ირმის ნახტომი -10- (პირველი ნაწილის დასასრული)
[თავი 10] ავტორის მინაწერი: ახლა თქვენ წაიკითხავთ ბოლო თავს ''ირმის ნახტომის'' პირველი ნაწილის. ალბათ თქვენც შეამჩნევდით, რომ ლეას პირადი ცხოვრება მოუგვარებელი დარჩა. არანაირი სასიყვარულო ობიექტები, მაცდური მამაკაცები და პოტენციური ქმრები... ხო, ასეა! იმიტომ, რომ ისტორიას მეორე ნაწილიც აქვს! მთელი ათი თავის განმავლობაში ლეამ ვარდისფერი სათვალე მოიხსნა და შემდგომში აღარ იქნება ისეთი სულელი და მიამიტი, როგორიც აქ იყო. მეორე ნაწილში გელოდებათ უფრო მეტი ინტრიგა, მეტი გრძნობები, ტკივილი, ქალური ფილოსოფიები... იმედია ღირსეული გაგრძელება იქნება! გემშვიდობებით დროებით მე, ლეა და ირმის ნახტომი! ყოველი რთული მომენტის შემდეგ გვგონია, რომ გამოცდილები ვართ, მეტჯერ აღარ მოვტყუვდებით, შეცდომებს აღარ დავუშვებთ და ტყეში გაყვანილ ბილიკს აღარ ავცდებით, თუმცა როცა ისევ ბნელ გვირაბში ვყოფთ თავს და სინათლის გამოჩენას ველით, იმავეს ვიმეორებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, გამოცდილება დიდი მატყუარა ვინმეა. გგონია, რომ გზაჯვარედინზე სწორი გზის არჩევაში დაგეხმარება, მან კი გაჭირვების დროს მიტოვება იცის. -ანუ... მან იცოდა, რომ ფული მის დისშვილს სჭირდებოდა და არ მომცა?-გაოცებული ვკითხულობ. -ნუ გიკვირს, ლეა. რატომ გგონია ყველა შენნაირი კეთილშობილი? ჩვენ ყველანი ერთ წუმპეში ვართ, შენ კი ჯერ მასში არ ჩავარდნილხარ. ვიცი, შეძლებ და შენებურ ცხოვრებას დაუბრუნდები. აი, ცოტაც და ამდენი ფიქრი და აქეთ-იქით წოწიალი აღარ დაგჭირდება. ძველებურად იქნება ყველაფერი, ოღონდ ახლა ჯერ ბოლომდე მომისმინე და მერე კიდევ ერთი თხოვნა შემისრულე. -გისმენ. -მოკლედ ლიკოს რომ გლანდების ოპერაცია გავუკეთე, რაღაც გართულებები მოყვა ამას და სისხლდენა დაემართა. გაგიჟებული ვიყავი. რაღაც თანხა იყო საჭირო და აი, მაშინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში თაზო. გვერდით არავინ მყავდა. არ ვიცი, საიდან გაიგო შიომ, მაგრამ საავადმყოფოში მოვარდა და მითხრა, რომ მისი დახმარების იმედი მქონოდა. ფულიც თაზოზე ადრე მან მომიტანა. ცივად ვუთხარი, რომ დავუბრუნებდი. წარსულის წყენა არ დამვიწყებოდა. შემდგომ ასეც მოვიქეცი, თუმცა შიო სავსებით შეიცვალა. ჩემსა და ლიკოზე ზრუნავდა. ჩვენ შორის აღდგა ის დაძმური სიყვარული, რაც ადრე იყო. რამდენიმე თვის წინ სადღაც გაქრა. ვერანაირად ვერ ვუკავშირდებოდი.-ჩერდება, კომოდზე დადებული ჭიქიდან წყალს სვამს ენის გასასვლელებლად და აგრძელებს.-დღეს კი გავიგე, რომ... მასთან უნდა წავიდე. ლიკოს ხომ დაიტოვებ? -რა სჭირს? რატომ არ დაასრულე წინადადება?-ვკივი და მუცელში ყრუ ტკივილს ვგრძნობ.-ღმერთო, მგონი ვგიჟდები... ნინო, ლიკოს აუცილებლად დავიტოვებ, მაგრამ... ერთი რამ მითხარი... ეს სვირინგი და მოხატულობა ცალწარბასთან რას ნიშნავს? -მამაჩემი... ის შენობა ადრე კორპუსი იყო, ცალწარბას ოთახი კი ჩვენი სახლი. ჩემი ოჯახის სიმბოლოა ირმის ნახტომი. სახლშიც ის გვქონდა მოხატული და მაჯებზეც ერთნაირი სვირინგები გავიკეთეთ.-ნაჩქარევად მპასუხობს ნინო.-მადლობა, ლეა... მე წავალ და... მერე მე დამჭირდება შენი პასუხები კითხვებზე. თვალსა და ხელს შუა გადის ნინო ოთახიდან და კარს იჯახუნებს. საბედნიეროდ, ლიკოს სიტყვები მესმის. თავის თოჯინას ელაპარაკება. ფიქრებს გონებიდან ვდევნი და ჩემს პატარა მხსნელს გულში მადლობას ვუხდი. -ნიცა... ნიცა... გთხოვ, ლიკო დაიტოვე, რა...-ბავშვი სახლში შემყავს და თან ნიცას ვეძახი, რომელიც გაოგნებული იხიდება მისაღებსა და შემოსასვლელს შორის. -ვინ ბავშვი, ლეა? რა ხდება?-უმისამართოდ უღიმის გოგონას და თვალებს ისე აწვრილებს, როგორც ბავშვობაში. -ნიცა, ბავშვი ცოტა ხნით დაიტოვე_მეთქი.-სიმკაცრეს ვურევ ხმაში და სახლის კარებს ვიხურავ. კიბეებზე ვეშვები და ვლოცულობ, რომ ნინომ არ გამასწროს. ეს ჩემი შანსია. შიო უნდა ვნახო. მერე შეიძლება ისევ გაქრეს და თათასაც ბავშვთა სახლში ყოფნა გაუგრძელდეს. მარტო ამიტომ? სხვა მიზეზი არ არსებობს? რა უნდა არსებობდეს? მე ხომ ჯერ არ მინახავს ეს კაცი! ნუთუ ასე უნახავად რაიმე კავშირის გაჩენა შესაძლებელია? ახლა ფიქრისთვის წამებიც კი არ მაქვს. ნინოს უნდა მივუსწრო. მანქანა არ ჰყავს, ავტობუსით არ წავა... ტაქსი! ტაქსი ყოველ ხუთ წუთში დადის! დიდხანს ლოდინი არ დასჭირდება. ტემპს უნდა ვუმატო. ხელების ქნევით გავრბივარ. გარშემომყოფები მიყურებენ და ალბათ ჰგონიათ, რომ ზედმეტი წონის მოშორების მიზნით დავრბივარ. მოვარჯიშეს ნამდვილად არ ვგავარ, მაგრამ აბა, ჩემი ხნის ქალი ასეთი სიჩქარით ვისთან ან რატომ უნდა გარბოდეს? აი, ნინო! გაჩერებაზე დგას! წითელი მანქანა მის წინ ჩერდება... უკან კიდევ ერთი ტაქსი მოჩანს. ხელს შორიდანვე ვუქნევ. ისე გამოდის, რომ როცა ნინო მანქანაში ჯდება, ჩემთან ვერცხლისფერი ტოიოტა ჩერდება. სახელურს ისეთი ძალით ვჭიდებ ხელს, კარებს რომ ვაღებ, ჩემს ხელს დავყურებ, ზედ ზომ არ შემრჩა_მეთქი, მძღოლს ოცლარიანს ვაჩეჩებ და ვეუბნები, რომ წითელ მერსედესს გაყვეს. ის ზედმეტი კითხვების გარეშე თავს მიქნევს და მანქანაც ადგილს წყდება. გული საგულედან ლამისაა ამომივარდეს, ისე მიცემს. ვქოშინებ. ყელი გამშრალი მაქვს. ახლა წყალი ან რაიმე სხვა სასმელი მისწრება იქნებოდა, მაგრამ რა დროს ესაა, როცა სულ მალე შიო მენაბდეს ვნახავ. კაცს, რომელმაც ძლივს შეკოწიწებული სიმშვიდე დაუკითხავად წამართვა. ერთი მხრივ ალბათ მოსყიდულიც ვარ, ყველა შემთხვევაში გამართლებას რომ ვუძებნი. სიგიჟის ნიშნები დიდი ხანია მემჩნევა. რით უნდა მოვესყიდე, ნეტავ? მეღიმება. ხანშიშესული კაცი ჩემკენ აპარებს თვალს. სასწრაფოდ ვარეგულირებ ჩემს ემოციებს და მიმიკებსაც სპეციალურად ისე ვაყენებ, ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილება რომ დავტოვო. -შეიძლება ფანჯარას ჩავუწიო?-ვეკითხები მძღოლს. -ჰაჰ... რა თქმა უნდა.-ეცინება კაცს. ფანჯარას კი ვუწევ, მაგრამ თავში ჯერ კიდევ ის მიტრიალებს, რომ მისი დასაცინი გავხდი. რა ვთქვი ისეთი? -უკაცრავად, რამე სასაცილო ვთქვი?-თავს ვერ ვიკავებ და მისი სიცილის მიზეზის გაგებას ვცდილობ. -არა, შვილო... პირიქით, ნორმალურია ის, რაც შენ თქვი, მაგრამ კლიენტები უკვე დიდი ხანია არ მეკითხებიან, ჩემს მანქანაში რა როგორ უნდა გააკეთონ. თუ უნდათ ბავშვს ჭუჭყიან ფეხებს სავარძელზე აწყობინებენ. ერთხელ ანგინა მქონდა, ყელზე კაშნე შემოვიხვიე, იქნება რაიმეს მიხვდნენ და ჩემი ავად ყოფნა ან გაითვალისწინონ, ან ის მაინც მკითხონ, ფანჯარას ჩავუწიოთ თუ არაო..., პირველივე კლიენტმა სამპირ ქარში მამყოფა. ჩემთვის არც კი შემოუხედია. ეჰ, მონობაა ეს საქმიანობა, მეტი კი არაფერი. ორი დიპლომი მიდევს სახლში და ოცდათხუთმეტი წლიდან ვტაქსაობ.-მინმარტავს ის და სარკეში მამაშვილურად მიღიმის. მის ნათქვამს ვუფიქრდები და მართლაც, ასე არაა? როცა ბედნიერები ვართ, გვავიწყდება სხვები და ასევე ისიც, რომ შეიძლება შემდგომ ჩვენც დაგვივიწყონ... ჭირში და ლხინში არა, ის! ყველა ასე ვამბობთ, მაგრამ თქმა ერთია და შესრულება მეორე. ლხინი გვაშორებს დამწუხრებულებს, მწუხარება კი ჩვენ გვაახლოვებს მოლხინეებთან. ვუყურებ ამ კაცის დაჭმუჭნულ კეფას და ვნატრობ, რომ ბედნიერებამ უბედურების შეწყალება ერთხელ მაინც ისწავლოს. წითელი მანქანა მოსახვევში უხვევს და ჩერდება. ჩემი მძღოლიც ასე იქცევა. მადლობას ვუხდი და მანქანიდან მხოლოდ მას შემდეგ გადავდივარ, ნინო მრავალსართულიანი სახლის სადარბაზოში რომ შედის. კორპუსი დანგრევის პირასააო ვერ იტყვი, მაგრამ ხალხი აქტიურად რომ არ ცხოვრობს აქ, ნათელია. მხოლოდ უსახსრობის და უბინაობის გამო თუ დასახლდები ასეთ პირობებში. ნინო მესამე სართულზე ადის და შუა კარებზე აკაკუნებს. კარი იღება. მოაჯირს ჩაბღაუჭებულს სახე მიფითრდება. აი, ესეც. შიო მენაბდე. ჩემი ირმის ნახტომი. -შენ, ეი!-ვყვირი, რადგან ის მხედავს და კარის მოხურვას აპირებს, მაგრამ ჩემს შეძახილზე სახელურს ხელს უშვებს, სულ ოდნავ არხევს ტუჩის კუთხეებს და ირონიული გამომეტყველებით მეკითხება: -გამოჩნდი? პირველი ნაწილის დასასრული! ^^^ ასე და ამგვარად ''ირმის ნახტომი'' დასრულდა! ყველას უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის, თბილი სიტყვებისთვის... ველი საბოლოო შეფასებებს პირველ ნაწილთან დაკავშირებით! ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ როდის დავიწყებ მეორე ნაწილის დადებას... ეს იქნება მალე, თუმცა არა რამდენიმე დღეში... სადღაც ერთ-ორ კვირაში პირველ თავს დაინახავთ, მანამდე კი იდეები უნდა დავალაგო და ჩემს ვორდპედში დავიწყო წერა... ხუთ-ექვს თავს რომ დავაგროვებ, აი, მაშინ უკვე მშვიდად გადავდგამ ამ ნაბიჯს. უყვარხართ სოფიკოს! და მოენატრებით! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.