შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხაფანგი ~1~


14-12-2017, 20:04
ავტორი მერცხალი.
ნანახია 1 786

ხაფანგი
-ტყუილში შენ თვითონ მაცხოვრებდი. არ ვიცი, რას ფიქრობ, რა გინდა, მაგრამ მე აბორტს არ გავიკეთებ. არც ჩემს შვილთან მოკარების უფლებას მოგცემ.
-ეგ ბავშვი ჩემიც არის და ვერაფერს ამიკრძალავ. თუ მოვინდომე, ხომ იცი, რომ შენ თვითონ დაგტოვებ მის გარეშე.
მამაკაცის ხმაში მუქარის ნოტებმა კიდევ უფრო გააღიზიანა მირანდა. თვალებდაწვრილებული მიშტერებოდა სახეზე და უკვირდა, თუ როგორ სწრაფად სძულდებოდა საყვარელი ადამიანი, რომელთანაც მომავალს გეგმავდა.
ცალმხრივმა გრძნობებმა სახეში შემოულაწუნეს, იმედებიც ცალმხრივი აღმოჩნდა სამწუხაროდ, ყველა ოცნებას მოსტყდა ფრთა.
-ვერაფერს იზამ, როგორც არ უნდა მოინდომო, ეს იცი. -საკუთარ თავთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ მშვიდად მიუგო ქალმა, -შენ ხარ მოღალატე და მატყუარა. მე კი შენს წინაშე არანაირი ბრალი არ მიმიძღვის, შენთვის არასოდეს არაფერი დამიშავებია, ერთი საყოყმანო სიტყვაც კი არ მითქვამს. შენი შეცდომა ეს ბავშვი კი არა, ის არის, საკუთარ თავს უსიყვარულოდ რომ აცხოვრებდი ჩემთან, ლევან, მეც რომ მატყუებდი... ვერ ვხვდები, რატომ?
-ახლა ჩვენი სალაპარაკო ბავშვია და არა წარსული ურთიერთობა, -ხმა გაიმკაცრა კაცმა, წეღანდელი მუქარა შემოძარცვოდა ტემბრიდან. -შენ ვერ ამიკრძალავ ვერაფერს. ორივეს შვილია და ნუ ცდილობ ანგარიშსწორებას მისი საშუალებით.
-წესიერად მელაპარაკე, თორემ გეფიცები, დანაპირებს აგისრულებ! -ბრაზი ყელში მოაწვა მირანდას, გაწიწმატებული წამოხტა ფეხზე და სკამის საზურგეზე ჩამოკიდებული მანტო ისე მოიფრიალა, კინაღამ თვალები დასთხარა ლევანს.
ზამთრის სიცივემაც ვერ შეძლო მისი ადუღებული სხეულის დაცხრომა და შეგრილება. უკვე წარმოუდგენია, როგორ დაუწყებენ ყურებას მარტოხელა დედას, მაგრამ სხვისი აზრი არ ადარდებდა. მშობლებისთვის როგორ აეხსნა ყველაფერი, ეს არ იცოდა. მათ დიდ დარტყმას მიაყენებდა, მაგრამ ლევანიც კარგად შეილანძღებოდა დედ-მამის თვალში.
მხოლოდ მეგობარს - კესოს უთხრა ორსულობის შესახებ და ისიც ისეთი პირმოკუმული დადიოდა მირანდაზე დადარდიანებული, ლევანზე გაბრაზებული, რომ აშკარად ეტყობოდა დიდი საფიქრალი.
აბორტი არ შეუთავაზებია ლევანს, ისედაც იცოდა, ალბათ, რომ ვერ მიიღებდა სასურველ პასუხს. ერთი სიტყვაც არ გაუზვიადებია მირანდას, რაც უთხრა. ყველაფერი იგულისხმა.
მისნაირი კაცები არ იმსახურებენ ისეთ ოჯახს, როგორზეც მირანდა ოცნებობდა მასთან.
რა ოსტატურად და გრაციოზულად გამოუცხადა, აღარ მინდა შენთან ურთიერთობა და არც არასოდეს მყვარებიხარო, თითქოს ხელის თხოვნას აპირებდა თავხედი. არადა, მართლა ჰქონდა მოლოდინი მირანდას. ხუთწლიანი შეყვარებულობის პერიოდიდან ნელ-ნელა გადავიდნენ სერიოზულ ფაზაზე და რას იფიქრებდა, ასე გულცივი და ცარიელი თუ აღმოჩნდებოდა ლევანი.
-ტყუილად ჩავყარე ხუთი წელი წყალში. საშინელი, საზიზღარი ადამიანის თვალებში ყურებით ისე დავბრმავდი, ისიც ვერ შევამჩნიე, რომ მსახიობობდა! ჯამბაზი! -ილანძღებოდა გზაში შარფში ცხვირპირჩარგული.
ო, როგორ ეზიზღებოდა იმ წამს. მოღალატე კაცებისგან არაფერი განასხვავებდა თითქოს. რა რთული ყოფილა ტყუილში ცხოვრება, როდესაც ამას ძალიან გვიან გებულობ.
თავის გაყინულ ბინაში შეძვრა. მაშინვე ჩართო გამათბობელი და თბილ ფლოსტებში გაუყარა ფეხი. საკიდზე ჩამოჰკიდა შავი მანტო და კარი საკეტით ჩაკეტა.
სამზარეულოში გავიდა და სანამ წყალი ადუღდებოდა, კიდევ ერთხელ დაფიქრდა, თუ რას გააკეთებდა.
მშობლებზე დამოკიდებული დიდი ხანია აღარ არის. ბინაც საკუთარი ფულით იყიდა, ყველაფერი თავად მოიწყო და პირიქით - იქეთ ეშველება დედ-მამას, მაგრამ ყველაფერი ანაზღაურებადი უზრუნველყოფა ხომ არ არის. მშობლების ნდობას ვერასოდეს შეიძენდა ფულით.
სწორედ იმის დაკარგვის ეშინოდა, რასაც ვერასოდეს იყიდდა.
-როგორ დამაბრმავა თვალთმაქცმა! -კბილები გააღრჭიალა. ტირილიც კი არ უნდოდა გაწბილებულს, ცრემლებიც კი დაშთომოდა უძილობისგან ამომშრალ თვალებში. -როგორ მომატყუა, გამაცუცურაკა!
და ამ ბრაზს მიღმა იმხელა მფეთქავი ტკივილი იმალებოდა, ისეთ ვულკანს ეღვიძა, ვერავინ მიხვდებოდა რას იტევდა მისი გული. გონების რომელიღაც კუნჭულში საგულდაგულოდ მიეჩქმალა აზრი, რომ ლევანის ამ საქციელსაც ჰქონდა გამართლება,მაგრამ თვალახელილს არ შეეძლო მისი ნდობა. ლევანს კი არა მასზე ფიქრსაც ვეღარ ენდობოდა უკვე.
ტელეფონთან ერთად ჩაიდანიც აწკრტიალდა.
-გისმენ, კესო.
-სად ხარ? სახლში თუ ხარ, გამოგივლი.
-კი, გამომიარე.
-გინდა რამე რომ წამოგიღო?
-არა, კასი, მადლობა. ჯერ არ მინდება ხოლმე რამეები. -გაეღიმა მეგობრის კითხვაზე, -თუმცა რომ მომინდება, აუცილებლად დაგირეკავ.
-მე კი არა - ლევანს დაურეკავ და გააწამებ იმ საძაგელ კაცს! -ხმა გაებზარა კესოს. -არ უნდა შერჩეს შენი გულის ტკენა ასე მარტივად.
-მობრძანდი და წამების გეგმა მოვიფიქროთ.
* * *
-მასთან გადასვლა რომ გთხოვოს, გადახვალ? -შეპარვით ჰკითხა კესომ.
არ უნდოდა მირანდას გაბრაზება, ან წყენინება, უბრალოდ, მართლა აინტერესებდა, რას გააკეთებდა.
-არა, არ გადავალ. -სიტყვები მტკიცედ კი ჩანს, მაგრამ ხმა მეტისმეტად გაბზარული და შერყეული ჰქონდა მირანდას.
-არ ვიცი, რა. რა ეტაკა მაგ ბიჭს, რა მოუვიდა? -მხრები აიჩეჩა კესომ. გაოგნებული ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა გონს. -ისეთი კარგი ურთიერთობა გქონდათ. ნუთუ ხუთი წელი იმისთვის გეფოფინა, რომ შენთან სექსით დაესრულებინა ყველაფერი?
-კესო, ნუ მელაპარაკები ეგრე, თორემ შეიძლება ჭკუიდან შევირყე. -თვალები დაუქაჩა მეგობარს მირანდამ, -მაგ კითხვას მეც ვუსვამ საკუთარ თავს და დამიჯერე, საერთოდ ვერ ვპოულობ პასუხს.
-იქნებ, რამე მოხდა ისეთი, რასაც ვერ გეუბნება? -კითხვებს მიწასავით აყრიდა მეგობარს.
-კესო, იქნებ, მართალია? რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ გადავუყვარდი? ან ამდენი ხანიც არ ვუყვარდი და გვიან მიხვდა?
-ზღაპრებს ნუ მელაპარაკები, შენი ჭირიმე, რა! -ხელი ჩაიქნია კესომ და ტუჩები მობურცა. -ხუთი წელი როგორ ვერ უნდა მიხვდე, რას გრძნობ ადამიანის მიმართ? მე მაინც მგონია, რომ სადღაც სხვაგან არის დამარხული ძაღლის თავი.
-გეხვეწები, არ გვინდა მაგაზე. ჩემებისთვის ჯერ კიდევ არ მითქვამს. არადა, არ მინდა გამობერილი მუცლით დავადგე თავს და ათასი კითხვის ნიშანი გავუჩინო...
-უნდა გააწამო ის კაცი, რა! რომ გთხოვოს, ჩემთან გადმოდიო, არ უნდა წახვიდე მაგის სახლში, თუ მაინც და მაინც, ყველაფერში არ გაგარკვევს. აქეთ ირბინოს შენ სანახავად მისი შვილის გულისთვის.
-ნეტავ როგორი იქნება ჩემი ცხოვრება ერთი წლის შემდეგ? -დივანზე წამოგორდა მირანდა. მუცელი ჯერ კიდევ არ ჰქონდა შესამჩნევად გამობერილი, თუმცა თავად მაინც გრძნობდა საკუთარ თავში ცვლილებას.
-ყველაფერი კარგად იქნება. ვერ ვიტან ამ სიტყვებს, მაგრამ ამჯერად ამის მჯერა. ახლა წავცუნცულდი სახლში, თორემ ირაკლისთან მარტო მყავს დატოვებული ის გიჟები და ჭკუიდან შეშლიან მამამისს!
-მომენატრნენ ეგ პარაზიტები. შემოგივლით ამ დღეებში. თან ექიმთან უნდა წავიდე გასასინჯად.
-წამოგყვები, თუ გინდა. ერთი დღე გავითავისუფლებ თავს.
-კარგი, რა, კესო! რად მინდა შენი წამოყოლა.
-ხო, მართალი ბრძანდები! იმ ვაჟბატონს დაურეკავ და წაიყვან.
* * *
ოდნავ მიეძინა, რომ ზარის რეკვის ხმა გაიგო. უკვე საკმარისად ბნელოდა გარეთ, თუმცა გვიანი მაინც არ იყო. რვას აკლდა წუთები.
ფაცხა-ფუცხით წამოდგა ნახევრადმძინარე და თვალები მოისრისა. შუქი აანთო და ხელით შეისწორა წინ წამოქოჩრილი თმა.
სანამ გააღებდა, რამდენჯერმე კიდევ დააკაკუნეს. ჭუჭრუტანიდან ვერაფერს ხედავდა, ისე ბნელოდა სადარბაზოში.
-რომელი ხარ? -იკითხა თავდაცვის მიზნით.
-მე ვარ. გააღე.- ლევანის ხმა რომ მოესმა, წარბები შეყარა და ხასიათი გაუფუჭდა.
-რა გინდა? -ჰკითხა, კარები რომ გაუღო. სახლში შებრუნდა და სამზარეულოსკენ წავიდა ფრატუნით.
-შენთან სალაპარაკო მაქვს. -უკან მიჰყვა მამაკაციც და სამზარეულოში სკამზე ჩამოჯდა, თან თვალს არ აცილებდა მის ახლადგაღვიძებულ სახეს.
-რით ვერ გამოგელია ეგ სალაპარაკო? -თვალები გადაატრიალა მირანდამ და მისკენ მიბრუნდა. -დროზე მითხარი, სანამ ბოლომდე გამიფუჭდა ხასიათი.
-იმის ახსნას ნუ მომთხოვ, რაც არ შემიძლია. უბრალოდ, არ ვაპირებ ბავშვზე უარის თქმას და არ მიხუმრია, რაც დღეს გითხარი. ჩემს შვილთან ვიქნები, გინდა თუ არა ეს შენ. მინდა, რომ ჩემთან გადმოხვიდე...
-არა! -გააწყვეტინა მირანდამ მაშინვე. -შენთან ვერ ვიცხოვრებ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მითხარი. ყველა სიტყვა მახსოვს, რაც მითხარი და შენ რომ შემოგხედავ, სულ გამახსენდება.
-არ განიხილება, მირანდა. -მკაცრად მიუგო ლევანმა.
-არ მაინტერესებს! -ჯიუტად უთხრა გოგომ და ხელები გადაიჯვარედინა. -შენ რაც გინდა, ის იფიქრე და ილაყბე. მე ჩემი სახლიდან არსად არ მივდივარ.
-ხვალ შენებთან მივდივართ და ყველაფერს ვეუბნებით.
-სიმართლეს? თუ ვატყუებთ, რომ ბედნიერები ვართ და როგორც იქნა, დაოჯახება გადავწყვიტეთ? -ცრემლი გაუკრთა თვალებში მირანდას, მაგრამ მალევე შეიმაგრა თავი. -არ მაინტერესებს-მეთქი.
-ყველაფერს რატომ ართულებ? აბა, რის გაკეთება გინდა? ასე მარტო უნდა იყო ყოველ დღე?
-ყველაფერი ისედაც რთულად არის, ლევან. მე კი შენთან ცხოვრება არ მინდა. -გაჯიუტდა მირანდა.
-არ განიხილება-მეთქი. ახლოს უნდა იყო ჩემთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე გადმოვალ აქ, მაგრამ ამ ერთ ოთახში არამგონია დავეტიოთ.
-არ ვიცი, უნდა დავფიქრდე. -ოდნავ დაუმშვიდდა ხმა მირანდას. -ყველაფრის გადახარშვა მჭირდება.
-დიდხანს ნუ გაწელავ დროს...
-ლევან, ჩემს გაბრაზებას ნუ ცდილობ, ისედაც თავი მისკდება ამდენი ფიქრისგან. -დაემუქრა მირანდა და ადუღებული წყალი ჭიქაში ჩაასხა. -მე ასე უფრო კარგად ვგრძნობ თავს. დამიჯერე, როდესაც რაიმე დამჭირდება, აუცილებლად შეგატყობინებ. უბრალოდ, არ შემიძლია შენთან ცხოვრება, რა... ნუ მთხოვ...
-და სხვებს რა პასუხი გავცეთ? შენებს როგორ ავუხსნათ? ჩვენს ირგვლივ ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც ვუყვარვართ და შეიძლება ვერ გაიგონ, ამას რატომ ვაკეთებთ. მართალია, სხვის სურვილებზე ვერ იცხოვრებ, მაგრამ თუ არ შეგაწუხებს მათი წუხილი შენი გაურკვეველი მდგომარეობის გამო, მაშინ ისე მოიქეცი, როგორც გინდა.
-რატომ უნდა ვფიქრობდე სულ იმაზე, სხვა რას იფიქრებს? ზრდასრული ადამიანი ვარ, მომბეზრდა ყველასთვის ანგარიშის ჩაბარება.
-არავინ გთხოვს , ანგარიში აბარო. შენი ოჯახის წევრები სხვები არ არიან, მათ ვერ მოსთხოვ მშვიდად ყოფნას, როდესაც შენ ასეთ მდგომარეობაში ხარ.
-და რას მთავაზობ? მოვატყუო? როგორც შენ მომექეცი, ისე მოვექცე მათაც? -თვალებში ჩააშტერდა ლევანს და იქ სინანულის ერთი ნამცეციც რომ ვერ შენიშნა, მზერა მოარიდა გაბრაზებულმა.
-როგორც გინდა, ისე მოიქეცი. მე არაფერს გაძალებ. -მშვიდად მიუგო კაცმა და ფეხზე წამოდგა. -რის სათქმელადაც არ უნდა წახვიდე შენს მშობლებთან, მეც შენთან ერთად წამოვალ. მე ბავშვის მამა ვარ, ვინც არ უნდა ვიყო შენთვის.

პირველი, საცდელი თავია... ვნახოთ, რამდენად დაიმსახურებს თქვენს მოწონებას და აღგიძრავთ ინტერესს :))))



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

საკმაოდ საინტერესო ჩანს, ველოდები გაგრძელებას, იმედია მალე ვიხილავ, წარმატებებიი :))))

 


№2 სტუმარი Ucnobi

კარგია და საინტერესო, ოღონდ თუ მალ-მალე დადებ და არ დაიკარგები

 


№3 სტუმარი სტუმარი თიკო

საინტერესოა.დაძაბულიც კი ვკითხულობდი რადგან ვერ ვიტან მოღალატე ადამიანებს.ოღონდ თვეში ერთხელ ნუ დადებ ზოგიერთებივით. ????

 


№4  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ძლიივს კარგი ისტორია მეღირსა. რა თქმა უნდა ფავორიტი ისტორიები მაქვს, მაგრამ ახალი, სასიამოვნო წასაკითხი მჭირდებოდა. პირველივე თავიდან ჩამითრია. დიდი იმედი მაქვს გააგრძელებ აუცილებლად და არ შეწყვიტავ. შესაბამისად მკითხველი არ მოგაკლდება. წარმატებები

 


№5 სტუმარი mari

რა კარგია, რაღაც ახალს და გამართულს რომ კიხულობ... სიამოვნებით წავიკითხავ გაგრძელებას. წარმატებები!

 


№6  offline წევრი ))♡

Kargiaa da gaagrdzeeleeee raaa momewonaaa ds davintrigdi "sad marxia dzaglis tavi' netav ????????????????????????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent