მოლოდინი [სრულად]
სამსახურიდან ენერგიაგამოცლილი გამოვდივარ და ცივ ჰაერს ვუშვებ. როგორც იქნა დავასრულე ერთ-ერთი წიგნის თარგმნა, უფროსსაც ჩავაბარე და როგორც იქნა მისი კმაყოფილი მზერაც დავიმსახურე ბოლო ერთი კვირის მანძილზე. უღიმღამოდ მივაბიჯებ ჩემი კორპუსის წინა ეზოში. დილით სამსახური, საღამოს ლექციები, მაგისტრატურა მკლავს... ერთი სული მაქვს სახლში შევიდე და ბალიშზე თავი დავდო. ასე მგონია საუკუნო ძილს მივეცემი, მაგრამ ჩემი მძიმე ჩანთა მახსენებს, რომ მხოლოდ ერთი კვირა მაქვს ახალი წიგნის სათარგმნად და ღრმა ამოსუნთქვით ძილსაც ვემშვიდობები. სადარბაზოს ვუახლოვდები და მხოლოდ მაშინ ვაცილებ მზერას მიწას. ნაცრისფერი საღამოა და ამ ნაცრისფერ გარემოში, შავი სილუეტი იკვეთება სადარბაზოსთან. სადარბაზოს კიბეებზე ჩამომჯდარა, თავი კედელზე აქვს მიდებული და თვალები უხუჭია, მის ფეხებთან ჩანთა გდია. მთელ ამ ნაცრისფერ სამყაროში, მხოლოდ მისი სიგარეტის წვერი ბჟუტავს წითლად. ვჩერდები, სუნთქვა მიხშირდება. სილუეტი ნაცნობია, ძალიან ნაცნობი. გული ისე მიძგერდება, ჩემდაუნებურად ხელს ვიბჯენ მკერდზე და ვაწვები. ის არის, ნამდვილად ის არის,მაგრამ აქ რა უნდა? წესით ახლა ძალიან შორს უნდა იყოს - ვფიქრობ და მიახლდება ყველა ტკივილი, ყველა მონატრება, რომელიც მისმა წასვლამ მომანიჭა. მერამდენედ ვიხსენებ და ისევ მას ვამართლებ. უნდა წასულიყო, ასე იყო საჭირო მისი ოჯახისთვის, მისი დის გადარჩენისთვის... გონებაში ძველი ფირფიტასავით ვატრიალებ დაზუთხულ ფრაზას და ვცდილობ უარყოფითი ფიქრები უკუვაგდო. ის ხომ აქაა, ჩემ წინაა? მაქსიმე აქაა, ჩემთან... - მაქსიმე! - საკუთარ ხმას მეც კი ვერ ვცნობ. თავს ასწორებს და პირდაპირ თვალებში მაჩერდება... - მაქს - ერთი ნაბიჯით წინ ისე ვიწევი, თითქოს მსხვერპლს ვეპარებოდე. მხრიდან ჩანთა მისრიალდება და ასფალტზე მძიმედ ვარდება. მაქსიმე ნელა დგება კიბიდან. ფეხებში დაგდებულ ჩანთას აბიჯებს და ხელებს მიწვდის. მეც გაუაზრებლად მივრბივარ მისკენ, კისერზე ვხვევ ხელებს და მთელი ძალით ვკოცნი ტუჩებზე. - მითხარი, რომ რჩები - აქოშინებული ვჩურჩულებ მის ტანზე აკრული. - ცოტა ხნით - არც კი ცდილობს ჩემს მოტყუებას და სადარბაზოსკენ მიბიძგებს. ლიფტი პირველივე სართულზეა გაჩერებული, კარები იღება და შევდივართ. იქვე დაკიდულ სარკეში ღიმილით ვათვალიერებ ჩემს გაწითლებულ ცხვირს, თუმცა არ მაცდის. თავისკენ მაბრუნებს და ტუჩებზე მეხება. ზურგით ლიფტის კედელს ვეყუდები. ის კი ტუჩების მოუშორებლად დააცურებს ხელს ჩემს ფეხზე. ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა, რომ ვგრძნობ მასაც როგორ სიამოვნებს ჩემთან ყოფნა. მისი სხეულიდან წამოსული სითბო მაგრძნობინებს. მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ვარ, როგორც ის ჩემთვის. ვერშეკავებული ემოციით მეფერება და ვოცნებობ ეს წამი უსასრულოდ გაგრძელდეს. მეჩვენება, რომ ხელებიც კი უკანკალებს, ან იქნებ არ.. ლიფტი იღება, ისევ პირველი სართულის ღილაკს უნდა რომ თითი მიაჭიროს. არც კი უყურებს, ჩემს სხეულს ვერ თმობს, მაგრამ ვაჩერებ და გასასვლელად ვუბიძგებ. კიბეებზეც არ მშორდება მისი ვნებიანი ტუჩები. არც გასაღების ძებნისას. სხეული მითრთის, იმდენად ვარ მოწყვეტილი რეალობას, ვერაფერსაც ვერ ვპოულობ. ხელს ისიც ჩანთაში აცურებს, ჩემს ხელს ზემოდან აფარებს და ახლა უკვე თვითონ ეძებს გასაღებს. პოულობს და ჩანთაშივე მაჩეჩებს. საკეტს ძლივს ვარგებ და ვაღებ. სახლში შევდივართ, კარებს ხელის კვრით კეტავს და ზედ მაკრავს. შუქის ანთებას არ მაცდის, მოწყურებული მიკოცნის ტუჩებს, ნელ-ნელა მაშორებს ტანსაცმელს და ოთახისკენ მივყავარ. ის მე მეხება. ამდენი ხნის შემდეგ, ისევ მეხება. ისევ ვგრძნობ ჩემს სხეულზე მის ხელებს. გონებას მაკარგვინებს. ჭკუიდან გადავყავარ. ისევ ისეთია, ოდნავ უხეში, ოდნავ ნაზი, ოდნავ მომთხოვნი, ოდნავ დამყოლი. მაგიჟებს მისი წვერის შეგრძნება ჩემს კანზე. მისი თვალები, რომლებიც მზერით სწავლობენ ჩემს სხეულს და ტუჩები, შეხებით რომ რწმუნდებიან რეალობაში. სხულის თითოეულ მილიმეტრს მიკოცნის იმ ტუჩებით და სადღაც, სხვა განზომილებაში გადავყავარ. მე კი მაინც ვერ ვიჯერებ, რომ ჩემთანაა. ისე მეხება, რომ არ ვხედავდე, ალბათ ვერ ვიგრძნობდი. ზურგიდან მეხუტება და მის თითებს ვგრძნობ მუცელზე. ისე ღრმად ვსუნთქავ, მგონია დიაფრაგმა გამისკდება. - მაქსიმე - ვოხრავ და ვახვედრებ, რომ მისი ქმედება უკვე ყოვლად აუტანელია. - მომენატრე - ჩურჩულებს ისე, რომ მისი ტუჩის თითოეულ მოძრაობას ვგრძნობ ჩემს კანზე. - მეც - მისკენ ვბრუნდები, საჩვენებელ თითს ყბის ძვალს ვაყოლებ და ლავიწთან ახლოს ვკოცნი. თავს მის მკერდზე ვდებ და სიმშვიდის განცდა მეუფლება. არ ვიცი რამდენი ხანი ვართ ასე, ალბათ ერთი ან ორი საათი. სუნთქვა გვირეგულირდება, მშვიდი და მონოტონური გვიხდება. ვფიქრობ ჩაგვეძინება. - უნდა წავიდე - მეჩურჩულება და მთელ ამ იდეალურ სამყაროს ერთ წამში მიცამტვერებს. - სად? - წყენისგან ხმაწართმეული ვჩურჩულებ. - სახლში, ოჯახი მელოდება - თავზე მკოცნის - აეროპორტიდან პირდაპირ შენთან წამოვედი. საოცრად ეგოისტი ვარ, მაგრამ ამ წამს ვერ ვიტან მის ოჯახს. უნდა წავიდეს, უნდა დამტოვოს. მაგრამ ხმას არ ვიღებ, ვჩუმდები. ვიცი რომ მაინც წავა, მართალია, ოჯახი ელოდება, მაგრამ მე მაინც არ მემეტება. კოცნას მიტოვებს და მიდის. ალბათ მეძინება, ვეღარაფერს ვგრძნობ. გამთენიისას კაკუნი მაღვიძებს. თვალებს ვახელ და გარშემო ვერავის ვხედავ. "ნუთუ სიზმარი იყო?" - ვფიქრობ და გული ყელში მებჯინება, მაგრამ სიშიშვლე მაფიქრებს. კაკუნი მეორდება, უფრო ძლიერად. არც საღამურები ჩანს, არც ხალათი, ზეწარს ვიხვევ და კარებისკენ მივდივარ. გამთენიისას უცხო არავინ იქნება, უფრო სწორად, ზუსტად ვიცი ვინაა. კარებს ვაღებ და საყვარელ სურნელთან ერთად ალკოჰოლის მძაფრ არომატსაც ვგრძნობ. მეღიმება და ვიწევი, რომ შემოვიდეს. - მოვედი - კარებს კეტავს და გულზე მიკრავს. მთელი ძალით ვხვევ ხელებს და ვხვდები, მისგან წამოსული ალკიჰოლის სუნიც კი მსიამოვნებს, მაშინ როცა სხვა შემთხვევაში ვერ ვიტან. მის მკერდზე მშვიდად ვსუნთქავ. ალბათ ასე მშვიდად არასდროს ვყოფილვარ. თითებით ნაზად ვეფერები მის სხეულს. სახიდან მოვყვები და ყელზე ჩამოვდივარ. ყელიდან ლავიწებს ვაყოლებ საჩვენებელ თითს და ნაზად ვკოცნი. სიმშვიდე მაშინ ქრება, როცა ჩემი ხელი კანის ამობურცულ ნაწილს გრძნობს. ეს არ იყო, ზუსტად მახსოვს. პლედს ოდნავ ვწევ და ფერდთან ნაიარევს ვხედავ. შიში მიპყრობს, ისიც გრძნობს. თვალებს ახელს და ჩემს შეშლილ სახეს უმზერს. თავის თითებს ნაზად უჭერს ჩემს ხელს და შრამიდან მაწევინებს. - არაფერია - ღიმილით მეუბნება და ტუჩებს მაკრობს ხელის გულზე. - შენ.. შენ.. - სათქმელს ვერ ვამთავრებ. - მე აქ ვარ - ისევ მიღიმის და მისი ღიმილი დამამშვიდებელივით მოქმედებს ჩემზე. ღრმა ამოსუნთქვას ვატან ჩემს შიშს და ისევ მის მკერდზე ვდებ თავს. - კიდევ არის სადმე? - ვერა და ვერ ვშორდები ამ ფიქრებს. - მარიამ - ტონს ამკაცრებს - მათი არსებობა რამეს ცვლის? მე შენთან ვარ და მთავარი ესაა, არა? - ანუ არის - ქვედა ტუჩს კბილებს შორის ვიქცევ - ჩემთან ხარ, მაგრამ შეიძლება არ ყოფილიყავი - ცოტა მიკლია, რომ ემოციებისგან არ ავყვირდე. საშინლად მოქმედებს ჩემზე მისი შრამიანი სხეული. - ამაზე ნუ ფიქრობ - თავზე მკოცნის. - მეფიქრება - ვუღიმი და მის სხეულს ვშორდები. ნაიარევზე დაუფიქრებლად ვახებ ტუჩებს და ნაზად ვკოცნი. ისეთი რბილია, თითქოს ამობურცული კანის შიგნით რეზინი იყოს. სწრაფად ვშორდები და ვაკვირდები ჯერ შრამს, შემდეგ მის სახეს. მეშინია არ ვატკინო.. თითი ახლოს მიმაქვს, უნდა შევეხო, მაგრამ მისი სიწითლე მაფიქრებს. ფიქრებს ხვდება, ეღიმება, ჩემს ხელს თავისაში იქცევს და ისე ეხება საკუთარ სხეულს. მისი ღიმილი სულს მითბობს და მთელი ძალით ვეხუტები. - ჯერ არ გელოდი - ჩურჩულით ვესაუბრები მასზე მიხუტებული. - ვიცი, არც მე ველოდი, ასე გამოვიდა. - და - ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ - და ისევ - არ ვამთავრებ, ისედაც ხვდება. - ისევ - შუბლზე მკოცნის. - მაგრამ.. - მარიამ, აქ დროებით ვარ, ბოლო შეტაკებისას ბატალიონის შემადგენლობის ნახევარზე მეტი დავკარგე. ვინც გადავრჩით, თითქმის ორი კვირა ჩვენც ჰოსპიტალში გავატარეთ. გადაწყვიტეს, რომ ახალი ბატალიონი შეეკრიბათ და სანამ შეკრებენ, ჩვენც მოგვცეს დაბრუნების უფლება. დროებითი შესვენება მაქვს - მიღიმის. - აღარ მინდა, რომ წახვიდე, მეშინია - ვკრუსუნებ. - ამ ერთხელაც, ამ ერთხელაც - ზურგზე ნაზად მეფერება და მამშვიდებს. *** ღამის თერთმეტი საათია და მე ისევ სამსახურში ვარ. ბოლო სიტყვას ვთარგმნი, წერტილს ვსვამ, დასტას მაგიდის კუთხეში ვდებ და საკუთარი თავით ამაყი ვდგები. ჩანთას მხარზე ვიკიდებ, ხელებს ქურთუკის ჯიბეებში ვილაგებ და გარეთ გავდივარ. სიცივისგან მაკანკალებს. სქელ ყელსახვევში ვმალავ ტუჩებსაც და ცხვირსაც. კარებს ვკეტავ და ქუჩისკენ მივდივარ. რამდენიმე მეტრში ნაცნობ სხეულს ვხედავ. მეღიმება, უსიამოვნო შეგრძნებებიც ქრება. ნელა ვუახლოვდები და ზურგიდან ვეხვევი. ჩემს გაყინულ ხელებს თავის თბილ თითებს აფარებს ზემოდან. - არ გელოდი - ჩახლეჩილი ხმით ძლივს ვამბობ. - შენ არასდროს მელოდები - ეცინება და ბრუნდება. - არადა შენი ლოდინი მკლავს - მეც მეცინება. - ჩაი გვინდა, თორემ მე შენი ხმა მომკლავს - თავზე მკოცნის და ხელს მხვევს. ვსხედვართ ჩაის სახლში. ვსვამ ინგლისურ, შავ ჩაის და ვუყურებ საყვარელ, შავ თვალებს. ხელს არ მიშვებს, თუმცა არც მიცდია. მისი თვალები მამშვიდებს, ამ ჩაისავით მათბობს. მიყურებს და მიღიმის. თითებზე მკოცნის და ამ სიმყუდროვეში მკარგავს. - სულ ასე გვიან მოდიხარ? - ინტერესით მიყურებს. - არა, სულ არა - მეცინება. - ანუ ხშირად - სიცილის მიღმა დამალულ ფრაზას ხვდება. - რა ვიცი - მხრებს ვიჩეჩავ და ჩაის ვსვამ. - კარგი - უკმაყოფილო ღიმილით მეთანხმება - როგორ იყავი აბა ჩემ გარეშე? რას აკეთებდი? - რა უნდა მეკეთებინა? - უდარდელად ვპასუხობ და ქვედა ტუჩს ვაბრუნებ უცოდინრობის ნიშნად. - გენატრებოდი? - ტუჩებს ოდნავ სწევს ზემოთ, თითქმის შეუმჩნევლად იღიმის. - ხო - თვალებს ვხრი, ერთიანად მიტევს ძველი გრძნობები და თვალებში ცრემლი მიდგება. - ფიქრობდი ჩემზე? - არ ჩუმდება, დაჟინებით მაცქერდება. - ხო - ვჩურჩულებ, რომ ხმის კანკალი დავმალო. ჩაის ფინჯანზე მოხვეულ თითებს ვაკვირდები და არ მინდა მას შევხედო. ცოტაც და ალბათ ავტირდები. - მეც - სიტყვის აღქმისთანავე გაკვირვებულ თვალებს ვაპყრობ - მეც მენატრებოდი - საკუთარ სიტყვებს ავრცობს - მეც ვფიქრობდი შენზე, სულ - ვუყურებ, ვისმენ, მაგრამ ყურებს ვერ ვუჯერებ. მის თვალებს მზერას არ ვაშორებ და ერთიანად ვთბები, როცა ისინიც იმავეს მამცნობენ. პირველად მესაუბრება ასე თბილად, პირველად მიმხელს თავის გრძნობებს. მინდა ჩავეხუტო, მაგრად ჩავეხუტო და აღარსად გავუშვა, მაგრამ მხოლოდ იმას ვახერხებ თითები მოვუჭირო მის ხელს და ვაგრძნობინო, რას განვიცდი. *** თვალებს ვახელ და საწოლის განაპირას, მაქსიმეს ზურგს ვხედავ. მეღიმება. თუმცა მალევე მიქრება ღიმილის სურვილი, თავს ცუდად ვგრძნობ. ყელი მტკივა, შიგნიდან მეფხანება, რაღაც მფხაჭნის. არც სუნთქვა მაქვს წესრიგში. ჰაერს პირით ვისუნთქავ და ღრმა ამოსუნთქვით უკან ვუშვებ. ვახველებ და მაქსსაც ეღვიძება. ღიმილით ბრუნდება ჩემკენ და მესალმება. - დილა მშვიდობის - შეძლებისდაგვარად გასაგებად ვესალმები და მის მზერაზე მეცინება. შეცბუნებულია. - ცუდად ხარ? - ჯდება და მიყურებს. - მგონი - მხრებს ვიჩეჩავ. - მოგივლი - დაბეჯითებით ამბობს, მიღიმის, წამით მეხება ტუჩებზე და დგება. ღიმილით ვაყოლებ თვალს და საბანში ვეხვევი. ვერ ვხვდები, როდის მეძინება, მაგრამ მაქსიმე მაღვიძებს. - ბოდიში, უბრალოდ მერე გაცივდებოდა და გემრიელი აღარ იქნებოდა - წვნიანის თეფშით ხელში მიღიმის. მგონი ამაზე კარგად ჯერ არ ვყოფილვარ. ბედნიერს მეღიმება და ვიწევი. თეფშს ტუმბოზე დგამს, ბალიშს მისწორებს, კოცნაც არ ავიწყდება და ისევ საწყის პოზიციას უბრუნდება. თავისი ხელით მაჭმევს ამქვეყნად ყველაზე გემრიელ წვნიანს. დამჯერ ავადმყოფს კოცნით მასაჩუქრებს და ჩაიც მოაქვს. ისევ გვერდით მიწვება. მე კი მის სხეულს აკრული, ღიმილით ვსვამ ჩაის, ლიმონის არომატით და ვტკბები მისით. - უნდა წავიდე - ცოტა ხნის შემდეგ მშვიდად მეუბნება და მკოცნის. - კარგი - გაბუსხული ვიწევი და ჩემს მხარეს გადავდივარ. - მარტო წვნიანი ვერ გიშველის, წამალს გიყიდი და მოვალ - ეღიმება. - მართლა? - უცებ ვიბადრები - წამლისთვის მიდიხარ? სამსახურში არ წახვალ? - არ წავალ - ღიმილით მიყურებს ბავშვივით გახარებულს. კოცნას მიტოვებს და მიდის. - აფთიაქში რამე დატოვე? - სიცილით ვეკითხები უკან დაბრუნებულს. იმდენი პარკით მოდის, თითქოს ბაზარში წასულიყო პროდუქტზე. - სურდოსია, ყელის, სიცხის, ვიტამინებიცაა - სერიოზული სახით მიხსნის და სამზარეულოსკენ მიდის. წამლებსაც საკუთარი ხელით მასმევს. ყოველ მწარე წამალს ტკბილი კოცნით ანეიტრალებს და ბოლოს, ისევ წვება. ტელეფონზე ურეკავენ, სერიოზული სახით საუბრობს. - ხომ არ წახვალ? - ბუზღუნით ვკითხულობ, როცა საუბარს ასრულებს. - სანამ კარგად არ იქნები, არსად არ წავალ - ღიმილით მამშვიდებს და მუცელზე დადებულ ჩემს ხელს, ზემოდან თავისას ადებს. როგორ მინდა უსასრულოდ გაგრძელდეს ასეთი ავადმყოფობა, მაგრამ.. რამდენიმედღიანი ზრუნვა შედეგს იღებს და კარგად ვარ. იმდენად კარგად, თავსაც კი ვერ ვაჩვენებ ცუდად. ამიტომ მიდის.. ხომ ვიცი, რომ უნდა წავიდეს, ხომ ვიცი, რომ სავალდებულოა, მაგრამ მაინც ვეგოისტობ. - იქიდან პირდაპირ შენთან წამოვალ - კარებთან გასაცილებლად მდგომს მამშვიდებს. ზღურბლზე მდგარი საკოცნელად ბრუნდება. ჩემს გაბრაზებულ სახეზე ეცინება და მიდის. *** დილით ადრე მეღვიძება. საათის ისრები დილის ექვსს მიჩვენებს. მაქსიმეს ისევ სძინავს. საწოლიდან ქურდულად ვიპარები, ფეხებს თბილ ჩუსტებში ვყოფ, მის პერანგს ვიღებ და გზადაგზა შიშველ სხეულზე ვიცვამ. სამზარეულოში შევდივარ, სწრაფად ვამზადებ ყავას. ლანგარზე თეფშით კრუასანებს ვდებ, ფინჯნებსაც ზედ ვათავსებ და საუზმით ხელდამშვენებული საძინებლისკენ მივდივარ. თუმცა, არა, რაღაც მაკლია. ლანგარს მისაღებში, მაგიდაზე ვდებ და სამზარეულოში სწრაფი ნაბიჯით მივდივარ. უკვე საკმაოდ ცივა, ფეხები სულ მომეყინა. სათავსოდან მაკრატელს ვიღებ, ლარნაკთან მივდივარ და მაქსიმეს მორთმეულ თაიგულს ერთ-ერთ ვარდს ვაჭრი. მაკრატელს მაგიდაზე ვაგდებ და ისევ მისაღებში შევრბივარ. ისე მცივა კბილები მიკაწკაწებს. ვარდს ლანგარზე, ფინჯნების შუაში ვაცურებ და მანამდე მეხვევა მაქსიმეს მკლავები მუცელზე, სანამ ლანგარს ხელში ავიღებ. - სად გამომეპარე? - ვნებიანი ხმით მეჩურჩულება და ყურის ძირში ტუჩებს მახებს. ლამის გავითიშო. - დილის საუზმე საწოლში, აი რაზე თქვი ახლა უარი - ვჩურჩულებ და ჩემზე ისედაც მჭიდროდ აკრულს, მეც უარესად ვეტმასნები. მთელი სხეული მიხურდება, მიდუღს... არადა წამის წინ მციოდა. - გადავიტანთ - ისე მპასუხობს ტუჩებს არ მაშორებს ყელიდან. ფეხებში ძალა მეცლება. მინდა მისკენ შევბრუნდე, მაგრამ ხელს არ მიშვებს. სავარძლისკენ უკუსვლით მიდის და მეც თან მივყავარ, ჯდება და მუხლებზე მისვამს. - რაღაც უნდა განახო - მის ხელებს ვიშორებ, მუხლებიდან სწრაფად ვხტები და შიშველი ტერფებით ვეხები იატაკს. მაქსიმეს სხეულს მოშორებულს ისევ სიცივე მიპყრობს, ფეხისგულები მეყინება. ცერებზე ვიწევი და ჟურნალების მაგიდასთან მივრბივარ. ვგრძნობ მაქსიმეს უკან დადევნებულ ვნებიან და მომღიმარ მზერას და მეღიმება. სწრაფად ვიღებ ალბომს და ისევ ცერებზე აწეული ვბრუნდები მაქსთან. ალბომს ვუწვდი და კალთაში ვუჯდები. ისიც ხელს წელზე მხვევს, სავარძელზე წვება და მეც მის სხეულს მივყვები. თავს მის გულზე ვდებ და ძველისძველ, უკვე გახუნებულ ალბომს ვუყურებ. სახლის დალაგებისას აღმოვაჩინე და ისიც კი არ ვიცი ნორმალურად, ვინ არიან ამ შავ-თეთრ ფოტოებზე. - ეს დიდი ბებიაა მგონი, იცი? ქმარი ომში დაკარგა, მართლა დაკარგა, აღარც ცოცხალი ჩამოვიდა, აღარც მკვდარი, ის კი წლების განმავლობაში ელოდა - ვლაპარაკობ და მის თბილ ტუჩებს ვგრძნობ შუბლზე. - ძალიან მაგარი ბებია გყოლია - ვხვდები, რომ ეღიმება. ალბომის დათვალიერებას ისე ვასრულებთ, სურათების ნახევარზე მეტი არც მინახავს. ჩემთვის საკმარისია, მასთან ერთად ასე ყოფნა. ჩემს თმებს ეთამაშება და დროდადრო კისერში მკოცნის. მეღიმება და ცხვირს მის მაისურს ვუხახუნებ. ხელში მიყვანს და ოთახისკენ მივყავარ. ლოგინზე მაწვენს და თვითონაც წვება. თავს ჩემს მუცელზე დებს და მეც, ხელები მაშინვე მისი თმებისკენ გამირბის. ეძინება. მეღიმება. დავყურებ და ვხვდები, მისი თითოეული ამოსუნთქვა ჩემს სიცოცხლეს იწვევს. ჰაერივითაა, გამუდმებით მჭირდება. წარბებზე ნაზად ვუსვამ თითებს და თითქმის შეუმჩნევლად ვეხები ტუჩებზე. ოდნავ ხსნის ბაგეებს და ჯერ ისევ მათზე მყოფ თითის ბალიშებს კოცნის. სწორდება და ნელა მოიწევს ყელისკენ. ვგიჟდები მის თითოეულ მოქმედებზე, მის სინაზეზე და სითბოზე. მთელი სხეულით ვეკვრი და სრულად ვისრუტავ მის სურნელს. *** - ჩაიცვი - კარების გაღებისთანავე ამბობს და მკოცნის. - ხომ მშვიდობაა? - მიკვირს, ჩვეულებრივ სულ მშვიდი და გაწონასწორებულია. - კი, თბილად ჩაიცვი. - კარგი - მეღიმება და ოთახისკენ მივდივარ. არაფერს ვეკითხები. ვგრძნობ, რაღაც კარგს მიმზადებს და ველი. ვმგზავრობ ღამით მასთან ერთად. საჭესთან ზის და მაინც, მთელი ყურადღება ჩემკენ აქვს. სიჩქარეს არეგულირებს და მაინც, ყოველ წამს ეხება ჩემს ხელს. თავში აზრადაც არ მომდის, ვკითხო სად მივდივართ. თუნდაც უსასრულოდ ვიაროთ ასე, თავს მაინც ბედნიერად ვიგრძნობ. გარემო თეთრდება და მინას ფანტელები ეცემა. ბავშვივით ვიბადრები თოვლის დანახვაზე. ისიც მიღიმის და იმ ხელზე მკოცნის, ფანტელებმა რომ დაფარა. პატარა, ხის სახლთან ვჩერდებით. შევდივართ, ჩანთებიც შემოაქვს, იქვე კარებთან ყრის და ბუხართან მიდის. ძველ სავარძელში ჩამჯდარი შევყურებ, როგორ ანთებს ცეცხლს. ეს იდილიაა, საოცარი შეგრძნება და ვხვდები, თვითონაა საოცრება. ცეცხლის ყურებით გართულს, ჩაის ფინჯნით მიახლოვდება. ადვილად მიყვანს ხელში, სავარძელს თვითონ იკავებს და მე კალთაში მისვამს. ვეხუტები და მხარზე ვკოცნი. შეშა თითქმის ჩაიწვა, მაგრამ ვერ ვუშვებ, წამითაც ვერ ველევი. არც მას უნდა სადმე წასვლა, მზერით მათბობს და ესეც მყოფნის. მომღიმარი სახე უსერიოზულდება, ძალიან ნელა მოიწევს ჩემკენ და ტუჩებზე მეხება. ისე ფრთხილობს, თითქოს ფაიფურის ვიყო და ეშინოდეს, ხელში არ შემოვატყდე. ისეთი ნაზია, ისეთი თბილი, რომ შემეძლოს ამ წამს სამუდამოდ შევაჩერებდი. ხელებს კისერზე ვხვევ და მთელი სხეულით ვეკვრი. ოთახში ისე მივყავარ, წამითაც არ მშორდება. მე კი ვერაფერს აღვიქვამ მისი ტუჩების და საოცრად თბილი ხელების გარდა. ბუმბულივით ნაზია მისი შეხება და მაოცებს, როგორ შეუძლია ასეთი იყოს.. ცხელი ტუჩებით მიწვავს მთელ სხეულს და მთლიანად ვიკარგები მასში. მისი შეხება მაღვიძებს, ნაზად მკოცნის სახეზე და მიღიმის. მეც ღიმილით ვიღვიძებ, ნაზად ვაყოლებ თითს მის ლოყას. საოცრად მსიამოვნებს ახლადწამოზრდილი წვერის შეგრძნება. სიგარეტის არომატსაც შევეჩვიე. ოდნავ ვიწევი, წამით ვეხები ტუჩებზე და ისევ ვწვები. - შუადღეა უკვე - ეღიმება. - მერე? - არ ვიმჩნევ, როგორ მიკვირს ამ დრომდე ძილი. - არ წავიდეთ? - მეზარება - მხრებს ვიჩეჩავ - დავრჩეთ რა - ორი თითით ყელს ვეხები და ვამხიარულებ. - რამდენ ხანსაც ისურვებ - თითებზე მკოცნის - საუზმეს ამოვიტან - ოთახიდან გადის და თან მზერას ვადევნებ. საუზმე აშკარად მისი შემოქმედებაა. ლანგარს ფრთხილად დებს ჩემს მუხლებზე და მიყურებს ისე, როგორც შემფასებელს. მაგრამ შეფასება არ მახსოვს. მხოლოდ მოსუფთავებული ლანგარი მატყობინებს, რომ საუზმის ჩემი წილი ლიმიტი ამოვწურე. - ძალიან დაღლილი და მოშიებული იყავი ალბათ - თვალს მიკრავს მაქსი. - ნუ დამცინი , უბრალოდ გემრიელი იყო - ვუღიმი, არადა ვცდილობ ყურადღება გადავატანინო. - არ გინდა ადგე? ქვემოთ ბუხარი ანთია, უფრო თბილა. - არ მინდა - ნებიერად ვწვები, საბანს ცხვირამდე ვიწევ და თვალებს ვნაბავ. - მე მინდა - სიცილით მამცნობს, საბანში გახვეულს მოხერხებულად მიყვანს ხელში და პირველ სართულზე ჩავყავარ. ჩემი კისკისი მთელ სახლს ედება. ბუხრის წინ ვწევარ საბანზე, თავი მის კალთაში მიდევს და თვალებში შევყურებ. გარეთ თოვს, მიუხედავად ამისა, მე მაინც არ მინდა გასვლა. მინდა ასე ვიწვე მთელი დღე და ვუყურო ყველაზე ლამაზ თვალებს. *** ნერვიულად დავდივარ მთელი დილა ოთახიდან ოთახში. მიხარია რომ მაქსი ჩემთან არაა, თორემ ჩემი აფორიაქების დამალვას ნამდვილად ვერ შევძლებდი. გადამიცდა. თითქოს არაფერია სანერვიულო, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ. ნერვიულობა საკმარისია! ქურთუკს ხელს ვავლებ და სადარბაზოს კიბეებზე ჩავრბივარ. ჩემი კორპუსის ქვეშ მდებარე აფთიაქში ორსულობის სამ სხვადასხვა ტესტს ვყიდულობ და ქურდულად ვიტენი ჯიბეში. ნერვიულობას ვუმატებ. ის რამდენიმე სართული, რამდენიმე საფეხური საუკუნოდ იწელება. სახლში დაბრუნებული, ბევრად უფრო აღელვებული ვარ. ღრმად ვსუნთქავ, ქურთუკს შემოსასვლელშივე ვკიდებ და ტესტებს ხელში ვიბღუჯავ. სააბაზანოში შესვლას ვაპირებ, კაკუნი რომ მესმის. სასწრაფოდ ვაბრუნებ ისევ ქურთუკის ჯიბეში, თითქოს დანაშაულზე წამასწრესო. უკმაყოფილოდ ვაღებ და ზღურბლიდან მაქსიმე მიღიმის. მეც მეღიმება, ღიმილით ვცდილობ ღელვის დამალვას. მთელი დღე ჩემთანაა, ღამეც რჩება. პირველი შემთხვევაა, როცა ერთი სული მაქვს ან წავიდეს, ან დაიძინოს. ხმას არ ვცემ, ვაჩვენებ, რომ მძინავს. შუაღამისას, მისი მშვიდი სუნთქვის მოსმენისას, საწოლიდან ვიპარები. როგორც იქნა ჩაეძინა. დასარწმუნებლად, ყოველი შემთხვევისთვის მაინც, თავს ვყოფ ოთახში. ისევ სძინავს. გულდამშვიდებული ვიღებ ჯიბიდან სამივე ტესტს და სააბაზანოში შევდივარ. ვერ ვიჯერებ. სააბაზანოს ნიჟარას ვეყრდნობი და სარკეში საკუთარ ანარეკლს ვუყურებ. ნერვიულად ვისვამ შუბლზე ხელს და ვხვდები, ხელები გამყინვია. დავყურებ ტესტს და მგონია, სიზმარში ვარ. გაკვირვებული ვარ, დაბნეული, ცოტა შეშინებული და მაინც ბედნიერი. ვაანალიზებ და მეღიმება. მე მას ვგრძნობ.. ჩემში ახალი სიცოცხლე იწყება.. სახეზე წყალს ვისხამ და საძინებელში მივდივარ. მაქსს სძინავს, უშფოთველად სუნთქავს. გვერდით ვუწვები, მხარზე შეუმჩნევლად ვკოცნი და ზურგს ვაქცევ. შეუმჩნევლად ვეფერები მუცელს. მუცელს, რომელშიც ახალი სიცოცხლე სუნთქავს. ვერ ვიჯერებ, მე დედა გავხდები. არა კი არ გავხდები, უკვე ვარ. იმ წამიდან ვარ, რაც ეს პატარა არსებობს ჩემში. ბედნიერებისგან ლამისაა გავსკდე, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ. თავი საბნის ქვეშ ჩამიმალავს და მოშიშვლებულ მუცელს დავყურებ. გარეგნულად არაფერი მეტყობა, მაგრამ შინაგანად უკვე ვგრძნობ მის არსებობას. პაწაწინა, სულ პატარა სხეული არსებობს ჩემში და მე ახალი ვალდებულება მიჩნდება. მოვუარო მას! - ესაა ერთადერთი მოვალეობა დღეიდან. ღმერთო, ჩემი შვილი, ჩვენი შვილი.. ჩემი და მაქსის.. მაქსი, მაქსიმე.. მაქსიმეს უნდა ვუთხრა, მაგრამ როდის ან როგორ? გული მიჩქარდება, ვგრძნობ რომ ჰაერი აღარ მყოფნის. საბანს ვიხდი და ცივ ჰარს ვისუნთქავ. მაქსიმეს გახსენება მაღელვებს. რისი მეშინია? ჯანდაბა! მე მაქსის მეშინია? ფიქრების გამო, სურვილი მაქვს საკუთარი თავი ვცემო, შევაჯანჯღარო, გამოვაფხიზლო. ახლახანს გამეფიქრა, რომ ჩემი მაქსის უნდა მეშინოდეს.. არა! მაქსიმეს გაუხარდება. მაქსიმეს უნდა გაუხარდეს! სხვანაირად არ შეიძლება, სხვანაირად უბრალოდ მოვკვდები. ვხვდები, როგორ ვთრთი შინაგანად და მინდა ავდგე, რომ მაქსიმე არ გავაღვიძო. ვემზადები უხმაუროდ წამოსადგომად, რომ მაქსიმეს ხელს ვგრძნობ ჩემს მუცელზე. მეღიმება, ბალიშიდან წამოწეულ თავს უკან ვაბრუნებ. სუნთქვაშეკრული ზემოდან ჩემს თითებს ვადებ და დავყურებ. თითქმის შეუმჩნევლად ვეფერები მის ხელს. მგონია, ისიც გრძნობს ჩემში ახალ სიცოცხლეს და მიხარია. - მარიამ - საუბრის დაწყებას მასწრებს. - რაღაც უნდა გითხრა - ვპასუხობ და მისკენ ვბრუნდები. - მეც - ისეთი ხმით მეუბნება, ვხვდები რაც უნდა მითხრას. ვხვდები და გული მეკუმშება. - ორსულად ვარ- ტუჩები მის მკერდზე მიდევს და თითქმის უხმოდ ვამბობ. ისე, ტუჩების თითოეულ მოძრაობას რომ გრძნობდეს. თითქოს ვცდილობ, მის გულამდე მივიტანო, გავაგებინო, რომ ის არ მითხრას, რის თქმასაც აპირებს. - მაპატიე - ისიც ჩურჩულებს და ხელებს მთელი ძალით მხვევს. - მაქსიმე - ხმაში ტირილის ნოტები მერევა. - გთხოვ - ტონს არ იცვლის. - გემუდარები - ცრემლები მცვივა და ჩემი თვალებიდან მის სხეულზე ინაცვლებენ. - მარიამ, ხომ იცი - მძიმედ ყლაპავს ნერწყვს. - არ ვიცი, არ ვიცი - ვქვითინებ და კიდევ უფრო მაგრად ვეხუტები. - არაფერი შემიძლია, მაპატიე - მეჩურჩულება და თავზე მკოცნის. - წადი - ძლივს ვახერხებ, რომ ეს ერთი სიტყვა ვთქვა. ყველაფერი შეუძლია.. შეუძლებელია, რამე არ შეეძლოს. შეუძლია და არ აკეთებს. ფიქრები მისი გამართლების საშუალებას არ მაძლევს. - მარიამ - კიდევ კარგი, ხვდება რომ ეს წადი „იქ“ წასასვლელი ნებართვა არ არის. - წადი - ვშორდები და ზურგს ვაქცევ. ყოველთვის, როცა ასე ვიქცევი, ის მეხუტება, კოცნით მავსებს, მაგრამ არასდროს მიდის. ახლა კი ვგრძნობ, როგორ იზნიქება ლოგინის მეორე მხარე. მინდა ვიყვირო, მთელი ხმით ვიყვირო და გავაგებინო, რომ ეს არ უნდა ქნას. არ უნდა წავიდეს, არ უნდა დამტოვოს, არც ახლა და არც შემდეგ. ვერ იგებს, ვერ ხვდება რას ვფიქრობ, რას ვგრძნობ. ძალიან ნელა მოძრაობს. ალბათ ნახევარი საათი მაინც უნდება ჩაცმას და ისევ ჯდება. ვიცი, რომ საკუთარ თავს ებრძვის.. ველოდები, რომ ისევ დაწვება, ისევ ჩამეხუტება, მეტყვის რომ ყველაფერს მოაგვარებს. მაგრამ ასე არ ხდება. დგება, რამდენიმე ნაბიჯს დგამს, მერე ისევ უკან ბრუნდება.. ვგრძნობ როგორ მკოცნის მხარზე, საოცარი სინაზით და მიდის.. *** - შეიძლება? - პირველად მთხოვს ნებართვას შემოსვლისთვის. ვიწევი. შემოდის. ისე ახლოს მივლის, მგონია შემეხება, მაგრამ არა, მილიმეტრებით მცდება და თავბრუს მახვევს თავისი სურნელით. თვალს ვაყოლებ. ერთ ღამეში შეიცვალა. ვეღარ ვხედავ იმ სიძლიერეს. სადღაც გაქრა. მძიმედ დგამს ნაბიჯებს. პირველად მიდის შემოსვლისთანავე მისაღებში და არა საძინებელში. მივყვები. ჯდება და მიყურებს. მთელ სხეულში ატანს მისი მზერა, მახვილივით მერჭობა და მგონია, მკლავს. მის მზერას ვერ ვუძლებ, თვალებს ვხრი და მისგან მოშორებით ვჯდები. - მარიამ - ისიც ხრის თვალებს და აღარ მიყურებს. - მიდიხარ - ლამისაა გული გამისკდეს. - სხვა გზა არაა - უჭირს თქმა. - მესმის - მინდა სიმშვიდე შევინარჩუნო. მაგრამ არაფერიც არ მესმის. არ მესმის რატომ უნდა წავიდეს, როცა მე აქ ასე მჭირდება. - თქვი, მითხარი - ხვდება, რომ ფიქრების კორიანტელი მატყდება თავს და მის ხმას სიმტკიცე ეკარგება. - ვერ გიტან - ვჩურჩულებ და ცრემლები მახრჩობს. შეიძლება ვეღარ დაბრუნდეს.. ვუყურებ და ვხვდები, შეიძლება ვეღარ ვნახო.. შეიძლება საკუთარი შვილი ვერასდროს ნახოს, ის კი მაინც მიდის. როგორ შეუძლია ასეთი იყოს.. როგორ შეუძლია ჩემს მზერას გაუძლოს.. „საკმარისად არ ვუყვარვარ“ - გონებაში მიელვებს და მზად ვარ თავი მოვიკლა ამ აზრის გამო. როგორ შეიძლება არ ვუყვარდე, როცა მხოლოდ ერთი შემოხედვით ხვდება ჩემს ფიქრებს. როცა ერთი ამოსუნთქვა ჰყოფნის განწყობის მისახვედრად. როცა ერთი შეხება აბედნიერებს. - არ წახვიდე - მაინც ვცდილობ. მგონია, რომ შევძლებ. მგონია, რომ არ შეუძლია წასვლა. მგონია, რომ ასე ვერ გამიმეტებს. უმისობისთვის ვერ გამიმეტებს, გაგვიმეტებს. - მაპატიე - თითით მწმენდს ცრემლს, მე კი მის შეხებაზე ვდნები. - მაქსიმე - უიმედო იმედს ვეპოტინები. - სამ დღეში - დგება და მიდის. გაკვირვებული ვუყურებ, ვერ ვინძრევი. მიდის ისე, რომ უკან არ იხედება. მიდის ისე, რომ არ მეხება. მუცელში რაღაც განუწყვეტლივ მოძრაობს და მეწვის. გული თითქოს ჩერდება. მძიმედ ვსუნთქავ და ვცდილობ ტკივილს გავუმკლავდე. მტკივა, მაინც მტკივა, ყველაფერი მტკივა, ის კი არ ბრუნდება. „არ წახვიდე, არ წახვიდე“ - მთელი ხმით გაჰკივის გული. „არ წახვიდე, არ წახვიდე“ - მთელი ხმით გაჰკივის გონება. კარების დაკეტვის ხმა მესმის და არაადამიანურად ვყვირი. წავიდა.. გამიმეტა.. მიმატოვა.. გულისცემას ყელში ვგრძნობ.. პირში სისხლის გემო მაქვს.. ტუჩები მეწვის.. ჰაერი აღარ მყოფნის.. ვეღარ ვსუნთქავ.. ვგრძნობ, როგორ წყდება ჩემში ის, რასაც მაქსიმე ჰქვია.. - არ წახვიდე - ვჩურჩულებ. ვერ გადავიტან. ვერ გავუძლებ. ვერ გავძლებ.. *** კარებზე კაკუნია. მეღიმება. ვიცი, რომ ისაა და სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ დერეფნისკენ. ვაღებ. ღრმად ვსუნთქავ, მისი სუნამოს სურნელი ყველაფერს მავიწყებს. მინდა ჩავეხუტო, მთელი ძალით შემოვეხვიო ისე, რომ ჩემგან თავი ვერ დაიძვრინოს. არსად გავუშვა და სულ ჩემთან დავტოვო. მაგრამ ამას არ ვაკეთებ. შემოდის. თვალები ჩამქრალი აქვს. ოთახისკენ მიდის. ისე მოძრაობს, თითქოს მთელი ქვეყანა აწევს ზურგზე ტვირთად. მისი ტვირთი კი მხოლოდ ერთია. მეღიმება. იმედს მისახავს მისი საძინებლისკენ სვლა. მგონია, რომ იმას მეტყვის, რაც ასე ძალიან მინდა და ლამისაა ვიკივლო ბედნიერებისგან. ლოგინის კიდესთან ჯდება და მიყურებს. იმედი მიცრუვდება, მისი მზერა ყველაფერს მახვედრებს. მის გადაწყვეტილებაში არაფერი შეცვლილა. რა უნდა ჩემგან? გული მიჩქარდება, მინდა ემოცია გამოვხატო და არ გამომდის, კიდევ უფრო ცუდად მხდის. ისეთი თვალებით მიყურებს, მავიწყებს ყველა იმედგაცრუებას, ყველა ტკივილს. ვხედავ როგორი დაცლილია. თითქოს ძალა აღარ აქვს. მიყურებს და ჩემგან ელის შვებას. აუტანელია მისი ტკივილიანი მზერა.. მინდა, რომ ვანუგეშო, მაგრამ მე ვინ მანუგეშებს? უმისობით გამოწვეულ დანაკლისს ვინ შემივსებს? ვინ დამეხმარება, რომ გული არ მტკიოდეს? ვინ შეძლებს, რომ სუნთქვაში დამეხმაროს? და მაინც, ვერ ვუძლებ.. გვერდით ვუჯდები. თავს მხარზე ვადებ და თვითონაც ვერ ვხვდები, როდის მვარდება ცრემლი. ნაზად მისვამს სახეზე ხელს და ვსწორდები. მიყურებს. მის თვალებში სინანული ჩანს. თვალებით მთხოვს პატიებას და მე უძლური ვარ მის თვალებთან. იმიტომ, რომ ამავე თვალებიდან იმხელა სითბო იღვრება, ზამთრის ყველაზე სუსხიან ღამეშიც რომ გამათბობს. საკმარისია ეს მზერა წარმოვიდგინო და უმისობით გამოწვეული სიცივეც კი ვერაფერს დამაკლებს. ვეღარ ვუძლებ. ახლა რომ არ ჩავეხუტო, ალბათ მოვკვდები. გული ლამისაა ამოხტეს.. ვგრძნობ, როგორ მეწვის მთელი სხეული. ვეხუტები. შეიძლება ბოლოჯერ ვხედავდე. ამაზე ფიქრიც კი მზარავს. თავს უფლებას ვერ მივცემ, უჩემოდ წავიდეს. თავს უფლებას ვერ მივცემ, უმისოდ დამტოვოს. მისი სითბო მჭირდება. ვხვდები, რომ ამის გარდა ვეღარაფერი გადამარჩენს. ვეხუტები და მის გულისცემას ვგრძნობ. მეღიმება, მაინც ახერხებს, რომ გამაღიმოს. ისე შესამჩნევად ნერვიულობს. მისი სიმშვიდე სადღაც ქრება და ჩემს უგზო-უკვლოდ დაკარგულ სიმშვიდეს მიჰყვება. ღრმად ვსუნთქავ, მაინც არ მიეწოდება ფილტვებს ჰაერი. მგონია, რომ წყალში ვარ. ვერ ვსუნთქავ, არაფერი მესმის, ყველაფერს ბუნდოვნად აღვიქვამ.. პულსი აჩქარებული აქვს მასაც, ღრმად სუნთქავს ისიც. ხელები ძალიან ძლიერად აქვს მოხვეული და მაინც ვგრძნობ, როგორ ფრთხილობს. ვშორდები და ვუყურებ. ვიმახსოვრებ, გონებაში ღრმად ვიბეჭდავ, მინდა სულ თან დამყვებოდეს. თითებით ვეხები მის სახეს. შუბლიდან ვიწყებ და ნიკაპით ვამთავრებ. შინაგანად ვკანკალებ. ემოციებს ვერ ვთოკავ. ცრემლი მომდის. თითებიც მიკანკალებს. ფიქრები ჩემზე ძლიერია.. ერთმანეთის მიყოლებით მიელვებს თავში როგორ მიდის და როგორ აღარ ბრუნდება უკან. მაჩერებს. თვითონ იკავებს ჩემს ხელებს. თვითონაც უჭირს, ვიცი და ეს მეხმარება, რომ არ გავგიჟდე. ტუჩებთან მიაქვს და საოცარი სინაზით მკოცნის. თითის ბალიშებიდან იწყებს და ხელის გულებით ამთავრებს. ისეთი ცხელი ტუჩები აქვს, მწვავს. „ისიც მიმახსოვრებს“ - ვფიქრობ და პანიკა მიპყრობს. ისე იქცევა, მაშინებს. მგონი თვითონაც არაა დარწმუნებული, რომ დაბრუნდება.. ხელებიდან სახეზე გადმოდის. ვეღარ ვიგებ რას ფიქრობს, იქნებ მემშვიდობება. როგორც იქნა პოულობს ტუჩებს. მომნატრებია... ისე ძალიან მომნატრებია, მზად ვარ არასდროს მოვშორდე. მაგრამ არ მომწონს, მისი კოცნაც კი ახლა იმხელა ტკივილს მანიჭებს. "როგორ უნდა გავძლო"- მიელვებს თავში და სხვა ყველაფერი მავიწყდება. ბოლომდე უნდა შევიგრძნო მისი სითბო.. „და იქნებ ბოლოჯერაც?“ - ისევ არ მასვენებს ფიქრები. ისევ მაფორიაქებს, უფრო მაპანიკებს. ვიშორებ და ღრმად ვსუნთქავ. გულზე ხელს ვიჭერ, იქნებ როგორმე ეს სიმძიმე მოვიშორო. რაღაც მაწვება, ისე ძალიან, რომ სუნთქვა მიჭირს, ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი ისე, რომ მახრჩობს. შინაგანი კანკალი გარეთაც აღწევს და მთელი სხეული მიცახცახებს. აღარ ვიწვი, პირიქით, გაყინული ვარ. გათოშილ სახეზე ცხელი ცრემლები წვის შეგრძნებას მიახლებს. ცრემლებისგან მზერა ბუნდოვანი მიხდება და ვეღარ ვხედავ. ცერებით მწმენდს ცრემლებს. თვალებზე მკოცნის. მის თვალებშიც ვხედავ ცრემლებს. ისეთს, შეუმჩნეველი რომაა, მაგრამ მე ვხედავ, მე ვგრძნობ. - მარიამ - ჩურჩულებს და გულში მიკრავს. მთელი სხეულით ვგრძნობ მის სითბოს. მისი მოფერება ამ ქვეყნიდან მაქრობს. მისით ვივსები. ბედნიერების ღიმილი მიპობს ტუჩებს და მისგან ზურგშექცევით ვწვები. - მარიამ - ისევ მეჩურჩულება. ზურგიდან მეხუტება და მოშიშვლებულ მხარზე მკოცნის. არაფერს მეუბნება, მხოლოდ მეძახის. თითქოს წინასწარ ინაზღაურებს იმ პერიოდს, როცა ვეღარ დამიძახებს. დაჩურჩულებს ჩემს კანზე და წამს არ კარგავს. გამუდმებით მკოცნის, გამუდმებით მეფერება.. თავი მის მკერდზე მიდევს. ცრემლები წვეთებად ეცემა მის სხეულს. ვცდილობ ფრთხილად მოვაშორო, ისე, რომ ვერ იგრძნოს, მაგრამ გრძნობს. ყოველ ცრემლზე თავის თბილ ტუჩებს მახებს შუბლზე და უფრო მეტად მანდომებს ტირილს. დროდადრო ზევით ვიწევი და ყელთან, ოდნავ შესამჩნევ ძარღვთან ვკოცნი. მარცხენა ხელის თითს ჩემს ზურგზე ათამაშებს. - მარიამ - მეჩურჩულება ისე, თითქოს ჩემი შეწუხება არ უნდა - უნდა წავიდე, კარგი? - არ ვიცი ეს ნებართვაა თუ გაფრთხილება - მოსამზადებელი ვარ, ხვალ ისევ დავბრუნდები - მაიმედებს. - ხვალ? - მე მინდა დღესვე დაბრუნდეს, მინდა სულ არ წავიდეს. - მე წავალ, შენ დაიძინე - თავზე მკოცნის და წამოდგომას ცდილობს. მე კი არ ვუშვებ, მთელი ჩემი ძალით ვეხუტები და ვცდილობ შევაჩერო. - მარიამ - თვითონაც მხვევს ხელებს შიშველ სხეულზე და დილის სუსხი უცებ ქრება. - ახლა უნდა წავიდე - უფრო მკაცრი ტონით მეუბნება და ხელებს მაშვებინებს - შენ დაიძინე - ისევ დათბა, პლედს მისწორებს, მხარზე მკოცნის და მიდის.. მთელი დღე ლოგინიდან არ ვდგები. აქეთ-იქით მოუსვენრად ვწრიალებ, მაგრამ ადგომის თავი არ მაქვს. ბინდდება. კარებზე კაკუნი მესმის. უკმაყოფილოდ ვდგები, ვიცი, რომ მაქსიმე არაა და არ მინდა გაღება. ხალათს ვიცვამ და ფეხშიშველი მივდივარ გასაღებად. კარებს ვაღებ და ღიმილი მიპობს ბაგეებს. შემოსასვლელში მაქსიმე დგას. - ვერ გავძელი - ეღიმება და შემოდის. ბედნიერი ვეხვევი ზურგიდან. არ ვიცი რატომ, მაგრამ იმედი მიჩნდება. მისი მოსვლა მიჩენს იმედს, მისი სიტყვები. იქნებ ვერც წასვლა შეძლოს. იქნებ მიხვდეს, რომ ვერ გაძლებს. - რატომ არ გაცვია? - მეკითხება, როცა ჩემკენ ბრუნდება - აქამდე იწექი? - დამნაშავე ბავშვივით ვუქნევ თავს. - არც გიჭამია? - თვალებს ვხრი. - მარიამ - ტონს ამკაცრებს, მაგრამ როგორც კი ჩემს ცრემლიან თვალებს ხედავს, ჩერდება. - ცუდად ხარ? - შეშფოთებულია. - კი - კნავილის მსგავსი ხმა ამომდის და ქვითინს ვიწყებ. - მარიამ - მეხუტება - წამოდი - ოთახისკენ მივყავარ და მაწვენს - იწექი, გავამზადებ რამეს და გაჭმევ - მიღიმის. მე კი ვერ ვმშვიდდები. გულს მიჩუყებს მისი სითბო. ან შიში მატირებს. შიში, რომ მაინც წავა და აღარ დაბრუნდება. ბრუნდება, ლანგრით ხელში, ორი ცალი სენდვიჩი და წვენი დევს. გვერდით მიწვება, ლანგარს შუაში დებს და მიყურებს. - შენით შეჭამ თუ დაგეხმარო? - შევჭამ - ერთ ლუკმას ვკბეჩ და ვღეჭავ, მაგრამ ყელში არ გადამდის. - თუ გინდა, ცოტა მოგვიანებით ჭამე - მამჩნევს და მამშვიდებს. თავს ვუქნებ, ლანგარს ლოგინის გვერდით, ტუმბოზე დგამს და ჩემკენ იწევა. - ჩამეხუტე რა - ვთხოვ და ხელებს ვხვევ. ეღიმება, მაგრამ ისე არა, როგორც ყოველთვის, სევდანარევი ღიმილია. მეხუტება, ხელს მუცელზე მადებს და რაღაცას თავისთვის ლაპარაკობს. - დაიძინე - მიღიმის. - შენ? - შეშინებული ვეკითხები. - მე აქ ვიქნები და თქვენს ძილს დავიცავ - ნაზად მკოცნის ტუჩებზე და თითებს თმებში მიცურებს. ყველაზე მძიმე დილა თენდება. ის მშვიდად სუნთქავს, ჯერ ისევ სძინავს. მე? მე უბრალოდ ვცდილობ მშვიდად ვისუნთქო, რომ არ გავაღვიძო. ვცდილობ შეუმჩნევლად შევეხო. შეუმჩნევლად ვუკოცნი ყელის მიდამოებს და ვსლუკუნებ. - მესმის - ვგრძნობ, როგორ იღიმის - გეყოფა - ლოყაზე ჩამოვარდნილ ცრემლს მწმენდს. - მეშინია - ჩურჩულით ვეუბნები და ხელებს კიდევ უფრო მაგრად ვხვევ. - დამშვიდდი - ზურგზე მეფერება. - მეშინია მაქსიმე - ვეღარ ვახერხებ ჩემი ემოციის დამალვას, რომ არ ვთქვა, ასე მგონია გავიგუდები. - მარიამ, გეყოფა - შუბლზე მკოცნის - შენ მარტო არ ხარ, მარტო არ გტოვებ - ვგრძნობ როგორ იღიმის - ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანს გიტოვებ და თქვენ გამო, აუცილებლად დავბრუნდები. სიჩუმეს მხოლოდ ჩემი სლუკუნი არღვევს. თავს ვერაფერს ვუხერხებ, ვერ ვჩუმდები. მთელი სხეულით ვკანკალებ და მთელი ძალით ვეკვრი. - ჩემი წასვლის დროა, მარიამ - ფრთხილად მაპარებს. - არ მინდა - ვბუტბუტებ - არ მინდა, რომ წახვიდე, არ წახვიდე რა -ძლივს დამშვიდებული თავიდან ვიწყებ ტირილს. - მარიამ, ასე არაფერი გამოვა, მეგონა დავმშვიდდით - ნაწყენი ტონი აქვს. - ვერ გიმეტებ, იქაურობისთვის ვერ გიმეტებ - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვლაპარაკობ. - მე თქვენ გამო დავბრუნდები მარიამ, აუცილებლად - მკაცრი, დამაჯერებელი ტონით მეუბნება და ნაზად მიშორებს. ხალათმოცმული დავყვები უკან. ერთი მეტრითაც არ ვშორდები. ვაიძულებ ჩემთან ერთად ისაუზმოს. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი წუთი გავატარო მის გვერდით. განზრახვას ხვდება, მაგრამ არ მეწინააღმდეგება, სანამ შეუძლია. მერე კი, უეცრად დგება, ოთახში მიდის, წამებში ბრუნდება, მკოცნის და კარებისკენ მიდის. - მაქსიმე - უღონოდ ამოვთქვამ და სახელურზე ხელი უშეშდება. ოდნავ ბრუნდება ჩემკენ. ერთი ნაბიჯით მიახლოვდება და გულში მიკრავს. მეხუტება ისე, როგორც არასდროს, რაღაცებს მეჩურჩულება, მაგრამ არაფერი მესმის. მერე მშორდება, მუცელზე ნაზად მკოცნის და მიდის. რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვდგავარ და ვუყურებ მიხურულ კარებს. ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს ვიწმენდ და ოთახში მივლასლასებ. ლოგინზე ვწვები და ბალიშს ვიხუტებ. ხელზე რაღაც უცნობი მატერია მეხება. თავს ვწევ და ვუყურებ. ბალიშის გვერდით პატარა ფაჩუჩები დევს. ხელში ვიღებ და ვატრიალებ. სულ პაწაწუნა ფაჩუჩები, ცისფერი და ვარდისფერი. პირველი საჩუქარი მამიკოსგან.. და იქნებ?.. გული მისკდება, ყველაფერი მეორდება. ისტერიკა თავიდან მეწყვება. ლამისაა გავგიჟდე. რატომ დატოვა? რატომ დამიტოვა? რატომ დაუტოვა? მაქსიმე.. ვიხუტებ და ნაგროვებ ემოციას ერთიანად ამოვთქვამ. ბალიშში სახეჩარგული დაჭრილი ცხოველივით ვღმუი.. მეძინება.. არ ვიცი რამდენ ხანს მძინავს, მაგრამ როგორც კი ვიღვიძებ და გონებას ინფორმაცია მიეწოდება, გიჟივით ვხტები. აეროპორტში უნდა წავიდე. ქურთუკს ვიცვამ და სახლიდან გავრბივარ. სულ მავიწყდება ლიფტის არსებობა და კიბეებზე ჩავრბივარ. რამდენიმე საფეხურს ერთად ვახტები, თითოეული წამი მეძვირფასება. სადარბაზოდან გავდივარ და გზისკენ ვიყურები. ტაქსი, ტაქსი მჭირდება, მაგრამ არ დგას. ჯანდაბა! ფეხით მივდივარ იმ იმედით, რომ თავისუფალი ტაქსი ჩამოივლის. გამწარებით ვუქნევ ხელს ყოველ მანქანას, მაგრამ არ აჩერებენ. ლამისაა ავტირდე, ერთიანად ვკანკალებ.. მოვკვდები რომ ვერ მივუსწრო. ქშენით მივუყვები გზას და უკვე ხელის დაქნევასაც ძლივს ვახერხებ. სადაცაა წავიქცევი და ზუსტად მაშინ, ჩემს ფეხებთან ჩერდება მანქანა. დაბნეული შევყურებ ნანატრ ტაქსის, რომლიდანაც საშუალო ასაკის კაცი გადმოდის, შეშფოთებული მზერით. - კარგად ხარ შვილო? - თბილი ხმით მეკითხება და ვხვდები, რომ მხოლოდ მას შეუძლია ჩემი გადარჩენა. - აეროპორტში წამიყვანეთ, გთხოვთ - აკანკალებული ხმით ვეუბნები და თვალებში ვუყურებ. - მოდი, დაჯექი - კარებს მიღებს და დაჯდომაში მეხმარება. ბოლო იმედი.. სულ ბოლო.. მანქანას ძრავს და აეროპორტის გზას მიუყვება. მიუხედავად იმისა რომ სპიდომეტრს ვუყურებ, სიჩქარეს ვხედავ, მგონია რომ მივღოღავთ.. „ცოტა ჩქარა, ჩქარა“ - გულში ვეხვეწები, მაგრამ ვერაფერს ვამბობ.. „ოღონდ წასული არ დამხვდეს, ოღონდ არ გამასწროს“ - სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ. შენობას რომ ვხედავ, ლამისაა ვიყვირო სიხარულით. იქვე ვაჩერებინებ, იმის დრო არ მაქვს დაველოდო, როდის დააყენებს მანქანას. საფასურს წინა სავარძელზე სწრაფად ვუდებ. - მადლობა - მთელ გულს ვდებ ამ ერთ სიტყვაში და შენობისკენ მივრბივარ. შევდივარ და გაფართოებული თვალებით ვიყურები აქეთ-იქით. იქით მივდივარ, საითაც ბევრ ხალხს ვხედავ. ღმერთო, რამდენი ფორმიანია, თვალები მიჭრელდება. ყველას ვუყურებ, ყველაში ჩემს მაქსიმეს ვეძებ, მაგრამ არ ჩანს. გავგიჟდები, გავგიჟდები თუ ვერ მოვუსწარი. თვალები ცრემლით მევსება, სადაცაა წავიქცევი.. მხარზე ცივი ხელი შეხებას ვგრძნობ. ვტრიალდები და უსიამოვნო ფიქრებს შვების ამოსუნთქვას ვატან.. - მარიამ, აქ რა გინდა? - ისეთი მკაცრია, უცებ ვხდები უსუსური და სლუკუნს ვიწყებ. - არ შემეძლო, ისე ვერ გაგიშვებდი - ვკრუსუნებ და თვალებში ვუყურებ. - მარიამ, მარიამ - ტონი უთბება და მეხუტება - ასე უფრო რთულია მარიამ - ოხრავს და თავზე მკოცნის. ჩასხდომა მთავრდებაო - გვამცნობს ხმა და ვხვდები, რომ უნდა გავუშვა. - ჩვენ გელოდებით - ვჩურჩულებ და კიდევ ერთი სიტყვაც რომ ვთქმა, მთელი ხმით ავქვითინდები. - დავბრუნდები - მიღიმის - არ იტირო - ცრემლებს მწმენდს - გაუფრთხილდი ახდენილ ოცნებას - ბოლოჯერ მკოცნის და მიდის.. თან ვაყოლებ ჩემს ცრემლებს, ოცნებებს და გულს.. *** ერთი თვე ისე გადის, ვერც კი ვგრძნობ. გარესამყაროსთან მხოლოდ სამსახური მაკავშირებს. ისიც იმიტომ, რომ საჭიროება მოითხოვს, თორემ სურვილი არ მაქვს. ექიმთან მის გარეშე მივდივარ. ასე მარტოსული არასდროს ვყოფილვარ. მხოლოდ ჩემი პატარას კარგად ყოფნა მაბედნიერებს. ექიმისგან რჩევებს ვიღებ და უარესად გულდამძიმებული მოვდივარ. ჰაერზე ისეირნეო, ვისთან ერთად ვისეირნო? ყოველ საღამოს ვწევარ საწოლის მის მხარეს და ვუყვები ჩემს პატარას მამიკოზე. ხანდახან მგონია, ვგიჟდები. მერე ვწყნარდები, თავი ხელში ამყავს და მაინც ცუდად ვარ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი? როდის დაბრუნდება? ან საერთოდ?.. ოღონდ დაბრუნდეს და აღარაფერი მადარდებს. დღეები ერთფეროვნად მიჰყვება ერთმანეთს.. კალენდარსაც კი აღარ ვუყურებ.. დრო ისე გადის, ვერც კი ვხვდები.. საშინელებაა.. მენატრება.. მჭირდება.. ერთადერთი ნათელი სხივი ჩემი პატარაა, ჩემი და მაქსის პატარა. ყოველთვის, როცა ცუდად ვარ, ვგრძნობ მის არსებობას. ჩემი პატარა, სულ ციცქნა, ერთი წერტილი და სიცოცხლის აზრი. ბედნიერების საწყისი და ახდენილი ოცნება. ყოველთვის, როცა თავისუფალი ვარ, მუცელს ვეფერები და მას ვესაუბრები. მამშვიდებს, მაბედნიერებს, მახალისებს.. ის მიბრუნებს იმედს.. და არის თათაც.. თათა, რომელიც მზადაა ყოველთვის დამეხმაროს. თათა, რომელიც არასდროსაა ზედმეტი. თათა, რომელიც მოდის ზუსტად მაშინ, როცა მჭირდება.. მაიძულებს მასთან ერთად ვისეირნო. მახალისებს.. მივლის.. საავადმყოფოში მორიგეობის შემდეგ ჩემთან მორბის.. ხან ტკბილეულით მანებივრებს, ხან ბავშივით მტუქსავს.. როცა არ უნდა დამჭირდეს, როცა არ უნდა დავურეკო, მაშინვე ჩემ გვერდით ჩნდება.. საბედნიეროდ თათა ექთანია და დასვენების დროს არ აწუხებენ, ამიტომ უეცრად არასდროს უჩინარდება.. *** უკვე ორი დღეა მუცლის ტკივილი არ მასვენებს. ხვალ ექიმთან წავალ. იმედია საშიში არაფერია. თავს ისე დუცველად ვგრძნობ. მგონია, სამყაროში ერთადერთი ვარ, სულ მარტო ვარ და ვერავის იმედი ვერ მექნება. მაგრამ ჩემი პატარა ჩემშია. ის მაიძულებს, რომ ვიცხოვრო, ვიცოცხლო. მაიძულებს, რომ კარგად ვიყო. არ ვიფიქრო და დრო მხოლოდ მას დავუთმო. მაგრამ ასეთი მარტივი არაა. მისი ხათრითაც კი არ გამომდის. ხანდახან ვწვები და წარმოვიდგენ რომ ჩემთანაა. ჩემ გვერდით წევს და მშვიდად სუნთქავს. მერე თვალებს ვახელ და ყველაფერი, უბრალოდ მშვენიერი ოცნება აღმოჩნდება ხოლმე. შუქს ვაქრობ და ვწვები. თავს ვაიძულებ დავიძინო. ახლა მშვიდად უნდა ვიყო, კარგად მეძინოს, კარგად ვიკვებო - ვიმეორებ ექიმის დარიგებებს. თვალებს ვხუჭავ, არ ვიცი როდის, მაგრამ მეძინება. საშინელი სიზმრები მჩემდება მას შემდეგ, რაც მიდის. ყოველ ღამე მეღვიძება შეშინებულს, დაუცველს. ამჯერად სიცივის და სისველის შეგრძნება მაღვიძებს. უეცრად მაკანკალებს და ჩურჩულით ვამშვიდებ საკუთარ თავს. მაგრამ როგორც კი ვხედავ, რომ სისველის შეგრძნება სისხლმა გამოიწვია, პანიკა მეწყება. - ოღონდ ეს არა, ოღონდ ეს არა, გთხოვ - თვითონაც არ ვიცი, ვის ვთხოვ. მთელი სხეული მიცახცახებს ნერვიულობისგან. - დამშვიდდი, დამშვიდდი - ღრმად ვსუნთქავ და როგორც კი პანიკის შემოტევა მივლის, აუტანელ ტკივილს ვგრძნობ. მუცლიდან დაწყებული ტკივილი მთელ სხეულში ვრცელდება. ლამისაა გონება დავკარგო. გამეტებით ვკბენ ნეკს, ბავშვობიდან მახსოვს - ეს ეხმარება ადამიანს, რომ გონება არ დაკარგოს. ხოდა მეც ვკბენ, ისე ვკბენ, სადაცაა სისხლი წამომივა. მაგრამ მაინც არ მტკივა ისე ძლიერ, როგორც მუცელი. ტელეფონს ვიღებ, ძლივს ვკრეფ ნომერს და სასწრაფოს ვიძახებ. კარებამდე კედელს მივყვები და საკეტს ვატრიალებ. თუ გონებას დავკარგავ, სახლში მაინც შემოვლენ. ისევ ლოგინში ვწვები, ვიკუნტები და რაც შემიძლია ვჭიმავ სხეულს, რომ როგორმე, ოდნავ მაინც შევიმსუბუქო ტკივილი. - სად ხარ? სად? - ვტირი და ვჩურჩულებ, როგორ მინდა ჩემი ესმოდეს. ტკივილი არა და არ ნელდება, მე კი მეტის მოთმენა აღარ შემიძლია. სახეს ბალიშში ვრგავ და სასწაულ ხმას ვუშვებ. ეს მეხმარება რამდენიმე წამით მაინც ამოვისუნთქო. თითქოს სამყაროს ვეთიშები, საშინელ ტკივილს ვგრძნობ და რეაგირების უნარსაც ვკარგავ. მხოლოდ კარების ხმა მაბრუნებს რეალობისკენ. ექიმის შემოსვლისთანავე მთელ ძალას ვიკრებ და იმ საავადმყოფოს მისამართს ვეუბნები, სადაც უნდა წამიყვანოს, იქ თათა მეგულება. თავს მიქნევს და მეც გონებას ვკარგავ. თვალებს ვახელ და თეთრ კედლებს ვხედავ. გონებაში კადრებს ვალაგებ და ვხვდები სადაც ვარ. ექიმი შემოდის, ვუყურებ, აღარაფრის თავი არ მაქვს, მინდა თვითონ მოიფიქროს და მითხრას, კითხვის დაუსმელად. არ მიყურებს და ეს ყველაზე ნათელი პასუხია. თვალები ცრემლებით მევსება, ვერ შევძელი, ვერ მოვუარე. ახლა უკვე გული მტკივა, მგონია ვიღაც მთელი ძალით უჭერს ხელს. - ვერ გიტან - ვჩურჩულებ, მაგრამ ყვირილზე უარესია.. ცრემლები მგუდავს. თვალებიდან მოდის, სახეს მოუყვება და ყელისკენ მიიწევს. მე კი მოწმენდის ძალაც არ მაქვს. წაშლილი სახით და არაფრისმთქმელი თვალებით შევყურებ კედელს. კედელს, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მამშვიდებს ახლა. მიჩნდება ათასი გრძნობა და ფიქრი. საკუთარ აზრებში ვიხლართები. მას ვადანაშაულებ და არ მსურს სხვანაირად ვიფიქრო. ვერ შევძელი, ის ერთადერთი ვერ დავიცავი. ყველაზე სათუთი და ყველაზე უცოდველი ვერ შევინარჩუნე. გონება მებინდება, მინდა მთელი ხმით ვიყვირო. ეგოისტი ვარ, მინდა ყველა უბედური იყოს. ფანჯრიდან ხმაური ისმის და საშინლად მოქმედებს ჩემს ნერვებზე. საიდანღაც ბავშვის ტირილიც მესმის და ვხვდები, რომ ვგიჟდები. ცოტა მიკლია წამოხტომას და დედისთვის მტირალი ბავშვის წართმევას. ვგიჟდები, მაგრამ დამამშვიდებელი მაიძულებს დავიძინო.. გაღვიძებული ისევ იმ თეთრ კედლებს ვხედავ. მარტო ვარ, მხოლოდ ფიზიკურად კი არა, სულიერადაც. მარტოობა მაგიჟებს. ჩემ გვერდით არავინაა, ჩემი არავის ესმის, მე არავინ მეხმარება, მე არავინ მამხნევებს.. როგორ მძულს ყველა ჩემ ირგვლივ. თითოეული არსება, რომელიც სუნთქავს. მგონია, ჩემი შვილის სუნთქვას იპარავენ და ვერ ვიტან. მძულნან ექიმები, მათ მომაშორეს ის.. ჩემი პატარა, ჩემი შვილი.. მთლიანად დამაცარიელეს მისგან. ერთიანად გამომფხიკეს ჩემი პატარა.. ჩემი და მაქსიმე შვილი.. ვკვდები, ვგრძნობ, როგორ ვკვდები. მეგონა ყველაზე მძიმე ის დღე იყო, როცა წავიდა, აეროპორტში დამტოვა. მეგონა, ამაზე მეტად ვეღარაფერი მატკენდა, მაგრამ.. მაშინ არ მოვკვდი, ახლა კი ვკვდები.. კარები იღება და ნაცნობი სილუეტი შემოდის პალატაში. - მარიამ - ჩემთან მოდის და იქვე სკამზე ჯდება. - არაფერი მითხრა, უბრალოდ წამიყვანე აქედან, გთხოვ - ისევ კედელს მივშტერებივარ და დაბალ ხმაზე ვესაუბრები. - ახლა ვერ მარიამ, ახლა არ შეიძლება - თვითონაც ჩურჩულებს. - სახლში მინდა, სახლში მინდა, აქ მოვკვდები, გესმის? მოვკვდები - პანიკა მეწყება. - დამშვიდდი, დამშვიდდი - აკანკალებულ ხელებზე საკუთარ ხელებს მადებს და თითებს მაგრად მიჭერს - ამასაც გადაიტან, ამასაც აიტან - თმებზე მეფერება. ვერ ვიტან მის მწუხარებას.. მინდა ვუყვირო, გავაგდო, მაგრამ.. მაგრამ საოცრად მომწონს ის შეგრძნება, რომ მარტო არ ვარ.. რომ ვიღაც ზრუნავს ჩემზე.. ვიღაც ღელავს.. - გეხვეწები, წამიყვანე სახლში - მზად ვარ დავუჩოქო, ოღონდ ამ საშინელ გარემოს მომაშოროს. მივყავარ.. თვითონ აღარ მიდის, ჩემთან რჩება.. მაიძულებს არ ჩავეშვა, დეპრესიაში არ ჩავვარდე. მთელი კვირა სახლიდანაც კი არ გადის.. გაუჩერებლად მელაპარაკება, რომ როგორმე ყურადღება გადამატანინოს.. ფაქტობრივად ძალით მაჭმევს საჭმელს.. ყოველ დღე იტანს ჩემს ქვითინს.. მის კალთაში შემიძლია გაუჩერებლად ვიტირო და მას არ ბეზრდება ჩემი დამშვიდება.. ერთი კვირის შემდეგ ვაგდებ.. ჩემ გამო სახლში ვერ გამოიკეტება, სამსახურს ვერ დაკარგავს.. ვაგდებ, მაგრამ ყოველ საღამოს ისევ ჩემთან მოდის.. კიდევ კარგი ის მაინც დამრჩა.. *** ცხოვრებას ვაგრძელებ, ჩემი წილი დანაკლისით და ტკივილით, მაგრამ ვაგრძელებ. სამსახურშიც დავდივარ, სასწავლებელშიც.. დრო ისე მიიპარება.. გაზაფხული მოდის.. ყოველ დილით ვხედავ, როგორ იღვიძებს ბუნება და თითქოს მეც გულზე მალამოდ მედება.. მარტოობასაც უკეთ ვეგუები.. მარტოობას და თათას.. ამდენი ხანია ჩემთან დადის, მაგრამ მაქსზე ჯერ სიტყვაც არ უთქვამს.. ისე მინდა რომ რამე გამაგებინოს, მაგრამ ჯიუტად არ ვკითხულობ.. ჯერ კიდევ არის დრო მის ჩამოსვლამდე.. მეც მირჩევნია დაველოდო, ვიდრე რამე ვიკითხო.. ყველაფერი არეულია ჩემს გონებაში და მთელი ძალით გავურბივარ ამაზე ფიქრს. ვცდილობ ცხოვრება ისე გავაგრძელო, რომ ზედმეტად არ გავართულო და დავტვირთო.. თუმცა.. თუმცა მაქსიმე მაინც სულ თან დამყვება, გონებაშიც ისაა, გულშიც, ტკივილშიც, სიხარულშიც, ფიქრებშიც, მოგონებებშიც.. *** დრო ჩემს დაუკითხავად გადის, მიიპარება ... ზაფხულის მოსვლასთან ერთად, კალენდარს უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევ.. გაფაციცებით ვუყურებ და ვითვლი დღეებს... მაქსიმეს ჩამოსვლის დრო ახლოვდება.. წარმოდგენაც არ მინდა რა იქნება მერე.. არ შემიძლია, არ მინდა... ის წავიდა, დამტოვა... მინდა ყველას და ყველაფერს დავაბრალო ჩემი პატარას დაკარგვა.. ყველას და ყველაფერს! და მაინც განსაკუთრებით მას! *** ზუსტად ექვსი თვე გავიდა, ზუსტად ექვსი. ველოდები მის გამოჩენას. გული აღარ მაქვს საგულეში.. თითქოს დიდი ლოდი მაწევს და სუნთქვაში ხელს მიშლის. მოსალოდნელ საუბარს ვუფრთხი, არ მინდა, არ შემიძლია.. *** რამდენიმე დღე ისე გადის, ყურადღებას ვერ ვადუნებ. დაძაბულობისგან სუნთქვა მეკვრის. თუმცა მაქსიმე არსად ჩანს. ერთდროულად შვებასაც ვგრძნობ და შიშსაც. რატომ აგვიანებს ჩამოსვლას? სადაა? რამე შეემთხვა? ღმერთო, ოღონდ ეს არა, ოღონდ ეს არა... *** კიდევ ერთი თვე მიილია.. უკვე შვიდი თვე შესრულდა და მეც საკუთარ თავს აღარ ვგავარ.. ყოველი დღე მასზე ნერვიულობით იწყება.. ასე აღარ შემიძლია, ასე ნამდვილად გავგიჟდები.. გული მისკდება იმის წარმოდგენაზე, რომ შეიძლება ცუდად იყოს.. საღამოს გამბედაობას ვიკრებ, წყენასაც ვივიწყებ, გაბრაზებასაც და თათას მაქსიმეს ამბავს ვეკითხები.. გაკვირვებული მიყურებს, ალბათ ვერც იჯერებს, რომ ამდენი ხნის შემდეგ მე ის ვახსენე.. თათას პასუხი არაფერია.. არც მან იცის.. ცდილობს დამამშვიდოს, მიმეორებს, რომ ცუდი ამბები სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ვერ ვმშვიდდები.. მთელი ერთი თვით ზედმეტი გავიდა და მაქსიმე არ ჩანს.. რამე რომ შეემთხვას.. ოღონდ ცოცხალი იყოს, ოღონდ კარგად იყოს.. *** ნერვებს ვეღარ ვაკონტროლებ.. იმდენად აუტანელი გავხდი, თავადაც მიკვირს.. სამსახურში რას ვაკეთებ კაცმა არ იცის.. ფიქრები მხოლოდ მისკენ მაქვს მიმართული. თუ აქამდე სიტყვასაც არ ვძრავდი მაქსზე, ახლა გამუდმებით ვეკითხები თათას. მოსვენებას აღარ ვაძლევ.. ვერ ვხვდები როგორ შეიძლება, რომ არაფერი იცოდეს.. როცა მოდის, ან როცა მირეკავს, სულ მგონია, რომ რამე ახალს მეტყვის.. მაგრამ ისევ არაფერია.. მაგიჟებს ეს გაურკვევლობა.. რომ ჩამოსულიყო მოვიდოდა, აუცილებლად მოვიდოდა.. მაგრამ რატომ არ ჩამოდის? სად არის? რატომ იგვიანებს? უკვე კოშმარებსაც კი ვხედავ.. მხოლოდ იმის გაგება მინდა, რომ ცოცხალია.. *** - მარიამ, რაღაც გავარკვიე - მეუბნება თათა და გულისცემას ყელში ვგრძნობ. არ ვიცი რას მეტყვის, არც რაიმეს მოლოდინი მაქვს, უბრალოდ იმედი და შიში ერთმანეთს ენაცვლებიან ჩემში.. - მაქსიმეს და თურქეთში წაუყვანიათ.. - მაქსიმე? - ვერ ვხვდები რატომ მელაპარაკება მაქსიმეს დაზე..აზროვნების უნარიც კი აღარ შემრჩა. - მაქსიმეზე არაფერი ვიცი, ის გავიგე, რომ მისი და უკვე თურქეთში გადაიყვანეს.. - ანუ შეიძლება ჩამოვიდა, მაგრამ ისიც თურქეთშია, ხომ? - ფაქტობრივად თვალებით ვემუდარები, რომ დამეთანხმოს. - შეიძლება - იმედისმომცემად მიღიმის. ვერ ვმშვიდდები, მაგრამ ადრინდელზე უკეთესად ნამდვილად ვარ.. თავს იმით ვინუგეშებ, რომ მაქსიმე პირდაპირ თურქეთში წავიდოდა.. ამ აზრს ვაჯერებ საკუთარ თავს, იმდენად ვაჯერებ, რომ ორი კვირის შემდეგ, უკვე დარწმუნებული ვარ ასეა.. უკვე აღარც ველოდები, ჯერ ვერ მოიცლის.. მოსალოდნელი საუბრის გადადება ამოსუნთქვის საშუალებას მაძლევს.. მეც აღარ ვფიქრობ როდის მოვა.. *** დივანზე ვარ მოკალათებული, კუთხეს ზურგით ვეყუდები, თავი საზურგეზე მაქვს გადაწეული, გვერდით სკამზე ყავის ფინჯანი მიდგას. გვიანია, გარეთ უკვე ბნელა. ფანჯრები ღია მაქვს. ნიავი უმნიშვნელოდ აგრილებს ზაფხულის სიცხეს, მაგრამ მაინც მსიამოვნებს ტემპერატურა. თვალები მეხუჭება, მაგრამ არ ვიძინებ. დივნიდან გავყურებ ფანჯარაში გამოჩენილ სავსე მთვარეს და მეღიმება. მთვარეც თითქოს მიყურებს და მიღიმის. ღიმილი ნელ-ნელა მიქრება და ცრემლებად მეღვრება სახეზე. ჩემი პატარა, მოუშორებელი ტკივილი და ის... ცრემლებს ვიწმენდ და ყავის ფინჯანს ხელში ვიღებ. მოსმასაც ვერ ვასწრებ, კაკუნის ხმა რომ მესმის. „ვინაა ნეტა“ - უკმაყოფილოდ ვლაპარაკობ და გასაღებად მივდივარ. დერეფანში შუქს ვანთებ და კარებს ვაღებ. პირველი, რასაც აღვიქვამ, ნაცნობი სურნელია. გაოცებული ვუყურებ მის სახეს. ნელ-ნელა ვაანალიზებ, რომ სუნთქვა აღარ მყოფნის და პირს ვაღებ, რომ ამოვისუნთქო. სახეზე არ მიყურებს, აშკარად ჩემს სხეულს აკვირდება.. აკვირდება და ეძებს იმას, რაც აღარ არსებობს. ყელში მიჭერს და მახრჩობს ვერგამოთქმული ბრაზი. რაღაცის სათქმელად ამოძრავებს ტუჩებს, მაგრამ არ ვაცდი. კარებს ცხვირწინ ვუჯახუნებ და ზურგით ვეკვრი. ნელა ვსრიალდები და იატაკზე ვჯდები. მართლა ის იყო, მის სურნელს ახლაც ვგრძნობ. სახეს ხელებში ვმალავ და მოკანკალე სუნთქვას ვუშვებ. დაბრუნდა.. დაბრუნდა.. ისევ მესმის კაკუნი, არ ჩერდება. გული გამალებით მიცემს, ღრმად ვსუნთქავ და ადგილზე ვირწევი. კაკუნი ბრახუნში გადადის.. მგონი გიჟი ვარ, მაგრამ მიხარია, ძალიან მიხარია რომ არ მიდის. საფეთქლებს ვიზელ. ჯანდაბა! ჯერ საკუთარ თავში უნდა გავერკვიო. - გააღე - მესმის ხმა და ადგილზე ვშეშდები. მისი ხმის მოსმენა მონატრებას მიასმაგებს. - არ წავალ - მაოცებს, ისევ ისეთია, საოცრად მშვიდი. ვდგები, კარებისკენ ვბრუნდები, ხელს საკეტისკენ ვაპარებ. ვჩერდები, არ შემიძლია. - მარიამ - მეძახის და სუნთქვას ვწყვეტ. ისევ ისე ამბობს ჩემს სახელს.. - გთხოვ - მშვიდად ლაპარაკობს. მე კი მისი ხმის მოსმენით ვტკბები. - მარიამ - აღარ შემიძლია, მეტს ვერ გავუძლებ. საკეტს ვატრიალებ და კარებს ვაღებ. სახლში ვარდება და საძინებლისკენ მიდის. ზედაც არ მიყურებს, გაოგნებული და იმედგაცრუებული შევყურებ. საძინებლიდან მისაღებში მიდის. ჩვეულებრივ მშვიდს და აუღელვებელს თვალები შეშლილი აქვს. ვგრძნობ, რომ მთელი სხეული უდუღს. დერეფანში ბრუნდება და მიყურებს. თვალებით მეკითხება, მეცინება, სიმწრისგან. - ტყუილად ეძებ - ხმაჩამწყდარი უმწეოდ ვჩურჩულებ. - მარიამ - ღმერთო, რამხელა ტკივილს იტევს მისი ხმა. ერთი ნაბიჯით ჩნდება ჩემთან და მიხუტებს. ისე თბილად, ისე ნაზად და ამავდროულად, ისე ძლიერად. ჯერ თავზე მკოცნის, მერე სახეზე, ტუჩებზე.. ისევ მეხება, ისევ ... უღმერთო სითბოს ვგრძნობ.. მისტიკაა.. მისი შეხება მკლავს . მაგრამ შემდეგ ის მახსენდება, ვერგაზრდილი მუცელი, ვერშეგრძნობილი დედობა და ყველაფერი თავიდან მეორდება. ყველა ტკივილი მიახლდება.. - მომშორდი - ვყვირი და მის გაოგნებულ, შეშინებულ სახეს ვხედავ - არ შემეხო - ჩემკენ წამოსულს ვაჩერებ და ხელებს უმისამართოდ ვიქნევ - შენი ბრალია! შენი! - მზად ვარ მთელ ქვეყანას დავაბრალო ჩემი უბედურება და უპირველესად მას - დაგვტოვე, როცა გვჭირდებოდი! წახვედი და მანაც ამიტომ მიმატოვა! შენ გამო - ხმას ვეღარ ვაკონტროლებ - შენ რომ არ წასულიყავი! შენ რომ ამ ერთხელ მაინც დარჩენილიყავი - ტირილი მივარდება, ხმამაღლა მოვთქვამ - მაგრამ არ დარჩი!.. აღარც ჩემი ტირილი აკავებს, აღარც ყვირილი, აღარც ხელების ქნევა, მოდის და მიხუტებს. მთელი ძალით მხვევს ხელებს, ძვლები მტკივდება და ეს ტკივილი შვებას მგვრის. მგონია, რომ მასაც ჩემსავით სტკივა და ეგოისტურად მსიამოვნებს. - მორჩა, დამშვიდდი - მეჩურჩულება და ხელებს არ მაშორებს. - გამიშვი - უკვე ღონემიხდილი, ხმაწართმეული ვამბობ, მაგრამ მოშორების ნაცვლად მის მკლავებს ვეყრდნობი. - წამოდი - მშვიდად მესაუბრება, ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს. მაგრამ ვგრძნობ როგორ ნერვიულობს. მიუხედავად ამხელა განშორებისა, მიუხედავად ამხელა ტკივილისა, ვხვდები რომ ჩემი გრძნობები არ შეცვლილა. ისევ თავს ვკარგავ მისი შეხებისას. ისევ ვგრძნობ მის თითოეულ ემოციას.. ისევ ვხვდები მის ფიქრებს. ნერვიულობისგან თუ ემოციების ვერგამოთქმისგან თვალები უწითლდება. მთელი სხეული დაჭიმული აქვს. საწოლისკენ მივყავარ, მაწვენს და შუბლზე ჩამოყრილ თმას მისწორებს. ვხედავ როგორი სინაზით მივლის, როგორი ტკივილით სავსე მზერა აქვს, მაგრამ მე მაინც მინდა რომ ვიყვირო. ვუყვირო, ყველა ჩემი გრძნობა გადავიტანო,მაგრამ ძალაც აღარ მაქვს. იოგები არ მემორჩილება. ვხედავ როგორ გადის და უკან წყლის ჭიქით ბრუნდება. თავს ვატრიალებ, მისგან არაფერი არ მინდა. - დალიე - ჩურჩულებს და საწოლზე მიჯდება. - ადექი - კბილებს ერთმანეთზე ვაჭერ და ძლივს ამოვთქვამ სიტყვას. არ მინდა ჩემთან ასე ახლოს იყოს, არ მინდა შემეხოს. მაგრამ არ ვიცი რატომ, მისი სიახლოვე მაცოფებს თუ მაშინებს, თავადაც ვერ ვხვდები. - დამშვიდდი - თითქოს ჩვეულებრივ ამბობს, არადა ტონით მემუდარება. - წადი - თვალებს ვხუჭავ.. - მარიამ - ისეთი ტონი აქვს, თითქოს ცდილობს არ დამაფრთხოს. - წადი, მომშორდი, შემეშვი, წადი! - ხმას ვიბრუნებ და ყვირილს ვიწყებ - წადი! - სადაცაა ისევ დამეწყება პანიკის შემოტევა. - კარგი, დამშვიდდი - დგება და მიყურებს - მივდივარ - დამაჯერებლად მეუბნება და ოთახიდან გადის ისე, რომ თვალს არ მაშორებს. კარების ხმა არ მესმის.. არ მიდის.. მაგრამ არ მაინტერესებს, მთავარია, რომ ოთახში არაა.. მთავარია რომ ჩემთან არაა.. მისი დანახვით გამოწვეული პირველი ემოცია ცხრება.. ამდენი თვის მანძილზე მასზე ნერვიულობაც უკვალოდ ქრება.. მხოლოდ ბრაზი მრჩება.. საშინელი გრძნობა, იმდენად საშინელი, რომ ვერ ვიცლები. რომ შემეძლოს, მსოფლიოს შევძრავდი ჩემი ყვირილით.. რომ შემეძლოს ახლავე, აქვე გავანადგურებდი ყველაფერს.. მაგრამ ამის ძალაც არ შემწევს.. გვერდით ოთახში სუნთქავს ის, ვის გამოც ამ დღეში ვარ და მე მისი გაგდების ძალაც კი არ მაქვს.. აკანკალებულ ხელებს სახეზე ვიფარებ და ვტირი.. ცოტათი ვიცლები.. ტირილით გათანგული ძილბურანში მივდივარ.. რეაქციები არ მაქვს, მაგრამ გრძნობები მრჩება.. შემოდის, მიახლოვდება, მაკვირდება.. ნაზად მკოცნის ჯერ შუბლზე, შემდეგ ტუჩებზე და მიდის.. გაღვიძებული შესამჩნევად მშვიდად ვგრძნობ თავს.. ტუმბოზე მდგარ წყლით სავსე ჭიქას ვცლი და საწოლის თავს ვეყუდები. ვიცი, რომ წასულია, ვიცი, მაგრამ ვამოწმებ.. მისაღებშიც ვნახულობ, სამზარეულოშიც.. არ არის.. მეცინება და სკამზე ვჯდები.. სიმწრის სიცილია.. მე თვითონაც ვერ გამიგია რას ვგრძნობ.. მიხარია, ძალიან მიხარია.. ვერ გავუძლებდი მასთან საუბარს, აღარ შემეძლო მისი ყურება.. მაგრამ ვბრაზობ, ძალიან ვბრაზობ.. წავიდა ასე.. ასე უცერემონიოდ.. ასე უყველაფროდ.. ჯანდაბა! ის ვერ გამიგია რა მინდა.. მომნატრებია.. საოცრად მომნატრებია.. მაგრამ ასე არ უნდა იყოს.. მან მიგვატოვა, ორივე მიგვატოვა.. მის გარეშეც დამტოვა, ჩემი პატარას გარეშე.. როგორ შეიძლება ეს ვაპატიო, როგორ უნდა მენატრებოდეს ამის შემდეგ.. მაგრამ.. ჯანდაბა! ყავა, ყავა მინდა.. ჩაიდანს გაზქურაზე ვდგამ და იქვე ვჯდები.. ლამისაა თავი გამისკდეს.. ჩამოვიდა..ჩამოვიდა..ჩამოვიდა - გამუდმებით მიკაკუნებს თავში რაღაც.. რატომ მოვიდა? მოვიდა და ისევ ამრია.. ძლივს დალაგებული ისევ თავდაყირა დამიყენა.. მე კი მაინც ვერ ვაგდებ.. არა განა ვერ ვაგდებ, არ მინდა რომ გავაგდო.. სადღაც, ძალიან ღრმად, მეშინია რომ წავა, ისევ წავა, სულ წავა.. ჩაიდანი გაჰკივის.. წყალს ფინჯანში ვასხამ და ისევ მაგიდასთან ვჯდები.. არ უნდა მეშინოდეს! მისი წასვლის არ უნდა მეშინოდეს! ვერ ვიტან საკუთარ თავს.. რატომ? იმიტომ რომ ახლა მე არ ვარ.. ახლა ერთი უნებისყოფო ადამიანი ვარ.. მრცხვენია, რომ ამდენად სუსტი ვარ.. ჩემი სისუსტის და კიდევ.. ჩემი პატარის მრცხვენია.. მე ის დავკარგე, მის გამო დავკარგე და მაინც.. მაინც მისკენ მივილტვი.. თავს ვერაფერს ვუხერხებ.. *** გვიანობამდე შემოვრჩი სამსახურს.. ესეც რომ არ იყოს, ალბათ გავგიჟდებოდი.. გულს ვაყოლებ, ყურადღება გადამაქვს.. ფურცლებს მაგიდის ერთ კუთხეში ვალაგებ, პატარა ჩანთას მხარზე ვიკიდებ და გარეთ გავდივარ.. კარებს ვკეტავ, დღეს მე მხვდა წილად და ქუჩისკენ ვტრიალდები.. ნაცნობი სილუეტი დგას.. ტანში მცრის.. ნერვიულობისგან ღრმად სუნთქვას ვიწყებ.. უხერხულად ვიცურებ თითებს თმებში და ვერ ვხვდები რა გავაკეთო.. მთელი სხეული მიკანკალებს.. თვალს ვერ ვაშორებ და ვცახცახებ, თითქოს ყინვა იყოს.. თავისუფალ ხელს მთელი ძალით ვუჭერ ჩანთის ყურს, რომ ეს კანკალი დავმალო.. პირდაპირ მიყურებს და ნელა მოიწევს ჩემკენ.. თავში ათასგვარ ვერსიას ვამუშავებ.. როგორ მოვა.. რას მეტყვის.. რას გააკეთებს.. როგორ შევხვდები.. წინ მიდგება.. მიდგება და მიყურებს.. მაკვირდება, არ ვიცი რას ეძებს, მაგრამ მხოლოდ მაკვირდება, ხმას არ იღებს.. მეც ვუყურებ, ადგილიდან არ ვიძვრი იქამდე, სანამ ხელი არ მოაქვს ჩემი სახისკენ. როგორც კი ხელს სწევს, ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ.. ვხვდები, როგორი არაფრისმთქმელია ჩემი მზერა.. ჩანთას ვისწორებ, გულგრილად ვუვლი გვერდს ისე, თითქოს არავინ ყოფილიყოს და მოვდივარ.. უკან კი მის მზერას ვგრძნობ, ერთიანად მწვავს და ფაქტობრივად ვაიძულებ თავს, რომ არ წავიქცე. *** მთელი დღეა ამ ნაწერებს ვუზივარ, ვთარგმნი, ვასწორებ, თვალები მტკივა.. ხელის ერთი მოსმით ვანთავისუფლებ მაგიდაზე პატარა ადგილს და თავს ვდებ.. კიდევ კარგი სახლში რომ ვარ და გზის გავლა მაინც არ მიწევს.. თავს თუ არ ავწევ აქვე დამეძინება.. არ მაძინებენ, კაკუნი ისმის და ფრუტუნით მივდივარ. ჭუჭრუტანაში ვიხედები და ვშეშდები.. მაქსიმე.. ვუყურებ და ვხვდები, მის მიმართ ემოცია ოდნავადაც არ გამნელებია.. ისევ ისე მიჩქარდება გული.. ისევ ტკივილით მევსება მთელი სხეული.. ისევ მიკანკალებს ხელები.. მაგრამ არა! ახლა არა, აღარ! კარებთან იატაკზე ვჯდები და ვეყუდები.. რამდენიც უნდა აკაკუნოს, არ გავაღებ.. არ ვიცი ეს რამდენ ხანს გრძელდება, ისევ და ისევ.. ხელებს ყურებზე ვიფარებ. მინდა რომ წავიდეს.. უბრალოდ წავიდეს.. წინ და უკან მონოტონურად ვირწევი და ტუჩებს ვიჭამ.. კიდურები სულ მთლად მეყინება.. წავიდეს! რა მოხდება რომ წავიდეს! თითქოს ჩემი ფიქრები გაიგოო, კაკუნი წყდება.. ცოტა ხანს ვიცდი და ისევ ჭუჭრუტანიდან ვიყურები.. აღარავინაა.. ღრმად ვსუნთქავ და საძინებლისკენ მივდივარ.. ამას კიდევ რამდენ ხანს გავუძლებ? შუაღამისას ბრახუნი მაღვიძებს. შეშინებული მივრბივარ გასაღებად და კარებთან ვჩერდები. რა თქმა უნდა ისაა. უნდა გავაღო, სხვა გზა არ მაქვს, შემაწუხებელია. ვაღებ და პირველი, რასაც აღვიქვამ, ალკოჰოლის სუნია. ცხვირს ვჭმუხნი და სანამ რამის თქმას მოვასწრებ, ტუჩებზე მაცხრება. მკოცნის მომთხოვნად, ვნებიანად და უხეშად. წელზე ისე ძლიერად მიჭერს ხელებს, ლამისაა გადავტყდე. მე კი აღარც ტკივილი მადარდებს, აღარც უსიამოვნო სურნელი. მის შეხებას ვეღარ ვუძლებ. არ შემიძლია მოვიშორო. ხელებს ვხვევ და როგორც კი გრძნობს, კიდევ უფრო ძლიერად მიკრავს. საძინებლისკენ მივიწევ უკუსვლით.. საძინებლის კარებს ზურგით ვენარცხები, მაქსიც ჩემზე მოკრული მომყვება ოთახში ისე, რომ წამითაც არ მშორდება. გონება მეკეტება, ვეღარ ვაზროვნებ, ვნებას თვალებახვეული მივყვები და მასში ვიკარგები. საკუთარი ხელით ვიძრობ თავს ზემოთ საღამურს და ქვედასაცვლის ამარა მის მაისურს ვებღაუჭები. მაქსი იხრება, რომ მისი სხეულის ტანსაცმლიდან განთავისუფლებაში დამეხმაროს. მაისურს ვაძრობ და უმარშრუტოდ ვისვრი... ისევ ერთმანეთს ვაწყდებით სხეულებით. მისი შეხება მომენატრა, მისი სურნელი მომენატრა, ახლა რომ ალკოჰოლისა და სიგარეტის სურნელიც შერევია.. მისი ხელები, რომლებიც უმისამართოდ დაცოცავენ უკვე დიდი ხნის ათვისებულ სხეულზე. მისი ფართო მხრები, მისი ცხელი და ვნებიანი ტუჩები... როგორ მომნატრებია.. ღმერთო, როგორი სასურველია ჩემთვის. ფეხზე მდგარი ზურგით მკერდზე ვეყრდნობი და სუნთქვა არეული თავს მხარზე ვადებ. ყელში მკოცნის, მე კი ძალაგამოცლილს, მუხლები მომეკვეთებოდა, მისი ძლიერი მკლავები მუცელზე რომ არ მეხვეოდნენ. მისი სინაზეც, სიფრთხილეც, სითბოც უკვალოდაა გამქრალი. უხეშად მიკოცნის სხეულს და გაყინული ხელებით მეფერება. ეკალი მაყრის, ჟრუანტელი მივლის, მაგრამ არ ვიშორებ. ჯანდაბა! მე ის მომენატრა! ისე მომენატრა, მზად ვარ ასეთიც ავიტანო. თავს ვერაფერს ვუხერხებ, სუსტი ვარ მასთან. წამითაც არ ფიქრობს ჩემზე, ჩემს ემოციებზე და მაინც, ცდილობს არ მატკინოს. ვნებაჩამცხრალი ზურგზე წევს და მისი ღრმა, მძიმე სუნთქვა მახვედრებს, რომ არ სძინავს. ზურგშექცევით ვწევარ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ათასობით ნემსი მერჭობა ერთდროულად. ვეღარ ვიტან მის სიახლოვეს. მისი ყოველი ამოსუნთქვა ჩემს სისუსტეს მახსენებს. როგორ შემიძლია ვიყო ამდენად სუსტი? დავყვე მის ნებას, ვინც ცხოვრება დამინგრია. რატომ მინდა ყველაფრის მიუხედავად მასთან ჩახუტება? მთელი სხეულით ვცდილობ ოდნავადაც არ შევირხე. მინდა შევხედო, მინდა მისი თვალები დავინახო. მინდა შევეხო, მინდა მოვეფერო. ჩემი სურვილები საკუთარ თავს მაძულებს. გიჟივით ვხტები საწოლიდან და ოთახიდან გავრბივარ. სწრაფად ვიცვამ, რასაც ვპოულობ და სახლიდან გავდივარ. შეშლილი გამომეტყველებით მივუყვები ქუჩას. ხალხი არაა, დილის ხუთი, ან ექვსი საათი იქნება. სუფთა ჰაერზე ცოტათი ვმშვიდდები. სკვერში, სკამზე ვჯდები და თრთოლვას უფლებას ვაძლევ, სხეულიდან გამოაღწიოს. გულის არეში დაწყებული ტკივილი მთელ სხეულს ედება. კუჭი მეწვის ვერგამოხატული ემოციებისგან. თითები მეყინება, თითქოს სისხლიც აღარ მოძრაობს. მონოტონურად ვირწევი მთელი ტანით და ცრემლებს თვალებიდან გადმოსვლის საშუალებას არ ვაძლევ. ვიხსენებ ყველაფერს თავიდან ბოლომდე. ყველა შეხვედრას, ყველა მზერას, ყველა გაღიმებას, ყველა შეხებას და ტკივილის გარდა ვეღარაფერს ვგრძნობ. მე კი, მე მაინც დავყევი მის ნებას. მიუხედავად ყველაფრისა, იმდენად სუსტი აღმოვჩნდი, რომ მასთან ვიწექი. იმდენად სუსტი, რომ ისევ მასთან მინდოდა. მისი ურეაქციობა ყველაზე მეტად მტკენს. ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, არც კი უცდია გავეჩერებინე. გული მეკუმშება, ვგრძნობ როგორ მიჭირს ამოსუნთქვა და სადაცაა, უჰაერობისგან გავიგუდები. ვერ ვხვდები რამდენ ხანს გრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ აუტანელი სიცხე მაფხიზლებს. მზე მომდგომია და არ იშურებს თავის სითბოს. მძიმედ ვდგები და ისევ ფეხით მივუყვები გზას სახლისკენ. არ ვიცი იქ რა დამხვდება.. კიბეებზე ისე ავდივარ, თითქოს გილიოტინისკენ მივდიოდე. ფეხები უკან მრჩება და მაინც წინ მივიწევ. გულში სამამდე ვითვლი და სახელურს ვწევ. ქურდულად ვიპარები სახლში და მაშინვე ოთახისკენ მივდივარ. ოთახი ცარიელია. ღრმა ამოსუნთქვას ვაყოლებ სიმძიმეს. წასულა..კიდევ ერთხელ მტკენს. გასწორებულ საწოლზე ვჯდები და შეკავებულ ცრემლებს გასაქანს ვაძლევ. *** მაქსიმე აღარ ჩანს.. მეც ჩემს ემოციებს კონტროლს ვუწევ.. ერთი კვირა მყოფნის იმისთვის, რომ დავმშვიდდე.. მაგრამ ჩემს გრძნობებს ვერ ვალაგებ.. ერთადერთი რასაც ვერ ვაკონტროლებ, სწორედ ესაა.. წარსულის გრძნობები, რომელიც არ ქრება.. არც უფერულდება.. უბრალოდ ვცდილობ მასზე ფიქრები ამოვიგდო თავიდან.. გონებით მთლიანად საქმეში ვეშვები და რაც შეიძლება ნაკლებ დროს ვიტოვებ თავისუფალს. ამ თავისუფალ დროსაც თათა მივსებს.. კიდევ კარგი ის მყავს.. მთელი ეს დრო ისე მეხმარება, გვერდში მიდგას.. მაგრამ მაქსი.. საღამოს მაინც ვრჩები მარტო.. საკუთარ გაშიშვლებულ გრძნობებსა თუ ემოციებთან.. ვრჩები და აღარაფერი გამომდის.. ფიქრებს თავს ვეღარ ვაღწევ.. გამუდმებით მაქსიმესთან ტრიალებენ.. მაგრამ ბრაზი, ბრაზი რომელიც ჩემზე ძლიერია.. დანაშაული, რომელსაც მას ვაბრალებ, არ მაძლევს უფლებას მივენდო ჩემს გრძნობებს.. და ბრაზი, რომელსაც მისი უყურადღებობა იწვევს.. ერთი კვირა.. ერთი კვირა არც კი მოვუკითხივარ.. ერთხელაც კი არ მოსულა.. არც ერთხელ.. *** საღამოს თათა მოდის ჩემთან.. ცდილობს გამახალისოს, სხვადასხვა თემებზე მესაუბრება, მაგრამ აფორიაქებულია.. არ ვიმჩნევ.. ძირითადად ასე იქცევა, ათას რამეს მიედებ-მოედება და მერე მიდის სათქმელამდე.. ვაცდი, როდის მოიკრებს შემართებას და მეტყვის.. - მარიამ - იწყებს. - გისმენ - მეღიმება მის ასეთ ბავშვურობაზე.. - გახსოვს რომ გითხარი მაქსის და თურქეთში წაიყვანეს-მეთქი? - ზედმეტად ფრთხილი ტონი აქვს. - კი, მახსოვს - ვეთანხმები და ცოტა არ იყოს ვიძაბები. - ხვალ მაქსიმეც მიდის.. - ხო - ისევ ვეთანხმები.. სრულიად ლოგიკურია, რომ მაქსიმე თავისი დის სანახავად წავიდეს და ვერ ვხვდები რას მეუბნება თათა. - მარიამ, მის დას ოპერაციას უკეთებენ.. - ვიცი, ღვიძლი უნდა გადაუნერგონ - კვერს ვუკრავ და ჩემთვის ცნობილ ინფორმაციასაც ვუზიარებ, მაგრამ.. გადანერგვა.. დონორი.. დედმამიშვილი.. ვხვდები! გასაგებია რატომ მეუბნება თათა ამას.. მაქსიმე დონორია.. თითქოს ცივი წყალი გადამასხესო.. ის ოპერაციას იკეთებს.. ოპერაციას, რომელიც რისკს შეიცავს მისი სიცოცხლისთვის.. ოპერაციას, რომელიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს მისთვის.. გასაგები ხდება, რატომ არ ჩანდა ამდენ ხანს.. ანალიზები, გამოკვლევები, ყველაფერს ვხვდები.. ნუთუ ეს რეალობაა.. სახეზე ხელებს ვისვამ და მაგიდას იდაყვებით ვეყრდნობი.. რამდენი რამ უნდა მოხდეს.. კიდევ რამდენი რამ უნდა გადაიტანოს მაქსიმემ.. ის მარტოა.. ვაანალიზებ, რომ ამ ყველაფერს მარტომ უნდა გაუძლოს.. მარტომ უნდა გადაიტანოს და ვხვდები, ერთადერთი რაზეც ახლა ვფიქრობ, მის გვერდით ყოფნაა.. მე მას ვჭირდები.. ჩემს მაქსიმეს.. გაფართოებული თვალებით შევყურებ თათას, მის სიტყვებს გონებაში ვიმეორებ.. ხვალ მიფრინავს, ხვალ.. თათას ბოდიშს ვუხდი და სახლიდან გავრბივარ. ყველა გრძნობა მიახლდება.. ყველა ემოცია და შიში.. უმისობის შიში, რომელსაც აქამდე საკუთარ თავსაც კი ვუმალავდი.. აღარ შემიძლია.. მის გარეშე ვეღარ ვიქნები.. მის გარეშე ყოფნა ბოლოს მომიღებს.. გზაში კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ სწორად ვიქცევი.. მე მას ვერ დავივიწყებ.. მასაც ვერ დავკარგავ.. ვერ მივატოვებ.. მე მასთან მივდივარ.. რა სიგიჟეა. ლამის ვლოცულობ, რომ მარტო იყოს. შეშინებული ვაკაკუნებ კარებზე, მაგრამ არავინ მეხმაურება. კიდევ ერთხელ, ძალიან ნაზად და ისევ არავინ ჩანს. გაუბედავად ვწევ სახელურს და იღება. შევდივარ სრულიად უცხო სახლში, რომელიც ნაცნობი სურნელითაა სავსე. სახლი ჩაბნელებულია, მხოლოდ ერთგან მოჩანს მბჟუტავი სინათლე. იქაა - გული მიჩქარდება. ჩუმად ვაღებ კარებს. არ ვიცი, სძინავს და ვერ იგებს, თუ ყურადღებას არ მაქცევს. საწოლს ვუახლოვდები. გაუხდელად ვწვები და მკერდით ვეკვრი ზურგზე. ხელს ფრთხილად ვუცურებ წელზე, თითქოს ვცდილობ, ასე შევაჩერო. შეუჩერებლად ვუკოცნი შიშველ ბეჭებს და ცრემლები ღაპა-ღუპით მცვივა ემოციებისა თუ მონატრებისგან. ჩემს ხელს იშორებს, მგონია უნდა ადგეს და გული მისკდება. მაგრამ ჩემკენ ბრუნდება, სულ ოდნავ მიღიმის, შუბლზე მკოცნის და ახლა თვითონ მიკრავს გულში.. მთელ სხეულს ეხვევა თავისი მკლავებით და გაშლილ მხრებში მკარგავს. მის გვერდით ისეთი პატარა ვარ. - ნუ გეშინია - მეჩურჩულება და ხელებს არ მიშვებს. - მაქსიმე - სლუკუნით ვამბობ მის სახელს. - გეყოფა - იღიმის - მალე დავბრუნდები, სულ მალე, გეფიცები - და მე მჯერა. ისეთი დარწმუნებულია, მეც მჯერა. - არ მომატყუო - ვსლუკუნებ. - არასდროს - ისევ მკოცნის. ესაა ყველაზე თბილი შეხება. მის გარეშე გასული თითოეული წამი მტანჯველ სიცივედ მევლინებოდა. ახლა მე მასთან ვარ. მასზე მიხუტებული ვწევარ მის საწოლზე, მის ოთახში, მის სახლში და ბედნიერებისგან ჟრუანტელი მივლის. არაფერს ვეუბნები, არ მინდა ვკითხო, მინდა თვითონ მითხრას. მითხრას მაშინ, როცა ენდომება. მე კი ის მყოფნის, რაც ვიცი. როგორ შემეძლო ასე დამეტანჯა საკუთარი თავი. როგორ შემეძლო, ასე დამესაჯა ის.. მონატრების ტალღა ჯერ ისევ მთელ სხეულში მივლის, ჯერ ისევ ვერ ჩაცხრა, ვერ დამშვიდდა. ისე ვებღაუჭები მის სხეულს, თითქოს ვინმე მართმევდეს. - წამიყვანე - ვკრუსუნებ და არ მეთმობა. - მარიამ - სიმკაცრეშეპარული ხმაც კი მომნატრებია - არ ღირს, შენ აქ დამელოდები, მე მალე ჩამოვალ - პატარა ბავშვივით მიხსნის და თითებს ათამაშებს ჩემს ზურგზე. - კარგი - ვოხრავ და ვეგუები ამ აზრს. მოთამაშე თითებს ნელ-ნელა მუცლისკენ აპარებს. გული წამებით მიჩერდება, ტკივილი მთელი სიმძაფრით ახლდება. გაშლილ ხელს მადებს და მუცლის კუნთები ისე მეკუმშება, ტკივილსაც კი იწვევს. - მაქსიმე - მინდა, რომ ხელი მომაშოროს. ვეღარ ვიტან, არ შემიძლია. კიდევ ერთხელ ვერ გადავიტან. - მაპატიე - არაადამიანურად ტკივილით სავსე ხმით ამბობს და მაჟრიალებს. მისი ტკივილი მტკენს ისე, რომ ჩემი აღარ მახსოვს. - მაქს - ცრემლები არ მაძლევს საშუალებას რამე ვთქვა. ვეხუტები და მინდა, მთელი მისი ტკივილი ჩემზე გადმოვიდეს.. გული ისე ძლიერად უცემს, ისე სწრაფად.. - არ გინდა - აკანკალებული ხმით ვეხვეწები - გეყოფა.. - მაპატიე.. - გაპატიე - თვალებში ვუყურებ და ვგრძნობ, გულწრფელი ვარ.. იმდენად გულწრფელი, თვითონაც მიხარია ამის აღმოჩენა.. ნელა მივიწევ მისი ტუჩებისკენ და ვკოცნი.. თითებს ნაზად ვასრიალებ მის ტანზე და.. დე ჟავუ მაქვს.. თითები კანის ამობურცულ ნაწილს შეიგრძნობენ, რომელიც აქ არ უნდა ყოფილიყო.. ის სადღაც უფრო ქვემოთ იყო.. ეს.. ეს საერთოდ არ არსებობდა.. ახალია.. ღმერთო.. ის კიდევ ერთხელ.. კიდევ ერთხელ დაიჭრა.. ჩემი უეცარი კრთომის მიზეზს ხვდება.. - მარიამ, არაფერია.. - არაფერი? ეს არაფერია? - მის გაწითლებულ ნაიარევს დავყურებ - ეს არ გქონდა - დაბეჯითებით ვეუბნები. - არ მქონდა - მეთანხმება.. - შენ.. - ხო, ჩამოსვლა ამიტომ დამაგვიანდა - ისევ მეთანხმება.. ღმერთო, მე ის კინაღამ დავკარგე.. უკვე მერამდენედ არ ვიცი.. შეიძლება ცოცხალი არ ჩამოსულიყო.. ღრმად ვსუნთქავ, მაგრამ ცრემლებს ვერ ვაკავებ.. ჯერ ისევ ვერ ვიჯერებ.. ახლა რომ ვეხუტები, ახლა რომ ვკოცნი, ახლა რომ მის გვერდით ვარ.. ეს ყველაფერი შეიძლება ერთ წამში გამქრალიყო და.. არ მჯერა.. - მორჩა, კარგად ვარ მარიამ - არ ვიცი ღიმილის ძალა როგორ შერჩა, მაგრამ მიღიმის.. ყველაზე გულწრფელი, ყველაზე ლამაზი და ყველაზე მშვიდი ღიმილით მიღიმის.. მთელი ღამე მასზე მიხუტებული ვწევარ.. არ მძინავს.. არც მას სძინავს.. ჩემს თმებში ათამაშებს თითებს.. არ ვიცი რას ფიქრობს.. მე არ ვფიქრობ.. უბრალოდ ვტკბები მასთან ყოფნით.. მისი სუნთქვის მოსმენით.. მისი სურნელით.. მისი შეხებით.. არ ვიცი როდის, ალბათ გამთენიისას მეძინება.. ისე ღრმად მეძინება, მის წასვლასაც კი ვერ ვიგებ.. ვერც იმას ვგრძნობ, როგორ მკოცნის.. დილით გაღვიძებულს კი გვერდით აღარ მხვდება.. მაინც მეღიმება.. თავის სახლში დამტოვა.. ღიმილით ვწვები ისევ და ღრმად ვსუნთქავ.. აქაურობა, საწოლიც, ოთახიც, სახლიც გაჯერებულია საყვარელი სურნელით და მეც ვისუნთქავ.. მერე დენდარტყმულივით ვხტები და ტელეფონს ვიღებ.. თათა მჭირდება, აუცილებლად.. მარტო ვერ დავტოვებ, არ შემიძლია.. ახლა როცა ამის საშუალება მაქვს, მასთან უნდა ვიყო.. *** თათას ვეუბნები რაც მაინტერესებს.. ისიც მითიშავს ტელეფონს და სანამ პასუხს დამიბრუნებს, მგონია საუკუნე გადის.. ვნერვიულობ, ერთი სული მაქვს ტელეფონის ხმა გავიგო.. სწრაფად თათა, სწრაფად, გთხოვ.. მე სახლისკენ მივიჩქარი.. თათა ზუსტად ნახევარ საათში მირეკავს.. არამარტო მირკვევს ყველაფერს, ბილეთსაც მიჯავშნის და სიხარულით მამცნობს, რომ საღამოს ხუთ საათზე ფრენა მაქვს.. ყოველთვის ყველაფერი იცის, ან თუ არ იცის არკვევს.. საოცრებაა ეს გოგო. უამრავი მადლობის შემდეგ მითიშავს.. სახლში შესვლითანავე პატარა ჩანთაში საჭირო ნივთებს ვყრი და გასამგზავრებლად ვემზადები.. *** ოთხის ნახევარზე აეროპორტში ვარ.. ხუთზე უკვე ფრენაა.. დრო საშინლად იწელება.. ისეთი აფორიაქებული ვარ.. სკამზე ვერ ვისვენებ, გამუდმებით ვწრიალებ.. სანამ თვითმფრინავი სტამბულის აეროპორტში ეშვება, მე ჩემი მემართება.. ახლა იზმირისკენ მიმავალი ტრანსპორტის ძებნაში მაწყდება ფეხები და თვალები.. ჩემს სურვილს როგორღაც ვაგებინებ ტაქსის მძღოლს და მასაც სადგურში მივყავარ.. იქ იზმირისკენ მიმავალ ავტობუსს ვპოულობ და ვჯდები.. თითოეული წუთი იწელება.. ნეტავ რამდენ ხანში ერთხელ გადის ეს ავტობუსი? ლამისაა მძღოლს მივეჭრა და აჩქარება ვთხოვო.. როგორც იქნა, ვიძვრით! არ ვიცი მე მეჩვენება თუ მართლა ძალიან ნელა დადის, მაგრამ ფაქტია, იზმირში გასვლიდან ხუთი საათის შემდეგ ჩავდივართ.. რა საშინელებაა, ასე მგონია ყველა და ყველაფერი ჩემ წინააღმდეგაა. ისევ ტაქსი და მძღოლისთვის ახსნა.. საბედნიეროდ საავადმყოფოს სახელი ზუსტად ვიცი და მძღოლსაც ადვილად ვახვედრებ ყველაფერს. შესასვლელთან მიჩერებს.. საოცრად მადლიერი ვარ მისი, ალბათ ერთადერთი ტრანსპორტია, რომელმაც ნორმალური სიჩქარით იარა და არ იღოღა.. ფულს ვაწვდი და გადავდივარ. ვდგავარ საკმაოდ დიდი შენობის წინ და ვეღარ ვხდები რა უნდა გავაკეთო.. ეზოში ხალხი ირევა, ხალათიანები, ჩვეულებრივი მოქალაქეები.. შუბლს ვიზელ და შესასვლელს ვუყურებ. შესვლისაც კი მეშინია.. შეუსვლელობის მით უმეტეს.. არ ვიცი შიგნით რა დამხვდება.. მაქსი ალბათ უკვე საოპერაციოშია.. ვნერვიულობ.. მთელი სხეული მიხურს.. გაუბედავად ვდგამ ნაბიჯს წინ.. კიდევ.. კიდევ.. შევდივარ.. ჩემს სხეულში ტემპერატურა იმატებს.. ვარკვევ სად მიმდინარეობს ოპერაცია და იქით მივდივარ.. არ ვიცი საავადმყოფოში არსებული სიგრილე მაფხიზლებს თუ საკუთარი გონება, მაგრამ ფაქტია, თითქოს უეცრად ვიღვიძებ.. ვხვდები, რომ უნდა ავჩქარდე.. ვხვდები, რომ თუ ემოციებს არ გამოვხატავ, გავგიჟდები.. სულ რამდენიმე წამით ვჯდები კიბეზე, სახეს ხელებში ვრგავ და ღრმად ვსუნთქავ.. როგორც კი ვხვდები, რომ გონებას ვიკრებ, მგრძნობელობაც მიბრუნდება და სხეულიც აღარ მეწვის, ვდგები და იმ ადგილისკენ მივდივარ, რომელიც მიმასწავლეს. მოსაცდელში, სკამზე ქალი ზის.. შეხედვისთანავე ვხვდები ვინცაა.. იქვე ვჩერდები.. აღარ ვიცი რა გავაკეთო. მივიდე? იქნებ ჯობს არ გამოვჩნდე.. მაგრამ რა სისულელეა, ვის ვემალები.. ამოსუნთქვას ვაყოლებ ყოყმანს და ძლივს მოკრებილი გამბედაობით მივდივარ წინ. ქალის პირდაპირ მდგარ თავისუფალ სკამზე ვჯდები და როგორც კი მის მზერას ვგრძნობ, მგონია რომ ვიწვი.. ზუსტად ვიცი, ლოყები მიწითლდება.. უკვე დარწმუნებული აღარ ვარ, რომ აქ დაჯდომა კარგი იდეა იყო.. - გამარჯობა - მეუბნება და მიყურებს. - გამარჯობა - ოდნავ ვუკრავ თავს და ვხვდები, მანაც ისევე ზუსტად იცის ჩემი ვინაობა, როგორც მე მისი. - რვა საათი ხდება რაც შეიყვანეს - არ ვიცი, გრძნობს რომ ასე ძალიან მაინტერესებს თუ უბრალოდ მეუბნება, მაგრამ რაც მთავარია მეუბნება.. თავს ვუქნევ და დაბნეული შევყურებ.. ვერ ვხვდები რამე ვუთხრა, თუ გავჩუმდე.. დავამშვიდო, თუ ჩემთვის ვიჯდე.. ქალს მაღალი სილუეტი უახლოვდება და ჭიქით ყავას აწვდის. ქალი დგება, ჩემკენ მოდის და ჭიქას მე მაძლევს.. მადლიერი თვალებით ვუყურებ.. - მადლობა - ვჩურჩულებ და ჭიქას თითებს ვხვევ.. მხოლოდ ახლა ვხვდები, რამდენი ხანია ყავა არ დამილევია, ჭამაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.. ყელში მაინც არაფერი გადამივა.. მაგრამ ყავა ძალას მაინც შემმატებს. ჭიქას დავცქერი, ქალის შეხებას რომ ვგრძნობ მხარზე. ხელს მისვამს და ძალიან ჩუმად მეუბნება: - ვწუხვარ ბავშვის გამო. გაოგნებული ვუყურებ, მან ყველაფერი იცის? - წასვლამდე გვითხრა, რომ მის ცხოვრებაში საყვარელი ქალი გამოჩნდა და მალე შვილი ეყოლებოდა.. - გასაგებია - ხმაწართმეული ვჩურჩულებ და ვცდილობ არ ვიტირო. მაქსიმეს დედა თავის ადგილს უბრუნდება. კაციც მკრთალად მიღიმის და მეუღლის გვერდით ჯდება. თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ, თუმცა ამაზე ფიქრის თავი არ მაქვს.. საათს ვუყურებ.. უკვე ორი საათი გადის რაც აქ ვარ. ანუ ათი საათი, რაც მაქსი შიგნით ჰყავთ, მაგრამ არავინ გამოდის.. უკვე მეშინია.. სკამს ხელებით ვეყრდნობი და ვირწევი.. ლამისაა გული გამისკდეს და ვერც კი გამოვხატავ.. ვერც ვტირი, ვერც ვერაფერს ვამბობ.. ჯოჯოხეთური საათებია.. წუთები, რომლებიც არა და არ სრულდება.. - ყველაფერი კარგად იქნება - გამამხნევებლად გვიღიმის კაცი და მთელი გულით მინდა ჩავეხუტო.. თითქოს მისმა სიტყვებმა შვება მომგვარეს.. თითქოს დამაჯერა, რომ ასე იქნება.. ისე ვითიშები, ვერ აღვიქვამ გარშემო რა ხდება.. მსუბუქი შეხება მაფხიზლებს.. მაქსიმეს დედა ნაზად მარხევს.. შეშინებულ მზერას ვაპყრობ, ალბათ შეშლილი გამომეტყველება აქვს, იმიტომ, რომ ქალიც შინდება. - რა, რა ხდება? - მთელი სხეული მეჭიმება პასუხის მოლოდინში.. - სტაბილური მდგომარეობა აქვს, საოპერაციოდან მალე გამოიყვანენ და რეანიმაციაში გადაიყვანენ.. - ღმერთო - სახეზე ხელებს ვიფარებ და ცრემლები მსკდება.. ამდენსაათიანი სტრესი ერთიანად იჩენს თავს და ვეღარ ვჩერდები.. ერთიანად ვიცლები, სხეული კი ისევ მიცახცახებს. - დალიე - წყალს მაწვდის მაქსიმეს დედა. ორივე ხელით ვართმევ და ყლუპ-ყლუპად ვსვამ. - დამშვიდდი - ოდნავ მიღიმის - გაუძლებს, კარგად იქნება.. - მადლობა - ფაქტობრივად ხმა არ ამომდის.. მაქსთან არავის უშვებენ.. უკვე მთელი 24 საათი გადის.. პალატაშიც გადაჰყავთ, მაგრამ მაინც არ გვიშვებენ.. ცოტა მიკლია გაგიჟებას.. მალე ალბათ ძალით შევალ.. ის შიგნით წევს, მე კი მასთან შესვლის უფლება არ მაქვს.. მოუსვენრად დავდივარ წინ და უკან და ვოხრავ. რატომ არავინ მოდის? რატომ არ ამბობენ, რომ ნახვა შეგვიძლია? რატომ? ძალაგამოცლილი ვეხეთქები სკამზე და სადაცაა ავფეთქდები. თუმცა მასწრებენ, ექთანი მოდის და რაღაცას ამბობ. იმასაც კი ვერ აღვიქვამ რას გვამცნობს.. სამაგიეროდ მესმის რას ამბობს მაქსიმეს მამა.. - შედი - მანიშნებს რომ ექთანს გავყვე. გაკვირვებული ვუყურებ.. შესვლა ისე მინდა, მზად ვარ ყველაფერი დავთმო მის სანახავად, მაგრამ.. მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ პირველი მე შემიშვებდნენ. - მადლობა - თვალები ცრემლით მევსება ზედმეტი ბედნიერებისგან და ექთანს მივყვები. კარებს აღებს და მანიშნებს შევიდე.. შევდივარ, მაგრამ იქვე ვჩერდები.. ნერწყვს ვყლაპავ და თავს ვთოკავ, რომ არ ავქვითინდე.. მაქსიმეს სძინავს.. აპარატი გულისგამაწვრილებლად წრიპინებს.. უამრავი მილი ახვევია გარშემო.. არ შემიძლია. პირზე ხელს ვიფარებ და ისე ვსლუკუნებ.. პირველი ემოციის შემდეგ, უჩვეულოდ სწრაფად ვმშვიდდები. მისკენ მივდივარ და დავყურებ.. თავს უფლებას ვერ ვაძლევ, არ შევეხო.. ნელა ვიხრები და ტუჩებზე სულ ერთი წამით ვეხები. მერე იქვე საწოლთან მდგარ სკამზე ვჯდები და მის ხელს ვეხები. - გაიღვიძე რა - ვჩურჩულებ და ხელის ზურგზე ვკოცნი.. უნდა გაიღვიძოს! კარგად უნდა იყოს! სხვანაირად შეუძლებელია.. სხვანაირად ვერ იქნება! ვერ დამტოვებს.. ფერდზე სულ ოდნავ ვადებ თავს.. ჭრილობა იქ არ აქვს, მაგრამ მაინც მეშინია, რამე არ ვატკინო.. ჩურჩულით ველაპარაკები და ცრემლებსაც ვეღარ ვიკავებ.. ჯერ ჩემს სახეზე ტოვებენ კვალს, შემდეგ კი მის სხეულზე ინაცვლებენ.. ისევ ის შეგრძნება - დრო იწელება.. მგონია მთელი დღეა აქ ვარ და არ იღვიძებს.. არადა ჯერ ნახევარი საათიც არ გასულა. ვსლუკუნებ და ცრემლებს მაინც ვერ ვაჩერებ.. იქამდე ვერ ვაჩერებ, სანამ არ ვგრძნობ, როგორ მიჭერენ მისი თითები ხელზე. სწრაფად ვსწორდები და ვუყურებ.. თვალები გახელილი აქვს და ისიც მიყურებს.. მგონია, რომ მეორედ დავიბადე.. - მაქსიმე - ბედნიერი ამოვთქვამ მის სახელს და თითებს ვუკოცნი. - აქ რა გინდა? - სიმკაცრეშერეული ტონით მეკითხება და თვალები მიფართოვდება. ყველაფერს ველოდი ამის გარდა. - რა? - დაბნეული ვეკითხები. - მე სახლში დაგტოვე - სიმკაცრე ქრება, მაგრამ არც სითბო ჩანს. ლაპარაკი უჭირს. - მე.. მე იქ ვერ დაგელოდებოდი - ღრმად ვსუნთქავ - მოვკვდებოდი ახლა აქ რომ არ ვიყო - ძლივს ვამთავრებ წინადადებას და ტირილი მივარდება.. მისგან ასეთ რეაქციას არ ველოდი.. გული მწყდება.. ძალიან.. - კიდევ კარგი აქ ხარ. მგონი მოლანდებები მეწყება... თავს ვწევ და ვუყურებ. არა.. მიღიმის. მეცინება.. ღმერთო, ის ჩემთანაა. თავს ვადებ მხარზე და ხელს ფრთხილად ვხვევ. - მიყვარხარ - ჩემს ყურთან ჩურჩულებს და ლამისაა ბედნიერებისგან გონება დავკარგო. პირველად მესმის მისი ნათქვამი ეს სიტყვა და ვხვდები, ამაზე სასიამოვნო არაფერი მომისმენია.. თვალებში ვაცქერდები და მათში სიტყვების დასტურს ვხედავ. თვალები ცრემლით მევსება.. სიხარულის ცრემლით.. ხმის ამოღებას ვერ ვბედავ.. უბრალოდ თავს ვუქნევ დასტურის ნიშნად, ვუდასტურებ, რომ მეც მიყვარს. მთელი გრძნობით ვკოცნი მხარზე და საპასუხოდ თავზე კოცნას ვგრძნობ.. - რომ დავბრუნდებით, ჯვარი დავიწეროთ.. მგონია, რომ მომესმა.. ერთი დღისთვის ზედმეტად ბევრია.. ვერ ვიჯერებ.. მთელი გულით მეღიმება.. - იქნებ აქაც ვიპოვოთ ტაძარი - სიცილით ვიჩეჩავ მხრებს და ტუჩებზე ვეხები. ______ მომენატრეთ.. შეფასებებს ველი მოუთმენლად.. მადლობა ჩემს კნუტს დახმარებისთვის... ისტორია ეძღვნება მას.. მაქსიმე ეკუთვნის მას.. და თუ თითს ვინმე ზედმეტად დააკარებს, მოკლავს ყველას.. საბედნიეროდ არც მაქსიმეს თვალის ფერზე კამათში დაგვიხოცავს ერთმანეთი და არც სურათის არჩევაში.. ორივე ცოცხლები ვართ და ორივე კარგად ვართ.. მადლობა ჩემს მერცხალს, ბასასუნას, ჩემს ანაკოს რომ ამდენი ხანია, ჩემს ყველა ისტორიაზე ჩემივე წუწუნს იტანს .. უღრმესი მადლობა გოგოებო, თქვენ რომ არა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.