მათხოვარი (16 თავი)
მეთექვსმეტე თავი კარებში გვერდზე ვიწევი და ბიჭებს შემოსვლის საშუალებას ვაძლევ. ხმას არც ერთი არ იღებს, უსიტყვოდ მომყვებიან საძინებელში. სანდროს ასეთ მდგომარეობაში ნახვას აშკარად არ ელოდნენ: - რა გჭირს, შე ჩემა?! - ირაკლი შეშფოთებული დაჰყურებს სანახევროდ შეხვეულ ჭრილობას. - არაფერი, უბრალო ნაკაწრია! - ნაკაწრი?! - შოთის აცახცახებული ყბით ძნელი მისახვედრი არაა, რომ სანდროს იარას ნაკაწრად სულაც არ თვლის. - ხელების დაბანას სად შევძლებ? - ყოველგვარი ფამილარობის გარეშე, მკაცრი ხმით მეკითხება სააბაზანოში მივყვები - დამჭირდება: ადუღებული წყალი, წყლისთვის ჭურჭელი, სუფთა თეთრეული! სახვევი თქვენ დაადეთ? - თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ - რამე სამედიცინო საშუალება ხომ არ გამოიყენეთ?! - ასეთ საკითხებში ვერ ვერკვევი, მხოლოდ წყლით მოვბანე! - როგორც ვხედავ, სისხლის არ გეშინია, კარგი იქნება თუ ტანისამოსს გამოიცვლი! - ახლაღა ვამჩნევ, რომ ისევ მტვრიანი მაისურით ვარ - ირაკლის ვერ ვენდობი, პატარა ბავშვივით პანიკაში ვარდება, შეიძლება თქვენი დახმარება დამჭირდეს!... მისი მკაცრი ტონი ორმაგად მაშინებს და მაბნევს, გახევებული ვუსმენ. - ოპერაციის გაკეთებას გეგმავთ?! აქ, ჩემს ოთახში? რამე რომ გართულდეს? - პანიკა შერეული ხმით ვეკითხები. - დრო ცოტა გაქვთ, რაც შეიძლება სწრაფად გამოიცვალეთ, ხელები კარგად დაიბანეთ და გელოდებით!... - იქნებ საავადმყოფოში გადაგვეყვანა?! - მუდარით ვუმზერ. - დასაკარგი დრო არ გვაქვს! - უხეშად მიჭრის და აფორიაქებულს მტოვებს. შეძლებისდაგვარად მოწესრიგებული მათთან გავდივარ. შოთის სანდროს ჭრილობის დათვალიერება უკვე მოუსწრია, დაძაბულობა შედარებით მოხსნია. - მაშ ასე, ჩემი ასისტენტიც მოსულა... - რეზინის ხელთათმანებს მაწოდებს - იმედია ალერგიული არ ხარ, ნარკოზს ვერ დაგპირდები, მაგრამ ადგილობრივ ანესთეზიას გაგიკეთებთ, ტკივილი არ შეგაწუხებს და ჩვენთან ყოფნითაც დატკბები! - თვალს უკრავს სანდროს. ირაკლი სწრაფად ტრიალებს, რაღაცას ეძებს, სააბაზანოდან იატაკის საწმენდ ჯოხს მოათრევს: - გამოდგება?! ძმისგან თანხმობის მიღების შემდეგ, ჯოხს ლოგინის თავთან დგამს. - იატაკის საწმენდი?! - გაოცებული ვუმზერ შოთის. - ამ შემთხვევაში გადასხმის სისტემის სამაგრი, ჩვენი მინი-ოპერაციის შემდეგ, პაციენტს დასჭირდება... - მოხერხებულად ამაგრებს გადასხმის სისტემას ხელნაკეთ სადგამზე. - სულ რაღაც თხუთმეტი წუთი და ისევ ჩიტივით იქნები!... - რატომღაც მგონია, რომ ამ სიტყვებს ჩემს დასამშვიდებლად ამბობს შოთი. გამაყუჩებელი ნელ-ნელა მოქმედებს, სანდროს ტკივილისგან შეჭმუხნილი სახე უსწორდება, მეგობრებთან ერთად ისე ხუმრობს თითქოს საველე პირობებში ოპერაციას მას კი არა, ვიღაც უცნობს უკეთებენ. საბედნიეროდ მისი პროგნოზი ამართლებს, ჭრილობა სერიოზული ნამდვილად არ გამოდგა, თუმცა ოთხი ნაკერის დადება მაინც ჭირდება. არ ვიცი რამდენად მოხერხებული დამხმარე ვარ, თუმცა ვცდილობ. გაფითრებული, აცახცახებული ხელებით ვაწვდი შოთის საჭირო ნივთებს, სახვევს, სკალპელს, ძაფს. - ვერაფერი გავიგე, შე ჩემა.. სახლში არ მიდიოდი, აქ როგორ აღმოჩნდი?! - ისე ეკითხება ირაკლი, თითქოს იქ არ ვარ. სხვა დროს ალბათ გავწითლდებოდი, მაგრამ ამჯერად მის რეპლიკაზე ფიქრის თავი არ მაქვს, დაძაბული მივჩერებივარ შოთის რომელიც ჭრილობას შესაშური სიდინჯით ამუშავებს და ნაკერებს ადებს. - რა გინდათ, სახლში არ მოვედი?!... როგორც იქნა უკანასკნელ ნაკერსაც ასრულებს და მეც შვებით ვსუნთქავ, ჰაერის მასისგან ფილტვები ისე მტკივა, თითქოს ამდენ ხანს არც ვსუნთქავდი. - გასაგებია, თქვენი პოზიცია, ბატონო სანდრო... - ჭუჭყიან ხელთათმანებს დასვრილ თეთრეულთან დებს და ბიჭების საუბარში ერთვება შოთიც - როგორც ვხედავ, აქედან საკუთარ ბინაში გადაბარგებას არ გეგმავთ?!... - არც კი მიფიქრია!... - მისთვის ჩვეული გვერდული ღიმილით მიმზერს სანდრო. - ამ შემთხვევაში პატარა ქალბატონს მცირედი ინსტრუქტაჟის ჩატარება არ აწყენს. მოკლედ, სახვევს დღეში მინიმუმ ორჯერ მაინც მოჰხსნი, ბედატინით დაამუშავებ და... მის ყოველს სიტყვას ყურადღებით ვისმენ, პერიოდულად თანხმობის ნიშნად თავსაც ვუქნევ. იქვე მიყრილ ჭუჭყიან თეთრეულს ვიღებ, მასვე მიჰყვება სანდროს მაისურიც, მასზე შერჩენილ სისხლის ლაქას დავყურებ და ვგრძნობ, ჰაერი აღარ მყოფნის, გამშრალი ცრემლებისგან თვალები მეწვის, შოთის სიტყვებიც ნელ-ნელა ბუნდოვანი ხდება, სანდროს ისედაც გაფითრებული სახე ორმაგად ეძაბება. ალბათ, ხვდებიან კარგად რომ არ ვარ, ირაკლი მყისვე იქ მდგომი სკამს მიწევს და მეც მოწყვეტით ვჯდები. არა, გონებას ნამდვილად არ ვკარგავ, დაჭიმული სხეული ეშვება, თითქოს ეხლაღა ვიაზრებ რას გადავურჩით. თავი ხელებში მაქვს ჩარგული და ვტირი. ცივ წყალს მაწოდებენ, თუმცა დალევას ვერ ვახერხებ, ხელები მიკანკალებს, მთელი სხეულით ვცახცახებ. - ხომ გეუბნებოდი, ვერ გაგიძლებს მეთქი? შენს ძმობას ვფიცავარ, გოგო იმენნა ერთ დღეში გააგიჟე! - იმდენად გულწრფელად ჟღერს ირაკლის სიტყვები, რომ სიმწრის სიცილს ვეღარ ვიკავებ. - შოკშია! ისე გამოკვლევები არც შენთვის იქნებოდა ცუდი.. - რას ამბობ?! გამოკვლევები მე კი არა, თქვენს მეგობარს უნდა ურჩიოთ! რომ ვერ მივხედო, ინფექცია რომ შეეჭრას? - სასოწარკვეთილი მივჩერებივარ ბიჭებს. - სანდროს კარად არ იცნობ! - ოდნავ შესამჩნევად ეღიმება იკას - მოკვდება, მაგრამ ამ ამბავს მის მშობლებს არ გააგებინებს... - კი, მაგრამ... - მისი პოლიციაში მუშაობის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან, ვაჟას სხვა გეგმები ჰქონდა, ერთად-ერთი ვაჟი, მის ბიზნესს უნდა ჩასდგომოდა თავში, მან კი ქუჩა-ქუჩა ხეტიალი და ყაჩაღების დევნა გადაწყვიტა. კარგა ხანს არ ელაპარაკებოდნენ, დღემდე ვერ მოინელეს ეს ამბავი... - სამაგიეროდ საკუთარი მეგობარი გაგიშვი ვაჟასთან, რა ბიჭი ჩაგიგდო?! - თვალს უკრავს იკას სანდრო. - მე რომ ვერ შეგცვლი, შენც კარგად იცი.. ახალკაცების იმპერიას მისი მმართველი სჭირდება! - შენც სისხლი გადაგისხა, გადაგიყვანა მის ჭკუაზე?! - უკმაყოფილოდ უბღვერს სანდრო. - როდემდე აპირებ ასე ქუჩა-ქუჩა ხეტიალს? - პოზიციებს არ სთმობს იკა. - ეს ჩემი საქმეა, ხეტიალი კი არა... - ერთხელაც იქნება მაგ შენი საქმის გამო... - სიტყვას არ ასრულებს შოთი. - ადრე თუ გვიან ყველა კვდება... - სულ რამოდენიმე წამით სანდროს თვალებში ვუყურებ, მზერა ცივი აქვს, კატეგორიული, ვიტყოდი მომთხოვნიც კი. - ადრე თუ გვიან?! - შიში მეპარება ხმაში - ხვდები, რომ ეგ დღე შეიძლება დღესაც დამდგარიყო? მაშინ? - გვანცა, შენ მაინც არ გინდა!... - მუდარით მიმზერს ის. - რა არ მინდა? ეგოისტი ხარ სანდრო. საკუთარი თავის გარდა არავინ გადარდებს, არც დედა, არც მამა.. - მისთვის ძვირფასი ადამიანების სიაში საკუთარი თავის შეყვანას ვერ ვბედავ. - და არც შენ?! წინადადებას რატომ არ ასრულებ? - ალბათ, არც მე... - მისი ჩვეული ირონია ბოლოს მიღებს, ცრემლებს ხელის გულით ვიწმენდ. - უბრალოდ, არ იცი!... - ისეთი ტკივილით მეუბნება, რომ ვმუნჯდები. - არ ხარ მართალი და შენც კარგად იცი!... - ჩემგან განსხვავებით ისევ საკუთარ პოზიციას ინარჩუნებს შოთი. - გაჩერდი, ჩემი პოლიციაში წასვლის მიზეზი შენ მაინც ხომ იცი? - სანდრო ჩუმდება, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სასურველზე მეტი თქვა, რომ მათთვის ყველაზე სათუთსა და მტკივნეულს შეეხო. - ვიცით სან, მაგრამ ათ წელზე მეტი გავიდა... - ხმა ებზარება ვაჟს - თან ის , ხომ უკვე ციხეშია? - დარწმუნებული ხარ?! - ირონიულად უმზერს სანდრო - ან რატომ ფიქრობ, რომ ერთი მოქმედებდა? დღეს ის , როგორც შენ უწოდე ციხის კედლებში კი არა, აქ იდგა, ეზოში. თვალებში მიყურებდა, გვანცას უყურებდა... რამოდენიმე დღე ჩასაფრებული მელოდა. შეეძლო მოვეკალი, განა არ შეეძლო?! მაგრამ არაკაცია, გამბედავობა არ ეყო, ზურგიდან დარტყმასაა მიჩვეული და დღესაც ასე მოიქცა. - შეუძლებელია! - ვხედავ როგორ ცახცახებს ნერვებისგან იკა. სანდროს თვალებში ჩაბუდებულს ტკივილს სიძულვილი სცვლის. - ჩვენ მაშინ შევცდით, როცა პოლიციას მივანდეთ მისი ბედი, როცა ბორკილებ დადებული პატიოსნად გადავეცით სასამართლოს. მაგისთვის ციხე ხსნაა, ცოცხლად დარჩენის შესაძლებლობა. უნდა ჩამეძაღლებინა, ისე წამებით, ისე ნელ-ნელა უნდა მომეკლა როგორც თვითონ გაიმეტა კახა, მისივე შემოთრეულ წამალში უნდა ჩამეხრჩო, ჩამელპო... იქნებ გამძღარიყო?! იქნებ... - იმდენად მოულოდნელია შოთისგან ასეთი სიტყვები, რომ გაოგნებული მივჩერებივარ. - აქ ამიტომაც დაგიბარეთ, იკა, გესმის ჩემი?! - საეჭვოდ გაჩუმებულ მეგობარს ეკითხება სანდრო - ჩვენი სიკვდილით კახას ვერ დავეხმარებით. ის მარტო არ იყო, არც არასოდეს ყოფილა ერთი, კარგა ხანია ამ საქმეზე ვმუშაობ, იმაზე მეტი სამხილი მაქვს შეგროვებული, ვიდრე წარმოიდგენთ, სიფრთხილე გვმართებს... ყველაფერი ჭკვიანურად უნდა გავთვალოთ, ბიჭებს დავუკავშირდები, ხელიდან თუ დაგვისხლტა, ვეღარც დავიჭერთ... ეტყობა რაღაც „ისქესა“, თავდასხმაზეც ამიტომ გადმოვიდა, კარგად იცის დაჭრილი რომ ვარ, ამჯერად იერიშს თქვენზე მოიტანს... - დედას მოვ... - მუქარით ურტყამს კედელს მუშტს ირაკლი - კაცი არ ვიყო, თუ შევარჩინო! თავი რომელიღაც თრილერის გმირი მგონია, მათ საუბარს ვისმენ და მათი რისხვის, დაუოკებელი ზიზღის მეშინია. მივჩერებივარ სანდროს და თვალსადახელს შუა სრულიად სხვა ადამიანს ვხედავ, ტკივილისგან გაბოროტებულს, შურისმაძიებელს. ბიჭები კიდევ დიდხანს საუბრობენ, გარკვეულ გეგმებს სახავენ, საკონტაქტო ნომრებს ადგენენ, რეკავენ და ურეკავენ, მათი ტელეფონები არ ჩერდება, ჩემი პატარა ნომერი აშკარად ოფისად აქციეს. რამოდენიმე უცნობიც მოდის, როგორც ვხვდები სანდროს კოლეგები, ქაღალდების მოზრდილი პაპკები შემოაქვთ. ვერც კი იფიქრებ, თუ იქვე ახლად ნაოპერაციები ადამიანია, სანდროც კი ფეხზე დგას, საქაღალდეებს უკირკიტებს. ერთ დროს სადილისთვის განკუთვნილ ბარის მაგიდაზე თავისუფალ ადგილს ვერ იპოვი, ყველგან ქაღალდებია, ამონარიდები საქმის მასალებიდან. თავდამსხმელის სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა პირებთან გადაღებული ფოტოები. აშკარად უთვალთვალებდნენ. - რატომ არ იჭირენ? თუ იციან სად არის, რატომ არ იყვანენ?! - მინდა ვიკითხო, მაგრამ ვერ ვბედავ. უბრალოდ ვისმენ, მათ მიერ წამოსროლილი ფრაგმენტებიდან ვცდილობ პასუხის გაგებას, თუმცა ვერაფერს ვიგებ, ჩემთვის გაუგებარ ენაზე მუხლებითა და კოდექსებით საუბრობენ, თავი უცხოპლანეტელი მგონია, ერთი სიტყვას კი არ მესმის. უაზროდ ვატრიალებ ხელში ოთახში გაფანტულ ფოტოებს და ვცდილობ ერთ ადგილზე მოვუყარო თავი, ინტერესით ვაკვირდები მათზე გამოსახულ სახეებს. რამოდენიმე ფოტოზე აშკარად მეტროსადგურშია გადაღებული. დღევანდელი თავდამსხმელი ერთ-ერთ მეთაურთან, ჩემს მიერ შერქმეულ ატამანთან ერთად დგას, ფუთას აწვდის და ისიც მალულად ცდილობს ჯიბეში შეკვრის ჩადებას. სადღაც კუთხეში კადრში მეც კი ვარ მოხვედრილი. მეტროში პოლიციელის ნათქვამი სიტყვები მახსენდება: - სანდრო აქ დროებით იყო, ისევ სამმართველოში დაბრუნდა! დასკვნების გამოტანისგან თავს ვიკავებ, ისევ ფოტოებს ვათვალიერებ და მოულოდნელობისგან ვშეშდები. - აი, თურმე საიდან მეცნობოდა! რამოდენიმე ფოტოზე თავდამსხმელი ვახოსთან ერთადაა გადაღებული. სურათები აშკარად ახალი გადაღებულია. - რა უნდოდა ამ კაცს ვახოსთან? რა საერთო უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან?! - ათასი უპასუხო კითხვა მიტრიალებს თავში. გული მეწურება, დამფრთხალი ვუმზერ სანდროს, ის კი თითქოს ჯიბრით არაფერს მეუბნება, უბრალოდ თვალს მარიდებს. ბიჭები უკვე მოძიებულ ინფორმაციებს ცვლიან, მორიგ დირექტივებს იღებენ და სწრაფადვე გვტოვებენ, მათვე მიჰყვებიან შოთი და ირაკლიც, წასვლისას ბევრად უფრო ხალისიანები და ოპტიმისტურად განწყობილნი ისე მემშვიდობებიან, თითქოს წლებია ვიცნობ: - გაუმართლა სანდროს, შენ რომ შეგხვდა! - ალბათ, შოთისგან ყველაზე დიდ კომპლიმენტს ვიღებ. -არ შეგეშინდეს, ყველაფერი მოგვარდება!... - მინდა მათი განწყობა მეც გავიზიარო, რაღაც კარგის იმედი მქონდეს, მაგრამ არ გამომდის, არ შემიძლია. ალბათ, შვებას უნდა ვგრძნობდე, უნდა მიხაროდეს ამ ძიებაში სანდრო მარტო რომ არაა, მაგრამ რატომღაც არ შემიძლია, სკამზე ვზივარ და ნერვიული ცახცახი მიტანს. - გვანცა! - მხარზე ფრთხილად მეხება სანდრო - მაპატიე, დღევანდელი დღე მაპატიე! თავს ვეღარ ვიკავებ და ვეხვევი, მისი თლილი თითებით თმაზე მეფერება, აი, რა მაკლდა მთელი დღე, თურმე რა მაკლდა! - მითხარი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ იმ ნაძირალებს დაიჭერ! მითხარი, რომ... - ცრემლები სიტყვას მაწყვეტინებს და ვტირი. - არ გინდა, გთხოვ!... შენი თვალით ნახავ, დავიჭერთ და ბედნიერებიც ვიქნებით! -მპირდები?! - ცრემლებით სავსე თვალებით ვუმზერ მას. თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს: - არ იცი, როგორ მიყვარხარ! კოცნით მიშრობს ცრემლიან თვალებს, მიკოცნის სახეს და ტკივილიც ამდება, მის ვნებიან ტუჩებს საკუთარ ბაგეებს ვახვედრებ და ასეთი ნანატრი სიმშვიდეც მოდის. იმ დღეს, წესით მეორე ცვლაში უნდა მემუშავა, ზურას მოვატყუე, თითქოს გამოცდისთვის ვემზადებოდი და აღარ წავედი. რა თქმა უნდა მაინტერესებდა, რა აკავშირებდათ ბიჭებს და თავდამსხმელს, ვინ იყო კახა, რა როლი ჰქონდა ამ საქმეში ჩემს ყოფილ ქმარს, მაგრამ კითხვების დასმას ვერ გავბედე, პანიკურად შემეშინდა სიმართლის. უბრალოდ, ვიჯექი და მძინარე სანდროს მივჩერებოდი, ალბათ, მთლად ნორმალური არ ვიყავი, მაგრამ იმ წუთში ჩემთვის ესეც საკმარისი იყო. მე მეტი არაფერი მინდოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.