შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისფერი ყინული-3


9-05-2017, 23:15
ავტორი თიკო^
ნანახია 1 655

ადრე გაეღვიძა, ღამეც მოუსვენრად ეძინა. ძირს წოლისგან კიდურები დაბუჟებოდა, სახსრები კი საშინლად ტეხდა. თხელ პენუარში შესცივნოდა და თითები სულ წაყინული ჰქონდა. წამოჯდა. თითები დაისრისა და მარცხენა ხელზე დაიხედა. მკლავი ალაგ-ალაგ ჩალურჯებოდა. მწარედ, ჩაქუჩივით დაკრა წინა ღამის მოგონებებმა თავში და გულთან ცხელ ნაკადად ჩაედინა. ისევ მოაწვა ცრემლები თვალზე, ისევ გაეჩხირა დიდი ბურთი ყელში და ისევ იგრძნო საშინელი უსუსურობა. პატარა ბავშვივით, ტკივილამდე უნდოდა ვინმე მოსიყვარულე, მასზე გულით მზრუნველ ადამიანს ჩაეკრა გულში და ეთქვა, რომ ყველაფერი კარგად იყო. 
რამდენიმე წუთი ებრძოდა თავს, რამდენიმე წუთი იჭერდა დიდი ძალისხმევით თვალის ქუთუთოსთან მომდგარ ჯიუტ ცრემლს. ბოლოს გადაყლაპა. ღრმად შეისუნთქა და წამოდგა. 
"ჩემი არჩევანია"-უსუსურად გაიფიქრა და სარკეში ჩაიხედა. საკუთარი ანარეკლის შეეშინდა. გაშლილი თმა აწეწვოდა და ბუდესავით ედო თავზე. თვალები ჩასწითლებოდა და დასიებოდა, სახეზე მიტკლის ფერი ედო. პენუარის გაწყვეტილი მხარი ჩამოვარდნოდა და ძლივს უფარავდა მკერდს, მკლავზე ჩალურჯებები ნაცემის შთაბეჭდილებას ტოვებდა. შეეცოდა საკუთარი თავი, მაგრამ მიხვდა, არავისთვის არ უნდა მიეცა უფლება, იგივე გაემეორებინა. მიხვდა, რომ ძლიერი უნდა ყოფილიყო-ყველაზე ცხადად ახლა გაიაზრა ამ თითქოს ბანალური სიტყვების სრული აზრი. ის არ იყო სათამაშო, რომელსაც გაურკვეველი მიზნებისთვის დაუკითხავად იხმარდნენ. ის პიროვნება იყო, რომელმაც გადაწყვეტილება თავისით მიიღო და ნებისმიერ დროს შეეძლო, უარი ეთქვა ამ ყველაფერზე, თუ სიტუაციის სადავეების ხელში დაჭერას ვერ მოახერხებდა. ორიენტირება მომავალზე უნდა გაეკეთებინა-უეკლოდ ვარდი ვის დაუკრეფიაო, გაახსენდა გონებაში და უაზროდ ჩაეცინა. ყურადღება დანარჩენებისადმი გრძნობებზე კი არა, ჯანსაღ აზრზე და სწავლაზე უნდა გაემახვილებინა. 
არა, აღარც წუხანდელი ღამის ამბებს გაიხსენებდა, მიზეზებსაც არ გაარკვევდა. ნიკოლოზს მომხდარისთვის ბოდიშსაც მოუხდიდა და მადლობასაც ეტყოდა, მაგრამ ამას იქეთ მათი ურთიერთობა მხოლოდ ფორმალური იქნებოდა. არაფერში აწყობდა, ასეთი საეჭვო ადამიანის წრეს დაახლოებოდა. მშვიდი ცხოვრება უნდოდა, რასაც, იმედი ქონდა, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწევდა. 
საათს გახედა, შვიდი სრულდებოდა. დრო ჯერ კიდევ ქონდა. შედარებით დამშვიდებულმა იმით, რომ გადაწყვეტილება მიიღო, ღრმად ჩაისუნთქა და ჯერ კიდევ ამოულაგებელ ჩემოდანს დაწვდა. ტანსაცმელები ამოიღო, გადაახარისხა, კარადაში შეაწყო და კმაყოფილმა შეაბიჯა ცხელ შხაპში. წყლის ნაკადმა და ვანილის არომატიანმა გელმა, რომელიც თავის სააბაზანოში იპოვა, სასიამოვნოდ მოუდუნა სხეული და აბაზანიდან დამშვიდებული გამოვიდა.
უკვე ათი სრულდებოდა. ნახევარ საათში თავი სრულიად მოიწესრიგა. მიუხედავად იმისა, რომ სიცხე იყო, მოკლემკლავიანს ვერ ჩაიცვამდა, დალურჯებული მკლავი ყველას ცუდად მოხვდებოდა თვალში. ამიტომ გადაწყვიტა, თეთრი ტილოს მუხლამდე კაბა ჩაეცვა. მკლავი იდაყვამდე ჰქონდა, თხელი და გრილი იყო და საკმაოდ კომფორტულიც. 
რამდენიმე წუთში მობილურიც ამღერდა. როგორც ჩანს, წუხანდელი შოკიდან ბოლომდე გამოფხიზლებული მთლად მაინც ვერ იყო, მკვეთრი ხმის გაგონებისთანავე ციებიანივით შეხტა. მაგრამ როდესაც ეკრანზე ნატოს ნომერი ამოიკითხა, ბაგე ღიმილმა გაუპო და ჩვეულებრივი სიმშვიდით უპასუხა ზარს
-ალო, ელენე როგორ ხარ ბები? 
-ბე, როგორ მომენატრე. შენ როგორ ხარ?
-მე არამიშავს.. ელენე, რაღაც მოგუდული ხმა გაქვს, გაცივდი?
-არა ნატო, რა გავცივდი,  იწვება ქვეყანა-ნაძალადევად გაიცინა ელენემ და თავის დასაძვრენად ქალს ახალი ამბავი ახარა-დღეს უნივერსიტეტში მივდივარ, სამედიცინოზე ჩამრიცხა სულხანმა..
-რას ამბობ ჩემო სიცოცხლე?-ტელეფონიდან ლამის გადმოფრინდა ნატო-მომილოცავს ბებო, აწი რაღა მომკლავს. შენზე დარდი არ მინდოდა ჩამყოლოდა.. ღმერთმა დალოცოს სულხანი. შენ წარმატებები გქონოდეს სულ, იამაყებს გია და ნინო იქ, ვიცი ეს მე-ხმაში ტირილი ერეოდა ნატოს და ბოლოს უკვე მოთქმით აქვითინდა.
-არა რა, არ უნდა მეთქვა-გაკაპასდა ელენე. არ უყვარდა მტირალი ნატოს მოსმენა-ნუ ტირი ბები, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. მიყვარხარ და ვეცდები მალე ჩამოვიდე.. უნდა წავიდე ახლა, მეჩქარება-უთხრა და მობილური გათიშა.
კარზე მიდგმულ ტუმბოს ღიმილით შეავლო თვალი და გვერდზე გააჩოჩა. საგულდაგულოდ გადაკეტილი კარი გააღო, გარეთ გავიდა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
-დილა მშვიდობის-შეაბიჯა და თვალი მოავლო იქაურობას. არ ესიამოვნა მაგიდის დანახვა, მაგრამ ეცადა ცუდი აზრები თავიდან გამოებერტყა და თვალებით ნუნუკას დაუწყო ძებნა. ქალი არსად ჩანდა, სამაგიეროდ ყველა დანარჩენი მოახლე იქვე საქმიანობდა.
-დილა მშვიდობის-გაუღიმა ერთმა დაბალმა, წითურმა გოგონამ. სუსტი და მოქნილი იყო, სწრაფი.
-თერთმეტი სრულდება, ზემოთ არავინ შემხვედრია. ხომ არ იცით, ბატონი სულხანი სად შეიძლება ვნახო?
-დილით წავიდა, ადრე-უპასუხა უკნიდან ნაცნობმა გარუჯულმა ფიგურამ-შენთან რაღაც დამაბარა. ათისთვის მზად იყოს, გამოუვლიანო.. მოიცადე, თერთმეტი სრულდება?-თვალები გააფართოვა და თავი უკმაყოფილოდ გააქნია-რა სამწუხაროა, როგორც ჩანს, გაფრთხილება დამავიწყდა..-თქვა და რაღაცნაირად გაიღიმა.
ელენეს სისხლი თავში მოაწვა, აზრები დაუტრიალდა და გაბრაზებულმა კინაღამ იყვირა
-და ახლა რა უნდა ვქნა?
-შეგეძლო უფრო ადრე გაგეღვიძა, არ ვიცოდი, თურმე ნებივრობას ყოფილხართ შეჩვეული.. ამიერიდან გავითვალისწინებ-უფრო ფართოდ გაიღიმა და თლილი, თეთრი კბილები შეანათა ელენეს აპილპილებულ სახეს.
-მე ხომ არ ვიცოდი?-სასოწარკვეთისგან აღარ იცოდა რა ექნა-მძღოლი სადაა? ახლა წამიყვანოს..
-სხვა საქმეც ბევრი ჰქონდა, წავიდა..
-ღმერთო ჩემო, ისიც კი არ ვიცი სადაა-ხელები საფეთქლებზე მიიჭირა და წინ და უკან სიარულს მოჰყვა-მისამართი იცით? ხომ არ დაუტოვებია?
-რაღაც ქაღალდები დატოვა, კი, მაგიდაზე დევს-თავით ანიშნა თეონამ და ქერას სიცილით მიუბრუნდა.
ელენე ჰოლში კისრისტეხით გავარდა, მაგიდას თვალი მოავლო და დასტად დაწყობილ ფურცლებში საჭირო მაშინვე მოძებნა. მისამართი ზედვე ეწერა, მართალია, მდებარეობას საერთოდ ვერ მიხვდა, მაგრამ გადაწყვიტა ტაქსი გაეჩერებინა. ჭიშკარი ძლივძლივობით გააღო, ქუჩაში გავიდა და რამდენიმე წუთში მთავარ ქუჩაზე ამოყო თავი. ჯერჯერობით, ტაქსი არსად ჩანდა. რამდენიმე წუთი დაიცადა, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ ტყუილად დგომაში დროს კარგავდა, გადაწყვიტა ვინმე გაეჩერებინა და ეკითხა დაახლოებითი მდებარეობა. ის იყო, რამდენიმე მეტრში მომავალი ქალისკენ გააბიჯა, რომ გვერდიდან სიგნალის ხმა მოესმა. მიიხედა და შავი, დაბურულმინებიანი მერსედესი დაინახა, რომლიდანაც ნიკოლოზი გადმოვიდა და ელენეს თვალებით ანიშნა, რომ ჩამჯდარიყო. გაოცებულმა გოგონამ წარბები აწკიპა, მომლოდინე ბიჭისკენ გაუბედავად წავიდა, რამდენიმე მეტრში გაჩერდა და შეეკითხა
-რა ხდება? მეჩქარება-ცდილობდა თვალებში არ შეეხედა. 
-ჩაჯექი-ხმადაბლა უთხრა და ის იყო, თვითონაც ჯდებოდა,რომ მიხვდა, ელენე განძრევასაც რომ არ აპირებდა-რამე ხდება?
-არა, რა უნდა ხდებოდეს.. უბრალოდ ცოტა გამოუძინებელი ვარ
-მაშინ ისიც გემახსოვრება, გუშინ რაც გითხარი.
-მირჩევნია ამ თემაზე ცოტა მერე ვილაპარაკოთ, მაგრამ თუ გაინტერესებს, შენს მძღოლს არ გამოუვლია, ამიტომ თითქმის ერთი საათით ვაგვიანებ უნივერსიტეტში.
ნიკოლოზს ყველანაირად ეტყობოდა, რომ სიცხეში გარეთ დგომის თავი არ ჰქონდა და ხასიათზეც ვერ იყო, მაგრამ ამის მოსმენაზე გამოფხიზლდა.
-უნივერსიტეტში პირველზე უნდა იყო, თუ გასეირნება მოინდომე, უკეთესი მიზეზი უნდა შეგერჩია
გაკვირვებულმა ელენემ იხტიბარი აღარ გაიტეხა და მიუგო
-რა ხდება, ანგარიში უნდა ჩაგაბაროთ ბატონო ნიკოლოზ?-სარკაზმს ვერაფერს უხერხებდა. მადლობის მაგივრად ეუხეშებოდა და დიდი სურვილი ჰქონდა, ის მშვიდად მომზირალი, ლურჯი თვალები გარშემოც ასეთივე ლურჯი წრეებით დაემშვენებინა-მამათქვენმა, სულხანმა, აქ სასწავლებლად მიმიღო, თქვენს სახლში ერთგვარი.. მდგმური ვარ. შევთანხმდეთ, ერთმანეთს არ შევაწუხებთ და მშვიდად ვიცხოვრებთ..-ეგონა, საკმაოდ დამაჯერებელი ტექსტით გამოვიდა, მაგრამ ნიკოლოზის ტუჩის კუთხესთან გაჩენილმა ნაოჭმა მეტისკენ უბიძგა-და აღარ ვაპირებ, ვინმეს ნება-სურვილზე ვიარო. ყველანაირად მადლობელი ვარ თქვენი-ასეთ რამეს ბევრი არ გააკეთებდა.. გუშინდელის გამოც, თუ გაინტერესებს. თან გაბრაზებული ვარ, ძალიან-ნელ-ნელა თავზე კონტროლს კარგავდა ელენე-ჰო, არ ინერვიულო, ყველანაირად შევეცდები შენ და შენს მთვრალ საძმაკაცოს თვალში ზედმეტად არ შეგეჩხიროთ, დამიჯერე, არც მე არ მინდა თქვენი სახეების ყურება. მაგრამ შენ ვერ მეტყვი, დილით რომელზე გავიღვიძო და გარეთ რომელზე გავიდე. გასაგებია?
დაამთავრა თუ არა, ღრმად ჩაისუნთქა და თან მაშინვე მიხვდა, რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა. ბოლოს და ბოლოს, ამ ადამიანმა წინა ღამეს საშინელებისგან დაიცვა. მაგრამ ახლა მღელვარების ნატამალიც არ ეტყობოდა. სახეზე ემჩნეოდა, რომ კარგადაც იხალისა ელენეს გამოსვლით.
-დაამთავრე?
-რა?
-ჰოდა მანქანაში ჩაჯექი, როგორც ჩანს, დილით არ გისაუზმია.
-ვერ გაიგე რაც ვთქვი? მაგვიანდება.
-არსადაც არ გაგვიანდება, როგორც ჩანს, შეცდი
-მაგრამ..
-დიდხანს გელოდო?
უკმაყოფილოდ, ბურტყუნ-ბურტყუნით გააღო მანქანის კარი და გრილ სალონში აღმოჩნდა, რომელიც ნაცნობი მათრობელა არომატით გაჟღენთილიყო.  ნიკოლოზის სუნამოს სუნი იყო, მაშინვე იცნო. 
-ჰო მიდი, სახლში წამიყვანე, ალბათ, გარედანაც კარადას მოადგამ ჩემს ოთახს და ფანჯრებზე გისოსებს ჩასვამ..როგორმე თვალში რომ არ მოგხვდე.
-გარედანაც? შენ რა, გუშინ კარი ამოქოლე?-გზისთვის თვალი არ მოუცილებია, ისე გადაიხარხარა ნიკოლოზმა-არა, ცუდი იდეა არაა.
-გიკვირს კიდეც?-აღფოთდა ელენე-არ მჯერა, რომ ამ ყველაფერს ასე მარტივად ვუყურებ. ჩემი ბრალია.  ლამის მოვკვდი, ჯერ იმ ცხოველმა რეები გამიკეთა, მერე იმ ოთახში.. მეშინოდა. შენი მეშინოდა, მთელი საღამო-უკვე ჩურჩულით ლაპარაკობდა ელენე და ცრემლებს უხმოდ ყლაპავდა.
ნიკოლოზმა სიჩქარეს შეუნელა, რაღაცნაირი ფიქრიანი თვალებით გადმოხედა და სუსტი ღიმილით უთხრა:
-ალბათ საკმარისად არა. უნდა გეშინოდეს, თან ძალიან. იმდენად, რომ თავს იცავდე და გამირბოდე.. 
-მაშინც შენც მეტად უნდა ეცადო, შენი თავი შემაძულო-ჩუმად მიუგო ელენემ და საქარე მინას გახედა.
-ვეცდები.. ვეცდები-საოცარი ხმა ჰქონდა. ამის აღიარება მოუწია ელენეს. მეტყველი, გულმკერდიდან წამოსული, ოდნავ ხრინწიანი..
-სად მივდივართ?
-ერთი ადგილი ვიცი, ჩაი თუ გიყვარს.
-მიყვარს..
-სანამ უნივერსიტეტი დაგეწყება, მანამდე ჭამასაც მოასწრებ. მე თვითონ გაგიყვან
-რაღაც ვერ გავიგე, იმ მოახლემ რატომ მომატყუა?
-მოახლემ? რომელმა?
-შავი თმა აქვს, მუქი კანი.. თეონა ჰქვია მგონი.
ნიკოლოზმა გადაიხარხარა. მაგრამ როდესაც ელენეს გაოგნებულ სახეს მოჰკრა თვალი, მაშინვე დასერიოზულდა.
-მოახლეებისგან, მამაჩემისგან, დედაჩემისგან, ჩემგან და ყველა დანარჩენისგან თავი შორს დაიჭირე. უფრო გაიმარტივებ ცხოვრებას-ჩაუკრა თვალი და მანქანიდან გადავიდა.
დაბნეულმა შეაღო პატარა, მაგრამ გემოვნებით მოწყობილი საჩაიეს კარი. შიგნით თურქული აურა იგრძნობოდა. კედლებზე ორნამენტებიანი ხალიჩები გაეკრათ, დაბალ მაგიდებთან ძირს დაყრილ ფუმფულა ბალიშებზე უნდა დამჯდარიყავი. საოცარი არომატი იფრქვეოდა. მძაფრი, აღმოსავლური. გაფართოებულ თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა ელენე. უახლოეს მაგიდასთან ჩამოჯდნენ და მიმტანს დაელოდნენ. 
-საოცარი ადგილია-აღმოხდა ელენეს. მაგიდა ძველებური ხისგან იყო დამზადებული, ორნამენტებით გაეწყოთ. მუსიკა კი, რაღაც განსხვავებული, ძველებურ მოტივებზე შეზავებული, მაშინვე ქმნიდა სათანადო განწყობას.
-დიდხანს ვერ დაგელოდები. რომელი გინდა?-ნიკოლოზს რაღაცნაირად შეცვლოდა გამომეტყველება. ზუსტად ვერ  მიხვდა ელენე, რა შეიცვალა მასში, მაგრამ მისი დანახვა უფრო კარგ გუნებაზე აყენებდა, ვიდრე ადრე.
-არ ვიცი..რომელი ჯობს?
-შეიძლება დარიჩინით მოგეწონოს..მე ჩაი არ მიყვარს.
ცოტა ხანში, ელენე ფაიფურის ჭიქით საოცარ ჩაის სვამდა და თავი ზღაპარში ეგონა. ერთი განსხვავებით-ნიკოლოზი საერთოდ არ გავდა რომანტიკულ პრინცს.
ცოტა ხანში გამოვიდნენ. ნიკოლოზი უსიტყვოდ ჩაჯდა მანქანაში და უნივერსიტეტისკენ წავიდნენ. 
-მადლობა ჩაისთვის-გაუღიმა ელენემ სანამ გადავიდოდა და მის რეაქციას დააკვირდა. გამომეტყველება არ შეცვლია. გადმოხედა, ჩვეული სარკასტული გამომეტყველება მიაგება და უთხრა
-არც გაბედო და შენით არ წახვიდე. რეზო გამოგივლის..
ელენემ თვალები გაბეზრებით აატრიალა და თეთრ შენობაში შევიდა. 
ახლა დეკანი ან სხვა ვინმე უნდა მოეძებნა, ვინც მიუთითებდა, რა როგორ გაეკეთებინა.
-------------------
ესეც შემდეგი თავი ..
მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ..
იმედი მაქვს, მოგეწონათ, მაგრამ თქვენი რჩევები მჭირდება.
რას ფიქრობთ, რა გამოვასწორო ან რა შევცვალო..
დიდი სიამოვნებით მივიღებ ჯანსაღ კრიტიკას <3
წინასწარ მადლობა



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ნიკოლოოზ მეჩვენება თუ ყინული დნება :D

 


№2  offline წევრი თიკო^

Anuki96
ნიკოლოოზ მეჩვენება თუ ყინული დნება :D

ესე მარტივად თუ მოახერხებს არვიცი, მაგრამ.. ვნახოთ

 


№3 სტუმარი ბლაა

არ დებ დემდეგს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent