შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზეცა თავისას არ კარგავს! -4-


8-10-2016, 14:18
ავტორი sopiko
ნანახია 1 969

[თავი 4]
გოგონა ხელში ორმოციოდე წლის აღმზრდელს უჭირავს და უხეშად აქანავებს მკლავებში. ამას მართლა ქანაობა ჰქვია, რწევა კი არა. ჩვენს დანახვაზე გაღიზიანებული გამომეტყველება სახეზე აცივდება. თეატრალურად იღიმის, ხელების ქნევის სიჩქარეს ამცირებს და დროებით გაშტერებული ბავშვიც ისევ ტირილს იწყებს.
''თათა ტირის! ტკივა და იმიტომ! შია და იმიტომ! ეძინება და იმიტომ!''-ფერადი ნათურებივით ინთება ჩემს გონებაში თითოეული სიტყვა.
-მომეცი ბავშვი!-წინ ვუდგები ქალს და გოგონას ხელიდან ვტაცებ.
-კი, მაგრამ...-თავის გასამართლებლად გულზე ხელს იდებს ის.
-ლეა, რა დაგემართა? დამშვიდდი.-შიო ისე მამშვიდებს, ეტყობა ან ის ვერ შენიშნა, რაც მე, ანდაც სულ არ ადარდებს თათას მდგომარეობა.
-ბავშვს როგორ უნდა მოეპყროთ, არ იცით? განსაკუთრებით ახალშობილს. გოგონამ ტირილი მხოლოდ იმიტომ შეწყვიტა, რომ ისე აჯანჯღარებდით, ყველაფრის უნარი დაკარგა. ასე როგორ შეიძლება? მგონი თქვენმა უფროსობამ ამაზე რომ გაიგოს, არ ესიამოვნებათ, ხო?-მუქარასავით გამომდის, მაგრამ იმდენად გაცოფებული ვარ, რომ ვეღარაფერს ვარქმევ სწორ სახელს.
-ქალბატონო, რაღაც მოგეჩვენათ. ჩვენთან ბავშვებს ისე ეპყრობიან, როგორც...
-როგორც საკუთარ შვილებს, არა?-სარკასტულად ვამთავრებ მის მიერ დაწყებულ წინადადებას.-შეიძლება როგორც შვილს ისე ერთს მოეპყრო, მეორეს, მესამეს, მაგრამ ყველას შეუძლებელია! ამ წინადადების აზრი არასდროს მესმოდა! როგორ შეიძლება შვილად უბრალოდ მიიღო? ეს თავისთავად ხდება, რამაც როგორც ვხედავ, თქვენს შემთხვევაში არ გაჭრა.
რა თქმა უნდა, თავისთავადს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ იგივე საკუთარ თავზე გამოვცადე. აბა, თქვენ გგონიათ ძალიან მინდოდა ვიღაც ბავშვი ისე შემყვარებოდა, მის გამო უცნობ მამაკაცთან მომეწერა ხელი და დროებით მისი ცოლი მრქმეოდა? ამაზე გადაჭრით ვიტყოდი უარს, რომ არა გულის კარნახი. რას მკარნახობდა ის? იმას, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. იმას, რომ წინაამღდეგ შემთხვევაში ჩემი სინდისის ხმა გამაყრუებდა. იმას, რომ შიო ერთი ჩვეულებრივი გამვლელი არ არის და კიდევ იცით, რას? რომ შიო, მე და თათა იქ, ირმის ნახტომში დაგვაკავშირეს ერთმანეთთან.
-დაწყნარდით, ქალბატონო. ჩემი მეუღლე უბრალოდ ძალიან აღელვებულია.-მე რომ ვერაფერს მაგონებს, აღმზრდელს უტრიალდება, რომელიც თავს იკატუნებს, ვითომ არ ესმის, რაზე ვლაპარაკობ.
-ნეტავ, რამ ამაღელვა...-ტუჩის კუთხეებს ოდნავ დამცინავად ვწევ მაღლა და თვალის გუგებს ვატრიალებ.
შიო მრავალმნიშვნელოვან მზერით მაჯილდოვებს და აღმზრდელთან საუბარს განაგრძობს.
-ჩვენ თათას მეურვეეები ვართ. რაღაც საბუთები კიდევ გვაქვს მოსაწესრიგებელი და დღეს უბრალოდ მოსანახულებლად მოვედით.-ვითარებაში არკვევს ქალს. ის თავს აქნევს და ოთახიდან გაპრანჭული ნაბიჯებით გადის.
-ეს მეჩვენება თუ შენ გეკეკლუცება?-თვალებს ვაჭყეტავ და თათას შუბლზე ფაქიზად ვკოცნი.
-შენ მეჩვენება თუ ეჭვიანობ?-ეღიმება მენაბდეს.
-რა სისულელეა! უბრალოდ ვერ ვიტან შინაბერა, რუმიანებში ამოვლებულ ქალებს, რომლებსაც უკვე აღარ აქვთ ბავშვების ჭიჭყინის თავი და მხოლოდ სიმპათიური და მდიდარი მამაკაცები სჭირდებათ გვერდით.-გამაღიზიანებელ ფაქტს აღვნიშნავ და ამდენი ნჯღრევისგან დაღლილ ბავშვს მინაბულ თვალებზე ვაკვირდები.
-აჰამ, გამოდის, რომ სიმპათიურიც ვარ!-მომაჯადოებელ ღიმილს არ იშორებს მამაკაცი.
-არა და იცი, რატომ? თუ ასეა, მაშინ მდიდარიც უნდა იყო და მე სამაგისოს ვერაფერს გატყობ.-მსახიობურად ვასერიოზულებ სახეს.
-და შენ მაინც მოგწონვარ.-ფარშევანგივით ამაყად იფხორება ის.
ლოყები მეფაკლება. არა, ამხელა ქალს რატომ არ შემიძლია მორცხვობის დაძლევა? მით უმეტეს მამაკაცებთან. კარგი, მამაკაცთან. რატომღაც არ შემიმჩნევია სხვებთანაც დამმართოდა მსგავსი რამ. მაგალითად, გაბოსთან. ისიც საკმაოდ სიმპათიურია და უყურადღებობაშიც ვერ დავადანაშაულებ. რატომ არ მოვიხიბლე მისით, როგორც მამაკაცით და რატომ არ გავეპრანჭე? გასაგებია, მაშინ ამისთვის არ მცხელოდა, მაგრამ მერე? ძალიან ხშირად ვფიქრობდი მასზე და არასოდეს არ გავწითლებულვარ, მთელი არსებით მასზე არ გადავრთულვარ... აბა, რა ხდება?
-ამ სისულელეზე კი მართლა არაფერს გიპასუხებ. არ გინდა თათას მოეფერო?-მაშინვე სხვა თემაზე გადამაქვს საუბარი.
-შენ... მეჩვენება თუ შეეგუე იმ ფაქტს, რომ ხელი უნდა მოვაწეროთ?-დაბნეული ჩანს ის.
-მგონი ამაზე ჯერ არაფერი მითქვამს, ხო? თანხმობის ან უარყოფის შემატყვე რამე?-მკვახედ ვეპასუხები.
-კატამ ბრჭყალები გამოაჩინა.
-ფრთხილად! ეს ბრჭყალები ძალიან ბასრია.-ვაფრთხილებ და მიძინებულ თათას კიდევ ერთხელ ვიკრავ მკერდზე.-ბავშვს არ გამომართმევ?
-თუ დაიღალე, ჩააწვინე.-უემოციოდ მპასუხობს და ზურგშექცევუთ დგება.
-უკაცრავად?! თუ თათა შენთვის ზედმეტი ტვირთია, რატომ მოაწყე ეს მასკარადი?-ამის გათვიცნობიერებისას იმედგაცრუება იმდენად მძიმეა, რომ ბავშვი ლამისაა ხელიდან გამივარდეს.
-ეს რა შუაშია?-წარბებს კრავს, მაგრამ თვალს მაინც ვერ მისწორებს.
-მაშინ რა არის შუაში?-შვებას ვგრძნობ. მართლაც რა სულელური დასკვნაა. თავიდანვე შევატყვე რამდენად მნიშვნელოვანი იყო შიოსთვის მისი მეგობარიც, მერიც და თათაც.
-ძალიან სასაცილო კია... მაგრამ ხელში ნამდვილად ვერ ავიყვან.-აპროტესტებს მამაკაცი მოყლოდნელად.
-რა?-თვალები შუბლზე ამდის.
-ვატკენ...
-რას?
-ჩემს ხელებს შემოხედე!-ხელის გულებს მანახებს ის.-ახლა შენი ნახე. შენ ისე ნაზად გიჭირავს, ალერსიანად... ასეთი დიდი და უხეში ხელებით ბავშვს შენსავით როგორ დავიჭერ?
სიცილი მსკდება. შიოსგან ასეთი ბავშვურობის გამოჩენას ნამდვილად არ ველოდი. თან ისეთი მიამიტი, უცოდველი სახე აქვს, უფრო და უფრო ვიმუხტები დადებითად. მერე თვალებს ვუბრიალებ, მაგრამ ის ისევ წინაამღდეგობას მიწევს. ხელების გამოშლას ვთხოვ. დაახლოებით ისე ვაჭერინებ, ბავშვი რომ კარგად მოთავსდეს და თათას ფრთხილად ვუწვენ მკლავებში.
-ეს... მე...-ბურტყუნებს ის და ნასიამოვნები, გიჟმაჟი, აღფრთოვანებული გამომეტყველებით დასცქერის პატარას.
-ხედავ? შეძელი.-ღიმილით ვამხნევებ და მისი მზერით ვხვდები, როგორ უხარია, რომ გამოუვიდა.
იმდენად უმწკიკვლონი არიან ეს ორი ერთად. იმდენად მინდება, რომ ორივეს მოვეხვიო, მათი შერწყმული სურნელი ჩავისუნთქო და არავისზე და არაფერზე ვიფიქრო, რომ ხელებსაც კი ვაშორებ ერთმანეთს. ყველა გრძნობა ერთად იწყებს შემოტევას. მინდა დაუსრულებლივ ვილაპარაკო იმაზე, თუ რას განვიცდი, რას ვფიქრობ, მაგრამ რა თქმა უნდა არაფერს ვამბობ. უმოძრაოდ ვდგავარ და გაღიმებული თვალმოუშორებლივ ვუმზერ მამაკაცს და ახალშობილს, რომლებიც უკვე ერთმანეთის გარეშე აღარ წარმომიდგენია.

შიოს როგორც მივყავარ, ისე საღსალამათს მაბრუნებს სახლში. მთელი გზა ვდუმდით_მეთქი, ვერ ვიცრუებ, მაგრამ ჩვენი საუბრის სიტყვა-სიტყვით მოსმენა სავარაუდოდ არავის ესიამოვნება. რა თქმა უნდა, თავიდან შემტევად დავიწყე ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ შევძლებდი ასე ნდობას და მასთან ხელს ვერ მოვაწერდი. ეს მსხვერპლი იქნებოდა ჩემგან და თან თუ დაქორწინებულების სახელი გვექნებოდა, ფაქტია მშობლებისთვის და ახლობლებისთვისაც მომიწევდა ამის თქმა. იქნებ სახლში ერთად ცხოვრებაც კი აუცილებელი გამხდარიყო. შიო ამ ყოველივეს არ გამორიცხავდა, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა მაინც არ ღელავდა და სავსებით მშვიდად მცემდა პასუხებს.
დასკვნა ერთია: არც მე და არც ის არ დავიშურებთ თავს თათასთვის. ბავშვი ნივთი ხომ არ არის, ან შუაზე რომ გავიყოთ, ანდაც არც ერთს ჰყავდეს და არც მეორეს. მისი ნათელი მომავლისთვის აუცილებელია, რომ ჩვეულებრივ ოჯახში გაიზარდოს სხვა ბავშვების მსგავს პირობებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მე თანახმა ვარ. თანახმა შიოს ცოლობაზე, რაც ყველაზე ძნელად აღსაქმელი და რაც მთავარია შესაგუებელია.

^^^
შუადღე მშვიდობისა, ჩემო მკითხველებო! სასიამოვნო, ხალისიან და ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ!
დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც კითხულობთ და შეფასებასაც არ იშურებს. ამჯერადაც გელით.
სულ მალე ნანატრი გაბოც გამოჩნდება :დ სხვათა შორის ეს პერსონაჟი ძალიან მიყვარს და მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როცა ახალ თავში თქვენ მის სახელს ამოიკითხავთ, თუმცა სიჩქარე არაფერს უხდება.
უყვარხართ სოფიკოს!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent