შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორ სამყაროს შორის


19-12-2017, 21:56
ავტორი ნილისმა
ნანახია 1 448

მე ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, არაფრით გამორჩეული, მეგობრების, თაყვანისმცემლებისა და ნაცნობების გარეშე. გოგო ჰაერის მოლეკულასავით გამჭირვალე, რომლის მოსვლასა და წასვლას ვერავინ ამჩნევდა...
დაახლოებით რვა წლის ვიყავი, როცა მამამ მიგვატოვა, ამას მოჰყვა დედას დაუსრულებელი დეპრესია, ვუყურებდი, როგორ იჯდა გაშეშებული და ვერაფრით ვშველოდი, მაშინ გავაცნობიერე, რომ მასზე უნდა მეზრუნა. მე და დედამ პოზიციები გავცვალეთ, მე ვიყავი მშობელი, ის კი- შვილი, რომელსაც მუდამ ყურადღება სჭირდება.
როცა თექვსმეტი წლის გავხდი, დედამ ჩემს დაბადების დღეზე ვიღაც უცნობი მოიყვანა და მითხრა, რომ მასზე დაქორწინებას აპირებდა. გამიხარდა. ყოველთვის მაკლდა მამობრივი სითბო. ორ თვეში ერთად გადავედით საცხოვრებლად. მე და ლევანი- დედას ქმარი, კარგად ვუგებდით ერთმანეთს, უფრო მეტიც, ვმეგობრობდით.
თვრამეტი წლის ასაკში მივხვდი, რომ მჭირდებოდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, რათა გამეგო, ვინ ვიყავი, როცა არავინ მიყურებდა.
დედას ყველაფერი ავუხსენი, ვთხოვე, რომ სამსახურის დაწყებამდე ჩემთვის ბინის ქირა გადაეხადა.
ცოტა გაუჭირდა გაგება, ბუდიდან ჩიტების გაფრენაზე დაიწყო საუბარი, მაგრამ ლევანმა დაამშვიდა.
მისი აზრი დედასთვის მნიშვნელოვანი იყო, ამიტომაც დამთანხმდა.
მეორე დღესვე ვიპოვე ბინა მყუდრო ადგილას, ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა- სიმშვიდე.
ბინა დედასაც მოეწონა. ნივთების ჩალაგება დავიწყე და გავაცნობიერე, რომ ბავშვობასთან დაკავშირებული ძაფები ერთი მეორეს მიყოლებით წყდებოდა.
ახალ სახლში ერთ კვირაში გადავედი, დედამ დამხმარე ქალი დამიქირავა და ყველაფერი მალევე დავალაგეთ.
ჩემი ახალი ცხოვრების პირველ წამებს მძაფრად შევიგრძნობდი, ეს იყო სევდანარევი თავისუფლება, თავისუფლება ჩემს საკუთარ საკანში. მოლოდინი არ გამართლდა - მხოლოდ საცხოვრებელი შევიცვალე, სხვა ყველაფერი უცვლელი დარჩა...
ჩვეულებრივ უნივერსიტეტში დავდიოდი, თითქმის მთელ ქალაქს გავდივარ, სანამ დანიშნულების ადგილამდე მივაღწევ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ დავიკარგე და ვერავინ მპოულობს. ქალაქი მყლაპავს, ცდილობს ამ ბეტონის ჯუნგლების ნაწილად მაქციოს.
კრიტიკულ წამებში, როცა ჩემს გონებას ფიქრი იპყრობს და სული სხეულიდან გასვლას ნატრობს, თავს მუსიკას ვაფარებ. სიმღერებს ყოველთვის ხმამაღლა ვუსმენ, რათა სამყაროს ხმები დავახშო და მისმა ფეთქვამ ჩემამდე არ მოაღწიოს. როცა დედას ჩემი ფიქრების შესახებ ვუამბე, ფსიქოლოგთან მიმიყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეცადა, ფსიქოლოგთან საუბარზე უარი განვაცხადე და საბოლოოდ ჩავიკეტე საკუთარ თავში.
მალევე გარდავიცვალე
ჩემი სიკვდილის დღეც ზუსტად ისე გათენდა, როგორც დანარჩენი დღეები თენდებოდა.
ზოგადად, ჩემი ცხოვრება არაფრით იყო გამორჩეული, ეს მონოტონურობაც დავაფასე, თუმცა გვიან...
სიკვდილზე ბევრი რამ წამიკითხავს, მე მორწმუნე ოჯახში გავიზარდე, დედა ბავშვობიდანვე მასწავლიდა, რომ სააქაო სიცოცხლის დასრულებიდან მეორმოცე დღეს საიქიო ცხოვრება იწყება. მჯეროდა ამის, უფრო სწორად, ძალიან მსურდა, დამეჯერებინა. გვირაბის ბოლოს სინათელსაც მთელი სიცხადით წარმოვიდგენდი ხოლმე. წარმოვიდგენდი, რომ თეთრ სამოთხეში ანგელოზების გვერდით ვიჯექი და მათთან ერთად სხვადასხვა ინსტრუმენტზე ვუკრავდი.
საათს დავხედე. მაგვიანდებოდა. გადასასვლელ ხიდზე ასვლასა და გზის გადაკვეთას ვერ ვასწრებდი. ქუჩაში არც ისეთი გადატვირთული მოძრაობა იყო, ამიტომ გზაზე გადასვლა გადავწყვიტე. ახლაც მახსოვს, ზუსტად ამ დროს never let me go ჩაირთო და მეც ნაბიჯები ავუწყვე. ქუჩის მეორე მხარეს თითქმის მივუახლოვდი, როცა შეჯახება ვიგრძენი და თითქოს 206 ძვალი ერთდროულად გადატყდა...
ვგრძნობდი, როგორ იღვრებოდა რაღაც თბილი ჩემი სხეულიდან, მესმოდა ხმები, ჩემთვის უცნობი ადამიანების ცრემლებით მისველდებოდა სახე ... თვალებს ვერ ვახელდი, მინდოდა ყველასთვის მეთქვა, რომ ცოცხალი ვიყავი, მაგრამ ტუჩები არ მემორჩილებოდა...
ბოლო წინადადება იყო ,, სასწრაფოში დარეკეთ'' და ჩემმა სხეულმა ჩემსავე გამოფიტულ და დაუძლურებულ სხეულზე უარი თქვა...
სიჩუმე უაზროდ იწელებოდა. საკუთარ თავს ზემოდან დავყურებდი და უკვე ვხვდებოდი, რომ ჩემი ცხოვრება ამ პლანეტაზე სრულდებოდა. მე ყოველთვის ვიძახდი - ამ პლანეტაზე გავლით ვარ-მეთქი, მაგრამ არ მეგონა, ასე სწრაფად თუ ამოიწურებოდა დედამიწაზე ჩემი, როგორც ტურისტის მოგზაურობის დრო.
სხეული თითქოს უწონო გახდა, თითქოს ჰაერს შევერიე და ვიღაცამ ღრმად შემისუნთქა, საკუთარ თავს ვეღარ ვფლობდი, მე მე აღარ ვიყავი...
ბურუსში უაზროდ დავეხეტებოდი და გასასვლელს უშედეგოდ ვეძებდი. ყოველი კარის მიღმა ისევ კარი ჩნდებოდა, ვფიქრობდი, რომ გავაღწიე და ისევ ნისლში ვეფლობოდი...
არც გვირაბი იყო, არც სინათლე მის ბოლოს, სამოთხე და მუსიკალური ანგელოზებიც არსად შემხვედრია... რატომ? ნეტავ, საკმარისად არ მწამდა? რამე განსაკუთრებულის გაკეთება იყო საჭირო, რათა საიქიო ცხოვრების კარი გამეღო?
სად მთავრდებოდა მიწა და სად იწყებოდა ცა?
წამიერად ვიგრძენი, რომ არ მინდოდა ჩემი ძველი ცხოვრების დატოვება, არ მსურდა ნისლად გადაქცევა...
დიდი ხნის შემდეგ პირველად მივმართე ღმერთს, ვთხოვდი, ვემუდარებოდი, უკან დავებრუნებინე, ვპირდებოდი, რომ შევიცვლებოდი და თითოეული, სულ მცირე დეტალით დავტკბებოდი, ურთიერთობა მექნებოდა მის შექმნილ სხვა ადამიანებთან- მიწით გამოძერწილ მამაკაცებთან და მათი ნეკნისგან გამოთლილ ქალებთან.
როცა იმედი გადამეწურა და აჩრდილად ყოფნას დავნებდი, ისევ ჩამესმა ადამიანის ხმა - ,,სამ თვლაზე ვწევთ... ერთი, ორი. სამი...



№1 სტუმარი სტუმარი shalo

https://youtu.be/DhcwlHxrii0

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent