შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 1


9-03-2017, 00:20
ავტორი Lex
ნანახია 2 411

1.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ...
მაგრამ ახალი არაფერი დაწყებულა... უბრალოდ გაგრძელდა...
რაიმე ახალი, რომ დაიწყოს ის წინა, ძველი ხომ უნდა დამთავრდეს?..
თუმცა კი არაფერი მთავრდება... რადგან ისევ იწყება ცხოვრების რუტინა და ყოველ დასასრულს აუცილებლად მოსდევს დასაწყისი და ასე წრიულად და უსასრულოდ გრძელდება... სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ალაგზე... და სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებით...
ასევე ნახევრად წრიულად დახვეული ძველი კიბის მოაჯირის ორნამენტებიც ქმნიდნენ ერთ მთლიანობას...
სადაც დასასრული იყო, იქვე იყო დასაწყისი...
ხასხასა მწვანე ფოთლებით შემოსილი, მაღალი შავი ხეების მწკრივი ქუჩის ორივე მხარეს აღმართს ბოლომდე გასდევდა.
სადარბაზოში მტვრისა და ნესტის სუნი ერთმანეთში ირეოდა... კედლებზე სარკმლის მაგვარ მოგრძო ნიშებზე აქა იქ მოჩუქურთმებულ ჩარჩოებში ნახატებიც კი იყო შემორჩენილი. მიუხედავად სიძველისა მკვეთრი ფერებით მაინც გამოირჩეოდა ლამაზ პეიზაჟზე გამოსახულ ადამიანები... ზოგან მოვაჭრენი დატვირთული აქლემებით, ზოგან ზღვის პირას ზანგი მონები თავზე ხილით სავსე კალათით, ზოგან კი ცხენოსნები... რაღაც აღმოსავლურს უფრო წააგავდა ვიდრე ევროპულს...
რამდენჯერ უფიქრია ამ სადარბაზოს დათვალიერება, ბავშვობის აუხდენელ ოცნებად ექცა... სიზმრებში ხშირად არბოდა ძველ კიბეებზე... უსასრულოდ ადიოდა და ადიოდა სიმაღლეზე, ბოლოს კი დახვეული კიბით სხვენიდან სახურავზე ასული იმ ხეების ზემოდან მოექცეოდა, აშრიალებული ფოთლები აბიბინებულ მდელოს ემსგავსებოდა და შორს ჰორიზონტზე მზის სხივებს უერთდებოდა...
მიუყვებოდა ძველ კიბეებს ზემოთ და ზემოთ... თითქოს ძველი პიანინოს ხმაც იწვევდა, და ისიც იმ მელოდიას მიჰყვებოდა... სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდა... რაღაც ძველ დროში... პიანინოსაც ისეთივე მოძველებული ხმა ჰქონდა, როგორც ძველ მუნჯურ ფილმებში... თითქოს ძველმოდურად ჩაცმულმა ბავშვებმაც კისკისით გვერდით ჩაუქროლეს... თუმცა არავინ იყო...
როგორც ჩანდა ამ სადარბაზოთი უკვე რა ხანია აღარ სარგებლობდნენ, კიბე უსუფთაო, მოუწესრიგებელი და ბევრგან მინგრეულ-მონგრეულიც კი იყო... სახლს სხვა შესასვლელიც ჰქონდა, სულ სხვა მხრიდან, ბევრად უფრო ხმაურიანი ქუჩიდან... აქედან კი ქუჩაც ისეთივე მიყრუებული იყო, როგორც ეს სადარბაზო... თუმცა პიანინოს ხმა მაინც სადღაც შორიდან ესმოდა და კიდევ უფრო ზემოთ ეწეოდა...
მართალია სადარბაზოში ნესტისა და მტვრის სუნი იდგა, მაგრამ ქალაქის სხვა, შედარებით მოქმედი სადარბაზოებისგან განსხვავებით ყოველ მეორე კუთხეში საცხოვრებელი ბინებიდან გამოტანილი ნაგვის პარკები არ ეყარა და არც შარდის სუნი იდგა...
ყოველ ახალი სართულის კიბეებს შორის დიდი ბაქანი ორნამენტებით იყო მოქარგული. ლამაზი ქვის „ხალიჩა“, სიმშვენით კედლის ფერწერას ერწყმოდა და ერთ მთლიან ხელოვნების ნიმუშს ქმნიდა...
„რა უგულონი არიან ადამიანები... როგორ არ უფრთხილდებიან არაფერს... უგულო და უინტერესო... შენივე ქალაქში ასეთი და ამდენი მრავალფეროვანი მუზეუმი გქონდეს და კიდევ სხვაგან გარბოდე... და ყველაზე საშინელება ის არის, რომ არც კი იცი წესიერად შენი ქალაქის ისტორია...“
საკუთარ თავზე უფრო მოსდიოდა ბრაზი. სამსახურს რომ არ დაევალებინა ქალაქის ძველი არქიტექტურის დათვალიერება, მანამდე თავად ერთხელ მაინც როგორ ვერ მოახერხა... „დაბერდები მშობლიურ ქალაქში და არაფერი იცი მის შესახებ...“ რამდენი დრო გაფლანგა ტყუილად... ახლა კი დარბის ამ სიცხეში უბნიდან უბნამდე და ეძებს ასე მიკარგულ და მოუვლელ ისტორიულ ადგილებს...
„რა ლამაზი ორნამენტია...“ აპარატის ჩაჩხაკუნებისთანავე ორნამენტის ჩუქურთმაში, კედლის ნაპრალში მისკენ მომზირალი თვალები შენიშნა... გაოცებისაგან ფოტოაპარატიანი ხელი ძირს ჩამოუვარდა, წესიერად ვერც გაოცება მოასწრო, რომ კიბეზე საშინელი ხმაურითა და ბრაგა-ბრუგით კბილებამდე შეიარაღებული სპეც.რაზმმა იწყო ამოსვლა, ამოსვლა კი არა გაშმაგებული ამორბონდნენ, თითქოს ვიღაცას ფეხდაფეხ მოსდევენო... უნებურად შემობრუნდა და მთელი ზურგით მიეკრო კედლის იმ ადგილს საიდანაც წამის წინ ვიღაცის თვალები უმზერდნენ.
ასე შეშინებული, გაოცებული, ფერმიხდილი და ტანით კედელზე აკრული სასაცილო სანახავი იყო... წამში ათასი კითხვა დააყარეს და არც სიცილი არ დააკლეს. ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, უფრო სწორედ პასუხის გასაცემად ამოძრავებული პირი ვერაფრით გააღო, თითქოს ტუჩები ერთმანეთზე ჰქონდა შეწეპებული და ამით უფრო სასაცილოდ გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ აქ ამოვარდნილ ავტომატ მომარჯვებულ ბიჭებს სასაცილოდ სულაც არ ჰქონდათ საქმე.
რას ეკითხებოდნენ, ან რა უნდოდათ, წესიერად არც ესმოდა, თითქოს რაღაც სულ სხვა განზომილებაში იყო და შორიდან ხედავდა ამ ყველაფერს. რამოდენიმე წუთს გაბრუებული შეჰყურებდა, მერე თანდათან გამოერკვა, თუმცა ხმის ამოღებას მაინც ვერ ახერხებდა. ერთი შედარებით მეტ კითხვებს უსვამდა და სხვებსაც აჩუმებდა. „ალბათ ეს მათი უფროსია“... გაიფიქრა, თუმცა განცვიფრებულ გოგოს სიტყვა მაინც ვერ დააცდევინა და ისედაც ჩანდა აქ არავინ იქნებოდა ყველაფერი დაათვალიერეს, სადაც კი ზარი დარეკეს ან არ უპასუხეს ან კი სხვა ქუჩიდან ასწავლეს შემოსასვლელი, ცხადი იყო ამ სადარბაზოდან ნაკლებად სარგებლობდნენ.
მოუბოდიშეს ასე ძლიერ რომ შეაშინეს, სახლამდე მიცილება შესთავაზეს, ყვავილების თაიგული ჩემზეაო - უთხრა იმან, ვინც ყველაზე მეტად აქტიურობდა შეკითხვებით
- და მერე თქვენ რა იცით, რომელი ყვავილი მიყვარს? - უცებ წარმოსთქვა და თავადვე გაუკვირდა, თუმცა არ შეიმჩნია, განცვიფრებისა და დაბნეულობის შემდეგ ხმაში ოდნავ სიამაყეც კი შეეპარა.
ბიჭები გამხიარულდნენ, მრავალნაირი ყვავილი დაუსახელეს, თუმცა ყველაზე უარყოფითი პასუხი მიიღეს, ბოლოს „უფროსი“ გამოერკვა და დავიშალოთ, წავედითო. კიბეზე ჩასვლისას ღიმილით მოუბრუნდა:
- თავიდან ყველა მასე ამბობს, და მერე ვარდებს რომ მიართმევ ძალიანაც კი უხარიათ.
- გააჩნია მერე ვინ მოგართმევს, მთავარი ესაა. - ხმაში უფრო მეტი სიმტკიცე შეემატა და უფრო წყნარი თითქმის ჩუმი ხმით დაუმატა მე ყველა არა ვარო.
ეს ბოლო სიტყვები არ გაუგონიათ ისეთი გამაყრუებელი ხმაურით ჩარბოდნენ კიბეზე.
როგორც იქნა სიჩუმემ დაისადგურა... ახლაღა გაახსენდა მის ზურგს უკან დაფარული თვალები... ისევ შეცბუნდა, კედლის იქეთ ჩამიჩუმი არც ისმოდა... აღარ იცოდა შემობრუნებულიყო თუ პირდაპირ ასევე ჩასულიყო კიბეზე. დარწმუნებული იყო ვიღაც ისევ კუშტად უყურებდა, მის მზერას ზურგში გრძნობდა, მოაჯირს ხელი შეახო, საფეხურზე ფეხი ჩადგა თუ არა, ცნობისმოყვარეობამ სძლია და უკან მოიხედა... არავინ ჩანდა... თვალების ნაცვლად სიბნელე უყურებდა... წამით შეყოვნდა, მერე მიეჭრა იმ ნაპრალს, მაგრამ არავინ და არც არაფერი ჩანდა. უკვე გადიდგულდა, შიშმა საერთოდ გაუარა, ტელეფონის ფარნით შეანათა კედლის ნაპრალში. რაღაც გრძელი დერეფანივით ჩანდა, ძველი დამტვრეული ავეჯითა და ნივთებით სავსე, თითქოს სხვა გასასვლელიც არ უნდა ჰქონოდა...
„იქნებ, სულაც მომეჩვენა... ან იქნებ... რა ვიცი... ჰმ, ტელეფონიც კი არ იჭერს აქ... რა მიყრუებული ადგილია, არადა ქალაქის ცენტრშია ვითომ...“
დაღლილობისგან თავი უსკდებოდა, ახლა ფინჯანი ყავა ყველაფერს ერჩივნა, სადარბაზოს დათვალიერებასა და მის შესწავლას დღეს აზრი აღარ ჰქონდა, ისე გადაქანცა ამ რამოდენიმე წუთში განცდილმა ყველაფერმა, რომ სახლში წასვლა გადაწყვიტა.
გარეთ გამოსვლისთანავე ტელეფონი აწკრიალდა, არც დაუხედავს ისე გამორთო და მანქანაში მიაგდო, არავისთან საუბრის თავი აღარ ჰქონდა...
ერთხანს მდუმარედ იჯდა მანქანაში, თითქოს მართვა დაავიწყდაო... ბოლოს კი მეგაფონში ჩაჩხავლებულმა ხმამ „ვიბარებ ძველ სარეცხის მანქნებსო“ გამოაფხიზლა...
„მანქნებს... მანქნებს...“ - ეს გაუმართავი სიტყვა ყოველთვის აღიზიანებდა, ხშირად გასჩენია სურვილი ჩასულიყო დაბლა და წესიერად დაძახება მაინც ესწავლებინა... ნეტა მართლა მე ვინ მეკითხებაო... თავისთავზე ცოტა ბრაზმორეულმა და გაღიზიანებულმა როგორც იქნა მოიკრიფა გონება და მანქანა ადგილიდან დაძრა...

LEX·2016 წლის 14 აპრილი, ხუთშაბათი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent