შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისთვის სიკვდილი მორიგი თავგადასავალი იყო...


17-08-2017, 00:05
ავტორი Kochofonia
ნანახია 1 758

კუპრივით შავი ღრუბელი აკვროდა ზეცას. ფაფარაყრილი ზღვა ქვა-ღორღს აბურთავებდა და ნაპირისკენ ისროდა.
შორიახლოს ოქროსფრად აალებული მთა აზიდულიყო. ზოგან მთის წყარო მოჩხრიალებდა, ანკარა, თავკერძა, დაუოკებელი.
ქარი მძლავრობდა. წვიმა გამეტებით მოთქრიალებდა.
აი, ზღვის ნაპირას გამოჩნდა ერთი არსება.
ნეტავ ვინ უნდა ყოფილიყო? ამ ჯოჯოხეთურ ამინდში, ვინ ან რამ არ უერთგულა სიცოცხლეს?
ტალღა უკუიქცა, მაგრამ კვლავ დაიძრა, ხვლიკისებრ ხოხვით, გველური სიშმაგით.
და იგი გაჰყურებდა ტალღებს, რომელიც მისკენ მოემართებოდა, მაგრამ, თითქოს იგი ელოდა ამ განსაცდელს.
და, რა თქმა უნდა, ასეც მოხდა. ტალღამ იგი შუა ზღვაში შეათრია და მალე სრულიად გააქრო.
სიკვდილი მუდამ ძლიერია სიცოცხლეზე... 6 დეკემბერია. ზის იგი ტაძრის წინ და გაჰყურებს ხალხს, რომელნიც გამოდიან ტაძრიდან. მათი იქ შესვლის მიზანი ყველასათვის ცნობილია, მაგრამ არა რეალური...
იქვე იჯდა მოხუცი, რომელსაც ხელები დასახმარებლად გაეშვირა ეკლესიიდან გამოსული მრევლისათვის, მაგრამ მათი უმეტესი ნაწილი ზიზღით შეჰყურებდა მას, ზოგიც კი უფალთან ნიშნის მოგებით ერთ-ორ ხუთ თეთრიანს ესროდა დანაოჭებულ ხელებში.
აი, გამოჩნდა მამაოც, რომელმაც პირჯვარი გადასწერა მოხუცს, რომელიც ხელებს იშვერდა დასახმარებლად, მაგრამ მამაომ ამ საქციელით მას იმედი მისცა, რომლითაც ეს მოხუცი კაცი დაბადებიდან ცოცხლობს. მაგრამ რეალურად ეს იმედი მისი დაბადებისას მოკვდა. მამაომ ჯიპი დაქოქა.
ზაფხულის ხასხასა მზე ანათებდა. მიიწევდა იგი სამსახურისკენ. ფეხით მიდიოდა, რადგან არ უყვარდა უცნობ ხალხთან ურთიერთობა. მართალია, სამსახურამდე დიდი გზა იყო და ქანცი გამოელია, მაგრამ მაინც გულმოდგინედ მოეკიდა საქმეს. როდესაც მუშაობას მორჩა სუფრა გაიწყო. ვინც მოშივებული იყო, კერძს მიეტანა. - ცოლი რატომ არ მოგყავს? - ეკითხება თანამშრომელი.
- ჯერ ადრეა! - იცინის.
- დაბერდი, ვერ ხედავ, თმა გაგითეთრდა!
- გოგონებს ჭაღარა მოსწონთ, ნუ სწუხხარ, ჯერ ღონე არ გამსვლია!
კარგი, გული არ გაიტეხო!
მართლაც ძნელი საკითხავია: სანამ ოცდახუთის გახდებოდა, შინ დავიდარაბა ჰქონდა, ცოლი უნდა მოვიყვანოო. ოცდახუთის რომ გახდა საკუთარი თავიც კი არ ახსოვდა. ოცდაათისას ქალის მოყვანა დიდი სისულელეაო და შინაც იშვიათად ათევდა ღამეს. ბოლოს იფიქრა ცოლის მოყვანა, მაგრამ გული ვერ შეაჯერა, მარტო ცხოვრებასაც მიეჩვია.
- შეხედე! - ეუბნება ვიღაც თანამშრომელი.
- ვინაა?
- ნახე, რა ქალი შემოვიდა!
კარებისკენ გაიხედა, ტანში გაცრა. მართლაც ლამაზი ქალი შემოვიდა. ის ქუჩაში გამავალ ფანჯარასთან დაჯდა. ქალი მისკენ პირით იჯდა. მაშინვე იგრძნო, თვალი რომ დაატანა და ლოყები წამოენთო.
ისინი გაჰყურებდნენ ერთმანეთს და თითქოს გრძნობდნენ, რომ უცხონი არ იყვნენ ერთმანეთისთვის. უცებ ორივე ფიქრებში გაუჩინარდა.
ფანჯარაში ჩამავალი მზე იყურებოდა. იგი უფრო წითელი და მრგვალი ჩანდა, ვიდრე შუადღისას. ეს გავარვარებული დისკო თვალს ჭრიდა მას. ცა მუქი ლურჯი და კამკამა იყო.
ესტრადაზე დამკვრელები გამოჩნდნენ. ერთი წვერმოშვებული, დიდთმიანი იყო, გამხმარ სხეულზე შარვალი და პერანგი ისე უფრიალებდა, თითქოს საფრთხობელა ყოფილიყო. მეორე მორგვს ჰგავდა, მესამეს კიდევ სათვალე ეკეთა. სულ ხუთნი იყვნენ. მიალაგ-მოალაგეს სკამები, დააწყვეს ინსტრუმენტები და ჩამოსხდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ერთი სევდიანი მელოდია დაუკრეს. დარბაზში მსხდომთათვის ეს მელოდია თითქოს არაფრის მთქმელი ჩანდა, მაგრამ მისთვის და იმ ლამაზი ქალისთვის კი თითქოს სულში ჩამწვდომი, რომელიც გარეთ გამოსვლას ლამობდა.
ვერცერთი ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მათ თავს. თითქოს ამ მელოდიამ აფრები აუშვა მათ გონებაში და წარსულში გარიყა, მაგრამ მიზანი გამოუცნობი იყო. ვერა და ვერ მიმხვდარიყვნენ რა საერთო უნდა ჰქონოდათ მათ ერთმანეთთან. მან არ იცოდა რა იყო ნამდვილი სიყვარული. არც არასოდეს ქალისათვის თავი არ დაუდია. როცა ქალს შეატყობდა, თვალში არ მოსდიოდა, გაეცლებოდა. შეიძლება ზოგში ზიზღს იწვევდა, ზოგში კიდევ ქალურ ინტერესს.
მას სურდა, რომ ქალთან მისულიყო და ვინაობა ეკითხა. ასეც მოიქცა. მაგრამ ქალმა მხოლოდ ერთი სიტყვა წარმოსთქვა ხმის კანკალით - ,,ნახვამდის" და გარეთ გავიდა. ქალის ხმაში გარეულმა გამყინავმა სიცივემ ადგილზე მიაჯაჭვა. მისი სული ამღვრეული იყო. თითქოს რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ვერ ბედავდა.
გრძნობდა, რაღაც აკლდა, ირგვლივ სიცარიელე იყო. არასოდეს უგრძვნია ასეთი სიმარტოვე...
როდესაც სახლში შეაბიჯა თითქოს ეს ყველაფერი ეუცხოვა. ხმას ვერ იღებდა და დაბნეული დაიარებოდა ოთახებში.
ის ახლა როცა არაფერზე არ ფიქრობდა, ხვდებოდა რა აწუხებდა - ყველაფერი.
ბოლოს მობეზრდა ოთახებში აქეთ-იქით სიარული და ლოგინზე წამოწვა. ფიქრობდა ქალზე და ვერ მიმხვდარიყო თუ რა აკავშირებდა მასთან. გაიხსენა მისი ერთადერთი სიტყვა, რომელიც ქალმა უთხრა და ჩაუღრმავდა მას. ამ დროს კი იგრძნო, რომ მის გულში ყველაფერმა დაიკავა საკუთარი ადგილი, თანაც ისე, რომ პროპორცია არ დაურღვევია. მიხვდა, რომ ის ქალი მისი წარსულის დიდი ნაწილი იყო, რომელიც დღემდე სტანჯავდა.
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის სკოლის მოსწავლე იყო, ამ ქალთან ძალიან დიდი გრძნობა აკავშირებდა. ისეთი სიყვარულით უყვარდა, რომ თითქოს მის გულზე ნაირფერი ყვავილები ამოსულიყო, მაგრამ მისი უარის თქმის შემდეგ ისე ჩამომჭკნარიყო, რომ თან წაეღო ცხოვრების ხალისი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ აღედგინა.
ახლა ეს ტკივილი უფრო ღრმად მოედო გულზე და თავის თავს უთხრა, რომ მალე გასცლოდა მას. ამიტომ ძილი გადასწყვიტა, რადგან ძილი ხომ ტკივილებს ამსუბუქებს. მაგრამ მან ეს ვერ შეძლო.
დილამდე ბორგავდა, წრიალებდა, ხანაც ოთახში ბოლთას სცემდა. ერთი ადგილი ვერ ნახა, პირი სამჯერ დაიბანა, რომ არ დასძინებოდა. ათასი ფიქრი ჰკლავდა. ვერაფერს შველოდა ეს ფიქრები, მაგრამ მაინც ფიქრობდა... მერე ქუჩიდან ხმაური შემოესმა და ძალა მოეცა. ვისთვის უნდა გაემხილა თავისი გასაჭირი?! მაგრამ რაკი გათენდა და ადამიანის ხმა გაიგონა, ძალა იგრძნო. პერანგის საკინძე შეიკრა, ჰალსტუხი გაისწორა, თმაზე ხელი გადაისვა და სამსახურისკენ გაემართა, იმ იმედით, რომ მას ისევ შეხვდებოდა და მოუყვებოდა იმ ყველაფერს, რაც მან მის არყოფნაში გამოიარა.
თავდაპირველად ქალმა მოიწყინა , მისი ნახვის შემდეგ. არ ჭამდა, ოთახში გავლა ეძნელებოდა, ხელს არაფერს ჰკიდებდა, გახდა, თვალები დაულურჯდა და რბილი, სავსე ლოყები ჩაუცვივდა. ეგონა ოთახში თუ გაივლიდა ან ქუჩაში გადაიხედავდა, ქვეყანა გაიგებდა. უცებ ატირდა და ტახტზე პირქვე დაემხო.
ეს იყო წამიერი თავდავიწყება, ქვითინებდა და თავისი არსებობა არ ახსოვდა. ქვითინში ჰკლავდა თავის უიმედობას. ქვითინით რომ დაიღლებოდა, სევდა შეუმსუბუქდებოდა, მერე ცრემლიც შეაშრა. უნდოდა, მაგრამ ვერ ტიროდა, გარინდებული ეძლეოდა სულიერ ტანჯვას. ერჩივნა, ეტირა, რომ ფიქრი არ მოსძალოდა. ოთახში სიარულს მოჰყვებოდა, ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში მივიდოდა და ეგონა, ჩვილივით ფეხს ახლა იდგამდა. ასე შემოიარა მეორე, მესამე ოთახი. ჩვეულებრივ დადის და არც სინდისის ქენჯნას გრძნობს, იმის გამო, რომ ოდესღაც საყვარელ მამაკაცს უარი უთხრა, თავისი ოჯახის გამო. მის ოჯახს ხომ იმ ახალგაზრდას მიმართ, რომელიც უკვე ხანში შესულია, ცუდი წარმოდგენა ჰქონდა. ხოლო ქალმა კი ვერ შეძლო მისი გულისთვის გაეკეთებინა ის ერთადერთი რამ, რასაც იგი მისგან მოითხოვდა. მხოლოდ მასთან ყოფნა.
ფანჯარასთან მივიდა, ქუჩაში გადახედვის შეეშინდა, ფარდა ოდნავ გადასწია და თითქოს მთელი ქალაქი უყურებსო, ისე გაიჭვრიტა. მზიანი დღე იყო. ცხელოდა. ხალხი ჩრდილს მიჰყვებოდა. ქალებს თხელი, ფერადი კაბები ეცვათ, კაცებს - თეთრი პერანგები. ბიჭები ქუჩის კუთხეში შექუჩებულიყვნენ, ერთი კიბის საფეხურზე იჯდა და სიგარეტს აბოლებდა. მას ტანში გააჟრჟოლა. ინანა, ნეტა ფანჯარაში არ გადამეხედაო. გამობრუნდა, საშინელმა თრთოლვამ აიტანა, აცახცახდა, შესცივდა? არა! სიცხე ჰქონდა?.. არა!.. რაღაც უხილავი, ჯერ შეუცნობელი ძალა მოქმედებდა, და იგი ტახტზე უგონოდ მიეგდო. ვერ იტყოდა, რამდენ ხანს იყო ამ მდგომარეობაში, სხეული დამუხტოდა და რაღაცას ითხოვდა, რაღაც ამოძრავებდა, რაღაც აწვალებდა და აწამებდა. გონს რომ მოეგო, გაფითრებული იყო, მისუსტებული, უღონო, ჯერ ასეთი რამ არ დამართვნია და შეშინდა, რა უნდა იყოსო.
ერთხანს ტახტზე იჯდა კალთაში ხელებჩაწყობილი. ბოლოს გადასწყვიტა წასულიყო მასთან და ყველაფერი მოეყოლა. როდესაც კარები შეაღო ის იქ დახვდა, მაგიდას ემსახურებოდა. მივიდა ისევ იმ ადგილას სადაც თავდაპირველად იჯდა და სამუშაო დროის დასრულებას ელოდა, რომ მასთან საუბარი შესძლებოდა. (მართალია, დაბნეული იყო იგი, მაგრამ თავიდანვე მიხვდა თუ ვინ იყო ის). მისი ფეხის ხმას რომ გაიგონებდა, ლამის გული მკერდიდან ამოვარდნოდა. მისი ფეხის ხმა იმედიც იყო და შემაშფოთებელიც, დამალვაც უნდოდა და მასთან შეხვედრაც.
როდესაც სამუშაო დრო დასრულდა და თანამშრომლები დასხდნენ ერთად, ამ დროს მან შეამჩნია ქალი, მაგრამ თითქოს თვალები აარიდა. დაბნეული იყო, ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო და ბოლოს მაინც მისვლა და სიმართლის გაგება არჩია.
- მოხვედი ? სახე არეული ჰქონდა.
- ჰო!
- სად იყავი ამ დროის მანძილზე?!
- გაბრაზებული ხარ?
- არა, მაგრამ სად იყავი?
- შენ თვითონაც კარგად იცი. ჩემი ნება რომ ყოფილიყო შენზე უარს არ ვიტყოდი. მაგრამ ახლა მოვედი, რადგან არავინ გვყავს ხელის შემშლელი, შეგვიძლია ერთად ვიყოთ და ის დაკარგული წლები აღვიდგინოთ.
- შენ შეგეძლო თავიდანვე უარი გეთქვა ჩემ გამო. მაგრამ შენ ასე არ მოიქეცი. - ნუ მიბრაზდები, გთხოვ გაიცინე!
- არა, არ გიბრაზდები!
- შენ ასეთი არ იყავი ხოლმე!
- მე თუ შენ!
- გთხოვ, ნუ ჯავრობ, დავაშავე, ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა, მაგრამ შემეშინდა, ვერ გავბედე. მაპატიე, - თავი მკერდზე დაადო, - მე არ ვიყავი შენი ღირსი!
- რას ნიშნავს ყოველივე ეს, - გული აუჩუყდა, - რას ამბობ, ვერაფერი გამიგია.
- გაიცინე, - თვალებში მიაჩერდა, - ჰო, გაიცინე!
- შენ იტანჯები!
- ხო... ჩემი ბრალი არაა!.. შენ რომ ასე მიყურებ ორმაგად ვიტანჯები.
- მე?
- ჰო...
- იცი მე ღმერთის რწმენა როდის დავკარგე? - როცა შენ გინატრე და არ მოხვედი...
ხელი წელზე მოხვია , მიიზიდა, მაგრამ მიხვდა, რომ ის უკვე ისეთი აღარ იყო როგორიც ადრე. გაერიდა რომ ეს სიცარიელე არ ეგრძნო. თვალები დახუჭა, რომ კვლავ ეხილა ის, მაგრამ არა! ყველაფერი წარსულში დარჩენილიყო.
მან ვერ აპატია ქალს ის, რომ მისთვის ერთი უბრალოდ რამ არ გააკეთა, რაც ორივეს ცხოვრებას ბედნიერს გახდიდა. მისთვის უკვე ყველაფერმა ფასი დაკარგა. გადაწყვიტა ყველაფერს გასცლოდა და ზღვის სანაპიროს მიაშურა.
მისთვის სიკვდილი მორიგი თავგადასავალი იყო




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent