შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რენესანსი (4)


13-06-2017, 21:02
ავტორი ჰუნი
ნანახია 1 234

წვეულებისას დათას რომ დაემშვიდობა, იმ ღამის შემდეგ იოანე შემდეგი ოთხი დღის განმავლობაში არ უნახავს. არც შემთხვევით გადაჰყრია სადმე და არც დაგეგმილი სიუჟეტის თანახმად. ამის გამო კი ისე მსუბუქად გრძნობდა თავს, ეგონა ფრენა შეეძლო. მიუხედავად მასთან დაკავშირებული კარგი მოგონებებისა, მასთან ახლოს ყოფნის დროს ყოველთვის დაძაბული იყო. მით უმეტეს კი იმ ღამის შემდეგ სადმე რომ გადაჰყროდა, ალბათ, პირველად რაც ხელში მოხვდებოდა იმას ესროდა.
ასეთი ფიცხი ხასიათის არასდროს ყოფილა, მაგრამ იმ შემთხვევამ გოგონა ძირფესვიანად შეცვალა და მშვიდი, გაწონასწორებული პიროვნებიდან ფიცხ ხასიათზე ჩამოქვეითდა. უცებ არც ახლა ბრაზდებოდა, შეეძლო ბრაზი ჩაეხშო და ამით უფრო იკლავდა თავს. მაგრამ თუ პიკამდე მივიდოდა, აი, მერე ვაი იმას, ვინც გზაზე გადაეყრებოდა. არც ასეთი უაზრო ცხოვრებით ცხოვრობდა. ორიოდე წლის წინ, მიუხედავად დასთან კონფლიქტისა, მაინც კარგად გრძნობდა თავს და რადგანაც სიცოცხლის ხალისი ჰქონდა, სხვა არაფერზე დარდობდა, ისიც, იმიტომ, რომ მაშინ იმედი ჰქონდა, ლიკა ოდესღაც შეურიგდებოდა, აბა, ამდენწლიან ურთიერთობას სამუდამოდ ხომ არ დამარხავდა! ისიც იცოდა, როგორი გრძნობა იყო ბედნიერება და ისიც იცოდა, დილით გაღვიძებისას პირველად, მესიჯად მოსული "დილა მშვიდობისა" რომ უნდა ენახა. მზის ჩასვლის ყურებაც უყვარდა, ოღონდ, მასთან ერთად... ახლა აღარ უყურებდა. აღარც მარტო და მით უმეტეს, არც არავისთან. ისეთს აღარაფერს აკეთებდა, რასაც წარსულში და ამით ბევრ რამეს კარგავდა. ყველაფერი მიატოვა და სახლში დაბრუნების შემდეგ, არასდროს გასჩენია იმის სურვილი, რომ რაღაც მაინც ეცადა. აღარ იყო ის, 20 წლის ნია და აღარ გრძნობდა იმავეს. დაბრუნების შემდეგ მონოტორულად აკეთებდა ყველაფერს. საუბრითაც კი მონოტორულად საუბრობდა და თითქოს რობოტად ჩამოყალიბდა. რა არ სცადა ერეკლემ, მაგრამ ვერაფერი გააწყო. ნიას გამობრუნებაში გართულ ერეკლეს კი, ნიამ ისეთი რამ მიახალა, ბიჭმა უკან დაიხია. წარსულში გადაისროლა და, ნიამაც იცოდა, უსაფუძვლოდ და უადგილო მომენტში, მაგრამ მაინც უთხრა, ყველაფერი შენი ბრალი არისო, შემდეგ კი ინანა, მაგრამ გამოსწორებაც კი არ უცდია. ერეკლეს იმედგაცურებამ კი გაჰკრა გულში, ნიასგან მაინც არ ელოდა ამას, მაგრამ მიხვდა, ცუდი პერიოდის ბრალი იყო და გულშიც არ ჩაიდო. მეტიც, მცდელობას არ მოეშვა და საბოლოოდ ვერა, მაგრამ სანახევროდ მაინც მოაბრუნა გოგონა.
-მეგი და სანდრო ჩამოდიან, - მაშინვე უპასუხა ერეკლემ, მისაღებ ოთახში გაშლილ სუფრაზე გაკვირვებით რომ იკითხა ნიამ, რისთვის ემზადებითო.
მეგი და სანდრო ერეკლესა და ლიკას მეჯვარეები იყვნენ. მეგი არც არსად იყო, სანდრო კი იტალიიდან ჩამოვიდა.
როგორც ჩანს, ყველა სადღაც მიმოფანტულიყო...
ნიამ პასუხი რომ მოისმინა, თვალები შეუმჩნევლად აატრიალა და სახლიდან გასვლა რომ დააპირა, ერეკლე წინ გადაუდგა და ნაბიჯიც არ გადაადგმევინა.
-ვერსადაც ვერ წახვალ, უნდა მოგვეხმარო. -უთხრა თუ არა, ნიას რეაქციაზე მაშინვე ჩაეცინა, მაგრამ სერიოზული იმიჯის შეკავება მაინც შეძლო და ნიას დანებებულ გამომეტყველებას რომ შეეჩეხა, მისი გეგმის მთავარი პუნქტის შესრულებით კმაყოფილმა გვერდი აუარა.
მოგვეხმარეო, მრავლობით რიცხვში რომ გაიგონა, თავისთვის ჩაიბუტბუტა, აბა, კი, ლიკას ისე სჭირდება ჩემი დახმარებაო... შემდეგ კი სამზარეულოში ერთი წამითაც რომ არ გასულა, რათა ლიკა არ ენახა, რომელიც საჭმელს ამზადებდა, მაგიდაზე მდები თეფშების გადანაწილებას შეუდგა.
კერძების დალაგების დრო რომ დადგა, ლიკასთან შეხვედრა მაინც მოუწია, მაგრამ ხმა არ გაუციათ ერთმანეთისათვის. არც ნიას უცდია რამე. უკვე აღარ აპირებდა არაფერს, ამიტომ ლიკამ ნიას მიერ თეფშებზე დალაგებული დანა-ჩანგალი რომ შეასწორა და აგრძნობინა, ფუჭად გაისარჯეო, ნიას არაფრისმთქმელად ჩაეცინა და მხრები ისე აიჩეჩა, თითქოს დიდი არაფერიო. ნიამ მხოლოდ ოთხისთვის განკუთვნილი სუფრა გააწყო, მაგრამ ერეკლემ მეხუთე თეფში რომ შეუმატა, მიხვდა, იოლი საღამო არ ელოდა. თან, მეგიც მოდიოდა...
ცუდი ურთიერთობა არ ჰქონდათ და არც კარგი. მხოლოდ გამარჯობა-გაგიმარჯოთი იყვნენ. არც არაფერს ერჩოდა ნია და რაღა თქმა უნდა მეგიც ნიას არაფერს, მაგრამ ნიას მაინც არ მოსდიოდა თვალში. გახსნილი ურთიერთობა პირფერობაში გადასდიოდა და სწორედ ეს აღიზიანებდა ამ გოგოში. ეს რომ არა, სხვა მხრივ მეგი კარგი გოგო იყო; ფიზიკურადაც და ხასიათის სხვა თვისებებითაც, მაგრამ მაინც ვერ იყო რაღაც რიგზე...
კარზე ზარი რომ დარეკეს, უკვე ყველა მზად იყო. ლიკამ გაუღო კარი და როდესაც მისალმებას მორჩა, მეჯვარეები სახლში შემოიპატიჟა. ნია დივანზე იჯდა და მობეზრებული გამომეტყველებით იმზირებოდა, მაგრამ სტუმრები რომ შენიშნა, მაშინვე წამოდგა და მოჩვენებითი ღიმილით მიესალმა ორივეს.
-როგორ ხარ, ნია? -მოვალეობის მოხდის მიზნით ჰკითხა სანდრომ, მაგრამ სინამდვილეში ასეთი არ იყო, უბრალოდ ახლა რა მოხდა, ვერც ის გაერკვა და ვერც ვერავინ. იტალიიდან ჩამოსვლის წამიდანვე უამრავი სტუმარი დაატყდა თავს და ეტყობა მობეზრდა დიდი ხნის უნახავ ნაცნობებთან შეხვედრა.
ნიამ, მადლობა კარგადო, უთხრა თუ არა, მაშინვე მეგის ჩანთაზე მოუხვდა თვალი, რომელიც მხარზე გადაეკიდა...
თვალი ხომ არ მატყუებსო და, ჯერ ერთი-ორჯერ დაახამხამა. არა, უეჭველად მატყუებსო, გაიმეორა და დაუჯერებლად გააქნია თავი. შემდეგ კვლავ დააკვირდა და საბოლოოდ, რომ მიხვდა, რეალურად ხედავდა იმ ჩანთას, იოანეს გვირილების სახლში რომ აარჩევინა, ნაგავიო, გულში გაიფიქრა და ისეთმა გაბრაზებულმა მიაბრუნა თავი, თვითონაც დაეჭვდა, ასე რამ გამაბრაზაო.
სხვა ჩანთა ნამდვილად ვერ იქნებოდა. იოანეს რომ ურჩია, ბოლო იყო დარჩენილი, დანარჩენი ოთხი სხვამ რომ იყიდა, ისიც ახსოვდა და მეგის არც დაბადების დღე ჰქონდა და არც გათხოვილი იყო, ორსულობის მილოცვის ნიშნად საჩუქრად რომ მიეტანათ.
არა, აქამდე როგორ ვერ მიხვდა?!
ან როგორ უნდა მიმხვდარიყო, არც ერთად უნახავს ესენი, საერთო შესაკრებელ ადგილს თუ არ ჩათვლიდა და მაშინაც არც ისეთი მზერა გამოუჭერია მათ შორის, რამეს რომ აფიქრებინებდა.
ბოლოს იფიქრა, ალბათ ისე აჩუქაო, მაგრამ ისიც გაახსენდა, იოანე ასე უბრალოდ არავის არაფერს რომ ჩუქნიდა. სანდროს რომ ეჩუქებინა, თანამეჯვარეა და მერე რაო, მაგრამ იოანე?! ამას ნამდვილად არ მოელოდა.
ფიქრებში იმდენად იყო გართული, ვერც ის შეამჩნია, სუფრას რომ მისხდომოდნენ და ვერც ერეკლეს ხმა გაუგია, მათთან რომ უხმობდა. სხვა გზა არ ჰქონდა და მათ შეუერთდა. რამდენიმე წამში კი ჩაგლების თეფშებთან შეხების ხმის გარდა არაფერი ისმოდა. რა თქმა უნდა, ერეკლე საუბრის წამოწყებას აპირებდა, აბა, ასე ხომ არ ისხდებოდნენ მთელი საღამოს განმავლობაში. მაგრამ ჯერ დააცადა, შემდეგ კი შამპანიურის ჭიქას ჩანგარი ერთი-ორჯერ ფრთხილად შეახო და ხალხი გამოაფხიზლა.
-მოდით, სანდროს ჩამოსვლას გაუმარჯოს, -ღიმილიანი სახით გადახედა ყველას და სანდრომაც, მისი სადღეგრძელო რომ გაიგო, გაღიმებულმა ჭიქა შეახვედრა და შემდეგ, ხუთივემ ჭიქები მიუჭახუნეს.
-არ მადღეგრძელებ? -ისე ჰკითხა სანდრომ, თითქოს სერიოზული რამე დაეშავებინა ნიას. არ გამოჰპარვია, მიჭახუნების შემდეგ ჭიქა მაშინვე მაგიდაზე გამოუცლელად რომ დადო.
-მაპატიე, მაგრამ არ ვსვამ. -ღიმილით მოუბოდიშა და სპაგეტი ჩანგალზე დაახვია, პირამდე მიიტანა, მაგრამ ვინ აცდიდა! ასე მარტივად არც სანდრო მოეშვებოდა და მით უმეტეს, არც ერეკლე.
-მხოლოდ ამ ერთხელ, -ლამის შეავედრა ერეკლემ.
იცოდა რომ ნია დალევის წინააღმდეგი იყო და კიდევ ბევრი რამის... მაგრამ, დღეს წესების დარღვევის დღე იყო და ნიაც აუცილებლად უნდა აჰყოლოდა.
-მხოლოდ ერთი, -უთხრა თუ არა, ჭიქას დასწვდა და სანამ დალევდა, გაანალიზა, რომ დღეს დანებების ხასიათზე იყო და ერეკლეს ყველა სურვილს უსრულებდა. ხოდა, ერეკლესაც მეტი რა უნდოდა...
კმაყოფილს ჩაეღიმა, ჭიქა რომ გამოცალა და ნაძალადევი ღიმილით მაგიდაზე რომ დააბრუნა.
ნიამ კი იცოდა, შამპანიური ვერაფერს უზამდა, თან, არც უყვარდა, მაგრამ ალკოჰოლის მცირე დოზაც საკმარისი იყო, ოდნავი თავბრუსხვევა რომ ეგრძნო.
სანდროს რომ შეხედა, ბიჭმა თვალი ჩაუკრა და ტუჩების ნელი მოძრაობით ანიშნა, მადლობაო, შემდეგ კი, სასაცილო ისტორიების გახსენებით იჯერეს თავი.
აღარ დაულევიათ, არც ერთს არ სჩვეოდა გათიშვამდე დალევა და არც ერთი ჭიქის, მაგრამ სადაც საჭირო იყო იქ. ახლა თითქოს ოჯახური გარემო შექმნილიყო, სადაც ნამდვილად არ იყვნენ ოჯახის წევრები. ნიას ოჯახურ გარემოზე, საახალწლოდ გაშლილ სუფრაზე შემომსხდარნი, პატარა ნია და მამამისი ახსენდებოდა. ორივენი მაგიდის თავებში რომ ისხდნენ და სულმოუთქმელად რომ ელოდნენ თორმეტი საათის დადგომას. ის იყო ოჯახური გარემო, მხოლოდ ორი ადამიანისაგან შემდგარი, მაგრამ ისიც საკმარისი იყო.
-ნია, შენ რას იტყვი? -ფიქრებს დღეს უკვე მეორედ მოსწყვიტეს. ამჯერად კი მეგიმ, თითებს სახის წინ რომ უფრიალებდა.
-რასთან დაკავშირებით? -მაშინვე ჰკითხა და ყურადღებით მიაჩერდა.
-მარტვილში, სანდროს დასასვენებელ სახლში გვინდა წასვლა, ორი დღით, ხომ წამოხვალ?
მეგი მართლა არ იყო ცუდი გოგო. ცოტა ტრიპაჩობა კი ახასიათებდა, მაგრამ ნიას წამოსვლა გულწრფელად უნდოდა. ნიას შესახებ არაფერი იცოდა და კიდევ კარგი, თორემ სიცოდვილის გრძნობა გაუჩნდებოდა და სიტუაცია ნიას მხრიდან უფრო გამძაფრდებოდა.
-სამწუხაროდ, ვერ მოახერხებს. -ნიას ნაცვლად უპასუხა ლიკამ.
არ გაჰკვირვებია ნიას და სრულიად რომ არ ელოდა ისეთი პასუხი დაუბრუნა.
-რა თქმა უნდა მოვახერხებ, დაიკო. მხოლოდ ჩვენ მივდივართ?
საბოლოოდ გადაწყვიტა, ჩრდილში რომ არ ეცხოვრა და ლიკას შეეწინააღმდეგა, თან ისეთი ტონალობით, დაიკოო, ლიკამ გაოცებით შეხედა. ერეკლემ გადაწყვეტილება მოუწონა, მაგრამ მხოლოდ მზერით, ხმა არ ამოუღია.
-ხო, მხოლოდ ჩვენ. -აღტაცებით უპასუხა მეგი, შემდეგ კი დააპაუზა და მალევე უპასუხა, -და ჩემი შეყვარებულიც.
ეს თქვა თუ არა, ლიკამ, რა გამომაპარეო, ნიას კი ღიმილი სახეზე მიეყინა. მხოლოდ ნიას ჰქონდა უარყოფითი რეაქცია. არ გაუხარდებოდა, რა თქმა უნდა, რადგან დარწმუნებული იყო ეგ შეყვარებული ვინც იყო. ერთი ის, რომ იოანესთან ერთად არსად უნდოდა წასვლა, მით უმეტეს კი ორი დღით და მეორე ის, რომ მთლად შეყვარებულიც ყოფილაო...
-ხვალ გაიგებ ვინც არის, -ლიკამ თავი რომ არ დაანება, რატომ არ მითხარი ვინ არისო, მეგიმ მოუჭრა და თავამომწონედ გაიღიმა. არავინ იცოდა ვინ იყო ის "იდუმალი" შეყვარებული... ხო, მხოლოდ ნიამ იცოდა და რაღა თქმა უნდა მეგიმ.
-ეს ჩანთაც მან გაჩუქა? -დიდხნიანი ფიქრის შემდეგ, დარწმუნება სურდა თუ არა, ბოლოს მაინც ჰკითხა.
-დიახ, და სხვათა შორის, გვირილების სახლში იყიდა. -ღიმილით შეაგება „ახალი“ ამბავი.
ახლა უკვე ნიამაც დანამდვილებით იცოდა, იოანე და მეგი ერთად რომ იყვნენ.
-კარგი გემოვნება ჰქონია, -მოწონების ნიშნად ნეკა თითი აუწია და ღიმილიც მიაყოლა.
არ სწყენია, უბრალოდ არც კი მოელოდა ამას. იოანეს სრული უფლება ჰქონდა ვინმე ჰყოლოდა, მაგრამ რას აპირებდა მეგისთან? ისევ იმავეს, რამაც ერთი ურთიერთობა უკვე დაანგრია? ისევ ჩაიგდებდა თავს საფრთხეში და ამით მეგისაც ააღელვებდა? თუ უბრალოდ, ზედმეტი ლოდინის გარეშე ხელს ჩასჭიდებდა და თავს საკურთხევლის წინაშე ამოყოფდნენ? ვინ იცის იონაეს რა მოუვლიდა!
*
წინა ღამით გაცემულ პასუხს მეორე დილით ნანობდა და ისეთი ზოზინით ალაგებდა საჭირო ნივთებს, თორმეტი საათისთვის კი არა, საღამომდე ვერ მორჩებოდა. სულ ასე იცოდა, დაუფიქრებლად პასუხობდა და მერე ნანობდა, მაგრამ ახლა დანებებას არ აპირებდა. შერიგების ინიციატივას ყოველთვის ნია ვერ გამოიჩენდა.
ორი დღისთვის საკმარისი ტანისამოსი რომ ჩაალაგა, პატარა ჩანთას მიადგა, სადაც უკვე დატენილი ტელეფონი და წვრილმანები ჩაყარა. შემდეგ კი ჩანთებითურთ პირველ სართულზე დაბრუნდა, სადაც გამწარებული ლიკა ნივთებს აგროვებდა. ერეკლე ჯერ კიდევ არ იყო ჩამოსული. ლიკამ ნია რომ შეამჩნია, თვალები აატრიალა, ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ გადაიფიქრებდა და არ წამოვიდოდა, მაგრამ ნიამ ბედნიერებისაკენ მიმავალი გზა მოუჭრა და მშრალად დატოვა. ნიამ გვერდი აუარა და სახლიდან გამავალი კარი გააღო, რა წამსაც ორ მანქანას მოჰკრა თვალი.
ერთი ერეკლეს იყო, მეორე კი სანდროსი, რომელიც იმ წამს მოვიდა და ნია რომ შეამჩნია, მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა.
-მოგეხმარები, -ჯენტლმენმა შედარებით დიდი ჩანთა გამოართვა.
-გმადლობ, -გაუღიმა, -ანუ მე შენი მანქანით მივდივარ? -რიტორიკული კითხვა დასვა, სანდრომ ჩანთა თავისი მანქანის საბარგულში რომ ჩადო.
სანდრომ დასტურის ნიშნად თავი დაუქნია.
ნიამ ერეკლეს მანქანაში მეგი რომ შენიშნა, წარბები შეეწმუხნა, იფიქრა, მარტო რატომ მოდისო და როდესაც ივარაუდა რომ შეიძლებოდა იოანეს წასვლაზე უარი ეთქვა, ხასიათი ოდნავ გამოუკეთდა და მანქანის კარი გამოაღო.
-რაო მეგი, მარტო რატომ მოდიხარ? -მაინც ჩაეკითხა, თან ისეთი ბედნიერი ხმით, რომ მეგიმ ჯერ გაკვირვებულმა შეხედა, შემდეგ კი უპასუხა.
-არ ვიცი, შევძლებ თუ არა წამოსვლასო. რაღაც საქმეებიო და ერთი ამბავი. და თუ მოახერხებს, ღამით ჩამოვა. -მხრებისჩეჩვით უპასუხა.
იოანე „არ ვიციოს“ რომ ამბობდა, იქ უეჭველად ვერ მოდიოდა და რადგანაც ეს ნიამ კარგად იცოდა, ბედნიერებისაგან ლამის ტაში შემოჰკრა.
ლიკა და ერეკლე რომ გამოჩნდნენ, სანდრომ ნიას, წავედითო უთხრა და ორივენი სანდროს მანქანაში ერთმანეთის გვერდი-გვერდ მოკალათდნენ. შემდეგ კი სანდრომ მანქანა დაქოქა და გზაზე გავიდა.
წინ დიდხნიანი მგზავრობა ელოდათ. იქითა მგზავრობისას ერთი დღე წაერთმეოდათ, ორი დღე იქ დარჩებოდნენ და მეოთხე დღეს კი, აქეთ მგზავრობას დაუთმობდნენ.
-ნია, საქმეები როგორ მიდის, ხომ მშვიდობაა? -მოულოდნელად წამოიწყო სანდრომ.
-რატომ მეკითხები, რამე გაიგე? -კითხვა კითხვითვე შეუბრუნა. ოდნავ კი აღელდა. არ იყო სანდრო ცუდი ბიჭი და არ უნდოდა მისი წარსულით წარმოდგენა შესცვლოდა.
-არაფერი, რა უნდა გამეგო! უბრალოდ, გკითხე. -ღიმილით გაუქარწყლა ეჭვები და ნიამაც ამოისუნთქა.
-ყველაფერი რიგზეა, - რა თქმა უნდა, მოიტყუა. მეტი დამაჯერებლობისთვის კი, გაუღიმა.
-მეოთხე კურსზე ხარ, ხო?
-კი.
-გუშინ ჯავახიშვილში რომ შევიარე, ვერსად გნახე. გიკითხე კიდევაც და მითხრეს, ბოლო ხანებია საერთოდ არ დადისო. ყველაფერი ნამდვილად რიგზეა?
-კი, კი, რიგზეა. პრობლემა ისაა, რომ გადავიღალე, დასვენება მჭირდებოდა. მალე გავალ უნიში.
-გასაგებია...
ამის შემდეგ ორივენი დადუმდნენ. სანდრო შიგადაშიგ კი ცდილობდა საუბრის წამოწყებას, მაგრამ მათი არც ერთი დიალოგი დიდხანს არ გაგარძელებულა.
*
მარტვილში რომ ჩავიდნენ, საღამოს ექვსი საათი იყო. დაღლილობისაგან დაქანცულ ნიას ისე ეძინებოდა, თავი ბალიშზე რომ დაედო, მაშინვე ჩაეძინებოდა. სანდრომ ნიას თავისი ოთახი რომ აჩვენა, მადლობა გადაუხადა და დასაძინებლად ოთახში შესვლას აპირებდა, მეგი რომ ამოუვარდა და ძალით პირველ სართულზე რომ ჩაათრია.
-არანაირი ძილი! კოცონი უნდა დავანთოთ! -ტაში შემოჰკრა და ნიას უკვე აღარ დალოდებია, ისე გავარდა გარეთ.
-სერიოზულად?! - თავისთვის ჩაილაპარაკა ნიამ და როცა მიხვდა, 10 წუთით მაინც რომ არ გასულიყო, მეგი ისევ ამოუვარდებოდა. დანებებულმა ხელი ჩაიქნია. ჯერ ოთახში ავიდა, ჩანთიდან ჟაკეტი ამოიტანა, მოიცვა და შემდეგ გავიდა გარეთ. გაზაფხულის მიწურულს, საღამოობით ჯერაც ციოდა.
უკანა ეზოში რომ გავიდა, აგიზგიზებულ კოცონს მოჰკრა თვალი, რომელსაც მის გარდა ყველა წრეზე შემოსხდომოდა. გაუკვირდა, ნახევარი საათია რაც ჩამოსულნი ვართ და ამას თავი როგორ მოაბესო! ან არ ეძინებოდათ!
ბევრი რომ არ ეფიქრა, იძულებული არ იყო, მაგრამ მაინც მივიდა მათთან. ქაჯივით ვერ მოიქცეოდა, ამიტომ გადაწყვიტა მისი რთული ხასიათი ერთხელ მაინც დაევიწყებინა და არ ეგრძნობინებინა, რომ მათთან ყოფნა დიდად არც სურდა.
იმ დროის მანძილზე ისეთი საკითხი არც განუხილავთ, ნიას რომ მოუნდებოდა ჩართვა. ხან სანდროს იტალიის ამბებს მოაყოლებინებდნენ, ხან კი, ლიკა მეგის დაჰკითხავდა მის "იდუმალ" შეყვარებულზე, მაგრამ გოგონა არა და არ ტყდებოდა! რა ანაღვლებდა, ისეთი ბიჭი ჰყავდა დათრეული... არა, ერთმანეთს კი უხდებოდნენ, მაგრამ ლიკა და ერეკლე მის ვინაობას რომ გაიგებდნენ, როგორი რეაქცია ექნებოდათ, წარმოუდგენელი იყო. ნია კი, იჯდა და მობეზრებული უსმენდა მათ. ხან ნაკვერჩხლებს გაეთამაშებოდა ჯოხით, ხან კი ჯიბიდან ტელეფონს ამოიტანდა და პასუხგაუცემელ მესიჯებს ახლაღა პასუხობდა. სალომეს მოწერილი მესიჯიც იყო, სადაც ეკითხებიდა, თუ რა მოხდა იმ ღამით. იმ საწყალ გოგოსაც ამოუვიდა ალბათ ყელში, ყველამ ყველაფერი იცოდა, მის გარდა და საფუძვლიანიც იყო თუ გაბრაზდებოდა ნიაზე. პასუხი ვერ დაუბრუნა, გადაწყვიტა, ჩასულზე ყველაფერი არა, მაგრამ იოანეს შესახებ მაინც მოეყოლა, ღირსი იყო ის გოგო, რაღაც ნაწილი მაინც სცოდნოდა.
-მოვიდააა, ვიცოდი, ვიცოდი, ვიცოდიიი...-ყველასთვის მოულოდნელად წამოიყვირა მეგიმ, მანქანის სინათლე შორიდან რომ შენიშნა.
მიხვდნენ, ის ბიჭი მოვიდა, მეგი ამდენს რომ ლაპარაკობდა. ნია დაიძაბა. ტელეფონი მაშინვე ჩაიდო ჯიბეში და წამოდგა. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მეორეთი-წინ წაიწია. დაიბნა. არადა, როცა ამბობდა, არ ვიციო, ყოველთვის არას უდრიდა, მაგრამ ახლა რამ წამოუარა, პირიქით რომ გააკეთა! შეიძლება შეიცვალა კიდევაც და ეს ნიამ არც იცოდა. რა უნდა გაეკეთებინა, ისეთი მშიშარაც არ იყო, რომ გაქცეულიყო, მაგრამ არც იმისთვის იყო მზად, კოცონთან მასთან ერთად ყოფილიყო. ამიტომ მარტივ ხერხს მიმართა, მოიბოდიშა, თავს შეუძლოდ ვგრძნობო და სანამ წყვილი ეზოში შემოვიდოდა, მოასწრო და წინა კარიდან სახლში შევიდა.
ერეკლემ მეგის იდუმალი შეყვარებულის ვინაობა რომ გაიგო, ნიას წასვლის მიზეზს მაშინვე მიხვდა და ცოლის მეჯვარემ თავისი უკვე კარგად ნაცნობი მეგობარი ხელახლა რომ გააცნო, გადახვევისას მხარზე ხელი ისე დაჰკრა, მეგობარი რომ მიახვედრა, აქ არ უნდა იყოო... მაგრამ იოანემ აინუნშიც არ ჩააგდო და ლიკას მიესალმა, სანდრო კი ნამდვილად გააცნეს...
ნია სახლში რომ შევიდა, სული მოითქვა. შვება იგრძნო. არა, რა, არ იყო მზად! მისი ბრალი იყო, ახლა ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდა! რას ეწინააღმდეგებოდა ლიკას და რას პასუხობდა, რა თქმა უნდა წამოვალო, მაგარი გოგოსავით! ჰოდა, დასათესი დაითესა და მოიმკო კიდევაც. ხვალვე, როგორც კი გათენდებოდა, ან ერეკლეს თხოვდა რომ წაეყვანა, ან სანდროს. ორი დღე აქ ვერ გაძლებდა!
მოსასულიერებლად წყალი დალია, შემდეგ კი ამ ორი დღისთვის, თავისთვის განკუთვნილ ოთახში ავიდა და ემოციურად თუ ფიზიკურად გადაღლილს მაშინვე ჩაეძინა.
შუა ღამის ორ საათზე წყლის წყურვილმა გამოაფხიზლა. ადგომა და ჩასვლა დაეზარა, მაგრამ გამომაშრალმა ყელმა თავისი პოზიცია ბოლო წამამდე რომ არ დათმო, იძულებული გახდა ამდგარიყო და ჩასულიყო. დარწმუნებული იყო, ქვემოთ არავინ დახვდებოდა, ამიტომ პიჟამოს ნაცვლად, მუხლებამდე მაისური რომ ეცვა, იმით ჩავიდა. ნახევრად გაუხელელი თვალებით ისედაც ჩაბნელებულ სახლში, ფანჯრიდან შემოსულ მთვარის შუქსაც ძლივს ხედავდა. სამზარეულომდე ძლივს მიაღწია. კედელზე ხელების ფათურით, შუქის ასანთები ღილაკი ძლივს იპოვნა და რომ აანთო, შიში, რომელიც სიბნელეში მარტო არ ტოვებდა, მაშინვე გაქრა. ონკანი მოუშვა და წყალი ყლუ-ყლუპად დალია, ცალი ხელით კი ნიჟარას ეყრდნობოდა. წყურვილი რომ დაიკმაყოფილა, ჭიქა თავის ადგილზე დააბრუნა. წამით ადგილზე შეჩერდა, თითქოს თავბრუ დაეხვაო და კარგად გახდომას ცდილობსო, შემდეგ კი, უცებ მიტრიალდა გასასვლელისაკენ, რა დროსაც მოულოდნელობისაგან წამოიყვირა.
-ღმერთო! -ხელი პირზე აიფარა და მიუხედავად იმისა, რომ შიშისაგან ჯერ კიდევ აკანკალებდა, ხელი მალევე მოიშორა და გაწონასწორებული ნაბიჯებით სცადა გვერდის ავლა, მაგრამ ბიჭმა გზა გადაუღობა და მეორე მოულოდნელობის გამო ნიაც მის გულ-მკერდს შეეჯახა.
-მაპატიე, შენი შეშინება არ მინდოდა, -მოუბოდიშა ჯაყელმა და ხელი მაჯაზე მოჰკიდა, მაგრამ ნიამ რეაგირება მოახდინა და სწრაფად დაიწია უკან.
-მიპატიებია, ახლა კი, თუ შეიძლება, გამატარე. -მკვახედ მიუგო. მზერა არ გაუსწორებია, გვერდზე იხედებოდა.
-და თუ არ შეიძლება?
სადაცაა ნაბიჯი ხელახლა უნდა გადაედგა ნიას, ადგილზე რომ გაუჩერდა, გაკვირვებულმა ამ ხნის მანძილზე პირველად ახედა იოანეს.
-უკაცრავად?! -ხმა გაუმკაცრდა და თვალის გუგები დაუწვრილდა.
ისედაც უხერხულად იყო ამ მაისურის გამო და ახლა იოანე არ აძლევდა იმის უფლებას, რომ დროულად ასულიყო ოთახში?
-უნდა ვილაპარაკოთ, -მშვიდი, გაწონასწორებული ხმით უპასუხა და ხელები გულ-მკერდზე გადაიჯვარედინა, თან კედელსაც მიეყრდნო და მცირედი გასასვლელი ადგილიც კი გაუვალი გახადა.
-და რაზე?
ნია ცალი ხელით მაგიდას დაეყრდნო და ინტერესით მიაჩერდა.
ცდილობდა არ შეემჩნია ის კომპლექსი, იოანეს წინ ასეთი ფორმით დგომა რომ უქმნიდა, მაგრამ მაინც ვერ იკავებდა და ცარიელი ხელით მაისურს შეუმჩნევლად ქვემოთ ექაჩებოდა.
იოანემაც შეამჩნია მისი ეს ჟესტი, მაგრამ მეტად რომ არ შეებოჭა, არც შეიმჩნია.
-დღევანდელზე. თავი აქ რომ ამოვყავი, ეს დაგეგმილი არ იყო. -სერიოზული ხმით დაიწყო საუბარი.
ნიასგან განსხვავებით იოანეს ნამძინარევი ხმა არ ჰქონდა. და ისევ ის ტანსაცმელი ეცვა, რაც მოსვლისას. როგორც ჩანს, დასაძინებლად არც ასულა.
-არა უშავს. ისედაც ვიცოდი, რომ მოდიოდი.
-როგორ? საიდან?
-მეგიმ მითხრა, მისი გვირილების ჩანთა "იდუმალმა" შეყვარებულმა რომ უყიდა. -აგდებით მიუგო და ლამის ჩაეცინა კიდევაც, იმის გახსენებაზე, რომ იოანეს ჩანთა მეგისთვის თავისი ხელით აარჩევინა.
-იდუმალი შეყვარებული?
-ხო, ვინაობას მანამ არ გეტყვით, სანამ არ ჩამოვაო. -მხრებისჩეჩვით უპასუხა და მზერა აარიდა. -მიხარია, რომ შესაბამისი ჩანთა შევურჩიე და "ის" მეგი რომ აღმოჩნდა. -ორაზროვნად დაამატა. და საბოლოოდ, კომპლექსი რომ ვერ მოიშორა, მაგიდის თავთან დადგა.
-ვშიშობდი, ცუდი გოგო ხომ არ არის-მეთქი. -კიდევ დაამატა და ირონიულად გაუღიმა.
-ნია, -იოანემ ხელი თმაში შეიცურა და მოსვენება დაუკარგა გოგონას ასეთმა მიდგომამ.
-ისე, რას აპირებ, მეგის როდის უნდა უთხრა, რომ წასვლას ისევ აპირებ, -კარგი მეგობარივით ჩაეკითხა.
ახლა იოანეს ნერვებზე ნია აპირებდა თამაშს.
-არსად არ მივდივარ, -ოხვრით უპასუხა.
-ვოუ, მართლა? მიხარია, აბა, ცოდვაა ის გოგო, ჩემსავით ხომ არ...
-ნია, შეწყვიტე! -სიტყვა გააწყვეტინა იოანემ.
-ნუ მაწყვეტინებ!
-შეწყვიტე-მეთქი ამაზე საუბარი!
-არა, რატომ, მომენატრა ამ თემის ხელახალი განხილვა.
-მე არა.
-არ მაინტერესებს.
-არც მე!
-კარგი რა, ვიცი, რომ შენც მოგენატრა.
დანებებულმა, თითქოს მწუხარედ გადაიჯვარედინა ხელები.
მოთმინების უნარი რომ ჰქონდა იოანეს, სწორედ ეს აჩერებდა ახლა აქ.
-წარმოიდგინე, შენ და მეგი, სახლში თბილად სხედხართ და ერთმანეთს სიყვარულით აღსავსე მზერით შესცქერით, უცებ კი კარზე ზარია და მოგდის ფაქსი. მისი წაკითხვის შემდეგ კი, სახეზე ღიმილი გიქრება და არც კი იცი, ამის მიზეზი "შენს გოგოს" როგორ აუხსნა.
გეგმაში სულაც არ ჰქონდა ასეთი სარკასტული ტონით საუბარი, არც ის, იოანეს რომ შეჰხვედროდა, თან ასეთ ამპლუაში, მაგრამ რადგანაც ნერვებზე თამაშის ხასიათზე გაიღვიძა, გადაწყვიტა თავისი ის როლი ბოლომდე შეესრულებინა. იცოდა, იოანეს მისი მხრიდან ეს არც ესიამოვნებოდა და არც მოითმენდა, მაგრამ რატომღაც, ჯერად იქ იდგა, სადაც თავდაპირველად. ნიას უყურებდა, მზერას არც ერთი წამითაც კი არ აშორებდა. განა არ იცოდა, რომ ნია სპეციალურად ამბობდა ამ ყველაფერს? იოანე გაუწონასწორებელი არ იყო, ნიას რომ მივარდნოდა. ზოგჯერ ისეთ რაღაცებს ისეთი დიპლომატიური ხერხებით მოაგვარებდა, თან ზედმეტი ხმის გარეშე... აღარც იმას აპირებდა, ნიას საუბარში ჩარეოდა და შეწყვეტისაკენ რომ მოეწოდებინა. ელოდა, როდის დაიღლებოდა ამით. შემდეგ თავის დანაშაულს მიხვედრილი, სკამზე ჩამოჯდებოდა, იდაყვით მაგიდას დაეყრდნობოდა და თავჩახრილი ღრმად ამოისუნთქავდა. ნიას ყოველი ნაბიჯი თანმიმდევრობით იცოდა. ყველა დეტალი ახსოვდა. ან რა დაავიწყებდა?..
და აი, ის მომენტიც დადგა, კამათში, იოანეს ყველაზე მეტად რომ უყვარდა; ჩაფიქრებულ ნიას სიტყვა შუაზე გაუწყდა, თვითონვე გაჩერდა. წამით იოანეს შეხედა, შემდეგ კი, ისე დადგა, თითქოს გაქვავდაო და მზერა სადღაც უკიდეგანო სივრცეში გადაისროლა. დადუმდა. მიხვდა, ტყუილად გაისარჯა და გულში მწარედ შეიკურთხა.
-მაპატიე, უნდა წავიდე, - თავისთვის ამოილაპარაკა და იოანეს ანიშნა, გამატარეო, მაგრამ არაფერიც, ჯაყელი არსად არ გაიწია და ნიამ კიდევ რაღაცის თქმა რომ დააპირა, ოდნავ გადგა განზე. გოგონაც გავიდა. გრძნობდა მწველ მზერას, რომელიც სიბნელეშიც კი თან დასდევდა და მოსვენებას უკარგავდა. ბოლოს კი, როდესაც ოთახში შეაღწია, სამშვიდობოს მისულმა შვებით ამოისუნთქა და ძილის შებრუნება სცადა.



№1 სტუმარი Ananushka

Dzalian kargia,male male dade nu ikargebi

 


№2  offline წევრი ჰუნი

Ananushka
Dzalian kargia,male male dade nu ikargebi

დიდი მადლობა.გამოცდების გამო ვაგვიანებ ატვირთვას,მაგრამ ვეცდები აღარ დავიგვიანო ხოლმე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent