შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი სხივები (სრულად)


22-11-2016, 19:44
ავტორი MariamG
ნანახია 5 578

>>>
ლიანდაგის ერთ მხარეს ნორა იდგა, ვიღაცას გიჟურად უღიმოდა და ხელს უქნევდა. მატარებელმა ცხვირწინ ჩაუქროლა, მხრები აიწურა, პალტოს საყელოები აიწია და ცხვირამდე ჩაძვრა. ჩაიარა თუ არა მატარებელმა, ნორას ლურჯ თვალებს სხივებივით აერეკლა სილუეტი. ლიანდაგის მეორე მხრიდან ხელს უქნევდა და უღიმოდა გაბო.

ნორამ ადგილზე ფეხები აათამაშა, გაბომ ჩახუტების ნიშნად ხელები გაშალა და ფართოდ გაუღიმა. ნორამ თავი გააქნია, ტუჩები წინ გამოსწია და საჩვენებელი თითით ორჯერ შეეხო კოცნისთვის. ბიჭმა თავი გააქნია, კიდევ დააპირა რაღაცის გაკეთება, თუმცა დაგვიანებულ პასუხს დაჩქარებული მატარებელი აესვეტა და გრძელი ბილიკივით გაიწელა მათ შორის.
ნორამ გაბო ვეღარ დაინახა. ხან ჰორიზონტს გააყოლა თვალი, ხან ცას და მიწას. დაბნეული და ნაწყენი, გაბუტული აკვირდებოდა იმ ადგილს, სანამ ნაცნობმა სურნელმა არ მიახედა უკან.
გაბო ეხვეოდა წელზე და ცალ ხელში ისევ ნორას საყვარელი გვირილები ეჭირა.
-რა სურნელია! -ქვედა ტუჩი კბილებშორის მოიქცია ნორამ და გაბოს ყელიდან ხარბად შეისუნთქა თავისუფლება.
-ფეხით წავიდეთ? -მოწყვეტით აკოცა საყვარელ ქალს და ზღვისფერ თვალებს მიაშტერდა.
-მატარებელს დაველოდოთ!

***
იმ საღამოს ბევრი ისეირნეს. გაბომ ნორა ხიდის მოაჯირზე აიყვანა, ხელები გააშლევინა და სიცილით დაუყვნენ ხმაურიან ქუჩებს.
ნოემბრის ნარინჯისფერი წყვილისთვის, ლურჯი დეკემბერი დგებოდა - ზამთარს არ უღალატებდნენ.

-ნაყინი გინდა? -ხელი გადახვია გაბომ და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა.
-ნაყინი? ზამთარში? -სიცივისგან აწითლებული ცხვირი მიუშვირა გაბოს.
-რატომაც არა?
-სახლში წავიდეთ, ჩაის გავაკეთებ.
-მგონი ძალიან შეგცივდა -თავი დამნაშავედ იგრძნო გაბომ და ქურთუკის გახდა დააპირა.
-არა! არა. არ მცივა.
-სახლში წავიდეთ -მოწყვეტით აკოცა ნორას და ნაბიჯს აუჩქარეს.

ნორას მუხლებზე სქელყდიანი წიგნი დაედო და ჩაის ფინჯანს ისეთი ძალით უჭერდა ხელებს, ძვლებს ზემოთ კანი უთეთრდებოდა. მხრებზე სქელი პლედი შემოიხვია, ფეხები აიკეცა და სავარძელში მოთავსდა. ამ დროის განმავლობაში, გაბო ბუხართან იდგა, ხელში ჩაის ფინჯანი ეჭირა, თვალს არ აშორებდა ცეცხლის ნაპერწკლებს და გაუთავებლად ფიქრობდა რაღაცაზე.
-რაზე ფიქრობ? -ზურგსუკან წიგნის შრიალის ხმა მოესმა, ფიქრების სამყარო დატოვა და ქალს გახედა, შესამჩნევად გაუღიმა.
-ყველაფერზე -ნორას გვერდით მოთავსდა სავარძელში, იქვე შემოდებულ პატარა მაგიდაზე გადადო ჩაის ფინჯანი და ქალს მოეხვია. შეწუხებული ჩანდა, ნორაც ამჩნევდა.
-მაშინ ნუ ფიქრობ.
-რა ადვილია -ჩაეცინა გაბოს და სიცივისგან აწითლებული ლოყები ჩაუკოცნა ნორას.
-ადვილი არ არის, სწორედ ამიტომ, ნაკლები უნდა ვიფიქროთ და დავტკბეთ ყველაფრით, რაც გვაქვს. მე და შენ, ჩვენ - არც თუ ისე ცოტა რამ გვაქვს.
-მიყვარხარ, ნორა. -შეწითლებულ ცხვირზე აკოცა გაბომ და ისე მოეხვია, თითქოს უკანასკნელი იყო.

***
-ეს გამომართვი -მატარებლის ბილეთი გაუწოდა ნორას და ჩანთა ზურგზე მოიკიდა.
-სიგიჟეა -გამხიარულდა ქალი.
მატარებლის უამრავი ცარიელი ადგილიდან, ნორამ და გაბომ ბოლო, გაცვეთილი ადგილები აირჩიეს, წამში გააბნიეს მყუდროება და მომზადებულები დასხდნენ. რაღაც აბედნიერებდათ, რაღაც არ ასვენებდათ. მატარებელი მაღალ ხიდზე გაშენებულ ლიანდაგზე მიდიოდა. ქვემოთ მხოლოდ ნისლი ჩანდა, ან უბრალოდ იმდენად მაღლა იყვნენ, ღრუბლებს სცდებოდნენ.
-მოემზადე! -შეჰკივლა ქალმა და ჩანთამოკიდებულმა ჩაჰკიდა ხელი გაბოს. ჯერ ადგილები მშვიდად დატოვეს, მატარებლის კართან აიტუზნენ და რაც გაიგონეს, მგზავრების შეშინებული ყვირილი იყო.
ნორა და გაბო მატარებლიდან გადმოხტნენ.

სიცილით დაუყვნენ თითქმის გადათეთრებულ მინდორს. ჯერ კიდევ ვერ დაეტოვებინა ადრენალინს მათი სხეულები. სიგიჟე იყო მათთან, თუ ისინი იყვნენ სიგიჟესთან, რთული სათქმელი იყო. რაც მთავარია, ძველებურს არაფერს ტოვებდნენ და ყველაფერს ძირფესვიანად უცვლიდნენ ფერს. ნორას ლურჯ თვალებში არეკლილი სხივები განსაკუთრებულად უყვარდა გაბოს. ნორა მშიშარა ქალი იყო. მხოლოდ მაშინ ემატებოდა თავდაჯერებულობა, როცა გვერდით გაბო ეგულებოდა და მასთან ხელჩაკიდებული დაუჯერებელ რაღაცებს აკეთებდა.
გაბოსაც ის უყვარდა, რომ ნორა ენდობოდა. შეეძლო მთის წვერიდან თავით გადაშვებულიყო, თუკი ეტყოდნენ, რომ ქვევით გაბო ელოდა და პირიქით - გაბოსაც ისე ჰყავდა გამჯდარი სხეულსა და სულში, ნორას გარდა ვერავის ამჩნევდა.
-ნოემბერი იწურება -აღმოხდა ქალს. გაბოს გაეცინა.
-დღეს ნოემბრის ბოლო დღეა, ყველაზე ლამაზი დღე -ნაზად შეეხო ქალის ბაგეებს და გაყინული ხელებით შეეხო ნორას თბილ ლოყებს.
-მოდი, ჩვენი ხე ვიპოვოთ -აკისკისდა ქალი და წინ გაიქცა, იმის იმედით, რომ გაბოც მიჰყვებოდა და არც ცდებოდა.
მინდორში ერთი ხე იდგა, ძველი, მაღალი, დაბერებული. გაბომ ჯიბიდან წვრილი დანა ამოაძვრინა, ხეზე გამოსახული ჯოხები გადათვალა და სიამაყით გახედა გაბადრულ ქალს.
გული ისევ ისე უცემდა, როგორც ხუთი წლის წინ, როცა პირველად აღნიშნეს შეხვედრის დღე. უყვარდა და მერე როგორ?! იმედი ჰქონდათ, რომ ყოველთვის შეძლებდნენ ნოემბრის ბოლო დღეს მოსულიყვნენ და ბებერ ხესთან ზავი დაედოთ - შენ საიდუმლოს შეგვინახავ, ჩვენ კი არ დაგივიწყებთო.

***
გაბოს გაღვიძებისას, ნორა გვერდით არ დახვდა. წამოდგა და ქვევით ჩაირბინა, დეკემბრის სიცივეში ნორა გაბოს მაისურით სამზარეულოში აქეთ-იქით დადიოდა, ღიღინებდა და ოსტატურად ატრიალებდა ომლეტს. გაბო ჩუმად მიუახლოვდა, წვრილ წელზე მოეხვია და თბილი კისერი დაუკოცნა.
-დილამშვიდობისა -მოწყვეტით აკოცა ქალმა და მაგიდისკენ მიუთითა, სადაც უკვე ორი თეფში, ჩანგალი, დანა, ფინჯანი და იქიდან ამომავალი ცხელი ორთქლი ეგულებოდა. გაბომ თმაში ხელი შეიცურა, გამომწვევად გახედა ქალის მოქნილ ფეხებს, საოცარ თეძოებს, არაამქვეყნიურად წვრილ წელს, ყოველთვის თბილ კისერს, სისხლივით წითელ ტუჩებს, ზამთარივით ლურჯ და ზაფხულივით თბილ თვალებს, კოხტად გამოყვანილ ცხვირს, მის მოძრაობებს და გულში სიყვარულთან ერთად სიამაყის გრძნობა გაუჩნდა. ქალმა შენიშნა გაბოს მზერა, გადაიკისკისა და მასთან მიირბინა, წამში კალთაში ჩაუხტა და ცოტა არ იყოს, დაღლილი თვალები დაუკოცნა.
-ძალიან ლამაზი ხარ -ისეთი გრძნობით აღმოხდა გაბოს, თითქოს საბოლოოა და ამის მეტს ვეღარაფერს ეტყვისო. წამით, ორივე სევდამ შეიპყრო. კარგად იცოდნენ, არაჩვეულებრივი მომენტები რა ცოტა ხანს ცოცხლობენ, მერე დანანებული მზერა და ყელში ბურთივით გაჩხერილი დარდი უკან გადააგორეს და მშვიდად საუზმობა გადაწყვიტეს.
-დღეს რა გეგმები გვაქვს?
-არ ვიცი, გინდა ნაყინი ვჭამოთ? -ინტერესით ახედა გაბომ. ნორას გაეცინა.
-გავცივდებით.

***
-დაგაგვიანდა -ხელები „საყვედურით“ გაშალა გაბომ, მერე თავი ვეღარ შეიკავა და გაოცებულ ნორას აკოცა.
-ჩვენთვის წიგნები და დღიურები ვიყიდე.
-წიგნები?
-ვიფიქრე მოგინდებოდა -ქვედა ტუჩზე იკბინა ნორამ. გაბოს გაეცინა
-რა თქმა უნდა, მინდა. -წიგნებით სავსე ყუთი გამოართვა და მოყინულ ქუჩას დაუყვნენ. რას არ ნახავდით : მაღაზიებს, სადაც ყოველკვირეულად ცვლიდნენ მანეკენებზე ჩამოცმულ ტანსაცმელს, ან კიდევ უარესი, ყოველ დღე სხვადასხვა ქუდებს არგებდნენ. მუდამ ცდილობდნენ რაღაც ახალი შემოეტანათ, ფიქრობდნენ რომ ყოველ ავლა-ჩამოვლაზე სხვა წრის ხალხი გამოჩნდებოდა, ან ჩაივლიდნენ, მერე ამოივლიდნენ და სხვა შეხედულებები გაუჩნდებოდათ , სხვა მატარებლის მგზავრები გახდებოდნენ. შესაძლოა , ასეც იყო. მაშ, რა მისცემდათ სტიმულს, რომ ყველაფერი ძველი და ლამაზი ერთი ხელის მოსმით გადაეყარათ და გამოეფინათ ნაკლებად ძვირფასი, ნაკლებად საინტერესო ნივთები.
ამ ქუჩებში ნარინჯისფერი წყვილი სეირნობდა. ნორა და გაბო ერთად ეთაყვანებოდნენ სიძველეს. განსაკუთრებით, იმ ქუჩებს სტუმრობდნენ, სადაც შენობებსაც ძველი წიგნის არომატი ჰქონდათ.
ძველი ბიბლიოთეკის უზარმაზარი, ჭრიალა კარი შეაღეს და ფრთხილად დახურეს, მალე ანჯამებიდან ამოვარდებოდა, თუმცა შეკეთებას თუ ვინმე მოისურვებდა, ეს გაბო იქნებოდა, რადგან სიძველეს თავისი ფერები დაჰკრავს, განსაკუთრებით, გაბოსთვის ყველაფერი ძველი, ძვირფასი, თბილი და განუმეორებელი, ლურჯ ფერს ატარებდა და ამას პირდაპირ მიჰყავდა ყველაზე ნამდვილ, ყველაზე სათნო და სასურველთან - ნორასთან.
ბიბლიოთეკარს კარგა ხანია მათთვის მაგიდა გაუწყვია. დარბაზის შუაგულში მუხისგან დამზადებულ მაგიდაზე წრიულად დაეწყო წიგნები, შუაში ორი ფინჯანი ჩაი დაუდგამს და ერთ თეფშზე ლამაზად მიუწყვია ტკბილეული. ნორას ბიბლიოთეკის სითბომ თავბრუ დაახვია, თითქოს ეს-ესაა სხვა განზომილებაში გადაინაცვლაო. გაბომ წიგნებით სავსე ყუთი ერთ-ერთ თაროსთან დატოვა, გრძელი თითები გადაასრიალა მტვრიან ყდებზე და მაგიდას მიუბრუნდა.
-დღეს რას ვაპირებთ? -მიაშტერდა ნორა გაბოს და პასუხს მის მზერაში ელოდა.
-წავიკითხოთ.
-მთელი დღე? -წყენა შეეპარა ხმაში. რა ხანია არაფერი გაუკეთებიათ.
-რამეს მოვიფიქრებ -შუბლზე აკოცა გაბომ და ფინჯანით ხელში მაღალ თაროებს დაუყვა. იქნებ აღმოეჩინა რაიმე, რაც მიიყვანდა იმ საზღვრამდე, რომელიც საყვარელ ადამიანთან ერთად ჩადენილ სიგიჟესა და მოსაწყენ რეალობას შორის გადის.
მერე მოიფიქრა, ყუთიდან დღიური ამოაძვრინა და მაგიდასთან მოკალათდა. იცოდა რაც აკლდა.

მოგვიანებით, გაბო დაწერს, რომ სიყვარული ყველაფერზე უფრო მეტად სხვანაირია და ის ბრუნვადია. სიყვარულს არ აქვს კუთხე, რომ მისგან დაღლილმა თავი შეაფარო, ცოტა ხნით განთავისუფლდე. სიყვარული მუდმივად ცხოვრობს იქ, სადაც ადამიანთა გულები ერთმანეთს კვეთს. სჯეროდა, რომ ყველაზე რეალური რამ, რაც კი არსებობს, სწორედ სიყვარულია და ის იმდენად ძვირფასია, რამდენადაც თავისუფალი და ლაღია, ამიტომ არც მისი ძალით დაკავება შეიძლება და არც ძალით გაშვება. სიყვარული მაშინაა ყველაზე ნამდვილი, როცა მისი მოპოვებისთვის სამყაროს ებრძვი, ხოლო შენარჩუნებისთვის - არავის და არაფერს.

ჩაფიქრებული უყურებდა ნორას. ის ისეთი.. სხვანაირი იყო. თითქოს არც ერგებოდნენ და თან, ყველაზე მეტად ერგებოდნენ ერთმანეთს. შეიძლება სიყვარული ადამიანებს მოუშორებელ სადარდებელში აგდებდეს? შეიძლება. ერთმანეთზე ფიქრთან ერთად, კიდევ ათას რამეს აფიქრებინებდათ ეს ამოუცნობი გრძნობა და ყოველთვის, ყოველ ჯერზე უფრო მეტად სტკიოდა ის, რაც აბედნიერებდა.
-რას იზამ ერთ დღეს რომ წავიდე? -უცებ ასწია ნორამ თავი და სევდანარევი ხმით უთხრა. გაბოს წამში ტკივილისფრად აუბრიალდა შავი თვალები და თითქოს გულზე მაგრად მოუჭირეს ხელი, გაწურეს და ამოაცალესო.
-არ წახვალ.
-რომ წავიდე?
-ვიცი, რომ არ წახვალ.
-და რომ წავიდე? -ნერვიულად აუწია ხმას ნორამ. -ხომ იცი რომ სამუდამოდ არაფერი გაგრძელდება. ერთ დღეს რომ მოგვბეზრდეს ერთად ცხოვრება, ერთმანეთის ხასიათები, რომ დავიღალოთ ერთად დაძინებით და გაღვიძებით, ერთად სეირნობით და რომ წავიდე?
-რაზე ფიქრობ ნორა, ჯანდაბა! -ხელი ძლიერად დაარტყა მაგიდის ზედაპირს. ნორა დაიბნა, შეხტა და თვალები დახუჭა. წიგნი იქით გადადო.
-მიპასუხე!
-არა! -გაბომ ქურთუკი სწრაფად ჩაიცვა, ბიბლიოთეკიდან გიჟივით გამოვარდა და სახლში დაბრუნდა. უკან არც მიუხედავს, ისიც კი არ იცოდა ნორა გამოჰყვა თუ არა, თუმცა იცოდა, რომ ახლა მაგიდასთან იჯდა გაოცებული, შესაძლოა რაღაცას ნანობდა კიდეც,

ნორა რომ დაბრუნდა, უკვე გვიანი იყო. ღამის ცაზე საცოდავად ანათებდნენ ვარსკვლავები. მთვარეს უდარდელად ეკიდა, სიბრალულით გადმოჰყურებდა გაბოს და მის მსგავსებს.
გაბომ სიგარეტს მოუკიდა. რამდენ ეჭვს გვიჩენს ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობით, არა?
-არ არსებობს ის მდგომარეობა, რასაც სიყვარულით მობეზრება ჰქვია. შეუძლებელია წლების განმავლობაში რაღაც გიყვარდეს და ერთ დღეს დაგღალოს. ესე იგი, საკმარისად არ გინდოდა, საკმარისად ვერ შეინარჩუნე. ჩვენ ერთსა და იმავე სამყაროში არ ვცხოვრობთ, ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, რომ მოგვბეზრდეს, რადგან ის ცვალებადია. ჩვენც ვიცვლებით, შესაძლოა ათას ადამიანთან მოვახდინოთ ცვლილება, მაგრამ როცა საქმე ერთზე მიდგება, მერე მარტო აღარ ვითარდები. ერთად იცვლებით, ერთად იცვლით ფერებს. და არა, ჩემი პასუხია - არა. არ გაპატიებ წასვლას, რადგან მე საკმარისად მიყვარხარ, რომ არასდროს მომბეზრდე. -გაბომ სიგარეტი ისე გადააგდო, არც კი მიჰკარებია. ნორას გახედა, ლურჯი თვალებიდან სხვანაირი ცრემლები სცვიოდა. მოეხვია და ძლიერად აკოცა შუბლზე.
-იმიტომ არ მიკითხავს, რომ წასვლა მინდა. შენგან წასვლა არასდროს მომინდება, უბრალოდ მინდოდა მცოდნოდა..
-დაივიწყე. სახლში შევიდეთ.

***
ნორა ლიანდაგის ერთ მხარეს იდგა და გაბოს ელოდა. არა და არ მოდიოდა. ნაწყენი შეხტა მატარებლის ღია კარში და ცრემლმორეულმა დაიკავა ადგილი. მალე თოვას დაიწყებდა, საოცარ თოვას და ნორა მარტო იჯდა მატარებელში. ფანჯრიდან უცნაური რამ მოეჩვენა, ან იქნებ არც მოსჩვენებია რადგან, არა, მარტო არ იყო, გაბო მატარებელში დაუდევრად შემოხტა და უკვე ეხვეოდა ვიღაც. ვიღაც, ძალიან ნაცნობი და ვიღაც, ძალიან თბილი.
-გაბო! -გულაჩუყებული შებრუნდა და ჩაეხუტა.
-გეგონა დაგტოვებდი, არა?
-მეგონა არ დამხვდებოდი. -გაბომ თბილი შარფი მოახვია ნორას, მის გვერდით დაჯდა და ნახევრად დაღვრილი ჩაი გაუწოდა, ქაღალდის ჭიქით.
-ასე დაუდევრად ნუ იქცევი, ხომ შეიძლებოდა რამე დაგმართნოდა?
-რაზე ამბობ?
-მატარებელში აღარ შემოხტე, მითუმეტეს მაშინ, როცა მთელი სისწრაფით მიქრის მხოლოდ იმიტომ რომ მე გამახარო.
-თუ გაგახარე, შემოხტომის მიზეზი მაქვს -წარბები ზემოთ ასწია და სიცილით მოსვა უგემური ჩაი. ნორას გაკეთებულს ვერ შეედრებოდა.

***
უცნაურია წყვილის ურთიერთობა. ზოგჯერ ადამიანს სიყვარული არ შეუძლია. მხოლოდ იმას ეძახის სიყვარულს, რასაც ადამიანთან ყოფნის მძაფრი სურვილი ჰქვია. გაურდაუვალია მომავალი წარსულად არ აქციო, აწმყოსთან ერთად.
მოლოდინსა და შემთხვევითობის სიდიადეზე რას იტყვით, როცა შესაძლოა არც იყოს იქ, მაგრამ მაინც გეგულება, რადგან სხვაგვარად შეუძლებლად გეჩვენება.
ბოლომდე იმასაც ვერ გაიგებ, უნდოდა თუ არა შენთვის გული ეტკინა, ასე მძიმედ.

გაბო ბუხრის წინ ჩაფიქრებული იჯდა. მოშვებულ წვერზე ხელს ნერვიულად ისვამდა და დაღლილ თვალებს ისრესდა. ნორა ზევით იყო, ალბათ ეძინა, ან ისიც ამ სიტუაციაზე ფიქრობდა.
აღარაფერი გამოდიოდა.
ნორა ქალაქიდან გადადიოდა.

***
გაბო პირველად იდგა ლიანდაგებთან დარდიანი. გვერდით ნორა ედგა, მისი ჩანთები ეჭირა და აცილებდა. ყველაფერზე უფრო მეტად, იმედგაცრუებას გრძნობდა. ჩათვალო რომ შენს სიყვარულს უფრო დიდი სიყვარულით პასუხობენ, სისულელეა. შორიდან მატარებლის ხმა ისმოდა, გაბომ ძლიერად შეკრა მუშტები, ყელში ყველა მყესი დაჭიმული ჰქონდა და თვალებს არ ახელდა. ისე ძლიერად ჰქონდა ერთმანეთზე მიწებებული, რეალობაში დაბრუნებას ის სიბრმავე ერჩივნა.
ჰაერი ჩახუთულიყო, გაბოს ლურჯ წარმოდგენას სამყაროზე, ნელ-ნელა ფერი ეკარგებოდა.
-გაბო. -ატირებული ნორა აესვეტა წინ, მარჯვენა ხელი თბილ ლოყაზე დაადებინა და თვალები დახუჭა.
-არ წახვიდე, ნორა -შეევედრა გაბო და ტკივილნარევი ხმით ძლივსგასაგონად ამოილაპარაკა.
-ცოტა ხანს ასე სჯობს. მოვაგვაროთ ყველა პრობლემა და ერთმანეთს დავუბრუნდებით, გპირდები!
-ერთად მოვაგვაროთ! წავიდეთ და სხვა ქალაქში ვიცხოვროთ. მარტო არ დამტოვო.
-ყოველთვის შეგვექმნება პრობლემები, თუ ერთმანეთის გარეშე ცხოვრებას არ მივეჩვევით. უბრალოდ გამიშვი და გპირდები, რომ დავბრუნდები. -ნორამ გაბოს ხელი ძლიერად ჩაჰკიდა, საბოლოოდ, ნაზად და ამავდროულად, საოცრად ძლიერად აკოცა, ლურჯი თვალებიდან ჩამოგორებული ცრემლები მოიშორა და მატარებელში ჩვეულებრივი ადამიანივით ავიდა.

***
თოვდა.
ღამის ცაზე მთვარესაც აღარ ემეტებოდა გამოსვლა. გაბომ ხის ბოლო ნაჭერი შეაგდო საცოდავად დანთებულ ბუხარში და მოშვებულ წვერზე ხელი ჩამოისვა. ბუხრის თავზე იმდენი მტვრიანი მოგონება იდო, შეხედვაც კი ზიზღის გრძნობას უჩენდა.
მორიდებული სიყვარული დარჩა ნორასგან და იმ სიგიჟეს ახლა საკუთარ თავში იკლავდა. გაცოფებულმა ერთი ხელის მოსმით გადაყარა ფოტოები. ერთადერთი რასაც ვერ მოერია, გრძნობები იყო. მათ ვერსად გაყრიდა, შეიძლება არც უნდოდა.
მალე ზამთარი გადაივლიდა და იტყოდა, რომ უფერულად ჩაიარა. ნორას სილურჯე არსად იყო, სახლის არც ერთ კუთხეში.
გაბო ცხოვრობდა, საუზმობდა, დადიოდა და კითხულობდა ნორას გარეშე. იმ ადგილებს ერიდებოდა, სადაც ადრე დადიოდნენ.
მატარებლის ლიანდაგთან მარტო იდგა. თავდახრილი, პალტოს ჯიბეებში ხელები ჰქონდა ჩაწყობილი და დაღლილი თვალებით უყურებდა ჰორიზონტს, საიდანაც მატარებელი უნდა მოსულიყო, ალბათ.
გაჩერებულ მატარებელში ნელი ნაბიჯით ადიოდა, ჩვეულებრივ ადგილს იკავებდა და მთელი გზა საკუთარ გაყინულ ხელებს აშტერდებოდა.
წიგნებს რახანია აღარ ეკარებოდა. თითქოს ყველაფერს ნორას დაუვიწყარი სუნი ასდიოდა. ხშირად უფიქრია, იქნებ ნორა არც ისე კარგად იყო, იქნებ მასაც სჭირდებოდა რაიმე, ან თუნდაც პირველი ნაბიჯი. სიყვარულისთვის ძალდატანებით არაფერს თმობენ, ყველაფერი რაც მსხვერპლადაა გაღებული, ადამიანის სურვილიდან და რწმენიდან მოდის. რწმენის და სიყვარულის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია?

***
ოქტომბერი იწურებოდა. გაბომ ძველი წიგნი დაასრულა და მაგიდაზე მიაგდო. არ ასვენებდა შემოდგომა, სულს ურევდა და თავბრუს ახვევდა.
ნეტავ თუ აპატიებდა? თითქმის ერთი წლის განმავლობაში ჩრდილად ქცევის პატიება შესაძლებელია? საერთოდ, რა ამართლებს ადამიანს, რომელიც მარტოობის სიმწარეს გამოცდის და მაინც, მზად იქნება ხელებგაშლილი დაელოდოს მეორე ადამიანს?
ზედმეტი არაფერი ვარგა, არც სიყვარული და არც სიძულვილი. ეს ორი ერთად, სიგიჟეა. სიგიჟემდე სიყვარულიც ამას ჰქვია, იცოდე მისი უღირსი საქციელების შესახებ და მაინც გიყვარდეს, ელოდებოდე, იმედი გქონდეს.
ისე, დროთა განმავლობაში მაინც ხვდება ადამიანი, რომ უნდა გაეცალოს სხვებს და თავისთვის, იპოვოს ერთი თბილი კუთხე, სადაც ყოველთვის შეძლებს თავის შეფარებას.
გაბოს თბილი კუთხე ნორა იყო. ქალი, რომელიც აუცილებლად მიხვდებოდა, რომ ერთ შეცდომას მთელი ცხოვრების თავდაყირა დაყენება შეუძლია.

***
ნოემბრის ბოლო დღე იყო. გაბოს თვალებში სიწითლე დაერია, უცნაურად დამახინჯდა ერთ წელში. წვერი მოუშვა, დარდისაგან თვალები ჩასწითლებოდა, დაღლილი და უბედური ჩანდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო. ხომ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ბედნიერი წუთებიც გაეხსენებინა?
მე თუ მკითხავთ, ადამიანმა, ცხოვრებაში ერთხელ, შემთხვევითობისაც უნდა იწამოს.
გაბო ლიანდაგის წინ იდგა. მის წინ ჩამომდგარ მატარებელს ზედაც არ უყურებდა. იმ წამს ისეთი უბოროტო, ისეთი უბრალო კაცი იყო, ფიქრიც კი ზედმეტი ჩანდა სამყაროს დაუნდობლობაზე. ეს იყო სიყვარული - ვერაფერმა გააბოროტა, მათ შორის, ვერც მონატრებამ. ჩავლილ მატარებელს თვალი გააყოლა და ჩაიცინა. ათ წუთში, სიჩქარეაკრეფილ მატარებელს შეახტა და დაუდევრად დაიკავა ბოლო ადგილი.
რა იცი რა ხდება, ნარინჯისფერი ნოემბრის ბოლო დღე იყო.
მატარებელი ხიდს გადიოდა, დანისლულს და ძალიან, ძალიან მაღალს. გაბომ თითქოს ვიღაც იგრძნოო, თითქოს ვიღაც ჩურჩულებდა - „მოემზადე!“, მერე გადახტომამდე, თვალი შეავლო ვიღაც.. ვიღაც არაამქვეყნიურს! ლურჯ თვალებში სევდისფრად არეკვლოდა სხივები. სიყვარულის, სინანულის, მონატრების სხივები. მერე ერთი წლის განმავლობაში გაჩუმებული ბაგეები ერთმანეთს დააშორა და წამით მოესმა, როგორ შეჰკივლეს მგზავრებმა.

ჯიბიდან დანა ამოაძვრინა. მარტო იდგა ბებერ ხესთან და ახლა, მეექვსე ხაზი უნდა ჩამოესვა. უხეშად მოიწმინდა ცრემლი. ყელში მწარედ ჰქონდა გაჩხერილი სიმწრის ბურთი და უკან ვერ აგორებდა, ვერ ერეოდა.
-ექვსი წლის მანძილზე, ყველაზე ლამაზი შემოდგომის დასასრულია. -გაბოს გააკანკალა. ხელში აღებული დანა გაუვარდა, მუხლებში სისუსტე იგრძნო და დაეცა. პირველად ცხოვრებაში, ტიროდა. ხელებით მიწას ეჭიდებოდა და ვერ იჯერებდა, როგორ დაეჯახა მონატრების უსაზღვრო ტალღა.

არაფერი მინახავს მონატრებულ ადამიანზე უფრო ლამაზი.
ნარინჯისფერი წყვილისთვის, ლურჯი დეკემბერი დგებოდა - ზამთარს ვეღარ უღალატებდნენ. ამჯერად, ვეღარ!


ჩემს მკითხველს, ნარინჯისფერ სიყვარულს ვუსურვებ, ლურჯი სხივებით!



№1  offline წევრი teddy))

ძალან, ძალიან კარი იყო! განსხვებული, ლურჯი, ნარინჯისფერი... სათაუროც ძალიან კარგი იყო, დიალოგები... მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს ან კითხვა დდდ რატომ დატოვა ნორამ, გაბო? ან ეს მე ვერ გავიგე ან შენ არ გქონდა კარგად აღწერილი... უდაოდ ნიჭიერი ხარ!

 


№2 სტუმარი გვანცა))

პატარა საყვარელი ტკბილი და თბილიბისტორია იყო ეს❤
ამატირე მარიამ,მაგრამ სიხარულის ცრემლები უფრო იყო ალბათ❤
შენ ხარ საოცარი ადამიანი ასეთი ისტორიიების გამო❤
ვგიჟდები მე შენზე❤❤)))

 


№3  offline მოდერი sopiko

როგორც ყველაზე ფანტაზიორ, რომანტიკოს და ოპტიმისტ გოგონას ამ ქვეყანაზე მჯერა, რომ ნორა დაბრუნდება და იმისაც მჯერა, რომ მეშვიდე ხაზს ერთად ჩამოუსვამენ ხეზე...
ჩემთვს ეჭვგარეშეა ის, რომ ამის შემდეგ გაბო დიდხანს ვერ გაძლებს... მერვე ხაზამდე ვეღარ... მას მუდამ ეცოდინება, რომ ნორას სიყვარული არ იყო საკმარისი! რომ მან შეძლო წასვლა! თუნდაც გარკვეული პერიოდით უგაბოობას გაუძლო და ეს არის ყველაზე საშინელება.
მე არ ვიცი, შენ რა გქონდა გეგმაში, მაგრამ ძალიან კარგი რამე კი გამოგივიდა kissing_closed_eyes თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მსგავს თემაზე არასდროს დაგიწერია... უცებ თაკოს ისტორია მეგონა :დ მაგას ჩვევია წასვლა-მიტოვებაზე წერა :დ
დავუბრუნდეთ შენს ლურჯ სხივებს heart_eyes ვერ ვიტან მხდალ ადამიანებს! სიყვარულის რომ ეშინიათ, ისეთებს... ნორას ეგონა, რომ პრობლემებს უსიყვარულოდ უკეთესად მოაგვარებდა, მაგრამ თუ ერთხელ წახვედი, მერე დრო და გარემოებები თვითონ წაგიყვანს უფრო და უფრო შორს.
გაბო ძალიან შემეცოდა, მაგრამ ის ძალიან ძლიერია... ნორაზე ძლიერი. კარგად იქნება მანამ, ვიდრე ნორა ჩამოვა... მერე ერთმანეთს ჩაეხუტებიან, ორივეს ეყვარება, მაგრამ ვერც ერთი ვერ იგრძნობს იგივეს... დაშორების სურნელი დაედევნებათ მათ...
დამასევდიანე blush
შოკოლადო...

 


მომწონს შენი განსხვავებული წერის სტილი❤️❤️სულში ჩამოწვდომაფ წერ❤️????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent