მწვანე
მწვანე ეს იყო ბედის ირონია,თუკი შეიძლება ამას საერთოდ ბედი ან ირონია ეწოდოს.ოთხშაბათი იყო,ექვსი ივნისი,ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდი გზას საკუთარი კაბინეტისკენ,თეთრი ხალათი მეცვა როგორც ყოველთვის და ყვითელი კონვერსები.ცხელოდა და სწორედ ამ სიცხეს ვაბრალებდი უცნაურ შეგრძნებებს ჩემში,დილიდან,რომ არ მაძლევდნენ მოსვენებას.საკუთარი კაბინეტის კარი გამოვაღე და იმავ წამს გაუაზრებლად ვიტაცე ხელი ხალათის ჯიბეზე,სადაც მწვანე კალამი და იასამნისფერი ფანქარი მეგულებოდა... დღემდე არ ვიცი,არც მაშინ ვიცოდი რატომ გამიწია გულმა სანაპიროსკენ იმ ნისლიან საღამოს.ზღვა იყო წყნარი,თუმცა შესაძლოა არციყო, ვინ იცის...ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდი,უფრო სწორად გაუაზრებლად მივდევდი საკუთარ ფეხებს უცხო მიმართულებით რომ მიმარბენინებდნენ.ფიქრებში ჩაძირულმა, როდესაც საკუთარ საქციელს გამართლებას ვუძებნიდი,ნაპირთან მჯდარი მამაკაცი შევნიშნე. იგი ხატავდა.და მე გამეცინა,გამეცინა გულიანად,ისე,როგორც იცინიან ბავშვები.განა სასაცილო არ არის?ხატავდე ნისლს ამ ნისლში. უსათუოდ გიჟია,აბა მხატვარი და ნორმალური სად გაგონილა...ფეხები დავიმორჩილე და ნაპირისკენ დავეშვი,სადაც ნისლი მუზად გადაექციათ.დღემდე არ ვიცი,არც მაშინ ვიცოდი რატომ მივედი მამაკაცთან,რომელსაც თავადვე ვუწოდე გიჟი... _რას ხატავთ? _საიდუმლოა. _იდუმალიც. უცნობმა აუღელვებლად ამოწია თავი და თვალებში მომაჩერდა.წვრილი,შავი თვალები ჰქონდა,გამჭოლი მზერა და სანდომიანი ღიმილი. ტილო სუფთა და ხელუხლებელი იყო,საღებავებიც და ის ხელებიც გულთან,რომ გადაეჯვარედინებინა უცხო მამაკაცს. _მე მეგონა,რომ ნისლის ხატვით იყავით დაკავებული. _ნისლის? წარბები ასწია და უცნაურად ჩაეღიმა. _საინტერესოა...ღირს ამაზე დაფიქრება. _შეიძლება ვნახო? თვალით ვანიშნე ნახატზე,რომელიც მის ფერხთით იდო ცივი ქვების გროვაზე.თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ნახატი გამომიწოდა. პორტრეტი იყო,ლამაზი ქალის პორტრეტი,რომელიც არ ვიცი რატომ,მაგრამ ძალიან მეცნობოდა. _რა ლამაზი ქალია,ფანტაზიაა თუ... _არ არის ჩემი ნახატი. _აბა ვისია? _ჩემი პერსონაჟის. _ვისი? _ჩემი პერსონაჟის. _და ვინ არის თქვენი პერსონაჟი? _ჩემი პერსონაჟი,უბრალოდ ჩემი პერსონაჟია,რომელიც თავად შევქმენი და ის მხოლოდ ჩემია და არა საზოგადო,მხოლოდ მე მეკუთვნის და არა საზოგადოებას. _და რატომ არის მისი ნახატი თქვენთან? _მოვიპარე და იმიტომ. _საინტერესოა,თქვენ თქვენივე პერსონაჟს მოპარეთ ნახატი... _დიახ,სწორედ ასეა. _იცით?ძალიან უცნაური ხართ. _თქვენსავით. _ჩემსავით? _ნისლის ხატვა... გვერდით გადახარა თავი და ისევ ისე,უცნაურად ჩაიღიმა. _ლამაზი ღიმილი გაქვთ. გურწრფელი იყო ჩემი კომპლიმენტი. _ჰოო,ეს მეც შემიმჩნევია. _როგორი თავმდაბალი ხართ. _სულაც არ ვარ თავმდაბალი,თუმცა საკუთარი თავი არ მიყვარს,ყველა მიყვარს საკუთარი თავის გარდა. _რატომ? _გიჟი ვარ და იმიტომ. _თქვენთვის არაფერს აკეთებთ? _სრულიად არაფერს. _სრულიად არაფერს? _სრულიად არაფერს. ისევ გაეღიმა მას. _ყოველთვის,ყველაფერს ვაკეთებ სხვისთვის. _თქვენთვისაც უნდა გააკეთოთ რამე. _რატომ?რომ კარგად ვიცხოვრო და იდეაფიქსი ვიყო საკუთარ თავთან?რომ ვიარსებო?რომ ვიგრძნო?იქნებ მაშინ,როდესაც არ ვფიქრობ ჩემზე და ვფიქრობ სხვაზე,სწორედ იმას ვგრძნობ,რასაც ისინი გრძნობენ?ვისთვისაც მიღირს ცხოვრება.ჯერ მე არ ვიცი რისთვის მიღირს ცხოვრება და არც აღსარებას ვაბარებ,მე უბრალოდ ვუყვები ყველას,თქვენნაირ ადამიანებს,რა ემართება სულს, როდესაც იქ ცივა.ჩემი აღსარება ჩემი სიყვარულია და თუ შემიყვარდება ეს იქნება უფალი,გრძნობის სასახლეში ტახტად წარმოქმნილი, იდეის ფიასკო,რომელიც დღეს მოკვდა და ხვალ იქ მარადიულად იცოცხლებს.დამიჯერეთ. _გიჯერებთ. _მე არავინ მიჯერებს,ვალდებული არ ხართ თქვენც დამიჯეროთ,თქვენ ძალიან ოდნავ,მაგრამ მაინც ახლოს ხართ ჭეშმარიტებასთან. დაახლოებით ცხრა მილიონი კილომეტრით შორს,მაგრამ ეს საკმარისი სიახლოვეა. _თქვენ იცით რა არის ჭეშმარიტება? _იგი ფართო მცნებაა და სიყვარულის ფორმა აქვს.ის საერთოდ არ არის წითელი,ის მწვანეა.ჭეშმარიტებაა სულის ფიასკო,რასაც განიცდის სხეული ყოველდღიურობაში,ეს დედამიწის კანონია,მაგრამ არავინ არ იცის,იქნებ საერთოდ დედამიწა არ არსებობს,ალბათ ეს წარმოსახვაა.ჭკვიანი ადამიანი ნიშნავს სითამამეს,ზედმეტ სითამამეს.მე ხშირად ვარ თამამი!მე თითქმის სულ თამამი ვარ.იყო კიდევ ერთი თამამი.მან მუსიკა შექმნა,ტრაგენია შვა,სადღაციდან,არ ვიცი საიდან,რომ გავიგებ აუცილებლად გეტყვით,ეს მოცარტი იყო,ის ძალიან თამამი იყო.ის იყო კვდემაც და მოსილებაც,ის იყო სული ჭეშმარიტების. _რთულია მესმოდეს თქვენი. _შეუძლებელია,რამეს მაინც გაიგებდით,ასე არ წამხდარა ჯერ ხალხი.უნდა გესმოდეთ,ყური მე კიარ უნდა დამიგდოთ,ერთმანეთს უნდა დავუგდოთ,აქ იქნება სიბრძნე,სწორად ცხოვრებისთვის შეიძლება ძალიან ადრეა.ჭეშმარიტების საძიებლად უტვინო კაცი ჯობია ტვინიანს,თუ უტვინო ნაკითხია,ტვინიანი კი მხოლოდ ნასწავლი. _საჭიროა,რომ ყველას ესმოდეს თქვენი? _ძლიერი კითხვაა.ცხოვრების ეთიკური საფეხურებია მნიშვნელოვანი,თორემ ყველა და ერთადერთი რამ გაყო?ან იშვიათი და ერთ-ერთი? _ბრბო და ინდივიდი,ალბათ ამასთან შემიძლია გავაიგივო. _გაიგივებაც არ შეიძლება!უდებურებაც ისაა,რომ ვერ ვხვდებით რა შეიძლება და რა არა. _ინდივიდუალიზმის სათავეც სწორედ ეგაა.ყველამ,რომ ვიცოდეთ რა შეიძლება და რა არა,ყველანი ერთნაირები ვიქნებოდით. _ყველამ იცის რისი უფლება გვაქვს და რატომ არ ვართ ერთნაირები?იმიტომ,რომ ინდივიდუალურები ვართ?არა,ჩვენ ჩაძირულები ვართ!ღმერთი თუ არსებობს ჩვენ მისი ყველაზე დიდი შეცდომები ვართ. _იქნებ ღმერთმა თავიდანვე იცოდა,რომ ადამი და ევა ცდუნებასა და აკრძალვას არ შეეგუებოდნენ,იქნებ მან თავიდანვე ჩაუნერგა ადამიანს ასეთი ბუნება,რომ რასაც უკრძალავენ იმას აკეთებს ყველაზე დიდი აგღრზნებით,იქნებ ღმერთს სურდა,რომ ბევრი,ბევრი ასეთი ადამიანი ყოფილიყო დედამიწაზე და დაბადებულიყო ასეთ ათას ადამიანზე ერთი,რომელიც მათ გაამტყუნებდა.არ ვიცი, შეიძლება ეს უბრალოდ სიტყვებია,მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით?იქნებ ამ უბრალოდ სიტყვებშიც იდოს სიმართლის მარცვალი. _ანუ მე ვარ ის ერთი?რა ცოტაა ათასში ერთი.თქვენც ცოტათი გიჟი ხართ,ჩემსავით გიჟი. _რაღაც მეეჭვება. _ყველა გიჟი ასრულებს ცხოვრებას საგიჟეთში. _მეც საგიჟეთში დავასრულებ სიცოცხლეს,ოღონდ გიჟი არ ვიქნები. _აბა? _ფსიქიატრი. _ცხოვრება საერთოდ არავინ იცის რა არის,საიდან მოდის და ჩვენგან რაუნდა.თუ ცხონილი ფსიქოლოგი ან ადამიანი გახდებით,არ დამივიწყოთ,საგიჟეთში მომაკითხეთ ხოლმე,დამაკვირდით. იგი იღიმის. _აუცილებლად. _სუფთა სინდის-ნამუსიან პირობას მაძლევთ? _დიახ. _ხომ იცით ნამუსი სინდისთან შედარებით ზღვაში წვეთია,ნამუსი იქონიეთ და შემომიარეთ ხოლმე სადმე საგიჟეთში. _რამე ხომ არ წამოგიღოთ თუ მხოლოდ დაგაკვირდეთ? _მწვანე კალმები,ბევრი,იასამნისფერი ფანქრები და წიგნები,ბევრი წიგნები. _შევთანხმდით,მხოლოდ ჩემი ცხონიბილი ფსიქოლოგობაღა დარჩა. _ჰო ჩემი გზა მინდა არ მინდა მაინც ფსიქიატრიულისკენ მიდის. ორივეს გაგვეცინა,თუმცა არა,როგორც ბავშვებს,არამედ,როგორც ჯერ საერთოდ არ დაბადებულ ჩვილებს.ჩვილებს,რომლებსაც ჯერ კიდევ ხელთ უპყრიათ პირადი განძი,რომელსაც ვინ იცის წაართმევენ თუ არა,როდესაც დაიბადებიან. _იქნებ ჰკითხოთ თქვენს პერსონაჟს ეს ქალი მისი ფანტაზიით დახატა თუ რეალურადაც არსებობს? _პასუხი მეც ვიცი. _გისმენთ. _არ გეტყვით. _რატომ? _იმიტომ,რომ საიდუმლოა.შესაძლოა ოდესმე გითხრათ კიდეც,მაგრამ ახლა არ გეტყვით.იცით რომელია თქვენი ფერი? _ჩემი ფერი? _დიახ თქვენი ფერი. _არა,არ ვიცი. _დასანანია. _იქნებ თქვენ მითხრათ? _მე როგორ უნდა გითხრათ თქვენი ფერი? _ასე უბრალოდ. _ისეთი შინაგანი გამოხედვა გაქვთ,ისე ბევრის ფიქრი შეგიძლიათ,ისე უსასრულოდ შეგიძლიათ იყოთ მეოცნებე და ისე არ ნებდებით საკუთარ თავს,იასამნისფერი მოგიხდებოდათ.მე ასე მგონია,მე მგონია,რომ ასეთი ხართ,მე მგონია,რომ ტირილიც ხშირად გინდათ, მგონია,რომ თქვენში სიგიჟის მარცვალი არის,წყალი სჭირდება ახლა,ამ ასაკში ცრემლის სახით და აუცილებლად გაიზრდება. _სამწუხაროა,რომ არასდროს არ მომდომებია ტირილი,არასდროს არ ვტირი. _როგორ არა,იცით თქვენ რამდენს ტირით?ძალიან ბევრს,იმაზე ბევრს ტირით,ვიდრე ოცნებობთ.თქვენ არ იცით რამდენს ტირით, თითქმის სულ ტირით.არაფერს არ მისტირით და არაფერზე ცრემლით არ ტირით.მე მეგონა მიხვდებოდით რომელი ტირილიც ვიგულისხმე,შინაგანი ცრემლი ყველა ადამიანშია,ნუ თუ ჩვენ ზოგადად ადამიანები გვქვია ასეა,მე მგონია,რომ სული როცა ტირის გარეგნულად ძალიან ძლიერდები.მე მგონია,რომ როცა იასამნისფერი შენი ფერია ეს ნიშნავს სულის ზამთარს,გარედან რომ ცივა შიგნით სულ,რომ სითბოა და მაინც ბრბოო,ეს ბრბოო ვერას დაგაკლებთ იასამნისფერო ვერას,რადგან თქვენ ტირით,ისე გამალებით ტირით,რომ ბრბო რად მიქვია ამ ტირილთან! _როგორ მინდა თითოეულ სიტყვას ვიწერდე,რასაც მეუბნებით. _თქვენ წერთ? _დიახ. _წერეთ,ბევრი წერეთ,აფეთქდება ერთ დღეს მუზა,მუზა,რომელიც პირადად თქვენია და არა საზოგადო,თქვენშია და თქვენი სულის მწვანე მხარეა,მწვანე,რომელიც ბალახივით ჯიუტია,რამდენჯერ გაკაფეს და მაინც ამოდის,ასეთი ჯიუტი უნდა იყოს თქვენი სულიერი მუზაც.თქვენ ეს შეგიძლიათ,ბევრი წერეთ,უამრავი წერეთ,ათას კალამს გამოწოვეთ მელანი ვენიდან,ისე გამალებით წერეთ,რომ თითქოს ვიღაც ლამობს დაგასწროთ დაწერა,დამიჯერეთ ეს შეგქმნით,როგორც იდეალს,ეს გახდება სულში საკუთარი თავი,იდეა...ბევრი წერეთ,ბევრი,მე დაგეხმარებით. _თქვენი ფერი უსათუოდ მწვანეა. _დიახ,ჩემი ფერი მწვანეა. _პოეზია გიყვართ არა? _პოეზია მიყვარს,პოეტები არა. _თუ მე თქვენ გაგიცნობთ,აუცილებლად შევქმნი თქვენს პერსონაჟს და იშვიათია,რომ ვინმე პერსონაჟის შესაქმნელად ღირებული იყოს. _ჯერ დამპირდით,რომ ბევრს დაწერთ,ისე ვერ მოვემზადები მე,პერსონა არის ის,რაზეც შეგიძლიათ იფიქროთ უსასრულოდ და იოცნებოთ ბევრი.არ მიყვარს საკუთარი თავი მეთქი ხომ გითხარით,იმიტომ არ მიყვარს,რომ ვერ ვაღიარებ ვერასდროს საკუთარ თავს,როგორ ვაღიარო,როდესაც არავის ჯერა,რომ იმაზე ბევრად ჭკვიანი ვარ ვიდრე მეც წარმომიდგენია.რა ვუყო ამ ეგოიზმს არ ვიცი, ვერ ვკლავ ჩემში,სულ თავში მაქვს და არ მინდა ვცდებოდე,როცა დავრწმუნდები,რომ არ ვცდები,ეს იქნებ ჩემთვის ჭეშმარიტება, თუ არ დავრწმუნდი ერთი გიჟი და ამავდროულად უბედური ვყოფილვარ.მაგრამ გიჟი ხომ ისედაც ვარ და ეს მაიმედებს,რომ არ ვარ აშორებული ჭეშმარიტებას. _თქვენ ბევრი რამის შექმნა შეგიძლიათ,ძალიან ბევრი რამის.არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში,საკუთარ სიღრმეებს ძალუძთ თქვენი დახრჩობა და ჩაძირვა. _ოო ისე ღრმად ვარ საკუთარ თავთან,ისე ღრმად,რომ ვეღარ ამოვდივარ იქედან საერთოდ,მაგრამ მთავარია წყალში არ ვარ,წყლის სული დამახრჩობდა,გამგუდავდა,მე კი მინდა შევხედო და ვუყურო ამ თამაშს,როდემდე გაგრძელდება,იმ სიღრმიდან ვუყურებ,ისეთი სიღრმიდან ვუყურებ,წყალსაც კი მე ვეუბნები როდის უნდა ადიდდეს და როდის დაწყნარდეს.ეს ასეა...მართლა ასეა...არ მინდა,ზოგჯერ არ მინდა ამდენს ვფიქრობდე.არ მინდა ჩემი გონება,ერთი უტვინო კაცის ჭკუა მინდა მქონდეს,ის ხომ ბედნიერია,მეც მინდა ბედნიერი ვიყო,არ ვიცი ეს სიტყვა რას ნიშნავს და მაინტერესებს უბრალოდ,მაგრამ როცა ჩეშმარიტებას ბოლომდე ვნახავ ვიცი ყველაზე ბედნიერი ვიქნები.მე დოსტოევსკის საფლავზე მინდა მისვლა,ძალიან,თქვენ შეიძლება არ დაიჯეროთ,მაგრამ მან იცის,რომ მე მივალ მასთან,მართლა,სერიოზულად გეუბნებით,მელოდება აი მარტო მან იცოდა რა იყო ჭეშმარიტება!იმედია ახლა გიჟი გგონივართ,იმედია ასეა,მინდა ძალიან მინდა სრულყოფილი სიგიჟე,ზარადუსტრა მინდა ვნახო და ტრაგედიაც მინდა ვნახო,ოღონდ ისე არ მინდა ვნახო თქვენნაირ ადამიანებს,რომ არ მივცე რჩევა.მე თქვენ აუცილებლად მოგცემთ რჩევას. _ბევრისთვის მიგიციათ რჩევა? _სამი ოთხისთვის მხოლოდ.ძალიან ახლობელი უნდა იყოთ ჩემი ან ძალიან მეგობარი,რომ მე რჩევა მოგცეთ.ზეპირ რჩევას მირჩევნია მუნჯი ვიყო! _იცით,არის მომენტები,როდესაც ვერ ვწერ,ვერ ვკითხულობ,ვერ ვხატავ...არის მომენტები,როდესაც ყველაფერი ქრება და ამ ყველაფრის ადგილს სიცარიელე იკავებს.ასეთ მომენტებში დრო ძალიან ნელა გადის,მე კი არაფერს ვაკეთებ,უბრალოდ ველოდები, ველოდები, ველოდები...ველოდები იდეას,სიახლეს,პერსონაჟს,ანალიზს,სიგიჟეს,მუზას...ველოდები თუ როდის გავა დრო,რომ მოვიდეს ის დრო, როდესაც დავწერ,წავიკითხავ,დავხატავ,შევქმნი და გავაანალიზებ...ჩვენ არ ვიცით,უნდა დაველოდოთ თუ თავად დავიწყოთ გზის ძებნა. _პაუზის დროს ხართ "მაგარი როჟა",მართებული , მაგრამ აწ დავიწებული ტრილოგიის ჟამს რომ არაფრად აგდებთ და ფიქრობთ რას ნიშნავს ეს "პაუზა",ეგაა ყველაფრის მუზა თორემ ყველაფრის უნარი ან ყველაფრის კეთება არაფრის დასაბამი არ არის. _შესაძლოა,ვისთვის როგორ _მე თითქმის რჩევა მოგეცით.თითქმის. _გმადლობთ,საინტერესოა სრული რჩევა როგორი იქნება _სრული რჩევა ცხოვრებაში 4ჯერ მაქვს გაცემული,ოთხივეჯერ უნაკლოდ გამართლდა,ამიტომ ამ ეტაპზე რჩევისგან თავს შევიკავებ. _ვიცი რომ თავს შეიკავებთ. _საიდან იცით? _რჩევა რომ მომცეთ,უნდა მიცნობდეთ საშუალო დონეზე მაინც,უნდა იცოდეთ რა მინდა და რას ვეძებ.თქვენ კიარა თავად მე არ ვიცი რა მინდა და რას ვეძებ. _მშვენივრად ვიცი უკვე რა გინდათ,რას ეძებთ არ ვიცი,ძალიან კარგადაც რომ გიცნობდეთ რაღაც შინაგანმა უნდა მიკარნახოს,რომ რჩევა მოგცეთ.თქვენც იცით,ჯერ ადრეა,ჯერ არ უნდა მიხვდეთ ამას,დარწმუნებული ვარ,როდესაც საჭირო იქნება მიხვდებით. _და რა მინდა? _ერთი სიტყვით გეტყვით,ოღონდ განავრცეთ იდეაში,კარგით? _შევეცდები. _ფიქრი გინდათ,ოღონდ არა შიშის ფონზე. _რას ნიშნავს შიშის ფონზე? _ვერ გიპასუხებთ,რჩევა გამომივა.თქვენ შეგიძლიათ იყოთ ძალიან გიჟი თუ არასდროს არ დანებდებით სოციუმის პიროვნულ ხასიათს,შეგიძლიათ გაგიჟდეთ და ბედნიერი იყოთ,უბრალოდ ბედნიერი,მეტი არაფერი. _და თქვენი აზრით ეს რჩევა არ იყო? _ჭკვიანი ხართ!მაგრამ მაინც გეტყვით,რომ არა არ იყო. _ფრთხილი ხართ და ეს კარგია. _სხვასთან ხო ფრთხილი ვარ,საკუთარ თავთან არ ვარ ფრთხილი და ესაა ცუდი. _საკუთარ თავს უშველით და სხვასთან დაშვებული შეცდომა შეიძლება ვეღარ გამოასწოროთ. _ოდნავ პირიქითაა. _უფრო კონკრეტულად? _უკვე რჩევა გამომივა!ცოტა ახლოს ხართ,ოდნავ,მაგრამ რასთან არ მკითხოთ!მაინც არ გეტყვით. _სიგიჟესთან?სრულყოფილებასთან?ჭეშმარიტებასთან?თუ სამივე ერთი და იგივე რამაა? _თქვენ რომელი გგონიათ უფრო ამოუცნობი კაცობრიობისთვის?რომელია ამ სამიდან ისეთი,რომელიც არცერთ რელიგიაში არ არის და არც ერთ კულტურაში? _სამივე,ალბათ.სამივე ერთმანეთის შემადგენელი ნაწილია. _არცერთი არ არსებულა არასდროს,არცერთი აქედან,არცერთი სამიდან,ჯერ არ დაბადებულა და თუ დაიბადება საუკუნეები უნდა,რომ გაიზარდოს. _მიალხოებული ვარიანტები დაბადებულან. _მაგალითად? _მოდილიანი ვინ იყო?დალი? _ხასიათს მეკითხებით თუ პიროვნებას? _ერთსაც და მეორესაც.ადამიანს ორივე გააჩნია.ხასიათიც და პიროვნებაც.და საერთოდ რა არის სიგიჟე?ინდივიდუალური მცნებაა და პროცენტულად განიზომება,ზოგისთვის მაღალპროცენტულია,ზოგისთვის არა,ზოგს სიგიჟედ მიაჩნია ოცი ადამიანი,რომ დადის და ერთი გაჩერებულია.მე არ ვიცი თქვენთვის რა არის სიგიჟე,მაგრამ ჩემთვის თუნდაც წერა - სიგიჟეა,მუსიკის დაწერა სიგიჟეა,მელოდიის შექმნაც,სიყვარულიც და ხატვაც.არსებობს გიჟი და სრულყოფილი გიჟი.ჭეშმარიტებაც სიგიჟე შეიძლება იყოს,განა ყველაფერი სიგიჟე არ არის? _თქვენ რაც ილაპარაკეთ,წელიწადის მეხუთე დროა,სიგიჟე არავინ არ იცის რა არის.თქვენთვისაც მკვდარია სიგიჟე და ჩემთვისაც, დაიბადეთ თუ არა მოკვდა თქვენი სიგიჟე,ყველაფერი სიგიჟეა,ოღონდ ამ სამყაროში და ამ დედამიწაზე არა,სხვაგანაა სიგიჟე,სულ შორს,ძალიან შორს,დაბადებამდე,მაგრამ მისი მიღევა და პოვნა შეიძლება,ოღონდ არა მარტივად,და წარსულში ქექვით,პირიქით იდეის გაცვლით და ინდივიდუალურად რეინკარნაციის ბუნებრივი იდეოლოგიის შფოთვის უნარით.ამ ყველაფერს საუკუნეები სჭირდებოდა, მაგრამ დღეს ვიცი,დარწმუნებული ვარ,რომ ეს შესაძლებელია და დღესაა ამის საუკუნე.თუ ეს საუკუნე გადაგორდება,ის აღარ იქნება. _თქვენ თავს გიჟად არ თვლით? _სანამ მომპარავდნენ მანამდე დავიბადე,ვფიქრობ დააგვიანეს ჩემს შემთხვევაში სიგიჟის წართმევა,ამიტომ მე მაქვს ყველაზე დიდი შანსი. _რატომ გგონიათ რომ თქვენ გაქვთ ყველაზე დიდი შანსი?იქნებ მე უფრო დიდი შანსები მაქვს ვიდრე თქვენ? _თქვენ თითქმის არანაირი შანსი არ გაქვთ,მაგრამ უნდა იამაყოთ,ზოგს თითქმის კიარა საერთოდ არააქვთ! _მე ვფიქრობ,რომ მაქვს შანსები. _ძალიან ცოტა,თქვენ თუ გაზრდით ეგაა,შანსი უნდა გაზარდო,მაგრამ დამეწევით როო?ეცადეთ,იქნებ გადამასწროთ კიდეც. _ძალიანაც ნუ შეგეპარებათ ეჭვი. _ეჭვი საერთოდ არ გამაჩნია.ეშმაკის მონობა გინდათ?დროებით მაინც? _უნდა კი ვინმეს ეშმაკის მონობა? _თქვენ არ გინდათ?ერთი 10 წამი,15. _მახსიმუმ 14 წამი. _14 წამი რატომ? _საკმარისი დროა შეცნობისათვის. _მე,რომ 15 დამჭირდეს? _ეგ არაფერს ცვლის,ზოგს შესაძლოა 13 ეყოს. _და თქვენ რატომ გადაწყვიტეთ მაინდამაინც 14? _ჩემთვის უცნობ საკითხში მირჩევნია სტაბილური ვიყო.არც მეტი არც ნაკლები. _არც მეტობა და არც ნაკლებობა სტაბილურობა არაა,პირიქითაა,ჩემი აზრით. _მიამბეთ რამე თქვენს შესახებ. _რისი მოსმენა გინდათ? _რამე საინტერესოს. _იცით,მე რა ლამაზი ცოლი მეყოლება?ძალიან ლამაზი,საგიჟეთში მომაკითხავს და მწვანედ შეღებილ კვერცხებს მომიტანს!მე,რომ მასზე დიდი ვიქნები,მინიმუმ 10 წლით.მე დავანახებ მწვანე ფერს,მე დავანახებ ფერებს,ყველა ფერს,მილიონ ფერს,უამრავ ფერს.ცოლი მეყოლება,თორემ გაჩენით წიწილაც ჩნდება კვერცხიდან.ვიცი,ჯვარს არ დავიწერ არასდროს,მერე,რომ არ ავიყარო იმიტომ.ღმერთს არც ვაწყენინებ,არც მე დავრჩები ნაწყენი,არ ვიცი ჯერ რა ხდება საერთოდ,უკვე ვგიჟდები მგონი,არადა ადრეა ჯერ,არ მინდა ჯერ,ჯერ მართლა არ მინდა... _არადა წესით უნდა გიხაროდეთ!მე დავიწერ ჯვარს იმ შემთხვევაში თუ დარწმუნებული ვიქნები ჩემი გადაწყვეტილების სიმყარეში. _არა,არ მიხარია,ახლა,რომ გავგიჟდე,სრულიად ვერ გავგიჟდები,მე 45 წლის ასაკში მინდა გავგიჟდე ან 39. _რატომ მაინდამაინც 39 ან 45? _ორი იდეალური ასაკია სიგიჟისთვის,უბრალოდ ჯერ საკუთრებრივი მორჩილების იდეა მინდა წამართვას ვინმემ,ვინმემ არა,იმან ვინც მეყვარება. _ეგოისტი ხართ და ეს ძალიან ცუდია. _ჰო,ეგოისტი ვარ და ცოტა ცინიკოსი და ვფიქრობ,რომ ეს მშვენიერია. _ეგოისტი და მყარი სიყვარული?რაღაც ვერ ჯდება მგონი. _ოო რა მშვენიერი იქნება,თუ დომინანტობას არცერთი მოინდომებს,იდეალური იქნება. _დომინანტობა რა შუაშია? _მოკლედ აგიხსნათ თუ ფართოთ? _თავად გადაწყვიტეთ. _მაშინ მოკლედ გეტყვით.შუაში საერთოდ არ არის,არც თავშია,ბოლოშია,უფსკრულში. _რა უცნაური ახსნის მეთოდი გაქვთ. _ჩემს ასაკში,რომ მოხვალთ და თქვენ ტოლა ადამიანს,რომ აუხსნით და თან თქვენნაირს,ასე მარტივად თქვენ თვითონ იქნებით დარწმუნებული,რომ ის ოდესმე გაიგებს რა უთხარით,მეც დარწმუნებული ვარ,ოდესმე მოკლედ ნათქვამსაც გაიგებთ და გაგახსენდებათ და ფართოდ ნალაპარაკევზე,რომ არაფერი ვთქვათ. _გასაგებია. _უცნაურია. _რა არის უცნაური? _რომ თქვენთვის ყველაფერი გასაგებია.ახლა მე მინდა,რომ შავი ფერიც ნახოთ,მე კი სამწუხაროდ უნდა დაგტოვოთ.წასვლამდე ორიოდე სიტყვას გეტყვით.აკეთეთ ის,რაც გსურთ,თქვენია საკუთარი გონება.არ დანებდეთ არასდროს,წერეთ,გამალებით წერეთ,ბევრი იფიქრეთ,ბევრი იოცნებეთ და ვინც დაგცინებთ იმას საერთოდ ერთი სიტყვა უთხარით ან ორი,კარგით ნახვამდის.ისეთი პიროვნება უნდა შექმნათ თქვენში,რომ ვისაც ეყვარებით და ვისაც მოეწონებით,გულით და სიცოცხლის ბოლომდე მოსწონდეთ და უყვარდეთ. მე რჩევა არ მომიცია,თუმცა მომავალში რა მოხდება კაცმა არ იცის.ჭკვიანი,თამამი და გემოვნებიანი ადამიანი ხართ.ჩვენ შევხვდებით იქ სადაც საზღვრები არ იქნება,სადაც გამყოფი ზოლი არ იარსებებს და სადაც შესაძლებელი იქნება დავიბრუნოთ წართმეული სიგიჟე,რომელიც ხელიდან გამოგვღლიტეს,როდესაც დავიბადეთ... _მადლობელი ვარ თქვენი და მიხარია,რომ გაგიცანით. _მეც იგივეს თქმა შემიძლია. _მე თქვენი სახელი არ ვიცი,თუმცა რა მნიშვნელობა აქვს სახელს...მე მაინც მწვანეს დაგიძახებთ. _თქვენ რა გქვიათ? გაეღიმა მას. _მე მქვია გერასიმე. დღემდე არ ვიცი,არც მაშინ ვიცოდი რამ მომაფიქრა ამის თქმა. დღემდე არ ვიცი,არც მაშინ ვიცოდი სად გაქრა ადამიანი,რომელმაც სერიოზული კვალი დატოვა ჩემში.იგი გაქრა,როგორც ქრება,ხოლმე ნისლი,როდესაც მზე გამოანათებს.მე სამყაროს სხვა თვალით დავუწყე ყურება,შემეცვალა შეხედულებები,მიმართულებები თუ დამოკიდებულებანი.იყო,იმედი,იმედი სულ იყო,რომ მას საგიჟეთში უეჭველად შევხვდებოდი,მაგრამ ვერ ვაღიარებდი საკუთარ თავს, როგორც ის.ეს იყო ბედის ირონია,თუკი შეიძლება ამას საერთოდ ბედი ან ირონია ეწოდოს.ჯიბეში მთელი ძალით ვუჭერდი ხელებს მწვანე კალამსა და იასამნისფერ ფანქარს,რომელიც მუდამ მახსენებდა,რომ ყვითელი კონვერსები მეცვა და ვიცნობდი მწვანეს,თავად კი იასამნისფერი ვიყავი.ყველა გიჟი ასრულებს ცხოვრებას საგიჟეთში და ჩვენც,ცისარტყელას მოწყვეტილი ეს ორი ფერი,სწორედ საგიჟეთში ვაპირებდით თამამად,ძალიან თამამად,მოჭრილი,თუმცა ფენიქსივით აღმდგარი ფრთების,ნანატრი ფრთების გაშლას.ეს იყო საგიჟეთი სადაც თავისუფლება უბრალოდ არავის უკვირდა, რადგან საგიჟეთში უბრალოდ არავის არაფერი უკვირს. ავტორი: ლილე ცქიტიშვილი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.