შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდის-ფერები (სრულად)


14-11-2016, 19:45
ავტორი MariamG
ნანახია 5 089

>>>
ისე მოაცილებდა საკუთარ გვამს, თითქოს სამგლოვიარო პროცესიის წევრი იყო.
არც ერთი ცრემლი, არც ერთი ემოცია.
მოდიოდა,
ჩერდებოდა,
უყურებდა,
მიდიოდა.
>>>
„მიტოვებული“ - საოცარია, არა? თითქოს შენს გარშემო ყველა მოძრაობს, ადამიანები არ გაკლია, მაგრამ მაინც მიტოვებული ხარ. საზიზღრობაა, რაც გიყვარს იმას მტვერი ედებოდეს და შორიდან უყურებდე. აკრძალული ხილივით იყოს ბედნიერებაც, სიხარულიც...
ვინც გიყვარს იმას შორიდან უყურებდე, ახლოს მისვლის გეშინოდეს და იმ შავი ფერის, შენც რომ გადმოგდებს. რამდენად რთულიცაა, ამდენად მარტივია იყო „მიტოვებული“ ან თუნდაც - „დატოვებული“.

>>>
მთვარე უჩვეულოდ ჩამქრალიყო იმ ღამეს. ბნელ, უსასრულო ცაზე ერთი ვარსკვლავი გაჭიმულიყო და ისიც ისე, შორიდანვე თითქოს კანკალებდა და დამალვას ცდილობდა.
ულამაზოდ მიხვეულ-მოხვეულ მდინარეზე რომელიღაც ზარმაც მშენებელს ასეთივე ულამაზო ხიდი აუგია, ზედ სიკვდილივით თეთრი ნათურები ჩამოკიდა და ალბათ მიავიწყდა კიდეც. ფეხს ითრევდა იმ ღამეს ხიდზე მობარბაცე სილუეტი. ხან ერთ მხარეს ეჯახებოდა, ხან - მეორეს. დაბალი ჩრდილით რაღაც ჩანდა, ალბათ სასმელი იყო, სხვას მისგან არავინ არაფერს ელოდა.
მის უკან, სწავლით გაწვალებული მოზარდი ბიჭი, დიდი სათვალით და დაბნეული მზერით აქეთ-იქით აპარებდა მზერას. პიკის საათი დიდი ხნის წინ მიწურულიყო, ახლა ქუჩებს ობლად შემორჩენოდათ საქმიანი მამაკაცები, დაღლილი ქალები, სასწავლებლიდან ძლივს დაბრუნებული ახალგაზრდები. მერე, ისინიც რომ თვალს მიეფარებიან, ლოთების ჯერი დგება, მათ უკან აღარავინ მიჰყვება. დადგებიან (უმეტესად ხიდთან) გაწვალებული მზერით გახედავენ ცასთან შეკრულ მდინარეს, კარგა ხნის მერე გააცნობიერებენ, რომ ბნელა და ჰორიზონტი არ ჩანს, მერე მოიყუდებენ ბოთლს, ერთ-ორს შეიკურთხებიან და ორ ნაბიჯს დგამენ, იქით უფრო საინტერესო ეჩვენებათ მდინარე.

მთელი სამყარო რომ ფეხებთან გაგიწვეს, მაინც იმ ერთის სვლას დააკვირდები, როგორ გაქცევს ზურგს და სივრცეს შეერევა. გინდა თუ არა, ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ რაც გიყვარდა მტვრის სქელი ფენის ქვეშ კვდება. ვინ იცის, იქნებ მათაც სჭირდებათ ის ჰაერი, რომელიც კარგა ხანია შენ ფილტვებს გიწვავს. დღეში ათჯერ ჩაუვლი იმ თაროს, სადაც ოდესღაც გამოგზავნილი წერილები დევს. მეთერთმეტედ რომ გამოივლი, იქნებ გაჩერდე და მტვერს თითი გადაუსვა, ოდნავ ამოასუნთქო მწარე მოგონებები. როგორ შეიძლება ადამიანი არ გძულდეს, როცა მიდის და სამაგიეროდ, ფოტოებს, წერილებს, მის ხმასაც კი გიტოვებს. თვითონ არ ჩანს, ეძებე რამდენიც გინდა. გძულდეს?! არა. ვერ შეიძულებ! ვერ შეძლებ, ადამიანო, ამაზე მაღლა არ დგახარ. სიყვარულზე მაღლა არავინ დგას.

>>>
სევდისფერია ნისლი, რომელიც ყოველთვის, მზიან ამინდშიც კი, სასაფლაოს ცივ მიწაზე ტრიალებს. დამძიმებული, მიტოვებული სულებით და ერთადერთი დამტირებლით - მესაფლავით.

***
-გეგი, რა ამბებია? -მიწაზე დაეშვა მოხუცი.ცალი ხელი წვერზე ჩამოიშვა და დაძონძილი მოსასხამი გაისწორა.
-ნახევარ საათში აქ იქნებიან, რა იქნება -მხრები აიჩეჩა, ნესტიანი მიწიდან წამოდგა და ნიჩაბი მიაგდო. სძულდა.
-თავს ნუ იტანჯავ, შვილო. ამ ქვეყნად არავინ რჩება -მხარზე ხელი მზრუნველად დაადო და შორიახლოს მდგომი ქოხისკენ დაიძრა. განსაკუთრებულად რთული იყო სასაფლაოზე სუნთქვა. ათასი ცივი ქვა და საცოდავი მზერა, მიცვალებულისგან რომ გრძნობდა. ის-ის იყო მინდვრის ყვავილებს დასწვდა, რომ შორიდან მანქანების სწრაფი მოძრაობა შენიშნა. საოცარი იყო მისთვის, ასე ეჩქარებოდათ მიწისთვის მიბარება. ამოთხრილი ნაკვეთისკენ დაიძრა, რაღაცები გაიყოლა და მომთმენად აათვალიერა მანქანებიდან გადმოსული ახალგაზრდები, უემოციოები და მეტნაკლებად გულნატკენები. სასახლეც ეცნო, თავისი ხელით დამზადებული. მხოლოდ ერთი არ ეცნობოდა, ტკივილიანი მზერით და უძირო თვალებით. შავი, გრძელი კაბა ეცვა, შავი თავსაბურავი აქეთ-იქით ფრიალებდა. გეგის არ უყვარდა მათი თვალიერება. მშვიდად, ჩუმად აკეთებდა თავის საქმეს და თან ცდილობდა არ ესმინა მათთვის.

დაკრძალვიდან ერთი კვირის განმავლობაში, თვალს ადევნებდა გოგონას. საათობით იჯდა, ხელს მიწას უსვამდა და კი არ ტიროდა, ცრემლებდაგროვებული გაჭირვებით სუნთქავდა. ფოტო არსად ჩანდა, ვინ იყო მისთვის? ვინ მიაბარა მიწას, ვის დასტიროდა?
-ნუ უყურებ გეგი, შეეშვი -იქვე აიტუზა მოხუცი.
-მის გარდა აქ არავინ მინახავს -გულისტკივილით ამოიოხრა გეგიმ და ფიცრების წყობა განაგრძო.
-მასაც მალე დაავიწყდება, დროის ამბავია. გულს და გონებას ყოველთვის აქვს ადგილი წარსულისთვის. მალე ვეღარც იგრძნობს ასე ძლიერად.
-ასე გეგონოს -გაბრაზებულმა მიაგდო იარაღები და ქვემოთ დაეშვა.
„სულელი მოხუცი. რას ნიშნავს, დაავიწყდება? საყვარელი ადამიანები არ გვავიწყდება. მათ შეხვედრამდეც, ვიცით რომ ბევრად ადრე იყვნენ ჩვენთვის შექმნილები, ამიტომ მათი მოსვლა ჩვეულებრივია, წასვლაზე კი იშვიათად ვფიქრობთ, ამიტომ ყველაზე მტკივნეულია. დაგავიწყდეს ვინც გიყვარდა? რა ადგილი უნდა ჰქონდეს გულს ასეთი? „
-მოიცადეთ, უკაცრავად! -ფიქრებიდან ქალის ხმამ გამოარკვია. გაკვირვებული და ცოტა არ იყოს, დაბნეული მიბრუნდა. რა ხანია, მოხუცის გარდა მისთვის არავის მიუმართავს, თანაც ვის? ვისაც ყველაზე ნაკლებად ელოდა, სწორედ ის იდგა მის წინ. თვალის უპეები ჩაშავებოდა, უძირო, უსასრულოდ მწვანე თვალების გარშემო ულამაზოდ გასწითლებოდა და ხმაც ისე გაბზარვოდა, სულის შებერვაზე ჩაუწყდებოდა.
-ერთი კვირის წინ სამკაული დავკარგე. ვერსად ვიპოვე -ნატიფი თითები შეწუხებულმა მიიდო ყელზე.
-ძვირფასი იყო? -ნიშნისმოგებით გადახედა გეგიმ. ნუთუ ერთკვირიანი ვიზიტი სამკაულს ეხებოდა?
-არა. უფრო სწორად, მარგალიტი არ ყოფილა, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ხომ გესმით, დაიკარგა -ნერვიულად აიჩეჩა მხრები და საცოდავად ამოიკვნესა. ქვედა ტუჩი ლამის მოიჭამა, ისეთი ძალით ცდილობდა თავის შეკავებას. გეგი შეიშმუშნა, ქალის სიტყვებმა დააფრთხო. ზუსტად იცოდა რასაც სთხოვდა და გული დასწყდა. დახმარება რომ არ შეეძლო ერთი იყო და მეორეც ის, რომ ზუსტად იცოდა, აქ სამკაული არ დაჰკარგვია. ასე რომ ყოფილიყო იპოვიდა, რადგან ყურადღებიანი მესაფლავეა. ყოველ დილით გულმოდგინედ ამოწმებს სასაფლაოს და შეამჩნევდა.
-მე ვერ დაგეხმარებით -თავი შეაბრუნა გეგიმ და მარჯვენა ხელი მაგრად შეკრა მუშტად. ძარღვებში ლამის სისხლი გაეყინა. როგორ იქცეოდა, ნეტავ შორიდან რა სანახავი იყო. ზურგს აქცევდა ქალს, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში პირისპირ ედგა. რა საცოდავი, საბრალო საქციელი იყო. მაგრამ რა ექნა, თვითონაც უფსკრულის პირას იდგა და იცოდა, ან იქ დარჩებოდა, ან - გადავარდებოდა.
-ძალიან გთხოვთ, მხოლოდ ეს მაქვს -ატირებულმა ქალმა სულ დააბნია. თავგზააბნეული მიბრუნდა, რაც არის, არისო გაიფიქრა და მორჩილად აედევნა. წუთით შეჩერდა, ღრმად ჩაისუნქთა, მერე მუხლებზე დაემხო და როგორც საკუთარ ნაწილს, ისე გადაუსვა გრძელი თითები მიწას. არაფერი იყო. იცოდა, რომ არაფერი იქნებოდა, მაგრამ იმ გრძნობისთვის რა ეთქვა, ბოლომდე უარი რომ ვერ გააბედინა? ცოტა ხნის შემდეგ, დამწუხრებულ ქალს ახედა და დანებების ნიშნად დასვრილი ხელები ჩამოყარა.
-აქ არაფერია. სახლში დაბრუნდით, სადაცაა იწვიმებს. -პასუხს აღარ დალოდებია და ისე წამოდგა, მობრუნებულს კიდევ ერთხელ დაეწია ქალი.
-მადლობ -გეგიმ თვალი აარიდა. როგორი ლამაზი იყო ქალი და თვითონ? არა! მისი ადგილი არ იყო ასეთი ქალის გვერდით. განა საცხოვრებლად?! არა, საერთოდ არ იყო მისთვის ადგილი. არ ჰქონდა უფლება ორი ნაბიჯის სიახლოვეს მდგარიყო ან თუნდაც ესაუბრა.
-წადით, თუ შეიძლება -ჰორიზონტს თვალი გაუსწორა და თვითონაც ქოხში დაბრუნდა.

>>>
მახინჯი კაცი იყო გეგი. თვალები ლამაზი ჰქონდა. გრძელი წამწამები, უჩვეულოდ ნაცრისფერი თვალები, თუმცა მისთვის რომ გეკითხათ, ისე გიპასუხებდათ, წარსულს დიდი ხნის წინ ჩაბარებულ ღირსებაზე საუბრობსო, გეგონებოდათ. ერთი დიდი ტკივილი ჰქონდა - ცალი თვალით ბრმა იყო. ამიტომ სძულდა კიდეც საკუთარი ხმა, გარეგნობა, პიროვნება. ერთადერთი საქმიანობა მესაფლავეობა ჰქონდა. მან მაინც იცოდა მიტოვებულების რეალობა. ის ზუსტად ისე ცხოვრობდა, როგორც მიწის ქვეშ განსვენებულები. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე თვლიდა. სიყვარულით არავინ ჰყვარებია, თუმცა ამ გრძნობის ფასი იცოდა. რას არ ისწავლი, როცა ათას მივიწყებულში ერთ-ერთი იმათგანი ხარ. იმას კი ამბობდა, ხორცით მკვდარი რას დაიწუნებს ცხოვრებაში, როცა ადამიანები სიცოცხლეშივე ვკვდებითო. მერე გაჩუმდებოდა, აგიზგიზებულ ბუხარს მიაჩერდებოდა და გათენებამდე იჯდა. რა ხანია, მიავიწყდა როგორ გამოიყურებოდა. მოგონებებიდან ის ახსოვს, რომ რაღაც მასაც ჰქონდა კარგი, თუმცა იმ მტვრიან თაროზე იდო, თითის გადასმა და ჰაერის მიწვდაც რომ ენანებოდა. იქნებ, კიდევ სტკენოდა გული, იქნებ დრომ ვერ გააფერმკრთალა და ისე დაერტყა, როგორც წლების წინ და ვინ იცის, იქნებ ახლაც?

ვერაფერი გაუგო ქალის ვიზიტებს,სანამ ძვირადღირებული მანქანით შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი არ წამოადგა თავზე. აშკარად ეტყობოდა, გავლენიანი იყო და ქალთან იმდენი უფლებით მაინც სარგებლობდა, მისთვის წასვლა ებრძანებინა. შორიდანვე ატყობდა, ცალი თვალით, რომ ქალი გაჯიუტდა. გულზე მალამოდ მოედო გამოგლეჯილი მკლავი და ზურგის ქცევა. უკვე სასიამოვნოდ წვიმდა, მამაკაცმა თავის ქნევით გაიშალა ქოლგა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და მანქანამდე საკუთარი თავი მიაცილა. მერე ტალახში გაიარა, გეგის შეკოწიწებულ საფლავებს ტალახი გადაასხა და ვითომ არაფერიო, ისე დატოვა იქაურობა. ერთი იმის დანახვა მოასწრო, რომ ქალმა კვნესით დაიქნია ხელები და კაბიდან რაღაც ჩამოიფერთხა. ხელში აიღო გაწურული ჩვარი და ქვემოთ დაეშვა. საფლავის ქვასთან ჩაიმუხლა და გულმოდგინედ წმენდას მოჰყვა.
-რატომ აკეთებთ ამას?-ცივი ჰაერივით გაყინა ქალის უეცარმა სიტყვებმა. ხმაზე ეტყობოდა, ნაწყენი იყო წეღანდელი საქციელით, თუმცა გეგის უფრო დაეტყო სახეზე უკმაყოფილება.
-საფლავს ვწმენდ!
-ახლა ხომ წვიმს? -გაეცინა ქალს. გეგის გულში დანასავით ჩაესო ქალის დამცინავი ტონი.
-მერე რა.
-ახალგაზრდა კაცი ხართ, არავინ მინახავს მსგავსი. -მხრები აიჩეჩა ქალმა და იქვე მიგდებული მეორე ტილო აიღო, გეგის გვერდით ჩაიმუხლა და გულმოდგინედ გადაუსვა დასვრილ ქვას. გეგის გაოცებისგან ლამის უფრო დაუბნელდა თვალებში. ისიც კი იგრძნო, გული ლამის რომ ამოუვარდა.ქალის სუნამო? როგორი აღმაფრთოვანებელი იყო. აი, გეგის კი, არაფრის სუნი არ ჰქონდა, გაარდა მიწისა.
-რას აკეთებთ, თქვენი საქმე ეს არაა -პირველად ამოაყოლა სიტყვებს ნერვიული სიცილი და ის-ის იყო დააპირა ტილო გამოეგლიჯა, რომ შეჩერდა. ვერ გაბედა ქალის ნაზ, თეთრ თითებს შეხებოდა. ის კი არა, თავიც დახარა, უსინათლო თვალზე ხელი აიფარა და ძლიერად მოისრისა. ღმერთო, როგორ უნდოდა იმ წამს დაენახა. ერთი წუთით მაინც შეძლებოდა ორივე თვალით გაესწორებინა მზერა და მერე, თანახმა იყო სამუდამოდ სიბრმავისთვის მიეცა თავი. როგორ შეიძლებოდა ასე მალე ვინმე ჰყვარებოდა, ასე მალე გული ამოვარდნოდა, ასე მალე მოესურვებინა ორივე თვალით ხედვა?
-მესაფლავე ხართ.. -ამოიოხრა ქალმა. არ უნდოდა გეგის მასთან საუბარი. თითქოს საკუთარ ნაკლს ასჯერ მეტად ხედავდა. -ყოველდღე აქ ხართ. მართალია ისინი თქვენი ახლობლები არ იყვნენ, თუმცა ნახე -გაეცინა ქალს -უვლი მათთვის სრულიად უმნიშვნელოდ ჩადგმულ ქვებს, დაყრილ მიწას, დამხობილ ყვავილებს.
-არ არის აუცილებელი დიდი ხნის კავშირები -თქვა და წამში ენაზე იკბინა. რა წამოსცდა, თვითონ ვერ გაიაზრა. -რაც შეეხება ქვებს, მათთვის უმნიშვნელო არაფერია. ისინი არასდროს მიდიან და თავს ნუ იმშვიდებთ, რომ მარტოს გტოვებენ.
-მათი არ ყოფნა შესამჩნევია, აი ესაა პარალელი ტკივილთან.
-ქალბატონო, თქვენი ადგილი აქ არ არის -გულწრფელი ტკივილივით წამოუვიდა გულიდან.
-თქვენზე ხმები დადის. რას არ ამბობენ, ისიც კი დაგაბრალეს, გიჟიაო. არ დაგიმალავთ, თავიდან მეც ასე მეგონა, მერე დაგინახეთ. სველ მიწაზე ხეებს თლიდით, ორნამენტებს ჭრიდით და ისე უდარდელად აწყობდით, თითქმის დამაჯერებლად იტყუებოდით, რომ სასახლეებისთვის არ იყო, მიწის ქვეშ რომ ლპება. იმასაც ამბობენ, მახინჯიაო.
-მერე? განა ასე არაა? -წაღებული ხელი გააჩერა, არ მიუშვა თვალთან.
-არა. ლამაზი მამაკაცები ჭკუის ნაკლებობას განიცდიან -სიცილი დაიწყო ქალმა. -ისინი საუბრობენ, იქცევიან არაჩვეულებრივად, თუმცა აი აქ -საჩვენებელი თითი ნაზად შეახო გეგის დასვრილ მაისურს, გულთან -სიცარიელეა. „მახინჯი“ მამაკაცები კი ამქვეყნად ყველაზე რეალურები არიან, ყველაზე ნამდვილები და სხვანაირად ლამაზები.
-რა აბსურდია -ნერვიულად გააგდო ტილო ხელიდან გეგიმ. ქალს ეწყინა, წამოდგა და კაბა გაისწორა. ნაბიჯი გადადგა, მერე მიბრუნდა და გეგის რომ გაეგონა და სხვა არავის, ისე წამოაძახა :
-თქვენ ლამაზი თვალები გაქვთ, არ აქვს მნიშვნელობა რომელში აღწევს სინათლე.
>>>
ქალს და გეგის მას შემდეგ ხშირად უსაუბრიათ სიყვარულზე, მონატრებაზე, მიტოვებაზე. ცოტა ხანში, ისიც გაანალიზეს, რომ გეგი სიყვარულისთვის მახინჯი კაცი იყო და გული აღარ სწყდებოდა, თუმცა ვინ იცის.
იქნებ ისიც ყოფილიყო ღირსი ღიმილის, ან კიდევ ერთხელ დანახული სინათლის. გამოუტყდა, მგონია, რომ ცალი თვალით ნაკლებ ტკივილს ვხედავო. კითხვაზე, რას ვერ აპატიებდა, უპასუხა, რომ მიტოვებას, რადგან ისედაც მიტოვებული იყო. სხვები რომ ფერებად ხედავდნენ საკუთარ თავს, გეგისთვის გეგი სევდისფერი იყო, რაღაცნაირი გახუნებული და მივიწყებული. გულმიუსვლელი.
ქალს წითელ ფერებში ხედავდა. არწმუნებდა, წადიო. გულის სიღრმეში, არც სდომებია წასულიყო, თუმცა მეტაფორებს ხშირად ვიგებთ სხვანაირად და მივდივართ.
გააგიჟა გეგი.
ატკინა.

იმ ხნის მერე, ასჯერ მაინც სცადა საკუთარი თავი ლამაზად ჩაეთვალა გეგის. იქნებ, მესაფლავის გარდა სხვა ვიღაც ყოფილიყო? არა. ეს იყო და ეს. წასვლასაც რომ პატიობ, მიტოვებასაც და უმოქმედობასაც, მაშინ თავს ლამაზად აღარ თვლი. გეგი ლამაზი არ იყო. გეგი ბრმა, მახინჯი კაცი იყო.

>>>

სამი წელი.
ხან რას მიაწყდებოდა, ხან - რას. ცხოვრებაში პირველად უთხრეს, რომ ისიც ლამაზია და მერე, გაქრა. ქალი აღარ მოდიოდა. მართალი იყო მოხუცი, ავიწყდებათ და აღარ სტკივათო. იქნებ, გულმა და გონებამ მართლა აპოვნინა ის ადგილი, სადაც წარსულს ვინახავთ? რა საშინელება იქნებოდა იმაში დარწმუნება, რომ ერთმა ნახვამ შეაყვარა და ერთმა საუბარმა დააშორა, არა? არც კი ფიქრობდა, რომ ქალსაც პატარა გული ჰქონდა. მხოლოდ ის უტრიალებდა თავში, ლამაზი თვალები გაქვთო. ცალ თვალზე ჩამოფხატული ქუდი გადაიწია, შორიდან თითქოს ნაცნობი მანქანა რომ შეამჩნია. მზად იყო, გადათეთრებული სიბრმავით შეხვედროდა ერთადერთ მისთვის ნაცნობ ჭეშმარიტებას. ქალს, რომელიც უყვარდა.
მართლა ის იყო. გეგის გაეღიმა. საიდანღაც გამონახული სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვა, იარაღები შეინახა და ქვემოთ დაეშვა. ქალმა თითქოს ვერც იცნოო, ისე აარიდა მზერა. ადგილზე გაშეშებული იდგა გეგი და აკვირდებოდა, როგორ უგულოდ მიაყარა წითელი ვარდები საგულდაგულოდ მოვლილ საფლავს. მერე ცალი ხელიდან მოიძრო ხელთათმანი და დაეფიცება, ცალი თვალით კი არა, უსინათლო თვალითაც კი დაინახა, როგორ აბრჭყვიალდა მის თითზე მარგალიტის ბეჭედი. ქალს გვერდით ნაცნობი, ელეგანტურად ჩაცმული მამაკაცი ამოუდგა და ცალი ხელი მხარზე მოხვია. ნელ-ნელა უკან დაიხია გეგიმ, გაქცევას აპირებდა, ხმა რომ დაეწია.
-ამას რამდენი მივცე?
-არ ვიცი.
-მოდი აქ -უხეშად მიმართა კაცმა. გეგის თითქოს გული დაუდნაო, ფეხები მოეკეცა საცოდაობით. არა და არ მივიდა, ადგილს მიეყინა და ნაბიჯიც არ გადადგა. არც სინდისი, არც მოთმინება, არც ტკივილი არ გაუშვებდა წყვილთან, რომელიც მდაბიოს ფულს სთავაზობდა.
-ფულს არ ვიღებ -მკვახედ მიახალა და მობრუნდა.
-პურის ფულია, ან სულაც წადი და სუფთად ჩაიცვი -დამცინავად დაამატა კუპიურები და ხელი დაიქნია, მოდი და გამომართვიო. გეგიმ იგძნო როგორ აეწვა შიგნით რაღაც.
-ასე ნუ ელაპარაკები -ეწყინა ქალს. გეგიმ თავი გააქნია. იმედი გაუცრუვდა, თანაც როგორ.
-ასე? სუფრას ხომ არ გავუშლი, ლეა? მოდი, გამომართვი სანამ გადამიფიქრებია.
-ფულს არ ვიღებ-მეთქი! -ხმას აუწია გეგიმ. მამაკაცმა ხმამაღლა შეიგინა.
-მათხოვარიც ამას ჰქვია. -ფული ჯიბეში დააბრუნა და მანქანისკენ დაიძრა. ქალმა მზერა გააყოლა, მერე გეგის წამოეწია.
-მომისმინე, მის ნაცვლად გიხდი ბოდიშს. მოიხედე მაინც, გეგი -ქალს გახედა. ლეას გახედა. გაუკვირდა. საერთოდ, ისიც კი იფიქრა, მეჩვენებაო.
-ქალბატონო, რატომ არ მეშვებით? -ქალისკენ დაფარული თვალით მიბრუნდა. ლეას ისევ გაბუტული მზერა ჰქონდა, რაღაცნაირად, გადაღლილი ჩანდა.
-არ იმსახურებ ამ ტკივილის ტარებას. ასე ნუ მიყურებთ, გეგი.
-ისე გიყურებ,როგორც ჩვეულებრივ ადამიანს.
-ისე მიყურებ, როგორც ლეას. ან იქნებ, შენც შემირჩიე სხვა სახელი.
-არაფერი შემირჩევია, ლეა. -სახელი განსაკუთრებულად გამოთქვა და ქალს მიაჩერდა. მწვანე, ჩამქრალი თვალები ჰქონდა, როგორც ყოველთვის. ნისლიანი საღამო იყო, სასაფლაოზე კი სქელი ფენა იდო, ქალს თითქმის ფარავდა, სხვანაირად ციოდა და თითქოს, ნელ-ნელა სხვანაირად თბებოდა ქალის მზერა. ეს რა იყო, ერთი ნახვით საზღვრების მონგრევა? სისულელეა. ასე არაფერი ხდება. განსხვავებები ასე მალე არ უფერულდება, გრძნობები ასე მალე არ ჩნდება და სულიერი სიახლოვე ასე არ მოქმედებს. სისულელე და გეგის წარმოსახვა იყო, რომ თითქოს ქალი მთელი ამ დროის განმავლობაში ხვდებოდა გამეფებულ სიჩუმეს და თითქოს ლეას მსგავსი ქალი, მართლა შეიყვარებდა გეგის.
-წადი.
-ლამაზი თვალები გაქვს გეგი. მინდა რომ ვნახო. -ტანში გასცრა კაცს. ამის გაგონებას სამყაროს ამობრუნება ერჩივნა. ქალს უკან ქმარი ელოდა, ამას მაინც ხომ აღარაფერი შეცვლიდა?
-თავი დამანებეთ, ლეა.
-ასე რატომ მიყურებ?
-ასე როგორ? როგორ?
-მინდა ორივე თვალით შემომხედო!
-მესაფლავის საქმე მაქვს, ქალბატონო.
-იცოდი რომ მოვიდოდი და სუფთად ჩაიცვი, არა? -ქალს ღიმილი შეეპარა. პასუხი არა და არ იყო. -მე აქედან მივდივარ, გეგი. -კაცს თავბრუ დაეხვა, ცოტაც და ფეხქვეშ მიწა გამოეცლებოდა და იქ ჩაიტანდა, სადაც ათასი მისნაირი იყო. მაგრამ, იქნებ აღარც თვლიდა, რომ მიცვალებულებს ჰგავდა?
-დავბრუნდები, მაგრამ არ ვიცი როდის.
-მაშ, ჩემთან რამ მოგიყვანათ
-შენ სხვანაირად მიყურებ. -გაჯიუტებულ გეგის ქალი მიუახლოვდა, ნაზი თითებით დაგლეჯილი ქუდი გადააძრო და დამფრთხალ გეგის ორივე თვალში ჩახედა. მერე რა, რომ გეგისთვის არაფერი იცვლებოდა, რაც მთავარია, ქალი ხედავდა მას ისეთს, როგორიც იყო.
-ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ. -გეგიმ ქალს ხელიდან ქუდი გამოგლიჯა, აირბინა ქოხში და კარი ჩარაზა. დაეშვა და მოუსვენარმა სუნთქვამ აიტანა. ხელები ხან ყელზე მიიდო, ხან მაისურზე, მერე შემოიგლიჯა, იყვირა, იღრიალა, ყველაფერი დაამსხვრია და არაფერმა უშველა. გარეთ გავარდა, მანქანა უკვე ნისლში მიცურავდა. ნესტიანი მიწა ჩაბღუჯა და რატომღაც, ბედად, უსინათლო თვალიდან გადმოუგორდა სევდისფერი ცრემლი.

>>>
დიდ ხანს ეძებდა ქალი გეგის, მაგრამ ვერსად იპოვა. რაღაც, უცნაურად ციოდა იმ ღამეს, სხვანაირი ვარსკვლავები ანათებდნენ და ნისლიც ოდნავ ფერს კარგავდა. მანქანის კარი ნერვიულად დახურა ლეამ და სველ, ტალახიან მიწაში ნახევრად ჩაფლულმა აიარა აღმართი. საფლავის ქვები ტალახს შეეჭამა, გადამხმარ ყვავილებს ქარი აფრიალებდა. მიწა ათას ადგილას ამოთხრილიყო. გეგი ამას არ დაუშვებდა, გეგი სხვანაირად მოუვლიდა მიტოვებულ საგოდებელს. ქოხს განათება აკლდა, სამაგიეროდ, სახურავი ჰქონდა გადავარდნილი და სადღაც, რომელიღაც კუთხეში ეგდო.არავინ იყო სასაფლაოზე, არავინ გეგის მსგავსი.
-ვინ ხარ? -დაშინებული მოხუცის აკანკალებული ხმა მოესმა ქალს და უცებ მიიხედა. გრძელი თოფის დანახვაზე ხელები ასწია
-გეგი.. გეგის ვეძებ! -მოხუცმა იარაღი დაუშვა, მთვარის რძისფერ შუქზე გაუალევა თვალებში დარდმა. თოფი მიაგდო, გაჟღენთილ მიწაზე ჩამოჯდა.
- ამბობენ, დარდმა მოკლაო. სისულელეა, გეგი სხვა კაცი იყო. დარდი იცოდა, მაგრამ მალავდა. ქალის სიყვარული ვერ მოკლავდა. ეს სულ სხვანაირად ესმოდა. სხვა ფერის კაცი იყო. ნისლიანი, მგრძნობიარე. დაიჯერებ? თითოეული საფლავი უყვარდა. კარგი მესაფლავე იყო.
-სევდა იცოდა. სევდისფერი თვალები ჰქონდა -უშნოდ ჩამოუგორდა ცრემლი ქალს და იმ დროს, ყველაზე ლამაზიც იყო. გაბრუნდა და წავიდა. გეგის მოგონებებს სული შეუბერა, მტვერი მოაშორა და ამოასუნთქა. გეგიც ხომ ასე მოიქცა?
-მოიცადე, შვილო. -მოხუცი დაეწია, ხელში ძველი ფურცელი და რაღაც ნივთი შეაჩეჩა და სიბნელეს შეერია.
ლეას ხატავდა გეგი.
„თურმე შეგვძლებია გონებას და გულს ვაპოვნინოთ წარსულისთვის ადგილი, სადაც აღარც თაროები გვექნება და არც საკმარისი მტვერი იქნება,რომ გადაწმენდა დასჭირდეს. ზედმეტად ლამაზი იყავი და ზედმეტად საბრალო, სევდისთვის.
და ვიცი, მჯერა, რომ სინათლე არ მჭირდება“


___
დავბრუნდი, მგონი.
არ ვიცი, არამგონია ჩემმა მკითხველმა ესეც ისე გაიგოს, როგორც დავწერე, თუმცა რაღაც ჩემთვის შევინახე და მართალიც ვარ.
მიხარია დაბრუნება მკითხველთან.



№1 სტუმარი გვანცა))

მეტკინა...გეგი მეტკინა,არ იმსახურებდაა ასეთ დასასრულს...
საოცრება ხარ მარიამ შენი ისტორიებით<3<3

 


№2  offline ახალბედა მწერალი MariamG

გვანცა))
მეტკინა...გეგი მეტკინა,არ იმსახურებდაა ასეთ დასასრულს...
საოცრება ხარ მარიამ შენი ისტორიებით<3<3

გვანცა❤️

 


№3 სტუმარი წასული

ოოო ლამაზო ქალბატონი შესანიშნავი იყო.
ამდენ საკითხავში მაინც ვილოვწ დრო,რ
რომ შენი.საოცრება ქამეკითხა და უქმად.ნამდვილად.არ დამიხარჯავს.
მიყვარს შენი ისტორიები.

პ.ს შეიძლება მე წავედი, მაგრამ შენ ისტორიებს სულ წავიკითხავ.

ოოო ლამაზო ქალბატონი შესანიშნავი იყო.
ამდენ საკითხავში მაინც ვილოვწ დრო,რ
რომ შენი.საოცრება ქამეკითხა და უქმად.ნამდვილად.არ დამიხარჯავს.
მიყვარს შენი ისტორიები.

პ.ს შეიძლება მე წავედი, მაგრამ შენ ისტორიებს სულ წავიკითხავ.

 


№4 სტუმარი Guest mariamG

მომეწონა და თან მეტკინა.გეგი მეტკინა და შემეცოდა.

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

შენ არ ვიცი რას ფიქრობდი როცა ეს ისტორია შექმენი,მაგრამ გეგი ჩემთვის ნამდვილი ადამიანი იყო,ნ ა მ დ ვ ი ლ ი და არა ყალბი.დიდი სული ჰქონდა და ნამდვილად იმსახურებდა ბედნიერებას.თუნდაც სიყვარულიც კი ნამდვილი ჰქონდა.უმაგრესი ხარ.ძალიან მომეწონა ეს უსტორია.სიტყვებით ნამდვილად ვერ გადმოვცემ ჩემს ემოციებს
--------------------
ლანა

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან დავიგრუზე .,..............

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent