შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოლეანდრა (5)


22-12-2017, 15:35
ავტორი MariamG
ნანახია 1 474

“შეგიძულებდი, თუმცა შეყვარება მსურს.“
*-*-*

ბნელ დარბაზში დაბალ ხმაზე შრიალებდნენ ფარდები. ვიღაც ფრთხილად მოძრაობდა, მაღალ ავეჯს ეფარებოდა და ყოველ წამს კარისკენ აპარებდა მზერას.
მაღალი ფანჯრებიდან მთვარის რძისფერი შუქი იღვრებოდა და მარმარილოს იატაკს სიკვდილისფრად ზემოდან აწვებოდა. ჩუმი ღამე იყო.
მაიოტას თავადის ორხედშუა მომწყვდეული სასახლის ეზოში საოცრად თოვდა. ფიფქები სწრაფად, ერთმანეთის მიყოლებით ეხეთქებოდნენ მიწის დაფარულ ზედაპირს. დარბაზში მყოფი ფანჯრისკენ აპარებდა თვალს, პირდაპირ უმზერდა ქალის ფრთიან ქანდაკებას, რომელსაც სითეთრით ამოვსებულ თვალებში მხილების კვალი ეტყობოდა. სიგიჟე იყო, ამ უკანასკნელს თითქოს ნამდვილად სწამდა, რომ ქანდაკება უყურებდა - ფრთებს აშრიალებდა, კალთაში დაკრეფილ, გაყინულ თითებს ერთმანეთში ხლართავდა, ტუჩის კუთხეებს ზიზღით მაღლა სწევდა და ქვის თვალებს ბოროტად აპარებდა მისკენ.

როგორც იქნა სიბნელეში გასაღები მოარგო იქ მდგომ ერთადერთ ტუმბოს და გახარებულს სახეზე ღიმილი აუთამაშდა. არაჩვეულებრივი, გამარჯვების წამები ექნებოდა, რომ არა წყვილი სანთლის შუქი, მასზე დაცემული. სხეული შიშით მოეგრიხა, ნელა შემობრუნდა, საკუთარი გულისცემა ჩაესმოდა ყურებში და გამშრალ ტუჩებს ილოკავდა, გაფართოებულ თვალებში სწრაფად მოძრავი გუგები ლამის ამოვარდნოდა. მხოლოდ მას შემდეგ მოითქვა სული, რაც შუქზე არეკლილი ვივიენი დაინახა. წამოდგა, დაიფერთხა საღამურები და ოფლიან შუბლზე ხელი გადაისვა. ქალი უძრავად იდგა, ზიზღით შეჰყურებდა მის წინ მდგომ ჯამბაზს. სანთელი იქვე მდგარ როიალზე გადადო და ხელები ერთმანეთში გადახლართა.
ანდრე მორელი დამშვიდებული ჩაესვენა სებასტიანის სავარძელში, ძვირფას ტყავს უხეში ხელები თავხედურად გაუსვა და ფეხებიც კი შემოაწყო თავადის მაგიდაზე.
-ძვირფასო ვივიენ, ნუთუ თქვენც ჩემი საქმის გაზიარებას აპირებთ?
-მხოლოდ თავადის გაღვიძება მსურს, მინდა ჩემი თვალით ვიხილო როგორ გისვრის თოვლსა და ყინვაში დედიშობილას გარეთ. -ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა ქალმა და მორელს თვალი გაუსწორა.
-არ გინდა დრამატიზება, სებასტიანს ნახევარი ქონება ალბათ უკვე გაუნიავე. საბრალო, ვერც კი ხვდება ამ მშვენიერების მიღმა რა იმალება. -მხრები აიწურა ანდრემ და უდანაშაულო სახე მიიღო.
-რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გეშლება, მორელ. მე მოხეტიალე მასხარა არა ვარ, მდიდარ ოჯახებს არ ვძარცვავ, არც ვინმეს სისხლში მაქვს ხელები გასვრილი, მე ქალებს არ ვასახიჩრებ, მათზე არ...
-გეყოფა. -სწრაფად წამოდგა მორელი და ვივიენს პირზე ააფარა ხელი. -ზედმეტად ბევრს ხომ არ ლაპარაკობ, მშვენიერო? გგონია, სებასტიანს თავი შეაფარე და ასე გამექეცი? გგონია, ეს ცინგლიანი თავადი დაგიცავს? მოგასმენინა მაინც, შენზე რას ფიქრობს! ორი კურდღლის ერთად დაჭერა არ გამოგივიდა, იმდენად სულელი არ არის, რომ შენს მახეს წამოეგოს, მაგრამ არც იმდენად ჭკვიანია, რომ ხელი დაგაფაროს. ნეტავ შენს ცარიელ თავში ჩამახედა, გამაგებინა, აქ რამ მოგიყვანა?! -ქალს სული შეეხუთა, მორელის ძლიერი ხელი აუტანლად უჭერდა პირსა და ცხვირზე, ქალს ჰაერი აღარ ჰყოფნიდა, ლუღლუღებდა, ხელს უქნევდა ანდრეს ბოროტ სახეს, თუმცა უშედეგოდ. უშედეგოდ, როგორც ყოველთვის...
-საცოდავი, უბედური ქალი ხარ, ვივიენ! -ჩაეცინა მორელს და ხელი შეუშვა, სამაგიეროდ ყელში წაუჭირა, გააკავა და კედელს ააყუდა. -არც გამტყუნებ, მე რომ შენნაირი ცხოვრება მქონოდა, ალბათ მეც ამ გზას დავადგებოდი. თუმცა იცი, რა? ძაღლმა პატრონს არ უნდა უკბინოს. -ანდრემ ხელი ძლიერად მოიქნია, მის ფეხებთან გაგორდა ვივიენი, ცალ ხელს ნატკენ ყელზე იჭერდა და პირით სუნთქავდა, მეორეთი - იატაკს ეყრდნობოდა. წვა იგრძნო მარცხენა ლოყაზე, თუმცა აუტანელი არ ყოფილა, შეუპოვრად ასწია თავი და წამოდგა. „თავადი უნდა გავაღვიძო, უნდა გავაღვიძო!“ -გაუელვა ქალს. უნდა ეხმაურა, თუმცა ისე, რომ თავადის მეტს არავის გაჰღვიძებოდა. მორელი ქალის თხელ პერანგს დასწვდა,ერთი მოძრაობით გახია და მეორედ, უფრო მწარედ მოუქნია ქალს ხელი.
-ძუ*ნა! რის შეთავაზებას აპირებდი? სხეულით ვაჭრობა ხომ არ გადაგიწყვიტავს? ჰმ? იქნებ შენსა და თავადს შორის ბევრად მეტია, ვიდრე ზიზღი? -შემზარავი, თუმცა ყრუ ხმები ისმოდა სებასტიანის დარბაზში. ქალი უძლებდა ყოველ მწარე შეხებას, მისი სქელი ბაგეებიდან მოთქრიალებდა სისხლის წყარო. თეთრი კანი ასწითლებოდა, ნატკენი ადგილები აუცილებლად დაულურჯდებოდა. ქალი როიალს მიაწვა, წამიერად გაიჟღერა ჩუმ დარბაზში მაღალმა ბგერებმა. ანდრემ ხელი მოჰკიდა ქალს, მუშტად შეკრული ხელი მოუღერა.
-არანორმალური ხარ, ანდრე. ფსიქიკურად შეშლილი. -აღმოხდა ქალს, როცა მის თავზე წამომდგარ კაცს ხელში მაკრატლის ბასრი პირი აუელვარდა. -მომკალი! გგონია, ამის მეშინია? -გაეცინა ვივიენს. -როგორ ფიქრობ, ადამიანს ამით დასჯი? არ მტკივა, მორელ! იმდენჯერ დამარტყი, რამდენჯერაც ამას შენი დაზიანებული ტვინი მოგთხოვს, თავს დამნაშავედ მაინც არ ვიგრძნობ, მხოლოდ შენ შემეცოდები, შეგიბრალებ, რომ ამდენად უსუსური ხარ, ამდენად ემონები ხორცს. მიდი მორელ, უბრალოდ გაიმარტივე ცხოვრება, მეტად ნუღარ შემაცოდებ თავს. -ქალის სახე სისხლით მოთხვრილიყო, მხოლოდ მისი თაფლისფერი თვალები ელვარებდნენ ცეცხლისფრად. მის სფეროებში ჩაბუდებულ ეშმაკს მეტი სურდა, ქალის გრძნობები ერთბაშად გათიშულიყო, არ ეწვოდა არც ერთი იარა, არ სტკიოდა არც ერთი ადგილი. პირიქით, მეტიც სურდა. წამება უნდოდა, ტკივილი უნდოდა, რომ რამე მაინც გატოლებოდა მის ადრინდელ ტკივილებს. რამე მაინც ყოფილიყო მეტად მწარე, მეტად მტკივნეული. თუმცა არ იყო საკმარისი. ეს უკანასკნელი არაფრად ვარგოდა, ახლოსაც ვერ მიდიოდა.
მის თავზე წამომდგარ კაცს ბაგე უთამაშებდა, მისი თვალები მართლაც რომ ავადმყოფურად გაფართოებულიყვნენ. წამი აკლდა ვივიენის თხოვნის ასრულებას, ერთადერთი წამი, რომელიც არა და არ დადგა. დარბაზი ჯერ განათდა, შემდეგ კი მორელის ხელში მოგუდული მაკრატელი წკრიალით დავარდა. სამაგიეროდ, ანდრე დაეცა, მის ზემოდან კი სებასტიანი მოექცა, რომელიც გამწარებული აცეცებდა თვალებს.

*-*-*
ქალს სიმწრით სახე მოეღრიცა. მის თავთან იჯდა თავადი და დახეთქილ სახეს უმუშავებდა. საათები გასულიყო, რაც დუმილის აღთქმას არავინ არღვევდა. მხოლოდ ვივიენის სუსტი შეყვირებები და დაბეჟილ ადგილებზე შემოწოლილი კვნესა ისმოდა.
-საკმარისია, თავადო. თენდება. სჯობს დაისვენოთ.
-ერთადერთი ვერ გამიგია. -საქმე განაგრძო თავადმა და ვივიენს შესიებულ ლოყაზე ყინული დაადო. -ანდრე მორელის ცოლი ხარ? -ქალმა თავადის ხელები მოიშორა, გაჭირვებით წამოიჯდა და თავადს გაუსწორდა. დიდ ხანს უყურებდა თვალებში, მის ოკეანისებრ სფეროებში იკარგებოდა.
-გულისამრევია. თქვენ ჩემზე ზრუნავთ.
-ერთხელ უკვე გითხარი, სანამ მაიოტაში ხარ, ნებისმიერ ფასად დაგიცავ, როცა აქედან წახვალ, აღარ დამაინტერესებ. -ვივიენმა თავი დაუქნია.
-მამაჩემმა დაუკითხავად დამნიშა მასზე. ანდრემ თავგზა აუბნია, ის ქუჩის მაწანწალაა. ფულს ტყუილებითა და თაღლითობით შოულობს, არც მამაჩემია გამონაკლისი. ალბათ გგონიათ, ან გსმენიათ, რომ ჟან ნიკოლა თავის ქალიშვილს არაფერს აკლებდა. -მწარე სიცილმა გაუპო ქალს ნატკენი ბაგე. -იმის გარდა არაფერს გეტყვით, რომ ეს მტკნარი სიცრუეა. მორელზე დანიშვნის დღიდან მისცა მას უფლება შემხებოდა მაშინ, როცა მოისურვებდა და იქ, სადაც მოისურვებდა. სხვას არაფერს გეტყვით, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს დარბაზში შემემთხვა.
-ზურგზე, შენი ნაიარევები. -უემოციოდ გადახედა სებასტიანმა ქალს. -ისიც მორელის ნახელავია?
-არ გითხარით, არაფერს ვიტყვი-მეთქი?
-ყველა მათგანი?
-თავადო.
-ნეტავ, ბასრი საგნით?
-შეწყვიტეთ!
-ან იქნებ, როზგის კვალია?
-საკმარისია.
-ბნელი ოთახი? თუ განათებული? -ქალს თვალები აემღვრა. მის ცეცხლისფერ სფეროებში აირეკლა ტკივილის მძაფრი შეგრძნება.
-აღარაფერი თქვათ.
-გამორიცხული არაა, სარკეც ყოფილიყო. ერთი, ან ბევრი. მე მინახავს თქვენს სახლში პატარა, ცივი ოთახი, სადაც უამრავი სარკეა.
-სებასტიან, გემუდარებით, ხმას ნუ ამოიღებთ.
-მსხვერპლს აიძულებენ ხოლმე, სარკეში უყურონ საკუთარ წამებას. ხელებშეკრული, პირახვეული, მხოლოდ თქვენი თაფლისფერი თვალები და აუტანელი ტკივილი, რომელიც ნელ-ნელა ასატანი გახდა. ვივიენ, რატომ გახდით არასასურველი შვილი? ნუთუ მორელიც ძალადობდა თქვენზე? ყოველწამს, როცა მოისურვებდა. თქვენი შემოხეული პერანგიც კი ამას ამცნობს ადამიანს. იმდენად შეეჩვიეთ უღირს მოპყრობას, რომ აღარც გრცხვენიათ. კიდევ ერთი კითხვა, ქალიშვილო. -ვივიენს მთელი ეს დრო თვალები დაეხუჭა, მხოლოდ კანკალებდა, ტუჩები გათეთრებოდა და მთელი სხეულით ბორგავდა.
-რატომ დგებით შუაღამესა და განთიადზე ნახევრად შიშველი აივანზე, როცა იცით, რომ ასე ცივა? რას შველის სიცივე? თქვენს ცეცხლმოკიდებულ იარებს? ბოლო როდის მიიღეთ ვივიენ, წამოსვლისას? რას ყინავს მოზამბიკის სრუტე, თქვენს შემორჩენილ სითბოს? რატომ ხართ აქ, რატომ გჭირდებით? თუკი გჭირდებით, რატომ მემტერებით? რატომ მემუქრებით, რატომ მთხოვთ, რომ გაგანადგუროთ? ხედავთ, ვივიენ, ეს კიდევ ძალიან ცოტაა იმ კითხვებიდან, რაც თქვენ მე გამიჩინეთ. -ქალს სუნთქვა გაუჭირდა, თუმცა მაინც მოიკრიბა ძალები, ამღვრეული შიგნეულობა თითქოს ჩააცხრო, თვალები გაახილა და ცეცხლმოკიდებული სფეროები შეანათა თავადის ოკეანეებს. სებასტიანს მშვენიერ სახეზე დაძაბულობა გადაჰფენოდა.
-მხოლოდ ის მსურს, რომ მძულდეთ.
-მაშ, რა გიშლით ხელს? შემიძულეთ, ვივიენ. შემიძულეთ ისე, რომ თქვენი ნივთები მოაგროვოთ და შორს გაემგზავროთ. ჯანდაბაში გაიყოლეთ თქვენი ინტრიგები და ანდრე მორელი.
-მანამ არა თავადო, სანამ თქვენ არ შემიძულებდეთ. -ორაზროვანი იყო ქალის პასუხი, გააცია კიდეც თავადი. უცხო მუხტმა დაუარა მთელს სხეულში და საფიქრალი გაუღრმავა. გაოცებული შეჰყურებდა ვივიენს და წამით მართლაც სურდა, რომ შესძულებოდა.
-ნუთუ ასე გსურთ, რომ მიყვარდეთ? -გაეღიმა თავადს.
-სიყვარულის მართლა გწამთ? -გაეღიმა ვივიენსაც.
-ღმერთივით, ვივიენ. მწამს, მაგრამ ჩემი რწმენა ასეთია - მანამ დავსვამ კითხვებს, მანამ ვუტრიალებ გარშემო, სანამ მისი მადლი არ ამავსებს. და იცით, ამას ვისთან აკეთებენ? ადამიანებთან, რომლებიც მეტად ჰგვანან პატარა, თბილ ტაძარს. შესაძლოა მათთან მიახლოებამდე ბევრჯერ გეტკინოს, თუმცა მათ კალთებქვეშ შეყუდებული, შენს ღმერთს იგრძნობ. -სიმშვიდე ჩამოწვა ქალის საძინებელში. თავადი წამოდგა, კარისკენ დაიძრა. მხოლოდ ვივიენის სუსტმა, იმედგაცრუებით გაჟღენთილმა ხმამ შემოაბრუნა იმ საღამოს ბოლოჯერ.
-და იმ გზაზე, ძალიან რომ გეტკინოს? -ცრემლებით ავსებოდა ქალს მანამდე ბოროტებით ამოვსებული თვალები. უძრავად იჯდა და ბავშვური, ნაიარევებელი თვალებით შეჰყურებდა თავადს.
-ტკივილის გეშინიათ, ვივიენ?
-უბრალოდ, არ მსურს.
-ესე იგი, არ გეშინიათ?
-ნუთუ საკუთარ თავზე უფრო საშიში შეიძლება იყოს?
-ერთხელ უკვე გითხარით, საოცრად გიხდებათ ქალური სენტიმენტები, უბრალო, საშინაო კაბები და საყვედურნარევი ხმა. თუკი ადამიანი უბედურებას იხდენს, ესე იგი მყარად დგას. თუმცა ძალიან მოგიხდებოდათ სახლი, რომელშიც მოუთმენლად დაელოდებოდით საყვარელი ნაბიჯების ხმას.

*-*-*
-მოგესალმებით, ბატონებო. -გაისმა საბჭოს დარბაზში ნაცნობი ხმა. დარბაზის შუაგულში მისტერ კლოდი იდგა და წრიულად დამსხდარ საზოგადოებას მიმართავდა.
-შეკრების მიზეზი შემდეგი გახლავთ : გასულ ღამეს, თავადი სებასტიან გრეის სახლში გაუმართლებელ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მისი სტუმარი, რომელიც ქალაქში საპატიო სტატუსით გამოჩნდა, თაღლითი გახლავთ. ხოლო თავადის მეორე სტუმარი, პატივცემული ქალბატონი - დაზარალებული. ქალაქში გავრცელებული ჭორების გამო, რომ სებასტიანი სათანადო ფორმაში არაა და მის სახლში მომხდარი შემზარავი ისტორიები ქალაქზე აისახება, დღეს აქ შეგკრიბეთ, რათა გადმოგცეთ თავადის პასუხი, რაც წინასწარ გაგაფრთხილებთ, წინააღმდეგობის გაწევის უფლებას სრულიად გართმევთ. -მისტერ კლოდმა ზიზღით სავსე მზერა მიაპყრო დარბაზს და თავადის გადმოცემული წერილი მაგიდაზე გაშალა, რაც გარკვეულწილად წაკითხული უკვე ჰქონდა და გული უწუხდებოდა.
-პატივცემულო საზოგადოებავ, თავადი სებასტიანი გატყობინებთ, რომ მიუხედავად მომხდარი გაუგებრობებისა, ქალაქი საფრთხის წინაშე არ დგას. მასსა და თაღლით სტუმარს შორის მომხდარი ინციდენტი ვახშმის შემდგომი, ალკოჰოლის ზემოქმედებით გამოწვეული შეხლა-შემოხლა გახლდათ, რითაც, სამწუხაროდ, მცირედ დაზარალდა ქალბატონი. აგრეთვე, თავადმა გულდასმით წაიკითხა ყველა წერილი, რაც მოსახლეობის ხელით მისულა მასთან და პატივისცემით, სიხარულით გიხდით მადლობას. პოსკრიპტუმ -თავი გააქნია მისტერ კლოდმა და წერილს ჩახედა. -მადლიერების ნიშნად, თავადი ნებას გრთავთ ქალაქში სადღესასწაულო სამზადისი დაიწყოთ, რაშიც დიდ წვლილს შეიტანს ვივიენ რიჩარდსი. ზამთრის ხარჯები გამოყოფილია და ქალაქის ყველა პრობლემა მოგვარებულად ითვლება. სულ ეს იყო. -მისტერ კლოდმა ტრიბუნა დატოვა, წერილი ჯიბეში ჩაიკეცა და თავის ქნევით დატოვა დარბაზი. აღსანიშნავი მხოლოდ ის იყო, რომ კლოდის მონოლოგი რადიომიმღებით გადაეცემოდა მაიოტას მთელს მოსახლეობას და საბჭოს შენობიდან გამოსულს ჩაესმოდა აღტაცებული შეძახილები. „სადღესასწაულო სამზადისიო“ -ხმადაბლა იკურთხებოდა მისტერ კლოდი. „საბრალო მამათქვენი, ვინ იცის, როგორ ბრუნავს საიქიოში!“.

*-*-*

-თავადის ნახვა მსურს! -სახლში შეიჭრა მისტერ კლოდი და დარბაზის კართან აყუდებული ანტუანი ერთი ხელის მოქნევით მოისროლა გარეთ. კარი გადარაზა და სებასტიანს თავზე წამოდგა. მეტად გამხიარულებული ეჩვენა იმ დილას.
-დილამშვიდობის, მისტერ კლოდ.
-მშვიდობაო! -შეჰყვირა კლოდმა და შლაპა მოისროლა. -მშვიდობა მაშინ მქონდა, ვიდრე თქვენს სადღესასწაულო წერილს მთელს ქალაქს წავუკითხავდი! როგორ შეგიძლიათ ასე გადაუსვათ ხაზი მომხდარს? ერთ დღეს, იმ შეჩვენებულმა რომ ქალაქი გადაწვას რას იზამთ, სებასტიან, ნუთუ ფერად მორთულობად ჩათვლით და დღესასწაულს აღნიშნავთ?
-მისტერ კლოდ, აქ საკმარისი ჰაერია, შეგიძლიათ ამოისუნთქოთ. -გამხიარულდა თავადი და უდარდელად მიეყრდნო საზურგეს.
-ან იმ ეშმაკის ნაშიერის წინ წამოგდება რაღა იყო, ჰმ?! შთამბეჭდავი იქნება მაშხალებით მორთული მაიოტა. -თვალები გადაატრიალა კლოდმა.
-მისტერ კლოდ, დამშვიდდით. ეს წერილი რომ არა, ქალაქს პანიკა მოიცვავდა. ანდრე მორელი მეტად საშიშია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ის კი არ შეიძლება, რომ ამას სხვებიც მიხვდნენ. რაც შეეხება ვივიენს, მისი დამალვა მხოლოდ იმას დაამტკიცებს,რომ საქმე სერიოზულია. ვივიენი ხალხში გაერევა, ყურადღებასაც გადაიტანს, დამშვიდდება და ჩემს საქმესაც წაადგება.
-ან შეარჩევს რომელ დეკორაციაზე სჯობს ჩვენი გატყავება!
-სასაცილო ხართ. -ხმამაღლა გაეცინა სებასტიანს და საზურგეზე გადაწვა. -ამ საღამოს ერთად ვივახშმებთ.
-გთხოვთ, ბოლომდე ნუ იტყვით. -შეწუხდა კლოდი.
-მე, თქვენ, ვივიენი, რამდენიმე სტუმარი და ანდრე. -მისტერ კლოდი მეხდაცემულივით წამოვარდა, შეჰყვირა და კედლებს ეცა.
-ჭკუაზე შეშლილხართ, თავადო! მე არ მოვალ, გეფიცებით, ფეხს არ მოვდგამ! არც კი გაბედოთ თქვენი ღრმადფილოსოფიური შეთავაზებების გაკეთება, მე თქვენი სადღესასწაულო მარიონეტი არა ვარ! იმ მკვლელსა და მოძალადეს გვერდზე როგორ მივუჯდებით, სებასტიან? ან ის საბრალო ქალიშვილი, წარმოდგენაც კი არ მინდა.
-მისტერ კლოდ, ზოგჯერ მგონია, რომ სულელად მთვლით.
-ვერ უარვყოფ. -გაიჯგიმა მისტერ კლოდი. სებასტიანი წამოდგა, თავი გააქნია და კლოდს მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი.
-ანდრე მორელის ხმაურიანი დასჯა ჩემს რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედებს. ყველაფრის მიუხედავად, მორელმა მსოფლიო მოიარა და მტრებთან ერთად, ბევრი გაიძვერა მოყვარეც ჰყავს. წარმოიდგინეთ ჟან ნიკოლა, რომელმაც ანდრე და ვივიენი დანიშნა, გაიგებს ამ ამბავს და მამაჩემის ისტორია განმეორდება. ჩემი სიკვდილი თქვენს სიკვდილს ნიშნავს, რადგან მე ჯერჯერობით მემკვიდრე არა მყავს და ქალაქში ყველა პატივცემულს თავი მოაბეზრეთ თქვენი მწარე იუმორითა და ზიზღიანი მზერით.
-ღმერთის სახელით, ჯერჯერობითო რომ ამბობთ, თვალწინ თქვენი და ვივიენის მემკვიდრე წარმომიდგება : ეშმაკის კუდითა და თქვენი სახით. წარმოდგენა არა მაქვს რომელია უარესი! კარგით, იყოს ასე. თუმცა სულ ბოლოჯერ! -მისტერ კლოდის სახალისო, თუმცა არასასიამოვნო კომენტარმა სებასტიანი ცუდ ხასიათზე დააყენა. მართლაც, რომელი იქნებოდა უარესი?!

*-*-*
-ამანათი თქვენს სახელზეა, ქალბატონო. როგორც გამაფრთხილეს, შიგნით წერილიც დევს. აუცილებელი მოთხოვნა მხოლოდ ის იყო, რომ წინააღმდეგობა არ გაგეწიათ. -ვივიენმა საკმაოდ დიდი ზომის ყუთის შეტანის უფლება მისცა მოსამსახურეს, შემდეგ კი მარტო დარჩენილმა დიდ ხანს უტრიალა გარშემო. ხან ხელებს იმტვრევდა, ხან ფრჩხილებს იკვნეტდა - არ იცოდა რა იყო, ვისგან იყო და თუ არ გახსნიდა, ვერც გაიგებდა.
ნელა მიუახლოვდა ყუთს, ფრთხილად ასწია ზედა ნაწილი და მართლაც შენიშნა ლამაზად დაკეცილი წერილი. ვივიენმა ფრთხილად გადადო გვერდზე, თხელი აბრეშუმი გადასწია და იქიდან წითელი, საკმაოდ ძვირადღირებული და ძვირფასი საღამოს კაბა გადმოაფინა საწოლზე. მონუსხული შეჰყურებდა შედევრს, ხელში წერილი ეჭირა. ყუთში კი კიდევ იდო რაღაც. ერთად შეკრული ოლეანდრების თაიგული. ეუცხოვა ქალიშვილს, არც ესიამვონა. თუმცა ძალიან სურდა წაეკითხა რას იწერებოდა ავტორი. წერილი გაშალა, ამოქარგულს ჰგავდა ასოების მოხაზულობა, ვივიენმა კაბა და თაიგული ხელებში მოიქცია და წერილის კითხვას შეუდგა.
„ძვირფასო,
დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც გულწრფელნი აღარ ვყოფილვართ ერთმანეთთან. ორჯერ გითხარით, რომ საოცრად გიხდებათ უბრალო კაბები და ალბათ ირონიულია, როცა ძვირფას კაბას გისაჩუქრებთ, თუმცა დარწმუნებულიც კი ვარ, რომ მოიხდენთ და შეისისხლხორცებთ მხოლოდ ერთი ღამით.
პირველად რომ დაგინახეთ, წითელი, აბრეშუმის საღამოს პერანგი გეცვათ, აივანზე იდექით და ოკეანეს გადაჰყურებდით. მაშინ მივხვდი, რომ წითელი თქვენი ფერია, ოღონდ იმიტომ არა, რომ თქვენი თმა ცეცხლისფერია. ეს მშვენიერი ფერი, როგორც ძლიერ ქალს, ისე გამშვენებთ. სისხლის, ტკივილისა და ცრემლის მიუხედავად, ძლიერი ბრძანდებით, ვივიენ. მნიშვნელობა არა აქვს რამდენად კარგი ხართ - მხოლოდ ის, რომ ძლიერი ხართ.
თუ ამ მომენტს თქვენს წარმოსახვით წიგნში ადგილი მოეძებნება, აუცილებელ პირობად დაურთეთ, რომ ჩვენ მტრები ვართ, მხოლოდ გულწრფელი მტრები.
იცით, ვივიენ, ცოცხლებს ყოველთვის ავიწყდებათ მკვდრები. აღარ დადიან მათ საფლავებზე სიცივის, სიზარმაცისა და შეგუების გამო. მაგრამ ცოცხალი სიცოცხლეში უნდა მოიკითხო, უნდა დარწმუნდე, რომ მყარად დგას.
იმ ტკივილის გზაზე,რომელზეც ვისაუბრეთ, ერთი რამ აძლებინებს ადამიანს - იმედი, რომ იქ მისული უკეთესი იქნება. თუ ამ გზაზე წასვლა ნამდვილად გსურთ, ამ კაბის ზურგს ნუ დაიწუნებთ.

პატივისცემით, სებასტიანი.“

ვივიენმა საჩქაროდ გადმოაბრუნა კაბა. კაბის ზურგი მთლიანად ამოჭრილი იყო. თვალები აემღვრა ქალს. წლების მანძილზე რასაც მალავდა, ის უნდა გაეშიშვლებინა. უყურებდა ამოჭრილ ზურგს და რაღაც სტკიოდა, მწარედ სწყდებოდა. „უნდა დარწმუნდე,რომ მყარად დგას.“ - გაახსენდა თავადის სიტყვები. არ იდგა მყარად, რადგან ეშინოდა, რადგან სტკიოდა, ფრთხილობდა და უფრთხოდა.
ნელა წამოდგა, თხელი ხალათი გაიძრო და ფრთხილად ჩაიცვა კაბა. სარკისკენ ნელა შებრუნდა, ზურგით დადგა, კრუნჩხვა მოედო მის სხეულს, ჰაერი ვერ იმყოფინა. საზიზღარი იყო ყველა ნაიარევი, რომლებსაც ტანსაცმელი ვეღარ ფარავდა. მუხლებზე დაეცა ვივიენი, ღრმად ამოიკვნესა, თითქოს სულის ტკივილი გაატანაო და აივნის კარი გამოაღო, მოზამბიკის სრუტის სიცივე სჭირდებოდა. მკერდზე ჰქონდა ოლეანდრების თაიგული მიკრული. რაღაცას იკლავდა, იწამლავდა.



№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

არ ვიცი მარ, ისე კარგად გამოგდის ამ ადამინებისვპირით საუბარი, ერთი ბედნიერებაა წაკითხვა. არ ვიცი აქაური მკითხველი რატომ იკლებს ამ სიამოვებას. დიალოგების დედოფალი ხარ. რა სიტიაციაც არ უნდავიყოს, საოცარი დიალოგები გაქვს... აი ანდრემ და ვივიენმა ბევრი რამ თქვეს, მაგრამ ამ საუბრის მიღმა კიდევ არის რაღაც, ეს აშკარაა... კლოდი :დდ ამ კაცის ბუზღუნზე და ჯიჯღინზე სულ მეცინება, მწარე იუმორი აქვს სა მის პერსონაჟს პირდაპირ აკვდება :დდ კაბა და წერილი სებასტიანის მხრიდან საკმაოდ სარისკო, თუმცა ამავდროულად სასიამოვნო ჟესტი იყო... ვივიენივალბათ ჩაიცვამს, მაგრამ რის ფასად დაუჯდება, საკითხავია.

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian lamazi stili gaqvs. Siujeti idumalebit savsee. Yochaggg. Velodebit shemdeg tavss. Gansakutrebit adamianuri grznobebis agcera momconsss. Mgonia vuyureb titeulsss

 


№3  offline წევრი An_Gel

ამ თავში სულ სხვანაირი ვივიენი დავინახე და მივხვდი, რომ ეს ქალი მეცოდება. არ აქვს მნიშვნელობა, რას ეძებს, რა აქვს ჩაფიქრებული ან რას ითხოვს, ჩემთვის მსხვერპლია ვივიენი. არ ვიცი, მაიოტას სიცივე რამდენად უშველის მის ნაიარევებს, მაგრამ სებასტიანს რომ შეუძლია მათი დაამება, ეს ვიცი. და მინდა მჯეროდეს, რომ ვივიენიც ჩემს აზრზეა.
ანდრე მორელი - იმაზე დიდი ნაძირალა აღმოჩნდა, ვიდრე ვიფიქრებდი. წინა თავში წარმოვიდგინე, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოთამაშე, გაიძვერა და უპრინციპო კაცი. თურმე ვინ ყოფილა...
ოხ, სებასტიანი. ყოველი თავით მეტად მომწონს, მაგრამ არ მინდა, გრძნობებს აყვეს და ეს ძვირად დაუჯდეს. (ჯერაც ვერ ვენდობი ვივიენს ბოლომდე, რა ვქნა)
და მისტერ კლოდი :დდ ის და ანტუანი ამ ისტორიის ყველაზე ნათელი წერტილები არიან <3
მეც მგონია, რომ ვივიენი იმ კაბას ჩაიცვამს. აი რა მოყვება ამას, ეს უკვე ძალიან საინტერესოა.
შენი ისტორიების კითხვა ერთი დიდი სიამოვნებაა. ყველა დეტალით, ყველა ნიუანსით დახვეწილი ხარ.
ბოლოსკენ მინდოდა ერთი რამის აღნიშვნა. ძალიან მომხვდა თვალში წერილში თავადის მიმართვა "ძვირფასო." მიუხედავად იმისა, რომ ჭრილობების დამუშავების მომენტში საოცარი ქიმია ვიგრძენი მათ შორის. (რაც გასაკვირია იმიტომ, რომ საერთოდ არ იმყოფებოდნენ სასიამოვნო სიტუაციაში)
შემდეგ თავს ძალიან ველოდები. მგონი ანდრე მორელის შეურაცხად სახეს კიდევ ერთხელ ვნახავთ. იმედია, სებასტიანმა იცის, რასაც აკეთებს. შენ რომ იდეალურად კარგად იცი, რაც გინდა და როგორც გინდა, ამას ყველა სიტყვაში ვგრძნობ heart_eyes

 


№4  offline ახალბედა მწერალი MariamG

lullaby
არ ვიცი მარ, ისე კარგად გამოგდის ამ ადამინებისვპირით საუბარი, ერთი ბედნიერებაა წაკითხვა. არ ვიცი აქაური მკითხველი რატომ იკლებს ამ სიამოვებას. დიალოგების დედოფალი ხარ. რა სიტიაციაც არ უნდავიყოს, საოცარი დიალოგები გაქვს... აი ანდრემ და ვივიენმა ბევრი რამ თქვეს, მაგრამ ამ საუბრის მიღმა კიდევ არის რაღაც, ეს აშკარაა... კლოდი :დდ ამ კაცის ბუზღუნზე და ჯიჯღინზე სულ მეცინება, მწარე იუმორი აქვს სა მის პერსონაჟს პირდაპირ აკვდება :დდ კაბა და წერილი სებასტიანის მხრიდან საკმაოდ სარისკო, თუმცა ამავდროულად სასიამოვნო ჟესტი იყო... ვივიენივალბათ ჩაიცვამს, მაგრამ რის ფასად დაუჯდება, საკითხავია.

უღრმესი მადლობა, მარ!
ვფიქრობ, რომ ისეთ გარემოში, როგორშიც ჩემი პერსონაჟები ცხოვრობენ (ვგულისხმობ მათ წოდებას, წარმომავლობას და ეპოქას) ნებისმიერ დროს არ შეუძლიათ ნებისმიერი რამ თქვან, არ შეუძლიათ დაუფიქრებლად მოიქცნენ, ვერ ექნებათ "სიკეკლუცის" მომენტები, ამიტომ გეთანხმები, რომ მათი მონოლოგ-დიალოგები უხდებათ <3
ალბათ, ჩაიცვამს.
და ფასიც მაღალი ექნება, სავარაუდოდ.

Qeti qimucadze
Zalian lamazi stili gaqvs. Siujeti idumalebit savsee. Yochaggg. Velodebit shemdeg tavss. Gansakutrebit adamianuri grznobebis agcera momconsss. Mgonia vuyureb titeulsss

უღრმესი მადლობა <3

An_Gel
ამ თავში სულ სხვანაირი ვივიენი დავინახე და მივხვდი, რომ ეს ქალი მეცოდება. არ აქვს მნიშვნელობა, რას ეძებს, რა აქვს ჩაფიქრებული ან რას ითხოვს, ჩემთვის მსხვერპლია ვივიენი. არ ვიცი, მაიოტას სიცივე რამდენად უშველის მის ნაიარევებს, მაგრამ სებასტიანს რომ შეუძლია მათი დაამება, ეს ვიცი. და მინდა მჯეროდეს, რომ ვივიენიც ჩემს აზრზეა.
ანდრე მორელი - იმაზე დიდი ნაძირალა აღმოჩნდა, ვიდრე ვიფიქრებდი. წინა თავში წარმოვიდგინე, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოთამაშე, გაიძვერა და უპრინციპო კაცი. თურმე ვინ ყოფილა...
ოხ, სებასტიანი. ყოველი თავით მეტად მომწონს, მაგრამ არ მინდა, გრძნობებს აყვეს და ეს ძვირად დაუჯდეს. (ჯერაც ვერ ვენდობი ვივიენს ბოლომდე, რა ვქნა)
და მისტერ კლოდი :დდ ის და ანტუანი ამ ისტორიის ყველაზე ნათელი წერტილები არიან <3
მეც მგონია, რომ ვივიენი იმ კაბას ჩაიცვამს. აი რა მოყვება ამას, ეს უკვე ძალიან საინტერესოა.
შენი ისტორიების კითხვა ერთი დიდი სიამოვნებაა. ყველა დეტალით, ყველა ნიუანსით დახვეწილი ხარ.
ბოლოსკენ მინდოდა ერთი რამის აღნიშვნა. ძალიან მომხვდა თვალში წერილში თავადის მიმართვა "ძვირფასო." მიუხედავად იმისა, რომ ჭრილობების დამუშავების მომენტში საოცარი ქიმია ვიგრძენი მათ შორის. (რაც გასაკვირია იმიტომ, რომ საერთოდ არ იმყოფებოდნენ სასიამოვნო სიტუაციაში)
შემდეგ თავს ძალიან ველოდები. მგონი ანდრე მორელის შეურაცხად სახეს კიდევ ერთხელ ვნახავთ. იმედია, სებასტიანმა იცის, რასაც აკეთებს. შენ რომ იდეალურად კარგად იცი, რაც გინდა და როგორც გინდა, ამას ყველა სიტყვაში ვგრძნობ heart_eyes

გეთანხმები, როგორც ყოველთვის ;დ ვივიენი თითქოს ყველაფერია, ერთად შერწყმული. ის არის ეშმაკიც, მსხვერპლიც, ბავშვიც, ქალიც, უბრალოც და ძალიან პატივსაცემიც. როგორც სებასტიანი ამბობს, ძვირფასზე მეტად უბრალო უხდება, თუმცა მისი საჩუქარი მაინც ძვირფასია. მათ შორის ძაფების უმრავლესობა სწრაფად წყდება, რადგან არცერთი სახე რეალურად მათ არ ეკუთვნით.
საინტერესო იქნება, თუ ვივიენი კაბას ჩაიცვამს, რა ფასი ექნება, თუმცა ვფიქრობ, ვივიენი აქაც დაზარალდება.
კლოდს რაც შეეხება, მისი დიალოგების წერა ძალიან მიყვარს ;დ სიმსუბუქე და სილაღე შემოაქვს. ყველა უბედურებას კომიკურ მაგალითად აქცევს და შემოტანილ დაძაბულობას ხსნის :დ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent