"გამოსავალი" (სრულად)
ფიქრობდა, რატომ უნდა გაეგრძელებინა ყველაფერი. ფიქრობდა და თავში არაფერი მოსდიოდა. ამან მიატოვა, იმან მიატოვა, ამან მიაგდო, იმან დააგდო. ვეღარ ხვდებოდა ვინ რა უყო მას. ამიტომ იდგა და ფიქრობდა. რატომ უნდა გაეგრძელებინა ყველაფერი. ყველაფერი რა, რამე. რამეში ხატვა იგულისხმება, რომელიც ემოციების დაძლევაში მუდამ ეხმარებოდა. იდგა და ოთახში იატაკზე მიმოფანტულ ფურცლებს უყურებდა. ემოციებისგან დაცლა თავის ენაზე, ფურცლების ჯღაბნას მოიცავდა, იქამდე, სანამ ფანქარი უმცირეს ზომამდე არ გაითლებოდა ისევ საჯღაბნად. ჯღაბნიდა შავად. ჯღაბნიდა წითლად. ჯღაბნიდა ყველა ფერად. ყველა ფერად, რომელიც მის გონებაში მოდიოდა. თუმცა, როცა მიხვდა, რომ ეს აღარ შველოდა, აი მაშინ დაფიქრდა. ახლაც, დგას და ფიქრობს. კარი საგულდაგულოდ აქვს გადაკეტილი. ფანჯრებიც დახურული აქვს. თუ ეტკინება, კივილის ხმა გარეთ არ გავა. იმ ოთახში დარჩება და ფანჯრის მინებზე ტკივილისფრად დაილექება. ოთახი უკვე მიალაგა. მხოლოდ ნახატები დატოვა ადგილზე. კედლებზე, ჭერზე, იატაკზე. სტატისტიკის მიხედვით, თვითმკვლელთა უმეტესი ნაწილი, სიკვდილის წინ ოთახს ალაგებს. *** სამართებელი აფთიაქში იაფად იყიდა. 5 ცალი იდო შეკვრაში. ერთი შეინახა, დანარჩენი ოთხით კი მისი ნახატი დაანაკუწა. თითები დაესერა. სისხლის წვეთები იატაკზე მელოდიურად ეწვეთებოდნენ. თან მომაბეზრებლად. საწოლზე გადაწვა. გადაწყვიტა, ცოტა ხანს კიდევ დაფიქრებულიყო. ცხოვრებისთვის ერთი შანსი კიდევ მიეცა. იფიქრა. იფიქრა. იფიქ... კარზე კაკუნია. ვერ გაიგონა ან გაიგონა და წაუყრუა. იწვა საწოლზე და ჭერს მისჩერებოდა. თვალები მოეჭუტა და ვერ ხვდებოდა, შავის ნაცვლად, ბიჭის პორტრეტს, ყვრიმალის ძვლები წითელი ფანქრით რატომ გამოუკვეთა. ალბათ, გაუტყდა ის ფანქარი. თავი 90 გრადუსით გადახარა გვერდზე და კედელთან მდგარ სარკეში მწოლიარე თავის თავს დააკვირდა. თეთრი გაშლილი კაბა ეცვა. ლამაზი. სპეციალურად იყიდა იმ დღისთვის. დასასრულამდე ერთხელ მაინც უნდა ჩაეცვა. უნდა ჩაეცვა. მერე რა, რომ გარემო არ იყო შესაფერისი. კაბის სახელოები მოსწონდა. მაქმანებში ჩამალული ლამაზი ყვავილები. ნელა წამოდგა და დატრიალდა. სარკეში საკუთარ თავს გაუღიმა. წითელი ფერი დასდებოდათ მის ხელებს. ტუჩებსაც. თვალებსაც. ,,რამდენი წითელია. " სამაგიეროდ სიბნელეს, შავს მოეცვა მისი სულიერება. კიდევ დატრიალდა. ტრიალებდა. კარზე კაკუნი არ წყდებოდა. ის კი, ტრიალებდა. ტრიალებდა და კაბის აფრიალებულ ბოლოებს ღიმილით უყურებდა. ფეხზე ლამაზი ფეხსაცმელი ეცვა. კრემისფერი. ოდნავ ქუსლზე. მოსწონდა ყველაფერი სადა და უბრალო. მაინც ლამაზი იყო. ამდენმა ტანჯვამ და წვალებამ მისი გარეგანი სილამაზე მაინც ვერ დაფარა. სისხლიანი ხელები ოდნავ გაშალა და უფრო სწრაფად დატრიალდა. ხმაური შემოესმა. ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. აქეთ-იქით იყურებოდა. ხელებს უმისამართოდ იქნევდა. კარზე კაკუნი ბრახუნში გადაიზარდა. არა, ვერ შემოამტვრევდნენ, ამაზე წინასწარ ეზრუნა და კართან უშველებელი კარადა აეყუდებინა. ტრიალებდა და რაღაც ხმაურს ყურადღებას არ აქცევდა. ხმაური აურზაურში გადაიზარდა. რატომღაც, ყელის ტკივილი იგრძნო. დაიღალა და დაეცა. აურზაური ქაოსში გადაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, ყოველი სუიციდი სერიოზულ მენტალურ ზიანს აყენებს თვითმკვლელთან დაახლოებულ 6 ადამიანს. სისულელეა. *** არ იცის, რამდენი ხანი იწვა გაუნძრევლად იატაკზე. ალბათ, თეთრი კაბა სულ დაესვარა. იატაკზე ორი წითელი ანაბეჭდი დატყობილიყო. არადა, საკმაოდ დიდ ხანს ალაგებდა ოთახს. სწრაფად წამოდგა. გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. ტუმბაზე დადებულ სამართებელს მზერა გაუსწორა. ერთადერთ აზრიან ნივთს მთელ ოთახში. მხოლოდ იმ სამართებელს ჰქონდა აზრი. დანარჩენი სისულელე იყო. ხელი ნელა წაიღო მისკენ და ხელში დაიკავა. ,,როგორ ბზინავს..." გაეღიმა. მის მაჯებს მოუხდებოდა. მბზინავი ნაცრისფერი და წითელი... მისი ერთი პირი ნელა შეახო მაჯას. თითქოს ხატავდა. წითელი ფერი ნაცრისფერს ნელა შეერწყა და მაჯიდან მდორედ დაიწყო წვეთა. ხმაური ძლიერდებოდა. -ჩშშ... ოდნავ გახედა კარს და ისევ მკლავს დახედა. მოუნდა იმ უსწორმასწორო ხაზისთვის ფორმა მიეცა. თავი ოდნავ გადახარა და სამართებელი სხვა კუთხით დაიჭირა. ეს პროცესი ხატვას მიამსგავსა. იმ განსხვავებით, რომ ამას ვერ წაშლიდა. უკვირდა, მაგრამ ტკივილს ვერ გრძნობდა. წითელი თეთრსაც შეერია და თეთრიც გააწითლა. თავი სასწრაფოდ გააქნია. ,,არა. არასწორია. წითელი და თეთრი ვარდისფერია. წითელი და თეთრი ვარდისფერია. წითელი არა. " ისე ატირდა, ვერ მიხვდა. ,,არა, არ არის წითელი. ვარდისფერია. " ერთ ხელზე არაფერი გამოუვიდა. სამართებელი მეორე ხელში გადაიტანა. ძალა წართმეოდა. ხელი უკანკალებდა. მეორე მაჯაზე აბსტრაქტული ფიგურების ხატვა დაიწყო. სხვანაირი ვერც გამოვიდოდა, ხელი ძალიან უკანკალებდა. ხელები უკვე ძალიან გასწითლებოდა. მბზინავ ნაცრისფერს და წითელს დააკვირდა. წითელი ნელ-ნელა ნაცრისფერსაც აწითლებდა. ,,არა, არა. არასწორია. წითელი და ნაცრისფერი... საშუალო ტონის ბორდოსფერია. არა, წითელი არა. წითელი არასწორია..." ისევ ატირდა. ვეღარ შლიდა. მკლავებს მთელი ძალით უსმევდა ერთმანეთს. არაფერი გამოდიოდა. ალბათ, კიოდა კიდეც. ხმაური გაძლიერდა და ისევ აურზაურში გადაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, თვითმკვლელთა 45% თავის გადაწყვეტილებას უშუალოდ სუიციდის დროს ნანობს, მაგრამ ხვდება, რომ უკვე გვიანია. წამის მეათედში მასაც მოუნდა, კარადის გვერდზე გათრევა, მაგრამ არც ძალა ჰქონდა და არც საკმარისი ნერვები. გონება ნელ-ნელა იძირებოდა. ,,ვკვდები. " მერე გაახსენდა, ვერცერთი ჩანაწერის დაწერა ვერ მოასწრო. სწრაფად მოიკრიბა უკანასკნელი ძალები და რაღაცნაირი მოხერხებით წამოდგა. უნდა მოესწრო. უნდა მოესწრო. კალამს ხელი დაავლო და მოლბერტთან მიხოხდა. ზემოთ აწეული ხელი უკან ჩამოუვარდა. კალამი გვერდით გადავარდა. ვერა. ვერ მოასწრო. მეტი ვერაფერი ვერ მოასწრო. წითელმა ღია ყავისფერიც წითლად შეღება. არადა, ესეც არასწორი იყო. მუქი ყავისფერი უნდა ყოფილიყო. მუქი ყავისფერი. ალბათ, ისიც იტირებდა, ცოცხალი რომ ყოფილიყო. *** ათ წუთში მაშველებმა ფანჯარა შელეწეს და გოგონას ცხედარი იპოვეს. თეთრი კაბა სულ გაწითლებულიყო. წითელი ტუჩები გაღიავებოდა. სულ გაყინულიყო. კარებს კარადა მოაშორეს და გარეთ მდგომ ხალხს კარი გაუღეს. პირველი ბიჭი შემოვარდა. შოკში ჩავარდნილი ვერ მიხვდა რა გაეკეთებინა. ბევრი სისხლი იყო. ხედავდა, საქორწილო კაბაში გამოწყობილ მის საცოლეს და გონებაში მხოლოდ ერთი სიტყვა მოსდიოდა: ,,მატყუებს." იცოდა, მისი განერვიულება უყვარდა. იცოდა, ბოლოს თვალს გაახელდა და ეტყოდა, ხომ მაგრად შეგაშინეო. მაგრამ, მწვანე თვალები სამუდამოდ დაეხუჭა და არაფრის თქმას აპირებდა. გალურჯებულ, გაყინულ ტუჩებზე უკანასკნელად შეეხო და მისი ხელი დაიკავა. -შენს გარეშე როგორ იქნება. შენს გარეშე რამე როგორ იქნება. იქვე გადმომდგარ კარადას მიეყუდა და გოგონას უსიცოცხლო სხეული კალთაში გადმოისვა. წაბლისფერ თმებზე ეფერებოდა და მთელი ძალით იხუტებდა სისხლიანს გულში. ხალხი ხმაურობდა. ბიჭმა ერთი ფეხით კარი მიუხურა ხალხს. -ჩუმად! სძინავს და არ გააღვიძოთ! არა, დაიძინე, დაიძინე... მე აქ ვარ. მე უკვე აქ ვარ. ტიროდა. ვერ ხვდებოდა, სახე სველი რატომ ჰქონდა. მის სისხლიან ხელზე გაკეთებულ ბეჭედს შეხედა და გაეღიმა: -მაინც არ მოიხსენი, ჰო? მეც გავიკეთებ, მოიცა. აცახცახებული ხელით ჯიბიდან მსგავსი ბეჭედი ამოიღო და არათითზე გაიკეთა. იღიმოდა. ადამიანი სულელი არსებაა. ბოლო წამამდე არ აღიარებს მარცხს. -რა გააკეთე... არ შეგეშინდა? ხო არ გტკიოდა... თავი ჩაღუნა. *** ცხოვრებაში იმაზე გამანადგურებელი არაფერია, ვიდრე გააზრება იმისა, რომ სამყაროში იმ ერთის გარეშე დარჩი. *** ამ პატარა ჩანახატ-ისტორიით მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ სიცოცხლეს ყოველთვის აქვს აზრი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი დასჭირდება ჩვენი თითოეული პრობლემის მოგვარებას. თვითმკვლელობა გამოსავალი არ უნდა იყოს. ხშირად ვაწყდები მსგავს სტატიებს და ისტორიებს, სადაც, თვითმკვლელობა გამოსავალია. არა, არ არის. ამ ჩანახატში, ჩანს, რომ გოგონას მომავალი ჰქონდა და ის მომავალი საკუთარი ხელით დაინგრია. და გაანადგურა ის ადამიანიც, რომელიც მის მომავალზე ღელავდა. თვითონ მთხრობელიც კი სკეპტიკურადაა ცხოვრების მიმართ განწყობილი. მინდა, რომ ჩემი ემოციები დაგანახვოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება არ ვარგა, შეიძლება ვარგა. ეს თქვენ შეაფასეთ. ვიცი, რომ რთული საკითხია და მიდგომაც ინდივიდუალური, მაგრამ მაინც შეაფასეთ. ფაქტები ნამდვილია და დადასტურებული. მადლობა, რომ მკითხულობთ. თქვენი მარიკუნა. ^_^ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.