გისურვებთ სასიამოვნო ფრენას! (სრულიად)
პირველ რიგში, გამარჯობა. არაფერი მეთქმის მეტი, გარდა იმისა რომ მიყვარხართ და სულ მენატრებით როცა აქ არ ვარ! და ბოლოს, გისურვებთ სასიამოვნო ფრენას __________________________________ უკვე მესამე წელია ამ პროცესს ცვლილების გარეშე გავდივარ. თავიდან თითქოს ყველაფერი მარტივია, მერე ემოციები ნელ-ნელა მძლავრდება და საბოლოოდ ყველაფერი ისევ ცრემლებამდე მიდის, მაგრამ აქ ეს არავის უკვირს. მხოლოდ აქ მყოფებს შეუძლიათ ამ ემოციის სწორად გაგება და გაზიარება. ყველაზე რთული მაინც მეორე მხარეა, როდესაც კივილამდე ატირებულსაც აღარ შეგიძლია კიდევ ერთხელ ჩახუტებისთვის მობრუნება. მოკლედ, ჩემთვის საყვარელ ადამიანებს გამოვემშვიდობე და გასაფრენად წავედი. რთულია, მაგრამ საჭირო. ეს პროცესი კიდევ 1 წელიც და აუცილებლად მორჩება. ლონდონში პირდაპირი რეისის არ არსებობის გამო, ჯერ სტამბულში ჩაფრენა მიწევდა. მეორე ფრენამდე კი 7 საათიანი დრო მრჩებოდა. უკვე წინასწარ დაგეგმილი გამოძინების 7 საათის გახსენებაზე მოწყენილს გამეღიმა და სკამებზე დავწექი. ახლა ჩემმა ცრემლებმა ვერტიკალური მიმართულები იწყეს ღვრა. უსიამოვნო შეგრძნება მრჩებოდა, მაგრან წინასწარ გაანალიზებული მონატრების სევდასაც ვერ ვერეოდი. როგორ არ მიყვარს ასე რომ განვიცდი. ხომ შეიძლება ამ დროს ვიღაც ჭკუას გარიგებდეს და ეს ჭკუის დარიგება მართლა შველოდეს. კიდევ რამდენიმე წუთიც და ამ ქართულ ნომერსაც ერთი წლით დავემშვიდობები. არ შეიძლება ასე! არ შეიძლება ადამიანებს ერთმანეთის სანახავად სჭირდებოდეთ ვიზები, ფრენები, დრო და ამხელა მანძილი. ეს უნდა იყოს რაღაც მაგიური. აი ისეთი, თვალები რომ დახუჭო, იმის სახელი თქვა ვისი ნახვაც გინდა, მერე რამე მაგიური სიტყვა, თვალები გაახილო და იმასთან გაჩნდე ვისთანაც გინდა, ან ის გაჩნდეს შენთან. სულ ერთია. ... ან რომ დავათვალიერო სტამბული? მაგრამ, მერამდენედ? ძილს თვითმფრინავშიც მშვენივრად მოვასწრებ. ჯობია სადმე გავიდე, მაგრამ მარტო ძალიან მეზარება. მოკლედ, მაგას მოვიფიქრებ. წინ კიდევ საათები მაქვს. გაფრენამდე დრო ყავის სმით და შოკოლადების ჭამით გავიყვანე და გულის რევამდე სანამ არ მივედი არც ერთის კეთება არ შევწყვიტე. მერე იყო საშინელი ფრენა, საშინელი გვერდით მჯდომის თანხლებით, საშინელი დაფრენა და განწყობა, რომელიც თბილისიდან გამომყვა... ზოგისთვის ასე მარტივად დასრულდა. თბილისში დაიწყო და სტამბულში დამთავრდა. მე კიდევ მთელი 7 საათი უნდა გამეტარებინა და ამის შემდეგ კიდევ ერთი ხანგრძლივი დამღლელი ფრენა. თვითმფრინავიდან ფეხის ჩამოდგმამდე უკვე ვიცოდი რომ ჩემი ფიქრი სტამბულში გასეირნებასთან დაკავშირებით სისულელე იყო. საშინლად წვიმდა. არც მჯეროდა როგორ დაფრინდა თვითმფრინავი ასეთ ამინდში და ტუჩზე ვიკბინე ჩემი სიცოცხლისუნარიანობის გადასამოწმებლად. დიდად გულიც არ დამწყვეტია, ჩემი პირველი გეგმის გათვალისწინებით, ისევ ძილი გადავწყვიტე. დაძინებამდე მშობლებს ველაპარაკე მშვიდობით ჩაფრენა ვამცნე და ცოტა ხანში ისევ დარეკვის პირობით ყურმილი გავთიშე. ისმოდა უამრავი ხმა, ენა, დიალოგები, შეხვედრები, დამშვიდობებები. ქართულიც ისმოდა აქა-იქ. გასაკვირი რა არის? ჩვენი მეზობელი ქვეყანაა. ყავის აპარატისკენ წავედი და თურქული კეთილგანწყობის რამდენიმე ფლანგის გავლის შემდეგ, გამახსენდა რომ თურქული ფული არ მქონდა. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ შევიცვალე კურსი და ფულის გადასახურდავებლად წავედი. ჯერ-ჯერობით განწყობა აშკარად მწყობრში მაქვს. ისე რაიმე ფილმი რომ ვნახო? არც ესაა ცუდი იდეა. მოკლედ 15 წუთიანი მოქმედების შემდეგ, ყავა ჩემია! სკამზე როგორც შესაძლებელი იყო კომფორტულად მოვკალათდი და ყავა მოვსვი. მერე ფილმის არჩევა დავიწყე და პარალელურად ფეისბუქზეც შევიხედე. საინტერესოა და ცოტა არ იყოს სასაცილოც. ჩემი ძველი სტამბულელი ჯგუფელი გამახსენდა. აიშეს გახსენებამ ცოტა გამახალისა, ვიფიქრე მივწერ-მეთქი. აიშეს, ჩემი ძველი კლასელი მოყვა, რომელიც სტამბულში სწავლობდა. ამან უფრო მეტად მომიყვანა ხასიათზე. მერე იყო რამდენიმე ჩემთვის უცნობი ადამიანი და ჩემი ძველი კლასელის შეტყობინებამაც არ დააყოვნა -რაღაც შეცდომაა, თუ მართლა აქ ხარ? -ჰაჰა, მართლა აქ ვარ, 7 საათით))) -7 საათით? ხუმრობ ხო? -არააა, ფრენა მაქვს 7 საათში. -საით? -ლონდონი. -აჰა, გასაგებია, რაღაცის მოსწრება მაინც შეიძლება 7 საათში, რას იტყვი?? აეროპორტი წამებში მოიცვა მასამ, რომელმაც გაურკვეველი მიმართულებით იწყო დენა. სავარძლები, ლეიბები, პლედები. უსწრაფესად გადაიქცა აქაურობა სხვა სივრცედ. ისმოდა უკმაყოფილო ტექსტები. აშკარა იყო რომ ამინდის გაუარესების გამო ერთ-ერთი ფრენა გადაიდო. დაღილობისგან ატირებული ბავშვები, მოხუცები, ორსული ქალები... არასასიამოვნო სანახავი გახდა მოულოდნელად ეს ყველაფერი. სწრაფმა შევიწროებამ და კომფორტული ზონიდან ძალით გამოყვანამ მაიძულა კაფეტერიისკენ წავსულიყავი. ლეპტოპი დავხურე და წავედი. არც კაფეტერიაში იყო ნაკლები სიტუაცია, მაგრამ რამდენიმე თავისუფალი ადგილი ჯერ კიდევ შემორჩენილიყო. მტკიცედ მივიღე გადაწყვეტილება რომ ჩემი კლასელის ნებისმიერ გეგმას დავთანხმებოდი. ლეპტოპი ისევ გავხსენი და ინტერნეტთან კავშირს დიდი მოთმინებით დაველოდე. სანამ ინტერნეტთან დაკავშირებას შევძლებდი ხალხის თვალიერება დავიწყე. ყველაზე მაგარი გასართობია ეს თამაში ხალხმრავალ ადგილებში. ინსპირაცია აუცილებლად გეწვევა ასეთ დროს. აქაც ისმოდა ყურის წამღები მოთქმა-გოდება პატარა ბავშვების. ვიღაც ბიჭი იდგა და ძალიან კარგი ბრიტანული აქცენტით ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრებოდა, თან წინდაუკან დადიოდა. აშკარა იყო ისიც ერთ-ერთი მათგანი იყო ვისი ფრენაც გადაიდო და მთელი მონდომებით უხსნიდა ვიღაცას, თუ როგორი საშინელი ამინდია ახლა სტამბულში და როგორ ვერ ახერხებს თვითმფრინავი გაფრენას. რამდეჯერმე გადავეჩეხეთ კიდეც ერთმანეთს მზერით და იყო უხერხული თავის მართლება და თვალების აქეთ-იქით ტრიალი თითქოს ეს ასე არ იყო. მეოთხე ასეთ შემთხვევაზე კი უკვე გაეცინა. ჯანდაბა! არადა თვალსაც ვერ ვაშორებ, მომწონს როგორც საუბრობს, როგორც იღიმება, მისი თმა მომწონს, რაღაცნაირი ტალღოვანი. ზოგადად ბიჭებს რომ არ უხდებათ, მაგრამ ამ ბიჭს საშინლად. თან როგორი თავაზიანია, ნერვები სულ არ ეშლება ამდენი ხანი რომ უხსნის! ნუ მოკლედ სასიამოვნო ბიჭი ჩანს. თან სავარაუდოდ ბრიტანელია. ესეც ლონდონში ხომ არ მოფრინავს?! ისევ ინტერნეტის კავშირი შევამოწმე, ისევ რთულადაა საქმე, ვერ ვუკავშირდები. არადა ჩემ კლასელს მინდა მივწერო რომ კი, თანხმა ვარ და ეს 7 საათი რამენაირად დავგეგმო. თითებს ნერვიულად ვაკაკუნებ მაგიდაზე და იატაკიდან ჭერამდე ჩაყოლებული მინებიდან ასაფრენი ბილიკისკენ ვიყურები. ისევ ისე წვიმს. რომ არ გადაიღოს რა უნდა ვქნა? ჩემი ფრენაც რომ გადაიდოს, გავგიჟდები. ინტერნეტთან კავშირი ისევ მიჭირს. ნელ-ნელა 1 საათიც გადის. -excuse me, can I sit here? თავზე ის ბრიტანელი ბიჭი დამადგა და თავაზიანად გაინაწილა ჩემი მაგიდა. -Yes, sure! ლეპტოპის ჩანთა სკამზე გადავდე და თანაბრად გავუნაწილე ჩემი მაგიდა. რაიმეს თქმის ლოდინით სული ამომხდა, მაგრამ აშკარად არ აპირებდა არაფრის თქმას. მე ისევ ინტერნეტს ველოდები, რომელიც არსად ჩანს! ისევ სადღაც რეკავს. ლოგიკურია ჩემ სრულ ყურადღებას რომ იპყრობს ეს ბიჭი. მობილური ყურთან მიიტანა თუ არა მაშინვე დაიწყო ღიმილით საუბარი. ნუ რა თავაზიანია, ეს ბიჭი! ლეპტოპის ეკრანი ნელ-ნელა ხელით დაბლა დაუშვა და თან მთელი ინტერესით დამაკვირდა. -კი, კი ნაცრისფერი ზედა აცვია და შავი ადიდასის ჟაკეტი -აგრძელებს თავისი საოცარი ბრიტანული აქცენტით და ჩემ გაოცებას საზღვარი არ აქვს. რას აკეთებს? ვის უყვება ჩემ ჩაცმულობას? -თმა აწეული აქვს, სიგრძეს ვერ ვამოწმებ, -მე უფრო მიფართოვდება თვალები და არც ვცდილობ რომ ეს არ შემეტყოს. გიჟია? რას აკეთებს? მერე ყურმილს ხელს აფარებს და ჩუმად მეუბნება და თან მანიშნებს -შეგიძლია თმა გაიშალო? -არა! -ისე სწრაფად ვუპასუხე თითქოს წინასწარ ვიცოდი რაც უნდა ეკითხა. -კი უხეში არის! -ამაზე სულ გადავირიე. ასე თავხედურად მოდის, მათვალიერებს, ცინიკურად იღიმის და კიდევ მე ვარ უხეში? ჩემი გაგიჟების მიუხედავად, ველოდები როდის მორჩება რომ საშინელება დავატრიალო. -თმას არ იშლის და სახელი რომ ვკითხო სულ გაგიჟდება! -საზურგეს მთელი კორპუსით გადაემხო და გაიზმორა. მე ხმას არ ვიღებ. -ნუ კარგი, ვცდი მაინც! რა გქვია? ხმას ვერ ვიღებ. არ ვიცი ახლა რა უნდა ვქნა. არ ვიცი ჩემი სიბრაზე სახელის თქმაში უნდა გამოვავლინო და თავის ვარაუდის სიყალბეში დავარწმუნო, თუ პირიქით, დავეთანხმო მის ვარაუდს და არ ვუთხრა. ამდენ მსჯელობაში ინსტიქტურად წამომცდა -ლიზა. ტელეფონი მომენტალურად დადო მაგიდაზე და ჩვენი გაცნობის აღსანიშნად ხელი გამომიწოდა. -ეს რა იყო? -ვკითხე მოჩვენებითი სიმშვიდით. -ცოტა გეთამაშე. ასე უფრო საინტერესოა, არა? -მეთამაშა? კი ძაან გავერთე. -ნამდვილად. -მიხვდა როგორი ნამდვილიც იყო ეს პასუხი და გაეღიმა. -საით? -ლონდონი, შენ? -და ისევ ტელეფონი. -ბოდიში, ეხლავე. -ყურმილი აიღო და სინქრონულად ორივემ ისევ ასაფრენ ბილიკს გავხედეთ. -ჰო მაკა - უპასუხა და ეს იყო ყველაზე დიდი ადრენალინის მოზღვავება. წამიერად ისე დავიღალე, სავარძელში მოფლაშული ჩავესვენე და სიცხისგან ჟაკეტი გავიხადე. არ არსებობს! ვუმტკიცებდი საკუთარ თავს და მოუსვენრობისგან რა მეკეთებინა არ ვიცოდი, ჩემი ეს საქციელი ,,ბრიტანელს“ აშკარად არ დარჩენია ყურადღების მიღმა და წარბების შეჭმუხვნით და თავით ,,რა მოხდა?!“ ჯესტის ქმედებით, ჩემი უცნაური საქციელით დაინტერესდა, მეც თავი გავუქნიე და ჯაკეტი ისევ ჩავიცვი. ასეთმა მოულოდნელმა არაადეკვატურმა საქციელმა, ეს ბიჭი კი არა მეც დამაბნია და შინაგანად ნერვიულად გამეცინა. მერე ეიფორიამ რომ გადამიარა, ნელ-ნელა გეგმის დასახვა დავიწყე. ეხლა მე ვეთამაშო და არ ვუთხრა რომ ქართველი ვარ, თუ გამოვუტყდე?! დღევანდელი პრაქტიკიდან გამომდინარე, ისევ პირველი ვარიანტი ვამჯობინე. რამდენიმე წუთიან საუბარს რომ მორჩა, ისევ ჩემთან დიალოგს დაუბრუნდა -მოხდა რამე? -არა, არაფერი, უბრალოდ ცოტა დამცხა. -ჰო, აქ ცოტა ცხელა. -დამეთანხმა ისიც. -ჰო, რას მეუბნებოდი? -შენ საით-მეთქი, სად მიფრინავ? -მე ბერლინში, ფრენა გადაიდო ამინდის გამო და ლოდინი მიწევს. -ლონდონში ცხოვრობ? -კი რამდენიმე წელია. შენ ? -მე საქართველოში, მაგრამ პარალელურად გერმანიაშიც. შენ საიდან ხარ? -მე... -ტვინი გადამეწვა, ვერაფერი მოვიფიქრე. -რუსი ვარ. -ადვილად გამოვძვრები-მეთქი ვიფიქრე. -ოღონდ დიდი ხანია უკვე იქ აღარ ვცხოვრობ. -ნუ, საქართველოზე რაღაცების მოყოლა არ დამჭირდება მაშინ. -მითხრა და ისევ გაიღიმა. -ჰო, საქართველოს კარგად ვიცნობ. -გავშალე ტყუილების დავთარი მე. -ისე შენ ასეთი კარგი ბრიტანული აქცენტი საიდან? -ვცხოვრობდი სადღაც ორი წელი, სხვათაშორის ლონდონში. -ანუ კარგად იცნობ იქაურობას. -ძალიან, მაგრამ არ მიყვარდა ლონდონი. -მეც... უკვე აღარ მიყვარს, სახლში მირჩევნია. -ვუთხარი გულდაწყვეტილმა და რამდენიმე საათის წინ გავლილმა ემოციურმა წამებმა ისევ შემომიტია. -სახლში? აბა რუსეთში დიდი ხანია აღარ ვცხოვრობო? -სირცხვილისგან სისხლი გამეყინა და ტყუილების დავთრის ახალი ფურცელი გადავშალე. -მენატრება ხოლმე. -და მოჩვენებითად მოვიწყინე სახე. ძალიან სულელ გოგოდ კი ვეჩვენებოდი სავარაუდოდ. -მეც, ეხლა ერთი წელი უკან ვეღარ დავბრუნდები და ხომ ხვდები რა მჭირს?! საშინელებაა ყველას გარეშე. იქაც მყავს მეგობრები, ერთი ჩემი ბავშვობის მეგობარიც იქ არის, მაგრამ მაინც რა... უბრალოდ სხვანაირადაც არ გამოდის. -მე კიდევ ეს მინდოდა? ძალით მიკეთებს ეს ბიჭი ამას! სპეციალურად ლაპარაკობს რომ გული გამისკდეს! -ისე, სახელი არ გითქვამს შენი. -თემა სასწრაფოდ გადავიტანე. -მართლა? ზრდილობა არასდროს მეშლებოდა -იცინოდა და წარბებს ისევ ჭმუხნიდა -დემნა. -თავიდან გამომიწოდა ხელი -დაღლილი ვარ და დამავიწყდა ეტყობა. -არაუშავს. ტელეფონი რეკავს. ამჯერად ჩემი. მამაჩემია. ჩემი ტყუილების დავთარი თავზე გადავახიე კმაყოფილმა და ყურმილი ავიღე -ჰო მამა. გაოცებისგან რა თქმა უნდა პირდაღებულმა შემომხედა და მანიშნა მოგკლავო. მერე თვითონაც მოსალოდნელი ეიფორიით დაიწყო მოძრაობა, ვერ ისვენებდა და ეტყობოდა ერთი სული ჰქონდა ყურმილი რაც შეიძლება სწრაფად დამეკიდა. მე კიდევ არ მეზარებოდა, ძალიან ნელა, დინჯად ველაპარაკებოდი მამაჩემს. ტუჩებს ნერვიულად აწვალებდა და შიგადაშიგ მიღიმოდა კიდეც. მეც კმაყოფილს მეცინებოდა სამაგიეროს გადახდით და მამაჩემთან საუბრის დასრულებას კვლავ არ ვჩქარობდი. ბოლოს ისევ მამაჩემმა გადაწყვიტა დამშვიდობება. -ეს რა იყო რუსო ქალბატონო? -ეხლა უკვე მშობლიურ ენას დაუბრუნდა ,,ბრიტანელი“. -ეს-სამაგიერო, უხეშობისთვის. -ვააა, დამთხვევა ესეთი მესმის, ხარისხიანი და გემოვნებიანი. ეს უნდა აღვნიშნოთ. -ჰო, მეც რო გავიგე რო ქართველი იყავი, გავგიჟდი. -ისე, ეხლა ამაზე მეტად მართლა არაფერი არ გამიხარდებოდა, ოღონდ მართლა! -მეტი დამაჯერებლობისთვის გაშლილი მტევნები ერთმანეთს მიატყუპა და თავი დახარა. სასიამოვნო შეგრძნება დამიგუბდა ლოყებთან და მთელი სიმძიმით დამქაჩა ყურებისკენ და ბედნიერმა გავუღიმე. -ისე რაღა ოკუპანტობა დაიბრალე, გეცადა რამე სხვა, მაგალითად... აი შენ მოგიხდებოდა შვედეთი. აი შვედი გოგო რომ იყო, აუ რა მაგარი იქნებოდა, მაგრამ ეს რა თქმა უნდა რუსთან შედარებით, თორე ეხლა ამ წამს ქართველობაზე მეტად არც არაფერი გიხდება და არც მოგიხდებოდა. -ძალიან დიდი მადლობა -არ ვწყვეტდი ღიმილს მე. -ესე იგი თბილისი? თუ? -კი თბილისი. -ვააა, უფრო მაგარი. აქამდე რომ არასდროს შემხვედრიხარ? -სიამოვნებისგან ისევ გაბადრული მიყურებდა. -პრინციპში 14 წლიდან უკვე აღარ ვცხოვრობ საქართველოში. -ჰო, შეიძლება მაგის გამო. -შენ დიდი ხანია რაც ლონდონში სწავლობ? -მესამე წელია უკვე. -რჩები? -ალბათ არა, ვბრუნდები ერთი წლის მერე. -ღადაობ ხო? იცი რა მოგივა? დაიხრჩობი. აი სუნთქვა შეგეკვრება. იცი როგორ მიყვარს თბილისი? მაგრამ ორი კვირა ლიმიტია, მერე უკვე უჰაერობა მჭირს. -არა, მე არ მჭირს, ეხლაც ისე არ მინდოდა წასვლა. -მეც ეგრე მეგონა, აი რომ გითხარი ლონდონში ვცხოვრობდი მეთქი. პირველად რომ დავბრუნდი, სულ ათი დღით ვიყავი და ისე დამწყდა გული რომ მივდიოდი, მეორედ სულ რომ ჩამოვედი, ორი კვირა ძალიან კარგად ვიყავი, მერეც კარგად ვიყავი, ოღონდ უკვე ეს კარგად ყოფნა ჩვეულებრივ ცხოვრებაში რომ გადადის გწყინდება და ისევ სხვაგან გინდება. თან რო იცი იქ რა ხდება, და მერე უცებ მოძრაობიდან უმოძრაობაში რომ ხვდები ძალიან გიჭირს. თან მთელი მუღამი იცი რაშია დარჩენა რომ გინდა? -რაში? -ხელის გულს დავეყრდენი მე. -აი, რომ იცი, რომ მალე უნდა წახვიდე და ყველამ რომ იცის. ყოველდღე რომ შენი ნახვა უნდათ, დროს რომ რაღაცებისთვის ანაწილებ, რომ ყველაფერი მოასწრო და სხვებიც ასეთი დამოკიდებულებით არიან, მაგრამ როცა უკვე აღარსად ხარ ისევ წასასვლელი, ეს ყველაფერი ორ კვირიან გეგმიდან 2 თვეში იზრდება, მერე უფრო იწელება, იწელება და ასე ხდება მერე უინტერესო. თან იცი რა არი?! რაღაცნაირად გალპობს ეს გარემო. შენც ხო კარგად იცი უკვე, სამი წელია სხვაგან ცხოვრობ, ხო? თბილისში ვერაფერს აკეთებ. განა საქმეს ვგულისხმობ, ან სულაც იყოს საქმე. ბერლინში რომ 1-დან 100-ს გახდი, თბილისში შეიძლება მინუსებში წახვიდე. -ვუსმენდი და ფიქრები რომლებიც აქამდე მქონდა, ეჭვები რომლებიც აქამდე მღრღნიდა ნელ-ნელა მიმალული ადგილებიდან ისევ მეშლებოდა და უსიამოვნო შეგრძნებისგან გული ამიჩქარდა. რეალურად მართლა ასეა. სიმართლეს ამბობს და ეს უფრო მეტად მიჩენს წინააღმდეგობის გაწევის სურვილს, რომლის უფლებაც ამ სიმართლესთან არ მაქვს. -ასეა? არა? -თითქოს ჩემი ფიქრები გაიგო. -კი, ეგრეა. -დავეთანხმე გულდაწყვეტილმა. -წამო სადმე წავიდეთ. -არა, აქ ჯობია. -კაი რა, აქ ყოფნას ყველაფერი ჯობია. -თან რა ამინდია. -მერე რა, სადმე დავსხდეთ, უფრო მშვიდ ადგილას, თორე აქ თუ არ ვიყვირე ისე ხმას ვერ გაგონებ. არ მახვეწნინო, რა. რამდენიმე წამიანი ფიქრის მერე, ჩემი ლეპტოპის ჩალაგება თავად დაიწყო ჩანთაში -სხვა გზას მაინც არ დაგიტოვებ, წამო. რამდენი ხანი დარჩა შენ ფრენამდე? -მკითხა და საათს დახედა? -არ ვიცი, 12ზეა ჩემი ფრენა. -აჰა, ზუსტად 4საათნახევარი. მე 11ზე მაქვს ფრენა, ამიტომ 3საათნახევარი გვაქვს დრო, ჰოდა ნუ ვკარგავთ ისედაც ოქროს წუთებს და სწრაფად წავიდეთ. აეროპორტიდან ტაქსიში ჩაჯდომამდე, ცოტაღა მაკლდა გასაწურად გასამზადებლად. მძღოლს რაღაც უთხრა თურქულად და მერე ჩემკენ მოტრიალდა. -შენ რა, თურქულიც იცი? -გამიკვირდა მე და სველი ჟაკეტი გავიხადე. -ცოტა. იმდენი რომ რაღაც გავიგო და რაღაც გავაგებინო. -ეხლა რა უთხარი. -სადაც მინდა რომ წაგიყვანო იმ ადგილის მისამართი. -და სად გინდა რომ წამიყვანო? -გამომცდელად ვკითხე მე. -კარგი ადგილია, მოგეწონება. ხარ სტამბულში ნამყოფი? -კი, რამდენჯერმე. -მერე, მოგწონს? -კი, არაუშავს. -ლონდონს ჯობია? -გაიცინა და სველ თმაზე შეწუხებული სახით შემომხედა. -ეხლა მოგიწევს გაშლა. -კმაყოფილმა გამომხედა და ისევ გაიცინა. -კი და უკვე წარმომიდგენია რა ფორმაშიც ვიქნები. -სველი თმით, რაღაც უფორმო არსებას ვემსგავსები, ეჭვს რომ შეიტან შენს ადამიანობაში აი ისეთს და მგონი გადავიფიქრე კიდეც გაშლა, სანამ სარკის არსებობის პერსპექტივა გამოჩნდებოდა. სავარაუდოდ ჩემ გადაწყვეტილებას მალევე მიხვდა და ისეთი სახით შემომხედა და ამათვალიერა, ვიფიქრე რამე უხერხულად ხომ არ მეტყობა-მეთქი -გაიშალე ეხლა, რო ცოტა გაშრეს, თორე გაცივდები. -უცებ იზრუნა ჩემ ჯანმრთელობაზე, არადა პირველი წამიდან ჩემი თმის გაშლის მიზანი ამოძრავებს. -რატომ გინდა ასე ძალიან, რომ თმა გავიშალო? -მეცინებოდა მეც. -შენ რომ ეხლა სულ რეზინებში გახლართულს გატარებდნენ წინდაუკან, როგორი იქნება? -შენ სულ ასე ზრუნავ თმაზე? -ყოველთვის! -ცეკვის რეპეტიცია შენთვის ჯოჯოხეთია, არა? -რატო? -ყველას სულ შეკრული აქვს თმა. -აა, ხო, ეგეთ ადგილას ვერასდროს გავჩერდები! აი ჩემი დასჯა თუ ვინმეს მოუნდება, ეგეთ ადგილას უნდა შემაგდონ. -არ მჯერა. -სიცილისგან სულს ვერ ვითქვამდი. -ჰოდა გაიშალე ეხლა. -არ მეშვებოდა. -საშინლად მექნება. -ამას ყველაფერი ჯობს! -გადამწყვეტად მითხრა და დამელოდა. მეც ძალიან დიდი წვალებით მოვიძრე სველი თმებიდან წითელი რეზინა, რომელიც სწრაფადვე გამომართვა და მაჯაზე გაიკეთა. -ამას დაემშვიდობე. -კარგი რა, დამიბრუნე. -ნწ. დაივიწყე. -კარგი რა, საშინლად მაქვს თმა. -შენ რა იცი? -ვგრძნობ -წავისაწ.... თავი მე. -რანაირად? დავიჯერო ესეთი მაგიური თმა გაქვს? -კარგი რა. -მეწყინა მე და სველი თმა ხელით დავიჭირე. -ესე ხო არ ვივლი, დამიბრუნე. -არა-მეთქი. ეგრე ხელი გაგეყინება, ჯობია გაუშვა. -ისევ მთელი ძალებით ცდილობდა ჩემი თმის დახსნას. -გიჟი ხარ. -არაუშავს. ხელი გავუშვი თმას და წარმოსახვის უნარის გამოყენებით ვეცადე მაქსიმალურად ნორმალურ მდგომარეობაში მომეყვანა. -რა სასაცილო ხარ -სიცილი აუტყდა და ბედნიერი მიყურებდა. -წარმომიდგენია. -ვბრაზდებოდი მე. რამდენიმე წუთის შემდეგ ტაქსიც გაჩერდა და მეც ინსტიქტურად გავყევი უკან. საკუთარი თავის არც მე მჯეროდა, ერთი საათის გაცნობილ ბიჭს ფრენამდე რამდენიმე საათით ადრე აბსოლიტური ნდობის გამოცხადებით რომ სტამბულში სადღაც გავყევი, მაგრამ ასე ხდება, როცა გული ცუდს არაფერს გიგრძნობს, თანაც მაშინ როცა ასეთი დამთხვევებით ყოველდღიური ცხოვრება ნამდვილად არ გვანებივრებს. გულში და გონებაში რაღაცების გადახარშვა დავიწყე ნელ-ნელა. ვხედავდი ადამიანს, რომელიც ბრიტანულად რომ ალაპარაკო, ეჭვსაც არ გაგიჩენს რომ შეიძლება ბრიტანელი არ იყოს. ქართველად ყოფნის შანსს კი საერთოდ არც უშვებ. რაღაცნაირად საწყენიც არის, ასე მალე რომ ვეგუებით სხვა გარემოს. ვიცვლებით, ვსხვაფერდებით, ახალი ინტერესები გვიჩნდება. იქნებ ჯობია ამაზე თვითონ მას ველაპარაკო? რაღაც სენტიმენტალურმა განწყობამ იფრინა ჩემში და სიარული განვაგრძე. რაღაც მორყეულ ძველ შენობაში შევედით. ეს იყო სტამბულის სავარაუდოდ ბნელი მხარე. სადაც ჯერ კიდევ აზიაა და ძალიან შორი-ევროპა. -ცოტა მეშინია, რა ადგილია? -არ დავმალე ემოცია მე -რისი? -რავიცი, სად ვართ ისიც არ ვიცი. რაღაც კარამდე მივედით, სადაც თეთრ სამოსში გამოწყობილი კაცი დაგვხვდა და კარი გაგვიღო. მოულოდნელმა სინათლემ თვალი მომჭრა. ჩაის მადისაღმძვრელ სურნელი ტრიალებდა. ჭრელი ფერების მუქი გადაწყვეტა, რაღაცნაირ არისტოკრატიულ იერს სძენდა იქაურობას. ეს უფრო მეტად მიმზიდველ შეგრძნებებს აღძრავდა ჩემში. ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი მიმტანები და არა მარტო, თურქული სიმღერები, განწყობა, სუნი, ფერი, ჰაერი. არაფერი იყო აქ სხვა. რამდენიმე საუკუნით უკან გადავვარდით. ულამაზესს თავსაბურავში გამოწყობილმა ქალმა ორი ქუდის მსგავსი რაღაც მოგვიტანა. დემნამ ერთი მე დამაფარა, მერე თმა ისე შემიკეცა რომ სავარაუდოდ ჩემთვის როგორმე ეს მძიმე რაღაც მოეხდინა. ჯერ ყურებზე გადამიწია, მერე შუბლიდანაც უკან გადამიყარა და საბოლოოდ კმაყოფილმა განაცხადა -ასე მომწონს. -სარკე მინდა! -დავიკნავლე მე. -არ გინდა! მერე თვითონაც დაიფარა და მაგიდისკენ გამიძღვა -გთხოვთ! -რბილ სავარძელში ჩავჯექი და გარემოს თვალიერება განვაგრძე. უზომო კმაყოფილებისგან ღიმილს ვერ ვიშორებდი. სულ მომწონდა ასეთი ადგილები. სიძველის, კულტურის და პატივისცემის სურნელი, რომ აქვს. -რა მაგარი ადგილია! -აღვნიშნე მე და დემნას ქუდზე შევაჩერე მზერა -და როგორ გიხდება. -კი, წინა ცხოვრებაში თურქი ვიყავი! -გამეცინა. -ეს ადგილი საიდან იცი? -ჩემმა თურქმა მეგობარმა მასწავლა. მარტო აქაურებმა იციან. საიდუმლოსავით არის. მეც ეგრე გამანდო მურატმა. აუ იცი რა მაგარი ვინმეა? ახლა სტამბულში არ არი, თორე აუცილებლად ერთად ვიქნებოდით. -მომიყევი, მურატზე. -კომფორტულად მოვეწყვე სავარძელში და ხელის გულებს დავეყრდენი. -მოდი ჯერ რამე შევუკვეთოთ. ფრენები რო არ გვქონდეს, არც დავფიქრდებოდი ისე დავლევდი შენთან ერთად, მაგრამ ეხლა ყველაზე ალკოჰოლური რამე რაც შემიძლია შენთან ერთად დავლიო, ჩაია. -ჰოდა ძალიან კარგი. ისედაც არ მიყვარს დალევა. -დალევა არ გიყვარს?! მეპრანჭები! გამორიცხულია არ გიყვარდეს! -მართლა გეუბნები! -მაშინვე მტკიცება დავიწყე მე. -დედას გეფიცები. -რა გულწრფელი ხარ! -იცინოდა ის. -მაგრამ მაინც არ მჯერა. -არ შეიძლება რომ არ მიყვარდეს? -არ შეიძლება და მოვრჩეთ. მოკლედ ჩაი? -ჩაი. -და რამე ტკბილი რა თქმა უნდა -ნუ, შეიძლება. ისევ თურქულად რაღაცები ელაპარაკა მიმტანს და ისევ მე დამიბრუნდა. -რაზე გავჩერდით? -მურატზე. -არ დამავიწყდა მე. -ჰო, მურატი ძალიან ძალიან მაგარი ბიჭია. სტამბულში გავიცანი, უფრო სწორად გამაცნეს. რაღაც საერთო საქმეზე. მერე ძალიან მთხოვა მასთან დავრჩენილიყავი. მერე ჩემთან დავპატიჟე, ჯერ ბერლინში, მერე თბილისში, იმდენი და ისეთი საინტერესო ადგილები ვაჩვენე, სანაცვლოდ ეს ადგილი გამანდო და სიმართლე გითხრა ყველა ჰილტონს მირჩევნია. ამაზე უფრო აქაური არაფერი მეგულება. თან ნახე როგორი ქუდები გვათხოვეს. -მეც მომწონს და მადლობა რომ მეც მითხარი. -შენზე მომიყევი. -უცებ გადაიტანა თემა და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში. ძალიან დავიბენი. -ჩემზე? -შენზე. -რა მოგიყვე? -რაც გინდა, რაც გაინტერესებს, რაც გაბედნიერებს, გახარებს, ან არ გახარებს. -მერე ისევ გაიმართა, ხელები ერთმანეთში გადახლართა და სახეზე ერთი-მეორის მიყოლებით დამაკვირდა ყველა ნაკვთზე და ვიფიქრე რომ ჩემი ნებისმიერი პასუხი მხოლოდ იმისთვის აინტერესებდა, რომ ხელი არ შემეშელა ამ პროცესში. არც უცდია რომ ეს ვერ შემემჩნია. გულწრფელი იყო როგორც თავისი ქცევით, ისე მზერით. ვხედავდი როგორ მიყურებდა ნიკაპზე, კისერზე, ტუჩებზე, თვალებზე, ლავიწებზე. ერთი-მეორის მიყოლებით ცვლიდა მზერის ობიექტებს და ძალიან მკრთალად თითქმის შეუმჩნევლად იღიმოდა. ძალიან დავიძაბე და ძლივს ამოვთქვი -არ ვიცი -რა არ იცი? -რა მოვყვე. შენ მოყევი. -სულ მე ვლაპარაკობ, ცოტა შენც ილაპარაკე. დავიჯერო ისეთი არაფერია შენ ცხოვრებაში რომ მომიყვე? არ გინდა შენზე რამე ვიცოდე? -ისევ ისე გამომწვევად იღიმოდა და შუბლზე ჩამოწოლილი ქუდი გაისწორა. მეც ვგრძნობ რომ მინდა. მინდა რომ რამე მოვყვე. რამე საინტერესო. რამე ისეთი რომ ისიც ისე გატრუნული მისმენდეს, როგორც მე მას. ისე მარტივად ვმართო მისი განწყობა, როგორც ის-ჩემსას, მაგრამ ვერაფერს ვიგონებ. ვერ ვწყვეტ რა მოვყვე. -ჯერ ვერ ვხვდები რისი მოყოლა მინდა -ვაღიარე მე. -შენზე მოყევი. -კარგი, ამჯერად გნებდები, მაგრამ ეს რამდენიმე საათი თუ ესე უნდა გავატაროთ არ იქნება საინტერესო. -ისეთი მკაცრი ტონი ჰქონდა, შეგრძნება დამრჩა თითქოს მასწავლებელმა მიყვირა და ტირილამდე რამდენიმე წამიღა მაკლდა. -იყოს ასე. იცი რა მაინტერესებს?! -გისმენ -შენი სახელი, დემნა, უცხოა და ძალიან ლამაზი. -მადლობა, ჩემ სახელს ძალიან გაუხარდა ასეთი კომპლიმენტები რომ უთხარი. -არაფრის შენ სახელს. -გამეცინა მე -რატომ დაგარქვეს?! -ბიძაჩემს ერქვა დემნა. ზუსტად იმ დღეს დაიღუპა როცა მე დავიბადე და გადაწყვიტეს რომ მეც დემნა უნდა ვიყო. -ძალიან ცუდია. ბიძაშენზე. -ჰო. შენ სახელზე რას მეტყვი? -ჩემ სახელსაც მსგავსი ისტორია აქვს. დედაჩემს ყავდა ერთი ძალიან ძალიან ახლო მეგობარი ლიზა, რომელიც ავარიაში მოყვა და დაიღუპა. ბავშვობაში მოუფიქრებიათ რომ შვილებს ერთმანეთის სახელებს დაარქმევდნენ და მეც ასე შემხვდა ეს სახელი. -ისე ყველა სახელის უკან პატარ-პატარა ისტორიები ყოველთვისაა, რაც ძალიან მაგარია. უფრო მეტად საინტერესოს ხდის ადამიანს. საკუთარის გარდა, სხვის ისტორიასაც რომ ატარებს. -კი ეგრეა. -ლონდონში სწავლობ. რას? -ეკონომიკას. -მართლა? არ მჯერა! -რა არ გჯერა? -ეკონომიკას რო სწავლობ! -რატო? და საერთოდ რატო არაფრის გჯერა რასაც გეუბნები? -ცოტა მეწყინა მე. ამასობაში უკვე მოტანილი გაციებული ჩაი მოვსვი. -კაი რა, არ გაბრაზდე, ვხუმრობ. -ჩემ გულწრფელ წყენაზე იცინოდა ის. -არ ვბრაზდები -ხელოვნურად მოვიტყუე მე. -ისე, კიდევ კარგი მურატი რომ სტამბულში არ იყო, თორემ მე და შენ, ვინ იცის, იქნებ ვერც ვერასდროს შევხვედროდით ერთმანეთს. -მადლობა მურატს, კი არა, ამინდს. -შევუსწორე მე. -ნუ ჰო, ეგ მთავარი მიზეზია. ისე რამდენი წლის ხარ? დაახლოებით კი ვიცი, მაგრამ მაინც დავაზუსტებ ჩემ ვარაუდს. -და შენი ვარაუდით? -ესე 22ის. -თვალებს ჭუტავდა და თითქოს ჩემ სახეზე ცდილობდა ჩემი ასაკის ამოკითხვას. -21ის, წააგე. -გავუღიმე მე. -და შენ? -თვითონაც გამიღიმა და ჩაი მოსვა -მე 26ის. -პროფესია?! -მომავალი ექიმი. -არა?! არ მჯერა. -არც უნდა დაიჯერო, მოგატყუე. -და რატო?! -უფრო მარტივად რომ ვილაპარაკოთ, იმიტომ და ცოტა მოეშვა. თორე შენთან ერთად დალევის სურვილი ისე მკლავს, თან თუ არ სვამ და რომ წარმოვიდგენ ჩემთან ერთად როგორი გაპრანჭული ზიხარ და ცდილობ არ შეგეტყოს, ვკვდები ისე მინდა, გნახო და ცოტა ესე გადამაქვს ყურადღება. არაადეკვატურ პასუხებზე როგორი რეაქციებიც გაქვს. -სხვათაშორის სულ არ ვთვრები -დიდი სისულელე მოვიფიქრე უცებ. სიცილისგან კინაღამ გაიგუდა. -ეს ყველაზე დიდი ტყუილია რაც დღეს მოვისმინე. -კიდევ რა ტყუილი მოისმინე? -გამომცდელად ვკითხე მე. -რომ არაფრის მოყოლა გინდა ჩემთვის. -უცებ დაულაგდა სახე და ზუსტად ისე, როგორც რამდენიმე წუთის წინ მაკვირდებოდა, თვალებში მიყურებდა და სადღაც ღრმად ვხედავდი მის თვალებში მბჟუტავი ლამფისგან არეკლილ თეთრ წერტილებს, მაგრამ იმ წამს ეს თეთრი წერტილები, სულ სხვა გრძნობებად მელანდებოდა, ან სულაც, მინდოდა უბრალოდ ასე ყოფილიყო. -მართლა არ ვიცი... -არ დაასრულო, მაინც არ დაგიჯერებ -არ დამამთავრებინა. მაბრაზებდა მისი ასეთი დამოკიდებულება ჩემ მიმართ, მაგრამ ის ფაქტი რომ სიმართლეს ამბობდა არ მაძლევდა ბრაზის გამოვლენის საშუალებას. ამან იმის ფიქრის საშუალება მომცა, რაზეც იმ წამამდე არ მიფიქრია. როდესაც ჩემშიც ვიპოვე ის ინტერესი დემნას მიმართ, რაც მან ჩემდამი, შიშიც ვიგრძენი რომ მალევე იწყებდა ფერფლად ქცევას ის ინტერესი ჩემ მიმართ, რამაც აქამდე ჩემი თავი მოაყვანინა. -შენ მეგობრებზე მაინც მომიყევი. არც მაგათზე გინდა მოყოლა? -ბოლო იმედით სცადა ჩემი ალაპარაკება დემნამ და მეც ჩემი რეზინები უცებ დავიწყვიტე სხეულიდან. -ლონდონში რომ ვბრუნდები ხოლმე -სავარაუდოდ ჯერ კიდევ გონია რომ ჩემ მეგობრებზე ვყვები -ყველასთან დამშვიდობება ძალიან მიჭირს, მშობლებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან, თვითონ ქალაქთან და ზოგადად გარემოსთან, მაგრამ ყველაზე მეტად იცი რასთან მიჭირს განშორება? ჩემ ძაღლთან და ყვავილებთან. სუზი მე გავზარდე. პრინციპში ერთმანეთი გავზარდეთ. 12 წლის ვიყავი რომ მომიყვანეს. არ ვიცი შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს, მაგრამ თუ გესმის როგორ შეიძლება გიყვარდეს და უყვარდე ამ არსებას, მაშინ მიხვდები რა ძნელია რომ დატოვო. იქ ვერ მიმყავს, ათასი მიზეზის გამო. ჩემ პატარა დას ლეას სიგიჟემდე უყვარს და გაგონებაც არ უნდა იმ ვარიანტის რომ შესაძლოა წავიყვანო. მაშინვე ისტერიკებს აწყობს. მე კიდევ დათმობა მიწევს. ყვავილები?! იცი რა ლამაზი აივანი მაქვს? სულ ყვავილებით არის სავსე. პატარა ბუნება დავრგე მე-15 სართულზე. თან იმ აივანს გისოსებით ვკეტავ ხოლმე, წარმოიდგინე რა შეურაცხადი ვარ? ლეა გადის ხოლმე და ახალ დაკვირტულ ყვავილებს ბოლოს უღებს, თაიგულებს აკეთებს, ან გვირგვინებს და ბედნიერია. მე კიდევ მთელი წლის შრომას მიყრის წყალში. ეხლა დედაჩემი უვლის ჩემ ნაცვლად. რომ ჩამოვდივარ, რა თქმა უნდა, უკვე დაკრეფილი მხვდება ყვავილები, ვბრაზდები, მაგრამ ისე ვერა როგორც მაშინ როცა თავად ვზრდი. იმიტომ რომ რაღაცნაირი გაუცხოვება მემართება. სისულელეა არა? ხომ ფიქრობ რომ გიჟი ვარ? -არა სულაც არა. გააგრძელე რა -ღიმილით მიყურებდა და ისე მისმენდა, თითქოს სასიცოცხლო ინფორმაციას ვაწვდიდე. -ჰო, სუზიზეც ეგრე მემართება. უფრო თვითონ ალბათ. წყინს. მგონია რომ ყოველ ჩასვლზე მსაყვედურობს. ჯერ სიხარულით მხვდება, მერე კი ისე ცივად დაბორიალობს მთელ სახლში, ახლოსაც არ მიკარებს. წელს, სიხარულითაც არ შემხვდა. იმდენი ვიტირე. ისე. ვტიროდი, მოვთქვამდი-ეხლა მაინც წავიყვან ლეა, ხომ ხედავ ვავიწყდები-მეთქი. ისიც ამყვა და ვტიროდით ასე ორხმაში. არც ის ნებდებოდა, არც მე. მერე მამაჩემი გაგიჟდა. ასეთი ისტერიკისთვის უკვე ძალიან დიდი გოგო ხარო და რა თქმა უნდა ისევ მე დავთმე. მერე სუზის ჩუმად ველაპარაკე. ავუხსენი, რომ მე მინდა მასთან ერთად წასვლა, რომ ლეას გამოა რომ თვითონ რჩება და მე მივდივარ, რომ ჩემი გრძნობები იგივეა, რომ მე ისევ ისე მიყვარს და რომ სულ მენატრება. ისეთი თვალებით შემომხედა. თათი მაღლა ასწია, ასე იცოდა ხოლმე, როცა ჩემი მოფერება უნდოდა. ამის მერე, ვიღაცამ როგორ უნდა მითხრას რომ არაფერი ესმით. ხანდახან ადამიანებს ვერ ვაგებინებთ ვერაფერს. ჩვენ, ადამიანებს არ გვესმის ჩვენივე საერთო ენის. ჩვენ არ გვინდა რაღაცების გაგება. სუზი კიდევ საოცარია. ჩემიც ესმის და თავის სათქმელსაც მაგებინებს. ყვავილებიც. მგონია რომ როცა მე ვუვლი, მე ვრწყავ, ფოთლებს ვაჭრი ან მიწას ვუცვლი, მერე უფრო ყვავიან, მერე უფრო უხარიათ მზე და გაზაფხული ვიდრე სხვებთან. მგონია რომ, რა ემოციასაც გასცემ იგივე გიბრუნდება. -ჩემი რამდენიმე წუთიანი მონოლოგი დავამთავრე და კიდევ ერთხელ გავიაზრე დემნას სახე, რომელიც იმდენ კეთილ ფიქრად იღვრებოდა, იმდენ დადებით ემოციად, მომინდა ხელით შევხებოდი. -როგორც შეიყვარებ, ისე შეგიყვარებენ. -დამეთანხმა თვითონაც და ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. მოწყენილი მივეყრდენი საზურგეს. -დიდი სიამოვნებით წაგიყვანდი ეხლა სუზისთან. -მოულოდნელი პასუხისგან თვალები გამიფართოვდა. -შენი დაც ძალიან საყვარელი ვინმე ჩანს. -ლეა?! ჩვეულებრივი გიჟია! არანორმალური ბავშვია! ჯერ 4 წლისაა და უკვე ისეთი მსახიობია, როდის გატყუებს და როდის არა, ვერაფერს გაიგებ. მერე რა ფანტაზია და სურვილები აქვს უნდა უსმინო. აიღებს დედაჩემის ტელეფონს. უკვე იცის როგორ უნდა მომძებნოს და ვიდეო როგორ გამომიგზავნოს. ერთხელ დამხვდა ასეთი: ცხვირამდე უსვია პომადა, გადაპრანჭულია და ამბობს : ლიჯა, ლოთა ცკოლას დააჩრულებ დამილეკე ლაა. გიჟივით მენატრება, ვურეკავ დედაჩემს, სწრაფად დამალაპარაკე-მეთქი, ის კიდე მოპლაკუნობს მოდის ძალიან ნელა, დინჯად, ფეხსაც რომ არ უჩქარებს, იცი საიდან ვხვდები? გამორიცხულია რამე ბავშვური ჩააცვა, ხან დედაჩემის ფეხსაცმელებით დაპლაკუნობს, ხან მამაჩემის. ისეთი სასაცილოა, რომ ნახო გაგიჟდები. ჰოდა იღებს ყურმილს, ლიჯა სენ ხალ? კი ლეა, რას შვრები, როგორ ხარ? კალგათ ვალ, სენ? დააჩრულე ცკოლა? -ჩემ ყველა ლეას გაჯავრებაზე დემნა გიჟივით იცინოდა და იქ მყოფებს აგიჟებდა. -კი მოვრჩი. გინდოდა რამე? იჩი მე უკვე გავამჟადე ცემი შულვილები, იჩი ლა ნინდა? რა გინდა ლეა, მითხარი, ყველაფერს ჩამოგიტან. ლა ნინდა და ჟულგჟე ლო დავიკეთო იშეთი ფლთები, ლო ფლინავდეშ და მეჩ ლო ვფლინავდე. ლეა ფრთები გინდა? ხოოო, ოღონდ იჩი ლოგოლი? ლო ფლინავდეშ. ლეა ეგეთი ფრთები ჯერ არ გამოუგონებიათ. მე ნინდააააააა! ლიჯა ნინდააააა! ცამომიტანე ლა! კარგი ლეა რამეს მოვიფიქრებ. მოკლედ, ჩავუტანე ზურგზე დასამაგრებელი ფრთები, რომელიც რა თქმა უნდა ვერ დაფრინავს და ვერც თვითონ იფრინა, გაგიჟდა, გადაირია, ახლოს არ გამიკარა, რატომ მომატყუეო, ამით მე ბაღში როგორ გავფრინდებიო. მოკლედ ისეთი ისტერიკა მოაწყო, ვერავინ ვეკარებოდით. თან ძალიან გათამამებულია და იმიტომაც აძლევს ამდენის უფლებას თავს, მაგრამ თავის ამ აუტანელ ხასიათს თავისი უზომოდ საყვარელი პიროვნებით ფარავს და ვერ ვბრაზდები, გიჟივით მიყვარს. დემნა ისევ ისე იცინოდა. ცრემლებამდე. ქუდი სულ გადაძვრა ისტერიული სიცილისგან. მეც გამეცინა. აქამდე ვერ მოვახერხე იმის დაფიქსირება რომ ამდენი ვილაპარაკე. ცოტა მეც გამიკვირდა. ყოჩაღ ლიზა! -მე უნდა ვაჩუქო ლეას მფრინავი ფრთები! -დამიჯერე ღმერთად გაღიარებს. -აუ, წარმოვიდგინე უკვე რანაირია. სულ მინდოდა პატარა და მყოლოდა. -და ან ძმა არ გყავს? -კი ძმა, ისიც ორი წლით უფროსი. -მე კიდევ ძმა მინდოდა მყოლოდა. როგორც არის ხოლმე. გოგოებს ძმები უნდათ. ბიჭებს დები. -კი არ გვინდა, გვჭირდება ლიზა. -ისე მშვიდად მითხრა, შემრცხვა კიდეც ისე რომ განვიხილე როგორც უბრალოდ ფუფუნების საგნები. აი რომ გაქვს, რომ კარგია და რომ არა-ეგუები. -მგონი ბევრი ვილაპარაკე. -ჩაი მოვსვი ისევ მე. -უი სულ გაცივდა. ისევ დაუძახა და ისევ რაღაც ელაპარაკა თურქულად. -მოგვიტანენ ეხლა ცხელს. -არადა მეტი ჩაი სულ აღარ მინდოდა -ისე იცი რატომ მინდოდა შენთან ერთად დალევა? -სისულელეები რომ მელაპარაკა ნასვამს?! -ვეცადე ლოგიკური ვარიანტის განხილვს. -სისულელეები ნაკლებად, ალბათ უფრო სიმართლეები. ხომ იცი ასეთ სიტუაციაში, საინტერესო გარემოში, ცოტას თუ სვამ და თვრები, მართლა თვრები. რანაირი სიტყვაა ხო? დააკვირდი. თავის სათქმელს გეუბნება-თრობა. აი რაღაცნაირად ეშვები, მოდუნებული ხარ, მოშვებული, ლაპარაკობ, ტკბები, ამბებს ყვები, ბედნიერი ხარ, კმაყოფილებას გრძნობ, ცოტა სენტიმენტალურიც. არა? თუ შენ არ იცი, შენ ხო არ სვამ? -და გამომწვევად გამიღიმა. -ცოტას კი. -ვაღიარე მე. -მართლა? არ მჯერა. -გამაჯავრა მე. -მოდი ცოტა დავლიოთ, ოღონდ აქ არა. -არა, დროც აღარ გვექნება, უი მართლა, საათი რომელია? -აქამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, დრო რომ არ გახსოვდა ესე იგი ყველაფერი რიგზე იყო, ეხლა ცოტა ავირიეთ, მაგრამ არაუშავს, ჩემი ბრალია დრო რომ გაგახსენდა. 2 საათი კიდევ გვაქვს. წამო რა, თითო ჭიქა არაფერს გააფუჭებს. თან ღვინო. -არ ვიცი, იცი... -შენ არაფერი იცი. მე ვიცი სამაგიეროდ. წარმოიდგინე რამდენიმე დღე რომ გავა, ეხლა რომ არ დამთანხმდე, მერე შეიძლება ინანო. სულ ხომ ვერ გავიცნობთ ერთმანეთს. წამო რა. -ნუ კარგი. -დავთანხმდი მე. სწრაფად გადაიხადა ანგარიში და გარეთ გავედით. ისე აღარ წვიმდა, მაგრამ არც უკეთესობისკენ იცვლებოდა ამინდი. ისევ ტაქსიში ჩავსხედით, ისევ რაღაც მისამართი უთხრა მძღოლს და ისევ წავედით. მალევე მივედით მაღალ შენობასთან. -აბა ჰილტონს მირჩევნიაო იმ ადგილზე, რომ მითხარი? -ჰო, მაგრამ, ის ჩაისთვის. ღვინისთვის ამ შენობის ხედს არაფერი ჯობია. -შენ ძალიან კარგად გცოდნია სტამბული. -მურატს უფრო. სხვისი დახმარების გარეშე გამიძღვა ვერანდისკენ. სადაც ყველაზე შეუფერებლად მე გამოვიყურებოდი. აქ უკვე ევროპაში გადაწყვეტილი სტამბული დამხვდა, თანამედროვე დიზაინით და განწყობით, ფერებით და აურით. სადაც დღის ბოლოს ადამიანები თავიანთ მეგობრებთან, შეყვარებულებთან ან სულაც ქმრებთან ერთად მოდიან და დღის განმავლობაში მომხდარ სიახლეებზე საუბრობენ. იღიმიან, ტკბებიან, თითქოს უპრობლემოები არიან. აცვიათ ლამაზი კაბები და კოსტუმები. ჩვენ კიდევ მგზავრობისთვის გამზადებულებს სპორტულები და კეტები, მაგრამ იმ წამს ეს ყველაფერი მეასეხარისხოვანი იყო. დავსხედით. დემნას არც უთქვამს ისე მოგვიტანეს ღვინო. მიმტანმა რაღაც უთხრა დემნას. დემნამაც ღიმილით რაღაც უპასუხა, მერე ჩემკენ მოტრიალდა -ეს ღვინო რესტორნისგან ყველა სტუმარსო. -რა კარგი საქციელია -მესიამოვნა მე. -მიხარია, რომ გამომყევი. გავუღიმე. ვსაუბრობდით. ვიღიმოდით. ნელ-ნელა დავაფიქსირე რომ ჩვენც იმ ადამიანებს ვემსგავსებოდით, ვინც იქ ჩვენ ირგვლივ იყო. ისეთი ხედი იშლებოდა. თან ათასფრად განათებული, ღამით. რა ლამაზია, რომ იცოდეთ. ღვინოს რაც უფრო ნელა სვამ, მით უფრო თვრები. ნელ-ნელა მართლა სრული სიზუსტით გრძნობ ამ სიტყვის მნიშვნელობას. სიამოვნებისგან ჟრუანტელი რომ გივლის და თავბრუ გეხვევა. თან გარემოც რომ მოგწონს. კმაყოფილი ხარ. არ იცი ასე კარგად კიდევ როდის იყავი. ან საერთოდ თუ იყავი. -იცი, მინდა რო უფრო მაგრად გაწვიმდეს. -ცას გახედა დემნამ და ნაღვლიანი თვალებით შემომხედა. -არ მინდა რო რაღაც ისე გაიგო, როგორც ცუდია რომ გაიგო, მაგრამ ისე მინდა ფრენა კიდევ გადაიდოს ჩემი. ან სულაც არ გავფრინდე და კიდევ ორი დღე აქ ვიჯდე და სულ გისმენდე. ოღონდ არ თენდებოდეს. ვერ ვიტან როცა ესეთ ლამაზ ღამეებს, მზე აფუჭებს. ზოგადად არც მიყვარს დღე. სულ გვიან ვიღვიძებ ხოლმე და შუა ღამემდე მღვიძავს. ჩემი დღე შუა დღის 4ზე იწყება, ან უფრო გვიან, ნელ-ნელა რომ მზე ჩასვლას იწყებს მაშინ. -რას გიშავებს დღე? რატომ არ გიყვარს? -არ ვიცი. არც არასდროს გადამიწყვიტავს მიყვარდეს ან არ მიყვარდეს. უბრალოდ თავიდანვე ასე იყო. ხომ არის რომ რაღაცების მიმართ შენი დამოკიდებულებები გიჩნდება ადამიანს. ასე ვერ ვიტან მე დღეს. -და კიდევ შეკრულ თმებს! -გამეცინა მე. -ჰო, ეგ ყველაზე მეტად მეზიზღება. თმას რომ ახრჩობ, კლავ, არ უფრთხილდები. ასეთი ლამაზი რომ არის და კისერში უჭერ. -ძალიან მეცინება, თმაზე ასე რომ საუბრობ. -თმაზეო, ისე ამბობ თითქოს შენი არ იყოს. ვიღაც რომ ძალით თვალებს გახუჭინებდეს, ან ცხვირზე თითებს გიჭერდეს, ფეხებს გიკრავდეს ან კიდევ ხელებს, როგორ იგრძნობდი თავს. თმას კიდე, რადგან ისეთივე ფუნქციები არ აქვს, როგორიც ცხვირს ან თვალებს, უნდა კლავდე? -მომწონს როგორც ხედავ ამ ყველაფერს! -ვუთხარი და ისევ ისტერიულად გამეცინა, დემნას შეწუხებული სახის დანახვაზე, თმას რომ შეკვრა დავუპირე. -შენი რეზინა მე მაქვს, ვერ დააბამ! -კმაყოფილმა მითხრა და რეზინა მაჩვენა, რომელიც ჯერ კიდევ მაჯაზე ეკეთა. -ჰაჰაჰა! -სიცილს ვერ ვწყვეტდი მე. -ჩემ ცოლს არასდროს ექნება სახლში რეზინები, ან ნებისმიერი რამ რაც თმას დააბრკოლებს იყოს გაშლილი. -ამის გაგონებაზე უფრო ხმამამაღლა ვიცინოდი. აქა-იქ ჩემკენ მომართული თურქული მზერაც ვიპოვე. -კაი რა! -მართლა გეუბნები. მაშინ სულ შეიჭრას, მირჩევნია, მართლა! -გაბრაზებული განაგრძობდა ლაპარაკს -გაჩერდი, გთხოვ! -ვერ ვჩერდებოდი მე. -უბრალოდ უსამართლობაა -თვითონაც იცინოდა უკვე. -არ მჯერა! -უფრო ცუდად ვხდებოდი მე. -რა არ გჯერა? -რომ...თმები...-წინადადებას ვერ ვკრავდი მე. -მეც მაგას არ ვამბობ? ნუ იკრავთ თმას! -დამაჯერებელი ტონით დააცალკევა სიტყვები და მაგიდაზე თითი დააბრახუნა. მე ისევ ისე, ფილტვების დახეთქვამდე ვიცინოდი. ასე გაგრძელდა კიდევ რამდენიმე წამი და ცოტა აზრზე რომ მოვედი იდეა შევთავაზე -შენ უნდა შექმნა თმის დაცვის ორგანიზაცია -თვალები გადაუნათდა ამის გაგონებაზე -იცოდი ხო? -ისევ ამიტყდა სიცილი მე -უეჭველი იცოდი, ეგ რომ მინდოდა -ამყვა ისიც. -კიიი.... -ძლივს დავეთანხმე მე და მუცელზე ხელი დავიჭირე რომ როგორმე შემეწყვიტა სიცილი. -დევიზი უნდა იყოს ასეთი ,,თავისუფლება თმას“ -გიჟი ხარ! -გადაწყდა? -კი, დავრწმუნდი! -ჰოდა, ძალიან კარგი, მაგრამ მაინც მინდა რომ ფრენა გადაიდოს. კიდევ ერთი ჭიქა ჩამოასხა. -მგონი ასე ჯობია. -ვუყურებდი ნელნელა როგორ ივსებოდა ღვინით ჭიქა. -პრობლემა გვაქვს, უნდა ისწავლო იმის გარჩევა რა ჯობია! -გაიცინა და ჭიქა ხელში აიღო. -ასე კარგად, არასდროს მიფრენია! -თქვა უფრო თავისთვის და ისევ თვალებში შემომხედა. არც მე ამირიდებია თავი. ვგრძნობდი მთელ სხეულში მოძრავ სისხლს როგორ ერეოდა ნელ-ნელა ღვინო. სასიამოვნო შეგრძნებებით მეღვრებოდა ყველა ძარღვში თუ კაპილარში. მინდოდა უფრო მეტად გავჭყეპილიყავი ამ შეგრძნებით. ახლა მე დავიწყე მისი ყველა ნაკვთის დეტალური შესწავლა. ძალიან დიდი და ლამაზი თვალები აქვს, ან უბრალოდ მე მეჩვენება ასე. იმიტომ რომ ნელ-ნელა ვთრები. შემიყვარდა ეს სიტყვა, ბევრი სასიამოვნო ასოციაცია მექმნება. თვალები. ყველაფერს ირეკლავს ამ თვალებით. ჩემ სახესაც კი. რა საინტერესოა, არა? ხელებში მოსაქცევი მთელი სახე, ერთ პატარა, რკალში ეტევა. ვიღიმი. მის თვალებშიც მიღიმის ჩემი ანარეკლი. მომწონს. დროდადრო ვქრები. მძიმედ ხუჭავს და ახელს თვალებს. მგონი ხვდება რომ ვიძირები და ხმას არ იღებს, მაცდის. სახე გარუჯული აქვს და ამის ფონზე უფრო მეტად უმკვეთრდება თვალები. წვიმისგან დასველებული თავისი ლამაზი ტალღოვანი თმა ახლა ცოტა სასაცილოდ აქვს. ესეც მომწონს. ისევ ვიღიმი. ისევ მიღიმის მის თვალებში ჩემი ანარეკლი. მომწონს. თვალებს ხუჭავს. ახელს. მიღიმის. საშინელ ჟრუანტელს მგვრის ეს ღიმილიც. ბევრი რამე იკითხება ასეთ დროს. ადამიანის ზრახვები, გრძნობები, სათქმელი. ხშირად ისეთი რამე გაგყიდის, ჩაგიშვებს და გამოგააშკარავებს, რაზეც ვერასდროს იფიქრებდი. ნელ-ნელა ღიმილი სიცილში ეზრდება. ვთვრები. -შენზე მომიყევი. -გამომაფხიზლა უეცრად და შეშინებულმა ავიღე თავი ჩემი ხელის გულიდან. -ხომ მოვყევი?! -თავი გავიმართლე მე. -არა, ეხლა შენზე. -ჩემზე? -დავფიქრდი მე და თვალდახუჭულმა ღრმად ამოვისუნთქე. -მე მიყვარს მუსიკა. -გამეცინა. -საინტერესოა, არა? -მეც. რა დამთხვევაა. -ბერლინში რას აკეთებ? -ისევ ვცადე მასზე გადამეტანა მთელი ყურადღება. -შენ გგონია, ვერ ვხვდები სულ თავიდან რომ მიშორებ? ეხლა შენი ჯერია. -ნუ იტყუები! არც შენი ყვები არაფერს შენზე! -მე მინდა რომ შენ მოყვე. ძალიან მაგრად ალაგებ ყველაფერს, ყვები, ფიქრობ, ემოციებს აფრქვევ. -მართლა? -შევიფერე მე. -მაშინ მითხარი რა მოგიყვე. -მოდი ვითამაშოთ, გინდა? -რა უნდა ვითამაშოთ -ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო მე. -აი 3 ფაქტი მითხარი შენ შესახებ, ისეთი რომელიც არ გინდა რომ შენზე ვიღაცამ იცოდეს. -და რატომ უნდა მინდოდეს რომ ეს შენ იცოდე? -ვერ მივხვდი თამაშის წესებს მე. -იმიტომ რომ ამ თამაშს მე ვიგონებ. -ასე არასწორია. -თავი გავაქნიე მე -მეორე ტური შეგიძლია ჩემთვის შენ განსაზღვრო. სარფიანი შემოთავაზებაა, დაფიქრდი. -გამომწვევად ჟღერდა ეს იდეა. -ნუ კარგი. -მალევე დავეთანმე მე. -მაშინ გისმენ -ბედნიერი მიეყრდნო საზურგეს. -პირველი. -დავფიქრდი მე -მთვარეული ვარ.- ვთქვი და სახეზე ხელები ავიფარე. -არა?! -სიცილი აუტყდა დემნას. -მართლა? აუ, რა სიგიჟეა! -იცინოდა. -ჰო, ბავშვობაში ძალიან ხშირად ვბოდიალობდი, ეხლა იშვიათად. ერთხელ თვითმფრინავში ავდექი და წინდაუკან ვიარე მძინარემ თურმე. -რა მაგარია! -ბედნიერი იცინოდა ამ ისტორიაზე დემნა. -ეხლა მეორე. -არ ვაცალე დამშვიდება, ისე დავიწყე მეორე ფაქტზე ფიქრი. -მეორე ის რომ ვერ ვაუთოებ. -კარგი რა, არ მჯერა! იგონებ! -არ დამიჯერა. -მართლა, დედას გეფიცები! -თავი გავიმართლე მე. -აუ! -სიცილი დაიწყო ისევ -ეგრევე რო მაჯერებ. რა საყვარელი ხარ! -გავწითლდი ამ კომპლიმენტზე მე. -სულ დაკუჭული ზედები მაცვია! -თავი შევაცოდე მე. -კარგი რა -მუცელზე ხელებს იჭერდა და ძლივს სუნთქავდა. -მე უნდა გაჩუქო თვითმაუთოებელი მანქანა! -გადაწყვიტა და ისევ გაეცინა. -რა მაგარი იქნება! -გამიხარდა მე! -ისე, ჩემი ცოლი რომ იყო, რა ცუდ დღეში გეყოლებოდი, სულ დაკუჭული ტანსაცმლით რომ ვივლიდი -იღიმოდა ის. -მე კიდევ სულ გაწეწილი ვიქნებოდი -ავყევი თამაშში მე. -მაგარი იქნებოდა, გაწეწილი ცოლი და დაკუჭულტანსაცმლიანი ქმარი. -შევავსებდით ერთმანეთს. -მოეწონა აზრი დემნას. -კი, მაგრამ თვითმაუთოებელი მანქანა ხო უნდა მაჩუქო. -შევახსენე მე და მისი პრობლემა გადავჭერი. -ეგეც მართალია. -გაეცინა ისევ. -ჰოდა, ეხლა ჩემი პრობლემაც გადაჭერი. რა მოვუხერხო თმას? -იქნები გაწეწილი, ეგ პრობლემა არ გვარდება! -მითხრა გადაჭრით და ხელები გადააჯვარედინა ,,იქსის“ საჩვენებლად. -ასე არ გამოვა! -მეწყინა მე. -მოვიფიქრებთ რამეს! -მარტივად გადაწყვიტა და იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო. -ეხლა მესამე. -დიდი ინტერესით დამელოდა მე. -მესამე... -ისევ დავფიქრდი მე. -ა, გამახსენდა -უეცრად გამიხარდა მე -მაღაზიაში რომ რაიმეს ვყიდულობ და ხურდას მიბრუნებენ, სწრაფად ვერ ვანგარიშობ სწორად მიბრუნებს თუ არა, მაგრამ უბრალოდ ერთი ხელიდან მეორეში გადამაქვს, ვითომ ვითვლი რომ არ გაბედოს მოტყუება, არადა აზრზე არ ვარ სწორად მიბრუნებს თუ არა! -ჩემ გულწრფელ აღიარებაზე გიჟივით იცინოდა და სულ ტყუილად ვცადე რამდენჯერმე ამის გაჩერება. ვერაფრით წყვეტდა. -საოცარი ხარ! გოგო, რომელიც ლონდონში სწავლობს ეკონომიკაზე, ვერ ითვლის ხურდას! -აგრძელებდა სიცილს ის. -ასეა, პატარა ნაკლი ყველას აქვს. -თავი გავიმართლე ისევ მე და ღვინო მოვსვი. -ძალიან მაგარი გოგო ხარ! -დამშვიდდა და თვითონაც მოსვა ღვინო. -ამდენი არაფერზე მიცინია. ესე იგი, მე ეხლა ვარ გოგოსთან ერთად რომელიც მთვარეულია, ვერ აუთოებს და ამასთან ერთად ხურდასაც ვერ ითვლის. -კი, გაქვს ამის ბედნიერება! -ამაყად ვუპასუხე მე. -ეხლა შენი ჯერია. -ყურადღებით გისმენ. -შენ წარუმატებელ დღეზე მომიყევი. -არ ვიცი რატომ გადავწყვიტე ეს მომესმინა, ჩემი საიდუმლოებების გამხელის შემდეგ, მაგრამ პირველად თავში აზრად რაც მომივიდა ის ვთქვი. -ძალიან ბევრია ასეთი. ხარისხის მიხედვით. ზოგი იმდენად წარუმატებელი ყოფილა რომ ის დღეები მეხსიერებიდან წამიშლია. საქმიანი თუ პირადი? -რომელიც გინდა რომ ვიცოდე. -მშვიდად ვუთხარი მე და ნიკაპით ხელის გულს დავეყრდენი. -მაშინ შანსს გამოვიყენებ და ჩემ ქორწინებაზე გეტყვი. ეს იყო ჩემ ცხოვრებაში ყველაზე წარუმატებელი დღე. -ქორწინების ხსენებაზე დენმა დამარტყა. შევკრთი და წამიერად გამოვფხიზლდი. რაღაცნაირი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. შემეშინდა. -ცოლი გყავს? -გულუბრყვილოდ ვიკითხე მე. -არა. უფრო სწორად აღარ და საერთოდ არც მყოლია. -გაიღიმა და ღვინო მოსვა. -19 წლის ვიყავი, ის 18ის, ერთმანეთი შეგვიყვარდა. გვეგონა რომ ერთად ყოფნა გვინდოდა. ერთად კარგად ვერთობოდით და ამიტომ. ერთი და იგივე ინტერესები გვქონდა. მოკლედ, ერთ პოლუსზე ვიყავით. გადავწყვიტეთ გვექორწინა. ქორწინების დღიდან 1 თვეში მივხვდით რომ ამაზე დიდი სისულელე არაფერი იყო. არც უკეთ ყოფნა გვიგვრძნია. არც ბედნიერება. 1 თვეც არ დაგვჭირდა იმისთვის რომ მივმხვდარიყავით ერთნამეთისთვის უბრალოდ კარგი პარტნიორები ვიყავით და არა ცოლ-ქმარი. ცოტა ხანი ვიწვალეთ. ვიცხოვრეთ ერთად. მერე მე ვეღარ გავძელი და წავედი. -მიატოვე? -არა. არ ქვია ამას მიტოვება. მიტოვება მაშინაა როცა ერთმანეთი გიყვართ და ამ სიყვარულში მეორე ნახევარს მარტო ტოვებ. ჩვენ კიდევ სიყვარულის ილუზია გვქონდა და ამას მალევე მივხვდით. გეგმა დასახა, რომ ცოტა ხანი კიდევ გვეცხოვრა ერთად და მერე დავშლილიყავით. მე კიდევ ასე არ მინდოდა. ასე ვერ აგიხსნი, რთულია. უბრალოდ როცა გადაწყვეტილება მიღებული გაქვს და თავს ძალას ატან არაფრის გამო იქ იყო სადაც არ გინდა, ძალიან დიდი სისულელეა. -მერე? -მერე არაფერი. რა გგონია? გგონია რომ ტრაგედია მოხდა? არაფერი. ისედაც ხომ უნდა დავშლილიყავით. -ქართველია? -არსებითი მნიშვნელობა აქვს? -არ ვიცი. -ვერ მივხვდი რატომ ვიკითხე ეს. ან რას შეცვლიდა ქართველი რომ ყოფილიყო, ან რას-არა. -კი, ქართველი იყო. საერთოდ, არაქართველს ცოლად ვერ მოვიყვან! -გადაჭრით თქვა და გაიცინა. -რატომ? -მაკას გულს ვერ გავუხეთქავ. -მაკა-დედაშენი? -ჰო. არა ვხუმრობ. უბრალოდ ასე მგონია. რა იქნება მართლა არ ვიცი, მაგრამ ასე მგონია რომ ქართველის გარდა ვერავისთან ერთად ვერ ვიცხოვრებ. -ქართველთან ერთადაც რომ ვერ იცხოვრე? -უხეშად გამომივიდა მე, მაგრამ არ წყენია. -ეგ ურთიერთობა თავიდანვე განწირული იყო. -თავი გაიმართლა მან. -შენ? -რა მე? -არავინ გყვარებია? -არ ვიცი. -რა არ იცი?! გყვარებია თუ არ გყვარებია?! -ჰო. -ვაა. რა საინტერესოა. -არ დამიჯერა. -სანამ ლონდონში წავიდოდი შეყვარებული მყავდა. -ვაღიარე მე. -მერე ლონდონში წახვედი და ვერ გაუძელით ამხელა მანძილს. -შენ რა იცი?! -გამიკვირდა მე. -რა ცოდნა ამას უნდა. მარტივია. -ჰო, მაგრამ რომ დავიშალეთ დიდად გული არ დამწყვეტია. -რათ გინდოდა ისეთი ადამიანი გვერდით, ვინც იმის გამო გივიწყებს რომ სადღაც მიდიხარ. -მე რატომ მიცავ? იქნებ მე დავშორდი და თვითონ არ უნდოდა დაშორება. -ეგრე იყო? -არა! -მაშინ რა გინდა, სწორად გითხარი. -არა უბრალოდ, ეგრე მარტივადაც არ არი! რთულია. იმიტომ გიყვარს რომ სულ მასთან ხარ, ურთიერთობა გაქვს, რომ გინდა ნახვა, ნახულობ! -და ეგაა სიყვარული? შენი ქმარი ომში რომ მიდიოდეს, გადაგიყვარდება? -არა, ეგ სხვა რამეა! -არაფერი სხვა რამე არ არის! წახვედი რომ გესწავლა! უკეთესი გამხდარიყავი, საკუთარი თავი გეპოვა! ის კიდე ადგა და ვეღარ გნახავ და დავშორდეთო? ასე ხედავ სიყვარულს? -არა ასე არ ვხედავ, უბრალოდ... -უბრალოდ თქვი რომ ერთმანეთი არ გიყვარდათ, რატომ გცხვენია ამის აღიარება -ღრმად ჩაისუნთქა და ცას გახედა. -შეიძლება. -ნუ ამბობ ამ შეიძლებას, ალბათ, არ ვიცი. თქვი კი ან-არა! -მკაცრ ტონში შერეული სიცილით მელაპარაკებოდა. -ხომ ხედავ მე ვაღიარე რომ საკუთარი ცოლი არ მიყვარდა! -შუბლი მოისრისა და რაღაცნაირად დამძიმდა. -ისე რა საშინელებაა როცა საკუთარი ცოლი არ გიყვარს და სახლში ისე გრძნობ თავს როგორც სტუმრად. -მეშინია ასეთი ცხოვრების. -ვაღიარე მე. -ყველაზე დიდი გამართლებაა სწორი ადამიანი რომ გყავს გვერდით. -თავი დავუქნიე მე. -ისე ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ წელს მგონი თბილისში გნახე სადღაც. -სად? მე არ მახსენდება. -მგონი! ზუსტად არც მე მახსოვს. -მიდი რა გაიხსენე. -არ ვიცი, შეიძლება უკვე იმდენად მივეჩვიე შენ სახეს რომ მგონია აქამდეც ბევრჯერ მყავხარ ნანახი. -ჰო ისე, რა უცნაურია. მე საერთოდ ბრიტანელი მეგონე, შენ-რუსი და უცებ ორივე ქართველები აღმოვჩნდით. -დავუშვათ რომ ბედისწერაა ჩემი ფრენის ამბავი. -გაიღიმა. -ან დამთხვევა. -შევუსწორე მე. -რა მნიშვნელობა აქვს. რომ დაგინახე როგორ მაკვირდებოდი, ზუსტად ვიცოდი რამდენიმე საათში აქ რომ ვისხდებოდით! -მართლა? რა თავდაჯერებული ხარ! -მეწყინა მე. -არა, არასწორად ფიქრობ! განა იმიტომ რომ ასე მოვინდომებდი და ასე იქნებოდა, არა. უბრალოდ მართლა მომინდა, ისეთი ლამაზი იყავი. იჯექი შენთვის და ჩუმჩუმად მიყურებდი. ცოტას მეპრანჭებოდი კიდეც. თან რომ გავიგე ქართველი იყავი გავგიჟდი, ისე გამიხარდა. ეგ რომ გავიგე პირველი რაც ვიფიქრე იცი რა იყო? -რა? -აი ტელეფონზე რომ ლაპარაკობდი, ვფიქრობდი, რა მაგარი იქნებოდა ჩვენი ურთიერთობა რომ გაგრძელებულიყო. რა ისტორია გვექნებოდა ერთმანეთის გაცნობის და მინდოდა რაც შეიძლება ბევრი დრო გქონოდა. -და გამოვიდა. -გავუღიმე მე. -ისე, შენ რომ ამბობდი, აეროპორტში, ეგ გამახსენდა -დავიწყე მე. -რას აბა? -აი, რომ თქვი ორი კვირით დარჩენის მთელი მუღამი რაშიც იყო, რომ იცი რომ აუცილებლად უნდა წახვიდე და ყველაფერს ასწრებ და გგონია სულ ასე იქნება რომ არ მიდიოდე. -ჰო, ეგრეა, მაგრამ მე ეგრე კარგად ჩამოვაყალიბე? -ორივეს გაგვეცინა. -უკეთესადაც კი! ჰოდა... -ღვინო მოვსვი და ისევ გავაგრძელე -ალბათ ამიტომაცაა ახლა, აქ, ასე კარგი და ალბათ სხვა დროს, სხვა ვითარებაში არ იქნებოდა. -ანუ? -ანუ ის რომ ორივემ ვიცით რომ ცოტაც და ჯერ შენი, მერე კიდევ ჩემი ფრენის დრო მოვა. აუცილებლად დამთავრდება ეს გარემო, ეს დიალოგი. შენ ბერლინში გაფრინდები, მე ლონდონში და ვასწრებთ ერთმანეთის რაღაც დონემდე გაცნობას. ყოფნას. ასე რომ არ იყოს, არც მე და არც შენ აქ არ ვიქნებოდით. აბა სხვა რეალობაში წარმოიდგინე სიტუაცია, სადაც მე გთანხმდები ღამით სტამბულში, ერთი საათის, არც კი, გაცნობილს და მოგყვები სადღაც, გადაკარგულ უბანში, ისე რომ შენზე თითქმის... თითქმის კი არა არაფერი ვიცი, მერე კიდევ აი აქ, სადაც ახლა ვართ, ღვინის დასალევად და სულ არ მადარდებს, რომ ასე მოვიქეცი. იმას კი არ ვგულისხმობ, რომ არასწორად მოვიქეცი, უბრალოდ ვცდილობ აგიხსნა რომ სწორედ ამ ძალიან ცოტა დრომ მოგვცა იმდენი საშუალება, რამდენიც არ შეეძლო არც ერთ დღეს, არც ორს და არც ათასს. ძალიან ბევრი ხალხი, ხმაური და არაკომფორტული გარემო რომ არ შექმნილიყო, არ წამოგყვებოდი. ან ჩემი კლასელისთვის რომ მომესწრო დროულად პასუხის გაცემა და სადმე წასვლის დაგეგმვა. რა მაგარია არა? ძალიან საინტერესო დრო გავატარეთ ფრენიდან-ფრენამდე. -ეს რატომ ვთქვი თავადაც არ ვიცი, მეგონა ყურადღებას არც მიაქცევდა ისეთი სისულელე ვთქვი. -მეტი დრო რომ გვქონოდა ყველაფერი სხვანაირად ,,გაიწელებოდა,“ არა ? შეიძლება სულაც სხვა გეპოვა ვინმე... -კიდევ ერთი სისულელე დავაბრეხვე მე. -არ უნდა დაგელია. -სრულიად სხვა პასუხის მოლოდინში, სრულიად სხვა პასუხს დავეჯახე სახით და თვალები გამიფართოვდა. -რა? -ჰო, არ უნდა დაგელია. ჯობდა ისევ სუზიზე, ლეაზე და შენ ყვავილებზე მოგეყოლა და ასე 1 წუთში არ ჩაგეტია, ჩვენი გაცნობის წარუმატებელი გაგრძელების ალტერნატივა სხვა რეალობაში. ასე აფუჭებ ხოლმე ყველაფერს? -წყენით მითხრა და ისევ ცას გახედა. შედარებით იკლო წვიმამ. სირცხვილისგან ისედაც გაწითლებული სახე, სულ გამიწითლდა. სისხლი ამიდუღდა, მთელ ტანში დამცხა და თავბრუსხვევა გამიასმაგდა. რომ წამოვმდგარიყავი, აუცილებლად წავიქცეოდი. იქნებ გონებაც დამეკარგა?! არა, არა! ჰალუცინაცია მაქვს. ჩემი ფანტაზიის დამსახურებაა ალბათ რომ ეს სიტყვები მესმის! უფრო სწორად ალბათ მგონია რომ მესმის! და რეალურად სულაც არ მესმის! მაგრამ ამ სახეს რა მოვუხერხო! შემომხედოს რა! ისევ ისე როგორც რამდენიმე წუთის ან ერთი საათის წინ. რაღაცის თქმა რომ უნდა თითქოს და მთელ სახეზე დაბორიალობს. ხან თვალებში მაშტერდება, ხან ყელზე, ხანაც ტუჩებზე. ეს პროცესი ისე მომწონს. იმდენად სასიამოვნოა. მიდი რა! შემომხედე! გაიცინე და თქვი რომ მეხუმრე! რომ მოგწონს როგორი რეაქციებიც მაქვს არაადეკვატურ პასუხებზე! მიდი რა! დემნა! გთხოვ! უკვე მთელ სხეულში ვკივი! ვყირი! დემნა, შემომხედე! ვღრიალებ! არაფერი ესმის! დემნა! გთხოვ! რა მინდოდა! ყველაფერი ჩავაფლავე! არადა რა კარგი იყო! ვსაუბრობდით! მოგვწონდა! რა გეგმები დავსახე! რა სხვა რეალობა! რა სხვა გარემო! იყავი რა როგორც ხარ! კარგად და ბედნიერად! ხომ შეგიქმნა გარემო! ჰოდა იყავი რა! რას ნიშნავს არ წახვიდოდი! როგორ არ წახვიდოდი, ისევ ისე რომ ყოფილიყო! წახვიდოდი! შენც კარგად იცი რომ წახვიდოდი! რატომ მოიტყუე! მაშინ ახლა რატომ გაყევი! მეტი საქმე არ გქონდა არა! საშინელი გოგო ხარ! რა ვქნა! ხმას ვერ ვიღებ! ვიხრჩობი! თქვი რა რამე! დემნა! ხომ ხედავ საკუთარ სირცხვილში ვიძირები! მიდი რა, თქვი რამე! დემნა! თითქოს ჩემი გაიგო! -ორი წუთით უნდა გავიდე! -თქვა და მოვკვდი. ამას ჯობდა, ეთქვა რომ ეწყინა, რომ ეს რატომ ვთქვი, რამე ეკითხა, რომ მე თავის მართლება დამეწყო! ისევ საკუთარ თავზე ვფიქრობ! რა ეგოისტი ვარ! ამ წამს, როცა სირცხვილის ტალახში ვიხრჩობი ისევ იმაზე ვფიქრობ რომ საკუთარ თავს ვუშველო. მოვა და იტყვის რომ წავიდეთ! მერე?! მეც რა თქმა უნდა ავდგები და მასთან ერთად აეროპორტში წავალ! ერთმანეთს არაფერს ვეტყვით! ის გაფრინდება და მე დავრჩები საკუთარი თავის მიერ შექმნილ სირცხვილის ჭაობში კიდევ ერთი საათით. არ ვიცი ასე რატომ განვიცდი. ან კიდევ რატომ ვხატავ სხვა რეალობას. ახალი ჰობი მაქვს აშკარად. არარსებული რეალობების გამოგონება. სადაც ყველაფერი ფატალური შედეგით მთავრდება. ეს ორი წუთიც საუკუნოდ გაიწელა. ფიქრების დასასრულისკენ თავიდან მეშლებოდა ყველა განცდა და უკვე ვეღარც ვარჩევდი რა უფრო მერჩივნა, ეს ყველაფერი ხუმრობა ყოფილიყო თუ ნამდვილი წყენა. თავი ამტკივდა და სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე. -ცუდად ხომ არ ხარ? -ვერც ვიგრძენი როდის დაბრუნდა დემნა. დენდარტყმულივით წამოვვარდი და თვალებდაჭყეტილმა შევხედე. -არა, კარგად ვარ. შენ? -მეც. სადღაც 40 წუთში უნდა გავიდეთ, რომ ფრენას მივუსწრო. არადა რამდენიმე წუთის წინ იმაზე ფიქრობდა, იქნებ ფრენა როგორმე გადაიდოს ან სულაც არ გავფრინდეო. -თუ გინდა ახლა წავიდეთ! -კიდევ ერთი სისულელე წამოვროშე მე და მაშინვე ვინანე. -შენ გინდა? -მე არა! -დაუფიქრებლად ვუპასუხე მე. -არც მე. -ორივე გავჩუმდით. -მიუხედავად შენი დამოკიდებულებისა -მძიმედ დაამატა და მზერა ამარიდა. -იცი, არ ვიცი, სისულელე იყო. მეგონა ვიცინებდით. -სისუსტე ვიგრძენი ჩემ სათქმელში. -გაგეცინებოდა ლეა, სუზი ან სულაც შენი ყვავილები რომ იგივეს გეუბნებოდნენ, რაც შენ მე ცოტა ხნის წინ მითხარი? -ხომ ვთქვი, სისულელე იყო. -გაგეცინებოდა? -მეტი სერიოზულობით მკითხა. -ხომ... -გაგეცინებოდა-მეთქი? -შენარჩუნებული სიმშვიდით შემაწყვეტინა სათქმელი, რომელიც იმ სიტყვას არ გულისხმობდა, რომლის მოსმენაც მას უნდოდა და მეც აღარ დავაყოვნე -არა! -ეს სწორედ ის იყო, რისი მოსმენაც უნდოდა. -რატომ იფიქრე რომ ამაზე გავერთობოდით? ან საერთოდ რატომ გგონია რომ ყოველ ჯერზე, ფრენიდან ფრენამდე, მე ასე გამყავს დრო! -მე ეს არ მითქვამს! -ტყუილი ცილისწამებისგან თავის დაღწევა ვცადე მე. -მერე რა. არც გიფიქრია? -რანაირად მელაპარაკები?! -ვიუარე დემნას შეცვლილი ტონი და დამოკიდებულება ჩემ მიმართ. თითქოს მიზანში ამომიღო და ყველანაირად ცდილობს ისე გამაშიშვლოს რომ ყველა ემოცია გამომიფრინდეს სხეულიდან. -არ ვიცი. -ისევ ამარიდა მზერა. -არ მინდოდა ასე უხეშად რომ გამომსვლოდა. -ძლივს მოვუყარე ამ წინადადებას თავი და დავისვენე. -მართალი ხარ. -თავი ისე დამიქნია ზედაც არ შემოუხედავს. -ზედმეტადაც კი. -ვერ ვხვდები... -ახლა უკვე 180 გრადუსით შემობრუნებულმა თანხმობამ გამაკვირვა და უფრო მეტად დავიბენი. -ჰო ლიზა, მართალი ხარ. შენ ხვალ ლონდონში გაიღვიძებ, მე ბერლინში. სხვადასხვა რეალობაში. მე ჩემ ძმაკაცებს მოვუყვები, რა მაგარი გოგო გავიცანი აეროპორტში და რა მაგრად გავიყვანე დრო ამ მაგარ გოგოსთან ერთად. შენ კიდევ შენ დაქალებს მოუყვები, ვიღაც ტიპმა როგორ შე**ა ხვეწნა-მუდარით რომ სადმე ერთად ჩაი დაგელიათ, როგორ გეხვეწა რომ წაყოლოდი და შენც ათასი მუდარის და მუხლით ჩოქების მერე როგორ დათანხმდი, არა? თუ რაღაც სხვანაირად იქნება? -ყოველი ახალი სიტყვის მოსმენისას გულისრევის შეგრძნება უფროდაუფრო მიმძაფრდებოდა. -ორივე კმაყოფილები ვიქნებით. მე ჩემი ვერსიით, შენ შენით. არა? ორივე იმას მივიღებთ, რაც გვინდა, არ არის ასე? არ მეთანხმები? თუ რამე სხვას გულისხმობდი, იმ თეორიებს რომ თხზავდი, დაზეპირებული ტექსტივით რომ მოყევი. ისე, რომ ერთხელაც არ ამოგისუნთქავს. გულიც არ დაგწყვეტია. ისე რომ თითქოს ას პროცენტიანი გარანტია გქონდა ამის. -კიდევ რამეს იტყვის და გული აუცილებლად გამისკდება. -მართლა ვერ ვხვდები, გოგო რომელიც თავის ძაღლზე ისეთი ემოციებით ლაპარაკობდა, თითქოს ადამიანი ყოფილიყოს, სულ რამდენიმე წუთში, ნამდვილ, ცოცხალ, ხელშესახებ, მის წინმჯდომ ადამიანზე საუბრობდეს, ისე თითქოს იქ არც ყოფილიყოს. -მორჩი! -ძლივს ამოვთქვი მე. -მოვრჩი! -არ შემეწინააღმდეგა. -ამას ჯობდა, საერთოდ არაფერი ყოფილიყო. -ნამდვილად! პირობას გაძლევ, რომ მცოდნოდა ყველაფერი აქამდე მოვიდოდა, ნამდვილად არაფერი დაიწყებოდა. -მორჩი-მეთქი! -მოვრჩი! -ისევ დამეთანხმა და ჭიქაში დარჩენილი ღვინო მთლიანად მოსვა. დარჩენილი დრო უხმოდ ვისხედით. სადღაც, ძალიან შორს, რაღაც ერთი წერტილი ამოვიჩემე და გაშტერებული ვუყურებდი, ისე რომ დროის გასვლას ვერც კი ვგრძნობდი. ათას რამეზე ვფქირობდი. ადამიანი, რომლის გვარიც კი არ ვიცოდი, უკვე იმდენად ახლო ადამიანად მიმაჩნდა, რომ ტირილამდე მწყდებოდა გული. ადამიანი, რომლის სხვა რეალობაში გაცნობის ალბათ მცირედი შანსიც კი არ მქონდა და რაც მქონდა ისიც მოვსპე და გავანადგურე. ყოველთვის ასე რატომ ხდება?! იმის რისი ნგრევისაც გვეშინია, თავად ვანგრევთ, რომ სულ იმის შიში არ გვქონდეს, თვითონ როდის მოინდომებს დანგრევას, ჩამოშლას და განადგურებას. ჩვენივე ხელებით ნაშენებს, ჩვენივე ხელებით ვსპობთ, ვაფუჭებთ, თავადვე ვტკენთ საკუთარ თავებს გულს. თავადვე ვშლით. ოღონდ სხვისგან არ გვეტკინოს. ამის ლოდინმა არ შეგვშალოს. მზად ვართ სანუკვარსაც შეველიოთ, ოღონდ სხვამ არ გვატკინოს. დასწრებაზეა. რაღაცნაირი უცნაური თამაშია. ხომ შეიძლება ისეთი თამაში მოიგონო, სადაც ორი ადამიანია და ერთმანეთს უფრთხილდებიან, თან რომ რაუნდები იყოს და ვინ უფრო მეტი რაუნდი შეძლებს რომ გაუფრთხილდეს. არა ჩვენ პირიქით, საშინელ თამაშს ვიგონებთ. რამდენიმე რაუნდია, სადაც უფროდაუფრო მეტად ტკენ ადამიანს გულს და რაც უფრო მეტად ატკენ, რაც უფრო მალე მით უფრო ახლოს ხარ გამარჯვებამდე. მერე იმარჯვებ და ვერც კი ხვდები რა მოიგე! მეორედ თამაშის უფლებას კი აღარ გაძლევენ! სულელი უნდა იყო ადამიანი, ის ითამაშო, რაც განადგურებს! ის შეიყვარო, რაც გკლავს! -წავიდეთ. -იყო ჩემი ფიქრებიდან გამოღვიძების გასაღები. დაპროგრამებული წამოვდექი ფეხზე. ჯერ კიდევ სველი ჟაკეტი მუცელზე შემოვიკარი და არც დავლოდებივარ ისე შევედი შიგნით, მერე დერეფანს გავუყევი. ლიფტთან გავჩერდი. საშინელმა სიჩუმემ მოიცვა იქაურობა. ვიღაც ორ ქალთან ერთად დავეშვით მიწისკენ. ამ ზღაპრის გააზრებას ნელნელა ვიწყებდი. დავიძინებ, გავიღვიძებ და ამ ყველაფრის გახსენებაზე ალბათ ტირილი მომინდება. მძინავს! ჯერ კიდევ ეჭვი მაქვს რომ ყველაფერი მესიზმრება! ჯერ კიდევ არ მჯერა რომ სტამბულში, ფრენამდე 1 საათით ადრე, დემნასთან ერთად დავბოდიალობ. არ ვიცი, მართლა არ ვიცი როგორ მოახერხა ასე მარტივად ჩემი ნდობის მოპოვება. აღარ წვიმს. არც ტაქსიში ყოფილა არაფერი საუბრის მსგავსი. ყველაზე უცხო ადამიანებიც კი არ ექცევიან ასე ერთმანეთს. ნერვიულად მეცინება. მტკივა. მკლავს. აეროპორტში, გამაყრუებლად ისმის ჩასხდომის დრო. უნდა წავიდეს. წავა კიდეც. ან რატომ უნდა დარჩეს. მართლა ზღაპარში კი არ ვარ. ეს ბოლოა. ახლა მაინც უნდა მითხრას რამე. თორემ, გადავა მეორე მხარეს და ყველაფერი მორჩება. ახლა ვხდები რა შეგრძნებაა, როცა ვიღაც ვინც გინდა რომ რჩებოდეს მაინც მიდის, მაგრამ არ გაქვს სათანადო მიზეზი იმისა რომ დარჩენა თხოვო. ყველაზე კარგად მივხვდი ახლა რას გრძნობს სუზი როცა მივდივარ. როცა ვერ მეუბნება, ვერ მთხოვს, რომ დავრჩე. როცა ვერ ღალატობს ვერც ლეას, მაგრამ მაინც ჩემთან უნდა. რაღაცნაირად გარემო მარწუხების ქვეშ მოყოლილი თანახმაა შეეგუოს რეალობას და დარჩეს იქ სადაც არ უნდა და მეც გამიშვას იქ, სადაც არ მინდა. ახლა ყველაზე მეტად მესმის, ყველასი ვისაც აქ დგომა და იმ კარებიდან საიდანაც ვიღაცასთან ერთად შემოვიდნენ, უკან მარტო გაბრუნება უწევთ. ახლა მაინც უნდა მითხრას რამე. ეს ბოლოა. მაგრამ არ ვიცი რა მინდა რომ მითხრას! ისე ვარ, რომ მთხოვოს ბერლინშიც გავყვები! არ ვიცი ამას რატომ გავაკეთებ. ალბათ ის შეგრძნება მკლავს რომ მე ავურიე ყველაფერი. ან ამაზე ფიქრი იმიტომ დავუშვი რომ ვიცი ამას არ მთხოვს. როგორი სუსტი ხდები და დაუცველი, როცა თავს დამნაშავედ გრძნობ. -ჩემი წასვლის დროა! -ეს უნდა ეთქვა??? მგონი არა! ამის მოსმენა არ მჭირდებოდა! ეს ისედაც ვიცი. -კარგად! -ბრაზით ვუთხარი მე და ნიკაპი ამიკანკალდა. -გამიხარდა რომ გაგიცანი! -მითხრა და ძალიან მკრთალად გამიღიმა. სისულელეა! არაფერიც არ გაუხარდა! -ნუ იტყუები! -ძლივს ამოვთქვი მე და სახე ამერია. მიხვდა. -რა სულელი ხარ! -გაეცინა -მოდი! -ბავშვივით ჩამიხუტა. მძიმედ დაშვებულ ხელებს ვერაფერი მოვუხერხე. მინდოდა გულის გახეთქვამდე მეტირა. -არ ვარ! -და თავი ისევ ისე დაუცველად ვიგრძენი, როცა დავუშვი რომ თუ მთხოვდა ბერლინშიც გავყვებოდი. -ხარ! სულელი ბავშვი ხარ! -ისევ იცინოდა და ყვირილი მომინდა! -არა! -ვეღარ შევიკავე თავი და რამდენიმე ცრემლი ჩამომეპარა ლოყებზე. -კი რა! -თმებში ხლართავდა თითებს და ისე ვთვრებოდი, ისე ვეშვებოდი, როგორც არასდროს. მახსნდებოდა როგორ მაკვირდებოდა თვალებზე, მერე ყელზე, ტუჩებზე, ლავიწებზე, ჩემ ყველა მოძრაობას, ყველა სიტყვას, როგორ ელოდებოდა, როგორ ფიქრობდა და გული ისე ამიჩქარდა, კინაღამ გავგიჟდი. მერე ეს შეგრძნება, ბოლოს რომ მიღებდა ახლა. ნელი, თავბრუსდამხვევი ხელის მოძრაობა და ტკივილნარევი სიამოვნება. ლოყით თავზე დამეყრდნო და მთელ სხეულზე გადამედო სითბო. მერე მისი თვალები გამახსენდა. რა ლამაზი თვალები აქვს! ღმერთო! რა ხდება?! ეს უკვე მართლა მესიზმრება! ან ძალიან ბევრი დავლიე და ჰალუცინაციები მაქვს. მეც ლეა ვარ და რაღაცებს ვიგონებ, აი ისეთ ფრთებს ვიგონებ რომელიც არ არსებობს და უბრალოდ მინდა რომ არსებობდეს. ის კიდევ არ წყვეტს ჩემ თმაში თითებით ბორიალს. რატომ აქვს საერთოდ ამის უფლება?! ვიღვრებოდი და მერე ისევ ცეცხლივით ვენთებოდი პროტესტის ნიშნად. ყოველი შეხება ისე მთენთავდა, ისე მღლიდა, მინდოდა მუხლებში სარივით გაჭიმული, უბრალოდ მოვშვებულიყავი და დამესვენა! ეს იქნებოდა საუკეთესო. -მეგობარი მყავს, გამომგონებელი -ამ ფიქრებიდან ჩუმმა ხმამ გამომაფხიზლა, რომელიც თავში მეღვრებოდა. -ვეტყვი, რომ ლეასთვის მფრინავი ფრთები გამოიგონოს! -ფრთხილად იცინოდა, რომ არ შევეშინებინე. ზუსტად ვიცი იცის რომ ვტირი და ზუსტად მაგიტომ არ მშორდება რომ დღევანდელი ამბის მერე კიდევ ერთი სირცხვილისგან არ მოვკვდე. მერე ისევ ჩემთვის უნდა მკითხოს მოგონილი გაოცებით თუ რა მატირებს და მეც უნდა ვიმართლო თავი რომ არ ვტირი. იცის ეს და არ მეშვება. დგას ასე და არ ადარდებს რომ ჩასხდომა ძალიან მალე დაიწყება. -თუ გინდა შენთვისაც ვეტყვი. გინდა? -ისევ ფრთხილად იცინის და თითებს ისევ ჩემ თმაში ხლართავს. -არ მინდა -ბავშვივით გავუწიე წინააღმდეგობა მე და ხმაშიც დამეტყო ბზარი. პასუხად მხოლოდ გაიცინა. -შენ რა გინდა აბა? თვითმაუთოებელი მანქანა? -გაიცინა. მე კიდევ ნერვიულად მეღიმებოდა. ან სულაც, საერთოდ არ გავდა ეს ღიმილს. მეორე ლოყით დაეყრდნო ახლა ჩემ თავს და ხელახლა გამითბა მთელი სხეული. -არაფერი! -ვუპასუხე მე და უფრო მეტად ჩავიმალე ცხვირით მის ხელებში. რას ვაკეთებ? რა ხდება? არაფრის მჯერა! ყველაფერი ტყუილია! -ახლა უნდა წავიდე! -მითხრა, მაგრამ არ განძრეულა. მიუხედავად ჩემი მძიმედ დაშვებული ხელებისა მაინც არ ვაძლევდი საშუალებას წასულიყო და უცებ ჩვევაში გადასული თმაში თითების ახლართვის შეწყვეტა რომ წარმოვიდგინე, სიცივისგან გამცრა და უფრო მეტად მივეკარი ყელთან. გაყინული ცხვირით მივეყუდე და თვალები დავხუჭე. რა გემრიელი სურნელი აქვს! ანერვიულებული სწრაფად ვსუნთქავდი და მთელ ამ არომატს ტვინში და ფილტვებში ვიბეჭდავდი. ყველა კაფსულა წავიღე. დავალაგე და ჩავკეტე რომ არსად წასულიყო. ისე დავიმახსოვრე, დავიწყებაც რომ აღარ გამომივიდოდა. -უნდა წავიდე -ჩურჩულით გამიმეორა და სახეზე ჩამოყრილი თმები უკან გადამიწია. პულსი კიდევ უფრო ამიჩქარდა. ჩემ თმაში დატოვებულმა სიცარიელემ გამაგიჟა. უფრო მივეკარი. ასე უბრალოდ ვერ წავა. ვაწვებოდი, ოღონდ თავადაც არ ვიცოდი რატომ, ან საით. მინდოდა რომ ჩემი ბრაზი ასე გამომეხატა. თითქოს დროს ვაძლევდი რომ ყველაფერი ამოეყირავებინა და გამოესწორებინა. ჩემი შეცდომებიც. ისევ ფრთხილად გადამიყარა უკან თმა და გამისწორა. ჯერ თავზე მაკოცა, მერე თვალთან. მერე ისევ თმაზე მომეფერა. ეხლა მაინც მეტყვის რამეს. მკითხავს. დაივიწყებს ყველაფერს. დემნა. ვეშვები. ძალიან ვთვრები. საფეთქელთან დატოვებული გამოსამშვიდობებელი კოცნა. ვიდექი მძიმედ დაშვებული ხელებით იქ სადაც მანამდე და ვერ ვხვდებოდი რა მტკიოდა. წამიერად გამეყინა აზროვნების უნარი. გაუაზრებლად ვკრავდი და ვშლიდი მუშტებს. ვხვდებოდი მხოლოდ იმას რომ მრჩებოდა მარტო ყოფნის, დაულაგებელი ფიქრების და ეჭვების კიდევ ერთი საათი, სანამ გამაყრუებელი ხმა მამცნობდა ჩემი რეისის ჩასხდომის გამოცხადებას. ვიცოდი, როგორი იყო როცა მიდიხარ და ტოვებ, მაგრამ ახლა უკვე ვხდები როგორია, როცა მიდიან და გტოვებენ. ჩემი თმის მკვლელი წითელი რეზინა, მის მაჯას გაყვა... თმაზე შერჩენილ შეგრძნებებს გონებაში ვკრავდი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.