სიყვარულის რეფლექსი (სრულად)
თავის საოცარი ტკივილი მაფხიზლებს. წამოვჯექი, ირგვლივ მიმოვიხედე და აშკარად შინ ვარ, ოთახში, კამპუსში. დავიხედე, ტანზე გაუხდელად ჩამძინებია. თავი ხელებში მოვიქციე, ასე ნაკლებად ვგრძნობ ტკივილს, ისეთს, თითქოს ბურღით შემდგომია ვინმე და განძრევის საშუალებას არ მაძლევს. ბუნდოვნად ვიხსენებ გუშინდელ დღეს: ჰარვარდის უნივერსიტეტი, კამპუსის უძველესი შენობა, დებატებისთვის განკუთვნილი დიდი დარბაზი, რომლის კედლებიდანაც უნივერსიტეტის სახელოვანი კურსდამთავრებულები გადმოგვყურებენ: ადამსი, ჰეისი, რუზველტი, კენედი, გეიტსი, ობამა, ცუკერბერგი... ჰარვარდის სამართლის კლუბი ოქსფორდის სამართლის კურსის წინააღმდეგ, ცხარე დებატები, შეიძლება ითქვას სამკვდრო-სასიცოცხლო, რადგან პირველობა უნივერსიტეტის პრესტიჟის საკითხია, ამიტომ გაასმაგებული ძალებით ვიბრძვით. თანაც წლის ბოლოს დოქტორის წოდებები გვენიჭება და ამიტომ განსაკუთრებით ვცდილობთ გავამართლოთ ჩვენი სასწავლებლის დევიზი - ვერიტას, ნდობა. თანაბარი ქულები და ბოლო, გადამწყვეტი შეკითხვა საერთაშორისო სამართალში: რამდენიმე წლის წინ ერთმა მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალის რედაქციამ მუჰამედის კარიკატურა დაბეჭდა, რაღაც პერიოდის შემდეგ ასევე ისლამი მოიხსენია არასერიოზული სახელით, რითიც სხვადასვა ექსტრემისტული რელიგიური დაჯგუფების თავდასხმები გამოიწვია, რასაც ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იქნებოდა თუ არა ადამიანის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების აღკვეთის მცდელობა მსგავსი ტიპის და შინაარსის სტატიების აკრძალვა ხელისუფლების მხრიდან? წამოვიდა მრავალი ვარაუდი, პასუხი, დისკუსია კლუბის წევრებს შორის და მოსაზრებების გაცვლა ერთმანეთში. ვიცოდი, რომ ამ კითხვაზე სწორხაზოვანი პასუხი არ არსებობდა, ვიცოდი, რომ ჩემს პასუხზე კლუბის დღევანდელი შერკინების ბედი იყო დამოკიდებული, და ისიც ვიცოდი რომ ამ საკითხზე მთელი საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ცნობილი უფლებადამცველები, სამართლის სპეციალისტები, პოლიტიკოსები, დიპლომატები დაობდნენ და კონსესუსამდე ვერ მიდიოდნენ. ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ჩემი სიცილიური ხასიათი უკან დახევის უფლებას არ მაძლევდა, წამოვდექი, დარბაზს თვალი მოვავლე და დავიწყე: ვგმობ ტერორიზმს, ვგმობ ექსტრემიზმის ყოველგვარ გამოვლინებას, ვგმობ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ ყველა დანაშაულს! მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, ვინაიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გვაქვს, ვინაიდან მთელი საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება, იმაზე თუ რა არის თანასწორი უფლება და თავისუფლება, რასაც ყველა წევრი ქვეყანა ეთანხმება და აღიარებს უზენაეს უფლებრივ დეკლარაციად, მაქვს პატივი გაგახსენოთ ამ დოკუმენტის პრეამბულა: ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობის და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს; ვინაიდან ადამიანის უფლებათა უგულებელყოფამ და აბუჩად აგდებამ გამოიწვია ბარბაროსული აქტები, რაც აღაშფოთებს კაცობრიობის სინდისს, და რომ ისეთი მსოფლიოს შექმნა, რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე, გამოცხადებულია როგორც ადამიანთა მაღალი მისწრაფება; ვინაიდან აუცილებელია უფლებებს იცავდეს კანონის ძალა იმის უზრუნველსაყოფად, რათა ადამიანი იძულებული არ გახდეს მიმართოს აჯანყებას, როგორც უკანასკნელ საშუალებას ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ; ვინაიდან აუცილებელია ხელის შეწყობა ხალხათა შორის მეგობრულ ურთიერთობათა განვითარებისათვის; ვინაიდან გაეროს წევრმა ქვეყნებმა წესდებაში დაადასტურეს თავიანთი რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების და კაცებისა და ქალების თანასწორუფლებიანობისადმი და გადაწყვიტეს ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების უკეთეს დონეს მეტი თავისუფლების პირობებში; ვინაიდან გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და დაცვას; ვინაიდან ასეთ უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო გაგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ვალდებულების მთლიანად შესრულებისათვის. გაეროს გენერალური ასამბლეა აცხადებს: ადამიანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და სახელმწიფო, რათა ყოველი ადამიანი და საზოგადოების ყოველი ორგანო, ნიადაგ გაითვალისწინებს რა ამ დეკლარაციას, მიისწრაფოდეს სწავლა-განათლების მეშვეობით ხელი შეუწყოს ამ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემას და მათი საყოველთაო და ეფექტიანი აღიარება-განხორციელების უზრუნველყოფას ნაციონალური თუ საერთაშორისო პროგრესული ღონისძიებებით როგორც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ხალხებში, ასევე ამ სახელმწიფოების იურისდიქციისადმი დაქვემდარებულ ტერიტორიათა ხალხებში. ამ დროს ღრმად ამოვისუნთქე, ფილტვები მაქსიმალური რაოდენობით ჰაერით გავაძლიერე და გავაგრძელე: - ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით. ამ ჩვენთვის ყველაზე მთავარი უფლებრივი დოკუმენტის შინაარსი მე მაძლევს საფუძველს გამოვთქვა მოსაზრება, რომ ჟურნალის რედაქციის აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს, ექცეოდნენ „გონების და სინდისის კარნახით“ მსოფლიოს მოსახლეობის 23 %-ს, რასაც ისლამის მიმდევარი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს, ზღუდავს მათ ფუნდამენტურ უფლებას არ იყოს მათი პირადი ღირსება შელახული, ვინაიდან რელიგიის, რწმენის შეურაცხყოფა პირადი ღირსების შეურაცხყოფის ტოლფასად მიიჩნევა მათი მხრიდან, ისლამი ხომ ისტორიულად მათი თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ძირითადი ელემეტია. მათი უფლებაა სწამდეთ ის რაც სწამთ და სჯეროდეთ იმის, რისი რწმენაც აძლევთ საშუალებას. რადგან ჩვენ, „გაერთიანებული ერები“ ვთანხმდებით იმაზე, რომ „აუცილებელია ხელის შეწყობა ხალხთა შორის მეგობრულ ურთიერთობათა განვითარებისათვის“, ვთვლი, რომ უნდა შეიზღუდოს ასეთი სახის კარიკატურების მასობრივი მოხმარების მედია საშუალებებით პროპაგანდირება და გავრცელება, რაც არ ჩაითვლება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად, არამედ განიხილება როგორც „ერთმანეთის მიმართ ძმობის სულისკვეთებით მოქცევა“. დავასრულე, მიმოვიხედე, წამიერმა დუმილმა მოიცვა დარბაზი, ხოლო შემდეგ მქუხარე აპლოდისმენტების ხმამ გადაფარა კოლეგიის გადაწყვეტილება ჩვენი კლუბის გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ. უცებ, ჩემი სამართლის ლექტორის, მისტერ დევიდის სიტყვები გამახსენდა, რომ სამართალი და სამართლიანობა მხოლოდ მოსამართლის გზა არ არის და არც მხოლოდ მისი გასარჩევია, ეს ყველა ჩვენგანის ბუნებაში გენეტიკურად ჩადებული კოდია, რომელიც არასწორ გზაზე გადახვევის შემთხვევაში შეუცდომელი კომპასივით მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე. მაგრამ დიდხანს აღარ მაფიქრეს და მახსოვს ასევე ის ფაქტი, როგორ ამიტაცეს მეგობრებმა ხელში და გასასვლელისკენ გამაქანეს. მახსოვს ჰარვარდელების საყვარელი პაბი ჩარლზის სანაპიროსთან, ბევრი ლუდი და ვისკი და მერე უკვე აღარაფერი მახსოვს. წამოდგომას ვცდილობ და ფეხები არ მემორჩილება,- როგორც სჩანს ცოტა არ დამილევია, - გავიფიქრე და ტელეფონიც აწკრიალდა. დავხედე, დედა იყო. გადავწყვიტე არ მეპასუხა, მაგრამ არ ნებდება, არ წყვეტს ზარს. ასეთი სახით როგორ დავენახო, არ მაქვს საყვედურების მოსმენის თავი, მაგრამ რეკავს შეუწყვეტლად. - გამარჯობა დედა, რამ გაგახსენა ჩემი თავი ასე დილაუთენია? - მარკოოოოოო, შენ უნდა მომკლა, შეეენ!! რატომ არ მპასუხობ, ხომ იცი ვნერვიულობ, ისედაც შორს ხარ. ჩართე ვიდეო, უნდა დაგინახო. ვიცოდი, ისე არ მოისვენებდა რომ არ შევეთვალიერებინე, თვალები გადავატრიალე და მოვემზადე მისი რისხვის ასატანად. - ვაიმე რა გამხდარი ხარ, მარტო სმაზე ხარ ხომ გადასული, ვაიმე რას ჰგავხაარ!! გაჰკიოდა ყურმილში, - ჩამოდი დროზე იმ ჰარვარდიდან თუ სატანჯველიდან, ისინი მოგიღებენ ბოლოს, რას დაგამსგავსეს! - დედა გეყოფა - ვაწყვეტინებ სიტყვას. - რა მეყოფა რაა, დროზე ჩამოდი, გამოგკვებოთ კარგად, ზეთისხილის ტოტს დამსგავსებიხარ, ასეთი გაგიშვი ერთი წლის წინ? რას იფიქრებს ხალხი! ამაღამ ჩამოდიხარ ხო? - ხმაზე მოუთმენლობა ეტყობოდა, დედას სულ ვენატრები. - ამაღაამ? - გავიკვირვე და უცებ თავში ხელი ვიტაცე, მივხვდი, რომ არასწორი კითხვა დავსვი. - შენ უნდა მომკლა? არ გახსოვს ხომ შენი ძმის ქორწილი? - როგორ არ მახსოვს, დედა, მეგონა გითხარი გუშინ ხვალ რომ მოვფრინავდი - უნამუსოდ ვიცრუე და შემრცხვა საკუთარ დედას ასე რომ ვატყუებდი, მაგრამ რა მექნა საერთოდ ამომივარდა თავიდან ხვალინდელი ქორწილი. - კარგი ხო, დროზე მოემზადე, დაემსგავსე კაცს, სულ იმ უნაირო ამერიკელებს დამსგავსებიხარ, ხომ არ გავიწყდება ბოლოჯიო რომ ხარ, სიცილიელი, სამშობლო რომ გაქვს და გუშინ რომ არ გაჩნდა შენი გვარი? - მკაცრი ტონით მახსენებს დედა. ვინ დამავიწყებს, ვფიქრობ გულში. - არა დედა, ამას რა დამავიწყებს, ყოველ დღე ხომ მახსენებ-ვიცინი და ვემზადები კონტრშეტევისთვის. - დროზე ჩამოდი, სმოკინგი შეგირჩიე-მეუბნება თავმომწონედ და ისევ დამკვირვებლური თვალით აგრძელებს ჩემი სიგამხდრის დონის შესწავლას. - დედა! - თვალები გადავატრიალე ისევ უკმაყოფილების ნიშნად... - რა დედააა, შენი მაისურები არ დამანახო აქ, მილენიას დავაწვევინებ თონეში იცოდე, აქ როგორც მამაშენის შვილს შეეფერება ისე უნდა გამოიყურებოდე! - გამომიცხადა, თანაც ამ დროს ისეთი მუქარით აღსავსე სახე ჰქონდა გამეცინა. შემდეგ ალბათ მიხვდა, რომ საკმაოდ „შემაშინა“ და მიმიკა შეცვალა, სიყვარულით შემომხედა და კეკლუცურად ჩაილაპარაკა - ისე მარია სულმოუთქმელად გელოდება. ამ სახელის გახსენებაზე ტანში ჟრუანტელი მივლის და წარსულის მოგონებებში ვიძირები: 1 წლის უკან, 4 სექტემბერი, პალერმოს მფარველი წმინდა როზალიას ხსენების დღე, პალერმოს კათედრალი და გალობა. ჩემი პადრე ძმა საზეიმო წირვას ატარებს ამ წმინდა ტაძარში. ყველა ჩემი ნათესავი თუ ნაცნობი აქაა, რა თქმა უნდა ტრადიციისამებრ ჩვენც, მთელი ოჯახით: ბაბუა - მარკო, მე მისი სახელი მქვია, ამიტომ იგი მისი ცხოვრების გზის პირდაპირ გამგრძელებლად აღმიქვამს და ფანატიკურად ვუყვარვარ, ბებია - მაგდალენა ბოლოჯიო, დედა - მარია ბოლოჯიო, რომელიც „კოზა ნოსტრას“ ერთ-ერთი ბოსის მარჩელო კატანეზის შვილიშვილია. მამაჩემი კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმეს მისი ცოლად მოყვანისთვის. მამა რობერტო ბოლოჯიო, სიცილიის ერთ ერთი ყველაზე მსხვილი ღვინის მწარმოებელი და ნავსადგურების მფლობელი. ძმა ვინჩენცო, და თავისი საცოლე კამილა, რომლებიც დაქორწინების შემდეგ ამერიკაში გადმოსვლას აპირებენ საცხოვრებლად; ვიტორიო-მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე, რომელიც იმდენად გართულია თავის შემოქმედებაში, მამას ბიზნესის გაგონებაც არ უნდა, სალვატორე - მღვდელი, რომელსაც 35 წლის ასაკში უკვე 9 შვილი ჰყავს: 6 გოგო და სამი ბიჭი და მე, ნაბოლარა შვილი, მარკო ბოლოჯიო, მშობლების ერთადერთი იმედი და საუკუნოვანი ოჯახის ბიზნესის გაგრძელების ერთადერთი პერსპექტივა. ჩემმა ძმებმა ვერ გაამართლეს მამას იმედები, ყველა თავის გზაზე წავიდა, ასე რომ მე ვარ ბოლო იმედის ნაპერწკალი ყველასთვის და ჩემზეა დამოკიდებული გაგრძელდება თუ არა საგვარეულო ტრადიციული საქმე, რომელსაც ბოლოჯიოების კლანი XII საუკუნიდან მოყოლებული მეფე პედრო მესამე არაგონელის შემდეგ მისდევს. წირვა დასრულდა. კათედრალის ლამაზ, საუცხოო ყვავილებით მორთულ ბაღში გამოვედით. პროცესია ქალაქის ქუჩების დასალაშქრად გაემართა. წინ წმინდა როზალიას უშველებელ მოოქროვილ, ლილიებით შემკულ ქანდაკებას მიაბრძანებენ, ხოლო უკან მთელი პალერმოს და სიცილიის სხვა რაიონების მოსახლეობა მიჰყვება. მიყვარს ეს სანახაობა, ჩემს ბავშვობას მახსენებს. ხალხის სიმრავლეც მიყვარს, ასე ჯგროდ, დინჯად და გალობით რომ მიაბიჯებს ვიწრო ქუჩებში. კათედრალის ეზოში ჩემი მამიდაშვილი სერჟიო შემხვდა, დიდი ხნის უნახავი მყავდა და შევყევით საუბარს. უეცრად მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი და მთელ სხეულში დენის მსგავსმა ჟრუანტელმა დამიარა. მივხვდი ვინც იქნებოდა და შემოვტრიალდი. ჩემს წინ მარია იდგა, ჩემი ბავშობის დროინდელი დანიშნული და მიღიმოდა. ღმერთო, რა ლამაზი იყო ნაციონალურ სიცილიურ სამოსში. მისი ლერწმის მსგავსი სხეული და მისი მზემოკიდებული ლამაზი კანი საოცარ კომბინაციას ქმნიდნენ თხელ სახის ნაკვთებთან. მისი დიდრონი სისხლისფერი ტუჩები და თეთრი მარგალისტისფერი კბილები განსაკუთრებულ ეფექტს სძენდა მწვანე ხავერდისფერ ღრმა თვალებს და სწორ იტალიურ ცხვირს. შავი ხვეული თმა მუხლებამდე სცემდა და პალერმოს მზის ფონზე საოცრად ბრჭყვიალებდა. მოკლედ ჩემი ძმა ვიტორიო ამ წუთს აქ რომ ყოფილიყო ადგილზე გააშეშებდა მარიას, პალიტრას გაშლიდა და ამ ღვთაებრივ სილამაზეს ტილოზე აღბეჭდავდა. წარმოვიდგეინე ეს სცენა, გამეცინა და გავიფიქრე მარიას უდაოდ გაუმართლა, რომ ვიტორიო პროცესიას გაჰყვა, თორემ მოუწევდა პალერმოს სექტემბრის მწვავე მზის ქვეშ საათობით დგომა და პოზირება. - მარკო, როგორ ხარ? - მოვიდა და ნაზად ლოყაზე ტუჩებით შემეხო. გამაჟრიალა, ვერ ვიტანდი მის ასეთ შეხებას, რაღაცნაირ ორაზროვან, ვნებისმაგვარ გრძნობას ყოველთვის აღმიძრავდა ხოლმე. მიუხედავად ამისა სხვა მანდილოსნებისგან განსხვავებით ბავშვობიდან მის მიმართ საოცარი მორიდების გრძობა მეუფლებოდა, რასაც შეყვარებული ადამიანი ნამდვილად არ განიცდის ალბათ. მე 9 წლის ვიყავი მარია რომ დაიბადა „კოზა ნოსტრას“ კიდევ ერთი შეფის - მარჩელო ლომბარდოს ოჯახში. ის მისი ერთადერთი შვილიშვილი გოგონა იყო. მარჩელოს ორ ბიჭს, რომლებიც მამის ძველ ბიზნესს აღარ მისდევდნენ და მშვიდობიან საქმიანობაზე იყვნენ გადასულნი, სულ ბიჭები ჰყავდათ, ამიტომ მარიას დაბადებას განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ. მამაჩემი და მარიას მამა სილვიო ბავშვობიდან მეგობრობდნენ, ხოლო შემდეგ უკვე ბიზნესშიც პარტნიორობდნენ ერთმანეთს. მარია 1 წლის რომ გახდა ჩვენმა მამებმა მოილაპარაკეს ერთმანეთის ოჯახები ჩვენი ქორწინებით დაენათესავებინათ. ბავშვობიდან ვფიქრობდი, რომ ეს დანიშვნის ტრადიცია საოცრად ბარბაროსული ჩვეულება იყო, რადგან თავისუფალი არჩევანის და ბოლოს და ბოლოს სიყვარულის უფლებას ართმევდა ათასობით იტალიელს. ჩემს თაობაში ნაკლებად გვხვდება ამ ადათების გადმონაშთები, მაგრამ მე ხომ ბოლოჯიო ვარ, როგორც ბებიაჩემი მუდამ მიმეორებს, მე ხომ სხვა ვარ, მე ხომ მარკო ბოლოჯიოს, ბაბუაჩემის ბოლო იმედი ვარ, რადგან არც ერთმა ჩემმა ძმამ არ აიღო თავის თავზე ჩვენი წარმოშობის მთელი სიმძიმე. მე უნდა დამაწვეს, მე უნდა გადამზნიქოს ჩვენს ეზოში ამოსული საუკუნოვანი პალმის რტოსავით, მე უნდა დამათმობინოს საკუთარი მისწრაფებები და ოცნებები, მე უნდა დამავიწყებინოს საკუთარი ფიქრები და გულის ნადები. აბა მე მკითხონ, როგორ მინდა ამ საქმის გაგრძელება, არ მეკითხებიან! რადგან შიში აქვთ მეც ჩემი ცხოვრება სხვა გზით არ წარვმართო ძმების მსგავსად. არადა ვგრძნობ, რომ არ მჭირდება ეს დიდება, პრივილეგიები და აღფრთოვანებული შეძახილები, ჩვენი გვარის გაჟღერებას რომ მოჰყვება ხოლმე სიცილიის რეგიონში. მინდა ჩემით მოვახდინო თვითრეალიზება და დავიმკვიდრო ჩემი საკუთარი მე ამ უშველებელ სამყაროში. ერთხელ რომ დავიწყე ამ თემაზე ჰარვარდიდან დაბრუნების შემდეგ საუბარი, მამაჩემმა გულზე იტაცა ხელი და დედაჩემმა გონება დაკარგა, მას შემდეგ ხმას არ ვიღებ და ვცდილობ სხვგვარად შევაპარო ჩემი გადაწყვეტილება, ნაკლებად უმტკივნეულოდ. შესაფერის დროს ველოდები. ოხ, ღმერთო, რატომ მექცევი ასე სასტიკად, რატომ არ მომეცი ჩემი ძმებივით მტკიცე ნებისყოფა და რატომ არ გამიქვავე გული, რომ დედაჩემის და მამაჩემის მუდარით აღსავსე მზერას გავუძლო, როდესაც ჩემი წასვლის დღე ახლოვდება და როდესაც ყოველ ჯერზე გულში ნატრობენ ამერიკაში არ დავრჩე საცხოვრებლად... ვუყურებდი მარიას და ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი, რადგან არ ვიცოდი რას ვგრძნობდი მის მიმართ. ვერ გავრკვეულიყავი საკუთარ აზრთა სვლაში. არ შეიძლება მარია არ გყვარებოდა, რადგან მასზე ლამაზი და მიმზიდველი არსება ბევრი არ დადიოდა მთელს სიცილიის კუნძულზე. ბევრი მოშურნე მყავდა, ბევრს ჰქონდა მარიას სილამაზეზე თვალი დადგმული, მაგრამ მარია არავის არ იკარებდა, რადგან ბავშვობიდან მხოლოდ მე ვუყვარდი და ვუყვარდი მთელი გულით, სულით და არსებით. ხშირად სინდისის ქენჯნაც კი მაწუხებდა და ჩემს თავზე ვბრაზობდი, რა მინდოდა ამაზე უკეთესი? ულამაზესი, საუცხოო, ბავშვობიდან ჩემად წოდებული, ფაქტიურად ჩემთვის გაჩენილი.ამის გაფიქრების უმალ გამეცინა, რა უცნაურად ჟღერდა - „ჩემთვის გაჩენილი“. მამაჩემის ბიზნეს პარტნიორის და მოკავშირე ოჯახის შვილი, სიცილიელი, მორჩილი. ნუ სხვა ამ შემთხვევაში ჩემზე იფიქრებდა, რომ ან ძალიან სულელი ვარ, ან ზედმეტი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე, მაგრამ მადონნა მია, გულს რა მოვუხერხო, რა დავმართო, ჩემს თავსაც ხომ ვერ მოვატყუებ? არ მიყვარდა, რომ ვხედავდი მის დანახვაზე სიხარულის ნაპერწკალი არ ღვივდებოდა ჩემს გულში, რომ ვეხებოდი უცაბედად ან უმანკოდ ვკოცნიდი ხოლმე ღაწვებზე მხოლოდ დროებით ვნების მოზღვავებას ვგრძნობდი და ეს გრძნობა სასაცილო რიდში და სათაყვანებელ პატივისცემაში გადაიზრდებოდა ხოლმე.ვერ ვიტყვი, რომ მას როგორც საკუთარ დას ისე ვუყურებდი და მის მიმართ არანაირი სხვა გრძნობა არ გამაჩნდა, მაგრამ არ ვიყავი მის ნახვაზე დამოკიდებული, მისი სახელის გაგონებაზე უცნაური სასიამოვნო ჟრუანტელი არ მივლიდა, მასზე ფიქრებში ღამეები არ გამითენებია, არ მიდარდია არასდროს მეტოქის გამოჩენის საშიშროებაზე. ალბათ ეს ყველაფრი ნაძალადევმა მომავალმა უპირობო ქორწინების მოლოდინმა განაპირობა, თორემ სხვა გარემოებაში მარიას გავაღმერთებდი, სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. - რისი სიცილიელი ვარ, საკუთარი ბედის განკარგვა თუ არ შემიძლია, საკუთარ ცხოვრებას თუ სხვას ვაგეგმინებ, საკუთარ თვითმყოფადობას თუ კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ? მამაჩემისთვის მარტივია, ერთადერთი ვაჟი იყო და ცოლად მოიყვანა ოჯახის დაუძინებელი მტრების - კატანეზების ულამაზესი ქალიშვილი. სიგიჟემდე ჰყვარებიათ ერთმანეთი და ამ ბუმბერაზმა სიყვარულმა მტრობით დანგრეული ურთიერთობები გაამთელა. ისტორია მეორდება, მაგრამ არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ცალმხრივი სიყვარულით განპირობებული მტანჯველი გრძნობებით, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა იმედს ვიტოვებდი, რომ ეს ყველაფერი მოვიდოდა და შემიყვარდებოდა, არა ისე, როგორც მთლად შექსპირისეული სიყვარულია გამოხატული, მაგრამ ისე მაინც, როგორც ნიბელუნგების ზღაპარში ზიგფრიდს ბრუნჰილდა შეუყვარდა, შედარებაზე გამეცინა, საიდან მომაფიქრდა ეს ლეგენდა არ ვიცი.- კარგად მარიანნა, შენ როგორ ხარ - შეიშმუშნა, ვერ იტანდა მარიანას რომ ვეძახდი ხოლმე.- ასე ცივად უნდა შემხვდე მარკო? არ გადამეხვევი? - გამომწვევად შემხედა და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა.- რასაკვირველია ასეთ შანსს ხელიდან არ გავუშვებ - მივუახლოვდი და გადავეხვიე, ვიგრძენი მისი გამალებული გულისცემა და სხეულის თრთოლვა, ალბათ სიხარულისგან და მონატრებისგან გაასმაგებოდა ქალიშვილს შეგრძნებები. გულის სიღრმეში რაღაც ჩამწყდა, რადგან არ ვიზიარებდი მის გრძნობებს, თანაც არ ვიყავი მასთან ბოლომდე გულწრფელი. მხრებში ნაზად მოვკიდე ხელი და ოდნავ მოვიშორე ჩემი სიახლოვისგან. ვიგრძენი რომ არ ესიამოვნა და უცებ ყურადღების გადასატანად წამოვროშე:- როგორ გაზრდილხარ, პირდაპირ ორნელა მუტის დამსგავსებიხარ - ვუთხარი და პირი გამეხა ისე გავიღიმე ჩემს სულელურ შედარებაზე. ისე ოდნავ წააგავდა მართლა.- არ მიყვარს ორნელა - პირქუშად ამოილუღლუღა - შენ კიდევ დაკაცებულხარ და რაღაც სხვანაირი იერი მიგიღია, თმა გაგზრდია, წვერიც მოგიშვია, გიხდება - ამათვალიერ ჩამათვალიერა.- კიდევ კარგი მთლად ლაწირაკი იყავი და კაცი გახდიო არ მითხარი - ნაძალადევად გავიღიმე, ისე იუმორის გრძნობას არ ვუჩივი, მაგრამ ამ გოგოსთან რაღაც უნიჭოდ გამომდის ხოლმე. ისეთ სულელურ იერს ვიღებ, ამაზე უფრო გაეცინება კაცს.- ეგრეც რომ იყოს, მხოლოდ ჩემი ლაწირაკი იქნებოდი და სხვა არავისი -კეკლუცურად დაასრულა.მე მაქსიმალურად სერიოზული სახე მივიღე, ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი ისე, რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი ჩემს ყვრიმალთან, და ვუთხარი:- სერიოზულად უნდა დავილაპარაკოთ მარია - მის ფირუზივით მწვანე თვალებს ჩავხედე, თვითონაც თვალს არ მაშორებდა.- მე სულ სერიოზული ვარ მარკო - მიპასუხა ღიმილით.- მე არ ვხუმრობ, მარია, დღეს საღამოს წვეულებაზე განვმარტოვდეთ როგორმე და დავილაპარაკოთ. ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი - ისეთი ტონით ვუთხარი, უდაოდ მიხვდებოდა მისთვის კარგის მომასწავლებელი თემა რომ არ იქნებოდა.- კარგი, როგორც მეტყვი, მე ვილა ბოლოჯიოზე ვიქნები ოჯახთან ერთად, ვიცი რომ დაპატიჟებული ვარ.მოკლედ შევთანხმდით, ლამაზ, მზემოკიდებულ ლოყაზე გამოსამშვიდობებელი კოცნა დავუტოვე და შევტრიალდი. გავეშურე იმ ადგილისკენ, სადაც სერჟიო მელოდა კათედრალის გამოსასვლელიდან რამდენიმე მეტრში, დიდი ასწლოვანი მუხის ჩრდილს შეფარებული.მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომის დადგომიდან მეოთხე დღე იყო, საშინლად ცხელოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მარია ისევ თვალს არ მაშორებდა, მაგრამ არაფრის დიდებით უკან არ ვიყურეობდი, არ მინდოდა ისევ ყალბი ღიმილით დამესაჩუქრებინა. სერჟიო და მე ლამის ჩვილობიდან ვმეგობრობთ, თანაც ძალიან ვგავართ ერთმანეთს ფიზიკურად და ხასიათის წყობითაც. უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის გულის წადილიც და ჩანაფიქრებიც. მაღალი, წაბლისფერი მოგრძო თმით, შავი ჭრელი, ნავის მოყვანილობის ლამაზი თვალებით და მოხეული, გაშლილი მკერდით მიყუდებულია მუხის მსხვილ ხეზე, ყურებამდე გაღიმებული მიყურებს და თვალს მიკრავს.სანამ საუბრისთვის შესაფერის მანძილზე მივუახლოვდებოდი ვერ მოითმინა და შორიდანვე შემომძახა:- რაო, შენი ვარ, შენთვის მოვკვდებიოოო? - თითქოს წაუმღერაო ისე წარმოთქვა. სწრაფად მივვარდი და თვალები დავუბრიალე, მართლა გავბრაზდი, არ მესიამოვნა მარიას ამგვარი აგდებული ხსენება.- არ გაბედო მასზე ხუმრობა, კაცური საქციელი არ არის! - შევუღრინე.- კარგი ხო, რა ვქვი ასეთი გასაგიჟებელი? მიპასუხა, ხელი მხარზე გადამხვია და დაღმართზე დავეშვით, მის სპორტულ ფერარიში ჩავსხედით. მყისიერად მოწყვიტა ადგილიდან და გააგრძელა საუბარი:- ამაღამ რას ვშვრებით, ვიმხობთ ერიშეს თავზე? - და ისევ თვალს მიკრავს. - მთელი სიცილიური ნაღები საზოგადოების მშვენიერება ვილა ბოლოჯიოზე იქნება, მამაშენმა არავინ დატოვა დაუპატიჟებელი. - ამ დროს გამომცდელი მზერა მესროლა. - შენ კი ხარ დაკავებული, მაგრამ მე რა მიშლის ხელს მაქსიმალურად ჩავიძირო სიცილიურ მშვენიერებაში.- არც მე არაფერი მიშლის, ერთი შენ მიშლი ნერვებს ხშირად - გადავულაპარაკე გაბრაზებულმა. შემდეგ მომინდა ავყოლოდი მის ახალგაზრდულ გულისთქმას და დარდი გადამეყარა გულიდან.- დღეს აუცილებლად, ბოლომდე ვერთობით - თვალი ჩავუკარი მეც, მაგრამ გულში რაღაც მთლად სასიხარულო მოლოდინის გრძნობამ არ დაისადგურა. მოახლოვებულ შეხვედრაზე და ჩემსა და მარიას საუბარზე ვფიქრობდი. გულში გეგმებს ვაწყობდი და საუკეთესო ვარიანტებს ვარჩევდი უმტკივნეულო, თავაზიანი უარებიდან. არ ვაპირებდი მის ცოლად მოყვანას და ეს ისე მყარად მქონდა ჩემს ფიქრებში გადაწყვეტილი, ვერ წარმომედგინა ამ გადაწყვეტილებას რამე თუ შემაცვლევინებდა.- სანაპიროზე დამტოვე სერჟიო, მინდა რომ ცოტა ხანი ვიფიქრო რაღაც საკითხზე და მე თვითონ მოვალ - ვუთხარი მე. მანაც ორაზროვნად გადმომხედა და თანხმობის ნიშნად თავი დამიქინია.სერჟიო ხვდებოდა რომ მთლიანად ჩვენი მომავალი ქორწინების ჩაშლის გეგმებზე ფიქრებით ვიყავი მოცული და ამიტომაც არ გაუპროტესტებია ჩემი მარტო დარჩენის სურვილი. ჩამომსვა სანაპიროზე, ხელის მხედრული მოძრაობით დამემშვიდობა, ჩაოო! მესროლა და ადგილიდან ტყვიასავით მოწყდა.დიდხანს ვიბოდიალე ერიჩეს ისტორიული ქალაქის ვიწრო და მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში. მიყვარს ეს ადგილები, მიყვარს ეს მყუდრო და პატარა ქალაქი, საიდანაც ჩვენი გვარის ისტორია იწყება; თბილი და ოდნავ ნოტიო ჰავა; ძველებური დახლები და ტრადიციული საჭმელები. პატარა პიაცები ლამაზი შადრევნებით და ამ შადრევნებთან ახალგაზრდა შეყვარებული ჩახუტებული წყვილებით.ჩვენი გემიც დავინახე ნავსადგურთან, დიდი ასოებით აწერია ბოლოჯიო. ასვლა მომინდა, მაგრამ გადავიფიქრე. ისევ მარიაზე ფიქრებმა წაიღო ჩემი აზრები.- ნეტა ჩემი აკვიატება სჭირს თუ მართლა ვუყვარვარ? ალბათ აკვიატებაა... ვხვდები რომ თავს ვიმშვიდებ, მაგრამ ცხადია, რომ ასეთი აზრთა წყობა უფრო მაძლევს ხელს და ვაგრძელებ ფიქრს - ნეტა თუ შესაძლებელია ვინმე სხვა შეუყვარდეს? ან კიდევ უკეთესი, სხვისი ცოლი გახდეს? ან ნეტა ვინმე თუ ჰყოლია, სიახლოვე თუ ჰქონია, და ამ აზრმა ცოტა უსიამოვნო შეგრძნება დამიტოვა და მყისიერად უარვყავი გონებაში. - რა თქმა უნდა არავინ ეყოლებოდა, დაბადებიდან ჩემზე აქვს გაფანატებული... - შემზარა ამ დასკვნამ, მაგრამ სიმართლეს ეს უფრო შეესაბამებოდა. უკვე ოცი წლის ხდება და დროა ვინმე სხვაზე გადაიტანოს ფიქრები და სხვა შეუყვარდეს, მე ხომ უიმედოდ ვალოდინებ და ეს არც იცის. ალბათ ეჭვობს რომ მასავით არ მიყვარს, მაგრამ თუ უარყოფას ვუპირებ არ მგონია გრძნობდეს. რას გავიგებ, ეს ქალური გონება რას წვდება და რას განჭვრეტს, ან საითკენ მიექანება?! არ მგონია ასეთი მიამიტი იყოს, რას მიხვდები ამ ქალურ ფიქრთა სავლას, ერთს ფიქრობენ, მეორეს იძახიან, მესამეს აკეთებენ. გგონია მიუხვდი, აი ჭეშმარიტებასთან ახლოს ხარ და უცებ რაღაცაზე გებუტება, ისე რომ მთელი ცხოვრება რომ იფიქრო ვერ მოისაზრებ ამის მიზეზს და რა თქმა უნდა ქალი რისი ქალია, თუ აგიხსნა და გაგრძნობინა ხასიათის ცვლილების მიზეზი, შენ უნდა მიუხვდე გუმანით. მამაკაცს ეს გუმანი თუ არ აქვს, წასულია მისი საქმე, ისევე როგორც ამ მომენტში ჩემი საქმეა წასული, ვერასდროს ვერ ვხვდებოდი რა უნდოდათ ქალებს. ჩემი ჰარვარდელი მეგობარი მაიკლი კი სულ მიმტკიცებს, რომ ყოველთვის იცის რა სურთ ქალებს, მაგრამ მე მუდამ დავცინი, რადგან ყოველი მესამე მისი გაარშიყება სილის გაწვნით სრულდება ხოლმე. მაინც ვერ ამოვიცანი რას ფიქრობს მარია ჩემს მის მიმართ დამოკიდებულებაზე. ვააა რა შარიანი დავიბადე, გავჩენილიყავი სადმე აფრიკაში, მაგრამ წამში სომალელი ბავშვების პრობლემები გამახსენდა და შემრცხვა ჩემი აზრების...მოსაღამოვდა. ჩამოვდივარ ჩემი მშობლების სამსართულიანი სახლის, უფრო სწორად სასახლის კიბეებზე. ჩემი საძინებელი მესამე სართულზეა განლაგებული. ბავშვობიდან ასეა. ჩემი ოთახიდან საუცხოო ხედები იშლება, ყველას საძინებელი მეორე სართულზეა მოთავსებული და მე მარტო აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. ბავშვობაში ჩემი ძმა სალვატორე მაშინებდა და მიყვებოდა ათასგვარ სისულელეს: რომ მათ არ ვგავარ, მიშვილეს, რადგან ვიღაცამ კარის ზღურბლზე დამტოვა, დედას და მამას შევეცოდე და შვილივით მიმიღეს. რომ ერთხელაც ფანჯრიდან შემოიპარებოდა ნამდვილი მამა და გამიტაცებდა. თავიდან შიშით ვუყურებდი ხოლმე ღია ფანჯრიდან ქარის მიერ აშრიალებულ ფარდებს და კატების სახურავზე ბოდიალი შეიძლებოდა ადამიანის ფეხის ხმად მომჩვენებდა, მაგრამ, რადგან არადა არ მომიტაცეს, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი სალვატორეს ფანტაზიის ნაყოფი იყო და მეტი არაფერი. მესამე და მეორე სართულებს შორის დედა მხვდება და მისი სუსტი შკივლება მაფხიზლებს:- მარკო, რას ჰგავხარ, რას! ვიხედები სამოსზე და ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, ჩვეულებისამებრ ჯინსის შარვალი და შავი მაისური მაცვია.- რას ვგავარ დედა, ვერ მიგიხვდი, ჯერ-ჯერობით ისევ ის მარკო ვარ, აქამდე მოგწონდი - და თვალი ჩავუკარი.- ნუ მაიმუნობ, წადი და გამოიცვალე, სოლიდურად უნდა გამოიყურებოდე. მიდი თორემ ძალით წაგიყვან იცოდე - დამემუქრა დედა და ხელები დოინჯად შემოირტყა წელის ირგვლივ. ძალიან ლამაზია ამ დროს დედაჩემი. საშუალო სიმაღლისაა, თავისი ასაკისთვის საკმაოდ ტანადია და ისევ ახალგაზრდული იერი აქვს შენარჩუნებული. მისი გვარის ქალების ტრადიციისამებრ გძელი წაბლისფერი თმა აქვს და უკუნითი ღამის მსგავსი შავი თვალები. თვალებით ძალიან ვგავარ, და საერთოდ მისი იერი მაქვს, ყოველ შემთხვევაში ყველა აღნიშნავს ამ ფაქტს.ვინაიდან არ მიტოვებს არჩევანის საშუალებას, ავდივარ ჩემთან და მის ბრძანებას მორჩილად ვასრულებ. ვიმოსები მისი გემოვნებით, „სოლიდურად“ და ვდგები სარკის წინ, ამრეზით ვუყურებ საკუთარ თავს, არ მომწონს ეს „არისტოკრატიული იერი“, როგორც დედა აღნიშნავს სმოკინგში რომ მხედავს ხოლმე. მოპირდაპირე მხრიდან ჩემი გამოსახულება შემომცქერის, მაღალი, მხარბეჭიანი, ოდნავ წამოზრდილი დახუჭუჭებული თმით და წვერით. ეს სმოკინგიც სულს მიხუთავს, მაგრამ მიუხედავად ამისა ღრმად ვსუნთქავ და ჩამოვდივარ დიდ მისაღებ დარბაზში, რომელსაც ვილას პირველი სართულის თითქმის ნახევარზე მეტი ფართობი უკავია. დარბაზი გამოირჩევა რენესანსული პერიოდის მხატვრების ტილოების სიმრავლით და ჩვენი სახელოვანი წინაპრების პორტრეტებით. ჭერი თაღოვანია და მაქსიმალური სიმაღლე 5 მეტრს სცდება. აუარებელი რაოდენობის ხალხი ყოფილა მოზღვავებული. დარბაზის აღმოსავლეთ ნაწილში პალერმოს ცნობილი ორკესტრი უკრავს, დასავლეთ ნაწილში უშველებელი მაგიდაა გაშლილი სხვადასხვა ტრადიციული ადგილობრივი საკვებით, თუ ევროპული სამზარეულოს რეცეპტებით ნამზადი კერძებით. მომსახურე პერსონალი სასმისებში მხოლოდ ჩვენს ღვინოს ასხამს, „ვილა ბოლოჯიოს“. ერთი ჭიქა მეც ავიღე, ხელში მსუბუქად დავატრიალე და არომატი შევისუნთქე, შემდეგ ოდნავ ტუჩი დავისველე და მოვსვი ნახევრადმშრალი სიცილიური 2008 წლის მოსავლის ავოლას შავი ღვინო, საოცარი სურნელი აქვს. წამიერი იყო ეს სიამოვნება, და შემდეგ უკვე გავერიე ნათესავების და ნაცნობების დიდ წრეში.- მარკოო, რამდენი ხანია არ მინახიხარ, როგორ დაკაცებულხარ, შეცვლილხარ, ნამდვილი ბოლოჯიო ხარ, გულში მიკრავს ბიცოლაჩემი ლილიანა, მამიდაჩემი ლუჩია, ბიძაშვილები, მამიდაშვილები და შემდეგ უკვე სათვალავი ამერია. ავყევი მხიარულებას, მთელი ჩემი ოჯახი აქ იყო, დედაჩემი ფუსფუსებდა და დასტრიალებდა სტუმრებს თავს, ბებიაჩემი მაგდალენა თავის ნათესავებთან ცხარე კამათში იყო ჩართული და რომ დამინახა მანიშნა მასთან მივსულიყავი. მივედი და დაიწყო კიდეც ჩემი გამოცდა.- მარკო, ჩემი ბიძაშვილი ლუჩია მარწმუნებს, რომ ჰარვარდში მხოლოდ მასონები სწავლობენ და, სწავლის დაწყების დღიდან ფიცს ადებინებენ მხოლოდ ამერიკის ერთგულები იყონ, ისეთი სასოწარკვეთილი სახით მეკითხებოდა ბებია, გულიანად გადავიხარხარე. ამ საუბრის დამსწრე საზოგადოება, რომლებიც ბებიას ასაკის ხალხისგან იყო შემდგარი, ამრეზით მიყურებდნენ, გადაეწყვიტათ უკვე ჩემი ბედი და ჯაშუშის დაღი ჰქონდათ ჩემთვის დასმული. ჯერ ვიფიქრე, მეთქვა რა სისულელეა თქო, მაგრამ რატომღაც ძალიან მომინდა მაიმუნობა და დავიწყე სერიოზული სახით:- მასონი, ბებიაჩემო, არის ძალიან საპატიო წოდება, მით უმეტეს ჩემნაირი ტრადიციული წარმოშობის სიცილიელისთვის! ჩვენ იქ მსოფლიო მნიშვნელობის საკითხებს ვწყვეტთ და ეს არაფერ შუაში არ არის ჯაშუშობასთან. მოვა დრო და იტალიას მასონები გადაარჩენენ - ბებიაჩემს საოცრად შეეცვალა სახე, გაფითრდა, ხელი თავის ჯოხზე მყარად დააყრდნო და რაღაცის ამოლუღლუღება დააპირა, ამ დროს სერჟიო მოგვიახლოვდა და უცებ ღიმილნარევი სახით იკითხა:- ბერლუსკონი გარდაიცვალა, თუ რას ვგლოვობთ ბებიაჩემო, რა პანაშვიდის იერი გაქვთ მიღებული? მე ისევ არ ვეშვებოდი ცუღლუტს და ვუპასუხე:- ჩემს მასონობის პირველ საფეხურებს განვიხილავთ - ძლივს შევიკავე სიცილი.- რას განიხილავთ? - გაკვირვება გამოეხატა სახეზე სერჟიოს და შემდეგ ჩემი თვალის მოძრაობა რომ დააფიქსირა ამყვა ოხუნჯობაში - ააა, მე მეგონა ახალი თქვით რამე, ესე იგი შენი სათაყვანებელი სილვიო ცოცხალია, მადლობა ღმერთს.- შენც იცოდი? - ათრთოლებული ხმით ეკითხება ბებია სერჟიოს და ვატყობ, რომ ნელ-ნელა უფრო და უფრო ცუდი ფერი ედება მის ნაოჭებიან ლამაზ სახეს.- რა ცოდნა უნდა, ჩვენც გაგვაწევრიანა იტალიურ მასონურ ელიტურ კლუბში. ამ დროს დავინახე, თუ, როგორი მტრული გამომეტყველებით გვაკვირდებოდა ხანშიშესული საზოგადოება ხან მე და ხან სერჟიოს. - ვაიმე გულიო, რომ შეჰკივლა ბებიამ, მაშინ მივვარდით ორივენი და ავუხსენით, რომ ეს მისი ბიძაშვილების სულელური ნაბოდვარი იყო და რომ მის სათაყვანებელ ნათესავებსაც კი არ დაეჯერებოდა ყველაფერი.ცოტა ხანში დავინახე როგორ ატყდა ჩოჩქოლი და ჩუმი გადალაპარაკებები დამსწრე საზოგადოებაში. გავიხედე იმ მიმართულებით, საითაც ყველა იყურებოდა და გავშრი: მარია მოდიოდა ოჯახთან ერთად, არა, კი არ მოდიოდა მოსრიალებდა მარმარილოს იატაკზე. გრძელი ძოწისფერი ტანზე მომდგარი კაბა ეცვა, ღია გულით და მხრებზე ოდნავ გადაგდებული პატარა მკლავებით. დიდად მოდაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ეს რაღაც საოცრება იყო მის სხეულზე. ალბათ მისი ნატიფი და ქალური ფიგურები განაპირობებდა ამ სილამაზის არამიწიერ შეხედულებას. შავი თმა აწეული ჰქონდა გარდა რამდენიმე კულულისა, რომელიც სიარულის დროს შრიალით ეხებოდა მის შველივით კისერს. ამ სამოსის ფონზე ზურმუხტისფერი თვალები მთლად გაზაფხულის ხასხასა ბალახისფერი მოუჩანდა ხშირი შავი წამწამების ქვეშიდან და საოცარ მიმზიდველობას სძენდა. ყველას მზერა მასზე იყო მიმართული, ხოლო მისი მხოლოდ ჩემზე. რამდენი მიყურებდა შურის თვალით ეს არაამქვეყნიური სილამაზის არსება მხოლოდ მე რომ მაღიარებდა მის პარტნიორად და მომავალ პატრონად.პირდაპირ ჩემკენ გამოემართა. ორკესტრმა არგენტინული ტანგოს დაკვრა დაიწყო. რატომღაც ძალიან მომინდა მასთან ცეკვა და არც მიკითხავს, ისე მოვხვიე წელზე ხელი და დარბაზის შუაგულში ძალიან სწრაფი მოძრაობით რამდენჯერმე დავაბზრიალე. ყველა ჩვენ გვიყურებდა, მაგრამ ეს ფაქტი პირიქით უფრო მაგულიანებდა. დავიწყეთ და ცეცხლი დავანთეთ, ძალიან ვნებიანად და გულწრფელად ვცეკვავდით, მე თვითონაც არ მესმოდა რატომ, მე ხომ ის არ მიყვარდა, მაგრამ ყველას გვიდგება დღე, როდესაც ამის საპირისპირო აზრის გაბატონებას ვცდილობთ საკუთარ გონებაზე.დასრულდა მუსიკა, მარია დავაბზრიალე, ჩემს მარჯვენაზე ზურგით გადავიწვინე და ასე გავშეშდით, სანამ აპლოდისმენტების ხმამ არ მოგვიყვანა გონებაზე, გავასწორე წელში და ცენტრიდან გავიყვანე.- რას დალევ - ვკითხე და ხელზე ვეამბორე.- ისევ ისე კარგად ცეკვავ, - მითხრა ღიმილით - მაგრამ ტანგო ჩემთან პირველად იცეკვე, ძალიან კარგად კი გამოგდის - თვალს არ მაცილებს, თითქოს უნდა ვნების ცეცხლი მომიკიდოს და დამფერფლოს ამ დაჟინებული მზერით, მაგრამ რა იცის, რომ ჩემზე ამგვარად არ მოქმედებს. - ხო ისე შენს გაკეთებულ კალაბრეზეს დიდი სიამოვნებით დავლევდი, ვიცი რომ კიდევ დაგრჩა, ქორწილისთვის ინახავ - კეკლუცად ჩაიღიმა.- ხო ვინახავ, ახლავე მოვიტან - ვუთხარი და გავეშურე მარნის იმ ნაწილისკენ, სადაც ჩემი მუხის კასრი მეგულება. რამდენიმე კასრი მქონდა ჩემი განსაკუთრებული რეცეპტით დაყენებული და მართლაც საუცხოო გამოვიდა. ცოტა ჩამოვასხი იქვე მდგარ დოქში, საოცარმა სურნელმა არ მომცა საშუალება არ დამეგემოვნებინა მცირეოდენი და დარბაზისკენ ამოვბრუნდი. უცებ მამას კაბინეტის კართან ხმამაღალი საუბრის ხმა მომესმა, არ ვაპირებდი გაჩერებას, მიყურადება რა კაცის საკადრისია, მაგრამ ამ დროს ჩემი სახელი გავიგონე. მივუახლოვდი კარს და დავინახე მარიას მამა და მამაჩემი როგორ საუბრობდნენ.- ხომ იცი, რობერტო, მომავალ წელს მაინც უნდა იქორწინონ. დაილია მარია დარდით, ის არც სწერს არც ეხმიანება ამერიკიდან, მხოლოდ წელიწადში რამდენიმეჯერ თუ მოკრავს აქ თვალს.- კი მაგრამ, სილვიო, მათ ხომ უნდა ვკითხოთ, იქნებ მომავალ წელს ვერ...- არ მაინეტრესებს, - ხმამაღლა გამოაცხადა ლომბარდომ - რა საჭიროა ამდენი გაჭიანურება მეგობარო - მიხვდა რომ უადგილოდ აუწია ტონს და ცოტა შეარბილა სიტყვა. - 19 წლის წინანდელი აღთქმა ხომ უნდა შესრულდეს, რაღას ველოდოთ. თან მომავალ წელს სწავლასაც ამთავრებს მარკო და ორმაგად აღვნიშნავთ. შენთვის ხომ ისევ მნიშვნელოვანია, მეგობარო ჩვენი კავშირი და პარტნიორობა, თუ ხელი აიღე, ჰააა? - ნაძალადევი ხუმრობით მხარზე ხელი შემოჰკრა მამაჩემს. მამა ჩაფიქრებული იყო, მივიდა თავის ანტიკვარულ მაგიდასთან, თარო გამოსწია და კუბური სიგარები ამოიღო. ლომბარდოსაც შესთავაზა, მან უარი უთხრა. მაშინ ერთი ცალი ამოიღო, თავი საჭრელით მოჭრა და გააბოლა.- ტრადიციისამებრ ყველაფერი წესრიგში იქნება, სიტყვას გაძლევ! - ისეთი სერიოზული სახით გამოუცხადა ლომბარდოს, რომ მასაც საუბარი აღარ გაუგრძელებია და სხვა თემაზე გადავიდნენ.მეხის გავარდნასავით ჩამესმა ყურში - სიტყვას გაძლევ! - მამაჩემი ხომ კანონს დაარღვევდა და სიტყვას არ გასტეხდა, მაგრამ მე რა დავაშავე?! რატომ დავიბადე ბოლოჯიოდ, თანაც ნაბოლარა ბოლოჯიოდ?! წამიერად ყველაფერმა აზრი დაკარგა და სევდის უფსკრულში გადავვარდი. მივაბიჯებდი დიდი დარბაზისკენ და ირგვლივ ვერავის ვამჩნევდი. ჩემი ბოლო იმედიც წარსულმა ოცნებამ თან წაიყოლა და ბედთან შეგუების ბუნებრივი მექანიზმი ამუშავდა ტვინის ორივე ნახევარსფეროში.ცოტა რომ გამოვერკვიე, მივხვდი, რომ მარიას გვერდით ვიდექი, ის კალაბრეზეს ღვინით სავსე ჭიქას წრუპავდა და სიამოვნებისგან თვალებს ნაბამდა.- რა მოხდა მარკო, ასე დაგღალა ცეკვამ? რა სახე გაქვს? - ღიმილით მკითხა მარიამ. უცებ ძალიან მომინდა მისთვის მეყვირა და გავცლოდი, მაგრამ მან რა დამიშავა, ერთადერთი ის, რომ მისმა გადამეტებულმა სიყვარულმა და ჩემზე დამოკიდებულებამ მიმიყვანა ამ მდგომარეობამდე.-არაფერი, მარია - გამოვცარი კბილებში, - უბრალოდ ძალიან მომინდა დალევა. მიმტანს ხელით ვანიშნე მოსულიყო. ორი ჭიქა ღვინო გამოვართვი და ორივე მყისიერად გამოვცალე. ვთხოვე კიდევ მოეტანა და ისევ ამოვაცარიელე ჭიქები. მარია გაშტერებული მიყურებდა და თავის კალაბრეზეს ნელ-ნელა წრუპავდა.ვიგრძენი თავში როგორ დამიარა სასიამოვნო დაბუჟების შეგრძნებამ და მომინდა თრობით დავმტკბარიყავი და აღგზნებული ნერვული სისტემა ამით დამემშვიდებინა. ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი.- იქნებ მეტი აღარ გინდა - მორიდებულად შემაპარა მარიამ - რამე უნდა ჭამო კიდეც, ძალიან მოგეკიდება.- იქნებ მინდა - უცებ წელზე ხელი მოვხვიე, ჩემსკენ მოვზიდე და თვალებში ჩავხედე. ოხ, როგორ მომინდა მეტკინა, რამე დამეშავებინა მისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა მხოლოდ წამიერად, ხელადვე დავუბრუნდი საღ აზრს და ცივად გავუშვი ხელი.- მარკო, რა გემართება - შეშფოთებული ხმით მეკითხებოდა მარია.- წამოდი ვიცეკვოთ, - ხელი ჩავკიდე და აჩქარებული ნაბიჯებით დარბაზის ცენტრისკენ წავიყვანე. ვცეკვავდით ყველაფერს და ყველანაირი მუსიკის თანხლებით, თანაც შუალედებში ღვინოს ვსვამდი. ვატყობდი, რომ ძალიან მებინდებოდა გონება, აშკარად კარგად ვიყავი შემთვრალი. - მარკო, ძალა კი გერჩის, მაგრამ მთლად ჩემზე ნუ გამოცდი - ღიმილით შემომჩივლა. მივხვდი, რომ ხელს ზედმეტად ძლიერ ვუჭერდი მკლავზე. - წავიდეთ, - მბრძანებლური ტონით გამოვუცხადე და წავიყვანე გასასვლელისკენ.- სად მივდივართ, მარკო? - შეშფოთებული, ოდნავ შეშინებული ხმა ჰქონდა, მე ხმას არ ვცემდი და მანქანისკენ მიმყავდა - კი მზად ვარ ქვეყნის დასალიერში წამოგყვე, მაგრამ მაინც სად მივდივართ? - მკითხა მორიდებულად.- ნახავ სადაც მივდივართ! - შევუღრინე და გაჩუმდა. მანქანა ძალიან დიდი სისწრაფით მოვწყვიტე ადგილს. ხმას არც ერთი არ ვიღებდით. მივედით მამაჩემის ერთ ერთ ბინაში ერიშეს ცენტრში, რომელსაც ბავშვობაში მე და ჩემი ძმები გოგოებთან განმარტოებული პაემნებისთვის ვიყენებდით ხოლმე. საკმაოდ მყუდრო და ლამაზი ბინა იყო, ძველებური დეკორებით და პასტელური ტონების გარდამავალი ეფექტებით კედლებზე.- აქ რატომ მომიყვანე? - მკაცრი ტონით მკითხა მარიამ. - შენ ხომ მაგაზე ოცნებობ, ხოდა გისრულებ ოცნებებს! - ჩემკენ მოვიზიდე და მის შიშისგან ათრთოლებულ ტუჩებს დავეკონე. ვკოცნიდი ძალიან ძლიერ და ვნებით, მისი გამაგიჟებელი სურნელი მისი დაპყრობის სურვილს მიასმაგებდა და არ ვაქცევდი ყურადღებას უმნიშვნელო წინააღმდეგობას და სუსტ უარებს. ვგრძნობდი მის გახშირებულ სუნთქვას და გამალებულ გულისცემას, ჭკუიდან მშლიდა და უფრო მახელებდა მისი სიტყვები, რასაც ხშირად მიმეორებდა, -მარკო, ძალიან ჩქარობ, ძალიან მთვრალი ხარ. მე კი დავივიწყე ყველანაირი სხვა განცდები და გადავეშვი სიგიჟის მორევში. - შენ ჩემი პირველი მამაკაცი ხარ იცოდე - ჩურჩულით მითხრა - ამდენი წელი შენ გელოდებოდი. ამ სიტყვებმა საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანა, უცებ ხელში ავიტაცე და საძინებელში შევიყვანე. საწოლზე ნაჩქარევად დავაწვინე, ვკოცნიდი ანგარიშმიუცემლად, გიჟურად, თავდავიწყებით. კაბის ზედა ნაწილი მოვიქციე ხელში, გახსნის დრო და ადგილი ნამდვილად არ იყო, ამიტომ გახევა დავაპირე, რომ უცებ მარიამ მკითხა: - გიყვარვარ მარკო? - მისმა შეკითხვამ თავზე ცივი წყლის გადასხმის ეფექტით იმოქმედა. ისეთი მუდარა იხატებოდა მის კითხვაში, რომ მივხვდი ძალიან ცუდად ვექცეოდი მას, ხელი გავუშვი და წამოვხტი. მაშინღა გავუწიე თავს ანგარიში, რომ არ მიყვარდა და ეს ვნების და ბრაზის დროებითი გამოვლინება მას დიდ უბედურებას მოუტანდა. მიუხედავად ყველაფრისა ნამდვილად არ იმსახურებდა მთელი ცხოვრების ოცნებები და მოლოდინები მთვრალი კაცის ვნების დაოკების მიზნებისთვის შეეწირა. - მარია მაპატიე, ჩემს თავს ვეღარ ვცნობ, მაპატიე - ვუთხარი და გავვარდი ბინიდან. მანქანამდე თავქუდმოგლეჯილმა ჩავირბინე და ჩემი სპორტული პორშე ადგილიდან მოვწყვიტე... - მარკოოო, არ გესმიის შვილოოო, მარკოოოოო? - დედაჩემის ყვირილმა გამომარკვია ფიქრებიდან და ისევ აწმყოში დამაბრუნა. - ხოო დედაჩემო, მესმის, მემის! ჯერ ვერ დაგიყრუებივარ, რა გაყვირებს? - სიცილით ვეუბნები და საჰაერო კოცნას ვუგზავნი ტელეფონში. - მოკლედ გელოდები შენი მეგობრებით, ჩემო ძვირფასო შვილო, ვინ მოგყავს? მაიკლი და საიდი წამოიყვანე აუცილებლად. ფილიპიც არ დამიტოვო იცოდე! ხომ დაპატიჟე ? 2 წელია არ ყოფილან, თან ჩვენი ტრადიციული ქორწილიც არ ექნებათ ნანახი. - კი ვუთხარი და დღეს მეტყვიან პასუხს - არადა საერთოდ არც გამხსენებია არათუ მაიკლი, საიდი და ფილიპი, არამედ ქორწილიც კი. უცებ შემეშინდა ხმამაღლა არ წამომეროშა რაიმე სისულელე და დედას მალევე დავემშვიდობე. ცოტა ხანში ისევ გაისმა ჩემი ტელეფონის მონოტონური ზარის ხმა, ისე მაღიზიანებდა ეს რაღაც მობილურის ქახნული მუსიკა, რომელიც ანდროიდების უმრავლესობას აქვს, მაგრამ რატომაღაც არასდროს მომსვლია აზრად შემეცვალა. ვიღებ ყურმილს და მაიკლი ჩამყვირის ყურში: - ამიგო, სად ხარ სააად? გირეკევ და სულ დაკავებააა, ვის ელაპარაკები ამდენს? თუ ლაივში ნაშები არ გყოფნის და სატელეფონო სექსზე ხარ გადასული, ჰა? - და გულიანად ხარხარებს. - შე უნიჭო, დედაჩემს ველაპარაკებოდი ვიდეოზარით, სხვათაშორის ქორწილში ხარ დაპატიჟებული და იმედია არ გცალია. - ვაა როდის?! - შეჰყვირა გახარებულმა - რას ჰქვია არ მცალია, იტალიურ ქორწილს არ გამოვტოვებ არაფრის დიდებით, არც იოცნებო, ან ვისი ქორწილია? - ჩემი ძმის, ხვალ! მთელი ჰარვარდია მგონი დაპატიჟებული, ყოველ შემთხვევაში დედაჩემს ასე ნებავს, მაგრამ შენ, საიდი და ფილიპი განსაკუთრებით. ანუ წამოხვალთ? - საიდის არ ვიცი ამიგო, მაგრამ მე რომ უეჭველი იქ ვარ ნაღდად ვიცი, ერთი კაი იტალიანკა არ მაწყენდა და მამაშენის წითელი სიცილიური, შარშან რომ ჩავწექით შენს დაბადების დღეზე. - ხო კარგი, საიდს და ფილიპს დავურეკავ, ან საერთოდ შევიკრიბოთ ცოტა ხანში ჩვენს პაბში. - ოკ ამიგო - ვუთიშავ ტელეფონს და საიდსა და ფილიპს ვიბარებ ჩარლზის სანაპიროსთან მდებარე ძალიან ძველ პაბში, სადაც უნივერსიტეტის საქმიანობიდან თავისუფალ დროს ვატარებთ ხოლმე. შევდივარ პაბში, ბიჭები უკვე იქ მხვდებიან ბარის დახლთან და გერმანულ ლუდს წრუპავენ. მაიკლი, ჩვენს შორის ყველაზე მხიარული და ენამოსწრებული, თვით ბარგლი თაუერსის ქსელის დამფუძნებლის ერთადერთი ვაჟიშვილი და ჩემი უახლოესი მეგობარია. მისი გარეგნობა სრულ თანხვედრაშია მის წარმოშობასთან, ტიპიური ირანდიელია, ფართე, მაგრამ საკმაოდ მომხიბვლელი პირისახის, ზომიერად განიერი ყბების მოყვანილობით და ჭროღა, ღია ფერის თვალებით. ოდნავ კეხიანი ცხვირით, რომელიც მას ნაკლოვანების მაგივრად ღირსებას უფრო სძენს და მზის ჩასვლის დროს ჰორიზონტზე გამოსახული სხივების ანარეკლივით მოწითალო-ნარინჯისფერი თმის ფერით. მაიკლი სულ ფორმაშია, სუსტი სქესის წარმომადგენლების სიყვარული მოტივაციას უმაღლებს, რომ სულ ფორაში იყოს, ამიტომ მუდამ ვარჯიშობს და მისი მაღალი სხეულიც სულ კუნთებით არის დახუნძლული. ისეთი მსხვილი მაჯები და ხელის მტევნები აქვს, მტერსაც არ ვუსურვებ მის გაბრაზებას და საკუთარ თავზე მაიკლის მუშტის ძალის გამოცდას. როგორც ყოველთვის, ახლაც სულ მისი როხროხა ხმა მოისმის მთელს პაბში. საიდი, ანუ მეორეს მხრივ საიდ იბნ ისმაილ ჰასან რაშიდ ალ-მაქთუმიი, არაბეთის ცნობილი შეიხის ისმაილ ჰასან იბნ სალიჰ თურქამ ალ-მაქთუმის ვაჟი და მემკვიდრე, რომელიც დასავლური განათლებისთვის ჰარვარდში მოავლინეს და ამით ჩვენს მეგობრობასაც საწინდარი შეუქმნეს. საიდი საშუალოზე მაღალი, წვრილი აღნაგობის მაგრამ აქტიური და სპორტული ცხოვრების წესისგან გაკაჟებული და კუნთმაგარი ახალგაზრდა კაცია, რომლის შავი კანის ფერი და მელიისებური მოყვანილობის მუქი თვალები ზღაპრული ალადინის და პრინცის შთაბეჭდილებას დაგიტოვებდათ. მისი კანის ფერი ჩვენი მუდმივი ხუმრობების საგანი იყო, არა იმიტომ რომ მართლა განვასხვავებიდით ჩვენგან, არამედ მაიკლმა ერთხელ შეამჩნია, რომ არ მოეწონა, როდესაც მის სახეს შოკოლადის ფერი დავუძახეთ და ეს საკმარისი ნაპერწკალი იყო ჩვენთვის, რომ ამგვარი ხუმრობების კოცონი არასდროს ჩაგვექრო. ფილიპი კი თავიდან ფეხებამდე ფრანგია. ტანმორჩილი და არასპორტული აღნაგობის. მუქი ხუჭუჭა თმით, თოვლივით ქათქათა თეთრი ფერის კანით და სწორი ფრანგული ცხვირით. ტუჩების მოყვანილობა აქვს იმგვარად მოწყობილი რომ სულ გაღიმებული ჩანს, თუ სულ იღიმის, დღემდე ვერ დავადგინე. ის ჩვენს შორის ყველაზე ჰუმანური და პოზიტიურია, ასე ვთქვათ, მშვიდობის მტრედია ქორებს შორის აფრენილი. - ვაა ჩვენი მაფიოზააა!!! - ასე მეძახდა ხოლმე ხშირად მაიკლი, თვით ბარგლი თაუერსის ქსელის დამფუძნებლის ერთადერთი ვაჟიშვილი და ჩემი მეგობარი - მოდი მოდი ნუ გერიდება - როგორც ყოველთვის, ენამწარეობას არ იშლის და თან იკრიჭება სიცილიელი ვაჭარივით. - შენ როგორც ჩანს ჩემი მუშტის სიმძიმე მალ-მალე გავიწყდება ამიიგოო - ვეუბნები ნახევრად სერიოზულად და თან მეცინება. მახსენდება ჩვენს დამეგობრებამდე ჩვენი ხელჩართული ჩხუბი გოგოს გულისთვის. - მოდი, მოდი, თორემ ქორწილის ნაცვლად გაგიშვით ხვალ რეანიმაციაში - ამბობს მაიკლი და კვდება სიცილით ისე მოსწონს თავისი ხუმრობა. ყველას მეგობრულად ვესალმები დღევანდელი პოპულარული გვერდული ხელის ჩამორთმევის ჟესტით და ადგილს ვიკავებ მათ გვერდით. - ჰაა, მზად ვართ სიცილიური საღამოებისთვის? გაქვთ 45 კალიბრიანები, თუ დაგახვედროთ იქ? - გამომცდელად ვუყურებ ჩემს ძმებს და ვიღიმები. - შენ ნეტავი 90-60-90-ს დაგვახვედრებდე და არ გვინდა მეტი - გულიანად გაგვეცინა ყველას... - მე ხვალ მამაჩემთან ვაპირებდი ემირატებში წასვლას, მაგრამ გადავდებ! ბოლოჯიო ფართს ვერ მოვაკლდები ვერაფრის დიდებით - გამიღიმა საიდმა, რომელიც თავის სახელოვან შეიხ მამასთან შეხვედრაზე იძახდა უარს ან ჩემს გამო, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ან უფრო ქორწილის და იტალიური გართობის გამო. - მე ჩიტივით თავისუფალი ვარ, არსად არ მივდივარ, პარიზიც დამელოდება როგორმე, შენი ვარ მოკლედ და შეგიძლია აღარ დამიწყო ხვეწნა, მოვდივაარ! ვივა ლა სიცილია! - წაუმღერა ფილიპმა, რომელიც ყველაზე თავმდაბალი იყო ჩვენს შორის, მიუხედავად მისი მამის მაღალი ჩინისა საფრნგეთის მთავრობაში. - მოკლედ ამიგოს, ხვალ დილის რეისზე ვიღებ ბილეთებს და მზად იყავით. - ახლა წავედი, რაღაც საქმეები მაქვს. მეგონა დავასრულე და შემოვბრუნდი გასასვლელისკენ, რომ უკნიდან ვიღაც მომეხვია. მოვიხედე და ჯესიკა მიყურებს გაღიმებული. - მარკ საით? მე სულ აღარ გახსოვარ? - ყელზე ჩამომეკიდა ჯესი, მაღალი, გამხდარი, ქერა ლამაზმანი, მასაჩუსეტსის ფილოსოფიური სკოლის პირველ კურსელი. გავხედე ბიჭებს და მხრები აიჩეჩეს გაკვირვების ნიშნად, თან იღიმოდნენ. - შენზე გავიგე ხვალ იტალიაში მიდისო. ამის გაგონებაზე მრისხანე მზერა ვესროლე ბიჭებს და ყველამ ორაზროვნად ამარიდა თვალი. - საიდან ჯეეს? - ვკითხე გაკვირვებული ტონით. - შენ გავიწყდება ინდიელების შთამომავალი რომ ვარ? - თვალი ჩამიკრა - განვჭვრიტე. - ვააუ, შენ ისიც გეცოდინება ხვალ კალიფორნიის და მასაჩუსეტსის კლუბების ფეხბურთის მატჩი რა ანგარიშით დასრულდება, ბიჭებს დავენიძლავე და მომაგებინებდი - ბიჭებმა გადაიხარხარეს. - რა უცერემონიო ხარ რა მარკ, მე ასეთს არ გიცნობდი, - გაბუსხა ტუჩები, ზურგისკენ შეტრიალდა და წასვლა დააპირა, მოვაბრუნე და სიცილით ვუთხარი: - რა გჭირს ჯეეს, შენ ხომ ხუმრობას და ცერემონიალიზმს არჩევდი ერთმანეთისგან? - მეც მიგყავაარ? - გამომცდელად შემომხედა უცებ. - საად? - ვითომ ვერ ვხვდები. - სად და მატჩზე! ნუ სად ახლა და ქორწილში ხვალ? - იცი რააა, - შევიშმუშნე და ხელით დაბნეულობის დასაფარად შუბლი მოვისრისე. - გუშინ წინ ღამე ამდენი არ გიფიქრია! გასაგებია ყველაფერი - და ისევ წასვლა დააპირა, კვლავ შევაჩერე. - ოკეი, წამო. - ბიჭებისკენ გახედვა არ მინდოდა, ისედაც ვგრძნობდი მათი გაკვირვებისგან გადმოკარკლული თვალების ენერგიას. მათ ხომ იცოდნენ იქ რომ მარია მელოდა... როგორც მოგვიანებით ბიჭებისგან გავიგე, ჯესს მოუსმენია მათი საუბარი ხვალინდელ ქორწილზე სანამ ისინი მის მოახლოებას იგრძნობდნენ და შემდეგ უკვე დამალვას აზრი არ ჰქონდა. ჯესი სიხარულისგან შეხტა, ყველას დაგვემშვიდობა, მე ვნებიანად მაკოცა და მოსამზადებლად გაიქცა. - ბიჭოოოო, რატომ მოსწონს ყველა გოგოს შენნაირი სიცილიელი ხეპრე, ვერ ამოვხსენი რაა - ფილოსოფიურად გააქნია თავი მაკლმა, - როცა ამდენი წარმოსადეგი ჯენტლმენები ვართ ირგვლივ? - იმიტომ, რომ ჯენტლები კი არა მენები ევასებათ ამიგოო!! - და სწრაფად გამოვვარდი პაბიდან, რადგან მაკლი და საიდი მუქარით გამომიდგნენ. ფილიპი კი კვდებოდა სიცილით. სიტყვის სიმძიმე ვგრძნობ მშობლიური კუთხის სიახლოვეს, ნოსტალგია უცნაურად გაათმაგებულად მიღრღნის გულს და ნაცნობ ადგილებთან და ადამიანებთან შეხვედრის მოლოდინი მიასკეცებს სიხარულისგან პულსის მოქმედებას. ოკეანეს გადავუფრინეთ, ვიხედები თვითმფრინავის ილუმინატორიდან და ვხედავ უკიდეგანო ხელთაშუა ზღვასა და ტირენიის ზღვას შორის მოთავსებულ ჩემს ძვირფას მიწის ნაწილს - სიცილიას! უძველესი და უიშვიათესი კულტურის და ადამიანების სამშობლოს. მოუთმენლად ველი თვითმფრინავის დაჯდომას, გული გამალებით მიცემს და სუნთქვა მაქვს გახშირებული. გარდა მონატრებისა, უცნაურ ფორიაქს ვგრძნობ, რასაც ალბათ მოსალოდნელი მარიას და ჯესის შეხვედრა განაპირობებს. ჯესს ჩემს მხარზე უდევს თავი და ტკბილად სძინავს, მან იცის, რომ ჩვენ არ გვაქვს სერიოზული ურთიერთობა და ვერც გვექნება, მე ის თავიდანვე ჩავაყენე საქმის კურსში და მანაც გააკეთა თავისი არჩევანი, გააგრძელა ჩემთან ასეთი „დროებითი“ ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ ვგრძნობ მეგობარზე და სექსუალურ პარტნიორზე მეტს ვნიშნავ მისთვის. - რას გაიგებ ამ ქალებისას - ისევ გავიფიქრე, და გამეცინა, ისტორია მეორდებათქო გულში გავივლე და მოვემზადე თვითმფრინავიდან გამოსასვლელად. ჯესიც შევაღვიძე და ბიჭებს ხელი დავუქნიე ჩვენს უკან, მაგრამ ხელი არ მქონდა გასწორებული, რომ ჩემს წინ მიაბიჯებდნენ ხელბარგიანად. გიჟდებიან სიცილიაზე, ერთი სული აქვთ ისევ როდის იგემებენ ჩემი ოჯახის წევრების სტუმარ-მასპინძლობას. - ჩამო ბიჭო დროზე, არ დაქორწინდეს შენი ძმა უჩვენოდ! - შემომძახა საიდმა. - ნუ ღელავთ ჯერ ძალიან ადრეა, დავამშვიდე და ტრაპიდანაც დავეშვით; - შენ რა გენაღვლება, მილიონ იტალიურ ქორწილს დასწრებიხარ, ჩვენ ვიკითხოთ - ფილიპმაც არ დააყოვნა პასუხი; - ხო ქორწილიდან გვტეხავდა, მარია დეიდას რომ არ ეყოჩაღა. ვაა რატომ გემეგობრები დღემდე არ მესმის, რაღაცით მომაჯადოვე უეჭველად! - მაიკლმა გადმოაფრქვია როგორც ყოველთვის თავისი საყვარელი სარკაზმის ელემენტები. ბარგი ავიღეთ, გამოვედით აეროპორტიდან და პარკინგის მიმართულებით წავედით, სადაც ჩემი მამიდაშვილი სერჟიო და ვიტორიო უნდა დამხვედროდნენ ჩემი მანქანით. ყველა ჩემი მეგობარი აღმატებულ ხასიათზეა, ყველას ერთი სული აქვს ვილა ბოლოჯიოს სტუმარი გახდეს. ყველაზე კარგ დროს მაინც იტალიაში ვატარებთო, სულ გაიძახიან, უყვართ ჩემიანებთან დროს გატარება, განსაკუთრებით კი ჩემი კალაბრეზე. მოვტრიალდი იმ ადგილისკენ სადაც ჩემი ძმა და მამიდაშვილი მეგულებიან და ვხედავ მთელს ჩემს ოჯახს სრული შემადგენლობით, მხიარული შეძახილებით და ჟივილ-ხივილით როგორ მოემართებიან ჩვენკენ: ბებია, ბაბუა, მამა დედა, ოთხივე ძმა და სალვატორეს მეუღლე ლუსია 8 შვილით, მეცხრე ეტყობა აკვანს ვერ მოსწყვიტა, თორემ უთუოდ მასაც წამოიყვანდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბებიაჩემმა ყველას გამოასწრო, ხელები ფართოდ გაშალა და გულში ჩამიკრა. - ჩემი იმედი და გვარის სიამაყეეე, მარკო ბოლოჯიო!! - შემდეგ მხრებში ხელი მომკიდა, მის პირდაპირ დამაყენა, შემფასებლური თვალით ამხედ-დამხედა და სასოწარკვეთილი სახით გამოაცხადა: - ვაიმე რას ჰგავხარ, მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებული სიცილიელი ჯარისკაცივით ყბა ყბაზე გაქვს მიკრული. - ბებო, შენი სტანდარტებით აბა მეც ვიტორიოსავით საწოლს უნდა ვზნიქავდე და მთელ ხარს უნდა ვჭამდე ერთ ჭამაზე?! - შევეკამათე ღიმილით უსაყვარლეს ბებიას და თან ვიტორიოსკენ გავიხედე, მის რეაქციას ველოდი. ვიტორიომ კეფაზე ხელი შემომარტყა და ეი, ხელოვანებს ნუ ედრებიო - შემომძახა. ჩვენ უკვდავი ნიმუშების შესაქმნელად კალორიები გვჭირდებაო. - არაუშავს, დედა, ჯერ არ ვუშვებთ არსად და მოვიყვანთ ფერზე! - ღიმილით უთხრა ბებიას მამამ. შემდეგ მორიგეობით ყველა ყველას მიესალმა მხურვალე ჩახუტებით, როგორც ჩვენ ზეემოციურ იტალიელებს შეგვეფერება და უცებ დედაჩემის შეკითხვა: - ეს ქალბატონი არ მეცნობა მარკო, იქნებ გამაცნო. გულმა რეჩხი მიყო, უხერხულობა ვიგრძენი, რა სტატუსით უნდა წარმედგინა მათთვის უცებ ვეღარ მოვიფიქრე, ისე, რომ არც ჯესს სწყენოდა და არც მადრეს წასვლოდა გული. - მე ჯესი ვარ, მარკოს, ფილიპის, საიდის და მაიკლის მეგობარი - ხელი გაუწოდა ჯესიკამ დედაჩემს და უხერხულობა განმუხტა. დედაჩემმაც შვებით ამოისუნთქა, რადგან დედობრივი ინსტიქტი აშკარად სხვა რამეს მიანიშნებდა და სამჯერ გადაკოცნა. - კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს მიწაზე, შვილებო, იმედია არ დაიღალეთ! წავედით ახლა ვილაზე, მოსამზადებლად ცოტა დროღა გრჩებათ, თქვენ ყმაწვილებო ყველანი ვინჩენცოს მეჯვარეები ხართ! - ჩვეენ? - ერთხმად შესძახეს ბიჭებმა, თან უაღრესი გაკვირვება აღებეჭდათ სახეზე. - დიახ, თქვენც და სხვა კიდევ რამდენიმე ვინჩენცოს მეგობარი და ნათესავი, ტრადიციისამებრ - ღიმილით უპასუხა მამამ. - მოხარულები ვართ და იმედია ნდობას გავამართლებთ - სიტყვით გამოვიდა მაიკლი; რომ არ გამოსულიყო ძალიან გამიკვირდებოდა. ჩვენც დავიძარით მანქანების მიმართულებით. მაიკლი და საიდი აქეთ იქით ამომიდგნენ, საიდმა მხარი გამკრა და ჩუმად მითხრა: - ბიჭო შენ რამსები გაბნეული ხომ არ გაქვს გალაქტიკებს შორის?? რამ გამოგაშტერა ამხელა კაცი, ვერ გაგვაფრთხილეე? - არ ვიცი რაზე ფიქრობს, მემგონი თავში პეპლები დაჰფარფატებს და ძალიან თუ არ მოუღიტინეს გონებაზე ვერ მოდის! - მწარედ გადმომილაპარაკა მაიკლმაც. - შეეშვით რა, არ იცოდა ეტყობა, არ იცით სიცილიაში რომ ხართ? - „შევეცოდე“ ფილიპს. არაა პრობლემა, ახლავე ვეტყვი რომ უარს აცხადებთ - ვუპასუხე მათ ღიმილით და „მამაა“ დავიძახე, რომ მაიკლმა პირზე ხელი ამაფარა. მამაჩემმა გამოიხედა, საიდმა კი ხელი დაუქნია, არაფერიო. ამ დროს უკვე ვიტორიოს მანქანაში ჩავსხედით მე, ჯესი, მაიკლი და საიდი ერთად, ხოლო ფილიპი სერჟიომ თავის კუპე ფერარიში მოათავსა. ესკორტის თანხლებით დავიძარით ვილა ბოლოჯიოსკენ. * * * ისევ სექტემბერი, ისევ სიცხე და ნოტიო ჰაერი, ისევ სიცილიის მფარველი წმინდა როზალიას ხსენების დღე, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ჩემს ძმას ქორწილი აქვს დღეს, ჩემს საყვარელ ძმას ვინჩის - ასე ვეძახდი ხოლმე ბავშვობაში. ჩემი მეგობრები თავიანთ ოთახებში სამზადისში არიან. დედამ რა თქმა უნდა ყველას ერთნაირი პიჯაკები გაუმზადა, როგორც ხელისმომკიდეებს შეეფერებათ. მეც იგივეს ვიცვამ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენი გენერალი წინაპრის ნაქონი ყელსაბამი უნდა გავიკეთო, ბებიას უპირობო მოთხოვნაა. ძველებურ, ანტიკვარულ სარკეში ვიხედები და გულის ჯიბეში პატარა ლილიის ყვავილს ვიდებ, ჩემს ანარეკლს ვათვალიერებ და ვხვდები, რომ რაღაც დღევანდელი დღის შესაბამისი განწყობა არ მაქვს. დიდხანს მარტო ყოფნა და ფიქრებში წასვლა ვინ მაცალა, კარზე კაკუნის გარეშე ოთახში შემოვარდა ოთხი ველური. - ამიგო, ვაართ გალანტურები? აბა შემოგვხედე? - წინ გამომეჯგიმა მაიკლი - ვითომ დავიპყრობთ სიცილიურ გულებს, ჰა რას იტყვი გვაქვს შანსი? - ბიჭო ამ ფორმაში ისე ვგავართ ერთმანეთს, მეშინია ჩემს მოსისხლეებს ერთმანეთში არ ავერიოთ და შენ არ შერჩე მაიკლი ხელში. გულის ჯიბეზე სახელი მიგეწერა მაინც - ვიკრიჭები და მაიკლი იღუშება. - შენ ნეტა ხუმრობას ისწავლიდე, ამიგო, მეტი არაფერი მინდა. ისე მოსისხლეები გყაავთ? -შეპარვით მეკითხება, საიდი კვდება სიცილით. სერჟიო და ფილიპი არ გვაქცევენ ყურადღებას, ჩვენთვის არ სცალიათ. ბატონი სერჟიო ტელეფონში აქაური ლამაზმანების სურათებს აჩვენებს და ფილიპიც თვალს არ სწყვეტს ეკრანს, მისთვის სასურველს არჩევს. - მიდით შეარჩიეთ კარგად, თორემ რას ამბობ, ლანგრით მოგართმევენ მაგათ - გავძახე მათ. საიდმა და მაიკლმა ჩაიცინეს. - ვნახოთ, ვნახოთ- გადმომძახა სერჟიომ - შენ ისე შენს ყელსაბამს გაისწორებდე გირჩევნია, ნამეტანი გიჭერს და ხასიათს გიფუჭებს გეტყობა. - მე კი გავისწორებ, მაგრამ თქვენ მაინც ვერ გიშველით ეგ, დარჩებით ხახამშრალი, მომინდომეს აქ კასტინგი წინასწარ. - ხო, ფილიპს თავი ლუი მეთოთხმეტე ჰგონია და ასარჩევად აქვს საქმე - კვერი დამიკრა მაიკლმაც, ქილიკი ხომ მისი მოგონილია საერთოდ. - მე კი არ ვარ, მაგრამ წინაპარი იყო ჩემი. თქვენ იკითხეთ, თქვენ - ფილიპმაც არ დააყოვნა თავის დაფასება. მაიკლმა კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ არ ვაცადე და ვიკითხე: - ჯესიკა არ გაემზადა, სადაა რომ არ ჩანს? - ვაა გადამრევ კაცო, შენი გიორლფრენდია და ჩვენ გვეკითხები? მიდი გააკითხე, სადმე ვინმეს არ გადააწყდეს - თვალს მიკრავს საიდი, ვხვდები, რომ მარიას გულისხმობს. - ბიჭებოოო, - კაკუნით შემოაღო კარები ბებომ - მზად ხაართ? - დროა ეკლესიაში წავიდეთ, პატარძალმა ხომ არ უნდა მიგვასწროს. ვინჩენცო და დანარჩენები უკვე მანქანებში არიან, სხვათაშორის შენი მეგობარი გოგოც, შე ცუღლუტო შენ! - თავის ჯოხს მიკაკუნებს ბებო ნაზად მხარზე. ჩვენც გამოვდივართ ოთახიდან და გასასვლელისკენ მივუყვებით კიბეებს. ყველა სართული მორთულია ულამაზესი ლილიებით, კამელიებით, სხვადასხვა ფერის ვარდებით, ყველაფერს საზეიმო იერი აქვს მიცემული. მოსამსახურეებიც სადღესასწაულო ფორმებში არიან გამოწყობილი და მხიარულად დაქრიან თავისი მოვალეობის შესაბამისი ფუნქციების შესასრულებლად, ზოგი მაგიდებს შორის დასრიალებს და ლანგრებით ჭურჭელს აწყობს, ზოგი მარნიდან ღვინოს და სხვა სასმელებს ამარაგებს, ზოგიც დეკორაციებზე მუშაობს და ასე შემდეგ. გავნაწილდით მანქანებში, ჯესი ვიტორიოსთან და ჩემს ბიძაშვილ გოგოებთან ერთად წამოვიდა. ვფიქრობ, რომ ზედმეტად გაშინაურდა და ეს აზრი არ მომწონს. * * * პალერმოს კათედრალი საზეიმოდ განათებული და ყვავილებით მორთულია. ძალიან ბევრი ხალხი ირევა, ტევა არ არის შიგნით, ნახევარზე მეტი გარეთ ეზოში დგას და ცერემონიალის დაწყებას ელის. მექორწილეებს ჯვარს ჩემი ძმა სალვატორე დასწერს. იგი უკვე ადგილზეა, ისევე როგორც ვინჩენცო და ჩვენ - ყველა მეჯვარე. ვინჩენცო უჩვეულოდ ღელავს, ნერვიულად იფშვნეტს ხელებს და ბოლთას სცემს ჩვენს ირგვლივ. ჩემი ბიჭები როგორც ყოველთვის ერთმანეთის გამასხარავებით და დაცინვით არიან დაკავებულნი, მათი ხორხოცი და ხმამაღლი სიცილი კათედრალში მყოფი დანარჩენი სტუმრების საუბრების ხმასაც კი ფარავს. ხელში ვწვდი ძმას, ჩვენს გვერდით დავაყენე და ვუთხარი - ვინჩი, რა გჭირს, არ გაიქცევა შენი სიყვარული, ნუ გეშინია, რას დადიხარ აქეთ-იქით? - არ ვიცი, ვნერვიულობ მარკო - მპასუხობს და ისევ აგრძელებს ნერვიულ სიარულს. - მაგან რამე ხომ არ მიქარა, რა დღეშია? - სიცილით კითხულობს სალვატორე. - რა ვიცი, იმდენ გოგოს დასდევდა, რომელიმეს სახელს წამოაძახებდა თავის სატრფოს და ისიც ფიქრობს ალბათ სჯობს მე მივატოვო, ვიდრე თვითონ გამექცესო სხვასთან - იძახის ვიტორიო და მხარზე ხელს უტყაპუნებს ვინჩენცოს. - ეს ეტყობა გენეტიკური გაქვთ - ჩემს ყურთან ჩაილაპარაკა ჩუმად მაიკლმა, ისე, რომ მხოლოდ მე გამეგო - ყველა გოგო ერთიანად რომ გინდათ. - ხუმრობის დროა? კაცს ცოლი გაექცა მგონია - ვიძახი სიცილით და ვაწყდები ვინჩენცოს მუქარით აღსავსე სახეს. ეგრევე ვჩუმდები და აღარ ვაგრძელებ, ვხვდები, რომ მას არ ეხუმრება. როგორც სჩანს, იმდენად უყვარს ძმას კამილა, რომ მისი დაკარგვის შიში ქორწილის დღესაც არ უქარწყლდება. წინა რიგში მოთავსდნენ ჩემი მშობლები, ბებია, ბაბუა, კამილას მშობლები და ძმები, ასევე სხვა ძალიან ახლობლები და დედაჩემის გვერდით კი ჯესი. ვცდილობ თვალი მოვავლო ყველას, მაინეტერესებს არის თუ არა მარია აქ, მაგრამ ვერსად ვერ ამოვიცანი და აღარ ვამახვილებ ყურადღებას ამ საკითხზე. ცოტა ხანში მაიკლის გაოგნებული სახე მაიძულებს იმ მიმართულებით გავიხედო, საითაც ის გაშტერებული იყურება. ვხედავ მარიას ზურმუხტისფერ გრძელ, წელს ქვემოთ ოდნავ ფართე, გაშლილ კაბაში. მისი თვალების ელვარება და სამოსის ბზინვარება ერთნაირად უბრმავებს ყველას თვალს და აიძულებს მზერა მას არ მოსწყვიტოს. მოდის მედიდური და დარწმუნებული ნაბიჯებით, მან იცის რა ძალას ფლობს თავისი სილამაზის სახით, მეორე რიგში იკავებს თავის ოჯახთან ერთად ადგილს და თვალებით ვიღაცას ეძებს. უცებ ჩემი მზერა დაიჭირა და თავის მსუბუქი მოძრაობით თვალებით მომესალმა. უხერხულობის შეგრძნება მიპყრობს და შარშანდელი ჩვენი ინციდენტი მახსენდება. * * * მაშინ სახლიდან რომ გამოვვარდი, სერჟიოს დავურეკე და ვთხოვე მარია სახლში წაეყვანა. მეორე დღეს დავურეკე მარიას და შეხვედრა ვთხოვე, დამთანხმდა. მახსოვს ერიჩეს პატარა მყუდრო კაფე, ლამაზი ოფიციანტი გოგონა, რომელიც თავს დამტრიალებს და ყავის ფინჯანს ცარიელს არ მიტოვებს, წარამარა მივსებს. გულში მეღიმება მის კეკლუცურ მზერაზე და ბოლოს თავაზიანად ვთხოვ, ცოტა ხანი მარტო დამტოვოს. იგი გაბუტული სახით მეცლება და მტოვებს ჩემს ფიქრებთან მარტო. - ბოლო-ბოლო რა გახდა ასეთი ჩემი უაზრო ახირება, შეიძლება ისე მოვკვდე ნამდვილი სიყვარული არც მეწვიოს და მარიას კი იმდენად ვუყვარვარ, რომ მგონია დროთა განმავლობაში მეც აღარ ვიქნები მის მიმართ გულგრილი და მას მაინც გავაბედნიერებ. ოდესმე ოჯახი ხომ უნდა შევქმნა, რაც აქამდე არავინ არ გამოჩენილა, ამიერიდანაც დიდი შანსია არ გამოჩნდეს. - ვცდილობ თავი ვინუგეშო და პოზიტივისკენ მოვმართო ჩემი გონება და აზროვნება. ვცდილობ ნახევრად ცარიელ ჭიქაში მხოლოდ ნახევრად სავსე მდგომარეობას მივაქციო ყურადღება და პესიმიზმს არ მივცე საშუალება მოიცვას ჩემი გრძნობები. მარია შემოდის კაფეში. ლამაზი ტანზე მომდგარი შავი მოკლე კაბა აცვია და თმაც გაშლილი აქვს. საოცრად მიმზიდველია. დამინახა თუ არა ჩემკენ გამოემართა, რომ მახსენდება წინა ღამეს როგორ მივატოვე, უხერხულობისგან ლამის მაგიდის ქვეშ შევძვრე, - გამარჯობა, მარკო, მოდის და მკოცნის ლოყაზე, შევიგრძენი მისი სუნამოს არომატი, რამაც წუხანდელი მისი სურნელი გამახსენა, ჩემს მკლავებში როცა მყავდა მოქცეული და გამაჟრიალა. - გამარჯობა მარია, - თავდახრილი ვეუბნები, თან ვციდილობ თვალებში შევხედო, მაგრამ სინდისის ქენჯნა არ მაძლევს საშუალებას გავუსწორო დიდხანს თვალი. იგი ძალიან ლაღად მიყურებს და გაბრაზების მცირეოდენი ნიშანწყალიც კი არ ეხატება სახეზე, გეგონება წუხანდელი ღამე მხოლოდ დამესიზმრა და ცხადში არაფერი არ იყო მომხდარი. - მარკო, გისმენ, რაზე გინდოდა საუბარი - მეკითხება და თან ვატყობ, რომ ჩემს სინდისის ქენჯნას გრძნობს და ეღიმება. ვცდილობ რამენაირად ამოვღერღო ორი სიტყვა და საუბარი დავიწყო, მაგრამ ამის მაგივრად თავს მოუსვენრად ვატრიალებ აქეთ-იქით კოცონზე დადებული შამფურივით და ხელით კისერს ვისრეს, არ ვიცი როგორ დავიწყო, ან საერთოდ რა გამართლება აქვს ჩემს საქციელს. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ამჩნევს და თვითონვე აგრძელებს: - მარკო, წუხანდელზე ნუ დარდობ, უბრალო გაუგებრობა იყო, აღარც მახსოვს უკვე. ისეთი გულწრფელი იყო ამ მომენტში და ისეთი შვების განცდა დამეუფლა, თითქოს სატუსაღოში 1 მ2-ში ვიყავი გამომწყვდეული, უეცრად კარი გააღეს და ჰაერზე გამომიშვეს. - მარია, შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, ძალიან. ჩემნაირ ბედოვლათში რა დაინახე ასეთი? ჯერ ხმას არ იღებს და თვალებში დაჟინებით მიყურებს, შემდეგ მაგიდაზე აყრდნობს ორივე მკლავს, ჩემს სახესთან ახლოს მოაქვს თავისი და მეუბნება: - მარკო, შენ ყველაზე მამაკაცური, ყველაზე სამართლიანი, ყველაზე საიმედო ხარ მათ შორის ვისაც ვიცნობ და ასევე ჩემი დანიშნული ხარ ბავშვობიდან, როგორ შეიძლება არ მიყვარდე? დაგელოდები მანამ, სანამ მზად იქნები ოჯახის შესაქმნელად. არსად არ მეჩქარება. -ისეთ პასუხს მცემს, რომ ლამისაა მეც შემიყვარდეს საკუთარი თავი, ღმერთო, რა დეგენერატი ვარ. -მარია, მე, მე.. მე ძალიან მომწონხარ, აი ძალიან. შენნაირი ქალი ჯერ არ შემხვედრია, მაგრამ ვერ მოგატყუებ - თავს ვხრი ამ დროს, ლამის კისერში ჩავრგო - არ მიყვარხარ… - ვიცი მარკო, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ვიცი რომ შეგიყვარდები, მთავარია ხომ გიზიდავ - ამ დროს ქეჩოში მკიდებს ორივე ხელს, პატარა მაგიდას ზემოდან ეყრდნობა ისე რომ სახესთან მისი ცხელი სუნთქვა მესმის და ვნებიანად ეხება ჩემს ტუჩებს. მეც ვიწევი მისკენ და საპასუხოდ ვკოცნი - რა მხურვალე და ცეცხლივით ქალია - ვფიქრობ გულში, იმსახურებს ნამდვილ და გრძნობებით აღსავსე სიყვარულს. * * * ფიქრებიდან ჯესიკას მკვეთრ მოძრაობას გამოვყავარ, მას როგორც სჩანს ჩემი და მარიას უსიტყვო სალამი არ გამოჰპარვია, მთელი ტანით მიტრიალდა უკანა რიგისკენ და მარიას მიაშტერდა, მაგრამ დიდი ხანი ეს მუნჯური პაექრობა არ გაგრძელებულა, რადგან ორკესტრმა მენდელსონის მარშის დაკვრა დაიწყო და ყველამ კათედრალის ფართე შემოსასვლელისკენ გაიხედა. ვინჩენცომ შვებით ამოისუნთქა და სახეც დაუწყნარდა. კამილას მამამ შვილი ხელკავით შემოიყვანა და სკამებს შორის დატოვებულ დერეფანზე ნელ-ნელა გამოატარა. კამილა ულამაზესი პატარძალია, უკან 2 პატარა გოგო მოჰყვება მასავით ფართე, გაშლილი მაქმანებიანი გრძელი კაბებით და მისი გრანდიოზული კაბის კუდი მოაქვთ. როგორც იქნა, გამოიარეს გრძელი დერეფანი, მამამ კამილა მომავალ მეუღლეს გადასცა და თვითონ თავისი ცოლის გვერდით დაიკავა ადგილი. ცერემონიალი ლამაზად გაგრძელდა, მეუღლეებმა ამ დღისთვის დაწერილი ფიცი წარმოთქვეს და სალვატორემაც ისინი ცოლ-ქმრად გამოაცხადა. ეკლესიაში აპლოდისმენტების ხმამ დაიგუგუნა, მეუღლეებმა ცოლ-ქმრის სტატუსით პირველად აკოცეს ერთმანეთს და დაიწყეს მილოცვების მიღება ყველასგან ვისაც არ დაეზარა მისვლა და მინდა აღვნიშნო, რომ იტალიაში ეს არავის ეზარება. მეც მივულოცე მათ და შემდეგ თვალებით ჯესის და მარიას ძებნა დავიწყე. მარია ვერ დავინახე, მაგრამ ჯესი თვითონ მომეპარა ზურგიდან და ლოყაზე მაკოცა. უცებ შევბრუნდი, რომ კიდევ რამე არ ჩაედინა, რადგან არ მინდოდა მარია შესწრებოდა ამ სცენას. სწრაფად მოვკიდე ხელი, გარეთ გავიყვანე და ბიჭებს დაველოდე. ყველანი შევიკრიბეთ და ვილა ბოლოჯიოსკენ გავემართეთ, რომ შესაბამისად აღგვენიშნა დღევანდელი დღე. ჯესი ამჯერად ჩემთან ერთად წამოვიდა. მივედით თუ არა, მაიკლი მომეჭრა და მეკითება: - ამიგო, ის მწვანეთვალება გურია ვინ იყო? - ვინ მწვანეთვალება? - გავიკვრვე, ვითომ ვერ ვხვდები. - აი მწვანეთვალება, ამავე ფერის კაბა რომ ეცვა, ლამაზმანი? - არ ნებდება მაიკლი და აღფრთოვანებასაც ვერ მალავს. - შენ ალბათ მარიას გულისხმობ - ვეუბნები და თვალებში ვუყურებ დაჟინებული მზერით. - მარიას? - დაბნეულობა გამოეხატა ხმაზე. - ხო ჩემს საცოლეს, მარიას - მეც არ ვინდობ და პირდაპირ ვახლი, ვგრძნობ სახე როგორ ეცვლება. - ფუი, ჩემი ბედი რა ვთქვი, ბოლოჯიო! - ესღა აღმოხდა, შეტრიალდა და გასასვლელისკენ დაიძრა. - საიდ, რაღაც ძალიან ეწყინა მემგონი, - ვეუბნები მას ღიმილით. - ცივ წყალს დალევს, სანამ თვალებს დაითხრიდა მისი ცქერით, ყურები გამოერეცხა და მოესმინა ჩემი სიტყვებისთვის, რომ ვაფრთხილებდი მარია ეგ იქნება თქო. ისე რა წინათგრძნობა მაქ რა - ეღიმება საიდსაც. ამ დროს ჯესი მომიახლოვდა და ათას სისულელეზე დამიწყო ლაპარაკი. მან მარიას არსებობის შესახებ იცის და როგორც სჩანს გადაწყვეტილი აქვს გვერდიდან არ მომშორდეს, რომ მასთან განმარტოების საშუალება არ მომცეს. მაინც რა არის ეს ქალური ეჭვიანობა! - ამის გაფიქრება ძლივს მოვასწარი, რომ მარიაც გამოგვეცხადა. - ჯეს, ფილიპ, გაიცანით მარია, ჩემი საცოლე; - სხვა გზა აღარ დამრჩა და წავუდგინე იგი ჩემს მეგობრებს. ისე მოხდა, რომ აქამდე ბიჭებსაც არ გავაცანი იგი, ალბათ ვერიდებოდი ყოველთვის მასთან ნებისმიერ ზედმეტ კონტაქტს და ამიტომ. - მარია ესენი ჩემი მეგობრები არიან - ჯესი და ფილიპი, დანარჩენი ორი გარეთ გავიდნენ და მოგვიანებით იმათაც გაგაცნობ. მარიამ ჯერ ფილიპს ჩამოართვა ხელი, ხოლო შემდეგ ჯესს, თან მუშტრის თვალით დაათვალიერა ქერა ლამაზმანი. ამ დროს საიდი და მაიკლიც მოგვიახლოვდნენ და ისინიც წარვუდგინე. მაიკლმა გოგოს ხელი ჩამოართვა, მაგრამ თვალი ვერ მოსწყვიტა ვიდრე საიდმა მხარი არ გაკრა. ცოტა ხანი ისაუბრეს და შემდეგ მარიამ ჩუმად მთხოვა ცალკე დავლაპარაკებოდი. ვილას რამდენიმე დარბაზი და ეზო სავსეა სტუმრებით, ოთხი სხვადასხვა ორკესტრი უკრავს ეზოში და დარბაზებში. მეგობრებს ვუბოდიშებ და მამას კაბინეტში შემყავს ჩემი დანიშნული ხელკავით. კარის მიხურვა და შემოტრიალება ძლივს მოვასწარი, რომ მარიას ტუჩები ვიგრძენი ჩემს ბაგეზე. არ მინდა ვაწყენინო და ნაზად მოვიშორე. - ძალიან მომენატრე მარკო, სულ რაღაც ნახევარი წელი დარჩა ჩვენს ქორწილამდე, ერთი სული მაქვს როდის გავა. - მეც მომენატრე მარია, - ვპასუხობ უღიმღამოდ. რა თქმა უნდა ქალიშვილი ამას მატყობს. - რა მოხდა მარკო, არ გიხარია? მაშინ რატომ დათანხმდი? - ნუ ღელავ 6 თვეში ვიქორწინებთ და ... - აღარ მამთავრებინებს სიტყვას და ისევ ვნებიანად მკოცნის. ამჯერად აღარ შევწინააღმდეგებივარ, რადგან ვიცი, რომ მის თავმოყვარეობაზე ძალიან იმოქმედებს. ბოლო-ბოლო მომავალი მეუღლეა, მომავალი სინიორა ბოლოჯიოა. როგორც იქნა ვწყდები მის ვარდივით ბაგეებს და ვთხოვ სტუმრებთან დაბრუნებას. ისევ ხელკავი გავუყარე და დავბრუნდით ცენტრალურ დარბაზში, სადაც მეგობრები მეგულებიან. ჯესი და მაიკლი გაბუტული ბავშვებივით დგანან და მიყურებენ როგორ ვუახლოვდები ამ ლამაზ ქალიშვილთან ერთად. ფილიპი და საიდი ჩემს ნათესავ მასიმო კალდერონეს ქალიშვილებს ეჭუკჭუკებიან და შიგადაშიგ იცინიან. დროს ტყუილად არ კარგავს არც სერჟიო და არც ვიტორიო, სტუმრებს შერეულან და მხიარულად ხორხოცებენ. - სადაა შენი ნაქები ავოლა, მოგვიტანე, დავაგემოვნოთ ერთი რისი მაქნისი ხარ ბოლოჯიო, -მოითხოვა ჩემი ღვინო მაიკლმა. - ახლავე ამიგო - ვტრიალდები და მოსამსახურეს ვანიშნებ ღვინო მოიტანოს. - ისე გვეჭამა თან რამე, წამოდით. ვეუბნები მეგობრებს და მიმყავს უშველებელ გაშლილ სუფრებთან, სადაც აურაცხელი ოდენობის საჭმელია ლამაზად დაწყობილი და სტუმრებს ელოდება. მეგობრებს ვურჩევ სიცილიურ სამზარეულოს მიეძალონ და თან ღვინოს ვუსხამ. უცებ ვერდის ტრავიატას ჰაეროვანი მელოდიის ჰანგებმა მოგვნუსხა დარბაზში მყოფნი. ვინჩენცო ხელს ჰკიდებს თავის მეუღლედ წოდებულ გულის სწორს და საცეკვაოდ მიჰყავს. მწყობრად და ჰაეროვნად ასრულებენ ვალსის ილეთებს და დასრიალებენ დარბაზში. კამილას თეთრი კაბა ტბაზე მოცურავე თეთრი გედის მსაგვსად ლამაზად დაშრიალებს მარმარილოს იატაკზე. თვალს ვაყოლებ მათ სიყვარულით აღსავსე გამოხედვებს, რითაც ერთმანეთს დროდადრო აჯილდოებენ ხოლმე და გული სიხარულით მევსება იმის გაცნობიერებით, რომ მათ დიდი გრძნობის შედეგად შექმნეს ოჯახი. სევდიანად ამოვიოხრე და ჩემს თავზე ნერვები მომეშალა, რომ ასეთ ბედნიერ დღეს ისევ ეგოისტურად საკუთარ თავზე ვფიქრობდი. გადაწყვეტილი მაქვს დღეს ვიმხიარულო ისე, როგორც არასდროს და ეს აზრი ცოტა მახალისებს. მეგობრებს ვთავაზობ ვერანდაზე გასვლას, სადაც იტალიური ცნობილი ბენდი თანამედროვე მუსიკას უკრავს და ირგვლივაც ძირითადად ახალგაზრდები არიან შეკრებილნი. გავედით და მარიაც წავიყვანეთ. ვიტორიო, ორ გოგოსთან ერთად, ვინჩენცო და კიდევ ორი ჩემი ბიძაშვილი ფეხდაფეხ მოგვყვებიან. მხიარული მელოდია მორჩა და ბენდი რაღაც წყნარ სასიყვარულო სიმღერას იწყებს. ჯესი მხიარულად ხელში ხელს მკიდებს და გავყავარ საცეკვაოდ. ერთი მარიასკენ გახედვა კი მოვასწარი ჯესი რომ მიმათრევდა, შევამჩნიე როგორ მოიღუშა და თავი ჩაქინდრა. რაღაც ინსტიქტურად მაიკლს გადავხედე, მანაც დაძახილივით ჩემსკენ იბრუნა თავი და მეც თანხმობის ნიშნად თავი დაუკარი. მაიკლი უმალვე მიხვდა და მარიას გაუწოდა ხელი, საცეკვაოდ გამოიწვია. ისიც დასთანხმდა და წყვილიც მალე შემოგვიერთდა. მაიკლს ძალინ შვენის ეს პიჯაკი, მართლა არისტოკრატულ იერს აძლევს მის მაღალი და მხარბეჭიან აღნაგობას. იგი ძალიან კარგი მოცეკვავეა, მარიას ნაზად ატრიალებს ხელიდან ხელში, თანაც თვალს არ სწყვეტს. - ოხ, რა მუსუსია,-გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ ისე საოცრად უხდებიან ერთმანეთს - თვალს არ ვაშორებ მათ სიმეტრიულ და შეწყობილ მოძრაობებს. ხელადვე ვხვდები რომ სისულელებზე მეფიქრება და აღარ ვიყურები მათკენ. მორჩა მუსიკა და ჯესმა კისკისით წამიყვანა ბიჭებთან, რომლებიც ღვინის სმით და ცხარე საუბრით იყვნენ გართულნი. მაიკლი და მარიაც შემოგვიერთდნენ. მარია მას გამოეყო და ჩემს მკლავს დაეყრდნო. მარია ყურში მეჩურჩულება, რომ ვუყვარვარ და ძალიან მოვენატრე. მეც ერთი სიტყვით ვეუბნები - მეც! მხიარულება გრძელდება, ბიჭები მორიგეობით ცეკვავენ ყველა იქ მყოფ ლამაზ გოგონასთან, თან დიდი პოპულარობით სარგებლობენ ახალგაზრდა ლამაზმანებში, რადგან ადგილობრივებისგან საკმაოდ გამოირჩევიან. გოგონებსაც მეტი რა უნდათ, მათთვის ეს ერთგვარი ეგზოტიკაა. ვერანდაზე უცებ ვინჩენცო გამოვარდა და მარათონული სისწრაფით გამაქროლა ცენტრალური დარაზისკენ, სადაც საოცარი სანახაობა მხვდება: ჩემს პადრე ძმას, სალვატორეს უნიფორმა აქვს გამოცვლილი, აცვია საერო ტანისამოსი და ბრეიკ დანსს უბერავს თავზეხელაღებული მონდომებით. სასწაულ მანევრებს ასრულებს და ხალხს აოცებს ელასტიური და მოდური ილეთებით. ჩემი მეგობრებიც გამოცვივდნენ ამ მხიარული შეძახილების გაგებისთანავე, ისინი შოკამდე გააოცა ამ სანახაობამ. შეწყდა ენერგიული მუსიკა, სალვატორემ ცეკვა დაასრულა და ხალხის ოვაციებმაც მყისიერად იგრიალა. მივეჭერით მას, ხელში ავიტაცეთ და კარგახანს ვაბურთავეთ ჰაერში ჩვენი ყოველმხრივ ნიჭიერი ძმა. უცებ დედა მომიახლოვდა ჩქარი ნაბიჯებით, ხელში მომკიდა ხელი და ისეთი სირბილით გამაქროლა კაბინეტის მიმართულებით, ბიჭებისთვის იმის დაძახებაც ვერ მოვასწარი, მალე მოვალთქო. - მადრე, რა ხდება, მადრეე? - ვეკითხები, მაგრამ არაფერს მპასუხობს. ძალიან გახარებულია, რასაც არც მალავს მისი გაბადრული სახე. შევედით კაბინეტში, სადაც გვხვდება მთელი ფამილია - ბებია,ბაბუა, ვინჩი, ვიტორო, მამა, სალვატორემაც შემოაღო კარი. ბაბუა ვიღაცას ელაპარაკება გაბადრული სახით. - ხო ჩემო ლამაზო, ხო ჩემო სულ მონატრებულო გოგო, როგორ გაგვიხარდა რომ შენი ძმის ქორწილი არ დაგავიწყდა. - ძმიიის? - ვის ელაპარაკება, ვფიქრობ გულში და თან ძალიან გაკვირვებული სახით ვუყურებ დედას. დედა ხვდება და ხმამაღლა მპასუხობს: - მარიამია შვილო, ჩვენი მარიამი. - ისევ გაშტერებულ ფიზიონომიას რომ ამჩნევს ჩემი შემხედვარე, ავრცობს ინფორმაციას: - ბავშვობაში საქართველოდან რომ ჩამოდიოდა, ჩვენი მარიამი. მაგრამ შენ ხომ ყველაზე იშვიათი შეხება გქონდა მასთან, სულ საზღვარგარეთ იყავი და ამიტომ ვერ იხსენებ. მაგრამ მე გამახსენდა, ნელ-ნელა უფრო და უფრო მკაფიოდ მახსენდება ის დღე, პირველად რომ დავინახე ჩვენთან 13 წლის უკან... მაშინ ჯერ კიდევ 16 წლის ყმაწვილკაცი არდადაგებზე ვიყავი სახლში ჩამოსული მასაჩუსეტსიდან, სადაც კოლეჯის დამამთავრებელ კურსზე ვსწავლობდი. მამაჩემთან ქალაქის მერი იყო სტუმრად მოსული და საუბარს მოაყოლა საქართველოში დევნილი ობოლი ბავშვების დახმარების პროგრამას რომ ახორციელებდა იტალიის მთავრობა. ყოველწლიურად ზაფხულობით ჩამოჰყავდათ დევნილი ბავშვები და შეძლებულ იტალიურ ოჯახებში ანაწილებდნენ ზაფხულის გასატარებლად და საცხოვრებელი ადგილის და ახლობელი ადამიანების დაკარგვის ტრავმის შესამსუბუქებლად. მამამ მაშინვე გამოთქვა ამ პროგრამაში ჩართვის სურვილი და ასე მოხვდა მარიამი ჩვენს გარემოცვაში. მარიამის მამა საქართველოში მომხდარ ომს შეეწირა 1993 წელს, ხოლო დედა დევნილობის პერიოდში გარდაეცვალა. თუ სწორად მახსოვს გმირის წოდებით დააჯილდოვეს მისი ოჯახი. მახსოვს ვილას ეზოში მაგიდის ჩოგბურთს ვთამაშობდით მე და ვიტორიო, დაცვამ ჭიშკარი რომ გააღო და სოციალური მუშაკის მანქანა გამოატარა. მანქანიდან 12-13 წლის ლამაზი გოგონა გადმოიყვანეს, წაბლისფერი გრძელი თმით და შველივით მოყვანილი კონტურული ლამაზი წაბლისფერი თვალებით. გრძელ შავ წამწამებს ლამაზად აფახულებდა, ალბათ ცოტა შეშინებულიც იყო და ხელს არ უშვებდა მერიის თანამშრომელს. რაღაც ამოუცნობი და ღრმა სევდა იკვეთებოდა მის თვალებში, მახსოვს როგორ შემეკუმშა გული მის ამოოხვრაზე. მარიამი ძალიან მორცხვი, სერიოზული, მაგრამ საოცარი იუმორის გრძნობით აღსავსე, ძალიან კარგად აღზრდილი, დახვეწილი მანერების მქონე ახალგაზრდა ქალბატონი აღმოჩნდა. მახსოვს ასევე მისი გაოცებული სახე როდესაც ვილა დაათვალიერებინეს და თავისი ოთახი გამოუყვეს. მახსოვს ასევე ცრემლის კურცხალი, რომელიც თვალიდან გადმოუვარდა, როდესაც დედაჩემმა ის გულში ჩაიკრა და გამოუცხადა რომ იგი მისი ნანატრი გოგო იყო. იგი ძალიან შრომისმოყვარე და ბეჯითი გამოდგა, ცდილობდა მილენიას, ჩვენს სახლთუხუცესს დახმარებოდა სახლის საქმეებში, მაგრამ დედა ამაზე საშინლად გაბრაზდა და ბავშვს გართობის და მეცადინეობის გარდა ყველანაირი საქმიანობა აუკრძალა. - ჩემი ლამაზი გოგო, ჩემი ნანატრი გოგო ხარ შენ, ჩემო ლილიის მსგავსო. შენ მხოლოდ გაერთე, ამ საქმეებისთვის აქ ხალხი საკმარისადაა - სულ უმეორებდა დედა. მამამ მას იტალიური ენის და ინგლისური ენის რეპეტიტორი დაუქირავა და ასევე ცდილობდა შეძლებისდაგვარად თვითონაც ჩართული ყოფილიყო მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. მახსოვს, რომ ჩემთან და ვიტორიოსთან ძალიან მორიდებული იყო, თითქმის არ გვეკარებოდა, ვინჩენცო ამ დროს სასწავლებლად იყო საზღვარგარეთ, ხოლო სალვატორე და მარიამი განუყრელები გახდნენ. სალვატორე მასზე გაცილებით უფროსი იყო და პატარა დასავით ანებივრებდა ხოლმე. მარიამს ზაფხულის 3 თვის გატარება უწევდა ჩვენთან და ჩემი ოჯახის წევრები ყველანაირად ცდილობდნენ მისთვის ეს პერიოდი დაუვიწყარი ყოფილიყო. ბებია და ბაბუა ხომ აღმერთებდნენ, უმალ შეუყვარდათ, მისი კეთილშობილი თვისებების გამო. ერთხელ მახსოვს მეგობრებისგან შინ დაბრუნებულს კაბინეტის კარიდან მარიამის ხმა შემომესმა. იქვე რომ ჩავიარე, ვერაფერი გავიგე, რადგან უცხო ენაზე, სავარაუდოდ ქართულად ელაპარაკებოდა ვიღაცას და ტიროდა. გული დამეწვა, მინდოდა მივსულიყავი, გულში ჩამეკრა და მენუგეშებინა, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან მეგონა პირიქით მოერიდებოდა და შერცხვებოდა ჩემი. ალბათ თავის ოჯახის წევრებს ესაუბრებოდა, მაგრამ ვის ნამდვილად არ ვიცი. მას არც დედა ჰყავდა არც მამა, მაგრამ ვიცი რომ დეიდა ზრდიდა. მახსოვს გავიფიქრე, რომ ომს გამართლება არ ჰქონდა, რომ ომი მისნაირ მილიონობით ბავშვს ართმევს მომავალს და მრავალს აობლებს, რომ არ აქვს გამართლება ძალადობას, რომელსაც ასეთი მწვავე ტრაგიკული შედეგების მოტანა შეუძლია. არ არსებობს არანაირი საპირწონე ამ ობოლი ბავშვის თუნდაც მხოლოდ ერთი ცრემლის სიმძიმისა, რომ არ არსებობს გალაქტიკაში ძალა, რომელიც დამარწმუნებდა ომის საჭიროებაში და გაამართლებდა ომში ჩადენილ მრავალზე მრავალ ბოროტებას. დედა განსაკუთრებით მიეჯაჭვა მას. მარიამის მოვლა-პატრონობა მისი უმთავრესი ამოცანა გახდა, გოგონას ჩვენთან ყოფნის პერიოდში. დაჰყავდა იგი მუზეუმებსა თუ გამოფენებზე. აცნობდა თავის მეგობრებს და მეგობრების შვილებს. ჰყიდულობდა ათას ლამაზ ნივთებს თუ სამოსს, მოკლედ საოცრად ანებივრებდა მიუხედავად იმისა, რომ მარიამი არასდროს არაფერს ითხოვდა არავისგან და ხშირად მორიდებისგან უარსაც აცხადებდა ახალი ნივთების მიღებაზე. მამაც, ბაბუაც და ბებიაც მასზე გიჟდებოდნენ. ცდას არავინ აკლებდა ოჯახში პატარა ლამაზი, სევდიანი გოგონას გასამხიარულებლად. მე მხოლოდ რამდენიმე კვირით მქონდა მასთან შეხება და მერე მალევე გავფრინდი ამერიკაში, მაგრამ ამ მცირე პერიოდშიც კი შეძლო ჩემთვის თავი დაემახსოვრებინა თავისი სათნო და დიდსულოვანი ხასიათის წყალობით. მახსოვს როგორ ჩამივლიდა ხოლმე გვერდით და როგორ შემომანათებდა შველივით ლამაზ თვალებს, წამწამებს ამიფახულებდა, გამიღიმებდა და გარბოდა მაშინვე. მარიამი მას შემდეგ კიდევ რამდენიმე წელს ჩამოდიოდა ჩვენთან, მაგრამ მე უკვე იქ აღარ ვყოფილვარ, ხან სად ვიყავი და ხან სად. 17 წლის რომ გახდა საქართველოში უნივერსიტეტში ჩააბარა და მას შემდეგ ჩვენთან აღარ ყოფილა, მაგრამ როგორც ვიცი აქტიურად ეკონტაქტებოდა ჩემს ოჯახს და სულ ეპატიჟებოდა მათ თავის სამშობლოში. მამაჩემი მარიამის წინააღმდეგობის მიუხედავად სულ ეხმარებოდა მას მატერიალურად. ახლა უკვე სადღაც 25 წლის უნდა იყოს ან შიძლება მეტი. აღარ მიკითხავს დედასთვის, შეიძლება ოჯახი შექმნა კიდეც. * * * - მამა სპიკერზე ჩართე, ჩვენც გვალაპარაკე - დედა ეხვეწება ბაბუს. - რაზე ჩავრთო შვილო? - ძალიან გაკვირვბული სახით ტრიალდება ბაბუა მარკო და დედას აშტერდება. სალვატორემ გამოართვა და ჩართო მაღალ ხმაზე ტელეფონის აპარატი. - ვინჩი, ჩემო ძვირფასო, უდიდეს ბედნიერებას და სიხარულს გისურვებ, - დედა, მამა, როგორ მომენატრეთ ყველანი - გაისმა ჟღერადი და ნაზი ხმა ყურმილიდან. - ყველანი აქ ვართ, ჩემო ლამაზო, სალვატორეც, ვიტორიოც, ვინჩენცოც და მარკოც - ჩამოთვალა დედამ. - უი მარკოც აქაა, მომიკითხეთ - ოდნავ გაკვირვებული, გახარებული ხმა გაისმა. - ვაა მარიამ, როგორ ხარ ლამაზო, როგორ, რამდენი ხანია აღარ მინახიხარ, - უკვე უხერხული იყო არ მომეკითხა. - კარგად მარკო, მადლობა - ისევ გახარებული ხმა - შენ ხომ ხარ ძალიან კარგად, დედასგან მესმის სულ შენი ამბები და მიხარია ასეთი წარმატებული რომ ხარ და დოქტორიც გახდები მალე. - როგორც ყოველთვის, დედა ამეტებს - შენ ნუ მიაქცევ ყურადღებას. რას საქმიანობ, სწავლას დაამთავრებდი? - ვეკითხები და თან ცალი თვალი კარისკენ გამირბის, გასვლას ვჩქარობ. - კი მარკო, კი, თქვენი წყალობით განათლებაც მივიღე და ვმუშაობ კიდეც. სხვათაშორის დიდ ღვინის მწარმოებელ კომპანიაში ვარ, სულ თქვენს ვენახებს მახსენებს. - ისე ამოიოხრა გეგონება გულ-მუცელი ამოაყოლაო. - ჩამოდი შვილო მერე - მამამაც არ დააყოვნა დაპატიჟება - ხომ იცი როგორ გაგვიხარდება, ჩემო ჭკვიანო გოგო. - კი მამა, აუცილებლად ჩამოვალ, კი და თქვენც უნდა მესტუმროთ უთუოდ, ძალიან დამაფასებთ. დიდი ხანი ესაუბრნენ კიდევ ჩემები ყველანი, განსაკუთრებული მონატრებით და სიყვარულით სალვატორე ელაპარაკა. გაიხსენეს ძველი დრო, ერთი-ორი ცრემლიც გადმოაგდო დედამ და დაემშვიდობნენ. გამახსენდა მეგობრები რომ მყავს მიტოვებული მარტო იტალიელების მრავალრიცხოვან საზოგადოებაში და ნაჩქარევად დავბრუნდი დარბაზში სადაც ისინი მეგულებოდნენ. არაფერი მიტოვებულის და მომლოდინესი მათ არ ეტყობოდათ. თავიდან ფეხებამდე გადავარდნილნი იყვნენ მხიარულების მორევში. ერთმანეთს ენაცვლება ცეკვა, ხუმრობა, სიმღერა, სმა, არშიყი და სხვა ათასგვარი გართობა, რითაც იტალიური ქორწილები გამოირჩევა. მარია თავის მეგობრებთან ერთად ჩვენგან ოდნავ მოშორებით დგას და გულიანად იცინის, თან შიგადაშიგ გადმომხედავს ხოლმე. ჯესი და ვიტორიო არ ჩერდებიან წამით, ეგვიპტელი ქალღმერთის ჰათ ჰორის მსაგვსად ცეკვით ცდილობენ მარადიულობას მიეცნენ. ცოტა ხანში მამაჩემმა დამიძახა და მთხოვა კაბინეტში გავყოლოდი, მეც დამჯერად გავყევი. -კიდევ ვინღა დარეკა ნეტავი - გავიფიქრე ჩემთვის. კარი შევაღეთ. ოთახში დაგვხვდნენ მარიას მშობლები ლომბარდოები და დედაჩემი. - შემოდი შვილო, შემოდი-ზრუნვანარევი ხმით მიხმობს სილვიო ლომბარდო. ვხვდები, რომ არ მომელის სასიამოვნო საუბარი, ყველას ვესალმები და სავარძელში მოწყვეტით ვეშვები. - მარკო, შვილო, ნახევარი წელი დაგვრჩა ქორწილამდე, მზადება უნდა დავიწყოთ. შენ თითქმის მორჩი სწავლას და შენც შეძლებ ჩაერთო ამ მნიშვნელოვან საქმეში - ღიმილით ამბობს მამა და განაგრძობს - ნახევარ წელში მესამე ვაჟიც მიბედნიერდება და ისევ ახმაურდება ეს სასახლე მხიარული ნოტებით. მივხვდი, რომ კარგა ხანია ამ თემაზე საუბრობენ და ვერდიქტის გასაცნობად და აღსასრულებლად შემომიყვანეს მხოლოდ აქ. - ქორწილს მეც გადავიხდი, -მოჭრით იძახის მისტერ ლომბარდო, - ჩემს ერთადერთ ქალიშვილს ისე ვერ გავათხოვებ. - გადაგიწყვეტიათ უკვე ყველაფერი და ბარემ გავალ - გაბრაზებული, თითქმის გაცხარებული ხმით ვიძახი და კარისკენ მივდივარ. დედა წამოხტა: - კარგი შვილო, დამშვიდდი, რამ აგაღელვა. ისე იქნება როგორც შენ თვლი საჭიროდ! -მტკიცე ხმით გამოაცხადა მან ყველას გასაგონად. - როგორც შენ იტყვი მარკო, როგორც შენ იტყვი - ჩაილაპარაკა მამამაც. - კარგი დაგტოვებთ, მეგობრები მელოდებიან, სირცხვილია, ნიშნობაზე და სხვა დეტალებზე მოგვიანებით შევიკრიბებით და ვისაუბრებთ - გავედი გაცხარებული ოთახიდან და კარიც გავიჯახუნე. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ეს პერანგის საყელო პირდაპირ კისრის ქვეშა კუნთზე მაქვს წაჭერილი და მგუდავს. ხელის ერთი მოძრაობით სასწრაფოდ გავიხსენი და თითქოს ვიგრძენი, სისხლმა როგორ დაიწყო მოძრაობა სიბრაზისგან დაბერილ ვენებში. უცებ გულზე მოვიკიდე ხელი, მინდოდა ასე დამეწყნარებინა და მიმეჩუმებინა ჩემი გულისცემა, რომელსაც ისეთი საშინელი ბაგა-ბუგი გაჰქონდა რომ დავდიოდი მეგონა ხალხს ესმოდა მისი გამოძახილი. ოხ, როგორ მინდა გავიქცე აქედან და სადმე შორს გადავიკარგო, მაგრამ საღი აზრი, რომელიც ჯერ საბოლოოდ არ დამბინდებია ამ პირქუში აზრებით, არ მაძლევს მსგავსის ჩადენის საშუალებას. რა გინდა მარია, რა! რატომ არ შეგიყვარდა სხვა, რას მერჩი, რას! - გაჰყვირის სასოწარკვეთილი ჩემი გონების ხმა და ვერაფრით ვაოკებ და ვაწყნარებ. უცებ, თითქოს საკმარისი არ იყო განცდილი ემოციები, მარია შემეფეთა, ისევ ისეთი ლამაზი, მაგრამ მე იგი ამ წუთას ლამაზად ნამდვილად არ მესახება. ვუყურებ განრისხებული და ხმას არ ვცემ, მიახლოვდება ისე ახლოს, რომ მისი სუნთქვა ჩემსაზე მკაფიოდ მესმის და მეჩურჩულება: - მარკო, მიყვარხარ, - როგორც სჩანს ალკოჰოლს მისთვის სითამამე, რომელიც ისედაც არ აკლდა ერთი-ორად მოუმატებია - ნუ ხარ ასეთი სახით, ყველაფერი კარგად იქნება! ამ ფრაზის დასრულებისთანავე ვხვდები, რომ მან იცის, ყველაფერი იცის! იგი ხვდება, რომ მე იგი არ მიყვარს და ხვდება რომ არათუ იგივეს, ოდნავადაც კი არ განვიცდი მის მსგავს გრძნობას! როგორც სჩანს აქამდეც ხვდებოდა, ყოველთვის იცოდა და მაინც ჩემი ცოლობა უნდა! მაინც ჩემთან უნდა ცხოვრება გაატაროს! ღმერთო, როგორ მინდა ხელი ვკრა და შორს გავიქცე, გადავიკარგო აქედან და აღარასდროს დავბრუნდე. მაგრამ ჩემი სინდისი და საღი აზრი ისევ ადგილზეა, ისევ წინ მეღობება როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას ვიღებ, ისევ მკარნახობს სწორ და არასწორ გზებს, ისევ ჩამძახის და მომიწოდებს გონივრული ნაბიჯებისკენ. - მარია გთხოვ, ახლა ამის დრო არ არის - ვიცილებ მის კოცნის მცდელობას და ვტოვებ ადგილზე გაშეშებულს, თრობისგან და სიყვარულისგან გაბრუებულს. მერე უცებ ვბრუნდები, რადგან ვათვიცნობიერებ, რომ ზედმეტი მომდის და გულში ვიხუტებ გაოცებულს. - ნახევარი წელი მომეცი და სამუდამოდ ერთად ვიქნებით! ოღონდ ეს დრო მომეცი. - მთელი ცხოვრება დაგელოდები მარკო - მეუბნება ჩურჩულით და თავს მადებს მკერდზე. ცოტა ხანი ასე ვდგავართ, მეც გონებას ნელ-ნელა ვიწყნარებ, სულის ძახილებს ვაოკებ და შემდეგ ორივენი ვუბრუნდებით მხიარულებას. ჩემი ბიჭები მოვნახე, მარია გოგოებთან დავტოვე. - ბიჭებო, 6 თვეში ისევ ქორწილია, მარიას ვირთავ - გამოვუცხადე მათ. - ვაა ამიგო, ძალიან მაგარია - უხარია საიდს, მაგრამ მაინც ეჭვის თვალით მიყურებს, ხმაზე მატყობს რომ მე არ ვარ სიგიჟემდე გახარებული ამ ამბით. - გილოცავ, ძმაო, - გულში ჩამიკრა ფილიპმა. ამ დროს სერჟიო მოგვიახლოვდა და დაინტერესდა რას მილოცავდენენ ერთი-მეორის მიყოლებით ბიჭები. - სერჟიო, ამიგო, ცოლი მომყავს - ირონიანარევი ხმით ვაუწყე ახალი ამბავი. - ეგ ამიგო 20 წელია ვიცით, ახალი თქვი რამე - გულიანად ხარხარებს უკვე კარგად შეზარხოშებული სერჟიო ამ სიტყვაზე. - არა ამიგო, 6 თვეში მომყავს, გადაწყვეტილია და ბეჭედდასმულია. წყალი არ გაუვა ამ ჭეშმარიტებას - სერჟიო უმალვე დასერიოზულდა, მიხვდა, რომ აღარ მეხუმრებოდა. - გადაწყდა? - მკითხა მოკლედ. - ვგავარ ახლა მე მასხარას? კი მეთქი და დამისხით, უნდა აღვნიშნოთ, - მკვახედ ვუპასუხე გამწარებულმა. წუთიერი დუმილი ჩამოვარდა ჩვენს შორის ამ მხიარულებით და გართობის ხმებით აღსავსე დარბაზში. მერე აღარ მახსოვს რამდენი დავლიე, რა გავაფუჭე, რა გავაკეთე, როგორ დამაწვინეს, ხალხი როდის დაიშალა და გამეღვიძა ისეთი თავის ტკივილით, თითქოს დოლის მაგივრად ჩემი თავი ჰქონოდა ბენდს და იმას ამუშავებდნენ მთელი საღამო. ყოველ ასეთ დილას საკუთარ თავს ვპირდები, რომ ბოლოჯერ ვსვამ ამდენს და ასე, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ეს პირობაც არ იქნება თვითმოტყუების საბოლოო შემთხვევა. ვდგები, წელს ძლივს ვზიდავ, აივანზე გავდივარ და ვიხედები. ჩემი ყვავილებით გამწვანებული ბაღის საუცხოო ხედი მეშლება თვალწინ. საათზე ვიყურები და უკვე 11 საათია. ბიჭებს ალბათ ღვიძავთ, ჯესიც წუხელ სულ გადამავიწყდა. ნელ-ნელა მეხსიერება მიბრუნდება და გუშინდელი მოვლენები ქრონოლოგიურად და დასურათებულად წარმომიდგება გონებაში. დილის აბაზანა მოვილიე, ჩავიცვი და ჩავედი სასადილო ოთახში. - ჩაო ამიგო, მეძახის მაიკლი სუფრიდან სადაც ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები არიან შეკრებილნი და საუზმობენ. - ჩამო მზე ბიჭო, მოდი, დაჯექი - თავის გვერდზე სკამზე მიმითითებს ჯესი. მივესალმე ყველას და ადგილი დავიკავე ჯესის გვერდით. - შვილებო, დღეს საღამოს ისევ სტუმრები გვეყოლება, ოღონდ შედარებით შევწროებული წრე, ძალიან ახლობლები. მანამ შეგიძლიათ ქალაქში გაისეირნეთ, თვალს წყალი დაალევინოთ. ჩემი ბიჭები გამოგყვებიან - გამოგვიცხადა მამამ. - მამა შევიწრებული წრე ანუ 500 კაცი - დავუკონკრეტე „ვიწრო წრე“ და ღიმილით შევხედე. - სიცილიაა შვილო, ამოწყვეტილები ხომ არ ვართ ნათესავები ვერ შევკრიბოთ ათასში ერთხელ, რა გიკვირს? - ბრაზობს მამა. - ოხ თქვე ცუნდრუკებო, ვხედავდი გუშინ იტალიელ ლამაზმანებს როგორ ეტმასნებოდით -თემა შეცვლა ბებომ და სიცილ-სიცილით გააგრძელა - დარჩენა ხომ არ მოგინდათ ჩვენთან, - თან თვალს უკრავს საიდს. - ბებო, მე თანახმა ვარ, თუ ლილიანა გამომყვება ცოლად, ულამაზესია თქვენსავით, სინიორა მაგდალენა - მიეპირფერა საიდი. - ოხ, შე ცუღლუტო, რა დროს ჩემი სილამაზეა - დაიმორცხვა გასათხოვარი ქალიშვილივით ბებომ. - პირველ ცოლად თუ მერამდენედ, დაკონკრეტდი - მაიკლი ფორმაშია, წუხანდელი ბახუსის შემდეგ უბრუნდება ხუმრობის ხალისი. -ბიჭო რამე ხომ არ გეშლება, აღარ მოგვყავს რამდენიმე ცოლი, მერე რა რომ შარიათის კანონი გვაძლევს უფლებას; შენ შენი გოგოები დაითვალე- ბრაზობს საიდი და მაიკლს მუქარით უყურებს. - ნეტა რა გაბრაზებს, შე კაცო, ნეტა მე მაძლევდეს ჩემი კანონი უფლებას, ახლა მერვე ცოლის ძიებაში ვიქნებოდი. ავაშენებდი ერთ დიდ სასახლეს, შევსვამდი იქ ყველას და განრიგს დავუწესებდი, რომ ჩემი გულისთვის არ დაეხოცათ ერთმანეთი - ოცნებებში მიდის მაიკლი. - ნეტა შენს გამო თავს ვინ მოიკლავს, ერთხლაც მიხვდებოდნენ რომ ამად არ ღირხარ, გაგჭრიდნენ ზუსტად 8 ნაჭრად და ნახავდი მერე - სიცილით ეუბნება ფილიპი, საიდი მოწონების ნიშნად თავს უკრავს მას. - რას იზამ ყველანი არ იბადებით ჩემნაირი თანდაყოლილი შარმით, და სკდებით გულზე - პოლემიკა დაასრულა მაიკლმა თვითკმაყოფილი კომენტარით. ჩვენც გულიანად ვიცინეთ. საუზმე დავასრულეთ თუ არა ბიჭები წავიყვანე პალერმოს ცნობილ სიცილიურ მუზუმში, დავათვალიერეთ ისტორიული ექსპონატები და შემდეგ წავედით აქაურ პაბში. როგორც ბრიტანელი ქოლგას ვერ იშორებს წვიმის ყოველ წამს მომლოდინე, ასევე სერჟიო და ვიტორიოც არ გვცილდებიან ჩვენთან მხიარულების მოლოდნით. ჩემს ბიჭებსაც მეტი რა უნდათ, რაც მეტნი ვართ, მით მეტად უკეთესად ვატარებთ დროს, თანაც ჩემს ნათესავებს კარგად იცნობენ და მშვენივრად ეწყობიან კიდეც. - ბიჭებო, ერთი-ორი თვე ხო არ გავგულავდეთ სადმე, ქორწილის წინ ცოტა დრო ვატარო - შემომაქვს წინადადება და მოუთმენლად ველოდები უმრავლესობის დასკვნას. - მე პას, ემირატებში მივდივარ ძმაო და მაქსიმუმ ერთი კვირა შემოგიერთდეთ - დანანებით იძახის საიდი. - მე შემიძლია ამიგო, ჩიტივით თავისუფალი ვარ - მაიკლი როგორც ყოველთვის გართობაზე უარს არ იძახის. - მეც წამოვალ, მაგრამ სად? - უკვე სამნი ვართ, გავიფიქრე, ფილიპიც ჩვენთანაა. - სადმე ისეთ ქვეყანაში, სადაც არ ვართ ნამყოფები, იქიდან დავიწყოთ - ვთავაზობ და ვფიქრობ გულში, რომ დღეს რაღაც ძალიან გამომგონებლური აზრები მაწუხებს. - ბიჭო, მოდი საქართველოში წავიდეთ, მარიამთან, ისედაც სულ გვეპატიჟება - თვალები გაუბრწყინდა სერჟიოს, მეც მომეწონა აზრი. - ხო, თან იძახიან ძალიან განსხვავებული კულტურის ქვეყანააო, რაც მთავარია, განსხვავებული სილამაზის სუსტი სქესის არსებები ჰყავთო - თვალი ჩაგვიკრა მაიკლმა რაღაცნაირად. გამეცინა, სულ ქალებისკენ როგორ უნდა იყოს მისი ფიქრები მიმართული. - მე ვიყავი წელს ორი დღით - უცებ გამოაცხადა საიდმა - არ გახსოვთ? მამაჩემი თავისი მეგობრის შვიდვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელის თბილისის ფილიალის გახსნაზე იყო დაპატიჟებული და მეც წამიყვანა. შოკი მივიღე, ძალიან ლამაზი და ძალიან განსხვავებულია თბილისი. ერთი კვირით მეც წამოვალ, ამ შანსს არ გავუშვებ ხელიდან. - მე ძალიან მინდა ამიგოს, მაგრამ გამოფენა მაქვს მალე და უნდა მოვემზადო - დანანებით თქვა ვიტორიომ - არადა მარიამთან დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი, რამდენი ხანია აღარ მინახავს. - მაშინ ხვალვე გადავფრინდეთ თუ რეისი იქნება, რაღას ვუცადოთ. - ვთავაზობ ბიჭებს და მოუთმენლად ველი მათ პასუხს. - წავედით, ხო ბიჭებო? - მაიკლმა შეუბრუნა კითხვა. ყველამ თავი დააქნია თანხმობის ნიშნად, მხოლოდ ვიტორიო ოხრავდა და მოწყენილი სახით გვიღიმოდა. იმ დღესვე ვნახე ბილეთები და მეორე დღისთვის ვიყიდე ყველასთვის პალერმოდან თბილისის მიმართულებით ტრანზიტულ რეისზე. ვფიქრობ, მარიამს დავურეკო თუ არა, რადგან არ მინდა მისი შეწუხება. დედას გავუზიარე ეს აზრი, მაგრამ აქ შევცდი, ნეტა არ მეთქვა, დავინახე როგორ მოეკიდა სახეზე ალისფერი. - მარკო, სულ გაამერიკელდი ხო შენ შვილო, იტალიური სისხლი დათმე და იქაური გადაისხი თუ რა გჭირს? - თითქმის ყვირილით მითხრა და ისევ ჩემი საყვარელი ჟესტით დამიდგა წინ, დოინჯშემორტყმული - არ ეწყინება ბავშვს მის სამშობლოში ჩახვიდე და არც კი შეეხმიანო? - დედა იქნებ არ სცალია ასე უცაბედად რომ დავაცხრებით თავზე - ვცადე შეწინააღმდეგება. - მოიცლის, დარწმუნებული ვარ ძალიან ეწყინება რომ არ გააფრთხილო და მასთან არ ჩახვიდე - ცდილობს გადამარწმუნოს. - კარგი დედა, ნომერი მომეცი, დავურეკავ - მეც ვნებდები და მობილურში მარიამის ნომერს ვკრეფ. ორი გაბმული ზარის შემდეგ მარიამი იღებს ყურმილს. ისევ ჩამესმის ტკბილი, ჰაეროვანი და ჟღერადი ხმა ყურში. - გისმენთ - მეუბნება ქართულად, მე რა თქმა უნდა ვხვდები რომ ეს რაღაც პრონტოს მაგვარია და იტალიურად ვეუბნები: - მარიამ, როგორ ხარ, მარკო ვარ, მიცანიი? - მარკოოო!!! - არ დამამთავრებინა სიტყვა და ისე შემომძახა - როგორ ვერ გიცანი, როგორ ხარ? როგორ მიხარია შენი ხმის გაგონება, რა ხდება შენსკენ, საით ხარ, ხო ხარ მშვიდობით? - სასწრაფოდ მომაყარა კითხვები აღელვებულმა. კარგად მარიამ, შენ ხომ კარგად ხარ? ბოდიში რომ აქამდე ვერ მოგიკითხე. რას ამბობ, პირიქით, მე ვერ მოგიკითხე, მაგრამ დედასგან ვიგებდი შენს ამბებს და მიხარია ასეთი წარმატებული რომ ხარ. მარიამ, ხვალ მოვფრინავ თბილისში და... რაააა? მართლაა?! - შეჰკივლა ყურმილში - ვაიმე რა მაგარიააა!..., როდის? რატომ? რამდენი ხნით? აა ხო ხვალ... უი რა მაგარია, რომელ საათზე? - გამეცინა მის ასეთ ემოციაზე, თან გამიხარდა კიდეც. ხვალ საღამოს ცხრის ნახევარზე იქ ვიქნებით, მაგრამ დახვედრა არ გვინდა, მეორე დღეს გნახავთ. - რას ამბობ, მარკო, არ გაბედო, მე დაგხვდები და ჩემთან წაგიყვან, მარტო ხარ? - არა მარიამ, სასტუმრო უკვე დაჯავშნილი გვაქვს - უცებ ვიცრუე, რადგან ამდენი კაცი მას ვერ მივადგებოდით - მეგობრებთან ერთად ვარ და არ გამოვა მათთან ერთად შენთან წამოსვლა და არც მათგან გამოყოფა. - წამოიყვანე მერე მარკო ისინიც, სტუმარი ღვთისაა - არ ნებდება მარიამი. - მოკლედ გადაწყვეტილია, ჩვენ სასტუმროში წავალთ, მაგრამ თუ შეძლებ დაგვხვდი. - კარგი, რა გაეწყობა, - დაღონებით ჩაილაპარაკა - რამდენი იქნებით? - ხუთნი ვიქნებით, სერჟიო გახსოვს? ისიც მოდის. - ვაიმე რა მაგარია, როგორ არ მახსოვს. ყველანი ძალიან კარგად მახსოვხართ და სულ მენატრებით. რამდენი წელია არ მინახიხართ, შენ განსაკუთრებით, მარკო, - დანანებით ჩაილაპარაკა. გულში საოცრად მეღიმება და მიხარია, რომ ასეთი გულწრფელი და ასეთი პირდაპირი ადამიანია ჩვენი მარიამი, პრინციპში ბავშვობაშიც ასეთი მახსოვს. საქართველოში წასვლის სურვილი უფრო გამიცხოველდა ამ საუბრის შემდეგ. მაინც როგორი სასიამოვნოა, როდესაც სადღაც სიყვარულით გელიან და გხვდებიან. დავემშვიდობე და საგონებელში ჩავვარდი. აღარ ვიცი ჯესიკა როგორ გავუშვა ამერიკაში დელიკატურად ისე, რომ არ მიმიხვდეს და არ ეწყინოს. ვხვდები ბიჭებს და ვეუბნები მოემზადონ ხვალინდელი ვოიაჟისთვის, საიდს კი ვთხოვ მისთვის ნაცნობი სასტუმრო დაჯავშნოს. ყველაფერი რომ მოვითავე, ჯესის ოთახში შევედი იმის ფიქრში გართული რა მეთქვა და როგორ გამოვმძვრალიყავი ამ უხერხული სიტუაციიდან. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ტყუილებით მასთან მეგობრობის გაგრძელება არ მსურს, მითუმეტეს, რომ არც არაფრით ვარ მის წინაშე ანგარიშვალდებული და ვეუბნები სიმართლეს იმის შესახებ, რომ 6 თვეში ქორწილი მექნება და რომ მინდა ბიჭებთან ერთად ეს პერიოდი უცოლო კაცის პრივილეგიებით ვისარგებლო და დრო მხიარულად გავატარო. რაოდენ გასაკვირიც არ იყო ჩემთვის, მას ამაზე არანაირი რადიკალური რეაქცია არ ჰქონია, ლოყაზე ნაზად მაკოცა კიდეც და ბედნიერებაც მისურვა. თვითონ გამოთქვა სურვილი რამდენიმე დღე ვიტორიოსთან ერთად დარჩენილიყო, ქალაქი დაეთვალიერებინა და მერე წასულიყო ამერიკაში. ამაზე ვაწყენინებდი? სიხარულით დავთანხმდი. ნაჩქარევად მოვაგვარე ყველა დანარჩენი საქმე და გადავწყვიტე მარიასაც დავლაპარაკებოდი. ტელეფონზე დავურეკე, ავუხსენი, რომ მეგობრებთან ერთად მიწევდა წასვლა რაღაც პერიოდით, რაც მას არ გაუპროტესტებია, დავემშვიდობე და ჩემს ოთახში დავბრუნდი ბარგის ჩასალაგებლად. კუპიდონის ხუმრობა თვითმფრინავში ვსხედვართ, ვხალისობთ ერთმანეთს ვეხუმრებით, ვისკის ვწრუპავთ, ერთი სიტყვით ძალიან მხიარულად ვატარებთ დროს. როგორც იქნა ილუმინატორიდან საქართველო გამოჩნდა. უკვე ბნელოდა და მხოლოდ ბუნდოვნად მოჩანდა აქა-იქ ყველაფერი, მაგრამ მაინც მომხიბლავი და უცხო მომეჩვენა არემარე. ნელ-ნელა მეტი სიმკვეთრით გავარჩიე განათებული ქალაქი, თითქოს ოდნავ მთა-გორიანი რელიეფი. მალევე დაჯდა თვითმფრინავი აეროპორტის ერთ-ერთ დასაფრენ ბილიკზე და იტალიურ-ქართულ ინგლისურად გამოგვიცხადეს კიდეც, რომ ჩამოვფრინდით საქართველოს დედაქალაქში - თბილისში. ვამჩნევ, რომ არ არის დიდი აეროპორტი, პირიქით საკმაოდ პატარაცაა ცენტრალურის კვალობაზე. გამოვდივართ, პასკონტროლს გავდივართ, ბარგს ვიღებთ და გასასვლელისკენ ვიძვრებით. სიახლეების მოლოდინი აღმატებულ ხასიათზე მაყენებს, მაგრამ ჩემი ბიჭები საერთოდ დაფრინავენ სასიამოვნო მოლოდინებით აღტყინებულნი. გამოვაღწიეთ თუ არა მგზავრების გამოსასვლელიდან გავიგე როგორ გაჰყვიროდა ვიღაც ჩემს სახელს იტალიურად: - მარკო, აქეთ - ხმის მიმართულებით გავიხედე. წამიერად გავშეშდი ადგილზე, როგორ გალამაზებულა ჩვენი პატარა მარიამი. გახარებული, გაღიმებული სახით ხელს მიქნევს საშუალოზე მაღალი, თხელი, მაგრამ სრული ფორმებით და წვრილი წელით, რასაც ტანზე მჭიდროდ მომდგარი ჯინსის შარვალი და შავი მაისური უფრო ხაზს უსვამს, ძალიან ლამაზი გოგონა. გამორბის, ორივე ხელს შლის და კისერზე მეკიდება, მეც ხელი შემოვხვიე მის ულამაზეს წელს და ჰაერში ორჯერ დავატრიალე. საოცარი სურნელი სდის, ისეთი ტკბილი და თან ჰაეროვანი, როგორც ვანილის ფხვნილის მოყრის დროს ოხშივარადენილი მილენიას საფირმო ღვეზელებს სდის ხოლმე. ამ სურნელებას მრავალჯერ ჩავუყვანივარ ნაჩქარევად დილაუთენია ვილას მესამე სათულიდან ახალგაღვიძებული. - მარკოო, როგორ ხარ? - ლოყაზე მკოცნის. - მარიამ როგორ შეცვლილხარ, კიდევ უფრო დამშვენებულხარ - ვეუბნები და თან მისი თვალიერებით ვარ გართული. უცებ გამახსენდა, რომ დიდი ხანია რაც არ ვუნახივარ და წესით ასე მარტივად ვერ უნდა ვეცნე, ვკითხე კიდეც - უი ხოო, საიდან მიცანი? ნუთუ მე არ შევცვლილვარ? - მე შენს სურათებს დედა სულ მიგზავნიდა ტელეფონით, ყველა ოჯახის წევრისას, ასე რომ არ გამიჭირდა - თვალს მიკრავს მარიამი და ხელკავით მივყავარ გასასვლელისკენ. უცებ თითქოს ბედნიერი სიზმრიდან ვფხიზლდები და მახსენდება უკან ბიჭები რომ მოძუნძულებენ ბარგიანად. - მარიამ, ესენი ჩემი მეგობრები არიან, ეს კი ვერ იცანი? სერჟიოა - დასრულება ვერ მოვასწრი, რომ სერჟიოს ჩამოეკიდა კისერზე - რა თბილია, გავიფიქრე და გულიც სასიამოვნო შეგრძნებებმა მოიცვა. მორიგეობით ყველა გავაცანი, მასაც არ დაეზარა და ყველა გადაკოცნა. შემდეგ გამოგვიცხადა გარეთ ჩემი მეგობრები მანქანებით გველოდებიანო. გამოვდივართ და მანქანების სადგომზე გვხვდება სამი ძალიან თანამედროვე და ძვირიანი ჯიპის ტიპის ავტომანქანა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სამივე მანქანასთან ულამაზესი გოგონები გვხვდებიან. მივედით და მარიამმა გაგვაცნო სამი მეგობარი, ქერა, ხვეულთმიანი და სანდომიანი სახის, მომწვანო-მოყავისფრო თვალის ფერით, საკმაოდ მაღალი და ქანდაკებასავით ჩამოსხმული სხეულის მქონე გოგონა სახელად ინგა, მუქი შოკოლადისფერი მოკლედ შეჭილი ლამაზი თმის და შავი თვალ-წარბის პატრონი, საშუალოზე მაღალი და საკმაოდ მიმზიდველი სხეულით და ზოგადად გარეგნობით სალომე და ბავშვურად მომღიმარი, ცისფერთვალება და თეთრი, თოვლივით ფითქინა კანის ფერით და ოდნავ ჭორფლებით-ანა. ბიჭები აჟიტირებულნი არიან ემოციებისგან, განსაკუთრებით ისინი გოგონების დანახვამ გაახარა, მაგრამ სანამ მანქანებში ჩავსხდებოდით გადავულაპარაკე მათ ზედმეტი არაფერი გაბედოთ თქო. მაიკლმა თვალები დამიბრიალა და როგორ გეკადრებაო მომაძახა დიდსულოვნად. - სად წაგიყვანოთ, რახან ჩემს სახლს არ კადრულობთ - მხიარულად გვეკითხება მარიამი. - არ გრცხვენია..., პირიქით არ გვინდა ზედმეტად შეგაწუხოთ, დახვედრაც არ იყო საჭირო - სერჟიო პასუხობს. - ძალიან მეწყინებოდა სერჟიო, მამა რობერტომ იმდენი რამ გამიკეთა, და ეგეც რომ არ იყოს ისე თბილად მახსოვხართ ყველანი, რომ ეს მცირედია რითაც შემიძლია მადლობა გადაგიხადოთ - გამახსენდა ძველი დრო, მარიამი დედაჩემს და მამაჩემს დედას და მამას რომ ეძახდა, ისინიც ამით უბედნიერესები იყვნენ. დედა ისეთი სიყვარულით ახსენებდა ხოლმე მარიამის სახელს, ხშირად მიფიქრია ჩვენზე მეტად უყვარს მემგონი თქო. - კარგი, რა გაეწყობა, ამჟამად ასე იყოს, და სხვა დროს შენთან ჩამოვალთ და დავრჩებით, არ იდარდო, ახლა კი თუ არ შეგაწუხებთ ძალიან გოგონებო, ახალი გახსნილი სასტუმრო გქონიათ ქალაქის ცენტრში, მეგობარმა დაჯავშნა და იქ რომ მიგვიყვანოთ - ვუთხარი მარიამს, რაღა თქმა უნდა დამთანხმდა. მე და სერჟიო მარიამის მანქანაში ჩავსხედით, სერჟიო და მარიამი წინ, მე უკან. ჩუმ-ჩუმად სარკეში ვუყურებდი და ვაკვირდებოდი მის საუბარს და მიმიკების მხიარულ თამაშს, სერჟიოსთან ტიკტიკში ხშირად რომ ეცვლებოდა ხოლმე, ეს ბავშვური გულუბრყვილო და სათნო იერი ისევ შენარჩუნებოდა მის დახვეწილ იერსახეს. მახსოვდა, რომ ლამაზი იყო, მაგრამ ბავშვობის მერე აღარ მყავდა ნანახი, სოციალური ქსელებიც კი არ მაქვს, თორემ იქიდან მაინც მემახსოვრებოდა მისი გარეგნობა. მთლად ასეთი სასწაული, ყველასგან განსხვავებული ტიპაჟი თუ დამხვდებოდა არ მეგონა. ისევ გრძელი, სწორი, დაუმწიფებელი წაბლისფერი ბზინვარე თმა, სხვათაშორის გაშლილი აქვს და უკნიდან წინ მკერდზე აქვს გადმოყრილი. ძალიან გრძელი ოდნავ აზიდული და თხელი წაბლისფერი წარბების ქვეშ ულამაზეს დიდ ყავისფერ თვალებს, ბნელი ღამის მსგავსი მუქი კაკლებით, წარამარა აფახულებს, გრძელი წამწამებიც პეპლების ფრთებივით უჩრდილავს ნაზ, გამოყვანილ ღაწვებს. ტუჩის გასწვრივ ლოყასთან ღიმილის დროს პატარა ხვრელისოდენა ჩაღრმავება უჩნდება, რაც მის მიმზიდველ პირი-სახეს ოდნავ ბავშვურ იერს აძლევს. ნამზეური საოცრად უხდება და კანიც დილის ცვარივით უბზინავს. სწორი ქართული ცხვირი კი აბსოლიტურად განსხვავებულ იერს აძლევს მის სახის მოყვანილობას. სერჟიომ და თვითონ რა არ გაიხსენეს ბავშვობის დროიდან მოყოლებული, მთელი გზა ენა არ გაუჩერებიათ. მე მონუსხულივით დადუმებული ვარ და სარკეს თვალს არ ვწყვეტ, სადაც მის ყოველ მოძრაობას ისე ვაკვირდები, თითქოს გონებას ძალას ვატან ზეპირად ისწავლოს და აღარასდროს ამოიშალოს თავიდან. მივედით სასტუმროსთან, მაგრამ მანქანიდან გადმოსვლა აღარ მინდა რატომღაც. ქალაქს საერთოდ არ დავკვირვებივარ, სად მეცალა, მარიამისთვის არ მომიცილებია თვალი. ბოლოს სერჟიომ რომ გადმომძახა მოვედით, გადმოდიო, გადმოვედი. ბიჭები უკვე ბარგს იღებდნენ საბარგულებიდან. გოგოებს მადლობა გადავუხადეთ ყველამ და პირობა ავიღეთ მათგან, რომ მალევე ვიხილავდით. ყველას დავემშვიდობეთ. მარიამმა მახარა, რომ ერთ კვირიანი შვებულება აიღო, იმისთვის, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა ქალაქი და ჩვენი უარების (რაც რა თქმა უნდა ძალიან ზედაპირულად იყო ნათქვამი) და თხოვნის მიუხედავად დაგვემუქრა, რომ დილის ათ საათზევე მოგვაკითხავდა წასაყვანად. ყველას აკოცა, ბოლოს მოვიდა ჩემთან, მეც გავიწიე და ყელზე ჩამომეკიდა, მაგრად ჩამიხუტა და ლოყაზეც ძალიან ძლიერად მაკოცა. ჩაოო, გვესროლა ყველას და დაგვტოვა ხუთი კაცი სრულიად გაოგნებული მისი თბილი, გულწრფელი და უცერემონიო მოპყრობისგან. რომ გამოვერკვიეთ, შევედით სასტუმროში, ნომრებში მოვთავსდით და ერთ საათში ჰოლში შეკრება და სადმე პაბში ლუდის დალევა გადავწყვიტეთ. მართლა კარგი სასტუმროა, საიდმა ტყუილა არ აქო, მომწონს. ავდივარ ნომერში, პირდაპირ გაუხდელად საწოლზე ვეშვები და ფიქრების მოზღვავებას ვაძლევ საშაულებას დაიპყროს ჩემი გონება. პირველი რაც გამახსენდა, მარიამია, და შევკრთი უცებ ამაზე. ჯიუტად არ ვაქცევ ამ ფაქტს ყურადღებას და ვაგრძელებ მასზე ფიქრს. როგორი სხვანაირია და რაღაცნაირად მიმზიდველი, თან თბილია, ადრე როგორ ვერ ვამჩნევდი, მაგრამ რას შევამჩნევდი მაშინ ხომ პატარა იყო. და საერთოდ რა სისულელეებზე ვფიქრობ. ის დროა წყალს ვივლებდე და ვისვენებდე, ერთ საათში ჩასასვლელი ვარ ბიჭებთან. * * * სასტუმროს ჰოლში ვიკრიბებით და ვგეგმავთ სად წავიდეთ. იქაურმა კონსიერჟმა გვირჩია აქვე ახლოს, ძველ თბილისურ დასახლებაშია კარგი პაბი, სადაც ქართული ლუდის დაგემოვნების საშუალება გვექნებოდა. მან ორი ტაქსი გამოგვიძახა და დანიშნულების ადგილისკენ დავიძარით. როგორც სჩანს, თბილისის შუაგულში ვიმყოფებით და მანქანაც ნელ-ნელა ქალაქის უძველესი ადგილებისკენ მიიკვლევს გზას. ღამის ფონზეც გამოშტერებამდე ლამაზია თბილისი, ძალიან მომწონს და რაღაცით ჩემს ერიჩესაც მაგონებს, მაგრამ აბსოლიტურად განსხვავებულია. მსგავსი შენობები და არქიტექტურა რაც ღამის განათების ფონზე იკვეთება, არსად არ მინახავს. მიზნად ვისახავ კარგად შევისწავლო ქალაქი და დავათვალიერო. ბიჭებს ვანდობ ჩემს გადაწყვეტილებას და ისინიც დიდი სიამოვნებით მეთანხმებიან. მივაღწიეთ ადგილს, რასაც ტაქსის მძღოლმა აბანოთუბანი უწოდა, და იქვე მდებარე ლუდის ბარში შევედით. ვსხდებით თავისუფალ მაგიდასთან, სიტუაცია ძალიან მოგვწონს ყველას, თან სიახლის სასიამოვნო მოლოდინი უფრო გვიჩქროლებს გულს და აღტაცებულ ხასიათზე გვაყენებს. ქართულ ლუდს და თხილს ვუკვეთავთ, ასევე ოფიციანტს ვთხოვთ რაიმე ყველაზე პოპულარული ნაციონალური საჭმელი მოგვიტანოს, რომელიც ლუდს შეიძლება მოუხდეს. - უკვე ძალიან მომწონს და მერე რა იქნება ხო წარმომიდგენია, მაგრამ ჯერ გოგოები არ ჩანან, იმედია ემირატებში რომ იმალებიან აქაც ისე არ არის - წაკბინა მაიკლმა საიდი, პრინციპში როგორც ყოველთვის. - შენი საქმე მგონი იმ იმპოტენტივითაა, სულ თავის კაცობაზე რომ ლაპარაკობს - სარკაზმის მამაა ნამდვილი საიდი - რა გაატრაკე ამ გოგოებზე დარდით. - შენ რა გენაღვლება, ძმაო, ქორწილამდე ვაჟიშვილობის შენახვას აპირებ და მე მაინც დამაცადე დავტკბე - მაიკლი ცდილობს არ ჩამოუვარდეს მეგობარს. - კაი ხო გეყოფათ, აი გამოჩნდა ორი გოგო და დამშვიდდებით - დააწყნარა ფილიპმა, მაგრამ საჭირო აღარ იყო, ისინი უკვე ყბადაღებული უყურებდნენ იმ ხსენებულ ორ ქართველ ლამაზმანს. ის ის იყო დააპირეს მათთან მისვლა, რომ კარი გაიღო და ორი სიმპათიური, ჩაფსკვნილი და კუნთმაგარი ახალგაზრდა მამაკაცი მიუჯდა გოგონების მაგიდას, აშკარად იმათ ელოდნენ. მე და ვინჩენცომ ერთმანეთს გადავხედეთ და გულიანად გადავიხარხარეთ. მაიკლი და საიდი ცივად მოტრიალდნენ და ოფიციანტის მოტანილ ლუდს ხარბად დაეწაფნენ. - ეს რა ჭირი გვჭირს საიდ, გოგო ვერ მოგვწონებია რა - შესჩივლა მეგობარს მაიკლმა. საიდმაც თავი მწარედ გააქნია ისე, რომ ლუდის სმისთვის არ დაუნებებია თავი. - ისე მარიამი რა ლამაზი გოგო ყოფილა, ლამაზი კი არა გასაგიჟებლად მომხიბვლელი -დაიწყო საუბარი ფილიპმა, რაც მე სავსებით არ მესიამოვნა. - მარიამს თავი დაანებეთ ყველამ, გიკრძალავთ - მკაცრად გამოვაცხადე. - რატომ ვითომ? - დაინეტერესდა საიდი. -იმიტომ - ძალიან კონკრეტულად ვუპასუხე მეც. - ვაა ეს გადამრევს რა, ყველა თავისთვის უნდა, რა ვერ გაძღა შენი კუჭი, ამიგო, რა არ გეთმობა არავინ! - მაიკლი დუდღუნებდა. - სხვა რამეზე ვიხუმროთ, მე ჩემი გითხარით, ჩვენ ერთად ვართ გაზრდილები და მისი გაბრაზების უფლებას არავის მივცემ, თქვენც კი - სრულიად სერიოზულმა ავუხსენი ძმებს. - არც შენს თავს? - გამომცდელი მზერით შემაგება კითხვა სერჟიომ. - რა თქმა უნდა - გადაწყვეტილად მივუგე. ამ დროს თეთრი პატარა ცომის მსგავსი მრგვალი რაღაცეებით სავსე ლანგარი მოიტანეს. ოფიციანტმა აგვიხსნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ნაციონალური კერძი - „ხინკალი“, რომ ძირითადად მომრგვალების ბოლოში პატარა ცომით, რომელსაც კუჭს ეძახდნენ ხელში უნდა დაგვეჭირა და ისე მოგვეკბიჩა, რომ შიგნით არსებული ხორცის წვენი არ გადმოგვესხა თეფშზე და კუჭის გარდა მთლიანად შეგვეჭამა. მე პირველივე ჯერზე გამომივიდა, ჩავკბიჩე და შიგნით არსებული წვენიც შევისრუტე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელი იყო და თითქმის დამწვა პირის ღრუ, განუმეორებელი შთაბეჭდილება და გემო დამიტოვა. ძალიან მომეწონა, მთლიანად შევჭამე კუჭიანად, მეორე ცალსაც დავწვდი და ისიც მივაყოლე. ბიჭებმა ზოგმა გადაისხა წვენი, ზოგმა დანა-ჩანგლით დაიწყო დაჭრა და წვენის და ხორცის ნაზავის საოცარი არომატი ამით ვერ დააგემოვნა. საერთო ჯამში ყველა კმაყოფილი დარჩა, ადგილობრივი ლუდიც ძალიან მოეწონათ. ბარი შიგნით ევროპულ სტილზე იყო მოწყობილი და გადავწყვიტეთ ხვალიდან სულ ქართულ რესტორნებში გვეარა, რომ აქაური სული უკეთესად შეგვეცნო. გვიანობამდე ვიმხიარულეთ, დავბრუნდით სასტუმროში, ნომრებში გავნაწილდით და ჩვილი ბავშვის უდრტვინველი ღრმა ძილით მეძინა დილამდე. ტელეფონის ზარი მაღვიძებს, თავს ვწევ, საათზე ვიხედები, თერთმეტია დაწყებული. საწოლზე სწრაფად ვჯდები და ყურმილს ვპასუხობ. - მარკო, ჩაგეძინა? ასეც ვიცოდი, მაგრამ ძილი იტალიაშიც გეყოფა. ჰოლში გელოდებთ, ბიჭებიც გააღვიძე. - მარიამმა ნარნარი ხმით ჩამძახა ყურმილში, სასიამოვნოდ გამაჟრიალა და რაღაცნაირად აღმატებულად ვიგრძენი თავი. - კი კი მარიამ, ახლავე. ზუსტად 10 წუთში მანდ ვართ. - ვუკიდებ ყურმილს და გიჟივით ვურეკავ ყველას. მართლაც ათ წუთში მოწესრიგებულები და ჩაცმულები მარიამის მომღიმარ სახეს ვუყურებთ ლიფტიდან გამოსულები. მან მოირბინა ჩვენთან, ყველანი გადაგვკოცნა და სავარძლებისკენ წაგვიძღვა, სადაც წუხელ გაცნობილი ლამაზმანები გველოდნენ. ცოტა ხანს ვისაუბრეთ ინგლისურად. გოგონები ჩინებულად ფლობდნენ ამ ენას, ხოლო შემდეგ შემოგვთავაზეს წავსულიყავით ქალაქის დასათვალიერებლად და ჩვენც სიხარულით დავთანხმდით. სანამ მანქანებში ჩავსხდებოდით, მარიამმა მარშრუტი გაგვაცნო. დღეს მივყავდით ძველი თბილისის და თბილისთან ახლოს მდებარე მეორე უძველესი ქალაქის - მცხეთის დასათვალიერებლად. ყველანი სასიამოვნო მოთმინებით აღვიჭურვენით და ტრანსპორტისკენ დავიძარით. ერთი მანქანის საჭესთან, სადაც მე, სერჟიო და მაიკლი მოვთავსდით მარიამი დაჯდა, ხოლო მეორე მანქანაში დანარჩენები განაწილდნენ. საიდი უკან ორ გოგოს შუაში მოხვდა და, ფანჯრიდან მაიკლს თვალი ორაზროვნად ჩაუკრა, მაიკლი კი ლამის გულზე გასკდა სერჟიოს გვერდით რომ მოუწია დაჯდომა. მე რა თქმა უნდა მარიამის გვერდით, წინ დავიკავე ადგილი. სუფთა ბავშვები არიან ამხელა კაცები, გავიფიქრე და გამეცინა. მარიამმა გადმომხედა და მკითხა რა გეცინებაო, მაგრამ ხომ არ გავუმხელდი ამათ ჩუმ ჩანაფიქრებს და ვუთხარი ისე უბრალოდ თქო. ჩვენ რასაკვირველია ბრმად ვეთანხმებით მარიამის დაგეგმილ მარშრუტებს და ასევე მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. როგორც გვითხრა, პირველ რიგში დავლაშქრავდით ქალაქის უძველეს ადგილებს და გეზიც იქითკენ ავიღეთ. სასტუმროდან ხუთი წუთის სავალზე მანქანები გავაჩერეთ და ფეხით განვაგრძეთ სიარული. აღმოვჩნდით რომის ნანგრევების მსგავს ადგილას, სადაც მარიამის თქმით უწინ ქალაქის გალავანი ყოფილა. ეს თავისუფლების მოედანიაო, ქართველების დამოუკიდებლობის სიმბოლო. შუაგულში მოოქროვილი წმინდა გიორგის მონუმენტია აღმართული, რომელიც, როგორც აღმოჩნდა ქართველებისთვის უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს წარმოადგენსო რწმენისასო. თბილისი როგორც სჩანს, საკმაოდ გადატვირთული ქალაქია, უამრავი მანქანა მოძრაობს. ასევე ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდებიან ფოტოაპარატგადაკიდებული მოხეტიალე ტურისტები. რომთან შედარებით თბილისი უფრო გაშლილია და სივრცის შთაბეჭდილებას ტოვებს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორჯერ პატარაა ფართობით და მოსახლეობით. ცენტრალურ უბნებში, სადაც გავიარეთ სულ სხვადასხვა ტიპის არქიტექტურით ნაგები შენობები გვხვდება. შემდეგ უკვე ძველი თბილისისკენ დავიძარით, სადაც აღგვაფრთოვანა ევროპულ და აზიურნარევმა შენობებმა. გაივლიდი და აღმოსავლური აივნებიანი დაბალი შენობა შეგხვდებოდა, მიმზიდველი და დიდისტორია გამოვლილი. გამოივლიდი და ჩვენებური, იტალიური სახლი შემოგხვდებოდა პატარა ბავშვებით და ჭადრაკის თუ ნარდის მოთამაშე კაცებით სავსე ეზოებით. ხან კიდევ ძველისძველ შთამბეჭდავ მართმადიდებლურ ეკლესიას მიადგები, სადაც შიგნით აქა-იქ უძველესი ფრესკებიც შეიძლება აღმოაჩინო. შევამჩნიე, რომ ქალაქი გამოირჩევა ეკლესიების სიმრავლით, როგორც სჩანს, საკმაოდ მორწმუნე ერია, ეს კარგად მენიშნა. კათოლიკური, ჩვენი ეკლესიებისგან განსხვავებით საკმაოდ სადა და ძირითადად გუმბათოვანი აგებულებისაა, მაგრამ რომ შედიხარ რაღაცნაირ მოწიწების და რიდის შეგრძნება გეუფლება და თავს გადრეკინებს. ერთ-ერთ მონასტერში ოთხი ბერის სამოსელში გამოწყობილი ახალგაზრდა წვეროსანი მამაკაცი გალობდა. ასე მეგონა ოთხი ხმა ერთში მესმოდა, ისე საამოდ უწყობდნენ ერთურთს. ყველანი გავჩერდით და ვუსმენდით სანამ არ დაასრულეს, რადგან ადგილიდან დაძვრის უნარი წაგვართვა მოსმენილმა. ქალაქის ცენტრის ოდნავ მოშორებით, გარეუბნებში, რისი გავლაც უძველესი ადგილებისკენ მიმავალ მარშრუტზე მოგვიწია, მრავლად იყო პოსტსაბჭოთა დროინდელი ნაგებობები, ძირითადად, გოგონების თქმით საცხოვრებელი კორპუსების სახით. მართალია დიდი არქიტექტურის მრავალფეროვენებით არ გამოირჩევა, თავისებურად მომხიბვლელი და სანახაობრივია მაინც ეს მეოცე საუკუნის გადმონაშთები, რომლებიც თავისებური ისტორიის მოწმეები გამხდარან უკვე. რაღაცნაირ მომნუსხველ, მიმზიდველ და იდუმალ ქალაქად მეჩვენება თბილისი თითქოს, მიუხედავად ხალხმრავლობისა და მხიარულებისა, რაც აქ ყოველ კუთხე-კუნჭულში სუფევს. ძალიან ბევრი რესტორნებია ირგვლივ, ეტყობათ ქართველებიც, იტალიელების მსგავსად გურმანები რომ არიან და ჩვენსავით ხშირი შეკრებები რომ უყვართ ხალხმრავალ ადგილებში. ბევრი საერთო აღმოვაჩინე ჩვენს ერებს შორის, როგორც ფიზიკური მსგავსება, ასევე მენტალური. ისტორიის სიძველიდან დაწყებული, ხმაურიანი საუბრის მანერით დასრულებული. განსხვავებაც ბევრია, მაგრამ მაინც რაღაც მშობლიურია და არ მეუცხოვება ეს ადგილები. მარიამმა წასახემსებლად ერთ კაფეში აგვიყვანა, დაახლოებით ათი წუთი ვიარეთ ფეხით აღმართებზე და კიბეებზე. გვითხრა აქ მანქანით ვერ ამოვალთ, მაგრამ ისეთი ხედები იშლება, უთუოდ უნდა განახოთო. ჩვენც პრობლემა არ გვქონდა და დავიძარით. ისეთი სანახაობა გადაგვეშალა თვალწინ, ასე ათ კილომეტრს კიდევ დიდი სიამოვნებით გავივლიდი აღმართზე ამის სანახავად. პირდაპირ მდინარის ნაპირზე, შემაღლებული კლდის ქიმზე დგას ულამაზესი ეკლესია, რომელიც ზევიდან გადმოჰყურებს თბილისს. ირგვლივ ეს საოცარი ქალაქის ძველი შენობები ესაზღვრება და ისე ბუნებრივად გამოიყურება ყველაფერი თითქოს შუასაუკუნეების შემდეგ ასე დგას იერსახის უცვლელად. უკვე შებინდებულია და მდინარე, რომელიც ქალაქს შუაზე ჰყოფს, განათების ფონზე ირეკლავს ნაგებობების სილუეტებს. ოქროსფერში ჩაძირული დიდი კათედრალი მოჩანს მთელი თავისი სიდიადით. მარიამი გვიხსნის, რომ ეს წმინდა სამების ეკლესიაა, ქართველების რწმენის სავანე და ნავსაყუდელი. ყველაზე დიდი მათ შორის, რასაც ვნახავთ საქართველოში. ეს შერეული ტიპის სახლები ერთნაირი გადახურვებით და პატარა, კოხტა მოყვანილობით სოკოებივითაა მოფენილი ცენტრალურ უბნებში. მარიამმა ეკლესიის გვერდით ძეგლი დაგვანახა, რომელიც ერთ-ერთი დიდი ქართველი მეფისა ყოფილა. - მეობრებო, ეს ვახტანგ გორგასალია, ქართლის მეფე მეხუთე საუკუნეში, რომელსაც უკავშირდება თბილისის დაარსებაც. თვით ბუმბერაზი ტანად, ჭკვიანი და ძალიან ძლიერი მხედართმთავარი ყოფილა. - გაოცებული ვარ, რამდენი რამ იცი შენი ქვეყნის შესახებ. ძალიან მაგარი ხარ მარიამ - მაიკლი აღფრთოვანებას ვერ მალავს. აღარ ვიცი რა უფრო მაოცებს, ეს უძველესი ისტორიის მდუმარე, მაგრამ ამავდროულად საოცრად მეტყველი შენობები, რომლებიც ქვეყნის ჭირ-ვარამისა და აღმავლობის მუდმივი მოწმეები იყვნენ, თუ მარიამის გამაოგნებლად ლამაზი თვალების ელვარება, რომელიც თავისი ქვეყნის ისტორიის ცხოველად გადმოცემის დროს სასწაულად უბრწყინავს. ინგლისურად ისე კარგად ყვება თითოეული შენობის ისტორიას დასაბამიდან დღემდე, რომ ვერ იფიქრებდი გიდობისთვის თუ არ იქნებოდა გაჩენილი. გაშტერებული ვუყურებ და პერიოდულად ვცდილობ მოვწყვიტო მზერა და მის მიერ აღწერილ ადგილებს მოვავლო თვალი, არ მინდა მთლად სულელად გამოვჩნდე და ხელმეორედ აღვაწერინო ნანახი ადგილები. როგორ მეამაყება ასეთი პატრიოტული გრძნობით რომ არის განმსჭვალული, სხვაგვარად ასეთი სიამაყით ვერ ისაუბრებდა თავისი ქვეყნის უძველეს წარმოშობაზე თუ თავისი ენის უნიკალურობაზე. ყველანი მონუსხულები ვუსმენთ მის საინტერსო თხრობას და ვხედავ ასევე, რომ პერიოდულად სხვა ტურისტებიც გვიერთდებიან მათთვის საინტრესო ადგილების აღწერისას და მერე აღფრთოვანებულები და მადლიერები გვტოვებენ. ვუყურებ მას, მის ლამაზ ფიგურას და მახსენდება ვენერა, რომელიც ქალის იდეალად ითვლება, მაგრამ მე მარიამთან შედარებით უბრალო ქვის წარმონაქმნად მეჩვენება. რაღაც მკერდზე ოდნავ ამოღებული მაისური აცვია და მის გრძელ კისერს და ლამაზ ყვრიმალებიან ყელს გედის მსგავსი მოხდენილობით იღერებს საუბრის დროს. გაშლილ, ხშირ, სწორ თმას ხშირად ისწორებს და უკნიდან წინ გადმოიყრის ხოლმე. განსაკუთრებით ეშხში რომ შედის ისტორიული ფაქტის გადმოცემის დროს თვალები რაღაცნაირად ენთება და ჩემზე ისეთ ეფექტს ტოვებს თითქოს მზის დაბნელების შემდეგ პირველი ნათელი სხივი ჩნდება და თვალს მიბრმავებს. ღმერთო, როგორ მომწონს ის პატარა ხვრელი ტუჩის გასწვრივ ლოყაზე რომ უჩნდება ხოლმე, ისეთი საყვარელია და ამავე დროს მიმზიდველი, ვერც ვხვდები ისე მივდივარ მასთან ძალიან ახლოს, მისი ყოველი მოძრაობის შეცნობის სურვილით, რომ უცებ გამოვერკვევი ხოლმე და დისტანციას ვანახლებ. საკმაოდ ბევრი ადგილი მოვიარეთ და შუადღეც მოგვიახლოვდა. მარიამი გვთავაზობს წახემსებას და ჩვენც დიდი სიამოვნებით ვთანხმდებით. შევდივართ ქართულ რესტორანში, რომელიც აბსოლიტურად ნაციონალურ ყაიდაზე არის მოწყობილი. კედლებიდან გვიყურებენ ცნობილი ქართველი მხატვრის, გენიალური ფიროსმანის შედევრები. რესტორანი საკმაოდ მაღალჭერიანია და დარბაზის შუაგულში მარიამის თქმით ქართული სახლის - „ოდას“ იმიტაცია არის შექმნილი. კედლიდან ჩამოშვებულ ჯაჭვზე დიდი ქვაბი კიდია, ხოლო ზევიდან საკვამურის მსგავსი გადახურვა აქვს, ხოლო ქვეშ რკინის სადგომზე ცეცხლისთვის გამზადებული შეშა არის დალაგებული. რაღაც მსგავსი ვიკინგების სახლ-მუზეუმშიც მაქვს ნანახი. დარბაზის ჩრდილო-დასავლეთ კედელზე ქართული ბუხარია გამოჭრილი, ცენტრში კი სხვადასხვა საჭმლის მოსამზადებელი ატრიბუტები და ჭურჭელია ორნამენტებით დახუნძლულ მაგიდაზე წარმოდგენილი. ძალიან მომწონს ყოველივე ნანახი, მეტიც, მსგავსი არსად მინახავს და აღფრთოვანებული ვარ. მარიამი ქართული საჭმელების შეკვეთას აძლევს ძველ ქართულ სამოსში გამოწყობილ ოფიციანტს რა თქმა უნდა ქართულად. რა დიდებულია თავის მშობლიურ ენაზე რომ ლაპარაკობს, რა საოცრად გამოთქვამს ბგერებს. ისევ თვალს ვერ ვწყვეტ მას და უცებ ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს ვიღაცა თვალებით მბურღავს, ვიხედები იმ მიმართულებით, საიდანაც ეჭვი მიჩნდება და სერჟიოს დაჟინებულ მზერას ვაწყდები. წარბის ოდნავი აზიდვით და თავის გაქნევით უხმოდ ვეკითხები თუ რაშია საქმე, მაგრამ მან მხოლოდ თავი გადაატრიალ-გადმოატრიალა ორჯერ, რაღაც ცუღლუტური მიხვედრის ნიშნად თითქოს. გავუღიმე ისე, თითქოს ვხვდები რასაც გულისხმობს და გაკვირვებული მიმიკით ვამშვიდებ, რომ სისულელეს მაბრალებს და მერე უკვე აღარ ვაქცევ ყურადღებას. რესტორანი ნელ ნელა ივსება ხალხით. ვამჩნევ, რომ ძირითადად უცხოელები არიან. დიდ მრგვალ მაგიდასთან ვსხედვართ ყველანი. მარიამი ჩემსა და სერჟიოს შორის ზის და ხან ერთს გვესაუბრება და გვეკითხება ჩვენების ამბებს, ხან მეორეს. მე მირჩევნია სერჟიოს ესაუბროს, რომ მე ამ პერიოდში ვუყურო და დავტკბე მისი მხიარული ტიკტიკით. მაიკლი, საიდი და ფილიპი მარიამის მეგობრებს ესაუბრებიან ინგლისურად. განსაკუთრებით მაიკლი აქტიურობს და სალომეს, ქერა ცისფერთვალება ლამაზმანს, მისთვის ჩვეული მოხიბვლის ელემენტებს უტარებს. მაინცდამაინც არ მომწონს ეს ამბავი, რადგან მაიკლი როგორც ყოველთვის არასერიოზულია და არ მინდა მარიამის მეგობარი გაწბილებული დატოვოს. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ჩარევა არ ღირს და არც ვერევი. დავაგემოვნეთ ქართული სამზარეულოს რჩეული კერძები, აღვფრთოვანდით და დავნაყრდით კიდეც. გადავწყვიტე სანამ მარიამი ანგარიშს მოატანინებდეს მივიდე ოფიციანტთან და დავასწრო გადახდა, რადგან ვიცი რომ ეს სიამოვნება მას იაფი არ დაუჯდება. აღვასრულე ჩანაფიქრი და დავჯექი მის გვერდით, ისე რომ მარიამს ეჭვიც არ აუღია ჩემს ქმედებაზე. ცოტა ხანში წავიდეთ უკვეო გამოაცხადა და ანგარიში მოითხოვა. როდესაც უთხრეს გადახდილიაო, გაკვირვება გამოეხატა სახეზე, და ქართულად რაღაც ჰკითხა ოფიციანტს. მანაც ჩემზე მიანიშნა და ნეტა ეს არ ექნა, ან ნეტა მე არ გადამეხადა... სახეზე მრისხანე გამომეტყველება აღებეჭდა, ჩემსკენ გადმოიხარა და ჩუმად მითხრა იტალიურად ისე, რომ სხვები ვერ გაიგებდნენ: - ძალიან დიდი შეურაცყოფა მომაყენე, მარკო. - ისეთი გაბრაზებული და ნაწყენი ტონით იყო ეს სიტყვები გულიდან ამოთქმული, რომ ძალიან ვინანე საერთოდ ფეხზე რომ წამოვდექი და სანამ ოფიციანტამდე მივედი რომ არ მომტყდა ეგ ფეხი. - მარიამ, უბრალოდ ჩვენთან მამაკაცები იხდიან, ამიტომ - აღარ დამასრულებინა სიტყვა. - მარკო, აწი გაითვალისწინე, რომ სტუმარი ხარ შენ ჩემი და არა მამაკაცი, რომელიც ქალს სადილზე ეპატიჟება! ქართველების წესია სტუმრის გამასპინძლება და პატივისცემა, ასე რომ კაცი და ქალი აქ არაფერ შუაშია. - კარგი მარიამ, დღეს მაპატიე და აღარ ვიზამ. - კარგი მარკო, გპატიობ - და იღიმის, გულიდან თითქოს ლოდი გადამიგორეს, ისეთ შვებას ვგრძნობ. პრინციპულიც ყოფილა ეს პატარა ფერია. ახლა უკვე სხვა ქალაქში ვართ, მარიამის თქმით ძველ სატახტო ქალაქში, მცხეთაში, რომელიც თბილისიდან მანქანით 10 წუთის სავალზე მდებარეობს. ძალიან მოგვწონს ყველას ეს პატარა და სიძველეებით სავსე ქალაქი. გადმოვდივართ მანქანებიდან პირდაპირ დიდი კათედრალის ეზოში, რომელსაც მარიამის თქმით სვეტიცხოველი ეწოდება. ულამაზესი სანახაობაა, გუმბათოვანი ტაძრის აღმოსავლეთიდან დასავლეთით და ჩრდილოეთიდან სამხრეთით გაშლილი კალთები ჯვრის იმიტაციას ჰქმნის, მარიამის მონაყოლით არქიტექტორის ჩანაფიქრიც ეს ყოფილა. - როგორც ჩვენთვის ცნობილია, სვეტიცხოველი აშენებულა პირველად მირიან მეფის დროს, ეს ის მეფეა, რომელმაც საქართველოში ქრისტიანობა დაამკვიდრა. ეს ადგილი კიდევ წმინდა და ძლიერია იმით, რომ აქ უფლის კვართი ინახება. ეს მონასტერი მრავალჯერ იავარიქმნა და ყველაზე დიადი ფორმით მეთერთმეტე საუკუნეში აღდგა, ფაქტიურად ახალი სიდიადით აშენდა ხუროთმოძღვარ ვინმე არსუკიძის მიერ. არსებობს ლეგენდა, რომ არსუკიძეს მარჯვენა მოკვეთეს, რადგან მან თავის მასწავლებელს აჯობა და საუკეთესო ხუროთმოძღვრების ნიმუში შექმნა, მისი მარჯვენას გაოსახულება ტაძრის გარე აღმოსავლეთ კედელზე მედალიონებში არის აღბეჭდილი. - ისე გატაცებით გვიყვება ამ დეტალებს, ისეთი თავდაჯერებული, რომ ბუზის გაფრენის ხმაც კი ისმის ჩვენს შორის. შემდეგ ავყავართ კიდევ ერთ დიდებულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ჯვრის მონასტერში. მონასტრის გალავნიდან საოცარი ხედი იშლება, ტრიალ წალკოტზე ორი მდინარის შერწყმა მოსჩანს - მარიამის თქმით მდინარე მტკვარი და მდინარე არაგვი უერთდება ერთმანეთს. ეს საოცარი შერწყმა ისეთ შთაბეაჭდილებას მიტოვებს თითქოს ისევ გაყრას აპირებენ. ულამაზესი ხედები იშლება მონასტრის ეზოდან, ვუყურებ და ვხვდები, რა განაპირობებს მარიამის ასეთ ბუნებას და სილამაზეს. უკვე ყველა დეტალს მას ვუკავშირებ და ამის გაცნობიერება ცოტა მაფრთხობს. მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებ, რომ თითქმის დასავითაა ჩემთვის და ეს აზრი თითქოს მაწყნარებს. მაგრამ ეს გაფიქრებაც , რომ „დასავითაა“, რაღაც ეკალივით მესობა ტვინში. ვდგავართ ყველანი მოაჯირთან, საიდანაც უჩვეულო სანახაობრივი ხედები იშლება და მარიამის თხრობას ვუგდებთ ყურს. მე შიგადაშიგ მოპარვით ვუყურებ, თვალი ლამაზი თხელი ტუჩებისკენ გამირბის, განსაკუთრებით, როდესაც გატაცებით საუბრობს. პერიოდულად ხელს შეიცურებს ხოლმე შუბლის მხრიდან თმებში და მარჯვნივ იყრის მოხდენილად. რა მემართება არ ვიცი, ვეღარ ვატან აზრს მის ნაუბარს და პრაქტიკულად ვეღარაფერს ვხედავ მის გარდა. გული გამალებით მიფეთქავს, ისეთი გრძნობით, რომ ხანდახან ხელს ვიკიდებ იმის შიშით რომ არ ამომივარდეს საგულედან. ცივი ოფლი მასხამს და სუნთქვაც აჩქარებული მესმის. მგონი გავგიჟდი და გადავირიე. ისე მინდა შევეხო, რომ ამ აზრს ჭკუის შეშლამდე მივყავარ. შლეგს ვგავარ, ის ისაა პერანგს რომ ჩააცვამენ და მოსათვინიერებლად და დასამშვიდებლად წამალს წამალზე რომ აძლევენ. ჩემი წამალი მარიამია, თან შხამიცაა ამ დროს, რადგან ის ჩემი არ არის და ვერ გახდება ვერასდროს, ამიტომ უფრო შხამია, ვიდრე წამალი. გავაფრინე მგონი, რა მჭირს, მოვიდე აზრზე, შემოვძახებ ხოლმე შიგადაშიგ ჩემს თავს, მაგრამ აშკარად თავს ზემოთ ძალა არაა! ისიც ხშირად გადმომხედავს ხოლმე და მიღიმის, ამ დროს საერთოდ შეურაცხადი ვხდები და სულის ტკივილამდე სურვილი მახრჩობს მივვარდე და მკერდში ჩავიკრა. უცებ სერჟიო მხარში ხელს მკიდებს და მთხოვს გვერდზე გავყვე. - მარკო, რა გჭირს, რა სახით დგახარ? - რა უნდა მჭირდეს, მცხელა უბრალოდ, - უნამუსოდ ვიცრუე, მაგრამ რომ დავფიქრდი მართლა მცხელა, მაგრამ სიცხის მიზეზი კლიმატით გამოწვეული მაღალი ტემპერატურა ნამდვილად არ არის ამ დროს. - ვითომ, ამიგოო? - თვალს თვალში მიყრის და გამომცდრლად მიყურებს. - თუ ღმერთი გწამს, თავი გამანებე - მუდარანარევი ხმით ვთხოვ და ისიც აღარაფერს მეკითხება. საღამო ნელ-ნელა შემოგვეპარა და ჩამობნელდა კიდეც. გოგოებმა შემოგვთავაზეს იქვე ახლოს ბუნების წიაღში გაგვეშალა პლედები და მსუბუქად გვეჭამა. ვთანხმდებით და ადგილს ვარჩევთ. გოგოები ამზადებენ შერჩეულ ადგილს, პლედებს შლიან და გამზადებულ საჭმელსაც იღებენ. იქვე კოცონს ვანთებთ და ვსხდებით. მე ვცდილობ ამჯერად მარიამისგან მოშორებით დავჯდე. იგი დგება და მანქანიდან გიტარას იღებს, მერე გოგოებთან ერთად თავსდება და დაკვრას იწყებს. ისმის ქართული ჰანგები, შეწყობილი, სამხმოვანი. მღერიან გოგოები საოცარ სევდიან და ამავდროულად მელოდიურ სიმღერას. ნოტიდან ნოტზე ისე დასრიალებენ და ისე უწყობენ სამ ხმას ერთმანეთს, თითქოს ერთი საკრავი გამოსცემდეს ასეთ ჟღერადობას. მთელი გრძნობით და მონდომებით მღერის მარიამიც, გიტარასაც მარჯვედ ხმარობს. თმა ისევ ჩამოყრილი აქვს მარჯვენა მხარზე და მკერდს ქვემოთ სცემს, გიტარის მოძრაობას თითქოს ტანსაც აყოლებს და თან ამ დროს ადგილიდანაც არ იძვრის. ვის შევადარო არ ვიცი, არც მიქელანჯელოს, არც დავინჩის, არც პიკასოს მსგავსი შედევრი არ შეუქმნიათ, არც არცერთი რომაელი ქალღმერთის შესადარებლად არ მემეტება. იგი ამ წამს, ამ ბნელ ღამეში კოცონის ცეცხლის ალის ფონზე, ისეთი ღვთაებრივი სილამაზით აცისკროვნებს იქაურობას, რომ თვით ცისკრის ქალღმერთი ავრორა გასკდებოდა ბოღმისგან მისი შემხედვარე. დაასრულეს სიმღერა და ბიჭების ოვაციებმა ირგვლივ თუ რამე გარეული ცხოველი დადის სამუდამოდ დააფრთხო. მე გაუნძრევლად ვზივარ და გარეგნულად არ გამოვხატავ არანაირ აღფრთოვანებას, მაგრამ ვინ რა იცის ამ წუთში ჩემს გულში რა ცეცხლია გაჩაღებული. ხმის ამოღების მეშინია, რომ რამე სისულელე არ წამოვროშო ამ აღტყინებულ ხასიათზე, ამიტომ დიდსულოვნად ვდუმვარ და ვაკვირდები მხიარულებას. მარიამს როგორც სჩანს ეს ფაქტი უყურადღებოდ არ რჩება, დგება და რისიც ამ წამს სიკვდილზე მეტად მეშინია ის ხდება - გვერდით მიჯდება, თანაც ძალიან ახლოს. - მარკო, შენ როგორც სჩანს ძალიან დაიღალე, ეგეთი სუსტი არ მეგონე - ამბობს, ჩემსკენ იხრება და ხელს მეგობრულად მხარზე მაყრდნობს. ვაიმე, ცა რომ გახსნილიყო და მეხი დამცემოდა თავზე, ისე არ გამივლიდა ელექტროდები ტვინიდან ფეხებამდე, როგორც ამ გოგოს შეხებამ იმოქმედა. ოლიმპიურ სიმშვიდეს ვიკრებ და ვპასუხობ შეძლებისდაგვარად მხიარული ტონით: - რა დამღლის, მარიამ, უბრალოდ ემოციებში ვარ - ენაზე ვიკბინე და გავჩუმდი. - რას განიცდი ასე შე კაცო-ისევ მხიარულად მეკითხება. - ძალიან შთამბეჭდავი დღე იყო, ჩემო მარიამ - თვალებში ვუყურებ დაჟინებით, თავიდან მზერა შემომაგება, შემდეგ თვალები დახარა, ხელიც ჩემი მხარიდან ნელ-ნელა ჩამოაცურა და ოდნავ შეიშმუშნა. - კარგია, რომ მოგწონს. - მომწონს შესაფერისი სიტყვა არ არის, ღვთაებრივი ადგილია - ისევ დაჟინებით ვუყურებ, რა ვქნა თავს ვერაფერს ვუხერხებ, სხვანაირად არ შემიძლია ამ მომენტში მაინც. თან ვხვდები, რომ უხერხულობის განსამუხტად საუბარში უნდა ავყვე, გონებას ვიკრებ, საღ აზრს ვთხოვ ცოტა ხანიც არ დამტოვოს და არ გამწიროს და ვიწყებ: - ისე საიდან იცი ასე დაწვრილებით ამ ადგილების ისტორია? - ვეკითხები და „თავს შევძახი“, რომ ასე გავაგრძელო. - აქ ყველამ ვიცით ჩვენი სამშობლოს ისტორია, განსაკუთრებული ამაში არაფერია. ვაიმე, როგორი ტკბილი ღიმილი აქვს, ნუღარ იღიმი, გემუდარები - ვეხვეწები გონებაში. - ჩათვალე, რომ დაგიჯერე - თვალს ვუკრავ და ბავშვივით ლოყაზე ვჩქმეტ. გაოცებული მიყურებს და ისევ მიღიმის. უკვე საუბრის გაგრძელებისთვის ნერვები აღარ მყოფნის და რა გავაკეთო აღარ ვიცი. ერთხელ კიდევ რომ გაიღიმოს ალბათ ვერავინ გამომგლეჯს ხელიდან, ისე ჩავიკრავ მკერდში. ამ აზრმა გადარეულივით წამომაგდო ფეხზე და უცებ რომ ვერაფერი მოვიფიქრე სერჟიოს გავძახე, თითქოს რაღაც საქმე მქონდა. ისიც მოვიდა, მარიამი გაოცებული სახით მიყურებს, ასევე სხვებიც. ბოდიში მოვუხადე ყველას და სერჟიო გავიყვანე გვერდზე. - სერჟიო, არ მკითხო არაფერი, მოიფიქრე რამე და დავბრუნდეთ სასტუმროში, თორემ შეიძლება გადავირიო. - მარკო, რა გჭირს - უაღრესად შეშფოთებული სახით მეკითხება. - ამიგო, წავიდეთ, მოიგონე რამე - თითქმის ვემუდარები და ისიც მთანხმდება. როდესაც დავბრუნდით მეგობრებთან, სერჟიომ გამოაცხადა ერთ საათში კუჭის წამალი რომ არ დავლიო საოპერაციო გავხდებიო, თან წამოღება დამავიწყდაო. მე შოკში ვარ მისი ფანტაზიის უნარის გამოვლინებით და თან მაგრად მეცინება, მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო. მაიკლი და საიდი აბუზღუნდნენ, რადგან არ უნდათ ასეთი კომპანიონების დატოვება და ნომერში გამოკეტვა, მაგრამ ისეთი მყარი საბაბი აქვს სერჟიოს ზედმეტად ვეღარაფერს ეუბნებიან. ყველანი წამოიშალნენ, გოგოებს ავალაგებინეთ რაც გაშლილი ჰქონდათ, მანქანებში ჩავსხედით და სასტუმროში დავბრუნდით. სწრაფად დავემშვიდობეთ მათ, მე მარიამს ზედაპირულად, თითქმის სახეზე შეუხედავად ლოყაზე ვაკოცე და ნომერში ავედი. ლოგინზე დავეშვი და ისევ ფიქრების მორევში გავცურე წყალწაღებულმა. რა გემართება მარკო, ვეკითხები თავს, ხომ არ გამოშტერდი ბოლო-ბოლო. რა ჰქვია შენს საქციელს, ან საერთოდ რაზე ფიქრობ რაზე? მარიამი ოჯახისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურაა და თან მარია ხომ არ გავიწყდება და ვალდებულებები მის მიმართ? რა გავაკეთო, გულს ვერ ვუბრძანებ - გაჩერდი და ფუნქციონირება შეწყვიტე თქო, ასევე ვერ ვუბრძანებ იმის მიმართ იყოს გულგრილი, ვინც უკვე აღბეჭდილია მასში სამუდამოდ - ჩემი მეორე ნახევარი ეკამათება პირველს; ერთადერთი ის ვიცი ნამდვილად, რომ ეს სრულიად უიმედო და უმომავლო გულისცემა მე მხოლოდ ოცნებებში შეიძლება ვაცოცხლო. რატომ არ გხვდებოდი უწინ, წინა წლებში, როცა ნაწილობრივ თავისუფალი მაინც ვიყავი, მარიამ, რატომ შემხვდი ახლა, როცა პირობის ჯაჭვით ვარ ხელფეხშეკრული. ნუთუ შესაძლებელია ერთ დღეში ჩემი სულის ნაწილი, ჩემი არსებობის არსი გამხდრიყავი? რად დამცინის ასე ეს წუთისოფელი, რა უნდა ჩემგან რა? უცებ კარზე კაკუნის ხმა გაისმა და სერჟიო და საიდი მადგებიან ორაზროვანი ღიმილით თავზე. მე არც ვტოკდები და მათ არ ვაქცევ ყურადღებას, თან ვგრძნობ რომ ნებისმიერ ხუმრობაზე შეიძლება ისეთი რეაგირება მქონდეს, როგორც ნახევრად ჩამქრალ ნაკვერჩხალს ნავთს რომ გადაასხამენ და უმალ აალდება. ისინი საკმაოდ კარგად მიცნობენ, იციან ჩემი სიცილიელებისთვის დამახასიათებელი ფიცხი ხასიათის შესახებ, პირიდან ღიმილი უქრებათ და ერთმანეთს თვალებით ანიშნებენ როგორც ვხვდები საუბრის დაწყების შესახებ. - მარკო, ასე სერიოზულადაა საქმე ძმაო? - ისევ საიდი რისკავს და მეკითხება. ხმას არ ვცემ. მაშინ სერჟიო აგრძელებს: - ამიგო, რაშია საქმე, იქნებ გაგვიმხილო? ხომ იცი, რომ შენი ნებისმიერი სურვილი ჩვენთვის საკუთარზე მნიშვნელოვანია, ძმა ხარ ჩვენი და არ გინდა საკუთარ აზრებში ჩაკეტვა. - ეჭვიც არ მეპარება და არც შემეპარება, მაგრამ შემეშვით მეგობრობის ხათრით; - არცერთს არ ვუყურებ ისე ვპასუხობ. - აუ ეს საერთოდ გადარეულა, ვინ არ მინახავს ამის გვერდით, ვინ არ დასდევდა, ჩემი ულამაზესი მამიდაშვილი შეიხის ქალიშვილი დღემდე მასზე ჭკუას კარგავს და ამას რეაქცია არ ჰქონდა. მაიკლი იმასაც კი ხუმრობდა მგონი ქალები არ ევასებაო. ახლა რა გეტაკა ასე უცებ? - შემეშვით! კბილებში გამოვცერი და ისეთი თვალებით შევხედე საიდს, წამოდგა სერჟიოსაც უთხრა წამოდი, შეურაცხადიაო და გავიდნენ. დავრჩი ისევ მარტო და ისე მწარედ ვგრძნობ გულის სიღრმეში ყრუ მწარე ტკივილის შეგრძნებას, რომ ამ წუთში ძალიან კარგად მესმის ბაბუაჩემის, რომელსაც სულ გულზე აქვს ხელი და ტკივილის გასანელებლად წამლებს სუფრის ყურძენივით ყლაპავს. უიმედობა მკლავს, ჩემი მდგომარრობა ნერვებს მაგლიჯავს და იმ დონემდე მივდივარ შევწყვიტო ჩვენი ვოიაჟი და სიცილიაში ამაღამვე გავფრინდე. რაღაცას მოვიმიზეზებ და წავალ, დავტოვებ. სხვა გზა არ არის, არა. ამ გადაწყვეტილებას ლამის შეურაცხად მდგომარეობამდე მივყავარ, მაგრამ ამ დროს ეს დასაწვავი გონება მკარნახობს სწორ გზას, რომელსაც გული ცოცხალი თავით არ იზიარებს! ტელეფონის გაბმული ზარი ისმის, ვუყურებ ყურმილს და გული საგულედან ამოვარდნას ლამობს. მარიამი რეკავს. გულის და გონების ორთაბრძოლაში პირველი იმარჯვებს და ვპასუხობ. - მარკო, ხომ კარგად ხარ? რაღაც ცუდი ფერი გედო სახეზე, ეტყობა აკლიმატიზაცია გაქვს ასეთი. - კარგად ვარ, მარიამ, მადლობა ყურადღებისთვის, - მაქსიმალურად ვიმშვიდებ აღტყინებული მდგომარეობისგან გახარებულ ხმას - შენმა გოგოებმა რაო? ბიჭებს ხომ არ შეშლიათ მათთან რამე? - არა რას ამბობ, აღფრთოვანებულები არიან. ძალიან აქეს ბიჭები. სერჟიოს კუჭი ხომ არ სტკივა ისევ? - მეკითხება უცებ მარიამი - კუჭიი? - გაკვირვებული ვეკითხები და მერე უცებ ელდანაკრავივით ვსწორდები ლოგინზე, მახსენდება ჩვენი ნაბოდვარი - აა ხო, წამალი დალია და კარგადაა, მაგას რა მოკლავს. - მესმის მისი ნაზი სიცილი ყურმილში და ტანში ჟრუანტელი მივლის. - ხვალ მთაში მივდივართ, სვანეთში სამი დღით. ეს ის მხარეა, სადაც ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელი მდებარეობს. შოკამდე ლამაზია, მოემზადეთ. ჩემს იქაურ ოჯახს გაგაცნობთ, მერე მოგიყვები, აბა ძილინებისა მარკო. შვიდი საათი უნდა გზას, ასე რომ დილით გავდივართ 7 საათზე და გამოიძინეთ; - მომაყარა უცებ სიტყვების კორიანტელი, ისე რომ ჩემი დადებითი პასუხისთვის არც დაუცდია. - ძილინებისა, შვიდის ნახევარზე მზად ვიქნებით - საერთოდ მავიწყდება წეღანდელი გაქცევის გეგმები და მყისიერად ვეთანხმები. ყურმილს ვთიშავ, მთელი დღის განცდების და ფიქრების შემდეგ სასიცოცხლო რესურსი მაქვს გამოლეული და უდრტვინვლად მეძინება ხვალინდელი დღის იმედით, ისიც მავიწყდება ბიჭები გავაფრთხილო, რომ ხვალ ასე ადრე ვართ გასასვლელი. გიჟივით მეღვიძება, საათზე ვიყურები და ჯერ დილის ხუთი საათია. მაინც დროა გავაღვიძო ბიჭები, რაღაც ბარგი მაინც ხომ ექნებათ მცირედი მაინც გასამზადებელი. ტელეფონს ვიღებ და კონფერენც-ზარით ყველასთან ერთად ვრეკავ. აშკარად არცერთი არ მპასუხობს, მაგრამ არ ვნებდები. როგორც იქნა მაიკლი იღებს ყურმილს, მერე საიდი, სერჟიო და ბოლოს ფილიპი, ჩავყვირივარ ყურმილში გაიღვიძეთ, წასასვლელები ვართ თქო და მაიკლი ნამძინარევი ხმით მპასუხობს: - შენ ბიჭო წუხელ კუჭის ამშლელი ხო არაფერი მიგიღია, რა დღეში ხარ, რას გვაღვიძებ შუა ღამე? რამე არ გადაგვდოთ შენ და სერჟიომ. - არა, მგონი ქართულმა საჭმელმა ტვინი უღრძო, მაგ საწყალს და ახლა თუ შევუვარდი ნომერში გავუსწორებ კარგად - საიდმაც არ დააყოვნა ძილ ბურანში მუქარა. - ხო მშვიდობაა ამიგო - ფილიპი კითხულობს, ყველაზე გულმოწყალე და კეთილი. სერჟიო ხმას არ იღებს, ეჭვი მაქვს ზეზეულად ძილი გააგრძელა. - ამიგოოს, მაგარ ადგილას მივყავართ გოგოებს! მთაში, სვანეთში, ულამაზესი ყოფილა. შვიდის ნახევარზე გავდივართ, მოემზადეთ! ცოტა შევამცირე დრო, რომ მალე ამდგარიყვნენ. - აუუუ, ამან სულ გარეკა, ძმაო, ეს რა დღეში ჩაგვყარა. ასე ადრე რომ არ წავიდეთ მერე გზები იკეტება თუ რაშია საქმე ნეტავი? - არ ნებდება მაიკლი. - შვიდი საათი სდომებია გზას და ცოტა ადრე წავიდეთო გოგოებმა, ადექით ნუ ზარმაცობთ, შვიდის ნახევარზე ჰოლში ვიკრიბებით. ხო კიდევ, სამი დღით მივდივართ და რამე ტანისამოსი წამოიღეთ, -ვუკიდებ ყურმილს და მე თვითონაც ვიწყებ ხელბარგის ჩალაგებას. შვიდის ნახევარზე ჰოლში შეკრებილებს გაოცებული სახით გვიყურებს კონსიერჟი, ვერ წარმოუდგენია ასე ადრე დაბლა რას ვაკეთებთ. მაიკლი და ფილიპი სავარძელში მიწოლილები მთქნარებით კვდებიან, ხოლო საიდი და სერჟიო საკმაოდ მხნედ გამოიყურებიან. - შენ თუ დარტყმული არ ხარ, რამ წამოგახტუნა ასე ადრე? - ტკბილადმოუბარი მაიკლი მეკითხება - აშკარად დრო აგერია, თორემ უკვე შვიდს ოცი წუთი აკლია და სად არიან გოგოები? - შვიდზე მოვლენ ამიგო, ცოტა ადრე გითხარით რომ არ მოდუნებულიყავით - სიცილით ვეუბნები - შენი ამბავი რომ ვიცი გადაეშვებოდი ისევ ეროტიკულ სიზმრებში. - დარტყმულია მეთქი, ხომ ვიძახი - ბრაზობს მაიკლი და თვალებს ნაბავს, ისევ ძილ-ბურანშია. - მაგას ისეთი ბედი აქ, სიზმარშიც უტყლაშუნებენ ალბათ ქალები სახეში, რისი ეროტიკა - მასხრობს საიდი. - ისევ ლოყის მიშვერა ჯობია, ვაჟიშვილად სიკვდილს - თვალდახუჭული პასუხობს მაიკლი. - რას გადამეკიდე ამ ვაჟიშვილობით, ან საიდან მოგაქვს ეს სისულელეები? მაინცდამაინც უნდა დაგასწრო ქალთან რომ ვარ? - გაცხარდა საიდი. - დამასწრო თორე შენც პორნოვარსკვლავი არ მყავდე რა - მაიკლი არ იშლის თავისას. ბიჭები ვიგუდებით სიცილით. - აუ შენ თუ არ გაგიჩალიჩოოოო - ემუქრება საიდი, დამაცადეე. მაიკლმა ხვრინვა ამოუშვა, აშკარად საიდის გასაბრაზებლად, ან შეიძლება მართლა ჩაეძინა. - არ მორჩა ამათი ტომიჯერობანა, პატარა ლაწირაკებივით კინკლაობენ - სიცილით იძახის ფილიპი. - მემგონი მაგარ დროს გავატარებთ ჩვენ აქ, - მხიარულად გადააქვს თემა სერჟიოს და ფილიპს თვალს უკრავს. - ერთი რამეა ბიჭებო, არ დაგავიწყდეთ, რომ აქ საქართველოა და ხალხიც სიცილიელების არ იყოს უფრო ტრადიციული და ფიცხი ცხოვრობს, ასე რომ ღლაბუცი აქ არ გამოგვადგება და ცოტა ღირსეულად, მითუმეტეს მარიამის სამეგობრო წრეში! - ვაფრთხილებ ბიჭებს და სანამ შეტევაზე გადმოვიდოდნენ ჩვენი გოგოებიც შემოდიან სასტუმრო ჰოლში მხიარული კისკისით. გოგოები სამი მანქანით მოვიდნენ, რომ თავისუფლდ გვემგზავრა შორ გზაზე. გავნაწილდით და ბარგი ჩავალაგეთ. მარიამის ავტომობილის საჭესთან მე ვჯდები, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად. - შენ გზა არ იცი მარკო, - მემუდარება დავუთმო საჭის მართვა. - არაუშავს, შტურმანი შენ იქნები - ვეუბნები ღიმილით და მის ლამაზ თვალებში ვიძირები, ვატყობ, რომ თვითონ თვალებს ხრის და ჩემთვის მეღიმება. - ეს რა გამოვიდა, დაიღლები ამხელა გზაზე - ისევ არ ნებდება. - ვაა, შენს დაღლას არაფრად აგდებ? თან არ გენდობი, არ გადაგვყარო სადმე - თვალს ვუკრავ ხუმრობის ნიშნად, პირდაპირ არ მიიღოს მეშინია. - კარგი, ხოო - თავს გაბუტვის ნიშნად აქიცინებს და მძღოლის გვერდით სკამზე თავსდება. ბიჭებმაც მომბაძეს და მაიკლი და ფილიპი დაჯდნენ საჭეებთან. ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენთან უკანა სკამზე გიტარა და სხვა ატრიბუტები დადეს და მე და მარიამს მარტო გვიწევდა მგზავრობა. გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ ამავე დროს სიხარულისგან ისე ვიღიმოდი, მეშინოდა არ შემტყობოდა რა განცდებშიც ვიყავი. დანარჩენები მაიკლთან და ფილიპთან გადანაწილდნენ და დავიძარით კიდეც. აბა შენ იცი მარიამ, წინ ჩვენ მივდივართ და გზა უნდა მიჩვენო - გადავულაპარაკე გოგოს, თან ავათვალიერე ისე რომ თვითონ არ შეუმჩნევია. რაღაც თხელი ტილოს შარვალი აცვია ვარდისფერი და თეთრი გულამოღებული მაისური. მეჩვენება თუ აჩქარებულად სუნთქავს? თითქოს ოდნავ მღელვარებაც ეტყობა, მკერდი შფოთიანად აუდ-ჩაუდის, ხშირად ისწორებს თმებს, მერე აშკარად ნერვები ეშლება და თმებს სწრაფად იწევს ზემოთ და იმაგრებს. ვაიმე, რა სანახაობაა, ყელი მოიღერა, მაცდურად, მიმზიდველად გამოიყურება, ძნელია კაცმა თვალი მოსწყვიტო. ვფიქრობ, რომ კარგია უკანა სკამზე რომ არ ზის, თორემ სარკეში ყურებისგან ალბათ სადმე გადავჩეხავდი მანქანას. დავიძარით, ბიჭები უკან მომყვებიან, გავუდექით სვანეთის გზას. ცოტა ხანი მდუმარედ მივდივართ, მხოლოდ გზების სანიშნებლად თუ ამოიღებს მარიამი ხმას, არ მომწონს ეს დუმილი. - მარიამ, მომიყევი რამე შენზე - ისევ მე ვარღვევ სიჩუმეს. - რა მოგიყვე მარკო, ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ. ვმუშაობ, მეგობრებთან ერთად სხვადასხვა ადგილებს ვნახულობ, ვქარგავ და ასე შემდეგ. - ვაა რა გინდა ძალიან საინტერესო ცხოვრება გქონია - ვუღიმი მარიამს. - კი ძალიან - საპასუხოდ მიღიმის და თავს ატრიალებს. - რომ მითხარი ჩემი მეორე ოჯახიაო სვანეთშიო, რას გულისხმობდი? - ხოო, რას და ჩვენ როგორც გემახსოვრება დევნილები ვართ აფხაზეთიდან, ეგ ჩვენი ქვეყნის უდიდესი სატკივარია - იწყებს საუბარს და ვაწყვეტინებ... - ხოო ვიცი, ამასთან დაკავშირებული პროგრამით არ იყავი ჩვენთან? - კი, კი ეგრეა. 1993 წელს, როდესაც ომი უკვე მთელ აფხაზეთის რეგიონში იყო მოდებული, მამამ მე და დედა გამოგვხიზნა სასწრაფოდ იქიდან. სულ მთა-მთა მოგვიწია სიარული, ბუნდოვნად მახსოვს რაღაც მონაკვეთები იმ პერიოდებიდან, დანარჩენი დეიდას მოყოლილი ვიცი, რომელიც ჩვენთან ერთად გადმოვიდა. მახსოვს როგორ მოდიოდნენ ქალები, ბავშვები, მოხუცები მთების გავლით, თოვლში და ყინვაში, ბავშვებს როგორ იხუტებდნენ გულში და პირის ორთქლით ცდილობდნენ გაეთბოთ და ყინვისგან დაეცვათ, მაგრამ ყველანაირი მცდელობების მიუხედავად როგორ ეყინებოდათ გზაში და იქვე მარხავდნენ და განადგურებულნი ტოვებდნენ მათ საფლავებს. ათასჯერ უფრო გულდამძიმებული აგრძელებდნენ გზას, რადგან ცოცხლად დარჩენილი შვილების ბედი არ ეთმობოდათ მაინც. მახსოვს როგორ ცდილობდნენ ახალგაზრდა ქალები და პატარა ასაკის ბიჭები, რომლებიც საომრად არ გამოდგებოდნენ, მოხუცებს მხარში ამოდგომოდნენ და როგორმე გაეხანგრძლივებინათ მათი სიცოცხლე, როგორ მოჰქონდათ ერთადერთი ხელჩანთა და როგორ მისტიროდნენ საკუთარ კარ-მიდამოს, მიწა-წყალს და ოკუპირებულ მიწაზე დატოვებულ მკვდრებს, იგლოვდნენ თავიანთი ბედნიერი წარსულის დასასრულს და გაურკვეველი და ბუნდოვანი მომავლის დასაწყისს. მახსოვს ქალების გოდება, რადგან შვილებს და ქმრებს ტოვებნენ ომში და მახსოვს ბავშვების გულამოსკვნილი ტირილი, რომლებიც დედების ცრემლების შემყურე თავადაც ცრემლად იღვრებოდნენ მიზეზშეუტყობლად. ყველაფრის მიუხედავად ყველას გვესმოდა, რომ გადარჩენის ერთადერთი შანსი იმ ყველაფრის დატოვება იყო. დღემდე მესიზმრება ღამე ის ბუნდოვანი მოგონებები, ჩემი ცხოვრების უდიდესი რეალური და სიზმრისეული კოშმარიც ეგაა. მამა მაშინ მაღალ სამხედრო თანამდებობაზე იყო აფხაზეთში და თავისი სვანი მეგობარის, დადაშის დახმარებით, რომელთან ერთადაც გერმანიაში ჯარს იხდიდა და აფხაზეთშიც ერთად იბრძოდნენ, მოახერხა საზღვარზე ჩვენი გადაყვანა. დადაშის ახლობლები დაგვხვდნენ სამეგრელოს რეგიონში, რომელიც აფხაზეთს ესაზღვრება, გზად უნდა გავიაროთ და განახებ, და სვანეთში, ბეჩოში თავის ოჯახში აგვიყვანეს. დადაში სამჯერ დაუხსნია მამას სასიკვდილო ტყვიისგან, მაგრამ მას დღემდე ვერ მოუნელებია, რომ მამას გადარჩენა ვერ მოახერხა. სხვათაშორის შარშან ჩვენმა მთავრობამ შეძლო მამაჩემის ნეშტის ექსტრადირება და იგი თბილისის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული. დადაშის ოჯახმა ისე შეგვიფარა და მოგვიარა, როგორც საკუთარი ოჯახიც კი ვერ შეძლებდა. მისი ქალიშვილი სალომე, სხვათაშორის მაიკლთან, ინგასთან და საიდთან ერთად რომ ზის მანქანაში და ვაჟი დათა მუდამ გვერდში მედგნენ და დედმამიშვილების მაგივრობას მიწევდნენ, ხოლო მეუღლე დალი კი, განსაკუთრებით დედას გარდაცვალების შემდეგ, მის ადგილს მივსებდა. დედამ ვერ გადაიტანა მამას სიკვდილის ამბავი, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და მალევე მიჰყვა მამას, ერთ წელიწადში. ახლა ხომ ხვდები ისინი ჩემთვის როგორი მნიშვნელობის არიან? ვერასდროს ვერ გადავხდი ვერც იმათ ამაგს, ვერც თქვენსას. სხვათაშორის, მათ შეძლეს ჩემი იმ პროექტში ჩასმა პირველივე წელს, საიდანაც საბედნიეროდ თქვენთან აღმოვჩნდი. - ამ დროს უკვე გაიღიმა, მაგრამ რომ ეტირა ის ნაკლებად დასწვავდა ჩემს გულს, ვიდრე ეს სულისშემძვრელი სევდანარევი ღიმილი. ვიგრძენი, რომ რაღაც ნაწილაკი მოსწყდა ჩემს სულს და მის აცემლებულ თვალებში გაიფანტა. - აუ დაგზაფრე და შეგაწუხე ხო? - მეტად შეწუხებული ხმით მეუბნება - მაგრამ მინდოდა გცოდნოდა მათზე, სანამ გაგაცნობდი. - მარიამ, მეორედ არ გაიმეორო სიტყვა შეგაწუხე, თორემ.. თორემ.. მართლა შევწუხდები - თავი ვერ მოვაბი ორი სიტყვა რომ ამომელუღლუღებინა წესიერად. ჩემს დაბნეულობაზე გაეცინა და ოდნავ გამხიარულდა კიდეც, მეც ეს სულის სიმძიმის გრძნობა შემიმსუბუქდა თითქოს. - მე იცი რა მახსოვს, - მხიარულ ნოტაზე ვეუბნები - სალვატორეს შეყვარებულს ყავა რომ გადაასხი, სულ მეცინება რომ მახსენდება მისი დაბნეულობა და სალვატორეს განრისხებული სახე. - მარიამმა მხიარულად გადაიკისკისა, არსად მომისმენია მისი ასაკის გოგო ასე გულწრფელად და ბავშვურად იცინოდეს. - ხოო, რა მრჯიდა რომ მოვუტანე - სიცილს არ წყვეტს - ალბათ ვეჭვიანობდი სალვატორეზე. არ მინდოდა მას სხვებთან მეტი დრო გაეტარებინა. სანამ იქ ვიყავი ყველგან ლამის მაგის მეგზური ვიყავი. მაგის მეგობრები გახსოვს რას მეძახდნენ? Salvicoda-ს, სალვის კუდს, როგორ ვბრაზდებოდი ხოლმე. აუ კიდევ რა მახსოვს იციი, შენი ბალიშის ქვეშ მე და სალვიმ ცხენების ნეხვში ამოვლებული წინდა რომ დავმალეთ და დილით საუზმეზე რომ იძახდი მთელი ღამე კოშმარები მესიზმრებოდა თითქოს უნიტაზში ვბანაობდიო. - მარიამიც და მეც ამ მოგონებაზე გულიანად ვიცინით. - ვაიმე რამდენი ვიცინეთ მაშინ და შენ კიდევ რამდენი ხანი გვემუქრებოდი და მერე ისე წახვედი კოლეჯში, შურისძიება ვეღარ მოახერხე. - ხოო ეგ აღარ მახსოვდა, კაი ცუღლუტი გოგო იყავი შენ. აუ კიდევ რა მახსოვს იციი, ბაბუას ოცწლიანი დაძველების, მეგობრის ნაჩუქარი ლომბარდოული კონიაკი რომ მოვპარეთ მე და ვიტორიომ და შენ რომ ჩაგვიშვი. ოო ეს რა გამახსენდაა - ვეუბნები სიცილნარევი მუქარით - ამას არ გაპატიებ. - სხვა გზა არ მქონდა, ვინჩენცოს აბრალებდნენ და სამართლიანობა აღვადგინე. რომ მეთქვა მე ავიღე თქო მაინც არავინ დაიჯერებდა და ამიტომ მომიწია სიმართლის თქმა - თავი ჩახარა ამ დროს, ცოტა დადარდიანდა თითქოს. - კაი მარიამ, არ გრცხვენიაა, ვხუმრობ თორემ ბავშვები ვიყავით, რა მოხდა - ხელით ლოყაზე ვჩქმიტავ და გვერდულად მოპარვით ვუყურებ. ცოტა ხანი ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ეს მყუდროების შეგრძნება ავბედითად მენიშნება, რადგან ჩემს აფორიქებულ სულს მეტად აღიზიანებს, ამიტომ ვცდილობ ისევ საუბარში ავიყოლიო. - მარიამ სალომე გასაგებია, ინგა და ანაც შენი ახლო მეგობრები არიან ხო, როგორც ვხვდები? - კი ძალიან ახლო, ფაქტიურად განუყრელები ვართ. სალომეზე მოგიყევი მოკლედ და ანა და ინგა ჩემი უნივერსიტეტის დაქალები არიან, თითქმის ცხრა წელია ვმეგობრობთ. - და მაიკლი, საიდი და ფილიპი როგორც ვხვდები ჰარვარდიდან მეგობრები ხო? -მიბრუნებს კითხვას. - კი ჩვენც პირველი კურსიდან ვმეგობრობთ, ჯერ კიდევ ბაკალავრიატიდან. სამივე საფეხურზე ერთად ვიყავით, სამართალი სისხლში გვაქვს გამჯდარი - გამეცინა და მასაც ეცინება. - ღიმილი საოცრად გიხდება - სერიოზული სახით ვეუბნები და მისკენ ვიყურები, რეაქცია მაინეტერესებს. - მადლობა - მპასუხობს და დაბნეულობის ნიშნად წარბებს ოდნავ ზემოთ ზიდავს, ქვედა ტუჩის მარჯვენა კუთხეს კბილებს შორის იქცევს, ცდილობს გაიღიმოს, მაგრამ სასაცილოდ გამოსდის. მეც მეღიმება მის რეაქციაზე, ვსწორდები და გზას ვუყურებ. მერე ვეკითხები მისი სამსახურის შესახებ და ხშირ-ხშირად ვაკვირდები სახის მიმიკურ ცვლილებებს თავისი საყვარელი საქმიანობის გადმოცემის დროს რომ ეუფლება. შეუსვენებლად მიყვება ღვინის საერთაშორისო საწარმოზე, მის მარკეტინგის დირექტორობაზე, მათი წარმოებული ღვინის ხარისხზე, ქართული მიწების კეთილ გავლენაზე ვაზის ქართულ უძველეს ჯიშებზე, ღვინის ქართულ, უნიკალურ განსხვავებულ ქვევრის ღვინოზე და ასე შემდეგ. საუბრობს დაუსრულებლად და მეც არ ვაწყვეტინებ. მისი ნაუბარი საამოდ ჩაესმის ჩემს ყურის აპარატს და სიხარულის, ბედნიერების მორევში ძირავს. ჩუმ-ჩუმად გადავხედავ ხოლმე, მის სახის გამომეტყველებას, აღტაცებული რომ გადმოსცემს მისი საყვარელი ცხოვრების სტილის შესახებ და თვალი სულ მისი გაუშლელი ყაყაჩოს მსგავს წითელ ტუჩებზე მიჩერდება, ხოლო ამ ჩემი დაჟინებული მზერის მის მიერ შემჩნევისთანავე თავს ისევ ვასწორებ ფაქტზე დაჭერილი ქურდივით და გზის ყურებას განვაგრძობ. ქუთაისს ვუახლოვდებით, ეს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ძველი კოლხეთის სამეფოს დედაქალაქი იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე. შენ გსმენია ალბათ იასონის და არგონავტების ამბავი? - მეკითხება უცებ. კი, რა თქმა უნდა - ვპასუხობ. არსებობს მოსაზრება, რომ აიეტი, მედეას მამა ქუთაისიდან იყო წარმოშობით, პოეტები მას კვიტაიელს უწოდებენ, რადგან ქალაქს უწინ კვიტაიონი ეწოდებოდა - მიყვება აღტაცებული. ვაა, ძალიან საინტერესო ფაქტია, დავიმახსოვრებ. ხომ არ შეგვევლო ქალაქში? სვანეთიდან რომ წამოვალთ მერე შევიაროთ, თორემ დღეს სამეგრელოშიც უნდა გავჩერდეთ და ძალიან დაიღლებით. მე შენს გვერდით არასდროს არ დავიღლები - წამომცდა და ენაზე ვიკბინე. უცებ მკვეთრად შემომხედა, თვალი თვალში გამიყარა და მერე გაიღიმა. მეც შვებით ამოვისუნთქე. ვაგრძელებთ გზას, მერე საჭმელად ვჩერდებით გზაზე გოგოების თქმით ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში, ერთი საათით და ისევ ვუბრუნდებით სვანეთისკენ მიმავალ მაგისტრალს. - ბიჭები და გოგოები მშვენივრად ერთობიან, ერთმანეთსაც დაუმეგობრდნენ - აღნიშნა მარიამმა. - კი ჩემი ბიჭები მხიარულები არიან, შენც ძალიან კარგი მეგობრები გყავს, ძალიან მომწონს სამივე. - კი მარკო, ისეთები არიან, მათთვის სიცოცხლეს დავთმობ და იგივეს იზამენ თვითონაც მე თუ დამჭირდა. ამ დროს გავხედე, ვერ შევიკავე თავი და მანაც შემომხედა. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა წამიერად, მან თავი დახარა. არ მინდა ზედმეტი გრძნობები შემატყოს, ან რაიმე სხვანაირად იფიქროს და იუხერხულოს, ამიტომ ისევ გზის ყურება და საჭის ტრიალი განვაგრძე. მდუმარედ გამოვიარეთ ერთი საათი კიდევ, მარიამმა ქართული ხალხური სიმღერები ჩართო. ისეთი გულშიჩამწვდომი, მელოდიური და სევდის მომცველი სიმღერაა, რომ ვდუმდები და ვცდილობ არც ეთი ნოტი არ გამომრჩეს, რომ მელოდია მეხსიერებას ღრმად ჩარჩეს. გავიდა კიდევ ნახევარი საათი და მარიამის თქმით სამეგრელოში ვართ, ქალაქ ზუგდიდში, სადაც მდებარეობს სამეგრელოს ბუმბერაზ მთავართა, დადიანთა სასახლე, რომელიც ამჟამად სახლ მუზეუმია. გავჩერდით მუზეუმთან და ყველანი დასათვალიერებლად გავეშურეთ. მაიკლს ხელკავი აქვს გაყრილი სალომესთვის და ინგასთვის, ხოლო საიდი უკან მიყვებათ. ფილიპი, ვიტორიო და ანა კი მხიარული ტიკტიკით მოდიან ჩვენსკენ. რა არ მინახია, ელისეის მინდვრები, სან-ფრანცისკოს ლომბარდ-სტრიტი, ლონდონ პარკი, ბადენ-ბადენის პარკები, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ამ საყოველთაოდ ცნობილ ადგილებს ეს ბაღი ჩამოუვარდება. თანაც განსხვავება ისაა, რომ ეს ყველაფერი საოცრად ბუნებრივის შთაბეჭდილებას ტოვებს: უძველესი ხეების ულამაზესი ჯიშები, ფერად-ფერადი უცნაური ყვავილები, განსხვავებული სორტის ბუჩქები და რაც მთავარია ძველისძველი, აღმოსავლურ სტილზე აგებული სასახლე, არა ისეთი ბუმბერაზი, როგორც ლუვრია ან მადრიდში მეფის სასახლეა, მაგრამ საოცრად მეტყველი და გემოვნებიანი. შევდივართ მუზეუმში და თვალწინ გვეშლება საქართველოს ისტორია ძველი ქვის ხანიდან დღემდე, თავისი უნიკალური ექსპონატებით. განსაკუთრებით მაინტერესებს თვითონ დადიანების დინასტია. ვათვალიერებ მათ პორტრეტებს და მეუფლება განცდა, რომ თავის დროზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ სამეფო კარზე. გოროზი და ამავდროულად თავმდაბალი იერი აქვთ თითქოს, თანაც ძალიან გემოვნებიანი და ლამაზი მეჩვენება მათი იერსახე თუ აღკაზმულობა. მარიამის დახასიათებითაც დასტურდება ჩემი შეხედულება მათ მიმართ. ბიჭები გაოცებულები და მოხიბლულები ათვალიერებენ მათთვის სრულიად განსხვავებული კულტურის გამხატულობებს და გაოცებას ვერ მალავენ. - ისე ვაღიარებ, ძმაო, მთლად ასეთი კულტურული და თანამედროვე ქვეყანა არ მეგონა საქართველო. მართალია ეს აზიური არქიტექტურის გავლენა იგრძნობა ყველაფერზე, მაგრამ ხალხი მაინც უფრო ევროპელია, თან მინდა ვთქვა, რომ უფრო კულტურული, ვიდრე ბევრი სხვა ევროპული წარმოშობის ინდივიდი, - დასკვნა გამოიტანა მაიკლმა და ყველა დაეთანხმა. - მიუხედავად იმისა, რომ მე აზიის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს - საიდი ღიმილით აღნიშნავს და თან მაიკლს ალმაცერად უყურებს - ვაღიარებ, რომ მაიკლი მართალია და ეს ხალხი გაცილებით ცივილურია, ვიდრე ბევრი სხვა ერი. ამხელა კულტურის და ისტორიის მატარებელი ერი თუ იქნებოდა, არ მქონდა წარმოდგენა. გამოვედით გაბრუებულ და აღფრთოვანებულ მდგომარეობაში გარეთ, მანქანებში ჩავსხედით და გავაგრძელეთ გზა სვანეთისკენ. - დედაჩემი იყო დადიანი, მარკო, და ამიტომ ძალიან მინდოდა მენახებინა შენთვის ეს დიდებული ადგილი-მორიდებით მეუბნება მარიამი. - რას ამბობ, ძალიან მაგარია - აღფრთოვანებულმა შევძახე, - ისე გეტყობა, რომ ამათი ჯიშის ხარ, ყველაფერზე გეტყობა - ამ დროს გავხედე და მისი ღიმილიანი სახე დავინახე. აშკარად გაუხარდა ჩემი შეფასების მოსმენა და მეც კმაყოფილება ვიგრძენი მისი გამხიარულების გამო, თორემ უღარიბესი და უქონელი გლეხების შთამომავალიც რომ ყოფილიყო, ჩემთვის ის მარიამ სტიუარტზე აღმატებული და მშვენიერი იქნებოდა მაინც. გზას განვაგრძობთ სვანეთისკენ, ნელ-ნელა მთიანი რეგიონი გვეშლება მთელი თავისი სიდიადით. რაც უფრო ღრმად შევდივართ და მივუყვებით მთებზე დაკლაკნილ ვიწრო გზებს, უფრო იწმინდება ჰაერი და უფრო ხასხასა მწვანე ფერი ეხატება არემარეს. ფანჯრები ჩაწეული გვაქვს და ღრმად ვსუნთქავ ამ ტყეებისგან გასუფთავებულ და ჟანგბადით გამდიდრებულ ჰაერს. მივიწევთ ზევით და ზევით და თანდათან რაღაცნაირი სულიერი სიმშვიდე მეუფლება. ბედნიერების გრძნობა ავსებს გულის ნაძალადევი ცხოვრების დარდისგან გაჩენილ ნაპრალებს. ყველაზე მთავარი ამ მომენტში მარიამის არსებობაა ჩემს ცხოვრებაში, მან განსხვავებული ფერები შემოიტანა ამ ორ დღეში ჩემს ნაცრისფერ სამყაროში. მოპარვით გადავხედავ ხოლმე. ამ წუთს ხელი აქვს გადაყრდნობილი ღია ფანჯარაზე, თავი აქვს ჩამოდებული და სივრცეს არის მიშტერებული. რას ფიქრობს ნეტა, რა ადარდებს, რაზეა ასე ღრმად ჩაფიქრებული? ან იქნებ უყვარს ვინმე და მონატრებამ ხასიათი გაუფუჭა? - ამის გაფიქრებისთანავე, ადრენალინის საოცარი მოზღვავება ვიგრძენი, ბრაზმა მომიცვა და უმალ უარვყავი ეს ჩემთვის აბსურდული ვარაუდი. აღარ მინდა ცუდზე ფიქრი და იმის წარმოდგენა, რომ მას ვინმეზე შეიძლება უძგერდეს გული, ან ვინმეზე ფიქრებით შეიძლება ჰქონდეს გონება დაკავებული. ეგოსიტი ვარ ნამდვილი, ეგოისტი. მე ცოლი მომყავს რამდენიმე თვეში და მარიამის ბედნიერება სხვასთან კი ასეთ ტკივილს მაყენებს. რა სისულელეებს ვბოდავ, გამოფხიზლდი მარკო, გამოფხიზლდი. ბავშვი აღარ ხარ და არც მარიამია ძვირფასი სათამაშო, რითაც შეიძლება გაერთო. ისევ ბრაზი მომაწვა და გულის ისეთი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს ვიღაცამ იგი მუშტში მოიქცია და მაგრად მოუჭირა. - მარიამ, რაზე ფიქრობ? - მაინც ვერ ვითმენ და ვეკითხები. თითქოს ღრმა ძილიდან გამოფხიზლდა, ისე გამოერკვა ფიქრებიდან, შემომხედა, შემომღიმა და მიპასუხა: - არაფერზე მარკო, უბრალოდ ვტკბები აქაურობით. მრავალჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ყოველ ჩამოსვლაზე სიახლისგან განცდილი გაოცებისმაგვარი აღფრთოვანების გრძნობა მეუფლება. - კი, მართლა გასაოცარი მხარეა. ბევრგან ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი არ მინახავს. - ჯერ სად ხარ, ჩემი სოფელი არ გინახია-მიცინის და ეს მისი ღიმილიანი სახე ყოველგვარ დარდს და ნაღველს მიქარვებს.გზად ულამაზეს ჩანჩქერთან გავჩერდით. ბიჭები სულ ფეხათრევით გადმოლაგდნენ მანქანებიდან. უკვე 8 საათია გზაში ვართ და ცოტა არ იყოს დაღლილობა შემოგვეპარა. - აუუ, მომწონს ძალიან ეს მთები და ეს ველური ბუნება. სალომე მეუბნება რომ იქ უფრო დიდი სილამაზე გველოდება, გული არ გამიჩერდეს მეშინია - დათაფული მაიკლი თვალს უკრავს სალომეს და თან წელში სწორდება. - შოკამდე ლამაზია, მსგავსი არაფერი მინახავს - ფილიპიც აღფრთოვანებულია, ანას ხელკავს უყრის და მეგობრულად ეყრდნობა მას. ანაც გულითადი ღიმილით ეგებება, ძალიან სათნო და მრავლისმეტყველი სახე აქვს ამ გოგოს. - ვაა, საოცარია პირდაპირ, გზად სულ სხვადასხვა ლანდშაფტის ნაირსახეობები შეგვხვდა, ყველაფერზე გავგიჟდი, მაგრამ ეს მხარე კიდევ უფრო განსაკუთრებული სჩანს - საიდი გაბრწყინებული თვალებით გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას. - ოხ, შენ თუ გაგიჟდებოდი არც გამიკვირდება, უდაბნოს მეტი არაფერი გაქვს შენს ქვეყანაში ნანახი - აგდებულად პასუხობს მაიკლი. - შენ თუ გაქვს თაიმს სქვერი ხომ პირდაპირ ჯანსაღ ჰაერს სუნთქავ და იცოცხლებ 100 წელიწადს! - პასუხობს საიდი. - იქნებ მე აქ ვაპირებ დარჩენას ამ ჯანსაღ გარემოში, - თვალს უკრავს სალომეს მაიკლი და საიდს ალმაცერად უყურებს. - იქნებ მეც - ისიც არ აყოვნებს პასუხს. - მოიცადეთ ახლა, არ დაახვრეტინოთ ჩემი თავი თქვენს მშობლებს - ჩაგიყვანოთ სახლებში და მერე კისერიც გიმტვრევიათ, თუ გინდათ სულ ჯომოლუნგმას კენწეროში გადასულხართ საცხოვრებლად, გამიგია იქ ყოფილა სუფთა ჰაერი, უჟანგბადოდ ოღონდ - ვაწყნარებ ბიჭებს, ყველა იცინის ჩემს პასუხზე. - მიხარია, რომ მოგწონთ - აღნიშნავს მარიამი - იმედია ძალიან არ დაგღალეთ? - არა რას ამბობ, საერთოდ არა, რა დაგვღლიდა - უცებ წელში სწორდება სერჟიო და ისეთ სახეს იღებს თითქოს წეღან მის მაგიერ მე ვწუწუნებდი იტალიურად, დამღლელი, დაუსრულებელი გზის სიშორეზე. სურათები გადავიღეთ პატარა ჩანჩქერთან, ვიხუმრეთ ვიხალისეთ და კარგი განწყობაც ერთიორად უკეთესი გავიხადეთ. ყველანაირად ვცდილობ მარიამთან დისტანცია დავიჭირო, არ მივუახლოვდე, ამიტომ მისგან მაქსიმალურად შორს ვდგავარ და მისი სილუეტით აქედან ვტკბები. - კარგი გავაგრძელოთ გზა მეგობრებო, თორემ იქაც რახანია გველიან - გვთავაზობს სალომე. - ვინ გველის? - გადმომილაპარაკა ჩუმად ფილიპმა. - სავარაუდოდ მარიამის ოჯახი, სვანეთში - ვპასუხობ. - ვიიიინ? - გაკვირვებული სახით მეკითხება ჩვენს საუბარს შესწრებული სერჟიო და გაოცებული სახით ელოდება ჩემს პასუხს. - მისი ახლობლები სერჟიო, მერე მოგიყვები, დავიძარით ახლა. ვსხდებით ისევ მანქანებში და ვაგრძელებთ გზას. იგი ისევ სვანეთზე და თავის იქაურ ახლობლებზე აგრძელებს საუბარს და მეც მთელი გულისყურით ვუსმენ და ვტკბები მისი საამო იტალიურის მოსმენით. ზუსტად ერთ საათში, დღის ოთხ საათზე ულამაზეს, მთებით გარშემორტყმულ სოფელში შევდივართ. გაოგნებული ვათვალიერებ ამ თვალწარმტაც გარემოს, სუფთა ჰაერი ფილტვებს ავსებს და სუნთქვა მეხსნება, საამო თავბრუსხვევას ვგრძნობ, როგორ სჩანს ძალიან მაღალზე ვართ ზღვის დონიდან და ეს წნევის ცვალებადობა ჩემს სხეულს ოდნავ ადუნებს. მალე ერთი დიდი, ორსართულიანი სახლის ეზოს ჭიშკარი იხსნება და ჩვენს მანქანებს ატარებს ორი, მაღალი მკვეთრი ნაკვთების მქონე, შავგვრემანი ახალგაზრდა მამაკაცი. მარიამი და სალომე გადადიან, ეხვევიან და ესალმებიან მათ. - შევდივართ დიდ, ყვავილებით გარშემორტყმულ ეზოში, სადაც ორი უშველებელი მაგიდა გვხვდება გაშლილი. ქალები დასტრიალებენ და უცხო კერძებით ავსებენ სუფრას, თან დროდადრო ცნობისმოყვარე მზერას გვესვრიან ხოლმე, ალბათ იციან მარიამის მეგობრები რომ ვართ და მომატებული ინტერესით გვათვალიერებენ. გოგოები გვაცნობენ ყველას, როგორც მათ ბიძაშვილებს, მამიდაშვილებს, დეიდაშვილებს, რომლებიც არადა არ მთავრდებიან. ბოლოს ხალხი ორად გაიყო და გამოჩნდა ხელგაშლილი, ახოვანი, საოცრად მეტყველი თვალებით და ახალგაზრდულად მხარბეჭიანი, შუა ასაკს გადაცლებული მამაკაცი. მარიამი გაიქცა მისკენ და გადაეხვია. მანაც თბილად ჩაიკრა გულში და საკმაო ხანს აღარ გამოუშვია მკლავებიდან, გუმანი მკარნახობს რომ ეს სწორედ ის დადაშია. მარიამმა თავისთან გვიხმო, ამ დროს ლამაზი ქერა, ცისფერთვალება ქალბატონმა მიირბინა მასთან, წინსაფარი ნაჩქარევად მოიშორა და გულში ჩაიკრა გოგოები. - მარკო მოდი, სერჟიო, ბიჭებო - ხელს გვიქნევს მარიამი და ჩვენც მივუახლოვდით. - ეს ჩემი მეორე მამაა, დადაში, ეს კი დალი დედა, გაიცანით - მერე ჩემსკენ გამოიშვირა ხელი - ეს კი მარკოა, ჩვენი მარკო. ეს კი სერჟიო, გახსოვს მასზე რომ გიყვებოდი მამა, ესენი კი მათი მეგობრები არიან მაიკლი, საიდი და ფილიპი. მამაკაცმა ბოხი, მაგრამ ამავდროულად ჟღერადი ხმით რაღაც თქვა ქართულად, თან ჩვენ არ გვაშორებდა თვალს, ქალი კი ამ დროს თბილი, სიყვარულით აღსავე თვალებით გვაკვირდებოდა. მარიამმა გვითარგმნა: - კეთილი იყოს თქვენი ფეხი, შვილებო! ძალიან გამახარეთ თქვენი მოსვლით და მარიამიც გაახარეთ, ღმერთმა გადღეგრძელოთ! თბილი დახვედრის, ერთიმეორის გაცნობის და მოკითხვების შემდგომ დადაშმა ხელით გვანიშნა წამომყევითო და სუფრისკენ წაგვიძღვა. იგი თავში მოთავსდა, როგორც ოჯახის უფროსს შეეფერება და ირგვლივ მოგვისვა ჩვენ ყველანი. გოგოებიც ჩვენს გვერდით დასხდნენ, რადგან თარჯიმნებად ისინი აუცილებლად დაგვჭირდებოდნენ. მიმოვიხედე ირგვლივ და ყველა კაცს რაღაცნაირი ნაბდის ქუდი აფარია, მივხვდი, რომ რაიმე ადგილობრივი ტრადიციული იქნება. ერთი მეორეზე უკეთესი შესახედაობის, მხარბეჭიანი, წვრილწელიანი ახალგაზრდა ყმაწვილები დადიოდნენ ეზოში. ძირითადად შავგვრემნები და აქაიქ ქერასა და მწვანეთვალებას თუ შევამჩნევდი. ცოტა პირქუში და მკაცრი გამომეტყველებით იყურებოდნენ თითქოს, მომეჩვენა. დადაშმა ქართულად რაღაც გამოაცხადა და ყველამ ადგილი დაიკავა სუფრასთან. სალომე და მაიკლი ჩვენს პირდაპირ დასვეს, სერჟიო მაიკლსა და დადაშს შორის. ჩემსა და მარიამის შემდეგ საიდი, ინგა, ანა და ფილიპი ისხდნენ. ხოლო სალომემ თავის გვერდით ძმისთვის შეინახა ადგილი. უცებ დადაში ჭიქით ხელში ფეხზე წამოდგა, ყველა მამაკაცმაც მიბაძა მას. ჩვენც ყველანი ინსტიქტურად წამოვიჭერით ფეხზე. მე მარიამს შევხედე დაბნეულმა. მას გაეცინა და ინგლისურად აგვიხსნა: - სვანების წესის თანახმად უფლის სადღეგრძელო პირველი ითქმის ნებისმიერ სუფრაზე და მამაკაცები ამ სადღეგრძელოს ფეხზე მდგომები იძახიან. ეს ოდითგანვე ასეა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ არ ადგეთ. მე საიდს გადავხედე, მაინც სხვა სარწმუნოების რადგან იყო, მაგრამ მან თავი დამიქნია, თვალებით მანიშნა ყველაფერი წესრიგშიაო, მერე ჩემსკენ გადმოიხარა და მითხრა: - ღმერთი ერთია, მარკო, ჩვენთვისაც და თქვენთვისაც! მე ძალიან გამახარა მისმა ნათქვამმა და თან უხერხულობის გრძნობაც განმიქარვა. ჩვენც დაგვისხეს ტეკილას მსგავსი სითხე, რომელიც კიდევ უფრო არომატული და სასიამოვნო დასალევი ჩანდა. მარიამის თქმით ამას რახი ეწოდებოდა, რომელსაც დადაში ყოველთვის თვითონ ამზადებდა და თან გადმომიჩურჩულა თუ გინდათ ნუ დალევთო, მაგრამ ჩვენ რისი ვაჟკაცები ვიყავით თუ ასეთ დროს უარს ვიტყოდით მასპინძლის პატიჟზე და ერთმანეთის მიყოლებით გადავკარით ყველამ. გოგოებიც ცოტ-ცოტას წრუპავდნენ, ფაქტიურად პირს ისველებდნენ. უფლის სამადლობელს ხელადვე მიაყოლეს ორი სადღეგრძელო, ქართველების მფარველი წმინდა გიორგის, და წმინდა ღმრთისმშობლის მარიამის, რომელთაც ჯგრაგს და ლამარიას უწოდებდნენ სვანურ ენაზე. - ეს სამი სადღეგრძელო საუკუნეებია სვანეთში პირველ სამეულად ითქმის, მარკო, სვანების ტრადიციაა ძირძველი - მარიამი მიხსნის. ამ ატმოსფეროს ზღაპრულ იერსახეს კიდევ უფრო ამშვენებს სუფრის ბოლოში მჯდომი რამდენიმე ახალგაზრდა ყმაწვილი, რომლებიც ქართულ საკრავებზე უმშვენიერეს, ტკბილ ჰანგებს უკრავენ. - რა საოცარი ტრადიციები გაქვთ მარიამ, ძალიან პატივსაცემი და განსხვავებული. - მადლობა, მარკო, მართლა ასეა. - ისე სადღეგრძელოები გრძელი და საინტერესო გცოდნიათ საქართველოში, მსგავსს არსად არ შევსწრებივარ, ძალიან მომწონს. - იცი, ეს მარტო სვანების არა, მთელი ქართველების ტრადიციაა. არ ვიცი ზუსტად საიდან დაიწყო სადღეგრძელოს ისტორია, მაგრამ ჩემს აზრს გეტყვი თუ გაინეტერესებს რასთან ვაკავშირებ. - გისმენ მარიამ - და ვემზადები მოსასმენად, მაგრამ ამ დროს დადაში ქართულად რაღაცას გვეუბნება და მარიამი გვითარგმნის, რომ მორიგ სადღეგრძელოს იძახდა, სამშობლოს დღეგრძელობისას. ყველანი ისევ ფეხზე წამოიშალნენ, ჩვენც ავყევით საერთო მხიარულებას. სასმისს სასმისი მოყვებოდა, სადღეგრძელოს სადღეგრძელო, ჩვენც ჭიქას არ ვტოვებდით ცარიელს. ნაირ-ნაირ უცხო კერძებს გვთავაზობდნენ. შემდეგ მარიამის თქმით კუბდრად წოდებული კერძი შემოიტანეს, რომელიც ჩვენს მიერ თბილისში დაგემოვნებულ ხაჭაპურს ჰგავდა გარეგნულად. მარიამმა გვიჩურჩულა, რომ ხორციანი იყო და ხელით უნდა გვეჭამა. რა თქმა უნდა დავუჯერე და ისე მომეწონა, მეორე ნაჭერიც მივაყოლე. შემდეგ ისეთი დასახელების კერძები წამოვიდა, ძლივს წარმოვთქვამ - თაშმჯაბიო, ზისხორაო, ჭიშდვარიო და ასე შემდეგ. ბიჭებს გადავხედე და ვეღარ სუნთქავდნენ ამდენი ჭამისგან, მაგრამ ყველას კმაყოფილება ეწერა სახეზე. დადაში მოწონებით გადმომხედავდა ხოლმე, მხარზე ძლიერ ხელს დამკრავდა და ქართულად რაღაცას შემომძახებდა, რაც მარიამის ახსნით ყოჩაღ ვაჟკაცოს ნიშნავდა. ერთხელაც მაიკლის გამოცარიელებულ ჭიქას რომ დახედა, Zehr Gut-ო, გერმანულად თქვა, მეც დავიჭირე ეს სიტყვა და გერმანულად ვკითხე: - Bitte shprechen Sie Deutch? (გეთაყვა, საუბრობთ გერმანულად?) - Ja mein Freund, und Sie? (დიახ, მეგობარო, თქვენ?) - Ja, ich tun herr (დიახ მისტერ, მეც) არ დამავიწყდება დადაშის გახარებული სახე, ჩემი პასუხი რომ მოისმინა. მას შემდეგ განვაგრძეთ გერმანულად საუბარი. ბიჭებსაც გაუხარდათ თანამესაუბრე რომ გამოუჩნდათ და მასთან მორიგეობით საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე. - სულ დამავიწყდა დადაში გერმანიაში რომ იყო ჯარში, მერეც ცხოვრობდა, თან არ ვიცოდი შენც თუ გეცოდინებოდა მარკო გერმანული - მარიამმა ჩამჩურჩულა ყურში. ამ დროს უკვე მთვრალი ვარ და ისე საამოდ მესმის მისი ჩუმი ხმა, ლამისაა შემოვტრიალდე და მისი ლამაზი სახე მთლიანად ჩავკოცნო. გონს მოვდივარ, ვსწორდები და მაქსიმალურად ფხიზელი ხმით ვეუბნები: - ჩვენ ყველამ ვიცით მარიამ, ბიჭებიც კარგად საუბრობენ გერმანულად. შენ კი სადღეგრძელოზე აპირებდი რაღაცის თქმას - ამ დროს მთელი ტანით მისკენ ვტრიალდები, ღრმად ვსუნთქავ და მოსასმენად ვემზადები. ისეთი ტკბილი არომატი მოდის მისგან, ისეთი საამო, ისეთი სუფთა, თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ წავეტანო და ჩემსკენ არ მოვიზიდო. - ხოო, რას ვიძახდი დაა - ბავშვურად დაიწყო, ოხ როგორ მაგიჟებს ეს მისი მიამიტი საუბარი, გადავწყვიტე აღარ დავლიო, თორემ არაადეკვატური ვხდები და ეს ახლა ნამდვილად არანაირად არ მაწყობს. - ხო, მოკლედ, როგორც იცი მეოთხე საუკუნის შემდეგ ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები, ხალხის ძირითადი შეკრების ადგილი მაინც სალოცავები და დღესასწაულები იყო. თანაც ჩვენ მრავალი ჭირიანობა და ომიანობა გვაქვს გამოვლილი. ამიტომ ქართველი კაცის ყოფნა-არყოფნა იმდენად იყო ამ ომებზე დამოკიდებული, რომ დღეგრძელობის სურვება და დალოცვა ჰაერივით სჭირდებოდათ ერთმანეთის გასამხნევებლად. ხოლო სუფრის წინამძღოლი, თამადა, კი სხვა არაფერია თუ არა ადამიანი, რომელიც მეინახეებს შორის წესრიგს იცავს და ამ ტრადიციულ თანმიმდევრობას არ არღვევინებს სუფრის წევრებს. ბევრი აღმოსავლური ადათწესი გვაქვს შერეული და შეთვისებული, მაგრამ ამ ტრადიციის ძირითადი საწყისი მანიც ქართულია. დაასრულა მარიამმა და შემომღიმა, მე გაშტერებული ვუყურებ და არც კი ვცდილობ თვალი მოვაშორო. არ მგონია თუ რამე დამირღვევს ამ წამს ამ იდილიას, მაგრამ ამის გაფიქრება იყო და ჭიშკარში ცხენით შემოიქროლა ვიღაცამ და ზედ სუფრის ბოლოსთან გააჩერა აწყვეტილი შავი რაში. მოხდენილად გადმოხტა ცხენიდან და ჩვენსკენ წამოვიდა. მარიამი და სალომე წამოხტნენ და მისკენ გაიქცნენ. - დათაა, სად ხარ ამდენ ხანს, საად? - მარიამმა შესძახა და გადაკოცნა. - მოვედი, მარიამ, საქმეზე ვიყავი - ღიმილით ეუბნება გოგოს, თან ამ დროს ჩვენ გვიყურებს თითქოს მრისხანე, ავი თვალებით. ეს ალბათ ის დათაა, სალომეს ძმა, გავიფიქრე. ისე ჰგავს მამას, რომ დასტურიც აღარ მჭირდება, ვრწმუნდები, რომ ისაა. ახოვანია, მხარბეჭიანი, შავი მოკლედშეჭრილი თმა აქვს, არწივისებური ცხვირი, რომელიც მრისხანე იერს აძლევს და შავი, კუნაპეტი ღამის მსგავსი თვალები. მარიამს ისე თბილად უყურებს, არ მსიამოვნებს, მაგრამ თავს ვიმშვიდებ იმით, რომ დასავით შეზრდილია მისთვის. დათა ინგლისურად გვესალმება და გვეცნობა, ხოლო შემდეგ უკვე სალომეს გვერდით, ჩემს პირდაპირ იკავებს ადგილს. - შენ გელოდი შვილო, ახლა კი ვიტყვი ამათ სადღეგრძელოს, დაიწყო დადაშმა ქართულად, მარიამი გვითარგმნის: - მარიამი ჩემთვის შვილზე უტკბილესია, და ამ ჭიქით მის მეგობრებს დავლოცავ! დაგლოცავთ შვილებო, წმინდა გიორგი გაძლიერებდეთ და წმინდა მარიამი გფარავდეთ! ვაჟკაცი ბიჭები სჩანხართ და ვაჟკაცურად გევლოთ თქვენი დღე და მოსწრება! ჭირი არ გენახოთ და ლხინი კი გაგეზიარებინოთ ერთურთის! მარიამის მამა თარაში და მე ძმებივით ვიყავით! მან ისეთი რამ გამიკეთა, ძმის გარდა სხვა რომ ვერ იზამდა ვერაფრით! მან სამჯერ მიხსნა სიკვდილისგან და სამჯერ გააწბილა წმინდა მთავარანგელოზი, არ გამიშვა იქით! - ამ დროს მან ისე ამოიგმინა, მომაკვდავი დაჭრილი ნადირი რომ დამარცხების ჟამს გმინავს. წამიერად გაჩუმდა, სუფრაზე ადმიანის ჩამი-ჩუმიც არ ისმოდა, თითქოს სუნთქვა შეიკრა ყოველმა. - თარაშ, როგორც ფესვმაგარ მუხას გამხმარი ტოტი ვერ მიეწებება ისევ, ასევე შენ ვერ დაგაბრუნებ წარსულიდან ჩემო ძმაო, მაგრამ შენი აყვავებული ტოტის ყლორტი აქ არის, მარიამი და მისი შთამომავლობა შენი მსგავსი, შენი ფესვისგან აღმონაცენი იქნება, არ იდარდო! - ისევ გულსაკლავად ამოიგმინა - დაე იამაყოთ ვაჟკაცებო, ასეთი მამის შვილი ბევრი არ შეგხვდებათ სიცოცხლეში და დაე იმეგობროთ, რადგან ვიცი თქვენც არა ხართ სარეველას ჯიშის და თქვენც საამაყონი ხართ, მარკო, მარიამისთვის! ვიცი, რომ შენმა ოჯახმაც არაფერი დააკლო ჩემს გოგოს და ამისთვის მადლობას გიხდი, ჩემო ბიჭო! იხარეთ ყმაწვილებო, მტერი გააწბილეთ და მოყვარე გაახარეთ! - სულმოუთქმელად გადაკრა მათარა, შემდეგ შეავსებინა და დათას გადასცა. დათამაც რამდენიმე სიტყვით, მაგრამ გულწრფელად დაგვლოცა და სასმისი სხვებს გადასცა. რომ ჩამოიარა ყველა მამაკაცი, მარიამს ვუთხარი, რომ მინდოდა მადლობის ნიშნად მეც დამელია სადღეგრძელო და მას კი გადაეთარგმნა ქართულად. სასმისი გადმომცეს, წამოვდექი და დავიწყე: - მადლობას მოგახსენებთ ყველას აქ დამსწრეთ, მაგრამ განსაკუთრებულად თქვენ ბატონო დადაშ! რასაც მე ვუყურებ, სვანებს და სიცილიელებს ერთნაირად გვესმის ვაჟკაცობა და ერთურთის გვერდში დგომა, ამიტომ გპირდებით, რომ არ გავაწბილებთ თქვენს იმედებს და კაცურად დავუდგებით გვერდში მარიამს. აქამდე ადამიანურად მიცხოვრია და ადამიანის სახე შემინარჩუნებია, არც ამიერიდან ვაპირებ სხვაგვარად! მიხარია რომ გაგიცანით და ბედნიერი ვარ რომ, ჩემს მარიამს - ამ დროს მას შევხედე - ასეთი საამაყო ოჯახი ჰყავს! დარწმუნებული ვარ მისი მშობლები ბედნიერები არიან ზეცაში მარიამისნაირი ქალიშვილის აღზრდა რომ მოახერხეთ მათთვის - ისევ შევხედე მარიამს, რომელიც ყურებამდე გაღიმებული, მადლიერი სახით შემომცქერის და გადავკარი. მარიამი გადმოიხარა და ყურში მეუბნება: - მარკო, ძალიან დიდი მადლობა - ისე ახლოს აქვს სახე ჩემს კისერთან მოწეული, მისი ხშირი სუნთქვა მწვავს. გონება საერთოდ მერევა და მთელ ძალისხმევას ვიკრებ რომ გაუნძრევლად გავჩერდე და მისკენ არ შევატრიალო თავი, თორემ მისი თვალების ელვარებას ვეღარ გავუძლებ ვიცი, თანაც დიონისეს თავის თრობის სამყაროში ვყავარ რახანია გადატყორცნილი და თავშეკავბის უნარი ცოტა არის იყოს შესუსტებული მაქვს. ისეთი ლამაზია, ისეთი საყვარელი და მიმზიდველი, თავგზას მიბნევს და მასთან სიახლოვის სურვილს მიღვიძებს. - რა ლამაზი ხარ, მარიამ - ვეუბნები ჩუმად, მაგრამ მისთვის გასაგებად. ის ცდილობს ცოტა დისტანცია დაიჭიროს, რადგან ხვდება, რომ წონასწორობას მაკარგვინებს სიმთვრალე. რაღაც თითქოს ძალიან მაწუხებს და ამ დროს ვამჩნევ დათას დაჟინებულ მზერას. თვალს არ მწყვეტს, შემდეგ უკვე მარიამისკენ იყურება მწყრალად. თითქოს ხვდება ეს ბიჭი ჩემს გულის ნადებს, კითხულობს თითქოს გადაშლილი წიგნივით და ამიტომაც არის, რომ თვალს არ მაშორებს. მე ადგილზე ვსწორდები, არ მსიამოვნებს მისი ასეთი მოშტერება, მაგრამ დადაშის და მარიამის მიმართ რიდი ხმის ამოღების საშუალებას არ მაძლევს. ამ დროს რაღაც განსხვავებული და გულშიჩამწვდომი მუსიკა აჟღერდა, დადშმაც რაღაც გამოაცხადა ქართულად. მარიამს გავხედე, იგი მიხვდა რაც მაინტერესებდა და უმალ აგვიხსნა: - სვანური სიმღერაა, შინავორგილი და დადაშმა ბიჭებს მოუწოდა ცეკვისკენ და უმალ ორი ახოვანი, წარმოსადეგი ვაჟკაცი ლამის გადმოაფრინდა მაგიდას და ცეკვის ფერხულში ჩაება. სულ ფეხის წვერებზე ცეკვავენ. როგორი რთული და მამაკაცური მოძრაობებია, როგორი სოლივით გაჯგიმულნი უვლიან წრეს, ორივეს ხანჯალი აქვს ქამარში გარჭობილი და ხელები მასზე აქვთ შემოჭდილი, ხანდახან თუ გაუშვებენ ხოლმე ხელით ილეთის შესასრულებლად. რამდენიმე წამში სხვა ორი უერთდება, შემდეგ კიდევ ოთხი და ისე შეწყობილად აგრძელებენ მწყობრში ცეკვას, მონუსხული ვუყურებ. მუსიკა რომ კულმინაციას აღწევს დათა ჩახტა შუა ცენტრში, მოხდენილად ფეხის წვერებზე დადგა. ტანი არც კი მოძრაობს ისე, მხოლოდ ფეხები ასრულებენ ურთულეს ილეთებს, თავი ამაყად უჭირავს და ხელსაც მარჯვედ იქნევს აქეთ იქით. ნახევარ წუთს ასრულებს ამ საოცარ მოძრაობებს, შემდეგ ორ ფეხზე ხტება ამაყად, ჩერდება და მუსიკაც სრულდება. აპლოდისმენტებმა სოფელი დააყრუა, დადაშიც თავმომწონედ იძახის რაღაცას ქართულად - მარიამის თქმით - ყოჩაღ ვაჟკაცებოო, საოცარი სანახაობა იყო. ჩემი ბიჭები აღფრთოვანებას ვერ მალავენ და უსტვენენ მოწონების ნიშნად. დათამ შორიდან თავი დაგვიკრა, ამაყად წელგასწორებულმა გამოირა ჩვენამდე მანძილი და თავისი ადგილი დაიკავა. როგორ მშურს ამათი ამ წამს, ასეთი ცეკვა რომ შეუძლიათ. ამ ცეკვაში ჩანს მათი ისტორია, გადარჩენისთვის ბრძოლებისგან გამობრძმედილი მტკიცე და შეუპოვარი ხასიათი და დაუდგრომელი ბუნება. სუფრა გრძელდება და დადაში მორიგ სადღეგრძელოებს იძახის. ჩვენც არავის ტოლს არ ვუდებთ და ვყვებით ყველაფერში, რა თქმა უნდა ცეკვა-სიმღერის გარდა, რომ შემეძლოს არც აქ დავიხევდი უკან. - აუ ეს რა საოცარი რამ იყო - დაიწყო საიდმა - როგორი მკაცრი და შთამბეჭდავი ილეთებია, თანაც როგორი რთული. - ჩვენთვის, ქართველებისთვის მარტივია, გენეტიკურად ყველანი ვცეკვავთ - აღნიშნა ინგამ - გასწავლი საიდ თუ გინდა - ღიმილით შესთავაზა ბიჭს; - მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა შენზე შთაბეჭდილება მოვახდინო, არ მგონია ეგ გამომივიდეს - დანანებით პასუხობს საიდი და ინგას უყურებს. ინგას გაეცინა საიდის პასუხზე. -ესენი მთაში არიან გაწვრთნილები ძმაო და შენ ქვიშაზე ასე ფეხის წვერებზე ვერ დადგები რა თქმა უნდა - მაიკლი დასცინის. - შენ ხომ გაქვს მყარი მიწა, ადექი აბა იცეკვე ასე - მაიკლს გამომწვევად ეუბნება საიდი. - მოვა დრო და ვიცეკვებ, აბა რას ვიზამ, სალომე მასწავლის. - კი აბა რა, გასწავლი - სიცილით პასუხობს სალომე - თუ გინდა დღესვე დავიწყოთ. - მიდი აბა თუ მაგარი ხარ - საიდი არ ნებდება. - ხო კარგი, ხო, აქ ნუ დააცინინებთ ამათ მთლად ჩემს თავს - ნებდება მაიკლი. - იმდენად ნაგლი ხარ, რომის იმპერატორსაც გამოიწვევდი სიტყვით შენ არენაზე -დაასკვნა საიდმა. - რას იზამ, ამიგო, ღმერთმა ასეთი გამჭრიახი გამაჩინა. - გამჭრიახი კი არა მასხარა. მასხარები ბედავდნენ მხოლოდ იმპერატორებისთვის ენის შებრუნებას - ყველამ გადავიხარხარეთ, დათასაც გაეცინა შედარებაზე. ისევ სადღეგრძელოები, ისევ მარიამის მწველი სურნელი, მისი ნაზი და ამავდროულად ეშხიანი სახე, მისი ტკბილი ქართული საუბარი, მომხიბვლელი ღიმილი, გულუბრყვილო გამოხედვა. გული გაათმაგებულად მიცემს, პულსს ლამის თვალებშიც ვგრძნობ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ძარღვები მასკდება და სისხლი გადმოხეთქვას ლამობს სხეულიდან. თავს ვეღარ ვაოკებ და ხასიათში გადამდის. საიდი მატყობს რომ რაღაც რიგზე ვერ ვარ და თვალებით მანიშნებს გავიდეთო, მაგრამ მე უარის ნიშნად თავს ვაქნევ და ვაგრძელებ წამებას. თითქოს მარიამის ჩემს გვერდით ახლოს ჯდომა ისე, რომ მე მასთან შეხების საშუალება არ მქონოდა საკმარისი სატანჯველი არ იყო ჩემთვის, რაღაც ქართული სიმღერა დაიწყო ისევ, ოღონდ ამჯერად უფრო მხიარული, ვიდრე სვანური. დათა ადგა, ჩვენსკენ წამოვიდა, მარიამს ხელი ჩაჰკიდა, რაზეც მე ოდნავ წამოვიწიე პროტესტის ნიშნად, მაგრამ საიდმა მოასწრო, მხარზე ხელი დამკრა და ადგილზე დამსვა, თან ფრანგულად გადმომილაპარაკა, ისე რომ სხვებს არ გაეგოთ: - ნუ სულელობ ბიჭო, ნუ გავიწყდება სად ხარ? - მე თავი ჩავღუნე, არ შემიძლია ვუყურო მათ ცეკვას, მაგრამ თან ამ დროს თვალები არ მაძლევს საშუალებას სხვა მხარეს გავიხედო და დაიწყეს ცეკვა. რამდენადაც ელასტიურად და მწყობრში ცეკვავენ, იმდენად მეშლება ნერვები და ვერ ვთოკავ თავს, რამდენადაც უფრო გაშმაგებით უყურებს დათა მარიამს და დასტრიალებს ქორივით, იმდენად მინდა წამოვხტე და გავუნგრიო თავ-ყბა, მაგრამ პერიოდულად საიდის შემოძახილს - მარკო დაწყნარდი! - მოვყავარ გონზე. დასრულებას ვეღარ ვუძლებ, ფეხზე კი არ ვდგები, ვხტები და სუფრას ვეცლები, საიდი და მაიკლიც კუდში მომყვებიან. მადლობა ღმერთს, ცეკვის ყურებით გართულ საზოგადოებას ჩემი საქციელი უყურადღებოდ დარჩა. - მარკო, სად გარბიხარ, დაიცადე - მომძახის მაიკლი. მე არ მოვტრიალებულვარ და მანქანისკენ წავედი. მერე გამახსენდა გასაღები მარიამს რომ დავუბრუნე და ჭიშკრის გარეთ, სიბნელეში გავჩერდი. ბიჭები წამომეწივნენ. - მარკო, სულ გადაირიე? რა გჭირს რა? - შფოთავს საიდი და ხელს მირტყამს მხარზე. - შემეშვით! - შევუღრინე. - მარკო, რა გჭირს, ამიგო? - მაიკლი მეკითხება; - არაფერი, შემეშვით მეთქი! - თითქმის ვუყვირი. - აბა რამ გადაგრია, ამიგო, ამ გოგომ გაგაგიჟა ასე? - მაიკლი არ ნებდება მაინც. - არ გაბედო! - მუშტი მოვუღერე და მაიკლიც გაჩუმდა, ხვდება, რომ ჩემთან ლაპარაკს ახლა აზრი არ აქვს. - წამოდი, ამიგო, სირცხვილია, წამოდი - საიდი ცდილობს დამიყოლიოს. - წამოდი, ძმაო, ასე არ შეიძლება, სტუმრად ვართ და შეურაცხყოფას ვაყენებთ მასპინძლებს, ბატონ დადაშს; უკანასკნელის სახელის ხსენებას ცოტა გონს მოვყავარ და ვტრიალდები ისევ სახლის მიმართულებით. ბიჭებიც უკან მომყვებიან მდუმარედ. დავუბრუნდით ჩვენს ადგილებს, მარიამი შეშფოთებული სახით დამხვდა. - მარკო, სად იყავით, რა მოხდა? - არსად - მოკლედ, განრისხებული ტონით ვუპასუხე. - რამე მოხდა? - ისევ შეშინებული ხმა აქვს. - არაფერი - ისევ ცალყბად ვუპასუხე. ხვდება რომ არ ვარ ხასიათზე, თვითონაც იღუშება და ხმას არ იღებს. მე მირჩევნია ასე იყოს, ვიდრე დათას გვერდით ვნახო ისევ მოცეკვავე და გაღიმებული. მთვრალი ვარ და ეგოიზმის შემოტევა გონებას მიბინდავს. კიდევ მრავალი სადღეგრძელო დავლიეთ. ფილიპმა და სერჟიომ ლამისაა სუფრაზე დაიძინონ. მასპინძელი მიხვდა, რომ აქ ვეღარ ჩერდებიან და ვიღაც ბიჭს დაავალა მათი მოსასვენებელ ოთახში მიცილება. ისინიც მიხვდნენ, რომ აქ დაძინებით უფრო დიდ სირცხვილს შეჭამენ, ვიდრე სუფრის დატოვებით და მორჩილად გაყვნენ მათზე მოჩენილ ბიჭს. ცოტა ხანში ისევ რაღაც საცეკვაო სიმღერა დაუკრეს, ახალგაზრდები წამოიშალნენ. დათა ადგა და მარიამთან მოვიდა, ქართულად რაღაც უთხრა, აშკარად ცეკვას სთხოვდა, თავიდან გოგო უარზე იყო, ჩემს გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. მერე რომ აღარ მოეშვა, წამოდგა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე, ხელში ხელი ვტაცე და ისევ დავსვი. დათა ჩემსკენ გამოიწია აშკარად. - თუ არ გინდა თავპირი დავამტვრიო, რამე მოიფიქრე და არ წახვიდე - გადავულაპარაკე იტალიურად. მარიამი წამოხტა, დათას რაღაც უთხრა ქართულად და ისიც გახელებული გაგვეცალა, საერთოდ წავიდა სუფრიდან. მე შვებით ამოვისუნთქე და არც მაინტერესებდა რა უთხრა და რითი ჩამოიშორა ბიჭი. საიდს ეს ფაქტი რა თქმა უნდა არ გამოჰპარვია, ვატყობდი, რომ შემზადებული იყო მოვლენების ყველანაირი განვითარებისთვის, მაგრამ ამჯერად ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა. დადაში ამ დროს გასული იყო და ამიტომ მისი შეწუხებით გამოწვეული უხერხულობაც ამცდა. კმაყოფილი, ბედნიერი სახით ვიჯექი დილამდე და დადაშთან ერთად ხან ვსვამდი, ხან ვსაუბრობდი. მარიამიც გვერდით მეჯდა და ამით უდიდეს ბედნიერებას მანიჭებდა. დილისკენ დავიშალეთ, საძინებლებში მოგვათავსეს და ემოციებისგან დაქანცულს მკვდარივით ჩამეძინა. დილაა აშკარად, რაღაცის შრიალის ხმა მაღვიძებს, თვალს ვახელ და ვხვდები, რომ მდინარის ხმა მოდის შორიდან, მაგრამ საკმაოდ გასაგებად ისმის. ზანტად ვწევ თავს და აქეთ- იქით ვიყურები. საათს დავხედე, უკვე დილის თერთმეტი საათია. სირცხვილია მასპინძლებთან, დროა ავდგე. ამ დროს აღმოვაჩინე, რომ მაიკლს გვერდით საწოლზე ტკბილად სძინავს, ვცდილობ ვიხმაურო, რომ გაეღვიძოს და დროულად გავიდეთ გარეთ, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ყურსაც არ იბერტყავს. ვამჩნევ, რომ ოთახი ხით არის მოპირკეთებული, აღმოსავლეთ კედელზე აშკარად ნანადირევი, დათვის ტყავი ჰკიდია, ხოლო ჩემი და მაიკლის საწოლების თავზე, შუაში კი დაკლაკნილი უშველებელი რქები, ვფიქრობ კავკასიური თხის ჯიშის იქნება. იატაკიც და საწოლებიც ხისაა, სავარაუდოდ ეს მასალა აქ მრავლად იქნება, ირგვლივ სულ ტყეები და მთებია. ძალიან მომწონს ასეთი დეკორი, ბუნებრივია და სიმყუდროვეს სძენს სახლს. ტანთ ვიცვამ, მაიკლს ვუახლოვდები და საწოლის გვერდით ტუმბოზე დადგმული ჭიქიდან თავზე ვავლებ წყალს. გიჟივით წამოხტა. - აუუუ, სულ გაუბერე შენ, რა გჭირს ამისთანა! გულის მანკით გინდა აქედან წამიყვანოო? სიზმარში მეგონა ჩანჩქერიდან გადამაგდეს - ყვირის მაიკლი, არ შეიძლება არ გაგეცინოს მის რეაქციებზე და მეც გულიანად გადავიხარხარე. - აუ კაი ხოო, ნუ ყვირიხარ. გავიდეთ შუადღეა უკვე და სირცხვილია მასპინძლებთან. - დამაცადე ჩავიცვა მაინც, მთლად დედიშობილა ნუ გამიყვან ამ სვანებთან, გამაკრან იქნება ძელზე. - მიდი გელოდები, - მაიკლმა ტანთ ჩაიცა და გარეთ გავედით. მზისგან გაბრწყინებულია მთელი არემარე, ირგვლივ მწვანე ფერი და ალაგ-ალაგ შემოდგომის სიყვითლე მოჩანს. დიდი ეზო, რომელიც კარგად წუხელ ვერ გავარჩიე, მთელ სიგრძეზე და სიგანეზე სხვადასხვა ხილის ხეებით არის დატვირთული და სასიამოვნო ჩრდილს ჰქმნის. სახლის კარიდან სადღაც ათ მეტრში, დიდი იასამნის ხის ძირში მაგიდა და სკამები დგას, სადაც ყველანი შეკრებილან უკვე: ფილიპი, საიდი, სერჟიო, ინგა, სალომე, მარიამი, და კიდევ გოგოების ორი ბიძაშვილი. მათ დაგვინახეს თუ არა, შორიდანვე მოგვესლამნენ. მარიამი დავინახე და გულში სითბო ჩამეღვარა, ისე ვარ ამ წამს, გეგონება ხელით ცას შემიძლია შევეხო და მიწიდან კი ერთი ხელის მოსმით ფესვი ამოვგლიჯო. სულელივით მეღიმება და ვერც ვმალავ. - ოხ, ძილისგუდებიც მოსულან - არ დააყოვნა ქილიკი საიდმა; - ჩვენ უკვე დავიშოკეთ აქაური ბუნების საოცრებებით, აქაური მჟავე წყალიც დავაგემოვნეთ და ახლა საუზმეზე გვეძახის ბატონი დადაში, ან უფრო სწორად სადილზე. - ვერ გამაღვიძეთ მერე?! - შევუბღვირე საიდს. - ხო სულ შენთვის მეცალა რა - მიპასუხა უდარდელად. მაიკლს გავხედე და ისევ ძილ-ბურანშია. ამ დროს სალომე მივიდა მასთან და ვაჟიც მყისიერად გამოყოჩაღდა და ხუმრობის ჩვეულ ტალღაზეც დადგა. ეს ბიჭი ისევ თავის სტიქიაშია - გავიფიქრე. - ფილიპ, საიდი გასაგებია რომ არ გაგვაღვიძებდა, ერთი სული აქვს ჩემგან დაისვენოს, მაგრამ შენ რაღა დაგემართა? - გოგოები ხითხითებენ. - მაიკლ, შენ ისეთ სიზმრებში იქნებოდი, ცოდვა იყო შენი გაღვიძება. - ჰაა აგიყოლია ხო საიდმა, კარგი! - დაემუქრა ფილიპს მაიკლი. - ბიჭებო, თქვენ ჩვენი სოფლის სილამაზე არ გინახავთ. საუზმემდე მოვასწრებთ, აქვე ერთი ამაღლებბული ადგილია და იქიდან დაგანახებთ რაღაცას - მარიამი მხიარულად გვეუბნება, მოდის ხელკავს მიყრის და მივყავარ სადღაც. ყველანი მოგვყვებიან. ოხ რა ბედნიერი ვარ ამ წამს, მის თბილ მკლავს ვგრძნობ ჩემსაზე და მისი სუნთქვა მესმის ძალიან ახლოს. ნიავი თმას უწეწავს და პირდაპირ ჩემს კისერთან მილამუნებს, სისხლი თითქოს ას გრადუსამდე დუღს და გადმოსვლას ცდილობს ძარღვებიდან, სული ფორიაქობს და ადგილს ვერ პოულობს სიხარულისგან სხეულში, გული ბაგაბუგით ძგერს და მკერდის ფერდს ხმაურიანად აწყდება. ხმას არ ვიღებ, მეშინია რამე სისულელე არ წამომცდეს და თავი არ შევირცხვინო, სერიოზულ კაცად მიცნობს და არ მინდა მასზე არასერიოზული შთაბეჭდილება დავტოვო. ირგვლივაც ვერაფერს ვამჩნევ, მთელი გულისყური მის მოძრაობებზე მაქვს გადატანილი ოღონდ ისე, რომ მისკენ არც ვიხედები. ერთ შემაღლებულ ადგილზე ავედით, მარიამმა აღმოსავლეთისკენ გახედვა გვთხოვა და ჩვენც იქით მივტრიალდით. - ეს უშბაა, ჩვენი სახელოვანი მწვერვალი, მთელი თავისი სიდიადით - ამაყი სახით გვაჩვენებს სალომე. ღმერთო, რა მართლა ღვთაებრივ ადგილას ვართ! პირდაპირ ამ დიად მწვერვალს შევყურებ, რომლის კალთებიც თოვლს დაუფარავს თეთრად. მაღალი, გოროზი მბრძანებელივით ამაყად გადმოჰყურებს სვანეთს. მარჯვნივ და მარცხნივ გამწვანებული, ხშირი ტყეები და მთები ჰყავს მხარში ამოყენებული ძმებივით და პირდაპირ კი ისევ დათოვლილ მთებს გასცქერის ჰორიზონტზე. ამ ულამაზესი უშბის ძირასაა ფაქტიურად მარიამის და სალომეს სოფელი გაშენებული, ორ მთას შორის ხევში, რომელსაც შუაში მდინარე ჩამოუდის და განსაკუთრებულ ელფერს სძენს თავისი სწრაფი ტალღების ხეთქებით კლდოვან ნაპირზე. მარიამს მხოლოდ ამ სილამაზეს თუ შევადარებდი, მაგრამ არა, ის მაინც უფრო ლამაზი მეჩვენება. ისევ ხელკავი აქვს ჩემთვის გაყრილი, მე ზედმეტ მოძრაობებს არ ვაკეთებ, რომ არ გავახსენო ასე ახლოს რომ დგას ჩემთან და არ დამისხლტეს ხელიდან. სახლისკენ მიმავალ გზაზე ტურისტების დიდი ჯგუფი გვხვდება, დაახლოებით ოცდაათკაციანი. ისინი ხვდებიან, რომ ჩვენც არ ვართ ადგილობრივები და მხიარულად გვესალმებიან, ჩვენც საპასუხოდ ვესალმებით. - აუ შოკი მაქვს ხალხო, ულამაზესია - ემოციებს ვერ მალავს სერჟიო. - კი მართლაც ულამაზესია, საოცრებაა. გასაგებია ასეთი ლამაზი საიდან ხარ - ეთანხმება მაიკლი სერჟიოს აზრს და თვალს უკრავს სალომეს. - ბიჭებო, კიდევ ერთ ულამაზეს ადგილას უნდა წაგიყვანოთ სადილის შემდეგ, ხოლო ხვალ კი ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილი ვნახოთ - სოფელი უშგული - მარიამი გვთავაზობს და მერე მე მიყურებს კითხვის ნიშნად, მე მის შოკოლადისფერ თვალებში ვიძირები და პასუხს ვერ ვცემ. - სადაც გვეტყვით, მოვდივართ - საიდი აღფრთოვეანებული პასუხობს ჩემს ნაცვლად. მეც გამოვდივარ თბილი თავბრუსხვევიდან და ვეთანხმები მას. - ფეხით გვაქვს ბლომად სასიარულო, იმედია არ დაიღლებით - ღიმილით კეკლუცურად გვაპარებს ინგა და თან გრძელ, ბუნებრივად დახვეულ დალალებს უკან იგდებს. - ჩვენ თქვენს გვერდით რა დაგვღლის, საოცარ სტიმულს გვაძლევთ - გვერდულად უყურებს საიდი ინგას, ისიც რაღაცნაირად უღიმის ვაჟს. ვბრუნდებით სახლში ნანახით აღფრთოვანებულები და აჟიტირებულები. ეზოში, ხეების ჩრდილში ისევ სუფრა გვხვდება გაშლილი, ისევ ათასნაირი ქართული კერძით. დადაში იქვე დგას და გველოდება. შეგვამჩნია თუ არა დაგვიძახა გერმანულად, ჩვენც მივედით და მივესალმეთ. გვსვამს ისევ მის ირგვლივ სუფრაზე და საჭმელს გვთავაზობს, ჭიქებს კი ისევ იმ გამჭვირვალე სითხით გვივსებს. - ვერ დავლევთ დადაშ ბატონო, - ვცადე შეწინააღმდეგება, მაგრამ ხელით გამაჩერა. - მხოლოდ სამი ჭიქა, რომ გუშინდელმა აღარ შეგაწუხოთ, დაძალება სვანების წესი არაა -თქვა, დაილოცა და დავლიეთ. ცოტა ხანი ვისაუბრეთ, გოგოებმა ხელბარგი გაამზადეს და გზას გავუდექით. სალომეს ორი ბიძაშვილიც მოგვყვება გზამკვლევად, კუნთმაგარი, ბრგე ორი ახალგაზრდა ყმაწვილი, ორივე მშვენივრად ფლობს ინგლისურს. გუშინაც შევამჩნიე, რომ უმრავლესობამ ინგლისური ენა აქ კარგად იცის, რასაც, სიმართლე რომ ვთქვა არ ველოდი. მე და მარიამი ერთად მივდივართ გვერდიგვერდ, მე ზურგჩანთა მაქვს აკიდებული ისეთი მძიმე, აშკარად მთელი მაცივარი წამოეღოთ გოგოებს თავის სანოვაგიანად. მიუხედავად ამისა, თავს ბუმბულივით ამჩატებულად ვგრძნობ მარიამის გვერდით ფეხდაფეხ მიმავალი აღმართებზე. ტყეში შევდივართ და ფილტვები კიდევ უფრო გვეხსნება ამ ჟანგბადით გამდიდრებულ გარემოში. მხიარული განწყობა გვაქვს ყველას. განსაკუთრებით საიდს და ინგას. ბიჭი გოგოს რაღაცას უყვება და ქალიშვილიც გულიანად კისკისებს. მაიკლი დამეწია და ყურთან ახლოს ჩუმად მეუბნება: - ეს ძალიან კურკურებს რაღაც, - წარბები ამ დროს აზიდული აქვს და ცისფერ თვალებში ეშმაკუნები დაურბიან - მგონი საიდს კუპიდონმა გაუხვრიტა გულის კუთხე. - ვაა, ვითომ? საიდიც შენნაირი ვლადილასია, მაგრამ ინგასთან ეგ არ გაჭრის ეჭვი მაქვს - ჩუმადვე ვპასუხობ ისე რომ მარიამმა არ გაიგოს. - არც ეგ იცინის ძალით, ნუ გეშინია - გულიანად გაიცინა და ისევ სალომეს ამოუდგა გვერდში. - ხო მშვიდობაა, რამე ხო არ უნდოდა მაიკლს? - მარიამი მეკითხება. - არა, ხუმრობს, როგორც ყოველთვის. არ მიაქციო მაგას ყურადღება. სად მიგყავართ მარიამ? - აუ ძალიან მოგეწონებათ, რომ მიგიყვანთ თქვენ თვითონ ნახავთ. - ეჭვიც არ მეპარება - სულ რომ ხრიოკი ადგილი დამხვედროდა, ხეც რომ არ მდგარიყო და ქვაც არ გდებულიყო, მარიამი იმ ადგილს მაინც დაამშვენებდა და გაანათებდა. წინ მარიამის და სალომეს ბიძაშვილები მიდიან ფილიპთან ერთად, გზას გვაჩვენებენ. შემდეგ ჩვენი ბიჭები და გოგოები, ბოლოს 30-40 ნაბიჯის დაშორებით მე და მარიამი მივყვებით უკან. ნელ-ნელა უფრო და უდრო ვიწრო და გაუვალ ბილიკებს ვაწყდებით, აღმართის დახრის კუთხეც იზრდება და იზრდება, ტყეც ხშირდება სხვადასხვა წიწვოვანი თუ ფოთლოვანი ხეების წყალობით. მზე უკვე თავზე გვადგას, მაგრამ ალაგ-ალაგ აღწევს მისი სხივების ელვარება ამ ხშირ ფოთლებში. მე ტელეფონი, აიპადი და ყველანაირი ელექტრო მოწყობილობა სახლში დავტოვე დადაშთან, საათიც კი. არ მინდა რამემ შემიშალოს ხელი ამ ბედნიერების წუთების ჟამს. ცოტა ხანი მდუმარედ მივუყვებით აღმართებზე დაკლაკნილ ბილიკებს ხან გაკვალულს, ხან გაუკვალავს. მოპარვით გადავხედავ ხოლმე მარიამის ლამაზ სახეს, ვტკბები მისი ღიმილის დროს ლოყაზე გაჩენილი ხვრელის დანახვისას და მომწონს მისი გრძელი წამწამების ჩრდილი, მზის სხივის ანასხლეტზე რომ უჩნდება ღაწვებზე. ძალიან მოხდენილი ტანი აქვს, მისი მოქნილი მოძრაობები და მიხვრა-მოხვრა ანაზდად სამხრეთ-აღმოსავლეთში გავრცელებულ გავაზს მაგონებს, ცაში ტაშს რომ შემოჰკრავს ხოლმე ფრთებით და თავმომწონედ რომ გაინავარდებს ღრუბლებსა და დედამიწას შორის. - მარკო, წუხელ რა დაგემართა? - უცებ მომიტრიალდა მარიამი, სახეში შემომცქერის და ჩემს პასუხს ელოდება. - რაზე მეკითხები, მარიამ? - ვიცი რაზეც მეკითხება, მაგრამ არ ვიცი რა ვუპასუხო, დრო გამყავს, რაიმეს მოსაფიქრებლად. უცებ დასერიოზულდა და განმიმარტა: - დათაზე! - ხოო, არ ვიცი რა გითხრა... - ვგრძნობ რომ რაღაც ბურთივით მეჩხირება ყელში არ ვიცი რა ვუპასუხო, მაგრამ გონებას ვიკრებ და ვეუბნები - არ მინდოდა მასთან რომ გეცეკვა - პირდაპირ თვალებში ვუყურებ, მის რეაქციას ველოდები. - რატომ? - სახეზე თითქოს ბრაზი ეკიდება. - არ ვიცი - ურცხვად ვიტყუები. - არა იცი?!, უმიზეზოდ არ იტყოდი თავ-პირს გავუერთიანებო, რა მოხდა, მითხარი - მკაცრი ტონი ეპარება ნელ-ნელა. გალიაში ჩამწყვდეული ნადირივით ვარ, გამოსვლას რომ ლამობს, მაგრამ რკინის გისოსები არ აძლევენ საშუალებას. მინდა სიმართლე ვუთხრა, მაგრამ ჩემი აწმყო მბოჭავს, ჩემი მოვალეობები გასაქანს არ მაძლევს. - მარკო, რა გჭირს? არ მინდა მოვატყუო, არ მინდა გული ვატკინო, არც ის მინდა უაზროდ ავაფორიაქო, ან საერთოდ დავკარგო. - უბრალოდ ძალიან გაშმაგებული თვალებით გიყურებდა და ვერ ავიტანე - მაინც ვერ მოვითმინე და ვუთხარი. თავი ჩახარა და აღარაფერი უკითხავს. მე მწველი, გამბურღავი თვალებით ვუყურებ, სიგიჟემდე მაინეტერესებს რას ფიქრობს, მაგრამ არაფერს იძახის და მეც აღარაფერს ვეკითხები. გზას მდუმარედ ვაგრძელებთ. ერთხელ ვისვენებთ ყველანი ნახევარი საათით და ჯამში სადღაც ოთხი საათის აღმართებთან ჭიდილის შემდეგ ავდივართ მთის თითქმის კენწეროზე. მართლა არ ვიცი სადმე ან ოდესმე თუ ვნახავდი ასეთ შთამბეჭდავ ადგილს. ვართ მთის თავზე, ღრუბლებში, რომელსაც ირგვლივ რამდენიმე მწვერვალი ესაზღვრება ისე, თითქოს ოდნავ ხელის მოძრაობით შევეხები მათ. იქიდან საოცარი ხედი იშლება, მთელი ზემო სვანეთი თითქოს ხელის გულზე მოსჩანსო ისეა. ირგვლივ ღრუბლებში ცეკვა-ცეკვით შევარდნები დაფრინავენ და ცაში კამარას ჰკრავენ. სიმწვანე და სიყვითლე ერთნაირად დაჰფენია ირგვლივ არემარეს და მზის სხივები კი ამ თვალწარმტაც ადგილებს მეტად ანათებს და აცისკროვნებს. იქვე პატარა სალოცავი დგას, ხოლო სალოცავის ძირში მწვანე ტბაა, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს თითქოს ღრუბლებს ირეკლავს და ჭრელდება. მონუსხულებივით ერთ ადგილზე მივიყინეთ ყველანი, აღფრთოვანებულები გავცქერით ამ დიდებულ სანახაობას. სალომემ დაარღვია ჩვენი მდუმარე აღტაცება: - ამ ადგილს მეზირის მთას ეძახიან, დალოცვილი ადგილია, თითქმის ასევე ითარგმნება. ამ სალოცავში მხოლოდ კაცებს შეუძლიათ შესვლა, ხოლო დაბლა ტბას რომ ხედავთ იქ ბანაობაა აკრძალული. ეგეც მეზირის ტბაა და თქმულების თანახმად მასში ცოცხალი არსების მოხვედრა გამოიწვევს წვიმების გადაუღებელ თავსხმას. - აუ ფეხს ჩავყოფ აბა, რა მოხდება ვნახოთ - სერჟიო აცუღლუტდა და მაიკლსაც აუციმციმდა თვალები, აშკარად მასაც იგივე საკითხი აწუხებდა. - არ გინდათ, გთხოვთ. ახლა მოსავლის აღების პერიოდია და ნამდვილად არავის აწყობს გადაუღებელი თავსხმები - სალომემ შეაჩერა აცუნდრუკებული ბიჭები. - კარგი, როგორც გვეტყვი, სვანეთის დედოფალო - მაიკლმა დაშაქრული ენით დაამშვიდა გოგონა. - რა დალოცვილი ადგილია მართლა, სიტყვები არ მყოფნის ჩემი ახლანდელი განცდები რომ გადმოვცე - ფილიპი იძახის, თან თავს 360 გრადუსით აქეთ-იქით ატრიალებს, ხედებით ტკბება. - პირველად აქ რომ ამომიყვანეს გოგოებმა, მეც ასეთი რეაქცია მქონდა, რამდენიმე წუთი ხმას ვერ ვიღებდი გაოგნებისგან - ინგამ დაამატა. - მეც მახსოვს, რამდენიმე წლის წინ რომ ვიყავით, მაშინ კიდევ უფრო დიდხანს მოვდიოდით და ინგულ გახსოოვს, რომ გეუბნებოდი რა უნდა ვნახოთ ისეთი ეს ფეხების ტკივილი რომ გადაწონოს თქო? - ანა ღიმილით იხსენებს - მაგრამ რომ ამოვედით, ყველანაირი ტკივილი, დაღლა, უხასიათობა წამში გადამავიწყდა, მახსოვს კინაღამ შოკი მივიღე, ასეთი ადგილი ბევრი არ იქნება ალბათ. თან მაშინ ტურისტებიც დაგვხვდნენ აქ ბლომად, დაშოკილები მიდიოდნენ აქედან. - მეგობრებო, ჩვენგან დასავლეთით უშბა მოჩანს, აღმოსავლეთით ასევე ცნობილი მწვერვალი თეთნულდი. ჩრდილოეთით შხარა, რომელიც საქართველოს კავკასიონის უმაღლესი მწვერვალია, ხოლო სამხრეთით კი ლაილას მთებია. - ალპებშიც კი არ მინახავს ასეთი სილამაზე - სერჟიო აღფრთოვანებას ვერ მალავს. საიდი და ინგა ისევ ერთად დგანან და ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებიან. რომ ჩავალთ მინდა დაველაპარაკო, რამე ხომ არ ხდება მათ შორის. - სურათები გადავიღოთ, მეგობრებო, - ფილიპი შემოდის წინადადებით - ასეთი სილამაზე რომ არ აღვბეჭდოთ გრძელვადიან მეხსიერებაში ნამდვილად დანაშაული იქნება. ჯერ მე გადაგიღებთ, მერე თქვენ და მერე სელფებიც შეიძლება. - მოდი ჯერ კაცები სალოცავში შევიდეთ, შევთავაზე ბიჭებს, ყველა დამეთანხმა და შევედით. პატარა ეკლესიაა, ალბათ ერთი ათი ნაბიჯი სიგანეში და თხუთმეტი სიგრძეში. ისეთი აურაა, სიმშვიდემ ბუნებრივად დაისადგურა ჩემს სულში და რაღაცნაირად მოწიწებაც ვიგრძენი ამ ადგილის მიმართ. ეკლესია მოქმედი არ არის, შიგნით არავინ გვხვდება. სუსტი განათებაა, ამიტომ ბიჭები ტელეფონის სანათს იშველიებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვარჩევთ შემორჩენილ, აშკარად ძველისძველ ფრესკებს. ბიჭები სურათებს იღებენ და ხელადვე გადიან გარეთ. იქ, ხის პატარა მაგიდაზე სანთლები დევს, ძალიან მომინდა დამენთო, გავდივარ გარეთ, ბიჭებს ასანთს ვართმევ, ვბრუნდები მარტოდმარტო უკან და ვანთებ. მინდა ღმერთს შევთხოვო რაღაც, მაგრამ ჩემს თავსაც არ ვუტყდები ბოლომდე. ქვეცნობიერმა მაინც მაჯობა ბოლოს და გავიფიქრე, ღმერთო, მარიამის გული მაჩუქე თქო. გამაჟრიალა ამის გაფიქრებისთანავე, ისევ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ. ისევ ავიხედე მაღლა, იესო ქრისტეს ფრესკის ნაწილი მოჩანდა, გულში მაინც ვთხოვ მარიამის თავს, მაგრამ გონება უარყოფს ამ თხოვნას. უცებ ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ვიღაცა მხარზე ხელს მადებს, ვტრიალდები, და სიცარიელეა, არადა ისე აშკარად ვიგრძენი ეს შეხება. - ღმერთო, თუ ის სურვილი არ მისრულდება, ეს ბედნიერი წუთები მაინც გამიხანგრძლივე - ვგრძნობ საკუთარ სასოწარკვეთილ მდგომარეობას, მუხლებზე ვიჩოქებ საკურთხევლის წინაშე და მიწას ვეამბორები. ცოტა ხანი ვრჩები ისევ, რაც ამდენი წელი არ მილოცია, აქ ვლოცულობ, ღმერთს მადლობას ვწირავ მარიამის ჩემს ცხოვრებაში შემოჭრისთვის და გავდივარ მეგობრებთან. გავედი და ხელახლა დაბადებულის, თუ მონათლულის გრძნობა დამეუფლა. თავს უფრო ძლიერად და ოპტიმისტურად ვგრძნობ, თითქოს ვიღაცამ იმედის ნაპერწკალი ჩამისახა გულში. ყველანი შემაღლებულ ბორცვზე დგანან და მე მელოდებიან სურათების გადასაღებად. მეც შევუერთდი მათ, მარიამის გვერდით დავდექი და მოვემზადე სასურათედ. - მოგეწონა მარკო? - მარიამი მეკითხება. - შეგრძნება მაქვს, თითქოს ხელახლა დავიბადე, მარიამ. - ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა, კარგია. - კარგია რომ იცოდი, და კარგია რომ საერთოდ ხარ - ვეუბნები და პირდაპირ თვალებში ვუყურებ. პასუხს არ მცემს, თვალებს ხრის და ნაჩქარევად თმებს ისწორებს. შევამჩნიე, ასე მაშინ იქცევა, როდესაც ნერვიულობს. მეღიმება, მიხარია, რომ ასეთ გრძნობას მაინც ვიწვევ მასში. - ბიჭები ისეთი დაშოკილები არიან ხუმრობითაც ვეღარ ხუმრობენ მგონია - გადავუჩურჩულე ისევ, თან მის ყელთან ძალიან ახლოს მივიტანე სახე, შეკრთა თითქოს, ისევ მეღიმება, ისევ თმას ისწორებს. - კარგი გეყოფათ, ახლა თქვენც გადამიღეთ ერთი-ფილიპი როგორც იქნა მიხვდა, რომ ვინმესთვის მიეცა ფოტოაპარატი. - მე გადაგიღებთ - მარიამმა შესთავაზა და ბორცვიდან ჩასვლა დააპირა, რომ ფეხი რაღაცას წამოდო, გადავარდა და დაეცა. ეგრევე გადავხტი, ერთი დაიკვნესა - ვაი დედაო, ქართულად და იმწამსვე ხელში ავიტაცე და იქვე შემაღლებულ ადგილზე ნაზად დავსვი. ყველანი ეგრევე მოქანდნენ შეკითხვებით. - ფეხი ცუდად დავარტყი, კოჭთან მტკივა - ისეთი ხმით იძახის, აშკარად იმაზე მეტად სტკივა ვიდრე იმჩნევს. მე ხელით გავუსინჯე ის ადგილი, ოდნავ წამოიკივლა - მტკივაო და ხელი გამაშვებინა. აშკარად მოტეხილობა არ ჩანს, უფრო ნაღრძობია ან დაჭიმული ნერვი. - ნუ გეშინია, მე ჩაგიყვან. იმედია დილით ბევრი არ გიჭამია - თვალს ვუკრავ, ვცდილობ გავამხიარულო. - რას ამბობ, გადამივლის და მე თვითონ ჩამოვალ - უარობს მარიამი. - ან შევკრათ ტოტებისგან სკამის მსგავსი რამ, დავსვათ და ერთად ჩავიყვანოთ, რა პრობლემაა - გამომგონებელი მაიკლი წინადადებით შემოდის. მე საერთოდ არ მხიბლავს ეს აზრი, მირჩევნია მე მყავდეს მკერდთან მიხუტებული. რა შანსს მაკარგვინებს ეს ბიჭი, ვბრაზობ გულში. - არა, ასე უფრო უარესია. რა პრობლემაა, ამდენი წელი ტყუილად ხომ არ ვარჯიშობს კაცი, ოდესმე ხო უნდა გამოადგეს - საიდი ხვდება ჩემს აზრებს და ჩემს კანდიდატურას ეთანხმება, თან მაიკლს ორაზროვნად უყურებს. მე კი საიდს ისეთი თვალებით შევხედე მადლიერების ნიშნად, ბავშვობაში დედას რომ ვუყურებდი ნანატრ ტკბილეულს რომ გამომიჩენდა ხოლმე, რომელსაც სულ მიმალავდა, კბილები რომ არ გამფუჭებოდა. - ხო არ ჩაეფუშოს ეს კუნთები, ცოტა გაავარჯიშებს - ხვდება მაიკლიც, მაგრამ ხუმრობასაც არ იშლის. სალომეს ბიძაშვილებმა შემომთავაზეს თუ დაიღლები ჩაგენაცვლებითო, მეც დავეთანხმე, მიუხედავად იმისა, რომ არ ვაპირებ ვინმეს მივცე საშუალება ასე ახლოს ჰყავდეს მარიამი. გოგონები ძალიან შეწუხებულები არიან და დასტრიალებენ მეგობარს თავს. - კარგი დავეშვათ მაშინ - ვიძახი, მარიამს წელზე ხელს ვხვევ, ხელში ვიყვან და ფეხზე ვსწორდები. მთელ ტანში ჟრუანტელი მივლის, გული ისევ ხმაურიანად იწყებს კედლებზე ხეთქებას, სუნთქვა ისევ მიხშირდება და მისი მწველი სურნელი და სხეულის სითბო კი საერთოდ ჭკუა - გონებას მაკარგვინებს. ხელი აქვს მხარზე შემოხვეული და არაფრის დიდებით თვალებში არ მიყურებს. ვგრძნობ, რომ უხერხულადაა, მაგრამ გამოსავალი არ დავუტოვე და ვერსად გამექცევა. ისეთი ბედნიერი ვარ, ღიმილი მასკდება სახეზე, მაგრამ ვცდილობ თავი შევიკავო და არ შევიმჩნიო. საერთოდ ვერ ვგრძნობ მის სიმძიმეს, თითქოს ზრდასრული ადამიანის ნაცვლად ჩვილი ბავშვი მიმყავდეს. სერჟიო წინ მიდის და ხშირ-ხშირად ამომხედავს ხოლმე ორაზროვნად, ასევე ჩემი ბიჭებიც, მე არ ვიმჩნევ. არავინ და არაფერი არ მაღელვებს და მაინტერესებს ამ წამს, ჩემი ტკბილი „ტვირთის“ გარდა. მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობ, მალე არ ჩავიდეთ სახლამდე. - მარიამ, ხომ არ დაიღალე? - მე რა დამღლის მარკო, შენ დაიღლებოდი. ისე მერიდება რომ... - იმედია ხუმრობ, თუ არადა ჯობია აღარ გააგრძელო, - ვბრაზდები ასე უცხოსავით რომ მექცევა - მორიდება რა მოსატანია. ფეხი ხო არ გტკივა? - არა, თუ არ დავადგი მიწაზე რა მატკენს - ეღიმება და ჩემი საყვარელი ხვრელი აქტიურდება ტუჩის კუთხეში. ძალას ვიკრებ რომ გავუძლო ამ ცდუნებას და ღრმად ვსუნთქავ. - ულამაზესი ადგილი იყო, გაოცებული ვარ, რამხელა პოტენციალი ჰქონია ამ პატარ ქვეყანას და რა სანახაობები. - ჯერ სად ხარ, არაფერი გინახია. აუ იმედია ხვალ აღარ მეტკინება ფეხი, უშგულში უნდა წავიდეთ - ისეთი შეწუხებული სახე აქვს, მინდა ჩავკოცნო და მოვიყვნო ხასიათზე. - კარგად იქნები, თუ არადა დადაშთანაც მშვენივრად ვიქნებით, შენ მაგაზე არ იდარდო. - ისე ხო შეამჩნიე ორი მწვერვალი რომ აღმართულა ერთმანეთის პირდაპირ - გოროზი უშბა და ულამაზესი თეთნულდი. ლეგენდა არსებობს ძველებისგან გაგონილი მათზე. - მთელი გულისყურით მოვემზადე მოსასმენად. - უწინ, ერთ სვანურ სოფელში უცხოვრია ყმაწვილს შეხედულს, მამაცს და შეუპოვარს - უშბას. სალოცავში დაუნახავს იშვიათი სილამაზის ქალი სახელად თეთნულდი, რომელიც უმალ შეჰყვარებია. ქალიც არ დარჩენილა გულგრილი ტოლებისგან გამორჩეული ვაჟკაცის მიმართ და შევარდნია მასაც ვაჟზე გული. ვაჟი თურმე ღარიბი, მაგრამ სახელიანი ოჯახიდან ყოფილა, ხოლო ქალი მდიდრების შვილი გამოდგა. დაუწუნიათ ამის გამო ვაჟი. თეთნულდის შეძლებულზე მითხოვება განუზრახავს მის ოჯახს. უშბას მამას ვეღარ გაუძლია მისი თავმოყვარე ვაჟკაცის ასეთი გაწბილების შემყურეს, უშბასთვის ქორწილის შესახებ დაუმალავს და მთების იქით გაუგზავნია სხვა სოფელში საქმეზე. ქალს უშბას გარდა არავის გაგონება არ სდომებია. მაშინ მოუტყუებიათ იგი და უთქვამთ ვაჟის სხვის მიწა-წყალზე სიკვდილი. მაშინ გახელებულა ქალიშვილი, ღმერთისთვის შეუთხოვია მთად ქცევა მწუხარებისგან. - მთელი ცხოვრება ვიგლოვო ჩემს უშბას - და შეუსმენია უფალს მისი და ულამაზეს მწვერვალად უქცევია ქალი. უშბა რომ დაბრუნებულა, უნახავს მისი სატრფო კლდედ ქცეული და თვითონაც შეუთხოვია უფლისთვის მთად ქცევა, რომ მარად ემზირა მისი სათაყვანებელი გულისსწორისთვის. შეუსმენია უფალს და გადაქცეულა ისიც გოროზ მწვერვალად. უშბას ნახევარჯერ ღრუბლები უფარავს ლამაზ მწვერვალს, ეს თეთნულდის მწუხარება ყოფილა, მისი სიშორის დარდისგან გადმონაღვენთი ცრემლებით ავსებული. დაასრულა მარიამმა თხრობა და შევატყვე ცრემლი როგორ გადმოუგორდა თვალიდან, მაგრამ სახე უცებ გასწია, რომ დანახვა ვერ მომესწრო. გული შემეკუმშა. კარგა გვარიანად ჩამორჩენილები ვიყავით მეგობრებს, რადგან სვენებ-სვენებით მივდიოდით. გავჩერდი, მარიამი ქვაზე ფრთხილად დავსვი. ხმას არ იღებდა, გაკვირვებული სახით მიყურებდა. ძალიან ახლოს მივედი, დავიხარე და ცრემლის კვალი მოვწმინდე ღაწვიდან. შეკრთა, თავი ოდნავ უკან გასწია. მე გამეცინა მის სიფრთხილეზე, ძალიან მორიდებულია რაღაც. - როგორი გულჩვილი ყოფილხარ, მარიამ. - უბრალოდ, ძალიან დასანანია, როდესაც ასეთი სიყვარული განწირულია დასაბამიდანვე, -ამოიოხრა. - რატომ განწირული, ამაზე მეტი რა გინდა, დღე და ღამ ერთმანეთს შეჰყურებენ და მარადიულად ასე იქნებიან - მეღიმება ჩემს ინტერპრეტაციაზე, თან მარიამის ცრემლისგან დაცვარულ ღრმა და აზრიან თვალებში ვიყურები. - კი, მაგრამ პლატონური სიყვარულის არ მჯერა, არც შორით ბნედის და შორით დაწვის. ჩემი სიყვარული ჩემს გვერდით უნდა იყოს მუდამ. ეს ისე დამაჯერებლად წარმოთქვა, ისე წრფელად, რომ ცეცხლი მომეკიდა გულზე. - ასეც იქნება. შემომხედა გაკვირვებულმა ეს რომ ვუთხარი, მეც ვიგრძენი, რომ ზედმეტად თავდაჯერებული განაცხადი იყო ჩემი მხრიდან. - შენ ამას იმსახურებ, ისეთი ხარ - დავუმატე კიდეც ბოლოს. გაეცინა და აღარაფერი მიპასუხა. ისევ ხელში ავიყვანე ბავშვივით და მდუმარედ განვაგრძეთ გზა. ჩემს მკლავებში მისი სხეულის სითბო იღვრება და ჩემი სხეულიც ეწაფება მას და ისრუტავს, როგორც უკვდავების ელექსირს მომაკვდავი. მინდა გამოვხატო და ვაგრძნობინო ჩემი მდგომარეობა მთელს მსოფლიოს, გავუზიარო ბედნიერება სამყაროს, მაგრამ უფლება არ მაქვს. გოეთეს ცნობილი ფრაზა მახსენდება: „სიყვარულს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ მოვალეობას მასზე მეტი“. რაღა მეტი, ყველაფერი ძალუძს თურმე. შენი თავის და შენი არსებობის არსის დათმობა ძალუძს, შენი სამყაროს დანგრევა ძალუძს და სხვის სამყაროში ნაძალადევი სიცოცხლის უფლებასღა გიტოვებს თურმე. ოხ, ამ წამს მინდა რომ უბრალო გლეხის ბიჭი ვიყო, არ მიდა არც სიმდიდრე არც ძალაუფლება, ოჯახსაც კი დავთმობდი ამ წამს, მაგრამ თურმე „სიყვარულს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ მოვალეობას მასზე მეტი“. ამ ლეგენდაზე ფიქრები არ მანებებს თავს, განსაკუთრებით მენიშნა ცუდი დასასრული, გულის სიღრმეში წვა ვიგრძენი, ალბათ წარბებიც შევჭმუხნე ცუდი აზრების გამო, რაც მარიამს შეუმჩნეველი არ დარჩენია და მკითხა ხომ არ დაიღალეო. უარის ნიშნად თავი გავაქნიე, რადგან საუბარი არ მინდოდა, მეშინოდა რამე არაადეკვატური არ გამომეხატა ან კიდევ უარესი - მომემოქმედებინა. რამდენიმეჯერ მთხოვა დამესვა და კოჭლობით გააგრძელებდა გზას, მაგრამ რა თქმა უნდა არ დავუჯერე. დაღმართზე სამ საათში ჩამოვედით, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვჩერდებოდით მარიამის მოთხოვნით. ამ ლეგენდის მოსმენის შემდეგ ერთ-ორ სიტყვას თუ ვესროდით ერთმანეთს, დანარჩენი დრო მხოლოდ უხმოდ მომყავდა. ისიც ფიქრებს იყო მიცემული და მეც. უკვე გვარიანად ბნელა, ერთ კილომეტრამდე მანძილიღა იქნება დარჩენილი სახლამდე. მთვარეს მზისგან მონაპარი სხივით გაუნათებია ირგვლივ ყველაფერი, მნათობის ირგვლივ ვარსკვლავებიც ისე მჭიდროდ არიან მიჯრილი ერთმანეთთან, გეგონება ყელზე ბრილიანტის ყელსაბამი ჰკიდიაო. ოდნავ აგრილებულია, მეც და მარიამსაც თხელი ტანისამოსი გვაცვია ზაფხულის. მე რა შემაცივებს, სისხლი მიდუღს ძარღვებში და შფოთიანად მიდის-მოდის თავიდან ფეხებამდე. მარიამი კი შეწუხებული სახით მიყურებს, აშკარად ედარდება მისი ხელით ტარება რომ მიწევს. ვატყობ, თითქოს აჟრიალებს, სცივა ალბათ. მე უფრო მჭიდროდ ვიხუტებ მის გაგრილებულ, მთრთოლვარე სხეულს, ბედნიერებისგან ლამის გული ამომივარდეს ბუდიდან. ვერ გადმოვცემ ალბათ იმ ნეტარებას და უსაზღვრო სიხარულს, რასაც მისი სიახლოვით ჩემი სული განიცდის. მინდა ეს წუთები დაუსრულებლად გაგრძელდეს, მინდა მარიამი ჩემი მკლავებიდან არასდროს გავუშვა და მზად ვარ ასე ხელით ვატარო მუდამ, მაგრამ რემარკი ამბობდა: „ადამიანი ძლიერია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორცილებაში“, ვეთანხმები ნამდვილად. სიტყვით ოქროს სასახლეებს ააგებ, ცხრა მთას ფეხით გადაივლი და უკვდავების წყაროს მოძებნი, მაგრამ აი საქმეზე რომ მიდგება ჯერი... დიად საქმეებს, მხოლოდ დიადი ადამიანები სჩადიან, ეს უდავო ჭეშმარიტებაც სადღაც მაქვს მოსმენილი ან წაკითხული, ვერ ვიხსენებ სად, მაგრამ სრულიად ვეთანხმები. დადაში და დალი შეშფოთებული სახით გვეგებებიან, მარიამს დასტრიალებენ თავს, ათას რამეს ეკითხებიან, ეშინიათ რამე სერიოზული არ იყოს. ცოტა ხანში ექიმიც მოჰყვავთ და სანამ არ რწმუნდებიან, რომ მოტეხილობის მსგავსი არაფერი სჭირს, ვერ ისვენებენ. ნამდვილი მშობლებივით არიან მისთვის, შვილისგან არ ანსხვავებენ არაფრით. ჩვენ გვთხოვეს მოვწესრიგებულიყავით და ვახშამზე 15 წუთში გამოვცხადებულიყავით. წავედი ჩემს ოთახში, ბიჭები ფეხდაფეხ მომყვნენ და ხმაურიანად შემოლაგდნენ მთელი კომპლექტით ჩემთან. - აუ ამიგო, შენ ჯანი გქონიააა, ჰერკულესი გასკდებოდა ბოღმისგან რომ ენახე - თითქმის შემოსვლისთანავე მაჯახა მაიკლმა. - ხო რა გავაკეთე ახლა ისეთი, შენ ენა კი გაქვს ალესილი ნაჯახივით, შენი ყველაზე ძლიერი კუნთიც ეგ ყოფილა, რაც შენ მთელი გზა ენა არ გაგიჩერებია, კიდევ რომ ატრიალებ პირში ჩემი კუნთების რა გიკვირს. - ამიგო, გესწავლა მერე და გექნებოდა შენც ალესილი, არ იქნებოდი მხოლოდ მკლავის კუნთზე დამოკიდებული-მაინც არ ნებდება მაიკლი. -შენც ახლა ბერნარდ შოუ არ იყო რა, გამომივიდა სწავლული აქ- ფილიპმაც არ დააკლო. -ამიგოს, შევეშვათ კუნთებზე ყურებას და მთავარზე გადავიდეთ-საიდი იძახის- მარკო, შენ მართლა სერიოზული გჭირს რამე? ძმები ვართ და ნუ დაგვიმალავ. -რა უნდა მჭირდეს საიდ, ყოველ შემთხვევაში გადამდები არაფერია, ნუ ნერვიულობთ-ვცდილობ თემას გვერდი ავუარო და არასერიოზული პასუხებით მოვიშორო ეს კითხვები. -მარკო, მართლა გეკითხებით-სერჟიო მისერიოზულებს-გიცნობ, ამიგო ,ბავშვობიდან. არავის მიმართ ასეთი არ ყოფილხარ და რა ხდება? თან მარიაც.. მარიას ხსენებაზე წინადადებას აღარ ვამთავრებინებ და ფეხზე ვხტები გაშმაგებული. - ჩემს საქმეში ნუ ერევით, არაფერი არ ხდება, ან რა უნდა ხდებოდეს. - ეე, ამიგო, აბა მოეგე გონს ცოტა, ჭორიკანა ქალებივით ნუ გამოგყავართ. ვიცით შენი მდგომარეობა, შენი პირობა და კარგად ვხედავთ შენს ახლანდელ ყოფასაც და ტანჯვას- ასეთი ფილიპი პირველად ვნახე, მკაცრი და სერიოზული - ჩვენ მეგობრები ვართ და შენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ. სიმართლე თუ გინდა ყველა ფეხებზე , შენ იყავი მთავარია კარად, ამიგო! მე ვხვდები, რომ არასწორად ვიქცევი, მათ ასეთ გაუგებრობაში რომ ვამყოფებ, მაგრამ რა გავუმხილო, რასაც ჩემს თავსაც ვუმალავ? - ძმებო, მადლობა, მაგრამ... სულ რომ გული აღარ იყოს საგულეში, სული არ იყოს სხეულში, გონება მიფრინავდეს სადღაც ცაში და მტოვებდეს, სიგიჟე მეუფლებოდეს და სიშმაგე მაცოფებდეს გრძნობებისგან, თქვენ არ უნდა დაუშვათ დაუშვებელი! გთხოვთ, არ მომცეთ უფლება ჩემს თავს არ ვეკუთვნოდე და შეუფერებელი საქციელი ჩავიდინო, ჩემი პირობა დავარღვიო, ოჯახი გადავიმტერო და ბოლოს ბოლოჯიოს არასაკადრისი ცხოვრებით ვიცხოვრო! ძმებო, ცხოვრება წარმავალია და არ მინდა წუთიერი ბედნიერებისთვის მარადიული ვაჟკაცობის და სახელის შეწირვა! - ვჩუმდები და თავდახრილი ვაგრძელებ, ვგრძნობ ოთხი წყვილი თვალი როგორ სევდიანად შემომცქერის - სწორედ ასეთია ეს მუხთალი კუპიდონი, ასეთია მისი მზაკვარი ჩანაფიქრი, ამიტომ გჭრის შიგ გულში ზუსტადაც და თან დაგცინის, რომ ან ეს ამხელა გრძნობა დათმო, ან შენი კაცური სიტყვა და ორივე შემთხვევაში დამარცხებული გამოდიხარ მასთან ჭიდილში და ის გამარჯვებული. ასეთი ყოფილა ნამდვილი სიყვარულის ფასი! - ვერ დაგეთანხმები, ძმაო, ვერა! მე ინგა ძალიან მომწონს, მიყვარს კიდეც, ასე არავინ მომწონებია არასდროს! - და უცებ საიდმა მაიკლს გადახედა მრისხანე თვალებით - ამ თემაზე არ გაბედო იცოდე გახუმრება! - მერე ისევ შემომიტრიალდა და გააგრძელა - არ უთქვამს, მაგრამ ვატყობ, რომ არც თვითონაა გულგრილი. ასეთი სუფთა, წესიერი, ლამაზი და მხიარული გოგო ჯერ არსად შემხვედრია. შეიძლება არც არაფერი გამოვიდეს ამ ურთიერთობიდან, მაგრამ მე ჩემსას მაინც ვცდი და ვცდი ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის უფრო დიდი ბარიერია აღმართული, თითქმის კლდეა! მე ისლამის მიმდევარი ვარ, ის ქრისტეს რწმენის, მე არაბი ვარ სულ სხვა სამყაროდან, ის ქართველია, რომლის მიწა-წყალი ჩემს წინაპარს 400 წელი ჰქონდა დაპყრობილი! მაგრამ მე არ ვაპირებ დანებებას, ვიცი მამაჩემის წინააღმდეგობის შესახებაც, რომ გაიგებს ალბათ ყველაფერს გააკეთებს ამ კავშირის არშედგომისთვის, მაგრამ მაინც. არ მინდა ერთ დილას მოხუცებულმა გავიღვიძო და გავიფიქრო, რომ არც კი ვცადე შებრძოლება, ისე დავთმე სიყვარული და ცხოვრება უაზროდ გავატარე. ყველას აქვს თავისი წილი ბედნიერების უფლება, შენც გაქვს, მარკო! ამიტომ რა ვქნა, არ გეთანხმები, ამიგო. - მართალია, ძმაო, საიდი, - სერჟიომაც დაამატა - ბიძია რობერტო გაგიგებს, დარწმუნებული ვარ გაგიგებს. შეიძლება მეკავშირე ლომბარდოები დაკარგოთ, მაგრამ სხვას შეიძენთ. მაგასაც მოვაგვარებთ. - შენც არ გესმის სერჟიო? - მთელი სერიოზულობით გავხედე და თვალი თვალს გავუსწორე. - მესმის, ძმაო, მესმის. მაგრამ... - მაგრამ არ არსებობს. კარგი დავანებოთ ამ საუბარს თავი და გავიდეთ, გველოდებიან სირცხვილია და ნუ ჩამოგტირით სახეები. შენ კი საიდ, მართლა წარმატებას გისურვებ, ამიგო, ძალიან დაგჭიდება ვიცი. გავედით და გარეთ დაგვხვდა ყველა უკვე. ნათესავებიც მოსულან, სადღაც ოც კაცამდეა შეგროვილი. იქვე მაგიდასთან ახლოს კოცონია დანთებული და გოჭი იწვის ზედ რკინის სადგომზე. საამო სუნი ტრიალებს, მუცელი ღმუის, ახლა მარტო ვიგრძენი შიმშილი. ირგვლივ ყველას ვათვალიერებ, მარიამის ამოცნობის იმედით, მაგრამ არ ჩანს არსად. გოგოები დავინახე, სალომესთან მივედი და ვკითხე მასზე, ისვენებსო მიპასუხა, ფეხი სტკიოდა და ცოტა ხანში გამოვაო. დავმშვიდდი და ბიჭებს შევერიე ისევ. დადაში სუფრის თავში დაჯდა და ჩვენც გვერდით მოგვისხა. თაშმჯაბი მომწონს განსაკუთრებით ამ კერძებდან, შემწვარი ყველი რომ იწელება და ჩანგალზე იტალიური პასტის მსგავსად ეხვევა, ასევე მომწონს კუბდარი, ეს დაჭრილი ხორცის და ცომის ასეთი გემრიელი ნაზავი. დადაშმა ახლა პანტა მსხლისგან გამოხდილი არაყი გაგვასინჯა, არომატმა გამაბრუა, ძალიან მომწონს ესეც და ამ დაღლილ გონებაზე ვეძალები. - დადაშ ბატონო, ასეთი გემრიელი არაყი არსად დამილევია, ეს არომატიც მხიბლავს, ოქროს ხელები გაქვთ, ოქროსი. - მიხარია, შვილო, მაგრამ მარიამის მამა გაცილებით უკეთესს ხდიდა. მასთან რომ ჩავდიოდით გაგრაში, იქ ხო გვასმევდა და გვასმევდა, იქიდანაც გვატანდა მრავლად. ჩვენ ჯარის შემდეგ ვმეგობრობდით, საერთო სამეგობრო წრე გვყავდა, ცხრა ბიჭი მოვდიოდით ერთად, ლხინის სუფრა არ იშლებოდა უერთმანეთოდ არცერთის სახლში; - ღრმად ამოიოხრა მოგონებებში ჩაძირულმა, გულ-მუცელი ამოაყოლა - ამ ცხრა კაციდან ორსღა გვიდგას სული, დანარჩენები იქ დავტოვე, იქ, ჩვენს ტკივილიან მიწაზე - აფხაზეთში - ისევ ამოიხრა, შევატყვე, რომ თვალზე ცრემლი მოერია - ერთიმეორეზე უკეთესი ვაჟკაცი იყო ყველა, მაგრამ თარაში მაინც გამოირჩეოდა ჩვენში, ძლიერი სულიერებით და ფიზიკური აღნაგობითაც. მარიამი წააგავს მამას, მაგრამ დედის იერსახე მეტად აქვს. საწყალი ნინო, ულამაზესი, უსათნოესი, ქართველი ქალის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში. კარგი დედა, კარგი მეუღლე, კარგი მეგობარი. მარიამი ხუთ წლამდე მიიყვანა და მეექვსე წელში რომ იყო ბავშვი, გარდაიცვალა მაშინ. მახსოვს როგორ არ ეთმობოდა სიცოცხლე, მიუხედავად იმისა, რომ თავის სულზე უტკბეს თარაშთან მიდიოდა. არ ეთმობოდა შვილი, ბოლო ამოსუნთქვამდე მის სახელს იძახდა და მას იხუტებდა გულში. აგონიაშიც კი მას არიგებდა, უხსნიდა ავს და კარგს, ასწავლიდა მოყვასის სიყვარულს, ადამიანის შებრალებას, უპოვარის დახმარებას. ეჰ, ჩემო რძალო, რა ადრე დაგვტოვე, რა ადრე წახვედი შენს თარაშთან. ჩემი დალი და ნინო ძალიან მეგობრობდნენ და დალი დღემდე ჩუმჩუმად ტირის მის გახსენებაზე. - ამ დროს გაჩუმდა და თავი ჩაქინდრა. დავინახე როგორ გადმოუვარდა ობოლი ცრემლი. მდუმარედ გავჩერდით ცოტა ხანს, მერე გარდაცვლილების სადღეგრძელო შესვა თარაშმა და ჩვენც ყველამ, მას მერე უცებ სიცოცხლის სადღეგრძელო მიაყოლეს, სიკვდილზე დიდხანს გაჩერება არ შეიძლებაო. - დადაშ ბატონო, ვიცი რომ თქვენთვის უმძიმესი თემაა, მაგრამ მაინტერესებს რამ გამოწვია საერთოდ აფხაზებთან ასეთი დაპირისპირება. ინტერნეტში კი მოვიძიე რაღაც მასალები, მაგრამ თქვენზე კარგად ეს ვის ეცოდინება. - მოგიყვები, შვილო, ყველაფერს მოგიყვები - ჭიქა გაივსო და მეც შემივსო. - სიმართლე თუ გაინეტერესებს, ეს ჩვენსა და აფხაზებს შორის ჩამოგდებული შუღლი ხელოვნურია და ამის მიზეზები მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი, ამიტომ ჰქვია ოკუპირებული ტერიტრიები და ოკუპანტი ვინცაა ამას არ უნდა ბევრი სჯა-ბაასი. - აფხაზეთის მიწა ანტიკური ხანიდანვე საქართველოს შემადგენლობაშია, ჩვენს წელთაღრიცხვამდე კოლხეთის სამეფოში შედიოდა, ხოლო შემდეგ ლაზთა სამეფოში, რომელიც ასევე საქართველოა და სხვა მიწებსაც მოიცავს. შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვის შუა ხანებში კი უკვე აფხაზეთის სამთავროდ ჩამოყალიბდა, რომელმაც მთელი დასავლეთ საქართველო გააერთიანა. თვითონ აფხაზების წარმოშობაზე კი სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა ვარაუდებს იძლევა. ერთ-ერთი ვარაუდით ისინი ისეთივე ქართველურ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ, როგორც კოლხეთში მცხოვრები სხვა ხალხები ეგრები, სვანები. ხოლო არსებობს ვარაუდი ასევე მათი ადიღე-ჩერქეზული ტომის კუთვნილებისა. ყოველ შემთხვევაში ისინი სხვა ეთნიკურ ქართულ ჯგუფებთან ერთად მშვიდობიანად ცხოვრობდნენ რამდენიმე ათასწლეულის ან შეიძლება მეტის განმავლობაში. ვაჟკაცური და პრინციპული ხალხია, სიტყვის მთქმელი და შემსრულებელიც. ბევრი შერეული ოჯახი იყო და არის დღესაც იქ. მეგრელი და აფხაზის, აფხაზის და სვანის და ასე შემდეგ. ომამდე კარგა ხნით ადრე დაიწყეს შუღლის და მტრობის თესვა მესამეულმა ძალებმა ჩვენსა და ეთნიკურად აფხაზებს შორის, მაგრამ ზოგი წამოეგო ამ ხაფანგს და ზოგი არა. ბევრი აფხაზი მეგობარი მყავდა და მყავს კიდეც გადარჩენილებს შორის, ისეთი ვისაც საღი აზრი ბოლომდე არ დაუკარგავს და ამ ძმათა შორის სისხლისღვრაში ხელი არ გაუსვრია. ერთ ფაქტს მოგიყვები, ჩვენი ბრძოლებიდან. მე 92-შიც იქ ვიყავი, ერთად ვიბრძოდით ბიჭები მხარდამხარ. მახსოვს სექტემბერში გაგრაში 3000-მდე შენაერთი იყო თავმოყრილი და მათ შორის ჩვენც ვიყავით თარაშის ბატალიონში. დისციპლინა საერთოდ არ არსებობდა ამდენ სხვადასხვა შენაერთში, ჩვენ კი რამდენს გავხდებოდით. პირველ ოქტომბერს შემოგვიტიეს გაგრაში სისხლისმსმელებმა. ძირითადად დაქირავებული არმია იყო, ჩვენს კოალიციურზე ერთი-ორად გაწვრთნილი და გამოცდილი, ბასაევის მეთაურობით. თავგანწირული ვიბრძოდით, მაგრამ სტრატეგიულად ხელადვე დავკარგეთ კოლხიდა და მეორე დღეს გაგრაც. სხვა ათასი მიზეზი იყო კიდევ. სამი ძმადნაფიცი რვიდან იქ დაეცა. არ დავტოვეთ, სულ მხრებით ვათრიეთ და სოხუმში გავმაგრდით საბოლოოდ, სადაც ის ბიჭებიც დავასაფლავეთ. ჩვენ რამდენიმე დაჯგუფება ისევ მივბრუნდით და გაგრიდან მოყოლებული გუდაუთის ჩათვლით მალულად თავს ვესხმოდით მოწინააღმდეგე მხარეს და კარგ დანაკლისსაც ვაჩვენებდით. თვალებიდან არ ამომდის მათი სისასტიკე, როდესაც მთელს გაგრაში მოფენილი მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის გვამები ვნახეთ, ქალების, ბავშვების, მოხუცების, დასახიჩრებულები და ყვავების საძიძგნად დატოვებულები. ეს დაქირავებულები ნადირებივით იქცეოდნენ, რადგან ხომ იცი შვილო, ძუ მგელს როცა მოშივდება, არ დაეძებს მტყუან-მართლის გარჩევას და იბრძვის ბოლომდე საკუთარი და შვილების გამოკვებისთვის! გადარჩენის ინსტიქტი ნადირზე გაცილებით ძლიერი აქვს ადამიანს და გაცილებით სასტიკია იგი ამ დროს! მახსოვს სამალავიდან, რომელიც ჩვენი აფხაზი მეგობრის სახლის სხვენი იყო, დავინახე ერთ-ერთი ასეთი ნადირი აბუჩად როგორ იგდებდა ბავშვის გვამს, ფეხს ურტყამდა, რომ მაინცდამაინც იმ გზაზე გაეარა. ღამეშიც კი ანათებდა მისი სისხლის წყურვილისგან ჩვენი თვალების ელვარება, მე გავიქაჩე მახსოვს, იარაღი მოვიმარჯვე, მაგრამ თარაშმა შემაჩერა: - ძმაო, შენი ასე სიკვდილი მათ გაახარებს და ერთი მებრძოლით ნაკლები გვეყოლება გადამწყვეტ ბრძოლაში. არ გინდა, სისხლი არ დარჩებათ ძარღვებში, შურს ვიძიებთ! მივხვდი, რომ მათაც უაზრო საფრთხის წინაშე ვაყენებდი და მის ნებას დავყევი, მაგრამ კბილების ხრჭიალი კი ყრუდ მესმოდა მისი მაინც, ამ სანახაობაზე გაშმაგებული რომ უჭერდა ერთმანეთს. კარგად რომ დაბნელდა, გავედით ჩვენი აფხაზი მეგობრებიანად და ცეცხლი გავუჩინეთ შენაერთს, რომელსაც ჩვენი იარაღი ჰქონდა ვიცოდით, მითვისებული. სამალავი აღმოგვიჩინეს და დაგვიშინეს ტყვიები, ორი ძმა იქაც დავკარგე. მხარზე მოვიგდეთ და გამოვედით სამალავიდან, უკან დავიხიეთ, მაგრამ უკნიდანაც გვესროდნენ და მხარსა და ბარძაყში დამჭრეს. მთელმა ბავშვობამ და ახლგაზრდობამ გამირბინა თვალწინ, მაგრამ სიკვდილის არ მეშინოდა, არა! პირიქით მეამაყებოდა სამშობლოსთვის სიკვდილი, მაგრამ აი ტყვედ ჩავარდნას კი ასჯერ სიკვდილი მერჩივნა, ამის კი მართლა მეშინოდა. რომ წარმოვიდგენდი ამ ძაღლების დამცინავ სახეს ჩემს თავზე, უმალ ყელის გამოღადვრა მერჩივნა, ვიდრე ამ დამცირების ატანა. ყველა დაჭრილი იყო, თარაშიც მსუბუქად მხარში. წინ მიგვიძღვოდა, რომ დამინახა დავარდნილი, მობრუნდა და მობრუნდა აფხაზი შალვაც. ხელით ვანიშნებდი წადი, აქ დამტოვე თქო, მაგრამ მაინც მოირბინა, ჩემი სიმაღლის კაცის მხარზე მოგდება რა იქნება ხომ წარმოგიდგენია და თან მტკივან, დაჭრილ მხარზე. ეს უკვე მესამედ იხსნა ამ ლომმა ჩემი სიცოცხლე. მივღოღავთ და შალვა უკნიდან გვიფარავდა, ისვროდა მტრის მიმართულებით. თითქმის გავედით სამშვიდობოს, რომ საიდანღაც ვიღაცა სამი ჯარისკაცი რუსული სამხედრო ფორმით გადმოხტა და თარაშს ესროლა ერთმა. სანამ ჩვენ გონზე მოვედით, თანაც მე სისხლისგან ვიცლებოდი და ძალაც აღარ მქონდა, ჩვენი შალვა გადაუგა წინ და მკერდით დაიფარა თარაში, ამასობაში ბიჭებმა იმარჯვეს და მათი ლიკვიდაცია მოახდინეს, მაგრამ შალვას ჩაცხრილულ სხეულს უკვე აღარაფერი ეშველებოდა. ოთხნიღა დავრჩით, ყველანი დაჭრილები და ვეღარ ვათრევდით ზურგით ძმების სხეულებს. ვისაც ოდნავ მკავში ძალა ჰქონდა შერჩენილი იმათ იქვე დამარხეს ჩვენი ძმების სხეულები და საფლავი დაინიშნეს, რომ მერე მოვბრუნებულიყავით და წაგვესვენებინა. ოთხმაღა მოვახერხეთ და ბანაკში დავბრუნდით, მაგრამ სამ დღეში ისევ დავუბრუნდით ბრძოლის ველს. რა გამაჩერებდა, თუნდაც ორივე ხელი და ფეხი დაებათ, ვერ გამაჩერებდნენ იქ მწოლიარეს. მას შემდეგ ორი წელი არ გამიგდია იარაღი ხელიდან, არც თარაშს. - შეჩერდა ეს მამაცი კაცი, სასმისში დასხმული სითხე ერთი მოსმით გამოცალა და ისევ გააგრძელა თხრობა. - უკვე 1993 წლის ოქტომბერი იყო, ერთ ქართულ-აფხაზურ სოფელთან ვიყავით ოცამდე დაბანაკებულნი, ინფორმაცია გვქონდა, რომ მტრის სამხედრო მანქანებს უნდა გამოევლოთ და ჩასაფრებულები ველოდებოდით, რომ ბავშვის განწირული ტირილის ხმა შემოგვესმა. ძალიან ახლოდან ისმოდა, თარაშმა ხელით გვანიშნა ოთხნი გამომყევითო და ხუთი კაცი გავემართეთ ხმის მიმართულებით. საზარელი სურათი დავინახეთ, ერთ სოფლის სახლში ათიოდე ჯარისკაცი იყო ეზოში გამოსული, ერთს პატარა ექვსი-შვიდი წლის ბავშისთვის ყელზე გრძელი თოკი ჰქონდა მობმული და ოთხ ფეხზე სიარულს აიძულებდა, თან ფეხით ზურგზე აწვებოდა, რომ თავი მაღლა არ აეწია. ბავში განწირული ტიროდა, ხოლო იქვე ხეზე ქალი ჰყავდათ მიბმული, ნახევრად შიშველი, ჩამოხეული ტანსაცმლით, რომელიც აშკარად გულწასული იყო. ომი იყო, ყველაფერი მქონდა ნანახი, მაგრამ ამ სურათმა ძარღვებში სისხლი გამიყინა, საღი აზრი დამაკარგვინა, გაშმაგებისგან თვალზე ბინდი გადამეფარა და ერთი რამ მამოძრავებდა მხოლოდ, მათი მოკვეთილი თავების დანახვის სურვილი. მახსოვს ავტომატიც კი გადავიკიდე და ჩემი სვანური სანადირო დანა მოვიმარჯვე, ტყვიით სწრაფი სიკვდილი ისე დამენანა მათთვის, როგორც მევახშეს ფულის გაჩუქება ენანება. თარაშს გავხედე და ფერი არ ედო სიბრაზისგან, კისრის ძარღვი ისეთი დაჭიმული ჰქონდა, ცოტაც და გასკდებოდა მეგონა. თვალებით გვანიშნა, შემოვუაროთო სახლსო, არ გვინდოდა ქალი და ბავშვი დაშავებულიყვნენ და ამიტომ ჩუმად უნდა მივპარებოდით. როგორც იქნა ჩუმად მივეპარეთ და თავს დავესხით. პირველად, გარეთ ვინც იყო იმათი ლიკვიდირება მოვახდინეთ, ხოლო მერე ნაწილი შიგნითაც შეცვივდა. ბავშვის განწირული ყვირილი მახსოვს, ალბათ აღარც ეგონა თუ გადარჩებოდა. ხელში ავიტაცე, მერე ქალთან მივირბინე, გავუხსენი თოკები, ჩემი ქურთუკი მოვაცვი და მოშორებით ბუჩქებში ჩავმალე და მოვბრუნდი. ის ცხოველი, რომელსაც ბავშვი თოკით ეჭირა და კიდევ სამი ცოცხლები იყვნენ, მე ვერ მოვითმინე და თარაშს ვთხოვე ეს დამითმე თქო, მიხვდა რომ ეს ცხოველზე უარესი რომ არ გამომესალმებინა სიცოცხლეს, მოსვენებას კარგა ხანს ვერ ვიპოვიდი და თავი დამიქნია. სანადირო დანით გამოვჭერი ყელი, ისე რომ ხელი არც ამკანკალებია. უცებ, გასროლის ხმა გაისმა და დავინახე ძირს დავარდნილმა ჯარისკაცმა, რომელიც მკვდარი გვეგონა, როგორ ესროლა შიგ გულში თარაშს. თვალთ დამიბნელდა და მივვარდი ეგრევე. ჩემს მუხლებზე ჩაიკეცა ვაჟკაცი - ერთი ის მითხრა - ნინოს და მარიამს შენ გაბარებო, მერე შემომღიმა და ღიმილით წავიდა ამ ქვეყნიდან ეს სახელოვანი ლომგული, ტანჯული საქართველოს უერთგულესი შვილი. სამჯერ მიხსნა ტყვიისგან, სამჯერ მიხსნა სიკვდილისგან, მე კი ერთხელაც ვერ გამოვწიწკნე მუხთალ სიკვდილს კლანჭებიდან, ვერა - ამოიგმინა, არაყი გადახუხა და თავი საცოდავად ჩაქინდრა ვაჟკაცმა. - დადაშ ბატონო, ბედისწერას შენ ვერ შეცვლიდი, ტყუილად ნუ იდანაშაულებ თავს, არ მოეწონებოდა თარაშს ეგ - ვამშვიდებ და გულში კი ქარიშხალი მიტრიალებს. თურმე სულ რაღაც 20 წლის წინ როგორი შავი ღრუბელი მოჰფენია საქართველოს და დღემდე ვერ გადაუღია საბოლოოდ და ვერ გადაწმენდილა ცა ისევ ლურჯად. როგორი სევდის მატარებელი ყოფილა მარიამის გული და მაინც რამდენად სუფთა და წრფელია მისი ხასიათი. - იმ ბავშვს და ქალს რა ბედი ეწია დადაშ ბატონო? - ის ბავშვი ახლა სასახელო ვაჟკაცია, ოლიმპიური ჩემპიონია. მე და ჩემმა მეგობარმა, რომ გითხარი, ორნიღა გადავრჩით თქო, ჩამოვიყვანეთ აქ სვანეთში და ჩემი ბიძაშვილების ოჯახში გავზარდეთ. შვილი არ ჰყავდათ და დაჩი გაზარდეს შვილად. სხვათაშორის რუსი ფალავანი დაამარცხა თავისუფალ ჭიდაობაში წელს ორთაბრძოლაში. დედამისი კი, მალევე გარდაიცვალა, ვერ გაუძლო ამდენ ტკივილს, დარდს და შეურაცყოფას რაც ომში ნახა და გადახდა. - ისევ სევდის მორევმა ჩაითრია სახელოვანი დადაში- ჩემი თარაში და ჩემი ბიჭები შარშან გადმოვასვენეთ ძმათა სასაფლაოზე აფხაზეთიდან. მისი დასატირებელი საფლავი მაინც გვაქვს ახლა ჩვენ და მარიამს. - დადაშ ბატონო, თარაში და სხვებიც ვაჟკაცებისთვის ნანატრი სიკვდილით მოკვდნენ, ვიცი ოჯახისთვის რა ძნელია წევრის დაკარგვა, მაგრამ ასეთი ადამიანების სახელებს ისტორია შემოინახავს და შთამომავლობას კელაპტრად და ლაპრად წარუძღვება წინ. - მეც ჩრდილოეთ ირლანდიიდან ვარ წარმოშობით, ბატონო დადაშ! - დაიწყო მაიკლმა - ჩემთვის ძალიან კარგად არის ნაცნობი ეს თემა. ჩვენც ხომ საუკუნეების განმავლობაში ირლანდიის ნაწილი ვიყავით, ახლა კი... ჩემს გვარს მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში. მე ამერიკაში გავიზარდე, მაგრამ მამაჩემის ბაბუა ერთ-ერთი იყო იმ კათოლიკეთაგანი, რომელიც დიდ ბრიტანეთთან კავშირს კატეგორიულად უარყოფდა და ირლანდიის შემადგენლობაში დარჩენას ითხოვდა თანამზრახველებთან ერთად. ასე, რომ ჩვენ კარგად ვიცით სამოქალაქო ომის ფასი და ეს სავალალო შედეგების სიმწვავეც. მამაჩემი დღესასწაულებზე დღემდე სულ კილტით დადის და მეც მაიძულებს, მაგრამ მე ვერ ვგუობ რაღაც. - კი, შვილო, კი ჩემო ვაჟკაცებო, კი - ხელი გადაგვხვია ორივეს ამ მართლაც უიშვიათესმა კაცმა, რომელიც ოდესმე მცნობია და გულში ჩაგვიკრა მამა-შვილურად. ისეთი შეგრძნება მაქვს ამ წუთას, თითქოს მეც განვიცადე ყოველივე მოთხრობილი და მეც აქაურად ვიგრძენი თითქოს თავი. - აუფ, ერთი შენი თავი დამანახა კაბაში, და მერე თუნდაც მომკლა - საიდმა უცებ დაიჭირა სათავისო სიტყვები, ჩვენ ვკვდებით სიცილით. - ვერ ეღირსები, მაგრამ შენ გიკვირს კაბა? მე მოკლე მაინც მეცმევა და შენ კიდევ გრძელი ფაშფაშა. გეგონება თქვენ გაქვთ უკეთესი ფორმა. ან თავზე ბუდეს მაინც არ ვიხურავთ ჩვენ თქვენსავით. - აუ მუცელი მიჭირავს ხელით ისეთს ვიცინივარ ამ შედარებაზე. - მაიკი, ისე კაი შესაბმელი ბიჭი კი იქნები კაბაში ჰააა - ფილიპიც აჰყვა მხიარულებას. - ვაიმე ბაფთებიანი ელასტიკები მაინც არ გვაცვია რა, ფრანგები რომ ხმას ამოიღებთ თუ ძმა ხარ - ვხოხავთ სიცილით. - ისე ერთი ნაციონალური სამოსით უნდა გავიჩითოთ ერთად სადმე, ნამდვილი მასკარადი იქნება - მეც შემომაქვს წინადადება. - არაა პრობლემა, ამიგო, შენს ქორწილში მოვალთ ასე - მაიკლმაც არც აცია არც აცხელა და დააბრეხვა ეგრევე. - არ დამიპატიჟიხართ და ეგაა - მეც სიცილით ვპასუხობ. - მარია ბიცოლა ამათ გამოტოვეებს, შენ უფრო დაგტოვებს უცოლოდ, ვიდრე ამათ შენს ქორწილში მოუსვლელებს - სერჟიო სიცილით იძახის. - ნეტა ასე იყოს - ისე სერიოზულად ამოვთქვი, ყველამ ერთად შემომხედა, წამში ღიმილი შეეყინათ სახეზე. სმა გავაგრძელეთ, მე და მაიკლი მაქსიმალურად ვცდილობთ დადაში გავამხიარულოთ და აღარ დავაბრუნოთ მისთვის მტკივნეულ წარსულში.ჩვენ უკვე კარგა გვარიანად ბახუსი გვაქვს მოკიდებული. სვან ბიჭებს ვესაუბრებით აღფრთოვანებულები დღევანდელ შთაბეჭდილებებზე. ვაღიარებ, რომ არ მოველოდი ასე მასიურად, თანაც სოფელში ამდენს თუ ეცოდინებოდა ინგლისური ენა. ზოგი გერმანულადაც საუბრობს, აქ სკოლაში უსწავლებიათ თურმე. ძალიან გულღია და მხიარულები ჩანან გაცნობის შემდეგ, თავიდან უფრო პირქუშნი მომეჩვენენ მახსოვს. აქაური გოგოები დიდად არც გვეკარებიან, მაინც ერიდებათ ალბათ უცხოელები რომ ვართ, ჩვენი გოგოები აშკარად უფრო თავისუფალი და თამამები არიან იტალიაში. ჩვენ სუფრიდანაც წამოვიშალეთ და ზოგი აღმოსავლურ ნარდს შეექცა, ზოგმა საუბარი გავაგრძელეთ და ზოგი კი გიტარით მჯდომ ბიჭებს შემოსხდომოდა ირგვლივ და ტკბილი, ხმოვანი ქართული ჰანგების მოსმენით ტკბებოდა. მე, ჩემი ბიჭები და სალომეს რამდენიმე ბიძაშვილი სვანეთის შესახებ სხვადასხვა თემების საუბარს შევყევით. - აქ დიდ პოტენციალს ვხედავთ ნამდვილად, ირლანდიაც ძალიან ლამაზია, ჩვენი სამშობლო, მაგრამ ეს ადგილი კიდევ უფრო განსხვავებულია. მეტი ინვესტიციები გინდათ და აქაურობა გაივსება ტურისტებით - ამბობს მაიკლი. - ისედაც არ გვაკლია, ძმაო. ხვალ რომ წახვალთ მესტიაში და უშგულში, ნახავთ თვითონ. ადგილი არ არის სასტუმროებში, მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომაა უკვე-ლერი იძახის მარიამის და სალომეს ბიძაშვილი. - საინტერესოა ნამდვილად, ღირს აქ ინვესტირება, ისე სანამ წამოვიდოდი წავიკითხე, რომ უსაფრთხო ქვეყნების სიის ხუთეულშია, ასე რომ მართლა ღირს - ჩაფიქრებული სახით ამბობს საიდიც, აშკარად ამ აზრმა მოხიბლა. - კი, მართლა ასეა. ბუნებაზე მეტად კიდევ ჩვენი ძირძველი ტრადიციები აინტერესებთ, ჩვენი ისტორიული ძეგლები -აგრძელებს ლერი. - ხოო, კიდევ აქაური მინერალური და წყაროს წ....ბი, ტრადიციული საკვები, დღესასწაულები, ყველაფერი აინეტერესებთ და მოდიან და მოდიან - ბიძაშვილს წაეხმარა ლუკა. -აუ ძმებო რაღაცას გკითხავთ, გაგონილი მაქვს და ძალიან მაიტერესებს, არ მიწყინოთ ოღონდ რა - იძახის მაიკლი და ისეთ სახეს იღებს ვკვდები ინტერესეით ისე მაინტერესებს რას იკითხავს. - მიდი ძმაო - აგულიანებს ლუკა. - აუ გავიგე აქ ქალიშვილობის ინსტიტუტი ისევ არისო - ამ დროს უხერხულობისგან თავი მოიფხანა და მერე ისევ გააგრძელა - მართალია? ბიჭებმა გულიანად გადაიხარხარეს და მერე ლერიმ სერიოზულად უპასუხა: - არის ძმაო, ვისთვისაც მნიშვნელოვანია და ვინც ტრადიციულ ოჯახშია აღზრდილი იცავს ამ ტრადიციას, მაგრამ დაუცველობაზეც არავინ გააკრავს ჯვარს. უბრალოდ არიან აქ ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებისთვისაც ეს თემა ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია, ხოლო არიან მოწინააღმდეგეებიც. რა გითხრა აბა? - დაასრულა კითხვანარევი ირონიით ლერიმ. - ვაა, მე მაინც ვიღაცეების ფანტაზიის ნაყოფი უფრო მეგონა, ვიდრე სიმართლე - საოცრებაა პირდაპირ - პირდაღებული მაიკლი ბუტბუტებს თავისთვის. ჩვენ გვეცინება. - აქ ცოტა სხვანაირად ვუყურებთ ოჯახის შექმნას და მართლმადიდებლური რწმენაც გვიმყარებს ჩვენს შეხედულებებს და ტრადიციებს. ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ წესით. - მე ეს ვიცოდი, და ნამდვილად დასაფასებელია, ძმებო - გადავწყვიტე ჩემი აზრიც გამოვთქვა - ჩვენ ისე ნუ გვემართება, ბოროტმა მეზობლებმა რომ იციან: ერთს რომ არ აქვს მეორეს მსგავსი ეზო, იმისას რომ აძაგებს, რომ თავისი უფრო კარგი და მშვენიერი გამოჩნდეს. ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე და ძალიან ძნელია ოქროს ბალანსის გამონახვა ყველა სიტუაციაში, უბრალოდ ნებისმიერი ტრადიციის მიმდევრობა უნდა იყოს ნაბაყოფილობითი და არა საზოგადოების მიერ ნაკარნახევი და ძალადობრივად თავსმოხვეული. და იმ შემთხვევაში, თუ ქალს ნებაყოფლობით ქორწინებამდე თავის წმინდად შენახვა აქვს განზრახული, სხვა რა დაგვრჩენია, თუ პატივი არ ვეცით მის გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით ამაში არაფერია გასაკვირი და მით უმეტეს გასაკიცხი. მაგრამ თუ პირიქითაა და ქორწინებამდე სურს დატკბეს წრფელი სიყვარულით, არც ამის დაგმობის მომხრე ვიქნები ნამდვილად. - ვაა, მარკო, არ ველოდი შენც ჩვენნაირად თუ იაზროვნებდი, ძმაო - მოწონების ნიშნად მხარზე ხელი დამკრა ლუკამ, სხვა სვანებიც ღიმილით მიყურებდნენ. - ჩვენთანაც ასეა, რა გიკვირთ ვერ გავიგე - საიდმაც დაამატა - მაგრამ ჩვენთან მთლად ასეთი ლოიალური მიდგომა არ გვაქვს, უფრო მოთხოვნაა საქმროს ოჯახის მხრიდან, რომ პატარძალი უმწიკვლო იყოს. - ხო შენ ნაკლები როგორ გეკადრება, ამიგო, უნდა მოითხოვო, აბა რაა - მაიკლს საიდის გაბრაზების შანსი მიეცა და მაგას გაუშვებდა ხელიდან? - კაი, ამიგო, შენ რომ ქალს მოიყვან ცოლად, ერთხელაც მის დღიურს რომ აღმოაჩენ და შენამდე მისი საყვარლების რაოდენობას ბოლო ფურცლამდე რომ ვერ ჩაიკითხვ, იმდენი რომ იქნება, ამის ღირსი იქნები. ისე პრინციპში არც ეგ დღეა შორს; - რატომ გგონია, რომ მაინცდამაინც ასეთს მოვიყვან? - გიცნობ და მაგიტომ - წერტილიც დასვა თავის დასკვნის ბოლოს საიდმა. - კარგი, ვნახოთ - წარბშეჭმუხნული პასუხობს მაიკლი. ამ თავშესაქცევ საუბრებში ვიყავით, რომ მარიამიც გამოვიდა კოჭლობ-კოჭლობით გარეთ. გოგოებიც გამოყვნენ, აქამდე მაგიდის ალაგებაში ეხმარებოდნენ ქალბატონ დალის. - აბა რაზე საუბრობთ ბიჭებო? - მოახლოებისთანავე გვეკითხება მარიამი, რადგან ჩვენ მათ დანახვაზე საუბარი ეგრევე შევწყვიტეთ. - რავიცი არაფერზე კონკრეტულად - პასუხობს სერჟიო დაბნეული სახით, ჩვენც გაღიმებულები აქეთ-იქით ვიყურებით. მერე უცებ კითხულობს: - ლუკა, დათა სადაა? - ტანში გამცრა, არ მესიამოვნა მარიამის პირიდან მისი ხსენება. ისე მართლა არ ჩანს წუხანდელის შემდეგ არსად. - საქმეზე ვარო, ცოტა ხნის უკან ვესაუბრე. ხვალ დილით ვიქნებიო დოღისთვისო. - რა დოღისთვისო? - გაუკვირდა მარიამს. - მესტიიდან, ლატალიდან, მულახიდან და ლენჯერიდან ჩამოდიან ჩვენთან და მაზერის დაღმართზე იმართება ჭალაში. ჩვენგან დათა, ლერი და კვიციანების ხვიჩა იღებს მონაწილეობას, საუკეთესო ცხენები ამათ ჰყავთ სოფელში. - მეც მინდა მონაწილეობა, ძმებო - ვეუბნები მათ და ყველას გაკვირვებული მზერა ჩემსკენ ტრიალდება. - ანუ შეგიძლია ესე იგი ხო? - მორიდებულად მეკითხება ლერი. - კი, ძმაო, შემიძლია, თუ ნორმალურ ცხენს მიშოვით. - ჩემი დამითმია, ძმაო! ჩვენი სოფლის სახელით გამოხვალ - მეუბნება უცებ ლერი. - არა ეგრე არ მინდა. - აღარ უნდა მაგას უარები, გადაწყვეტილია. აბა შენ იცი და შენმა კაცობამ, ხოჩა მაარე! - მხარზე ძლიერი ხელი დამკრა გადაწყვეტილების ნიშნად. - გადამრევ შენ რა, მარკო! აქაური ცხენები თქვენს რანჩოზე რომ არაბულები გყავთ ისეთები არ არიან. გაცილებით პატარა მთის ცხენებია, ოღონდ სასწაულად ფიცხი და სწრაფი. ჯერ უნდა შეეგუო, სანამ დოღზე გახვალ - მარიამი ცდილობს გადამაფიქრებინოს, თანაც ისეთი შეწუხებული სახე აქვს თითქოს მკვდარი ბეღურა ჩამოუვარდა ფეხებთან. მე ვერ ვუძლებ ამ სანახაობას, თან სიმთვრალესაც თავისი გააქვს, მისკენ ვიწევი და ხელს ვხვევ მხარზე. - ნუ ნერვიულობ, მარიამ, ნუუ. მე მაინც გავიმარჯვებ - ვპასუხობ თავდაჯერებული და თან თვალებში ვუყურებ. წამიერად ჩვენი თვალები ერთმანეთის მზერაში გაიყინა, თან ხელი ისევ გადახვეული მაქვს მისი მოხდენილი მხრებისთვის და ისე ახლოს მყავს ჩემს სხეულთან მოკრული, რომ მისი სუნთქვა მესმის. ისევ თავი დახარა და მეც გამოვიხედე, არ მინდა ვინმემ შეამჩნიოს ეს ჩემი ფარული ტრფობა. იმედი გამიცრუვდა, მაიკლიც და საიდიც თვალებით მბურღავენ. მეც არ მერიდება და ურცხვად ვუყურებ მათ. საიდი უკმაყოფილების ნიშნად თავს აქანავებს და თვალებით მანიშნებს ხელი ჩამოიღეო. არც ვაპირებ მისი მოთხოვნის შესრულებას, მარიამის სითბოს მაგნიტივით ვიზიდავ და ამ მხურვალებით სხეულს ვიმუხტავ. იგიც გატრუნულია სითბოს მოყვარული კატასავით ჩემს მხარქვეშ და ხმას არ იღებს, ადგილიდანაც არ იძვრის, ხვდება, რომ ნასვამი ვარ და არ უნდა ალბათ მაწყენინოს ხისტი მოძრაობებით. ცოტა ხანში საიდი მიახლოვდება, ხელში მკიდებს ხელს, მარიამს ბოდიშს უხდის და გვერდზე გავყავარ, მაიკლი და ფილიპიც ფეხდაფეხ მოგვყვებიან. - შენ ბიჭო თავი ასკოტის დოღზე ხო არ გგონია? აქ უინძორის მიდამოები კი არაა, სვანეთის ქვა-ღორღიანი დაღმართებია, ცხენებიც სხვანაირი ჰყოლიათ, თორემ ინგლისურზე და არაბულზე ჯირითში ვერავინ მაჯობებს მეც - გაბრაზებული სახით მეკითხება საიდი. - მარკო, მართლა ბავშვივით იქცევი, ახალი სათამაშოს ჩვენება რომ ეჩქარება. ვის წინაშე გინდა თავის გამოჩენა? რომ გადმოგაგდოს და შერცხვე, ან კიდევ უარესი, დაიმტვრე არ გეშინია? - ფილიპიც ცხარობს, არ ვემეტები შერცხვენისთვის. - დაანებეთ, ერთხელ მოიტეხავს კისერს და დამშვიდდება მერე. მომკლა ამისმა ქარიზმატულობამ - მაიკლიც არ მინდობს და ისე ლაპარაკობს ზედაც არ მიყურებს, ჰორიზონტს გასცქერის ამ სიბნელეში. - არ არსებობს რომ გადავთქვა, გეგონება არ მიცნობდეთ რა. მაიკი, თუ კისერს მოვიტეხ შენც ეგ არ გინდაა, ყველა ქალის გული შენ დაგრჩება, მე სანამ ვარ ზედაც არ გიყურებენ - ვცდილობ გავაბრაზო და ვეხუმრები. - შენ მაგაზე დარდი ნუ გაქვს, შენ თუ გიყურებენ ესეიგი გემოვნება აქვთ ნული და მე კიდევ უგემოვნო ქალები არაფერში მჭირდება -ისევ ზერელედ მპასუხობს. - წყლიდან მშრალი გამოსვლის იშვიათი უნარი გაქვს, ამიგო - ვუქებ გამჭრიახობას. - ასეა ამიგო, სანამ შენ ვენახებს კრეფდი, მე წიგნებს ვკითხულობდი. წაგეკითხა შენც, დაგიშალა ვინმემ? ბიჭები იცინიან, მე აღარ ვეკამათები. გოგოებისკენ ვიყურები, სადაც ანა გაცხარებით ყვება რაღაცას და ყველანი გულიანად კისკისებენ. მარიამს როგორ უხდება ღიმილი და როგორ წრფელად იცინის. ყველა მიმიკა მწუხარებიდან სიხარულის გამოხატვამდე მაგიჟებს მისი და მაოცებს. მისი ცქერა მხოლოდ დადებით და სასიამოვნო ემოციებს იწვევს ჩემს გულში. მისმა არსებობამ კი ამხელა მნიშვნელობა შეიძინა ამ მოკლე ხანში ჩემს ცხოვრებაში. - წამოდით ამდენი ლაპარაკის ნაცვლად, მივიდეთ გოგოებთან. სერჟიო და ბიჭებიც იქ დგანან, სირხვილია აქ მარტო რომ ვართ. მივუახლოვდით მათ და ჩავერთეთ საერთო საუბარში. ისევ ადგილობრივ ტრადიციებზე საუბრობდნენ და სერჟიოც მთელი გულისყურით უსმენდა. მარიამი ცოტა შეიჭმუხნა თითქოს, ალბათ ფეხი წამოსტკივდა დიდხანს დგომისგან. - წამო მარიამ, დავსხდეთ, ჰამაკამდე მიგიყვან და ფეხი დაასვენე - ვთავაზობ და არც ველოდები მის დადებით პასუხს. ხელკავს ვუყრი და ოდნავ მოშორებით ხეებს შორის გაკიდებულ ჰამაკამდე მიმყავს. ის ჯდება, მე კი იქვე პატარა ქვაზე ვთავსდები. - უკვე გვიანია, მარკო, ხვალ თუ დოღში გინდა მონაწილეობა, იქნებ დაგესვენა და გამოგეძინა? - დასვენებული არ ვარ? მშვენივრად ვგრძნობ აქაც თავს - ვეუბნები და თან თვალებში ვუყურებ დაჟინებით, ამ სასმელმა სულ გამათამამა. თვალს დიდხანს ვერ მისწორებს და გვერდით ხეების თვალიერებას იწყებს თითქოს. ცოტა ხანს სიტყვას არ ვძრავთ არცერთი, მხოლოდ ჩვენი ბიჭების და გოგოების სიცილ-კისკისის ხმა არღვევს ჩვენს მყუდროებას. ცოტა ხანში მაიკლმა შემომძახა სახლში შევდივართ, აგრილდაო და მეც ხელი დავუქნიე. ამ წუთს მხოლოდ მდინარის ტალღების ხმაღა არღვევს დასადგურებულ სიჩუმეს. შევატყვე როგორ კრთება და მკლავებით მხრებს როგორ ისრესს, აშკარად სცივა და არ იძახის. - გცივა? - ცოტა კი. -ახლავე მოვალ. შევრბივარ სახლში და სალომეს პლედს ვართმევ, წამში გამოვრბივარ. არ მინდა მარიამმა ამომასწროს და გამომექცეს, ძლივს დამიგულებია მარტო. ვაფარებ მხრებზე და ისევ ჩემს ადგილს ვიკავებ. ცოტა ხანს ისევ ჩუმად ვართ, ალბათ რამდენიმე წუთს. შიგადაშიგ ვუყურებ. მიხარია, რომ დღის შუქი არაა და უფრო თამამად შემიძლია მისი ცქერით დავტკბე. ერთი კითხვა მიტრიალებს თავში სულ, ბახუსი გამბედაობას მმატებს და ვიღებ გადაწყვეტილებას ამაღამ დავსვა. - მარიამ, - ბატონო - შეიძლება რაღაც გკითხო? - რა თქმა უნდა. - ვინმე არის შენს ცხოვრებაში? - ანუ? - ანუ მამაკაცი? - ბატონო? - ანუ... ანუ ვინმე გიყვარს? - გული დახტის შფოთიანად, პულსი თამაშობს. - კი რა თქმა უნდა - იღიმის ამ დროს. მე კი მეხი რომ დამცემოდა ან კლდიდან გადავმხტარიყავი ის მერჩივნა ასეთ პასუხს. ძარღვები მასკდება მთელს სხეულზე. ვერ აღვწერ რა მწველ, მშანთავ ტკივილს განვიცდი. აბა რა მეგონა, უარს მეტყოდა? რა თქმა უნდაო, რა თ ქ მ ა უ ნ დ ა ო - ვმარცვლავ გონებაში. თავი მაქვს ჩახრილი, ზემოთ არც ვწევ. მთავარი კითხვა დამრჩა დასასმელი და ვერ ვბედავ. ვისზეც ეჭვი მაქვს ის რომ აღოჩნდეს, არ ვიცი რას ვიზამ! მაგრამ როგორ ავიტანო, ღმერთო ჩემო, სხვის გვერდით როგორ ავიტანო! ცივი ოფლი მასხამს სახეზე და მთელს სხეულზე. უცებ თვალებში შევხედე მთელი განცდით, ტკივილით, მუდარით. ღიმილი შეეყინა სახეზე, მიხვდა, რომ უადგილო იყო, აშკარად ამოიკითხა ჩემს თვალებში. - არა, უნდა ვკითხო, ეს ტკივილიც უნდა გადავიტანო, კაცი არ ვაარ? მთელს ძალისხმევას ვიკრებ, მთელს ჩემს ნებისყოფას ვაგროვებ და ვეკითხები ისე, რომ თვალს არ ვაშორებ: - ვინ? - ვინ იცი? - სახეში შემომყურებს და ჩემს მუდარაგამოხატულ თვალებს რომ აწყდება აგრძელებს. - ვინ და - ღიმილი გაუკრთა უცებ, მე ნერვებმა ლამისაა მიმტყუნოს, სიტყვა შუაზე გაწყვიტა და მე ერთი სული მაქვს გააგრძელოს. - ვინ და... დადაში, მამა რობერტო, ბაბუა მარკო, სალვატორე, ვინჩი, ვიტორიო, დათა და შენ! - ეს სიტყვები ცისარტყელასავით მოეფინა ჩემს გულს. მერე რა, რომ დათას გვერდით მახსენა, მაინც გამინათდა გონება, მოდუნდა დაძაბულობისგან დაჭიმული სხეული, შვება და სიხარული ერთნაირად ვიგრძენი, ასე არასდროს არაფერი გამხარებია ჯერ. ახლა უკვე მადლიერი სახით ვუყურებ და გულის კუნჭულში იმედის პატარა ნაწილაკი ისადგურებს. - შენ იცი როგორი იშვიათი გოგო ხარ?-უცებ ვეკითხები. გაეცინა. - არ ვიცი ნამდვილად. - მე ვიცი. - როგორი ვარ, მარკო? - ისევ იცინის და ეს პატარა ჩაღრმავება ლოყასთან მაგიჟებს. მზერა მის ბაგეებზე გადამაქვს, მის ლამაზ ტუჩებს თვალს ვერ ვწყვეტ. - როგორიი? ისეთი ხარ, ვერცერთ ადამიანს რომ ვერ შეადარებ. მხოლოდ მოვლენას შეგადარებდი. იცი როგორი ხარ? შენ განთიადის მსგავსი ხარ, წყვდიადს რომ ამარცხებს და ირგვლივ ყველაფერს ანათებს. ცისარტყელას შეგადარებდი, ჭექა-ქუხილის, გრიგალის და სეტყვის შემდეგ რომ გაჩნდება და კარგ ამინდს მოასწავლებს. შენ გაზაფხულს შეგადარებდი, ყინვიანი ზამთრის მიერ დაჩიავებულ ხეებს რომ აყვავებს და ყავისფერ დედამიწას მწვანე ფერით რომ ამდიდრებს, შენ დილის თოვლივით სპეტაკი ხარ და ანკარა წყაროსავით სუფთა. ეს აღმოვთქვი და გავჩუმდი, მზერა თვალებზე გადავიტანე. თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, ტუჩი უკანკალებდა ოდნავ. თავი მივწიე მის თავთან ძალიან ახლოს და თითით ცრემლი მოვწმინდე. - რატომ ტირი მარიამ? - ასეთი სიტყვები ჯერ არავის უთქვამს ჩემთვის, მარკო. - ალბათ რკინისგან ვარ ჩამოსხმული, რა ნერვები მყოფნის ამ სურვილებს გავუძლო და მისი ათრთოლებული სხეული გულში არ ჩავიხუტო, არ ვიცი. მთელს ნებისყოფას ვიხმობ და ისევ ადგილზე ვჯდები. - მარიამ, მე არაფერი მითქვამს ისეთი, რასაც არ იმსახურებ. - ხმას აღარ იღებს, ჩუმადაა. მეც ვჩუმდები და აღარაფერს ვიძახი. სახე ნელ-ნელა უმშვიდდება, მეც გულისცემის რიტმი ნორმაში მიდგება და ვწყნარდები. არ ვნანობ თქმულს და იმედია ხვალაც არ ვინანებ ფხიზელზე. ისევ თავდახრილი ზის. ვუყრებ და ორი საწინააღმდეგო გრძნობა ერთნაირად იპყრობს ჩემს არსებას: მისდამი უნაპირო, ოკეანესავით უსაზღვრო სიყვარული, დიახ სიყვარული, რომელიც მისკენ ანდამატივით მიზიდავს, მაგიჟებს და მისი დასაკუთრების სურვილს მიასკეცებს და ფიქრები, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნებაა და განთიადის ზმანებასავით წარმავალია. მინდა მეორე გრძნობა არ დავუშვა ღრმად ჩემს ცნობიერებაში და მინდა ცოტა უფრო დიდი ხნით დავტკბე აწმყოს მშვენიერებით, მაგრამ არ გამომდის, დღევანდელი მეზირის მთის ხედის მსგავსად, როდესაც უშბას ისე ახლოს ვხედავდი, მეგონა ხელის გაწვდენის სიშორეზე იყო მხოლოდ, არადა მისკენ ნაბიჯის გადადგმა უსაშველოდ გადამჩეხავდა ღრმა პირდაფჩენილ ხევში. ასევეა ბედნიერება, მართლაც რომ წამიერ ზმანებასავითაა, ქრება როგორც კი ხელით შეხებას მოინდომებ და მყისიერად უბედურების უფსკრულში მიგაქროლებს უიმედოდ. მძიმე აზრებს უმალ ვიყრი, ვიბერტყავ თავიდან და ვცდილობ მხოლოდ მარიამზე ვიფიქრო. ულამაზესია, საშინაო ფორმაში და პლედში გახვეულიც კი. გაშლილი თმები მისი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ნიავი რომ უწეწავს და ხელით რომ იყრის მხრებზე; მისი ღიმილი სურვილების მორევში მითრევს და ვერ აღვწერ რა ფასად მიჯდება გულის და გონების დაოკება. არასდროს არ ვყოფილვარ რომანტიული, ასე მეგონა ყოველ შემთხვევაში მუდამ, მაგრამ დღეს მზად ვარ მისთვის მთელი რომის იმპერია დავაგო ფეხქვეშ ფიანდაზად, მზად ვარ ზეცაში გავიტაცო ღვთაებრივი ეტლით და ღრუბლებში დავუდო ბინა ჩემთან ერთად, მზად ვარ მისი ოქროს გულის მოსაპოვებლად ჰერკულესის თორმეტივე გმირობა ჩავიდინო და ომიც კი გავაჩაღო, როგორც მენელაოსმა მშვენიერი ელენესთვის ტროელებს გამოუცხადა. აღარც ვერიდები, აშკარად ვუყურებ მთელი გრძნობით, რაც მისთვის არამგონია ამოუცნობი იყოს. ერთი რამ მადარდებს ამ წამს მხოლოდ, გავიგე, რომ არავინ უყვარს სხვა, მაგრამ ჩემზე რას ფიქრობს? ამას ვეღარ ვკითხავ, ნამდვილად ვერა. სანამ აქამდე მივალ ჩემი გულის ნადები უნდა გავუმხილო, მაგრამ დღეს არა, დღეს ვერა! - ხმამაღლა ამოვიოხრე იმგვარად, რომ სულ უცნობი, უცხოც კი მიხვდებოდა, რომ რაღაც მქონდა გულში. უცებ შემომხედა. - მარკო, ხო კარგად ხარ? შევიდეთ სახლში, დაისვენე, ხვალ ადრე უნდა ადგე - წამოდგომა დააპირა, წამოვხტი და მხარზე ვტაცე ხელი დახმარებისთვის. ისე ახლოს მოგვიხვდა სახეები ერთმანეთთან, რომ მეც კი შევცბი, ხოლო მან უმალვე დაიხია უკან დაბნეულმა. გამეღიმა, მივუახლოვდი და ხელკავი გავუყარე. გავხედე, სრულიად გაფითრებულია და ხმასაც ვერ იღებს, ახლოს მყავს და ვგრძნობ, რომ თრთის მღელვარებისგან. მისი ამგვარი რეაქცია ჩემზე ისე მოქმედებს, როგორც მატადორის წითელი აფრიალებული ნაჭერი ხარზე, ჟრუანტელი მივლის და თვალთ მიბნელდება. ვოცნებობ ღრუბლებმა მაინც შემიცოდონ და წვიმა გამოუშვან, ეს მდუღარე გული იქნებ ამან მაინც გააგრილოს. როგორც ყოველთვის, არც ეს სურვილი არ მიხდება. ბოლობოლო ავდივათ სახლში, ვაცილებ მას საძინებლამდე და უმალვე ვტრიალდები. ამდენმა განცდებმა ამ ისედაც დამძიმებულ გულზე იქვე არ დამაგდოს მეშინია, თანაც სვანური სასმელის მოქმედება ჯერ არ განელებულა და ერთი სული მაქვს მივეთრიო საწოლამდე. შევაღე კარი, შევედი ბნელ ოთახში ხელის ფათურით, არ მინდა მაიკლი გავაღვიძო და უცებ შუქი ინთება და რვა თვალი ერთად შემომცქერის. კინაღამ შევყვირე მოულოდნელი სურათის მნახველმა, მაგრამ დროულად მივხვდი რაშიც იყო საქმე და საწოლზე დავეგდე მოწყვეტილი. -შენ ძმაო, ან ძალიან სულელი ხარ, ან ძალიან ჭკვიანი და ჩვენ გინდა ადრე ჩაგვშვა ქვესკნელში. - მაიკლლი თავის ამპლუაშია, ნამდვილი გაზვიადების მეფეა. - მარკო, გაგვაგებინე შენს თავს რა ხდება, ამიგო? მგონი გვაქვს უფლება. თან უკვე ძალიან აშკარად მოქმედებ. - სერჟიო შეშფოთებული და საკმაოდ სერიოზული მეკითხება. მე ღრმად ამოვიოხრე, მათკენ ვტრიალდები და ვეუბნები: - მიმხვდარხართ და რაღა გინდათ? - აუუუუუ - მაიკლმა თვალები გადაატრიალა უკმაყოფილების ნიშნად. - ამიგო, რამე გაქვს გადაწყვეტილი? - ფილიპს ისეთი სახე აქვს, შარშან მისი ბებიის პანაშვიდზე რომ ჰქონდა - ღრმად დამწუხრებული. მაიკლს ერთი წელი ეყო ეს თემა საშაყიროდ. ერთადერთი საიდი არ იღებს ხმას და დაჟინებით მიყურებს. მე არ ვიმჩნევ. ბოლოს მოთმინების ფიალა ევსება მასაც და ფეხზე წამოხტა. - მარკო, პირდაპირ გკითხავ! - მიდი - უზრუნველად ვპასუხობ. - მარიას რას უშვრები, ან მარიამზე რას ფიქრობ? - მთლად ასეთ პირდაპირობასაც არ მოველოდი და წამოვხტი. ოთახში დავიწყე ბოლთის ცემა შფოთიანად. უცებ შემოვტრიალდი მათ მხარეს, თვალს არ მაშორებს არცერთი. - თქვენ გგონიათ ჩემზე მეტად გაღელვებთ ჩემი ბედი? თქვენ გგონიათ არ ვიცი ჩემს თავს რა ხდება? ამ ცხოვრების... თორემ, რატომ ახლა? როცა ბედს შეგუებული ვიყავი? ვერ ვხვდები. ვიცი რომ მიცნობთ და ისიც ვიცი, რომ იცით ჩემთვის სიტყვას რამხელა ფასი აქვს. - ამიგო, რომ გიცნობთ იმაზე კარგად, ვიდრე შენ გგონია, იმიტომ ვდარდობთ - საიდმა დადარდიანებულმა გააგრძელა - აბა მაიკლი რომ ყოფილიყო შენს ადგილზე იმაზე კი არ ვიდარდებდი ასე. იმდენ ქალს აქვს მისთვის სილა გაწნული, თავის დროზე ტაისონს რომ არ მოხვედრია კრივში მუშტი. - ეს ის პირველი შემთხვევაა ჩემს მეხსიერებაში, როდესაც მაიკლი არ ეპასუხება საიდს. როგორც სჩანს ზედმიწევნით ცდილობენ ჩემს გუნება-განწყობილების გამოკეთებას. მეღიმება და მათაც ებადრებათ სახეები. მაინც რა არის არა ეს მეგობრობა, ლამპარივითაა ბნელ ღამეში უიმედობის ჟამს გზას რომ გაგინათებს და დაცემის ჟამს მხარს რომ წამოგაშველებს, დიდების ჟამს კი ხიბლში გადავარდნის საშუალებას რომ არ მოგცემს. ალბათ მეგობარია ზუსტად ის, ვისაც შენს სხეულზე მეტად შენი სული ადარდებს და აინტერესებს. ნამდვილი მეგობარი ისეთად მიგიღებს როგორიც ხარ, თუნდაც იყო მწარე და პირდაპირი და არა თაფლივით ტკბილად მოუბარი, ღარიბი და უპოვარიც კი და არა მდიდარი და წარმატებული. მე ვიცი, რომ ჩემს ბიჭებს ასევე ვეყვარებოდი ერთ დღეს სრულიად გროშის გარეშეც რომ აღმოვჩნდე. მართალია მაშინ ჩვენი შეხვედრის ალბათობა ძალიან მცირე იქნებოდა, რადგან მაღალ საზოგადოებაში არსებობას მატერიალური უზრუნველყოფაც სჭირდება, მაგრამ მაინც. - ბიჭებო, შეგიძლიათ სიმთვრალეს დააბრალოთ, მაგრამ ძალიან მიყვარხართ! - ვაა, ამან სულ გარეკა, ხომ ვიძახდი არა, უეჭველად იმ არაყმა უქნა - მაიკლი შოკშია, პირველად ისმენს ჩემგან ასეთ აღიარებით ჩვენებას. მე მეცინება მის ასეთ რეაქციაზე. ბიჭები სერიოზულები მიყურებენ, აი ისეთი შეცოდების თვალით, როგორც ადამიანს, როდესაც მძიმე ფსიქიკურ აშლილობას დაუდგენენ და დამამშვიდებელ ხალათს აცმევენ. მე კიდევ უფრო მეცინება მათ გამომეტყველებაზე, ისინი კიდევ უფრო ბრაზდებიან. - მარკო, მე ვიტყვი მაშინ შენ თუ არაფრის დიდებით არ ტყდები. - პაუზა გააკეთა, თავი ჩახარა და კეფა მოიფხანა. დაბნეულია, აშკარად სიტყვებს ეძებს - ინგა მიყვარს - ამოთქვა როგორც იქნა. მე არც კი გამღიმებია, რა არის აქ სასაცილო. - მერე? - ვეკითხები პირდაპირ. - რაა მერე? მერე შენ მითხარი, რა ვქნა? - ცოლად უნდა მოიყვანო თუ გიყვარს - მეც არც ვაციე-არც ვაცხელე და მკაცრად ვუთხარი - აქ გიორლფრენდად ეგ არ დაგიდგება და არც მე დავუშვებ ვინმემ ითამაშოს მარიამის მეგობრების გრძნობებით, შენც კი. - თვალებში უყურებ საიდს, ძალიან მშვიდი ჩანს. - მეგობარო, მეც ეგ მინდა, მაგრამ ხომ არ გავიწყდება მუსულმანი რომ ვარ? - ოხრავს გულსაკლავად - თუ გამომყვება ან გამომაყოლებენ საქმეც მაგაშია, თორემ მამაჩემთან მე მოვაგვარებ. - უყვარხარ? - სერჟიო ეკითხება. - მგონია, რომ კი. - ასე მეც მეგონა ყველა გოგოზე, მაგრამ წეღან შენ სანაქებოდ აღწერე რითი მთავრდებოდა ეს მკითხაობა - მაიკლმა გაუხსენა მაინც წეღანდელი. საიდმა მკაცრი გამომეტყველებით გახედა მაიკლს და არაფერი უპასუხა. - საიდ, სულ რაღაც სამი დღე გავიდა რაც გაიცანი და იქნებ ჯერ დაფიქრებულიყავი - ფილიპმა შეაპარა თავისი აზრი. - არა, ამიგო, დავინახე თუ არა, მაშინვე შემიყვარდა. პირველად ცხოვრებაში - მე და საიდი ტყუპები ხო არ ვართ ნეტა? - გავიფიქრე, - არა აშკარად სხვა კონტინენტზეა დაბადებული. არადა რა ერთნაირი ფიქრები და გრძნობები გვაქვს. გამეცინა. - რა გაცინებს, სასაცილო ვარ? - საიდი ბრაზობს. - არა, ვიფიქრე ტყუპები ხომ არ ვიყავით, ისე ერთნაირი გრძნობები გვქონია, მაგრამ ისეთი უშნო ხარ, ეგრევე უარვყავი ეს აზრი. - ბიჭები ლამისაა ჩაბჟირდნენ, იმდენი იცინეს. საიდს დანა პირს არ უხსნის, ხმას არ იღებს. - ჩემზე იძახი უშნოაო, ჩემზეეე? შეიხ საიდ იბნ ისმაილ ჰასან რაშიდ ალ-მაქთუმიი? მთელს აღმოსავლეთში ყველაზე სასურველი სასიძო? - აუ ერთი სახელი გამოგრჩა, ამიგო, - იგუდება მაიკლი სიცილით. - ჰააა? - შემოუტრიალდა გაბრაზებული საიდი. - ხო გამოგრჩა, საიდ იბნ ისმაილ იბნ ჰასან რაშიდ ugly ალ მაქთუმი - საიდმა ბალიში ესროლა ისე ძლიერად, ლამის საწოლიდან გადააგდო ბიჭი. ჩვენ გულიანად ვიცინით. - სირცხვილია, შუაღამეა, ჩუმად ცოტა - ფილიპი როგორც ყოველთვის მორიდებულია. - აუ ერთი შენი თავი მანახა აწყვეტილი და მერე თუნდაც მომკლა! რა ხარ ამისთანა იდეალური - წარბებს ისე ზიდავს ზევით, გაკვირვება ლამის თავის ქალაზე ეხატებოდეს. - საიდი გაანადგურე და ახლა ჩემზე გადმოინაცვლე ხოო, ახალი მსხვერპლი გამონახე - ჩვენ ვიგუდებით ყველანი საიდის გარდა. ბალიში აღარ აქვს და ფეხსაცმლის გახდა განიზრახა. ამ დროს ვაჩერებ, მართლა სირცხვილია ამხლა ხმაურის ატეხვა და მიჯერებს. გული ვიჯერეთ ხარხარით და რომ დავწყნარდით სერჟიო ისევ მეკითხება: - შენ მაინც არ გვეუბნები რა გაქვს გადაწყვეტილი, ხომ? - ნეტავი რამე მქონდეს გადაწყვეტილი, სერჟიო და პირველად თქვენ გაიგებთ. - ხვდებიან რომ ვერაფერს გახდებიან ჩემთან და თავს მანებებენ აბეზარი კითხვებით. შემდეგ ისევ ხუმრობები, სიცილი და ცოტა ხნის შემდეგ ვიშლებით და უკვე სანუკვარ ძილს ვეძლევით. ცოტა ხანში ცხადი, გაგონილი და სიზმარი თითქოს ერთმანეთში ირევა და უცებ იტალიაში ვხვდები. პალერმო სამოქალაქო ომის ქარცეცხლშია მოცული და მე კიდევ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ვიხედები ირგვლივ და ვხედავ, რომ ყველაფერი კვამლითაა დაფარული და ყველა ჩემი მეგობარი თუ ახლობელი ჩემსავით სამხედრო სამოსელში არიან აღკაზმულნი. შიგადაშიგ გასროლების გამაყრუებელი ხმა აზანზარებს ჩემს მშობლიურ ადგილებს. ისეთი აშკარა და რეალური მეჩვენება ყველაფერი, აზრადაც არ მომდის რომ სიზმარში ვარ. ირგვლივ ათასობით გარდაცვლილის გვამია მოფენილი. ეს სულის შემხუთველი გრძნობა ისევ მეუფლება, თითქოს ხელახლა განვიცდი მომხდარს. თითქოს რაღაც სანგრის მაგვარ ადგილიდან ავდივარ და საზარელი სურათი მეშლება თვალწინ. ვიტორიოს ესვრის საწინააღმდეგო ბანაკიდან ვიღაც და ისიც უსულოდ ენარცხება ჩემს ფეხებთან ისე, რომ ვერანაირი რექციის გაკეთებას ვერ ვასწრებ. საშინელი, არაადამიანური ტკივილის შეგრძნება უკვე გულიდან ძარღვების გავლით ტვინს ეუფლება და თავზე ვიჭერ ხელს, თითქოს გასკდომას ლამობს და მე ამ პროცესის შეჩერება მინდა. ნელ-ნელა ბინდი მეკვრის თვალებზე და უსუსურობის შეგრძნებაც გონებას მიწამლავს. მინდა გავიქცე სროლის მიმართულებით და შური ვიძიო, მაგრამ ამ დროს ვიღაცის მაგარ ხელს ვგრძნობ, რომელიც არ მეშვება და უცებ თვალებს ვახელ. ვხედავ მაიკლი მაჯანჯღარებს მთელი ძალით. ადგილიდან კი არ ვდგები, ვხტები შლეგივით. - გაიღვიძე ბიჭო, რა გაყვირებს რაა? - რა ხდება? - უცებ ვერ მოვდივარ გონზე. - სიზმარში ისეთს ყვიროდი, მეგონა საწოლში ჩაგაკლა ვიღაცამ - კვდება სიცილით მაიკლი. მე ბუნდოვნად ვიხსენებ ნანახ საშინელებას და არაფრით არ მინდა გავიმეორო და მოვყვე ეს კოშმარი. სიზმარში ნანახი ომი რას უშვრება ადამიანს და ცხადში გადახდენილი რომ სევდის დაღს დაასვამს გულს და ცხოვრების ბოლომდე სატარებლად დაუტოვებს რა გასაკვირია. - რა დაგესიზმრა ასეთი? ცხენიდან ხომ არ გადმოვარდი? რომ იჩემებ დოღი დოღიო? - შემეშვი რა მაიკი, რაღაც კოშმარი იყო, მაგრამ აღარ მახსოვს უკვე. - უცებ დოღი მახსენდება - მაიკი, რომელი საათია? - შვიდია ჯერ. შენ ხო ადამიანს არც დასვენებას აცდი, არც დაძინებას! შენ ხარ ჩემი ცხოვრებისეული კოშმარი - იბადრება მაიკი, ალეგორიების მეფე. - მიდი გავემზადოთ და გავიდეთ. ათ საათზე დოღია უკვე. - აუ რას აიტეხავ ხოლმე რა, რომ წააგებ ხომ იცი ამ სვანებთან. დაბადებიდან მთის კალთებზე დაახტუნავებენ ამ მსხვილფეხა ცხენებს. შენც ახლა ინგლისური ან არაბული ბედაური არ მოგიყვანონ რა - ისეთი ირონიული სახე აქვს არ შემიძლია არ გავიცინო. - კარგი მოჯირითე, ჩემო მაიკი, კოჭლი ცხენითაც მოიგებს დოღს, შენ ნუ ნერვიულობ. - აუუ, შენ რა წარმოდგენა გაქვს თავზეე - თვალები ჩვეულებისამებრ გადაატრიალა - შენ რა თავმდაბალი ყოფილხარ, ამიგო. დედა ტერეზა ცოცხალი რომ ყოფილიყო ნობელის პრემიას დაგითმობდა აუცილებლად. - მე კი მომცემენ მარა შენ რა გეშველება,შენ! - საშველზე გამახსენდა, შენ რა გჭირს საერთოდ? ან რას ფიქრობ ამ გოგოზე? - თან იცმევს მაიკი და თან მბურღავს თვალებით. - ვისზე? - დედა ტერეზაზე! ვისზე გკითხავ არ იციიი? - მაიკი ისევ ნუ დაუბრუნდები რა, ამიგო. უცებ ჩაცმა დაასრულა, დასერიოზულდა, ჩემს წინ აღიმართა მთელი თავისი მკაცრი გამომეტყველებით და დაიწყო: - მარკო, ძმაო, შენ ან ძალიან სულელი ხარ, ან ძალიან ჭკვიანი, ვერ ამომიცნია დღემდე, მაგრამ უფრო პირველს ვფიქრობ. - გამეცინა, მაგრამ მიმიკა მას არ შეუცვლია და ვცადე ღიმილი შემეკავებინა. შემდეგ ისევ გააგრძელა - ერთი ნაკლი გაქვს კიდევ, გულში იმარხავ ფიქრებს და დარდებს. მე ეს კარგ კაცობად არ მიმაჩნია, რადგან ჩვენ რისთვის გყავართ მაშინ? მეგობარი თუ ვარ, დაე ვიყო და როცა ვგრძნობ რომ გჭირდები არ უნდა გამერიდო, არც მე, არც ბიჭებს. ბოლო-ბოლო ამდენი წლის მეგობრობა გვაკავშირებს. შენს გამო, ამიგო მთებს გადავდგამთ, იმედია ეჭვი არ გეპარება - წარბშეჭმუხნული მიყურებს, ეს ჩემი უერთგულესი მეგობარი. მხარზე ხელი დავადე და გავუღიმე. - მაიკი, ძმაო, ვისაც ეჭვი შეეპარება ძმობის სიწმინდეში, ის ღირსი არ არის თქვენნაირი მეგობრის ყოლის. მე სამი რამ მაქვს ძვირფასი ამ ქვეყნად. ეს არც სიმდიდრეა, არც სახელი, არც დიდება. ეს ჩემი ოჯახის სიყვარულია, თქვენი მეგობრობაა და მესამე კი - მარიამი. იმედია პასუხი გავეცი შენს შეკითხვებს. - მზის ჩასვლის ყურების შემდეგ სევდის ჩრდილი რომ მოედება სახეს, ისეთი სახით მიყურებს. ვგრძნობ როგორ ეღუშება ნაკვთები, ვხვდები, რომ ხვდება ჩემი მდგომარეობის სიმძიმეს. უნდა რაღაცის თქმა და ვერ ამოუთქვამს. ბოლოს სახე გაებადრა, რაღაც მოიგონა თითქოს. - მარკო, თან რომ წაიყვანო მარიამი. ვიცი რომ შენს ოჯახში ძალიან უყვართ და პატივს სცემენ და იქნებ მიიღონ? - არა მაიკი, არა! მარიას ასე ვერ მოვექცევი, ვერც მამაჩემს, თანაც მარიამის გრძნობებიც არ მგონია ჩემსას ემთხვეოდეს, არ ვიცი! - დასწყევლოს ღმერთმა! რომელი საუკუნეა, ამიგო! ასე როგორ შეიძლება? - კაი, ძმაო, გავიდეთ, დროა. მაგრამ ერთი რამე ვიცი ნამდვილად, როგორც გინდა ისე გაიგე, მაგრამ, - დიდი პაუზა გავაკეთე, შემდეგ ამოვიოხრე, სახეზე ალბათ ცუდი ფერიც დამედო, რადგან მაიკლი შეშინებული მიყურებდა და გავაგრძელე - მარიამს სხვის მკლავებში ვერ ავიტან, ვერ დავუშვებ, ვერ გავუძლებ წარმოდგენასაც კი! - მაიკლისკენ გახედვაც არ მინდა, თავჩაქინდრული ვდგავარ, რადგან ვგრძნობ, რომ სიბრალულის თვალით შემყურებს, რის დანახვასაც ნამდვილად ვერ გადავიტან. - სულ ვფიქრობ რა საინტერესო რამეა ეს ცხოვრება. თურმე აბობოქრებულ ოკეანესავითაა, რაც უფრო ებრძვი მის ტალღებს და ფართხალებ გადარჩენის იმედით, მით უფრო ღრმად გითრევს და გახრჩობს. ხოლო თუ გაჩერდი და ბედს მიენდე მაიც ჩაგძირავს, მაგრამ მცირედით გაგიხანგრძლივებს სიცოცხლეს, ისიც უიმედოდ. გაოცებულმა შევხედე მაიკლს, რომელიც წარბშეჭმუხვნილი და დადარდიანებული შემყურებს. პირველად ვხედავ მას ასე სერიოზულად მოსაუბრეს ამდენი წლის მეგობრობის შემდეგ. თურმე როგორ გულთან მიუტანია ჩემი ამბავი და რა ღრმად განიცდის, არადა ყველაზე თავქარიანი ის ჩანდა ჩვენს შორის, მაგრამ ალბათ ვცდებოდი მის შეფასებაში. - ძმაო, შენ ნუ დარდობ! მცირეოდენი იმედის უმცირესი ნაპერწკალი მაინც რომ არსებობდეს, მოვეჭიდები და არ გავუშვებ - გადამეხვია მთელი გრძნობით, მხარს მხარი გადავაჭდეთ და თითქოს ორივეს გადაგვივარდა სიმძიმე გულიდან. - ხვალ ხვალისა იყოს, ამიგო. დღეს დღევანდელით დავტკბეთ, წავედით. - ისევ მხიარულად შემომძახა ჩემმა უერთგულესმა და გავედით ეზოში. ამ სისხამ დილით მთელი ოჯახი უკვე ფეხზე იყო, ჩვენი გოგოებიც და ჩვენდა გასაკვირად საიდი, სერჟიო და ფილიპიც. დადაშმა თავისთან გვიხმო, გაშლილ სუფრასთან მიგვიწვია. - აბა, ვაჟკაცებო, დღეს შეჯიბრია და კარგად გამოიკვებეთ. ისე ლერიმ ცხენი მოგიყვანა უთენია და ცოტა წაივარჯიშე წინასწარ მარკო. - მე თან ვუსმენ და თან მარიამს ვერ ვწყვეტ თვალს. რაღაც შინაურული გრძელი კაბა აცვია და თმებიც აკრული აქვს ლამაზად. დაშრიალებს სუფრასა და სახლს შორის შუა დღის ნიავივით. როგორც სჩანს ფეხი მსუბუქად დაუზიანდა გუშინ, რადგან ასე თამამად ადგამს მიწაზე. ამ აზრმა ცოტა გამახარა. თვითონაც გამომხედა და თვალებით მომესალმა. დილის ყველანაირი კოშმარი გაფანტა მისმა ერთმა გაღიმებამ. არც აღარავისი საუბარი მესმის, მხოლოდ მისი კაბის შრიალი ატკბობს ჩემს სმენას საამოდ. წარმოვიდგინე როგორ დიასახლისობს ჩვენს ოჯახში ჩემი ცოლის ამპლუაში და იმდენად გადავერთე ამ ოცნებაში, რომ სანამ მაიკლმა მხარი არ გამკრა ვერც გავიგე დადაში სუფრასთან დაჯდომას რომ მთხოვდა. დავსხედით, მაგრამ მადა მაქვს დაკარგული, ვერაფერს ვერ ვეკარები, არადა სირცხვილია ოჯახთან. მაიკლი თვალს არ მაშორებს, ჩემს ნებისმიერ მოძრაობას უთვალთვალებს, არ ვიცი რისი ეშინია, გულში მეცინება მის ბავშვურ გამოხტომაზე. ვატყობ, რომ გუშინდელის შემდეგ მარიამი გამირბის. ცდილობს თოფის გასროლის მანძილზეც კი არ მომიახლოვდეს. ვეღარ ვხვდები რატომ? ორი მიზეზია, ან ისიც არ არის გულგრილი ჩემს მიმართ და ცდილობს ბედი არ გაახელოს, ან პირიქით, არაფერს გრძნობს ჩემს მიმართ და ეს ჩემი დამოკიდებულება ცუდად მიიღო. გული მკარნახობს, რომ პირველია ჭეშმარიტება, მაგრამ გონება მეორესკენ იხრება. ნეტა თუ იცის მარიაზე, ნეტა დედას თუ მოესწრო ამბის მიტანა მისთვის? ინტუიციის არ მჯერა და ყოველთვის გონების ნაკარნახევი მიმაჩნია უტყუარ მაცნედ, მაგრამ ამჯერად ვოცნებობ, წმინდა როზალიას ვევედრები ჩემი საღი აზრი ცდებოდეს და ჩემი გრძნობათა გამოძახილი კი არა! მინდა სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება და მთელი გულით ვერთვები დადაშთან დისკუსიაში. ვმსჯელობთ ყველაფერზე, ძველსა და ახალზე. ამ ქვეყნისა თუ იმ ქვეყნისაზე, ადამიანურ გრძნობებზე, მეგობრობაზე, კაცობაზე, ქართველობაზე. - გასაკვირია პირდაპირ, დადაშ ბატონო, რამ გადაგარჩინათ ასეთი პატარა ერი ამდენი დამპყრობელის კლანჭებიდან? - მარკო, შვილო, ქართველობაზე თუ მიდგა საქმე, ჩემს აზრს გეტყვი და მერე შენ შენი თქვი. პატარა დრო არაა რაც ამქვეყნად მიცხოვრია, პატარა ხანი არაა რაც ამ დედამიწას ვამძიმებ, რასაც ახლა ვიტყვი მრავალი წლის ჭირ-ვარამით და ნანახ-განცდილით არის შედუღაბებული, ამიტომ ალბათ დაიჯერება. და არც ის იფიქრო, რომ ქედმაღლობა ან ამპარტავნობა მალაპარაკებდეს ამას. იცოდე, რომ ქართველი მხოლოდ ეთნოსი არ არის, ქართველი არც მხოლოდ კაცობრიობის უმნიშვნელო, შეუმჩნეველი ნაწილია, არამედ ჯიშით, ზნით, სარწმუნოებით, ტრადიციით, ენით, სიძველით უნიკალური და განუმეორებელი ნაციაა, დიახ ნაციაა, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს დედამიწის ზურგზე ოდითგანვე. ბევრი გვებრძოდა, დაგვაჩოქა კიდეც, დედაც გვიტირა, დაც, ცოლიც, ჩვენც მოგვკვეთა ბევრმა თავი, მაგრამ ერი გადარჩა. გადაარჩინა წმინდა ლამარიას და თეთრი გიორგის წყალობით ვახტანგმა, დავითმა, თამარმა, გიორგიმ, ერეკლემ. იყო ღალატიც, გაცემაც, ორგულობაც, ზნედაცემულობაც, მაგრამ ღმერთის წყალობით, ღერბეეთუ გვაშიდ, ყოველთვის გამოჩნდებოდა ხოლმე ისეთი ლომგული სულით, რომელიც დაცემულ ქართულ დროშას ზე აიტაცებდა და მკერდით ეფარებოდა მას. ყოველთვის ჩნდებოდა ქალი, რომელიც აღზრდიდა სამას არაგველს, დადიანს, ახალციხელებს, სააკაძეს, ჭყონდიდელს და მრავალთ ვისაც ისტორია არ მისცემს დავიწყებას, რადგან მათ თავიანთი სისხლით და ოფლით ამობეჭდეს საუკუნოვან ფურცლებზე საკუთარი სახელები. ყოველთვის იყო თარაშისნაირი ვაჟკაცი, რომელიც ძმობილის კუთვნილ ტყვიას მკერდს უხვედრებდა და პირნათელი და ბედნიერი ეცემოდა საუკუნოვან ძილს. მათი და მათნაირების დამსახურებაა დღეს ქართულად რომ ვმეტყველებთ და თოთხმეტ დამწერლობაში ჩვენი ქართული დღესაც რომ აქტუალურია და შუმერული ან ხეთურივით რომ მკვდარ ენებში არ ირიცხება. ამიტომ შვილო, ქართველობა არ არის მარტივი, ამიტომ შვილო ქართველობას მსხვერპლი სჭირდება, მათნაირი მსხვერპლი, მათი სისხლი, რომ ამ დაღვრილი სისხლის ადგილას ახალი ნაყოფი აღმოცენდეს და გააგრძელოს მათი მძიმე ხვედრით გადარჩენილ საქართველოში ქართველად ყოფნა! - ვუსმენ ამ დიდ კაცს და ვხვდები რას ნიშნავს სიტყვა კაცი! აი ადამიანი, აი პატრიოტიზმი, აი უბრალოდ კაცი, რომელმაც მრავალი მისთვის უძვირფასესის სიკვდილი ნახა და გადაიტანა და მაინც ასე შემართებით და იმედიანად უყურებს მომავალს. მისი ოპტიმიზმით გაჯერებული სიტყვების ფონზე ჩემი პრობლემები ნამდილად სასაცილოდ მეჩვენება. ასე მგონია აქ შემთხვევით არ მოვხვედრილვარ, დადაში შემთხვევით არ გამიცვნია და ჩემი ცხოვრებაც რაღაცნაირად სამუდამოდ დაკავშირებული იქნება ქართველებთან და საქართველოსთან. არც იტალიის ისტორიაა მარტივი და უმტკივნეულო, განსაკუთრებით სიცილია გამოირჩევა დამპყრობელთა მრავალეროვნებით, მაგრამ დანაკარგების მასშტაბებით ეს რამდენიმეჯერ უფრო პატარა ქვეყანა ჩვენსას არაფრით არ ჩამოუვარდება. მენტალურად და ზნეობრივად თითქოს ვგავართ, თითქოს ეს გაგონილი ჩემთვის კარგად ნაცნობი თემა იყოს. - დადაშ, ბატონო, ჩვენც არაერთს დავუპყრივართ, არაბებიდან და ნორმანებიდან დაწყებული ესპანელებით დამთავრებული, ვისაც ფეხი აუცდა, ჩვენთან დაეცა. შიდა ომებიც მრავლად გვქონია და ძმათა სისხლიც დაგვიღვრია, მაგრამ ეროვნული თვითმყოფადობა და მენტალური თავისებურებანი ასევე შეგვინარჩუნებია, ამიტომ კარგად მესმის თქვენი განცდების, მართლა კარგად მესმის. - მაგარი კაცი ხარ, მარკო, იხარე და იმრავლე! - დამლოცა დადაშმა. - წადი შვილო ახლა ცოტა გაატარ-გამოატარე ცხენი. ლერი წაიყვანე თან. - კეთილი, ბატონო დადაშ, წავიყვან! - ავდექი, დადაშმა ლერის დაუძახა და სთხოვა გამომყოლოდა. თვალებით მარიამს დავუწყე ძებნა, მაგრამ არსად არ ჩანს და დადარდიანებული წავედი. ცხენი აღკაზმული დამხვდა. სხარტად შემოვახტი, ლერის შექება ჰაერში დამეწია. ვატყობ, რომ უნაგირი ევროპული ყაიდის არ არის და ცოტა არ იყოს ვერ მოვთავსდი კარგად. ცხენი საშუალო სიმაღლისაა, ჯმუხი და ფეხმაგარი. ადგილზე ვერ ისვენებს, აშკარად ერთი სული აქვს გაინავარდოს. ლერი მაფრთხილებს ძალიან შორს არ წაიყვანო, ძნელი დასაოკებელი ხდება მთებისკენ რომ მიიწევსო, მაგრამ დიდად არ მიმიტანია გულთან ახლოს და დავძარი. გავარდა, მაგრამ რა გავარდა, შურდულივით მოწყდა ადგილს. მიქრის და მიაფრიალებს გრძელ ლამაზ შავ ყავისფერ ფაფარს. ეს წინაღობისგან მონაქროლი ჰაერი სასიამოვნოდ მიგრილებს ამ აღელვებულ გულს და მთლად მივუშვი ცხენი ნებაზე. ალბათ, რამდენიმე კილომეტრი გაირბინა წუთში, ვცდილობ მოვატრიალო, მაგრამ აღარ მემორჩილება. მაშინ ისევ მივუშვი და აღარ ვეჭიდავები. ამ თავისუფლების შეგრძნებამ საერთოდ გააგიჟა და ერთი-ათად ააჩქარა მოძრაობა. მიჰქრის და მეც მივყვები, თითქოს ორ სხეულში ერთმა დაბმულმა მხეცმა აიშვა და ორივენი ვტკბებით ამ თავისუფლების შეგრძნებით გაბრუებულნი. თვალწინ სულ დადაშის სიტყვები და მარიამი წარმომიდგება. რა სასწაული რამე ყოფილა სიყვარული, ყველაფერი კარგავს მნიშვნელობას, ყველაფერი კარგავს ფასს მასთან შედარებით, მაგრამ არა, ყველაფერი არა - მხოლოდ კაცობა არ კარგავს! ეს ორი რამ არის, რაც ამ წუთს ჩემთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. მამაჩემიც ამის ნათელი მაგალითია, იცხოვრა კაცურად და ჰყავს ცოლად ცხოვრების ერთადერთი სიყვარული. ბედნერია, ნამდვილად უბედნიერესია. ეჰ, მე თუ მეღირსება ოდესმე ჩემი წილი ბედნიერება ნეტავ, ეჰ ნეტავ აქ გავჩენილიყავი ქართველად, მარიამის სიახლოვეს. მაშინ თუ ვიქნებოდით ერთად? კი ვიქნებოდით აუცილებლად, - გადავწყვიტე გონებაში. - ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ის თუ იქნებოდა თანახმა - უცებ გამიელვა ამ მათრახივით მწარე შეკითხვამ თავში, მაგრამ უმალ უარვყავი - რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ყოფილიყო და იქნებოდა კიდეც ჩემი. ცხენს ვეჩურჩულები და ვეფერები, მომწონს და მგავს თითქოს, ისიც ჩესავით ჯაჭვიდან აშვებული თავისუფლებით ტკბება და მიჰქრის უკანმოუხედავად. საინტერესოა ისიც ჩემსავით მუდამ თუ უბრუნდება მოვალეობებს და სადამდე ჰყოფნის ეს თავისუფლებისკენ ლტოლვა? ძალიან მეცოდება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, არ მინდა დოღის წინ დავღალო და მოვქაჩე ლაგამი ძალიან ძლიერად, მომეჩვენა თითქოს მის კბილებში გადებულმა მეტალმა დაიჭრიალა. ადგილზე შედგა და შემომხედა, შემომტირა თავისუფლება რატომ შემიზღუდეო, მეც მოვეფერე და დავუყვავე, იმედია მივახვედრე სხვა გზა რომ არ მაქვს. ახლა მარტო გამახსენდა, რომ სახელიც კი არ ვიცი მისი. შემობრუნდა დადარდიანებული და უღიმღამოდ გაუდგა სახლისკენ გზას, აშკარად აღარ ეტყობოდა ცოტახნისწინანდელი სილაღე და მიზანსწრაფულობა. - მართლა მგავს - გავიფიქრე და ჯირითისგან დაძარღვულ მკერდზე მოვეფერე. მივბრუნდით სახლში და მარიამსაც მოვკარი თვალი, ეზოში დაფუსფუსებდა. სახე გამებადრა და გულზეც მომეშვა. ღიმილით შევაკუნტრუშე ცხენი ეზოში. - ერთ საათში დოღია, ნელ ნელა გაემზადეთ და წავიდეთ ძმებო - დაგვიტოვა სიტყვა ლერიმ და შემდეგ ცხენი წაიყვანა დასასვენებლად. - ცხენს რა ჰქვია ლერი? - ვეკითხები, ძალიან მაინტერესებს. - იმედა, ინგლისურად ჰოუპ - მპასუხობს. სახელი მენიშნა, იგი ამ წამს მართლაც ჩემი იმედია, მარიამის გულის მოგების იმედი. მიყვარს უკვე ეს ცხენი. ცოტა ხანში წავედით კიდეც, გოგოები მანქანებში ჩასხდნენ და სხვებიც წაიყვანეს. ჩვენ ცხენებზე გადავნაწილდით და ლერის და ადგილობრივ ბიჭებს წავყევით. აღმართები ავიარეთ ამ ულამაზეს სოფელში, სადაც სულ ძველებური სვანური სახლებია ირგვლივ დიდი მიწებით და ხეხილით განთავსებული და მივადექით შედარებით ვაკე ადგილს, სადაც ეს დოღი უნდა ჩატარებულიყო. ადგილზე ბევრი ხალხი დაგვხვდა, როგორც ბიჭებმა ამიხსნეს სხვა სოფლებიდანაც იყვნენ სანახაობის საყურებლად გადმოსულები. მე ისევ მარიამს ვეძებ თვალებით და როგორც იქნა მივაგენი. გული თითქოს გამიწვრილდა, როდესაც იგი დათას გვერდით მხიარულად მოუბარი დავინახე. რომ მივიდე ძალიან აშკარა დაპირისპირება იქნება, და ნამდვილად ვერ მოვექცევი მარიამს და დადაშს ასე. ამიტომ შორიდან გაგიჟებული ვუყურებ და ვაკვირდები. ბიჭებს ჩემი მზერა არ დარჩენიათ შეუმჩნეველი და შემომეხვივნენ კიდეც ირგვლივ. - მარკო, გეყოფა, ისეთი თვალებით უყურებ ამ ბიჭს, მეშინია ცეცხლი არ წაეკიდოს და არ ჩაიფერფლოს - მაიკი ცდილობს ხუმრობით გამომიყვანოს ხასიათზე. - ბიჭო, გეყოფა მართლა, რა გჭირს? - საიდი ბრაზობს - მხოლოდ საუბრობენ. დოღზე იფიქრე და ეცადე არ წააგო. - არ წავაგებ! - გამოვცერი კბილებში. - აუ ამან სულ გარეკა - ფილიპიც აჰყვა საერთო აზრს. - მარკო, ფრთხილად იყავი, ამიგო, ცხენი ძალიან არ მიუშვა - მარიგებს სერჟიო, მაგრამ აღარავის ვუსმენ. მარიამს არ ვაშორებ თვალს. ერთი რამ ვიცი დანამდვილებით, ამ დოღში უნდა გავიმარჯვო, რადაც არ უნდა დამიჯდეს, თუნდაც გავწყვიტო წელში ცხენი არაამქვეყნიური ჭენებით, მაინც. სიბრაზის და უსუსურობის განცდა ერთნაირად მეუფლება, ჩემს საყვარელ არსებას, ჩემს სასურველს სხვის გვერდით ვხედავ და არ ძალმიძს მივეჭრა და გამოვაშორო მის სიახლოვეს. ვაჟი მის გვერდით მხიარული ჩანს, რატომაც არა, ისიც კმაყოფილია ამ მშვენიერების გვერდით ყოფნის ბედნიერებით. წამები საათებივით გადის, წუთები დღეების სიზანტით. ბიჭებს საუბარი ავუკრძალე ჩემთან, ნებისმიერი გადაბრუნებული სიტყვა ან ხუმრობა და დენთივით ავფეთქდები, ხვდებიან და არ მეკარებიან. როგორც იქნა გაიარა დოღის გამოცხადებამდე მტანჯველმა პერიოდმა და გავნაწილდით ხაზებზე. აგვიხსნეს მარშრუტი, საკმაოდ აღმართზე გვიწევდა ჭენება და შემდეგ უკან დაბრუნება. მონაწილეთა რაოდენობა ოცდაათს აღწევს. მე რატომღაც დარწმუნებული ვარ ჩემს თავში და არც კი ვფიქრობ დამარცხებაზე, მხოლოდ პირველი ადგილია ამ წამს ჩემი მიზანი, ბედს ვარ მინდობილი და ჩემს შესაძლებლობასაც ვენდობი. თოფის გასროლის ხმა და ჩვენი აწყვეტა ერთია. მივაქროლებ ჩემს რაშს და გამარჯვების გარდა არაფერზე ვფიქრობ. ეს გამარჯვება მარიამისთვის მჭირდება. ჰაერივით მჭირდება პირველი მე დამინახოს, თითქოს ამ გამარჯვებას მის გულზე გამარჯვებასთან ვაიგივებ და აქ დამარცხება შესაბამისად მხოლოდ დოღის წაგების ტოლფასი არ იქნება ჩემთვის. მიჰქრის ჩემი მერანი უსწორმასწორო გზებზე, შეძახილიც კი არ სჭირდება, თავს არ ზოგავს, თითქოს გრძნობსო ჩემს განცდებს და ამ გამარჯვების მნიშვნელობას ჩემთვის. რამდენიმე ყმაწვილი გვერდით მომყვება, მათკენ არ ვიყურები, მაგრამ ვგრძნობ, რომ ერთ-ერთი დათაა მათ შორის. დავარტყით ერთი წრე და მოვყვებით, მოვაჭენებთ უკანა გზაზე გაასმაგებული მონდომებით და ყიჟინით. მე და ერთი ცხენოსანი ვართ წინ, სულმა მძლია და გავიხედე გვერდზე. მე და დათა მივაქროლებთ რაშებს ერთმანეთის გასწვრივ, თითქმის სწორ ხაზზე. აგდებულ ღიმილს ვატყობ თითქოს სახეზე და გული მიალდება ბრაზისგან. მაშინ შემოვკარი მათრახი გავაზე უკვე ჩემს იმედას, თან გულში პატიებას ვთხოვ უდიერად მოქცევისთვის, ითაკილა თითქოს ბედაურმა, მაგრამ ამჯერად მაპატია და მოუმატა ერთი ორად სიჩქარეს, გაამართლა სახელი და გაიჭრა წინ პირველი. გულში სიხარულის ნაპერწკალი გამიღვივდა წინდაწინ, გამარჯვების სურნელი დატრიალდა ანაზდად ჰაერში. მივქრივართ წინ მე და ჩემი იმედა სულ მთლად გახვითქულნი, მაგრამ გვეწევა დათაც, მისი ცხენის ოხშივარიც ერევა თითქოს ჩემი ცხენისას და მისი თვალთაგან გამოდევნილი ბრაზის ნაპერწკალი ბრდღვიალებს მის ოფლისგან დაცვარულ სახეზე. ხოლო დანარჩენი ცხენოსანნი კარგა სიშორის მანძილზე არიან ჩვენგან. ცოტაღა დარჩა, ბოლო ასეული მეტრიც გამოვიქროლეთ და სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯით გამოვუსწარი მას და პირველმა გადავკვეთე ფინიშის ხაზი. არც ყიჟინის ხმას, არც მოწონების აღფრთოვანებულ შეძახილებს, არც აპლოდისმენტებს არ ვაქცევ ყურადღებას, მხოლოდ მარიამს ვეძებ თვალებით და დავინახე კიდეც. ჩემკენ გამოიქცა და გადამეხვია გაშლილი ხელებით. ღმერთო, რა ბედნიერი ვარ ამ წამს, რომელიც მინდა უსასრულოდ გრძელდებოდეს. ხელში ავიტაცე და ჰაერში დავაბზიალე რამდენიმეჯერ. გული თითქოს ვეღარ იტევს ამხელა მოზღვავებულ გრძნობებს და მკერდიდან გადმოსვლას ლამობს. გულიანად იცინის და მთხოვს დამსვიო, მაგრამ არ მინდა მისი ხელიდან გაშვება და მყავს ასე რამდენიმე წამი ხელში ბავშვივით ატაცებული და მისი სხეულის სურნელი ყველანაირ დაღლილობის თუ გამარჯვების სურვილით დაჭიმულობისგან ტკივილის შეგრძნებებს მიქარწ....ბს. მისი დაჟინებული თხოვნით დავსვი, ყველა ჩვენსკენ მოიჭრა მოსალოცად, ხოლო მე რატომღაც დათასკენ გამექცა თვალი. იგი ცხენიდან ჩამოხტა, სახეზე უდიდესი ტანჯვა და გაწბილება ჰქონდა გამოხატული. დავინახე, როგორ გამოიხედა ჩვენკენ, წარბები მთების გამყოფი მკაცრი უღელტეხილივით ჰქონდა შეყრილი, დანა პირს არ უხსნიდა. უცებ ჩემკენ წამოვიდა, ხელი ჩამომართვა, მოჭრილად ერთი სიტყვით მომილოცა გამარჯვება და გამეცალა. დავინახე მათრახი როგორ დაიკრა მთელი ძალით ბარძაყის ძვალზე, ისე რომ სახეზე ერთი ნაკვთიც კი არ შერხევია, შემდეგ ისევ ცხენს მოახტა, მოატრიალა, ყალყზე, ორ ფეხზე დააყენა და ჩვენი საწინააღმდეგო მიმართულებით მთებისკენ გააქროლა. მარიამი მომშორდა უცებ და მას გაეკიდა, სალომეც გაჰყვა. გული ისევ შემეკუმშა, მაგრამ რეაქცია არ გამიკეთებია, რადგან ვაჟკაცურად მოიქცე დამარცხებული და დათმო პირველობა გაცილებით უფრო რთული და მისასალმებელია, ვიდრე გამარჯვებულის დიდსულოვნება. მისთვის ეს წაგება ვიცი ჩემნაირად მრავალმნიშვნელოვანი იყო და მტკივნეული. ათეული ნაბიჯის მანძილზე სდიეს გოგოებმა, რომ მიხვდენენ შორს იყო, მობრუნდნენ დაღონებულნი. მე არაფერს ვეკითხები, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, მისი სახელის ხსენებაც არ მინდა მარიამის გვერდით. დავბრუნდით გამარჯვებულნი სახლში, დადაშმა მლოცა და მლოცა ასეთი თავგამოდებითვის. ცოტა ხანი დავისვენოთო გოგოებმა და შემდეგ მესტია და უშგული გვაქვსო სანახავიო. მე მთავარია მარიამის გვერდით ვიყო და აღარ მაინტერესებს უკვე აღარაფერი. თურმე ასე ყოფილა ცხოვრება მოწყობილი, დიდი ლოტოტრონის დოლურასავითაა, ყრი, ყრი და აგროვებ მასში ფურცლებივით ადამიანებს, შენი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეძენილთ თუ გენეტიკურად მონათესავეებს, მაგრამ გამარჯვებული იქიდან მხოლოდ ერთი ამოდის, როგორც ერთია შენი სულის თანამგზავრი ამქვეყნად. თითქოს სიყვარული გაღვიძებს და გაგრძნობინებს რა არის შენი ამქვეყნიური მთავარი დანიშნულება და ძირითადი არსი, სხვა ყველაფერი ამ წამს მეორეხარისხოვანია ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ გონება ათასგვარ სხვა მნიშვნელოვან თემას გიწევს წინ, ცდილობს გადაფაროს ეს გრძნობით მონაბერი ჭეშმარიტება, გული არ ანებებს და წინააღმდეგობას უწევს სასტიკს, ისეთს, რომ გონებაც ნებდება და იბინდება, თვალს ხუჭავს და მუხლს იდრეკს ამ დიდი გრძნობის წინაშე. ეს ყველაფერი შენგან დამოუკიდებლად ხდება და წინ რომ აღუდგე, თავი უნდა დაასამარო სამუდამოდ, სხვაგვარად წარმოუდგენელია ნამდვილად. ბედნიერი ვარ მის გვერდით, უაზროდ და უკიდეგანოდ ბედნიერი, გაბრუებული ვარ ამ ბედნიერებით და ვიღიმები და თვალს არ ვაშორებ ჩემი ამ მდგომარეობის მიზეზს. მესტიაში ვართ, მარიამის თქმით ჰაწვალის აღმართზე. უშბის მწვერვალი ჩანს აქედან მთელი თავსის დიდებულებით, მეფესავით გაშლილი და სვიანად მორთხმული. ხედი იშლება თვალწარმტაცი და საუცხოო. ამ ადგილებს რომ გავყურებ, ვხვდები როგორი უნდა იყოს ედემი, უთუოდ ასეთი. უკიდეგანოდ გაშლილი ტრამალები, რომლებიც მთებიდან მოჩხრიალე მდინარეებით არის მოფენილი. სიყვითლეში გადასული ხავერდისფერი ტყეები და მდელოები, გეგონება ლალი და ზურმუხტია მობნეული ირგვლივ და მზეც მათ დიდებულებას ერთი ორად უფრო მედიდურს ხდის. ეს სვანური მყარად ნაგები კოშკები, თითქოს გუშაგებივით დგანან და დღედაღამ იცავენ ამ სილამაზეს ავი თვალისგან, ხოლო მყინვარები კი მათ დროდადრო თითქოს მხარს უმაგრებენ და უძლიერებენ, ისე დაჰყურებენ თავზე ამ გუშაგებს. ინგა და საიდი აშკარად შეყვარებული წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებენ უკვე, ჩვენც აღარ გვერიდებიან. სულ ერთად დაჟღურტულობენ და დადიან. დღე და ღამის კონტრასტივით არიან, ინგა ქერა და მზის სხივებივით გაშლილი და ხუჭუჭა თმებით, საშუალოზე მაღალი ლამაზი აღნაგობის და მოყვანილობის და ღამის ბინდივით შავი, მაგრამ საოცრად კაცური და მოყვანილი აღნაგობის და პირი-სახის საიდი, რომელიც მაიკლის დაცინვების მიუხედავად დიდი სიმპათიებით სარგებლობდა საპირიპირო სქესის წამომადგენელთა შორის. ეს აღმოსავლური შარმი ყოველთვის განსაკუთრებულად წარმოაჩენდა ხოლმე ჩვენს შორის. გულს მითბობდა მათი სიყვარულით აღსავსე გამოხედვები და მორიდებული შემთხვევითი შეხებები. ერთი რამ მაწუხებს მხოლოდ, მათ წინ აღმართული მრავალი ბარიერი, რომელთა გადალახვაც მოუწევთ ერთმანეთისკენ მიმავალ გზაზე. ალბათ ნამდვილი სიყვარული ტანჯვის გარეშე ისეთი ტკბილი აღარ არის, თორემ ეს ამდენი წინაღობა რა საჭიროა მაშინ, ისევე, როგორც ეკლიანი და ველური, მიუდგომელი ნაყოფი ყოველთვის გაცილებით უფრო გემრიელი ჩანს. ასე ყოფილა კაცის გუნება მოწყობილი, ის იზიდავს და ეოცნებება რაც წარმოუდგენელი და მიუწვდომელია, ხოლო ადვილად მოსაწყვეტი და მოსაკრეფი შეიძლება ისე ჩაულპეს ცხვირწინ, ზედაც არ შეხედოს და დაგემოვნებაც ვერ მოიფიქროს. მაიკლიც თითქოს სალომეს ეფლირტავება, მაგრამ გოგონა გაურბის და ვაჟიც დიდად არ აქტიურობს, მაიკლმა უფრო იცის თავის გამეტება, მაგრამ ამჯერად მოკრძალებულია რაღაც. გულში ცოტა არ იყოს მიხარია, რადგან დადაში რთული და ტრადიციული კაცია, ამიტომ არ მგონია დიდი შანსები ჰქონდეს ჩემს, მათთვის უცხოელ მეგობარს. ფილიპი და სერჟიო განუყრელი მეგობრები გახდნენ, სვანეთმა საბოლოოდ დააძმაკაცა ისინი. ჩვენსკენ არც იყურებიან, სულ რაღაცაზე ბჭობენ, დაობენ და მერე ერთად იცინიან, ანამაც მათ კარგად გაუგო, ძალიან მხიარული გოგონა ჩანს და დადიან ასე სამნი და ხარხარებენ ყველაფერზე უაზროდ. მარიამი როგორც ყოველთვის მესტიაშიც ჩვენი გიდია და გვათვალიერებინებს და გვიხსნის ყველაფერს. ვნახეთ მესტიის ულამაზესი და უძველესი ექსპონატებით დახუნძლული მუზეუმი, რომელიც მართლმადიდებლური სამყაროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ყოფილა, რადგან აქ უძველესი, მერვე საუკუნის და უფრო გვიანდელი ოთხთავები ინახება. მოვინახულეთ ასევე მსოფლიოში ცნობილი ალპინისტის, მიხეილ ხერგიანის სახლმუზეუმიც და სხვა მრავალი ღირსშესანიშნავი ადგილი. განსაკუთრებით მომწონს ეს პატარა ლამაზი ქალაქი, რომელიც მთებში ისე ჩამალულა, თითქოს მტრის თვალს არ ენახებაო. ეს კოშკები, ძველებური სახლები, ბუნების მრავალფეროვნება, მყინვარები, რომლებიც თავზე დჰყურებთ, ყველაფერი ზღაპრულს და დაუვიწყარს ხდის მესტიას. ბედნიერი ვარ, რომ ამ საოცარ ადგილას ვარ, თანაც მარიამის გვერდით. ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება სწვეოდა ამ ბედის დაცინვით დაღლილ და დაქნცულ ჩემს სულს. იქვე რესტორანში შევედით, წავიხემსეთ და ხელადვე გავაგრძელეთ გზა უშგულისკენ, რადგან დღის შუქზე გვინდა წამოვიდეთ უკანა გზაზე. მალე გამოჩნდა უშგულიც, სუნთქვა შემეკვრა, ძალიან მაღალზე ვართ, მარიამის თქმით ზღვის დონიდან სადღაც 2000 მეტრზე უფრო მაღლა. თვალწინ მიდგება ალპური სილამაზე, მთებში ჩაფლული სოფელი კოშკებით და ძველისძველი არქიტექტურით ნაგები სახლებით. ირგვლივ იმდენნაირი ყვავილები ყვავის და ისეთ ფერებშია გადაწყვეტილი, ზოგის სახელი შეიძლება გამიჭირდეს გავიხსენო და წარმოვთქვა. შვეიცარიაშიც ვარ ალპებში არაერთხელ ნამყოფი, მაგრამ აქ სხვა სიდიადეა თითქოს. ეს ძველისძველი შენობების და ბუნებრივი ლანდშაფტის სინთეზი გარდა გაოცებისა და აღტყინებისა, მოწიწების და რიდის გრძნობას გიტოვებს და გნუსხავს. თითქოს მზად ხარ ფეხი მოიდრიკო და აქედან პირდაპირ ღმერთს ესაუბრო, შეგრძნება გაქვს, რომ ძალიან ახლოს ხარ ღრუბლებთან და ამიტომ. გაგვიმართლა, კარგი, მზიანი ამინდია და ამ სასწაული სანახაობის კარგად დანახვა, სურათებში აღბეჭდვა და დამახსოვრება შევძელით. მოვიარეთ ყველაფერი თითქმის, ბევრი, ძალიან ბევრი ტურისტი შეგვხვდა სულ სხვადასხვა ეროვნების. ბოლოს ერთ შემაღლებულ ადგილზე პატარა ეკლესიას ვეწვიეთ. სალომემ ეს უშგულის ლამარიააო, ანუ მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ყოფილა. გაოცებული ვარ რამდენი ძველისძველი პატარ-პატარა ეკლესია და რელიგიური სიწმინდეები აქვთ სვანებს შემონახული. შევდივართ ამ ათი საუკუნის ნაგებობაში, რომელსაც ირგვლივ ქვითკირის გალავანი აქვს შემორტყმული. ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა და შიგნით ძველისძველი ფრესკებიც არის შემორჩენილი. უცებ ფილიპი ტრიალდება ჩემკენ და ერთ ფრესკას მაჩვენებს, რომელიც მთლად მკვეთრი აღარაა, მაგრამ ნათლად სჩანს, რომ საიდუმლო სერობაა ასახული. დავინჩის რომ ენახა ამ დალოცვილ ადგილას ეს შთამბეჭდავი ნამუშევარი გამოსახული, ალბათ სასიამოვნოდ გაოცდებოდა, რადგან მან ნამდვილად იცოდა იესო ქრისტეს მოციქულებთან საუბარი მისი დასმენის და გაცემის წინა ღამეს, რასაც თვით იუდა ისკარიოტელიც კი ესწრებოდა ფრესკად აღბეჭდვის როგორ სირთულეს წარმოადგენდა. ვუყურებ ამ აპიზოდის ალბათ მეათე რეპროდუქციას, რომელიც ფრესკის სახით მინახავს და მაოგნებს ის ფაქტი თუ რამდენად მძიმე უნდა ყოფილიყო ეს ღალატი, და ამავდროულად რამდენად დიდი შეიძლება იყოს შენდობის, პატიების უნარი. ნეტა წინასწარ რომ სცოდნოდა იუდას რა ბედი ეწეოდა მის გადამრჩენელ იესოს, მაინც თუ გაწირავდა ოცდაათ ვერცხლად და უცებ შემეცოდა თითქოს, რადგან მგონია რატომღაც, რომ არ იცოდა რას იქმდა, არ იცოდა მესიას თუ ასეთ სატაჯველს უმზადებდა და კიდეც იწვნია სასჯელი, რომელიც თავადვე მიუსაჯა საკუთარ თავს, რადგან უფალმა შეუნდო მას და შეუნდო ასევე სხვებსაც, რომლებსაც მისი სხეული არ დაენანათ საჯიჯგნად. - რა საოცარი აურაა აქ, სოფელიც ძალიან მომეწონა. იმაზე მაგარია, ვიდრე შენ აღწერე სალომე - საიდი არ მალავს ემოციებს. - კიი ამიგო, აქ არ შემიძლია არ დაგეთანხმო - მაიკლიც გამოთქვმს აზრს. - იცი რა მაოცებს? - უცებ გვეკითხება სერჟიო. - რაა? ხალხი როგორ ცხოვრობს ამ სიმაღლეზე? - კითხვას უბრუნებს ფილიპი. - არა, მე ის მაოცებს, ამ ადგილების შესახებ როგორ არ ვიცოდით აქამდე. - სამწუხაროდ იმდენად პატარა ქვეყანა ვართ, რომ ასეც ხდება ხოლმე - აღნიშნა ანამ. - პიარი არ გივარგათ ჩემო გოგონა - დაასკვნა მაიკლმა - აქედან რომ ჩავალ ისეთ რეკლამას გაგკეთებთ, ისეეეთს, უუუუ - თვალები გადაატრიალა, ჩვენ გაგვეცინა გულიანად. - შენი რეკლამა ანტირეკლამაა ძმაო, ვინმეს ეგონება ფული ჩადე აქ და მამაშენის ბიზნესის აყვავება გინდა - არ დააყოვნა საიდმა შეპასუხება. - მერე ჩადე შენც ფული, ვინ გიშლის. მარტო ნავთობი რომ გაკერია პირზე, ააყვავე ტურიზმიც - მაიკლმაც რა თქმა უნდა არ დაუთმო - გამოშრება ის ნავთობი და რა თავში ქვას იხლი მერე ვნახავთ, რომ მომადგები, ერთი ნომერი მაინც მომეცი შენს სასტუმროშიო. - კარგი ხოო, გეყოფათ, გოგოებს ფულზე გადარეულები ეგონებით - ვუთხარი ფრანგულად, რომ გოგოებს არ გაეგოთ, მაგრამ... - ნუ ღელავ, მონ დიე, არ გვგონიხართ - ფრანგულადვე მიპასუხა სალომემ და ბიჭებსაც მეტი რა უნდოდათ მონ დიეს ძახილით გაიგუდნენ კინაღამ სიცილით. მარიამი თითქოს სევდიანი მეჩვენება. არ შემიძლია ასეთს ვუყურო, არ შემიძლია მისი ღიმილი და ტუჩის კუთხეებში სიცილის დროს წარმოქმნილი პატარა ხვრელი ხშირად არ ვიხილო. მივეჩვიე მის უბრალო, მაგრამ ამავდროულად დიდებულ სახესა და აღნაგობას. ერთნაირად არის მასში ეს სისადავეც და მედიდურობაც, როცა ამაყად გაივლის ხოლმე თავდაჯერებული ნაბიჯებით ანგარიშმიუცემლად. მუდმივად ცდილობს თან ძალიან ახლოს იყოს ჩემთან, თან დისტანციაც დაიჭიროს. ცდილობს თან არ მაწყენინოს სიცივით და თან ზედმეტი სითბო და მზრუნველობაც არ გამოიჩინოს. ისეა, თითქოს მე ცეცხლის ალი ვიყო კოცონად აგიზგიზებული და თვითონ ჩემს გვერდით მოკალათებული პატარა კნუტი, რომელსაც სითბო უყვარს, მაგრამ ცეცხლისგან თავს ცოტა შორს იჭერს, თითქოს ეშინია ალმა ნაზი ბეწვი არ დაუწვას. ეს რამდენიმე დღეა სულ მას ვუყურებ, ამ მთებს, მდინარეს, მწვერვალებს, ბუნებას თუ რასაც არ უნდა ვხედავდე, მაინც მარიამი მესახება და მელანდება თვალწინ. რამდენიმე წუთით თუ თვალს მიეფარება ვხვდები რომ საკმარისია ეს დრო იმისთვის, რომ მომენატროს და ქვეცნობიერად მის ძებნას ვიწყებ. ალბათ სახეზე მეტყობა ხოლმე მისი დანახვის სიხარულით გამოწვეული ღიმილი, რადგან ბიჭებმა არაერთხელ გადმომილაპარაკეს ნამეტანი იტყობ გრძნობებსო. გრძნობაც აღარ შევიტყო? ვერ გავიგე, უსულო ქვა ხომ არ ვარ ბოლო-ბოლო, ადამიანი ვარ და გრძნობა და გულისთქმა მეც გამაჩნია. გადავწყვიტეთ ცოტა ხანი კიდევ გავჩერეთ ამ უსაზღვროდ ლამაზ მდელოზე, სადაც ახლა ვიმყოფებით. გოგონები ყველანი ყვავილებს კრეფენ და თაიგულებს წნავენ. მხოლოდ მარიამის არ აჰყვა მათ. ის სერჟიოს ესაუბრება რაღაცაზე და შიგადაშიგ იცინიან, ალბათ ბავშვობას იხსენებენ. ბიჭებიც გოგონებთან ერთად არიან და ცდილობენ ისინი არ მოაწყინონ. საიდი თვითონ უკეთებს თავის მომავალ შეიხას თაიგულს და ბედნიერებისგან სახე აქვს გაბადრული. მე მარიამის მოძრაობებს ვაკვირდები და ვტკბები, თვალს არ ვაშორებ. ალბათ იგრძნო ჩემი მზერა და გამოიხედა, მე ცოტა მოშორებით ვზივარ მარტო და ხელი დამიქნია მოდიო. მეც მივედი მასთან და სერჟიოსთან. - ერთ წუთს მოგშორდებით ახაგაზრდებო, ფილიპს მინდა რაღაც ვაჩვენო - ცდილობს მარტო დაგვტოვოს და რაღაცას იმიზეზებს. მე მაწყობს. - მარკო, მარტო რატომ ხარ? მოიწყინე თითქოს - მკითხა მარიამმა, თან თვალებში მიყურებს. - არ მომიწყენია, მარიამ, უბრალოდ სანახაობით ვტკბებოდი. - მოგეწონა უშგული? - კი არ მომეწონა, აღფრთოვანებული ვარ. ასე მგონია ღმერთმა სამყაროს შექმნა აქედან დაიწო, ედემის ბიბლიურ აღწერილობას მაგონებს ეს ბუნება. - ისე რომ იცოდე, ქართველებს ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია და განსაკუთრებით გვმფარველობს. - ეს როგორ წილხვედრი? რას ნიშნავს? - ვეკითხები გაოცებული. - ისტორიული ტრადიციის თანახმად, იბერია ღვთისმშობლის წილხვედრია. უფლის ზეცად ამაღლების შემდეგ, როცა მოციქულები წილს იყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა, რომ იგი იერუსალიმს დარჩენილიყო და იბერიაში, რომელიც მაშინდელი საქართველო იყო, ანდრია პირველწოდებული წარევლინა, მაგრამ მას შემდეგ მისი წმინდა კალთა არის ჩვენს ქვეყანას გადაფარებული და დაცემის და განადგურებისგან მუდმივად გვიცავს. - ბედნიერები ყოფილხართ ქართველები ნამდვილად - თვალებში ვუყურებ და ისე ვეუბნები, - ის კი თვალს მარიდებს. - კი, გეთანხმები, მარკო. - ჰყვარებიხართ წმინდა მარიამს - ისევ თვალებში ვუყურებ, ისევ თვალს მარიდებს და ჰორიზონტს გასცქერის. - კი, ვუყვარვართ ალბათ, რით დავიმსახურეთ არ ვიცი, მაგრამ მაინც. - შენ იცი რა არის სიყვარული? - ისევ თვალებში ვუყურებ, უცებ ამომხედა გაკვირვებულმა, კითხვა ეუცნაურა. - ბატონო? - ხო თუ იცი სიყვარული რა არის? - ისევ გავუმეორე, თან მზერას არ ვაშორებ, თვითონაც მიყურებს, წარბს არ იხრის. - კი დაახლოებით. - მაშინ მითხარი, მაინტერესებს შენი ამ გრძობის აღქმა როგორია - ოდნავ მეღიმება და ვემზადები მოსასმენად. მასაც ჩაეღიმა, თავი დახარა, შემდეგ უცებ შემომხედა და მიპასუხა: - სიყვარული არის თავგანწირვა. - მე გაკვირვებისგან ლამის თვალები გადმოვკარკლე. ყველანაირ ახსნას ველოდი ამის გარდა. აღარ აგრძელებს, ჩემს კითხვას ელოდება. მეც არ ვაყოვნებ, ძლივს რაღაც დიალოგი მაინც შედგა ჩვენს შორის. - რატომ, მარიამ? - ჩაეცინა. -რატოომ? ხომ არსებობს ვარაუდი, რომ სიყვარული არის ბრმა? - მკითხა, პასუხს ელის. - კი ასეა - ვპასუხობ. - კი ბატონო. ასევე არის ყრუ თუ არა? - ისევ პასუხს ელოდება ჩემგან. - მაგაშიც გეთანხმები - მეღიმება ჩემს თავზე. -და ასევე იძახიან, რომ შეყვარებული ადამიანის სულიერი მდგომარეობა ფსიქიკურ აშლილობასთან ახლოსაა, ხომ გსმენია? - ეგეც გამიგია, კი, მაგრამ რამდენად მართალია არ ვიცი - ღიმილით ვპასუხობ ისევ. - ხოდა, ჩემო მეგობარო, არის რაღაც რაც გაბრმავებს, გაყრუებს, გაგიჟებს და შენ მაინც იმ რაღაცისკენ მიილტვი და ესწრაფვი, თავგანწირვაა ეგ აბა რა არის? - ისე გადავიხარხარე, მარიამსაც კი გაუკვირდა. - სიყვარულის ასეთი კარგი ახსნა ჯერ არ მომისმენია, ყოჩაღ მარიამ. გეტყობა რომ შეყვარებული ხარ - ისევ მეცინება. უცებ დასერიოზულდა, წაბლისფერი დიდი თვალები შემომანათა და მკითხა: - შენ როგორ ახსნი, რა არის სიყვარული? - ოოო, ეგ სულ სხვა თემაა. მე მთლად ასეთი სახალისო ახსნა არ მაქვს. - არაუშავს, მიდი გისმენ. - ნამდვილი სიყვარული ჩემი აზრით მხოლოდ ერთხელ გვეწვევა ცხოვრებაში, ან შეიძლება ისე მოვკვდეთ, რომ არც განვიცადოთ. - რატომ ფიქრობ ასე მარკო? - რატომ და მე სიყვარული მგონია ისეთი გრძობა, რომელსაც მთელი შენი არსებით გრძნობ და განიცდი. მის გარდა არავისზე და არაფერზე ფიქრი არ შეგიძლია, ამ გრძნობით იღვიძებ და იძინებ, საკვების მაგივრად საზრდოობ და ჰაერის ნაცვლად სუნთქავ. შენი გულის ფეთქვა მისი სუნთქვა ხდება, თუ გაუხშირდება, პულსი გიჩქარდება, თუ შეანელებს, შენი გულიც რიტმულად ძგერას განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ შენს გონებაში და ფიქრებში ბინა დაუდია, ახლოს გყავს თუ შორს, მუდამ გენატრება. სიყვარული ძალიან მალე ფეთქდება და იფრქვევა ბედნიერებად, ამოხეთქილი ვულკანის მსგავსად დასჯაბნის და წალეკავს ყველა სხვა გრძნობას. მე ისიც უაზრობად მიმაჩნია, როცა გიყვარს, მისგან შორს ყოფნა რომ შეგიძლია, როგორც წყალში ჩაყვინთული ვერ ძლებ უჟანგბადოდ რამდენიმე წუთის გარდა, ასევე ვერ გაძლებ უიმისოდ შორს მყოფი რამდენიმე დღეც კი. არ არსებობს ამქვეყნად ძალა, რომელიც იმ ერთადერთისგან შორს ყოფნის ტკივილს და დარდს შეგიმსუბუქებდეს. არც ის მიმაჩნია ნამდვილად საკუთარი გრძნობის დათმობა რომ შეუძლიათ, რადგან თუ გიყვარს, მას სხვისთვის ვერ გაიმეტებ, განა იმიტომ, რომ ეგოისტურად მესაკუთრის ინსტიქტით მოქმედებ, არამედ როგორც თავი ვერ იცოცხლებს ტანის გარეშე და ვერც ტანი ვერ იმოძრავებს, სხვის თავს რომ მიამაგრო, ასევე ვერ იცოცხლებ იმ ერთადერთის გარეშე, შესაძლებელია იარსებო მხოლოდ, ისიც დროებით. მე მჯერა, რომ თუ სიყვარული ნამდვილია, ის აუცილებლად ორმხრივი იქნება და ეს ორი ადამიანიც ერთმანეთისთვის იქნებიან დასაბამიდანვე შექმნილნი და გაჩენილნი, უბრალოდ ხშირად ხდება ისე, რომ ამხელა გალაქტიკაში გაბნეულნი ვერ პოულობენ ხოლმე ურთიერთს და ცრუ სიყვარულებით ინუგეშებენ ამაო ცხოვრებას. ჭეშმარიტი სიყვარულის გარეშე სამყარო არასრულფასოვნად მიგაჩნია, სულ მის ძიებაში ხარ, ხოლო როცა მოძებნი იგი ხდება შენთვის მთელი სამყარო. სიყვარული არის ბედნიერება, როცა შენს გვერდით არის და უსაზღვრო უბედურება, როდესაც მიუწვდომელ სიშორეზეა შენგან. აი რა არის ჩემი აზრით სიყვარული. დავასრულე ისე, რომ საკუთარი შეხედულებების თვითონვე მიკვირს. ერთი კვირის უკან რომ დაესვა ვინმეს იგივე შეკითხვა ალბათ ვუპასუხებდი სიყვარული არის სიყვარული თქო და ახლა კი ასე ერთი სიტყვით ვეღარ შემოვიფარგლე. ის კი არადა მეცოტავა კიდეც, ისე ვერ აღვწერე, რასაც მარიამის მიმართ მართლა განვიცდი. ამ გრძნობის მეასედიც კი ვერ გამოვხატე სიტყვებში, ალბათ ყველაფერს ნიჭი უნდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში თვალი არ მომიშორებია მისი დაღვრემილი და ამავე დროს გაბრწყინებული თვალებისთვის. ისევ ცრემლი გადმოუგორდა ნაზ ღაწვზე. ძალიან ახლოს მივედი მასთან, მისი სუნთქვა მკერდს მიწვავდა. მისი სახე მოვიქციე ხელებში, არც გამძალიანებია, ეს თავისი დიდრონი ცრემლიანი თვალები შემომანათა. ცრემლი მოვწმინდე და გულში ჩავიხუტე. ვიგრძენი, რომ მაისურის საყელო დამისველდა, იგი ტიროდა. ხმის ამოღება არ შემიძლია, ვიცი, რომ რამის თქმა ზედმეტი იქნება, მაგრამ მის ტანჯვას ვეღარ ვუყურებ. იგი ამ მოკლე ხანში მართლა ჩემი სუნთქვა გახდა და ცხოვრების აზრი. არ მინდა მკვეთრი მოძრაობებით დავაფრთხო, ისე რომ ჩემი გულიდან არ მომიშორებია, ხელით ოდნავ ნიკაპი ავუწიე და ვკითხე: - მარიამ, რატომ ტირი? - გეხვეწები ნურაფერს მკითხავ მარკო, ძალიან გთხოვ. - მეც გავჩუმდი, სამარე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მისი თითოეული ცრემლი ხანჯალივით მესობა გულში, მაინც ბედნიერი ვარ, რადგან ასე ახლოს მყავს სულთან. მის სურნელს ხარბად ვეწაფები და ვსაზრდოობ. მისი გულისცემა საამო ჰანგის მაგვარად ჩამესმის ყურში და სმენას მიტკბობს. ვეღარაფერზე ვფიქრობ მარიამის სხეულის სითბოს და მიზიდულობის გარდა. რამდენიმე წუთით ასე მყავს გულში ჩახუტებული, არც შემდეგ გავუშვებდი ჩემი ნებით, მაგრამ თვითონ ფრთხილად გაითავისუფლა თავი ჩემი მკლავებიდან. არ ვიცი რატომ იტირა და ამაზე ფიქრის თავიც არ მაქვს ახლა. რამდენი ურთულესი კაზუსი ამომიხსნია ჩემი ცხოვრების მანძილზე, რამდენი ზრახვა და დანაშაული გამიშიფრია ერთი ხელის მოსმით ჩემი პროფესიის გადამკიდეს, მაგრამ ქალის გულში რა ტრიალებს ჩემთვის ალბათ მუდამ ამოუცნობი დარჩება. ერთადერთ რამეში ვარ ღრმად დარწმუნებული: მარიამი მთელი ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარულია და მის გარეშე სიცოცხლეს ერთი ცენტიც კი არ ექნება ფასი. ჩემი სიყვარულის ობიექტი მზერას მარიდებს და საუბრის გაგრძელებასაც არ ცდილობს. - მარიამ, გინდა წავიდეთ, დავბრუნდეთ ბეჩოში? - კი წავიდეთ, მარკო, უკვე გვიანია. - არც მიყურებს ისე მპასუხობს. - ხვალ დავბრუნდეთ ხომ თბილისში? - ვაკვირდები და ისეთი დაღვრემილია, საკუთარ თავზე ნერვები მეშლება ასეთ მდგომარეობაში რომ ჩავაგდე. - როგორც იტყვი მარკო, თუ გინდა დავბრუნდეთ. - ხო, აღარ მინდა დადაშის სტუმართმოყვარეობით ვისარგებლო და ამდენი ხანი მოვაცდინო. - შენ მაგაზე ნუ ფიქრობ, არ აწუხებ არანაირად, პირიქით. - უცებ ისევ ხასიათი გამოუსწორდა და სახეც გაუნათდა - ხოო და დადაშთან არ წამოგცდეს მსგავსი რამ, შეწუხებაზე და მოცდენაზე, თორემ ძალიან ეწყინება იცოდე. - არა, ნუ დარდობ, ვეტყვი რომ ბიჭებს ეჩქარებათ - გავუღიმე ჩემს უსაყვარლესს, მან კი ხელკავი გამიყარა და მხიარულად გავეშურეთ მეგობრებისკენ. იმედის ნაპერწკალი ისევ აბრდღვიალდა და გაღვივდა ჩემს გონებაში, მგონია, რომ არც ის არის ჩემს მიმართ გულგრილი, მაგრამ ეჭვები მაინც მიღრღნის სულს, ბოლომდე ვერ ვიჯერებ რომ შეიძლება რაიმე გრძნობა ჰქონდეს ჩემს მიმართ, მაინც მგონია, რომ ჩემი ძმების მაგვარი სიყვარულით ვუყვარვარ მხოლოდ. ხოლო ემოციის ამგვარი გამჟღავნება კი ჩემი სიტყვების შემდეგ გულის აჩუყების შედეგიც შესაძლოა ყოფილიყო. რა ეგოისტი ვარ, მე ხომ მასთან მომავალი არ მაქვს, რატომ უნდა შევუყვარდე. ამდენი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი და ფიქრი არასდროს არ არეულა უწინ ჩემს დაწყობილ და დაგეგმილ გონებაში. კაცი და ასეთი უსუსური მე რომ ახლა ვარ, არავის ვუსურვებ იყოს. ორ ცეცხლს შორის ვტრიალებ შანთივით, ორივე ნაწილი ერთნაირად იწვის ამ დროს. მოვალეობა გრძნობას მიკლავს, გრძნობა ვალდებულებას სპობს, თუ მცირეოდენი შანსი მაინც მაქვს ამ ორი კოცონის ერთ ბუხარში გაღვივებისა, ამ საშუალებას ხელიდან ნამდვილად არ გავუშვებდი, მაგრამ ვაი რომ მსგავსს ვერაფერს ვხედავ. გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობსო გამიგია. არსებობს კი, მაგრამ როგორი გააჩნია? ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, უწინ დუელის წინ რომ სასიკვდილო იარაღს ირჩევდნენ. ან დამბაჩით უნდა მოვკვდე ან ხმლით. ასე ვარ ახლა, ან სიყვარული უნდა გავანადგურო და ჩავიკლა გულში, რაც საერთოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია, ან კაცობა და მიცემული სიტყვა, რაც ასევე არ მგონია გამოსავალი. ნუთუ იმისთვის შემიყვარდა ასე ძლიერ და უკიდეგანოდ, რომ ჩემი ხელით გავანადგურო და მოვსპო ეს დიდი გრძნობა? ასე არ გამწირავდა გამჩენი, არა. - რა წუწუნა კაცად ვიქეცი, - უეცრად განვრისხდი საკუთარ თავზე - დაე იყოს ისე, როგორც განგებას მოუმზადებია ჩემთვის, ერთი ვიცი მხოლოდ, მარიამის გარეშე ჩემს სიცოცხლეს ცხოვრება ვეღარ დაერქმევა, ბეჩავი არსებობა ეწოდოს შეიძლება მხოლოდ. რამდენადაც დიდი და ყოვლისმომცველია გრძნობა, იმდენად დიდი და გამანადგურებელი ტკივილის მოყენება შეუძლია. ორმნიშვნელოვანია ეს ფრაზა: გინდა რომ ყველაფერს გაეცალო, ყველა დაივიწყო, გადაიხვეწო იმ ერთადერთთან სადმე ქვეყნის დასალიერში და იცხოვრო ბედნიერად, მაგრამ ვერ ახერხებ, რადგან სასწორის მეორე მხარეს მთელი შენი განვლილი ცხოვრებაა, რომლის გადაწონა ამ ყოვლისმომცველ გრძნობასაც კი არ ძალუძს. თუ გადაწონის ეს ნიშნავს, რომ შუბლის ძარღვიც გაგწყდომია, რომელიც მტყუან-მართლის, ავ-კარგის, ადამიანობა-არაკაცობის გარჩევის უნარს გაკარგვინებს. რაოდენ საოცარი და გამაგიჟებელიც არ უნდა იყოს, გულის გაჩერებამდე და სუნთქვის შეკვრამდე ძლიერი ეს სიყვარული, მაინც ვერ შევძლებ ჩემი სიცოცხლის მთავარი დევიზის უარყოფას ამისთვის, ვერ გავხდები არაადამიანი, რომელმაც შეიძლება დაივიწყოს ყველა პრინციპი და ცხოვრების ფილოსოფია, რითაც აღვზრდილვარ და ჩამოვყალიბებულვარ. როგორც იქნა მივაღწიეთ დადაშის სახლამდე, უკვე საკმაოდ გვიანია. დადაში და დალი გარეთ გველოდებიან, არ იძინებენ უჩვენოდ. გავაცანით ჩვენი ხვალინდელი გეგმა თბილისში დაბრუნების შესახებ, ძალიან შეწუხდნენ, ბევრიც გვეხვეწნენ დავრჩენილიყავით კიდევ ცოტა ხანს, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოო იყო. გამოსამშვიდობებელი სუფრა გაგვიშალეს, ისევ ჩემი საყვარელი თაშმჯაბი მივირთვი, სვანური რახიც მივაყოლე. დადაში სვანეთზე და ზოგადად საქართველოზე სხვადასხვა ისტორიებს მიყვება, მეც ყურადღებით ვუსმენ, მინდა მეტი გავიგო ჩემი მარიამის და დადაშის სამშობლოზე. ვიღაცამ შესძახა დადაშს ჭიშკრის გარედან. კაცი ეგრევე წამოხტა და ხმისკენ გაეშურა. ცოტა ხანი დაჰყო იქ და შემდეგ ისევ შემობრუნდა დაღონებული. - რამე მოხდა, დადაშ ბატონო, ხომ გვაქვს მშვიდობა? - ვკითხე მისი ნაღვლიანი თვალების დამნახავმა. - არაფერი, ჩემო ვაჟკაცო, უბრალოდ ჩემი მეგობარი იყო, დავითი მოსული და არაფრით არ შემოვიდა. - რატომ, ჩვენი მოერიდა? ჩემო მარკო, მასაც როგორც მრავალს ჩვენგან, ახალგაზრდა ძმა ჰყავს, თავისი აღზრდილი აფხაზეთის ომში უგზოუკვლოდ დაკარგული, მოხალისედ იბრძოდა. - ღრმად ამოიოხრა დადაშმა, გულ-მუცელი ამოაყოლა ამ ამოსუნთქვას და გააგრძელა - რაც ეს ამბავი მოხდა, მას შემდეგ ლხინის სუფრაზე არ ჯდება დავითი, ძმის დაბრუნებას ელოდება, მის გარეშე არ ექეიფება, იმედს არ ჰკარგავს. გულის სიღრმეში მანაც იცის რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მისი შინაგანი რწმენა დანებების უფლებას არ აძლევს ალბათ. - რა საოცარი სიყვარული და ძმობა გცოდნიათ ქართველებს, დადაშ ბატონო! - აღმომხდა გულწრფელად. მართლა აღფრთოვანებული ვარ ამ ხალხით, როგორ აქამდე არ ვიცნობდი ასე კარგად, გული მწყდება. - ქართველი აქ არაფერ შუაშია, შვილო! ვაჟკაცობა ჩვენი მოგონილი არ არის, არც ძმობა და არც სიყვარული. არც აქ დაწყებულა კაცობა და არც აქ დასრულდება. თქვენ ხართ ამის ნათელი მაგალითი. - მხარზე ხელი დამკრა მეგობრულად და გაღიმებული, განათებული სახით შემომაცქერდა. როგორ მომინდა ამ წამს გადავხვეოდი, მაგრამ მომერიდა ასე ემოციების გამოჩენის, როგორც ყოველთვის სხვა ბევრი ნათესავი და მეზობელიც ესწრებოდა ჩვენს სუფრას. მარიამი და გოგოები არ ჩანან, ალბათ დალის ეხმარებიან და იქ ფუსფუსებენ. ჩემი ბიჭები ერთობიან როგორც ყოველთვის და ახლად დამეგობრებულ სვანებთან ერთად მხიარულად ატარებენ დროს. კარგა გვიანობამდე შემოვრჩით, საკმაოდ გრადუსმოკიდებული ვარ, ნელ-ნელა ხალხიც მიიფანტ-მოიფანტა. მარიამის წამით დანახვა სიგიჟემდე მწყურია, მაგრამ არსად ჩანს და მისი მოკითხვა და ზედმეტად ხსენებაც მერიდება. დადაშს დავემშვიდობეთ და დასასვენებლად ოთახებისკენ გავეშურეთ. რამდენიმე წუთში უკვე ძილ-ბურანში წასულს ჩემს ფანჯარასთან ახლოს რაღაც ხმაურივით ხმა შემომესმა. არ მესიამოვნა და კარგადაც არ მენიშნა. ბნელა გარეთ, მაგრამ მაინც ვცდილობ ნორმალურზე გაცილებით ხმამაღლა მოსაუბრე სილუეტები ფანჯრიდან გავარჩიო. მარიამის ხმა მომეჩვენა თუ მართლა ის არის ნეტა? წამოვხტი შლეგივით და ჩაცმა დავიწყე. მაიკლმაც შეიღვიძა ჩემს დაფეთებულ ქმედებაზე. - რა ხდება, მარკო, ისევ კოშმარები გესიზმრება? რა არ გაძინებს ამიგოო, რაა? თავი ალისა მგონია საოცრებათა სამყაროში, როდემდე უნდა მაფხიზლებდე ასე ზღაპარივით, - თვალების ფშვნეტით წამოიმართა და მეკითხება. ხელით ვანიშნე გაჩუმდი მეთქი და ისეთი სახე და მიმიკა მიიღო, მივხვდი გაიფიქრა ამან სულ გააფრინაო. გავვარდი გარეთ და მივხვდი რომ მაიკლიც უკან მომყვებოდა, თან შარვალს გზადაგზა იცვამდა. გავედი თუ არა, აჩქარებული ნაბიჯებით ხმის მიმართულებით გავეშურე, სადაც ქართულად ხმადაბლა მაგრამ მოჩხუბარი ტონით საუბრობდნენ. მობილურის სანათი ავანთე და მოკამათეებს მივანათე. სალომე, დათა და მარიამი შემრჩნენ ხელში, მათ სინათლემ თვალი მოსჭრა და თვალებზე ხელი აიფარეს უნებლიეთ. დათამ ქართულად რაღაც უთხრა ხმამაღლა მარიამს და თითქოს ჩემსკენ გადმოიხარა, მაგრამ სალომე წინ გადაეღობა. ხელის ჩამოსართმევად აშკარად არ გამოწეულა, ამიტომ მეც შევემზადე შეტევისთვის. - რა ხდება - მკაცრი ტონით ვიკითხე ინგლისურად, რომ ყველას გაეგო. - სხვის საქმეში ჩარევის იშვიათი ნიჭი გაქვს და ის! - კბილებში გამოსცრა ინგლისურადვე დათამ. - რაო? - საერთოდ გამოვედი მწყობრიდან და მაიკლს რომ არ შევეჩერებინა პირდაპირ სახეში ვხევდი მუშტს. - ვინმემ დაგიძახა? რა გინდა, რას ერევი. მე ჩემებს რასაც მინდა იმას ვეტყვი, შენ ვინ გეკითხება? - ყვირილზე გადავიდა დათა, გოგოები ძლივს აკავებდნენ. მე საერთოდ გადამეკეტა გონება, თვალთ დამიბნელდა სიბრაზისგან და მაიკლს ლამის შემოვახიე მაისური, ამ გაკავების მცდელობისას. ჩემებს რასაც მინდა ვეტყვიო, ჩემებსო! - ყურში ავად ჩამესმოდა მისი სიტყვები. მაინც არ მიშვებდა არასდიდებით. გოგოები ემუდარებოდნენ ქართულად გაჩერებულიყო ალბათ, მივხვდი. - თუ პრობლემა გაქვს გავიდეთ გარეთ, აქ რა გასარჩევია - შევთავაზე გაგიჟებულმა, ცოფებს ვყრიდი თვალებიდან. - წამო, გავიდეთ! - მანაც არ დაიხია უკან. გასვლას ვაპირებდით უკვე, მარიამი მომვარდა. - მარკო, გთხოვ, არ გინდათ. არ გადამრიოთ, რამე არ მოსწიოთ ერთმანეთს. მარკო, გთხოვ, შენ მაინც რა დაგემართა. უბრალოდ ვსაუბრობდით, რამ გაგაგიჟა ასე - მემუდარებოდა მარიამი სასოწარკვეთილი. მე რაღა გამაჩერებდა და გავვარდი გარეთ, დათაც კუდში მომყვა. მაიკლი და გოგოებიც გამოგვეკიდნენ. ხმაურზე როგორც სჩანს ჩვენმა ბიჭებმაც გაიღვიძეს და გამოცვივდნენ, ჩვენ ამ დროს უკვე ეზოს გარეთ ვიყავით. არაადამიანური ხმით დავუღრიალე მათ არ გაებედათ ჩარევა, მანაც გოგოებს უყვირა ახლოს მოსული არ დაგინახოთო და სანამ ისინი გონს მოვიდოდნენ მე და დათა ტყისკენ დავიძარით. უკვე კარგად რომ გავშორდით იქაურობას და ტყის სიღრმეში შევედით, მან დაიწყო. - რა პრობლემა გაქვს, რატომ ერევი სხვის საქმეში, არამკითხესავით? - არავის აქვს უფლება მარიამს უყვიროს, მითუმეტეს შენ, გაითვალისწინე, ბიჭო!- შევუღრინე მეც. - შენ ვინ ჩემი ხარ, რომ მე რამე ამიკრძალო, ბიჭო - არ დავასრულებინე სიტყვა, ისეთი ძალით ვხეთქე მუშტი სახეში, რომ წონასწორობა ვერ შეიკავა და გადავარდა, მაგრამ უმალვე წამოხტა და გადავეშვით ხელჩართულ ორთაბრძოლაში. უკვე კარგა გვარიანად გვყავდა ერთმანეთი დასისხლიანებული, რომ დადაშის განრისხებული ხმა ჩამესმა ყურში: - დათაა! იმ ხიჩო, იმ? - ორივენი ადგილზე გაგვაქვავა ამ შეძახილმა. ძალიან შემრცხვა ამ წაუთებში დადაშის, მისი სტუმართმასპინძლობის ბოროტად გამოყენებაში დავადანაშაულე საკუთარი თავი, მეტი მოთმინება მმართებდა ალბათ. - მამა - დაიწყო დათამ, მაგრამ დადაშმა ხელი აიქნია მაღლა, გაჩუმდიო უბრძანა ვაჟს, მე თავჩახრილი, დამორცხვებული ამ ბუმბერაზი კაცის წინაშე, ხმის ამოღების უნარწართმეული ვდგავარ გაშეშებული და რა გავაკეთო ვერ ვხვდები. - სახლში წამოდით სასწრაფოდ - გერმანულად გვითხრა ორივეს გასაგებად. შეტრიალდა სახლის მიმართულებით და ჩვენც პასუხგაუცემლად მივყევით უკან. გზაში სვანურად თუ ქართულად უთხრა რაღაც დათას, მანაც მკვახედ რაღაც უპასუხა, შემდეგ გავარდა წინ გაცხარებული და სანამ ჩვენ ეზოში შევაბიჯებდით, ის უკვე ჩაბნელებულ გზაზე მიაქროლებდა მასსავით გაავებულ ცხენს. - არ გკითხავ შვილო რა მოხდა, ეგ მხოლოდ თქვენ ორის საქმეა, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო დათას მაგივრად გებოდიშები - მითხრა ეზოში შესვლისთანავე. - რას ამბობ, დადაშ ბატონო, მე გიხდი ბოდიშს და მართლა ძალიან ვწუხ... - დასრულება არ მაცადა შემაწყვეტინა ხელის მოძრაობით და თვითონ გააგრძელა საუბარი. - რაც არ უნდა ყოფილიყო, არ ეგების სტუმრის მიმართ საკუთარ სახლში ასეთი მოპყრობა! ეგ ჩვენი წესი არ არის, - მკაცრად თქვა მან, შემდეგ ტონი ოდნავ მოარბილა და ისე განაგრძო -მაგრამ თქვენ ორივენი კაცური კაცები ხართ, ამიტომ უბრალო გაუგებრობის მეტი ვერაფერი მოხდებოდა ვიცი და მალევე დაგავიწყდებათ. მე ხმას არ ვიღებ, არ შემიძლია თვალებში ვუყურო მას და თან რაიმე ტყუილი მოვჩმახო და ის ვუთხრა, ამიტომ დუმილს ვამჯობინებ. დადაში ბრძენზე ბრძენი კაცია, ხვდება ჩემს განცდებს და მალევე გამომემშვიდობა და წავიდა დასაძინებლად. თითქოს მის წასვლას ელოდებოდნენო, მომცვივდა ყველა ერთბაშად, გოგოებიც და ბიჭებიც, მარიამის გარდა ყველა რაღაცას მეკითხება. - ძალიან გთხოვთ, არაფერი არ მომხდარა აქ გასარჩევი და საგანგაშო და დავიშალოთ. ხვალ უთენია ვბრუნდებით თბილისში. - კარგი ამიგო, ხვალ დაგელაპარაკებით - ნიშნის მოგებით და ორაზროვანი გამოხედვებით დამტოვეს ჩემმა ბიჭებმა. მარიამი გოგოებს მიჰყვა უკან, მე ავედევნე და თითქმის კართან დავეწიე, არც გამოუოხედავს, აშკარად ძალიან გაბრაზებულია. მხარში ვწვდი და ჩემსკენ შემოვატრიალე. - მარიამ, დაიცადე. სალაპარაკო მაქვს შენთან. - რა მოგდის მარკო, რა გემართება? რა მოხდა ისეთი რომ გაგიჟდი და გადაირიე? - ნაწყენი და ნამტირალევი თვალები აქვს აშკარად, სიბნელეშიც კი უპრიალებს ცრემლების მოზღვავებისგან. გული მომიკვდა, როგორ ცუდად ვმოქმედებ მასზე, უკვე მერამდენედ მოვგვარე ცრემლი მის ლამაზ თვალებს. მაინცდამაინც მათ რატომ ვტკენთ ასე ძალიან ვინც სიცოცხლეს გვირჩევნია, რატომ ხდება ასე? - მარიამ, შენი ერთი ცრემლის დანახვა, ჩემთვის ჯოჯოხეთის კუპრზე უფრო მწველი და მტანჯველია. მე ვერ ავიტან შენს უხასიათობას, მირჩევნია საერთოდ აღარ დაგენახო, ვიდრე ასეთ დღეში ჩაგაგდო. იმდენად დამნაშავედ ვგრძნობ თავს შენს წინაშე, რომ თუ მეტყვი ხვალ თბილისში ჩასვლისთანავე გავქრები საერთოდ შენი ცხოვრებიდან. - მივაჩერდი მას და მის მიერ გამოტანილ განაჩენს დავუწყე ლოდინი. ოჰ ეს რამდენიმე წამი, სანამ ხმას ამოიღებდა, რა გაუსაძლის გულისტკივილს და სულის წვას განვიცდიდი, რა საშინელი სატანჯველი ყოფილა სიყვარული. -მარკო, რა სისულელეა, სად უნდა გაქრე - მიპასუხა, შვებით ამოვისუნთქე, სიყვარული ტანჯვიდან ისევ ბედნიერების ზენიტში ავარდა. - უბრალოდ ორივენი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები ხართ და ვერ ვხვდები რა ვერ გაიყავით, ასე რატომ გადაემტერეთ ერთმანეთს. - ვერ ხვდები? - გამჭოლი მზერა ვესროლე და ერთი ნაბიჯით კიდევ მივუახლოვდი, ისე, რომ მის თვალებს რამდენიმე სანტიმეტრის რადიუსში ვუმზერდი. ამ დროს ეზოს განათების ნათურასთან ახლოს მივედით უფრო და როგორც სჩანს კარგად გამოჩნდა ჩემი დასისხლიანებული ფიზიონომია. მან მსუბუქად შეჰკივლა ამ სურათის დანახვაზე. - რა დღეში ჩაგიგდით ერთმანეთი, რას ჰგავს ახლა ეს. მოიცა გამოვიტან სპირტს და ბამბას და მოგიწმენდ იარებს. - სახლში შევარდა და გამოიტანა რაღაც ყუთი. იქვე წყალთან გარეთვე დამსვა და ჯერ მომბანა ჭრილობა საფეთქელთან და მერე დამიმუშავა რაღაც მალამოებით. მისი ყოველი შეხება ნერვულ დაბოლოებებს სასიამოვნოდ აღიზიანებს და ელექტროდების მოძრაობისმაგვარ ჟრუანტელს მგვრის სხეულში. ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ბევრი დაბეჟილობა მაქვს, მაგრამ ერთი ის მანუგეშებს, რომ დათას ორმაგი თუ არა, ერთნახევარჯერ მეტი მაინც მოხვდა ჩემგან. მისი აჩქარებული სუნთქვა ყურს საამოდ ჩაესმის. ისე მეხება სახეზე, თვალებში ცოცხალი თავით არ მიყურებს, მე კი მის ყოველ მოძრაობას ჭადრაკის დაფასავით ვაკვირდები, თითქოს მისი შემდგი მოძრაობით შემდეგი სვლის ამოცნობას ვცდილობ. უცებ ხელით მისი მარჯვენა ხელი დავიჭირე და ორ ხელს შორის მოიქციე. ახლა კი შემომხედა თვალებში, ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს უნდოდა რაღაც ეკითხა, მაგრამ ვერ ბედავდა, შემდეგ ფრთხილად გაითავისუფლა ხელი და განაგრძო საქმიანობა. გამეცინა მის საქციელზე. - მარიამ, ისევ გაბრაზებული ხარ ჩემზე? - ისეთი მუდარანარევი ტონით ვკითხე, ალბათ სიბრალულისგან, სიბრაზის ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა სახეზე. - არ ვარ, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრა და დაიხსომე, დათა ძმაა ჩემი, ძმაზე ძვირფასი და ძალიან გთხოვ, მასთან არ გინდა ასეთი დამოკიდებულება, - მომიჭრა მოკლედ. გულში მიხარია, რომ ძმად მოიხსენია. აღარ მინდა კიდევ ვაწყენინო და თანხმობის ნიშნად თავს ვხრი დაბლა. შემდეგ შევხედე თვალებში და ვკითხე: - თუ გაბრაზებული არ ხარ, მაშინ რას ფიქრობ ჩემზე, ის მაინც მითხარი - თან სულელივით შევღიმე სახეში. - მარკო, კარგი, გვიანია უკვე. ხვალ ვისაუბროთ ამაზე. - კითხვა პასუხგაუცემელი დამიტოვა, ყველაფერი წამოკრიფა, სახლში შევიდა და მეც ჩემი საძინებლისკენ გავემართე ბედნიერი, მიუხედავად ღამის მძიმე თავგადასავლისა. ბიჭები ყველანი შიგნით დამხვდნენ, ჩემდა გასაოცრად არც გამკვირვებია. - მარკო, შენ მართლა სულელი ყოფილხარ, ამიგო. ვცდებოდი ლინკოლს რომ გადარებდი ხოლმე - მაიკლმა დაიწყო თავისებური, გამეცინა. - რაღაც არ მახსოვს ასეთი შედარება - ისე დავეკრიჭე, ყველას სახეზე შეეტყო ნორმალურად რომ არ მთვლიდნენ ამ წუთას. - ბიჭო, იქნებ გაგვაგებინო, რა მოგივიდა, როგორ რომეოსავით იქცევი ამხელა კაცი. ეს დათაც კაპულეტი ხო არ გგონია, იქნებ მოსწიო რამე და მართლა შექსპირისეულ ტრაგედიად გადაიქცეს შენი ცხოვრება. - ნუ დარდობთ, მეგობრებო, ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო ჩახლართული და ჩალაბირინთბულია, ვიდრე მონტეგოსი - გამეცინა შედარებაზე - იმას საცოლე მაინც არ ჰყავდა ჯულიეტამდე - გიჟივით გადავიხარხარე. - აუუუ, ეს გაგიჟდა. რა ჩაიყვანს ამას მარია დეიდასთან. ბიჭი საღი გამოგვატანა და დარტყმული ჩაგვყავს უკან, - ამყვა ხუმრობაში სერჟიოც. - არ მგონია მანამდეც საღი ყოფილიყო ეგ - საფეთქელთან თითი დაიტრიალა საიდმა. - ამიგო, მართლა თქვი, რა ხდება, რატომ გადაუხტი იმ ბიჭს, რამე დაუშავა მარიამს?-ფილიპი მეკითხება სერიოზულად. - არაფერი, უბრალოდ შეუფერებლად მაღალ ხმაზე ესაუბრებოდა მარიამს და ვერ ავიტანე. - ხო არ მოგეჩვენა შემთხვევით? რაღაც ამ ბოლო დროს ძალიან მგრძნობიარე გაგვიხდი - საიდი დამცინის აშკარად. - რა მომეჩვენა, ისეთი ხმა იყო, სიზმრიდან გამომიყვანა. კაი მოვრჩეთ მაგას, რაღა აზრი აქვს ახლა ამ საკითზე საუბარს. თანაც გვარიანად მოხვდა ჩემგან. - არც მას დაუკლია, - მაიკლი დამცინის - ერთი სარკეში ჩაიხედე, ხვალ იქნები წითელ-ყვითელ-ლურჯ ფერებში ინდოელივით. - ბიჭებმა გადაიხარხარეს. - არაუშავს, არც პირველია და ეჭვი მაქვს არც უკანასკნელი არ იქნება. ხვალ ადრე გავდივართ და წადით დაისვენეთ. საიდმა გასვლისას მაინც ვერ მოითმინა და კარიდან შემომძახა: - ისე აღიარე, ხო კარგად გბეთქა? რას ვერ შევესწარიიი - ჩაიხითხითა და სანამ პასუხს გავცემდი, გავარდა ოთახიდან. - ამაღამ აღარ გამაღვიძო, თორემ გეფიცები რაც იმან დაგაკლო, მე დაგიმატებ იცოდე - დამემუქრა მაიკლი. მე პასუხი აღარ გამიცია და დაღლილ, ნაცემ-ნაჩხუბარი, მაგრამ მარიამის სიყვარულით გაბედნიერებული ძილს დავუთმე თავი. მეორე დღეს გავიღვიძეთ თუ არა გავემზადეთ და დადაშს და დალის გულითადად დავემშვიდობეთ. დადაშმა ჩემი ძალიან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, თავისი დაყენებული ორნაირი არაყი გამოგვატანა, დაგვლოცა და ისე გამოგვიშვა. არც კი ეტყობოდა წუხანდელი ინციდენტის შედეგად გაბრაზების ნიშანწყალი. მე მას შევპირდი რომ ოდესმე მამას აუცილებლად გავაცნობდი და ისინი აუცილებლად დამეგობრდებოდნენ. ძალიან გამიჭირდა მასთან გამომშვიდობება, ამ რამოდენიმე დღეში მან ჩემს გულში საპატიო ადგილი დაიკავა. გზაში ისევ მე და მარიამი წამოვედით განცალკევებით. დანარჩენნი ორ მანქანაში გადანაწილდნენ. თითქმის მთელი გზა არ ამოგვიღია არც ერთს ხმა, მხოლოდ მოპარვით ვუმზერდი ხოლმე და მისი სიახლოვით ვტკბებოდი. დიდ ხანს არსად არ გავჩერებულვართ, რადგან თბილისში დაბრუნება რატომღაც ყველას ძალიან გვეჩქარებოდა და ამიტომ უფრო მალე ჩავედით, ვიდრე იქითა გზაზე. მივედით ჩვენს სასტუმროში და გამომშვიდობების დროც დადგა. ინგა, სალომე და ანა გადავკოცნე და ჯერი მარიამზე მიდგა. ერთი სული მაქვს გადავეხვიო, მაგრამ ასე აშკარად გრძნობის ჩვენებაც ყველასთვის არ მინდა, მაგრამ თითქოს გუმანით მიმიხვდაო, მოვიდა და თვითონ გადამეხვია. მეც ხომ მეტი არ მინდოდა და ისე ჩავიკარი გულში, ლამის მისმა ძვლებმა ტკაცა-ტკუცი გაადინა. - ხვალ დაგირეკავ, მარკო, და დავგეგმოთ რამე. - გელოდები იცოდე, თუ არადა მე მაინც დაგირეკავ - როგორ მივეჩვიე და როგორ მიჭირს მასთან განშორება, ასე ცოტა ხნითაც კი. გუნება უამლვე შემეცვალა და ყველაფრის ხალისი დამეკარდა როგორც კი გოგონების მანქანები თვალს მიეფარა. სასტუმროს ბარში შევედით და რაიმეს დალევა განვიზრახეთ. - ხოხ, რომეო, როგორ ჩამოგტირის პირ-სახე - მაიკლმა ხელი დამკრა მხარზე - მისი ღლაბუცის თავი არ მაქვს და არ ვცემ პასუხს. - საიდ, შენ რომეოს ვერ გიწოდებ ძმაო, შექსპირს ნამეტანი ეწყინება. შენ ალადინი იყავი თუ გინდა - ბიჭებმა გადაიხარხარეს, მეც კი გამეცინა მაიკის ასეთ მეტაფორაზე. - შენ ვინღა იქნები მერე, შენ? ალადინი მაინც იყო, მარკიზ დე ვალენტენივით დარდიმანდობის გულისთვის სიცოცხლესაც კი გასწირავ და გადაყვები ამ მექალთანეობას. - შენ დარდი ნუ გაქვს, ამიგო, შაგრენის არ მჭირდება ქალებისთვის, ჩემი ტყავიც მეყოფა. შენ იდარდე, შენ. ხალიჩა მაინც გქონდეს ალადინივით ან ჯინი გყავდეს, თორემ შენ ინგას აქედან ისე ვინ გაგატანს - ისევ გადავიხარხარეთ. - შენ ჩვენი უბედურება უფრო გიხარია თუ ბედნიერება, ვეღარ გავიგე. საღლაბუცოდ გვცალია ახლა? ხალხს თავზე გვექცევა სამყარო. - კაი ხოო, რა გატირებს. დაქცევა მერე ნახე, შენი ჟასმინი თუ არ გამოგატანეს და დარჩი მთავარი ცოლის გარეშე - ხითხითებს მაიკლი. - შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, ამიგო. ჩვენთან ემირატებში ნათქვამია კოღოს შეუძლია ლომს თვალიდან სისხლი ადინოსო, ასე ხარ შენც. აჰაა, ასე ხომ - თვალები გადაუტრიალა მაიკლმა - მიდი ერთი დამისხი ვისკი და მეც გეტყვი ჩვენებურს. - საიდმა ჭიქა შეუვსო. - როგორც ჩვენში ნათქვამია, კოღო რომ ლომს ვისკს დაასხმევინებს, ის ლომი ოფიციანტად თუ ივარგებს, თორემ მეფედ რა საკადრისიაო - ჩვენ ჩაბჟირებამდე ვიცინეთ, საიდიც გაიგუდა კინაღამ, ვისკი გადასცდა იმდენი იცინა. - რა ენა გაქ მაიკი, კაცი ვერ გაჯობებს დებატებში. ისე ამერიკის პრეზიდენტობაზე გეყარა კენჭი, ჰილარი და დონალდი შენთან გადაცემაშიც ვერ მობედავდნენ მოსვლას - სთავაზობს სერჟიო. - არ არის ცუდი აზრი, მონ ამი - მოეწონა მაიკლს შეთავაზება და შეიფერა. - მიდი ისე, და გადმოვალ მე შენს ადმინისტრაციაში - აჰყვა ფილიპიც. - საფრანგეთში მოსაწყენია მთავრობაში, ამერიკაში აჯობებს. - ვაა, თქვენ მადას არ უჩივით, ჩვენში კიდევ ერთი ანდაზაა, ხალხი მიჰყვება გამარჯვებულს, ჰოდა გაიმარჯვეთ და ჩვენც გამოგყვებით - თქვა საიდმა. - წამომყვები აბა რას იზამ, ჩემს გარეშე უთავო მხედარივით იქნები შენ, მონ ამი - უპასუხა მაიკლმაც. - ეს უკვე იქაა - დაამატა ფილიპმა და მაიკლზე მიანიშნა. - შენ, ძმაო, ისეთი განაცხადი გააკეთე, ის დროა დაცვას ქირაობდე, ამ გაგანია წინა საარჩევნო პერიოდში არ გაგაქრონ მართლა კოღოსავით - დავამატე მეც და გულიანად ვიცინეთ ყველამ. კიდევ ცოტა ხანს ვწრუპეთ ვისკი, შემდეგ დავიშალეთ ნომრებში და მეც მარიამზე ფიქრებს და ოცნებებს დავუთმე ასპარეზი. ტელეფონის გაბმულ ზარს გამოვყავარ სიზმრებიდან. ზანტად წამოვჯექი საწოლზე და ყურმილს დავხედე. დედა რეკავს, სინიორა მარია. ახლაღა გამახსენდა, რამდენიმე დღეა მასთან არ მისაუბრია, მხოლოდ რამდენიმე ესემესი გავუგზავნე. - მადრე, დილა მშვიდობისა, როგორ ხარ? - მარკო, შვილო, ვიდეო ჩართე - ჩამკივის ყურმილში!! მეც ვრთავ რომ დამინახოს და დამშვიდდეს - ასე უნდა დამეკარგოოო? რა ხდება მანდ? როგორ დროს ატარებთ? მარიამი როგორ არის? ხომ არ მიბრაზებთ? - მომაყარა კითხვები ჩვეულებისამებრ. - დედა, კითხვებს შორის შუალედი მაინც მომეცი, პასუხის გასაცემად, თორემ ისეთი სისწრაფით მესვრი, ვერ ვასწრებ დამახსოვრებას. - მარიამზე მომიყევი, როგორია? როგორ შეგხვდა და ასე შემდეგ - მეკითხება ცნობისმოყვარე თვალებით. მისი სახელის ხსენება ძალიან მიხარია, მაგრამ არ მინდა დედამ ზედმეტად რამე შემატყოს. - მადრე, ყველაფერი კარგად არის, კარგ დროს ვატარებთ, მარიამი გადასარევად დაგვხვდა და ყოველ დღე ჩვენთან ერთად არის. - ხომ გეუბნებოდი, შენ კიდევ არც აპირებდი მისთვის დარეკვას, უსინდისო, - გამომიცხადა საყვედური, მეც გულში ვფიქრობ, რომ კარგი ვქენი მას რომ დავუჯერე. - თქვენ როგორ ხართ, დედა, რა ხდება ახალი? - ჩვენკენ ყველაფერი ძველებურადაა მარკო, მამაშენმა მოგიკითხა, ბებიაშენმაც და ბაბუაშენმაც, მარიამაც. - ამ ბოლოხსენებულის გაგონებისას ცივმა ოფლმა დამასხა. ამ ბოლო დროს ნებსით თუ უნებლიეთ აღარ მახსოვდა მისი არსებობა, ვერაფერს ვიძახი, შეგრძნება მაქვს თითქოს რაღაც გამეჩხირა ყელში და ხმის ამოღების საშუალებას აღარ მაძლევს. არც მინდა მასზე გავამახვილო ყურადღება და არაფერს ვეკითხები დედას. - ყველას გვენატრები. რა ხდება მანდ? - არაფერი განსაკუთრებული დედა როგორ ვერ ვიტან ასეთი სიტყვაძუნწი რომ ხარ. კარგი აღარ მოგაცდენ. ჭკვიანად იცოდე, და ნუ დამეკარგები ხოლმე. მიყვარხარ შვილო. - დაასრულა მგონი საუბარი და გულში მიხარია, რომ აღარ გააგძელა ჩემთვის მტკივნეული თემა, კარგია. - მეც დედა, აბა ყველა მომიკითხე. ტელეფონი გავთიშე და კარგა ხანს გონს ვეღარ მოვდივარ. რა მოვუხერხო ამ უხერხულ სიტუაციას აღარ ვიცი. რა მოვუხერხო მარიას, რომელიც ამ ექვსი თვის გასვლას მოუთმენლად ელის, ხოლო მე კი ვოცნებობ ექვსი თვე მარადისობად მექცეს. აღარ მინდა ახლა მეტად გავიფუჭო განწყობა და აღარ ვუღრმავდები ჩემს უკუღმართ აწმყოსა თუ მომავალს. გადავწყვიტე მოვწესრიგდე და სასტუმროს მისაღებში ჩავიდე. უკვე თითქმის 11 საათია და ყველანი უკვე იქ დამხვდნენ, სავარძლებში მოკალათებულნი და როგორც ყოველთვის გულიანად იცინიან. - ოხ, დილა მშვიდობისა, ლომებო - მივესალმე და შევუერთდი მათ. - ეგ შენ თქვი მშვიდობა თუ გვექნება დღეს, ისეთ ბოევიკში გვაცხოვრებ ამ ბოლო რამდენიმე დღეს - მაიკლი საპასუხოდ მომესალმა თავისებურად. - ვაა, შენ ენა სულ უფრო და უფრო გელესება, დროა ცოტა მოვაბლაგვოთ მგონია - ვუპასუხე მეც. - შიში ოხერია, ამიგო, მაგას ეშინია, მასაც არ მიწვდნენ სვანები და წინასწარ თადარიგს იჭერს, - საიდმა მიპასუხა მაიკის ნაცვლად, ჩვენ გაგვეცინა. - რას ვიზამთ ამიგო, ყველა შენსავით შავები არ ვართ, საღამოს ექვსის მერე ბუნებრივად რომ არ გამოვჩნდეთ და დავიმალოთ, ამიტომაც ვფრთხილობთ - მაიკი მოწოდების სიმაღლეზეა. - მერე ერთი სოლარიუმში შესვლა რა გაგიხდა, ასე თუ გშურს ჩემი ფერის, მე დაგაფინანსებ თუ არ გაქვს - საიდმა შესთავაზა. - შენს ფერს მაინც ვერ მივიღებ, სოლარიუმი ლურჯ ფერს არ იძლევა, მოყავისფროს მხოლოდ. ეგ გენეტიკურად უნდა გქონდეს. - აუ ეს ვინაა კაცო, რა გადაეკიდა ჩემს გენეტიკას. - შურს შენი, საიდ, შურს. ასეთი ეგზოტიკური რომ ხარ - ბრძანა ფილიპმა. საიდმა საპასუხოდ სავარძლის ბალიში ესროლა, ჩვენ ვიგუდებით სიცილით. - რა ვჭამოთ, ამიგოს? - ახალი თემა შემოვიტანე ჩვენს საუბარში, თან იქნებ მორჩნენ კიდეც კინკლაობას, რატომღაც არ ვარ ამის ხასიათზე. - აუ მაგრა კი მშია, რაც გინდათ - სერჟიომ მიპასუხა. - წამო სადმე გავისეირნოთ და შევიდეთ რაც შეგვხვდება იქ - შემოგვთავაზე ფილიპმა. ყველანი დავეთანხმეთ და წავედით. მშვენიერი შემოდგომის ამინდია, საკმაოდ თბილა, ცოტა ცხელა კიდეც. ფეხით გავუყევით ქვაფენილიან გზას. ირგვლივ ნაირ-ნაირი ქართული ტკბილეულით და ლამაზი, უცხო სუვენირებით დახუნძლული დახლები და პატარა მაღაზიები გვხვდება. თბილისი წითელ-ყვითელ ფერებშია შემოსილი და თბილად გვესლმება. გზად რომელიღაც ქართული ტრადიციული რესტორანი შემოგვხვდა და ჩვენც შევედით. მიუხედავად იმისა, რომ შუადღეც არაა ჯერ, ხალხი საკმაოდაა. ძირითადად უცხოელები, რადგან ჩვენ ტურისტულ ცენტრში ვიმყოფებით ახლა, სადაც ყველაზე მეტი მოძრაობაა მათი. გადავწყვიტეთ ისევ ხინკალი და ხაჭაპური ვჭამოთ და ქართული ლუდი დავლიოთ, ყველანი ერთხმად ვთანხმდებით და ვუკვეთავთ ოფიციანტს. ის ისაა მოიტანეს და ჭამას უნდა შევუდგეთ, რომ ჩემი ტელეფონი აწკრიალდა, დავხედე და მარიამი რეკავს. გულმა ისევ სწრაფად ფეთქვა დაიწო და სიხარულმა მთელი ჩემი არსება მოიცვა. გვერდზე გავედი და ვუპასუხე, მეგობრების ქილიკნარევი კომენტარები კუდში მომყვებოდა. - გამარჯობა მარიამ, როგორ ხარ? - გამარჯობა, მარკო, კარგად შენ? - არ დამირეკავს შენთვის, აღარ გაგაღვიძე. - ხო მეც ამიტომ არ გირეკავდი აქამე. აბა რას საქმიანობთ? - აი, რესტორანში ვართ მე და ბიჭები და ვსაუზმობთ თუ ვსადილობთ. - სად, რომელში? - მოიცა სახელი არ მახსოვს, ვნახავ თუ გინდა, მოხვალ? - ვეკითხები და ამ დროს მოლოდინი პულსს მიჩქარებს. - ვერა მარკო, ცოტა ხანი რაღაც საქმეები მაქვს და საღამოს გნახავთ და სადმე წავიდეთ. - კარგი, როგორც მოახერხებ - ხასიათი უმალ გამიფუჭდა, საღამომდე რა მომათმენინებს. - კარგი მაშინ, არ მოწყინოთ, შეგეხმიანებით - მხირულად დამემშვიდობა და გამითიშა ყურმილი. ცოტა ხანი ტელეფონზე მიშტერებული დავრჩი, ადგილზე გაშეშებულ პოზაში. რა ვუყო, რომ ჰაერივით აუცილებელი გახდა ის ჩემი ყოფისთვის, რა ვუყო, რომ ყველაზე და ყველაფერზე უფრო ხშირად მახსენდება, კი არადა სულ მასზე მეფიქრება. რა ვუყო ამ მწველ შეგრძნებას, მასთან განშორების წუთებში რომ განვიცდი და იმ ფიქრებს, ჩემს სიახლოვეს რომაა ჩემი ტვინი რომ გადასცემს გულს. ის მაინც რომ ვიცოდე იგი რას ფიქრობს ჩემზე და რას გრძნობს ჩემს მიმართ, კარგი იქნებოდა ალბათ. მაგრამ შეცვლიდა კი ეს რამეს ჩემს ცხოვრებაში? ალბათ არა, კი არა ვერა. ვახ როგორ მეზიზღება საკუთარი უსუსურება, რომელსაც ასე ხშირად და მწვავედ განვიცდი ამ ბოლო პერიოდში. ისევ სევდამ და სიბრაზემ მოიცვა ჩემი არსება, ისევ წუხილის მორევმა ჩამითრია და დამიმონა. ერთი იმედიღა მრჩება მხოლოდ და საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდები ანაზდად, ეს ბედისწერაა, რისიც არასდროს არ მჯეროდა და არ ვუწევდი ანგარიშს. ბედის წაღმა დატრიალების იმედი მაქვს ქვეცნობიერში, რისიც მე თვითონ მრცხვენია საკუთარი თავის ნამდვილად, რადგან გამოსავალი არსაიდან და არანაირი არ მესახება, რაღასი უნდა მჯეროდეს ბრმად ნეტავ. ოხ, რა საცოდავი ვარ ამხელა კაცი, და როგორ მძულს ამ წამს საკუთარი თავი. ასეთი ჩამოუყალიბებელი და ორაზროვანი ამ დღეებში რომ ვარ, არასდროს მახსოვს საკუთარი თავი. ამ ფიქრებში გართულს სერჟიო მომიახლოვდა ისე, რომ არც შემიმჩნევია. - მარკო, ხო მშვიდობაა? ვინ იყო, რა სახე გაქვს? უცებ გამოვედი ფიქრებიდან და რეალობაში დავბრუნდი. - არაფერი ამიგო, ყველაფერი კარგადაა. მარიამი იყო, საღამოს შეგეხმიანებთო. - მერე რა სახე ჩამოგტირის, რა იყო? მარკო, შენთან სერიოზული საუბარი მინდა. იქნებ გაგვესეირნა ცოტა ხნით? - რა ხდება სერჟიო, რატომ? - წამო რა, თუ არ გეზარება, გავიაროთ. მეც დავთანხმდი და გავედით. მძიმედ გავუყევით თავდახრილნი ქვაფენილს. ხმას რამდენიმე წუთი არ ვიღებდით არცერთი, თითქოს ორივემ ვიცოდით რაზე უნდა გვესაუბრა, მაგრამ დაწყების ორივეს გვეშინოდა და გვეთაკილებოდა. ბოლოს სერჟიომ გამბედაობა მოიკრიბა და დაიწყო: - მარკო, ამიგო, ხო იცი როგორ მიყვარხარ. ჩემს ძმებზე არანაკლებ, თუ მეტად არა. ერთად ვართ გაზრდილები. - გაჩუმდა და შემომხედა, მეც გავუსწორე თვალი. - მარკო, რა ხდება თქვენს შორის? აღარ დამიწყია კითხვები, ვისზე, რაზე და ასე შემდეგ. არ მინდა ჩემს ბავშვობის მეგობართან თავის მოკატუნება და ორაზროვანი საუბარი. არ შეშვენის კაცს ნამდვილად ასეთი საქციელი. - მიყვარს, სერჟიო, თავდავიწყებით. ისე, როგორც არავინ არასდროს მყვარებია. ისე, როგორც არავის არასდროს აღარ შევიყვარებ. ის ერთადერთი ჩემი ცხოვრების სიყვარულია, თანაც ისეთი ძლიერი სიყვარულია, მეც კი მაშინებს ხანდახან. ჭკუის შეშლამდე და თავგანწირვამდე მიყვარს სერჟიო. - თავი დავხარე, აღარ ვიცი რა დავამატო. სერჟიო ხმას არ იღებდა კარგა ხანს, მდუმარედ მომყვებოდა ქვაფენილზე, მძიმედ ადგამდა ნაბიჟებს, ვგრძნობდი, რომ გულის სიღრმემდე ჩასწვდა ჩემი აღსარება და ვეღარ ამოეთქვა მეგობარს ვერაფერი საპასუხოდ. მხოლოდ ერთიღა მკითხა: - მას? - არ ვიცი. - ეტყვი? - არ ვიცი. - მე ვიცი, ეტყვი! - დამაჯერებლად მითხრა, გაჩერდა, მეც შევაჩერე სვლა. თვალებში მიყურებდა ჯიქურ, ჩემგან რეაქციას ელოდა. - ვეტყვი კი. - მერე? - რა მერე? - მერე რომ გამოგიტყდეს თვითონაც, მერე? - არ ვიცი - თავი ხელებში მოვიქციე და ჩავჯექი მუხლებზე ადგილზე. ძალა არ მყოფნის გზის გაგრძელებისთვის, სულ ამ დიალოგმა გამომაცალა მთელი ენერგია. - უნდა დაელაპარაკო რობერტოს, მამაშენს. გაგიგებს. - ვერ გამიგებს, ვერა. ვერც მარია გამიგებს, ვერც ვერავინ გამიგებს. პირობა პირობაა ამიგო. ისევ დუმილი და ფიქრები, ოღონდ რა ფიქრები თვითონაც არ ვიცი, ბუნდოვანი და ორაზროვანი გამოუვალი მდომარეობის მტანჯველი შეგრძნებით. - მარკო, ნეტა მე ვიყო შენს ადგილას, ნეტა მე მქონდეს პირობა მიცემული და შენ თავისუფალი, ამიგო. ჩემი გული არაა ასეთი სულისშეძვრამდე განცდებით აღსავსე, ჩემი გული აიტანდა ყოველგვარ გარიგებას, ჩემს გულს ასეთი სიყვარული არ შეუძლია, ჩემს გულს ასეთი დარდი არ განუცდია და ვერც განიცდის ალბათ. მე გამიმარტივდებოდა ეს ყოველივე, ვიცი. ვუყურებდი მას და აღარ ვიცოდი რა მეთქვა, რა მეპასუხა, რა მომემოქმედებინა. ისეთი ემოციით და გულწრფელობით ნატრობდა ჩემს ტანჯვას და ჩემს ყოფას, ისეთი დარდიანი და განცდიანი თვალებით შემყურებდა, ისეთი განცდებით ჰქონდა სახე დადაღული, რომ მართლა უბედნიერესი ვარ მისი ყოლით და მისი არსებობით. ღმერთო, როგორ გამიმართლა ასეთი მეგობრები რომ მყავს, ასეთი გრძნობებით რომ დამაჯილდოვე. მათთან ერთად ხვალინდელი დილის არ მეშინია, იმედს მისახავენ მომავლისას. - სერჟიო, ამიგო. შენ არ იცი რას ნიშნავს ჩემთვის ეს სიტყვები. შენს გამო სიცოცხლეს დავთმობ თუ დაგჭირდება, იცოდე ეს. - მე არ დამჭირდება, ამიგო. შენ კი რით გიშველო აღარ ვიცი. - კარგი წავიდეთ, ბიჭები ძებნას დაგვიწყებენ. ვნახოთ რა იქნება, ვნახოთ, რას მიმზადებს მომავალი. - დასრულებული არ მქონდა ფრაზა, რომ ტელეფონი აწკრიალდა. მაიკი მირეკავდა. - დარჩი ტუალეტში სამუდამოდ თუ როგორაა შენი საქმე? რამე კაი თუ ხდება მანდ, მოვალ მეც. - მოვდივართ მაიკი, გამოსული ვიყავით რაღაცაზე. - აა ოკ, მოდით თორემ ძებნას ვაცხადებდით უკვე თქვენზე. კი მეზარებოდა პოლიციაში ბოდიალი ისე. - მოვდივართ, მოვდივართ - ღიმილით ვუთხარი და გამოვბრუნდით კიდეც და როდესაც მივედით უკან რესტორანში, ბიჭები წამოშლილები დაგვხდნენ. - სად იყავით, მარკო? - მეკითხება ფილიპი. - ცოტა სუფთა ჰაერი ჩავყლაპეთ - პასუხობს სერჟიო. - ხალხნო, რა გეგმები გვაქვს ახლა? - კითხულობს მაიკლი. საიდს ამ დროს ტელეფონმა დაურეკა და გვერდზე გავიდა. ჩვენ ამასობაში სასტუმროს მიმართულებით დავიძარით. შუადღეა უკვე მოტანებული. - სასტუმროში მივბრუნდეთ თუ გავაგრძელოთ გზა და სადმე წავიდეთ?-კითხვა განავრცო ფილიპმა. - მოიცა საიდსაც დაველოდოთ და გადავწყვიტოთ-ვუპასუხე მე. საიდიც შემოგვიერთდა. - საიდ, რა ვქნათ, საით წავიდეთ? - ძმებო, მე ცოტა ხანში ინგას უნდა შევხვდე - მის ხსენებაზე სახე გაებადრა - და საღამოს რვა საათზე ჩვენი სასტუმროს მეპატრონე რაღაც წვეულებაზე გვეპატიჟება, წესიერად ვერც გავიგე რა მითხრა. ვინც გინდათ წამოიყვანეთო. რა ვქნათ წავიდეთ? - რატომაც არა, ცოტა გავერთობით. აქაურ ნაღებ საზოგადოებასაც გავიცნობთ. - მაიკლს გაუნათდა სახე უმალვე. - გოგონები დავპატიჟოთ, წამოვლენ ალბათ. - საიდმა შემოგვთავაზა. - დავპატიჟოთ კი ბატონო, რომელ საათზეა? - ცხრაზე და მანამდე შეგიძლიათ უჩემოდ გაიარ-გამოიაროთ სადმე. მე არ მცალია - თვალი ჩაგვიკრა საიდმა. - ოხ, გადაიქცა ბიჭი უდაბნოს ხვლიკიდან პრინცად. ისე თორმეტ საათამდე გაქვს დრო, მერე ისევ გახვლიკდები იცოდე, მოასწრი დამალვა. - გავიგუდეთ კინაღამ მაიკის ამ მონაჩმახზე. - არ შემარგო ახლა ორი წამის ბედნიერება, რა გაჩნდი ამისთანა შურიანი - საიდი ვითომ გაბრაზდა. - კიდე მე მადანაშაულეებ? შენთვის გეუბნები, ფრთხილად იყავი თქო, გაფრთხილებ უბრალოდ - მაიკიც უკან არ იხევს. - კარგი ხო, დღეს რაც გინდა მითხრა ვერ გამაბრაზებ - საიდი ღიღინ-ღიღინით გაუყვა სასტუმროსკენ გზას, ჩვენც კუდში მივყევით. მარიამს დავურეკე, საღამოს წვეულებაზე დავპატიჟე გოგოებთან ერთად და ისიც დამთანხმდა. ჭკუაზე არ ვარ ისე მიხარია. საღამომდე როგორმე დრო უნდა გავიყვანოთ, რა გამაძლებინებს აღარ ვიცი. გადავწყვიტეთ გამოგვეცვალა, ცოტა დაგვესვენა და შემდეგ აქაური რწმენის სიმბოლო, სამების კათედრალი გვენახა ახლოდან, რასაც ყველა მხრიდან შორიდან კი ვხედავდით, სადაც არ უნდა წავსულიყავით ამ დალოცვილ ქალაქში. მივედით კითხვა კითხვით. ადგილიც საუცხოოა და კათედრალიც გაცილებით უფრო დიადი და ბუმბერაზი აღმოჩნდა, ვიდრე შორიდან დანახულით ვვარაუდობდი. შევედით მის ულამაზეს ეზოში, სადაც ხან გედების ტბა შეგვხვდა და ხან საუცხოო ყვავილების ბაღები. ბევრი ხალხი ირევა, განსაკუთრებით ტურისტები. ალბათ ჩვენსავით ყველა დაინტერესდა ერთხელ მაინც ეხილათ შორით აბრდღვიალებული ეს საოცრება. შევედით შიგნით. მოწიწებამ ამ სიდიადის და რწმენის კანდელის მიმართ ანაზდად თავი მომადრეკინა. პირჯვარი გადავისახე და ამ ულამაზესი გუმბათოვანი ტაძრის თვალიერებას შევუდექი. ხატებსაც მივაქციე ყურადღება, როგორც მახსოვს მარიამისგან, კათოლიკური ეკლესიისგან განსხვავებით აქ ხატწერა მხოლოდ ერთ განზომილებაში ხდება, ანუ ყოველგვარი ჩრდილების გარეშე. ვათვალიერებ და აღფრთოვანებული ვარ. წმინდა ღვთისმშობლის უდიდეს ხატთან გავჩერდი, რომელიც კათედრალის ცენტრშია დავანებული. თავი ბუნებრივად დამეხარა და პირჯვარიც გაუაზრებლად გარდამესახა, თითები თავისით ამოძრავდნენ, ინსტიქტურად. ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს მიყურებს და მიღიმის, ძალიან კარგად მენიშნა და გულის ბოჭვის თავისუფლებაც მომგვარა თითქოს. ასეთი მოწიწება მხოლოდ პალერმოს კათედრალში წირვის დროს მეუფლება ხოლმე იმ იშვიათ დღეებში, როდესაც იქ ყოფნას ვახერხებ. ვერ ვხვდები, რა საჭიროა ეს განსხვავებები რელიგიებში, როდესაც თითქმის ყველას გვწამს ღმერთის, ღმრთისმშობლის და იესო ქრისტესი. რა საჭიროა ეს ამდენი განსხვავებული წესებით რწმენა, როდესაც არსი ყველას ერთი გვაქვს საბოლოო ჯამში. ყოველ ხატთან გავჩერდი და დავაკვირდი, აბსოლუტურად განსხვავებული ხელწერაა ჩვენგან. მოხატულიც ნაწილობრივაა ეს ბუმბერაზი კედლები ფრესკებით, რადგან შედარებით ახალი აშენებული გამოდის კათედრალი. გამოვედი გარეთ, სასიამოვნო ემოციები ყელში მელამუნება და გაღიმებული სახით ველოდები ბიჭებს. ისინიც გამოვიდნენ და გავუდექით გზას. კათედრალის გრძელი ეზო გავიარეთ და ის ის იყო ეზოს გარეთ გავედით, რომ რაღაც ტირილის ხმა შემომესმა. გავიხედე ხმის მიმართულებით და დავინახე გზის მეორე მხარეს, ძირს მიწაზე დაფენილ სქელ მუყაოს ქაღალდზე ორიოდე წლის ბავშვი იჯდა და ტიროდა. წინ ქისა ედო, როგორც სჩანს ამათხოვრებდნენ მას. სისხლი გამეყინა ძარღვებში, გული გამიწვრილდა ამ საშინელების შემხედვარეს. ბიჭებს დავუქნიე ხელი დამიცადეთ თქო და გზაზე გადავედი. სანამ მივუახლოვდებოდი მტირალს, დავინახე იქვე მშობელს სამ-ოთხ წლამდე ბავშვი, რომელსაც ის ხელჩაკიდებული მოჰყავდა, რაღაც წინააღმდეგობას უწევდა, ხელის გამოთავისუფლებას ცდილობდა. უცებ მოახერხა ჩაფიქრებული და გამოგლიჯა ხელი, გამოიქცა მტირალი ბავშვის მიმართულებით, ჩაეხუტა მას, შემდეგ ხელში რაღაც ჩაუდო და გვერდზე მიუჯდა. პატარამ ტირილი შეწყვიტა და მას მიაშტერდა გაოგნებული. როგორც სჩანს ამ ადრეულ ასაკშივე გადაჩვეული იყო ამგვარ სითბოს გამოვლენას მის მიმართ. ამასობაში მე და ამ ბავშვის პატრონი, სავარაუდოდ დედა, რადგა ძალიან ჩამოჰგავდა მას, მივუახლოვდით მათ. ამ ქალს ემოციებისგან ცრემლი გადმოუგორდა და მეც დიდი ძალისხმევა დამჭირდა იგივე არ გამეკეთებინა. როგორ მომინდა გამოვლაპარაკებოდი, და ამ პატარა ვაჟკაცის სახელი გამეგო მაინც. - ქალბატონო, თქვენ გმირი შვილი გყავთ - ინგლისურად ვუთხარი. - იცით რა, - ცრემლიანი თვალებით შემომხედა და ინგლისურადვე მიპასუხა - მთელი დილა იჭიჭყინა ამ შოკოლადის საყიდლად წამიყვანეო და რა იოლად შეელია, მიკვირს პირდაპირ. - ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია მათგან, ხშირად ბავშვები ჩვენზე დიდ სიბრძნეს და უანგარო გრძნობებს ავლენენ. უბრალოდ დრო უნდა გვქონდეს და დავაკვირდეთ მუდამ. ამასობაში ჩემი ბიჭებიც მოცვივდნენ და ამ ახალ დამეგობრებულთ უამრავი ფოტო გადაუღეს. ასევე ხალხიც მოზღვავდა სანახაობით დაინეტერესებულნი. რამდენი შესძლებია ერთი ციდა ბავშვის ემოციას, გაოგნებული ვარ. ამასობაში ვიღაცამ პოლიცია გამოიძახა, იმათ სოციალური სამსახური და ეს ბავშვი შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მსგავს ადგილებში იგივე სიტუაციაში დარჩენა აღარ მოუწევდა. ერთი ის მონსტრი მანახა, ეს ბავშვი ასეთი ბედისთვის რომ გაეწირა, მაგრამ რა იცი რა ხდება. - რა ჰქვია ამ კაცუნას? - ვკითხე ყველაფრის დასრულების შემდეგ ბიჭუნას დედას. - გიორგი ჰქვია - მიპასუხა. - წმინდა გიორგის სახელი ჰქვია ხომ? ვიცი რომ თქვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი მფარველია. - კი, ნამდვილად ასეა. - ეტყობა ბიჭს, ღმერთმა გაგიზარდოთ. - მადლობა, დიდი მადლობა - დედა ისევ ემოციებშია, თავის ბიჭს გულში მაგრად იკრავს და ცრემლებსაც ვერ იკავებს, სიხარულის ცრემლებს, ასეთი მაგარი ბიჭი რომ არგუნა გამჩენმა. ჩვენ გზა გავაგრძელეთ, ბევრი ვიბოდიალეთ თბილისის ქუჩებში, მრავალი სილამაზე ვნახეთ და აღტაცებულები და ემოციურად და ფიზიკურად დაქანცულები საღამოსკენ დავბრუნდით სასტუმროში. მთელი საღამოა ეს ორი ბიჭუნა არ ამომდის თავიდან. ასეთი რამ არ ისწავლება, ასეთი რამ თანდაყოლილი უნდა გქონდეს მხოლოდ. მოვლილის, სუფთას და პატრონიანის მოფერება და სიყვარული მარტივია, ჭუჭყიანის, უსტატუსოს და უპატრონოს სიყვარული კი არათუ რთული, არამედ ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელიცაა. რატომ ხდება ისე, რომ რადგან მშობელმა, პატრონმა მიატოვა და მიაგდო, საზოგადოებაც ასევე იქცევა მუდამ, თითქოს ეს ჩვეულებრივი კანონზომიერებაა და სხვისი შვილის შეცოდება კი მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივაა და მას ევალება. სახელმწიფოც ხომ ჩვენგან, ხალხისგან არის შემდგარი და კონსტიტუციაც ხომ მხოლოდ კეთილდღეობაში მცხოვრებთათვის არ დაწერილა. ბევრი რამ გვაქვს ბავშვებისგან სასწავლი, ძალიან ბევრი. ამ ფიქრებში გართულს ჩამეძინა და ცოტა ხანში კარზე კაკუნის ხმამ გამომაფხიზლა. სასტუმროს მეპატრონეს ჩვეთვის პიჯაკები გამოუგზავნია და მეც მომიტანეს. დრეს კოდიაო საღამოზეო, მეტრდოტელმა მითხრა, და რომ არ შევწუხებულიყავით მას უზრუნია ჩვენს მაგივრად. მადლობა გადავუხადე და გავისტუმრე. საკმაოდ ძვირადღირებული სამოსია, თანაც ზუსტად ჩემი ზომა. ყოჩაღ საიდის მამას, კარგი მეგობრები ჰყოლია ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეზარება ეს ოფიციალური ვახშმები, ბიჭების ხათრით უარი არ მითქვამს. გამოვეწყვე, სარკეში ჩავიხედე. ნორმალურად გამოვიყურები მგონი, კარგად მადგას პიჯაკი. თმა საკმაოდ ჩამომზრდია, თითქმის კისრის საწყისამდე მცემს. უკვე ცხრის ნახევარია, მოუთმენლად ველი მარიამის ზარს. კარზე კაკუნის ხმა გაისმა, გულმა ფეთქვას მოუხშირა და კართან აჩქარებით მივედი. გავაღე და ჩემი ბიჭები იკრიჭებიან კარის იქიდან, გული დამწყდა მარიამი რომ არ არის, მაგრამ გამახსენდა ისიც რომ ჩემი ნომერი სად მდებარეობს და რა ნომერია არ მითქვამს და შესაბამისად ის ვერც იქნებოდა. - ოხ, როგორი გალანტური ხარ, მისტერ მარკო - სერჟიო მეუბნება. - თქვენც არ გამოიყურებით ურიგოდ - მეც ვუპასუხე. - გოგონები ხომ არ შეგხმიანებიან? - გზაში არიან, მაგრამ მხოლოდ მარიამი და ინგა, სალომემ და ანამ ვერ მოიცალეს - საიდმა მიპასუხა. მე გულში ჩამეღიმა, რადგან მარიამის მოსვლა დადასტურებულად ვიცი უკვე. - ჩავიდეთ დაბლა დავხვდეთ, ან მე დავხვდები - შევთავაზე ბიჭებს. - შენ და ალადინი წადით, რომეოები თქვენ ხართ, ჩვენ რესტორანში დაგელოდებით - მაიკლმა წაკბენა მაინც მოახერხა. მე და საიდმაც დავუჯერეთ და მისაღებში ჩავედით გოგოების დასახვედრად. ამასობაში ტელეფონის ზარიც გაისმა, მარიამი რეკავს. - მარიამ, მოხვედით? - კი მარკო, მანქანას ვაყენებთ სადგომზე. - ახლავე გამოვალთ - ტელეფონი გავუთიშე და გავედით გარეთ. სადგომზე მივედით თუ არა კარები გაიღო და საჭის მხრიდან მარიამი გადმოვიდა. არა კი არ გადმოვიდა, გადმოსრიალდა გედივით თეთრ, გრძელ და სადა კაბაში მოსილი. თმა აწეული აქვს, ხოლო მოღებულ გულმკერდზე რამდენიმე კულული გადმოვარდნია და ირწევა ბაბილონური ტირიფის ტოტებივით. მისი მოკრძალებული სილამაზე და ბუნებრიობა მაგიჟებს და მის მიმართ სიყვარულს მიძლიერებს. აღფრთოვანებულმა ძლივსღა მოვიფიქრე მივახლოვებოდი და მისთვის კავალერობა გამეწია. ამასობაში საიდი და ინგაც შემოგვიერთდნენ. ინგაც ულამაზესია, შავ მოხდენილ კაბაში გამოწყობილი. -მარიამ, ღვთაებრივად ლამაზი ხარ - გადავიხარე მისკენ და ყურში ჩავჩურჩულე. მან უცებ შემომხედა, გაიღიმა და უპასუხოდ დამტოვა. მივაღწიეთ ევროპულ დარბაზში, სადაც ღონისძიება ტარდებოდა და შევედით კიდეც. ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა, ეტყობოდათ, რომ მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვენენ. ჩემი ბიჭები მოვნახე თვალით და იმათკენ გავემართეთ. ისინიც გოგოებს ოვაციებით და კომპლიმენტებით შეხვდნენ, ის კი არა, სხვების მზერებიც აქეთ იყო მომართული. არ მსიამოვნებს მარიამი ასეთ ყურადღებას რომ იქცევს, ამავდროულად მეამაყება ასეთი ლამაზი ქალი გვერდს რომ მიმშვენებს ამაღამ. - გოგოებო რას დალევთ? - ფილიპი ეკითხება მათ. - წითელ, ნახევრად ტკბილ ღვინოს - პასუხობს მარიამი, ინგამაც იგივე ისურვა. მიმტანს ვთხოვე რაიმე განსაკუთრებული მოეტანა ფრანგული ღვინოებიდან, მან შატო მარგოს 2009 მოსავლის წითელი ღვინო შემომთავაზა, როგორც აქაური მეპატრონის ექსკლუზივი. მეც დავთანხმდი, რადგან ერთ-ერთი საუკეთესო ღვინოა მსოფლიოში. მოიტანეს და ჩამოუსხეს გოგონებს. მარიამმა ჭიქა პროფესიონალურად დაატრიალა ხელში, სითხე ჭიქის კედლებს რგოლებად შემოევლო და შემდეგ ფსკერზე დაილექა. მარიამმა ჯერ სუნი შეიგრძნო და შემდეგ ოდნავ პირი დაისველა, მოსვა ეს ღვთაებრივი სითხე. - კაბერნე სოვინიონი, მსუბუქი, ნახევრად ტკბილი, მაგრამ მწვანე ბალახის სურნელით გაჟღენთილი ბორდო. თუ არ ვცდები 2009 ან 2010 წლის მოსავალი უნდა იყოს. შეიძლება შემეშალოს. ჩინებული და გამორჩეული გემო აქვს, მაგრამ მინდა გითხრათ ჩვენებური საფერავის ბორდოც არ ჩამოუვარდება 2008 წლის ან 2010 წლის მოსავალიდან. ბიჭები გაშტერებულები მისჩერებიან მას, ვერ წარმოუდგენიათ გოგომ ასეთი ღვინის ცნობის უნარი გამოამჟღავნოს, ცნობილი სომელიეებივით ჩამოარაკრაკა. მე სიამაყით და სიამოვნებით ვუცქერი და მისი გულუბრყვილო სახით ვტკბები, თითქოს ვერც ხვდება როგორი განსხვავებული და გამორჩეულია სხვებისგან. - მარიამ, საიდან ასეთი ცოდნა? - მაიკლმა ვერ მოითმინა და ჰკითხა მაინც. - მე ხომ ღვინის ბიზნესში ვარ უკვე 6 წელზე მეტია, ამიტომ მევალება ამის ცოდნა. - ვაა, ყოჩაღ, აღფრთოვანებული ვარ. - აი ჩვენს ვენახებში რომ წაგიყვანთ, თქვენ თვითონ დააგემოვნებთ. კახეთის რეგიონშია, განახებთ აუცილებლად. - არ მეგონა აქ ჩემზე კარგად თუ ვინმე ერკვეოდა ღვინოებში - ვთქვი ღიმილით - მაგრამ მწარედ შევმცდარვარ. - შენზე კარგად არ მგონია მარკო, მე თქვენი კალაბრეზეს გემოც არ ამომდის თავიდან, ტკბილი ტანინიანი ავოლას ჯიშებისგან დაწურული. - ეგეც გახსოვს მარიამ - მართლა აღმაფრთოვანა და გადამრია ამ გოგომ. - რა დამავიწყებს - ისე სევდიანად და გულშიჩამწვდომად მიპასუხა, არ მენიშნა კარგად. ორკესტრი უკრავდა, განსაკუთრებით მელოდიურად ვიოლინოზე ჰქონდათ გაკეთებული აქცენტი და სოლოს ითავსებდა. ვალსი დაიწყო და მე მარიამს ვესროლე უმალ მზერა. არ ვაცალე უარის თქმა, ხელი ჩავკიდე და მოცეკვავე წყვილებს შევერიეთ. მიუხედავად იმისა, მრავალნი ირეოდნენ ჩვენს ირგვლივ, მე მარიამის გარდა ვერავის ვამჩნევდი და მის ღრმა, სევდიან თვალებში ვიყავი ჩაძირული. თოვლის ფანტელივით ნაზად მოძრაობდა, ისე თითქოს სიმძიმე საერთოდ არ გააჩნდა მის სხეულს. მისი არომატი ცხვირს მიწვავდა, ტკბილად ეფინებოდა სულს შობის დილის სურნელივით. გამოუსწორებელი ოპტიმისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა იმედის მოზღვავებას ვგრძნობდი და მეფიქრებოდა ჩვენს მომავალზე, ჩვენს საერთო მომავალზე, მის თეთრ კაბაზე და მენდელსონის გაბმულ მარშზე პალერმოს კათედრალში. ოცნებებმა ძალიან შორს გამიტაცა, არაამქვეყნიურ და უჩვეულო სამყაროში, სადაც მე და მარიამი მარტონი ვიყავით, ყველასგან მოშორებულნი და ერთმანეთისთვის მოარსებენი. ყველაფერს თავისი ფასი აქვს ამ ქვეყნად, მეც ღრმად მჯერა ამის და მწამს. ჩემს იმედსაც ფასი აქვს და ეს ფასი ჩემი ახლობელი ადამიანების იმედგაცრუებაა. ამის გაფიქრებისთანავე მწარედ დავებერტყე ღრუბლებიდან დედამიწაზე, მაგრამ ეს სიმწარე უმალ გააქარწყლა ჩემი საყვარელი ადამიანის სიახლოვემ და სითბომ. მელოდია დასრულდა და ჩვენც ბიჭებთან დავბრუნდით. მარიამისთვის და ჩემთვის თითო ჭიქა ღვინო ავიღე და შევთავაზე ვერანდაზე გაგვესეირნა. იგიც დამთანხმდა, ხელკავი გამიყარა და წავედით. შედარებით ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას გავჩერდით, ჩვენს სიახლოვეს თითქმის არავინ იდგა. მე ღვინო მთლიანად გამოვცალე გამბედაობისთვის, ხოლო მაიამი ნელ-ნელა ეწაფებოდა. ტუჩები ამ ღვინოსავით სისხლისფერ-ბორდოსფერში ჰქონდა შეფერილი და მეც თვალი მუდმივად ამ მიმართულებით გამირბოდა. რამდენიმე წამში, ღვინომაც ოდნავ სითამამე რომ შემმატა და გამბედაობის მოზღვავება ვიგრძენი, საუბრის დაწყება გადავწყვიტე. - მარიამ, ძალიან ლამაზი ხარ დღეს, მშვენიერი, უმშვენიერესი. - მადლობა, მარკო. - ძალიან იშვიათად შემხვედრია შენნაირი ლამაზი და ჭკვიანი ქალის კომბინაცია, პრინციპში არც შემხვედრია დიდად, ვცრუობ - ვუთხარი, მაგრამ აღარ ვიცი რას ვლაპარაკობ, გონება მაქვს არეული, სულ მისი ტუჩებისკენ გამირბის მზერა. - კარგი, რა მარკო. ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ. - მაშინ არაჩვეულებრივი ვინღაა? - ძალიან ბევრი - ვაა, მაოცებ პირდაპირ. ასეთი თავმდაბლობაც არ ვარგა. მათქმევინე ქათინაური - გავიღიმე სულელურად. - კარგი, მადლობა. ისეთი სიტყვაძუნწია, საუბრის გაგრძელება მიჭირს, მაგრამ არ ვნებდები. - მარიამ, მომიყევი რამე. შენზე მომიყევი. ყველაფერი მინდა ვიცოდე. - მან გაკვირვებული მზერა მესროლა, მაგრამ ჩემი მოთხოვნა არ გაუპროტესტებია. - მაინც რა გაინეტერესებს? - სამსახურის გარდა რას საქმიანობ, კიდევ ვინ გყავს მეგობრები, ვინ გმეგობრობს, ვის უყვარხარ? - ამ დროს შევჩერდი, თვალებში ჩავხედე, მისი რექცია მაინტერესებდა, მაგრამ ვერაფერი ამოვიკითხე მის ღრმა თვალებში. - ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ყველაზე ახლოს ვისთანაც ვარ გაგაცანი და ვისაც ვუყვარვარ და მიყვარს. - ვინ? - უცებ ვერ მივხვდი რა მითხრა და აღვშფოთდი, მაგრამ არ შევიმჩნიე. შემომხედა, გაეღიმა და მიპასუხა: - ჩემი გოგოები და ბიჭები, ვინც გაგაცანი. - დათაც? - ერთი სული მაქვს პასუხი გავიგო, თან ვიცი რომ ნებისმიერი პასუხი ცუდი იქნება ჩემთვის. - დათაც. ჩვენ ერთად ვართ გაზრდილნი და ძალიან მიყვარს, ძმასავითაა ჩემთვის - გულზე მომეშვა, შვებით ამოვისუნთქე. მისი პასუხი გასაგებია, დანარჩენი აღარ მაინეტერესებს. - მარკო, ხვალ წაგიყვანთ ვენახებში. ძალიან მინდა გაჩვენოთ ჩვენი ჯიშები და დაგაგემოვნებინოთ ჩვენი საფირმო ღვინოები. თან შენი, როგორც ამ სფეროს პროფესიონალის აზრიც ძალიან მაინტერესებს. - კი აუცილებალად წამოვალთ, მეც მაინეტერესებს. თან შენ ისეთი ჩინებული გიდი ხარ, თანაც ისეთი დეგუსტატორი და სომელიეც ყოფილხარ, სანატრელი თანმხლები ხარ ნებისმიერი ტურისტისთვის, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებულად. - ისევ თვალებში ჩავხედე, მისი მზერაც დავაფიქსირე, თითქოს აუფაკლდა ღაწვები ჩემს ნათქვამზე. - მარიამ, როგორი იშვიათი გოგო ხარ, იციი? უცებ შემომხედა, თვალი ჯიქურ თვალში გამიყარა. - როგორი? - იცი, არსებობს ერთი უიშვიათესი მცენარე გენლისეა, ძირითადად აფრიკის ჭაობიან რეგიონში იზრდება. მტაცებელი მცენარეა, თანაც შესახედავად ძალიან ლამაზი და უცხო. ის თავის მარწუხებში მარტივად იტყუებს გარეგნობის გამო მწერებს, ხოლო მისგან თავის დაღწევა კი თითქმის შეუძლებელია და მთლიანად შგთანთქავს. - ანუ მე ვარ მტაცებელი? - გაიბუსხა მარიამი. - რაღა მტაცებელი გაიგე ამდენ კარგ სიტყვაში - გამეღიმა - მტაცებელი კი არ ხარ, არამედ ლამაზი, მომნუსხველი, შთამბეჭდავი, იშვიათი და ადამიანს რომ ადვილად მოხიბლავს და თავის დაღწევა რომ გაგიჭირდება ისეთი. - ვაა, აშკარად სხვაზე საუბრობ მარკო - გაეცინა მას, მეც გამეცინა მის თავმდაბლობაზე. - კარგი მაშინ, მარადმწვანე აზალია იყავი, გაზაფხულად გაღვიძებული და აყვავებული. - ანუ ჩვენებურად იასამანი ჰქვია, მეც ძალიან მიყვარს. - ვაა კიდევ კარგი რამეზე მაინც შევთანხმდით - გაეცინა ჩემს კომენტარზე. მეც გული სიხარულით მევსება მის სევდიან თვლებს ღიმილიანს რომ ვხედავ. - მარიამ, შენ რას შემადარებდი? იმედია კაქტუსს არა - გაეცინა და მეც გამეცინა. - არა, შენ ალბათ მუხას შეგადარებდი, ფესვმაგარს და ძლიერს. - ვაა, აღფრთოვანებული ვარ და მადლობა კაქტუსს ან ეკალს რომ არ შემადარე - ისევ გაეცინა, - მაგრამ მაინც, რატომ მუხას? - იმიტომ რომ ასეთი ხარ, ძლიერი და სანდო - მიპასუხა ძალიან დარწმუნებულმა, მე კი სინდისის ქენჯნამ შემიპყრო, რადგან არც ისე მესანდოება საკუთარი თავი ამ ბოლო პერიოდში. - მარიამ, მომიყევი კიდევ რამე. შენს ცხოვრებაში რა ხდება. რა გაინტერესებს, რა გიხარია, რა გწყინს? - შეძლებისდაგვარად გადავიტანე საუბარი სხვა თემაზე. - მიხარია ის, რომ ახლა აქ ხართ, მწყინს ის, რომ დედა მარია და მამა ალბერტო და ძმები კარგა ხანია ვერ მინახავს და მწყინს ასევე, რომ ვინჩის ქორწილში ჩამოსვლა ვერაფრით ვერ მოვახერხე, მიუხედავად დედას დიდი ხვეწნა-მუდარისა. იმ დროს ჩამოვიდნენ ზუსტად ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოდან და ვერ დავტოვე. - არაუშავს, წაგიყვან ჩემთან ერთად, ყველას ნახავ, მოესიყვარულები და სამუდამოდაც დარჩები - ენაზე ვიკბინე, მაგრამ სიტყვის უკან წაღების დრო არ იყო. - უცებ შემომხედა გაკვირვებულმა, მაგრამ კომენტარი არ გაუკეთებია. აშკარად ძალიან დაიბნა. მე აღარ გამიგრძელებია თემა, არ მინდა ასე უცებ რაღაც დაუგეგმავი რამე წამოვროშო. სულ ამერ-დამერია გონება, სულ ამეწეწა დაწყობილი გეგმები და საერთოდ აღარ ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე. მარიამთან ერთად ეს წუთები მარადიულად მინდა გაგრძელდეს. შემოდგომის საღამო იყო, ოდნავ გრილი, მაგრამ სასიამოვნო და უდაოდ განსაკუთრებული. მარიამი თითქოს მობუზულივით იყო, როგორ სჩანს შესცივდა. უმალ პიჯაკი გავიხადე და მოვასხი ლამაზ მხრებზე. მადლობაო, თვალებით მითხრა, მე კი უბედნიერესი ვარ, რომ ჩემს სამოსზე დიდი ხნით იქნება მისი სურნელის ნაკვალევი. - წამო შევბრუნდეთ, შიგნით უფრო თბილა მარიამ - დამეთანხმა და ისევ დარბაზში დავბრუნდით. ბიჭები კარგად ერთობოდნენ, ახალი მეგობრების გაჩენაც მოუსწრიათ. - მარკო, მოდი გაგაცნოთ ჩვენი ახალი მეგობრები - მაიკლმა სანამ მივუახლოვდებოდით გამოგვძახა. - გაიცანით, თინა, დევიდი, ლინდა, ბარი, გიო - ჩამოგვითვალა იქ მდგომნი, მეც ყველას ხელი ჩამოვართვი, მაგრამ საერთოდ არ მინდოდა მარიამის გარდა ვინმესთვის ყურადღების განაწილება. - ესენი კი ჩვენი მარკო და მარიამი არიან. დევიდად და ბარიდ წოდებულნი ხშირ-ხშირად აპარებდნენ თვალს მარიამისკენ და ეს ამბავი ნამდვილად არ მომეწონა. ცოტაც და შეიძლება ქმედებებზე გადავიდე კიდეც. ფილიპმა და სერჟიომ შემატყვეს სახეზე მათთვის ასე კარგად ცნობილი გამომეტყველება და მთელი გულისყურით ჩაერთნენ ამ ახალ გაცნობილებთან საუბარში, რომ მათი ყურადღება როგორმე სხვა რამეზე გადაეტანათ. მეც ვცდილობ მაქსიმალურად შევიკავო თავი, სტუმრად ვარ და არ შეიძლება აქ რაიმე ექსცესს ჰქონდეს ჩემი გამოისობით ადგილი. საუბრობენ რაღაც ბრენდებზე, მანქანებზე, მსოფლიო პოლიტიკაზე და მაღალი საზოგადოებისთვის დამახასიათებელ სხვა მაღალფარდოვან და მოსაწყენ თემებზე. მარიამი კი აშკარად თავს ძალიან უცხოდ გრძნობს და ხმას არ იღებს. ამ დროს მე ვცდილობ მაქსიმუმ ნახევარი მეტრის რადიუსში ვიყო მისგან და არ მოვშორდე. უცებ რომელიღაცამ, მგონი ქერათმიანმა ლინდამ ხელი წამავლო და ვიცეკვოთო გამომიცხადა. ერთი მარიამისკენ გახედვა კი მოვასწარი, მაგრამ გამაქანა იმ სულსწრაფმა საცეკვაოდ ისე სასწრაფოდ, რომ გაძალიანება ჩემგან ძალიან უადგილო და უტაქტო იქნებოდა. ვცეკვავთ რაღაცას ვალსის მაგვარს, მაგრამ სულ მარიამისკენ მაქვს მზერა მიმართული. ცოტა ხანში მასთან საიდი და ინგა მივიდნენ, ასევე ფილიპი და სერჟიოც იქ იყვნენ, ამიტომ შვებით ამოვისუნთქე. - მარკო, შენ როგორი კარგი ცეკვა გცოდნია. იტალიიდან ხარ ხომ? - დიახ ბატონო, ვარ. - მე ნიუ-იორკიდან ვარ, სასიამოვნოა ფრიად. - ჩემთვისაც - მოკლედ მოვუჭერი და არანაირი სურვილი არ მაქვს საუბრის გაგრძელების. - ის გოგონა, შენთან ერთად რომ არის, შენი ვინაა? დამცხა ერთბაშად, რა ვუპასუხო აღარ ვიცი. - მეგობარია. - აჰაა, ძალიან კარგი. - რატომ ასე? - არა უბრალოდ - მითხრა და ძალიან სულელურად შემომღიმა, აი ისე, თვითონ რომ თვლიან თითქოს ვნებიანად გამოსდით. ძლივს შევიკავე სიცილი. - ძალიან სიმპათიური ხარ, მარკო. - მადლობა, შენც. - ისეთ პასუხებს ვცემ, ერთი სული მაქვს მორჩეს დიალოგი. როგორც იქნა მუსიკაც გათავდა და ჩვენც მეგობრებთან დავბრუნდით. ჩემი ტელეფონი აწკრიალდა, ვიტორიო რეკავს. აქ ვერაფერს გავიგებ, ისეთი ხმაურია, ბოდიში მოვუხადე მარიამს და გარეთ გამოვედი. - ოო დიადო მარკუს ავრელიუს, როგორ გიკითხოთ, თქვენო მაღალაღმატებულებავ? - დაიღვარა ვიტორიო. - ვიტო, შენ როგორ ხარ. მაღალაღმატებულება გადასარევადაა. - ვაა ხმაზე გეტყობა, მაგარს გულაობ ხო? - არა ძმაო, კარგად ვისვენებ. თქვენსკენ რა ხდება? გქონდა გამოფენა? - არა მარკო, ერთ კვირაშია. გრანდიოზულს ვგეგმავ ძალიან. იქნებ ჩამომისწრო? - აუ ვეცდები, მაგრამ ვერ შეგპირდები და არ გეწყინოს, ოკ? - კაი ძმაო, როგორც მოახერხებ. მარიამი როგორ არის?-მისი სახელის ხსენებაზე უხერხულობა ვიგრძენი, მაგრამ არ შემიმჩნევია. - კარგად ძმაო, მოგიკითხა. - ჩამოიყვანე ერთი აქეთ, საუკუნეა არ მინახავს. - კი აბა რას ვიზამ - ჩამეცინა. - ხოო? დაბნეულმა მკითხა, არ მოელოდა ასეთ პასუხს. - ნუ, თუ წამოვა, კი - შევასწორე უცებ. - კაი ამიგო, აბა მაგრად. დამირეკე ხოლმე და არ გადაყვე გულაობას. - კაი ძმაო, აბა შენ იცი. - გავუთიშე ყურმილი და უკან დავბრუნდი. დარბაზში შევედი თუ არა, თვალში მომხვდა მარიამის არყოფნა ბიჭების გვერდით. სწრაფად მივედი მათთან და მოვიკითხე მისი ადგილსამყოფელი. მიპასუხეს არ ვიცით, ალბათ საპირფარეშოში გავიდაო. ინგა და საიდი ცეკვავდნენ და აღარაფერი მითქვამს მათთვის. რამდენიმე წუთი რომ გავიდა და აღარ გამოჩნდა, ტელეფონზე ავკრიფე მისი ნომერი და დავრეკე. არ მპასუხობს. უწყვეტად ვრეკავ, არ ვაჩერებ ზარს. როგორც იქნა აიღო ყურმილი. - მარიამ, სად წახვედი, სად ხარ? - ჩავძახე ყურმილში და მოუთმენლად დაველოდე მის პასუხს. - თავი ამტკივდა მარკო და წამოვედი, მაპატიე რომ არ დაგელოდე. - კარგი არაუშავს, სად ხარ, მოვალ. - არ გინდა, გთხოვ, სახლში მივდივარ უკვე. - სად ხარ, მანდ გაჩერდი, მოვალ. - კარგი რა მარკო - შემეწინააღმდეგა. - მანდ გაჩერდი, სად ხარ? - ვკითხე დაჟინებით, მკაცრად. - მანქანში ვარ სადგომზე, არ გავსულვარ ჯერ. - ოკ, დამიცადე. - გავქანდი დარბაზიდან, სწრაფად დავეშვი ავტოსადგომისკენ და წუთში უკვე მასთან გავჩნდი. ძალიან მოწყენილი ჩანდა, გული დამეწვა მისი შემხედვარე. - რა მოხდა მითხარი? - მივუჯექი გვერდით მანქანაში. - არაფერი მარკო, უბრალოდ.. - უბრალოდ თავი რომ აგტკიებოდა დამელოდებოდი და მე წამოგიყვანდი, სხვა რაღაცაშია საქმე. რა მოხდა მითხარი? ვინმემ გაწყენინა? - უცებ შეკრთა, მივხვდი, რომ სწორი მიმართულებით მივდიოდი. - არა არავინ. - მითხარი, არ მოგეშვები. - მარკო, ძალიან გთხოვ რა. არაფერი არ მომხდარა თქო. - კარგი, არ მეუბნები, მაგრამ მაინც გავიგებ. წამო სადმე გავისეირნოთ. აი იქ წავიდეთ - ხელით ვაჩვენე ადგილი, სადაც ქალაქის ყველაზე შემაღლებულ ადგილზე, საშუალო მთის წვერზე განათებული ეიფელისმაგვარი მაღალი ნაგებობა იდგა. მთის ოდნავ შუა ადგილას კი ეკლესია მოჩანდა, რომლისთვისაც გარე განათებას, ღამის შუქზე დიადი ელფერი მიეცა. თითქოს მდინარის მარჯვენა მხრიდან ის გადმოჰყურებდა ამაყად თბილისს, ხოლო მარცხენა მხრიდან ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი მეტეხის ეკლესია და მარიამის სათაყვანებელი თბილისის დამაარსებლის ძეგლი. ღამეც კი მშვენიერეებაა ეს საოცარი ქალაქი, თვალისმომჭრელია და მიმზიდველი ხელთუქმნელი მარგალიტის თვალივით. - აა მთაწმინდაზე? კარგი წავიდეთ. - მოდი გადმოჯექი და დამსვი საჭესთან, მე წაგიყვან. შენ გზა მიკარნახე უბრალოდ, სადმე სხვაგან არ აღმოვჩნდეთ; - მარიამს გაეღიმა და თავი დამიკრა თანხმობის ნიშნად. ავედით მთაწმინდაზე. ამ ზღაპრულ საღამოს რომ უხდება ისეთი ხედი გადამეშალა თვალწინ სწორედ. მთელი ქალაქი ხელის გულზე მქონდა, წამიერად მარიამის გვერდით ყოფნაც კი შემომავიწყდა ისე აღმაფრთოვანა ხილულმა. - რა ლამაზია, ეს დალოცვილი ქვეყანა, მარიამ, სად ვიყავი აქამდე? - აღფრთოვანებულმა წამოვიძახე. მარიამს გაეღიმა და ამაყი სახით შემომხედა. საამაყო ჰქონდა სწორედაც, ასეთი დიადი ქვეყნის დიდებული შვილი იყო თვითონაც. - იცი მარკო, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს გულშემატკივარს მიუძღვნია სამშობლოსთვის სიტყვები, რომლის მსგავსიც ძნელია რომ აღმოგხდეს კაცს თუ ჭეშმარიტი პატრიოტი არ ხარ შენი ქვეყნისა. ვეცდები ძირითადი სტროფი მაინც გადაგითარგმნო: სამშობლო დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა, ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევის ორსავ თვალზედა, როგორც უფალი, სამშობლოც, ერთია ქვეყანაზედა, არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს სამშობლის სხვა ქვეყნის სამოთხეზედა! როგორი თავაწეული და თავდაჯერებული თარგმნიდა, და რა საოცრად ჟღერდა თარგმნილი. თუ შესაძლებელია მეტად შემყვარებოდა ეს გასაოცარი პიროვნება, ამ წამს ეს ნამდვილად მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ საოცრად მიმზიდველი და ლამაზი იყო ამ წუთებში, მის მიმართ მოწიწების გრძნობა არ მაძლევდა საშუალებას შემთხვევით ზედმეტად მხრითაც კი შევხებოდი მის ნათალ სხეულს. ვუყურებდი მის ჭირ-ვარამ გამოვლილ, მაგრამ ისევ ხალისიან, ღრმა თვალებს და ნელ-ნელა ვიძირებოდი მის სიღრმეებში თავიან-ფეხებიანად. - მარიამ, - დავუძახე და არაფერი მითქვამს, შევაჩერე ჩემში მოწოლილი სიტყვები და გრძნობები, გასაქანი არ მივეცი, ვერ გავბედე. - გისმენ, მარკო - მიყურებს თვალებში და თითქოს ხვდება რაც მაქვს მისთვის სათქმელი და თითქოს ელის კიდეც. მასთან ძალიან ახლოს მივედი, ისე ახლოს, რომ ამ ლამაზი ხედის თავზე მოაჯირთან რომ არ ყოფილიყო მიმწყვდეული, უდაოდ უკან დაიხევდა უხერხულობისგან. სხვა გზა არ ჰქონდა, ადგილზე გაქვავდა და ჩემს მძიმე სუნთქვას განცვიფრებული უსმენდა. ხელები მის მარჯვნივ და მარცხნივ მოაჯირზე დავაყდრენი, ისე რომ იგი შუაში მოვაქციე და ამით მგონი კიდევ უფრო დავაბნიე. უკან დახევის და მიკიბვ-მოკიბვის დრო ნამდვილად არ არის და მხოლოდ სიმართლის თქმაღა დამრჩენია. - მარიამ, - ძალიან ჩუმად, თითქმის ჩურჩულით ვუთხარი და ისევ შევჩერდი, ალბათ იმიტომ რომ გავიხანგრძლივო ეს დაუვიწყარი წამები და ცოტა უფრო დიდ ხანს დავტკბე უსაზღვრო, უნაპირო ბედნიერებით. ამჯერად მას პასუხი არ გაუცია, შემცბარი მიყურებს და აღარც იძვრის, თითქოს სუნთქვაც შეწყვიტა ანაზდად. - მარიამ, შენ წარმოდგენაც არ გაქვს როგორ მიყვარს შენი სახელი, შენი სურნელი, შენი ხმა, შენი საუბარი, შენი ასეთი გულმხურვალე პატრიოტიზმი, შენს თვალებში ასახული სევდის ანარეკლი და ამავე დროს სიხარულის ნაპერწკალი, რომელიც ამ სევდას ცვლის ხოლმე ბედნიერების ჟამს. შენ ალბათ ვერც ეჭვობ როგორ მიყვარს შენი პატარა ხვრელი ტუჩის კუთხეში რომ გიჩნდება ხოლმე, ბავშვური ღიმილი რომ მოეფინება შენს ბაგეებს. როგორ მიყვარს შენი ქართულად მოუბარი ტკბილი ენა და ასევე შენი უბადლო და ჟღერადი იტალიური, როგორ მიყვარს შენი ლამაზი თმა, ქარი რომ აგიწეწავს და სახეში გაყრის, რასაც სულ ხელით მარჯვნივ იგდებ ხოლმე ან ნიავი რომ აგიშრიალებს ან მზე რომ აგიბრჭყვიალებს. ჭკუიდან მშლის შენი ველური, აღმოსავლური ვარდივით სურნელოვანი და წითელი ტუჩები და რა ძალა და ენერგია მჭირდება ყოველ ჯერზე თავს რომ ვძლიო და არ დავეწაფო. შენ ალბათ ვერ ხვდები, მარიამ, ვერც კი წარმოიდგენ შენ როგორ მიყვარხარ, ასეთი სათნო და ლამაზი, ეშხიანი და ამავდროულად ბავშვური, მიმზიდველი და თან კდემამოსილი... - შევჩერდი წამიერად და ღრმად ჩავისუნთქე ჟანგბადი, რომელიც ამ წუთებში ძალიან მომაკლდა და ისევ გავაგრძელე გულაჩქარებულმა - დიახ, შენ მიყვარხარ, ისე როგორც არასდროს არავინ არ მყვარებია და არც შევიყვარებ! ყველა და ყველაფერი შენს უკანღა დგას ჩემთვის, შენ პირველი და ბოლო გრძნობა ხარ ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე და ყველაფერზე ძლიერი და ყოვლისმომცველი. - გავჩერდი და თვალი ჯიქურ თვალში გავუყარე, უდნავ შეცბუნებული, მაგრამ არა შეშინებული სახე ჰქონდა. იმედის სხივმა გაანათა ჩემი შინაგანი სამყარო, მაგრამ უცებ ეჭვის ბურანმა ისევ წყვდიადში მოიცვა. იგი კი იდგა, ხმას არ იღებდა და უცებ თვალზე ისევ ცრემლი ჩამოუგორდა. მე უკვე ჭკუიდან ვარ შეშლილი მოწოლილი გრძნობებისგან და ვეღარ ვაზროვნებ. რას მივაწერო ეს მისი ემოციის გადმონაღვენთი აღარ ვიცი, მაგრამ მეტი აღარ შემიძლია და მთელი ძალით ჩავიხუტე გულში, მთელი არსებით, სიყვარულით, სიგიჟით. არ გამძალიანებია, მაგრამ ხმას მაინც არ იღებს. შემდეგ უცებ გამაშვებინა ხელი, გათავისუფლდა, ჩემს წინ აღიმართა მთელი თავისი სიდიადით, როგორც ქალღმერთი ათენა და... - მარკო, შენ არ იცი მე როგორ მიყვარხარ. ყველას მაგიერ მიყვარხარ, საწყალი დედაჩემის, რომელიც ჩემს სათაყვანებელ მამას გადაჰყვა, ჩემი არარსებული დების, ძმების, ახლობლების, რომლებიც იქ დავტოვე. ყველაზე ძლიერ და ყველას მაგივრად მიყვარხარ. შენ არ იცი რას ნიშნავს ჩემთვის ის სიტყვები, რაც მითხარი. მთელი ჩემი ნაღველი და დარდი წაიღო და შთანთქა იმ სიტყვებმა, იმიტომ, რომ ჩემი მომავლის იმედი ხარ და რწმენა. მადლობა მარკო ამისთვის. - არ დავასრულებინე, უკვე საკუთარ თავსაც აღარ ვეკუთვნი და მის ბაგეს დავეწაფე. ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს პირველად ვკოცნი ქალს და რაღაც არარეალურ, არაამქვეყნიურ სამყაროში გადავეშვი. ჩემზე ბედნიერი არ იქნება არცერთი ადამის შვილი დედამიწის ზურგზე ამ წუთას. ყველაზე განსაცვიფრებელი რაც მოხდა ჩემს შინაგან სამყაროში იყო ის, რომ მოვალეობის გრძნობამაც ვექტორი შეიცვალა და ზუსტად სიყვარულის გრძნობის მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. ამიერიდან უპირველესად მარიამის მიმართ გამაჩნია პასუხისმგებლობა, მისი გულის და გრძნობების ღალატი სიკვდილის ტოლფასი იქნება ჩემი მხრიდან, რადგან მასაც ვუყვარვარ, მასაც ვჭირდები, თანაც ყველაზე მეტად მას ვჭირდები სწორედაც, რადგან კიდევ ერთი საყვარელი ადამიანის დაკარგვა არ უნდა არგუნოს ბედმა ისედაც დანაკარგებით დახუნძლულ მის ცხოვრებას. შემთხვევით არ მომხდარა ჩვენი გზების გადაკვეთა, ბედისწერას ჩვენთვის რაღაც დიადი აქვს მომზადებული და ჩაფიქრებული, უდაოდ მწამს მე ეს ამ წუთებში და მჯერა. - მარკო, - ნაზად მომიშორა უცებ, მეც ძალიან უხალისოდ მოვწყდი მის ბაგეს და ოდნავ მოშორებით დავდექი, რომ ეს მის მიმართ მიზიდულობის ძალა, რომელიც გრავიტაციაზე ათასჯერ უფრო ძლიერია როგორმე დავაოკო. - მარიამ, შენ არ იცი, ხელახლა გამაცოცხლე იცოდე, ხელმეორედ დავიბადე და სამყაროც სულ სხვა თვალით დამანახე. მხოლოდ ის მიკვირს, საუკუნის თითქმის მესამედი როგორ გავძელი უშენოდ და როგორ დავკარგე ეს დრო. რატომ არ მოგძებნე მანამდე? - მარკო, რომ იცოდე როდის შემიყვარდი. პირველად რომ დაგინახე, თქვენს ეზოში, ერიჩეში, მანქანიდან რომ გადმოვედი და დაგელაპარაკე. მაშინ შემიყვარდი. მართალია ბავშვურად, მაგრამ ძალიან ძლიერ და უიმედოდ. იმ წლის შემდეგ არც მინახიხარ, მაგრამ შენს შესახებ დედა სულ მიყვებოდა ხოლმე. შენი სიყვარულიც წარსულში დავტოვე მაშინ. - მე განცვიფრებული, გაოგნებული ვისმენდი ამ სანუკვარ სიტყვებს და ჩემს თავზე ნერვები მეშლებოდა, რომ ახლა მარტო ვიგებ ამ ამბავს. - ნუთუ მას შემდეგ არავინ გყვარებია? - არავინ, არასდროს. მართალია შენზე ფიქრებიც თითქმის დავიწყებას მივეცი და მხოლოდ შორეული წარსულის მოგონებადღა მრჩებოდი აზრებში, ახლა ცოცხლად წარმომიდექი ამდენი წლის შემდეგ და ისევ განმიახლდა დავიწყებული გრძნობები. თავიდან არ ვიჯერებდი, არ მეგონა, რომ შეიძლებოდა შენ შეგყვარებოდი, ამიტომ არც ვიმჩნევდი არასდროს, მაგრამ მოხდა სასწაული და შენც იგივე გძნობა დაგეუფლა. - იგივეე - წამოვიძახე აღფრთვანებულმა - იგივე კი არა ასი ათასჯერ უფრო ძლიერი, ვერც კი წარმოგიდგენია როგორი ძლიერი. ისეთი გრძნობა, რომ არც კი დავფიქრდები და ღამე რომ არ იყოს, აი იქ მეტეხის ეკლესიაში დავიწერდი ჯვარს შენზე, მიუხედავად იმისა, რომ მე კათოლიკე ვარ და შენ მართლმადიდებელი. მიუხედავად ყველანაირი ბარიერისა და წინაღობისა, რამაც არ უნდა შეგვიშალოს ხელი. უცებ ხელში ავიტაცე და ორჯერ დავაბზრიალე ჰაერში, სუსტად წამოიკივლა და შემდეგ მომთხოვა ღიმილით, დამსვიო და მეც უმალ შევუსრულე, რადგან ამიერიდან იგია ჩემი გულის და გონების მბრძანებელი. მერე ისევ მის ნექტარივით ტკბილ ბაგეს წავეტანე, მაგრამ ხელი აიფარა და სიცილით მითხრა გეყოფაო. მეც აღარ მინდა ვისარგებლო სიტუაციით და დავაფრთხო, ისეთი ბედნიერი ვარ მიწაზე ფეხებს რომ ვადგამ ბუმბულებივით რბილი მგონია, ჰაერს რომ ვსუნთქავს კანდელიდან გადმოსული სიტკბოების სუნი მცემს, ირგვლივ რომ ვიყურები ადამის და ევას ედემი მესახება, ზღაპარში ვარ, ნამდვილ ზღაპარში. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ ჭეშმარიტი სიყვარული ადამიანებს აკეთილშობილებს და ღმერთთან აახლოებს, სიკეთის კეთებისკენ უბიძგებს და ყოველგვარ ავს და ცუდს ავიწყებს. - წავიდეთ მარკო, მიგაცილებ მანქანით სასტუმრომდე, და მერე სახლში წავალ. უკვე ძალიან გვიანია. - არავითარ შემთხვევაში, მე მიგიყვან სახლში, და იქიდან ფეხით წამოვალ. არც გაბედო შეკამათება - ღიმილით ვუბრძანე და დამემორჩილა. კარგი - ხელკავი გამიყარა და მანქანისკენ წამიყვანა. მე მორჩილად მივყვები, მაგრამ რად მიჯდება რომ არ გავჩერდე და ხელში არ ავიტაცო ვერ აღვწერ სტყვებით. მივაცილე სახლამდე, ჩვენი სასტუმროდან რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობს. მისი სახლიც დავიმახსოვრე, ვთხოვე ერთხელ მაინც მაკოცნინე თქო, მაგრამ ლოყა მომიშვირა, მეც სხვა გზა არ მაქვს, ეგეც დიდი ბედნიერებაა ჩემთვის და გაბადრული წამოვედი ფეხით სასტუმროს მიმართულებით. ტაქსის დაჭერაზე არც ვფიქრობ, რა ჯობია ამ წუთებში ფეხით სიარულს, თანაც ამინდიც ჩინებულია, საკმაოდ თბილა, მაგრამ რომ ციოდეს იმასაც ვერ ვიგრძნობ ისე ვარ მოწოლილი გრძობებისგან გახურებული და აღტყინებული. კარგა გვიან მივაღწიე სასტუმროში, ტელეფონს მაშინღა დავხედე. დამჯდარა ელემენტი და გათიშულა. შევედი თუ არა მისაღებში, მთელი ჩემი სამეგობრო სრული შემადგენლობით იქ დამხვდა. - შენ ბიჭო, სულ გააფრინე? - წამოხტა მაიკი. მე არ ვპასუხობ, ვუახლოვდები მათ და სულელივით ვიღიმი. - რა გჭირს, ამიგო, რა გაცინებს? მოსათვინიერებელში ხომ არ ჰყავდი და დამამშვიდებლებით ხომ არ გაგჭყიპეს? - ახლა საიდმა შემომიტია. - არაფერი ბიჭებო, არაფერი. ბედნიერი ვარ და მიხარია. რა არ შეიძლება? - ეეე, ამან სულ გაუბერა, რა ვუთხრათ საწყლ დეიდა მარიას? - შუბლზე ხელი შემოირტყა სერჟიომ. - ამოთქვამ ახლა რა გჭირს, თუ მაიკი ვამკითხაოთ მთელი ღამე? - მეკითხება ფილიპი. მაიკლმა გამჭოლი მზერა ესროლა. მე გამეცინა. საერთოდ ყველაფერზე მეცინება. - კიდე გცემეს ამიგოო, გადაგვიშალე გული, რა დაგმართეს? - მაკლი არ ცხრება. - ვაა რა გადამეკიდეთ, სხვა საქმე არ გაქვთ, არ გეძინებათ? - სულელივით ვიღიმი და კითხვებს ვუბრუნებ უკან. - შეეშვით, ამის საქმე წასულია. - ჩაიქნია ხელი საიდმა. -წავედით ბიჭებო, გადაყევი ახლა ასეთს და ელოდე მთელი ღამე. გათიშავს ტელეფონს და გადაიკარგება. - ის მაინც გვითხარი მარიამი რატომ წავიდა ასე ნაჩქარევად? - ფილიპი მეკითება, მეც უცებ გონზე მოვდივარ, ჩემთვის საინტერესო თემას აზრზე მოვყავარ. - თქვენ მითხარით, რატომ გაიქცა, ვინმემ ხო არ აწყენინა?-მეც ვეკითხები მათ. - ბოლოს ის ვიღაც ინგლისელი თუ ამერიკელი ელაპარაკებოდა, სახელი არ მახსოვს-ფილიპმა გაიხსენა. - ლინდა? ჩემთან ერთად რომ ცეკვავდა? - ხო ეგ კი, ხოდა მას შემდეგ აღარ ჩანდა. - რა უთხრა ნეტა იმ ქალმა ამისთანა, ან რა უნდოდა საერთოდ - ჩაფიქრებულმა ჩემთვის ჩავილაპარაკე. - შენ, ამიგო - მიპასუხა მაიკლმა - ვერ ხედავდი თვალებით რომ გბურღავდა, თუ მარიამის გარდა ვეღარაფერს ხედავ? - ოხ მაიკი, შენი მწარე ენა დაგღუპავს იცოდე! - დავემუქრე მას. უცებ გონება გამინათდა და ჩინებულმა იდეამ გამიელვა თავში. - ბიჭებო, ხართ თუ არა ჩემი ძმები? - აუ, ამას აშკარად სტრესი აქ - თვალები გადაატრიალა მაიკლმა. - სერიოზულად გეკითხებით და მიპასუხეთ. - დავუშვათ ვართ, მერე? - საიდმა ცალყბად მიპასუხა. - მაშინ ახლა რაც ჩავიფიქრე უნდა გამაკეთებინოთ, ძმებო. - ისე დაიწყე, მე პას-მაიკლმა მომიჭრა. - კაი ნუ გეშინია, ვენდეტას არ გთხოვ. მარიამის სახლთან მივიდეთ და სერენადა ვუმღეროთ. - აუუუ, მთლად გარეკა - ხელი ჩაიქნია სერჟიომ. - და ან გიტარა არ გვინდა ან რამე? - ფილიპმა იკითხა. - საიდ, შენს ყოვლისშემძლე სასტუმროს მეპატრონეს ვთხოოვთ? გაქ მაგდენის თხოვნის შნო? - კი ძმაო, პრობლემა არაა. ახლავე დავურეკავ. როცა გინდა შემაწუხეო. - ჩვენ მაგას ვერ ვიმღერებთ და ბარემ მომღერლებიც ვაშოვნინოთ, სამუდამოდ ნუ დააფრთხობ იმ გოგოს ამიგო - მაიკლს კარგი იდეა მოუვიდა. - მოიცა დავრეკავ - სადიმა ნომრის აკრეფა დაიწყო ტელეფონში. - აუ ისე ძმაო, ერთი რამე სერენადისეული ქართული ლექსი რომ დაგაზეპირებინა, ან წაგეკითხა ბოლოს შენც, საერთოდ მაგარი იქნებოდა - გაუნათდა ფილიპს გონება, მოდი დავგუგლოთ და ინგლისურზე გადავიყვანოთ რომ წაკითხვა შეძლო. - ვაა ფილიპეე, რა მაგარი აზრია, ამიგო. მოდი ვნახოთ. - ვუპასუხე მეც. ტელეფონში იუთუბი მოვნახეთ და ქართული სერენადა ჩავწერეთ და ლამაზი მელოდია ამოგვიგდო. მერე გუგლშიც ვნახეთ და რაღაც ქართულ ტექსტებს გადავაწყდით. მივხვდით, რომ მარტო მაგას ვერ გავუმკლავდებოდით და ისევ საიდს ვთხოვეთ დახმარება, რომ ვინმე ამისთვისაც გამოეძებნა. საიდმა ამასობაში ყველაფერი მოგვიგვარა და მიუხედავად იმისა, რომ ღამის ორი საათი იყო, ერთ საათში აქ გაჩნდებოდა მომღერლების მთელი გუნდი, თანაც ფორმებში ჩაცმული. ისინი ქართველები იქნებოდნენ და ჩვენს ლექსსაც მათ მოვაძებნინებდით. - საიდ, შენ ყოფილხარ ყოვლისშემძლე, ამიგო. ამიერიდან ალადინი კი არა, თვით ჯინი ხარ - ვუთხარი და მხარზე ხელი დავკარი. ბიჭებმა გადაიხარხარეს, მაიკლსაც ხო მეტი არ უნდოდა და მყისიერად განავრცო თემა. - ჯინია აბა რა არის, სახეზე არ ეტყობა რა ლურჯიცაა - ისევ გადავიხარხარეთ მიუხედავად იმისა, რომ საიდს ნამდვილად არაფერი ეტყობოდა სილურჯისა. - შენ შენი სითეთრის გადამკიდეს ისე არ მოგივიდეს ამიგო, შეურაცხყოფილ თოვლს რომ ემართება - უპასუხა საიდმა. - რას ემართებაა? - ვერ მიხვდა მაიკი, მე კი გადავყირავდი სიცილისგან. - აი ახალ მოთოვლილზე ფითქინა თეთრ თოვლს რომ კაცი ტალახიანი ფეხებით გადაუვლის, ისე. - ბიჭებიც ჩაწვდნენ საიდის ღრმა და აზრიან გამონათქვამს და გაიგუდნენ სიცილით. - ვაა უსწავლია ამას შეპასუხება, რესპექტ! - პირველად დანებდა მაიკი. - ეეჰ, ამიგო, ჩვენკენ იტყვიან, აქლემს რომ თავს გაუყადრებ, თავი კაცი ჰგონიაო. - საიდმაც დამარცხება არ იკმარა, წიხლიც მიაყოლა ამ ფრაზით. - ჩვენში იტყვიან, კაცს რომ ჭუჭყს მოწმენდ, თავი ჯენტლმენი ჰგონიაო - მაიკმაც არ დააყოვნა პასუხი და თან ჩაიღიმა კმაყოფილებისგან. ცოტა ხანი კიდევ ვიმხიარულეთ და ამასობაში ჩვენი მომღერლებიც მოვიდნენ. რაღაც ეროვნულ შავ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი, მოგრძო, ფართე შარვლებით და მოსაცმელებით, რომლებსაც მკერდზე სამასრეები ჰქონდა მასრებით. თავზე შავი სამკუთხედისებრი ქუდები ეხურათ, მგონი ცხვრის შავი მატყლისგან შექმნილი. ისეთი მომნუსხველი სახეები ჰქონდათ ამ სამოსში და იმდენად განსხვავებულები იყვნენ ყველა ეროვნებისგან, თვალის მოწყვეტას ვერ ვახერხებდით. თვითონ საიდის მამის მეგობარიც აქ იყო, ცოტა უხერხულობა ვიგრძენი ასე გვიან მისი შეწუხება რომ მოგვიხდა და ბოდიში მოვუხადე. - რას ამბობ, შვილო, საიდს ჩემი შვილისგან არ ვანსხვავებ. აღარ გაიმეოროთ ასეთი რამ. გიორგი მოდი თუ შეიძლება, - დაუძახა ერთ-ერთს მაღალ და წარმოსადეგ კაცს. - გიორგი ამ ანსამბლის ხელმძღვანელია და დიდი მადლობა მას, რომ უარი არ გვითხრა დახმარებაზე. გიორგი, რა ვუყოთ აბა ჩვენს შეყვარებულ ბიჭს, რას გვთავაზობ? - რადგან საქართველოში ვართ, ქემალ ბატონო, ამიტომ მოდი ქართული სერენადა ვუმღეროთ, მუხამბაზი ჰქვია. ატრიბუტები და საკრავებიც წამოვიღეთ, მაგრამ... - თითქოს შეყოვნდა ამ სიტყვაზე - რა მაგრამ, თქვი, არ მოგერიდოს - შეაგულიანა ბატონმა ქემალმა. - მაგრამ, კარგი იქნება ერთ სტროფს მაინც თუ იტყვის სიძე ქართულად. - ძმაო, ჩემს გულში ზიხარ, მეც ეს მინდოდა - მეგობრულად დავკარი მხარზე ხელი. -შევძლებ კი? -კი, რას ვერ შეძლებ, სულ რამდენიმე სიტყვაა. აი ტექსტი და ფურცელი გამომიწოდა რომელზეც ქართული სიტყვები იყო ინგლისურ ენაზე დაწერილი. მე შევუდექი დაზეპირებას. - მეც გამოგყვებით, თუ წინააღმდეგი არ იქნებით. ბიჭებისთვისაც მოვატანინე ჩოხები. აბა დროზე ჩაიცვით, შენც ჩაიცვი მარკო, მოგიხდება - მითხრა კეთილმა ქემალ ბეიმ, როგორც მას საიდი უწოდებდა. გადავიცვით და გადავსხვაფერდით, თავი აღმოსავლურ ზღაპარში მგონია. თითქმის ისე გამოვიყურებოდით, როგორც ჩვენი მომღერალი მეგობრები, ძველქართული სულით და მითიური გარეგნობით. ხელში თიხის პატარა თასები დაგვაჭერინეს და შიგ ისევ ქართული ტეკილისმაგვარი სითხე ჩაასხეს, მგონი არაყი ჰქვია მათ ენაზე. ინსტრუქცია გაგვატარეს რა უნდა გაგვეკეთებინა, მეც წინადადებები რამდენიმეჯერ განმამეორებინეს და რომ დარწმუნდნენ კარგად გამომდიოდა, დავიძარით ფეხით მარიამის სახლისკენ. მივედით, მარიამის აივნის მხრიდან დავდექით, ადგილები დავიკავეთ, სული სადღაც თავს ზევით ტრიალებს, ამსუბუქებულია სატრფიალო მოლოდინებისგან. ჩვენმა მეგობრებმა მზადყოფნა რომ შეგვატყვეს, ინსტრუმენტები ააჟღერეს და ჰაერში გააბნიეს გულშიჩამწვდომი მელოდიის ჰანგები. უკვე დილის ოთხი საათი იყო, ბნელოდა, მხოლოდ ლამპიონების მკრთალი შუქი ირეკლავდა ჩვენს ძველქართულ იერსახეს და ალამაზებდა ამ ტიპიურ თბილისურ უბანს. რა ლამაზია ეს ოხერი, რა ლამაზია ეს სიმღერა, რა დიდებულია ამ მამაკაცების შეწყობილი ხმების ჟღერადობა და სინქრონი. როგორ აღმატებულ და ამაღლებულ ხასიათზე დაგაყენებს ყოველივე ეს და როგორ იდეალურ და საოცნებო სამყაროში გაგრძნობინებს თავს. ერთმანეთის მონაცვლეობით აამღერეს ფლეიტები და აკორდეონი და კიდევ რაღაც უცნაური ქართული ჩასაბერი საკრავი, რომლის სახელიც სამწუხაროდ არ ვიცი. უტკბილესად და ჰაეროვნად ჟღერს ასევე მუსიკოსების ქართულხმოვანი მუხამბაზი, სიტყვები მარგალიტებივით ეკიდება მუსიკას და ამშვენებს, ისევე როგორც ბერძნულ ყელსაბამს ძვირფასი ქვები. ნელ-ნელა, ერთმანეთის მიყოლებით ინთებოდა შუქები ფანჯრებში, ხოლო მისი არ ჩანდა და ნერვიულმა აზრებმა დაიწყეს უმალ გონებაში მიმოსვლა. - იქნებ სახლში არ არის, მაგრამ არა, აქ დავტოვე, სად წავიდოდა ამ შუაღამეს. იქნებ ღრმად სძინავს და არ გაეღვიძოს, ეგ არც გამითვალისწინებია. როგორი უხერხული სიტუაცია შეიქმნება ეს ვარაუდი რომ გამართლდეს... - ამ ფიქრებში ვარ და აი აინთო ისიც, ჩემი სანატრელი. ცოტაც და აივანზე გამოჩნდა ჩემი უსაყვარლესი, ხალვათად თხელი კაბისამარა გამოვიდა, გამიქარწყლა უსაფუძვლო ეჭვები და აზრები და გამინათა მოლოდინისგან ჩამუქებული გულიც. სახეზე აღფრთოვანება და გაკვირვება ეხატა, ახლოს იყო, მესამე სართულზე და კარგად ვარჩევდი მის უნაზეს ნაკვთებს. ბიჭებმა მანიშნეს, რომ ჩემი გამოსვლის დრო იყო, თასებს ცეცხლი მოვუკიდეთ და მოვემზადე. აღფრთოვანებულმა შეძახილებმა კორპუსის ბინებიდან მიმახვედრა, რომ არ გამოვიდა ჩვენი ჩანაფიქრი ურიგო. გულში მერამდენედ, ისევ გავიმეორე სათქმელი, წელში გავსწორდი, ბილიკის შემაღლებულ ქვაზე ცალი ფეხი დავდგი, ერთი ხელი ჩამოვაყრდენი, მეორე, რომელშიც აალებული თასი მეჭირა მარიამისკენ აღვმართე და დავასრულე ეს სიყვარულის სიმფონია მომღერლების მიერ ნასწავლი ინტონაციით: - გინდ მეძინოოს, მაინც სულში მიზიხაარ, თვალს გავახეელ, ზედ წამწამზედ მიიზიხარ! - მიუხედავად ჩემი აქცენტისა, მგონი ცუდად არ გამომსვლია და პაუზის შემდეგ დავამატე ქართულადვე: - მიყვარხარ ქალაუ! - ისე რომ მარიამისთვის თვალი არ მომიშორებია. დავინახე როგორ შებრუნდა ოთახში. ცოტა არ იყოს გავბრაზდი, რომ არაფერი მიპასუხა, მაგრამ ზუსტად 5 წუთში დაბლა ჩამოვიდა, გამოიქცა ჩემსკენ და ჩამეკრა მკერდში. - მეც მიყვარხარ, ჩემო ბიჭო - მითხრა ქართულად და ისევ მომეხვია, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა უსათნოეს ღაწვებზე. აპლოდისმენტების კორიანტელმა იგრიალა აივნებიდან და ფანჯრებიდან, ზევიდან ალბათ განსაკუთრებულად ლამაზი სანახაობა იქნებოდა. არ ცხრებოდა ოვაციების ხმა. - გიხდება ჩოხა, მარკო, ნამდვილ ქართველს ჰგავხარ! ცოტა ხანში პოლიციის მანქანამაც კი გამოიარა, როგორც სჩანს პატრულირებდნენ და ღამის სიჩუმის დარღვევაზე ვითარების შემოწმება გადაწყვიტეს. რომ მოგვიახლოვდნენ და მიხვდნენ რაც ხდებოდა - გაგიმარჯოთ ბიჭებოო, ქართულად გვესროლეს და წავიდნენ. ალბათ ვერც წარმოიდგინეს, რომ ამ, როგორც მარიამმა მითხრა ჩოხოსნებში არაქართველებიც ვერიეთ. - რამ მოგაფიქრებინათ, რამ? - ისევ ცრემლები სდიოდა აღელვებისგან და სიხარულისგან ჩემს გულისსწორს. - შენ ხარ ჩემი შთაგონება მარიამ, - ვუპასუხე და უფრო მაგრად ჩავიკარი გულში. ვერ ვძღები მისი სხეულის სითბოთი და მისი აზალიისებრი სურნელებით. ისე მინდა მასთან ერთად განმარტოვება და თუნდაც მხოლოდ ღამის ბინდში სეირნობა, მაგრამ ბიჭებს მარტო ვერ გავუშვებ, თანაც არც მარიამი დამთანხმდება ახლა სადმე წასვლაზე. - ახლა გვიანია, ალბათ ყველაფერი დაკეტილი იქნება და ხვალ ყველას გეპატიჟებით რესტორანში, მეწყინება ვინმე რომ დააკლდეს, - გავძახე ჩვენს ახლადდამეგობრებულ ქართველებს. დამთანხმდნენ, დაგვემშვიდობნენ და დაგვტოვეს მე, ჩემს მხარს ამოფარებული მარიამი, რომელიც ბეღურასავით შეყუჟულიყო ჩემს მკერდქეშ, ქემალ ბეი და ჩემი ბიჭები. - მადლობა ყველას, ზღაპრული იყო, საოცარი და სანუკვარი ღამე გამითენეთ. ძალიან გთხოვთ, ამოდით ჩემთან, ყავას მაინც დაგალევინებთ, კარგი ღვინოც მაქვს. - ახლა გვიანია, ჩემო ტკბილო, ხვალ იყოს, ისედაც ხომ ვიკრიბებით. წადი ახლა დაიძინე და ამათაც წავიყვან. - კარგი მარკო, ხვალ შეგეხმიანებით მაშინ და წავიდეთ ჩვენს ვენახებში. - ისევ ჩამეხუტა, მერე ყურში ჩამჩურჩულა - მიყვარხარო ქართულად და დამტოვა ცეცხლმოკიდებული და აალებული, როგორც ჩემი თასი რამდენიმე წუთის უკან. ჩვენ მივბრუნდით სასტუმროში, უკვე თითქმის გათენებულიყო. ქემალ ბეი ჩვენსავით ახალგაზრდულ გულისთქმას აეტანა და ჩვენთან ერთად ხარობდა. სასტუმროს შესასვლელში დახვდა მისი დაცვის უფროსი გადარეული, რადგან ასე მარტო დაცვის თანხლების გარეშე რომ დადიოდა თბილისის ქუჩებში. - ბიჭებო, თქვენ გაიხარეთ, ათი წლის სიცოცხლე მაჩუქეთ ამაღამ. - პირიქით, ქემალ ბეი, თქვენს გარეშე ვერაფერს გავხდებოდით, მადლობა დიდი - ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი მეგობრულად. - ისე რომ იცოდეთ, გადავიღე მთელი თქვენი სიყვარულის ბალადა - თვალი ჩამიკრა ქემალ ბეიმ. - ვაა, ჩვენ ვერც შევამჩნიეთ, როდის მოახერხეთ? - გაოცებული ეკითხებოდა მაიკი. - აბაა! მაგას დავტოვებდი ისე? აი რას შვრება ახალი ტექნოლოგიები, რაც ასე ძალიან არ მიყვარდა აქამდე. - მერე ტელეფონში გვაჩვენა გადაღებული და მეც ხელახლა განვიცადე მთელი ღამის ვნებათაღელვა. ქემალ ბეიმ ვიდეო გადმოგვიგზავნა, შემდეგ დაგვემშვიდობა და დაგვტოვა. - ბიჭებო, გაიხარეთ! - მაგრად ვიხალისეთ მარკო, კარგი იყო - ფილიპმა თქვა და ხელი დამკრა მხარზე. - მეც რამე უნდა მოვიფიქრო ინგასთვის, თორემ არ ივარგებს ისე; - საიდს თავისი გასაჭირი ჰქონდა და იმაზე ფიქრობდა. - შენ, ამიგო, ხალიჩაზე შეჯექი და აივანთან მიუფრინდი შენს სიყვარულს და ისე უმღერე რამე თქვენებური ბაიათი. მაგარი იქნება - მაიკლი შანსს არ ტოვებს რომ არ წაკბინოს საიდი. - შენ ხომ კაცს არ გამოადგები არაფერში - აბუზღუნდა საიდი. - აუ ძალიან მაგარი საღამო იყო, ძმებო - სერჟიო ისევ აღფრთოვანებულია ჩვენი თბილისური თავგადასავლით. - კაი დავიშალოთ ამიგოს, ცოტა ხანს მაინც დავიძინოთ, გაგათენებინეთ ღამე, მაგრამ მგონი ამად ღირდა. მადლობა ამიგოს, გადამეხადოს! ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე დასრულდა და ჩემთვის დაუვიწყარი მოგონებებით აღსავსე წლის ამ უიშვიათეს დილას ძილს მინდა მივცე ეს დადებითი ემოციებისგან დაღლილი სული და სხეული, მაგრამ არ მემორჩილება გონება და არასდიდებით არ გადადის ძილის სამყაროში. სულ მარიამზე და ჩემს მისდამი უსაზღვრო სიყვარულზე მეფიქრება. მის დღევანდელ ემოციებზე და ჩვენს მომავალზე მეფიქრება. ჩვენს უდიდეს ურთიერთგრძნობაზე და მის ლამაზ მომავალ ოჯახად გარდასახვაზე მეფიქრება და მეოცნებება. სხვა ვერაფერზე და ვერავისზე ვეღარ თუ აღარ ვფიქრობ. ჩემი გული ამიერიდან მხოლოდ მისი საკუთრებაა, ხოლო მისი ჩემი. ვერანაირი ძალა ვეღარ აღუდგება ამ ჭეშმარიტებას. აღარ ვფიქრობ სხვანაირ მომავალზე, აღარ მეშინია სხვების აზრების, პრინციპში არც არასდროს მეშინოდა, უბრალოდ იმაზე მეტად ვითვალისწინებდი, ვიდრე საჭირო იყო. მიყვარს და ვუყვარვარ, მთავარიც ხომ ესაა! ყოველთვის უარვყოფდი სიყვარულს, როგორც არსს ყოფიერებისა, არასდროს მეგონა თავს ასე თუ ვინმე დამაკარგვინებდა და ყველა მთავარ პრინციპს თუ მიმართულებას შემაცვლევინებდა. მჯეროდა გრძნობების, მაგრამ არა ასეთი მასშტაბებით, არა ასე ყოვლისმომცველად, არა ასე თავდავიწყებით. მიყვარს, და ეს სიყვარული მაბედნიერებს, ვუყვარვარ და ამ სიყვარულს თავბრუდამხვევ სამყაროში გადავყავარ, იქ, სადაც მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ, სადაც მხოლოდ ერთმანეთით ვხარობთ და ერთმანეთს შევიგრძნობთ. ოცნებების ქვეყანაში მიმაქროლებს ფირქრები და უკან დასახევ პატარა ბილიკსაც არ მიტოვებს, რომ არც კი მოვიხედო, ისე გადავეშვა ამ ფერად, გიჟურ, ვნების და სიყვარულის მორევში. თვალი ვერ მოვხუჭე დილამდე, რა დამაძინებს, რა გათიშავს ამ გონებას, უკვე გულს რომ არ უდებს ტოლს გრძნობათა სვლაში. დამათენდა და ავდექი კიდეც, საათს დავხედე, რვა შესრულებულა. მოვწესრიგდი და სადღაც ცხრის ნახევარზე უკვე მისაღებში ჩავედი. იქ კონსიერჟი დამვდა პოსტზე. თავაზიანად მომესალმა და რესტორანში მიბრძანდითო შემომთავაზა, გასაუზმებენო. მეც თავაზიანი უარი ვუთხარი, - მეგობრებს დაველოდები და მერე ერთად ვისაუზმებთ-თქო. ქემალ ბეის მითითებით, რამდენიმეჯერ უფრო ზედმიწევნით კარგად ასრულებდნენ ჩვენს მიმართ დაკისრებულ მოვალეობებს ამ სასტუმროში ყველანი. გამეღიმა ქემალ ბეის გახსენებაზე. კეთილი რომანტიკოსი კაცი, რომელმაც ერთ-ერთი საუკეთესო დღე მაჩუქა ჩემს ცხოვრებაში. უთუოდ უნდა დავპატიჟო ჩვენთან, ვილაზე. ჩვენს ქორწილში დავპატიჟებ, გავიფიქრე უცაბედად და ისევ გამეღიმა, წამოვიდგინე უცებ ვილა ბოლოჯიო და ჩვენი ჯვრისწერა. ისე, ძალიან მომენატრა ჩემი სიცილია, ჩემი ვენახები, მილენიას გამზადებული პასტას მსგავსი დაკლაკნილი და ვიწრო ქუჩები, ჩემი აივნიდან დანახული სავსე მთვარე და სახლის წინ უტყვი დარაჯივით აღმართული ძველისძველი პალმა. ერთი სული მაქვს ყველას და ყველაფერს გავაცნო ჩემი სიყვარული, აღარაფერზე აღარ ვფიქრობ სხვაზე. გახდა ცხრა საათიც და ჩემი ბიჭებიც გამოჩნდენე ერთი მეორის მიყოლებით. ბოლოს ჩამოვიდა მაიკი, ბუძღუნ-ბუზღუნით. - მარკო, მოსაკლავი ხარ, ამიგო. შენი გადამკიდე სულ რომანტიული სიზმრები მესიზმრება. აღარ შემიძლია, შემეშვი თუ გიყვარვარ. - რაო, ამიგო, როდის აქეთია მე შენში რომანტიზმს აღვძრავ, ამიგო? - მას აქეთ, რაც სერენადების მღერა დამაწყებინე, თუ დაგავიწყდა უკვე? - შენც ახლა სულ პირველ ხმაზე მღეროდი, რას ამბობ - ვუთხარი მაიკის სიცილით. - ვმღეროდი თუ არა, მეც მომინდა ასეთი სიყვარული, გმირობებს რომ ჩაგადენინებს. - ვაა მაიკი, მოტეხილი მეჩვენები რაღაც - საიდმაც არ დააყოვნა. - ვერ ეღირსებით - ჩაიბუზღუნა მაიკლმა და აღარ გაუგრძელებია პოლემიკა ჩვენთან, როგორც სჩანს ისევ სიზმრის შთაბეჭდილების ზემოქმედების ქვეშ იყო. გავედით რესტორანში და მსუბუქად ვისაუზმეთ. ცოტა ხანში მარიამმა დამირეკა და შემახსენა დილიდან ვენახებში რომ უნდა წავეყვანეთ. მეც დავთანხმდი, შევპირდი ბიჭებსაც ვეტყოდი და გავაგებინებდი მალევე მათ პასუხს. - ბიჭებო, მარიამი თავისი კომპანიის ღვინის დეგუსტაციაზე და ვენახების სანახავად გვეპატიჟება ყველას და ხომ მივდივართ? - მოიცა რა მარკო, ძლივს განმარტოების საშუალება მოგეცათ და ჩვენ რაღა საჭირო ვართ - მითხრა სერჟიომ. - ვეთანხმები სერჟიოს, ჩვენ სასეირნოდ წავალთ - ფილიპიც დაეთანხმა. - მე კიდევ ინგა მყავს სანახავი, ხვალ ღამე მივფრინვ და ეს ორი დღე მას ეთმობა. - ხვალ უკვე? - მაიკმა ჰკითხა გაოცებულმა. - რა იყო, ასე დაგაკლდებიი? - გაეცინა საიდს. - აბა რაა, ჯინი აღარ მეყოლება - მაიკლიც გაეხუმრა. - არაუშავს, ზუსტად დარტანიანი და სამი მუშკეტერი დარჩებით და გაერთობით კარგად. - ჩვენც არ მგონია დიდ ხანს გავჩერდეთ, მაქსიმუმ ერთი კვირა - უთხრა ფილიპმა. - რომეოს დავტოვებთ და ჩვენც დავიშლებით - სერჟიომაც დაამატა. - კარგი ამიგოს, ანუ დღეს მარტო მივდივარ მარიამთან ერთად. ძალიანაც კარგი - გულში იმაზე მეტად მიხარია, ვიდრე ვიმჩნევ. სადღაც ერთ საათში მარიამმაც გამომიარა მანქანით, საჭესთან ისევ მე დავჯექი და დავიძარით კახეთისკენ, სადაც იმ კომპანიის ვენახები და საწარმო იყო, რომლის მარკეტინგსაც თვითონ ხელმძღვანელობდა. გზაში იმდენად ხშირად ვაპარებდი თვალს მისი ულამაზესი თვალებისკან და ტუჩებისკენ, რომ რამდენიმეჯერ მისგან ღიმილიანი შენიშვნაც კი დავიმსახურე, გზას უყურეო. - მარიამ, შენი ბრალია, ასეთი ტკბილი არომატი რომ მოდის შენგან. რა ვქნა თავს ვერ ვერევი - ვუთხარი და ისევ თვალი გავაპარე მისი სევდიანი, მაგრამ ამავე დროს მხიარული თვალებისკენ. - მარკო, ნუ იძახი სისულელეებს - გაიღიმა - ორცხობილა ხომ არ ვარ, არომატი მქონდეს ტკბილი. - ორცხობილა არა, მაგრამ ჩემი საყვარელი მარწყვის პანაკოტა ხარ. მარიამს გაეცინა, აღარაფერი უთქვამს. მე ერთი სული მაქვს როდის მივალთ, რომ ახლოს მაინც ვიდგე მასთან. მივედით სადღაც საათნახევარში კახეთის ერთ-ერთ რაიონში. გზად ულამაზესი ადგილები გამოვიარეთ, შემოდგომის ფერებში გადაწყვეტილი. ვენახები იყო საოცრად ლამაზ ადგილას გაშენებული. მწკრივები ჩვენისგან განსხვავებით ცოტა უფრო ვიწროდ იყო განლაგებული ერთმანეთთან. კარგი ამინდი იყო და შავი ყურძნის მტევნებს მზის შუქზე თითქოს ბორდოსფერი მოდებოდა. ამ ლაჟვარდოვანი ცისფერი ცის ქვეშ ეს დალოცვილი ადგილი ედემის მოწყვეტილ ნაწილად მოგეჩვენებოდა, იმ ნაწილად, ქართველებს რომ აჩუქა ღმერთმა. ვენახების ირგვლივ შევატყვე, რომ სხვადასხვა ხილია მწკრივებად გაშენებული, ძირითადად კენკროვანი. მარიამს რომ ვკითხე ასე რატომ არის თქო, ღვინო შემდეგ ამ ხილის არომატს იღებსო, ჩვენებური მიდგომააო. ძალიან მომეწონა ჩანაფიქრი და გადავწყვიტე მეც გამომეყენებინა ჩემს ბიზნესში. - მარიამ, ახლა მაინც მარტო ვართ - ხელი მოვხიე წელზე და ჩემსკენ მოვიზიდე, მინდოდა მისი ლამაზი ბაგეები დამეკოცნა და დავმტკბარიყავი ამ უმშვენიერესი ადგილის ულამაზესი მარკეტინგის დედოფლის სიყვარულით, მაგრამ ხელი გაითავისუფლა. - მარკო, ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდნენ ჩემები, დარეკილი მაქვს, უხერხულია - მაოცებს მისი მორიდებულება, ამ უკაცურ ადგილასაც კი თავს მარიდებს იმის შიშით, რომ ვინმემ შემთხვევით არ დაგვინახოს. -მერე რა მოხდა, ჩემო ერთადერთო, შენ ხომ მე მეკუთვნი, მე - შენ. დაე დაგვინახონ - ისევ წავეტანე, მაგრამ ისევ დამისხლტა ხელიდან, თანაც ცელქი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. მაშინ ბოლო ცდაღა დამრჩენოდა, უნდა გამეტეხა მისი რიდი თუ სიჯიუტე რამენაირად, ცალ მუხლზე დავდექი, მისი ხელი ჩემს ხელში მოვიქციე და ქართულად ვუთხარი წინა ღამეს დაზეპირებული სტროფი: რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები! მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი. ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი, მიუწვდომელი - როგორც ედემი. მარიამმა ვეღარ გაუძლო ჩემს აქცენტიან რომანტიკას და თვითონ ჩამეკრა გულში. ასე ვიყავით რამოდენიმე ხანს გაჩერებულნი, მისი გულისძგერა ჩემსას შეერთო და ერთხმად ჩამესმოდა, ისევე, როგორც ქართული რამდენიმეხმიანი ჰანგები მესმის ხოლმე ერთხმად ყოველთვის. გრძნობათაღელვას ბედნიერების ზენიტში ვყავარ ატყორცნილი, თავი ყოვლისშემძლე სოლომონი მგონია. ამ ნეტარებიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა. არც ვაპირებდი დახედვას, მაგრამ არ ჩერდებოდა. - მარკო უპასუხე, იქნებ ვინ არის. ვუპასუხე. - მარკო - ვიღაცის ჩახლეჩილი ხმა მესმის ყურმილში, მგონი ვინჩენცოა. - ვინჩი, შენ ხარ? როგორ ხარ, რა გჭირს ხმაზე ბიჭო? - ავისმომასწავლებლად არ მპასუხობს. გულმა რეჩხი მიყო, შემეკუმშა საშინლად ცუდის მოლოდინში. - ვინჩენცო რა ხდება, ხო მშვიდობაა? სახლში მშვიდობაა? - ჩავყვირე მწყობრიდან გამოსულმა, ნერვები მეშლება მის დუმილზე, მარიამიც შეშინებული მიყურებდა. - მარკო, - ისევ პაუზა გააკეთა, ისევ ვუღრიალე რა ხდება თქო. - ვიტორიო აღარ გვყავს მარკო - ყურმილი გავაგდე ხელიდან, უცებ მეგონა ასი კილო გახდა და ხელმა ვეღარ დაიჭირა. ირგვლივ მოიღრუბლა და წყვდიადი ჩამოწვა. ვეღარაფერს ვხედავ. ჩავიმუხლე, თავი ხელებში ჩავრგე. ჩემი სიზმარი გამახსენდა, რამდენიმე დღის უკან რომ მესიზმრა, ვიტორიო ომში. ღმერთო, არ მჯერა! რა დაემართა, რა. ხმის ამოღებას ვერ ვახერხებ, მხოლოდ იმას ვამჩნევ, რომ მარიამი მამშვიდებს, მაგრამ მისი სიტყვები ქარის ზუზუნივით ჩამესმის ყურში, ვერაფერს ვარჩევ. ეს გული რაღას შვრება, მგონია გამომიწურეს კარგად და წვეთი სისხლი აღარ დარჩა შიგნით, სულ თავისკენ წავიდა და ეს ესაა გამოჟონავს, ისე მტკივა ყველაფერი. არ მახსოვს რამდენ ხანს ვიყავი ასე ნახევრად მკვდარ მდგომარეობაში. ჩემი ვიტორიო, ჩემი ძმა აღარ არისო. ჩემი ვიტორიო - თავისით წარმოთქვამენ ჩემი ფიქრები. ცოტა ხანში ვხედავ მარიამიც ცხარე ცრემლებით ტირის, თან მე მამშვიდებს. შემრცხვა, რომ მისი დასამშვიდებელი გავხდი, მაგრამ მდგომარე კომიდან ვერ გამომყავს საკუთარი თავი. უცებ წამოვხტი გიჟივით, მარიამიც გამომყვა, უნდა გავფრინდე - ვიმეორებ ამ სიტყვებს. უნდა წავიდე, ჩემს ვიტორიოსთან უნდა წავიდე. დამელოდე ვიტორიო... მისი სასახლე მიგვაქვს, მისი, ჩემი ძმის სასახლე, ჩემი ვიტორიოს. ფეხები ავტომატურად მიდიან, თორემ ლოგიკურად მე ვერ უნდა ვმოძრაობდე, ისეთ აფექტში ვარ ეს რამდენიმე დღე. მიგვყავს მწოლიარე, ჩვენი საყვარელი ძმა, ჩვენი ყველაზე ნიჭიერი და სასახელო მხატვარი ვიტორიო ბოლოჯიო. სულ ხუმრობდა სიკვდილის მერე დააფასებთ ჩემს ნამუშევრებსო, სულ დავცინოდით, მიუხედავად იმისა, რომ საოცრად ნიჭიერი მხატვარი იყო, იყო და აღარ არის. არ მჯერა, ისევ არ მჯერა! მეც დავუხატივარ, ჩემი პორტრეტიც. როგორ ვერ მოვასწარი მისთვის ერთხელ მაინც მეთქვა, როგორი აღტაცებული ვიყავი მისი შედევრებით, ახლა უკვე გვიანაა, უკვე აღარაფერი ესმის, ვეღარაფერი გაახარებს. როგორ ვერ გავაცანი მარიამი ჩემი მომავალი ცოლის ამპლუაში, ვერც ჩემ შვილებს მოესწრება, ვეღარ... მიგვყავს ჩასვენებული ხის სასახლეში, ფეხები თავისით მიაბიჯებენ, მიგვყავს მე, სალვატორეს, ვინჩის, მამაჩემს, ვიტორიოს, მაიკლს, საიდს, ფილიპს, ჩემს ბიძაშვილებს. უკან მთელი სიცილია მოგვყვება. დედაჩემს გული წაუვიდა დღეს მეასედ და აღარ წამოვიყვანეთ, მარიამი დარჩა მასთან, ჩემი მარიამი. მამა გმირულად უძლებს დარდს, არ იტყობს, მაგრამ სულ დაპატარავდა, მოტყდა ამ რამდენიმე დღეში. ასეა, დიდი ბედნიერება არ მაპატია ფორტუნამ და დიდი უბედურება მომივლინა ფეხდაფეხ. ერიჩე ძაძებშია მოსილი, მთელი ქალაქი გლოვობს ჩემს ნიჭიერ ვიტორიოს. ჩავასვენეთ ჩემი გულიანი, ზედმეტი კაცთმოყვარეობისგან და სიყვარულისგან გულგახეთქილი ძმა შავ მიწაში, მივაყარეთ ყველამ თითო მტკაველი მიწა. დავინახე მამაჩემს ცრემლი როგორ ჩამოუვარდა ლოყაზე, წაბორძიკდა და ხელი შევაშველე რომ არ წაქცეულიყო. მარიაც სადღაც იქვე იდგა და ტიროდა. ცრემლიც კი ვერ გადმოვაგდე, სისხლის ცრემლები კი მინამავს გულს და მივსებს ტკივილით. მოულოდნელი დანაკარგით გამოწვეულ ტკივილზე საშინელება არაფერი ყოფილა ამ ქვეყნად და კიდევ უარესი ის გრძნობა, თითქოს მისთვის ვერაფრის თქმა ვერ მოასწარი და ვერც კი დამშვიდობებიხარ. სულ იმ სიზმარზე ვფიქრობ, ვიტო რომ ომში დაეცა და ჩემს თავზე ვბრაზდები, რომ ყურადღება არ მივაქციე, არ დავურეკე, არ მოვიკითხე, ვერ ჩავუსწარი... ყვირილის ხმა გავიგეთ, დედაჩემი მორბოდა, მანახეთო ჩემი შვილიო, სად მიგყავთო. მარიამი ამშვიდებდა, მაგრამ ვერ აკავებდა. ქალები მისცვივდნენ და დაშოშმინება დაუწყეს. წამებას, კუპრს, სიკვდილს გავუძლებ, მაგრამ დედის ასეთ მდგომარეობას გული ვერ უძლებს, ვერა, სული მეწვის, სული მეხუთება. უცებ დამშვიდდა, გაჩუმდა, ხელით მოიშორა ყველა. გამატარეთო, ერთხელ მაინც დავხედავ მის კუბოსო. მოვიდა წყნარად, მიუახლოვდა საფლავს, ჩაიხედა და ისევ გული წაუვიდა. * * * ვსხედვართ დიდ დარბაზში ბუხართან, მე, მამაჩემი, ვინჩენცო, სალვატორე და ჩემი ბიჭები. დარდს ვისკის ჭიქებში ვახშობთ. მარიამი ისევ დედაჩემთანაა, უკვე მერამდენე დღეა წუთით არ ტოვებს. მე ის არ წარმიდგენია ჩემი მშობლებისთვის ჩემი სიყვარულის რანგში, მაგის დრო ნამდვილად არ იყო. მარიამი რომ არ ყოფილიყო დედას რა ეშველებოდა არ ვიცი, რა გადაატანინებდა ამ მწუხარებას. მისთვის შვებად იქცა, წყვდიადის გამანათებელ ერთადერთ სანთლად. ჩემი ერთადერთი ყველასთვის ასხივებს სითბოს, უყურადღებოდ არავის ტოვებს. მამასაც ეფერება და შვილის დაკარგვისგან დაჭრილ გულს უთბობს და უმთელებს. მათთვის ისევ იმ სანატრელ გოგოდ იქცა, არასდროს რომ არ ჰყავდათ და ცამეტი წლის წინ რომ შეიძინეს მისი სახით. - ამიგო, გული ადრეც აწუხებდა? - მეკითხება მაიკლი. - არასდროს უთქვამს - ვპასუხობ. ხმას აღარავინ იღებს, ყველა თავისთვის ჩუმად ფიქრობს თავის საფიქრალს. მამაჩემი საერთოდ აღარ ლაპარაკობს, სულ ჩუმადაა. ბებია და ბაბუა ხომ საერთოდ ჩაიკეტნენ და აღარ გვენახებიან. ბიჭებმა რამდენიმე დღეში დაგვტოვეს და სახლებში დაბრუნდნენ. მარია ყოველ დღე მოდიოდა, ცდილობდა სულ ჩემს გვერდით ყოფილიყო, მაგრამ მე მუდმივად გავურბოდი. მარიამი თითქოს ამჩნევდა მარიას ჩემს მიმართ დამოკიდებულებას, ასევე მარიაც მტრულად განეწყო მის მიმართ, მაგრამ ხმას არც ერთი არ იღებდა და მეც გაჩუმებული ვიყავი, რადგან ახლა ამის დრო ნამდვილად არ იყო. ერთი რამ კი ვიცი, მარიამს დროულად უნდა მოვუყვე მარიაზე, სადმე ყური არ მოკრას, თორემ არ გამოვა კარგად. მარიასაც უნდა დაველაპარაკო... ბედნიერების საზღაური თითქმის ორი კვირა გავიდა. მე და მარიამი ჩემი ოთახის აივანზე ვართ და მდუმარედ გავყურებთ ჩემს საუკუნოვან პალმას, რტოებს ქარი რომ ურწევს. მოაჯირზე ვართ დაყრდნობილი და მისი ხელი ჩემს ხელში მაქვს მოქცეული. - მარკო, ხვალ უნდა გავფრინდე. მირეკავენ, სასწრაფო საქმეები მაქვს - მორიდებით მითხრა. - კი ჩემო ერთადერთო, მეც მალევე ჩამოვალ. ჯერ ადრეა მშობლებისთვის ამ თემაზე ფიქრი და მალევე დაველაპარაკები და ჩამოვალ ხელადვე შენს წამოსაყვანად. - იქნებ არ ღირდეს ჯერ, დამშვიდდნენ ცოტა. - შენ ნუ ნერვიულობ, ჩემო გოგო, ყველაფერი კარგად იქნება. - ჩემსკენ მოვიზიდე და გულში ჩავიკარი, მაგრამ მალევე გაითავისუფლა თავი. - უხერხულია, ვინმემ არ დაგვინახოს - როგორი მორიდებულია ვგიჟდები. - მარიამ, - დავუძახე და თვალებში - მარიამ, რაღაც უნდა გითხრა. -რა ხდება, მარკო? გისმენ. -რა და, - პაუზა გავაკეთე, უფრო ახლოს მივიწიე მასთან, თითქოს იმის შიშით, სიმართლის გაგების შემდეგ არ გამსხლტომოდა ხელიდან და თავი დავიზღვიე - მარიამ, მოკლედ, მე და მარია დანიშნულები ვიყავით - სულამოუთქმელად ამოვთქვი და ამოვისუნთქე. გამიკვირდა და წარბიც არ შეუხრია, შემომხედა იმის ნიშნად, რომ გაგრძელებისთვისაც მზად იყო - მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ადრე, ბავშვობაში იყო დაგეგმილი, ჩვენი ტრადიციების მიხედვით. ხომ იცი ეს ადრე დანიშვნის ტრადიცია, - ისე ჩავხედე თვალებში, ოდნავ აღელვებული მეჩვენა - მოკლედ, მე ის არ მიყვარს და შესაბამისად მასზე ვერც ვიქორწინებ, მე ... უცებ სიტყვა გამაწყვეტინა: - მას? - რა მას? - მას უყვარხარ? არ შემიძლია ჩემი ერთადერთი სიყვარული მოვატყუო. - მგონი კი - უხერხულობისგან ლამის დავპატარავდე. ამომხედა თავისი შველისებრი თვალებით, ცოტა ხანს ვუყურეთ ერთმანეთს ხმისამოუღებლად. - მერე? - რა მერე, მარიამ? - შენ გქონდა პირობა მიცემული? ცეცხლი მომეკიდა გულზე, სირცხვილის ალმა დამწვა და დამფერფლა. ასე მეგონა მკითხულობდა გადაშლილი წიგნივით. - კი მქონდა - შეცბა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. ძალიან აღელდა და სახეზე მწუხარება აღებეჭდა. მე ხელადვე მივეჭერი და ვეცადე დამემშვიდებინა და ჩემსკენ მოვიზიდე, მაგრამ ფრთხილად გამაშვებინა ხელი. - მარკო, ეს სწორი არ არის. - რა არ არის სწორი, მარიამ. მე შენ მიყვარხარ და შენს გარდა არასდროს არავის არ მოვიყვან ცოლად, არასდროს! - ხმამაღლა ვუთხარი და გულში ჩავიკარი, გაქცევის საშუალება არ მივეცი. - მარიამ, მე მისთვის არასდროს მითქვამს მსგავსი არაფერი. ეს გარიგებასავით ქორწინება უნდა ყოფილიყო და არც ის იქნებოდა ბედნიერი და არც მე. მით უმეტეს ახლა, როდესაც შენ მყავხარ, ამ თემაზე არც იფიქრო. შენ ხარ ჩემი მომავალი, სხვა არავინ. და ამას მალე ყველა გაიგებს. ცოტა დრო სჭირდებათ ოღონდ, ახლა ამ საშინელი ამბების შემდეგ ჯერ ადრეა ქორწინებაზე საუბარი. მარიამ, მიყვარხარ და არც გაბედო სხვა რამეებზე ფიქრი... - დავასრულე და მას რაღაცის თქმა უნდოდა ისევ, ძალიან დაღვრემილი სახე ჰქონდა, მაგრამ არ ვაცადე და მის ტკბილ ბაგეებს დავეწაფე. ცოტა ხანში ვინჩენცომ დამირეკა, დაბლა გვეპატიჟებოდა სავახშმოდ. ვივახშმეთ, მშობლებიც იყვნენ. ბებია და მარკო ბაბუაც. პირველად ვივახშმეთ ერთად ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. - მარიამ, ჩემო ტკბილო გოგო, რა ცუდ ამბავზე მოგიწია ამდენი წლის შემდეგ ჩამოსვლა - უთხრა დედამ და თან ყელზე მოეხვია. - თქვენ ამაზე არ იდარდოთ, კიდევ ბევრჯერ ჩამოვალ - უპასუხა მარიამმა მხიარულად. გულში ისევ სითბო ჩამეღვარა, მარიამის სიყვარულმა ისევ გადაწონა ყოველივე. დედაჩემთან თუ არ იყო, ჩემთან იყო და ჩემი ხასიათის გამოკეთებაზე დაუღალავად იღვწოდა. მისი სიახლოვე ამ დამძიმებულ სულს შვებას გვრიდა, ძმის დაკარგვით დაჭრილ გულს მალამოდ ედებოდა. მაოცებს ადამიანის შეგუების უნარი, ყველა პირობას უძლებს და იტანს, ყველაფერს ეგუება. ჩემი ვიტო მიწაში წევს და მე კი ისევ ჩემს ბედნიერებაზე მეფიქრება. გული ისევ შემეკუმშა ყრუ ტკივლისგან, დანაშაულის გრძნობამაც დამრია ხელი. მეორე დღეს ჩვენი დროებითი განშორების ჟამიც დადგა. მარიამი ყველას გამოემშვიდობა, ყველას ძალიან უჭირდა მისი გაშვება, განსაკუთრებით კი მე. დედა ეხვეწებოდა მალე ისევ ჩამოდიო, მარიამიც შეპირდა ვეცდებიო. ძალიან დაბნეული და აფორიაქებული მეჩვენა. მე გავაცილე აეროპორტში, მთელი გზა ხმა არ ამოუღია, ჩემს კითხვებსაც უხალისოდ პასუხობდა, თითქოს ნაძალადევად. არაერთხელ ვკითხე მისი მოწყენის მიზეზი, მაგრამ სულ მპასუხობდა არაფერიო. ალბათ გუშინდელი საუბარი უმძიმებდა ისევ გულს. მისი გაშვება აღარ მინდოდა, დროებითაც კი, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო, მასაც საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი. - მარიამ, ძალიან მალე ჩამოვალ და წამოგიყვან სამუდამოდ. ჩემო ერთადერთო. -კი მარკო, კი - უცებ მთელი ძალით მომეხვია, დიდ ხანს იყო მოკრული ჩემზე. მერე რომ მომშორდა, შევატყვე, რომ ტიროდა. - ჩემო ერთადერთო, ნუ ტირი, დროებითია ჩვენი განშორება. მალე ერთ წუთსაც აღარ გამყოფებ მარტო. ისე მოულოდნელად მაკოცა, ლამის გავიწიე სასიამოვნო გაოცებისგან. ავიყვანე და ჰაერში დავაბზრიალე. - ნახვამდის მარკო, ჩამჩურჩულა შემდეგ და გაიქცა მგზავრების მისაღებისკენ. ისე დამტოვა, თითქოს სამუდამოდ მემშვიდობებოდა და ამ აზრმა შემზარა. უმალვე უარვყავი, დაველოდე სანამ თვითმფრინავი აფრინდა და სახლში დავბრუნდი. სახლში მისულმა ცოტა ხანს მამას ველაპარაკე და შემდეგ დედას ოთახისკენ გავწიე, რომელიც სულ რამდენიმეჯერ დატოვა ამ ორი კვირის განმავლობაში. ძირითად დროს სულ მარიამთან ატარებდა და ახლა ალბათ მის წასვლასაც ძალიან დაეთრგუნა ჩემი ძვირფასი მადრე. შევაღე კარი, საწოლზე წამოწოლილიყო. ამ სევდას და ნაღველს სულ დაეპატარავებინა და დაეჩიავებინა იგი. გული მომიკვდა მისი შემხედვარე, მაგრამ ვცდილობი არ შემემჩნია განცდები, ჩემი დამშვიდებაღა აკლია მის ისედაც დარდით დამძიმებულ სულს. - სინიორა მარია, როგორ გიკითხოთ? მხიარულად მივესალმე. ნაღვლიანი თვალებით ამოიხედა. - გააცილე ჩემი მარიამი? - კი მადრე, გავაცილე. - მანაც დამტოვა. - რას ამბობ დედა, მარიამი მალე ჩამოვა. - მალე ჩამოვა? - აღარ ვიცი რა ვუპასუხო. ვუთხრა თუ არ ვუთხრა ჩვენზე, არადა დამალვაც აღარ შემიძლია. იქნებ გაუხარდეს და დარდიც გაუქარწყლდეს ოდნავ მაინც. ვეტყვი აჯობებს. - მადრე - დავუძახე. ისევ ნაღვლიანი, ჩამქრალი თვალებით შემომხედა, ის ნაპერწკალი სულ გაქრობოდა მის შავ თვალებს, გაბრაზებული ან სიყვარულით რომ შემომანათებდა მაშინ რომ გაუკრთებოდა ხოლმე. - რა უნდა გითხრა იციი? - რა შვილო? - მე და მარიამს... ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს... - ამოვთქვი და შვებით ამოვისუნთქე კიდეც. - შენ და ვიის? - ოდნავ წამოიმართა. - მე და მარიამს დედა. სიგიჟემდე მიყვარს, საკუთარ თავზე და ყველაზე მეტად მადრე -ვუთხარი აღფრთოვანებულმა. - შვილოო - ამოიკვნესა, საწოლზე შებრუნდა და თავი გაადაატრიალა. - დედა, ცუდად ხარ? რა გითხარი ასეთი. მეგონა გაგიხარდებოდა, დედა. - მარკო, რატომ არ მითხარი, რატომ? - ახლა ხომ გითხარი, აქამდე ამის დრო არ იყო. - მარკო, დილით მარია იყო აქ მუსული, შენ მამაშენს რომ გაყევი - ვიგრძენი ოფლმა როგორ დამასხა და შუბლი ერთიანად დამიცვარა - მარიამიც აქ იყო. - ამოიოხრა ამ დროს - მთელი დილა თქვენს მომავალ ქორწილზე ლაპარაკობდა, ჩემს ხასიათის გამოკეთებას ცდილობდა. მარიამიც კი დაპატიჟა თქვენს ქორწილში. მარიამს კი სიტყვაც არ დაუძრავს. ისე კი მიკვირდა რომ არც კი მიულოცა. მერე რომ წავიდა, მეც ვუთხარი, როგორი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ოჯახებისთვის ეს ქორწილი და ასევე ბიზნესის გადარჩენისთვისაც რომ ერთადერთი გზაა. ყველაფერი მოვუყევი. შვილო, მარიამ - ამოიკვნესა - სიტყვა არ დაუძრავს, მდუმარედ მისმენდა. მეგონა უბრალოდ ამ დღეების შედეგად იყო გადაღლილი და ცუდ ხასიათზეც ამიტომ იყო. გამეხებული ვუსმენდი. ახლა კი მივხვდი მარიამის ამგვარი დამშვიდობების მიზეზს. მივხვდი რატომ მემშვიდობებოდა იმგვარად, თითქოს სამუდამოდ მტოვებდა, მივხვდი, რაც ჰქონდა გადაწყვეტილი და ჩემი თავი შემზიზღდა, რომ ეს ყველაფერი დავუშვი და არაფერი გავაკეთე ამის აღკვეთისთვის. - შვილო, ეს რა გაგიკეთე - დედას ცრემლები წასკდა - რომ აღარ დაბრუნდეს. - დედა, აღარ თქვა მეორედ. წავალ და ჩამოვიყვან, ხვალვე გავფრინდები, მაგრამ ჯერ მარიასთან მოვაგვარებ ყველაფერს. - რატომ უთხარი ბიზნესის გადარჩენის ერთადერთი გზააო? - მამაშენი არ გეუბნებოდა, მაგრამ დიდი ვალი მართებს სილვიო ლომბარდოსი და თუ ვერ გადაიხადა, შეიძლება გაკოტრდეს კიდეც ან მთლიანი აქციები დათმოს. - დედა, მე ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ბიზნესის გადასარჩენად, მაგრამ მარიამს ვერ დავთმობ. სიცოცხლეს დავთმობ, მას კი ვერა. - ასე გიყვარს შვილო? მაგრამ როგორ შეიძლება ის არ გიყვარდეს. ჩემი თბილი გოგო, ჩემი სანატრელი. - საკუთარ თავმოყვარეობაზე მეტად მიყვარს დედა, შენ ხომ იცი სიცილიელისთვის ეს რას ნიშნავს. - ჰოდა წადი შვილო, დაიბრუნე, შეირიგე, დაარწმუნე. - გადავეხვიე ჩემს საყვარელ გამგებ დედას და გამოვვარდი ოთახიდან. პირველ რიგში ლომბარდოებთან უნდა მივიდე, მანამ, სანამ მარიამს აქ ჩამოვიყვან საცოლის რანგში. ტელეფონზე მარიამის ნომერი ავკრიფე, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ასე მალე რას ჩაფრინდებოდა და გავთიშე. მამა მოვნახე და ვუამბე ყველაფერი, მან გაიგო ჩემი გულისტკივილი და ისიც მითხრა, ბიზნესზე ნუ დარდობ, ერთად ყველაფერს შევძლებთო. წავედით ორივენი ლომბარდოებთან. მათი ვილა, ჩვენგან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იყო. სულ სიმწვანეში იყო ჩაფლული, არ იყო მაღალი, სამ სართულიანი იყო, მაგრამ ფართოდ გაშლილი და დიდი მოცულობით. ნაირ-ნაირი ეგზოტიკური ყვავილები და ბუჩქნარი ჰქონდათ ეზოში გაშენებული. ვილას წინ კი დიდი შადრევანი ჰქონდათ ადამის და ევას გამოსახულებით, ადამი კოკით წყალს ასხამდა ევას თავზე. ბავშვობიდან არ მიყვარს რაღაცნაირად ეს ვილა, რენესანსის პერიოდის მხატვრებით დახუნძლული და ანტიკვარებით გამოტენილი. - ეზოში მარია გამომეგება, იცოდნენ ჩვენი მისვლის შესახებ, მამას გაეფრთხილებინა მამამისი. - მარკო, როგორ მომენატრე, ძლივს არ მოხვედი ჩემთან - მარიამ ტუჩებში კოცნა დამიპირა, მე ლოყა მივუშვირე და იმედგაცრუებული დავტოვე. შეგვიპატიჟეს სახლში. ყველანი სახლში იყვნენ, მარიას მშობლებიც და ძმებიც. სუფრა ჰქონდათ გაშლილი და მაგიდასთან მიგვიპატიჟეს ვახშამზე. მამა და სილვიო საუბრობდნენ. მე მარიას ვთხოვე გარეთ გამოსულიყო სასაუბროდ. იგი დიდი სიამოვნებით დათანხმდა ჩემთან განმარტოებაზე. გავედით ეზოში, მზეს ჩასვლა დაესრულებინა და მთვარე უკვე ამოსვლას ლამობდა. - მარია, ძალიან კარგი გოგო ხარ, მართლა ძალიან კარგი. - შევჩერდი, აღარ ვიცი როგორ გავაგრძელო. - ვიცი, მერე? - მითხრა კეკლუცურად და ორივე ხელით კისერზე ჩამომეკიდა. მე თავი გავითავისუფლე მისი მკლავებისგან. - მარია, მომისმინე. - გისმენ, მარკო, რაო მოგენატრე? ქორწილის დაჩქარებას ხო არ აპირებ? - მარია, ჩვენ ვერ ვიქორწიებთ - უცებ ვესროლე სიტყვა. გაშეშდა, შემდეგ გაიღიმა და თითქოს რაღაცას მიხვდაო სიცილით მითხრა. - გული გამისკდა, ხო მართალია, რა დროის ქორწილია, ვიტოს ამბავის მერე. არ გვინდა ქორწილი საერთოდ. ან მერე გადავიხადოთ რა პრობლემაა. - მარია, შენ ვერ გამიგე - სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო მისმა ილუზიებმა - შენ ვერ გაიგე, ჩვენ საერთოდ ვერ ვიქორწინებთ. უცებ დასერიოზულდა, მისი მწვანე თვალები გამჭვირალე სითხემ ააბრჭყვიალა. -რატომ მარკო? - იმიტომ რომ სხვა მიყვარს და იმიტომ, რომ შენ მეტს იმსახურებ. დიდ სიყვარულს იმსახურებ მარია. - ვინ? - რა მნიშვნელობა აქვს. - ვინ? აა მე ვიცი ვინც, მარიამი, ის ქართველი. - გული გამიწვრილდა, ეს რა საშინელი რამ ყოფილა ქალის უარყოფა. - კი, მარიამი. - დავინახე როგორ უყურებდი, მაგრამ მეგონა... - ცრემლები შეეყინა თითქოს თვალებზე, ხმას აღარ იღებდა. მეც ქანდაკებასავით გაქვავებული ვიდექი, სუნთქვაც კი შევიკარი, ზედმეტად რომ არ გამეღიზიანებინა უარყოფილი ქალი. - იცოდე, რომ არ შეგჩება - გამოცრა კბილებში, ძალიან სასტიკი შეხედულება ჰქონდა ამ დროს. მე ხმას არ ვიღებ, მისგან ყველაფერს ავიტან ამ წუთში, მხოლოდ ერთს ვნატრობ, მარიამი აუგად არ ახსენოს, ამას ვერ ავიტან ვიცი. უცებ შეტრიალდა და სახლში შევარდა შურდულივით. მე ისევ გაქვავებული ვდგავარ, ვეღარ მომიფიქრებია რა ვქნა. შემდეგ შევბრუნდი სახლში, მარია ოთახში აღარ იყო სხვებთან ერთად. დანარჩენები იქ იყვნენ. - ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩემი და მარიას ქორწილი არ შედგება - გამოვაცხადე ხმამაღლა. მარიას ძმები წამოხტნენ. - რას ჰქვია არ შედგება. - როგორც გაიგეთ, არ შედგება, ვერ ვიქორწინებთ! - რატომ? - გამყინავი ხმით იკითხა სილვიო ლომბარდომ. - ეგ უკვე მხოლოდ ჩვენ ორის საქმეა - ვუპასუხე წარბშეუხრელად. - არ შეგარჩენ იცოდე, დამემუქრა მარიას ძმა ალეხანდრო და ჩემსკენ გამოიწია კიდეც, მაგრამ მამამისმა გააჩერა. მეც გავიწიე, მაგრამ მამამ მხარში ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა. მარიას ძმების შეძახილები მომყვებოდა გზადაგზა - არ შეგარჩენთ, შურს ვიძიებთო. მინდოდა ახლავე დამესრულებინა, უკან გავბრუნებულიყავი, მაგრამ მამა არ მაძლევდა საშუალებას. - შვილო, იმედია მართლა ასე გიყვარს მარიამი - სახლში დაბრუნებულმა მამამ მითხრა. - მამა, რომ არ მიყვარდეს, ამ დღეში არ ჩავიგდებდი თავს და არც შენ მოგიწევდა იქ მისვლა. - სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. - კარგი შვილო, მეც ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი დედაშენის გულისთვის და კიდეც წავედი. კატანეზებსაც დავუპირისპირდი. ასე, რომ შენც მე მგავხარ - მხარზე ხელი დამკრა - ბედნიერები იყავით, სხვა არაფერს აქვს მნიშვნელობა. დანარჩენი ყველაფერს ეშველება. მსოფლიოს ყველა წარსული მეფის სიმდიდრეც კი არ ღირს სიყვარულის ერთ ამბორზე ძვირი, იცოდე შვილო ეს. ჩვენ შევცდით, რომ გაძალებდით მარიას თავს. გვეგონა შეიყვარებდი და მწარედ შევცდით. - მამა რატომ არ მითხარი ამხელა ვალი თუ გქონდა? რამეს მოვიფიქრებდით. - არაუშავს, რამეს მოვიფიქრებთ, ნუ ღელავ. -მამას გადავეხვიე. მიუხედავად უმძიმესი საღამოსი, საოცარ შვებას ვგრძნობდი სულისას. სიმართლე ყველამ იცის და არც აღარაფერი უნდა მადარდებდეს წესით, მარიამის ჩამოყვანის გარდა. განუწყვეტლივ ვურეკე მთელი ღამე, მაგრამ ტელეფონი არ ჩურთავს. არადა უკვე ჩაფრენილი უნდა იყოს. საოცარი შფოთი ვიგრძენი უცებ, რადგან საშინელმა აზრმა გამიელვა თავში. სალომეს ნომერი ავკრიფე და დავრეკე. - გამარჯობა სალომე, როგორ ხარ? - კარგად მარკო, შენ როგორ ხარ? - არამიშავს. სალომე, მარიამს ტელეფონი გათიშული აქვს და ხომ მშვიდობით დაეშვა, ხომ არ გინახავს? -კი, მე დავხვდი და სახლშიც მივიყვანე, ეტყობა არ ჩაურთავს. მოიცა სახლის ტელეფონის ნომერს მოგწერ და იქ დარეკე. - მიდი მაშინ, ძალიან დამავალებ. შენსკენ რა ხდება, ხომ კარგადაა ყველაფერი? - კი კი, მარკო. ახლავე მოგწერ. აბა კარგად, ბიჭები მომიკითხე. - კარგად სალომე, შენც მომიკითხე გოგოები. გავუთიშე თუ არა ტელეფონი, ესემესი მომივიდა. მარიამის ნომერი იყო, გადავრეკე სასწრაფოდ. რამდენიმე ზარის შემდეგ აიღო ყურმილი. - გისმენთ - მითხრა ქართულად. - მიყვარხარ - ვუთხარი ქართულადვე. - მარკო? - გაკვირვებული ხმა ჰქონდა. - კი მე ვარ, რატომ გაქვს მობილური გათიშული. გირეკავ განუწყვეტლივ. - მარკო, ნუღარ მირეკავ - გამითიშა ტელეფონი. კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. ვრეკავ და დაკავებაა თითქოს, ისეთი ხმა ისმის ყურმილის მეორე მხარეს. რამდენიმეჯერ კიდევ ავკრიფე და ისევ იგივე. დილა ისე დამათენდა, თვალი არ მომიხუჭავს. როგორც კი გათენდა, ისე, რომ ჩვენი ორი საათის განსხვავებით იქ უკვე დასარეკად ნორმალური დრო იყო, სალომესთან დავრეკე. - სალომე, ძალიან გთხოვ, მალაპარაკე მარიამი. იქნებ ნახო დღეს. - გათიშული აქვს ისევ? - კი გათიშული აქვს. - ოკ, მივალ და დავარეკინებ. რამდენიმე საათში, მარიამის ნომერი დაეწერა ჩემს ტელეფონზე. გიჟივით ავიღე ყურმილი. - მარიამ, რა გჭირს, მომისმინე ერთ წუთს. - შენ მომისმინე, მარკო. - საკმაოდ მშვიდი ხმა ჰქონდა - მე არ მიყვარხარ, თავი დამანებე და ნუღარ მირეკავ. - მარიამ, შენ არასწორად გაიგე... - არ დამასრულებინა წინადადება - ყველაფერი ძალიან სწორად გავიგე, აღარ დამირეკო. - ხვალ ჩამოვალ და... - ყურმილი გამითიშა, ვრეკავ და ისევ არ გადის. ლამისაა კედლებზე ავიდე სიგიჟისგან. გამოვვარდი სახლიდან უბარგოდ და მანქანისკენ გავემართე. ჩავხტი მანქანაში და აეროპორტის გზას დავადექი. ნებისმიერი მიმართულებით ავიღებ ბილეთს და მერე იქიდან გადავფრინდები თბილისში, მთავარია დროზე მივიდე. გუნებაში ვგეგმავ, როგორ ჩავიკრავ ჩემს ბუტიას გულში და როგორ აღარასოდეს გავუშვებ ჩემი გულიდან. სიამოვნებისგან მეღიმება და გზის სიშორეც ათჯერ უფრო სწრაფად იფარება. გზაში ვატყობდი თითქოს მანქანა ამეკიდა უკან, მაგრამ აღარ მიმიქცევია ყურადღება. როგორც იქნა აეროპორტის გზა გამოჩნდა, გადავუხვიე და მანქანების პარკინგზეც შევუხვიე. გადმოვედი მანქანიდან და შემოტრიალება ძლივს მოვასწარი, რომ ზურგში მწვავე ტკივილი ვიგრძენი და სიტყვებიც - ლომბარდოები ღალატს არ პატიობენ... მერე აღარაფერი მახსოვს, განაცრისფრდა, გაბუნდოვანდა ყველაფერი. ჩემი მარიამის ლანდიც ამ ნაცრისფერმა გაიყოლა თან და გააქრო. * * * სადღაც თეთრ ოთახში მეღვიძება. თავის ყრუ ტკივილს ვგრძნობ და თვალებს ზანტად ვახელ. ვერ ვხვდები სად ვარ, ვცდილობ წამოვდგე და ტანი ვერ ამიწევია, თითქოს ლოდები ფეხებზე, ვერაფრით გამიმოძრავებია. თავი და წელი წამოვწიე, აშკარად საავადმყოფოში ვარ, დედას ჩასძინებია ჩემს საწოლთან. ბუნდოვნად მახსენდება ბოლო მოგონებები, ყვირილი, ყრუ ტკივილი. მაინც ვერ ვხვდები, რამ დამიმძიმა ასე ეს ფეხები. ალბათ დიდი ხანია გათიშული ვარ და სისხლის მიმოქცევა აღარ მქონდა ნორმალური. დედამ შეიღვიძა მგონი. - შვილო, გაიღვიძე - მომვარდა და მთელი სახე დამიკოცნა, თან ცრემლებით მისველებდა. - კარგი დედა, რა მოხდა ასეთი, ცოცხალი ვარ, რა გატირებს - ვამშვიდებ გულაჩუყებულ სინიორა მარიას. - შენს დაკარგვას ვეღარ გადავიტანდი შვილო, არ დამღუპო შვილო - ცრემლებს და ემოციებს ვერ იკავებდა ჩემი გამოფხიზლებით გახარებული მადრე. - დედა, ექიმს დაუძახე ერთი. ფეხებს ვერ ვანძრევ და იქნებ რაიმე ნემსი მჭირდება ან სხვა რამე. დედაჩემი ადგილზე გაქვავდა, ცრემლებიც კი შეაშრა, ხმას ვეღარ იღებდა. -რა ხდება დედა? - და ამ დროს გამკრა თავში აზრმა. ვახ, გავიფიქრე, ხელით შევიმოწმე, არა, აშკარად ვერ ვგრძნობ. ვიჩქმიტე, დავირტყი, ვერაფერს ვგრძნობ. - დედა, ეს დროებითია ხო?-ვკითხე ანგარიშმიუცემლად. დედა ისევ ერთ წერტილში იყურება. - მადრე - დედაჩემი ექიმის მოსაყვანად გაიქცა, არაფერი აღარ უთქვამს. შემდეგ მესმოდა გარეთ როგორ ელაპარაკებოდა, მამას ხმაც გავიგონე, უკვე ხმებმა იმრავლეს გარეთ. ყველა ერთად შემოვიდა: ექიმი, მამა, დედა, სალვატორე, ვინჩი, სერჟიო, მაიკლი, საიდი, ფილიპი, ბებია, ბაბუა. ყველანი მე მიყურებენ და ხმას არ იღებენ. - ექიმო, ეს დროებითია? - ვიკითხე სასწრაფოდ. - ექიმმა ყველას ხელითა ანიშნა დამტოვეთ მარტოო, მეც მოოუთმენლად ველი მის პასუხს. მის პასუხზე ჩემი ყოფნა-არყონა ჰკიდია. - მარკო, არ ვიცით ზუსტად. შეიძლება დროებითია, შეიძლება არა, რადგან ზურგის ტვინი დაგიზიანათ ჭრილობამ... - რამდენი პროცენტით შეიძლება რომ იყოს დროებითი? - 5 მაქსიმუმ 10. - თავზარი დამეცა, ქვეყანა თავზე ჩამომექცა, სიკვდილი მომენატრა. უბადრუკი სიცოცხლის გაგრძელების დასაწყისის სუნი დატრიალდა, სიცოცხლის, როდესაც მე მარიამის გარეშე უნდა მეცხოვრა. მე მას ვერ გავწირავდი ასეთი მომავლისთვის, ასეთი სიცოცხლისთვის. ყველაზე საშინელება მოხდა ჩემს ცხოვრებაში, წარმოუდგენელი კოშმარი, უნდა მეცოცხლა და უნდა მეცოცხალა მის გარეშე. აღარ მომისმენია ექიმისთვის, აღარ მაინეტერსებდა აღარაფერი. ერთი რამ მადარდებდა მხოლოდ, მარიამისთვის არავის ეთქვა, მისი გული ვერ აიტანდა და უმალ ჩამოვიდოდა, გვერდიდან აღარ მომშორდებოდა. ვერ ავიტან მის გვერდით ჩემნაირ მეს, ჩემნაირ უძლურს. გახევებული ვარ, ერთ წერტილს მიშტერებული, არავისი მესმის, ვეღარავის ვხედავ, აღარაფერი მინდა, ჩემი სიცოცხლე აქ დასრულდა. ყველანი შემოლაგდნენ, ყველას ავუკრძალე მარიამისთვის რამის თქმა, ყველას დავემუქრე ცხოვრებაზე ხელს ავიღებ, თუ ვინმეს რამე წამოგცდებათ-თქო. ხმას აღარავინ იღებდა, იცოდნენ ჩემი ხასიათი. ეს სიბრალულის თვალები აღარ შემიძლია, ვთხოვ მათ დამტოვონ მარტო და ყველა მტოვებს. თურმე მზურველობით და სიბრალულით გამოწვეული ტკივილი უფრო მწვავე ყოფილა, ვიდრე უზრუნველობით და გულგრილობით იქნებოდა. ბევრი რამ გადაფასდა უცებვე ჩემს ცნობიერებაში... ვრჩები ჩემს ფიქრებთან და ჩემს მდგომარეობასთან მარტო და ვხვდები, რომ ვერასდროს ვერ გაწვდება გონება ბედის უკუღმართობას, ვერცერთი საზომით ვერ გაზომავს და ვერ განსაზღვრავს. საკუთარი თავი არ მეცოდება, უბრალოდ ის დრო მენანება, მარიამთან ერთად რომ მქონდა დაგეგმილი და მეოცნებებოდა... * * * რამდენიმე კვირის შემდეგ გამომწერეს, ჭრილობაც შეხორცდა და გასასვლელში ისევ ყველა დამხვდა, ჩემი მეგობრები, ნათესავები, ძმები, მშობლები. ვერ გავედი, ორმა ბორბალმა და ორმა ხელმა გამიყვანა გარეთ. დედაჩემი ცდილობს მხიარული იყოს, ისევე როგორც სხვები, რომ არ შევამჩნიო ეს დარდისგან გაღიავებული შავი ყორანივით თვალები, მაგრამ ცრემლები აქვს მომდგარი ყელში და დალაპარაკებასაც ვერ ახერხებს იმის შიშით, რომ არ ატირდეს ჩემს წინაშე. მაიკლი მომვარდა, ექთანს გამოართვა ჩემი ეტლი და თვითონ წამიყვანა. - რაღა გიჭირს ძმაო, აწი სულ ხელით უნდა გატაროთ, სულთანივით იქნები - ცდილობს იხუმროს, მაგრამ ისეთი სევდანარევი ხმით იძახის, ამაზე უფრო მეცინება. - ხო აბა რა მაიკი, აი ახლა დამჭირდება ის მფრინავი ხალიჩა, საიდს რომ დასცინოდი. არავის არ გაეცინა ჩემს ხუმრობაზე, ის კი არა, ნერწყვი გადაყლაპა საიდმაც, სიტყვა ვერ ამოთქვა ვერაფერი. რამდენიმე კვირა აღარავის არ ვიკარებდი. მხოლოდ ერთი მედდა მოდიოდა და რაღაც პროცედურებს მიტარებდა. ბიჭები მუდმივად ჩამოდიოდნენ, თვეში ერთხელ მაინც. საიდს და ინგას უკვე ნიშნობაც ჰქონიათ. საიდი გაფრთხილებული მყავს და არაფერს იძახის ჩემზე ინგასთან, რომ მან მარიამს არ მიუტანოს ამბავი, ისიც ყოველ ჯერზე თავჩაქინდრული მიდის და მპირდება არ გათქვას ეს საიდუმლო. მარია სხვა ქვეყანაში წაიყვანეს საცხოვრებლად, ხოლო მისი ძმა ალეხანდრო ციხეშია, ჩემი ამბის შემდეგ უმალვე დაიჭირეს, მიუხედავად იმისა, რომ მე ეს არ მინდოდა, არ ვკიცხავდი, დის სახელს იცავდა, მისთვის შური იძია. სერჟიო ცდილობს ხშირად მოვიდეს და გამამხიარულოს, ხოლო მაიკი, ჩემი მაიკი, ვითომ ყველაზე უდარდელი ჩვენს შორის, ჩემს გვერდით ვილაში გადმოვიდა საცხოვრებლად, მამაჩემის ვალი გადაიხადა და აქციების წილი შეისყიდა, კომპანია გადაარჩინა გაკოტრებას. ყოველ დღე მოდის ჩემთან, საქმეების მოგვარებისთანავე და ყოველ კვირას ახალ-ახალი ექიმი ჩამოჰყავს და ასინჯვინებს ჩემს თავს. თავიდან ვეუხეშებოდი, მინდოდა როგორმე ამ ვალდებულებისგან გამეთავესუფლებინა და დავეტოვებინე, ეცხოვრა სრულფასოვანი ცხოვრებით, მაგრამ ჩემზე გაცილებით ჯიუტი და შეუპოვარი აღმოჩნდა. ბოლოს მისი ამდენი ცდის შემდეგ, დავთანხმდი რეაბილიტაციის კურსი გამევლო შვეიცარიაში და თვითონვე წამიყვანა შვეიცარიის კლინიკაში, სულ მიჩიჩინებდა, ფეხზე დადგები და მარიამსაც დაიბრუნებო. მე ამის იმედი აღარ მქონდა, მაგრამ მისი ამდენი ცდის წყალში გადაყრა აღარ შემეძლო და დავთანხმდი. ვერაფერი შედეგი ვერ ვნახეთ და დავბრუნდით ისევ სიცილიაში. მიუხედავად იმისა, რომ აღარ მესიცოცხლებოდა, აღარ მეცხოვრებოდა, მათი გულისთვის არ მქონდა სისულელეების ჩადენის უფლება. ბიჭების ყოველი ნახვისას მათ თვალებში შიშს ვკითხულობდი, რომლის გადაფარვასაც თავისი მოჩვენებითი მხიარულებითაც ვერ ახერხებდნენ. ეს იყო შიში ჩემი დაკარგვისა, ჩემი დანებებისა და სიცოცხლის წყურვილის წყაროს ამოშრეტისა საბოლოოდ. იმას კი ვერ ხვდებოდნენ, ასეთი ცხოვრება სიკვდილზე გაცილებით უარესი რომ იყო ჩემთვის. ან ხვდებოდნენ კიდეც, მაგრამ ჩემი თავი არ ეთმობოდათ ორკუსის სიკვდილის სამყაროსთვის. - მარკო, არ დავნებდეთ, ყველაფერი წინ გვაქვს - მითხრა სერჟიომ ერთ საღამოს, როდესაც ბუხართან სიგარებს ვაბოლებდით და როგორც სჩანს ჩემს თვალებში სრული გულგრილობა და დაღლილობა ამოიკითხა. მაიკიც აქ იყო და თავს უქნევდა თანხმობის ნიშნად. - მაიკი, სერჟიო, ამიგოს, ძალიან მიყვარხართ, მაგრამ მეც ნუღარ მტანჯავ და თქვენ თავებსაც ნუ იტანჯავთ. მაიკი, შენ მაინც წადი ნიუ-იორკში, დაბრუნდი და იცხოვრე შენი ცხოვრებით. - რა მაგდებ? - ისეთი სახით მითხრა, გამეცინა. - ხო გაგდებ. - ვერ გამაგდებ, მე შენთან არ ვცხოვრობ და არც შენს გამო ვარ აქ! ჩემი ბიზნესიც უკვე აქაა ნაწილობრივ, ასე რომ უფლება არ გაქვს! - მითხრა ურყევი ხმით, მეც ძალიანაც არ შევწინააღმდეგებივარ, რადგან იგი ჩემს უბადრუკ სიცოცხლეს ცოტაოდენ მაინც მიხალისებდა. სერჟიოც ჯიუტად არ მშორდბოდა. ფილიპი და საიდი ძალიან ხშირად მაკითხავდნენ და ხან რას გამოიგონებდნენ ჩემს გასართობად და ხან რას. მარიამი ერთი-ორჯერ მიხსენეს, მაგრამ ჩემგან რეაქცია რომ ვერანაირი ვერ გამოიწვიეს, დაანებეს მასზე საუბარს თავი. მიდიოდნენ დღეები უფერულად და უჟმურად, თენდებოდა და ღამდებოდა უღიმღამოდ. ერთი რაც გავაკეთე, სპორტით დავკავდი, რის საშუალებასაც ჩემი დავარდნილი ტანი მაძლევდა, ისე, რომ ხელები მაინც მქონოდა მოღონიერებული და ჩემით გადავადგილებულიყავი დაუხმარებლად. ეს ოხერი ფეხები იყო უმოძრაოდ, თორემ სხვა ყველაფერი მწყობრში მქონდა. ასე გავიდა თითქმის ერთი წელი. მალე საიდის და ინგას ქორწილი უნდა ყოფილიყო. ძალიან მიხარია მათი ამბავი და ძალიან მინდა იქ ვიყო, მაგრამ ვიცი, რომ მარიამი იქნება იქ, ემირატებში, ხელისმომკიდეა ინგასი, ამიტომ ვერ წავალ, ვერ დავენახვები, არ დავენახვები. მაიკლიც არ აპირებდა წასვლას, როგორ არ მეხვეწა საიდი, მაგრამ მეც არ წავედი და ვერ მტოვებდა ისიც. ფილიპიც კი ჩამოვიდა, ეგონა გადამათქმევინებდა, მაგრამ მე აზრს ვერაფერი შემაცვლევინებდა. - ბოლო-ბოლო რა ჩვილი ბავშვივით მექცევით, წადით მეც კაცი ვარ და ჩემი აზრი გამაჩნია, თავის მიხედვაც შემიძლია უთქვენოდ - გაბრაზებულმა მივაყარე და ორივემ თავი ჩაქინდრა. მერე მივხვდი, რომ უსამართლოდ ვექცეოდი მათ და სიტყვა შევარბილე - საიდს თქვენ დღეს ჩემზე მეტად სჭირდებით. ძლივს დაითანხმა ინგას მშობლები და ამ ქორწილსაც მიაღწია, წადით, გააბედნიერეთ. - ისევ თავჩაქინდრული იდგნენ, ხმას არცერთი არ იღებდა. -კარგი, მარკო, მაგრამ არ იქცევი სწორად, დამიჯერე - მითხრა ფილიპმა. - აღარ მესმის ამიგო სწორი და არასწორი რაღა არის ამ ცხოვრებაში. მე სხვანაირად არ შემიძლია, ძმებო, წადით და ჩემს მაგივრადაც იმხიარულეთ, მე დღეს სამჯერ ველაპარაკე საიდს ტელეფონზე და ძლივს დავარწმუნე, რომ ქორწილი არ გადადოს ჩემს გამო, რომ აზრი არ აქვს. ამიტომ წადით და ამოუდექით მხარში. მე კარგად ვარ! ქორწილის დილა გათენდა, თავი ისევ მისკდება, ისევ ყრუ ტკივილს ვრგძნობ, ამ ჭრილობის შემდეგ დღე არ მახსოვს ამ ტკივილის გარეშე. ხასიათიც საშინლად მაქვს გაფუჭებული, მედდასაც კი აღარ ვუშვებ. ვცდილობ ჩემით გავაკეთო ყველაფერი რაც მჭირდება, რადგან ასეთი ცხოვრება მარგუნა განგებამ, როდემდე უნდა ვიყო სხვების ხარჯზე. ვარჯიშიც დავიწყე და ძალაც შემწევს ჩემი უსულო სხეულის ნახევარი ამ სულიერმა ნახევარმა ზიდოს. ჩემით გადმოვჯექი საწოლიდან ეტლზე და უცებ თითქოს ფეხის თითის რეფლექსური მოძრაობა შევიგრძენი თუ დავინახე. არა მომეჩვენა აშკარად. კიდევ ვცადე და აღარ მოძრაობს. გამეცინა, პარანოიკიც გავხდი მგონი. შევედი აბაზანაში, მოვწესრიგდი, გამოვედი ჩავიცვი და ჩემთვის გაკეთებული ლიფტით პირველ სართულზე დავეშვი. კაბინეტში შევედი, ვისკი დავისხი და ეზოში გამოვედი. ოქტომბრის თბილი საღამოა და ჩემი საყვარელი პალმის ძირას სკამთან მივაცურე ეტლი. გავცქერი ჩემს ულამაზეს ბაღს და ვეღარაფერს ვხედავ თვალწარმტაცს, ყველაფერმა ფერი დაკარგა, გაუფერულდა, განაცრისფრდა. ერთ ტონალობაში მეჩვენება ყოველივე და აღარ მიზიდავს. ასე მემართება საჭმელზეც, აღარაფერი მეგემრიელება, არც პარფუმის სუნი მიზიდავს ძველებურად. მილენიას უგემრიელესმა ღვეზელებმაც ხიბლი დაკარგა უცებ. ჩემი ცხოვრების რიტმი გახდა ნაცრისფერ ტონალობაში გადაწყვეტილი, იმიტომ კი არა, რომ ასეთ მდგომარეობაში ვარ, იმიტომ, რომ ჩემი ერთადერთი არ არის ჩემს ცხოვრებაში. არ არის ჩემს გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ თავსაც არ მინდა გამოვუტყდე, სულ მასზე ვფიქრობ და ვდარდობ. არ მინდა წარმოვიდგინო სხვასთან, სხვის მკლავებში, სხვის სახლში. ტანჯვა თითქოს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა გახდა, რეაქცია აღარ მაქვს. გავცქერი ამ ძველ დროს ულამაზეს, ამჟამად ერთფეროვან ჰორიზონტს და მხოლოდ მასზე ვფიქრობ, მხოლოდ ის ერთადერთია ნათელ ფერებში. სხვა ყოველივე სერია, ერთი მთლიანი ნაცრისფერი. ცას ავხედე, ღრუბლებში მისი ლანდი დავინახე, მისი ლამაზი ტუჩები წარმოვიდგინე და ოცნებებში გადავეშვი. ვისკიმ ოდნავ დამიბუჟა ტვინი და ტკივილიც მიყუჩდა. უცებ მხარზე შეხება ვიგრძენი, ყურადღება არ მიმიქცევია, ალბათ დედაა. თვალები მაქვს დახუჭული და მისი სევდიანი მზერა აღარ მინდა დავინახო, რამდენიმე წუთს მაინც. - მარკო - გამცრა ტანში, უცებ გამოვფხიზლდი, შემოვატრიალე ეტლი. ჩემს წინ ჩემი ერთადერთი დგას, ჩემი მარიამი. - მარიამ, მოჩვენება ხარ? ჩაიმუხლა და მთელი გრძნობით ჩამეკრა გულში, მთელი არსებით ჩავიხუტე მეც. - მარკო, რატომ არ მითხარი, მარკო - გულამოსკვნილი ტიროდა, - რატომ არ მითხარი, მე ხომ შენს გარდა არავინ არასდროს მყვარებია. შენც ხომ ასე ხარ. მეგონა ცოლი მოიყვანე. მეგონა... ვკოცნი ისევ ანგარიშმიუცემლად, გიჟურად, ვნებით, სიყვარულით. მის ცრემლიან თვალებს კოცნით ვუშრობ, არაფერს ვეუბნები. როგორ მომნატრებია, სიგიჟემდე მომნატრებია, რა მაძლებინებდა, მაგრამ... უცებ მოვიშორე მისი უნაზესი სხეული. გაკვირვებულმა შემომხედა. - მარიამ, მე შენ ასეთი ცხოვრებისთვის ვერ გაგწირავ. - მარკო... - მარიამ, წადი!! - მკაცრად ვუთხარი. - არ წავალ - ურყევად მითხრა. - მარკო, ინგამ მითხრა... როგორ დამიმალე, დღეს უნახია შენი სურათი ჟურნალში, შენზე ყოფილა რეპორტაჟი, საიდმაც კი არაფერი უთხრა, რატომ? - სასოწარკვეთილი მეკითხებოდა. - მე ავუკრძალე ყველას, არ მინდოდა ასეთი გენახე, არც ახლა მინდა. - საიდმა ქორწილი გადადო, ერთი კვირით, ერთად წავალთ. - მარიამ წადი, მე არ დავუშვებ შენთვის ამგვარ ცხოვრებას. - არ წავალ - გულში ჩამეკრა. - წადი - თითქმის ვუყვირე და მისი მოშორება ვცადე. - მარკო, რომ გამაგდო... იცოდე, იცოდე თავს მოვიკლავ! - ისევ გულში ჩამეკრა. მეც აღარ შემიძლია შევეწინააღმდეგო, ისეთი განწირული ხმით მითხრა, ისე დამაჯერებლად, გამაჟრიალა. - მარიამ, ჩემო ერთადერთო, ჩემო ერთადერთო - ვკოცნიდი გიჟურად, ანგარიშმიუცემლად, ვნებით, სიყვარულით. ისევ ვიგრძენი ფეხის თითის რეფლექსური მოძრაობა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.