შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის რეფლექსი


3-09-2017, 19:27
ავტორი Ramzisher
ნანახია 1 591

ამიგოს

თავის საოცარი ტკივილი მაფხიზლებს. წამოვჯექი, ირგვლივ მიმოვიხედე და აშკარად შინ ვარ, ოთახში, კამპუსში. დავიხედე, ტანზე გაუხდელად ჩამძინებია. თავი ხელებში მოვიქციე, ასე ნაკლებად ვგრძნობ ტკივილს, ისეთს, თითქოს ბურღით შემდგომია ვინმე და განძრევის საშუალებას არ მაძლევს. ბუნდოვნად ვიხსენებ გუშინდელ დღეს: ჰარვარდის უნივერსიტეტი, კამპუსის უძველესი შენობა, დებატებისთვის განკუთვნილი დიდი დარბაზი, რომლის კედლებიდანაც უნივერსიტეტის სახელოვანი კურსდამთავრებულები გადმოგვყურებენ: ადამსი, ჰეისი, რუზველტი, კენედი, გეიტსი, ობამა, ცუკერბერგი...
ჰარვარდის სამართლის კლუბი ოქსფორდის სამართლის კურსის წინააღმდეგ, ცხარე დებატები, შეიძლება ითქვას სამკვდრო-სასიცოცხლო, რადგან პირველობა უნივერსიტეტის პრესტიჟის საკითხია, ამიტომ გაასმაგებული ძალებით ვიბრძვით. თანაც წლის ბოლოს დოქტორის წოდებები გვენიჭება და ამიტომ განსაკუთრებით ვცდილობთ გავამართლოთ ჩვენი სასწავლებლის დევიზი - ვერიტას, ნდობა. თანაბარი ქულები და ბოლო, გადამწყვეტი შეკითხვა საერთაშორისო სამართალში: რამდენიმე წლის წინ ერთმა მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალის რედაქციამ მუჰამედის კარიკატურა დაბეჭდა, რაღაც პერიოდის შემდეგ ასევე ისლამი მოიხსენია არასერიოზული სახელით, რითიც სხვადასვა ექსტრემისტული რელიგიური დაჯგუფების თავდასხმები გამოიწვია, რასაც ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იქნებოდა თუ არა ადამიანის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების აღკვეთის მცდელობა მსგავსი ტიპის და შინაარსის სტატიების აკრძალვა ხელისუფლების მხრიდან?
წამოვიდა მრავალი ვარაუდი, პასუხი, დისკუსია კლუბის წევრებს შორის და მოსაზრებების გაცვლა ერთმანეთში. ვიცოდი, რომ ამ კითხვაზე სწორხაზოვანი პასუხი არ არსებობდა, ვიცოდი, რომ ჩემს პასუხზე კლუბის დღევანდელი შერკინების ბედი იყო დამოკიდებული, და ისიც ვიცოდი რომ ამ საკითხზე მთელი საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ცნობილი უფლებადამცველები, სამართლის სპეციალისტები, პოლიტიკოსები, დიპლომატები დაობდნენ და კონსესუსამდე ვერ მიდიოდნენ. ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ჩემი სიცილიური ხასიათი უკან დახევის უფლებას არ მაძლევდა, წამოვდექი, დარბაზს თვალი მოვავლე და დავიწყე: ვგმობ ტერორიზმს, ვგმობ ექსტრემიზმის ყოველგვარ გამოვლინებას, ვგმობ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ ყველა დანაშაულს! მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, ვინაიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გვაქვს, ვინაიდან მთელი საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება, იმაზე თუ რა არის თანასწორი უფლება და თავისუფლება, რასაც ყველა წევრი ქვეყანა ეთანხმება და აღიარებს უზენაეს უფლებრივ დეკლარაციად, მაქვს პატივი გაგახსენოთ ამ დოკუმენტის პრეამბულა: ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობის და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს; ვინაიდან ადამიანის უფლებათა უგულებელყოფამ და აბუჩად აგდებამ გამოიწვია ბარბაროსული აქტები, რაც აღაშფოთებს კაცობრიობის სინდისს, და რომ ისეთი მსოფლიოს შექმნა, რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე, გამოცხადებულია როგორც ადამიანთა მაღალი მისწრაფება; ვინაიდან აუცილებელია უფლებებს იცავდეს კანონის ძალა იმის უზრუნველსაყოფად, რათა ადამიანი იძულებული არ გახდეს მიმართოს აჯანყებას, როგორც უკანასკნელ საშუალებას ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ; ვინაიდან აუცილებელია ხელის შეწყობა ხალხათა შორის მეგობრულ ურთიერთობათა განვითარებისათვის; ვინაიდან გაეროს წევრმა ქვეყნებმა წესდებაში დაადასტურეს თავიანთი რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების და კაცებისა და ქალების თანასწორუფლებიანობისადმი და გადაწყვიტეს ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების უკეთეს დონეს მეტი თავისუფლების პირობებში; ვინაიდან გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და დაცვას; ვინაიდან ასეთ უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო გაგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ვალდებულების მთლიანად შესრულებისათვის.
გაეროს გენერალური ასამბლეა აცხადებს:
ადამიანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და სახელმწიფო, რათა ყოველი ადამიანი და საზოგადოების ყოველი ორგანო, ნიადაგ გაითვალისწინებს რა ამ დეკლარაციას, მიისწრაფოდეს სწავლა-განათლების მეშვეობით ხელი შეუწყოს ამ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემას და მათი საყოველთაო და ეფექტიანი აღიარება-განხორციელების უზრუნველყოფას ნაციონალური თუ საერთაშორისო პროგრესული ღონისძიებებით როგორც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ხალხებში, ასევე ამ სახელმწიფოების იურისდიქციისადმი დაქვემდარებულ ტერიტორიათა ხალხებში.
ამ დროს ღრმად ამოვისუნთქე, ფილტვები მაქსიმალური რაოდენობით ჰაერით გავაძლიერე და გავაგრძელე: - ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.
ამ ჩვენთვის ყველაზე მთავარი უფლებრივი დოკუმენტის შინაარსი მე მაძლევს საფუძველს გამოვთქვა მოსაზრება, რომ ჟურნალის რედაქციის აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს, ექცეოდნენ „გონების და სინდისის კარნახით“ მსოფლიოს მოსახლეობის 23 %-ს, რასაც ისლამის მიმდევარი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს, ზღუდავს მათ ფუნდამენტურ უფლებას არ იყოს მათი პირადი ღირსება შელახული, ვინაიდან რელიგიის, რწმენის შეურაცხყოფა პირადი ღირსების შეურაცხყოფის ტოლფასად მიიჩნევა მათი მხრიდან, ისლამი ხომ ისტორიულად მათი თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ძირითადი ელემეტია. მათი უფლებაა სწამდეთ ის რაც სწამთ და სჯეროდეთ იმის, რისი რწმენაც აძლევთ საშუალებას. რადგან ჩვენ, „გაერთიანებული ერები“ ვთანხმდებით იმაზე, რომ „აუცილებელია ხელის შეწყობა ხალხთა შორის მეგობრულ ურთიერთობათა განვითარებისათვის“, ვთვლი, რომ უნდა შეიზღუდოს ასეთი სახის კარიკატურების მასობრივი მოხმარების მედია საშუალებებით პროპაგანდირება და გავრცელება, რაც არ ჩაითვლება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად, არამედ განიხილება როგორც „ერთმანეთის მიმართ ძმობის სულისკვეთებით მოქცევა“.
დავასრულე, მიმოვიხედე, წამიერმა დუმილმა მოიცვა დარბაზი, ხოლო შემდეგ მქუხარე აპლოდისმენტების ხმამ გადაფარა კოლეგიის გადაწყვეტილება ჩვენი კლუბის გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ. უცებ, ჩემი სამართლის ლექტორის, მისტერ დევიდის სიტყვები გამახსენდა, რომ სამართალი და სამართლიანობა მხოლოდ მოსამართლის გზა არ არის და არც მხოლოდ მისი გასარჩევია, ეს ყველა ჩვენგანის ბუნებაში გენეტიკურად ჩადებული კოდია, რომელიც არასწორ გზაზე გადახვევის შემთხვევაში შეუცდომელი კომპასივით მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე. მაგრამ დიდხანს აღარ მაფიქრეს და მახსოვს ასევე ის ფაქტი, როგორ ამიტაცეს მეგობრებმა ხელში და გასასვლელისკენ გამაქანეს. მახსოვს ჰარვარდელების საყვარელი პაბი ჩარლზის სანაპიროსთან, ბევრი ლუდი და ვისკი და მერე უკვე აღარაფერი მახსოვს. წამოდგომას ვცდილობ და ფეხები არ მემორჩილება,- როგორც სჩანს ცოტა არ დამილევია, - გავიფიქრე და ტელეფონიც აწკრიალდა. დავხედე, დედა იყო. გადავწყვიტე არ მეპასუხა, მაგრამ არ ნებდება, არ წყვეტს ზარს. ასეთი სახით როგორ დავენახო, არ მაქვს საყვედურების მოსმენის თავი, მაგრამ რეკავს შეუწყვეტლად.
- გამარჯობა დედა, რამ გაგახსენა ჩემი თავი ასე დილაუთენია?
- მარკოოოოოო, შენ უნდა მომკლა, შეეენ!! რატომ არ მპასუხობ, ხომ იცი ვნერვიულობ, ისედაც შორს ხარ. ჩართე ვიდეო, უნდა დაგინახო.
ვიცოდი, ისე არ მოისვენებდა რომ არ შევეთვალიერებინე, თვალები გადავატრიალე და მოვემზადე მისი რისხვის ასატანად.
- ვაიმე რა გამხდარი ხარ, მარტო სმაზე ხარ ხომ გადასული, ვაიმე რას ჰგავხაარ!! გაჰკიოდა ყურმილში, - ჩამოდი დროზე იმ ჰარვარდიდან თუ სატანჯველიდან, ისინი მოგიღებენ ბოლოს, რას დაგამსგავსეს!
- დედა გეყოფა - ვაწყვეტინებ სიტყვას.
- რა მეყოფა რაა, დროზე ჩამოდი, გამოგკვებოთ კარგად, ზეთისხილის ტოტს დამსგავსებიხარ, ასეთი გაგიშვი ერთი წლის წინ? რას იფიქრებს ხალხი! ამაღამ ჩამოდიხარ ხო? - ხმაზე მოუთმენლობა ეტყობოდა, დედას სულ ვენატრები.
- ამაღაამ? - გავიკვირვე და უცებ თავში ხელი ვიტაცე, მივხვდი, რომ არასწორი კითხვა დავსვი.
- შენ უნდა მომკლა? არ გახსოვს ხომ შენი ძმის ქორწილი?
- როგორ არ მახსოვს, დედა, მეგონა გითხარი გუშინ ხვალ რომ მოვფრინავდი - უნამუსოდ ვიცრუე და შემრცხვა საკუთარ დედას ასე რომ ვატყუებდი, მაგრამ რა მექნა საერთოდ ამომივარდა თავიდან ხვალინდელი ქორწილი.
- კარგი ხო, დროზე მოემზადე, დაემსგავსე კაცს, სულ იმ უნაირო ამერიკელებს დამსგავსებიხარ, ხომ არ გავიწყდება ბოლოჯიო რომ ხარ, სიცილიელი, სამშობლო რომ გაქვს და გუშინ რომ არ გაჩნდა შენი გვარი? - მკაცრი ტონით მახსენებს დედა. ვინ დამავიწყებს, ვფიქრობ გულში.
- არა დედა, ამას რა დამავიწყებს, ყოველ დღე ხომ მახსენებ-ვიცინი და ვემზადები კონტრშეტევისთვის.
- დროზე ჩამოდი, სმოკინგი შეგირჩიე-მეუბნება თავმომწონედ და ისევ დამკვირვებლური თვალით აგრძელებს ჩემი სიგამხდრის დონის შესწავლას.
- დედა! - თვალები გადავატრიალე ისევ უკმაყოფილების ნიშნად...
- რა დედააა, შენი მაისურები არ დამანახო აქ, მილენიას დავაწვევინებ თონეში იცოდე, აქ როგორც მამაშენის შვილს შეეფერება ისე უნდა გამოიყურებოდე! - გამომიცხადა, თანაც ამ დროს ისეთი მუქარით აღსავსე სახე ჰქონდა გამეცინა. შემდეგ ალბათ მიხვდა, რომ საკმაოდ „შემაშინა“ და მიმიკა შეცვალა, სიყვარულით შემომხედა და კეკლუცურად ჩაილაპარაკა - ისე მარია სულმოუთქმელად გელოდება.
ამ სახელის გახსენებაზე ტანში ჟრუანტელი მივლის და წარსულის მოგონებებში ვიძირები:
1 წლის უკან, 4 სექტემბერი, პალერმოს მფარველი წმინდა როზალიას ხსენების დღე, პალერმოს კათედრალი და გალობა. ჩემი პადრე ძმა საზეიმო წირვას ატარებს ამ წმინდა ტაძარში. ყველა ჩემი ნათესავი თუ ნაცნობი აქაა, რა თქმა უნდა ტრადიციისამებრ ჩვენც, მთელი ოჯახით: ბაბუა - მარკო, მე მისი სახელი მქვია, ამიტომ იგი მისი ცხოვრების გზის პირდაპირ გამგრძელებლად აღმიქვამს და ფანატიკურად ვუყვარვარ, ბებია - მაგდალენა ბოლოჯიო, დედა - მარია ბოლოჯიო, რომელიც „კოზა ნოსტრას“ ერთ-ერთი ბოსის მარჩელო კატანეზის შვილიშვილია. მამაჩემი კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმეს მისი ცოლად მოყვანისთვის. მამა რობერტო ბოლოჯიო, სიცილიის ერთ ერთი ყველაზე მსხვილი ღვინის მწარმოებელი და ნავსადგურების მფლობელი. ძმა ვინჩენცო, და თავისი საცოლე კამილა, რომლებიც დაქორწინების შემდეგ ამერიკაში გადმოსვლას აპირებენ საცხოვრებლად; ვიტორიო-მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე, რომელიც იმდენად გართულია თავის შემოქმედებაში, მამას ბიზნესის გაგონებაც არ უნდა, სალვატორე - მღვდელი, რომელსაც 35 წლის ასაკში უკვე 9 შვილი ჰყავს: 6 გოგო და სამი ბიჭი და მე, ნაბოლარა შვილი, მარკო ბოლოჯიო, მშობლების ერთადერთი იმედი და საუკუნოვანი ოჯახის ბიზნესის გაგრძელების ერთადერთი პერსპექტივა. ჩემმა ძმებმა ვერ გაამართლეს მამას იმედები, ყველა თავის გზაზე წავიდა, ასე რომ მე ვარ ბოლო იმედის ნაპერწკალი ყველასთვის და ჩემზეა დამოკიდებული გაგრძელდება თუ არა საგვარეულო ტრადიციული საქმე, რომელსაც ბოლოჯიოების კლანი XII საუკუნიდან მოყოლებული მეფე პედრო მესამე არაგონელის შემდეგ მისდევს.
წირვა დასრულდა. კათედრალის ლამაზ, საუცხოო ყვავილებით მორთულ ბაღში გამოვედით. პროცესია ქალაქის ქუჩების დასალაშქრად გაემართა. წინ წმინდა როზალიას უშველებელ მოოქროვილ, ლილიებით შემკულ ქანდაკებას მიაბრძანებენ, ხოლო უკან მთელი პალერმოს და სიცილიის სხვა რაიონების მოსახლეობა მიჰყვება. მიყვარს ეს სანახაობა, ჩემს ბავშვობას მახსენებს. ხალხის სიმრავლეც მიყვარს, ასე ჯგროდ, დინჯად და გალობით რომ მიაბიჯებს ვიწრო ქუჩებში.
კათედრალის ეზოში ჩემი მამიდაშვილი სერჟიო შემხვდა, დიდი ხნის უნახავი მყავდა და შევყევით საუბარს. უეცრად მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი და მთელ სხეულში დენის მსგავსმა ჟრუანტელმა დამიარა. მივხვდი ვინც იქნებოდა და შემოვტრიალდი. ჩემს წინ მარია იდგა, ჩემი ბავშობის დროინდელი დანიშნული და მიღიმოდა. ღმერთო, რა ლამაზი იყო ნაციონალურ სიცილიურ სამოსში. მისი ლერწმის მსგავსი სხეული და მისი მზემოკიდებული ლამაზი კანი საოცარ კომბინაციას ქმნიდნენ თხელ სახის ნაკვთებთან. მისი დიდრონი სისხლისფერი ტუჩები და თეთრი მარგალისტისფერი კბილები განსაკუთრებულ ეფექტს სძენდა მწვანე ხავერდისფერ ღრმა თვალებს და სწორ იტალიურ ცხვირს. შავი ხვეული თმა მუხლებამდე სცემდა და პალერმოს მზის ფონზე საოცრად ბრჭყვიალებდა. მოკლედ ჩემი ძმა ვიტორიო ამ წუთს აქ რომ ყოფილიყო ადგილზე გააშეშებდა მარიას, პალიტრას გაშლიდა და ამ ღვთაებრივ სილამაზეს ტილოზე აღბეჭდავდა. წარმოვიდგეინე ეს სცენა, გამეცინა და გავიფიქრე მარიას უდაოდ გაუმართლა, რომ ვიტორიო პროცესიას გაჰყვა, თორემ მოუწევდა პალერმოს სექტემბრის მწვავე მზის ქვეშ საათობით დგომა და პოზირება.
- მარკო, როგორ ხარ? - მოვიდა და ნაზად ლოყაზე ტუჩებით შემეხო. გამაჟრიალა, ვერ ვიტანდი მის ასეთ შეხებას, რაღაცნაირ ორაზროვან, ვნებისმაგვარ გრძნობას ყოველთვის აღმიძრავდა ხოლმე. მიუხედავად ამისა სხვა მანდილოსნებისგან განსხვავებით ბავშვობიდან მის მიმართ საოცარი მორიდების გრძობა მეუფლებოდა, რასაც შეყვარებული ადამიანი ნამდვილად არ განიცდის ალბათ.
მე 9 წლის ვიყავი მარია რომ დაიბადა „კოზა ნოსტრას“ კიდევ ერთი შეფის - მარჩელო ლომბარდოს ოჯახში. ის მისი ერთადერთი შვილიშვილი გოგონა იყო. მარჩელოს ორ ბიჭს, რომლებიც მამის ძველ ბიზნესს აღარ მისდევდნენ და მშვიდობიან საქმიანობაზე იყვნენ გადასულნი, სულ ბიჭები ჰყავდათ, ამიტომ მარიას დაბადებას განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ. მამაჩემი და მარიას მამა სილვიო ბავშვობიდან მეგობრობდნენ, ხოლო შემდეგ უკვე ბიზნესშიც პარტნიორობდნენ ერთმანეთს. მარია 1 წლის რომ გახდა ჩვენმა მამებმა მოილაპარაკეს ერთმანეთის ოჯახები ჩვენი ქორწინებით დაენათესავებინათ.
ბავშვობიდან ვფიქრობდი, რომ ეს დანიშვნის ტრადიცია საოცრად ბარბაროსული ჩვეულება იყო, რადგან თავისუფალი არჩევანის და ბოლოს და ბოლოს სიყვარულის უფლებას ართმევდა ათასობით იტალიელს. ჩემს თაობაში ნაკლებად გვხვდება ამ ადათების გადმონაშთები, მაგრამ მე ხომ ბოლოჯიო ვარ, როგორც ბებიაჩემი მუდამ მიმეორებს, მე ხომ სხვა ვარ, მე ხომ მარკო ბოლოჯიოს, ბაბუაჩემის ბოლო იმედი ვარ, რადგან არც ერთმა ჩემმა ძმამ არ აიღო თავის თავზე ჩვენი წარმოშობის მთელი სიმძიმე. მე უნდა დამაწვეს, მე უნდა გადამზნიქოს ჩვენს ეზოში ამოსული საუკუნოვანი პალმის რტოსავით, მე უნდა დამათმობინოს საკუთარი მისწრაფებები და ოცნებები, მე უნდა დამავიწყებინოს საკუთარი ფიქრები და გულის ნადები. აბა მე მკითხონ, როგორ მინდა ამ საქმის გაგრძელება, არ მეკითხებიან! რადგან შიში აქვთ მეც ჩემი ცხოვრება სხვა გზით არ წარვმართო ძმების მსგავსად. არადა ვგრძნობ, რომ არ მჭირდება ეს დიდება, პრივილეგიები და აღფრთოვანებული შეძახილები, ჩვენი გვარის გაჟღერებას რომ მოჰყვება ხოლმე სიცილიის რეგიონში. მინდა ჩემით მოვახდინო თვითრეალიზება და დავიმკვიდრო ჩემი საკუთარი მე ამ უშველებელ სამყაროში.
ერთხელ რომ დავიწყე ამ თემაზე ჰარვარდიდან დაბრუნების შემდეგ საუბარი, მამაჩემმა გულზე იტაცა ხელი და დედაჩემმა გონება დაკარგა, მას შემდეგ ხმას არ ვიღებ და ვცდილობ სხვგვარად შევაპარო ჩემი გადაწყვეტილება, ნაკლებად უმტკივნეულოდ. შესაფერის დროს ველოდები. ოხ, ღმერთო, რატომ მექცევი ასე სასტიკად, რატომ არ მომეცი ჩემი ძმებივით მტკიცე ნებისყოფა და რატომ არ გამიქვავე გული, რომ დედაჩემის და მამაჩემის მუდარით აღსავსე მზერას გავუძლო, როდესაც ჩემი წასვლის დღე ახლოვდება და როდესაც ყოველ ჯერზე გულში ნატრობენ ამერიკაში არ დავრჩე საცხოვრებლად...
ვუყურებდი მარიას და ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი, რადგან არ ვიცოდი რას ვგრძნობდი მის მიმართ. ვერ გავრკვეულიყავი საკუთარ აზრთა სვლაში. არ შეიძლება მარია არ გყვარებოდა, რადგან მასზე ლამაზი და მიმზიდველი არსება ბევრი არ დადიოდა მთელს სიცილიის კუნძულზე. ბევრი მოშურნე მყავდა, ბევრს ჰქონდა მარიას სილამაზეზე თვალი დადგმული, მაგრამ მარია არავის არ იკარებდა, რადგან ბავშვობიდან მხოლოდ მე ვუყვარდი და ვუყვარდი მთელი გულით, სულით და არსებით. ხშირად სინდისის ქენჯნაც კი მაწუხებდა და ჩემს თავზე ვბრაზობდი, რა მინდოდა ამაზე უკეთესი? ულამაზესი, საუცხოო, ბავშვობიდან ჩემად წოდებული, ფაქტიურად ჩემთვის გაჩენილი.ამის გაფიქრების უმალ გამეცინა, რა უცნაურად ჟღერდა - „ჩემთვის გაჩენილი“. მამაჩემის ბიზნეს პარტნიორის და მოკავშირე ოჯახის შვილი, სიცილიელი, მორჩილი. ნუ სხვა ამ შემთხვევაში ჩემზე იფიქრებდა, რომ ან ძალიან სულელი ვარ, ან ზედმეტი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე, მაგრამ მადონნა მია, გულს რა მოვუხერხო, რა დავმართო, ჩემს თავსაც ხომ ვერ მოვატყუებ? არ მიყვარდა, რომ ვხედავდი მის დანახვაზე სიხარულის ნაპერწკალი არ ღვივდებოდა ჩემს გულში, რომ ვეხებოდი უცაბედად ან უმანკოდ ვკოცნიდი ხოლმე ღაწვებზე მხოლოდ დროებით ვნების მოზღვავებას ვგრძნობდი და ეს გრძნობა სასაცილო რიდში და სათაყვანებელ პატივისცემაში გადაიზრდებოდა ხოლმე.ვერ ვიტყვი, რომ მას როგორც საკუთარ დას ისე ვუყურებდი და მის მიმართ არანაირი სხვა გრძნობა არ გამაჩნდა, მაგრამ არ ვიყავი მის ნახვაზე დამოკიდებული, მისი სახელის გაგონებაზე უცნაური სასიამოვნო ჟრუანტელი არ მივლიდა, მასზე ფიქრებში ღამეები არ გამითენებია, არ მიდარდია არასდროს მეტოქის გამოჩენის საშიშროებაზე. ალბათ ეს ყველაფრი ნაძალადევმა მომავალმა უპირობო ქორწინების მოლოდინმა განაპირობა, თორემ სხვა გარემოებაში მარიას გავაღმერთებდი, სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. - რისი სიცილიელი ვარ, საკუთარი ბედის განკარგვა თუ არ შემიძლია, საკუთარ ცხოვრებას თუ სხვას ვაგეგმინებ, საკუთარ თვითმყოფადობას თუ კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ? მამაჩემისთვის მარტივია, ერთადერთი ვაჟი იყო და ცოლად მოიყვანა ოჯახის დაუძინებელი მტრების - კატანეზების ულამაზესი ქალიშვილი. სიგიჟემდე ჰყვარებიათ ერთმანეთი და ამ ბუმბერაზმა სიყვარულმა მტრობით დანგრეული ურთიერთობები გაამთელა. ისტორია მეორდება, მაგრამ არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ცალმხრივი სიყვარულით განპირობებული მტანჯველი გრძნობებით, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა იმედს ვიტოვებდი, რომ ეს ყველაფერი მოვიდოდა და შემიყვარდებოდა, არა ისე, როგორც მთლად შექსპირისეული სიყვარულია გამოხატული, მაგრამ ისე მაინც, როგორც ნიბელუნგების ზღაპარში ზიგფრიდს ბრუნჰილდა შეუყვარდა, შედარებაზე გამეცინა, საიდან მომაფიქრდა ეს ლეგენდა არ ვიცი.- კარგად მარიანნა, შენ როგორ ხარ - შეიშმუშნა, ვერ იტანდა მარიანას რომ ვეძახდი ხოლმე.- ასე ცივად უნდა შემხვდე მარკო? არ გადამეხვევი? - გამომწვევად შემხედა და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა.- რასაკვირველია ასეთ შანსს ხელიდან არ გავუშვებ - მივუახლოვდი და გადავეხვიე, ვიგრძენი მისი გამალებული გულისცემა და სხეულის თრთოლვა, ალბათ სიხარულისგან და მონატრებისგან გაასმაგებოდა ქალიშვილს შეგრძნებები. გულის სიღრმეში რაღაც ჩამწყდა, რადგან არ ვიზიარებდი მის გრძნობებს, თანაც არ ვიყავი მასთან ბოლომდე გულწრფელი. მხრებში ნაზად მოვკიდე ხელი და ოდნავ მოვიშორე ჩემი სიახლოვისგან. ვიგრძენი რომ არ ესიამოვნა და უცებ ყურადღების გადასატანად წამოვროშე:- როგორ გაზრდილხარ, პირდაპირ ორნელა მუტის დამსგავსებიხარ - ვუთხარი და პირი გამეხა ისე გავიღიმე ჩემს სულელურ შედარებაზე. ისე ოდნავ წააგავდა მართლა.- არ მიყვარს ორნელა - პირქუშად ამოილუღლუღა - შენ კიდევ დაკაცებულხარ და რაღაც სხვანაირი იერი მიგიღია, თმა გაგზრდია, წვერიც მოგიშვია, გიხდება - ამათვალიერ ჩამათვალიერა.- კიდევ კარგი მთლად ლაწირაკი იყავი და კაცი გახდიო არ მითხარი - ნაძალადევად გავიღიმე, ისე იუმორის გრძნობას არ ვუჩივი, მაგრამ ამ გოგოსთან რაღაც უნიჭოდ გამომდის ხოლმე. ისეთ სულელურ იერს ვიღებ, ამაზე უფრო გაეცინება კაცს.- ეგრეც რომ იყოს, მხოლოდ ჩემი ლაწირაკი იქნებოდი და სხვა არავისი -კეკლუცურად დაასრულა.მე მაქსიმალურად სერიოზული სახე მივიღე, ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი ისე, რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი ჩემს ყვრიმალთან, და ვუთხარი:- სერიოზულად უნდა დავილაპარაკოთ მარია - მის ფირუზივით მწვანე თვალებს ჩავხედე, თვითონაც თვალს არ მაშორებდა.- მე სულ სერიოზული ვარ მარკო - მიპასუხა ღიმილით.- მე არ ვხუმრობ, მარია, დღეს საღამოს წვეულებაზე განვმარტოვდეთ როგორმე და დავილაპარაკოთ. ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი - ისეთი ტონით ვუთხარი, უდაოდ მიხვდებოდა მისთვის კარგის მომასწავლებელი თემა რომ არ იქნებოდა.- კარგი, როგორც მეტყვი, მე ვილა ბოლოჯიოზე ვიქნები ოჯახთან ერთად, ვიცი რომ დაპატიჟებული ვარ.მოკლედ შევთანხმდით, ლამაზ, მზემოკიდებულ ლოყაზე გამოსამშვიდობებელი კოცნა დავუტოვე და შევტრიალდი. გავეშურე იმ ადგილისკენ, სადაც სერჟიო მელოდა კათედრალის გამოსასვლელიდან რამდენიმე მეტრში, დიდი ასწლოვანი მუხის ჩრდილს შეფარებული.მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომის დადგომიდან მეოთხე დღე იყო, საშინლად ცხელოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მარია ისევ თვალს არ მაშორებდა, მაგრამ არაფრის დიდებით უკან არ ვიყურეობდი, არ მინდოდა ისევ ყალბი ღიმილით დამესაჩუქრებინა. სერჟიო და მე ლამის ჩვილობიდან ვმეგობრობთ, თანაც ძალიან ვგავართ ერთმანეთს ფიზიკურად და ხასიათის წყობითაც. უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის გულის წადილიც და ჩანაფიქრებიც. მაღალი, წაბლისფერი მოგრძო თმით, შავი ჭრელი, ნავის მოყვანილობის ლამაზი თვალებით და მოხეული, გაშლილი მკერდით მიყუდებულია მუხის მსხვილ ხეზე, ყურებამდე გაღიმებული მიყურებს და თვალს მიკრავს.სანამ საუბრისთვის შესაფერის მანძილზე მივუახლოვდებოდი ვერ მოითმინა და შორიდანვე შემომძახა:- რაო, შენი ვარ, შენთვის მოვკვდებიოოო? - თითქოს წაუმღერაო ისე წარმოთქვა. სწრაფად მივვარდი და თვალები დავუბრიალე, მართლა გავბრაზდი, არ მესიამოვნა მარიას ამგვარი აგდებული ხსენება.- არ გაბედო მასზე ხუმრობა, კაცური საქციელი არ არის! - შევუღრინე.- კარგი ხო, რა ვქვი ასეთი გასაგიჟებელი? მიპასუხა, ხელი მხარზე გადამხვია და დაღმართზე დავეშვით, მის სპორტულ ფერარიში ჩავსხედით. მყისიერად მოწყვიტა ადგილიდან და გააგრძელა საუბარი:- ამაღამ რას ვშვრებით, ვიმხობთ ერიშეს თავზე? - და ისევ თვალს მიკრავს. - მთელი სიცილიური ნაღები საზოგადოების მშვენიერება ვილა ბოლოჯიოზე იქნება, მამაშენმა არავინ დატოვა დაუპატიჟებელი. - ამ დროს გამომცდელი მზერა მესროლა. - შენ კი ხარ დაკავებული, მაგრამ მე რა მიშლის ხელს მაქსიმალურად ჩავიძირო სიცილიურ მშვენიერებაში.- არც მე არაფერი მიშლის, ერთი შენ მიშლი ნერვებს ხშირად - გადავულაპარაკე გაბრაზებულმა. შემდეგ მომინდა ავყოლოდი მის ახალგაზრდულ გულისთქმას და დარდი გადამეყარა გულიდან.- დღეს აუცილებლად, ბოლომდე ვერთობით - თვალი ჩავუკარი მეც, მაგრამ გულში რაღაც მთლად სასიხარულო მოლოდინის გრძნობამ არ დაისადგურა. მოახლოვებულ შეხვედრაზე და ჩემსა და მარიას საუბარზე ვფიქრობდი. გულში გეგმებს ვაწყობდი და საუკეთესო ვარიანტებს ვარჩევდი უმტკივნეულო, თავაზიანი უარებიდან. არ ვაპირებდი მის ცოლად მოყვანას და ეს ისე მყარად მქონდა ჩემს ფიქრებში გადაწყვეტილი, ვერ წარმომედგინა ამ გადაწყვეტილებას რამე თუ შემაცვლევინებდა.- სანაპიროზე დამტოვე სერჟიო, მინდა რომ ცოტა ხანი ვიფიქრო რაღაც საკითხზე და მე თვითონ მოვალ - ვუთხარი მე. მანაც ორაზროვნად გადმომხედა და თანხმობის ნიშნად თავი დამიქინია.სერჟიო ხვდებოდა რომ მთლიანად ჩვენი მომავალი ქორწინების ჩაშლის გეგმებზე ფიქრებით ვიყავი მოცული და ამიტომაც არ გაუპროტესტებია ჩემი მარტო დარჩენის სურვილი. ჩამომსვა სანაპიროზე, ხელის მხედრული მოძრაობით დამემშვიდობა, ჩაოო! მესროლა და ადგილიდან ტყვიასავით მოწყდა.დიდხანს ვიბოდიალე ერიჩეს ისტორიული ქალაქის ვიწრო და მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში. მიყვარს ეს ადგილები, მიყვარს ეს მყუდრო და პატარა ქალაქი, საიდანაც ჩვენი გვარის ისტორია იწყება; თბილი და ოდნავ ნოტიო ჰავა; ძველებური დახლები და ტრადიციული საჭმელები. პატარა პიაცები ლამაზი შადრევნებით და ამ შადრევნებთან ახალგაზრდა შეყვარებული ჩახუტებული წყვილებით.ჩვენი გემიც დავინახე ნავსადგურთან, დიდი ასოებით აწერია ბოლოჯიო. ასვლა მომინდა, მაგრამ გადავიფიქრე. ისევ მარიაზე ფიქრებმა წაიღო ჩემი აზრები.- ნეტა ჩემი აკვიატება სჭირს თუ მართლა ვუყვარვარ? ალბათ აკვიატებაა... ვხვდები რომ თავს ვიმშვიდებ, მაგრამ ცხადია, რომ ასეთი აზრთა წყობა უფრო მაძლევს ხელს და ვაგრძელებ ფიქრს - ნეტა თუ შესაძლებელია ვინმე სხვა შეუყვარდეს? ან კიდევ უკეთესი, სხვისი ცოლი გახდეს? ან ნეტა ვინმე თუ ჰყოლია, სიახლოვე თუ ჰქონია, და ამ აზრმა ცოტა უსიამოვნო შეგრძნება დამიტოვა და მყისიერად უარვყავი გონებაში. - რა თქმა უნდა არავინ ეყოლებოდა, დაბადებიდან ჩემზე აქვს გაფანატებული... - შემზარა ამ დასკვნამ, მაგრამ სიმართლეს ეს უფრო შეესაბამებოდა. უკვე ოცი წლის ხდება და დროა ვინმე სხვაზე გადაიტანოს ფიქრები და სხვა შეუყვარდეს, მე ხომ უიმედოდ ვალოდინებ და ეს არც იცის. ალბათ ეჭვობს რომ მასავით არ მიყვარს, მაგრამ თუ უარყოფას ვუპირებ არ მგონია გრძნობდეს. რას გავიგებ, ეს ქალური გონება რას წვდება და რას განჭვრეტს, ან საითკენ მიექანება?! არ მგონია ასეთი მიამიტი იყოს, რას მიხვდები ამ ქალურ ფიქრთა სავლას, ერთს ფიქრობენ, მეორეს იძახიან, მესამეს აკეთებენ. გგონია მიუხვდი, აი ჭეშმარიტებასთან ახლოს ხარ და უცებ რაღაცაზე გებუტება, ისე რომ მთელი ცხოვრება რომ იფიქრო ვერ მოისაზრებ ამის მიზეზს და რა თქმა უნდა ქალი რისი ქალია, თუ აგიხსნა და გაგრძნობინა ხასიათის ცვლილების მიზეზი, შენ უნდა მიუხვდე გუმანით. მამაკაცს ეს გუმანი თუ არ აქვს, წასულია მისი საქმე, ისევე როგორც ამ მომენტში ჩემი საქმეა წასული, ვერასდროს ვერ ვხვდებოდი რა უნდოდათ ქალებს. ჩემი ჰარვარდელი მეგობარი მაიკლი კი სულ მიმტკიცებს, რომ ყოველთვის იცის რა სურთ ქალებს, მაგრამ მე მუდამ დავცინი, რადგან ყოველი მესამე მისი გაარშიყება სილის გაწვნით სრულდება ხოლმე. მაინც ვერ ამოვიცანი რას ფიქრობს მარია ჩემს მის მიმართ დამოკიდებულებაზე. ვააა რა შარიანი დავიბადე, გავჩენილიყავი სადმე აფრიკაში, მაგრამ წამში სომალელი ბავშვების პრობლემები გამახსენდა და შემრცხვა ჩემი აზრების...მოსაღამოვდა. ჩამოვდივარ ჩემი მშობლების სამსართულიანი სახლის, უფრო სწორად სასახლის კიბეებზე. ჩემი საძინებელი მესამე სართულზეა განლაგებული. ბავშვობიდან ასეა. ჩემი ოთახიდან საუცხოო ხედები იშლება, ყველას საძინებელი მეორე სართულზეა მოთავსებული და მე მარტო აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. ბავშვობაში ჩემი ძმა სალვატორე მაშინებდა და მიყვებოდა ათასგვარ სისულელეს: რომ მათ არ ვგავარ, მიშვილეს, რადგან ვიღაცამ კარის ზღურბლზე დამტოვა, დედას და მამას შევეცოდე და შვილივით მიმიღეს. რომ ერთხელაც ფანჯრიდან შემოიპარებოდა ნამდვილი მამა და გამიტაცებდა. თავიდან შიშით ვუყურებდი ხოლმე ღია ფანჯრიდან ქარის მიერ აშრიალებულ ფარდებს და კატების სახურავზე ბოდიალი შეიძლებოდა ადამიანის ფეხის ხმად მომჩვენებდა, მაგრამ, რადგან არადა არ მომიტაცეს, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი სალვატორეს ფანტაზიის ნაყოფი იყო და მეტი არაფერი. მესამე და მეორე სართულებს შორის დედა მხვდება და მისი სუსტი შკივლება მაფხიზლებს:- მარკო, რას ჰგავხარ, რას! ვიხედები სამოსზე და ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, ჩვეულებისამებრ ჯინსის შარვალი და შავი მაისური მაცვია.- რას ვგავარ დედა, ვერ მიგიხვდი, ჯერ-ჯერობით ისევ ის მარკო ვარ, აქამდე მოგწონდი - და თვალი ჩავუკარი.- ნუ მაიმუნობ, წადი და გამოიცვალე, სოლიდურად უნდა გამოიყურებოდე. მიდი თორემ ძალით წაგიყვან იცოდე - დამემუქრა დედა და ხელები დოინჯად შემოირტყა წელის ირგვლივ. ძალიან ლამაზია ამ დროს დედაჩემი. საშუალო სიმაღლისაა, თავისი ასაკისთვის საკმაოდ ტანადია და ისევ ახალგაზრდული იერი აქვს შენარჩუნებული. მისი გვარის ქალების ტრადიციისამებრ გძელი წაბლისფერი თმა აქვს და უკუნითი ღამის მსგავსი შავი თვალები. თვალებით ძალიან ვგავარ, და საერთოდ მისი იერი მაქვს, ყოველ შემთხვევაში ყველა აღნიშნავს ამ ფაქტს.ვინაიდან არ მიტოვებს არჩევანის საშუალებას, ავდივარ ჩემთან და მის ბრძანებას მორჩილად ვასრულებ. ვიმოსები მისი გემოვნებით, „სოლიდურად“ და ვდგები სარკის წინ, ამრეზით ვუყურებ საკუთარ თავს, არ მომწონს ეს „არისტოკრატიული იერი“, როგორც დედა აღნიშნავს სმოკინგში რომ მხედავს ხოლმე. მოპირდაპირე მხრიდან ჩემი გამოსახულება შემომცქერის, მაღალი, მხარბეჭიანი, ოდნავ წამოზრდილი დახუჭუჭებული თმით და წვერით. ეს სმოკინგიც სულს მიხუთავს, მაგრამ მიუხედავად ამისა ღრმად ვსუნთქავ და ჩამოვდივარ დიდ მისაღებ დარბაზში, რომელსაც ვილას პირველი სართულის თითქმის ნახევარზე მეტი ფართობი უკავია. დარბაზი გამოირჩევა რენესანსული პერიოდის მხატვრების ტილოების სიმრავლით და ჩვენი სახელოვანი წინაპრების პორტრეტებით. ჭერი თაღოვანია და მაქსიმალური სიმაღლე 5 მეტრს სცდება. აუარებელი რაოდენობის ხალხი ყოფილა მოზღვავებული. დარბაზის აღმოსავლეთ ნაწილში პალერმოს ცნობილი ორკესტრი უკრავს, დასავლეთ ნაწილში უშველებელი მაგიდაა გაშლილი სხვადასხვა ტრადიციული ადგილობრივი საკვებით, თუ ევროპული სამზარეულოს რეცეპტებით ნამზადი კერძებით. მომსახურე პერსონალი სასმისებში მხოლოდ ჩვენს ღვინოს ასხამს, „ვილა ბოლოჯიოს“. ერთი ჭიქა მეც ავიღე, ხელში მსუბუქად დავატრიალე და არომატი შევისუნთქე, შემდეგ ოდნავ ტუჩი დავისველე და მოვსვი ნახევრადმშრალი სიცილიური 2008 წლის მოსავლის ავოლას შავი ღვინო, საოცარი სურნელი აქვს. წამიერი იყო ეს სიამოვნება, და შემდეგ უკვე გავერიე ნათესავების და ნაცნობების დიდ წრეში.- მარკოო, რამდენი ხანია არ მინახიხარ, როგორ დაკაცებულხარ, შეცვლილხარ, ნამდვილი ბოლოჯიო ხარ, გულში მიკრავს ბიცოლაჩემი ლილიანა, მამიდაჩემი ლუჩია, ბიძაშვილები, მამიდაშვილები და შემდეგ უკვე სათვალავი ამერია. ავყევი მხიარულებას, მთელი ჩემი ოჯახი აქ იყო, დედაჩემი ფუსფუსებდა და დასტრიალებდა სტუმრებს თავს, ბებიაჩემი მაგდალენა თავის ნათესავებთან ცხარე კამათში იყო ჩართული და რომ დამინახა მანიშნა მასთან მივსულიყავი. მივედი და დაიწყო კიდეც ჩემი გამოცდა.- მარკო, ჩემი ბიძაშვილი ლუჩია მარწმუნებს, რომ ჰარვარდში მხოლოდ მასონები სწავლობენ და, სწავლის დაწყების დღიდან ფიცს ადებინებენ მხოლოდ ამერიკის ერთგულები იყონ, ისეთი სასოწარკვეთილი სახით მეკითხებოდა ბებია, გულიანად გადავიხარხარე. ამ საუბრის დამსწრე საზოგადოება, რომლებიც ბებიას ასაკის ხალხისგან იყო შემდგარი, ამრეზით მიყურებდნენ, გადაეწყვიტათ უკვე ჩემი ბედი და ჯაშუშის დაღი ჰქონდათ ჩემთვის დასმული. ჯერ ვიფიქრე, მეთქვა რა სისულელეა თქო, მაგრამ რატომღაც ძალიან მომინდა მაიმუნობა და დავიწყე სერიოზული სახით:- მასონი, ბებიაჩემო, არის ძალიან საპატიო წოდება, მით უმეტეს ჩემნაირი ტრადიციული წარმოშობის სიცილიელისთვის! ჩვენ იქ მსოფლიო მნიშვნელობის საკითხებს ვწყვეტთ და ეს არაფერ შუაში არ არის ჯაშუშობასთან. მოვა დრო და იტალიას მასონები გადაარჩენენ - ბებიაჩემს საოცრად შეეცვალა სახე, გაფითრდა, ხელი თავის ჯოხზე მყარად დააყრდნო და რაღაცის ამოლუღლუღება დააპირა, ამ დროს სერჟიო მოგვიახლოვდა და უცებ ღიმილნარევი სახით იკითხა:- ბერლუსკონი გარდაიცვალა, თუ რას ვგლოვობთ ბებიაჩემო, რა პანაშვიდის იერი გაქვთ მიღებული? მე ისევ არ ვეშვებოდი ცუღლუტს და ვუპასუხე:- ჩემს მასონობის პირველ საფეხურებს განვიხილავთ - ძლივს შევიკავე სიცილი.- რას განიხილავთ? - გაკვირვება გამოეხატა სახეზე სერჟიოს და შემდეგ ჩემი თვალის მოძრაობა რომ დააფიქსირა ამყვა ოხუნჯობაში - ააა, მე მეგონა ახალი თქვით რამე, ესე იგი შენი სათაყვანებელი სილვიო ცოცხალია, მადლობა ღმერთს.- შენც იცოდი? - ათრთოლებული ხმით ეკითხება ბებია სერჟიოს და ვატყობ, რომ ნელ-ნელა უფრო და უფრო ცუდი ფერი ედება მის ნაოჭებიან ლამაზ სახეს.- რა ცოდნა უნდა, ჩვენც გაგვაწევრიანა იტალიურ მასონურ ელიტურ კლუბში. ამ დროს დავინახე, თუ, როგორი მტრული გამომეტყველებით გვაკვირდებოდა ხანშიშესული საზოგადოება ხან მე და ხან სერჟიოს. - ვაიმე გულიო, რომ შეჰკივლა ბებიამ, მაშინ მივვარდით ორივენი და ავუხსენით, რომ ეს მისი ბიძაშვილების სულელური ნაბოდვარი იყო და რომ მის სათაყვანებელ ნათესავებსაც კი არ დაეჯერებოდა ყველაფერი.ცოტა ხანში დავინახე როგორ ატყდა ჩოჩქოლი და ჩუმი გადალაპარაკებები დამსწრე საზოგადოებაში. გავიხედე იმ მიმართულებით, საითაც ყველა იყურებოდა და გავშრი: მარია მოდიოდა ოჯახთან ერთად, არა, კი არ მოდიოდა მოსრიალებდა მარმარილოს იატაკზე. გრძელი ძოწისფერი ტანზე მომდგარი კაბა ეცვა, ღია გულით და მხრებზე ოდნავ გადაგდებული პატარა მკლავებით. დიდად მოდაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ეს რაღაც საოცრება იყო მის სხეულზე. ალბათ მისი ნატიფი და ქალური ფიგურები განაპირობებდა ამ სილამაზის არამიწიერ შეხედულებას. შავი თმა აწეული ჰქონდა გარდა რამდენიმე კულულისა, რომელიც სიარულის დროს შრიალით ეხებოდა მის შველივით კისერს. ამ სამოსის ფონზე ზურმუხტისფერი თვალები მთლად გაზაფხულის ხასხასა ბალახისფერი მოუჩანდა ხშირი შავი წამწამების ქვეშიდან და საოცარ მიმზიდველობას სძენდა. ყველას მზერა მასზე იყო მიმართული, ხოლო მისი მხოლოდ ჩემზე. რამდენი მიყურებდა შურის თვალით ეს არაამქვეყნიური სილამაზის არსება მხოლოდ მე რომ მაღიარებდა მის პარტნიორად და მომავალ პატრონად.პირდაპირ ჩემკენ გამოემართა. ორკესტრმა არგენტინული ტანგოს დაკვრა დაიწყო. რატომღაც ძალიან მომინდა მასთან ცეკვა და არც მიკითხავს, ისე მოვხვიე წელზე ხელი და დარბაზის შუაგულში ძალიან სწრაფი მოძრაობით რამდენჯერმე დავაბზრიალე. ყველა ჩვენ გვიყურებდა, მაგრამ ეს ფაქტი პირიქით უფრო მაგულიანებდა. დავიწყეთ და ცეცხლი დავანთეთ, ძალიან ვნებიანად და გულწრფელად ვცეკვავდით, მე თვითონაც არ მესმოდა რატომ, მე ხომ ის არ მიყვარდა, მაგრამ ყველას გვიდგება დღე, როდესაც ამის საპირისპირო აზრის გაბატონებას ვცდილობთ საკუთარ გონებაზე.დასრულდა მუსიკა, მარია დავაბზრიალე, ჩემს მარჯვენაზე ზურგით გადავიწვინე და ასე გავშეშდით, სანამ აპლოდისმენტების ხმამ არ მოგვიყვანა გონებაზე, გავასწორე წელში და ცენტრიდან გავიყვანე.- რას დალევ - ვკითხე და ხელზე ვეამბორე.- ისევ ისე კარგად ცეკვავ, - მითხრა ღიმილით - მაგრამ ტანგო ჩემთან პირველად იცეკვე, ძალიან კარგად კი გამოგდის - თვალს არ მაცილებს, თითქოს უნდა ვნების ცეცხლი მომიკიდოს და დამფერფლოს ამ დაჟინებული მზერით, მაგრამ რა იცის, რომ ჩემზე ამგვარად არ მოქმედებს. - ხო ისე შენს გაკეთებულ კალაბრეზეს დიდი სიამოვნებით დავლევდი, ვიცი რომ კიდევ დაგრჩა, ქორწილისთვის ინახავ - კეკლუცად ჩაიღიმა.- ხო ვინახავ, ახლავე მოვიტან - ვუთხარი და გავეშურე მარნის იმ ნაწილისკენ, სადაც ჩემი მუხის კასრი მეგულება. რამდენიმე კასრი მქონდა ჩემი განსაკუთრებული რეცეპტით დაყენებული და მართლაც საუცხოო გამოვიდა. ცოტა ჩამოვასხი იქვე მდგარ დოქში, საოცარმა სურნელმა არ მომცა საშუალება არ დამეგემოვნებინა მცირეოდენი და დარბაზისკენ ამოვბრუნდი. უცებ მამას კაბინეტის კართან ხმამაღალი საუბრის ხმა მომესმა, არ ვაპირებდი გაჩერებას, მიყურადება რა კაცის საკადრისია, მაგრამ ამ დროს ჩემი სახელი გავიგონე. მივუახლოვდი კარს და დავინახე მარიას მამა და მამაჩემი როგორ საუბრობდნენ.- ხომ იცი, რობერტო, მომავალ წელს მაინც უნდა იქორწინონ. დაილია მარია დარდით, ის არც სწერს არც ეხმიანება ამერიკიდან, მხოლოდ წელიწადში რამდენიმეჯერ თუ მოკრავს აქ თვალს.- კი მაგრამ, სილვიო, მათ ხომ უნდა ვკითხოთ, იქნებ მომავალ წელს ვერ...- არ მაინეტრესებს, - ხმამაღლა გამოაცხადა ლომბარდომ - რა საჭიროა ამდენი გაჭიანურება მეგობარო - მიხვდა რომ უადგილოდ აუწია ტონს და ცოტა შეარბილა სიტყვა. - 19 წლის წინანდელი აღთქმა ხომ უნდა შესრულდეს, რაღას ველოდოთ. თან მომავალ წელს სწავლასაც ამთავრებს მარკო და ორმაგად აღვნიშნავთ. შენთვის ხომ ისევ მნიშვნელოვანია, მეგობარო ჩვენი კავშირი და პარტნიორობა, თუ ხელი აიღე, ჰააა? - ნაძალადევი ხუმრობით მხარზე ხელი შემოჰკრა მამაჩემს. მამა ჩაფიქრებული იყო, მივიდა თავის ანტიკვარულ მაგიდასთან, თარო გამოსწია და კუბური სიგარები ამოიღო. ლომბარდოსაც შესთავაზა, მან უარი უთხრა. მაშინ ერთი ცალი ამოიღო, თავი საჭრელით მოჭრა და გააბოლა.- ტრადიციისამებრ ყველაფერი წესრიგში იქნება, სიტყვას გაძლევ! - ისეთი სერიოზული სახით გამოუცხადა ლომბარდოს, რომ მასაც საუბარი აღარ გაუგრძელებია და სხვა თემაზე გადავიდნენ.მეხის გავარდნასავით ჩამესმა ყურში - სიტყვას გაძლევ! - მამაჩემი ხომ კანონს დაარღვევდა და სიტყვას არ გასტეხდა, მაგრამ მე რა დავაშავე?! რატომ დავიბადე ბოლოჯიოდ, თანაც ნაბოლარა ბოლოჯიოდ?! წამიერად ყველაფერმა აზრი დაკარგა და სევდის უფსკრულში გადავვარდი. მივაბიჯებდი დიდი დარბაზისკენ და ირგვლივ ვერავის ვამჩნევდი. ჩემი ბოლო იმედიც წარსულმა ოცნებამ თან წაიყოლა და ბედთან შეგუების ბუნებრივი მექანიზმი ამუშავდა ტვინის ორივე ნახევარსფეროში.ცოტა რომ გამოვერკვიე, მივხვდი, რომ მარიას გვერდით ვიდექი, ის კალაბრეზეს ღვინით სავსე ჭიქას წრუპავდა და სიამოვნებისგან თვალებს ნაბამდა.- რა მოხდა მარკო, ასე დაგღალა ცეკვამ? რა სახე გაქვს? - ღიმილით მკითხა მარიამ. უცებ ძალიან მომინდა მისთვის მეყვირა და გავცლოდი, მაგრამ მან რა დამიშავა, ერთადერთი ის, რომ მისმა გადამეტებულმა სიყვარულმა და ჩემზე დამოკიდებულებამ მიმიყვანა ამ მდგომარეობამდე.-არაფერი, მარია - გამოვცარი კბილებში, - უბრალოდ ძალიან მომინდა დალევა. მიმტანს ხელით ვანიშნე მოსულიყო. ორი ჭიქა ღვინო გამოვართვი და ორივე მყისიერად გამოვცალე. ვთხოვე კიდევ მოეტანა და ისევ ამოვაცარიელე ჭიქები. მარია გაშტერებული მიყურებდა და თავის კალაბრეზეს ნელ-ნელა წრუპავდა.ვიგრძენი თავში როგორ დამიარა სასიამოვნო დაბუჟების შეგრძნებამ და მომინდა თრობით დავმტკბარიყავი და აღგზნებული ნერვული სისტემა ამით დამემშვიდებინა. ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი.- იქნებ მეტი აღარ გინდა - მორიდებულად შემაპარა მარიამ - რამე უნდა ჭამო კიდეც, ძალიან მოგეკიდება.- იქნებ მინდა - უცებ წელზე ხელი მოვხვიე, ჩემსკენ მოვზიდე და თვალებში ჩავხედე. ოხ, როგორ მომინდა მეტკინა, რამე დამეშავებინა მისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა მხოლოდ წამიერად, ხელადვე დავუბრუნდი საღ აზრს და ცივად გავუშვი ხელი.- მარკო, რა გემართება - შეშფოთებული ხმით მეკითხებოდა მარია.- წამოდი ვიცეკვოთ, - ხელი ჩავკიდე და აჩქარებული ნაბიჯებით დარბაზის ცენტრისკენ წავიყვანე. ვცეკვავდით ყველაფერს და ყველანაირი მუსიკის თანხლებით, თანაც შუალედებში ღვინოს ვსვამდი. ვატყობდი, რომ ძალიან მებინდებოდა გონება, აშკარად კარგად ვიყავი შემთვრალი. - მარკო, ძალა კი გერჩის, მაგრამ მთლად ჩემზე ნუ გამოცდი - ღიმილით შემომჩივლა. მივხვდი, რომ ხელს ზედმეტად ძლიერ ვუჭერდი მკლავზე. - წავიდეთ, - მბრძანებლური ტონით გამოვუცხადე და წავიყვანე გასასვლელისკენ.- სად მივდივართ, მარკო? - შეშფოთებული, ოდნავ შეშინებული ხმა ჰქონდა, მე ხმას არ ვცემდი და მანქანისკენ მიმყავდა - კი მზად ვარ ქვეყნის დასალიერში წამოგყვე, მაგრამ მაინც სად მივდივართ? - მკითხა მორიდებულად.- ნახავ სადაც მივდივართ! - შევუღრინე და გაჩუმდა. მანქანა ძალიან დიდი სისწრაფით მოვწყვიტე ადგილს. ხმას არც ერთი არ ვიღებდით. მივედით მამაჩემის ერთ ერთ ბინაში ერიშეს ცენტრში, რომელსაც ბავშვობაში მე და ჩემი ძმები გოგოებთან განმარტოებული პაემნებისთვის ვიყენებდით ხოლმე. საკმაოდ მყუდრო და ლამაზი ბინა იყო, ძველებური დეკორებით და პასტელური ტონების გარდამავალი ეფექტებით კედლებზე.- აქ რატომ მომიყვანე? - მკაცრი ტონით მკითხა მარიამ. - შენ ხომ მაგაზე ოცნებობ, ხოდა გისრულებ ოცნებებს! - ჩემკენ მოვიზიდე და მის შიშისგან ათრთოლებულ ტუჩებს დავეკონე. ვკოცნიდი ძალიან ძლიერ და ვნებით, მისი გამაგიჟებელი სურნელი მისი დაპყრობის სურვილს მიასმაგებდა და არ ვაქცევდი ყურადღებას უმნიშვნელო წინააღმდეგობას და სუსტ უარებს. ვგრძნობდი მის გახშირებულ სუნთქვას და გამალებულ გულისცემას, ჭკუიდან მშლიდა და უფრო მახელებდა მისი სიტყვები, რასაც ხშირად მიმეორებდა, -მარკო, ძალიან ჩქარობ, ძალიან მთვრალი ხარ. მე კი დავივიწყე ყველანაირი სხვა განცდები და გადავეშვი სიგიჟის მორევში. - შენ ჩემი პირველი მამაკაცი ხარ იცოდე - ჩურჩულით მითხრა - ამდენი წელი შენ გელოდებოდი. ამ სიტყვებმა საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანა, უცებ ხელში ავიტაცე და საძინებელში შევიყვანე. საწოლზე ნაჩქარევად დავაწვინე, ვკოცნიდი ანგარიშმიუცემლად, გიჟურად, თავდავიწყებით. კაბის ზედა ნაწილი მოვიქციე ხელში, გახსნის დრო და ადგილი ნამდვილად არ იყო, ამიტომ გახევა დავაპირე, რომ უცებ მარიამ მკითხა: - გიყვარვარ მარკო? - მისმა შეკითხვამ თავზე ცივი წყლის გადასხმის ეფექტით იმოქმედა. ისეთი მუდარა იხატებოდა მის კითხვაში, რომ მივხვდი ძალიან ცუდად ვექცეოდი მას, ხელი გავუშვი და წამოვხტი. მაშინღა გავუწიე თავს ანგარიში, რომ არ მიყვარდა და ეს ვნების და ბრაზის დროებითი გამოვლინება მას დიდ უბედურებას მოუტანდა. მიუხედავად ყველაფრისა ნამდვილად არ იმსახურებდა მთელი ცხოვრების ოცნებები და მოლოდინები მთვრალი კაცის ვნების დაოკების მიზნებისთვის შეეწირა. - მარია მაპატიე, ჩემს თავს ვეღარ ვცნობ, მაპატიე - ვუთხარი და გავვარდი ბინიდან. მანქანამდე თავქუდმოგლეჯილმა ჩავირბინე და ჩემი სპორტული პორშე ადგილიდან მოვწყვიტე...
- მარკოოო, არ გესმიის შვილოოო, მარკოოოოო? - დედაჩემის ყვირილმა გამომარკვია ფიქრებიდან და ისევ აწმყოში დამაბრუნა.
- ხოო დედაჩემო, მესმის, მემის! ჯერ ვერ დაგიყრუებივარ, რა გაყვირებს? - სიცილით ვეუბნები და საჰაერო კოცნას ვუგზავნი ტელეფონში.
- მოკლედ გელოდები შენი მეგობრებით, ჩემო ძვირფასო შვილო, ვინ მოგყავს? მაიკლი და საიდი წამოიყვანე აუცილებლად. ფილიპიც არ დამიტოვო იცოდე! ხომ დაპატიჟე ? 2 წელია არ ყოფილან, თან ჩვენი ტრადიციული ქორწილიც არ ექნებათ ნანახი.
- კი ვუთხარი და დღეს მეტყვიან პასუხს - არადა საერთოდ არც გამხსენებია არათუ მაიკლი, საიდი და ფილიპი, არამედ ქორწილიც კი. უცებ შემეშინდა ხმამაღლა არ წამომეროშა რაიმე სისულელე და დედას მალევე დავემშვიდობე.
ცოტა ხანში ისევ გაისმა ჩემი ტელეფონის მონოტონური ზარის ხმა, ისე მაღიზიანებდა ეს რაღაც მობილურის ქახნული მუსიკა, რომელიც ანდროიდების უმრავლესობას აქვს, მაგრამ რატომაღაც არასდროს მომსვლია აზრად შემეცვალა. ვიღებ ყურმილს და მაიკლი ჩამყვირის ყურში:
- ამიგო, სად ხარ სააად? გირეკევ და სულ დაკავებააა, ვის ელაპარაკები ამდენს? თუ ლაივში ნაშები არ გყოფნის და სატელეფონო სექსზე ხარ გადასული, ჰა? - და გულიანად ხარხარებს.
- შე უნიჭო, დედაჩემს ველაპარაკებოდი ვიდეოზარით, სხვათაშორის ქორწილში ხარ დაპატიჟებული და იმედია არ გცალია.
- ვაა როდის?! - შეჰყვირა გახარებულმა - რას ჰქვია არ მცალია, იტალიურ ქორწილს არ გამოვტოვებ არაფრის დიდებით, არც იოცნებო, ან ვისი ქორწილია?
- ჩემი ძმის, ხვალ! მთელი ჰარვარდია მგონი დაპატიჟებული, ყოველ შემთხვევაში დედაჩემს ასე ნებავს, მაგრამ შენ, საიდი და ფილიპი განსაკუთრებით. ანუ წამოხვალთ?
- საიდის არ ვიცი ამიგო, მაგრამ მე რომ უეჭველი იქ ვარ ნაღდად ვიცი, ერთი კაი იტალიანკა არ მაწყენდა და მამაშენის წითელი სიცილიური, შარშან რომ ჩავწექით შენს დაბადების დღეზე.
- ხო კარგი, საიდს და ფილიპს დავურეკავ, ან საერთოდ შევიკრიბოთ ცოტა ხანში ჩვენს პაბში.
- ოკ ამიგო - ვუთიშავ ტელეფონს და საიდსა და ფილიპს ვიბარებ ჩარლზის სანაპიროსთან მდებარე ძალიან ძველ პაბში, სადაც უნივერსიტეტის საქმიანობიდან თავისუფალ დროს ვატარებთ ხოლმე.
შევდივარ პაბში, ბიჭები უკვე იქ მხვდებიან ბარის დახლთან და გერმანულ ლუდს წრუპავენ. მაიკლი, ჩვენს შორის ყველაზე მხიარული და ენამოსწრებული, თვით ბარგლი თაუერსის ქსელის დამფუძნებლის ერთადერთი ვაჟიშვილი და ჩემი უახლოესი მეგობარია. მისი გარეგნობა სრულ თანხვედრაშია მის წარმოშობასთან, ტიპიური ირანდიელია, ფართე, მაგრამ საკმაოდ მომხიბვლელი პირისახის, ზომიერად განიერი ყბების მოყვანილობით და ჭროღა, ღია ფერის თვალებით. ოდნავ კეხიანი ცხვირით, რომელიც მას ნაკლოვანების მაგივრად ღირსებას უფრო სძენს და მზის ჩასვლის დროს ჰორიზონტზე გამოსახული სხივების ანარეკლივით მოწითალო-ნარინჯისფერი თმის ფერით. მაიკლი სულ ფორმაშია, სუსტი სქესის წარმომადგენლების სიყვარული მოტივაციას უმაღლებს, რომ სულ ფორაში იყოს, ამიტომ მუდამ ვარჯიშობს და მისი მაღალი სხეულიც სულ კუნთებით არის დახუნძლული. ისეთი მსხვილი მაჯები და ხელის მტევნები აქვს, მტერსაც არ ვუსურვებ მის გაბრაზებას და საკუთარ თავზე მაიკლის მუშტის ძალის გამოცდას. როგორც ყოველთვის, ახლაც სულ მისი როხროხა ხმა მოისმის მთელს პაბში.
საიდი, ანუ მეორეს მხრივ საიდ იბნ ისმაილ ჰასან რაშიდ ალ-მაქთუმიი, არაბეთის ცნობილი შეიხის ისმაილ ჰასან იბნ სალიჰ თურქამ ალ-მაქთუმის ვაჟი და მემკვიდრე, რომელიც დასავლური განათლებისთვის ჰარვარდში მოავლინეს და ამით ჩვენს მეგობრობასაც საწინდარი შეუქმნეს. საიდი საშუალოზე მაღალი, წვრილი აღნაგობის მაგრამ აქტიური და სპორტული ცხოვრების წესისგან გაკაჟებული და კუნთმაგარი ახალგაზრდა კაცია, რომლის შავი კანის ფერი და მელიისებური მოყვანილობის მუქი თვალები ზღაპრული ალადინის და პრინცის შთაბეჭდილებას დაგიტოვებდათ. მისი კანის ფერი ჩვენი მუდმივი ხუმრობების საგანი იყო, არა იმიტომ რომ მართლა განვასხვავებიდით ჩვენგან, არამედ მაიკლმა ერთხელ შეამჩნია, რომ არ მოეწონა, როდესაც მის სახეს შოკოლადის ფერი დავუძახეთ და ეს საკმარისი ნაპერწკალი იყო ჩვენთვის, რომ ამგვარი ხუმრობების კოცონი არასდროს ჩაგვექრო.
ფილიპი კი თავიდან ფეხებამდე ფრანგია. ტანმორჩილი და არასპორტული აღნაგობის. მუქი ხუჭუჭა თმით, თოვლივით ქათქათა თეთრი ფერის კანით და სწორი ფრანგული ცხვირით. ტუჩების მოყვანილობა აქვს იმგვარად მოწყობილი რომ სულ გაღიმებული ჩანს, თუ სულ იღიმის, დღემდე ვერ დავადგინე. ის ჩვენს შორის ყველაზე ჰუმანური და პოზიტიურია, ასე ვთქვათ, მშვიდობის მტრედია ქორებს შორის აფრენილი.
- ვაა ჩვენი მაფიოზააა!!! - ასე მეძახდა ხოლმე ხშირად მაიკლი, თვით ბარგლი თაუერსის ქსელის დამფუძნებლის ერთადერთი ვაჟიშვილი და ჩემი მეგობარი - მოდი მოდი ნუ გერიდება - როგორც ყოველთვის, ენამწარეობას არ იშლის და თან იკრიჭება სიცილიელი ვაჭარივით.
- შენ როგორც ჩანს ჩემი მუშტის სიმძიმე მალ-მალე გავიწყდება ამიიგოო - ვეუბნები ნახევრად სერიოზულად და თან მეცინება. მახსენდება ჩვენს დამეგობრებამდე ჩვენი ხელჩართული ჩხუბი გოგოს გულისთვის.
- მოდი, მოდი, თორემ ქორწილის ნაცვლად გაგიშვით ხვალ რეანიმაციაში - ამბობს მაიკლი და კვდება სიცილით ისე მოსწონს თავისი ხუმრობა.
ყველას მეგობრულად ვესალმები დღევანდელი პოპულარული გვერდული ხელის ჩამორთმევის ჟესტით და ადგილს ვიკავებ მათ გვერდით.
- ჰაა, მზად ვართ სიცილიური საღამოებისთვის? გაქვთ 45 კალიბრიანები, თუ დაგახვედროთ იქ? - გამომცდელად ვუყურებ ჩემს ძმებს და ვიღიმები.
- შენ ნეტავი 90-60-90-ს დაგვახვედრებდე და არ გვინდა მეტი - გულიანად გაგვეცინა ყველას...
- მე ხვალ მამაჩემთან ვაპირებდი ემირატებში წასვლას, მაგრამ გადავდებ! ბოლოჯიო ფართს ვერ მოვაკლდები ვერაფრის დიდებით - გამიღიმა საიდმა, რომელიც თავის სახელოვან შეიხ მამასთან შეხვედრაზე იძახდა უარს ან ჩემს გამო, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ან უფრო ქორწილის და იტალიური გართობის გამო.
- მე ჩიტივით თავისუფალი ვარ, არსად არ მივდივარ, პარიზიც დამელოდება როგორმე, შენი ვარ მოკლედ და შეგიძლია აღარ დამიწყო ხვეწნა, მოვდივაარ! ვივა ლა სიცილია! - წაუმღერა ფილიპმა, რომელიც ყველაზე თავმდაბალი იყო ჩვენს შორის, მიუხედავად მისი მამის მაღალი ჩინისა საფრნგეთის მთავრობაში.
- მოკლედ ამიგოს, ხვალ დილის რეისზე ვიღებ ბილეთებს და მზად იყავით. - ახლა წავედი, რაღაც საქმეები მაქვს. მეგონა დავასრულე და შემოვბრუნდი გასასვლელისკენ, რომ უკნიდან ვიღაც მომეხვია. მოვიხედე და ჯესიკა მიყურებს გაღიმებული.
- მარკ საით? მე სულ აღარ გახსოვარ? - ყელზე ჩამომეკიდა ჯესი, მაღალი, გამხდარი, ქერა ლამაზმანი, მასაჩუსეტსის ფილოსოფიური სკოლის პირველ კურსელი. გავხედე ბიჭებს და მხრები აიჩეჩეს გაკვირვების ნიშნად, თან იღიმოდნენ.
- შენზე გავიგე ხვალ იტალიაში მიდისო.
ამის გაგონებაზე მრისხანე მზერა ვესროლე ბიჭებს და ყველამ ორაზროვნად ამარიდა თვალი.
- საიდან ჯეეს? - ვკითხე გაკვირვებული ტონით.
- შენ გავიწყდება ინდიელების შთამომავალი რომ ვარ? - თვალი ჩამიკრა - განვჭვრიტე.
- ვააუ, შენ ისიც გეცოდინება ხვალ კალიფორნიის და მასაჩუსეტსის კლუბების ფეხბურთის მატჩი რა ანგარიშით დასრულდება, ბიჭებს დავენიძლავე და მომაგებინებდი - ბიჭებმა გადაიხარხარეს.
- რა უცერემონიო ხარ რა მარკ, მე ასეთს არ გიცნობდი, - გაბუსხა ტუჩები, ზურგისკენ შეტრიალდა და წასვლა დააპირა, მოვაბრუნე და სიცილით ვუთხარი:
- რა გჭირს ჯეეს, შენ ხომ ხუმრობას და ცერემონიალიზმს არჩევდი ერთმანეთისგან?
- მეც მიგყავაარ? - გამომცდელად შემომხედა უცებ.
- საად? - ვითომ ვერ ვხვდები.
- სად და მატჩზე! ნუ სად ახლა და ქორწილში ხვალ?
- იცი რააა, - შევიშმუშნე და ხელით დაბნეულობის დასაფარად შუბლი მოვისრისე.
- გუშინ წინ ღამე ამდენი არ გიფიქრია! გასაგებია ყველაფერი - და ისევ წასვლა დააპირა,
კვლავ შევაჩერე.
- ოკეი, წამო. - ბიჭებისკენ გახედვა არ მინდოდა, ისედაც ვგრძნობდი მათი გაკვირვებისგან გადმოკარკლული თვალების ენერგიას. მათ ხომ იცოდნენ იქ რომ მარია მელოდა...
როგორც მოგვიანებით ბიჭებისგან გავიგე, ჯესს მოუსმენია მათი საუბარი ხვალინდელ ქორწილზე სანამ ისინი მის მოახლოებას იგრძნობდნენ და შემდეგ უკვე დამალვას აზრი არ ჰქონდა. ჯესი სიხარულისგან შეხტა, ყველას დაგვემშვიდობა, მე ვნებიანად მაკოცა და მოსამზადებლად გაიქცა.
- ბიჭოოოო, რატომ მოსწონს ყველა გოგოს შენნაირი სიცილიელი ხეპრე, ვერ ამოვხსენი რაა - ფილოსოფიურად გააქნია თავი მაკლმა, - როცა ამდენი წარმოსადეგი ჯენტლმენები ვართ ირგვლივ?
- იმიტომ, რომ ჯენტლები კი არა მენები ევასებათ ამიგოო!! - და სწრაფად გამოვვარდი პაბიდან, რადგან მაკლი და საიდი მუქარით გამომიდგნენ. ფილიპი კი კვდებოდა სიცილით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent