შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისფერი ყინული-1


5-05-2017, 20:46
ავტორი თიკო^
ნანახია 1 708

თითქმის შუაღამე იყო. ძველისძველ, ქვებით მოკირწყლულ ბილიკზე თეთრ სარაფანში გამოწყობილი გოგო სწრაფად მიდიოდა. მის მოძრაობას სიარულზე მეტად სირბილი ეთქმოდა. მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა მიდამოს. ვერცხლისფერი კონტურები კარგად კვეთდა წვეტიანი მთების კალთებს.
სუსტმა ფიგურამ ბოლო აღმართი მიტოვებულ ბილიკზე სულმოუთქმელად აიარა და უკვე მშვიდად შეუდგა ნაცნობ, ორღობეებს შორის გაყვანილ შარა-გზას. 
"ღმერთო, ნეტავ დღეს მაინც დავაღწიო ნატოს საყვედურებს თავი"-ევედრებოდა გუნებაში უფალს და ღამის სიჩუმით ტკბებოდა. შორს, სადღაც ჭრიჭინა ჭრიჭინებდა. ოდნავ სიოც ქროდა. მყუდრო ღამე იყო, მშვიდი. რამდენიმე ნაბიჯში ნაცნობი შესახვევიც გამოჩნდა. გააბიჯა თუ არა, თვალებში ერთიანად ეტაკა თვალისმომჭრელი შუქი. უნებურად მოეხუჭა თვალი, თუმცა ნელ-ნელა შეეჩვია ფარების შუქს და კარგად დააკვირდა. ვინ უნდა ყოფილიყო? სამეზობლოში მანქანა არავის ყავდა. გზა ისევ გააგრძელა და შავი მერსედესის გასწვრივ აღმოჩნდა თუ არა, თავისი სახელი მოესმა.
-ელენე, როგორი დამთხვევაა. სასეირნოდ ცოტა გვიანია, ასე არ ფიქრობ?
ელენე მკვეთრად შემოტრიალდა ნაცნობი გამაღიზიანებელი ხმის გაგონებაზე და მანქანიდან გადმოსულ მაღალ მამაკაცს წარბაწეულმა ააყოლა თვალი.
-ბატონო სულხან-ზიზღნარევი ღიმილით შეხედა წვრილ, მანათობელ ცისფერ თვალებში ელენემ-თქვენ არ ფიქრობთ, რომ ასეთ დროს თქვენი აქ ყოფნა ცოტა.. უცნაურია?
-იმედია სტუმრად მიმიღებ, საინტერესო წინადადება მაქვს-ისევ ეს ტკბილი, თითქოს კეთილი ტონი, რომლის მიღმაც ელენე ბევრ სიბნელეს ამჩნევდა.
-ბედიანიძეებს ეგ არასდროს ეშლებოდათ, მაგრამ.. კარგი იქნება, თუ ისევ იმავე წინადადებას არ გავიგონებ თქვენგან-ამცნო ელენემ მამაკაცს და სახლის ჭიშკარი გააღო.
რამოდენიმე მეტრის შემდეგ პატარა აგურით ნაგებ, ერთსართულიან, მოაჯირიან სახლთან მივიდნენ. ხის კარი ელენემ თამამად შეაღო და ეზოში შუქი აანთო.
-დაბრუნდი? რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო,სასაფლაოზე შუაღამემდე ნუ რჩები მეთ..-მაგრამ ქოთქოთა, ჩასუქებულ, შავთავსაფრიან მოხუც ქალს სიტყვები პირზე შეეყინა როდესაც შვილიშვილის უკან მდგარ ფიგურას მოჰკრა თვალი.
-სტუმარი გვყავს-თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ელენემ და ორივეს საერთო ოთახში შეუძღვა.
ელენემ შუქი აანთო, სკამები მაგიდასთან დაალაგა, მამაკაცს დაჯდომისკენ ანიშნა, თვითონ კი დაბალ კარადასთან მივიდა, რომელზეც სანთლები თითქმის ჩამწვარიყო. ორი სანთელი ჯიბიდან ამოიღო, ასანთს ფრთხილად გაჰკრა და აანთო. გრძნობდა, როგორ წვავდა მხრებს სულხანის მზერა, მაგრამ არც ერთ მოძრაობას არ აჩქარებდა. აბრიალდა თუ არა სანთლის ალი, მოლიცლიცე შუქი კედელზე დაკიდებულ ორ სურათს მიენათა. შავ ჩარჩოში ჩასმული ფოტოებიდან კაცის და ქალის სახე იხედებოდა. ახალგაზრდა,  ლამაზი ქალი იღიმოდა, ლოყებზე კი ნაჩვრეტები დატყობოდა. მუქი თვალები ჰქონდა, ასეთივე მუქი წაბლისფერი თმაც. გვერდზე კი თითქმის იმავე ასაკის, უფრო სერიოზული გამომეტყველების კაცის ფოტო ეკიდა. ფოტოდან ჭკვიანი თვალები იმზირებოდნენ, საკმაოდ სიმპატიურ მამაკაცს სურათში თმა წამოზრდოდა და მის ფერმკრთალ სახეს იდუმალებას ჰმატებდა. ელენემ სიყვარულით შეავლო თვალი ორივეს, მერე ნელა შემოტრიალდა, მაგიდასთან მივიდა, ჩამოჯდა და აუტანელი სიჩუმე დაარღვია.
-ყავას ხომ არ დალევთ?
-არა, მაგის დრო არ გვაქვს-უარყო სულხანმა. შავი პიჯაკი ეცვა, ლურჯი ჰალსტუხით. მოკლედ შეჭრილი თმა ალაგ-ალაგ გაჭაღარავებოდა.თხელი სახე ჰქონდა, თითქმის უმეტყველო. მხოლოდ თვალები ჰქონდა იმდენად ცისფერი, თითქოს მათ მაგივრად ნათურები ჩაუსვიათო.
-რა ხდება ბატონო სულხან, დამელია სული-შეევედრა და ლაპარაკის დაწყებისკენ ანიშნა შემკრთალმა ნატომ.
-იცით რა ხდება? სექტემბრიდან ელენე ჩემს სახლში გადმოვა საცხოვრებლად, უნივერსიტეტში ისწავლის და ამ ყველაფერს წუწუნის და ზედმეტი საუბრის გარეშე შეასრულებს-ღიმილით ამცნო მოხუცს მამაკაცმა და მზერა ელენესკენ გააპარა.
გოგონა ღრმად სუნთქავდა და ორ ჯიუტი ჯიუტი შავი თვალით ბურღავდა მის წინ მჯდომ სულხანს.
-გაიხარე შვილო, ღმერთმა გვაჩუქა შენი თავი, მადლობა უფალს..-მაგრამ ელენემ სიტყვა აღარ დაამთავრებინა.
-მადლობა უფალს, რომ ბატონი სულხანი მშობლების მკვლელად მომივლინა, ალბათ ამის თქმა გინდოდა-სიბრაზისგან აღარ იცოდა რა ექნა ელენეს. ყველაფერი აღიზიანებდა ამ კაცში. მისი დაყენებული მანერა, ალმაცერი ღიმილი, დამცინავი ტონი. ყველაზე მეტად კი დაჟინებული მოთხოვნა ამოუვიდა ყელში-თითქოს დანაშაულის გამოსყიდვას შეძლებდა, ისე ცდილობდა დახმარებოდა. არა, არაფერი იქნებოდა ცუდი თუ ეს გულწრფელი სურვილი იქნებოდა მაგრამ ელენე გრძნობდა, რომ ასეთი ტიპის ადამიანს კარგი მიზნები არ ექნებოდა. 
სამი წლის წინ მოყვნენ ავარიაში ბედიანიძეები. სამი წლის წინ დაეჯახა მათ მანქანას დიდი შავი ჯიპი, რომელიც საშინელი სიჩქარით მიქროდა და თითქოს ვერ შენიშნა წინ მიმავალი მანქანა. დანაშაული მძღოლმა აიღო. რა თქმა უნდა, მილიონერ ბიზნესმენს არავინ დაადანაშაულებდა. მესამე წელი იყო ამ კაცში ყველაფერ იმ საშინელებას ხედავდა, რაც იმ დღეებში გადაიტანა და ახლა სთხოვდა, მასთან საცხოვრებლად გადასულიყო. 
-როგორ ლაპარაკობ ელენე? ადამიანი დასახმარებლად მოვიდა, როდემდე გინდა აქ, სოფელში იჯდე და არაფერი აკეთო? მომავალზე სულ არ ფიქრობ?
-არ მინდა წასვლა, აქ მირჩევნია-თვითონაც იცოდა, რომ სოფლიდან გაღწევის შანსი არ ექნებოდა, თუმცა ერჩივნა არაფერი ჰქონოდა, ვიდრე ვინმესთან ვალში ყოფილიყო.
-ეს თხოვნა არაა, მოთხოვნაა-ვითომც არაფერიო, გამოაცხადა სულხანმა-როგორც იცი, მამაშენს დიდი ვალი ჰქონდა. სრულწლოვანი ერთ თვეში გახდები, მერე შენ დაგეკისრება მისი გადახდის ვალდებულება. რას აპირებ?
-რას ლაპარაკობ შვილო, რა ვალზეა საუბარი?
-ჩემი ერთ-ერთი კოლეგისგან ისესხა თავის დროზე. შემიძლია, ყველაფერი დავფარო, ოღონდ იმ პირობით, გოგონა ჩემთან თუ წამოვა.
-საიდან გაიგეთ?-გაფართოებული თვალებით უყურებდა ელენე-ან რა თქვენი საქმეა?
-კარგი იქნება მეტ პატივისცემას თუ გამოიჩენ, ბოლოს და ბოლოს, ცუდს რას ვაკეთებ?-შემპარავი ხმით შეეკითხა სულხანი.
-პირდაპირ თქვით, რაში გჭირდებით?
-მინდა სინდისი ცოტათი მაინც დავიმშვიდო. შენ წარმოიდგინე, ჩემნაირებსაც აწუხებთ ხოლმე რაღაც-რაღაცეები..
-ნეტავ მჯეროდეს.. 
-ანუ, წახვალ ბებო?-ბედნიერმა, ამდენი ხნის შემდეგ გაღიმებულმა ნატომ იმედით შეხედა შვილიშვილს. დიდი ხანია, წასვლას ურჩევდა. არ უნდოდა, ერთადერთი გოგონას ცხოვრება ასე ცუდად დასრულებულიყო.
-მე თქვენთვის არ მითხოვია ფულის გადახდაში დახმარება
-შეგიძლია მეც გამანდო რას აპირებ?
-მოვახერხებ რამეს.
-რას? სახლი აღარ გაქვს, არც მუშაობ და სოფელში იმარხავ თავს.
-გთხოვთ, ისე ნუ ლაპარაკობთ, თითქოს გაღელვებდეთ. 
-წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ არ მოვიდოდი. ვერაფერს გააწყობ ელენე. დუტა მელაძე არც ერთ თეთრს არ შეგარჩენთ. შენც და ბებიაშენსაც დაგმარხავთ და მერე საფლავიდან ამოგთხრით, რომ თავისი კუთვნილი დაიბრუნოს. 
-კი მაგრამ, ელენე, რად უნდოდა გიას ის ფული? შენ იცოდი?-სასოწარკვეთილი მოუტრიალდა ნატო შვილიშვილს.
-ვიცოდი. იმ დღეს გამოართვა, თბილისიდან რომ მოვდიოდით-ამოიხვნეშა ელენემ-შენ არ გაგიმხილეთ, მაგრამ ბიძაჩემმა ტოტალიზატორში ფული წააგო. გიამაც გადაწყვიტა კიდევ ერთხელ დახმარებოდა.
-ვაიმე, შვილო-შეიცხადა ნატომ და ცრემლები გადმოსცვივდა-ავთომ თუ იცის ეს ამბავი?
-არა და არც უთხრა, არაა საჭირო-ჩაილაპარაკა ელენემ.
-ოჯახური გარჩევები მერე იყოს, ახლა პასუხი მჭირდება. 
-მეც მჭირდება პასუხი. რატომ გინდათ რომ თქვენთან ვიცხოვრო? გულწრფელად მითხარით. როგორც ვხედავ, სხვა გზა მაინც არ მაქვს.
-როდის უნდა ირწმუნო, რომ ხანდახან სუფთა გულითაც ვაკეთებთ რაღაცებს?
-ალბათ არასდროს-გაწბილებულმა ჩაილაპარაკა და მაგიდიდან წამოდგა ელენე.
-ერთ კვირაში ჩემი მძღოლი გამოგივლის, მოემზადეთ.
-მადლობელი ვარ სულხან, გაიხარე-დამწუხრებულმა ნატომ გააცილა სტუმარი.
___
გამწარებული ალაგებდა ბარგს ელენე. კი არ ალაგებდა, იმ მცირეოდენ ტანსაცმელს და ნივთებს, რაც გააჩნდა, ბრაზით ისროდა დიდ ჩემოდანში. ყველაზე მეტად ის აცოფებდა, რომ ამ ყველაფერში უძლური იყო. უბრალოდ ასე უნდა ყოფილიყო და მორჩა. ოციათას დოლარს ვალი გადიოდა და ელენე გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდებოდა. მაგრამ ამასთან, სულხანის საეჭვო მზრუნველობა აფიქრებდა. სინდისი? სასაცილო იყო. ასეთ ადაიანებს სინდისი არ ჰქონდათ. აქ რაღაც სხვა ხდებოდა, რაც  ელენემ არ იცოდა, მაგრამ გადაწყვიტა ჯერჯერობით დინებას მიჰყოლოდა და სიტუაციის მიხედვით ემოქმედა. 
ერთ საათში მძღოლი გამოივლიდა. აგვისტოს ბოლო იყო, საშინლად ცხელოდა. ისევ თავისი საყვარელი თეთრი სარაფანი გამოიღო კარადიდან, გადაიცვა და სარკეში ჩაიხედა. საშუალო სიმაღლის, სუსტი გოგო იყო. ხვეული, მუქი წაბლისფერი თმა ჰქონდა, ღია შაქრისფერი კანი და ხალი ნიკაპზე. დიდ, მუქ წყლიან თვალებს გრძელი წამწამები ამშვენებდა. მაკიაჟს არ იყენებდა, ამიტომ თითქმის ბავშვური იერი შეენარჩუნებინა. თმა სანახევროდ აიწია, ჩემოდანი ხელში დაიჭირა და უკანმოუხედავად გავიდა საკუთარი ოთახიდან.
-ელუნა, ჭამე ბებო რამე, მშიერს ხომ ვერ გაგიშვებ სახლიდან-ხმაში ტირილი ერეოდა ნატოს, მაგრამ ცდილობდა თავი შეეკავებინა-იცოდე, თავი არ მოიშივო იქ. არ შეგცივდეს, თბილად ჩაიცვი..
-ბები, ორმოცი გრადუსია გარეთ-სევდიანად გაეცინა ელენეს.
-გეუბნები მე შენ. ფრთხილად იყავი, უფალმა დაგლოცოს, შემეხმიანე ჩემო ანგელოზო-გულში ჩაიკრა შვილიშვილი ქალმა.
ელენემ ღრმად შეისუნთქა ნაცნობი სურნელი. მწვანილის, მზის და მიწის საოცარი ნაზავი. ცოტახანში კარზე კაკუნიც გაისმა და ცრემლებით, გამოტირებით და გულმხურვალე დამშვიდობების შემდეგ ელენემ სახლის კარი მიიხურა.
___
დაახლოებით სამ საათში წყნარი, უდარდელი სოფლიდან გახურებულ, ქაოსის ბუღში ჩაძირულ, სიცხისგან ენაგადმოგდებულ თბილისს მიადგნენ. არაფერი იცოდა ელენემ. არც ის, თუ სად ჩარიცხეს და არც ის, რა უნდა ეკეთებინა. უბრალოდ ინტერესით ადევნებდა თვალს დაბურული შუშებიდან ქალაქს. მძღოლი პირქუში, შუახნის წვერიანი კაცი იყო. რობოტივით მართავდა მანქანას და ერთი სიტყვაც არ დასცდენია ელენესთან.
ცოტა ხანში მთაწმინდასთან შეუხვიეს, ერთ ფართო ქუჩას აუყვნენ და დიდ, სამსართულიან, მაღალღობიან სახლს მიადგნენ. ჭიშკარი თავისით გაიღო და საოცარ ეზოში ამოყვეს თავი. ძირს ქვაფენილი ეგო, პატარა ბაღით და ფანტანით. სახლი გემოვნებით გაეფორმებინათ. დიდი მოაჯირები და ვერანდა ჰქონდა. მანქანიდან გადმოსვლისთანავე ელენეს თეთრწინსაფრიანი ქალი შეეგება. ქერა, დიდლოყებიან და კეთილთვალება ქალს ღიმილიანი გამომეტყველება ჰქონდა. სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა და ელენეც დადებითად განეწყო.
-გამარჯობა ლამაზო გოგო,შენ ელენე ხარ ალბათ. ბატონმა სულხანმა წინასწარ შეგვამზადა, დიდი პატივია თქვენი მიღება, მე ნუნუკა ვარ, თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს.
-დიდი მადლობა, სასიამოვნოა-გაუღიმა ელენემ და ირგვლივ გაიხედ-გამოიხედა.
-ყველაფერს დაგათვალიერებინებ. შენს ბარგს გოგონები აიტანენ ზემოთ, შენს ოთახში. მანამდე წამოდი, რამე შეჭამე, ნამგზავრი დაიღლებოდი-გაუჩერებლად ქაქანებდა ნუნუკა.
-მადლობა, მგზავრობის მერე ვერ ვჭამ. მირჩევნია ცოტა დავისვენო.. 
-როგორც გენებოს, წამოდი, ეზოს მერე გაჩვენებ-ელენე ნუნუკას მიჰყვა, რომელიც ყველა დეტალს დაწვრილებით უხასიათებდა. უკვე თავი ატკივდა. დიდი თეთრმოაჯირიანი კიბეების ავლის შემდეგ მინის კარით ფართო მისაღებში შევიდნენ. კრემისფერი ოთახი გემოვნებით მოეწყოთ. მისაღების მერე ჰოლი იყო, რომლიდანაც ერთი ოთახით სამზარეულოში გახვიდოდით, დანარჩენები კი საკუჭნაოს, სააბაზანოს და გასართობ ოთახს ეჭირათ. მეორე სართულზე საძინებლები განეთავსებინათ, მესამეზე კი სამუშაო ოთახები და ვერანდა იყო. ელენეს ოთახი კიბიდან პირველივე კარის უკან იყო. გარემო საკმაოდ მოეწონა. კრემისფერ-ყავისფერში გადაწყვეტილი ფერები სიმყუდროვეს მატებდა გარემოს, დიდი ფუმფულა საწოლი კი საკმაოდ კომფორტულად გამოიყურებოდა.
-კარგი ჩემო ლამაზო, დაგტოვებ. როგორც გენებოს ისე მოეწყვე. საღამოს ბატონი სულხანი და ქალბატონი თამარი მოვლენ, ვახშამზე სხვებსაც გაგაცნობთ-უთხრა და სწრაფად გაიხურა კარი.
ცრემლები მოერია ელენეს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს საკუთარი თავი გაყიდა. ეშინოდა. არ უნდოდა ამ ლამაზი სახლის, კომფორტული ოთახის და გარემოს უკან არასასიამოვნო რამეები აღმოეჩინა. ერიდებოდა. უცხო ხალხთან ცხოვრებას მიჩვეული არ იყო. ახლა ყოველთვის დავალებულადაც იგრძნობდა თავს. მგზავრობამ ცუდად გახადა, ამიტომ ფუმფულა და  რბილ საწოლზე წამოწვა თუ არა, მაშინვე იგრძნო სასიამოვნო მოთენთილობა და დამძიმებული თვალის ქუთუთოები ძირს ზანტად დაუშვა. ცოტახანში
რაღაცის დაფშვნის ხმამ შეაკრთო. შეშინებული წამოხტა საწოლიდან და ოთახს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი. რამდენიმე საათი სძინებია. იმწამსვე ბარგს მიადგა და პირსახოცი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და პირადი ჰიგიენის ნივთები ამოალაგა. დანარჩენი ნივთების დაწყობას ჯერ არ ჩქარობდა, თითქოს შინაგანად მაინც არ ეგუებოდა, რომ აქ ცხოვრება მოუწევდა. ოთახს თავისი სააბაზანო ჰქონდა. წყალი ნაჩქარევად გადაივლო, გამოვიდა და სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვა. გარედან სხვა ხმა არ გაუგონია, მაგრამ საკუთარ ოთახში გამოკეტვას სახლის და ეზოს დათვალიერება არჩია. უკვე ექვსი საათი ხდებოდა, მალე სულხანი და მისი ცოლიც მოვიდოდნენ. მათი ნახვის პერსპექტივა საერთოდ არ ხიბლავდა.
თავისი ოთახის კარი ფრთხილად გამოიხურა და კიბეებისკენ ფეხაკრეფით წავიდა. ქვემოდან ვიღაცეების ლაპარაკი შემოესმა. კიბეებზე თავჩახრილი დაეშვა, ბოლო საფეხური ჰქოდა დარჩენილი, როდესაც მაღლა აიხედა და თან მაღალ ფიგურას დაეჯახა.
-შენ ვინღა ხარ-გაღიზიანებულად ჰკითხა უცნობმა და თავიდან ბოლომდე აათვალიერა. ძალიან ბოხი, მამაკაცური ხმა ჰქონდა-აქ რას აკეთებ, ვინ მოგცა მეორე სართულზე ბოდიალის უფლება? წადი და შენ საქმეს მიხედე
ელენე შეკრთა. უცნობს თვალი თვალში გაუყარა და რაღაცით ეცნო. ისევ ის ცისფერი თვალები, ოღონდ ცოტა უფრო მოლურჯო, მკვეთრი. ახალგაზრდა, დაახლოებით ოცდახუთი წლის მამაკაცი იქნებოდა, მაღალი და კარგი აღნაგობის. ღია წაბლისფერი თმა მოკლედ შეეჭრა, სახეზე კი კარგად გამოკვეთილი ნაკვთები ამშვენებდა.
-მე ელენე ბედიანიძე ვარ, ბატონი სულხანის მოთხოვნით აქ ვიცხოვრებ, ალბათ ვიღაცაში გეშლებით. თქვენ..?
უცნობს წარბები შუბლზე აუვიდა და სახეზე დამცინავი ღიმილი გამოესახა. 
-რაო, რაო? -ჩაეცინა და ელენეს დამცინავი გამოხედვა კიდევ ერთხელ მიაგება-ასეთი ფანტაზაია საიდან, ლამაზო გოგო?-თავი მოისწაყლა, გვერდზე გადაწია და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. 
ელენე გაწითლდა, უცხო ადამიანისგან აშკარა დაცინვის მოსმენა არ უნდოდა, თან წარმოდგენა არ ჰქონდა ვის ელაპარაკებოდა. მოლურჯო თვალები მაინც ახსენებდა ვიღაცას.
-უკაცრავად, მაგრამ სანამ არ  მეტყვით ვის ველაპარაკები, არაფრის ახსნას არ ვაპირებ-მკაცრად თქვა, ხელები გადააჯვარედინა და გვერდზე უკმაყოფილოდ გაიხედა.
-როგორც ჩანს, სამზარეულოს გოგონებმა ახალი ხრიკები მოიგონეთ-საეჭვოდ შეამცირა დისტანცია მათ შორის მამაკაცმა. ელენე დაიბნა და უკან დაიხია, კიბეზე ერთი საფეხურით მაღლა აწევას აპირებდა, მაგრამ უცნობმა ხელი წელზე მოკიდა და თავისკენ უხეშად მიიზიდა. ელენემ შეწინააღმდეგება სცადა, მაგრამ ლურჯთვალებიანის ძლიერ ხელს თითქოს არც არაფერი უგრძვნია. მან თავი ყურთან ახლოს მიუტანა და გაჩერდა. ღრმად სუნთქავდა და მისი გრილი ამონასუნთქი კანზე ეკლებად აყრიდა ელენეს. გული აუჩქარდა, ასეთ სიახლოვეს ვერ იტანდა. რაღაცნაირი ცივი სურნელით გაიჟღინთა, ზღვის თუ ციტრუსის სუნს აგონებდა. 
-მაგრამ შენთვის ასეთი თავხედობის პატიება ღირს-ხრინწიანი ხმით ჩაიჩურჩულა ელენეს ყურთან. 
-გამიშვი ხელი-არ ჩერდებოდა ელენე და პატარა, სუსტ ხელებს ქვასავით მაგარ გულმკერდზე აჭერდა. უცნობს ჩაეცინა და გვერდზე მკვეთრად გაიწია. მის ხელზე დაყრდნობილმა ელენემ უცებ წონასწორობა დაკარგა, მაგრამ თავი შეიმაგრა და გაბრაზებულმა დაუყვირა გულიანად მოხარხარე მამაკაცს.
-ვინ ხარ? 
-რაც გითხარი ის გააკეთე, თორემ..
მაგრამ სიტყვა შუაზე გაუწყდა და ელენეს უკან დაიწყო ყურება. 
-როგორც ვხედავ, უკვე გაიცანით ერთმანეთი-მშვიდი, ნაცნობი ხმა მოესმა ელენეს უკნიდან და მკვეთრად მოტრიალდა. სულხანი და თამარი გვერდიგვერდ იდგნენ. წარმოსადეგი წყვილი იყო: ტიპური ბიზნესმენი, არაფრისმთქმელი სახით და მაკიაჟით, ძვირფასეულობითა და ხარისხიანი ტანსაცმლით შემოსილი წითური, ახალგაზრდა ქალი.
-თამარ, ნიკოლოზ, მიესალმეთ ოჯახის ახალ წევრს-ელენე ბედიანიძეს-ისევ ის გამაღიზიანებელი, დამცინავი ტონი და  უემოციო სახე-როგორც ჩანს, ჩემს შვილს ადვილად დაუმეგობრდები.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა-ჩუმად ჩაილაპარაკა ელენემ და მის გვერდზე მდგომი, არანაკლებ  გაკვირვებული, თუმცა ზიზღით სავსე გამომეტყველებით დამშვენებული ნიკოლოზისკენ თვალი გააპარა.
-ეს რა ხუმრობაა?-ამოიღრინა მან.
-ელენე, შენზე ბევრი მსმენია სულხანისგან. მოლოდინს გადააჭარბე-გაწელილი ტონით მიმართა მას თამარმა და თვალი თვალში გაუყარა. გოგონამ სუსტად გაიღიმა. ატმოსფერო ცოტა დაიძაბა.
-ნიკოლოზ, მომყევი-ანიშნა სულხანმა და თამართან ერთად სამივე მაღლა აუყვნენ კიბეებს. შუა გზაზე სულხანი მოტრიალდა-ვახშამზე დავილაპარაკებთ-აცნობა ელენეს და გოგონა თავის ფიქრებთან დაბლა მარტო დატოვა.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

საინტერესო დაწყებაა. ინტრიგაც არ დაგიკლია. დიდი თავიც იყო. თუ არ გაზრდი თავს არ შეამცირო მაინც. და არ დაიგვიანო ხოლმე. ;)

 


№2  offline წევრი mia15

Saintereso chans da veli shemdeg tavs

 


№3  offline წევრი თიკო^

Anuki96
საინტერესო დაწყებაა. ინტრიგაც არ დაგიკლია. დიდი თავიც იყო. თუ არ გაზრდი თავს არ შეამცირო მაინც. და არ დაიგვიანო ხოლმე. ;)

დიდი მადლობა შეფასებისთვის <3 ყოველდღე შეიძლება ვერ მოვახერხო, მაგრამ ყოველ მეორე დღეს მაინც დაიდება <3

mia15
Saintereso chans da veli shemdeg tavs

მადლობა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent