ძველი პიანინო - 24
24. ზოგჯერ იმედიც კი ყველაზე საშინელი მტერია... იჯდა და ელოდა... ელოდა... იმედი ჰქონდა რომ მოაკითხავდნენ... ჰმ... იმედი... აუსრულებელი, მტრად ქცეული ოცნება... ერთ დროს იყო ბედნიერება, სითბო, სიხარული, სიყვარული... დედის კალთაში ტკბილად ჩაძინება... ახალი სათამაშოები... ახალი გასართობი... მერე ახალი მამიკო... თუმცა ძველს არც კი იცნობდა... მერე ახალი პატარა დაიკო... ახალი ოჯახის წევრი... და რაღაც ახალი ცვლილება... თანდათან უფრო და უფრო... უფრო მეტად და ხშირად გაგონილი სიტყვები: „ნუ მებლანდები ფეხებში... ყოველ წუთს...“ ერთ მშვენიერ დღესაც სასეირნოდ წასვლა... „თბილად ჩაიცვი... ეს ტანსაცმელიც წამოიღე, დაგჭირდება... სათამაშოებიც...“ და მერე სადღაც სტუმრად დარჩენა... „აქ ბევრი ბავშვებია.... გაერთობი, არ მოიწყენ“... უფროსების გაყინული მზერა... და მისკენ მომზირალი მრავალი წყვილი პატარა თვალი... შურით თუ შიშით?.. თუ რა იყო მათ გამოხედვაში ასეთი?.. ამოუცნობი იყო მათი სულის ჩამწვდომი მზერა... ნეტავ ასეთი ვინ ჩაბუდებული მათ პატარა სულებში?.. აფთარი თუ ანგელოზი?... თუ ორივე ერთად... და ბოლოს ისევ ნაცნობი ხმა: „მალე მოვალთ, არ მოიწყინო...“ და მას მერე იჯდა და ელოდა... გაზაფხულის დადგომამდე... და მერე ისევ ზამთრის მოსვლამდე... ...როგორ უხაროდა ახალი პრიალა ფეხსაცმელები... სახლისკენ ისე მოჰქროდა ლამის მიწას ფეხს არ აკარებდა... ახლა კი აქ სხვამ ჩაიცვა... ახალ სახლში ახალი წესები დახვდა... „ჩვენ აქ ყველაფერი საერთო გვაქვს! ჩემი და შენი არ არსებობს!...“ სათამაშოებიც სადღაც მიმოიფანტა და სულ სხვა ბავშვების ხელში აღმოჩნდა, და ეს სულაც არ ადარდებდა... იჯდა და ფანჯრიდან გაჰყურებდა ეზოში შემომავალ ჭიშკარს... არც ლოდინი ღლიდა, პირიქით ხვალინდელი დღის იმედს ჰმატებდა... „ალბათ დღესაც ვერ შესძლეს... ხვალ, ხვალ აუცილებლად მოვლენ...“ ზოგჯერ რაღაც მკვახე, ცივი ხმა ურღვევდა მყუდროებას და ოცნებიდან გამოჰყავდა... „უჰ ეს ისევ აქ ზის...“ მაგრამ სულ ერთი იყო მის ზურგს უკან რას იტყოდნენ, მაინც არ აქცევდა ყურადღებას, მთავარი იყო მის წასაყვანად მოსულნი... არ გამოჰპარვოდა, მაგრამ მომკითხავი არავინ ჩანდა... მაინც ჯიუტად იჯდა და ელოდა... მანამდე ელოდა, სანამ... ბოლოს და ბოლოს არ მიხვდა, რომ ყველაფერი ამაო იყო... - არა! არა!.. სისულელეა... დრო არაფერს, კურნავს, მაინც არანორმალურად გტკივა, თანდათან ეჩვევი იმ აზრს, რომ უნდა გტკიოდეს... გტკიოდეს გაუსაძლისად... გულის სიღრმეში ჩაკირული ტკივილი ფილტვებამდეც აღწევს და სუნთქვასაც გიხშობს... ვიღაც უცხოს... და უცნობის საფლავზე პირდამხობილი სასოწარკვეთას მიცემული გოდებდა... და არ ჰქონდა მნიშვნელობა ვისი საფლავი იყო... გაგონილი ჰქონდა, თუ ერთი საფლავს მოინახულებ, სხვა ყველა შენი ახლობლების სულებიც იქ სიხარულით მოფრინდებიანო... იქნებ მათმა სულებმა შეისმინონ მისი გოდება, ან დაიტოვონ... ანდა... - ყველაფერში შენი ბავშვობის ტკივილს ხედავ, ადრე თუ გვიან უნდა შეწყვიტო ეს... - და როგორ? რანაირად უნდა შევწყვიტო?.. ტკივილმა ისე ჩაიბუდა, ცალკე ახალ სხეულის ნაწილად იქცა და ფეთქვა დაიწყო... ამოვიჭრა?... ამოვიგლიჯო?.. როგორ?.. რანაირად?.. - შეწყვიტე გოდება!.. აირჩიე სიცოცხლე... სიმშვიდე... სიხარული... მის ტკივილს პასუხობდა ხმა... - აღარ არის უკვე მაგის დრო... რაღა დროს არჩევანია... როცა ავირჩიე რა შემრჩა, რა?.. ძველი ჩვარივით ხან აქეთ მოგისვრიან... და ხან იქეთ... სად იყო არჩევანი?... - არჩევანი ყოველთვის არის, მაგრამ უნდა დაინახო... იგრძნო... - უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და აღარ არსებობს არჩევანი... ვიგრძენი... დავინახე და ავირჩიე ეს გზა... უკან დახევას აღარ ვაპირებ.... მკვდრები დუმდნენ... ან რა უნდა ეთქვათ მკვდართა ქალაქში სამუდამოდ დამკვიდრებულთ?... რისთვის ცოცხლობს?.. ვისთვის?.. მისთვის ეს სამყარო მხოლოდ დასასრულია.. და რა აცოცხლებს, რა ატარებს ამ დედამიწაზე გარდა იმ ძალისა, რომელსაც უსამართლობა ჰქვია... მიწის ზემოთ შერჩა ამ ქვეყანას... თავისდაუნებურად... უკითხავად შერჩა მიწას... და რომ შურისძიების ჟინი არა, სხვანაირად ვერ იარსებებდა ისედაც გაუსაძლის ყოფაში.. სიცოცხლე ენატრებოდა... უდარდელი ლაღი ცხოვრება... ის ბავშვობის პატარა სიხარული, რომელიც მალევე ამოგლიჯეს გულიდან... - შენ მონატრება იცი რა არის?.. სულში გიჭერს მერე ყელში და გახრჩობს... ცრემლებამდე მიჰყავხარ და შეიძლება არც აგეტიროს... ვერ აგეტიროს... - შენი აზრით ყველა ის ხალხი იმსახურებს სიკვდილს?.. იქნებ მათ სხვა ისეთი სასიკეთო რამ საქმე ჩაიდინეს, რომ.. პასუხობდა ხმა.. - და თქვენ გინდათ, დამაჯეროთ, რომ მე უდანაშაულო ადამიანები მოვკალი?.. ესე იგი ისინი ცოცხლები იყვნენ და მე მოვკალი? მაგრამ თუ ადამიანებს აქვთ სიცოცხლე მათში უნდა იყოს სიხარული, მშვენიერება, სიყვარული... თანაგრძნობა, მაგრამ თუ ეს არ გააჩნიათ, არაფერი არ გააჩნიათ, მაშინ როგორ უნდა მომეკლა?.. აი ხომ ხედავ ისინი არ იყვნენ ცოცხლები, ისინი არარაობანი იყვნენ. როგორ შეიძლება მისი მოკვლა, ვინც უკვე ისედაც მკვდარია. - და შენი აზრით ეს სიკეთეა? სიკეთეს აკეთებდი იმ ხალხის მოკვლით? - ჰმ, თქვენ რა იცით, მე როგორ ვიცხოვრე... უფრო სწორად, როგორ მაცხოვრეს... თქვენ ხომ არ განგიცდიათ ის ცხოვრება, რაც მე გამატარეს.. სწორედ ამ ხალხის გამო... რაც გავიარე... ეს ყველაფერი თქვენ რომ იცოდეთ, დამეთანხმებოდით და ჩემს ქმედებას სიკეთედ ჩათვლიდით, კაცობრიობისთვის გაწეულ სიკეთედ... რადგან მარტო მე ხომ არ ვიყავი მაგათი მსხვერპლი... ზოგმა ჩაყლაპა... ზოგსაც უშველეს... ზოგმა თავს უშველა და ბევრიც შეეგუა... მათ ბოროტებას სიკეთით ვერ ვუპასუხებ!.. ან და რომელი სიკეთით?.. მე არ ვიცი რა არის ეს?.. - განა მარტო ცუდი ადამიანები კლავენ ხალხს... მკვლელობა შეიძლება კარგმა ადამიანმაც ჩაიდინოს, კარგი ადამიანიც კი შეიძლება გაეხვეს შარში და ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, სადაც მისი ადგილი არარის... მაგრამ ყოველთვის შეგიძლია თავიდან დაიწყო... სანამ ცოცხალი ხარ ჯერ კიდევ შეგიძლია ბევრი რამ შეცვალო... დრო კი ყველას გასცემს პასუხს... შენი ჩარევის გარეშეც გასცემს. - და რომელი დრო? დრო, რომელშიც უკვე ჩვენ აღარ ვიქნებით?... და მერე რად მინდა ასეთი დრო და ასეთი პასუხი... თუ კი მე ვერაფერს გავიგებ... თავიც კი არ აუწევია, ისე ესაუბრებოდა ვიღაც უცხო კაცს... თუმცა არც დაუნახავს, მაგრამ დარწმუნებული იყო თეთრწვერა მოხუცი თეთრი თმებით იქნებოდა... ხმა ჰქონდა ასეთი... თვითონ კი ზლუქუნებდა... ტიროდა თუ ხმაჩაწყვეტილი ბღაოდა... უხმოდ ყელში გაჩხერილ ყმუილს ხმა არ ჰქონდა... და მაინც აგრძელებდა ხრიალს... - ცხოვრებაში ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა... უცებ თეთრწვერა მოხუცის ხმა ახალგაზრდა ქალის ხმამ შეცვალა... უცხო საფლავზე დამხობილს თავი ისე ჰქონდა დამძიმებული, წამოწევა ძლივს შესძლო და უკანვე დაეგდო.. შეშუპებული თვალებით მხოლოდ ქალის ლანდი და მისკენ გამოწვდილი თეთრი ვარდი გაარჩია... LEX·2016 წლის 23 ივნისი, ხუთშაბათი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.