ფსიქოზი (სრულად)
თერთმეტი მცდელობის შემდეგ... *-ვიოლინო-* წვიმდა. ნისლივით გადაჰკვროდა ღამისფერ ცას შავი ღრუბელი. ელვა დაიკლაკნებოდა ცაზე, გამაყრუებელი, საზარელი ხმით. ღრუბლებიდან ცვიოდნენ წვიმის წვეთები. სექტემბერი იწურებოდა, თუმცა ძალიან ციოდა. ქუჩის ბოლოში, მევიოლინემ დაკვრა შეწყვიტა. მის ფეხებთან დაგდებულ ჩანთას დასწვდა და ხურდა ფული ჯიბეში ჩაიყარა. საოცარია, არც კი დაუთვლია, არც კი შეუხედავს მოწყალებისთვის, რომელიც გამვლელებმა გასცეს. აქა-იქ გაქექილ ვიოლინოს დასწვდა, საიმედოდ შეინახა და თავდახრილი, ქუდჩამოფხატული დაეშვა დაღმართზე. უჩვეულო საღამო გამეფებულიყო. მეტროს ჩასასვლელთან თითზე ჩამოსათვლელი მგზავრი აბაკუნებდა ფეხებს. სციოდათ, თხელი მოსაცმელების საყელოებს მაღლა ექაჩებოდნენ და გაყინულ ცხვირის წვერებს შიგნით რგავდნენ, თითქოს შველოდათ. მევიოლინემ, ხელი ჯიბისაკენ წაიღო, ორი თითით ამოაძვრინა მოზრდილი ხურდა ფული და ღიმილით დახედა. საკმარისი? - საკმარისი არასდროს იყო. ნელა, დინჯად მიუახლოვდა სალაროს, ფილოდენდრონის ფოთლებს მოგაგონებდათ მისი გაცრეცილი, თითქოს არასაკმარისად მწვანე თვალები. როგორც სჩანს, ნაცნობმა მოლარემ გაუღიმა, ხურდა ფულს ხელი აუქნია და მრგვალი ჟეტონი ხელის გულზე დაუგდო. -სხვა დროს, როცა საკმარისი იქნება, მომცემ. -მევიოლინემ მუშტად შეკრა ხელის მტევანი, მორცხვად გაუღიმა მოლარეს და ზურგი აქცია. უხალისოდ ჩააგდო ჟეტონი პაწაწინა შავ ხვრელში. შელახული, სველი ფეხსაცმელით შედგა მოძრავ ესკალატორზე და მზერა სივრცეს მიაპყრო. დაცარიელებულ მეტროში, მხოლოდ ორი მგზავრი ელოდა გვირაბიდან მატარებელს. ერთი, ნაცნობი მევიოლინე, ხოლო მეორე - უცნაური გოგონა. ქუდი მოიხადა ახალგაზრდა მევიოლინემ, მძიმე ჩანთა კედელთან ააყუდა და სკამზე ჩამოჯდა, დაღლილი თვალები დახუჭა, გაყინული ხელები ქურთუკის ქვეშ დამალა და მოთმინებით დაელოდა, როდის გაუჯდებოდა სხეულში სითბო, რომელიც არა და არ მოდიოდა. -მაგ ჩანთაში რა გიდევს? -უცნაურმა, დაბალი ხმის ტემბრმა გამოაფხიზლა მევიოლინე. თავიდან, იფიქრა მეჩვენებაო. ის შემთხვევები, როცა მას ესაუბრებოდნენ, ძალიან იშვიათი იყო. თვალები ზანტად გაახილა. ქუთუთოებზე ლოდებივით ჩამოსწოლოდა დაღლილობა. მის თავზე გოგონა წამომდგარიყო, უჩვეულო ჩაცმულობითა და სიგარეტის არასასიამოვნო არომატით გაჟღენთილი. მევიოლინე გასწორდა, დაიბნა, თუმცა უპასუხოდ დატოვება მაინც უზრდელობად ჩათვალა და მცირედი პაუზის შემდეგ, უნდობლად მიაჩერდა. -ვიოლინო. -სიჩუმე ჩამოწვა. ბედად, არც მატარებლის შორეული გუგუნი ისმოდა. გოგონას სიგარეტი ორ თითს შორის მოემწყვდია, სერიოზული გამომეტყველებით მისჩერებოდა უცნობს. შემდეგ, სიცილი წასკდა. ისტერიული, ნერვიული სიცილი. მევიოლინემ ფხიზლად ახედ-დახედა, წარბები შეკრა. გოგონამ ხელების ქნევა და უაზრო ფართხალი დაიწყო, მომენტალურად ჩერდებოდა, ახველებდა და ისევ იცინოდა. -ვიოლინო. -სიცილით გაიმეორა მან. -შენ რა, ორკესტრში უკრავ? -მევიოლინეს ჩაეცინა, თავი დახარა, ჯიბეებში ჩაწყობილი ხელები მუშტად შეკრა და გოგონას ახედა. -არა. ქუჩაში ვუკრავ. -კიდევ კარგი, რომ მითხარი. ამას ვერასდროს გავიგებდი. -ირონიულად გადაიხარხარა გოგონამ და ნაფაზი დაარტყა. ისევ ეცინებოდა, ეღიმებოდა, მხრებს მაღლა სწევდა და უცნაურ გამომეტყველებას იღებდა. მოერიდა მევიოლინეს, თუმცა ნამდვილად სურდა ეკითხა, კარგად იყო თუ არა. -მომისმინე, სად ცხოვრობ? -გარეუბანში. -ერთი ღამით რომ შემიფარო, ხომ შეგიძლია? -რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა გოგონა, კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა და თავხედურად გადახედა შემცბარ უცნობს. -რატომ უნდა გავაკეთო ეს? -ახალგაზრდას სახე შეეცვალა, გაბრაზებულმა აატრიალა თვალები, თავი გადააქნია და ხმადაბლა, სათავისოდ შეიკურთხა. სწრაფადვე გადმოხედა მევიოლინეს, აღარც იცინოდა, აღარც ირონიული იყო. სასოწარკვეთას მალავდა მისი ორი ზოლი, წარბებს შორის. -იცი რა, ჯანდაბამდე გზა გქონია! თუ არ დამეხმარები, ეგეც ფეხებზე მ*იდია. ქუჩის მაწანწალავ, უიღბლო მათხოვარო! -ფეხებთან დაუფურთხა გოგონამ, ზურგი აქცია და კიდევ დაარტყა ნაფაზი. მევიოლინეს ჩაეცინა. -უიღბლო მათხოვარო. -გაიმეორა ღიმილით. -კარგი, წამოდი. თუმცა კომფორტსა და სითბოს ვერ დაგპირდები. იმედია, ამისთვის მზად არც ყოფილხარ. -გოგონამ ანთებული თვალებით გადმოხედა, ერთ ხანს ჩუმად იდგა, მდუმარებაში იწვოდა სიგარეტიც, მევიოლინეც მოთმინებით ელოდა. შემდეგ, სიგარეტი გვირაბისკენ ისროლა გოგონამ, მისკენ წამოვიდა, სიცივისაგანც გაწითლებული ხელი გამოუწოდა და უკმაყოფილო მზერა გაუსწორა უცნობის ცივ, ზურმუხტისფერ თვალებს. -ესმა. -მევიოლინემ გამოწვდილ ხელს მზერა ააყოლა, ჩანთა აიღო და წამოდგა. -მატარებელი მოდის. *-*-* მევიოლინეს სახლი იმაზე უფრო მეტად შელახული და არაადამიანური იყო, ესმა ერთხანს გაოცებით მიშტერებოდა ჩამონგრეულ ხის კარს და შესვლას ვერ ბედავდა. კედლებში ღრმულები გაჩენილიყო, სიცივე იპარებოდა ჭერიდან, მთავარი კედლიდან. იატაკი მთლიანად ამოეჭამათ მღრღნელებს. მევიოლეს პატარა ოთახი ჰქონდა. ერთი ჭრიალა, რკინის საწოლი იდგა, რომელზეც ძველი მატრასი და საბანი დაედოთ. დახეული, დაგლეჯილი დივანი თავს იწონებდა ოთახის ბოლოში. ახალგაზრდა კაცს ხის პატარა მაგიდა, ორი სკამი და პაწაწინა, დამტვრეული კარადა ედგა. ესმამ თავხედურად შეათვალიერა სახლი, ტუჩი აიბზუა და დაუკითხავად წამოკოტრიალდა საწოლზე. მევიოლინემ ძველებური, ნავთის ლამფა აანთო და ხის მაგიდაზე დადგა. სველი ქურთუკი გაიხადა, დილით დანთებული ცეცხლი დიდი ხანია ჩამქვრალიყო. ნაკვერჩხალი მიმოეფანტა შემოპარულ ნიავს. მევიოლინემ შეშა დააწყო, ნავთი მოასხა და ანთებული ასანთის ღერი ზედ დააგდო. წამში აგიზგიზდა ცეცხლი, უსიამოვნო სურნელთან ერთად, სასიამოვნო სითბო დატრიალდა პაწაწინა ოთახში. -სიგარეტი გაქვს? -უხეშად იკითხა ესმამ. -არ ვეწევი. -ერთი რამე გამაგებინე. -წამოჯდა გოგონა, იდაყვებით დაეყრდნო მუხლებს და უნდობლად მიაშტერდა მევიოლინეს. -ამ საღორეში ცხოვრობ, დღეს ალბათ არც კი გიჭამია. ხურდებზე მათხოვრობ და გალუმპული დაიარები. ახალგაზრდა ხარ, ახლა კი ასე ლაპარაკობ. -მათხოვრებს საუბარი ეკრძალებათ, ესმერალდა? -გამხიარულდა მევიოლინე. -ასე ნუ მეძახი. -შეუღრინა გოგონამ და ფეხი ფეხზე გადაიდო. ირონია გადაეფინა სახეზე. კმაყოფილმა აათვალიერა გაღიმებული ახალგაზრდა. -ასე რატომ დამიძახე? -ალბათ, იმიტომ რომ ასე გქვია. -მე გითხარი, ესმა მქვია-მეთქი! -რატომ ბრაზდები? -ვინ ხარ? -შეუტია გოგონამ. ხის საზურგეს მიეყრდნო მევიოლინე. -კონსტანტინი მქვია. როგორც აღნიშნე, საღორეში ვცხოვრობ და მათხოვარი ვარ. თუმცა არა, მე მევიოლინე ვარ და ქუჩაში ვუკრავ. -ჰმ. -ტუჩი აიბზუა ესმამ და ზიზღით გადახედა კონსტანტინს. -ამით არაფერი შეიცვლება, მაინც ის ხარ, რაც ხარ. ბინძური, შეუხედავი მაწანწალა. -მევიოლინე წამოდგა, დამტვრეული კარადიდან ორი, თეთრი ფინჯანი გადმოიღო. (სულ ეს იყო, რაც გააჩნდა.) საბოლოო ულუფა ჩაის ფერი ჩამოასხა, ცეცხლზე შემოდგა რკინის, წყლით სავსე ჯამი და ესმას წინ ჩამოჯდა. -კვაზიმოდოს, რომელსაც მოსახლეობა ზიზღით უყურებდა და აღიქვამდა, როგორც ურჩხულს, შეუყვარდა მშვენიერი ესმერალდა. მიუხედავად იმისა, რომ კვაზიმოდო ესმერალდას სიკვდილს გადაარჩენს და დაეხმარება, ესმერალდას საპასუხო სიყვარულის გრძნობა არ გაუჩნდება მის მიმართ. -დამცინავად შეათვალიერა კონსტანტინმა ფინჯანში განაწილებული ჩაი. -ამას რატომ მიყვები? -გაეცინა ესმას. მევიოლინე გამომცდელი მზერით მიაჩერდა, თავი გადააქნია და ჩაიცინა. -კაიფში ხარ, ესმა? -არა. -მატყუებ? -გოგონამ ამოიოხრა. უკეთესად მოთავსდა რკინის საწოლზე, ფეხები მოკეცა და ჩაის ფინჯანს დასწვდა. ტუჩები დაისველა, მის გაყინულ, აცახცახებულ სხეულს ესიამოვნა ცხელი სითხის ჩაღვრა. -ერთი თვის წინ, ჩემმა მშობლებმა გაიგეს, რომ ნარკოტიკებს ვიღებ, სიგარეტს ვეწევი, უცნაურ, გზააბნეულ ადამიანებთან ვმეგობრობ. ოჯახში ნამდვილი „დღესასწაული“ მომიწყვეს. უბრალოდ ავდექი და წამოვედი. -მხრები აიწურა გოგონამ. მევიოლინე ერთხანს მიაჩერდა, თითქოს დეტალურად სწავლობდა ესმას სიცივისაგან შეწითლებულ ღაწვებს, გათეთრებულ ტუჩებს, დასიებულ თვალებსა და გაყინულ ცხვირს. რამდენიმე წუთი სიმშვიდეში გაატარეს. მხოლოდ თვალს აპარებდა კონსტანტინი ესმასკენ, ჩაფიქრდებოდა და საკუთარ ფინჯანს უბრუნდებოდა. კონსტანტინმა შუბლზე ჩამოყრილ, სველ თმაში ხელი შეიცურა, უკან გადაქაჩა და საზურგეს მიეყრდნო. ეძინებოდა. თითქმის დავიწყებული ჰქონდა სტუმრის მიღება, გამასპინძლება. აღარ ახსოვდა გულახდილი საუბრები, უფრო სწორად, იძულებითი ტყუილები, რომელთა თქმასაც სიტუაცია აიძულებდა ადამიანებს. დიდ ხანს აკვირდებოდა ესმას სახეს, თითებს, მის მზერას თვალს აყოლებდა. (ყოველ ჯერზე სივრცეს უსწორებდა თვალს გოგონა.) -იცი რა, მეძინება. -კონსტანტინი ფიქრებიდან გამოერკვა, თავი დაუქნია გოგონას, შემდეგ ნელა წამოდგა, ხის დამტვრეულ კარადას მიუახლოვდა და პაწაწინა კოლოფი გადმოაძვრინა. სადღაც წყალიც ეგულებოდა, წინა დღით ნაყიდი. ფინჯები გარეცხა, შემდეგ ერთ-ერთი წყლით შეავსო და ესმას გაუწოდა. დაბნეული შეჰყურებდა გოგონა. მევიოლინემ გოგონას ხელი აიღო, ხელისგულზე ორი აბი დაუდო. -ეს რა ჯანდაბაა? -აღმოხდა ესმას. -ასე აპირებ ძილს? ეგ აბები დალიე, გულს აირევ, გამოფხიზლდები და მშვიდად დაგეძინება. წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, რა რაოდენობის ალკოჰოლი და ნარკოტიკი მიიღე? -ეჭვით შეათვალიერა კონსტანტინმა განცვიფრებული ესმა. გოგონამ ერთ ხანს მშვიდად უყურა, შემდეგ მხრები აუთრთოლდა, ბაგე გაეხსნა და ხმამაღლა გადაიხარხარა. აბები პირში ჩაიყარა, უწყლოდ გადაყლაპა, თუმცა წყალი მაინც მიაყოლა. მაისურის სახელოთი შეიმშრალა სველი ბაგე, კვლავ იცინოდა. -მევიოლინე, თანაც მაწანწალა. -სიცილს აყოლებდა სიტყვებს. -ძალიან დალაგებულად ლაპარაკობ, წამლებიც გაქვს. ძვირფასო კონსტანტინ -ენის წვერი გადაიტარა გოგონამ ტუჩებზე. ჩაწითლებული, დასიებული თვალებითთ ახედა ახალგაზრდა კაცს. -რა უცნაური ხარ. -ხედავ? -სიცილში აჰყვა ახალგაზრდა კაცი. -სულაც არ ყოფილა საჭირო ნარკოტიკები, რომ უცნაური იყო. -რკინის საწოლზე გადაფარებულ საბანს კუთხეში ხელი მოჰკიდა, გოგონას გადააფარა და გვერდით, ხის სკამზე წყალი დაუდგა. -სჯობს დაიძინო, ესმა. -ხუმრობ, არა? -რატომ? -როგორც წესი, ამ დროს რაღაც უნდა მოითხოვო. -უნდა მოვითხოვო. -ტუჩი აიბზუა მამაკაცმა და თხელი საბანი გადაფინა მაგარ, ყოვლად უვარგის დივანზე. -კი, უნდა მოითხოვო. -გაღიზიანდა გოგონა. -როცა უცნობ ადამიანს, მითუმეტეს, ახალგაზრდა მაწანწალას დახმარებას სთხოვ, მას კი მოჰყავხარ მიყრუებულ ადგილას, სადაც ალბათ მეზობელიც კი არ არსებობს, აუცილებლად რაღაც ენდომება. ასე ხდება. -დაიყვირა ესმამ. კონსტანტინმა წარბები შეკრა, უფრო მეტად გაკვირვებისგან. -ანუ სიკეთეს საფასური სჭირდება? -სჭირდება! -ამოიხავლა გოგონამ. -ადამიანებს საფასური სჭირდებათ, ასეთია ცხოვრების წესი. მითხარი, შენ ეს არ გსურს? -ესმამ ერთი ხელის მოძრაობით გადაიძრო თხელი მაისური. ჯინსის ღილებს დასწვდა, სწრაფად გაიძრო და საცვლების ამარა კონსტანტინის წინ დადგა. სიცივის უსიამოვნო შეგრძნებისაგან გააჟრჟოლა, თვალები დახუჭა. ათვალიერებდა კონსტანტინი, მთლიანად სწავლობდა ესმას. შემდეგ წამოდგა, ნელა დაიძრა მისკენ, ერთი თავით დაბალ გოგონას გაუსწორდა, მის ცივ, საწამლავით გაჟღენთილ სუნთქვას ყელზე გრძნობდა. მხარზე შეეხო, წინ გადაიწია და პლედს დასწვდა. გოგონას შემოაფარა, წარბშეკრული დაჰყურებდა და ბრაზი ერეოდა. -აღარასოდეს! -დაიღმუვლა მან. -იცოდე, აღარც კი იფიქრო! არ გაბედო! -თითი აუქნია კონსტანტინმა, მისი გაცრეცილი, მწვანე თვალები თითქოს ცეცხლის ენებს ჩაეყლაპათ. ცხოველივით დაჰყურებდა შეშინებულ, ფერდაკარგულ გოგონას. ესმას გაეცინა, ისტერიკულად ახარხარდა, მხრები აუცახცახდა და საწოლზე ჩამოჯდა. -ღმერთო, ნეტავ შენი თავი დაგანახა! -წამოიკვნესა მან. -ძალიან სასაცილო ხარ, იცი? ამაზე უარი არასდროს არავის უთქვამს. -ესმა, გიჟი ხარ. -მშვიდად, აუღელვებლად გადააქნია თავი კონსტანტინმა. -ვიცი. -სიცილით დაუქნია თავი გოგონამ, თუმცა მისი სიცილი, მხრების კანკალი, ჩაწითლებული თვალები არ ჰგავდა „კაიფს“, ანდა „სიმთვრალეს.“ -არა ესმა, მე ნამდვილ სიგიჟეზე გელაპარაკები. ნერვიული შეტევა გაქვს, სჯობს, ჩაიცვა და ჰაერზე გახვიდე. -აუცილებლად. -კვლავ განაგრძობდა ესმა მანამ, სანამ სიცილი შუაში არ გაუწყდა. ყელში ამოუსრიალდა სქელი, არასასიამოვნო მასა. გოგონამ პირზე იტაცა ხელი, სწრაფად წამოდგა, ხის კარს მიაწვა და ზღურბლს იქით გადაეშვა. მუხლებზე დაეცა, გაუჩერებლად ახველებდა, ყელში ამოსულ მასას აღებინებდა და სველ, წვიმისაგან დარბილებულ მიწას ფრჩხილებით აწვებოდა. შემდეგ წამოდგა, ხელის ზურგით მოიწმინდა ტუჩებზე, ცხვირიდან ჩამოსული ბლანტი, რკინის გემოს სითხე. ჩაწითლებული თვალებით, დარცხვენილი მიშტერებოდა ახალგაზრდა კაცს. კონსტანტინი კარში იდგა, ზემოდან დაჰყურებდა ნახევრად შიშველ სხეულს და ერთადერთი, რასაც გრძნობდა, უსაზღვრო სიბრალული იყო. ვიოლინოს ნაზი, შორეული ხმა სწვდებოდათ თითქოს. იძინებდა სამყარო,ნისლში ირწეოდა ღამე. *-თაიგულები-* დათოვლილ ქუჩას სუსტი ლამპიონები ანათებდნენ. გზაჯვარედინთან, მეყვავილე იდგა, თაიგულებს კრავდა და დახლზე აწყობდა. თუმცა წასვლას აპირებდა, ყვავილები საიმედოდ შეეფუთა და საბოლოო თაიგულს ყიდდა. მის წინ წყვილი გაჩერდა, ბიჭმა საფულეში კუპიურა მოძებნა, მეყვავილეს გაუწოდა და წითელი ვარდები გამოართვა. შენობაზე ჩამოკიდებული საათი თერთმეტს უჩვენებდა. მეყვავილემ ამოიხვნეშა, მუყაოს ყუთი აიღო, ყვავილებს თხელი სახვევი გადააფარა და ის-ის იყო დაღმართზე ჩასვლას აპირებდა, დახლზე ვიღაც აძვრა, კომფორტულად მოკალათდა და ხმამაღლა გაიცინა. -მეყვავილევ, ძვირფასო მეყვავილევ, თაიგული ხომ არ გაქვთ ჩემთვის? -ზურგსუკან სიცილი გაისმა. ახალგაზრდა კაცი ნელა შებრუნდა, ყუთი დახლზე დადო და გოგონა შეათვალიერა. სრულწლოვანი იქნებოდა, ან ოდნავ გადაცილებული.სიცივისაგან სახე გასწითლებოდა, სუსტი მუხლები უკანკალებდა. -აღარ იყიდება. -მოუჭრა მოკლედ და დაკვირვებული მზერა ესროლა. -მითხარი. -მომენტალურად, ხმაურით გადაიხარა გოგონა, გამომწვევ პოზაში შეჩერდა, მეყვავილის ცხვირს, საკუთარი ცხვირის წვერი შეახო და თვალები დაავიწროვა. -ოჯახი გყავს? -არა. -გულუბრყვილოდ, მხრები აიჩეჩა მეყვავილემ. -მაშ, გულუხვად გამიმასპინძლდები. -ტაში შემოჰკრა ახალგაზრდამ,დახლიდან ჩამოხტა და ახალგაზრდა კაცს წინ აესვეტა. -მე ნადია ვარ. -ნადია. -ღამის გათენება მჭირდება, ქუჩაში ვერ გავათენებ. -რატომ? -ჩაეცინა მეყვავილეს. გოგონამ გაყინული ხელები თხელი ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო. -მართლა უარს მეტყვი? გპირდები, არაფერს მოგპარავ. -სიცილი დაიწყო ნადიამ. მეყვავილემ ამოიხვნეშა,გზას გახედა. -მზაკვრული მზერა ჰქონდა მეყვავილეს, გამოცდილ გაიძვერას ჰგავდა მისი ათრთოლებული ყბითა და ჩატეხილი ბაგეებით. -მხოლოდ ერთი ღამე, ნადია. მეყვავილის სახლი გარეუბანში იდგა, ხის კარი ჰქონდა და მისი ფანჯრები და კედლები სიცივეს თავისუფლად ატარებდა. მეყვავილეს ჭრიალა რკინის საწოლის, შელახული დივნისა და პატარა, ჩამონგრეული კარადის მეტი, სახლში არაფერი გააჩნდა. ერთხანს მშვიდად, თუმცა არასასიამოვნოდ გაოცებული შეჰყურებდა ნადია მასპინძელს. მეყვავილემ კარადიდან ორი, თეთრი ფინჯანი გადმოიღო, ჩაის ფერი გადაანაწილა და წყლის ადუღებას მოთმინებით დაელოდა. ნადია რკინის საწოლზე მოკალათებულიყო, პაწაწინა ოთახს ათვალიერებდა და ქვედა ტუჩს გამუდმებით იკვნეტდა. -ამ საღორეში ცხოვრობ? -გაეცინა ნადიას. -და რა გქვია? თავს აქეთ-იქით სიარულით და ყვავილების ყიდვით ირჩენ? თუ საკუთარი თავისთვის არ გქონდა თავშესაფარი, მე რატომ მოგყავდი? -ჩაის ხომ სვამ? -მშვიდად გადახედა მეყვავილემ. გოგონას პასუხი არ გაუცია. ისევ მონდომებით ათვალიერებდა ოთხ პაწაწინა კედელს, მათ შორის გამომწყვდეულ ძველ, შელახულ ნივთებსა და დამტვრეულ კარადას. აუხსნელი, ავადმყოფური გარემო შექმნილიყო. ჰაერში ტრიალებდა არასასიამოვნო სურნელი, რომელსაც ერწყმოდა დაყენებული ჩაის სასიამოვნო არომატი. თითქოს, ყველაფერი ერთად შერწყმულიყო, ყველაფერი ერთად გროვდებოდა. მეყვავილე გოგონას წინ ჩამოჯდა, ჩაის ფინჯანი გადააწოდა და საზურგეს მიეყრდნო. -მე კონსტანტინი მქვია. -დასძინა მან ბოლოს. ნადიამ წარბები აზიდა. -კარგი, კონსტანტინ, სად აპირებ დაძინებას? -ხასიათი წაუხდა ნადიას. -იქნებ ჩემს გვერდით? მოდი, ნუ მოირგებ კარგი ბიჭის ნიღაბს, პირდაპირ მითხარი, ჩემგან რას ითხოვ? -არაფერს. -საერთოდ? -საერთოდ. -თავი დაუქნია ახალგაზრდა კაცმა და მშვიდად მოსვა ჩაი. დარჩენილი დროის განმავლობაში, ნადია და კონსტანტინი ერთმანეთს უნდობლად ათვალიერებდნენ. ნელ-ნელა ეპარებოდა გოგონას თვალი მისკენ, თუმცა კონსტანტინი დაჟინებით სწავლობდა მის დასიებულ, შეწითლებულ უპეებს, მის გაფართოებულ გუგებს და გამშრალ, გათეთრებულ სახესა და ტუჩებს. -რატომ აკეთებ ამას? -კონსტანტინმა ფინჯანი ხის მაგიდაზე დადო, ნადიას ამღვრეულ მზერას გაუსწორა თვალი. -რატომ ხარ აქ? -კითხვაზე კითხვით უპასუხა კონსტანტინმა. უცნაურად მოეჩვენა, თითქოს ეს სხვა შემთხვევა იყო, თითქოს სადღაც ცდებოდა. სხეულში მუხტი გაუჩერებლად უვლიდა, საოცარ, მძიმე ზეწოლას გრძნობდა საკუთარ თავზე. -გამომაგდეს. -მხრები აიწურა გოგონამ. -მეგობარმა ბიჭმა. წავედი, დავბრუნდი, მერე ისევ, ათასჯერ გავიმეორე იგივე. -გაეცინა გოგონას. კონსტანტინმა წარბები აზიდა, ხელები გადააჯვარედინა და კომფორტულად მოთავსდა. წუთები გავიდა მდუმარებაში, ახალგაზრდა კაცი მოთმინებითა და დიდი დაკვირვებით შეჰყურებდა ნადიას. მის ბავშვურ, თუმცა ავადმყოფურ გამომეტყველებას. კიდევ უფრო დაჟინებით სწავლობდა მის გაცვეთილ ნაკვთებსა და კვდომისაგან გალურჯებულ კანს. -რა? -წამოიყვირა გოგონამ. კონსტანტინმა წარბები ასწია, ტუჩები გაილოკა და ამოიოხრა. -შენ წახვედი, იხეირე, შემდეგ დაბრუნდი და იფიქრე - ”აქ ყოფნა უკეთესიაო“. თითქოს არაფერი მომხდარა, ისევე უნდა დაბრუნდე უკან, ამას ითხოვ და თითქოს ჩვეულებრივია. შენ არ იცი რა ხდება იმ ადგილებში, რომელსაც ტოვებ. არ იცი ვინმე რჩება ერთგული, თუ უბრალოდ წასვლა სჯობდა. მაგრამ არა, დღეს ნუ ვიტყვით ტყუილს. მხოლოდ ჭეშმარიტება ვაღიაროთ - ადამიანის დაბრუნება ტყუილია. -მეხუმრები, არა? -სიცილი დაიწყო გოგონამ. მხრები აუცახცახდა, ჩაის ფინჯანი გადადო და პირზე ხელი აიფარა, ამოიხავლა, თავი გააქნია. საბანი გადასწია, შიგნით შეძვრა და ხმამაღლა დაამთქნარა. -ჯერ არ დაიძინო. -რატომ? -კაიფში ხარ. -კონსტანტინი წამოდგა, კარადიდან კოლოფი გადმოაძვრინა, ჩაის ფინჯანი წყლით გარეცხა, შემდეგ გაავსო და ნადიას გადააწოდა. -დალიე, ყველაფერს ამოიღებ და მშვიდად დაგეძინება. -მაინც, მაინც „მეკაიფები“, კონსტანტინ. -დაახველა გოგონამ, თუმცა მაინც გამოართვა ორი აბი, პირში ჩაიყარა და ხარბად მიაყოლა წყალი. კონსტანტინი დივანზე ჩამოჯდა, ათიოდე წუთი ელოდა გოგონას გამოფხიზლებას, თუმცა უმიზეზოდ, ნადიას გამოფხიზლების ჯერ არაფერი ეტყობოდა. -მოდი, ფოტოები გადავიღოთ, შემდეგ ინტერნეტში გავავრცელოთ. -საწოლზე წამოჯდა ნადია და ანთებული თვალები შეანათა ახალგაზრდა კაცს. -გიჟი ხარ, ნადია. ფსიქიკურად შეშლილი. -ყველას თავისი წილი სიგიჟე აქვს, ძვირფასო. -კვლავ განმეორდა იგივე, გოგონამ ისტერიკული, პანიკური სიცილი დაიწყო, თითქოს სხეულს ვეღარ იმორჩილებდა, მისი აღარ იყო. თვალები ადრინდელზე მეტად ჩასწითლებოდა, სუნთქვაც კი გაუჭირდა, ყელში ამოუგორდა სქელი, აყროლებული მასა, პირზე იტაცა ხელი, კარს მიაწვა და მუხლებზე დაეშვა. ყველაფერთან ერთად პირში სხვა, განსხვავებული, თითქოს რკინის გემოს მასა უგროვდებოდა. -რა გამიკეთე?! -ამოიხავლა მან. ხელის გულები გაეყინა, თოვლიან მიწაზე გორავდა. მუცელში იგრძნო ტკივილი, ცხვირიდან ბლანტი სითხე ჟონავდა. ნელა, გაჭირვებით წამოჯდა, წითელი თვალები მიანათა ახალგაზრდა კაცის ფილოდენდრონის ფერ თვალებს. სისხლში დასველებოდა სახე და ზედ აჰკვროდა თხელი თმის ღერები. კონსტანტინი კი კარში იდგა, დაჰყურებდა გოგონას და არაფერს აკეთებდა. მოთმინებით ელოდა. შემდეგ დაიწყო ყვავილების ცვენა, შეკრული, ლამაზი თაიგულების წვიმა. *-ცამეტი-* განათებულ, თეთრ დარბაზში ჩამწკრივებული, ჭრიალა რკინის საწოლები გაუჩერებლად, გამუდმებით ჭრიალებდა და მოძრაობდა. მათში ჩაწოლილი სხეულები ბორგავდნენ, ვერ ისვენებდნენ და ზოგჯერ, თითო სიტყვასაც ამოაყოლებდნენ გაუაზრებელ ქმედებებს. დარბაზში ცამეტი რკინის საწოლი იდგა, ცამეტი ახალგაზრდა მსხვერპლი იწვა მათში. მის შუაგულში, რკინის სკამი იდგა, რომელიც თითქმის არასდროს, არასდროს იყო ცარიელი. სკამზე იჯდა ახალგაზრდა კონსტანტინი, ფეხი ფეხზე მშვიდად გადაედო, თითქოს შეგნებულად და მთელი სხეულით აიგნორებდა შემაწუხებელ ზუზუნს. კალამი და ჩანაწერების წიგნი მოემარჯვებინა, გამჭვირვალე სათვალე ეკეთა და თეთრი ხალათი ეცვა. კონსტანტინმა თავი ასწია, თვალი მოავლო გოგონებს, შემდეგ ისევ რაღაც ჩაინიშნა, ჩანაწერები პატარა კომოდზე გადადო და ჯიბიდან რკინის ბურთულა ამოაძვრინა. ხელი ასწია ახალგაზრდა კაცმა, ძლიერად დაიქნია და ბურთულა გააგდო. შემაწუხებელმა წკრიალმა მოიცვა დარბაზი. ცამეტი მსხვერპლის წყვილი მზერა დაეცა თეთრ ხალათიან კონსტანტინს. -დილამშვიდობისა, გოგონებო. -ცალყბად გაეღიმა ახალგაზრდა კაცს, შემდეგ წამოდგა, პირველ საწოლთან მივიდა, მასში ჩაწოლილ, თეთრი საცვლებისამარა გოგონას თავზე ხელი გადაუსვა. ჯიბე მოისინჯა კონსტანტინმა, პაწაწინა კაფსულა ამოაძვრინა, გოგონას ყბებზე ხელი ძლიერად მოუჭირა, ამოიკვნესა მსხვერპლმა, ტკივილისაგან პირი დააღო, ენაზე სტაცა ხელი კონსტანტინმა, მაგრად დაუჭირა და პატარა კაფსულა პირში ჩაუგდო. ყბებს ხელი შეუშვა მან, გოგონას პირში ყრუ ტკაცანი გაისმა - კაფსულა გასკდა. ამოიგმინა ახალგაზრდა გოგომ, თეთრ კანზე თხელი, თითქმის გაუფერულებული თითები გადაისვა, ფრჩხილებით მოეჭიდა საკუთარ კანს, იგრძნო როგორ აემღვრა შიგნეულობა, ტკივილმა და მძიმე მასამ მოიცვა მისი მუცელი. კონსტანტინი მეცამეტე საწოლთან შეჩერდა. ინტერესით შეათვალიერა, მის გვერდით ჩამოჯდა და გაფითრებულ, აკანკალებულ სხეულს ხელი გადაუსვა ფერდზე. გოგონამ წამში მოკეცა ფეხები, ათრთოლებული სუნთქვა ამოუშვა და თვალები მაგრად დახუჭა. -ნადია. -აღმოხდა კონსტანტინს. -როგორ შემაცდინე. პატარა ეშმაკო. -მისკენ გადაიხარა ახალგაზრდა კაცი, ყურში უჩურჩულა შეშინებულ გოგონას და თბილი ხელი მის გაყინულ, ცივ წელს მაგრად მოუჭირა. -გამიშვი, კონსტანტინ. -ამოიხავლა მან. -ჩშ! -გაეღიმა ახალგაზრდა კაცს. -შენ რომ გაგიშვა, დანარჩენები რატომ დავტოვო? -ხოდა ნუ დატოვებ, ბინძურო ღორო! -საწოლზე წამოჯდა გოგონა. ტირილისაგან უპეები ამოსიებოდა, ჩასისხლიანებულ თვალებს უსწორებდა კონსტანტინს. -ასე არ შეიძლება. ისინი ავად არიან, ნადია. -ხმადაბლა, მშვიდად და დალაგებულად საუბრობდა კონსტანტინი. ყურზე გადაუწია თმა გოგონას, კისერზე ჩამოატარა ხელი. ნადიამ თავი გასწია, ცრემლები შეიმშრალა. -ამიხსენი, ავად როგორ არიან? სად იპოვე ისინი? ისე შეიტყუე, როგორც მე? -ყველა ადამიანში არსებობს ზღვარი, რომელსაც გადახვალ და შენს ადამიანურობას წერტილი ესმევა. მათ სწორედ ეს ზღვარი გადაკვეთეს, ძვირფასო. შენ კი უბრალოდ არასწორ დროს, არასწორ ადგილას აღმოჩნდი. ახლა კი პირი გააღე, საუზმის დროა. -ხელში შეათამაშა კაფსულა, ყბებში სწვდა ნადიას. გოგონამ გაიბრძოლა, თუმცა უშედეგოდ, მასზე ძლიერი აღმოჩნდა თეთრხალათიანი. კონსტანტინმა საქმე დაასრულა, ხელები ჩამოისვა ხალათზე და რკინის სკამზე ჩამოჯდა. გოგონებს გადახედა, დაღლილებსა და მოთენთილებს. -იცით რატომ ხართ აქ? -გაისმა დარბაზში ხმა, რომელიც ექოდ გავრცელდა. პასუხი მხოლოდ ერთი იყო - ცამეტიდან რომელიღაცამ დაახველა, უცხო ფერის მასა გადმოაფურთხა. -დაკარგულ სულებზე გსმენიათ? -არ ცხრებოდა კონსტანტინი. რკინის ბურთულებს ხელში ათამაშებდა და ერთმანეთზე ხმადაბლა, ყრუდ ახეთქებდა. -მაშ, როგორც ჩანს, საერთო ენას ვერ გამოვნახავთ. -ცხოველო! -დაიღმუვლა დარბაზის კუთხიდან ფეხმორთხმით მჯდომმა ნადიამ. იატაკს გაუსწორა მზერა კონსტანტინმა, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ჩაახველა. -ოდესღაც, თქვენ, ყველას ოჯახი გყავდათ. საყვარელი ადამიანები, რომლებიც უანგაროდ ზრუნავდნენ, რომლებსაც უყვარდით და თქვენი ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. თუმცა ის დრო წავიდა. წარმოიდგინეთ, ისე გაქრა, თითქოს არც კი ყოფილა. -რკინის ერთი ბურთულა დარბაზის ერთ კუთხეში მოისროლა კონსტანტინმა. -მანამ, სანამ ქუჩაში გაკვირდებოდით, თვალს გადევნებდით, გსწავლობდით და ჩემკენ გიზიდავდით, გაუცნობიერებლად ჰყვებოდით საკუთარ ისტორიებს. ტყუილზე აგებულ ცხოვრებას. მიდიოდით თქვენს საყვარელ ადამიანებთან და ეუბნებოდით სიტყვებს, რომლებზედაც თავის ატკიებამდე არასოდეს გიფიქრიათ. -თეთრხალათიანი იქვე ჩამოჯდა, უნდობლად, დაუფარავი ზიზღით შეათვალიერა მისკენ წამოსული ცამეტი მზერა. -არ ვიცი როგორ ქრება, როგორ ავიწყდებათ და ხშირ შემთხვევაში, არც ის მესმის როგორ ჩნდება ტკივილი, მაგრამ ერთი რამისა კი ჭეშმარიტად მწამს, სადაც ის არსებობს, სადაც კი გაუვლია, სამუდამოდ რჩება და არსად მიდის. და კიდევ, მეგობრებო, მთელი ჩემი გონებითა და არსებობით მაინტერესებს, როდის მიხვდება ადამიანი, რომ ქარაგმებსა და სიყალბეს იმედგაცრუება მოაქვთ. როდის აირეკლება თქვენს სარკეებში თქვენივე დანაშაული, როდის იგრძნობთ ყელამდე ამოსულ სიგიჟესა და გარდაუვალ დასასრულს?! მხოლოდ ერთი იცოდეთ, სიკვდილს ვერავინ დაემალება. ჭეშმარიტად კი, დღეს მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ნამდვილი ტკივილი, არ სცნობს თანაგრძნობას. -დაასრულა კონსტანტინმა, როცა მისკენ მოპყრობილი უიმედო, ტკივილნარევი თვალები შენიშნა. იმ დღეს თეთრხალათიანმა დარბაზი ისე დატოვა, იქ აღარ დაბრუნებულა. მხოლოდ ხველება ისმოდა, ერთმანეთს უყურებდნენ უძლური, გალურჯებული არსებები. მხოლოდ ნადია იჯდა ფეხმორთხმით, ერთიანად კანკალებდა და ცდილობდა უკან ამოეღო ყველაფერი, რაც კი იმ დღეს მისცეს. არ ავიწყდებოდა ექიმის მზერა, შეხება, მისი ზიზღნარევი ტონი. მხოლოდ ერთს ხედავდა, მხოლოდ ერთი რამ იყო ჭეშმარიტი და უტყუარი - ეს კაცი მახინჯი ილუზია იყო. ილუზია სინათლისა და სიკეთის, ილუზია მოჩვენებითობისა და ტკივილს. სწორედ იმ ტკივილის, ანდაც უარესის, რომელზეც თავგამოდებით საუბრობდა თეთრხალათიანი. წამოდგა ნადია. სხეული გაიმაგრა და ნაბიჯი წინ გადადგა. მის ირგვლივ იწვნენ ახალგაზრდები, გალურჯებული კანითა და უაზრო თვალებით. და რისთვის? რისთვის ტრიალებდა სიკვდილი ჰაერში, თუკი მათი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ... თუმცა არავინ იცოდა რა იყო. არავის ესმოდა მიზეზი და ვერავინ ხედავდა მიზანს. ნელა მიიწევდა რკინის დალუქული კარისაკენ ნადია, საიდანაც ექიმი შემოდიოდა და გადიოდა. თეთრ, ცივ კედლებში გამოკვეთილიყო ვერცხლისფერი კონსტრუქცია. მხოლოდ ერთი სახელური ჰქონდა, შუაში სარკმელი ამოეჭრათ, თუმცა დალუქული და არაფრად ვარგისი. ხველების ხმა ისმოდა ქალის ზურგსუკან. საკუთარ სხეულში კი უიმედობის პაწაწინა ფესვებს გრძნობდა. სახელური გამოსწია ნადიამ. კარი ღია იყო. დარბაზი მეტად ნათელი ჩანდა უზარმაზარ, ჩრდილქვეშ მოქცეულ ჰოლთან შედარებით. იქ არავინ იყო. მხოლოდ სიცარიელე, მხოლოდ სიცივე, ტკივილი. გონება დაეკარგა შენობის კედლებს სწორედ ისე, როგორც მათ შიგნით მომწყვდეულ ცოცხალ, ჯერ კიდევ თბილ არსებებს. ნადია ჰოლში გავიდა, წინ და უკან ორ უსასრულობად მოსჩანდა მისი სიგრძე. უსიამოვნოდ ხვდებოდა შიშველ ფეხებზე ცივი იატაკი, რკინის ფილები. კედელს მიეყრდნო, ნელა მიცოცავდა და მიიწევდა წინ. სამარისებური სიჩუმე ჩამოწილილიყო შენობაში. თითქოს ვიღაცას განგებ აეგო უზარმაზარი კონსტრუქცია, შიგნით კი ადამიანები ჩაეყარა, ამ ყველაფერს ზემოდან აკვირდებოდა და გულიანად იცინოდა,რომ გასასვლელს ვერც ერთი მათგანი ვერ პოულობდა. პირი უშრებოდა ნადიას, თვალები ამღვრეოდა და გაუსაძლის წვას გრძნობდა. ჰოლში სხვა კარებებიც იყო, დალუქული და ისეთივე ცივი, როგორც დაახლოებით, ორმოცდაათი ნაბიჯის უკან მოტოვებული თეთრი დარბაზი. ნადიამ სარკმელის საკეტი გადასწია, ჭრიალით გასრიალდა მარცხნივ ნაჭერი. ოხვრა აღმოხდა ნადიას, ის დარბაზიც თეთრი იყო, სიცივე გამოდიოდა და იქ დადგმულ ერთ საწოლზე, თეთრ პიჟამაში გამოწყობილი ქალი იჯდა. ფეხები აეკეცა, წინ და უკან ირწეოდა, შავი თმა მხრებზე ჩამოჰყროდა და განუწყვეტლივ ღიღინებდა. პირზე ხელი იტაცა ნადიამ, ყელში რაღაც დაეჭიმა, ტკივილი იგრძნო საფეთქლებთან. თითქოს ეს-ესაა საკუთარ მომავალს შეეჩეხაო. მუხლებში იგრძნო სისუსტე, მხრით ძლიერად მიეყრდნო კედელს და თვალებდახუჭული, სუნთქვაარეული შებრუნდა. მის წინ სითეთრე ირეკლებოდა, ვიღაც იდგა და მოთმინებით ელოდა. თვალები გაახილა ნადიამ, წამოიყვირა, თუმცა უშედეგოდ. იქ საშიში არაფერი მომხდარა. იქ უბრალოდ თეთრხალათიანი იდგა, ყალბად იღიმოდა და ხელს უწვდიდა. *-*-* კონსტანტინმა ნადია მისთვის აქამდე უცნობ ოთახში შეიყვანა, რომელიც მეტად ჰგავდა კაბინეტს. წყალი ჩამოასხა პლასტმასის თეთრ ჭიქაში, ორი აბი გაუწოდა ნადიას და მის შეშინებულ მზერაზე გადაიხარხარა. -ნუ ღელავ, ეს დამამშვიდებელია. იმ სურათის შემდეგ, ალბათ გჭირდება. -ნადიამ აბები კუთხეში მოისროლა. ბრაზით შეხედა კონსტანტინს. -ეს რა ადგილია? სად ვართ? მითხარი, რატომ ვართ აქ გამოკეტილები, სიკვდილის მოლოდინში? -სიკვდილი თავად მოდის. ეს კი ჩვეულებრივი დაწესებულებაა. -ტყუილის, შეტყუებისა და ადამიანების გრძნობებზე თამაშის დაწესებულება? -გაბრაზებით გამოსცრა ქალმა. კონსტანტინმა ერთი ამოიოხრა, ტყავის სავარძელში ჩაესვენა და ფეხი ფეხზე გადაიდო. -მე ექიმი ვარ. ვაკეთებ იმას, რაც მევალება. ვაკვირდები მათნაირებს, შემდეგ კი მომყავს აქ. მეტად საიმედო ადგილას, სადაც ვერავინ ვერაფერს დაუშავებთ. მათი გრძნობები, შეხედულებები და „ადამიანურობა“ სრულიად უინტერესოა ჩემთვის. -ცივად ჩაილაპარაკა ექიმმა და რომელიღაც საქაღალდეს დასწვდა, საქმიანად ჩახედა და თითქოს ნადიას არსებობა დაივიწყა კიდეც. -მე? როგორც თქვი, შეგეშალე. უბრალოდ უზუსტობა ვარ. -და რა გინდა? აქედან გაგიშვა? თავს უფლებას აძლევ, რომ მათზე უკეთესი იყო? -არა. -კი, ზუსტად ასეა. რადგან შენი ფსიქიკა სულ ოდნავ აღემატება მათ, თვლი რომ აქედან გასვლის უფლება გაქვს. მე ამას არ გავაკეთებ, არც ისე ძალიან განსხვავდები, რომ ცამეტეულს მოაკლდე. შენი მებრძოლი სული შენსავე სხეულში მოკალი, მდგომარეობას შეეგუე და მეორედ დერეფანში მოხეტიალე აღარ გნახო, გასაგებია? -ტონი შეეცვალა კონსტანტინს. მეტად შეუვალი, მკაცრი და არაადამიანური გახდა. მის წყლისფერ, ყინულივით თვალებში წამითაც არ იკვეთებოდა ადამიანური სევდა. თითქოს ქვისგან გამოთლილი არსება იყო, ტანზე თეთრი ხალათითა და ხელში ადამიანების სულებით. შეკრთა ნადია. -მაშ, რატომ დატოვე კარი ღია? -ალბათ, იმიტომ რომ აქედან გასვლაზე მხოლოდ დერეფნებში ოცნება შეგიძლია. და ძალიან საინტერესოა სხვებზე დაკვირვება. -მოკლედ მოუჭრა ექიმმა, თავი ისევ ყვითელ საქაღალდეში ჩარგო და ათიოდე წუთი, სიჩუმე ჩამოწვა. -მხოლოდ ის მითხარი. -ფერმკრთალ ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა ნადიამ. -რატომ? რა ჰქვია ამ შენს აბსურდულ მიზეზს? -კონსტანტინმა მუშტი ძლიერად დასცხო მაგიდას. თავი ასწია და გოგონას თვალებში ჩახედა. -ნადია, წარმოდგენაც კი არ გაქვს ამ შენობაში მყოფი ადამიანები, უფრო სწორი იქნება, ცოცხალი არსებები, რა ჭაობიდან ამოვათრიე. შენს გარშემო მყოფი ადამიანები, რომლებიც ახლა ან გეცოდება, ან საერთოდ ფეხებზე გ*იდია, უწარსულო ქმნილებები არიან. მათ არაფერი ახსოვთ საკუთარ თავზე, არ იციან ვის რა დაუშავეს, რა ატკინეს. ისინი საკუთარ ტყუილში, აბრსურდულ რეალობაში ცხოვრობდნენ, ვიდრე შემხვდებოდნენ. მიმყავდა ისინი სახლში და სიცილით, ისტერიკით მიყვებოდნენ, როგორ გამოაგდეს სახლიდან, როგორ გახდნენ ნარკოტიკზე დამოკიდებული, როგორ დაკარგეს ოჯახი და სხვა. მაგრამ იმ ერთ საბედისწერო ღამეს, შენც მომატყუე, შენც იკაიფე რომელიღაც ქუჩის მივარდნილ კუთხეში, შენც მოხვედი ჩემთან და იმ ენაზე ამოიდგი ენა, რომლითაც ფსიქოზი ლაპარაკობს. ნადია, დიდად არ განსხვავდები. არც შენ ხარ მათზე ნაკლები და მე თუ მკითხავ, მეტსაც იმსახურებ, რადგან მოგქონდა ზიანი გაცნობიერებულად და შენს სინდისს არც ერთხელ არ ამოუღია ხმა. -მე იმ ღამეს შენთან მოვედი, დახმარების სათხოვნელად მოვედი. -დაიყვირა ნადიამ და სუსტი ხელები ძლიერად დასცხო მაგიდას. ნისლი გადაჰკვროდა მის ცრემლიან თვალებს, ერთიანად კანკალებდა მისი სხეული. -მარტოობის გამო არ უნდა მიხვიდე ადამიანთან. უმჯობესია, არავინ გყავდეს, ვიდრე გყავდეს და... აი, ასე. -ხელები გაშალა კონსტანტინმა. -და შენ? შენ ხარ ადამიანი? შენ გაქვს გრძნობები? შენ ვინმეს ტკივილის გესმის? -არა. სრულებითაც არა. წარმოდგენა არ მაქვს თქვენს ტკივილზე და იცი რატომ? შეცდომები... ის ბინძური ხელებით დაშვებული შეცდომები, რომლებიც თან ძალიან ლამაზია და რომლებსაც სიამოვნებით დაუშვებდით ახლაც კი. შანსი რომ გქონდეთ, გაიქცეოდით და ორჯერ, ათჯერ მეტ ტკივილს მოუტანდით სამყაროს. თუმცა მე არც ის ვიცი, ტკივილი რა არის და ჭეშმარიტად, არც არასდროს ვყოფილვარ ნატკენი. არ ვყოფილვარ, რადგან ადამიანობა არასდროს მომიშვია ახლოს. მთელი ცხოვრებაა ვითმენ და ვითმენ იმისთვის,რომ მომეცეს რაღაც ღირებული. -როგორ არ ფიქრობ, როგორ არ გტკივა აზრი,რომ შენს გამო ეს ადამიანები მოკვდებიან. -ეს ადამიანები ისე მოკვდებიან, სხვას აღარაფერს დაუშავებენ. მათი ფსიქიკა ჩემს ხელებში დადნება, დაიფერფლება და გაქრება. მხოლოდ მე მივიღებ მათგან სიკეთეს. და არა, სრულებითაც არ მტკივა და არ ვფიქრობ. ფიქრებმა ჭეშმარიტი წუხილის გაჩენა იციან. *-ფსიქოზი-* ცრემლი მიჰყინვოდა მათრობელა, სისხლისფერ ბაგეს. სევდის ფესვებს ამოეხეთქათ თვალის უპეებსა და შესიებულ, დამსკდარ ქუთუთოებზე. სიმძიმე დასწოლოდა ქალის თხელ, მოლურჯო სახეს. უჰორიზონტო, გაფართოებული გუგით მიშტერებოდა თეთრხალათიან კონსტანტინს, რომელიც რუტინულად, განუწყვეტლივ ისვროდა რკინის ბურთულებს ძელისაკენ. კიოდა დარბაზი. შედედებულ სევდაში მომწყვდეულიყო ქალის გამხდარი სხეული, თითებს იჭერდა გულმკერდზე და ბორგავდა. მოხრილსა და წინ წავარდნილს, ზურგზე აკანკალებულ თითებს უსვამდა და მალებს უთვლიდა შეშლილი, თვალებჩაწითლებული პატარა გოგონა. რაღაცას ბუტბუტებდა, იცინოდა. „ეს სიკვდილია, ეს სიკვდილია.“ -ფიქრობდა ქალი. დასჭიმვოდა სხეული და ყოველ შეხებაზე თრთოდა, რაღაც ჰყინავდა. „სიკვდილია“ - ჰყვებოდა შინაგანი ხმა, მუდამ ჩაწყვეტილი და დაბალი. მუსიკაც ისმოდა, ხმადაბალი და გაბმული. გარეთ წვიმდა, თითქოს ინგრეოდა სამყარო და მის ნანგრევებში რჩებოდა ერთადერთი თეთრი დარბაზი, სადაც მუდამ სიკვდილის სუნი იდგა და დუღდა ტკივილი. რასაც ეშველებოდა, რასაც მოევლებოდა, ყველაფერი დაფერფლილი და დათოვლილი იყო. ადამიანის გონება შავ მატერიაში გახვეულიყო. მუდამ იწმენდნენ თეთრი პიჟამას სახელოებით ცხვირიდან ჩამოსულ ბლანტ, რკინისგემოს მასას ავადმყოფები. მუდამ ახველებდა ვიღაც გაბმულად, განუწყვეტლივ. იატაკი როგორც ყოველთვის, საგანგებოდ იყო მოხატული ათასგვარი მასით. რკინის საწოლები მუდამ ჭრიალებდა, მათში ჩაწოლილი სხეულები ბოდავდნენ და კანკალებდნენ. ევედრებოდნენ რაღაც უხილავს, რომ ყველაფერთან ერთად მათი სიკვდილიც შესაძლებელი ყოფილიყო. წლები გასულიყო... მერამდენე ზამთარი, ზაფხული ან წითელ-ყვითელი შემოდგომა იწურებოდა ოთხ, ბუმბერაზ კედელს შორის. თუმცა მხოლოდ წვიმის ხმა აღწევდა. დამანგრეველი ჭექა-ქუხილი. სწორედ ისეთი, როგორიც ხშირად, რექვიემია. ისმოდა კივილი, კედლების ფრჩხილებით კაწვრა, გოდება და არარსებულზე ბოდვა. დერეფანში, სადაც ყველა კარს სარკმელი ჰქონდა ამოჭრილი, ჩანდნენ რკინის საწოლებზე გაწოლილი სხეულები, ჩანდა მათი ჩამოკაწრული სახეები, დასიებული თვალები. იმ დღეს ქალი დარბაზიდან გაიყვანეს. დიდ ხანს იარეს დერეფნებში, ბევრი კარი შეაღეს, თუმცა მხოლოდ ერთში შევიდნენ, სადაც რბილი, ტყავის სავარძელი იდგა. დახლართული მილები შემოხვეოდა ირგვლივ ყველაფერს. იქ დასვეს ქალი, რაღაცნაირად, ძალაგამოცლილი და თითქოს, ამ სამყაროსთვის სულერთი. რაღაც შეიყვანეს მის ვენაში, მწარე და ძალიან, ძალიან არასაჭირო. მის წინ იდგა კონსტანტინი, თითქოს მის ყინულისფერ თვალებში რაღაც ძალიან პატარა, ცეცხლის შეუმჩნეველი ნაპერწკალი კრთოდა. ზემოდან დაჰყურებდა ექიმი და სარკეს ხედავდა, საკუთარ ანარეკლს. თავდახრილსა და სხვანაირს. იმ ზამთარს უყურებდა, ვიოლინო რომ ეჭირა ხელში, მეთორმეტე მსხვერპლის დევნას რომ შიმშილსა და სიცივეში ატარებდა. საკუთარ მუსიკას უსმენდა, იქნებ, დრო რომ სხვანაირი ყოფილიყო, სამუდამოდ იმ ქუჩაზე დარჩებოდა და დაუკრავდა?! თაიგულებსაც ხედავდა, ბედნიერებისთვის შეკრულ ვარდებსა და უფრო მნიშვნელოვან, მოწიწებით ნაჩუქარ მინდვრის ყვავილებს. იმ ყვავილებში ნადიას ხედავდა. მის სასოწარკვეთილ თვალებს, მის უშედეგო ბრძოლას, მის უსაზღვრო სიყვარულს საკუთარი თავისადმი. გადარჩენის ავადმყოფურ სურვილს. იქნებ არ ცდებოდა, როცა წლების წინ უთხრა, რომ მათნაირი იყო?! ან იქნებ ისე მწარედ შეცდა, რომ აქცია მათნაირად? ნემსის წვერი კაფსულაში ჩააცურა, ბოლომდე ამოწურა უფერო სითხე. ქალს ხელი გააშლევინა და მის თეთრ, თხელ კანს თითი გადაუსვა. ლურჯ ვენაში შეაცურა ნემსის წვერი, წარბები შეკრა ქალმა, თვალები დახუჭა. -ექიმო, იცი, ამ ერთ გარდამავალ წამს, ძალიან ფიქრიანი ჩანხარ. ფიქრებმა კი წუხილის გაჩენა იციან. და ეს იცი რას ჰგავს? ბრძოლას საკუთარ თავთან, უიარაღოდ. -კონსტანტინი მარცხნივ გადაიწია, თეთრი ცხვირსახოცით მოსწმინდა ქალს ცხვირიდან ჩამოსული ბლანტი, წითელი სითხე. წამლის შეყვანიდან, შედეგი მეცამეტე წუთს გამოჩნდა. -ექიმო, რას ვწერთ? -ბნელ კუთხეში, კალამმომარჯვებულმა ქალმა გამოსწია თავი. -დიაგნოზი? -ფსიქოზი. -და ექსპერიმენტი? -წარმატებით დასრულდა. -ეს კიდევ ერთი ნაბიჯია მომავლისკენ, ექიმო. -ხმა აღარ ამოიღო! სიტყვა აღარ თქვა! -დაიღმუვლა თეთრხალათიანმა და ოთახი დატოვა. იმ საღამოს წვიმდა, ელვა იკლაკნებოდა ცაზე. კონსტანტინი შუაღამის ბნელ სივრცეში, თავდახრილი იდგა და მის ფიქრებს მწუხარებით აყრიდა გულზე ათასფერ ყვავილს. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.