ქარის საიდუმლო
პირველრიგში მოგესალმებით ყველას <3 ახალ ისტორიას უკვე ვწერ, მაგრამ სანამ არ დავასრულებ ბოლომდე არ მინდა ატვირთვა, ამიტომაც მინდა შემოგთავაზოთ ერთი ძალიან კარგი ქართველი მწერლის - სვეტა კვარაცხელიას "ქარის საიდუმლო". ნამდვილად არვიცი აქამდე ეს ისტორია აქ ვინმეს აუტვირთავს თუ არა და აქედან გამომდინარე მომიტევეთ თუ მეორედ ან მესამედ შემოგხვდათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეს ისტორია ჩემი დაწერილი არაა, არამედ სვეტა კვარაცხელიასი! თბილ შენობაში შესვლა მესიამოვნა. გარეთ ისეთი ქარბუქი იყო, ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა, მთელი გზა თითქმის თვალდახუჭული მოვდიოდი, მტვერი რომ არ შემყროდა თვალებში. როგორ არ მიყვარს ქარი, საშინლად მეჯავრება, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მთელი ჩემი იღბლიანობა ქართან არის დაკავშირებული. როცა რამე მნიშვნელოვანი ხდება ჩემს ცხოვრებაში, რამე სასიამოვნო, ყოველთვის _ ქარიან ამინდში. ახლაც, დარწმუნებული ვარ, რა საქმეზეც მივდივარ, აუცილებლად გამომივა, იმიტომ, რომ გარეთ ქვეყანა იქცევა, ისეთი ქარიშხალია. _ უკაცრავად, ქალბატონო, მთავარი ექიმის კაბინეტი სად არის? _ ვკითხე თეთრხალათიან ჩია ქალს, რომელსაც ცალ ხელში ვედრო ეჭირა, მეორეში _ ცოცხი, ალბათ სანიტარი იყო. მან ალმაცერად შემომხედა, ჩემს ჩაცმულობას თვალი ააყოლა და მკვახედ მომახალა. _ დღეს მიღება არა აქვს. _ იცით, მე დაბარებული ვარ, _ მორიდებით დავუწყე ახსნა. _ რა საქმეზე? _ ისევ შემათვალიერა სანიტარმა. _ მუშაობის დაწყება მინდა თქვენთან… ექიმად, _ დავაყოლე და გავიღიმე. ქალს უცაბედად სახე შეეცვალა, ვედრო ძირს დადგა, ცოცხი შიგ ჩადო, ხელები ხალათზე შეიწმინდა, გაიბადრა და დატკბა. _ უი, რას ამბობ, შვილო, ეგ რა კარგი ამბავი მითხარი. წამო, გენაცვალე, წამო! აგე, იმ კარს ხომ ხედავ, მარცხნივ, აწერია კიდეც ზედ. მიბრძანდი, შვილო, ღმერთმა ხელი მოგიმართოს. _ გმადლობთ, ქალბატონო, უღრმესი მადლობა, _ კვლავ გავიღიმე და გზა გავაგრძელე. დერეფანში საღებავის სუნი ტრიალებდა. ჩანდა, აქ რემონტი ახალი დამთავრებული იყო, ქათქათებდა იქაურობა. ყოველ ორ მეტრში ლამაზ ქოთნებში ჩარგული ოთახის ყვავილები იწონებდნენ თავს. აი, რითია კერძო კლინიკა უკეთესი. როცა რაღაც შენი საკუთრებაა, სათუთად უვლი. ოქროსფერ კარზე თეთრი აბრა იყო გაკრული, რომელზეც შავი ასოებით ეწერა: პროფესორი მიხეილ ვირსალაძე. ის იყო, დაკაკუნება გადავწყვიტე, რომ კარი მოულოდნელად გაიღო და ზღურბლზე ვიღაც კინაღამ დამეჯახა. _ მაპატიეთ, _ თქვა მამაკაცმა და განზე გადგა, გზა დამითმო. შევხედე და… ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ვიღაცამ გულში მესროლა. მაღალი იყო, შავგვრემანი, დიდი შავი თვალებით, თეთრი ხალათი ეცვა… არ ვიცი, იმ მომენტში გავფითრდი თუ გავმწვანდი, მაგრამ ვიგრძენი, რომ სახეზე ფერი მეცვალა. ის იყო… სანდრო… არა, ნამდვილად არ ვცდებოდი, მართლა სანდრიკა იყო, ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული… ღმერთო, რა დაგიშავე, რატომ, რატომ, რატომ… რაღა მაინცდამაინც აქ, ამ საავადმყოფოში, სადაც დღე-დღეზე მუშაობა უნდა დავიწყო. მასაც დაეტყო სახეზე გაკვირვება, მაგრამ არ შეიმჩნია, მზერა ამარიდა და ოთახში შევედი თუ არა, გარეთ გავიდა. მუხლები ამიკანკალდა, ნაბიჯის გადადგმას ვერ ვახერხებდი, ისე დავიბენი, დამავიწყდა, სად ვიყავი და რისთვის მოვედი. შავ სავარძელში სათვალიანი ჭაღარა კაცი იჯდა. ჩემს დანახვაზე წამოდგა, ხელები გაშალა და გაღიმებული დაიძრა ჩემკენ. _ ჩვენი მშვენიერი ლედი, გიცანით, სოფიო, როგორც კი შემოგხედეთ, მაშინვე მივხვდი. სხვანაირი ვერც წარმომედგინეთ, გოგონი! _ თქვა მან და ხელი მძლავრად ჩამომართვა. _ გამარჯობათ, ბატონო მიხეილ, მოხარული ვარ, რომ გაგიცანით, _ კეკლუცად გავუღიმე. _ დაბრძანდით, ჩემო კარგო, მოისვენეთ. ყავას ხომ არ ინებებთ? _ არა, არა, ნუ შეწუხდებით. _ აბა, როგორ მიდის საქმეები? როგორ მყავს ბიძინა? _ გმადლობთ, არა უშავს. მოკითხვა დამაბარა თქვენთან. _ რას შვრება, სულ რომ დაიკარგა, ძველი მეგობრები აღარ უნდა, კაცო? _ ხელები მოიფშვნიტა მთავარმა ექიმმა და თავის სავარძელს დაუბრუნდა. _ იცით? თითქმის არ გამოდის სახლიდან. ჯერ მაინც უჭირს სიარული. ავარიის შემდეგ ცოტათი დაუძლურდა. თუმცა სულიერად არ გატეხილა, ზის შინ და მუშაობს, წერს, კითხულობს, შეძლებისდაგვარად თავის ბაღს უვლის და რა ვიცი. _ ძალიან კარგი, ძალიან კარგი. აბა, ახლა თქვენ შესახებ მიამბეთ რამე. მგონი, სადღაც მუშაობდით, არა? _ დიახ, ყუფუნიასთან ვმუშაობდი ორი წელი. მერე წამოვედი, ვერ გავძელი. იქ ცუდი სიტუაცია იყო… ვერ შევეგუე, ძალიან უხეში კაცია… როგორ გითხრათ. _ ვიცი, ვიცი, მსმენია. არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. მე ისეთმა კაცმა გამომიგზავნა თქვენი თავი, დარწმუნებული ვარ, არ შეცდებოდა. ვიცი, ბიძინა უნიჭო ადამიანებს არ გაუწევს პროტექციას. სწორედ რომ კარგ დროს დაემთხვა მისი ზარი, ახლა მართლაც მჭირდება ანესთეზიოლოგი. ჩემი ქალიშვილი დეკრეტში გავიდა და ალბათ ორი წელი მაინც ვერ შეძლებს სამსახურში დაბრუნებას. მის ადგილს კი დროებით თქვენ დაიკავებთ. მერე ვნახოთ, იქამდე იმედია, უფრო გავფართოვდებით და ერთი-ორი კარგი ანესთეზიოლოგი კიდევ დაგვჭირდება, მარკშეიდერის არ იყოს, _ ბოხი ხმით გაიცინა მიხეილმა, სათვალე მოიხსნა და დაჟინებით შემომაცქერდა. _ კარგი სპეციალისტი, თანაც ასეთი ლამაზი და მშვენიერი _ ეს ჩვენს დროში იშვიათობაა, დამეთანხმეთ. მიხარია, ძალიან მიხარია, რომ ასეთი ხართ. კარგი, სოფიო, ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, ორშაბათიდან შეგიძლიათ შეუდგეთ მუშაობას. _ როგორ, ასე ადვილად? _ გაოცება ვერ დავმალე. _ აბა, რას ელოდით? გაგიჭიანურებდით აუდიენციას? დაგიბარებდით ხვალაც, ზეგაც, თავს დავიფასებდით? ჩემო კარგო სოფიო, აქ ჩვენ ასე არ გვჩვევია. გათხოვილი ხართ? _ არა, _ ვთქვი და გავწითლდი. _ ო-ო-ო! როგორ გაახარებთ ჩვენს ბიჭებს. იცით, როგორი ტალიკ-ტალიკა ვაჟკაცები გვყავს? თანაც სულ უცოლოები, კაცო! ახლანდელ ბიჭებს საერთოდ არ უნდათ ცოლის მოყვანა, არ ვიცი, რას ფიქრობენ. მხოლოდ საკუთარი თავი ანაღვლებთ, არავითარი სამშობლო, ქვეყნის კეთილდღეობა მათთვის არ არსებობს. თქვენხელებს სამ-სამი შვილი მაინც უნდა ჰყავდეთ უკვე, აბა რა! _ მამაკაცი წამოდგა და ამით მიმანიშნა, ვიზიტი დამთავრებულიაო. _ მე ახლა საორდინატოროში შეგიყვანთ, თანამშრომლებთან წარგადგენთ და დანარჩენი თქვენ იცით. ორშაბათს მობრძანდებით, ჩვენი კადრების უფროსიც ადგილზე იქნება, გაგაფორმებთ და დავიწყოთ. მეც ავდექი, რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ ბოლო წუთში თავი შევიკავე. _ ვიცი, ვიცი, რისი თქმაც გინდათ, სოფიო, მიგიხვდით. ხელფასზე არ გაწყენინებთ, ჩვენთან მაღალი ანაზღაურებაა. ასე რომ, უკმაყოფილო არ დარჩებით. მერე ვილაპარაკოთ ამ საკითხზე, _ მხარზე მომითათუნა ხელი და კარისკენ გამიძღვა. საორდინატორო მთავარი ექიმის კაბინეტიდან ორიოდე მეტრში იყო. ოთახში ხუთი თეთრხალათიანი დამხვდა _ ორი ქალი და სამი მამაკაცი, მათ შორის _ სანდრო. სახეზე ალმურმა გადამიარა. _ ხალხო, გაიცანით ჩვენი ახალი თანამშრომელი, ქალბატონი სოფიო თავაძე, ანესთეზიოლოგი, ნინოს მაგივრად იმუშავებს, _ წარუდგინა მათ ჩემი თავი, _ იმედია, გაუგებთ ერთმანეთს. ვაჟა, შენ გაძლევ ახლა ერთ დავალებას. მოკიდე ამ მშვენიერ გოგონას ხელი და თავისი კაბინეტი ანახვე, პალატებიც დაათვალიერებინე, ცოტა მოშინაურდეს. ხომ იცი, ახალი თანამშრომელი ყოველთვის მორიდებულია, შევუწყოთ ხელი, რაც შეიძლება მალე გახდეს ჩვენიანი. ვაჟა საშუალო სიმაღლის ქერა, ოდნავ პუტკუნა მამაკაცი იყო, საკმაოდ სიმპათიური, საოცრად ლამაზი წითელი ტუჩებით. _ რასაკვირველია, შალვოვიჩ, არ არის პრობლემა, _ ვაჟა დანარჩენებს გამოეყო და ჩემკენ წამოვიდა. _ აბა, თქვენ იცით, გაიცანით ერთმანეთი, მე დროებით დაგტოვებთ. შეხვედრამდე, სოფიო, _ დამემშვიდობა მთავარი ექიმი და გავიდა. ადგილიდან ვერ ვიძროდი, ხელები სად წამეღო, არ ვიცოდი. სანდროსკენ გავაპარე მზერა. იგი ზედაც არ მიყურებდა. რატომ იქცევა ასე? თითქოს მე ვიყო რამეში დამნაშავე. იქნებ ვერ მცნობს? თოთხმეტი წელია, არ მინახავს, არც არაფერი მსმენია მასზე. ახლა კი… ბედის ირონია ამას ჰქვია. შევხვდი იქ, სადაც არ ველოდი და იმ დროს, როცა ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი მისი ნახვა. ნუთუ დღევანდელი ქარი აქ რამე შუაშია? აზრები გავფანტე და ჩემ გვერდით მდგარ ვაჟას გავუღიმე. _ ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში, _ ხავერდოვანი ხმით წარმოთქვა ვაჟამ, ოდნავ გაპრანჭული ტონით. ასე მაშინ იქცევიან მამაკაცები, როცა ქალზე შთაბეჭდილების მოხდენა უნდათ. _ ეს ნანკაა, უროლოგი, კლინიკის მარადიული დედოფალი, _ ვაჟამ თანამშრომლების დახასიათება და გაცნობა დაიწყო, _ ეს კი ნათიაა, ყველაზე გულჩვილი და მტირალა თერაპევტი მთელ საავადმყოფოში, _ გაიცინა, _ რაც შეეხება კაცებს, სანდრო პროფესიონალი ქირურგია, მაესტროს ვეძახით. ხედავთ, როგორი სიმპატიჩნი ბიჭია? გელაც მაგარი ქირურგია, ამხელა სათვალე რომ არ უშლიდეს ხელს ოპერაციის გაკეთებაში, _ ახლა უკვე გულიანად გაიცინა ვაჟამ და სხვებიც აიყოლია, _ მე კი… მე ერთი პატარა კაცი ვარ, პატარა უროლოგი, ეგ არის და ეგ. ყველას ღიმილით ვუქნევდი თავს, თან დაძაბულობა მემატებოდა, რადგან სანდრო განაგრძობდა ჩემს იგნორირებას. იგი ტელეფონის ყურმილს დაწვდა და ნომრის აკრეფა დაიწყო. გულში გამეცინა, რა საჭირო იყო ასე მოქცევა, ვერ ვხვდებოდი. _ წამოდით, თქვენი კაბინეტი განახვოთ, _ ვაჟამ კარი გააღო, ხელი წინ გაიშვირა, თავი გვერდზე გადახარა და ამ ჟესტით მანიშნა, წამობრძანდითო. ერთი ბეწო ოთახი იყო, მაგრამ მყუდრო და ლამაზი. მაგიდა, ორი სავარძელი და დივანი იდგა. მაგიდის პირდაპირ, კედელზე სადგამი იყო ჩამაგრებული, რომელზეც ტელევიზორი შემოედოთ. _ მუშაობს? _ თვალით ვანიშნე ტელევიზორზე. _ აპა რა-ა! _ მხიარულად შესძახა, _ სულ რიხინ-რიხინით. მართალია, პატარაა, მაგრამ მუშა. ესეც თქვენ, თქვენი კაბინეტის გასაღები, _ მამაკაცმა მაგიდაზე დადებული ყვითელ პლასტმასზე ჩამოცმული გასაღები აიღო და მომაწოდა, _ მეორე დარაჯთან იქნება ისე, ყოველი შემთხვევისათვის, თქვენს არყოფნაში ვინმეს რამე რომ დასჭირდეს. _ გასაგებია, დიდი მადლობა, ვაჟა, იმედია, ვიმეგობრებთ, _ თვალები დავუჟუჟუნე სიმპათიურ უროლოგს და გასაღები გამოვართვი. _ აუცილებლად, მაგაში ეჭვი ერთი წუთითაც არ მეპარება, სოფიო. თქვენ ისეთი ლამაზი სახელი გქვიათ და თვითონაც ისეთი ლამაზი ხართ… აპ, აპ, აპ! არაფერი მითხრათ, ძალიან გთხოვთ! ეს კომპლიმენტი არ არის, ეს რეალობაა. მართლა ძალიან ლამაზი ხართ. დიდი ხანია, არ მინახავს ასეთი სილამაზე, _ სიტყვის თქმა არ მაცალა ვაჟამ, მერე მოულოდნელად თავი ჩემკენ გადმოხარა და ლოყაზე მაკოცა. გაოცებულმა შევხედე. _ ეს ისე, მეგობრობის ნიშნად, ცუდ ჟესტად არ მიიღოთ, არ ვარ ცუდი კაცი, _ თქვა და გაწითლდა. უნებლიეთ გამეღიმა, სულაც არ გავბრაზებულვარ, როგორც მაკოცა, ისე მივიღე. კვლავ გარეთ გამოვედით. ვაჟამ ამჯერად პალატები შემომატარა და ავადმყოფები გამაცნო. როგორ მიხაროდა ეს ყველაფერი…. მერე ყველას თავაზიანად დავემშვიდობე და სასიამოვნო განცდებით ავსებულმა დავტოვე კლინიკა, ხვალინდელი უკეთესი დღის მოლოდინში… 8 8 8 სანდრო… ჩემი ტკივილი და შვება, ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი და ყველაზე შავი წერტილი ერთდროულად. ბედისწერაა ალბათ ჩვენი ხელმეორედ შეხვედრა. შეხვედრაც არის და შეხვედრაც, არაფრად ჩამაგდო, არც კი გამომელაპარაკა, თითქოს ვიღაც უცხო ვყოფილიყავი. არადა, ერთ დროს როგორ გვიყვარდა ერთმანეთი… ჩვენი ურთიერთობა თოთხმეტი წლის წინ დაიწყო, ქარიან ამინდში. სამედიცინოზე ვსწავლობდი, პირველ კურსზე. ზამთარი იყო. ლექციები დაგვიმთავრდა და ნიტასთან ერთად გარეთ გამოვედი. სუსხი ძვალ-რბილში ატანდა, თან წვიმდა, ყინულივით ცივი წვეთები სახეში მცემდა. სუნთქვა მიჭირდა. თავი ქურქის საყელოში ჩავმალე, მაგრამ ვერას ვხდებოდი, გაავებულ ქარს ვერ დავემალე. შემოვტრიალდი და ასე, უკუსვლით განვაგრძე სიარული, რომ ცოტა ამომესუნთქა. ამ დროს ვიღაცის ხმა მომესმა ზედ ყურთან. _ რა დედამ გშობა ასეთი მზეთუნახავი, ჭირიმე! გაოცებული მოვტრიალდი და ულამაზეს შავ, დიდრონ თვალებს წავაწყდი, რუსული «უშანკა» ქუდის ქვეშ რომ მიმალულიყო. «რა სიმპათიური ბიჭია და რა გოიმურ რაღაცებს ლაპარაკობს», _ ესღა გავიფიქრე და აბეზარ თაყვანისმცემელს ზურგი ვაქციე. _ რა გქვია? აქ სწავლობ? _ გვერდით ამომიდგა მაღალი მამაკაცი და ჩემთან ერთად უკუსვლით გააგრძელა სვლა. თვალებით ნიტას დავუწყე ძებნა, ვერსად დავლანდე. _ სად გაქრა ეს გოგო! _ ჩემთვის ვთქვი და ისევ შევტრიალდი, რომ ნიტა დამენახა. ის წინ მიდიოდა, კი არ მიდიოდა, გარბოდა გაჩერებისკენ. სიცილი ვერ შევიკავე, ისე სასაცილოდ გამოიყურებოდა სიცივით მოკუნტული დაქალი. _ არ მეტყვი, რა გქვია? ხომ იცი, თუ მოვინდომე, მაინც გავიგებ, _ არ მეშვებოდა მამაკაცი. _ ჰოდა, მოინდომე, _ მივახალე გაბრაზებულმა და ადგილიდან მოვწყდი, ნიტას გავეკიდე. სანამ გაჩერებას მიუახლოვდებოდა, დავეწიე და ხელკავი გამოვდე. _ რას გამოქანდი, ვერ დამელოდე? _ ვუსაყვედურე მეგობარს. _ რა დაგელოდე, შენც ახლა მოგინდა იმ ვიღაცასთან მუსაიფი, ამ მწარე სიცივეში? სხვა დროს ვერ ნახავდი? _ აქეთ შემომიტია ნიტამ. _ გეფიცები, თუ ვიცოდე, ვინ არის. ისეთი ქაჯური რამეები მითხრა, კინაღამ სიცილი ამიტყდა, _ ძლივს გადავიკისკისე კბილებაკაწკაწებულმა. _ რა ვიცი, თვალებს კი უჟუჟუნებდი და… _ ოჰ! ძაან კი ნახავდი შენ ჩემს თვალებს, აი! _ ვიწყინე დაქალის შენიშვნა. _ სად ცხოვრობთ, გოგოებო, მანქანით მიგაცილებთ შინ! _ ის უცხო ბიჭი ისევ მოგვიახლოვდა და გვერდით დაგვიდგა. _ კარგს იზამთ, თორემ გავიყინეთ, ავტობუსიც არ ჩანს, _ წამოიძახა უცებ ნიტამ. განრისხებულმა შევხედე, მან კი თვალი ჩამიკრა, რა გენაღვლებაო. მამაკაცმა ერთი დაუსტვინა, ხელი აიქნია და შავი «ბმვ» ზედ ჩვენს ფეხებთან გაჩერდა. _ ჩასხედით, თქვენს განკარგულებაში ვართ! _ უკანა კარი გამოაღო უცნობმა. ნიტა ეგრევე ჩახტა მანქანაში. საჭესთან კიდევ უფრო სიმპათიური «დუბლიონკიანი» მამაკაცი იჯდა. შევყოყმანდი, რა მინდოდა ამ უცხო ადამიანებთან, ეს რა ქნა ამ გოგომ, რამ გააგიჟა, ვფიქრობდი ჩემთვის. _ მოდი, მოდი, ჩქარა ჩაჯექი! _ ნიტამ ჩაიწია და ადგილი დამითმო. უხერხულად ვიგრძენი თავი, ჩემდა უნებურად დავჯექი მანქანაში და მძღოლს მივესალმე. იმ ბიჭმა კარი მომიხურა, თვითონ წინ დასკუპდა და დავიძარით. _ აბა, საით მივდივართ? _ მხიარულად შესძახა ჩემმა თაყვანისმცემელმა და ქუდი მოიხადა. შავი თმა ჰქონდა, მოკლედ შეჭრილი და ძალიან ლამაზი თავის ფორმა. ასეთი ქართველებს იშვიათად აქვთ. _ ვაჟაზე, მეექვსე კვარტალში, _ დამასწრო ნიტმა და კვლავ თვალი ჩამიკრა. _ არის, ვაჟაზე, სრული სვლით, _ ბოცმანივით გვიპატაკა მამაკაცმა და თავის მეგობარს მხარზე დაჰკრა ხელი, _ შენ იცი, ჯიმი, არ შემარცხვინო. აბა, ჯიმიო, და, ისეთი სიცილი ამიტყდა, ვერ გავჩერდი. საქართველოში თუ ვინმეს ჯიმი ერქვა, ვერ წარმოვიდგენდი. ნეტავ ამას რა ჰქვია? რაჯი ხომ არა? ან ჯონი, იქნებ ჯონდი? _ რატომ იცინით? რა ვთქვი ასეთი სასაცილო? _ უცნობი ჩვენკენ მოტრიალდა და მკლავით სავარძლის საზურგეს დაეყრდნო, _ ახლა თქვენი სახელები მითხარით, ლამაზებო, რა გქვიათ? _ მე ნიტა, ამას სოფიო, _ უპასუხა ნიტამ. _ ვაჰ, რა სახელებია! ბეზპადობნა პრიიატნა, _ რატომღაც რუსულად გააგრძელა მან, _ მე სანდროს მეძახიან, ამას კი ჯიმის. მართალია, ჯიმშერი შეარქვეს დაბადებიდან, მაგრამ მერე ძმაკაცებმა შევკვეცეთ და ჯიმიდ ვაქციეთ. ხომ კარგად მოვიქეცით? _ გადასარევად! _ საოცარი სარკაზმით წამოვისროლე. _ ჩვენთან სწავლობთ, გოგოებო? _ სანდრო თვალებით მჭამდა, ერთი წამით არ მაცილებდა მზერას. _ კი, სამკურნალოზე. თქვენ? _ ნიტა ძალიან აქტიურობდა. _ მეც, უკვე დამამთავრებელ კურსზე. ჯიმი «გეპეიჩნიკია», ოღონდ მარადიული სტუდენტი, ორი წლის წინ უნდა დაემთავრებინა, მაგრამ რად გინდა, არ უშვებენ. ლექტორებს ისე გვიყვარხარ, ჯერ ვერ დაგამთავრებინებთო, გამოუცხადეს, _ გაიხუმრა სანდრომ და ისეთი ხმით გაიცინა, ენა ჩამივარდა. ასეთი ლამაზი სიცილი მამაკაცისგან ჯერ არ მსმენია. არც ისეთი გოიმი ყოფილა, როგორც პირველად მომეჩვენა. _ გინდათ, ერთი კარგი წინადადება შემოგთავაზოთ? _ ჯიმიმ სარკეში ჩაიხედა და იქიდან შემოგვხედა. _ არ გვინდა, _ წამოვიძახე, სანამ ნიტა კიდევ რამე ჩემს საპირისპიროს იტყოდა. _ რატომ, რატომ, იქნება და, რას გთავაზობთ? _ ჯიმიმ მანქანის სვლა შეანელა. _ ჩვენ სახლში გვეჩქარება, _ ჯიუტად ვიდექი ჩემსაზე. _ მერე ვინ გიშლით? სახლი არსად გაიქცევა. არა, მართლა, თუ რამე ისეთი საქმე არა გაქვთ, სადმე კაფეში დავსხდეთ, ყავა დავლიოთ, უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი. _ არ! _ ისეთი განწირული ხმით ვიყვირე, თითქოს მოტაცებას მიპირებდნენ, _ არავითარ შემთხვევაში! _ რატომ, დედამ გაგაფრთხილა, უცნობ ძიებს არ ჩაუჯდე მანქანაშიო? _ ეს სანდრო იყო. შუბლშეკრულმა ნიტას მუჯლუგუნი გავკარი, დამეხმარე-მეთქი. _ სოფიოს თუ ეჩქარება, მივიყვანოთ სახლამდე, მე კი სიამოვნებით წამოვიდოდი თქვენთან ერთად. ახლა ცხელი ყავა ნამდვილად არ მაწყენდა, თანაც ასეთ სიმპათიურ საზოგადოებაში, _ ნიშნისმოგებით თქვა ნიტამ და ფანჯარაში გაიხედა. მისი წინადადება იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, თვალები დავაჭყიტე. როდის იყო, ასეთ სითამამეს იჩენდა, უცნობებთან კი არა, ნაცნობებთან არ გაუკეთებია მსგავსი რამ. _ შენ რა, გაგიჟდი? _ ხმადაბლა ვუთხარი. _ სოფი, გთხოვ, წამოდი ჩვენთან ერთად, _ ჩემი სახელი, რატომღაც შეამოკლა სანდრომ, _ კაციჭამიები ნამდვილად არა ვართ, ბოლოს და ბოლოს, ერთ შენობაში ვსწავლობთ, ხვალაც შევხვდებით ერთმანეთს და ზეგაც, ასე არ არის, ნიტა? _ იგი ჩემს დაყოლიებას ცდილობდა. _ არა, გმადლობთ. საქმე მაქვს, ტელეფონის ზარს ველოდები. ჩემმა ძმამ უნდა დამირეკოს მოსკოვიდან, _ სასტიკ უარზე დავდექი. _ ნუ აძალებ, სანდრიკ, თუ არ ცალია, ხომ ვერ ვაიძულებთ ადამიანს. ჩვენ სამნი წავიდეთ, ხვალ კი სოფიოც შემოგვიერთდება, _ თქვა ჯიმიმ და სისწრაფეს უმატა. _ კარგი, ბატონო, როგორც გინდათ, _ სანდროს თითქოს ნაპერწკალი ჩაუქრა თვალებში, ზურგი შემაქცია, სავარძელში გასწორდა და წინ გადაიხარა. რამდენიმე წუთში ვაჟას ძეგლს მივუახლოვდით. იქ გავაჩერებინე ახალგაცნობილ ბიჭებს მანქანა, მადლობა გადავუხადე და გადმოვედი. _ არ გადაიფიქრე? _ ვკითხე ნიტას და მკაცრად შევხედე. _ არა, მოგვიანებით დაგირეკავ, _ დარცხვენილი ღიმილით მითხრა და კარი ფრთხილად მიხურა. გაწბილებული ავედი შინ. რა უცებ ჩაიქნია ხელი ჩემს დაყოლიებაზე იმ ბიჭმა, როგორ განვიხიბლე… ჩანთა და ქურქი საწოლზე მოვისროლე და სარკეს მივუახლოვდი, ჩემს ყველაზე ერთგულ მესაიდუმლეს, რომელიც ყოველთვის იმას მიმტკიცებს, რომ ყველაზე, ყველაზე ლამაზი გოგო ვარ მთელი დედამიწის ზურგზე. არა, მთლად ასე არ არის, მაგრამ თბილისში ნამდვილად ვარ. ამას მარტო ჩემი სარკე არ აღიარებს, სხვებსაც უთქვამთ. ჯერ წინიდან შევხედე ჩემს თავს, მერე გვერდიდან. აბა, როგორ დამახასიათებს ჩემი სარკე? მაღალი, აშოლტილი, გრძელი, ჩამოსხმული ფეხები, ვიწრო წელი, მაღალი თეძოები, ლამაზი მკერდი, შავი თმა და ნაცრისფერი თვალები… იშვიათობაა, არა? თქვენც ხომ მეთანხმებით? ცხვირი? ტუჩები? ნუ იტყვით, თოჯინასავით დახატული გოგო ვარ. მართლა ძალიან ლამაზი ვარ, არ ვაჭარბებ. კაცები ჭკუას კარგავენ ჩემზე, ქალები კი შურით სკდებიან. ცხრამეტი წლის ვარ, კარგი ოჯახის შვილი, სტუდენტი, პერსპექტიული საცოლე. მყავს უნიკალური მშობლები და უსაყვარლესი ძმა. ისინი მოსკოვში არიან. მამა და ძმა იქ მუშაობენ, მსხვილი ბიზნესი აქვთ, დედა კი მათ ეხმარება, ქალი ხომ სჭირდებათ მამაკაცებს. მე მარტო დამტოვეს აქ, იმიტომ, რომ იციან, თავქარიანი არ ვარ, ცუდს არაფერს გავაკეთებ. ისე ძალიან მიყვარს ჩემი თავი, ადვილად ვერავინ დამჩაგრავს. გარდა ამისა, კარგად ვიცი საკუთარი თავის ფასი, ამიტომ ზედმეტად თავს არავის გავუყადრებ. მყავს უამრავი თაყვანისმცემელი, მათ მოგერიებას ხანდახან წლობითაც კი ვუნდები. ახლა, ამ ასაკში, როცა ამ ყველაფერს გიყვებით, ოცდაცამეტი წლის ვარ. ჩემს ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეცვლილა, ისევ ისეთი ვარ, ისევ გაუთხოვარი და პერსპექტიული საცოლე, მაქვს საკუთარი ბინა და ავტომობილი «პეჟო», თაყვანისმცემლებიც არ მელევა, მაგრამ გულთან ახლოს ჯერჯერობით არავინ მოდის, რა ვქნა, რა ჩემი ბრალია, თუ სანდროსნაირი სხვა ვერავინ ვიპოვე. ის განსაკუთრებული იყო, დღემდე ვერ დავივიწყე. რამდენი წელია, არ მინახავს, მაგრამ მასზე მოგონებებით დღემდე ვცხოვრობ, ჩემს ფანტაზიებში მხოლოდ სანდრო არსებობს, მხოლოდ მას აქვს უფლება, შემეხოს, მომეფეროს, დამეუფლოს… მე ჩემი ვირტუალური სამყარო მაქვს, პატარა სახელმწიფო, სადაც მხოლოდ მე და სანდრიკა ვცხოვრობთ… ჯერჯერობით. მეც მინდა, რომ მისი ადგილი ახლა სხვამ დაიკავოს, მისნაირმა ან მასზე უკეთესმა, ძალიან მინდა, მაგრამ უშედეგოდ. განა არ არის დრო, ახალი სიყვარული გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში? მე ხომ სიყვარულში ყოველთვის მიმართლებდა? ყველა მამაკაცი, ვისაც კი ოდესმე თვალი დავადგი, ფეხქვეშ გამეგო, ჩემს იქით სხვა ქალს ვეღარ ამჩნევდნენ, მაგრამ სანდროს გარდა, ყველასთან უინტერესო გამოვიდა ურთიერთობა. ბოლოს, წლების მერე, თვალი რომ გადავავლე ჩემს ცხოვრებას, ერთ რამეს მივხვდი _ მხოლოდ ისეთი მამაკაცი მიზიდავდა, რომლის მოხიბვლაც ძნელი იქნებოდა, რომელთან დაახლოებაშიც დიდი ძალისხმევა დამჭირდებოდა. შეიძლება ბევრს უცნაურად მოეჩვენოს ჩემი ნათქვამი, მაგრამ ასეა. ალბათ იმიტომ, რომ კაცები დანახვისთანავე ვერ მალავენ აღფრთოვანებას, პირველი წუთებიდანვე თავზე დამფოფინებენ, იხარჯებიან, რომ როგორმე მოიგონ ჩემი გული. ეს კი, ცოტა არ იყოს, მომაბეზრებელია. უფრო დამაინტრიგებელი ის არის, როცა მამაკაცი ნაკლებ ყურადღებას გაქცევს, თითქოს ვერ გამჩნევს და შენ გიწევს «ჩალიჩი», როგორმე შეგამჩნიოს, აღმოგაჩინოს, დაგინახოს, თურმე რა კარგი ხარ, სად იყო აქამდე, როგორ გამოეპარა ასეთი რამ. აი, ეს უფრო საინტერესოა. ამიტომ ალბათ ყველაფერს ჯობია, მაინცდამაინც გამორჩეული გარეგნობის არ იყო, რომ გარჯამ, წვალებამ მოგიწიოს, ძნელად, მაგრამ ბოლოს მაინც მიაღწიო მიზანს. ალბათ ასე მოპოვებული სიყვარული უფრო მოსაფრთხილებელი იქნება. არ ვიცი, მე რატომღაც, ასე მგონია. სწორედ ასე იყო სანდროს შემთხვევაშიც. …რაც შეეხება ნიტას, ორი წელია მას ვიცნობ. ერთად ვემზადებოდით ფიზიკასა და ქიმიაში. იქიდან დავმეგობრდით. ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობთ, ორი კვარტლის მოშორებით, გამოცდებიც ერთად ჩავაბარეთ, ერთად ჩავირიცხეთ და ერთ ჯგუფშიც მოვხვდით. დღედაღამ ერთად ვართ, ძალიან გვიყვარს და საოცრად გვესმის ერთმანეთის, გემოვნებაც ერთნაირი გვაქვს. ერთი ისაა, რომ ტანსაცმელი არ გვერგება ერთიმეორის. ის ჩემზე ცოტათი დაბალია, საშუალო სიმაღლის, ოდნავ მოსული, დიდი მკერდი აქვს და ლამაზი თაფლისფერი თვალები, გაბუსხული, საოცრად ვარდისფერი ტუჩები, პატარა ცხვირი და მრგვალი ნიკაპი. ერთი ნაკლი აქვს მხოლოდ, რასაც საგულდაგულოდ მალავს. მუხლს ზემოთ ერთი ფეხი მეორეზე წვრილი აქვს, თვითონაც არ იცის, რატომ. ექიმებმაც ვერაფერი გაუგეს. ამიტომ უფრო ხშირად გრძელი კაბები აცვია, მოკლეს იშვიათად ხმარობს, შარვალსაც არ იცვამს, ეშინია, არ შემეტყოსო. ორი ლამაზმანი მთელ ფაკულტეტზე ეგრევე «დავფიქსირდით». როცა დერეფანში გამოვდიოდით, ასობით წყვილი თვალი ჩვენ მოგვჩერებოდა. რა თქმა უნდა, გვსიამოვნებდა სხვების ყურადღება, განსაკუთრებით ბიჭების, ამიტომ ამაყად თავაწეულები და ყელმოღერებულები დავდიოდით ხოლმე. მალე ისეთი პოპულარულები გავხდით, ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა, ყველას ჩვენთან უნდოდა მეგობრობა _ გოგოსაც და ბიჭსაც. ეს სასიამოვნო იყო. მე და ნიტას ერთმანეთთან არასდროს გვიჩხუბია, უბრალო შეკამათებაც კი არ მოგვსვლია. დღეს კი… რა ჩაიდინა? რა იყო ეს, რა ეტაკა? ნამდვილად გაგიჟდა, სხვას ვერაფერს დავარქმევ მის საქციელს. მოვიდეს ერთი, ნახავს, რას ვუზამ… ტანსაცმელი გამოვიცვალე, უგემურად ვისადილე და პრაქტიკულის წერას შევუდექი, მაგრამ აზრები სხვაგან გამირბოდა. როცა მეცადინეობას მოვრჩი, საწოლზე წამოვწექი და ტელევიზორი ჩავრთე. რა ცუდი გოგოა, დღეს კინოში უნდა წავსულიყავით, მან კი იმ ვიღაცებში გამცვალა. ადგილს ვერ ვპოულობდი. სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, შეკვეთა მივეცი მოსკოვში, დედას დაველაპარაკე. ორ დღეში ფულს გამოგიგზავნიო, შემპირდა. სულ არ აპირებს აქეთ ჩამოსვლას, მთლად აიღო ჩემზე ხელი. ამათ ხელის შეწყობა სჭირდებათ, შენ რა გიჭირს, ისწავლე და იყავი შენთვისო, გამეხუმრა. მესიამოვნა დედასთან საუბარი, რამდენი თვეა, არ მინახავს, სექტემბრის ბოლოს წავიდა და დარჩა და დარჩა იქ. სანამ გამოცდები მქონდა, გვერდიდან არ მომცილებია, ჩემზე მეტად ნერვიულობდა. სტუდენტი გავხდი თუ არა, მაშინვე მოადუნა ყურადღება. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, თორემ დედას ამქვეყნად ყველაზე ძალიან ვუყვარვარ და ყველაზე მეტად აქვს ჩემი იმედი. მთელი დღე სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ ნიტა და ის ბიჭები მიტრიალებდა გონებაში. ამასობაში დაღამდა. ნიტამ არ დარეკა, არც მოგვიანებით და არც მერე, საღამოს. მეც შეგნებულად არ ვურეკავდი, მაინტერესებდა, სანამ გასტანდა მისი დუმილი. იქნებ მეც უნდა წავსულიყავი? კარგი ვქენი, მეგობარი უცხო კაცებთან ერთად მარტო რომ გავუშვი? იქნებ რამე მოხდა? იქნებ რამე დაუშავეს? მანქანის ნომერიც რომ არ დამიმახსოვრებია? ამის გაფიქრებაზე კანი ამებურძგლა. ეს როგორ არ ვიფიქრე. მეც მოვიმიზეზე რა, ჩემი ძმის ზარი. როდის იყო, მერაბი თავს იწუხებდა ჩემთან დარეკვით. რაში დამჭირდა ტყუილის თქმა. არა, არა, ძალა უნდა დამეტანებინა ნიტასთვის, გადმოსულიყო მანქანიდან. რა სულელი ვარ! ახლავე დავურეკავ. შეშფოთებული მივვარდი ტელეფონს და ნომერი ავკრიფე. რამდენიმე ზუმერის მერე ნიტას ნამძინარევი ხმა გაისმა. _ გისმენთ. _ ცოცხალი ხარ? _ მკვდარი რატომ უნდა ვიყო? _ რატომ არ დამირეკე? _ როგორ არ დაგირეკე, მაგრამ სულ დაკავება იყო, მერე კი ჩამეძინა. ვის ელაპარაკებოდი? _ დედაჩემს. _ მართლა? როგორ არიან? როდის ჩამოდის? _ ჯერ არ აპირებს, რა ვიცი. რა ქენი, სად იყავით, მომიყევი ერთი, რას ნიშნავდა შენი დღევანდელი გამოსვლა? _ ვაიმე, სოფიო, არ იცი, რა ბიჭები არიან. შენ რაღა დაგემართა, რომ წამოსულიყავი, რა მოხდებოდა, ვითომ? მე ჭკუა გადამეკეტა სანდროზე, კინაღამ შევიშალე, რომ დაილაპარაკა. რა ხმა აქვს, რა თვალები, შეიძლება გარეკო. _ ღმერთო, რა სულელი ხარ, _ გამეცინა ნიტას ნათქვამზე, თუმცა, სადღაც, გულის სიღრმეში, რაღაც ჩამწყდა, რაღა სანდრო მოეწონა? _ მაგრამ მგონი შენ მოსწონხარ, სულ შენზე მეკითხებოდა, ყველაფერი აინტერესებდა. _ ნუ იგონებ, რა! _ ვთქვი, მაგრამ მაინც მესიამოვნა მისი ნათქვამი. _ დედას გეფიცები, ენა არ გაუჩერებია. ვინ არის, ვისი შვილია, რამდენი წლისაა, როგორი გოგოა… ტვინი წაიღო, მთელი ორი საათი შენი სახელი ეკერა პირზე. _ ის მეორე როგორი ტიპია? _ რატომღაც ჯიმიზე გადავიტანე აქცენტი. _ ისა? მეორე? ის ცოლიანია. კარგი ბიჭია, მაგრამ რად გინდა, საჩვენო არ არის, წვრილშვილის პატრონია. იცი, სანდრომ რა თქვა? დედაჩემი ლექტორიაო, მაგრამ ვერაფრით ვათქმევინე, რა საგანს ასწავლის. შეიძლება ჩვენც გვიკითხავს ლექციას. _ მოგატყუა ალბათ. _ არა, არა, რატომ უნდა მოვეტყუებინე, რაში სჭირდებოდა. ხვალ, ლექციების შემდეგ დაგვხვდებიან და რესტორანში წაგვიყვანენ. _ შენ ხომ არ გაგიჟდი, გოგო, რა გეტაკა! _ რა იყო, რა ვთქვი ამისთანა? _ მე არსად არ მოვდივარ, შენ რაც გინდა, ის ქენი. _ მაგარი ტიპია, აი, ახლოს გაიცნობ და თვითონ დარწმუნდები. _ ვერ გავიგე, ქალბატონო, შენ ჩემთვის ჩალიჩობ თუ შენთვის? ნიტამ გადაიკისკისა. _ თუ შენთან არაფერი გამოუვა, აქ არ ვარ? ხომ დამითმობ? _ შენი იყოს, ახლავე, აქედანვე, _ ღიმილი ვერ შევიკავე, თუმცა ვგრძნობდი, სანდრო ნამდვილად არ მემეტებოდა არავისთვის, ნიტასთვისაც კი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი, რაღაცამ მიმიზიდა მასში. _ ძალიან მაგარი ვიღაცაა, სულაც არ არის ქაჯი, საიდან მოიტანე? _ როდის გითხარი, ქაჯია-მეთქი? _ გამიკვირდა. _ შენ არ თქვი, ქაჯობები მითხრა, სიცილით მოვკვდიო? _ ჰო, ეგ დამავიწყდა, იზვინი. _ მგონი, შენც დაგევასა და იმიტომაც დაგავიწყდა. ჰა, გამოტყდი ახლა, ხომ დაგევასა? _ ნუ სულელობ, რა დამევასა, ერთხელ ვნახე ადამიანი. _ მერე რა, ერთი ნახვით შეყვარება არ გაგიგია, თუ რა? _ მოიცა ერთი, რა დროს ეგ არის. _ ეგ არის, ეგა, ჩემო ნაცრისფერთვალებავ, შენ თვითონ ვერ გრძნობ, როგორ გიახლოვდება სიყვარული. _ აბა, აბა. მერე რა უნდა ვქნათ მე და შენ? ერთი მამაკაცი როგორ უნდა გავიყოთ? არ გეშინია, რომ ვიჩხუბოთ? _ რას ამბობ, სოფიო, რა უნდა ვიჩხუბოთ. ეგ გამორიცხულია. ისე ვთქვი, კარგი ბიჭია-მეთქი, თორემ სხვა კი არაფერი. კაცს შენ მოსწონხარ და მე როგორ დაგაწერო? _ კარგი, კარგი, ნუ გაილექსე. პრაქტიკულზე რა ქენი, დაწერე? _ ვაიმე, როგორ დამავიწყდა. ისეთ ეიფორიაში ვიყავი, სულ ამომივარდა თავიდან. ახლა დავჯდები და დავწერ. _ მიდი, მიდი, მიხედე საქმეს და ხვალ არ დააგვიანო. შენა… ხვალ მაინც წავიდეთ კინოში, კარგი? თუ გინდა, დღევანდელი დღე გაპატიო, უარი არ მითხრა. _ ხვა-ალ? _ ნიტა შეყოყმანდა, _ კარგი წავიდეთ. იქნებ ისინიც წამოვიდნენ, რა იცი. _ «ისინი» არ გამაგონო! თუ წავალთ, მხოლოდ ჩვენ ორნი, გასაგებია? _ შორს დავიჭირე. _ კარგი, ოღონდ შენ არ გაბრაზდე და როგორც იტყვი, ისე გავაკეთოთ. აბა პაკა. _ ხვალამდე. ლექციაზე არ დააგვიანო. _ არ დავაგვიანებ, გპირდები… ყურმილი დავკიდე და მოსმენილით კმაყოფილმა გავიზმორე. ესე იგი, მოვწონვარ. ესე იგი, მაგარი ტიპია. ვნახოთ, ვნახოთ. თუ ჰგონია, რომ ჩემი მოთვინიერება ასე ადვილია, მაგასაც ნახავს. ჩემს სიყვარულს დამსახურება უნდა, ეგრე კი არ არის. ასე კი ვამბობდი, მაგრამ გულის სიღრმეში სხვა რამეს ვფიქრობდი… უკვე მაინტერესებდა უცნობი სანდრო, მამაკაცი, რომელმაც ჩემი გაცნობა ძალზე ბანალური ფრაზებით დაიწყო… * * * მთელი ღამე არ მიძინია. თვალწინ გამუდმებით სანდრო მიტრიალებდა. როდის-როდის წამართვა ძილმა თავი, თითქმის თენდებოდა. ნიტას ვაფრთხილებდი, ლექციაზე არ დაიგვიანო-მეთქი და ლამის მე დავაგვიანე. ჩვენს ლექტორს ერთი ნაბიჯით შევასწარი აუდიტორიაში. ნიტამ საყვედურებით ამავსო, მე კი არაფერი მესმოდა, გონებით სხვაგან დავქროდი. ერთი სული მქონდა, როდის დაირეკებოდა ზარი და როდის დამთავრდებოდა ლექციები. მის ნახვას ვეშურებოდი… გარეთ გადაუღებლად წვიმდა. მე და ნიტა უსიტყვოდ მივუყვებოდით გრძელ დერეფანს, თან აქეთ-იქით ვაცეცებდით თვალებს, მათ ვეძებდით, ახალგაცნობილ ბიჭებს. _ გამარჯობათ, გოგოებო, _ ჰოლში, განცხადებების დაფასთან, ჯიმი ატუზულიყო ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. ნიტას სახე გაუბრწყინდა, დიდი ოვაციებით შეხვდა ჯიმის, მე ზრდილობის გულისთვის გავუღიმე და მზერა მოვავლე ირგვლივ, სანდროს ვეძებდი, რომელიც არ ჩანდა. _ შენი მეგობარი სად არის? _ ნიტამაც მიმოიხედა. _ დღეს ვერ მოვიდა, საქმე ჰქონდა. სამაგიეროდ, მე აქ ვარ, მიმსახურეთ, როგორც გაგიხარდებათ! _ გულზე მუშტი დაიბრაგუნა ჯიმიმ და ისე შეხედა ნიტას, კინაღამ თვალებით შეჭამა. «ეს კაცი მგონი შეყვარებულია უკვე”, _ გავიფიქრე ჩემთვის. _ წავედით? _ იკითხა მამაკაცმა. _ რა ვიცი, წავედით, _ უხალისოდ ჩაილაპარაკა ნიტამ, როგორც ჩანდა, მასაც გაუფუჭდა ხასიათი. _ სად აპირებ წასვლას? _ შუბლი შევკარი და დაქალს უკმეხად გავხედე. _ სახლში, სხვაგან სად უნდა წავიდეთ, _ მხრები აიჩეჩა ნიტამ. _ რა სახლში, რა დროს სახლია, რესტორანში გეპატიჟებით ორივეს. რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ ჯიმიმ შემაწყვეტინა. _ ახლა არ დამიწყოთ ალია-ბალია. ხომ მოვილაპარაკეთ გუშინ, არა? არ უთხარი შენს მეგობარს, რასაც ვაპირებდით? _ ნიტას მიუბრუნდა. _ ჰო, მაგრამ გადავიფიქრეთ. ჩვენც საქმე გვაქვს, არ გვცალია, სხვა დროს იყოს, _ რატომღაც ნიტამაც უარი თქვა გართობაზე. ეს გამიკვირდა. ნუთუ ამასაც სანდრო მოსწონს? ჩემდა უნებურად რაღაც მეწყინა. არა, ნამდვილად არ მინდოდა, ასე ყოფილიყო. ჯიმი ბევრს გვეხვეწა, მაგრამ ვერ დაგვითანხმა. სხვა რა გზა ჰქონდა, სახლამდე მიგვიყვანა ორივე და დაგვემშვიდობა. ჩემთან ავედით. საუბარი ვერ აეწყო, არც ერთი ხმას არ ვიღებდით. _ წავალ მე, დავიძინებ, _ თქვა ბოლოს ნიტამ. _ როგორც გინდა, _ გამიხარდა, ეს რომ თქვა, ისე ძალიან მინდოდა მარტო დარჩენა. და წავიდა… და დავრჩი მარტო ჩემს ფიქრებთან… რატომ არ მოვიდა? რა მოხდა გუშინ? იქნებ სანდროსა და ნიტას შორის ხდება რამე და ამიტომაც არ ისურვა მან დღეს ჩემთან შეხვედრა? რა მემართება? რა მინდა? დიდი ამბავი, თუ ასეა. ეს ხომ სიყვარული არ არის. მხოლოდ ერთი დღეა, რაც ვიცნობ. ბოლოს და ბოლოს, გადამივლის. ღმერთმა ხელი მოუმართოს ორივეს, ჩემი რა მიდის, რას ვკარგავ? არა, რაღაცაშია საქმე, რაღაც მოხდა, ნამდვილად მოხდა. მაგრამ რა? ფიქრით თავს ვიმტვრევდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ის ღამეც თეთრად გავათენე… სანდრო არც შემდეგ დღეებში გამოჩენილა. კვირამ ისე ჩაიარა, მის შესახებ ვერაფერი გავიგე. არც ნიტა იღებდა ხმას, ამ თემაზე ლაპარაკი არ ჩამოუგდია ჩემთან. ჯიმი ყოველდღე გვხვდებოდა შემოსასვლელთან, მაგრამ ნიტა ჯიუტად უარს ეუბნებოდა შეხვედრაზე. ის კი არა, მანქანაშიც კი არ ჩაუჯდა მესამე დღეს. დარჩა ბიჭი გაწბილებული. პარასკევს ინსტიტუტში არ წავსულვარ. სიცხემ ამიწია და ლექციები გავაცდინე. ერთით მიხაროდა, რომ არ წავედი, მისი შეხვედრის მოლოდინი მაინც არ მექნებოდა. მოუთმენლად ველოდებოდი, როდის მომაკითხავდა ნიტა, იქნებ ახალი გამეგო რამე. ის იმაზე ადრე მოვიდა, ვიდრე ველოდი. _ იცი? ახალი ამბავი გავიგე. _ რა ამბავი? _ ნათელა ხომ იცი, პრაქტიკულს რომ გვიტარებს. _ ჰო, მერე? _ შენ რომ ეხვეწებოდი, შენი რძალი გავხდებიო. _ და მერე რა? თქვი, ნუ ამომხადე სული. _ სანდრო მისი შვილი ყოფილა. _ რას ამბობ! _ თვალები შუბლზე ამივიდა, _ რომელი? _ უფროსი, ყველაზე სერიოზულიაო, რომ ამბობდა. _ აჰა! გამახსენდა, როგორ ვეხუმრებოდი ქალბატონ ნათელას, ნამცხვრები გყვარებიათ და თუ რძლად წამიყვანთ, ამ სიამოვნებას არ მოგაკლებთ, ისეთი ნუგბარების გამოცხობა ვიცი-მეთქი. შემოგვჩივლა, სამი ბიჭი მყავს, სამივე უცოლო, არც ერთი ოჯახის შექმნაზე არ ფიქრობსო. უფროსი ძალიან სერიოზულია, ქალებისკენ საერთოდ არ იყურება, მისი მოსაწონი გოგო არ გამოჩნდა მთელ თბილისში. შუათანას საცოლე ჰყავს, მაგრამ არ ჩქარობს მოყვანას, ხოლო უმცროსი ჯერ ჩვიდმეტი წლისაა, რა დროს მაგის ცოლიაო. აბა, რას ვიფიქრებდი. ნეტავ იცოდეს, როგორ გავიცანი მისი ვაჟი და როგორ მომეწონა. საინტერესოა, რომ გაიგოს, როგორ შეხვდება ამ ამბავს. მოიცა, გავიხსენო, ზუსტად როგორ თქვა? მისი მოსაწონი გოგო არ გამოჩნდა თბილისშიო? აბა მე რატომ დამადგა თვალი? რა ნახა ჩემში განსაკუთრებული? და თუკი ნახა, მერე რატომ ჩაიქნია ხელი? მერე რატომ დაიკარგა? განიხიბლა? რის გამო? იქნებ ნიტას წამოცდა რამე ისეთი ჩემზე, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია? _ მთელი ნახევარი საათი მელაპარაკა შენზე. სუნთქვა შემეკრა ამის გაგონებაზე. _ ვინ გელაპარაკა, რა მითხარი? _ შემეშინდა, ამ ფიქრში მისი ნათქვამიდან რამე ხომ არ გამომრჩა-მეთქი. _ ვინ და ნათელა! სანდრომ და სოფიომ როგორ გაიცნეს ერთმანეთიო. _ იმან საიდან იცის, რომ გავიცანი? _ სანდროს უთქვამს. _ რა უთქვამს, არ გადამრიო! _ უფრო და უფრო მიპყრობდა გაოცება. _ შენზე გამოუკითხავს რაღაც-რაღაცები, ვინ არის, რა გვარია, ვისი სტუდენტია, რომელ ჯგუფში სწავლობს. მერე დედამისისთვის უკითხავს, როგორი გოგოაო. იმას უთქვამს, არაჩვეულებრივი სტუდენტია, უნიჭიერესი, გადასარევად სწავლობს, კარგი მომავალი აქვსო. _ მერე? _ მერე და მერე! ეგ საჩემო არ ყოფილაო და გატრიალებულა. _ ნიტა, თუ ქალი ხარ, წესიერად მომიყევი. რას ნიშნავს საჩემო არ ყოფილაო, გიჟია თუ რა? _ მე მაგას ბედნიერებას ვერ შევპირდები, კომფორტულად ვერ ვაცხოვრებ, ცუდი ადამიანი ვარ და ტყუილად ცხოვრებას გავუფუჭებო, უთქვამს. _ მატყუებ! _ აღვშფოთდი. _ დედის სულს გეფიცები, არ გატყუებ. _ რატომ არის ცუდი ადამიანი? _ როგორც გავიგე, ნარკომანი ყოფილა. აი ამიტომ. _ მართლა? _ სული შემიგუბდა, კინაღამ სასულეში გადამცდა ნერწყვი ნერვიულობისგან, _ ეგ ვიღამ გითხრა? _ მაცაცომ, მაგის კარის მეზობელია. _ ჩვენი კურსელი მაცაცო? _ ჰო. ნათელას რომ ველაპარაკებოდი, იქვე იდგა და გვისმენდა. მერე ჩემთან ერთად წამოვიდა და გზაში მომიყვა. ერთხელ თურმე ზედმეტი მოსვლია დოზა და კინაღამ მომკვდარა, ძლივს გადაურჩენიათ. _ ნიტა, მოდი, ამაზე მეტჯერ ნუღარ ვილაპარაკებთ, კარგი? _ ლამის ავტირდი, ნიკაპი ამიკანკალდა. _ როგორც გინდა, _ მხრები აიჩეჩა ნიტამ, გამებუტა და წავიდა. ის დღე იყო და ის დღე, სანდრო არ გამომლაპარაკებია. რამდენჯერმე შემხვდა დერეფანში, თბილად მომესალმა, ახლოს მოსვლა არც უფიქრია, თვალი ამარიდა და გვერდით ჩამიარა. ასე განმეორდა ბევრჯერ. ნიტასთან უფრო იპოვა საერთო ენა. მასთან დადგებოდა კიდეც, ემასლაათებოდა, იცინოდნენ, რაღაცებს ყვებოდნენ, მე კი ყოველთვის განზე ვრჩებოდი. ნიტას შეგნებულად არ ვეკითხებოდი არაფერს, ისიც ჯიუტად დუმდა, რადგან ერთხელ უკვე ავუკრძალე სანდროზე ლაპარაკი. არავინ იცის, სანამ გაგრძელდებოდა ასე, რომ არა ერთი ბედნიერი შემთხვევა. საახალწლო კარნავალი გვქონდა. მე, როგორც პროფესიონალ მოცეკვავეს, კონცერტში მონაწილეობა შემომთავაზეს, «სამბა» უნდა მეცეკვა ვინმე პატარა აკაკისთან ერთად. სიამოვნებით დავთანხმდი, ძალიან მინდოდა, რამით გამომეჩინა თავი, რომ სანდრო გამეგიჟებინა ჩემი ტალანტით. იცით, ყველაზე საოცარი რა იყო? პატარა აკაკი სანდროს უმცროსი ძმა აღმოჩნდა. არ არის ბედის ირონია? ვფიქრობ, რომ არის. რეპეტიციებს სააქტო დარბაზში გავდიოდით. კარგი ბიჭი იყო აკაკი, მალე დავმეგობრდით. მიყვებოდა, როგორ არ გაყვა დედ-მამის კვალს და როგორ თქვა უარი ექიმობაზე, თავისი გაიტანა და ეკონომიურზე ჩაირიცხა უნივერსიტეტში. მშობლები კი დატოვა იმედგაცრუებული, მაგრამ თვითონ კმაყოფილია თავისი არჩევანით. აბა, ყველა ექიმი ხომ არ იქნებაო, ქვა რომ ააგდო, ექიმს ან იურისტს დაეცემა თავშიო, მეხუმრება. მოვა დრო და შენ და შენნაირები ყველანი უმუშევრები დარჩებით, მე კი ორი სამსახური ერთად მექნებაო, ღადაობს. მერე მოხვალ ჩემთან და მე მთხოვ, მდივნად დამაწყებინე შენთან მუშაობაო. აი, ასეთი კარგი ბიჭია აკაკი. ცეკვაში მშვენიერი წყვილი გამოვდექით. დედის ხათრით ცეკვავს ჩვენს კარნავალზე, თორემ რა უნდა უნივერსიტეტის სტუდენტს სამედიცინო ინსტიტუტში, დედას ვერ უთხრა უარი, ამ თხოვნას მაინც შევუსრულებო, გულწრფელად იღიმის და ისე მესაუბრება აკაკი. 8 8 8 30 დეკემბერიც გათენდა. დღეს კარნავალი გვაქვს. დილაადრიან სალონში გავვარდი ვარცხნილობის გასაკეთებლად. საგანგებოდ შევიკერე ოქროსფერი საღამოს კაბა, რომ რაც შეიძლება ლამაზად გამოვიყურებოდე. მინდა ყველას ყურადღების ცენტრში ვიყო, ყველა მე მიყურებდეს. რა ვქნა, მიყვარს ასეთი რამეები. თან ნომინაციებიც არის, იქნებ რომელიმეს გამოვკრა ხელი. საღამომდე კიდევ ერთხელ გავიარეთ რეპეტიცია. აკაკი აღტაცებული მიყურებდა. _ ისეთი ლამაზი ხარ, თვალს ვერ გაშორებ. ცოტა დიდი რომ ვიყო, მოგიტაცებდი, ჩემს ძმასავით კი არ დავიხევდი უკან, _ მითხრა და ფართოდ გამიღიმა. სახე შემეცვალა სანდროს ხსენებაზე, მგონი, გავფითრდი. _ შენი ძმა რა შუაშია? _ ხმის კანკალით ვკითხე, ვითომ არაფერი ვიცოდი. _ უბრალოდ ისე ვთქვი, ის ერიდება გოგოებთან ურთიერთობას, ვერ პოულობს მათთან საერთო ენას, _ დაიბნა ბიჭი და ამით ეცადა თავისი ნათქვამის გამოსწორებას. _ შეყვარებული არ ჰყავს? _ დრო ვიხელთე, ჩემთვის საჭირო ინფორმაციის გასაგებად. _ არა და არც არასდროს ჰყოლია, უკარებაა ნამეტანი, _ ირონიულად გაიცინა. _ შენს ძმაზე ამბობენ… _ დავიწყე და მაშინვე გავჩერდი, დროზე დავაჭირე ენას კბილი. _ მართალია, რასაც ამბობენ… მამაჩემი ბევრს ეცადა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა, _ სახეზე ჩრდილმა გადაურბინა ბიჭს. _ რატომ? მილიონი საშუალება არსებობს, ბოლოს და ბოლოს, უმკურნალონ, ხომ შეიძლება? დედაშენს ეგ არ გაუჭირდება, არც მამაშენს, ქვეყნის ვიღაცას იცნობენ. _ საქმე მაგაში სულაც არ არის, სოფიო. თვითონ სანდროს არ უნდა. ასე ურჩევნია. მისთვის სხვა სიამოვნება არ არსებობს. წამო, წავედით, თორემ შეიძლება უჩვენოდ დაიწყოს კონცერტი, _ მითხრა ბოლოს, ხელი ჩამჭიდა და სასადილოსკენ წამიყვანა. რა ლამაზად მოურთავთ აქაურობა. ბრჭყვიალა «წვიმები”, გირლანდები, ნაძვის ტოტები, სათამაშოები, ბუშტები… მაგიდებიც ათასნაირი კერძით გაუწყვიათ. ყველა ფაკულტეტს თავისი მაგიდა ჰქონდა აღებული. ჩემი ჯგუფელები შორიდანვე დავლანდე. ხელი დამიქნიეს. აკაკის დროებით დავემშვიდობე და ჩვენი მაგიდისკენ წავედი. ნიტას წითელი კაბა ეცვა, ბრწყინავდა, ისეთი ლამაზი იყო. _ რა მაგარ ფორმაში ხარ, რომ იცოდე, _ გადამკოცნა ნიტამ. _ შენც, სხვათა შორის, _ არც მე დავრჩი კომპლიმენტის ვალში. _ ისიც აქ არის, იცი? _ საიდუმლოდ ჩამჩურჩულა ყურში. გავწითლდი, თითქოს ტყუილში გამომიჭირესო. _ ვინ ის, ჯიმი? _ ვითომ ვერ მივუხვდი. _ ჯიმიც და სანდროც, _ ორაზროვნად შემომხედა და თავი დამიქნია, თან თვალი მარცხენა კუთხისკენ გააპარა, იქით გაიხედეო. გავიხედე. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. გავუღიმე, მანაც გამიღიმა, ხელიც კი დამიქნია. ლამის მივესიყვარულე თვალებით, მან კი მოულონელად ზურგი შემაქცია და ვიღაცასთან საუბარი გააბა. კინაღამ მოვკვდი, ისე მეწყინა, რაღაც ჩამწყდა გულში, რომელიღაც სიმი, მთავარი სიმი, რომელიც მასთან მაკავშირებდა. მუხლებში სისუსტე ვიგრძენი, ლამის ჩავიკეცე. სკამს დავეყრდენი და ჩამოვჯექი, რომ არ წავქცეულიყავი. ვიგრძენი, როგორ გავფითრდი. _ რა მაგარ ფორმაშია, არა? _ თქვა ნიტამ და ჩემ გვერდით ჩამოჯდა. _ რა ვუყო მერე, იყოს რა, _ ვეცადე, გულგრილად მეთქვა, თითქოს სულაც არ მაინტერესებდა. _ არც არაფერი, ისე ვთქვი. საბოლოოდ გამიფუჭდა გუნება, ყველაფრის ხალისი დავკარგე. ხანდახან გავაპარებდი მზერას განაპირა მაგიდისკენ, სადაც სანდრო მეგულებოდა. ის კი საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას, თავის ჯგუფელებში ჩამჯდარიყო, რაღაცას ყვებოდა და გულიანად იცინოდა სხვებთან ერთად. ჯიმიც იქვე იყო, ჩემსავით ისიც უხასიათოდ გამოიყურებოდა. ალბათ ნიტას გამო, ვერა და ვერ მოიგო ნიტას გული, ერთხელაც ვერ დაითანხმა შეხვედრაზე. არადა, ბიჭი ყურებამდე იყო შეყვარებული. დღედაღამ ჩვენს ინსტიტუტში დახეტიალობდა, დაკვირვებული ადამიანი იფიქრებდა, აქაური სტუდენტიაო, ყოველდღე აკითხავდა ნიტას. ის კი შეუვალი იყო, ახლოს არ იკარებდა ჯიმის. საღამო ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ლექტორების თუ სტუდენტების მილოცვები და სიტყვით გამოსვლები ერთმანეთს ცვლიდა, მერე ნომრების გამოცხადება დაიწყეს. ზოგმა იმღერა, ზოგმა ლექსი წაიკითხა, ზოგმაც იცეკვა… ჩემი და აკაკის ჯერიც დადგა. ცეცხლოვანი «სამბას» მელოდიამ დარბაზიც აიყოლია. ყელმოღერებული გავედი სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე, აკაკი უკან მომყვებოდა. ძალიან ლამაზი წყვილი ვიყავით, ყველა ჩვენ შემოგვცქეროდა. დავიწყეთ… თავიდან ცოტა გაუბედავად ვცეკვავდი, მერე და მერე აზარტში შევედი, ყოველგვარი დაძაბულობა და კომპლექსი მომეხსნა, საერთოდ გადამავიწყდა სად ვიყავი, თამამად გავშალე ხელები და… ავიწყვიტე. ვცეკვავდი ისე, როგორც არასდროს, მთელი გრძნობით, მთელი გზნებით, სხეული მიხურდა. ჩემი ყოველი მოძრაობა სიყვარულის ახსნას ჰგავდა. ეს მისთვის იყო განკუთვნილი, ჩემი ყველა მოძრაობა მას ეძღვნებოდა, ყველა გამოხედვა, ყველა მიმიკა, ღიმილი თუ ღაწვზე ჩამოგორებული ცრემლი… ეს სიყვარულით ნაკარნახევი ცეკვა იყო, ვნებით აალებული გულის ფეთქვა… ჩემი ცეცხლისფერი კაბით შემოსილი სხეული ცეცხლის ალივით ირხეოდა გირლანდების შუქზე, იკლაკნებოდა, ეძებდა მას და ეძახდა მას, თავისთან უხმობდა… ამწუთას ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ მოესურვებინა, ოღონდ მოენდომებინა… ტაშის გრიალმა გამომაფხიზლა. დარბაზს გადავხედე, ყველა ფეხზე იდგა, ყველა «ბრავოს» ყვიროდა. აკაკი ჩამეხუტა და მაკოცა. _ ეს საღამო შენია, სოფიო, შენ ყველა დაიპყარი, გიხაროდეს, _ ჩამჩურჩულა ყურში და ხელზე ხელი მომიჭირა. გული საგულეში არ ეტეოდა, ეს ყველაზე ბედნიერი საღამო იყო ჩემს ცხოვრებაში, საღამო, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნოდა. იქით გავიხედე. ის არც ტაშს უკრავდა, არც არაფერს ყვიროდა, ფეხზეც კი არ ამდგარა. იჯდა თავისთვის, მიყურებდა და კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. თვალებში კი… თვალებში მხოლოდ ერთი რამ იკითხებოდა _ შენ მე მეკუთვნი… მეც ეს მინდოდა… ოვაციები კარგა ხანს არ დამცხრალა, ჩვენი ცეკვის გამეორებას ჯიუტად ითხოვდა ყველა. ცივ უარზე დავდექი, მეორედ ასე ვერ ვიცეკვებდი. ჩემს ადგილს დავუბრუნდი. ნიტამ ლოყაზე მაკოცა. _ კინაღამ ვიტირე, ისეთი კარგი იყავი, _ გულწრფელად მითხრა დაქალმა. გამიხარდა… კონცერტი რომ დამთავრდა, ნომინაციების გამოცხადება დაიწყეს. მგონი, ყველას ყველაფერი შეხვდა, ჩემ გარდა… ნიტამ ყველაზე მომხიბვლელი ქალის ტიტული მოიპოვა. რა თქმა უნდა, არ მწყენია, მაგრამ სადღაც, გულის კუნჭულში, თითქოს შურმა გამკრა. ნუთუ მე არაფერი მერგება? აბა რისთვის ვიცეკვე ასე? _ ახლა კი, ყველაზე მთავარი, _ გამოაცხადა წამყვანმა, _ ჩვენ ვირჩევთ კარნავალის დედოფალს. ყველა გაისუსა. დავიძაბე. რატომღაც, ჩემი თავი მოვიაზრე ამ აპლუაში. _ და ერთხმად, ხმათა ასი პროცენტით… მეჯლისის დედოფალი გახდააა… სო-ფი-ო-ო-ო! _ მთელი ხმით იყვირა კონფერანსიემ. სმენა დამეხშო, ყურები დამიგუბდა. კიდევ ერთხელ დაინგრა დარბაზი, ყველანი ახმაურდნენ. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა… სცენაზე გამიწვიეს, საჩუქრები გადმომცეს. თავი სიზმარში მეგონა, ან ზღაპარში… კონკიად წარმოვიდგინე ჩემი თავი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ღაპაღუპით ჩამომდიოდა ღაწვებზე. ოვაციები არ ცხრებოდა. _ როცა ტირი, უფრო ლამაზი ხარ, _ ჩამესმა ნაცნობი და მონატრებული ხმა ზედ ყურთან. შევკრთი, მოვიხედე და… სანდრო შემრჩა ხელთ. არ ვიცი, როგორ აღმოჩნდა სცენაზე, როგორ ვერ შევამჩნიე მისი მოახლოება. _ მივმართავ მამაკაცებს, ვისაც გერჩით გული, გამბედაობა და სიმამაცე, ეცეკვეთ საღამოს დედოფალს! _ ისევ საზეიმო ხმით გამოაცხადა წამყვანმა და მაგიდებს გადახედა. თუმცა… ყველაზე მამაცი, გამბედავი და ყველაზე სასურველი უკვე ჩემ გვერდით იდგა. სანდრომ ხელი გამომიწოდა და შტრაუსის ვალსიც ჩაირთო. მე უკვე ვეღარაფერს ვხედავდი, თითქოს დავბრმავდი, თითქოს დავყრუვდი, მხოლოდ სანდროს ხელს ვგრძნობდი, წელზე რომ მქონდა შემოხვეული და მის მხურვალე მკერდს, მძლავრად რომ მიკრავდა გულში… ისე ვყავდი ჩაბღუჯული, თითქოს სადმე გაქცევას ვაპირებდი. საოცრად მსუბუქად ცეკვავდა, ლაღად, ერთხელ არ შეშლია ფეხი, როგორც ჩანს, ძმასავით ცეკვის კარგი სკოლა ჰქონდა გავლილი… _ რომ შემეძლოს, მთელი ცხოვრება ასე ფრენა-ფრენით ვივლიდი შენთან ერთად, _ ჩამჩურჩულებდა ყურში ვნებიანი ხმით, _ მთელი ცხოვრება ასე ჩახუტებულს გატარებდი, სანატრელო! არ იცით, რა სიამოვნება იყო ამ სიტყვების მოსმენა. ქვეყანა ჩემი მეგონა, ნეტარების მორევში ვიყავი შთანთქმული. ალბათ ღრუბლებში ფრენის სიამოვნებაღა თუ შეედრებოდა ამ წუთებს. _ მიყვარხარ, სანდრო, _ აღმომხდა ჩემდა უნებურად, _ უსაშველოდ მიყვარხარ! და… მოულოდნელად გაჩერდა, ხელი შემიშვა, დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში. დანისლული მზერა ჰქონდა, ნაღვლიანი, თითქოს ჩამქრალიყო ის ნაპერწკალი, წეღან ასე რომ უბრწყინავდა თვალებში. მერე თითქოს გონს მოეგოო, ისევ მომხვია მკლავი და დამატრიალა… ლოყა ლოყაზე მივადე ბედნიერებისგან გათანგულმა, თან მისი საქციელით ოდნავ შეცბუნებულმა. _ სოფიო, _ ჩამესმა ყურში მისი ხმა. _ გისმენ, სანდრო, _ მუსიკის ფონზე ჩემი ხმა ჩაიკარგა, ალბათ ვეღარც გაიგო, რადგან გაიმეორა. _ სოფიო… თავი ავწიე და შევხედე. _ ბატონო… _ ეგ სისულელე მეორედ აღარ გაიმეორო, იცოდე, _ ისევ დანაღვლიანებოდა სახე, ისევ ისეთი ჩამქრალი მზერა ჰქონდა. _ რატომ? _ თორემ ძალიან მეწყინება, _ გააგრძელა მან, ჩემი კითხვა უპასუხოდ დატოვა. _ რატომ-მეთქი, გეკითხები, არ გინდა ამიხსნა? _ ასეა საჭირო და იმიტომ. _ ეგ პასუხი არ არის, ამ პასუხს არ მივიღებ. კონკრეტული ახსნა მჭირდება, _ კატეგორიული ვიყავი. _ მე სხვა მიყვარს და იმიტომ, კონკრეტული ახსნა ეს არის. გასაგებია? _ თქვა და ისევ გაჩერდა, ისევ შემიშვა ხელი. არ მახსოვს, როგორ მოეშვა სხეული, როგორ მოვდუნდი და ჩავიკეცე… ისღა მახსოვს, ვიღაც სახეში რომ მილაწუნებდა, ვიღაც წყალს მასხამდა… მივხვდი, რომ გონება დავკარგე და მასულიერებდნენ. ასე დამთავრდა ჩემი ერთი ყველაზე ბედნიერი საღამო. კიდევ ერთი ღამე გავათენე თეთრად, ამჯერად _ ტირილში… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.