ქარის წისქვილი -1-
[თავი 1] ''გამიხსენე... გთხოვ!'' სახლში ნუშის, თხილის და ფორთოხლის სურნელია. ზუსტად ისეთი, როგორიც სხვენში. სარკეში გვერდულად ვირეკლები. თავს იქით არ ვატრიალებ. არ მინდა დავინახო სხეული, რომელიც მე ვარ და რომელთანაც ამავე დროს საერთო არაფერი მაქვს. იატაკი ჭრაჭუნობს. წლების წინაა დაგებული და ფერიც გადასვლია. შპალერებს მოყვითალო ფერი დასდებია. ალბათ ადრე თეთრი იყო, ანდაც ღია ვარდისფერი. კედელზე ბრაა ჩამოკიდებული. ოქროსფერი რკინა ვაზის ყლორტს ჰგავს, მის ბოლოზე კი ნათურაა ჩამოკიდებული. თითოეულ წვრილმანს ღრმად ვაკვირდები, მაგრამ არანაირი ძვრა გონებაში, არანაირი სინათლის სხივი. შემოსასვლელში მარჯვნივ კარებია. მჭიდროდაა გამოკეტილი. ეტყობა სანამ სახლს დავტოვებდით, ყველაფერი საგულდაგულოდ შევგამოწმეთ. უკან არც დავბრუნდებოდით, რომ არა ეს ამბავი, რომ არა მე და რომ არა საშინელი ავტოავარია. ოქროსფრად თმაშეღებილი ქალისკენ ვაპარებ თვალს და თითქოს ნებართვას ვთხოვ, გავაღო თუ არა_მეთქი. თავს მიქნევს. რა მაგარია! საკუთარ სახლში უუფლებოდ ვთვლი თავს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ დღესაც ვერ ვიჯერებ, ეს თუ ჩემი სახლია. არაფერი ნაცნობი, არაფერი ისეთი, გულში რომ გამკენწლოს. თვალები მემღვრევა. კარს ოდნავ ვაღებ და შიგნით ვიხედები. კედლები მოცარიელებულია, თუმცა რამდენიმე ადგილას ღია ოთხკუთხედები ამჩნევია, სურათები თუ ეკიდა. ვბედავ და ოთახში შევდივარ. კარებთან ხის ტრილიაჟი დგას სამი სარკით და ამავე რაოდენობის უჯრებით. სათავსოს ვაღებ, იქიდან კი ძვირფასი პარფიუმერიის სურნელი იღვრება. ღრმად შესუნთქვისგან ნესტოები მიფართოვდება. ვიმუხლები. მეორე უჯრას ვაღებ და ცარიელ კოლბებს ვაწყდები. კოლოფებს, რომლებშიც აღარაფერია. დასახელებას ვაკვირდები. პუდრებისაა. -ეს ბებიაშენის ოთახი იყო, სიდონიას ოთახი.-მესმის უკნიდან დედის ხმა. განა ხმით ვცნობ, უბრალოდ ვიცი, რომ აქ მის გარდა არავინაა. -სიდონია? არაფერს მახსენებს.-დანანებით ვბუტბუტებ. -არა უშავს, გაგახსენდება.-ხმა სუსტი უხდება და არ იმჩნევს, რომ იმედი გაუცრუვდა. არ ვდარდობ. მინდა და ვერ ვიხსენებ? არ შემიძლია და რა ვქნა. -ლამაზი ოთახია. გემოვნებიანი ქალი ყოფილა ბებიაჩემი.-ღიმილით ვუქებ გემოვნებას აწ განსვენებულ ბებიას. -მართალი ხარ. გაგახსენდა, როგორ გეუბნებოდა გემოვნების მიხედვით უნდა აირჩიო მეგობრებიო?-აღტაცებით მეკითხება ქალი. ვდუმდები. მსგავსი არაფერი გამხსენებია. დედას კი ეგონა, რომ რადგან გემოვნებიანობა ვახსენე, ეს მქონდა გულში. -მაპატიე. ექიმმა გასაგებად გვითხრა, რომ წარსულს ერთ ან ორ დღეში ვერ გაიხსენებ. დრო, მოთმინება და დიდი ძალისხმევაა საჭირო.-თვითონვე ხვდება ჩემი დუმილის მიზეზს და სევდიანად მიღიმის.-ძალიან უყვარდი ბებიას. თავის ლამაზ ქურქებს გაცმევდა ხოლმე და ბაფთიან შლაპებს გახურებდა თავზე. ძვირფას მძივებზე და თვლიან ბეჭდებზე ხომ ლაპარაკი აღარ მაქვს. ვეჩხუბებოდით, ნუ ატუტუცებ ბავშვსო, მაგრამ არაფერი ესმოდა. მისი პრინცესა იყავი. გული ჰქონდა სუსტი. ამან მოუღო ბოლო. თოთხმეტი წლის იყავი მაშინ. ძნელად გადაიტანე... ან რა გასაკვირი იყო? მისი ნაამბობი ჩემში არანაირ გრძნობას არ იწვევს. კარგად ვიაზრებ თითოეულ სიტყვას, ასოს, მაგრამ თითქოს ჯიბრზე არაფერი მახსენდება. ამნეზია ჩემს მოგონებებზე ბევრად ძლიერია. იქ მოკვდა ჩემი წარსული, სადაც სამი დრო ორში გაერთიანდა. ოთახის თვალიერებას ვაგრძელებ. ორი ერთმანეთზე მიბჯენილი საწოლი, ჩუქურთმებიანი მაღალი გარდერობი გვერდი-გვერდ დგას. იატაკზე მოწითალო ფერის ხალიჩა აფენია ყვითელი ყვავილებით. ფანჯრებზე ნარინჯისფერი ფარდები კიდია. თვალებს ვხუჭავ, მაგრამ წარმოსახვის უნარის გასავარჯიშებლად ჯერ კიდევ არ მომცემია ძალა. ყველაფერი კარგია, ყველაფერი მშვენიერია, მაგრამ არაფერია ნაცნობი. აი, ეს არის სასტიკი რეალობა. -მარტო დაგტოვო?-მხარზე ხელს ფრთხილად მადებს ანა, რომ არ შემაშინოს. -არა, გამოვდივარ მეც.-უარს ვამბობ და ვცდილობ დედაშვილურად გავუღიმო. არ გამომდის. იქნებ ეს იმის ნიშანია, რომ მეგობრული ურთიერთობა არ გვქონია ადრე? არადა როგორი თბილი გამოხედვა აქვს... მკაცრი მშობლის კრიტერიუმებში არა მგონია ჯდებოდეს. ოთახიდან გავდივართ და სამზარეულოსკენ მივეშურებით. ჩვეულებრივი ტიპური ოთახია, სადაც დიასახლისები თითქმის მთელ დღეს ატარებენ ხოლმე. სივრცე დიდი არაა, უზურგო სკამზე ვჯდები და კარადის სახელურებს ვაკვირდები. ისევ ა-რა-ფე-რი! ჯანდაბა. -ნინა, ნუ ფიქრობ ამდენს. ყველაფერი თავისთავად გაგახსენდება.-კარებთან ატუზული დედა შეწუხებული მაჩერდება. -და რომ არა? -რა რომ არა? -რომ არ გამახსენდეს? საერთოდ რომ არ გამახსენდეს?-გულაჩუყებული ვამბობ, ფეხზე ვდგები და ვეხვევი. -მაშინ ჩვენ გვეხსომები... ჩვენ გაგიცოცხლებთ წარსულს, ჩემო გოგონა! ჩვენი წარსულით გაცხოვრებთ, გესმის?-ტირილს აყოლებს ამ სიტყვებს ის და ჩემს ყავისფერ თმებზე ფერებას განაგრძობს. -თქვენი წარსულით? მე საბოლოოდ დავკარგე და უბრალოდ იმედს მაძლევთ, ხო?-ხმა მითრთოლდება. ქალის ხელებს ცივად ვიშორებ და ზურგს ვაქცევ. -რას ამბობ, ნინა? ეს დასასრული არ არისო, ხომ გითხრა ექიმმა? ნუ უყურებ ყველაფერს ასე ტრაგიულად. არ მინდა ვტიროდე. ტუჩებს ერთმანეთს მაგრად ვაჭერ, მაგრამ უბრალოდ შეუძლებელია იმის ატანა, რომ ყველამ იცის ის, რაც იყო ჩემს გარდა. ჩემზე ყველამ უფრო ბევრი იცის, ვიდრე მე. განა ეს სამართლიანია? თითებს ვასრიალებ დაბალი კარადის ხორკლიან ზედაპირზე. არაფერია. მტვერის უზარმაზარი ფენის გადაწმენდა შეუძლებელია. საკუთარ ტვინს ლიმონივით ვწურავ, მაგრამ წვენი არ გამოსდის. თითქოს ყველაფერი ჩემს წინაამღდეგია. მე კი ვხვდები, რომ ასე თუ გაგრძელდება, ფეხი გამისრიალდება და დავეცემი. არც კი ვიცი, ვინმე წამომაყენებს თუ არა. ამ თვალებში ცრემლჩამდგარ ქალსაც კი უნდობლად ვუყურებ. თავს ვერ ვაიძულებ, რომ მჯეროდეს. -გახსოვს, კარადასთან სკამს რომ მიიდგამდი ხოლმე, იქ ტკბილეული გეგულებოდა და სანამ არ იპოვიდი, დაბლა არ ჩამოდიოდი?-ჯერ კიდევ ვერ ეგუება დედად წოდებული, რომ არაფერი მახსოვს. -აქ?-დაბნეული ვეკითხები და კარადის კარებებს დაჟინებით ვაკვირდები. ქალი აღარ მიკონკრეტებს. ახლა ვიღრიალებ, რომ წავიდეს. ვეღარ ვუძლებ მის გულისმომკვლელ მზერას. თითქოს მე ვარ დამნაშავე. უკვე მრცხვენია, რომ აღარაფერი მახსოვს... რომ ამ დაწყევლილმა გონებამ ასე მიღალატა... რომ ყველასა და ყველაფრის გარეშე დამტოვა.... -წახვალთ?-მშვიდად ვბუტბუტებ და მხრები დაბლა მივარდება. -გინდა, რომ წავიდე? სუნთქვას ვიკავებ და თავს ძალას ვატან, რომ პასუხი გავცე. ჯერ კიდევ შემიძლია იმის შეგნება, რას გრძნობს და რამდენად ატკენს ჩემი სიტყვები, მაგრამ ჩემი შინაგანი წუხილი წონის და თავს სულ ოდნავ ვხრი დაბლა. -აღარც მოვიდე?-ხმა უკანკალებს ქალს. მარტო ხმა კი არა, მთელი არსებით ცახცახებს. მგონი მასაც შემოეხვია ის სიცივე, რომელმაც მთლიანად დამაპყრო. მე მასაც ვყინავ ისევე, როგორც დრო გავყინე... ჩემი წარსული. -დრო მჭირდება.-ვჩურჩულებ. ის მიდის. მიდის და არ ვიცი, დაბრუნდება თუ არა. არა უშავს, უკვე ყველა წავიდა... მე ძალიან წინ ვარ... აწმყოს გავუსწარი... წარსულს გადავახტი. იმაზე ჯერ ვერ ვფიქრობ, რომ შეიძლება ადრე ძალიან, ძალიან ცუდი რამ მოხდა. იმაზე არ ვფიქრობ, რომ ეს შესაძლოა კარგია. საწყენია თუ გასახარი, მინდა ვიცოდე. მსურს სიმართლეს თვალი გავუსწორო ისევე, როგორც სხვებმა. ყველაზე მეტად იმ დღეზე ვნერვიულობ, ვინმე ძველი ნაცნობი რომ შემხვდება, მე კი მომიწევს გვერდი ავუარო და გავიქცე. ეს საშინლად უმწო ადამიანის მიერ მოგონებული გადარჩენის გზაა. იგივეა, დაემალო მთვარეს, რომელიც რომ მიდიხარ, უკან მოგყვება. ბებიაჩემის სახლში გადმოსვლის გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ არ მიმიღია, რომ ექიმმა მითხრა, შენს გონებაში ამჯერადაც წარსული ბავშვობიდან დაიწყებაო. უმრავი მიზეზი მქონდა. ჯერ მარტო იმიტომ, რომ იმ ბინაში, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობს, ყველა იმედით შემომცქეროდა. ვხდებოდი, რომ თვალები მე დავუსევდიანე, მათ მზერაში მე ვირეკლებოდი და ეს ტკივილს მიმატებდა. ყველაზე ეგოისტი ადამიანი გავხდი. იქნებ ადრეც ასეთი ვიყავი, მაგრამ ახლა ჩემი ეგოიზმი თვითონვე მჭამს. ჩემი და რომ დავინახე, დავმწუხრდი, რატომ მე და არა ის_მეთქი. რომ მახსოვდეს, წესით მის ბედნიერებას ჩემსაზე წინ დავაყენებდი, მაგრამ მის მიმართ ვერანაირი სიყვარული ვერ ვიგრძენი. ზოგჯერ მგონია, რომ მატყუებენ... რომ ჩვენ შორის კავშირი არ არსებობს... რომ რამდენიც არ უნდა ვიფიქრო, ვერაფერს გავიხსენებ, რადგან ისინი თავიანთი შეგონებებით უფრო მაბნევენ... განგებ... არაფერი რომ არ მომივიდეს აზრად და ასეთად რომ დავრჩე. სისულელეა? შეიძლება. საკუთარ თავზე მეცინება. რაღაც უნდა გავაკეთო, თორემ შეიძლება გავგიჟდე. იმ კარადას ვუახლოვდები თურმე ჩემს ბავშვობაში, ტკბილეული რომ ინახებოდა. უკვე მერამდენედ ვეჩეხები სიცარიელეს. თაროები დარიჩინის და სუნელების სურნელით არის გაჟღენთილი. უსინათლოების არ იყოს, მგონი სმენა და ყნოსვა განსაკუთრებით გამიმძაფრდა. ნეტავ, ადრეც ასე იყო? რატომ მგონია, რომ შევიცვალე, როცა ადრე რა ვიყავი, არ ვიცი? ^^^ არ ვიცი, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი, მაგრამ პირველ რიგში გპირდებით, რომ ეს ისტორია აუცილებლად დასრულდება... ''ტანგო ჰორიზონტზე'' ცოტა მოგვიანებით... იმედია ჩემი მკითხველები ისევ ჩემთან იქნებით და თქვენს აზრს დააფიქსირებთ. უყვარხართ სოფიკოს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.