ბრალდებულო! თავი 15.
გაშეშებული ვიდექი და არ ვიცოდი რა მექნა. აღარც სამსახური, აღარც დრო, არაფერი მახსოვდა. წამიერად გამოვეთიშე სამყაროს. უცნობი ხმა? რატომ იყო უცნობი? იოანესას ჰგავდა, მაგრამ თან არ ჰგავდა...რაღაც სიცივე მოდიოდა, თან ჰაერის თბილი ნაკადი მოჰყვებოდა. შემაჟრჟოლა...სახლის ტელეფონს დავხედე. იმედი მქონდა, რომ ისევ აწკრიალდებოდა, მაგრამ შევცდი. არავის დაურეკავს. ვინ იყო? "იოანე...იოანე..."-მკარნახობს თითქოს ქვეცნობიერი, მაგრამ ვერ ვიჯერებ. არა, როგორ? აბსურდია, არა? შეუძლებელია...ავკანკალდი, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და კარებისკენ წავედი, თან ფეხს ვითრევდი. ცალი ყური ტელეფონისკენ მქონდა. იქნებ...რა მოხდება, ისევ რომ დარეკოს...მინდა და თან არ მინდა...მეშინია, თუმცა არ მინდა ვკანკალებდე მოლოდინისგან. კარი გავაღე და წამიერად მომეჩვენა, რომ ტელეფონი ისევ აჟღერდა, თუმცა შევცდი...ეს მხოლოდ ჰალუცინაცია იყო, რომელიც მალევე გაქრა... ღრმად ჩავისუნთქე და იმედგადაწურული გარეთ გავედი. კარი ჩავკეტე. გავჩერდი. დანიელის სახლისკენ გავიხედე. მინდოდა მივსულიყავი კარებამდე, მაგრამ ნაბიჯს ვერ ვდგამდი. წარსულის მოჩვენებასავით იყო ეს ზარი, რომელმაც მთლიანად გამაკავა და თითქოს შემიპყრო. იმდენად შემიპყრო, რომ ჩემი სხეული აღარ მემორჩილებოდა. წარსულ "მე"-ს მახსენებს ყველაფერი. იმ ბედნიერებას, რომელიც ადრე მქონდა, მაგრამ მერე გაქრა, იოანესთან ერთად. მტკივა, გული მტკივა, აუტანლად, გაუსაძლისად, გაუგებრად, არეულად, არაამქვეყნიურად. ასე მგონია რაღაც მიჭერს და და მინგრევს გულმკერდის ძვალს, მაგრამ არა გარედან. ყველაფერი შიგნიდან მოდის, ჩემი გულიდან, ჩემგან... დანიელის ხმა გავიგე და წამიერად შემეკუმშა დიაფრაგმა, შემეკრა სუნთქვა და ვიგრძენი, როგორ გამეჩხირა რაღაც კისერში. თავი შევიკავე. ყველანაირად შევეცადე არ შემემჩნია. ღრმად ჩავისუნთქე, მიუხედავად იმისა, რომ მტკიოდა. ამოვისუნთქე...მერე რა, რომ დახრჩობა მინდოდა, რადგან ისე ვიყავი, ვერ ვფიქრობდი, ვერ ვუძლებდი, ვერ ვძლებდი, ვერ ვძლევდი...გაქცევა მინდოდა, წარსულისკენ... -სოფო, გესმის?-კიდევ ერთხელ მომმართა დანიელმა. გავხედე და შევეცადე არ შემემჩნია აღელვება, რომელიც ამ წამს ჩემს გულში ბობოქრობდა. -ყავა და ტოსტი მზადაა.-გამიღიმა. -სამსახურში გვაგვიანდება.-შევეცადე ოდნავ მაინც გამემოძრავებინა ბაგეები და ღიმილისმაგვარი რამ გამომესახა. -არაუშავს.-ხელით ნაზად წამიყვანა თავისი კარებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მითქვამს, ვგრძნობდი, რომ ახლა უბრალოდ ვერაფერს გადავყლაპავდი. ერთი ლუკმაც რომ ჩამედო, დამახრჩობდა...მაინც გავჩუმდი და დავემორჩილე. რატომ? იმიტომ რომ, იგი სხვაა... სახლში შევედით, გული კი ჩემს ბინაში დარჩა, ტელეფონთან. ვინ იცის, იქნებ ახლაც რეკავს? იქნებ...იმდენად მინდა დარეკოს, რომ უკვე აქაც მესმის ხმები. ასე გაგიჟება შეიძლება. ან რატომ დღეს? ამდენი წლის მერე? 11 წელი...რა ცოტაა, არა? უფრო გვიან გამოჩენილიყო, თუ მართლა იოანეა, სად ეჩქარებოდა, ვინ ექაჩებოდა... ზღვარზე ვარ. ერთ მხარეს იოანე დგას და წარსულიანად მიზიდავს, მეორე მხარეს მომავალია და იქაც იოანე მხვდება. რა უცნაურია. და რას ნიშნავს ეს ზღვარი? უაზრობაა. ორივე მხარეს იოანეა. მე სად მივდივარ? მე მომავლისკენ წავალ, მაინც დამხვდება იოანე, მაინც იქ იქნება, არა? არ მომეჩვენა, ეგ იყო...მე მომავლისკენ წავალ... ყავა მოვსვი, ძალიან ცოტა და მაშინვე გულის რევის შეგრძნებამ წამომიარა, მაგრამ თავი შევიკავე. -სოფო...-დანიელმა ჩუმი ხმით გამომაფხიზლა. -გისმენ.-ქვევიდან ავხედე და მის თვალებს თითქოს მივაშტერდი, მაგრამ თან გავურბოდი. -არაფერი, უბრალოდ...-გამიღიმა. -უბრალოდ...-მეც ჩამეცინა.-უბრალოდ არაფერი ხდება. -მაგრამ ხანდახან გინდა ყველაფერი "უბრალოდ"-ს დააბრალო.-ამყვა საუბარში. -არ შველის. -სამაგიეროდ, ცოტა ხნით მაინც გრძნობ თავს კარგად. -ამას შენ არ უნდა მეუბნებოდე. -რატომ?-გაიკვირვა. -არ ხარ იმ ტიპის ადამიანი, რომელიც "უბრალოდ"-ს დასჯერდება.-ჩამეღიმა. არაფერი მითხრა, სამაგიეროდ თვალებში იკითხებოდა ყველაფერი, მისი ყოველი გრძნობა, ფიქრი. ადრე მეგონა, დანიელს ვერასდროს გავიგებდი, ვერ მივხვდებოდი, რატომ შევუყვარდი, რატომ მაინცდამაინც მე, მაგრამ ახლა? ახლა ვხვდები, იმიტომ რომ იცის, რა არის ნამდვილის გრძნობა, იცის რა არის სიყვარული და ხვდება რამდენად ძვირფასია ყველაფერი. მას შეუძლია დაინახოს ის, რასაც სხვა ვერ ხედავს. ჩემში ძველი სიცოცხლისუნარიანობა რომ შეამჩნია, ამიტომ გადაწყვიტა, რომ შეიძლება ვუყვარდე. ჰო, ასე მგონია, დანიელი აკონტროლებს საკუთარ თავს და შეუძლია გააანალიზოს, გაიგოს, შეცვალოს, გადაწყვიტოს. ამბობენ, ადამიანი თავის ბედს თვითონ წერსო...მართლა ასეა? ბედის არ მჯეროდა, მაგრამ ახლა? თითქოს ვხვდები, რომ არსებობს, მაგრამ თან ვიაზრებ, რომ შემიძლია მეც გავაკეთო, შევცვალო. იქნებ საჭირო იყო ყველაფერი? იოანეს წასვლა, გამოჩენა. ჰო, ეს სატელეფონო ზარი, თითქოს ნიშანია იმის, რომ მე რაღაც უნდა გავაკეთო, მაგრამ როგორ? სად წავიდე? -რაზე ფიქრობ?-ისევ გამომაფხიზლა დანიელის ნაზმა, მაგრამ ბოხმა ხმამ. -არაფერზე.-გავუღიმე. -ეგ პასუხი ჩემთვის არ არსებობს.-ჩაეცინა. -ჩემთვის არსებობს.-თავი ჩავხარე და ისევ მოვსვი ერთი ყლუპი, მაგრამ ახლა უფრო დამშვიდებულმა. -საჭმელს რატომ არ ჭამ?-მკითხა, თითქოს შენიშვნით. -არ მშია.-ვუთხარი მშვიდად, თან გემრიელ ტოსტს დავადგი თვალი.-არა, მშია.-გამეცინა. ყელში გაჩხერილი გორგალი "გადავყლაპე" და მორთმეული საუზმე გემრიელად მივირთვი. -ასე უკეთესია.-დანიელმა გამიღიმა. -რატომ ხარ ასეთი მზრუნველი? -არ გეტყვი, რომ მხოლოდ შენზე ვზრუნავ.-ჩაიცინა. -არც ველოდები მაგას.-შევხედე უკმაყოფილომ და სახე დავუკერე. -რა საყვარელი ხარ.-თმა ამიჩეჩა და ოდნავ ჩაიღიმა, თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ თბილად. 9 საათი იყო, როცა მე და დანიელი სახლიდან გავედით და სამსახურისკენ გავემართეთ. -ერთად რომ შევიდეთ, რამეს იფიქრებენ.-ძველი ჩვევები დავიბრუნე და დანიელი შევაჩერე. -რადგან ეგრე ფიქრობ, მაშინ ჯერ შენ შედი, მერე 5 წუთში მე.-მალევე იპოვა გამოსავალი, მაგრამ თან უკმაყოფილო იყო. ვაწყენინე? იმედია, არა. არ ვიცი უკვე რას ვგრძნობ, როგორ ვგრძნობ. -გოგოებო, ბოდიში.-შევედი მხიარული სახით. -როგორ მოხდა?-ეკას გაეცინა. -მეც ადამიანი ვარ.-დავებღვირე და ჩემი კაბინეტისკენ წავედი. -დანიელი არ მოსულა.-მომაძახა ნინიმ. -უი, ვერც შევამჩნიე. -არ გაბრაზდი?-გაუკვირდა. -ჩემს გაბრაზებას ცალკე მივხედავ, დღეს სხვა საქმეებიც მაქვს.-გავუღიმე და კარები გამოვიხურე. ფარდა მაშინვე ჩამოვაფარე. რატომ, მეც არ ვიცი. ალბათ, არ მინდოდა, ვინმეს ჩემი აღელვებული, ან გრძნობებით გაფერადებული სახე დაენახა. საქმეს შევუდექი, მთელი მონდომებით. ერთ კვირაში უკვე სასამართლოა. პროკურორი-თაკო. რა სასიამოვნო შეხვედრა მელის. მაგასთან როგორ უნდა წავაგო? არავითარ შემთხვევაში. მოტივირებული ვიყავი და ხალისით შევუდექი ჩემს საქმეს. ასეთ დროს, ციხეში წასვლაც არ მეზიზღებოდა. ჩანთა მოვიკიდე და ერთხელ გავიხედე ფანჯრიდან. იმედი მქონდა, რომ ითოვებდა, მაგრამ არა...მორიგი დღე უთოვლოდ... ღრმად ჩავისუნთქე და კაბინეტიდან გავედი. -თუ მოვასწრებ მოვალ ისევ.-გოგოებს გავუღიმე. -მეც გავდივარ დღეს.-მხიარულად მომაძახა ნინიმ.-კარგი საქმე მაქვს.-ჩაიცინა. -წარმატებები.-პასუხად გავუღიმე და ისე გავედი, დანიელისთვის არც შემიხედავს. ფარეხში ჩავედი. ცოტა ხნით შევყოვნდი. ტელეფონი ამოვიღე და დავხედე. საინტერესოა, კიდევ დარეკეს სახლში? იქნებ...კი? ვინ იცის?... ცოტა ხანი გაშტერებული ვიდექი, მაგრამ, როგორც ჩანს ეს "ცოტა ხანი" ძალიან გამეწელა, რადგან მერე შეხებამ გამომაფხიზლა. -გინდა გამოგყვე?-დანიელის ხმა იყო. შევბრუნდი. -არ იყოს.-გავუღიმე. -არეული ხარ. -ჰო, ცოტა.-ჩავიცინე.-ადი, ჩემს გარდაც გაქვს საქმეები და ისე, მე კი ნუ დამდევ კუდში, ზოგს სჭირდება ადვოკატი, ხოდა მომინდია. -შემიძლია?-გამიღიმა გახარებულმა. -მე რატომ მეკითხები?-გავიკვირვე. -რაღაც უფროსის სტატუსის მსგავსი გაქვს და... -მერე რა, უბრალოდ ყველაზე სტაჟიანი ვარ, მეტი არაფერი. შენს საქმეს შენით უნდა მიხედო.-გავუღიმე და მანქანა გავაღე. -ფრთხილად ატარე.-ჩაიცინა. ეს გაფრთხილება რატომღაც ცუდად ჩამრჩა გულში. ზუსტად იგივე მითხრა მაშინ ირაკლიმ, როცა ბარიდან ვბრუნდებოდი, 3 წლის წინ...ჰო, არის რაღაც, რაზეც არასდროს ვყვები და არც ახლა მინდა გახსენება... მანქანა დავძარი. ნელა მივუყვებოდი გზებს და თან ვფიქრობდი. მოთმინება...ვხვდები, რომ ერთ-ერთი უმნიშნველოვანესი თვისებაა. ყველას უნდა ჰქონდეს, რომ ცხოვრებას გაუძლოს და თავი გაიტანოს. შეძლოს და არა მოდუნდეს. იბრძოლოს და არ დანებდეს. ჰო, საჭიროა მოთმინება, რომ ყველაფერი გადაიტანო და მაინც არ დაიკარგო, თუმცა ხანდახან ეს ფიალაც ივსება და უკვე ბოლომდე ყელში ამოსული სკდება, ტვინში ასხამს და ლამობს გამოთავისუფლებას. ჰო, ყველაფერს აქვს საზღვარი...მოთმინებასაც. ციხეში მისულს დიდი ხანი ლოდინი არ დამჭირვებია. რაღაც უცნაურად აეწყო დღევანდელი დღე, თითქოს ზედმეტად კარგად, ალბათ, მძიმე დასაწყისის გამო. ბრალდებული, რატომღაც კარგ ხასიათზე დამხვდა, ან მე მომეჩვენა ასე. უბრალოდ, არც იქით იყო, არც აქეთ. -ერთი კვირაც.-გამიღიმა. -მალე თავისუფალი იქნები. -წინასწარ გარანტიას ნუ მაძლევთ, რომ მერე იმედები არ გამიცრუვდეს.-თვალებში ჩამხედა. -არ ვაპირებ საქმის წაგებას.-ვუთხარი მტკიცედ.-ხვალ შევხვდებით, ან ზეგ. ყველაფერი მზადაა, მაგრამ მაინც საჭიროა, ჰო ხვდები. -რა თქმა უნდა, თან მახარებს თქვენი ხშირი ვიზიტები.-გამიღიმა. -ეს როგორ მივიღო?-ჩავიცინე. -როგორც თქვენ გსურთ.-თვალებში ჩამხედა. -გასაგებია. ნახვამდის. -კარგად იყავით.-კიდევ ერთხელ გაეპარა გადაღლილ სახეზე სიამოვნების ღიმილი და მერე თავი ჩახარა. კაბინიდან გავედი და რატომღაც ავტომატურად ირაკლის კაფესკენ წავედი. არც დამირეკავს. ვიფიქრე, უკვე გახსნა და შემეძლება მეგობართან გავატარო რამდენიმე ტკბილი საათი. შევცდი. ჩემი საყვარელი კაფე ისევ დაკეტილი დამხვდა. გულდაწყვეტილი გამოვბრუნდი. თითქოს ყველაფერი დამთხვევით ხდება ამ ცხოვრებაში. ზუსტად იმ დროს, როცა კაფეს კარებს ვშორდებოდი, ირაკლის შევეფეთე. -რატომ არ დამირეკე?-მკითხა, თან გადამკოცნა. -ვიფიქრე, პირდაპირ დავადგები-მეთქი, მაგრამ არ გამიმართლა.-გამეცინა. -რამე მოხდა?-მკითხა გაკვირვებულმა. -საიდან მოიტანე?-ასეთივე ტონით შევუბრუნე შეკითხვა. -არაბუნებრივი სიცილი გაქვს.-თვალებში ჩამხედა. -ასე ადვილად რატომ ვიკითხები, უკვე ნერვებისმომშლელია.-გავბრაზდი. -არაუშავს, სამაგიეროდ, ჩათვალე, რომ საინტერესო წიგნი ხარ.-გამიღიმა. -არარაობა რომ იყოს ადამიანი, იმასაც კარგად აგრძნობინებ თავს.-ჩამეცინა.-არ გინდა დავლიოთ?-ვკითხე იმედიანად. -აქ არა...სადმე სხვაგან წავიდეთ, კარგი? -და შენს კაფეს რას ერჩი? -არაფერს ვერჩი, უბრალოდ ახლაც დარჩენილი ნივთის გამო ამოვბრუნდი, ისევ დათასთან უნდა გავიდე. -თავს ნუ მოაბეზრებ.-გავუბრაზდი. -არ ვაბეზრებ, ნუ ნერვიულობ.-დამამშვიდებლად გამიღიმა. -საერთოდ, რატომ წახვედი სახლიდან? -მიზეზებს რა მნიშვნელობა აქვს.-ჩაიცინა. ვიცი, არ უყვარს ზედმეტი კითხვები, მაგრამ რა ვქნა, აღარ შემიძლია გაუგებრობაში ყოფნა. -იქნებ ამიხსნა?-ხმა გავამკაცრე. -შენი საქმე როგორ მიდის? როდისაა სასამართლო პროცესი?-თემა მაშინვე გადაიტანა და მეც გავჩერდი. -ერთ კვირაში.-ჩავილაპარაკე უხასიათოდ. -ნუ მიბრაზდები.-მზრუნველად გამიღიმა.-უბრალოდ, არის რაღაცები, რის შესახებაც ჯობია არ იცოდე.-თავისებურად ამიხსნა და თითქოს დამამშვიდა. -გასაგებია.-მაინც ვერ მოვლბი. -ვისკი ჩემზეა?-ჩაიცინა. -იყოს, სხვა დროს დავლიოთ.-ისევ უკმაყოფილო და გაბრაზებული სახით ვუყურებდი. -კარგი რა, სოფ, ეგრე ნუ მექცევი.-გაიცინა. -აბა სხვანაირად როგორ მოვიქცე?-ამომასხა.-ვიცი, არ გიყვარს ზედმეტი კითხვები, მაგრამ ბოლობოლო ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, ძმასავით მყავხარ და არაფერს მიყვები!-ხმას ოდნავ ავუწიე.-იცი, როგორ ვნერვიულობ?-გავბრაზდი. -არაფერია სანერვიულო.-სიმშვიდეს ინარჩუნებდა. -ყოველთვის ეგრე მეუბნები...-თავი ჩავხარე. -ხოდა მეტი რა გინდა, კარგად იცი, არ მოგატყუებ.-გამიღიმა. -უკვე აღარ ვიცი... -არ მენდობი?-ხმა, თითქოს აუკანკალდა. -გენდობი, მაგრამ ვერ ვიჯერებ შენს სიტყვებს. რა ვქნა, არ შემიძლია, როცა აშკარად ვხედავ, არაფერია რიგზე. -სოფო...-ნიკაპით თავზე დამეყრდნო.-ერთადერთი ჩემი თხოვნაა, არ ინერვიულო. მეტი არაფერი მინდა. შენი მხარდაჭერაც ეგ იქნება და მეგობრობის დამტკიცებაც, რომ უბრალოდ, ცოტა ხანი, ასეთი ამიტანო.-ხელები მომხვია. -ვცდილობ...-ჩავილაპარაკე ჩუმად. -მიყვარხარ. -ვერ გიტან.-ვუთხარი უხასიათოდ. ირაკლი უბრალოდ მომშორდა და თითქოს გულნატკენმა გამიღიმა. ეს "მიყვარხარ" ისევ ამოტივტივდა ჩემს გონებაში. ირაკლის ისე დავშორდი, ნორმალურად არც დავმშვიდობებივარ. რაღაც არეული სიტუაცია იყო, პრინციპში, როგორც მთელი ჩემი დღე. ხან კარგი, ხან ცუდი, ხან ამოუცნობი... სამსახურისკენ წავედი. რაღაც მღრღნიდა და მიჭამდა ყველაფერს შიგნიდან. არ ვიცი, რატომ მაწუხებდა ასეთი გრძნობები. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ თან არა. ჰო არსებობს რაღაც წინათგრძნობა. გინდა, არ გინდა, ხვდები, რომ ყველაფერი არაა კარგად. გრძნობ, რადგან შენთვის ძვირფას ადამიანს ეხება ეს. ახლაც ასე ვარ. მინდა ირაკლისთან ავბრუნდე და კიდევ დაველაპარაკო, მაგრამ თავს ვიკავებ. მინდა დავურეკო, მაგრამ მაინც არ ვიღებ ტელეფონს ხელში. რაღაც არასწორია. არ შეესაბამება. არაზუსტია. სამსახურის შენობასთან გავჩერდი და თავი ცუდად ვიგრძენი. ეს ფიზიკური სისუსტე არ იყო, უბრალოდ შინაგანად ვიყავი აფორიაქებული და მაინც არ ვაბიჯებდი ოდნავ გაბრაზებულზე ჩემს სიამაყეს. კიბეები ავიარე და ოთახში შესულმა დანიელის სახის ძებნა დავიწყე. როცა შევხედე, დავმშვიდდი. მაშინვე უცნაური გამომეტყველება აღებეჭდა, თითქოს მიხვდა, რომ განვიცდიდი. მძიმედ ამოვისუნთქე და კაბინეტისკენ წავედი. დანიელი ოდნავ შეირხა, მაგრამ არ წამომდგარა. უკვე საღამო იყო და დაღლილი ჩავეგდე ჩემს სკამში, თითქოს წელმოწყვეტილი. რატომ ვიყავი ისე, თითქოს ყველაფერმა გადამიარა? მაწუხებდა და ვერ ვისვენებდი. უკვე სახლში წასასვლელად ვემზადებოდი, როცა კაბინეტის კარებზე დანიელმა მომიკაკუნა. -შეიძლება?-შემოიხედა მომღიმარი სახით. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. დანიელმა ნელა შემოაბიჯა და კარი მშვიდად გამოიხურა. -სახლში მიდიხარ? -ჰო, ვემზადები უკვე. თუ გინდა, წამოდი შენც. -შენი აზრით მაგაზე ნებართვა მჭირდება?-გაეცინა. -ნაგლობასაც აქვს საზღვარი.-მეც ავყევი. დანიელი კაბინეტიდან გავიდა. მეც გასვლას ვაპირებდი, ტელეფონი რომ აწკრიალდა. დაუფიქრებლად ვეცი. იქნებ იოანეა? ნომერი უცხო იყო, ამიტომ ჩემი ვარაუდი უფრო განმტკიცდა. სასწრაფოდ ავიღე ყურმილი. -გისმენთ?-ვთქვი განერვიულებულმა. -ქალბატონი სოფო ბრძანდებით?-მამაკაცის ბოხი ხმა გავიგე. -დიახ. ვის ვესაუბრები?-ვიკითხე გაკვირვებულმა. -საბა, საფინანსო პოლიციიდან. -გასაგებია, ალექსანდრეს მეგობარი ხართ. -დიახ. რაც შეეხება კომპანიის შემოწმებას, ამ დღეებში გავალ, რადგან ახლა ფიზიკურად ვერ ვიცლი. -კარგით, არაა პრობლემა, მთავარია ყველაფერი მალე მოგვარდეს. -რა თქმა უნდა. მაშინ, შეგეხმიანებით მალე. -გელოდებით. კარგად იყავით და მადლობა. -არაფერია სამადლობელო. კარგად. ყურმილი დამიკიდა, მე კი რაღაც შვება ვიგრძენი. თითქოს ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს ვარ სიმართლესთან. იოანე ამას უბრალოდ არ დამიტოვებდა. ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ იოანე? სადაა თვითონ? კაბინეტიდან გავედი. გოგოები უკვე მზად იყვნენ. -რას იტყვით, სადმე ბარში ჰო არ წავიდეთ?-მხიარულად წამოიძახა ეკამ. -კარგი აზრია, არა?-მაშინვე აიტაცა ნინიმ. -მე თანახმა ვარ.-ანას მე შემომხედა. -ცოტა დავიღალე.-ვთქვი მშვიდად. -ხოდა, გამოფხიზლდებით, ქალბატონო სოფო.-დანიელმა მხარზე დამადო ხელი.-უარის თქმა უადგილოა.-ჩაიცინა. -ვერ გამოვძვრები?-გამეღიმა. -ვერანაირად.-ანა წამოდგა. ყველა თავის მანქანაში ჩასხდა. დანიელმა, რა თქმა უნდა, არ მიღალატა და მე შემომიძვრა. ერთ-ერთ საკმაოდ კარგ ბარში წავედით. მაშინვე ირაკლის კაფე გამახსენდა და ტელეფონი ამოვიღე. რატომ არ მირეკავს? მისი ნომერი ავკრიფე, მერე წავშალე. იქნებ არ ცალია? მაგრამ მაინც...დავურეკე. -ჰო სოფ, რა იყო?-ისე მკითხა, თითქოს ჩემი ზარი გასაკვირი იყო. -ვიფიქრე, მოგიკითხავდი. როგორ ხარ? -ვცოცხლობ, შენ? -ასევე.-გამეცინა.-ბარში ვართ, გოგოები და დანიელი. -ოჰოჰ, ეს ნახე რა, კარგად ცხოვრობ.-გადაიხარხარა.-დანიელთან როგორ მიდის საქმეები?-შემომაპარა ცბიერი კითხვა. -არანაირად.-ვუპასუხე უემოციოდ. -კარგი, კარგი, ოღონდ ნუ იბღვირები. კარგად გაერთე. დილით შეგეხმიანები. -კარგი, მაშინ დილამდე.-უნებურად გამეღიმა. -დილამდე. მიყვარხარ, სოფ. -მეც, მეც.-ჩამეცინა და ყურმილი დავუკიდე. ცოტა ხანი შესასვლელთან ვტრიალებდი. -არ შემოდიხარ?-ანამ გამომხედა. -კი, კი. ბარში შევყევი. ბნელი დარბაზი, ხმამაღალი მუსიკა, სიგარეტის კვამლი...ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა. ცოტა ამაზრზენი, მაგრამ რაღაცნაირად მომხიბვლელი სიტუაცია იყო. -ლუდს დალევთ, ჰო?-დანიელი წამოდგა. -კი, ოღონდ რამე კარგი აიღე.-გამოიჭიმა ნინი. -არ შემეშლება.-ჩაიცინა და შესაკვეთად წავიდა. თვალი ჩუმად გავაყოლე და ჩამეღიმა. რაღაცნაირად მსიამოვნებს ეს ბიჭი, მაგიჟებს და მიზიდავს. რა ვქნა? -აუ, ყველა ბიჭი დანიელს რომ ჰგავდეს, გაასწორებდა.-წაიწუწუნა ეკამ. -რა იყო, მოგწონს?-ნინის გაეცინა. ანას გავხედე ავტომატურად. რაღაცნაირად ჩაეცინა. სუსტად და თითქოს ტკივილნარევად. ვერ ვიტან ამ ეჭვიანობის გრძნობას. ახლა ყველას მიმართ ასე ვგრძნობ თავს, თითქოს ვერავის ვანდობ დანიელს, ვერ ვუწილადებ. დანიელი დაბრუნდა. ლუდიც მალე მოგვართვეს. უკვე ოდნავ ალკოჰოლშეპარულებმა თავისუფლად დაიწყეს ლაპარაკი, მე თავს ვიკავებდი. დანიელი ადგა და საპირფარეშოში გავიდა. მინდოდა გავყოლოდი და უბრალოდ მეკოცნა. ტუჩები გამიხურდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. როგორც ჩანს, ალკოჰოლმა ჩემზეც დაიწყო მოქმედება. წამიერად ყველაფრისგან გავითიშე. სულ ცოტა ხნით არ ვფიქრობდი, ცოცხალი იყო თუ არა იოანე, რა ხდებოდა მამაჩემის კომპანიაში, რამდენად საძაგელი იყო ჩემი და...დროებით ყველაფერი გაქრა. უბრალოდ ჩემს თავს დავუთმე ეს დღე, ეს მომენტი და გადავწყვიტე ახლანდელით მეცხოვრა, ახლანდელი განმეცადა. თავი სავარძლის ზურგზე გადავწიე და დაბალი შუქით განათებულ ჭერს მივაშტერდი. მუსიკა ისევ ხმამაღლა ისმოდა, მაგრამ მე არ მაწუხებდა. ხმა შორიდან მოდიოდა. თითქოს სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. უბრალოდ სხვა განზომილებაში, სადაც მე ჩემთვის ვარ. *** ანა წამოდგა და საპირფარეშოსკენ გავიდა. კარებთან შეჩერდა. დანიელი იმ წამს გამოვიდა და სახეაშლილ ანას შეხედა. -ცუდად ჰო არ ხარ?-ჰკითხა მზრუნველი ხმით. -არა, უბრალოდ...-ანა გაჩუმდა. -რამე მოხდა? -არა, არა. როცა ვსვამ, ხასიათი მიფუჭდება ოდნავ, რადგან ზედმეტ რაღაცებზე ვიწყებ ფიქრს.-ანას სუსტად ჩაეღიმა. -კარგი იქნებოდა, პირიქით რომ მოქმედებდეს ალკოჰოლი, არა?-დანიელს გაეცინა. -ჰო, გეთანხმები. არ მიყვარს, როცა ზედმეტად ემოციური ვარ.-ანა ზურგით კედელს მიეყუდა.-შენზე როგორ მოქმედებს? -ამტანი ვარ, ამიტომ ხშირ შემთხვევაში, არაფერი იცვლება. -და მაინც? -საყვარელი ადამიანის გვერდით მინდება ყოფნა. -ანუ საყვარელი ადამიანი გყავს?-ანას სახე კიხევ უფრო მოეღუშა. -მმ...შემდეგი კითხვა.-დანიელს გაეცინა. -არ მოგეშვები.-ანა დანიელისკენ წაიწია. -არც მე გეტყვი პასუხს. -ნუ თამაშობ.-ჩაიცინა. -შენს ნერვებზე? -ეს ნახე რა.-ანას გაეღიმა და დანიელის კისერს მიუახლოვდა.-იცი, კიდევ როგორ ვიცვლები სიმთვრალეში?-წარმოთქვა ვნებიანი ხმით. -იქნებ სხვა დროს მომიყვე?-დანიელმა სახე გააბრუნა და სოფოს გახედა. -ახლა უკეთესია.-დანიელის კისერს ნაზად შეეხო ტუჩებით.-გსიამოვნებს? -არ მინდა მოგატყუო... -არ თქვა, რომ არა...-ანამ თვალებში ჩახედა. -გაჩერდი.-დანიელმა ხმა გაამკაცრა. -არ ვაპირებ.-ანამ ჩაიცინა. -ანა!-დანიელი გაბრუნებას აპირებდა. -ასე დამტოვებ?-ლეკვის თვალებით შეხედა. -კი, რომ გამოფხიზლდები, მერე ვილაპარაკოთ. -ახლა.-დანიელის ტუჩებს მიუახლოვდა. -ლუდით ასე როგორ დათვერი?-დანიელმა სიტუაციის განმუხტვა ცადა. ანამ არაფერი უპასუხა. უბრალოდ უფრო ახლოს წაიწია მისი ტუჩებისკენ. *** სავარძლიდან წამოვდექი. დანიელის ნახვა მინდოდა, ვერ გავძლებდი მის გარეშე. ახლა...არა, ყოველთვის მჭირდება. მთელი ცხოვრება... საპირფარეშოსკენ წავედი და იქვე გავშეშდი. ანა და დანიელი ერთმანეთს კოცნიდნენ. ვუყვარვარ? სასაცილოა. მაშინვე გამოვბრუნდი და გოგოებისკენ წავედი. ჩანთას დავავლე ხელი. -ბოდიში, ძალიან დაღლილი ვარ. დანიელსა და ანას ჩემ მაგივრად დაემშვიდობეთ.-გავუღიმე და ისე, რომ პასუხს არც დავლოდებივარ, ბარიდან გავედი. არ მინდა ფიქრი, არაფერზე... მანქანაში ჩავჯექი. ხელები მიკანკალებდა, ვერ დავქოქე. გამწარებული ვასიგნალებდი. ხელს გიჟივით ვურტყამდი. რატომ მტკივა? თითქოს გულმკერდი ჩამიმტვრიეს, ძვლები კი გულში ჩამერჭო. მტკივა, აუტანლად, გაუსაძლისად. არ მინდა, აღარ მინდა. შემიყვარდა? კი, შემიყვარდა და აზრი? არანაირი. არა! არა! არა! მინდა გაქრეს ჩემი წარმოსახვიდან ის საშინელი სურათი. ვინ? ანა და დანიელი? არა! ვერ ვფიქრობ, არ მჯერა, არ მინდა მჯეროდეს! რატომ მეუბნებოდა, რომ ვუყვარვარ? რატომ მატყუებდა? დანიელი... ცრემლები მომადგა, მაგრამ მაშინვე მოვიშორე. არ ვაპირებ ტირილს. ყველაფერი გადავიტანე, უბრალოდ მორიგი იმედგაცრუებაა, მეტი არაფერი. *** -ეს რატომ გააკეთე?-დანიელი გაბრაზდა. -უბრალოდ, ვეღარ მოვითმინე.-ანამ მორცხვად ჩახარა თავი. -დაივიწყე. ასეთი რაღაც იმედია აღარასდროს განმეორდება.-დანიელი უბრალოდ გაბრუნდა. -დანიელ... -დღეს ხმა არ გამცე, როცა გამოფხიზლდები და დაფიქრდები, მერე ვილაპარაკოთ. დანიელი გოგოების მაგიდისკენ წავიდა. -სოფო სადაა?-გაკვირვებულმა მოათვალიერა იქაურობა. -წავიდა.-ნინიმ უხასიათოდ ჩაილაპარაკა. -რატომ? -არ აუხსნია. -კარგი, გასაგებია. მეც წავედი. ხვალამდე.-გოგოებს დაემშვიდობა და ბარიდან გავიდა. სასწრაფოდ გააჩერა ტაქსი და სახლისკენ წავიდა. *** ასე სწრაფად სახლში პირველად მოვედი. კარებთან ვიდექი და ვკანკალებდი. სახელურს მოვკიდე ხელი, გასაღები ამოვიღე, მაგრამ გამივარდა. აცახცახებული დავიხარე მის ასაღებად და იქვე ჩავიკეცე. არ მინდა ტირილი, მაგრამ ვეღარ ვძლებ. ცრემლებმა თავისით იხეთქეს ჩემი თვალებიდან და მეც დავნებდი. მივეცი თავს უფლება ამომესუნთქა. არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე ჩაკეცილი, მაგრამ როცა აზრზე მოვედი და ცრემლები მოვიწმინდე, დანიელი შემომეფეთა. -სოფო...-ხმაში ნერვიულობა დაეტყო. -ხელი გამიშვი.-თავის შეკავება ვერ შევძელი და გაღიზიანებულმა მივმართე. -რა დაგემართა?-გაიკვირვა. -კიდევ მეკითხები?-ნერვულად ჩამეცინა. დანიელს თითქოს რაღაც გაახსენდა და სახე შეეჭმუხნა. -იმას რაც შეეხება...-დაიწყო გაუბედავად. -რას იმას?-არ ვაცადე. -არაა საჭირო, შენც კარგად იცი. -თუ ხვდები, რომ ვიცი, იქნებ მომეშვა?-გავბრაზდი. -იქნებ მაცადო ახსნა? -ა, ანუ ახსნაც მოჰყვება ამ ყველაფერს?-ირონიულად ჩამეცინა. -გაჩერდი!-ახლა თვითონაც აიცრა.-არ მინდა რამე ცუდი ვთქვა, მაგრამ ჯობია შენმა დაქალმა თავის შეკავება ისწავლოს, რომ ასეთი გაუგებრობები აღარ მოხდეს. -ანას აბრალებ ყველაფერს?-ისტერიული სიცილი ამიტყდა. -ჩემი ბრალიცაა, რომ დროზე არ გამოვბრუნდი. უბრალოდ ცუდად ნუ გაიგებ. ნასვამი იყო და მეც უაზროდ მოვიქეცი. -თავის გამართლება ალკოჰოლით.-ვეღარ ვჩერდებოდი. -გასაგებია... -რა მარტივად დანებდი.-იმედგაცრუებულ-ირონიული სახით შევხედე. დანიელს ხელი უბრალოდ გავაშვებინე, მე კი სახლში შევედი. კატასტროფა! მეტი არაფერი. მინდა ყველაფერი დავლეწო. ხელები მექავება, საშინლად ვარ. ფეხსაცმელები მოვისროლე. გიჟს ვგავდი. საძინებელსკენ წავედი, უბრალოდ დავეგდე ლოგინზე ყვირილი დავიწყე. ყვირილს ცრემლები მოჰყვა და ბოლოს სახეალეწილს ჩამეძინა. როცა გათენდა, ჩემი მაღვიძარა ძველებურად აჟღერდა, მას კი სახლის ტელეფონის უეცარი ზარი მოჰყვა. სასწრაფოდ წამოვხტი და სასტუმროსკენ გავიქეცი. სამწუხაროდ, მხოლოდ წყვეტილ ზუმერს მოვუსწარი. ალბათ იოანე იყო. ძნელია, მაგრამ ატანა შეიძლება. უბრალოდ დამშვიდებაა საჭირო. ახლა რომ ვუფიქრდები, მაწყნარებს იმაზე ფიქრი, რომ ცოცხალია, მაგრამ ვბრაზდები, რადგან წავიდა და მიმატოვა. ყველა მიგვატოვა. სამსახურში წასასვლელად გავემზადე. ახლა ისევ უშუალო, უემოციო და ცივი ვიყავი, რადგან აღარ მინდოდა, რამეზე მეფიქრა. ბინიდან გავედი. უნებურად დანიელის ბინისკენ გავიხედე, მაგრამ ახლა რაღაც ამაზრზენი გრძნობა დამეუფლა. უბრალოდ გავიფიქრე, რომ მორიგი შეცდომა დავუშვი. ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. უცხო ნომერი იყო, ამიტომ სასწრაფოდ ვუპასუხე. -გისმენთ? -ქალბატონი სოფო ბრძანდებით? -დიახ, ვის ვესაუბრები?-გამიკვირდა უცხო მამაკაცის ბოხი ხმის გაგება. -დიმიტრი, კარდიოქირურგი. არ ინერვიულოთ, მამათქვენი ცუდად იყო, ახლა კი გამოკვლევებს ვუტარებთ. გამაფრთხილა მხოლოდ თქვენთვის მეთქვა. -როგორ გრძნობს თავს?-ოდნავ ავნერვიულდი. -ახლა ნორმალურადაა. თუ შეგიძლიათ, მობრძანდით. მამათქვენმა გადმომცა, რომ მარტო თქვენი ნახვა სურს. -კარგით, ახლავე გამოვალ. გმადლობთ. ყურმილი დავუკიდე, სასწრაფოდ ჩავედი ფარეხში და მანქანა დავქოქე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.