შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 73


12-06-2017, 10:11
ავტორი Lex
ნანახია 1 289

73.
- ხელოვნების სიყვარული, სილამაზისა და მშვენიერების აღქმა დაბადებისთანავე სულთან ერთად ისახება და მასთან ერთად იზრდება.
- მართლა?
- კი, მართლა!
- ისე, მართალი ხარ. ჩვილებს ხშირად კლასიკურ მუსიკას ურთავენ და ისე აძინებენ.
- არის მასეც, ზოგი პატარა მშვიდად იძინებს, მშობლებს ჰგონიათ გენიოსი ეზრდებათ, თუმცა ვინ იცის? არც მაგაზეა დამოკიდებული, ზოგი ბავშვი ისტერიკამდე ჩხაოდა კლასიკური მოსმენისას მშობლებმა კი დაასკვნეს, რომ უნიჭო და უსმენო ბავშვი შეეძინათ, მოგვიანებით კი ამ ბავშვმა სწორედ მუსიკალური შედევრი შექმნა. დიახ, იყვნენ და არიან კიდევაც გამორჩეულები. ყველაფერი სულთან ერთად იზრდება, მაგრამ ზოგიერთს მერე მხოლოდ ხორცთან ერთად ამბიციებიც ეზრდება და სულიერების ადგილს ავიწროებს, თანდათან ჭამს... ჭამს... თავად კი იზრდება და იზრდება, სულს კი ისე აპატარავებს, გასაქანს არ აძლევს და სხვა გზა, რომ არა აქვს ნელ-ნელა იწყებს გაქრობას... დაახლოებით ისე, როგორც შაგრენის ტყავი...
- წაკითხული მაქვს! -
ისეთი სიხარულით წამოიძახა მიმიმ, თითქოს ამტკიცებდა მეც ვიცი რაღაცო.
მიმის „აღიარებულ ცოდნაზე“ პიპას გაეღიმა და განაგრძო:
- მაგრამ ხორცი მაინც იზრდება სულ შეჭამა სული და მეტი გასაქანი, რომ აღარ აქვს იწყებს ლპობას... დამპლის სუნი ასდის უსულო ხორცს, ამიტომაც ბევრ სუნამოს ივლებენ თავზე, იქნება და როგორმე ვერაფერი შემატყონო, მე ხომ საპატიო მოქალაქე ვარო... მერე ის სუნამოც შეერევა მანკიერების სუნს, მაგრამ ვერ გადაფარავს, პირიქით ისე აიზილება და აქეთ შეისისხლხორცებს სიდამპლეს და რაც უფრო მეტად დაიმატებს სუნამოს მით უფრო მეტად უყროლდება სული...
ბოლო სიტყვებზე ფერწასულ მიმის მოხედა და თვალი ჩაუკრა:
- დამშვიდდი, შენ ზომიერად ისხამ სუნამოს. -
სიცილი აუვარდა და მიმიც აიყოლია.
ყოველთვის თავდაჯერებული მიმი პიპას გვერდით ხშირად დაბნეული პატარა გოგოსავით იყო. არადა რამდენი რამ იცოდა. რამდენი რამ ჰქონდა წაკითხული, მაგრამ მის გვერდით სულ აერეოდა გონება და მთელი მისი ცოდნა და განათლება სადღაც ქრებოდა.
ჩვეულებრივ სიტყვაძუნწი პიპა კი ბოლოს დროს ისე ამეტყველდა, რომ უკვე გაჩუმებაც უჭირდა. მხოლოდ საკუთარ თავზე დუმდა და კვლავ არაფერს ჰყვებოდა. მიმის შეკითხვებს მოხერხებულად აარიდებდა თავს და ისე ოსტატურად შეუცვლიდა სასაუბრო თემას გეზს, რომ მიმის სულ სხვა მხარეს სულ სხვა ემოციებში გადაკარგავდა და უკვე აღარც კი ახსოვდა მიმის საუბრის დასაწყისი...
მერე მოგვიანებით გამოერკვეოდა და მაინც შეეცდებოდა საუბარი ისევ იმ წამოწყებულ თემას შეხებოდა, მაგრამ მაინც კვლავ უშედეგოდ. პიპას ყოველთვის კარგად უჭრიდა გონება და არასდროს ელეოდა სასაუბრო და საკმაოდ საინტერესო თემა.
- რა ფერი წაგივიდა? კონკრეტულად სუნამოც არ მიგულისხმია. სულ სხვანაირად, ცოტა აბსტრაქტულად შევადარე და ვატყობ ზედმეტი მომივიდა. -
გაყინულ ცივ სახეზე თავაზიანობის ღიმილი მიეკრა პიპას და ისე შეეცადა მიმის დამშვიდებას.
მიმიმ მხრები აიჩეჩა და ცოტა ძალდატანებით გაუღიმა.
- მართალი ხარ, ჩვენ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
- არა მარტო ქვეყანაში. თვითონ მთლიანი სამყაროა ასეთი, საშინელი... დაბინძურებული და საზარელი! -
პიპას ხმა ორატორივით ჟღერდა. ისეთი მტკიცე იყო, რომ მიმის გააჟრჟოლა. ახლა თითქოს ცოტა ეშინოდა კიდეც ამ კაცის.
პიპა ისევ მიუხვდა ფერდაკარგული მიმის შეშინების მიზეზს და შეეცადა უფრო რბილად აეხსნა:
- ეს ბინძური სამყაროა და სამწუხაროდ ჩვენ სხვა სამყარო არ გვაქვს. აქ უნდა გავიტანოთ თავი და ასევე ერთმანეთიც.
ბოლო სიტყვაზე მიმის გაუღიმა, იმაზე მეტად თბილად ვიდრე ოდესმე. თუმცა თვალები მაინც ცივი და რისხვით აღსავსე ჰქონდა.
მიმის უნდოდა, რაღაცნაირი ქვეცნობიერი შიში დაეფარა და ისევ გაღიმებას შეეცადა.
„რა იყო ეს? თავაზიანობაში შენიღბული გულგრილობა?... ჰმ, როგორ ძალიან ადვილად მოირგო თავაზიანობის ნიღაბი, ასეთმა გულცივმა და გაყინულმა მეგობარმა...
ნიღაბი... ნიღაბი...
ისევ ეს ნიღაბი...
ნიღბებთან ურთიერთობა...“
მიმი ჩაფიქრებული გაჰყურებდა ჰორიზონტის სიგრძეზე გაშლილ ქალაქის ზოლს. თითქოს ჩვევად ექცათ ისეთ ადგილებში გასეირნება სადაც ხალხმრავლობა ნაკლებად იყო. ხალხმრავლობა კი არა, არავინ არასდროს იყო მათ მეტი.
ეს მარტო პიპას სურვილი არ იყო, მიმის ნებით დაიწყო ყველაფერი. პირველი გაცნობის დღიდანვე თავად ამოიყვანა ასეთ საინტერესო და სასიამოვნო ადგილას, საიდანაც თითქმის მთელი ქალაქი ხელის გულივით მოჩანდა.
თვალწინ ქალაქის ხედი იწელებოდა უკან კი ცამდე აზრდილ მთებს დაეკავებინათ ადგილი.
მიმიმ ქალაქს ხედს ზურგი აქცია და ახლა მთებს დაუწყო თვალიერება. მერე მოულოდნელად პიპას მიუბრუნდა:
- გინდა ამ მთის იქეთ გავისეირნოთ? გცალია?
- კარგი იქნებოდა ცოტა ქალაქგარეთ გასვლა. რატომაც არა.
დაუფიქრებლად დაეთანხმა პიპა. მიმისთან ერთად ქალაქში ხეტიალს ურჩევნოდა სადმე შორს ეხეტიალათ და არ ჰქონდა მნიშვნელობა საით...
სადაც მიმი მოისურვებდა იქეთ წავიდოდნენ. მთავარია არავინ ნაცნობი არ შეხვედროდათ. ახლა განსაკუთრებით უნდა მორიდებოდა მიმის საახლობლოს. რადგან უკვე ფიფო რაღაცას ეჭვობდა. საინტერესო იყო ზუსტად რა იცოდა. ამას ისევ მიმისგან თუ შეიტყობდა. ამიტომ ადრე რამდენადაც ერიდებოდა მის ზარებს და ხშირად თავიდანაც იცილებდა შეხვედრას, ახლა თავად აქტიურობდა და ამასაც ძალიან ფრთხილად აკეთებდა.
მანქანა ქალაქიდან გამავალ ტრასაზე მიქროდა. თბილი ამინდი იდგა. მოახლოვებული გაზაფხულის სურნელი იგრძნობოდა.
რადგან მიმიმ, თავისთავზე სიტყვაძუნწ პიპასგან ბევრი ვერაფერი შეიტყო, გადაწყვიტა თავადვე გამოექექა თუ ვისთან ჰქონდა საქმე. თანაც ეს ისე უნდა გაეკეთებინა, რომ მეგობარი არ გაენაწყენებინა. ამიტომ მოუხშირა და უფრო თამამად ურეკავდა. თანაც ატყობდა, რომ ადრინდელთან შედარებით პიპა უფრო დამყოლი გახდა. უფრო ხშირად იცლიდა მიმისთან შესახვედრად, ბევრად მხიარული და ენაწყლიანი გახდა.
მიმი ჯერ მის შესწავლას შეუდგა. აკვირდებოდა ყველა მის მოძრაობას, საუბრისა და ქცევის მანერას. ბევრჯერ შეამჩნია თითქოს გაორებულ პიროვნებასთან ჰქონდა საქმე. ხან ძველებურად ჩაკეტილი და სიტყვაძვირი ხანაც ისე არაკრაკდებოდა, რომ ძლივს ჩერდებოდა.
მანქანამ ტრასიდან გადაუხვია, ბორცვზე შედარებით ვიწრო გზას აჰყვა რამდენიმე სოფელი უკან მოიტოვეს, მერე მინდვრებსაც გაცდნენ და სააგარაკო ნაკვეთების თავზე მოექცნენ.
პატარა კოტეჯებით დამშვენებულ მიდამოს წითლად მოელვარე ჩამავალი მზის სხივები ამშვენებდა.
უფრო მოშორებით, ქვემოთ დაბლობში პატარა საყდრის წვერო მოსჩანდა.
მიმიმ სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და უცებ მეგობრის მისამართით წამოიძახა:
- შენს სოფელშიც ასეთი კარგი ჰაერია?
პიპა წამით შეცბა ვეღარ მოასწრო პირზე მომდგარი სიტყვის შეჩერება:
- სად?.. ჩემთან?
მიმი მიხვდა სწორ გზაზე იდგა. საჭირო იყო მოულოდნელი თავდასხმა და უცებ კითხვებში ჩაჭრა. აბა სხვანაირად სიტყვას ვერ აცდევინებდა მეგობარს.
- აკი შენ არ თქვი სოფლიდან ვარო?
- მეე? როდის?
- აბა მომატყუე?
მიმი მოიბუზა. ახლა აშკარად გამოჩნდა თურმე რა მატყუარა ადამიანის გვერდით იმყოფებოდა. თუმცა პიპამ მხოლოდ წამით შეყოვნდა და თავისავე დასმულ კითხვას თავადვე გასცა პასუხი.
- შენ ალბათ იმას გულისხმობ, ჩემს მშობლებზე. ჰოო... ალბათ კარგად ვერ მომისმინე ან იქნებ მე ვერ მოვყევი ისე, როგორც საჭიროა. როცა ჩვენი ოჯახი დაინგრა მამაჩემი სოფელში გადაბარგდა. მეტი წასასვლელი არც ჰქონდა. მე და დედა დავრჩით ნაქირავებში, მერე ქირის გადახდაც ძალიან გაგვიჭირდა და დედაც მამასავით სოფელს დაუბრუნდა. მე კი ვერსად ვერ ვძლებ ხან იქეთ ვარ ხან აქეთ...
რა ვიცი, ამას თუ ტყუილს ეძახი, ნება შენია, როგორც გინდა.
პიპა გაჩუმდა. ისე დამაჯერებლად საუბრობდა თავისი ტყუილის თავადვე სჯეროდა, თვალებიც კი აუწყლიანდა საკუთარ მონაჩმახ ისტორიაზე.
მიმი ძალიან შეწუხდა. როგორ ცუდად გამოუვიდა.
მაინც რა იყო ეს? მეგობრის დაკითხვა... უნდობლობა... უპატივცემულობა...

LEX·2017 წლის 17 მაისი, ოთხშაბათი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent