _ ვიუარე.

_ ტაფას დავადგამ, იქამდე გაცხელდება, _ საქმიანი კილოთი წარმოთქვა და დატრიალდა.

_ შეხედე, რა დიასახლისები იზრდებიან ჩვენ თვალწინ, ნეტა იმათ, ვის ოჯახშიც ესენი შევლენ, _ გაიხუმრა ჯიმიმ.

_ კაცები თუ იქით გახვალთ და ხელს არ შეგვიშლით, კარგს იზამთ, _ ხმა გაიმკაცრა ჩემმა დაქალმა და დემონსტრაციულად გახედა მამაკაცებს.

ბიჭები გავიდნენ. მე და ნიტა მარტონი დავრჩით.

_ რაო, რა გითხრა? _ საიდუმლოდ მიჩურჩულა ნიტამ.

_ არაფერი, რა უნდა ეთქვა, _ არ შემიხედავს, ისე ვუპასუხე სევდიანი ხმით.

_ აბა რისთვის დაგტოვეთ მარტო, ვერაფერი ათქმევინე, გოგო? ჰმ! _ წაიბუზღუნა ნიტამ და კარადიდან ზეთის ბოთლი გამოიღო.

_ ძალით ხომ არ ავალაპარაკებ, რა ვქნა.

_ ისე, იცი, რა მაგარი ტიპია? მაგიჟებს. ასე მამაკაცი ჯერ არ მომწონებია. სოფიო, რა ბედნიერი ხარ, შენ რომ მოსწონხარ. ნეტავ მე მიყურებდეს ასე.

_ არ გინდა, რა, მე დიდად არ მაღელვებს მისი ყურება.

_ ჰოდა, მაშინ მე დამითმე. გინდა, ჩემს ყველა თაყვანისმცემელს შენ გადმოგილოცავ, შენ კი სანდრო დამითმე, მოსულა?

სიცილი ამიტყდა.

_ მოსულა, შენი იყოს.

ტაფაზე ზეთი აშიშინდა. მერე ნიტაც მომეხმარა, კარტოფილი წვრილად დავჭერით და ცხელ ტაფაზე დავყარეთ. რამდენიმე წუთში კერძი მზად იყო. შემდეგ კვერცხიც შევწვით ძეხვთან ერთად და სუფრაზე მივიტანეთ.

_ ჰო, ჰო, ჰო, რა საამო სურნელი დატრიალდა სახლში! _ ბუბუნებდა ჯიმი და კმაყოფილებისგან ხელებს ერთმანეთს უსვამდა, _ სანდრიკ, შენი არ იყოს, მეც მომშივდა.

ჭამის თავი ნამდვილად არ მქონდა, ჯერ კიდევ მიხურდა სანდროს ნაკოცნი ტუჩები, მაგრამ თავს ძალა დავატანე და ზრდილობის გულისთვის რამდენიმე ლუკმა გადავყლაპე.

სადღეგრძელოს სადღეგრძელო მოჰყვა. ნელ-ნელა შევთვერით. ნიტას მგონი, ბევრიც მოუვიდა, რომ მოვიდა, ისედაც ნასვამი იყო.

_ მეტი არ დალიო, გეყოფა, _ მის ჭიქას ხელი დავაფარე.

_ რატომ, არ ვარ მთვრალი, დედის სულს გეფიცები, _ არეული თვალებით შემომხედა.

_ ყველაფერს აჯობებს, წამოხვიდე და დაწვე, ფეხზე ძლივს დგახარ უკვე.

_ არ მინდა, სოფიო, ნუ მაძალებ, რა.

_ გინდა, დამიჯერე. მამაშენს მე დავურეკავ და ვეტყვი, რომ ამაღამ ჩემთან რჩები.

რის ვაივაგლახით წამოვაყენე და საძინებელში ბანცალ-ბანცალით გავიყვანე. გაუხდელად მივაწვინე ლოგინზე და საბანი გადავაფარე.

_ ისინი წავიდნენ? _ ძლივს ლუღლუღებდა მთვრალი.

_ არა, მაგრამ მალე წავლენ, დაიძინე, _ შუქი ჩავაქრე და ოთახიდან გამოვედი.

ჯიმი სიგარეტს ეწეოდა, სანდროს ჩანგალი დაეკავებინა ხელში და ჭიქას უწკარუნებდა.

_ ჩვენ წავალთ, გვიანაა უკვე, _ ჩემს დანახვაზე სანდრო ფეხზე წამოდგა.

_ არა, რატომ, იყავით, _ მასპინძლისეული დავიჭირე და სანდროს მუდარით სავსე მზერა ვესროლე.

_ ერთიც დავლიოთ და წავიდეთ, _ თქვა ჯიმიმ და ჭიქები შეავსო.

_ სიყვარულს გაუმარჯოს, ჩემო სოფიო, ნამდვილ, ჭეშმარიტ სიყვარულს, ღამე რომ არ გაძინებს და დღე რომ არ გასვენებს, იმ სიყვარულს. ალავერდი შენთანა ვარ, იცოდე, _ მომიჭახუნა მამაკაცმა და შეუსვენებლივ დალია.

_ შენს სიყვარულს გაუმარჯოს, ჯიმი, _ ხაზგასმით წარმოვთქვი და ოდნავ მოვსვი.

სანდრო არ განძრეულა, თავდახრილი იდგა და მაგიდას დასჩერებოდა.

_ შენ არ სვამ, სანდრიკ? არ გინდა სიყვარულის სადღეგრძელო დალიო? _ ჯიმიმ ბოკალი დადგა და ტუჩები ხელით მოიწმინდა.

_ შენს სიყვარულს ვადღეგრძელებ, ჯიმი, მაგრამ დალევით ვერ დავლევ, ხომ იცი, დილიდან ვსვამ.

_ კი არ სვამ, დილიდან… _ აღარ გააგრძელა ჯიმიმ და ირონიულად გახედა ძმაკაცს.

_ მორჩი ახლა, გეყოფა! _ ცივად გამოუვიდა სანდროს, _ სოფი, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, ყველაფერი! ასეთი გემრიელი ჯერ არაფერი გამისინჯავს, რომ იცოდე! _ იდუმალად გამიღიმა და ჯიმისკენ გაემართა.

_ ჰოდა, შენც დარჩი, სხვა რამეებსაც გასინჯავ, _ ღვარძლიანად წარმოთქვა ჯიმიმ და მტრულად შეხედა მეგობარს.

_ წამო, წამო, თვითონ არ იცი, რას ლაპარაკობ, _ მხარზე ხელი მოუთათუნა სანდრომ და შემოსასვლელისკენ უბიძგა მთვრალ ძმაკაცს.

უკან მივყევი. კარგა ხანს ხელებგადაჯვარედინებული ვიდექი და ვუყურებდი, როგორ აცმევდა სანდრო ჯიმის «დუბლიონკას». მერე თვითონაც ჩაიცვა და შემომხედა.

_ იმედია, კიდევ გნახავ…

_ იმედია, _ ნაძალადევად გავუღიმე და ნაღვლიანი მზერა გავაყოლე მიმავალთ.

როგორ მინდოდა, კიდევ ერთხელ ეკოცნა დამშვიდობების წინ, კიდევ ერთხელ ჩამხუტებოდა… რატომღაც, არ მოინდომა.

_ მეც წამიყვანეთ, რა, აქ არ დამტოვოთ, _ მოულოდნელად ჩემ ზურგს უკან ნიტას ხმა გაისმა.

_ შენ საიდან გაჩნდი აქ, რატომ არ გძინავს? _ გავოცდი.

_ შინ მინდა… ჯიმი, სანდრო, დამელოდეთ! _ იყვირა.

_ გაგიჟდი? მოგკლავს მამაშენი, ასეთ დღეში რომ დაგინახავს, _ მისი შეჩერება ვცადე.

_ მე პატარა გოგო აღარ ვარ, სოფიო, გავიზარდე დიდი ხანია, _ ნიტამ პალტო მოიხურა და უკან მოტრიალებულ სანდროს მიაჩერდა.

_ არ წახვიდე, გთხოვ, დარჩი ჩემთან, _ შევეხვეწე.

_ წამოვიდეს, სოფი, რა პრობლემაა, ჩემი ხელით ავიყვან სახლში, არ მენდობი? _ ისე გულწრფელად ამბობდა სანდრო, გული დამეწვა.

_ ეგ რა შუაშია, უბრალოდ, არ მინდა მამამისმა ამ მდგომარეობაში ნახოს, ჩხუბს დაუწყებს.

_ არავინ არაფერს არ დამიწყებს. მე ვიცი, რასაც ვაკეთებ.

_ შენც წამოდი, თუ გინდა, ერთად მივიყვანოთ, _ შემომთავაზა სანდრომ.

_ მერე მე… მეც ტვირთად დაგაწვეთ? _ ავღელდი.

_ უკანვე წამოგიყვან, ასეთი სასიამოვნო ტვირთის ტარებაზე მთელი ცხოვრება არ ვიტყვი უარს.

გახარებულმა სასწრაფოდ გადავიცვი ქურთუკი…

8 8 8

ბედად, ნიტას მამაც მთვრალი დაგვხდა, უკვე ეძინა. ბებიამისმა თავში შემოირტყა ხელი, ეს რა გიქნია, ამდენის დალევა როგორ გაბედეო. მე მადლობა გადამიხადა, შინ «უვნებლად» რომ მივაცილე მისი ერთადერთი შვილიშვილი, თან გამომკითხა, სად იყავით, ვისთან ქეიფობდითო. ავუხსენი, ჩემთან შევიკრიბეთ ჯგუფელები და ყველამ დავლიეთ-მეთქი. ქალი ვიშვიშით დამემშვიდობა და კარი მიიხურა.

ჯიმის მანქანაში ჩასძინებოდა. ძილში რაღაცას ბოდავდა თავისთვის.

_ სოფი, მოდი, ჯერ ამას მივიყვან სახლში და მერე შენ მოგემსახურები, კარგი? _ მითხრა სანდრომ.

_ როგორც გინდა, მე არსად მეჩქარება, _ ბედნიერებისგან ვცახცახებდი, კვლავ მარტო რომ მომიწევდა მასთან დარჩენა.

ჯიმი სვანეთის უბანში ცხოვრობდა. იტალიურ ეზოსთან გააჩერა სანდრომ მანქანა და დაასიგნალა. ცოტა ხანში მაღალი, ტანადი ქალი გამოვიდა, თმა უკან აეწია და კუდივით დაემაგრებინა. ლამაზი ქალი იყო.

_ სოფი, გაიცანი, ეს ჯიმის მეუღლეა, თეა, _ გამაცნო სანდრომ ძმაკაცის ცოლი.

_ სასიამოვნოა, _ ხელი ჩამოვართვი ქალს.

_ რას ჰგავს ეს უპატრონო, სულ მთვრალი როგორ უნდა იყოს, _ აბუზღუნდა თეა და ქმრის გაღვიძებას შეეცადა.

ძლივძლივობით გადაიყვანეს ჯიმი მანქანიდან. გალეშილი რაღაცას ბურტყუნებდა. ნიტას სახელიც წამოცდა ერთი-ორჯერ.

_ ეს ნიტა ვიღაა, რას ამოუჩემებია, სანდრო, ხომ არ იცი. შემთხვევით, საყვარელი ხომ არ გაიჩინა ამ უბედურმა? _ ჩემს სმენას ეზოში შესული თეას ხმა მოსწვდა.

_ სადა აქვს მაგის ტრ… ჩემო თეა, ვერ ხედავ, რა დღეშია? _ იცინოდა სანდრო.

შეაგვიანდა. გული გადამეწურა ლოდინით. ბოლოს სირბილით გამოვიდა ეზოდან და მანქანაში ჩაჯდა.

_ აუ, რა ცივა! მაპატიე, სოფი, ძლივს გავხადეთ სამმა კაცმა, გამოიღვიძა და უნდა ვიქეიფოთო, ყურები გამოგვიჭედა. ხომ მაპატიებ, რომ დავიგვიანე?

_ მთავარია, რომ მოხვედი, დაგვიანებას არა უშავს, _ გავიღიმე და ცხვირ-პირი ქურთუკის საყელოში ჩავმალე.

_ შემომხედე ერთი, _ ჩემკენ მოტრიალდა მოულოდნელად სანდრო.

შემკრთალმა შევხედე, ვერ მივხვდი, რა უნდოდა.

_ იცი, როგორ გიბრწყინავს თვალები? კატასავით. შემთხვევით, კაწვრაც ხომ არ იცი?

_ მე ყველაფერი ვიცი, _ დავიტრაბახე.

_ ხეზე ასვლაც? _ ისევ ამყვა ფლირტში სანდრო.

_ ხეზე ასვლაც.

_ მე არ მასწავლი?

_ რატომაც არა.

_ კარგი, ამას დავიმახსოვრებ. წავედით?

_ წავედით.

მთელი გზა არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. სანდროს ნელა მიჰყავდა მანქანა, თითქოს უნდოდა, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო გზა, მაგრამ ისე უცებ მივედით ჩემს სახლამდე, თითქოს მხოლოდ ორი წუთი ვყოფილიყავით მარტონი.

_ მოვედით, _ თქვა სანდრომ და ამოიხვნეშა.

_ არ შემოხვალ? ყავას დაგალევინებ.

_ არა, უკვე გვიანაა, მეზობლები რას იტყვიან.

_ მეზობლებს მე მოვუვლი, შენ თუ გინდა, წამოდი.

_ მინდა, მაგრამ აჯობებს, არ წამოვიდე.

_ რატომ?

_ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ და იმიტომ.

_ მე ყველაფრისთვის მზად ვარ და ყველაფერზე თანახმა ვარ, რომ იცოდე.

_ სწორედ ეგ მაშინებს, სოფი. შენ ჯერ ბავშვი ხარ, წარმოდგენა არა გაქვს, ცხოვრება რა ჭუჭყიანია, ზედაპირულად უყურებ ყველაფერს.

გავჩუმდი, პასუხის გასაცემად სიტყვები ვერ მოვიძიე.

_ მაკოცე, რა, _ ჩურჩულით მთხოვა სანდრომ.

თავი ნელა შევატრიალე მისკენ, ასევე ნელა გადავიხარე და თვალებდახუჭულმა გავიწიე მისი ტუჩებისკენ. ძებნა არ დამჭირვებია. მხრებში ჩამავლო ხელი და ტუჩებზე მთელი გრძნობით დამაკვდა. კვნესა აღმომხდა. დიდხანს, ძალიან დიდხანს ვკოცნიდით ერთმანეთს. სანდროს მარჯვენა ხელით ჩემი თავი ეჭირა, მარცხენით კი ქურთუკის ღილების შეხსნა დამიწყო, ჩემს მკერდს ეძებდა. კინაღამ გული წამივიდა, როცა მისი თითები ჩემს ძუძუსთავებს შეეხო. მთელი არსებით მივიწევდი მისკენ, ახლა მართლა ყველაფერზე თანახმა ვიყავი, თუნდაც მანქანაში მოესურვებინა ჩემი დაუფლება, უკან არ დავიხევდი.

_ მიყვარხარ, სანდრო, სიგიჟემდე მიყვარხარ, _ აგონიაში მყოფივით ვჩურჩულებდი.

ჩემმა სიტყვებმა ისევ უარყოფითად იმოქმედა მასზე. მოულოდნელად გაშეშდა, ხელი შემიშვა და სავარძელში გადაწვა.

_ რა გემართება, რა გითხარი ასეთი? _ საყვედური გავურიე ხმაში.

_ შენ რა იცი, რა არის სიყვარული, _ თქვა დახშული ხმით.

_ ვიცი, _ გაბუტული ბავშვივით წამოვიძახე.

_ მითხარი მაშინ, _ სანდროს არ შემოუხედავს ჩემთვის, წინ იყურებოდა და ისე მელაპარაკებოდა.

_ ეს ის არის, რასაც… რასაც ახსნა არა აქვს, _ დავიწყე სიყვარულის განმარტება, _ ერთადერთი გრძნობა, რომელიც არ იცი, საიდან მოდის, როდის მოდის და რა დოზით მოდის. ერთადერთი გრძნობა, რომელსაც ორი ერთმანეთის საპირისპირო თვისება ახასიათებს _ ერთდროულად ტკბილიც არის და მწარეც. ეს საწამლავია, რომელიც სხეულის ყველა უჯრედს ერთნაირად ედება და…

_ ესე იგი, ტკბილ-მწარეა, არა? _ ოდნავ მოტრიალდა და შემომაჩერდა.

_ შენთან მინდა დავწვე, _ ყველაზე გაბედული რამ ვთქვი და თვითონაც გამიკვირდა, რადგან ასეთი ურცხვი არასდროს ვყოფილვარ.

_ და შენ გგონია, მზად ხარ ამისთვის? _ იჭვნეულად მკითხა.

_ მზად ვარ, _ თავდაჯერებით ვუპასუხე.

_ კარგი, მე ვიფიქრებ მაგაზე, _ თქვა ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ.

_ ამის მეტი არაფერი გაქვს სათქმელი ჩემთვის?

_ არ მინდა ცხოვრება გაგიმრუდო, სოფი, შენ კარგი გოგო ხარ, ბედნიერი უნდა იყო. მე ეს არ შემიძლია. მე ნარკომანი ვარ.

_ ვიცი.

_ იცი? მერე? გინდა ახლა შენ ნარკომანი ქმარი?

_ რა აუცილებელია, ჩემი ქმარი გახდე? არ შეიძლება, ისე ვიყოთ ერთად, სანამ…

_ სანამ რა?

_ სანამ არ მოგბეზრდება?

_ მერე რას იზამ, როცა მომბეზრდები? ამაზე გიფიქრია?

_ არ მინდა ამაზე ფიქრი, მე წარსულით ვცხოვრობ და არა მომავლით.

_ არც აწმყოთი? _ ხელზე ხელი წამავლო და მომიჭირა.

_ აწმყო იმდენად ცოტა ხანს გრძელდება, რომ ფაქტობრივად, არც არსებობს, _ ამოვიოხრე და მის თითებს თითები გავუსვი, _ ერთ საათში ეს ყველაფერი, რაც ჩვენ შორის ხდება, წარსულში გადაინაცვლებს უკვე. მე კი დავწვები ლოგინში და სწორედ იმ წარსულში დავბრუნდები, იმ წარსულით გავაგრძელებ ცხოვრებას. სულ ეს არის.

_ გასაგებია. მაშინ მოდი, ასე მოვიქცეთ. ხვალ დილით, თორმეტ საათზე, ჩემთან გელოდები, სახლში. რაც მოსახდენია, მოხდეს. რადგან ასე გსურს, ასე იყოს, _ მტკიცედ წარმოთქვა, მისამართი მიკარნახა, მერე ჩემკენ გადმოიხარა, ხანგრძლივი კოცნით კიდევ ერთხელ დამშანთა და დამემშვიდობა.

ახლა კი ნამდვილად მქონდა მიზეზი, ღამე თეთრად გამეთენებინა…



* * *

«სკვერიდან რომ შემოხვალ, სამი კორპუსი დგას, მე მეორეში ვცხოვრობ, მაგრამ დაიმახსოვრე, მეორე კორპუსი სინამდვილეში შენგან მესამეა, არ შეგეშალოს. მხოლოდ სახელური ჩამოსწიე, კარი ღია დაგხვდება,» _ დილით სახლიდან გასულს, ჯერაც სანდროს ჩურჩული ჩამესმოდა ყურში.

ერთი გაჩერებით ადრე ჩამოვედი, მინდოდა ფეხით გამევლო, იქნებ ცოტათი დავწყნარებულიყავი. ვერაფერს ვუხერხებდი საკუთარ თავს. ცივი ქარი სახეში მცემდა, თმას მიწეწავდა. ისე ყინავდა, საკუთარი სუნთქვის ანაორთქლი უმისამართოდ იფანტებოდა ჰაერში. მიხარია, ქარი რომ ამოვარდა. ეს ყოველთვის კარგად მაქვს დაცდილი. ესე იგი, ყველაფერი კარგად დამთავრდება, ვამხნევებდი თავს. გზად გამვლელებს ვათვალიერებდი, ნეტავ რომელიმე თუ მიდის ახლა ჩემსავით პაემანზე, თანაც როგორ პაემანზე? პირველად უნდა დავუწვე მამაკაცს და ჩემი ქალწულობა ჩავაბარო. საინტერესოა, რა მაწერია სახეზე? ვინმე თუ მატყობს, როგორ ვნერვიულობ, რა აფორიაქებული ვარ? რაც უფრო ვუახლოვდებოდი დანიშნულების ადგილს, მით უფრო ხმაურობდა გული. რაღაც მომენტში გამოტრიალება დავაპირე, ეს რა სისულელეს ჩავდივარ, აჯობებს, გონს მოვიდე-მეთქი, მაგრამ ფეხები თავისით მეწეოდა იქითკენ.

აი, მივედი კიდეც, ეს უნდა იყოს. კორპუსს ავხედე, ჩვეულებრივი ცხრასართულიანი იყო, არაფრით სხვებისგან განსხვავებული. მუხლებაკანკალებულმა ავირბინე სამი სართული და კიბიდან მარჯვენა მხარეს მდებარე კარის სახელური ჩამოვწიე. არ გაიღო. ასე მეგონა, გული გამიჩერდა. როგორც ჩანს, შემეშალა, სხვაგან მოვხვდი. სასოწარკვეთილმა მიმოვიხედე. ახლა მეორე კარს მივადექი, ისიც დაკეტილი დამხვდა. შემრცხვა, თან შემეშინდა, ვინმე არ გამოვიდეს და თავი არ მომეჭრას-მეთქი. გამოვტრიალდი. გარეთ გამოსულმა ისევ შევათვალიერე კორპუსები. სამი ერთმანეთის გვერდით. ჰო, ასეა. მეორე შუაშიაო. ესეც სწორია, მაშ რა შემეშალა? სართული? იქნებ სხვა სართული მითხრა? მეოთხეო, ასე გავიგე. მარჯვნივ გავიხედე. ღმერთო, აქაც სამი კორპუსი დგას, ზუსტად ერთნაირი, ოღონდ _ თექვსმეტსართულიანი. იქნებ ეს არის? სხვა გზა არ მქონდა, იქაც უნდა მეცადა. თავდახრილი შევვარდი სადარბაზოში, რომელიმე ნაცნობს არ წავაწყდე-მეთქი. არ ვიცი, რისი მეშინოდა. ბოლოს და ბოლოს, ვიტყოდი, ახლობელთან მივდივარ-მეთქი, ვინ შემამოწმებდა? ხელები გამეყინა ნერვიულობისგან. აი, ეს იქნება უეჭველად. ფრთხილად შევავლე ხელი კარის სახელურს და ნელა ჩამოვწიე… გაიღო. მადლობა ღმერთს, მოვედი. შვებით ამოვისუნთქე _ პირველი ბარიერი გადალახული იყო.

ოთახში შევედი, კაციშვილი არ ჭაჭანებდა. მეგონა, კართან დამხვდებოდა ჩემი გამოჩენის მოლოდინში, შენც არ მომიკვდე, არავინ გამომეგება. პირდაპირ ავიღე გეზი, სამზარეულოში აღმოვჩნდი. იქაც არავინ იყო. გამოვბრუნდი და გვერდითა ოთახის კარი შევაღე…

შევაღე და… მუხლები მომეკვეთა. სანდრო საწოლში იწვა, საბანი სახეზე აეფარებინა და მხოლოდ თვალები მოუჩანდა _ გამოუცნობი მზერით მომზირალი თვალები.

_ მოხვედი? _ ხმადაბლა მკითხა.

თავი დავუქნიე, მეტყველების უნარი წამერთვა, ნერწყვი გამიშრა, სიტყვას ვერ ვძრავდი.

_ გაიხადე და შემოწექი, ძალიან ცივა, _ ისე მშვიდად თქვა, თითქოს ყოველდღე დავდიოდი მასთან ამ საქმისთვის.

ვერ გეტყვით, რა დამემართა. ძალიან განვიხიბლე. ლამის თავქუდმოგლეჯილი გავქცეულიყავი. სულ სხვა რამეს მოველოდი და რა? ნუთუ მამაკაცები ასეთი გულგრილები არიან? ნუთუ მათთვის სულერთია, ქალისთვის პირველი სექსია თუ მეასე? ნუთუ ვერ ხვდება, რას განვიცდი? თითქოს ერთ ადგილს მიველურსმნე, ვერც წინ მივდიოდი, ვერც უკან.

_ სოფი, რა მოგივიდა? _ იდაყვებზე წამოიწია სანდრო და შეთმიანებული შიშველი მკერდი და მხარ-ბეჭი გამოუჩნდა. რაღაც უსიამოვნო ტალღამ დამიარა, ავძაგძაგდი.

_ მე წავალ, _ ვთქვი პირგამშრალმა და ტუჩებზე ენა მოვისვი.

ამის თქმა და წამოხტა, მომიახლოვდა, მხარზე ხელი გადამხვია, თავი უკან გადამიწია და ტუჩებში მეძგერა. წამით გავითიშე მისი კოცნით გონდაკარგულმა. წვერი საგულდაგულოდ გაეპარსა, ისე უპრიალებდა ლოყები, მსიამოვნებდა მისი შეხება.

თან მკოცნიდა, თან ტანსაცმელს მხდიდა. წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, ისე ვიყავი ძალაგამოცლილი. რამდენიმე წუთიც და თბილ ლოგინში აღმოვჩნდით.

რა არის ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება? ამ კითხვას ალბათ ყველა ქალი სხვადასხვანაირ პასუხს გასცემს. ჩემთვის? ჩემთვის არაფერია იმაზე ღვთაებრივი, როცა საყვარელ მამაკაცს შიშველ სხეულზე შიშველი ეხები. სექსუალურ აქტს არ ვგულისხმობ. აქტი მაშინ არც ვიცოდი, მაგრამ იქამდეც სასიამოვნო იყო ეს მომენტი, უდიდესი ნეტარება. ამ დროს შენ ხარ სიტუაციის გამგებელი, შენ ხარ მესაკუთრე, ამ სხეულის ბატონ-პატრონი. შეგიძლია მოეფერო მას, როგორც გინდა, რამდენ ხანსაც გინდა, გაილაღო მის სხეულზე, თევზივით ისხმარტალო… ამ გრძნობას ვერანაირი სხვა გრძნობა ვერ შეედრება… იმწუთას სხვა არაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ იმას ვგრძნობდი, როგორ ვეხებოდი სანდროს შიშველ ტანს, როგორ მეხვეოდა მისი ცხელი მკლავები, როგორ მთანგავდა მისი ტუჩები… ხმამაღლა სუნთქავდა, თითქოს ისრუტავდა ჩემს სურნელს, თითქოს გამოუცნობ, იდუმალ ძალას მაცლიდა თავისი ალერსით. ენით აუწერელი იყო ეს სიამოვნება.

_ არ გადაიფიქრე? _ მკითხა უცებ, ხელი შემიშვა და გულაღმა გადატრიალდა.

გავშრი. სიცივემ მთელ სხეულში დამიარა, თითქოს ქარმა დაუბერაო.

_ არა, _ ვთქვი და ჭერს მივაშტერდი.

_ მე ამას არ გავაკეთებ, სოფი, მიუხედავად იმისა, რომ სიგიჟემდე მინდა, _ იმავე ტონით გაიმეორა.

ცოტა ხანს შევყოვნდი, ვფიქრობდი, რა მეპასუხა.

_ მაშინ რისთვის მომიყვანე აქ?

_ შენი გაბედულების წონა მინდოდა შემემოწმებინა, _ სიცილით თქვა და ჩემკენ გადმოტრიალდა, მარჯვენა ხელი ძუძუზე შემახო და მომეალერსა.

ნეტარებისგან თვალები დავხუჭე, თრთოლვამ ამიტანა, მაგრამ ისე ვიყავი გაწბილებული, არ გავნძრეულვარ.

_ თუ ჩემი სიყვარულის წონა? _ ცივად გამომივიდა.

_ ეგეც იყო, არ დაგიმალავ. არ მეტყვი, რა მოგეწონა ჩემში? რაში გჭირდები? არ გიფიქრია იმაზე…

_ ხვალ რა იქნება? _ გავაწყვეტინე.

_ ჰო, იმაზე, ხვალ რა იქნება?

_ რაში მაინტერესებს, ხვალ რა იქნება? ხომ გითხარი, მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ-მეთქი?

_ არ გეშინია, ინანო?

_ არ მეშინია, _ მტკიცედ ვთქვი.

ისევ გაიცინა და კვლავ გულაღმა გაიშოტა.

_ ბავშვი ხარ, იმაზე მეტად ბავშვი, ვიდრე მეგონა. სიმართლე გითხრა, არ მემეტები გასაფუჭებლად. შენ რომ უბედური იყო, ჩემს თავს ვერ ვაპატიებ. მოვა დრო და მადლობას მეტყვი.

_ მე მიყვარხარ, სანდრო, ძალიან მიყვარხარ, _ გულსაკლავად ამოვთქვი და სატირლად გავემზადე.

_ ამისთვის სულაც არ არის იმის გაკეთება საჭირო, რისთვისაც აქ მოხვედი, გაიგე? ადექი, ჩაიცვი და წადი შინ, საქმეს მიხედე, _ ცივად თქვა და წამოდგა.

უხმოდ შეუდგა ჩაცმას, ჩემკენ ზურგით შეტრიალებული. როგორი შეურაცხყოფილი ვიყავი, ამას ვერასდროს ვაპატიებდი. ხელები მოვმუშტე გამწარებულმა. ცოტა ხანში მოიხედა, გაოცება შეეტყო სახეზე.

_ არ დგები? რაღას უცდი?

_ მაგდებ?

_ ჰო, გაგდებ, შინ წადი, მერე გნახავ.

ძლივს ავითრიე ტანი. სანდრო ოთახიდან გავიდა. არ მახსოვს, როგორ ჩავიცვი, ცრმლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა ღაწვებზე, თვალებიდან ვერ ვიყურებოდი. პალტოს ღილები შევიკარი, ჩანთა მხარზე გადავიკიდე და მის მოლოდინში კედელს მივეყრდენი. რამდენიმე წუთის შემდეგ შემოვიდა, სახე დაწყნარებოდა. მომიახლოვდა, ხელები მომხვია და გულში ჩამიხუტა.

_ რა ჩურჩუტი ხარ, სოფი, ძალიან ჩურჩუტი. მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია. შენ ზედმეტად კარგი ხარ იმისთვის, რომ ჩემი იყო.

_ სულ არ გიყვარვარ? _ ლოყა მის პრიალა ლოყას მივადე და გავიტრუნე პასუხის მოლოდინში.

_ მე სიყვარული არ ვიცი. არც მჭირდება და არც ვფიქრობ ამაზე. ვიცი, რომ კარგია შენთან, მაგრამ… არის ერთი «მაგრამ», რომელსაც გვერდს ვერ ავუვლი.

_ სხვა გყავს? _ ფრთხილად ვკითხე.

_ არა, ერთი და კონკრეტული არ მყავს, თუ ეგ გაინტერესებს. თუ სექსი მომინდა, ამისთვის არსებობენ ქალები. ისე არავინ მყავს, მუდმივად არავისთან დავდივარ, დამშვიდდი?

_ ნაწილობრივ, _ ლოყაზე გავეხახუნე და ყელზე ვაკოცე, _ არ მესმის, რატომ უნდა მოვიკლო ეს სიამოვნება, ნუთუ ასე ბევრია შენთვის? მე სულ ცოტას გთხოვ, ძალიან ცოტას, ხანდახან მაინც მომეცი უფლება, მოვიდე და ასე მოგეფერო. სხვა არაფერი მინდა, სანდრო.

_ კარგი, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. მაცალე ცოტა, ვიფიქრებ. ვნახოთ. შენ იმდენს იზამ, ვატყობ, ცხოვრების წესს შემაცვლევინებ, _ გაიცინა და შუბლზე მზრუნველად მაკოცა, _ ძალიან მაგარი ვიღაცა ხარ. ახლა კი წადი.

_ ცოტა ხანს დავრჩები, გთხოვ, სულ ცოტა ხანს, არ მოგეკარები, მხოლოდ გიყურებ. მე ამაზეც თანახმა ვარ.

არ ვიცი, ჩემმა სიტყვებმა იმოქმედა თუ უბრალოდ, შევეცოდე, ისევ მოფერება დამიწყო, კოცნით დამიფარა მთელი სახე, მერე ხელში ამიყვანა და ლოგინზე დამაწვინა, თვითონაც გვერდით მომიწვა.

_ რა იქნებოდა, ცოტა ადრე შევხვედროდით ერთმანეთს, ცოტა ადრე, _ ჩურჩულებდა ვნებამორეული.

_ როდის, სამი წლის წინ? _ ვეკითხებოდი ხასიათზე მოსული.

_ არა, სამი არა, ხუთი-ექვსი წლის წინ.

_ რას ამბობ, მაშინ ხომ მთლად პატარა ბავშვი ვიყავი, _ სიცილით თავი გავითავისუფლე მისი მკლავებისგან.

_ მერე რა, ჩემს გემოზე გამოგზრდიდი და საკუთარ თავსაც სხვანაირს გავზრდიდი.

_ არასდროს არ არის გვიან, მთავარია სურვილი გქონდეს, _ დავმოძღვრე.

_ და გგონია, შენ შეძლებ ამ სურვილის გაღვიძებას ჩემში?

_ რატომაც არა, მე ბევრი რამ შემიძლია, _ დავიკვეხნე.

_ ჩურჩუტი ხარ, ჩურჩუტი, ვნახოთ ერთი, რა შეგიძლია, _ ძლიერად მიმიხუტა და საბანი გადამაფარა.

_ რომ იცოდე, რა საამო სურნელი ასდის შენს სხეულს, _ თქვა უცებ.

_ რისი?

_ როგორ აგიხსნა…

_ ოღონდ არ მითხრა, რომ ახალმოთიბული ბალახის ან ხმელი თივის, _ გამეცინა.

_ არა, ქარს შემოყოლილი ქალის სუნი გაქვს. შეგიმჩნევია ოდესმე, რა სურნელი ტრიალებს ჰაერში, როცა ქარი ქრის? სწორედ ასეთი სურნელი აგდის, ქარიდან მოსული ქალის სურნელი.

მისი სიტყვები მუსიკის ჰანგებივით ჩამესმოდა. ვუსმენდი და მსიამოვნებდა, ვუსმენდი და ბედნიერებისაგან მეცხრე, მეათე, მეასე ცაზე დავფრინავდი. საზღვარი არ ჰქონდა ამ სიხარულს, რომელსაც ერთდროულად შიშიც ახლდა და სევდაც _ განშორების და უარყოფის.

ცოტა ხანში ისე დამცხა, სუნთქვა აღარ შემეძლო. პალტოთი ვიწექი ლოგინში. ხმას არ იღებდა, ჩემი თავი მკლავზე დაედო და თავისთვის ფიქრობდა. ცოტა ხანში თანაბარი სუნთქვის ხმა შემომესმა, როგორც ჩანს, ჩაეძინა. ხელი დამიბუჟდა, მაგრამ განძრევას ვერ ვბედავდი, არ გავაღვიძო-მეთქი. როგორ მსიამოვნებდა ეს ყველაფერი, ჩემთვის ეს ბედნიერების მწვერვალი იყო.

მთელი ღამის უძინარს მალე მეც მომერია რული. მალე ძილმა მეც წამართვა თავი…

ოფლში გაწურულს გამეღვიძა. თავი ავწიე, სანდრო არსად ჩანდა. ფანჯარაში გავიხედე, ჩამობნელებულიყო, საღამოს ბინდბუნდი შემოპარულიყო ოთახში. ღმერთო, ნუთუ ამდენ ხანს მეძინა? ლოგინიდან წამოვხტი და სამზარეულოში გავვარდი ჩემს პალტოჩანთიანად. სანდროს მაგიდა გაეშალა, ჩაის ადუღებდა.

_ ხომ ივახშმებ ჩემთან ერთად? უარი არ მითხრა, მაინც არ მივიღებ, _ არ შემოუხედავას, ისე თქვა.

_ დაღამებულა, _ ბედნიერი ხმით წარმოვთქვი.

_ ჩემს კითხვაზე გამეცი პასუხი, _ მითხრა და თვალებმოჭუტულმა შემომხედა.

_ თუ გინდა, სულ არ წავალ, ამაღამ შენთან დავრჩები. ოღონდ უარი არ მითხრა, მაინც არ მივიღებ, _ გავიმეორე მისი სიტყვები და ზუსტად მისნაირად შევხედე.

_ რა ეშმაკი ხარ, სიტყვაში ვერ მოგიგებს ადამიანი, _ სიცილი ვერ შეიკავა და ჩაიდანს დაწვდა, _ გაიხადე, ვივახშმოთ.

_ ჩემს კითხვაზე გამეცი პასუხი, _ ღიმილით მივუახლოვდი.

_ გნებდები, ვხედავ, რომ წავაგე. ჯერ ვივახშმოთ და კითხვებს მერე ვუპასუხოთ, _ მზრუნველად მითხრა, თავზე მაკოცა და პალტოს გახდაში დამეხმარა…

დაუვიწყარი საღამო იყო. ასე ყველაფრით სავსე ჯერ არ ვყოფილვარ _ სიხარულით, ბედნიერებით, სითბოთი, ალერსით, საჭმლით, სასმლით… ნუთუ ასე ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის. და ნუთუ ასე ცოტა არ ემეტება სანდროს ჩემთვის. საოცარია…

_ მიყვარხარ, სანდრიკ, _ პირველად მივმართე ასე და გავწითლდი.

პასუხად მხოლოდ გამიღიმა. ქუჩაში ვიდექით, მაცილებდა. რა უსინდისოა, ერთხელაც ვერ დავაცდევინე, მიყვარხარო. ჰმ, როგორი კეთილმოსურნეა, უნდა, რომ «კარგი გოგო» გავიზარდო, «ბედნიერი ქალი» გავხდე. ეგ კარგია, მაგრამ მის გარეშე ეს საქმე არ გამოვა, კარგი მომავალი მხოლოდ მასთან ერთად უნდა იყოს.

_ მე ვიბრძოლებ შენი სიყვარულისთვის, _ დაქადნებით ვთქვი.

_ მე კი შენი ბედნიერებისთვის, _ ეშმაკურად გამიღიმა.

ტაქსი გააჩერა, ჩამსვა და ფულიც გადამიხადა. ხვალ ინსტიტუტში გნახავო, მითხრა და თითქოს ნიშნის მოგებით დამიქნია ხელი. დიდხანს ვიყურებოდი უკან, სანამ თვალთახედვიდან არ გაქრა…

არა, მე მის დათმობას არ ვაპირებდი, არაფრის და არავის გულისთვის ამქვეყნად.

8 8 8

გამოცდები დაგვეწყო, ამიტომ ყოველდღე მიწევდა ინსტიტუტში სიარული. იმ ღამით, შინ რომ დავბრუნდი, მაშინვე ნიტას დავურეკე, ვერ ვითმენდი, ვინმესთვის რომ არ მომეყოლა სანდროსთან შეხვედრის ამბავი. მართალია, ყველაფრის ბოლომდე თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ მაინც… ბებიამისმა მითხრა, ეს წუთია, შენთან წამოვიდაო. ველოდე, მაგრამ არ მოვიდა. გამიკვირდა. ვიფიქრე, ალბათ ჯიმის უნდა შეხვედროდა და თავისიანებს დაუმალა-მეთქი, ამიტომ მეტჯერ აღარ დამირეკავს.

დილით გვიან გამეღვიძა. მთელი ღამე ისე ტკბილად მეძინა, ფეხი არ გამიქნევია, გვერდიც კი არ შემიცვლია. ფართხაფურთხით ჩავიცვი და გავვარდი. ნიტა არც ინსტიტუტში მოვიდა. ცოტა არ იყოს, ავნერვიულდი. ასეთი რამ ადრე არ გაუკეთებია, რამე ხომ არ შეემთხვა? ავწრიალდი, გული ცუდს მიგრძნობდა. ერთი სული მქონდა, საქმეები მომეთავებინა და სახლში წავსულიყავი. არც სანდრო მოვიდა. გულში რაღაც ჩამწყდა, ხომ შემპირდა, ხვალ გნახავო, რატომ მომატყუა? რაღაც ხდება. ჯიმიც აქ ტრიალებდა ხოლმე ოცდაოთხი საათი და ისიც დაიკარგა. არ მომწონს ეს ყველაფერი.

როგორც კი შინ მოვედი, ტელეფონს ვეცი და ნიტასთან დავრეკე.

_ წუხელ შენთან არ იყო, შვილო? _ ტკბილად მკითხა ბებიამისმა.

_ ა…რა, იცით?.. არ მოსულა ჩემთან… _ დავიბენი, არ ვიცოდი, ტყუილის თქმა ჯობდა თუ სიმართლის.

_ აბა სად წავიდა, ასე თქვა, სოფიოსთან დავრჩები, უნდა ვიმეცადინოთო, _ შეშფოთდა ქალი.

_ არ ვიცი, ქსენია ბებო, წარმოდგენა არა მაქვს.
_ იქნებ ინსტიტუტშია?

_ არ ყოფილა, ახლა მოვედი იქიდან.

_ გადავირევი ქალი. რა ვქნა ახლა მე? _ აწრიალდა ბებია.

ტელეფონი გავთიშე და სანდროსთან დავრეკე სახლში. ყურმილს არავინ იღებდა. იქნებ გამორთული დარჩა? გუშინ მთელი დღე გამორთული ჰქონდა, რადგან ერთად ვიყავით, ასე თქვა, არ მინდა ვინმემ ერთად ყოფნის იდილია დამირღვიოსო. ალბათ დაავიწყდა ჩართვა.

არა, მეტის მოთმენა არ შემეძლო. საბაბიც მომეცა სანდროს სანახავად, ჩანთას ხელი დავავლე და სახლიდან გავვარდი…

ბინა გამოკეტილი დამხვდა. ზარიც დავრეკე, ვაბრახუნე კიდეც, არავინ გამომეხმაურა. რას გავაწყობდი, კვლავ უკან დავბრუნდი და ახალი ამბის მოლოდინში შინ ჩავიკეტე. რა გამოშტერებული გოგოა, იმ ჯიმის ხომ არ გაჰყვა ცოლად? ისე შეიცვალა ბოლო ხანებში, მისგან არ გამიკვირდება. ეს სანდრო სადღა აორთქლდა?

საღამო ხანი იყო, კარზე კაკუნი რომ გაისმა. გულამოვარდნილი ვეცი საკეტს, მეგონა, ნიტა მოვიდა. მამამისი შემრჩა ხელში, ბატონი გიორგი.

_ გამარჯობა, ნიტა, _ კაცი მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას.

_ გაგიმარჯოთ, გიორგი ბიძია.

_ სად არის? _ ოთახში შემოვიდა და მიიხედ-მოიხედა.

_ არ ვიცი, გეფიცებით, არაფერი ვიცი. ბოლოს გუშინწინ საღამოს ვნახე.

_ რამეს ხომ არ მიმალავთ, გოგოებო? _ თვალი თვალში გამიყარა.

_ არა, რა არის დასამალი. რომ ვიცოდე, რატომ დავმალავდი? _ კანკალმა ამიტანა.

_ ხვდებოდა ვინმეს?

_ არა… არ ვიცი, _ სიტყვები ერთმანეთში ამერია.

_ არა თუ არ იცი? _ ახლა გამჭოლი მზერა მესროლა გიორგიმ.

_ შეყვარებული რომ არ ჰყავს, ეს დანამდვილებით ვიცი. ისე, ვიღაც-ვიღაცებს მოსწონდათ, მაგრამ ნიტა ზედაც არ უყურებდა.

_ აბა, მითხარი, ვინ არიან ის ვიღაც-ვიღაცები? _ ცხვირზე ხელი მოისვა ნიტას მამამ და ახლაღა შევამჩნიე, როგორ უცახცახებდა ხელები.

_ სიმართლე გითხრათ… მე არ ვიცნობ. ერთია, ჯიმი ჰქვია, ჩვენი ლექტორის შვილის მეგობარია.

დაწვრილებით გამომკითხა ყველაფერი, მერე მტრული მზერა მესროლა და დამარცვლით წარმოთქვა.

_ იცოდე, სოფიო, ნიტას თუ რამე დაემართა, შენ მოგთხოვ პასუხს.

_ მე რა შუაში ვარ? _ საწყალობლად შევხედე.

_ იმას გაგიკეთებ, რასაც მას გაუკეთებენ, _ თქვა და გავიდა.

ძრწოლამ ამიტანა. რას ნიშნავს, იმას გაგიკეთებ, რასაც მას გაუკეთებენ? ეგ კაცი ჭკუიდან ხომ არ შეიშალა? იქნებ ნიტა თავისი სურვილით გაჰყვა? მის შვილს კაცი უნდოდეს, მე რა დავაშავე?..

8 8 8

ასე გავიდა ორი დღე. ინსტიტუტში უკვე დაირხა ხმა, ნიტა სანდროს ძმაკაცმა მოიტაცაო. სანდროს დედა, ქალბატონი ნათელა ეს დღეები განადგურებული დადიოდა, სახეზე ადამიანის ფერი არ ედო. როგორც ჩანს, განიცდიდა ამ ამბავს. მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიტა ჯიმის გაჰყვა ცოლად, მაგრამ თავად სანდრო რა შუაში იყო ამ ყველაფერში, ვერ ვხვდებოდი.

ოთხი დღე გავიდა ნიტას გაუჩინარებიდან. საღამო ხანი იყო, დედას ველაპარაკებოდი მოსკოვში. გაბმული ზარი დაირეკა კარზე. სასწრაფოდ დავემშვიდობე დედაჩემს და შემოსასვლელში გავედი. გაოცებისგან შევყვირე _ ზღურბლზე გაფითრებული ნიტა იდგა.

_ ღმერთო, რას დამსგავსებიხარ, რა მოხდა? _ ხელი მოვხვიე და საძინებელში შევიყვანე.

_ ნიტა როგორ ხარ, სად იყავი, სად დაიკარგე? _ კითხვები დავაყარე.

_ მომიტაცა იმ მხეცმა, მომატყუა და ისე წამიყვანა, _ ცრემლები წასკდა.

_ სად წაგიყვანა? ვისთან იყავი? რა მოხდა?

_ ვიღაც ნათესავთან, მცხეთაში. კიდევ კარგი, ნორმალური ხალხი აღმოჩნდა, ახლოს არ გააკარეს ჩემთან. ჭკუაზე არ იყო, ანგრევდა იქაურობას, ეს თუ ჩემი ცოლი არ გახდა, ყელს გამოვჭრიო.

_ მერე?

_ რა მერე, ორი დღე აწყნარებდნენ, ასე არ შეიძლება, ჯერ პირველ ცოლს გაშორდი და მეორეზე მერე იფიქრეო. სანდრო ცალკე ჩასჩიჩინებდა…

_ სანდროც იქ იყო? წესიერად მომიყევი ყველაფერი, რა ნაჭერ-ნაჭერ მელაპარაკები, _ ცოტა არ იყოს, გავბრაზდი.

_ კვირას დამირეკა, ღამით. გამოდი, საქეიფოდ მივდივართო. სანდრო და სოფიოც მოდიანო. მოვატყუე ჩემები, გამოცდისთვის ვემზადებით და სოფიოსთან უნდა დავრჩე-მეთქი.

_ ეგ ვიცი, ბებიაშენმა მითხრა.

_ ჰოდა, დაბლა დამხვდა, სადარბაზოსთან. ისინი სად არიან-მეთქი, სანდროსთან გველოდებიანო. კი გამიკვირდა, სოფიოს სანდროს სახლში რა უნდა-მეთქი, მაგრამ არაფერი მითქვამს. წავედით სანდროსთან. ჯიმი ავიდა. კარგა ხანს შეაგვიანდა. მერე მასთან ერთად ჩამოვიდა. ისიც უხმოდ ჩაჯდა მანქანაში, ძლივს მომესალმა. არ ველოდი ასეთ შეხვედრას, სხვა დროს თბილად მომიკითხავდა ხოლმე. ახლა სოფიოს გავუაროთო, მხიარულად შესძახა ჯიმიმ და დავიძარით. რა ვიცოდი, მცხეთაში თუ მივდიოდით, თავში აზრადაც არ მომივიდოდა. გვიან მოვეგე გონს, გვიან მივხვდი, რაც ხდებოდა. რას ვიზამდი, კივილს და პანიკას აზრი არ ჰქონდა. სანდროს მივუბრუნდი, დამეხმარე და ეს კაცი გონს მოიყვანე-მეთქი. ის ხმას არ იღებდა. არ ვიცი, ასეთი რა უთხრა ჯიმიმ, რით დაანამუსა, მაგრამ ბიჭი მკვდარივით იყო, რობოტივით მოქმედებდა.

თავისი მამიდის სახლში მიმიყვანა მცხეთაში. იქ ამბავი ატყდა-ა-ა! დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. დაიწყო საქმის გარჩევა, ესაო, ისაო, მერე მამიდამისი მე მომიბრუნდა ყვირილით, პატრონი არ გყავსო? ღმერთო, რამდენი ვიტირე. არავის ესმოდა ჩემი. ბოლოს ჯიმის მამიდაშვილმა გამიყვანა ცალკე ოთახში და მას მოვუყევი, რაც ხდებოდა… ერთი სიტყვით, გამარიდეს ჯიმის, არაფრით არ მოუშვეს ჩემთან. სამი დღეა, არ გამოფხიზლებულა და არც უძინია, არც სანდროს იცილებდა გვერდიდან. დღეს დილით, ბოლოს და ბოლოს, მოწყდა კისერი და ჩაეძინა. ჰოდა, ამით ვისარგებლეთ და სანდრომ გამომაპარა.

_ სანდრომ? სად არის სანდრო? _ გული ამიჩქროლდა ამის გაგონებაზე.

_ სახლში წავიდა, აქამდე მომიყვანა და წავიდა, ჩემებს ვნახავო.

_ ღმერთო, ახლა რას აპირებ?

_ უნდა დამეხმარო, სოფიო, შენ გარდა ვერავისთან მივიდოდი, მხოლოდ შენ შეგიძლია გამიგო.

_ მითხარი, რა გავაკეთო?

_ მამაჩემთან უნდა მიხვიდე და უთხრა ყველაფერი.

_ არა, ოღონდ ეგ არა, არ შემიძლია, _ ხელები გავასავსავე და მოვუყევი, მამამისმა რაც მითხრა.

_ მთლად გაუბერა იმ კაცმა, ვერ არის, რა, _ ამოიოხრა ნიტამ, _ სოფიო, ჩემი საქმე წასულია, მამა ამას არასდროს მაპატიებს. რა ვქნა, როგორ მოვიქცე? ორივეს ციხეში ჩასვამს.

_ როგორ და გაშორდეს ცოლს და შენ მოგიყვანოს. ამის პატიება არ შეიძლება, ბავშვი ხომ არა ხარ! _ შევუძახე.

_ გაგიჟდი? მაგას ცოლად არასდროს გავყვები, არ იცი, როგორ მეზიზღება, დანახვაც არ მინდა. ნამდვილი პირუტყვია!

გადავწყვიტეთ, გიორგისთვის ყველაფერი გვეთქვა და მას გადაეწყვიტა, რა გაეკეთებინა. ძალიან არ მინდოდა, მაგრამ უარის თქმაც არ შემეძლო მეგობრისთვის. წავედი მათთან და მისი ოჯახის წევრებს გავაგებინე მომხდარის შესახებ. კაცი მთელი ნახევარი საათი გაქვავებული სახით იჯდა, ნაკვთი არ შერხევია სახეზე, თვალიც კი არ დაუხამხამებია მგონი.

_ მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, _ თქვა ბოლოს მუქარის ტონით და მეორე ოთახში გავიდა…

8 8 8

ნიტა სახლში დააბრუნეს. მასთან დაკავშირება ამიკრძალეს, ვერც ვრეკავდი, ვერც ველაპარაკებოდი. მთელი კვირით გამოკეტეს შინ. იქ, ჯიმისთან რა ხდებოდა, არაფერი ვიცოდი. არც სანდრო გამოჩენილა მას შემდეგ, ახლოს არ გამკარებია, თითქოს გამირბოდა. რამდენიმე დღე სრულ ვაკუუმში ვიყავი. ერთი გამოცდა ძლივს ჩავაბარე, მეცადინეობას გულს ვერ ვუდებდი. ცალკე სანდროზე ვფიქრობდი, ცალკე _ ნიტაზე.

იმ დღეს კი… იმ დღეს ისეთი რამ მოხდა, თავზარი დამეცა. ინსტიტუტში მისულმა ფოიეში ქალბატონი ნათელა შევამჩნიე, გოგოები რაღაცას ულოცავდნენ. ჩემს დანახვაზე ისედაც დანაღვლიანებული სახე უფრო შეეცვალა, თვალი ამარიდა. ვიფიქრე, ალბათ დაბადების დღე აქვს და იმას ულოცავენ-მეთქი, მივუახლოვდი, მივესალმე.

_ დაბადების დღე გაქვთ, ქალბატონო ნათელა?

_ არა, _ თქვა და რაღაცნაირად შემომხედა.

_ რძალი მოიყვანა, მიულოცე, _ მითხრა ერთმა გოგომ.

_ მართლა? რა კარგია, სულით და გულით გილოცავთ. რომელმა? არ მითხრათ, რომ აკაკიმ დაასწრო ძმებს.

_ საქმეც მაგაშია, რომ არა, _ თავის კანტურით ამოთქვა ლექტორმა.

გულმა რეჩხი მიყო. თითქოს სული შემიგუბდა. ნუთუ სანდრომ? არა, ეს დაუშვებელია, მას არ შეეძლო ამის გაკეთება.

_ სანდრომ? _ ჩურჩულით ვიკითხე და პასუხის მოლოდინში გავქვავდი.

_ ჰო, სანდრომ. თავისი ჭკუით, გამაბედნიერა… ეს რა ქნა, როგორ დამღუპა ქალი, _ თვალები ცრემლით აევსო ქალს.

_ მომილოცავს, _ ვთქვი, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო მილოცვის ტონი, ჭირისუფლისთვის თანაგრძნობის გამოცხადებას უფრო ჰგავდა, ჩემსავე ხმას ვერ ვცნობდი, _ იმედია, კარგი გოგო იქნება.

_ გოგოს რა უშავს, არ არის ცუდი. ცუდი სხვა რამეა, სოფიო, სულ სხვა რამე, _ ცხვირსახოცი ამოიღო ნათელამ და თვალები ამოიწმინდა, _ ჩემმა ბედოვლათმა შვილმა ნიტა შეირთო.

ასე მეგონა, ჩემ ირგვლივ მთელი სამყარო დატრიალდა…



* * *

აი, ასე… ჩემი ერთადერთი სიყვარული ჩემმა ერთადერთმა დაქალმა «დამაწერა». ნებსით თუ უნებლიეთ, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი ის იყო, რომ სანდრო მე უკვე აღარ მეკუთვნოდა. ჩემთვის განკუთვნილ საალერსო სიტყვებს სხვას უძღვნიდა, ჩემთვის მოსახვევ მკლავებს სხვას უწვდიდა, ჩემი წილი კოცნით სულ სხვა ქალს ანაყრებდა. ძნელი იყო ამასთან შეგუება.

როგორც მოგვიანებით გავიგე, ნიტას მამას ორივე _ სანდრო და ჯიმი დაუბარებია, თავი გაუგიჟებია, ჩემი ქალიშვილის პატიოსნებას ადვილად არავის გავათელინებო და ულტიმატუმი წამოუყენებია _ ან სანდრო შეირთავს მას ცოლად, ან ორივე ციხეში აღმოჩნდებითო. არჩევანი გაკეთდა _ პატიმრობას აშკარად ჯობდა ცოლი. სანდრომ ყველაფერი თავის თავზე აიღო, პირველ რიგში, დედის მუდარა გაითვალისწინა და… დაქორწინდა.

მას შემდეგ ინსტიტუტში არც ნიტა გამოჩენილა და არც სანდრო. ეს უკანასკნელი ორჯერ ვნახე მხოლოდ, ერთხელ _ ამ ამბიდან ერთი თვის შემდეგ _ შემთხვევით გადავაწყდი «ბავშვთა სამყაროს» წინ. როგორც კი დამინახა, შეტრიალდა და შენობაში შევიდა. რა გული მომითმენდა, სასწრაფოდ უკან მივყევი. მეორე სართულზე დავინახე, სუნამოების სექციასთან იდგა და ვიტრინას დასჩერებოდა.

_ ნიტასთვის არჩევ? _ ვკითხე და მეც ჩავიხედე გამჭვირვალე ვიტრინაში.

მძიმედ მოატრიალა თავი და შემომხედა. მის მზერაში ყველაფერი ერთად იყო ნათქვამი _ თავი დამანებე, ჩემი გაჭირვება მეყოფა, ნუ დამცინი, ასე იყო საჭირო და ა.შ.

პასუხი არ გაუცია, მხოლოდ მიყურებდა.

_ მოგეხმარები, კარგად ვიცი მისი გემოვნება, _ გავაგრძელე კბენა, _ ჰო, მართლა, გილოცავ. მთავარი კინაღამ დამავიწყდა.

_ გმადლობ, _ მწარედ ჩაიცინა და თავი დამიქნია.

_ ნიტა როგორ არის?

_ რა უჭირს, კარგად.

_ მომიკითხე…

_ აუცილებლად.

_ ჩემთვის არაფერი გაქვს სათქმელი? _ არ ვეშვებოდი.

ისევ არ მიპასუხა, მზერა ამარიდა და წინ გაიხედა.

_ ის მაინც მითხარი, გიყვარდი? ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. შენი პასუხი უფრო გამიადვილებს ცხოვრებას.

_ პასუხი არ მაქვს, _ როგორც იქნა, ამოთქვა.

_ არა, ასე არ მინდა. ან «ჰო» მითხარი, ან «არა».

ამაოდ ველოდი მისგან რამის თქმას, ისევ ისე, უაზროდ გაჰყურებდა სივრცეს.

_ გასაგებია… დუმილი საუკეთესო იარაღია თავის გასამართლებლად, არა? _ ირონიულად ჩავიცინე, _ ბედნიერებას გისურვებთ… ღრმა სიბერემდე, _ რაც შეიძლებოდა კეკლუცად წარმოვთქვი და გავტრიალდი.

ფეხარეული მივდიოდი, რადგან ვგრძნობდი, როგორ მიმაცილებდა მისი თვალები _ ყველაზე მეტყველი, ყველაზე დამნაშავე და ყველაზე ნაღვლიანი თვალები მთელ ქვეყნიერებაზე.

მერე, დიდი ხნის მერე, მის ძმას, აკაკის მოვუყევი ამ შეხვედრის შესახებ და დავაყოლე, ვერ გავიგე, მისი დუმილი რას ნიშნავდა-მეთქი.

_ რა თქმა უნდა, თანხმობას, _ გაიღიმა აკაკიმ, _ დუმილი ხომ თანხმობის ნიშანია.

ამის გაგონებაზე გული დამესერა. როგორ ვერ ვიფიქრე ეს მაშინ, როგორ ვერ ვიფიქრე! იმწუთას მისი დუმილის არსს რომ ჩავწვდომოდი, ადგილიდან არ დავიძროდი, ჩავეხუტებოდი და არსად გავუშვებდი, არ მივცემდი ჩემი მიტოვების უფლებას…

მაგრამ გვიან მივხვდი ამას.

მას მერე კიდევ ერთხელ ვნახე. საბედისწერო ქორწინებიდან სამი თვის თავზე დედა გარდაეცვალა. ქალბატონი ნათელა დილით ლოგინში გარდაცვლილი იპოვეს. გულმა უმტყუნაო… თქვეს. პანაშვიდზე მივედი, ნიტა თვალცრემლიანი იჯდა ჭირისუფლებს შორის. მივუსამძიმრე. თავდახრილმა გადამიხადა მადლობა, არ შემოუხედავს. მერე კართან მდგარ სანდროს მივეახლე, ხელი ჩამოვართვი… საჭიროზე მეტხანს დაყოვნდა ჩემი თითები მის ხელისგულში. ვაკოცე, მაგრამ არა ისე, როგორც ჭირისუფალს კოცნიან… და თანაგრძნობის სიტყვებიც ვუთხარი.

_ დიდი მადლობა, სოფი, _ ზედ ყურთან მიჩურჩულა და ოდნავ შემახო ტუჩები ყურის ბიბილოზე…

თითქოს ყველაფერი დატრიალდა, წამით ისე გავითიშე, სამყაროს მოვწყდი, მეგონა, ჰაერში ავიწიე, თავბრუ დამეხვა და შევტორტმანდი.

გარეთ გამოსვლამდე ნიტას გავხედე… გამჭოლი მზერა ჰქონდა, სწორედ ისეთი, როგორსაც მოველოდი _ მის თვალებს არაფერი გამოჰპარვია…

ინსტიტუტს არც ერთი დაბრუნებია და არც მეორე. მათ ამბავს ერთი პერიოდი აკაკისგან ვიგებდი. დედის ორმოცის შემდეგ ორივენი რუსეთში გაემგზავრნენ თურმე. სანდროს იქ ჩაუბარებია სამედიცინოზე, ნიტას კი უარი უთქვამს სწავლის გაგრძელებაზე, რადგან უკვე ორსულად იყო და ბავშვს ელოდებოდა. წლის თავზე გოგონა შეეძინათ, ნათია დაარქვეს, ბებიის სახელი… მერე აკაკიც დამეკარგა და საბოლოოდ გაწყდა მათთან კონტაქტი…

მას შემდეგ თოთხმეტი წელი გავიდა. და აი, ჩვენ კვლავ შევხვდით ერთმანეთს, თანაც _ საკმაოდ უჩვეულო ატმოსფეროში. დღეიდან ჩვენ ერთ ჭერქვეშ უნდა გვემუშავა _ ერთ ახალ, საკმაოდ დიდი ოჯახში. ხომ ამბობენ, სამსახური მეორე ოჯახიაო. ოღონდ ჯერ არ ვიცოდი, ამ ახალ ოჯახში რომელს ვისი როლი უნდა შეგვესრულებინა…

8 8 8

ბევრი რამ შეიცვალა ამ თოთხმეტი წლის განმავლობაში. არ გავთხოვილვარ, მაგრამ სექსუალური პარტნიორი მყავდა. იყო ერთი ასეთი _ ვატო ერქვა. სულ რაღაც ნახევარი წელი გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ეს სხვა ისტორიაა და მის მოყოლას არ შევუდგები. დიდი სიყვარული და ვნებათაღელვა არ ყოფილა, უბრალოდ, ვავსებდით ერთმანეთს და შეიძლება ქორწინებითაც დამთავრებულიყო ჩვენი რომანი, რომ არა ის ტრაგიკული ავარია, ვატოს სიცოცხლე რომ შეიწირა…

ძალიან განვიცადე… მას შემდეგ დაახლოება არავისთან მიცდია. ასე მეგონა, მამაკაცებისთვის მხოლოდ უბედურება მომქონდა, საბედისწერო ქალის «დიაგნოზი» დავუსვი საკუთარ თავს და ოცნების მამაკაცზე ფიქრს შევეშვი. სანდროზე მოგონებებით ვცოცხლობდი მხოლოდ, წარსული დღეების გახსენება მასულდგმულებდა.

ახლა კი… თავდაყირა დადგა ყველაფერი. თითქოს იგივე მეორდებოდა, თითქოს თავიდან იწყებოდა ცხოვრება. სანდრო კვლავ გამოჩნდა ჰორიზონტზე და ჩემმა გულმა, რომელიც დიდი ხანია, მე აღარ მეკუთვნის, კვლავ დაიწყო ფორიაქი. სანდროსთან მიმართებაში დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მთელი ამ წლების მანძილზე გამომყვა. ჩვენ ხომ სექსი არ გვქონია. არადა, შინაგანად ვგრძნობდი, რომ ეს სულ სხვა განცდა იქნებოდა. სექსი როგორ არ მქონია, ვნებათაღელვაც ყოფილა, სიმოვნებაც და დარწყულებაც, მაგრამ ეს არ იყო საყვარელ ადამიანთან განცდილი საზღვრებახსნილი ნეტარება. უსიყვარულო სექსი, ჩემი აზრით, მხოლოდ მათთვის არის ნუგეში, ვისაც სიყვარული არ განუცდია. შეიძლება ამიტომაც დარჩა ასე დიდხანს ჩემს გულში სანდროს სახება. მე ყველაზე მთავარი დამაკლდა მისგან _ ის მიწიერი, რომელსაც ხორციელი ლტოლვა ჰქვია. მისი სიყვარული ჩემთვის ხანძარივით იყო, რომელიც დღემდე ბობოქრობდა და რომელსაც წყალი ვერავინ დაასხა, რომ ჩაექრო. ვიცოდი, ათი პარტნიორიც რომ გამომეცვალა, ვერაფერს შევცვლიდი _ ამ ალმოდებული გრძნობის ჩაცხრობა მხოლოდ სანდროს შეეძლო, _ მას და სხვას არავის. ჩემი ერთადერთი ოცნება მასთან სექსი იყო.

და აი, წლების შემდეგ, სწორედ ამის შანსი გამიჩნდა… ახლოს ვიყავი ჩემს ოცნებასთან, ერთი ხელის გაწვდენაღა დამრჩენოდა მხოლოდ…

8 8 8

…ორშაბათს საგანგებოდ გამოპრანჭული გამოვცხადდი სამსახურში. ქარი ჩამდგარიყო, ნამდვილი გაზაფხულის ამინდი იდგა, ახლადამწვანებული ფოთლების სურნელი ტრიალებდა ჰაერში. წითელი, წელში გამოყვანილი გრძელი კაბა მეცვა. მსუბუქი მაკიაჟი და მკვეთრი ფერის პომადა თითქოს რომანტიკულ იერს მანიჭებდა. მომწონდა ჩემი თავი, ზედმეტად ლამაზი ვიყავი, დღეს _ განსაკუთრებით.

თავაღერებული მივაბიჯებდი დერეფანში და ვგრძნობდი, რამდენი წყვილი თვალი მაყოლებდა მზერას ინტერესით _ ნეტავ ვინ არის?

გეზი პირდაპირ კადრების განყოფილებისკენ ავიღე, რომელიც პირველ სართულზე მდებარეობდა. კართან შევჩერდი და მიმოვიხედე იმ იმედით, რომ იქნებ სადმე სანდროსთვის მომეკრა თვალი. რამდენიმე მეტრში, ლიფტთან, ჩემკენ მომზირალი ორი მამაკაცი შევნიშნე, ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებოდნენ. ერთი მაღალი და გამხდარი იყო, მეორე _ დაბალი და მსუქანი. იმ მაღალმა თავი განზე გასწია და გამომხედა… ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა… და თითქოს რაღაც შემესო მკერდში… თითქოს პატარა ამური იჯდა მის მხარზე და, დრო იხელთა თუ არა, გამოსტყორცნა თავისი ლეგენდარული ისარი, სიყვარულის შხამით გაპოხილი… იმწუთას რაღაც მოხდა ჩემში, თუმცა კონკრეტულად რა, ვერ გავაცნობიერე. ერთ რამეს მივხვდი მხოლოდ, ის «რაღაც» იმ მაღალი და გამხდარი მამაკაცის თვალებმა გამოიწვია. თვალები ჰქონდა-ა-ა! დიიდი-დიიდი! დიდრონი-დიდრონი! ლურჯი და მერე როგორი ლურჯი! რატომღაც, მელ გიბსონი გამახსენდა, ალბათ მას ჩამოჰგავდა და იმიტომ. თმა _ სწორი, მოკლე და სრიალა, მხარ-ბეჭი _ განიერი, ტუჩები _ მსხვილი და თითქმის უფერო, მაგრამ ვნებიანი… არა, უფრო სექსუალური… არ ვიცი, რომელი უფრო მეტყველი ჰქონდა _ თვალები თუ ტუჩები, სამაგიეროდ, კარგად ჩანდა, რომ ორივე ერთნაირად მოუსვენარი იყო, ცელქი თუ ურჩი, აი ისეთი, პატრონს რომ არაფერს უჯერებენ და თავის ნებაზე რომ «დადიან». საიდუმლო სიგნალი ერთდროულად მივიღე _ თვალები აღტაცებას ვერ მალავდნენ, ტუჩები _ ნდომას… გამიჭირდა ღიმილის შეკავება _ ასეთი მამაკაცისგან ამგვარი რეაქცია აშკარად სასიამოვნო იყო. არისტისტული ჟესტით დავაკაკუნე კარზე და კადრების განყოფილებაში თვითკმაყოფილი სახით შევედი…

8 8 8

ესეც ასე. საბუთები გააფორმეს და ნახევარ საათში კლინიკის სრულუფლებიანი წევრი გავხდი _ ექიმი-ანესთეზიოლოგი. პირადობის მოწმობა ჩანთაში ჩავიდე და გარეთ გამოვედი. უროლოგიური მესამე სართულზეა. არა, ლიფტით არ ავალ, ჯობია, ფეხით ავიდე, ცოტა გამინელდება ეიფორია. კიბეს ავუყევი. ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან…

საორდინატოროში შევიხედე. წამით სული შემიგუბდა _ ოთახში სანდრო და ნანკა ისხდნენ და რაღაცაზე გაცხარებით კამათობდნენ. დავიძაბე. ჩემს დანახვაზე პირველს მოექუფრა სახე, მეორეს _ გაებადრა.

_ დილა მშვიდობისა, _ დაბნეულად მივესალმე ორივეს და მექანიკურად შევაბიჯე ოთახში.

_ გაგიმარჯოს, სოფიო, მობრძანდით. ჩვენთან იწყებთ დღეიდან მუშაობას, არა? _ ნანკამ სკამზე მიმითითა.

_ ჰო, ვიწყებ. არა, არა, დასაჯდომად არ შემოვსულვარ. უბრალოდ, მაინტერესებს, ქალაქზე როგორ უნდა დამირეკონ, რა ნომერია? _ სპონტანურად რაც მომაფიქრდა, ის ვიკითხე.

_ 29-29. ხედავ, რა «ბლატნოი» ნომერი გვაქვს? შენთანაც არის პარალელური ხაზი, აპარატი მგონი დგას შენს კაბინეტში, არა, სანდრო? _ ნანკამ ფეხზე გადადებულ ფეხს თითები ააყოლა, სანდრომ _ მზერა, _ შიდა კი 322-ია ჩვენი, შენი _ 326.

_ დიდი მადლობა, ეგ მაინტერესებდა, ყოველი შემთხვევისთვის, ჩავიწერ, რომ არ დამავიწყდეს. ბოლო ხანებში რაღაც გულმავიწყობა დამჩემდა, _ ნანკას ფეხებს მეც ავაყოლე მზერა, თან ჩანთიდან ბლოკნოტი და კალამი დავაძრე, რომ ნომრები ჩამეწერა.

_ სხვათა შორის, მეც. ნეტავ, რისი ბრალია? _ ამყვა ნანკა, _ შენ, სანდრო?

_ რა მე-ე? _ როგორც ჩანს, ის ჩვენს საუბარს არ უსმენდა.

_ შენც გავიწყდება რაღაც-რაღაცები?

_ რაღაცები კი არა, «ყველაცები» დავივიწყე, განსაკუთრებით ის, რისი გახსენებაც არ მსიამოვნებს, _ ადვილი მისახვედრი იყო, რომ ეს ჩემს გასაგონად ითქვა.

_ დაივიწყე კი არა, შენც გავიწყდება-თქო, გკითხე, გამოშტერებულო, _ თავში მსუბუქად წამოარტყა ხელი «კლინიკის დედოფალმა» კლინიკის «მაესტროს».

_ აუ, თავი დამანებე, არ მაინტერესებს, რა მკითხე, _ უხეშად გამოუვიდა სანდროს, წამოდგა, ცივად ჩამიარა გვერდით და ოთახიდან გავიდა.

_ რა ეტაკა ნეტავი, ვერ არის, ხომ იცი. აი, ამიტომ ვერ ვიტან, ჩემო სოფიო, ცოლშვილიან კაცებს. შენ გათხოვილი ხარ? _ ძალიან შინაურულად მკითხა უცებ.

_ არა, _ ვუპასუხე და გავწითლდი.

_ არც მე. ან კი რა ყრია ამ გათხოვებაში, შენი ჭირიმე, ქალებს ჭკუა არა გვაქვს. არ ვარ მართალი? _ მხიარულად შესძახა და ხელი ხელს შემოჰკრა.

პასუხად მხოლოდ გავუღიმე და გამოვბრუნდი, რომ დროზე შევსულიყავი ჩემს კაბინეტში, უკვე სული მეხუთებოდა…

ოთახში შევედი თუ არა, შვებით ამოვისუნთქე. აქ თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი, დაძაბულობა სადღაც გაქრა. რა საზიზღარი კაცია, როგორ იქცევა. ვიცოდე მაინც, რა დავუშავე, რას მერჩის? თვითონ არის ყველაფერში დამნაშავე და მე რატომ მებუტება, ვერ ვხვდები.

გასაღები მაგიდაზე დავაგდე, ჩანთა სკამზე გადავკიდე და ჩამოვჯექი. ცოტა ხანში მთავარ ექიმთან შევალ, დაველაპარაკები, რა გავაკეთო, როგორ ვიმუშაო, პრეპარატების საქმე როგორ არის, რამდენი ოპერაცია ტარდება კვირაში, ზუსტად რა მევალება და ა.შ. მერე ნელ-ნელა გავერკვევი ყველაფერში და მუშაობას შევუდგები. იმედია, თავს გავართმევ და სირცხვილს არ ვჭამ, სხვების სალაპარაკო არ გავხდები. ეს ვაჟა სადღაა? რაღაც მომეწონა ის ბიჭი, მოვიდეს მაინც, დაველაპარაკო. ამ ნანკასთან ალბათ ვერასდროს გამოვნახავ საერთო ენას, ძალიან გატყლარჭული ვინმეა, არ მიყვარს ასეთი ქალები. ცოტა ვულგარულიცაა, მგონი. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.

_ მობრძანდით, _ გავძახე და იმ ვიღაცის შესახვედრად მოვემზადე.

სანდრო იყო. შევეცადე, მშვიდი სახე მიმეღო, აღელვება არ შემტყობოდა. მას ნამდვილად არ ველოდი.

_ შეიძლება? _ მისი ხმა დამთბარი მეჩვენა.

_ რა თქმა უნდა, _ ვითომც არაფერი, ოდნავ წამოვიწიე და ჩემდა უნებურად, სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, მაგიდიდან გასაღები ავიღე და ჩანთაში ჩავაგდე.

_ თუ ნებას დამრთავ, დავჯდები, _ თქვა და გაიღიმა.

როგორ შეცვალა ღიმილმა, უხეში ნაკვთები თითქოს დაურბილდა.

წვერი ოდნავ ჰქონდა წამოსული, ალბათ დილით არ გაუპარსავს. ვერ მოასწრო, თუ?.. _ ამეკვიატა ფიქრი.

_ როგორ ხარ? _ ხმის ინტონაცია არ შეუცვლია, ისე მკითხა.

მხრები ავიჩეჩე პასუხის ნიშნად და ისევ გავსწორდი ჩემს მბრუნავ შავ სავარძელში.

_ კითხვა არ უნდა, ვხედავ, რომ კარგად ხარ, _ თვითონაც დაჯდა, თითები ერთმანეთს შეატყუპა, ნიკაპით ჩამოეყრდნო და… გავიგონე ის, რისი გაგონებაც მსურდა, _ ათი წლით ახალგაზრდად გამოიყურები… ახლა რამდენი წლის ხარ? _ მკითხა და თვალებმოხუჭულმა გამომხედა.

გამეცინა.

_ მთავარი ის კი არ არის, რამდენი წლის ვარ, არამედ ის, როგორ ვგრძნობ ამ წლებს. მე ჯერ კიდევ თვრამეტის ვარ, სანდრო, _ ვუთხარი და მრავალმნიშვნელოვნად შევხედე.

_ სრულიად გეთანხმები. უდარდელი ადამიანები არ ბერდებიან.

_ სხვათა შორის, არც შენ ხარ შეცვლილი, როგორიც მახსოვხარ, ისეთივე დარჩი.

_ შეიძლება… _ წამით სიჩუმე ჩამოვარდა, _ აი, ნიტა კი მოტყდა, ვერ იცნობ, ისეთი შეცვლილია.

_ ბავშვები? რამდენი გყავს?

_ ორი… გოგო და ბიჭი. დიდები არიან უკვე.

_ ვიცი.

_ იცი? საიდან? _ გვერდზე გადაიხარა და იდაყვით სავარძლის სახელურს დაეყრდნო, თან თვალი არ მოუცილებია ჩემთვის.

_ მას შემდეგ ხომ თოთხმეტი წელი გავიდა.

_ ჰმ, როგორ დაგიმახსოვრებია…

_ შენგან განსხვავებით, მე ყველაფერი მახსოვს, არაფერი მავიწყდება, ისიც კი, რისი გახსენებაც არ მსიამოვნებს, _ მისივე სიტყვები მოვუტრიალე.

_ აქ ვინ მოგიყვანა? ჴ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი, _ იცოდი, აქ რომ ვმუშაობდი?

აი, თურმე, რა ადარდებს, რისი გაგება სურს.

_ არა, არ ვიცოდი. მერე რა? _ გამჭოლი მზერა ვესროლე, თვალი ამარიდა.

_ არაფერი.

_ შენი აზრით, რომ მცოდნოდა, სამსახურზე უარი უნდა მეთქვა? ეგ გაინტერესებს?

_ არა, ეგ არა. უბრალოდ, არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩემს კვალს გამოჰყევი.

_ ანუ შენ დაგდევ უკან? რა სისულელეა! შენი არსებობის შესახებ საუკუნეა, არაფერი გამიგია, ან კი რაში მჭირდებოდა! _ აღვშფოთდი.

_ დაწყნარდი, სოფიო, დამშვიდდი, _ ხელზე ხელი შემახო.

თითქოს შხამიანი მწერი შემხებოდეს, ისე გამოვწიე ხელი. «სოფიომ» კი საბოლოოდ გამანადგურა. უცებ სოფიო გავხდი მისთვის. ეს რაღაც ახალია. თუმცა სხვას რას ველოდი მისგან ამდენი წლის მერე? წლებს ხომ თავისი მიაქვს.

_ იცი? აქ საქმის გასარჩევად არ მოვსულვარ. უბრალოდ, ერთი რამ მინდა შეგითანხმო. აქ არავინ იცის, ჩვენ რომ ერთმანეთს ვიცნობთ, არც მინდა გაიგონ. მე კარგი რეპუტაციით ვსარგებლობ და…

_ ჩემი ნაცნობობა რეპუტაციას შეგილახავს, სანდრიკ? _ ისე სარკასტულად გამომივიდა, საკუთარ თავზე გავბრაზდი, თავი როგორ ვერ შევიკავე-მეთქი.

_ ეგ არ მიგულისხმია, დამამთავრებინე სათქმელი, გთხოვ. არ დაგიმალავ და გეტყვი, რომ შენმა გამოჩენამ თავზარი დამცა.

_ რაღაც ვერაფერი შეგატყვე მაგდაგვარი და თუ ასეა, გეტყვი, რომ კარგი მსახიობი ყოფილხარ. ყოველთვის ასე კარგად თამაშობდი? მაშინაც? _ თავს ვერ ვთოკავდი.

მან თითქოს ვერ გაიგონა ჩემი ნათქვამი, მშვიდად გააგრძელა.

_ ორი ღამეა, არ მძინებია, ვაანალიზებ ყველაფერს. რადგან ერთად გვიწევს მუშაობა და, შესაბამისად, ყოფნა, ორივე უნდა ვეცადოთ, არავინ არაფერი შეგვატყოს. არ მინდა ჩვენი ძველი სიყვარულის შესახებ ვინმემ რამე გაიგოს.

_ სიყვარულის? _ ფეხზე წამოვიჭერი განრისხებული, _ რომელი სიყვარულის? მე შენ როდის გყვარებივარ? როდის ერთხელ გითქვამს, მიყვარხარო?! შენ მშიშარა იყავი, სანდრო, მხდალი, გაუბედავი… ვერ გარისკე, ვერ გაბედე ჩემი შეყვარება. ეს მხოლოდ ძლიერ მამაკაცებს შეუძლიათ. სიმამაცე ოქროს მონეტასავითაა, რომ იცოდე. ზოგი მას უცებ ხარჯავს, ზოგი კი ინახავს, რომ გამოიზოგოს. შენ კი… უყოყმანოდ, დაუფიქრებლად, უსიყვარულოდ დახარჯე იგი სულ რაღაც ერთ საათში, თანაც არა ჩემთვის, არამედ სულ სხვა ქალისთვის. მისი გულისთვის თამამად გადადგი შენთვის არასასურველი, მაგრამ ორივესთვის საჭირო ნაბიჯი. მას სახელის შენარჩუნება სჭირდებოდა, შენ კი თავი გადაირჩინე მაშინ, როცა შეგეძლო, ჩემი სიყვარული გადაგერჩინა. თუმცა ნაკლებად გაღელვებდა იმ დროს სოფიო, იმიტომ, რომ არ გიყვარდი, იმიტომ, რომ შენთვის არაფერს წარმოვადგენდი და არა იმიტომ, რომ არ გამწირე ცუდი ცხოვრებისთვის.

_ შენდამი გულგრილი არასდროს ვყოფილვარ, შენ ეს კარგად იცი, _ მონოტონურად აგრძელებდა სანდრო, თითქოს ჩემს გაკაპასებას ვერც ამჩნევდა, _ ის, რაც იყო, დიდი ხანია, დამთავრდა. არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი. მე ბევრი რამ გადავიტანე, სოფიო, ძალიან ბევრი. საკმარისად ვიმუშავე საკუთარ თავზე. დიდი ბრძოლა დამჭირდა, ნარკოტიკებს შევშვებოდი, ცხოვრების წესი შემეცვალა და ოჯახს ჯანმრთელი და საღი დავბრუნებოდი. ამაში ნიტა ძალიან დამეხმარა, მას ამას ვერ დავუკარგავ. ვალში ვარ მის წინაშე, ვერ დავაღალატებ.

_ მერედა, ვინ გთხოვს! თუ გგონია, რომ შენი გულისთვის აღმოვჩნდი ამ კლინიკაში, მწარედ მოტყუებულხარ! შენი არსებობა აღარც მახსოვდა, თუ გინდა სიმართლე იცოდე.

ამის გაგონებაზე წამით გაქვავდა, ნაკვთი არ შერხევია სახეზე, მაგრამ თვალებმა გაყიდა. უაზროდ ახამხამებდა აპრეხილ წამწამებს, თან წამითაც არ მაშორებდა მზერას, თითქოს ამოწმებდა, მართალს ვამბობდი თუ ვატყუებდი. აშკარა იყო, არ უნდოდა დაეჯერებინა ჩემი ნათქვამი, გაფაციცებით მაკვირდებოდა, თითქოს ეშინოდა, ჩემს თვალებში განელებული სიყვარულის კვალი არ დაენახა. დარწმუნებული ვიყავი, რომ დაენახა, აუცილებლად შეეცდებოდა მის წაშლას.

_ როგორც ჩანს, შევცდი. იმედია, მაპატიებ, რომ ასე ვიფიქრე. რატომღაც მეგონა, რომ…

_ ტყუილად გეგონა! _ უკმეხად გავაწყვეტინე, _ შეგიძლია მშვიდად იყო, აქ შენს შესაბმელად არ მოვსულვარ, სულ სხვა გეგმები მაქვს, _ ბოროტად დავაკვესე თვალები და სავარძელში ძალაგამოცლილი ჩავესვენე.

_ მაპატიე, შენი წყენინება არ მინდოდა, _ ამოიხვნეშა და წამოდგა, _ აწი მშვიდად ვიქნები. სწორედ ამის გაგონება მინდოდა, სხვა არაფერი, _ თქვა და კარისკენ გაემართა, _ ჰო, მართლა, ნიტამ მოგიკითხა.

_ ჩემგანაც მოიკითხე, _ დავადევნე დახშული ხმით.

_ უკვე მოვიკითხე, _ თავი მოაბრუნა და უცნაურად გამიღიმა.

და მივხვდი, სულაც არ უნდოდა იმის გაგება, რაც ჩემგან მოისმინა, უბრალოდ, თავი დაიმშვიდა, თორემ ისევ ისე ვუყვარდი და შეიძლება უფრო ძლიერადაც, ვიდრე მაშინ…

ჩვენ ორივეს ერთი რამ გვტანჯავდა მხოლოდ _ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება _ იმ იდუმალი სიახლოვის დანაკლისი, რომელსაც სექსი ჰქვია და რომელიც ჩვენ არასდროს გვქონია…

სანდრო გავიდა და კარი მოიხურა. თავი ხელებში ჩავრგე. შევეცადე, დავწყნარებულიყავი. მერე თითები მაგიდაზე ავათამაშე, თითქოს ეს მიშველიდა.

მოულოდნელად კარი გაიღო და იმ საოცართვალება მამაკაცმა შემოყო თავი, დერეფანში რომ ჩურჩულებდა ჩემზე.

_ თქვენ ახალი ხართ? _ მხიარული ხმით მკითხა და ოთახში შემოაბიჯა.

_ დიახ, _ ძალაუნებურად ფეხზე წამოვდექი.

_ გინდათ, გამოვიცნო, რა გქვიათ?

_ ძალიან ბანალურია, _ გამეღიმა.

_ მერე რა? ბანალურად დაწყებული ურთიერთობა უფრო საინტერესოდ და სასიამოვნოდ ვითარდება, ჩემი აზრით, არ მეთანხმებით?

_ გააჩნია ურთიერთობას.

იგი უნებართვოდ, არხეინად მოკალათდა იმ სავარძელში, რომელზეც ცოტა ხნის წინ სანდრო იჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო. მისი გამოხედვა უცნაურად მხვდებოდა გულზე, სწორედ ისე, როგორც ცოტა ხნის წინ მის მხარზე შემოსკუპებული პატარა ამურისგან გამოსროლილი ისარი. არა, ეს არ იყო სიყვარული, არც მისი დასაწყისი, თუმცა სიამოვნებით შევიყვარებდი ამ კაცს, ჩემი გული ჩემივე საკუთრება რომ ყოფილიყო.

_ ნებისმიერი, განსაკუთრებით _ სასიყვარულო.

_ ძალიან თავდაჯერებული ხართ.

_ არამცდა არამც. უბრალოდ, თვითონ სიყვარულიც ხომ ბანალური თემაა _ ყველა ერთნაირად იწყება.

_ ვითომ?

_ ვითომ კი არა, ასეა. მამაკაცს უყვარდება ქალი ან ქალს _ მამაკაცი, მერე მესამე ან მეოთხე ჩაერთვება ურთიერთობაში წარსულიდან ან სულაც მომავლიდან და იწყება მთელი ბატალია, ინტრიგები, გაბუტვები, შერიგებები… ბოლოს ამბავი მთავრდება… კარგად, ან ცუდად, _ ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა, მაცდუნებელი, არც ერთ ქალს რომ არ დატოვებდა გულგრილს.

_ მარტივი წარმოდგენა გქონიათ სიყვარულზე.

_ სხვათა შორის, გაფრთხილებთ, ქალები მოსვენებას არ მაძლევენ, წუთითაც კი.

სიცილი ვერ შევიკავე.

_ სხვათა შორის, მეც მინდა გაგაფრთხილოთ, რომ არც მე მაძლევენ მამაკაცები მოსვენებას… წამითაც კი.

ახლა მას გაეცინა.

_ ამით რა გინდათ მითხრათ, შეგპირდეთ, რომ ჩემგან ამის საშიშროება არ გემუქრებათ?

_ არა, პირიქით. მე გაძლევთ პირობას, რომ ჩემგან არ გემუქრებათ ამის საშიშროება, _ და ნიშნისმოგებით შევხედე.

_ თქვენც საკმაოდ თავდაჯერებული ყოფილხართ.

_ უფრო მეტიც, ძალიან ცუდი გოგო ვარ.

_ მთლად გოგოს ვერ ვიტყოდი, _ ეშმაკურად მოჭუტა თვალები და გამარჯვებული კაცის იერით შემომხედა, სამაგიერო ხომ გადაგიხადეო.

_ თქვენ კი ცუდი ბიჭი ყოფილხართ.

_ რას ვიზამთ, ცხოვრებაა ასეთი… და რა ჰქვია ამ ცუდ გოგოს?

_ სოფიო.

_ სოფიო? _ წარბები აზიდა, _ კი მაგრამ, «კ» სად გაქრა?

_ ჩარჩა ბავშვობაში.

_ ცუდია, მაშინ «ო»-ც ზედმეტია, თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ უკეთესად ჟღერს «სოფი».

წამით სუნთქვა შემეკრა. ჩემი სახელის სანდროსეული წარმოთქმა გამახსენდა, წამოვწითლდი.

_ აბა, დაუკვირდით _ სოფი… ისეთი გრძნობით ითქმება, ისეთი ვნებით… გულს ამოაყოლებს ადამიანი.

_ არ ვიცი, არ მიფიქრია ამაზე, _ სიწითლე სიმხურვალეში გადაიზარდა.

_ კარგი, არ მოგაცდენთ, მგონი, თავი მოგაბეზრეთ უკვე. იმედია, ხშირად ვნახავთ ერთმანეთს, _ წამოდგა, თავი დამიკრა და კარისკენ გაემართა. უცებ მოტრიალდა.

_ აბა, მითხარით, ქართულში რამდენი ბრუნვა არსებობს? _ უცნაური შეკითხვა დამისვა.

შევყოყმანდი.

_ როგორც ვიცი, შვიდი. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო, _ გაღიმებულმა ვთქვი.

_ ცდებით. რვა.

_ რვა-ა? _ რა თქმა უნდა, მისი ნათქვამი მორიგ ხუმრობად მივიჩნიე.

_ ჰო, რვა. სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი, ვითარებითი, წოდებითი და… მოწონებითი… იცით? მე უკვე შემიყვარდით, ყველა ბრუნვაში მიყვარხართ, ერთის გარდა _ ნათესაობითი არ მომწონს მარტო. ხედავთ? ქართულ ენას ამით არაფერი დაჰკლებია, მაინც შვიდივე ბრუნვაში მიყვარხართ, _ მომნუსხველად მომანათა თვალები.

_ ძალიან ადვილად იყენებთ ამ სიტყვას, ცუდო ბიჭო! _ უკმაყოფილოდ გადავაქნიე თავი.

_ პირიქით _ ცხოვრებაში პირველად ვამბობ ამ სიტყვას, _ ისეთი სერიოზული ტონით თქვა, ლამის დავიჯერე, _ შეიძლება უნიჭოდ გამომივიდა, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გამიძნელდა, სულაც არ იყო ადვილი. პირველი ხომ ყველაფერი ძნელია, ბანალური, მაგრამ ძნელი, _ თქვა და გავიდა, ცოტა ხანში კი კვლავ შემოაღო კარი და შემომძახა.

_ სხვათა შორის, ამ ცუდ ბიჭს ბექა ჰქვია, ქირურგია, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, მთავარი ექიმის მოადგილე და რამე. გავაგრძელო რეგალიების ჩამოთვლა? _ ეშმაკურად იღიმოდა.

_ და კიდევ მარიაჟი, _ დავამატე მე.

_ მერე რა არის ამაში ცუდი? ვიღაცამ ხომ უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია? ჩემზე უკეთ კი ვერავინ იზამს ამას, სო-ფი! _ ხაზგასმით მესროლა და ვიგრძენი, ამურის ნასროლი ისარი უფრო ღრმად რომ შემესო გულში.



* * *

ახალ გარემოს მალე შევეჩვიე, ორ კვირაში უკვე ყველას შევაყვარე თავი, გარდა… ნანკასი და სანდროსი. ნანკასთან საერთო ენა ვერა და ვერ გამოვნახე, ხოლო სანდრო ძველებურად გამირბოდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო შორს ეჭირა ჩემგან თავი. დამინახავდა თუ არა, გულგრილობის ნიღაბს აიფარებდა სახეზე და ისე ჩამივლიდა გვერდით, თითქოს ვერც მამჩნევდა, არც ვარსებობდი. სამაგიეროდ, ბექა არ მშორდებოდა. ციბრუტივით გამუდმებით ჩემ გარშემო ტრიალებდა. არც მე ვიყავი გულცივი, მსიამოვნებდა მისი ყურადღება. გარდა ამისა, თუ საჭიროება მოითხოვდა, ადვილად შემეძლო მისი გამოყენება. ერთს გავეკეკლუცებოდი და სანდრო ეჭვიანობით გასკდებოდა.

ბექაზე ნამდვილი ნადირობა იყო გამოცხადებული. ექიმი «დამების რისხვას» ეძახდნენ. ყოველი მეორე თეთრხალათიანი ქალი მასზე იყო შეყვარებული. ის კი ზედაც არავის უყურებდა. ერთადერთი გამონაკლისი, მგონი მე ვიყავი. ეს მიხაროდა, თანაც ძალიან. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, სუფთა, ხალასი, უბოროტო, ამასთან _ ბრწყინვალე გარეგნობის. ერთი სიტყვით, სასურველ საქმროდ ითვლებოდა არამარტო კლინიკაში, მთელ თბილისში.

დღეს პირველი რთული ოპერაცია მქონდა. ცოტას ვნერვიულობდი. გამოუცდელი არ ვიყავი, მაგრამ მაინც. შუადღისას ახალგაზრდა ბიჭი მოიყვანეს, რომელიც დეიდაშვილმა დაჭრა. სამი ჭრილობა ჰქონდა ზურგიდან მიყენებული _ ფილტვში, თირკმელსა და ფერდში. პირველი და მესამე არ იყო საშიში, მაგრამ რაც შეეხებოდა თირკმელს, ცალი მთლად დაფლეთილი აღმოაჩნდა, მარჯვენა. ამასთან, უგონოდ იყო მთვრალი. ბევრი სისხლი დაუკარგავს, ყოველი წამი ძვირფასი იყო. სანდრომ გაუკეთა ოპერაცია. ექვსი საათი მუშაობდა. სასტიკი უარი განაცხადა თირკმლის ამოჭრაზე, ვეცდები, შევუნარჩუნოო. დაჭრილისთვის ნარკოზის დამატებამ ორჯერ მომიწია, რომ არ გამოფხიზლებულიყო. ვფრთხილობდი, შეცდომა არ დამეშვა. ძალიან სარისკო საქმე იყო. იმდენად სერიოზული ოპერაცია კეთდებოდა, მთელი კლინიკა ფეხზე დადგა. დავიღალე. ცალკე ნერვიულობით, ცალკე _ დაძაბულობით. მთელი ექვსი საათი პაციენტის მაჯა მეჭირა ხელში და მის გულისცემას ვამოწმებდი. ხანდახან სანდროსკენ გავაპარებდი მზერას. ოსტატურად მუშაობდა, შესაშური სიმშვიდით აკეთებდა თავის საქმეს. ტყუილად არ შეურქმევიათ მაესტრო. რამდენჯერმე მთხოვა, შუბლიდან ოფლი მომწმინდეო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სიამოვნებით გავაკეთებდი ამას. თან ოფლს ვწმენდდი, თან გულში ჩემთვის ერთი და იგივეს ვიმეორებდი: «ჩემო სიხარულო, როგორი დაღლილი სახე გაქვს”. ერთხელ შემომხედა მხოლოდ, თითქოს ხვდებოდა, რასაც ვამბობდი…

ოპერაცია საღამოს რვის ნახევარზე დამთავრდა. ძალაგამოცლილი კაბინეტში გავედი და ხანშიშესულ ექთანს, ზინას ვთხოვე, ყავა მოედუღებინა ჩემთვის.

ესეც ასე. პაციენტი გადარჩა. ახლა მთავარია, არაფერი გაურთულდეს. თან ამაღამ მე ვარ მორიგე რეანიმაციაში, სადაც ხუთი ავადმყოფი წევს. ერთი მათგანი თხუთმეტი წლის ბიჭია, შემთხვევით გასროლილი ტყვია მუცელში მოხვდა. გამჭოლი ჭრილობა აქვს. სავარაუდოდ, ხვალ გადაიყვანენ პალატაში. მეორე საშუალო ასაკის მამაკაცია, კენჭი ჰქონდა შარდის ბუშტში. ერთსაც პროსტატის ოპერაცია გაუკეთა ბექამ, მგონი, თავისი მეგობრის მამა უნდა იყოს და ერთიც _ სომეხი კაცია, მოხუცი, თითქმის უპატრონო. შვილი ერევანში ჰყოლია, რომელიც ხვალ დილით ჩამოვა. გაჭრეს, მაგრამ ეგრევე გაკერეს, რადგან სიმსივნე აღმოაჩნდა. შესაძლოა, დილამდე ვერც გაატანოს. მეხუთე ჩვენი ახალი პაციენტი დაემატა, რომელსაც ყველაზე რთული მდგომარეობა აქვს _ ერთდროულად სამი ოპერაცია გაუკეთდა.

ზინამ ყავა შემომიტანა. საამო ცხელი სურნელით გაიჟღინთა ჰაერი.

_ უღრმესი მადლობა, ქალბატონო ზინა, _ გავუღიმე ქალს და მაგიდიდან ქაღალდები ავიღე, რომ ადგილი გამეთავისუფლებინა.

_ ქალბატონოს ნუ მეძახი, სოფიო, გენაცვალე, სახელით მომმართე, _ თბილად მითხრა ჭაღარა ქალმა და ფინჯანი ფრთხილად დადგა, _ მიირთვი, ტკბილად შეგერგოს, ნამდვილად იმსახურებ, შემოგევლე, ოქროს ხელები გქონია. არ მოგერიდოს, როცა მოგინდეს, დამიძახე და მაშინვე მოგიდუღებ, არ მეზარება, იცოდე.

_ დიდი მადლობა, ზინა, გაიხარე.

ექთანი გასული არ იყო, რომ სანდრომ შემოაღო კარი.

_ დღეს შენი მორიგეობაა, არა? _ ცივად მკითხა და გულგრილად შემათვალიერა.

_ ჰო, _ რატომღაც, ფეხზე წამოვდექი.

_ აგერ არის დანიშნულების ფურცელი. ამეებს გაუკეთებ ამაღამ. ყოველ ერთ საათში კი წნევას და ტემპერატურას გაუსინჯავ.

_ გასაგებია.

_ წავალ, ცოტას წავუძინებ, თორემ სიქა გამძვრა, ფეხზე ვერ ვდგავარ, _ თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და გავიდა.

გული დამიმძიმდა. რა იქნებოდა, ერთი თბილი სიტყვა მაინც ეთქვა? მადლობაც კი არ გაიმეტა, იმდენ ხანს მის გვერდით ვიყავი.

მოულოდნელად თავი შემოყო კაბინეტში.

_ კარგად იმუშავე, ამისთვის დიდი მადლობა, _ შემომძახა და პასუხს არ დალოდებია, ისე მიიხურა კარი.

სიმწრისგან თავი მაგიდაზე ჩამოვდე. რა საშინელი კაცია, როგორ მექცევა!..

ცოტა ხანში კარზე ისევ გაისმა კაკუნი. მობრძანდით-მეთქი, _ დაღლილი ხმით გავძახე.

ბექა შემოვიდა, შუა ოთახში გაჩერდა და ხელები ხალათის ჯიბეებში ჩაიწყო.

_ გინდა მორიგეობა გაგიცვალო?

_ არა, რატომ, _ მხრები ავიჩეჩე.

_ გადაღლილი ხარ და იმიტომ. შეგცვლი, ჩემთვის პრობლემა არ არის. რაც მთავარია, ცოლი არ მელოდება სახლში, _ ეშმაკურად გამომხედა.

_ არც მე, _ კეკლუცად ავზიდე წარბები.

_ ნუთუ? მე კი მეგონა, ორი წყვილი ცოლ-შვილი თუ წვრილშვილი გელოდებოდა პირდაფჩენილი, _ ვალში არ დამრჩა ბექა, _ რა გაცინებს? მე სამსახური შემოგთავაზე, შენ კი მაფრქვევ აქ შენს ატომურ ღიმილს და თან მაშაყირებ. ეგ ბოროტებაა.

_ ხომ გითხარი, ცუდი გოგო ვარ-მეთქი.

_ კარგი, კიდევ ერთხელ გავიგე, რომ ასეა. რადგან ამ ცუდ გოგოს არ უნდა ჩემი დახმარება, წავალ მაშინ, სხვა რა დამრჩენია.

_ გმადლობ, ბექა, მაგრამ მართლა არ ვარ დაღლილი, მირჩევნია, დავრჩე.

_ ო კეი, «ძილი მშვიდობისა», ლამაზმანო.

გამეცინა. რა უკუღმართი ლაპარაკი იცის, საოცარი ვინმეა.

_ ტყუილად იცინი. შენს დანახვაზე მოკლე ჩართვა მემართება, ამიტომაც ვურევ სიტყვებს. ასე რომ, ნუ დამცინი, _ საყვარლად გამიღიმა და თითი დამიქნია.

_ არა გრცხვენია? სულაც არ დაგცინი. უბრალოდ, მეცინება შენს ლექსიკონზე.

_ იცინე, იცინე, დაცინვას კაცი არ მოუკლავს. აბა, წავედი. იმედია, ლოთივით მაგიდაზე არ ჩამოგეძინება და ყავაში არ ჩაყოფ თავს. შიგადაშიგ დაგიმესიჯებ და გამოგაფხიზლებ.

_ მოუთმენლად ველი შენს მფრინავ ფრაზებს, ბატონო მთავარი ექიმის მოადგილევ, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატო და ასე შემდეგ.

_ მარიაჟი დაგავიწყდა.

_ მაგას სხვა დროს გეტყვი, მარაგში დავიტოვებ.

_ ო-ჰო-ჰო-ჰო! ისე იკბინები, როგორც კარგი სტაჟიანი შინაბერა.

_ ვარ კიდეც, ეჭვი არ შეგეპაროს. წამო, გაგაცილებ.

_ სახლამდე? _ გაიხუმრა და თვალები ჭინკებით აევსო.

_ კიდევ რა გინდა? მაგას ვერ ეღირსები. კარამდე მიგაცილებ მხოლოდ, ესეც გეყოფა.

სანამ გავიდოდა, თავი მოაბრუნა და შემომხედა. თვალებში სევდა ჩადგომოდა.

_ მსიამოვნებს, შენი ტკბილი სუნთქვის სურნელი რომ მცემს სახეში. ესეც ბანალურია? _ მკითხა და ისე გამიღიმა, შემეცოდა.

_ არც ისე, გამოგივიდა, რა, _ მხარზე შევახე ხელი.

_ არა, შევცდი. ყავის სურნელი ყოფილა თურმე, _ თავისი ეშმაკობით კმაყოფილს ისევ გაუნათდა თვალები.

_ საძაგელო, ბოროტი ხარ! _ მწარედ დავუტყაპუნე ხელი მკლავზე.

_ არა, ისეთივე ცუდი ბიჭი ვარ, როგორი ცუდი გოგოც შენ, _ თქვა და გავიდა.



8 8 8

ღამის ოთხ საათზე კიდევ ერთხელ დავიარე რეანიმაცია. ახალნაოპერაციები ბიჭი ბორგავდა, კვნესოდა. ტკივილები აწუხებდა. ვერ გავბედე დანიშნულების გარეშე კიდევ მორფინის გაკეთება, დიმედროლი-ანალგინით დავკმაყოფილდი. წნევა ნორმალური ჰქონდა, მაგრამ სიცხემ აუწია, 38 და ორი ხაზი მიჩვენა თერმომეტრმა. სხვები მშვიდად იყვნენ, ის სომეხი წუხდა მხოლოდ, საწყალი მთლად გაყვითლებულიყო სახეზე. ხელით მანიშნა, ახლოს მოდიო. მისკენ დავიხარე.

_ წყა-ლი, _ ამოიხავლა საცოდავად.

_ წყალი არ შეიძლება, ბაბუ, როგორმე დილამდე უნდა მოითმინოთ, _ თბილად ვუთხარი, ბამბა დავასველე და ტუჩებზე მოვუსვი.

_ ჩემი ბიჭი ჩამოვა? _ ჩურჩულით, ძლივს ლაპარაკობდა.

_ აუცილებლად ჩამოვა, ნუ ნერვიულობთ. მითხრეს, ხვალ დილით აქ იქნებაო. ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება, _ ხელზე ხელი შევახე.

ფაფუკი ხელისგული ჰქონდა, რბილი. მძიმედ სუნთქავდა. არა, ეს დილამდე ვერ გაატანს, უეჭველი, გავიფიქრე და ზინას დავუძახე, ერთი ყლუპი წყალი დაალევინე-მეთქი. ძალიან შემებრალა. ჯანდაბას, დალიოს წყალი, მაინც არ უწერია დიდი ხნის სიცოცხლე.

შემოვლა დავამთავრე და კაბინეტში შევბრუნდი. უძილობისგან თვალები მებლიტებოდა. დაღლილობისგან ფეხები მეკეცებოდა. დივანზე წამოვწექი და თვალები მივლულე. ფიქრებით სანდროს გადავწვდი. ვინ იცის, ალბათ წევს ახლა თბილ ლოგინში და ნიტასთან ჩახუტებულს გემრიელად ძინავს. უსიამოვნოდ გამცრა ტანში. ამ დროს ზინამ შემოაღო კარი.

_ სოფიო, სანდრო ექიმი მოვიდა, _ გამაფრთხილებელი ტონით მაუწყა.

ელვის სისწრაფით წამოვხტი, დაწოლილს არ შემომისწროს-მეთქი. თმა და ქვედაბოლო გავისწორე და მაგიდას მივუჯექი. განა რა უნდა ეთქვა, მაგრამ მაინც არ მინდოდა უსაქმოდ დავენახე. ესე იგი, შევცდი, ესე იგი, არ ძინავს? მით უმეტეს, ნიტასთან?

დრო თითქოს გაიწელა, არა და არ შემოვიდა. რისთვის მობრუნდა? იქნებ ჩემს სანახავად? თუ ასე იცის ხოლმე რთული ოპერაციის შემდეგ? ფიქრები მაწვალებდა. ამ დროს ქარივით შემოიჭრა ოთახში.

_ დანიშნულება სად არის? _ არც შემოუხედავს, ისე იკითხა.

_ საორდინატოროში. რა ხდება?

_ მორფინი გაამზადე და გაუკეთე.

_ ვიფიქრე, მაგრამ უშენოდ ვერ გავრისკე.

_ რაღაც არ მომწონს მისი მდგომარეობა. სიცხემ დაიწყო კლება, მაგრამ სისხლდენა არ კლებულობს.

_ დრენაჟი ხომ…

არ მაცალა წინადადების დამთავრება.

_ არა და არ მთავრდება ეს კოლტები. დავიჯერო, ვერ შევინარჩუნებთ თირკმელს? _ შეფიქრიანდა.

_ დამშვიდდი, ჯერ ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. სულ რამდენიმე საათი გავიდა ოპერაციიდან.

_ მიდი, მიდი, ნემსი გაუკეთე, მე კი იქნებ ყავა დამალევინოთ, ზინას სთხოვე, მომიდუღოს.

_ ახლავე, _ კაბინეტიდან გაბრუებული გამოვედი, თან მსიამოვნებდა, თან ვბრაზობდი, ასე მორჩილად რომ ვასრულებდი მის ყველა ბრძანებას…

ცოტა ხანში ყავით ხელში შემოვბრუნდი. სავარძელში გაწოლილიყო თვალებდახუჭული და თავი სუზურგეზე დაედო. მომეჩვენა, რომ ეძინა.

_ როგორ არის? _ არ განძრეულა, ისე მკითხა.

_ მალე დაწყნარდება, ნემსი გავუკეთე.

_ წამალი აღრიცხე?

_ აბა რა ვქენი!

_ შენ მოადუღე? _ თავი ასწია და გამჭოლი მზერა მესროლა.

_ ჰო, _ ჩავილუღლუღე და დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გავწითლდი.

_ საწამლავიც ხომ არ ჩამიყარე? _ უცნაურად გამიღიმა.

_ შენი გულისთვის ციხეში ვერ ჩავჯდები, უკაცრავად, _ აგდებულად ვთქვი.

_ მე შესაყვარებელ საწამლავს ვგულისხმობ…

_ მჩხიბაობა ჯერ არ დამიწყია, შენდა საბედნიეროდ. ამასთან, არ მჭირდება ეგეთი მეთოდები, თუ მოვინდომე, ისედაც მივაღწევ ჩემსას.

_ მერე?

_ რა მერე?

_ რატომ არ ინდომებ?

_ ხომ გითხარი, სხვა გეგმები მაქვს-მეთქი.

_ ვის უმიზნებ?

_ ეგ შენი საქმე არ არის.

_ შენც იმ ქალების გზას ხომ არ დაადექი…

_ ნართაულით ნუ მელაპარაკები, თუ სათქმელი გაქვს, პირდაპირ მითხარი.

_ შენც ბექას ხომ არ ეპრანჭები?

_ შეცდი. ამ დროს პირიქით ხდება, რომ იცოდე!

_ პირიქით რას ნიშნავს?

_ ბექა მეპრანჭება, _ საზეიმო ტონით წარმოვთქვი და გამარჯვებულის იერით შევხედე, თუმცა იმწამსვე ვინანე, ბექა რომ გავეცი.

_ შენთვის გაუსროლია «ავრორას», _ ბოროტად ჩაიცინა და ყავა მოხვრიპა.

_ რატომაც არა, ერთხელ მეც გამიღიმოს ბედმა, არ შეიძლება? _ მის შემოტევას შეტევით ვპასუხობდი.

_ როგორ არ შეიძლება. განუმერებელი წყვილი იქნებით.

_ ეჭვი არ შეგეპაროს. მიყვარს ძლიერი მამაკაცები.

_ ამით რა გინდა მითხრა, რომ მე ძლიერი არ ვარ?

_ შენ მშიშარა ხარ, თანაც ძალიან მშიშარა, უფრო მეტიც, ამ სიტყვის აღმატებითი ხარისხით, ანუ «უმშიშრესი». ახლაც კი გეშინია, ამდენი წლის შემდეგ.

_ გეთანხმები. იცი, რისი მეშინია? გაორება არ დამემართოს.

_ ვერ გავიგე?

_ ჩემი სულის ერთ ნაწილს ნიტა უყვარს, მეორეს შენთან უნდა ყოფნა. აი, ეს არის გაორება. ახლა გაიგე?

ჰმ, გულწრფელობის საათი დაუდგა ალბათ. როგორ გადამიშალა გული?! არადა… ნიტაზე თქვა, მიყვარსო, ჩემზე კი _ არა. მხოლოდ იმით დაკმაყოფილდა, რომ ჩემთან ყოფნის სურვილი აქვს. რატომ? რატომ გაურბის ამ სიტყვას, როცა ჩემთან ურთიერთობაზე იწყებს ლაპარაკს?

_ შენ უფრო მეტის გეშინია, _ ისევ «დავესხი» თავს.

_ მართლა? და რისი?

_ წარსულში დაბრუნების.

_ შენ არ გეშინია ამის?

_ მე დღემდე ამ წარსულით ვცხოვრობ, ამიტომაც არაფრის მეშინია.

_ რა გინდა, სოფიო, ერთხელ და სამუდამოდ გამაგებინე.

_ არაფერი.

_ სხვა? კიდევ ხომ არ დაგრჩა რამე სათქმელი? _ თქვა და წამოდგა. ნახევრად დალეული ყავის ჭიქა ჩემკენ მოწია.

_ აზრი არა აქვს, _ ხმადაბლა ვთქვი და გული ამიჩქროლდა, არ წავიდეს-მეთქი.

_ რატომ გგონია? _ მაგიდას ხელებით დაეყრდნო, ჩემკენ გადმოიხარა და სახე ახლოს მომიტანა.

ოფლმა დამასხა, ხელები გამიცივდა, მისი სუნთქვა ისე ახლოს ვიგრძენი.

ამ დროს ფანჯრები შეზანზარდა. ორივე შევკრთით. უკან მივიხედე. ქარი ამოვარდნილიყო.

_ შენნაირი ცვალებადია ეს მარტი, ვერაფერს გაუგებ, _ ორაზროვნად თქვა სანდრომ.

მისი სიტყვები თითქოს ბუდოვნად ჩამესმოდა, ფიქრებით ქართან ვიყავი. რატომ მაინცდამაინც ახლა? მშვენიერი ამინდი იყო, საიდან გაჩნდა ეს ქარი? რისი მანიშნებელია? არადა, ქარის დროს სული მიფორიაქდებოდა ყოველთვის, თითქოს უცნაურად აღვიგზნებოდი რაღაცის მოლოდინში. ახლაც იგივე დამემართა. მოლოდინით ავივსე.

_ ასე მგონია, შენც ისევე აბობოქრდები, როგორც ეს ქარი. შემთხვევით, შენ ხომ არ შეუკვეთე ასეთი ამინდი? _ ხუმრობანარევი ხმით წარმოთქვა და ისევ სავარძელში ჩაესვენა.

_ ბუნებასთან ვერ იკამათებ, როცა უნდა წვიმს, როცა უნდა ქარია, _ «ვიმართლე» თავი.

_ რატომ მითხარი წეღან, აზრი არა აქვსო? აზრი ყველაფერს აქვს, მით უმეტეს, ჩვენ შემთხვევაში, _ ძველ თემას დაუბრუნდა და დანისლული თვალებით მომაშტერდა.

მეც შევხედე. კარგა ხანს უსიტყვოდ ვუყურებდით ერთმანეთს. თითქოს მბურღავდა მისი შემოხედვა, რენტგენის სხივებივით სხეულში ატანდა მისი მზერა. თავით ფეხებამდე დამიარა სასიამოვნო ჟრუანტელმა.

მეტი ვეღარ მოვითმინე.

_ ღმერთო ჩემო, სანდრო, რა ვქნა, მითხარი, როგორ მოვიქცე? იქნებ მითხრა, რამდენი მილიონი ამოოხვრა იქნება საჭირო, ჩემი სიყვარული რომ დაგიმტკიცო? _ თითქოს თავისით წამოვიდა სიტყვები გულიდან, ჩემი ნებართვის გარეშე.

შეცბა. როგორც ჩანს, ასეთ აღსარებას არ ელოდა.

_ მომისმინე, სოფიო… არ გიფიქრია იმაზე, რომ შენთან ხელახლა დაწყებულმა ურთიერთობამ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს? ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ ნიტას რას ერჩი, რატომ ცდილობ, იმ ქალს ცხოვრება დაუნგრიო?

_ მან მე უკვე დამინგრია ცხოვრება. ასე რომ, ბარი-ბარში ვიქნებით.

_ ის არაფერ შუაშია. მისი ბრალი არ იყო, რაც მოხდა. გადაწყვეტილება მე მივიღე. ასე ჯობდა საქმისთვის და იმიტომ.

_ მერე მე? ჩემზე რატომ არ იფიქრე? იმ დღის მერე ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერმა დაკარგა აზრი, ვერა და ვერ ავაწყვე პირადი ცხოვრება. დღემდე მარტოსული ვარ.

_ რატომ, მეგობრები არ გყავს?

_ არა და არც მინდა. მათ გარეშე უფრო იოლია ცხოვრება. მას შემდეგ ვერავის ვენდობი, ასე მგონია, ყველას ჩემი სულის რაღაც ნაწილის წართმევა და მითვისება უნდა.

_ ასე არ შეიძლება, სოფიო, ცხოვრება გრძელდება… _ დაიბნა სანდრო, თანდათან დაურბილდა ხმა.

_ შენ ვერ გაიგებ… მარტოობა ადამიანის მდგომარეობაა, ამას ვერავინ შეავსებს, იმის გარდა, რამაც ეს მარტოობა გამოიწვია. არ დაგიმალავ და ყველაფერს გეტყვი, რადგან ჩემთვის უკვე სულერთია, შენ როგორ მიიღებ ამას, რა რეაქცია გექნება. აქამდე მოვედი უშენოდ და ამის შემდეგაც გავაგრძელებ, პრობლემა არ არის. უბრალოდ, მინდა გითხრა, რომ ერთი დღე არ მიცხოვრია შენი სიყვარულის გარეშე. რაც უფრო ვშორდებოდი წარსულს, მით უფრო მძაფრდებოდა ეს სიყვარული და ამას ბოლო არ უჩანს. ახლა თითქოს მოგიახლოვდი, მაგრამ უარესი აღმოჩნდა… მაინც არ ნელდება ძველი გრძნობა.

_ კი მაგრამ, რას აპირებ? სანამდე? _ სანდრო სავარძელში შეირხა და შუბლი შეჭმუხნა, სინდისის ქენჯნამ შეაწუხა ალბათ.

_ როგორ გითხრა… სიყვარული იქამდე იზრდება, ვიდრე მისი შემჩერებელი არ გამოჩნდება, _ ვთქვი და ამოვიოხრე.

_ იმედია, ამ მისიას მე არ დამაკისრებ.

_ არა, ამას _ არა.

_ მაშინ რა გინდა ჩემგან, რით შემიძლია დაგეხმარო.

_ გეტყვი, მაგრამ სულერთია, მაინც ვერ შეძლებ.

_ იქნებ შევძლო.

_ კარგი, გეტყვი. ვიცი, აზრი არა აქვს, მაგრამ მაინც გეტყვი, _ ვთქვი და სუნთქვა შევიკარი, დავიძაბე…

ქარი ღმუოდა, თითქოს თავს ესხმისო, ისე ასკდებოდა ფანჯრის მინებს. წვიმამაც დაუშინა. ქარისგან გამოსროლილი მსხვილი შხეფები სასოწარკვეთილი ეხეთქებოდნენ მინას და წამით ზედვე ეწებებოდნენ.

_ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოსცადე ეს საოცრება _ დაწექი მასთან, ვინც გიყვარს, _ ვთქვი და შვებით ამოვისუნთქე, თითქოს სული დავცალე ზედმეტი სიმძიმისგან.

_ ურთულესი მისია დამაკისრე, სოფი, _ წამიერი პაუზის შემდეგ მოულოდნელად იდუმალი გაუხდა ხმა, «სოფიმ» ხომ საერთოდ შემძრა, ისეთი გრძნობით იყო ნათქვამი…

და წამოდგა…

და მომიახლოვდა…

…ის მკოცნიდა… გახელებული… სუნთქვაგახშირებული… თვალებდახუჭული… ისე ძლიერად მიკრავდა გულში, თითქოს ჩემში შემოსვლას ცდილობდა…

…ის მკოცნიდა, ჩემს სხეულს კი უფრო და უფრო ემატებოდა სიმხურვალე, მეტი და მეტი ველური ვნება… ყოველი უჯრედი, ყოველი წერტილი გიჟური თრთოლვით პასუხობდა მამაკაცის ალერსს და მის ყოველ შეხებაზე სხვაგვარი კვნესა აღმომხდებოდა…

ის მკოცნიდა… მისი ტუჩები ხარბად ისრუტავდა ჩემს სურნელს. მკოცნიდა ყველგან, სადაც მოუხვდებოდა _ შუბლზე, თვალებზე, წარბებზე, ცხვირზე, ყელზე, მკერდზე, ტუჩებზე… თითქოს ეშინოდა, რომელიმე ნაკვთი არ დარჩენოდა დაუკოცნავი, თითქოს ჩქარობდა, დროში ჩატეულიყო… თითქოს წამზომი იყო სადღაც ჩართული…

აღარაფერი მახსოვდა, გონი დავკარგე ლამის, მთელი არმია რომ შემოსულიყო ამწუთას, აღარ ვინაღვლებდი, ვისაც უნდა დავენახვე, არ მადარდებდა… ჩემთვის ახლა მხოლოდ სანდრო არსებობდა, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით ამ ქვეყანაზე. წამიც და ერთ სხეულად გარდავიქმნებოდით ორივე, რომ…

უცებ მობილურმა დაიწრიპინა. გავხევდი. ვიცოდი, ბექა იქნებოდა. ხომ მითხრა, დაგიმესიჯებო. რა დროს ეგ იყო, ღმერთო, რატომ ღვიძავს ამ დროს, რატომ არ იძინებს, რატომ?

_ გიხმობენ, _ სანდრომ ხელი ცივად შემიშვა და ოდნავ უკან დაიხია.

შევხედე. სახე არეული ჰქონდა, თვალები _ ამღვრეული, ცდილობდა, ხმამაღალი სუნთქვა დაეოკებინა.

იძულებული გავხდი, მესიჯი მენახა. «დილა ნებისა, ლამაზმანო… ხომ არ ჩაგეძინა?»_ მწერდა ბექა.

_ რაო, რა მინდაო? _ ირონია გაისმა სანდროს ხმაში.

_ არაფერი, ახლობელია.

_ ჰო-ო? არ წამაკითხებ? _ ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი.

ჩემდა უნებურად უკან დავიხიე და შეძრწუნებულმა ტელეფონიანი ხელი ზურგს უკან დავმალე. ახლა რომ წაიკითხოს, ყველაფერი დამთავრდება, გამიელვა გონებაში.

_ არა! _ განწირული ხმით შევძახე.

_ მაინტერესებს, უნდა წამაკითხო! _ თავისას არ იშლიდა მამაკაცი და ჩემკენ ნელა მოიწევდა.

_ არა! _ იმავე ხმით გავიმეორე და ფანჯარას მივეყრდენი. უკან გზა აღარ იყო.

მომეახლა… კიდევ… კიდევ… მომეტმასნა, ცალი ხელი წელზე მომხვია და ტუჩებით ყელზე დამაკვდა… თითქოს ოდნავ მოვეშვი… მეორე ხელით მობილური ამართვა… რაც მოსახდენია, მოხდეს, ასეთი ყოფილა ჩემი ბედისწერა…

კვლავ უკან დაიხია და თვალებმოწკურულმა ეკრანს დახედა… წაიკითხა… მომეჩვენა, რომ რომელიღაც ნაკვთი შეერხა სახეზე.

_ ვხედავ, დროს ტყუილად არ კარგავ, _ შესაშური გულგრილობით წარმოთქვა და ზიზღით გამიღიმა.

_ ეს ის არ არის, შენ რაც გგონია, _ ხმა შემეცვალა, ნერწყვი ძლივს გადავაგორე, პირი გამიშრა.

_ მართლა? შენ რა იცი, რა მგონია? _ ტელეფონი მაგიდაზე დადო და ხელები გაშალა, _ მხიარულად ცხოვრობ, ლამაზ-მა-ნო! ვერაფერს იტყვი!

_ ცდები… ჩემი ცხოვრება საკმაოდ მოსაწყენია! _ წამოვიძახე, ნერვიულობისგან ხელები მიკანკალებდა.

_ კიდევ უფრო მოსაწყენი გახდება… გპირდები. _ თქვა და გატრიალდა.

_ ულმობელი ხარ.

გაოცებული შემობრუნდა.

_ მე-ე? კიდევ მე ვარ ულმობელი? _ გულზე მიიდო ხელი, _ შენ? შენ თვითონ ვინ ხარ? საკუთარ თავში ჩაიხედე, კარგად ჩაიხედე. გინდა გითხრა, რა იქნება ხვალ? შენგან ს მეტი არაფერი გამოვა… დაიმახსოვრე!

_ მაგ სიტყვებს არ ვიმსახურებ, _ გაფითრებულმა წამოვისროლე.

_ სრულიად დამსახურებული შეფასებაა.

_ ნუ იქნები ასეთი გულცივი, გთხოვ. ეს მესიჯი არაფერს ნიშნავს.

_ სამწუხაროდ, ჩემთვის ბევრს ნიშნავს, _ თავი გადააქნია და კარს მიუახლოვდა.

_ იცი, ახლა ვის მაგონებ? ზუსტად იმ სანდროს, თოთხმეტი წლის წინ «ბავშვთა სამყაროში» რომ შევხვდი, ჩემთან შეხვედრას რომ გაურბოდა და დამალობანას რომ მეთამაშებოდა იმ უზარმაზარ შენობაში. არამარტო მშიშარა, საშიშიც ხარ! შენც დაიმახსოვრე! _ მივაძახე გაგულისებულმა.

კარი გამოაღო და ცინიკური მზერით მომიტრიალდა.

_ რატომ, მკვლელი ვარ თუ ქურდი?

_ არც ერთი და არც მეორე. შენ გულგრილი ადამიანი ხარ. ეს კი, გაინტერესებს, რას ნიშნავს?

_ აბა, ერთი განმანათლე?

_ ერთიც გჯობია და მეორეც. მკვლელს შეუძლია მოკლას, ქურდს _ გაქურდოს. შენ კი… შენ გულგრილი ხარ _ ყველაზე უმოქმედო, უნერვო და უემოციო. შენნაირები უფრო საშიშნი არიან, იმიტომ, რომ თავიანთი გულგრილობით მეტი ზიანის მოტანა შეუძლიათ, ვიდრე მკვლელებს ან ქურდებს.

_ ძალიან სასტიკი ხართ, სოფიო ექიმო, თუმცა კარგად მესმის თქვენი.

_ არ წახვიდე, სანდრო, გთხოვ, ასე ნუ წახვალ, _ ჩემი გაგულისება მუდარაში გადაიზარდა.

_ ასე ნუ წავალ? აბა როგორ წავიდე? გაგიღიმო? გაკოცო? იქნებ მოგეფერო?.. ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა, სოფიო. თუმცა არც არაფერი ყოფილა არასდროს… კიდევ კარგი, რომ ასეა… _ თქვა და კარი გაიჯახუნა.

წამით გავირინდე… საოცარი სიჩუმე შევიგრძენი. ფანჯარას მივუახლოვდი… პირ-ცხვირით მინას მივეჭყლიტე და გარეთ გავიხედე… ქარი ჩამდგარიყო…

საოცრება ამას ჰქვია… ქარიც კი გამეთამაშა…



* * *

იმ ღამეს უკანასკნელი იმედი მოკვდა. რაც დღე გადიოდა, მით უფრო ვშორდებოდი სანდროს. ბექაზე ვბრაზობდი. ეს რა ქნა, რა დროს დამიმესიჯა! როცა ასე ახლოს ვიყავი მიზანთან, როცა ოცნების ახდენამდე ერთი ხელის გაწვდენაღა იყო დარჩენილი… რას ვიფიქრებდი, თუ ასე შეიცვლებოდა სიტუაცია. ღმერთო, როგორ გაცოფდა! გამოდის, რომ ეჭვიანობს. კარგია… თუ ეჭვიანობს, ესე იგი, ვუყვარვარ, ვუღირვარ. იქნებ ჯერ ყველაფერი არ არის დაკარგული? იქნებ ღირს ბრძოლის გაგრძელება? მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდეგ წესიერად არც შემოუხედავს ჩემთვის, არ დამლაპარაკებია, არც კი მესალმება, თითქოს ვიღაც უცხო ვიყო, სხვა პლანეტიდან. ოპერაციაზეც კი მებუტება, მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით თუ მესვრის ორიოდე ფრაზას. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? ერთხელაც ხომ უნდა გაუაროს წყენამ? იმედია გაუვლის, მაგრამ იქამდე რა მეშველება? მისი იგნორირებით ლამისაა, მოვკვდე, საკუთარ თავს ვერ ვცნობ, ისე შევიცვალე. ერთი მთლიანი დარდი გავხდი, გაღიმებაც კი მეზარება, ცხოვრების ხალისი კიდევ ერთხელ დავკარგე. ხომ გაგიგიათ გამოთქმა, გული ხელით დამაქვსო. ისეთი შეგრძნება მქონდა, ჩემი გული სანდროს მუჭში ჰქონდა მომწყვდეული, მე კი უკან დავდევდი, რომ ხელიდან არ გავარდნოდა, თითქოს ჩემი სიცოცხლე მხოლოდ ამაზე იყო დამოკიდებული…

ყველაზე საოცარი ის იყო, რომ წინ არ ვიყურებოდი. დავუშვათ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მე მინდა. დავუშვათ, შევრიგდით მე და სანდრო. მერე? ნიტაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ბოლოს და ბოლოს, რა დამიშავა იმ ქალმა? რა მისი ბრალი იყო, თუ ასეთი ხვედრი არგუნა ბედმა? მას ხომ არ უცდია, სანდრო ჩაეგდო ხელში, ეს ხომ შემთხვევითობამ განაპირობა მხოლოდ? რაც მთავარია, ის ახლა ბედნიერია, ქმარს უყვარს, შვილებს ზრდის, მოსიყვარულე ცოლია, ზრუნავს საყვარელ ადამიანებზე… მე კი… ყოვლად უსინდისოდ ვცდილობ, დავუნგრიო წარსულის საუკეთესო მეგობარს ოჯახური იდილია. რატომ? ნუთუ გული გონებაზე ძლიერია? ნუთუ ვერ უნდა შევძლო თავის მართვა? ვიცი, რომ ცხოვრება წინააღმდეგობებით არის სავსე, ისიც ვიცი, რომ ყოველთვის ყველა კითხვაზე მზა პასუხი არ არსებობს, მაგრამ გონება იმისთვის აქვს ადამიანს, რომ იფიქროს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

ერთ ქალს დავუახლოვდი ძალიან, გიზელა ჰქვია. ორმოცდახუთი წლის იქნება, თუმცა ბევრად ახალგაზრდად გამოიყურება. ფსიქოლოგად მუშაობს ჩვენთან, კარგი სპეციალისტია, ამასთან _ კარგი მოსაუბრეც. მისი სიტყვები ისეთივე დახვეწილია, როგორიც მანერები. ძალიან ეშხიანია, კოხტა სხეულით, ვიწრო წელით და მრგვალი თეძოებით. არ შეიძლება ყურადღება არ მიიქციოს, დანახვისთანავე თვალში მოგხვდება. არაბუნებრივად მეტყველი თვალები აქვს, რომც არ ლაპარაკობდეს, მის მზერაში ამოიკითხავ ყველაფერს. არ ვიცი, ასეთ სწორ დასკვნებს გამოცდილებიდან გამომდინარე აკეთებს, თუ თავისი დარგის ცოდნით, მთავარია, რომ მასთან არ მოგწყინდება. დღე არ გავა, არ შემოვიდეს ჩემთან, არ მომიკითხოს. ძალიან შევეჩვიე. მომწონს მასთან ურთიერთობა, მასაც მოვწონვარ. ისეთ რჩევებს მაძლევს, რომელიც ასე ძალიან მჭირდება დღეს. ქალი-სევდა შემარქვა. მასი ლაპარაკის ტონი მამშვიდებს, თითქოს ძალას და ენერგიას მმატებს. უნდა ნახოთ, როგორი შესაშური, არისტოკრატიული მანერით ეწევა სიგარეტს, ძალიან უხდება. გაკვრით მოვუყევი ჩემ შესახებ. რა თქმა უნდა, ჩემი სიყვარულის ისტორიის მთავარი გმირი რომ სანდრო იყო, არ მიხსენებია, სხვა არაფერი დამიმალავს.

_ ამ ცხოვრებაში ხელჩასაჭიდი თავად უნდა იპოვო, ჩემო სოფიო, _ მითხრა ერთხელ, _ ხელმეორედ არასდროს უნდა მოეჭიდო იმ საყრდენს, რომელიც უკვე მოირყა. საკუთარ თავს მეორე და გინდ მესამე შანსი იქამდე უნდა მისცე, ვიდრე ამის ვარიანტი არსებობს.

_ რატომ არის ცხოვრება ასე მოწყობილი, გიზელა? ნუთუ არ შეიძლება, ერთად ვიყოთ, ნუთუ ეს ასე ძნელია?

_ შეუძლებელი არ არის, ერთად იყოთ, სოფიო, მაგრამ ამით თქვენ შორის რომელიღაც აუცილებლად დაზარალდება და არამარტო თქვენ შორის, შეიძლება სხვაც, იქ, გარეთ.

_ ვიცი, ვიცი და ამიტომაც განვიცდი ასე ძალიან, _ ამოვიოხრე, თვალზე ცრემლი მომადგა.

_ პირველ რიგში, დანაკარგთან შეგუება უნდა ისწავლო. თუ ამას არ გააანალიზებ, გაგიჭირდება ცხოვრების გაგრძელება. მერე რა, რომ არ გაგიმართლა. მეორედაც უნდა სცადო, მესამედაც… სანამ ახალი, უფრო ძლიერი სიყვარული არ გეწვევა. აბა დაფიქრდი, არსებობს უფრო დიდი ბედნიერება, როცა ვიღაც გიყვარს? ამაზე უკეთესს ვერაფერს გამოცდი ცხოვრებაში.

_ მაგრამ სიყვარულს რომ ტკივილი ახლავს?

გიზელამ ხელზე ხელი დამადო, თავისი მეტყველი თვალებით შემომხედა და ჩვეული დახვეწილობით მითხრა.

_ მართალია, ტკივილი ახლავს, მაგრამ სიყვარული ერთადერთია, რასაც ამქვეყნად აზრი აქვს, ჩემო კარგო. არასდროს მისცე მამაკაცს უფლება, გმართოს, ბარბის ასაკის აღარ ხარ უკვე… ქალი-სევდა… მომწონხარ ასეთი, სხვა ქალებს არ ჰგავხარ.

მისი სიტყვები შვებას მგვრიდა. მასთან საუბრის შემდეგ დადებითი ემოციით ვივსებოდი მუდამ. სხვა საქმეა, რამდენად ვითვალისწინებდი მის რჩევებს. თითქოს ყველაფერს ვუჯერებდი, მისი «რეცეპტებით» ვმოქმედებდი, მაგრამ საკმარისი იყო, სანდროსთვის მომეკრა თვალი, მაშინვე ყველაფერი მავიწყდებოდა. ვცადე, ბექაზე გადამეტანა ყურადღება, მაგრამ არ გამომივიდა, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. მხოლოდ ერთი რამ მქონდა აკვიატებული _ სანდროს ვერავინ შეცვლიდა.

8 8 8

საღამო ხანი იყო. გვიან გამოვედი კლინიკიდან, წამლების აღრიცხვა გამიგრძელდა. დერეფანში სანდროს შევეფეთე. მის დანახვაზე ძველებურად ამიჩქროლდა გული, მან კი ზედაც არ შემომხედა.

_ ნახვამდის, სანდრო, _ მაინც ვუთხარი, სანამ გვერდით ჩავუვლიდი.

რაღაც ჩაიბურტყუნა და გზა ისე გააგრძელა, ნაბიჯი არ შეუნელებია. გულმა მტკივნეულად დამიწყო ფეთქვა, ასეთ დამოკიდებულებას სასოწარკვეთამდე მივყავდი. მინდოდა გავკიდებოდი, გამოვლაპარაკებოდი, აეხსნა მაინც, რას მერჩოდა, რა უნდოდა ჩემგან, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა, თითქოს ერთიანად დავიშალე. ახლა, ასეთი აფორიაქებული, სათქმელს ნამდვილად ვერ მოვუყრიდი თავს და ვინ იცის, რა სისულელეების როშვას დავიწყებდი. ჯობდა, გავცლოდი.

ბარბაცით ჩავედი ეზოში. ის იყო, მანქანაში ჩავჯექი და კარი მოვიხურე, რომ მინაზე ვიღაცამ დამიკაკუნა. მოულოდნელობისგან შევკრთი, ბექა იყო.

_ ხომ არ შეგაშინე? _ ღიმილით მკითხა.

_ თანაც როგორ, _ მეც გავუღიმე.

_ არ გინდა, სახლამდე მიმიყვანო? ბენზინს ჩაგისხამ, _ ისეთი სახით მკითხა, ვერ მივხვდი, მეხუმრებოდა, თუ სერიოზულად მეუბნებოდა.

_ შენი მანქანა სად არის? _ ეზოში მიმოვიხედე.

_ ხელოსანთან, პატარა რეაბილიტაცია სჭირდებოდა და…

_ დაჯექი, მიგიყვან, აბა რას ვიზამ, _ ვთქვი და ჩემი შავი «პეჟო» დავქოქე.

_ ასე დიდხანს რატომ შემორჩი? ჩვენი მთავარი ექიმი ხომ არ შეგიყვარდა? _ გამეხუმრა.

_ არა, მთავარი ექიმი არა, მისი მოადგილე, _ ხუმრობას ხუმრობით ვუპასუხე.

_ რას მელაპარაკები! ამას მიმალავდი? _ მამაკაცი წინ გადაიხარა და გვერდულად გამომხედა, _ იმასაც რომ უყვარხარ, თუ იცი?

_ ნუ იტყუები, არ გიხდება.

_ მართლა? შენი აზრით, ტყუილიც კი შეიძლება მოუხდეს ან არ მოუხდეს ადამიანს? პრობლემური «აქსესუარი» ყოფილა, ვერაფერს იტყვი.

_ ყველა ქალს ასე ატყუებ? _ მივუბრუნდი უეცრად.

წამით გაჩუმდა, თითქოს რაღაცას ფიქრობსო, მერე შეცვლილი ხმით თქვა.

_ ტყუილი არ გამომდის, სოფი, ყველაფერი ვისწავლე და ტყუილის თქმა _ ვერა, არც არასდროს გამომდიოდა, _ გასაოცარი ხმის ტემბრი ჰქონდა ბექას, მომნუსხველი.

მისმა სიტყვებმა და დადარდიანებულმა ხმამ ისე დამაბნია, შენელების მაგივრად პედალს მივაჭირე ფეხი და მანქანა მთელი სისწრაფით გავარდა წინ.

_ შენ რა «ადსკი ვადიტელი» ყოფილხარ, ფრთხილად, არაფერს შევასკდეთ, _ დაფრთხა.

სვლა შევანელე.

_ შეგაშინე? _ სიცილი ამიტყდა.

_ მეგონა, სამაგიეროს მიხდიდი. გამოგიტყდები, შემეშინდა, მაგრამ არა იმის, რომ მე მომივიდოდა რამე. შენს სიცოცხლეს ვუფრთხილდები, თუ დამიჯერებ.

_ განა ასე ძვირფასია შენთვის ჩემი სიცოცხლე? _ ისევ მოვიღრუბლე.

_ ატრაქციონი «მხიარული გორები» ხომ იცი? აი, იმას მაგონებ ახლა.

_ რატომ?

_ ხან მხიარული ხარ, ხან სევდიანი, ვერ გაიგებ კაცი, _ მერე ხმა შეიცვალა და დიქტორივით ჩამოარაკრაკა, _ «ახლა გაგაცნობთ ექიმ სოფის ხასიათის ცვალებადობას ხვალინდელი დღისთვის. დღის პირველ ნახევარში მოიღრუბლება, მოსალოდნელია ცრემლების წვიმა, ზოგან _ სიტყვების სეტყვა, დღის მეორე ნახევარში დარია გამოცხადებული, ღიმილი მის სახეზე მზესავით გამოანათებს. ხასიათის ტემპერატურა მთაში იქნება მინუს ორი გრადუსი, ხოლო ბარში, როცა ექიმი სოფი მანქანით დაქრის, პლუს ოცდაათი.» ჰა, როგორი იყო? _ მხიარულად შესძახა.

_ გადასარევი. მგონი, სინოპტიკოსობა უფრო მოგიხდებოდა. საით მივდივართ?

_ ჩემთვის სულერთია, სადაც გინდა, იქ წამიყვანე.

_ ვიცი, რომ დიღომში ცხოვრობ, მისამართი მაინც მიკარნახე.

_ ჩემი გულის ხმას მიჰყევი და პირდაპირ ჩემს სახლამდე მიგიყვანს.

_ სამწუხაროდ, შენი გულის ხმა არ მესმის, ბექა, _ დახშული ხმით ვთქვი და შევხედე.

_ პატარა იმედი მაინც მომეცი, გოგო, ვერ ხედავ, რა დღეში ვარ?

_ ვერა, ვერ ვხედავ. აბა, ერთი მითხარი, რა სჭირს მთავარი ექიმის მოადგილეს, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატს და ასე შემდეგ?..

_ «და ასე შემდეგს» სიყვარულის ზღვიდან აზვირთებული ტალღა დაეჯახა და ფსკერისკენ მიაქანებს. იხრჩობა საცოდავი, მაშველი კი არსაიდან ჩანს.

_ ნუ დარდობ, გამოჩნდება.

_ რაღა სხვას ველოდო, როცა შენ აქ მყავხარ? სანამ სხვა მოვა, დავიხრჩობი კიდეც.

_ ჩემ გარდა ვერავინ ნახე? მაშველების მთელი არმია არსებობს, როგორც ვიცი.

_ სამაგიეროდ, შენ ყველაზე ახლოს ხარ, სოფი. სხვებმა შეიძლება პირიქით, უფრო დააჩქარონ ჩემი დახრჩობის პროცესი, შენ კი, ვიცი, აუცილებლად გადამარჩენ.

_ რატომ გგონია? _ კეკლუცად გავუღიმე.

_ იმიტომ, რომ გული მეუბნება ამას. ის კი ჯერ არ შემცდარა ქალების შეფასებაში.

_ კარგი, ვეცდები გადაგარჩინო.

_ გინდა, გასწავლო, პირველადი დახმარება როგორ აღმომიჩინო?

_ როგორ? _ სიცილით ვიგუდებოდი, ძლივს გავმხიარულდი.

_ ტუჩებზე უნდა დამაკვდე და სული შთამბერო… მერე იცი, რა მოხდება? ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდება ისე, როგორც ზღაპრებში. მე ყოველდღე მეყვარები, დილიდან საღამომდე.

_ კი მაგრამ, ღამე?

_ ღამე? ღამე უნდა ვიძინო, სად მცალია სიყვარულისთვის.

სიცილისაგან სახის კუნთები მეტკინა.

_ ეჰ, რომ ვიცოდე, მართლა ასე იქნება, ახლავე შევვარდებოდი წყალში და სიამოვნებით დავიწყებდი დახრჩობას შენს მოლოდინში… ბანალურია, არა?

_ თანაც როგორ!

_ მაინც შეგაყვარებ თავს, აი, ნახავ! _ დამექადნა.

_ ახლა საით წავიდე?

_ პირდაპირ და მერე მარჯვნივ… აი, აქ გამიჩერე.

დავამუხრუჭე. ბექამ კარი გამოაღო.

_ მინდა ერთი რამ გთხოვო, თუ წინააღმდეგი არ იქნები, _ უცებ დასერიოზულდა.

_ თხოვნას გააჩნია, _ მხრები ავიჩეჩე.

_ ვიცი, ახლა რომ სადმე დაგპატიჟო, არ წამოხვალ, ამას შენი თვალები მეუბნება, მაგრამ იქნებ ხვალ…

_ პაემანს მინიშნავ, ბექა? _ ცალი თვალი მოვჭუტე გაღიმებულმა.

_ რა ვიცი, რაც გინდა, ის დაარქვი. გთხოვ, ხვალ უმანქანოდ მოდი და საღამოს სადმე გავისეირნოთ, ფეხით. ღამით ძალიან ლამაზია თბილისი.

სიცილი ვერ შევიკავე.

_ დავიჯერო, ასეთი რომანტიკოსი ხარ?

_ რა, ესეც ბანალურია?

_ ყველაზე უფრო.

_ ერთხელ შენც სცადე, იყო ბანალური. იქნებ ამაშიც აღმოაჩინო რამე ახალი, _ თავისი უცნაურად ლამაზი თვალები შემომანათა და საჩვენებელი თითი ცხვირზე გამკრა. _ ქალი-სევდა, ქალი-ნაღველი.

_ ეგ გიზელამ გითხრა, არა?

_ ეგ ყველამ იცის სამსახურში, გიზელა რა შუაშია. მე ის უფრო მაინტერესებს, რატომ ხარ ასეთი.

_ ეს შენი საქმე არ არის.

_ ვიცი, ამიტომაც არ გეკითხები… ჰა, რას იტყვი, ჩემი წინადადება არ დაგიჯდა ჭკუაში?

_ მოვიფიქრებ.

_ არა, ასე არ მინდა. ახლავე ველი პასუხს.

წამით შევყოყმანდი. სანდრომ რომ ეს გაიგოს, ვიცი, არ მოეწონება. თუმცა… რაში მაინტერესებს, მას რა მოეწონება? ვცდი.

_ კარგი, ხვალ ფეხით ვსეირნობთ… მე და შენ და შენ და მე.

_ მაგარია! ბანალური, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი. გინდა, კიდევ უფრო ბანალური რამ გითხრა?

_ მინდა, _ მხიარულად დავუქნიე თავი.

_ მე შენ მას დაგავიწყებ.

ამის გაგონებაზე სახე შემეცვალა. ბექას არ გამოპარვია ჩემი რეაქცია.

_ არ ვიცი, ვინ არის ან რა დანაშაული მიუძღვის შენ წინაშე, მაგრამ ამას გავაკეთებ. სიტყვას გაძლევ. მაქსიმუმ ნახევარი წელი და…

_ და რა?

_ მეშენუგონოდშეგიყვარდები, _ სხაპასხუპით მომაყარა ერთ სიტყვად ქცეული წინადადება, თვალი ჩამიპაჭუნა, კარი მოხურა და სადარბაზოში შევიდა.

შუბლით საჭეს დავეყრდენი. გაბმულად ჩამესმოდა ყურში ბექას ნათქვამი «მეშენუგონოდშეგიყვარდები», ყველაზე ორიგინალური და ალბათ ყველაზე გრძელი სიტყვა ქართული ენის ლექსიკონში.

8 8 8

დილით შემოვლაზე დამაგვიანდა. გვიან დავიძინე წუხელ, ოთხ საათამდე ბექას ვემესიჯებოდი. მთელი ღამე არ მომასვენა. ერთი მხრივ კი კარგი იყო, დროებით დამავიწყა სანდროს არსებობა, მაგრამ მეორე მხრივ დამაზარალა _ სამსახურში დავიგვიანე. კართან ჟენია დამხვდა, ჩვენი სანიტარი, თავისი განუყრელი ჭუჭყიანწყლიანი ვედრით.

_ უი, ჩვენი ანგელოზი მოსულა. რატომ დაგაგვიანდა, შვილო? მიდი, მიდი, მესამე პალატაში არიან, მგონი, იმ ბიჭს ხელახალი ოპერაცია სჭირდება.

_ რომელ ბიჭს? _ გავიოცე, ვერ მივხვდი, ვის გულისხმობდა.

_ გიგუშას, შვილო, დეიდაშვილმა რომ დაჭრა. ამბობენ, თირკმელი ამოსაღებიაო.

_ რას ამბობთ! _ შევიცხადე და ხალათის სახელოებში ჩქარ-ჩქარა გავუყარე მკლავები, _ საცოდავი, როგორი დასუსტებულია, გადაიტანს კი? _ შემეცოდა პაციენტი, რომელსაც დედა არ ჰყავდა, არც ცოლი და არც შვილი, ძმა და რძალი ადგნენ თავს.

_ რა ვიცი, ჯანმრთელია, გული მაგარი აქვსო, სანდრო ექიმმა, _ მომაძახა სანიტარმა.

შეშინებულმა შევყავი თავი პალატაში.

_ შეიძლება? _ ჩურჩულით ვიკითხე.

_ მოდი, სოფიო, მოდი, _ ბატონმა მიხეილმა სათვალის ზემოდან გამომხედა.

ბექა მის უკან იდგა, თვალი ჩამიკრა, ხელისგულები ერთმანეთთან მიატყუპა, ლოყაზე მიიდო და მანიშნა, მეც ჩამეძინაო.

_ მაპატიეთ, დამაგვიანდა…

_ არა უშავს, ამჯერად გაპატიებთ. მოვამზადოთ ეს ყმაწვილი საოპერაციოდ, სხვა გზა არ არის. ხელწერილი დაადებინეთ მისი ოჯახის წევრებს. აბა, სანდრო, შენ იცი. ახლა ყველაფერი შენზე და სოფიოზეა დამოკიდებული.

_ რა თქმა უნდა, _ ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა სანდრომ და შემომხედა, თუმცა მაშინვე გულგრილად ამარიდა მზერა.

ჟრუანტელმა დამიარა ტანში. ამ თვალების შემოხედვას ვერ ვუძლებდი.

_ დღე-ეს? _ გაკვირვებისგან თვალები დავაჭყიტე.

_ რატომ, პრობლემაა რამე? აბა რას ვუცადოთ? ცუდად არის კაცი, შველა სჭირდება, _ ხელები გაშალა მთავარმა ექიმმა.

_ ყველაფერი რიგზეა, ბატონო მიხეილ, მივხედავთ ამ საქმეს, _ ვაკური აქცენტით, ზედმეტად განაზებული ხმით წარმოთქვა ნანკამ, სანდროს გვერდით ამოუდგა და ხელკავი გაუკეთა.

ვაჟამ მრავალმნიშვნელოვნად აზიდა წარბები და ყურის ბიბილო დაისრისა. გავწითლდი, თითქოს დანაშაული ჩამედინოს.

_ აბა, ვაჟკაც, შენ როგორ ხარ? _ მიხეილი გუჯას მიუახლოვდა, ეს ის პაციენტი იყო, კენჭები რომ ამოაცალეს შარდის ბუშტიდან.

_ მგონი კარგად, პატივცემულო, _ მამაკაცმა თავქვეშ ამოდებული ხელები ჩამოიღო და ოდნავ წამოიწია საწოლზე.

მთავარმა ექიმმა საბანი გადახადა და მუცელზე რამდენიმე ადგილას დააჭირა ხელი.

_ ყველაფერი რიგზეა, ორ დღეში გაგწერთ. რა იყო, გაგიხარდა? _ გაიცინა მიხეილმა.

_ იმ სომხის ამბავი როგორ გადაწყდა, გელა, ჩივილს ხომ არ აპირებენ? _ პატარა გელას მიუბრუნდა ბოლოს მთავარი ექიმი.

გელამ უზარმაზარჩარჩოიანი სათვალე საჩვენებელი თითით ნერვულად შეისწორა ცხვირზე, ერთი დაიქსუტუნა და თითქოს პატაკს აბარებსო, მონოტონური ხმით ჩამოარაკრაკა.

_ სწორედ გუშინ ველაპარაკე მის შვილს, შალვოვიჩ. ყველაფერი ავუხსენი. როგორც იქნა, გავაგებინე, რომ მამამისს სიმსივნე მთელ ორგანიზმში ჰქონდა მოდებული და ვერ გადავარჩენდით. რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ.

_ მაშასადამე, ყველაფერი რიგზეა. დავიშალოთ მაშინ და საქმეს მივხედოთ. ამ ყმაწვილის ექოსკოპიის ხელმეორე პასუხი შემომიტანეთ, კიდევ ერთხელ გადავხედავ.

პალატიდან მეც სხვებთან ერთად გავედი. დილით ყავის დალევაც ვერ მოვასწარი, ერთი სული მქონდა, როდის დავლევდი ცხელ სითხეს.

_ ნათი, ყავა არ გინდა? _ «მტირალა» თერაპევტს დავუძახე, ჟენიას ელაპარაკებოდა.

_ ახლავე, სოფიო, ორ წუთში მოვალ.

_ მოგიდუღო?

_ მე თვითონ მოვადუღებ, სულ ორი წუთი, კარგი?

კაბინეტში შევედი. ღმერთო, როგორ მეზარებოდა დღეს ოპერაცია. არ გინდა რამდენიმე საათი სანდროს უჟმურ სიფათს უყურო? არა, მე ამას ვერ გავუძლებ. მგონი, აშკარად მეტყობა, მასზე რომ ვარ შეყვარებული. ამას ვიღაც აუცილებლად შეამჩნევს ერთ მშვენიერ დღეს და ჭორის ობიექტი გავხდები. რა საშინელებაა, როცა ჭორაობენ, ჩემზე ძალიან მოქმედებს ასეთი რამ, მით უმეტეს, თუ თავად ვარ სამიზნე.

გასაგებია, რომ ადამიანს არ ძალუძს აკონტროლოს თავისი გრძნობები, მაგრამ მისი დამალვა ხომ არის შესაძლებელი? ეს უნდა შევძლო, სხვანაირად არ იქნება. თუ ვერ შევძელი, მომიწევს სამსახურიდან წასვლა, ინტრიგებს და გადაჩურჩულება-გადმოჩურჩულებას ვერ ავიტან.

ნათია მალე შემოვიდა, თან პაკეტის ყავა შემოიტანა.

_ რძიანი თუ ჩვეულებრივი?

_ ა! მეგონა, ნალექიანს სვამდი.

_ ვერ ვიტან. ისედაც მაწუხებს ნაღვლის ბუშტი. რძიანი კარგია, არაფერს არ აღიზიანებს. ის კი არადა, ამბობენ, მკერდს ზრდისო. მეც ვსვამ და ვსვამ, მაგრამ რად გინდა!

სიცილი ამიტყდა.

_ მაინც არ დაადგა შენს მკერდს საშველი, არა? _ წელზე ხელი მოვხვიე და ჩავეხუტე, _ დიდ მკერდს რა ჭკუა აქვს, ჩემო ნათი, მთავარია, გული გქონდეს დიდი.

_ ისე, მართალი ხარ. დიდი მკერდი ნანკასაც კი აქვს, მაგრამ…

_ არ გინდა, შეეშვი, ნურასდროს განსჯი სხვას, დამიჯერე.

_ ვერ ვიტან გულღრძო ადამიანებს, დიდი წარმოდგენა რომ აქვთ საკუთარ თავზე და შენ რომ არარაობად მიაჩნიხართ. რომელი მოგიდუღო? _ ნათიამ მადუღარა ჩამოიღო თაროდან.

_ მე ნალექიანს დავლევ, ნათი, წუხანდელი უძინარი ვარ და ცოტას გამომაფხიზლებს.

_ მაშინ ჯერ წყალს ავიდუღებ ჩემთვის და მერე შენ გაგიკეთებ, კარგი?

_ მოსულა.

ნათია საქმეს შეუდგა.

_ წეღან ჟენია მელაპარაკებოდა. გუშინწინ მისი ქმრის წლისთავი ყოფილა და რაღაცები მოუტანია სახლიდან _ საჭმელი, ნამცხვრები, ხილი… ნანკას პირი არ დაუკარებია არაფრისთვის. ის კი არა, ამდგარა და ქალის თვალწინ, პირდაპირ ურნაში ჩაუყრია, რაც დარჩა. ჯინაზე ავდექი, ვაშლი გავრეცხე და მივაწოდეო. რა უქნია, იცი? ქაღალდით აუღია, ხელახლა გაურეცხავს, მერე გაუთლია და ისე შეუჭამია. აზრზე ხარ, რა დონის «ტრიპაჩია»? ვითომ ჟენიაზე სუფთა იყოს თვითონ. მიმიფურთხებია მაგის სილამაზისთვის. მაგდენი პლასტიკური რომ მქონდეს გაკეთებული, მეც ლამაზი ვიქნებოდი.

მეღიმებოდა მის ნათქვამზე.

_ მერედა, ვინ გითხრა, რომ ლამაზი არ ხარ? ჩაიხედე მაინც სარკეში, შესანიშნავი ხარ.

ამ დროს ბექამ შემოაღო კარი.

_ მეც მინდა ეგ შოკოლადისფერი საოცრება, _ თავით ყავის პაკეტისკენ ანიშნა ნათიას და მერე მე შემომხედა მრავლისმეტყველი მზერით.

_ რომელი გინდა?

_ რძიანის სუნი მცემს, გააქვს?

_ მაშა! _ შესცინა ნათიამ.

_ ჰოდა, რძიანი გამიკეთე.

_ შე-ენც, ბექა? _ გადაიკისკისა ნათიამ და სახე რომ დაემალა, წელში მოიხარა. მეც ვერ შევიკავე სიცილი.

_ თქვენ რაღაცას მიმზადებთ, მგონი. აბა, მომახსენეთ, რაშია საქმე? _ ბექა კისერში წვდა გოგოს და ხელი წაუჭირა.

_ გამიშვი, გამიშვი, დედას გაფიცებ, არ მომიჭირო, დამილურჯდება!

_ მაშინ მითხარი, რატომ იცინით.

_ რატომ და, რძიანი ყავა მკერდს ადიდებს თურმე, _ სიცილისგან დაოსებულმა ძლივს მოვითქვი სული და «მივახარე» ბექას ახალი აღმოჩენა.

_ ვა, რა კარგია! ესე იგი, ძუძუებში რძე ჩამიდგება? გამიკეთე, გამიკეთე! _ ბექა სავარძელში ჩაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.

8 8 8

ოპერაცია ოთხ საათს გაგრძელდა. სანდროს ნანკა ეხმარებოდა. ნერვიულობდა მაესტრო, ვერ შეუნარჩუნა პაციენტს თირკმელი. როგორ ეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.

_ მგონი, ფხიზლდება, _ წამოიძახა უცებ ნანკამ.

_ დაამატეთ ნარკოზი! _ გასცა ბრძანება სანდრომ ისე, თითქოს მე კი არა, სხვას მიმართავდა.

_ ეს საშიშია, შეიძლება ვერ გაუძლოს, _ გავაპროტესტე.

_ გააკეთე, რაც გითხარი, მე ვაგებ პასუხს, _ ტონს აუწია.

_ აბა, რა ქნას, შუა გზაზე ხომ არ მიატოვებს ოპერაციას? _ გამოექომაგა ნანკა.

მტრულად გავხედე.

_ სანდრო, ეს ცუდი აზრია, ადგილობრივს გავუკეთებ, _ ჩემსაზე ვიდექი.

_ დაამატე ნარკოზი, რომ გეუბნები! _ მოულოდნელად მთელი ხმით იღრიალა.

ადგილზე გავშეშდი. ასეთი სანდრო პირველად ვნახე. პასუხი არ გამიცია, უხმოდ მივტრიალდი და რაც შეიძლებოდა, მინიმალური დოზა ავიღე.

საშიში იყო დაუძლურებული ორგანიზმისთვის ამდენი ნარკოტიკი. შეიძლება, ვერც გამოსულიყო ნარკოზიდან. მე მაინც შევასრულე მისი ბრძანება. მართალია, ამით პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნიდი, მაგრამ თუ რამე მოხდებოდა, ჩემთან ერთად ისიც დაისჯებოდა…

…მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა და რასაც ვვარაუდობდი. ოპერაციიდან ორი საათი გავიდა და პაციენტი ვერ გამოვაფხიზლეთ. მთელი კლინიკა ფეხზე დადგა. ექიმები და ექთნები აქეთ-იქით დარბოდნენ, უკვე ვეღარ ვარკვევდი, ვინ რას აკეთებდა. ყურებში საშინელი გუგუნის ხმა ჩამესმოდა. ლამის იყო, გული წამსვლოდა ნერვიულობისგან. მერე გიგუშას ძმა შემოვარდა, რატომ არ გამოგყავთ რეანიმაციიდან, რა ხდებაო. ვაჟამ ხელი ჩამავლო ამ არეულობაში და შეუმჩნევლად გამარიდა იქაურობას, როგორც ყველაზე დიდი დამნაშავე. იყო ერთი გაწევ-გამოწევა და დედის გინება, ძლივს დააშოშმინეს ის ბიჭი. ბოლოს მთავარმა ექიმმა თავის კაბინეტში შეიყვანა ძმა და რძალი სალაპარაკოდ.

ძალიან ცუდად ვიყავი, ბრაზი მახრჩობდა. რომ დაეჯერებინა სანდროს ჩემთვის, ეს ხომ არ მოხდებოდა? ნანკამაც რომ აუბა მხარი?

_ ახლა არაფრის თქმა არ ღირს, მერწმუნე, ცხელ გულზე გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ, _ გიზელა მიმიხვდა, რომ სანდროზე «თავდასხმას» ვაპირებდი, _ სათქმელი ხვალ უთხარი, გესმის?

თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და კაბინეტში შევიკეტე. არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა. მხოლოდ ის მახსოვს, გელა რომ შემოვარდა ოთახში, გონს მოვიდა, რეფლექსები აღუდგა, შეკითხვებზე რეაგირებას ახდენსო… შვებით ამოვისუნთქე. ისიც გადარჩა და მეც. სანდროც, სხვათა შორის…

რვა საათი იყო, რომ გავთავისუფლდი. გარეთ გამოვედი. მესიამოვნა სუფთა ჰაერი. ღრმად ჩავისუნთქე. ბექა ფეხდაფეხ მომყვა, ჩვენ ხომ ერთად უნდა გაგვესეირნა. თანაც, ასეთი დაძაბული დღის მერე ნამდვილად არ მაწყენდა განმუხტვა. ბექა კი მისწრება იყო ამ საქმისთვის. _ დღეს ჩვენ დიდი გასეირნება გველის, _ შემომცინა სახეგაბრწყინებულმა ბექამ, _ დიდი გასეირნებისთვის კი დიდი მადლობა.

მეც გავუცინე, ხელი მკლავში გავუყარე და დავეყრდენი. მექანიკურად მაღლა ავიხედე. საორდინატოროს ფანჯარას სანდრო მოდგომოდა და თვალს არ გვაშორებდა… ბოროტი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე… მისი გულგრილობა სადღაც გამქრალიყო…



* * *

სასიამოვნო საღამო მელოდა. ბექასთან არ მოიწყენდი. დიდხანს ვიხეტიალეთ. მერე რესტორანში დამპატიჟა. ვიუარე.

_ რატომ? _ შეჩერდა და გაოცებულმა შემომხედა.

_ არ მინდა, რა, უბრალოდ, არ მინდა და მორჩა, _ ჩემსაზე ვიდექი.

_ ახლა არ მითხრა, რომ ჩემს ჯიბეს უფრთხილდები.

_ ასეც შეიძლება ითქვას, _ თავი დავუქნიე დამორცხვებულმა.

_ აპ-აპ-აპ! ეგეთები არ იყოს! ჩემს ჯიბეს შენი მოსაფრთხილებელი არაფერი სჭირს, ლამაზმანო. ის არც გარღვეულია, არც გახეული და არც დაკერებული. შენ წარმოიდგინე, ხელის ჩამყოფიც კი არავინ ჰყავს… ჩემ გარდა. ერთი სიტყვით, თითდაუკარებელია, მე ვიტყოდი _ ქალწული.

_ მართლა? _ სიცილი ვერ შევიკავე, _ რა საინტერესოა.

_ მართლა, მართლა. ასე მითხრა, მხოლოდ სოფის დავნებდებიო. მხოლოდ მას ექნება უფლება, ჩემს ტერიტორიაზე ხელები აფათუროსო.

_ ძალიან დიდი პატივია, ამას დაფასება უნდა.

_ აი, ხომ ხედავ, შენც კი შეგაწუხა სინდისმა. ამიტომ წავედით, რესტორანი გველოდება.

_ რა გაეწყობა, რადგან ასეა, უკან მიმაქვს ჩემი უარი.

_ როგორი «თავგანწირული» უარი თანაც… შემეცოდა, _ ღიმილით აკანტურებდა თავს ბექა.

ხელი ჩემს მხარზე ჰქონდა გადახვეული. ერთ მომენტში საჩვენებელი თითი, ვითომ შემთხვევით, ლოყაზე შემახო. სასიამოვნო ტალღამ სხეული გამითბო. არა, უნდა ვაღიარო, რომ მომწონს ეს ბიჭი, სიამოვნებით გავაგრძელებდი მასთან ურთიერთობას, რომ არა სანდრო. ის მიყვარს, ეს მომწონს. რა მემართება? იქნებ ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებ, რომ სანდრო ვაეჭვიანო? სოფი, სოფი, გამოუტყდი შენს თავს, რომ ასეა. ჰო, ასეა, მაგრამ ისედაც მომწონს, ამ მიზეზის გარეშეც, ამას ვერ დავმალავ, მაგრამ არჩევანზე რომ მიდგეს საქმე, არც დავფიქრდები, ისე ავირჩევ სანდროს. _ რატომ, იმიტომ, რომ გიყვარს? _ ჩამძახოდა შინაგანი ხმა. _ ჰო, იმიტომ, რომ მიყვარს. _ მაგრამ ის ხომ სხვისი ქმარია? _ მერე რა? _ ჯიბრში ვედექი მეორე «მეს». _ მერე ის, რომ მას სხვა ჰყავს, იგი დიდი ხანია, შენ არ გეკუთვნის. _ დავიბრუნებ! _ არ ვიხევდი უკან, _ ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის! _ ბექასაც გამოიყენებ? _ უხილავ ხმასთან პაექრობა არ ცხრებოდა. _ თუ საჭირო გახდა, აუცილებლად. _ უკვე იყენებ, _ ბოროტად ჩაიცინა ხმამ, _ და ეს ცუდად დამთავრდება!

უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა.

ამასობაში რესტორანში ამოვყავი თავი. რომ გამოვერკვიე, უკვე მაგიდასთან ვისხედით და ბექა ოფიციანტს მენიუს უკვეთავდა.

მიმოვიხედე. მცირე დარბაზი იყო, ცენტრში მუსიკოსები ისხდნენ, იქვე მევიოლინე იდგა და რომელიღაც ძალიან ნაცნობ მელოდიას აკვნესებდა მთრთოლვარე თითებით.

_ რას მიირთმევთ, ლედი? _ ოფიციალური ტონით მომმართა ჩემმა კავალერმა.

_ რა ვიცი, დიდად არ მშია, _ ავიჩეჩე მხრები.

_ არც მე მშია, მაგრამ ვცადოთ.

_ კარგი, მაშინ პიცას შევჭამ, სოკოთი.

_ ეგრე იყოს… დასალევი? შამპანური, ღვინო…

_ მარტინი, მარტინი მირჩევნია.

ოფიციანტმა შეკვეთა ჩაიწერა და წავიდა. ბექა ნიკაპით ხელებს დაეყრდნო და მეოცნებე თვალებით მომაჩერდა. ვეცადე, რაღაც სასიამოვნო მეთქვა.

_ იცი? შენთან კარგად ვგრძნობ თავს.

_ რა ბანალურია-ა-ა! _ პატარა ბავშვივით წამოიძახა.

_ მერე რა? _ გავწითლდი, _ შენ არ მითხარი, ერთხელ შენც სცადე, ბანალური იყოო?

_ მართალი ხარ, გითხარი და რომ იცოდე, ძალიან გიხდება.

_ ნუ მაშაყირებ. მე გულწრფელად გითხარი, რასაც ვფიქრობდი.

_ თუ ეს მართალია, სოფი, გეტყვი, რომ ამწუთას ყველაზე ბედნიერი მოკვდავი ვარ მთელ მსოფლიოში, _ ბექამ ხელები გამოსწია და ჩემი თითები ჩაბღუჯა.

თვალები დავხარე.

_ ის მაინც მითხარი, მცირედი შანსი თუ მაქვს? _ უცნაურად დამაშტერდა პასუხის მოლოდინში.

_ რატომაც არა, _ ისევ გავწითლდი.

_ «ის» რითი მჯობს, შეგიძლია ამიხსნა? _ მისთვის უცნობ მეტოქეს გადასწვდა მოულოდნელად.

სუნთქვა შემეკრა. ავილეწე.

_ ძალიან გთხოვ, ამ თემაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. არ მიყვარს შედარებები, _ ხელები გამოვწიე.

_ მაპატიე, შენი წყენინება არ მინდოდა.

_ შენ კარგი ხარ, ბექა, ძალიან კარგი, მაგრამ ამას დრო სჭირდება, უნდა გამიგო, _ მუდარით სავსე ტონით წარმოვთქვი.

_ ღმერთო ჩემო, ეს ბანალური კი არა, უბანალურესია, _ წამოიძახა მხიარულად, რომ სევდიანი განწყობა გაექრო.

_ რა, არ მოგწონს? _ მეც ავყევი.

_ მომწონს რომელია, «აღშფრთოვანებული» ვარ, _ საყვარლად გამიღიმა და თავი გვერდზე გადახარა, მერე უცებ სერიოზული გამომეტყველება მიიღო და გააგრძელა, _ უბრალოდ, არ მინდა, რომ მომატყუო. ტყუილი ღალატის ტოლფასია, თუ მატყუებ, ესე იგი, მღალატობ.

_ ჯერ ერთი, არ გატყუებ, მეორეც _ ტყუილი სხვაა და ღალატი _ სხვა. არსებობს კეთილი და ბოროტი ტყუილი, ღალატი კი არ შეიძლება კეთილი იყოს.

_ მეფილოსოფოსები? მოგიგებ, იცოდე. გინდა, დაგიმტკიცო, რომ ღალატიც შეიძლება კეთილი იყოს?

_ დამიმტკიცე, _ მკლავები ერთმანეთში გადავხლართე, მაგიდას დავეყრდენი და წინ გადავიხარე.

_ მაგალითად, შეიძლება უარი თქვა საკუთარ სიყვარულზე მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სიყვარულით სხვას ცხოვრება არ გაუფუჭო.

_ ეგ როგორ? _ გავფითრდი.

_ როგორ და… აი, დავუშვათ, მე და შენ გვიყვარს ერთმანეთი. ამ დროს მე ავად ვარ, მალე მოვკვდები. ან ნარკომანი ვარ, გამოუსწორებელი. ვიცი, რომ ჩემს ხელში ბედნიერი ვერასდროს იქნები. ასეთ შემთხვევაში მე შემიძლია გითხრა, რომ არ მიყვარხარ, ზურგი გაქციო და თავისუფლება მოგანიჭო, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ სხვა, უკეთესი ადამიანი იპოვო ცხოვრებაში. გასაგებია? ეს არ არის კეთილი ღალატი?

სახე მომებრიცა ამის გაგონებაზე, თითქოს ჩემი და სანდროს ურთიერთობის ამბავს მიყვებოდა, თითქოს ყველაფერი იცოდა ჩვენ შესახებ. მიტკლისფერი გავხდი.

_ სოფი, რა მოგივიდა, რა ვთქვი ასეთი?_ შეწუხდა ბექა და აწრიალდა.

_ არაფერი, არაფერი, _ სკამზე გავსწორდი და დარბაზის შუაგულისკენ უაზროდ გავიხედე.

არა, მან ჩემი წარსულის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ მაინც მიზანში მოარტყა…

ამ თემაზე საუბარი აღარ გაგვიგრძელებია. ოფიციანტმა შეკვეთა მოიტანა. ჭამის მადა დამეკარგა, ზრდილობის გულისთვის ერთი-ორი ლუკმა გავსინჯე მხოლოდ. ბექა გამომცდელად შემომხედავდა ხანდახან, მისი მხიარული განწყობაც გამქრალიყო სადღაც.

სასმელი ჩამოასხა, ბოკალი აიღო და მომიჭახუნა.

_ სოფი, შენ გაგიმარჯოს, იმიტომ, რომ ძალიან ლამაზი ხარ, იმიტომ, რომ ძალიან საყვარელი ხარ და კიდევ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად უყვარხარ ამქვეყნად ყველაზე ბანალურ მამაკაცს…

_ მთავარი ექიმის მოადგილეს, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატს და ასე შემდეგ, არა? _ სიტუაციის განმუხტვა ვცადე, მაგრამ… არ გამომივიდა.

_ ჰო, _ მოღუშულმა თქვა და დალია.

_ ნუ ხარ ეგრე, გთხოვ, _ ხელზე ხელი დავადე.

_ თუ სხვა გიყვარს, მითხარი და დღესვე დაგანებებ თავს, _ თქვა უცებ.

დავიბენი. რომ ვუთხრა, ასეა-მეთქი, სამუდამოდ დავკარგავ. რომ მოვატყუო, არ მინდა. რა ვქნა? როგორმე ოქროს შუალედი უნდა ვიპოვო. პასუხი დავაყოვნე.

_ მიყვარდა… ძალიან დიდხანს მიყვარდა… თანაც უიმედოდ… ახლა დავიწყებას ვცდილობ, _ ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით ვამბობდი თითოეულ სიტყვას.

_ სხვა მეტი არაფერი გინდა მითხრა? _ ჩამეძია.

_ სხვა? სხვა… შენ გაგიმარჯოს, იმიტომ, რომ უსაშველოდ კარგი ხარ, _ ბოკალი ავწიე, გავუღიმე და მოვსვი. მესიამოვნა ტკბილ-მწარე სითხე.

_ ხვალ მოდიხარ ნათიასთან? _ ბექამ მოულოდნელად შეცვალა საუბრის თემა.

_ ნათიასთან? რა ხდება?

_ დაბადების დღე აქვს.

_ არ ვიცი, ჩემთვის არაფერი უთქვამს.

_ გეტყვის ალბათ. მას ძალიან მოსწონხარ.

_ მეც მომწონს, კარგი გოგოა… კიდევ დაასხი, რაღაც დალევა მომინდა, _ ბოკალიანი ხელი მისკენ გავიშვირე და გამომწვევი მზერა ვესროლე.

_ ჯერ მითხარი, როგორი სიმთვრალე გაქვს, _ ეშმაკურად გამიღიმა ბექამ, გამოუკეთდა ხასიათი.

_ გადასარევი, სულ ვიცინი, _ მეც გავმხიარულდი.

_ მაშინ დავლიოთ, სადღეგრძელო შენზე იყოს.

_ იმ სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც არ ბერდება, _ რაღაც სისულელე ვთქვი.

_ თუ იმ სიყვარულს, რომელიც არ კვდება? _ მრავლისმეტყველი მზერა მესროლა.

_ სულერთია, მთავარია, რომ ორივე ბანალურია, _ გადავიკისკისე და მივუჭახუნე.

მევიოლინე მოგვიახლოვდა, ჩვენს მაგიდასთან შეჩერდა, წელში ოდნავ მოიხარა და მთელი გრძნობით ააკვნესა ინსტრუმენტი. ბექას გავხედე. საოცარი სევდა ჩადგომოდა ლამაზ თვალებში. წამიერად სურვილი გამიჩნდა, მოვფერებოდი… მუსიკოსი გაგვეცალა.

_ ვიცეკვოთ? _ ახალი სურვილი გამიჩნდა.

_ რატომაც არა, ცეკვა სასარგებლოა.

_ რისთვის?

_ დაახლოებისთვის, _ მაცდურად გამომხედა.

ღიმილი ვერ შევიკავე. მაჯაში ხელი ჩამავლო და საცეკვაო მოედანზე პატარა ბავშვივით გამიყვანა. ხელები მხრებზე ჩამოვაწყვე, მან წელზე მომხვია და მიმიზიდა. მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი. სასმელმა ცოტათი გამაბრუა. ლოყა ლოყაზე მივადე და გავინაბე. მისი ხელები თავიდან ოდნავ გაუბედავად, მერე კი მეტი სითამამით ამოძრავდა ჩემს ზურგზე.

_ რომ შემეძლოს, შეგისრუტავდი, _ ყურთან მომიტანა ტუჩები და ნაზად შემეხო.

ცხელი, ცხელი ტუჩები ჰქონდა. წარმოვიდგინე, როგორ მაკოცებდა, როგორი განცდა იქნებოდა მისი მოფერება. თვალები დავხუჭე. ისევ შემეხო ყურზე, ახლა უკვე მაკოცა. სხეული ჩემდა უნებურად მიიწევდა მისკენ. არ მიცდია წინააღმდეგობის გაწევა. უფრო მჭიდროდ მოვხვიე მკლავები კისერზე და თავი მკერდზე მივადე. ამით ისარგებლა და ყელზე დამეკონა. მაშინ კი ავწიე თავი, დარბაზს მოვავლე მზერა, ხომ არ გვიყურებენ-მეთქი. რამდენიმე წყვილი თვალი მოგვჩერებოდა, შემრცხვა.

_ წასვლა ხომ არ გინდა? _ მკითხა.

_ ჰო.

მაგიდას დავუბრუნდით, თითო ბოკალიც დავლიეთ, ბექამ დანახარჯი გადაიხადა და წამოვედით. კარგა მანძილი გავიარეთ უხმოდ, თითქოს ერთმანეთს ფიქრში არ ვუშლიდით ხელს. მერე ტაქსი გააჩერა. ასევე უხმოდ მიმაცილა სახლამდე. მანქანა გაუშვა და სადარბაზომდე მომყვა.

_ შინ ვერ გეპატიჟები, _ დუმილი მე დავარღვიე.

_ ვიცი. არ არის პრობლემა, ალბათ შენები გელოდებიან.

_ არავინაც არ მელოდება, მარტო ვცხოვრობ.

_ მართლა? — სიბნელეში დავინახე, როგორ გაუფართოვდა თვალები, _ მშობლები?

_ მოსკოვში არიან. მამა და ძმა იქ მუშაობენ, დედა მათთან არის, მხოლოდ ზამთრობით მსტუმრობს ხოლმე, იქაურ სიცივეს ვერ იტანს.

_ მერე როგორ გტოვებს ამისთანა მზეთუნახავს მარტო, არ ეშინია?

_ მე ჭკვიანი გოგო ვარ, მენდობა, _ გავიხუმრე.

_ ჰო-ო-ო… მე გამიჭირდებოდა, _ ორჭოფულად თქვა.

_ რა? ჩემი ნდობა თუ ჩემი დატოვება?

_ ერთიც და მეორეც, _ თქვა და ცხვირი ცხვირზე მომადო.

_ საძაგელი ვინმე ხარ, _ დავიჩურჩულე და ცხვირით გავეხახუნე.

_ ვიცი და ახლა უფრო დიდ საძაგლობას ჩავიდენ, _ მიპასუხა და სანამ გონს მოვეგებოდი, ხელი წამავლო და ტუჩებზე დამაცხრა.

არც ახლა გავუწიე წინააღმდეგობა, ერთი რამის შემეშინდა მხოლოდ _ კოცნაზე კოცნით არ მეპასუხა. შემეშინდა, მისი ალერსი იმაზე ვნებიანი არ აღმოჩენილიყო, ვიდრე სანდროსთან განცდილი. არადა, ცდუნებამ მძლია, სასმელმაც თავისი ქნა. წუთიერად დავყევი მამაკაცის ნებას, დავმორჩილდი, საამოდ მივუშვირე ტუჩ-ყელი, მაგრამ საპასუხო კოცნა ვერ გავიმეტე, არ მივეცი თავს ამის უფლება. თუმცა იმწუთას მხოლოდ ერთი რამ მინდოდა _ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ეს სიამოვნება.

ბექას გახურებულმა ტუჩებმა ყელიდან მკერდზე გადაინაცვლა, ხელები კი პიჯაკქვეშ შემიცურა და კოფთა ამომიჩაჩა. შიშველ სხეულზე ვიგრძენი მისი ძლიერი მკლავ-თითების შეხება. ისინი ნელ-ნელა, წრიული მოძრაობით მოიწევდნენ ჩემი ვნებით ამბოხებული მკერდისკენ. არა, ეს უკვე მეტისმეტია, ახლა უნდა შევაჩერო, ვამბობდი გონებაში, მაგრამ სხეული არ მემორჩილებოდა, იგი ყველაფრის ნებას აძლევდა მამაკაცს. ის ისეთივე მორჩილი იყო, როგორც იმ ღამეს, სანდროს რომ ეკვროდა სიამოვნებისაგან გაბრუებული. ცოტაც და თავს დავკარგავდი…

_ ბექა, საკმარისია, გეყოფა, _ დავიკრუსუნე.

_ ცოტა ხნით ამოვალ შენთან, კარგი? სულ ცოტა ხნით, _ ჩურჩულებდა აღგზნებული.

_ არა, არა! _ მკაცრად ვთქვი და ხელი ვკარი, ტანსაცმელი სასწრაფოდ გავისწორე, სადარბაზოში შევვარდი და კიბეს სირბილით ავუყევი.

ბექა არ გამომკიდებია… თავი მარტო რომ დავიგულე, შევჩერდი, სული მოვითქვი. რას ჰგავს ჩემი საქციელი, როგორ ვიქცევი, ერთი მიყვარს, მეორეს ვეფერები _ ეს ნორმალურია?

კართან მისულს უცნაური სიურპრიზი დამხვდა, ვიღაცას ყვითელი ტიტების თაიგული დაეტოვებინა სახელურში გაჩრილი. საყვედურით სავსე მზერით შევხედე ყვავილებს, ვერ მივხვდი, ვისი ბოროტი ხუმრობა უნდა ყოფილიყო. ვერ ვიტან ყვითელ ფერს, იგი ხომ ღალატის, ეჭვის, სიძულვილის, ეპიდემიის, დაუძლურების ფერია. გულმა რეჩხი მიყო. არა, ეს შეუძლებელია! სანდრო ამას არ იზამდა! _ ვიმშვიდებდი თავს. მაშინ ვისი ნახელავია? ასეთი სიძულვილით ვის გავახსენდი? ვინ იცის, რომ ყვითელი ფერი არ მიყვარს?

ასეთი არავინ მეგულებოდა. სანდროს მოფიქრებული იქნება, სამაგიეროს მიხდის ალბათ.

კარი გავაღე, შუქი ავანთე და მოწყენილი ყვავილები ლარნაკში ჩავალაგე, ფურცლებზე შემოკრული რეზინები მოვაცალე და წყალიც ჩავუსხი. საწოლზე ჩამოვჯექი და თაიგულს მივაჩერდი. ეს გამოწვევაა? როგორ მითხრა იმ დღეს? შენი ცხოვრება კიდევ უფრო მოსაწყენი გახდება, გპირდებიო, არა?.. ეს მუქარის პირველი ნაბიჯია ალბათ.

ფეხსაცმელი გავიხადე და ლოგინზე გავიშოტე. როგორ დავიღალე. დაძინება არ მაწყენდა. თვალწინ ჯერ ბექა დამიდგა, მერე _ სანდრო. ერთდროულად ორივე მამაკაცზე ვფიქრობდი. მეშინია, გაორება არ დამემართოს. არა, ბექა არ არის ხელიდან გასაშვები «კანდიდატურა», მაგრამ სანდროს რა ვუყო? მის მიმართ დაუოკებელი ჟინი უფრო მამოძრავებდა მგონი, ვიდრე სიყვარული. რაღაც ჯიბრის მომენტი მქონდა. მინდოდა საბოლოოდ დამემარცხებინა იგი, შური მეძია იმ წარსულისთვის, რომელიც გამიმწარა. მან ყველაფერი წამართვა _ მომპარა სინათლე, ჰაერი და ცა, მიწა და წყალი… თავისუფლად არსებობის უფლება არ მომცა. ამას ვერ ვაპატიებ.

თვალები მებლიტებოდა, ფიქრებით ბექას გადავწვდი, ჯერ კიდევ ვგრძნობდი მისი ტუჩების მხურვალებას სხეულზე. რა კარგი მოფერება სცოდნია. არ მეგონა, ეს საქმე სანდროზე უკეთ თუ შეეძლო ვინმეს. ახლა მხოლოდ მასზე ვიფიქრებ, ერთი ღამით დავივიწყებ «მაესტროს», ეს ღამე ბექას ეკუთვნის, _ მტკიცედ გადავწყვიტე, მაგრამ ძილმა მალე წამართვა თავი.

8 8 8

დილით ჩიტების ჭიკჭიკმა გამომაღვიძა. ღია სარკმლიდან ცივი ნიავი უბერავდა…

სამსახურში წასასვლელად გავემზადე, მაგრამ ჯერ ადრე იყო. სავარძელში ჩავჯექი და ჩემი პატარა, ორნამენტებიანი მუთაქა ჩავიხუტე, თან ყვითელ ტიტებს გავყურებდი, რომლებიც უაზროდ გაშლილიყო და ალაგ-ალაგ ფურცლებიც დასცვივნოდა. ცალი ხელით მუთაქას ვეფერებოდი, მეორეთი ყავას ვწრუპავდი. ოდნავ მტკიოდა თავი, ალბათ მარტინის ბრალია. რა ლამაზი ცხოველებია ამოქარგული ამ მუთაქაზე, განსაკუთრებით ეს ლომი მომწონს, შველს რომ მისდევს მტაცებლური მზერით… ეს შველი მე ვარ ალბათ, ლომი კი… რა თქმა უნდა, სანდროა, მაგრამ… მომდევს კი? თუ მე მივდევ?.. გამეცინა…

ათ საათზე კლინიკაში ვიყავი. მანქანა დავაყენე და შენობაში შევედი. საორდინატოროში შევიხედე და უხალისოდ მივესალმე თანამშრომლებს.

_ სოფიო, საღამოს ხომ გცალია? _ ნათია მომიახლოვდა.

_ კი, რატომაც არა, რა ხდება? _ ვითომ არ ვიცოდი, ისეთი სახე მივიღე.

_ ჩემთან ამოდი, ვიქეიფოთ, _ მორიდებით გამიღიმა.

_ დაბადების დღე ხომ არ გაქვს შემთხვევით?
_ ჰო, ხომ მოხვალ?

_ აბა რას ვიზამ.

უცებ ნანკა მომიტრიალდა.

_ მთავარი ექიმი გიბარებს, _ კუშტად მესროლა.

ვაჟას და გელას გადავხედე, შემცბარი მიყურებდნენ. მივხვდი, რაც ხდებოდა. უხმოდ გავტრიალდი და დერეფანს დავუყევი. მორიდებით შევაღე ბატონი მიხეილის კაბინეტის კარი. სანდრო უკვე იქ იყო.

_ მოდი! _ მკაცრად მითხრა მთავარმა ექიმმა, ამჯერად «სოფიო» აღარ დააყოლა.

_ ახლა ორივენი აქ ხართ და იქნებ ამიხსნათ, რა მოხდა გუშინ, რატომ მოგივიდათ ნარკოზის ზედმეტი დოზა? _ მიხეილი ხან მე შემომხედავდა, ხანაც _ სანდროს.

მე გაჩუმება ვამჯობინე, კეთილი ენება და სანდროს პირველს ეთქვა, რისი თქმაც უნდოდა.

_ ვერაფერს გეტყვით, სიმართლე გითხრათ, მეც მიკვირს, რატომ გამოვიდა ასე, _ ჩაიბურტყუნა მან, თან ცდილობდა, ჩემთვის არ შემოეხედა.

სიბრაზემ ამიტანა, ასეთ ვერაგულ ტყუილს არ მოველოდი.

_ სოფიო, თქვენ რას იტყვით, გენაცვალე? _ ოფიციალური «გენაცვალე» გამოუვიდა მთავარ ექიმს.

_ რაც ქირურგმა მითხრა, ის გავაკეთე, _ ნერვულად წარმოვთქვი.

სიმწრისგან ხელები ამიკანკალდა და ხმაც. გამიჭირდა თავის შეკავება, აღვშფოთდი.

_ რა გითხრა, ზედმეტი დოზა მიეციო? _ ირონიულად მკითხა მიხეილმა და სათვალე მოიხსნა.

_ არა, მითხრა, დოზა დაამატეო. მე წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ვიცოდი, პაციენტი ძალზე დასუსტებული იყო და გაუჭირდებოდა.

_ ასე იყო, ბატონო სანდრო?

იგი ხმას არ იღებდა.

_ იქნებ ის იყო მართალი, რაც ნანკამ თქვა? _ იკითხა მოულოდნელად მიხეილმა.

_ ნანკამ რა თქვა? _ წარბები შევყარე, ეს რაღაც ახალი იყო ჩემთვის.

_ ერთი სიტყვით, ცუდი ამბავი მოხდა. თქვენს ჯიბრს თუ რაღაცას, არც ვიცი, ამას რა დავარქვა, კინაღამ ავადმყოფის სიცოცხლე შეეწირა. გაფრთხილებთ და ეს უკანასკნელი გაფრთხილება იქნება, კიდევ თუ განმეორდება მსგავსი შემთხვევა, ორივე დატოვებთ კლინიკას! _ მკაცრად წარმოთქვა მთავარმა ექიმმა და წამოდგა, რითაც მიგვანიშნა, შეხვედრა დამთავრებულიაო.

ლასლასით გამოვედი კაბინეტიდან. სანდროს შეცდომის გამო მეც ვისჯებოდი, ამის მოთმენა ძნელი იყო. გარდა ამისა, ნანკასაც ჰქონდა რაღაც მიქარული, რაც ჯერ არ ვიცოდი.

_ ნანკას რა უნდოდა? _ გარეთ გამოსულ სანდროს წინ ავესვეტე.

ხმა არ გამცა, ისე გამიარა გვერდით. დავეწიე და მკლავში ვტაცე ხელი.

_ არ გესმის, რას გეუბნები? _ წინ გადავუდექი.

_ ეგ მაგას ჰკითხე, მე კი თავი დამანებე, არაფერ შუაში ვარ.

სკანდალი არ მინდოდა, ამის არც თავი მქონდა და არც სურვილი. ვიცოდი, ნანკასთვის პასუხი რომ მომეთხოვა, ისტერიკას დაიმართებდა და მეც ბაზრის ქალის როლში გამოვიდოდი. გადავწყვიტე, სხვებისგან გამეგო, რა ჰქონდა ნათქვამი და იმის მიხედვით მოვქცეულიყავი. საორდინატოროში შევიხედე, ნათიას თვალი ვანიშნე, გამოდი-მეთქი. უცებ დერეფანში ჩოჩქოლი მომესმა. გავიხედე. ბექას კაბინეტიდან გამოსული ნანკა დავინახე.

_ ჩემი საქმისა მე ვიცი და ნურავინ მასწავლის, როგორ მოვიქცე, _ წიკვინებდა ქალი.

ნანკას გიზელა მოჰყვებოდა ფეხდაფეხ, თან რაღაცას ეუბნებოდა, მაგრამ მისი სიტყვები არ მესმოდა.

ჩემს კაბინეტში შევედი, ამასობაში ნათიამაც შემოაღო კარი.

_ გამაგებინეთ, რა ხდება?

_ წარმოდგენა არა მაქვს, ბექამ ნანკა დაიბარა, მაგრამ არ ვიცი, რატომ.

_ ის ხომ არ იცი, ჩემზე რა უთხრა მთავარ ექიმს?

_ შენ საიდან გაიგე? _ ნათია შეცბა.

_ თვითონ მითხრა.

_ მიხამ?

_ ჰო, რა იყო? მითხარი, რა აქვს ნათქვამი. გეფიცები, ხმას არ ამოვიღებ.

_ სოფიო, გთხოვ, არ თქვა, მე რომ გითხარი, მაგ ქალის გადაკიდება არ მინდა, გესმის? შეიძლება სამსახური დამატოვებინოს.

_ ხომ შეგპირდი, ნათი.

_ რაო და… სპეციალურად შეუყვანა გიგუშას ზედმეტი დოზა, რომ სანდროზე ეყარა ჯავრიო.

ამის გაგონებაზე თვალთ დამიბნელდა, ფეხებში ძალა წამერთვა, კინაღამ ჩავიკეცე. ნათიამ ხელი შემაშველა.

_ სოფიო, რა მოგდის? ცუდად ხარ? _ ფრთხილად მომკიდა ხელი და სავარძელში ჩამსვა.

_ მაინც რატომო, რა დაუშავა სანდრომ ამისთანაო? _ ძლივს ამოვთქვი.

_ არ ვიცი, ოპერაციის მსვლელობისას სანდრომ რაღაცაზე შენიშვნა მისცა, ცოტა უყვირა და სოფიო ამაზე გაბრაზდაო.

კიდევ კარგი, სხვა მიზეზი არ დაასახელა. ამან ცოტათი დამამშვიდა. მე იმის მეშინოდა, სანდრო ჩვენ შესახებ რამეს ხომ არ მოუყვა-მეთქი.

_ რა საშინელი ქალი ყოფილა, ეს რამ აფიქრებინა, _ გავმწარდი.

_ სოფიო, გთხოვ, არაფერი უთხრა, ასე აჯობებს. გაატარე საერთოდ, თითქოს არც გაგიგია.

_ რატომ, ნათი, რატომ უნდა ეგონოს მთავარ ექიმს, რომ ასეთი ბოღმა ვარ?

_ მიხა ის კაცი არ არის, ასეთი რამეები ადვილად დაიჯეროს… იცის, როგორი ბოროტიცაა ნანკა… ხომ არ ეტყვი, მე რომ გითხარი? _ საწყალობლად შემომხედა ნათიამ.

_ არა გრცხვენია, ნათი? ასე მიცნობ? ჩათვალე, რომ ჩვენ ამ საკითხზე არასდროს გვილაპარაკია.

_ გაიხარე, დიდი მადლობა. ყავა ხომ არ გინდა?

_ არა, დილით დავლიე, ახლა არაფერი მინდა.

_ წამო მაშინ, შემოვლა იწყება.

_ გამოვალ ცოტა ხანში.

ნათია გავიდა. შევეცადე, თავი ხელში ამეყვანა და ნერვიულობა არ შემტყობოდა. რამდენიმე წუთი დამჭირდა დასამშვიდებლად. მერე ავდექი, თეთრი ხალათი გადავიცვი და კაბინეტიდან გავედი…

8 8 8

შემოვლა ისე დამთავრდა, ვინ რას ამბობდა, ერთი სიტყვაც არ გამიგია,. რამდენჯერმე ბექას მზერას შევეფეთე, მაგრამ თვალი ავარიდე, მასთან გამოლაპარაკების სურვილიც აღარ შემრჩა. ერთადერთი რამ მინდოდა მხოლოდ _ დღის განმავლობაში სანდრო დამემარტოხელებინა. მისთვის მქონდა სათქმელი. მოვახერხე კიდეც, რეანიმაციის კართან შევეფეთე.

_ ძალიან უნიჭოდ გამოგივიდა, _ მივახალე ზიზღით.

_ რას გულისხმობ? _ ხელები ხალათის ჯიბეებში ჩაიწყო და არანაკლები ზიზღით ამხედ-დამხედა.

_ ყვავილებს.

_ რა ყვავილებს?

_ ჩემთვის რომ გამოიმეტე, იმას. მინდა გითხრა, რომ ტყუილად იზარალე. ხუთი ლარი სხვა, უფრო სასარგებლო რამეში შეგეძლო გამოგეყენებინა, _ მივაფრქვიე ბოროტი ფრაზები.

_ პირველად მესმის, არ ვიცი, რომელ ყვავილებზე მელაპარაკები, იქნებ შენმა «პაკლონიკებმა» მოგართვეს? _ გაოცება და ირონია ერთდროულად აღებეჭდა სახეზე.

იმდენად გულწრფელი მეჩვენა, ვამჯობინე, მეტი არაფერი მეთქვა, უპასუხოდ დავტოვე მისი შეკითხვა და ზურგი ვაქციე.

მაშ ვინ დამიტოვა ის ტიტები? თავს ვიმტვრევდი ფიქრით, მაგრამ ვერ ვხვდებოდი. სამუშაო საათები დამთავრდა. დღეს ნანკა იყო მორიგე. ერთით გამიხარდა, რადგან ნათიას დაბადების დღეზე არ იქნებოდა. მე ჯერ საჩუქარი უნდა მეყიდა, მერე შინ უნდა შემევლო, მინდოდა, კარგ ფორმაში ვყოფილიყავი, ამიტომ ტანსაცმლის გამოცვლა გადავწყვიტე. ნამდვილად არ მეხალისებოდა ახლა დაბადების დღეზე წასვლა, მაგრამ ნათიას ვერ ვაწყენინებდი, ამასთან _ ბექაც იქ იქნებოდა და სანდროც, ყველაზე მეტად ეს მიხაროდა. ბექა გამოსასვლელთან დამეწია, სად მიდიხარო. ავუხსენი, რასაც ვაპირებდი.

_ არ მომატყუო, იცოდე, _ თითი დამიქნია.

_ არა, ტყუილი ხომ ღალატის ტოლფასია, _ შევცინე.

_ ყოჩაღ, გესმის საგანი, _ ტუჩებით კოცნა გამოხატა და გამიღიმა…

8 8 8

…თავის მოწესრიგებას ორმოცი წუთი მოვუნდი. როცა გაპრანჭვას მოვრჩი, სარკეში ჩავიხედე, კარგ ფორმაში ვიყავი, ფურორი არ ამცდებოდა. საკუთარ ორეულს კმაყოფილმა გავუღიმე და ის იყო, წამოსვლა დავაპირე, რომ ზარი დაირეკა. კარს მივვარდი, დარწმუნებული ვიყავი, ბექა იქნებოდა…

ღიმილი პირზე შემაშრა, რადგან ზღურბლთან ვიღაც მსუქანი, უგემოვნოდ ჩაცმული, მაგრამ ლამაზი პირისახის ახალგაზრდა ქალი იდგა. თითქოს მეცნო კიდეც.

_ გამარჯობა, სოფიო, ვერ მიცანი? _ უცნობმა გამჭოლი მზერა მესროლა.

ტანში გამცრა… ხმა რომ ამოიღო, მხოლოდ მაშინ ვიცანი… ჩემ წინ ნიტა იდგა…



* * *

ადგილზე გავქვავდი. იმდენად მოულოდნელი იყო ნიტას გამოჩენა, ხმა ვერ ამოვიღე, თითქოს მიველურსმნე ერთ ადგილს.

_ შეიძლება შემოვიდე? _ ნაღვლიანი ღიმილი არ შორდებოდა ნიტას სახიდან.

_ მაპატიე, დავიბენი… ისე შეცვლილხარ, ქუჩაში რომ შემხვედროდი, ვერ გიცნობდი, _ ვიმართლე თავი და შემოვიპატიჟე.

რამდენიმე წუთის განმავლობაში ორივე გაუნძრევლად ვიდექით ერთმანეთის პირისპირ და ხმას არ ვიღებდით, მხოლოდ თვალებით ვზვერავდით ერთმანეთს. მას აინტერესებდა, ხდებოდა თუ არა ჩემსა და სანდროს შორის რამე, მე _ რა იცოდა ჩემი და სანდროს ურთიერთობის შესახებ.

_ ხედავ, ცხოვრება რა საოცარია? ბედმა ისევ ერთად შეგვახვედრა, _ თქვა და ამოიოხრა, _ მეგონა, გაგიხარდებოდა ჩემი ნახვა.

_ რატომ გგონია, რომ მეწყინა? უბრალოდ, ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. სულ ეს არის. დაჯდომაც კი ვერ შემოგთავაზე, ისე გამიკვირდა.

_ მე კი მეგონა, დამირეკავდი, მომიკითხავდი, უკეთეს შემთხვევაში, ჩვენს სანახავად მოხვიდოდი.

შუბლი შევიჭმუხნე.

_ მოვიდოდი? შენ ფიქრობ, რომ ეს მე უნდა გამეკეთებინა? ჩემი აზრით, პირიქით უნდა მომხდარიყო. სწორედ იმავეს ველოდი შენგან წლების წინ, შენ კი…

_ რაც მოხდა, ჩემი ბრალი არ იყო, სოფიო, გეფიცები. კინაღამ თავი მოვიკალი, როცა მამაჩემმა გამომიცხადა, სანდროს ცოლი გახდებიო, სასტიკ უარზე დავდექი, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მას ამის გაგონებაც არ სურდა, ცოფებს ყრიდა, სახლიდან გაგდებით მემუქრებოდა. ბოლოს სანდროს დედამაც მთხოვა, შვილს ნუ დამიღუპავო…

_ მერე? ხომ შეგეძლო, მოსულიყავი და მაშინვე გეთქვა ეგ ყველაფერი. რატომ არ მოხვედი? დაგერეკა მაინც… მაგრამ არ ისურვე. გინდა, გითხრა, რატომ? იმიტომ, რომ სანდრო შენც გიყვარდა და არც შენ გინდოდა მისი დაკარგვა. ტუზი დაგეცა და ხელსაყრელი მომენტი არ გაუშვი ხელიდან, _ გავცხარდი.

_ არ ხარ მართალი, არა! _ ნიტამ ხმას აუწია და თვალები ცრემლით აევსო, _ შენ არ იცი, რა დღე გამოვიარე. მთელ ღამეებს ტირილში ვათენებდი, როცა შენს მდგომარეობას წარმოვიდგენდი. გგონია, არ მაწუხებდა ეს?

_ რაც იყო, იყო, არ მინდა წარსულის გახსენება. იმედია, თოთხმეტი წლის შემდეგ ამის სათქმელად არ მოსულხარ, _ შევარბილე ტონი.

_ ჰო, ამის სათქმელად არ მოვსულვარ, თუმცა ამის უთქმელადაც არ წავალ აქედან და უნდა მომისმინო.

_ არ გინდა, ნიტა, აღსარების მოსმენა არ მსურს.

_ აღსარებისთვის არ მოვსულვარ. მხოლოდ ერთი რამ მინდა გთხოვო _ სანდროს ნუ წამართმევ.

_ საიდან მოიტანე ეგ სისულელე, რადგან ერთად ვმუშაობთ, გგონია, შენს ქმარს უკან დავდევ? _ ძალაუნებურად მუხლები მომეკვეთა და დავჯექი, ნიტაც დაჯდა.

_ შენი არ ვიცი, მაგრამ ვხედავ, სანდრო როგორ შეიცვალა ბოლო ხანებში. ღამეები არ ძინავს, ოხრავს, შინ მოსვლა აღარ უნდა, ხანდახან შუაღამისას გავარდება სახლიდან, კლინიკაში უნდა წავიდეო. ადრე არ გაუკეთებია ასეთი რამეები.

_ იქ მაშინ მიდის, როცა მძიმე ავადმყოფი ჰყავს დატოვებული, ახალნაოპერაციები.

_ ვიცი, მაგრამ, რატომღაც, ეს ყველაფერი მაინცდამაინც მაშინ ხდება, როცა შენ ხარ მორიგე.

_ ჯერ ერთი, მხოლოდ ერთხელ მოვიდა ჩემი მორიგეობის დროს, მეორეც _ შენ რა იცი, მე როდის ვარ მორიგე?

_ ამის გაგება ძნელი არ არის.

_ კლინიკაში რეკავ და იძიებ, ვინ არის ამაღამ მორიგეო? _ თვალები გამიფართოვდა.

_ თუნდაც. ხედავ, რა ადვილია?

_ პირდაპირ მითხარი, რა გინდა ჩემგან, ნიტა?

_ დამითმე ჩემი ქმარი, მე უფრო მჭირდება დღეს ის, ვიდრე შენ, უფრო სწორად, მის შვილებს სჭირდებათ. ვიცი, არ ვუყვარვარ, არც არასდროს ვყვარებივარ. რომ დავქორწინდით, მთელი ორი თვე ახლოს არ გამკარებია, არც კი მელაპარაკებოდა წესიერად. ნერვიულობისაგან გავხდი, თვალები ამომიღამდა, ტირილიც კი ვერ მგვრიდა შვებას. როგორც ჩანს, მერე და მერე შევეცოდე და, როგორც იქნა, დამდო პატივი, ადამიანურად მომპყრობოდა. არ დამავიწყდება ჩვენი პირველი ღამე… შუა ალერსში შენი სახელით რომ მომმართა. საშინელება იყო ამის მოსმენა, თითქოს გამთელეს, დამამცირეს, შეურცხმყვეს. არ შევიმჩნიე, აზრი არ ჰქონდა, თუმცა ვიგრძენი, რომ რაღაც გაცივდა ჩემში, ძველებურად აღარ მიყვარდა. არც ისეთი «იდეალური» აღმოჩნდა, როგორიც მეგონა. ბოლოს აიჩემა, რუსეთში უნდა წავიდეთ, აქ ცხოვრება არ მინდაო. ყველაფერზე თანახმა ვიყავი, რასაც მოისურვებდა, ოღონდ არ მივეტოვებინე. წავედით. თითქოს იქ უფრო დათბა ურთიერთობა, ალბათ სიშორემ თავისი გაიტანა. ერთი პერიოდი ვირწმუნე კიდეც, შევუყვარდი-მეთქი, ისე თბილად მექცეოდა, თუმცა გულის სიღრმეში სულ მეშინოდა, ყოველ წამს ველოდი, როდის წავიდოდა ჩემგან. არ მიმატოვა. ალბათ იმიტომ, რომ კარგი ცოლი ვიყავი. მისი გულისთვის შეუძლებელს ვაკეთებდი. პირველი შვილი რომ გაგვიჩნდა, გამომიცხადა, ნარკოტიკებს უნდა შევეშვა და დამეხმარეო. დავეხმარე. გამოგვივიდა. ამან უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს. მერე ბიჭი გაჩნდა, კიდევ უფრო ბედნიერი ჩანდა, თუმცა ჩემ მიმართ გაცივდა. დიდად არ მინერვიულია, არც მე ამომდიოდა მაინცდამაინც მზე და მთვარე. ოთხი წლის წინ თბილისში დავბრუნდით, მაინც აქეთ მოუწევდა გული, შეიძ…

_ ნიტა, რატომ მიყვები ამას, მაპატიე, მაგრამ არ მაინტერესებს, _ გავაწყვეტინე.

_ იმიტომ, რომ… არ ვიცი, რატომ…

გული შემეკუმშა. ძალიან შემეცოდა. მისმა ნათქვამმა ისე იმოქმედა ჩემზე, ცხოვრებაში პირველად, თავი ვალდებულადაც კი ვიგრძენი, სანდროზე უარი მეთქვა.

_ ჩვენ შორის არაფერი ხდება, დამიჯერე და არც არასდროს მოხდება, ამის პირობას გაძლევ, _ მტკიცედ ვთქვი.

_ ჩუმად ვამოწმებ მის მობილურს, შენი ზარი ხომ არ არის შემოსული, ან მესიჯებს ხომ არ უგზავნით ერთმანეთს. ერთი ფაქტიც ვერ დავაფიქსირე. ამან უარესად გამხადა. ვიფიქრე, ისე ფრთხილობენ, ყველანაირ კვალს შლიან-მეთქი, _ ისე ლაპარაკობდა, თითქოს ხმამაღლა ფიქრობდა.

_ ღმერთო, რაები გიფიქრია, ცხოვრებაში არ გამიგზავნია მისთვის მესიჯი, დარეკვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, სამსახურშიც კი იშვიათად ვკონტაქტობთ. მას შენ უყვარხარ, ნიტა, უდიდეს პატივს გცემს და გაფასებს, ეგ ნამდვილად ვიცი. მითხრა კიდეც, ასეთი რომ ვარ, ჩემი ცოლის დამსახურებააო.

მწარედ ჩაიცინა.

_ კარგია, სხვასთან მაინც თუ ამბობს ასე. ყველაფერს ვერ მოგიყვები, სოფიო, ან კი რა საჭიროა. მე არაფერს ვითხოვ მისგან, ოღონდ შვილებს ნუ შეაქცევს ზურგს და რაც უნდა, ის ქნას, როგორც უნდა, ისე მოიქცეს.

_ შენ თვითონ არ გჯერა, რასაც ამბობ. რომ გაიგო, ჩემთან რომანი აქვს, ჩუმჩუმად ვხვდებით ერთმანეთს, აპატიებ? ამას აიტან? ვერ აიტან, ამიტომ ნუ ამბობ ასე, ნუ იტანჯავ თავს. დამიჯერე, ტყუილად ნერვიულობ, მე სხვა მიყვარს, წარსული უკვე გამოვიტირე და დავივიწყე კიდეც. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, მე სხვას ვხვდები კარგა ხანია, სანდრო არაფერში მჭირდება, _ მინდოდა, ნიტას ჩემს ნათქვამში ეჭვი არ შეჰპარვოდა, მით უმეტეს, იმწუთას რასაც ვამბობდი, სულაც არ იყო ტყუილი, ამასთან, რაც მეტს მიყვებოდა თავის ცხოვრებაზე ძველი მეგობარი, მით უფრო ვშორდებოდი სანდროს.

ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა. ორივე შევკრთით.

_ მგონი, ის არის, _ გაღიმება ვცადე.

_ სანდრო? _ იკითხა შეშინებულმა.

_ არა, ეს ის არის, ვისაც ვხვდები, _ ვუპასუხე და კარისკენ გავემართე.

გავაღე. ბექა იყო.

_ რას შვრები, არ მოდიხარ? _ ქოშინებდა.

_ სტუმარი მყავს, ცოტა ხანში გამოვალ, _ ყრუდ ჩავილაპარაკე.

_ ვა, ნიტა?! შენ აქ საიდან გაჩნდი? თქვენ რა, იცნობთ ერთმანეთს? _ გაოგნებული ხან მე შემომხედავდა, ხან მას.

_ ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ, _ გაიღიმა ნიტამ, წამოიწია და გადაკოცნა.

_ ბავშვობი-ი-ის? საინტე-რე-სო-ა! _ საეჭვო ტონით წამოიძახა, _ ძალიან კარგი, ეს სიურპრიზი იყო ჩემთვის. ჰე, ადექით ახლა, რას უცდით, არ წავიდეთ? შენც ხომ მოდიხარ, ნიტუშ?

_ არა, ბექა, მე ვერ წამოვალ, სოფოს უნდა გავუარო ინგლისურზე, იქიდან გვიან გამოდის და უნდა დავხვდე, _ ნიტა წამოდგა.

_ სოფო ვინ არის? _ რაღაც მენიშნა.

_ ჩემი ქალიშვილია, შენი სახელი დავარქვი, _ დარცხვენით თქვა ნიტამ და თითქოს დანანებით დააქნია თავი, _ ყოველთვის მინდოდა, ჩემი პირველი შვილის ნათლია შენ ყოფილიყავი, მაგრამ… აბა, კარგად იყავით, ჩვენც გვსტუმრეთ ხოლმე, არ ვართ, ბატონო, ცუდი მასპინძლები. მაინცდამაინც დაბადების დღე უნდა გვქონდეს, რომ შემოგვიაროთ? _ სცადა, მხიარულად გამოსვლოდა.

_ მოიცა, ერთად გავიდეთ, მანქანით ვარ, გაგიყვან, _ ბექას ხმა შეცვლოდა.

_ მეც მანქანით ვარ, დიდი მადლობა, _ გაუღიმა ნიტამ, კიდევ ერთხელ დაგვემშვიდობა და გავიდა.

ბექამ გამომცდელი მზერა მესროლა. თვალი ავარიდე, ახსნა-განმარტების არც თავი მქონდა და არც სურვილი. ჩანთას დავუწყე ძებნა.

_ ჩვენც წავიდეთ, არა? _ ვეცადე, რაც შეიძლებოდა, ბუნებრივად მეთქვა, მაგრამ არ გამომივიდა.

_ წავიდეთ, _ არც ბექას გამოუვიდა ბუნებრივად.

მთელი გზა ისე გავიარეთ, კრინტი არ დაგვიძრავს. არაფერი უკითხავს, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ კითხვები დაუგროვდა. ჩემი და სანდროს ურთიერთობაში ნამდვილად არ იგრძნობოდა, რომ მისი ცოლის ბავშვობის მეგობარი ვიყავი. ეს კი ეჭვს თავისთავად ბადებდა. არა უშავს, გაუვლის, ვფიქრობდი ჩემთვის, თუ მკითხავს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვუყვები ყველაფერს, თუ არადა, სულაც არ არის საჭირო. ეს ჩემი ცხოვრებაა და მხოლოდ მე მეხება…

8 8 8

ნათიასთან ჩვენმა ერთად გამოჩენამ აჟიოტაჟი გამოიწვია.

_ სად დადიხართ, თქვენ, სად? _ წამოიძახა ვაჟამ, _ გაშრა ყელი, ასე უნდა? დავწყდით ლოდინით.

იუბილარი გადავკოცნე, მივულოცე და საჩუქრად სუნამო გადავეცი. ბექამ ვარდების თაიგული და კიდევ რაღაც მიართვა პარკით.

_ აჰა, როგორც იქნა, ყველანი «შავიყარენით», დაგვდეთ ახლა პატივი და გვითამადეთ, ბატონო მთავარი ექიმის მოადგილევ, _ ვაჟა კარგ ხასიათზე იყო.

ბექა უარზე დადგა, საჭესთან ვარ და ბევრს ვერ დავლევო. სხვა რა გზა იყო, თამადობა ისევ ვაჟას უნდა ეკისრა. მგონი, გაუხარდა კიდეც.

მაგიდასთან მსხდომთ თვალი მოვავლე. გელა იყო, ვაჟა, სანდრო, გიზელა და ორიც უცნობი გოგონა, ალბათ ახლო მეგობრები. მერე გაგვაცნო ნათიამ, ჩემი კლასელები არიანო. მე და ბექა სანდროს პირდაპირ აღმოვჩნდით სუფრასთან, გიზელა ჩემ გვერდით იჯდა.

_ ძალიან უხდებით ერთმანეთს, _ გადმომიჩურჩულა გიზელამ, _ ლამაზი წყვილი ხართ და გულით მიხარია.

პასუხად მხოლოდ გავუღიმე. ამ დროს სანდროს გამომცდელი მზერა დავიჭირე, თვალებით მბურღავდა. მასაც იგივე ღიმილი «გავუმეორე».

_ მიხეილი არ მოვა? _ გიზელას გადავულაპარაკე.

_ ა-რა, მიხა ასეთ საღამოებზე არ დადის, ცოლი უშლის დალევას, დიაბეტი აწუხებს, _ გიზელამ სიგარეტს მოუკიდა.

_ რა გადმოგიღო? _ მკითხა ბექამ.

_ სიმართლე გითხრა, ჯერ არაფერი მინდა, არ მშია. ლიმონათი დამისხი, მეტი არაფერი.

_ არის ლიმონათი სრული სვლით, _ გაიხუმრა, მაგრამ მაინც მოწყენილი მეჩვენა.

არ შევიმჩნიე.

ვაჟამ რამდენიმე სადღეგრძელო შესვენების გარეშე მიაყოლა.

_ რა მაგარი თამადაა ეს ბიჭი, სადღეგრძელოს სადღეგრძელოში «აჯენს», _ ბექა ცდილობდა, გამხიარულებულიყო, _ მაგრამ ცოტა რომ შეგვასვენო ხანდახან, არ შეიძლება, კაცო, რა ავტომატის ჯერივით მოგვაყარე, დრო რეგლამენტით გვაქვს, თუ იცი? ნათი, მშვენიერო, ჯერ ხომ არ გვყრი სახლიდან?

ყველას გაეცინა.

_ ბატონო ბექა, თუ ჩემი თამადობა არ მოგწონთ, თავად დათანხმებულიყავით მაშინ. არ ვსვამო, ესაო, ისაო, ლამაზი ქალი მაბარია გასაცილებლადო, იმას მთვრალი კაცები არ უყვარსო, _ გაეხუმრა ვაჟა, _ ერთსაც ვიტყვი და მერე პაუზას გამოვაცხადებ, რაც გაგიხარდებათ, ის გააკეთეთ, _ ხელი გაშალა და მორიგი სადღეგრძელო წამოიწყო.

_ მაგას რა სჭირს, რაღაც ვერ არის ხასიათზე, _ წამჩურჩულა გიზელამ და თვალებით ბექაზე მანიშნა.

_ არ ვიცი, არ მიკითხავს, _ მხრები ავიჩეჩე.

_ ალბათ დღევანდელზეა გაბრაზებული.

_ რა დღევანდელზე?

_ ნანკას რომ «დაახურა» თავზე.

_ ჰო, მართლა, რა უნდოდა ნანკასგან?

_ მერე მოგიყვები, გრძელი ამბავია. ისე, შენ გამო ეჩხუბა და ღირსიც იყო, მე თუ მკითხავ. კიდევ კარგი, დღეს მორიგეა და ვერ მოვიდა, დაიწყებდა «როჟების»კერვას.

_ შეიძლება არც მოსულიყო.

_ გეგონოს! არ იცი, როგორი «სტერვაა», სპეციალურად მოვიდოდა, რომ ყველასთვის ჩაეშხამებინა საღამო. მით უმეტეს, ბექაც აქ ეგულებოდა და სანდროც. ეგ ხომ «ხიშნიცაა», არც ერთ შანსს არ უშვებს ხელიდან, თუ ჩაუვარდა.

_ როგორ, ორივეს ეპრანჭება?

_ ეპრანჭება? ეს ის სიტყვა არ არის, ეპრანჭება კი არა, ლამისაა, სახლში შეუხტეს ერთსაც და მეორესაც.

«აბა ჩემგან რა უნდა ნიტას, ჩემზე რაღას ეჭვიანობს? ნანკას და მის ქმარს მიხედოს», _ გავიფიქრე ჩემთვის და სანდროსკენ გავაპარე მზერა. ჩვენი თვალები კვლავ შეხვდა ერთმანეთს. თითქოს მექადნებოდა, ისე მიყურებდა. ბექას გადავხედე. ის სანდროს მისჩერებოდა. უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა. აშკარა იყო, მამაკაცებს შორის ფარული ომი დაიწყო. ამასობაში ნათიამ მაგნიტოფონი ჩართო. ვალსის მელოდია გაისმა.

_ არ შევუდგეთ საქმეს? _ ჩემკენ გადმოიხარა ბექა.

_ რა საქმეს? _ ვერ მივუხვდი.

_ ის, რაც ასე სასარგებლოა დაახლოებისთვის.

გამეღიმა, ცეკვას გულისხმობდა.

_ შევუდგეთ.

ავდექით. ბექამ ხელი ჩამავლო და ცეკვა-ცეკვით გამიყვანა შუა ოთახში. სხვებიც აგვყვნენ. გელამ ნათია გამოიწვია, გიზელამ _ სანდრო. ის ორი გოგონა თავისთვის იჯდა განმარტოებით და ჩვენ გვიყურებდა. ბექა და სანდრო დროდადრო ერთმანეთისკენ აპარებდნენ თვალს, ერთმანეთს აკონტროლებდნენ. ნამდვილი მზერათა ომი გაჩაღდა. სიტუაცია იძაბებოდა. მით უმეტეს, რომ სანდრო სვამდა, ბოლომდე ცლიდა ჭიქას ყოველ სადღეგრძელოზე.

_ როგორც ჩანს, ბევრი გაქვს ჩემთვის მოსაყოლი, _ მითხრა ბექამ და ხელი ძლიერად მომხვია წელზე.

_ რაზე მეკითხები? _ თვალი თვალში გავუყარე.

_ ნიტაზე, სანდროზე და ასე შემდეგ, აღარ დავაკონკრეტებ.

_ დიდი არაფერი, ჩვენ ერთად ვსწავლობდით პირველ კურსზე.

_ სულ ეს არის? _ დაეჭვდა.

_ სულ ეს არის, _ მხრები ავიჩეჩე.

_ ვფიქრობ, შენსა და სანდროს შორის მტრული დამოკიდებულება უფრო იგრძნობა, ვიდრე მეგობრული.

_ რას გულისხმობ?

_ იმას, რომ თქვენს ურთიერთობაში არ ჩანს, მისი ცოლის მეგობარი თუ ხარ.

_ ვიყავი, მაგრამ დიდი ხნის წინ, თანაც სანდროს კარგად არც ვიცნობდი. დაქორწინდნენ თუ არა, მაშინვე მოსკოვში წავიდნენ, დავკარგეთ ერთმანეთი.

_ არც ის იცოდი, შვილს შენი სახელი რომ დაარქვა, ეს უცნაურად არ გეჩვენება?

_ დაკითხვას მიწყობ? _ ცივად ავხედე.

_ შენი აზრით, არ უნდა დავინტერესდე?

მისი შეკითხვა უპასუხოდ დავტოვე.

_ გიყვარდა? _ არ მომეშვა.

უარყოფას აზრი არ ჰქონდა.

_ ჰო, ერთ დროს, კმაყოფილი ხარ?

_ ახლა? ახლა რა ხდება?

_ ჩვენს ურთერთობას ეტყობა, რომ რამე ხდება? _ კონტრშეკითხვა დავსვი.

_ შორიდან ძნელი სათქმელია, მაგრამ ეჭვიანი კაცი სხვა დასკვნებს გამოიტანდა, _ გამჭოლი მზერა მესროლა.

_ მაგალითად?

_ მაგალითად, იფიქრებდა, ეს ლამაზი გოგო თავისი ინტრიგისთვის ხომ არ მიყენებსო.

ცივმა ოფლმა დამასხა. ნაწილობრივ ხომ მართლა ასე იყო, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ბექა ნამდვილად მომწონდა, ხოლო ამწუთას სანდროზე მეტადაც კი მიყვარდა. არ ვიცი, შეიძლება მეჩვენებოდა ეს ყველაფერი, შეიძლება მხოლოდ გარემოებამ გამოიწვია, ასე მეფიქრა, მაგრამ ახლა ნამდვილად ასე იყო.

_ მე ორგული არასდროს ვყოფილვარ.

_ ეს იმას ნიშნავს, რომ არ მატყუებ? ხომ იცი, ტყუილი ღალატის ტოლფასია, ასე არ მითხარი?

_ ასეა.

_ ესე იგი, შემიძლია მშვიდად ვიყო?

_ შეგიძლია, _ ვთქვი და შევხედე.

_ მაგრამ მაინც სცადე ჩემი მოტყუება, ასე არ არის?

მუსიკა შეწყდა, ჩვენ-ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით. ხასიათი გამიფუჭდა. მინდოდა, დროზე გავცლოდი აქაურობას. ამ დროს სანდრომ დამიძახა, ერთი წუთით მოდიო და აივანზე გავიდა. მუხლები მომეკვეთა. ლასლასით მივუახლოვდი, შემეშინდა, ეჭვიანობის სცენა არ გაემართა.

_ ის ყვავილები ნიტას «დამსახურება» ყოფილა, ბოდიშს გიხდი. ამისთვის დაისჯება, _ ყრუდ ჩაილაპარაკა და სივრცეს გახედა.

საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი. ნუთუ მართლა? თვითონ რატომ არაფერი მითხრა ნიტამ? ორიოდე საათის წინ ჩემთან არ იყო? იქნებ ვერ მოასწრო ან შერცხვა თავისი საქციელის?

_ ეს მეტჯერ არ განმეორდება, დამიჯერე, _ თავი მოაბრუნა სანდრომ, _ ვატყობ, რომ რაღაცები იცვლება. მე ბევრს ვფიქრობ, სათანადო გადაწყვეტილებას ამ დღეებში მივიღებ და მერე შევხვდეთ, დავილაპარაკოთ.

_ არ არის საჭირო, ყველაფერი დამთავრებულია.

_ რა? რა მითხარი? _ თავი დახარა და ქვემოდან ამომხედა.

_ ყველაფერი დამთავრებულია-მეთქი, შენთან შეხვედრის სურვილი უკვე გამიქრა. აღარაფერი მაქვს სალაპარაკო, _ გარკვევით წარმოვთქვი და წამოსვლა დავაპირე, მაგრამ მკლავში ჩამჭიდა ხელი.

_ მომისმინე, სოფი, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი, ამიტომ აუცილებლად მოგვიწევს ცალკე შეხვედრა.

_ მართლა? რაღაც მეეჭვება. შენთვის ხან სოფი ვარ, ხანაც სოფიო, იმის მიხედვით, როდის რომელი სახელი გჭირდება. იცი, რას მაგონებს შენი საქციელი? კატათაგვობანას. მე შენი თაგვი არა ვარ, რომ მეთამაშო _ როცა გინდა, გამიშვა და მერე ისევ თავს დამაცხრე. შენი სიყვარულის მსხვერპლი არ გავხდები, არასდროს, არასდროს, არასდროს! ეს დაიმახსოვრე. თუ ჩემთან ყოფნა გინდოდა, თავის დროზე გეფიქრა ამაზე.

_ მაშინ ჭკუა არ მეყო.

_ საუბედუროდ, ჭკუა ყოველთვის იმაზე მეტი გქონდა, ვიდრე გჭირდებოდა. შემეშვი, ასე აჯობებს.

_ საინტერესოა, ვისთვის?

_ ორივესთვის.

_ რაღაც არა მგონია. გგონია, ვერ ვხვდები, მაგასთან რატომ დადიხარ? მე რომ გადამიყვანო ჭკუიდან, იმიტომ. ჩემი დავიწყება რომ არ შეგიძლია, იმიტომ. გინდა მაეჭვიანო, გამამწარო. ვაღიარებ, რომ მიაღწიე მიზანს.

_ არ მაინტერესებს, ჩემთვის შენ უკვე აღარ არსებობ. რაც ბექა გავიცანი, მას შემდეგ ვევედრები ღმერთს, დამეხმაროს შენი სიყვარულისგან გათავისუფლებაში.

_ მერე? დაგეხმარა?

_ ჯერჯერობით შემიძლია გითხრა, რომ ბოლომდე ვერა, მაგრამ ეს უკვე პროგრესია. დანარჩენში ბექა დამეხმარება.

_ ამას არ დავუშვებ, იცოდე! _ კბილებში გამოცრა.

_ ისე კარგად დაუშვებ, როგორც დაგიბარებია! _ ნიშნისმოგებით წარმოვთქვი და გამოვტრიალდი.

ბექა თავის ადგილზე იჯდა თავჩაღუნული და ღვინით სავსე ჭიქას უაზროდ ატრიალებდა ხელში. გიზელამ კითხვით სავსე მზერა მომაპყრო. თვალებით ვანიშნე, ისეთი არაფერია-მეთქი და ბექასკენ დავიხარე.

_ მე მივდივარ, წამიყვან? _ მხარზე შევეხე.

უცნაურად ამომხედა, თითქოს პირველად მხედავსო.

_ სად გეჩქარება, ვიყოთ, ვერ ხედავ, რა მშვენივრად ვატარებთ დროს? _ ირონიულად თქვა.

_ წავედი, _ ჩანთას ხელი დავავლე, ყველას დავემშვიდობე და კარისკენ გავემართე.

ნათია გამომეკიდა, სუფრიდან სხვების შეძახილებიც დამეწია, მაგრამ ყურადღება არავის მივაქციე. ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდი აქედან.

_ მაპატიე, ნათი, უნდა გავიქცე, საქმე მაქვს, _ ნათიას ლოყაზე ვაკოცე, მის პასუხს არ დაველოდე და კიბეზე კისრისტეხით დავეშვი.

ცივი ნიავი სახეში მცემდა, თმას მიწეწავდა. ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა ღაწვებზე. მეზიზღებოდა სანდრო, მძულდა, გული მერეოდა მის გახსენებაზე… რამდენიმე მეტრი რომ გავიარე, ნელი სვლით მოახლოებული მანქანის ხმა გავიგონე, მერე ბექას ხმაც.

_ გოგონი, თუ ერთი გზა გვაქვს, გაგიყოლებთ.

გავჩერდი და შევხედე. თბილად მიღიმოდა. დაამუხრუჭა. მანქანას წინიდან მოვუარე და ჩავჯექი.

_ რატომ გამოიქეცი, სოფი, ვის გაურბიხარ? _ ისე მკითხა, თითქოს ვერაფერს ხვდებოდა.

_ საკუთარ თავს.

_ საკუთარ თავს? ასეთი რა დაგიშავა? მშვენიერი თავი გაქვს, მე მომწონს? შენ რას უწუნებ?

_ იმას, რომ შტერია, ჩერჩეტი და სულელი, _ ამოვიოხრე და საზურგეს მოხერხებულად მივეყრდენი, ცრემლებმა დახატული თვალები ამიწვა, შავი ლაქები დამაჩნდა ლოყებზე.

_ საით წავიდეთ? _ ბექამ მანქანა დაძრა.

_ სახლში წამიყვანე.

_ რა უნდოდა?

_ არაფერი.

_ ამდენი ხანი არაფერზე გელაპარაკებოდა?

_ ჰო, _ მოკლედ მოვჭერი.

_ მე უფრო ჭკვიანი მეგონა. ასორმოცდაჩვიდმეტი წამი არაფერზე გელაპარაკა? შენნაირ ქალს? მე ასე ნამდვილად არ მოვიქცეოდი.

_ რატომ ამდენი ცინიზმი? _ ცრემლიანი თვალები მომუშტული ხელებით ამოვიწმინდე.

_ ცინიზმი? შენი აზრით, დაგცინი? ვგავარ იმ კაცს, საყვარელ ადამიანს დასცინოს? თუ გგონია, რომ…

_ შენ ჩემზე ბევრი არაფერი იცი, ბექა.

_ მერე? მომიყევი და მეცოდინება.

_ არ გეშინია, რომ განიხიბლო?

_ მეშინია? არ მეშინია, შენ წარმოიდგინე. დიდი-დიდი, სექსი გქონოდათ, რა მოხდა მერე? მთავარი ეს არ არის. მთავარია, ყალბი არ გამოდგეს ურთიერთობა. მთავარია, როცა ჩემთან ხარ, გონებით და ფიქრებითაც ჩემთან იყო და არა მასთან. მე რომ მეფერები, იცოდე, რომ მე მეფერები და არა მას. ეს არის ყველაზე საშიში, ეს არის ყველაზე მთავარი. სიყვარული ადვილი რომ არ არის, კარგად ვიცი. ამიტომაც ვერ შევძელი ვერასდროს ვერავის შეყვარება, სანამ შენ არ გამოჩნდი. რაც უნდა მიმტკიცო, რომ ცუდი ხარ, არ დაგიჯერებ, იმიტომ, რომ არ ხარ ცუდი. წარსული კი ყველას გვაქვს, თეთრიც და შავბნელიც. ჩვენ ხომ ადამიანები ვართ _ ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეებით, შეცდომებით და სიკეთეებით. რა ვიცი… სიყვარული კი… სიყვარული მშენებარე სახლს ჰგავს, თან კედლები რომ ამოგყავს და თან ცეცხლი რომ უკიდია გარშემო. შენი არ ვიცი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ასეა. ამ ცეცხლის ჩაქრობა შენ შეგიძლია მხოლოდ. შენს სურვილზეა დამოკიდებული, ჩემი სიყვარულის სახლი აშენდება თუ ხანძარში ჩაიფერფლება. შენ უნდა გადაწყვიტო. შენი ნებაა, სოფი, მომიყვები თუ არა, რა გაკავშირებდა სანდროსთან, რა დოზით გიყვარდა, რამდენად შორს შეტოპეთ ურთიერთობაში, თუმცა, კიდევ ერთხელ გიმეორებ, ეს არ არის მთავარი. შენი უკან მოტოვებული ცხოვრება ნაკლებად მაინტერესებს. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, როგორია იგი დღეს, როგორი იქნება ხვალ და მე რა როლი მომეცემა ამ ცხოვრებაში. დუბლიორობა ნამდვილად არ მინდა, არც მეორეხარისხოვანი გმირი მინდა ვიყო. მაქვს პრეტენზია, მხოლოდ მთავარი როლი შევასრულო შენი ცხოვრების მელოდრამაში.

ამასობაში კორპუსს მივუახლოვდით. ბექამ გააჩერა და ჩემკენ მოტრიალდა.

_ რას იტყვი?

_ იქნებ სხვა დროისთვის გადავდოთ ეს საუბარი?

_ შენი ნებაა, მაშინ «ძილი მშვიდობისა», ჯერჯერობით სულ ეს არის, რაც შემიძლია გისურვო, _ გამიღიმა, ჩემკენ გადმოიხარა და კარი გამიღო, კოცნა არ უცდია.

გული მომეწურა, რატომღაც მეგონა, უფრო თბილად დავშორდებოდით ერთმანეთს. სუნთქვა შევიკავე, რომ არ ავღრიალებულიყავი. არ დავმშვიდობებივარ, აცახცახებული გადავედი მანქანიდან და სადარბაზოში ისე შევედი, უკან არ მომიხედავს. ყურში კარგა ხანს ჩამესმოდა დაქოქილი ძრავის ხმა…



* * *

იმ დღიდან ჩემი ცხოვრება თითქოს გაუფერულდა. ბექა გამირბოდა, თავს მარიდებდა. მესიჯებს აღარ მიგზავნიდა, არც ჩემს კაბინეტში შემოდიოდა ძველებურად. დავღონდი. ოთახში მყოფს, გულისყური გამუდმებით კარისკენ მქონდა, იმ იმედით, რომ საცაა, გაიღებოდა და შემოვიდოდა თავისი დიდრონი თვალების ბრიალით. დერეფანში გასული კი წარამარა აქეთ-იქით ვიყურებოდი, იქნებ სადმე მომეკრა თვალი და მისი ყურადღება მიმეპყრო. ერთადერთი, სადაც შედარებით ხანგრძლივად გვიწევდა ურთიერთობა, საოპერაციო ბლოკი იყო. იქ საათობით გვიწევდა ერთად «იძულებით» ყოფნა _ ანესთეზიოლოგს ოპერაციის მიმდინარეობის დროს ხომ არ გამაგდებდა. როგორ მინდოდა, მივსულიყავი მასთან და მეკითხა, რატომ მექცეოდა ასე, რა იყო მისი გულგრილობის ნამდვილი მიზეზი _ ის, რომ სანდროს სიყვარული ვერ მაპატია, თუ, უბრალოდ, გაუარა ჩემით აღფრთოვანებამ. ამის გაგება სულს მიფორიაქებდა, მაგრამ დალაპარაკება მაინც ვერ გავბედე. შემეშინდა, პასუხად მეორე მიზეზი არ დაესახელებინა. ვგრძნობდი, რომ ბექას სახით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ვკარგავდი ცხოვრებაში, ძალიან ღირებულს, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა მისი შენარჩუნება. მე ხომ ბრძოლის უნარი არ გამაჩნდა, არასდროს მიბრძოლია ჩემი ბედნიერებისთვის. არც არავის უსწავლებია ჩემთვის არასდროს. სხვა გზა არ მრჩებოდა, უნდა დავლოდებოდი, რა იქნებოდა შემდეგ, როგორ წარიმართებოდა სიტუაცია.

სანდროს შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩვენი დამოკიდებულება. მართალია, არაფერი უთქვამს, მაგრამ ხანდახან ისეთ ორაზროვან ღიმილს მესროდა, თითქოს ნიშნს მიგებდა, ხომ მივაღწიე ჩემსასო. ვხვდებოდი, ფარულად როგორ მაკონტროლებდა, თითქოს აჩრდილივით ფეხდაფეხ დამყვებოდა, რომ ჩემი და ბექას ურთიერთობიდან წვრილმანიც არ გამორჩენოდა. ამასთან _ არც თვითონ მეკარებოდა ახლოს და არც ბექას მაკარებდა.

არა, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, რაღაც უნდა მომხდარიყო, რაღაც უნდა შეცვლილიყო, ამ ყოფაში დიდხანს ვერ გავძლებდი.

ამასობაში უფრო და უფრო დათბა, გაზაფხულმა თავის არომატულ პიკს მიაღწია. თეთრად აფეთქებული კვირტების საამო სურნელი უხვად იფრქვეოდა ჰაერში. შეისრუტავდი ამ სურნელს და გრძნობდი, რა საამურია ცხოვრება, მიუხედავად ყველაფრისა. მიუხედავად იმისა, რომ მარტო ხარ. გაზაფხული ყოველთვის სხვანაირად ზემოქმედებდა ჩემზე, სხვა ძალით, სხვა ენერგიით მავსებდა. თუმცა… მაინც შემიპყრო სევდამ. ვგრძნობდი, რაღაც აკლდა ამ პეიჟაზს, რაღაც შტრიხი, მხოლოდ ერთი ფუნჯის მოსმა, რომელიც წინ, უკეთესი იმედისკენ მიბიძგებდა. ვიცოდი, რაც იყო ეს შტრიხი. ქარი… დიდი ხანია, ქარი არ ამოვარდნილა, მისი ხმაური მაკლდა.

ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ქარი იყო ერთადერთი, რომელიც სევდას მიფანტავდა. იგი საიდუმლო განგაშის შეგრძნებას მიტოვებდა, სასიამოვნო განგაშის. მას ქაოსი და ანარქია მოჰქონდა. ანარქისტი ქარი… კარგი ნათქვამია… მუდამ მსიამოვნებდა მისი «გამოჩენა», როგორც დიდი ხნის უნახავი მეგობრის, რომელსაც ძალიან ბევრი პირადული, ინტიმური დაუგროვდა მოსაყოლად. ქარიან ამინდში საოცრად კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ამ დროს შემეძლო საათობით ვმჯდარიყავი ფანჯარასთან და მეყურებინა, გამეხსენებინა, მეფიქრა, მეოცნება… ჰმ, მეჩვენება, რომ დავბერდი… ჰო, ცოტა ნაოჭებიც შემომეპარა, თვალებმა თითქოს დაკარგეს უწინდებური ბრწყინვალება, აღარსად ჩანს ის მაცდური სხივი, მამაკაცებს თავბრუს რომ ახვევდა. თუმცა ძლიერი სქესის ყურადღება მაინც არ მაკლია, ისინი დღესაც მზად არიან, აღფრთოვანდნენ ჩემით, მთავარია, დავრთო მათ ამის ნება. არასდროს მიმაჩნდა ჩემი თავი ჩვეულებრივ ქალად. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ბევრი რამით ვიყავი გამორჩეული სხვა ქალებისგან. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლამაზი ვარ, ჩემი მახვილი გონებითაც ვიზიდავდი მათ. შინაგანად მქონდა იმის ნიჭი, ლამაზად წარმომეჩინა ჩემი ღირსებები _ გარეგნულიც და სიღრმისეულიც. ახლაც ვხედავ, რა აღტაცებით მომჩერებიან მამაკაცები შინ და გარეთ. ისინი გრძნობენ, როგორი ვიყავი ადრე და ხედავენ, როგორი ვარ ახლა. რა თქმა უნდა, შევიცვალე. გარეგნულად ადრე უკეთესი ვიყავი, სამაგიეროდ ბუნებით უკეთესი ახლა ვარ, რადგან ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა, შეცდომებმაც, გამოცდილებამაც… უფრო კეთილი გავხდი, უფრო დამთმობი, უფრო მოწყალე და შემწყნარებელი. რაც მთავარია, ვიცი, რომ უნდა ვიყო ისეთი, როგორიც ვარ და არც ის უნდა დამავიწყდეს, როგორი ვიყავი. ეს ყველას არ შეუძლია…

8 8 8

დღეს მშვიდი დღეა, ოპერაციები არ არის. კლინიკაშიც სიწყნარეა, ყველა თავისი საქმით არის დაკავებული. მე კვლავ შემომაწვა ნაღველი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გიზელას ვესუბრე. ისიც ხვდება, რომ რაღაც ცუდი ხდება ჩემსა და ბექას შორის. გაუვლისო, მითხრა, ცოტაც აცალე, კაცებს ახასიათებთ ასეთი ცვლილებებიო. როგორც ჩანს, ჯერ ვერ გარკვეულა საკუთარ გრძნობებში, ცხოვრებაში პირველად ვნახე შეყვარებული ბექა და ჩემთვისაც ისეთი მოულოდნელი იყო, დაჯერება გამიჭირდაო.

_ ის ისე იყო ყოველთვის გათქვეფილი ქალებში, რომ არ მიკვირს, ახლა რაც ემართება. დღეს რომ ერთთან დაინახავდი, ხვალ სხვასთან «გაგეჩითებოდა». შენ გაგიცნო და დაიბნა, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ცატაც აცალე და ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება, _ მომეფერა გიზელა.

ეჰ, რომ იცოდეს, რა იმალება ამ ყველაფრის უკან, ალბათ მასაც გაუჭირდებოდა რჩევის მოცემა. თვალები ცრემლებით ამევსო. კაბინეტიდან გავედი და ახალგარემონტებულ საპროცედუროს შევაფარე თავი. აქ ჯერ არავინ შემოდის, ცარიელია ოთახი, არ ფუნქციონირებს, სანამ საჭირო ინვენტარს არ შემოიტანენ. ვიფიქრე, ცოტას ვიტირებ, გულს მოვიოხებ-მეთქი. მოულოდნელად კარის სახელური ჩამოიწია. შევკრთი, არ მინდოდა ვინმეს თვალცრემლიანი დავენახე. გვერდით მდებარე წამლების საცავი გავაღე და ფეხის წვერებზე აწეული იქ შევიპარე. ყოველი შემთხვევისთვის, ფანჯარასთან დავდექი, ვინიცობაა, იმ ვიღაცას აქაც რომ შემოეხედა, არ ეფიქრა, რომ ვიმალებოდი.

_ აუცილებელია, მაინცდამაინც აქ ვილაპარაკოთ? _ მომესმა სანდროს ხმა.

სისხლი გამეყინა ძარღვებში.

_ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც კედლებს ყურები არა აქვს, _ ეს ბექა იყო.

მუხლები მომეკვეთა. რა ვქნა, გავიდე თუ მივაყურადო? საშინელ სიტუაციაში აღმოვჩნდი. შიშისგან ადგილიდან ვერ ვიძროდი. არც ის მინდოდა, რომელიმე მათგანს ნამტირალევი ვენახე, არადა, არც აქ დარჩენა მსურდა და არც მათი საუბრის მოსმენა. თუმცა, ვიტყუები. მათი საუბრის მოსმენა ნამდვილად მსურდა.

_ მაპატიე, სანდრო, ვიცი, უფლება არა მაქვს შენს პირად ცხოვრებაში ჩავერიო, მაგრამ, მინდა თუ არ მინდა, ეს ყველაფერი ნაწილობრივ მეც მეხება.

_ რას გულისხმობ?

_ რას კი არა, ვის ვგულისხმობ. ამწუთას სოფიზე გელაპარაკები.

_ ჰო-ო-ო! მეც არა ვთქვი, რა საქმე გამოუჩნდა-მეთქი. კი ბატონო, მე მზად ვარ, მკითხე და გიპასუხებ. მითხარი, რა გაინტერესებს.

_ შენ კარგად იცი, რომ ბედისწერა ადამიანს საჩუქრად არაფერს აძლევს და ყველაფერ იმას, რასაც ბედი გარგუნებს, თავისი განსაზღვრული ფასი აქვს. დამეთანხმები, ალბათ.

_ მერე?

_ მერე ის, რომ ამ ბედისწერამ მე მისი თავი გამომიგზავნა.

_ ჰა-ჰა-ჰა! _ გაისმა სანდროს სარკასტული სიცილი, _ საინტერესოა… რა შემოგითვალა მერე, რა ღირსო? ძალიან ძვირი დაგიფასა?

_ შენ წარმოიდგინე, კი.

_ მაინც, მაინც?

_ მისი თავი ჩემი სიცოცხლის ფასად მიჯდება.

ამის გაგონებაზე სასიამოვნო და უსიამოვნო ჟრუანტელმა ერთდროულად დამიარა სხეულში, ცივმა ოფლმა დამასხა.

_ ჩემგან რა გინდა, ბექა, მე რა შუაში ვარ?

_ სამწუხაროდ, სოფის შენ უყვარხარ.

_ სოფის… თვითონ გითხრა, ასე დამიძახეო?

_ არა, ჩემმა შინაგანმა ხმამ მითხრა, ასე დაუძახეო. პრობლემაა რამე?

_ არა, არაფერი.

_ ახლა მაინტერესებს, როგორ მოვიქცეთ მე და შენ.

_ როგორც გონება გიკარნახებს, ისე მოიქეცი. მე რა…

_ რა ურთიერთობა გაქვს მასთან?

_ «ჩისტა» თანამშრომლური… ჯერჯერობით, _ ისევ საზიზღარი სიცილი გაისმა, ღვარძლიანი, ბოროტი.

_ როგორ გავიგო ეს?

_ შენ რა უფრო გაინტერესებს, ძმაო, ჩემი გრძნობები სოფიოს მიმართ თუ მისი შენ მიმართ?

_ პირველ რიგში, შენი მის მიმართ.

_ იცი რა-ა? მე შემიძლია ახლა ისეთი რამ გითხრა, საბოლოოდ დაგაკარგვინო ეგ ქალი. არ გეშინია?

_ მირჩევნია, მიყვარდეს და დავკარგო, ვიდრე ასეთ გაურკვევლობაში ვიყო.

_ ვაჰ! გიყვარს კიდეც? სერიოზულად ცუდად გქონია საქმე.

_ ცუდად მაქვს თუ კარგად, ამის გარჩევა მე მომანდე. შენ შენი მითხარი, მორალის კითხვა არ მჭირდება.

_ სიმართლე გითხრა, ცოტათი მიჭირს შეყვარებული ბექა მჭედლურის წარმოდგენა. უცნაურია, შენ ისეთი გულთამპყრობელის იმიჯი გაქვს შექმნილი… რა გითხრა, არც კი ვიცი, რას ითხოვ ჩემგან.

_ რა გეგმები გაქვს სოფის მიმართ, ამის გაგებას ვითხოვ… კაცურად. თუ გიყვარს, ღირსეულად მაინც მოექეცი, რატომ ამცირებ.

_ ერთი კარგი რჩევა მაინც უნდა მოგცე, ბექა. სანამ ღრმად არ შეგიტოპავს, გაჩერდი. ქალები ყოველთვის ყველაფერს თავდაყირა აყენებენ. ერთხელ თუ შემოუშვებ ქალს შენს ცხოვრებაში, მაშინვე მიხვდები, რომ მას სულ სხვა რამე უნდა, შენ კი _ სრულიად სხვა.

_ ხომ გითხარი, მორალის წაკითხვა არ მჭირდება-მეთქი.

_ კარგი… მაშინ სხვანაირად გეტყვი. სოფიოს თავისი ცხოვრებით სურს ცხოვრება, მე _ ჩემით. ის ცდილობს, თავის რელსებზე გადამიყვანოს, ამ დროს თვითონაც ცდება სწორ გზას. მე რომ მარჯვნივ ვიწევ, ის მარცხნივ მექაჩება. სინამდვილეში იცი, რა გამოდის? ორივეს უკან დაბრუნება გვიწევს, ზურგისკენ შეტრიალება, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთი ვერ ვიტანთ ზურგის ქარს.

_ ფილოსოფოსობ!

_ სულაც არა. მას მე ვუნდივარ, ვუყვარვარ სიგიჟემდე, გულის წასვლამდე. რაც უნდა მტკივნეული იყოს შენთვის, ეს ფაქტია. ის თავისი საქციელით მეც იძულებულს მხდის, მისკენ ნაბიჯი გადავდგა, თუმცა ეს ნაბიჯი სასიკეთო ვისთვის იქნება, ჯერ არ ვიცი. შეიძლება ორივესთვისაც, მაგრამ ვიღაც ამით მაინც დაზარალდება.

_ თქვენ შორის?

_ არ არის აუცილებელი, ჩვენ შორის, თუმცა არც ეგ არის გამორიცხული.

_ შეიძლება ერთი ძალიან პირადული რამ გკითხო?
_ მკითხე.

_ რატომ დაშორდით ერთმანეთს, არ გიყვარდა? ნიტა როგორ გახდა შენი ცოლი, ისინი ხომ მეგობრები იყვნენ?

_ მე შეცდომა დავუშვი წარსულში, გამოუსწორებელი შეცდომა.

_ ჩემი აზრით, არ არსებობს გამოუსწორებელი შეცდომა. ყველა ჩვენგანი ცდება, შეცდომა ხომ წარსულის განუყრელი ნაწილია, რომელსაც ვერავინ გაექცევა. მთავარი ის არის, ძვირი არ დაგიჯდეს იგი და ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ არ დაუშვა ცხოვრებაში.

_ ახლა შენც მორალს მიკითხავ, როგორც ვატყობ, _ ისევ გაიცინა სანდრომ, ამჯერად ღვარძლი არ იგრძნობოდა მის ხმაში.

_ ესე იგი, გიყვარდა…

_ სანამ ის გამოჩნდებოდა, წარსულის გარეშე ვცხოვრობდი, მხოლოდ დღევანდელი დღე იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, ახლა კი…

_ წარსულის გარეშე მომავალი არ არსებობს, სანდრო.

_ არსებობს, რატომაც არა. მე ბედნიერი კაცი ვარ. მყავს ცოლი, რომელსაც ვუყვარვარ, შვილები, თბილი ოჯახი… მე ბედნიერი ვარ ამით. არ მინდა მახსოვდეს, რა იყო უწინ, ტკივილს მაყენებს.

_ ბედნიერი ხარ? მაშინ რა გაყენებს ტკივილს? ბედნიერ ადამიანებს ხომ მოგონებები არა აქვთ.

_ ჰოდა, არც ვიგონებდი, სანამ თვითონ არ შემახსენა თავი. ახლა კი საშველს არ მაძლევს. უნდა, ყველაფერი დამინგრიოს, ყველაფერი წამართვას, მხოლოდ თავისთვის დამიტოვოს.

_ როგორ ფიქრობ, რატომ იქცევა ასე, ეს სიყვარულია თუ შურისძიება?

_ ერთიც და მეორეც. თუმცა არ არის გამორიცხული, თავად ვერც ხვდებოდეს ამას. ერთ ჭკვიან კაცს აქვს ნათქვამი, ადამიანმა ცხოვრებაში სამი რამ უნდა გამოსცადოს _ სიღარიბე, სიყვარული და ომიო. მეც სამივე გამოვცადე, თან სამივე ერთდროულად. ამან გამანადგურა, გამაცამტვერა. მერე ძალიან დიდი ხანი დამჭირდა, ფეხზე წამოვმდგარიყავი, წელში გავმართულიყავი, ყველაფერი თავიდან დამეწყო, პარალელურად ძველი ჭრილობები მომეშუშებინა. ახლა ისევ თავიდან იწყება. ვგრძნობ, რაღაცები იცვლება ჩემში. როგორც ჩანს, წარსულმა ძალიან დიდი ტკივილი დამიტოვა. ამწუთას, არ დაგიმალავ და, გაორებული ვარ. არ ვიცი, ვარ კი მზად იმისთვის, კვლავ თავიდან დავიწყო? ღირს კი? ერთს მივანიჭო ბედნიერება, მეორეს წავართვა, მაქვს ამის უფლება? საკუთარ თავს რას მივცემ? მე თვითონ რა მელის? ბედნიერება თუ უბედურება? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, გესმის?

_ იქნებ ჯობია, გადგე განზე და…

_ და გზა შენ დაგითმო? ჰა-ჰა-ჰა! ეს ომის გამოცხადებას ნიშნავს.

_ ომის გარეშეც შეიძლება ამის მოხერხება. შენ შენი წილი ბედნიერება გაქვს, მე კი უნდა შევიქმნა. მომეცი ამის საშუალება.

_ მევაჭრები?

_ არ გევაჭრები, უბრალოდ, კაცურად გთხოვ. შენ არც იცი, რას ეძებ. მე კი ვიცი. შენ დაბნეული ხარ, შედეგსაც ვერ ხედავ, ვერც გამოსავალი გიპოვნია. მე კი განსაზღვრული მიზანი მაქვს, რომლის მიღწევაში მხოლოდ შენი გაურკვევლობა მიშლის ხელს.

_ მაგრამ მას მე ვუყვარვარ, ხომ არ გავიწყდება? პოეტურად რომ ვთქვათ, იგი მთელი ცხოვრება მე მიმღერის.

_ ჰმ, სოფიმ რომ იცოდეს, რაზე მღერის, რატომ მღერის და რა მღერის მასში, არასდროს გიმღერებდა.

_ შეურაცხყოფას მაყენებ.

_ არც მიფიქრია. შენ თვითონ ამბობ, რომ არ იცი, რა გინდა მისგან, რას მოითხოვ. არც ეშვები, არც უშვებ. ოჯახის შენარჩუნებაც გინდა და სოფის გვერდით ყოფნაც. ის ქალია, შეყვარებული ქალი, ამიტომაც ადვილია მისი მართვა. საყვარლობაც რომ შესთავაზო, თანახმა იქნება. შემდეგ მაინც მიაგდებ. ამით კი საბოლოოდ გააუბედურებ. არ გეცოდება? თუ გიყვარს, ასე არ უნდა მოექცე.

_ როგორ გეტყობა, რომ არ იცნობ მას. გგონია, სუსტია? გგონია, სხვა ქალებს ჰგავს? ცდები. ის იმაზე ძლიერია, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. დარწმუნებული რომ ვიყო, ასე მოიქცევა, ერთი წამით არ დავფიქრდებოდი, ისე განვახორციელებდი ჩემს ჩანაფიქრს, მაგრამ… მე თვითონაც არ ვიცი, რა მსხვეპლის გაღებას მოითხოვს ჩემგან, ამიტომაც ვყოყმანობ. ის არის ქალი, რომელსაც შესწევს უნარი, ყველაფერზე უარი გათქმევინოს. ფაქტი სახეზეა, ბოლო ხანებში მის გარდა ვერავის ვხედავ, ვერავისზე ვფიქრობ… ამის მოსმენა გინდოდა ჩემგან? აჰა, მიიღე! ახლა უკვე იცი, რომ მე და შენ ომი არ აგვცდება. ან შენ მოგიწევს უკან დახევა, ან მე. მაგრამ გაფრთხილებ, მე ადვილად არ ვყრი ფარ-ხმალს. ვიცი, რომ ძლიერი მოწინააღმდეგე იქნები, ამაში ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი. ამიტომაც საინტერესო იქნება შენთან მეტოქეობა. და კიდევ იმიტომ, რომ ძლიერი სიძულვილი თანაბარი ძალის მქონე მოწინააღმდეგეს მოითხოვს.

_ მე შენ არ მძულხარ.

_ სამაგიეროდ, მე მძულხარ. მაპატიე, მაგრამ ასეა. სოფიოც მძულს, ისევე, როგორც მას ვძულვარ. კიდევაც ვუყვარვარ და კიდევაც ვძულვარ. და ეს სიძულვილი ისევე ძლიერად გვაკავშირებს ერთმანეთთან, როგორც სიყვარული. ასე რომ, ვერაფერს შეგპირდები, ჩემო ბექა. ვიომოთ და ვნახოთ, ვისი აჯობებს. ისე, ეს არ იქნება პირველი ომი ჩვენ შორის. ნანკას გამოც გვქონია მსგავსი რამ, თუმცა ის სულ სხვა იყო.

_ ნანკა სერიოზულად არასდროს მაინტერესებდა, შენ ეს იცი.

_ სხვათა შორის, არც მე, ამიტომაც არც შენ და არც მე არ ვუყურებდით ამას სერიოზულად. ის ომი მაშინ თამაშს უფრო ჰგავდა, ვიდრე ძლიერ ორთაბრძოლას. ამიტომაც არ ვიცით, ვინ დარჩა ჩვენ შორის მოგებული საბოლოოდ, ამაზე არ დავფიქრებულვართ. არ გვაინტერესებდა და იმიტომ.

_ შენი აზრით, როგორი იქნება ეს ომი?

_ ვფიქრობ, არცთუ უაზრო.

_ როგორ გგონია, ვინ მოიგებს? მართალი მითხარი.

_ ალბათ შენ.

_ მე-ე? რატომ ფიქრობ ასე?

_ იმიტომ, რომ შენ გამოუცდელი ხარ სიყვარულში.

_ შენი აზრით, გამოუცდელები ყოველთვის იგებენ სიყვარულში?

_ ყოველთვის არა, გარკვეულ ეტაპზე. შენ სწორედ ამ ეტაპს გადიხარ ახლა და რომ მოიგებ, შენც გამოცდილი გახდები.

_ ფილოსოფოსობ, სანდრო.

_ ეს ფილოსოფია არ არის, ძმაო, ეს ცინიზმია. რა უცებ დაიჯერე ჩემი სიტყვები. მე შენ ამ ომს არ მოგაგებინებ, რადაც არ უნდა დამიჯდეს იგი.

_ მეც იმავეს გეტყოდი.

_ რა თქმა უნდა, სხვა რამე რომ გეთქვა, არც დაგიჯერებდი. ისე, გადამწყვეტი სიტყვა მაინც სოფიოზე იქნება. მთავარი ის არის, ის ვის მოაგებინებს ამ ომს, თვითონ ვის მხარეზე დადგება. ჯერჯერობით უპირატესობა ჩემ მხარეზეა. ის ითხოვს ჩემგან, რაღაც მისთვის ძვირფასი მივცე და რომც არ მივცე, თავად აიღებს ამას. შენ კი მისთვის მხოლოდ იარაღი ხარ, იარაღი ჩემს გასაღიზიანებლად, ჩემი ყურადღების მისაქცევად, მეტი არაფერი. ასე რომ… ნაკლები შანსი გაქვს… თუმცა ბრძოლა ცხოვრების კანონია. ადვილად არ უნდა დანებდე, თუნდაც მარტო დარჩე ბრძოლის ველზე.

უცებ ჯერ ნაბიჯების, მერე კარის გაღების და დახურვის ხმა შემომესმა. ვიღაც გავიდა ოთახიდან. რომელი? სანდრო თუ ბექა? იქნებ ორივე?

გაშეშებული ვიდექი, გარხევასაც ვერ ვბედავდი, სუნთქვასაც კი ვიკავებდი შიგადაშიგ. ფეხები დამიბუჟდა. გაოგნებული ვიყავი მოსმენილით. ეს ვინ ყოფილა, ეს ვინ მყვარებია თურმე, რა გვიან ამეხილა თვალები… ვნანობდი, ვნანობდი ყველაფერს, რაც სანდროსთან მაკავშირებდა.

კვლავ გაისმა ნაბიჯების ხმა, მერე ისევ კარის გაჯახუნების. მივხვდი, მეორეც გავიდა. შვებით ამოვისუნთქე. იქვე, იატაკზე ჩავჯექი, რომ სული მომეთქვა. ცრემლები შემშრობოდა. საწყალი ბექა, რამხელა ტკივილი მივაყენე. არა, უნდა ველაპარაკო, სანამ გვიან არ არის, სანამ ყველაფერი არ გამიფუჭებია. ჯანდაბამდის გზა ჰქონია სანდროს. ის ჩემი სიყვარულის ღირსი არ არის, არც ჩემი ცრემლების, არც ჩემი უძილო ღამეების. ის არ იმსახურებს ამას.

ძლივძლივობით წამოვდექი ფეხზე, წვივები ისე მიბჟუოდა, ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა. ძალიან ნელა გამოვაღე კარი და ქურდულად მიმოვიხედე დერეფანში. ჩემდა ბედად, ვერავინ დავლანდე. სწრაფად გამოვედი საპროცედუროდან და ჩემს კაბინეტში შევვარდი, სავარძელში ჩავესვენე და თავი ხელებში ჩავრგე.

_ ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, _ ხმამაღლა წამომცდა ფიქრები.

ფეხები დავიზილე, რომ სისხლი ამოძრავებულიყო ძარღვებში, ცოტა შვება რომ ვიგრძენი, ყავა მოვიდუღე, დავლიე და საბოლოოდ ჩამოვყალიბდი, რა გამეკეთებინა. ჩანთა გავხსენი, კოსმეტიკის ჩანთა ამოვიღე, სარკის წინ დავდექი და მაკიაჟის განახლებას შევუდექი. როცა საბოლოოდ მოვწესრიგდი, საფუძვლიანად შევათვალიერე თავი სარკეში. ჩემი ორეული შესანიშნავად გამოიყურებოდა. თვალი ჩავუკარი მეორე სოფის და მხრებში ამაყად გამართული ბექას კაბინეტისკენ მტკიცე გადაწყვეტილებით გავეშურე.

კარი შევაღე. ტელეფონზე ლაპარაკობდა. თითქოს შეცბა ჩემს დანახვაზე, მაგრამ მაინც გამიღიმა და ხელი მანიშნა, შემოდი და დაჯექიო. ასეც მოვიქეცი.

_ მაპატიე, მერე დაგირეკავ, პაციენტი მყავს, _ მოუბოდიშა ვიღაცას და ყურმილი დაკიდა.

რამდენიმე წამის განმავლობაში გამომცდელად შევყურებდით ერთმანეთს.

_ როგორ ხარ? _ დაარღვია ბოლოს დუმილი.

_ შენ? _ კითხვა შევუბრუნე.

_ არა მიშავს, ატმის წვენს დალევ?

_ დავლევ.

მაცივრიდან ორი ქილა წვენი გამოიღო, გახსნა და ერთი მომაწოდა.

_ მოიყუდე, ასე უფრო გემრიელია.

_ მე შენთან სალაპარაკოდ მოვედი, _ ვთქვი და მოვსვი.

_ გისმენ.

_ შეგიძლია მითხრა, რა ხდება?

_ რა უნდა ხდებოდეს? _ მიამიტური სახე მიიღო და მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა.

_ აღარ მეკონტაქტები.

_ ჰო-ო… რა ვიცი, ვიფიქრე, აღარ ვჭირდები-მეთქი. არ მინდა, ვინმეს ცხოვრებაში ზედმეტად ვიგრძნო თავი.

_ ბექა, ახლა არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ცოტა ხნის წინ მეუბნებოდი, მიყვარხარო, რაღაც შანსებზეც კი საუბრობდი. ხომ არ მეშლება?

_ არა, არ გეშლება, _ სინანულით ჩაიცინა.

_ შეგიძლია მითხრა, თუ მართლა გიყვარდი, რატომ შეგიყვარდი?

როგორც ჩანს, ამ შეკითხვას არ ელოდა. გაოცებით აზიდა წარბები და დამაშტერდა. კარგა ხანს გაწელა პაუზა, მერე ალაპარაკდა.

_ განა რაიმე მიზეზის გამო შეიძლება შეგიყვარდეს? რა ვიცი, მე მგონია, რომ უყვართ… დაუფიქრებლად, არაფრის გამო, უბრალოდ, გულს უნდა ასე და იმიტომ. გული ერთადერთია, რომელსაც შეკვეთას ვერ მისცემ, ვერ უბრძანებ, რომელიც არც დაწერილ კანონებს ემორჩილება და არც დაუწერელს, _ მერე უცებ გაიცინა, _ ნაოჭები გაგჩენია.

დაბნეულმა მექანიკურად თვალებზე მოვისვი ხელი. ეს რა მოსატანი იყო ამ დროს?

_ იცი? ნაოჭი ადამიანს ორი მიზეზით უჩნდება _ ან სიბერისგან, ან მხიარულებისგან. ზედმეტად მხიარულობ, ალბათ, _ ორაზროვნად დააყოლა.

_ ნაოჭი ტკივილმაც იცის, დიდმა ტკივილმა და დარდმა.

_ იმედია, მე არ მომიყენებია შენთვის ასეთი ტკივილი.

_ სამაგიეროდ, დარდის საბაბი შენ მომეცი.

_ ეს როგორ გავიგო, ჩემზე დარდობ? არ გამაცინო.

_ მე არასდროს ვიტყუები.

_ ჰო, ტყუილი ხომ ღალატის ტოლფასია… რატომ, ჩემზე რატომ დარდობ? ვფიქრობ, ბევრს არაფერს წარმოვადგენ შენთვის. რა საჭიროა ასეთი სიტყვები?

_ მე მასთან სექსი არ მქონია, ბექა, _ ვთქვი უცებ.

ამის გაგონებაზე სახე შეეცვალა.

_ არ მესმის, რისი თქმა გინდა.

_ მე სანდროსთან სექსი არასდროს მქონია, _ ხაზგასმით წარმოვთქვი და ჯიქურ შევხედე.

_ იქნებ ისიც მითხრა, რომ…

_ არა, ქალიშვილი არა ვარ. იყო ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი, რომელთანაც რაღაც მაკავშირებდა, თუმცა ძალიან ცოტა ხნით. სიყვარულით კი მხოლოდ სანდრო მიყვარდა ყოველთვის, ამას არ ვმალავ.

_ მე რატომ მიყვები ამ ყველაფერს?

_ იმიტომ, რომ შენ მთხოვე.

_ რაღაც არ მახსენდება.

_ გაგახსენებ. შენ მითხარი, შენზე ყველაფერი მომიყევიო, არ მითხარი? ჰოდა, მეც გიყვები.

_ იქნებ არ ღირს…

_ ღირს. ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც… რატომ მალაპარაკებ? ხომ იცი, ახლა ისეთ ბანალურ ტექსტს ვიტყვი, შენც რომ გაგეცინება.

ამ სიტყვებზე მართლა გაეცინა, მერე ისევ დაუსერიოზულდა სახე და ნაღვლიანი გამომეტყველებით მომაჩერდა.

_ იცი რა, სოფი? შენ კარგად იცი, რაც ხდება ჩემს თავს. ისიც კარგად იცი, რატომ გერიდები ბოლო ხანებში.

_ არ ვიცი, ამიხსენი, აქ ამიტომაც ვარ მოსული.

_ კარგი, გეტყვი. მე მგონია, რომ შენს გულში ჩემი ადგილი არ მოიძებნება. მოიცა, არ შემაწყვეტინო… შეიძლება მოიძებნება კიდეც, მაგრამ არ მინდა, ის ადგილი სადღაც ბოლო რიგებში, ან თუნდაც მეორე რიგში იყოს. ჩემი სურვილია ერთადერთი მაყურებელი ვიყო შენს კინოთეატრში და აუცილებლად პირველ რიგში ვიჯდე, მარტო, სხვა შენი თაყვანისმცემლების გარეშე. მე მინდა იმხელა ვიყო, რომ სხვა ვერ ეტეოდეს ამ პატარა, სითბოთი სავსე გულის დარბაზში და მხოლოდ მე ვავსებდე. მინდა, რომ ყველას მაგივრად მე გისმენდე, მე გიყურებდე, მე გიკრავდე ტაშს, მე ვყვიროდე «ბრავოს», მე მოგართვა ყველას მოსართმევი თაიგული… მე, ერთი ვიყო ყველა. ამის პრეტენზია მაქვს. ვშიშობ, შენ ამას ვერ შეძლებ. ვშიშობ, რომ ერთი ადამიანისთვის არ გამართავ სპექტაკლს, რაც უნდა კარგად ითამაშო, თვალი მაინც ყოველთვის შემოსასვლელისკენ გაგექცევა იმ მაყურებლის მოლოდინში, რომლისთვისაც სინამდვილეში თამაშობ, რომელიც თავისი ყოფნით ავსებს იმ დარბაზს. გასაგებად გითხარი?

_ შენ გინდა, რომ მე ბედნიერი ვიყო?

_ ძალიან მინდა, მაგრამ ეს შენ არ გინდა. მე კი შენი სურვილის წინააღმდეგ ვერ წავალ, ხოლო თუ წავალ და ჯიუტად ვეცდები, ბედნიერი გაგხადო, ეს იმას ნიშნავს, რომ არასაკმარისად მყვარებიხარ.

_ და ვინ გითხრა, რომ არ მინდა?

_ არ ვიცი… ალბათ შენმა თვალებმა. მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი _ რა არის სიყვარული. ამას ძალიან გვიან, მაგრამ მაინც მივხვდი. შენ ჩემზე ადრე იცოდი, რადგან დიდი ხნის წინ გამოსცადე ეს გრძნობა. სიყვარული თურმე უფრო სასტიკი და დაუნდობელი შეგრძნება ყოფილა, ვიდრე წყურვილი ან შიმშილი.

_ ჰოდა, დამეხმარე, რომ არ მშიოდეს და არ მწყუროდეს. სამაგიეროდ, მე შენ იმ არცთუ უაზრო ომს მოგაგებინებ, _ ორაზროვნად გავუღიმე, მის გაოცებულ თვალებს თვალებით მივეფერე და სანამ რამეს იტყოდა, კაბინეტი დავტოვე…

ჩემს ოთახში შევედი და ფანჯარა გამოვაღე, რომ გახურებული სახე ნიავისთვის მიმეშვირა. მოულოდნელად ისეთი ქარი ამოვარდა, კედლები შეაზანზარა. გამეღიმა, ეს კარგის ნიშანი იყო…



* * *

ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში _ დღეები ბექასთან ერთად და სანდროს გარეშე. ამ უკანასკნელის სახელის ხსენებაც არ მინდოდა. მართალი იყო იმაში, რაც ბექას უთხრა _ მძულდა და მიყვარდა, მიყვარდა და მძულდა ერთდროულად. მაგრამ იმდენად ჯაბნიდა სიძულვილი სიყვარულს, აღარ დამდევდა მისი ლანდი ძველებურად. ახლა მთლიანად ბექაზე ვიყავი გადართული. მთელ დღეებს ჩემ გვერდით ატარებდა, საღამოს კი, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, აუცილებლად სახლამდე მომაცილებდა, მაშინაც კი, როცა ჩემი მანქანით ვიყავი _ უკან მომყვებოდა თავისი «მერსედესით». სახლში ამოსვლა ერთხელაც არ უცდია, არც უგრძნობინებია, სამაგიეროდ, ეზოში ვყოვნდებოდით დიდხანს. ვისხედით მის მანქანაში და საათობით ვმუსაიფობდით. ჩემი ხელი ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული და მოწყურებულივით შემომცქეროდა თვალებში. არც მკოცნიდა, არც მეფერებოდა, მხოლოდ მიყურებდა და სხვა არაფერი. მე კი ვეტიტინებოდი და ვეტიტინებოდი, ათასგვარ სისულელეზე ველაპარაკებოდი. ბევრს ვიცინოდით ერთად და არც ერთხელ სანდრო არ გვიხსენებია, არც ჩვენი ურთიერთობა _ არც გუშინდელი, არც დღევანდელი და არც ხვალინდელი. მერე დამემშვიდობებოდა და იქამდე არ წავიდოდა, სანამ სადარბაზოში არ შევიმალებოდი. ვხვდებოდი, რატომაც არ ამცირებდა ჩვენ შორის მანძილს _ უნდოდა, რაც შეიძლება მომძალებოდა სურვილი და მე თვითონ გადამედგა პირველი ნაბიჯი ჩვენი ფიზიკური სიახლოვისკენ. არც მე ვჩქარობდი. რაც უფრო მიუწვდომელი რჩებოდა ჩემთვის, მით უფრო მივიწევდი მისკენ. ერთადერთი, რასაც უთქმელად და ერთმანეთთან შეუთანხმებლად, მაგრამ შეგნებულად ვაკეთებდით, სანდროს გახელება იყო _ თითქოს ჯიბრზე, სწორედ მაშინ განვმარტოვდებოდით ერთად, როცა ის გამოჩნდებოდა, ჩაგვივლიდა გვერდით ან როცა საორდინატოროში ან რეანიამაციაში შემოვიდოდა. მის თვალებში ბოროტი ნაპერწკალი აკიაფდებოდა წამით, ამის შემჩნევა ადვილი იყო, თუმცა ჩვენ არ ვიმჩნევდით. ვამჩნევდით მხოლოდ ერთმანეთს და არავის სხვას გარშემო. ეს ერთგვარად, თამაში იყო მის გასაწბილებლად და ჩვენ მოგვწონდა ეს თამაში. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო გვესმოდა ერთმანეთის, მეტი და მეტი საერთო შტრიხი იკვეთებოდა ჩვენს ხასიათში, საოცრად ვავსებდით და ვუგებდით ერთიმეორეს.

ერთადერთი, მაშინ ვერ ახერხებდა ბექა ჩემს გაცილებას, როცა რომელიმე ჩვენგანს კლინიკაში ღამე მორიგედ დარჩენა უწევდა. ამ დროს ჩვენი დამაკავშირებელი სატელეფონო მესიჯები იყო. მთელი ღამე წკაპაწკუპი გაუდიოდა მობილურის კლავიშებს, სახიდან კი ღიმილი არ მშორდებოდა ბედნიერებით აღსავსეს. დარწმუნებული ვიყავი, რომ ისიც ჩემ დღეში იყო.

«მე მინდა ერთადერთი მაყურებელი ვიყო შენი გულის დარბაზში» _ ბექას ეს სიტყვები გონებიდან არ მშორდებოდა.

კვლავ დაიწყო უძილო ღამეები, ოღონდ სასიამოვნოდ უძილო და იგი მხოლოდ ბექას ეძღვნებოდა. რადგან თვალს ძილი არ ეკარებოდა, გავიტანდი სავარძელს აივანზე და ღამის თბილისს გადავყურებდი. ვათვალიერებდი სიბნელეში გარინდული მრავალსართულიანი სახლების სილუეტებს, ვუყურებდი ერთმანეთში ჩახლართულ ქუჩებს, განათებულ ხიდებს და ვფიქრობდი იმაზე, რა სიზმრებს ხედავდნენ იმ წუთებში მძინარე ადამიანები, რა იდუმალ ისტორიებს ინახავდნენ დილამდე მკვდარი ქალაქის ცივი კედლები. და როცა ფოთლების გაურკვეველი შრიალი ჩემს სმენას მოსწვდებოდა, ასე მეგონა, მესმოდა მათი ენა, ვარჩევდი ჩურჩულით ნათქვამ მათ ყოველ სიტყვას, თითქოს ბექას დანაბარები მოჰქონდათ ჩემამდე, თითქოს მის მაგივრად მიხსნიდნენ სიყვარულს… ძალიან გვიან კი, როცა შემცივდებოდა, ჩავწვებოდი ლოგინში და მხოლოდ მასზე ვფიქრობდი. დრო იწელებოდა, არა და არ მთავრდებოდა ღამე. იგი გრძელი იყო, როგორც სიკვდილი, ბნელი, როგორც უნათურო გვირაბი, რომლიდანაც ვერა და ვერ გამოსულხარ. ასე მეგონა, არასდროს გათენდებოდა. თუმცა მაინც თენდებოდა და ეს სწორედ მაშინ, როცა ფიქრისგან დაღლილს თვლემა მომერეოდა.

8 8 8

პარასკევი საღამო იყო, ბექამ, ჩვეულებისამებრ, სახლამდე მომაცილა. მე უმანქანოდ ვიყავი. ზედ სადარბაზოს შესასვლელთან გააჩერა «მერსედესი» და ოდნავ ჩემკენ მოტრიალდა თვალებდანისლული. მსიამოვნებდა მისი ყურება _ ასეთი ლამაზთვალება მამაკაცი ჯერ არ შემხვედრია ცხოვრებაში. სურვილმა მომიარა, მინდოდა ეკოცნა ჩემთვის, მაგრამ თქმისგან თავი შევიკავე.

_ ამ ზაფხულს შვებულება ერთად ავიღოთ და ზღვაზე წავიდეთ, კარგი? _ საყვარლად გამიღიმა.

_ ჰო, მაგრამ მე ვინ მომცემს შვებულებას, სულ რამდენიმე თვეა, რაც ვმუშაობ, _ პატარა ბავშვივით ვთქვი.

_ მაგას მე ჩავაწყობ, შენ არ იდარდო, _ დამაიმედა და ჩემი თითები ჩაბღუჯა.

_ დავიჯერო, გულით გინდა ამის გაკეთება? _ ჩემი წეღანდელი სურვილის ასრულების საბაბი მომეცა.

_ შენ რა, გეეჭვება? _ ძლიერად მიმიჭირა ხელზე ხელი.

_ რა ვიცი, ახლოს არ მეკარები და… _ თვალები დავხარე, გავწითლდი.

_ ეს ასეა ჩაფიქრებული, საქმეს სჭირდება. ჯერჯერობით მინდა მიყვარდე ყველა შენი «არათი», რომ მერე ერთად მომეძალოს შენი ყველა «ჰო», _ თქვა და მრავლისმეტყველად შემომხედა.

_ ეს ფრაზა შენ გეკუთვნის თუ სადმე ამოიკითხე? _ ეშმაკურად შევხედე.

_ არ ვიცი. რა მნიშვნელობა აქვს? ხომ შეიძლება, ორ ადამიანს ერთნაირი აზრი მოუვიდეს თავში? იქნებ ჩემდა უნებურად მოვპარე კიდეც სხვას. არა უშავს, თუ ასეა, მაპატიებს «ორიგინალის» ავტორი, თუმცა მაინც მგონია, რომ მე მეკუთვნის, ­_ ნიშნის მოგებით მოკუმა ტუჩები.

_ რომ იცოდე, რა საყვარელი ხარ, თბილი, თბილი, თბილი, _ მისკენ გადავიხარე.

_ ამ სითბოს შენ მაწვდი მხოლოდ და მხოლოდ და… იცი, რის მაგივრად? _ ისე დააყოლა ბოლოს, ვიცოდი, რაღაც «უბედურებას» იტყოდა.

_ არ ვიცი, მითხარი.

_ მზის სხი-ვე-ბის, _ დამარცვლით წარმოთქვა და გემრიელად გაიცინა.

_ რა არის აქ სასაცილო? _ მიამიტურად გავიკვირვე.

_ რა ვიცი, ვიფიქრე, ბანალურობაში ჩამითვლის-მეთქი.

_ არა, სულაც არ არის ბანალური. ასეთი რამ პირველად მესმის.

_ ესე იგი, ჩემს სასიყვარულო ლექსიკონში პროგრესი იგრძნობა… ძალიან ლამაზი ხარ, სოფი… კარგია, რომ ბუნებამ სილამაზით დაგაჯილდოვა და არა მარტო სილამაზით.

_ არც შენთვის დაუკლია ბუნებას ჯილდო.

_ რას მელაპარაკები, მაინც რითი?

_ ჩემნაირი «დაჯილდოებული» ქალით, _ კეკლუცად გავიცინე და მხარზე დავადე თავი.

მოულოდნელად თმაზე მისი ტუჩების შეხება და ცხელი სუნთქვა ვიგრძენი.

_ მიყვარხარ, სულელო, შენ არ იცი, როგორ მიყვარხარ, _ აღგზნებით მიჩურჩულა.

სასიამოვნო ტალღამ სხეულში დამიარა, ვიგრძენი, როგორ გამიოფლიანდა მკერდის ღარი.

_ მინდა გავწელო შენთან დაახლოების დრო, რაც შეიძლება დიდხანს. მანამ, სანამ არ დავრწმუნდები, რომ შენ ამისთვის მზად ხარ და არა მარტო შენ… ისიც. არ მინდა, სხვისი ოცნების ქალი გახდეს ჩემი ცოლი, გესმის? _ იმავე ხმით გააგრძელა ბექამ.

წამით გავქვავდი. რამდენი ხანია, «ის» არ უხსენებია. აი, თურმე რაშია საქმე, რა აღელვებს. შემეცოდა.

_ მე შენ არ დაგაღალატებ, ბექა, მეყო, რა სისულელეებიც ჩავიდინე, _ არ გავნძრეულვარ, ისე ჩავილაპარაკე.

_ ეჰ, სოფი, სოფი… ქალების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი სჩადის სისულელეს, მაგრამ მეასე პროცენტი მამაკაცებზე ეშმაკები გამოდგებიან ხოლმე, _ თქვა და ისე ამოიხვნეშა, თითქოს გულიც თან ამოაყოლაო.

_ მაინცდამაინც იმ ერთ პროცენტში რატომ მიგულისხმე? _ თავი ავწიე და თვალებში ჩავხედე.

_ იმიტომ, რომ სწორედ იმ ერთ, ყველაზე ჭკვიანი ქალების პროცენტს განეკუთვნები, _ მითხრა და მზერა ამარიდა, _ მე, შენ და სანდრო სიყვარულის სამკუთხედს ვქმნით, ძალაუნებურად ასე გამოდის. მე კი არ მინდა ამ სამკუთხედში ბისექტრისას როლში აღმოვჩნდე ან არასაჭირო გვერდი ვიყო.

_ სამკუთხედს იმიტომ ჰქვია სამკუთხედი, რომ ყველა გვერდი სჭირდება, _ ყრუდ ვთქვი, _ ერთადერთი გამოსავალი ისაა, დაიშალოს სამკუთხედი.

_ ჰო.

_ მე დავშლი მას, პირობას გაძლევ და დავშლი ჩემს სასარგებლოდ.

_ მხოლოდ შენს სასარგებლოდ? _ ისე ფრთხილად იკითხა, მივხვდი, რისი გაგებაც სურდა.

_ ჩვენს სასარგებლოდ _ შენს და ჩემს სასარგებლოდ. ხომ იცი, რომ არ მოგატყუებ, _ ისევ გავუყარე თვალი თვალში.

ნაღვლიანად გამიღიმა.

_ ვიცი, ტყუილი ხომ ღალატის ტოლფასია, შენ კი ღალატი არ გჩვევია, _ თქვა და მხრებში ხელი ჩამავლო, თავისკენ მიმიზიდა და ტუჩებზე დამაკვდა…

8 8 8

ვინ თქვა, კოცნას სურნელი არა აქვსო. მთელი საღამო ბექას კოცნის სურნელი არ მომშორებია, მისი ტუჩების სიტკბოსაც ვგრძნობდი ამავდროულად. არც მივახშმია და არც ჩაი დამილევია, სარკესთან მოკალათებული კმაყოფილებით ვილოკავდი ბაგეებს, თან ზედა ტუჩს ცხვირს მივუშვერდი, რომ უფრო შემეგრძნო და დიდხანს გამყოლოდა იმ კოცნის სუნი და გემო.

ტელეფონმა დარეკა. პატარა გოგონასავით ვისკუპე სკამიდან და ყურმილს მივვარდი, ბექა მეგონა. მართალია, თუ მორიგე არ ვიყავი, ისე არც მირეკავდა და არც მიმესიჯებდა, მაგრამ ეს საღამო რაღაცით გამორჩეული იყო სხვებისგან და ამიტომაც ვიფიქრე, რომ ის იქნებოდა. არავინ მიპასუხა. უსიამოვნოდ გამკრა, სანდრო არ იყოს-მეთქი. გულისცემა ამიჩქარდა. ხომ არ მამოწმებს? ახლა დაკიდებს ალბათ და ბექასთანაც დარეკავს, იმასაც შეამოწმებს. იქნებ ვცდები? იქნებ ვიღაცას შეეშალა? მაშინ რატომ არ მიპასუხა?

დუმილი ყურმილს იქიდან რამდენიმე წამს გაგრძელდა, მერე კი წყვეტილი ზუმერი გაისმა ტელეფონში.

ისევ სარკესთან გადავჯექი და საკუთარი თავი შევათვალიერე. მართლა ლამაზი ვარ, მე თვითონაც მსიამოვნებს, როცა ჩემს ორეულს ვუცქერი. საცოდაობა არ არის, ასეთი სხეული უკაცობას განიცდიდეს? მას ხომ ახლა, სწორედ ამ ასაკში სჭირდება მამაკაცის ვნებიანი მკლავები, მოფერება, ალერსი… სექსი, ბოლოს და ბოლოს! რას ვუცდი? რა მიშლის ხელს? ბექას ხომ ვუყვარვარ, ვუნდივარ… იქნებ ლოგინმა უფრო დაგვაახლოვოს? სანამდე გაწელავს პაუზას? როცა ერი ლოთდება, სახელმწიფოს «მშრალი კანონი» შემოაქვს. ბექამ კი «მშრალი სექსის კანონი» დამიწესა. ნუთუ მოჭარბებული ვნების გამო? მე უფრო ძალიან მინდა მასთან დაწოლა, თუ მას? არ ვიცი, თუმცა ფაქტია, რომ მე ძალიან მინდა. ხომ არ დავურეკო და მოვიყვანო? არ ჯობია, მოსახდენი დროზე მოხდეს? არა, არა, რა სისულელეა, ამას არ ვიზამ. არ იფიქრებს ბექა, ეს ვინ ყოფილაო?

ამ დროს ისევ დარეკა ტელეფონმა. ამრეზით გადავხედე აპარატს. ჯინაზე არ ვუპასუხებ, რეკოს რამდენიც უნდა. კარგა ხანს ისმოდა ზარის ხმა, მე კი ადგილიდან არ დავძრულვარ. ბოლოს შეწყდა, მაგრამ ახლა მობილური ამღერდა. ჩანთას ვეცი, ეკრანს დავხედე, ბექა მირეკავდა. ნუთუ ჩემი ფიქრები გამოიცნო? ათრთოლებულმა დავაჭირე ღილაკს თითი, რაღაც ჯერარგანცდილის მოლოდინში.

_ ყურმილს რატომ არ იღებ, არ ხარ სახლში? _ მისმა სასიამოვნო ბარიტონმა გული გამითბო.

_ როგორ არა ვარ, მაგრამ ვიწექი და დამეზარა ადგომა, _ ვიცრუე, _ ახლა დარეკე და ავიღებ.

_ არა, იყოს. ერთი ამბავი მაქვს შენთვის, ოღონდ არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ მაინც უნდა გითხრა.

_ მითხარი, _ დავიძაბე, ასეთი რა აქვს სათქმელი?

_ დედაჩემი ხვალ საღამოს ვახშამზე გეპატიჟება, შენი გაცნობა უნდა.

_ რას ამბობ, _ ღაწვები გამიხურდა ამის გამგონეს.

_ რა ვქნა, სოფი, ჩემი ბრალი არ არის. გინდა თუ არა, მოიყვანეო, რა ვუთხრა?

მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა. სიჩუმე გაიწელა.

_ ალო, სოფი, ალო! გესმის ჩემი? _ მესმოდა მისი შეცვლილი ხმა.

_ მესმის, ბექა, მესმის. წამოვალ, რა თქმა უნდა, მაგაზე დაფიქრება შეიძლება?

_ მე კი მომეჩვენა, რომ დაფიქრდი.

_ არა, არა, უბრალოდ… არ ველოდი და…

_ აი, ხომ ხედავ, ცხოვრება როგორი სიურპრიზებით არის სავსე. კარგი, მეტს აღარ შეგაწუხებ, ხვალისთვის მოემზადე. აბა შენ იცი, არ შემარცხვინო.

_ რა საძაგელი ხარ, _ სიცილი ვერ შევიკავე, _ რა უთხარი ამისთანა, რომ ჩემი გაცნობა მოისურვა? _ ცნობისმოყვარეობამ მძლია.

_ ერთი გოგო ძალიან მაბრაზებს-მეთქი. ჰოდა, მაიყვა, გამაცანი და ჭკუას ვასწავლიო.

_ …

_ რა იყო, ხომ არ შეგეშინდა, ლამაზმანო?

_ ცოტა. ხვალიდან ვეცდები, აღარ გაგაბრაზო, _ სითბო ჩამეღვარა სხეულში.

_ ჰოდა, მოემზადე გადამწყვეტი რაუნდისთვის.

_ კარგი, _ ბედნიერმა ჭაღს გავუღიმე, ბექას დავემშვიდობე და მობილური გულში ჩავიხუტე.

8 8 8

დილით ჩვეულ დროს გამოვცხადდი სამსახურში. ასეთი გამოპრანჭული ალბათ ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, თან საშინლად ვღელავდი. არავის გამოპარვია ჩემი «საგანგებო მდგომარეობა». «რა ლამაზი ხარ, სოფიო», «რა ხდება? სად მიდიხარ?» «ვა, რა სხვანაირი ხარ?» _ ამ სიტყვებით შემხვდნენ თანამშრომლები. მეც ვიფერებდი კომპლიმენტებს და კეკლუცი ღიმილით ვიხდიდი მადლობას. სანდროს ჩემს დანახვაზე თვალები გაუშტერდა. აშკარად ძლიერი ეფექტი მოვახდინე მასზე. გამომწვევად შევხედე და გვერდი ისე ავუარე, მივახვედრე, ეს ყველაფერი შენ არ გეკუთვნის-მეთქი. ბექას კაბინეტს მივუახლოვდი, დავაკაკუნე და პასუხს არ დავლოდებივარ, ისე შევედი. თავი ასწია, შემომხედა და გაშეშდა.

_ ნუთუ?.. _ მხოლოდ ეს თქვა.

_ ნუთუ, _ ვუპასუხე მეც.

_ ჩათვალე, რომ ქალბატონი ანიკო უკან აღარ გამოგიშვებს, _ კმაყოფილმა წარმოთქვა და წამოდგა, ჩემკენ გამოემართა.

_ მეც დავრჩები, რა მენაღვლება.

მომიახლოვდა, თავი ჩემკენ გადმოხარა და ჰაერი შეისუნთქა.

_ არომატი, არომატი… სიმართლე გითხრა, მე შენი ბუნებრივი სურნელი უფრო მომწონს, _ ჩურჩულით მითხრა.

_ ესე იგი, მოვეწონები დედაშენს?

_ მას უკვე მოსწონხარ, ამიტომაც როგორ ფორმაშიც არ უნდა იყო, მნიშვნელობა არა აქვს.

_ როგორ მოვწონვარ, როცა ერთხელაც არ ვუნახივარ?

_ როგორ და ჩვეულებრივად. მე და დედას ერთნაირი გემოვნება გვაქვს, _ ხმამაღლა გაიცინა, _ მთავარია, შენც მოგეწონოს.

_ გამოდის, რომ მეც მომეწონება.

_ დარწმუნებული ხარ?

_ რა თქმა უნდა. მე და შენც ხომ ერთნაირი გემოვნება გვაქვს, _ მაცდურად შევცინე.

_ იცი? მე დღეს მორიგე ვარ, ასე რომ, შენ და დედაჩემს მარტო მოგიწევთ ყოფნა.

_ ხუმრობ? _ შევცბი.

_ არ ვხუმრობ, მართლა გეუბნები. მიგიყვან, ცოტა ხნით დავრჩები და მერე წამოვალ.

_ იქნებ სხვა დროისთვის გადავდოთ, ბექა? _ წინასწარ წარმოვიდგინე, როგორ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი და გამაცივა.

_ არა, ის დღეს გელოდება. მას ასე სურს. რა მოხდა მერე, ბოლოს და ბოლოს, აქედანვე ხომ უნდა მიეჩვიო იმას, რომ ოდესმე უჩემოდაც მოგიწევთ ერთად ყოფნა? _ საზეიმო ხმით თქვა და გაღიმებულმა თმაზე გადამისვა ხელი.

გავწითლდი…

8 8 8

მომეჩვენა, რომ ჩემს დანახვაზე ბექას დედას სახე შეეცვალა, ჩრდილმა გადაურბინა. არ მესიამოვნა. ასეთ შეხვედრას არ მოველოდი. უმწეოდ გადავხედე მოღიმარ ბექას.

_ ეს ის არის? _ ცივი ხმით იკითხა ქალმა, თან თვალს არ მაშორებდა.

_ ის არის, კი, _ თავი დააქნია ბექამ.

გეგონებოდა, თითქოს ჩემი გარეგნობის შეშურდაო, მაგრამ თვითონ ისეთი ლამაზი იყო, ენით ვერ აწერდი. აი, თურმე ვისი თვალები გამოჰყოლია ბექას, ვის ჰგავს ასეთი კარგი. ქალს მაღალი, მოხდენილი თეძოები ჰქონდა, დიდი მკერდი და არისტოკრატიული მიხვრა-მოხვრა.

ქალბატონი ანიკო, თითქოს ფიქრებიდან გამოერკვაო, უცებ დატკბა.

_ მოდი, შვილო, მოდი, კეთილი იყოს შენი მობრძანება, _ მითხრა და წინ გამიძღვა.

მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. რატომ შემხვდა ასე? რა არ მოეწონა? ზედმეტად გადაპრანჭული ხომ არა ვარ? ვულგარულად ხომ არ გამოვიყურები? შეგნებულად ჩავიცვი გრძელი კაბა, გულდახურული, რომ სადად გამოვჩენილიყავი. რა გამოვიდა? აშკარად რაღაც ცუდი გაიფიქრა, რომ შემომხედა, მაგრამ რა? ფიქრები ერთმანეთს ცვლიდა.

_ აგერ დაჯექი, გენაცვალე, ახლავე მოგხედავ, _ კეთილად გამიღიმა ქალმა და სკამზე მიმითითა.

_ თქვენ დასხედით და მე მოგემსახურებით, _ «სიტყვით გამოვიდა» ბექა, _ როგორც ყოველთვის, ჟასმინის ჩაი, ქალბატონო ანიკო, არა? _ ხუმრობანარევი ოფიციალურობით მიმართა დედას.

_ ჰო, შვილო, წყალი უკვე ადუღდებოდა, გადმოდგი ჩაიდანი, _ გასძახა სამზარეულოსკენ მიმავალს.

სუფრა გაშლილი დამხვდა. ოთხნაირი ლამაზი ნამცხვარი შევნიშნე მაგიდაზე და კიდევ ანტიკვარიული ჭურჭელი _ თეთრი, ქათქათა, შავზოლიანი თეფშები და ჩაის ჭიქები.

_ მინდოდა, პირველ შეხვედრაზე სიტკბოთი დაგხვედროდი. არ ვიცი, როგორ გამომივიდა, მაგრამ ვეცადე, _ ისევ გამიღიმა მომავალმა სადედამთილომ, _ ხომ დალევ ჩაის?

_ დიახ, _ მოკლედ მოვჭერი, ძალიან შებოჭილად ვგრძნობდი თავს.

მიმოვიხედე. ბინა უზადო გემოვნებით იყო მოწყობილი, ჭერი, კარ-ფანჯარა და ძველებური ყაიდის ავეჯი თეთრ ფერებში იყო, ხოლო კედლები, ფარდები და სამეული _ შინდისფერში. ულამაზესი ანტიკვარიული ლარნაკები და ფაიფურის ფიგურები ამაყად იწონებდნენ თავს შეფერილმინიან ვიტრინაში. ოქროსფერ ჩარჩოში ჩასმული ორი დიდი ტილო მდიდრულ იერს ჰმატებდა სასტუმრო ოთახს.

_ ისეთი ჩაი დავაყენე, მტერსაც კი დაუბრმავებს თვალს, _ ბექამ სამისთვის განკუთვნილი ცხელი ჩაი სინით შემოიტანა.

_ იქ შოკალადებია მაცივარში, შვილო, არ დაგავიწდეს, _ ქალბატონი ანიკო სინიდან ფინჯნების მაგიდაზე გადმოლაგებას შეუდგა.

_ ეწევი, სოფი? _ მკითხა და ისეთი თვალებით შემომხედა, თითქოს ჩემს სულში ჩაძრომას ლამობსო.

_ არა, არ ვეწევი, _ მორიდებით ვთქვი.

_ კარგია, რომ არ ეწევი. ჩემი ბექაც არ ეწევა. მე კი მომკლა ამ სიგარეტმა, ვერა და ვერ გადავეჩვიე. რაც ქმარს გავშორდი, იმის მერე დავიწყე, თექვსმეტი წელია უკვე.

შევეცადე, გაოცება არ შემტყობოდა. არ ვიცოდი, თუ ბექას მშობლები გაშორებული იყვნენ.

_ შენ გყავს დედ-მამა? _ ისევ ისე გამბურღა მზერით.

_ დიახ… ამჟამად მოსკოვში არიან, მამას იქ ბიზნესი აქვს ჩემს ძმასთან ერთად, დედა კი უვლის, _ წამწამები დავხარე, ვერ გავუძელი მისი თვალების «შემოტევას».

_ და ასეთი წარმტაცი გოგონა მარტო დაგტოვეს? _ გაიღიმა.

_ ჰო. მორიგეობით ჩამოდიან ხოლმე, ახალ წელს კი ყველანი ერთად ვიკრიბებით.

_ გადაიღე რამე, ყველაფერი გემრიელია, რასაც ხელს მოკიდებ, თვითონ გამოვაცხვე.

_ მართლა? _ გამოვცოცხლდი, სალაპარაკო თემა მომეცა, _ ისეთი ლამაზი ნამცხვრებია, აშკარად ეტყობა კარგი კულინარის ხელი, _ ვთქვი და ერთი ნაჭერი გადმოვიღე.

_ ეჰ… თავის დროზე, როცა ძალიან მიჭირდა, ვაცხობდი და საკონდიტროში ვაბარებდი. მერე ბექას მამას მივთხოვდი და აღარ დამჭირვებია, მხოლოდ ამათთვის თუ შევიწუხებდი თავს.

_ დე, მე ახლა ჩაის დავლევ და დაგტოვებთ, თორემ მომხსნიან სამსახურიდან, _ ბექა შოკოლადით სავსე ვაზით შემობრუნდა, _ სოფი, შენ ხომ არ გამიბრაზდები?

_ არა, რას ამბობ, _ უხერხულად შევიშმუშნე.

საუბარი მაინცდამაინც ვერ აეწყო. ქალბატონი ანიკო გამომძიებელივით მისვამდა შეკითხვებს, ჩემი ცხოვრების ამბებით ინტერესდებოდა _ ოჯახი, მშობლები, სამსახური… მეც სკოლის მოსწავლესავით ფრთხილად ვცემდი პასუხს იმის შიშით, რამე ზედმეტი არ წამომცდენოდა და არ «ჩავჭრილიყავი». ცოტა ხნის მერე ბექა წამოდგა, მოგვიბოდიშა, უნდა დაგტოვოთო, დედას აკოცა, მე თვალი ჩამიკრა და წასასვლელად გაემზადა.

_ დამირეკე, წასვლას რომ დააპირებ, _ მითხრა დედის ზურგს უკან მდგარმა ბექამ.

_ მობრუნდები, შვილო? შენ უნდა გააცილო სოფი? _ ანიკო შვილისკენ შეტრიალდა.

_ არა, არა, რა საჭიროა, მე ხომ მანქანით ვარ, _ ავწრიალდი.

_ მაშინ, სახლში რომ მიხვალ, დამირეკე, _ იდუმალი ღიმილი გამოეხატა ბექას სახეზე.

_ დაგირეკავ, _ სახე შემეფაკლა მისი ღიმილის შემხედვარეს.

ბექა წავიდა. დავრჩით მე და ქალბატონი ანიკო მარტო. ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა. შიშით თვალს ვერ ვუსწორებდი ქალს, ასე მეგონა, თავისი გამოხედვით მაკონტროლებდა.

_ ალბათ შეამჩნიე, როგორც შეგხვდი, არა? _ ხელზე ხელი დამადო ანიკომ. ფაფუკი, რბილი ხელისგული ჰქონდა.

_ ჰო, _ ალმური წამეკიდა.

_ რომ დაგინახე, ჩემი ახალგაზრდობა გამახსენდა… საშიში სილამაზის პატრონი ხარ, სოფი, არ დაგიმალავ. ასეთი სილამაზე დამღუპველია ქალისთვის. ერთ დროს მეც ჩამადენინა სისულელე ჩემმა გარეგნობამ. ღმერთმა იმისთვის შექმნა ლამაზი ქალი, რომ მამაკაცებს შეუყვარდეს. ეს კი რთული მომენტია ქალისთვის. ამ დროს იბნევა, არ იცის, რომელზე შეაჩეროს არჩევანი. ჭკვიანი ქალი არასდროს შეიყვარებს მამაკაცს, მხოლოდ ჩვენ, სულელები თუ წამოვეგებით ხოლმე ანკესზე.

გაოცებულმა შევხედე.

_ ნუ მიყურებ, ასე, სიმართლეს ვამბობ. ახალგაზრდობაში ისეთი ვიყავი, თვალს ვერ მაშორებდნენ კაცები, მოსვენება არ მქონდა. ვერც ერთის შეყვარება ვერ შევძელი, თავი მქონდა მათგან გაბეზრებული. ავდექი და ყველაზე ღირებული შევარჩიე მთხოვნელთა შორის. უსიყვარულოდ გავთხოვდი, მხოლოდ იმისთვის, რომ ვიცოდი, უზრუნველი ცხოვრება მელოდა ვაჟას ხელში. ასეც იყო. მართალია, არ მიყვარდა, მაგრამ უდიდეს პატივს ვცემდი. რაღაც გრძნობა თანდათან მაინც მოვიდა. მერე დაიბადა ბექა და ყველაფერი თავდაყირა დადგა. იმდენად ძლიერი იყო შვილის სიყვარული, ქმარი საერთოდ დამავიწყა. მის გვერდით ცხოვრება ჩემთვის მხოლოდ ცოლის მოვალეობის შესრულება გახდა. ნამდვილი სიყვარული კი მერე მეწვია, მოგვიანებით, ეს გრძნობა მაინც ვერ ავირიდე თავიდან. ვერ ვძლიე ცდუნებას, ვერ ვაჯობე საკუთარი ხორცის ამბოხს და ვუღალატე ვაჟას… მან არ მაპატია და წავიდა, მიგვატოვა, დავშორდით ერთმანეთს.

_ ქალბატონო ანიკო, რატომ მიყვებით ამას… _ ისე ვიყავი დათრგუნვილი, კანკალმა ამიტანა, _ რა საჭიროა, მე ეს ვიცოდე.

_ საჭიროა, შვილო, საჭირო… ბექამ იცის ყველაფერი, მისთვის არასდროს არაფერი დამიმალავს. გიყვები იმიტომ, რომ აქედანვე იცოდე, რა გამოცდის მოწყობა შეუძლია ცხოვრებას. ქალების უმრავლესობა იმიტომ კი არ ღალატობს ქმარს, რომ მათი გრძნობა ძალიან ძლიერია, უბრალოდ, იმიტომ, რომ მათი სისუსტეა უფრო ძლიერი. ამიტომაც სარგებლობენ ქალებში მეტი წარმატებით ფხიანი მამაკაცები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სილამაზით არ გამოირჩევიან. არ მინდა, ჩემნაირი შეცდომა სხვასაც მოუვიდეს, მით უმეტეს ადამიანს, რომელიც შეიძლება ხვალ-ზეგ ჩემი ოჯახის წევრი გახდეს. ბექას რომ მსგავსი გადახდეს, ვერ გადავიტან. ამიტომაც გიყვები. თუ დარწმუნებული არა ხარ, რომ ნამდვილად გიყვარს, საკუთარ თავზე მეტად გიყვარს, ნუ გადადგამ ასეთ ნაბიჯს.

_ ნანობთ? _ გავბედე, მეკითხა.

_ ამ გადასახედიდან, რა თქმა უნდა, ვნანობ. თუმცა ნებისმიერი ქალის შეცდომაში წვლილი აუცილებლად მიუძღვის ქმარსაც. ვნანობ, რადგან ოჯახი დავანგრიე, მეგონა, ის ცოლად შემირთავდა, სულ ერთად ვიქნებოდით, იმან კი… იცი, რა მითხრა? შვილი ქმარს დაუტოვე და ისე წამოდი ჩემთან, ბავშვიან ქალს დედაჩემს რძლად ვერ დავუსვამო. ჩემმა მეუღლემ კი არაფერი გააკეთა იმისთვის, შევენარჩუნებინე, გონიერება არ ეყო, არც ძალა… ერთი რამ დაიმახსოვრე, სოფი… ქალის ყველაზე დიდი უბედურება მისი ცხოვრების მამაკაცია, რომელიც არავინ იცის, რა დროს გამოჩნდება, როდის დაგანახვებს თავს… ხანდახან ისე აღფრთოვანდები ერთით, გგონია, რომ ეს ის არის, ის ერთადერთი, ვისაც ელოდი, მერე კი, გავა დრო და ხვდები, რომ თურმე სხვა ყოფილა, ის სხვა, რომელიც სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა სრულიად უადგილო ადგილას.

მოსმენილმა შემძრა. გაქვავებულივით ვიჯექი და ვერ ვინძრეოდი.

_ არადა… ის დღესაც უცოლოა… ცხოვრობს მარტო და პატრონი მომკითხავი არ ჰყავს…

ერთხანს ჩუმად ვიჯექი, რაღაცას ვაანალიზებდი ჩემთვის. მერე თავი ავწიე და ქალბატონ ანიკოს ჯიქურ გავუსწორე თვალი.

_ მე დარწმუნებული ვარ ჩემს სიყვარულში, ჩვენ შორის ღალატი არასდროს იქნება.

_ არასდროს… _ ჩაფიქრებულმა ქალმა თეფშს დახედა, _ მიხარია ამის გაგონება… შენ ერთადერთი ქალი ხარ, რომლის სახელიც, როგორც შეყვარებულის, პირველად გავიგონე ჩემი შვილის პირიდან. ამიტომაც მეშინია…

8 8 8

თავზარდაცემული დავბრუნდი შინ. ქალის ნაამბობმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. ის მართალი იყო. ბექა ახლახან გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, სულ რამდენიმე თვეა, სანდრო კი წლების განმავლობაში მიყვარდა. ვიყავი კი საკუთარ თავში დარწმუნებული? შევძლებდი კი, ბექასთვის ბედნიერება მიმენიჭებინა?..

გარეთ თავსხმა წვიმა იყო. ყური მივუგდე წვეთების ხმაურს. ავისმომასწავებელი იყო ეს ხმა, უსიამოვნო… ბექას მობილურზე დავურეკე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და სახლში მშვიდობით დავბრუნდი-მეთქი. გაუხარდა. მეც კმაყოფილი ვიყავი საღამოს შეხვედრით. ამ დროს ქალაქის ტელეფონმა დარეკა. ავიღე. ხმას არავინ იღებდა. გაბრაზებულმა ყურმილი ბერკეტზე დავახეთქე. ტანსაცმელი გავიხადე, პირსახოცის ხალათი ჩავიცვი და ის იყო, აბაზანაში დავაპირე შესვლა, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. არავის ველოდი, ვიფიქრე, მეზობელია-მეთქი და შემოსასვლელისკენ გავემართე. არც გამიხედავს სათვალთვალოში, ისე გავაღე კარი და გაოგნებული ადგილზე გავშეშდი… ერთიანად სველი სანდრო წინ გაშვერილი ხელით სადარბაზოს კედელს დაყრდნობოდა…

თავი ასწია და შემომხედა, ნასვამი მომეჩვენა.

_ მარტო ხარ?



* * *

სანდრომ ამღვრეული თვალებით ოთახის სიღრმისკენ გაიხედა, მერე კი ჩემზე გადმოიტანა მზერა, ინტერესით შემათვალიერა. არყის მძაფრი სუნი მეცა.

_ აქ იმის გასაგებად მოხვედი, მარტო ვარ თუ არა? _ უხეშად შევუბრუნე კითხვა.

_ არა, შენთან ლაპარაკი მინდოდა. სხვათა შორის, დღეს განსაკუთრებულად ლამაზი იყავი… არ შემომიშვებ?

_ მე შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. მით უფრო, როცა ნასვამი ხარ.

_ ცდები, გაქვს და თანაც ძალიან ბევრი. მერე რა, რომ ნასვამი ვარ, დიდ დროს არ წაგართმევ, არც არაფერს დაგიშავებ, ნუ გეშინია.

_ სულაც არ მეშინია, _ ხელები გადავიჯვარედინე, რომ კანკალი შემეკავებინა.

_ თუ არ შემომიშვებ, ძალით შემოვალ, იცოდე, _ ხმას აუწია და ერთი ნაბიჯით ახლოს მოიწია.

მივხვდი, რომ სხვა გზა არ მრჩებოდა.

_ მობრძანდი, _ გაგულისებული განზე გავდექი და გზა დავუთმე, თან ერთიანად ავცახცახდი, ძრწოლამ ამიტანა.

არ ვიცი, რა იყო ეს _ შიში, თუ ქვეცნობიერი მოლოდინი რაღაც იდუმალის მოხდენის? ყოველი შემთხვევისთვის, კარი მხოლოდ მივხურე, არ დამიკეტავს და მაშინვე მივხვდი, რომ შიში იყო, მხოლოდ შიში…

_ ლამაზად მოწყობილხარ, შეცვლილია აქაურობა, _ გაიხედ-გამოიხედა სანდრომ და პირდაპირ საწოლზე ჩამოჯდა.

ხალათი მჭიდროდ შემოვიხვიე ტანზე, ქამარი შევიკარი და იქვე მდგარ სავარძელში ჩავჯექი, ფეხებში ძალა მელეოდა.

_ მთელი საათია, გირეკავ… სად იყავი? _ კუშტად შემომხედა.

_ ჯერ ერთი, რა შენი საქმეა და მეორეც, როცა რეკავ, ხმა უნდა ამოიღო.

მზაკვრულად ჩაიცინა.

_ ჰმ, მიხვდი, არა? ესე იგი, მელოდი, რახან მიხვდი.

_ არ გელოდი, მე შენ დიდი ხანია, არ გელოდები, აღარ გელოდები, არა! _ ჯიუტად ვიმეორებდი ჩემსას.

_ ის სამსახურშია, შენ სად დადიხარ ამ დროს?

_ ძალიან გაინტერესებს? გეტყვი… მასთან ვიყავი სახლში, _ გამარჯვებულის ღიმილი ვესროლე, სურვილმა მომიარა, გამებოროტებინა.

_ მასთან სახლში? იქ რა დაგრჩენია უიმისოდ? _ აშკარად არ დამიჯერა.

_ დედამისი გავიცანი.

_ ო-ჰო! ძალზე სერიოზულად ყოფილა საქმე, თუ ასეა. რაო მერე, მოეწონე დიდად პატივცემულ ქალბატონ ანიკოს?

_ რა გინდა, ბოლოს და ბოლოს, არ მეტყვი, რამ მოგიყვანა აქ? _ თანდათან მელეოდა მოთმინება, წონასწორობიდან გამოვდიოდი, შიში თითქოს სადღაც გაქრა.

_ შენმა სიყვარულმა, სხვა რა მომიყვანდა. შენ ხომ გიყვარვარ, ჰოდა, მეც მოვედი.

_ მე შენ უკვე დაგასამარე, აღარ არსებობ ჩემთვის.

_ რას მელაპარაკები! რამდენიც უნდა მიმტკიცო, აღარ მიყვარხარო, არ დაგიჯერებ, ხომ იცი. ეგეთები არ გამოგივა.

_ უკვე გამომივიდა, ასე რომ, შეგიძლია გაიხურო კარი და წახვიდე.

_ ასე ადვილად ვერ დააღწევ თავს ჩემგან. ეს თამაში შენ წამოიწყე და შენვე გააგრძელებ, იცოდე, ოღონდ ჩემთან ერთად.

_ მორჩა თამაში, მე შენ არ მაინტერესებ, აღარ არსებობ ჩემს ცხოვრებაში.

_ მაგით რა გინდა თქვა? კაცი გადამრიე, ჭკუიდან შემშალე, ყველაფერი თავიდან დამაწყებინე და ახლა მოგინდა ყველაფრის დავიწყება? შენ შეიძლება არ იცი, მაგრამ თუ ადამიანი ერთხელ გამოძვრა თავისი ტყავიდან, მერე უკან ვერ შებრუნდება. გასაგებია?

_ ასე გველებმა იციან და არა ადამიანებმა.

_ შენც ჩათვალე, რომ გველი ვარ.

_ ეგ ისედაც ნათელია, _ ამრეზით ავიჩეჩე მხრები.

_ ჰოდა, ისე მოვიქცევი, როგორც გველს სჩვევია, _ მუქარის ტონით წარმოთქვა, წამოდგა და ჩემკენ დაიძრა.

ელვის სისწრაფით წამოვხტი და ჰოლისკენ გავქანდი, მაგრამ ვერ მოვასწარი, გამომეკიდა, დამეწია და მკლავები ძლიერად შემომაჭდო. აძაგძაგებული კედელს ავეკარი. იქვე მიმაწყვდია, კართან. ხელები დამიჭირა და კოცნა დამიწყო. სიმწრისგან ტუჩებს ვიკვნეტდი. ვცდილობდი, გავსხლტომოდი, მაგრამ უშედეგოდ. ხალათი გადამეღეღა, შიშველი მკერდი გამომიჩნდა. თავს ცოფიანივით ვატრიალებდი აქეთ-იქით, რომ მისი ტუჩები ამერიდებინა, ის კი ჟინმორეული ხვნეშოდა, აზარტში შესული მკოცნიდა ყელზე, მკერდზე, მკლავებზე, თან ხმაურიანად, ხარბად ისრუტავდა ჩემი სხეულის სურნელს. მერე ხალათი მხრებზე გადამიწია, მკერდი მთლიანად მომიშიშვლა და სველი ტუჩებით დაუწყო ალერსი _ მბრძანებლურად და ოსტატურად, სწორედ ისე, როგორც მას ჩვეოდა, სწორედ ისე, როგორც ერთხელ იქ, მაშინ, წლების წინ… მან იცოდა, როგორ მომფერებოდა, როგორ დაეხვია ჩემთვის თავბრუ, მას არ დავიწყებია ეს. სხეულში ტკბილი კრუნჩხვის ტალღამ დამიარა, სიამოვნებისაგან თვალები დამებინდა, თრთოლვამ მომიცვა, წამით თითქოს დავყევი კიდეც მის ნებას, მაგრამ გონება ჯერ კიდევ მემორჩილებოდა და წინააღმდეგობის გაწევა არ შემიწყვეტია. ცალი ხელი წელზე ჰქონდა ჩემთვის შემოხვეული, მეორეთი შიშველ ბარძაყზე მიჭერდა. ისე დამცხა, ოფლმა დამასხა. სუნთქვა გამიძნელდა, თითქოს ვიხრჩობოდი. მაინც ვეწინააღმდეგებოდი. ვიცოდი, რომ ალერსზე ალერსით არ უნდა მეპასუხა, არ მქონდა ამის უფლება. არა, ბექას გამო არა, იმწუთას ბექა არაფერ შუაში იყო, მასთან არ მინდოდა, მასთან არ შეიძლებოდა, არ შეიძლებოდა და მორჩა! მე იგი აღარ მიყვარდა და ჩვენი ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელი იყო. მე აღარ ვიყავი მასთან დამბრუნებელი.

თვალები დავხუჭე. თავზე თითქოს ცეცხლი მეკიდა. მისი ხელები ხან აქ აღმოჩნდებოდა, ხან იქ, სადაც მოესურვებოდა, იქ დაეხეტებოდა. ახვნეშებული, გახელებული მამაკაცი თითქოს ხარბად იკვლევდა იმ ადგილებს, რომლებიც წლების წინ მას ეკუთვნოდა.

_ თოთხმეტი წელი ამაზე ვფიქრობდი, _ ჩურჩულებდა იგი, _ თოთხმეტი წელი!

სანდროს ცხელი ხელები განაგრძობდნენ რონინს ჩემს ტანზე.

_ თოთხმეტი წელი, თითქმის ყოველღამე!

ამის გაგონებაზე კინაღამ გონება დავკარგე.

_ სხვა ქალთან სექსის დროსაც კი შენ წარმოგიდგენდი ყოველთვის, ამ ასხმარტალებულ სხეულს, ამ გემრიელ ტუჩებს, ამ მკერდს…

მივხვდი, რომ ძალა მელეოდა. მოვეშვი და ლამის გონდაკარგული მის მკლავებში ჩავესვენე.

_ შენ კი, კახპავ, გინდა რომ იმ ახვარს ჩაუწვე ლოგინში! _ დაიღრიალა უცებ და ხელი მკრა.

მაშინვე ვერ მივხვდი, რა მოხდა. ერთმანეთის პირისპირ ვიდექით ორივე და ხმამაღლა ვსუნთქავდით, აწითლებულები და ტანსაცმელაჩაჩულები. როგორც იქნა, მისი სიტყვების აზრი დავიდა ჩემამდე. ხალათი კვლავ შემოვიხვიე და ქამარიც შევიკარი. სანდრო თვალმოუშორებლად მიყურებდა, როგორ ვიწესრიგებდი თავს. როცა მოვრჩი, ზიზღით შევხედე, მან კი მთელი ძალით სილა გამაწნა. მერე ნიკაპქვეშ ამომდო საჩვენებელი თითი და სახით თავისკენ მიმატრიალა. ცრემლები მახრჩობდა, იძულებული გავხდი, თვალებში შემეხედა… და მეორეჯერაც გამარტყა, ამჯერად მეორე ლოყაში, თან უფრო ძლიერად.

_ მეტკინა, სანდრო, _ დავიკვნესე.

_ ძუკნა ხარ, ნამდვილი ძუკნა, შენი ადგილი ცირკთანაა! _ კბილებში გამოსცრა და გამშორდა, თან პერანგს ისწორებდა.

თავი კედელს მივადე და ამოვისლუკუნე. ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ აღარ მიყვარდა. მიყვარდა? ტყუილია, იგი მე არც აქამდე მყვარებია, უბრალოდ, მასთან სექსი მინდოდა მხოლოდ. დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მტანჯავდა, ეგ იყო და ეგ. როგორ შეიძლებოდა, ასეთი პირუტყვი მყვარებოდა? ახლა ხომ მიხვდი, სოფიო, როგორ ტყუვდებოდი? მორჩა, საბოლოოდ უნდა დავივიწყო წარსული, მისი ხსოვნა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვისროლო სანაგვეზე იმ ტანჯვიანად, რომლითაც მთელი ცხოვრება «დამაჯილდოვა»… იგი ჩემთან კაცურად არასდროს მოქცეულა, მე კი არ ვუტყდებოდი ამაში საკუთარ თავს. მე რაღაც არგანცდილი, არარსებული მიყვარდა მასში, ის, რაც არ ვიცოდი, ის, რასაც არ ვიცნობდი, რაზეც თვალს ვხუჭავდი და ამაში შევცდი. სწორედ ეს აღვიქვი სიყვარულად, სინამდვილეში კი არ მყვარებია, ეს არ ყოფილა სიყვარული. ეს არის სიმართლე. თურმე საერთოდ არ მცოდნია, რა არის სიყვარული. ამ გრძნობას სულ ვეძებდი, წლების განმავლობაში ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე… დღემდე. ახლაღა ვხვდები, რომ ბექა ყოფილა ის მეორე ნაწილი ჩემი, რომელსაც ველოდებოდი, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვეძებდი… ვეძებდი… ვეძებდი… ვიპოვე, მაგრამ… როგორც ვიპოვე, ისევე დავკარგე…

სანდრო კვლავ საწოლზე ჩამოჯდა. არეული თვალებით შემომხედა, არაადამიანურად, ცხოველურად, მსხვერპლზე მონადირე მანიაკებს რომ სჩვევიათ, ისე.

_ მოდი აქ! _ მიბრძანა და მარჯვენა ხელი ლოგინზე დაატყაპუნა.

ჟრჟოლამ ამიტანა, ცივმა ოფლმა დამასხა. არ შევრხეულვარ.

_ არ გესმის, რას გეუბნები! მოდი-მეთქი, აქ დაჯექი, ჩემ გვერდით.

_ არ გინდა, სანდრო, გთხოვ. შენ ახლა ნასვამი ხარ… ხვალ გამოფხიზლდები და მერე ვილაპარაკოთ, _ ხმააკანკალებულმა ამოვთქვი, ცრემლები მახრჩობდა, ინსტინქტურად აივნისკენ ავიღე გეზი, ჰაერზე მინდოდა გასვლა. ლოყები მიხურდა.

_ გახსოვს, ამასწინათ რომ მითხარი, ერთხელ მაინც გამოსცადე ეს საოცრება, დაწექი მასთან, ვინც გიყვარსო… გახსოვს? წამდაუწუმ ჩამესმის ეს სიტყვები, ყველგან, ყოველ წამს, ყოველ წუთს…

_ მაშინ მე სხვა რამეც გითხარი და ისიც უნდა გახსოვდეს.

_ აბა, რომელი? გამახსენე.

_ სიყვარული იქამდე იზრდება, ვიდრე მისი შემჩერებელი არ გამოჩნდება-მეთქი. დაგავიწყდა?

_ და გინდა მითხრა, რომ გამოჩნდა?

_ ჰო, გამოჩნდა და ეს შენც კარგად იცი, _ რასაც ვამბობდი, ვიცოდი, ჩემს საწინააღმდეგოდ იმოქმედებდა, მაგრამ მაინც ვთქვი, ჩემდა უნებურად ვიწვევდი, ვაღიზიანებდი, ვაბოროტებდი, აზარტში შევედი თითქოს.

გახელებული წამოხტა და ისევ წამოვიდა ჩემკენ.

_ მე მას შენს თავს არ დავუთმობ, იცოდე. შენ მხოლოდ მე მეკუთვნი, მე! დაიმახსოვრე ეს, პატარა კახპავ! _ დაიყვირა და გამძვინვარებული მომვარდა.

ხელი ვკარი და გავექეცი. ისევ გამომეკიდა. ჩემი ერთადერთი მშველელი ამწუთას მაგიდა იყო, მის გარშემო დავიწყე სირბილი გამწარებულმა, რომ როგორმე დრო მეხელთა და კარისკენ მომესწრო გაქცევა. ის ღია იყო, გარეთ უკვე აღარ მეშინოდა. ერთ მომენტში მომატყუა, ცრუ მოძრაობა გააკეთა და წინ ამესვეტა. სკამი ავაყირავე და დავუსხლტი, გავქანდი კარისკენ… არა, მაინც ვერ მოვასწარი, დამეწია და ისევ შემომაჭდო მკლავები.

_ ახლა კი ვერსად წამიხვალ! _ ბოღმით ამოთქვა და კართან მიმჭეჭყა. ამჯერად არ მკოცნიდა, არც მეფერებოდა, ქამრის შეხსნა დამიწყო მხოლოდ.

_ არა, სანდრო, არ გინდა, გთხოვ, გემუდარები, _ ნიკაპი ამიკანკალდა, ღაპაღუპით მდიოდა ცრემლები.

_ მეტი ლოდინის სურვილი აღარ მაქვს, ამაღამ ჩემი უნდა გახდე, მინდიხარ, სიგიჟემდე მინდიხარ, სო-ფი! _ ღვარძლიანად მესროლა და ბოროტად გამიღიმა.

გავიბრძოლე, ფრჩხილებით მთელი სახე დავუკაწრე, მაინც არ მეშვებოდა.

_ მიყვარხარ, გესმის? მიყვარხარ, _ ბოდავდა თითქოს, _ და შენც გიყვარვარ, ასე არ არის? შენც გინდა ჩემთან, მე ვიცი. გამოტყდი, რომ გინდა.

პირველად მესმოდა მისგან ასეთი სიტყვები. მას ხომ არასდროს აუხსნია ჩემთვის სიყვარული, არასდროს დასცდენია მსგავსი რამ, მხოლოდ მის თვალებში ვკითხულობდი ყოველთვის ყველაფერს…

მერე ერთი ხელის მოსმით გამხადა ხალათი და მის პირდაპირ სრულიად შიშველი აღმოვჩნდი. ნეტავ მოვიდეს ვინმე, ნეტავ მოვიდეს, _ ვნატრობდი ჩემთვის, _ ღმერთო, ოღონდ ახლა გადამარჩინე და მეტს არასდროს არაფერს გთხოვ, ოღონდ ახლა მიშველე, _ ვიმეორებდი გულში, ხელებით ვცდილობდი შიშველი ადგილების დაფარვას და თვალებს უმწეოდ ვაცეცებდი აქეთ-იქით…

კარგა ხანს ვუწევდი წინააღმდეგობას. ვცდილობდი, მომეშორებინა თავიდან, დავსხლტომოდი, გავქცეულიყავი… ვერა, ჩემზე ბევრად ძლიერი იყო, ვერ მოვახერხე. მცემდა და მკოცნიდა, მკოცნიდა და მცემდა, სახე ამიწითლდა დარტყმებისგან, თანდათან მისივდებოდა ნაკოცნი ტუჩები. ის თითქოს ნადირობდა ჩემზე. ოდნავ შემიშვებდა ხელს და როგორც კი გაქცევას დავაპირებდი, ისევ ჩამიჭერდა, ისევ მკოცნიდა და ისევ მცემდა.

დავიღალე… უკვე აღარ შემრჩა წინააღმდეგობის გაწევის ძალა, ლამის იყო, გული წამსვლოდა, თანდათან შევსუსტდი და… ჩავიკეცე, დავნებდი, ბედს მივენდე…

იატაკზე გამაწვინა. უხეშად, ყოველგვარი ალერსის გარეშე დამეუფლა. არადა, როგორ ვოცნებობდი მასთან სექსზე, მეგონა, ღვთაებრივი სიამოვნება მელოდა, ენით აუწერელი ნეტარება… არა, ეს არ იყო საყვარელი მამაკაცის ალერსი, მისი ყოველი ქმედება დაუოკებელი, პირუტყვული ჟინის დაკმაყოფილებას უფრო ჰგავდა. არც ერთი სასიყვარულო სიტყვა, არც ერთი სასიყვარულო ჟესტი… არაფერი, არაფერი… ისე მომეპყრო, როგორც ქუჩის ქალს შეეფერებოდა. მე კი, წლების განმავლობაში სხვა მოლოდინი მქონდა. როგორ ვცდებოდი თურმე…

უაზროდ შევყურებდი ჭერს. აღგზნება, რომელიც მისი პირველი შეხებისას ვიგრძენი, სადღაც გაქრა, ზიზღმა შეცვალა. არა, ამას ზიზღიც არ ერქვა, არც სიძულვილი ერქვა, საერთოდ არანაირ გრძნობას არ განვიცდიდი მის მიმართ, არც ჩემი სხეული, ისიც არაფერზე რეაგირებდა. საკუთარი თავი მეზიზღებოდა მხოლოდ, მთელი ჩემი ცხოვრება მძულდა, მთელი წარსული. ყოველთვის ყველაფერს უკუღმა ვაკეთებდი, ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ მივდიოდი.

და ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, მე ვიყავი დამნაშავე იმაში, რაც ახლა ხდებოდა…

8 8 8

ისე წავიდა, კრინტი არ დაუძრავს, ისე გავიდა ოთახიდან, გამარჯვებულის ღიმილი დასთამაშებდა სახეზე მხოლოდ…

არ ვიცი, რამდენ ხანს ვეგდე იატაკზე, დრო თითქოს გაჩერდა… მერე ძლივს ავითრიე წელი, ერთიანად დანგრეული ვიყავი, ყველაფერი მტკიოდა. აბაზანაში შევედი და სხეული ცხელ წყალს მივუშვირე. გამწარებული ვიბანდი ტანს, სახეს, ფეხებს, ხელებს… დიდხანს, ძალიან დიდხანს, მინდოდა ყველა ის დამცირება, შეურაცხყოფა, სანდროს მიერ დატოვებული ბინძური კვალი წყლისთვის გამეტანებინა. მორჩა, იგი სამუდამოდ წაიშალა ჩემი მეხსიერებიდან, მის ადგილას სიცარიელემ დაისადგურა, დარჩა მხოლოდ თეთრი ფურცელი, ზედ კი _ უზარმაზარი შავი ლაქა.

ხვალ მთელი ტანი დამილურჯება, ნაცემს დავემსგავსები. კიდევ კარგი, რომ შაბათი მოდის, არ გავალ სახლიდან, არც ზარებს ვუპასუხებ, ორივე ტელეფონს გამოვრთავ. მერე? მერე რა ვქნა? კვირა მოდის, კვირას რა მეშველება? საღამოს მე მიწევს მორიგეობა კლინიკაში, როგორ მოვიქცე? არ გამოვცხადდე? ვთქვა, ავად ვარ-მეთქი? იქნებ არაფერი შევიმჩნიო და ჩვეულებრივად მივიდე სამსახურში? რა გავაკეთო? ვის შევჩივლო? რა უბედური ვარ… რა გაანელებს ამ ტკივილს… ბექა, ბექა, ბექა… როგორ დაგკარგე… სამუდამოდ… საბოლოოდ… ახია ჩემზე, _ ლამის ხმამაღლა მოვთქვამდი…

ვიდექი სარკესთან და საკუთარ გამოსახულებას გულსაკლავად შევყურებდი. ჩემს იდილიურ სახლში, ჩემს საყვარელ სარკეში, თავს ვერ ვცნობდი, საკუთარი ორეული უცხოდ მეჩვენებოდა. მოკრუნჩხული და მობუზული, განადგურებული სახე და სხეული ჩემს კარიკატურას უფრო მაგონებდა. რატომ შევიცვალე ასე?

ეს იმიტომ, რომ ცრემლმა თვალები დამიბინდა…

ეს იმიტომ, რომ ვტირი, _ დავასკვენი ბოლოს და ამით დავიმშვიდე თავი…

8 8 8

დილა ისე გათენდა, თვალი ვერ მოვხუჭე. თითქოს უზარმაზარი ლოდი მაწვა გულზე, რომელიც სუნთქვას მიჩერებდა, ტკივილს აღრმავებდა სულის სიღრმეში. თითქოს დანა ჩამარტყეს გულში, შიგ ჩამიტოვეს და ასე, დანაგაყრილი დავრჩი. სანამ ტელეფონებს გამოვრთავდი, დედას და მამას ველაპარაკე, გული მოვიოხე მათთან საუბრით, ვუთხარი, ყველაფერი კარგადაა, ჩემზე არ იდარდოთ-მეთქი. არ მინდოდა მათი განერვიულება. მერე კი…

მერე იყო წყვდიადი… გვირაბი… სიბნელე… ხელების ცეცებით მივდიოდი ამ გვირაბში, ძლივს ვიკვლევდი სიბნელეში გზას, სინათლე კი არსაიდან ჩანდა.

მე მიცვალებული ვიყავი, სულგამოცლილი გვამი, რომელმაც დაასრულა სიცოცხლე, სამარცხვინოდ დაამთავრა ცხოვრება, რომელიც გათელეს, ფეხქვეშ ამოიდეს, დაამცირეს, შეურაცხყვეს… მე მკვდარი ვიყავი, მკვდარი, რომელსაც მარადიული ზღაპრული მაგიაც კი ვერ გააცოცხლებდა.

8 8 8

ვერ გეტყვით, რა ხდებოდა იმ ერთი დღის განმავლობაში. გარე სამყაროს მთლიანად ვიყავი მოწყვეტილი. არც არავინ მოსულა და არც არავისთან წავსულვარ. ის ორი ღამე არ მძინებია, არ მიჭამია, ცრემლი არ შემშრობია თვალზე… ეს ჩემი შანაგანი მდგომარეობა იყო, ამას ვერსად გავექცეოდი. სანდროს საქციელი სასჯელი იყო ჩემთვის, თუმცა დაუმსახურებელი… მისი გადასახედიდან, შეიძლება დამსახურებულიც, მაგრამ… ვფიქრობ, რომ მაინც არ უნდა მომქცეოდა ასე.

კვირას, შუადღისას, ტელეფონები ჩავრთე. მობილურზე უამრავი ზარი იყო შემოსული. მათგან უმრავლესობა ბექას ეკუთვნოდა. ერთი ზარი ნათიასგან და ორიც _ გიზელასგან. დანარჩენი _ ბექასი… ოცდაცხრამეტი უპასუხო ზარი… ეს არც ისე ცოტაა, შეიძლება არც ისე ბევრი… ალბათ მოჰბეზრდა წარამარა დარეკვა… როგორია, როცა ქალი არაფრად გაგდებს, არც ერთ შენს ზარს პასუხს არ სცემს, გამორთული აქვს ტელეფონი. მე მესმოდა მისი. მესმოდა, მაგრამ… არ შემეძლო მასთან ლაპარაკი, ამის უფლება დაკარგული მქონდა.

კვირა უფრო მტანჯველი აღმოჩნდა. ვიცოდი, აუცილებლად უნდა მივსულიყავი კლინიკაში, მორიგეობას ვერ გავაცდენდი. მოვიფიქრე, ვითომ მოულოდნელად გავემგზავრე სოფელში, გასვენებაში, ამიტომ ვერ მოვასწარი ვერავის გაფრთხილება. ვთქვი, რომ ძალიან ახლობელი ადამიანი გარდამეცვალა, რომლის სიკვდილმა დამრთგუნველად იმოქმედა ჩემზე. დაუჯერებელი არაფერი იყო, სახეც და განწყობაც შესაბამისი მქონდა. ერთადერთი, ვინც არ დამიჯერა, გიზელა იყო, რომელიც სპეციალურად გამოიძახეს კლინიკაში ახალი პაციენტის მოსანახულებლად. როგორც კი დამინახა, მაშინვე მიხვდა, რომ ცუდად მქონდა საქმე, რომ რაღაც ვერ იყო ისე.

_ არ მომწონხარ და ნუ დამიწყებ ახლა იმის მტკიცებას, რომ ვიღაცის გარდაცვალების გამო ხარ ასე, _ ეგრევე მატაკა.

_ რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ არის მიზეზი, გიზელა, _ ამოვიოხრე, _ მე ყველაზე ღირებული დავკარგე გუშინწინ, ყველაზე ძვირფასზე ვთქვი უარი, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა შანსი არ დამიტოვეს.

გაეცინა.

_ შენ იცი, რომ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ? _ მკითხა.

_ არა მგონია. მე არაფრით გავნსხვავდები ჩვეულებრივი ადამიანებისგან.

_ განსხვავდები და აი, რატომ _ ჩვეულებრივ ადამიანს ყოველთვის აწუხებს იმის შეგრძნება, რომ არამარტო უყვარდეს ადამიანები, არამედ ადამიანებსაც უყვარდეს იგი. არაჩვეულებრივ ადამიანს კი მხოლოდ უყვარს, უყვარს და მორჩა. ის საპასუხო რეაქციას არ ითხოვს, არც ელოდება. მას ყველა უყვარს, ვინც მოსწონს, და ყველაფერი უყვარს, რაც მის სულთან არის ახლოს, თუმცა არასდროს გამიზნულად და თეატრალურად არ მოქმედებს. მასში ამ დროს ფხიზლობს ე.წ. კონტროლირებადი მიამიტობა, ეგ არის და ეგ. მკითხავ, ალბათ, რას ნიშნავს კონტროლირებადი მიამიტობა? ეს შამანების ფრაზაა. არაჩვეულებრივმა ადამიანმა იცის, რომ ვერასდროს მიიღებს იმას, რასაც გასცემს, მაგრამ მაინც გასცემს, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეუძლია, იმიტომ, რომ არა აქვს ზიზღის გრძნობა, არც სიძულვილის, მისთვის უცხოა ეს ორი რამ. მას სიამოვნებს, როცა გასცემს, რადგან მოზღვავებულად აქვს სიყვარული, ჭარბად, ულევად, არ ენანება, ემეტება სხვისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც უღირს, ვინც უყვარს, ვინც ძვირფასია მისთვის. ამავდროულად, ის იყენებს კონტროლირებად მიამიტობას, რომ არ იფიქროს ამაზე, არ შეწუხდეს იმაზე ფიქრით, გაცემული უკან დაუბრუნდება თუ არა. გიყვარდეს ადამიანები ან უყვარდე მათ _ ეს კიდევ არ არის ყველაფერი, რისი მიღწევაც ადამიანს შეუძლია. როგორც ჩანს, ბექამ ვერ შეგაფასა და ამას განიცდი.

_ არა, ამაში არ არის საქმე. ბექამ სწორედ რომ იცის ჩემი ფასი. აქ სხვა, მეორე ადამიანზეა საუბარი, რომელმაც დამამცირა… შეურაცხმყო.

_ და ეს ის ადამიანია, რომელიც ბექამ შეცვალა?

_ ჰო.

_ მომისმინე, სოფიო, კარგად მომისმინე. ჩვეულებრივი ადამიანი ბრძოლის შემდეგ ან გამარჯვებული გამოდის, ან დამარცხებული და ამის შესაბამისად, ან დევნილია, ან მსხვერპლი. გააჩნია, ვის როგორ მოეჩვენება ან როგორ დაანახვებ. სწორედ ამის მიხედვით, ნებისმიერი ჩვენგანი ან გამარჯვებული რჩება, ან დამარცხებული, ან სულაც _ ტანჯული. ეს უკანასკნელი ყველაზე უარესი მდგომარეობაა, რომლიდანაც გამოსავალს ძნელად თუ იპოვი. ეცადე, ტანჯულის ნიღაბი არ მოირგო. არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია, მთავარია, სწორ გზას დაადგე, გარკვეული მიმართულება გქონდეს. ცხოვრება თავის მწვერვალს მაშინ აღწევს, როცა მთელი ძალები შენ წინაშე დასახული მიზნის განსახორციელებლადაა მიმართული. რა არის ცხოვრების მიზანი? ნადავლი, მონაპოვარი. ცხოვრების არსი? იგივე. ცხოვრება ცხოვრებით იკვებება. ეს მე არ მითქვამს, ეს ჩემზე ჭკვიანებმა თქვეს. ყველაფერი ცოცხალი დედამიწაზე იყოფა ორ ფენად _ ერთი, ვინც ჭამს და მეორე, ვისაც ჭამენ. ამ ცხოვრების კანონიც ასეთია _ შეჭამე, თუ არადა, სხვა შეგჭამს. ნუთუ ჩემგან გესწავლება ეს? არც ისეთი გულუბრყვილო ჩანხარ, არ გესმოდეს. მე შენ ჭკვიანი ქალი მგონიხარ. ცხოვრება _ ეს დანაყრების დაუოკებელი წყურვილია, ხოლო სამყარო არის არენა, სადაც ერთმანეთს ეჯახებიან დანაყრების მსურველნი, ისინი ერთიმეორეს კვალდაკვალ დასდევენ, უსაფრდებიან, ნადირობენ მსხვერპლზე, სანსლავენ ერთმანეთს. ეს არის არენა, სადაც იღვრება სისხლი, სადაც მეფობს სისასტიკე, ბნელი შემთხვევითობა და ქაოსი თავიდან ბოლომდე. უნდა იყო ეშმაკი, მოხერხებული, რომ ამ ყველაფერს დაუძვრე, თავი გადაირჩინო. ყველაზე მეტად კი მოძრავ საგნებს უნდა ერიდო. უძრავი უძრავია. ის უმოქმედოდ დგას და ვერაფერს დაგიშავებს, მაგრამ მოძრავი საგანი ყოველთვის საშიშია, მას განსაკუთრებულად უნდა უფრთხილდე. იმიტომ, რომ მოძრაობს და წინასწარ არასდროს იცი, რა მომენტში სად ჩაგისაფრდება და რას მოიმოქმედებს.

_ მეშინია, გიზელა, ხვალინდელი დღის მეშინია.

_ ყველას თავისი შიში აქვს, სოფიო, ყველა ადამიანის შიში განსხვავებულია. მთავარია, საკუთარი «მე» შეინარჩუნო, შიშის დაძლევა კი ყოველთვის შეიძლება.

_ ჰო, მაგრამ მე ისიც არ ვიცი უკვე, რას ნიშნავს საკუთარი «მე»…

_ ძალიან კარგად მესმის შენი. შინაგანი «მეც» განსხვავებულია ყველა ჩვენგანში. ყველას თავისი «მე» აქვს. ამას თავად უნდა მიხვდე. ჩემი «მე» ის არის, რაც ჩემი თავმოყვარეობის შელახვის უფლებას არ მაძლევს, რაც თავად მე მეწინააღმდეგება, თავს არ მახრევინებს, სხვის მონად არ მხდის, გესმის?

_ მესმის, _ ჩურჩულით წარმოვთქვი, თან ვგრძნობდი, რომ ამ ქალის ყოველი სიტყვა ჩემზე ჯადოსავით მოქმედებდა, უხილავი ენერგიით მავსებდა, უკეთესი ცხოვრების სტიმულით მმუხტავდა.

_ ჰოდა, ასწიე თავი და იარე წინ, დასახული მიზნისკენ, ნურანაირ დაბრკოლებას ყურადღებას ნუ მიაქცევ, ჩათვალე, რომ ეს წვრილმანი ბარიერია, რომელსაც ფეხის ერთი მოქნევით, როგორც კენჭს, ისე მოისვრი გზიდან. და მეორედ ასეთ ფორმაში არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა. შენ რა გგონია, შენზე ნაკლები პრობლემები მაქვს? იცი, რამდენი დამცირება შემხვედრია ცხოვრებაში? რამდენი შეურაცხყოფა გადამიტანია? მაგრამ არასდროს შევრიგებივარ სიტუაციას, ყოველთვის საბრძოლო განწყობით ვარ, ჟანა დარკივით შემართული დავდივარ, რომ თავი არავის დავაჩაგვრინო, ჩემი ბედნიერება მევე მოვიპოვო, მევე შევიტანო ყველაზე დიდი წვლილი საკუთარი მომავლის მოწყობაში. გაუფრთხილდი მხოლოდ იმას, რაც ყველაზე ღირებულია შენთვის, დანარჩენი დაიკიდე, ბოლომდე დაიკიდე და გულზე მოგეშვება.

_ დიდი მადლობა, გიზელა, შენ ჩემი გაჭირვების ტალკვესი ხარ, _ მადლიერებით აღსავსე მზერა მივაპყარი.

_ მადლობა შენ, რომ არსებობ, რომ გაგიცანი, რომ ასეთი ხარ. ბედნიერება ისაა, რომ ჯერ კიდევ არსებობენ შენნაირი ადამიანები ამქვეყნად. აქამდე მეგონა, რომ მე ვიყავი სათნოების უკანასკნელი მოჰიკანი. შენი სახით კი უკეთესი მომავლის იმედი ჩამესახა. და რაც მეტს მოვაქცევთ აქეთკენ, მით უკეთესი იქნება არამარტო ჩვენთვის, მთელი ქვეყნიერებისთვის. ეს იმიტომ, რომ ჩვენი შვილები ჩვენს მაგალითებზე იზრდებიან. ნუ იცრემლები, გთხოვ, ვერ ვიტან სუსტ ქალებს და არ მაფიქრებინო, რომ სუსტი ხარ. მე შენ ისეთივე ძლიერი მგონიხარ, როგორიც მე ვარ და ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტი ძლიერი ქალები ვიყოთ ამქვეყნად…. თუ ასე მოხდება, ჩვენ ვერავინ მოგვერევა. ხომ გაგიგონია, ქალმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ დააკავებსო… ასე რომ, ყურები არ ჩამოუშვა, არ გატყდე, ბოლომდე იბრძოლე შენი ბედნიერებისთვის.

_ ვეცდები.

გიზელა მომეხვია, მომეფერა და გავიდა. მისმა ნათქვამმა ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა. რატომაც არა! ვინ მიგდია სანდრო! რატომ უნდა გავათელინო ჩემი მომავალი, ჩემი ხვალინდელი დღე?! მერე რა, რომ რაღაც მომენტში დამჯაბნა, მაჯობა, ეს ხომ ყველაფერი არ არის? ამით ხომ არ მთავრდება ცხოვრება? ყველა ადამიანს წინ უამრავი სიურპრიზი ელის. მთავარია, ვინ როგორ მიიღებს ამას, ვინ როგორ გაუძლებს ბედისწერის დარტყმას. არა აქვს მნიშვნელობა, ბედნიერებით იქნება ეს დარტყმა გამოწვეული, თუ უბედურებით. მთავარია, გაუძლო, მომზადებული შეხვდე, მთავარია, არ გატყდე, არ დანებდე…

ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ბექამ დამირეკა. ცივმა ოფლმა დამასხა, მისი ნომერი რომ დაფიქსირდა მობილურზე.

_ სოფი, როგორ ხარ, სად დაიკარგე, რა გჭირს? _ დამაყარა შეკითხვები, _ ორი დღეა, გირეკავ, ხმა ვერ მოგაწვდინე… ხომ მშვიდობაა?

_ კი, მშვიდობაა, ბექა, უბრალოდ… ახლობელი გარდამეცვალა, სოფელში მოულოდნელად წავედი, ვერავის გაფრთხილება ვერ მოვასწარი, _ ვიმართლე თავი.

_ რაღაც ხმა არ მომწონს შენი, არ მატყუებ, რომ ყველაფერი კარგადაა?

_ არა, არ გატყუებ. უახლოესი მეგობარი დავკარგე და ამიტომაც მაქვს ასეთი ხმა, მეტი არაფერი.

_ სიმართლე მითხარი, იქნებ დედაჩემმა გაწყენინა? რამე ისეთი ხომ არ გითხრა, რამაც შენზე იმოქმედა?

_ არა, რას ამბობ, ისეთი სიყვარულით დავშორდი მას, თითქოს საუკუნეა, ვიცნობ, არაჩვეულებრივი ადამიანია. ეგ როგორ იფიქრე!

_ რა ვიცი… ახლა სად ხარ?

_ სამსახურში, დღეს მორიგეობა მიწევს.

_ იმედია, ხვალ ჩვენი პაემანი შედგება.

შევყოყმანდი.

_ ალო, გესმის? _ გაისმა ბექას ხმა.

_ მესმის, მესმის, მაგრამ… ვფიქრობ, პაემანი არ შედგება…



* * *

ის დღე ისე მიილია, ბექას არ დაურეკავს. მოუსვენრობამ შემიპყრო. არ ველოდი მისგან ასეთ უყურადღებობას. ნუთუ ასეთი თავმოყვარეა? იმდენად ცუდად ვიყავი, ნათიას დავურეკე და ვთხოვე, გაეცვალა ჩემთვის მორიგეობა. სამაგიეროდ, სამშაბათს მე შევცვლიდი. მიხვდა, რომ სერიოზული მიზეზი მქონდა და უარი არ უთქვამს. ნათია მოვიდა თუ არა, შინ წამოვედი, არაფრის ახსნა არ დამიწყია მისთვის, არც თვითონ უკითხავს, რა გჭირსო. მიხვდა, შეკითხვები უადგილო იქნებოდა.

დაღამდა… ბექასგან არაფერი ისმოდა. არც მოვიდა, არც დამირეკა… თვალი ვერ მოვხუჭე, მთელი ღამე ვბორგავდი ლოგინში. როგორც ჩანს, გამთენიისას ძილმა წამართვა თავი, კოშმარები მესიზმრა, თითქოს უფსკრულში ვიჩეხებოდი და ვიღაცის ძლიერმა ხელმა გადამარჩინა. დაფეთებული წამოვხტი, ერთიანად ოფლში ვიყავი გაწურული. აბაზანაში შევედი და გრილი წყალი გადავივლე. სიცოცხლე აღარ მინდოდა. ასეთ მდგომარეობაში ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. პირველად მივხვდი, რა გრძნობა ყოფილა სიძულვილი. მძულდა ყველა და ყველაფერი _ ჩემი თავი, სანდრო, ბექა, თანამშრომლები, მშობლები, სამსახური, სახლი… სიცოცხლე შემჯავრდა. არ დაგიმალავთ და ზეც კი ვიფიქრე ერთ მომენტში. არა, ამას არ ვიზამ. ვისთვის, რისთვის? ღირს კი, სანდროს გამო ყველაზე დიდი სისულელის ჩადენა? გიზელა მართალია, აქ ხომ არ მთავრდება ყველაფერი. გამოსავალი უნდა ვიპოვო.

დილის შვიდი საათი იყო, თავგზააბნეული ბოლთას ვცემდი ოთახში. როგორ მოვიქცე? რით დავიწყო? იქნებ სამსახურიდან წამოვიდე, რომ ყველაფერი დავივიწყო? არ აჩქარდე, სოფი, კარგად დაფიქრდი, _ თან ხმამაღლა ველაპარაკებოდი ჩემს თავს. ნუთუ კლინიკის მიტოვებაა საუკეთესო გამოსავალი? იქნებ სხვა გზაც არსებობს? იფიქრე, სულელო, იფიქრე. ასე ადვილად ნუ დაყრი ფარ-ხმალს. ხომ ამბობენ, იმედი არ კვდებაო. ჰმ, იმედი… რისი? ვისი? და საერთოდ, რა არის იმედი? კეთილი მომავლის რწმენა? თან რომ გჯერა და თან რომ არ გჯერა? ან უწერია ასრულება და ან არა? იქნებ სულაც უიმედობაა ყველაზე დიდი იმედი? იგი ან არსებობს, არ არ არსებობს, აქ შეცდომის დაშვება შეუძლებელია. რატომ გამწირა ღმერთმა ასე, რატომ დამსაჯა? რა დანაშაული მიმიძღვის ან ვის წინაშე?

ახია ჩემზე, ახი! რა სიყვარულობანა ამიტყდა, რა მინდოდა! ახლა მაინც ხომ მიხვდი, რომ სიყვარული მტაცებელი მხეცივითაა, რომელიც ბრჭყალებით გონებას გიპორჭყნის? სანამ სული არ დამისერა, იქამდე არ მოვისვენე. არ შეიძლება, შეცდე და ვერ მიხვდე, რომ შეცდი. იმის უნარი უნდა შეგწევდეს მხოლოდ, რომ აღიარო ეს. არა, უნდა მოვერიო თავს. როგორმე უნდა გამოვიდე ამ მდგომარეობიდან. ბოლოს და ბოლოს, დედამიწაზე ვცხოვრობ, მარსზე ხომ არა? ამ სამყაროს თავისი კანონები აქვს. ზოგი იმარჯვებს, ზოგიც მარცხდება. უნდა შევძლო შეგუება. ერთხელ მოვდივართ ამქვეყნად, მეტჯერ ხომ არა? სიცოცხლე, სიკვდილი, ადამიანები და სხვა დანარჩენი _ აი, ეს არის ჩვენი სამყარო, ეს არის ის, რაც ჩვენ გარშემო არსებობს. იგი უსაზღვრო და მიუწვდომელია. ვერასდროს შევძლებთ, ბოლომდე გავუგოთ მას. ვერასდროს ამოვხსნით მის საიდუმლოს. ამიტომაც იძულებული ვართ, მივიღოთ სამყარო ისეთი, როგორიც არის, თავისი საოცარი საიდუმლოებებით.

მე ახალ ცხოვრებას დავიწყებ. მე შევძლებ ამას და წინ ვერავინ გადამიდგება. ჯანდაბას, სიყვარული! მერე რა, რამდენი ადამიანი ცხოვრობს უსიყვარულოდ ან თუნდაც იმედგაცრუელებული? ზოგმა საერთოდ არ იცის, რა გრძნობაა ეს. მე კი იმით მაინც განვსხვავდები მათგან, რომ ვიცი, გამომიცდია… მაგრამ… ღირს კი ცხოვრება ასეთი ბობოქარი შეგრძნების გარეშე? სულაც არ არიან შესაშური ის ადამიანები, ვისაც გული გაქვავებია ან ამურის ისარი აუცდენია. ბედნიერი მხოლოდ ის არის, ვისაც მძაფრად შეუძლია ამ გრძნობის აღქმა, ისე მძაფრად, რომ მწვავე ტკივილიც სიამოვნებას ანიჭებს. თუმცა ისეთებიც ხომ არსებობენ, რომლისთვისაც სიყვარული თავბრუდამხვევი გრძნობაა და ისე ეწაფებიან, როგორც ეგზოტიკურ ნუგბარს, გამორჩეულ ტკბილეულს? ჩემი აზრით, ადამიანმა უნდა გაიაზროს ყველა ის განცდა, რაც სიყვარულს ახლავს _ ტკბილიც და მწარეც, გაავსოს ამით სული და მერე შეისრუტოს ამ ყველაფრისგან ან ყველაზე ღვთაებრივი ან ყველაზე მტანჯველი. ეს იმაზეა დამოკიდებული, თავად რომელი გაწყობს, რომელი უფრო ახლოა შენთვის, რომელი უფრო მისაღები. ნამდვილად არ მინდა, ბექასგანაც იგივე დამრჩეს, რაც სანდროსგან მერგო «მემკვიდრეობით». მეყო, რაც ვიტანჯე, რაც გადავიტანე. მეც ხომ მაქვს ბედნიერების უფლება? მაქვს იმის ამბიცია, ერთხელ მეც ვიყო ბედნიერი. სხვას ხომ არ ვპარავ? ჩემით ვცდილობ ამის მოპოვებას და ნუ შემიშლით ხელს, მაცალეთ, მაცალეთ… თუ შეიძლება…

8 8 8

შინ ვერ გავძელი და დილით ადრე წამოვედი სამსახურში. ჩემს დანახვაზე ნათიას გაოცება აღებეჭდა სახეზე.

_ გამოგაგდეს სახლიდან? _ თბილად მკითხა და ლოყაზე მაკოცა თანაგრძნობის ნიშნად.

_ უძილობა დამჩემდა, თანაც მარტო ვარ და მომბეზრდა, თქვენთან ყოფნა მირჩევნია, _ მის ღიმილს ღიმილი შევაგებე.

_ ხომ მშვიდობაა, სოფიო, მე შემიძლია რამით დაგეხმარო, გარდა მორიგეობის გაცვლისა? _ გამომცდელად შემომხედა.

_ არა, დიდი მადლობა, ნამგზავრი ვიყავი და ისე გადავიღალე, ღამისთევის თავი არ მქონდა, მეტი არაფერი, _ თვალი ავარიდე თანამშრომელს.

_ რა ვიცი, თუ დაგჭირდი, შენ გვერდით ვარ, იცოდე! _ მხარზე გადამდო ხელი და მომეხვია.

ამ სიტყვების გაგონებაზე გული ამიჩუყდა. ლამის იყო, ავტირდი, დროზე შევიკავე თავი. თავი უაზროდ დავუქნიე გოგოს, ჩქარი ნაბიჯებით გავერიდე და ჩემს ოთახში განვმარტოვდი, სანამ ყველანი მოგროვდებოდნენ და დილის თათბირი დაიწყებოდა.

გული გამალებით მიცემდა. დღეს ერთდროულად ორივე უნდა მენახა _ სანდროც და ბექაც. რომელს რა რეაქცია ექნებოდა ჩემს დანახვაზე, წარმოდგენა არ მქონდა, ან კი მე როგორ უნდა შემეხედა მათთვის. ნამდვილი წამების წუთები მელოდა, მაგრამ უნდა გადამელახა ეს მდგომარეობა. მოსალოდნელი შეხვედრებით დათრგუნვილი და დაძაბული კაბინეტიდან გამოსვლას ვერ ვბედავდი.

ათის ნახევარზე ნათიამ შემომძახა, მთავარი ექიმი გვიბარებსო. მეგონა, გული გამიჩერდა. რამდენიმე წუთი სარკის წინ დავყავი, რომ თავი ხელში ამეყვანა. მერე საკუთარ ორეულს შევუძახე, ყოჩაღად იყავი, არ დამაღალატო-მეთქი და მშვიდი სახით გავედი ოთახიდან. პირველი, ვისაც თვალი მოვკარი, სანდრო იყო, ნანკას რაღაცაზე გაცხარებული ეკამათებოდა. ჩემს დანახვაზე უცებ შეწყვიტა ლაპარაკი და გამომცდელი მზერა მესროლა. დილა მშვიდობისა-მეთქი, ჩავილაპარაკე და ჩავიარე, არ შევჩერებულვარ. საკუთარი გულის ბაგაბუგი მესმოდა, ვგრძნობდი, ფერი არ მედო სახეზე.

დანარჩენებს უკვე მიხეილის კაბინეტში მოეყარათ თავი… არასდროს დამავიწყდება ბექას შემოხედვა… საყვედურიც, გულგრილობაც, ორაზროვნებაც… ყველაფერი ერთად იკითხებოდა მის მზერაში, თუმცა მხოლოდ წამიერად. მერე მთელი ერთი საათის განმავლობაში, სანამ შემოვლას დავამთავრებდით, ყურადღება არ მოუქცევია ჩემთვის. ერთი სიტყვაც არ გამიგია არც თათბირიდან და არც პაციენტების მონახულებიდან. ასე მეგონა, ეს მე არ მეხებოდა, სხვა სამყაროში მოვხვდი, ყველასგან გარიყულად ვგრძნობდი თავს.

მთელი დღე საქმეში ვიყავი ჩაფლული, თუმცა მთელი ყურადღება კარისკენ მქონდა მიპყრობილი. ბექა არ შემოსულა, არ დაინტერესებულა, რატომ ვუთხარი ცივი უარი შეხვედრაზე. როგორც ჩანს, იფიქრა, რომ სანდრო ვერ დავივიწყე და ამიტომაც ვკარი ხელი. იქნებ იცის კიდეც, რაც მოხდა? სანდროსგან ყველაფერია მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული, რომ მიეხარებინა ორი დღის წინანდელი ამბავი. ნუთუ ასე დაკნინდებოდა? ნუთუ იკადრებდა ამას? არა, არა, არც მინდა დავიჯერო. ასეთ შემთხვევაში რაღაცას მაინც მეტყოდა, მწარედ გადამიკრავდა სიტყვას. ალბათ პირველი ვერსია უფრო მისაღებია. ჰგონია, რომ სანდროზე მაბოდებს. ეგონოს… ალბათ ასე აჯობებს. სიმართლის გაგებას, მირჩევნია, ასე ეგონოს. მიდი მერე და დააჯერე, რომ მე არ მინდოდა, რომ მასთან სექსის სურვილი ჩემი ნება არ იყო. როგორ გინდა ადამიანი დაარწმუნო შენს სიმართლეში? ის არც ისე კარგად მიცნობს. ის კი არა, თურმე მე არ მცნობია საკუთარი თავი. ახლხან არ იყო, ჩემს კაბინეტში შემოსულს რომ ვეხვეწებოდი, შენთან მინდა, მიყვარხარ-მეთქი? ნიტას რომ შევხვდი, არ განვიცდიდი სინდისის ქენჯნას? მაშინ ხომ სხვა აზრზე ვიყავი? ახლა ჩემში სხვა სოფიმ გაიღვიძა, რომელმაც სხვანაირად შეხედა მოვლენებს. ასეა, ღირებულებების გადაფასება მოხდა.

ხუთი საათი ხდებოდა, წამლების აღწერას რომ მოვრჩი, საქმე ბოლომდე მოვამთავრე. ხვალ ერთი ოპერაციაა დაგეგმილი, ეს ისტორიაც შევავსე. თანაც, ხვალ ნათიას მაგივრად უნდა ვიმორიგეო. ოპერაცია გელამ უნდა გააკეთოს. რა კარგია, ეს ერთგვარი შვებაა ჩემთვის. ოღონდ მაგ ორთან არ მომიწიოს მუშაობამ ცოტა ხანს და ყველაფერზე თანახმა ვარ. ის იყო, თავი მოვიწესრიგე და წამოსვლას ვაპირებდი, რომ ოთახის კარი ფართოდ გაიღო და სანდრო გამოჩნდა შეშლილი სახით. მის დანახვაზე შევკრთი, სიწითლემ გადამირბინა ღაწვებზე. მართალი გითხრათ, არ ველოდი, ძალიან დავიბენი.

_ არ წახვიდე, საქმე მაქვს შენთან, _ ცივად თქვა.

მექანიკურად ჩამოვჯექი იქვე მდგარ სკამზე, ხელები ამიკანკალდა.

_ რა გინდა? _ ჩემს ხმას ვერ ვცნობდი.

_ რაღაც უნდა გკითხო, _ ყრუდ წარმოთქვა და ჩემს პირდაპირ სავარძელში ჩაჯდა ფეხმორთხმით.

_ გისმენ, დიდი დრო არ მაქვს, _ რაც შეიძლებოდა, ოფიციალური დავიჭირე.

_ როგორ თქვი ჩემზე? _ თავი გვერდზე გადახარა და გამჭოლი მზერა მესროლა.

თვალი გავუსწორე. ამას სიცხე ხომ არა აქვს, რა დაესიზმრა ნეტავ, ვფიქრობდი ჩემთვის.

_ არ მესმის, რისი თქმა გინდა, _ ავუწიე ხმას.

_ როგორ თქვი-მეთქი, ჩემზე, გაიმეორე, შენგან მინდა მოვისმინო.

_ როგორ ვთქვი და ვისთან, იქნებ დააზუსტო? _ შევუბრუნე კითხვა.

_ ჯერ ის მითხარი, როგორ ხარ?

_ გადასარევად.

_ რაღაც არ გეტყობა.

_ მაშინ რაღას მეკითხები?

_ შენც მართალი ხარ. ჰო, რაო, რას ვამბობდი?

_ არ ვიცი, შენ წამოიწყე ლაპარაკი და შენგან უნდა გავიგო, ამისთანა რა ვთქვი.

_ სანდროს როცა უნდა, მაშინ დავაჩოქებ და ოჯახს დავანგრევინებო, შენ არ თქვი?

_ მართლა? საინტერესოა, ვისთან წამომცდა ამისთანა უმსგავსობა? _ დამცინავად გავიღიმე.

_ ნანკასთან.

იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის ნანკას სახელის ხსენება, თვალები გამიფართოვდა.

_ ვის-თაან? _ ჩავეკითხე, ხომ არ მომესმა-მეთქი.

_ ნან-კას-თან! _ დამარცვლით გაიმეორა.

სიმწრის სიცილი ამიტყდა.

_ როდის ერთხელ მნახე მაგ ქალთან მოლაპარაკე, ან რა საერთო მაქვს, რომელი ჩემი მეგობარი ნანკაა, ხომ ვერ მეტყვი? _ ამრეზით გადავხედე სავარძელში გაშხლართულს.

_ რისთვის მოუყევი ჩვენი ამბავი, რა საჭირო იყო? ყველას სალაპარაკო გინდა გამხადო? რატომ გინდა, რომ ყველას ეგონოს, თითქოს უკან დაგდევ?

_ მე არაფერი მინდა შენგან, სრულიად არაფერი, ეს დაიმახსოვრე. ერთხელ უკვე გითხარი, სამუდამოდ ამოგშალე ჩემი მეხსიერებიდან-მეთქი. თუ ვინმე რამეს მიგონებს, ეგ მისი პრობლემაა და არა ჩემი, _ ფეხზე წამოვდექი წამოჭარხლებული.

_ გიგონებს? რატომ გგონია, რომ გიგონებს? თუ არა შენ, მაშინ ვისგან იცის, რა ხდებოდა ჩვენ შორის?

_ და რა ხდებოდა, ხომ ვერ მეტყვი? თუ არ ვცდები, არაფერიც არ ხდებოდა, ამიტომ მოსაყოლიც არაფერია. ეგ ბრალდებები შენს ტოლებს წაუყენე, რა! ახლა კი, კეთილი ინებე და გადი აქედან, შენთან მეტი სალაპარაკო არაფერი მაქვს, _ დავაკვესე თვალები.

_ გინდა, ნანკას დავუძახო? _ წამოიწია და წელში გასწორდა, თან ხელი ტელეფონისკენ გასწია.

_ დაუძახე, თუ ძალიან გინდა, მე არავისი მეშინია.

_ სხვა გზა არა მაქვს, უნდა დაგაპირისპიროთ.

_ მიდი, მოიყვანე, ვნახოთ ერთი, რას იტყვის.

სანდრომ საორდინატოროს შიდა ნომერი აკრიფა, თან თვალი არ მოუცილებია ჩემთვის.

_ სოფიოსთან ვარ, ერთი წუთით შემოდი, _ მშვიდად უთხრა.

თავს ვერ ვიკავებდი, ცოტაც და ტირილი წამსკდებოდა. მაქსიმალურად ვცდილობდი ნერვების მოთოკვას.

ნანკა ისეთი მედიდური სახით შემოვიდა, ისეთი ნიშნის მოგებით გადმომხედა, თითქოს უდიდესი სამხილი ჰქონდა ჩემ წინააღმდეგ.

_ უჩემოდ ვერ მორიგდით? _ ირონიულად თქვა და იმ სავარძლის სახელურზე ჩამოსკუპდა, რომელშიც სანდრო იჯდა.

_ არ მითქვამსო, მიმტკიცებს. რომელია თქვენ შორის მართალი? _ სანდრო ხან მე გადმომხედავდა, ხან ნანკას.

_ აბა ხომ არ გეტყვის, მე ვთქვიო? შენ რა გგონია, დამესიზმრა? _ ფეხი ფეხზე გადაიდო ნანკამ და ვიწრო კაბა მუხლს ზემოთ აუხტა.

_ როდის გნახე მე შენ სალაპარაკოდ, იქნებ გაიხსენო?

_ შენ რა, აღარ გახსოვს? _ წარბები გამომწვევად აზიდა.

_ არათუ შენთან საუბარი, შენი არსებობაც კი მავიწყდება ხანდახან, _ ვალში არ დავრჩი თანამშრომელს და თავხედურად ავხედე.

_ მაპატიე, საერთოდ არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ სიტუაციამ მოიტანა. მე დიდი ხანია სანდროს ვიცნობ და არ მინდა ვიღაცის გამო ოჯახი დაენგრეს. ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, საქმის კურსში ჩამეყენებინა.

_ რომელი საქმის კურსში, ნანკა? მე შენთან გაცნობის დღიდან თითქმის არ ვკონტაქტობ, საიდან მოგაქვს ეს სისულელეები? რატომ მიგონებ ასეთ საზიზღრობებს, რამე დამიშავებია შენთვის ოდესმე? იქნებ ჩასმენები გაქვს და ვერ ხვდები?

_ აბა რა, ეს ყველაფერი დამესიზმრა? მე საიდან უნდა მცოდნოდა თქვენი ურთიერთობის შესახებ, როგორ გგონია? შენ თვითონ არ მითხარი, ვუყვარდი და ჩემზე აბოდებდაო? ბოლოს ადგა და ნიტა მოიყვანა ცოლადო? ყველაფერი არ მომიყევი? რაში მჭირდებოდა რამის მოგონება, მე რა, შენი ჯინი მჭირს? რა გამორჩენა მაქვს აქედან?

_ როგორც ჩანს, გაქვს და თანაც _ ძალიან სერიოზული. არ ვიცი, საიდან იცი ეს ამბავი, მაგრამ ფაქტია, ცდილობ, ჩემ წინააღმდეგ გამოიყენო. არ მაინტერესებს, რა გაქვს ჩაფიქრებული. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ღმერთმა ყველა ჩვენი სიმართლით გვატაროს. რაც გინდა, ის იფიქრე, სანდრო, არ მადარდებს. მეტსაც გეტყვი, არ მადარდებს, რას ფიქრობ ჩემზე. შენნაირ არარაობაზე ფიქრით თავს არ დავიღლი, ეს იცოდე. არც შენი ოჯახის დანგრევა მჭირდება არაფერში და არც შენი სიყვარული. ყოველთვის არაკაცი იყავი და ასეთად დარჩი. აი, ეს არის ჩემი პასუხი. მე წავედი და როცა ერთმანეთში ყველაფერს გაარკვევთ, აგერ არის გასაღები, დაკეტეთ და მერე დაცვასთან დატოვეთ, _ დემონსტრაციულად წამოვდექი, გასაღები სანდროსკენ გავაჩოჩე, თავი ამაყად ავწიე და ოთახიდან მტკიცე ნაბიჯებით გამოვედი.

ასეთი თავდაჯერებული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. გამიკვირდა, არ მეგონა, ამდენი თუ შემეძლო. ქუჩაში გამოსულმა ერთი ღრმად ამოვისუნთქე, საკუთარი თავი შევაქე და მანქანაში კმაყოფილი ჩავჯექი.

8 8 8

ბინის კარამდე მისვლა ვერ მოვასწარი, რომ ტირილი ამიტყდა. გასაღები ძლივს მოვარგე საკეტს, ცრემლებმა თვალები ამიჭრელა. ოთახში შესვლისთანავე ბოლომდე მოვეშვი, იატაკზე ჩავიკეცე და ღრიალი მოვრთე. რატომ, რატომ, რატომ! რატომ მომიბრუნდა ყველაფერი ასე? რას მერჩიან, რა უნდა ჩემგან, ვისთვის რა დამიშავებია? ვერც ერთ კითხვაზე პასუხს ვერ ვცემდი. რაში დასჭირდა ნანკას ამისთანა რაღაც? ნუთუ შურს ჩემი? რა სჭირს სამაგისო? რითია ჩემზე ნაკლები? არც ტანი აკლია, არც ფეხი და არც პროფესია აქვს ჩემზე უარესი. რატომ უნდა შურდეს? ან საიდან გაიგო ჩვენი ამბავი? ვინ უთხრა? მე ხომ არავისთვის მომიყოლია? ბექასგან? არც ბექამ იცის თავიდან ბოლომდე ყველაფერი, ვის შეეძლო ეთქვა? იქნებ ნიტამ გადაუშალა გული? ნიტა! _ ამის გაფიქრებაზე უცებ შევწყვიტე ტირილი. ჰო, რა თქმა უნდა, ეგ როგორ არ მომაფიქრდა. ალბათ ნიტასგან გაიგო, ალბათ მეგობრობს მასთან. რატომ მაშინვე არ ვიფიქრე? ხომ არ დავურეკო სანდროს? არა, სოფი, არავითარ შემთხვევაში. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა აზრი შეექმნება შენზე სანდროს? არავითარი. ამიტომ არ ღირს თავის მართლება. მოვა დრო და თავისით გაირკვევა ყველაფერი. ნანკას შურიც სადღაც გაქრება ერთ მშვენიერ დღეს, ისიც ინანებს ალბათ. ეჰ… მოვა დრო და მოშურნეები გაქრებიან, მაგრამ შური? ის ხომ ყოველთვის იარსებებს. რას ვიზამ, ყოველთვის ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება. ეს ცხოვრების კანონია. მაგრამ ასეთ მდგომარეობაში როგორ უნდა ვიარო სამსახურში? როგორ უნდა ვიმუშაო მათ გვერდით? როცა ერთ თანამშრომელს არ ეპიტნავები, ის არის ძნელი ასატანი, მაგრამ როცა ასეთი ორი და სამია, რამ უნდა გაგაძლებინოს კოლექტივში? ის დროა, დავახვიო და წამოვიდე კლინიკიდან, ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი.

ვერ გეტყვით, რამდენი ხანი გავიდა. ტირილისგან დავოსდი, თვალები შემიშუპდა. ცივ წყალს შევუშვირე სახე. რას ვგავარ, ცირკის მასხარას დავემსგავსე, გაწითლებული ცხვირითა და დასიებული ტუჩებით. რა გაათენებს კიდევ ერთ ღამეს, რა მეშველება! _ ვოხრავდი ჩემთვის. თუმცა არაფერს ვნანობდი იმის გარდა, რომ ბექას ვკარგავდი. ჩემთვის ყველაზე ღირებული ამწუთას ის იყო, მისი სიყვარული. არც კი ისურვა, ჩემი უარის მიზეზი გაერკვია. რატომ, რატომ? ხომ შეიძლებოდა, ერთი სიტყვით მაინც ეკითხა, რატომ ვუთხარი უარი პაემანზე? ჰო მაგრამ, რომ ეკითხა, რა პასუხი უნდა გამეცა? რა უნდა მეთქვა? სანდრომ ჩემზე ძალა იხმარა და ის სოფი აღარ ვარ-მეთქი? დალურჯებული სხეული მეჩვენებინა? განა ასე არ ჯობია? არ ვიცი, არ ვიცი, თავადაც არ ვიცი, რა ჯობია…

შუაღამე გადასული იყო, ტელეფონმა რომ დარეკა. შიშისგან შევხტი, ახლა ზარს ნამდვილად არ ველოდი. რატომღაც, ვიფიქრე, ბექა იქნებოდა და სუნთქვაშეკრული ვეცი აპარატს.

_ გისმენთ, _ სულმოუთქმელად ჩავძახე ყურმილში.

_ მე ვარ, _ გაისმა სანდროს დახშული ხმა. მივხვდი, რომ მთვრალი იყო.

თითქოს რაღაც ჩამარტყეს თავში, თვალთ დამიბნელდა.

_ ხომ არ გაგაღვიძე? _ რატომღაც, დამთბარი მელაპარაკებოდა.

_ არა, _ ცივად ვუპასუხე.

_ მინდა დღევანდელისთვის ბოდიში მოგიხადო, შენი ბრალი არ ყოფილა…

_ ვიცი…

_ რა იცი?

_ ის, რომ მე არაფერი მილაპარაკია, დანარჩენი კი უბრალოდ, არ მაინტერესებს.

_ ნიტას ბრალია ყველაფერი, ადვილად რომ ენდობა ადამიანებს, იმის ბრალია. ნანკამ მისგან გაიგო ჩვენი ამბავი.

_ ძალიან გთხოვ, მეორედ არ გაიმეორო ეგ ფრაზა.

_ რომელი ფრაზა?

_ «ჩვენი ამბავი».

_ რატომ?

_ იცი, რატომაც.

_ მე ახლა შენთან მოვალ.

_ არა! _ განწირული ხმით ვიკივლე, _ არ გაბედო, თორემ პატრულს გამოვუძახებ.

_ ვახ! პატრული რა შუაშია, არ მეტყვი?

_ არ დაგინახო აქ მოსული.

_ უნდა გელაპარაკო.

_ არა-მეთქი, მორჩა და დამთავრდა! დაივიწყე ჩემი არსებობა, შენს ოჯახს მიხედე!

_ არ შემიძლია, ახლა უკვე არ შემიძლია.

_ მომისმინე, სანდრო… ძალიან გთხოვ, ადამიანურად, მეგობრულად, რა ვიცი, ყველანაირად, დამანებე თავი, შემეშვი. რა გინდა ჩემგან, რატომ არ მანებებ თავს?

_ მინდა, რომ ისევ გიყვარდე, სხვა არაფერი.

_ ეს გამორიცხულია, ჩემგან სიყვარულს ვერ ეღირსები. მორჩა, ყველაფერი დამთავრდა, საბოლოოდ მოკვდა, დასამარდა.

_ პირიქით, სოფიო, ყველაფერი ახლა იწყება. მე დავტოვებ ცოლ-შვილს, ფეხებზე ყველა ჩემ გარშემო, შენს მეტი. ნანკას დედასაც… ის ახვარი ქალია, ბოღმა, ბოროტი, შურიანი. მიხვდა, რომ ვგიჟდებოდი შენზე, ამიტომაც მოინდომა ჩვენი წაჩხუბება, მაგრამ არ გამოუვიდა. პირობას გაძლევ, არც გამოუვა. არც მას და არც სხვას, არავის გამოუვა. ნიტასაც მოხვდა თავისი მიამიტობის გულისთვის. წეღან ისე დავალილავე, კარგა ხანს ვერ დაემსგავსება ადამიანს. მივაფურთხე ყველაფერს და წამოვედი. ახლა შენთან მოვალ და ერთად გავარჩიოთ, რა იქნება ხვალ.

_ არა, არა! არავითარ შემთხვევაში! მეზიზღები, მძულხარ, დასანახავად ვერ გიტან, მინდა იცოდე, მინდა შეიგნო ეს, ერთხელ და სამუდამოდ!

_ დიდი სიძულვილი დიდმა სიყვარულმა იცის, ჩემო სოფიო. ასე შორიდან ლაპარაკით არაფერი გამოვა. მოდი მოვალ და იქ ვილაპარაკოთ, შენთან.

_ არ დაგინახო ჩემს სიახლოვეს, ერთ მეტრზეც არ გამეკარო, იცოდე!

_ მარტო ხარ?

_ ეგ შენი საქმე არ არის.

_ ისიც შენთან ხომ არ არის?

_ შენ არავინ გეკითხება.

_ თუმცა, რას გეკითხები, წეღან არ დავურეკე? ვიცი, რომ სახლშია. საინტერესოა, რატომ ერთად არა ხართ? ვერ გაბედე, არა? კარგადაც მოიქეცი. აბა ხომ არ ეტყოდი, როგორი სექსუალური ღამე გქონდა ჩემთან, ამას არ გაპატიებდა.

_ პირუტყვი ხარ, მხეცი, ნადირი… როგორ მძულხარ, რომ იცოდე.

_ მართლა მეუბნები მაგას? მართლა მეუბნები?

_ მართლა, მართლა! ასე არასდროს არავინ შემზიზღებია. პირველად ახლა მივხვდი, რაც ყოფილა სიძულვილი.

_ მაშინ, იცი, რას ვიზამ? იმას მოვუყვები ყველაფერს, თანაც ისე კი არა, როგორც იყო, ისე, როგორც უნდა ყოფილიყო სინამდვილეში, ისე. თუ ჩემი არ გახდები, ვერც მისი იქნები. ახლა ავდგები და ბექას მივადგები სახლში, ყველაფერს «გავუიასნებ». მე ცუდი კაცი ვარ, დაიმახსოვრე.

_ ფეხებზე , რას გააკეთებ. ჩემთვის არც ერთი აღარ არსებობთ, ჯანდაბამდის გზა გქონიათ ორივეს! _ მთელი ხმით ვიყვირე და ყურმილი ბერკეტზე დავახეთქე…

8 8 8



სამსახურში ვერავინ მცნობდა. არც მაკიაჟი გამიკეთებია, არც თვალები დამიხატავს, საშინლად გამოვიყურებოდი.

_ სოფიო, რა გჭირს? _ ვაჟა შემოიჭრა ოთახში, _ ხომ მშვიდობაა შენს თავს?

_ ჰო, რა… _ ნაღვლიანად გავუღიმე.

_ მე შენ ასეთი არ მომწონხარ, ასეთ სოფიოს არ ვიცნობ. მეორედ არ გნახო ამ ფორმაში, გასაგებია? _ ხუმრობით თითი დამიქნია.

_ რა ხდება საოპერაციოში, ემზადებიან?

_ ჰო, გელა ძალიან ნერვიულობს.

_ რა აქვს სანერვიულო, არც ისე რთული ოპერაცია უნდა იყოს, როგორც მე ვიცი.

_ არა, კაცო, სხვა რამეზე ნერვიულობს. შენ რა, არ იცი? _ ეშმაკურად მოჭუტა თვალები.

_ რა უნდა ვიცოდე?

_ გელა ცოლს ირ-თაა-ვსოოო! _ ხელით თეატრალური ჟესტი მოხაზა ვაჟამ ჰაერში.

_ მართლა? _ გამიხარდა.

_ და იცი, ვინ უნდა «გააბედნიეროს»?

_ არ ვიცი, ვინ?

_ ვინ და ჩვენი ნათი-ნათი ნათიააა… _ წაიმღერა ვაჟამ.

_ კარგია, ერთი ლამაზი ამბავი მაინც რომ ხდება ირგვლივ, _ ისეთ ცუდ ხასიათზე ვიყავი, სიხარულის გამოხატვაც არ შემეძლო.

_ ჰოდა, გამოცოცხლდი ცოტა, ასე არ შეიძლება, _ ვაჟამ თვალი ჩამიკრა და გავიდა.

ოპერაცია დიდხანს არ გაგრძელებულა, თან იმდენად მსუბუქი შემთხვევა იყო, პაციენტი პირდაპირ პალატაში გადაიყვანეს.

ბექა იმ დღეს სამსახურში არ მოსულა. ვერც ვერავის ვეკითხებოდი, რა სჭირდა, არც არავინ არაფერს ამბობდა. დავიტანჯე ცნობისმოყვარეობით. შუადღე ისე გადავიდა, ვერაფერი გავიგე. იქნებ მართლა ნახა წუხელ სანდრომ და ყველაფერი ჩაუკაკლა? იქნებ განიცდის და იმიტომაც არ მოვიდა? წარმომიდგენია, რამხელა დარტყმა იქნებოდა მისთვის. თუმცა არც ნანკასთვის მომიკრავს თვალი, დავიჯერო, ერთად არიან? სამაგიეროდ, სანდრო მიტრიალებდა გარშემო. აშკარად ეტყობოდა, რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ გაებედა. ზედაც არ შევხედე, ისე ვიქცეოდი, თითქოს ვერ ვამჩნევდი მის არსებობას. საღამოს, როგორც ჩანს, ვერ მოითმინა და კაბინეტის კარი მორიდებით შემოაღო.

_ შეიძლება?

პასუხი არ გავეცი.

_ მინდა ბოდიში მოგიხადო, ვიცი, რომ ცუდად მოვიქეცი.

არც ახლა ვუპასუხე.

_ არ მინდა ცუდი წარმოდგენის იყო ჩემზე, დაივიწყე, გუშინ რაც გითხარი. ეგეთი ბოღმაც არა ვარ, _ ისეთი მოთვინიერებული ჩანდა, გამიკვირდა, ასე რამ გარდაქმნა ერთ ღამეში-მეთქი.

_ არ მაინტერესებს, რას იზამ და არც შენი ბოდიში მჭირდება ყოველდღე..

_ იცი, რა? ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, ასეთი ურთიერთობა ხომ არ გვექნება. გარდა ამისა, ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან წლების მანძილზე.

_ არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, დამანებე თავი, _ ტონს არ ვიცვლიდი.

_ კარგი, როგორც ჩანს, აჯობებს, სხვა დროისთვის გადავდოთ ჩვენი საუბარი, _ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და გავიდა.

ერთხანს თვალგაშტერებული ვიჯექი, ყველაფერზე ვფიქრობდი ერთდროულად. გონებაში ვაანალიზებდი წინა დღეებში მომხდარ ამბებს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ვცდილობდი.

ამ დროს დერეფანში ხმაური შემომესმა. მივაყურადე, სიცილის ხმები აღწევდა ჩემს ყურამდე. კარი გამოვაღე და გავიხედე… ბექა და ნანკა ხელიხელგადახვეულები მიაბიჯებდნენ დერეფანში და რაღაცაზე გულიანად ხარხარებდნენ…

მოულოდნელი ტკივილი ვიგრძენი გულში, თითქოს კიდევ ერთხელ მატაკეს დანა. მარცხენა მხარე მთლიანად ამეწვა. თითქოს სწორედ ამ სცენის დანახვას ველოდი, უცებ მივიღე გადაწყვეტილება, კარი გამოვხურე და გეზი მთავარი ექიმის კაბინეტისკენ ავიღე. სახეზე ალმური ამდიოდა, თავი მიხურდა. ფრთხილად შევაღე კაბინეტის კარი და თავი შევყავი.

_ ბატონო მიხეილ, გცალიათ? _ მოკრძალებით ვკითხე.

_ მოდი, სოფიო, მოდი, გენაცვალე, _ ფეხზე წამომიდგა მთავარი ექიმი, _ რამ შეგაწუხა?

_ იცით… პრობლემები შემექმნა, ერთ კვირაში უნდა გავემგზავრო ჩემებთან მოსკოვში. სამსახურის მიტოვება მომიწევს, ამის სათქმელად მოვედი…

_ რას ამბობ, კაცო, რა დროს წასვლაა, მერე ჩვენ რას გვიპირებ?
_ თუ თქვენ სხვა კანდიდატურა არა გყავთ, მე ვეცდები, შემცვლელი ვიპოვო, _ ვთქვი და ვიგრძენი, ნიკაპი როგორ ამიკანკალდა…



* * *

მთავარმა ექიმმა ეჭვის თვალით შემომხედა, კარგა ხანს მიყურა, მერე სათვალე მოიხსნა და თქვა.

_ იქნებ სხვა რამ მიზეზია და არ მეუბნები?

_ არა, არა, ბატონო მიხეილ, რას ბრძანებთ… _ ყურებამდე გავწითლდი.

_ მომისმინე, სოფიო… მე, მართალია, აქ უფროსი ვარ და ყველასთან ახლო, მეგობრული ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ რაღაც-რაღაც წვრილმანი ამბები აღწევს ჩემამდე. ვიცი, რაც გაწუხებს, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეს დიდი ტრაგედიაა. კაცების ამბავი შენც კარგად მოგეხსენება, ხანდახან იციან ზღვარს გადასვლა, ეს ახალგაზრდობით მოსდით და მეტი არაფერი. ჩვენ ყველას ერთი საერთო ნაკლი გვაქვს _ მხოლოდ ის ადამიანები მოგვწონს, ვინც ჩვენით არიან აღფრთოვანებული, არა აქვს მნიშვნელობა, ექიმი იქნებ ის, მეწაღე თუ პურის მცხობელი, მაგრამ საკმარისია, რომელიმეს პატარა რაღაცაც კი შეეშალოს, მაშინვე თავს დავაცხრებით, ახსნა-განმარტებას მოვთხოვთ და მისგან განდგომის სურვილი გვიჩნდება. ასე არ შეიძლება. უშეცდომო ვინ არის ამ ქვეყანაზე? თუ მიჰქარავს, უნდა მიუთითო, რჩევა მისცე, ზურგი კი არ უნდა აქციო და სამუდამოდ კი არ უნდა ამოიგდო გულიდან. იცი? ერთმა ადამიანმა მეორეზე გავლენა რომ მოახდინოს, აუცილებლად უნდა ელაპარაკოს მას იმ სურვილების შესახებ, რომელიც მისი ცხოვრების არსს წარმოადგენს და უნდა აჩვენოს გზები, როგორ შეიძლება ამის მიღწევა ისე, რომ არ შეცდეს. ეს ერთადერთი საშუალებაა, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი ცუდ გზას ავაცდინოთ. ცოტა შენ უნდა დათმო, ცოტა მან და ყველაფერი მოგვარდება. ქალები სულსწრაფები ხართ, უცებ გინდათ ყველაფერი მოხდეს. გამოგდით კიდეც, ჩვენზე ადვილად მოიპოვოთ ბედნიერება, მაგრამ, სამაგიეროდ, ასევე ადვილად კარგავთ მერე. ამიტომ დაფიქრდი. იქნებ აცალო გონს მოსვლა. ასე ხელაღებით გაბუტვა და ჩხუბი არაფერს შეცვლის.

ამის გამგონეს სული შემიგუბდა. საიდან იცის? რა იცის? ვინ უთხრა, რაც ხდება?

მიხეილმა გააგრძელა.

_ ბექა ჩემი მოყვანილია აქ, ჭკვიანი ბიჭია, ბრწყინვალე გონების პატრონი, არაჩვეულებრივი მშობლების შვილი, ისე კი არ დავნიშნე მოადგილედ. თუმცა თავისი გარეგნობისა და ახალგაზრდობის «წყალობით», ზედმეტი მოსდის ხანდახან. იცნობ მამამისს?

_ არა.

_ დედამისს?

_ დიახ, ქალბატონი ანიკო ახლახან გავიცანი, ბექამ გამაცნო.

_ აი, ხომ ხედავ… თავად გაგაცნო. ეს ცოტას ნიშნავს? რა თქმა უნდა, არა. ხომ დამეთანხმები, რომ ასეთი დედის შვილი არ შეიძლება ცუდი პიროვნება იყოს. მამამისი რომ გაიცნო, კიდევ უფრო დარწმუნდები ამაში. რაც შეეხება ნანკასთან ურთიერთობას, ეგ დროებითი ამბავია. რაც თავი მახსოვს, მსგავსი რამეები ხდებოდა ამ შენობაში. ბექა ის კაცი არ არის, ქარაფშუტა ქალებზე ფიქრით იღრძოს ტვინი. მოვა დრო და გადაუვლის. მე ვიზრუნებ ამაზე, პირადად დაველაპარაკები.

_ არა, ბატონო მიხეილ, არავითარ შემთხვევაში! _ ისე ვიყვირე, თითქოს რაღაც საშინელებას მთავაზობდა.

_ კარგი, კარგი, როგორც გინდა, ოღონდ იმ პირობით, რომ სამსახურიდან წასვლაზე ფიქრს თავიდან ამოიგდებ. თუ მართლა გიწევს რუსეთში გამგზავრება, პრობლემა არ არის, ერთი და ორი კვირა არაფერს წყვეტს, ნინოს დავაბრუნებ ცოტა ხნით, ბავშვს მაინც ძიძა უვლის. იცოდე, მე შენ არსად გაგიშვებ. მერე რა უნდა ქნა? ხომ იცი, რა ძნელია დღეს სამსახურის შოვნა. მართალია, ჩვენთან უზარმაზარი ხელფასები არ არის, მაგრამ სულ არარაობას ხომ ჯობია? ცოტა ხანში კიდევ მოგიმატებთ, არც ამის გაჭირვება გვაქვს. რაც შეეხება ნანკას… მესმის, რომ, როცა ქალებს არ უყვართ ერთმანეთი, ამ არშეყვარების მიზეზი ზოგადად, მამაკაცია… თუმცა, გიმეორებ, ეგ დროებითია. მე ისედაც ვაპირებდი ნანკასთან საუბარს, ბოლო ხანებში ცუდად იქცევა, არ მომწონს მისი საქციელი. ადრე იყო და სანდროს გაუმწარა სიცოცხლე, კინაღამ ოჯახი დაუნგრია. ცოლიან კაცებთან რომ არაფერი გამოუვიდა, მერე უცოლოებზე გადავიდა. ხომ არ შეიძლება, ორ კაცს ერთდროულად მიახტე, უკაცრავად ამ სიტყვაზე? შეიძლება მისი ცხოვრება ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ეს პრესტიჟული კლინიკაა და არა საროსკიპო, მაპატიე გამოთქმისთვის. პირადი ცხოვრება ამ კედლების გარეთ უნდა მოიწყოს ყველამ.

ცოტათი გულზე მომეშვა, რადგან მან საქმის მთავარი არსი არ იცოდა. როგორც ჩანს, იფიქრა, რომ ნანკასა და ბექას ურთიერთობაზე ვეჭვიანობდი. იქნებ განგებ არ ახსენა სანდრო? არა მგონია, _ დავიმშვიდე თავი.

_ აბა, რა გადაწყვიტე? _ ისევ გაიკეთა სათვალე მიხეილმა.

_ რა ვიცი… ერთი კვირით მაინც გავეთავისუფლები, თუ…

_ გასაგებია. კარგი, მიხედე შენს საქმეს, ათი დღით თავისუფლებას განიჭებ, მერე კი სამუშაოს დაუბრუნდები, იცოდე.

_ დიდი მადლობა, ბატონო მიხეილ, თქვენ ჩემი მხსნელი ხართ, _ ფართოდ გავუღიმე უფროსს.

_ არაფრის, ჩემო კარგო, რისი მადლობა. ჰო, მართლა, იცი, ჩვენი საერთო ახლობელი რომ ცუდად ყოფილა? _ მკითხა უცებ.

_ ვინ საერთო ახლობელი? _ უცებ ვერ მივხვდი.

_ ბიძინა, კაცო, თავის ბაღში დაცემულა და ფეხი უღრძია, წევს თურმე. საღამოს ვაპირებ გასვლას, რამდენი ხანია, არ მინახავს, ერთი უნდა ვესტუმრო. მარტო კაცი ხომ იცი, ჭამაშიც კი ცოდოაო, იტყვიან. არავინ ჰყავს მაგ უბედურს.

_ რას ამბობთ, არაფერი გამიგია. მეც კარგა ხანია, არ გამივლია. აუცილებლად ვნახავ, უსიკვდილოდ, _ შეწუხებულმა ვთქვი და წამოვდექი.

_ უნდა ნახო, ის ისეთი ადამიანია, ყველაზე რომ ამაგი აქვს. აბა, შენ იცი, ყურები არ ჩამოყარო, ყველაფერი გამოსწორდება.

_ კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა, _ თავაზიანად დავემშვიდობე მთავარ ექიმს და კაბინეტიდან ცოტათი შემსუბუქებული გამოვედი, დამამშვიდა მასთან საუბარმა.

ამაღამ მორიგეობა მიწევს, ნათიას ვცვლი. კარგია, იქნებ ცოტათი გადავერთო, ხვალიდან კი მთელი ათი დღე არ გამოვჩნდები სამსახურში. საინტერესოა, რას იზამს ბექა? ნუთუ არ მომიკითხავს? თვალში რომ მოვაკლდები, ხომ უნდა აწრიალდეს? მას ვუყვარვარ, აუცილებლად დაინტერესდება, რატომ არ დავდივარ. შეიძლება დამირეკოს კიდეც. როგორ მაკლია მისი ყურადღება, მისი ღიმილი, იუმორი, ხმა… რატომ უნდა დავკარგო? სანდროს გულისთვის პირად ბედნიერებაზე რატომ უნდა ვთქვა უარი? არა, არ დავთმობ. ცოტა დრო გავიდეს, ოდნავ მაინც გამინელდეს ეს ტკივილი და მერე მე ვიცი, როგორც მოვიქცევი.

8 8 8

შუაღამე გადასული იყო, მორიგი შემოვლა რომ დავამთავრე, ყველა პაციენტი მოვინახულე, დანიშნულების მიხედვით, ზოგს წნევა გავუსინჯე, ზოგს ტემპერატურა, ზოგს წამალი დავალევინე, ზოგსაც ნემსი გავუკეთე და ოთახში შევბრუნდი. თვალები მებლიტებოდა, ისე მინდოდა დაძინება. ის იყო, ტახტზე წამოვწექი და პლედი გადავიფარე, რომ მობილურმა დარეკა. ეკრანს დავხედე, უცხო ნომერი იყო. გისმენთ-მეთქი, ჩავძახე, მაგრამ არავინ მიპასუხა. ვიღაცების ლაპარაკის ხმები კი გარკვევით მესმოდა. არ გავთიშე, ყური მივუგდე.

_ არც ერთი ქალი არ იმსახურებს ამქვეყნად მამაკაცის სიყვარულს, ყველანი დაუნდობლები ხართ. ეს შენც გეხება ნაწილობრივ, _ ბექას ხმა ვიცანი, სმენა დავძაბე, _ მართალია, შენ არ მატყუებ და მეუბნები მაინც, რისთვისაც გჭირდება ჩემთნ ურთიერთობა, მაგრამ არც შენი ქმედებაა გამართლებული. გავკარი ამ ცხოვრებას, არასდროს ცოლს არ შევირთავ. ყველა ქალი ერთნაირი ნაგავია, ერთი მაგ…

_ მე რაღას მერჩი, საყვარელო, შენთვის ცუდი არასდროს გამიკეთებია. შენ ხომ გსიამოვნებს ჩემთან ყოფნა, ასე რომ არ იყოს, ვინ გაძალებს? ვერ გავიგე, რატომ მრევ ყველა ქალში, მე რომ ბოროტი ვიყო, პასუხს მოგთხოვდი ბევრი რამისთვის, _ ეს ნანკას ხმა იყო, ჟრჟოლამ ამიტანა, სამაგიეროს მიხდიდა.

_ რისთვის, აბა ერთი, გამაგებინე? დავაშავე რამე? შენ მაინც რა დაგიშავე?

_ რა და, საკმარისია, რომელიმე ქალმა გიღალატოს, მაშინვე ჩემთან გამორბიხარ, იქამდე კი არც გახსენდები. სხვა ჩემს ადგილზე ერთ ადგილას გაგაგზავნიდა. მე კი, რა ვქნა, არ ვარ ასეთი, არ შემიძლია საყვარელი ადამიანის მიტოვება გაჭირვების ჟამს. მოდი ახლა, მორჩი მოთქმას, არ უნდა დაგელია ამდენი, მომეფერე, რა, მაკოცე, დაივიწყე ყველაფერი. მე შენთან ვარ, ხომ ხედავ.

მერე ხმები აირია… ხმამაღალი ლაპარაკი ჩურჩულმა შეცვალა, მერე ქალის კვნესის ხმა გაისმა ყურმილში, მერე… იქ, სადღაც, რომელიღაც ქუჩის რომელიღაც ბინაში, გაქანებული სექსი მიდიოდა ბექასა და ნანკას შორის, ის ვერაგი ქალი კი ამ ყველაფერს მე მასმენინებდა… ლამის ვიყვირე გამწარებულმა. ტელეფონი გამოვრთე და სასოწარკვეთილმა ხელებში ჩავრგე თავი, თუმცა არ მიტირია, ცრემლი გამშრობოდა…

8 8 8

დილით, სარკეში რომ ჩავიხედე, ელდა მეცა. თვალები საშინლად მქონდა შეშუპებული, ოთხმოცი წლის ბებერს ვგავდი. მორჩა, აღარ მინდა ასე გაგრძელება, თავს უნდა მივხედო. დღეიდან გამოვსწორდები, ერთი კვირა კარგად დავისვენებ, არაფერზე ვიფიქრებ და ძველებურ ფორმაში ჩავდგები. ვნახოთ, ვისი აჯობებს. ყველას დავანახვებ, რა შემიძლია. არც ისეთი სუსტი ვარ, ბექას ან ნანკას რომ წარმოუდგენია.

თათბირის დაწყებამდე შევედი მთავარ ექიმთან, ვუთხარი, რომ მივდიოდი, მადლობაც გადავუხადე თანაგრძნობისთვის და წამოვედი. თანამშრომლებს არც დავემშვიდობე, ისე გამოვიპარე კლინიკიდან, ახსნა-განმარტების თავი არ მქონდა. ეზოში რომ ჩამოვედი, ძალაუნებურად გამექცა მზერა საორდინატოროსკენ. ალბათ გულმა თუ მიგრძნო. ფანჯარასთან სანდრო ატუზულიყო და დაჟინებით მომჩერებოდა. თვალი ავარიდე და მანქანაში ჩავჯექი. სწორედ ამ დროს ბექას «მერსედესი» შემოსრიალდა ეზოში. ის ყოველთვის ჩემ გვერდით აყენებდა თავის მანქანას. ახლაც ასე მოიქცა, ჯერჯერობით არ შეუცვლია «დისლოკაციის» ადგილი…

წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. «პახმელიის» კვალი ეტყობოდა სახეზე. რა თქმა უნდა, წუხელ ხომ ბობოქარი ღამე ჰქონდა თავის «ნაშასთან». წარმოვიდგინე, როგორ ეფერებოდა ნანკას, როგორ უწილადებდა ჩემს წილ ალერსს… სიბრაზემ მომიცვა, მზად ვიყავი, გაუგონარი სისულელე ჩამედინა, მაგრამ ნერვები მოვთოკე, აკანკალებული ხელებით ძრავა ავამუშავე და ნელი სვლით გავედი ეზოდან.

ბოღმა მახრჩობდა _ ნანკასი, ბექასი, სანდროსი, ჩემი… ყველასი ერთად. მთელი სისწრაფით მიმყავდა ჩემი «პეჟო», წინ მიმავალ მანქანებს სათითაოდ გადავასწარი, წითელ შუქზეც კი არ ვჩერდებოდი. მძღოლებიც და ფეხით მოსიარულენიც გაოცებით მაყოლებდნენ თვალს, გიჟივით მივაქროლებდი.

სადარბაზოსთან მოწყვეტით დავამუხრუჭე და თავი საჭეს მივადე ღონემიხდილმა, ფეხები არ მემორჩილებოდა, ისე ავნერვიულდი. უცებ გვერდითა მინაზე ვიღაცამ დააკაკუნა. მოულოდნელობისგან შევხტი. შევხედე, ნიტა იყო. ესღა მაკლდა, ამას რაღა უნდა ნეტავ? არ მესიამოვნა მისი დანახვა. მარცხენა თვალის უპე ჩალურჯებოდა, კარგად უმუშავია სანდროს, ყოჩაღ! ნამდვილი პირუტყვია.

ზლაზვნით გადმოვედი მანქანიდან.

_ დავრეკე და მითხრეს, უკვე წავიდაო, _ თითქოს მებოდიშებოდა, სახლთან რომ დამხვდა.

_ ჰო… როგორ ხარ? _ ზრდილობის გულისთვის მოვიკითხე.

_ როგორ ვიქნები… _ მხრები აიჩეჩა და ღრმად ამოიოხრა.

_ საქმე გქონდა რამე?

_ შენთან მინდოდა დალაპარაკება.

_ წამო, ავიდეთ.

_ ძალიან მეჩქარება…

_ აბა, აქ ხომ არ ვიდგებით, უხერხულია, _ მოღუშულმა გადავხედე.

_ კარგი, ცოტა ხნით ამოვალ, _ დამთანხმდა ნიტა და მოკლე ნაბიჯებით უკან გამომყვა.

…შინ შესულმა ფარდები გადავწიე და ფანჯრები გამოვაღე, ოთახში დახუთული ჰაერი იდგა.

_ ყავას დალევ? _ ისევ ისეთი ტონით მივმართე.

_ არა, ამდენ ხანს ვერ მოვიცდი, სულ ორი წუთი მჭირდება, გთხოვ, მომისმინო, _ წრიალებდა ნიტა.

_ გისმენ, თქვი, _ სავარძელში ჩავჯექი, ნიტა ჩემს პირდაპირ დაჯდა.

_ ორი ღამეა, შინ არ გაუთევია, კაცმა არ იცის, სად დადის, _ დაიწყო თვალცრემლიანმა, _ არც ბავშვები მოუკითხავს, არც მე. ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ ბავშვები მეკითხებიან, მამა სად არისო, რა ვუპასუხო? მიგვატოვა და სახლიდან წავიდა-მეთქი?

_ მე რა შუაში ვარ, ნიტა, ჩემთან რატომ მოხვედი? _ გავაწყვეტინე.

თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, წამით გაქვავდა. მერე უცებ შეეცვალა სახე, მედიდური გაუხდა გამომეტყველება და ხმაც.

_ აბა ვინ არის შუაში, ხომ ვერ მეტყვი? არ იცი, რომ შენ გამო დამენგრა ოჯახი?

_ რომელი ოჯახი, ნიტა? _ რაც შეიძლებოდა, მშვიდად ვსაუბრობდი, _ რომელიც შექმნის დღიდანვე დანგრეული იყო შენთვის?

_ ასე ნუ მელაპარაკები, სოფიო. სანამ შენ გამოჩნდებოდი, ყველაფერი გადასარევად იყო, არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. მერე კი ყველაფერი აირია, გაგიჟდა, შეიშალა კაცი, ვეღარ ვცნობთ. რა უქენი, ჯადო გაუკეთე თუ რა? გული ერევა ბავშვების დანახვაზე, ჩემზე რომ არაფერი ვთქვა. შენ რა, სულელი გგონივარ? საკუთარმა ქმარმა გამომიცხადა, სოფიოსთან გადავდივარ საცხოვრებლადო და ახლა მეუბნები, ჩემგან რა გინდაო? შენგან არაფერი მინდა, ოღონდ ის დამიბრუნე, რაც ჩვენ გვეკუთვნის.

_ და რაც მე არასდროს მეკუთვნოდა, ხომ სწორია?

_ დიახაც.

_ ჰოდა, რატომ მთხოვ იმას, რაც ჩემი აქამდე არ ყოფილა? ჩემთან ტყუილად ეძებ, ნიტა, ის აქ არ არის და არც არასდროს იქნება.

_ მაგრამ მე ხომ ვიცი, შენ როგორ გიყვარს იგი, არ დამიწყო ახლა საპირისპიროს მტკიცება.

_ არ ვაპირებ. ნაწილობრივ მართალი ხარ… ქალი ვერასდროს ივიწყებს მამაკაცს, ვისთანაც რომანტიკული ურთიერთობა ჰქონია, არც არასდროს დამავიწყდება, მაგრამ იგი დიდი ხანია, წარსულს ჩაჰბარდა. ახლა მისი ადგილი სხვამ დაიკავა და შენი სანდრო აღარ მაღელვებს, ის არ არსებობს ჩემთვის, უნდა დამიჯერო.

_ ის შენი გულისთვის წავიდა სახლიდან, სოფიო, რა დაგიჯერო, რას მეუბნები!

_ დაბრუნდება, ამაში ეჭვიც არ მეპარება. მართალია, მას გაუჭირდება ჩემი დავიწყება, რადგან კაცები ვერასდროს ეგუებიან იმ ქალების დაკარგვას, რომელთანაც სექსუალური ურთიერთობა არ გამოუვიდათ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. სანდროც მოეგება გონს, ჭკუაში ჩავარდება და მიხვდება, რომ მისთვის ოჯახი უფრო ღირებულია, ვიდრე ჩემი დევნა.

_ მან უკვე გააკეთა არჩევანი, მას შენთან უნდა.

_ ახლა მე მკითხე, მე მინდა მასთან? ასი წელი… შემეშვით, თავი დამანებეთ ყველამ, მომეცით საშუალება, ჩემ გემოზე ვიცხოვრო. ისე, რომ იცოდე, შენი სანდრო არარაობაა, ასეთი ქმარი გინდ გყოლია, გინდა არა, მნიშვნელობა არა აქვს. მე შენს ადგილას, გამიხარდებოდა კიდეც, თუ მიმატოვებდა. შეხედე საკუთარ თავს, ასე როგორ უნდა გაგიმეტოს შენი შვილების მამამ? ასე მხოლოდ პირუტყვები იქცევიან.

_ გგონია, მიყვარს და იმიტომ ვითხოვ მის დაბრუნებას? მძულს, მეზიზღება, მაგრამ ბავშვებს რა ვუყო, მათ სჭირდებათ მამა. დღეში ასჯერ მეკითხებიან, როდის მოვაო. ჩაცმა უნდათ, დახურვა, ჭამა, სმა… მე რა ვქნა? რით ვარჩინო უმუშევარმა? ყველაფერს ვაკეთებ, რომ კმაყოფილი იყოს, ნასიამოვნები დარჩეს, მაგრამ რა? რა შედეგი გამოიღო იმან, რომ მისი გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი ვარ?

_ ხედავ? თან იმას ამტკიცებ, არ მიყვარსო, თან მეუბნები, მისი გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი ვარო. ასეთები ვართ ქალები. ჩვენ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია მათთვის, მათ კი, ამ ყველაფრის გარდა, სხვა დანარჩენის. გამოდის, რომ არაფრის მაქნისები არიან. უნებისყოფო და სუსტ კაცზე უარესი არაფერია ამქვეყნად. სწორედ ასეთ მამაკაცებს ძალუძთ ღალატი და ოჯახის დანგრევა. შენ რა გგონია, ვიდრე მე გამოვჩნდებოდი, შენს თავზე მოწმენდილი ცა იყო? გგონია, რომ შენ გარდა სხვა ქალთან არ გაუვლია? ღრმად ხარ ამაში დარწმუნებული?

_ ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მიტოვება არ უფიქრია აქამდე.

_ არც ახლა მიგატოვებთ, ტყუილად გეშინია, ნიტა.

_ კარგი რა, კარგი რა-ა! ვერ გაიგონე, რა გითხარი? სოფიოსთან გადავდივარ საცხოვრებლადო, გამომიცხადა, ქართული არ გესმის?

_ ჰმ… შენზე თქვა, კარგი ცოლიაო, ჩემი გულისთვის ბევრი გააკეთა, მეც ბევრი რამ მასწავლაო. როგორც ჩანს, ერთი რამ არ გისწავლებია, ჩემო ნიტა _ დუმილის ფასი. ენისთვის კბილის დაჭერა რომ სცოდნოდა, ამას არ წამოაყრანტალებდა. გეფიცები, ჩემთან არ არის, არც არასდროს იქნება. მე სხვა მიყვარს და მის მიტოვებას არ ვაპირებ. რა ვქნა, როგორ დაგაჯერო? გინდა, ერთი საიდუმლო გაგანდო? გინდა გითხრა, ვის ვხვდები?

_ ვის? _ ისეთი ტონით მკითხა და ისეთი სახით შემომხედა, აშკარად შეეტყო, რაც უნდა მეთქვა, არ დამიჯერებდა.

_ ბექას. შენ თვითონ არ ნახე, როგორ მოვიდა იმ დღეს ჩემთან?

_ ვიცი ეგ ამბები. ისიც ვიცი, სანდროს გასაღიზიანებლად რომ ხვდები ბექას, ყველაფერი ვიცი, არ მჭირდება ეს ზღაპრები.

_ ნანკა მაგრად მუშაობს, როგორც ვატყობ. ეს კარგია, მშვენიერი სადაზვერვო სამსახურია, ვერაფერს იტყვი. მეტი საქმე არაფერი გაქვს? ან შენ რატომ უყვები ჩემ შესახებ ან მას რას ალაპარაკებ ჩემზე ამდენს? არ გრცხვენია? ჩვენ ხომ ყველაზე ლამაზი წლები გვაკავშირებს ერთმანეთთან, მე ხომ არასდროს გამივლია გულში შენი ღალატი, რამ გაგაბოროტა ასე, რატომ მხდი ჩემი დაუძინებელი მტრის სალაპარაკოდ? ან მას რა დავუშავე ასეთი, ძირს რომ მითხრის? ვერ გამიგია, რა გინდათ ჩემგან, ხალხი არა ხართ? ცხოვრებაში მსგავსი ინტრიგები არ მქონია, თქვენ ვინ ყოფილხართ, ვისთან მაქვს საქმე, ეს სად მოვხვდი! _ განრისხებულმა ხმას ავუწიე.

_ შენ თვითონ უქმნი სხვებს პრობლემებს, ჩემო კარგო, შენ თვითონ. მე სანდროს მართმევ, ნანკას _ ბექას, საკუთარი თავი კი მამა აბრამის ბატკნად გამოგყავს. იმ გოგოს ჩემი სიკეთე უნდა, იმიტომაც მიყვება ყველაფერს.

_ მართლა? _ ახლა კი ვერ მოვითმინე და ვიფეთქე, _ ყველაფერს გიყვება? შენი ქმარი რომ ჟიმავდა, ის თუ გითხრა? სანდროს საყვარელი რომ იყო წლების განმავლობაში, ეს თუ იცი, ჩემთან რომ მოდიხარ დიდი გონორით? ამაზე დასცდენია სიტყვა? თუ თანამედროვე ცოლი ხარ და ქმრის საყვარლებთნ დაქალობ? _ ერთიანად გაფითრებული ფეხზე წამოვიჭერი.

_ ეს ტყუილია, _ ნიტას ტუჩები აუთრთოლდა, ხმას დაუწია და თითქმის ჩურჩულზე გადავიდა.

_ ჩემი თუ არ გჯერა, თანამშრომლებს ჰკითხე. მიდი მთავარ ექიმთან და ის უკეთესად მოგიყვება, რა როგორ არის, იმანაც კი იცის, რაც ხდებოდა კლინიკაში, _ გავწირე ბატონი მიხეილიც და იმწამსვე ვინანე, მაგრამ უკვე გვიან იყო.

_ არ მჯერა, სოფიო, ამას ჩემს გასამწარებლად იძახი.

_ სიმართლე ბომბივითაა, ჩემო ნიტა. ის ერთდროულად რამდენიმე ადამიანს კლავს: მას, ვისაც ესვრიან და მასაც, ვინც ისვრის. ვიცი, შეიძლება ამ საიდუმლოს გამხელისთვის მწარედ ვზღო, მაგრამ შენ სიმართლე უნდა იცოდე და იგი უნდა ეძებო იქ, სადაც არის და არა ჩემთან.

_ რა ვქნა?… რა წყალში გადავვარდე? ერთ მომენტში მეც კი შემეპარა ეჭვი, მაგრამ ნანკამ ისე გამიბათილა ეჭვები, რომ თავის სიმართლეში დამაჯერა.

_ ეგ როდის იყო?

_ შარშან ზაფხულში… სანდრო ბათუმში წავიდა, მივლინება მაქვსო, ოპერაციის გასაკეთებლად გამომიძახესო. ჩვენ ფასანაურში გაგვიშვა დასასვენებლად. ორი კვირა არ ჩამოვიდა, ბარემ აქ ვარ და დავისვენებო. რამდენიმე თვის შემდეგ ნანკას წამოცდა, ბათუმში რომ ვიყავით მე და სანდროო. გამიკვირდა, შენ რატომ იყავი მასთან ერთად წასული-მეთქი. ჩემს ახლობელს ჩემი თხოვნით გაუკეთა ოპერაციაო. დავიჯერე და აღარ გამოვეკიდე. ნუთუ… ნუთუ ასეთი შტერი ვარ? ვეღარ გავიგე, ვინ მატყუებს, ვინ სიმართლეს ამბობს…

_ ჩემთან გასარკვევი არაფერი გაქვს, მინდა ამაში დარწმუნებული იყო. პირობას გაძლევ, რომ არასდროს, არასდროს, ახლოსაც არ გავეკარები სანდროს. მეტი რა ვქნა? როგორ მოვიქცე? ტყუილად მერჩი, ნიტა.

_ ახლაც ხვდებიან ერთმანეთს? _ ნიტა ჯერ კიდევ იქ იყო, ნანკას და სანდროს ურთიერთობას დასტრიალებდა.

_ არა მგონია, ახლა… _ კინაღამ წამომცდა, ბექასთან ერთობა-მეთქი, მაგრამ დროზე გავჩერდი, _ ახლა არა მგონია, არ ვიცი.

_ კარგი, მაპატიე, რომ შემოგეჭერი. ისე… თუ გამოჩნდეს…

_ ეგრევე დაგირეკავ.

_ არა, არა, გაგიჟდება, რომ დამირეკო. რა ვიცი, შენ უკეთ იცი, რაც უნდა ქნა.

_ გქონდეს ჩემი იმედი. ყველაზე მეტად ახლა მე მინდა, რომ შემეშვას, თავი დამანებოს, გეფიცები.

_ იცი? რამდენიმე დღის წინ მითხრა, ღამე სოფიოსთან გავათიეო… მართალია? _ იდუმალი ხმით წარმოთქვა.

ცივმა ოფლმა დამასხა, მაგრამ არ შევიმჩნიე.

_ ნიტა, ოდნავ მაინც თუ გჯერა ჩემი, გულწრფელად გეუბნები, რომ სანდროს არც ერთი ღამე არ გაუთენებია ამ სახლში. გესმის?

_ მესმის… მჯერა… ასეთებს იმიტომ მიყვება, რომ მე თვითონ ვთქვა მასზე უარი. ყველაფერი გასაგებია. უნდა, რომ გავუადვილო ჩვენი მიტოვება, უნდა, რომ მეც შევუწყო ხელი ოჯახის დანგრევაში.

_ ჰოდა, მაგდენს თუ ხვდები, დალოცვილო, მე რაღას მერჩი? _ შვება ვიგრძენი, როცა მივხვდი, რომ ნიტასთვის ყველაფერი გასაგები გახდა, _ ნანკას კი… მე შენს ადგილას, დავიკიდებდი, არ გავამახვილებდი ამაზე ყურადღებას. შეიძლება ამ ამბის გაქექვამ უარესი შედეგი გამოიღოს.

_ არც ვაპირებ. მოვა დრო და თავისით გაირკვევა, მათ შორის რაც ხდებოდა. რა წამხდარი ქალია, როგორ გველურად დამიახლოვდა, როგორ მათქმევინა ყველაფერი. ღმერთო, რა გულუბრყვილო ვარ, როდის გამოვსწორდები, როდის ვისწავლი ჭკუას… _ ნიტას თვალები ცრემლით აევსო.

_ არა უშავს, ყველა ვუშვებთ ჩვენს წილ შეცდომას. შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. მთავარია, რომ ახლა სიმართლე იცი, მომავალში უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენ.

_ ჰო, რა თქმა უნდა… მაპატიე, სოფიო, არ მინდოდა…

_ არ გრცხვენია? შენ შენს სიყვარულს იცავდი მხოლოდ. მესმის შენი.

_ სიყვარულს არა… სადღაა სიყვარული. ქორწინებიდან სულ რამდენიმე თვეში გაქრა. არა, გატყუებ, ცოტა უფრო გვიან, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ.

_ ალბათ იმიტომ, რომ ის არც ყოფილა სიყვარული.

_ გეთანხმები. უბრალოდ, ცოტათი მშურდა შენი და ალბათ ამან მაფიქრებინა, რომ მიყვარდა. თურმე ქარს დავდევდი მინდორში. მაპატიე… ვიცი, შენ ეს შეგიძლია.

_ მე შენ მაშინვე გაპატიე, იმიტომ, რომ ვიცოდი, შენი ბრალი არ იყო, რაც მოხდა. ჰო, მართლა, ის სად არის? _ უცებ ვერ გავიხსენე სახელი.

_ ვინ, ჯიმი? ციხეში ზის, კაიფში მყოფი ყავარჯნიან ქალს დაეჯახა და გაიტანა.

_ რას მელაპარაკები! მოკვდა?

_ აბა რა მოუვიდოდა, მთელი სისწრაფით გამოქანებული მანქანა რომ შეეჯახებოდა? ადგილზე გარდაიცვალა.

_ საწყალი… დიდი ხნის ამბავია?

_ უჰ… მალე გამოვა კიდეც. ერთი რვა წლის წინ მოხდა, მგონი.

_ იმ ძველი ამბების მერე არ შეგხვედრია?

_ არა, არა. არც სანდროსთან ჰქონია კონტაქტი. ეს ამბავიც შემთხვევით გავიგე, მამაჩემმა მითხრა… კარგი, სოფიო, წავედი, ბოდიში, ასე რომ გაგანერვიულე.

_ ნახვამდის, ნიტა. თავს მიხედე და შვილებს, ყველაფერს ჯობია…

ნიტამ გასვლის წინ ერთხელ კიდევ შემომხედა. თვალებში ცრემლი უბრწყინავდა. მომეჩვენა, რომ უნდოდა გადამხვეოდა, მაგრამ ვერ გაბედა…

ვერც მე გავბედე…

8 8 8

ნიტას წასვლის შემდეგ საშინელ გუნებაზე დავდექი. სინდისი მქენჯნიდა, ნანკას და სანდროს ამბავი რომ მოვუყევი, თან მთავარი ექიმიც რომ ვახსენე. ვაითუ, მივიდეს მიხეილთან და გამოჰკითხოს ყველაფერი? თან რომ უთხრას, სოფიოსგან ვიცი ეს ამბავიო? იმედია, ამას არ იზამს, მთლად ეგეთი შტერი არ არის.

მოუსვენრობამ შემიპყრო. უშაქრო ყავა მოვიდუღე და დავლიე, თან ნიტაზე ფიქრი გონებიდან არ მშორდებოდა. ისიც ისჯება თავისი ცოდვებისთვის. საინტერესოა, მე როგორ მოვიქცეოდი მის ადგილზე? გავყვებოდი სანდროს? ძნელია ამაზე მსჯელობა სხვისი გადასახედიდან. არავინ იცის, ვინ როგორ მოიქცევა კონკრეტულ შემთხვევაში. მას ძალიან ეშინოდა მამამისის. ალბათ სხვანაირად არ შეეძლო. აბა, ციხეში ხომ არ დასვამდა ორ ადამიანს? ეჰ, რაც იყო, იყო, არ მინდა წარსულის გახსენება. მეყო, რაც გადავიტანე. ახლაც კი ვიმკი იმ ტკივილის «გადმონაშთს». სხვა რამეზე უნდა გადავერთო, დროებით დავივიწყო ეს ამბები. რა ვქნა, სად წავიდე? ვინმე ხომ არ მოვინახულო? მართლა! ბიძინა ხომ არ ვნახო? ცუდად ყოფილა, მე კი ერთხელაც არ მოვიკითხე მამის მეგობარი. კაცმა იზრუნა ჩემზე, სამსახური მიშოვა, ამხელა კლინიკის მთავარი ექიმი შეაწუხა ჩემი გულისთვის, მე კი მადლობაც ვერ ვუთხარი ხეირიანად. მოიცა, დავრეკო!

_ ალო, ბიძინა ძია, როგორ ხართ? _ დარცხვენილი დავიჯღანე ტელეფონის ყურმილთან.

_ რომელი ხარ, ვერ გიცანი, _ გაისმა შეწუხებული ხმა.

_ სოფიო ვარ, თქვენი ნათლული…

_ ჰოოო, სოფიო, სოფიო… ჩემი კალმით ნახატი გოგო. სად დამეკარგე, შვილო, აღარ გამოჩნდი… როგორ ვიქნები, აგერ ვწევარ გასიებული ფეხით, ვერ ვინძრევი. მთლად მოვისპე ამ სიბერეში, ძალა აღარ მაქვს მუხლებში…

_ რა დროს სიბერეა, ნათლია, რას ამბობთ. მაპატიეთ, ვერ შეგეხმიანეთ, ვიცი, რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი. გამოსვლა მინდა თქვენთან, ამიტომ დაგირეკეთ.

_ მოდი, კაცო, მოდი, გამოვყრუვდი მარტოობით, ხმის გამცემი მენატრება. ამწუთას მიხა იყო ჩემთან, გამახარა თავისი სტუმრობით. იმდენი რამე მომიტანა, ხუთ ოჯახს ეყოფა. რად მინდოდა, მაგრამ ხომ იცი, მაინც მესიამოვნა. კარგი გოგო ხარ შენ, ჩემო სოფიო, ძალიან გაქო შენმა უფროსმა. ვამაყობ შენით, რომ იცოდე. მიხარია, ჩემი იმედები რომ გაამართლე. როდის მოხვალ, გენაცვალე?

_ ახლავე გამოვალ, ბიძინა ძია, სულ რაღაც ნახევარ საათში თქვენთან ვიქნები. წამოგიღოთ რამე?

_ რას ამბობ, კაცო, რა უნდა წამომიღო. ხომ გითხარი, მიხამ აუარება რაღაც მომიტანა-მეთქი. მოტანა კი არა, იქით გაგატან ყველაფერს, მაინც გამიფუჭდება აქ, მარტოხელა კაცს რად მინდა ამდენი პროდუქტი.

_ კარგი, ნათლია, დროებით დაგემშვიდობებით მაშინ და წამოვალ.

უკეთეს გუნებაზე დავდექი, მსუბუქი მაკიაჟიც კი გავიკეთე, სარკის წინ სევდიანად დავტრიალდი და მანქანის გასაღებს დავავლე ხელი.



* * *

კარი შეღებული დამიხვდა, დაუკაკუნებლად შევედი. ბიძინა ტახტზე იწვა, ხელები თავქვეშ ამოედო და ჭერს მიშტერებოდა. ჩემს დანახვაზე წამოდგომა დააპირა, მაგრამ არ დავანებე.

_ ხედავ, რა დღეში ვარ? პატარა ბავშვივით წარამარა ვეცემი. ეს რა დამემართა, კაცო.

_ როგორ მოგივიდათ, ბიძინა ძია, სად დაეცით?

_ ბაღში ვიყავი, ყვავილებს ვრწყავდი. რა ვიცი, რა ეშმაკი შემიჩნდა, რანაირად მოვახერხე… ე-ეჰ, მარტოობას მოუკვდა პატრონი, დავბერდი კაცი და მომხედავი არავინ მყავს. ვის რა უნდა ვუთხრა, ჩემი ბრალია ყველაფერი. ერთი წყალი დამალევინე, შენს გაზრდას, ოღონდ მაცივრის არ მინდა, ონკანიდან მოუშვი.

მოვუტანე. სავსე ჭიქა სულმოუთქმელად დაცალა.

_ სიარული სულ არ შეგიძლიათ? _ იქვე, საწოლთან ჩამოვჯექი.

_ კი, როგორ არა, მაგრამ არ მინდა ძალა დავატანო, იქნებ ცოტათი ჩამიცხრეს. მომკლა ტკივილებმა, ღამეები არ მძინავს. შენ როგორ ხარ, როგორ შეეწყვე თანამშრომლებს, კმაყოფილი ხარ?

_ კი, კმაყოფილი ვარ, კარგი ხალხია.

_ მიშაც ძალიან კმაყოფილია, კარგი გოგოაო. მიხარია, ასე რომ გაფასებს. ჩემი სახელიცაა, ხომ იცი.

_ ჰო, რა თქმა უნდა. სადილი ხომ არ მოგიმზადოთ? არსად არ მეჩქარება, დრო ბევრი მაქვს.

_ არა, შვილო, არა, წეღან ძალით მაჭამა მიხეილმა, არ მომეშვა, სანამ კარგად არ დამანაყრა. ძველი პერიოდი გამახსენდა, რესტორნებში რომ დავგრიალებდით… აფსუს, რა დრო იყო!

_ ცოლი არასდროს გყოლიათ, ნათლია? _ მორიდებით ვკითხე.

_ არ მყოლია, არა… და ისე ვნანობ, მეტი რომ არ შეიძლება. მთელი ჩემი ცხოვრება ერთ ქალს შევალიე. ისე მიყვარდა… როცა მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობა არ გამოვიდოდა, თავს პირობა მივეცი, არასდროს შემერთო სხვა ქალი. ჰოდა, აგერ, შევასრულე ჩემი პირობა და დავრჩი მარტო, დისშვილების ამარა. იმათაც თავიანთი საქმეები აქვთ, ვეღარ იცლიან ჩემთვის. ყველას თავისი გასჭირვებია, ხომ იცი, როგორი დროა. ჩემი დაც ავადმყოფობს, ძველებურად აღარ მოსდევს ჯანი. ასეა, შვილო, ასე. ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას ცხოვრებაში. მთავარია, იმ შეცდომას არ გადააყოლო ყველაფერი.

_ ის ქალი გათხოვდა? _ დამაინტერესა მისმა წარსულმა.

_ უკვე გათხოვილი იყო, რომ გავიცანი. ეგ იყო მთავარი უბედურება, ქმრიანი ქალი შემიყვარდა. რომ დავინახე, მივხვდი, ჩემი ბედისწერა ეგ იქნებოდა. ვერაფრით მოვერიე თავს. მიშამ გამაცნო, მაგის ძმაკაცის ცოლი იყო. ეჰ… რად გინდა, გრძელი ამბავია, არ დაგღლი მაგის მოყოლით.

_ არა, რას ამბობთ, პირიქით, თუ თქვენთვის ძნელი არ იქნება, სიამოვნებით მოგისმენთ.

ბიძინა წამით ჩაფიქრდა, ნაღვლიანი მზერა მესროლა, ოდნავ ჩემკენ მოტრიალდა, მოხერხებულად მოეწყო ტახტზე და დაბალი ხმით დაიწყო.

_ ულამაზესი სახელი ერქვა _ ანა… თვითონაც თავისი სახელივით უმშვენიერესი იყო. ბავშვის დაბადების დღეზე დაპატიჟეს მიხეილი, ჩვენი მიშა. მეც თან გამიყოლა, კარგი ოჯახი უნდა გაგაცნოო. არ მინდოდა წასვლა, ალბათ გული თუ მიგრძნობდა, რაც უნდა მომხდარიყო, მთელი დღე ფეხს ვითრევდი. არ მომეშვა, მაინც დამიყოლია, მარტო რა წამიყვანსო. ვიყიდეთ უზარმაზარი შავი ვარდები, ბავშვისთვის სათამაშოები და წავედით. კარი ანამ გაგვიღო… ვერ წარმოიდგენ, რა დამემართა, როცა შევხედე. ლამის ჩავიკეცე ამხელა კაცი. უკეთესს რას ნახავდი. ნეტავ მაშინვე გამოვტრიალებულიყავი და წამოვსულიყავი უკან… ჩემ გარდა ყველა მხიარულობდა, მღეროდნენ, ხუმრობდნენ… მე კი გაოგნებული ვიჯექი და ანას გარდა ირგვლივ ვერავის ვამჩნევდი. მის ნაბიჯებს ვითვლიდი, რომელი მიმართულებით რამდენს გადადგამდა. ისეთი ჰაეროვანი სიარული ჰქონდა… ძალიან ნაზი სურნელის სუნამო ესხა. მის სიახლოვეს ზურგს უკანაც ვგრძნობდი. თავგზა ამებნა. იმანაც შემატყო, სხვა რაღაც რომ ხდებოდა ჩემს თავს. მგონი, თვითონაც არ დარჩა გულგრილი. თითქოს თვალებით ველაპარაკებოდით ერთმანეთს. რამეს რომ შეჰმატებდა სუფრას, მაინცდამაინც ჩემთან ახლოს მოვიდოდა, მკერდით შემეხებოდა და ისე დგამდა კერძით სავსე თეფშებს მაგიდაზე. რა თქმა უნდა, ამას ჩემ გარდა ვერავინ ხვდებოდა. ავირიე, დავირიე… როგორმე უნდა დამემარტოხელებინა და დავლაპარაკებოდი. სითამამისთვის ბლომად დავლიე. ქეიფი დასასრულს რომ მიუახლოვდა, აივანზე გასვლა მოვიმიზეზე, სიგარეტს მოვუკიდე და ჰაერზე გავედი. მიხვდა ისიც, რისთვისაც გავედი. რამდენიმე წუთში უკან მომყვა, რამე ხომ არ გინდათო, მოკრძალებით მკითხა. შენთან ყოფნა მინდა, სხვა არაფერი-მეთქი, პირდაპირ ვაჯახე. გაწითლდა, თვალები დახარა. ტელეფონის ნომერი მომეცი, ხვალ დაგირეკავ-მეთქი. ჩქარ-ჩქარა მიკარნახა, თან დააყოლა, სამიდან ექვსამდე მარტო ვიქნებიო. ეს უკვე თანხმობას ნიშნავდა. არ მეგონა, ასე სწრაფად და ადვილად თუ მოგვარდებოდა ეგ საქმე, ფრთები შემესხა სიხარულისგან. სუფრასთან რომ დავბრუნდი, მეც ჩავერთე მხიარულებაში, სიმღერაც კი შემოვძახე, მახსოვს… მერე, ქეიფი რომ დამთავრდა, დამშვიდობების დრო დადგა, ჯერ ხელი ჩამოვართვი ოჯახის დიასახლისს, ვეამბორე და მერე ლოყაზე ვაკოცე. როგორ უთრთოდა მთელი სხეული, ვერ წარმოიდგენ. მეც ზუსტად მაგ დღეში ვიყავი. სანამ მიშა სახლამდე მომიყვანდა, მანქანაში ხმა არ ამომიღია, ფიქრებით ანას დავტრალებდი თავს. მთელი ღამე თეთრად გავათენე, ვბორგავდი, მის სურნელს ვგრძნობდი, თითქოს გვერდით მეწვა. დილიდან მოუსვენრად ვიყავი, წამებს ვითვლიდი, როდის გახდებოდა სამი საათი. გაიწელა ეს ოხერი დრო, ჩემი დამემართა. ოთხის თხუთმეტ წუთამდე ვიცადე მაინც, რა იცი, რა ხდება-მეთქი და ხელის კანკალით ავკრიფე სანუკვარი ნომერი. აღელვებული ხმა ჰქონდა, ელოდა ჩემს ზარს. რამდენი რამ მინდოდა მეთქვა, სათქმელს თავი ვერ მოვაბი. მივკიბე, მოვკიბე, მოვიკითხე, მშვენიერი სუფრა იყო, უგემრიელესი კერძები-მეთქი… არადა, ერთი ლუკმა არ გამისინჯავს არაფერი. იცოდა იმანაც, მაგრამ მაინც გადამიხადა მადლობა. ჩვენთან როდის შემოივლითო. გავგიჟდი კაცი, იქ მეორედ რა მიმიყვანდა, ქუდი რომ შეეგდოთ, არ მივიდოდი. იქნებ სადმე გარეთ შევხვდეთ ერთმანეთს-მეთქი, გავბედე და ვუთხარი. საღამოს ბავშვი უნდა გავასეირნო შვიდის ნახევარზე, ვაკის პარკში ვიქნებიო, მითხრა. დავთქვით შეხვედრა. ახლა საღამომდე გაიწელა დრო. დავიტანჯე ლოდინით. საათ-ნახევრით ადრე მივედი დათქმულ ადგილას და ბოძივით დავერჭე. კისერი მომეღრიცა ლოდინით. როგორც ჩანს, ისიც ჩემ დღეში იყო, ნახევარი საათით ადრე მოვიდა აფორიაქებული, ლოყები გაწითლებოდა, თვალები ანთებოდა… შემოდგომის მიწურული იდგა, ციოდა ქალაქში. უკვე შეღამებული იყო, პარკში კანტიკუნტად თუ დადიოდა ვინმე, უმეტესად ახალგაზრდა, შეყვარებული წყვილები. გვერდითა შესასვლელთან დავხვდი, ასე მყავდა შეპირებული. შვილი პატარა იყო მაშინ, თვეების. ეტლში ეძინა ბავშვს. ერთი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. როგორც კი მომიახლოვდა, მივაჭერი, ხელი მოვხვიე და გიჟივით დავუწყე კოცნა… ისიც მკოცნიდა. უკვე გვიყვარდა ერთმანეთი. არ ვიცი, რა იყო ეს _ რა ძალა გვეწეოდა ერთმანეთისკენ, მაგრამ ფაქტია, რაღაცამ ნახვისთანავე დაგვაკავშირა ერთმანეთთან. ყველაზე ბნელ ადგილას მდებარე მერხზე დავსხედით, არ გვილაპარაკია, სად გვქონდა ლაპარაკის დრო ან თავი. მთელი ნახევარი საათი ერთმანეთის ფერებაში გავატარეთ. არც სიყვარული ამიხსნია, არც კომპლიმენტი მითქვამს… არაფერი, არაფერი… უთქმელად გვესმოდა იმის, რაც ჩვენს თავს ხდებოდა. ნახევარი საათის შემდეგ აწრიალდა, ქმარი არ იყო მოსული, რომ წამოვედი, მეშინია, ძებნა არ დამიწყოსო. დაგებარებინა მაინც, სად მიდიოდი-მეთქი. იცის, ბავშვს რომ ვასეირნებ საღამოობით, მაგრამ მის მოსვლამდე არასდროს გამოვსულვარ სახლიდან, ამიტომაც ვნერვიულობ და ვჩქარობო. რაღას გავაწყობდი, მივაცილე მეზობელ ქუჩამდე და დავემშვიდობე. დამშვიდობებაც გაგრძელდა ერთი ხუთი წუთი. ვერ ვწყდებოდი მის სხეულს, ერთიანად გახურებული ვიყავი. არ ვიცი, ასე დაწვრილებით რატომ გიყვები, ჩემო სოფიო, მაგრამ ახლა ისე მსიამოვნებს ამის გახსენება, ვერ აგიხსნი. შენც ქალი ხარ, ჩემი ახლობელი და ალბათ თუ ჯერ არ გამოგიცდია, გამოცდი იმას, რასაც სიყვარული ჰქვია. თუმცა ეს უბრალო სიყვარული არ ყოფილა. ეს უგონო სიყვარული იყო, ბოდვა, სიგიჟე… არა მგონია, ოდესმე ვინმეს მსგავსი გამოეცადოს.

ის დღე იყო და ის დღე… ყოველ საღამოს პარკში ვხვდებოდით ერთმანეთს, ყოველი ჩვენი შეხვედრა მოფერებით და ალერსით გამოიხატებოდა მხოლოდ. არავითარი სიტყვა, არავითარი დიალოგი, დამშვიდობების ჟამს თუ ვეტყოდით ერთიმეორეს ორიოდე ფრაზას. სიტყვები მხოლოდ ხელს შეგვიშლიდა ურთიერთობაში, უსიტყვოდ უკეთ ვუგებდით ერთმანეთს. ასე გაგრძელდა დეკემბრის ბოლომდე. მერე ძალიან აცივდა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ერთხელაც, როცა შევხვდი, შევთავაზე, სადმე ბინას ვიქირავებ და იქ შევხვდეთ-მეთქი. სასტიკ უარზე დადგა, ბავშვის გარეშე სახლიდან ვერ გამოვალ, არც დამტოვებელი მყავს და რომც მყავდეს, ქმარი იეჭვიანებსო. ოროთახიანს ვიქირავებ და ბავშვი მეორე ოთახში დავტოვოთ-მეთქი, მოვიფიქრე. კარგა ხანს ორჭოფობდა, მერე დამთანხმდა. სახლში ვერ მივიყვანდი, მშობლებთან ვცხოვრობდი, რა უნდა მეთქვა _ გათხოვილ ქალთან რომანი მაქვს და პაემანს აქ ვუნიშნავ-მეთქი? ჰოდა, რაღა ბევრი გავაგრძელო და… ვიქირავე ოროთახიანი ბინა. შევცვალეთ შეხვედრის დრო, დილის საათებში გადავიტანეთ. არ დამავიწყდება, პირველად რომ მოვიდა იმ ბინაში. რა სახე ჰქონდა… ამ ქვეყანას არ იყო, შეშლილს ჰგავდა. სულ ორი საათი გრძელდებოდა ჩვენი შეხვედრა, მეტხანს ვერ რჩებოდა. თავდაპირველად ყოველდღე ვხვდებოდით, მერე კვირაში სამჯერ, მერე _ ორჯერ. ჩემი ქმარი რაღაცას ეჭვობს და არ მინდა რამეს მიხვდესო. მესმოდა მისი, ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ შემხვედროდა, ოღონდ ჩემთან ურთიერთობაზე უარი არ ეთქვა. გავიდა ნახევარი წელი… ერთი წელი, ბავშვი წამოიზარდა, სიარული დაიწყო… გაძნელდა შეხვედრა. სანამ პატარა იყო და ეტლში იწვა, უფრო გვიადვილდებოდა ურთიერთობა. დააძინებდა ბავშვს მეორე ოთახში და ჩვენ ვეძლეოდით ნეტარებას. ფეხი რომ აიდგა, თან ვეღარ ატარებდა უკვე, აბა, როგორ გავაჩერებდით პატარას, სულ ბაჯბაჯი უნდოდა. ამას მცირე უთანხმოება მოჰყვა. ვუთხარი, ძიძას ვიქირავებ და იმან წაიყვანოს დროებით, დღეში ორი საათი რა გახდა-მეთქი. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, მეშინია, ვინმემ არ გაიგოსო. ამასობაში ქმარსაც გაუძლიერდა ეჭვი. როგორც ჩანს, ანა შეიცვალა მასთან მიმართებაში. იძულებული გავხდით, შეგვემცირებინა შეხვედრის სიხშირე. ჯერ კვირაში ერთხელ ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე უკვე _ თვეში ერთხელ. დავიტანჯე კაცი. არადა, სულ მასთან მინდოდა, ვერ ვითმენდი. ხანდახან ისე მომენატრებოდა მისი ხმის გაგონება, სახლში ვურეკავდი. მემუდარებოდა, არ დამღუპო და ნუ დამირეკავო, მაგრამ არ შემეძლო სხვანაირად.

ასე გავიდა ორი წელი. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. ვთხოვდი, ქმარს გაშორდი და ცოლად გამომყევი-მეთქი. არც ამაზე მთანხმდებოდა. ბოლოს დაორსულდა. გვიან მიხვდა, ორსულად რომ იყო, უგუნებობა დასჩემდა. თავიდან შემეშინდა, რამე ავადმყოფობა ხომ არ სჭირს, ცუდად არ იყოს-მეთქი. დავაძალე, ექიმთან გამომყოლოდა. თითქმის ოთხ თვემდე ყოფილა. ეს რომ გავიგე, სიხარულისგან თავბრუ დამეხვა, ადგილს ვერ ვპოულობდი, ისეთი ბედნიერი ვიყავი. კიდევ უფრო დავიშოკე, რომ მითხრა, ბავშვს გავაჩენო. მთელი ორი კვირა ეიფორიაში ვიყავი, თან ვერავის ვუყვებოდი ამ ამბავს, როგორი სათქმელი იყო. ისევ ვეხვეწე, გაშორდი იმ კაცს, დაუტოვე ეს შვილი და ჩემთან წამოდი-მეთქი. მაგას ვერ ვიზამ, ვაჟა მეცოდებაო, გამომიცხადა… კი მაგრამ, ჩემგან რომ შვილს აჩენ, ვის გვარზე უნდა იყოს-მეთქი, დავეკითხე. ჩემი ქმრის გვარზეო, ისე მშვიდად მიპასუხა, თითქოს დიდი არაფერი ხდებოდა. ხომ არ გადაირიე, ჩემი შვილი სხვის ოჯახში იზრდებოდეს, სხვა გვარი ჰქონდეს, რა ნამუსით ვიარო ამ ქვეყანაზე-მეთქი, ახლა მე ვიყვირე.

სახელი ვაჟა რომ ახსენა, გული შემიქანდა, რაღაც მენიშნა თითქოს. ვაჟა ხომ ბექას მამას ჰქვია… იმ ქალს კი ანაო, ასე თქვა ბიძინამ… ნუთუ ქალბატონ ანიკოზე საუბრობს? ნუთუ… ღმერთო, ნამდვილად ასეა, არ ვცდები. იმანაც ხომ მითხრა მაშინ, ახლაც მარტოა, არც ცოლი შეურთავს და არც შვილები ჰყავს, მარტოობაში ამოხდება სულიო… ისიც თქვა, ბავშვის მიტოვება მთხოვა და არ დავთანხმდიო… ჰმ, რა პატარაა ეს ქალაქი, სადაური ამბავი სად დამიხვდა…

_ სოფიო, შვილო, ხომ არ დაგღალე? _ ბიძინას ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან.

_ არა, არა, ნათლია, გააგრძელეთ, გულისყურით გისმენთ, ძალიან დამაინტერესა თქვენმა ისტორიამ, _ შემცბარმა ვუპასუხე.

_ რაღა ბევრი გავაგრძელო და… დაიძაბა სიტუაცია. კი დავითანხმე, ქმარს გაყროდა, მაგრამ როცა ჩემი ულტიმატუმი წავუყენე, ბავშვის დატოვება როგორ მომთხოვეო, თავი გაიგიჟა. რა ვიცი, მეც რამ გამომათაყვანა, წამოეყვანა ის ბავშვი, რას ვერჩოდი, მაგრამ მაშინ თავმოყვარე ბიჭი ვიყავი და რაღაც-რაღაცებს სხვანაირად ვუყურებდი. ჯერ ერთი, არ მინდოდა ჩემებთან პრობლემები შემქმნოდა _ ბავშვიანი ქალი მომიყვანა რძლადო, დედაჩემის ყბიდან ვერ ამოვიდოდი, ის ამას არ მაპატიებდა. განათხოვარს კიდევ არა უშავდა, როგორმე შეეგუებოდა. მეორეც _ იმ ბავშვს საღ-სალამათი მამა ჰყავდა, ცოცხალი, ჯანმრთელი… რატომ უნდა ვყვარებოდი ღვიძლ მამაზე მეტად? გული ყოველთვის იქითკენ გაუწევდა. გოგონა რომ ყოფილიყო, კიდევ შეიძლებოდა… არ ვიცი, რატომ ვფიქრობდი ასე, მაგრამ… მეგონა, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. იმ დღესვე დაამთავრა ანამ ყველაფერი. წავიდა და უკან აღარ მობრუნებულა. არც ტელეფონთან მოდიოდა და არც მხვდებოდა. როგორ არ ვეცადე, დავლაპარაკებოდი, სადმე შევხვედროდი, მაგრამ ახლოს არ გამიკარა. ჩემი შვილის ბედი უფრო მაწუხებდა. ნამდვილად არ მინდოდა, ის სხვის ოჯახში, სხვა მამის ხელში გაზრდილიყო. სხვა გამოსავალი არ მრჩებოდა. დავიბარე მიშა და ყველაფერი მოვუყევი. გაფითრდა კაცი, ეს რა მიქენი, რა დღეში ჩამაგდეო. არადა, მეც მისი მეგობარი ვიყავი და ვაჟაც. როგორია?! ორ ცეცხს შუა აღმოჩნდა. ვთხოვე, მიშუამდგომლე, მიდი ანასთან და ყველაფერი აუხსენი-მეთქი. უკვე თანახმა ვიყავი, თავის შვილიანად მიმეღო, ისე ვიყავი გადარეული. მიხეილმა არ ქნა, ამას ვერ გავაკეთებ, ოღონდ ეს საქმე არ დამავალო და რასაც გინდა, იმას შეგისრულებო. ბოლო იმედიც მომესპო. შეხვედრა მაინც მომიხერხე-მეთქი, ლამის მუხლებზე დავუჩოქე. ვერც ამაზე დავითანხმე. ასე ადვილად არ ვაპირებდი პოზიციის დათმობას. დღეში ათჯერ ვრეკავდი, ხან მე, ხანაც სხვას ვარეკინებდი. ბოლოს ჩემს დას ვთხოვე, როგორმე შეხვდი და დაელაპარაკე-მეთქი. სახლთან დაუდარაჯდა და შეხვდა. აუხსნა, ვინც იყო და რისთვისაც მივიდა. მწარედ გაიცინა თურმე, მე ბავშვს უკვე აღარ ველოდები, აბორტი გავიკეთეო, გამოუცხადა. ამან მთლად გამაცოფა. არ დავიჯერე, მეგონა, მატყუებდა. ახლა მე დავუხვდი სახლთან. მუცელი აღარ ეტყობოდა. მართალი უთქვამს, ხელოვნური მშობიარობა ჩაუტარეს თურმე, მოუცილებია ჩემი შვილი. ისე გავმწარდი, ხელი გავარტყი, უშვერი სიტყვებით ვაგინე, მთელი სადარბაზო შევყარე… ერთი სიტყვით, ძალიან ცუდი ამბები დავატრიალე. მერე მის ქმარს დავურეკე და ვუთხარი, მე და შენს ცოლს ერთმანეთი გვიყვარს და თუ კაცი ხარ, გაშორდი და დამითმე ის ქალი-მეთქი… ახლაც არ ვიცი, რატომ ჩავიდინე ეს. ხომ ვიცოდი, თუნდაც გამოეგდო ვაჟას, მე უკვე აღარ დამიბრუნდებოდა. ალბათ შურისძიება მამოძრავებდა, სამაგიეროს გადახდის სურვილი… მართლაც მიატოვა ქმარმა. დარჩა მარტო ბავშვთან ერთად… მაინც არ მოვეშვი. ვერა… ვერ მოვაბრუნე ჩემკენ. ერთხელ რომ თქვა უარი, აღარ გადაიფიქრა, არ წაიღო თავისი სიტყვა უკან. ის ერთი წინადადება არ მაპატია. გვიან, ძალიან გვიან მივხვდი, რა შეცდომაც დავუშვი. მისი შვილით ვაჭრობა არ უნდა დამეწყო. უნდა მივმხვდარიყავი, რომ შვილზე წინ არ დამაყენებდა. მაშინ ვერ გავაანალიზე ეს, ჭკუა არ მეყო. ჰოდა, ჩემი უგუნურებით დავკარგე კიდეც სამუდამოდ. იმ დღიდან სასტიკი სასჯელი გამოვუტანე ჩემს თავს. ქალს არ გავკარებივარ სიახლოვეს, არც ერთი _ არც ლამაზი და არც მახინჯი _ თვალში არ მომდიოდა, მთელი საქალეთი შევიძულე. პირობა დავდე, უცოლოდ მოვკვდები-მეთქი და შევასრულე კიდეც. მას შემდეგ, აგერ, თითქმის ოცდათექვსმეტი წელი გავიდა და ვერ ვივიწყებ. დღესაც ისევე მიყვარს, როგორც მაშინ, ერთი წამითაც არ გამნელებია გრძნობა. დღესაც ისეთივე მოუთმენლობით ველი, როგორც მაშინ, ნაქირავებში რომ ბოლთას ვცემდი მის მოლოდინში. ასე მგონია, აი ახლა გაიღება კარი და შემოვა-მეთქი. დარწმუნებული ვარ, არ დავვიწყებივარ, ახლაც ვუყვარვარ. ვიცი, რომ ასეა, ვიცი… იმიტომ, რომ ორივე ერთნაირად ვიყავით გრძნობებით მთვრალი, ერთნაირად გვიყვარდა, ერთნაირად განვიცდიდით, ერთნაირად გვაწუხებდა ერთმანეთის ტკივილი თუ სიხარული… იმიტომ, რომ ჩვენ ერთნი ვიყავით _ ორი ერთმანეთის შემავსებელი ადამიანი, უფრო ერთნაირი, ვიდრე ტყუპისცალები… ჩვენ გულით ვხედავდით ერთმანეთს და ვხედავდით იმას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი თვალებით ვერ დაინახავს. ასე იყო ეს. მე ყველაზე კარგი შემთხვევა გავუშვი ხელიდან და მხოლოდ იმიტომ, რომ შიში მქონდა, შიში, მშობლების რისხვა არ დამემსახურებინა, პრესტიჟი არ შემლახოდა სამსახურში, კოლეგებთან, საზოგადოებაში… არადა, ძალიან გვიან მივხვდი, რომ შემთხვევა არასდროს არ უნდა გაუშვა ხელიდან, ის ხომ ყოველდღე არ მოგეცემა. ეს დაიმახსოვრე, შვილო, შენ ახლა იწყებ ცხოვრებას, ჯერ ყველაფერი წინ გაქვს. მაგრად უნდა ჩაეჭიდო იმას, რაც შენია, რაც ცხოვრებამ გაჩუქა, რაც გამოგიგზავნა განგებამ. რის ფასადაც უნდა დაგიჯდეს იგი, უნდა შეინარჩუნო და არ დათმო არასდიდებით. იდეალური სიყვარული შეიძლება მთელი ცხოვრება ეძებო და ვერ იპოვო, რადგან თვითონ სიყვარული არ არის სრულყოფილი. ამიტომ ნუ დაიწყებ იდეალური ურთიერთობის ძებნას, დაკმაყოფილდი იმით, რაც არის, რაც სტიმულს გაძლევს, ძალას გმატებს. ცოტა დათმე, მაგრამ ბევრი მოითხოვე _ ეს საუკეთესო პრინციპია. ასე რომ მოვქცეულიყავი, დღეს ჩვენ ერთად ვიქნებოდით. არ ვიცი, ეს უკეთესი იქნებოდა თუ უარესი, მაგრამ სინანულის გრძნობა მაინც არ შემიპყრობდა. თუმცა ამაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო. მე ცოტა სხვანაირი კაცი ვარ. არის ისეთი რამ, რასაც ქალს არ ვაპატიებ. ღალატიც კი შეიძლება ვაპატიო, მაგრამ… იცი, რას ვერ ვპატიობ ანას? სიმამაცეს. სწორედ თავისი სიმამაცით მაჯობა. ასაკში რომ შედის ადამიანი, მერე უფრო ხვდება თავის შეცდომებს, რა გზა როგორ გაიარა. სიყვარული კარტის თამაშს ჰგავს. ქალი დამაა, ხოლო მამაკაცი, რომლის გულიც ქალმა უნდა მოიგოს, კაროლი უნდა იყოს და არა ვალეტი. დამა ვალეტს ყოველთვის უგულვებელყოფს. დამის წაყვანა მხოლოდ კაროლს შეუძლია. მე კი აშკარად ვალეტის როლი ვითამაშე, ამიტომაც დავრჩი წაგებული.

_ ბიძინა ძია, მას მერე არასდროს შეგხვედრიათ?

_ არასდროს… არც უცდია.

_ თქვენ? არც თქვენ გიცდიათ?

_ სხვათა შორის, არა. გავიდა დრო და მეც ჩავიქნიე ხელი, რადგან ვიცოდი, ვერ დავიბრუნებდი, ვერასდროს _ ვერანაირი თხოვნით და ვერანაირი ძალით. ის განსხვავებული ქალია თავისი ყველაფრით. ის არავის ჰგავს.

_ არც არაფერი გსმენიათ მასზე? _ ისე ვკითხე, ვითომ არ ვიცოდი, ვისზე იყო ლაპარაკი.

_ როგორ არა, მსმენია. ქმარს არ შერიგებია, ვიცი, არც გათხოვილა. თავის ვაჟთან ერთად ცხოვრობს და არის…. ისე, შენ უნდა… _ დაიწყო და აღარ გააგრძელა ბიძინამ, ალბათ უნდოდა ეთქვა, შენ უნდა იცნობდე მის შვილსო.

მეც აღარ ჩავეძიე. არც მსურდა, დაეკონკრეტებინა. ასე ჯობდა, თუმცა კი თავზარდაცემული ვიყავი გაგონილით.

კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ. მერე ჩემი ამბები გამომკითხა, გათხოვებას არ აპირებო, მკითხა. ჯერ არა-მეთქი, თავი გავაქნიე. ქორწილი არ გამომაპაროო, გამეხუმრა. ჟრუანტელმა დამიარა, ეს რომ მითხრა. როგორია, ბექას რომ გავყვე ცოლად და იქ დედამისს შეხვდეს… საინტერესოა, რა რეაქცია ექნება? როგორც ჩანს, იცის, ბექა რომ მიხეილთან მუშაობს. ეცოდინება, აბა რა. ჩვენი ურთიერთობის შესახებაც ხომ არ იცის შემთხვევით? ხომ არ ეტყოდა მთავარი ექიმი? არა მგონია, მაშინ არ მომიყვებოდა თავის ისტორიას.

შინისკენ მიმავალი მხოლოდ ბიძინაზე ვფიქრობდი. რაღაც მომენტში ისე მომინდა ქალბატონი ანიკოს ნახვა, ისე მომინდა, მისთვის მომეყოლა ეს ყველაფერი, რომ ლამის ბექას სახლისკენ გადავუხვიე, მაგრამ გადავიფიქრე. უკვე გვიან იყო და არ ღირდა მისი შეწუხება. მით უმეტეს მაშინ, როცა ბექა სიახლოვესაც არ მიკარებს. რომ დამინახავს, შეიძლება კარიც კი მომიხუროს. გამორიცხული არაფერია.

პირველი, რაც შინ დაბრუნებულმა გავაკეთე, ბექას სახლში დარეკვა იყო. ქალაქის ტელეფონით ასი წელი ვერ მიხვდებოდა, ვინ რეკავდა.

_ გისმენთ, _ მისი ხმა გავიგონე თუ არა, გული შემეკუმშა, მაჯისცემა ამიჩქარდა.

_ ალო, გისმენთ, ამოიღე ხმა, რომელი ხარ! _ გაბრაზებულმა დამიკიდა ყურმილი.

ისევ დავრეკე, რომ ჩემზე არ მიეტანა ეჭვი. ერთხელ მითხრა, ვიღაც ქალები მირეკავენ და ხმას არ იღებენ ტელეფონშიო. ამწუთას მეც იმ ვიღაც ქალების როლი გავითამაშე. რამდენჯერმე გამითიშა, მეც ხელმეორედ დავრეკე. იქამდე არ მოვისვენე, სანამ მკვდარი და ცოცხალი არ შემაგინა. მხოლოდ ამის მერე გავჩერდი. ცოტა ხანში აქეთ დარეკა ვიღაცამ. კარგა ხანს არ ვიღებდი ყურმილს, ბექა არ იყოს-მეთქი. ზარი არ ჩერდებოდა. ბოლოს ვუპასუხე.

_ სოფიო, შენ ხარ? _ გაისმა ქალის ხმა, ნიტა იყო.

_ ჰო, ნიტა, მე ვარ, როგორ ხარ?

_ როგორ ვიქნები, ისევ ისე. შენკენ არაფერია ახალი?

_ არა, რა უნდა იყოს.

_ ხომ არ გამოჩენილა?

_ არა, რა სისულელეა, ხომ გითხარი, ჩემთან აღარ მოვა-მეთქი.

_ რა საინტერესოა, სად არის, ვისთან ათევს ღამეს. მობილურის ნომერი გამოუცვლია, რომ აღარ დავურეკო. დღეს სამსახურში მივაკითხე და ლამის გამომაგდო იქიდან, აქ მოსული არ დაგინახოო, ახლოსაც არ გამიკარა.

_ ჰო. ვერაფერს გეტყვი, მე დღეს შორიდან მოვკარი თვალი მხოლოდ, არ დავლაპარაკებივარ. რა დროს იყავი, მე რატომ ვერ გნახე?

_ მაღლა არ ამოვსულვარ, ქვემოთ ჩამოვიყვანე. ამაღამ მორიგეა, ნეტავ თუა სამსახურში?

_ არ ვიცი, ვერ გეტყვი.

_ ხვალ თუ ნახავ, იქნებ დაელაპარაკო, სოფიო?

_ არა მგონია, ნიტა, მე ხვალიდან აღარ ვივლი სამსახურში.

_ რატომ? ხომ არ წამოხვედი?

_ ჯერ არა, მაგრამ შეიძლება წამოვიდე. დროებით დავეთხოვე მთავარ ექიმს.

_ სანდროს გამო?

_ მარტო მის გამო არა, სხვა მიზეზიც მქონდა.

_ ჩვენ გამო ნუ იზამ მაგას, გთხოვ. მე ყველაფერი მესმის, მთლად შტერიც არა ვარ. ვიცი, რომ შენ არაფერ შუაში ხარ, არ გადანაშაულებ არაფერში. ამიტომ ნუ გაიფუჭებ საქმეს.

_ დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, მაგრამ მე სხვა პრობლემებიც მაქვს. შეიძლება სულაც მოსკოვში წავიდე, მამასთან.

_ მართლა? ხომ მშვიდობაა, ხომ კარგად არიან?

_ კი, კარგად არიან, უბრალოდ, ძალიან მომენატრნენ ყველანი, ახალი წლის მერე არ მინახავს. შეიძლება ცოტა ხნით გავემგზავრო. ნერვებსაც დავიმშვიდებ. იქამდე აქაც მოგვარდება სიტუაცია.

_ ვნახოთ, რა იქნება. სიმართლე გითხრა, უკვე აღარაფრის იმედი არ მაქვს და არც მაინტერესებს. რაც უნდა ის უქნია. ბავშვები მეცოდება, თორემ ჯანდაბამდის გზა ჰქონია, ვისაც უნდა, იმას შეეკედლოს.

_ მე, ყოველ შემთხვევაში, არა. მაგას ჩემთან არ მოესვლება და ეს ძალიან კარგად იცის.

_ ვიცი, მჯერა შენი. ბექა როგორ არის? როგორ ეგუება შენს გადაწყვეტილებას, ასე ადვილად გიმეტებს სამსახურიდან წამოსასვლელად?

_ ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია, ამიტომ მისთვის არც არაფერი მითქვამს. მხოლოდ მიხეილს ველაპარაკე.

_ ის «სტერვა» დადის სამსახურში?

_ კი, როგორ არა.

_ ისე ვარ გაგიჟებული, შეიძლება თმით ვითრიო, სადმე რომ შემხვდეს. ჯერ არ შემომხმიანებია, მაგრამ თუ კიდევ გაბედა და მოვიდა ან დამირეკა, ვიფრენ, ისეთ ხასიათზე ვარ. შეიძლება სულაც მაგასთან დაეთრევა ის დეგენერატი, რა ვიცი.

_ არა მგონია. რაც მე გითხარი, დიდი ხნის ამბავია, ასე რომ…

_ ჰო მაგრამ, მაგნაირი ქალების ამბავი ხომ იცი. რომ გაიგებს, ცოლს გაეყარა და სახლიდან წამოვიდაო, შეიძლება შეეცადოს ძველი ურთიერთობის აღდგენას.

_ მეეჭვება, მგონი, ახლა ვიღაც სხვა ჰყავს, _ ყრუდ ვთქვი და ვიგრძენი, როგორ მომეწურა გული.

_ ისე, გუშინ საღამოს რუსთაველზე დავლანდე. ავტობუსიდან დავინახე, მგონი, ის უნდა ყოფილიყო.

_ მარტო იყო? _ სუნთქვა შემეკრა.

_ არ იყო მარტო… ვიღაც ახლდა თან, _ ისეთი ტონით თქვა, მივხვდი, ვისთანაც იქნებოდა.

_ ბექასთან ერთად იყო? _ «წავეხმარე» ნიტას.

_ …

_ რა იყო, რას მიმალავ, ასე იყო? _ გავუმეორე შეკითხვა.

_ კარგად ვერ დავინახე, მაგრამ მგონი ბექა უნდა ყოფილიყო.

_ ფეხით იყვნენ?

_ ალექსანდრეს ბაღიდან გამოდიოდნენ და რა ვიცი, შეიძლება სადმე ეყენათ მანქანა. რა ხდება, სოფიო?

_ არ ვიცი, ნიტა, _ ამოვიოხრე, _ ჯერ თავადაც ვერ გავრკვეულვარ, რა ხდება. აბა, რა გითხრა, _ თვალებზე ცრემლი მომადგა.

_ მაგარი თახ ქალია. დარწმუნებული ვარ, შენს ჯინაზე აკეთებს ყველაფერს. ვერ გამიგია, რატომ ითმენ ამდენს? რატომ არ მოსვამ თავის ადგილზე?

_ ძალიან გთხოვ, არ მინდა ამაზე ლაპარაკი.

_ კარგი, კარგი, ნერვებს არ მოგიშლი. მაპატიე, რომ შეგაწუხე. შეიძლება, სხვა დროს კიდევ დაგირეკო? შენთან საუბარი მამშვიდებს.

_ როცა გინდა, მაშინ დამირეკე, რა პრობლემაა. თუ გინდა, გამოდი, მე სულ სახლში ვარ, ეს ათი დღე მაინც.

_ კარგი, ჩემო კარგო, ნახვამდის, შეგეხმიანები ხანდახან.

ყურმილი რომ დავკიდე, უკვე ღაპაღუპით ჩამომდიოდა ცრემლები. ვტიროდი საკუთარ თავს, ჩემს დანგრეულ ცხოვრებას, უღიმღამო აწმყოს და გაურკვეველ მომავალს. ჩემმა ერთმა საბედისწერო შეცდომამ ყველაფერი გამინადგურა. ხვალინდელი დღის იმედი აღარ შემრჩა საერთოდ.

8 8 8

მთელ დღეებს შინ ვატარებდი, არსად გავსულვარ. ორი დღე ისე გავიდა, არავინ შემომხმიანებია. მესამე დღეს გიზელამ დამირეკა, ახალი ამბები გავიგე და შენთან გამოსვლა მინდაო. არ მესიამოვნა, ნანკაზე ხომ არ მელაპარაკება-მეთქი, მაგრამ არ ვკითხე. საღამოს გამოდი, შინ ვიქნები-მეთქი, დავპატიჟე. სამსახურის მერე გამოგივლით მე და ნათიაო.

საგანგებოდ მოვემზადე. მარკეტში ჩავედი, ნამცხვრები ვიყიდე, მერე ბაზარში გავვარდი მანქანით, პროდუქტები შევიძინე და სადილიც მოვამზადე, ლამაზად მინდოდა დავხვედროდი თანამშრომლებს. თან ერთი სული მქონდა, როდის მოსაღამოვდებოდა, რომ დროზე მოსულიყვნენ და გამეგო, რა ხდებოდა. ნეტავ ბექამ თუ მიკითხა? ნუთუ არ დაინტერესდა, რატომ არ დავდივარ სამსახურში? მიხეილმა რა თქვა, რატომ წავიდაო? ერთი სული მქონდა, როდის შევიტყობდი ამ ყველაფერს. ამასთან, მოსვენება დავკარგე, ისე მინდოდა ქალბატონი ანიკოს ნახვა. ვერ მოვითმენდი, სანამ მას ბიძინას შესახებ არ მოვუყვებოდი. არ ვიცი, რატომ მინდოდა ასე ძალიან ამის გაკეთება, რა ქვენა გრძნობა მამომძრავებდა. სიბოროტით რომ არ მომდიოდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი. შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ ბექასთან შეხვედრის შანსი მომცემოდა? ბიძინა რა შუაში იყო? ან რას მოვიგებდი იმით, თუ ანიკოს მის შესახებ მოვუყვებოდი? არ ვიცი.

შვიდი საათი ხდებოდა, ნათია და გიზელა რომ მოვიდნენ.



* * *

სუფრა ლამაზი გამომივიდა. გოგოებმა მინდვრის ყვავილების ლამაზი თაიგული, ერთი ბოთლი კონიაკი და შოკოლადის ასორტი მომიტანეს. ძალიან გამიხარდა მათი სტუმრობა.

_ სოფიო, მართალია, რაც გავიგეთ? _ გადამკოცნა გიზელამ და დაკვირვებით შემომხედა.

_ რა გაიგე? _ დავინტერესდი, ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა.

_ სამსახურიდან წავიდაო…

_ ვინ გითხრათ? _ ცოტა არ იყოს, გამიკვირდა.

_ მიხეილმა გამოგვიცხადა თათბირზე, ჩვენი ანესთეზიოლოგი გვტოვებს და მოგვიწევს ალბათ ახლის მიღებაო, _ დაამატა ნათიამ.

_ ჰო, დაახლოებით ასეა, _ გამეღიმა მთავარი ექიმის ეშმაკურ ნათქვამზე, _ თუმცა ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია.

_ რატომ, კი მაგრამ, რატომ მიდიხარ, სხვაგან გადადიხარ სადმე? ჩვენ არ გვეკითხები? _ გიზელამ ხელები დაიბანა და გაშლილ სუფრას მიუჯდა, _ რა გემრიელი რამეები მოუმზადებია ამ გოგოს. აფსუს, რა დროს ვარ დიეტაზე? ვაშლის მეტი არაფერი მეჭმევა. ჯანდაბას, რაც იქნება, იქნება, დღეს დავარღვევ და მერე ავანაზღაურებ, რა ვქნა.

_ ჩვენ არსადაც არ გაგიშვებთ, გენაცვალე, _ ნათიამაც აუბა მხარი, _ მოსვლა შენი ნება იყო, წასვლა _ ჩვენი. ისე შეგეჩვიეთ სუყველა, უშენოდ გაგვიჭირდება, გაიგე-ე-ე? _ კახურად მოუქცია ბოლოში.

_ რა ვიცი, რა ვიცი, ვნახოთ, რა იქნება, _ გვერდით მივუჯექი ორივეს და ჭიქები სასმლით შევავსე, _ აბა, ჩვენ გაგვიმარჯოს.

სასმელმა სხეული გამითბო. მესიამოვნა.

_ უნდა გენახა, ბექას რა სახე ჰქონდა, მიშამ რომ ეს თქვა, მოკვდა ბიჭი, _ გაიცინა გიზელამ.

_ აბა, აბა, თავი ჩაქინდრა და მთელი ნახევარი საათი ზემოთ არ აუხედავს. ნანკამ წაიტრიპაჩა, მე მოვიყვან ახალ ანესთეზიოლოგსო, მაგრამ ისეთი იფრინა მიშამ, თავბედი აწყევლინა.

_ რა უთხრა ასეთი? _ გული გამალებით მიცემდა.

_ კადრების საქმეს ჯერჯერობით მე ვწყვეტ აქ, შენი დახმარება არ მჭირდებაო. იმდენი გაქო, ცამდე აგიყვანა _ ასეთი და ასეთი სპეციალისტი, წესიერი, განათლებული, ზრდილობიანი, ლამაზი, კოლეგიალურიო და რა ვიცი… მე იცი, რა ვერ გავიგე? სანდროს მოქცევა გამიკვირდა, ხედავდი, როგორ იცინოდა? _ თქვა ნათიამ.

_ ჰოდა, რომ იცინოდა, იმიტომაც მიიღო საკადრისი პასუხი, _ ნიშნისმოგებით დააყოლა გიზელამ.

_ არ მეტყვით, რა მოხდა? _ ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო.

_ მიხეილი შენ რომ გახასიათებდა, სანდრომ რაღაცნაირად უშნოდ ჩაიღიმა თუ გაიცინა… რა გაცინებსო, მიშა ეკითხება, რამე სასაცილოს ვამბობ თუ ხდება რამე სამხიარულოო. სანდრო შეცბა. არაო, უთხრა, რაღაც გამახსენდა და იმაზე გამეცინაო. თათბირი იმისთვისაა, მე მისმინოთ და არა სხვა რამეზე იფიქროთო, უხეშად მიმართა მიშამ.

_ ვა, მაგარი ამბები ყოფილა, _ კმაყოფილება დამეუფლა, როცა მათი ნაამბობი მოვისმინე, _ როგორც ჩანს, ხალხი შოკში ჩავაგდე.

_ ეგრეა, ეგრე. სანდროს ბექას გამო გაეცინა, მიხვდა, რომ ანერვიულდა.

_ და ბექასგან რა უნდა? _ ნათია გაკვირვებული დარჩა.

_ რა უნდა და ის, რომ ბექა ბოლო ხანებში ნანკას არ იშორებს გვერდიდან. ნანკა კი, ხომ იცი, რამდენ ხანს იყო მაგის საყვარელი. შურისძიების მომენტისმაგვარია, რა.

_ ჰო-ო, ახლა მივხვდი, _ თქვა ნათიამ და სკამის საზურგეს მიეყრდნო.

_ და შენც ამის გამო გადაწყვიტე სამსახურის მიტოვება, არა? რა სულელი ხარ. სიყვარული ჩხუბის გარეშე ვის გაუგია. გავა დრო და ბექაც შეგირიგდება, ყველაფერზე კი არ უნდა ავარდე, _ გიზელამ შემომიტია, _ არ იცი, როგორ უყვარხარ, აბოდებს შენზე.

_ არ დაიჯერო, ეგ ტყუილი ზღაპარია, _ სიმწრით ჩავიცინე და ისევ ჩამოვასხი კონიაკი, _ ქალებს გაგვიმარჯოს, სიხარული არ მოგვშლოდეს, _ ვთქვი და ორივეს მივუჭახუნე.

_ და სიყვარული, _ დააყოლა ნათიამ.

_ ბედნიერებაც, _ დაამთავრა გიზელამ.

სამივემ ბოლომდე დავცალეთ ჭიქები.

_ როგორ გვწყურებია-ა-ა?! _ გაიცინა გიზელამ.

_ კარგი კონიაკია, სად იშოვე? _ ბოთლი ავიღე და სასმელს გავხედე.

_ გოგამ მომიტანა კონიაკის ქარხნიდან, ძმაკაცმა უფეშქაშა, ძველი ჩამოსხმაა, დაკუპაჟებული. ოცი წლის ნადგომია.

_ მაგარია, _ ნათიამ ვაშლი ჩაკბიჩა, _ საერთოდ არ მიყვარს დალევა, მაგრამ ეს მესიამოვნა. აქვს შენს ქმარს გემოვნება.

_ უკაცრავად! გემოვნება ისეთი აქვს, იცოცხლე! სხვას რომ ყველაფერს თავი დაანებო, ჩემნაირი ცოლი ჰყავს, გენაცვალე, _ გაიპრანჭა გიზელა.

_ ისე, მართლა, რა საოცარი იყო თქვენი გაცნობა. რომ მახსენდება, სიამოვნება მეუფლება ხოლმე. შენ იცი, სოფიო, როგორ დაქორწინდნენ ესენი? _ ნათიამ შემომხედა.

_ არა, არ ვიცი. სიმართლე გითხრა, გიზელას ქმარი თუ ჰყავდა, ისიც არ ვიცოდი.

_ ბევრი არაფერი დაგკლებია. ის ხომ საზოგადოებაში გამოსაჩენი არ არის, _ გადაიკისკისა გიზელამ, _ მაგნაირი მახინჯი მამაკაცი მეორე არ დადის დედამიწის ზურგზე.

_ სამაგიეროდ, არაჩვეულებრივი ქმარია, ვგიჟდები, ისე მიყვარს, ბრწყინვალე ადამიანია ჩვენი სიძე.

_ კი, ასეა, მაგას ვერ დაუკარგავ. ამიტომაც მიყვარს. თხუთმეტი წელია ერთად ვართ და ერთი ზედმეტი სიტყვა არ მახსოვს მისგან.

_ მოყევი რა, როგორ გაიცანი, გეხვეწები, _ დაიღრიჯა ნათია.

_ მოიცა, ერთი, სოფიოს რაში აინტერესებს ჩემი ისტორია.

_ როგორ არ მაინტერესებს, მოყევი, სიამოვნებით მოგისმენ, _ მეც ვთხოვე.

_ ისე, კარგი მაგალითია, რომ იცოდე. ცხოვრება ისეთი მოულოდნელობებით არის სავსე, რომ ვერასდროს განსაზღვრავ წინასწარ, რას გიმზადებს ბედი.

_ მიდი, მიდი, სოფიოც გულს გადააყოლებს, თორემ ბექაზე ფიქრმა დატანჯა გოგო, ვერ ხედავ, რას დაემსგავსა?

_ კარგი, გეტყვით, _ გიზელამ წვენი მოსვა, პომადიანი ტუჩების ირგვლივ თითები ფრთხილად მოისვა და დაიწყო.

_ ერთი ნახვით შეყვარების არასდროს მჯეროდა. ძალიან რაციონალური პიროვნება ვარ, შემთხვევითობების არ მწამს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამ მოხდა, რამაც სრულიად შემიცვალა წარმოდგენა ჩემს შეხედულებებზე. მაშინ ინსტიტუტი კარგა ხნის დამთავრებული მქონდა, მაგრამ არ ვმუშაობდი. ერთი დაქალი მყავდა, ლელა. დამირეკა, ჩემი საქმრო აგარაკზე გვეპატიჟება და წავიდეთო, თან ჩემი შეყვარებულიც დაპატიჟა, კობა. ლელას საქმრო ვიღაც ოლიგარქის შვილი იყო, თავზე გადასდიოდათ ქონება. საღამო ხანს მოსრიალდა ეს ბიჭი «ლექსუსით», ჩაგვსხა მანქანაში და დუშეთისკენ ავიღეთ გეზი. ლელას მისი მშობლები უნდა გაეცნო. სასტიკად არ მომეწონა სასიძო, დათო ერქვა. ისეთი გაბღენძილი ტიპი ჩანდა, მივხვდი, მასთან საერთო ენას ვერასდროს გამოვნახავდი. კატეგორიულად ვერ ვიტან ასეთ ნაგლ სნობებს. მთელი გზა ტრაბახობდა, მამაჩემმა ეს გააკეთა, ის გააკეთა, ამდენი ფული იშოვა, ამასთან მეგობრობს, იმას იცნობსო და ა.შ. ვერ მოვითმინე და ვკითხე, შენ რას აკეთებ, ის მოგვიყევი, მამაშენი რაში გვაინტერესებს-მეთქი. კობამ მუჯლუგუნი გამკრა, ასე უხეშად ნუ ეპყრობი ადამიანსო. თვითონ კი დაუძმაკაცდა უცებ. ეხერხებოდა ეგეთი რამეები, რახან ფულიანი იყო, აწყობდა მასთან მეგობრობა. დათოს არ ესიამოვნა ჩემი შენიშვნა, ერთი მტრულად გამომხედა და პირში წყალი ჩაიგუბა. ლელა გამოპრანჭული იყო. მე ჩვეულებრივად, სპორტულად მეცვა, ჯინსის შარვალი, მაისური და ბოტასი. არც ვიცოდი, რისი ჩაცმა უფრო იყო მიღებული ოლიგარქთან ქალაქგარეთ, აგარაკზე სტუმრობისას, მაგრამ ფეხებზე მეკიდა, რაშიც უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს, ის ჩავიცვი. სულაც არ ვაპირებდი ვიღაცასთან თავის მოწონებას. ბოლოს და ბოლოს, სვეტური საღამო ხომ არ იყო. კიდევ კარგი, ასე ჩავიცვი, არ იცით, როგორ გამომადგა ბოლოს.

კარგა ხნის მგზავრობის შემდეგ მანქანამ ვიწრო, უასფალტო გზაზე გადაუხვია, ოღრო-ჩოღროებზე გვიწევდა სიარული. მე და კობა ვხტუნავდით უკანა სავარძელზე, თანაც ძალიან ჩქარა მიდიოდა, «პაკაზუხობდა» თავის ჭკუაში. უკვე ღამდებოდა. კიდევ ერთი მოსახვევი და… საშინელი ჭახანის ხმა გაისმა. აშკარა იყო, რაღაცას დაეჯახა. დათომ მკვეთრად დაამუხრუჭა. შიშისგან შევკივლე. გადმოვცვივდით მანქანიდან. საქმრომ ფარები ანთებული დატოვა და მანქანას წინიდან მოუარა.

_ რა არის? _ ძრწოლვით იკითხა ლელამ, ალბათ შეეშინდა, კაცი ხომ არ გაიტანაო.

ამასობაში მეც მივედი. იმან, რაც იქ ვნახე, შოკში ჩამაგდო. პატარა, თეთრი ციკანი ეგდო მანქანის ბორბლებქვეშ და მძიმედ სუნთქავდა, ქარვასავით ყვითელი თვალებით საცოდავად გვიყურებდა, თითქოს შველას გვთხოვდა.

_ ჯობია, ყელი გამოვჭრათ, თორემ მოკვდება, _ თქვა დათომ, _ მწვადებს მაინც შევწვავთ.

_ არა, არა, სისხლს შეამჩნევენ, ემანდ ვინმე არ წამოგვადგეს. ასევე წავიყვანოთ და ადგილზე დავკლათ, _ გამოთქვა აზრი კობამ.

ისეთი განმგმირავი მზერა ვესროლე, ადგილზე გავანადგურე.

_ გაგიჟდით? რას ჰქვია, ყელი გამოჭრათ. ცოცხალია, ვერ ხედავთ? ასე როგორ შეიძლება? _ ვიყვირე სიმწრით.

_ სულერთია, ხვალამდე მაინც ვერ გაატანს, ფეხი აქვს მოტეხილი, _ დაასკვნა გაბღენძილმა სასიძომ, _ ისედაც, ტურები შეჭამენ, აქ რომ დავტოვოთ. სამაგიეროდ, კარგი მწვადი აშიშხინდება.

ნერვულმა კანკალმა ამიტანა. ამისთანა უგულოები როგორ არიან ეს კაცები? ციკანს მივუახლოვდი და თავზე ხელი გადავუსვი. როგორ შემეცოდა, არ იცით. რა უნდოდა საწყალს ამ გზაზე? ალბათ პატრონს გამოექცა და გზა აებნა.

_ მე რა ვქნა, ჩემი ბრალია? პირდაპირ ბორბლებქვეშ შემომიხტა, თავის თავს დააბრალოს, _ თავი იმართლა დათომ, _ გავიყოლოთ, გავიყოლოთ, წითელი ღვინო მოვასხათ და ისე დავბრაწოთ. გიზელა, შენ გაგისინჯავს ასე მომზადებული მწვადი? _ როხროხით მომიტრიალდა სასიძო.

ხმა არ გავეცი. ლელას პატივსცემით, თორემ, ვიცოდი, რაც უნდა მეთქვა. ერთს გემრიელად გამოვლანძღავდი, მაგრამ მაქსიმალურად შევიკავე თავი.

_ მოდი, დროზე ჩავაგდოთ საბარგულში, სანამ პატრონი თავს დაგვდომია, _ საქმიანი დაიჭირა კობამ, _ დათო, ჯერ მანქანა გადავაყენოთ, რომ ხელი არ შეგვიშალოს. ლელა, შენ ჩაჯექი და დაქოქე.

კაცები «ლექსუსს» დაეჯაჯგურნენ, ლელა საჭეს მიუჯდა. ამით დრო ვიხელთე, ციკანი ხელში ავიყვანე, მკერდზე მივიკარი და ნელ-ნელა გავერიდე იქაურობას. როცა თვალთახედვის არეს მოვწყდი, ტყისკენ მივტრიალდი და სირბილით შევერიე სიბნელეს.

კარგა ხანს მესმოდა მათი ძახილი, დაბრუნებას მთხოვდნენ, მე კი გავრბოდი და გავრბოდი. არ ვიცი, რამდენი მეტრი გავირბინე… დავიღალე და შევდექი, რომ შემესვენა, მერე კი ნელი ნაბიჯებით გავაგრძელე გზა. ირგვლივ უკუნი სიბნელე იყო, ჭრიჭინების ხმა არღვევდა მხოლოდ მყუდროებას. ჩემდა გასაკვირად, თავდაპირველად არ შემშინებია, წინ მივიწევდი, მაგრამ თავადაც არ ვიცოდი, სად მივდიოდი, ან სად გამიყვანდა ტყე. ჩემთვის ადგილი სრულიად უცნობი იყო. ცოტა ხანში ძახილის ხმები მიწყდა. როგორც ჩანს, კარგა შორს ვიყავი წასული. იმწუთას არაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ ციკანი მინდოდა გადამერჩინა, ეს სურვილიღა მამოძრავებდა. რა მომელის? ვაითუ, სისხლის სუნზე მართლა გამოცვივდნენ ტურები და ციკნიანად შემსანსლონ. ხომ ვიქნები ღირსი? შიგადაშიგ სმენას ვამახვილებდი, იქნებ საიდანმე მანქანის ან ადამიანის ხმა გამეგონა, იქნებ ახლომახლო გზა ყოფილიყო. თქვენც არ მომიკვდეთ, ჩამიჩუმი არ ისმოდა. ხელები დამეღალა. წიწვის სუნი მეცა, როგორც ჩანს, ნაძვნარი დაიწყო. ამან უფრო გამიადვილა სიარული, უფრო მეჩხერი ტყე იყო, ბალახიც დაბალი ხარობდა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიარე. მოულოდნელად წინ, შორს, სუსტი სინათლე დავლანდე. სიხარულისგან ცას ვეწიე. როგორც იქნა, რაღაც გამოჩნდა-მეთქი. უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და იქითკენ გავეშურე. რომ მივუახლოვდი, პატარა ქოხი დავინახე, საიდანაც შუქი გამოდიოდა. ნეტავ ვინ ააგო ამ ტყე-ღრეში ქოხი, ვის რაში სჭირდებოდა? ალბათ მონადირეები თუ არიან-მეთქი, გავიფიქრე. მოულოდნელად იქვე, ახლოს, ძაღლი აყეფდა. ყეფის ხმაზე ქოხის კარი გაიღო და პარმაღზე შავი სილუეტი გამოჩნდა ფანრით ხელში. მერე ბუნდოვნად მახსოვს, რა მოხდა. როგორც ჩანს, ადამიანი რომ შევნიშნე, იმედი მომეცა და მოვეშვი, ძალა გამომეცალა. იქვე ჩავიკეცე.

_ ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, _ ჩამესმა ყურში მამაკაცის ხმა.

მერე ვიღაცის ძლიერმა ხელმა ამიყვანა და გონიც დავკარგე.

თვალი რომ გავახილე, ქოხში ვიწექი. სანთლის შუქზე იქაურობა მოვათვალიერე. მასპინძელს რომ შევხედე, კინაღამ მეორედ დავკარგე გონი. ასე მეგონა, ყაჩაღების ბუნაგში მოვხვდი, წვერიანი, თმაგაბურძგნილი, ცალთვალახვეული მამაკაცი დამჩერებოდა ღიმილით. ზღვის მეკობრეს ჰგავდა, ქამარში გარჭობილი ხანჯალი აკლდა მხოლოდ. ჩემი პატარა თეთრი ციკანი კუთხეში მიყუჟულიყო.

_ მანქანა დაეჯახა, _ აკანკალებულმა ძლივს ამოვთქვი.

რამდენიმე წუთის განმავლობაში წვეროსანი ეჭვის თვალით მიყურებდა, მერე ხმაურიანად ამოიხვნეშა და მაგიდისკენ მიტრიალდა. მესმოდა, რაღაც სითხეს როგორ ასხამდა ჭიქაში, ბოლოს ისევ ჩემკენ მოტრიალდა და ყურიანი ფინჯანი მომაწოდა.

_ დალიე, წითელი ღვინოა, ცოტას მოგამაგრებს, _ თბილი ხმით მითხრა.

წითელი ღვინის ხსენებაზე უარესად ამაკანკალა. წარმოვიდგინე, როგორ ასხამდნენ გატყავებულ ციკანს ღვინოს, შამფურზე აცმის წინ. უსიტყვოდ ჩამოვართვი ფინჯანი უცნობს და დავლიე, თან ისე, წვეთი არ დამიტოვებია. ცოტა ხანში ოთახი ატრიალდა, მახსოვს, რაღაცას ვლაპარაკობდი, ვბოდავდი, ვყვიროდი მგონი… მერე გავითიშე.

გონს რომ მოვედი, უკვე გათენებული იყო, მზე აცხუნებდა.

_ გიზელა, გაიღვიძე? _ ღიმილით მომიახლოვდა ჩემი მასპინძელი.

გაოცებისგან პირი დავაღე. ჩემი სახელი საიდან იცის? როდის ვუთხარი? ვერაფრით გავიხსენე, რა მოხდა წუხელ, ერთი კადრიც კი ვერ აღვიდგინე მეხსიერებაში. ტანზე დავიხედე, რაღაც ცხოველის ტყავი მეფარა. მონადირე ყოფილა, გავივლე გუნებაში.

_ ისევ გტკივა თავი? _ კვლავ მკითხა მამაკაცმა.

ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ყველაფერი მტკიოდა თავის გარდა.

_ არა, _ ჩავილუღლუღე და წამოდგომა დავაპირე.

_ ჩაიდანი უკვე შემოვდგი, წყალი ადუღდება, ვისაუზმოთ და წაგიყვან, _ თქვა ცალთვალამ.

_ სად? _ შიშისგან სისხლი გამეყინა ძარღვებში.

_ როგორ თუ სად? შენ რა, არაფერი გახსოვს? _ გაუკვირდა მამაკაცს და დაეჭვებით შემომხედა.

_ არ მინდა ჭამა, ჯობია, დროზე წავიდეთ, _ შეშინებული ხმით ვთქვი.

ახლა არ მომეჩვენა ისეთი საშინელი, როგორც წუხელ. არადა, პირველად რომ დავინახე, ტანში დამბურძგლა. მხრები ავიჩეჩე.

_ გასაგებია, _ ღიმილით ჩაილაპარაკა უცნობმა და თითი ქოხის სიღრმისკენ გაიშვირა, _ ხელსაბანი იქაა, ხოლო საჭიროების სხვა ადგილები, უკაცრავად, მაგრამ გარეთ, ეზოში. მე აქ ველურივით ვცხოვრობ, კომფორტი არა მაქვს. წავალ, ბეკეკოს ბალახს მოვუტან, მოშივდებოდა უკვე, _ თქვა და გავიდა.

როგორ მინდოდა სარკეში ჩამეხედა, მაგრამ ამ სიამოვნებას ვინ მაღირსებდა. ჩემი ჩანთა, თავისი კოსმეტიკური აღჭურვილობით და საბუთებით, დათოს მანქანაში დარჩა. მაინტერესებდა, როგორ გამოვიყურებოდი. ალბათ მეც ველურს დავემსგავსე. ლოყაზე წვას ვგრძნობდი, გამახსენდა, გზაში ეკალბარდს რომ გამოვედე, ღაწვიც მაშინ გამეკაწრა. თმაზე გადავისვი ხელი, ვარცხნილობა ხომ არ გამიფუჭდა-მეთქი. გამეცინა, რა დროს ვარცხნილობა იყო, შუაგულ ტყეში ვიმყოფებოდი ვიღაც «მეკობრესთან» ერთად. ქოხს თვალი მოვავლე. უცნაური იყო იქაურობა. ხის მაგიდა და ასეთივე ხისგან გამოჩორკნილი რამდენიმე ტაბურეტი, ფეჩი და ნაჭრის დასაკეცი საწოლი, «ლეჟანკას» რომ ვეძახით. თაროებზე სქელტანიანი წიგნები იყო შემოლაგებული, ერთზე ფრანგული წარწერაც კი დავინახე. ყველაზე საოცარი კი ნოუთბუკი იყო, მაგიდაზე რომ იდო. ეს სად ვარ, ვისთან მოვხვდი? მონადირეა თუ მეცნიერი? ნადირობს თუ კვლევებს აწარმოებს? მთლად დავიბენი. იქნებ მეტყევეა? თუ ასეა, ძალიან უცნაური მეტყევე ჩანს.

უცებ კუთხეში რაღაც შეირხა და ციკანი ბაკუნით გამოვიდა, თან კოჭლობდა. გამიხარდა მისი დანახვა. ჩემს დაძახებაზე ყურადღებაც არ მომაქცია და პირდაპირ კარს მიადგა, გარეთ უნდოდა გასვლა. სწორედ ამ დროს კარიც გაიღო და ცალთვალა გამოჩნდა. კარგად დავაკვირდი. საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო, ოცდაათი-ოცდაცამეტი წლის. ქერა, დაკუნთული.

_ ახლავე მოგხედავ, _ მონადირემ თუ მეტყევემ, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი, ციკანს გზა დაუთმო და თვითონაც უკან მიჰყვა.

რამდენიმე წუთის შემდეგ მანქანის დაქოქვის ხმა მომესმა. ჩემი მასპინძელი შემოვიდა, ნოუთბუკს ხელი დაავლო და ისევ გარეთ გავიდა. მეც გავედი. ეზოში შავი «ჯიპი» იდგა.

_ წავედით, _ თქვა უცნობმა და მანქანის კარი გამიღო.

ციკანი და ძაღლი უკანა სავარძელზე მოკალათებულიყვნენ ერთმანეთის გვერდით, კარგი მეგობრებივით.

_ თქვენც დაკვლას უპირებთ? _ მივუბრუნდი «მეკობრე მეტყევეს».

გაოცებულმა შემომხედა და სიცილი აუტყდა.

_ ვხედავ, რომ მეორე ჭიქა არ უნდა დაგელია, _ სიცილი არ შეუწყვეტია უცნობს, _ ეს ციკანი ჩემია. ისეთი ოხერია, არ ვიცი, როგორ გამექცა. ხეტიალი უყვარს. იქაც გადამირია მეზობლები, სახლში. ხანდახან მომყავს აქ, ტყეში, როცა მე მოვდივარ. აქ სხვანაირი ბალახია, მადა ემატება. ნუ გეშინია, მის დაკვლას არ ვაპირებ. ერთმა ლოთმა მომყიდა. ალბათ სადმე მოიპარა. იმედია, ის მაინც გახსოვს, რომ გოგა მქვია, თუ ესეც არ გახსოვს?

ბუტია ბავშვივით გავჩუმდი.

_ ნუ ხარ ასე მოღუშული. ნუ გეშინია, მართლა არ ვაპირებ მის დაკვლას, არც წითელი ღვინის მოსხმას, გასაგებია? _ თავი გადააქნია.

თბილისში ჩამოვედით თუ არა, პირდაპირ ჩემი ბინისკენ აიღო გეზი. გაოცებული ვიყავი. როგორც ჩანს, წუხელ მისამართიც კი ვუთხარი. სადარბაზოსთან შეაჩერა. მივხვდი, უკვე დამშვიდობების დრო იყო. მადლობისმაგვარი რაღაც წავიჩურჩულე და «ჯიპიდან» გადმოვედი.

მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. ასე მეგონა, რაღაც მავიწყდებოდა მანქანაში, იმ უცნობი კაცისკენ მეწეოდა უჩინარი ძალა… ის იყო, კარს გასაღები მოვარგე და გადავატრიალე, რომ მკლავზე ვიღაცის შეხება ვიგრძენი. თავი მოვაბრუნე და გოგა დავინახე. მას სიტყვა არ უთქვამს, ისე შემომყვა სახლში… და არც არაფრის თქმა იყო საჭირო…

ბევრი რაღა გავაგრძელო და, იმ დღიდან ერთად ვცხოვრობთ. გოგა იურისტია, საკმაოდ გავლენიანი და ცნობილი. პარალელურად, თავისი ბიზნესი აქვს, მცირე, მაგრამ შემოსავლიანი. გამიმართლა. მერე რა, რომ ცალთვალაა, სამაგიეროდ უნიკალური ადამიანია, უაღრესად კარგი პიროვნება და არაჩვეულებრივი ქმარი. აი, ასე.

გიზელამ თხრობა დაამთავრა, მე თვალები ცრემლით ამვსებოდა.

_ ციკანი? _ ხმააკანკალებულმა ვიკითხე.

_ ციკანი იმხელა თხა გაიზარდა, შენი მოწონებული, ამაყი და ამპარტავანი. იმდენ ხანს გვყავდა, სანამ არ დაბერდა.

_ ხომ ლამაზი ისტორიაა? _ მკითხა ნათიამ და თავი მხარზე დამადო.

_ ძალიან, _ დავეთანხმე, _ კობა როგორ შეხვდა თქვენს ამბავს?

_ უჰ, კობასთვის ვის ეცალა. არც დავინტერესებულვარ. ჩვენს ურთიერთობას არც ერქვა სიყვარული, სიმართლე გითხრა. გოგა სხვა იყო. არ ვიცი, რა მეტაკა ამისთანა. დილით, როგორც კი შევხედე, მივხვდი, რომ მის გარდა არავინ მინდოდა. მერე დამცინოდა, იმ ღამესვე რომ ჩამიგორდი ლოგინში და მეორე დღეს არაფერი გახსოვდა, როგორ იყოო.

_ მართლა? _ თვალები გამინათდა.

_ არა, რას ამბობ, მსგავსი არაფერი ყოფილა, მაგრამ რადგან არ მახსოვდა, რაღაცებს მიგონებდა ხოლმე წლების განმავლობაში. მოდი, ახლა დავლიოთ, გაშრა ყელი.

ყველას გაგვეცინა. კიდევ დავლიეთ, ახლა უკვე სიყვარულის სადღეგრძელო.

_ ასე რომ, ჩემო სოფიო, ყველაფერი შემთხვევაზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, ბექასაც ერთი ნახვით შეუყვარდი. ამიტომაც ასე ადვილად არ დაგთმობს. ალბათ უნდა, რომ ცოტათი გაგანერვიულოს. კაცები ასეთები არიან, დამიჯერე.

ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა. ნამდვილად არავის ველოდი, მაგრამ ვიცოდი, სანდრო რომ იქნებოდა. ასეთ დროს სხვა არავინ მოვიდოდა. უხერხულად გადავხედე გოგოებს და კარის გასაღებად გავედი.

არ შევმცდარვარ, ის იყო, ნასვამი, თვალებჩაწითლებული.

_ რა თქმა უნდა, არ გაგიხარდა ჩემი ნახვა, არა? _ მითხრა და ჩარჩოს მიეყრდნო.

_ დაუპატიჟებელ სტუმრებს არ ვიღებ, _ უკმეხად ვუთხარი.

_ როგორ ხარ? _ ბანზე ამიგდო სიტყვა.

_ სტუმრები მყავს და არ ატეხო ახლა ერთი ამბავი, _ შემეშინდა, კოცნა არ დამიპიროს-მეთქი.

_ სტუმრები? აბა, ვინ არიან, ნახვა შეიძლება?

_ ძალიან გთხოვ, წადი, აქ შენი ადგილი არ არის.

_ ვნახავ, ვინ გყავს სახლში და წავალ, პირობას გაძლევ, ცუდად არ მოვიქცევი.

სანამ რამე ვეტყოდი, გვერდი ამიარა და სასტუმრო ოთახში შეაბიჯა. ნათიას და გიზელას დანახვაზე თვალები დააჭყიტა.

_ კამპანიას გაუმარჯოს, _ არ დაიბნა და ორივეს გადაეხვია, _ რა ქარმა გადმოგაგდოთ აქეთ?

_ ჩვენ კი არა, შენ რა ქარმა გადმოგაგდო, ის გვითხარი. რაშია საქმე, სახლში არ გიშვებენ? _ ირონიით მიმართა გიზელამ.

_ არ მიშვებენ, ხომ ხედავ… უკვე აღარავის ვჭირდები, _ ხელი გაიქნია სანდრომ, _ ვხუმრობ, რა თქმა უნდა. ვიფიქრე, ერთი ამ გოგოს გავუვლი და ვკითხავ, რატომ მიატოვა მუშაობა-მეთქი და თქვენც აქ დამხვდით. ალბათ იგივე უნდა გეკითხათ, არა? რას სვამთ? საჩემო არის რამე?

_ კონიაკი გვაქვს, დალევ? დაჯექი, _ ნათიამ სკამი გამოსწია.

_ დავლევ, აბა რას ვიზამ.

გიზელას გვერდით დავჯექი და სანდროს მივაშტერდი. ნერვებს მიშლიდა ეს კაცი.

_ ნიტას ველაპარაკე ამას წინათ, _ დავიწყე, რომ გოგოებს რამის ეჭვი არ გასჩენოდათ.

_ რაო, მერე? _ სანდრომ დამცინავი იერი მიიღო.

_ ძალიან გაფუჭდა ბოლო ხანებში, სმას მოუხშირაო.

_ სოფიო, ნიტას საიდან იცნობ? _ დაინტერესდა გიზელა.

_ ჩემი ბავშვობის მეგობარია, ინსტიტუტშიც ერთად ვსწავლობდით, სანამ გათხოვდებოდა, _ ნაძალადევად გავიღიმე.

_ მართლა? არ ვიცოდი. რა კარგი გოგოა, მერე, გადასარევი… შე ოხერო, ამისთანა ცოლის პატრონი ასე გარე-გარე უნდა დარბოდე? _ უსაყვედურა გიზელამ, _ რას დასდევ სხვის ცოლებს, საკუთარს მიხედე.

_ არავის ცოლებს არ დავდევ მე, _ იწყინა სანდრომ.

_ ცოლებს არა, მაგრამ სხვა ქალებს ხომ დასდევ, _ არ დაუთმო კოლეგამ.

_ დლია რაზნააბრაზია რა უჭირს, ხანდახან ესეც საჭიროა, _ გაიცინა სანდრომ და ჭიქა ასწია, _ თქვენ გაგიმარჯოთ, ქალებო, უთქვენოდ ჩვენ ვერ ვიარსებებდით. ჩვენი შთაგონების წყარო თქვენ ხართ.

_ აბა რა, მამაკაცებს სხვა ალტერნატივა არა გაქვთ, _ გაიცინა ნათიამ.

_ აი, გიყურებთ ახლა და მსიამოვნებს, რა ლამაზები ხართ ყველანი. იცოცხლეთ, _ თქვა სანდრომ და გადაჰკრა.

_ ასეა, ასე, ქალი რომ ოცდაათს გადასცდება, საუკეთესო ფორმაში მაშინ დგება, სამაგიეროდ, კაცებს გაქვთ დარხეული. ოცდაათ წელს რომ გადაცდებით, უკვე ძალიან ბებრები ხართ, ამას რომ მიხვდეთ.

_ რას, ქალის ასაკობრივ სიდიადეს? _ დამცინავად იკითხა მამაკაცმა.

_ ჰო, ჰო, ასაკობრივ სიდიადეს. ამის ნიჭი თქვენ არ გაგაჩნიათ, _ არც გიზელა დარჩა ვალში მამაკაცს.

_ მაგით რა გინდა თქვა, რომ ქალები უფრო ნიჭიერები ხართ?

_ ეჭვი არ შეგეპაროს. ოდესმე გინახავს ქალი, რომელმაც შეიძლება ჭკუა დაკარგოს კაცის გამო იმიტომ, რომ ამ უკანასკნელს ლამაზი და გრძელი ფეხები აქვს? კაცებს კი შეგიძლიათ, იმიტომ, რომ უტვინოები ხართ.

_ სამაგიეროდ, ქალები ხართ საშინლად ცნობისმოყვარეები, _ არ თმობდა სანდრო.

_ თითქმის როგორც მამაკაცები, _ გადაიკისკისა გიზელამ და თვალი ჩამიკრა.

_ აუჰ, თქვენს ხელში ჩემი მტერი ჩავარდა, წავედი მე, წავედი, თორემ მალე გადამდგამთ, ისეთ დღეში ჩამაგდებთ, _ სანდრო წამოდგა, ერთი ჭიქა უკითხავად ჩამოისხა, ოჯახის დიასახლისის სადღეგრძელო უნდა დავლიოო, დამლოცა და ისევ გადაჰკრა.

კარამდე მივაცილე. მოტრიალდა და თვალებში ჩამხედა.

_ არ წახვიდე სამსახურიდან, გთხოვ. მე მხოლოდ ამის სათქმელად მოვედი. თუ არ გინდა ჩემთან ურთიერთობა, თავს არ შეგაწყენ, გეფიცები, ოღონდ დარჩი. სიახლოვეს არ გაგეკარები, ხმასაც არ გაგცემ, თუ დისკომფორტს გიქმნი. დავიცადოთ ცოტა, თუ მოგიბრუნდა გული, ხომ კარგი, თუ არადა, შენ შენი გზით წახვალ, მე კი…

_ შენ ოჯახს დაუბრუნდები, _ დავამთავრე მისი აზრი.

_ ამას მომავალი გვიჩვენებს. მაპატიე, თუ რამე გაწყენინე, არ მინდოდა, შვილებს გეფიცები.

პასუხი არ გამიცია. იმას, რაც ჩვენ შორის იმ ღამეს მოხდა, ვერასდროს ვაპატიებდი, მაგრამ ახლა ამის თქმის არც დრო იყო და არც სიტუაცია, ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდა.

ოთახში რომ შემოვბრუნდი, გიზელა ვიღაცას ელაპარაკებოდა მობილურზე.

_ მეც ძალიან მომენატრეთ, ანიკო დეიდა, აუცილებლად გინახულებთ ამ დღეებში, აუცილებლად, _ თან ხელის და ტუჩების მოძრაობით მანიშნა, ბექას დედააო.

ადგილზე გავქვავდი. მუხლები მომეკვეთა ნერვიულობისგან.

_ რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ჯერ ახალგაზრდაა, ხომ იცით, გაუვლის… გამოუცდელობით მოსდის, აბა რა…. ჰოდა, სწორედ მაგაშია საქმე, აქამდე რომ არავინ ჰყვარებია, ჰგონია, რომ ყველაფერი ეპატიება… ახლავე მოგცემთ, ახლავე, სახლის ნომერსაც და მობილურსაც, _ თქვა გიზელამ და ჩემი ტელეფონის ნომრების კარნახი დაიწყო.

თვალები გამიფართოვდა.

_ ნახვამდის, ქალბატონო ანიკო, კარგად ბრძანდებოდეთ… მეც, მეც, ძალიან მიყვარხართ და უდიდეს პატივს გცემთ, კარგად, _ ღიმილით დააყოლა და გათიშა.

_ რა ხდება? _ თითქმის ერთდროულად ვიკითხეთ მე და ნათიამ.

_ სოფიოს ნახვა მინდა და ტელეფონის ნომერი მომეციო. მეც მივეცი, რა მექნა, _ ეშმაკურად გამიღიმა გიზელამ, _ დაგირეკავს ახლა, აი ნახავ.

ამის თქმა და ქალაქის ტელეფონი აწკრიალდა.



* * *

სუნთქვაშეკრულმა ავიღე ყურმილი.

_ გისმენთ.

_ სოფი, შენ ხარ, გენაცვალე? _ ანიკოს შეწუხებული ხმა ჰქონდა.

_ დიახ, მე ვარ, ქალბატონო ანიკო. როგორ ბრძანდებით?

_ ეჰ, ბრძანებამდე ბევრი მიკლია, საყვარელო. შენ როგორ ხარ?

_ რა ვიცი, გმადლობთ…

_ ნახვა მინდოდა შენი, სალაპარაკო მაქვს.

_ …

_ როდის გეცლება?

_ როცა მეტყვით, ქალბატონო ანიკო.

_ როგორც გავიგე, არ მუშაობ, იქნებ ხვალ გამომიარო?

რაღაც მენიშნა.

_ ვინ გითხრათ, რომ არ ვმუშაობ?

_ ვინ მეტყოდა, ვაჟბატონმა გამომიცხადა გუშინ. ნასვამი იყო და წამოცდა, თორემ სხვა დროს კრინტს არ დაძრავდა.

_ ნასვამი?

_ ნასვამი, ნასვამი და ეგ არის ყველაზე დიდი უბედურება. ამ ბოლო ხანებში სმას მოუხშირა, მთლად გადარია იმ გოგომ.

გულის არეში ჩხვლეტა ვიგრძენი, თითქოს თვალთ დამიბნელდა.

_ რა მოხდა ამისთანა, რატომ იჩხუბეთ, გენაცვალე, რა ვერ გაიყავით შენ და ბექამ?

_ არ გვიჩხუბია, ქალბატონო ანიკო, უბრალოდ… _ შევყოყმანდი, არ ვიცოდი, რა მეთქვა.

_ იმანაც ეს მითხრა და არ დავიჯერე. აბა რა დაგემართათ? ტალეფონით რა გელაპარაკო… მოკლედ, ხვალ გელოდები, თორმეტისთვის მოახერხებ მოსვლას?

_ რა თქმა უნდა, აუცილებლად მოვალ.

_ კარგად იყავი, შვილო, კარგად, _ ამოიოხრა ანიკომ და ტელეფონი გათიშა.

_ რაო, რა მინდაო? _ ცნობისმოყვარე თვალებით ამომხედა გიზელამ.

_ ბექაზე უნდა გელაპარაკოო, _ მხრები ავიჩეჩე.

_ ჰოდა, ძალიანაც კარგი. ბიჭი მთლად ამოვარდა კალაპოტიდან. ასე არ შეიძლება. ახლა მას შენ გარდა ვერავინ უშველის, სოფიო, როგორმე უნდა მოაბრუნო აქეთკენ.

_ მე უძლური ვარ, გოგოებო, არაფრის შეცვლა არ შემიძლია, _ თვალები ცრემლით ამევსო.

_ მოიცა, რა, სისულელეებს ნუ იძახი. შენ მოინდომე და რა შეგიძლია, მაგას ვნახავთ, _ წამოიძახა ნათიამ, _ შენნაირი ქალისთვის დაბრკოლებები არ არსებობს. ვერ ხედავ, როგორ ფეხქვეშ გეგებიან მამაკაცები?

_ რაღაც ვერ ვხედავ, ვისზე გაქვს ეჭვი? _ აცრემლებულს გამეღიმა.

_ ყველაზე. გელაა და სულ შენზე ლაპარაკობს, ვაჟამ ხომ ყურები გამომიჭედა შენი ქებით, აღფრთოვანებულია, მაგრამ მე არ ვეჭვიანობ, ნუ გეშინია. სანდროს რაც ემართება, ჩემზე უკეთ ხედავ და ბექაზე საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი. მეტი რა გინდა? ეს ზღვაში წვეთია, მხოლოდ ისინი, ვისთანაც მე მიწევს შეხება და წარმომიდგენია, გარეთ რა ხდება… _ თითების მოკაკვით ჩამოთვალა ნათიამ «სავარაუდო კანდიდატები».

_ ასე რომ, თავი მაღლა ასწიე და მიხედე საქმეს, _ გიზელა წამოდგა, _ წავალთ ახლა ჩვენ, დაგასვენებთ. ხვალ მძიმე რაუნდი გელის.

ღიმილი ვერ შევიკავე. მადლობა გადავუხადე გოგოებს სტუმრობისთვის და მანქანამდე მივაცილე.

8 8 8

დილით საგანგებოდ გამოპრანჭული მივადექი ბექას დედას. შაბათი კი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ბექა შინ არ დამიხვდებოდა, თორემ ანიკო ამ დროს არ დამიბარებდა. მართალი გამოვდექი, მორიგე ყოფილა.

ანიკო თბილად გადამეხვია, მზრუნველად გადამისვა თმაზე ხელი. ლამაზი თვალები სევდით ავსებოდა, სახეც მობერებოდა თითქოს.

_ რა კარგი ხარ, შენ შემოგევლე, რა საყვარელი, _ თითქოს სინანული იგრძნობოდა ქალის ხმაში.

_ რაღაც ვერ გამოიყურებით ძველებურად, ხომ ჯანმრთელად ხართ? _ მოკრძალებით ვკითხე.

_ ე-ეჰ, ჩემი შვილის ხელში კიდევ კარგად ვარ. ისე მამწარებს ბოლო ხანებში, არ ვიცი, რა წყალში გადავვარდე, _ ამოიოხრა ანიკომ და შალმოხვეული დივანზე დაჯდა, ჩემ გვერდით.

მე ხმას არ ვიღებდი, უხერხულობისგან ხელები სად წამეღო, არ ვიცოდი. ვაჭიანურებდი ლაპარაკის დაწყებას, ან რაზე უნდა მელაპარაკა? შეფიქრიანებულმა კარგა ხანს მიყურა და მერე თვითონ წამოიწყო საუბარი.

_ მაინტერესებს, რა ხდება. რა ბზიკმა გიკბინათ ან ერთს, ან მეორეს? რატომ გადაეკიდა ჩემი ბიჭი მაგ ტვინნაღრძობ ქალს, ამის მიზეზი ვერ გამიგია. იქნებ ამიხსნა, სოფი?

დავიძაბე. როგორ ვუთხრა, რაც მოხდა, ამას ხომ ვერასდროს ვერავის ვეტყვი, რა მოვიგონო?

_ ისეთი არაფერი, ქალბატონო ანიკო, ალბათ არ ვიყავი ბოლომდე ჩემს თავში დარწმუნებული, ამიტომაც დროებით უარი ვუთხარი შეხვედრებზე.

_ დარწმუნებული არ იყავი? მე რომ საწინააღმდეგოს მიმტკიცებდი? _ ეჭვის თვალით შემომხედა ქალმა, _ იმის მერე განა რამე შეიცვალა? როგორც ჩანს, რაღაც სერიოზული მოხდა, სოფი, თორემ…

_ არა, არა, მსგავსი არაფერი ყოფილა, დამიჯერეთ, უბრალოდ, ცოტა დრო მჭირდება, რომ… _ თავის დაძვრენა ვცადე.

_ ბექას უყვარხარ, შვილო. ეს ისე ვიცი, როგორც ორი და ორი ოთხია. გულის გადასაყოლებლად დადის იმ ქალთან, უნდა, რომ ამით რაღაც დაგიმტკიცოს, მაგრამ თვითონაც ვერ ხვდება, რა შეცდომას უშვებს. მთლად აირია ბიჭი. არ იცი, რა დღეშია. ნანკას საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მაგრამ ვხედავ, რომ იმ ქალს არ უყვარს, მის თვალებში მხოლოდ ანგარებას ვხედავ და სხვას არაფერს. ეს არ მინდა, გესმის? დარდისგან აღარ ვარ. ისედაც მოწამლული მაქვს ცხოვრება, ვერ გავიხარე, შვილის გარდა არაფერში გამიმართლა. ახალგაზრდობა ხომ გამიმწარდა, უსიყვარულოდ გავთხოვდი, სიყვარული მეწვია და ვერ შევიშნოე, შიშმა მძლია, ოჯახის დანგრევის შიშმა და მაინც ვერ შევინარჩუნე ქმარი. ამ სიბერეში თითქოს ცოტა უკეთესი სიტუაცია შეიქმნა, ვიფიქრე, ბიჭი შეყვარებულია, კარგი გოგოა, ცხოვრებას აიწყობს და სიბერე მაინც მექნება ტკბილი-მეთქი, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. მეყოფა, რაც სიმწარე ვნახე, აღარ მინდა კიდევ ერთი ტკივილის გადატანა. დაგვღუპავს ის გოგო. რა ვქნათ, რით ვუშველოთ ამ საქმეს?

თავი ავწიე და ანიკოს თვალებში შევხედე.

_ ბექა პატარა ბიჭი აღარ არის, ქალბატონო ანიკო, მან იცის, რასაც აკეთებს. იქნებ მისთვის ასე უმჯობესია? იქნებ ამ ეტაპზე საჭიროც კია, ნანკასთან ურთიერთობა მისთვის? მოვა დრო და გადაუვლის, მერე ვინმე ნორმალურს შეხვდება და…

_ ამას ჩემს დასამშვიდებლად ამბობ, არა? ნუ, სოფი, ნუ. შენ არ იცი, რა ხდება. არაფერიც არ გადაუვლის. იცი, წუხელ რატომ დაგირეკე? მთვრალი მოვიდა, გალეშილი. დამსვა და მელაპარაკა. ჯერ შენზე მითხრა, სამსახურიდან მიდისო, მერე ნანკა ორსულად არისო, გესმის? ახლა შენ მირჩიე, როგორ მოვიქცე _ აბორტი გავაკეთებინო, თუ ცოლად მოვიყვანოო, გაიგე? ეს არის, რომ მკლავს. ის გოგო ყველაფერს აკეთებს, ბექას რომ თავგზა აუბნიოს. შვილი მეღუპება და ვერაფერს ვშველი, აი, ეს არის უბედურება.

ამის გაგონებაზე თითქოს ურო ჩამარტყეს თავში. ჩემდა უნებურად კვნესა აღმომხდა.

_ ამიტომ დაგიბარე, ჩემო კარგო, ამიტომაც მინდოდა შენი ნახვა. რას მირჩევ, რა გავაკეთო? შენ რომ ჩემს ადგილას იყო, როგორ მოიქცეოდი? იმ ქალს ასი კაცი ჰყავს გამოცვლილი, ეს დანამდვილებით ვიცი. რაღა მაინცდამაინც ჩემს შვილს დაადგა თვალი? ერთი წესიერი გოგო გაწყდა ჩემი ბექასთვის?

_ უმწიკვლო და ქალწული არც მე ვარ, ქალბატონო ანიკო, _ დავიწყე კარტების გახსნა, სხვა გამოსავალი არ მქონდა, _ მეც მყოლია მამაკაცი წარსულში.

_ ეგ სხვა ამბავია, გენაცვალე. მაგას არ ვგულისხმობ. გააჩნია, როგორ გყოლია. გაუთხოვარ ქალს საყვარელი მამაკაცი ჰყავდეს, სხვა რამეა. სიყვარულის გამო ქალი მსხვერპლზე ყოველთვის მიდის. მე გათხოვილს მყავდა საყვარელი მამაკაცი, მერე რა? ამას არ ჰქვია ბა. აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი. სულით არ უნდა იყო , სულით. იმ ქალის თვალებში ისეთ რამეს ვკითხულობ, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის რომ მიუღებელია. ის ვერასდროს იქნება კარგი ცოლი, ყოველთვის უღალატებს ჩემს შვილს და არა მარტო ცოლქმრობაში, ყველაფერში. მას ბექა შირმად სჭირდება მხოლოდ. ეს მაღელვებს და მანადგურებს, ჩემო სიხარულო. შენ სხვა ხარ, შენგან უდიდესი სითბო მოდის, საოცრად დადებითი მუხტი. ვიცი, როგორიც ხარ და ამიტომაც მომწონხარ.

თავდახრილი ვუსმენდი ანიკოს აღსარებას.

_ გარდა ამისა, ერთი რაღაცის ეჭვიც გამიჩნდა. ეს ჩვენ შორის დარჩეს, იცოდე, _ ხმა გაუმკაცრდა ანიკოს, მივხვდი, დიდ საიდუმლოს მანდობდა, _ არ მგონია, ნანკა ორსულად იყოს. ორი წლის წინ, როცა ბექა ჯერ კიდევ არ იყო, ასე ვთქვათ, «დადუღებული» და წარამარა ქალებში დარბოდა, ცუდად გახდა. როგორც ჩანს, სქესობრივი კავშირის დროს ვიღაცამ გასვარა, ჯანმრთელობის მხრივ მცირე პრობლემები შეექმნა. იმკურნალა და მალევე გაუარა, მაგრამ ანალიზები რომ გაიკეთა, უთხრეს, სხვა სახის მკურნალობაც გჭირდება, უფრო სერიოზულად უნდა მიუდგე საქმეს, თორემ შეიძლება შვილი ვერ გაგიჩინოს ცოლმაო. ორმოცდღიანი კურსი დაუნიშნეს, თუმცა არც მიუქცევია ყურედღება, არ ჩაუტარებია მკურნალობა. მას შემდეგ შეიძლებოდა, რამე შეცვლილიყო? თუ ორი წლის წინ არ შეეძლო ქალს მისგან დაორსულება, უკეთესობისკენ რა უნდა შეცვლილიყო? ამ ხნის მანძილზე ხომ უფრო გაუუარესდებოდა მდგომარეობა? არ იცი, როგორ მაინტერესებს. მგონია, რომ ის გოგო იტყუება, ამის გამოჭერა უნდა. იცის, ბექა როგორი მგრძნობიარეა და ამით სარგებლობს.

_ ღმერთო ჩემო, ასეთი ტყუილის თქმა როგორ შეიძლება? _ აღმომხდა, _ როგორ გაბედავდა ამას, ქალბატონო ანიკო?

_ ო-ო-ო! შენ არ იცნობ, როგორია. ბოროტი ნაპერწკალი უელავს თვალებში. მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. არ გამიკვირდება, ასე რომ იყოს, მაგრამ როგორ გადავამოწმო? რაც უნდა ვუჩიჩინო ბექას, მიდი ექიმთან და გაესინჯე-მეთქი, არ დამიჯერებს, ჩემს სიტყვაზე არ გაივლის, ისეთი თავისნათქვამაა. იუკადრისებს და თავს შეურაცხყოფილად ჩათვლის. რა მოვიფიქრო, რა…

_ იქნებ ის მაინც გაარკვიოთ, რომელ პოლიკლინიკაში ან საავადმყოფოში დადის? ვინ არის მისი გინეკოლოგი?

_ მაგას ვინ გამაგებინებს, გენაცვალე, გგონია, პირს მოაღებს და რამეს იტყვის? მით უმეტეს, თუ მართლა ტყუის?

_ და თუ არ ტყუის?

_ მით უარესი მაშინ. ყველაფერს იღონებს, რომ ბექას შინ დაუჯდეს. თუ ტყუილს ამბობს, მაშინაც არ გაუჭირდება თავისი ნათქვამის დამტკიცება. ეყოლება ნაცნობი გინეკოლოგი და ცნობის გაკეთებას რა უნდა დღევანდელ პირობებში? გადაუხდის ფულს და მორჩა, რა პრობლემაა? ნებისმიერს შეუძლია ეგრე უმტკიცოს ვიღაცას, რომ ორსულადაა. ასე არ არის?

_ ჰო, რა თქმა უნდა…

_ რატომ უნდა იყოს ჩემი შვილი ასეთი გაუგონარი, ასეთი თავნება? ფუფუნებაში მე არ გამიზრდია, არც მამამისს მოუკლავს თავი მისი განებივრებით. რატომ არ ესმის ჩემი? ასე მგონია, ბოლო ხანებში უფრო და უფრო დავშორდით ერთმანეთს. სანამ პატარა იყო, კაბის კალთაზე მყავდა გამობმული, თვალებში შემომყურებდა, ჩემი ყველა სიტყვა კანონი იყო მისთვის. გაიზარდა და… ეჰ, ასეა, ასე. შვილი მანამ არის შენი, სანამ შენზეა დამოკიდებული. ახლა უკვე გვიან არის. მე კი მის გამო გავიუბედურე ცხოვრება, მის გამო დავსაჯე საკუთარი თავი და ხელი ვკარი ბედნიერებას. ამას გამიგებს ბექა? არა, რა თქმა უნდა.

_ მე ის ვნახე, ქალბატონო ანიკო, _ ვერ მოვითმინე და წამომცდა.

_ ვინ? _ გაკვირვებით შემომხედა ანიკომ, _ ნანკა?

_ არა, არა… ბიძინა… _ ვთქვი და სიმწრის ოფლმა დამასხა.

ქალს სახე გაუფითრდა. ტუჩები აუკანკალდა მოულოდნელად.

_ ბიძინა?.. ვინ ბიძინა? _ ჩურჩულით თქვა და ნახევარი ტანით ჩემკენ შემოტრიალდა.

_ მაპატიეთ, ამას რომ გეუბნებით… ის ჩემი ნათლიაა, მამაჩემის მეგობარი. დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ… ვმეგობრობთ კიდეც… ყველაფერი მომიყვა თქვენზე…

_ მამაშენის მეგობარი? ვინ არის მამაშენი?

_ თქვენ არ გეცოდინებათ, ის მოსკოვშია.

_ ვეჭვობ, ჩვენ ერთსა და იმავე პიროვნებაზე ვლაპარაკობდეთ. ალბათ რაღაც გეშლება, სოფი, _ მას არ სურდა დაეჯერებინა, რომ მისი ცხოვრების მამაკაცს ვიცნობდი.

_ არ მეშლება… ის ავად არის, მარტო ცხოვრობს, სულ მარტო… მიმხედავი არავინ ჰყავს, როგორც თქვენ მითხარით. ხანდახან და და დისშვილები აკითხავენ ხოლმე. მეც დავდივარ. ეს მან მომაწყო სამსახურში. ახლახან ფეხი იღრძო, წევს. გუშინ ვინახულე და სრულიად შემთხვევით მელაპარაკა თქვენზე, არც იცოდა, მე თუ გიცნობდით. არ ვცდები, იმიტომ, რომ ყველაფერი ემთხვევა… მაპატიეთ, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის, რომ უკვე ყველაფერი ვიცი.

ანიკოს ნიკაპი აუკანკალდა, ხელებიც აუცახცახდა. კარგა ხანს იჯდა ხმის გაუღებლად, უაზროდ მისჩერებოდა კედელზე ერთ წერტილს, თითქოს გაქვავებულიყო. მერე, დიდი ხნის მერე, შეირხა და უმეტყველო მზერა ჩემზე გადმოიტანა.

_ ისევ იქ ცხოვრობს?

_ დიახ.

_ ძალიან ცუდად არის?

_ არა, ძალიან ცუდად არ არის, მაგრამ… თავისი ბაღი აქვს, ყვავილებს უვლის. იმაზე წუხს, რომ რამდენიმე დღე ვერ შეძლებს ფეხზე ადგომას, ძალიან აქვს კოჭი გასივებული.

_ ყვავილებს… _ თითქოს ოცნებას გაუპასუხა ანიკო, თვალები მაღლა აღაპყრო, _ მუქი წითელი ვარდებით ექნება ეზო მოფენილი.

_ ჰო, ეგეთები ძალიან ბევრია… _ გამეღიმა.

_ რაო, რა თქვა ჩემზე?

_ რა ვიცი… თქვენი სიყვარულის ისტორია მომითხრო. მას ახლაც უყვარხართ, ქალბატონო ანიკო, თქვენს მერე სხვა ქალზე არც უფიქრია, ამიტომაც დღემდე უცოლოა.

_ იმედია, დღესაც მე არ მელოდება, _ გაღიმება სცადა ქალმა.

_ თქვენ წარმოიდგინეთ, გელოდებათ. მითხრა, ასე მგონია, ერთ მშვენიერ დღესაც, კარი გაიღება და ანა შემოვა ოთახშიო.

_ ასე თქვა?

_ ზუსტად ასე, _ ვთქვი და ვიგრძენი, როგორ დავმშვიდდი.

მან უკვე ყველაფერი იცოდა. მივხვდი, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი, მას უნდა სცოდნოდა სიმართლე.

_ სოფი, მამტყუნებ? _ მკითხა უცებ.

_ რაში?

_ მასთან მტყუანი ვარ? შენი აზრით, სწორად მოვიქეცი?

_ არ ვიცი, ვერ გეტყვით… არ მიფიქრია ამაზე, _ დავიბენი.

_ მაშინ სხვა გამოსავალი არ მქონდა. სხვა გზა არ დამიტოვეს _ არც მან და არც ჩემმა ქმარმა. რჩევის მომცემიც არავინ მყავდა, სასოწარკვეთილი ვიყავი, თანაც უაზროდ ამაყი. ვერ გადავახტი ჩემს სიამაყეს. მერე კი ვინანე, მაგრამ გვიან იყო უკვე.

_ გვიან არასდროს არის ქალბატონო ანიკო, არასდროს, _ მტკიცედ ვთქვი.

_ შენ ამბობ ამას? შე-ენ? თუ ასეა, მოაბრუნე ჩემი შვილი, სანამ გზიდან გადაჩეხილა, _ თითქოს გამოცოცხლდა.

_ არა, არ შემიძლია. მე არ ვიმსახურებ მის სიყვარულს, მე…

_ მას შენ უყვარხარ, გოგონი, დაიმახსოვრე ეს.

_ ვიცი, ვიცი, მაგრამ მაინც არ შემიძლია. მე დამნაშავე ვარ მის წინაშე და ამ დანაშაულს ვერანაირად ვერ გამოვისყიდი.

_ რატომ გგონია, რატომ? განა რა მოხდა ისეთი, რატომ არ მეუბნები?

ღრმად ამოვიოხრე, თავი დავხარე, ხელები ერთმანეთში ნერვულად გადავხლართე და ძლივს გასაგონი ხმით ვთქვი.

_ არის ერთი, რომელიც სტუდენტობისას მიყვარდა. ის მოსვენებას არ მაძლევს, ყველა ღონეს ხმარობს, რომ ბექას დამაშოროს…

_ და ბექამაც იეჭვიანა?

_ არა… არ ვიცი… უფრო ჩემი პრობლემაა, ვიდრე ბექასი. მე თვითონ ვერ ვბედავ, თავს ბექას სიყვარულის უფლება მივცე. არ ვიმსახურებ ამას.

_ გიყვარს?

_ ვინ, ის? _ თავი ავწიე და საყვედურით სავსე მზერა მივაპყარი.

_ ან ის, ან ბექა.

_ ის არ მიყვარს, დიდი ხანია, ის ურთიერთობა წარსულს ჩაჰბარდა. ბექაზე კი… ბექაზე დღედაღამ ვფიქრობ, _ ალმურმა გადამიარა სახეზე.

_ მაშინ მოუგვარებელი არაფერია. ერთი კაცის გზიდან ჩამოშორება ძნელი არ არის. როცა დარწმუნდება, რომ არაფერი გამოუვა, თავისით წავა. ვიცნობ კაცებს, არც ამ შემთხვევაში შევცდები, _ ხელზე ხელი დამადო ანიკომ, _ შენ შენი სცადე, მეც დაგეხმარები, რაც შემიძლია. ვიყოთ ერთად და ყველაფერი გამოგვივა, მერწმუნე.

_ არ ვიცი, არ ვიცი, ქალბატონო ანიკო…

_ სამაგიეროდ, მე ვიცი. ხომ გაგიგონია გამოთქმა, «სუსტმა მამაკაცმა არ იცის, როგორ შეიტყუოს ქალი ლოგინში, ძლიერმა კი ის არ იცის, როგორ გამოაგდოს ქალი იქიდანო». ბექასაც ეს სჭირს, არ იცის, როგორ დააღწიოს თავი ნანკას. შენ უნდა დაეხმარო ამაში. გთხოვ, ძალიან გთხოვ, გააკეთე ეს, ჩემი ხათრით გააკეთე.

_ როგორ უნდა გავაკეთო, ქალბატონო ანიკო, ის საერთოდ აღარ იხედება ჩემკენ, არ მირეკავს, არ მელაპარაკება… ხმას არ მცემს, გესმით?

_ მერე რა, სამაგიეროდ, შენ გაეცი, შენ დაურეკე, შენ დაელაპარაკე… როგორც შეგიძლია, ისე აუხსენი შენი სიტუაცია. ის მიხვდება, ბრიყვი ნამდვილად არ არის, ასეთად არ გამიზრდია.

_ ვიცი…

_ ჰოდა, დაურეკე. ახლავე დაურეკე, ამწუთას… _ და ანიკო წამოდგა, მაგიდაზე შემოდებულ ტელეფონის აპარატს ხელი დაავლო, შავი კაბელი მოქაჩა და ყურმილი ხელში მომაჩეჩა.

ავილეწე, სულმა ფორიაქი დამიწყო. ვერც უარს ვეუბნებოდი ქალს, ვერც დარეკვას ვბედავდი.

_ გაბედე, _ თითქმის მიბრძანა ბექას დედამ.

უძლური ვიყავი მის წინაშე.

_ სად დავრეკო?

_ საავადმყოფოში. მობილურზე რომ დაურეკო, მიხვდება, საიდანაც იქნება ზარი.

აცახცაცებულმა ძლივს ავკრიფე საორდინატოროს ნომერი. კარგა ხანს არავინ მპასუხობდა. მერე რომელიღაც ექთანმა აიღო ყურმილი და ახლავე დავუძახებო, მითხრა… ჯერ ნაბიჯების ხმა გავიგონე ტელეფონში, მერე ბექას სუნთქვა და…

_ გისმენთ, _ მისი ხმის გაგონებამ წამით გამაბრუა, ამაკანკალა.

_ მე ვარ… _ უცნაურად ჟღერდა ჩემი ხმა.

_ ვინ შენ? _ აგდებით მიპასუხა. დავიჯერო, ვერ მიცნო? უსიამოვნოდ გამცრა ტანში.

_ სოფიო… _ უფრო მკაფიოდ ვთქვი.

_ ასეთს არ ვიცნობ, ნომერი შეგეშალათ, _ უხეშად წარმოთქვა და გამითიშა.

ვერ გადმოვცემ, რა დამემართა. ირგვლივ ყველაფერი ატრიალდა, გავშრი, გონება დამებინდა. გაურკვეველი გუგუნის ხმა ჩამესოდა ყურებში, საკუთარი გულის ბაგაბუგს ყელსა და საფეთქლებზეც კი ვგრძნობდი.

_ სოფი, სოფი, რა დაგემართა? _ ანიკოს ყვირილმა გამომაფხიზლა, ლოყაზე გამიტყაპუნა გაშლილი ხელისგული.

_ კარგად ხარ? როგორ შემაშინე, რომ იცოდე, _ ბექას დედასაც არ ედო ფერი სახეზე. _ კი მაგრამ, რა გითხრა ამისთანა? _ ქალი სულს ძლივს ითქვამდა.

_ ნომერი შეგეშალათო… _ პირგამშრალმა ძლივძლივობით წარმოვთქვი.

ანიკო გავიდა და ჭიქით წყალი შემომიტანა. ოდნავ მოვსვი. სუნთქვა გამიხშირდა, პულსის ძლიერ დარტყმებს ვგრძნობდი.

_ იქნებ ვერ გიცნო, შვილო?

_ არა, მიცნო… ასეთს არ ვიცნობო, ასე თქვა…

_ ასეთს არ ვიცნობო? მართლა ასე გითხრა? მე მაგას ვაჩვენებ, როგორ უნდა შენთან ასე ლაპარაკი, _ გაწიწმატდა ანიკო და ტელეფონს მივარდა, მაგრამ მაჯაზე ჩავავლე ხელი.

_ არ გინდათ, არ ღირს… _ ღონემიხდილმა შევაჩერე.

_ რას ჰქვია, არ ღირს. როგორ გაგიბედა ეს, როგორ მოუტრიალდა ენა მაგ საზიზღარს! _ ქალი ანერვიულდა, ისე ცუდად გახდა, გულზე წაივლო ხელი. ახლა ის გახდა მოსაბრუნებელი.

_ იქ, უჯრაში… წვეთებია გულის… _ თითით მანიშნა კომოდისკენ.

8 8 8

რამდენიმე წუთში ორივე დავწყნარდით, ადამიანური ფერი დაგვიბრუნდა.

_ ხომ კარგად ხართ, ქალბატონო ანიკო? _ მზრუნველად ვკითხე.

_ შენ როგორ ხარ, ჩემო სოფი, თორემ მე რა მიჭირს, ამისთანები გადამიტანია? ხედავ, რას უშვრება ის გოგო? ბიჭი ჭკუაზე არ არის. არა, ნამდვილად რაღაც აქვს გაკეთებული. აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება? ასე უცებ რამ შეცვალა ამგვარად? _ ვიშვიშებდა ბექას დედა.

_ მე წავალ, თუ არ გეწყინებათ, თავს შეუძლოდ ვგრძნობ, ცოტა ხნით დავწვები… _ ვლუღლუღებდი ჩემთვის რაღაცას.

_ წადი, შვილო, წადი, მაგრამ არ მოეშვა იცოდე, არ მოდუნდე, უკან არ დაიხიო, გენაცვალე. მაგას მე დაველაპარაკები ხვალ დილით, როგორც კი მოვა. თუ ჰგონია, რომ ჩემთან მსგავსი რამეები გაუვა, ძალიან შემცდარა.

ნაძალადევი ღიმილით დავემშვიდობე აფორიაქებულ ქალს და წამოვედი.

არ მახსოვს, როგორ გამოვიარე მთელი გზა, ისეთი სისწრაფით მოვქროდი. ეს რა ვქენი, რა ჩავიდინე… როგორ დავრეკე, როგორ შევრცხვი… რას იფიქრებს ბექა… ჩათვლის, რომ ვეტენები, ვეხვეწები… არა, არ უნდა დამეჯერებინა ანიკოსთვის… კიდევ ერთი შეცდომა, კიდევ ერთი სამარცხვინო შეცდომა… როდის უნდა ვისწავლო ჭკუა? ახლავე დავუმესიჯებ და მივწერ, რომ დედამისმა მთხოვა მასთან დარეკვა, რომ სულაც არ მქონდა ამის სურვილი, მაგრამ ამით რა? ის ქალიც უხერხულ მდგომარეობაში უნდა ჩავაყენო, მან რა დააშავა? ანიკოს მხოლოდ კარგის გაკეთება უნდოდა, მეტი არაფერი. ის რაღა შუაშია? რაც არის, არის, როგორც უნდა, ისე იფიქროს, ჩემთვის ყველაფერი სულერთია.

ძლივს მოვარგე გასაღები კარს. ოთახში შევაღწიე თუ არა, საწოლზე მივესვენე გამწარებული და მთელი ხმით ავღრიალდი.

8 8 8

მეორე დღეს, დაახლოებით სამი საათი იქნებოდა, ტელეფონმა რომ დარეკა. ჯერ კიდევ ლოგინში ვიწექი, არ ავმდგარვარ. ტირილისგან თვალები მქონდა შესიებული. წუხელ ტანსაცმელიც არ გამიხდია, როგორც მივესვენე საწოლზე, ისევე დავრჩი, პლედი გადავიფარე მხოლოდ გამთენიისას, ძალიან რომ შემცივდა. თანდათან ჩავთბი და მერეღა ჩამეძინა… ყურმილს დავწვდი.

_ ალო! _ ნამძინარევი ხმით ჩავძახე.

_ რატომ შემოდიხარ ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის დაუკაკუნებლად, რა გინდა? _ ბექას ხმა ვიცანი.

შევკრთი, ასეთ სიტყვებს არ ველოდი. ხმა არ გამიღია.

_ შენ გელაპარაკები, არ გესმის?

_ რა გინდა, ბექა…

_ მე რა მინდა? კიდევ მე რა მინდა? ეგ შენ უნდა გკითხო, შენ რა გინდა? რისთვის დამირეკე? შენ და დედაჩემმა პირი შეკარით, არა? არ დამანებებთ თავს?

_ მაპატიე, მეტს აღარ ვიზამ, ეს შეცდომა იყო, _ წართმეული ხმით ვთქვი.

_ შეცდომა… ახლა მეუბნები, რომ შეცდომა იყო? იქნებ მითხრა მაინც, რა გინდოდა? ისე ხომ არ დარეკავდი, ესე იგი, რაღაც გინდოდა. თქვი, ბოლოს და ბოლოს, რა გაქვს სათქმელი! _ მთელი ხმით ყვიროდა.

_ არაფერი… შევცდი, რომ დავრეკე. მსგავსი რამ არასდროს განმეორდება, გეფიცები.

_ მართლა? მართლა? რატომ მახსენებ თავს, რა გინდა? ხომ მითხარი, ყველაფერი დამთავრდაო, რაღა გინდა ჩემგან? _ მომეჩვენა, რომ მისი ზარი მხოლოდ საბაბი იყო ჩემთან დალაპარაკებისა, ის რაღაცას ელოდა ჩემგან.

მოთმინებიდან გამოვედი. ყვირილი ასე არ უნდა-მეთქი და…

_ რას მიყვირი, რომ მიყვირი! შენი ბავშვი ვარ? რა დავაშავე ასეთი? ჰო, დაგირეკე, რა მოხდა მერე? არ შეიძლება შენთან დარეკვა, თუ რა? ბოდიში ბატონო, თუ არ შეიძლება, არ ვიცოდი! _ ერთიანად ვკანკალებდი.

როგორც ჩანს, არ ელოდა ასეთ რეაქციას. მის პასუხს დაველოდე, მაგრამ კარგა ხმა არ გაუღია, ალბათ ფიქრობდა, რა ეთქვა. მე კი ამით ვიხელთე და გავაგრძელე.

_ ან როდის გითხარი, ყველაფერი დამთავრდაო, გითხარი? მიპასუხე, გითხარი? რატომ ერთხელ მაინც არ დაინტერესდი, რატომ ვთქვი უარი შეხვედრაზე, რა მიზეზი მქონდა, იქნება და რა ხდებოდა? კიდევ აქეთ მდებ შარს? უკაცრავად, რომ შემოგეჭერით, ბატონო მთავარი ექიმის მოადგილევ, ათასი ბოდიში, მომავალში მეცოდინება და აღარ შეგაწუხებთ, იმედია, თქვენც ასევე მოიქცევით! _ გავკიოდი ტელეფონში, _ მეტჯერ აღარ დარეკო ჩემთან, აღარ გაბედო! _ დავამთავრე «ტირადა» და ყურმილი დავახეთქე.

საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. ისე ვიყავი განრისხებული, თავადვე მიკვირდა, ასეთი რამ თუ შემეძლო. თუმცა კმაყოფილი დავრჩი. ხომ დავტოვე გაოგნებული, ასე მოუხდება. იცოდეს, ვისთან აქვს საქმე, ასე ადვილად თავს არავის დავაჩაგვრინებ. მნახა რა, დაბალი ღობე!

ადგილს ვერ ვპოულობდი. წინ და უკან დავდიოდი ოთახში. ალბათ ანიკოს შვილთან მწვავე კამათი ჰქონდა ჩემ გამო. ისიც გაბრაზდა და სამაგიეროს გადახდა მოინდომა. ნეტავ ანიკო სად იყო ამ დროს? დავიჯერო, ესმოდა ეს ყველაფერი? დავიჯერო, ასე გაანერვიულებდა დედას?

ორი საათიც არ გასულა ამ ამბიდან, რომ ისევ დარეკა ტელეფონმა. არ ავიღე, მეგონა, ისევ ბექა იყო. კარგა ხანს ისმოდა ზარის ხმა. მერე მობილური ამღერდა. ნომერს დავხედე, გიზელა მირეკავდა. მწვანე ღილაკს თითი მივაჭირე.

_ სოფიო, სად ხარ? _ გიზელა აღელვებული ჩანდა.

_ სახლში, რა მოხდა, რა ხმა გაქვს?

_ ცუდი ამბავი მოხდა ძალიან…. ცუდი ამბავი.

_ რა იყო, არ იტყვი? _ ძრწოლამ ამიტანა და მექანიკურად სავარძლიდან წამოვდექი.

_ ანიკო გარდაიცვალა…

_ რა? _ განწირული ხმით ვიკივლე, _ ვინ ანიკო, როდის, სად?! _ სიტყვებს ვერ ვპოულობდი, სიზმარში მეგონა თავი.

_ უზნაძის ქუჩაზე იპოვეს ნახევარი საათის წინ გარდაცვლილი, _ სლუკუნი აუტყდა გიზელას, _ ყველანი აქ ვართ, საავადმყოფოში, შენც გამოდი, რა, გელოდებით…

უზნაძის ქუჩაზე? ღმერთო ჩემო, იქ რა უნდოდა? ღონემიხდილი იატაკზე დავეშვი…









* * *

მთელი სისწრაფით მივაქროლებდი მანქანას. ისეთი ქარი ამოვარდა, ყველაფერი მიჰქონდა, ანგრევდა არემარეს. რაღა ახლა მოუნდა ამ ქარს თავის შეხსენება, როცა ასეთი ამბავი ხდება? განა რა უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ? ეჰ, როგორი ცრუმორწმუნე ვარ, ქარისაც კი მჯერა. როგორ შემეცოდა ბექა, წარმოვიდგინე, რა დღეში იქნებოდა. ნეტავ სწორად ვიქცევი, რომ მივდივარ? რა რეაქცია ექნება ჩემს დანახვაზე? ტელეფონზე რომ დამირეკა და გაბოროტებული მელაპარაკებოდა, მივხვდი, რომ დედამისთან ჩხუბი მოუვიდა. ხომ იფიქრებს, დედამ ამაზე ინერვიულა და ცუდად იმიტომ გახდაო., მან რა იცის, რა მოხდა სინამდვილეში…

უზნაძის ქუჩა… ღმერთო, ნუთუ მე გავაფუჭე ყველაფერი? იქნებ არ უნდა მეთქვა ანიკოსთვის? ალბათ ბიძინას სანახავად წავიდა, გულმა არ მოუთმინა. მერე რა? დარწმუნებული ვარ, ერთმანეთში შეკამათება არ მოუვიდოდათ. იქნებ ზედმეტ სიხარულს ვერ გაუძლო გულმა? არ ვიცი, ამას ალბათ მხოლოდ ნათლიასგან თუ გავიგებ.

გულამოვარდნილი მივვარდი კლინიკაში. გიზელა, ნათია და ბიჭები ინტენსიური პალატის წინ იდგნენ სახეწაშლილები. გიზელას თვალები ჩაწითლებოდა. რაც მთავარია, ნანკა არსად ჩანდა.

_ მოხვედი? _ ნათია გადამეხვია და ასლუკუნდა, _ არ იცი, როგორ შემეცოდა.

გიზელაც მოგვიახლოვდა.

_ ცოცხალს ვერ მიუსწრეს, ხომ? _ ხან ერთს შევხედავდი, ხანაც მეორეს.

_ არა, უკვე გარდაცვლილი იყო. ბექა ადამიანს არ ჰგავს, ისეთ ხმაზე ღრიალებდა, მთელ შენობას ესმოდა.

ცრემლები ვერ შევიკავე, ღაპაღუპით დამედინა ღაწვებზე.

_ სად არის?

_ ეგერ, საოპერაციოში გადაიყვანეს, უნდა გაკვეთონ, _ თავით მანიშნა ნათიამ.

_ რა საჭირო იყო, რატომ დაანება ბექამ?

_ რა ვიცი, ასე ამჯობინეს, თან ბალზამირებასაც გაუკეთებენ.

_ რაო, რას ამბობენ, რა მოხდაო? _ ცრემლებს მუშტებით ვიწმენდდი.

_ ინსულტიო ასე თქვეს, როგორც ჩანს, ინერვიულა, _ მრავალმნიშვნელოვანი მზერა მესროლა გიზელამ, _ შენ რომ ნახე, როგორ იყო?

_ ჩვეულებრივად, რა ვიცი… ცოტას კი ნერვიულობდა, მაგრამ ისე, რომ გული გახდომოდა ცუდად… არ ყოფილა, მშვენივრად დავტოვე. გამიმასპინძლდა კიდევაც, _ კონკრეტული საუბრის დეტალები არ მოვყევი და გოგოებს თვალი ავარიდე.

სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი. ასე მეგონა, ანიკოს გარდაცვალებაში ლომის წილი მე მიმიძღვოდა.

კარგა ხნის მერე საოპერაცაოს კარი გაიღო და თვალებჩაწითლებული ბექა გამოჩნდა. გულმა ბაგაბუგი დამიწყო. შეშინებული მივაჩერდი. წამით თითქოს მზერა გაუშეშდა, ალბათ ჩემს გამოჩენას არ ელოდა. მივუახლოვდი, როგორც წესი და რიგი მოითხოვდა, ჩავეხუტე და მივუსამძიმრე. მადლობა გადამიხადა.

_ მე შემიძლია რამით დაგეხმარო? _ გავბედე და ვკითხე ისე, ზრდილობის გულისთვის.

_ ჰო, მჭირდები, _ დახშული ხმით მითხრა, მხარზე ხელი მომხვია და გვერდზე გამიყვანა.

სუნთქვა გამიჩერდა. რა დაემართა, ასე კარგად რომ მექცევა?

_ გასაღებს მოგცემ და იქნებ ჩვენთან სახლში შეიარო, სანამ აქ ყველაფერს მოვრჩებით და გადავასვენებთ.

_ რა უნდა გავაკეთო? _ გული გამითბა.

_ იქ რაღაც სისულეები ჩავიდინე, ცუდი რამეები… იქნებ მიალაგო ცოტა. მაპატიე, შენ გარდა სხვას ვერ ვთხოვ… სანამ ნათესავები მოვლენ… არ მინდა, ვინმემ ნახოს. შენ გამიგებ, ვიცი… _ მითხრა და ისეთი თვალებით შემომხედა, თითქოს პატიებას მთხოვდა.

_ რა თქმა უნდა, ახლავე წავალ, _ თავი დავუქნიე, გასაღები გამოვართვი და გოგოებისთვის არაფერი მითქვამს, ისე ჩავუყევი კიბის საფეხურებს.

ვიცოდი, მათი ცნობისმოყვარე თვალები უკან მომყვებოდა, მაგრამ ახლა ახსნა-განმარტების დრო არ მქონდა, სირბილით ჩავირბინე ბოლო სართული და ეზოში გასული მანქანის საჭეს მივუჯექი…

ბექას ბინაში შესულს საშინელი სურათი დამხვდა. როგორც ჩანს, მაგრად უჩხუბიათ. იქაურობა ბრძოლის ველს დამსგავსებოდა. მთელ იატაკზე ჭურჭლის ნამსხვრევები და დანა-ჩანგალი იყო მიმოფანტული. იქვე, ტახტზე, ანიკოს და ბექას ტანსაცმელი არეულად ეყარა, ალბათ სარეცხი თუ ჩამოხსნა შინიდან გასვლის წინ ქალმა.

_ ღმერთო, რა ხდება აქ, _ აღმომხდა გაოგნებულს და კედელს მივეყრდენი დაბნეული, უნდა მომეფიქრებინა, საიდან დამეწყო.

ჯერ ნამსხვრევები ავკრიფე, მერე იატაკი მოვხვეტე, მოვწმინდე და ბოლოს ტანსაცმლის დაკეცვას შევუდექი. არ ვიცოდი, სად რას ინახავდნენ, ამიტომ კარადაში, სადაც შედარებით უფრო ცარიელი ადგილი ვნახე, იქ შევდე. მერე აივანზე გავედი და სარეცხის გასაფენ თოკებს შევხედე. ანიკოს თეთრეულიც გაეფინა. ხელი შევავლე, ბოლომდე არ გამშრალიყო, მაინც ჩამოვხსენი, ნამიანი უკეთ დაუთოვდებოდა. უთო ჩავრთე და საქმეს შევუდექი. დიდი გულმოდგინებით დავაუთოე ორი ხელი თეთრეული, თან მსიამოვნებდა, ბექას სახლში რომ ვტრიალებდი კარგი დიასახლისივით, თან გული მიკვდებოდა, დედამისის საკეთებელი საქმის კეთება რომ მიწევდა. ნეტავ ის ქალბატონი სად ბრძანდებოდა, რომ არ მოვიდა? ხომ არ იჩხუბეს? ნეტამც… რა ბედნერი ვიქნები, ასე რომ იყოს. აი, თურმე, რატომ ამოვარდა ქარი. ისევ უკეთესობისკენ მიდის ყველაფერი.

ამ ფიქრებში ვიყავი, ტელეფონმა რომ დარეკა. ვიღაც ქალი იყო, ანიკოს ბიძაშვილი ვარო, მცხეთიდან რეკავდა. მოვუყევი, რაც ვიცოდი. უცნობი ატირდა. სხვებსაც გავაგებინებ და ორ საათში მოვალთო, დაიბარა.

საქმეს მოვრჩი, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. ცოტა არ იყოს, დავიღალე. რამდენ ხანში მოვლენ? ამის გაფიქრება და ბექამ დამირეკა.

_ რა ჰქენი? _ ნაღვლიანად მკითხა.

_ ყველაფერი მივალაგე, არ ინერვიულო.

_ დიდი მადლობა, ჩვენ უკვე გამოვდივართ.

_ აქ დაგელოდო?

_ არა, არა, არ მინდა ვინმემ გნახოს, მიხვდებიან. შენ წადი, მერე მოხვალ…

უცნაურად მეჩვენა მისი ნათქვამი. რას ნიშნავს, მიხვდებიან? რას მიხვდებიან? სახლი რომ მივალაგე? მერე რა მოხდა? ვიღაცას ხომ უნდა გაეკეთებინა ეს. თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში, ნირი მეცვალა. მხრებჩამოყრილმა დავკეტე ბინა და უკან, კლინიკაში დავბრუნდი. გოგოები იქ დამხვდნენ.

_ გაასვენეს, _ თანაგრძნობით წარმოთქვა ნათიამ.

_ ვიცი, _ ამოვიოხრე და სკამზე ჩამოვჯექი.

_ სად იყავი?

_ მთხოვა, სახლი მიალაგეო…

_ ხედავ? შენ დაგირეკა, მიხვდა, რომ მიჰქარა, ახლა კი ამით პატიებას გთხოვს, დანაშაული უნდა, გამოისყიდოს.

_ რა ვიცი, რა გითხრათ, _ მხრები ავიწურე.

_ ის ალქაჯი რომ არ გამოჩნდა, არ გიკვირს? _ წამოიწყო გიზელამ.

პასუხი არ გამიცია, მხოლოდ შევხედე.

_ ორსულად ყოფილა ქალბატონი.

_ გიზელა! _ საყვედურით სავსე ტონით წამოიძახა ნათიამ.

_ რა გიზელა, რა გიზელა! სანამ უნდა ვმალოთ, არ უნდა იცოდეს? ლამისაა, ხელში ჩაგვაკვდეს ეს გოგო მაგ დეგენერატის გულისთვის და… _ გაწიწმატდა გიზელა და გვერდით მომიჯდა, _ შენ არ ინერვიულო, მაგას ნახე, რა დღეს დავაყრი.

_ ვიცი ეგ ამბავი, ასე რომ, ტყუილად საყვედურობ გიზელას, ნათი, დედამისმა უკვე მითხრა.

_ ვინ, ანიკომ? იმანაც იცოდა?

_ ჰო, იცოდა, ამიტომაც უნდოდა ჩემთან შეხვედრა.

_ თვითონ დაურეკა ალბათ და მიახარა. გაუსკდებოდა იმ ქალს გული, აბა რა იქნებოდა.

_ არა, არა, იმას არა, ბექას უთქვამს.

_ ბექას უთქვამს? _ თითქმის ერთდროულად აღმოხდა ორივეს.

_ ჰო, რჩევა უკითხავს _ მოვაშლევინო მუცელი თუ ცოლად შევირთოო.

_ მერე?

_ რა მერე, ანიკო კარგს რას ეტყოდა, თვალის დასანახად ვერ იტანს ნანკას, _ ცრემლი კვლავ ყელში მომებჯინა.

_ ახლა გასაგებია ყველაფერი. როგორც ჩანს, ბექამ უთხრა, აბორტი გაიკეთეო, ამიტომაც არ ჩანს, _ დაასკვნა გიზელამ.

_ არაფერიც! ტოქსიკოზი მაქვს, გული მერევა და ვწევარო, სანდროსთვის დაურეკავს ამ დილით, სამსახურში ვერ მოვალო. გაიგე? ევაჭრება ბექას, როგორც ჩანს. უნდა, რომ ამ მეთოდით დაითრიოს. ან ამ სანდროს რას ურეკავდა, ვერ გავიგე. საზიზღარი! ნეტავ იცოდეს, როგორ მეჯავრება.

_ ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, საერთოდ არის კი ორსულად? _ ეჭვი გამოთქვა გიზელამ.

_ ანიკომაც ეგ თქვა, არ მჯერაო, _ დავუდასტურე კოლეგას.

_ აი, ხომ ხედავ! აბა რას ვამბობდი.

ამ დროს ბატონმა მიხეილმა შემოაღო კარი.

_ სოფიო, ერთი წუთით გამოდი, გენაცვალე! _ სათვალის ზემოდან გამომხედა მთავარმა ექიმმა.

წამოვხტი და დერეფანში გამოვედი. თითქოს დიდ საიდუმლოს მანდობსო, ჩურჩულით მითხრა.

_ ბიძინასი ხომ არაფერი იცი?

მივხვდი, რაც აწუხებდა. ისიც მიხვდა ალბათ, ანიკო რომ მასთან იქნებოდა. მე ისეთი სახე მივიღე, ვითომ არაფერი ვიცოდი.

_ არა, დღეს არ მილაპარაკია, ამ დღეებში ვიყავი. უკეთესად იყო.

_ ჰმ… _ რაღაცის თქმა დააპირა მიხეილმა, მაგრამ მერე გადაიფიქრა, _ კარგი, მე გავალ, ვინახულებ… შენ როდის აპირებ სამსახურში დაბრუნებას? _ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი მთავარმა ექიმმა.

_ იმ ორშაბათიდან გამოვალ, ბატონო მიხეილ.

_ გამოდი, გამოდი. გვიჭირს უშენოდ, თანაც ძალიან მოგვანატრე თავი, _ გამიღიმა მამაკაცმა და მხარზე მომითათუნა ხელი, _ მოიწყინეს გოგოებმა უშენოდ.

_ ვიცი, იყვნენ ჩემთან სახლში.

_ მართლა? უყურე შენ! რა ყაჩაღანები არიან! _ თქვა და გატრიალდა.

7 7 7

საღამოს ბიძინას ნახვა გადავწყვიტე. ვერ მოვისვენე, მინდოდა გამეგო, რა მოხდა, რა ილაპარაკეს ამისთანა.

ზარი დავრეკე, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. სახელური ჩამოვწიე, ახლაც ღია დამიხვდა კარი. ოთახში შევიხედე. ბიძინა კვლავინდებურად საწოლზე წამოწოლილიყო და ჭერს მიშტერებოდა. ასე მეგონა, ბოლოს რომ ვნახე, მას შემდეგ პოზა არ შეუცვლია-მეთქი.

_ გამარჯობა, ნათლია, _ ხმადაბლა მივესალმე.

მძიმედ მოატრიალა თავი, თვალები ცრემლით ავსებოდა.

_ მოდი, სოფიო, მოდი, შვილო.

_ ცუდად ხართ?

_ როგორ ფიქრობ, კარგად ვიქნები? ეს რა გავიგე, კაცო, ეს რა გავიგე, მე მოვმკვდარიყავი, არ მერჩივნა? რა უსამართლოა ეს ცხოვრება, რა უსამართლო, _ მთელი გულით მოთქვამდა ბიძინა.

მეც ავტირდი. მივუახლოვდი და ჩავეხუტე, ხმას ვერ ვიღებდი.

_ შენ ხომ არ იცი, სოფიო, როგორი იყო ჩვენი შეხვედრა, რა ბედნიერი წუთები განვიცადეთ ორივემ. გულმა ვერ გაუძლო ალბათ ამ სიხარულს. ჩემმა გულმა როგორ გაუძლო ნეტავ, რატომ ის არ დამიწდა და დასამარდა? _ გოდება აღმოხდა კაცს.

მისი დამშვიდება მინდოდა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობდი.

_ მიხვდი, ხომ აქ რომ იქნებოდა? მიშაც მიხვდა და მაშინვე ჩემთან წამოვიდა. ოქრო კაცია მიშა, ოქრო. მე სასიკვდილემ კი არაფერი ვიცოდი. გამიხარდა, რომ დავინახე. რას ვიფიქრებდი… როგორ გაუჭირდა თქმა, რომ იცოდე, ერთი სიკვდილი გაათავა, სანამ ამოღერღავდა.

_ ჰო, მეც მივხვდი, უზნაძის ქუჩა რომ ახსენეს, მაშინვე ვიფიქრე, აქ იქნებოდა-მეთქი. ჩემი ბრალია ყველაფერი…

_ შენ რა შუაში ხარ, გენაცვალე. შენი კი არა, ჩემი ბრალია. ამ სიბერეში რა სიყვარულის ახსნა ამიტყდა, ვერ გავჩუმდი? ისეთი სიტყვები ვუთხარი, ცხოვრებაში რომ არ მითქვამს. თავის დროზე რომ გეთქვა ასეთი რამეები, რა გამაჩერებდა, ეგრევე შენთან გამოვიქცეოდიო, გამეხუმრა. ნეტავ დარჩენილიყო, ნეტავ არ აჩქარებულიყო… იქნებ დავხმარებოდი, იქნებ გადამერჩინა… _ თავს იტანჯავდა ნათლია.

_ ნუ ნერვიულობთ, ბიძინა ძია, ალბათ ასე ეწერა ბედად, თქვენ ვერას გახდებოდით.

_ მეჩქარებაო, ბექა გავანერვიულე და ბიჭმა თავს რამე არ აუტეხოსო, მაინც იმაზე ფიქრობდა. დალევას შეეჩვია ბოლო ხანებში და ცუდი სიმთვრალე დასჩემდაო. ნახევარ საათზე მეტხანს ვერ შევძელი მისი გაჩერება, ისევ გამექცა, ისევ… ახლა კი სამუდამოდ. აქამდე კიდევ იმედი მქონდა. სულ მიგრძნობდა გული, აი, ახლა შემოაღებს კარს, ან აი ახლა-მეთქი. ყოველთვის ღია მქონდა სახლის კარი მის მოლოდინში.

_ ახლაც ღია იყო… _ შევნიშნე მე.

_ ალბათ ქვეშეცნეულად ახლაც ველოდები, შვილო… ის ჩემთვის მკვდარი არასდროს იქნება.

_ ბექამ იცის, თქვენ რომ იყავით მისი?.. _ მომერიდა მეკითხა, მისი საყვარელი-მეთქი.

_ ალბათ იცის, შვილო, დედამისი არაფერს უმალავდა. ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს. შეიძლება არც იცის, კონკრეტულად მე რომ ვარ. ეჰ… ჩემთვის უკვე სულერთია… ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა.

ორი საათი მაინც დავყავი ნათლიასთან, ისე განიცდიდა, შემეშინდა მისი მარტო დატოვება, ცუდად არ გახდეს-მეთქი. მერე მისი და და დისშვილი მოვიდნენ და სამივეს დავემშვიდობე.

7 7 7

ანიკოს დაკრძალვა შაბათს გადაწყდა. ხუთშაბათს და პარასკევს პანაშვიდები დაინიშნა.

მდიდრული ყვითელი ვარდები ვიყიდე და თანამშრომლებთან ერთად სამძიმარზე წავედი. ჩემს დანახვაზე ბექას სახე მოექუფრა, რატომღაც თვალები მოხუჭა და დაჟინებით მომაჩერდა. მივხვდი, რაღაც არ ესიამოვნა, მაგრამ რა, ვერ გავიგე. ნუთუ არ უნდა მოვსულიყავი? ალბათ მე მაბრალებს მომხდარს და იმის ბრალია. თუმცა მე რა შუაში ვარ? თვითონ ნანკას გადაეკიდა და მე რა? ნანკა იმ დღესაც არ გამოჩენილა, პანაშვიდზეც არ ინება მობრძანება. გოგოები ცოფებს ყრიდნენ. სანდროც მოვიდა, ნიტაც, ოღონდ ცალ-ცალკე. ნიტას მივესალმე, სანდროსკენ კი არც გამიხედავს. მოსალმება დააპირა, მაგრამ თვალი ავარიდე, ვითომ არც შემიმჩნევია.

დიდხანს არ დავრჩენილვარ, მიცვალებულს წრე შემოვუარე თუ არა, გარეთ გამოვედი და ერთი სართულით დაბლა ჩავინაცვლე, რომ ბექას არ დავენახე. გიზელამ ჩამომაკითხა.

_ რატომ არ შემოდიხარ?

_ არ მინდა, ცუდად ვხდები, მიცვალებულს რომ ვუყურებ, _ თავი გავიმართლე.

_ აბა აქ ხომ არ იდგები?

_ მე წავალ…

_ როგორც გინდა, ჩვენ ცოტა ხანს დავრჩებით.

_ კარგი, ნახვამდის, გიზელა. ხვალ აღარ მოვალ, რა საჭიროა.

_ დაკრძალვაზეც არ მოხვალ?

_ აბა რას ვიზამ, აუცილებლად. ზეგ დილით დაგირეკავ და შეგხვდები სადმე.

_ კარგი, სიხარულო, მე ამ საღამოსაც დაგირეკავ.

ხელი დავუქნიე მეგობარს და შინ წამოვედი.

საშინელ გუნებაზე ვიყავი. თვალწინ გამუდმებით ბექას სახე მიტრიალებდა. რას ნიშნავდა მისი მზერა? რა არ მოეწონა? ამაზე ფიქრი არ მასვენებდა. თუმცა ვინ გამცემდა პასუხს…

მთელი ღამე თეთრად გავათენე, მომხდარზე ვფიქრობდი მხოლოდ.

7 7 7

შაბათს ულამაზესი თაიგული ვიყიდე, თეთრი ორქიდეებით და მინდვრის ყვავილებით გაწყობილი და სადარბაზოსთან დავხვდი კლინიკის თანამშრომლებს. ბექა თითქოს გამხარიყო, მხრებშიც მოხრილი მეჩვენა. როგორ განიცდის, რა დღეშია, _ გამიელვა გონებაში. ხელზე ხელი მოვუჭირე, გამაგრდი-მეთქი, ვუჩურჩულე და ვაკოცე. ყინულივით ცივი ჰქონდა ლოყა, ჩემს სიტყვებზე რეაქცია არ ჰქონია. გარეთ რომ გამოვედი, კიბეზე კოჭლობით ამომავალი ბიძინა შევნიშნე. ხელში უზარმაზარი შავი ვარდების თაიგული ეკავა. ალბათ ისეთი, როგორიც პირველად მიუტანა ქალს. გამახსენდა, რომ მომიყვა. ბერიკაცი მოკუნტულიყო, ათი წლით დაბერებულიყო უცებ. გული მომიკვდა მისი შემხედვარე. რა ძნელია, როცა ერთადერთ და გაუმართლებელ სიყვარულს კარგავ. მესმოდა მისი…

ეზოში შევიკრიბეთ. გიზელამ თვალით მანიშნა და გვერდზე გამიყვანა.

_ იცი, დღეს რა ხდება?

_ რა? _ გონება დავძაბე.

_ ის ქალბატონი თურმე აბორტს იკეთებს.

_ დღე-ეს? _ თვალები გამიფართოვდა.

_ ჰო, მაინცდამაინც დღეს. ამით უნდა ბექაზე შური იძიოს.

_ შენ ვინ გითხრა?

_ თვითონ. გუშინ სასხვათაშორისოდ დავურეკე, სად დაიკარგე, რომ არ ჩანხარ-მეთქი. ისე გადამიშალა გული, თითქოს დიდი დაქალი ვყოფილიყავი. ყველაფერი მომიყვა. ვიჩხუბეთო, დაჟინებით მომთხოვა, გინდა თუ არა, აბორტი გაიკეთეო. ჰოდა, მეც ხვალ მივდივარ და ვიკეთებო. მეც ხომ იცი, რა საზიზღარი ვარ, გამოგყვები-მეთქი. თავი გაიგიჟა, არ მინდაო. ჯერ მითხრა, მარტო მივდივარო, მერე კი, მეც გამოყვები-მეთქი, რომ შევთავაზე, ჩემი დეიდაშვილი მომყვებაო. შაბათი რომ დასვენების დღეა-მეთქი? არ მოვეშვი. კერძოდ ვიკეთებ, ჩემი გინეკოლოგი სახლში იღებს პაციენტებსო, არ დაიბნა. ასე მგონია, რაღაცას იტყუება.

_ არ მაინტერესებს, გიზელა, თავში ქვა უხლია და…

_ მუცელში სამართებელი… _ დაასრულა ჩემი აზრი გიზელამ და მაჯაში ჩამავლო ხელი, _ მართალი ხარ, შენ არ ინერვიულო. ბექა მიხვდა თავის შეცდომას და მალე შეგირიგდება, აგერ ნახავ.

_ ქარი თუ ამოვარდება, შემირიგდება, თუ არადა, არა, _ წამომცდა ჩემდა უნებურად.

_ ქარი? ქარი რა შუაშია?

_ ვხუმრობ, _ ტყუილზე დაჭერილი ბავშვივით გავწითლდი.

_ წარმომიდგენია, რა დღეშია ბექა. აქეთ გასვენება, იქით იმის აბორტი… ჭკუაზე არ იქნება… _ გადააქნია თავი გიზელამ.

_ არ უნდა მოქცეულიყო ასე, _ თითქოს ჩემს თავს ვუთხარი.

_ ვინ, ბექა?

_ ბექაც და ნანკაც. თუ დაორსულდა, ბექას მუცლის მოშლა არ უნდა მოეთხოვა. და თუ დათანხმდა ამაზე ნანკა, მაინცდამაინც დღეს არ უნდა გაქცეულიყო ამის გასაკეთებლად.

_ მაგას არ ვამბობ? ხომ გეუბნები, სპეციალურად იქცევა ასე-მეთქი. ამას უნდა, ნერვები მოუშალოს.

_ მაგით ვერაფერს მოიგებს.

_ მეც ასე მგონია, მაგრამ თვითონ ხომ აქვს გათვლები! ჰგონია, რომ ამით საქმეს გაიკეთებს და ბექას მოაბრუნებს.

_ ბექა მას არასდროს აპატიებს ამას, კარგად ვიცნობ.

_ მეც დარწმუნებული ვარ ამაში… მგონი, მოასვენებენ…

თვალებით ნათლიას დავუწყე ძებნა. სასახლეს უკან მოჰყვებოდა ჩამქრალი თვალებით, ხელები ზურგზე დაეწყო. შემეცოდა.

სასაფლაომდე გავყევი პროცესიას, გიზელამ მთხოვა, ბოლომდე დარჩი და ქელეხში წამოდიო, მაგრამ შორს დავიჭირე. ბიძინა მოვძებნე, შინ წაგიყვან-მეთქი, შევთავაზე. გაუხარდა, ფეხი ისე მტკივა ამდენ ხანს ფეხზე დგომისგან, ლამისაა, დავეცეო. მანქანაში ჩავსვი და წამოვედით.

7 7 7

შემდეგი დღეები უღიმღამოდ წაეწყო ერთმანეთს. ორშაბათს სამსახურში გავედი. ნანკაც გამობრძანებულიყო. «კონკურენტუნარიანი» მზერა მესროლა. არ შევიმჩნიე, ცივად მივესალმე და გვერდით ჩავუარე. ბექა ჯერ არ გამოსულა სამსახურში. ალბათ სანამ სასაფლაოზე არ გავლენ მესამე დღეს, არ მოვა. იმედია, ოთხაშაბათს მაინც გამოჩნდება.

ჩემი ვარაუდი არ გამართლდა. რაც ოთხშაბათს, არც ხუთშაბათს და არც შემდეგ დღეებში არ გამოცხადდა სამსახურში. ნერვიულობისგან ადგილს ვერ ვპოულობდი, მაინტერესებდა, როგორ იყო. შაბათ საღამოს ვერ მოვითმინე და დავურეკე. ცივად შემხვდა.

_ როდის აპირებ სამსახურში გამოსვლას? _ ვკითხე.

_ ორშაბათიდან გამოვალ, რა იყო?

_ არაფერი, გკითხულობენ გოგოები და ბიჭები… _ ალმური წამეკიდა სახეზე.

_ გამოვალ, არ დავიკარგები, _ მკვახედ თქვა.

_ როგორ ხარ?

_ როგორ ვიქნები… არა მგონია, ძალიან გაინტერესებდეს.

_ რატომ მეუბნები ასე, როგორც ჩანს, ცუდად მიცნობ, მე ვღელავ შენზე, _ ნერწყვი ყელში გამეჩხირა ამ სიტყვების წარმოთქმისას.

_ ოჰ, _ ექიდნურად ჩაიცინა, _ ღელავ? ეგ რაღაც ახალია. როდის აქედან?

_ სულ, _ უკან არ დავიხიე.

_ მაშინაც ღელავდი, ყვითელი ვარდებით რომ მომადექი სახლში?

_ მერე რა?

_ რა რა! არ იცი, ყვითელი ვარდები რას ნიშნავს? მივხვდი, მაგით რისი თქმაც გინდოდა.

_ რისი თქმა მინდოდა? _ ავილეწე.

_ რომ გძულვარ, გეზიზღები. გავიგეთ, ბატონო, ხაზგასმა არ იყო საჭირო, _ ხმაში გაღიზიანება შეეტყო მამაკაცს.

_ რა სისულელეა, ბექა! ყვითელი ვარდები ჩემი ყველაზე საყვარელი ყვავილებია და ამიტომ შევარჩიე. ეგრე როგორ იფიქრე? გულშიც არ გამივლია მსგავსი რამ.

ყურმილში პაუზა გაიწელა, ბექა ხმას არ იღებდა.

_ კარგი, მეჩქარება, ორშაბათს გნახავთ ყველას, _ იმავე ტონით გაიმეორა და არც დამემშვიდობა, ისე დამიკიდა ყურმილი.

უმწეოდ ჩავქინდრე თავი. როგორი იმედი მქონდა, გული მოუბრუნდება-მეთქი. რა მიამიტი ვარ… იქნებ ვცდები? იქნებ ჯერ კიდევ არ არის გვიან?



* * *

ძალიან ჩამაფიქრა ბექას სიტყვებმა. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ყოყმანობს, არ არის დარწმუნებული ჩემს სიყვარულში. არც ის უნდა, თავისი დანაშაული აღიაროს, თუ, რა თქმა უნდა, მიაჩნია, რომ დამნაშავეა ჩემ წინაშე. ან კიდევ… ან კიდევ საკუთარი სისუსტის აღიარება არ სურს. აჯობებს, ისევ მე გადავდგა პირველი ნაბიჯი. ვეცდები, ყველაფერი ავუხსნა, მაგრამ სანდროს ამბავი როგორ მოვუყვე? არა, ამას ნამდვილად ვერ შევძლებ. რომ არაფერი ვუთხრა? დავიჯერო, ის ეტყვის? გაბედავს? რაში სჭირდება? მისთვის ხომ ისედაც დაკარგული ვარ? ამით ხომ ვერ დამიბრუნებს? სამაგიეროდ, ბექასაც დამაკარგვინებს. ამით კი შურს იძიებს ჩემზე, თანაც კარგა გემრიელადაც. არადა, არ მინდა ბექა მოვატყუო. ტყუილებით დაწყებული ურთიერთობა არასდროს იქნება მყარი. ისედაც არ მიყვარს სხვისი მოტყუება. უნდა მოვიფიქრო, უნდა მოვიფიქრო… _ სავარძელში მოკალათებული ღრმა განცდებში ვიყავი.

შაბათი საღამო იყო, ცხელოდა. ნიავი კი უბერავდა ღია ფანჯრებიდან, მაგრამ მაინც დახუთული ჰაერი იდგა. კარზე ზარის ხმა გაისმა. გონება დავძაბე, ვინ მოვიდა? ვინ არის? ფეხის წვერებზე ავიწიე და სათვალთვალოში გავიხედე. ელდა მეცა. სადარბაზოში ნანკა იდგა. ხელის კანკალით გავაღე კარი.

_ გამარჯობა, _ მომესალმა სახეაწითლებული, ნამტირალევი მომეჩვენა.

_ გაგიმარჯოს, _ მშვიდად ვთქვი.

_ ხუთ წუთს ვერ დამითმობ?

_ შემოდი.

დაუპატიჟებელმა სტუმარმა ოთახს დაკვირვებით მოავლო თვალი და სავარძელში ჩაჯდა, თან ფეხი ფეხზე გადაიდო.

_ მოწევა შეიძლება? _ ოფიციალური ტონით მკითხა.

_ შეიძლება, _ ვუპასუხე და სამზარეულოდან საფერფლე გამოვუტანე.

ჩანთა გახსნა, სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, თავი მაღლა ასწია, მოკუმული ტუჩებით ბოლი ზემოთ გაუშვა და თვალი გააყოლა.

_ შენ მე ცხოვრებას მინგრევ… იცი ეს? _ ცდილობდა, გულგრილი ყოფილიყო.

_ არ ვიცი… რატომ გადაწყვიტე, რომ ასეა? _ სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობდი.

_ შენ და ბექას სექსი გქონდათ?

წარბები შევჭმუხნე.

_ ეგ შენ არ გეხება.

_ პირდაპირ მეხება, მიპასუხე, რომ გეკითხები.

_ ჩემი პირადი ცხოვრება მხოლოდ ჩემი საქმეა, _ ხმა გამიმკაცრდა.

_ ესე იგი, გქონდათ, არ მოვუტყუებივარ, _ თავისთვის ჩაილაპარაკა და ღრმა ნაფაზი დაარტყა თვალებმოხუჭულმა.

რა თქვა? არ მოვუტყუებივარო? როგორ, ბექამ უთხრა, რომ ჩვენ სექსი გვქონდა? რაში დასჭირდა ასეთი სიცრუე? თავი მოიწონა? ის იყო, პროტესტის გამოთქვა დავაპირე, რომ ნანკამ გააგრძელა.

_ ასე მითხრა, სოფიოს ჩემგან ბავშვის გაჩენა უნდოდა და ვერ დაორსულდაო…

ხმას არ ვიღებდი, ვუსმენდი მხოლოდ.

_ ეს იმიტომ, რომ მე არ შემეძლო ბავშვის გაკეთებაო. მართლა პრობლემები აქვს ამ მხრივ?

გონება მსწრაფლ ამუშავდა. რადგან ბექამ ასე თქვა, როგორც ჩანს, ეჭვი შეეპარა მის ფეხმძიმობაში და გადაწყვიტა, გამოეტეხა.

_ დავუშვათ, მერე? _ ვცდილობდი, დამემალა ჩემი დაბნეულობა, სახე შემეფაკლა.

_ მაშინ მე რატომ დავრჩი ორსულად?

_ ეგ იმას ჰკითხე, ვინც დაგაორსულა, _ ღვარძლიანად წამოვისროლე და გამარჯვებულის ღიმილი ვესროლე სახეწაშლილ მეტოქეს.

_ შენი აზრით, მოვიტყუე?

_ მე რა ვიცი, მე გაგსინჯე, თუ რა? _ ჩავიცინე და მხრები ავიჩეჩე.

_ იქნებ თქვენ გქონდათ შეუთავსებლობა?

_ არა, არ გვქონია, _ მსწრაფლ გაავაპროტესტე, მომწონდა ეს «თამაში».

_ არ შეგიძლია, ბექას თავი დაანებო? _ მკითხა უცებ.

«ვერ მოგართვი!» დაახლოებით ასეთი სახე მივიღე, თავი ამაყად ავწიე და ჯიქურ შევხედე.

_ რატომ, იმიტომ, რომ შენ ასე გინდა?

_ იმიტომ, რომ მე ის მიყვარს.

_ მეც მიყვარს და არანაკლებ შენზე.

_ მე შენამდე მქონდა მასთან ურთიერთობა.

_ მარტო მასთან? _ ვუკბინე.

_ მაგას შენ მეუბნები? შენ რა, ბექამდე სხვასთან არ გქონია სექსი? ვიცი, რომ…

_ სანდროსთან მე ლოგინი არ მქონია, _ გავაწყვეტინე სახემოქუფრულმა.

_ ჰო, როგორ არა, დაგიჯერე!

_ ეგ შენი პრობლემაა, თუ არ დამიჯერებ. შენსავით გამოჭერაზე ნამდვილად არა ვარ.

_ რას გულისხმობ?

_ იმას, რომ შენ მისი ფული გაინტერესებს მხოლოდ.

_ შენ არა? _ არ დამითმო.

მივხვდი, არ ღირდა მასთან კამათი, ამიტომ არ ვუპასუხე.

_ ესე იგი, დათმობას არ აპირებ?

_ არა! _ მტკიცედ ვთქვი და ნიშნისმოგებით გადავხედე.

_ კარგი, _ ამოოხვრით თქვა, _ ვნახოთ, ვისი აჯობებს. ის ისევ მოირბენს ჩემთან, _ თითქოს მღერისო, გაწელილად წარმოთქვა და სიგარეტი ჩააქრო.

ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ყურმილს გადავწვდი, გიზელა იყო.

_ სოფიო, ის დეგენერატი სამსახურიდან წავიდა, პარასკევს დაუწერია განცხადება.

_ ვისზე მეუბნები? _ ვერ მივხვდი.

_ ვისზე და ნანკაზე, სხვა ვინ უნდა იყოს.

_ ჰო-ო. ვიცი, ვიცი, _ ხმა გავინაზე, თითქოს მამაკაცს ველაპარაკებოდი, მინდოდა ნანკა შეშფოთებულიყო.

_ საიდან იცი?

_ ახლა ჩემთანაა და იქიდან.

_ შენთან რა უნდა? _ იკივლა გიზელამ.

_ საყვარელ მამაკაცს ნუ მართმევო, მთხოვს. რა ვუპასუხო? _ უდარდელად ვლაპარაკობდი, თან ნანკას თვალს არ ვაშორებდი.

_ დაახვიე ახლა აქედან-თქო, ჩემგან გადაეცი.

_ კარგი, გადავცემ, საყვარელო. ახლავე დაახვიოს აქედან, არა? _ მხიარულად ჩავძახე, რომ ნანკას გაეგონა, _ უკვე გადავეცი. სხვა? როდის მოხვალ? მომენატრე.

გიზელა მიხვდა, რა როლსაც ვთამაშობდი და ამყვა.

_ ცოტა შემაგვიანდება, ძვირფასო, შემოგევლოს შენი ბექა, სადილი მომიმზადე?

_ მოგიმზადე. შენ რომ გიყვარს ის კერძი გავაკეთე, _ ღიმილს ვერ ვიკავებდი კმაყოფილი.

_ ჰოდა, მოვალ, _ გადაიკისკისა გიზელამ.

_ გელოდები, გკოცნი, _ ვთქვი და ყურმილი დავკიდე.

_ გაიგონე, რა შემოგითვალეს?

_ ვინ იყო? _ ნანკას ტუჩები და სახე გაფითრებოდა.

_ ვისაც მე ვუყვარვარ და არა შენ, _ საზეიმო ტონით განვაცხადე.

დემონსტრაციულად წამოდგა, ჩანთა მხარზე ნერვიულად გადაიკიდა და ქუსლების ბაკუნით გაემართა გასასვლელისკენ. უკან მივყევი, კარი გავაღე და გავატარე. ერთმანეთს არ დავმშვიდობებივართ. უკან ერთხელაც არ მოუხედავს, ისე წავიდა.

ოთახში შემოვბრუნდი და სიამოვნებისაგან გავიზმორე. თითქოს მძიმე ტვირთი მოვიხსენი მხრებიდან. თურმე მქონია ნიჭი, ჩემგან კარგი მსახიობი დადგებოდა. ჩემს ორეულს გავუღიმე სარკეში და თვალიც ჩავუკარი. არ ვიცი, ხვალ რა იქნება, მაგრამ ამწუთას ყველაფერი კარგადაა, მოხდა ის, რაც მინდოდა _ ნანკას სამაგიერო გადავუხადე.

ამდენი ხნის განმავლობაში პირველად მომინდა სადილის მომზადება. ახლა ერთი გემრიელი კერძი არ მაწყენდა, კარგ მადაზე დავდექი. მარკეტში ჩავედი და აჯაფსანდალისთვის მასალა ვიყიდე. ღიღინ-ღიღინით შევუდექი საქმეს.

ამასობაში მოიღრუბლა, ისეთი შავი ღრუბლები გაწვა ცის კაბადონზე, ხასიათს გაუფუჭებდა ადამიანს, მე კი პირიქით, მხიარულების გუნებაზე ვიყავი. ეს ალბათ იმიტომ, რომ ამინდის გაფუჭებას ძლიერი ქარი მოჰყვა თან, რომელიც ღმუილით ასკდებოდა ღია ფანჯრებს. მინებს ზრიალი გაჰქონდა. ვატყობ, ქარი რაღაცას მიმზადებს, რაღაც უნდა მოხდეს ისეთი… რა? სივრცეს გავუღიმე…

როცა ქარი უფრო და უფრო გაძლიერდა და წვიმის წვეთებმაც წკაპაწკუპი ატეხეს რაფებზე, ავდექი და ფანჯრები დავხურე. ცუდი ამინდი იყო, ელავდა, ჭექდა, ქუხდა, სადღაც მეხიც კი ჩამოვარდა…

ერთ საათში კერძი მზად იყო, ისეთი მადისაღმძვრელი სურნელი დატრიალდა ჰაერში, მაძღარსაც კი ჭამას მოანდომებდა.

დაახლოებით ათი საათი იქნებოდა. მობილური რომ ამღერდა. დავხედე და გული შემიქანდა, ბექას ნომერი ვიცანი. ღმერთო, რამდენი რამ ხდება ერთ დღეში, რაშია საქმე?

_ გისმენთ, _ ათრთოლებული ხმით ჩავძახე.

_ აბა, კიდევ ერთხელ გამიმეორე, რატომ მოიტანე პანაშვიდზე ყვითელი ვარდები? _ მამაკაცს დახშული ხმა ჰქონდა.

_ იმიტომ, რომ ყვითელი ვარდი ჩემი საყვარელი ყვავილია, _ სხეულიც ამითრთოლდა.

_ გასაგებია, _ თქვა და გამითიშა.

ვერაფერი გავიგე. რა შეკითხვა იყო?

მულოდნელად კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ზარი ხომ არ გაფუჭდა? ფეხები ფოსტლებში ჩავყავი და ფლარტუნით გავედი შემოსასვლელში. სათვალთვალოში გავიხედე, ვერავინ დავლანდე. კარი ოდნავ გამოვაღე და ყურადღებით გავიხედე. სარაფანზე რაღაც შემეხო. დავიხედე… კარზე უზარმაზარი თაიგული მოეყუდებინა ვიღაცას, ყვითელი ვარდების ულამაზესი თაიგული. არ იყო ძნელი მისახვედრი, რაც ხდებოდა. აღელვებულმა თვალები დავხუჭე… რომ გავახილე, ჩემ წინ ბექა იდგა, სველი, თავით ფეხამდე გაწუწული.

_ ფეხით მოვედი, მთლად გავილუმპე, _ თითქოს დარცხვენით თქვა.

_ ჰო, _ ამოვთქვი, რადგან სხვა სიტყვები ვერ ვიპოვე.

_ რაღაც მაქვს სათქმელი… უფრო სწორად, გასარკვევი… _ ჩაილუღლუღა და სველ თმაზე გადაისვა ხელი.

_ მეც, _ ვთქვი და განზე გავდექი, _ შემოდი.

არეული ნაბიჯებით შემოვიდა და შუა ოთახში დაბნეული დადგა. მგონი, ნასვამი იყო. ფხიზელმა ვერ გაბედა მოსვლა? შეუმჩნევლად ჩავიღიმე.

_ გშია? _ ვითომ არაფერი, შინაურულად ვკითხე.

_ მგელივით… _ ფართოდ გამიღიმა.

_ აჯაფსანდალი მაქვს.

_ მივხვდი, სუნი უკვე მეცა.

_ სამზარეულოში გავიდეთ.

… ისე გემრიელად ილუკმებოდა, მივხვდი, რომ მართლა ძალიან მშიერი იყო. დედა უკვე აღარ ჰყავდა, ვინღა მოუმზადებდა სადილებს? ვინ იცის, მოენატრა კიდევაც გემრიელი საჭმელი.

_ მაგარია, შენ გააკეთე? _ ლუკმით გამოტენილი პირით მკითხა.

_ მოსამსახურე ჯერ არ მყავს, _ კეკლუცად ვთქვი.

_ გემრიელია, ძალიან გემრიელი.

_ შეგერგოს, _ მზრუნველად შევხედე.

_ უკვე შემერგო.

შემდეგ ყავა დავლიეთ. ბექა ლაპარაკის დაწყებას არ ჩქარობდა. მე კი ერთი სული მქონდა, როდის მეტყოდა სათქმელს. მერე სასტუმრო ოთახში გადავინაცვლეთ.

_ მე ბევრი ვიფიქრე, სოფი, _ თავჩაქინდრულმა დაიწყო, ისევ მოეღუშა სახე, _ და ერთ რამეს მივხვდი _ ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაში ვარ.

ხმას არ ვიღებდი, სულგანაბული ვუსმენდი მის აღსარებას.

_ სანამ ანიკო არ დაიღუპა, ვერ გავიაზრე, რომ სისულელეების მთელი სერია ჩავიდინე, _ ამოიხვნეშა, თავი ასწია და ნაღვლიანად შემომხედა, _ და ამ სისულელეებით ქალს სიცოცხლე მოვუსწრაფე.

ახლა კი ვერ მოვითმინე.

_ შენ არაფერ შუაში ხარ, ბექა. დედაშენი შენ გამო არ დაღუპულა.

_ ნუ მამხნევებ, აზრი არა აქვს. მე ვიცი, როგორც იყო. იმ დილით კინაღამ დავხოცეთ ერთმანეთი. ყველაფერი დავამტვრიე, რაც კი ხელში მომხვდა. იმიტომ, რომ სიმართლეს მეუბნებოდა, მე კი მისი სიმართლე ვერ ავიტანე. მან ინერვიულა… ასეთი არასდროს ვუნახივარ… გავაგიჟე ქალი…

_ დამშვიდდი, ბექა, იქ სხვა რამე მოხდა, მე ვიცი.

გამომცდელად შემომხედა.

_ რა იცი?

_ იმ დღეს დედაშენი ერთ კაცს შეხვდა… _ არ შემეძლო ამის დამალვა, უნდა მეთქვა ყველაფერი, თორემ მთელი ცხოვრება დაიდანაშაულებდა თავს დედის სიკვდილში.

_ ვინ კაცს? _ ეს რაღაც ახალი იყო მისთვის.

_ ადამიანს, რომელიც ოდესღაც ძალიან უყვარდა…

სახე წაეშალა, თვალები მოჭუტა და ისევ დამაცქერდა.

_ შენ რა იცი?

ახლა მე წამეშალა სახე, დავიბენი.

_ მე ვიცნობ იმ ადამიანს, ჩვენი ოჯახის ახლობელია.

_ რა ჰქვია და ვინ არის? _ ხელები მომუშტა, დაიძაბა.

_ დაწყნარდი, ძალიან გთხოვ… რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის. მათ უნდოდათ ერთმანეთის ნახვა და ნახეს კიდეც. ამან კი ძლიერი ემოცია გამოიწვია… ხომ გესმის? ქალისთვის ძნელია ეს… თანაც ასეთ ასაკში… დილანდელი უსიამოვნებაც ზედ დაერთო ამ შეხვედრას და… ვეღარ გაუძლო გულმა.

_ იჩხუბეს?

_ არა, პირიქით. იმდენად ამაღელვებელი ყოფილა შეხვედრა, რომ… როცა ადამიანი გიყვარს, როცა გამუდმებით მისი ნახვის მოლოდინი გაქვს და წლების მერე შეხვდები, მერწმუნე, ერთდროულად მტკივნეულიც არის და სასიამოვნოც. ეს უნდა გამოსცადო, რომ ჩასწვდე, რა გრძნობაა.

_ როგორც შენ გამოსცადე, არა?

_ მე? _ გავფითრდი.

_ ჰო, შენ… როცა ამდენი ხნის შემდეგ პირველად შეხვდი სანდროს, ალბათ იგივე დაგემართა, არა? _ ბოღმა გაერია ხმაში.

_ ჩვენ სხვა თემაზე ვსაუბრობდით, როგორც მახსოვს, _ ცივად ვთქვი.

_ მე ამ თემაზე სალაპარაკოდ მოვედი აქ და არა დედაჩემის სასიყვარულო თავგადასავლების მოსასმენად. ეგ ამბები დიდი ხნის წინ ვიცოდი.

გული უსიამოვნოდ ამიძგერდა, ეჭვიანობის სცენის მოწყობას ხომ არ მიპირებს?

ხმა არ ამომიღია, მუხლებმოკვეთილი ავდექი, ლარნაკში წყალი ჩავასხი, ვარდებს ბოლოები მოვაჭერი და სათითაოდ ჩავალაგე შიგ.

_ თუ შეიძლება, დაჯექი, ეგ საქმე მერეც შეგიძლია გააკეთო, როცა წავალ.

თავი ავწიე და საყვედურით სავსე მზერა შევავლე.

_ აქ იმისთვის მოხვედი, რომ ხასიათი გამიფუჭო?

_ აქამდე კარგ ხასიათზე იყავი? _ სიტყვაზე გამომიჭირა.

_ არა, არ ვიყავი, მაგრამ შენ რომ მოხვედი, გამომიკეთდა, ვიფიქრე… _ შევყოყმანდი.

_ რა იფიქრე?

_ მოვენატრე და იმიტომ მოვიდა-მეთქი.

მძიმედ ამოიხვნეშა, თითები ერთმანეთში გადახლართა და ისევ ჩაქინდრა თავი. შუბლი შეეჭმუხნა, ფიქრებმა წაიღო. გადავწყვიტე, სხვა თემაზე გადამეტანა საუბარი.

_ დღეს ნანკა იყო აქ, _ ვთქვი.

მსწრაფლ ასწია თავი და გაკვირვებით შემომხედა.

_ ვი-ინ? _ თითქოს მოესმაო, ისე აზიდა ცალი წარბი.

_ ნა-ნკა, _ დამარცვლით გავიმეორე.

_ მერე? რა უნდოდა, საქმე გაგირჩია? _ ირონიულად ჩაიცინა.

_ ჰო, რაღაც ამდაგვარი, _ შვებით ამოვისუნთქე, ნანკას ხსენებაზე ასეთი რეაქცია რომ შევამჩნიე.

_ დასალევი არაფერი გაქვს? _ მკითხა უცებ.

_ დასალევი?

_ ჰო, სასმელი… ღვინო, არაყი, კონიაკი…

_ კონიაკი მაქვს, გოგოებმა რომ ამომიტანეს… ცოტა დარჩა.

_ ვინ გოგოებმა?

_ ნათია და გიზელა იყვნენ ამას წინათ, ცოტა დავლიეთ.

_ ვა! შენც სვა-ამ? _ ახლა თბილად გამიღიმა.

_ შეძლებისდაგვარად.

_ მერე, მოიტა, რაღას უცდი? ამსიგრძე სტუმარი მოგივიდა და ყავით გინდა გაუმასპინძლდე?

_ იქნებ არ ღირს? ისედაც ნასვამი ხარ, _ შევაპარე.

_ ნასვამი რომ ვარ, იმიტომ მინდა, თორემ ფხიზელი რომ ვიყო, არ მომინდებოდა, არც მთვრალს, სხვათა შორის… ახლა კი გრადუსი მაკლია…

_ რისთვის? რისთვის გაკლია, მეტი სითამამისთვის? _ გავწიწმატდი, _ უფრო ძლიერი რომ გამოჩნდე, იმისთვის? უფრო გაბედულად რომ მეჩხუბო, იმისთვის? _ მივაყარე ჩქარ-ჩქარა.

თვალები გაუფართოვდა.

_ არა, ამისთვის არა… მოიტანე და მერე გეტყვი, _ ისე შემომხედა, როგორც პატარა ბავშვს, ლექსი თქვი და კამფეტს მოგცემო.

ხელმეორედ გავაწყვე სუფრა, ახლა უკვე სასტუმრო ოთახში, თან დაძაბული ვიყავი, გული მქონდა დამძიმებული. არ ვიცოდი, სანამდე მივიდოდა დაწყებული საუბარი.

კონიაკი პატარა ჭიქებში ჩამოასხა, ერთი მე მომაწოდა, მეორეთი მომიჭახუნა და პირი გააღო, რაღაცის თქმა დააპირა.

_ გაუმარჯოს, _ თქვა და გადაჰკრა.

_ რას? _ ჭიქიანი ხელი ჰაერში გამიშეშდა.

_ რა ვიცი, ყველაფერს, _ თქვა და იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო, თან თვალს არ მაშორებდა.

_ გაუმარჯოს ყველაფერს, რადგან ასე გინდა, _ ჩავილაპარაკე და მოვსვი.

_ ეგ არის, დალევა შემიძლიაო? აბა, ბოლომდე, ბოლომდე, _ დამაძალა.

_ არ მინდა, _ თავი გავაქნიე.

_ შენ არ გინდა, ზურიკელას უნდა, მიდი, დალიე. გოგოებთან თუ სვამ, ჩემთან რა გემართება? ცუდი თანამეინახე ვარ?

სხვა რა გზა მქონდა, ბოლომდე დავლიე. თავისი ჩანგლით აიღო ერთი ლუკმა აჯაფსანდალი და მაჭამა. სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დამიარა სხეულში.

_ ახლა მომიყევი, იმ ქალბატონს რა უნდოდა… _ თქვა და სასმელი ისევ ჩამოასხა.

_ ორსულად ვიყავიო…

_ მართლა? ვისგანო? _ ისე ლაპარაკობდა ბექა, თითქოს საუბარი მას კი არა, ვიღაც სხვას ეხებოდა.

_ შენგან.

_ აუჰ! საინეტერესოა… მერეო?

_ მერე ის მკითხა, შენ რატომ არ დაორსულდი ბექასგანო.

უცებ ისევ შეეცვალა სახე, ნერვი აუტოკდა საფეთქელთან და შიშნარევი მზერა მესროლა, ჩემზე ხომ არ არის გაბრაზებულიო. შეგნებულად აღარ გავაგრძელე ლაპარაკი, მისი შეცბუნებული სახის ყურებით ვტკბებოდი.

_ რა უპასუხე? _ თვალი ამარიდა და თეფშს ჩააშტერდა.

_ არაფერი, მან უკვე იცოდა პასუხი. თქმა საჭირო აღარ გახდა. შენც ხომ იცი ამ კითხვის პასუხი? _ ჩავეძიე.

_ ვიცი…

_ და?

_ და ის, რომ მე შენთან სექსი არ მქონია… საიდან უნდა დაორსულებულიყავი?

_ მან სხვა რამ მითხრა, _ ყოყმანი დამეტყო ხმაში, ბექასგან ასეთ პასუხს არ ველოდი.

_ ვიცი, რაც გითხრა, _ დახშული ხმით თქვა და თვალები დახუჭა, _ დალევ კიდევ?

_ დავლევ. დედაშენის ხსოვნის იყოს, _ ვთქვი და ბოლომდე დავცალე.

ბექა აყოვნებდა, სასმლით სავსე ჭიქას უაზროდ ატრიალებდა ხელში.

_ დედაჩემისნაირი ქალი იშვიათობაა, _ თქვა ბოლოს და უთქმელად გადაჰკრა.

_ მიაყოლე რამე, _ მზრუნველად ვუთხარი.

_ არ მინდა… _ თავი გადააქნია.

ამ დროს ქარი ისევ მოასკდა ფანჯრებს.

ბექამ გარეთ გაიხედა.

_ ხედავ, რა ამინდია? ქარიც ჩემნაირად შფოთავს… _ ყრუდ წარმოთქვა.

_ შენ ამის მიზეზი არ გაქვს, _ მისი დამშვიდება ვცადე.

_ მაქვს… თანაც ძალიან სერიოზული მიზეზი მაქვს. სამი დღის წინ ვიყავი ექიმთან, ანალიზები გავიკეთე, პარასკევს პასუხი მითხრეს… _ შეფიქრიანებული ლაპარაკობდა.

_ რა პასუხი? _ კინაღამ გული გამიჩერდა.

_ თუ არ იმკურნალებ, უშვილოდ გადაშენდებიო, _ კარგა ხნის პაუზის შემდეგ წარმოთქვა და შემომხედა.

სიჩუმე ჩამოვარდა. არ ვიცოდი, რა მეთქვა.

_ გესმის? მე კი სინდისი მქენჯნიდა, ნანკას როგორ დავაძალე მუცლის მოშლა-მეთქი. თურმე მომატყუა. მართალი ყოფილა დედაჩემი.

_ მისგან არ მიკვირს, თავქარიანი ქალია, მაგრამ შენ? შენ რამ… _ შევჩერდი, გამოგაშტერა-მეთქი, ვერ შევკადრე და შევცვალე, _ რამ გიბიძგა მასთან ურთიერთობისკენ? არ იცოდი, ვისთან იჭერდი საქმეს?

_ აბა რა მექნა? ვისთანაც მინდოდა, იმან უარი მითხრა, ზურგი მაქცია. გეკითხები, რა უნდა მექნა?

თვალები დავხარე. ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა.

_ ხომ ხედავ? კითხვის დასმა ბევრად ადვილია, ვიდრე პასუხის გაცემა.

_ მაგრამ არა ყოველთვის.

_ მაშინ გამეცი პასუხი.

_ საკუთარი თავის განსჯა ბევრად ძნელია, ვიდრე სხვისი. ადამიანები შეცდომებზე სწავლობენ. როცა შეცდომას უშვებ და მერე ამას ხვდები, ჭკუა უანდა ისწავლო. ამას მონანიებამდე მიჰყავხარ, მონანიებას კი _ ცრემლებამდე.

_ ამჯერად რომელ შეცდომაზე საუბრობ, სოფი? _ მოულოდნელად შეირხა და ხელი ხელზე დამადო, _ არსებობს ასეთი გამოთქმა: როცა დილით ადგები, დაიბან და თავს წესრიგში მოიყვან, შენი პლანეტაც უნდა მოაწესრიგოო. შენ არ გიცდია საკუთარი პლანეტის მოწესრიგება. შენ სულ რაღაცას ეძებ, ეძებ და თავადაც არ იცი, რას. იქნებ იცი და არ მეუბნები?

_ მხოლოდ ბავშვებმა იციან, რას ეძებენ, ბექა. ისინი საკუთარ სულს დათმობენ, ოღონდ მათი საყვარელი თოჯინა არავინ წაართვან და თუ წაართმევენ, ტირილით დააქცევენ ქვეყანას. მხოლოდ მათ შეუძლიათ თავიანთი მონაპოვარის დაცვა. დიდებს ეს არ ძალგვიძს… ხანდახან სიამაყე გვიშლის ამაში ხელს, პატივმოყვარეობა ან პირიქით, უსუსურობა, შიში… მე ალბათ, უბედურ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული, ბედნიერება არ მიწერია.

_ ყველა ადამიანს თავისი ვარსკვლავი აქვს, რომელიც მის ბედისწერას განაგებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ერთხელ არ გაგიმართლა, ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნიო. მომავლის არ უნდა გეშინოდეს, თუმცა წარსულსაც პატივისცემით უნდა მოეპყრა. ვისაც მომავლის ეშინია, ის წარუმატებელი ადამიანია, ყოველთვის შეზღუდული იქნება ცხოვრებაში. წარუმატებლობა შენ გგონია, ცუდია? პირიქით, ის საბაბს გაძლევს, რაღაც ეტაპი თავიდან დაიწყო, თანაც უფრო ჭკვიანურად. წესიერი წარუმატებლობა სამარცხვინო არ არის. სამარცხვინო ამ წარუმატებლობის წინაშე შიშია. წარსული რისთვის მისცა ღმერთმა ადამიანს? რა სარგებელი აქვს? ის, რომ შენი მომავალი ცხოვრების გზას ნათლად გიჩვენებს. იქიდან რაც მოგწონს, დაიტოვებ, რაც არ მოგწონს, დაივიწყებ და აღარ გაიმეორებ მომავალში. იფიქრე მომავალზე.

_ მე უკვე აღარა მაქვს მომავალი…

_ რატომ გგონია?

_ იმიტომ, რომ შენ ვერ გხედავ ამ მომავალში.

_ რატომ, სად ჩავრჩი? რომელ მონაკვეთზე? _ ხელზე ხელი მომიჭირა, ლამის კვნესა აღმომხდა სიამოვნებისაგან, რამდენი ხანი ველოდი ამ წუთებს.

_ მე დავკარგე შენი სიყვარულის უფლება, ეგ არის მიზეზი, _ ვგრძნობდი, ჩემი აღსარების წამებიც ახლოვდებოდა და ამაკანკალა.

_ დაკარგე? რატომ? ვის გამო? რამ შეგიშალა ხელი? გაწყენინა ვინმემ? მითხარი, რატომ მიმალავ? ვინმემ აგიკრძალა ჩემთან ყოფნა? თქვი, მითხარი და ყელს გამოვჭრი, თუ ასეა. მართლა დგას ჩვენ შუა ის…

_ არა, არავინაც არ დგას ჩვენ შუა, დამიჯერე! _ სასოწარკვეთილმა წამოვიძახე.

_ აბა, რა გვიშლის ხელს, ერთად ვიყოთ? რატომ მითხარი მაშინ უარი, რატომ მომკალი? რას მერჩოდი, რა გინდოდა? _ ხმას აუწია ბექამ, სასმელი უფრო მოეკიდა.

საუბარი კულმინაციას მიუახლოვდა. ახლა ან უნდა მეთქვა ყველაფერი, ან უნდა დავშორებოდი და ალბათ სამუდამოდ. არადა… რომ ვერ გამიგოს ან არ დამიჯეროს? მისთვის რომ მიუღებელი აღმოჩნდეს იმ ამბის პატიება? ხომ მაინც მოგვიწევს დაშორება? ჰოდა, რა მნიშვნელობა აქვს, რა მიზეზით დავშორდებით, თუკი ერთად ყოფნა არ გვიწერია? სინდისი მაინც მექნება სუფთა, საიდუმლოს გულში ტარება მაინც არ მომიწევს, არც მთელი ცხოვრება დავიტანჯები უთქმელობით. რომ არაფერი ვუთხრა, გამოდის, უნდა მოვატყუო. სანამ უნდა ვიცხოვრო ამ ტყუილით? ისედაც ბევრი ტკივილი გადავიტანე ცხოვრებაში. რაც იქნება, იქნება, ყველაფერს მოვუყვები.

_ კარგი გეტყვი, _ მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე, მისი ხელი ფრთხილად მოვიშორე და თვალებში მივაჩერდი, _ მე შენ მიყვარხარ, ბექა, დიდი ხანია, მიყვარხარ. ერთი წამიც არ მიცხოვრია შენზე ფიქრის გარეშე მას შემდეგ, რაც…

_ ეგ გასაგებია, მერე? _ ბექამ კონიაკი ჩამოისხა და ლოთი კაცივით დალია, სადღეგრძელოს გარეშე.

_ გარემოებამ მაიძულა, შენთან ურთიერთობაზე უარი მეთქვა.

მოულოდნელად კარზე ზარის ხმა გაისმა. ისე შევხტი, გული საგულიდან ამომივარდა. დაახლოებით თორმეტი საათი იქნებოდა, ვინ უნდა ყოფილიყო ამ დროს?



* * *



ზარი განმეორდა. დაზაფრული ადგილიდან არ ვიძროდი. ფეხს ვითრევდი, იქნებ არამკითხე სტუმარი გაბრუნებულიყო და თავის გზას გასდგომოდა. ტყუილად მქონდა ამის იმედი, ზარი არ წყდებოდა. ბექამ ეჭვის თვალით შემომხედა. როცა ნახა, რა დღეშიც ვიყავი, წამოდგა და თავად გაემართა კარის გასაღებად. თვალები დავხუჭე. დარწმუნებული ვიყავი, რომ სანდრო იქნებოდა. ჩემმა გუმანმა გაამართლა.

_ ოჰო, შენც აქ ყოფილხარ… ასეც ვიცოდი, _ ჩემს სმენას მისი ხმა მოსწვდა.

სკამს მიველურსმნე. სახეზე ხელები ავიფარე და მწარედ ამოვიგმინე.

_ მიმიღებთ? _ ცინიკურად იკითხა მოსულმა, _ თუ ხელს შეგიშლით?

_ შემოდი და გავარკვიოთ, _ მშვიდად უპასუხა ბექამ.

ესეც ასე! ესეც შენი გადამწყვეტი მომენტი. იქნებ ასე უკეთესია? ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა მოეღოს ამ ტანჯვას ბოლო? უმჯობესია, ბექამ თავისი ყურით მოისმინოს ყველაფერი, მაინც ვერ ვბედავდი თქმას. სანდრო კი გამიადვილებს ამას, თავად უფრო სიამოვნებით ისაუბრებს იმღამინდელ ამბავზე, არ მომაკლებს ამ სიამოვნებას.

ნაბიჯების ხმა უფრო და უფრო მიახლოვდებოდა. შევეცადე, მშვიდი სახე მიმეღო.

_ გამარჯობა, სო-ფი! _ სანდრომ ბოლო სიტყვა საშინელი სარკაზმით წარმოთქვა.

მთვრალი იყო, ფეხზე ძლივს იდგა.

ისეთი განმგმირავი მზერა ვესროლე, ვაგრძნობინე, მისი ნომერ პირველი მტერი რომ ვიყავი.

ირონიულად ჩაიცინა და ირიბად გაიხედა გვერდზე, ბექას ადგილმდებარეობას ზვერავდა. ეს უკანასკნელი მის უკან იდგა ხელებგადაჯვარედინებული, კედელს მიყრდნობოდა.

_ რაო, სიყვარულს გიხსნის? _ ჩემკენ გადმოიტანა მზერა სანდრომ.

მისი კითხვა უპასუხოდ დავტოვე.

_ თუ შენ უხსნი? _ არ მეშვებოდა.

_ მე ვუხსნი, _ თქვა მოულოდნელად ბექამ და ჩემკენ წამოვიდა, გვერდით დამიჯდა და მხარზე ხელი გადამხვია, _ რამე პრეტენზია გაქვს, ძმაო? _ აგდებით ჰკითხა.

_ მაქვს, _ თავი დააქნია სანდრომ, _ და თუ დაჯდომის ნებას მომცემთ, მოგახსენებთ.

_ დაბრძანდი, _ ხელით მიუთითა ბექამ სკამზე.

_ და დალევის ნებასაც ვითხოვ.

_ დალიე.

_ მომიჭახუნებ? დალევ ჩემთან ერთად? _ სანდრომ ჭიქა შეავსო და ასწია.

_ შენთან ერთად არ დავლევ, _ პროტესტი გამოთქვა ბექამ.

_ რატომ, ცუდი ბიჭი ვარ?

_ იმიტომ, რომ მე ვარ ცუდი ბიჭი.

_ მერე? ამან იცის ეს ამბავი? _ თვალებით ჩემზე ანიშნა სანდრომ.

_ გაცნობის დღიდან.

_ და მაინც თანახმაა?

_ თანახმაა, კი.

_ კარგი, მაშინ მე დავლევ. შენ გაგიმარჯოს, სოფიო, _ ჭიქიანი ხელით წრე მოხაზა სანდრომ და ბოლომდე დაცალა.

_ აბა, დაიწყე, _ ბექას ტონი არ შეუცვლია.

_ რა დავიწყო? _ წარბები შეკრა სანდრომ, _ სიმღერა?

_ ის, რისთვისაც ჩემთან მოხვედი.

_ შენთან არ მოვსულვარ, ამასთან მოვედი და რას წარმოვიდგენდი, სხვასთან ერთად თუ დამხვდებოდა.

_ მე ვარ სხვა?

_ ჩემთვის კი.

_ გასაგებია, მაშინ ამას უთხარი, რისთვისაც მოხვედი.

_ შენ რომ წახვალ, მერე ვეტყვი.

_ მერედა, ვინ გითხრა, რომ წასვლას ვაპირებ? მე აქ ვრჩები.

_ ვა, მართლა? ღამისთევით ხარ?

_ ჰო, ღამისთევით ვარ.

_ რატომ, სახლში მარტოს გეშინია?

_ კი, მეშინია.

_ კარგი, რახან შენსას არ იშლი, ვიტყვი. ეს ქალი მე მეკუთვნის, თანაც დიდი ხანია და მის დათმობას არ ვაპირებ, ძმა-ო!

_ ამ ქალს არ ეკითხები? იქნებ არ უნდა, რომ შენი საკუთრება იყოს?

_ მე ვიცი, რომ უნდა.

_ სცადე მაინც… ჰკითხე.

_ ვკითხავ… სოფიო…

_ წადი აქედან, სანდრო. აქ შენი ადგილი არ არის, შენს ცოლ-შვილს დაუბრუნდი, _ გაბზარული ხმით წარმოვთქვი.

_ წავიდე? მაგდებ?

_ გაგდებ და ეს შენ არ უნდა გიკვირდეს.

_ სხვათა შორის, ძალიან მიკვირს. იქნებ ამიხსნა, რატომ?

მივხვდი, სანდროს უნდოდა, მე მელაპარაკა იმ საშინელი ღამის შესახებ, ამიტომაც მისვამდა ასეთ «მიამიტურ» კითხვებს. ჩემთვის უკვე სულერთი იყო, რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, ამიტომ არაფრის დამალვას არ ვაპირებდი.

_ იცი შენ, რატომაც. გეყოფა, რაც ჩაიდინე. ამის პატიებას არ ვაპირებ.

_ რა ჩავიდინე? _ ისე გულუბრყვილოდ იკითხა, თითქოს არაფერში ყოფილიყო დამნაშავე.

_ იმ ღამეს ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა, _ ყრუდ ვთქვი და ამაკანკალა.

ბექას ხელი ნელ-ნელა მოსცილდა ჩემს მხარს. სიცივე ვიგრძენი ბეჭზე.

_ რომელ ღამეს? _ აგრძელებდა სანდრო თამაშს, _ რაღაც არ მახსენდება არც ერთი ღამე, ჩვენ ერთად ვყოფილიყავით.

_ წადი აქედან, მეზიზღები, მძულხარ, ატანა არა მაქვს შენი, _ მთელი ხმით ვიყვირე და ფეხზე წამოვიჭერი.

_ ოპ, ოპ, ოპ, ნუ ნერვიულობ, რა გჭირს? _ ხელები ისე ასწია სანდრომ, თითქოს მასზე თავდასხმას ვაპირებდი და ჩემს შეჩერებას ცდილობდა, _ რატომ ხარ ასე აგრესიული?

_ მორჩი ამ კომედიას, _ ბექაც წამოდგა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, _ თუ რამე გაქვს სათქმელი, თქვი და დაამთავრე!

ჩემდა გასაოცრად, სანდრო დადუმდა, თავი ჩაქინდა და იატაკს დააშტერდა.

სიჩუმე ჩამოვარდა. არც ერთი ხმას არ ვიღებდით. პაუზა გაიწელა. რამდენიმე წუთის შემდეგ სანდრომ თავი ასწია, ჯერ მე შემომხედა, მერე _ ბექას, ღვარძლიანად გაიღიმა და თქვა.

_ მე მასთან სექსი მქონდა.

_ მართლა? _ ხმა შეეცვალა ბექას.

_ მართლა, _ სანდრო უხერხულად შეიშმუშნა და თმაზე გადაისვა ხელი.

ერთხანს ისევ ჩამოვარდა სიჩუმე, რომელიც ბექამ დაარღვია. მომეჩვენა, რომ სანდროს ნათქვამი დიდად არ გაკვირვებია, სრულიად აუღელვებელი ჩანდა.

_ რამდენჯერ?

_ ერთხელ, _ საჩვენებელი თითი გაფშიკა სანდრომ და ბოროტი ღიმილით თვალი ჩამიკრა.

_ მერე რა. მე, სამაგიეროდ, აწი მექნება, თანაც ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ, _ ნიშნის მოგებით უპასუხა ბექამ და კვლავ გადამხვია მხარზე ხელი.

სუნთქვა გამიჩერდა. სანდროს ნათქვამმა ბოლო მომიღო, ბექას სიტყვებმა კი საგონებელში ჩამაგდო. ჩემს დასაცავად ამბობს ამას? თუ გულწრფელია და მართლა ასე ფიქრობს?

_ ჰო-ო? _ სანდროს გაკვირვება გამოეხატა სახეზე, ალბათ არ ელოდა ამ სიტყვებს, _ შენთვის ეს არაფერს ნიშნავს?

_ რას უნდა ნიშნავდეს? მე, რატომღაც, მეგონა, რომ თქვენ წარსულში სიყვარულთან ერთად სექსიც გაკავშირებდათ ერთმანეთთან. თურმე ვცდებოდი. მით უკეთესი, თუ მხოლოდ ერთხელ იწექი მასთან. ეს ბევრ რამეს მეუბნება. ახლა ხომ გასაგებია ყველაფერი. შეგიძლია წახვიდე, ხელს მიშლი. ძალიან ცუდ დროს მოხვედი. ის იყო, სიყვარულის ახსნა დავიწყე, _ ბექა შესაშურად მშვიდი იყო.

_ მართალი ხარ. ჩემი წასვლის დროა, მე აქ არაფერი მესაქმება, როგორც ვატყობ, _ ღრმად ამოიხვნეშა სანდრომ, კონიაკის ბოთლს ხელი დაავლო, მოიყუდა და ლამის ბოლომდე დალია.

_ უკაცრავად, ხელი რომ შეგიშალეთ. არ უნდა მოვსულიყავი, ნანკამ შემაცდინა… წავედი… ისე… იმას სექსი არ ერქვა, თუ სიმართლე გინდა… ჩემი მზრიდან, სამაგიეროს გადახდას უფრო ჰგავდა…, _ ხელი აიქნია, თითქოს აბეზარ ფიქრებს იშორებსო თავიდან და ბარბაცით გაემართა ჰოლისკენ.

_ სანდრო! _ გასძახა ბექამ კართან მისულს.

მან თავი მოაბრუნა და ამღვრეული თვალებით მოხედა.

_ რატომ, რატომ გააკეთე ეს? შენ ხომ იცოდი, რომ ის მე მიყვარდა.

სანდრომ თავი ჩაღუნა, ჩაიცინა, მერე შეხედა ბექას და უთხრა.

_ მეც მიყვარდა. თოთხმეტი წელი მიყვარდა… შორიდან ვეფერებოდი, რადგან ვიცოდი, უუფლებო ვიყავი… მაგრამ შენ გაიმარჯვე. დავმარცხდი… ცხოვრებაში მეორედ დავმარცხდი… _ მწარედ გაიღიმა, ხელი ჩაიქნია და კარი გაიხურა.

ყველაზე მტანჯველი წუთები ახლა დაიწყო. ბექას თვალს ვერ ვუსწორებდი. რას იზამს, მომთხოვს ასხნა-განმარტებას, თუ არაფერს მკითხავს? იქნებ დავასწრო და თავად მოვუყვე ყველაფერი?

_ იცი, ბექა… _ ის იყო, საუბარი დავიწყე, რომ ცივად გამაწყვეტინა.

_ გვიანაა უკვე, წადი, დაწექი.

ამოვიოხრე და წამოვდექი.

_ არ მეძინება, მე შენთვის ბევრი დამიგროვდა სათქმელი.

_ სხვა დროისთვის გადავდოთ. წავალ მე, ღამე ნებ…

_ არა, არ წახვალ, _ მკაცრად ვთქვი და შევხედე.

ერთხანს თვალებით ვზვერავდით ერთმანეთს.

_ ერთი მიზეზი მაინც დამისახელე, რატომ უნდა დავრჩე? _ სიმწრით გაიღიმა.

_ იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ მეშინია, _ საცოდავი ხმით წარმოვთქვი, თალთ დამიბნელდა და ჩავიკეცე, მუხლები მიცახცახებდა.

ბექა მომვარდა და წამომაყენა, მხარში შემიდგა და ლოგინამდე მიმიყვანა.

_ რა გჭირს, პატარა ბავშვი ხომ არ ხარ? რა გემართება? წყალი მოგიტანო? ცუდად ხარ? _ შეშფოთებულმა დამაყარა შეკითხვები.

_ დარჩი, გთხოვ… დივანზე დაწექი.

_ კარგი, დავრჩები, ოღონდ არ დამიწყო ახლა, გაგიშლი, თეთრეულს დაგიფენ და ასე შემდეგ. არაფერი მინდა, ასევე მივწვები, მაინც არ მეძინება.

_ მეზიზღება, მძულს! _ ვიყვირე უცებ და ცრემლები წამსკდა, _ რა უბედური ვარ…

_ ნუ, ნუ, არ გინდა, ნუ ტირი. ვერ ვიტან ცრემლებს. ტირილი რა საჭიროა?

_ ძალიან გთხოვ, მათქმევინე, ასე არ შემიძლია.

_ რა უნდა მითხრა, სოფი ისეთი, რაც არ ვიცი? უკვე მითხრეს, გავიგე ყველაფერი.

_ არა, ასე არა. მინდა დაწვრილებით მოგიყვე.

_ დაწვრილებით ვიცი. გგონია, შემთხვევით ვარ აქ? ნანკამ ყველაფერი მიამბო, უფრო სწორად, ვაიძულე, ეთქვა. სანდროს დიდი ხანია, ინფორმირებული ჰყავს. ასე რომ… დამშვიდდი და დაიძინე.

_ ხომ არ წახვალ? _ მაჯაზე წავეპოტინე.

_ არა, არ წავალ. მეც დავწვები.

ბექამ თავზე მზრუნველად გადამისვა ხელი, მერე შუქი ჩააქრო და ტახტზე გაუხდელად მიწვა.

თვალზე რული არ მეკარებოდა. ან რა დამაძინებდა, იმდენი რამ მოხდა. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ბექა აქ იყო, სულ ახლოს, ჩემგან ორიოდე მეტრის დაშორებით.

არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა. მთელი გულისყური ტახტისკენ მქონდა მიპყრობილი. ბექამ რამდენჯერმე იცვალა გვერდი, მასაც უჭირდა დაძინება. არა, დილამდე ამ ყოფაში ვერ გავძლებდი.

_ ბექა, _ ხმადაბლა დავუძახე.

_ რა იყო, სოფი? _ დახშული ხმა ჰქონდა.

_ მცივა… ვერაფრით ჩავთბი, მოდი, ჩემთან დაწექი, _ ძალიან გამიჭირდა ამის თქმა, მაგრამ მაინც შევძელი.

სიჩუმემ დაისადგურა, ბექა არ შერხეულა. მე სუნთქვაც კი შევწყვიტე, ისე დავიძაბე. მერე ტახტი აჭრიალდა… წამოდგა… სიბნელეში გარკვევით ვხედავდი მის სილუეტს.

_ ვერ შეგპირდები, რომ შენს გათბობას შევძლებ, _ ჩურჩულით თქვა, საბანი გადაწია და გვერდით მომიწვა, თავქვეშ ამომდო ხელი და ჩამიხუტა.

მის მკერდზე მისვენებული გავინაბე, მამაკაცის გულის ბაგაბუგი მესმოდა.

_ ძალიან ხმაურობს ჩემი გული, არა? _ მკითხა ცოტა ხნის შემდეგ.

_ ჰო, ამ ხმაურში როგორ გინდა დაიძინო, _ კმაყოფილმა სიბნელეს გავუღიმე.

_ შენც ნუ დაიძინებ, _ თქვა და თავქვეშ ამოდებული ხელი ნიკაპზე ამომდო, ჩემი სახე თავისკენ მისწია და ტუჩებზე დამაკვდა…

ეს იყო ღამე, რომელშიც ნაღველი და სევდა სინაზეში გადაიზარდა, ტკივილი _ ვნებათაღელვაში, სიმწარე _ ნეტარებაში. ახლა, სწორედ ამ წუთებში უნდა გადამერჩინა ჩემი სიყვარული, სხვანაირად მის შენარჩუნებას ვერ შევძლებდი. თან მეშინოდა, ამით არ დამთავრებულიყო ყველაფერი, ვნების დაცხრომის შემდეგ ბექა არ გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან, სინანული არ ეგრძნო ამ ერთად გატარებული ღამის გამო. ვცდილობდი, არ მეფიქრა ამაზე, მთელი არსებით მივცემოდი სიამოვნებას. ისე ხარბად ვკოცნიდი, თითქოს ჩვენი შეხება უკანასკნელი ყოფილიყო, თითქოს მეტჯერ არასდროს განმეორდებოდა ბედნიერების ეს წუთები. ასე მეგონა, სხვა განზომილებაში მოვხვდი, სხვა პლანეტაზე, სადღაც მაღლა ავიწიე, უსასრულო სივრცეში და მასში დავსახლდი… ვცხოვრობდი მასთან ერთად, როგორც შემეძლო, როგორც გამომდიოდა… ვცხოვრობდი ყოველი მისი შეხებით, ყველა მისი ჟესტით, მოძრაობით, მისი სიჩუმითაც კი… ის მიკოცნიდა თითებს, ყელს, მკერდს… ვგრძნობდი, როგორ მითრთოდა სხეული მისი ტუჩების შეხებაზე. ის წარამარა იმეორებდა ჩემს სახელს, მერე კვლავ ისრუტავდა ჩემი შიშველი სხეულის სურნელს, თან ისე ძლიერად მიკრავდა მკერდში, თითქოს სადმე გაქცევა მქონოდა განზრახული… მე ვგრძნობდი ამას, ამიტომაც მთელი არსებით ვეძლეოდი მამაკაცს, ნეტარების მეცხრე ცაზე ასული…

გარეთ კი ქარი ანგრევდა არემარეს, ზრიალი გაჰქონდა ფანჯრებს…

7 7 7

ბექა ფანჯარასთან იდგა და ქუჩას გადაჰყურებდა. მზიანი დილა იყო, ქარი ჩამდგარიყო. ავდექი, სარაფანი გადავიცვი და მას მივუახლოვდი, ზურგიდან ჩავეხუტე და ხელები მოვხვიე. თვალები ცრემლით ამვსებოდა, უხმოდ ვტიროდი, ოდნავ მიცახცაცებდა მხრები.

_ რამე მოხდა? _ მკითხა მან ისე, რომ არ განძრეულა.

ნაღვლიანად გავიღიმე.

_ იცი? საბოლოო ჯამში, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რა იქნება დღეიდან, წახვალ თუ დარჩები. მხოლოდ ერთი რამ მინდა გთხოვო. თუ დარჩენას არ აპირებ, არ დამივიწყო მაინც. ქალი თუ მოგინდეს…. სხვასთან ნუ წახვალ, მე გაგიწევს მის მაგივრობას.

_ რომელ ქალზე მელაპარაკები, სოფი? _ გაკვირვებული მოტრიალდა და დამაშტერდა.

_ აი… ქალი… ხომ დადიხარ ხოლმე ქალებში… როგორც კაცებმა იციან… _ თვალი ავარიდე.

_ შენ რა… მთავაზობ, რომ… სწორად გავიგე?

უხმოდ დავუქნიე თავი. რამდენიმე წამი ასე მიყურებდა გაშტერებული, მერე კი სიცილი აუტყდა.

_ რა სულელი ხარ… რატომ გადაწყვიტე ასე, რა შემატყვე სამაგისო? არ გირჩევნია, სამზარეულოში გაცუნცულდე და ყავა გამიკეთო? საუზმეც არ გვაწყენდა. მე უკვე მოვედი შენთან და უკან გაბრუნებას არ ვაპირებ. გასაგებია? _ მკლავებში მომიწყვდია და მაკოცა.

სული შემიგუბდა.

_ რა ლამაზი ხარ, რომ იცოდე, რა ტკბილი. ამ სიამოვნებას ნამდვილად ვერ მოვიკლებ. გგონია, ასე ადვილია შენი მიტოვება? არ ვაპირებ… და არც არასდროს მქონია ამის მცდელობა. მიდი, მაჭამე რამე, მგელივით მშია…

ის იყო, საუზმე მოვრჩით და მაგიდის ალაგებას შევუდექი, რომ ბექას მობილურმა დარეკა.

_ გისმენ, ვაჟა, ჰო, _ ჩასძახა ბექამ და მოულოდნელად სახე შეეცვალა, _ რას ამბობ, როდის!.. ა! არა, მე არა… ვერ მოვალ… «პახმელიაზე» ვარ, არ შემიძლია. გელას დაურეკე ან სხვა ვინმეს… არა-მეთქი, ხომ გითხარი! _ წამოიყვირა უცებ და გათიშა, ფერი არ ედო სახეზე.

_ რა მოხდა? _ ფრთხილად ვკითხე, გული გადამიქანდა.

უაზროდ შემომხედა. თავი გადააქნია და წამით თვალები დახუჭა.

_ ბექა, არ იტყვი, რა მოხდა? _ მივუახლოვდი.

_ სანდრო ავარიაში მოყვა. ცუდად არის, მთლად დალეწილია, სასწრაფო ოპერაცია სჭირდებაო, შეიძლება ვერც გადარჩეს, _ ყრუდ ჩაილაპარაკა.

_ მერე? _ ვერ მივხვდი, მეწყინა თუ გამიხარდა.

_ მე არ გავაკეთებ.

_ გელა სად არისო? ის რატომ არ აკეთებს? _ ხმა გამებზარა.

_ თბილისში არ არის… მე არ გავაკეთებ, სოფი, _ თვალი თვალში გამიყარა.

წამით ჩავფიქრდი, გადაწყვეტილებას ვიღებდი. მერე რაღაც ღრმა ამოსუნთქვისმაგვარი გავაკეთე, თითები ერთმანეთში გადავხლართე და დავიწყე.

_ იცი? შენ ექიმი ხარ…

_ გმადლობ, რომ შემახსენე, _ ირონიულად შენიშნა.

_ არ გაქვს უფლება, ასე მოიქცე. დაფიქრდი, _ სიტყვებს დიდი სიფრთხილით ვარჩევდი, რომ არ განმერისხებინა, _ მას თავისი გაჭირვება ეყოფა. უნდა აჯობო საკუთარ თავმოყვარეობას…

_ რა შუაშია აქ თავმოყვარეობა? _ გაბრაზდა ბექა.

_ არ ვიცი, მაგრამ… ის კი ვიცი, რომ უნდა გადაარჩინო. ეს შენი მოვალეობაა. დამიჯერე, გთხოვ, მას შვილები ჰყავს…

_ ჩემ გარდა იქ არავინ არის? ხომ შეიძლება, სხვამ გაუკეთოს? მე რატომ მომჩერებიან?

_ როგორც ჩანს, არავინ არის.

ამ დროს ჩემმა ტელეფონმაც დარეკა. გიზელა იყო, დროზე მოდი, ოპერაციაზე გიბარებენ, ანესთეზიოლოგია საჭიროო. სანდროზე სიტყვა არ დაუძრავს. მივხვდი, შეგნებულად არ მითხრა. ეგონა, რომ მეც უარს ვიტყოდი.

_ მე უნდა წავიდე, ბექა.

_ ნება რომ არ დაგრთო, მაინც წახვალ?

_ შენ ხომ იცი, რომ წავალ. არა იმიტომ, რომ მისი გადარჩენა ჩემთვის ძვირფასია, არამედ იმიტომ, რომ ადამიანის სიცოცხლეა საფრთხეში.

ბექას სახე აელეწა. ვიგრძენი, მასაც უნდოდა წამოსვლა და ვერ გადაეწყვიტა.

_ დრო არ იცდის, ბექა, წავედით, ჩვენ ორივეს გველოდებიან.

… და ჩვენ წავედით.

7 7 7

_ ღამის ორ საათზე მოიყვანეს. უგონოდ იყო. სისხლდენა ჰქონდა ნაწლავებიდან. ვერ მივხვდით, საიდან ჟონავდა სისხლი. არც რენტგენმა და არც ექოსკოპიამ არაფერი უჩვენა. არადა, ლამისაა, დაიცალოს სისხლისგან, წნევა უფრო და უფრო უვარდება, ჰემოგლობინიც. უნდა გავჭრათ, სხვა გზა არა გვაქვს, ეჭვი მაქვს, რომ თირკმელია, უბრალოდ, არ ჩანს, _ მძიმედ ლაპარაკობდა ვაჟა, _ უაზრო რაღაცებს გაჰყვირის, ბოდავს თუ რა არის, ვერ გავიგე.

_ თავზე თუ გადაუღეთ სურათი? _ ვკითხე ვაჟას.

_ ჯერ არა, ახლა მუცლის ღრუ უფრო მნიშვნელოვანია, ამას უნდა მივხედოთ.

_ კარგი, მოამზადეთ ყველაფერი, ათ წუთში დავიწყებთ, _ თქვა ბექამ და კაბინეტში შევიდა.

_ სოფიო, ცოტა მეტი შეუშვი, რომ ვეღარ გავიღვიძო, _ ძლივს ამოთქვა სანდრომ, მე რომ დამინახა, _ ხედავ, რა ტუზი დაგეცათ შენ და ბექას, კარგი შანსი მოგეცათ შურისძიებისთვის.

_ ნუ ლაპარაკობ, ეცადე, დამშვიდდე, ყველაფერი კარგად იქნება, _ გავამხნევე გაფითრებული მამაკაცი, მისი სიტყვებისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია.

…ოპერაცია სამ საათს გაგრძელდა. ბექას ვაჟა ეხმარებოდა. დროზე მოხდა ქირურგიული ჩარევა, სანდროს მუცლის ღრუ სისხლით ავსებოდა. თირკმელი ჰქონდა გაგლეჯილი, ღვიძლი და ელენთაც დაზიანებული. ელენთა და ცალი თირკმელი ამოაცალეს, მათი შენარჩუნება შეუძლებელი იყო. გაუმართლა, რომ დროზე მივუსწარით. კიდევ რამდენიმე საათი და ცოცხალი აღარ იქნებოდა.

ოპერაცია რომ დამთავრდა, მხოლოდ მერე დავურეკე ნიტას. გულგახეთქილი მოვარდა, გულამოსკვნით ტიროდა.

_ გადარჩება, სოფიო? _ უკვე მერამდენედ შემეკითხა.

_ გადარჩება, ნუ გეშინია. დაწყნარდი, ახლა მისთვის მხოლოდ ყურადღება და სიმშვიდეა საჭირო.

_ წუხელ დამირეკა, თუ მიმიღებ, დავბრუნდებიო. საშინლად ვეჩხუბე, რაც კი გულში მქონდა, ყველაფერი ვუთხარი, მთელი ბოღმა გადმოვანთხიე. ასე ნუ მელაპარაკები, თორემ საერთოდ არ მოვალო. ჯანდაბამდის გზა გქონია-მეთქი, ვუყვირე. გამითიშა ტელეფონი. მერე ვერაფრით დავუკავშირდი, საერთოდ გამორთო. რას ვიფიქრებდი…

_ მთვრალი ყოფილა, ამბობენ, საშინელი სისწრაფით მიდიოდაო, _ თავი გავაქნიე.

_ ჩემი ბრალია, მე გავამწარე, ისეთი რამეები ვუთხარი. ღმერთო, გადაარჩინე, მისი სიკვდილი ნამდვილად არ მინდოდა.

_ არ მოკვდება, ნუ ნერვიულობ, _ გავუღიმე ნიტას და გადავეხვიე, _ აწი მაინც ისწავლის ჭკუას.

_ ჰემატომა აქვს თავში, _ კარი შემოაღო ამ დროს გიზელამ, _ კიდევ ვერთი ოპერაცია სჭირდება.

_ რას ამბობ! _ შევიცხადე, _ ვინ უნდა გაუკეთოს.

_ ჭკუასელს გამოუძახეს, უკვე მოდის.

_ ახლავე უკეთებენ?

_ ამწუთასვე, უფრო და უფრო იზრდება შეშუპება.

ნიტამ შეჰკივლა და ღონემიხდილს გული წაუვიდა. ძლივს მოვასულიერეთ მე და გიზელამ.

_ არ გრცხვენია? მე შენ ძლიერი ქალი მგონიხარ, რა მოგდის? _ უსაყვედურა გიზელამ გონზე მოსულს, _ დიდი არაფერია, ადვილი ოპერაციაა, მალე დამთავრდება.

_ კიდევ უნდა გაჭრან?

_ არა, არა, ჩვეულებრივი ამოტუმბვა მოხდება და მეტი არაფერი. ოც წუთში მორჩებიან, დაწყნარდი, _ ამშვიდებდა გიზელა აკანკალებულ ქალს.

საორდინატოროდან გამოვედი და ბექას კაბინეტს მივაშურე. ის სავარძელში იჯდა დაღლილი, თავი უკან გადაეგდო.

_ როგორ ხარ? _ თბილად მოვიკითხე.

_ უკეთ. იცი, ახლა რა მინდა? _ თავი წამოსწია და ეშმაკურად შემომხედა.

_ ყავა?

_ ჯერ ყავა, მერე ქალი, _ მითხრა და გაიცინა.

_ ერთი თუ ორი? _ გავიხუმრე.

_ რა _ ყავა თუ ქალი?

_ ყავა, რა თქმა უნდა. ორი ქალის უფლებას ვინ გაძლევს, რო?

_ ასეც ვიცოდი. მშვიდობით, თავისუფლებავ! _ პათეტიკურად წარმოთქვა და ხელები ჩემკენ გამოიშვირა.

ყელზე მოვხვიე მკლავები და ჩავეკონე.

_ იცი, რომ მასთან ერთად ნანკაც ყოფილა? _ თქვა უცებ.

_ ნანკა? მერე? _ ისე გამიკვირდა, გველნაკბენივით წამოვხტი.

_ ისიც დამტვრეულია, ორივე ფეხი ჰქონია მოტეხილი და ხერხემალი სერიოზულად დაზიანებული. ტრავმატოლოგიურში გაუქანებიათ. შეიძლება მთელი ცხოვრება ინვალიდად დარჩეს.

_ არც ამას დაადგება კარგი დღე, კარგა ხანს ვერ გასწორდება წელში, _ სანდროს მისამართით ვთქვი.

_ ჰო, _ თქვა ბექამ და ამოიხვნეშა, _ მიკეთებ ბოლო-ბოლო ყავას, თუ როგორ არის საქმე?

_ ახლავე მოგიტან. ქალი სად მოგართვათ?

_ ქალი, რა თქმა უნდა, სახლში, ცხელ წვნიანთან ერთად, _ მხიარულად შესძახა, _ «პახმელიაზე» უკეთესი საშუალება არ არსებობს.

_ მაშინ ყავას შემოგიტან და მე შინ წავალ, მოვემზადები, _ მრავალმნიშვნელოვნად ვთქვი.

უსიტყვოდ დამიქნია თავი, სიყვარულით სავსე მზერა მესროლა.

7 7 7

ბექას შეაგვიანდა. შეგნებულად არ ვურეკავდი, ვიცოდი, უმიზეზოდ არ დააგვიანებდა. ცხრა ხდებოდა, რომ მოვიდა. ისეთი დაღლილი გამომეტყველება ჰქონდა, შემეცოდა. სუფრა გაშლილი დავახვედრე.

_ რატომ დაგაგვიანდა?

_ სახლში შევიარე, წყალი გადავივლე და ტანსაცმელი გამოვიცვალე.

ახლაღა შევამჩნიე, რომ თმა სველი ჰქონდა.

_ აქ ვერ დაიბანდი? _ ვუსაყვედურე.

_ კი, მაგრამ ტანსაცმელს ვერ გამოვიცვლიდი, _ გამიღიმა და აბაზანაში შევიდა ხელების დასაბანად. მინდოდა მეკითხა, სანდრო როგორ არის-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე.

_ ისევ ამოვარდა ქარი, _ თქვა და მაგიდას მიუჯდა, _ არა და არ გამოვიდა ამინდი. ვერ გაიგებ, ზაფხულია თუ გაზაფხული.

_ მე მიყვარს ქარი, _ იდუმალი ხმით წარმოვთქვი.

_ ხანდახან მართლა ასწორებს, განსაკუთრებით სექსის დროს, განსხვავებულ ტალღაზე გაყენებს, მუხტს გმატებს, _ ეშმაკურად შემომხედა, _ კარგი იქნება, რომ არსებობდეს «ქარი გამოძახებით».

_ უკვე არსებობს, _ მრავალმნიშვნელოვნად ვთქვი და გვერდით მივუჯექი.

_ როგორც კი ორმოცი დამთავრდება, ჩემთან გადმობარგდები, _ უცებ დაუსერიოზულდა სახე, _ ქორწილამდე ვერ მოვიცდი.

სახეზე წამოვწითლდი.

_ რა იყო, არ მოგწონს ჩემი წინადადება? _ გემრიელად ილუკმებოდა ბექა, თან თვალს არ მაცილებდა.

_ როგორ არა, ამაზე უკეთესს რას შემომთავაზებდი, _ ბედნიერებისაგან ფრთაშესხმულმა თავი მხარზე მივადე.

_ რა-ას? ვიცი, რასაც. ავდგეთ და ახლავე ლოგინში გადავინაცვლოთ. წუხელ შენი სექსუალური შესაძლებლობები კარგად ვერ შევაფასე. კიდევ ერთხელ უნდა ვნახო, რა შეგიძლია.

სიცილი ამიტყდა. ბექამ ხელში ამიტაცა და საძინებლისკენ გამაქანა.

_ ბექა, მართლა არასდროს გიფიქრია ჩემი მიტოვება? _ ჩურჩულით ვკითხე, სანამ ტანსაცმელს მხდიდა.

_ მიტოვება?.. სულაც არა, _ ჩურჩულითვე მიპასუხა, _ ასეთი სიტყვა ჩემს ლექსიკონში არ არსებობს…

და ისევ ალერსის ბურანში გამხვია.

ისევ ატრიალდა სამყარო.

ისევ სხვა განზომილებაში აღმოვჩნდით ორივე.

და ისევ ქროდა ქარი…

___


ავტორი: სვეტა კვარაცხელია



№1 სტუმარი მიკო

სასწაულია არ ვიცი რა ვთქვა ყველაზე მაგარი მოთხრობაა რაც კი აქ წამიკითხავს
ძალიან მაგარი გოგო ხარ♥♥♥

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime shemomatendaa am istoriis kitxvashii cudad var ise medzinebaa :(( mokled dzaan magarii iyoo gamixarda bolos ertaf tkbilad da tbilad ro darchnen beqa dzaan momwons magram is patara shecdomebi nwuu :D warmatebebiii wavedii davidzinee mamlebma yivili daiwyo ukvee :D :D

 


№3 სტუმარი qeti

es tuar vcdebi svetas istoriaa da wakitxuli maq dzalian magaria martlac .....

 


№4  offline წევრი Ana Imnadze

უბრალოდ შოკში ვარ :O
ზედმეტად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ მოთხრობამ ჩემზე

 


№5  offline წევრი clown

Arvici martla ravktva, udzlieresi, saswauli, saocreba, dzalian magaria, dzaaalian!

 


№6 სტუმარი lalka

ara ra vtkva ar vici zalian kargi romania yochag .tavze damtenebia kitxvaşi .ase gaagrzelee.

 


№7 სტუმარი Vdjndjdjf.k

Auu dzaan magaria sityvebi ar myofnis <3

 


№8  offline წევრი Nikalaevnaa:D

კარგიიაააააა

 


№9 სტუმარი mari

Magari iyo dzaan. Yochaaag

 


№10  offline წევრი კოკი

უმაგრესიი იყოო სამი დღე ღამე ამას ვკითხულობ ტოგორც კი მოვიცლიდი და თან ისე მაინტეეებდა ერთი სული მქონდაა როდის შემოვიდოდი და წავიკითხავიიი .. აი სიტყვები არ მყოფნის აღაწერად .. აქ ყველაფერი ერთად იყოო თავმოყრილიი და ერთ მთლიანობას წარმოადგენდაა .. იყო სევდა სიყვარული ბოროტება ტკივილი რაც მთლიანობაში უმაგრესი აღმოჩნდა ...

 


№11 სტუმარი mariami

bavshvebo vinc arici getyvit rom es aris sveta kvaracxeliaas wignii

 


№12  offline წევრი bethelimit

mariami
bavshvebo vinc arici getyvit rom es aris sveta kvaracxeliaas wignii

ardagezara mainc amkomentaris dacera?
an gaurkvevlad makvs boloshi avtori micerili? gadaireva adamiani raaa ))))))))))))

 


№13 სტუმარი mariami

komentarebs gadaxede da mixvdebi ratomac davwereee <3

 


№14  offline წევრი bethelimit

kochagh mariam!!! sheni saxit saits namdvili saavtoro uflebata damcveli kavs, ase gaagrdzeele!! bravo!!

 


№15 სტუმარი tamuna

Yvelaze gulis amachuyebeli romania <3 rac ki wakitxuli maqvs <3 sveta dzalian magarixar <3

 


№16 სტუმარი სტუმარი მარი

მაგარია რამდენი ვიტირე

 


№17 სტუმარი სტუმარი tea

dzalian momewona

 


№18 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან მომეწონა

 


№19 სტუმარი სტუმარი ნანა

დიდი სიამოვნებით წავიკითხე.წარმატებები ძვირფასო ავტორო . ????❤️

 


№20 სტუმარი DR UMAR

გსურთ გაყიდოთ თქვენი თირკმელი 400 000 დოლარად? Ეს შენ ხარ
ვეძებთ შესაძლებლობას გაყიდოთ თქვენი თირკმელი ფულით
ფინანსური უკმარისობის გამო და არ იცით რა გააკეთოთ.
მაშინ დაგვიკავშირდით დღესვე

ფოსტა: [email protected]
WhatsApp: +1 (978) 707-9830
ტელეგრამა:+1 (978) 707-9830
Viber: +1 (469) 505-6731

ჩვენ შემოგთავაზებთ კარგ თანხას თქვენი თირკმლისთვის.
მე მქვია ექიმი UMAR მე ვარ ნეფროლოგი UMAR კლინიკაში. ჩვენი კლინიკა სპეციალიზირებულია თირკმლის ქირურგიაში და ასევე ვმკურნალობთ
თირკმელების შეძენა და გადანერგვა
შესაბამისი დონორი.
ჩვენ განლაგებული ვართ ინდოეთში, თურქეთში, საფრანგეთში, ნიგერიაში, შეერთებულ შტატებში, მალაიზიაში, დუბაიში, ქუვეითში

ყურადღებით
DR UMAR.

 


№21 სტუმარი ძალიან მომეწონა

მიკო
სასწაულია არ ვიცი რა ვთქვა ყველაზე მაგარი მოთხრობაა რაც კი აქ წამიკითხავს
ძალიან მაგარი გოგო ხარ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent