ღია წერილი ღმერთს
გამარჯობა, ღმერთო. წერილს პირველად გწერ. ხშირად გვისაუბრია შიზოფრენიის დახმარებით, მაგრამ წერილობით, არასოდეს. ხოდა საუბარს წერა იმიტომ ვამბჯობინე, რომ შენ აღარ არსებობ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მინდა გითხრა, რომ დედამიწელებს კიდევ გვაქვს შენი იმედი. შენი იმედი აქვს ყველა ავადმყოფს თუ მომაკვდავს, ობოლს თუ სულიერად ნატანჯს, ღატაკს თუ ყოველ მხრივ წარუმატებელს, მახინჯს თუ მყრალს, ჭკვიანს თუ უჭკუოს, ჩვილს თუ ზრდასრულს. და იმედი, რომ ოდესღაც გამოჩნდები, ნამდვილ უიმედობას ბადებს. სწორედ ასეა, უიმედობით აღსავსე თვალებს, იმედი ქმნის. შენ კი, სადღაც სიშორეზე ვარსკვლავივით ანათებ და ვიმედოვნებ, რომ ირმის ნახტომს ზურგით უდგახარ. მე ვეღარ გრგრძნობ, ღმერთო, და ვეღარ გრგძნობს ხალხი, ამ ფიქრის საფუძველი კი, უამრავი სახრჩობელაა. გიხაროდეს, აღარ ვქმნით კერპებს, მაგრამ დამპალი თოკებით ვქმნით სახრჩობელებს, ეს კი, დამერწმუნე, ხელოვნების თვალსაზრისით, ნებისმიერი ბინის ჭერზე, ნებისმიერ ხეზე, მშვენდება. შენ წახვედი, მაგრამ აქ, მაინც ყველა და ყველაფერი მშვენიერია. ჩვენ შეგვიძლია ღიმილი, მაგრამ ამ ღიმილში იმდენი ტკივილია, რამდენი ვარსკვლავიც ცაზე. ბევრი რამე არ იცი შენ, ბევრი რამე. არც ის იცი, რა მოხდებოდა შენს მაგივრად ღმერთი მე რომ ვყოფილიყავი: ტკივილი აღარ იარსებებდა. აღარ იარსებებდა ის კაცი, ქალი, ბავშვი თუ მოხუცი, რომელიც ღიმილის მიუხედავად ცუდად იქნებოდა. მე რომ ღმერთი ვიყო ყველაფერი კარგად იქნებოდა. ცას მრავალი ფერებით გავაფერადებდი. აღარ იარსებებდა ცუდი. აღარ იარსებებდა ის ცრემლიანი თვალები, რომელსაც ჩემი დაღუპვა ასე მარტივად ძალუძს. სიკვდილის მაგივრად ჩავანაცვლებდი სიცოცხლეს და ყველა სულით ავადმყოფს დავაჯილდოვებდი შინაგანი სიმშვიდით. ადამიანი გასხივოსნდებოდა უზენაესის სხივებით, რომელსაც უპირველსად ძლიერი სიყვარულის გრძნობა გამოიწვევდა. მე რომ შენს მაგივრად ვიყო, ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნებოდა. შენ შეგიძლია მობრუნდე ირმის ნახტომისკენ, მხოლოდ ახლა, ღმერთო, და შეხედო ვინმე მარტოსულ მაწანწალას, შეხედო მის თვალებს და დაინახო იმაზე მშვენიერი სამყარო, ვიდრე შენ შექმენი. შეგიძლია შეხედო ვინმე დაობლებულ პატარა ბავშვს, რომელიც ცრემლებს რაღაც სასწაულით იკავებს. შენ იცი რა რთულია ცრემლების შეკავება? ხოდა, შემოგვხედე ჩვენ, სულით ავადმყოფებს და დაინახე ჭეშმარიტი ღვთიური ძალა. შეხედე! ყველაფერს შეხედე! თვალებში ჩახედე უიმედობას. თვალებში ჩახედე დაბადებიდან დატანჯულ შემოქმედებას და მას უთხარი, რომ არსებობ. გადაეფარე კედელს მიბჯენილ დასახვრეტად განწირულ ადამიანებს და თავად იგიმე გავარვარებული ტყვიების სიმწარე. გამოჩნდი. გამოჩნდი–მეთქი ყველა ფსიქიატრიულ კლინიკაში და უიმედობის ნიადაგზე გაგიჯებულ ადამიანებს უთხარი, რომ დადგება დრო, როცა ისინი იგემებენ მოსვენებას. მიდი, თვალებში ჩახედე ყველა თვითმკვლელს და შენი ნუგეშის წყალობით, მათ ხელიდან გამოგლიჯე ბასრი საგნები. მიდი მათთან, მწუხარე ხელოვანებთან, მაწანწალებთან, მეძავებთან, მასთან, ვინც ყოველ ღამე ცრემლების თანმხლებით გთხოვს, რომ უშველო. რატომ იქცევი ასე? რატომ, რატომ, რატომ?! იქნებ ჩვენშია პრობლემა და ეს მე არ ვიცი? მაშინ, ხომ ხარ ყოვლისშემძლე, გააბი ჩვენს შორის ძაფი, რომელიც დაგვეხმარება საუბარში და რომელსაც ეწოდება შიზოფრენია. მითხარი, რომ ვცდები. დამანახე შენი იმედის მომცემი სახე. გამოჩნდი, რამეთუ მინდა მწამდეს შენი. გამომკვებე შენი სიტყვებით. მითხარი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მითხარი, რომ მართლა დადგება დღე, როცა აღარ იარსებებს მონა და თავისუფალი, მდედრი და მამრი, უბედური და ბედნიერი, რადგან, ყველანი ერთნი ვართ შენში. მითხარი, რომ არ მომკვდარხარ. დედამიწა იჟღენთება მწუხარე ადამიანის ცრემლებით და ყოველ ჩვენგანს იმედი აქვს, რომ შემოტრიალდები ირმის ნახტომისკენ. გმადლობ, ღმერთო პატივისცემით, მე, სავარაუდოდ შენი ქმნილება. პ.ს. და თუ არ არსებობ, ვალდებული ხარ, რომ იარსებო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.