შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფოტოგრაფის ობიექტივში (სრულად)


7-06-2017, 11:18
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 4 372

არასოდეს არაფერი მყვარებია ისე, როგორც უცნობი ადამიანების გადაღება. მათი სიხარულის, წუხილის, ბედნიერების, უბედურების, სიხარულის თუ სიბრაზის ასახვა ობიექტივში. ჩემს კომპიუტერში ინახება უთვალავი ფოტო, რომლებიც ასახავენ ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანების ცხოვრებას, მათ ღიმილს, მათ ცრემლებს, მათ სუფთა ემოციებს.
ის კვირა დღეც სუსხიანი, მაგრამ მზიანი დილით დაიწყო. მსუბუქი საუზმის შემდეგ ბოტანიკურ ბაღში ავედი. უამრავი წყვილი, ტურისტი, პატარა ბავშვი... ეს ყველაფერი ჩემთვის საახალწლო საჩუქარივით იყო.
ჩანჩქერთან მისულმა დავინახე ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მონუსხული თვალებით შესქეროდა წყლის ვარდნას. გოგონა თავად წყლის ქალღმერთს ჰგავდა. მუქი ლურჯი თეთრი კოპლებით კაბა, ღია ქერა, თითქმის ცისფერი თმები, რომელიც წითელი ლენტით ჰქონდა შეკრული. მისი სილამაზით და ემოციებით აღსავსე სახით დატყვევებულმა ფოტოების გადაღება დავიწყე. რამდენიმე ფოტო გადავიღე და კმაყოფილმა გზა განვაგრძე. არ მინდოდა მშვენიერ ზმანებას შევენიშნე.
იმ დღემ წარმატებით ჩაიარა, უამრავი ფოტო გადავიღე, დავიტვირთე ემოციებით და საღამოხანს დაღლილი და მოშიებული სახლში დავბრუნდი. ჯერ ნაადრევი ვახშამი მივირთვი, მერე კი კომპიუტერს მივუჯექი და ფოტოები კომპიუტერში გადავიტანე. თავიდანვე დავიწყე ფოტოების სორტირება ემოციების მიხედვით. თან ბონი ტეილორის Total eclipse of the heart-ს ვუსმენდი. როგორც იქნა მივედი ჩანჩქერის ფოტოებთან და რატომღაც გული ამიჩქარდა. ველოდი ჩემი მშვენიერი ზმანების ფოტოების ნახვას.
მაგრამ...
გავხსენი პირველი ფოტო, რომელზეც მხოლოდ ჩანჩქერი იყო გამოსახული. მერე მეორე, მერე მესამე და მეოთხეც. არც ერთ ფოტოზე არ იყო აღბეჭდილი ლურჯკაბიანი გოგონა, ფოკუსი კი ყველგან არეული იყო. თვალები მოვიფშვნიტე და კიდევ ერთხელ გადავათვალიერე ფოტოები, მერე კიდევ. ბოლოს დაბნეული ავდექი, ყველაფერი გამოვრთე და დასაძინელად დავწექი. თავში აბსოლუტური სიცარიელე მქონდა. არც ერთი ფიქრი, არც ერთი აზრი, უბრალოდ შვების მომტანი სიცარიელე.
დილას დასვენებულმა გავიღვიძე და ისევ გოგონა გამახსენდა. წამოვხტი ლოგინიდან და კომპიუტერთან მივირბინე, ჩავრთე და ისევ ფოტოების თვალიერება დავიწყე. ისევ მხოლოდ ჩანჩქერი და გაუსწორებელი ფოკუსი.
-ნინი, ალბათ კადრში არ მოხვდა ის გოგო, ეს არაფერია,- ამ სიტყვებით ვიმშვიდებდი თავს აბაზანაში, მერე კი საუზმისას. მერე იყო სამუშაო საათები, როდესაც საკუთარი სახელიც კი ძლივს გახსოვს, არამცთუ განყენებული თემები.
საღამოს სახლში დაბრუნება ფეხით გადავწყვიტე. გზაჯვარედინზე გადასვლისას კი ისევ ჩემი ლურჯკაბიანი ზმანება დავინახე. ისევ იგივე კაბა ეცვა და მოპირდაპირე მხარეს გადადიოდა. დაუფიქრებლად გავეკიდე და არც კი ვაქცევდი ყურადღებას, რომ ხალხს ვეჯახებოდი და ბევრი მიყვიროდა კიდეც. გოგონამ სახლის კუთხეში შეუხვია, ხოლო როგორც კი მეც აღმოვჩნდი კუთხესთან, ის უკვე სადღაც წასულიყო.
-ალბათ რომელიმე სადარბაზოში შევიდა,- ვთქვი ხმამაღლა და შემოვბრუნდი.
სწორედ ამ დროს ფარების შუქმა წამიერად დამაბრმავა და გავიგე ხმამაღალი გინება. მე კი შიშისგან იქვე ჩავჯექი.
-თავს თუ იკლავ, სხვას რას ერჩი?- ყვიროდა მოტოციკლის მძღოლი, რომელმაც გვერდი ამიქცია და კედელს გაუსვა თავისი რკინის ცხენი.
-უ... უკაცრავად,- ვუთხარი და ცრემლი მომერია. ადრენალინი გამოვიდა ორგანიზმიდან და მეც ავტირდი.
-ხმა არ გამაგონო შენი,- მიყვირა ბიჭმა და მოტოციკლს დაუწყო თვალიერება,- კიდევ კარგი მარტო საღებავი ასძვრა,- თქვა ხმადაბლა, თავისთვის, მერე მე მომიბრუნდა,- რას აპირებ? შენი ბრალია გადასაღები რომ მაქვს ისევ.
-ფულს მოგცემთ,- ვუთხარი მოგუდული ხმით და წამოდგომა ვცადე,- აიჰ,- ამოვიკნავლე და ფეხზე ხელი მოვიკიდე.
-რა გჭირს?- მკითხა უხეშად.
-არაფერი,- ვუთხარი და ისევ გავიმეორე წამოდგომის მცდელობა, ამჯერად ნატკენ ფეხს აღარ დავეყრდენი. ამჯერად ჩემი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ მაინც ვერ შევინარჩუნე წონასწორობა. ისევ მიწაზე აღმოვჩნდებოდი, რომ არა ბრაზიანი მძღოლი, რომელმაც ხელი შემაშველა. როგორც კი გავსწორდი, ისე გამიშვა ხელი, თითქოს რაღაც ძალიან უსიამოვნო ვიყავი მისთვის.
-იდიოტი,- ვთქვი ჩემთვის, მაგრამ გაიგო. შლემი მოიხსნა და გაბრაზებული მზერა შემომანათა. იმდენად შავი თვალები ჰქონდა, რომ მის თვალებში პირდაპირ ვხედავდი ჩემს ანარეკლს,- ფულს მოგცემ როგორც გითხარი,- უცებ დავივიწყე ზრდილობა და შენობით მიმართვაზე გადავედი,- ქეში არ მაქვს, ამიტომ ანგარიშის ნომერი მომეცი.
-შენი არაფერი მინდა. ბოდიშიც საკმარისი იქნება.
-გადაიტან უმაგისობას,- ვუთხარი მისი უხეშობით გაბრაზებულმა,- ერთადერთი რისი შემოთავაზებაც შემიძლია, ფინანსური ანაზღაურებაა.
-შენი ფული არ მჭირდება.
-მაშინ მშვიდობით,- ვუთხარი, ზურგი ვაქციე და კოჭლობით წავედი გზაჯვარედინისკენ.
მთელი ღამე ხან უცნაურ გოგონაზე ვფიქრობდი, ხან თავხედ შავთვალებაზე. მისი გარეგნობა არ მახსოვდა აბსოლუტურად, მხოლოდ მისი შავი თვალები არ ამომდიოდა გონებიდან... და კიდევ მისი დამცინავი, გაბრაზებული, ბოხი და ხრინწიანი ხმა.
დილას მამამ დამირეკა, ბებია უკეთ გრძნობდა თავს და კვირის ბოლოს აპირებდა ჩემთნ დაბრუნებას. ამ ამბით გახარებული და ფრთაშესხმული წავედი სამსახურში.
შუადღეს უფროსმა მთხოვა მის ნაცვლად შევხვედროდი ჩვენს ერთ-ერთ დამკვეთს და გადმომცა პროექტის დეტალები. იმდენად გავერთე დეტალების კითხვაში, რომ დრო თვალსა და ხელს შუა გამეპარა. პროექტის ავტორი ნამდვილი გენიოსი იყო. თუკი ყველაფერი ისე გამოვიდოდა როგორც მას ჰქონდა გაწერილი, ეს ყველაფერი ნამდვილ ჰიტად იქცეოდა. შეხვედრაზე სიხარულით მივდიოდი, ძალიან მინდოდა მენახა ის ადამიანი, ვინც ამდენად სრულყოფილი პროექტი დაწერა. საცობების გამო დავაგვიანე და რესტორანში გულამოვარდნილმა შევირბინე. კარშივე ვიღაცას შევეჯახე და სანამ ბოდიშს მოვუხდიდი უკვე ნაცნობი ხმისგან გული ამიჩქარდა:
-თქვენ მტკიცედ გადაწყვიტეთ რაიმე დამიშავოთ?- ავხედე და ისევ დამატყვევეს მისმა თვალებმა.
-პირველად შემთხვევითობა იყო, მეორედ უკვე კანონზომიერებად იქცა,- ვუთხარი დაბნეულმა. გაეცინა და დარბაზის შესასვლელისკენ გზა გამითავისუფლა. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და შევედი. მომსახურე პერსონალს ვთხოვე ბატონი თომა კიკნაძის მაგიდასთან მივეცილებინე.მაგიდაზე უკვე იდო ყავა, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი, თავად მეპატრონე გასული იყო. დავჯექი და ვისარგებლე ბედისწერის ნაჩუქარი წამებით, ღრმად ჩსვისუნთქე და ვცადე აზრების მობილიზება.
-უკავრავად, მანქანაში დამრჩა რაღაც,- გავიგე ზურგს უკან და გულმა ისევ გამოტოვა დარტყმა.
შეუძლებელია!
ჩემს პირდაპირ სკამზე დაეშვა ის, ვისაც სიამოვნებით არ ვნახავდი აღარასოდეს. ხოლო როდესაც დამინახა, ჩაეცინა. უცნაური ღიმილი ჰქონდა, გვერდული და ირონიული.
-პირველად შემთხვევითობა იყო, მეორედ უკვე კანონზომიერებად იქცა, აი მესამე კი უკვე კარმაა,- თქვა სიცილით.
-მგონი სჯობს წავიდე. უკაცრავად რომ დრო დაგაკარგინეთ. არ ვიცი მქვს თუ არა ამის უფლება, მაგრამ გთხოვთ, უარი არ თქვათ ჩვენს კომპანიასთან მუშაობაზე. ასეთი საინტერესო პროექტი მე ჯერ არ შემხვედრია და ნუ დაუკარგავთ ამ შანსს ჩემს უდანაშაულო თანამშრომლებს,- ვუთხარი და წამოვდექი.
-დაჯექი,- მითხრა გაბრაზებული და მტკიცე ხმით,- პირადი უსიამოვნება და ბიზნესი ორი აბსოლუტურად განყენებული რამ არის. რას დალევ?
-გრეიფრუტის წვენს,- ვუთხარი დაბნეულმა. ოფიციანტს დაუძახა, შეუკვეთა ჩემთვის წვენი, თავისთვის ყავა და ისევ მე მომიბრუნდა:- დავიწყოთ.
მხოლოდ ერთხელ მოვწყდით საქმეს, როდესაც შეკვეთა მოგვიტანეს. ვერც ერთმა ვერ გავიგეთ როგორ გავიდა დრო, როგორ დაღამდა. ასეთი საინტერესო პროექტი მე ჯერ არ მქონია, ხოლო ახლა უკვე ნაცნობი, ბატონი თომა ნამდვილი ბიზნეს-გენიოსი აღმოჩნდა. ფანტანივით აფრქვევდა იდეებს, მე კი მათი განხორციელების გზებს ვეძებდი. რაც შეუსრულებელი იყო, პირდაპირვე ვეუბნებოდი.
-უკაცრავად,- შეგვაწყვეტინა ცხარე კამათი მომსახურე პერსონალმა,- 20 წუთში ვიკეტებით და რაიმეს ხომ არ ინებებთ?
მე და თომამ გაოგნებულებმა შევხედეთ ერთმანეთს, მერე ფანჯარას და ბოლოს საათს.
-არა მადლობა, ანგარიში მოგვიტანეთ, გთხოვთ,- უთხრა მოგუდული ხმით და სწორედ ამ დროს ჩემმა მუცელმა შემახსენა, რომ დილის 8 საათის მერე არაფერი მქონდა ნაჭამი. მე მაშინვე გავწითლდი, ოფიციანტმა თავი შეიკავა და თავის დაკვრით მოგვშორდა, აი თომას კი გაეცინა.
-ბოდიში, ჩემი ბრალია. იქნებ რაიმე შეგვხვდეს ღია და ვჭამოთ.
-არა გმადლობთ,- ვუთხარი და წამოვდექი. სანამ მე აბაზანაში ვიყავი, თომამ თანხა გადაიხადა და ერთად გავედით შენობიდან. ღამის სუსხიანმა ჰაერმა გამომაფხიზლა.
-ნება მომეცით სახლამდე მაინც მიგიყვანოთ.
-აქვე ვცხოვრობ,- არც გავწითლებულვარ ისე ვუთხარი ტყუილი,- ფეხით გავლა მირჩევნია.
-გასაგებია,- ალბათ მიხვდა, რომ თავს უხერხულად ვგრძნობდი მის კომპანიაში და დამემშვიდობა მომავალი შეხვედრის სურვილებით.
როგორც კი ვნახე, რომ მისი მანქანა გავიდა რესტორნის სადგომიდან, ნელი ნაბიჯებით გავუყევი ქუჩას. ვაპირებდი ცოტა გასეირნებას, მერე კი ტაქსის გამოძახებას და სახლში წასვლას, მაგრამ როგორც მამა იძახის "კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო".
დაახლოებით 200 მეტრი მექნებოდა გავლილი, როდესაც ცისფერკაბიანი გოგონა დავინახე და დაუფიქრებლად გავიქეცი მისკენ. ვინმეს რომ ეკითხა რა მაოძრავებდა, ვერაფერს ვუპასუხებდი. შეპყრობილივით ვიყავი, უბრალოდ მინდოდა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ ის რეალური იყო.
-გოგონა, საით გაგიწევია?- გავიგე უხეში ხმა როგორც კი გადამკვეთ ქუჩაზე აღმოვჩნდი. სიცივემ დამიარა მთელს სხეულში, მივხვდი რომ ნახევრად ჩაბნელებულ ქუჩაში მარტო ვიყავი სამი საკმაოდ შეზარხოშებული მამაკაცის პირისპირ.
-უკაცრავად, სხვა ქუჩაზე გამოვედი,- ვუთხარი და უკან დავიხიე. ზურგის შექცევა ვერ გავბედე და სწორადაც მოვიქეცი, მათაც გადმოდგეს ნაბიჯები ჩემსკენ. ის იყო გაქცევა დავაპირე, როდესაც ნაცნობი ხმა გავიგე:
-აი სად ხარ, რატომ გეშლება სულ ქუჩები?- მამაკაცები აშკარად შეაშინა თომას აღნაგობამ, მე კი ვიგრძენი როგორ წამერთვა ფეხებში ძალა. თომამ ხელკავი გამიკეთა და მოპირდაპირე მხარეს წამიყვანა. სიარული მიჭირდა, აიტომ მოურიდებლად ამიტაცა ხელში, მე კი სახე მის კისერში ჩავმალე.
-მადლობა... მადლობა რომ არ დამტოვეთ... მადლობა რომ წამომიყვანეთ...- ვხვდებოდი რომ ისტერიკა მქონდა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი.
-ამაზე მერე დავილაპარაკებთ, ახლა დამშვიდდი და შენი მისამართი მითხარი.
სანამ მანქანით სახლში მივყავდი, ხმა არ ამომიღია, ცოტა დავმშვიდდი, უბრალოდ მის ხელს ხელიდან არ ვუშვებდი, ასე სიმშვიდეს ვინარჩუნებდი. თან ვუყურებდი მის იდეალურ პროფილს და ჩემთვის ვფიქრობდი, რომ შემთხვევით შევხვდი ჩემთვის იდეალურ ადამიანს, შემთხვევით გადამარჩინა, შემთხვევით შემიყვარდა... სულ წამების საკითხი იყო ყველაფერი, ემოციების აფეთქება და უცნაური გრძნობა.

...

-ნინი, მზად ხარ?- დააკაკუნა კარზე მამამ. უკანასკნელად შევათვალიერე ჩემი თავი სარკეში და დავუძახე:
-კი მა, შემოდი.
-ჩემი ანგელოზი,- ცრემლი მოერია მამას,- ახლა რომ დედაშენი იყოს აქ...- ვიგრძენი როგორ დამენამა თვალები და ჩავეხუტე ჩემს ტკბილ მამიკოს. ვიცოდი გარეთ თომა მოუთმენლად მელოდა, მაგრამ ეს წუთები მხოლოდ მე და მამაჩემს გვეკუთვნოდა.
-მეც ძალიან მინდა, რომ ჩემს გვერდით იყოს... მიუხედავად იმისა რომ არ მახსოვს, მაინც მენატრება.
-ქორწილის დღეს ისიც ულამაზესი იყო... მშობლები ჩვენი ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ,- ამ ამბავმა გამაკვირვა, ადრე არასოდეს უთქვამს ეს არავის ჩემთვის. თან მამას მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა ჩემს ბებიასთან და ბაბუასთან,- მამამისიც სამხედრო სამსახურში იყო და არ უნდოდა მისი ერთადერთი ქალიშვილისთვის გენერალი ქმარი. დედაშენმა პროტესტის ნიშნად თეთრი კაბა არ ჩაიცვა. ცისფერი, თეთრკოპლებიანი კაბა ეცვა, სქელი ნაწნავი კი წითელი ბაფთით ჰქონდა შეკრული. ნიმფას ჰგავდა,- თქვა და ფოტო გამომიწოდა. ამ ფოტოს პირველად ვხედავდი.
ეკლესიის ფონზე იდგნენ ორნი. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ფოტო გაიცრიცა, მაინც სჩანდა დაახლოებით ჩემი ასაკის გოგონა, მუქი ლურჯი, თეთრი კოპლებიანი კაბით, ღია ქერა, თითქმის ცისფერი თმებით, რომელიც წითელი ლენტით ჰქონდა შეკრული და მამას არ აცილებდა შეყვარებულ მზერას. ეს მზერა ერთხელ უკვე ნანახი მქონდა... ასე უყურებდა ჩემი ზმანება თვეების წინ ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერს... სწორედ ამ მზერამ მიიქცია ჩემი ყურადღება მაშინაც...



№1  offline წევრი Akira

არა არა და არა არ შეიძლენა ამ ისტორიის ასე დამთავრება ასე ნალე.. როგოოორ.?? .. ისე დამაინტერესა მეგონა ის გოგო თომასთან იყო კავშირში და რამე.. გაგრძელებას ველოდიი....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent