ყოფილი ცოლის სურნელი (სრულად)
მაშინ, როდესაც მინის ფანჯრებში მთვარის შუქი ცდილობდა შემოღწევას და ჩაბნელებულ სახლში ყველა ნივთი გარინდულიყო, გრძელ აბრეშუმის ხალათში გამოწყობილი ქალი აივნის ვერანდაზე იჯდა და სიგარეტით ხელში ფინჯან ყავას შეექცეოდა. არ ანაღვლებდა, რომ ქალაქში ყველაზე მაგარი ყავა ღამით ძილს დაუფთხობდა, რადგან ისედაც აღარ ეკარებოდა ტკბილი სიზმრები. მანქანები ხმაურობდნენ თექვსმეტი სართულით დაბლა. ყველა მეზობელი ფანჯრიდან გამოდიოდა მოუსვენარი აჟიოტაჟის ხმა და სინათლე. მხოლოდ ეს სახლი იყო ჩაბნელებული, ვარსკვლავებისა და მთვარის იმედად დატოვებული. ქალმა აივნის მოაჯირზე მიყუდებული მძიმე გიტარა გაჭირვებით აიღო და ფეხებგადაჯვარედინებულმა კალთაზე დაიდო. გრძელი თითები ჰაეროვნად ჩამოჰკრა სიმებს და მაშინ, როცა მდუმარება ღამის წყვდიადზე გამარჯვებას ზეიმობდა, მან ბულბულის მსგავსი ჰანგები გააჟღერა უმშვენიერესი ბაგეებიდან: „თუ მოგენატრე, არ დამიძახო, მე აღარ მოვალ, დამღალა ცდამ და ლოდინში დავკარგე თავი. აზრი აღარ აქვს ოცნებას და უმიზნოდ მოცდას რადგანაც ალბათ დღეს სხვამ გაგიღო მაგ გულის კარი. გახსოვს? ათას ვარდს ადარებდი ჩემი თმის სურნელს შენი კვალი კი გამომშრალ სხეულს ისევ ატყვია, მკლავების ალერსს გაცრუება იმედის მოსდევს და მეც ჩავკალი ფერად პეპლების მთელი არმია“. რამდენიმე მეზობელიც მოეცვა გრძნობებისგან დატოვებულ კვალს, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში სიყვარულისგან გამოწვეული ტკივილი იყო და სევდამოგვრილები უსმენდნენ ქალის დამატყვევებელ მელოდიას. მას „წყვდიადის ქალღმერთს“ ეძახდა ყველა, ვისაც ერთხელ მაინც ჰყავდა ნანახი. და მართლაც, დილის სინათლეში გრძნეულივით იპყროდა ყველა გარშემომყოფის ყურადღებას, მაგრამ ღამით.... ღამით ნამდვილი ცისკრის ვარსკვლავი იყო, რომელიც თითქოს სიბნელის ყველა საიდუმლოს ცოცხლად დაატარებდა და ერთი მზერით ნუსხავდა მათაც, ვისაც სიყვარულის მსგავსი ნატიფი გრძნობა არასოდეს სწვეოდათ. ნაშუადღევს, წყვდიადის ქალღმერს, კარზე მოულოდნელი ბრახუნი შემოესმა. შეწუხებული სახით გააღო, თუმცა ზღურბლზე არავინ დახვდა. დახვდა მხოლოდ ფერადყდიანი წიგნი: „ყოფილი ცოლის სურნელი“ - ელიზაბედ რეიდი. წყვდიადის ქალღმერთმა გაოცებით შეათვალიერა წიგნი... ეპილოგი წაიკითხა და საოცარმა კანკალმა შეიპყრო მისი ძალაგამოცლილი სხეული. გონებაში ათასი მოგონება ამოუტივტივდა, ერთმანეთს შეერწყა და ერთიანი ძალებით ცდილობდნენ ქალის კიდევ უფრო მეტად განადგურებას. „დაფუძნებულია რეალურ ამბავზე. სიყვარულის ისტორია შურისმაძიებელ ქალსა და უსიყვარულო კაცზე, რომელთაც გრძნობებმა სძლიეს“ - ეწერა დასაწყისში. ქალს წამით ეგონა, რომ მიწისძვრა იყო, ისე შეუტოკდა მთელი ტანი და გულზე ნაიმფაქტარივით მიიდო ხელი - გამალებით უძგერდა. ყურები დაჰგუბებოდა შოკისგან და გამაყრუებელი სიჩუმის მიღმა ვიღაც შემაძრწუნებლად ბზუოდა. ამ დღეს უალკოჰოლოდ ვერ გადაიტანდა... ერთი ბოთლი წითელი ღვინო მიიდგა და თეთრ ტყავის ტახტზე პანტერესავით გადაიშალა. წიგნის კითხვას შეუდგა წყვდიადის ქალღმერთი: „ ივანე ყველაზე უემოციო კაცი იყო მთელ დედამიწაზე. ფიქრები მაგრად ჩაეგუბებინა გონებაში და მხოლოდ მაშინ ლარაპაკობდა, როცა ამას საჭიროება მოითხოვდა. ბევრი მეგობარი ჰყავდა, მაგრამ არც ერთი მესაიდუმლე. თუმცა იშიათად თუ გაირბენდა მის ცხოვრებაში ისეთი ისტორია, რომელიც საიდუმლოებასთან იქნებოდა დაკავშირებული. ივანე ქალების ყურადღების ცენტრში იყო მუდამ, მაგრამ მის ყურადღებას მხოლოდ ერთი ღამის პარტნიორები იქცევდნენ. ემოციებისგან გაწმენდილ მის გულს, არ სურდა უცხო სხეულებთან ხშირი კონტაქტი და ზედიზედ რამდენიმე დღით იმისი ალერსი, რომლის ნაზი კანი სრულიადაც არ აღძრავდა მასში სიყვარულს. ივანეში საერთოდ არავინ აღძრავდა სიყვარულს. მეგობრები ივას ეძახდნენ, ხშირად ეხუმრებოდნენ, მაგრამ სიფრთხილე მათი გამუდმებული თანამგზავრი გამხდარიყო ამ კაცთან ურთიერთობისას. ქალები კი აღმერთებდნენ მის თეთრ კანს, შავ თმასა და მწვანე თვალებს, რომელიც იშვიათი წარბების ფონზე, მის უემოციო სხეულს მიმზიდველობასთან ერთად, სისასტიკესაც სძენდა. მანდილოსნები ხომ ხშორად აღმერთებენ მას, ვინც სასტიკია. რატომღაც, ისეთი აზროვნება დაინერგა ჩვენს სამყაროში, რომ სიმკაცრე გამბედაობასა და უშიშარობასთან ასოცირდება... ივანე არც საშიში იყო, არც მკაცრი და არც სასტიკი, თუმცა გარშემომყოფემა ეს ნამდვილად არ იცოდნენ. პირიქით, რაც უფრო შორს დაიჭერდა ხალხი მისგან თავს, მით უფრო ბედნიერი იქნებოდა მარტოდარჩენილი კაცი. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მზიანი ამინდის ფონს ჩიტების ჭიკჭიკი ამშვენებდა, სინათლე რაღაც გამაოგნებელმა ღამის მწუხრმა მოიცვა და ბინდი ისე შეეპარა სისხამ დილას, თითქოს ამაში საეჭვო არაფერი ყოფილიყო. ივანეს ბარის მოპირდაპირე მხარეს პატარა კაფე გაიხსნა, თუმცა კაცი ნამდვილად არ შეუშინებია ამ ფაქტს, რადგან მსგავს მცირე ბიზნესებს კონკურენტუნარიანად არ თვლიდა. საღამოს ივანეს ბარში ქალი შემოვიდა. ზოგადად, ქალის შემოსვლა ნამდვილად არ იყო გასაკვირვებელი ფაქტი, მაგრამ ამ შემთხვევაში.... ის საოცრება იყო. თითქოს, სწორედ ახლა აეხადა ფარდა მთელი დღე, მზისგან განათებულ ცას რატომ გადაჰკვროდა ღამის ბურუსი - დაბურულ ქუჩაზე, რომელსაც ლამპიონებიც აღარ ანათებდნენ, მთვარის მაგიას ჰგავდა ამ ქალის სურნელი და ვნებით ანთებული თვალები. ის იყო ავტორი და მმართველი ყოველი სიბნელისა, რომელიც შლეიფივით მოჰყვებოდა უკან მის სიკაშკაშეს. ქალს აბრეშუმის პრიალა, მწვანე კაბა ეცვა და საუცხოოდ მბზინავი თმა ჩამოეყარა საჯდომამდე. მიმზიდველად გადაიხარა ბარის მაგიდაზე და ბარმენს ჰკითხა: - ვინაა ამ ბარის მენეჯერი? უნდა დაველაპარაკო! - იქ ბარის მეპატრონეა - ხელი გაიშვირა ივანესკენ, რომელიც აზროვნებისუნარგამოცლილი შეჰყურებდა მანდილოსანს და მარჯვენა ხელის ორ თითს შორის ვანილის არომატიანი სიგარა შეჰყინვოდა. - გამარჯობა - პირველი მხოლოდ ეს ამოიფრინდა პირიდან და ქალის კაცრ, რაღაც არასასიამოვნო საუბრისთვის განწირულ სახეს თვალი ვერ მოსწყვიტა. - თქვენი კლიენტები ჩემს კაფესთან აყენებენ თავიანთ უზარმაზარ ჯიპებს და ჩემი სტუმრებისთვის მანქანის გასაჩერებელი ადგილი აღარ რჩება - უსაყვედურა გამძვინვარებულმა. - ქალბატონო...- ღრმად ჩაისუნთქა ივანემ - მანქანის გასაჩერებელი ყველასთვისაა გამოყოფილი და რომელლის კლიენტი გააჩერებს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. - ჰოო? თქვენ რა გენაღვლებათ, ჩემი მანქანის ადგილას, იმხელა პორშე დგას, რომ სხეულითაც ვერ ვეტევი ბორდიურზე სასიარულოდ. - გადავაყენებ იმ პორშეს - თავი დამნაშავედ იგრძნო ივანემ (ცხოვრებაში პირველად). - ოჰ, თქვენი ყოფილა - თვალები გადაატრიალა ქალმა - ისედაც ამხელა ბარი გაქვთ, ორსართულიანი... ვინ იცის, მესამე სართულიც აქვს ალბათ და წესით, ავტოფარეხიც უნდა გაგეკეთებინათ. მაგრამ არა! მე ვინღა დამიფრთხობს მერე კლიენტებს? - მიაყარა ქალმა გაუჩერებლად და გაკვირვებული ივანეს პასუხს არც დალოდებია, ისე გავარდა ბარიდან. ივანე გაშეშებული იდგა.... სიგარა თავისით ჩაიწვა ისე, რომ ნაფასის მოქაჩვა არც გახსენებია. - ეს შენც დაინახე თუ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო? - ჰკითხა ბარმენმა. - ეს თუ შენი წარმოსახვაა, მაშინ მირჩევნია, აქვე მოვკვდე - უპასუხა ივანემ. ივანემ მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. სულ იმ ქალღმერთისმსგავს მანდილოსანს წარმოიდგენდა ხოლმე. შემდეგ დღეებში, თითქოს რაღაცა შეიცვალა. გამალებით აკვირდებოდა მოპირდაპირე ქუჩაზე გახსნილ კაფეს, რომლის კარიდანაც ნაცნობი სილუეტის დანახვას გულაჩქარებით ელოდა. ქალი არ ჩანდა. ივანეს პოეზია უყვარდა. თითქოს მისი ჩუმი და უთქმელი ბუნების მიღმა, რომანტიკული ელფერით შემოსილი კაცი იმალებოდა, რომელიც ყველა გამოუთქმელ სიტყვას პოეზიითა და ლექსებით იოკებდა. სულს ისე ჰკვებავდა, ადამიანებთან კონტაქტი უკვე ზედმეტიც კი გამხდარიყო მისთვის. იმ საღამოსაც პოეზიას მიაპყრო თავისი ფიქრები და თითოქს ყველა ლექსში იმ უცნობი ქალის აღმჩენას ცდილობდა, რომელმაც მოსვენება წაართვა. „რა მოხდა, თუ კი ვეღარ შევხვდებით, ამ ქვეყნად, რაც კი ხვდება შემთხვევით, მარადიული ისაა მხოლოდ“ - ამოიკითხა ოთარ ჭილაძის პოეზიაში და იმის მაგივრად, რომ შვებით ამოესუნთქა, ახალი სადარდებელი მიეცა მის გულს. „რა მოხდა, თუ კი ვეღარ შევხვდებით“ - რას ნიშნავდა? ნუთუ იმისთვის გაიკთო იმ ქალის ზმანებამ შუაღამისას, რომ მისი გამოჩენა შემთხვევითი ყოფილიყო და აღარ განმეორებულიყო? ამის შემდეგ, გადაწყვიტა, თავად გადაედგა პირველი ნაბიჯი და საღამოს, როდესაც კვლავ სიჩუმემ დაისადგურა, ივა ქალისკენ გაემართა. მან ჯერ არ იცოდა, რომ ღამის სადავეები ამ მანდილოსნის განკარგულებაში იყო და ყველაზე უკეთ სწორედ ამ დროს აკონტროლებდა ადამიანთა ფიქრებს და ძრახვებს. კაფე ცარიელი იყო. ქალი ზურგით იდგა კისერს წრიული მოძრაობით ამოძრავებდა (დაღლილობის მოსახსნელ ვარჯიშებს აკეთებდა). ივანემ მხოლოდ ის გაიფიქრა, რომ ზურგიდანაც კი ისეთივე მშვენიერი და ჟრუანტელისმომგვრელი იყო, როგორც პირისპირ. - გამარჯობა - შესძახა თავისი საფირმო ერთადერთი სიტყვა. სხვა ყველა ბგერა პირიდან გაუფრინდა და უძლურად მიაჯაჭვა ერთ ადგილს, როდესაც ქალი მისკენ შემოტრიალდა. - გაგიმარჯოს - უპასუხა უკმეხად მანდილოსანმა. - ისევ გაწუხებენ ჩემი კლიენტების მანქანები? - აქ ამის გასარკვევად მოხვედით? - ირონიულად გაეცინა ქალს და ივანეს მიუახლოვდა. - არა. უფრო სწორად კი... თუ არა კი არა, კი - ვერ ჩამოყალიბდა, რა ეპასუხა. - დიახ მაწუხებენ! - ამაყად გამოუცხადა ქალმა - თან ძალიან. განსაკუთრებით, ეს თქვენი უგემოვნო ფერის პორშე, რომელიც ორი პატარა მანქანის ადგილს იკავებს. - უგემოვნო ფერის? - არ ესიამოვნა ივანეს. - ჰოო. ქამელონისაა. მზეზე მომწვანოა, შებინდებისას მოლურჯო, საღამოს შავი. კარგი რაა, მდიდრებს სხვა გასართობი არ გაქვთ? - ქამელეონის ფერებში შეიძლება ღარიბსაც ჰყავდეს მანქანა. ქალმა გადაიკისკისა. ისეთი მშვენიერი სანახავი იყო, ივას შეეძლო მთელი დღე ასე ფეხზედამდგარს ეცქირა მისი მომღიმარი(თუნდაც ირონიულად მომცინარი) სახითვის და სრულებით არ დაღლილიყო... - ხვალიდან სხვაგან დავაყენებ - მიუგო კაცმა. - ასე ადვილად დამნებდით? - კი. - არადა, თქვენზე გავიგე, რომ ძალიან მძიმე ხასიათი აქვს, შეუპოვარი, ჯიუტი და მუდოაო. მაგრამ ძალიან სწრაფად დამთანხმდით. - ეგ ვინ გითხრათ ჩემზე? - რა მნიშვნელობა აქვს? - არანაირი, მაგრამ ბედნიერი ვარ რომ ვიღაცას ჰკითხეთ ჩემ შესახებ. - საიდან მოიტანეთ, რომ მე ვკითხე? - რომ არ გეკითხათ, არ გიპასუხებდნენ. - ოჰ, ეგ ფილოსოფია ცხოვრებაში არ გამოგადგებათ - ისევ გაეცინა ქალს. - თქვენს სახელს არ მეტყვით? - თხოვნას უფრო ჰგავდა კაცის მხრიდან. - კაფის სახელწოდება თუ წაიკითხეთ? - კატალინა? - დიახ, კატალინა როსინი მქვია. - მე ივანე ჩადუნელი ვარ. - გასაგებია - როსინი? - გვარი ეუცხოა ივას. - იტალიელი მშობლები მყავს. - ქართული საიდან იცით ან აქ რას აკეთებთ მაშინ? - ბებია მყავდა ქართველი და საერთოდაც, თქვენ გკითხოთ, რომელ ქვეყანაში ვიცხოვრებ? - არა, რა თქმა უნდა... უბრალოდ, მოსალოდნელი იყო - გაეღიმა კაცს. - ანუ? - ანუ, უბრალოდ... - ჩაახველა. უნდოდა ეთქვა, საოცრად გრაციოზული ხართო, მაგრამ სჯობდა, ხმა არ ამოეღო, თორემ ეს ქალი, სიტყვების მონადირეს ჰგავდა და ისევ ივას წინააღმდეგ შემოატრიალებდა საუბარს. - ანუ სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ივამ ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. ქალმაც თავისი შეაგება და მაშინ პირველად შეიგრძო კაცმა სამყაროში ყველაზე მშვენიერი, ნაზი კანის სითბო. - ისევ გაბრაზებული ხარ ჩემზე? - ჰკითხა ივამ. - უკვე შენობით? - ცალი ტუჩით გაეცინა ქალს. - რატომაც არა? - არა, არ ვარ შენზე გაბრაზებული. უბრალოდ, იმის მიზეზს ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვიყო კეთილგანწყობილი შენ მიმართ. - იქნებ იმიტომ, რომ ადამიანები ვართ და ზოგადად, კარგია კეთილგანწყობა. - დაიბნა ივა. პირველად ნახა ასეთი მშვენიერი, მაგრამ უცნაური ქალი, რომელის თითოეული ამოსუნთქვა და ბგერა ადგილზე ჰყინავდა, აშეშებდა, თუმცა ყველაფერ ბედნიერებასთან ერთად, საკმაოდ აგრესიულიც იყო. - ღმერთო, რა ფილოსოფიური ხარ - გაეცინა ქალს. - იკეტები უკვე? - ჰკითხა ივამ. - ჰო. რა იყო? - ვიფიქრე, რომ ჩემთან დაგპატიჟებდი. იმ ბარში, შენ რომ ვერ იტან. - სხვა დროს იყოს. სახლში მისვლა მინდა. - მიგიყვანო? - ინვალიდს ვგევარ? - არა, რას ამბობ. პირიქით, ძალიან გრძელი, და კარგი ფეხები გაქვს - წამოსცდა ივას. - უკაცრავად? - შეშფოთებით ასწია ცალი წარბი ქალმა. - არა, ეს ის არაა, რაც შენ გაიფიქრე. მე იქ ვთქვი, რომ ინვალიდი არ ხარ, რადგან ძალიან ჯანმრთელი და კარგი ფეხები... ჯანდაბა. - ივა დადუმდა. სჯობდა საერთოდ აღარ ელაპარაკა. - ნახვამდის დაბნეულო და ცოტათი უჟმურო ბიჭო - დასცინა კატალინამ. ივა იძულებული გახდა, ქალს დაშორებოდა. უცნაური იყო მასთან სიახლოვე, მაგრამ კიდევ უფრო უცნაური ის იყო, რომ ორჯერ ნანახი ქალის სიშორე ასეთი მძიმე ასატანი გახდა მისთვის. კაცი ბარში დაბრუნდა. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ იმედგაცრუებამ, რაც აქამდე არასდროს განუცდია, თავი ყველაზე ცხადად ახლა იჩინა მის ცხოვრებაში. - რა გჭირს, რა სახე გაქ? - ჰკითხა გეგამ. - არაფერი, უბრალოდ არ ვარ ხასიათზე. - მეზობელი ბისტროდან რომ გადმოაჭერი, იქ მოგიშალეს ნერვები? - გამოიჭირა გეგამ. - არა, რა სისულელეა. უბრალოდ, რაღაცის გაკეთება მსურს და ვფიქრობ, საიდან დავიწყო. - რა ხდება, აღარ იტყვი? - ავტოფარეხი უნდა გავაკეთო მანქანებისთვის. - გამოუცხადა ივანემ. - ივა, სერიოზულად ამბობ? - ჰო, რატომაც არა? იქნებ ამ კორპუსის ფარეხის ნახევარი შევიძინო? თითქმის სულ ცარიელია ხოლმე და თან მივაწერ „მხოლოდ სასუფეველის კლიენტებისთვის“ - თავის ნათქვამზევე გაეცინა. - გელოდებით სასუფეველში? - გეგაც გამხიარულდა. - ან კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასუფეველში. - „სასუფეველი“ რატომ დავარქვი ბარს, მე თვითონაც არ ვიცი - აღიარა ივანემ და კატალინა გაახსენდა ისევ. ღამის 4 საათი იყო, როდესაც თავის მწერალ მეგობარს დაურეკა. - ღმერთო, ვინმე მოკვდა? - ჰკითხა გაოგნებულმა, ახალგაღვიძებულმა ელიზაბედმა. - რაღაც მინდა გკითხო - ამოთქვა თავისივე საქციელით გაკვირვებულმა ივანემ, რომელსაც ის უნდოდა მეგობრისგან, რაც არასდროს დასჭირვებია აქამდე - რჩევა. - მკითხე. - როგორ მოვხიბლო ქალი, რომელსაც დიდად არ ვეხატები გულზე? - ამ შუაღამისას, როცა ეს-ესაა მზე გამოანათებს ცაზე, იმისთვის მირეკავ რომ ქალთან დაკავშირებული რჩევა მოგცე? ღმერთო დიდებულო, ახლა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ვნახე. - რა არის ამაში ასეთი გასაკვირი? - ჰკითხა ივანემ, არადა თავადაც კარგად იცოდა, რომ ნამდვილი სასწაული იყო მისი მხრიდან ასეთი ინტერესი არათუ ქალის, არამედ თვითონ ადამიანის მიმართ. - ის, რომ დარცხვენილი ხმა გაქვს. საკუთარი გრძნობების გრცხვენია? გრცხვენია, რომ ქალმა გაგაგიჟა და ჭკუიდან გადაგიყვანა? - ასეც არაა საქმე - თავი იმართლა კაცმა - უბრალოდ, ზედაც არ მიყურებს და ალბათ ამითი მიიქცია ჩემი ყურადღება. - მართალია - გაეცინა ელიზაბედს - გულგრილობა კაცების სისუსტეა. მთავარია დაინახონ, რომ ფეხებზე გკიდია და იმ წამსვე შენი მონა-მორჩილები ხდებიან. რა სასწაული შემთხვევები ხართ - ამოიოხრა გოგონამ - დაწვრილებით მომიყევი რა და როგორ, გისმენ! - ჩემი ბარის მოპირდაპირე მხარეს გახსნა პატარა კაფე. თავიდან, საყვედურები მომაყარა, შენი კლიენტები ჩემ პირდაპირ აყენებენ მანქანებს და ჩემებისთვის გასაჩერებელი ადგილი აღარ რჩებაო. დღეს კი მასთან მივედი, მსურდა, ცოტა ახლოდან გამეცნო. - მერე? - არაფერი. ცივია. თან გამომიცხადა, შენზე მითხრეს რომ უჟმური, ჯიუტი და საშინელი ადამიანიაო. - საშნელი ადამიანი არ ხარ, მაგრამ კლუბებში არასდროს ცეკვავ, როცა შენი მეგობრები თავზე იმხობენ გარემოს. თუ ათ კაცს სხვაგან წასვლა უნდა და შენი სურვილი მათ სურვილს არ ემთხვევა, ისე აკეთებ ხოლმე, რომ ეგ ათი კაცი მიგყავს შენთვის სასურველ ადგილას. ეგ სიჯიუტე, შეუპოვრობა და ცოტა არ იყოს, ეგოიზმიცაა. მაგრამ გულის სიღმერში, კეთილი კაცი ხარ. - ეს კომპლიმენტი იყო თუ კრიტიკა? - ორივე ერთად, მაგრამ ეს ახლა მეორეხარისხოვანია. ვფიქრობ, მისი გულგრილობის მიუხედავად, ბრძოლა მაინც ღირს. აღმიწერე როგორია. ლამაზია? - ჯანდაბა - ხმა ჩაუწყდა ივანეს, როცა ქალის ნატიფი, ფუნჯით ნახატი სხეული და საოცარი თვალები გაახსენდა. - შენს „ჯანდაბას“ და დუმილს თუ დავუჯერებ, ანუ გასაგიჟებლად ლამაზია. - მემგონი მისი თვალის ფერი არ მახსოვს - გამოტყდა კაცი. წამით, დანაშაულის გრძნობამაც კი აიტანა. - არაფერია. შენ ამბობ, რომ კაფე აქვს? - ჰო. პატარა, საყვარელი ბისტროს მსგავსი ადგილია. ნორმალურად ვერ დავაკვირდი, რადგან თვალს მისი პატრონი მჭრიდა, მაგრამ მემგონი, ძალიან გემოვნებითაა მოწყობილი. - სავახშმოდ იქ შედი. ან საუზმისას შედი, როცა ცოტა კლიენტი ეყოლება. - და სულელივით მარტომ ვჭამო? - ქალთან ერთად თუ მიხვალ, შეიძლება გაღიზიანდეს ან თავიდანვე ხელი ჩაიქნიოს შენზე. მარტო მიდი. ეს იმისი ნიშანი იქნება, რომ კი არ გშია, არამედ მისი ყურადღების მიქცევა გსურს. * * * კატალინა დილის 11 საათზე შემოვიდა თავის რესტორანში. ოფიციანტს სთხოვა, მისთვის ერთი ჭიქა გრეიფრუტიანი წყალი და ორი ცალი შოკოლადიანი კრუასანი მოეტანა. წამით მზერა გაუშეშდა, როდესაც ივანე დაინახა მეზობელ მაგიდასთან. კაცი მარტო იჯდა და ომლეტს შეექცეოდა ფორთოხლის წვენთან ერთად. კატალინას გაეცინა. ახლა შორიდან, თუმცა უკეთესად დააკვირდა მამაკაცს. თითები მოქანდაკის გამოთლილს მიუგავდა - გრძელი და დახვეწილი, მოვლილი ფრჩხილები. ერთ მომენტში, თითქოს განძრახ გამოიხედა, თითქოს გარემო შეათვალიერა, იმის იმედით რომ ქალს მოჰკრავდა თვალს. თავშეკავებული ღიმილით გაუშეშდა მზერა მისი დანახვისას. წამით, ორივეს თვალები ერთმანეთს შეეჩეხა .... ცოტა სისუსტე იგრძნო ქალმა. კაცის თვალებიდან აუღელვებელი ზღვის ნათება პირდაპირ წყვდიადგამეფებულ სახეში ანათებდა თავის სხივებს. არადა, რა უცნაურია, გგონია ცხოვრებას აკონტროლებ, მაგრამ ისე ქარიშხალივით დაგატეხავს თავზე მოულოდნელობებს, რომ ახალდაბადებული ბავშვივით გამოუცდელი ხდები. კატალინა ცოტახანს ფიქრობდა, როგორ შეენარჩუნებინა სახეზე გულგრილი ელფერი. კატალინა ადგა და მამაკაცისკენ წავიდა. სიარულიც ისეთი მსუბუქი და მოქნილი ჰქონდა, გეგონება ყოველი გამოძრავებისას რაღაც ზეციური ღმერთების ცეკვას ცეკვავდა. - შენს ბარში არ არის ომლეტი? - მიუჯდა კატალინა სიცილით. - ეგეთი არასასურველი ვარ? - ჰკითხა განაწყენებულმა კაცმა. - ვინმეს ელი? - არა. - აქეთ მომიტანე! - შესძახა ოფიციანტს, რომელსაც ქალის საუზმე ეწყო ლანგარზე. - წინააღმდეგი ხომ არ ხარ? - ჰკითხა ივანეს. - არა, რას ამბობ. - ვხედავ, მანქანას აღარ აყენებ ძველ ადგილას - ეშმაკურად გაუღიმა ქალმა. ახლა ზუსტად დაინახა მისი თვალები ივანემ - შავი ჰქონდა. ღამესავით შავი... იმდენად შავი, რომ სხვა ნებისმიერ კაშკაშა ფერზე უფრო მძაფრად და თვალისმომჭრელად ანათებდა. საოცრად წყნარი და ამავე დროს, ქაოსური იყო. - ისე ამბობ, თითქოს პატარა ბავშვი ოინში გამოიჭირე - მიუგო ივამ. მუზეუმის ფასდაუდებელი ექსპონატივით ათვალიერებდა ქალს. ხელოვნების ნიმუშს გავდა, რომლის ორიგინალის ნახვისას გგონია, რომ მასში გამოსახული ადამიანის სილუეტი მოძრაობას იწყებს, მოძრაობას იწყებს მთელი ნახატი, მთვარე და ვარსკვლავები ცოცხლდება, ნახატის ქუჩაში ხეებს სიო თავის ნებაზე ათამაშებს. შენ კი წყვდიადის სიღრმეში იძირები. ის უმშვენიერესია, მომაჯადოებელი. მისით მოხიბლულს გგონია გაგიჟდი, გინდა შეინარჩუნო ჯანსაღი ფსიქიკა, დაივიწყო თვალწარმტაცი მშვენიერებისგან მოგვრილი ემოცია, გაქცევა გინდა იმდენად, რამდენადაც მის უკიდეგანო სიძლიერეში სამუდამოდ ჩამარხვა. საბოლოოდ საკუთარი გრძნობებისგან გაგიჟებული, ნახატს სწყდები და გარბიხარ. თუმცა შენი ქვეცნობიერი, მომაკვდავი და დაავადებული, ვერ ივიწყებს ერთხელ ნანახი სასაწაულის არსებობას და ჰოპ, მშვენიერებამ კვლავ გაიმარჯვა, ის კვლავ ზეიმობს სუსტი, ბეჩავი ადამიანის დათრგუნვისგან შეძენილ ენერგიის ნაკადს. - ეგრე რატომ მიყურებ? - ჰკითხა ქალმა. - ეგრე როგორ? - ისევ გამოიჭირეს კაცი. - თითქოს მანიაკი ხარ და ჩემი მოკვლა გინდა. - შესაძლოა, მანიაკივით მართლა გიყურებ, მაგრამ შენ მოკვლაზე არც კი მიფიქრია. - სასიამოვნოა ამის მოსმენა - გაეცინა ქალს და თავისი კრუასანი ისე ჩაკბიჩა, გეგონება სულ არ ადარდებდა მისი ხრაშუნა ნამცეცები რომ ტუჩებზე შერჩებოდა. - საღამოს ჩემს ბარში შემოდი. - რითი გამიმასპინძლდები? - კოქტეილით, ღვინით ან ნებისმიერი სასმელით, რომელსაც მოინდომებ. ცოცხალი მუსიკაც გვაქვს. - ვიცი, მოვისმინე ეგ შენი ცოცხალი მუსიკა და დიდად ვერ მოვიხიბლე. - რატომ? - მე უკეთ ვმღერი - ამაყად გამოუცხადა ქალმა. „მღერის კიდეც“ გაიფიქრა ივანემ და მიხვდა, რომ ისედაც ყელამდე მონუსხულს, კიდევ უმატებდნენ სხვადასხვა ჩამძირავ ფიქრებს. - მღერი? - ჰო. - შესანიშნავია! - რა არის შესანიშნავი? - ის, რომ მღერი. - იქნებ, საშინლად ვმღერი და მე მაქვს დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე? - არამგონია. - მოდი გამოვიცნო. ახლა წარმოიდგინე, როგორ ვდგევარ სცენაზე გიტარით ხელში, ლამაზი კაბა მაცვია თან და იფიქრე, რომ რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ბგერებს გამოისვრის, ისედაც მშვენიერი სანახავი იქნებაო. - გეწყინება თუ ვიტყვი, რომ ეგ წარმოვიდგინე? - არა - გაეცინა ქალს. - კაცები ხომ ყოველთვის უხამსობას არ ფიქრობენ. - რას ამბობ -შეიცხადა ივანემ - შენზე მითუმეტეს. - მითუმეტეს - გაიმეორა მხიარულად კატალინამ - მაპატიე, უნდა დაგტოვო. საუზმით რესტორანი გიმასპინძლდება, ამიტომ გადახდას ნუ დააპირებ. - მადლობ - არ შეწინააღმდეგებია კაცი. - შეხვედრამდე ივანე - წითელი კაბა მიმზიდველად ჩამოიწია მუხლზე და წამოდგა. - საღამოს შემოდი. - ვნახოთ. - დაგელოდები.... კატალინა ადგა და გავიდე. მაშინ პირველად იგრძნო ივამ, რომ ადამიანის წასვლის შემდეგ, შეიძლებოდა ზოგჯერ სიცარიელე დაუფლებოდა სხეულს. საშინელი უკმარისობის გრძნობა გაუჩნდა. სურდა, სამუდამოდ ერთ ადგილას მდგარიყო და ასე ეცქირა ქალისთვის, რომელმაც მოულოდნელად დასცა გრძნობების ზარი, ამოუტრიალა მთელი სამყარო და დაუხშო ილუზიები, რომელიც აფიქრებინებდა ხოლმე, რომ არასოდეს დაიმონებდა სიყვარული. ამ დროს, კატალინა თვითკმაყოფილი ღიმილით დააბიჯებდა და წინასწარ ზეიმობდა გამარჯვებას. გრძნობდა, საკუთარი ძალაუფლებით ტკბობის სურნელი ახლოვდებოდა. ახლოვდებოდა ისე, როგორც წყვდიადში გახვეული ღამე, რომელიც ქალის თანამზრახველი იქნებოდა მოსალოდნელი ტრაგედიის მოახლოებისას. * * * - არ აპირებს მოსვლას შენი ქალბატონი - ჰკითხა საღამოს ელიზაბედმა ჩურჩულით. - მაგის სანახავად მოხვედი? - გაეცინა ივას. - რა თქმა უნდა. ძლივს ვიღაც სერიოზულად მოგეწონა და ხო უნდა შევავლო თვალი? - მკაცრი დედამთილივით ნუ აეტუზები იცოდე. - საერთოდ არ ვაპირებ ატუზვას. მე ამ მაგიდასთან ვიჯდები და შენ მასთან იქნები. თუ რა თქმა უნდა, არ დაგადო. - რა ლაპარაკია? - არ ესიამოვნა ივას. - რა ვიცი. ხომ შეგამზადე, რომ ქალები უცნაური შემოქმედებები ვართ. ხშირად იმას ვაკეთებთ, რაც არ გვინდა, თან მხოლოდ იმიტომ, რომ კაცის ყურადღება მივიქციოთ. - უცნაური ხასიათი გაქვთ ღმერთმანი. - კიი, შენ სხვა რამეებსაც მალე შეიტყობ, რაც უფრო დაუახლოვდები ქალს.... - ივანე ერთ წერტილს მიშტერებოდა, თითქოს ელიზაბედის ლაპარაკი არ ესმოდა და სულ სხვა სამყაროში იყო - გამარჯობა ივანეეე - ხმა აიმაღლა ელიზაბედმა. შემდეგ კი კაცის მზერას გააყოლა თვალი და გამხდარი, ლამაზი ქალბატონი დაინახა გრძელი თმით, რომელსაც ივას ჩათვლით, ყველა იქმყოფი მამაკაცი მიშტერებოდა. - გასაგებიაა - ჩაიჩურჩულა თავისთვის და გაეღიმა. - მასთან მივალ - ივანემ ერთი ჭიქა სასმელი წამის მეასედში გადაჰკრა და სულიერად შეემზადა. - მიდი. მე არ შევიმჩნევ, რომ გიცნობ და ვათვალიერებ. - იმედია. კატალინას ტანზე მჭიდროდ მომდგარი კაბა ეცვა, რომელიც მისი სხეულის მთელ სიდიადეს უფრო მკვეთრად გადმოსცემდა. ივანე რაც უფრო უახლოვდებოდა ქალს, თითქოს მით უფრო მძაფრად გრძნობდა მისი სხეულის სითბოს და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, საოცრად უჩქარდებოდა გულისცემის ტემპი. სასიამოვნო და ამავდროულად, უცნაური უსიამოვნო სიმხურვალე გამეფებულიყო მის მუცელში. ივანეს ასეთი შეგრძნების გამოცდილება მხოლოდ ბავშვობაში თუ ჰქონდა, ისიც ერთხელ. ახლა კი თავადვე გაოგნებულიყო მივიწყებული შეგრძნებებით, რომელიც მაშინ იჩენდა თავს, როცა ეგონა რომ გრძონები ვერასდროს დაასუსტბდნენ. - საღამომშვიდობისა - გაუღიმა ქალს თვალებგაბრწყინებულმა - უმშვენიერესი ხარ. - მადლობ - გულგრილად უპასუხა ქალმა და პატარა სიგარეტების ქეისიდან ერთი ღერი ამოიღო. - შენი სურვილით დალევ რამეს თუ ჩემი გემოვნებით შეგირჩიო? - ჰკითხა ივანემ. - ვისკი ერთი მოზრდილი ყინულით - უთხრა ქალმა. - მშვენიერია - გაეცინა ივანეს - ორი ვისკი ყინულით - მიმართა ბარმენს და ისევ ქალს მიაპყრო მზერა. - დღეს მძიმე დღე მქონდა, ოფიციანტები ახალტურებენ ხოლმე. მე კი გასაშვებლად მეცოდებიან - წარბაწეულმა ვისკის ჭიქას ჯერ მადისაღმძვრელად შეხედა, შემდეგ კი ტუჩებს შორის ბროლის ჭიქის თხელი პირი ჩაიცურა და მუქი შინდისფერი პომადის კვალი დაატყო.... - რატო ეცოდებიან? - ჰკითხა ივანემ და ქალის სიგარეტს შეხედა, რომელზეც ჭიქის მსგავსად, ვისკიანი ტუჩებისა და ტუჩსაცხის კვალი აჩნდა. - იმიტომ, რომ უჭირთ. - შეიძლება, რჩევა მოგცე? - კი - ივანესკენ შემობრუნდა ქალი. - როდესაც საქმე შენს ბიზნესს ეხება, ადექი და გაუშვი ყველა შეუწყნარებლად, ვინც საქმეს გიფუჭებს. სამსახურში გაჩერებას, სჯობს ყოველთვიურად მუშაობის გარეშე უხადო ხელფასი, რადგან მაგათმა გაფუჭებულმა საქმემ შეიძლება გაგაკოტროს. სწორედ ამიტომ, არასდროს ამყავს სამსახურში ნაცნობები. ბიზნესი ბიზნესია და მას შეცოდების არ სწამს. საკუთარი თავი თუ იმ ოფიციანტზე მეტად გიყვარს, ადექი და გაუშვი, რადგან თუ კვლავ გააფუჭებს რამეს, პირველ რიგში, ეგ გაფუჭებული საქმე შენ დაგაზიანებს. - ჭკვიანურია - ბოლომდე გადაჰკრა სასმელი კატალინამ - არ უნდა მომეკიდა საქმე ბიზნესისთვის. ზედმეტად ემოციური ვარ. - შეეჩვევი... დაგეხმარები. ქალი რაღაც მომენტში გაირინდა და მთელი სმენა ბარში დატრიალებული მუსიკის ჰანგებს მიუძღვნა. - სასიამოვნოა - თქვა თვალდახუჭულმა, ნაზი ხმით. - ლამაზი მუსიკაა. სიმღერა ისე რაა. - ყოველთვის ასეთი კრიტიკული ხარ? - ესაა კრიტიკულობა? გეტყობა, რომ ორი დღეა, რაც მიცნობ. - არადა, ერთი კვირა გავიდა უკვე. - ღმერთო, ითვლი კიდეც? - ამაში რამე უჩვეულოს ხედავ? - მე ისიც არ ვიცი, რა რიცხვია დღეს. ამიტომ, კიი, ჩემთვის უჩვეულოა. - დროის შეგრძნება დაკარგული ბიზნეს ვუმენი? კარგი რაა. ეს რესტორანი როგორღა გააკეთე? - რა ლაპარაკია? - წარბები შეჭმუხნა ქალმა. ივანე გაოგნებული იყო. ამ ქალს, სიბრაზეც კი უმშვენიერესი ჰქონდა. - მაპატიე, შენ შეუდარებელი ხარ - ეცადა, შეცდომა გამოესწორებინა. ქალმა ხმამაღლა გადაიკისკისა. - ძალიან სასაცილო ხარ. - რატომ? - მოგწონვარ? - ჰკითხა პირდაპირ. - ჰო, კი არადა... - დაიბნა ივანე. - ძალიან. - მე ქალები მომწონს, გეი ვარ - ირონიულად გაუღიმა ქალმა. ორთითსშუა გაჩხერილი სიგარეტი საფერფლეში ჩააწვა და ივანეს ლოყაზე აკოცა - რას იზამ, ჩემს გემოვნებას ვერ ერგები, მაგრამ მაინც ძალიან საყვარელი ხარ - შოკირებულ კაცს უკანასკნელად გაუღიმა და ბარი დატოვა. ივანე იდგა... ყველაფერს ღამისფერი გადაჰკვროდა და მას უკვე ეზიზღებოდა ეს საშინელი წყვდიადი, რადგან ამის შემდეგ, მისი მოახლოება გაახსენებდა ხოლმე ქალის სახით ზეციდან ჩამოსული ღმერთის ბრწყინვალებას, რომელიც თითოქოს მისი ამქვეყნიური სასჯელი და განკითხვა იყო. - ივანე! - დაუძახა ელიზაბედმა, მაგრამ კაცს თვალიც არ შეუხრია. ვისკის ჭიქითა და სიგარით ხელში, გაყინული იდგა ერთ ადგილას. - ივა! - დაიყვირა ელიზაბედმა ხელმეორედ. კაცი ისევ დუმდა. ბოლოს მივიდა და შეანჯღრია. ივანემ მხოლოდ ახლა შეამჩნია თითქოს მეგობარი. - არაფერია... - ამოიოხრა კაცმა. - რა არაფერი? გაძეგლდი და გადაირიე, ესაა არაფერი? - საშნელი შესახედავი ვიყავი? - არა, სიმპათიური იყავი. თვალები გაგფართოებოდა და უფრო შესამჩნევი გამხდარიყო მისი მწვანე ფერი. - მოხარული ვარ - გულზე ხელი მიიდო კაცმა. - ცუდად ხარ? ასეთი რა გითხრა? - არაფერი, არაფერი...” წყვდიადის ქალღმერთი ფეხზე წამოდგა. წიგნი დროებით გადადო და სამჯერ ჩაისუნთქა ღრმად. ახლა მაინც უნდა დაეძინა, უეჭველად უნდა დაეძინა, თორემ რამდენიმედღიანი სიფხიზლის გამო, სივრცეში პატარ-პატარა ლაქებს ხედავდა და ხმები ესმოდა.... საოცრად ტკბილი ხმა ესმოდა წყვდიადის ქალღმერთს, თითქის ვიღაცის ტუჩები ყურზე ნაზად ეხებოდა, მისი პირიდან გამოფრენილი თბილი ჰაერის ნაკადი ეჯახებოდა სახეზე და მარტოობის დარდს უქარვებდა განიერ მკლავებში ჩამარხვის მოლოდინი. მაგრამ ეს მხოლოდ წარმოსახვა იყო. წყვდიადის ქალღმერთს არავინ ჰყავდა გვერდით. ამიტომ, ყოველთვის, როცა უმშვენიერეს ფეხებს შეჰყოფდა საწოლში და გაყიდულ ტერფებს ერთმანეთზე გაუხახუნებდა, აღარ ატკბობდა იმის მოლოდინი, რომ მამაკაცის სხეულის სურნელი თავისი ბაგეებით აულაგმავდა მკერდიდან ყინულისა და სიმარტოვის ნატეხებს. წყვდიადის ქალღმერთი მარტო იყო. და ის გრძნობდა, რომ ვერასდროს იქნებოდა ქალღმერთი, რადგან მას ადამიანური სისუსტეებისგან ჯერ კიდევ ვერ დაეძვრინა თავი. * * * შუადღე იყო რომ გაეღვიძა. თავს ისე გრძნობდა, გეგონება სხეული მართლაც გამოჰფიტვოდა. გრძელი თმა აბურდულად გადაშლილიყო მისი ზურგის ყველა მიმართულებით და შეუძლებლად მიაჩნდა ამხელა არეულობის დავარცხნა. მთელი ღამე შფოთვაში გაატარა. ესიზმრებოდა წიგნის სცენარი, ესიზმრებოდა ყველა შესაძლო ვარიანტი თუ როგორ უნდა წარმართულიყო პერსონაჟთა ბედი და ხან ძილბურანში მყოფს ეღვიძებოდა, ხანაც სიზმარი მიაჩნდა რეალობად. წყვდიადის ქალღმერთმა ყინულებით სავსე აბაზანაში ჩაასვენა თავისი სხეული და სიცივისგან კბილები მიაბჯინა ერთმანეთზე მაგრად. მთლიანად ცახცახებდა, თუმცა ხორციელი განცდები ყოველთვის არაფრად მიაჩნდა ხოლმე, რადგან, რაც თავი ახსოვს, სული სტკიოდა მუდამ. იცოდა, ყინულიანი ცივი აბაზანა ახალგაზრდობას ზომაზე მეტხანს შეუნარჩუნებდა. სამაგიეროდ, სიგარეტსა და ალკოჰოლზე ვერ ამბობდა უარს. დაე, თუ მისი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ეს ორი მეგობარი იქნებოდა, ლამაზი სხეულით მაინც დაიღუპებოდა. შეიძლება, მის სხეულს ჯერაც აჩნდა წარსული სიყვარულის ალერსის კვალი, რომელიც შიშველ მკერდზე შემოჰხვევდა ხოლმე თავის კუნთებიან მხრებს და შეეძლო ასე გაუნძრევლად მჯდარიყო მთელი დღე. ენატრებოდა ქალღმერთს ქაცის გამალებული ოხვრა და მისი ცხელი სუნთქვა, რომელიც მხრებზე ხვდებოდა ვნებააშლილი ალერსისას. ენატრებოდა კაცის თმებში ახლართული თავისი ხელები, რომლებიც დღემდე გრძნობდნენ საყვარელი ადამიანის შეხებით მოგვრილ წარსულის სიამოვნებას. მოგონებებიღა შერჩენოდა ქალღმერთს და რას არ იზამდა, რომ საკუთარი თავითვის ბედნიერების უფლება კვლავაც მიეცა. სველი სხეული შეიმშრალა და კვლავ შეუდგა წიგნის კითვას: „ივანე ადგილს ვეღარ პოულობდა. სურდა, რომ რაც შეიძლებოდა, შორს დაეჭირა თავი ქალისგან, რომელიც საოცრად მიუღწეველი და ამავე დროს, საოცრად მიმზიდველი იყო მისთვის. ორი დღე გაძლო ისე, რომ კატალინას ნახვა არც კი უცდია, თუმცა მზერა მაინც ეპარებოდა პატარა რესტორნიდკენ, სადაც ყოველ შემსვლელ მანდილოსანზე ბრაზი მსდიოდა და გაუკონტროლებელი ეჭვიანობის განცდა იპყრობდა უმიზეზოდ. საღამოს, როდესაც სახლში ბრუნდებოდა, რესტორნიდან გამომავალ კატალინას მოჰკრა თვალი. მანქანით არ იყო როგორც ჩანს, ცოტათი კოჭლობდა და წარბებიც უკმაყოფილოდ შეეჭმუხნა. ივანემ ვერ მოითმინა, რომ ქალი უყურადღებოდ დაეტოვებინა. მანქანა გააჩერა და გადმოვიდა. - კატალინა - დაუძახა ქალს და მიუახლოვდა. - გამარჯობა - გაუღიმა ქალმა. - ფეხზე რა გჭირს? - გადამიტრიალდა და ცოტათი მტკივა. იმედია, სამუდამოდ კოჭლი არ დავრჩები. - გაგიყვან სახლში. - შეამჩნიე, რომ ჩემი მანქანა აქ არ აყენია? - ეშმაკურად გაეღიმა ქალს. - ჰოო, მაგრამ შეგიძლია ჩემს გამოჭერებს შეეშვა და უბრალოდ ჩაჯდე. - კარგი, ოღონდ დამეხმარე. კაცის მხარს ჩამოაყრდნო თავისი წვრილი, გრძელი თითები. ივანეს პარალიზებულივით გაუჩერდა წამით სუნთქვა, შემდეგ კი თავი ხელში აიყვანა და დაკოჭლებული ქალი მანქანაში ჩასვა. - წითელი ქუჩის მეოცე ნომერში გამიყვანე. - მანდ ცხოვრობ? - თვალები გაუფართოვდა კაცს. - ჰო, რამდენიმე დღის წინ გადავედი. რა მოხდა? - მე ოცდამერვე ნომერში ვცხოვრობ. - მეზობლები ვართ? - ღიმილი გადაეფინა ქალის მშვენიერ სახეს. - ჰოო - ძალიან გაეხარდა ივანეს, მაგრამ შემდეგ კატალინას სექსუალური ორიენტაცია გაახსენდა და იფიქრა, რომ ღმერთმა ყველაფერი გაიმეტა მისთვის, ყველაფერი, გარდა მთავარისა. დანიშნულების ადგილას მიყვანისას, მანქანიდან გადმოსვლაშიც დაეხმარა. - აქედან მე თვითონ მვოახერხებ რამეს - უთხრა ქალმა, როდესაც სადარბაზოსთან მივიდნენ. ლიფტთი არ მუშაობდა. - დარწმუნებული ხარ, რომ მოახერხებ? - გაეცინა ივას. - არ ვარ დარწმუნებული - თქვა შეწუხებული სახით. - მეთექვსმეტე სართულზე ვცხოვრობ და ლიფტი გაფუჭებულა. ივანეს მხოლოდ ერთი შეკითხვა ჰქონდა : „რატომ ღმერთო?“ თან ყველაზე შესაფერისი დრო იქნებოდა ასეთი მომენტები ქალის ახლოდან გასაცნობად, თავის მოსაწონებლად, თავისი სიძლიერის გამოსახატავად, მაგრამ რატომ? რატომ არ ჰქონდა ამ ყველაფერს აზრი? - ხელში აგიყვან - დაიხარა ივანე. - არა, არა, გაგიჟდი? - გადაიხარხარა ქალმა. - ამდენს ვერ გატარებ, უსამართლობაა. - რა სისულელეა კატალინა. კაცი ვარ თუ ქათამი? - ქათამს ნამდვილად არ ჰგევხარ, პირიქით, გეტყობა, რომ ძლიერი ხარ. - ამას კომპლიმენტად მივიღებ. - მის სხეულთან ახლოს მივიდა და უხერხულად შემოჰხვია ზურგზე ხელი. ხელში აღარ აუყვანია. კატალინას ასეთმა მძაფრმა რეაქციამ მიახვედრა, რომ ეგ ალბათ ზედმეტი იქნებოდა. თექვსმეტი სართული რომ ქოშინით აიარეს, ქალმა მადლიერი მზერა მიაპყრო ივანეს. - შემოდი, რამე დავლიოთ... - სთხოვა უხერხულად. ივანე ხვდებოდა, როგორ დაუკითხავად იპარებოდა რაღაც ამოუცნობი გრძნობა მის გულში ყოველთვის, როცა კატალინას უმზერა. ყოველწამიერად უფრო ძლიერად იძირებოდა ქალის მშვენიერებაში და უარის თქმასაც აღარ ჰქონდა აზრი, რადგან ახლა რომ უარი ეთქვა, ღამ-ღამობით, როცა ემოციები მოიცვავდა, საკუთარ თავს დაადანაშაულებდა ვერგადადგმული ნაბიჯის გამო. - შემოვალ - გაუღიმა ქალს და მის სახლში შეაბიჯა დაკოჭლებულ სახლის პატრონთან ერთად. - ვისკი მაქვს, როგორც ყოველთვის, წითელი ღვინოც... - ვისკი - ფიქრის გარეშე უპასუხა ივანემ და ქალის მყუდრო ბუდეს შეავლო თვალი. ძალიან ლამაზად და გემოვნებით მოეწყო. ფანჯრების მაგივრად ჩასმული უჩარჩო გამჭვირვალე მინები მთელი ქალაქის ხედს იტევდა. ძალიან შეშურდა კაცს ქალის მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები მეზობლების, რომლებიც ზოგჯერ მაინც ხედავდნენ ალბათ ყველაზე უბრალო სახლის ფორმაში გამოწყობილ მშვენიერებას, რომელიც ოთახებში ასე გრაციოზულად დააბიჯებდა. ივანეს თვალები გაუფართოვდა და ქვედა ტუჩზე შეუმჩნევლად იკბინა კმაყოფილებისგან - თავისი კორპუსიც მოჩანდა აქედან... თან საკმაოდ კარგად. ეს კი დაახლოებით იმას ნიშნავდა, რომ ივანეს სახლიდან უკეთ გამოჩნდებოდა სრულიად მინით შემოსილი სახლის კედელი, რომლის გამჭვირვალე სივრცის მიღმა შეეძლო, თავისი ოცნების ქალი დაენახა. მაგრამ ჯანაბდა! ეს ხომ საოცრად მანიაკურად ჟღერდა! ქალმა ბროლის ჭიქაში ჩაუსხა თავისი ნატიფი ხელებით სასმელი და ღიმილით მიაწოდა. - ლამაზია ხო? - ჰკითხა ხედზე. - არ მიყვარს, როცა ყველაფერი ხელისგულივით ჩანს. ასე მგონია, რომ ჩემს ცხოვრებას უთვალთვალებენ ხოლმე - გამოუტყდა ივანე - მაგრამ ძალიან ლამაზია. - მეც მქონდა თავიდან სივრცის შიში, მაგრამ შემდეგ შევეჩვიე. მთავარია მარტო ვიყო და სხვა არარაფერი მადარდებს. - რატომ? - არ ვიცი, მარტოობაში ვიპოვე გასაქანი. ბავშვობიდან მიყვარდა, როცა სახლში ჩემი ფეხის ნაბიჯებს აყოლილი სხვისი ხმა არ ისმოდა. - გულდასაწყვეტი განცხადებაა ასეთი მშვენიერი ქალისგან - ბაგეები ღიმილის ნიშნად გაატოკა ივანემ და კვლავ ერთი ყლუპი ვისკი დალია. - და შენ? გიყვარს მარტოობა? - ძალიან. ყველაზე ბედნიერი მხოლოდ მარტოობისას ვარ და ამის გამო, ალბათ მეგობრები აუტანლად მთვლიან. - იმის გამო, რომ მარტო ყოფნას არჩევ მათთან ყოფნას? - ჰოო. ვცდილობ, შეუმჩნეველი იყოს ჩემი ეს საშინელი სურვილი საკუთარ თავთან განმარტოების და შუაღამისას, როცა მათთან ერთად ვერთობი, მაქსიმალურად დამაჯერებლად ვიკატუნებ თავს, თითქოს რაღაც მნიშვნელოვან საქმეზე მირეკავენ და მეც გავრბივარ. სინამდვილეში კი სახლში გავრბივარ. - აღიარა კაცმა. - მესმის - გაეცინა კატალინას - მეც ხშირად მაქვს მსგავსი შემთხვევები. რატომ უნდა სვა ალკოჰოლი ათ გალეშილ მეგობართან ერთად, როდესაც შეგიძლია, სახლში ხალათისამარამ ერთი ბოთლი წითელი ღვინო თვალის დახამხამებაში გამოცალო და კარგ შავ-თეთრს ფილმს უყურო, ან წიგნი წაიკითხო. - მხოლოდ შენ თუ გამოუძებნე ჩემს დამპლურ საქციელს გამართლება. - იქნებ, მეც ეგეთი დამპალი ვარ და მაგიტომ. - სულაც არ ხარ... - შენ ძალიან წყნარი ხარ - მიუგო მოულოდნელად ქალმა - სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, დარბაისელი, გაწონასწორებული და თავშეკავებული. შეიძლება, შენი ხასიათის ეგ შესაშური თვისებებიცაა იმის მიზეზი, რომ გართობა და ყველაფრის თავზე დამხობა არ გიყვარს. - შეიძლება - ცალი ტუჩით გაეღიმა კაცს და გაწითლება მისი დამახასიათებელი თვისება რომ ყოფილიყო, ახლა ჭარხალს ემგვანებოდა - და ფეხი როგორ გაქვს? - როცა ვზივარ და ფეხები ჰაერში მაქვს, არ მტკივა, თუმცა სიარულისას ძალიან მტკივა. - მემგონი, სჯობდა ექიმთან წავსულიყავით. - არაფერია, მალე გამივლის ალბათ. ხვალამდე თუ არ გამიარა, წავალ. - მე წაგიყვან. - ივანე, არაა საჭირო - მოგუდული ღიმილით გააქნია თავი ქალმა. ღამესავით შავი თვალები ისე მიანათა, გეგონება სულის წართმევას ცდილობდა კაცისგან. და მართლაც მიჰქონდა ივანეს სული თავისთან. მიჰქონდა ისე შეუმჩნევლად, ისე თავბრუდამხვევად, რომ წინააღმდეგობის გაწევის ყველა სურვილი დაეკარგა კაცს. ის მთელი თავისი არსებით დანებებული და მინდობილი იყო მშვენიერ ქმნილებას, რომელიც სულისა და გრძნობების წურბელა გამხდარიყო მისთვის. - ნუ იცით ხოლმე ქალებმა, არაა საჭირო და მსგავსი რაღაცეები. - მსგავსი რეები? - გადაიხარხარა კატალინამ. - არ შეწუხდე, ნუ იხარჯები, ნუ იხდი... - ნუ იხდი? ტანსაცმელს? - გამხიარულდა ქალი. - არა, ფულს. - ვიცი, მივხვდი. - კატალინა, რაღაც უნდა გკითხო - ღრმად ჩაისუნთქა ივანემ და ქალს თავისი ზღვასავით ღრმა თვალები მიაპყრო. - გისმენ. - მართლა ქალები მოგწონს? - ჰოო. რა არის, ამაში ცუდი? - შენთვის არაფერი. - შენთვის? - კატასტროფაა შენი ყურება ჩემთვის და იმის გაცნობიერება, რომ პაემანზე ვერასდროს დაგპატიჟებ. - მერე არ მიყურო. ივანემ სახეზე ხელები აიფარა. - ასე გელაპარაკო? - ნუ დამცინი... - აბა, მართლა აღარ გიყურო? - მიყურე, უბრალოდ...- ქალმა ამოიოხრა - ივანე, შეუძლებელია ასე ცოტახანი იცნობდე ადამიანს და უკვე მისი ცქერა გჭრიდეს თვალს. სავარაუდოდ, რასაც შენ გრძნობ, მხოლოდ გარეგნული სილამაზით გამოწვეული ვნებაა, რომელიც ცოტათი გაგაწამებს და მალევე ჩაცხრება. - გგონია, რომ მხოლოდ შენთან დაწოლა მინდა? - ჰო, შეიძლება. - არამგონია - უარჰყო კაცმა - ძირითადად, მარჯვენა წარბს სწევ ხოლმე, როცა გაბრაზებული ხარ. ისე გაქვს სახის მიმიკები შეჩვეული, რომ ზოგჯერ უბრალოდ ფიქრის დროსაც თავისით იწევა ეგ ჯიუტი. ვისკის ჭიქას ჯერ რამდენიმე წამით უყურებ, შემდეგ ნელა სვამ და თან სიგარეტის ნაფასს აყოლებ - მოგწონს ალკოჰოლი და მოსაწევი ერთად. ასეთ დროს, საკუთარ თავს დაკვირვებით ადევნებ ხოლმე თვალყურს და რამე რომანტიკულ ვითარებას წარმოიდგენ მაგალითად, ვითომ ფილმის მთავარი პერსონაჟი ხარ ან თუნდაც წიგნის. ვგრძნობ, როგორ აღწერ ხოლმე გარემოს და შენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს გულში, ფიქრებში და ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ საოცარი რომანტილული სულის პატრონი ხარ.... ამის შემდეგ კი, იმედი მაქვს, აღარ იტყვი, რომ მხოლოდ შენი გარეგნობა მხიბლავს, რადგან გარეგნობის გარდა, თითოეული მიმიკისა თუ ჩვევის სადარაჯოზე გიდგევარ ერთგული გუშაგივით. - დაასრულა ივანემ. კატალინა გაოგნებული, გაშეშებული უყურებდა. თითქოს, შური იძია კაცმა ყველა იმ მონუსხული წამისთვის და გადაწყვიტა, რომ ახლა ქალი დაეტოვებინა ისეთივე აღტაცებული, როგორც თავად იყო უწინ. - მაპატიე, მეჩქარება, უნდა გავიდე - თქვა კაცმა და უსიტყვოდ დარჩენილ ქალს ლოყაზე აკოცა. - კ..კ.არგი - ენა დაება კატალინას. - შეხვედრამდე. შემიძლია, ხვალ ჩამოსვლაში დაგეხმარო თუ რა თქმა უნდა, შენი შეყვარებული არ გაბრაზდება. - მშვენიერი ხერხია იმის გასაგებად, მყავს თუ არა შეყვარებული, ივანე - ცალი წარბი ასწია ქალმა და მერე ორივეს გაეცინა. - ნამდვილად კარგი ხერხია - დაემოწმა ივანე. - მეგობარი გოგონა არ მყავს - ისევ მაზოლზე დააჭირა ფეხი კაცს. - ჯანდაბა! ქალების მოდგმას შემაძულებ. - და დახმარება არ დამჭირდება, ლიფტს აამუშავებენ, თან მანქანას ჩემი მძღოლიც მომიყვანს, ხელოსანთან წავაყვანინე. - ახლა სრულად უარჰყოფილი ვარ. - ჩაიბურდღუნა ივანემ * * * ივანეს მეგობრის რჩევა აღარ სჭირდებოდა. თავად უკვე გადაწყვიტა, რომ ყველაფერი ეღონა თავისი გრძნობის გასაორმხრივებლად, რადგან გრძნობდა, ამის შანსი ჰქონდა. ჯერ მხოლოდ კატალინას თვალებში ამოიკითხა მამაკაცის მიმართ გაჩენილი დაუოკებელი ინტერესი და პატარა სხივი, რომლის გაზრდის შედეგადაც, დასახულ მიზანს ადვილად მიაღწევდა. ივანეს ყველაზე ერთგული და სანდო მეგობარი პოეზია იყო და გადაწყვიტა, რომ სწორედ ამ მეგობრის დახმარებით გაედგა სასურველის ქალის გულში ფესვები. მომდევნო დღეს, როდესაც ძუნწად და მომაბეზრებლად ჩამოუშვეს ღრუბლებმა წვიმის გამჭვირვალე წვეთები და მთელი ქალაქი ამოუხნელი წვიმის მწუხრმა მოიცვა, ქალი თავის პატარა რესტორანში შედიოდა, პატარა ცისფერთვალება მიჭმა გააჩერა უცებ. - დეიდ... უკაცრავად, ქალბატონო - ჩაახველა სერიოზულად და თეთრი ვარდების მშვენიერი ბუკეტი გადასცა. - ეს ვისგან? - იკითხა კატალინამ სიცილით. - ვიღაც კაცმა გამომატანა და დამავალა, დამეკონკრეტებინა, რომ კაცისგანაა საჩუქარი. - დაახლოებით ვხვდები, ვისგანაცაა - გადაიკისკისა კატალინა, მეზობელ ბარს ღიმილნარევი ეჭვით შეხედა. - მადლობა. - მე თუ მკითხავთ, ხელიდან გასაშვები ვინმე არაა. ერთი თაიგულის გადმოცემისთვის იმდენი ფული მომცა რომ.... - მერე დაფიქრდა თავის კითხვებზე - უკაცრავად, ზედმეტს ვლაპარაკობ. უკან დაიხია და გაიქცა. კატალინას კვლავ გაეცინა, რესტორანში შესულმა თაიგულიდან პატარა კონვერტი ამოაძვრინა: „გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა, გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები, მაგრამ ვერ გხედავ როგორც სიცივეს. გათავდა აღარ ჩამოგეხსნები, არც მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე-სულში. ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც... შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ-ოთახში ჰაერზე მეტი! არასდროს შემეძლო საკუთარი გრძნობების სიტყვებით სათანადოდ გადმოცემა და იმედია, არ გამიწყრები თუ იმათ დავიხმარ, ვინც ყველა ემოციასა თუ განცდას, ლექსებში ჩემზე უკეთ ატევდა.“ კატალინას ყურებამდე გაეღიმა. პატარა ბავშვივით თვალებგაბრწყინებულმა საჩქაროდ მონახა ლამაზი ლარნაკი და ვარდები დიდი მონდომებით ჩაალაგა. - ვინაა ის ბედნიერი, რომელსაც საჩუქრის თავზე გადალეწვის მაგივრად, ასეთ წრფელ ღიმილს სჩუქნი? - ჰკითხა მენეჯერმა ნინომ. - ჩვენი რესტორნის გადაღმა რომ ბარია ხომ იცი? - ივანე? - წამშივე გაუფართოვდა თვალები ნინოს. - საიდან მიხვდი? - რამდენჯერმე დაგინახეთ ერთად, მაგრამ არ მეგონა, ასე სერიოზულად თუ ჩაუვარდებოდი გულში. - კარგი რაა. უბრალო ყვავილებია - თავი იმართლა ქალმა და ივანეს წერილი ჩანთაში ჩამალა სასწრაფოდ - ყვავილები იმას არ ნიშნავს, რომ გულში ჩავუვარდი. - მაგისგან ნიშნავს... შენ არ იცი, რამდენს სდომებია მაგ კაცის ყურადღების დამსახურება ან გულის მოგება, მაგრამ ყინულივით ცივი იყო. გრძნობებს ძალიან ძნელად გასცემს და არც სანაცვლოდ სჭირდება რამე განცდები სხვებისგან. - მშვენიერია - არხეინად გაეღიმა კატალინას და კმაყოფილი სახე მიაპყრო ხალხით გადაჭედილ პატარა რესტორანს. ყველაფერი იმაზე სწრაფად და იმაზე უკეთ ვითარდებოდა, ვიდრე მას წარმოედგინა. თითქოს, ქალის გეგმებმა მეორე პლანზე გადაინაცვლეს და ცხოვრებას მიჰყავდა კატალინა დანიშნულების ადგიალმდე, სადაც კბილი კბილის წილ იქნებოდა, სამართალი კი საბოლოოდ შეჭამდა პურს. კატალინა ივანეს ბარში შევიდა. სახეზე მოუთმენელი ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. ივანე კი მეგობრებთან ერთად, ერთ-ერთ მაგიდასთან იჯდა, თუმცა ამჯერად, არც ვისკის სვამდა და არც რომს. - ის გოგო - წამოიძახა გეგამ და ხელის გაშვერაც დააპირა, მაგრამ მერე აზრზე მოვიდა, რომ ეს საკმაოდ ცუდი მანერა იქნებოდა. - კატალინა - ჩაილაპარაკა ივანემ და წამოდგა. ღიმილით მიუახლოვდა ქალს. - მომეწონა - ახარა ქალმა. - ისიც მომეწონა, რომ ჭილაძის ლექსები მოგწონს... და თეთრი ვარდებიც. - რა ვარდები? - სახე შეეცვალა კაცს. - რა? - კატალინა დაიბნა. - არაფერი, დაივიწყე. ვიღაც...შენ მეგონე....ვარდები. ივანეს გაეცინა. - ჰო, მე გამოგიგზავნე. - აუ, გული გამისკდა... - რატომ, იქნებ მიმზიდველმა ქალბატონმა გამოგიგზავნა? - არც ერთ მიმზიდველ ქალბატონს არ ვიცნობ, რომელიც ლექსსაც მოაყოლებდა, ამიტომ, შეწყვიტე ჩემთვის ეგეთი რამეების ჩაწვეთება. - კარგი, მაპატიე. დალევ რამეს? - არა, ამ ბოლო დროს, ისედაც მოვუხშირე სმას და არ მინდა, ჩემზე ჭორები გავრცელდეს, რომ ალკოჰოლიკი ვარ. - ნაკლებალკოჰოლური კოქტეილი? - ეგ შეიძლება. - პინაკოლადას დალევ? - არასდროს გამისინჯავს. - ნუგო, პინაკოლადა გაუკეთე ქალბატონს - სთხოვა ივამ ბარმენს. იმ წამს, ორი ახალგაზრდა ქალი შემოვიდა. ივანეს გაუღიმეს და მისკენ წამოვიდნენ სახეგაბადრულები. ერთს უფრო ნაზი გარეგნობა ჰქონდა, ქერა და თაფლისფერთვალება იყო, მეორეს კუპრივით შავი თმა მოკლედ შეეჭრა, თვალებში კი მუქი ეშმაკები დასთამაშებდნენ. ოპივე უმშვენიერესი იყო, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული სილამაზით. - ერთობი? - ჰკითხა ქერა გოგონამ ივანეს და კატალინასაც ნაზად გაუღიმა. - არა, ხომ იცი, რომ მე და გართობა, ცოტა შორს ვართ. ამ დროს, კატალინამ საყვედურის ნიშნად ჩაახველა. ივანე, მხოლოდ ახლა მოეგო გონს. - მაპატიე, რა სულელი ვარ - უხერხულად გაეცინა კაცს - ეს კატალინაა... ეს კი ლაურენი (ქერა) და თათო (შავგვრემანი)... გაგიკვირდება და დები არიან. - სასიამოვნოა - გაეღიმა კატალინას და გოგონები გადაათვალიერა. - ჩვენ მაგიდასთან დავსხდებით - მიუგო გუნებაწამხდარმა ლაურენმა და დასთან ერთად დაიკავა ადგილი. - საბრალო - ჩაიჩურჩულა კატალინამ. - რატოა საბრალო? - ჰკითხა ივანემ. - მინიმუმ მოსწონხარ. დამინახა თუ არა, ეგრევე სატირლად გაამზადა სახე. - რა სისულელეა, ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ. - წარბები შეჭმუხნა ივანემ. - ჰო, რა თქმა უნდა, ისე გემეგობრება, როგორც შენ მე მემეგობრები. - შანს არ უშვებ ხელიდან, რომ არ მიკბინო. სხვათაშორის, მისი დაც შენნაირია და პაემანი ხომ არ მოგიწყოთ? - გაბრაზდა კაცი. მერე წამით კატალინა წარმოიდგინა თათოსთან ერად და იგრძნო, როგორ ჩამოუფხაჭნეს გული ვიღაცის უხილავმა ფრჩიხლებმა. - ჩემნაირი - განაწყენებით გაიმეორა კატალინამ ივანეს სიტყვები და გულხელი დაიკრიფა. - მაპატიე, ზოგჯერ შესაბამისი სიტყვების პოვნა მიჭირს. განსაკუთრებით მაშინ, როცა იმას ვესაუბრები, ვინც სულ ერთი არაა ჩემთვის. - როცა ასე იბნევი და იმასთან ლაპარაკობ, ვინც სულ ერთი არაა შენთვის, ძალიან საყვარელი ხარ - ახარა ამოუცნობი ღიმილით სავსე ქალმა... * * * მომდევნო დღეებში, ყველაფერი იცვლებოდა. კატალინას მიმართ, სიყვარულის საოცრად დამქანცველსა და მტანჯველ გრძნობას გაედგა ივანეს გულში ფესვები. ფესვები კი დღითიდღე უფრო იზრდებოდა, ძლიერდებოდა... ივანე არ იყო უბედური, რადგან ეს გრძნობა რაღაც სიახლის, ახალი ცხოვრების დაწყების მაცნე იყო. მოსწონდა ის შეუდარებელი განცდა, როდესაც საათობით უცდიდა, როდის მოჰკრავდა თვალს რესტორნიდან გამომავალ ან მასში შემავალ კატალინას. ამ ლოდინის ჟამს კი მის მუცელში პატარა, თინეიჯერი ბიჭის დამახასიათებელი ამოუცნობი სიმხურვალე და მოსიარულე ათასგვარი მწერები ისადგურებდნენ. ხშირად ხედავდა ხოლმე. ხშირად ვახშმობდნენ ერთად, ხშირად ცდილობდა ქალის გაცინებას, ხშირად უგზავნიდა ლექსებიან თაიგულს... ერთ მშვენიერ დღესაც, ქალმა უკვე ამაყად, საოცარი სითამამითა და დაუმორჩილებელი სიხარულით შემოაჭრა ივანესთან. - შენი გოგო მოვიდა - ანიშნეს გეგამ და სანდრომ. მეგობრებს მოუბოდიშა. ქალისკენ გაემართა ბედნიერი. - რაღაც უნდა გითხრა - მიახალა ქალმა და ლოყაზე აკოცა. - გისმენ. - მოკლედ, ამ ბოლო დროს, ჩემს ბარში იცი ვინ დადის? - არა. - თათო... და მთხოვა, რომ მასთან ერთად პაემანზე წავსულიყავი. - მერე? - საოცრად შეეცვალა სახის გამომეტყველება კაცს. თავზარდამცემი ეიფორიის დამალვა სურდა და კარგადაც გამოსდიოდა, რადგან მის უკმაყოფილო სახეზე გამოსახული ეჭვიანობის კვალი იმის მეასედი იყო, რა უბედურებასაც შინაგანად განიცდიდა. - დავთანხმდი, ოღონდ ერთი პირობით... - რა პირობით? - გეხვეწები, შენც დამთანხმდი რაა. - გისმენ კატალინა. - ორმაგი პაემანი. რას იტყვი ? მე და თათო, შენ და ლაურენი. თან ლაურენსაც მოსწონხარ. - ეუბნებოდა აღტაცებული - გთხოვ, მითხარი, რომ თანახმა ხარ რააა. - წავიდეთ სადაც გინდა - დანებდა გულდაწყვეტილი ივანე. მაინც არ შეეძლო კატალინასთვის რაიმეზე უარის თქმა. გარეთ ფერადი ყვავილების თაიგულით მორბენალი ბავშვი დადიოდა. კატალინას არ დაუნახავს, როგორ შევიდა ის ბავშვი რესტორანში და ივანესგან გამოგზავნილი ყვავილები მენეჯერს დაუტოვა, მაგრამ ივანემ ხომ იცოდა? თვითონ მოისყიდა ეგ ბავშვი თხუთმეტი წუთის წინ. ახლა კი იმაზე ფიქრი უწევდა, როგორ გადაეყვარებინა ქალი, რომელზეც თავისი გრძნობების მთელი კორიანტელი იყო დამოკიდებული. კატალინას ერთ ლაღ სიცილში შეეძლო მთელი სამყარო გაეცვალა ივანეს. წვიმით გაჟღენთილი მიწისა და გაზაფხულზე ტყეში ახლადამოსული იების სურნელს ჰგავდა ქალის ღიმილი, ქალის ამოსუნთქვა. ივანესთვის სუნთქვის ტოლფასი იყო მასთან საუბარი, უკუნით ბნელით მოცულ ქალის თვალებში ჩაძირვა და იმ შემაწუხებელი გრძნობის განცდა, რომელსაც სიყვარული ერქვა. იმ საღამოს უნდა წასულიყვნენ ორმაგ პაემანზე. კატალინა ბედნიერი იყო ივანეს თანხმობით. თავის რესტორანში შესულს, ყვავილები დახვდა და მოუთმენლად მიაცხრა მასში ჩამარხულ კონვერტს, რომელშიც ერთი სული ჰქონდა გაეგო, რა ლექსი ეწერებოდა: „მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ, მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი, ვერ იტყვი ჩემზე, გული არ აქვსო, მე გული მქონდა და შენ მოგეცი, მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ, მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი. მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს და სურნელებას შენი ტანისას, გაშლილო მზეო, გავსილო მთვარევ, ღაჟღაჟა ვარდო წინანდალისა, მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს და სურნელებას შენი ტანისას!“ კატალინას თვალზე ცრემლი მოადგა. ნუთუ უფლება ჰქონდა ასე ეწვალებინა მასზე ყურებამდე შეყვარებული კაცი? * * * იმ საღამოს, განსაკუთრებულად ლამაზი იყო კატალინა. თვალებში ისეთი სინათლე უბრწყინავდა, როგორც პატარა ბავშვს, საახალწლო ნაძვისხესთან რომ აღმოაჩენს თავის საჩუქარს. ვერ იჯერებდა, სხვა ქალი იყო მის გვერდით. ივანეს გვერდით კი სხვა. განსხვავებულ ღამის კლუბში იყვნენ, სადაც ყველაფერი გავარვარებულ სიგიჟეს მოეცვა და ცდილობდა ეცეკვა ისე, რომ მთელი თავისი გრძნობები გარეთ გამოეფრქვია. თათო საოცრად კმაყოფილი იყო. უხაროდა, რათა ასეთი ქალის შებმის შანსი მისცა ცხოვრებამ. ყველაზე ბედნიერი კი მაინც ლაურენი ჩანდა. თავისი ოცნების მამაკაცთან ხელკავგაყრილი იდგა და როცა გარშემო ყველა ცეკვავდა, ის სიყვარულით მიაპყრობდა ხოლმე თავის ნაზ გამოხედვას ივანეს. აქამდე, მხოლოდ მეგობრობა ერქვა მათ ურთიერთობას. ახლა კი დრო დადგა, როდესაც ამდენწლიანი ტანჯვისა და ფარული ტრფობის შემდეგ, ცხოვრებამ მასთან ერთად ყოფნის ბედნიერება მიანიჭა. - დავლიოთ? - ჰკითხა ივანემ, როცა ლაურენთან განმარტოვდა და სურდა, რომ კატალინასთან მოარშიყე თათოსთვის ყურადღება აღარ მიექცია. - რა თქმა უნდა - უპასუხა ლაურენმა ბედნიერად. - იცი, არ მეგონა რომ პაემანზე დამპატიჯები. - მიუგო ქალმა დარცხვენილი სახით. ატმისფერი ლოყები ოდნავ შეუწითლდა და თვალები მორცხვად დახარა. ივანე იმაზე დაფიქრდა, როდის დავპატიჯე ნეტავო... ეს ხომ კატალინამ გააკეთა მის მაგივრად. - რატომაც არ უნდა დამეპატიჟე? - მაქსიმალურად ეცადა კაცი, რომ გაეღომა. მემგონი, მართლაც მომღიმარი სახე ჰქონდა საუბრისას. - რა ვიცი. ამდენი წელია გიცნობ და... მოკლედ, არ მინდოდა, ცუდად გაგეგო და ამიტომაც, არასდროს გადმომიდგამს პირველი ნაბიჯი. - ჰო, მესმის. ჩემი ხასიათის შემხედვარე, ალბათ ძალიან შეშინებული იყავი. - არა, პირიქით. მე ძალიან მომწონს შენი ხას... - წამით შეკრთა ქალი და თვალებში ჩახედა თავისი ოცნების კაცს - შენი ყველაფერი მომწონს.... - ვის უყურებ? - ჰკითხა თათომ კატალინას, რომელიც თავის გუნებაწამხდარ მზერას ვეღარ აკონტროლებდა და უმისამართოდ, განრისხებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით, ოღონდაც კი ივანეს და ლაურენის მომღიმარე, თვალებმოჟუჟუნე სახეები არ დაენახა ერთმანეთზე მიპყრობილი. - არაფერს - თქვა უგუნებოდ და ერთი ჭიქა არაყი წამში გადაჰკრა. - ძალიან გამიკვირდა, როცა აღმჩნდა, რომ.. ნუ ხომ ხვდები? - როცა აღმოჩნდა, რომ ქალები მიზიდავს? და როდის აღმოჩნდა? - გამწარებული მზერა ახლა თათოს მიაპყრო. - აბა, რატომ დამთანხმდი პაემანზე? - გაუკვირდა ქალს. - მე არ მითქვამს, ლესბოსელი ვარ მეთქი და არც ის მითქვამს, რომ არ ვარ! - ნუ მიბრაზდები - ჩაეცინა თათოს - რაღაცნაირად მომწონს, შენი შეუპოვარი ხასიათი. იმის ჟინს ბადებს ჩემში, რომ ვიბრძოლო, შეგაბა და ცოტა მიუწვდომელი ქალის მოპოვება შევძლო. - ღმერთო ჩემო - თვალები გადაატრიალა კატალინამ - თავი თევზი მგონია. - საწყენად არ მითქვამს. - ვიცი. ივას და ლაურენის მომცინარ სახეებს შეხედა და კიდევ ერთხელ გადაჰკრა დამატებითი ჭიქა. და ასე გრძელდებოდა დაახლოებით ერთი საათი. რამდენჯერაც ნერვები ეშლებოდა, იმდენჯერ სვამდა, შემდეგ წყნარად, მარტო ცეკვავდა და თათოს ყოველ მცდელობას, რომ კატალინას ცეკვისას შეჰხებოდა, გულგრილად, უმოქმედოდ ტოვებდა. მხოლოდ უკმაყოფილო სახით გახედავდა ხოლმე და უკვე ფიქრობდა, რომ კაციც და ქალიც, ორივე ერთნაირად შემაწუხებელია. - მემგონი, სჯობს წავიდეთ არა? - გასძახა ლაურენმა თავის დას. - ვერ ერთობით? - შეუმჩნეველი ირონიით ჰკითხა კატალინამ და ივანეს მიუახლოვდა. - ვერთობით, მაგრამ ხვალ დილას სასტუმრო ედემში ვიკრიბებით საქველმოქმედო ფონის წევრები. სხვათაშორის, კარგი ადგილია, შენც წამოდი, ზედმეტი მოსაწვევი მაქვს - შესთავაზა ივანემ. - ჰო, წამო რაა - სთხოვა თათომ - ჩვენ მიწვეულები ვართ. მშვენიერი სასტუმრო და გოლფის სათამაშო მოედანია. - საქველმოქმედო შეკრებაზე გოლფის სათამაშოდ დადიხართ? - ვერ მიხვდა კატალინა. - ჰო, რა მოხდა? ვიკრიბებით ხოლმე ბიზნესმენები, მომავლის გეგმებს განვიხილავთ. მაგალითად, წლის განმავლობაში რას გავაკეთებთ - მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლს, ავადმყოფი ადამიანებისთვის გამოვყოფთ სახრებს, რომ მკურნალობა დავაფინანსოთ და მსგავსი რაღაცეები. შემდეგ კი, ყველა ერთად ვერთობით. - არაგიშავთ, კეთილები ყოფილხართ - გაუკვირდა კატალინას - და თქვენ რისი ბიზნესი გაქვთ? - ჰკითხა დებს. - კაზინოსი - უპასუხეს ერთხმად. - ხალხს ყვლეფთ და მერე ეხმარებით თუ რა ხდება? - დაახლოებით ეგრეა - თქვა ლაურენმა სიცილით. ცოტახანში, ისე მოხდა, რომ დები ერთად წავიდნენ, კატალინა კი ივანეს გაჰყვა. საჭესთან ვერ ჯდებოდა, რადგან მაარჯვენა ფეხი ჯერ კიდევ სტკიოდა, მარცხენათი კი საჭესთან ყოფნისას, პედლები ერეოდა. გზაში, რაღაც გაბუსხული, განაწყენებული იჯდა და თან ვერც გამოხატავდა თავის სიბრაზეს. თავად მოინდომა იმ პაემანზე წასვლა და თავადვე მიუსაჯა ივანეს სხვასთან ყოფნა, ასე რომ, არანაირი უფლება არ ჰქონდა, ეეჭვიანა. - რა გჭირს, არ მეტყვი? - ჰკითხა კაცმა მხიარულად. უკვე ხვდებოდა, ქალის მოწყენილობის მიზეზს და საოცარი ეგოისტური სიხარული ეპარებოდა გულში. - რა მჭირს? - რა ვიცი, გაბრაზებული მეჩვენები. - არაფერი... უბრალოდ, ნერვები მომიშალა თათომ. ცეკვისას, ხელების ფათური მოუნდა. ძალიან მესაკუთრეა, ეტყობა. უკვე ეგონა რომ რაიმე ვალდებულებები გვქონდა ერთმანეთის წინაშე. გაგიჟდება კაცი. ეს ხომ პირველი პაემანი იყო და თან პაემანიც არ ერქვა? მან კი ეგრევე დომინანტის როლი იკისრა. ნურას უკაცრავად! დომინანტი მე ვარ! ყველგან და ყოველთვის! - სიბრაზისგან ვერ ჩერდებოდა ქალი. სინამდვილეში კი, არ იცოდა, როგორ გამოეხატა რომ ივანეს და ლაურენის ფლირტი სტკენდა გულს. - მაპატიე, ვერ ვერკვევი მაგ ქალურ რაღაცეებში. ვერც წყვილების პრობმელებში ვერ ვერკვევი, მაგრამ თუ აღარ გინდა მასთან შეხვედრა, ხვალ ნუ წამოხვალ. - შენ მიდიხარ? - ჰო. - ლაურენი? - ეგეც მოდის. - მაშინ, წამოვალ! - განაცხადა ქალმა მტკიცედ. - გამოგიარო დილით? - რომელზე? - რვაზე. - კარგი... სახლშ მისულმა, მანქანიდან გადმოსვლამდე, სახე კაცისკენ წაატანა და ნაზად აკოცა ლოყაზე. ივანე სახეგაბადრული იჯდა. მაშინაც ვერ მიდიოდა, როცა კატალინა სადარბაზოში შევიდა და თვალს მოეფარა. უბრალოდ, განძრევაც აღარ შეეძლო, რადგან მისი გრძნობები თითქოს ერთად შეგუბებულიყვნენ, კაცის სათუთ გულს თავზე დასხმოდნენ და ერთხმად კატალინას სახელს ყვიროდნენ. მისი სხეული კი საკმარისზე მეტად გამოყოფნა ბედნიერების ჰორმონს. * * * მეორე დღე უცნაურად დაიწყო. კატალინასთვის უცხო იყო საქველმოქმედო ფონდი და მსგავსი ღონისძიებები. ზოგადად, უყვარდა ადამიანების დახმარება, მაგრამ არა ასეთი დიდი დოზით. თვლიდა, რომ არც ისეთი კარგი ადამიანი იყო, როგორიც სხვები, თუმცა მაინც საკმაოდ მოსწონდა საკუთარი თავი. სანამ სხვები თავის საქმეებს აგვარებდნენ, ქალმა ცხენზე ჯირითით მოიოხა გული, შემდეგ კი მოხუც იტალიელ ბიზნესმენთად ერთად გოლფიც ითამაშა. თავისი მშობლიური ენა გაიხსენა, რომლის გამოსათქმელადაც მისი პირის აპარატი ბუნებრივად ირგებდა სხვა ფორმას და უხეში სიტყვების მაგივრად, საოცრად გრაციოზულ გამოთქმებს აფრქვევდა. როდესაც ივანე და დები განთავისუფლდნენ, პატარა ბარში გადაწყვიტეს შევლა კატალინასთან ერთად. დიდი დარბაზი იყო, მაგრამ შუადღისას, სულ ცარიელი დახვდათ. გაეხარდათ კიდეც, მხოლოდ თვითონ რომ აღმოჩნდნენ იქ და არანაირი ზედმეტი თვალი არ მისჩერებოდათ. ლაურენი და ივანე განმარტოებით, ბართან იდგნენ. ქალს მშვენიერი თმა ჰქონდა. შეხების გარეშეც კი წარმოიდგენდა ადამიანი მისი კულულბის სიმსუბუქესა და სიხავერდეს. მინდვრის ყვავილს ჰგავდა ლაურენი - ნაზი და ნატიფი იყო. რამდენჯერმე მის ხელს შეახო კაცმა საკუთარი ხელი და რაღაც სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. საოცრად რბილი, სურნელოვანი კანი ჰქონდა. ვერ მოითმინა, მის მსუბუქ დალალსაც შეეხო ივანე, რომელმაც რაღაც უსიამოვნო გაახსენა, უფრო სწორად, ვიღაც უსიამოვნო. ვიღაც, ვინც ვერასდროს იქნებოდა ლაურენივით თბილი, მოსიყვარულე. ვიღაც, ვინც გველის თვალებს მიანათებდა ხოლმე ყოველთვის, როცა ივანეს სიყვარული მოსწყურდებოდა. საკუთარ თავთან კითხვა გაუჩნდა - ნეტავ კატალინას თმასთან შეხებისას, როგორი შეგრძნება დაეუფლებოდა? აუძგერდებოდა საკმარისზე მეტად გული თუ მთელს ტანზე ჟრუანტელი დააყრიდა პატარ-პატარა ჭიანჭველებივით. ასე, რომ ადვილად უნდა დაეძვრინა თავი კატალინას სიყვარულის მარწუხებისგან. არანაირი ზედმეტი წყურვილი, არანაირი გრძნობა. შეეძლო, მხოლოდ სექსი ჰქონოდა ამ მშვენიერ არსებასთან და მთელი სიძლიერით გამოეწოვა მისი სხეულისგან მარადიული სიამოვნების ტალღა. ლაურენი ცდილობდა ხშირად ჩაეხედა კაცის თვალებში. მართლაც არაფერი იყო იმაზე ლამაზი სანახავი, ვიდრე ივანეს თვალები. იფიქრა, რომ კოცნისას, ალბათ სახეზე მსუბუქად დაყრილი მამაკაცის წვერი ნაზად მიეხახუნებოდა ტუჩებზე. ივანე იღიმოდა, ლაურენს შესცქეროდა და იშვიათი ღიმილი გადაჰკვროდა სახეზე. ყველაზე გულწრფელი, მართალი, რაღაც უცნაური ღიმილი, აქამდე ასეთი ღიმილი არასდროს შეუმჩნევია ლაურენს მისთვის. თვალები უჩვეულოდ აენთობოდა, ზღვის მუქი და ღია მწვანე ფერები ერთმანეთში გადახლართულიყო. დაუფარავი სურვილი ტივტივებდა ზღვის ტალღებში. მისი მზერა გშეშებული მიშტერებოდა ერთ ადგილს, მაგრამ იმდენი რამის წაკითხვა შეიძლებოდა ამ მზერაში, იმდენი გრძნობის, რომელიც აქამდე არასდროს ენახა ქალს. ვერ კი იჯერებდა, რომ მას ეძღვენბოდა ივანეს შეფარული ღიმილი, ასეთი მიმზიდველი და ლამაზი. უმშვენიერესი იყო კაცი, ყველაზე მშვენიერი იყო, ვინც კი აქამდე უნახავს. ბედნიერი იყო ლაურენი, უზუმოდ ბედნიერი, პირველად ხედავდა ასეთ ამოუცნობ გრძნობებით მოცულ კაცს. საერთდაც რომ არ ელაპარაკა, სახეზე ყველაფერი ეწერა, ყველაფერი, რისი გაგებაც ოდესმე მომაკვდინებლად სდომებია. ქალი გაშეშდა, წყნარმა მუსიკამ აიყოლია მისი სხეული, ცეკვა მოუნდა, ცეკვა ისე, თითქოს ეს მისი ცხოვრების უკანასკნელი მომენტი იყო. წამით უკან გაიხედა, უკან გაიხედა და გაშეშდა. ერთ წუთში, ასრულებული ოცნებებით აშენებულ კოშკს საძირკველი გამოეცალა, ჯერ ერთი აგური ჩამოვარდა, შემდეგ მეორე, ყველამ პანტაპუნტით იწყო მიწაზე დანარცხება. ლაურენი მკვდარივით გაშეშდა, ბედნიერება სახეზე გაეყინა, როცა ის დაინახა. დაინახა ის, ვინც ერთი ხელის მოსმით დაუნგრია თავისი ლამაზი კოშკი. ისევ აგურები ცვიოდა კოშკიდან, მათ წვიმაში კი კატალინა იდგა... კატალინა ცეკვავდა იმ მუსიკის ჰანგებზე, რომელსაც, ეს ესაა, თავად უნდა აეყოლებინა ტანი საყვარელი კაცის გასაბედნიერებლად, მაგრამ კატალინამ დაასწრო. თვალებდახუჭული კატალინა მთელი არსებით ცეკვავდა. ისე, თითქოს არავინ უყურებდა. პირშისიგარეტგაჩრილი ქალი ნელა უშვებდა კვამლს ტუჩებიდან. კვამლში გახვეული მისი ნატიფი ტანი მუსიკაზე უკეთესად გადმოსცემდა მელოდიას. თავს წრიულად ჯერ ნელა ამოძრავებდა, შემდეგ უფრო მოუმატა ტემპს. თმა სახეზე ეყრებოდა, ირგვლივ მხოლოდ მისი თმა ჩანდა, თმა და კვამლი... თმა, რომელიც მთელს ოთახში სხვადასხვა მიმართულებით დაფრინავდა. თითქოს ყველა იქ მყოფს მისწვდებოდა მისი ტალღები. წითელ ტუჩებს სიგარეტის ბოლთან ერთად აცეკვებდა. ვიწრო ქვედაბოლოსა და მოკლე ბლუზს მოძრაობით ერთმანეთს აშორებდა, ამ მონაკვეთში ღრუბელივით ქათქათა მუცელზე ზოლებად დამჩნეული ნეკნები გამოანათებდა ხოლმე. ერთ მომენტში გაეცინა, სიცილის ხმამ მუსიკა გადაფარა, მხოლოდ მისი კისკისი ისმონა. ტუჩზე მადიანად იკბინა, გვარიანად შეათამაშა ცეკვისას ლამაზი საჯდომი. ლაურენმა იმ წამს, საოცარი სიძულვილი იგრძნო. ივანეს შეხედა, ისევ ისეთი გულისგამაჩერებელი გამოხედვა ჰქონდა, როგორიც წეღან, ლაურენს რომ იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა გულში და იმ მომენტშივე გამოჰგლიჯა ხელიდან. ეს მზერა არ იყო ლაურენის, რა სულელი აღმოჩნდა ქალი, როგორ გააცურა საშინელმა კაცმა, როგორ დააჯერა, რომ ბედნიერების დრო იყო მოსული. ახლაც ისე იდგა, არც კი რცხვენოდა. იდგა, როგორც დაჰიპნოზებული, დემონშეპყრობილი. კატალინას სიცილი ისევ ისმოდა დარბაზში. ლაურენი ვერ მიხვდა მართლა იცინოდა თუ უბრალოდ მას ჩაესმოდა ყურში ეს საზარელი ხმა, რომელიც გახევებული ივანეს მზერას უერთდებოდა და ბედნიერად, სინქრონულად დასცინოდნენ გაცურებულ ქალს. ახლა შეზიზღდა ლაურენს კაცის სახე, ის მზერა შეზიზღდა, რომელიც ყველაზე საამური სანახავი იყო წეღან მისთვის, მზერა, რომელიც მას არ ეკუთნოდა. იმ საშინელ ალქაჯს ეკუთნოდა, ის ალქაჯი ცეკვავდა ივანესთვის ლაურენის მაგივრად. ცეკვავდა და ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონია რაოდენ ბედნიერი უნდა ყოფილიყო, ცეკვავდა და არც კი იცოდა რა თვალები ეძღვნებოდა მის ლანდს. როგორი უსამართლო იყო ამ დროს ცხოვრება - კატალინას, რომელსაც არც კი უცდია კაცისგან ბედნიერების დაჭერა, თავად იპოვა ბედნიერებამ მისკენ მიმავალი გზა, ხოლო ივანეს გაცნობის დღიდან იმედის პატარა ხავსებს ჩაჭიდებული ლაურენი ასეთი გაწბილებული, გაყინული იდგა და უცქერდა საყვარელი კაცის სახეს, სახეს, რომელიც თავისი სილუეტის მიღმა, სხვის ოცნებაში გადავარდნილიყო. თათოც ღიმილით შესცქეროდა კატალინას, მაგრამ რა იცოდა, ვის ეძღვნებოდა მისი სხეულის ნაზი მიმოხვრა, მისი ვნებააშლილი სხეულის თამაში. - რა გჭირს? - ჰკითხა ივანემ თავჩაღუნულ ლაურენს, რომელიც თვალებთან მომდგარი ცრემლის ნაკადს ებრძოდა და ღმერთს ევედრებოდა, რომ ოღონდაც არ ეტირა და სხვაგან, ნებისმიერ ადგილას ამოეხეთქა ამ საშინელ ემოციებს. - იცი, სჯობს ჩემს ნომერში ავიდე, ძალიან მეძინება - თქვა წყნარად და სასწრაფოდ კაცს გვერდით გაუარა, უკან არ მოუხედავს. ბოლომდე გრძნობდა, რომ ივანე მიჰყვებოდა, ბოლომდე, სანამ კოშკი საბოლოოდ დაასრულებდა ნგრევას, მაგრამ კაცი არსად ჩანდა. საბოლოოდ, მხარზე იგრძნო ვიღაცის ხელი, რომელმაც სასწრაფოდ შემოაბრუნა უკან. იქნებ ჯერ კიდევ იყო რაღაცის იმედი? იქნებ, საბოლოოდ მაინც დაედევნა? თავისი და აღმოჩნდა.... - სად გაიქცნენ? - ჰკითხა გაკვირვებულმა კატალინამ ივანეს. - მემგონი ვიცი - ამოიოხრა ივანემ. - ზედმეტად ცუდად მოგაჩერდი და ალბათ დაინახა... ქალების ამბავი ხომ იცი, ვერაფერს გამოაპარებ. - თათოც გავიდა და იმის მაგივრად რომ დავედევნო, შვებით ამოვისუნთქე. - სჯობს მე დავედევნო. ბოლოს და ბოლოს, ჯენტლმენი ვარ. - ჯენტლმენი არა ის ხარ - წამით აენთო ქალი. - უფრო სწორედ, ნამდვილად არ მაწყობს შენი ჯენტლმენობა. - ანუ ეგ რას ნიშნავს? - არ მინდა, რომ დაედევნო... - აღიარა კატალინამ. - რადგან ძალიან მესაკუთრე ვარ. - ვერც შენ გაგიგე და ვერც იმათ - ამოიოხრა ივანემ. - შენი რაღატო დაფრთხა? - იმიტომ, რომ სხვას ვუყურებდი და თან, საკუთარ დას აუბა მხარი. - რა ბედნიერებაა სიმარტოვე - დააყოლა ივანემ და გულდამშვიდებული სახით დალია თავისი სასმელი. - შენთან ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მარტო ვარ. - ეს იმის ნამიოკია რომ უყურადღებო და მუდო ვარ? - არა... სხვა ადამიანისგან რომ გაგეგო, ეგ ნამიოკი იქნებოდა. თუმცა მე იმას ვგულისხმობ რომ შენთან ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ თავთან. ანუ, კარგად. - სასიამოვნოა ამის გაგება - ასეთ დაძაბულ მომენტში, როცა ორივეს თაყვანისმცემელი გაქცეულად გამოცხადდა, ივანემ ბედნიერება იგრძნო. - ვიცეკვოთ? - ჰკითხა ქალმა. თან შედარებით წყნარი მუსიკა ჩაირთო და კაცს არ მოუწევდა იძულებით ხტუნვა. - ვიცეკვოთ... ისე შემოეხვია კატალინა მამაკაცის მკლავებს, ივანემ იმის გაცნობიერება ძლივს მოასწრო, რომ ეს რეალობა იყო და არ ეჩვენებოდა. რეალობა იყო, ცოტახნის წინ ნანატრ მის თმასთან შეხება. ახლა კატალინას თმას საკუთარ ტუჩებთან გრძნობდა, გრძნობდა მის მომაჯადოებელ სურნელებასა და თითქოს გემოს შეგრძნებაც შეეძლო. გრძნობდა ქალის წყნარ, მშვიდ სუნთქვას, მის გულისცემას, მისი სხეულის სიმსუბუქეს, თხელ წელს... უბედნიერესი იყო კაცი... ასეთი ბედნიერი ჯერ არასდროს ყოფილა ცხოვრებაში. - მიხარია, რომ გაიქცნენ - ჩასჩურჩულა კატალინამ. - მეც მიხარია - უპასუხა ივანემ. ცოტა არ იყოს, ასეთი სიხარულის ჟამს, თავგზააბნეულიც იყო. კატალინას ქცევა ზედმეტად ამოუხსნელად ეჩვენებოდა. მითუმეტეს, თუ მართლა თავისი სქესის წარმომადგენლები იზიდავდნენ, მაშინ რატომ აჰკვროდა ივანეს ისე მჭიდროდ, გეგონება მათი დაშორება აპოკალიფსის მომასწავებელი იქნებოდა? ივანეს ვერ გაეგო. მაგრამ მაინც ბედნიერი იყო. - შენი ლექსები - თქვა ქალმა და ღრმად ჩაისუნთქა კაცის კისრიდან გამოფრენილი დახვეწილი, სასიამოვნო არომატი. - დღეს დილას, ფაქტობრივად, სიყვარული ამიხსენი. - ამაზე რომატიკულად, ვერ ავხსნიდი. - ვიცი... ამაზე რომანტიკულად, მაინც არავის აუხსნია. მორიგი ლექსი რა იქნება? - ჩემი ლექსები არ არის - გაეცინა კაცს - მაგათი ნიჭი რომ მომცა, ისეთ ლექსს დაგიწერდი, გალაკტიონი თავის გვირგვინს გადმომცემდა ბარში მუსიკის ჰანგები შეიცვალა და უფრო სასიამოვნო, წყნარი, ნაცნობი მელოდია დატრიალდა: „You have broken into my heart This time I feel the blues have departed Nothing can keep me away from this feeling I know I am simply falling for you“ - კატალინას ისე ეცინებოდა, გეგონება მორცხვი შეყვარებულები ყოფილიყვნენ, რომლებიც ერთად ყოფნისას გაფაქტეს. - არ მომწონს ეს რომ ჩაირთო - განაცხადა კაცმა - ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას სიტყვა-სიტყვით გადმოსცემს და ასე მგონია, რომ ბედისწერის ღმერთები დამცინიან, თან ურცხვად მშიფრავენ. - ნუ გეშინია პოეზიის ღმერთო... მეც დამცინიან. ივანეს მთელი სხეული აუთრთოლდა. რამდენი ხანია, არც კარგი წიგნის წაკითხვისას და არც ფილმის ყურებისას არ დაჰყრია მაჯებზე ასეთი გულისმომნუსხველი ჟრჟოლის გამომხატველი ბურთულები. გადაწყვიტა, საქმე უფრო გაეუარესებინა და კატალინას თმას ხელით შეეხო. ნაზად ჩამოუსვა ხელი მთელ სიგრძეზე და ახლა ეს მხურვალე, ჟრჟოლის კორიანტელი გაასმაგდა. - შემდეგი ლექსი გაინტერესებს? - ჰკითხა ქალს. - ძალიან. * * * კატალინა კაცის უძირო თვალებს უყურებდა. წამით, შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მის სიღრმეში იძირებოდა და საერთოდაც არ სურდა თავის გადარჩენა. სული ეხუთებოდა, ფილტვებს უკვე მთლიანად გამოლეოდა ჟანგბადი, მაგრამ ამ თვალების მიუწვდომელ ფერში დახრჩობა არაამქვეყნიურ, მაზოხისტურ სიამოვნებას ანიჭებდა. წამით, მამამისის თვალები გაახსენდა. ზუსტად ასეთი ჰქონდა მის მშობელს. ზოგჯერ, პალიტრაარეული, ზღვასავით ანათებდა, ზოგჯერ კი დამზაფრავი ჭაობისფერი იყო. ქალს გამომეტყველება საგრძნობლად შეეცვალა და გაყინული სახითჩცამოშორდა კაცს. წელიდან მოიშორა მისი თბილი, ფითქინა ხელები, მსგავსი რომ არასდროს არავიზე ენახა. - რა გჭირს? - გაუკვირდა კაცს კატალინას ასეთი სახეცვლილება. - მამაჩემი გამახსენდა - შემთვრალ თვალებში ძლივს გაასწორა ქალმა ობიექტივი. - შენნაირი თვალები ჰქონდა. - არ გიყვარდა მამა? - პირიქით, ძალიანაც მიყვარდა! - ანუ, მამასავით მიყურებ ახლა? - გაეცინა ივანეს. ეგღა მაკლია, სრული ბედნიერებისთვისო, გაიფიქრა დაზაფრულმა. - რა სისულელეა - ირონიულად გაშალა ბაგეები კატალინამ - გარეთ გავიდეთ! - წამოდი - ხელი მკლავზე მოსჭიდა კაცმა და გარეთ გაიყვანა. ცივი ჰაერი სახეზე მოხვდა, წამით ისეთი შვება იგრძნო, გეგონება ჩამხუთველი სიცხის შემდეგ, მხოლოდ ახლა მიიღო ფილტვმა ჟანგბადი. - მემგონი, სჯობს ნომერში ავიდე და დავწვე. ივანემ ოთახამდე მიაცილა ქალი. ყოველთვის, როცა მას შორდებოდა, გამძვინვარებული დანაკლისის შეგრძნება იპყრობდა, თუმცა, იმ დღეს, თავი ძალიან დამნაშავედ იგრძნო. ხვდებოდა, როგორი მამაკაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა ლაურენთან მიმართებაში. ბევრგან ეძება ქალი. თავის ნომერში არ იყო. ეზოში სეირნობისას კი ბოლოს, ცხენზე მოჯირითეს მიაკვლია. ივანეს დანახვისას, გაბუსხული სახე დახარა და შეეცადა, აღარ გაეხედა კაცისკენ. - ლაურენ - მიუახლოვდა ივანე - შეგიძლია, გააჩერო ცხენი? რაღაც მინდა გითხრა. - არა! - კარგი. საჯინიბოსკენ გაეშურა და დაახლოებით ხუთ წუთში, ლაურენს მიუყენა გვერდით თავისი შავი ულაყი. ლაურენმა გვერდულად გახედა და შემდეგ ისევ აარიდა თვალი. - ვიცი, რომ საშნელი კაცი ვარ - თქვა ივანემ. - რატომ? - ისე ჰკითხა ქალმა, თითქოს ვერ ხვდებოდა, რაზე იყო საუბარი. - იმიტომ, რომ, დღეს ცუდად მოვიქეცი და ჩვენ ორივემ ვიცით, რატომაც. კატალინას ვუყურებდი პირდაღებული, ვაღიარებ და თან წასვლისას, არც კი გამოგემშვიდობე. - ერთი სიტყვით, გინდა აღიარო, რომ მაგრად დამიკიდე ხო? - ეგ ცოტა უხეშად ჟრერს. - მაგრამ ასეა! - მაპატიე რაა, გთხოვ. ნამდვილად არ ვარ კაცი, რომელიც უნდა გიყვარდეს, მაგრამ... იქნებ მეგობრებად მაინც დავრჩეთ? - ყოველთვის რატომ გგონია, რომ შენი შეყვარება რთულია? - ჰკითხა ლაურენმა მოულოდნელად - დაგინახავს ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ერთი ნახვაც საკმარისია, რომ გულში ჩაუვარდე. ისეთი სხვანაირი ხარ, გადმოცემაც კი მიჭირს. - უცნაურია შენნაირი ქალისგან ასეთი ქათინაურის გაგონება. მითუმეტეს, იმის შემდეგ, რაც ნამდვილი გარეწარივით მოვიქეცი. - თითქოს შენ შენ არ იყავი - გამოუტყდა ქალი - რობოტს ჰგავდი, რომელსაც კატალინა იმ მიმართულებით ატრიალებდა, საითაც მოინდომებდა. ივანემ თავი გამოჭერილად იგრძნო. - მთლად ეგრეც არაა - გაეცინა კაცს უხერხულად. - ეგრეა! თათოც ეგრე იყო, ცოტა დაჰიპნოზებული, თუმცა, შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ როგორც ნეიტრალური და სრულიად ჰეტეროსექსუალი ადამიანი, მეც კი მომხიბლა. - ანუ, მპატიობ? - კი, გპატიობ - გაეცინა ლაურენს - და თან ჯირითშიც შენზე მაგარი ვარ - თქვა და ცხენს ფეხი ისე მწარედ მიარტყა, რომ საწყალი ცხოველი რაკეტასავით გავარდა. - მაპატიე, ცხოველები მიყვარს ძალიან - თქვა ივანემ. - აბა, აჩუ რო გითხრა, გააჭენებ თუ მეც რამე უნდა ჩაგასო? - ჰკითხა ცხენს. უცნაურია, მაგრამ ცხენი დუმდა. ბოლოს მაინც დაეწია ქალს და ოდნავ გადაუსწრო. - ჯანდაბა! როგორ მიგებ? - დაიკივლა ლაურენმა. - ცხოველებს ადამიანურად ვექცევი. შე სადისტო! - კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მიყვარხარ - ჩაილაპარაკა ლაურენმა თავისთვის, ჩუმად. - რამე მითხარი? - ჰკითხა შორიდან ივანემ. - არა, არაფერი. * * * მეორე დილას, ივანე თავის ტკივილმა გააღვიძა, მაგრამ ამ საშინელ შეგრძნებას მხოლოდ წინა ღამის მოგონებები უქარწყლავდა. მოგონებები საყვარელი ქალის თხელ, ჩამოქნილ წელსა და მშვენიერ თვალებზე. მოგონებები, რომელიც შესაძლოა, ყოველდღიურ ბედნიერებად ქცეულიყო თუ არ დანებდებოდა. ვერ მოითმინა, თავი როგორც კი მოიწესრიგა, იმ წამსვე ქალის სასტუმრო ნომერზე მიაკაკუნა. კატალინა რძისფერ აბრეშუმის ხალათში გამოწყობილიყო და მისი უხვად გაფანტული, მთელ სიგრძეზე ჩამოშლილი თმა, მამაკაცს ღმერთის არსებობას აჯერებდა. საოცარი სურნელი დაჰკრავდა ქალის სხეულისა თუ ტანისსამოსის ყველა ნაწილს. - დილამშვიდობისა - მიესალმა ქალს. - დილამშვიდობის, შემოდი. - ხელს ხომ არ გიშლი? - არა, მოვწესრიგდი უკვე, უბრალოდ, თმის დავარცხნაღა დარჩა. ძალიან რთული პროცედურაა - გამოუტყდა კატალინა. - ჰოო, მესმის. - გინდა ერთად ვისაუზმოთ? - შესთავაზა და ფანჯრები გააღო. დილის სხივები ისე უეცრად შემოიჭრნენ ოთახში, თითქოს მათაც სურვილი ჰკლავდათ ქალის სილამაზით ტკბობის და ზუსტად ამ წამს ელოდნენ - წამს, როდესაც კატალინა თავისთან მოუხმობდა მზეს და უფლებას მისცემდა, თავის მშვენიერ თმაზე, სახესა და სხეულზე აეთამაშებინა სხივები. - მინდა - გაეღიმა კაცს. ვერც კი ხვდებოდა, ასე უეცრად როგორ გაულღვა გულში ნატეხებად ჩამწკრივებული ყინულები ამ უცნაურ, ამოუხსნელსა და საოცრად მიმზიდველ არსებას. - კატალინამ საუზმე შეუკვეთა, მანამდე კი თბის ბოლოებიდან სათუთად დაიწყო ჯაგრისიანი სავარცხლის ჩამოსმა. მისი აბურდული თმა ნელ-ნელა ბზინვარებას იძენდა და უფრო დიადი შარმი ენიჭებოდა ქალღმერთს. მოულოდნელად სივრცე ივანეს საოცარმა ხმამ მოიცვა. ერთი შეხედვით, არაბუნებრივი არაფერი იყო და არც გამოთქმით ამბობდა, მაგრამ იმ წამებში, ეს საოცრად ტკბილი ხმა კატალინამ გულში ისე მჭიდროდ ჩაისვა, ჩაიხუტა, რომ ვერავინ, ვეღარასდროს შეეძლებდა ამოგდებას: - „ეგ შენი თმები აურაცხელი, ძვირფასო, ჩემთა თვალთა შუქია, და მშურს, ამ გრძნობას შური თუ ჰქვია, მათ როგორ ვარცხნის ეგ სავარცხელი. ის უკვე ჩემი გახდა მძარცველი, კბილი შენს თმებში რომ გაუყრია, თუ ფიქრობს ჩემი ღონე უქმია და არავინ ჰყავს შენს თმებს დამცველი! მაგრამ მე რა ვქნა! ხელს მას უმართავ, დღეღამ ის არი შენს სასთუმალთან, მე კი მიშორებ ცივად თავიდან. იცოდეს, შენი თმის ტყე იკმაროს, ყელსა და სახეს არ მიიკაროს, თორემ ამას კი ვეღარ ავიტან!“ - დაასრულა მომღიმარმა ივანემ და კატალინა მიხვდა, რაოდენ დიდი გრძნობის დაბადება შეეძლო კაცში მწვალებელსა და მიუწვდომელ ქალს. ერთი წამითაც არ უნანია თავისი ჭირვეული, ამოუცნობი, საზიზღარი ხასიათის წარმოჩენა ივანეს წინაშე. პირიქით, ქალი დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ამ თვისებებმა მიიზიდეს ეს საოცრად სპეტაკი სულისა და მშვენიერი ხორცის პატრონი მამაკაცი. ვერ მოითმინა ქალმა, ტახტზე წამომჯდარ, მომღიმარ კაცთან სრული სისწრაფით მიირბინა და ტუჩები მაგრად ჩაავლო მის ბაგეებს. ერთმანეთის სახეზე ხელებმოფათურეები, ჰაერივით ისრუტავდნენ ერთიმეორის სუნთქვას, გავარვარებულ ენებს ტანგოს აცეკვებდნენ, რომელიც ერთადერთი და განუმეორებელი გრძნობის ორომტრიალს ქმნიდა. ქალმა მოუთმენლად გახადა მამაკაცს ტანზე სოლიდურად მომჯდარი პიჯაკი და პერანგის ღილებიც შეუხსნა. მხოლოდ ჰალსტუხი დაუტოვა, რომლის მოზიდვითაც, ეგონა, მთლიანად აკონტროლებდა ივანეს სხეულს. განიერი მკლავები მჭიდროდ შემოჰხვია ივანემ ქალს და ხელის ერთი მოძრაობით ძირს ჩამოუცურა პრიალა ხალათი. მისთვის სამოთხის კარიბჭის გაღებას ჰგავდა ქალის ვარდივით გადაშლილი მკერდი და მისი ზურგის სითბო. ხარბად ისუნთქავდა კატალინას თმის სურნელს, ნეტარებით უკოცნიდა რბილ ძუ*უებს და ხელით ეფერებოდა მის ნაზ ბარძაყებს. ბომბივით გასკდა ჰაერში მათი შეერთებული სხეულებისა და სიყვარულით ტკბობის მოურიდებელი ჰანგები. კაცის ყურთან ოხვრით დაღლილი ქალი, საკუთარ ყელზე გრძნობდა ივანეს ვნებით სავსე ცხელ ქოშინსა და სუნთქვას. ბედნიერი იყო ორივე... ბედნიერები იყვნენ, რადგან მათი ერთმანეთში შერწყმული სხეულები, უკვე ერთ ორგანიზმად ქცეილიყო. ეს ერთი ორგანიზმი კი დაუღალავად, ინსიქტებს დამონებული, გაუმაძღარი მხეცივით, შეუჩერებლად იმეორებდა იმ მოძრაობებს, რომელიც საბოლოოდ საშუალებას მისცემდა, ერთმანეთისთვის განუმეორებელი სიამოვნება მიენიჭებინათ. ორგაზმის ფეთქება შუა უდაბნოში აღმოჩენილი წყაროსავით მოედო მათ გულებს. ენით აღუწერელ სიამოვნებას იღებდა არა მარტო ხორცი, არამედ სიყვარულს მოწყურებული სულიც და ერთხელ განცდილი ნეტარების შემდეგ, ვერა და ვერ ძღებოდა - დასწაფებოდა, ამეორებდა, ვერ აჩერებდა ნეტარების კვლავდაკვლავ განცდის სურვილს. როდესაც, ველური ვნებები საკმარისად დაიკმაყოფილეს, ივანე იმის გადახარშვას შეუდგა, რომ თავისი ცხოვრების სიყვარული, რომელთანაც სულ ახლახანს სექსი ჰქონდა, თავიდან ლესბოსელობას იჩემებდა. - აბა გოგოებიო? - ჰკითხა ქოშინით, ჯერ კიდევ დაღლილმა. ტახტზე ორივე ერთად ვერ ეტეოდნენ და ამის გამო, ქალი მთლიანად კაცის სხეულს აჰკვროდა. კატალინამ გადაიხარხარა... ივანეს თვალებში ჩააშტერდა და ასე გაგრძელდა, დაახლოებით, ხუთი წუთი. - ვერ ვხვდები, ამით რისი თქმა გინდა, მაგრამ კიდევ აღმაგზნებს ეგ თვალები - გამოუტყდა ივანე. - ყველაფერი არ უნდა დაიჯერო, რასაც გეუბნებიან - გააგრძელმა ქალმა კისკისი. - ანუ? - წამოიწია აღშფოთებული სახით კაცი - იმის თქმა გინდა, რომ ჩემი მრავალკვირიანი ტანჯვა-გოდება, განცდები და სევდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი არასდროს გახდები, ფუჭი იყო? - როგორც ხედავ, ფუჭი იყო, რადგან შენი ვარ. - სასიამოვნოა ამის მოსმენა, მაგრამ ბოლო თვეს, ნამდვილი სულიერი ტრაგედია გამოვიარე. - არაფერია, ღირსი ხარ! - რატომ? - იმიტომ, რომ გუშინ ლაურენთან ერთად ჯირითობდი - ეჭვიანობა ვერ დამალა ქალმა. ტახტიდან წამოდგა, სიგარეტი ამოიღო ჩანთიდან და მადისაღმძვრელად შეუდგა მოწევას. - საიდან დაგვინახე? - რა იყო, საიდუმლოს წარმოადგენდა თქვენი სეირნობა? - არა, ბოდიში მოვუხადე უბრალოდ. - მართლა? მეც ხომ არ მოვუხადო თათოს ბოდიში და შემნდეგ ისევ წყვილებში ვიცხოვროთ? - იკითხა ირონიული ღიმილით ქალმა. - ძალიან გიხდება შიშველი დგომა, ეჭვიანობა და სიტყვიერად ჩემი დაგესვლა. - ანუ გველი ვარ? - ყველაზე მშვენიერი გველი. ისე, გველებსაც ხომ შავი თვალები აქვთ? - ჰოო. მამაჩემიც პატარა გველუკას მეძახდა „il mio serpente“ (ჩემი გველი) - გამოსცრა იტალიური აქცენტით. - მელაპარაკე იტალიურად და თან მომიახლოვდი - ეშმაკურად გაუღიმა კაცმა. - Amo il tuo grande (მიყვარს შენი ასო) - ტუჩების ლოკვით, გამომწვევი ხმით მიუგო ქალმა. - ჩემი რა გიყვარს? - აბა მიხვდი... - ერთი ნახვით შეგიყვარდა? - არა ძირფასო, დღეს უკვე მრავალჯერ ვნახე - ცხვირზე წაეთამაშა ქალი თითებით და შემდეგ ტუჩებიდან გამოდევნილი სიგარეტის კვამლი კაცის ბაგეებს დაუმიზნა. - la vendetta sta arrivando (შურისძიება ახლოვდება) - თქვა ცერემონიულად. - ვენდეტა შურისძიებას არ ნიშნავს? - წამით ჩაფიქრა ივანე. - ჰოო, შური უნდა ვიძიო იმისთვის, რომ საწოლში წამყვანი იყავი - უპასუხა ქალმა მხიარულად და ივანეს წელზე წამოსკუპდა. - ცხენზე ჯირითი გიყვარს? - გაეცინა კაცს. ქალის ლამაზ თიტებში თავისი თითები ჩახლართა და ახლოს მოიზიდა, რომ მისი ტანის ყველა დეტალისთვის შესძლებოდა კოცნა“. კაცმა წიგნი დახურა, სიმწრისგან დაიღრიალა და კედელს მიანარცხა. ძარღვები სიბრაზისგან მთელ ხელზე და შუბლზე გამოზნექვოდა. ფერადი, მომნუსხველი თვალები კი საშინელი სისასტიკით ანათებდნენ. სულში დაგროვებული რისხვა, მხოლოდ სიყვარულისგან იყო გამოწვეული და ალბათ საშიშიც ვერ იქნბოდა. რადგან ყველაფერი, რაც სიყვარულისგან წარმოიშვა, ისევ სიყვარულით გვირგვინდება ხოლმე, ადრე თუ გვიან. საძინებელში შევიდა, საწოლის მარჯვენა მხარეს წამოწვა და სიბრაზეშემოსილი დანანებით შეხედა მარცხენა მხარეს. ბალიშს ჯერ კიდევ შერჩენოდა მანგოს მკრთალი არომატი. დილა ახლოვდებოდა, მზის სხივები ნელ-ნელა იძენდა ძალაუფლებას და კაცი მთელი სულით გრძნობდა, როგორ სუსტდებოდა წყვდიადის ძალები დროის ამ მონაკვეთში. კაცი ხომ სინათლის ღმერთი იყო. თეთრი კანი ჰქონდა, როგორც ზამთრის სუსხიან დღეს, მზისგან განათებული თოვლის ფანტელია. მისი თვალები ანათებდნენ, როგორც გაზაფხულის ერთ ცვარიან დილას, ალიონზე გაბრწყინებული ახალამოსული ბალახი. ის სინათლის ღმერთი იყო და მას სძულდა ყველაფერი, რაც წყვდიადთან იყო დაკავშირებული. მეტიც, სახლში ყველა შავი ნივთი დაემტვრია... ყველა შავი ნივთი გველისთვალება ქალღმერთს ახსენებდა. გვერდით გადატრიალდა, ხელი ნელა გაუხახუნა გაცვეთილ თეთრეულს, რომელიც ერთი თვის განმავლობაში არ გამოეცვალა. „ყოფილი ცოლის სურნელი შემომრჩა, მე მძულდა ის ქალი, მე მძულდა თითქმის“ - იმეორებდა მისი გული ლექსის ამ ნაწყვეტს და თან რაღაც ნაცნობ, შორეულსა და მოგონებებით გარშემორტყმულ მელოდიასაც ღიღინებდა. კაცს აღარც ახსოვდა, რამდენი დრო გავიდა იმის შემდეგ, რაც წყვდსა და სინათლეს შორის დაპირისპირებას, მრავალხნიანი ომი მოჰყვა. ომში კი სინათლე დამარცხდა მთელი თავისი სისპეტაკით. წყვდიადმა გაიმარჯვა, რა თქმა უნდა. არა იმიტომ, რომ უფრო ძლიერი იყო, უბრალოდ, სიეშმაკე ეყო. წყვდიადი ყოველთვის უფრო ეშმაკია, ვიდრე სინათლე. დაახლოებით სიკეთესა და ბოროტებას შორის როგორცაა საქმე, ისეა ამ შემთხვევაშიც. ზოგჯერ, ისიც შეიძლება მოეჩვენოს კაცს, რომ სინათლემ განგებ გაამარჯვებინა წყვდიადს, მხოლოდ იმიტომ, რომ კეთილი იყო და მსხვერპლის ყოლას ერჩივნა, თავად გამხდარიყო მსხვერპლი. ამის შემდეგ, სინათლის ღმერთს აღარასდროს უნახავს წყვდიადის ქალღმერთი, რადგან ისინი სხვადასხვა სამყაროებში ჩაიკარგნენ და იქ, სადაც ერთი იყო, მეორე არაფრის დიდებით არ ჭაჭანებდა. მაინც ძნელია საკუთარი დაუძლეველი მტრის გარეშე ცხოვრება. ძნელია ადამიანისთვისაც და ღმერთისთვისაც, რადგან ცხოვრებას ყოველთვის სჭირდება სირთულე და ცოტა ტკივილი. როდესაც, სიხარული და ტანჯვა თანაბრდება, მაშინ სამყარო იმ ბალანსს იღებს, რაც აუცილებელი მკვებავია მისთვის. ამიტომაც, სინათლე ყოველ დღე, ყოველ სისხამ დილას მოუთმენლად ელოდა ღამეს, რომლის წიაღშიც, იმედი ჰქონდა, რომ მომაკვდინებელი შავი თვალები გამოანათებდნენ. სინათლის ღმერთს ეს წიგნიც ეზიზღებოდა, რომელიც ორი დღის წინ დაუდეს კარების წინ და ამ დროის განმავლობაში, თითქოს ბორკილები დაადო მისი ფურცლების გაცვეთილმა სიტყვებმა. ერთი ამოსუნთქვითაც ვერ კითხულობდა, რადგან ზედმეტად ბევრ ემოციას აღძრავდა და ერთბაშად ვერ გაუმკლავდებოდა ასეთ შემოტევას. ამიტომ, უკვე ორი დღე იყო, რაც იტანჯებოდა... * * * „ივანეს უყვარდა... ისე უყვარდა, რომ მზად იყო, მკერდიდან ამოეგლიჯა გული და კატალინასთვის ჩაედო კალთაში. ყველაფერს უკოცნიდა - ქათქათა შუბლს, სწორსა და სრიალა ცხვირს, ფაფუკ, ვარდიფრად შეფარკლულ ლოყებს, ტუჩებს, ყელს. ყოველთვის ატლასის ფრიალა ხალათი ეცვა დილაობით, სულ სხვადასხვა ფერებში და კაცს ზოგჯერ ეგონა, რომ თვით ღვთაება დაათამაშებდა ჩამოქნილ სხეულს მამაკაცის გარემოცვაში. მისი ხავერდივით თმა მუდამ საოცარ სურნელებას აფრქვევდა. ფეხის ტერფებსაც უკოცნიდა ხოლმე კაცი. უცნაურია, რომ ყველაზე მეტად სწორედ მისი ფეხის ტერფები, მუხლები, თხელი ბარძაყები უყვარდა. იღლიასა და მკერდს შორის რომ სხეულის ყველაზე რბილი ნაწილია, ეგეც უყვარდა. სულ ყველაფერი უყვარდა... დილაობით, მისი წვრილი თითები აღვიძებდნენ, რომელსაც შეუჩერებლად დაათამაშებდა კაცის სახეზე. კატალინასაც უყვარდა,... უყვარდა მამაკაცის მძმე, ზოგჯერ მკაცრი გამოხედვა, რომელსაც არასდროს ჰქონია მკაცრი ხასიათი. უყვარდა ის, რომ მის გვერდით თავს ღმერთად გრძნობდა. უყვარდა დილაობით მის მკერდზე ცხვირის მიდება და დაუსრულებელი სრუტვა ივანეს სურნელისა, მისი სითბოსი. ბარის მიყრუებულ კუთხეში, ყველაზე მყუდრო ადილას თავშეუკავებლად კოცნიდნენ ერთმანეთს. ეს არ იყო ფრანგული კოცნა მთელი თავისი ვნებით. ეს გრძნობებს აყოლებული, წამების შეგრძნების სურვილით გაჯერებული ტუჩების ცეკვა იყო, რომლის სინაზეც ხუთ წუთს მაინც გრძელდებოდა. ერთ მშვენიერ საღამოს, კატალინამ სამყაროს თავისი მარწუხები კვლავ მოარგო და წყვდიადმაც ჩვეულებისამებრ დაისადგურა. მოსწონდა ასეთ დროს საყვარელთან ერთად ხელჩაკიდებული სეირნობა. ცალ ხელზე ტყავის ხელთათმანი ეკეთა, ცალს კი ივანეს სითბო ათბობდა. - ჩემი მეგობრები ფიქრობენ, რომ გავაფრინე - გამოუტყდა ივანე. - იმის გამო, რომ ჩემთან ერთად სეირნობ და გიყვარვარ? - გაეცინა კატალინას. - ჰოო, ალბათ - ცხვირი და ტუჩები დაუკოცნა ქალს. თოვლის ფანტელი თავზე სამყაროს სასწაულივით ეყრებოდათ, კატლინას ფიფქებით სავსე გრძელი თმა კი გასათხოვრად გამზადებული პატარძალივით შემოსილიყო. - კატალინა - თქვა ივანემ ქალის სახელი და მაღლა აიხედა. საყვარელი ქალის სახელზე უფრო მშვენიერი გამოსათქმელი სიტყვა არ არსებობდა. მკრთალი სინათლით განათებულ ღამეში, ვარსკვლავებთან შერწყმული თოვლი უმშვენიერესი სანახავი იყო. ივანე გრძნობდა, რომ მთელი სამყარო იზიარებდა მის სიყვარულს, მთელი სამყარო დანატროდა მათ სპეტაკ გრძნობას და თუ ვინმეს სულს მარადიული შური სტანჯავდა, მხოლოდ მათი ბედნიერებით მოგვრილი შური იქნებოდა. - ჰო საყვარელო - უხელთათმანო ხელი თავზე გადაუსვა კატალინამ - ღმერთო, მიმელოტდები მემგონი. - სამაგიეროდ, ჩემს ჭაღარას ვეღარ ნახავ. - მიუგო კაცმა მხიარულად. - ქუდი უნდა დაიხურო ხოლმე ასეთ ყინვაში... - ამოიოხრა შეწუხებულმა. - ძალიან გიხდება, როცა ჩემზე ნერვიულობ. - აბა ვიზე ვინერვიულო? - თითის წვერებზე დადგა და ყურისძირში ნაზად აკოცა ივანეს, შემდეგ ხმამაღლა გადაიხარხარა, მაღლა აიხედა და პირი გააღო. - რას აკეთებ? - თოვლს ვჭამ. საცდელად ივანემაც გააღო პირი. გრილი და სასიამოვნო იყო ენაზე დამდნარი თეთრი ვარსკვლავები. პატარა ბავშვად გრძნობდა თავს... სპეტაკ, უცოდველ, შეყვარებულ ბავშვად. კატალინას ლამაზი ქუდი ეხურა და თმა იმ მხარეს გადმოეყარა, სადაც კაცი ედგა. - მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა. მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა. - პუტკუნა ტუჩებიდან ყველაზე სასიამოვნო ხმით გამოსცრა კაცმა. კატალინას ყურებამდა გაებადრა სახე, შუბლი მის შუბლს მიადო და ბაგეებიდან თითოეული ასო ნაზად, სიყვარულით გამოაქანდაკა: - ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება: იანვარს მოძმედ არ ვეძნელები, მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება შენი თოვლივით მკრთალი ხელები. - სამყაროში შენზე მშვენიერი არავინაა - აღმოხდა ქალის სიყვარულით გაბრუებულ ივანეს. - მხოლოდ იმიტომ ვარ მშვენიერი, რომ შენ დაგამშვენო - უპასუხა ქალმა. - ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს, უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში. იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს შენი მანდილი ამ უდაბნოში... - თქვა ივანემ და მომღიმარი კატალინას წინ დაიჩოქა. - როლებში იჭრები საყვარელო - გაეცინა კატალინას. მისი კბილებისა და სიცილით სისპეტაკემ თოვლის სითეთრეს გადააჭარმა. ივანე ახლა ისეთი დარწმუნებული იყო თავის სურვილში, როგორც არასდროს. - გახდი ჩემი ცოლი კატალინა! - რაა? - ცოლად გამომყევი - ღრმად ჩაისუნთქა და ჯიბიდან ლამაზი ბეჭედი ამოიღო - მაპატიე, ყუთიანად არ ჩამეტია ჯიბეში... თან დღეს არ ვაპირებდი, მაგრამ.... - როდის აპირებდი? - ხვალ - უპასუხა ივანემ. კატალინამ გადაიკისკისა. - ღმერთო - აღმოხდა ქალს და ფეხების ბაკუნით დატრიალდა. - ანუ? - თანახმა ვარ - მარჯვენა ხელის არა თითი გაუწოდა საყვარელს და ამაყად შეხედა მასზე ჩამოსრიალებულ მშვენიერ ბეჭედს. კაცის თვალებს შეხედა... მართლა დაუვიწყარი იყო. დაუვიწყარი იყო ის, რომ მთელი სიცხადით გადმოსცემდნენ ეს თვალები სიყვარულით გაჯერებულ სულს. იმ საღამოს, როცა ერთმანეთის სხეულებს ვახშმის მაგივრად შეექცეოდნენ და გარშემო მხოლოდ თეთრი ზეწრის თოვლისებრი ფერი გამეფებულიყო, წყვილი საკუთარი სულის სამუდამო შერწყმის მოახლოებასაც ზეიმობდა. - ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ - თქვა კმაყოფილი ღიმილით კაცმა და მკერდზე გადმოპენტილ ქალის თმას მოეფერა. - მე გაბედნიერებ? - ჰო, შენ მაბედნიერებ! - რა ბედნიერება, რომ სასურველი ვარ შენთვის. - სამუდამოდ სასურველი ხარ კატალინა - ქალის ნაზ მკერდს მრავალჯერ ეამბორა და ცხვირი მის თმაში ჩამალა. კატალინა კისერზე უხახუნებდა სახეს და ხარბად აცხრებოდა მამაკაცის არომატს. კატალინა ბედნიერი იყო, თუმცა ხვდებოდა, რომ უბედურების ხანა ახლოვდებოდა.... თუ ქალს ბედნიერებასა და უბედურებას შორის მოუწევდა არჩევანის გაკეთება, ის უბედურებას აირჩევდა, როგორც ერთხელ გასცვალა უკვე სინათლე წყვდიადში. უბრალოდ, ასე იყო საჭირო. სამყაროს თავისი წილი შურისძიება უნდა მიეღო საკვებად. - ვინ დავპატიჟოთ ქორწილში? - ჰკითხა ივანემ. - რამე გრანდიოზული გინდა? - სახე დამანჭა კატალინამ. - შენ თუ გრანდიოზული გინდა, ისეთი გადავიხადოთ, რომ მთელი სამყარო, უცხოპლანეტელების ჩათვლით, ჩვენზე ალაპარაკდეს. - საყვარელო, მე ცოტა მოკრძალებული მირჩევნია. - მიუგო ქალმა. - მეც - სახე გაებადრა ივანეს. - საერთოდ, მარტო ჩვენ ორნი თუ ვიქნებით, მით უკეთესი და მეჯვარეები. - არავინ მყავს აქ და რომ გითხრა, მეგობრების ყოლით გამოვირჩევი-თქო, მოგატყუებ - გამოუტყდა კატალინა. - ელიზაბედი რომ წაიყვანო მეჯვარედ? - ივანეს თავისი მწერალი მეგობარი გაახსენდა, რომელიც, რაღაც სასწაულის წყალობით, კატალინას საკმაოდ დაუახლოვდა. ორივეს მძიმე, უცნაური ხასიათები ჰქონდათ და თავიდან, ივანეს ეგონა, ერთმანეთს დაჭამდნენ, სინამდვილეში კი მშვენიერი ურთიერთობა აეწყოთ. - მინდა... - შენები? ბიძაშვილები ან რა ვიცი. - ობოლი ბავშვი რომ ვარ, არ იცი? - ვიცი - გაეცინა კაცს. - მეც ობოლი ბიჭი ვარ. - ვიცი საყვარელო...და შეხვდა ორი ობოლი უსიყვაროლო ადამიანი ერთმანეთს - სახეზე მოეფერა ქალი გატრუნულ კაცს და შემდეგ მთელი არსებით ჩაეხუტა..... კატალინას გამოხედვას ყველა სალოცავი ხატი ჩაენაცვლებინა ივანესთვის და ახლა მხოლოდ მისი თვალების შემხედვარეს სწამდა უფლის არსებობის. კატალინას თითოეული ამოსუნთქვისთვის ედგა პირში სული. ღმერთის ყველაზე ღირსეულ ქმნილებად მიაჩნდა თოვლით გაწყობილი გარემოს ფონზე, თეთრ კაბაში შემოსილი პატარძალი. კატალინა ნაზი იყო, როგორც ყვავილი, თუმცა ამ სინაზეს ერთი ხელის მოსმით შეეძლო გაენადგურებინა ყველა და ყველაფერი, რაც წინ გადაეღობებოდა. ანადგურებდა ყველაფერ უწმინდურს თავისი დახვეწილი მზერითა და ერთი ჩვეულებრივი ამოსუნთქვით, რომელიც კაცისთვის მთელი ქვეყნიერების ფასი გამხდარიყო. თავისი მეუღლის შემხედვარეს, არა მხოლოდ კატალინა, არამედ ყველა ქალი შეუყვარდა. შეუყვარდა ყველა კატალინას მონათესავე სული. თითქოს, სიყვარულის სახელით, ადამიანების ნდობა დაუბრუნდა და არა მხოლოდ ბოროტების, არამედ სიკეთის ხილვაც შეძლეს კაცის თვალებმა. გარემოს სათვალე გახდა კატალინა ივანესთვის.... ყველაფერი შეიცვალა. იმ დღეს, თოვლჭყაპმა დაასველა მთელი ქალაქი და მხოლოდ ღმერთმა იცოდა, რომ წინასწარ გლოვობდა სამყარო მოსალოდნელი ტრაგედიის სუნს. საშინლად აცივა... ივანეს არ ეშინოდა, პირიქით, ასეთი ძლიერი სიყვარულის ფონზე, მხოლოდ შვებად მიაჩნდა ქუჩებში გამეფებული სიცივე. თბილ, ფიცდადებულ სასთუმალთან ეგულებოდა ქალი, რომლის სხეული ყოველთვის ცხელი და საკმარისაც თბილი იყო. თუ კატალინას სითბო არ ეყოფოდა, თავად გაუთბობდა შინ დაბრუნებულ ქალს ზამთრის სუსხში გათოშილ ხელებს.“ წყვდიადის დედოფალმა წიგნი დაკეცა. ღამე მოახლოებულიყო. მის სიდიადეს ღამის მომწამვლელ გისოსებში ჰქონდა ფესვები გადგმული. ახსენდებოდა პირველი და უკანასკნელი სიყვარული, რომელიც ადამიანის მიმართ იგრძნო. ადამიანთან განშორების შემდეგ კი ღრმად ირწმუნა, რომ ერთადერთი, რაშიც შეცდომა არასდორს დაუშვია, წყვდიადის ერთგულება იყო. სინათლესთან გაახსენდა უკანასკნელი გაბრძოლება. მასთან დაპირისპირებული ნათელი სხივი უძლეველი და შეუდრეკელი ჩანდა, თუმცა მაინც დათმო თავისი სუნთქვა. ქალღმერთი მშვენივრად ხვდებოდა, რომ ბრძოლა კი არ მოიგო, არამედ მოაგებინეს. ასე ხდება როდესაც სინათლე შეგიყვარებს. და სინათლესაც უყვარდა წყვდიადი. იყო დრო, როდესაც წყვდიადი და სინათლე, სიკეთე და ბოროტება ცოლ-ქმარნი იყვნენ, სანამ ამ სპეტაკი გრძნობით არ ისარგებლეს ცბიერმა ღამის მოციქულებმა - ბოროტებამ, წყვდიადმა... წყვდიადს უყვარდა თავისი თანამეცხედრე. მაგრამ მას გენში ჰქონდა ყველა წმინდა გრძნობის ფეხქვეშ გათელვა და არც მათი სიყვარული ყოფილა გამონაკლისი. სულელი აღმოჩნდა ქალღმერთი... ადამიანებივით სულელი. „ ქორწინების მეოთხე თვის თავი ჰქონდათ ჩადუნელებს. განსაკუთრებულს არასდროს არაფერს აკეთებდნენ, რადგან მათთვის ყოველი დღე გამორჩეული იყო. ზაფხულის გრილ საღამოს, სახლის ვერანდაზე ვახშმობდნენ. კატალინას მეუღლის მუხლებში მოეკალათებინა სხეული. გიშრისფერი თვალების ნათება, კვლავინდებურად ძლიერი შერჩენოდა მის თვალებს და პანტერის გამოხედვა ახლა თავისი ქმრის სახისკენ მიეპყრო. - ოდესმე მითქვამს, რომ უმშვენიერესი ხარ? - ჰკითხა ივანემ და კატალინას კეფასთან ხვეულად შეკრული თმა მთელ სიგრზეძე ჩამოუშალა. შემდეგ კი ნაზად მოეფერა ცოლის კულულებს. - ყოველ დღე მეუბნები საყვარელო - გაეცინა ქალს. - მაგრამ არ მეზარება მოსმენა. - მე შენი ხმის მოსმენა არ მეზარება - ეშმაკური თვალები მიაპყრო კაცმა და კედელზე მიყუდებული გიტარა ქალს ფეხებში ჩაუდო. - გიმღერო? - მიმღერე. - რას შემიკვეთავს ჩემი უფროსი? - ოდნავ გამელოტებულ თავზე აკოცა კატალინამ. - ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს - გამოუცხადა ფიქრის გარეშე. ქალს მთელი სულით გაეღიმა, გიტარის სიმებს მოქნილი თითები ჩამოჰკრა და საამური ბგერებით დაატკბო სამყარო. ივანე ისე უსმენდა, როგორც სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში აჭიკჭიკებულ ბულბულს. ხელს უშლიდა - გამხდარ მკლავებსა და სრიალა, სურნელოვან ყელს უკოცნიდა მოუსვენრად. - ძალიან მიყვარხარ - მომაჯადოებელი სიმღერის დასრულებისას მიუგო კაცმა მეუღლეს,. - მაგასაც ყოველ დღე მეუბნები და მე დღეში ასჯერაც კი არ მომბეზრდება გიპასუხო, რომ მეც მიყვარხარ! - ნეტავ, ასეთი სასაცილოები ვიქნებით ცხოვრების ბოლომდე? - სასაცილოები? - ჰო. მე სკამზე, შენ - ჩემს მუხლებში, შენს მუხლებში - გიტარა. - ალბათ. - მემგონი, შენს მუხლებში ბავშვიც იქნება ხოლმე - გაეღიმა ივანეს. - შენ კი ჩემს მუხლებში იქნები სამარადისოდ. - ბავშვი? - ოდნავ თვალები დაჭყიტა კატალინამ და ცოტა არ იყოს, უხერხულობა იგრძნო. ერთად ყოფნის არც ერთ წამს არ განუხილიათ შვილის ყოლის თემა. - ბავშვები ხომ გვეყოლება? - რა თქმა უნდა - გაეღიმა ქალს - ოღონდ, ჯერ არა კარგი? ცოტახანს, სიწყნარით, ახალგაზრდობითა და სექსით დავტკბეთ. - შეევედრა ქმარს. - დავუშვათ, ბავშვის შეძენის შემდეგ, გასაგებია, რომ სიწყნარეს დავკარგავთ, მაგრამ სექსი რატომ ვეღარ გვექნება? - გაუკვირდა ივანეს. - გვექნება, როცა დავაძინებთ ხოლმე. ბავშვები კი ძილს ვერ იტანენ ივა. - ძლიერი არგუმენტია - გულიანად გაეცინა ივანეს. კატალინამ ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო მიმზიდველად დალია და მეუღლის მკლავებში ისე მიესვენა, როგორც რბილ საწოლზე. - მიყვარხარ საყვარელო - ღიმილით უთხრა. თავის მკერდთან გადაჯაჭვულ მეუღლის ხელებს თვალებით მოეფერა“. - ქალი კი არა, ღამის დემონი! - დაიღრიალა სინათლის ღვთაებამ და ყვავილებიანი ვაზა კედელს შეალეწა. უკვე მეორედ ჰქონდა წიგნის წაკითხვისას ასეთი რეაქცია. სწრაფად გადაფურცლა, უკვე იცოდა, რაც მოხდებოდა. იცოდა შუაგულში, შეყვარებული წყვილის ალერსი, მათი გრძნობააშლილი ვნებები, თითოეული ამოსუნთქვა და მზერა. მაგრამ სინათლის ღვთაებას ყველაზე მძიმე ნაწილი სჭირდებოდა. სჭირდებოდა ბოლო ნაწილი: „გათენდა დღე, როდესაც წყვდიადისა და სინათლის ბრძოლის დასასრულს, წყვდიადის გამარჯვებას გლოვობდა მთელი სამყარო. დილის მშვენიერი სხივებიც კი ღამეს მოეცვა და ქალღმერთი ყველაზე ძლევამოსილი გამხდარიყო. იმ დღეს, ივანემ თვალები ფართოდ გაახილა და გვერდზე მწოლიარე ქალი შეათვალიერა... აშკარად, რაღაც რიგზე არ იყო, რადგან წინა ღამეს, საკუთარ ბარში შესვლის შემდეგ, აღარაფერი ახსსოვდა. ეს იყო კოშმარი ყოველგვარი შესავლის გარეშე. ეს იყო დედამიწაზე გამეფებული ჯოჯოხეთი. სხეულის ყველა ნაწილი აუკანკალდა. აუთრთოლდა გული, სული ეტკინა, სამყარო ჩამოენგრა თავზე. კატალინა არ ეწვა გვერდით. სულ სხვა ეწვა გვერდით. სრულიად უცნობი შიშველი ქალი.... ტავადაც შიშველი იყო. საკუთარ თვალებს ვერ დაუჯერა. სიკვიდილი მოუნდა, სიკვდილს მოუხმო... ამ დღის შემდეგ, სინათლე აღარასოდეს გამოჩენილა მის ცხოვრებაში“. * * * კაცმა წიგნის კულიმინაციურ გვერდებს გადახედა და გაეცინა. სიმწრის სიცილი იყო ალბათ და უცნაურია, რომ ამ ბოლო დროს, მხოლოდ ასეთი სიცილი თუ ახასიათებდა. დაფიქრდა, შეეცადა სიძულვილი ეგრძნო... კვლავ არ გამოუვიდა. წყვდიადთან დამარცხების შემდეგ, ყოველთვის ცდილობდა, სიძულვილი და ზიზღი განეცადა. ბოლოს და ბოლოს, ცხოვრებაში ერთადერთხელ მაინც ხომ უნდა შეეგრძნო მის სულს ეს მომწამვლელი გრძნობები? სულ ერთხელ... არასდროს გამოსდიოდა. მუდამ ბრაზს გრძნობდა, მაგრამ ვერ იძულებდა წყვდიადის ქალღმერთს. წარმოიდგენდა ხოლმე როგორ ხსნიდა თავის მშვენიერ ბაგეებს ქალი და როგორ მოფრინავდნენ ამ ბაგეებიდან ათასობით მომაჯადოებელი ჰანგები. ეს ჰანგები წარმოსახვით სამყაროშიც კი თავზე ეხვეოდა კაცის ფიქრებს, ნუსხავდა მის სულს, ატკბობდა გონებას და არ აძლევდა დავიწყების საშუალებას. ქალის ხმა ჟღერდა მის წარსულსა და აწმყოში. მომავალშიც ვერ წარმოედგინა ცხოვრება მის გარეშე. სინათლის ღმერთს კიდევ სურდა ომი. სურდა ბრძოლა წამოეწყო და კიდევ ენახა ქალღმერთი. ალბათ, არასდროს ყოფილა ისტორიაში ისეთი შემთხვევა, რომ რომელიმე ხელმწიფეს ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ მოქიშპე ქვეყნის დედოფლის ხილვისთვის გაემართოს. მაგრამ სინათლის ღმერთს თავისი სამეფო არ ადარდებდა. არც მსხვერპლად შესაწირი ხალხი ყავდა. არსებობდა მხოლოდ თვითონ და სინათლე მასთან ერთად. სინათლესაც სურდა წყვდიადის ხილვა. ეს ეჭვგარეშე იყო. „ივანე ვერ ივიწყებდა ქალთან ბოლო რამდენიმე შეხვედრას. კატალინას ამაყ, თავდაჯერებულ თუმცა შეურაცხყოფილ მზერას. თავადაც ვერ იჯერებდა რომ უღალატა. არაფერი ახსოვდა, მაგრამ რამდენად მთვრალი შეიძლებოდა ყოფილიყო საღალატოდ? ნუთუ იმდენად გონებაწართმეული აღმოჩნდა ბედის წინაშე რომ თავისი ცოლის ნაზი, სრიალა კანი, მისი სურნელოვანი თმა და უკიდეგანოდ ტკბილი ტუჩები, წამით მაინც გაცვალა სხვისი სხეულის ერთჯერად ალერსში? შეუძლებელი იყო! ამას ვერ გაბედავდა. ივანე სიტყვის კაცი იყო მთელი ცხოვრება. მან საქორწინო ფიცი დადო, სიტყვა მისცა საკუთარი სინდისისა და სიყვარულის წინაშე, რომ მუდამ მისი ერთგული იქნებოდა. მზად იყო, დარჩენილი ცხოვრება მხოლოდ ერთი ქალის მკლავებში გაეტარებინა. მზად კი არ იყო, ივანეს ნებისმიერი ქალის მოფერება მამაკაცისთვის წარმოსახვით ყველაზე ბინძურ ილუზიებშიც კი სძულდა. იყო მხოლოდ თვითონ და თავისი ცოლი! ასე უნდა ყოფილიყო სიკვდილამდე. სიკვდილის შემდეგ კი თავიანთი გახრწნილი სხეულების ძვლები გადაეფსკვნებობდნენ ერთმანეთს და მიწისქვეშეთის ყველაზე ბნელ ჯურღმულშიც კი, აყროლებულ გვამებს მათი ერთად ყოფნა გაუნათებდათ ყოფას. ივანეს ისე გაგიჟებით უყვარდა, რომ ყველაფერს დათმობდა. ჰო და... თმობდა. თმობდა საკუთარ სუნთქვას, გულისცემას, სიცოცხლეს, სიყვარულს ჰაერს და ნელა, გაკვევით, ცხოვრებამობეზრებული თანახმა იყო გაყრისთვის მოეწერა ხელი. - მინდა, რომ აღარასოდეს გნახო, მძულხარ! - გამოუცხადა კატალინამ. ეს სიტყვები იყო უკანასკნელი, რის შემდეგაც მართლა მოკვდა ივანე. მოსიარულე მკვდარს დაემსგავსა იმ წამებიდან. გულის ადგილას პატარა, გრძნობებით სავსე ადგილი შეერყა, გაეყინა, ჩაემსხვრა და გაუნადგურდა. სულიც გამოეცალა ხელიდან. მართლა მხოლოდ და მხოლოდ ხორცი დარჩა - განადგურებული, უძინარი და ხორცი, რომელსაც სასახლის ცივი ფიცრების გარდა აღარაფერი სურდა. - მე უფრო მძულს საკუთარი თავი - უპასუხა კაცმა. - მე მძულს ყოველი წამი, როდესაც ვერ გხედავ, შენს ჰაეროვან სხეულს ვერ ვეხები და ჩვენს სახლში შენი ნაბიჯების ხმა არ ისმის... იმაზე მეტად მძულს საკუთარი თავი, ვიდრე ადამიანს სიძულვილის განცდა შეუძლია. შენ ღმერთი იყავი ჩემთვის, ღმერთის არსებობას მაჯერებდა შენი თითოეული გამოხედვა და ახლა დავკარგე საკუთარი თავის, სამყაროს და ყველაფრის რწმენა... შენ დაგკარგე, ანუ ღმერთი დავკარგე! ქალის თვალებს ცრემლები მოადგა. ვერ იჯერებდა იმას, რაც საკუთარი უწმინდური ხელებით ჩაიდინა, მაგრამ ყველაფერი ძლიერ გვიანი იყო. მხოლოდ მონანიებას თუ ექნებოდა აზრი. იქნებ თავისი ცოდვებით დამძიმებული სული მაინც შეემსუბუქებინა აღიარებით. ერთ სისხამ დილას, როდესაც ნამი გადაჰკვროდა სახლების აგურისფერ სახურავებს და სიცივისგან მობუზული ჩიტები მავთულებზე ჩამომსხდარიყვნენ, ივანეს წერილი მოუვიდა ელექტრონული ფოსტით. თავისი საყვარელი ქალისგან იყო. თითები ისე აუკანკალდა გახსნისას, თითქოს ეს-ესაა უნდა დაინახოს თავისი ცხოვრების სულის ჩამდგმელი და ბედნიერების მიმნიჭებელიო. წარმოიდგინა თხელი, გამოყვანილი ხელები, რომლითაც კომპიუტერის უხეშ კლავიატურას ნაზად ურტყამდა თითების ბალიშებს და თავისი ყოფილი ქმრისთვის წერილს წერდა: „ივანე, ალბათ ამას რომ წაიკითხავ, სამუდამოდ შეგძულდები. მემგონი, სჯობს გძულდე, ვიდრე საკუთარი თავი დაადანაშაულო ყველა უბედურებაში. მართალია, მე დამნაშავედ გთვლი, თუმცა შენი დანაშაული წმინდა სარეცლის წაბილწვა არ არის. სხვა რამ გაკისრია სასჯელად... მე მსურდა, გამეცანი, შემესწავლა შენი სისუსტეები და ამის შემდეგ, იმ გეგმის შედგენა დამეწყო, რაც გაგანადგურებდა. სრულიად მოულოდნელად კი, ჩვენი გაცნობის პირველივე დღის შემდეგ მივხვდი - შენ ჩემს გარდა სხვა სისუსტე არ გქონდა. არც არასოდეს გქონია. ერთი მხრივ, ქალურ ბედნიერებასა და თავდაჯერებულობას მმატებდა იმაზე ფიქრი, რომ შენი მსგავსი კაცის სუსტი წერტილი ვიყავი. ამ კაცის მზერა დამყვებოდა ნაცნობი ქუჩის ყველა კუნჭულში და მისი ფიქრების განუყოფელი ნაწილი გავხდი. არა, ნაწილი არა! მე მთლიანად დავიპყარი შენი ფიქრები, თავად მერქვა ფიქრი, რომელიც წამდაუწუმ, შენს გულსა და გონებას აკონტროლებდა. სრულად დაგიპყარი, ხელში ჩაგიგდე, გაგაწამე, გაგანადგურე... ზუსტად ეს იყო ჩემი ჩანაფიქრი, თუმცა ამას ის ბედნიერება და შვება არ მოუტანია ჩემი სულისთვის, რომელსაც მოველოდი. დიდი ხნის წინათ, ერთ მშვენიერ დღეს, მამაჩემმა გამომიცხადა, რომ გავკოტრდით. ახალგაზრდა შეგირდი ჰყოლია პარტნიორად და იმ შეგირდის დაუდევრობამ გააკოტრა. ისე მოხდა, მოგების ასი პროცენტი ახალგაზრდა გამოუცდელ ბიჭს დარჩა. მამაჩემმა კი ყველფერი დაკარგა, რაშიც საოცრად ბევრი შრომა ჰქონდა ჩადებული. ვერ გაუძლო მამაჩემმა. სუსტი აღმოჩნდა ცხოვრების წინაშე და თავი მოიკლა. ყოველ საღამოსა და ყოველ დილას ბრაზი მომდიოდა მშობელზე. განა შეიძლება, ფულის დაკარგვის გამო სიცოცხლე გაინადგურო და ერთადერთი ქალიშვილი ობლად დატოვო? ბრაზი მომდიოდა მის ეგოიზმზე, რომელმაც ყველა პრობლემა ერთი საშინელი ტყვიით გადაჭრა და ისე დამტოვა მარტო, თითქოს 20 წლის გოგონას შემძლებოდა ცხოვრების დინების კონტროლი. იმ პერიოდში, მამაჩემი საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა და ვიცოდი, რომ მისი განადგურების მოთავეც ქართველი იყო. ასე, ერთი წლის წინათ დავადგინე შენი ვინაობა. არ ვიცი, გახსოვს თუ არა ტომაზო როსინი, მაგრამ მინდა იცოდე, რომ მისი შვილი ვარ. შენ ჩემი გვარი იცოდა მთელი ამ ხნის მანძილზე და ალბათ, იმდენად უმნიშვნელო იყო მამაჩემი შენთვის, რომ მოგონებებიდანაც ამოშალე, თითქოს არც არასდროს უარსებია. წლების მანძილზე მკლავდა ბოღმა, შურისძიების სურვილით მეჟღინთებოდა სხეულის თითოეული უჯრედი და მის ყველა კუთხეში მხოლოდ დამნაშავის დასჯის მოტივაცია მასაზრდოებდა. თუმცა ეს საზრდო სულს იმდენად მინადგურებდა, რომ ბოლოს, სისხლისმსმელ მონსტრად ვიქეცი. და აი ჩვენც... მე და შენ... შენ და მე... ჩვენ თითქოს ერთ ორგანიზმად ვიქეცით. ერთად ვსუნთქავდით, ერთად ვარსებობდით. ვიცოდი, მე შენზე უარესი დამნაშავე ვიქნებოდი გეგმის განხორციელების შემდეგ და ამაზე ფიქრში, ისე შეგეხორცე, შენს გარეშე არსებობაზე ფიქრიც კი სხეულს მინაფოტებდა... მაგრამ ეს ჩემი გამოცდა იყო. უნდა გამეძლო, უნდა გადამეტანა. შურისძიება ხომ საშინელ საფასურს იღებს ყოველთვის? სინდისის საფასურს იღებს და ჩემი წამების სადარაჯოზე დგას ეს სინდისიც ყოველ წამს. ყოველ წამს ყურში მაგრად ჩამყვირის, რომ ნაგავი ვარ და ნაგვად მოვკვდები. სცენარი, რომლის მიხედვითაც მიღალატე, ჩემი დადგმული იყო. ამიტომაც არ გახსოვდა არაფერი. ან როგორ გემახსოვრებოდა ის, რაც არ მომხდარა? შემეძლო, ჩემზე მშვენიერი ქალი მომეგზავნა საცდუნებლად, მაგრამ ხომ ვიცი, ზედ არ შეხედავდი. შენ არ შეგეძლო ღალატი. ვიცი, რომ ამის შემდეგ ალბათ შემიძულებ, მაგრამ არც მომავალში შეგეძლება გული სახვას დაუთმო. ვერც მე ავიტანდი, თუნდაც მოგზავნილი მანდილოსანი თუ აგიჟუჟუნებდა თვალებს. მემგონი, მისი მოკვლა მომინდებოდა. ამიტომ, ყველაფერი ისე დავდგი, რომ ღალატის ილუზია შეგქმნოდა. მე პატიებას არ გთხოვ... არც იმას ვამბობ, გაპატიე მეთქი. ეს თავხედობა, ღმერთის დაცინვა იქნება ჩემი მხრიდან. მე უბრალოდ ამბავს გიყვები - ჩემი სულის დაცემის ამბავს. და კიდევ მინდა გითხრა, რომ ჩემი შურისძიების საფასური მხოლოდ სინდისის განუწყვეტელი ფეთქვა არ ყოფილა. შემიყვარდი... ზედმეტად შემიყვარდი და ამ სიყვარულის დათმობა იყო მთავარი ტკივილი. მიყვარხარ! მაგრამ სანაცვლოდ არ ვითხოვ არც პატიებასა და არც სიყვარულს. ვიცი, მხოლოდ ჩემდამი სიძულვილი აგიტანს ამის შემდეგ. და მაინც... ძალიან მიყვარხარ!“ ივანეს სუნთქვა შეეკვრა, ჰაერი აღარ ჰყოფნიდა და ეგონა, როგორც იქნა დადგა დრო, როცა საბოლოოდ განუტევებდა სულს.“ წყვდიადის ქაღმეთმა პატარა გოგონასავით დაიწყო ტირილი. ასე გულამოსკვდინი არასდროს დამხობილა ძირს და წლების განმავლობაში დაგროვებული გულისნადები არასდროს ამოუღია ერთიანად. თავისი გარდაცვლილი მამის სასახელსთან დამხობილსაც არ უტირია ასე. ცრემლების ფასში ჩაღვარა დანგრეული ცხოვრება და საყვარელი მამაკაცის ალერსმოკლებული ყოველდღიური ყოფა. გლოვობდა ხელებს, რომლებსაც ღამის წყვდიადიც ვეღარ უთბობდა. გლოვობდა და მზად იყო, სინათლის ღმმერთის წინაშე პატიებამოწყურებული მის მუხლებთან დაჩოქილს ეტირა უხვი, სიყვარულსდამონებული ცრემლებით. „ ივანე ადამიანს აღარ ჰგავდა. ალბათ ხმეცურმა ინსტიქტებმა მიიყვანა კატალინას სახლამდე ისე, რომ განვლილი გზა არ ახსოვდა. სდგამდა ნაბიჯებს და ყოველი ნაბიჯის შემდეგ, წინა ნაბიჯები ავიწყდებოდა. რაღაც სულელური ახალი ჩვევა ან დაავადება აიკიდა - ავიწყდებოდა წინაწამს მომხდარი. არადა, თითქოს ჯანმრთელი კაცი იყო, ამ ჯანმრთელობით განვლო ცხოვრება და ჯერ კიდევ ახალგაზრდას, ნამდვილად არ სურდა სკლეროზი ან მსგავსი დაავადება. ამასთან, არსებობდა ადამიანი, რომლის დავიწყებაც არ შეიძლებოდა. ლამის კარი ჩამოუღო კაკუნით. კატალინა არსად ჩანდა. არასდროს მოქცეულა ივანე ასე ნადირივით, მაგრამ იმ წამებში, ალბათ ასეც იყო საჭირო - წიხლით შეანგრია კარი და შეშინებულ კატალინას წინ აეტუზა. - ხმა არ ამოიღო - დაუღრიალა ყოფილ ცოლს - საზიზღარი, საძაგელი, უნა.... - ვეღარ დაასრულა. კატალინას თვალებს შეეჩეხა დაბნეულსა და ცრემლებით გაჟღენთილს. ან როგორ შეეძლო შეურაცხყოფის მიყენება ქალისთვის, რომელიც სულ რაღაც ორი დღის წინ გაგიჯებით უყვარდა? ყველაზე დიდ სირცხვილად ის მიაჩნდა ივანეს, კაცები რომ თავიანთ ყოფილ სიყვარულს ლანძღავდნენ, ფეხქვეშ თელავდნენ ოდესღაც განცდილ გრძნობას და წარსულის ბედნიერებას ტალახში სვრიდნენ. ან როგორ შეიძლებოდა აღარ გყვარდებოდა ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც გიყვარდა ჭეშმარიტი და წრფელი გრძნობით? სიყვარული ხომ არასდროს ჰქრება. ჰქრება მხოლოდ ის გრძნობა, რომელიც შემთხვევით მივიჩნიეთ სიყვარულად. - არასდროს მიმუშავია მამაშენთან - განაგრძო უცნაურად წყნარი ხმით. თითქოს, ამ რამდენიმე წამის წინ მოღრიალე კაცი ვიღაცამ შეცვალა და სულ სხვა დააყენა მის ადგილას. - ჩემი აწ გარდაცვლილი ბიძაშვილი მუშაობდა მამაშენთან, რომელიც ხუთი წლის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. იმასაც ივანე ერქვა და გვარითაც მემთხვეოდა - დაასრულა. კატალინა ახლა ისეთი უმწეო ჩანდა, როგორც არასდროს. ივანემ კი წამით ისიც გაიფიქრა, რომ დაემშვიდებინა, ატირებული ქალი გულში ჩაეკრა და ყველაფერი ეპატიებინა. მაგრამ მხოლოდ გაიფიქრა. ვეღარ გადაახტა თავის მამაკაცურ თავმოყვარეობას. გაიხურა ჩამონგრეული კარი და წავიდა კატალინასგან. წავიდა სამუდამოდ. და სამუდამოდ შემორჩა მის ნესტოებს ყოფილი ცოლის სურნელი“. * * * წყვდიადის დედოფალმა წიგნი სამუდამოდ დახურა. ტირილისგან დაწითლებული, ამოღამებული თვალებიდან ცრემლის კვალი შეიშრო და ცოტაოდენი მაკიაჟით ეცადა დაემალა სევდის ნაიარევი. ზურგმოშიშვლებული მუქი საღამოს კაბით შეიმოსა და სრიალა თმა მთელ სიგრძეზე ჩამოიყარა. უნდა ეცადა. ეცადა მაშინაც, თუ კი ეს მისი უკანასკნელი გაბრძოლება იქნებოდა ცხოვრებაში. დამარცხებაც ხომ ბრძოლის შედეგია და თუ კი გიბრძოლია, ესეიგი პატივაყრილი არასდროს იქნები. წყვდიადის ქალღმერთმა ერთხელ უკვე იზეიმა გამარჯვება სინათლის ღვთაებაზე, მაგრამ ასეთ გამარჯვებას რა აზრი ჰქონდა, თუ კი, დამარცხებული მსხვერპლი უფრო ღირსეული და ძლიერი აღმოჩნდებოდა მოგებულზე. ბარში შევიდა საღამოს. წყვდიადმა ისე დაატყვევა თავისგარემო, თითქოს ყველაფერ ნათელს არარაობისფერი გადაჰკვროდა და როგორც ყოველთვის, ღამე ბატონობდა სამყაროზე. - უთხარი, რომ ვერანდაზე ამოვიდეს - მიუგო ბარმენს. კაცმა უსიტყვოდ დაუქნია თავი და თავის უფროსთან მიირბინა. აღელვებით უთხრა, ქალბატონი გვესტუმრა და ტერასაზე გელოდებაო. სინათლის ღვთაებამ სიკვდილისთვის განწირულივით აიარა კიბე და მშვენიერი არსების წინაშე წარსდგა. ზამთრის სუსხიან საღამოს, ქალის ნატიფ სხეულს ცივი ნიავი აშორებდა ხავერდოვან თმას. ისეთივე მშვენიერი იყო წყვდიადის ქალღმერთი, როგორც უკუნით სიბნელეში მთვარის სხივებით განათებული ყვავილების ბაღი. - კატალინა - ჩაიჩურჩულა ქალის სახელი. ერთდროულად საზიზღარი და საყვარელი იყო კაცის ბაგეებიდან წარმოთქმული სიტყვა. - შეეძლო, სახელები მაინც შეეცვალა ელიზაბედს - მაგიდაზე მძიმედ დადო წაკითხული წიგნი - ან საავტორო უფლებებზე შემთანხმებოდა. თუ გგონია, რომ, რახან მე ვარ ყველაფერში დამნაშავე, ამდენის უფლება გაქვს? - განრისხებულ ხმაში მონატრებული მეუღლით გამოწვეულ ემოციებს გაჭირვებით მალავდა ქალღმერთი. - ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელობა იყო ეს წიგნი, როგორიც შენთვის - გამოუტყდა ივანე. - მეც ნაწყენი და გაოცებული ვარ, მაგრამ ამასთან, მონუსხულიც. ჩემზე უკეთ შეძლო სიტყვებში იმ გრძნობების გადმოცემა, რომლის გამომჟღავნებაც ყოველთვის მიჭირდა. - მნიშვნელობა არ აქვს - დანანებით შეხედა წიგნის შავ ფერებში შემოსილ ყდას. - რატომ მოხვედი? - ჰკითხა ივანემ - ამის სათქმელად შეგეძლო ელიზაბედისთვის მიგემართა. როგორც მახსოვს, შენი მეგობარიც იყო ერთ დროს. - ახლაცაა ჩემი მეგობარი - აღიარა კატალინამ - ადამიანებთან გავწყვიტე კავშირი, თუმცა ეს იმას აღარ ნიშნავს, რომ ისინი შევიძულე, ვინც წარსულში მიყვარდა. - ჩემი შეძულება უმიზეზოდაც შეძელი - ყრუდ გაუღიმა კაცმა. ამ ღიმილში დაინახა კატალინამ ბედის ირონია და დაკარგული მეუღლის უწინდებური სხივები შეიგრძნო, რომლის ღიმილი კვლავინდებურად ფანტავდა წყვდიადს და გარშემო მხოლოდ სინათლე ისადგურებდა ქალის გულში. - მაშინაც მიყვარდი, როდესაც ვფიქრობდი, რომ უნდა შემძულებოდი - გამოუტყდა ქალი. სიცოცხლის ფასი უჯდებოდა ყველა სასიყვარულო სიტყვა და შეცდომის აღიარება. - პატიების სათხოვნელად უკვე გვიანი ხომ არ არის? - პატიებას არ გთხოვ - უარჰყო ქალმა, თუმცა აქ სწორედ თავისი უწესობის გამოსასყიდად მოსულიყო. - აბა, რამის თქმა გინდა? - არ ვიცი - უსუსურად ამოიოხრა. ხელები ნერვიულად უოფლიანდებოდა, ივანეს დანახვაზე კი გული ისე უცემდა, გეგონა მის სხეულში ელვის სისწრაფით დაჰქროდნენ ქვემეხები. უკან დაიხია. საყვარელი მამაკაცის სახეს სინათლის შუქი მოჰფენოდა და თავგზას ურევდა, ტირილს ანდომებდა. სურდა მიერბინა და ამოუსუნთქავად დაეკოცნა მისთვის სქელი ტუჩები, თეთრი სახე, მისსურნელგარეული ჰაერი შეესუნთქა მთელი სიცხადით. უკან იხევდა, სიტყვები ეფანტებოდა, ფილტვები ეჩუტებოდა. კაცი კი ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა გაქცევამოწყურებულ ქალს. - კატალინა - კვლავ წარმოთქვა ქალის სახელი. რაღაც არაამქვეყნიურად ჟღერდა ივანეს ხმით წარმოთქმული ყველა ფრაზა. გასაკუთრებით კი „კატალინა“. ცრემლები წასკდა და არ უნდოდა, კაცის თვალებს მოჰხვედროდა მიზანში თავისი სისუსტე, ქალური დაუცველობა. - ჰო, მაპატიე... მიჭირს პატიების თხოვნა, რადგან აქამდე არასდროს ვყოფილვარ დამნაშავე - ამოთქვა მომაკვდავი გედივით. წვრილი წელი მოაჯირს მიაყდრო ძალაგამოცლილმა. ეგონა, გარშემო ჰაერი დაცლილიყო და ფილტვები გამუდმებით სთხოვდა მეტ ჟანგბადს. ჟანგბადს, რომელიც აღარ არსებობდა. წამიერად, იგრძნო, თითქოს მიწა გამოეცალა ფეხებიდან... თუმცა მიწა არ ყოფილა. ივანემ საკუთარი თვალებით იხილა, როგორ მოსწყდა ტერასის მოაჯირი ადგილს და მარმარილოსგან გამოთლილ მშვენიერ ქვებთან ერთად ყველა ძვირფას ქვაზე მშვენიერი, ფასეული ქალის სხეულიც შეუერთდა ჰაერს. ივანე წამიერად ვერ მიხვდა, რა ხდებობდა. სანამ ხმას ამოიღებდა ან გაიაზრებდა, რომ კატალინა ეზოს ცივ მიწაზე ეგდო მომაკვდავი, იქამდე საკუთარი სხეულისა და სულის სისუსტისგან აუკანკალდა გული. კატალინა გადავარდა. ივანე ადგილს მიეყინა და მის ქვეცნობიერს მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში ცხადად ეჯერა, რომ თავადაც მკვდარი იყო. * * * სასწრაფო დახმარების სირენების ხმა ახშობდა გარშემოო ყველაფერ ცოცხალსა და ბედნიერს. ივანე სუნთქვაშეკრული შეჰყურებდა საყვარელი ქალის გაქვავებულ სხეულს და მხოლოდ მის მკერდზე ფიქრობდა, რომელიც დროდადრო ამოებურცებოდა ხოლმე სუნთქვისგან. სუნთქავდა.... გარშემო ყველაფერი აზრს ჰკარგავდა კატალინას სუნთქვის გარდა. სუნთქავდა და ახლა მხოლოდ ეს იყო მთავარი. გამოღვიძეას ჰგავდა ივანეს სეაქცია, როდესაც ექიმებით გარშემორტყმული ქალის სხეულს გონებაარეული მივარდა. სახეზე და ხელზე ეფერებოდა. თავის მეგობარს დაურეკა, ცნობილი ტრავმატოლოგი იყო და კატალინას სხვას ალბათ ვერც ვერავის ანდობდა. მთელი ღამე საავადმყოფოს თეთრ კედლებში მომწყვდეულმა გაათენა. ეგონა, ცხოვრებაში ყველაზე დიდი კოშმარი გადაიტანა კატალინას სახით, მაგრამ წარსული მხოლოდ უსიამოვნო მოგონებად ესახებოდა აწმყოსგან განსხვავებით. ღამის მშოთვარე ძილს ჰგავდა - ყოველ ხუთ წუთში რომ სიზმარსა და რეალობას შორის გაჭედილი იღვიძებ და გგონია, ამაზე უარესი ღამე აღარ განმეორდება. სურდა ეტირა, ეყვირა, უმოწყალოდ დაემსხვრია გარშემო არსებული ყველა ნივთი, მაგრამ მასში მცხოვრები სასოწარკვეთილი ცხოველი შიგნით გამოამწვდია, სხეულში და ნივთების მაგივრად, ივანეს შიგნეულობას ამსხვრევდა გამწარებული. - გადარჩა - გამოვიდა მოულოდნელად გეგა- რამდენიმე ნეკნი აქვს დამტვრეული და ფეხი მოტეხილი. ტვინის შერყევაც აქვს, თუმცა ღმერთს ჰყვარებია, რომ მხოლოდ შერყევაა... მაგრამ მთავარი პრობლემა ამნეზიაა. - ღმერთო - ამოიოხრა ივანემ და ხელები სახეზე მოისვა. დაბუჟებოდა. ისე დაბუჟებოდა, რომ საკუთარი ხელების შეხებასაც ვეღარ გრძნობდა. - მოიცა, რააა? - თითქოს ახლა გაიაზრდა გეგასს ნათქვამი. - ამნეზია აქვს, სავარაუდოდ, დროებითი. ქირურგის ჩარევა არ დასჭირდა, ყველა ორგანო წესრიგში აქვს, თუმცა ბევრი რამე არ ახსოვს. და შენ ცუდად ხომ არ ხარ? ფერი არ გაქ, მემგონი, სჯობს შენც გაესინჯო. - არა, მე უკვე კარგად ვარ. არ ვახსოვარ? - ბებიამისი ახსოვს და კიდევ რაღაც თითო-თითო მოგონება. ხანგრძლივი მკურნალობა გვჭირდება რომ ზუსტად გავიგოთ, რა დანაკარგი აქვს მის მეხსიერებას. გეგამ კატალინას გადაღებული რენდგენები ანახა. - საშიში არაფერია. მძმიმე დარტყმისგან ხშირად აქვთ ხოლმე მსგავსი ამნეზია. იმედი ვიქონიოთ, რომ დროებითია. - მისი ნახვა მინდა! - ნარკოზიდან კაი ხნის გამოსულია და შეგიძლია შეხვიდე. - ასე ვერ შევალ. - აბა? - შენი ხალათი უნდა მათხოვო. - გაგიჟდი? - ჰო, მართლა გავგიჟდი და მართლა უნდა მათხოვო შენი ხალათი. - რაღაც სიგიჯეს აკეთებ და მეც მითრევ ხო? - ეგ შენს პრინციპებს ეწინააღმდეგება? - არა, რა სისულელეა - უპრობლემოდ გადაულოცა მეგობარს თეთრი მოსაცმელი. - ცხოვრებაში პირველად მოგინდა სიგიჟის ჩადენა და მე ღვთის წინაშე ამხელა ცოდვას ვერ ჩავიდენ, რომ ხელი არ შეგიწყო. - მედდებს გააფრთხილებ? - ჰო, აბა რას ვიზამ. გიჟივით შევარდა კატალინას სანახავად. ოდნავ დაბნეული გამომეტყველება ჰქონდა ქალს და აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს უსუსურად. ლოყები ასწითლებოდა.ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ახალგაღვიძებული. კაცს შეეძლო, დაუსრულებელი სიყვარულით სავსეს ეყურებინა ხოლმე მისი ნახევრადგამოფხიზლებული სახისთვის, წინ გამოწეული ტუჩებისა და აბურდული თმისთვის. - ცოცხალი ვარ? - ჰკითხა ქალმა. - კი, ცოცხალი ხარ - კატალინას ხმის გაგონება გამოღვიძებას ჰგავდა ივანესთვის. თითქოს, ამძაღებული ტბის ფსკერზე ჩავარდნილს, ფილტვები ჭუჭყიანი წყლით ავსებოდა და მაშინ, როდესაც ბოლო გაბრძოლებასაც აღარ ჰქონდა აზრი, ვიღაცამ ჰაერზე ამოიყვანა. ჩაისუნთქა, როგორც იქნა. ჩაისუნთქა და იგრძნო სიცოცხლე, რომელიც კატალინას სიცოცხლეზე იყო გადაფსკვნილი. - რა მჭირს? - ნეკნები გაქვს მოტეხილი, ფეხი და ტვინის შერყევა. ექიმმა არ გითხრა? - მითხრა, მაგრამ დამავიწყდა... თქვენც ექიმი ხართ? - ჰკითხა ქალმა მოულოდნელად. - რაა? - ჩემი ექიმი ხართ? - დიახ, დიახ, შენი ექიმი ვარ - გაახსენდა, რომ შენობით კი არა, თქვენობით უნდა ელაპარაკა, როგორც მკურნალ ექიმს პაციენტთან, მაგრამ ცოტა გვიანი იყო. - წინაზე, სხვა ექიმი იყო შემოსული. - რამე პრობლემაა მე თუ შემოვალ? - არა, უბრალოდ.... ჯანდაბა! - ამოიოხრა ქალმა. - ბებიაჩემი მახსოვს. ძალიან გემრიელ წვნიანს ამზადებდა. მამაც მახსოვს ბუნდოვნად და დედაც, მაგრამ მემგონი, იმ მოგონებებში ათი წლის ვარ. ახლაც ათის ვარ? - არა, ახლა ოცდაექვსის ხარ, ერთ თვეში ოცდაშვიდის ხდები. - ზედმეტი მოუვიდა კაცს. ქალმა დაწვრილებული თვალებით შეათვალიერა ივანე. - ივანე? - იკითხა თავადაც გაოგნებულმა. - ჰოო, ჰოო - სახე გაებადრა, თუმცა ჯერ ვერ გადაეწყვიტა, კარგი ამბავი იყო გახსენება თუ ცუდი. - ვმეგობრობდით? - მოჭუტული თვალი ახლა ეჭვისთვალურმა მოჭუტვამ შეცვალა. - ჰო. - დაუდასტურა კაცმა და იმ წამსვე, შესამჩნევი გახდა კატალინას წითლად შეფაკლული ლოყები. - ერთმანეთს ვხვდებოდით? - არა. - აბა? - უბრალოდ ვმეგობრობდით. იმედია, ეს ხელს არ შეგვიშლის ხო? - ამიტომაც შეცვალე ჩემი ექიმი? - თუ გინდა, იმას დავუძახებ. გინდა? - არ ვიცი... უფრო სწორედ, არა. - როგორ ფიქრობ, მალე გამოვჯანმრთელდები? - რა თქმა უნდა. ძალიან ძლიერი ხარ. - როგორ გადმოვვარდი? ხელი ხომ არ მკრეს? - არა. მოაჯირი მოენგრა აივანს და მაგისი პატრონი ნამდვილად დასაჭერია, რომ თავის დროზე არ მიხედა მაგ პრობლემას. - ლამის წიხლები დაიშინა თავში კაცმა. - მადლობ - ჩაიჩურჩულა კატალინამ და თავის ტკივილისგან თვალები მოჭუტა. ცოტახანს დუმილი ჩამოწვა. - მადლობას რისთვის მიხდი? - არ ვიცი, მზრუნველი ხმა გაქვს. - თავს როგორ გრძნობ? - მხოლოდ მაშინ ჰკითხა კაცმა, როცა მიხვდა, რომ ქალის ფართოდ გახელილ თვალებს ტკივილი აღარ სტანჯავდა. - ზოგჯერ მტკივა თავი. ნეკლებიც გაქვს მოტეხილიო, თუმცა საერთოდ ვერ ვგრძნობ. უცნაურად უემოციო და უშიშარი ვარ ამნეზიიანი ადამიანის კვალობაზე. - შენ ყოველთვის ასეთი იყავი. უშიშარი და... - უემოციო? - დააბოლოვა კატალინამ. - არა - ივანეს გაეცინა. კაცის ყველა ემოცია და შთაბეჭდილება ერთმანეთში ცისარტყელას ფერებივით იზილებოდა, რომელსაც შავიც ჩაუმატეს. მხოლოდ ერთი რამ იყო მისთვის ცხადი - დიდ ბედნიერებას გრძნობდა ქალის გადარჩენით. დანარჩენი მეორეხარისხოვანი იყო. თუმცა მეორეხარისხოვანი არ ნიშნავს უმნიშვნელოს. ქალი კი დაბნეულ შვლის ნუკრს ჰგავდა. მისი თვალებიდან კვლავინდებურად იფრქვეოდა ღამის წყვდიადი, თუმცა ქალღმერთს აღარ ახსოვდა თავისი ღვთიური სული. არც წყვდიადი და არც ის, რომ ღამის გამგებელი იყო. სადღაც, უსასრულობაში დაკარგული ღამე კი სასოწარკვეთით ეძებდა საკუთარ პატრონს,მთელი სამყაროს მასშტაბით გაჰკიოდა მის სახელს, მაგრამ მბრძანებელი აღარასდაც ჩანდა. მას დავიწყებოდა ღმერთად ყოფნის სირთულე. მისი სული ახლა შედარებით მსუბუქი, თუმცა უფერული გამხდარიყო. მხოლოდ ივანეს ხედავდა. ახსოვდა ის, მაგრამ არ ახსოვსდა მასთან დაკავშირებული რომელიმე მოგონება. კატალინამ უბრალოდ იცოდა, რომ ივანე ივანე იყო. კაცის უზომოდ ღიაფერის კანსა და ზღვაში გაფანტულ მწვანე თვალებს უცნაურად დაებნია ქალი. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი ახსოვდა, მანდ ზუსტად იცოდა ერთი რამ: რაღაც ხდებოდა ივანესთან დაკავშირებით, რაღაც, რაც მეგობრობის ზღვარს სცდებოდა და სიყვარულსა და რომატინტიკასაც კი ფარავდა თავისი სიდიადით. და უხაროდა... ზოგჯერ, როცა მოგონებები უკვალოდ ქრება, გულში მხოლოდ ამ მოგონებებისგან დარჩენილი გრძნობები იტოვებენ ადგილს. ადამიანებს შესაძლოა, არ ახსოვდეთ ათი წლის წინ დაღუპული ახლობლები, მაგრამ სამუდამოდ ემახსოვრებათ სიყვარული, რომელსაც ახლობლის მიმართ განიცდიდნენ. მაშინაც თუ მათი სახე აღარ იარსებებს კაცთა გონებაში, დარჩება სასიამოვნო სევდითა და სინანულით გაჯერებული შეგრძნებები. ასე იყო კატალინაც. მხოლოდ ის ახსოვდა, რომ უწინ, დღისით თუ ღამით, ადრე თუ გვიან, წარსულში თუ აწმყოში მას უყვარდა. უყვარდა ვიღაც... ეს სიყვარული გულს მაღვიძარასავით ჩაენიშნა სულში და ყოველთვის, როდესაც მოეშვებოდა, ხმაურიანი ზარები აფხიზლებდნენ, ახსენებდნენ, რომ ყველაზე სპეტაკსა და უანგარო გრძნობას განიცდიდა. - შენი მარჯვენა ხელი დამანახე. - სთხოვა კატალინამ. ივანემაც შეუსრულა გულისწადილი. - ცოლი რატომ არ გყავს? - უცნაური კითხვაა. მემგონი, ჯერ ვერავინ ვიპოვნე ისეთი, რომ ჩემი დატვირთული გრაფიკი და ზოგჯერ საშინლად უჟმური ხასიათი აიტანოს. - თამამი განცადებაა - გაეცინა კატალინას. - საშნლად მეძინება. - შეშჩივლა ივანეს. - კარგი, მარტო დაგტოვებ და დაისვენე. - არა! მეშინია მარტო ყოფნის და რამე ისეთის გახსენების, რაც სჯობს, რომ არ მახსოვდეს. - ყველა ადამიანის ცხოვრებაშია რაღაც ისეთი, რაც გვირჩევნია, არ გვახსოვდეს, მაგრამ ასევე ყველას გვაწუხებს წარსულის ცოდვები და გამონაკლისი არც შენ უნდა იყო - გაეცინა ივანეს. -ახლა თვალები დახუჭე და დაიძინე. წესით, უკვე შეიძლება შენი ძილი. - წელამდე ამოღწეული საბანი მკერდამდე აუცურა და ფარდებს მზის შუქი ჩაახშობინა ოთახში. - კარგი - დასთანხმდა ქალი და თავადვე გაუკვირდა, რომ ასეთი დამყოლი იყო ივანეს წინაშე. თვალები დახუჭა და მაინც ივანე წარმოიდგინა. კაცის ღია კანის ფერი და მუქი თმა უფრო ჰკვეთდა ფერად-მომწვანო მშვენიერ თვალებს. ზღვაში ჩაძირული სინათლის მსგავსად მშვენი ღიმილი ჰქონდა, მისი ხმა კი რაღაც ახლობელსა და გულში ღრმად ჩამარხულ, გაშეშებულ საიდუმლოს უტოკებდა. ძილმა წამშივე დაიპყრო მისი ტრავმირებული სხეული. გრძნობდა, შავ სიზმარშიც კი ეშინოდა იმის, რაც აღარ ახსოვდა. შიშით შეიმოსა გარშემო ყველაფერი და შიშმა დაუნაჭუჭა ყველა ძვალი ისე, გეგონება სიცოცხლეს აცლიდნენ ხელიდან. მხოლოდ ბინდსა და სიბნელეს ხედავდა. სხვა შემთხვევაში, მას გაეხაარდებიდა წყვდიადთან ზიარება, ახლა კი მხოლოდ დამფრთხალ, ადუღებულ სითხეს გრძნობდა ვენებში, სადაც სისხლი უმისამართოდ დაეხეტებოდა. - ივანე -იქამდე წამოიძახა, სანამ თვალებს გაახელდა. წამწამები როცა დააცილა ერთმანეთს, ადამიანის სილუეტი შენიშნა. - ივანე ის მშვენიერებაა წეღან რომ ჩამიარა? მემგონი, ყავის დასალევად გავიდა. - უთხრა მედდამ. - ექიმზე ვიკითხე - გაღიმება სცადა კატალინამ. - კი, ნამდვილად მშვენიერებაა. - აა, ივანე ექიმი - თვალები გაუფართოვდა მედდას. გეგას დარიგებები გაახსენდა პატარა ტყუილთან დაკავშირებით. - ჰო, ყავაზე გავიდა. - გაიღვიძა? - ჩუმად იკითხა პალატაში ფეხაკრებით შემოსულმა ივანემ. - გაიღვიძა - უპასუხა სიცილით კატალინამ. თავიც აღარ უსკდებოდა ტკივილისგან. - საჭმელი მოგიტანე. ხაჭოს კრემები შოკოლადით. - ღმერთო, ძალიან მიყვარს - თავი ოდნავ წამოსწია და მერე ტკივილისგან წამოიკვნესა. - გაჩერდი, რას აკეთებ - ივანემ თვითონ წამოაყენა ფრთხილად და მზრუნველი ბებიასავით ბალიში გაუსწორა ზურგთან. - შენ მაჭმევ თუ მე ვჭამო? და საერთოდ, ამას ის გოგო არ უნდა აკეთებდეს, პალატიდან რომ გავიდა, მაგრამ თვალი დაგადგა და ფანჯრიდან გითვალთვალებს? - ჰკითხა კატალინამ. - ქალები როგორ ადვილად ამჩნევთ ყველაფერს - გაეცინა ივანეს - ერთი წელი რომ ასე ეთვალთვალა, ვერ მივხვდებოდი. - ალბათ, რა ხშირად გითვალთვალებენ, თან რამდენია ეგეთი და შენ მათ არსებობასაც ვერ ამჩნევ - ქალმა პირი გააღო - დაე, ბოლომდე გაუსკდეს გული! - რა სიბოროტეა - პატარა ბავშვივით, კოვით აჭამა ხუთი კოლოფი. - მშვენიერ მადაზე ხარ. - რამდენი საათი მეძინა? - 12. - რას ამბობ - გაუკვირდა ქალს. - დაღლილი, დასუსტებული იყავი და აბა, რა გეგონა. - შენ არ წასულხარ სახლში? - არა, შენ გაღვიძებას ველოდი. * * * ერთი კვირის შემდეგ, როდესაც კატალინას ეტლით ეზოში გასეირნების უფლება მისცეს, ექიმთან ერთად საავადმყოფოს ლამაზ ბაღში აცეცებდა თავის შავ თვალებს და ივანეს მომთმენი მზერით ელოდებოდა. - რა საქმე ჰქონდა ივანეს, რომ ამდენი ხანი არ გამოჩენილა? - ჰკითხა გეგას კატალინამ. - რა ვიცი, ზოგჯერ მაგასაც აქვს საქმეები. - სახლში ვინმე ელოდება? - არა - ეშმაკურად ჩაეცინა ექიმს. - არ ჰყავს არც შეყვარებული, არც საყვარელი და არავის ხვდება. - მაგდენი არ მიკითხავს. - შეფარვით მკითხავდი და მე უნდა ჩავწვდომოდი, რათა შესაფერისი პასუხები გამეცა. ამიტომ, პირდაპირ მოგაწოდე ინფორმაცია. - გეგა - ჩაახველა ქალმა. - კიდევ რამე დარჩა საპასუხო? - მხოლოდ მეგობრები ვიყავით? - მოჭუტული თვალებით აჰხედა კატალინამ. - კი, ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვიყავით. - ვითომ ვერ მიხვდა. - კარგი რაა, რატომ მაწვალებ? დავიჯერო, არც ერთხელ დავუპატიჟებივარ პაემანზე? მე ხომ ასეთი ლამაზი ვარ. შემომხედე! უმაკიაჟოდ, გამოფიტული, კანგამომშრალიც კი ლამაზი ვარ. - შენ ზედმეტად ნარცისი იყავი და არ დაუპატიჟებიხარ არასდროს. - რაა? - საკუთარ თავზე გაბრაზდა ქალი - ვაშინებდი ჩემი საშინელი ხუმრობებით, სადაც სიმართლის მრავალი მარცვალი ერია? - ჰოო, ძალიან აშინებდი. ერთხელ, უნდოდა რესტორანში წაეყვანე, თუმცა გადაიფიქრა და სხვასთან წავიდა. ძალიან ლამაზად გთვლიდა, მაგრამ შენი საშინელი ხასიათი სწონიდა გარეგნობას. - მეღადავები? - გული ლამის საგულედან ამოუვარდა ქალს. - ჰო, გეღადავები და შენი პრინციც მოვიდა. - კმაყოფილი ხმით გადაუჩურჩულა კატალინას, როდესაც ეზოში შემოსულ ივანეს მოჰკრა თვალი. - შენ გაბარებ ამ კლდესავით უტეხ გოგოს, რომელმაც მხოლოდ ნეკნები, ფეხი და თავი დაიზიანა, იმის მაგივრად, რომ მომკვდარიყო - მხიარულად გადააბარა ქალი და თავად მარტო დატოვა წყვილი. - გიხდება ყოველდღიური ტანისსამოსი - ღიმილით უთხრა კატალინამ. ბოლო დროს, განსაკუთრებით ვერ მალავდა ივანეს დანახვისას სახეზე გადაფენილ ღიმილს. - შენც ძალიან გიხდება ყველაფერი - გაეღიმა კაცს. - რაღაც მინდოდა მეკითხა... - ოდნავ უხერხულად ჩაილაპარაკა ქალმა. - მკითხე, რაც გინდა. - როგორ ფიქრობ, შეიძლება ადამიანი ერთი დანახვითაც კი ისე შეისისხლხორცოს სულმა, თითქოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ? - ჰკითხა მოულოდნელად. - ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ რაც ბედნიერებასა და სიყვარულს გვანიჭებს, ვფიქრობ ყველაფერი შეიძლება - გაუღიმა კაცმა. კატალინა რომ პირველად დაინახა, ზუსტად ის მომენტი გაახსენდა. იმის შემდეგ, აღარც ჭამა უნდოდა და აღარც ძილი. სულ კატალინაზე ფიქრობდა. - რატომ გეღიმება? - რაღაც გამახსენდა. - თუ ვიღაც? - გამოიჭირა ქალმა. - ერთხელ, ერთი დანახვით შემიყვარდა ქალი. - ლამაზი იყო? - მოიღუშა კატალინა. - სუნთქვის შემკვრელად ლამაზი. მაგრამ ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მოგვიანებით, მისი ხასიათიც შემიყვარდა. საშინლად ჯიუტი იყო, ზოგჯერ თავხედიც თუმცა ამასთან, ჭკვიანი და ეშმაკიც. - რა ერქვა? - აღარ მახსოვს. - რა სისულელეა, როგორ შეიძლება, ის დაივიწყო, ვინც გიყვარდა. - და მართლაც, შეიძლება, ის დაივიწყო, ვინც გიყვარდა? - კითხვა შეუბრუნა კაცმა. - ეგ ისე მკითხე, რომ აშკარად ვიღაც მიყვარდა და დამავიწყდა - ანერვიულდა კატალინა - მითხარი, ვინ იყო? რატომ არც ერთხელ არ მნახა? - ეს მეტაფორული კითქვა იყო და შეგეძლო, უპასუხოთაც დაგეტოვებინა. დამშვიდდი. - ივანე საკუთარ თავზე გაბრაზდა, რომ ასე გაიყიდა თავი. - არა, მიყვარდა, ვიღაც მიყვარდა. - ვერ წყნარდებოდა კატალინა. ფეხზე დადგომასცადა, ეტლის სახელურებს დაეყრდნო და აკანკალებული წამოდგა. - რას აკეთებ, გააფრინე? - ქალი ეგრევე დაიჭირა, რომ არ დავარდნილიყო. გულის ჯიბინდან მრავავალჯერ დაკეცილი ქაღალდი ამოუვარდა. ჰაერშივე დაიჭირა... კატალინამ ხელიდან გამოსტაცა. - ეს რა არის? - ჰკითხა კეკლუცად. - არ გახსნა. რაღაც სერიოზული ჩანაწერია. - აღარ იცოდა, რა მოეფიქრებინა. - გავხსნი! შენ ხომ საშინლად თავხედი ქალი შეგიყვარდა უწინ. ჰოდა, მეც თავხედი ვარ - გაეჯიბრა და ქაღალდი გახსნა. ლექსი ეწერა: „ყოფილი ცოლის სურნელი შემომრჩა, მე მძულდა ის ქალი, მე მძულდა თითქმის. ეს ზიზღი ახლა სხვა გრძნობამ შეცვალა გრძნობამ, რომელიც ცხოვრებას მიშლის. მე ის კვლავაც მძულს, მძულს მთელი გულით ხარბად ვისუნთავ ოთახში ჰაერს, ჰაერში მისი სურნელი ტრიალებს და ფილტვებს მიწამლავს, სიცოცხლეს მართმევს. მაინც ვერ ვივიწყებ, წყეული გრძნობები! ჯვრისწერის ბეჭედსაც ცრემლები ატყვია, გარშემო ყველგან წყვდიადი გამეფდა და მოგონებები ფიქრსაც არ მაცლიან.“ - რა არის ეს? - თითქმის ყვიროდა ქალი. - კატალინა, არაფრის გამო პანიკაში რომ ვარდები, ხვდები? - ჰო და სწორედ ეგაა პრობლემა. არაფრის გამო, არასდროს ვვარდები პანიკაში. ახლა კი, თითქოს საკუტარ სხეულს ვერ ვაკობტროლებ. გონებას რაღაცის გახსენება სურს, მაგრამ ვერ იხსენებს. ამ ყველაფერზე კი ჩემს მთელ სხეულს საპასუხო შემოტევა აქვს. რაღაცაშია საქმე, რარაცას მატყუებ! ყოფილი ცოლი გყავს ხო? ცოლი გყავდააა? - ჰო, მყავდა - აკანკალებულ ქალს ვერაფრით შველოდა. - მე კი ვიღაც მიყვარდა! მითხარი ვინ მიყვარდა, ახლავე მითხარი, თორემ მოვკვდები! - ეგ ძალიან სასაცილო მუქარაა. - მართლა მოვკვდები - კაცის ხელებს დაეყრდნო, თავი ახლოს მიუტანა და წამით ტუჩებში აკოცა. მის გამომშრალ, გამოფიტულ ბაგეებს ჯერაც შერჩენოდა უწინდებური სითბო და ის არომატი, რომელიც ივანეს ძარღვებში სისხლს უდუღებდა. - მოვკვდები თუ მეტყვი, რომ ვიღაც მიყვარდა და ეს შენ არ ყოფილხარ - უთხრა ქალმა კანკალით. მისი თვალები კაცის თვალებში ჩაკარგულიყო. ისე ერწყმოდა მათი მზერა ერთმანეთს, როგორც ვარდის მოსაწყვეტად გაშვერილი ხელი იყო განწირული ეკლისთვის. წყვდიადი და სინათლე კვლავ შეერთებულიყო და სიყვარულს, რომლის გადაფარვასაც მთელი ამ დროის მანძილზე, მტრობით ცდილობდნენ, კვლავ დაემკვიდრებინა ცაში საფრენი ბილიკები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.