შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთგვარი განტოლება 2


16-12-2016, 19:24
ავტორი ნიკოლეტა
ნანახია 1 266

აგარაკზე საღამომდე დავრჩი. მთელი ამ დროის განმავლობაში ან ფილმებს ვუყურებდი, ან ძველ საოჯახო ალბომებს ვათვალიერებდი ანდაც დედას მიერ შეგროვებულ დეტექტივური წიგნების კოლექციას გადავავლებდი თვალს. ამ საქმიანობებში ვერც კი გავიგე როგორ შესრულდა ხუთი საათი. გამახსენდა, რომ დღეს ნინისთან ვიყავი მისასვლელი და რაღაცნაირად შევიშმუშნე. ახლა ეს საერთოდ არ მინდოდა, თუმცა მისი ხასიათი, რომ ვიცოდი მაინც არ მომეშვებოდა. ალბათ ხვალ რომელიმე თაყვანისმცემელთან აქვს პაემანი და უნდა რომ საღამოსთვის კაბა შევარჩევინოთ ან რაიმე ამდაგვარი. -ფანჯრის რაფაზე, ფეხმორთხმით მჯდარი, ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც უეცრად ჩემი ტელეფონი აწკრიალდა და ვიბრაციაც გამოსცა.
-ესეც ასე. ვახსენე და აი ისიც -გაღიმებულმა ვთქვი, როდესაც ეკრანზე-ნინის სახელი ამოვიკითხე
-სად ხარ? -ხმის ამოღებაც არ მაცალა მაშინვე მაჯახა ჩემმა მეგობარმა
-წყნეთში ვარ ჩემს აგარაკზე
-რა? მანდ რა გინდა? დაგავიწყდა ახლა სად უნდა იყო?
-ზუსტად ამწუთას გამახსენდა -ისევ მეღიმებოდა -მოკლედ დამშვიდდი, ტაქსის გამოვიძახებ და მალე ვიქნები
-უფლებას გაძლევ იჩქარო -ეს, რომ თქვა ყურმილის მეორე მხარეს გოგოების ხმა გავიგონე და მივხვდი, რომ ისინი უკვე იქ იყვნენ
-ყველა მანდ ხართ?
-ჰო და შენ გელოდებით. თან სიურპრიზიც გვაქვს
-ხომ იცი, რომ სიურპრიზები არ მიყვარს?
-გაიძულებთ შეგაყვაროთ -გაეცინა
-რაღაც ეჭვი მეპარება -ამის თქმა და ჩემი მხრიდან ტელეფონის გათიშვა ერთი იყო. ბევრი ნამდვილად აღარ მიფიქრია- მაშინვე ტაქსიში გადავრეკე და ოპერატორს ოდნავ მომთხოვნი ტონით ვუთხარი, რაც შეიძლებოდა მალე გამოეგზავნათ. რადგანაც ახლა ქალაქგარეთ ვიმყოფებოდი და როგორ ძალიანაც არ უნდა მდომოდა, მანქანა ჩემთვის სასურველ დროში მოსვლას მაინც ვერ შეძლებდა, გადავწყვიტე მოლოდინის პროცესში კიდევ ერთი ფილმისთვის მეყურებინა. მართალია ბოლომდე დამთავრებას ვერ მოვასწრებდი, მაგრამ ცოტა ხნით ხომ მაინც შევიქცევდი თავს?
საბოლოოდ არჩევანი მეორე მსოფლიო ომის ამსახველ ფილმზე-"პიანისტზე" შევაჩერე, რომელიც ამ პერიოდში, პოლონეთში მცხოვრები ებრაული ოჯახის მძიმე ცხოვრებაზე მოგვითხრობდა. საერთოდ ისტორიული ფილმების დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ამან რაღაცნაირად დამაინტერესა და დამძაბა კიდეც. ალბათ იმიტომ, რომ მძიმე საყურებელი იყო, ის კადრები, რომელშიც გერმანელი ნაცისტები სრულიად უმიზეზოდ, ყველანაირი საბაბის გარეშე ხოცავდნენ უდანაშაულო ადამიანებს. შეიძლება ითქვას, საკმაოდ დამაინტრიგებელ ეპიზოდზე ვიდექი, როდესაც გარედან შემომავალი გაბმული სიგნალების ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას. იმდენად ვიყავი ჩაძირული ეკრანზე ნაჩვენებ მოვლენებში, რომ თავიდან ამისთვის ყურადღებაც კი არ მიმიქცევია, თუმცა შემდეგ გონს მოვეგე და მივხვდი, რომ ტაქსი უკვე მოსულიყო. როგორც კი ეს გავიაზრე, ტელევიზორი მაშინვე გამოვრთე, მობილური ავიღე და გარეთ გასვლის მერე კარები საიმედოდ ჩავკეტე. როგორც ყოველთვის გასაღები ისევ კიბესთან მდგარ, ყვავილების პატარა ქოთანში შევინახე, შემდეგ კი, ყვითელი ფერის მანქანისკენ ჩქარი ნაბიჯებით გავემართე.

8 8 8
ჩემდა საუბედუროდ სადარბაზოში ლიფტი ამჯერადაც გაფუჭებული იყო.
"ჯანდაბა რა ამიყვანს მეექვსე სართულზე" -გავიფიქრე გაღიზიანებულმა და ის იყო პირველ საფეეხურზე შევდგი ფეხი, რომ კვლავ ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. ამჯერად დედა მირეკავდა. უხალისოდ დავაჭირე ხელი ზარის საპასუხო ღილაკს და მობილური ყურზე მივიდე.
-გისმენ დედა
-ნენსი ლაშას მთელი დღეა ვერ ვუკავშირდები? ხომ არ იცი სად არის? -აღელვებული ხმა ჰქონდა ლელას
-დამშვიდდი ნუ ღელავ. ახლა ნიკოსთანაა. ალბათ არ ესმის -რატომღაც გადავწყვიტე, რომ დედასთვის არაფერი მეთქვა იმის შესახებ, რომ ჩემმა ძმამ მთელი სიმართლე იცოდა
-ანუ დღეს სახლში არ დაბრუნდება
-ჰო. შეიძლება არც ხვალ დაბრუნდეს და არც ზეგ
-ნენსი რამე მოხდა ისეთი რაც არ ვიცი? -რაღაცას მიხვდა დედაჩემი და ხმაში კვლავ შიში შეეპარა
-არაფერი მომხდარა ლელა ნუ აჭარბებ. ახლა უნდა წავიდე მერე დაგრეკავ -მის პასუხს არ დავლოდებივარ ისე გავთიშე ტელეფონი და ღრმად ამოვისუნთქე. ჯანდაბა როგორ არ მიყვარდა ეს ტყუილების თქმა, მაგრამ ახლა გული მიგრძნობდა რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი. როდესაც მე გავიგე ეს ამბავი დაახლოებით ორი თვე დედას ხმასაც კი არ ვცემდი. გამწარებული ვიყავი, რომ სიმართლე დამიმალა და არაფერი მითხრა. მერე თანდათანობით ურთიერთობა გამოგვისწორდა, თუმცა ეს მაინც არ იყო ისეთი, როგორიც ადრე. ამას ორივე ჩვენგანი გრძნობდა, თუმცა თქმით კი არაფერს ვამბობდით.
ისეთი აღარ იყო როგორიც ადრეთქო ვამბობ იმიტომ, რომ ადრე ლელასთან ასი პროცენტით გულახდილი ვიყავი და ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ყველა წვრილმანის ჩათვლით ვუყვებოდი. დღესდღეობით კი სწორედ ეს აკლდა ჩვენს ურთიერთობას. ეს და კიდევ სხვა ბევრი რამ, რომლის გახსენებაც ახლა მართლა არ მინდა . . .
ჩემს თავში წარმოქმნილ ამ ფიქრების ქაოსში ვერც კი გავიგე როგორ ავიარე ექვსი სართული და როგორ მივედი ნინის კართან. სახლიდან როგორც ველოდი გოგოების ხმაური ისმოდა, რომლებიც რაღაცაზე ხმამაღლა იცინოდნენ. სადარბაზოში, ზემოთა სართულიდან სირბილით ჩამომავალ პატარა ბავშვებს, თვალი ღიმილით შევავლე და კარზე ზარი ზედიზედ სამჯერ დავრეკე. ასე ზარს მხოლოდ მე ვრეკავდი ხოლმე და ნინიც მაშინვე ხვდებოდა, თუ ვინ იდგა ზღურბლის მეორე მხარეს.
-მოხვედი? -ჩემდა გასაკვირად კარი ლიზამ გააღო და სანამ რაიმეს თქმას მოვასწრებდი შიგნით შემათრია
-რა ხდება რა სიურპრიზი გქონდათ? -ინტერესით მოვავლე თვალი გოგოებს, როდესაც მისაღებში შევედით და მზერა ნინიზე მიმეყინა, რომელსაც ზუსტად ისეთი სახე ჰქონდა, როგორიც ყოველთვის, როდესაც რაიმე განსაკუთრებულს მიმზადებდა
-მოკლედ გეტყვით -მომიახლოვდა მელი და მხარზე ხელი დამადო, თან შორიახლოს მდგომ გოგონებს ღიმილით გადახედა -შენი სიურპრიზი საძინებელშია. შეგიძლია შეხვიდე და თავად ნახო
-უკვე მაშინებთ -ეს რომ ვთქვი სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარი და ისე, რომ მათთვის მეტი აღარაფერი მითქვამს პირდაპირ დანიშნულების ადგილისკენ გავწიე. ჩემდა გასაკვირად უკან არავინ გამომყოლია და ამან კიდევ უფრო მეტად ამანერვიულა. ზუსტად ვერ გეტყოდით ასე რატომ ვღელავდი. ალბათ მიზეზი მაინც ეს იდუმალება იყო, იგი კი როგორც ყოველთვის, ახლაც ძალიან მიფორიაქებდა სულს. ვიწრო კორიდორი სწრაფად გავიარე და როგორც კი ნინის საძინებლის კარს გავუსწორდი საკეტი ყველანაირი ფიქრის გარეშე გადავატრიალე.
შიგნით შესული ლამის ადგილს მივეყინე და უეცრად მოვარდნილმა სიხარულმა მთელს სხეულში ტალღებად დამიარა. საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდი. ჩემს პირდაპირ, საწოლზე მჯდარი, მომღიმარი ანდრია შემომცქეროდა და თითები ერთმანეთში გადაეხლართა.
-შეენ? -ზედმეტად ხმამაღლა მომივიდა და პირდაპირ მისკენ გავექანე. ანდრიაც რა თქმა უნდა მაშინვე წამოდგა და ჩახუტებისთანავე, როგორც ჩვეოდა მკლავები მაგრად შემომხვია.
-ვიცოდი ჩემი ჩამოსვლა რომ გაგიხარდებოდა, მაგრამ არ მეგონა თუ გამსრესდი -გაეცინა და თავზე მაკოცა
-როდის ჩამოხვედი? მე რატომ არაფერი მითხარი? გუშინ სკაიპით რომ გელაპარაკე ამაზე სიტყვა რატომ არ დაგცდენია? -მივაყარე კითხვები და ვითომ გაბრაზებულმა გულ-მკერდზე მუშტები დავუშინე
-კარგი კარგი ფისუნია, კლანჭების გამოჩენა შემდეგისთვის გადავდოთ -თქვა და კვლავ გაეცინა . . .

ანდრეა ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. ამჟამად ტურისტულ სააგენტოში მუშაობდა, როგორც უცხო ენების მცოდნე ექსკურსია-მძღოლი და ხშირად უხდებოდა მოგზაურობა უცხოელ და ქართველ ტურისტებთან ერთად. ამჯერად ფრანგ და გერმანელ სტუდენტებთან გაამწესეს ერთთვიან "ევროტურზე", მისი ამოწურვის შემდეგ კი, ისე რომ საქართველოში არც დაბრუნებულა, თავისი უფროსისგან შვებულება ითხოვა და გადაწყვიტა საკუთარი ფინანსებით გაეგრძელებინა მოგზაურობა, ყველანაირი ტურისტებისა და სხვადასხვა ადგილების ისტორიების მოყოლის გარეშე.
დასასვენებლად როგორც ველოდი თავის საოცნებო ქვეყანა იტალია შეარჩია და რამდენიმე კვირით საკმაოდ მიმზიდველი და ამაღელვებელი რომაული არდადეგები მოიწყო.
მოკლედ რომ ვთქვათ იმდენად მიყვარდა ეს ადამიანი და ისე ვიყავი მასზე მიჯაჭვული, რომ ანდრეას გარეშე ყოფნა დიდხანს ნამდვილად არ შემეძლო. სწორედ ამიტომ გამიხარდა ასე ძალიან ჩემი მეგობრის დაბრუნება და ეს არც დამიმალავს. იგი ერთადერთი ადამიანი იყო, ვისთანაც ჩემს არცერთ ემოციას და განცდას არ ვმალავდი. გოგონებთანაც კი არ ვიყავი ისეთი გულახდილი და ნამდვილი, როგორიც მასთან.
-ჰო მართლა რაღაც ჩამოგიტანე -მითხრა მხიარულად, როდესაც მისალმებას ასე თუ ისე მოვრჩი და ამ დროს ოთახში მელი, ნინი და ლიზაც შემოცვივდნენ
-აბა მოგეწონა სიურპრიზი? -საწოლზე ჩამოჯდა ლიზა და გამიღიმა
-რატომ აქამდე არაფერი თქვით? აგარაკზე ამდეხანს არ დავრჩებოდი და უფრო ადრე მოვიდოდი. და საერთოდაც რატომ უნდა ვიგებდე ყველაფერს, ყველაზე ბოლოს?
-ვაუ კატამ ბრჭყალები გამოაჩინა -სიცილი აუტყდათ მელის და ნინის, ამ დროს კი ანდრეამაც დაამთავრა თავის ზურგჩანთაში ქექვა და პირდაპირ ჩემკენ გამოემართა ხავერდის, წითელი კოლოფით ხელში.
-ეს რა არის? -ცნობისმოყვარე მზერით მოვარდნენ გოგოები და წინ გადამეფარნენ
-იქნებ მაცადოთ, რომ თავად გავხსნა? -ვთქვი და მისი მოტანილი ღიმილით ჩამოვართვი. ანდრეამ მხარზე ხელი მზრუნველად გადამხვია და კიდევ ერთხელ მაკოცა თავზე.
-როგორ მომენატრე შენ არც კი იცი
არაფერი მითქვამს, უბრალოდ ჩამეღიმა და კოლოფს თავი ფრთხილად ავხადე.
როგორც ყოველთვის, მისმა საჩუქარმა ამჯერადაც გამაოცა. შიგ ულამაზესი ოქროს სამაჯური იდო, რომელზეც იტალიური სიტყვები ეწერა- La felicità non dorme mai (ბედნიერებას არასდროს სძინავს). გამეღიმა ამის დანახვაზე. ზემოთხსენებული, ანდრეას საფირმო ფრაზას წარმოადგენდა და მე ეს ნამდვილად კარგად ვიცოდი.
-გმალობ ძალიან ლამაზია -ლოყაზე ვაკოცე და ვთხოვე სამაჯური თავად გაეკეთებინა
-ახლა კიი დროა ამ გადარეულის დაბრუნება აღვნიშნოთ -ხმამაღლა თქვა ნინიმ და ოთახის კუთხეში თავისთვის მიდებულ პარკს დასწვდა, რომელშიც ერთი შამპანურის და ორიც არაყის ბოთლი იდო
-რაღაც ვუცდით? -ფეხზე წამოცვივდნენ ლიზა და მელი, რომელთაც მე და ანდრიაც მივყევით უკან. ყველანი ძალიან კარგ განწყობაზე ვიყავით და ჩვენი ვარაუდით სასმელი კიდევ უფრო გაგვამხიარულებდა . . .
იმ დღეს მართლა უზომოდ ბევრი დავლიეთ, ვიცეკვეთ, ვიგიჟეთ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მთელი კარაოკე ამოვატრიალეთ. რამდენჯერმე კარზე კაკუნის ხმაც მისწვდა ჩვენს ყურთასმენას, თუმცა უკვე ვხვდებოდით რომ პრეტენზიის გამოსათქმელად მოსული, გაბრაზებული მეზობლები გვსტუმრობდნენ და კარს არ ვაღებდით. როგორც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფს მჩვეოდა ამჯერადაც სიგიჟეების გაკეთების ხასიათზე დავდექი. მუსიკას ბოლო ხმაზე ავუწიე, მაგიდაზე ავედი და თვითონაც კი არ ვიცი რა მოძრაობებს ვაკეთებდი. ვცეკვავდი დაუსრულებლად და თან მარცხენა ხელში არაყის ბოთლი მეჭირა, რომლიდანაც ორ წუთში ერთხელ მოვსვამდი ერთ ყლუპს, შემდეგ კი იმ ცეკვას ვაგრძელებდი, რომელსაც შეიძლება სხვისთვის ცეკვა არც ერქვა. გოგოები, როგორც მოსალოდნელი იყო ხმმაღლა იცინოდნენ და თითოეული მათგანი ტელეფონით ვიდეოს მიღებდა. ალბათ იმიტომ, რომ მოფხიზლებულზე შემეხედა ჩემი სულელური ქმედებებისთვის, რომლის ნახევარს მეორე დღეს ალბათ ვერც კი გავიხსენებდი. მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო საკმაოდ გიჟურად აღვნიშნეთ ჩვენი მეგობრის დაბრუნება, რომელსაც ახლა კუთხეში ხელის გულზე თავჩამოდებულს მისძინებოდა და ირგვლივ აღარაფერი ესმოდა. დაახლოებით პირველი საათისთვის ჩვენც შევწყვიტეთ მხიარულება. გოგოები იქვე დივანზე მიწვნენ, მე კი ფეხარეულმა ძლივს მივაღწიე ანდრიამდე, იატაკზე ჩავჯექი, თავი კალთაში ჩავუდე და თვალები დავხუჭე. ნელ-ნელა ვიგრძენი, თუ როგორ შემოდიოდა ჩემში საშინელი მოქანცულობა და როგორ ვეშვებოდი ბინდბუნდში. ალბათ დიდი ხანი არ დასჭირვებია, რათა ამ გრძნობას მთელი ჩემი სხეული მოეცვა, რადგან ანდრეას კალთაში თავის ჩადებიდან, დაახლოებიდან ათი წამის შემდეგ უკვე აღარაფერი მახსოვდა . . .

8 8 8
დილით, ნათელ ოთახში, მთელ კედელზე გაშლილი ფანჯრებიდან შემოჭრილმა მზის სხივების ნათებამ მაიძულა გამოვსულიყავი ძილის სამყაროდან და თვალები მძიმედ გავახილე. პირველი, რაც თავის წამოწევისას ვიგრძენი საფეთქლების საშინელი ტკივილი იყო, რომელმაც მაიძულა კვლავ საწყის პოზიციას დავბრუნებოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შიგნიდან ვიღაც მარწუხებს მთელი ძალით მიჭერდა და განძრევის საშუალებას მართმევდა. თავდაპირველად ვერ გავიაზრე სად ვიყავი და რა ხდებოდა, თუმცა რამდენიმე წამში მოგონებები ნელ-ნელა ამომიტივტივდა და ანდრეას ქვემოდან ავხედე. ჩემს მეგობარს ჯერ კიდევ ეძინა, ხოლო სამზარეულოდან კი რაღაც ფაცი-ფუცი მოისმოდა.
როგორც კი განძრევა შევძელი, დრო ვიხელთე, ფეხზე მაშინვე წამოვდექი და კედლის გაყოლებაზე სიარულით ძლივსძლივობით მივაღწიე გოგონებამდე.
-დილამშვიდობისა -ვთქვი შესვლისთანავე და სამზარეულოს მაგიდაზე თეძოთი ჩამოყრდნობილ ლიზას შევხედე, რომელსაც თავზე ყინულები ჰქონდა მიდებული, თან ხმამაღლა ოხრავდა
-შუადღემშვიდობისა საყვარელო -სიცილით გადმომხედა ნინიმ, რომელიც გუშინ ჩვენს შორის ყველაზე ფხიზელი გამოძვრა და როგორც ჩანს არც თავის ტკივილი აწუხებდა
-უკვე შუადღეა?
-პირველის ნახევარი -დამუზუსტა მელმა დამანჭული სახით
-ნინი გთხოვ მაგარი ყავა მომიდუღე, თორემ შეიძლება აქვე მოვკვდე -სკამზე მოწყვეტით დავეშვი და შუბლზე ხელები მაგრად მივიჭირე
ზუსტად ამ დროს ეზოდან სიგნალების ხმა მოისმა. თავი მომენტალურად წამოვწიე და "ახლა ეს ხმაურიღა მაკლდათქო" გავიფიქრე.
-დიმა მოვიდა -გახარებული ხმით წარმოთქვა ლიზამ, რომელმაც ყინულები ნიჟარასთან ახლომახლო დადო და იქვე სკამზე მიდებული თავისი ჩანთა სწრაფად გადაიკიდა -მე წავედი
-მოიცა მეც შენთან ერთად წამოვალ, მაინც ერთი გზა გვაქვს -უკან აედევნა მელიც, რომელსაც ახლა ჩემი სანაქებო მდგომარეობის გამო საკმაოდ ბუნდოვნად ვხედავდი. წასვლისას გოგონებმა სათითაოდ ლოყაზე გვაკოცეს მეც და ნინისაც, შემდეგ კი გასაცოდავებული ნაბიჯებით გაემართნენ გასასვლელისკენ.
-ნალექიანს დალევ თუ უნალექოს? -მკითხა ნინიმ მათი წასვლიდან რამდენიმე წამის შემდეგ
-ამჯერად უნალექოს
-გუშინ მართლა ზედმეტი მოგვივიდა -სიცილით თქვა და ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა
-არა ეს ჩვენ მოგვივიდა ზედმეტი, შენ თავს მშვენივრად გრძნობ
-კარგი სიტყვა არ შემარჩინო -ვითომ გაბრაზებული დამეჯღანა ნინი -ისე მგონი ჩემი მეზობლები უკვე ხელმოწერებს აგროვებენ აქედან რომ გადამასახლონ
-რატომ? -გამეღიმა
-არ გახსოვს რა ამბავში ვიყავით და რამდენჯერ დაგვიკაკუნეს კარზე? მერე შენს მიერ ბოლო ხმაზე აწეული მუსიკაც გაიხსენე და მიხვდები ამას რატომ ვამბობ
-კარგი კარგი გთხოვ ცოტა ხნით გაჩუმდი -ვიგრძენი რომ თავი საშინლად მტკიოდა და ეს ლაპარაკი პირდაპირ ტვინზე ურტყამდა
ნინის აღარაფერი უთქვამს. წყლის ადუღების შემდეგ ჩემს წინ წითელი ფერის დიდი ფინჯანი დადგა და ჭურჭლის რეცხვა დაიწყო. მოულოდნელად ჩემი მობილური გამახსენდა. ცხელი სითხით სავსე ჭიქას ხელი მაშინვე ვუშვი, ოთახში გავედი და მისი ძებნა დავიწყე. დიდხანს ვეძებდი. სად აღარ ვნახე- ტელევიზორის უკან, მდივნის ქვეშ, უჯრებში, ჩანთაში მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვე.
-ნინი ტელეფონი დავკარგე, შეგიძლია ზარი შემოუშვა? -გავძახე მისაღებიდან, სადაც ანდროს ეძინა
-ახლავეე . . . ჰო მართლა ეგ დამთხვეული გააღვიძე რამდეხანს უნდა იჯდეს იატაკზე?
მის სიტყვებზე ანდრიას კვლავ გავხედე და გაღიმებული მივუახლოვდი. ისე საყვარლად ეძინა, რომ ხმამაღალი სიცილის შეკავება ძლივს მოვახერხე და მსუბუქად შევარხიე.
-ანდრია გაიღვიძე
პასუხად მხოლოდ ჩემთვის გაურკვეველი ბგერები ამოუშვა და განძრევით არც განძრეულა.
-ანდრიაა -ამჯერად ხმას ავუწიე, რათა საწადელისთვის მიმეღწია. სწორედ ამუთას ჩემმა ტელეფონმაც დარეკა და გაოცებისგან პირი დავაღე. მობილურის ზარის ხმა ჩემი მეგობრის ჯიბიდან ისმოდა. ბუნებრივია ამაზე მასაც გაეღვიძა. მსუბუქად შეირხა და როგორც კი ჩემს გაკვირვებულ მზერას მოჰკრა თვალი, წამით თვითონაც დაიბნა. შემდეგ თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვაო, გონს მოვიდა, შარვლის ჯიბეს ზემოდან ნახევრად გახელილი თვალებით დახედა და იქედან ტელეფონი გაჭირვებით ამოაძრო.
-ეს შენი არ არის? -აშკარად ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა და მის გამომეტყველებაზე სიცილი ამიტყდა
-იმდენი დალიე, რომ მობილურები აგერია არა?
-ჯანდაბა თავი მისკდება -სახედამანჭულმა წარმოთქვა ანდრეამ და აპარატი გამომიწოდა -მიდი უპასუხე
-ნინი რეკავს. ზარის ხმით მინდოდა მისი პოვნა -ვუთხარი და ყურმილის დასაკიდებლად სენსორს ხელი გავუსვი, თან პარალელურად ფეხზე წამოვდექი -წამოდი ყავა დავლიოთ ცოტა აზრზე მოხვალ
-რომელი საათია?
-პირველი სრულდება
-მართლა? -ფეხზე წამოიჭრა და ჩემი სიტყვების გადასამოწმებლად კედლის საათს შეხედა -ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა!
-რა მოხდა? -ჩავეკითხე შეშინებული. ამ დროს ოთახში ნინიც შემოვარდა სარეცხი ბუბკით ხელში და ანდრეას კითხვის ნიშნის მზერთ გახედა
-თორმეტ საათზე ანას უნდა შევხვედროდი. ჯერ კიდევ გუშინ დავთქვით დრო მე კიდევ ჩამეძინა -უკმაყოფილოდ გადააქნია თავი მან და მზერა სევდიანი გაუხდა
-კარგი ასე რატომ ნერვიულობ? გუშინ ხომ ნახე? -მისი დამშვიდება სცადა ნინიმ
-დაურეკე და ყველაფერი აუხსენი. ვიცი გაგიგებს და არ გაბრაზდება -ვუთხარი დარწმუნებით, რადგან ანას კარგად ვიცნობდი და ვიცოდი ასეთი რამე არ გააბრაზებდა
-ჰო იმედია -თავზე ორივე ხელი გადაისვა ანდრიამ. კარგი მოდი მე სახლში წავალ და მოვწესრიგდები. ნენსი წამოხვალ? -ამჯერად მე მომიბრუნდა
-ჰო წამოვალ -ვუპასუხე, როდესაც ლელას გამოტოვებულ ზარებს გადავხედე ტელეფონში -დედაჩემი ალბათ გიჟს გავს
-მოიცა ყავას არ დაამთავრებ? -ცოტა არ იყოს განაწყენებული ტონით მკითხა ნინიმ -მეგონა შენ მაინც დარჩებოდი ცოტა ხნით
-კარგი ნუ ბუზღუნებ, მერე კიდევ შემოგივლი -ღიმილით ვაკოცე ლოყაზე და ანდრიასთან ერთად გასასვლელისკენ დავიძარი -აბა კარგად -ორივემ ერთხმად დავიძახეთ გასვლის წინ და კარები ხმაურიანად გამოვიხურეთ.

8 8 8
სახლში მისულს იქ მხოლოდ დედა დამიხვდა. რაღაცნაირად სევდიანი მეჩვენა და ბუნებრივია ეს ლაშას ამბავს მივაწერე.
-ჩემს ზარებს რატომ არ პასუხობდი? ვინერვიულე -ალაპარაკდა როგორც კი კარები დახურა და წინ გადამიდგა
-არ მესმოდა. გუშინ ანდრეა ჩამოვიდა და გვიანობამდე ვლაპარაკობდით -ჩანთა იქვე, საკიდზე გადავკიდე და ამჯერად ფეხსაცმელების გახდას მოვყევი
-ნენსი კიდევ ვერ მაპატიე არა? -თვალებში ცრემლები ჩაუდგა ლელას
-საიდან მოიტანე? -მისმა სიტყვებმა რაღაცნაირად დამძაბა
-არც კი მიყურებ როცა მელაპარაკები. საერთოდ აღარაფერს მიყვები შენს ცხოვრებაზე, მიდიხარ და გვიანობამდე არ ბრუნდები, ან ზოგჯერ ღამითაც სხვაგან რჩები
-დედა ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა. თავი მისკდება და უნდა დავისვენო -ვცადე მოსალოდნელ უსიამოვნო საუბარს გავქცეოდი და სანამ რაიმეს თქმას მოასწრებდა ჩემი ოთახისკენ ჩქარი ნაბიჯებით გავემართე . . .

საღამომდე ისე მეძინა, გვერდიც კი არ მომიცვლია. ალბათ კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი, რომ არა დედას და მამას მორიგი შემაწუხებელი ჩხუბი, რომელიც მთელს სახლში ექოსავით ისმოდა. ნაცნობი იყო ჩემთვის ეს სიტუაცია და არც ამჯერად გამკვირვებია. როგორც ყოველთვის ვაკეთებდი ასეთ სიტუაციაში, ამჯერადაც მათგან გაქცევა და შორს ყოფნა მომინდა. კიდევ ერთხელ დავხედე ჩემი ტელეფონის ეკრანს და როდესაც დავრწმუნდი, რომ არც ზარები იყო და არც შეტყობინებები ფეხზე ზანტად წამოვდექი. საწოლის პირდაპირ დიდი სარკიანი კარადა მედგა. სწორედ მისკენ წავედი, სწრაფად გამოვიღე, სპორტულ სტილში ჩავიცვი და სახლიდან ჩუმად გავიპარე. უახლოესი სამი საათის განმავლობაში შინ დაბრუნებას არ ვაპირებდი, ამიტომ ჩემი Mp3-ის წამოღება ნამდვილად არ დამვიწყებია. სადარბაზოში ცოტა ციოდა. ან ალბათ თბილი სახლიდან გამოსვლის შემდეგ მეჩვენებოდა ასე. რაც არ უნდა იყო სიცივესთან შესაბრძოლებლად ჟაჯეტის ელვაშესაკრავი ბოლომდე ამოვიწიე, შემდეგ კი ღილაკს თითი დავაჭირე და ლიფტის მოლოდინში მუსიკების თვალიერება დავიწყე. არჩევანის გაკეთება არც ამჯერად გამჭირვებია და ზუსტად მაშინ, როდესაც ყურსასმენებში ჩემი საყვარელი მელოდია გაისმა, კარიც გაიღო. შიგნით ისე შევედი ტელეფონიდან თავი არ ამომიყვია. ლიზას შეტყობინებას ვპასუხობდი, რომელიც მთხოვდა მერჩია თუ რომელ ფილმზე წასულიყო დიმასთან ერთად ამ დღეებში. ვგრძნობდი, რომ უკან ვიღაც მედგა თუმცა მისთვის ყურდღება საერთოდ არ მიმიქცევია მანამ, სანამ . . .
უეცრად ვიგრძენი, თუ როგორ გამომაძრო ცალ მხარეს ვიღაცამ ყურსასმენი, უკნიდან მომიახლოვდა და შემდეგი სიტყვები მიჩურჩულა:-სასიამოვნოა შენი კვლავ დანახვა თვითმკვლელო . . .



№1  offline წევრი Mtirala

Gaagrdzele momwons da miyvars ase rom gelodebi
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Au me momwons. Saintereskd daiwyo da au ra momentshi gawyviteee. Moutbenlad velodebi shemdegs!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent