დედას შავი გოგო (სრულად)
სულ ორი თვის იქნებოდა, მეგობარმა რომ მაჩუქა. კუნაპეტ ღამესავით შავი იყო, მბზინავი ბეწვი და ყავისფერი თვალები ჰქონდა. დედაჩემი გადაირია, რა საყვარელი შავი ლეკვიაო. დედას ძალიან უყვარდა ცხოველები, ფრინველები, მცენარეები და, საერთოდ, სიცოცხლე და ადამიანები. ჩემი შავი გოგოო, ასე ეძახდა ლეკვს და შერჩა ეს სახელი _ შავი. თავიდანვე მიეჯაჭვა დედას. აბა, მე სად მეცალა, ვმუშაობდი და მთელი დღე გასული ვიყავი სახლიდან. დედაც მუშაობდა, მაგრამ შინ _ მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა და ღამეებს ათენებდა კომპიუტერთან. ზამთარი იყო, რომ მოვიყვანე და, ფაქტობრივად, ოთახში გაიზარდა. დედას არ შორდებოდა, სულ კუდში დასდევდა თავისი პარტყუნა ყურებით. ღამითაც დედასთან იწვა. ისე უვლიდა დედაჩემი, როგორც შვილს, სულ ეფერებოდა და ელაპარაკებოდა. შავი რომ წამოიზარდა, გაცელქდა, ყეფდა, დარბოდა, სულ ფეხებში გვებლანდებოდა. რომ დაიღლებოდა, მიუწვებოდა დედას გვერდით, თავს კისერზე გადააჭდობდა და ისე იძინებდა. სასაცილო სანახაობას წარმოადგენდა ერთმანეთს ჩახუტებული ქალი და ძაღლი. საკმარისი იყო, ამ დროს მოსაფერებლად მივახლოებოდი, ეგრევე ღრენას იწყებდა, თითქოს მაფრთხილებდა, ეს ჩემი დედაა და არ წამართვაო. :))) მერე გაზაფხულდა და უკვე გაზრდილი შავი ეზოში გავიდა. პატარა ეზო გვქონდა, მაგრამ მას ჰყოფნიდა. დარბოდა და ყეფა-ყეფით ჩიტებს დასდევდა. დედამ წითელი საყელური უყიდა _ შავი რომ არის, მოუხდება, სტენდალის ფერებში იქნებაო. მართლაც მოუხდა. კარის გაღება ისწავლა. როცა დედა შინ შესვლას დააპირებდა, შავი წინ გამოიქცეოდა და კართან დახვდებოდა. დედა შეგნებულად არ აღებდა კარს, ეუბნებოდა, მიდი, შენ თვითონ გააღეო. შავი გაოცებული მისჩერებოდა, რა უნდაო, მაგრამ მერე ნელ-ნელა მიხვდა, რაც უნდა გაეკეთებინა და ეგრევე თათებით შეახტებოდა კარს და აღებდა. როცა ოთახიდან უნდოდა გამოსვლა და კარი დაკეტილი იყო, ცხენივით ყალყზე შედგებოდა და ფხოჭნიდა, გამიღეთო, მაგრამ თუ ოდნავ მაინც იყო გამოღებული, თათით გამოწევდა და ბოლომდე გამოაღებდა. ჯოხის მოტანაც ისწავლა. გადაუგდებდა დედა ჯოხს, გაეკიდებოდა ესეც, მოიგდებდა კბილებში და მოჰქონდა, მაგრამ პირველ ხანებში ცოცხალი თავით არ უშვებდა პირიდან. ექაჩებოდა დედა, მომეციო, ის კი არ თმობდა. მერე თანდათან ამასაც მიეჩვია და ჯოხს პირდაპირ ფეხებთან დაუდებდა დედას და ელოდებოდა, კიდევ როდის გადაუგდებდა. როცა «ჯოხობანას» თამაში მოუნდებოდა, ყეფას იწყებდა, გარშემო ურბენდა დედას და თუ ვერ გააგებინებდა, რა უნდოდა, გაიქცეოდა, ჯოხს მოუტანდა და წინ დაუდებდა, მეთამაშეო. დილაობით მისი აშვება ჩემს მოვალეობაში შედიოდა. ღამენათევი დედა ზოგჯერ შედარებით გვიან იღვიძებდა. მის გაღვიძებამდე შავი თავისთვის ერთობოდა ეზოში, მაგრამ მანამდე, როგორც კი ავუშვებდი, ეგრევე დედას ოთახში შერბოდა, ლოგინს დინგით გადაუწევდა და ეწკმუტუნებოდა, ადექი, მაჭამეო. დედაც, თუ ძალიან დაღლილი არ იყო, თავს წამოწევდა, ხელს ბეწვზე სიყვარულით გადაუსვამდა და ალერსიანად ეტყოდა: «რაო, ჩემი შავი გოგო, მოგშივდა?» მხოლოდ დედას ხელით გამზადებულს ჭამდა. ჩაუყრიდა დედა ჯამში პურს, მოხარშული ქათმის კისერს დაუქუცმაცებდა, მოუსხამდა ზედ ბულიონს და ესეც თქვლეფდა დიდი სიამოვნებით. ხანდახან მე გავუმზადებდი შავს საჭმელს, როცა დედას ადგომა დაუგვიანდებოდა, მაგრამ არ მოსწონდა ჩემი ნახელავი _ ნახევარს ტოვებდა. ვერ ვხვდებოდი, რატომ _ მეც ხომ ზუსტად ისე ვაკეთებდი, როგორც დედა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.