შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

20:00 (სრულად)


7-10-2016, 23:00
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 7 379

-მე მთვრალი არ ვარ,- იყვირა ახალგაზრდა გოგონამ და წაბორძიკდა,- ეს დედამიწა დათვრა და ბარბაცებს, ამიტომაც ვერ დავდივარ სწორ ხაზზე,- იძახდა ხმამაღლა და გამომწვევ მზერას არ აშორებდა მეტროს პლატფორმაზე შეკრებილ ხალხს. ხალხს ჩურჩულის ტალღამ გადაუარა. მოხუცები ამრეზით უყურებდნენ, ახალგაზრდები კი - დაცინვით. მაგრამ ერთი რამ აშკარა იყო, ყველა სიამოვნებით უყურებდა შოუს და არავინ ცდილობდა მოზარდის დახმარებას.
როდესაც გოგონა კიდესთან ზედმეტად ახლოს მივიდა, მოახლოებული მატარებლის ხმაც გაისმა. მიუხედავად დიდი საფრთხისა, მაინც არავინ ცდილობდა სულელი ბავშვის გაფრთხილებას, რომელსაც სულ რამდენიმე მილიმეტრი აშორებდა უეჭველი სიკვდილისაგან.
უეცრად გოგონა შეკრთა და გადავარდებოდა კიდეც, რომ არა მაღალი, გაბურძგნულ თმიანი, სათვალიანი ბიჭი, რომელმაც დაიჭირა და გულში ჩაიკრა პატარა გაუგებრობა. მხსნელს ერთი წამით მოეჩვენა, რომ მაყურებელს იმედგაცრუებული ოხვრა აღმოხდა. რა თქმა უნდა, ასეთი შთაბეჭდილებები გაამრავალფეროვნებდა მათ უფერულ და უინტერესო ცხოვრებას. ზიზღით სავსე მზერა მოავლო ბაქანზე მყოფ ხალხს, გოგონა ხელში აიტატა და ესკალატორისკენ აიღო გეზი.
უყურებდა მოზარდს და უკვირდა, როგორ მივიდა ამ ცხოვრებამდე. გოგონას ჯერ კიდევ ბავშვურად ჩამრგვალებული ლოყები ჰქონდა, პატარა ცხვირი, ოდნავ შესამჩნევი კეხით, სქელი, მადისაღმძვრელი ტუჩები და გრძელი წამწამები. ჩალისფერი თმები დახვეულ გველებად ეფინნენ მხრებზე. მაკიაჟს საერთოდ არ ხმარობდა. მასზე მსუქანი არ ითქმოდა, მაგრამ იდეალურ ფორმებამდე ბევრი აკლდა. თუმცა მძიმე არ იყო, პირიქით, სულ არ უჭირდა ბიჭს მისი ტარება.
-ვინ ხარ?- იკითხა გოგონამ და ცხვირი მის ყელში ჩამალა. ბიჭს სასიამოვნო სუნი ჰქონდა. მსუბუქი სუნამო სასიამოვნოდ ერწყმოდა მის ბუნებრივ არომატს.
-მაინც ვერ გამიხსენებ,- გაეცინა ბიჭს.
-შენ მაინც მითხარი...- დაიჟინა გოგონამ.
-ანრი,- უთხრა ბიჭმა,- შენ რა გქვია?
-ლუსი,- ამოიოხრა გოგონამ,- აბა გამოიცანი რომელი ჯგუფის ფანები არიან ჩემი ღრმად პატივცემული მშობლები?
-ბითლომანები,- გაეცინა ანრის,- შენ ბაბუის სახელი მაინც არ გქვია,- აჰყვა ისიც.
-ანზორი გქვია, ხომ?- ჰკითხა სიცილით ლუსიმ.
-ძალიან სასაცილოა,- უპასუხა ბიჭმა და ირონიული სიტყვების საპირისპიროდ მასაც გაეცინა.
-დიდხანს უნდა მატარო ასე?- ჰკითხა მომენტალურად დასერიოზულებულმა ლუსიმ.
-სად წაგიყვანო?- კითხვაზე კითხვით უპასუხა ანრიმ.
-აქ ჩამომსვი,- ამოიოხრა გოგონამ.
-რომ მანქანას შეუვარდე ბორბლებში?- ჰკითხა სარკაზმით ბიჭმა,- არავითარ შემთხვევაში. მითხარი სახლის მისამართი.
-იქნებ ქურდი ხარ?- დაბერა თავისი ბუთქუნა ლოყები გოგონამ. მთვრალისთვის მეტისმეტად გამართულად მეტყველებდა.
-ნეტავ არ იგონებდე,- გაეცინა ანრის,- მაგრამ თუ ასე გინდა...
უთხრა, ჩამოსვა პატარა გაუგებრობა და უსიტყვოდ აქცია ზურგი.
-მშვიდობით,- დაუძახა გოგონამ.
-საქართველო მეტისმეტად პატარაა, ამიტომ ასე თამამად არ ვიტყოდი ამას,- დაუძახა ბიჭმა ისე, რომ მისკენ არც კი მიბრუნებულა.
გოგონამ საათს დახედა და ამოიოხრა. 8 საათი იყო, მას კი სახლამდე წასასვლელად ძალა აღარ ეყოფოდა.

...

-მოიწყინე?- მიუჯდა ბართან მარტო მჯდომ გოგონას გვერდით უცნობი ბიჭი.
-ვმედიტირებ,- უპასუხა ამრეზით გოგონამ და ჩალისფერი თმა უკან გადაიყარა. მერე კი ადგა და საცეკვაო მოედანზე გავიდა. ვერასოდეს ვერ იტანდა კლუბებს, მაგრამ მხოლოდ იქაურ ხმაურში შეეძლო არ ეფიქრა არაფერზე.
-ლამაზო, ვიცეკვოთ?- გაიგო შემპარავი ხმა.
-საგიჟეთი დაიწვა და გიჟები აქეთ გამოიქცნენ?- დაქაჩა თვალები და ზურგი აქცია უსიამოვნო ტიპს.
ამასობაში დიჯეიმ სასიამოვნო, მშვიდი მელოდია ჩართო, რომელსაც ლუსი მთლიანად მიენდო. მისი ცეკვა არ ჰგავდა ეპილეფსიის შეტევას, პირიქით, სასიამოვნო საყურებელი იყო. კანტემპის ელემენტები და ფრი-სტაილი ერთად საოცარ კონტრასტს ჰქმნიდა.
-იდეალურია,- გაიგო ნაცნობი ხმა, მაგრამ როდესაც ხმის პატრონს შეხედა, ვერ იცნო,- ძალიან კარგად ცეკვავ. ვინ გასწავლა?
-ჯეკმა,- გაუღიმა გოგონამ და კვლავ განაგრძო ცეკვა. გარშემო ხალხი უკვე მას უყურებდა, ყველამ მიატოვა მოძრაობაც კი.
-რა გვარია შენი მასწავლებელი?- არ მოეშვა უცნობი ნაცნობი ხმით.
-დენიელსი,- გაუღიმა გოგონამ, მაყურებელთა წრე გაარღვია და გაიქცა. დატოვა ყურებამდე გაღიმებული ბიჭი გაოგნებული მაყურებლების პირისპირ.
-აუტანელი,- გაეცინა ბიჭს და გაეკიდა გაქცეულს.
დანაკარგი კლუბის წინ აღმოჩნდა, ტაქსის გაჩერებას ცდილობდა.
-სად გამექეცი?- ჰკითხა ბიჭმა. გოგონა მოულოდნელობისაგან შეკრთა და შეჰყვირა.
-სტალკერი ხარ?- შეანათა ლუსიმ გაბრაზებული მზერა, მერე კი აათვალიერა უცნობი. დახეული კედები, მძიმე ცხოვრება გამოვლილი შარვალი, ზომაზე დიდი მაისური, რომელიც არ ფარავდა მიმზიდველ ლავიწის ძვლებს. ბიჭს გაეცინა.
-ხომ გითხარი ვერ გამიხსენებთქო,- გაუწოდა ხელი,- მე ის ვარ, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდი,- სცადა გახუმრება ბიჭმა.
-თოვლის ბაბუა?- შეანათა ინტერესით ანთებული თვალები გოგონამ.
-ანრი ვარ,- ამოიოხრა ბიჭმა. ამ გოგოსთან ყველაფერი უკუღმა მიდიოდა.
-ანრი?- ლუსიმ ააფახულა თავისი გრძელი წამწამები,- არ ვიცნობ ასეთს არავის.
-მეტროს პლატფორმა, რვა საათი, მთვრალი შენ...- გოგონას ამ სიტყვებზე სახე გაუნათდა.
-შენ იყავი?- მეორე დილას ლუსიმ სკვერში, სკამზე გაიღვიძა. ახსოვდა მხოლოდ ის, რომ გადაარჩინეს და მის მხსნელს ყველაზე იდუმალი თვალები ჰქონდა, რაც კი ოდესმე ენახა, -მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სათვალით იყავი, მხოლოდ შენი თვალები მახსოვს,- უთხრა და თვალებზე ჩამოყრილი თმა გადაუწია. იმედგაცრუებულმა შეხედა ორ შავ თვალს და გაბრაზებულმა ზურგი აქცია,- შენ ის არ ხარ...
-ერთი ლინზაა,- მიუხვდა ბიჭი,- უბრალოდ არ მინდა გარშემომყოფნი უხერხულ სიტუაციაში ჩავაყენო. ადრე ისეთებს, როგორიც მე ვარ, ცეცხლზე წვავდნენ,- გოგონა მისკენ მიბრუნდა.
-მანახე,- მოითხოვა პატარა ბავშვის კაპრიზულობით. ანრის გაეცინა, თავი ზემოთ ასწია და დაუფიქრებლად მოიხსნა ლინზა, მერე კი გადააგდო. როდესაც ისევ შეხედა ლუსის, გოგონას უყურებდა შავი, როგორც უმთვარო ღამე და მწვანე - როგორც ახლად აბიბინებული მდელო, თვალები.
-ლამაზია,- თქვა ლუსიმ და მისკენ გადადგა მოჯადოებულივით ნაბიჯი,- როგორი ლამაზია.
-პირველი ხარ ვინც ამას მეუბნება. როგორც წესი დამცინიან ან ცდილობენ თვალი ამარიდონ.
-და შენც ამის გამო დაკომპლექსდი იმ დონემდე, რომ ლინზას ხმარობ?- გოგონას ხმა მომენტალურად შეეცვალა,- მინდა გაცნობო, რომ ადამიანი თავად ადებს საკუთარ თავს ფასს. და მას ექცევიან ისე, როგორც თავად აძლევს ამის უფლებას. თუ არ გინდა იყო "ტრიაპკა", არ იქნები. ადრე თუ გვიან მოგბეზრდება თმენა და მუდმივად დაჩაგრულის პოზიცია და იმედია მაშინ მაინც მიხვდები თუ რა უნდა შეცვალო ცხოვრებაში...
-ერთმანეთს არც ისე კარგად არ ვიცნობთ, რომ ასეთი რჩევები მომცე,- უხეშად გააწყვეტინა ბიჭმა და ზურგი აქცია.
-როდესაც გაიზრდები, ისევ შევხვდებით,- მიაძახა ლუსიმ და საპირისპირო მხარეს წავიდა. თვალში კი წითელი ნეონებით განათებული ტაბლო მოხვდა. გოგონას გაეცინა.
ტაბლოზე ეწერა 20:00.

...

შემდეგი შეხვედრა პატარა სკვერში, დაახლოებით ნახევარი წლის მერე, შედგა.
ანრი სახლში ბრუნდებოდა ვარჯიშიდან. სასიამოვნო ნიავი აგრილებდა ბიჭის ვარჯიშისგან გახურებულ სხეულს. თმები ისევ დაუვარცხნელი ჰქონდა და სქელი სათვალე ისევ უფარავდა მისთვის საძულველ თვალებს. ერთ ადგილას გაჩერდა და ღრმად ჩაისუნთქა. სწორედ ამ დროს გაიგო გულიანი სიცილი. იქით გაიხედა საიდანაც სიცილი მოესმა და თავისი პატარა გაუგებრობა დაინახა. ლუსი მარტო იჯდა სკამზე, ხელში მობილური ეკავა, რომელიც გაუთავებლად რეკავდა, ხოლო გოგონა კისკისებდა თითოეულ ზარზე.
-გამარჯობა,- ვერ მოითმინა ბიჭმა და მასთან მივიდა. გოგონამ გაოცებულმა ახედა და როდესაც ნაცნობი სახე დაინახა გაუღიმა.
-ჰაი,- დაუქნია აწეული ხელი და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა.
-რას აკეთებ?- ჰკითხა ბიჭმა.
-მესიჯი დავწერე, "მობილური დავკარგე, ზარი გამომიშვი რა", და გავუგზავნე ყველას, ვისი ნომერიც მეწერა.
-მერე?- გაეცინა ბიჭს. არაორდინალური არსება იყო ლუსი და ეს ძლიერ ინტერესს იწვევდა მასში. ინტერესს და სიცოცხლის ხალისს, რომელიც ეგონა, რომ დაკარგა.
-უკვე 28-ე ადამიანი მირეკავს,- ანიშნა ლუსიმ ძველ, საკმაოდ შელახულ მობილურზე. ანრის გაეცინა.
-გიჟი ხარ,- უთხრა ბიჭმა სიცილით.
-ბევრ ჭკვიანს ვჯობნი მაინც...- გამოუყო ენა ლუსიმ,- აბა მითხარი რომელი თაგვი დადის ორ ფეხზე?
-....- ანრი დაიბნა და გაოცებული მიაშტერდა გოგონას.
-მიკი მაუსი,- გაეცინა ლუსის,- აბა რომელი ბატი დადის ორ ფეხზე?
-დონალდ დაკი,- უპასუხა ბიჭმა დაუფიქრებლად და რაც მთავარია ამაყად.
-სულელო, ყველა,- ახარხარდა ლუსი, ანრი კი ყურებამდე გაწითლდა.
-რატომ არის შენთან ასეთი რთული საუბარი?- აღმოხდა ანრის. გოგონას გვერდით თავს ყოველთვის უხერხულად გრძნობდა.
-მაშინ არ მელაპარაკო,- გაუკვირდა ლუსის.
-არ შემიძლია,- აღიარა ბიჭმა.
-ბოდიში, მაგრამ მე მარტოობა მიყვარს,- აიჩეჩა მხრები გოგონამ,- უფრო ზუსტად, არ მსიამოვნებს როდესაც ვიღაც ზედმეტად ახლოს მოდის ჩემთან. ზედმეტი ყურადღება მძაბავს.
-რატომ?- აი ეს მართლა სიურპრიზი აღმოჩნდა ბიჭისთვის.
-ჩათვალე მოზარდის ბუნტია.
-რატომ ბუნტი? რის წინააღმდეგ?
-სოციუმი დასცინის მარტოხელებს. გვაიძულებს ვიყოთ ჯგუფებად შეკრული, გვქონდეს ურთიერთობა, რათა თავი გარიყულად არ ვიგრძნოთ. ჩვენც ვემირჩილებით, ვკარგავთ დროს სხვებისთვის... იმ დროს, რომელიც შეგვიძლია საკუთარ თავს დავახარჯოთ. ხანდახან ვხვდებით ადამიანებს, ვის მიმართაც არაფერს ვგრძნობთ. ოჯახებსაც ვქმნით იმიტომ, რომ ჩვენს სოციუმში ასეა მიღებული. მარტო იმიტომ, რომ მარტოობის უნდა გეშინოდეს. და ამ აბსოლუტურად არაფრის მომცემი ურთიერთობების შენარჩუნების მცდელობისას ადამიანი ივიწყებს ერთ მარტივ დოგმას - ერთადერთი, ვისთანაც ცხოვრებას გაატარებ, ეს შენ თვითონ ხარ.
-ველური...- გოგონას სიტყვებმა ანრი გააღიზიანა,- როგორ შეგიძლია ასე ილაპარაკო? ნუთუ არ გყავს ოჯახის წევრები?
-კი, მყავს. და როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა დახმარება, ზურგი მაქციეს... არ დამიჯერეს.
-და მეგობარი?- არ ჩაუღრმავდა ანრი ამ ფრაზას, თუმცა გონებაში ჩაინიშნა, რომ უნდა გაერკვია თუ რა მოხდა.
-მყავდა,- დაუქნია ლუსიმ თავი,- მაგრამ იცი რა გააკეთა? როდესაც ერთმა სიმპათიურმა ბიჭმა სიყვარული ამიხსნა, ჩემზე მობაძვა დაიწყო. ვერ ვიტან როდესაც ვინმეს ქცევას აკოპირებენ, მით უმეტეს ჩემსას. ის ხომ თავად საინტერესო პიროვნება იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანში შეიძლება რაღაც საინტერესოს მოძებნა, თუკი ამის სურვილი გაქვს. არაა აუცილებელი ვინმეს კოპირება. ასე ძალიან მარტივად დაკარგავ შენს ინდივიდუალურობას.
-ყველა მედალს ორი მხარე აქვს, გააჩნია რა მხრიდან შეხედავ. დეგრადაციაც ევოლუციაა, ან ტყეში აგური თუ დაგეცა თავში, ესეც საოცრებაა. შენ განაწყენებული ხარ ოჯახის წევრებზე და მეგობარზე, მაგრამ როგორც შენი სიტყვებიდან მივხვდი, არც ერთისთვის არ გიკითხავს, თუ რატომ მოიქცნენ ასე. მათაც ექნებათ თავიანთი მიზეზები. იქნებ სჯობს ჯერ ეს გაიგო და მერე გამოუცხადო ბუნტი ჩვენს სოციუმს?
-შენც მათნაირი ხარ... ხალხის აზრზე დამოკიდებული უხერხემლო ამება.
-იცი რატომ? მე ამ სოციუმის ნაწილი ვარ. არ მაქვს პრეტენზია ვიყო თავისუფალი, რადგან თუკი ეს მომინდება, ტყეში წავალ და იქ ვიცხოვრებ. ყოვლად უდანაშაულო ხალხს კი არ დავაბრალებ ჩემს შიშებს. შენ კი... შენ უბრალოდ მარტოობის გეშინია და ამავე დროს ტვინში ჩაიჭედე, რომ ვიღაცაზე უკეთესი ხარ და თავისუფალი აზროვნება გაქვს,- ანრიმ ვერც შეამჩნია როგორ გადავიდა ყვირილზე. ეს პატარა გაუგებრობა თავისი არსებობითაც კი ახერხებდა მისი წყობიდან გამოყვანას.
უეცრად წვა იგრძნო ლოყაზე. ლუსიმ ხელი გაარტყა, თან ისეთი თვალებით უყურებდა, რომ ბიჭს გული შეეკუმშა, მუცელმა კი კულბიტი გააკეთა.
-აღარასოდეს გაბედო ჩემთან მოახლოება,- კბილებში გამოსცარა გოგონამ და სირბილით მოშორდა ბიჭს.
ანრიმ მობილური ამოიღო და საათს დახედა. ზუსტად 20:00-ს აჩვენებდა. დიდხანს დააჭირა ერთიანს და დაურეკა ერთადერთ ადამიანს, ვისაც ენდობიდა.
-გისმენთ,- გაიგო ნაცნობი, 60 წლის მამაკაცისთვის მეტისმეტად მელოდიური ხმა.
-ოთარი ბიძია, შენი დახმარება მჭირდება.
-თუკი ჩემს ძალებს არ აღემატება...
-გთხოვ, მომიძებნე სრული ბიოგრაფია ყველა გოგოზე, ვისაც ლუსი ჰქვია და აუცილებლად ფოტოებით. სახელი იშვიათია, ამიტომ არ უნდა გაგიჭირდეს. მაგრამ მიახლოებითი ასაკი 17-22 წელია.
-როდისთვის გნებავთ?- დაინტერესდა მამაკაცი.
-რაც მალე, მით უკეთესი,- ეს თქვა და ტელეფონი გათიშა. ანრიმ იცოდა, რომ სულ რამდენიმე საათში წინ ედებოდა საქაღალდეები ბიოგრაფიებით. ეს ის დავალებაა, რომელსაც უსიტყვოდ შეუსრულებდა მამამისის ყოფილი და მისი უფროსი ძმის ამჟამინდელი დამხმარე.
უფროსი ძმა... რამდენი იმედია ამ სიტყვათშეთანხმებაში... რამდენი ნდობა და პატივისცემა. ანრის ცხოვრებაში კი ესეც, როგორც ყველაფერი სხვა, უკუღმაა. უფროსი ძმის სახელის გაგონებაზეც კი სიბრაზე და უძლურების ცრემლები ახრჩობს. ის, ვინც მისი საყრდენი უნდა ყოფილიყო, მისი მტერი გახდა. უპარდონოდ გამოაგდო სახლიდან, რათა მამის ბიზნესის წილი არ მოეთხოვა. აჩუქა ბინა ქალაქის ცენტრში და დაუნიშნა ხელფასი. ეს იყო რაც 15 წლის ანრიმ მიიღო მამის დაღუპვის მერე. დედამ კი ძმის მხარე დაიჭირა და არც კი მოუკითხავს უმცროსი ვაჟი უკვე მე-9 წელია. მას ყოველთვის ძმა უფრო უყვარდა, რადგან ის პირველი იყო. ანრი თავიდანვე იმიტომ გააჩინა, რომ სანდროს ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდებოდა. ერთხელ ჩხუბისას, როდესაც კიდევ ერთხელ შეახსენეს თუ რატომ მოევლინა ამ ქვეყანას, ანრიმ ჰკითხა:
-გულის გადანერგვა რომ დასჭირვებოდა სანდროს, მაშინ რას იზამდი?
-გადავუნერგავდით,- დედის მშვიდად ნათქვამმა სიტყვამ ფეხქვეშ მიწა გამოაცლა და მოკლა მოზარდში ყველა გრძნობა. არავითარი სიყვარული არ არსებობს. რა სიყვარულზეა ლაპარაკი, როდესაც მშობელი დედა ასეთ რაღაცას იძახის შვილზე?

...

-შენ მე დამყვები კუდში, თუ ჩვენი შეხვედრა ისევ შემთხვევითობაა?- ჰკითხა შეზარხოშებულმა ლუსიმ ანრის. ეს შეხვედრა არც ისე შემთხვევითი იყო. ანრიმ წინასწარ გაიგო თავისი ინტერესის საგანზე ყველაფერი და მის სანაცნობო წრეში აღმოაჩინა კიდეც ის, ვინც მცირე ანაზღაურების საფასურად მზად იყო ბიჭისთვის ეცნობებინა ლუსის მარშრუტი. ამჯერად გოგონა ყაზბეგში აღმოჩნდა.
-ძალიან ბევრს არ სვამ შენი ასაკისთვის?- ჰკითხა ბიჭმა.
-შენ რა იცი რამდენი წლის ვარ?- აზიდა წარბი გოგონამ.
-ოცის? ოცდაორის?- ბიჭმა თავი მოაჩვენა, რომ არ იცოდა. სინამდვილეში მთელი მისი ბიოგრაფია ზეპირად ისწავლა.
-რომც ვსვამდე, შენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს?- შეცვალა სასაუბრო თემა ლუსიმ.
-არც არანაირი,- აიჩეჩა მხრები ბიჭმა,- უბრალოდ მიკვირს.
- შენც ნაკლებად დაუთმე დრო სხვისი ცხოვრების ანალიზს და მეტად მიხედე საკუთარ თავს, ნახავ როგორ გაგივლის გაკვირვებაც და ინტერესიც,- ბიჭს გაეცინა.
-ფსიქოლოგიას მასწავლი, პატარა?
-რა კბილებს იშრობ,- შეუბღვირა გოგონამ გაღიმებულ ბიჭს,- არაფერსაც არ გასწავლი, უბრალოდ მინდა, რომ თავი დამანებო.
-წამოდი,- უთხრა ბიჭმა, ხელი ჩაჰკიდა და წამოაყენა. უკვე შეზარხოშებულ ლუსის ფეხი აერია, მაგრამ ანრიმ დაიჭირა.
-სად მიგყავარ?- ჰკითხა გოგონამ, რომელიც მთლიანად ბიჭს ეყრდნობოდა, რადგან ფეხები არ იჭერდნენ.
-დასაძინებლად,- უთხრა ბიჭმა მშვიდად და სასტუმროს მესამე სართულზე აიყვანა. კარი გააღო და გოგონა ნომერში შეიყვანა.
-შეიძლება აბაზანით ვისარგებლო?- ჰკითხა ლუსიმ.
-რა თქმა უნდა,- უთხრა ანრიმ.
დაახლოებით ერთ საათში ორივენი საწოლზე იწვნენ და დაძინებას ცდილობდნენ, მაგრამ თუკი გოგონა მშვიდად იწვა, ბიჭი წრიალებდა. რთული იყო იმის გაცნობიერება, რომ საწოლში გიწევს გოგო, რომელიც გულის გაჩერებამდე გინდა, მაგრამ ხელს ვერ ახლებ, რადგან ნასვამია, შენ კი შენი პრინციპები გაქვს.
-დაიძინე,- ბოლო-ბოლო ლუსიმ ვეღარ მოითმინა.
-ვერ ვიძინებ, ჯერ ადრეა. მე ბუ ვარ,- ამაყად უპასუხა ანრიმ.
-აბა თავი 180°_ით მოაბრუნე,- ჩაისისინა გოგონამ.
-არ შემიძლია,- გაეცინა ბიჭს.
-ახლავე დაგეხმარები,- თქვა გოგონამ და წამოიწია.
ანრიმ მომენტალურად დაიჭირა, ჩაეხუტა და ყურში ჩასჩურჩულა.
-დაიძინე, ბეღურა,- და თმებზე აკოცა. მის თმებს მენთოლის სურნელი ასდიოდა და ბიჭი მიხვდა, რომ იმ დღიდან ეს არომატი, სულ ლუსის გაახსენებდა.
კედლის საათს ახედა, რომლის ფოსფორის ციფერბლატიც საღამოს 8 საათს აჩვენებდა.
დილას გაღვიძებულს კი ლუსი საწოლში აღარ დახვდა. გაბრაზებულმა თავი მის ბალიშში ჩამალა და შეისუნთქა გოგონას თმების არომატი.

...

ლუსის არ უყვარდა შეხება. აღიზიანებდა, როდესაც ვიღაც მის პირად სივრცეში იჭრებოდა და იძაბებოდა, როგორც კი ვინმეს სუნთქვას კანით გრძნობდა.
ანრიმ კი... არა მხოლოდ ხელი შეახო, არამედ ჩაიხუტა კიდეც და ამან ორმაგად შეაშინა და დააბნია. მისი მკლავების სითბო ახსოვდა ჯერ კიდევ პირველი შეხვედრიდან. ეგონა, რომ შიში ისევ შებოჭავდა და სუნთქვას შეუკრავდა, მაგრამ არა... ეს ირაციონალური სიმშვიდე კიდევ უფრო მეტად აშინებდა. "რატომ მაინცდამაინც ანრი? რატომ აღვიქვამ ასე მშვიდად მხოლოდ მის შეხებას?" ეს კითხვები არ ასვენებდნენ, მერე კი იწყებოდა იმ კოშმარის გახსენება, საიდანაც დაეწყო შეხების შიში და პანიკის შეტევების ჩასახშობად ისევ და ისევ სვამდა დამამშვიდებელს, რომელიც რამდენიმე საათით აბსოლუტურად თიშავდა რეალობას.
ანრის გვერდით ბოლო 11 წლის მანძილზე ჩვეულებად ქცეული სიზმარიც კი არ უნახავს.
მობილურის ზარმა გოგონა შეაკრთო. უცხო ნომრიდან იშვიათად ურეკავდნენ, ამიტომ გაოცებულმა უპასუხა.
-სად გაიქეცი?- გაბუტული ხმით ჰკითხა ანრიმ. ლუსი შეკრთა.
-ხომ გინდოდა რომ დამეძინა? მეც გამოვიძინე. გაღვიძებულს მეტი საქმე არაფერი მქონდა, ამიტომ წამოვედი,- უპასხა მშვიდი ხმით გოგონამ, მაგრამ გული ისე გამალებით უცემდა, რომ ეგონა ბიჭიც გაიგებდა.
-სად ხარ?- ჰკითხა დაღლილი ხმით ანრიმ.
-სახლში,- იყო კიდევ ერთი მშვიდი პასუხი.
-სად სახლში?- ბიჭს სუნთქვა გაუხშირდა.
-თბილისში.
-იქ როგორ აღმოჩნდი,- საათს დახედა და ღრმად ჩაისუნთქა,- დილის 7 საათზე?
-ავტოსტოპით წამოვედი,- გოგონას მშვიდმა ხმამ ანრი წყობიდან გამოიყვანა.
-გაგიჟდი? თავი სულ არ გეცოდება? შიშის გრძნობა საერთოდ დაკარგე?- ყვიროდა ბიჭი.
-შიშის გრძნობა?- ლუსი გაშრა, მერე კი მთელი ხმით დაუყვირა,- შენ რა იცი შიშზე? რა იცი რას გრძნობ, როდესაც შიშის მარწუხებში ხარ მოქცეული და ვერ სუნთქავ? აღარასოდეს გაბედო ჩემთან დარეკვა, ან მოახლოება... ა ღ ა რ ა ს ო დ ე ს...- არ დაეზარა და სათითაო ბგერა მკაფიოდ გამოყო, მერე კი ტელეფონი გათიშა. ღრმად ჩაისუნთქა და გერგეტის სამებას ახედა.

...

დილის სუსხი სხვანაირად სასიამოვნოა და გაფხიზლებს ისე, როგორც ვერ გამოგაფხიზლებს ყველაზე ცივი შხაპი ან მაგარი ყავაც კი. ლუსის უყვარდა დილას სეირნობა, ამიტომაც სახლიდან ადრე გადიოდა და უნივერსიტეტში ფეხით მიდიოდა.
როდესაც ადრიანი ზარი გაისმა, გოგონა შეკრთა, ხოლო როდესაც ნაცნობი ნომერი დაინახა, შუბლი შეკრა.
-რას აკეთებ?- გაიგო ბიჭის მხიარული ხმა, სანამ რაიმეს ეტყოდა.
-მოსიარულე მკვდრებს ვუყურებ,- უპასუხა ლუსიმ გაღიზიანებული ხმით.
-ამერიკულ სერიალს?- გაოცდა ბიჭი. ორშაბათ დილას რატომ უნდა უყურებდე იმ საშინელებას სწავლის ნაცვლად, ვერ ხვდებოდა.
-არა, უნივერსიტეტში მივდივარ და გამვლელებს ვაკვირდები,- უპასუხა ისევ ცივად. ანრიმ გადაიხარხარა.
-ვგიჟდები შენი იუმორის გრძნობაზე,- აღიარა ბიჭმა.
-მე კი შენ მაღიზიანებ,- ამოიოხრა გოგონამ და მობილური გამორთო საერთოდ, გათიშვა არასაიმედოდ მიიჩნია მათ შემთხვევაში. დასამშვიდებლად კი პატარა ბოთლით წყალი იყიდა და ერთიანად გამოცალა, არ მიაქცია ყურადღება, რომ ცივი იყო.

...

უკვე მეორე დღე გადაბმულად ტყუილად ელოდა ანრი ლუსის. გოგონა უნივერსიტეტში არ გამოჩენილა. შეშფოთებულმა თავის "ინფორმატორს" დაურეკა.
-ლუსი გაცივდა და ვერ დადის,- იყო მოკლე პასუხი, სანამ ტელეფონს გაუთიშავდნენ. ბიჭმა მაშინვე ტაქსი გააჩერა და უკვე ზეპირად ნასწავლი მისამართისკენ აიღო გეზი. გზად აფთიაქში შეიარა, იყიდა წამლები და საჭირო ბინას მიადგა. დაახლოებით 10 წუთი აკაკუნებდა (წაიკითხეთ - აბრახუნებდა) კარზე. როგორც იქნა საძულველი კარი ჭრიალით გაიღო და გამოჩნდა ლუსის გაბურძგნული თმა, წითელი ცხვირი და მაღალი ტემპერატურისაგან მოელვარე თვალები. მხოლოდ ეს სჩანდა, რადგან თავად გოგონა გახვეული იყო სქელ პლედში და მიუხედავად ამისა, ერთიანად კანკალებდა მაინც.
-რა გინდა?- ძლივს გაიგონა ბიჭმა ლუსის ჩახლეჩილი ხმა.
-წამლები მოგიტანე,- უპასუხა ანრიმ და პარკი აჩვენა. გოგონამ სცადა მზერის ფოკუსირება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
-არაფერი მინდა შენი,- ამოიხრიალა გოგონამ და მაშინვე გონება დაკარგა.
ანრიმ მოასწრო, ხელში აიტატა და სახლში შეიყვანა. მიმოიხედა და გულიანად შეიგინა. სახლს იმ სოროს ფორმალურადაც ვერ უწოდებდა. ერთი პაწია ოთახი, სადაც გაერთიანებული იყო საძინებელი, მისაღები და სამზარეულო, რომლის ფუნქციასაც ასრულებდა პატარა კომოდი, მასზე მოთავსებული დასატენი გაზის ბალონით. მას მერე, რაც გოგონა ლოგინზე დააწვინა, ეჭვი შეეპარა, რომ ეს უკანასკნელი ლუსის ჩიტის წონასაც ვერ გაუძლებდა.
-აქ როგორ ცხოვრობ, ჩიტუნია?- აღმოხდა ანრის.
ერთადერთი კარი აბაზანაში შედიოდა, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი თუ დაეტეოდა.
კომოდის უჯრიდან აღებულ ჭიქაში წყალი ჩაასხა და სიცხის დამწევი ძალით დაალევინა ლუსის. მერე მარკეტში ჩავიდა, ქათამი და მწვანილები იყიდა და ბულიონი მოუხარშა გოგონას.
ლუსი საჭმლის გემრიელმა სუნმა გამოაღვიძა. თავიდან სიხარულით შეისუნთქა არომატული ბულიონის სურნელი, მერე კი ტვინმა სიგნალი მისცა, რომ მის სახლში არავინ უნდა ყოფილიყო და ვერავის უნდა მოემზადებინა აღნიშნული გემრიელობა. ამიტომაც სწრაფად იბრუნა პირი და ანრის დანახვისას, გულიანად შეიკურთხა.
-გოგოს ასეთი ლაპარაკი არ უხდება,- უთხრა ბიჭმა სიცილით და ღრმა თეფშზე დაასხა სითხე.
-აქ რა ჯანდაბა გინდა?- ჰკითხა გაღიზიანებულმა.
-გივლი,- შესცინა ბიჭმა.
-მომწყდი თავიდან,- სცადა ყვირილი ლუსიმ, მაგრამ ყელიდან ხრიალი აღმოხდა და დაახველა.
-ჯერ ჭამე,- გაუწოდა ბიჭმა სინი, რომელზეც წვნიანით სავსე თეფში იდო.
-არ მომწამლავ?- ჰკითხა გოგონამ ეჭვით და ნერწყვი გადაყლაპა. საჭმლის არომატი ყნოსვის რეცეპტორებს უღიზიანებდა.
-მიზეზი?- გაუკვირდა ანრის.
-ეგეც მართალია,- უთხრა უფრო თავის თავს, სინი ჩამოართვა და უცებ გაიქანა პირში პირველი კოვზი,- აიჰ, ცხელია,- შეჰყვირა მაშინვე.
-ფრთხილად,- გაეცინა ანრის და პირი მოსწმინდა გოგონას.
-გემრიელი იყო,- უთხრა სუსტი ღიმილით ლუსიმ.
-მომიწია სწავლა,- აიჩეჩა მხრები ბიჭმა. გოგონამ გაოცებულმა შეხედა.
-15 წლიდან მარტო ვცხოვრობ,- აუხსნა ბიჭმა.
-მაპატიე,- აიფარა პირზე ხელი ლუსიმ, რომელმაც იფიქრა, რომ ბიჭი ობოლი იყო.
-არა, არა,- მიხვდა ანრი რაც იფიქრა გოგონამ,- დედა და ძმა მყავს, უბრალოდ მე მათთვის ზედმეტი ტვირთი ვარ,- გაუღიმა ბიჭმა.
-ეს როგორ?- კიდევ უფრო მეტად დაიბნა გოგონა.
-შემიძლია მამაჩემის ქონების ნაწილი მოვითხოვო, რაც არც ერთს არ უნდა. ამიტომ ბინით და ყოველთვიური "ხელფასით" ყიდულობენ ჩემს სიჩუმეს,- თავადაც არ იცოდა რატომ, მაგრამ გულწრფელად მოუყვა ლუსის ყველაფერი. და ელოდა ყველანაირ რეაქციას გარდა იმისა, რომ გოგონა გულიანად გაიცინებდა,- რა არის აქ სასაცილო?
-არ მეგონა ვინმე ჩემზე უარეს დღეში თუ იყო, შენ კი მიმახვედრე, რომ მიუხედავად ყველაფრისა არ უნდა იწუწუნო იმაზე, რაც გაქვს. ყოველთვის მოიძებნება ის, ვისაც შენზე მეტად უჭირს.
-შენ რა გიჭირს?- დაეკითხა ბიჭი ფრთხილად. ცნობისმოყვარეობა ჰკლავდა, მაგრამ აქამდე არანაირი შანსი არ ჰქონია, ახლა კი მხოლოდ ერთს ევედრებოდა ზეცას, გოგონა მას მინდობოდა და გული გადაეშალა.
ანრი ხვდებოდა, რომ იპოვა ის, ვინც მისი მეორე ნახევარი გახდებოდა, გაუგებდა მას და მიიღებდა ისეთს, როგორიც არის. არ დაუწყებდა დარწმუნებას, რომ უნდა შეწინააღმდეგებოდა იმ ტირანებს, ვისაც ოჯახის წევრებს ეძახდა.
-დღეს რა დღეა?- ლუსის შეძახილმა უცებ გამოიყვანა ფიქრებიდან ანრი.
-პა.. პარასკევი,- დაება ენა ბიჭს. ლუსიმ ჩაიცინა და წამოდგომა სცადა.
-სად მიდიხარ?- გაოცდა ბიჭი.
-ფანჯარასთან,- ლუსი ხვდებოდა, რომ თავისით ვერ მივიდოდა, ამიტომ ტუჩზე იკბინა, ღრმად ჩაისუნთქა და ანრის სთხოვა,- გთხოვ დამეხმარე.
ბიჭმა ჯერ დაბნეულმა შეხედა, მერე კი შეუსრულა თხოვნა. ფრთხილად მოჰკიდა ხელი და წამოაყენა. გრძნობდა როგორი დაძაბული იყო ლუსი და როგორ იკავებდა თავს, რომ არ ეკრა ხელი, ამიტომ ცდილობდა შეხება მინიმუმამდე დაეყვანა. თან თავში დახატა ისტორია, თუ რატომ ვერ იტანს მშობლებს და რატომ ეშინია შეხების და სიბრაზისაგან ააკანკალა. ნუთუ მის პატარა ჩიტუნიაზე ძალას ხმარობდნენ... არა...
-რა გჭირს?- ჰკითხა ლუსიმ, რომელმაც იგრძნო ბიჭის ხასიათის ცვლილება.
-არაფერი,- ცოტა უხეშად უპასუხა ბიჭმა. ლუსიმ ააფახულა თავისი გრძელი წამწამები და ტუჩები დაბერა, მაგრამ ამ დროს ეზოდან ხმაური გაისმა და გოგონას სახე გაუნათდა.
-რა ხდება?- გაოცდა ანრი, როდესაც პირდაპირ სადარბაზოსთან შეკრებილი ხალხი დაინახა.
-ჩემი ნამოქმედარია,- ამაყად შეხედა გოგონამ.
-ამჯერად რა ჩაიდინე, აუტანელო ბავშვო?- ჰკითხა ბიჭმა სიცილით.
-დაახლოებით 3 თვის წინ ვიპოვე მობილური... ძველი, მძიმე ცხოვრება გამოვლილი. ნომრით დავრეგისტრირდი სოც.ქსელში და ძალიან მიმზიდველი გოგოს ფოტოები დავდე. მეგობრებში ვიმატებდი ყველა მსურველს და ყველას სიხარულით ვეკონტაქტებოდი. რამდენიმე დღის წინ კი მივხვდი, რომ მომბეზრდა ეს ყველაფერი და ყველას მივწერე მისამართი და დავიბარე ერთი და იგივე დროს.
-ვისი მისამართი მიწერე?- ჰკითხა გაოგნებული ხმით ანრიმ. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ლუსის თავში ასეთი იდეა მოუვიდა.
-ერთი ჭორიკანა მეზობელი მყავს... გაუთხოვარი. ჩემზე საძაგლობებს იძახის,- ბოროტად ჩაიცინა ლუსიმ.
-ცუდი გოგო,- გაეცინა ბიჭს,- კარგია შენი მტრების სიაში რომ არ ვარ.
-დარწმუნებული ხარ?- ჰკითხა გოგონამ და გამომცდელად შეხედა. ანრის ჟრუანტელმა დაუარა მისი გამოხედვისაგან.
-აბსოლუტურად,- უთხრა ბიჭმა, წელზე ხელი მოჰხვია და თავისკენ მიიზიდა გოგონა,- მომიყევი რა გაწუხებს, ლუსი. ნება მომეცი გავიზიარო შენი ტკივილი... შენი ცრემლი... არ დამემალო, პატარა. შემომიშვი შენს გულსა და გონებაში,- ამას რომ ეუბნებოდა, მზერას არ აცილებდა.
-ზედმეტად ბევრს მოითხოვ ჩემგან, ანრი,- გადავიდა ჩურჩულზე ლუსი და თვალები დახუჭა, რათა არ ჩაეხედა ასეთ მიმზიდველ და მომნუსხველ თვალებში.
-მე ჩემს სულსა და გონებას გთავაზობ... გამიღე გულის კარი, პატარა,- ნაზად აკოცა საფეთქელზე ბიჭმა და გოგონამ ეს ვერ აიტანა.
-ვერ მაპატიებ და ალბათ ინანებ ასე რომ მიხუტებ,- უთხრა ტირილისგან ჩახლეჩილი ხმით.
-წინასწარ არავინ იცის რა რეაქცია ექნება ამა თუ იმ სიახლეზე.
-მაშინ 9 წლის ვიყავი... მათემატიკაში ძლიერი ვიყავი და მშობლებმა გადაწყვიტეს დამატებით მევლო მასწავლებელთან. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მე მომწონდა სწავლა, მას კი ჩემი გახსნილი გონება. არ ვიცი რა დროს გადაწყვიტა, რომ მე ბავშვი არ ვიყავი და ვუნდოდი, მაგრამ ხელით შეხება დამიწყო ჯერ მხოლოდ ფეხზე, მერე კი...- ლუსიმ თვალები დახუჭა და სცადა აჩქარებული გულის დამშვიდება. რთული იყო იმ ჯოჯოხეთში დაბრუნება ფიქრებით.
-რამე...
-ვერ მოასწრო,- გააწყვეტინა გოგონამ,- სახლში ვთქვი და მშობლები მასთან სალაპარაკოდ მივიდნენ. იმ არაადამიანმა კი უთხრა, რომ მე... 9 წლის ბავშვმა შევაცდინე. მისი დაიჯერეს, ჩემი ცხოვრება კი ნამდვილ კოშმარად იქცა. 15 წლის ასაკში კი სახლიდან წამოვედი.
-ფული? სახლი, საჭმელი, წიგნები...
-პენსიონერი ბებია მაძლევს,- ჩაეცინა ლუსის.
-გინდა სამოგზაუროდ წავიდეთ?- მოულოდნელად ჰკითხა ბიჭმა.
-რა?- დაიბნა გოგონა.
-სამოგზაუროდ წავიდეთ. საფრანგეთი, იტალია, ეგვიპტე... აირჩიე ადგილი...
-ტაილანდი,- უთხრა ლუსიმ.
-იქ რა გინდა?- გაოცდა ანრი.
-ლურჯი ზღვა, პალმები და ხალხი, ვინც არ მიცნობს.
-მაგრამ ანალოგიურია ჰავაიზე ან გოაზე, ან სულაც ბორა ბორაზე.
-შენ ხომ მე მომანდე არჩევანი, მე ტაილანდი მინდა,- ლუსის ეს მხოლოდ ხუმრობა ეგონა. ზუსტად იმ დრომდე, სანამ ბიჭმა ბილეთების ყიდვა არ დაავალა ტელეფონით ვიღაცას,- მე ვიხუმრე ანრი,- გააქნია თავი გოგონამ,- სად მაქვს ამის ფული.
-არც გჭირდება. ეგ ქმრის მოვალეობაა.
-ვისი?- გოგონას გაუჩნდა შეგრძნება, რომ ფილმს უყურებდა. მის ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან სპონტანურად ხდებოდა ბოლო დროს.
-ხვალ თუ უკეთ იქნები, იუსტიციაში წავალთ და განცხადებას შევავსებთ,- გამოუცხადა ბიჭმა.

...

-ბებია, მართლა გგონია, რომ ტაილანდში უნდა წავიდეთ საქორწინო მოგზაურობაში?- ჰკითხა მოხუც ქალს ახალგაზრდა, სიფრიფანა გოგომ.
-აუცილებლად,- გაეღიმა ქალს. ცუდია, რომ შვილიშვილს ვერ მოუყვება თუ როგორ დაიწყო მამამისის ცხოვრება ტაილანდის პლაჟზე, ღამით. სასტუმროს ნომრამდე ვერ მოითმინა სიყვარულისგან დამთვრალმა წყვილმა და თავდაცვაზე არც ერთს არ უფიქრია მაშინ... მხოლოდ ერთხელ. და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ გოგონას სხეულში ახალი სიცოცხლე ჩასახულიყო.
-ასე რატომ გეღიმება, ბე?- ჰკითხა კისკისით უმცროსმა.
-ნინკა,- გაიგეს მომავალი სასიძოს ხმა,- ბებო, როგორ ხართ?- ჰკითხა ბიჭმა და ჭაღარა თმაზე აკოცა მოხუცს. მერე კი აჩუქა ლოყაზე ნაზი კოცნა თავის საბედოს. ნინკა გაწითლდა და თვალი აარიდა ბებიას. ქალს გაეცინა.
-კაბის ასარჩევად მიდიხართ, ხომ?- ჰკითხა სასიძოს.
-კი,- გაუბრწყინდა ბიჭს თვალები.
-წადით ბავშვებო, მე ანრის დაველოდები.
-დაგელოდებით სანამ ბაბუას მატარებელი ჩამოვა,- მაშინვე შესთავაზა ნინკამ.
-არა, თქვენს საქმეებს მიხედეთ. მე აქ ჩამოვჯდები და დაველოდები.
-დარწმუნებული ხარ, ბე?- გოგონას ხმაში ნერვიულობა ისმოდა. ბებიას გაეღიმა.
-რა თქმა უნდა. ჩემი ბებერი ახლაც ვერ მტოვებს დიდხანს მარტო, ჰგონია რომ მოსტაცებენ ჩემს თავს,- ამ სიტყვებზე სამივეს გაეცინა.
-მაშინ წავედით. ბედნიერად ბებო,- გოგონამ ხელკავი გაუკეთა ბიჭს და ერთად დატოვეს ვაგზალი.
მოხუცი კიდევ დიდხანს იჯდა სკამზე, სანამ ახლად ჩამომდგარი მატარებლიდან არ ჩამოხტა ის, ვინც ჯერ კიდევ უჩქარებდა გულის ცემას.
-ნუთუ ასეთი ლამაზი მანდილოსანი მე მელის?- ჰკითხა და აკოცა შუბლზე თავის სიყვარულს.
სწორედ ამ დროს იქუხა და წვიმამ ჩამოსცხო.
ბაქანზე ხალხი დაიშალა, იდგა მხოლოდ მატარებელი და ჩახუტებული წყვილი, რომელთა გულებიც უნისონში ცემდა.
საათი კი 20:00 აჩვენებდა.



№1  offline წევრი nini :)

auuu ra kargi iyoooo..... dzalian momewonaaaa... ise shevyevi kitxvas dro gamepara... vici dilit tavis aweva gamichirdebaaaa arada samushaoze unda wavideee.... mokled dzalian sasiamovno wasakitxi iyooo.... warmatebebi... gelodebi axali istoriiit...

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

საოცრად თბილი , ტკბილი და დიდი სიყვარულით სავსე ისტორია იყო.

 


№3  offline წევრი kaxelii

ძალიან მაგარი იყო. ბრავო, მე მომეწონა ძ ა ლ ი ა ნ.

 


№4 სტუმარი Meocnebe

Ra kargi iyo <3 momewona

 


№5  offline წევრი qetiqetiA3

მომეწონა ძალიან,ძალიან კარგი და სასიამოვნო წასაკითხი იყო <3

 


№6  offline წევრი შამხათი

საოცრება იყო, ყოჩაღ!

 


№7  offline წევრი HeeChul-ah

ყველას დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის. დიდხანს ვფიქრობდი ღირდა თუ არა ამ ისტორიის დადება და მიხარია რომ გამოვაქვეყნე •.•
--------------------
Nico nico nii

 


№8  offline წევრი Barbare ❤

ამ საღამოს ძალიან მესიამოვნა ამ თბილი და სიყვარულით სავსე ისტორიის წაკითხვა ❤❤ შეუდარებლად წერ ❤❤

 


№9  offline წევრი Barbare ❤

ვაიჰ მეორედ წავიკითხე და ისევ საშინლად მომეწონა ❤ შეუდარებელია ❤ მიყვარს ეს იატორია ❤

 


№10 სტუმარი Ana-maria

ძალიან ძალიან მომეწონა. თბილი ტკბილი ისტორია იყო. წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent