შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი ვახშამი (XIII თავი)


15-01-2018, 00:20
ავტორი cool baby
ნანახია 1 216

XIII თავი
ჯუნას და ირას დედას ზაირა ქვია. ის კოჯრის სახლის ეზოში ზის და წკრიალაშვილების უმცროსი ნაშიერის ძილს ყარაულობს. გიორგი ჰამაკში წევს, ფიჭვების ჩრდილში მსუქანი ზაირა კი ლამაზად მოწნულ სავარძელში მოკალათებულა. შიშველი ტერფები ფურისულებით მოჩითულ ბალახზე დაუწყვია , მიწიდან თუ იღევს ენერგიას... ქალბატონ ზაირას აქვს ერთი შესანიშნავი თვისება - ნებისმიერ სტუმარს ( სიმპათიისა და ანტიპატიის მიუხედავად ) გულიანად ხვდება. არ ვიცი, ჯუნა და ირა ჩემზე რას ჭორაობენ , ფაქტია - ზაირა გაცისკროვნებული სახით მიყურებს.
შესანიშნავი თვისება - ნებისმიერ სტუმარს ( სიმპათიისა და ანტიპატიის მიუხედავად ) გულიანად ხვდება. არ ვიცი, ჯუნა და ირა ჩემზე რას ჭორაობენ , ფაქტია - ზაირა გაცისკროვნებული სახით მიყურებს.
- მოდი, ჩემო გოგო , აგერ დაჯექი, ჩრდილში. რატომ დაგვივიწყე... აღარც ლუკას დაბადების დღეზე გამოჩენილხარ, აღარც მოსაკითდად გამოგივლია...
- აი, მოვედი ახლობელს გამოვყევი საქმეზე და ვიფიქრე , შევივლი, დავხედავ წკრიალაშვილებს- მეთქი.
- კაი გიქნია, მაგრამ ჯუნა და ირა რომ თბილისში არიან ?
- არა უშავს, ზაირა დეიდა, ისედაც ცოტა დრო მაქვს...
- ნუ ჩურჩულებ, ჩემო გოგო , ხმამაღლა ილაპარაკე, ისედაც მაკლია სმენა. გიორგუნას ახალჩაძინებულზე ყუმბარა რომ აუფეთქო , არ გააღვიძებს. კი მაქვს ყურის აპარატი, მაგრამ რაღაც ვერ ვხმარობ . გოგოები მსაყვედურობენ - რას გადაგვაყრევინე ფულიო ! თვითონ რომ ერთ კაბაში იმოდენა ფულს იხდიან ეგ არაფერი ! ირა, თორემ ჯუნა არ არის მხარჯველი.
ზაირა კეთილგანწყბილად მათვალიერებს. პარალელურად ტანსაცმელს მიფასებს, ხომ უნდა მოუყვეს ქალიშვილებს , რა მეცვა რა მეხურა.
- ისე , კარგად გამოიყურები, ხო იცი... უკან გადაწეული თმაც გიხდება. მომწონს, როცა ადამიანს შუბლი უჩანს . აბა , ბალონკა ძაღლებივით რომ დადიან , ის რა მოსაწონია ?
- თქვენ როგორ ბრძანდებით ? - თავაზიანად ვეკითხები და ცოტა ხანში ვნანობ.
ენაწყლიანმა მასპინძელმა დაიწყო და აღარ დაამთავრა . ვენების გაგანიერება, ნაღვლის ბუშტის ანთება, პიკვიკის სინდრომი, ჩიყვი... ეს მცირე ნუსხაა იმ დაავადებებისა , რომლებიც მას აქვს და რომლებიც პერსპექტივაში ესახება.
- დამასკუპეს ამ სიმაღლეზე ეს წნევიანი ქალი , თვითონ კი თბილისში გაქუსლეს . ქობულეთში ვაპირებდი წასვლას, სანატორიუმში, მიხდება იქაური ჰავა, თვალიც ისვენებს და გულიც . ვითომ რა არის ორი კვირა , მაგრამ მთელი წელი მყოფნის ხოლმე. ეს სეზონი ჩამივარდა, ირამაც თითქოს ჩემ ჯინაზე გაუშვა ძიძა , ჯუნამაც რა ქნას მარტოა, სამ 0 სამი ბავშვის მწემსვა ადვილია ?
„ძიძა!“აი , ვინ იყო ჩემი მეხსიერების ბუფერში. ჩემთან სტუმრობისას ირამ ახსენა ძიძა , რომელმაც თითქოსდა ბეჭედი მოიპარა . ლადოს თუ დაეჯერება , ირამ ქურდობის სიმულაცია მოახდინა. თუ მართლა მოიპარეს , რა შუაშია სიმულაცია , და საერთოდ, ძიძის ეპიზოდი დეტალურ შესწავლას მოითხოვს. უნდა ვისარგებლო მომენტით.
- თუ ბეჭედი მოიპარა, გაუშვებდა, აბა რას იზამდა!
- ვინ,ძიძამ ?
- დიახ.
- რა ბეჭედი, რას ამბობ , ჩემო გოგო ?! - შეიცხადა ზაირამ , - ნანას ქურდობა ვინ დააბრალა ? უწესიერესი ქალია, სუფთა, მოწესრიგებული, პირადად მე ძალიან მომწონს.
აჰა, ბეჭედი ბლეფია. ძიძა, სახელად ნანა , წკრიალაშვილებმა სულ სხვა მიზეზით დაითხოვეს.
- მაშინ, რატომ დაითხოვეს?
- კამათი მოუვიდათ. ირას ნერვებმა უმტყუნა და უხეშად მიუთითა რაღაც , ნანამაც იუკადრისა. თავმოყვარე ქალია , უმაღლესი განათლებით, რატომ მოუთმენდა?
- დღეს რთულია კარგი ძიძის მონახვა, ჩემი ახლობელი უკვე ორი თვეა, უშედეგოდ ეძებს. კანდიდატურა ბევრია, ღირსეული - არც ერთი, - მორიგ ტყუილს ვაბრახუნებ და ფიჭვის წიწვს ვაწვალებ.
- მეც მაგას არ ვჩივი ? - მეთანხმება ზაირა.
- ხომ ვერ მეტყვით მაგ ნანას კოორდინატებს ?
- ვიცი, რომ დიდუბეში ცხოვრობს, ავეჯის მაღაზიის თავზე რომ კორპუსია იქ. ირას ეცოდინება ზუსტად მისამართი . დაურეკე და გეტყვის.
- ასე გავაკეთებ , - ვპირდები ზაირას და ძიძაზე რომ არ ჩაიციკლოს , შვილიშვილების ამბავს ვეკითხები.
- ლუკა ფეხბურთს თამაშობს მეზობლის ბავშვებში , ნუცა წიგნს კითხულობს... - ზაირა სახლისკენ იცქირება, - რა იქნება ნუცამ ყავა მოგვიდუღოს, ჰა? ხომ გინდა ყავა, ჩე ო გოგო ? - პასუხს არ ელოდება , ხელებს სავარძლის ხასელურზე აბჯენს და წამოდგომას ცდილობს.
ჭრიალზე მძინარე ბავშვი გვერდზ იცვლის , ზაირა კი შეშინებული უბრუნდება საწყის პოზიციას , - არ გაიღვიძოს ამ მამაძაღლმა! იათამზე, ჩემო გოგო, ნუ დამზარდები, გამეგზავნე სახლში, ნუცა იქნება მანდ სადმე და უთხარი, კაი მაგარი ყავა მოგვიდუღოს ორივეს.
- ნუ შეწუხდებით, ზაირა დეიდა...
- ყავის გარეშე არ გაგიშვებ. შენ მაინც მომიყევი, რა ხდება მკვლელობის გარშემო, თორემ ჩემებს პირში წყალი აქვსთ ჩაგუბებული. კითხვა ვერ დამისვამს, უცებ ღიზიანდებიან ხოლმე
ყავა არ მინდა, მაგრამ ამ კეთილშობილურ სითხეს აქვს ერთი უნიკალური თვისება - გულახდილ საუბარში გიწვევს. ვცდი, იქნებ რაიმე საინტერესო დავცინცლო.
ეზოს გავლით სახლში შევდივარ. სახლი პატარაა და საკმაოდ მოფახფახებული - წინ შუშაბანდი და სამზარეულო , უკან - ორი საძინებელი. მერაბი ყოველ წელს იმუქრება კაპიტალური რემონტით, მაგრამ ჩეჩმა ისევ გარეთაა , ირა ისევ უკმაყოფილოა. იმიტომაც ზის თბილისში, კომპორტი მიართვი ქალბატონს! უზურგო ტახტზე პირქვე გდია გადაშლილი წიგნი. „სიკვდილი ღრუბლებში“ . აგათა კრისტი . მინდა ნუცას ადგილზე ვიყო, პირველად ვკითხულობდე აგათა კრისტის და თავი ერკიულ პუაროზე მაგარი მეგონოს.
საძინებლის ფანჯრები უკანა ეზოში გადის. ერთ -ერთ ფანჯარასთან ბოლოს პატარა ღრუბელი დაფუთფუთებს. ვუახლოვდები, ფანჯარაში ვიცქირები და სახტად ვრჩები. სახლის კედელთან ჩაცუცქული ნუცა სიგარეტს აბოლებს.
მე რომ ანანო 13 წლის ასაკში სიგარეტზე გამომეჭირა , ჯერ თმას დავაწიწკნიდი, მერე ლექციას წავუკითხავდი თამბაქოს მავნებლობაზე. ან პირიქით - ჯერ წავუკითხავდი , მერე დავაწიწკნიდი. ნუცა ირას შვილია, აქეთ არ მომდოს შარი - იათამზემ სგარეტი გამასინჯაო.
ფრთხილი ნაბიჯებით ვიხევ უკან და ნუცას შუშაბანდიდან ვეძახი!
- მოვდივააარ! - მაღალ რეესტრში ყვირის ფაქტზე გამოჭერილი გოგონა და ორიოდე წუთში ფართხაფურთხით შემორბის, თან შემოაქვს სუნამოს მძაფრი სურნელი. სიგარეტის სუნის გასანეიტრალებლად ეტყობა, მთელი ფლაკონი გადაისხა.
ნუცას სპორტულად აცვია. თეთრი მაისური, თეთრი კედები. თეთრი შორტებიდან გარუჯული, ნავარჯიშები ფეხები მოუჩანს. დაძაბული მიღიის, ვატყობ, გადაკოცნის ერიდება, ეშინია , თამბაქოს სუნი არ ვიყნოსო და მამამისს არ ჩავუკაკლო. ისე კი არის ჩაშვების ღირსი, ჩოგბურთს თამასობს და ჩუმ - ჩუმად აბოლებს. ხედავდეს გაბრტყელებული დედამისი!
- იამზე, თქვენ საიდან ? - მეკითხება კანკალა ხმით.
დროზე უნდა გავქრე , თორემ წახდა გოგო.
- ბებიაშენმა ყავა მოგვიდუღოსო!
- კი, რა თქმა უნდა, ახლავე! - გულზე მოეშვა ნუცას და წამში დაფაცურდა.
ამასობაში, ჰამაკის ბინადარს გაღვიძებოდა და ბებიამისს ჩემს ჩანთას სთხოვდა. ზაირა უხსნიდა, რომ სხვის ჩანთაში ძრომიალი არ შეიძლება და რომ იათამზე დეიდა გაბრაზდება. „ბრაზიანი“ დეიდის დანახვაზე ბიჭი სახეზე ხელებს იფარებს და მორცხვად მიჭყიტინებს . ნაბოლარა გიორგუნა ზედგამოჭრილი მამაა, ნუთუ წკრიალას სოფოს გაჩენილი შვილი ამაზე მეტად ეყვარებოდა ? წარმოუდგენელია, აბსურდი... სადღაც მესმის ირასი, მაგრამ მკვლელობა - მეტისმეტია.
ნუცას პლასტიკატის მინიატურული მაგიდა გამოაქვს, აკურატულად აფენს ხელსაწმენდებს და ყავის გამოსატანად მიდის.
- ამას ენაცვალოს ბებია, ისეთი უთქმელი ბავშვია, ისეთი დამჯერე, გაგიკვირდება პირდაპირ! - ზაირა დანანებით აქნევს თავს შვილიშვილის მიმართულებით. - გაწვალდა ამ ჩოგბურთზე სიარულით, ვის გაუგია ამდენი ვარჯიში ზაფხულში მაინც დაასვენონ ? ჩამოიღე, ბიჭო, ხელი , რა პატარძალივით იპრანჭები ? - ახლა გიორგის მიუბრუნდა, - ნუ გრცხვენია, ბებია , ეს იათამზეა, კარგი დეიდა. დედიკოს და მამიკოს ამხანაგია. აბა, უმღერე შენი ლამაზი ხმით! არ გინდა ?.. აბა რა გინდა ?
ბავშვი ბებიას მკლავზე ეპოტინება და პირი ყურთან მიაქვს, ზაირა სულგანაბული უსმენს.
- მერე, თუ გშია, ვერ იტყვი ხმამაღლა ?
ნუცას ყავა შემოაქვს და ხელსაწმენდებზე დებს. ერთ ჭიქას ბებიამისის მხარეს, მეორეს - ჩემკენ.
- ნუცა, ამ გახსენებაზე , ლუკას დამიძახე, ჩემო გოგო... ვახოსთან იქნება გადასული ფეხბურთის სათამაშოდ , შეჭამოს ორი ლუკმა და მერე წავიდეს, სადაც უნდა.
ნუცა უსიტყვოდ უკრავს თავს და ძმის მოსაძებნად მიდის.გიორგი ჰამაკიდან ამოძრომას ცდილობს , ბავშვი წონასწორობას კარგავს და ბადეს ებღაუჭება .
- იჯექი მანდ, გაჭმევ და მერე ამოგიყვან . იამზე გენაცვალე , გამირთე პატარა ხანს ეს ყაჩაღი , ფაფას გავუცხელებ და ხელად გავჩნდები
ზაირა სახლისკენ მიბაჯბაჯებს, მე მის სკამზე ვჯდები და გიორგის გართობას ვცდილობ :
- მართლა იცი სიმღერა, თუ ბებო მატყუებს ?
პასუხად ენას მიყოფს. ვიბნევი. დიდი რომ ყოფილიყო , ეგებ მეც გამომეყო, მაგრამ თითისხელა ბავშვს ხომ არ გავეჯიბრები ?
- ეგ ვინ გასწავლა ? - ვკაცრად ვეკითხები.
- ლუკამ .
- სტუმარს რომ დაინახავ ენა გამოუყავიო? არ მჯერა.
გიორგი მხრებს იჩეჩავს და დამრგვალებული თვალებით მომჩერებია. ჩემი არ იყოს , ისიც იბნევა, არ იცის, რა ქნას და ნიშნის მოგებით მიაქანებს პირში ცერა თითა.
- მეორედ აღარ გააკეთო, თორემ მერე მეც გამოგიყოფ ენას და გეწყინება . თითი გემრელია ?
- ხო.
- მაშინ მეც მაჭამე.
- ნწუ, - ეღიმება. იცის მამაძაღლმა , რომ თითი არ იჭმება.
- გიორგუნა ნანა ძიძა გენატრება?
- ხო.
- კარგი იყო ნანა ძიძა?
- ხო.
დროა მოვკეტო , რადგან ზაირა დეიდა გვიახლოვდება ფაფიანი თეფშით.
- ერთი წუთი არ მაქვს მოსვენება , სად შემიძლია ამდენი... შენ მაინც მიირთვი, ყავა, ჩემო გოგო, ცივი რად ვარგია ?!
შეგრილებულ ყავას ვსვამ და ადგილს ზაირას ვუთმობ.
- უნდა წავიდე ზაირა დეიდა. დიდი ადლობა.
- რა გეჩქარება, იყავი ხოტა ხანი, ხელათ ვაჭმევ ამას და შენც მოგხედავ.
- სხვა დროს, უკვე მომაკითხეს, - ნაჩქარევად ვემშვიდობები და ეზოდან გავდივარ.
ჩემს დანახვაზე მანქანაში გაცხოველებული ლაპარაკი წყდება . ლალიკო სერგო და კლაუსი განსასჯელებივით მომჩერებიან, თავი მოსამართლე მგონია.
- დაძარი, სერგო.
- სად მივდივართ, რო ?
- ჩვენ - თბილისში, ესენი შეგიძლია სადმე ბუნწიაღში დატოვო.
- რა მებუნწიაღება , ადამიანო , აქ თურმე ისეთი ამბები ტრიალებს, მე კი ჭურში ვზივარ! - მსაყვედურობს ლალიკო.
- ყველაფერი მოვუყევი . ორივეს - მიხსნის სერგო და ნაფოტა კბილებს მიჩვენებს.
- შეიძლება ვიცოდე, უცხოელს რა ენაზე მოუყევი ?- ვანიშნებ კლაუსზე.
- ესპერანტოზე.
- დიახ, დიახ, - ადასტურებს კლაუსი და მშობლიურ გერმანულზე პიკნიკის გადადებას ითხოვს.
- რუსულად ლაპარაკობდნენ , ვითო პირველად გესმის კლაუსის რუსული! - ბობოქრობს ლალიკო.
- შენ რაღა მოგივიდა ? - ვეკითხები გაკვირვებული.
- რა და, იდიოტის როლში გამოვდივარ . რატომ უნდა ვიგებდე სერგოსგან შენს ამბავს ?
- დაგერეკა და გაიგებდი, - ამჯერად მე ვბრაზდები.
რატომ უნდა ჩამებარებინა ანგარიში, ისედაც არამითხე მოამბის სახელი მაქვს გავარდნილი. თუ რაღაცას ვფაფხურობ , მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით. საკმარისია, რაც სიცოცხლეში დავაკელი ჩემს მეგობრებს.
- ნუ იკამათებთ, გოგოებო, რას იტყვის უცხოელი ? - გვანამუსებს სერგო.
- დიდუბეში მივდივართ, დანარჩენს გზაში ოგიყვებით. - ვამშვიდებ სამივეს და თბილისამდე არ ვჩერდები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent