შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 61


27-05-2017, 13:54
ავტორი Lex
ნანახია 1 346

ფიფო ჩაფიქრებული მიუყვებოდა სანაპიროს. ზამთრის სუსხი სახეს უწვავდა, მაგრამ მაინც სიამოვნებით აყოლებდა თვალს მდორედ მიმავალ მდინარეს. აქედან ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, სულ რაღაც ას მეტრში იყო დანაშაულის ადგილი...
მისი ყურადღება სიგრძეზე ჩამწკრივებულმა ნაგვის ბუნკერებმა მიიპყრო.
„ჰმ... ვინ იცის... იქნებ აქ სადმეც კი გდია სამხილი, მაგრამ აბა ვინ იპოვის?..
ან რა სამხილი?..
რომელი სამხილი?..
ქუდი?.. ვითომ ის ქუდი თავზე, რომ ეფარა?..
ჰმ.. ეჰ რა ქუდი, რის ქუდი... ქუდი არა ის...“
- რამე დაკარგე საყვარელო?
ლამის ყურში ჩააჩხავლეს. მოულოდნელობისგან შემცბარი შემობრუნდა. გამხდარი, პატარა შუახნის ქალი უკბილოდ უღიმოდა და დიდი გრძელტარიანი ცოცხით ძირს მიმოფანტულ ნაგავს ერთად უყრიდა თავს.
ფიფომ არაფერი უპასუხა, ცალყბად გაუღიმა.
- ოქროები ხომ არ გააყოლე ნაგავს? –
ქალი ხითხითებდა თან გამალებით უსვამდა დიდ ცოცხს.
- ჰა! აბა რა დაკარგე ასეთი?
- ქუდი! ქუდი დამეკარგა! –
დაუფიქრებლად წამოისროლა ფიფომ
- ქუდი?
- ჰო, ქუდი? ნაქსოვი ქუდი, შავი...
ქალი შეჩერდა ცოცხის ტარს დაეყრდნო და ჩაფიქრდა.
- ქუდი?.. ჰო ქუდი... კი იყო ქუდი.. ქუდიც და ხელთათმანებიც... - ისევ გააგრძელა ქუჩის დაგვა და ჩაიბურტყუნა - ასეთი რა გაახვიე რომ ძაღლებმა სულ ერთიანად დაგლიჯეს...
ფიფომ ყურები ცქვიტა.
„ქუდი, ხელთათმანები....
ნუთუ უბრალო დამთხვევაა...
ან იქნებ მართლა სპეციალურად რაიმე გაახვია, რომ ძაღლებს დაეგლიჯათ....
ჰმ... ალბათ რაიმე საჭმელი...
ხორცი... ჰმ...“
- მერედა რა გული დაგეწვა? მაგისთანების მეტი რა არი, ეგეე, ბაზარზე სავსეა. –
ქალმა ცოცხით მიანიშნა და თან თავის საქმიანობასთან ერთად ლაპარაკი განაგრძო.
მაგრამ ფიფო უკვე აღარ უსმენდა. გზა გადაჭრა და პირდაპირ მსხვერპლის მეზობლის ქალის კარს მიადგა. საათს, რომ დახედა, ზარზე უკვე თითი ჰქონდა დაჭერილი და გვიანი იყო გაშვებული ზარის შეწყვეტა. ასე დილა უთენია უხერხულიც კი იყო, მაგრამ უკან გამობრუნებას რაღა აზრი ჰქონდა...
ისევ და ისევ ყველაფერი თავიდან უნდა გადაემოწმებინა ყოველი სადარბაზო და ეზოში შემოსასვლელი.
საინტერესო ადგილი იყო. სამი სხვადასხვა ქუჩიდანაც კი შეიძლებელი აქ მოხვედრა და ასევე ერთი სხვა მოსაზღვრე კორპუსიდანაც, ლამის ერთი დიდი კვარტალი იყო. პრობლემაც არ იქნებოდა ვინმეს სახლში მოხვედრა ჯერ ერთი ქუჩიდან და მერე კი სხვა ქუჩაზე გასვლა...
რადგან ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობდა სახლი ისევ დალუქული იყო. ფიფომ დიდი სიფრთხილით ახსნა ლუქი და მეზობლის ქალს გზა დაუთმო. ქალი ყოყმანობდა, ისედაც ფიფოს დანახვაზე ფერდაკარგული, ახლა უფრო მეტად ნირწამხდარი იდგა კარის ზღურბლზე და ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდა.
- ნუ გეშინია, არავინაა, გვამი უკვე გადასვენებულია. შედი!
გვამის ხსენებაზე ქალი კიდევ უფრო შეკრთა და ისევ ადგილიდან არ იძვროდა. სადარბაზო ახმაურდა, ვიღაცამ ლიფტი გამოიძახა, ფიფომ დრო იხელთა და დაბნეულ ქალს ხელი ჩასჭიდა და ლამის ძალით შეიყვანა სახლში.
- აბა ახლა კარგად დაფიქრდი, კიდევ ერთხელ და რაც შეიძლება მეტი ყურადღებით გადაათვალიერე ოთახები. ჩვენს მეტი არავინაა ახლა აქ, იმ დღეს იმდენი ხალხი ირეოდა, შეიძლება რამე გამოგრჩა, შეიძლება უმნიშვნელოც იყოს, მაგრამ
- მე რაც ვიცოდი ყველაფერი ვთქვი - ქალს ხმა უკანკალებდა - მე არაფერი ამიღია, არაფერ შუაში ვარ, ალბათ თქვენ ფიქრობთ, რომ ფულის ნაწილი დავწვი დანარჩენი კი გავიტანე, თანახმა ვარ, გაჩხრიკეთ ჩემი სახლი, დაკითხეთ ყველა ჩემი ახლობელი.. – ქალი რაც შეიძლებოდა მოთქვამდა, ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა.
ფიფოს მოთმინების ფიალა აევსო. ცოტაც და დაუცაცხანებდა, მაგრამ მაინხ შესძლო თავის მოთოკცა და რაც შეიძლება რბილად უთხრა:
- უარს არ ვიტყოდი ფინჯან ყავაზე.
ქალს ჯერ გაკვირვება გამოეხატა, მერე სახეზე ღიმილი გამოეხატა
- წამობრძანდით ჩემთან..
- არა, მოდი აქ დავლიოთ
ქალი უარზე დადგა
- აქ ხელს ვერაფერს ვეღარ ვახლებ უკვე!
- მაშინ აბა ერთი კიდევ გადახედე ოთახებს, მშვიდად, წყნარად, კარგად დააკვირდი, იცოდე არაფერი გამოგრჩეს. –
ფიფოს ხმაში სიმკაცრე შეეპარა
ქალიც წამოეგო ამას და რაც შეიძლებოდა გულდასმით აკვირდებოდა ყველაფერს. ოთახები, შემოსასვლელი მოიარეს, თითქოს არაფერი იყო შეცვლილი, გარდა იმ საძინებლისა სადაც მკვლელობა მოხდა. ქალმა კატეგორიული უარი განაცხადა, იქ შესვლა ვერაფრით ვერ შესძლო.
- ოთახებს ერთხელ დავალაგებდი და მორჩა, ძირითადად სამზარეულოში ვტრიალებდი, იქ მართლაც ყოველი კუთხე კუნჭული ვიცი.
- მერე იყო მანდ რაიმე ნივთი ის რაც თავის ადგილას არ დაგხვდა?
- აბა მე რა ვიცი, არავის უკითხავს. შემოვედი თუ არა დამწვრის სუნი მეცა... და მერე... - იმ ოთახისკენ გახედვა კი არა ხსენებაც კი არ უნდოდა, ამიტომ თავადა შეუძღვა სამზარეულოში ფიფოს.
- ყველაფერი მე როგორც დავტოვე ისეა. –
სათითაოდ აღებდა უჯრებს და უფრო მეტად ცდილობდა დაეჯერებინა ეს დილის დაუპატიჟებელი სტუმარი, რომ თვითონა რაფერ შუაში იყო და არც არაფერი დაუნახავს, მხოლოდ თავის მოვალეობას ასრულებდა ამ სახლში და სხვა დროს რა ხდებოდა არაფერი იცოდა.
ფიფოც უკმაყოფილოდ უქნევდა თავს, აქ მოსვლამ არაფერი მოუტანა, სულ ტყუილად გაისარჯა.
ქალი კი აქაქანდა, ნამდვილად დარწმუნდა, რომ მას არაფერს აბრალებდნენ და უფრო მეტი შემართებით დაიწყო პატრონის დახასიათება. გაზეპირებული ლექსივით ჩამოარაკრაკა, თუ რომელ საათზე, დგებოდა, საუზმობდა, სადილობდა. მძიმე წონის გამო ექიმმა დიეტა დაუნიშნა ამიტომ საღამოს მსუბუქად ვახშმობდა, სამაგიეროდ გემრიელ სადილზე უარს არ ამბობდა. გულკეთილიც იყო.
- მაცივარიც გამოვაღო?
ფიფომ დასტურის ნიშნად თავი დაუქნია.
ქალი ერთხანს შედგა. აშკარა იყო რაღაც შენიშნა.
- ჰა, აბა რა ხდება მანდ?
ქალი ყოყმანობდა, მერე როგორც იქნა ამოღერღა:
- წინა დღეს სპეციალურად მქონდა ბეკონის დიდი ნაჭრები... ძეხვივით გადავახვიე... გამომცხვარი კერძისთვის...
ქალმა ჯერ რეცეპტის ჩამოთვლა დაიწყო და მერე როგორ მზადდებოდა იმის მოყოლას შეუდგა.
ფიფოს ლამის გული შეუღონდა.
- ხომ, და მერე სად წავიდა? იქნებ მოშივდა ღამე ადგა და შეჭამა.
- შეუძლებელია! ღამით არასდროს არ ჭამდა, თანაც, ფაქტიურად უმი ხორცი იყო, ნახევრად მოხარშული... ორნაირი სადილი მაცივარში იყო, რაღა მოუმზადებელი ეჭამა?... კარაქი, ყველი... ხაჭოს ბლითებიც კი დავუცხვე...
ფიფომ იფიქრა ახლა კიდევ ახალი რეცეპტის მოყოლა არ დაიწყოსო და სასწრაფოდ შეაწყვეტინა:
- იქნებ იმ სტუმარმა ქალმა შეჭამა?
- არა ის ქალი გვიან ჩამოვიდა, ბავშვიც მე დავუძინე, ისეთი დასაბანი იყო საწყალი ბავშვი შემეცოდა, მაგრამ დაღლილობისგან საჭმელიც ცოტა ჭამა. ქალმა კი ნახევარი ბოთლი არაყი ისე გადაკრა, ძლივს ორი ლუკმა მიაყოლა... არც უკითხავს ბავშვს ეძინა თუ არა... ეჰ რამდენი უგულო ხალხი დადის ამ ქვეყნად. ზოგი შვილს ნატრობს, და ზოგმა კი არ იცის როგორ მოიშოროს თავიდან...
ფიფო უკვე აღარ უსმენდა, ქალის ქაქანს... ყველაფერი ცხადი იყო, მკვლელმა მაცივრით ისარგებლა და სამხილები გააქრო...
„და მერე ამით რა?..
ისევ არაფერი...
ისევ და ისევ ყრუ კედელთან მივყავარ კვალს, და იმის იქეთ არაფერია...
იქნებ მართლაც ეს სულ სხვა დანაშაულია და მე ვისაც ვეძებ ის აქ არაფერ შუაშია?...“
ფიფომ დაახლოებით, თითქმის ლანდის დონეზე იცოდა მკვლელის აღწერილობა. იმ ბავშვმაც რაღაც მსგავსი ტიპაჟი აღწერა.
„ნუთუ მართლა ის მკვლელია?...
ქალაქში დადის მკვლელი მანიაკი და დღემდე გაურკვეველია, როგორ ირჩევს მსხვერპლს...
ისევ თავიდან ხომ არ გადავხედავ მასალებს?...
უკვე მერამდენედ....“

LEX·2017 წლის 21 თებერვალი,სამშაბათი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent