შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი ვახშამი (VIII თავი)


9-01-2018, 19:01
ავტორი cool baby
ნანახია 1 261

VIII თავი
ჯუნას მარკეტში გადავეყარე , მიკასთვის წიწაკიან ჩიფსებს რომ ვყიდულობდი, მაშინ. შინაბერა ჯუნა წკრიალად ცილისდა ბრძანდება - ირას უფროსი და და მარჯვენა ხელი . ჯუნას დისშვილებზე ამოსდის მზე, მთვარე და ვარსკვლავები. რასაკვირველია, მთავარი მანათობლის , ირას თამადობით. ახლაც ირასთან იჯდებოდა, კოჯრის აგარაკზე, მაგრამ კბილის გაუსაძლის ტკივილს თბილისში ჩამოუქანებია და ახლა ერთი სული აქვს, უკან როდის აქანდება. ეს ყველაფერი ჯუნამ სხაპასხუპით მომახსენა , არც მოვუკითხივარ, ისე.
- არა, საყვარელო, ეს სიბრძნის კბილი კი არაა, რაღაც რუდიმენტია, - წუწუნებს ჯუნა და ყბაზე ხელს ისვამს , - ეშმაკმა უწყის , რატომ ამოდის, და თუ ამოდის, რატომ არ ემსახურება ადამიანს სიკვდილის ბოლომდე ?! დამტანჯა პირდაპირ , ორი დღე კედლებზე გავდიოდი , მერე დავურეკე ირას და კოჯორში ამოსვლა ვთხოვე. რა ვქნა, გენაცვალე, ცოტა ხანს მიხედოს თავის შვილებს !
- რას ზის ამ სიცხეში თბილისში, კოჯორში არ ურჩევნია ?
- და მერაბი მარტო დატოვის, არა ?! - სასაცილოდ არ ყოფნის ჯუნას, - შენც იტყვი, რა , იათამზე , ვითომ არ იცი შენი ძმაკაცის ამბავი , მოადუნებ ყურადღებას და წამში ვიღაც ჩათლახის კაბის ქვეშ აღმოჩნდება.
პასუხად მხრებს ვიჩეჩავ . არ ღირს ჯუნასთან კამათი . მერაბი რომ ფრთიანი ანგელოზი არ არის, ისედაც ვიცი.
- გადასარევი სტომატოლოგი მყავს, ისე ამომიღო ეს დაწყევლილი კბილი, ვერც ვიგრძენი . მთავარია, არ გამირთულდეს . აბა, შემომხედე, ყბა ხომ არ მაქ გასიებული ?- კობრასავით მიყურებს, თვალის დაუხამხამებლად.
- მგონი არა .
- შიგნით რა მდგომარეობაა, შიგნით... - ჯუნა მოკაუჭებულ თითს პირში მიაქანებს, ლოყას სწევს და შუაგულ მარკეტში პირის ღრუს დემონსტრაციას აკეთებს.
სირცხვილით არ ვიცი, სად წავიდე, იძულებული ვარ, ჩავხედო და დავამშვიდო კიდეც , თუმცა დასამშვიდებელი არაფერი აქვს . მე ხომ თხუთმეტი წლის შემდეგ კბილების მაგივრად მსგავსი შესახედაობის ჭიანი მეყაროს , დღესვე დავიწყებ ფულის შეგროვებას ალმასის პროტეზისათვის . მაგრამ ჯუნას არ აწუხებს უკბილობა, ირას შვილების გაზრდას ჭიანი კბილებითაც ახერხებს.
- უჰ, წამომახურა! - ჯუნა გაჩაჩული თითებით ინიავებს აჭარხლებულ სახეს.
- წნევა ხომ არ გაქვს ? - ვეკითხები შეწუხებული. მართლაც , მოხარშულ კიბორჩხალას დაემსგავსა, შუბლიც კი უვარვარებს.
- კლიმაქსი მაქვს, საყვარელო, კლიმაქსი! ამათი გადამკიდე ნაადრევად დამეწყო. წამომახურებს - გამივლის , წამომახურებს - გამივლის . დავიტანჯე ქალი ! ყველაფერთან ერთად წნევა მითამაშებს , ამიწევს - დამიწევს , ამიწევს - დამიწევს ... წამლებს რომ არ ვსვამდე , დედა მეტირებოდა.
მორჩილად ვუკრავ თავს, მაგრამ ეტყობა, ისეთი გამომეტყველება მაქვს, ჯუნა თემის შეცვლას ამჯობინებს.
- შენ რა ქარმა გადმოგაგდო ამ უბანში ?
- ჩემს დასთან მივდივარ.
- შე საწყალო ,ჩემი არ იყოს , შენც არავინ გყავს დისა და დისშვილების გარდა ... - ვეცოდები ჯუნას, უფრო სწორად, მკბენს.
დალოცვილო, მე ორი ქმარი მაინც მყავდა , ეს კი ისე გადაბერდა, პაემანზეც არ ყოფილა. ან ვინ დახარბდებოდა ლავაშივით გაბრტყელებულ დედაკაცს ? არც წელი. არც თეძო , არც საჯდომი. მხოლოდ ძუძუები და გრძელი , მაკარონივით გრძელი ფეხები. რა აზრი აქვს გრძელ ფეხს, როელიც ყოველგვარი ღრმულების გარეშე გადადის ბალიშივით ზურგში. თანაც ბრიყვია, იმის მაგივრად , მეგობრის სიკვდილი მომისამძიმროს , ჭიან კბილებს მაჩვენებს და მენოპაუზაზე მელაპარაკება.
ჯუნა სათამაშოების განყოფილებასთან ჩერდება . ის დროა, გამოვემშვიდობო, მაგრამ მომენტის ხელიდან გაშვება არ მინდა. იქნებ ირაზე გამოვცინცლო რამე, ისე, ვითომ სხვათა შორის.
- ბავშვები როგორ არიან ?
- უი, მაგათ შემოევლოს დეიდა ! შენ გგონია, რა დამრჩენია სუპერმარკეტში ამ კბილამოღებულ ქალს ?! გიორგუნას დავპირდი ბურთის ყიდვას. რაღაც განსაკუთრებული ბურთი დამაბარა, ჯარისკაცები ახატიაო.
- რამდენი წლისაა?
- სამის, საყვარელო, მაგრამ როგორი გატლეკილია... ნეტა იცოდე, რას მღერის , მომავალი პავაროტია!
- ნუცა როგორ არის ? - მოვიკითხე მერაბის უფროსი ქალიშვილი , რომელსაც ორი წლის წინ ანა კურნიკოვას მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
- პირველ ადგილზე დავიდა, იუნიორებში, მომავალი ჩემპიონია, აი, მე მითქვამს და დაიმახსოვრე : ნუცასთანა პერსპექტიული ჩოგბურთელი დღეს საქართველოში თითებზეა ჩამოსათვლელი. ბუქარესტის სპორტული სკოლიდან ჰქონდა შეთავაზება , მაგრამ მამამისმა მოიკლა თავი, არ გაუშვა.
- რატომ ?
- ეშინია, ეს ბერვით გაზრდილი ბავშვი როგორ გავუშვა მარტო საზღვარგარეთო! რაშიც ვეთანხმები. რაც არ უნდა იყოს, გოგოა მერე როგორი ემოციური, როგორი მგრძნობიარე... შეჯიბრის წინ ღამეები არ სძინავს . ტრანკვილიზატორსაც ვერ ვასმევთ, არ შეიძლება. მწვრთნელმა გაგვაფრთხილა ფსიქიკა თუ არ გაიკაჟა , თამაშებს ჩააფლავებსო. აი, ლუკას კი ფეხზე კიდია , ეგეც დამყავს ჩოგბურთზე , მაგრამ რად გინდა , მტრისას, ისეთი ზარმაცია !მაგისგან სპორტსმენი ვერ დადგება. სამაგიეროდ, ენები ეხერხება . ტვა წლისაა და სამი ენა იცის, მომავალი დიპლომატია, ენაცვალოს დეიდა.
ჯუნა ბურთებს იწუნებს და თავაღერილი მიემართება ასაწყობი სათამაშოებისკენ . მეც მივყვები.
- ჯუნა მერაბი რას ამბობს, ხო არაფერი გაუგია მკვლელობის შესახებ ?
- აბა, რა გითხრა საყვარელო , მე კოჯორში ვარ , ესენი - თბილისში . უჰ ნეტა იცოდე, რა დღეში ჩამივარდა ირა იმ საღამოს... კინაღამ თან მიყვა ქმრის ამხანაგებს. მოთქვამდა, ღრიალებდა , გამიგიჟა ბავშვები! ნუცას ტემპერატურას აუწია , გიორგუნას კუჭი აეშალა...
- ამ დროს კოჯორში იყავით ?
- ჩვენ მაისის თვიდან კოჯორში დართ, რა უნდათ ბავშვებს ამ სმოგით მოწამლულ თბილისში ?
- ირამ საიდან გაიგო? - ამას თუ არ გავაწყვეტინე , კიდევ ერთხელ დამიხატავს დისშვილების ფსიქოტიპს. გავიგე, რომ გენიალურები არიან , ჩემპიონები ... საკმარისია .
- ალბათ მერაბმა უთხრა.
- ირა როდის ავიდა კოჯორში ? - ეშხში შევდივარ მე .
- კოჯორში ყველანი ერთად ავედით, მერაბის გარდა. მერაბი თბილისში დარჩა, ან წყნეთში წავიდა , არ ვიცი... ეს რობოტი არ წავა ბურთის მაგიერ ? - ჯუნა ვერცხლიფერ ამუნიციაში გამოწყობილ მონსტრს მაჩვენებს. თავი კვადრატი , ფეხები - ორი უთო, ხელები - ორი ჩამჩა . სრული სიმახინჯე, მაგრამ ბავშვებს მოსწონთ.
- აკი კოჯორში ვიყავიო ? - დაეჭვებული ვეკითხები.
- ცოტა ხნით ჩამოვედი თბილისში, ნუცა კორტებზე მყავდა წასაყვანი. გიორგუნა ძიძასთან დავტოვე , ლუკას რა მიხედვა უნდა , დამოუკიდებელი ბიჭია... სექტემბრის ბოლოს ნუცას ძალიან მნიშვნელოვანი თამაში აქვს , ფორმაში უნდა იყოს.
- ირა მარტო ამოვიდა კოჯორში ?
- არა. მე , ირა და ნუცა ავედით.
უცებ ჯუნა მკვეთრად ტრიალდება და გაავებულ მზერას ჩემზე დაასრიალებს:
- მოიხედე აქეთ, იათამზე! შენ მე დაკითხვას ხომ არ მიწყობ შემთხვევით?
- არა. - ვპასუხობ ყოყმანით.
- არა კი არა, კი. აბა, ააცვი აქედან ! - ჯუნა ყვირილზე გადადის . ლამის ორბიტიდან გადმოცვივდეს თვალები , ეს ქალი შეურაცხადია . რას იტყვის ხალხი ?
ხალხი დადარაჯებული გვიყურებს . სეირის მოლოდინშია.
- ჯუნა, დაწყნარდი, სირცხვილია!
- სირცხვილი ისაა, რასაც შენ და შენი წაკლა დაქალები ჩადიოდით. არ მივიხედავ , იყვიროს , რამდენიც უნდა , ვითომ მე არ მეხება. სუსიკო, ხედავ რა დღეში ვარ ? ეს რაქიტული ცხოველი, ჯუნა, საჯაროდ მაყრის ქოქოლას და მგონი საცემად მოიწევს. კლიმაქსის ოხშივარი კეფაში მირტყამს და იძულებულს მხდის, თანაბარი ჩორთიდან აჩქარებულ ჭენებაზე გადავიდე.
- ეს შენ დახოცე ისინი, შენ ხარ მკვლელი ! ყველას ვეტყვი, რომ შნ მოწამლე შენი კლასელები. დაგინახეს, როგორ მიძვრებოდი სუსიკოს ორღობეში , გამოჩნდნენ მოწმეები...
ხალხი აქტიურ ჩურჩულზე გადადის, გამყიდველები კისრებს ღრეცენ. ლამისაა, დავიჯერო, რომ მართლა მე მოვკალი , ხომ შეიძლება ვიღაცამ დამაპროგრამა და წეღანდელი რობოტივით გამიშვა სველ საქმეზე.
როგორც იქნა, გამოვაღწიე მარკეტიდან . ფეხებთან მანქანა ამუხრუჭებს , გაწიწმატებული მძღოლი მოკითხვას უთვლის დედაჩემს , ცხადია, მამაპაპურ ბრუნვაში.
აი, ლელას სახლი , აი, სადარბაზო . მგონი სამშვიდობოდ ვარ .


* * *
დაილოცოს დედმამიშვილი! მხოლოდ სისხლით ნათესავი აძლევს თავს უფლებას , ჯერ გაგთათხოს , მერე დაგაპუროს , მერე კი თავისი პრობლემებით ტვინი გაგიბურთოს. და მხოლოდ სისხლით ნათესავს შეუძლია , ეს ყველაფერი აიტანოს, გულში ბოღმა არ ჩაიდოს .
საათზე მეტია, სავარძელში ვზივარ და ლელას ქაქანს ვუსმენ . ჩემს დას მსმენელი სჭირდება , მე - განმუხტვა. ჰოდა ვავსებთ ერთმანეთს.
- მე რა ვიცი , ვინ არის, რას წარმოადგენს ?! რაღა ამ გაგანია გამოცდების დროს გამოტყდა ... ჰა, რას იტყვი, იაკო ?
- ვინ ?
- არ მისმენ ? - ბრაზობს ლელა.
ვუსმენ , მაგრამ ბუნდოვნად მესმის, მგონი, ანანოს თაყვანისმცემელს ამუშავებს.
- ვინ და ის ყმაწვილი, ანანო ვისაც მოსწონს. თუ უყვარს, თუ როგორც არის ... მაგათი სიყვარული არ გაიშვა! ლაწირაკები !
- მმმ...
- ოცდაოთხი საათი ტელეფონზე კიდია, დამაწყდა ნერვები.
- გაუვლის...
- ჰა, რას დუდუნებ ცხვირში, ამოიღე ხმა!
- გაუვლის.
- ერთი შენ გაგიარა, მეორე - მე. რომ გათხოვდეს, მერე სად მივდივართ?!
- არსად. ბებია გახდები.
- ბებია არა, კვატი. რა დროს ანანოს გათხოვებაა, რძე არ შეშრობია პირზე.
- ქეთუსია ბებიასავით ლაპარაკობ.
- თურმე რა სწორად ლაპარაკობდა?! კარგი იყო, მ ოგვესმინა.
- მე უნდა მომესმინა, შენ - არა.
- ვითომ რატომ ?
- მე ცუდი მაგალითი ვარ . შენ - კარგი.
- სულაც არ მინდა ანანო ადრე გათხობდეს და ჩემსავით შინ ჩაჯდეს.
- მართლა ? - გაკვირვებული ვუყურებ. ჩემს სამაგალითო დაიკოსაც ჰყოლია თავისი ოფოფები , ეტყობა, მეტისმეტად მოუვიდა გოგლიმოგლის თქვეფა, - სამაგიეროდ ამხელა შვილები მოგესწრო... - ვამშვიდებ, ჩემი ჭკუით.
- მომესწრო, თორემ... იცი, იათო, უკვე მეტი მაქვს სანერვიულო. აქეთ კომპიუტერზე მიერთებული მიკა თავისი საშემოდგომო გამოცდით , იქით - ჯულიეტად ქცეული ანანო თავისი რომეოთი.
- რამდენი წლისაა... რომეო?
- ჩვიდმეტის. ჩვიდმეტი წლის სიძე მინდა მე ?
- ანანო რას ამბობს?
- რას შემიწუხე გული, არ ვაპირებ გათხოვებასო.
- მაშინ რა განერვიულებს ?
- ისე რომ დაუწვეს, არაოფიციალურად ?
- დაუწვება და იქნება დაწოლილი. უფრო სწორად...
- არ თქვა სისაძაგლე, თორემ შევიშლები! - ლელა პირზე ხელს მაფარებს , - არა , ბოიფრენდი და ეგეთები მე არ მაწყობს. ურაც მხოლოდ ენითაა დიდი ლიბერალი, როცა საქმე ქალიშვილს ეხება , მამალი აზიატი ხდება.
- უსათუოდ რუპორში უნდა გამოაცხადოთ ?
- თბილისი პატარა ქალაქია, ყველა გაიგებს. არა, იატო , ეს საქმე ძირშივე უნდა ჩავშალო. იქნებ იმ ბიჭის მშობლებს დაველაპარაკო?
- რას ეტყვი, ნუ უყვარს თქვენს შვილს ჩემი შვილიო?
- ვეტყვი, რომ არ ვაპირებ შვილის გათხოვებას.
- უთხარი.
- მერე იმათ რომ მითხრან , ასი წელი არ გვჭირდება შენი ქალიშვილიო?
- ეჭვი არ შეგეპაროს , გეტყვიან .
- მეტიც არაფერი მინდა! - გაწიწმატდა ლელა, - ერთი გაბედონ ! თვითონ ბიჭს ხომ არ დაველაპარაკო, ანანოს გვერდის ავლით.
- ეგეც შესაძლებელია.
- იათო, შენ მე არ მისმენ.
- გისმენ.
- კი არ მისმენ , გძინავს . რა გჭირს ვერ გავიგე , ჩემთან მარტო საჭმელად მოდიხარ ?
არც უმაგისობაა, ვპასუხობ გულში და გემრიელად ვიზმორები. რა ბედნიერებაა, რომ ჯუნა ირას და არის, და არა ჩემი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent