შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა კორიანტელი [სრულად]


30-10-2016, 23:19
ავტორი N7
ნანახია 6 714

ერთი ჩავისუნთქე და დავწერე.
ბევრია ეს ისტორია ჩემთვის.
ამიტომ გაფრთხილებთ, ცუდი დასასრულების მტრები შორს.
პს ეს ბოლოში უნდა დამეწერა, მაგრამ იქ ზედმეტია, ამიტომ... მიყვარხართ და მიხარის, რომ ხართ!

1
- მორჩები გვემას? ადგები ფეხზე? როდემდე უნდა იჯდე საფლავებს შორის და ტიროდე? ხომ ხედავ, ცაც შენთან ერთად ტირის. ადექი, გაცივდები. უი, მაპატიე, სულ დამავიწყდა… შენც ეს არ გინდა? ისე გაცივდე, რომ მოკვდე. შე ლაჩარო , თვითმკვლელობა ვერ გაგიბედავს? ადექი და დაასრულე. რამდენი ხერხი არსებობს… აიღე ბასრი დანა და გადაუსვი შენს მაჯაზე მფეთქავ ძარღვებს, ან ჩაწექი წყალში და ფენი ჩაიყოლე… უჰ, რა სიამოვნებაა, რამდენიმე წამით რომ გივლის დენი ძარღვებში და ფიქრობ, ეს რა ვქენიო. ჰო, წამში ათასჯერ ფიქრობ: ეს რა გავაკეთეო. დაგენანება სიცოცხლე, ვიცი. და მინდა, რომ შენც იცოდე. გესმის? მინდა, რომ იცოდე. ადექი, გასწორდი წელში და მოეშვი ამ შავ საფლავსა და მიწას. სამწუხაროა, მაგრამ შენ ვეღარაფერს უშველი. მან ის გააკეთა, რასაც შენ ვერასდროს გაბედავ. გინდა სიკვდილი? ადექი და მოკვდი, მაგრამ აზრი? აზრი?! ნუ მეტლიკინები, ნუ მეუბნები, რომ აზრი აქვს. სამოთხეში ვერ წახვალ და მაინც ვერ იხილავ. ნუ მაცინებ, გაჩერდი ერთი. გეუბნები, ადექი-მეთქი და ადექი! ადექი! სახლში ვინ გელოდება? არა, ვინ გელოდება სახლში? შვილი ხომ არა? ანანო, არა? ჰოდა, აწიე ეგ შენი უკანალი და წადი! შენი თავი თუ არ გეცოდება, ბავშვი მაინც შეიცოდე. ნუ დაემსგავსები იმ ძუკნებს, ვითომ ტკივილს რომ ვერ უძლებენ და უმისამართოდ მიდიან, შვილებს კი… საკუთარ ნაშობ არსებებს ტოვებენ. თან არავისთან. ანდაც, ყველაზე სანდო ადამიანს რომ დაუტოვონ, რა აზრი აქვს? მათ დედის წასვლა სტკივათ და ამ ჭრილობებს, ამ გახსნილ ჭრილობებს ვერავითარი ძაფით შეკერავენ. ბავშვი კვდება. შენ ხომ მოკვდი ერთხელ უკვე, გინდა ახლა ამ სიკვდილით შენი შვილი მოკლა? ხოდა მოკალი! ჯანდაბამდე გზა გქონია!
მერე ავდექი. ხმამ, რომელიც ჩემს შიგნიდან მოდიოდა, რომელიც თითქმის კიოდა, მაინც ამაყენა. უკვე გათენებულიყო. ცრემლები შევიშრე, მაგრამ ჩავარდნილი თვალის რკალები მაინც ამომივსო წვიმამ. ქუთუთოები ისე იზიდავდნენ ერთმანეთს, თითქოს მაგნიტები გასჩენოდათ. მესამე ღამეს ვათევდი სასაფლაოზე… მესამე ღამეს ბორგავდა გონებაში სცენა, რომელშიც მის კუბოს მიწას აყრიდნენ. არ შეიძლებოდა, არა, არ შეიძლებოდა! მისი სიკვდილი არ შეიძლებოდა, გესმით? და მაინც მოკვდა. სხეული გაიმეტა მიწაში დასალპობად, სული კი სხვისი სიყვარულის მისაღებად გაგზავნა ზემოთ. სხეული და სული, ასე რომ მიყვარდა.
- დე, მომენატრე! - კისერზე შემოხვეულ თბილ ხელებად და ყურებში შემოფრქვეულ ცხელ სუნთქვად მიღირდა სიცოცხლე მხოლოდ. დიახ, ამიტომ ვაგრძელებდი სიცოცხლეს.
სველი ძაძები გავიხადე და ცხელ აბაზანაში ჩავწექი. ანანო რომ არა, უდიდესი სიამოვნებით დავისერავდი ვენებს და ცხელ წყალში წამებს დავითვლიდი… წამებს მასთან შეხვედრამდე.

2
იმ ღამეს, იმ პირველ ღამეს, საწოლში რომ ვათევდი მას მერე, რაც ის წავიდა და დატოვა მარცხენა ნაწილი სიცივისა და სიმარტოვის ამარა, დამესიზმრა.
თითქოს თავზე გვირგვინი ედგა, ტახტზე იჯდა და ტიროდა. ხელებს მიწვდიდა, მაგრამ ვერ მაწვდენდა. ტიროდა, ტიროდა, ტიროდა… მიახლოვდებოდა და თან მშორდებოდა. მეც მივიწევდი მისკენ, ცხადად ვგრძნობდი, ცხელი სითხე როგორ მოედინებოდა ჩემს კანზე. ვერ ვწვდებოდი და მტკიოდა, ყველაფერი მტკიოდა. სხეულისა და სულის ყველა ნაწილი.
მერე სიშავე გარს შემოეკრა, გუმბათად გადაიქცა მის გარშემო და მალე მთლიანად ჩაყლაპა შავმა.
გამეღვიძა. ვიჯექი და ვსლუკუნებდი. სიზმარშიც ცხადად ვტიროდი. კანკალმა ამიტანა, წამით მომეჩვენა, მარცხნივ მისი სუნთქვა ისმოდა. თავი სწრაფად მივატრიალე, წამის მეასედში გული სიხარულით აცეტდა, მაგრამ მერე ჩაქვრა. კიდევ ერთი ვარსკვლავი ჩაქვრა.
შემდეგ ღამითაც დამესიზმრა. ახლა უკვე მონა გამხდარიყო. ოქროსფერი, ალაგ-ალაგ დაფხრეწილი ნაჭრებით შეემოსა სხეული და მონათა ხაზს მიყვებოდა. მუხლებით მიღოღავდა და თავი დაეხარა. მე მაყურებლის როლში ვიდექი. ვეძახდი, არ მაგონებდა, მზერასაც არ აპარებდა ჩემკენ. თითქოს დამნაშავედ გრძნობდა თავს, თითქოს რცხვენოდა ჩემთვის თვალის გასწორების.
ისევ გამომეღვიძა. ისევ ვტიროდი. უკვე მერამდენედ მიტყდებოდა ძილი.
მას მერე რამდენიმე ხანი მისი სახე არ მინახავს, არც ცხადად, არც სიზმარში. თან მინდოდა მოსულიყო, თან - არა. ამიტომ ვსვავდი ძლიერმოქმედ აბებს. ვსვავდი და კაიფით ძილში ვიპარებოდი.

3
- შეგიძლიათ აკოცოთ ერთმანეთს!
თეთრ ოთახში, თეთრი კაბით შემოსილი თეთრი ადამიანის გვერდით ვიდექი და ვკანკალებდი. სიხარულისგან ვთრთოდი და ჟრუანტელის ცუნამს ვგრძნობდი სხეულში.
- დღეიდან ცოლ-ქმარი ვართ, ეფ… - მიღიმოდა ის, თვალებში მიყურებდა და ვხედავდი მის ისე განათებულ თვალებს, როგორც არასდროს.
- მინდა, რომ არასდროს დავსრულდეთ! - ვუღიმოდი და ვთრთოდი. ვუღიმოდი და ვთრთოდი… ღმერთო.
ახალი კადრი გამოჩნდა ტელევიზორზე და უცებ დავაჭირე გამომრთველ ღილაკს.
- ძალიან გიყვარდათ დე ერთმანეთი? - უკნიდან მომეხვია ანანო.
- ამ ქვეყნად ყველაფერზე მეტად, - ამიკანკალდა ხმა.
- ამ ქვეყნად ყველაფერზე მეტად მე შენ მიყვარხარ, დაიმახსოვრე ეს! - ყურთან მაკოცა.
სული მოვითქვი.
ანანო ყველაფერი იყო. ერთადერთი ნათელი წერტილი ამ ბნელ სამყაროში. განათებული ვარსკვლავი სამყაროში, სადაც მზე ჩაქვრა.
ანანო მიზეზი იყო ჩემი სუნთქვის; ანანო მიზეზი იყო ჩემი ღიმილის; ანანო მიზეზი იყო ყველაფრის. ყველაფრის, რასაც ნათელი ფერები გადაჰკროდა.

4
და ერთხელ ანანომაც მატკინა გული. ჩემი არსებობა კიდევ ერთხელ განადგურდა. კიდევ ერთხელ დადგა ჩემი სუნთქვა კითხვის ნიშნის ქვეშ.
მეთექვსმეტე დაბადების დღეზე ანანო გაიპარა…
მეგობრებს გასაცილებლად გაჰყვა. სახლში ვუხდიდი იუბილეს. მე მის არ ყოფნაში დალაგებით გავერთე და გვიანღა მივხვდი, დიდი დრო გასულიყო მისი წასვლიდან. ისე ავნერვიულდი, წავიქეცი და რამდენიმე წუთით ასე გავხევდი. მერე არ ვიცი როგორ, თუმცა წამოვდექი. ყველა ძალა მოვიკრიბე და წამოვხტი. ტელეფონი მოვძებნე და აკანკალებული ხელებით რამდენჯერმე ვცადე ნომრის აკრეფა. ბევრი ცდის მერე, გამომივიდა.
გავიდა… არ მიპასუხა.
კიდევ გავიდა… კიდევ არ მიპასუხა.
მესამე ჯერზეც რომ არ მიპასუხა, ბრაზისგან ტელეფონი კედელს გავუქანე და ატირებული გასასვლელისკენ გავვარდი.
თვალებში ნისლი მქონდა ჩამდგარი და დღემდე არ მახსოვს, როგორ აღმოჩნდა ჩემ ხელში კონვერტი. ის კი მახსოვს, როგორ ვგლეჯდი გარსს შემოხვეულ ქაღალდს აკანკალებული ხელებით და მერე როგორი გაჭირვებით ვარჩევდი ასოებს.
“დედიკო, ჩემ თავს გაფიცებ, არ ინერვიულო.
ყველაზე ბედნიერია შენი შვილი ახლა. შენი ანანო პირველადაა ასეთი ბედნიერი და მინდა, შენც იყო. იმსახურებ ამას. ყველაზე მეტად შენ იმსახურებ ბედნიერებას, ჩემო გმირო დედიკო! გთხოვ, ჩემს გამო ღრმად ჩაისუნთქე და არ შეწყვიტო სუნთქვა, არ შეწყვიტო კითხვა. ვიცი, რომ გამიგებ. შენ სიყვარულს გაფიცებ, გამიგე, დედა…
დე, შემიყვარდა.
შენ ხომ მაინც იცი, როგორი არაორდინალურია ეს გრძნობა. შენ ხომ მაინც იცი, როგორ აგიჟებს ადამიანს და როგორ ამოქმედებს დაუფიქრებლად. ახლა მე ვხდები ბრმა, ყრუ, მუნჯი… ვთხოვდები დედა.
ვხდები ბრმა, რომ არ დავინახო მისი ნაკლოვანებები.
ვხდები ყრუ, რომ არ გავიგო მის მიმართ მომართული ბრალდებები.
ვხდები მუნჯი, რომ არ ვატკინო გული ჩემი უაზრო სიტყვებით.
შენ ხომ იცი, ხომ გამოგიცდია ყოველივე? სიყვარული გხდის იმად, რადაც ვერასდროს წარმოიდგენდი შენ თავს. ხედავ? - უუნარო ვხდები. სიყვარულის წინ მუხლს ვიხრი და ყველაფერს ვთმობ. ამიტომ მაპატიე, რომ დაგთმე…
მას ლევანი ჰქვია. ადრე არ მომწონდა ეს სახელი, ახლა კი ყველაზე ჯადოსნურ, ყველაზე მრავლისმთქმელ სახელად მეჩვენება. რომ ვეძახი, ვთრთივარ გრძნობების სიჭარბისგან. რომ მეხუტება, ასე მგონია სანთელი ვარ და მის სიმხურვალეში ჩავდნები. რომ მკოცნის, ასე მგონია ვიწვი და მის ბაგეებზე დავიფერფლები. თვალებში რომ მიყურებს, ასე მგონია სხვა სამყაროს  სარკმელი გამიღია.
შენ თავს გეფიცები, დედა, ასე ძლიერ არასდროს, არავინ მყვარებია!
ასე მგონია, შიგნიდან ვიწვი, ხანაც ვიყინები. და მაინც, არ არსებობს ამასე სასიამოვნო შეგრძნება.
გთხოვ, არ მიწყინო, დედა. ვიცი, ჩემი ბედნიერება შენც მოგფენს ღიმილს ბაგენზე.
მიყვარხარ.
შენი ანანო”.
აკანკალებული, გაყუნული თითები დამშრალ თვალებთან მივიტანე და გარედან გადავისვი ქუთუთოებზე. აღარ შემეძლო ტირილი, ამიტომ ვიღრიალე. ამოვუშვი, გავათავისუფლე თავი იმ საშინელი გრძნობისგან, რომელიც შიგნიდან მჭამდა. ბოლომდე ვერ შევძელი, თუმცა საკმარისად, რომ ამომესუნთქა.
- ისუნთქე, ისუნთქე, შენი სიკვდილი ანანოს გაანადგურებს! - შიგნიდან მეძახდა კვლავ ხმა.

5
ყველაფერი თანმიმდევრულად მოხდა. ჯერ ლევანი გავიცანი, მერე დავლოცე, ბედნიერება ვუსურვე, ჩემ შვილს სახლიდან ტანსაცმელი გავატანე და მისი სურნელით მიტოვებულ და მაინც გაჟღენთილ ოთახში ცრემლის დაშრობამდე ვიტირე.
სლუკუნს რომ მოვრჩი, ყავა მოვიდუღე და სიგარეტს მოვუკიდე. მაშინ დააკაკუნეს კარზე. არავის თავი არ მქონდა. ასე ხდებოდა დღეების, კვირების და თვეების მანძილზე. მივყუჩდი. სტუმარი არ წყვეტდა კაკუნს, მეტიც, უფრო და უფრო გამალებით აბრახუნებდა კარზე, თითქოს მისი ჩამოღება სურსო.
- ჯანდაბა, მოვდივარ! - უფრო ვიღრიალე, ვიდრე დავიძახე და გაბრაზებულმა დავანარცხე მაგიდაზე ყავით სავსე ფინჯანი.
გავაღე კარი და უცნობ მამაკაცს ნიშნისმოგებით შევუბღვირე.
- თქვენი სახლიდან წყალი ჩამოდის! - მითრა მან და თითქოს მომეჩვენა, რომ ცალი ტუჩის კუთხე აეწია.
- რა? - წამოვიყვირე და სააბაზანოსკენ გავვარდი. თითქოს ყველა დარდი არ მაკლდა, ახლა ესეც რომ დამემატა…
შევაღე კარი და ისეთივე დამხვდა აბაზანა, როგორიც საათის ან საათების წინ დავტოვე. შევამოწმე ყველა მილი და მამაკაცს მივუბრუნდი.
- რაღაც გეშლებათ! - ლამის ვუყვირე.
- იცით რა? - იღიმოდა ის, - აქედან არც ჩამოდის წყალი… არ დამაცადეთ, რომ მეთქვა.
- აბა? - კვლავ შევკარი კუშტად წარბები და მის უდარდელ სიფათს კვლავ შევუღრინე უხმოდ.
- მგონი, საძინებლიდან. და თქვენს წყალს მლაშე გემო აქვს! მგონი ცრემლების! - დაამატა და გაიკრიჭა.
- დამცინი? - აღმომხდა გაავებულს.
- არა, როგორ გეკადრება… - არ დაუხურავს პირი.
თითქოს ახლად გათეთრებული კბილების დემონსტრირებას ახდენდა.
- თუ ღმერთი გწამს, დახურე პირი, მომეჭრა თვალები! - ავიქნიე ხელი და მზერა დავიჩრდილე.
- რა გქვია? - მიიღო შენიშვნა.
- შენთვის საკმაოდ ბებერი ვარ, ახალგაზრდა, თანაც ამ სააბაზანოში ოდესღაც ჩემი ქმარი ბანაობდა, ასე რომ, მოუსვი აქედან! - ხმას ავუწიე მე.
- ახალგაზრდაო? - ისე გაამახვილა ამ სიტყვაზე ყურადღება, თითქოს სხვა არაფერი მეთქვას. გაიცინა. - მაინც რამდენი წლის ხართ, ბებერო ქალბატონო?
ამ ბიჭს კულტურა აკლდა, ნამდვილად. მგონი სახლში მანიაკი შემომეშვა…
- დაახვიე აქედან, სანამ პოლიციას დავუძახე! - დავუწიე ტონს, თუმცა სიმკაცრესა და ზრდილობას თამამად გავუსვი გაზი.
- მართლა… სიგარეტს მეც მოვწევდი, - შებერუნდა და სამზარეულოსკენ წავიდა.
გავეკიდე. ისე გავბრაზდი, თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი.
- ვინ ხარ? რა დათქმულივით გამომეცხადე? - გაკაპასებულმა ვუღრიალე.
- ეე, დამშვიდდი, შენი მეზობელი ვარ და მთელი თვეა შენს ღრიალს ვუსმენ, - მითხრა, მაგიდაზე მიგდებულ ჩემს სიგარეტის კოლოფს დაწვდა და ფანჯარას მიეყუდა. მოუკიდა, გააბოლა და მომაშტერდა.
- მართლა? ხომ არ შეგაწუხე კიდეც? - აგდებით ვუთხარი და კოლოფი ხელიდან გამოვგლიჯე. მეც მოვუკიდე და ძალაგამოცლილი დავეშვი სკამზე.
- სიმართლე გითხრა, სახლის გაყიდვაც კი დავაპირე, მაგრამ აღარ მინდა ეს ცვლილებები, კიდევ და კიდევ, ამიტომ ამოვედი. ჭკუა უნდა გასწავლო! - ბოლო სიტყვები მუქარასავით გაიჟღერებდა, სიცილიც რომ არ დაეყოლებინა.
- ხომ გითხარი, თვალებს მჭრის ეგ შენი კბილები! - შევუღრინე კვლავ. სხვა რა უნდა მეპასუხა, არ ვიცოდი.
- რა გაწუხებს? - მკითხა, მაგრამ ვერ მივხვდი, კონკრეტულად რაზე მეკითხებოდა, რადგან იმ მომენტში ყველაფერი ერთდროულად მაწუხებდა. ყველაფერი, რაც უშუალოდ მეხებოდა და არ მეხებოდა.
რომ არაფერი ვუპასუხე, თავად მითხრა:
- არ მინდა შენთქვის მტკივნეულ თემებს ჩემი ინიციატივით შევეხო. რამდენიმე თვე ფსიქოლოგის კურსებს გავდიოდი და ვიცი. ამიტომ, თუ საუბარი გჭირდება, რაც აშკარაა, აქ ვარ.
- თუ ღმერთი გწამს, ანგელოზივით ნუ გამომეცხადე რა! - ცალყბად გამეცინა.
- ვით რა საჭიროა, ანგელოზი არ ვარ? უბრალოდ, ფრთებს ვმალავ, ხალხი რომ არ შეგაშინოთ, თორე… - გაიცინა ისევ.
კიდევ გამეცინა. რაღაც დადებით განწყობას, დადებით აურას აფრქვევდა ეს ბიჭი, ისეთს, როგორიც ბოლო დროს არასდროს, არავის გაუმეტებია ჩემთვის. და წამით მართლაც ვიფიქრე, ცხადში ვიყავი?
- კარგი რა, გიხდება ღიმილი! - შემაგულიანა მან.
აღარ გამეღიმა, რატომღაც ჩემი ქმარი გამახსენდა და უნებურად ავლაპარაკდი:
- მას დემეტრე ერქვა… დემოს ვეძახდი. მასზე კეთილი ადამიანი არ დადიოდა დედამიწაზე. თვალებში ჩაგხედავდა და სამყაროს გაგინათებდა. მწვანე თვალები ჰქონდა… მე ყოველთვის მეგონა, რომ ამ სიმწვანეში დედამიწას ვხედავდი. მთელ სიკეთეს და ბოროტებას ირეკლავდა მისი თვალები. ლამაზი არ იყო, არც სიმპათიური, მაგრამ მე ყველაზე ლამაზ და სიმპათიურ მამაკაცად მეჩვენებოდა ამ ქვეყნად. ახლოს რომ იყო, მცხელოდა, ოდნავ მომშორდებოდა და ვიყინებოდი; მეგონა ყინულის გარსი შემომეხვეოდა ხოლმე გარშემო. განა შეიძლება, ასეთი ადამიანები კვდებოდნენ? განა შეიძლება სიყვარული კვდებოდეს? - ავსლუკუნდი მე.
არ ვიცი, როგორ და როდის გაჩნდა ჩემთან, მაგრამ მახსოვს თავზე მეფერებოდა, თმას მიწევდა, კისერზე მასაჟს მიკეთებდა და დროდადრო მკოცნიდა… კისერზე ორი ტუჩის ნაკვალევს, ცხელ ნაკვალევს მიტოვებდა.
მაშინ ვერაფერს ვგრძნობდი, ვტიროდი და ნელ-ნელა ვმშვიდდებოდი. მისი ეს ქცევა დამამშვიდებელივით მოქმედებდა. მხოლოდ მერეღა მივხვდი, მერეღა ვიგრძენი დანაშაულის გრძნობა. მომეჩვენა, რომ დემოს ვუღალატე.
სანამ წავიდოდა უცნაურმა მამაკაცმა კიდევ ერთხელ მაკოცა კისერზე, ჩემი სიგარეტის ნამწვი თითებიდან ამაცალა, კბილებს შორის მოიქცია და მითხრა:
- მეც დემეტრე მქვია.

6
მასზე ფიქრები შემომეჩვივნენ. ღამე მესიზმრებოდა, რომ აკვარიუმში ვიყავი, ორ თევზთან ერთად. ერთს ჩემი სიყვარულის - დემეტრეს სახე ჰქონდა, მეორეს იმ უცნობი დემეტრესი. მესიზმრა, რომ ჩემი დემეტრე იხრჩობოდა, უცნობი დემეტრე კი გამალებით ცდილობდა ჩემთან უფრო ახლოს მოსვლას.
ისევ გამომეღვიძა, ოფლში ვცურავდი და ვტიროდი.
ის იჯდა ჩემს გვერდზე, სახეზე ჩამოდენილ ცრემლებს მწმენდდა და დროდადრო თვალებს მიკოცნიდა.
- წადი, წადი… - ვცდილობდი მეთქვა და არ გამომდიოდა, ხმა ყელიდან არ ამომდიოდა, იოგები არ ირხეოდნენ.
დანაშაულის გრძნობა მჭამდა და თან იმასაც ვგრძნობდი, როგორი დაუშრეტელი ენერგიით მიზიდავდა დემეტრე. როგორ ცდილობდა ჩემს სიახლოვეს ყოფნას და როგორ იზიარებდა ჩემ ტკივილს. თითქოს ჰიპნოზში მაგდებდა მისი მზერა, მისი სიტყვები და ისე ავლაპარაკდებოდი ხოლმე ჩემს ტკივილზე, თითქოს ფსიქოლოგთან სეანსებზე ვიყავი.
ბოლოს, ყველაფერზე რომ ამოვწურე სალაპარაკო, სული რომ საბოლოოდ მოვითქვი, მაშინღა გამომიტყდა, რომ შევუყვარდი.
კიდევ ბევრ რამეში გამომიტყდა, მაგრამ ვერ დავიჯერე.
მეუბნებოდა, რომ ჩემთან სიახლოვე ექტაზში აგდებდა და რომ ყველაფერი ერთი ზარით დაიწყო… კარზე ზარით.
- ფსიქოლოგი ვარ, სპეციალისტი. ერთ დილით, ერთ ჩვეულებრივ დილას, კარზე ზარი დარეკეს. ახალი გადმოსული ვიყავი ამ სახლში და მის ზარს მიუჩვეველმა გვიანღა მოვტვინე, ჩემთან იყვნენ. კარი რომ გავაღე, უკვე ჩადიოდა. გოგოს სილუეტიღა შევნიშნე. დავუძახე და ისიც უმალ გაჩნდა ჩემთან. მითხრა, რომ დედამისი ჩემს ზედა სართულზე ცხოვრობდა და დახმარება სჭირდებოდა. შენთან მომასწავლესო, ისიც დაამატა. გადამიხადა და წავიდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე მოხდებოდა… ვერ წარმოვიდგენდი, რომ ადამიანს ასეთი მიზიდულობის ძალა, ასეთი მუხტი ექნებოდა. შენ მიმიზიდე რაღაც საოცარი ძალით და ახლა არ გამომდის მოგშორდე.
ვიტირე და ვიღრიალე, წადი-მეთქი.
ადგა, მაგრამ არ წავიდა, ფანჯარასთან მივიდა, ჯიბიდან ის ნამწვი ამოიღო, თითებიდან რომ ამომაცალა დიდი ხნის წინ და ტუჩებს შორის მოიქცია.
- ეს შენთან მაახლოვებს, შენი ტკბილი გემოს მატარებელია… - თქვა და მზერა იატაკისკენ ჩააცურა.
- წადი-მეთქი, წადი! - ვღრიალებდი და ფეხებს ვაბაკუნებდი.
ჩემთან მოიჭრა, ხელები გაშალა და ძლიერად შემომხვია. დავმშვიდდი, ბრაზმა ყველა გრძნობასთან ერთად ნაგავსაყრელზე ჰპოვა ადგილი.
- აქ ვარ და სულ ვიქნები, - მიმეორებდა და თავზე მკოცნიდა.
- ისიც ასე ამბობდა, - დაჟინებით ვეჩრებოდი სიტყვაში.
- შეიძლება მეც მოვკვდე… ამ მოვლენას ვერ გავექცევით, - შეპარვით მითხრა მან.
- არა, არა! - ვიყვირე და ისე მძიერად ვკარი მკერდზე ხელი, შორს მოვისროლე ჩემგან. - თქვენ ყველა მიდიხართ, მტოვებთ! არ გადარდებთ… არ გადარდებთ, ხო? მტკივა, დაფლეთილი ვარ შიგნიდან… და მაინც არ წყვეტთ უფრო გაწევას, ხო? არ მინდა! არ მინდა ტკივილის ფასად ეს სიყვარული! შენ არ ხარ დემეტრე… ჩემი დემე ვერასდროს გახდები. ის წავიდა და მალე მეც მივყვები. შენ უნდა იცოცხლო და სხვასთან გააგრძელო, რადგან ჩემი დემე ვერასდროს გახდები! - ვისროდი სიტყვებს და ვხედავდი, როგორ ვჭრიდი, თითქოს ჩემი ბგერები რევოლვერიდან გამოვარდნილი ტყვიები ყოფილიყვნენ.
მოვიდა, ძლიერად ჩამავლო ლოყებში ხელი, ჯერ თვალებში ჩამხედა და მერე მაკოცა.
მის კოცნას აკვარიუმში ჩაგუბებული წყლის გემო ჰქონდა, ოღონდ უფრო ტკბილი და არომატული. მკოცნიდა რამდენიმე წამით და მერე, როცა ტუჩები მომაშორა, მერეღა ავკანკალდი. მის თვალებში კიდევ ერთხელ ჩავიხედე და მომეჩვენა, რომ დარაბები გაიღო.
- წავიდე? - მითხრა ჩახლეჩილი ხმით. ვერ ვიცანი…
ხმა ვერ ამოვიღე.
ხელი გამიშვა, ერთი ნაბიჯით დაიხია უკან.
- წავიდე? - გამიმეორა, თან ხმას აუწია.
კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან.
- წავიდე-მეთქი? - გამიმეორა.
რომ არ მემოქმედა, ვიცი, წავიდოდა.
ცრემლები ჩამომიგორდა სახეზე, მისკენ გავექანე და ძლიერად შემოვხვიე ხელები მუცელზე.
- იცოდე, წახვალ და განანებ! - დაიჩურჩულა ჩემმა ალტერ-ეგომ.

7
გრძნობათა კორიანთელში ეხვევი, ტკივილს მიღმა სიხარულს ხედავ და სწრაფი ნაბიჯებით მიიწევ ამ სიყვარულისკენ. მირბიხარ, მირბიხარ. თითქოს გვირაბში მიიკვლევ გზას, გვირაბში, რომელშიც ბნელა და რომლის ბოლოსაც სინათლე მოსჩანს. უჩქარებ, უფრო და უფრო უჩქარებ ტემპს და სინათლეს ძლიერად ხვევ ხელებს გარშემო.
ეს სინათლე დემეტრეა.
დემეტრე, რომელსაც ვერასდროს ვეძახი დემეს.
- ანანო, დე, ბედნიერი ვარ! - ჩავძახე ტელეფონში ჩემ შვილს.
- რა მოხდა, დე? - ვიგრძენი, მის დაღლილ ხმასაც გადაედო ბედნიერება.
- მიყვარს დე… კიდევ ერთხელ მიყვარს! - აღტყინება ტემბრში გამჯდარიყო.
- მოვიდე? - დავინახე, ტელეფონს მიღმაც დავინახე, იცინოდა.
- მოდი, დე, - გამეცინა მეც.
შორიდან ვიგრძენი მისი მოახლოვება და ტელეფონი გავთიშე. კისერი მარჯვნივ გადავწიე და მისი ცხელი სუნთქვა ჟრუანტელად გავუშვი ტანში.
რამდენჯერმე ჩაისუნთქა, მაკოცა და დაცემის ხმაც გავიგე.
- არა! - იმხელა ხმაზე ვიკივლე, ქალაქს გავაგონე, რომ კიდევ ერთხელ, კიდევ ძლიერ მეტკინა.
ცხვირში რაღაცამ მომიღიტინა. თავიდან ეს უსიამოვნო რამ რა იყო, ვერ მივხვდი. და გვიანღა გავაცნობიერე, რომ სიკვდილის სურნელი იყო… სურნელი, რომელიც ტრიალებდა დემეს საფლავზე და დატრიალდა აქ, ჩემს სახლშიც.
- გაახილე თვალები! დემეტრე, ისუნთქე, დემეტრე! გაახილე თვალები, გემუდარები, დემე… გთხოვ, დემე! დემე...



№1  offline წევრი tatalia

რა კარგად დაიწყე და რა უაზროდ დაასრულე.
მართლა ძალიან კარგი იყო, იმიტომ კი არა რომ ცუდი დადასრული არ მიყვარს უბრალოდ საშინლად გააბანალურე და არარეალური გახადე.
წარმატებები

 


№2  offline წევრი rebe123

me momewona <3

 


№3  offline წევრი An_Gel

Au, arvici ra gitxra. Momewona,magram, magram,magram... Dasasruli gasagebi iyo ubralod cota "banaluri"?! Arvici ar miyvars eg sityva, magram arvici ra davarkva sxva. Amrie exla shen me am istoriit, pirvelad arvici ra unda gitxra

 


№4 სტუმარი Guest Elena

Tavi moikla? Ver mivxvdi :////

 


№5  offline აქტიური მკითხველი select

ვერ გავიგეე ბოლოში როგორ მოკვდაა?

 


№6  offline მოდერი sopiko

ცუდი დასასრული არ არსებობს, მარიამ და მე ვიტყოდი, რომ სულაც არ ვარ ს ე ვ დ ი ა ნ ი დასასრულების წინაამღდეგი, უბრალოდ ეს არ იყო ის, რასაც შეიძლება ველოდე შენგან...
მაპატიე ეს პირდაპირობა, მაგრამ ალბათ მოცულობით ცოტათი უფრო დიდი რომ მაინც ყოფლიყო, შეიძლებოდა აზრი შემდგარიყო, მაგრამ არა რა...
მშვენიერი რაღაც დაიწყე, მაგრამ არ დაასრულე!
ან დაასრულე, მაგრამ ახლა კი მართლა ცუდად...
იყო ეპიზოდები, რომლებმაც ლამის ამატირა, მომხიბლა და მაფიქრებინა, ეს რა მაგარი რამეა_მეთქი, მაგრამ...
ბოლო წერტილი იყო საშინლად ცუდ ადგილას დასმული.
როგორც ყოველთვის გრამატიკულად სრულიად გამართული ნაწერი იყო, მაგრამ...
ისევ მაგრამ!
ამ დასასრულით, დემეს სიკვდილით ყველაფერი გაუფასურდა ჩემთვის.
როგორ მოკვდა, ისმის კითხვა, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს... მე მაინტერესებს, რატომ მოკვდა.
შეიძლება ვცდბი, მაგრამ მე ასე მგონია.
ეს შეფასება აუცილებლად უნდა დამეწერა.
შენ ძალიან ნიჭიერი ავტორი ხარ!
ეს უდავოა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent