ვიღაც ძალიან, ძალიან ლამაზი გოგო (დათო ტურაშვილი)
იყო რაღაც სემინარი პატარა ევროპულ ქალაქში დემოკრატიისა და განვითარების პროგრამით. მოვიდა მოწვევა და წავედი. ჩვენს განვითარებასა და მით უმეტეს-დემოკრატიას, რა სემინარი უშველიდა, მაგრამ მაინც წავედი. თბილისში უკვე ციოდა, სხვა საქმე არაფერი მქონდა, სანთლის შუქზე პროექტების წერა კი ნამდვილად არ იყო სასიამოვნო და წავედი. აეროპორტში გაურკვეველი ასაკის სათვალიანი ქალი დამხვდა ტრაფარეტით ხელში, რომელზეც ჩემი სახელი და გვარი ეწერა ინგლისურად და, რა თქმა უნდა, შეცდომით. ეს ვარ მეთქი,- თითით ვანიშნე, გავუღიმე და ამოისუნთქა. ალბათ, დარწმუნებული იყო, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რომელიღაც რესპუბლიკიდან ასე ადვილად ვერ ჩავაღწევდი შუაგულ ევროპაში და როგორც თვითონ მითხრა, ძალიან ნერვიულობდა. ყველაზე მეტად კი იმის გამო ნერვიულობდა, რომ გზად ერთი თვითმფრინავი უნდა გამომეცვალა კიდეც და სადმე არ დავკარგულიყავი. ბუნებაში არაფერი იკარგება მეთქი,- საბოლოოდ დავამშვიდე და ორი საათის შემდეგ მართლა ბუნებაში აღმოვჩდი. სემინარის ჩატარება ტყეში გადაეწყვიტათ ორგანიზატორებს და მშვენიერ არჩევანიც იყო-მწვანეში ჩაფლული, შუა საუკუნეების რომელიღაც გრაფისა თუ ჰერცოგის სასახლე გემოვნებით მოეწყოთ და კომფორტს მონატრებულმა, ჭეშმარიტად გავილაღე. ცხელ წყალს განსაკუთრებით დავეწაფე და იმ ათი დღის მანძილზე განაბილი ვუსმენდი ძირითადად ამერიკელ მომხსენებლებს, რომლებიც ჩვენ, ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების წარმომადგენლებს, გულმოდგინედ გვიხსნიდნენ დემოკრატიის რაობასა და სიკეთეს. თუ ჩემს მშობლიურ ქვეყანას დემოკრატიის მადლი არ შეეწევა, ეს მშვენიერი ვისკი მაინც ხომ შემერგება-მეთქი და საღამოობით მონდომებით ვწრუპავდი ეგრეთ წოდებულ შვედურ მაგიდაზე მოპოვებულ ზღაპრულ სითხეს. არადა, ვისკი მართლაც ზღაპრული იყო, მაგრამ რამდენიც არ დავლიე, ის ათი დღე მხოლოდ ნახევრადმნიშვნელოვანი ღიმილებით დავკმაყოფილდი. არადა, სემინარის მონაწილე ერთი ქალის ბედზე დაფიქრება, ალბათ, ღირდა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, ასეთ სემინარებზე მხოლოდ ის ქალები ხვდებიან, ვისაც ღიმილზე მეტად დემოკრატიის ბედი აინტერესებთ. ღამღამობით ისევ წიგნებს ვკითხულობდი. რა ჩემი საქმე იყო ბუკოვსკი და ლიტერატურა, მაგრამ მხოლოდ ერთი წიგნი მქონდა წაღებული და მეც იმას ვფურცლავდი. სხვა არჩევანი არც იყო და ვისკი და ბუკოვსკიც ძნელი დასაშორებელი აღმოჩდნენ. სემინარში რუსებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ რუსეთს მხოლოდ მამრობითი სქესის ადამიანები წარმოადგენდნენ და ეს გადაწყვეტილებაც, ალბატ, სწორი იყო, რადგან რუსეთში დემოკრატიის სწავლა სწორედ კაცებს უფრო სჭირდებათ, ვიდრე ქალებს... მეთერთმეტე დღეს იმავე ავტობუსით დაგვაბრუნეს იმ პატარა ქალაქში, სადაც ერთი ღამე უნდა გამეთენებინა მშვენიერ სასტუმროში და მხოლოდ მეორე დილით გავფრენილიყავი დედაქალაქში, იქიდან კი ღვთისმშობლის წილხვედრ სამშობლოში. იმ პატარა ევროპულ ქალაქში საღამომდე ვიხეტიალე ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებზე და საბუდარელი ჭაბუკივით რომ არ დავბრუნებულიყავი შინ, რამდენიმე სუვენირი შევიძინე ოჯახისწევრებისთვის. საღამოს კი მშვენიერი სასტუმროს მშვენიერ ოთახში გავიშხლართე და ტელევიზორიც ჩავრთე, მაგრამ რეკლამებმა ისე შემაწუხა რომ აღარც დამეძინებოდა ვისკის გარეშე და ქვევით ჩავედი. კლუბს უფრო ჰგავდა, ვიდრე ბარს, სადაც წყვილები ცეკვავდნენ კიდეც სიბნელეში და თავისუფალ მაგიდას მივუჯექი. განათება იყო სუსტი, მაგრამ მაშინვე მოვიდა ოფიციანტი და ორმაგი ვისკიც მაშინვე შევუკვეთე. მაშინვე დავლიე კიდეც, როგორც კი მომიტანეს და კიდევ ერთი ჭიქა შევუკვეთე და ისევ ორმაგ. ვისკი ისეთი გემრიელი იყო, ბუკოვსკივით მის წრუპვას ნაღდად ვერ შევძლებდი ყინულთან ერთად და ჩემს სისხლძარღვებსა და ტვინსაც ძალიან ესიამოვნათ ასეთი ტემპი. თუმცა პირადად მე უკვე აღარ მეჩქარებოდა, რადგან ახლოს ჩემს მაგიდასთან იჯდა ვიღაც ძალიან, ძალიან ლამაზი გოგო და აშკარად მე მიყურებდა. მთვრალი თუ არა, დაღლილი და ნასვამი ნამდვილად ვიყავი, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ მიყურებდა, როგორც პოტენციურ კლიენტს და მიუხედავად სიბნელისა, აშკარად გავარჩიე მისი სახის მშვენიერი ნაკვთები. როცა ადგა და ჩემკენ წამოვიდა, მესამე ჭიქაც დალეული მქონდა, მაგრამ მახსოვს, რომ მარჯვნიდან კი არ მომიჯდა, არამედ მაგიდას შემოუარა და ჩემ გვერდით, ჩემგან მარცხნივ დაჯდა. თუმცა ეს დეტალი მერე, დილით გამახსნდა, იქ და მაშინ კი ყურადღება არ მიმიქცევია და მეოთხედ უკვე ორივესთვის შევუკვეთე ვისკი. მან ცოტა მოსვა. მე კვლავ-იბერიულ-კავკასიურად. სახელი ვკითხე. მითხრა და გამიღიმა. მერე ფასი ვკითხე და ფასიც მითხრა. ერთი საათი უფრო იაფი დამიჯდებოდა, ვიდრე მთელი ღამე, მაგრამ ასე სწრაფად საქმეზე გადასვლა არ მეჩქარებოდა. ფულიც მეყოფოდა, მაგრამ არ მინდოდა, ასე უცებ დამთავრებულიყო ყველაფერი და ცეკვა შვთავაზე. მართლა ძალიან ლამაზი იყო... რომელი ტრავოლტა მე ვიყავი, მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე იმისთვის, რომ რაღაც პროცესი მაინც გამევლო, რაღაც ურთიერთობა მაინც დამეწყო მასთან, სანამ ლოგინში აღმოვჩდებოდაით და სანამ ვცეკვავდით, კიდევ ერთი ჭიქა ვისკი დავლიე და ძალიან, ძლიან მომინდა ლაპარაკი. უფრო სწორად, საუბარი და კიდევ უფრო სწორად -მისი მოსმენა. მინდოდა მცოდნოდა ყველაფერი მის შესახებ, რასასც მომიყვებოდა, რასაც თვითონ მივხვდებოდი და მახსოვს, ცეკვის დროს თმების სუნი, ჩემს კისერზე ჩამოკიდებული მისი მარჯვენა ცელი და ოდნავ (სულო ოდნავ) მისი თითების შეხება ჩემს ნაწვალებ კეფაზე... მეშვიდე ჭიქა იყო ბოლო. ავედით ლიფტით და ოთახში შესვლისთანავე მივეცი ფული. ვისკისგან დამძიმებული ვმოძრაობდი ნელა და დიდხანს ვიხდიდი ტანსაცმელს. სექსზე აღარ ვფიქრობდი, ვფიქრობდი გემრიელ ძილზე, ოღონდ-მასთან ერთად. მინდოდა საბნის ქვეშ მეგრძნო მისი შიშველი სხეული და ჩემს მხარზე თავჩამოდებულს ჩემთან ერთად დაეძინა. სხვა არაფერი მინდოდა. მთავარი იყო, მარტო არ დავრჩენილიყავი და ამაში ვიხდიდი ფულს, მაგრამ ის ჩემზე პატიოსანი აღმოჩნდა (როგორც ყოველთვის) და მაინც გააკეთა ის, რაშიც ფული უკვე აღებული ჰქონდა. ვისკი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბოლო წამების გასრულებისთანავე მკვდარივით დამეძინა. ერთადერთი, რაც ნამდვილად მახსოვს, მისი თხელი კანი იყო-მართლა უცნაური და სასიამოვნო... დილით ადრე გამეღვიძა, რადგან ფარდები გადაწეული იყო და მზე მთლიანად ავსებდა ოთახს. თავი მტკიოდა, მაგრამ არა ისე ძლიერად, როგორც მოსალოდნელი იყო და ეს იმას ნიშნავდა , რომ წინა ღამით მართლაც სანაქებო ვისკი ვსვი. ადგომას არ ვჩქარობდი, რადგან გადავწყვიტე, რომ კლიენტის კვალობაზე უკეთესად მოვქცეულიყავი და აბაზანაში შესვლის რიგი მისთვის დამეთმო. ის მართლაც ძალიან, ძალიან ლამაზი იყო და წამოდგომისას ლოყაზე ვაკოცე და მადლობა ვუთხარი. ადგა და შიშისა და გაოგნებისაგან საშინელი ტკივილი ვიგრძენი გულის მხარეს-მას მარცხენა ხელი არ ჰქონდა. აღარც მახსოვს, როგორ ჩავიცვი, როგორ ჩავყარე ბარგი, გამოვართვი პასპორტი სასტუმროს ადმინისტრატორს და როგორ აღმოვჩნდი აეროპორტში. თვითმფრინავში წამალი მოვითხოვე, მაგრამ ვერც იქ მასინ და ვერც მერე, ვერაფრით მივხვდი, როგორ ვერ აღმოვაჩინე წინა საღამოს, რომ იმ ძალიან, ძალიან ლამაზ გოგოს ერთი ხელი არ ჰქონდა. ახლაც არ ვიცი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.