შენს მეზობლად (ნაწილი 26)
ლიზი ხედავდა, როგორ შემოანგრიეს კარები ნიღბიანებმა, როგორ ჩხრეკდნენ ოთახებს, როგორ იძლეოდა ბრძანებას ერთ-ერთი მათაგნი, რომ ყველა გასასვლელი გადაეკეტათ და ლუკა ეპოვნათ; უყურებდა ბიჭს, რომელიც კიბის უკან იმალებოდა და ყოველ ჯერზე, როცა ვინმე მასთან ახლოს ჩაივლიდა, სუნთქვა ეკროდა. - სად არის? იპოვნეთ? - იკითხა კაცმა, რომელიც ბრძანებებს იძლეოდა. - სახლში არავინაა. - აქ არიან. მოძებნეთ! - გასცა ბრძანება ჯგუფის უფროსმა. - ყველგან კამერებია, - თქვა ერთ-ერთმა. - შეიძლება გვხედავს კიდეც. - მართვის ცენტრი იპოვნეთ, კამერები გათიშეთ და ეგ ტიპი აქ მომიყვანეთ! გაითვალისწინეთ, ცოცხალი გვჭირდება! თავდამსხმელები ოთახებში გაიფანტნენ: ერთი ჯგუფის უფროსთან ერთად მეორე სართულის გასაჩხრეკად ავიდა, დანარჩენი ორი კი ქვედა სართულზე განაწილდნენ და სახლის საფუძვლიან დათვალიერებას შეუდგნენ. ერთ-ერთი ლუკას სამალავს მიუახლოვდა, გოგონას დაძაბულობისგან გული შეეკუმშა. ლუკამ იგრძნო, რომ ვიღაც უახლოვდებოდა, თვალები დახუჭა და ნაბიჯების ხმას ყური დაუგდო, როცა საკმარისად მიუახლოვდა, სწრაფად სტაცა ხელი პირზე და კიბის ქვეშ შეათრია. ჯგუფის წევრის დაკარგვა მალევე შენიშნეს. - მესამე დავკარგეთ. - შეატყობინა უფროსს მისმა მეწყვილემ. - დაბლა ჩამოდით, სადღაც აქ არის. - რა მოხდა? - სწრაფად ჩამოვიდნენ კიბეებზე. - რას ნიშნავს დაკარგე? - გავიშალეთ, რომ ყველგან მოგვეძებნა და აღარ მპასუხობს, არც არსად ჩანს. - საით წავიდა? - ის ორი ოთახი უნდა შეემოწმებინა. - რას ელოდებით? წადით და მოძებნეთ! - გასცა ბრძანება უფროსმა. გოგონა ჯერ კიდევ მათ მოძრაობას აკვირდებოდა, როცა გასროლის ხმა გაიგონა. ლუკას იარაღი ეჭირა და ერთ-ერთს დამიზნებით ესროდა, კაცი წაიქცა და ყვირილი მორთო: - ფეხში მომარტყა იმ ძაღლიშვილმა. - დანარჩენები დაიფანტნენ და კედლებს ამოეფარნენ. მეორე ტყვია წაქცეულს ხელში მოხვდა. - როგორც გავიგე, ცოცხალი გჭირდებით. - გამოსძახა ლუკამ დანარჩენებს. - მოდით და დამიჭირეთ. ლუკამ კიდევ რამდენჯერმე გაისროლა, მაგრამ ვერავის მოარტყა; მალე ტყვიებიც გამოელია და ხელჩართული ბრძოლა დაიწყო, სამნი ერთის წინააღმდეგ. ლუკა უკანმოუხედავად ჩხუბობდა, არანაირი შიში, არანაირი თავშეკავება, მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტიქტი და ლიზის დაცვის სურვილი ამოძრავებდა და ისეთ მოტივაციას აძლევდა, რომ გამოცდილ მეომრებს თითქმის თანაბარ წინააღმდეგობას უწევდა. თითქმის გაიმარჯვა კიდეც: ორი მათგანი გათიშული ეგდო იატაკზე, მესამეს კი თავზე ედგა და მასაც მალევე მიხედავდა, როცა თავზე იარაღი მიაბჯინეს. - ხელები! - მოესმა მბრძანებლური ხმა ზურგს უკან. ბიჭი ზანტად წამოიმართა და ხელები ასწია. - პირველი, კარგად ხარ? - ჰო, მაგას მიხედე. - როგორ დამავიწყდა, რომ ყოველთვის ხუთნი ხართ. - დანანებით თქვა ლუკამ და მის ზურგს უკან მდგარ კაცს გახედა. - დაჯექი. - სკამი მოაჩოჩეს. ბიჭი დაჯდა, ხელები ზურგს უკან შეუკრეს და იატაკიდან ახლახანს წამომდგარი მეთაური, წინ დაუჯდა. - შენი გოგო სად არის? - არ არის! - იმედია ხვდები, რომ შარში ხარ. - მართლა, მეგონა ვერთობოდით. - დაბნეული გამომეტყველება მიიღო ლუკამ. - რა გინდა? - შენ. - ბოდიში, მე გოგოებს ვანიჭებ უპირატესობას. - ხმა ჩაიგდე, თორემ მოგხვდება. - ლუკა გაჩუმდა. - ლაზღანდარობის ხასიათზეა ბიჭი. - რა ხდება? - გონს მოსვლა დაიწყეს დანარჩენებმა. - რა ხდება? რა ხდება? ის ხდება, რომ ისეთი უსარგებლოები ხართ, ამ ლაწირაკმა გაჯობათ. - გაბრაზდა უფროსი, მერე ლუკას მიუბრუნდა. - კოდი მჭირდება. - შენი დაწერილი კოდი. - წაეხმარა მეორე. - შენ მოკეტე, - უყვირა უფროსმა და ისევ ლუკას მიუბრუნდა. - შენ კი ილაპარაკე, თორემ უკვე მოთმინებას ვკარგავ! - იცი? ცოტა დავიბენი. - გაიცინა ბიჭმა. - ორი წამის წინ მომთხოვე მომეკეტა, ახლა კი ლაპარაკს მაძალებ... იქნებ ჩამოყალიბდე?! - კოდი მჭირდება. - გაბრაზდა კაცი. - ჩემგან ვერაფერს მიიღებ. - მაშინ მოკვდები! - თუ დღეს უნდა მოვკვდე, ისე მოვკვდები, რომ არაფერს ვინანებ. მაგრამ იცი რა? შენ ამას ვერ მიხვდები. - მე ისიც მყოფნის, რომ ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ. გმირივით ნუ იქცევი ბიჭო, ბოლოს მაინც მეტყვი, რაც მაინტერესებს, მარტო ის რჩება გასარკვევი სწრაფად მოვრჩებით თუ დრო დაგვჭირდება. - აშკარად დრო დაგვჭირდება. - მაშინ ნება მიბოძე აგიხსნა, რა მოხდება ახლა: მე შენ გაწამებ, გათქმევინებ რაც მინტერესებს და აქვე გაგიხვრეტ შუბლს. ასე დასრულდება შენი ისტორია, არავინ გაგიხსენებს, რადგან არავის ეცოდინება რისთვის მოკვდი მათ გარდა, ვისაც ასე იცავ და ისინიც კი დაგიკიდებენ. - შეიძლება, მაგრამ რამდენიმე შეცდომა მაინც დაუშვი: პირველი ის, რომ დაფასებას არავისგან ველი, მეორე - მთავრობას კი არა, ხალხს ვიცავ და მესამე - მოვლენებს ნუ გაუსწრებ, ჯერ არაფერი მითქვამს. - როგორ შეიძლება დაფასება არ გჭირდებოდეს? შეუძლებელია ამდენს მუშაობდე, მაგრამ უჩინარი იყო, ასევე მოკვდე და საერთოდ არ გინდოდეს ვიღაცამ მაინც გაღიაროს. - შეიძლება უჩინარი ვარ, მაგრამ მე აქ ვიყავი... მე ვცხოვრობდი და დავტოვე კიდეც ჩემი კვალი იქ, სადაც არაფერი გაფუჭებულა, სადაც ვიღაც გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვარსებობდი. ეს იქნება ჩემი ჯილდოც და მემკვიდრეობაც - გადარჩენილი სიცოცხლეები, რომელთაც არავინ დაითვლის, უსაფრთხოება, რომელსაც ვერავინ გაზომავს, განუხორციელებელი თავდასხმები, რომლებიც არასოდეს დათვლილა. მე მეცოდინება რისთვის მოვკვდები და ეს საკმარისია. - ერთ დროს მეც ვიყავი შენსავით, მეც მქონდა სიკეთისა და ერთგულების ბრმა რწმენა, მეც მეგონა, რომ საზოგადოების კეთილდღეობისთვის ვიბრძოდი, მაგრამ ასე არ იყო და ამას მალევე მივხვდი. - როდის? როცა ბიუჯეტის დაცლა მოინდომე და გაები? - მაშინ კარგად იმუშავე. ალბათ დაგაწინაურეს კიდეც, არა? - ყველაფერი, რაც გამიკეთებია იმაზე მეტი იყო, ვიდრე მეგონა, რომ შემეძლო, თავი არასოდეს დამიზოგავს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმეს დაეფასებინა. - მაშინ რა გამოძრავებს? - საჭიროება! - ლუკამ წამოიწია და მეტოქეს თვალებში შეხედა. - და კიდევ ერთხელ... შენ ამას ვერ მიხვდები, რადგან საშინელი ეგოისტი ხარ, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს ემსახურება. ლიზი იმდენად იყო დაძაბული, რომ ლამის გონება დაკარგა: ერთის მხრივ, მოსწონდა ბიჭის გამბედაობა, მეორეს მხრივ კი ზუსტად იცოდა, რას უქადდა ასეთი საქციელი. უცებ კიდევ ერთი კამერა აწრიპინდა, ლიზიმ დაინახა, როგორ უახლოვდებოდნენ სახლს ფორმიანი, შეიარაღებული პირები, ალბათ აკაკის ხალხიაო, გაიფიქრა, თავი დაცულად იგრძნო და ცოტა დამშვიდდა. - ბოლო შანსი, ილაპარაკე და იქნებ დაგინდო კიდეც. - შეუბღვირა კაცმა ლუკას და თვალებში ისეთი მტრული გამომეტყველებით ჩააშტერდა, ბიჭის ნაცვლად ლიზი შეშინდა. - მშვიდობით თოკო! - სახელს უზარმაზარი ირონიით გაუსვა ხაზი ლუკამ და კმაყოფილი სახით გაუღიმა. კარები შემოანგრიეს, გაისმა რამდენიმე გასროლა და ყველა თავდამსხმელი ერთდროულად წაიქცა. - ამდენ ხანს სად ჯანდაბაში იყავით? - ლუკას ხელები გაუხსნეს და წამოაყენეს, მალე აკაკიც შემოვიდა, ბიჭი შეათვალიერა და ლიზი მოიკითხა. - ქვემოთაა. - თქვა ბიჭმა და მისკენ წავიდა. აკაკიც გაყვა. - ლიზი, აქ ხარ? - დაძახა კაცმა. - ლიზი, პრინცესა, გამიღე. - დაუძახა ლუკამაც. გოგონამ კარი გააღო და ლუკას ჩაეხუტა. - ყველაფერი კარგადაა საყვარელო, ყველაფერი კარგადაა. - ესენი ვინ იყვნენ? - მიკნავებული ხმით იკითხა გოგონამ, რომელიც ჯერ კიდევ შოკში იყო. - ეს მეც მაინტერესებს. - თქვა აკაკიმ. - ხომ იცი ვინც არის?! - გაეპასუხა ლუკა. - ჰო, მაგრამ რატომ ახლა? ან როგორ გიპოვნა? - საინტერესო კითხვებია. - ბიჭმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი. - რაზე ფიქრობ? - ვფიქრობ ვიცი, რატომ და როგორ. - თქვი! - ცოტა მადროვე აკაკი, ყველაფერს გავარკვევ და მერე. ხომ მიცნობ, არ მიყვარს ზერელედ ლაპარაკი. - კარგი, ოღონდ დროზე. გოგონა ჯერ კიდევ კანკალებდა შიშისგან, ამიტომ ლუკამ გადაწყვიტა ცოტა ხნით სახლიდან გაეყვანა, მანამდე აქაურობასაც მოაწესრიგებთო, დაუბარა აკაკის, მერე მეუღლე მანქანაში ჩასვა და მშვიდად ჰკითხა: - სად წავიდეთ? - ასე მშვიდად როგორ ხარ? - კითხვაზე კითხვით უპასუხა ლიზიმ. - კინაღამ მოკვდი, კინაღამ მეც მოვკვდი, არაფერი გადარდებს? - არაფერი მომხდარა პრინცესა, ცოცხლები ვართ. - ჰო, ვართ. - გოგონამ ლუკას ზურგი აქცია, ფეხები სავარძელზე შემოაწყო და ფანჯარას მიაჩერდა. - მერისთან წამიყვანე. ლუკას წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც საუბარი დაუძალებია, უნდოდა დრო მიეცა, რომ ნანახი თვითონვე გაეანალიზებინა და დაელაგებინა, მერე კი დაილაპარაკებდნენ; ბიჭი დარწმუნებული იყო, რომ ლიზი დამშვიდდებოდა და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდებოდა. მერისთან მივიდნენ, ქალი გაოცებული უყურებდა კარებში მდგომ წყვილს. - რა სახეები გაქვთ? - იკითხა მან და გოგონას გადაეხვია. - შემოდით. - ლუკა მიდის! - მკაცრად თქვა ლიზიმ და ოთახში შევიდა. - იჩხუბეთ? - უჩურჩულა ლუკას ქალმა. - თავად მოგიყვება. - ამოიოხრა ლუკამ, რომელსაც გოგონას საქციელმა გული ატკინა. - ცოტა წამეხმარე რა, დაელაპარაკე. - რაც შემიძლია გავაკეთებ. - წამოსვლა რომ მოუნდება, დამირეკოს და გამოვუვლი. ლუკა ქალს დაემშვიდობა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. იმედგაცრუებული იყო, ხვდებოდა, რომ ლიზი ძალიან შეშინდა, მაგრამ მის ასეთ საქციელს მაინც ვერ ხვდებოდა; იმაზეც დარდობდა, ვაითუ ისევ გამიბრაზდეს და ახალი პრობლემები დაიწყოსო. ტელეფონი აიღო და ვიღაცასთან დარეკა: - ჰეი, მისმინე, ადგილმდებარეობა დამიდგინე რა ამათი. - ლუკამ ორი ნომერი უკარნახა და პასუხს დაელოდა. - ანუ ორივე? კარგი, გასაგებია... კი, კი, კარგად ვარ... მადლობა ცქნაფა. ლუკა პირდაპირ იმ მისამართზე მივიდა, რომელიც უთხრეს და დაელოდა. 15-20 წუთში სახლიდან ოფიცერი თაბუკაშვილი გამოვიდა, უცნობ მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად დატოვა იქაურობა. ლუკამ მანქანის ნომერი ჩაინიშნა და მანქანიდან გადმოვიდა. უკვე სახლის კარებზე აპირებდა დაკაკუნებას, როცა გიორგი გამოჩნდა. - ჯანდაბა, - ბიჭი ისე შეშინდა, ლუკამ ხელი შეაშველა, რომ არ წაქცეულიყო. - აქ რას აკეთებ? - მე? შენ რას აკეთებ აქ? - მე... ეს ბიძაჩემის სახლია. - ოფიცერი თაბუკაშვილია ბიძაშენი? - ამ სახელის გაგონებაზე ბიჭი შეცბა. - არა, რა სისულელეა, თაბუკაშვილი როგორ იქნება ბიძაჩემი... და ვინაა ეგ? - თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამ წუთას უმასპინძლე, თან არაოფიციალურად, შენ უკეთ უნდა იცოდე. - გიორგი გაშრა. - ახლა ჯობია ილაპარაკო გიორგი. - კარგი, მისმინე... - გიორგი უცებ გაჩუმდა. - აქ ვილაპარაკოთ? სახლში შევიდეთ რა. - ჩემს მანქანაში ვისაუბრებთ. - მანქანაში რატომ?! სახლში შევიდეთ - მანქანაში. - მტკიცედ თქვა ბიჭმა და მიმართულება ხელით უჩვენა. - ბოდიში ლუკა. - თქვა ბიჭმა, როცა მანქანაში ჩაჯდნენ და თავი დახარა. - აქამდე უნდა მეთქვა. - რა უთხარი იმ ტიპს? - ყველაფერი გამომკითხა, რაც შენზე ვიცოდი, კიდევ იმ კაცზე შენ რომ გიცავს სულ და ლიზიზე. - რა? ლიზიზე რა გკითხა? - ვინ იყო, სად ცხოვრობდა... - ლუკამ სწრაფად დაძრა მანქანა და ადგილს მოსწყდა. - რას აკეთებ? სად მივდივართ? - ხმა ჩაიწყვიტე და ილოცე, რომ იქ დამხვდეს. - უყვირა ბიჭმა და ისევ სადღაც დარეკა, ამჯერად ვიღაცას მანქანის რამდენიმე წუთის წინ ჩანიშნული ნომერი უკარნახა და მისი სასწრაფოდ დაკავება მოითხოვა. მერე ისევ სადღაც დარეკა. - ჯანდაბა ლიზი, მიპასუხე! - პასუხი არ იყო, ლუკამ მისწერა, „სახლიდან არ გახვიდე, მოვდივარ“ო და სიჩქარე კიდევ გაზარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.