შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაწანწალას დღიურები (სრულად)


20-09-2017, 11:19
ავტორი makomako0001
ნანახია 3 540

შესავალი

ყველაზე მეტად, აეროპორტების სურნელი მიყვარს. თვითმფრინავის საკვებიც მიყვარს. ჩემს გვერდით მჯდომი, თუნდაც შეუხედავი მგზავრიც კი მიყვარს... მანამდე კი ის წამი მიყვარს, მოგზაურობისთვის საკმარის თანხას რომ შევაკოწიწებ და ავიაბილეთს რომ ხელში დავიჭერ...ის დამღლელი წუთებიც ძვირფასია, როცა მოგზაურობის დეტალებს ვგეგმავ...ვგეგმავ საათების განმავლობაში, ვეძებ ალტერნატიულ გზებს, როგორ მოვხვდე ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში ისე, რომ უფრო იაფი "დამიჯდეს"...
თითქოს, თავიდან ვიბადები, როცა საჰაერო ხომალდის ტრაპიდან ჩამოვდივარ და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ ვიწყებ გარკვევას, თუ როგორ მივაღწიო "ახალი" ქალაქის ცენტრამდე. თან ჯერ ხომ რუკაც არ მაქვს...აეროპორტების საინფორმაციო დახლებზე კი აქვთ ხოლმე უფასო რუკები , თუმცა არა ყოველთვის... ასეთ დროს არ მეშინია და არც ვფიქრობ, რომ მარტო ვარ მთელს დუნიაზე. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი მაქვს...მხოლოდ ის აზრი მიელვებს, რომ მე სამყაროს ნაწილი ვარ და ყველაფრის გაკეთება შემიძლია, რასაც ჩავიფიქრებ, ხოლო სხვა დანარჩენი-შური, ბოღმა, ჭორი რომელსაც გამუდმებით ატრიალებს ჩემს გარშემო საზოგადოება, მეათასე ხარისხოვანია. ასეთ მომენტში, ე.წ. "პირადი ცხოვრებაც" საერთოდ არ გაღელვებს...არც მარტოობაა აუტანელი... მე ხომ "ცეცხლოვანი"გურული ვარ და სიმშვიდე ჩემთვის ცოტა არ იყოს უცხო ხილია...როცა ჰაერში ხარ, ბევრ რამეზე ფიქრობ, ან უბრალოდ გძინავს და გახსენდება პირველი მოგზაურობა...გახსენდება და ნანობ, რომ გაჩერებული იყავი იმ მომენტამდე , მაშინ როცა შეიძლებოდა გემოძრავა სამყაროსთან ერთად, ან- მისი საპირისპირო მიმართულებით. ყველაფერი კი ასე დაიწყო...
2014 წელი დგას, გაზაფხულის არეული საღამო. მე კი ვფიქრობ შემდეგი კვირის ექსპერიმენტებზე...
პირად ცხოვრებას რაც შეეხება, მაგაზე დიდი ხანია არ ვფიქრობ...არ გამოდის...არ გამომდის...მაინც უნდა დამთავრდეს და რა აზრი აქვს წამოწყებას? ამ ფიქრებით ვუზივარ კომპიუტერს და დაძინებამდე სანახავ ფილმს ვარჩევ. ამ დროს "შეფი" მირეკავს: "მაია, ამერიკაში წახვიდოდი"?
-"კი, რა თქმა უნდა" ვპასუხობ დაბნეული. ტელეფონს მაშნვე მითიშავს და ჩავთვალე რომ იხუმრა. აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ ყოფილა ხუმრობა...კონფერენციაზე მიშვებენ, როგორც მერე დავადგინე...მერე იყო დოკუმენტების მომზადება, საზღვარგარეთის პასპორტის აღება, საელჩოში შესვლა...ამერიკის საელჩოს რიგში ყველა ღელავს. მე კი გაურკვეველი ემოცია მეუფლება. აქამდე, ქვეყნის საზღვარი არასდროს გადამიკვეთავს, არც საელჩოში ვყოფილვარ, მეტიც-საკუთარი ქვეყნის დიდ ნაწილში ფეხიც არ დამიდგამს. ჩემი მოძრაობის ძირითადი არეალი შემოიფარგლება ლაბორატორიით და სახლით...მე, ხომ უნივერსიტეტის დოქტორანტი ვარ...ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე ექსპერიმენტი შემიძლია დავგეგმო და გავაკეთო...აღარს კი მახსოვს, უკვე მერამდენე ასფურცლიან დიდ რვეულს ვავსებ ცდების ჩანაწერებით...აი მეგობრები...მეგობრების ძირითადი ნაწილი შემომეცალა, ცინც დარჩა, ვეღარ ვიცლი მათთვის. ზაფხულის შვებულებებისთვის მხოლოდ 1 კვირას ვიღებ ხოლმე...წონაშიც საგრძნობლად მაქვს მომატებული...თუმცა მხოლოდ ის მაღელვებს, რაც ექსპერიმენტების ჟამს ხდება, სხვა დანარჩენი ჩემთვის უმნიშვნელოა...ახლა კი ისევ ვერკვევი ფიქრებიდან და საელჩოში ჩემმა რიგმაც მოაღწიაა...2 დღის მერე პასპორტს ვიღებ და 10 წლიანი ვიზა მხვდება...ბედნიერი ვარ...2 კვირის შემდეგ კი...
ფრენის დღეც დადგა...უზარმაზარი ჩემოდანი ვითხოვე და გავავსე ტანსაცმლით. მგონი მთელი კარადა გამაქვს...თან სამოსის აკურატულად ჩაკეცვაზე არ ვგიჟდები..
.მომეწონა პირველი ფრენა. ჰაერში 11 საათი გავატარე, თუ ნაკლები არა, მაგრამ მშვენივრად ვიგრძენი ბოინგში თავი. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, მალევე მივედით სასტუმროში...მე და ჩემს თანამშრომელს ერთი ნომერი შეგვხვდა. იმ დღეს ბევრი ვერაფრის ნახვა მოვასწარით, მეორე დილით კი როგორც პროგრამაში იყო გაწერილი, ზუსტად იმ დროს,გერმანული პუნქტუალობით მივედით კონფერენციის რეგისტრაციაზე. ისე მოხდა, რომ კონფერენციის და ე.წ. "ვორქშოფის" თანხა ვერ გადმორიცხეს და ნაღდი ფული გადავიხადეთ...ყველა გაოცებული იყურებოდა ჩვენს დოკუმენტებში...უკვირდათ, რომ სადღაც საქართველოდან, ჩამოვიდნენ ადამიანები ამხელა კონფერენციაზე და ნაღდი ფულით გადაიხადეს... :)))))
მე და ეკა შესვენებაზე დროს არ ვკარგავთ და ახლო-მახლო ქუჩებს ვათვალიერებთ. საღამოს, სესიების დასრულების შემდეგ დაღლა რა სახსენებელია და ბოსტონის ფართო ქუჩებში მივაბიჯებთ...ყველაფერი მომწონს აქ...ბედნიერი ვარ..."Public garden"-საც მივაშურეთ. პატარა ციყვები თავისუფლად დახტოდნენ მარტო ხიდან ხეზე კი არა, მიწაზეც, ადამიანებს შორის...მათი დაჭერა და მოფერება მინდოდა, თუმცა ნურას უკაცრავად...ჰარვარდის უზარმაზარი უნივერსიტეტიც მოვინახულეთ...სამივლინებო თანხას ჩემთვის არც ვხარჯავ...უამრავი საჩუქარი და სამახსოვრო ნივთი ვიყიდე ყველასთვის, ვინც გამახსენდა...არც მაღელვებს რომ ჩვეული გარემოდან ამდენი კილომეტრის მოშორებით ვიმყოფები. დილაობით აუზში ვცურავ და იქვე, სავარჯიშო დარბაზში სინზე დალაგებულ მწვანე ვაშლს სიამოვნებით მივირთმევ ხოლმე...
ჩვენი საკონფერენციო დღეებიც მთავრდება და გამგზავრების წინა დღეს, ისევ მოვინახულეთ "ციყვების პარკი"-ც...ვემშივოდბები და ვპირდები (გულში) რომ აუცილებლად ვინახულებ ისევ...
ვბრუნდები სამშობლოში. თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე ვხვდები რომ რაღაც შეიცვალა და აღარაფერი იქნება უწინდებურად. უკვე აღარაა საკმარისი სამსახური-სახლი მარშრუტი...ვხვდები რომ ბევრი რამის სეთავსება შემიძლია თუ მოვინდომებ...დასაწყისისთვის კი, თბილისში დაბრუნებინებიდან 2 დღეში, ჯავახეთში მივდივარ მეგობრებთან ერთად...გზად კი ყველა მეკითხება ამერიკაზე...მეც ვპასუხობ მათ გაუთავებელ კითხვებზე დაუზარებლად...თუმცა, იმ საყვარელ ციყვებზე ფიქრი არ მშორდება...
ორშაბათს ჩვეულებრივად მივდივარ ლაბორატორიაში, სამახსოვრო საჩუქრებს ვარიგებ და ექსპერიმენტებს გაათმაგებული ძალებით "ვუტევ"...
ჯავახეთიც მოვიარე...არ მყოფნიდა თითქოს რაღაც. ისევ მინდოდა წასვლა. მინდოდა სამშობლოს ყველა ნაწილი ფეხით მომევლო და შედარებით მარტივი მარშრუტებითა და ექსკურსიებით ვიწყებ. ჯავახეთს აბუდელაურის ფერადი ტბები მოჰყვა, ხევსურეთის შემდეგ სვანეთში, მერე კი სამეგრელოში წავედი... მოგვიანებით, შემოდგომის რაჭაც მოვინახულე. სხვადასხვა ტურისტული კომპანიებით დავდიოდი, თან ძირითად შემხვევებში-მარტო, მეგობრების გარეშე, რატომ მარტო?-ზოგ მეგობარს სხვა გეგმები აქვს, ზოგი მუშაობს, ზოგს კი შაბათ-კვირას სახლში ყოფნა ურჩევნია ჩემთან ერთად ხეტიალს. ზოგიერთმა, სულაც ბოლო დღეს გადაიფიქრა წამოსულიყო ჩემთან ერთად და ა.შ და მაგათთვის რომ მომეცადა, ხაშურს ვერ გავცდებოდი....
დავდიოდი...ვნახულობდი და საკუთარი თავის უკმაყოფილო ვიყავი რომ ამდენი ხანი უმოძრაობაში გავატარე. ვიღებდი უამრავ ფოტოს თითოეულ გასვლაზე. არ ვარ ის ადამიანი, რომ მხოლოდ საკუთარი თავის ფოტოებით გადავავსო ფოტოაპარატი. ბუნების კადრები მირჩევნია... ვიცნობდი და ვუმეგობრდებოდი ათასნაირ ადამიანს ყოველ ჯერზე. სასიამოვნოდ მომეჩვენა ამდენი ხნის ჩაკეტილობის შემდეგ ადამიანებთან ურთიერთობები. სულაც არ იყო ცუდი, წინა დღეს უცნობი, მეორე დღეს კი უკვე ნაცნობი ადამიანების გარემოცვაში პიკნიკი, სადღეგრძელოები, შეზარხოშება ალაგ-ალაგ...და შიგა და შიგ გონება გინათდება...ხვდები, რომ სწორედ ეს გაკლდა ამდენი წლის განმავლობაში...საინგილოსაც ვნახულობ გიორგობას. აღფრთოვანებული ვრჩები იქაურობით. თან კახში არაჩვეულებრივი ახალი მეგობარი შევიძინე...როგორ? მე და ჩემი თანა-მეოთახე ჩემს წაღებულ ჭაჭას "ვაგემოვნებთ" სასტუმროს ჩვენს ოთახში, კახში, ამ დროს ტურის ხელმძღვანელის მეგობარი და იმ მომენტისთვის დამხმარე მუდამ მომღიმარი გოგონა გვიკაკუნებს იმის გასაგებად, კარგად მოვეწყვეთ თუ არა. ჩვენ კი აღარ ვუშვებთ უკან და რამდენიმე წუთის შემდეგ, უკვე 3 გოგო ვუჭახუნებთ ჭიქებს ერთმანეთს...სასმელი, საოცრად აახლოებს ხოლმე ადამიანებს ერთმანეთთან-გამოგაქვს მეორე დღეს ნაბახუსევზე კიდევ ერთი ბრძნული დასკვნა შენთვის და დიდი ხნის ნაცნობივით ესალმები ადამიანებს.
დრო და დრო ვხვდები სოციალურ ქსელში ვიღაცეების ქვეყნის ფარგლებს მიღმა გადაღებულ ფოტოებს, მაგრამ ვფიქრობ რომ ალბად არასდროს მექნება იმის თანხა, რომ მეც წავიდე სამოგზაუროდ... ვნახო ბევრი ლამაზი ადგილი, ქალაქი, ქვეყანა...
წლის ბოლოს იდეა მომივიდა, ყოველ თვე, გარკვეული თანხა გადამედო, შემეტანა ანგარიშზე და იტალიაში წავსულიყავი...და ნელ-ნელა ვახორციელებ გეგმას...თუმცა, მაინც არ ხერხდება იმდენი თანხის შეგროვება, რომ ყველა ხარჯი დაიფაროს...მშველელად -ემიგრანტი დედა მევლინება და მეუბნება, რომ დამიმატებს სამოგზაუროდ საჭირო თანხას...
აი, 2015 წელიც დადგა...კმაყოფილი ვარ წინა წლით...თან, სამეცნიერო შრომა დამიფასდა და წინანდლის პრემიის ნომინანტებს შორის მოვხვდი, სამეულში. ეს, ჩემთვის ბევრს ნიშნავს...ლოცვის დროს, არ შევთხოვ უფალს, რომ ლაურეატი გავხდე, უბრალოდ ჩემთვის ვამბობ რომ , დაე ღირსეული გახდეს პრემიის მფლობელი და მართლაც, არაჩვეულებრივი ადამიანი და ფიზიკოსი გადის პირველ ადგილზე...
რაც უფრო მეტი დრო გადის, ვგრძნობ რომ ვიცვლები...ახლა უფრო მეტს ვიღიმები, ვიდრე ადრე...უფრო მეტი მეგობარი მყავს, ვიდრე რამდენიმე თვის წინ...და ვცდილობ, ადამიანების ნდობა ვისწავლო, თუმცა მაგ მხრივ არაფერი გამოდის...კიდევ ერთი წარუმატებელი და ცალმხრივი "ლავ-სთორი" მარტივად გადამაქვს...მეგობრებად ვრჩებით...
გაზაფხული იწურება და იტალიაში მოგზაურობის გეგმას ვუბრუნდები ისევ. მარტო, ჩემით რომ დავგეგმო მოგზაურობა, მაგის არც გამოცდილება მაქვს და არც სამაგისო ცოდნა, ჰოდა ყოველ დღე ინტერნეტში ნანახ 5-6 ტურისტულ კომპანიასთან ვრეკავ...


რომი, ბარი, ვენეცია-2015
საოცნებო მოგზაურობა იტალიაში... რამდენიმე ტურისტული კომპანიის უაზრო შემოთავაზებების შემდგომ, ვპოულობ შედარებით ნორმალურ ტურისტულ კომპანიას და ვთანხმდებით დეტალებზე. რამდენიმე დღეც და აი, უკვე ვიზაც ხელში გიჭირავს...ღრმად ჩაისუნთქავ მერე კი თვალებს ხუჭავ რამდენიმე წამით და აჰა. ალიტალიის პირდაპირი რეისით-რომისკენ მიფრინავ...ცნობისმოყვარე თვალებით ვათვალიერებ მგზავრებს...თვალები მელულება...გამოვერკვევი და უკვე, თვითმფრინავი აეროპორტის დასაფრენი ბილიკისკენ ეშვება... მთელი ცხოვრება მესმის, რომ ქართველს არ უნდა ენდო ქვეყნის ფარგლებს მიღმა და ტრაპიდან ჩასვლამდე, ჩავიფიქრებ რომ ეს თეორია აუცილებლად უნდა შეამოწმო...საბაჟო კონტროლის რიგისკენ მივემართები და ცოტათი მეშინია, იმიტომ რომ სრულიად მარტო ხარ, ახლობლებისგან და ნაცნობი ადგილებისგან ძალიან შორს, თუმცა შიშზე უფრო დიდი გრძნობა მეუფლება...ეს გრძნობა ბევრნაირი ემოციების ნაზავია-სიხარულის, ცნობისმოყვარეობის, სიამაყის...საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ყველაფერი გამომიგივა და აი, უცებ ქართული საუბარი მესმის საპასპორტო კონტროლის რიგში...არცთუ ისე ახალგაზრდა წყვილი დგას ჩემს წინ. სიმორცხვეს და უხერხულობის შეგრძნებებს ღიმილით ვანაცვლებ და ვესალმები...კონტაქტური ადამიანები აღმოჩნდნენ. კონფერენციაზე ჩამოსულან რომში. რუკის გარკვევაშიც მეხმარებიან ღიმილით. თან გაოცებულები არიან, რომ მარტო წამოსვლა გავბედე უცხო ქვეყანაში. მოგვიანებით ყავაზე, მერე კი ქალაქამდე მატარებლის ბილეთზეც მეპატიჟებიან და სასიამოვნოდ გაოგნებულს მტოვებენ თბილი დამშვიდობების შემდეგ. მათი სასტუმრო შორსაა ჩემი გაჩერებიდან, ვატიკანთან ახლოს. დაჯავშნილ სასტუმროს მალევე ვპოულობ რუკის საშუალებით და სასტუმროშ რეგისტრაციის შემდგომ ციცქნა ოთახის კარებს ვაღებ ... სულაც არ მაღელვებს, რომ ოთახი პატარაა. ბოლოს და ბოლოს რომში ვარ...თან კიდევ სამი დღე აქ უნდა ვიყო, მერე ბარი და ვენეციაა სანახავი.
საღამოს, დაღლილი შემოვდარ ნომერში. ნახევარი რომი ფეხით მაქვს უკვე მოვლილი. ფოტოებიც უამრავი მაქვს გადაღებული. საოცარია რომი. თითოეული შენობა ცალკე ისტორიაა. ქუჩაში უამრავი ტურისტი ირევა.
სასტუმროს მომსახურებაში დილის საუზმეც შედის. შუადღისით და საღამოს-ქუჩაში მივირთმევ. ბევრნაირი პიცა მაქვს უკვე დაგემოვნებული. თუმცა, ფულს ზომაზე მეტად არ ვხარჯავ. მხოლოდ უახლოესი ადამიანებისთვის ვარჩევ სიმბოლურ საჩუქრებს. მეორე დღისთვის, მთელი რომი მაქვს მოვლილი. რუკებშიც კარგად გავერკვიე. უცებ ვპოულობ ხოლმე სანახავ ადგილებს. მუზეუმებისთვის თანხას არ ვხარჯავ, არც დროს-რიგში ჩასადგომად. არ ვარ, ის ადამიანი, რომელიც ასეთი ადგილებისთვის გაიმეტებს დროს და თანხას. რომში ყველაფერი ვნახე, რიც ნახვაც მინდოდა და ღირდა. არ გამომიყენებია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სულ ფეხით მოვიარე ეს საოცარი ქალაქი. 3 დღის შემდეგ ბარში გავემგზავრე. წასვლამდე ბევრი მირჩევდა ბარშია რ წახვიდე, მანდა არაფერი სანახავიო, მაგრამ მე მინდოდა მენახა ეს ქალაქი...აქ წმინდა ნიკოლოზის ტაძარი და საფლავია...მოვილოცე ბედნიერმა ეს ადგილი და მატარებლით ვენეციისკენ გავემგზავრე. საოცრებაა ვენეცია. ვერცერთი სიტყვა აღწერს მისი ნახვით გამოწვეულ ემოციას. ეს ადგილი, პირადად უნდა ნახო...ვხეტიალობ ხიდებზე, ქუჩებში...ვჭამ პიცას, სასტუმროში ლუდი მიმაქვს და ძილის წინ ვაგემოვნებ. დიდი ვერაფერი შვილი გამოდგა იტალიური ლუდი...თუმცა ჩაძინებამდე, გამახსენდა ის ქართველები, ვინც ამ დღეების განმავლობაში ვნახე იტალიაში და ვისაც გამოველაპარაკე. ჩემდა სასიხარულოდ, თეორია-რომ „ქართველს არ უნდა ენდო ქვეყნის ფარგლებს მიღმა“ არ აღმოჩნდა მართალი. პირიქით... მეორე დილით, ვენეციური საუზმის შემდგომ, სასტუმროს მიმღების თანამშრომელს ვემშვიდობები და რადგან ფრენა ვენეციიდან შუადღისით მაქვს, ფეხით მივემართები რამდენიმე კილომეტრიანი ხიდისკენ. ეს ხიდი, ვენეციას აკავშირებს დანარჩენ სამყაროსთან. გაგებული მაქვს, რომ ვენეციიდან აეროპორტამდე მისვლა, არცერთი საშუალებითაა იაფი და რადგან, ცნობილი „ეკონომისტი“ ვარ, ჩავიფიქრე, რომ იმდენ მანძილს გავივლი ფეხით, რამდენსაც შევძლებ. 12-ოდე კილომეტრის გავლის შემდეგ, სხვა დასახლებაში ავტობუსს ვხედავ და სულ რაღაც 4 ევროდ ვყიდულობ მძღოლთან აეროპორტისკენ მიმავალ ბილეთს...აეროპორტში რამდენიმე ქართველი ემიგრანტი გავიცანი. დაახლოებით ჩემი მშობლების ტოლნი არიან და თავისებურად ზრუნავენ ჩემზე. ისინიც შკირებულნი არიან ფაქტით რომ მარტო გავბედე სამოგზაუროდ წამოსვლა. სამახსოვრო ფოტოსაც ვიღებ მათთან ერთად. ვენეციიდან რომში ჩავფრინდით. რომიდან კი თბილისის რეისზე უნდა გადავსხდეთ.
ჰოი, საოცრებავ და რომის აეროპორტში, აქეთ გზაზე, საპასპორტო კონტროლის რიგში გაცნობილ ექიმებს ვპოულობ. ისინიც თბილისისკენ მოემართებიან. გაუხარდათ ჩემი ნახვა. ერთად ვსხდებით, ვსაუბროთ და ფილმს ვუყურებთ. მერე კი ნომრებს ვცვლით...
თბილისში გვიან ღამით ჩავფრინდით. თბილად დავემშვიდობე ემიგრანტებს და ექიმებს. მერე , მეგობრებს ვნახულობ, რომლებიც დამხვდნენ ჩამოფრენილს...
ორიოდე კვირაში ხორვატია მელოდება. ამჯერად, კონფერენციაზე უნდა გავფრინდე.
ხორვატია, 2015
იტალიიდან ჩამოფრენიდან 3 კვირაში, აი, უკვე ზაგრების აეროპორტში ვარ. სხვა ქართველებიც არიან ჩემთან ერთად. მათ შორის, "შეფი" და რამდენიმე ქართველი მეცნიერიც. ზაგრებში ავტომობილი დაგვხვდა და 2-3 საათში ულამაზეს ოპატიას (ჩვენებური ინტერპრეტაციით-ოპატიჯა) და ჩვენს ხუთვარსკვლავიან სასტუმროს მივადექით. სასტუმრო ადრიატიკის ზღვის სანაპიროზეა. ნომერში დაბინავებისთანავე სანაპიროზე გავვარდი ფოტოაპარატით აღჭურვილი. საოცარი ფერის ზღვაა-ლილიების შეფერილობა დაჰკრავს. ცივა, მაგრამ ალაგ-ალაგ მაინც ბანაობს ადამიანები-ძირითადად ტურისტები. კონფერენციისგან თავისუფალ დროს, აუზზე ვცურავ (საათობით ვცურავ, თუ დრო მაქვს), დარბაზში ვვარჯიშობ ან სანაპიროზე დავხეტიალობ. ჩემს აპარტამენტში მარტო ვარ. ფანჯარა ზღვას გადაჰყურებს და ყველაფერი მომწონს აქ. საოცრად ლამაზია აქაური მზის ამოსვლა. საკუთარი თავის მშურს, ამ სილამაზეს რომ ვუყურებ. თოლიებიც განსხვავებულად თამამები არიან. კონფერენციის სესიებზე შესვენენებების ჟამს, აივანს სტუმრობენ. ვაჭმევთ ხოლმე და ახლოსაც მოდიან. ულამაზესი თვალები აქვთ-ცისფერი და უჭკვიანესი მზერა. ხელიდან გართმევენ ლუკმას და შორი-ახლო ჭამენ, თან ხშირად იყურებიან, ხომ არ მომდევს ვინმეო...
დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდა კონფერენცია...ადამიანებს მალე ვეჩვევი და ქართული დელეგაციის წევრებსაც დავუახლოვდი. არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. გული მხოლოდ იმაზე დამწყდა, რომ ფოტოაპარატი დამივარდა და გავაფუჭე. საზეიმო ვახშმით დაიხურა კონფერენცია და სახლში გამომგზავრების დროც დადგა...ღამით მოგვიწია ფრენა. ცალ-ცალკე ვისხედით ყველა. ჩემს გვერდით მჯდომი ჩინელი ძალიან გაცივებული ჩანს. აშკარად ვირუსი აქვს. მაგის თხლოპინის მოსმენის ან ვირუსის გადადების თავი არ მაქვს და ცარიელი ადგილისკენ გადავდივარ წინა რიგებში. უსიმპათიურესი ახალგაზრდა ზის. ინგლისურად ვუთხარი ჩემი გასაჭირი და მორიდებით მივუჯექი გვერდზე, ფანჯრის მხარეს და ილუმინატორში გავიხედე. ძალიან მაღალ სიმაღლეზე მივფრინავთ. თან სავსე, დიდი და ყვითელი მთვარე ჰკიდია ცაში. იმ მთვარეს ზემოდან დაჰყურებს თვითმფრინავი. მსგავსი სილამაზე არსად მინახავს...მიფრინავ და ოქროსფერ, მბზინავ მთვარეს ზემოდან ათვალიერებ, თუ როგორ გაცილებს.
შიგა და შიგ თვალს ვხუჭავ. ჩემს გვერდით მჯდომ ჭაბუკს, აშკარად გამოლაპარაკება უნდა და საბაბს ეძებს რომ მასლაათი გამიბას, მე კიდევ სულელი და მორიდებული ვარ, ჰოდა თვალებს ვხუჭავ, თუმცა არ მძინავს. ვგრძნობ როგორ მათვალიერებს, ახლა კიდევ უფრო მეტად მერიდება თვალის გახელა...ფრენის დასასრულს, ყურადღება რომ არ მივაქციე, ჩათვალა რომ უნდა გამცლოდა და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა აეროპორტის შესასვლელისკენ...საკუთარ ინტუიციას თუ ვენდობი, ინგლისელი უნდა ყოფილიყო. ნეტავ რა ერქვა? ენდრიუ, ჯორჯი? ან რომ დამლაპარაკებოდა, რა მოხდებოდა? თუმცა მალევე ვივიწყებ და სტამბულში თბილისისკენ გამოსაფრენი რეისის ჩასხდომის დაწყებას ველოდები ჩემოდანზე თავ-ჩამოდებული...მანამდე კი წიგნს ვკითხულობ. ზაგრების აეროპორტის ფრენის რეგისტრაციის რიგშიც ვკითხულობდი. "უთავო მხედარი" მაქვს წაღებული. მეხუთე კლასში წავიკითხე და გადაკითხვა მომინდა...
ისევ საქართველო...ისევ თბილისის აეროპორტი...
სამივლინებო თანხიდან მხოლოდ 30 ევრო დავხარჯე. ისიც იმიტომ რომ-ზღვის პროდუქტები დავაგემოვნე: კიბორჩხალა, რვაფეხა, ხამანწკები, მოლუსკები და კიდევ "ათასი უბედურება"
ახლა, სხვა გეგმებს ვაწყობ...ვფიქრობ რომ თანხას დავამატო და ისევ სადმე ვიმოგზაურო...შიგადაშიგ კი საქართველოს კუთხეები მოვინახულო მინდა...

პარიზი, ამსტერდამი
2016 წლის დასაწყისი
ხორვატიიდან დაბრუნებისთანავე, შევუდექი ფიქრს, თუ სად შეიძლებოდა წავსულიყავი სამოგზაუროდ. ამ დროს, თამარა გამახსენდა...ადრე მითხრა, პარიზში წავიდეთო და ვიფიქრე, შევთავაზებდი, შევახსენებდი ამ იდეას...სიხარულით აიტაცა. თან ამსტერდამის ნახვაც გადავწყვიტეთ. მისთვის პირველი ფრენაა. აჟიტირებულია...თან ცოტას კი არა ბევრს ღელავს...
ერთად შევედით სავიზო ცენტრში. ვდგავართ რიგში. ეს ენას ვერ/არ აჩერებს ნერვიულობისგან. თან პირველი ვიზა უნდა ჩაურტყან, ხუმრობა საქმე ხომ არაა? ყველაფერზე საუბრობს, რაზეც შეიძლება ან არ შეიძლება ლაპარაკი. ხან თავს ვუქნევ, ხან ვპასუხობ...ყველა ჩვენ გვაქცევს ყურადღებას. ჩვენს უკან, ვიღაც "მოსული" ტიპი დგას, მეგობრებთან ერთად და ამერიკის საელჩოზე "საოცრებებს" ჰყვება. ამბობს, თუ როგორ არ მისცეს ვიზა მის ბიზნესმენ მეგობარს. მისი წუწუნი, თამარას საუბარზე მეტად მომაბეზრებელი მეჩვენა და ირონიული ღიმილით ვუთხარი, რომ მე ამერიკის ათწლიანი ვიზა მქონდა...უცებ თვალიერება დამიწყო და მკითხა, ვიყავი თუ არა დაოჯახებული. უარყოფითი პასუხის მიღების შემდგომ, გაკვირვებული ამბობს: "აქამდე გაუთხოვარი ვინ დაგტოვა"-ო. მთელი სავიზო ცენტრი იცინის, მგონი გულიანად. მე ავწითლდი...ჩვენმა რიგმაც მოაღწია. სამსახურიდან ცნობა რომ ნახა ოპერატორმა (თუ რაც ჰქვია) მუსაიფი გამიბა, მეც ბიოლოგიური დავამთავრე, ცოტა ხანს ვმასწავლებლობდი და ახლა აქ ვარო...ორიოდე კვირაში, ვიზაც მზადაა. თამარა პასპორტს შლის და თვალეგაბრწყინებული ცდილობს იყვიროს მთელი სამყაროს გასაგონად... მე კი მშვიდად ვფურცლავ პასპორტს და თვალით ვესიყვარულები ჩემს მომდევნო ვიზას.
ჩვენს გაფრენამდე ორიოდე კვირით ადრე, ტერაქტი მოხდა ევროპაში. ახლობლები ვიშვიშებენ და გვირჩევენ რომ "ფეხი არ გავადგათ". ჩვენ არ გვეშინია და 16 იანვარს, გამთენიისას, სუსხიანი დილის დასაწყისში, ატლასჯეტის საჰაერო ხომალდით ვიჭრებით ზეცისკენ.
თამარას ხელზე ვკიდებ და თვალებით ვამშვიდებ. დიდად არ შეშინებია აფრენის მომენტის...გადაჯდომამდე, რამდენიმე საათი დავხეტიალობთ ათა თურქის აეროპორტში, ცარიელი ტაქსებივით. წაღებულ წიგნს ნახევრად მძინარე თვალებით ვფურცლავ და ერთდროულად უამრავ რამეზე ვფიქრობ. ამსტერდამში დილაადრიან ვეშვებით. თამარა უამრავ ფოტოს იღებს აეროპორტთან. ვცდილობ, მომთმენი ვიყო. როგორც იქნა, ავტობუსი მოვიდა და ქალაქისკენ მივეშურებით. ლამაზი ქალაქია, მოგვწონს. სიცივე და აწითლებული ცხვირები მეორეხარისხოვანია. იმ დღეს, ახლო-მახლო ქუჩებს ვათვალიერებთ და მეორე დღეს მადამ ტიუსოს მუზეუმს "ვლაშქრავთ". მესის ფიგურასთან ყველაზე დიდხანს ვპოზირებ. მოგვიანებით წითელი ფანრების ქუჩისკენ მივეშურებით. თითქმის შიშველი ქალბატონების ყურებით არ ვინტერესდები და სარეკორდო წამებში ჩავიშხუილე ამ "ცოდვლითა ქუჩაზე". თამარა გულამოვარდნილი მომსდევს. ანა ფრანკის სახლს ახლოდან ვუვლით. არ შევდივართ. ზედმეტი თანხის დახარჯვის სურვილი არ გვაქვს. ისე, აქსიომად მექცა, მუზეუმებში რომ არ შევიდე. როგორც ჭეშმარიტ გურულს, არ მაქვს რიგში დგომის ნებისყოფა და არც ზედმეტი თანხის ხარჯვის სურვილი მკლავს. თან ვფიქრობ, რომელიმე ექსპონატის ნახვა თუ მომინდა, "დავგუგლავ" და ეგაა.
დავდივართ ამსტერდამის ქუჩებში. ჩემი მეგობარი ყველა მაღაზიაში შედის. განა რამეს ყიდულობს?!... აი, ასე, უთავბოლოდ დადის, კითხულობს ფასებს და უკანვე გამოდის, მერე სხვა მაღაზიაში შედის და ასე გრძელდება გაუთავებლად.... სიარულით არასდროს დავიღლები, მაგრამ მაღაზიებში წანწალი მკლავს, მასავათებს...ჰოდა, მერე ჭკუა ვისწავლე, კარებთან ველოდები და დროს ვუნიშნავ...5 წუთში არ გამოვა და "მისი აჯობებს". ასე, ყველა მაღაზია თუ "დავლაშქრეთ", სანახაობები განზე დაგვრჩება. დატუქსვას პატარა ბავშვივით ჩუმად იღებს. მერე მოგვიანებით გული მილბება, ისევ მოწყალე ვხდები.
პარიზისკენ ავტობუსით უნდა გავემგზავროთ. რეისი საღამოსაა. დროის და თანხის დაზოგვის მიზნით, ასე გადავწყვიტეთ: მთელი ღამით ვიმგზავრებთ და ადრე დილით ვიქნებით პარიზში. ავტოსადგურისკენ ფეხით მივდივართ, ჯიპიესის დახმარებით. 15 კილომეტრამდეა ფეხით გასავლელი, მაგრამ მზიანი დღეა და ვის ადარდებს. თან, ამ "დაბოლილთა ქალაქში" უკვე ყველა ღირსშესანიშნაობა ვნახეთ და სასტუმროდან "ჩექ აუთ"-ის გაკეთებისთანავე ავტობუსების სადგურისკენ მივემართებით. ავტოსადგური პატარა შენობაა და ის მხოლოდ ევროლაინის ფირმის ავტობუსებითვისაა განკუთვნილი. იქ მისვლამდე, ვიფიქრეთ რომ მეტროში შევიდოდით ცოტა ხნით, სითბოში, რადგანაც თამარას თბილად არ აცვია. თხელი დუტი აქვს და სულ ცივა. გამუდმებით წიწილასავით იბუზება. შევედით მეტროსადგურში და მალევე გამოვვარდით. უბრალო შესვლაც კი ფასიანია... ჯარიმას გადავრჩით...
ამსტერდამის შემდეგ, ბელგიის საზღვრებს ვკვეთავთ და მოგვიანებით, დილაუთენია პარიზში ვართ. ნამძინარევი თვალებით ვარკვევთ, ჩვენს სასტუმრომდე რომელ მეტროს უნდა გავყვეთ. ადვილად ვპოულობთ სასტუმროს და მიმღებში, ყბის ჩამოვარდნამდე სიმპათიური მულატი ბიჭი გვხვდება. "მოწყალებას იღებს" და ადრე გვიშვებს ჩვენს ნომერში. ვისვენებთ, ცოტას ვიძინებთ და 9-ის მერე ქალაქში გავდივართ. ეიფელისკენ მივემართებით. გზადაგზა ათობით ფოტოს ვიღებთ. და აი, ეიფელიც გამოჩნდა ღრუბლების ფონზე. დიდად არ მხიბლავს და ვამბობ, რომ რკინის გროვაა და რომ ჩვენი ანძა უფრო ლამაზია. მომდევნო დღეს, საუზმეს ახლო-მახლო მაღაზიაში ვყიდულობთ. თამარა ყავასაც აყოლებს, რადგან მაგის გარეშე, სიცოცხლის გაგრძელებას ვერ შეძლებს, როგორც ეტყობა, თუმცა მისი თქმით პატარა ულუფა არ ეყო და გზაში არჩევს რესტორნებს, თუ სად შეიძლება კიდევ რომ ყავა დალიოს. ლამაზ ჩუქურთმებიან რესტორანზე შეაჩერა არჩევანი. შევედით. ზრდილობიანად გვესალმებიან. როგორც ფილმებშია, ისე ლამაზია იქაურობა და მგონი, ოქროთი მოვარაყებულიც კია დარბაზი. ქალბატონმა თამარამ მოინდომა 6 კაციან მაგიდასთან დაჯდომა, რადგან ხედი მოსწონს იმ ადგილიდან. ჩემი შეგონება, რომ ორნი ვართ და ეს მაგიდა 6 ადამიანისთვისაა-არ ჭრის. ხელების დასაბანად გავედი და რომ შემოვბრუნდი, ოფიციანტი ზრდილობიანი ფორმმით ეუბნება, რომ სხვაგან გადაჯდეს. თამარა უკმაყოფილო სახით დგება და ამჯერად, 4 კაციან მაგიდას მიადგა. მაქედანაც, საბოლოოდ ორი ადამიანისთვის განკუთვნილ მაგიდასთან მიაბრძანეს. მეც წინ ვუჯდები. ბუზღუნით მეუბნება რომ ფოტოები გადავუღო. "გოგო, ყველგან ფოტოების გადაღება ვინ გაიგო"-არ ესმის. ყავას დიდი ჭიქებით უკვეთავს. რძეც მოაყოლეს. სანამ დალევას დავიწყებდით, მანამდე ვკითხულობთ ფასს... ჰოი საოცრებავ კი არადა...2 ფინჯანი ყავის ფასი საკმაოდ სოლიდურია. იმხელა თანხაა, 5 დღე რომ ეყოფა სადილად ადამიანს პარიზის სხვა უფრო დაბალ ფასიან კაფეებში..."ვმარხულობ, რძეს ვერ დავლევ"-ო თამუნიამ. ისეთ თანხას ვტოვებთ ყავის სანაცვლოდ აქ, იმ რძეს ხელუხლებელს როგორ დავუტოვებდი, ჰოდა, ბოლომდე, გმირულად ვსვამ შემთბარ რძეს. რესტორნიდან გამოვდივართ. გამოსვლის წინ, ელიტურად ჩაცმულ ბანოვანებს ვავლებ თვალს და მეღიმება...
მონმარტრისკენ მივიწევთ. იქ ფრანგ ფისოს ვპოულობ და ვეფერები. მერე ხის ცხენების ატრაქციონზე "ვკატაობთ". ჩვენი ასაკისა იმ ცხენებზე არავინ ზის. ძრითადად 5-6 წლის ბავშვები არიან. ხალხი ვიდეოებს გვიღებს და ეღიმებათ დიდი ბავშვების დანახვაზე. ჩვენ კი ვხალისობთ. მომეწონა პარიზი და გადაწყვეტილებას ვღებულობ, თაფლობის თვე აქ რომ გავატაროთ, მე და ჩემმა მომავალმა "ფისომ", ოღონდ მისი ხარჯებით-ვასკვნი ასე. პარიზის ქუჩებში უამრავ სიმპათიურ ადამიანს ვნახულობთ და ემოციებით სავსე ვბრუნდებით სასტუმროში.
კარფური აქაცაა, პარიზის ქუჩებში. პროდუქტებს ძირითადად მაგ მარკეტში ვყიდულობთ. რესტორნებში სადილობისთვის თანხას არ ვხარჯავთ, სწრაფი კვების საჭმელს ან ბაგეტებს და იაფიან პროდუქტს ვჯერდებით.მთავარია რომ პარიზში ვართ, ვნახულობთ ყველაფერს, რისი ნახვაც გვინდოდა და ძვირადღირებულ რესტორნებში სადილობების გარეშეც კარგად ვგრძნობთ თავებს.
ამოიწურა პარიზული არდადეგებიც და ისევ თბილისისკენ მოვეშურებით ზღვა ემოციებით.

ბარსელონა-ბუდაპეშტი
2016
პარიზი-ამსტერდამიდან დაბრუნების შემდეგ, ვიცოდი, რომ ისევ მინდოდა სადღაც გამგზავრება თამუნიასთან ერთად...ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა და გადავწყვიტე, ესპანეთში წასვლა...ბოლოს და ბოლოს, ჩემი უსაყვარლესი საფეხბურთო გუნდის "ბარსელონას" არენაზე მივიდოდი იუბილეზე და ავისრულებდი უდიდეს ოცნებას...თამოს სამსახურიდან მადრიდის საგზურიც ჰქონდა და ბარსელონა-მადრიდს ვფიქრობდით, მაგრამ მის თანამშრომელს შურმა შემოუტია და განუცხადა, რომ თვითონ უნდა ესარგებლა ამ საგზურით. გული არ დაგვწყვეტია, უბრალოდ კარგად ვიხალისეთ...თან ზუსტად ვიცოდით, არც თვითონ გამოიყენებდა ამ საგზურს და ისე გამოუვიდა, ავი ძაღლი არც თვითონ რომ არ ჭამს და არც სხვას რომ არ აჭმევს...ალტერნატიული გზის ძიებისას, მოვიფიქრეთ, ბარემ ბუდაპეშტი მოგვენახულებინა, ევროპის ერთ-ერთი ლამაზი, მშვენიერი და იაფი ქალაქი. დავსახეთ გეგმა, მარშრუტი, შევედით სავიზო ცენტრში და დოკუმენტები შევიტანეთ. თამომ ვიზა აიღო, ჩემი განაცხადი, კი როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, უპასუხისმგებლო თანამშრომლებმა სადღაც მიაკარგეს და რაღაც ნაწილი საბუთების შეტანა თავიდან მომიხდა, კონსულთან ხანგრძლივი მიმოწერის და სავიზო ცენტრზე ჩემი გურული სიფიცხის გამოვლინების შემდგომ...როგორც იქნა, გაფრენამდე 1 კვირით ადრე მაღირსეს ვიზა. თან მულტია და 6 თვიანი. ღირდა ლოდინი ამისთვის.
ჩემი უსაყვარლესი მეგობრის დედიკო ცხოვრობს ბარსელონაში და ნათის "ჩარევით" ის გვიმასპინძლებს. დიდად არ მიყვარს, ადამიანების შეწუხება, მაგრამ ამაზე უკეთეს საჩუქარს რას ინატრებს ადამიანი?...
აჰა, ისევ ჰაერში ვართ...მერე- გოკჩენის აეროპორტში რამდენიმე საათიანი ლოდინი, ბარსელონას რეისზე გადაჯდომა და ესპანეთში გაფრენა... ფიქრია დეიდაც მალე მოვიდა აეროპორტთან და ვუყვები საქართველოს ამბებს...სახლში რომ მივედით, გამოვიცვალეთ თუ არა, იქ გაცნობილ ქართველ ბიჭთან ერთად- (ერთ სახლში რამდენიმე ქართველი ცხოვრობდა და გადასახადებს ინაწილებდნენ) ილიასთან ერთად ბარსელონას ქუჩებში "გავშალეთ ფრთები". ილია პატარა და საყვარელი ბიჭია. ადვილად დავმეგობრდით. ხალისით დაგვყვება ქალაქის ქუჩებში. რამდენიმე თვეა ბარსელონაშია. ესპანეთში, თავის ოცნებებს გამოედევნა. საქართველოში წარმატებული საფეხბურთო კარიერა მიატოვა და აქ ცდილობს ახალი ნაბიჯების გადადგმას ფეხბურთისკენ მიმავალ გზაზე...ჯერ არაფერი გამოსდის, თუმცა ცდილობს...მოყვარულთა გუნდთან ერთად თამაშობს, რომელიც ჯერ არცერთ დივიზიონშია...
სახლში სითბო, სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა ტრიალებს...მეც მეტი რა მინდა, ბედნიერი ვარ...ბარსელონაში ვარ ბოლოსდაბოლოს...აქ ჩამოსვლამდე, ვფიქრობდი, "ბარსას" ხელმძღვანელობისთვის წერილი მიმეწერა და მესისთან შეხვედრა მეთხოვა, თამაშზეც მინდოდა დასწრება მაგრამ ისე დაემთხვა, რომ საკლუბო ჩემპიონატს ტაიმ-აუტი აქვს აღებული სანაკრებო თამაშების გამო. მესიც არგენტინაშია. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ იმ ადგილებში დავაბიჯებ, სადაც ბარსელონას ფეხბურთელები დადიან...
საღამოს, სახლის ახალ მკვიდრებს ვეცნობით. ორი ქართველი ემიგრანტი ბიჭია. ცალკე ოთახში ცხოვრობენ. ცოტათი, მტრული დამოკიდებულება ვიგრძენით მათგან.მიზეზს არ ამბობენ მაგრამ მივხვდი: ეს ცოტა არ იყოს, შურის მსგავსი გრძნობაა...თვითონ გადმოხვეწილები არიან, ოჯახებიდან შორს და ჩვენ ორ ჩერჩეტ გოგოდ აღგვიქვამენ, რომლებსაც დროც და ფულიც აქვთ და სასეირნოდ და დროის სატარებლად ჩამოვიდნენ ესპანეთში...მოგვიანებით, როცა იგებენ, თუ როგორ მიზერულ თანხებში გვაქვს ნაყიდი ბილეთები, ხვდებიან, რომ არ ვართ განებივრებული გოგოები და უკვე მეგობრულად გვიყურებენ...
ბარსელონაში 24 მარტს ჩავფრინდით, ჩემი დაბადების დღე კი 26-შია და ბარსელონურად აღვნიშნავ 30 წლის იუბილეს...ფიქრია დეიდამ საზოგადოებრივი ტრანსპორის ტალონი გვაჩუქა მე და თამოს. ძირითადად ფეხით დავდივართ, თუმცა მეტროსაც ვიყენებთ ხოლმე. დავაბიჯებთ ბარსელონას ქუჩებში და აქ ყველაფერი მოგვწონს. ერთხელაც,მორიგი სეირნობისას ჩვენი "გიდი" გვეუბნება რომ მის ყოფილ შეყვარებულს ჩემსა და თამოსავით მწვანე თვალები ჰქონია თურმე და "რომ გვიყურებს ცუდად ხდება"...სიცილ-ხარხარში გავატარეთ ეს მონოლოგი.
25 მარტი ღამდება...12 ხდება. უჩვეულო ფაცი-ფუცია ოჯახში. მივხვდი, რომ რაღაცას გეგმავენ...და, ზუსტად პირველის 1 წუთზე იწყება: ტორტი, ანთებული სანთლები და საჩუქრები...ზოგადად, ემოციური ტიპაჟი არ ვარ და მხოლოდ ღიმილიანი მადლობებით შემოვიფარგლები "სიურპრიზებზე". ბიჭებმა საათები გვაჩუქეს. ჩემი-"ტისოტი"-ს ფირმისაა, ორიგინალი. ერთ-ერთმა პატარა სამგზავრო ჩანთაც მაჩუქა. ილიამ კი-ბარსელონას ერთ-ერთი თამაშიდან მოტანილი ხელსაწმენდი, ბარსას ინიციალებით. თან ბოდიშს მიხდის, რომ მეტის საშუალება არ აქვს. ინტერნეტშიც ,მესენჯერით უამრავი მილოცვა მოდის...პირველად "იმან" მომილოცა ორიოდე სიტყვით. გამიხარდა რაღაცნაირად...
მეორე დღეს, ფიქრია დეიდა გოგოებს გვეპატიჟება შვედურ მაგიდაზე. უგემრიელესი რაღაცეებია. მარხვის პერიოდია, მაგრამ ადამიანი ჩვენს საპატივცემულოდ წუხდება და ვერ დავიწყებ: "იცით რა, მარხვაზე ვარ და ამას ვერ შევჭამ"...მსგავსი რამ, სტუმრად ყოფნისას, ამორალობად მიმაჩნია...არ შემიძლია, გულით გამოტანილ კერძებზე, სტუმრად ყოფნისას უარი ვთქვა მოტივით "მარხვაზე ვარ და ვერ მივირთმევ"...ასე, უფრო წუხდება ადამიანი, ორმაგად წუხდება და შენი გამოკვების ალტერნატიული გზების მოძიებას იწყებს...ეს კი რაღა მარხვა გამოდის...
26 მარტს კიდევ ერთხელ გავდივართ კამპ-ნოუზე...რამბლას, კატალუნიის მოედანს, ესპანიას, საგრადა ფამილიას, ტიპი-ტაბოს და უამრავ სხვა ღირსშესანიშნაობებს ვნახულობთ...27 მარტს, ჩვენი გაფრენის დღეს, ბიჭები გვაცილებენ აეროპორტამდე...ქალბატონებიც სიყვარულით გვემშვიდობებიან და ზუსტად ვიცი, რომ ეს სითბო, რაც ბარსელონაში ქართველი ემიგრანტებისგან მივიღე, ძალიან დიდხანს გამყვება...
ბუდაპეშტში ვიზაერით მივფრინავთ. პრეტენზიულები არიან ზურგჩანთების ზომასა და წონასთან დაკავშირებით. ავიახაზის "ქოფაკ" თანამშრომელს ძლივს ვუსხლტები ხელიდან რომ დამატებითი თანხა არ გადამახდევინოს. ნაჩუქარ ჩანთაში, მეორე ჩანთა მიდევს და ამის გამო მოცულობაში მოიმატა ხელბარგმა. რამდენიმე ტანსაცმელსაც ზემოდან ვიცმევ და აბრეშუმის ჭიასავით ვგრძნობ თავს.
ბუდაპეშტში გაცილებით ცივა. დანუბე ცივი მდინარეა. მის ორივე ნაპირასაა ქალაქი გაშენებული. ერთ მხარეს ბუდაა, მეპრე მხარეს-პეშტი. 20 ევროიან ჰოსტელში ვბინავდებით (რომელშიც მშვენიერი პირობებია) და ქალაქის დასათვალიერებლად მივეშურებით. ჩვენი მოგზაურობა იქაურ აღდგომას ემთხვევა და დღესასწაულია ქუჩებში. ლამაზადაა მორთული ცენტრალური ადგილები და ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთები და იქაური დელიკატესებია გამოფენილი... თამოსდა სამწუხაროდ, ძირითადი ნაწილი მაღაზიებისა დაკეტილია. მე კი შვებით ამოვისუნთქე ამის გაგებაზე...მაღაზიებში უმიზნოდ ბოდიალზე მეტად არაფერი მაღიზიანებს.
ბევრი სანახაობაა ქალაქში. ძველი , ლამაზი ჩუქურთმებიანნი შენობები...ტაძრები...უზარმაზარი პარლამენტის შენობა...ქანდაკებები...
ტურისტისთვის მიმზიდველი ქალაქია...
კმაყოფილები ვრჩებით ბოდიალით.
ერთი რამ, რაც ამ ქალაქში არ მომწონს-სიღარიბეა. ქალაქის ცენტრში აქვთ გაშლილი ლეიბები უსახლ-კაროებს და ამ სიცივეში სძინავთ გარეთ...მეტროც ძველებურია, საბჭოთა კავშირის დროინდელი ვაგონებით...
მეორე დღეს ქუთაისისკენ მივფრინავთ ისევ და ისევ ვიზაერით...ბუდაპეშტის აეროპორტის ეს ტერმინალი ჩაის გადამამუშავებელ პუნქტს უფრო ჰგავს...იატაკიც ცემენტ მოსხმულია...ქართველების "სუნი" იგრძნობა. ერთბაშად 9 რიგია რეგისტრაციის დროს...რამდენიმე საათიანი ფრენის შემდეგ წვიმიან ქუთაისში ვეშვებით. ტრაპიდან ჩამოსულები, სარეკორდო სიჩქარით მივქრივართ აეროპორტის შენობისკენ. იქ მისულები ვარკვევთ, რომ თამარას საფულე და პასპორტი ვითმფრინავში დარჩა...უკან გარბის...მოგვიანებით დამნაშავეს თვალებით მეუბნება რომ დაცვამ არ აუშვა თვითმფრინავში და მოგვიანებით თვითონ გამოუტანეს...
თბილისისკენ გავეშურეთ..
დავუბრუნდით ისევ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას და შიგადაშიგ ბარსელონაში შეძენილი ახალი მეგობრები გვახსენდება...
ყოველი ახალი დღე, კიდევ ერთხელ მახსენებს, რომ მხოლოდ ერთი სიცოცხლე მაქვს და მინდა, ისე ვიცხოვრო, წლების შემდეგ, ყავარჯნებით რომ ვივლი, მოსაყოლი მქონდეს ბევრი და რომ ვთქვა: მე ვიცხოვრე და უბრალოდ არ მიარსებია...
მაისის ბოლოს, მოგზაურობის ახალი იდეა გვებადება...არავისთან ვსაუბრობთ ამ იდეაზე ჯერ.
თუმცა, მე მხოლოდ ის 150 ევრო მაქვს, რომელიც ჯიბის ფულად მქონდა წაღებული წინა მოგზაურობისას და არ დავხარჯე...ეს საკმარისი სულაც არაა, იმ "გრანდიოზული" გეგმისთვის, რაც ჩავიფიქრეთ...თამოს კი ჯერ 1 თეთრიც არ აქვს... თუმცა ძალიან გვინდა, ეს მოგზაურობაც შედგეს. გვინდა, "ძალები მოვსინჯოთ" იქ, სადაც ქართველების 98 %-ს უკან, საზღვრის გადაუკვეთავად აბრუნებენ...
ჩვენ ისრაელში გვინდა...
იერუსალიმში გვინდა...
ნაზარეთში გვინდა...
თელ-ავივში გვინდა...
გვინდა...
ჰოდა მოვახერხებთ და წავალთ კიდეც...

"მაწანწალას დღიურები"
საოცნებო ისრაელი-2016
"Enjoy"
ისრაელში გასაფრენად, კაპიკ-კაპიკ ვაკოწიწებთ მე და თამარა ავიაბილეთების თანხას. ისე მოხდა, რომ გაფრენამდე 22 დღით ადრე ვიპოვეთ ფრენის იაფი ვარიანტი (ივნისის ბოლოსთვის). ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდით და აჰა, პეგასუსის ავიაბილეთები ჩვენს ხელთაა. მერე გულდასმით ვეძებთ სასტუმროებს, იერუსალიმში კატასტროფული ფასები ადევს...თელ-ავივშიც. ბოლოს, როგორც იქნა, ჰოსტელს ვპოულობთ მისაღებ ფასად, ცენტრთან და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან ახლოს თელ-ავივში და გაფრენამდე დარჩენილ დღეებს ვითვლით. დედა ისევ მხარში მიდგას, როგორც ყოველთვის. ძალიან ცოტამ იცის, რომ მივფრინავთ. გაგებული გვაქვს რომ საზღვრიდან ბევრს აბრუნებენ უკან და არ ვახმაურებთ ჩვენი მოგზაურობის შესახებ.
ჩავფრინდით ბენ გურიონის აეროპორტში. ათასგვარი შემოწმების გავლის შემდეგ, საბაჟოდან დასაკითხ ოთახში გაგვაგზავნეს. მოსაცდელში ბერულად შემოსილი ახალგაზრდა ზის და ნერვიულობა შუბლზე აწერია. რატომღაც, მხოლოდ მე მეძახიან დაკითხვაზე და ოთახში რომ შევდივარ, ნამდვილი "გაუცინარი ხელმწიფე" მხვდება იქ. მეკითხება, ინგლისურად მიჯობს საუბარი თუ რუსულად. მე-ინგლისურს ვირჩევ. უამრავ რამეს მეკითხება. მეც გულწრფელ პასუხებს ვიძლევი. ბოლოს, უკან დასაბრუნებელ ავიაბილეთებს მთხოვს, ათვალიერებს ჩემს პასპორტს. რამდენიმე წამით, ჩემს ამერიკის ათწლიან ვიზაზე აჩერებს მზერას, ტუჩის კუთხეში ღიმილი უკრთება და ქვეყანაში შესვლის ნებართვას მაძლევს,თამუნასაც ნებართვის ბარათს აძლევს და თან აყოლებს: "Enjoy"...
თამოს მის ნათქვამ სიტყვებს ვუმეორებ და გახარებულები გამოვდივართ ოთახიდან.
ბერულად შემოსილი ახალგაზრდა უკან მოგვყვება და დახმარებას გვთხოვს:"არც ინგლისური ვიცი, არც რუსული და იქნებ დამეხმაროთ მათთან საუბარში"-ო. თამუნა მიდის დასაკითხ ოთახთან და ეუბნება ბერულად შემოსილის გასაჭირზე. იქედან გვპასუხობენ:
"თქვენ ხომ მოგეცით ნებართვა, მაგასთან თავად მოვაგვარებთ, ნუ ერევით" და მოვდივართ. ვერ ვეხმარებით...


ვიცი, რომ ისრაელი არის ქვეყანა, სადაც ქართველებს ნაკლებად ენდობიან...მოგვიანებით ვიგებ, რომ ამ ქვეყანაში, სულ მცირე 400 000 ქართველი ემიგრანტია...ოჯახებიდან მოწყვეტილი...შვილების, ძმების, დების, ქმრების, ცოლების გამო წამოსულები...ზოგიერთი, არცთუ ლამაზი გზით ცდილობს ამ ქვეყანაში მოხვედრას, იცმევენ ბერულად, მღვდლის მსგავსად რომ შეუშვან ქვეყანაში, ზოგიერთი-ყალბ სამედიცინო დასკვნას აკეთებს და ა.შ. ძალიან ცოტა არის ისეთი, ვისაც ნამდვილად აქვს სამუშაო ნებართვა ამ ქვეყანაში.
ქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტს მივყვებით. ჰოსტელში ვრეგისტრირდებით, ახლო-მახლო უბნებს ვათვალიერებთ და მერე სანაპიროზე გავდივართ. ბედნიერები ვართ, რომ ამ ზღაპრულ ქვეყანაში ვართ. ემოციების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.
ზოგადად, საოცრად ძვირი ქვეყანაა..ფუფუნების უფლებას არ ვაძლევთ ხოლმე თავს სადილ-ვახშმისას (საუზმე შედის მომსახურებაში). თითო კირს, პომიდორს ან მდნარ ყველს ვჯერდებით ხოლმე.
მეორე დღეს, დილაადრიან ვსაუზმობთ და ნაზარეთში მივდივართ ავტობუსით. იქაურობა მოვილოცეთ, დავათვალიერეთ ქალაქი, წმინდა ადგილები და ერთ-ერთ ტაძარში ქართული ღვთისმშობლის ხატის დანახვაც უაღრესად გვახარებს. დაღლილები ვბრუნდებით თელ-ავივში. საღამოს ისევ სანაპიროზე გავდივართ და ხმელთაშუა ზღვაში ვჭყუმპალაობთ.
მომდევნო დღეს იერუსალიმისკენ მივემგზავრებით ავტობუსით. ძველ იერუსალიმში შესვლისას საოცარი გრზნობა მეუფლება. ქრისტეს ნაკვალევზე მივაბიჯებთ...გვიხარია...გვეამაყება. მაცხოვრის შობის ტაძარში დიდხანს ვყოვნდებით. ქრისტეს საფლავზე ორჯერ შევდივართ. მაქსიმუმ 5 წამით გვაჩერებს (ჩვენც და თითოეულ მომლოცველსაც) აკლდამაში მორიგე მღვდელი. არ არის ტურისტული და პილიგრიმული პერიოდი, ამიტომ მომლოცველიც არაა ბევრი. დავდივართ ძველ იერუსალიმში. ქალაქიდან გამოსასვლელი რამდენიმე კარიბჭეა. ზოგიერთ მათგანში შესვლა, სადაც მუსლიმები და არაბები ცხოვრობენ სახიფათოა. მორიგე პოლიციელები გვაფრთხილებენ ამაზე. ქალაქის დარჩენილ ნაწილსაც ვათვალიერებთ და სამახსოვრო საჩუქრებად სანთლებს ვარჩევთ...ფეხით დავხეტიალობთ. გოდების კედელსაც ვნახულობთ..საოცარი ადგილია...მე არ მჩვევია, უფალთან "გარიგებები" და მხოლოდ ერთ ფრაზას ვწერ "უფალო ისეო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალენ მე ცოდვილი", კედელშ ვამაგრებ სხვა ასი ათასობით თხოვნებს შორის და მერე, საღამოს ისევ თელ-ავივში ვბრუნდებით.


შემდეგ დღეს, თელ-ავივში სასეირნოდ ვიყენებთ. საღამოს, მასპინძლობას ქალაქში მცხოვრები თამუნას ნათესავი გვიწევს. უგემრიელეს ადგილობრივ კერძებზე გვეპატიჟება და სასიამოვნო საღამოს ვატარებთ.
ფრენა შაბათს გვიწევს. აღმოჩნდა, რომ შაბათი აქ დასვენების დღეა. ყველაფერი ისვენებს, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. იძულებულები ვართ, ჩვენვის უჩვეულო რამ ჩავიდინოთ, ანუ ტაქსი გამოვიძახოთ. სასტუმროს მენეჯერი იძახებს ტაქსს და აეროპორტისკენ გვიშვებს. ეს "სიამოვნება" მთელი 40 დოლარი გვიჯდება
ტაქსისტი ჩუმად ზის საჭესთან, მერე მოულოდნელად ქართულად იწყებს საუბარს და გვეუბნება რომ თბილისელი ებრაელია წარმოშობით და ინტერესდება, შეგვხვდა თუ არა ისრაელში ვინმე ქართველი. უარს ვეუბნებით. ვხვდებით, რომ აგენტურიდანაა, რომც გვენახა ვინმე, ვერაფერს ვეტყოდით, ვერავის ცოდვაში ჩავიდგამდით ფეხს...ვისაც ულხინს, იმას რა უნდა უცხო ქვეყანაში?...
ტაქსის მძღოლი გულითადად გვემშვიდობება და ათასი შემოწმების შემდგომ ბენგურიონის აეროპორტის (მსოფლიოში ყველაზე დაცული აეროპორტის) დაცვის თანამშრომლების უამრავ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ სკანერების განყოფილებისკენ მივემართებით. ჩანთის გახსნას მთხოვენ (ყველას უხსნიან ჩანთებს) და უეცრად, ჩემი პირადი ნივთები ვარდება ჩანთიდან. სასწრაფოდ ვყრი ჩანთაში ნივთებს. შემმოწმებელი მამაკაცია, წითლდება სახეზე, ჩანთის დაკეტვაში მეხმარება და თვითმფრინავში ჩასხდომაც იწყება...
რამდენიმე საათში გოკჩენის აეროპორტში ვართ, მერე-თბილისში.
შთაბეჭდილებებით სავსენი.
ემოციებით სავსენი...
ბედნიერები...
დაბრუნებისთანავე, ჩვენს საფირმო სიტყვად იქცა "ინჯოი"...
ორიოდე კვირაა გასული, რაც ისრაელიდან დავბრუნდით. თამო, ავსტრიაში მოგზაურობის იდეას მაწვდის, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის გამო, მის იდეას აღტაცებით ვერ ვხვდები, ამიტომ მარტო მიდის სამოგზაუროდ. მე კი თურქეთისკენ მივემგზავრები მეგობრებთან ერთად, ხმელთაშუა ზღვაზე გასარუჯად და დედაჩემის მოსანახულებლად.
და ძილის წინ, როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, გონებაში ვფიქრობ ქვეყნებზე, სადაც უდიდესი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი...


ბუდაპეშტი-ბრატისლავა-ვენა-პრაღა-ბერლინი 2017
"მარტოხელა მოგზაუროს ქრონიკები"
სამოგზაურო გეგმები ყოველთვის მომეძევება, თუმცა შესაძლებლობა-ხანდახან...
ზამთარში, ინდოეთში მოგზაურობის შემოთავაზებას ვიღებ, ერთი განსაკუთრებული ადამიანისგან, მაგრამ იმდენად ვარ გაბრაზებული შემომთავაზებელზე, ვეუბნები, რომ მირჩევნია ანაკონდამ მიმირთვას ჯუნგლებში ვახშმად, ვიდრე მასთან ერთად წავიდე სადმე სამოგზაუროდ.
რიგი მიზეზების გამო, გაზაფხულამდე ვერსად მივდივარ. მერე ჩემი დაბადების დღე მოდის. მანამდე, ჯერ კიდევ 30 წლის ასაკში დოქტორის ხარისხს ვიღებ. იუბილეზე ფულად თანხასაც ვიღებ საჩუქრად დედასგან და კიდევ ერთი ადამიანისგან. ხელთ 200 დოლარი მიპყრია, ჰოდა გეგმების დაწყობას ვიწყებ. არავისთან ვამხელ იდეებს. ვეძებ და ვეძებ, ევროპაში მოსახვედრად იაფ საშუალებებს. ბოლოს, ვიზაერით გაფრენას ვარჩევ ბუდაპეშტის მიმართულებით და იქედან ავტობუსით გადავაადგილდები ევროპის ქალაქებში, ბოლოს კი ბერლინიდან გამოვფრინდები...რუკაზე მანძილებს დავყურებ, ვამოწმებ მგზავრობის საათებს და მოსალოდნელი 2 თვის შემდგომი მოგზაურობით წინასწარ ვტკბები. ავიაბილეთები ვიყიდე, ავტობუსის ბილეთებიც ხელთ მაქვს და ქალაქების ცენტრებში ჰოსტელების ჯავშანიც ჩემთანაა...ივნისის ბოლოსკენ მიწევს ფრენა. დაბადებისდღის საჩუქარი, ორმხრივ ავიაბილეთებზე და სასტუმროების ჯავშანზე მეყო.
გაზაფხულზე, ერთ ადამიანს ვუმეგობრდები. თუმცა, მანამდე სულ ჩემს თვალწინ იყო. საითაც გავიხედავდი, ყველგან ჩანდა. ავტობუსში, უნივერსიტეტის შესასვლელთან, გზაში. არასდროს მიმიცია, ზედმეტი მნიშვნელობა ამ "შემთხვევითი" შეხვედრებისთვის. თანაც, ჩემზე გაცილებით უმცროსია და მეგობრობის იქეთ, გაფიქრებაც კი ზედმეტი იყო ჩემთვის. ლაშქრობაზე და კომპიუტერულ პროგრამებზე საუბრებით დაიწყო ჩვენი დაახლოება. მერე, მხოლოდ მოკითხვებით არ შემოვიფარგლებით და როცა ეცალა, ვსეირნობდით ხოლმე საღამოობით, ან ინტერნეტით ვსაუბრობდით. ჩემს სამოგზაურო გეგმებზე რომ მოვუყევი, თითქოს ეწყინა, რომ მარტო მივდივარ. თუმცა ვერავის აზრი შემაცვლევინებს გადაწყვეტილებას. მერე, ისე მოხდა რომ ერთმანეთთან საერთო ენა ვეღარ გამოვნახეთ რიგი მიზეზების გამო და ხუხულასავით ჩამოიშალა ჩვენი ერთთვიანი მეგობრობა.
ალბად, ასაკიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ზოგჯერ, მეგობრობაშიც კი.
თან საერთო მეგობრები გვყავს და მათ მუდმივ ხუმრობასაც არ მოაჰქონდა სიკეთე ჩვენთან მიმართებაში.
ბოლოს, ისე მიბრაზდება, მბლოკავს, გამგზავრებამდე...
ყველასათვის მისაღები პიროვნება ვერ ვიქნები...
გული მწყდება, თუმცა ცხოვრება გრძელდება.
რაც მოხდა, ამ გაუგებრობას მის ასაკს ვაბრალებ და ვემშვიდობები სიტყვებით : "როცა გაიზრდები, მერე ვიმეგობროთ"...
ახლა, ერთით ნაკლები მეგობარი მყავს.
სამაგიეროდ, მაქვს უამრავი სამომავლო გეგმა და იდეა.
გაფრენამდე 2 კვირით ადრე, "შეფს" ვეუბნები რომ რამდენიმე დღე ვერ მოვალ სამსახურში. არ ვამხელ, სად და რატომ მივდივარ.
ქუთაისის აეროპორტამდე, "ჯორჯიან ბას"-ით ვმგზავრობ. გზაში, ვიღაც ქალი ცუდად ხდება, თანაც ყოველ 20 წუთში ერთხელ და ამ დროს, ავტობუსი ჩერდება რომ მოასულიერონ. როგორც გავიგე, საბერძნეთში მიფრინავს. მის მდგომარეობაში, ფრენა სახიფათოა. ამიტომ, ხაშურთან მისვლისას გადაუდებელი დახმარების ბრიგადას იძახებენ და სასწრაფოთი მიჰყავთ. ეჭვი მეპარება, რეისს მიუსწროს...რაღაცნაირად შემებრალა...იქნებ, ბოლო კაპიკები გაიღო ავიაბილეთისთვის...
ქუთაისში რომ ჩავდივართ, ვიფიცებ, რომ "ჯორჯიან ბას"-ის ავტობუსით აღარასდროს ვისარგებლებ. სკამებს შალითები შემოცლილი ჰქონდა, დასაჯდომი ადგილები მორყეული იყო და საშინლად არაკომფორტული...
აეროპორტში, ჩემს რეისზე, ჩასხდომის რეგისტრაცია უკვე დაწყებული დამხვდა. ვიღებ კუთვნილ ავიაბილეთს და სკამზე ვიშოტები.
მთელი გზა მძინავს, ფრენისას.
ბუდაპეშტი მაღალი ტემპერატურით მხვდება. დავხეტიალობ, მის უკვე ნაცნობ ქუჩებში.
გზად, ბუდისტურ დღესასწაულს ვაწყდები. უამრავი ფერადსამოსიანი როკავს და მღერის ბუდას გამოსახულების წინ, რომელიც ბორბლებიან უზარმაზარ ეტლზე დევს. "ჰარე კრიშნა"-გუგუნებს დინამიკებიდან. საოცრად ლამაზი სანახაობაა. უამრავ კადრს ვიღებ და ბევრი სიარულის შემდგომ, მივემართები დაჯავშნილი ჰოსტელისკენ. გზად სუპერმარკეტში შევიარე, იქაურ "სპარ"-ში და სადილ-ვახშმისთვის რაღაცეები ვიყიდე.
დანიშნულების ადგილას მისული, ვარკვევ, რომ ჩემს მიერ დაჯავშნილ მისამართზე ჰოსტელის არანაირი კვალი არ არის. სადარბაზოში შევდივარ და ყველა სართულზე ვეძებ რაიმე მინიშნებას. ვერაფერს ვპოულობ. ამასობაში, სადარბაზოს კარი იკეტება და ვერაფრით ვაღებ. ნახევარსაათიანი ჯაჯგურის შემდგომ, კარი მარტივად ვიღება და ვფიქრობ, თუ სად და როგორ მოვძებნო ღამის გასათევი. ბედად, იმ ჰოსტელს ვპოულობ, სადაც შარშან ვიყავი და იქ მეუბნებიან, რომ ადგილი არ აქვთ, თუმცა იქვე ახლოს, აპარტამენტი შეუძლიათ რომ მომაქირავონ.
30 ევროს ვიხდი და მიღირს...
მყუდრო ბინაა.
კომფორტული.
ყველა საჭირო ნივთით აღჭურვილი.
ინტერნეტიცაა.
გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ კარგად დავისვენო, დღეს. ხვალ ადრე დილით მაქვს გასვლა ბუდაპეშტიდან ბრატისლავამდე, მერე კი იქედან ვენაში მიმავალ ავტობუსში უნდა გადავჯდე.
დილაადრიან ვდგები. ვემზადები და ჯიპიესის დახმარებით ავტოსადგურამდე მივრბივარ.
ლამაზი, ყვითელი ავტობუსი მხვდება. რეგიოჯეტის ფირმის. იაფია და კომფორტული. ინტერნეტით აღჭურვილია და მომსახურეობაში ყავაც შედის.
ბრატისლავაში დროს არ ვკარგავ და ავტოსადგურთან მდებარე ქალაქის ახლო უბნებს ვათვალიერებ.
დიდი ვერაფერი ქალაქია. არანაირი ღირსშესანიშნაობა... გლდანში უფრო მეტ რამეს ნახავ მგონი, ვიდრე აქ.
შემდგომი ავტობუსიც მოდის და ვენისკენ მივემართები. ულამაზესი ხედებია გზად. მზესუმზირები...ტყეები...მინდვრები...
ვენით აღფრთოვანებული ვრჩები. ნამდვილი სამოთხეა ფოტოგრაფებისთვის და უბრალო ტურისტებისთვის.უფასო რუკის დახმარებით, სანამ ჰოსტელამდე მივალ, დროს არ ვკარგავ და ქალაქს ვათვალიერებ. რეკორდულ დროში ვასწრებ, ძირითადი სანახაობების მონახულებას და რადგანაც წვიმა მისწრებს, გალუმპული გავრბივარ ჰოსტელისკენ, ჯიპიესის დახმარებით.კუთვნილ ნომერში შევდივარ. ორ მამაკაცს და ორ ქალს ვხედავ ოთახში. ჩემთვის, უჩვეულო სიტუაციაა იმ ოთახში ძილი, სადაც უცხო მამაკაცებიცაა... საწოლზე ვჯდები და ხვალინდელ გეგმებს ვსახავ. თავსხმა წვიმის გამო, ხილვადობა დაბალია ქალაქში, თანაც ვერაფერს ნახავ, ისე დასველდები წამებში თავიდან-ფეხებამდე. აბაზანას ვიღებ და შორიდან ვათვალიერებ "მეზობლებს"...არ მიპყრობს შიში. ეს ევროპაა. აქ, ყველას თავისი საქმე და მიზანი აქვს. არავინ შემოგხედავს ზედმეტად. პრობლემები არავის სჭირდება...დაძინებამდე, საფულეს ბალიშის სარჩულში ვჩურთავ და იმედიანად ვიძინებ.
არაფერია საშიში.
დილით, მზის პირველი სხივი როგორც კი მხვდება ფანჯრიდან, ვწესრიგდები, სასტუმროს გასაღებს და თეთრეულს ვაბარებს და ქალაქის დარჩენილი, უნახავი ნაწილის "დასაპყრობად" მივდივარ. შუადღისით კი პრაღისკენ მიწევს მგზავრობა.
სასწაულია ვენა.
ყველაფერი მომწონს აქ.
გამწვანება და პარკებიც ულამაზესია...
ამ დღენახევარში, სულ მცირე 40 კმ მაქვს გავლილი ფეხით, ვენაში...
ყველა დაგეგმილი ადგილის მონახულების შემდგომ ავტოსადგურისკენ მივემართები.
შემდეგი გაჩერება-პრაღაა.
ჩეხეთის დედაქალაქი მზიანი ამინდით მხვდება.
ჰოსტელი ცენტრთან ახლოსაა და საკმაოდ იაფიც.
ამჯერად, 5 გოგოსთან ერთად ვიყოფ ოთახს.
ერთადერთი,რამაც ჩემი განცვიფრება გამოიწვია-საერთო საშხაპეა. კარებიც არ იკეტება
არ მიპყრობს სურვილი, ვინმესთან ერთად შევიდე აბაზანაში. ჰოდა, ჯიშიანი, ქართული ლანძღვა-გინების შემდგომ ბარიკადებს ვაკეთებ საშხაპის კარებთან, კარის შიდა სახელურში ვიღაცის პირსახოცს ისე ვჩურთავ, გარედან შემომავალი ვერავინ შეძლებს კარების გაღებას და ჩემს შეწუხებას...
მოგვიანებით, პრაღის ცენტრისკენ მივემართები. ამ ქალაქისთვის-2 დღე მაქვს გამოყოფილი. ბევრ რამეს ვნახულობ, ქუჩის მუსიკოსებსაც ვუსმენ და მოგვიანებით, ჩეხურ ლუდს ვაგემოვნებ. უგემრიელესია.
სიურპრიზად, აღმოვაჩინე, რომ საუზმეც შედის ჰოსტელის მომსახურეობაში. ამ ფაქტმა, საერთო საშხაპის გამო სიბრაზე გადამავიწყა.
დილით გემრიელად ვსაუზმობ და ქალაქს ვათვალიერებ.
მომწონს პრაღის ჩუქურთმებიანი, ძველი შენობები.
ეს ქალაქიც სამოთხეა ფოტოგრაფებისთვის და უბრალო ტურისტებისთვის.
ყველა დაგეგმილ ღირსშესანიშნაობას ვნახულობ და შემდეგი დღის ახალი თავგადასავალისთვის-ბერლინისთვის ვემზადები.
ბერლინიც თბილად შემხვდა, მზით და ლურჯი ცით.
ამ ქალაქისთვისაც 2 დღე მაქვს გამოყოფილი.
რაიხტაგს მონდომებით ვათვალიერებ.
აქ, დროშები საკმარისი რაოდენობით არა არის გაკიდული. ალბად, ნაჭერი არ ეყოთ.
საკმაო მანძილი მაქვს ფეხით გავლილი და როგორც ჩანს ჩემს ფეხებსაც აქვთ შესაძლებლობების ლიმიტი. წყლულები მიჩნდება ფეხის თითებზე. უკვე, კოჭლობით დავდივარ, თუმცა როცა რამე ახალს ვნახულობ, საერთოდ აღარ მახსოვს ნატკენი ფეხი.
მომწონს ბერლინი.
ლამაზია. ოდნავ პირქუში, თუმცა მაინც ძალიან ლამაზი.
ჰოსტელისკენ ისევ ჯიპიესით მივემართები.
ვრეგისტირდები და კუთვნილ გასაღებს ვიღებ რუკასთნ ერთად.
პირველ დღეს, 2-3 ჩინელი გოგოა ჩემი მეზობელი და 1 ბიჭიც.
ზედმეტად, არავის ვაქცევ ყურადღებას. მისალმებით შემოვიფარგლები და მოგვიანებით, ჩინელ გოგონას, ახლომდებარე მაღაზიაზე ვეკითხები.
ქალაქის ძირითად სანახაობებს იმ დღესვე ვნახულობ.
მტკივან ფეხს, უბრალოდ "ვიკიდებ" და დავდივარ...
ფოტოებს ვიღებ...ვიდეოებს ვიწერ და ბედნიერი ვარ.
საღამოს, საკუთარ თავს გერმანული ლუდით ვუმასპინძლდები. ვაღიარებ, რომ ჩეხურმა ლუდმა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა.
მეორე დღისთვის ადრიანად გავდივარ და ყველა დარჩენილ სანახაობას ვნახულობ. მერე წვიმა იწყება. კოკისპირული წვიმა. ჰოსტელისკენ მოვრბივარ ერთიანად სველი...
ნომერში შესული, ვარკვევ რომ ახალი მეზობლები მყავს. გოგოებიც წასულან. ამჯერად, 3 სიმპათიური ჭაბუკია ჩემი მეზობელი.
ვცდილობ, ზედმეტი ყურადღება არ მივაქციო მათ.ცოტას ვნერვიულობ, მაგრამ არ ვიმჩნევ. თვითონ, ბიჭები, ცდილობენ რომ არ იხმაურონ და არ შემაწუხონ.
საღამოს, წვიმის მიუხედავად მაღაზიებში გამოვდივარ. საჩუქრები მაქვს საყიდელი. ჰოსტელში მისული ვარკვევ, რრომ ჩემი ელექტრონული გასაღები დაიბლოკა და სანამ პრობლემას მოაგვარებს მენეჯერი, ჩემი ოთახის ერთ-ერთ, ცისფერთვალება და სიმპათიურ ამერიკელ მეზობელთან ერთად გარეთ ვიცდი.
მის მცდელბას, საუბარში ამიყოლიოს, აინუნშიც არ ვაგდებ.
მერე, ოთახში ბიჭებს ესაუბრება მოგზაურობებზე. კაპადოკიას და სტამბულს ახსენებს აღფრთოვანებით...
მე კი ჩანთას ვალაგებ და ვინაიდან დილით მაქვს ფრენა, შეძლებისდაგვარად ადრე ვიძინებ.
დილითაც წვიმს...ისევ კოკისპირულად...მეტროს მივყვები აეროპორტამდე. ჩემდა საბედნიეროდ, რეისი არ გადადებულა ამინდის გამო და რამდენიმე საათში, უკვე ქუთაისის აეროპორტში ვარ...
მაწანწალას დღიურები
მერსინი-კაპადოკია-სტამბოლი 2017


ევროპიდან ჩამოსვლის შემდეგ, ცხოვრების ყოველდღიურ დინებას მივყევი. შაბათ-კვირას, ისევ ჩემს მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქს"-თან ერთად დავდივარ ლაშქრობებზე, თუმცა "მსოფლიოს დაპყრობის" გეგმები გონებაში გამუდმებით მიტრიალებს.
სტამბოლში და კაპადოკიაში აქამდე არ ვყოფილვარ, თანაც, აქ მოგზაურობის გეგმა გაცილებით უფრო დაბალბიუჯეტიანია და ავტობუსითაც შესაძლებელია გადაადგილება. რამდენიმე მეგობარს ვეუბნები "გრიფით საიდუმლოდ" რომ წამოვიდეს. ყველა ორჭოფობს ფინანსური მიზეზებისდაგამო, მხოლოდ თიკუნა ხვდება აღფრთოვანებით გეგმას. თანაც, მეუბნება რომ სტამბოლში ნათესავი ჰყავს და სასტუმროს დაქირავება არ იქნება საჭირო. კი მერიდება, უცხო ადამიაების შეწუხება, თუმცა ჩემთვის ყოველთვის მეტისმეტად საინტერესოა ემიგრანტებთან ურთიერთობები და ვთანხმდები...
გეგმა ასეთია: ჯერ მერსინში ჩავალთ დედასთან, მერე იქედან კაპადოკიისკენ და ბოლო გაჩერება სტამბოლი იქნება...სანამ გეგმას ბოლომდე მივიყვანთ, მანამდე 2 თვეა თითქმის. გამგზავრების თარიღს რამდენჯერმე ვცვლი სხვადასხვა მიზეზთა გამო, ბოლოს ურყევად ვყალიბდები აზრზე, რომ 2 სექტემბერს წავალთ. თურქეთამდე, ქობულეთში ვესტუმრე ჩემს ნათესავებს.პლიაჟზე გაშავების პარალელურად-ვკითხულობ სამეცნიერო სტატიებს. ერთ მათგანს, ტალღამაც გადაუარა უმოწყალოდ.
ერთ საღამოს, სეირნობის ჟამს, ძელი სიმპათიისგან მომდის შეტყობინება, რომ ვარჯიში დაიწყო. მე "ავაწყვე მისი გეგმები" და ვპასუხობ:"უფრო მეტი ივარჯიშე, მერე პრესს და კუნთებს რომ დაიყენებ, რინგზე გახვალ, მე კი გიგულშემატკივრებ.რინგზე წარბს გაგიხეთქავენ, მე-ლეიკოს დაგაკრავ გახეთქილ წარბზე. ბოლოს- შრამი დაგრჩება, მე კი ვგიჟდები შრამიან ბიჭებზე"...ეს მიმოწერა მის ან ჩემს მცდელობას ჰგავს, რომ მეგობრობა მაინც გამოგვივიდეს, თუმცა...
მერე, ფენიქსელი კვერნიუსიც ჩამოდის ზღვაზე. ერთ საღამოს, ქაღალდის ფურცელივით თხელ პიცას მივირთმევთ და ტეკილას ვაგემოვნებ. დიდად არ მომწონს...მერე, შუაღამის პირველ საათზე მშვიდ და გრილ ზღვაში ვბანაობთ. ზღვის ტალღებს მინდობილი, ბოლო ხმაზე გავკივი: "მახინჯიიი ვააარ"...და იქვე, ახლოს მჯდომი წყვილები სასწრაფოდ გარბიან აწ უკვე არა მყუდრო "სამალავებიდან"...შესანიშნავ საღამოს ვატარებთ. მომდევნო დღეებში ფენიქსის "თავკაცები"-ც ჩამოდიან და ატრაქციონებზე ვჯდებით. მერე თავსხმა წვიმა იწყება და დაპანიკებული ადამიანების რეაქციებზე ვხალისობთ...
თბილისში ჩამოსული, 2 სექტემბრისთვის ვიღებ 2 ბილეთს ანკარამდე.იქ კი მერსინის ავტობუსში გადავჯდებით.
ჰოდა, დაგეგმილი მოგზაურობაც იწყება.
თიკო სამტრედიაში შემომიერთდა.საღამოს 5-ის მერე, უკვე საზღვართან ვართ. სარემონტო სამუშაოების გამო, სრული განუკითხაობაა საქართველო-თურქეთის საზღვარზე. არის, კივილი, ტირილი და ჩხუბი რიგების გამო...1 საათზე მეტი გვჭირდება, რომ ბოლომდე გავაღწიოთ. დილით, 22 საათიანი მგზავრობის შემდეგ, უკვე ანკარაში ვართ. მე თურქული არ ვიცი, ადგილობრივებმა კი ინგისური და რის ვაი ვაგლახით ვაგებინებ, რომ 2 ბილეთი მჭირდება მერსინამდე...ვბრაზობ იმ ფაქტზე, რომ ინგლისური არ იციან. ჩვენთან, ამ 3-4 მილიონიან ქვეყანაში კი დამლაგებელსაც თხოვენ ინგლისურის კარგად ცოდნას...
7 საათიანი მგზავრობის შემდეგ, მერსინში ჩავდივართ. ავტოსადგურთან, დედას გამოგზავნილი ტაქსი გვხვდება და სახლისკენ მივყავართ. დედამ იცის, რომ დიდად არ მიყვარს გრძნობების გამოხატვა და ლოყაზე კოცნით შემოვიფარგლები. ჩემს მაგივრად თიკოს ეხუტება.
ბინაში ავდივართ. აქ, ალცჰაიმერიანი მოხუცი ქალბატონი გვხვდება, რომელთანაც დედა მუშაობს. ვიგებ, რომ 12 წლის წინ დაავადდა, ამის გამო მეუღლემ მიატოვა და უფრო ახალგაზრდა ქალბატონზე დაქორწინდა...
მეორე დღისთვის, დედასთან და მის მეგობრებთან ერთად კრუიზში მივდივართ გემით, სადღაც ანტალიის მხარეს. ქეთუსიაც იქნება. შარშანაც ერთად გავატარეთ ზაფხულის გარკვეული მონაკვეთი აქ და დავმეგობრდით. მოცეკვავე, ბოდიბილდერი და უბრალოდ კარგი გოგოა. გემის კიჩოზე გასარუჯად პირსახოცებს ვფენთ და როგორც კი ხომალდი დაიძრა ზღვის სიღრმეებისკენ, საცურაო კოსტუმის ამარა ვრჩები გემბანზე. მგზავრების უმეტესობა ჩადრიანი ან მკაცრად შემოსილი ქალბატონია მეუღლესთან ერთად. ქეთოს ვთხოვ რომ "ამ გიჟებთან" მარტო არ დამტოვოს, ისიც საცურაო კოსტუმით "იჩითება" ჩემს გვერდით. ნებიერად წამოვწექით მზის გულზე. თავი ჰოლივუდის ვარსკვლავები გვგონია. თურქები ფოტოებს და ვიდეოებს უბოდიშოდ გვიღებენ.
"შტერები"-ვაკომენტარებთ მათ საქციელს და რუჯის მიღებას ვაგრძელებთ. კრუიზს საკმაოდ უცნაური და მხიარული წამყვანი ჰყავს. მამაკაცივით გამოიყურება, თუმცა ნაზი მანერები, გრძელი თმა და სუფთად გაპარსული ფეხები აქვს. მუცლით ცეკვას ისე სახალისოდ ასრულებს, ყველას ღიმილი აკრავს სახეზე. გემის კიჩოსთან, ჩემთან ახლოს სიმპათიურ, მაღალ, შავგრემან, ოდნავ დაკუნთულ თურქს ვამჩნევ. სხვებისგან განსხვავებით, ჩვენთვის ფოტო-ვიდეო არ გადაუღია. ზოგჯერ ვგრძნობ ხოლმე მის მზერას, მაგრამ არ არის გამაღიზიანებელი. სამაგიეროდ, მე ჩუმად ვუღებ ფოტოებს. საკმაოდ ფოტოგენურია. მოგვიანებით, მზისგან დამცავ კრემს თხოულობს ჩემგან. ალბად, საუბრის გაბმის მცდელობაა, მაგრამ მე თურქული არ ვიცი, იმან ინგლისური და...
კრუიზის დროს, გემი 7-მდე ადგილას აჩერებს, რომ მგზავრებმა ვიცურაოთ. აღმოსავლელი ქალბატონების უმეტესობა, ტანსაცმელებით ხტება ხოლმე წყალში. რამდენიმე უცხოელ ქალბატონს აცვია მხოლოდ ნორმალური, ადამიანური საცურაო კოსტიუმი. საოცრად სუფთა და კამკამაა ხმელთაშუა ზღვის ეს ნაწილი.ქვიშაც კი ჩანს ზღვის ფსკერზე, მანამ სადამდეც მზის სხივი აღწევს.
საღამოსკენ, შეკვეთილი კერძებიც მოაქვთ.
გემიდან ჩასვლისას, სიმპათიური თურქის მეგობარი მემშვიდობება, "ის" კი თავდახრილი ზის და არ მიმჩნევს.
მეორე დღეს, მერსინში გავდივართ სასეირნოდ. "მარინა" ამ ქალაქის სავაჭრო ცენტრია, რესტორნებთან ერთად კომბინაციაში. კოქტეილებს ვაგემოვნებთ და რადგან მოსაღამოვდა, ჩქარი ნაბიჯებით მივდივართ სახლისკენ. მაინც აზიაა და არ არის უსაფრთხო ღამით სიარული.
მეორე დღეს, კაპადოკიელ ადგილობრივ სასტუმროს მეპატრონესთან მაკავშირებს მეგობარი. მას ჯამილი ჰქვია. მის სასტუმროში არ აღმოჩნდა ადგილი და მისი დის სასტუმროში გვიშვებს.
შემდეგი დღის საღამოსთვის გვიღებს ბილეთებს გიორემამდე დედა.ღამის 11-ის მერე ვართ კაპადოკიაში. სასტუმროს მეპატრონე გვხვდება ავტობუსის გაჩერებასთან და ჩვენი ოთახის გასაღებს გვაძლევს. თან გვეუბნება, რომ დილის 6 საათზე იწყებენ საჰაერო ბურთები ფრენას. ჩვენს ოთახში რომ შევდივართ, თიკო ლამის კივილს იწყებს. ის პირველადაა სამოგზაუროდაც და სასტუმროშიც. ლამაზი სასტუმროა, კლდეში ნაკვეთი კომფორტული ოთახებით. შუაღამის 12 საათზე მიცხადებს ქალაბტონი, რომ ჩაი უნდა. "რა დროს ჩაი არის, დილით ადრე უნდა ავდგეთ მოტივით" მეგობარს ვაიძულებ რომ საწოლში შეწვეს.ბურტყუნით შლის ლოგინს.
დილით მაღვიძარას ხმა მაღვიძებს. სასწრაფოდ ვწესრიგდები, ვიცმევ და გარეთ რომ გამოვდივარ, საოცარი სანახაობის მომსწრე ვარ...ამომავალი მზის სხივების ფონზე, ათობით საჰაერო ბურთი მიემართება ზეცისკენ...მთის წვერისკენ მივემართებით, მივხვდი, რომ იქედან უკეთესი სანახაობა იქნებოდა. მე სწრაფად მივდივარ. თიკო-არც ისე და ვიწყებ იმ სიტყვის თქმას, რისი გამეორებაც, თიკუნასთვის, მომდევნო დღეებში ათიათასჯერ მაინც მომიწევს.
ეს სიტყვაა: "სწრაფად"!
მართლა ლამაზი სანახაობა გვხვდება მთაზე. აქედან, უფრო ახლო ხედებით ვიღებ საჰაერო ბურთების კადრებს.
8 საათი რომ იწყება, ნელ-ნელა მზის სხივები ძალას იკრებს. თიკო კანკალებს სიცივისგან, მიუხედავად იმისა რომ გრძელმკლავიანიც აცვია. ჩემთვის კი ტემპერატურა არასდროსაა გადამწყვეტი.ბოლო კადრებს ვიღებ და სასტუმროსკენ წასვლას რომ ვაპირებ, მეხვეწება, რომ დავრჩეთ აქ და მზეზე გავთბეთ. ამის საპასუხოდ ჩემი რისხვა ატყდება თავს. მგონი ვერ აცნობიერებს, რომ სამოგზაუროდ ვართ და არა გასათბობად და დღეს კიდევ უამრავი რამის ნახვა უნდა მოვასწროთ, რადგან საღამოს 8 საათზე უკვე სტამბოლში გავდივართ...
საუზმეზე ბევრი რამ მოაქვთ. თიკუნას ეჩვენება, რომ ჩემი ყველის ნაჭერი უფრო დიდი ზომისაა და მიირთმევს უბოდიშოდ. რაც თურქეთის ტერიტორიაზე შემოვაბიჯეთ, სულ შია. ჩემს წილ ნამცხვრებსაც სიამოვნებით მიირთმევს ხოლმე. ეტყობოდეს რამე მაინც გარეგნულად...მახალისებს მისი მადიანობა და ვეუბნები რომ თურქეთიდან 10 კგ-ით მომატებული უნდა ჩავიყვანო.
საუზმეს ნება-ნება მივირთმევთ. 10 საათამდე დრო გვაქვს. მე, როგორც წესი, უფრო მალე ვამთავრებს საუზმობას. ჩემი წილი ერთჯერადი ჯემის, თაფლის, ყველისთვის და შოკოლადისთვის ხელი არ მიხლია. სამაგიეროდ, თიკუნა რომ "მიადგა" ამ სასუსნავებს თავისი საუზმის დამთავრების შემდეგ, ოფიციანტმა მაგიდა აულაგა, ალბად, იფიქრა, ამ კაფანდარა გოგოს კუჭი არ გაუჩერდესო.მერე ბატონი ჯამილი არის შეპირებული რომ 150 ლირად ძირითად სანახაობებზე წაგვიყვანს ავტომობილით და საღამომდე ბევრი რამის ნახვას მოვასწრებთ. ვალაგებთ ჩანთებს და გარეთ, მზეზე ვსხდებით. სასტუმროს მომსახურე პერსონალი არ უშვებს შანსს ხელიდან რომ გაგვესაუბროს და ინგლისურად მელაპარაკება. წყინს, რომ თიკომ არ იცის ინგლისური. ჩემი საუბრით კი აღფრთოვანებულია. თიკოს წითელ პომადიან ტუჩ-კბილს თვალს არ აშორებს და მეკითხება, არის თუ არა გათხოვილი. პასუხი უკვირს. ალბად, ბევრი ბოიფრენდი ჰყავსო მეუბნება, შენ კი ძალიან მხიარული გოგო ხარო (მე მისი ინგლისურის აქცენტზე მეცინება ). ჩემს პასუხზე, რომ არ ჰყავს არავინ, გულიანად იცინის.
მალე, ბატონი ჯამილიც მოდის, თავის პატარა გოგოსთან ერთად. კარგი და უშუალო ადამიანია. ქართულად რამდენიმე სიტყვა იცის: "ლამაზი გოგო" მათ შორის და ხშირად გვეუბნება ხოლმე ამ ფრაზას. ინგლისური კარგად იცის და ბევრ რამეზე ვსაუბრობთ გზაში. რომ იგებს, ჩემი მეგობრის გერმანისტობაზე, ეუბნება: "ტეა, იჰ ლიბე დიჰ" და იცინის. :))) თიკოსაც უხარია, თითქმის მშობლიურ ენაზე რომ ესაუბრებიან.
ულამაზესია კაპადოკია.სასწაული და განსხვავებული. ხალხიც ძალიან თბილი და განსაკუთრებულია. 6 საათში ძირითად სანახაობებს ვნახულობთ. თან მის ქართველ მეგობრებზე და ქართულ სამზარეულოზე ვსაუბრობთ, მოსწონს ქართული ყველი, ხინკალი და "ხაჩაფური". თავიდან თუ ეზარებოდა ჩვენთან ერთად მუზეუმებში და ციხეებზე სიარული ჯამილის ქალიშვილს, ფატმა-აისუნს, ბოლო ისე გვიმეგობრდება, რომ ჩვენთან ერთად სიხარულით მორბის და კამერის წინ პოზირებს. ლამაზი გოგოა. 1 კვირაში პირველად მიდის თურმე სკოლაში და უხარია.
საღამოს უკვე შთაბეჭდილებებით ვართ სავსე. ბატონ ჯამილსაც გულწრფელად უხარია რომ მოგვეწონა აქაურობა. აქლემზე ჯერ პატარა ფატმა ჯდება, მერე მე. ისეთ სიმაღლეზე ვზივარ, მგონია რომ ღრუბლებს მივაწვდენ ხელს, თუ მოვინდომებ.
ტურის დასასრულს, ბატონ ჯამილს უკვე მეგობრად მოვიხსენიებ და მადლობების თანხლებით ვეუბნები, რომ საქართველოში, კიდევ ორი მეგობარი ჰყავს ახლა.
მოგვიანებით კი სტამბოლისკენ მივქრივართ. იქ, დილის შვისი ნახევარზე ვართ. მასპინძელთან ვრეკავთ და ტაქსით წასვლას გვთავაზობს აქსარაიზე. გადაწყვეტილებას ვღებულობთ, რომ ბარემ თბილისის ბილეთები ვიყიდოთ და როცა ეს გეგმა სისრულეში მოგვყავს, აღმოვაჩინეთ რომ აღარ დაგვრჩა ლირები. ათ საათამდე სავალუტო ჯიხურებიც არ გაიღება, რომ თანხა გადავახურდავოთ. ჯიპიესით მივდივართ აქსარაის რაიონისკენ. დაახლოებით საათნახევრის გზაა. 3-4 კილომეტრის გავლის შემდეგ, ჩვენი მასპინძლის, ლიზის მონაწერსაც ვნახულობ, სადაც გვეუბნება რომ ტაქსს გამოვყვეთ და თანხას თვითონ გადაიხდის ჰოდა, ტრადიციულ, თურქულ, ყვითელ ტაქსს ვაჩერებთ...
ჩვენი მასპინძელი, რამდენიმე წელია, რაც თურქეთში მუშაობს. აქ, მეუღლესთან ერთადაა. არც თუ ისე უცნობი გამოდგა, რადგან ჩოხატაურიდანაა და უამრავი საერთო ნაცნობი აღმოვაჩინეთ. საუზმის შემდეგ, მომზადებას ვიწყებ რომ ქალაქში გავიდეთ, თიკუნასაც იმავეს ვურჩევ, თუმცა, მე ფეხს ითრევს და მე რომ მზადებას ვასრულებ, თვითონ მაშინ იწყებს ჩაცმას...
ვბრაზობ, მაგრამ...
დაგეგმილზე გვიან გავდივართ სახლიდან. არც თუ ისე იაფია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა აქ, ამიტომ ჯიპიესის დამხარებით, ფეხით მივემართებით აია სოფიას მიმართულებით.
გზა და გზა, უამრავჯერ გვესმის ქართული საუბარი...აქსარაი, პატარა საქართველოა...
გზაში, არა ერთგზის მიწევს ჩემი მეგობრის აჩქარება. იშვიათი გურულია. ზოგჯერ, ეჭვი მიჩნდება, რომ რაჭული გენები უნდა ჰქონდეს, საიდანღაც გამოყოლილი. სულ ასეა, სხვა დროსაც გამუდმებით აგვიანებს, სადმე თუ მივდივართ, მერე ეშინია რომ გავუბრაზდები და დანიშნულების ადგილზე მოსული, წინასწარ იზღვევს თავს და მთხოვს ხოლმე რომ არ ვეჩხუბო...
ლამაზია სტამბოლი. ფეხით შემოვიარეთ ძირითადი ადგილები. "მაღაზიების დრო არ გვაქვს", ვაცხადებ მკაცრად და მორიგი სანახაობისკენ მივემართებით.
საღამოს, დაღლილები შევდივართ სახლში. მასპინძელი თავისი განუმეორებელი ღიმილით გვხვდება, მეუღლეს და მის მეგობარს გვაცნობს და "ლახმაჯუნებზე" გვეპატიჟება. არც თუ ისე ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ეს საკვები. თუმცა თიკოს არ მოსწონს და მომდევნო დღეები, ამაზე წუწუნებს.
შემდეგ დღეს, დარჩენილი სანახაობებისკენ მიმავალ მანძილებს ფეხით ვფარავთ და მოგვიანებით, პრინცის კუნძულისკენ გემით მივემართებით . საოცარი ადგილია. აქ, მანქანებს ვერ იპოვი. საკურორტო ზონაა, სიმწვანეში ჩაფლული ლამაზი სახლებით . ქუჩების სიმყუდროვეს, ფაეტონში შებმული ცხენების ფლოქვების ხმაური არღვევს.
ამ კუნძულზეც უამრავი კატაა, ისევე როგორც მთელს თურქეთში. ამ ქვეყანაში, კატები დიდ პატივში ჰყავთ. ქუჩის კატებიც კი მოვლილები და გაბღენძლები დააბიჯებენ.ინდოეთში, ძროხებს სცემენ თაყვანს, თურქეთში-კატებს.
ნასიამოვნები ვბრუნდებით სახლში. ლიზის, არაბულ რესტორანში მივყავართ და იქ დონერს ვაგემოვნებთ...ჩვენი მოგზაურობა დასასრულს უახლოვდება...
მეორე დღეს, მასპინძლებს ვემშვიდობებით და თბილისისკენ მოვემართებით...

ეს არის, ჩემი მოგზაურობის ჩანაწერები ამ დროისთვის. იმედია მოგეწონებათ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent