შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1+1=1 (5)


23-06-2017, 11:55
ავტორი Dori
ნანახია 5 316

-მაპატიე, გუშინ როგორც გელაპარაკე. - ყელი ჩაწვა ძლივს გადაყლაპულმა ბურთმა.
-ვიცი რომ ნერვიულობ, ლეილას გამო.
-ეს ნერვიულობის ბრალი არ იყო. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც მამიდაჩემისთვის აკეთებ. ნახატებს რაც შეეხება, არ მინდა რომ ყიდდე. ამის აუცილებლობა არ არის, მე ვარ ვალდებული გასწავლო და ყველა პირობა შეგიქმნა. მე ვარ ვალდებული ვაკეთებდე იმას, რასაც შენ აკეთებ ახლა. მე ვარ ვალდებული შეუძლებელი შევძლო შენთვის, შენი ბედნიერებისთვის. ლაშა-გიორგის ვთხოვ და დღეიდან ის გამოგყვებათ ხოლმე, რამე რომ დაგჭირდეთ. - არც კი ამოუსუნთქავს, ისე უთხრა.
-დამიანე, მართლა არ არის საჭირო, თან თითქმის ყველაფერს მოვრჩით უკვე.
-დარწმუნებული ხარ? ლაშა-გიორგი, ჩემთვის ძმასავითაა და იცოდე უხერხული არ იქნება თუ გამოგყვებათ.
-ვიცი, მაგრამ დღეს მხოლოდ ოპერაციის თარიღის გასაგებად უნდა მივიდეთ.
-აქამდე როგორ არაფერი მითხარით?! - დამიანეს გაბზარული ხმა გულს უკლავდა. - ამის შემდეგ აღარ მომატყუო, ვინც არ უნდა გთხოვოს, ტყუილი არ მითხრა.
-დამიანე, გემუდარები, დავითს არ უსაყვედურო.
-არ ვსაყვედურობ. ლეილა ძალიან ნერვიულობს? არ ვიცი რომ დავურეკო რა ვუთხრა... - ამ წუთებში იმდენად მისიანი იყო მარიამი, სუნთქვაც კი უჭირდა, ამ ყველაფრის დაუმსახურებლობის გამო.
-ნერვიულობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება. - მარიამმა პაუზა გააკეთა, ვერ მიმხვდარიყო ეთქვა თუ არა... - შენც არ ინერვიულო, თავს გაუფრთხილდი.
ისევ მოახერხა მისი განადგურება, ერთი სული ჰქონდა ტელეფონი გაეთიშა. ვერ უძლებდა მის გულწრფელ ზრუნვასა და ბავშვურ გულუბრყვილობას. გრძნობას, რომელიც იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი გამოუთქმელობა გუდავდა, სიცოცხლის ძალას ართმევდა.
-რომ გაიგებთ, ოპერაციის თარიღს დამირეკე, გთხოვ. ახლა უნდა წავიდე, ლეილას უთხარი რომ ძალიან მიყვარს, როგორც კი მოვახერხებ დავურეკავ. ერთმანეთს მიხედეთ. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
-კარგი, უფალი გფარავდეს.
**************
ოპერაცია, სამი დღის შემდეგ დანიშნეს. დამიანემ მარიამის დარეკვამდე ხუთჯერ დარეკა, ვერაფრით ისვენებდა, სანამ პასუხი არ გაიგო.
**************
-როგორ ხარ?
-კარგად, დამიანე, შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად ვარ. ლეილას რას შვრება?
-ახლა დაიძინა, ექიმებმა ძალიან გაამხნევეს, რა თქმა უნდა ნერვიულობს, მაგრამ ნორმალურადაა.
-ექიმებს ცალკე ელაპარაკე?
-კი, დამიანე, მაგრამ დასამალი არაფერი აქვთ, მართლა ნორმალური მდგომარეობაა.
-სოფელში გაიგეს? ზურამ (ლეილას შვილი) გუშინ დამირეკა და არაფერი იცის.
-მამიდა ფიქრობს ხვალ უთხრას ყველაფერი ნოდარს, ალბათ მოსკოვშიც დარეკავს.
-მგონი სჯობს ოპერაცია გაიკეთოს, ყველაფერი კარგად რომ იქნება მერე ჩავა სოფელში და ყველა ნაკლებად ინერვიულებს. ანგარიშზე საკმარისი თანხაა ოპერაციისთვის, თუ რამე პრობლემა შეიქმნას დავითს უთხარი, ყოველთვიურ ხარჯებს საიდანაც ფარავს იმ ანგარიშზეცაა ფული.
-ვეტყვი მამიდას.
-დილას მეც დავურეკავ. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. ბავშვებმაც უნდა ინერვიულონ, სახლში რომ ეყოლებათ უფრო მშვიდად იქნებიან.
-კარგი.
-დილით ისევ დაგირეკავ. მშვიდი ძილი.
-შენც დამიანე, უფალი გფარავდეს.
ლეილა ძლივს დაითანხმეს ოპერაციის ფულის გადახდაზე, მასაც არ უნდოდა თავისიანების ნერვიულობა, მაგრამ არც ის, ასე შეეწუხებინა ძმისშვილი.
************
დავითი და მარიამი, მოუსვენრად ელოდნენ ოპერაციისთვის განკუთვნილი დროის გასვლას. გოლიათი ხან ყავით, ხან შოკოლადით, ხანაც ნამცხვრით ხელში დარბოდა აქეთ-იქით. დამიანესგან პირდაპირი დავალება ჰქონდა, პირადად ეზრუნა მარიამის კვებაზე, რასაც თვეების განმავლობაში პირნათლად ასრულებდა. დრო ისე გაიწელა, მარიამმა შიშისაგან აღარ იცოდა რა ექნა. თითქოს დამშვიდებულს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, სიმშვიდე ერთიანად გაუქრა.
*************
ლეილა, უკვე ნარკოზიდან იყო გამოსული დამიანემ დარეკვა რომ მოახერხა. ძლივს დააჯერა მარიამმა, რომ ყველაფერმა მართლა კარგად ჩაიარა. ლეილას ხმის გაგონებამ ამოასუნთქა, თითქოს პირველად მთელი დღის განმავლობაში.
*************
საავადმყოფოდან გამოწერიდან ორიოდე დღე იყო გასული, ლეილა ვერაფრით ისვენებდა. ერთი სული ჰქონდა სოფელში წასულიყო, ექიმის ნათქვამმა, რომ შეეძლო ადგილობრივ საავადმყოფოშიც მისულიყო გადახვევებზე, უფრო შეაგულიანა. მარიამი ხვდებოდა, რომ ასე დიდ ხანს ვეღარ გააგრძლებედნენ, ნოდარი და ბიჭები ძალიან წუხდნენ ამდენი ხნით მიტოვების გამო, მაგრამ მისმა მუდარამ კიდევ ორ დღეს დატოვა თბილისში.
-დამიანე, ხვალ მეც წავალ სოფელში, რამოდენიმე დღით. ლეილა ჯერ ვერაფერს გააკეთებს სახლში, თვითონაც მოვლა უნდა.
დამიანე უკვე შეჩვეული იყო, მარიამისაგან წარმოუდგენელ ნაბიჯებს. რამდენიმე დღის წინ ისე უთხრა ბათუმში წასვლაზე უარი, არც კი დაფიქრებულა. ახლა კი მზად იყო, სოფელში მამიდამისის მოსავლელად წასულიყო.
-თან გამოცდების პასუხებზეც არ ვიფიქრებ. - გააგრძელა მარიამმა, რადგან დამიანეს დუმილი უარად მიიჩნია.
-არ ვიცი რა გითხრა. მაპატიე, ამ ყველაფრის კეთება რომ გიწევს.
-დამიანე, ამას ჩემი თავისთვის უფრო ვაკეთებ. მაშინ ისეთი კარგი იყო, მათთან სოფელში, ლეილა ისე მივლიდა გაცივებული რომ ვიყავი, არ შემიძლია ახლა მე დავრჩე აქ, როდესაც ვიცი რომ ვჭირდები.
-ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
-თავს გაუფრთხილდი. ჩვენ ხვალ დილითვე წაგვიყვანს დავითი.
-კარგი, უფალი გფარავდეს.
-შენც, დამიანე.
ისევ ის საოცარი შეგრძნება. საოცარი თავისი ორსახოვნებით, რადიკალიზმითა და სიმძიმით. განცდა სიცარიელისა და სისავსის. სითბო, რომელიც სულიანად გათბობს და სიცივე, რომელიც ერთიანად გზაფრავს. ნაპოვნი ბედნიერება, რომელიც შენთვის ისე შორეულია, როგორც არასდროს. ნატვრა სახლში დაბრუნების და ზოგჯერ არ დაბრუნების. ვერ განსაზღვრული გადასადგმელი ნაბიჯები და საყვარელი ადამიანი, რომელიც თავისი უშეცდომობით გგუდავს. დაუმსახურებელი სიკეთე, სითბო და ზოგჯერ ვერ გადამალული გრძნობები.
***************
-დამიანე, გრანტი ავიღე. გრანტი ავიღე. - თვითონვე შერცხვა, საკუთარი ვერდაფარული აღელვების, მაგრამ ემოციები ვერაფრით დაიტია.
მოულოდნელმა სიხარულმა დაამუნჯა.
-გილოცავ, მარიამ. ბედნიერი ვარ შენს გამო, ძალიან მაგარი გოგო ხარ. - როგორც იქნა ამოთქვა, მაგრამ გულიდან...
-ძალიან დიდი მადლობა, მადლობა რომ შანსი მომეცი.
გულში რაღაც ჩაწყდა, კიდევ ერთხელ გადაიყვანა ჭკუიდან ცოლის სიტყვებმა.
-მარიამ, ნუ გადამრევ. ამაზე არც კი ვილაპარაკოთ. რატომ ჩურჩულებ?
-სახლში ჯერ კიდევ ყველას სძინავს, ვერაფრით მოვითმინე ვინმესთვის რომ არ მეთქვა.
დამიანე სიხარულისგან ფეხზე ვერ იდგა, რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, ცოლმა მას გაუზიარა პირველი თავისი ვერ დატეული სიხარული.
-სტუდენტობა ძალიან მოგეწონება. თბილისში როდის წახვალ?
-სწავლა ორ კვირაში იწყება, ალბათ რამდენიმე დღეში.
-კარგი, წარმომიდგენია მანდ რა ამბავი იქნება, ლეილა სიხარულისაგან გაგიჟდება.
იმ დღეს ჯერ სახლში იყო ერთი ამბავი, ლეილას გამოკვლევის პასუხებიც კი გადაავიწყდა, რომელსაც მოუთმენლად ელოდა. ბიჭები სტუდენტმა ბიცოლამ ისე გაამხიარულათ, გიორგის ანეკდოტებისაგან აღარ შეეძლოთ. ირაკლის ხმა აღარ ჰქონდა ბიცო, ბიცოს ძახილით. დამიანეს ყველა მეგობარმა დაურეკა, ნოდომაც კი ავღანეთიდან. მხოლოდ მისი მშობლები შეხვდნენ უღიმღამოდ ამ ყველაფერს, ვერაფრით გაეგოთ, მათი შვილი რატომ იწუხებდა თავს, რადგან არაფერი აკლდა. მარიამმა, მათთან დარეკვიდან რამდენიმე წუთში აიყვანა თავი ხელში.
მიუხედავად ყველაფრისა, დამიანემ მის ცხოვრებაში ცუდზე მეტი კარგი შეიტანა. პირველად გრძნობდა ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, რომ ვიღაცისთვის ჭეშმარიტად ძვირფასი იყო. ლეილას, ნოდარის, ტყუპების თვალებში დანახული გულწრფელი სიხარული, გაბედულად ეჯაჯგურებოდა სამი კვირის საშინელ მოგონებებს. ტელეფონის ზარები და უკვე მისთვისაც ახლობელი ადამიანები, რომც არ ნდომოდა, ბედნიერებას აიძულებდნენ.
***************
დამიანე თავის თავს არ ჰგავდა. უყურებდა სიხარულისაგან ფრთებშესხმულ ნოდოს და არ იცოდა თვითონ რას განიცდიდა. მეორე დილით უკვე თბილისში იქნებოდნენ, ბედნიერი იყო ნოდოს უვნებლად დაბრუნებით, მაგრამ საკუთარი თავის მართლა ვერაფერი გაეგო. ეშინოდა, რომ მარიამის სიახლოვეს ისე სწორად ვერ იაზროვნებდა, როგორც აქ... ეშინოდა, რომ ისევ ყველაფერს, თანაც უარესად გააფუჭებდა. კიდევ უფრო საშინელება არაბუნებრივი დამთხვევა იყო, ჩასვლა ზუსტად მარიამის დაბადების დღეზე უწევდა. საღამოსთვის ყველაფერი მზად ჰქონდა, მაგრამ თავის ადგილს ვერსად და ვერაფრით ხედავდა. ნოდოს თხოვა ვითომ სურპრიზი არ გაეფუჭებინა და ლიკუნასთვის ეთხოვა არაფერი ეთქვა. ნოდო ისე იყო თავისი ოჯახის ნახვის მოუთმენელ მოლოდინში გართული, რომ არაფერი აინტერესებდა.
-არაფერს ეტყვის, მეც პირდაპირ ყაზბეგში ავალ, ლიკუნა თავის დასთან ერთად იქაა.
-კარგი, ძმა ხარ.
****************
ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც მაშინ, გამოცდის წინა დღეს. ისევ ულამაზესი კაბა, ისევ ვერ ნაცნობი საკუთარი თავი... რესტორანში თითქმის ყველა თავისი ჯგუფელი დახვდა. სწავლა მხოლოდ ორი კვირა იყო რაც დაეწყო, ყველას არც კი იცნობდა. გოლიათი, კეთილი, ღიმილისაგან გაბადრული სახით. მაგიდასთან, ლაშა-გიორგი, იანა და ანდრია ესხდნენ, თიტქმის ყველა მასზე მეტს მხიარულობდა. რა თქმა უნდა უხაროდა ყველაფერი, მაგრამ საშინლად აკლდნენ ლეილა და ტყუპები. თავის თავს არ უმხელდა, მაგრამ სადღაც, გონებისა და გულის სიღრმეში იცოდა რომ დამიანეს იქ ყოფნაც გაახარებდა, რომელსაც იმ დღეს არც კი დალაპარაკებია.
*******************
მეორე სართულიდან უყურებდა, თავის, საოცრად ლამაზ ცოლს. როგორც ყველა აზიატს, მასაც სიამოვნებდა მარიამის ყოველი უარი, ჯგუფელი ბიჭების თხოვნაზე მათთან ეცეკვა. მაგრამ საშინლად აფორიაქებდა, მისი ვერ დაფარული უხასიათობა.
-დავით, გთხოვ შენ მაინც აცეკვე.
-არავის ეცეკვება. - უთხრა, მასთან მალულად ასულმა დავითმა.
-შენ გეცეკვება, ძალიან ცუდ ხასიათზეა, ალბათ არ უნდოდა დაბადების დღის გადახდა.
-შენს გამოა უხასიათოდ, ვერ ვხვდები რატომ არ ჩამოდიხარ და ეუბნები, რომ აქ ხარ.
-სახლში ვეტყვი. - დაამშვიდა გულწრფელად აღელვებული გოლიათი, რომელმაც მათზე არაფერი იცოდა.
სასაცილო იყო დავითის მსხვერპლი. ცეკვა არ უყვარდა, მაგრამ მათი გულისთვის ამისთვისაც მზად იყო, არც კი დაყოვნებულა მარიამი, ისე დათანხმდა. თვალები ერთიანად განათდა. დამიანე უყურებდა ოდნავ გამხიარულებულ ცოლს და თან უნდოდა ლაშა-გიორგი გემრიელად ეცემა, რომელსაც მარიამის ერთი ჯგუფელის გარდა არაფერი ახსოვდა.
**********************
სახლში მისულს, მისაღებში დანახულმა ჩანთებმა გულისცემა აუჩქარა. მხედველობა დაუბინდა, მომავალი დამიანეს სილუეტმა. თითქოს გაქვავდა, არ იცოდა რა ექნა, რა ეთქვა. იცოდა რომ მალე ჩამოვიდოდა, მაგრამ მისმა წასვლასავით გაუფრთხილებელმა ჩამოსვლამ ყველაფერი გულდასმით აურია.
-დამიანე. -ძლივს ამოილუღლურა, თან თვალს ვერ აშორებდა მის ზომაზე მეტად გარუჯულ სახეს, დაღლილ, ჩასისხლიანებულ თვალებს.
-გილოცავ. უკვე გვიანია, მაგრამ ეს შენ. ახლახანს ჩამოვფრინდი და აქამდე ვერ მოვახერხე. - ახლაღა შეამჩნია მის ხელში მინდვრის ყვავილების უზარმაზარი თაიგული. თითქოს ერთმანეთის ეშინოდათ, თაიგული მიაწოდა თუ არა, მაშინვე თითო ნაბიჯით უკან დაიხია ორივემ.
-მიხარია, რომ კარგად ხარ და ჩამოხვედი, ყველაფრისთვის დიდი მადლობა. - დამიანეს უსაზღვროდ სიამოვნებდა მისი სიხარულისაგან გაბრწყინებული თვალების დანახვა, ძლივს შენარჩუნებული სერიოზული გამომეტყველება. მასავით, ვერ გადაწყვეტილი მოქმედებები, რომელიც ერთ ადგილზე მოძრაობას აიძულებდა.
-რატომ არავის ეცეკვე? მაპატიე, თუ დაბადების დღის აღნიშვნა არ გინდოდა.
-შენ რა იცი, რომ არავის ვეცეკვე?
-დავითს დავურეკე აეროპორტიდან და მან მითხრა.
-შენ იქ იყავი?
-რა? არა, რა იქ ვიყავი, რესტორნიდან უკვე გამოდიოდით დავითს რომ დავურეკე.
-როგორც კი მივედით, დავითის ტელეფონს შამპანური გადაესხა, გზაშიც კი ამაზე ბრაზობდა.
დამიანეს სახეზე გამომეტყველებები საოცარი სისწრაფით სცვლიდნენ ერთმანეთს, უყურებდა ცოლს, რომელიც მისგან პასუხს ელოდა და არ იცოდა რა ეთქვა. დავითის ტელეფონი მართლა არ დასჭირვებია, მათზე ადრე მივიდა რესტორანში და იქ თითქმის ყოველ თხუთმეტ წუთში ადიოდა მასთან გოლიათი.
-იქ იყავი? ხომ ასეა?
-კი, იქ ვიყავი. - ძლივს დაეთანხმა დამიანე.


რესტორნიდან მათზე ადრე წამოსულმა ანდრიამა და ლაშა-გიორგიმ, შეუძლებელი გახადეს სიმართლის დამალვა.
-რატომ არ მოხვედი ჩვენთან? - მარიამს ეგონა კანკალი, რომელიც მის სხეულს დაპატრონებოდა, დამიანესთვისაც კი შესამჩნევი იყო.
-არ მინდოდა ჩემი იქ ყოფნით შენთვის ცუდი ხასიათისა და უხერხულობის განმსაზღვრელი ვყოფილიყავი. თან ვიფიქრე რომ თავად თუ შეადგენდი სტუმართა სიას, მე მათ შორის არ ვიქნებოდი.
უკვე ფიზიკურადაც მტკივნეული იყო, ერთმანეთთან ასეთი სიშორე და ასეთი სიახლოვე. დამიანემ ზუსტად იცოდა, რომ ეს პატარა არსება მთლიანად დაეპატრონა. იცოდა როგორ გაუჭირდებოდა თავის შეკავება არ შეხებოდა, არ ეთქვა ის რასაც ფიქრობდა. როგორ ნანობდა, აეროპორტში ყველასთან ერთად რომ არ თხოვა დახვედრა, იქ ხომ ერთხელ მაინც მოუწევდა მისი ჩახუტება. გულით სჯეროდა, რომ სხვების თანდასწრებით უფრო წრფელი იქნებოდა მარიამის რეაქცია, ვიდრე აქ, სადაც მაქსიმალურად, არაადამიანური ტკივილის ფასად ცდილობდნენ ყველაფრის დაფარვას.
-ამას როგორ ამბობ? მე მართლა გამიხარდა შენი ჩამოსვლა.
-ვიცი, მაგრამ ეს ნორმალური არ არის?
-ძალიან გთხოვ სიმართლე მითხარი, აღარ შემიძლია მხოლოდ ჩემი ვარაუდებით გაურკვევლობაში ცხოვრება.
-მშვიდი ძილი, მარიამ. - ვითომ არაფერი გაუგონია. ძლივს შენარჩუნებული წონასწორობით გადაადგა ნაბიჯი საძინებლისკენ. ისევ ავღანეთში ხედავდა გამოსავალს, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მარიამისთვის უნდა მიეცა საშულაება ესწავლა, მიეცა საშუალება მშობლებისა და მის გარეშე ეზრუნა საკუთარ თავზე. მიეცა არჩევანის თავისუფლება... თეორიულად თითქოს შესაძლებელი იყო, ეს ყველაფერი... მაგრამ თითქოს... იცოდა როგორ გაუჭირდებოდა და რა ფასად დაუჯდებოდა, იცოდა რომ უბრალოდ ვერ შეძლებდა მისგან სიშორეს მასთან ასე ახლოს მყოფი...
გამოუთქმელი სიხარული... ვერ დაჯერებული მისი კარგად ყოფნა და უკან მოტოვებული ავღანეთი. საქციელი, რომელზეც თავს პასუხს არ თხოვ და ემოციები, რომელიც არაფერს გეკითხება.
ჩასისხლიანებული, გამოუძინებელი თვალები, რომელიც სითბოსა და ტკივილს ვერ იტევს. ერთმანეთის მსგავსი შეგრძნებები და ვერც ერთხელ ნათქვამი მიყვარხარ... წარსული, მკვრადშობილი აწყმოთი და მომავლით.
ღამით, უამრავჯერ გაიფიქრა, უბრალოდ შეეხედა მის ოთახში და მძინარე დაენახა, მაგრამ, რომ წარმოიდგინა როგორ შეიძლება შეეშინებინა, ისევ აივანზე გავიდა. გრძნობდა რაღაცის გაუჩერებელ ტკივილსა და მონატრებას, რომელის უკვე გაუსაძლისი ხდებოდა. ექვსი არ იყო ოთახიდან რომ გამოვიდა, სამზარეულოში კი მარიამი დახვდა. გააზრება, რომ ის მასზე უკეთესად არ იყო, სული უარესად შეუხუთა. ეცადა ღიმილით მისალმებოდა, მაგრამ ვერაფრით დაიმორჩილა თვალები, რომლის გარეშეც ღიმილი, სახის უღიმღამო მიმიკად დარჩა...
-ასე ადრე რატომ ადექი?
-სარბენად. მაგრამ მეგონა რომ შენ დღეს მაინც დაისვენებდი.
-არ ვარ დაღლილი.
-მე არც ერთი დღე არ გამომიტოვია. - ბავშვურად, ჩვეული გულუბრყვილობით მიახარა და მაშინვე თავი დახარა ლოყებაწითლებულმა. ახლა კი მართლა გაეღიმა დამიანეს.
-წავიდეთ უკვე?
-ყავას არ დალევ? ხომ სვამდი ხოლმე...
-კი, დავლევ.
მისთვისაც, უკვე გაფილტრულმა ყავამ, დამახსოვრებულმა, ზუსტად ჩაყრილმა საკმარისმა შაქარმა და სახლის გემომ, თითქოს ყველაფერი შინაგანად შეურყია. რაღაც, ვიღაც გამალებით ღრიალებდა მის სულში, რომ ყველაფერი უარესად იქნებოდა, თუ ამას შეეჩვეოდა.
-მამიდას პასუხები, ერთ კვირაში ჩამოვა, ხომ? - ძლივს მოახერხა ხმის ამოღება და ვერატანილი დუმილის დარღვევა.
-კი, იცის რომ ჩამოხვედი?
-არა, მინდა რომ ჩავიდეთ.
-ძალიან გაეხარდება შენი ნახვა.
-პარასკევს რომ წავიდეთ, შენ პრობლემა გექნება? შაბათს სწავლობ?
-არა, პარასკევს შუა დღიდან თავისუფალი ვარ.
-კარგი, მაშინ პარასკევს წავიდეთ.
******************
შემოდგომის ფერებშეპარული სოფელი ბედნიერი კაცის სიმშვიდით. სახლში შესულები არ იყვნენ, ტყუპებმა რომ ჭიდაობა დაუწყეს დამიანეს. ლეილას ბოლო პერიოდში პირველად ხედავდა ასეთ ბედნიერს, რომელიც ქოთქოთით ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. დამიანე კინაღამ გაგიჟდა მისი ფქვილიანი ხელების დანახვაზე,
-ლილა არ გადამრიო, რა დროს ხაჭაპურია, დაჯექი რა.
-შენმა ცოლი უკვე გადაირია, ანგელოზი გყავს შვილო, თან გადამყვა, არც კი ვიცი როგორ გითხრა, რაც მაგან ჩვენთვის გააკეთა. რაც აქ იყო, ხელი არ გამინძრევია, ეგ გვივლიდა ოთხივეს. - ქალი, წინსაფრის კიდით იმშრალებდა ცრემლიან თვალებს.
დამიანე თბილად ჩაეხუტა მტირალ ლეილას და მაშინვე სამზარეულოსკენ წავიდა. ცომში ხელებჩაყოფილი, თავწაკრული მარიამის დანახვა, ერთით მეტი გაუნელებელი ჭრილობა იყო მის სულზე. ტკივილიანი ღიმილით აეყუდა თაღის კუთხეს ფეხებგადაჯვარედინებული.
-დაანებე რა თავი, ცოდო ხარ, ნუ ვჭამთ დღეს ხაჭაპურს.
-ლეილა გაგიჟდება, იცის რომ ცხელი ხაჭაპური მოგენატრებოდა. თან ცოდო არ ვარ.
-მე შემიძლია რამეში მოგეხმარო?
-არა, შენ რაში უნდა მომეხმარო?
-რა ვიცი, ხაჭაპურებს გადაგიბრუნებ ხოლმე. - მარტივად გამოძებნა თავისი საქმე და ღიმილიანი შეაცქერდა თვალებგაფართოებულ ცოლს.
-დაგცხება, თან დაისვრები.
ამასობაში ლეილა შემოვიდა სამზარეულოში, რომელიც მაინც ვერ ისვენებდა. სასაცილო იყო დამიანე თეფშებითა და ჭიქებით ხელში, ლეილას ჩრდილივით უკან რომ დაჰყვებოდა მძიმე არ აწიოო. სუფრის გაშლის შემდეგ ისევ მარიამის ჯერ მოვიდა, რომელსაც უკვე ცომის ამოხელვა დაეწყო. არც კი უკითხავს ისე დაიწყო არჩეული მოვალეობის შესრულება. ლეილამ როგორც კი დაინახა მათი მხიარული იდილია, მაშინვე უკან გაბრუნდა. საშინელ ტკივილს გრძნობდნენ, რომელიც მუცლის სპაზმით დაიწყო და მთელს სხეულს მოედო. დამიანე ვერ გრძნობდა ვერც გახურებული ღუმელის გაუსაძლის სიცხესა და ვერც უკვე მერამდენე ღამის უძილობით გამოწვეულ დაღლილობას. ისევ ის, უკვე გათავსიებული სითბო და სიცივე, მარიამის ყოველ მზრუნველ გამოხედვაზე ხელი არ დაეწვა, არ დასვრილიყო…
************
მეორე დილით იკამ თავი გაიგიჟა სანამ წყაროზე არ წაიყვანა. ლეილამაც სიხარულით დაუკრა კვერი, კარგად გაერთობით, ახლა გააკეთეს და ბუნებაში გასეირნებაც არ გაწყენთო.
ორმოცი წუთი იარეს ტყეში, დამიანე ბავშვობის შემდეგ არ იყო ნამყოფი. სამივე გაფაციცებით შესცქეროდა მარიამს, ფეხი რომ არ დასცდენოდა. სასიამოვნო იყო ტყის სიგრილე, სიმწვანე, რომელიც არ ჰგავდა ქალაქისაგან დაჩაგრული ხეების მოჩვენებით სიმწვანეს. წყარო პაწაწინა მთების შუაში მოქცეულიყო, რთული იყო ხეებისაგან დაფარული ცის დანახვა, ალაგ-ალაგ ჩამომავალ სხივებზე კი ნაირფერად ბრწყინავდა წყაროს შხეფებით დანამული ბალახი. იკა სამწვადეს ამზადებდა, დამიანე და გიო კი ფერდობზე ფიჩხებს აგროვებდნენ.
მომავალი დამიანე თვალს ვერ აშორებდა გულწრფელი ღიმილით სახეგანათებულ ცოლს, მათ შორის რამდენიმე მეტრიღა იყო დარჩენილი. მარიამის გაბრწყინებული თვალები შიშით რომ აივსო, მთელი სხეულით აეკრა მაგიდას. სულ რამდენიმე წამში, მარიამის სხეული მთელი ძალით ჩაეკრა გულში, პატარა ბავშვივით მუჭებით რომ ისრესდა ცრემლიან თვალებს. დამიანე ისეთი სინაზით ჰკოცნიდა თავზე, საეჭვოა ეგრძნო.
-დამშვიდდი, გთხოვ, ნუ ტირი, ხომ ხედავ უკვე მკვდარია. - დამიანეს ისევ ყურებში ჩაესმოდა თავისი სახელი, სულ ცოტა ხნის წინ გაფითრებული მარიამი, განწირულივით რომ უძახდა. - თუ გინდა წავიდეთ.
-არა, დავრჩეთ, უკვე კარგად ვარ. - შიშით გახედა მკვდარ გველს და სუფრის გაწყობა დაამთავრა. დამიანე გვერდიდან არ მოშორებია მთელი დღე, მის სუნთქვის სიხშირესაც კი აკვირდებოდა.
***************
საცოდავად იყო მოკუნტული დივანზე. უკვე ღამის ოთხი საათი იყო, მას კი თვალი არ მოეხუჭა. ვერც დამძიმებულ სხეულს გრძნობდა და ვერც ჯერ კიდევ შემოდგომისგან ვერ მორეულ შემაწუხებელ სიცხეს. გონებით ისევ წყაროსთან იყო, თითქოს ახლაც ეხებოდა მის სრიალა თმასა და შიშისაგან აცახცახებულ მხრებს, თითქოს ახლაც ესმოდა თავისი სახელი. საშიშროების ჩავლის შემდეგ, თითქოს ვერგააზრებული ბედნიერება ერთიანად დაატყდა თავს, რომელიც ჯერაც არ განელებოდა. ის, რომ მას ეიმედებოდა, სინდისს უმძიმებდა, მაგრამ მაინც, მაინც პატარა ბავშვივით აღაფრთოვანებდა გულის სიღრმეში.
****************
-დამიანე. - შწუხებული სახით ატუზულიყო მარიამი დივანთან და ხელის გულზე რაღაცას დაყურებდა.
-რა არის მარიამ? - შეშფოთებული, მაშინვე წამოდგა და მისკენ წავიდა.
-მამიდამ ეს ბეჭედი წინა ჩასვლისას მაჩუქა, მაშინ დავტოვე, ახლა კი ალბათ ჩუმად ჩადო ჩემს ჩანთაში. ძალიან უყვარს, თან ნოდარი ბიძიას ნაჩუქარია, გამოკვლევებისთვის უნდოდა გაეყიდა. - დამიანე სასაცილოდ დაჰყურებდა პაწაწინა, ლამაზ ბეჭედს და მარიამის საქციელი, როგორც ყოველთვის სასიამოვნოდ აოცებდა.
-ალბათ უნდა რომ შენ გქონდეს, ამაში ცუდი რა არის?
-სირცხვილია, მე იმიტომ ვუვლიდი, რომ მინდოდა, ეს ბეჭედი კი არ მინდა. ნოდარი ბიძიას ბეჭედზე ხომ გული დაწყდება.
-ნუ ნერვიულობ, ლეილას ისე შეუყვარდი ემეტება და გაჩუქა. გული არ დაწყდება, თუ შენ გექნება. თან თუ გინდა, რომ წავალთ, ჩვენც ვუყიდოთ ლამაზი ბეჭედი და ვაჩუქოთ. ამაზე აღარ ინერვიულო. - დამიანეს სიმშვიდე და სასიამოვნო ხასიათი გადამდებივით მოქმედებდა. რამდენიმე წამში, გაბუსხულ, მაგრამ უკვე დამშვიდებულ ბავშვს ჰგავდა მარიამი, სათუთად ჩაებღუჯა ბეჭედი და გასაკეთებლადაც ვერ გაემეტებინა.
-კარგი. - უთხრა თბილად და მადლიერი მზერა მიაბყრო. - დავურეკავ და მადლობას ვეტყვი.
-კარგი, გაეხარდება.
-არ ივახშმებ?
-არა, არაფერი მინდა. რაღაც საქმე მაქვს და დავწვები.
-მაშინ მე დავიძინებ, მშვიდი ძილი.
-შენც, მარიამ, უფალი გფარავდეს. - მზერით ეფერებოდა ცოლის ნაზ, ნელი ნაბიჯით მიმავალ სხეულს. კარის დაკეტვის ხმაზე, გულში რაღაც ჩაწყდა, ჩამქრალი თვალებით მიუბრუნდა ლეპტოპის მონიტორს.
***************
დამიანემ არ ისარგებლა დამსახურებული შვებულებით, ცდილობდა რაც შეიძლება ნაკლები დრო გაეტარებინა სამსახურში და თან როგორმე ავღანეთში დაბრუნება მოეხერხებინა. ყველა წინააღმდეგი იყო, შორიდან თითქმის ყველაფერი დალაგებული ჩანდა მის ცხოვრებაში, არავის ესმოდა რა დარჩენოდა იქ, სადაც ერთხელ წასვლაც კი არავის უნდოდა. ცოლთან თითქმის არ ურთიერთობდა, ასე უფრო ადვილი იყო ორივესთვის. ელემენტარული სიახლოვეც კი ყველა ისედაც ვერ შეხორცებულ ჭრილობას უხსნიდა. არაფერი იყო ეს იმასთან, რასაც მარიამის ჩამქრალი და ტკივილიანი თვალები იწვევდა მასში. ეს იყო ძალა, რომელიც ყველაფერს ართმევდა, ხალისს, სიცოცხლის უნარს, პატიების იმედს... ყველაფერს... საერთო მხოლოდ დილის სირბილი იყო და ძილის წინ დამშვიდობება. რამდენიმე სიტყვა, რომელიც განუსაზღვრელ გრძნობას იტევდა.
**************
-დღეს მე და ბიჭები კალათბურთს ვთამაშობთ. ყველანი იქნებიან, იქიდან კი რესტორანში წავალთ. - ხვდებოდა, რომ ვეღარ იყო ისეთი კატეგორიული, როგორც ადრე. ვერც თხოვნას ბედავდა უარის შიშით. მარიამი კი ვერ ხვდებოდა რა უნდა ეთქვა. -სპორტის სასახლეში ხუთისთვის წავალთ.
-კარგი. - უემოციოდ ამოთქვა მარიამმა და სირბილი უფრო სწრაფად განაგრძო.
******************
დარბაზი სულ ცარიელი იყო. მხოლოდ თვითონ იყვნენ და მოწინააღმდეგე გუნდის რამდენიმე გულშემატკივარი. ლიკუნა უხსნიდა, რომ ასე ხშირად ქირაობდნენ ხოლმე საღამოობით სპორტის სასახლეს და მთელი სერიოზულობით თამაშობდნენ მთელ თამაშს. თავიდან მარიამს ძალიან ეუხერხულებოდა გულშემატკივრობა, ეგონა ძალიან არაბუნებრივად გამოუვიდოდა ქმრის სახელის მთელი ემოციით ყვირილი და ამჯობინა სულაც გაჩუმებულიყო. თამაშმა კი ნელ-ნელა ისეთი სახე მიიღო, სკამზე ჯდომაც კი რთული გახდა მისთვის. თანაც იანა და ლიკუნა ისე იყვნენ ჩართულნი, პირველად ვერც კი გაიგო, როგორ შემოკრა ტაში ფეხზეწამომდგარმა და სახეგაბრწყინებულმა ქმრის შესანიშნავ სამქულიანზე. გადამწყვეტ წუთებში კი მთელი მონდომებით ყვიროდა ქმრის სახელს, გააზრებამ რომ ეს სახელიც კი განსაკუთრებულად ძვირფასი იყო შეაკრთო. მიხვდა როგორ მოსწონდა მისი წარმოთქმა და საშინლად შერცხვა. დამიანეს მომღიმარმა სახემ, რომელსაც მიუხედავად თამაშისა, არაფერი გამორჩენოდა სახე აუწვა, არ იცოდა რა გაეკეთებინა. შხაპის შემდეგ, სწრაფად განაწილდნენ მანქანებში და რესტორნისკენ ავიდნენ.
-დიდი მადლობა გულშემატკივრობისათვის. თქვენი დამსახურებაა, რომ მოვიგეთ. - ფრთხილად აგრძნობინა, რომ მართლა ყველაფერს ხედავდა.
-კარგად ითამაშეთ.
-კალათბურთი მაგრად გვიყვარს, თან ჩვენ ოთხი წლებია შეთამაშებულები ვართ და ეს არგამხელილი უპირატესობაა. -სიცილით გადმოხედა ცოლს, რომელიც აწითლებული სახის დამალვას ფანჯარაში ყურებით ცდილობდა.
-თქვენი ქმრები რომ ალპინისტობდნენ, იცით? - სიცილისაგან აღარ შეეძლო ლაშა-გიორგის. ლიკა და მარიამი გაოცებულები უყურებდნენ, მას კი სიცილისგან ლაპარაკის გაგრძელება არ შეეძლო.
-მოკლედ, ოცდაორი წლის ბრძანდება ბატონი დამიანე, ნოდო თვრამეტისაა და გადაწყვიტეს, რომ ალპინიზმში საკუთარი თავები იპოვეს. - გააგრძელა ანდრიამ. - მე და ლაშა-გიორგი თავიდან არასერიოზულად შევყურებდით ამ ამბავს, მთაწმინდას ეგრევე უშბა მოაყოლეს. - უკვე ანდრიაც ვერ ითქვამდა სულს. - ისეთი სახეებით ემზადებოდნენ ექსპედიციისთვის, მე და ლაშა-გიორგი ვფიქრობდით მაქსიმუმ სამ თვეში ესენი ევერესტიდან დაგვიქნევენ ხელსო. სიმართლე გითხრათ სვანეთში ჩასვლისას უკვე მაგრად შეგვეშინდა, მაგრამ ესენი ზედაც არ გვიყურებდნენ. მეორე საღამოს შენი ქმარი თითებმოყნული, ეს ვაჟბატონი კი ფეხმოტეხილი ჩამოიყვანეს. მაგრამ მთაწმინდა ოქროს ასოებით წერია ამათი ალპინისტობის ისტორიაში.
-ანდრია მაგრად დაგერხევა. - დაიღრინა სახეგაბადრულმა ნოდომ.
-რა მოვყევი ტყუილი? ორი თვე ხმას არ გვცემდით სიცილის გამო. დამიანეს სახე არ დამავიწყდება, თითებზე რომ უთხრეს თუ არ მიხედავ შეიძლება სროლაში შეგიშალოს ხელიო. ერთი თვე სახლიდან არ გამოდიოდა ჩვენი გენერალი.
ამას ათასი სხვა მოყვა, ლაშა-გიორგის ბათუმში გადარჩენილმა უკრაინელმა ცრემლებამდე აცინა ყველანი. ლაშა-გიორგის კი ვითომ არ ესიამოვნა უკრაინელი საცოლის გახსენება, რომელიც ორშვილიანი და გათხოვილი გამოდგა.
უკვე გვიანი საღამო იყო, მაგრამ წასვლა არავის უნდოდა, ბიჭები რესტორნის ეზოში გავიდნენ მოსაწევად. მხოლოდ დამიანე დარჩა გოგოებთან, რადგან ვერც მარტო დატოვებდა და თან არც ეწეოდა. ძალიან იყო დაღლილი, მაგრამ მარიამის მომღიმარი სახის დანახვაზე, წასვლა არ უხსენებია. მოულოდნელად გვერდით მაგიდასთან მსხდომმა ბიჭებიდან ერთ-ერთმა მოისულ ოფიციანტს დანა გაუხსნა. ქალი გაშრა, განძრევას კი ვერ მოახერხა. მარიამი ვერც კი მიხვდა როგორ გაჩნდა ასე უცებ დამიანე მაგიდასთან.
-გარეთ გამოდი. - ღრიალებდა დამიანე, რომელიც უკვე ოფიციანტის წინ იდგა.
მარიამმა ვერ გაიგონა, რა უთხრეს სუფრის წევრებმა, ყველა ერთიანად წამოდგა. ქმრის შეშლილი სახის დანახვაზე ეგონა საყრდენი გამოეცალა, ხვდებოდა იმასაც რომ ახლა იქ მისვლით უფრო გააბრაზებდა დამიანეს. მაგრამ ვერც ერთ ადგილას ჩერდებოდა. ეგონა გული გაუჩერდა მოქნეული დანის დანახვაზე, რამაც უარესად გააბრაზა დამიანე, რომელიც აღარ ცდილობდა თავის შეკავებას. რამდენიმე წამში დაცვამ და ბიჭებმა ძლივს გააჩერეს, მხოლოდ ოფიციანტისთვის მოხდილმა ბოდიშმა დაამშვიდა.
თეთრი პერანგი მთლიანად სისხლით ჰქონდა დასვრილი მუცელთან. ძმაკაცებმა იცოდნენ, რომ ასეთ დროს არაფერი უნდა ეთქვათ მისთვის. იცოდნენ ისიც, რომ ის ყოველთვის მართალი იყო. დამიანეს მაინც არაფერი ესმოდა, ფრთხილად მოკიდა შეშინებულ მარიამს ხელი, თავისიანებს დაემშვიდობა და მანქანისკენ წავიდა.
-მარიამი, შეშინებული უყურებბდა მის სისხლიან პერანგსა და მუცელზე მიდებულ ცალ ხელს.
-დამიანე. - როგორც იქნა გაბედა.
-ნუ ნერვიულობ, სერიოზული არაფერი, თვითონ მივხედავ. ძალიან დიდი ბოდიში ამის ნახვა რომ მოგიწია, მაპატიე.
-იქნებ სჯობს საავადმყოფოში მივიდეთ.
-არა, შენ ნუ გეშინია. - მარიამი გააქვავა მისმა გრძნობიერმა, აწყლიანებულმა თვალებმა. ძლივს დათმენილმა სურვილმა, მოხვეოდა.
შეშინებულმა მარიამმა ძლივს მოძებნა საჭირო ნივთები. დამიანეს ყვირილის გაგონებაზე, ნერვიულად დააწყო ყველაფერი მაგიდაზე. დამიანეს სახე შეშლოდა. მხოლოდ მისი დანახვისას გაჩუმდა, მაგრამ ერთიანად დაძაბული სხეული შეუძლებელს ხდიდა განრისხების დაფარვას. მარიამს სულ უკვირდა დამიანეს ყელზე, უბრალო ხის ჯვრის დანახვა, ხვდებოდა რომ რაღაცით განსაკუთრებული იყო ეს უბრალო, ძველი ჯვარი, რადგან პატრონი ჯიუტად არ ცვლიდა. ახლა კი მისგან მხოლოდ იატაკზე დავარდნილი ხის რამდენიმე მძივი დარჩენილიყო.
-ეს ჯვარი მამაჩემის დაკრძალვაზე მისმა მოძღვარმა მაჩუქა. ჩვიდმეტი წელი მეკეთა და ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. - როგორც ჩანდა ჩხუბისას ჯვარი გატეხილიყო და მისი თოკი გამწყდარიყო.
-ძალიავ ვწუხვარ. მაგრამ გთხოვ ჭრილობა მალე დაიმუშავე, სისხლი ისევ მოგდის. დამიანემ სწრაფად გაიხადა პერანგი, რომლის ღილებიც უკვე შეეხსნა. რამდენიმე სანტიმეტრიანი ჭრილობა სიგრძეზე გასდევდა ჭიპს ქვემოთ. მარიამს სუნთქვა შეეკრა, მაგრამ მის გვერდით შრამის დანახვამ, რომელიც აქამდე არასდროს ენახა უარესად ააფორიაქა?
-ეს ხომ არ გქონდა?
-რა მარიამ? - დამიანეს ისევ ვერ დაეთრგუნა გაბრაზება, გატეხილი ჯვრის გარდა ვერაფერზე ფიქრობდა.
-ეს შრამი. ნამდვილად არ გქონდა. ავღანეთში დაიჭერი? - მარიამს ხმა აუკანკალდა, ტკივილიანი, გაფართოებული თვალები გადმოცვენას ჰქონდა.
-სერიოზული არაფერია.
-როდის დაგჭრეს? რატომ არაფერი თქვი?
-შენი პირველი გამოცდის წინა დღეს. რა უნდა მეთქვა? უკვე მილიონჯერ გითხარი რომ შენ ჩემზე არ უნდა ნერვიულობდე, მე შენთვის არაკაცი ვარ, ცხოველი ვარ, გესმის? არ შეიძლება ასეთი კეთილი იყო ჩემს მიმართ? არ შეიძლება მაგრძნობინებდე რომ რაიმე კარგს ვიმსახურებ... შენგან არა, მარიამ, შენგან არა... ახლაც, შენ მშვიდად უნდა გეძინოს, არ უნდა უყურებდე აცრემლიანებული თვალებით ჩემს ნაკაწრებსა და სისხლიან პერანგს. ეს უსამართლობაა. - დამიანეს თვითონ აუცრემლიანდა თვალები, ამ პატარა საოცრების სიყვარული ახრჩობდა.
-ჭრილობის შეხვევაში დაგეხმარები. - ძლივს ამოილუღლუღა და მარლა აიღო. დამიანეს მის შეხებაზე გააჟრჟოლა.
-გთხოვ, შენს ოთახში გადი.
მარიამს გული დაწვა მისმა უსიცოცხლო ხმამ და ჩამქრალმა თვალებმა. უხმოდ მიაწოდა მარლა და ოთახისკენ წავიდა.
დამიანეს არც სურვილი ჰქონდა და არც ნერვები ჭრილობის დასამუშავებლად, არც მუცელზე შემხმარი სისხლი და გაუჩერებელი წვა აღელვებდა. ძლივს შეაგროვა საკუთარი თავი, მხოლოდ აუცილებლობის გამო სწრაფად დაიმუშავა ჭრილობა და დივანზევე მიწვა.
მარიამი მთელი ღამე ბორგავდა, გრძნობები, წარსული დაუნდობლად ესხმოდნენ თავს და ვერ მიმხვდარიყო რა იყო სწორი. დილას, ჩვეულებისამებრ ექვსისთვის ადგა, დივანზე მოკუნტული დამიანეს დანახვაზე გული მოეწურა. რამდენიმე წუთი თვალისმოუშორებლად უყურა, მის მოღუშულ სახეს, შემდეგ კი ფეხაკრეფით გავიდა სამზარეულოში. იქიდან გამოსულს დამიანე გაღვიძებული დახვდა.
-როგორ ხარ? ძალიან გტკივა?
-კარგად ვარ, არა, საერთოდ არ მტკივა.
-მე სარბენად წავალ, მანამდე კი ხომ ისაუზმებ?
-წადი შენ, მე გავიმზადებ საუზმეს.
-დღეს მაინც იწექი, პატარა ჭრილობა არ გაქვს, თან საერთოდ არ დაგისვენია. - დამიანეს ტკივილიანად ჩაეცინა. მარიამმა ეს თანხმობად მიიღო, სამზარეულოდან ყავის ფინჯანთან ერთად რამდენიმე კრუასანი გამოუტანა და სახლიდან გავიდა.
დაბრუნებულს ანდრია, ლაშა-გიორგი და ნოდო დახვდნენ, გარშემო შემოსხდომოდნენ ძმაკაცს და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.

****************
დამიანე მხოლოდ ორი დღე გაჩერდა სახლში, თითქმის არ გამოდიოდა თავისი ოთახიდან მარიამისთვის უარესი უხერხულობა რომ არ შეექმნა, თან შეუხებლობის პირობა, რომელსაც უკვე ცხრა თვე იყო დაურღვევლად ასრულებდა, ასე უფრო ადვილი შესასრულებელი იყო. გრძნობდა რომ ვეღარ ერეოდა იმას რასაც მთელს სხეულში, სულში და გონებაში გაედგა ფესვები... პატარა ბიჭივით უკვე რამდენი თვე იყო, გამალებით უცემდა გული მისი დანახვისას... ამ ყველაფრის დაუმსახურებლობა კი სულს უხუთავდა. გრძნობდა რომ ვერაფრით ჩამოირეცხდა ამ სიბინძურეს, ახლა რაც არ უნდა გაეკეთებინა ცოლისთვის. მარიამს ყველა ჯერზე უფრო დამწუხრებულს შეჰქონდა მასთან კერძებით სავსე სინი, რადგან იცოდა რომ არაფერი მოაკლდებოდა... მესამე დილით კი, მიუხედავად ჭრილობისა მარიამი გააფრთხილა რომ დააგვიანდებოდა და ბაზაზე წავიდა.
ტკივილი, რომელსაც ვერ იტევ... შიში ვერ გამართლებული იმედების... სიახლოვე, რომელიც უფრო მეტად გტკენს ვიდრე სიშორე. გამუდმებით ცდილობდა ავღანეთში წასვლის უფლების მოპოვებას... ბრუნდებოდა ძალიან გვიან და ისევ საერთო, დილის სირბილი... ცოლი თავისი მომნუსხველი მდუმარებით, ნატანჯი მზერითა და ძალიან დიდი, კეთილი გულით...
**************

თბილისში უკვე საკმაოდ აცივებულიყო. ნომებრის ბოლო და წყვდიადის მოლოდინი. დამიანე ვერც ერთ წელს უძლებდა ამ დღის მოლოდინს, სული ძლივს მიჰქონდა მარმარილოს ზღუდემდე და მთელი დღე იქ იჯდა. ემოციების, ტკივილის, მონატრებისაგან მკვდარი გულითა და ცარიელი თვალებით.
სასაფლაო, განსაკუთრებულად უსახური იყო ასეთ ამინდში. სრული სინაცისფრე, ცივი სიმშვიდე და მძიმე სული, რომელსაც ძლივს მიათრევ. ამ დღეს ვერაფრით გრძნობდა ხოლმე სიცოცხლეს. დედამისს განსაკუთრებულად უყვარდა თავისი დაბადების დღე. დამიანეც სულ ცდილობდა რაიმე განსაკუთრებული გაეკეთებინა მისთვის. რამდენიმე დღით ადრე იწყებდნენ ხოლმე ის და მამა მზადებას, დამიანეს ისე სიამოვნებდა მამასთან საერთო საქმე და საიდუმლო, რომ ნამდვილი სამხედრო საიდუმლო ოპერაციის სერიოზულობით ეკიდებოდა.
ასე იყო ყოველთვის, მამა წითელი ვარდებითა და მისთვის გასაოცარი სურპრიზით... უკვე მეჩვიდმეტე წელია მას მიჰქონდა მამას მაგივრად წითელი ვარდები. მეჩვიდმეტე წელია ცდილობდა თავისი თავი მართალ პიროვნებად შეეგროვებინა, რომ ასე მაინც გაეხარებინა ისინი.
ახლა კი, მეათე თვე იყო, სასაფლაოსთან მოწყალების მთხოვნელ ბავშვს თხოვდა საფლავზე ყვავილების მიტანას. ამ დღესაც მთელი დღე იქ იყო და გრძნობდა რომ ასე არასდროს გასჭირვებია. ყველაფერი ერთმანეთში აერია, ტკივილი, რომელიც არაფრით განელდა, დედისთვის მაინც ვერ ნაპატიბი თვითმკვლელობა. თავისი გმირი, რომელიც მოუკლეს და ოჯახი, რომელიც განცდების გარეშე გაუცამტვერეს.
ყველაფერი ისე იყო ერთმანეთში აბურდული. ახლა კი უკვე თავისი დაულაგებელი ცხოვრებაც
შურისძიების სურვილს ამოფარებული ვნება და ისევ წყვდიადი. სიყვარული, რომლის უფლებაც არ გაქვს და სული რომელსაც ვეღარ ერევი.
არ ახსოვდა როგორ მივიდა სახლამდე.

მარიამის ნანერვიულებული, მაგრამ უეცრად დამშვიდებული თვალები მისი სილუეტის დანახვაზე... მერე კი გახსენებული შიში... ისევ ამღვრეული თვალები... ხელები რომელიც არაფერს გეკითხება და ტკივილი, რომელიც წარსულისკენ მიგათრევს.
გაუაზრებლად მოხვია ხელი ცოლს, ჩასისხლიანებული თვალები უელავდა. თითქოს სადღაც სხეულის სიღმეში გრძნობდა ყველაფრის სიშავეს, მაგრამ ვერ ჩერდებოდა. პირველივე კოცნისას მიხვდა რომ ვეღარასდროს იქნებოდა მასტან უხეში, ვეღარასდრო აკოცებდა ზიზღით... რომ ის რაღაც იმ სამმა კვირამ დაიტია და დაიტოვა. კოცნიდა ვერ მორეული გრძნობით, გახელებული ვნებითა და უკიდეგანო მონატრებით. გრძნობდა მისი ღაწვების სიველეს, მის მოფართხალე, მევბრძოლ სუსტ სხეულს, მაგრამ ვერაფრით ჩერდებოდა. ვერაფრით დაიმორჩილა მიბნედილმა გონებამ დანარჩენი...
ყველაფრის მერე გაიაზრა მომხდარი სისრულით... ცოლის მოკუნტულმა, გამხდარმა, მოცახცახე სხეულმა აგრძნობინა რომ უკვე ცხოველსაც ვერ შეადარებდა თავს.. ცხოველს, რომელმაც თავისიანების გატანა, სიყვარული და ერთგულება იცის... საკუთარი არარაობის შეგრძნება გუდავდა, გუდავდა საკუთარი უზნეობა, საკუთარი თავის ზიზღი.საკუთარი ხელით განდგურებული ღირსება. უხმოდ გამოვიდა მისი ოთხაიდან.. შიში, რომ მარიამი კარგად აღარასდროს იქნებოდა სისხლს უყინავდა.

"ვიცი, რომ შენს ჯვარს ვერ შეგიცვლის." ტუმბოზე ნანახმა პატარა ბარათმა და მარიამის გაკეთებულმა მინანქრის ჯვარმა, უკანასკნელი იმედიც კი წაართვა რომ ოდესმე საუთარი თავის პატივისცემას დაიბრუნებდა.
დილამდე მის კართან იჯდა. დრო ახლაც მკვდარს ჰგავდა, ოთახიდან კი არაფერი ისმოდა.
ტელეფონის ზარმა, თითქოს გაახსენა, რომ სხვა ვიღაცები და რაღაცებიც არსებობდა.
–ბატონო, დამიანე, თქვენ გვთხოვეთ რომ თქვენი ცოლი უთქვენოდ არსად გაგვეშვა, ის კი წასვლას ითხოვს.
–ახლავე მოვალ.
გაუფერულებული მარიამი, რომელიც ფანჯრიდან გადასულიყო, მოფუზული იდგა ჭიშკართან. დამიანეს დანახვაზე უფრო დიდი შიშით აევსო თვალები, თითქოს განახევრდა. ეზიზღებოდა თავი იმის გამო, რომ მაინც არ სძულდა დამიანე... რომ მაინც ენდო, ახლა უკვე დამშვიდებულ თვალებს... რომ შიშმა მიატოვა მისი მოახლოვებისას... სძულდა, რომ ახლა ის კი არ ტკიოდა რომ მასთან იწვა, არამედ ის რომ ეს ასე მოხდა... ტკიოდა ის რომ დამიანე თავისი ორსახოვანი ბუნებიდან, ისევ ცუდს მიემსგავსა...
–გამიშვი. –ძლივს ამოიხრიალა მარიამმა.
–მანქანაში ჩაჯექი.
–გამიშვი. – დამიანეს ანადგურებდა მისი წყლიანი თვალები, რომელსიც ვერაფრით ეპოვა ზიზღი. ხედავდა სიბრალულს, იმედგაცრუებას, ტკივილს, მაგრამ არა ზიზღს...
–ყველაფერზე უნდა ვილაპარაკოთ. ნუ მაიძულებ რომ ძალით ჩაგსვა მანქანაში.
*******************
-ჩვიდმეტმა წელმა ეს ადგილი, ჩემთვის დედამიწაზე ყველზე ძვირფას ადგილად აქცია. ადრე გითხარი რომ მამას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში დედამ თავი ჩამოიხრჩო. თექვსმეტი წელი მჯეროდა რომ მამა ოპერაციის დროს, ორმხრივი სროლისას დაიღუპა. ეს მხოლოდ ჩვენს ტრაგედიად მიმაჩნდა. შარშან კი მამას ნაწილში მომსახურე ერთი კაცი გარდაიცვალა. მისმა ადვოკატმა ყველაფერი მითხრა მამაჩემის დაღუპვის შესახებ. აღმოჩნდა რომ მამაჩემი მოკლეს, მითხრა მკვლელის ვინაობა და ჰქონდა სამხილებიც. ვიცი რომ მძიმეა შენთვის და არც იმისთვის გეუბნები ამ ყველაფერს, რომ თავი ვიმართლო. მე არაფერი მამართლებს, უბრალოდ მინდა ყველაფერი იცოდე, როგორ და რატომ შევხვდით ერთმანეთს. მაშინ ვერაფერს აღვიქვამდი, ჩემთვის ერთი მთლიანობა იყავით მთელი ოჯახი და მთავარი იყო შური მეძია. ვიფიქრე, რომ შენზე დაქორწინებით, ყველაზე მეტად ვატკენდი მამაშენს. იმდენად ავყევი ამ ყველაფერს, რომ შენზე საერთოდ არ მიფიქრია. მხოლოდ შენს მშობლებთან მივხვდი, როგორ ვგავდი მამაშენს. მივხვდი იმასაც, რომ ღმერთს უკვე მიეზღო მისთვის. სიცარიელეს პასუხს ვერ მოთხოვ, მამაშენი კი ყველაფერი ფასეულისგანაა დაცლილი, არაფერი წმინდა და ძვირფასი გააჩნია. პირველად იქ გახდი ცალკე ადამიანი ჩემთვის, მათ გარეშე. - მარიამი უემოციო სახით ისმენდა ყველაფერს, აღარაფერი უკვირდა მამამისისგან და აღარც არაფერი შერჩენოდა ტკივილი რომ გამოეხატა.
-მიყვარხარ. ვიცი რომ უფლება არ მაქვს მაგრამ მიყვარხარ მთელი არსებით. არ მინდა თავს დამცირებულად გრძნობდე გუშინდელის გამო, არ მინდა იფიქრო რომ ეს ისევ ის ჟინი, ან შურისძიება იყო, რაც მაშინ. ვერაფრით მოვერიე იმას რასაც ვგრძნობ. საოცარი ადამიანი ხარ, არანაირ კანონზომიერებას ექვემდებარება ის რასაც შენ აკეთებ. ეს ადამიანური სიკეთის ფარგლებს სცდება.
-მამაჩემისგან უკვე არაფერი მიკვირს. არ ვიცი ამაზე რა უნდა ვთქვა, ვიცი რომ ჩემი წუხილიც უადგილოა და საერთოდ ყველაფერიც. წარმოუდგენელია ის რაც ჩემი ოჯახის გამო გადაიტანე.
-შენ არაფერ შუაში ხარ.
-ისინი ჩემი მშობლები არიან დამიანე. ის რაც ჩვენს შორის მოხდა, ვხვდები რომ საბაბი გქონდა და ეს მამაჩემის ბრალი უფროა ვიდრე შენი. შეიძლება გავიგო ის სამი კვირა, მაგრამ არ შემიძლია გუშინდელი ღამის გაგება. ეს პერიოდი, ისეთი სხვანაირი იყავი, თავი დავაჯერე რომ სინამდვილეში ასეთი ხარ. მაგრამ თურმე ასე არ არის... მე რასაც არ უნდა ვგრძნობდე, ან შენ რეალურად როგორც არ უნდა გიყვარდე ამას ვერ ავიტან... მე ვერასდროს შევძლებ ფიზიკურად შეგეწინააღმდეგო, გამოდის რომ ეს იმდენჯერ და მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც მოისურვებ... ამას, თვითმკვლელობით დამსახურებული ჯოჯოხეთი მირჩევნია. ალბათ თავიდანვე ეს უფრო ღირსეული ნაბიჯი იქნებოდა.
დამიანეს თითქოს ყველა ემოცია, შეგრძნება გაუშიშვლდა. ყველა ძარღვი დაეტყო კისერზე, ხელებე. ნესტოები დაებერა.
-ეს აღარ გაიმეორო, მე საერთოდ წავალ აქედან, მოგცემ საშუალებას თავისუფლად ისუნთქო. როგორც კი სწავლას დაამთავრებ და შეგეძლება შენს თავს უპატრონო, მაშინვე განვქორწინდებით. მანამდე კი, რაც არ უნდა მოხდეს, არ მოგცემ სისულელის გაკეთების უფლებას. შენ ძალიან პატარა ხარ და საერთოდ ყველაფერი წინ გაქვს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ოდესმე შეძლო იცხოვრო, როგორც ბედნიერმა ადამიანმა.
-მე არაფერი მინდა შენგან, საერთოდ არაფერი. უნდა წავიდე, არ მინდა გხედავდე და არ მინდა ძალაუნებურად შენი ცხოვრებით ვცხოვრობდე. არ მინდა ჩემზე ზრუნავდე. - მარიამს ტელეფონის ხმამ გააწყვეტინა ლაპარაკი, გაუაზრებლად, ავტომატურად უპასუხა ლაშა-გიორგის.
-მარიამ, სად ხართ? დამიანე შენთანაა?
-კი, ჩემთანაა.
-ღამით ნოდო დაჭრეს, ძალიან მძიმედაა, გვეუბნებიან რომ რამდენიმე საათიღა დარჩა. -ლაშა-გიორგი არაადამიანურად ღრიალებდა ტელეფონში. - დამიანეს უთხარი, რომ უბრალოდ დაჭრილია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხვიდეთ.



ისევ ის ვერდათმობილი შენიანობის განცდა. განცდა, რომ ატკენ და არ იცი როგორ უთხრა.
-დამიანე, ნოდო საავადმყოფოშია და ლაშა-გიორგიმ გთხოვა რომ მიხვიდე.
-ნოდო? სხვა რა გითხრა? გითხრა როგორ არის?
-მითხრა რომ ნორმალურადაა.
-გთხოვ, მანქანაში ჩაჯექი.
-დამიანე, ვიცი რომ ახლა ამის დრო არ არის, აღარ მინდა შენთან წამოსვლა.
-მარიამ, იცი რომ აქ არ დაგტოვებ, იმდენი რამ გაიძულე არც ეს გამიჭირდება, თან ახლა მაინც მეცოდინება, რომ შენთვის კარგს ვაკეთებ. გთხოვ.
მარიამს გონებაში ლაშა-გიორგის სიტყვები უტრიალებდა, ხვდებოდა რომ მართლა არ იყო ამის დრო. მაშინვე მანქანაში ჩაჯდა, იცოდა რომ მძიმე იქნებოდა საავადმყოფოში მისვლა, მაგრამ ის, რაც იქ მოხდა შეუძლებელია წარმოგედგინა.
მისვლისთანავე შეუშვეს დამიანე პალატაში. რამდენიმე წამში, გამყინავმა ღრიალმა მთელი შენობა მოიცვა. ლიკუნა, სასოწარკვეთილი, ჩახლეჩილი ხმითა და გამომეტყველებით რომელიც უბრალოდ ყველაფერს გტკენს. ნოდოს დედა, შვილიშვილზე ჩაბღაუჭებული მოხუცი, ამომჯდარი გულით, დიდი ლურჯი თვალებითა და წუხილით, რომელსაც საზღვრები არ აქვს. დამიანე პალატიდან გამოსვლისთანავე თვალს მოეფარა. ვერაფრით მოითმინა მარიამმა და ცოტა ხანში უკან მიჰყვა. პარკეტზე ჩამომჯდარს წარბი გახეთქვოდა, სახე, ხელის მტევნები, კედელზე რტყმევისგან დასისხლიანებოდა. არც კი ცდილობდა ტირილი შეეკავებინა, არაადამიანური, შემზარავი ხმით ღრიალებდა. გამეტებით ურტყამდა კეფას კედელს.
ცვაიგის „უცნობი ქალის წერილი“ გაახსენდა, ახსოვდა საკუთარი აღშფოთება... ახსოვდა როგორ განიკითხა „უცნობი ქალი“, ახსოვდა როგორ ვერ მიხვდა ასე როგორ უნდა ყვარებოდა... ახლა არც საკუთარი თავის ესმოდა, მაგრამ შესაძლებელზე მეტად უყვარდა. არ აინტერესებდა მასავით ვინმე განიკითხავდა, არასწორად გაიგებდა, თუ რა იქნებოდა ამის შემდეგ... უყურებდა და ვერაფრით ირგებდა სიცივის ნიღაბს.
-დამიანე, ასე არ შეიძლება... გთხოვ, გაჩერდი. - დამიანემ უბრალოდ გამოხედა, თავს კი უფრო გამეტებით ურტყამდა კედელს. ვერაფრით მიადევნა თავის საკუთარ სხეულს, მხოლოდ თითების ტკივილი იგრძნო, როდესაც დამიანემ გამეტებით დაარტყა თავი კედელს. დამიანემაც იგრძნო, მისი ხელისგულების სირბილე და მიხვდა რომ ატკინა, კიდევ ატკინა.
-ყველაფერი ჩემი ბრალია. ჩემი ბრალია შენ რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობ, ჯერ ოცდაერთის ხარ და ჩემს გამო სიცოცხლე არ გინდა. ჩემი ბრალია ნოდოს სიკვდილიც, მე მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი. მე იმდენად ცუდ ადამიანად ვიქეცი, რომ აღარავის ვიმსახურებ, მითუმეტეს შენ, მითუმეტეს ჩემი მეგობრებისნაირ მეგობრებს... ყველაფერი ჩემი ბრალია.
-ლიკუნა ცუდაა. - ღრიალებდა მათკენ მომავალი ლაშა-გიორგი. საავადმყოფო უკვე სავსე იყო ნათესავებით, მეგობრებით, მეზობლებითა თუ უბრალოდ ნაცნობებით. მარიამს ლუკა ეკავა ხელში, პატარა გულამოსკვნილი ტიროდა. დამიანე ანდრიასთან და ლაშა-გიორგისთან ერთად რაღაცის მოსაგვარებლად გავიდა. გვიანი ღამე იყო, საავადმყოფოდან სახლში რომ გადაასვენეს ნოდო. მარიამს ახლა უკვე მძინარე ლუკა ეწვინა კალთაში. შინაგანად ხრავდა სიცარიელე, რომელიც მასში ნოდოს ოჯახზე ფიქრისას ისადგურებდა.
-დავითი გზაშია უკვე და წაგიყვანს, მე აქ დავრჩები.
-დამიანე, ბავშვი ჩვენ წავიყვანოთ, აქ ცოდოა.
-შეგიძლია რომ მიხედო? შენც არ ხარ კარგად ჩემი წყალობით.
-შემიძლია დამიანე, აქ მართლა ცოდოა. - ძლივს მოახერხა შეეკავებინა თავი და ხმამაღლა არ ეთქვა, „თავს გაუფრთხილდი“. დამიანე ჩამქრალი თვალებით, ჩაშავებული უპეებით, გამოფიტული, უღონო ხმით, მოხრილი მხრებითა და უიმედო გამომეტყველებით ანადგურებდა.
პატარამ თავიდან იჭირვეულა, მაგრამ ისე იყო დაღლილი, მაინც ადვილად დაიძინა. მარიამი პირველად უვლიდა ასეთ პატარას და გული უსკდებოდა რაიმე არ შეშლოდა. უხაროდა ვერაფერს რომ ვერ გებულობდა , მაგრამ გულს ტკენდა ის რომ ნოდო არ დაამახსოვრდებოდა.
შეუძლებელი იყო იმ ყველაფრისთვის სახელი დაგერქმია, რაც მათ სახლში ხდებოდა. შეუძლებელი იყო თანაზომიერი ემოცია გეპოვა შენს თავში, ყოფნოდი ამ ყველაფერს რასაც იქ ხედავდი... ნოდოს დედის, ლიკუნას, ბიჭების სახეებზე... სიცივე, შემზარავი, არაბუნებრივი სიცივე და მოლოდინი უფრო დიდი, ყოვლისმომცველი, ჯერ განუცდელი სიცივისა და სიცარიელის...
*************
პანაშვიდის დღეს კიდევ უფრო დამძიმდა ყველაფერი... ჰაერიც კი გაუმჭვირვალე იყო თითქოს, ბინდგადაკრული თვალები და მოლოდინი სამუდამო სიცარიელის... კედელთან აყუდებული ბიჭები და ლიკუნას გაცრეცილი სახე... გამომშრალი თვალები, ჩახლეჩილი ხმა... გამართლებული, სრულყოფილი მხოლოდ უბედურებაა...
-დამიანე, შენ იქ უნდა ყოფილიყავი. იქაც უნდა დაგეცვა, ავღანეთში ხომ გაყევი... არც ახლა უნდა მიგეტოვებინა. - ხრიალებდა ლიკუნა. დამიანეს ისედაც ფერდაკარგული სახე გაუნაცრისფრდა, ტუჩები გაულურჯდა.. მარიამს გაუკვირდა, როგორ შეძლო დამიანემ ნაბიჯის გადადგმა. უსიცოცხლოდ მიათრევდა სხეულს. ხვდებოდა რას ნიშნავდა მისი ქმრისთვის ეს სიტყვები, როდესაც თავადაც ადანაშაულებდა ნოდოს სიკვდილში თავს. ისევ ვერაფრით მოთოკა გრძნობები, ისევ იფიქრა რომ ყველა და ყველაფერი სულერთი იყო ასეთ დროს... უყვარდა, ყველაფერზე მეტად უყვარდა, თითქოს მისი გულით, მთელი სისავსით, მისნაირად განიცდიდა...
-დამიანე... - მარიამი მიხვდა რომ არასდროს ინანებდა, ახლა რომ გამოყვა... დამიანეს თვალები უხმოდ ევედრებოდა დახმარებას, მწუხარების უძირო სივრცეში ჩაკარგული.
-ლაშა-გიორგი სახლში გაიყვანე მარიამი და ლუკა, გთხოვ. -უთხრა ლაშა-გიორგის გაბზარული ხმით და მანქანაში ჩაჯდა.
-დამიანე... - დამიანეს აღარ გაუგონია თავისი სახელი.
-მარიამ ჩასხედით მანქანაში, გაგიყვანთ. დამიანეზე ნუ ნერვიულობ, ახლა სჯობს რომ მარტო იყოს. - მარიამი ძლივს იკავებდა ცრემლებს, ესმოდა ლიკუნას უბედურება, მაგრამ იცოდა რას ნიშნავდა ეს დამიანესთვის.
იმ საღამოს განსაკუთრებულად გაუჭირდა ლუკას დაძინება, თითქოს პატარაც გრძნობდა სიტუაციის სიმძიმეს. ნერვიულად დადიოდა გულზე მიხუტებული ბავშვით ოთახიდან-ოთახში, უკვე რამდენიმე საათი გასულიყო, დამიანესგან კი არაფერი ისმოდა. თანდათანობით უფრო და უფრო იპყრობდა ნერვიულობა, ცრემლები ახრჩობდა. ახრჩობდა ყველაფერი რაც მათ შორის იყო და ის ყველაფერიც რაც მათ გარშემო ხდებოდა. აუტანელი იყო, გყვარებოდა ასე, ყოფილიყო ასე ახლოს და ასე შორს, ყოფილიყო ასეთი ცუდი და ასეთი კარგი ერთდროულად... ყველაზე მძიმე კი გაცრუებული იმედი იყო... ის, რომ მაინც ყველა საზღვარს, შესაძლებლობებს მიღმა უყვარდა. შუა ღამე იყო. ქარის ხმა ყრუდ აღწევდა სახლში, უყურებდა მშვიდად მძინარე პატარას... ეზოში მოშრიალე ხეები, ზარმაცად ირწეოდნენ ქარისგან უფლებაართმეულნი. ტელეფონს ისტერიულად ამოწმებდა, მილიონჯერ წაშალა აკრეფილი ნომერი... ბოლოს კი...
დამიანეს სითბომ და გამყინავმა სიცივემ ერთიანად დაუარა სხეულში. გული ამოვარდნას ჰქონდა. უფროდაუფრო უჭირდა სუნთქვა. ის მაინც რეკავდა, მაინც ნერვიულობდა, მაინც ფიქრობდა მასზე... მაინც ეძვირფასებოდა... გაეაზრებინა ეს, უდრიდა სიკვდილს, ცოცხლად სიკვდილს და ყველა ატანად ტკივილზე უფრო მეტს, ბევრად მეტს... ვერ იტევდა მარიამს, მის სიკეთეს, ვერ იტევდა სიყვარულს, რომელიც დაუფასებლად უკვე სამუდამოდ დაეკარგა.
-დამიანე, სად ხარ? - ეცადა რაც შეიძლება მშვიდად, უემოციოდ, ვითომ სხვათაშორის ეკითხა.
-უკვე ჩვენს სახლთან. – „ჩვენ“ არაფრით ეთმობოდა, იმდენად ჰქონდა სისხლში და ხორცში გამჯდარი, მიუხედავად უსაზღვრო ტკივილისა, ვერც ერთი წინადადებიდან ამოეგდო, რომელიც მათ ეხებოდათ... მათ, ისევ მათ და არა მას და მარიამს...
მანქანის შუქზე, უფრო თვალნათელი იყო ფოთლებისგან მიტოვებული ხეების თავგანწირვა... ის რომ კარგად იყო, ნიშნავდა ყველაფერს... ახლა მხოლოდ ტკივილიღა დარჩენოდა, ნერვიულობა კი სადღაც უკვალოდ გაქრა... უბრალოდ თვალი შეავლო მის მხრებჩამოშვებულ, მოკუნტულ სხეულს, იატაკზე ჩამომჯდარს დივანი რომ ეიმედებოდა საყრდენად... მისი მძიმე სუნთქვა და ყველა ტკივილის მტვირთველი თვალები... არც ერთი სიტყვა, სულ არც ერთი. უხმოდ შებრუნდა ოთახში, ცრემლები ახრჩობდა, გაუბედავად მიუწვა პატარას, ვერაფრით მოეშორებინა დამიანეს სახე... თითქოს ისევ ესმოდა მისი გულდამძიმებული სუნთქვა...
დამიანე კი მთას ჰგავდა, ზვავისა თუ ქვათაცვენისგან ჩამოშლილს... ჩამორეცხილს. უბედურებას რომ დაებუდებინა მასში. ყინულს, რომელშიც მხოლოდ გულიღა იბრძოდა. განადგურებული იყო, იცოდა რომ სიკვდილი სიცოცხლისას საკუთარი გადაწყვეტილებით, ყველაზე დიდი სისუსტე იყო, არადა ვერფრით ეგრძნო რომ ცოცხლობდა. ახლა ყველა დარჩენილ დღეს გაუცვლიდა სამყაროს, მხოლოდ იმის უფლება რომ ჰქონოდა, რომ მარიამისთვის მის გვერდით ჯდომა ეთხოვა. ეგრძნო მისი სითბო, დაუშურებლად რომ ასხივებდა, ვერდამალული ნერვიულობა და თუნდაც ტკივილიც, გამეტებით რომ ხრავდა მისი სიახლოვისას.
****************
დაკრძალვა. სულ ბოლო სიახლოვე, ვერ გამეტებული სულის ნაწილი. ისევ ნაზეიმები უბედურების სრულყოფილება. შეგრძნება, რომელსაც ვერც კი იფიქრებდი, რომ გაუძლებდი... შენი საკუთარი განცდები და მაინც... მათი ტკივილის უფრო მძაფრი განცდა. ალბათ ვერასდროს მიხვდებოდა, რა შეიძლება ეთქვა ლიკუნასთვის, ნოდოს დედისთვის... დამიანე ყველაფრისაგან დაცლილიყო. ტუჩებგალურჯებული, თვალისმოუშორებლად უყურებდა ცხედარს. იფიქრებდით, რომ ეს გოლიათი თქვენს თვალწინ წუთი-წუთზე დაიშლებოდა...
ისევ უსიტყვობა, სიცარიელე, რომლის შეგუებაც სიკვდილივით გაშინებს. ცხოვრებაში ყველაზე შემზარავი ხმა, მიწისაგან მოთმინებით დაფარული ჩასასვენებელი და განხსენებული ყველაზე დიდი ტკივილი. დამიანე დასისხლიანებული ხელებით, ვერმორეული ცრემლებით... ეგონა რომ ნოდოსთან ერთად კიდევ ერთხელ კრძალავდა მშობლებს.



ამათი საცოდაობა შემიწირავს weary <3

 


№2 სტუმარი qeti

gtxov male dade ❤❤❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent