შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კალეიდოსკოპი (IV თავი)


9-11-2016, 18:32
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 1 550

საავადმყოფოდან მეორე დღესვე გამოწერეს, ნაკერდადებული და მხარშეხვეული. ყველა ფორმალობა უპრობლემოდ მოაგვარა, თუმცა ექიმი ვერაფრით ვერ დაარწმუნა იმაში, რომ ჭრილობა, რომელიც აშკარად ქირურგიული დანით იყო მიყენებული, კლდიდან დაგორებისას მიიღო. ეს ვერსია კი საგულდაგულოდ, მისი ბედით დაინტერესებული ყველა პირისათვის მანქანით დაბრუნებისას შეთხზა, სადაც არც ასაკოვანმა წყვილმა მოასვენა შეკითხვებით. რამით ხომ უნდა გაემართლებინა მისი უეცარი გაუჩინარება და დაზიანებული მკლავით გამოჩენა? მართალია მისით სხვა არც ისე ბევრი ადამიანი დაინტერესდებოდა, მაქსიმუმ პოლიციას თუ გასჩენოდა ერთი-ორი შეკითხვა, თუმცა „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“. ასე რატომ მოიქცა? თავადაც არ იცოდა, თუ რატომ არ განაცხადა სიმართლე, რისი შეეშინდა. ერთი შეხედვით პოლიციისთვის მაშინვე უნდა მოეხსენებინა „მანიაკი-ბოროტმოქმედის“ შესახებ, რათა ერთ კვირიანი ტანჯვისთვის და იმისთვის , რასაც შემდგომში უპირებდა სამაგიერო მიეზღო, ყველაფრისთვის დაესაჯა. გარდა ამისა ადვილად იყო შესაძლებელი, რომ ვინმე სხვაც მის ბედს გაიზიარებდა - უბრალო გამვლელი, მასსავით დაკარგული თუ უბრალოდ დაინტერესებული პირი, რომელიც ცუდ დროს ცუდ ადგილას მოხვდა. თუმცა მიუხედავად ამდენი დამღლელი ფიქრისა, ერთი წამითაც კი არ გაუვლია გონებაში სიმართლის გაცხადება. ღრმად, ბნელ კუნჭულში მიყუჩებული შინაგანი ძალა ბოჭავდა და ამ აზრს წარმოშობის უფლებასაც არ აძლევდა.
სახლში ტაქსით მივიდა. მძღოლს ფული და მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი მანქანიდან ძლივს გადმობობღდა ჯერ კიდევ მისუსტებული სხეულით. კიბეებს ნელი ნაბიჯით აუყვა. გასაღები ძლივს მოარგო ხის მოძველებულ კარს, როდესაც არამკითხე ჭორიკანა მეზობელი გამოვიდა და მისთვისაც მოუწია ახსნა-განმარტების ჩაბარება. როგორც იქნა რამოდენიმე წუთში მისგანაც დაიხსნა თავი და ნერვებმოშლილმა კარი შეაღო.
ბინაში შესვლისთანავე იგრძნობდით, რომ საკმაო ხანია პატრონი შინ არ ყოფილიყო, იმდენად მძიმე სუნი იდგა, თან ალაგ-ალაგ ნივთებს მტვერიც დასდებოდათ. სასწრაფოდ გააღო ფანჯრები და ოთახი გაანიავა, თუმცა აქ გამეფებულ მარტოობის სურნელს ვერაფერი მოუხერხა. დივანზე ჩამოჯდა და ფეხები აიკეცა. დაკვირვებით მოავლო თვალი ყველა ნივთს, რათა დარწმუნებულიყო, რომ არა სიზმარში არამედ რეალობაში იმყოფებოდა და მოცემული ფაქტის გააზრებისთანავე ილუზიამ და რეალობამ ადგილები გაცვალეს. ახლა ილუზიად მწვავე წარსული ეჩვენებოდა, მიყრუებულ სარდაფში გატარებული, რასაც რეალობის სტატუსს მისი შეხვეული მხარი და გვერდით ტუმბოზე დადებული გაბზარული კალეიდოსკოპი ანიჭებდა. თავადაც არ იცოდა რა ჯანდაბა ეტაკა და იმ გადამწყვეტ მომენტს რატომ წამოათრია ეს ჯართი ძველებური სათამაშო, თითქოს მეტი სადარდებელი და საქმე არ ჰქონდა. კარგა ხანს უყურებდა უსიამოვნო კვირის სახსოვარს. ბოლოს ხელში აიღო და დაკვირვებით დაატრიალა. შიგნით არსებული სარკეები გაბზარულიყო. გამოსახულება არეული. ფერადი ფრაგმენტები არანაირ სიმეტრიას აღარ ემორჩილებოდნენ და სრულიად უაზრო გამოსახულებას ქმნიდნენ. კალეიდოსკოპის შიგნით არსებული პატარა სამყარო სრულ ქაოსს მოეცვა. უხალისოდ დააბრუნა ნივთი მაგიდაზე და ღრმად ამოიოხრა.
მთელი დღე უაზროდ დაბოდიალობდა ბინაში. ხან რას მიედო, ხან რას. ვერაფერს დაუდო გული. ვერც ტელევიზორს, ვერც ფილმს, ვერც წიგნს. არაფრის კეთების სურვილი არ ჰქონდა. თითქოს დეპრესიის პერიოდი ეწყებოდა. საღამოს იძულების გამო გაიმზადა საჭმელი -ისიც უგემური გამოუვიდა და ნაგავში მოისროლა. შემდეგ კი ყველაფრისგან დაღლილი ადგა და დასაძინებლად დაწვა. სასიამოვნო იყო სარდაფში გდებისა და შემდგომ საავადმყოფოს გახრიგინებული საწოლის შემდეგ თავის რბილ, ფუმფულა ლოგინში ჩაწოლა, თუმცა აქაც არ გაუმართლა. კარგა ხანს ძილი არ მიეკარა და უაზროდ ტრილებდა. ხუთი წუთი... ათი წუთი... ნახევარი საათი... ორი საათი... თუმცა ბოლოს დაღლილობამ და დაძაბულობამ ერთად დარია ხელი დათვალები მიალულინა. ნანატრი ძილიც არ გამოდგა ხანგრძლივი და სიმშვიდის მომტანი. პირიქით. რაღაც გამუდმებით არ ასვენებდა. შემდეგ კი კოშმარების მთელი სერია დაიწყო მის ზმანებებში. გამუდმებით ერთსა და იმავე ადგილს ხედავდა - იმ დაწყევლილ სახლს და სულისშემხუთავ ტყვეობას, „ბოროტმოქმედს“, რომელიც სიზმრებშიც არ აძლევდა მშვიდად ყოფნის საშუალებას. ოფლში გახვითქულს გამოეღვიძა. ღრმად სუნთქავდა და თვალებს სწრაფად ახამხამებდა დაბინდული მზერის გასაწმენდად. პირველად თავის ცხოვრებაში შეეშინდა სიბნელეში ძილის და ბრა მთელი ღამის განმავლობაშ ანთებული ჰქონდა. ეს შიშიც ალბათ სარდაფის უკუნი სიშავისგან გამოყვა. რამოდენიმე წუთში კი უკვე დამშვიდებული კვლავ მიწვა და თვალები ჭერს გაუშტერა.იცოდა, რომ ამაღამ ძილი არ ეღირსებოდა და რამოდენიმე საათი როგორმე უნდა გადაეგორებინა. კარგა ხანს იწვა გაშეშებული, სანამ აისზე მზემ პირველი სხივები არ შემოაფინა ოთახში. შემდეგ კი კვლავ მოახერხა ძილი, თუმცა მხოლოდ რამოდენიმე წუთით და ისიც კოშმარების თანხლებით.
მეორე დღეც სრული კოშმარი იყო. უსაქმურობისაგან არ იცოდა რა გაეკეთებინა. შვებულებაში იყო გასული და კიდევ სამიოდე კვირის განმავლობაში სამსახურში ვერ გავიდოდა. არადა არსად წასვლის სურვილი არ ჰქონდა. სიტყვა დასვენება და შვებულება ეჯავრებოდა კიდეც. თან ამას ემატებოდა ერთი კვირის წინანდელი მწარე გამოცდილება. მეგობრებიც არ ჰყავდა, რომ მათთან ერთად გაეტარებინა დრო და მომავალი დეპრესიისგან ეხსნათ. შუადღით გადარეკა და გაიგო, რომ ევაკუატორს მისი მანქანა უკვე წამოეყვანა და საღამოს უკვე აქ იქნებოდა პირველი რამოდენიმე ხელფასით შეძენილი აწ უკვე ჯართი. რაღაც ამოიბუზღუნა თავისთვის და ფეხები სკამზე შემოაწყო. ქალაქში საშინელი სიცხე იდგა, რასაც ისიც უფრო ამძაფრებდა, რომ ნიავიც კი არ იძვროდა. ერთიანად მოდუნებული და გათანგული მიწვა დივანზე და უკვე მოახლოებულ საღამოს დაელოდა.
საღამოს მოულოდნელმა ზარმა გამოაფხიზლა უაზრო ფიქრებისგან. მისი თანამშრომელი ურეკავდა, რომელთანაც შედარებით უფრო ახლო და მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. ბოლოდროინდელი ამბები გამოჰკითხა, მათ შორის უცნაური გაუჩინარების მიზეზზეც - აინტერესებდა მობილურის ზარებს რატომ არ პასუხობდა. როგორღაც თავი დაიძვრინა მისი მომაბეზრებელი კითხვებისგან და ტელეფონი უხალისოდ მიაგდო. შემდეგ კი თვალიგაუსწორა ჩამავალი მზის უკანასკნელ სხივებს, რომლებიც ჯიუტად შემოჭრილიყვნენ ფარდებს შორის დარჩენილი ჭრილიდან.
ღამემ კვლავ თავისი გაიტანა. ისევ ეწვივნენ დაუპატიჟებელი კოშმარები და შეახსენეს ის რისი დავიწყებაც ისედაც შეუძებელი იყო. ეს ღამეც და მომდევნო ექვსიც თეთრად გაატარა. რატომ არ ანებებდა ეს სახლი და ბოროტმოქმედი თავს. რა სურდა მის ქვეცნობიერს? ამ კითხვებზე პასუხს უშედეგოდ ეძებდა. ისიც არ იცოდა ოდესმე თუ საერთოდ მოძებნიდა. უძილობისაგან საშინლად დაღლილიყო. თვალები ჩაშავებოდა და კიდევ უფრო გამხდარიყო. უაზროდ ჩართულ ტელევიზორს უყურებდა და არხიდან არხზე გადადიოდა. ბოლოს გამორთო და პულტი მთელი ძალით მოისროლა რბილ სავარძელზე, თუმცა უკანვე გადმოვარდა და იატაკზე დაეზღნერთა.
-ჯანდაბა. -ჩაიბურტყუნა და მზერა ფანჯრისკენ მიმართა. მისი ხედვის არეში მაშინვე მოხვდა ის უცნაური და უვარგისი კალეიდოსკოპი, რომელიც მთელი ამ დღეების განმავლობაში დავიწყებოდა. უნებურად სადღაც შორიდან მოვარდნილმა ფიქრებმა შორსვე გაიტაცეს მისი გონება. კამკამა ლურჯ ცასთან, ხორბლის ყანებთან და ძველისძველ ქოხთან. ბოლოს კი მაინც მის მფლობელზე შეჩერდნენ. „ნეტავ ახლა რას შვება? ბოლოს რომ ვნახე მუცელში დაჭრილი ძლივს იდგა და სისხლისგან იცლებოდა. ნუთუ მოკვდა?“ - ამის გაფიქრებაზე შეაჟრჟოლა. – „არა მგონია“. ვერც კი წარმოიდგენდა ოდესმე, განსაკუთრებით კი აეთ მოკლე დროში ამ ამბავს მშვიდად, აღელვების გარეშე გაიხსენებდა.
იმ ღამით კიდევ ერთმა კოშმარმა გამოაღვიძა. „უნდა წავიდე. უნდა დავბრუნდე“ მხოლოდ ეს გაიაზრა მისმა გონებამ, ისევ ბალიშებში ჩაეფლო და განთიადს დაელოდა.
დილით უკვე საღ გონებაზე მყოფმა მაშინვე გაიაზრა მისი გადაწყვეტილების აფსურდულობა, თუმცა ღრმად დამალულ ინტერესსა თუ სხვა გრძნობას ვერაფერი მოუხერხა. „შეშლილია. რამეს დაგიშავებს.“ - უმეორებდა საკუთარ თავს, თუმცა მაშინვე სხვა აზრები ანაცვლებდა საფრთხის გრძნობას. – „თუ ყურედღებით იქნები და მომზადებული მიხვალ არაფერიც არ მოხდება“ ბოლოს მაინც მეორე გადაწყვეტილებამ გადაწონა. პატარა ზურგჩანთაში საჭირო ნივთები ჩაალაგა, რომელთა შორის უპირველესი ადგილი კალეიდოსკოპსა და პატარა, დასაკეც დანას ეკავა. ასევე სხვადასხვა საშუალებები და წამლები ჭრილობის დასამუშავებლად. მაგრამ ვერ აიზრებდა ამას რატომ აკეთებდა. როდესაც დარწმუნდა, რომ ყველაფერი მზად იყო, სახლში წერილიც დატოვა იმ შემთხვევაში, თუ უკან ვერ დაბრუნდებოდა, იქაურობას თვალი მოავლო და კარები საიმედოდ გამოკეტა. მანქანა იქირავა და შუადღით ნაცნობ-უცნობ გზას დაადგა.
მანქანა ნელა მიყავდა. ნახევრად ჩაწეული მინიდან შემომავალი ქარი თმას უწეწავდა და ოდნავ მაინც აგრილებდა. გზაზე ყოველ შემხვედრ მანქანას აკვირდებოდა. თითქოს მათში ან მათ მძღოლებში რამის ან ვინმეს ამოკითხვა სურდა. ჯერ ნახევარი მანძილიც არ ჰქონდა გავლილი, რომ მანქანა გზიდან გადაიყვანა. გადმოვიდა და კაპოტს მიეყრდნო. გული გაორმაგებული ძალით უძგერდა. ღელვა პიკს აღწევდა, ხელისგულები კი ოფლით დაცვარვოდა. სადაცაა გონს დაკარგავდა. არც თუ ისე შორეული წარსულის ერთმა კვირამ მის ფსიქიკაზე უცილობელი კვალი დატოვა, რაც მის ამჟამინდელ მდგომარეობაზეც აისახებოდა. სადღაც გულის სიღრმეში ფიქრობდა, რომ თვითონაც „ბოროტმოქმედივით“ შეიშალა, რადგან მის ახლანდელ საქციელს სიგიჟის გარდა სხვას ვერაფერს უწოდებდით. მართლაც რას აკეთებდა? უბრუნდებოდა იმ ჯოჯოხეთს, საიდანაც ძლივს დააღწია თავი, სადაც შესაძლოა კვლავ მოელოდნენ დაწყებული საქმის დასასრულებლად. ის კი თავისი ფეხით, ლანგრით მიართმევდა საკუთარ თავს ფსიქიკურად გაუწინასწორებელ უცნობს, რომელსაც მის მიმართ აშკარა ბოროტი ზრახვები ამოძრავებდა.
მაგრამ არსებობდა მისი სხვა, მეორე მხარე, იდუამალი ძალა რომელიც იმ ძველი, საშიში სახლისაკკენ მთელი ძალით ექაჩებოდა. დაბრუნებას სთხოვდა. ქვეცნობიერს ჯერ კიდევ ვერ დაეღწია თავი ტყვეობიდან და ახლა მის გასათავისუფლებლად მიდიოდა. უნდა დაბრუნებულიყო ღამეული კოშმარებისა და შიშისაგან გასათავისუფლებლად. უნდა დაბუნებულიყო დანაშაულის გრძნობისაგად თავის დასაღწევად, რადგან ჯერ კიდევ ეჭვები ღრღნიდა, რომ იმ საბედისწერო დღეს „ბოროტმოქმედს“ სიცოცხლე მოუსწრაფა. ვაითუ ეს სიმართლე აღმმოჩენილიყო. მერე მშვიდად როგორ ეცხოვრა ადამიანის სისხლით დამძიმებულს. საკუთარი თავის დანუგეშება ძლივს გამოსდიოდა. ხელი გულზე მიიჭირა და ღრმად სუნთქვა დაიწყო აჩქარებული გულისცემის დასაოკებლად. მზე ზენიტში იყო და აუტანლად ცხელოდა. მანქანაში დაბრუნება გადაწყვიტა. სავარძელში მოთავსდა და გვერდით დაგდებული ოდესღაც ცივი, უკვე გამთბარი წყლის ბოთლი ბოიყუდა. უსიამოვნოდ შეჭმუხნა წარბები და ბოთლი ისევ გვერდით მოისროლა. ღრმად ამოისუნთქა და ძრავა ისევ ჩართო.
არც თუ ისე კერგად ნაცნობი ადგილები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და მის გონებაშიც იღვიძებდა წარსულიდან შემორჩენილი სურათები. შორს, ჰორიზონტზე ხე გამოჩნდა და მანაც შეანელა სიჩქარე, ბოლოს კი მის პირდაპირ გაჩერდა. ნაცნობ ადგილას გადმოვიდა და ხის ძირას მივიდა. ანკარა ცივი წყარო კვლავ მოწანწკარებდა. ცოტა მოსვა, სახე და ხელები გაიგრილა, ბოთლიც შეავსო ახალი წყლით და კვლავ მანქანაში მოკალათდა. სულ ცოტა მანძილი რჩებოდა დანიშნულების ადგილამდე და მკერდში აბობოქრებული ღელვა ნელ-ნელა ტალღებად ზვირთდებბოდა და იმატებდა. დაახლოებით 5 წუთი დაჰყო მანქანაში, რომელიც საოცრად ნელა მილასლასებდა გახურებულასფალტიან გზაზე, ამავდროულად მზერას არ აშორებდა ხორბლის სარეველაშერეულ მინდვრებს, რომელსაც უფრო მეტად დასტყობოდა მზის ხელი. ახლა, შუა ივლისში მათგან ოქროსფერი იღვრებოდა, ოქრო კი თავად მზე იყო მათთვის სიცოცხლის მიმნიჭებელი. მათ ფონზე, შორს კი ცდილობდა ის დაწყევლილი სახლი ამოეცნო. ჯერ ძველი საკვამური გამოჩნდა, შემდეგ კი სახლის ნახავარიც. მანქანა გზიდან გადაიყვანა და მის პირდაპირ მოხერხებულად გააჩერა, ძრავა გამორთო და ღრმად ამოისუნთქა. გონება დაძაბა და საკუთარი თავის გამხნევაბას მოჰყვა. ხუთ წუთიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ კვლავ აღელვებულმა გამოაღო კარი და ჩანთაც გადმოათრია. ცოტაოდენი ქექვის შემდეგ საგულდაგულოდ გადანახულ ჯიბის დანასაც მიაგნო, რომლემაც ახალი ბინა მისი შორტის უკანა ჯიბეში დაიდო. მანქანის კარი ხმაურით დაკეტა და როდესაც დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, გასაღებიც დანის გზას გაუყენა და ჩანთა მოხერხებულად მოიკიდა ზურგზე და წინ გადაშლილ ხორბლის ზღვაში შეაბიჯა.
ფეხქვეშ გამხმარ ბალახსა და თივას ხრაშუნი გაუდიოდა. ხან რა ააცოცდებოდა მოშიშვლებულ წვივებზე ხან რა და ეს ყველაფერი უსიამოვნო შეგრძნებას ბადებდა. ერთხელაც მხარზე საკმაოდ მოზრდილი და მაცდურად მომზერალი მწვანე კალია ააცოცდა. არ იცოდა როგორ შეიკავა თავი და იქვე კივილი არ მორთო. თუმცა ფაქტია რომ ზედმეტი ხმაური გამოწვევა და ყურედღების მიქცევა არ სჭირდებოდა. მაშინვე ხტუნვა და ხელ-ფეხის ქნევა დაიწყო საძულველი მწერის მოსაშორებლად, თან თავის ამჟამინდელ დაუძინებელ მტერს თვალებს არ აცილებდა. ბოლოს, როგორც იქნა მისგან განთავისუფლდა და შვებით ამოისუნთქა. თუმცა ახლა უკვე უფრო მეტი სიფრთხილით განაგრძო სვლა, რადგან სახლი მისგან სულ რაღაც ორმოციოდე მეტრში იმყოფებოდა. ამრეზით მოავლო იქაურობას თვალი და შეეცადა სადმე ფანჯრიდან მომზირალი, ან ხის უკან ჩასაფრებული „ბოროტმოქმედი“ ამოეცნო, თუმცა ამაოდ. როდესაც დარწმუნდა, რომ არავინ უთვალთვალებდა, თამამად ასწია თავი და ხორბლის ზღვიდან ოდნავ მოტიტვლებულ ადგილზე გააბიკჯა. ცოტათი გაუკვიდა კიდეც „ნეტავ ახლა სად არის? იქნებ ცოცხალი აღარცაა?“ -ფიქრებმა შეაშფოთა და მაშნვე განდევნა თავიდან. ოდნავი ნიავი უბერავდა და რკინის ძველი დაჟანგული საქანელაც ჩვეულ ფორმაში იყო - გულისგამაწვრილებლად ჭრიალებდა.
საოცარია, მაგრამ ამჟამად შიშს საერთოდ ვერ გრძნობდა. თითქოს ამ თანდაყოლილი გრძნობის მთელი მარაგი ბოლო ორ კვირაში ამოწურაო. ახლა კი მისგან შემორჩენილი ნაფლეთები ქვეცნობიერის ბნელ კუნჭულში შეეჩურთა. სამაგიეროდ ბევრი სხვა გრძნობა გამოსუიყო წინა პლანზე, მათ შორის კი უპირველესი - ინტერესი, რომელიც უცილობელ დაკმაყოფილებას მოითხოვდა. ახლა კი დაფიქრდა. მართალია სახლამდე მოვიდა, მაგრამ ახლა რა უნდა გაეკეთებინა? რა თქმა უნდა უნდა შევიდეს.
ნელა, ჭრიალით აიარა კიბეები და ოდნავ ღია კარს მიაწვა, რათა შესულიყო. საოცრად ნაცნობი გრძნობა დაეუფლა და გაიფიქრა - „რა თქმა უნდა აქაურობა არ შეცვლილა, ისევ სიძველის სუნად ყარს“.


*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*
ესეც ახალი თავი. იმედი მაქვს კომენტარებით შეაფასებთ.



№1  offline წევრი LoNdA DM

მომწონს და ველოდები შემდეგ თავს იცოდე არ გვალოდინოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent