შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სუსტი ძლიერი (მეოთხე ნაწილი)


6-10-2017, 19:23
ავტორი Ramzisher
ნანახია 1 383

დრო ვიხელთე და ბიჭებთან მივედი. ავუხსენი, რომ ნინოს გაცილება მიწევდა და ისევ მაგიდასთან დავბრუნდი. ცოტა ხანში მიმტანი მოვიდა შეშფოთებული სახით.
-თქვენი მეგობარი მგონი ცუდად არის და უმჯობესია წაიყვანოთ.
-სად არის ახლა?-წამოვდექი და მოვემზადე დასახმარებლად მისასვლელად.
-ქალების საპირფარეშოშია, სხვა არავინაა იქ და დაგეხმარებით.
წავედით, პირველი მიმტანი გოგონა შევიდა დასარწმუნებლად რომ ნინოს გარდა ვინმე არ ყოფილიყო იქ. მეც კვალად მივყევი.
კარებთან იჯდა იატაკზე, მუხლები ხელით ეჭირა და შიგ თავი ჰქონდა ჩარგული. თმა ჩამოშლოდა და იატაკამდე სცემდა. მგლოვიარე ქანდაკებას ჰგავდა.
მეც ჩავიმუხლე, თმა გადავუწიე და თავი ფრთხილად ავუწიე. თვალები გაახილა, მადლობა ღმერთს საღ აზრზე უნდა ყოფილიყო.
-წამოდი, წაგიყვან-ვუთხარი და თან მისი წამოყენება ვცადე. არ გამძალიანებია, ცალი ხელი გადამხვია და კისერზე ჩამომეკიდა.
-ეეჰ, შენც შეგზიზღდები. არავის არ ვუყვარვარ-ჩაილაპარაკა მთვრალი კაცისთვის დამახასიათებელი ირონიით. გამეცინა და არაფერი ვუპასუხე. ნელ-ნელა გავიყვანე ჯერ ბარში, შემდეგ გასასვლელისკენ. კარებთან რომ ვიყავი იქ დამეწია დაჩის წამოძახებული -„ეუუფ“.
ტაქსი გარეთ დაგვხვდა, ფრთხილად ჩავსვი და გვერდითვე მივუჯექი.
-მისამართი მითხარი, ნინო.
-ოღონდ იქ არ წამიყვანო, თუ ღმერთი გწამს-მითხრა და თავი მხარზე დამადო. მე ტაქსის მძღოლს ჩემი მისამართი ვუთხარი და დავიძარით კიდეც. ხუთი წუთი ორივენი ვდუმდით.
არ ვიცი ის რას ფიქრობდა, მაგრამ მე კი იმაზე ვფიქრობდი რა კარგი იყო გუშინ დედამ სახლი რომ დამილაგა და იმ ქარიშხალ გადანავლები სახის მისაღების ნახვა არ მოუწევდა ახალ გაღვიძებულს. ტკბილი სუნი ასდიოდა, მიმზიდველი და საამო. მისი აბრეშუმივით თმა ჩემს მკლავებზე ეყარა და სასიამოვნოდ აღიზიანებდა კანს. უფრო მოთვინიერებული გარეული კატა იყო ამ წუთებში ვიდრე ის ველური ავაზა, ამ ორი დღის განმავლობაში ყველას დასაკბენად რომ იყო მომართული.
-ვიცი რასაც ფიქრობ-თქვა ისე, რომ თავი ჩემი მხრიდან არც აუწევია.
გამეცინა გონებაში. ნამდვილად არ ეცოდინებოდა წუთის წინ არეულ სახლზე რომ ვფიქრობდი.
-აბა რას?-მაინც ვკითხე, მაინტერესებდა თვითონ რა აზრები აწუხებდა.
-რომ თავაშვებული, გათამამებული დები ვართ და ერთი სული გაქვს თავი დაიძვრინო მთვრალი ქალისგან.
-ვერ გაარტყი-ვუპასუხე გაღიმებულმა. აი მაშინ კი ამომხედა. მან კი არა, ტაქსის მძღოლიც კი მოტრიალდა ცნობისმოყვარეობისგან, მაგრამ ისეთი თვალებით შევხედე, იმ წამსვე გზის ყურება განაგრძო.
-მაშინ რას?-სიმთვრალეშიც კი არ აძლევდა დანებების საშუალებას ქალური ცნობისმოყვარეობა.
-რომ გითხრა გაგეცინება.
-მითხარი. ჰმ, მე თუ რამე გამაცინებს დღეს- მიპასუხა და ისევ მხარზე დამადო თავი.
-მიხაროდა დედამ სახლი რომ დამილაგა გუშინ, თორემ როგორც იყო ის რომ გენახა, ჩემზე წარმოდგენა საშვილიშვილოდ დაგეკარგებოდა.
ვთქვი თუ არა , ისე გულიანად გადაიკისკისა, მძღოლმაც ვერ შეიკავა თავი და ჩუმად ფხუკუნ-ფხუკუნით აათამაშა მხრები.
-ერთად ცხოვრობთ?-რომ დამშვიდდა მკითხა.
-არა.
-მარტო ხარ?
-დიახ.
პასუხის მოსმენისთანავე თავი ასწია და გასწორდა. გამეცინა მის ქმედებაზე.
-ნუ ღელავ, ერთი გასაშლელი სავარძელი მაქვს და ცალკე საწოლი. მოვთავსდებით.
უცებ თვალი გამისწორა, სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადაიყარა და დარწმუნებულმა მიპასუხა.
-შენთან არაფრის არ მეშინია- თავი ისევ მხარზე დამადო და ძილს მისცა გონება.
მე კი უცნაური შეგრძნება დამიტოვა მისმა სიტყვებმა. უცებ სამყარო დაპატარავდა, დაწვრილდა, დათხელდა და ჩემზე დაყრდნობილი ადამიანის სხეული მიიღო. ხელადვე მეორე რიგში გადავიდა ირგვლივ ყოველი და წინ მისმა აჩრდილმა დაიკავა საპატიო ადგილი. მივხვდი, რომ ამ გოგოზე მხოლოდ ის ვიცოდი, რაც ამ ორი დღის განმავლობაში გადამხდა მასთან, მაგრამ თურმე ესეც საკმარისი აღმოჩნდა რომ მისი მნიშვნელობა ჩემთვის ძვირფასი გამხდარიყო.
უცნაური რამაა ეს ცხოვრება. შესრულებული ოცდაცამეტი წლიდან ერთი მესამედის განმავლობაში უამრავი ლამაზი და ჭკვიანი გოგონა გამაცნო დაინტერესებულმა მხარემ, ანუ ჩემმა მეგობარ-ნათესავთა არცთუ ისე პატარა წრემ, მაგრამ არათუ გულში არავის დაუდია ბინა, არამედ სიახლოვესაც ვერ გაიარე ვერც ერთმა. დროებითი ურთიერთობები კი მრავლად იყო, მაგრამ რაც უფრო მემატებოდა ასაკი, მით უფრო ვგრძნობდი, რომ არც ერთი მათგანის თვალებში ჩემი ანარეკლი არ მიძებინია, არც ერთის წასვლას გულის ჩქმეტა არ გამოუწვევია, ვერც ერთმა ვერ შეძლო ერთი დღით მაინც დაევიწყებინა ჩემთვის საყვარელი საქმე და მთელი დღის მასთან ერთად, თუნდაც ბუხრის წინ ყავით ხელში გატარების სურვილი გაეჩინა.
მივედით. ნინოს ჩემს მხარზე ჩასძინებოდა. გამოვაღვიძე და ბანცალ-ბანცალით ავედით სახლში. შევიყვანე თუ არა, ნახევრად კისერზე ჩამოკიდებული, სავარძელზე წამოგორდა და მკვდარივით ჩაეძინა. აღარ გავაღვიძე, პლედი მივაფარე და საძინებლისკენ გავეშურე. ოთახის კართან რომ მივედი, მისმა კიდევ ერთხელ შეხედვის სურვილმა ისევ მომაბრუნა. იმაზე გაცილებით ლამაზად მეჩვენა, ვიდრე პირველ დანახვაზე. ისეთი უშფოთველი სახით ფშვინავდა, ჩაძინებული ბავშვი გეგონებოდათ. სავარძლიდან გადმოგდებული ხელი იატაკზე ისე ედო, თითქოს პარკეტი ბალიში ყოფილიყოს. აღარ გავუსწორე, არ მინდოდა მისი გაღვიძება. სინათლე გამოვრთე და საძინებელში გავედი ხვალინდელი დღის მომლოდინე.
დავწექი, დაძინება გადავწყვიტე და უცებ ხმაური შემომესმა ისეთი, კინაღამ წამოვხტი, მაგრამ რომ მივაყურადე მივხვდი რაც იყო და გავშეშდი. ჩემი გულის ხმა მესმოდა, აღტინებული და მშფოთვარე. იმდენად მჩატედ ვგრძნობდი თავს, მეგონა ბუმბული ვიყავი და ფანჯრიდან შემონაბერ ოდნავ სიოზეც საწოლიდან გადმოვფრინდებოდი. ზურგზე დავწექი და თავი ხელებს შორის ამოვიდე. ძილი არ მომეკარა. თვალი ღამის წყვდიადის მიუხედავად, ოთახის გასასვლელისკენ მქონდა მიმართული, საითაც ის მეგულებოდა, რომელმაც ასე მალე ააფორიაქა ჩემი მონოტონური, მანამდე ერთფეროვანი ცხოვრება.
არაფერს ვფიქრობდი, არაფერზე ვდარდობდი, მხოლოდ წამებს და წუთებს ვითვლიდი, გათენებას ველოდებოდი ჯერ კიდევ ახალ დაღამებულზე, რომ ისევ ამომეკითხა ჩემი ანარეკლი მის შავ თვალებში.
***
ისე შემოანათეს მზის ცელქმა მცხუნვარე სხივებმა დაბურულ ოთახში და გაახალისეს ირგვლივ ყველაფერი, რომ მანამდე თვალი წამით არ მომიხუჭავს, მდებარეობაც კი არ შემიცვლია საწოლში. საძინებლიდან ხომ თავისთავად არ გავსულვარ იმის შიშით, მისი უშფოთველი ძილი არ ამეფორიაქებინა და რამე საბაბი არ მიმეცა გაბრაზებისთვის. შაბათი დილა თენდებოდა, დღევანდელი დღე თავისუფალი მქონდა და ამიტომ მის გაღვიძებამდე არც კი გავმოძრავებულვარ. ორმაგად გამიძლიერდა შფოთვა და მოლოდინი, რადგან წუთი წუთზე შეიძლებოდა გაეღვიძა და დაეძახა სულ რაღაც ერთი კედლის იქიდან.
ცოტაც დავიცადე და შემდეგ ძალიან წყნარად ავდექი და მოვწესრიგდი. მისაღებში არც შემიხედია ისე, პირდაპირ სამზარეულოში გავედი და ჩაიდანი დავადგი ქურაზე. მალევე სავარძლის ჭრიალის ხმა მომესმა, შემდეგ ფეხის, ნელ-ნელა ეს ხმა სამზარეულოს მოუახლოვდა და კარშიც შემოვიდა.
-დილა მშვიდობისა, -მითხრა წუხანდელისგან აფსოლიტურად საპირისპირო ადამიანმა, დარცხვენილმა და მშვიდმა. თმა აეწია და კარგად მოუჩანდა სრულიად გაფითრებული სახე.
-დილა მშვიდობისა, ნინო-მივუგე მშვიდად, მაგრამ გული კი ლამის გადმომიხტა საგულედან.
-წუხელ აქ მეძინა?-ნახევრად ღია კარებში იდგა და ცოცხალი თავით არ შემოდიოდა.
-კი, აქ გეძინა, შემოდი, ყავას გაგიმზადებ. გშია ალბათ ხო?
-არა, რა მშია. თავი მისკდება, ეტყობა ბევრი დავლიე. ვერც ყავას ვერ დავლევ. უნდა წავიდე-ანერვიულებული ჩანდა.
-მოიცა, დაჯექი, დამშვიდდი, სად მიგეჩქარება შაბათს დილაუთენია?-არ მესიამოვნა მისი წასვლის ამბავი.
-საქმე მაქვს და..
-მოიცდის! ყავა დალიე და გამოდი ცოტა ხასიათზე, არ შეგჭმ ნუ გეშინია.-სიცილით ვუთხარი. როგორც იქნა გაბედა, შემოვიდა დაბნეული და დაჯდა მაგიდასთან. მე ყავა დავუსხი, ტკბილეულიც დავალაგე ლამბაქზე და მის პირდაპირ დავიკავე ადგილი.
-ძალიან მერიდება შენი, ერეკლე. უკვე პრობლემად გადაგექეცი.-ისეთი სხვანაირი იყო, მშვიდი და წყნარი, მეგონა სხვა ნინო ჩრდილელს ვუსმენდი.
-სასიამოვნო პრობლემად-დაუფიქრებლად წამოვროშე. მანაც შეცბუნებულმა შემომანათა შავი თვალები, რომელთა ელვარებაშიც სიბრაზე გაერია. სანამ რამეს მიპასუხებდა დავასწარი.
-ანუ, არავითარ პრობლემას არ მიქმნი. დამშვიდდი.
-გუშინ ბევრი ვილაყბე, ხომ?-თემა გადაიტანა.
-არა, უბრალოდ ის მითხარი, რაც ასე ძალიან გაწუხებდა.
ყავა მოსვა და აღარ გამიგრძელა საუბარი. მეც არ მინდოდა მისთვის რამე დამეძლებინა, ამიტომ გავჩუმდი. რამდენიმე წამი დუმილში გავატარეთ, მაგრამ მე დრო არ დამიკარგავს, მის სახეს ვსწავლობდი, გუშინდელისგან განსხვავებით გაფერმკრთალებულს, მაგრამ უფრო მომხიბლავს.
უცებ გამახსენდა მის შესახებ მონაცემების ნახვა რომ მინდოდა ჩვენს ბაზაში. ძალიან მინდოდა მეტი რამ მცოდნოდა ნინოს ცხოვრებაზე და მის გარშემომყოფებზე, მაგრამ ამ ქაოსში საერთოდ გადამვიწყებია. მხოლოდ ის ვიცოდი დაზუსტებით, რომ ერთი პატარა და ჰყავდა. „ნეტა გათხოვილი თუა“-უცებ გამეფიქრა და გული შემეკუმშა, მაგრამ უმალ უარვყავი. არც ბეჭედი ეკეთა არათითზე და არც არანაირად არ ჰგავდა ოჯახიანს.
-მე ახლა წავალ, საქმეები მაქვს მაიორო-თქვა და წამოდგა, მეც ისე სწრაფად წამოვხტი, თითქოს ის გაქცევას აპირებდა და მე კი მის დაჭერას. მერე მივხვდი, რომ ნამეტანი სხარტი რეაქცია მომივიდა, რაც მასაც არ დარჩა შეუმჩნეველი და ვეცადე ბუნებრივი იერი დამებრუნებინა თავისთვის. არაფერი ვუპასუხე, არც დარჩენა მითხოვია. შემეშინდა ადამიანებზე იმედგაცრუებულს ჩემი საქციელიც სხვანაირად არ აღექვა.
ჩანთა აიღო, გასასვლელ კარამდე მივაცილე.
-მადლობა ყველაფრისთვის, მახვშიანო.-მითხრა და თვალი თვალში გამიყარა, მე კი ისევ დავინახე მის მზერაში ჩემი ანარეკლი და აღვბეჭდე გონებაში სამუდამოდ. რა მემართებოდა არ ვიცი, მაგრამ მეტყველების უნარი დამიქვეითდა და დაჩის დავემსგავსე იმ დროს, ზაზაევიჩის ლანძღვის შემდეგ რომ მუნჯდება.
-იმედია გნახავ კიდევ სადმე-დაბნეულმა მეცხრეკლასელივით ვუთხარი.
-ხო, დავარღვევ კიდევ კანონს, ისე ვერ გავძლებ ალბათ და მერე აღარ დამინდობ-გამეცინა.
-კარგი ბატონო.
-იმდენჯერ გადაგეყარე ამ ორ დღეში, თუ ბედისწერაა, ისევ შევხვდებით. აბა ნახვამდის მაიორო-თქვა, ამოიწია ჩემს სახესთან და სანამ დახრას მოვიფიქრებდი მისი სახის სიმაღლეზე, ლოყაზე კოცნა დამიტოვა და წავიდა. ისე გამოვშტერდი, ტაქსამდე გაცილებაც ვერ მოვიფიქრე და სამზარეულოში დაბრუნებულს საკუთარ თავზე ბრაზი მომივიდა. ერთი კარგი რაც იყო, ლოყა მეწვოდა საამოდ და კარგა ხანს იქნებოდა ასე ალბათ.
რამდენ ხანს ვიჯექი ასე ჩაფიქრებული არ ვიცი. ნინოს ყოველ მოძრაობასა თუ ნათქვამს ვიმეორებდი გონებაში. რაღაცა მიღიტინებდა სულში, რაღაცა მელამუნებოდა, მაგრამ რა იყო ეს გრძნობა, სახელი ვერ მომეძებნა ჯერ-ჯერობით. აშკარაა, ისეთი არ იყო, როგორი შთაბეჭდილებაც თავიდან დატოვა. უფრო დინჯი იყო და აზრიანი. სიმართლე რომ ვთქვა, ასეთი გაცილებით უფრო მომეწონა. თან მასზე ყველაფრის გაგება მსურდა, თანაც არ ვჩქარობდი, რადგან ქვეცნობიერად ალბათ იმედგაცრუების მეშინოდა.
ტელეფონი აწკრიალდა. დაჩია, უდაოდ აინტერესებს გუშინ რა ხდებოდა. უხალისოდ ვუპასუხე.
-ოოო, ადრიანად მიპასუხე, ესეიგი მარტო ხარ. მოვდივარ შენთან.
-აქ ვარ, მოდი-ვუთხარი, მაგრამ სიკვდილივით მეზარებოდა მის კითხვებზე პასუხების გაცემა. გათიშა თუ არა ტელეფონი, ლილემ დარეკა, ჩემმა დამ.
-ძმაო, სალამი-ჩამესმა ყურმილში მისი მუდამ წკრიალა ხმა.
-სალამი, მიშგუ ლილე, როგორ ხარ, ვინმე ხო არ გაბრაზებს?-ჩემი პირველი ფრაზა მასთან საუბარში მუდამ ასე იწყებოდა.
-არა კაცო, დღეს ხომ მოდიხარ? -პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
-სხვა გზა მაქვს?-უხალისოდ შევუბრუნე კითხვა.
-არა-მომიჭრა მოკლედ-დაჩიც წამოიყვანე.
-დაჩი რაღატომ?-წამოვენთე უცებ.
-უიმე, მარტო ხო არ იქნები ამდენ გოგოებში, მამაც რაღაც საღამოზეა დაპატიჟებული. ხოდა წამოიყვანე, გაერთობით.-ახსნამ დამამშვიდა.
-კარგი, ვკითხავ თუ წამოვა. აბა ჭკვიანად იცოდე-პატარა ბავშვი მგონია სულ და ასე ვემშვიდობები.
-სუფთა სვანი ხარ რა,-ჩამიქირქილა ყურმილში-კარგი, გელოდები კეკე.-ასე მეძახდა ბავშვობიდან, ძალიან არ მიყვარდა ეს სახელი, მარამ ვერ გადაეჩვია და თავი დავანებე.



№1 სტუმარი Guest lia

Kargia .momewona.
velodebi axal tavs.❤❤❤

 


№2 სტუმარი მერო

დადე ახალი თავი .შუაში შეწყვეტა რატომ იციით

 


№3 სტუმარი ნაცრი

დადე რას ელოდები.თუ დაიწყე დაამთავრე

 


№4 სტუმარი მერო

ნეტა ამ ისტორიას დამთავრება უწერიაა..????????????????????????????

 


№5 სტუმარი მერო

იცოდე რომ ველოდებიი

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინო

აღარ აგრძელებთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent