სისხლიანი ვახშამი (სრულად)
I თავი როგორც იქნა, მოვიდა ნანატრი ზაფხული, მაგრამ ქუჩაში ისეთი პაპანაქებაა,თავი გოგირდის აბანოში მგონია . ერთი სული აქვს , შინამდე მივაღწიო, ტერფებს მიხორცებული ფეხსაცმელები მოვისროლო, ტანსაცმელი შემოვიძარცო,ტახტზე დავეხეთქო და ვიოცნებო...ზამთარზე. არ დამცალდა. ტელეფონის ზარმა კარის გაღებისთანავე მომისწრო. რეკავდა სუსუკო რატიანი , ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარი. -წყნეთში გეპატიჟები ვახშამზე,- მახარა. -ვინ იქნებიან ?- დავინტერესდი. -უელსის პრინცი მეუღლითურთ, ელტონ ჯონი პარტნიორითურთ... -არა, მართლა ! -ძველი სასტავი . წკრიალა , მე ,შენ , ლალიკო, ჭუტალა, სოფო თაზოს ძმაკაცი ცოლით, თავად თაზო...მმმ...ირას დავუძახო ? -ეგ საკითხი წკრიალას შეუთანხმე, რაც არ უნდა იყოს , კანონიერი ქმარია . მისმინე, სუსი, ,,სმა-ჭამა დიდად შესარგი “ იქნება ? -არა , „სისხლიანიმერი“ . -სისლიანი -ვინ ? -მერი, მერი... „შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს,მერი“...კოქტეილია ,გოიმო! ამერიკელები ტონობით სვამენ , გაუსკდათ მუცლები! სუსიკო აცრილია ამერიკელებზე , რომლებმაც ერთი საცოდავი „გრინ ქარდი“ ვერ გაიმეტეს მისი ჭკუით დატენილი ქმრისთვის . არადა, რა ენთუზიაზმით გაემგზავრნენ ამ რამდენიმე წლის წინ, მთელი სამეგობრო გვაღიარეს აეროპორტში. სუსიკო აქეთ გვამშვდებდა :ნუ გეშინიათ,გოგოებო, სმოტკებს გამოგიგზავნით, ვიზებს გამოგიგზავნით, ფოტოებს ხო -თავისთავად ცხადია . „სისხლიანი მერის“ რეცეპტის ჩამოსატანად ნამდვილად არ ღირდა ოკეანის გადაღმა გაფრენა. -რას გაჩუმდი?-მაფხიზლებს სუსიკო. -ცხელა. -ჰოდა, გასაგრილებლად გეპატიჟები. თუ გინდა, შაბათამდე დარჩი ჩემთან , ვიჭორაოთ. ჭორები ვიცი, ცოცხალი ვერ გადარჩები . -მართლა ?-გამოვცოცხლდი მე ,-მაინც ? -ტელეფონში სალაპარაკო არაა,- ცხვირში დუდუნებს სუსიკო. ნათლად წარმოვიდგინე მისი დავიწროვებული ტუჩები და აცქვეტილი ნესტოები . საერთოდ, სუსიკოს უყვარს გაბუქება - ბუზისგან სპილოს გამოიყვანს და ისე მოგართმევს ლანგრით. ვინაიდან მის გაფორმებულ ჭორში დევს გულწრფელი განცდები და უსაზღვრო ფანტაზია , პირდაღებულები ვუსმენთ ხოლმე . ბოლოს და ბოლოს , თავად ჭორის შინაარსი არ არის არსებითი, არამედ ემოცია , რომლითაც იმუხტება მსმენელიც და მთხრობელიც . -რომელ საათზე ? - შვიდძე არ ერჭვე. -ვნახოთ. - რას ქვია ვნახოთ !-ხმას უწევს სუსიკო,- რამეს ხომ არ მიმალავ , ბზიკოოო... მოიხედე აქეთ. პაემანზე მიძვრები ? შენ თუ კიდევ მორიგი ქმარი გამოთხარე, ორდენს გადმოგცემ მამაკაცების დაბოლებაში შეტანილი წვლილისთვის! -დავუშვათ, ამოვთხარე , მერე შენ რა ? -მიმასწავლე ის უძირო ორმო, სადაც პოტენციური ქმრები ბუდობენ! -ეხ, კაცების მეტი რა არის, ვედრო ორ ლარად. -ორლარიანი ჩემიც მეყოფა. -რაღას ჩამოეკიდე ავგოროზივით? -მაშინ ორმილიონიანი მეგონა. -არცა გრცხვენია ! ჩემგან განსხვავებით, სუსიკოს გაუმართლა. თაზო პრაქტიკულად იდეალური მამაკაცია. ის, რომ ამერიკაში ფეხი ვერ მოიკიდეს , სუსიკოს ბრალია, ეს მან აიტეხა ემიგრაციაში წასვლა , ეგონა, აეროპორტშივე დაახევდნენ კალთებს . როგორც აღმოჩნდა, თაზოსნაირი პროგრამისტები ამერიკაში მართლაც ვედრო ორ ლარად ყრია , სუსიკოსთანა მეოვცნებე ნიამორები კი ყოველი მეორეა. -მრცხვენია ,- სწრაფად ვეთანხმება სუსიკო და მისთვის საინტერესო თემას უბრუნდება ,- ჯანდაბას შენი თავი , შეგიძლია ისიც ამოიყოლო. შევხედავ მაინც, რითი ჯობია წინამორბედებს. - არავინ მყავს, ადამიანო, რა დროის ქმარია ამ სიცხეში ? -სიცივეში მოსულა ?ჰმ , მომინდომა აქ სეზონური ქმარი. -კარგი, შვიდზე შენთან ვარ !- სყვირი და ყურმილს ვახეთქებ . სუსიკო მომენტს არ უშვებს ხელიდან , ქმრების რაოდენობა არ შემახსენოს. არადა, სულ ორი მყავდა . პირველი- არც არის სათვალავში ჩასაგდები. ჩვიდმეტი წლის გავთხოვდი. ცოლად გავყევი ოცდაერთი წლის მუტრუკს, ბატიბუტა ბიცეპსებითა და ტვინში სამი ხვეულით. მკითხავთ- თუ იმთავითვე იცოდი ხვეულების რაოდენობა, რაღას თხოვდებოდი , დალოცვილოო? გიპასუხებთ : იმ მომენტისთვის მხოლოდ წელს ქვევითა ხვეულებს ვხედავდი , გრძნობად - ენერგეტიკულმა ჰორმონებმა თუ დამაბრმავა! თანაც , ის ხვეულები ისე ლამაზად იყო შეფუთული , მე კი არა , გამოცდილი მანდილოსანი შეცდებოდა. როცა დალევდა ხოლმე, იმ სამ ხვეულსაც ალკოჰოლი ისრუტავდა და ჩემზე მოიწევდა ამოყირავებულ პირამიდად. მოკლედ, ტიპური მოძალადე იყო. ერთ წელიწადში დავიშალეთ. მეორედ ოცდახუთი წლის გავთხოვდი. რატომ დავიშალეთ , ვერ მოგიყვებით, დღესაც მტკივა და იმიტომ . ამასობაში , წარდგენა დამავიწყდა. იათამზე მდივანი გახლავარ. პროფესიით გერმანული ენის მასწავლებელი , ოწოდებით ჩახლართული ამბების მოყვარული და მკვლევარი. ძირძველი ქართული სახელით მშობლებმა დამაჯილდოვეს, რომ გითხრათ, აღფრთოვანებული ვარ მათი პატრიოტული სულისკვეთებით, ტყუილი იქნება . იათამზეს მხოლოდ მამაჩემი და კლასის დამრიგებელი მეძახდნენ . დღეს არც ერთია ცოცხალი, არც მეორე. მე კი ხან იამზე ვარ , ხან ია, ხან იაკო, ხანაც ბზიკო. თუ ოდესმე მესამე წრეზე წავალ და შვილები მეღირსება , სულ დავითებსა და თამარებს დავარქმევ. * * * შაბათს , შვიდის ნახევარზე გამოპრანჭული ვდგავარ ვაკის სასაფლაოსთან და წყნეთისკენ მიმავალ მიკროავტობუსს ხელს ვუქნევ . შენც არ მომიკვდე, არავინ აჩერებს- სავსეა ხალხით. სამაგიეროდ, დაბინდულშუშებიანი „მერსედესი“ მოსისინდა . დგას და მელოდება. არ ვიმჩნევ. იქნებ მანიაკი იმალება დაბინდული შუშების მიღმა? წყნეთის ნაცვლად უღრან ტყეში გამაქანებს , ყელზე დანას მომადებს, გაუპატიურებას დამიპირებს... ფანჯარა მაინც ჩამოეწია , შევათვალიერებდი.. დრო გადის , დრო ჩემს ჯიბეზე არ ასხამს წყალს . თანდათან ვმწიფდები ტაქსის გასაჩერებლად. ი იყო, ნაბიჯი გადავდგი, რომ ნანატრ მიკროავტობუსიც გამოჩნდა. კიბეზე ფეხის შედგმისთანავე ჯუდუსუნში მუჯლუგუნი კრეს, წავიფორხილე და მრისხანედ მოვიხედე უკან . რიგებს შორის გზას მიიკვლევდა მდედრობითი სქესის სუმოს მოჭიდავე, რომელმაც ხალიასიანად გამკრა თავისი ცენტნერიანი საჯდომი და ხვნეშით ჩაეკვეხა ჩემთვის განკუთვნილ ართადერთ ადგილზე . გავმწარდი. -მოდი, აქ დაჯექი, - ვეცოდები მძღოლს და განსაკუთრებული კლიენტებისთვის გადანახულ ციცქნა ტაბურეტს მთავაზობს . ვჯდები, სხვა რა გზა მაქვს ?! კეფაში სულმოუთქმელად მასუნთქავენ წყნეთში გაჯეჯილების მსურველები , ან სად იმალებოდნენ აქამდე , თითქოს მარტო ვიდექი დაჩერებაზე. მძღოლმა მიკროავტობული ბოლომდე გაძეძგა და ბღუილით მოწყდა ადგილს . უბილეთო მგზავრები ფეხზე დგანან და სინქრონულად ირწევიან , ოცეკვავე პაპუასებივით. სადღაც ახლომახლოს ყარს გუდის ყველი... თუ ჩემ წინ ასვეტილი ბერიკაცის ოფლიანი ლაჯები... წყნეთში დაბუჟებული საჯდომითა და შელახული ვარცხნილობით გადმოვდივარ . როგორია, ბალზაკის ასაკის ქალმა ნახევარი საათი ერთი ხელის დადება ტაბურეტზე იჯაყჯაყო ? რასაკვირველია, დამაგვიანდა. ჩემი მეგობრები ალბათშუა ქეიფში არიან , არ მგონია, სუსიკო მხოლოდ „სუსხლიან მერის“დაჯერდეს. გზადაგზა ვისწორებ მკლავზე ჩამოსრიალებულ ბრეტელს , ვიახლებ მაკიაჟს და გაღიმებული ვაღებ ნაცნობ ჭიშკარს. ეზოში მეტყველი სიჩუმე დგას , როგორც აკლდამაში -სუსიკო!- ვყვირი. არავინ მეპასუხება. კიდევ ერთხელ ვაკვირდები ეზოს , იმ იმედით , რომ მისამართი შემეშალა. აგერ, თუთის ხე, აგერ კაფელით მოპირკეთებული ონკანი, ცოტა ზევით-ვერანდაზე ამავალი რკინის კიბე ... მაგრა რატომ არ მესმის სტუმრების ყაყანი , რატომ არ მეგებება მეგრული ქათამივით მკვირცხლი და ენამოსწრებული სუსიკო ? ფრთხილი ნაბიჯით მივიწევ ეზოს სიღრმისკენ , სიმძიმის ქვეშ ზრიალი გაუდის რკინის კიბეს. რაც თავი მახსოვს, სულ ასე ზრიალებს -სკოლის პერიოდში, სტუდენტობის დროს ,მერეც... ვერანდაზე ფეხის შედგმისთანავე თავი საშინელებათა ფილმში ამოვყავი . სუფრასთან არაბუნებრივ პოზებში სხედან ჩემიკ მეგობრები - ზოგი თავჩაქინდრული ,ზოგიც-უკან გადავარდნილი თავით . ჰამაკში ნება-ნება ირწევა უცნობი წყვილი . ისინი მკვდრები არიან , ყველანი! მაგიდაზე წითლად კვასკვასებს კოქტეილის სანახევროდ დაცლილი ჭიქები, შიგ ფერად-ფერადი საწრუპები აწყვია. ალბათ ეს თუა „სისხლიანი მერი“ , ვფიქრობ გულისგარეთ და საკუთარი კივილი მესმის. II თავი ტრანკვილიზატორებზე შევჯექი . ძილს ვაფარებ თავს , როგორც ლოკოკინა ნიჟარას. ძილი მოდის, მაგრამ ისეთი არა, რომ შვება მომგვაროს , ჩემს ძილს კოშმარული სიზმრის შლეიფი ახლავს . მესიზმრება, ვითომ მეც ვკვდები, ვითომ ჩემი სული ჭერს ეკვრის და იქიდან აკვირდება ჩემსავე სხეულს . სიზმარს სპეციფიკური სუნიც ახლავს - გოგირდისა და დამწვარი საბურავის, ალბათ ასე ყარს ჯოჯოხეთი. - ადექი, იათო , პანაშვიდზე გვაგვიანდება ,- დროგამოშვებით ყურთან ჩემი უფროსი დის ,ლელას ხმა მესმის. თვალებს ვახელ და ერთის მაგივრად სამ ლელას ვხედავ , როგორც ბალერინებს „გედების ტბაში“... სიყმაწვილეში ბალეტზე დავდიოდი, სიმაღლემ შემიშალა ხელი , თორემ ვიქნებოდი ახლა პრიმა ბალერინა , და არა გერმანულის მასწავლებელი. არ გაოვიდა. ლუდმილა მარკოვნამ, ქორეოგრაფიის პედაგოგმა, დედაჩემს ჩემს აქსელერატობაზე მიანიშნა და კალათბურთზე შეყვანა ურჩია. დედამ იუკადრისა : „ჩემი ქალიშვილი“, „ჩვენი ოჯახი“, „მაკნატუნა“, „გრიგი“,“მეცხრე სიმფონია“...მოკლედ,მთელი თავისი სნობური ლექსიკონი გადმოალაგა . - იათამზე!- ლელა ცდილობს რეალობაში დააბრუნოს და მხარზე მეჯაჯგურება. მსიამოვნებს მისი შეხება . რა ბედნიერებაა,რომ და მყავს, უფროსი და . მერე რა , ხანდახან ნერვებს ვუშლი , ვაღიზიანებ ... ჩემს თავს მაინც ვერსად გაექცევა .ვერასოდეს! ლელა პატიოსანი ადამიანია , ცდილობს , წესებით იცხოვროს , მაგრამ ცხოვრებას თავისი წესები აქვს და ხშირად ეწინააღმდეგებიან ლელას წარმოდგენებს. ამ დროს ლელა იბნევა და დამნაშავეს ეძებს . - თავს ძალა დაატანე და ადექი. ვალდებული ხარ. და ჩვენ მივდივართ პანაშვიდზე. ერთზე, მეორეზე, მესამეზე...მერე ლელა შინ მიდის , უფრო სწორად , ძალით ვაგდებ . ჩემ სიძეს გადაღჭილი საჭმელი თუ არ მიართვი , დედალი არწივივით, იჯდება ცარიელი კუჭით სავსე მაცივართან . შვილებზე აღარაფერს ვამბობ . ლელაზე დგას მთელი ოჯახი. პანაშვიდები ჩამთავრდა , დაჭკნა და გამოიფიტა საფლავებზე მიტანილი ყვავილები, მკვლელობა კი ჯერაც გაუხსნელია. მხოლოდ ის ვიცი, რომ კოქტეილი „სისხლიანი მერი“ დიდი დოზით შეიცავდა წნევის დამწევ პრეპარატს. იმ დღეს გაბრუებულა გავიღვიძე და მივხვდი - საკმარისია. არ მაქვს დეპრესიაში ჩავარდნის უფლება, რადგან გადავრჩი, უნდა ვიპოვო ჩემი მეგობრების მკვლელი... თუ მკვლელები... დარჩენილ წამლებს ნაგავში ვყრი , შემართებით ვჯდები საწერ აგიდასთან და სიას ვადგენ . გარდაცვლილები: 1. სუსიკო რატიანი 2. თაზო რატიანი 3. გიგუტა სესაიშვილი - „ჭუტალა“ 4. სოფო კანკავა 5. მამუკა ფილფანი 6. ნინო ფილფანი გადარჩენილები ( ანუ ისინი, ვინც იცოდა ვახშმის შესახებ და დროზე მისვლა ვერ მაოხერხა): 1. იათამზე მდივანი 2. ლალიკო ბუაძე 3. მერაბ წკრიალაშვილი- „წკრიალა“ მერაბსა და ლალიკოს საპატიო მიზეზი და მყარი ალიბი აქვთ. მერაბი თათბირზე იყო, ლალი კი ნაღვლის ბუშტის შეტევით შინ იწვა. ვრჩები მე . მაგრამ მე არავინ მომიკლავს ! თუ ვინმეს ეეჭვება , მოწმედ გამოვიძახებ მიკროავტობუსის მძღოლს და სუნიან ბერიკაცს , რომლის ფეხებთან ჩაცუცქულმა ვილაყლაყე თბილისიდან წყნეთამდე. 6 კაცი იქით, 3-აქეთ. სად მივდივარ მერე ? ჩემი დედუქციური მატარებელი გვირაბსი გაიჭედა , სინათლე კი არსაიდან ჩანს . ფურცელზე გვირაბიდან გამომავალ მატარებელს ვჯღაბნი , გასამხნევებლად მზეს ვურთავ და ფსიქოთერაპიულ შედევრს ჭიკარტით კედელზე ვამაგრებ . ყოველ წუთს უნდა მომხვდეს თვალში, რამდენჯერაც გავივლი და გამოვივლი. ნაშუადღევს დასაკითხად ინსპექტორ-გამომძიებელი მეწვია- გოლიათური აღნაგობის ლოყებღაჟღაჟა მამაკაცი. - მაიორი სერგო ოქრუაშვილი,- დასჭექა. შინ შევიპატიჟე, სხვა რა გზა მქონდა . - შემთხვევის სდგილზევე მინდოდა თქვენთან დალაპარაკება, მაგრამ უშედეგოდ. შოკში იყავით. ბუნდოვნად მახსენდება მაშინდელი აჟიოტაჟი-პოლიცია, კრიმინალისტები, მეზობლები, ბრეზენტგადაფარებული საკაცეები... ვიღაც მსუქანი მაიორიც დაძუნძულებდა, ეს თუ იყო, მაგრამ ეს მსუქანი არაა, ეს ჯამრთელია როგორც სავანის მარტორქა. - როდის ელაპარაკეთ უკანასკნელად ალექსანდრა რატიანს ? - ვის ?- მიკვირს. - ვის ოჯახშიც ტრაგედია დატრიალდა...- იბნევა. - ააა, სუსიკო?- მახსენდება სუსიკოს ოფიციალური სახელი. ხო, ალექსანდრა. რას ვაშაყირებდით თავის დროზე?! არადა, ახლა მოდაშია. - ჰო, სუსიკო. იყოს სუსიკო. - ხუთშაბათს ველაპარაკე. შაბათს წყნეთში დამპატიჟა ვახშამზე. - მარტო წახვედით? - დიახ. - სოფიო კანკავა არ დაგკავშირებიათ? - სოფო? და რატო უნდა დამკავშირებოდა ? - რა ვიცი, კლასელები ხართ, ბავშვობის მეგობრები. უპრიანია, ერთად ასულიყავით წყნეთში. - შეიძლება ,-უხალისოდ ვეთანხმები. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვისთან და რა დროს ავიდა, ფაქტია, ორივე ნკვდარია. - სუსიკო რატიანი ვისთან უფრო მეგობრობდა , თქვენთან თუ სოფო კანკავასთან ? - ჩემთან, ალბათ... - მაშინ როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ ტრაგედიამდე ორი დღით ადრე ისინი ერთმანეთს შეხვდნენ უთქვენოდ . მეწყინა. რატომ უნდა ვიგებდე სხვისგან ჩემი უახლოესი მეგობრების შეკრების ამბავს ?! თანაც უჩემოდ ! სუსიკო ისედაც ყველაფერს ჩამიკაკლავდა, მაგრამ მაინც გულდასაწყვეტია... გამოდის, სოფო სუსიკოს უფრო ენდობოდა, ვიდრე მე. პრინციპში, ჩვენ შორის სუსიკო ყველაზე გულისხმიერი იყო. - ვერ აგიხსნით. მგონი, არც არაფერია ასახსნელი. შეხვდნენ და შეხვდნენ,- ვამბობ ხმამაღლა, შეიძლება ითქვას გამომწვევად. მაიორი ოქრუაშვილი ხვდება ჩემი გაბრაზების მიზეზს და თანაგრძნობით მიყურებს . - იათამზე, მომიყევით თქვენი მეგობრების შესახებ...გთხოვთ. - ცოცხლებზე თუ გარდაცვლილებზე ? - გარდაცვლილებიდან დავიწყოთ. ის სრულ მზადყოფნას განასახიერებს. საქაღალდეც კი მოიმარჯვა... ვირივით ლამაზი თვალები და წრფელი გამოხედვა აქვს . არ გამოვა გაწბილება. ჩემდა გასაკვირად პირს ვაღებ და ვიხსენებ . სუსიკო ტარიანს იათამზე მდივანი სკოლის ერხიდან იცნობდა, სუსიკოსთვის რომ გეკითხა, სამშობიაროდან, რადგან მათმა დედებმა ერთსა და იმავე წელს , ერთსა და იმავე სამშობიაროში იმშობიარეს. ერთი დღის სხვაობით. დაბადების დღეებსაც მიყოლებით აღნიშნავდნენ - ჯერ იასას, მერე სუსიკოსას. ია ზედმეტად მორცხვი ბავშვი იყო, სუსიკო- რეაქტიული. იას ჰუმანიტარული საგნები ეხერხებოდა, სუსიკოს- მათემატიკური. საკონტროლოების დროს ერთმანეთის რვეულებში იჭყიტებოდნენ, იყო ერთი გადმოწერა და შპარგალკების სრიალი . სოფოს და თაზოს დარჩათ შვილი- 5 წლის თამრო, რომელიც ამჯერად ბორჯომში , თაზოს მშობლებთანაა. ასევე დარჩათ საზიარო აგარაკი წყნეთში და სამოთახიანი ბინა თბილისში, რომელსაც თაზოს მშობლები , სავარაუდოდ , გააქირავებენ , თანხას კი ობლად დარჩენილ ბავშვის გაზრდას მოახმარენ. გიგუტა სესიაშვილი, მეტსახელად ჭუტალა , 14 წლის იყო ,როდესაც სკოლა გამოიცვალა და იმ კლასში მოხვდა სადაც სწავლობდნენ იათამძე, სუსიკო, სოფო და მერაბი. იქამდე ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა. ჭუტალა- ახლომხედველი თვალების გამო შეარქვეს , არც მისი აჭარული აქცენტი დარჩენილა ყურადღების გარეშე- დასცინოდნენ. გიგუტას არ წყინდა , როდესაც კარგად სწავლობ და გარეგნობაც ხელს გიწყობს ,ისღა დაგრჩენია, სხვებთან ერთად იცინო საკუთარ ნაკლზე, სწრატეგიამ გაამართლა, კლასმა გიგუტა მიიღო. დამამთავრებელ კლასში, როდესაც ლამის ნახევარი საქართველო დედაქალაქში ჩამოვიდა უმაღლესი განათლების მისაღებად , გიგუტა მშობლიურ ქალაქს მიაშურა და საზღვაო სასწავლებელში , ე.წ. „მარიხოდკაში“ ჩააბარა. სიკვდილამდე თევზსაჭერ სეინერზე მუშაობდა კაპიტანის თანაშემწედ. ოჯახური მდგომარეობა - გაყრილი. უყვარდა ვისკის წრუპვა ქრომირებული მათარიდან , რომელიც მუდმივად ედო კიტელის შიდა ჯიბეში და რომლის გამოც ქრონიკულად მსუბუქ კაიფში იყო. სოფო კანკავა - კლასის მშვენება, ბიჭების ფარული და აშკარა დაპირისპირების საგანი. პირადად სოფოს არჩევანი მერაბ წკრიალაშვილსა და გიგუტა სესიაშვილს შორის მერყეობდა , რის გამოც ამ ორს არაერთხელ დაუმტვრევიათ ერთმანეთისთვის თავ -პირი. სოფო ხან გამარჯვებულს წყალობდა , ხანაც დამარცხებულს, გააჩნია რა გუნებაზე იყო. მყიფე სამკუთხედი მაში დაიშალა , როდესაც მოულოდნელად მერაბმა ცოლი მოიყვანა. ეს მოხდა მისაღები გამოცდების დამთავრებისთანავე. იმავე ზაფხულს გათხოვდა სოგოც. ცოლად გაჰყვა ლადოს, მასზე გაცილებით უფროს მამაკაცს. ცოლ-ქმარ ფილფანებს მე არ ვიცნობდი, რაზეც მოვახსენე კიდეც ყურადღებად ქცეულ მაირს. - შეიძლება გკითხოთ? თანხმიბის ნიშნად თავს ვუკრავ . - გიგუტა სესიაშვილი რატომ გაშორდა ცოლს? - ჭორებს თუ დაეჯერება ცოლი თვითონ გაშორდა. - კიდევ რას იტყობინებიან ჭორები ? - ქმრის მუდმივად რეისში ყოფნა ვერ აიტანაო. - ვითომ ? - არა ? - მე თქვენ გეკითხებით. - რაც ვიცოდი , გითხარით,- მკვახედ ვპასუხობ . მეჩვენება რომ ვირისთვალება მაიორმაც კი მეტი იცის ჩემს მეგობრებზე, ვიდრე მე. ეს გიგუტას ცოლი კი მართლა დარტყმულია, თუკი რეისის გამო ქმარს დაშორდა, ნახევარი წელი კაცის ჭუჭყიან წინდებს რო არ გარეცხავ მარტო ის რად ღირს! - სოფო კანკავას და მის ქმარს შორის რა ხდება ?- დაკითხვას განაგრძობს მაიორი. - რა ხდება ? - პრაქტიკულად გაყრილები არიან , თუმცა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ ,- გამომცდელად მიყურებს , ჰგონია , საგანგებოდ დავუმალე. - პირველად მესმის. - სოფოს რომ ქმარი არ უყვარდა , ესეც პირველად გესმით? - ჩემთვის არაფერი უთქვამს. - მაშინ მე გეტყვით - სოფო კანკავა ქმარს ვერ იტანდა . - დავუშვათ, ასეა . რა კავშირი აქვს ამას წყნეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან ? - არ ვიცი, არ ვიცი- მაიორი ოქრუაშვილი პირზე ხელს იფარებს და მორიდებულად ახველებს,- ერთი უხერხული კითხვაც მაქვს ... თქვენ ... არ იყავით კლასის „მშვენება“? - დამცინით? - არა, პირიქით, ისეთი აღმაფრენით ილაპარაკეთ სოფო კანკავას გარეგნობაზე, თითქოს მის გარდა კლასში ლამაზი გოგო არ იყო. მე რომ იმ ჭუტალას თუ წკრიალას ადგილას ვყოფილიყავი... - მე ამირჩევდით? - დამცინავად ვაწყვეტინებ . ის მრავალმნიშვნელოვნად მიკრავს ბომბორა თვალს. უეჭველი მეარშიყება ამ მგლოვიარე ქალს! ალბათ , დაყნოსა რამდენი შტამპი მაქვს პასპორტში და ნიადაგს სინჯავს. ღირსი არაა, დავიფრინო? - ამხანაგო მაიორო, 14 წლამდე კლასში ყველაზე მოწაფე ვიყავი. მადლობა ღმერთს, მოგვიანებითბიჭები წამომეწივნენ, თორემ დღემდე ვერ დავაღწევდი თავს კომპლექსებს. - საწყენად კი არ მითქვამს! - არც მე. - მაშ, ამხანაგო რატომ მიწოდეთ? - რა გინდა, გიწოდოთ? - სერგო. - სერგო, კიდევ გაქვთ კითხვები ? - დაგვრჩა ცოცხლები, წკრიალაშვილი და...- მაიორმა საქაღალდეს ჩახედა,- და ბუაძე ლალი. მერაბ წკრიალაშვილი, წკიალა. ყოფილი რაგბისტი. ყოფილი ეკონომისტი, დღეის მდგომარეობით ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი. უყვარს მეგობრებში მოლხენა, ქალაქური სიმღერები,ფრანგული პარფიუმი, პოლიტიკური ანეგდოტები. ჰყავს პათოლოგურად ეჭვიანი ცოლი და სამი ანგელოზივით შვილი. მეორე და მესამე ანგელოზი ირამ , წკრიალას ცოლმა, ქმრის შესანარჩუნებლად გააჩინა, თუმცა წკრიალა არც არასდროს აპირებდა ოჯახის მიტოვებას .როცა გყავს ირასნაირი ცოლი, გარშემო კი ამდენი ლამაზი ქალი დადის , ღალატისკენ სწრაფვა ჩვეულებრივი ამბავია. ლალიკო ბუაძე - სუსიკოს და იამზეს ბავშვობის მეგობარი. ცხოვრობს თექვსმეტსართულიანი კორპუსის მეშვიდე სართულზე, იმავე კორპუსის პირველ სართულზე აქვს ყვავილების მაღაზია. ჰყავს შავი პუდელი ადამი და მსუქანი კატა ბაბილინა. ოცნებობს თეთრ ცხენოსან რაინდზე, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს მოადგება მის საყვავილე მაღაზიას და ლალიკოს დანახვაზე მუხლს მოიდრეკს. სერგო საქაღალდეს ხურავს და კედელზე გაკრულ ფურცელს ამჩნევს. - ეს რა არის ? - მატარებელი. - სიაზე გეკითხებით. - ეს დამნაშავის გამორკვევის უნიჭო მცდელობაა. - ვინმეზე გაქვს ეჭვი ? - ნწუ. - ხოოო... მაშინ წავალ. - მეც მოვდივარ. - სად ? - გაოგნებული მიყურებს , ალბათ ფიქრობს, პოლიციაში მივყვები. ან პირდაპირ ციხეში, აღიარებითი ჩვენებით. - ლალიკოსთან გავივლი. - აჰაა...მანქანით მიგიყვანთ! - ფეხით მირჩევნია. აქვეა, ორი გაჩერების სავალზე. * * * მოვტყუვდი ,როცა როცა ქუჩაში ისეთი გაუსაძლისი სიცხეა, ორი გაჩერება სჯობდა მანქანით გამოევლო. ლალიკოს გრილ სადარბაზოში სული მოვითქვი. ის იყო, ლიფტის გამოსაძახებლად ხელი გავიშვირე , რომ სადარბაზოში წითური მამაკაცი შემოხტა, ლიფტი გამოიძახა და რაღაცნაირი ნიშნისმოგებით შემომცინა - ვითომ, ხომ დაგასწარიო. ან ჭკუანაკლულია, ან უცხოელი, - და თვალით კიბის მაშს ვზომავ . არა , სატონებო, სულ მამალი გიჟი იყოს, ფეხით ვერ დავაწვები მეშვიდე სართულზე. - ბითე! - ლიფტის გაღებისთანავე შესძახა და ხელით მისაპატიჟებელი ჟსტი გააკეთა. აჰა, უცხოელია! თანაც გერმანელი, რაც ორმაგად სასიამოვნოა. ისეთ გულიან მადლობა სვუხდი გერმანულ ენაზე, ტიპი ღიმილად დნება და უსაგნოდ აკანტურებს წითურ თავს. გამოგიტყდებით, აღფრთოვანებული ვარ უცხოელების დამოკიდებულებით ზოგადად ცხოვრებასთან და კონკრეტულად ადამიანებთან. ისინი ბუნებრივი კატაკლიზმების დროსაც კი არ კარგავენ სახეს. ამასწინათ ტელევიზორში ვნახე წყალდიდობა ინგლისის ერთ-ერთ პროვინციაში და წელამდე წყალში ჩამდგარი მაშველები , რომლებსაც დატბორილი სახლიდან მოხუცი ქალბატონი გამოჰყავდათ. ავეჯი წყალს მიაქვს, საქონელი წყალს მიაქვს, ქალი კი იღიმება , ბედნიერი. წითური გერმანელი მეშვიდე სართულზე ჩამოდის , მე- მერვეზე. გავიხედე და ლალიკოს კართან არ რეკავს ზარს ? დაბნეული ვიტკეპნები ლიფტის ბაქანზე- ჩავიდე არ ჩავიდე ... ამასობაში კარი იღება , მესმის ორმხრივი „დეარ“და კარის გაჯახუნება. ლალიკოს შეყვარებული ჰყავს ! მე კი ისევ ჭურში ვზივარ ! ყველაფერი შეთქმულებას ჰგავს - ნეტა მაინც ვიცოდე რას მერჩიან ?! ჯანდაბას, ჰყავს და ჰყავდეს, კეთილი ინებოს და გამაცნოს. გერმანულში მაინც წავივარჯიშებ . კიბეზე ჩავრბივარ და კართან ვჩერდები. ისევ გავიშვირე ხელი და ისევ მომენტალურად გავუშვი. იქ, ლალიკოს ერთი ხელის დადება დერეფანში, საეჭვო შრიალი ისმის, ვხვდები - აქედან დროზე უნდა წავიდეთ. ვარაუდით მივდივარ ქუჩაში. გახურებული ასფალტი ცხვირში მირტყამს და ზროვნებას მიბლოკავს . სუსი, სუსიკო, ლალიკოს შეყვარებული ჰყავს! არა, საყვარელი ! ტემპერამენტიანი უცხოელი, რომელმაც პირდაპირ კარზე ააყუდა ჩვენი აკადემიკოსი მეგობარი. ადამსა და ბაბილონის თანდასწრებით! გესმის, სუსიკო, ფრა ხდება ქვეყანაზე ? თუ შენც იცოდი და მიმალავდი ? როდის-როდის ვაცნობიერებ , რომ შუა ქუჩაში ვტირი. სირცხვილია. მოახლოებულ ტაქსის ხელს ვუქნევ და სასაფლაოზე მიყვანას ვთხოვ . III თავი მზე ჩადიოდა , როცა სასაფლაოს მივადექი. აგრილდა. მთიდან მონაბერი ნიავი გახურებულ სხეულსა და აწეწილ ნერვებს მიმშვიდებს. გზას უჩვეულო სიმშვიდეში მივიკვლევ. აქ ბევრი მისახვევ - მოსახვევია . მგონი, იმ ბილიკს ვადგავარ , რომელმაც, წესით, სუსიკოს და თაზოს საფლავზე უნდა გამიყვანოს. მაპატიე, სუსიკო, რო ყვავილები არ მომაქვს , მაგრამ დღეს რომ არ დაგელაპარაკო , გული გამისკდება და ყვავილების ამომტანიც აღარ გეყოლება. ლალიკოს არ სცალია, ერთბაშად ინაზღაურებს მარტოობაში გატარებულ წლებს . პირდაპირ იმ ვიწრო დერეფანში, სადაც ჩვენ ფეხსაცმლის გახდას გვთხოვდა - აქაოდა, იატაკი არ დაისვაროსო. რას იზამ ცხოვრება გრძელდება , საფლავში ამხანაგი კი არა , ღვიძლი დედა არ ჩამოგყვება. ღმერთო, დედა რომ შვილის სიკვდილს მოესწრება... შევდექი. მარჯვნივ საფლავები, მარცხნივ საფლავები, წინ საფლავები. მინდა გითხრათ, საერთოდ არ მეცნობა ეს ადგილი. უკან ვბრუნდები. შორიახლოს ქალების ყაყანი მესმის. დამლაგებლები იქნებიან . წეღან თვალი მოვკარი , როგორ ინაწილებდნენ თონის პურს. თან ჭორაობდნენ . პრინციპში მეც საჭორაოდ ამოვედი. ჩხაკუნის ხმაზე შევცბი. თავს ვაბრუნებ და ორიოდე ნაბიჯში მდგარ მამაკაცს ვხედავ . არხეინად უკიდებს სიგარეტს. ხელში სანთებელა უჭირავს . რამ დამზაფრა, ის ხომ ჩვეულებრივი ჭირისუფალია, ახლობლის საფლავზე მოსული და ფიქრებში წასული. ჩამავალი მზის ფონზე მკაფიოდ იკვეთება მისი რომაული პროფილი . ასეთპროფილიანი მამაკაცი ნეაპოლის ნაციონალურ მუზეუმში მინახავს და ის რომის იმპერატორს , გაიუს ავგუსტუს ეკუთვნოდა. გზას ვაგრძელებ . ვარაუდით მივდივარ , წარმოდგენა არ მაქვს, სად შეიძლება იყოს ჩემი მეგობრების საფლავი. მეტის ღირსი ვარ , მარტო რომ ამოასკდები სასაფლაოს , ის მაინც უნდა იცოდე , სად მიდიხარ , ან ხე დაიმახსოვრო , ან ბუჩქი , ან ვიღაცის ბიუსტი... უცებ თვალჭინ დამიდგა მარმარილოს სტელა კენწეროში მოქცეული თაბაშირის ანგელოზით. როცა სუსიკოს და თაზოს უკანასკნელ გზაზე ვაცილებდი, ვიფიქრე, იმ სტელის ძირში ბავშვი არის დამარხული - მეთქი. ვერ ვიხსენებ , ამ სტელას უკვე ჩავუარე, თუ წინ მელოდა ? თუ ჩავუარე , რაღა აზრი აქვს ამ გზის გაგრძელებას ? უკან ვბრუნდები და ისევ ავგუსტუსის პროფილიან მამაკაცს ვაწყდები. - უკაცრავად , ხო არ იცით სად არის ანგელოზიანი სტელა ? ის მრავალმნიშვნელოვნად დუმს , მგონი, შეშლილი ვგონივარ . არცაა გასაკვირი, ვინ იცის , რამდენჯერ ავუარ- ჩავუარე. - საფლავი დამეკარგა, უფრო სწორად , ვერ მივაგენი , სტელას მახლობლად იყო, ასეთი მარმარილოს სტელაა,- ხელით გაურკვეველ მოძრაობას ვაკეთებ ,- კენწეროში ანგელოზით.ფრთიანი ანგ... - ვიცი, მაწყვეტინებს ის და თავს დასავლეთისკენ აბრუნებს, იქ, სადაც ზანტად ჩადის ბროწეულისფერი მზე,- რამდენიმე მეტრს გაივლით და პირდაპირ მიადგებით თქვენს სტელას. - გმადლობთ. ვითომ რატომაა ის სტელა ჩემი ? ჩემი აქ არაფერია, ჰაერის გარდა. ამდენი თუ ვიბორიალე ჰაერიც არ მეყოფა და დავიხრჩობი . სუსი, მეც შენი საფლავის ძებნაში ამომხდა სული , ვირისთვალება მაიორი კი თავის დავთარში ჩაწერს : „ალექსანდრა რატიანის საფლავის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი იქნა მოქალაქე იათამზე მდივნის ცხედარი“... აი სტელა ! აი საფლავიც ! სტოპ! საფლავის პარაპეტზე ნაცნობ სილუეტებს ვხედავ , ზურგით სხედან და ხმამაღლა ბჭობენ , შეთქმულებივით. სუსიკოს და თაზოს საფლავზე მისულ ნებისმიერ ადაიანს წარმოვიდგენდი , ირას და ლადოს გარდა. რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან მოკლულ სოფოს ქმარსა და ცოცხალ წკრიალას ცოლს ? ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნეს თუ რა იყო , მოულოდნელად ირამ მოიხედა . - იათამზე , შენ ?! - შესძახა გაკვირვებულა და ხელი ჩანთისკენ გააცოცა. თავს ვერ დავდებ , რომ ჩანთაში იარაღს ინახავდა , მაგრამ ომ მომენტში ყველაზე უარესი ვიფიქრე . ფიქრი და გაქცევა ერთი იყო. გავრბივარ, ვიღაცის საფლავებს ვახტები, ისინი კი ერთხმად მეძახიან : - იათამზე... იაა... მეტეორივით ჩავუქროლე გარინდულ იმპერატორს , რომელსაც სიგარეტის მოწევა მოესწრო და ახლა ჩემკენ მოეღრიცა ამაყად ჩამოსხმული კისერი. - დახმარება გინდათ? - მეკითხება და ნაბიჯს დგამს. - მინდა, მომდევენ ! - აქოშინებული ვღრიალებ ლამის ფეხებში ვუვარდებიპირველსავე შემხვედრს. - ნუ გეშინია. მე აქ ვარ . და მე ვხვდები ... არა , არა მთელი არსებით ვგრძნობ , რო ეს არ არის პირველი შემხვედრი, ეს კაცი ღმერთმა გამომიგზავნა . - მიშველე , იმას იარაღი აქვს ! - ვის ? - იას ! - ხელს უკან ვიშვერ სტელას მიმართულებით. უცნობი მაჯაში მკიდებს ხელს და ი ადგილისკენ მიბიძგებს , სადაც წეღან იდგა. ეს იყო საკმაოდ მაღალ პარაპეტიანი შავი ლაბრადორის ფილებით მოპირკეთებული საფლავი. - დაწექით ! - მისი ხავერდოვანი ბარიტონი ბრძანბესავით ჟღერს . შევხედე. აშკარად არ ხუმრობს . მკაცრი და შეუვალი გამომეტყველება აქვს ., ორი ასკეტური ნაოჭი ღაწვების გაყოლებაზე . 37 წლის იქნება , შეიძლება მეტის. მორჩილად ვწვები ვიღაცის საფლავის ძირში და ვცდილობ , არ ვისუნთქო. ცხვირში ვარდისფერი აზალიები მიღიტინებენ , შუბლი ცივ ფილაზე აქვს მიბჯენილი . ოდნავ ვაბრუნებ თავს , მზერა ეპიტაფიაზე გადამაქვს . „მარინა“-ვკითხულობ ქვაზე ამოტვიფრულ სახელს.ღმერთო ჩემო რა ახალგაზრდა მომკვდარა საბრალო. ეს კაცი ალბათ მისი ქმარია ... მაპატიე, უცნობო მარინა, რომ შენს საფლავზე გავიშოტე და რუდუნებით დარგული აზალიები წავბილწე . რას იზამ, ცოცხალი კაცი ყველა არსებული და არარსებული უჯრედით ებღაუჭება სიცოცხლეს . მეც ცოცხალი ვარ . ჯერჯერობით... - იათამზე!.. ია!.. ჯანდაბას მაგის თავი ! - მესმის მესმის ირას სირენასავით ხმა. - უკაცრავად, აქ ახალგაზრდა ქალს არ ჩაუვლია? უეჭველი ჩემს მხსნელს ავგუსტუსს მიმართავს. - ეს წუთია , ვიღაცამ ჩაიქროლა, მგონი, ქალო იყო , - პასუხობს ის. ვაფასებ მის იუმორს. ისე გავრბოდი, სირაქლემა გახუნდებოდა. - ქალი კი არა ნამდვილი ქაჯია! - ქოშინით ამბობს ლადო , ახლადგამომცხვარი ქვრივი. აღშფოთებისგან ლამის მიწა შევჭამო . რამდენს ბედავს ეს მოკლეხელება ბებერი დინოზავრი? - ყოვერთვის დარეხვილი იყო , - არც ირას ასვენებს ეშმაკი, მაინცდამაინც უნდა გამაფარჩაკონ უცნობი ადამიანის წინაშე. - რა ვქნათ ? - კითხულობს ლადო. - რა უნდა ვქნათ და, წავიდეთ , ისედაც ამოვარდნაზე მაქვს გული. ახლა მე მკითხეთ, რა დღეში ვარ ! გული ხელით მიჭირავს, სრული ამ სიტყვის მნისვნელობით. - ადექით, - მეძახის უცნობი. მე მის გამოწვდილ მარჯვენას ვხედავ : ძლიერს, ვაჟკაცურს, სანდოს (იმპერატორის შესაფერისს)... ვეჭიდები , ვქაჩავ , მიწაზე ვდგები და უპირველეს ყოვლისა , ჩემს შიშველ ტერფს ვამჩნევ . მეორე ფეხზე თხელძირიანი , შავი ფეხსაცმელი მაცვია, „ბალეტკებს“ რომ ეძახიან , ისეთი. - დაკარგეთ? - მეკითხება. - ჰო, სირბილისას თუ გამძვრა... - ცალ ფეხს წეროსავით ვკეცავ და სუსიკოს საფლავისკენ ვიცქირები. ის ჩემს მზერას თვალს აყოლებს და უსიტყვოდ იძვრის ადგილიდან. - ეი, საით ? - დავადევნე ხმადაბლა. - ფეხსაცმლის საპოვნელად. - რას იპოვით , დაბინდდა უკვე. - ვცდი. - რომ დაბრუნდნენ ? - სტვენა იცი ? - მგონი. - აბა, დაუსტვინეთ. „დაწექით“, „დაუსტვინეთ“... ამას მე ძაღლი ხომ არ ვგონივარ ?! და მაინც , გაჭირვებით ვუყრი თავს ტუჩებს და მონდომებით ვუსტვენ . - არაუშავს, თუ გამოჩნდებიან , დაუსტვინეთ. ის წავიდა , მე კი ვრჩები გაღიმებული. ვიცოდე მაინც , რა მიხარია. ოციოდე წუთში ჩემი გმირი ხელცარიელი დაბრუნდა. ვერ იპოვა დაკარგული ფეხსაცმელი. - ეგ არაფერი, მთავარია ცოცხალი გადავრჩი,- ვცდილობ დავამშვიდო. ის იმხერბს იჩეჩავს და ეჭვიანად მომჩერებია: - ხომ არ აჭარბებთ ? - არა. - შეიძლება ვიცოდე , ვის საფლავზე მოდიოდით ? - ჩემი მეგობრების . ორიოდე კვირის წინ წყნეთში ტრაგედია დატრიალდა , ექვსი კაცი მოწამლეს. მე... მე ნახევარი საათით დამაგვიანდა , - თვალს ვარიდებ და ყელში მომდგარ ცრემლიან გორგალის გადაყლაპვას ვცდილობ - მაშინ სხვა საკითხია. დაჯექით. - მხრებში ხელს მკიდებს და საფლავის პარაპეტზე მსვამს . ჯიბიდან ლურჯი ხელსახოცი ამოაქვს , მიწაზე აფენს და ფეხზე მანიშნებს- დადეო. ფეხის ზომასთან დაკავშირებით პატარა კომპლექსი მაქვს , თუმცა , ჩემი სიმაღლის ქალს კონკიასავით მინიატურული ფეხი რო არ ექნება , ცხადზე ცხადია . ამიტომ აღარ ვიპრანჭები, მორიდებულად ვდებ ტერფს ცხვირსახოცზე და საშუალებას ვაძლევ , ქალამნის მსგავსი კონსტრუქცია მომიხლაფორთოს. მართალია, მთელი ამ მანიპულაციის შემდეგ მისი ძვირფასი ცხვირსახოცი გადასაგდები იქნება, მაგრამ არის სიტუაციები, როცა ზედმეტად თავის გამოდება და ბოდიშები უბრალოდ გოიმობაა. - ახლა კი მომიყევით,- ბოლოს ნასკვს აკეთებს და გვერდით მიჯდება . - რა მოგიყვეთ ? - ყველაფერი . * * * დათა მეტრეველი- ასე ერქვა საფლავზე გაცნობილ მამაკაცს, რომელმაც სახლამდე თავისი მანქანით მიმაბრძანა , ლიფტი გამომიძახა და წავიდა. არც სახელი უკითხავს , არც გვარი, არც ტელეფონის ნომერი. არადა , სიამოვნებით ჩავურაკრაკებდი. შინ მისვლისთანავე აბაზანაში ვხტები და დიდხანს და მონდომებით ვიხეხები. უფრო დიდხანს ვდგავარ გამოღებულ მაცივართან და ვმსჯელობ - რისი გაკეთება შეიძლება გაყინული ქათმის ფილეთი. ცხელი ვახშამი მირჩევნია თუ ცივი სალათა? პომიდორი მაქვს , არაჟანი მაქვს , ოხრახუშიც კი მაქვს , მაგრამ ვიდრე ფილე გალღვება, ვიდრე ჩავშუშავ , შევაზავებ , გავაციებ, ღამის თორმეტი საათი გახდება . ღამის თორმეტ საათზე რომ ხორცით გამოვსკდე , სჯობს დავივიწყო ის შესანიშნავი, ზომიერად პროვოკაციული ფრანგული კაბა , რომელიც ამასწინათ დედაჩემმა გამომიგზავნა და რომელიც ისეთი ვიწროა, ორი კაცის დახმარება მჭირდება , რომ ჩავეკვეხო. არადა, გავიდა სეზონი, გამარიაჟება მაინც მოვასწრო. ამ ფიქრებში ზარმა მომისწრო. ან მკვლელია, ან მხსნელი - ვასკვნი ჩემთვის და გულის ფანცქალით მივიწევ კარისკენ . ცხადია, ჯერ ჭუჭრუტანას ვაკვდები ცალი თვალით. ირა რო მარტო ყოფილიყო , გამორიცხულია შინ შემომეშვა, მაგრამ მერაბ წკრიალაშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ძმასავით ვენდობი. - დარწმუნებული ვარ, გლაზოკიდან გვთირავს ,- ქმარს ეჩურჩულება ირა. - თუ გვთირავს , ე.ო. გააღებს, - ცივად პასუხობს ის . ჰოდა , მეც ვაღებ . ბავშვობის მეგობარს ხომ არ გავაწბილებ ?! ვაღებ და თვალი ტორტის კოლოფზე მრჩება , როელიც მერაბს გაშლილ ხელისგულზე უდევს. გულის კუნჭულში მიხარია , რომ ქათმის გაკეთებას გადავრჩი. თუმცა ტორტში გაცილებით მეტი კალორიაა, ვიდრე გამოფშიკინებულ ქათმის ფილეში. ირა კისერზე მეკიდება ბიბლიური გველივით. ცხვირში „ემპიორი არმანის“ სურნელი მირტყამს, ქალი კი არა, მოარული პარფიუმერიის სალონია, სუნამოს საშუალებით ცდილობს შნიღბოს თავისი ბნელი არსი. - არ გცხვენია , იამზე , ჩემი შეგეშინდა ?! რომ არ ვიცოდე , რა სტრესი გადაიტანე, ვიფიქრებდი, რომ დაირეხვე. „იფიქრე კიდეც და ხმამაღლაც თქვი“,- ვპასუხობ გულში და მერაბს ვესალმები. იცოცხლე , ამასაც მიუღია ოდეკოლონის აბაზანები, მაგრამ მე არ აღიზიანებს წკრიალას სუნი . მისგან დადებითი ენერგეტიკა მოდის . - იაკო, როგორ ხარ ? - მეკითხება. ხმამაღლა ოხვრით ვპასუხობ , ირამაც რო გაიგოს და გულზე გასკდეს. - ჩაის დაგვალევინებ ? - რა თქმა უნდა. ტორტის კოლოფიანად სამზარეულოში გავდივარ. ირა ფეხდაფეხ მოყვება. - არა, მაინც რატომ დაგაზე, რა დაინახე ასეთი? თუ სუსიკოს და თაზოს საფლავზე სიარული მხოლოდ შენი ექსკლუზიური უფლებაა? თუ ფიქრობ , მარტო შენ გიყვარდა ისინი, ძალიან ცდები. რამ გაყო ჩემი და ჩემი ქმრის მეგობრები ?! დაგავიწყდა , რამდენი დრო გვაქ ერთად გატარებული ? არ დამვიწყებია. პირველი ხუთი- ექვსი წელი ირა ინტენსიურად გვეპატიჟებოდა დაბადების დღეებზე . სუსიკო გიჟდებოდა ირას გაკეთებულ ნამცხვრებზე, ცომეულის დედოფალს ეძახდა. თან ჭორაობდა, თან ხეთწავდა , თან თვალს მიკრავდა და ირას ნამღერ რომანებს უსმენდა . უნდა ვაღიარო, ირას არ ქონდა ცუდი ხმა,მაგრამ სიმღერის აღსაქმელად ხმა არ არის საკმარისი , სული უნდა ჩადო , თუ გაგაჩნია . ვიდრე მე მაგიდაზე თეფშებს ვალაგებ , ირა თავის მართლებას განაგრძობს . - რა ჩემი ბრალია ლადო თუ დამხვდა ... არ უნდა დავლაპარაკებოდი ?! თუ კეთროვანია ? უსათუოდ ვინმესთან უნდა შემეთანხმებიდა სასაფლაოზე წასვლა , თუ რაშია საქმე ?!სხვათა შორის, იქ შენც არავინ გელოდა , მაგრამ მიხვედი. ხო ასეა, იათამზე. რატომ დუმხარ , ენა გადაყლაპე ? ენა არ გადამიყლაპავს , უბრალოდ , ვხვდები , ეს ქალი სადღაც მართალია და ისღა დამრჩენია , დავდუმდე. თვითონაც არ ვიცი , რა ბზიკმა მიკბინა როცა ისინი ერთად დავინახე ! ეტყობა, ეს ბზიკი ჩემს ქვეცნობიერში იჯდა და გაქცევა მიკარნახა. ქვეცნობიერი კი, მოგეხსენებათ, უძირო ორმოა, მე კი არა , ფროიდმა ვერაფერი გაუგო. - შინ ეწევი? - სამზარეულოში მერაბმა შემოიხედა. თაროდან საფერფლეს ვიღებ , ერთ ღერს მერაბის კოლოფიდან ვაძრობ და სტუმარივით ვჯდები მაგიდასთან . - თქვენ მოწიეთ, მე იქამდე ტორტს დავჭრი და ჩაის დავასხამ , - დაფაცურდა ირა ,- ზღაპრული ტორტია , ყველგან კი არ იყიდება ასეთი... „ზღაპრული“ - ირას საყვარელი ფრაზაა. მის მიერ ნაყიდი მარტივი ქინძისთავიც კი ზღაპრულია , ამით ხაზს უსვამს თავის განსაკუთრებულ გემოვნებას . ვინ იცის , წყნეთში დატრიალებულ ტრაგედიასაც ზურგსუკან ზღაპრულს ეძახის . კაცმა რომ თქვას , ეს ყველაფერი მართლა ჩამოჰგავს ბოროტი მეზღაპრის დაწერილ ზღაპარს. მერაბი კვნესით ჯდება ჩემ პირისპირ. - ისევ გტკივა ? - ვეკითხები . თავს მიკრავს და ანთებულ სანთებელას მახვედრებს . მერაბს ქრონიკულად აწუხებს წელის ტკივილი - სპორტული წარსულიდან გამოყოლილი გრავმა . ტკივილი მატულობს წონის მატების პრპორციულად . მერაბზე ვერავინ იტყვის , მსუქანიაო, მაგრამ გადაბმულმა ქეიფმა საგრძნობლად შეუცვალა წელის გარშემოწერილობა . ვაბოლებთ, ერთმანეთს ვუყურებთ და ვგრძნობთ - ჩვენს წუხილს სიტყვები ვერ გამოხატავს. - შენს ადგილას დროებით მოსკოვში წავიდოდი, - ამბობს მერაბი. - რა დამრჩენია , რო ? - დედაშენს ნახავ, გულს გადააყოლებ . უკვე ოთხი წელი იქნება, რაც დედაჩემი მოსკოვში , თავის დასთან გადავიდა საცხოვრებლად. ევი მაქვს , მე გამექცა , უფრო სწორად , ჩემი ვერ შემდგარი ქორწინება ვერ მოინელა და უარესის მოლოდინში რუსეთში გადაიხვეწა. შეთავაზება „გულის გადაყოლებაზე“ მშობელი დედისგან უკვე მივიღე და უარის თქმაც მოვასწარი . ვიდრე ბოროტმოწმედი თავისუფლად დანავარდობს , ფეხს არ დავძრავ თბილისიდან . იმავეს ვუმეორებ მერაბსაც . - საქმე აღძრულია, ძიება მომდინარეობს , შენ რა შუაში ხარ ? - მეკითხება მერაბი . - მე ვითანამშრომლებ გამოძიებასთან , რადგან ალღოთი ვგრძნობ - ამ მკვლელობაში შინაურის ხელი ურევია. - ვინმეზე გაქვს ეჭვი ? - არა. - აბა, მარტო ინტუიციით შორს ვერ გავფრინდები. მიანდე ეგ საქმე გამოძიებას . - გამოძიებას ორი კვირის განმავლობაში მაინც უნდა გამოევლინა ეჭვმიტანილი . ლადოზე რას იტყვი ? - ვეკითხები მოულოდნელად. მერაბი იბნევა , ირას ჭიქაზე დამიზნებული ჩაიდანი ავიწყდება და თვალებდაჭყეტილი მიყურებს . მდუღარე მაგიდაზე იქცევა. უსიტყვოდ ვაწვდი ტილოს . ირა ფართხაფურთხით წმენდს მაგიდას . - მე რომ ლადო არ მევასება , არაა ახალი, -ამრეზით ამბობს მერაბ, - მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ერთია, ეჭვმიტანილის სტატუსი - მეორე. მზერა ირაზე გადამაქვს . მექანიკურად ჭმუჭნის ტილოს . თითები უცახცახებს . ირა ყოველთვის ეჭვიანობდა მერაბის პირველ სიყვარულზე . სოფო აღარ არის ცოცხალი , ირა კი მის ქმარს ხვდება . შეიძლება არც არაფერი , მაგრამ მერაბის დაწუნებული ინტუიცია სულ სხვა რამეს მკარნახობს - ეს იყო დაგეგმილი შეხვედრა . - რამ შეგაშფოთა ირა ?- რაც შეიძლება შინაურულად ვეკითხები. - რამდენიმე დღის წინ ჩვენი სახლიდან ოქროს ბეჭედი მოიპარეს , უცებ გამახსენდა და ... - რა შუაშია შენი ბეჭედი წყნეთის ამბებთან ? შენც იტყვი რა ! ხელს იქნევს ერაბი. ამ ჟესტში იკითხება გულგრილობა , გაღიზიანება , საყვედური... ბევრი რამ , - ბეჭედს უეჭველი ნუციკო დაკარგავდა . 13 წლის ნუციკო ირას და მერაბის უფროსი ქალიშვილია - ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი და უბრალოდ კარგი გოგო , თუმცა დედამისივით წიკვინა ხმა აქვს . - იცი, რას ვფიქრობ ? ვინმეს ხო არ აჩუქა მაგ მამაძაღლმა ბავშვმა , მე კი გიორგუნას ძიძას დავაბრალე , - ირას ცბიერად ეჭუტება თვალები . - მორჩი ახლა ფანტაზიორობას , გვაღირსე ნაქები ტორტი და ცხელი ჩაი , ნახა რა სალაპარაკო თემა !- ცოლს უღრენს მერაბი . მე რომ ქმარი ასე აგდებულად მელაპარაკოს , თანაც სხვისი თანდასწრებით, ცხელ ჩაის ფეხებს შუა შევასხამდი , ტორტს კი ზეგ ფიზიოზე დავაკრავდი . ირა კი , ვითომც არაფერი , ისეთი გამომეტყველებით ჭრის ტრტს , აშკარად აკრძალულ ფიქრს აგრძელებს . წაყრუებაც თ, თავისებური სტრატეგიაა, „ც“ კი არა , ოჯახის შენარჩუნების ერთ-ერთი წინაპირობა . მე ეს არასოდეს შემეძლო , იმიტომაც ვარ მარტო. IV თავი ღამით კოღოს წუილმა გამომაღვიძა. შუქს ვანთებ და გაალმასებულ მზერას კედლებზე დავასრალებ . კოღო მიიმალა . რომც ვიპოვო ვერ მოვკლავ , შპალერს წითელ ლაქად დარჩება სისხლის ანაბეჭდი , სხვათა შორის , ჩემი სისხლის ... შუქს ვაქრობ და ვაყურადებ . წუილი მეორდება . თავზე ზეწარს ვიფარებ . არ მშველის. კოღო აქტიურია, როგორც ერთად აღებული ასი მესერშმიდტი. საინტერესოა, უკვე მიკბინა თუ მხოლოდ აპირებს ? შეიძლება მიკბინა და არ ეყო ჩემი ანემიური , ჰემოგლობინნაკლული სისხლი. ამბობენ , იმ ადგილას, სადაც ახლა ვცხოვრობ , ადრე აობი იყო, ალბათ იმიტომაც ეტანებიან კოღოები, გენეტიკური მეხსიერება მოაქანებთ. ჯანდაბას მაგის თავი, ოღონდ გაჩუმდეს და გაუშვი, მიკბინოს , მიჩუქნია ორიოდე მილიგრამი. კოღოს წუილს უნაური ხმა ერთვის. ჭრიჭინა კუთვას ჰგავს. ჩემ სახლში მწერების პარადია ! უი, მგონი , ხელჩანთაში დატოვებული მობილური კუთავს ! უნდა ავდგე , სხვა რა გზა მაქვს . ხელების ცეცებით მივიწევ დერეფნისკენ , სადაც ჩანთა მეგულება . ჩემი „ნოკია“ წითლად მიკრავს თვალს - მესიჯი მოგსვლიაო. „ღამე მშვიდობისა , ბზიკო“, - ვკითხულობ გაოგნებული. გაომგზავნი დაბლოკილია . ვიღაცას ძალიან უნდა ფსიქოლოგიურ ტერორში მამყოფოს . მე არ მივეკუთვნები იმ ქალებს , ვისაც ჩიტუნიებს , ფისუნიებს და ამუნიებს ეძახიან . „ბზიკოს“ მხოლოდ სუსიკო მეძახდა , მაგრამ სუსიკო მკვდარია ! თუ მაინცდამაინც ჩემთან ურთიერთობა სურს , ფანტომის სახით გამომეცხადებოდა , სულაც სიზმარში... აი, მესიჯი მეტისმეტია, თუმცა ... თუმცა გამორიცხული არაფერია. მობილური გამოვრთე და ისევ ლოგინში შვყვინთე. რომის იმპერატორი გაიუს ავგუსტუსი დამესიზმრა, ვითომ ჩემი ფანჯრების ქვეშ გრუხუნით დააბიჯებდა მისი მარმარილოს ორეული. * * * რატომღაც მეგონა ლალიკოზე ნაწყენი ვიყავი , მაგრამ როცა ტელეფონში მისი კლდემამოსილი მისალმება გავიგონე , წყენამ თვალის დახამხამებაში გადამიარა. - ისაუზმე ? - მეკითხება ლალიკო. - ჯერ არა . - მაშინ გელოდები. გუშინდელი ტორტის ნარჩენი ,თავის კოლოფიანად ,მოვიმარჯვე და ლალიკოსთან გავწიე. თუ გასუქებაა , ლალიკოც გასუქდეს ჩემთან ერთად. ფერი და ხორცი ისედაც არ აკლია . თმას თუ გაიშლის და მეწამულ ქსოვილზე წამოწვება , ოფიქრებ , რობენსის ვენერამ განიცადა რეინკარნაცია . მიკვირს , აქამდე როგორ ვერ გასაღდა ! ან კაცები დაბრმავდნენ , ან ლალიკო ვერ აწოდებს შესაფერისად თავის ღირსებებს. ჰმ , რაღა ვერ აწოდებს , აგერ , გოჭივით გერმანელი დაუთრევია . აბა, თუ გამომიტყდება ?! - რა კარგია, რომ მოხვედი ! - გულში მიხუტებს ლალიკო, - უი, ტორტი !რატომ შეწუხდი ? - არ შევწუხებულვარ , ერთმა წითურმა უცხოელმა გამომატანა შენთან . ლალიკო ყაყაჩოსავით წითლდება , ლამის ხელიდან გაუვარდეს ტორტიანი კოლოფი . ძაღლი ადამი გრძნობს პატრონის შეცბუნებას და გამაფრთხილებლად მიღრენს. კატა ბაბილინა აპრეხილი კუდით მიემართება მყუდრო სამზარეულოსკენ , იცის, გოგომ , ადრე თუ გვიან ჩვენც შევუერთდებით. - იაკო , რას ამბობ რომელი უცხოელი ?.. - დაბნეული ბუტბუტებს ლალიკო. - რომელმაც გუსინ ფეხდაფეხ შემომასწრო და პირდაპირ კარზე აგაკრა , - აგდებულად ვპასუხობ. ვატყობ , ზედმეტი მომდის . ორიდან ერთია. ან ბოროტი ვარ , ან შურიანი . ლალიკოს კაცი ჰყავს , მე - არა . რაღაც რეაქციას ველოდებოდი , მაგრამ ტირილს - არამც და არამც . აი, სულელი ! - რა გატირებს , გოგო , სიხარულით უნდა ბზრიალებდე , ძლივს კაცი გეღირსა ! - ვამშვიდებ ცრემლმორეულ მეგობარს და სამზარეულოსკენ ვუბიძგებ , სადაც უკვე გველოდება სფინქსივით წამომჯდარი ბაბილინა . - არავის უთხრა ,იაკო, დედა დაიფიცე , რომ არავის ეტყვი! თუ უკვე უთხარი ? - შეშინებული მაცქერდება , ოქროსფერ წამწამებზე ცრემლი უბრწყინავს და ნესტოები უცახცახებს . - ხო, ბრიფინგი გავმართე გერმანიის საელჩოსთან , სამსაათიან საინფორმაციო გამოშვებაში იქნება , - მხრებზე ხელს ვხვევ და ყურსუკან სისხლჩაქცევას ვამჩნევ . რაღა ჩემი წუხანდელი კოღო , რაღა წითური გერანელი ! - ნუ მაშაყირებ ! - მაშინ ნუ მოთქვამ ! - შენთვის ადვილი სათქმელია , ორჯერ ხარ გათხოვილი, არ გამიკვირდება , მესამედ გარისკო , მე რა მექნა , როდემდე ვყოპილიყავი ქალიშვილი ?! მართლაც , როდემდე შეიძლება შინახოს სიქალწულე ჯამრთელმა ახალგაზრდა ქალმა ? ოცდაათ წლამდე , ორმოცამდე თუ სიკვდილამდე? თუ როგორც ბებიაჩემი იტყოდა : „მანამ , სანამ არ ჩაბარდები პატრონსო“. მაგრა თუ არ გამოჩნდა ის უპატრონო პატრონი ? - არ უნდა ტოპილიყავი , აქამდეც უნდა გაგესინჯა . ლალიკო ცრემლებს იწმენდს და შეურაცხყოფილი მიყურებს : - ნუ იცი ეგეთი ლაპარაკი, იაკო, ტორტო ხომ არ არის, გამესინჯა! - მგონი, ტორტხე უკეთესია, არა ? ჰო, კარგი , კარგო მორჩი მაიმუნობას და მომიყევი , ვინ არის , საიდან გაჩნდა . წითური გერმანელი აღმოჩნდა ავსტრიის მოქალაქე, კლაუს კოლი, რომელიც გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცამოჰყვა რომელიღაც საერთაშორისო მისიას და ერთ შვენიერ დღეს ლალიკოს მაღაზია - სალონს მიადგა საყვავილე მიწის შესაძენად . რამდენიმე წინადადების შემდეგ ავსტრიის მოქალაქეს მიწაც დაავიწყდა და ყველა საერთაშორის მისია ერთად . ოთხი შვის განმავლობაში მისსავე სალონში ნაყიდი ყვავილებით ბომბავდა უკარება ქალიშვილს. ბოლოს და ბოლოს , ლალიკო გატყდა და დანებდა. თუმცა წინასწარ იცოდა - ერთ მშვენიერ დღეს უცხოელი ხელს დაუქნევს და თავის ავსტრიაში გაქუსლავს . ასეთი დღე მართლაც დადგა , მაგრა კლაუსი არსად აპირებდა გამგზავრებას შეყვარებულის გარეშე. მისი სურვილია, ლალიკო გახდეს , „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“. დიდი სახლი ტიროლში ჰქონია, რამდენიმე აკრი ნოყიერი მიწითა და მამაპაპირი სათბურით, სადაც კოლების წინაპრები საუკუნეზე მეტია , ვარდებს აშენებენ . - მერე რას ელოდები ? - ვეკითხები სულმოუთქმელად . - არ ვიცი, - მხრებს იჩეჩავს ლალიკო. - წადი , სანამ გეპატიჟებიან . - ტიროლში მეპატიჟებიან, ვენაში კი არა ! იცი ,რა არის ტიროლი ? პროვინცია. უყურე შენ ცხვირსაც რომ იბზუებს ?! ვენა მომინდომა, თითქოს ვენის ყოველწლიურ საოპერო მეჯლისზე ეპატიჟებოდეს ვინმე . - მაშინ იჯექი იმ შენს მაღაზიაში და თვალე ყვავილები - ერთი პიონი ერთ ლარად . ვარდი უფრო ძვირი ღირს , შავი - განსაკუთრებით. მაგრამ თუ თაიგულს ინებებთ, ლარს დაგიკლებთ... - მორჩი ღადაობას , ისედაც ჩიხში ვარ . - ბედი კარს მოადგა , ამან ჩიხიო - დაუჩემებია. დღესვე დათანხმდი , აი , ჩემი რჩევა . ლალიკო მზერას მარიდებს და სევდიანი ღიმილით ეფერება ფანჯარაზე დასკუპებულ ბაბილინას . ბაბილინა ხარბად ყნოსავს ჰაერს და ჯრუტუნით გვანიშნებს ტორტზე . მეტი რა ქნას კატამ , ხვეწნას ხომ არ დადვიწყებს - ტორტი გამასინჯეთო ? - შენ არ იცი მთავარი... - ძლივს გასაგონად ამბობს ლალიკო . - რა ?!- გულგახეთქილი ვეკითხები. იმპოტენტი რო არ არის ,მივხვდი , მაგრამ იქნებ სხვა ნაკლი აქვს ?ორი სასქესო ორგანო მაგალითად , ან ცალი სათესლე ჯირჯვალი. - არავის ეტყვი ? - ნუ გამიხურე. მიდი, ამოღერღე. - კლაუსი ჩემზე უმცროსია . მთელი ექვსი წლით. შვებით ამოვისუნთქე და იმ საბედისწერო ვახშის შემდეგ პირველად ვიცინი გულიანად , უკან გადაგდებული თავითა და 32 გადოყრილი კბილით. - სულაც არ არის სასაცილო , სად გამოვყო თავი სირცხვილით ! მე , რომელმაც საკუთარ ძმას სამი წლით უფროსი გოგო დავუწუნე ! არადა უყვარდა ის გოგო... ახლა სხვა ცოლი ჰყავს , ახალგაზრდა და ენაგატლეკილი. სულ ჩხუბობენ - სულელი ! - ვინ ? - შენი ძმა. - რატომ ? - შენ რომ დაგიჯერა . - ეგ კი, - სევდიანად მეთანხმება ლალიკო, - შენ ფიქრობ დავკიდო ? - კი არ ვფიქრობ , დარწმუნებული ვარ . არც კლაუსია პამპერსიანი ცვილი, არც შენ მყავხარ სკოლის ასაკში , რომ ასაკობრივი სხვაობა თვალშისაცემი იყოს . და საერთოდ, ჯერ უნდა იცხოვრო და მერე იფიქრო . უფრო სწორად , ისე უნდა იცხოვრო , რო საფიქრალი დრო არ დაგრჩეს. - შეიძლება ასეცაა, უჰ, არ ვიცი, არ ვიცი ... - თავს აქნევს ლალიკო და უცებ სერიოზულდება ,- მთავარი არ მითქვამს იაკო ! - ახლა არ მითხრა , სექსუალური გადახრა აქვსო . - ნუ გადაგყავს ყველაფერი ინტიმურ ჭრილში . კლაუსი საერთოდ არაფერ შუაშია . ბინა გამიტეხეს . იმიტომაც დაგირეკე დილაუთენია . - ვაი! წაიღეს რამე ? - საქმეც ისაა, რომ არაფერი . - როგორ თუ არაფერი , მაშინ რაღას შემოდიოდნენ ? - მგონი , რაღაცას ძებდნენ , მთელი სახლი გადაქოთებული დამხვდა . წკრიალაშილებთან იყვნენ , ლალიკოსთან იყვნენ , ვინ არის შემდეგი ? * * * სოფო კანკავა და მისი ქარი , ლადო, ბაგებში ცხოვრობდნენ , კერძო სახლში, რომელსაც ინგლისური ფანჯრები და ნაცრისფერი ფასადი აქვს . ეზოში ხეივანია გაშენებული, იქვე - მყუდრო ფანჩატური. აღარ მახსოვს, როდის შევიკრიბეთ უკანასკნელად ამ ფანჩატურში. სუსიკოს ამერიკაში ყოპნის პერიოდსი კლასელები პრაქტიკულად დავიშალეთ, პანაშვიდებზე თუ გადავეყრებოდით ერთმანეთს. მე და სოფო არც არასოდეს ვყოპილვართ თავგადაკლული დაქალები , სკოლის დამთავრების შემდეგ ინერციით ვურთიერთობდით ხანდახან . ერთადერთი ვისაც არასოდეს დავვიწყებივარ არის, წკრიალა . გარკვეულწილად , მერკანტილური მოსაზრებით - პერიოდულად ბინის გასაღებს მენათხოვრება . მაგალითად , წინა თვეში ოთხჯერ მაინც გამომართვა , რაც უკვე თავხედობად მიმაჩნია და რისთვისაც უკვე გვარიანად შევჯორე. რასაკვირველია, წკრიალას შეეძლო , სასტუმროში წაეყვანა თავისი ვნების მორიგი ობიექტი , მაგრამ სასტუმროში გაშიფვრის ალბათობა უფრო მეტია , ვიდრე ჩემს ერთოთახიან ბინაში . ირას მთელი თბილისის მასშტაბით ჰყავს მსტოვრები . სხვა ვერც შემომბედავდა ქალის გასა**მად გასაღების თხოვნას ,მაგრამ მერაბს უარს ვერ ვეუბნები. ისიც ბოროტად სარგებლობს . სასაფლაოს ინციდენტის შემდეგ ლადოსთან სტუმრობა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია , მაგრამ პასუხგაუცემელი კითხვები მოსვენებას მიკარგავს და სარისკო ნაბიჯის გადასადგმელად მიბიძგებს . თანაც , არასოდეს მესიმპატიურებოდა ეს ლადო . ჩემთვის დღესაც გაუგებარია, რამ გააჩერა სოფო ამდენი წელი კაცთან , რომელიც არც გარეგნობით გამოირჩევა , არც იუმორით. ერთხელ სუსიკომ ანეგდოტი მოყვა ,სიცილით დავიხოცეთ ყველანი , ლადოს კი წარბიც არ შეუხრია , მხოლოდ აღნიშნა : „რაც მეტია ანეკდოტი, მით ცუდ დღეშია ქვეყანა“. მიდი და იცხოვრე ასეთ სნობთან ! სოფო კი ცხოვრობდა . ვერ ვიტყვი,რომ ბედნიერი იყო, მაგრამ ეტყობა რაღაც აკავშირებთ. ვითომ , სექსი ? არა მგონია . თხუთმეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ რბილტანიანი ლადო კი არა ბრედ პიტი მოგბეზრდება . რჩება ფული. რასაკვირველია, ფსიქოლოგის ხელფასით სოფო ვერც ბოლო მოდელის „ბეემვე“-ს მოახტებოდა, ვერც პარიზში იშოპინგებდა. ლადო სამი ინტერნეტ-კაფის და ღამის კლუბის პატრონი იყო , ასე რომ, ფინანსურად არ უჭირდათ. შვილი არ ჰყავდათ და ამას ორივე განიცდიდა. ერთი პერიოდი ბავშვის აყვანაც უნდოდათ, რაღა ბავშვის, 12 წლის გოგონა იყო , რომელიც სოფომ უპატრონობავშვთა თავშესაგარში გაიცნო და შენ მოიყვანა . სამწუხაროდ , გოგონა ქურდი აღმოჩნდა . თუმცა , სოფო ირწმუნებოდა კლეპტომანიაო, მაგრამ ბოლოს თვითონაც ვერ გაუძლო სახლიდან ნივთების გაქრობას და მოზარდი ისევ თავშესაფარში დააბრუნა. ზარს ვრეკავ და თვალით ბეტონის გალავანს ვზომავ . ლადოს მტაცებელი ცხოველივით მოუნიშნავს საკუთარი ტერიტოტია , თითქოს ვინმე რამეს ედავება . კარს რუსი ვერა მიღებს , სოფოს გამზრდელი ძიძა. ის მზითევსი გამოყვა თავის გაზრდილს „ლუდოვკოს“ თეთრ საძინებელთან და „მეისენის“ ვარდისფერ ფაიფურთან ერთად . სოფო დიდი ხანია გამოვიდა ფაფების ასაკიდან , მაგრამ ვერას მაინც ვერ შეელია . ბავშვობიდან იყო მიშვეული მომსახურებას , ვერასაც მზე და მთვარე თავის „სოფოჩკაზე“ ამოდიოდა , მეტი არც არავინ ჰყავდა . როგორც ჩანს , ვერც ლადო შეელია ვერას . ამხელა სახლს დალაგება სჭირდებოდა , დაქვრივებულ ლადოს - კარგი მზარეული. ჩემს დანახვაზე ვერას ნიკაპი უცახცახებს და თვალები ცრემლებით ევსება . გადახვეულები ვდგევართ გამოღებულ კარიპჭესთან , ცხვირთან ვერას ჭაღარა თმის ღერი მიღიტინებს , თივასავით გამომშრალი და მაინც რაღაცნაირაირი მშობლიური . ბავშვობაში ვერა ნერვებს გვიშლიდა , უკვე დიდი გოგოები ვიყავით - ბიჭებს ვეპრანჭებოდით - ის კი სოფოს გაკვეთილების შენდეგ ყარაულობდა .- თითქოს სკოლიდან სახლამდე ვინმე მოიტაცებდა მის „კრასავიცას“. სოფო ვერას ეჯუჯღუნებოდა; ვერა - ჩვენ ; ჩვენ - სოფოს. რა კარგი დრო იყო ... ვერას დიდსა და ნათელ სამზარეულოში შევყავარ . კრიალი გაუდის ქრომირებულ მაცივარს , ჩაიდანს , ბლენდერს... არც ერთი ზედმეტი ნივთი , სამარილეც კი ვიტრინაში დევს . ფანჯრიდან მიჯრით სამი საცხოვრებელი კორპუსი მოჩანს - საშინლად აუშნოვებს მწვანეში ჩაფლულ დასახლების მყუდრო პეიზაჟს. - გშია , იაჩკა ? - რუსული აქცენტით მეკითხება ვერა. - არა . - შჩი მაკვს , პო დონსკი. - პოდონკი ? - არა გოგო, დონსი, დონი არ იცი ? მდინარე . - არ მინდა ვერა , გმადლობ . - ვაშლის პიროგი ? - არა. დაჯექი ვილაპარაკოთ. ვერას უბრალო, გლეხურ სახეზე ღილივით მრგვალი თვალები ცახცახებს . დაბერებულ თოჯინას ჰგავს . - რაზე ვილაპარაკოტ, მორჩა იაჩკა ცხოვრება ! აღარ არის ჩემი სოფოჩკა . ჩემი დჟეირანი გოგო . დავდივარ მარტოკა ამხელა სახლში, კედლებს ვაწკდები ...ყველგან მაგისი თავი მელანდება . ბავშვის გაჩენა მაინც მოესცრო, იმას გავზრდიდი , გული გადავაკოლებდი. - როგორ ბავშვის ? რომელი ბავშვის ? - ყური ვცქვიტე . - სოფოჩკა ორსულად იყო. - ორსულად ? - არ იცოდი ? თავს ვაქნევ უარყოფის ნიშნად . თან მიკვირს , თან მიხარია ,თან გული მწყდება . სოფო, რომელიც ამდენი წელი ოცნებობდა შვილზე , ფეხმძიმობის დროს გაოასალმეს სიცოცხლეს . რა უსამართლობაა?! - მერე რატომ არ იცოდი , რატომ ? - მსაყვედურობს ვერა ,- სოფო ისეთი მარტოსული იყო , ისე უნდოდა გვერდით ამხანაგი . არც შენ გამოჩნდი , არც ლალიკო, სუსიკო ამერიკაში დაიკარგა - რატომ იყო მარტოსული , ლადო გვერდით არ ჰყავდა ? - ნუ , არ ვიცი. კავდა ვითომ ?- ოხრავს ვერა . - რას სულისხმობ , ვერა ? გაირკვა , რო ვიდრე ფეხმძიმობის ამბავს შეიტყობდა , სოფო დეპრესიაში იყო. ჩაიკეტებოდა თავის ოთახში და ძიძასაც არ უშვებდა . ვერა ეხვეწებოდა - კარი გამიღე, ოთახს მაინც გავანიავებო, მაგრამ გაზრდილი უხეშად იშორებდა თავიდან . იყო მომენტები, როცა ხასიათი ეცვლებოდა , ხალისიანად გამოვარდებოდა ოთახიდან , მოიკაზმებოდა და სადღაც გარბოდა. ვერა კი სარგებლობდა მომენტით და მის ოთახს ალაგებდა . დასალაგებელი ბევრი იყო - აშლილი ლოგინი, მიმოფანტული ტანსაცმელი, ჟურნალები, წიგნები, სიგარეტის ფერფლით გაპიპინებული საფერფლეები... ერთხელაც სოფო აღფრთოვანებული დაბრუნდა შინ , ლამის კოცნით დაახრჩო ვერა. თურმე ორსულად დარჩა. გაიხარა ლადომაც , ვერას განსაკუთრებული კერძის მომზადება უბრძანა , შამპანური გახსნა . სოფომ იმ დღესვე დაანება თავი სიგარეტის მოწევას , რეჟიმში ჩადგა , ვიტამინების მიღება დაიწყო ... ოჯახური იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა . ერთხელაც ცოლ-ქმრის საძინებლიდან ჩხუბის ხმა გამოვიდა . საერთოდ , ლადო შორს იყო ქუჩური ლექსიკონისგან , არ უყვარდა ბილწსიტყვაობა , იმ საღამოს კი ისეთი უშვერი სიტყვებით იგინებოდა , ვერას ყურები დაუხუჭუჭდა . ღამით ლადომ ლოგინი თავის კაბინეტში გაშალა . სოფოს საძინებლიდან კი თამბაქოს კვამლი გამოვიდა . - რატო იჩხუბეს ? - დაინტრიგებული ვეკითხები ვერას. - არ ვიცი. - ვერა, გამიგე ამას დიდი მნიშვნელობა აქვს გამოძიებისთვის. - მართლა არ ვიცი, დიდი ამბავი იაჩკა ცოლი და ქმარი თუ იჩხუბა ! - ხელები გაასავსავა ვერამ . - ლადო მალე მოვა სამსახურიდან ? - არც წასულა და რანაირად მოვიდოდა ? - შინაა? -ჭერზე ვანიშნებ , იქ , სადაც საძინებლები მეგულება. - არა, ბუნკერში. დილაუთენია გავიდა და ჯერაც არ მოსულა . გაცივდა სადილი. ტუალეტში მაინც არ უნდა ? - რა ბუნკერში, ვერა , სად არის ბუნკერი ? - კვევით, პადვალში. უცინ სადაც მარანი იკო. მთელი წელი თხრიდა მიწა. ბუნკერმა ჰიტლერი და ჩვენი უახლესი ისტორია გამახსენა . გასაგებია, რომ სახელმწიფო მეთაურები ფორსმაჟორულ სიტუაციაში ბუნკერს აფარებენ თავს , მაგრამ საცხოვრებელ სახლში ვინმე პირად ბუნკერს აშენებდეს, პირველად მესმის . და ამის შემდეგ ლადო ქაჯს კიდე მე მეძახის ! - რა ჯანდაბად უნდა ბუნკერი ? - ვინიცობაა ოი დაიწყოს , თავი უნდა შევაფაროთო. - მაშაყირებ , ვერა ? - საშაკიროს არის ჩემი საკმე ?- ვერას ხმაში წყენა დაეტყო . არუმრობს. ლადოსი არ იყოს, არც ვერას აწუხებს იუმორის გრძნობა . ჩემი დაკვირვებით, მეტისმეტად მობილიზებული, პედანტიზმისკენ მიდრეკილი ადამიანები ქრონიკულ დაძაბულობაში იმყოფებიან , რაც ხელს უშლით მსუბუქად შეხედონ მოვლენებს , ოეშვან და გახალისდნენ. გასაგებია, რო დღეს არავინაა სახალისო ხასიათზე, მაგრამ ვერა ყოველთვის ასეთი იყო - დადარაჯებული და უარყოფითზე ორიენტირებული. პრინციპში , აუხდა. - კარგი მაშინ , მითხარი რას აკეთებს ლადო ბუნკერში, ჯერჯერობით ოის საფრთხეს ვერ ვხედავ . - ვერ გეტკვი, მე იკ არასდროს ვკოფილვარ, გასაღებით კეტავს ხოლმე , მარტო სოფოჩკას უშვებდა , ისიც , ყოველთვის არა . როცა ხოში კონდა მაშინ. სოფოჩკამ თკვა , ლადომ იქ ფოტოატელიე მოაწკო და სურათებს ამჟღავნებსო . ლადოს ფოტოგრაფიით გატაცება რაღაც ახალია , არასოდეს მომისმენია მისი მოსაზრება რაიმე კომპოზიციაზე - არც ცუდზე, არც კარგზე. დავიჯერო ბუნკერის კედლებს აღბეჭდავს ფოტოფირზე ეს მგლოვიარე კაცი ? აქ რაღაც სხვა ამბავია. - ხშირად ჩადის ხოლმე ? - ახლა უფრო ხშირად , ვიდრე ადრე. უხასიათოდაა საწკალი , დანახვა არავისი უნდა . აი , გასკდა რეკვით მობილური, ეგ კი ჯერაც არ გამოჩენილა . ვინ იცის, სამსახურიდან ურეკავენ,- ვერა კარადის თაროზე შემოდებულ მობილურზე მანიშნებს . მობილური ვიბრირებს , პატრონს უხმობს. - წყალს დავლევ ,- ვაბობ ხმამაღლა და ვიდრე ვერა ადგომას მოასწრებს , ორი ნახტომით ვჩნდები ონკანთან , იმ იმედით, რომ მობილურზე დაფიქსირებულ ნომერს დავინახავ . მერეც იტყვიან , ქალური ინტუიცია არ არსებობსო! განათებულ ეკრანზე მკაფიოდ იწერება ნაცნობი სახელი - ირა . ასეც ვიცოდი, რომ შემთხვევით არ გადაყრიან ერთმანეთს სასაფლაოზე . წყლით სავსე ჭიქას მაგიდაზე ვდგამ და ვერას თვალებში ვუყურებ : - ვერა , გინდა გაიგო , ვინ მოკლა სოფო ? - დურაცკი ვაპროს, - ამბობს ვერა, რაშიც სრულიად ვეთანხმები . - მისმინე , ვერა , მე აქ თქვენს მოსაკითხად არ მოვსულვარ , მკვლელის ვინაობის დადგენა მსურს . მაინტერესებს , ვინ დახოცა ჩემი მეგობრები. - მე რომ არ ვიცი , ვინ დახოცა ?! - თავს იმართლებს მეამიტი ვერა . - გასაგებია, რომ არ იცი, მაგრამ რომ გავიგოთ , უნდა დამეხმარო. - როგორ ? უკანა ფლანგს ვამოწმებ , ყოჩაღი პარტიზანივით და ტუჩები ვერას ყურთან მიმაქვს : - ბუნკერის გასაღები უნდა დაითრიო. - მოვიპარო ? შენ ანამიოკებ, რომ მე ლადოს გასაღები მოვპარო ?- ვერა ხშირ-ხშირად აფახურებს ღილივით მრგვალ თვალებს . - კია არ ვანამიოკებ , პირდაპირ გეუბნები. - არა, როგორ შეიძლება, ქურდი კი არა ვარ ? - და თუ ლადომ მოკლა სოფო ? - რას ამბობ , გოგო , ლადო როგორ მოკლავდა , გიჟდებოდა ცოლზე. - თუ გიჟდებოდა , ცალკე რატომ იწვა , კაბინეტში ? - დიდი ამბავი ! ცოლ - ქმარის ჩხუბი სულელს მართალი ეგონაო. - ვერა, მე მეგონა , შენ გიყვარდა სოფო ... - ახლა სხვა კუთხით ვცადე მიდგომა . - გაიგე, ლადო გასაღები ჯიბით ატარებს , სხვის ჯიბეში ხელი როგორ ჩავყო ? - სოფოს სულის დასამშვიდებლად უნდა ჩაყო კიდეც და გასაღებიც ამოაყოლო . ე არ ვამტკიცებ , რომ ლადო დამნაშავეა , მაგრამ თუ მისი ხელი ურევია სოფოს მკვლელობაში , შენ ვინ გამოდიხარ ? - მე წესიერი კალი ვარ , ცხოვრებაში სხვისი კაპიკი არ ამიღია. - არც მე ვარ უწესო ადამიანი , ჩემთვის კი არ მინდა ის გასაღები , საქმეს ჭირდება, საქმეს! - ბოჟე მოი , ბოჟე მოი , არ ვიცი , ვერ დაგპირდები, - გატყდა ვერა, - ნა ვსიაკი სლუჩაი დამიტოვე შნი ტელეფონი . - მალადეც , ვერა შენი იმედი მაქვს . ხმა, კრინტი არავისთან დაძრა . სულ ნუ ეტყვი ლადოს ჩემი ვიზითის შესახებ . ფურცელზე ჩემი მობილურის ნომერს ვწერ და ვერას წინსაფრის ჯიბეში ვუდებ . უცერემონიოდ ვიღებ ლადოს მობილურს , ვამოწმებ გასულ და შემოსულ ზარებს , საეჭვო ნომრები ჩემს მობილურში გადამაქვს და გამამხნევებლად ვუღიმი ვერას . ის არ მპასუხობს, ისეთი სახე აქვს , თითქოს ეს- ესაა, კანონი დაარღვია და ახლა პასუხი უნდა აგოს . V თავი ბოლო „გაჩერება“ ჩემი დის სახლია . მშია .იმედია, ლელა დამაპურებს. იმას ოღონდ ვინმე დააპურებინე , ყველა საქმეს განზე გადადებს . აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და უფრომდაწვრილებით მოგიყვებით ჩემი ოჯახის შესახებ . დედაჩემს, ისტორიის პროფესორს მარიკა ქორიძეს, შეიძლება ითქვას, შვილებში არ გაუმართლა. ჩვენგან არათუ პროფესორები , მეცნიერებათა კანდიდატებიც ვერ გამოდნა . განსაკუთრებით ლელას იმედი ჰქონდა , რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა , ინსტიტუტში მოეწყო და... და პირველივე კურსზე გათხოვდა. „არა უშავს , - თავს იმშვიდებდა დედა , - ყოჩაღი ქალები შვილების გაჩენასაც ახერხებენ სა სწავლის გაგრძელებასაც . მთავარია, მონდომება“. ლელამაც მოინდომა ...მაგრამ სულ სხვა კუთხით . ინსტიტუტი დაამთავრა , ზრდილობის გულისთვის დიპლომიც აიღო და ... და შინ ჩაჯდა , კრუხივით. უნდა ავღნიშნო , ბედნიერი კრუხივით , რადგან მშვენივრად გრძნობდა თავს დიასახლისად , ბავშვებს ზრდიდა , ქმარს ცხელ კერძს ახვედრებდა და საერთოდ , , სრულ ჰარმონიაში იმყოფებოდა საკუთარ თავთან . გულგატეხილი დედა ჩემზე გადმოენთო . როგორც უკვე მოგახსენეთ, პროექტი „პრიმა ბალერინა“ ჩაუვარდა. დარჩა სწავლა. დედა, რომელსაც სასტიკად ეზარებოდა მშობელთა კრებებზე სიარული , მოულოდნელად სკოლაში დამეხატა . ჩამოუარა მასწავლებლებს და მოსმენილით აღშფოთებულმა შინ შავი დღე მაყარა. ისტორიის სამიანი ხომ პირად შეურაცხყოფად მიიღო . მართლაც მყავდა ისტორიაში სრულიად დაუმსახურებელი სამიანი - გაკვეთილებზე დაგვიანების გამო დავისაჯე. მაგრამ დედას გაკვეთილებზე დაგვიანების მიზეზს ვერ ვეტყოდი , თორემ დაიწყებდა გამოძიებას - სად ვიყავი , ვისთან ... და მეც იძულებული ვიქნებოდი , იმის სახელი გამემხილა , ვისი ხსენებაც დედაჩემის ორგანიზმში წნევის ცვალებადობას იწვევდა . ჩემს პირველ ქმარზე მოგახსენებთ . ცხადია , მაშინ ქმარი არ იყო , მაგრამ სკოლის დამთავრებისთანავე „გავაბედნიერე“საწყალი დედაჩემი. უკვე გითხარით, რით დამთავრდა ჩემი პირველი ცეცხლოვანი რომანი . მაგრამ , როდესაც ჩემმა მეორე რომანმაც ფიასკო განიცადა , დედამ გადაწყვიტა საცხოვრებლად ცალკე გავეშვი და გინდ მესამე წრეზე წავსულიყავი , გინდ მეოთხეზე . მოკლედ, ხელები დაიბანა ... და ჩვენი ლამაზი დიდი ბინა გასაყიდად გაიტანა (მამა აღარ იყო ცოცხალი , თორემ არ დაანებებდა ). აღებული ფული სამად განაწილდა - ჩემზე, დედაჩემზე და ლელაზე . მე ვიყიდე ერთოთახიანი ბინა საბურთალოზე , დედამ - ვაკეში , იმავე სახლში , სადაც ადრე ვცხოვრობდით , ჩემმა დამ კი თავისი წილით აგარაკი შეიძინა. ვიდრე ვაკის სახლში რემონტი მომდინარეობდა , დედა რუსეთში მცხოვრებ დას სტუმრობდა . თან ნერვებს იწყნარებდა , თან თავის სნობურ ჭიას იხარებდა , რადგან დეიდაჩემი , ეთერ ქორიძე, რუსი დიპლომატის ცოლი გახლდათ და თავისთავად ცხადია ,შესაფერის საზოგადოებაში ტრიალებდა . რემონტი გაჭიანურდა , დედა დროებით მოსკოვში დარჩა . ეს „დროებით“ უკვე ხუთი წელია გრძელდება და არავინ იცის როდის დასრულდება . წელიწადში ერთხელ დედა ჩამოდის, საჩუქრებით გვავსებს , დირექტივებს გვიტოვებს და ისევ მოსკოვს მიემგზავრება . ახლა ლელას შვილებზეც გეტყვით ორ სიტყვას და ბარემ მოვრჩები სანათესაოს გაჭორვას . ლელას ორი შვილი ჰყავს - 17 წლის ანანო და 14 წლის მიკა. ანანო წელს აბარებს სამხატვრო აკადემიაში. ყველა ღელავს, ჩემი და მიკას გარდა. მე არ ვღელავ , ისედაც ვიცი, ანანო ვერსად გაექცევა სტუდენტობას, წელს თუ არა, გაისად ჩააბარებს, ბიჭი ხომ არაა, ჯარში წაიყვანონ! აი, მიკას , არც ჯარი ადარდებს, არც ანანოს უმაღლესი , არც თავისი საშემდგომო გამოცდა . მიკას უყვარს მძიმე როკი და კომპიუტერული თამაშები. დარჩა სეძე- ბატონი ზურაბი, კაცი ნიჭიერი ,მშრომელი , უთქმელი. ერთი სიტყვით, დადებითი. კარს ლელა მიღებს . აშკარად ვერ არის გუნებაზე, თუმცა ღიმილის გამოდნობას ცდილობს . ერთად შევდივართ სამზარეულოში. ლელა გამეტებით აცლის კანს მოხარშულ კარტოფილს. - რა მოხდა ? - ვეკითხები. - მიკა ჩამოვიდა სოფლიდან . - მერე ? - დაუკითხავად ჩამოვიდა, ჩაჯდა მარშუტკაში და ამ დილით გამომეცხადა - მომბეზრდაო. წარმოგიდგენია ? - კი. - ვადასტურებ . - შენთან ხომ ლაპარაკი არ შეიძლება, - მაწყვეტინებს ლელა - აბაიბურებ ყველაფერს ... რა უნდა 14 წლის ლაწირაკს ამ გაგანია არდადეგების დროს თბილისში ? სამასი ლარის მარტო პროდუქტი ვიყიდე , ჩავთრაქე ამ სიცხეში, მგონია, შვილი სუფთა ჰაერზე გავუშვი, ეს კი ორ დღეში დამეხატა. - სამას ლარს მისტირი თუ მიკას უსაქციელობას ? - ორივეს. ის მაინც ვიცოდე, რა დარჩენია ამ სიცხეში ? - კომპიუტერი. - საქმეც ესაა! - ლელას მტაცებლური გამომეტყველება უხდება , რაც სულაც არ შვენის მის სათნო სახეს, - ერთხელაც მივეპარები იმ კომპიუტერს და ჩაქუჩით დავულეწავ . - მამამისი კი ახალს უყიდის. - ვიცი, იმიტომაც ვზივარ ნერვებზე. მამამისი რომ თავის ადგილზე იყოს, მიკა ამდენს ვერ გაბედავდა. - რა გაგიბედა ასეთი? ლელას ცხვირის წვერი უწითლდება , დანიანი ხელი თვალებთან მიაქვს და მზერას მარიდებს. უსიტყვოდ ვდგები და დამნაშავის დასატუქსად მივდივარ. მიკა თავის ოთახში, კომპიუტერს უზის და პიანისტის მონდომებით ათამაშებს თითებს კლავიატურაზე. ეკრანზე ჩაჩქანიანი მონსტრები დაფრინავენ . მიკამ ერთი კი შემომხედა, მაგრამ თამაშის შეწყვეტა არც უფიქრია . თავხედი ! დეიდა ვარ თუ ჯოხი ?! - არ გცხვენია ? - ხმას ვიმკაცრებ . - მაცალე, იაკო , აი , ამ ჯიგარს მოვკლავ და მერე მეჩხუბე. - რა იცი, რომ საჩხუბრად მოვედი ? - ვიცი, ვიცი... ხმაზე გატყობ , დაგქოქა დედაჩემმა. აუხ... გამექცა, ამისი! მაიცა, დავეწევი და ... დავბრიდავ .აი, მოვკალი, - მიკა ოდნავ აბრუნებს თავს . ვარცხნილობა მეომარ მამალს მიუგავს, ხმა - გაციებულ ყვინჩილას, საულვაშე - სააღდგომო ჯეჯილს. ისეთი სასაცილოა, ძლივს ვიკავებ ღიმილს. - მიდი, დაიწყე იაკო ! - რა დავიწყო ? - ჭკუის დარიგება. - რატომ აბრაზებ დედაშიენს? - აუუ, ნუ ერევა ჩემს ცხოვრებაში და არ გავაბრაზებ . - მიკაა... - ჰო, ჰო კაი, უთხარი მეტს აღარ ვიზამ . - წახვალ სოფელში ? - იმედმოცემული ვეკითხები. - არა, აღარ ვეუზრდელები. - ეუზრდელე ? - ახლაღა ვხვდები ლელას გულისტკივილის ნამდვილ მიზეზს , - რა უთხარი ასეთი ? - თორემ არ იცი ? - არ ვიცი. - მაშინ მეც არ გეტყვი. „კარგად შეინახეთ“ - განაწყენებული ვტოვებ მიკას ოთახს. კარი არ მაქვს მიხურული, რომ უკვე კლავიატურის კაკუნი მესმის . შეაყარე კედელს ცერცვი ! მაინც რა ეუზრდელა ?მინიმუმ - „ნუ გამიხურე“. მაქსიმუმ - იგივე ვარიანტი „ხურეს“ ნაცვლად, თ. მოსაკლავია! სამზარეულოში სეზანის შესანიშნავი ნატურმორტი დამხვდა - ჩხირებად დაჭრილი წითელი და მწვანე წიწაკა , მოხარშული კარტოფილები და მწვანე ხახვი . - რას აკეთებ , ლელ ? - ტორტილას. - ტორტილა - კუ გამიგია . „ბურატინოდან“ - ახლა კერძი გეცოდინება , - ლელა თასში კვერცხებს ხლის და ისეთი გაშმაგებით თქვეფს , თითქოს მიკას კომპიუტერს უხათქუნებს. ერთ პატარა კარტოფილს ვუმიზნებ და სულმოუთქმელად მიმაქვს პირში. არ ველოდი, სასას თუ დამიფუფქავდა , პირს ვაღებ , ჰაერს ვიქშიტინებ , თვალებიდან სიმწრის ცრემლი მცვივა . - მეტის ღირსი ხარ ! - მკიცხავს ლელა და პირში კვნით მარილს მაყრის . - ააღგბდ... - მიკაზე უარესი ხარ . - აააღჰ... - აფხაზური არ ვიცი , - ლელა თითებს წინსაფარზე იწმენდს და აყურადებს ჩემს ხელჩანთაში მობილური რეკავს . - ავიღო ? - ჩანთაზე მანიშნებს . თავს ვუქნევ . ლელას ჩემი ჩანთიდან საზეიმოდ განათებული ტელეფონი ამოაქვს და ყურთან მიაქვს . - გისმენთ. არა , იამზე არ ვარ , მისი და გახლავარ... ერთი წუთით. გარიკა ვინ არის ?- მეკითხება გაკვირვებული. არ ვიცი, ვინ არის გარიკა , მაგრა, რადგან მირეკავს და იამზეს კითხულობს , გამოდის , ნაცნობია. ინდაურივით ვყლაპავ კარტოფილს და ლელას მობილურს ვართმევ . - დიახ . - ია- ჯან , გარიკა ვარ , შენი მეზობელი... უი, გარიკა! გარიკას როგორ არ ვიცნობ , ჩემ გვერდით , ოროთახიანში ცხოვრობს. - ხო, გარიკა , გისმენ ! მოსმენილმა გამაოგნა. ჩამწვარი ხორციც მავიწყდება ტორტილაც და ზედ დაყოლებული ბურატინოც. თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ გასასვლელისკენ . - რა მოხდა ? კიდევ რამე მოხდა ? - სათქვეფით ხელში მომდევს ლელა. - სახლის კარი დამრჩენია ღია , - ვუხსნი გზადაგზა. - ხომ გითხარი , მიკაზე უარესი ხარ ! თავი რომ გძვრებოდეს , სადმე დატოვებდი... სიამოვნებით დავტოვებდი შენთან , ჩემო დაიკო, დააპურებდი მაინც , - ვპასუხობ გულში და კიბეზე ვეშვები . * * * ბინაში შესვლისთანავე ვხვდენი , - ღიად დარჩენილი კარი მითია, ელემენტარული თავის მოტყუება. ჩემი სახლი გატეხეს! ქვეცნობიერად ყოველთვისაც ვიცოდი , რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც მომადგებოდნენ . წკრიალადა და ლალიკოს თუ ესტუმრნენ , ჩემთან რა დაუშლიდათ ? ! ყირაზე დამდგარი სახლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტად მე დავზარალდი. ტანსაცმლის კარადაში ძრომიალი არ იკმარეს , პროდუქტებიც გადმომიქექეს. სამზარეულოს მეტლახზე თოვლივით ბზინავს შაქრის ფხვნილის მოზრდილი ბორცვი , გვერდით - ბრინჯისა და ფქვილის შედარებით მომცრო გორაკები. საყოფაცხოვრებო ექსპოზიციას აგვირგვინებს მაგიდის ზედაპირზე ამოჩორკნილი ტექსტი : „საღამო მშვიდობისა, ბზიკო!“ ძახილის ნიშანზე ჩემი კუთვნილი დანა არჭვია. - ვაიმე , ია- ჯან , გაგქურდეს , ხო იცი ! - თავში ხელს იცემს ემოციური გარიკა. ორაზროვნად ვუქნევ თავს . ან გამქურდეს , ან არა . ეს ყველაფერი უფრო ფსიქოლოგიურ ტერორს გავს . ის მაინც ვიცოდე, ვის რა დავუშავე! - პოლიციაში უნდა დარეკო, ია - ჯან , ვიდრე კვალი გაციებულა, მოვიდნენ , ნახონ ... ადგილიდან მოუცვლელად ვურეკავ მაიორ ოქრუაშვილს. რამდენიმე წუთში ჩემი სახლი ექსპერტი კრიმინალისტებით გაივსო . მაიორმა ოქრუაშვილმა უპირველესად მეზობლები დაიფრინა გარიკას მეთაურობით და ექსპრომტად დაკითხვა მომიწყო. - რატომ არაფერი მითხარი სასაფლაოზე მომხდარი თავდასხმის შესახებ? - მისაყვედურა მაშინვე . - არ ყოფილა თავდასხმა. მე ემოციური ადამიანი ვარ , შეიძლება მომეჩვენა. მიყურებს თითქოს შუბლზე მაწერია ემოციის ხარისხი: - მაინც უნდა დაგერეკათ . - არ , დაგირეკეთ. - პოსტ ფაქტუმ , კი. წაღებულია რამე ? გაფაციცებული მზერა ოთახზე გადამაქვს . მიდი და გაარჩიე ამ დომხალში , რა არის წაღებული ? ჩინურ ლარნაკში 500 დოლარი მეგულება , აგვისტოს ბოლოს ბათუმში ვაპირებდი განავარდებას . ზღვაზე წასვლა ისედაც ჩაიშალა , მაგრამ ფულის დაკარგვა მაინც მეწყინა . სერგოს თანდასწრებით ვამოწმებ . ფული ადგილზე მხვდება . - კი მაგრამ , რას ეძებდნენ ? - უკვირს მაიორს და ისევ შუბლის არეში მომჩერებია . მხრებს ვიჩეჩავ და ჩინურ ლარნაკს წიგნს ვაფარებ - ვინმეს თვალში არ მოხვდეს და სულმა არ წასძლიოს. - რა არის ისეთი , რაც შეიძლება ინახებოდეს თქვენთან ? აბა , გაფიქრდით. ვფიქრობ და ისევ ვიჩეჩავ მხრებს . ეგ რომ ვიცოდე პოლიციას კი არ გამოვუძახებდი ? შაქრის ფხვნილით გაწეპილ სამზარეულოში შევდივარ . ექსპერტებმა უკვე მოასწრეს დანის ამოძრობა და სათუთად შენახვა . - „ბზიკი“, სავარაუდოდ თქვენ ხართ, - სერგო ცალყბა ღიმილით მანიშნებს მაგიდაზე ამოჩორკნილ გზავნილზე. - ბზიკი ვარ თუ ფუტკარი , არა აქვს არსებითი მნიშვნელობა . აი, საფრთხე რომ მემუქრება, დანამდვილებით ვიცი. წუხელ ინკოგნიტო ნომრიდან „ღამე მშვიდობისა“ მისურვეს , დღეს - „საღამო მშვიდობისა“. დილით შეიძლება ყელი გამომჭრან . - მაინც ვინ გეძახით , „ბზიკოს“, ბავშვობის მეგობრები, სტუდენტობის, თუ ... - სუსიკო. ზოგჯერ სხვებიც . - მწარე ენის გამო ? - არა, სახელის გამო. იკო- ბზიკო . რატომ გეღიმებათ, მაიორო, არასოდეს გქონიათ მეტსახელი ? - კი , სკოლაში ოქროს მეძახდნენ , - იბღინძება მაიორი. - რას ვიზამთ, ზოგს ბზიკს ეძახიან , ზოგს ოქროს, ზოგსაც ... არ დამცალდა წაკბენა , მაიორ ოქრუაშვილს მობილური ურეკავს . მე არ ვიცი, იქიდან რა უთხრეს, მაგრამ აქაჩული წარბების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ - ცუდი ამბავი. - არსად გაუშვათ . მოვდივარ!- მობილურს ინახავს და კრიმინალისტებს მიმართავს : - თუ მორჩით , დავახვიეთ , ბიჭებო , თავდასხმაა სასაფლაოზე . - რომელ სასაფლაოზე ? ვისზე ? - მექანიკურად ვებღაუჭები მაიორის მსხვილ მაჯას. - სუსიკო რატიანის დედას დაესხნენ თავს. ღმერთო ჩემო, მეტის მოსმენა არ შემიძლია ! მზად ვარ , აქვე ჩავიკეცო, მაგრამ სამზარეულოში თავისუფალი ადგილი არაა , ყველგან ბურღულეული ყრია. - ნუ ღელავთ, იათამზე , სუსიკოს დედას არაფერი დაშავებია. ცოცხალი და სამმართველოში მელოდება . მაიორი გასამხნევებლად მიცაცუნებს ხელე თავის უზარმაზარ ტორს და თვალისდამხამხამებაში ქრება. მე სამზარეულოში ვრჩები. ვცდილობ, დავამარცხო ფეხებში აღმოცენებული შიში , რომელმაც იატაკზე მიმაწეპა და ნაბიჯს არ მადგმევინებს . რომ არა მტრედი, ალბათ დიდხანს ვიდგებოდი ჩაბეტონებულივით. მტრედი ფანჯრის რაფაზე ზის და გვერდულად მიყურებს თავისი აგურისფერი თვალებით. ექნებ მტრედში სუსიკოს სული განსხეუულდა და სწორედ ჩემს გასამხნევებლად მოფრინდა. ნაბიჯს ვდგამ. მტრედი ფრთხება, უკან იხევს და მიფრინავს . ოღონდ ზევით არა, ქვევით. დალაგებას სამზარეულოდან ვიწყებ . მეტლახზე მიმოფანტულ ბურღულეულს ნაგავში ვყრი . შაქარი მენანება ძალიან . ვიღაცამ გამაბრიყვა - გაძვირდებაო და ლამის ნახევარი ტომარა მივათრიე ბაზრიდან . პლუს ტაქსის ფული . ყოველმხრივ ზარალში ვარ - მატერიალურად, სულიერად ... მთელ ამ დავიდარაბას ერთი პლუსი აღმოაჩნდა - ვიპოვე უამრავი უსარგებლო ნივთი, რომელიც ჯერ კიდევ დედისეული სახლიდან გამომყვა და რომელთა არსებობა იმ უბრალო მიზეზით დამავიწყდა , რომ კარადის მიუვალ თაროზე იყო შემოდებული. ვინმემ ამიხსნას , რად მჭირდებოდა ორი ფილთაქვა , როცა ერთსაც არ ვხმარობ ? ანდა მექანიკური ყავის საფქვავი , გულივერის შესაშური ლუდის კათხა... უკვე გვარიანად ჩამოღამდა , როდესაც ნაგვით გატენილ პარკებს პირი მჭიდროს მოვუკარი და სამზარეულოდა ოთახში გავათრიე . ამ გაწამაწიაში ვიყავი , რო კარზე ზარი გაისმა . ფეხშიშველა , შაქრისგან გაწეპილი ტერფებით მივტანტალდი კართან და „გლაზოკში“გავიყიტე . ვაიმე ! ზღურბლზე დათა მეტრეველი დგას , ჩემი მხსნელი, ჩემი ავგუსტუსი... კარს ვაღებ და მერეღა ვიაზრებ , რომ პრაქტიკულად შიშველი ვარ , თუ არ ჩავთვლით წვრილბრეტელა მინი მაისურს . - აი, ფეხსაცმელი მოგიტანეთ. - დათა გამჭირვალე პარკს მაწვდის , სადაც გდია ჩემი დაკარგული ფეხსაცმელის ტყუპისცალი. ჩალისძირიანი „ბალეტკა“ ბროლის ქოში არ არის, მეც დიდი ხანია გამოვედი კონკიას ასაკიდან , მაგრამ ეს ყველაფერი ისე ჰგავს ზღაპარს ... ვითომ რითი არის მეტრეველის კაცი პრინცზე ნაკლები ? პრინცი კი არა , ნამდვილი იმპერატორია, თუმცა გახუნებულ ჯინსებსა და მაისურში მსახიობ ჩეისი დეიდრიკს მაგონებს. - უკაცრავად, ერთი წუთით...- კარს ღიად ვტოვებ და ოთახში შევრბივარ . მოკაზმვის დრო არ არის . თვალში მხვდება ჭრელი ზეწარი - ქურდების მიერ კარადიდან გამოღებული და საწოლზე უსაგნოდ დაგდებული. ინდური სარის მსგავსად ვიხვევ სხეულის გარშემო და დათას ვეპატიჟები. - სახლს ალაგებთ ? - გაკვირვებული მეკითხება . ვინ იცის, თავგადაკლული დიასახლისი ვგონივარ , ღამითაც რომ ბრყვნიან ყველაფერს, ისეთი. - სამწუხაროდ, სხვის არეულს ვალაგებ , - ამოვიოხრე მწარედ, იმ იმედით, რომ ის დაინტერესდება „სხვისი“ ვინაობით და მეც საშუალებას მომცემს თავი შევაცოდო. შენც არ მომიკვდე! ხმას არ იღებს. გულისყურით უყურებს კედლის გასწვრივ მიჯრით დალაგებულ ნაგვის პარკებს. - ეს რა არის ? - მეკითხება უცებ და პარკებთან მიმობნეულ შაქრის ფხვნილზე მანიშნებს. - კოკაინი, - ვუცხადებ ცალყბა ღიმილითა და თვალების ტრიალით. დათა ერთ-ერთ პარკთან იცუცქება და არც მეტი, არც ნაკლები , საჩვენებელ თითს იატაკზე უსვამს . ამოწმებს . - ეს არ არის კოკაინი, - ამბობს სერიოზულად. - რას ბრძანებთ , მე მითხრეს სუფთა კოკაინიაო, პირდაპირ ავღანეთის მდელოებიდან . - შაქარია ? - იუმორს ჩაწვდა დათა და ჩემთან ერთად იცინის . ეჰ, არ გამოვიდა თავის შეცოდება . სამაგიეროდ, ხალისიანად მოვუყევი ჩემს თავს დატეხილი უბედურების შესახებ . ისე შევედი ეშხში , ვერც ვიგრძენი, როგორ მომიბოშდა ტანზე შემოხვეული სარის კვანძი. სულ ცოტაც და შიშველ ვენერად წარვდგები მისი უდიდებულესობის წინაშე. კვანძი გავამაგრე და რეაქციის მოლოდინში დავდუმდი. - მე ვიცი, რასაც ეძებენ , - დაბეჯითებით ამბობს დათა. - რას ? - დიქტოფონს. - რომელ დიქტოფონს ? ! - ალბათ ჩვეულებრივ დიქტოფონს, სადაც ჩაწერილია არაჩვეულებრივი ინფორმაცია. დაეჭვებული შევცქერი . ეს კაცი ან ჯადოქარია , ან მოგზავნილი. ან ორივე ერთად. თურმე რამდენიმე საათის წინ დათა სასაფლაოზე მივიდა , ნაწილობრივ ცოლის საფლავის მოსანახულებლად ნაწილობრივ ჩემი ფეხსაცმელის საპოვნელად ( მე მაინც მეორე ვარიანტი მგონია, ყოველ ცისმარე დღეს რომელი ქვრივი დარბის ცოლის საფლავზე, მით უმეტეს, წლების შემდეგ ). ფეხსაცმელს მარმარილოს სტელასთან მიაგნო , იასამნის ბუჩქში , სულ რამდენიმე ნაბიჯში სუსიკოს საფლავიდან .შეკივლების ხმამ იქვე გააშეშა. რატიანების საფლავზე მყოფი შაოსანი ქალი ჯიოდა .მიზეზი- თავს წამომდგარი ნიღბიანი მამაკაცი იყო , რომელიც მოკვლით ემუქრებოდა, თუკი ქალი არ ეტყოდა დიქტოფონის ადგილსამყოფელს . დათამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ გულადი პოლიციელი განესახიერებიბა : ‘ხელები მაღლა , პოლიცია! ბიჭებო მარჯვნიდან მოუარეთ!“ მოუხმო არარსებულ „ბიჭებს“ და ყვირილით გამოვიდა ბუჩქებიდან . შეშინებულმა თავდამსხმელმა უკანმოუხედავად მოკურცხლა ხევისკენ , „სდექ, გესვრი !“ დაადევნა არანაკლებ შეშინებულმა დათამ და ჩემი ფეხსაცმელი მოუღერა , მერე კი შეღონებულ ქალბატონს მიუბრუნდა . ქალბატონი აღმოჩნდა სუსიკოს დედა, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონია დიქტოფონზე , თუმცა თავდამსხმელი უმტკიცებდა , რომ დიქტოფონი მის გარდაცვლილ ქალიშვილს სოფო კანკავამ მიაბარა. დათამ პოლიციას გამოუძახა და შვილმკვდარი დედა მათ გადააბარა . - დიქტოფობი... - ვმსჯელობ ხმამაღლა, - რა უნდა ეწეროს იმ დიქტოფონში ? კომპრომატი? ვისზე ? როგორ გამოიყურებოდა თავდამსხმელი ? - მივაყარე დათას. - საშუალო სიმაღლის, შავები ეცვა... - მოკლე ხელები ჰქონდა ? - ამდენი არ ვიცი. პათოლოგია არ შემინიშნავს . - კარგი. განიერი სახე სუფთად გაპარსული ლოყებით... - აკი ნიღაბი ეკეთა ? - მაწყვეტინებს დათა. - მაინც ის იყო. - ვინ ? - სოფოს ქმარი ლადო. - რომელსაც ბუნკერი აქვს ? - ხო . - და რომლის მობილურიდან საეჭვო ნომრები ამოიწერეთ ? - ჰო, - ვუდასტურებ . - საეჭვო ნომერს ეწერა - საეჭვო ვარო თუ როგორ მოახდინე გრადაცია ? - საეჭვოდ ჩავთვალე ნომერი , რომელიც ყველაზე დიდი სიხშირით ფიქსირდებოდა ლადოს მობილურზე. - ლოგიკურია. - ყოველივეს თუ ჩემი ინკოგნიტოს მესიჯებს დავუმატებთ , ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - ამ ადამიანმა იცის ჩემი წარსული. - ნომრები შეამოწმეთ ? - როდის უნდა შემემოწმებინა, შინ ასეთი ამბავი დამხვდა. ნომრების შემოწმება კი არა, წყლის გადავლება ვერ მოვასწარი, - მორიდებულად ვამოძრავებ შიშველ ტერფებს . რას იტყვის ეს კაცი, ჯერ იყო და , სასაფლაოზე მაყურებინა თავისი მიწიანი ფეხიო , შინ მოვაკითხე და აქაც ჭუჭყიანი დამხვდაო. - მერე რა გიშლით, გადაივლეთ. მე იქამდე ნომრებს შევამოწმებ. - მართლა? დათა თავს მიკრავს და იღიმება . დედა, დედიკო, როგორ უხდება ამ კაცს ღიმილი. მის ადგილზე სულ გაკრეჭილი ვივლიდი . საეჭვო ნომრების სიას ვუტოვებ და აღტაცებული შევრბივარ აბაზანაში. მაინც კარგია ცხოვრება... ეს ოხერი... VI თავი ცხელმა წყალმა გული ამიჩქარა. სასწრაფოდ ვკეტავ ონკანს და დაბურულ სარკეს პირსახოცით ვეხები. გაწმენდილ ფრაგმენტში ჩემი სახე კრთის . წითელი ვარ, როგორც მოხარშული კიბორჩხალა, მხოლოდ თვალები ანათებს მწვანედ. კოსმეტიკა აქვე მაქვს , მაგრამ ახლა რომ დამაკიაჟებული გამოვცხადდე , დათა იფიქრებს მეპრანჭებაო... მით უმეტეს, მართლა ვეპრანჭები . ხომ შეიძლება ჩემი მაკიაჟი გამომწვევად აღიქვას და გამექაჩოს? ვინ იცის , შხაპის მიღებაც თავისებურად მოთარგმნა და საბრძოლო მდგომარეობაში დამხვდეს. პერსპექტივის წარმოდგენამ პულსაციის მომატება გამოიწვია. დროზე უნდა გავასწრო ამ გაბუღული აბაზანიდან , თორემ გული შემიღონდება და მართლა შევრცხვები. თაროდან პირსახოცის ხალათი ჩამომაქვს - თეთრი და ფუმფულა. ზეწრის იმპროვიზებულ ინდურ სარის კი ჯობია. დათას ტახტის კუთხე ტანსაცმლისგან გაუნთავისუფლებია და სიას ჩაჰკირკიტებს . თავშიც არ მოსვლია უზნეო აზრები, მე კი, რა აღარ წარმოვიდგინე. ლალიკოსი არ იყოს, ამ ბოლოს ყველაფერი ინტიმურ ჭრილში გადამყავს და სექსუალურად დამოუკიდებელი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ . რაც არც ისე შორსაა ჭეშმარიტებისგან ( მეორე ქმართან გაყრის მერე არავინ მყოლია ). - ეს ირა რა ქალია ? - მეკითხება. - ირა ?.. ხარბი, ეჭვიანი, ჩასაფრებული. ნებისმიერ ქალში მეტოქეს ხედავს . ჩემზეც კი ეჭვიანობდა, წარმოგიდგენია ? დათა უცერემონიოდ მაღვალიერებს. ალბათ ღირდა მაკიაჟის გაკეთება , ბანაობის მერე ცხვირის წვეტი მიწითლდება ხოლმე. სველ თმას ვისწორებ და მზერას ვარიდებ. მეუხერხულება. - იმის ადგილზე მეც ვიეჭვიანებდი, - ამბობს პაუზის შემდეგ. - ჩემზე ? - ჰო, შენზე, - შენობით მომმართავს დათა . გამიშინაურდა, ასე ვთქვათ. ჩემი არ იყოს, ეტყობა , ესეც ფანტაზიებში გადავარდა. - გამორიცხულია. მე და წკრიალა ბავშვობის მეგობრები ვართ. - მერე რა ? - თუ გაინტერესებთ, წკრიალა ჩემი პირველი ქმრის მეჯვარეა , თითქმის ძმა. - მეორეც გყავდა ? - დათას გამოცოცხლებულ სახეზე ირონია იკითხება . - დიახ. - ოჰო! - თქვენ კი მესამე ქმარს მაგონებთ ძალიან , - ვამბობ ნიშნისმოგებით. - ჩაგეთვალა, - იცინის დათა. არა, რა მომწონს ეს კაცი ! მთავარია, არ შემეტყოს. საწოლის კიდეზე ვჯდები და გაშლილი თითებით სახეს ვინიავებ . მცხელა საშინლად. არადა, თითქოს აგრილდა. - რატომ მეკითხებით ირაზე ? - ხმა არ მომეწონა . მჭახე ხმა აქვს, კაჭკაჭივით. - ელაპარაკეთ? - ჩემი მობილურიდან დავრეკე. ოვატყუე - ჩემს მობილურზე თქვენი ნომერი დაფიქსირდა - მეთქი . რეაქცია მაინტერესებდა. - მერე? - ნორმალური რეაქცია ჰქონდა - რაღაც გეშლებათ, მე ამ ნომერზე არ დამირეკავსო. ამით მოვრჩი ლაპარაკს. რასაც ვერ ვიტყვი ვინმე თემოზე... აი, იმან , დამიწყო გამოკითხვა - როდის შემოვიდა ზარი , რომელ საათზე , ბოლოს ჩემი ვინაობით დაინტერესდა. ვინ არის თემო ? - არ ვიცი, არ ვიცი ... - თავს ვაქნევ და ისეთ სისუსტეს ვგრძნობ , სადაცაა, გული წამივა. გლახად არის ჩემი საქმე , არ უნდა მებანავა. სახე მიხურს, გული ამოვარდნაზე მაქვს , შიგნიდან კი მაკანკალებს... - წყალი მომიტანეთ, რა ... იქ, სამზარეულოში ... რაღაც ვერ ვარ კარგად. დათა სწრაფად გადის. მე კი არც განიავების თავი მაქვს , არც აზროვნების. დათა ცალი ხელით წყალს მაწვდის . მეორეთი - პულსს მისინჯავს. - წამოწექი,- მკაცრად ეუბნება და საწოლზე დაყრილი ზედახორიდან ბალიში ამოაქვს . - რა მჭირს , თითქოს გული მეპარება... - მშიერი ხარ ? - კი, მაგრამ ახლა ჭამის ღავი არ მაქვს . - შაქრიან წყალს მოგიტან . - სადღა არის შაქარი... - თაფლი ? - სადღაც უნდა იყოს . კარადაში ალბათ. თავს ბალიშზე ვდებ და გვერდულად ვწვები. არ მომწონს ეს სიტუაცია. ჯანდაბას ! - მოდუნდი და ნურაფერზე იფიქრებ . - რა მჭირს ? - სტრესული მდგომარეობა იწვევს გარკვეულ ბიოქიმიურ რეაქციას, რომელიც უკავშირდება ადრენალინის გაძლიერებულ სეკრეციას და ასე შემდეგ და სე შემდეგ. - რა იცით ? - ვეკითხები კბილების კაწკაწით. - მაგის მეტი რა ვიცი, ექიმი ვარ. ნუ გეშინია, თაფლიან წყალს მოგიტან და მოვალ. „ექიმი“- ვიმეორებ გულში და თავისით მეხუჭება თვალები. ბუნდოვნად მესმის ნაბიჯის ხმა, მინდა გავახილო თვალები , მაგრამ ძილმა უკვე გამხვია თავის უხილავ საბანში და მეც ვნებდები. * * * უჩვეულო სიჩუმეში მეღვიძება. კედელზე მწვანე ციკლოპივით ფეთქავს ელექტრონული საათი. ღამის სამი საათია. ნუთუ ამდენ ხანს მეძინა ? ოთახს ფრაგმენტულად ეცემა მთვარის შუქი , სიბნელეში აქა- იქ დაყრილი ნივთები იკვეთება. თავწაკრული ნაგვის პარკები , უთავი ჯუჯა მხედრებს გვანან. შიში გაათმაგებული ძალით მიტევს - მგონია სახლში ვიღაცაა. სამზარეულოსა და მისაღები ოთახის მომიჯნავე კარის ქვეშ სინათლის ვიწრო ზოლი მოიპარება. ერთი ნახტომით ვჩნდები კართან , ფეთიანივით ვაღებ და დათას ვხედავ . ის მაგიდასთან ზის და მშვიდად ათვალიერებს საოჯახო ფოტოალბომს. საფერფლეში სიგარეტი ინავლება. - შენ !... თქვენ ... - ვლუღლუღებ მადლიერი. არ ვიცი, დათას მშვიდობიანმა პოზამ იმოქმედა თუ გულჩვილობა სტრესის თანმდევი მოვლენაა, ფაქტია, რომ ღაპაღუპით ჩამომდის ცრემლები . ვდგავარ შუა სამზარეულოში აქსელერატი ბავშვივით და ვღრიალებ. დათა მიახლოვდება, მხრებზე ხელს მადებს და თმაზე მეფერება. მე მის მკერდზე ვაგრძელებ მოთქმას . თავის აწევა მერიდება, რადგან ვიცი, რა მოჰყვება ამას. უნდა გავრისკო, თორემ დავიხრჩობი. თავს ვწევ და მის თვალებში ვიძირები. ხდება ის, რასაც ქვეცნობიერად ველოდი, იმ მომენტიდან ველოდი, როგორც კი საფლავებს შორის მისი უავგუსტუესი ფიგურა დავინახე. ის მკოცნის. ჯერ შუბლზე, მერე ლოყაზე, მერე ტუჩებზე , მერე არ მახსოვს... * * * ვერამ დღის ორ საათზე დამიბარა. ამჯერად სახლში არ მეპატიჟება, ჭიშკართან აწვდის ბუნკერის გასაღებს და მკაცრად მაფრთხილებს , რომ ჩემს განკარგულებაშია ერტი საათი. დაგვიანება გამორიცხულია. თავს ვუკრავ და ეზოში შესვლას ვლამობ . - საით გოგო ?! - უხეშად მაჩერებს ვერა , - მე დუბლიკატის გასაკეთებლად გიშვებ , ლადო ახლა წასულია და იმიტომ გავრისკე. უცებ რომ მოვიდეს , მერე რა ვკნა ? - აუუ... - აუუ, არ უნდა. ზეგ რაიონში მიდის და შენ მოდი. როგორც კი ცავა გირეკავ . - შევიჭყიტები მაინც . - სუმა საშლა ! - შეიცხადა ვერამ და ლამის გამწიხლა ეზოდან . ტაქსის ვაჩერებ და უახლოეს სახელოსნოში მიყვანას ვთხოვ . მძღოლმა ვაკეში, ვინმე სერჟ აზნაუროვი მირჩია - პატიოსანი ხელოსანია , არ მოგატყუებსო. პატიოსანი სერჟ აზნაუროვი პლაკატების ფონზე იჯდა ერთ გაზინტლულ ოთახში. პამელა ანდერსონი, მადონა, მაშა რასპუტინა, იოსებ სტალინი. დიდი ბელადის პლაკატი იმდენად არის შელახული , ცალი ულვაში ჭიაყელას მიუგავს. სერჟმა, სანთლისფერთმიანმა ასაკოვანმა მამაკაცმა , ყურადღებით მოუსმინა ჩემს ზღაპარს გასაღების დაკარგვასთან დაკავშირებით , ყალიბი აიღო და ხვალისთვის დამიბარა. ვაკიდან ისევ ბაგებში მივქრივარ , გასაღებს ვერას ვუტოვებ და ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში მივემართები , იქ, სადაც ბოლოს მუშაობდა სოფო კანკავა. ცენტრის დირექტორი , ქალბატონი დოდო, ერთხელ სოფომ გამაცნო , თუმცა იმის იმედი , რო ვახსოვარ , მაინცდამაინც არ მაქვს. დოდო კაბინეტში დამხვდა და სათამაშო სარწყავით ფანჯრის რაფაზე შემოდგულ ყვავილებს რწყავდა. ეს იყო ორმოციოდე წლის ქალი მოკლე თმითა და გამჭრიახი მზერით. თავი შევახსენე და აუდიენცია ვთხოვე. ის მგიდაზე დადებულ საკვოიაჟს უყურებს , ვხვდები, რომ წასასვლელად ემზადებოდა და ახსნა - განმარტებას ვჩქარობ: - ბევრ დროს არ წაგართმევთ , სულ რამდენიმე კითხვა ... - არა უშავს, დაჯექით. - იმ გოგონას ბედი მაინტერესებს , ვისი შვილად ავანაც სოფოს უნდოდა . - გოგონა თავს ნორმალურად გრძნობს , - მშრალად მპასუხობს დოდო და სარწყავს ფანჯრის ქვეშ დებს . - სად არის ? - ცენტრთან არსებულ თავშესაფარში, საკმარისია, რაც ქუჩაში იწანწალა. - ქუჩიდან მოიყვანეთ ? - რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენთან რეაბილიტაციის კურსს გადიან როგორც ქუჩიდან მოყვანილი ბავშვები , ისე ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი. - შეიძლება გავიგო, რატომ თქვა უარი სოფომ მის შვილად აყვანაზე ? - სოფოს არ უთქვამს უარი, ეს მე გავისტუმრე უარით თქვენი მეგობარი. - რატომ ? დოდო ბუთქუნა საკვოიაჟიდან სიგარეტს იღებს, ღრმა ნაპასს არტყამს და გამომცდელად მიყურებს. - გარდაცვლილებზე ან კარგს ამბობენ , ან არაფერს, მაგრამ მე დავარღვევ წესს და გეტყვი : სოფო ნარკომანი იყო. ზათარში ცივი შხაპი მიგიღიათ ? თუ არა, ხომ წარმოგიდგენიათ . ჰოდა , წარმოიდგინეთ , რა დღეში აღმოვჩნდი ? - ხუმრობთ, ქალბატონო დოდო? - ნირწამხდარი ვეკითხები. - ასეთ საკითხზე არ ხუმრობენ , ჩემო კარგო. ისე თქვენი მეგობრის პრობლემებს მე არ უნდა გიყვებოდეთ. - არც ისე მჭიდრო მეგობრობა გვაკავშირებდა , ბოლო წლებში, თუმცა ვიღებ შენიშვნას. უნდა მცოდნოდა. რასაკვირველია, უნდა მცოდნოდა, - ვიმეორებ დაბეჯითებით. - რას გაძლევთ პოსტ ფაპტუმ იმის ცოდნა , რომ თქვენი კლასელი ნარკომანი იყო ? - მე არ ვიცი, ვინ მოკლა ჩემი მეგობრები, მაგრამ ფაქტებს თუ შევაჯერებთ, კვალი სოფოსთან მიდის. თუ შეგიძლიათ, დაწვრილებით მომიყევით, საქმის გასახსნელად ზოგჯერ დეტალიც საკმარისია. ქალბატონი დოდო თანაგრძნობით მიკრავს თავს და მოყოლას იწყებს ... ქეთი ბესელაშვილი, ასე ერქვა გოგონას , რომლის შვილად აყვანაც თავის დროზე სოფომ განიზრახა. ქეთი 10 წლის ასაკში გაიქცა შინიდან , პოლიციამ დეზერტირის ბაზრის მახლობლად იპოვა და იძულების წესით მიიყვანა ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში. თავდაპირველად გაჯიუტებულ გოგონას , არც ვინაობის გამხელა სურდა, არც მისამართის, მაგრამ ფსიქოლოგების წყალობით, გამოტყდა . აღმოჩნდა, რო ქეთის დედაც ჰყოლია, მამინაცვალიც, სამი მცირეწლოვანი და - ძმანიც და ლოგინად ჩავარდნილი ბებიაც . ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში გადიოდა. დედა, ერთი დაბეჩავებული ქმრისგან დაბრიყვებული ქალი იყო, მამინაცვალი-ლოთი, რომელიც სიმთვრალეში ოჯახს აწიოკებდა , ცოლს ურტყამდა , გერს ნაბიჭვარს ეძახდა , სიდედრს ფანჯრიდან გადაგდებით ემუქრებოდა . ცენტრის კურატორებს აგრესიულად შეხვდა , მაგრამ როდესაც შვილების წართმევით დაემუქრნენ , მოლბა და პატიება ითხოვა. კურატორებმა ხელწერილი დააწერინეს და ქეთი გულის კანკალით დააბრუნეს ოჯახში. ორი წლის თავზე ქეთი ისევ ქუჩაში აღმოჩნდა . პოლიციამ ისევ ცენტრში მოიყვანა. ამჯერად წინააღმდეგობა არ გაუწევია , ის უკვე იყო ძალადობის მსხვერპლი. რეაბილიტაციის კურსს მოზარდი სოფო კანკავასთან გადიოდა. სოფო პაციენტების ნაკლებობას არ განიცდიდა , მაგრამ ეს ნაადრევად გაზრდილი , უკარება მოზარდი სიბრარულზე უფრო აღაფრთოვანებდა. ქეთი არ ჰგავდა სხვებს - ბალერინასავით სიფრიფანა, გრძელკისერა, პლასტიკური... კონტაქტში რთულად შემოდიოდა , თუმცა მოსმენა უყვარდა, განსაკუთრებით სოფოს ოსმენა. მოგვიანებით, სოფომ წიგნებიც შეაპარა, ქეთიმ წაიკითხა ცხოვრებაში პირველი წიგნი - „პეპი-გრძელი წინდა“. მერე სოფომ შინ წაიყვანა და რამდენიმე დღით დატოვა. ის უკვე სერიოზულად ფიქრობდა გოგონას შვილად აყვანას. ასეც მოხდებოდა , რომ არა ერთი შემთხვევა... სამუშაო დღე დამთავრებული იყო, ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში მხოლოდ დოდო შეყოვნდა. ყოველ შემთხვევაში, თავიდან ასე ეგონა. ის უკვე ტოვებდა კაბინეტს, როდესაც დერეფნის მხრიდან ლაპარაკი შემოესმა. დოდო დაინტერესებული წავიდა იქით და ერთ- ერთ ოთახში ფსიქოლოგი სოფო კანკავა დაინახა . სოფო ზურგშექცევით იდგა და ვიღაცას მობილურით ელაპარაკებოდა, უფრო სწორად ლტიმატუმს უყენებდა : „თუ არ დამახვედრებ, საერთოდ არ მოვალ შინ“ . ქმარია დაასკვნა დოდომ და ჩუმად გაცლა ამჯობინა - რა წესია სხვისი ლაპარაკის მოსმენა - მაგრამ მეორე წინადადებამ დააეჭვა. „იცოდე მე ვიშოვი და მერე შენ ოგიწევს საპროცესოზე ჩალიჩი“. მერე იყო პაუზა, რომელსაც მოჰყვა უცნაური პრაზა : „ჯანდაბას თანახმა ვარ“. იმ წუთში დოდო საქმის აფიშირებას მოერიდა , მაგრამ სოფოს თვალთვალი დაუწყო. მისი ეჭვი დადასტურდა - სოფო ნარკომანია. დოდო დილემის წინაშე დადგა. როგორც დირექტორი, ვალდებული იყო, სამსახურიდან დაეთხოვა წამალზე დამოკიდებული თანამშრომელი , მაგრამ სოფო კანკავამ ქმრის შუამავლობით არაერთი გრანტი მოიპოვა ცენტრისთვის და მომავალშიც დიდი გეგმები ჰქონდა. უხერხულობა თავისთავად მოიხსნა, როდესაც სოფო ქეთის შვილად აყვანაზე დაელაპარაკა. დოდოს ხელ - ფეხი გაეხსნა და უარის მიზეზიც მოახსენა . სოფოს არ უცდია თავის მართლება , უსიტvყვოდ გავიდა კაბინეტიდან , მეორე დღეს კი ცენტრიდან წასვლაზე განცხადება დაწერა. - როდის მოხდა ეს ამბავი ? - ვეკითხები მოსმენილით გაოგნებული. - დაახლოებით ერთი წლის წინ . - ქეთის ნახვა მინდა. ქალბატონი დოდო სიგარეტის ნამწვს ვედროში აგდებს და უნდობლად მიყურებს . - გინდა რჩევა ? მზადყოფნით ვუკრავ თავს. - დაანებეთ ამ საქმეს თავი. - ისინი არ მანებებენ , გუშინ სახლი გამიტეხეს, ხვალ ალბათ თავს გამიტეხავენ . - ქეთის ნახვა რას გიშველით ? - იქნებ რამე ისეთი იცის სოფოს ოჯახის შესახებ ? - პირდაპირ მითხარით, ლადოზე გაქვთ ეჭვი ? ვჩუმდები . ბუნკერზე რომ დავიწყო ლაპარაკი , სულელი ვეგონები. შეიძლება ვარ კიდეც სულელი... არ ვიცი. არ ვიცი... - სიჩუმე თანხმობის ნიშანია , - ოხრავს დოდო, - კეთილი, დაელაპარაკეთ ქეთის, თუმმცა ვეჭვობ რამე იცოდეს. VII თავი ქეთის მოზარდთა განყოფილებაში ვპოულობ , ოთახში , ფანჯარასთან ზის და მრგვლად გადაჭიმულ ტილოზე ყვავილებს ქარგავს . მგონი , გვირილებს . ოთახში სამი საწოლია, სამივეზე ხაკისფერი პლედია გადაფარებული , როგორც ჯარისკაცის კარავში. პირქუშ დიზაინს კედელზე გაკრული ნაქარგი ახალისებს - ლურჯი ცა, მწვანე მოლი, ყვითელი გვირილები. ეტყობა, ქეთის მოსწონს გვირილები. ჩემს დანახვაზე გოგონა თავს აბრუნებს და დაჟინებით მიყურებს . 14 წლის მოზარდები ასე არ იყურებიან . ასე იყურებიან გამოცდილი ქალები ან ექსტრასენსები. ქეთის უცნაურად აცვია , მონაზონივით. ნაცრისფერი ქვედაკაბა, შავი მაისური, დახურული ფეხსაცმელი. ყელზე - გასანთლულ ძაფზე ჩამოკიდებული წმინდა ნიკოლოზის გამოსახულებიანი მედალიონი. და თითები - გრძელი , თლილი, პიანისტის შესაშური. - გამარჯობა ქეთი, მე სოფოს კლასელი ვარ, იათამზე... - ვიცი, - მპასუხობს წარბშეუხრელად. ხმაც ჩამოყალიბებული აქვს , დაბალი, ხრინწიანი. ტელეფონში რომ მომესმინა , ვიფიქრებდი, მოწიფული ქალიშვილი მელაპარაკება - მეთქი. - საიდან იცი ? - გიცანით. სოფომ დამათვალიერებინა კლასელების ფოტოსურათები. იქ ჩოლკა გქონდათ. გამახსენდა ის „ჩოლკიანი“ გოგო - ცანცარა, უდარდელი, ხალისიანი ... „ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს...“ - სოფო იას გეძახდათ, - მახსენებს ქეთი. - კი, ასე იყო. სოფო გითხრა ? - მიყვებოდა ხოლმე რაღაცებს. - მართლა? - კი - ააა... - ბავშვობის ფოტოები ცალკე ალბომში ჰქონდა შენახული. უფრთხილდებოდა. - ჰო, ხშირად ვიღებდით ხოლმე სურათებს , სოფო ისეთი ფოტოგენური იყო... - თქვენი ნაჩუქარი ბილეთიც მაჩვენა. - რომელი ბილეთი? - ვეკითხები გაკვირვებული. - არ გახსოვთ ? - ქეთის ხმაში დაუფარავი საყვედური ისმის . ვიღებ საყვედურს, დღის განმავლობაში უკვე მერამდენედ. - თვითმფრინავის ბილეთი. სოფომ მითხრა, ეს განსაკუთრებული ბილეთიაო, ბედნიერი. ღმერთო ჩემო, ეს ბილეთი სოფოს, მგონი ათი წლის წინ ვაჩუქე . არ ვიცი, რამდენად ბედნიერი გამოდგა, უცნაური კი ნამდვილად იყო. რეისის ადგილისა და გაფრენის დრო ერთმანეთს ემთხვეოდა და ეს რიცხვი იყო ცამეტი. უცნაური დამთხვევა თვითმფრინავში შესვლისას აღმოვაჩინე და ბილეთი შევინახე. აღარც მახსოვს , როდის და რატომ ვაჩუქე სოფოს , იმას კი სათუთად შეუნახავს . ნაგვიანევი სინანული გულს მიკუმშავს. თურმე რამდენი რამ გვქონია სათქმელი, გასახსენებელი...მაპატიე, სოფო. - ქეთი, მინდა რაღაც გკითხო... - რა ? - წარბშეკრული მიყურებს, თითქმის მტრულად. - სოფოს შენი შვილად აყვანა უნდოდა... - მერე ? - შენ გინდოდა სოფოსთან ცხოვრება ? - დიახ. - რამ შეგიშალა ხელი ? ქეთი საქარგს ფანჯრის რაფაზე დებს და ნერვიულად ატყუპებს მუხლისთავებს. ხელები მომუჭული აქვს, თითქოს თავდაცვისთვის ემზადება. - ქურდობა დამაბრალეს. - ვინ ? - ალბათ იმან, სოფოს ქმარმა. - ლადო არ მოგწონს ? - მძილს. - კბილებში ცრის ქეთი. - რატომ ? - ბინძურია. ჩავფიქრდი. რა შეიძლება იგულისხმოს 14 წლის მოზარდმა „ბინძურში“? იქნებ ლადოს ქერტლიანი თმა აქვს, ან სუნიანი ფეხები... - შეგიძლია დამიზუსტო ? - არ შემიძლია. - რატომ ? - მრცხვენია. - მენდე, არავის ვეტყვი. ქეთი დუმს. - სიმართლე ქეთის მკვლელის მოძებნაში დამეხმარება, ვაქეზებ აქედან . - მიკა დაიფიცეთ, რო არავის ეტყვით. - მიკა? - პირდაღებული მივჩერებივარ. ქეთიმ ჩემი დისშვილის არსებობაც კი იცის! საოცარია პირდაპირ, ოფ, სოფო, სოფო... - დიახ, მიკა, მიკა, - მიდასტურებს ქეთი და ხმაში ბავშვური ინტონაციები უკრთის. ის დგება , კარადიდან მოზრდილი ჩანთა მოაქვს, ჩანთიდან - ნაჭრის კლოუნი, მოსასხამის ქვეშ ხელს უფათურებს და ფოტოსურათი ამოაქვს. - აი, ნახეთ. გამომწვევად დამაკიაჟებულ დედიშობილა მოზარდში ქეთის ვცნობ . ნახევრად მობრუნებული ზის უზურგო სკამზე და პომადიან ტუჩებს ყალბი ღიმილით ჭიმავს . თავში ერთადერთი ფრაზა ფეთქავს : არასრულწლოვანთა პორნოინდუსტრია. - ვინ გადაგიღო? - იმან . - ვინ ? - ვეკითხები უაზროდ, რადგან არ მინდა დავიჯერო, რომ ამ საზიზღრობის ავტორი ლადოა. - სოფოს ქმარმა, - ქეთის არ შეუძლია ხმამაღლა თქვას მისი სახელი . ეს მის ძალას აღემატება. - ლადომ ? - ვაზუსტებ . თანხმობის ნიშნად თავს მიკრავს. - ეს... ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, ლადო დასაჭერია , ქეთი... - ისინი ბევრნი არიან , ყველას ვერ დაიჭერ. - როგორ თუ „ბევრნი“? რას ამბობ ? ქეთი ისე მიყურებს , როგორც მასწავლებელი გულუბრყვილო მოწაფეს. გახევებული თითებიდან სურათს მართმევს და უკანვე ინახავს. - ქალბატონმა დოდომ იცის ? - ვეკითხები ჩურჩულით. - ნწუ. - სოფომ იცოდა? - ნწუ. - მე რატომ მითხარი ? - თქვენ სოფოს ბავშვობის მეგობარი ხართ. სოფო კი მოკლეს. - ეს კაცი დასაჭერია, - ვიმეორებ საკუთარი უმწეობისა და ქეთის სიჯიუტით გაღიზიანებული. - ეს ამბავი ჩვენ შორის დარჩება. თქვენ დაიფიცეთ. - ქეთი... ის თავს აქნევს უარყოფის ნიშნად და ფანჯრის რაფიდან საქარგს იღებს , რაც იმას ნიშნავს , რომ აუდიენცია დამთავრებულია. ოდნავ შესამჩნევად უძაგძაგებს ფერმკრთალი თითები. ნეტავ, სულ არ მენახა... * * * შინ მისვლისთანავე კომპიუტერს ვრთავ . აი ბატონო ... „სისხლის სამართლის 225-ე მუხლი. პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება , გავრცელება ან რეკლამირება ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით“. ავღშფოთდი. ორი წელი ცოტაა, ჯარიმას კი ყველა სულელი გადაიხდის ! „...არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი მეთოდით დამზადებული ვიზუალური ან აუდიომასალა, რომელიც სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენილია კონკრეტული არასრულწლოვანის მონაწილეობა ნამდვილ ან სიმულირებულ სექსუალურ სცენებში,გამოყენებულია მისი ხმა ან ნაჩვენებია გენიტალური ორგანოები“... ვერსად მივაგენი განმარტებას, სადაც იქნებოდა მინიშნებული ზღვარი ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის. იმდენად ბუნდოვნად ეწერა, საითაც გინდა, იქით გამოაბამ ყურს. ზემოაღნიშნული ფოტო შეიძლება ჩაითვალოს ეროტიკულად , თუკი მასზე ჩემი ასაკის ქალი იქნებოდა გადაღებული. მაგრამ ქეთი ბესალაშვილი არასრულწლოვანია, აქედან გამოდინარე, ლადო, ნებისმიერ შემთხვევაში , სისხლის სამართლის დამნაშავე გამოდის. რა ვქნა , როგორ მივუდგე, თუკი ქეთი გასაქანს არ მაძლევს? იქნებ მის სიჯიუტეს სულ სხვა რამ უდევს საფუძვლად, მაგალითად... ფიქრს მობილურის ზარი მაწყვეტინებს. დათა რეკავს . ვუყურებ განათებულ ეკრანს და მეც ვანათებ . თუმცა, არ ვეპასუხები. ამისთვის ორი მიზეზი მაქვს : პირველი - დათრგუნული ვარ და არ მინდა საღამო ჩავუშხამო , მეორე- მომკალით და ვერ ვინელებ წუხანდელ ამჩატებას. შოკში მყოფის პირობაზე მეტისმეტად აქტიურად ვირჯებოდი. პრინციპში, ამერიკელმა მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ სექსი დადებითად მოქმედებს სტრესზე - ნერვულ უჯრედებს აღადგენს, განგაშის განცდას ხსნის... მაგრამ იქ ლაპარაკი იყო რეგულარულ სექსზე და არა ერთჯერად ხვანცალზე... არადა , დათა ალბათ სიამოვნებით გადავიდოდა რეგულარულ რელსებზე, მაგრამ მე, მიუხედავად ხანმოკლე „ამჩატებისა“, მენტალურად დედაჩემის შვილად ვრჩები და ჩემს არეალში გაშრიალებულ მამაკაცს მომავალ ქმრად აღვიქვამ . და ამის მერე მყოფნის სითავხედე და ლალიკოს დავცინი... მობილური ქრება და მე მსჯელობას ვაგრძელებ. მაშ ასე. ქეთის სიჯიუტეს შეიძლება საფუძვლად ეკოს ტყუილი. ლადომ ქურდობა დააბრალა, ამან კი სამაგიეროს გადახდის მიზნით ფოტოსესია მოუგონა. გამორიცხული არაა, სურათი სულ სხვა ბიძიას გადაეღო, - აკი, საკუთარი პირით მითხრა , ასეთები ბევრიაო. არგუმენტი, ცოტა არ იყოს , მოიკოჭლებს. სადაური შურისძიებაა, თუკი ლადო თავისუფლად დანავარდობს და ხვალ რაიონშიც აპირებს გამგზავრებას? სხვა საკითხია, ქეთის სარჩელი რომ შეეტანა , მაშინ, იცოცხლე, გამოვაჭენებდით ლადო ბიძიას, მაგრამ 14 წლის მოზარდ ვერ მოთხოვ ინტიმური ცხოვრების დეტალებზე საჯაროდ ლაპარაკს. ქუჩაში გამოსული გოგო - ბიჭები , ადრე თუ გვიან , სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან , სავარაუდოდ, ქეთისთვის ლადო არ ყოფილა პირველი მოძალადე . მხოლოდ ფოტოსესიით თუ დაკმაყოფილდებოდა, პედოფილობასაც ვერ ქაჩავს... ამჯერად კარზეა ზარი. საინტერესოა ვის გავახსენდი ?! აჰა ლალიკომ გადაწყვიტა სამაგიერო გადამიხადოს და გაუფრთხილებლად დამადგეს თავზე . რაც მთავარია, თავისი ავსტრიელი ფრენდიც მოიყოლოს. ფრენდს სანდლები და ბრიჯები აცვია, როგორც ყველა ნორმალურ მამრს ზაფხულის ხვარტში. კიდევ კარგი, დათა არ მოვიპატიჟე , თორემ რა ამოვიდოდა ლალიკოს ყბიდან ? - გუთენ აბენდ!- ვესალმები. - საგამო მშვიდობის ! - მესალმება. მეტი არც არაფერი იცის , ამიტომ გერმანულ ენაზე გადავდივართ. ლალიკოს კი ქართულად ვსაყვედურობ - ერთი ზარი მაინც გამოგეშვა -მეთქი. ლალიკო თვალებს ნაბავს და პარკიდან ლიქიორის შოკოლადის კანფეტი ამოაქვს. იცის გოგომ, რითი მომთაფლოს. - ცხელა! - ამბობს კლაუსი და მიხსნის, რომ მთებს შორის მოქცეული ქალაქი ცუდად ნიავდება . და ამას ცემს საამაყო ქალაქზე ამბობს , უმადური! თურმე სულ სხვაა ტიროლი, კერძოდ კი კუფშსტაინი, სადაც მუდმივად ქრის გრილი ნიავი. - კარგად გამოკითხე, კარგად , მე საიდან ვიცი მაგდენი გერმანული , - მუჯლუგუნს მკრავს ლალიკო. - და ეს კუფშსტაინი მთაშია? - ვითომ დაინტერესებული ვეკითხები კლაუსს. - დიახ, საკმაოდ მაღლა ზღვის დონიდან. არაჩვეულებრივი ჰავაა თითქმის არასოდეს ცხელა. - ხომ გითხარი, მტის წვერზე მეპატიჟბა , მამალი არწივივით. - კუთავს ლალიკო. - ჩვენთან შუა საუკუნეების ციხე - სიმაგრეა, ტურისტები ხშირად ჩამოდიან , მე და ლალიკო გეპატიჟებით, - ჟიკჟიკებს კლაუსი და ლალიკოს უღიმის. ლალიკო წითლდება და მე მიღიმის. ეჰაა, ამათი ამბავი გადაწყვეტილია , მთის წვერზე კი არა , ოკეანის ფსკერზე რომ დაუძახოს , ლალიკო წაყვება. უბრალოდ, თავს იფასებს , ჩემი არ იყოს, მენტალობის ტყვეობაშია. - შესანიშნავი ხალხური ორკესტრი გვაქვს, დღესასწაულებზე საგანგებოდ შეკერილ წითელ ჟილეტებს ვიცვამთ და კონცერტებს ვაწყობთ, - რეკლამას იკეთებს კლაუსი. - მღერით? - არა, საქსოფონზე ვუკრავ. - რას ერჩი, მუსიკოსიც ყოფილა! - ვამხნევებ ლალიკოს. - ია, ია , - ადასტურებს კლაუსი. კარზე ისევ ზარია. ბოდიშის მოხდით მივდივარ გასაღებად და ზღურბლზე დათას ვხედავ . ხელში ყვავილები უჭირავს, ცოცხივით, - გვირგვინით დაბლა. ყველაფერზე ეტყობა, ერთი სული აქვს, როდის განთავისუფლდება უჩვეულო აქსესუარებისგან . - რატომ არ იღებ მობილურს ? - შემოსვლისთანავე მსაყვედურობს და ყვავილებს მაჩეჩებს. - ეტყობა, ვერ გავიგე... - ვინმე გყავს? - დაეჭვებული ჩერდება. - მეგობარი და მისი საქმრო. შემოდი, გაგაცნო. ლალიკოს სახე უნდა გენახათ. რო იტყვიან , თვალები შუბლზე აუცოცდა . ხან მე მიყურებს, ხან დათას, ხან ყვავილებს. ერთმანეთი გავაცანი. დათამ გერმანული არ იცოდა , სამაგიეროდ , კლაუსმა იცოდა დამტვრეული რუსული და საუბარიც შესაბამისად მეზობელი ქვეყნის ენაზე წარიმართა. ყავის მოსადუღებლად სამზარეულოში გავდივარ. ფეხდაფეხ მომდევს ლალიკოც. - საძაგელო, საძაგელო, საძაგელო! - ლალიკო მუჯლუგინს მიშენს . - ჰმ, ჩემი, შენ გითხარიო. - კარგი , ბარი ბარში ვართ. მითხარი ვინ არის ? - მგონი ექიმია. თუ არ მატყუებს... - რამე სერიოზულია ? - მისი მხრივ არ ვიცი, მე მომწონს - მადუღარაში წყალს ვასხამ და გაზქურაზე ვდგამ. - მოსწონხარ რომელია, ისეთი თვალებით გიყურებდა ... მოიცა იცის , რომ გათხოვილი იყავი ? - იცის, კი. - მერე ? - რა მერე, ლალიკო, არც ვიცნობ წესიერად. ამ რამდენიმე დღის წინ გავიცანი, სუსიკოს სასაფლაოდან რო მოვრბოდი მაშინ . - რატომ მორბოდი ? - უკვირს ლალიკოს. ენა მოვიკვნიტე, ჩემი გრძელი , ჭარტალა ენა. რა საჭიროა ლალიკომ იცოდეს ირასთან და ლადოსთან დაკავშირებული ვარაუდების შესახებ ? და საერთოდ, ამ საქმეში ყველანიეჭვმიტანილები ვართ... ჩემ გარდა. ვიდრე პასუხზე ვფიქრობდი, ყავამ დრო იხელღა , ქშუტუნით ამოასკდა და გაზქურა წამიბილწა. - ვაი! - ვკივით ორივე. - არა უშავს, ახალს გავაკეთებ , - ვამშვიდებ ლალიკოს, - შენ გადი სტუმრებთან თორემ უხერხულია , ბავშვებივით სამზარეულოში შევიყუჟთ.რას იტყვიან კაცები ? - თორემ არ იციან , რო მაგათ ვჭორავთ! და რატო გამორბოდი სასაფლაოდან ? - არ ისვენებს ლალიკო. - დამაღამდა და იმიტომ , ისეთი არაფერი, წადი, წადი... გაზქურა მოვწმინდე და ხელმეორედ შევუდექი ყავის მოდუღებას. მისაღები ოთახიდან გაცხოველებული ლაპარაკი ისმის , კლაუსი ყვება თუ როგორ არ გაატარეს რუსებმა ბელგიელები გამომშრალი ნაკელით სავსე ტრაილებით. ინციდენტი კალინინგრადის ოლქში მომხდარა მოკლედ რუსები იქამდე ყვიროდნენ , ვიდრე ქრთამი არ შეაძლიეს. იმ საღამოს სამჯერ მომიწია ყავის მოდუღება, იმიტომ კი არა, რომ ისევ გადმომივიდა, გვიანობამდე შევყევით . სამივეს ერთდროულად ვაცილებ . დათა დაჭრილი მუსტანგის თვალებით მიყურებს , ვატყობ , დარჩენა უნდა და ჩემს შეთავაზებას ელოდება . მე კი პრინციპული ვარ , როგორც არასდროს. არ ვიცი, როდემდე გავუძლებ . VIII თავი ჯუნას მარკეტში გადავეყარე , მიკასთვის წიწაკიან ჩიფსებს რომ ვყიდულობდი, მაშინ. შინაბერა ჯუნა წკრიალად ცილისდა ბრძანდება - ირას უფროსი და და მარჯვენა ხელი . ჯუნას დისშვილებზე ამოსდის მზე, მთვარე და ვარსკვლავები. რასაკვირველია, მთავარი მანათობლის , ირას თამადობით. ახლაც ირასთან იჯდებოდა, კოჯრის აგარაკზე, მაგრამ კბილის გაუსაძლის ტკივილს თბილისში ჩამოუქანებია და ახლა ერთი სული აქვს, უკან როდის აქანდება. ეს ყველაფერი ჯუნამ სხაპასხუპით მომახსენა , არც მოვუკითხივარ, ისე. - არა, საყვარელო, ეს სიბრძნის კბილი კი არაა, რაღაც რუდიმენტია, - წუწუნებს ჯუნა და ყბაზე ხელს ისვამს , - ეშმაკმა უწყის , რატომ ამოდის, და თუ ამოდის, რატომ არ ემსახურება ადამიანს სიკვდილის ბოლომდე ?! დამტანჯა პირდაპირ , ორი დღე კედლებზე გავდიოდი , მერე დავურეკე ირას და კოჯორში ამოსვლა ვთხოვე. რა ვქნა, გენაცვალე, ცოტა ხანს მიხედოს თავის შვილებს ! - რას ზის ამ სიცხეში თბილისში, კოჯორში არ ურჩევნია ? - და მერაბი მარტო დატოვის, არა ?! - სასაცილოდ არ ყოფნის ჯუნას, - შენც იტყვი, რა , იათამზე , ვითომ არ იცი შენი ძმაკაცის ამბავი , მოადუნებ ყურადღებას და წამში ვიღაც ჩათლახის კაბის ქვეშ აღმოჩნდება. პასუხად მხრებს ვიჩეჩავ . არ ღირს ჯუნასთან კამათი . მერაბი რომ ფრთიანი ანგელოზი არ არის, ისედაც ვიცი. - გადასარევი სტომატოლოგი მყავს, ისე ამომიღო ეს დაწყევლილი კბილი, ვერც ვიგრძენი . მთავარია, არ გამირთულდეს . აბა, შემომხედე, ყბა ხომ არ მაქ გასიებული ?- კობრასავით მიყურებს, თვალის დაუხამხამებლად. - მგონი არა . - შიგნით რა მდგომარეობაა, შიგნით... - ჯუნა მოკაუჭებულ თითს პირში მიაქანებს, ლოყას სწევს და შუაგულ მარკეტში პირის ღრუს დემონსტრაციას აკეთებს. სირცხვილით არ ვიცი, სად წავიდე, იძულებული ვარ, ჩავხედო და დავამშვიდო კიდეც , თუმცა დასამშვიდებელი არაფერი აქვს . მე ხომ თხუთმეტი წლის შემდეგ კბილების მაგივრად მსგავსი შესახედაობის ჭიანი მეყაროს , დღესვე დავიწყებ ფულის შეგროვებას ალმასის პროტეზისათვის . მაგრამ ჯუნას არ აწუხებს უკბილობა, ირას შვილების გაზრდას ჭიანი კბილებითაც ახერხებს. - უჰ, წამომახურა! - ჯუნა გაჩაჩული თითებით ინიავებს აჭარხლებულ სახეს. - წნევა ხომ არ გაქვს ? - ვეკითხები შეწუხებული. მართლაც , მოხარშულ კიბორჩხალას დაემსგავსა, შუბლიც კი უვარვარებს. - კლიმაქსი მაქვს, საყვარელო, კლიმაქსი! ამათი გადამკიდე ნაადრევად დამეწყო. წამომახურებს - გამივლის , წამომახურებს - გამივლის . დავიტანჯე ქალი ! ყველაფერთან ერთად წნევა მითამაშებს , ამიწევს - დამიწევს , ამიწევს - დამიწევს ... წამლებს რომ არ ვსვამდე , დედა მეტირებოდა. მორჩილად ვუკრავ თავს, მაგრამ ეტყობა, ისეთი გამომეტყველება მაქვს, ჯუნა თემის შეცვლას ამჯობინებს. - შენ რა ქარმა გადმოგაგდო ამ უბანში ? - ჩემს დასთან მივდივარ. - შე საწყალო ,ჩემი არ იყოს , შენც არავინ გყავს დისა და დისშვილების გარდა ... - ვეცოდები ჯუნას, უფრო სწორად, მკბენს. დალოცვილო, მე ორი ქმარი მაინც მყავდა , ეს კი ისე გადაბერდა, პაემანზეც არ ყოფილა. ან ვინ დახარბდებოდა ლავაშივით გაბრტყელებულ დედაკაცს ? არც წელი. არც თეძო , არც საჯდომი. მხოლოდ ძუძუები და გრძელი , მაკარონივით გრძელი ფეხები. რა აზრი აქვს გრძელ ფეხს, როელიც ყოველგვარი ღრმულების გარეშე გადადის ბალიშივით ზურგში. თანაც ბრიყვია, იმის მაგივრად , მეგობრის სიკვდილი მომისამძიმროს , ჭიან კბილებს მაჩვენებს და მენოპაუზაზე მელაპარაკება. ჯუნა სათამაშოების განყოფილებასთან ჩერდება . ის დროა, გამოვემშვიდობო, მაგრამ მომენტის ხელიდან გაშვება არ მინდა. იქნებ ირაზე გამოვცინცლო რამე, ისე, ვითომ სხვათა შორის. - ბავშვები როგორ არიან ? - უი, მაგათ შემოევლოს დეიდა ! შენ გგონია, რა დამრჩენია სუპერმარკეტში ამ კბილამოღებულ ქალს ?! გიორგუნას დავპირდი ბურთის ყიდვას. რაღაც განსაკუთრებული ბურთი დამაბარა, ჯარისკაცები ახატიაო. - რამდენი წლისაა? - სამის, საყვარელო, მაგრამ როგორი გატლეკილია... ნეტა იცოდე, რას მღერის , მომავალი პავაროტია! - ნუცა როგორ არის ? - მოვიკითხე მერაბის უფროსი ქალიშვილი , რომელსაც ორი წლის წინ ანა კურნიკოვას მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. - პირველ ადგილზე დავიდა, იუნიორებში, მომავალი ჩემპიონია, აი, მე მითქვამს და დაიმახსოვრე : ნუცასთანა პერსპექტიული ჩოგბურთელი დღეს საქართველოში თითებზეა ჩამოსათვლელი. ბუქარესტის სპორტული სკოლიდან ჰქონდა შეთავაზება , მაგრამ მამამისმა მოიკლა თავი, არ გაუშვა. - რატომ ? - ეშინია, ეს ბერვით გაზრდილი ბავშვი როგორ გავუშვა მარტო საზღვარგარეთო! რაშიც ვეთანხმები. რაც არ უნდა იყოს, გოგოა მერე როგორი ემოციური, როგორი მგრძნობიარე... შეჯიბრის წინ ღამეები არ სძინავს . ტრანკვილიზატორსაც ვერ ვასმევთ, არ შეიძლება. მწვრთნელმა გაგვაფრთხილა ფსიქიკა თუ არ გაიკაჟა , თამაშებს ჩააფლავებსო. აი, ლუკას კი ფეხზე კიდია , ეგეც დამყავს ჩოგბურთზე , მაგრამ რად გინდა , მტრისას, ისეთი ზარმაცია !მაგისგან სპორტსმენი ვერ დადგება. სამაგიეროდ, ენები ეხერხება . ტვა წლისაა და სამი ენა იცის, მომავალი დიპლომატია, ენაცვალოს დეიდა. ჯუნა ბურთებს იწუნებს და თავაღერილი მიემართება ასაწყობი სათამაშოებისკენ . მეც მივყვები. - ჯუნა მერაბი რას ამბობს, ხო არაფერი გაუგია მკვლელობის შესახებ ? - აბა, რა გითხრა საყვარელო , მე კოჯორში ვარ , ესენი - თბილისში . უჰ ნეტა იცოდე, რა დღეში ჩამივარდა ირა იმ საღამოს... კინაღამ თან მიყვა ქმრის ამხანაგებს. მოთქვამდა, ღრიალებდა , გამიგიჟა ბავშვები! ნუცას ტემპერატურას აუწია , გიორგუნას კუჭი აეშალა... - ამ დროს კოჯორში იყავით ? - ჩვენ მაისის თვიდან კოჯორში დართ, რა უნდათ ბავშვებს ამ სმოგით მოწამლულ თბილისში ? - ირამ საიდან გაიგო? - ამას თუ არ გავაწყვეტინე , კიდევ ერთხელ დამიხატავს დისშვილების ფსიქოტიპს. გავიგე, რომ გენიალურები არიან , ჩემპიონები ... საკმარისია . - ალბათ მერაბმა უთხრა. - ირა როდის ავიდა კოჯორში ? - ეშხში შევდივარ მე . - კოჯორში ყველანი ერთად ავედით, მერაბის გარდა. მერაბი თბილისში დარჩა, ან წყნეთში წავიდა , არ ვიცი... ეს რობოტი არ წავა ბურთის მაგიერ ? - ჯუნა ვერცხლიფერ ამუნიციაში გამოწყობილ მონსტრს მაჩვენებს. თავი კვადრატი , ფეხები - ორი უთო, ხელები - ორი ჩამჩა . სრული სიმახინჯე, მაგრამ ბავშვებს მოსწონთ. - აკი კოჯორში ვიყავიო ? - დაეჭვებული ვეკითხები. - ცოტა ხნით ჩამოვედი თბილისში, ნუცა კორტებზე მყავდა წასაყვანი. გიორგუნა ძიძასთან დავტოვე , ლუკას რა მიხედვა უნდა , დამოუკიდებელი ბიჭია... სექტემბრის ბოლოს ნუცას ძალიან მნიშვნელოვანი თამაში აქვს , ფორმაში უნდა იყოს. - ირა მარტო ამოვიდა კოჯორში ? - არა. მე , ირა და ნუცა ავედით. უცებ ჯუნა მკვეთრად ტრიალდება და გაავებულ მზერას ჩემზე დაასრიალებს: - მოიხედე აქეთ, იათამზე! შენ მე დაკითხვას ხომ არ მიწყობ შემთხვევით? - არა. - ვპასუხობ ყოყმანით. - არა კი არა, კი. აბა, ააცვი აქედან ! - ჯუნა ყვირილზე გადადის . ლამის ორბიტიდან გადმოცვივდეს თვალები , ეს ქალი შეურაცხადია . რას იტყვის ხალხი ? ხალხი დადარაჯებული გვიყურებს . სეირის მოლოდინშია. - ჯუნა, დაწყნარდი, სირცხვილია! - სირცხვილი ისაა, რასაც შენ და შენი წაკლა დაქალები ჩადიოდით. არ მივიხედავ , იყვიროს , რამდენიც უნდა , ვითომ მე არ მეხება. სუსიკო, ხედავ რა დღეში ვარ ? ეს რაქიტული ცხოველი, ჯუნა, საჯაროდ მაყრის ქოქოლას და მგონი საცემად მოიწევს. კლიმაქსის ოხშივარი კეფაში მირტყამს და იძულებულს მხდის, თანაბარი ჩორთიდან აჩქარებულ ჭენებაზე გადავიდე. - ეს შენ დახოცე ისინი, შენ ხარ მკვლელი ! ყველას ვეტყვი, რომ შნ მოწამლე შენი კლასელები. დაგინახეს, როგორ მიძვრებოდი სუსიკოს ორღობეში , გამოჩნდნენ მოწმეები... ხალხი აქტიურ ჩურჩულზე გადადის, გამყიდველები კისრებს ღრეცენ. ლამისაა, დავიჯერო, რომ მართლა მე მოვკალი , ხომ შეიძლება ვიღაცამ დამაპროგრამა და წეღანდელი რობოტივით გამიშვა სველ საქმეზე. როგორც იქნა, გამოვაღწიე მარკეტიდან . ფეხებთან მანქანა ამუხრუჭებს , გაწიწმატებული მძღოლი მოკითხვას უთვლის დედაჩემს , ცხადია, მამაპაპურ ბრუნვაში. აი, ლელას სახლი , აი, სადარბაზო . მგონი სამშვიდობოდ ვარ . * * * დაილოცოს დედმამიშვილი! მხოლოდ სისხლით ნათესავი აძლევს თავს უფლებას , ჯერ გაგთათხოს , მერე დაგაპუროს , მერე კი თავისი პრობლემებით ტვინი გაგიბურთოს. და მხოლოდ სისხლით ნათესავს შეუძლია , ეს ყველაფერი აიტანოს, გულში ბოღმა არ ჩაიდოს . საათზე მეტია, სავარძელში ვზივარ და ლელას ქაქანს ვუსმენ . ჩემს დას მსმენელი სჭირდება , მე - განმუხტვა. ჰოდა ვავსებთ ერთმანეთს. - მე რა ვიცი , ვინ არის, რას წარმოადგენს ?! რაღა ამ გაგანია გამოცდების დროს გამოტყდა ... ჰა, რას იტყვი, იაკო ? - ვინ ? - არ მისმენ ? - ბრაზობს ლელა. ვუსმენ , მაგრამ ბუნდოვნად მესმის, მგონი, ანანოს თაყვანისმცემელს ამუშავებს. - ვინ და ის ყმაწვილი, ანანო ვისაც მოსწონს. თუ უყვარს, თუ როგორც არის ... მაგათი სიყვარული არ გაიშვა! ლაწირაკები ! - მმმ... - ოცდაოთხი საათი ტელეფონზე კიდია, დამაწყდა ნერვები. - გაუვლის... - ჰა, რას დუდუნებ ცხვირში, ამოიღე ხმა! - გაუვლის. - ერთი შენ გაგიარა, მეორე - მე. რომ გათხოვდეს, მერე სად მივდივართ?! - არსად. ბებია გახდები. - ბებია არა, კვატი. რა დროს ანანოს გათხოვებაა, რძე არ შეშრობია პირზე. - ქეთუსია ბებიასავით ლაპარაკობ. - თურმე რა სწორად ლაპარაკობდა?! კარგი იყო, მ ოგვესმინა. - მე უნდა მომესმინა, შენ - არა. - ვითომ რატომ ? - მე ცუდი მაგალითი ვარ . შენ - კარგი. - სულაც არ მინდა ანანო ადრე გათხობდეს და ჩემსავით შინ ჩაჯდეს. - მართლა ? - გაკვირვებული ვუყურებ. ჩემს სამაგალითო დაიკოსაც ჰყოლია თავისი ოფოფები , ეტყობა, მეტისმეტად მოუვიდა გოგლიმოგლის თქვეფა, - სამაგიეროდ ამხელა შვილები მოგესწრო... - ვამშვიდებ, ჩემი ჭკუით. - მომესწრო, თორემ... იცი, იათო, უკვე მეტი მაქვს სანერვიულო. აქეთ კომპიუტერზე მიერთებული მიკა თავისი საშემოდგომო გამოცდით , იქით - ჯულიეტად ქცეული ანანო თავისი რომეოთი. - რამდენი წლისაა... რომეო? - ჩვიდმეტის. ჩვიდმეტი წლის სიძე მინდა მე ? - ანანო რას ამბობს? - რას შემიწუხე გული, არ ვაპირებ გათხოვებასო. - მაშინ რა განერვიულებს ? - ისე რომ დაუწვეს, არაოფიციალურად ? - დაუწვება და იქნება დაწოლილი. უფრო სწორად... - არ თქვა სისაძაგლე, თორემ შევიშლები! - ლელა პირზე ხელს მაფარებს , - არა , ბოიფრენდი და ეგეთები მე არ მაწყობს. ურაც მხოლოდ ენითაა დიდი ლიბერალი, როცა საქმე ქალიშვილს ეხება , მამალი აზიატი ხდება. - უსათუოდ რუპორში უნდა გამოაცხადოთ ? - თბილისი პატარა ქალაქია, ყველა გაიგებს. არა, იატო , ეს საქმე ძირშივე უნდა ჩავშალო. იქნებ იმ ბიჭის მშობლებს დაველაპარაკო? - რას ეტყვი, ნუ უყვარს თქვენს შვილს ჩემი შვილიო? - ვეტყვი, რომ არ ვაპირებ შვილის გათხოვებას. - უთხარი. - მერე იმათ რომ მითხრან , ასი წელი არ გვჭირდება შენი ქალიშვილიო? - ეჭვი არ შეგეპაროს , გეტყვიან . - მეტიც არაფერი მინდა! - გაწიწმატდა ლელა, - ერთი გაბედონ ! თვითონ ბიჭს ხომ არ დაველაპარაკო, ანანოს გვერდის ავლით. - ეგეც შესაძლებელია. - იათო, შენ მე არ მისმენ. - გისმენ. - კი არ მისმენ , გძინავს . რა გჭირს ვერ გავიგე , ჩემთან მარტო საჭმელად მოდიხარ ? არც უმაგისობაა, ვპასუხობ გულში და გემრიელად ვიზმორები. რა ბედნიერებაა, რომ ჯუნა ირას და არის, და არა ჩემი. IX თავი აბა გამოიცანით , ვის უნდა შევხვდე ? გიგუტა სესიაშვილის , იგივე, ჭუტალას, ყოფილ ცოლს - მანანას . გუშინ დამირეკა - საქმე მაქვსო. მოუთმენლობისგან ლამის ფეხსაცმელებიდან ამოვხტე. მანანას არასოდეს დაურეკავს ჩემთვის, არ გვქონდა ახლომეგობრული ურთიერთობა, რაც ერთმანეთს გაშორდნენ , საერთოდ არ მინახავს . მახსენდება მათი ბათუმური ქორწილი. რესტორანი, გრძელი სუფრა, აჭარული განდაგანა... მთელი კლასი ვიყავით დაპატიჟებული, ქმრებითა და ცოლებით. ნეფე რესპექტაბელურ პინგვინს გავდა , დედოფალი - ნაძვის ხეს, ქორწილში მორთმეულ სამკაულებს პირდაპირ სუფრაზე იკოფსებდა და იყო ბედნიერი. ჩვენც ბედნიერები ვიყავით, თუმცა მაშინ არ ვიცოდით ბედნიერების ფასი. მაშინ გვეგონა, რომ სულ ასე იქნებოდა - ჭამა გასკდომამდე , სიცილი - ჩაფსმამდე, ცეკვა - თავდავიწყებამდე. მანანამ ქაფეში დამინიშნა შეხვედრა. ხუთი წუთით ადრე მივდივარ . ის უკვე ზის კუთხის მაგიდასთან და ფიალიდან ნაყინს მიირთმევს . გარუჯულია, თმა გაუღიავებია და გაუზრდია. სამკაულები ახლაც უკეთია, მაგრამ ზომიერად. ერთმანეთი გადავკოცნეთ, მოვიკითხეთ. - არ არის ცუდი ნაყინი, გინდა, შენთვისაც შევუკვეთავ ? - მთავაზობს მანანა. - არა, წვენს დავლევ. გადის ხუთი წუთი, თხუთმეტი. წვენი დაილია, ნაყინი შეიჭამა , სალაპარაკო თემა ამოიწურა. ამინდს უკვე შევეხეთ, პოლიტიკის ნერვები არ მაქვს , მოკლულ მეგობრებზე ლაპარაკი არ მინდა. დროა, საქმეზე გადავიდეს ! - ალბათ გაგიკვირდა ჩემი ზარი , - როგორც იქნა, ამოღერღა მანანამ. - გამიკვირდა, კი. - ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავიდოდე, მინდა ორი სიტყვით გიამბო ჩემი და გიგუტას ურთიერთობის შესახებ . იმიტომ არა რომ გული გადაგიშალო და რჩევა მივიღო არა ... უბრალოდ , წინასიტყვაობის გარეშე ვერ მიხვდები , რა და როგორ... - ყურადღებით გისმენ , - თავს ვუკრავ და სახეზე ცნობისმოყვარე გამომეტყველების ალაგვმას ვცდილობ. ყურადღებით მოსმენილიდან : ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. ასეთი რამ მანანას მხოლოდ წიგნებში წაეკითხა ან ფილმებში ენახა. შავი ზღვა, თეთრი გემი და გემბანზე მდგარი გიგუტა - კაპიტნის თეთრი კიტელით, წინაფრიანი ქუდით, ჰორიზენტისკენ მიპყრობილ რომანტიკული მზერით. მათი დაქორწინება იმდენად სწრაფად მოხდა , მანანამ რჩეულის ხეირიანად გაცნობაც ვერ მოასწრო. მით უმეტეს, ქორწინებიდან ერთ თვეში გიგუტა ნახევარწლიან რეისში გაემგზავრა , დატოვა ბათუმში ფეხმძიმე ცოლი. მანანა დღეებს ითვლიდა , ერთი სული ჰქონდა ქმარი დროზე ჩამოსულიყო, წამოზრდილ მუცელზე შეხებოდა და ნაყოფის გულისცემა ეგრძნო. და აი, ის ჩამოვიდა - დაძაბული, დისტანციური და შორეული , როგორც ის რომანტიკული ჰორიზონტი.მუცელზე შეხებას ვინ დაეძებდა, ცოლთან დაწოლაც არ ინება ! ძილის წინ შუბლზე აკოცა , ცალკე საბანში გაეხვია და... დაიძინა. მანანა მთელი ღამე ასველებდა ბალიშს, ჩუმად, უსიტყვოდ, ქმარი რომ არ გაეღვიძებინა. მეორე დღეს კი დედამისთან გაიქცა და მშობლიურ მკერდზე განაგრძო ქვითინი . „ამისთანა არაფერი გამიგია ! - თქვა ქალბატონა იზოლდამ , მედიდურმა ქალბატონმა თეატრის მსახიობის სტაჟით , - მოდი, დელიკატურად გამოკითხე უგუნებობის მიზეზი,“- ურჩია ქალიშვილს. იქნებ გიგუტას ორსული ქალები აღიზიანებს და თქმა ერიდება. მანანა ასეც მოიქცა , მაგრამ გულახდილობის ნაცვლად დუმილის ყრუ კედელს წააწყდა. გიგუტა ჰგავდა აუღებელ ციხესიმაგრეს, რომლის წიაღში შეღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. მანანა დაცდა ამჯობინა, აუ, გააჩენს ბავშვს და იქნებ მის ქუჩაზეც გამოჩნდეს გაზაფხული. ჯამრთელი, ლამაზი ბიჭი ეყოლათ. დაარქვეს ირაკლი. გიგუტა თითქოს გალღვა , მამობა შეიფერა , ანანაც თბილად ეფყრობოდა , თუმცა თვალებში რაღაცნაირი , დატყვევებული ნადირის სევდა ედგა. მერე ისევ რეისმა მოუწია. ისევ ნახევარი წლით. მანანა კი ისევ ითვლიდა დღეებს და ისევ გაუცრუვდა იმედი. გიგუტა ჩამოვიდა , საჩუქრები დააყარა , ქმრის მოვალეობაც შეასრულა, მაგრამ ისე ნაჩქარევად და ფაციფუცით , თავმოყვარე მამალი არ იკადრებდა. მერე გადაბრუნდა და დაიძინა , როგორც უწინ. გულგატეხილი მანანა ისევ დედასთან გაიქცა. ქალბატონი იზოლდა სერიოზულად შეფიქრიანდა. გაიხსენა ყველა შესრულებული როლი , ყველა წაკითხული პიესა, მაგრამ ღვილის პრობლემას გასაღები ვერ მოუნახა. „იქნებ ჩემშია საქმე , იქნებ მე ვაკლებ რამეს ლოგინში!“ - ხელს იმტვრევს მანანა . „შეიძლება“, - დაბეჭდა დედამ და ქალიშვილი სექსოპათოლოგთან მიარბენინა. მანანამ ერთი სიცოცხლე დაამთავრა , ვიდრე უცხო, მეჭეჭებიანი ქალის უხერხულ კითხვებს პასუხობდა. - ალიბიდემია დისჰარმონიის ფონზე, - დაასკვნა მეჭეჭმა. - რას ნიშნავს ? - დაიბნა მანანა. - ალიბიდემია სქესობრივი ლტოლვის გაქრობა გახლავთ, დისჰარმონია - მოუწესრიგებელი ცოლქმრული ცხოვრება. თქვენი მეუღლე ექვსი თვეა რეისშია , სტატისტიკური მონაცემები კი ცხადყოფს - ჯამრთელი სექსი კვირაში სამჯერ აუცილებელი თუ არა, სასარგებლო მაინც არის. - გამოსავალი ? - მოიყვანეთ თქვენი მეუღლე ჩემთან , გავიცნობ , გავესაუბრები... მანანას სასაცილოდ არ ეყო მეჭეჭიანის ედეა, გიგუტამ რომ ცოლის სექსოპათოლოგთან ვიზიტის ამბავი გაიგოს , შეიძლება მართლა მიატოვოს. მას ჯერ კიდევ უყვარდა ქმარი ... ქალბატონმა იზოლდამ ერთხანს უყურა ქალიშვილის ტანჯვას, მერე თავისთან მიიხმო და თამაშის სხვა წესები შესთავაზა: - იცი რას გეტყვი , ჩემო კარგო, შენს ქმარს წელს ქვევით კი არა, თავში სჭირს დისჰარმონია. და ქალბატონმა იზოლდან შვილს ქმრის კაბინეტის გაჩხრეკა შესთავაზა. მანანა აღშფოთდა : „სხვისი წერილების კითხვა რომ უღირსი საქციელია შენ მასწავლე და ახლა საკუთარი ქმრის ნივთებში ქექვას მთავაზობ ?“ ქმარი , „სხვა“არ არის, - უპასუხა მშობელმა დედამ და დააყოლა : თუკი ის (მანანა), უწინდებულად აპირებს თავის მოტყუებას, მას (დედას) , ხელიც დაუბანია. მეორე დღეს მანანამ ხელის კანკალით და აწრიალებული სინდისით ამოაცოცა გასაღების ასხმა ქმრის პიჯაკიდან და ჩაკეტილი უჯრების გაღებას შეუდგა... სიმწიფის ატესტატი, დიპლომი, თანრიგის მოწმობა სპორტულ ტანვარჯიშში, ბრელოკები, რეისებიდან ჩამოტანილი სუვენირები ... და უცებ ცხვირს სურნელი მისწვდა ! ძვირფასი სუნამოს ოდნავ შესამჩნევი სურნელი ,ზღაპრული ჯინივით ამომხტარი უჯრის სიღრმიდან. მანანა დაიხარა და ყნოსვით მიაგნო სურნელის წყაროს. ეს იყო ბამბუკის ტარიანი აბრეშუმის მარაო. ნახმარი. რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს მისი ქმრისთვის ნახმარ მარაოს ? იქნებ სახსოვარია?.. სახსოვარი, რომელსაც ჯერ კიდევ ასდის პატრონის სურნელი. მანანამ უკრები დაკეტა და გასაღების აცმა ისევ პიჯაკის ჯიბეში ჩააცურა. უცებ, ხელზე რაღაც პრიალა ქაღალდი მოხვდა. ამოიღო და ფერადი ფოტოსურათი შერჩა. სურათზე სამი ადამიანი იყო გადაღებული , ამ ადამიანებს მანანა კარგად იცნობდა. ერთ-ერთი მისი ქმარი იყო , გიგუტა ; დანარჩენები - გიგუტას კლასელები : სოფო კანკავა და მერაბ წკრიალაშვილი. ერთმანეთს გადახვეულები იდგნენ სანაპიროზე , და ეს სანაპირო ნამდვილად არ ჰგავდა ბათუმისას. ფოტო საზღვარგარეთ იყო გადაღებული , სავარაუდოდ, საკურორტო ქალაქ ვარნაში. გიგუტას საქორწინო ბეჭედი ეკეთა , რაც იმას ნიშნავდა , რომ კლასელებს რეისში ყოფნისას გადაეყარა. მართლაც , გემი სამი დღე იდგა ვარნაში და მეზღვაურებს თავისუფლად შეეძლოთ სიარული. ამ მხრივ, გიგუტას ვერაფერს მოედავები, მაგრამ რატომ დაბრუნდა მისი ქმარი ამ რეისიდან ასეთი შეცვლილი ? ან რატომ არიან ერთად სოფო და მერაბი ? სად არის ერთის ქმარი ან მეორეს ცოლი ? და აქ მანანა მიხვდა - მისი ქმარი შეყვარებულია! მას უყვარს სოფო კანკავა, ქალი, რომელსაც ოფიციალური ქმრის პარალელურად საყვარელი ყავს - მერაბ წკრიალაშვილი, წკრიალა! მანანა აღარ დაელოდა ემოციების გაციებას . იმავე საღამოს ,როგორც კი ბავშვი დააძინა , ტახტზე არხეინად წამოწოლილ ქმარს ტელევიზორი გამოურთა და ყოველგვარი შესავლის გარაშე მიახალა , რომ იცის მისი გაუცხოების მიზეზი და ეს მიზეზი სოფო კანკავაა. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის იყო, რომ გიგუტას არც უცდია თავისმართლება. თავჩაქინდრული დუმდა. მანანას არ გაუმართავს ისტერიკა. ტაქსი გამოიძახა, მძინარე ბავშვი პლედში გაახვია და ქმრის სახლი დატოვა. ორიოდე კვირაში გიგუტამ ცოლს მიაკითხა , მუხლებში ჩაუვარდა და პატიება სთხოვა, მაგრამ მანანას აღარ უყვარდა ქმარი. გემბანზე მდგარი თეთრკიტელიანი კაპიტანი ბუნებაში არ არსებობდა, ის წიგნის გმირი იყო და წიგნშივე დარჩა. მანანა თხრობას ასრულებს და ორაზროვნად მიყურებს. - იცი, იამზე რა იყო გიგუტას უბედურება ? თვალებით ვეკითხები, ენა , შეიძლება ითქვას , მუცელში ჩამივარდა. - მეტისმეტად პატიოსანი იყო. არ შეეძლო ერთდროულად ორ ქალთან წილა... თანაც , ის პირველი სიყვარული იყო , აუხდენელი ოცნება , მისი ჟინი მთელი ცხოვრება კლავდა. - იმის თქმა გინდა , რომ ... - სიტყვა მიწყდება და ისევ თვალებით ვეკითხები. - იმის თქმა მინდა, რომ ისინი საყვარლები იყვნენ . - იქნებ... იქნებ პლატონურად უყვარდა. - მეც მიფიქრია ამაზე, მაგრამ ფაქტი სახეზეა, - მანანა ხელჩანთას ხსნის და მაგიდაზე დიქტოფონს დებს. - ეს რა არის? - ვეკითხები ხმის კანკალით. - დიქტოფონი, - გულუბრყვილოდ იხსნის, თითქოს მე ვერ ვხედავ . ვხედავ , მაგრამ თვალებს ვერ ვუჯერებ . თავს დავდებ , სწორედ ამ დიქტოფონს ედავებოდნენ სუსიკოს დედას, სავარაუდოდ, ჩემთანაც დიქტოგონს ეძებდნენ , ლალიკოსთანაც , მერაბთანაც ! - გიგუტას ბინაში ვიპოვე , როცა ვალაგებდი, - ამბობს მანანა. - ბინაში... რომელ ბინაში? - გიგუტას ერთოთახიანი ჰქონდა თბილისში , რომელიც ანდერძით ირაკლის დაურეკა. რეისიდან რეისამდე იქ ცხოვრობდა ხოლმე , ბათუმში იშვიათად ჩამოდიოდა , მხოლოდ ბავშვის სანახავად . მე არ ვუკრძალავდი , რა უფლება მქონდა , მამისთვის შვილის ნახვა დამეშალა?! თანაც არ ყოფილა ცუდი მამა , საჩუქრებით ანებივრებდა. უბრალოდ, ხშირად ვხედავდი ნასვამს და ამის გამო ვღელავდი... ჰოდა , იმას ვამბობდი, სახლის დალაგებისას აი , ამას წავაწყდი, - მანანა დიქტოფონზე მანიშნებს, - ფეხსაცმლის ცარიელ კოლოფში ედო , იმ ავადსახსენებელი მარაოს გვერდით. რომ არა მარაო, ალბათ არც მივაქცევდი ყურადღებას , მაგრამ მარაო გიგუტას სიყვარულის ობიეწტს დავუკავშირე და , რაღა დაგიმალო, დიქტოფონითაც დავინტერესდი. - მერე ? - მერე გაისმა სოფო კანკავას შუდარებელი ხმა, - არტისტულად წელავს მანანა. ჩემი ხელი ავტომატურად მიცოცავს დიქტოფონისკენ, ერთი სული მაქვს მოვუსმინო. - ციც! - მანანა გამაფრთხილებლად მიქნევს თითს და დიქტოფონს ხელისგულს აფარებს , - აქ არა, შინაც მოასწრებ. ამ ჩანაწერს შენ გჩუქნი, იათამზე, თუ რამეში დაგეხმარება , ხომ კარგი , თუ არა და, შეგიძლია ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილო და გადააგდო, - მანანა ხელჩანთას კეტავს და წასასვლელად ემზადება. - ბათუმში თუ მოხვდები , გამომიარე, გიგუტას შვილს გაგაცნობ. * * * ნაწყვეტი სოფო კანკავას ჩანაწერიდან: „ლაპარაკი მინდა , მსმენელი კი არ მყავს , მეგობრები დაიფანტნენ , მე და დიქტოფონი დავრჩით. ეს მინიატურული შავი კოლოფი არ დამაღალატებს , მოისმენს და ერთგულების ნიშნად წითლად ჩამიპაჭუნებს თვალს. მეც ვუერთგულებ , ისეთ ადგილზე დავმალავ , რომ ლადომ ვერასოდეს მიაგნოს. ზუსტად ვიცი, ლადო მითვალთვალებს, გრძნობს, რომ რაღაცას ვიწერ და კომპიუტერში კოდის გატეხვას ცდილობს. ვერ მოგართვი , ძვირფასო ძამიკო, აწი ფხიზლად ვიქნები , კავკასიური ნაგაზივით...“ „...წუხელ წკრიალა დამესიზმრა, არათითზე ოქროს რგოლი ეკეთა და მახარბებდა. დაბოღმილს გამეღვიძა. ბედნიერი მაინც იყოს თავის პირანია ცოლთან . არ არის ბედნიერი, მშიერი თვალებით მიყურებს და ნერწყვს ყლაპავს . ნერწყვებს ყლაპავს გიგუტაც , თუმცა კარგი ცოლი ჰყავს. გვიანია თითზე კბენანი ბიჭებო , თქვენ გზის დასაწყისში მიმატოვეთ , ლადომ კი მიპოვა და გალიაში ჩამსვა , თუთიყუშივით. სოფო თქვი :ააა... და მე ვამბობ: ააა... ახლა :ბეე...და მეც ვამბობ : ბეე...თუ არ გავიმეორებ , დოზას არ მომცემს. ლადო დოზას მაძლევს , მე - სხეულს. ბარი ბარში ვართ...“ „...გუშინ ირამ დარეკა , თავისი ჭკუით უკანასკნელი გაფრთხილება მომცა . ირა ფიქრობს, ქმარს ავახევ . სულელი“ „ქეთისთან დაკავშირებით სინდისი მქენჯნის . „ჩვენი რომ ყოფილიყო კლეპტომანი?“ - ვეკითხები ლადოს. „ჩვენი შვილი არ იქნებოდა ლეპტომანი“. -მპასუხობს ის. კიდევ კარგი ამ პირუტყვისგან შვილი არ მყავს . ღმერთო, როგორ მძულს, როგორ მეზიზღება, მისი ოდეკოლონიც კი გულს მირევს. არადა, წკრიალასაც ზუსტად ასეთი ასხია და სულაც არ მაღიზიანებს. პირიქით, მისი კანის სუნი აღმაგზნებს“. „გარდაიცვალა ლიანა მასწავლებელი , ჩვენი კლასის დამრიგებელი. გუშინ პანაშვიდი იყო. ყველანი ვიყავით , სუსიკოს გარდა. საწყალი ლიანა მასწი, როგორ ვაბრაზებდით...ერთხელ მე და წკრიალას ფიზკულტურის დარბაზში შემოგვისწრო, გასახდელში ვიჯექით და ტუჩებში კოცნას ვსწავლობდით. კალათბურთის ბურთი გამოგვიქანა, კიდევ კარგი, წკრიალას მოხვდა და არა მე. ვიფიქრე, პანაშვიდის შემდეგ სადმე კაფეში დავსხდენოდით , მაგრამ წკრიალა ირამ აიკლო ზარებით, იამზემ კი ერთი წრე დაარტყა და დატყდა . მეორე ქმართან დაშორების შემდეგ იამზე შეიცვალა, ერთი შეხედვით უწინდებურად ხალისიანია , მაგრამ შინაგანად დათრგუნვილია. სუსიკომ საიდუმლო გამიმხილა - ქმრის ჯინაზე აბორტი გაიკეთა და საკუთარ თავს ვერ პატიობსო. რამ გააკეთებინა აბორტი , ვატო ისეთი ნორმალური ბიჭი იყო, თითქოს ერთმანეთიც უყვარდათ...“ „ირა დაუფარავ შანტაჟზე გადავიდა . მემუქრება - ქმართან ჩაგიშვებო . და რას მოიგებს ? წკრიალა ცოლს მიატოვებს , მე - ქმარს , ირა კი მარტო დარჩება სამი შვილით მარტო. არ მინდა წკრიალამ გიგუტას ბედი გაიზიაროს. გიგუტას მიმართ ისეთივე სინდისის ქენჯნას ვგრძნობ , როგორც ქეთის მიმართ. არ მეგონა, ვარნაში გატარებული ერთი ღამე თავდაყირა თუ დააყენებდა მის ცხოვრებას . რომ მცოდნოდა, ცოცხალი თავით არ დავნებდებოდი, თუმცა ყოველთვის მაინტერესებდა, როგორია გიგუტა ლოგინში. ის ერთადერთი ღამეც წკრიალას ეკუთვნოდა , უბრალოდ , იმ საღამოს ისე დავცხეთ , გიგუტასთან კი არა , პირველ შემხვედრთან ვუღალატებდი . მთვრალები ვიყავით და მოვაწყვეთ ცოდვის ღამე . მე და წკრიალა მეორე დღეს შევრიგდით, გიგუტამ კი ისე გამოიდო თავი, თითქოს კანონიერი ცოლი გაექცა სხვასთან . „შენი გულისთვის თავს მოვიკლავო“, და ამას ეუბნება ადამიანს , ვისაც არაერთხელი ჰქონია თვითმკვლელობის მცდელობა“. „... მე მეცვა „ჯან პოლ გოტიეს“ წითელი პიჯაკი და „კრიციას“ შავი ფეხსაცმელები. ვარცხნილობა „ისი პარიში“გავიკეთე და წავედი პაემანზე. გავიპარე. წკრიალამ მითხრა, - ძალიან ლამაზი ხარო , მე ვუპასუხე , - მირჩევნია , ბედნიერი ვიყო - მეთქი. ზოგჯერ მეჩვენება, რომ წკრიალა მართლა მიყვარს, განსაკუთრებით მაშინ , როცა სეთი აღტაცებით მიყურებს . მომწონს ჩემი აღტაცებული კაცები, იმათი თვალით ვუყურებ საკუთარ თავს და ნარცისიზმში ვვარდები. „გინდა ყველაფერს მივაფურთხოთ და სადმე გადავიკარგოთ?“ - მკითხა წკრიალამ . გამეცინა. ერთხელ უკვე გადავიკარგეთ. იმიტირებული თაფლობის თვე მოვიწყვეთ. და რა ? როგორც კი ყურადღებას მოვადუნებდი , წკრიალა ტუალეტში იკეტებოდა და თბილისში რეკავდა - შინ , ცოლთან , შვილებთან... ისინი ერთნი იყვნენ, განუყრელნი, მე - მთელის უმნიშვნელო ნაწილი. რამდენჯერაც გაოვიჭირე , იმდენჯერ ისტერიკა დავიმართე. ვჩხუბობდით, ვრიგებოდით , ისევ ვჩხუბობდით, ისევ ვრიგდებოსით. ვარნაში გიგუტას გადავეყარეთ... გვქონდა ყმაწვილობის დროინდელი სამკუთხედის აღდგენის უშედეგო მცდელობა - მე, წკრიალა და გიგუტა. ჩვენ ერთი უბედურება გვჭირს, ვერ გავთავისუფლდით წარსულისგან , ვერ შევეგუეთ აწმყოს , ვერ ავაწყვეთ მომავალი. არასოდეს დამავიწყდება გიგუტას სახე, როცა ვარნის პორტში ერთად დაგვინახა. არ იცოდა , რა ექნა - შეემჩნია -არ შეემჩნია , წყენოდა - გახარებოდა. ვფიქრობ, ეწყინა. უფრო სწორად, შესურდა. არადა, მაშინ ახალი დაქორწინებული იყო. მე მომწონდა მისი ცოლი - სათნო პროვინციელი გოგონა. გიგუტა კი ჩემზე ჩაიციკლა , ალბათ გართულება ჰქონდა ზნედაცემულ ქალებზე...“ „... გიგუტა თვალსა და ხელს შუა ლოთდება , მე თვალსა და ხელს შუა ვყალიბდები ნარკომანად. ვერა რევიზიას უტარებს ჩემს ოთახს, ჰგონია, სადღაც სასმელს ვმალავ და ჩუმ - ჩუმად ვწრუპა. ვერ წარმოუდგენია, რომ კოკაინს ვყნოსავ. სამი წლის წინ ვერც მე წარმოვიდგენდი , მაგრამ დღეს... ჩემო უტყვო მეგობარო , გინდა, გიამბო რა გავაკეთე დღეს?.. არა , არ შმიძლია , მრცხვენია... შენთანაც კი მრცხვენია...“ „წკრიალამ დაირეკა - იამზეს სახლის გასაღები გამოვართვი, რვა საათამდე დრო გვაქვსო. მეფიცება, ჩვენ შესახებ არაფერი იცისო . მიჭირს დაჯერება , წკრიალა და იამზე ისე ახლოს არიან , ზოგჯერ ვეჭვიანობ კიდეც. წკრიალამ მითხრა: - იამზემ რომ იცოდეს, ვინ ამყავს მაგის სახლში, იმ გასაღებით თავს გამიჩეჩქვავდაო . მეწყინა და გავბრაზდი . „შენ სხვანაირად გაიგე, - დამამშვიდა წკრიალამ , - იამზე ირას მხარეს არ არის , უბრალოდ, ღალატის წინააღმდეგიაო“. ვფიქრობ , ვატოც ღალატზე გამოიჭირა , იმიტომ არის ასე აცრილი...“ „ეს დღეები სულ გული მერევა, სიგარეტსაც კი ვერ ვეწევი. გუშინ სეანსის დროს თავბრუ დამეხვა და გული წამივიდა. ვერამ , ორსულად ხომ არ ხარო . რა სისულელეა...“ X თავი სრულიად გაბრუებული მივდივარ ლადოს ბუნკერის გასაჩხრეკად. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, თავი გახეთქვაზე მაქვს, ყურში კი სოფოს დაბალი ხმა ჩამესმის. მინდა გავბრაზდე სუსიკოზე, რომელმაც დაფქვა ჩემი საიდუმლო, მაგრამ არ შემიძლია. ისე მენატრება, როგორც არასდროს! სოფოც მენატრება, გიგუტაც… ვინც ზუსტად არ მენატრება, ესაა ჩემი ყოფილი ქმრები. მალხაზი არც არასდროს მომნატრებია, მაგრამ ვატო... ვატოს არასოდეს ვაპატიებ. ვერა ფარაონის პოზაში ზის ხის ჩრდილში. თავი მაღლა , ხელები მუხლებზე. - ცუდი წინათგრძნობა მაქვს, - შემომჩივის. მხრებს ვიჩეჩავ . არც მე გადამდის ოპტიმიზმი , მაგრამ „ქმნა მართლისა სამართლისა“ სარისკო ნაბიჯისკენ მიბიძგებს. - დროზე, ვერა , არ არის წუწუნის დრო, - მოუთმენლად ვცქმუტავ. ვერა დგება , მაგრამ სახლის უკან კი არ მიდის, დასაც მე ბუნკერი მეგულება არამედ სახლში შედის. მეც მივყვები. ჰოლი, მისაღები ოთახი, კაბინეტი. აქ გრილა. ჩართულია კონდინციონერი. გარშემო წიგნებია, ჭერამდე. საწერ მაგიდაზე დევს მალაქიტის მასიური პრეს პაპიე და დონ კიხოტის ბრინჯაოს სკულპტურა. ვერა წიგნის კარადის ერთ-ერთ ფარდასთან დგება, უხილავ ღრიჭოში ხელს აფათურებს და ოდნავ იხევს უკან. კარადის ფრაგმანტი იძვრის, სისინით მისრიალებს მარჯვნივ, სპეციალურ ღიობში და მოულოდნელად პანორამას მიშლის - ვიწრო, ჩაბნელებული ტალანი ხორკლიანი კედლებით. - ეს რა არის, ვერა ? - ვეკითხები შეშინებული. - ეგენი ბუნკერს ეძახიან , შიგნით არ ვკოფილვარ. - არასდროს დაინტერესებულხარ ? - თუ ლაპარაკი გინდა, გავიდეთ კუხნაში და ვილაპარაკოთ, - მსაყვედურობს ვერა. - კარგი,კარგი , მივდივარ. - ბოლოში რკინის კარი არის. გასაღების დუბლიკატი გაქვს ? ხელში მომუჭულ დუბლიკატს ვაჩვენებ და დამრეც, ვიწრო ტალანში ვეშვები. ცემენტით შელესილ კედლებზე თრთის ჩემი ბობღიალა ჩრდილი, თითქოს მაფრთხილებს - დაბრუნდი უკან, იათამზე , გავასწროთ აქედანო. აი , რკინის კარიც ... გასაღებს საკეტში ვატრიალებ და შევდივარ. ესეც ნანატრი ბუნკერი ! ოცი კვადრატული მეტრი იქნება , მერი არა. თვალს მჭრის უზარმაზარი პლაკატი , რომელზეც ეროტიკულ პოზაში დედიშობილა სოფოა გადაღებული. მაგარი პლაკატია, პროფესიონალის გაკეთებული - ფერი , შინაარსი, დიზაინი ... ყველაფერი. ასეთი Playboy-საც დაამშვენებდა . ამ კატაკომბში კი ისე გამოიყურება, როგორც პამელა ანდერსონის ფოტო ხელოსანი სერჟის გამურულ სახელოსნოში. აი, თურმე რითი ერთობა პატივცემული ვლადიმერი . და არა მარტო ჰობის დონეზე. ძვირად ღირებული ტექნიკის გათვალისწინებით, მთელი ბიზნესი აქვს აწყობილი. მაშ, რისთვის ჭირდება უმაღლესი კლასის კომპიუტერი , ფოტოაპარატი, ლაზერული პრინტერი, სოფიტები, საბეჭდი ქაღალდები... პრინციპში , რა ჩემი საქმეა ქმარი ცოლს პორნოგრაფიულ სურათებს უღებს თუ ეროტიკულს . მთავარია, ქეთის ვერსია არ დადასტურდეს. სწრაფად ვრთავ კომპიუტერს და დესკტოპზე გამომხტარ ფაილებს ვუყურებ. რომელი ერთი გავხსნა, ბევრია... „ლოლიტას“ ვცდი, ვნახოთ, რას ნიშნავს ეს ცრუ გუმბერტი. ნანახი შოკში მაგდებს... არასრულწლოვან მოზარდთა მთელი გალერეა, მათ შორის თავშესაფრის ბინადარი ქეთი! ეს არ არის ეროტიკა, ეს ბინძური პორნოგრაფიაა! „არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმის დამზადება - შენახვა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამი წლის ვადამდე“ . მიკაკუნებს თავში. სამი კი არა, სამასი წლით უნდა ჩასვა ციხეში, ვფიქრობ გააფთრებული და ისტერიკულად ვაწკაპუნებ მაუსს. ჩემს თვალწინ ახალ- ახალი ფაილები იხსნება , გოგონებს ბიჭები ენაცვლება, ეროტიკას - პორნოგრაფია. ყველაზე შთამბეჭდავი მაინც სოფოს გალერეაა... სოფო - გეიშა, სოფო - კლოუსენა, სოფო -ამაზონელი, სოფო- ბალერინა... მომღიმარი, სევდიანი, აგრესიული, რომანტიკული, შიშველი, ნახევრად შიშველი... ბევრნაირი ! ეს არაკაცი პორნოსაიტებს ამარაგებდა საკუთარი წარმოების პროდუქციით. პორნოინდუსტრია ნარკოტიკების შემდეგ რომ ყველაზე მომგებიანი ბიზნესია, ცნობილი ამბავია. ლადო სასიამოვნოს სასარგებლოსთან ათავსებდა. ცოლი წამალზე შეაჯინა, მორჩილებაში რომ ჰყოლოდა და მიდი - მოვდივარ! გარდა ამისა, ის ბოროტად სარგებლობდა სოფოს რეაბილიტაციის ცენტრში მუშაობით. ერთ- ერთ ფაილში ვაწყდები სიას მოზარდების მონაცემებით, - ვინაობა, წლოვანება, ოჯახური მდგომარეობა, ცენტრში მოსვლისა და წამოსვლის თარიღები... გასაგებია, რასაც ეძებდა ლადო სოფოს კომპიუტერში. მაიორი ოქრუაშვილი, -აი , ვინ მჭირდება.მობილურის ღილაკს ვაწკაპუნებ, აქ არ იჭერს, არა უშავს, ზევით ხომ დაიჭერს... და უცებ ვგრძნობ- მარტო არ ვარ . სიმწრის ოფლი მასხამს . ნელა, ძალიან ნელა ვწევ თავს...მთელი საუკუნე. ჯერ მამაკაცის ფეხსაცმელს ვხედავ, მერე შარვალის ტოტებს, მერე დემონური ხითხითი მესმის. * * * - გაები, ბზიკო მახეში ? ხმას არ ვიღებ, ან რა უნდა ვუპასუხო , გაბმულიც ვარ და გაბითურებულიც. ლადო მიახლოვდება, უცერემონიოდ მართმევს მობილურს და ხელს მკლავს. მომჩვარული ვეხეთქები ძველ ტახტზე. - პარდონ, ცოტა უხეშად მომივიდა, - მიბოდიშებს და კომპიუტერის სკამს მოასრიალებს. ლაღად და თავისუფლად მოძრაობს, ორაზროვანი ღიმილით ხორციან სახეზე. უეჭველად ასეთი გამოსახულებით მიგზავნიდა ღამეულ მესიჯებს. ვიცოდე მაინც, რას ისახავდა მიზნად. იქნებ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს?! იქნებ შეიძლება თავის დაძვრენა, მოთაფვლა, მოტყუება, იუმორში გადატანა... - აბა, მომიყევი , რას ეძებდი სხვის სახლში? დისმენ, გისმენ იათამზე! რატომ არ იღებ ხმას, ენა გადაყლაპე? სად არის შენი ცნობილი გრძელი ენა? აბა, მაჩვენე, გამოყავი! ახლა კი ნამდვილად გავგიჟდები, ამ კაცს არა მხოლოდ სექსუალური , ფსიქიკური გადახრაც აქვს. - ვერა სად არის? - მოძრაობაში მომყავს სასაზე მიკრული ენა - ვერა ? - ლადო ტუჩებს ქაჩავს , თითქოს უკვირს, - ვერა სამზარეულოშია. როცა კარგად ჩამოღამდება, ბაღში გადავასვენებ , თორემ აყროლდება ამ სიცხეში. ლეღვის ძირში ფხვიერი მიწა მეგულება, ვერას სამყოფ ორმოს უცებ ამოვთხრი. გეცოდება ? ნუ გეცოდება, რაღა აზრი აქვს მის სიცოცხლეს სოფოს გარეშე? რომ არ მოიწყინოს, შენც გვერდით მიგაწვენ. - კბილებით მიღიმის და საქმიანად განაგრძობს, - ნუუ, ცოტა ღრმა ორმოს ამოთხრა მომიწევს , მაგრამ არა უშავს , დრო თავზე საყრელად მაქვს. მე არსად მეჩქარება, შენ ? - მე გამომძიებელი მომაკითხავს, - მედმის საკუთარი კნავილი. - რა პრობლემაა , მოგაკითხოს, - ლადო გაზიზინებულ მუცელზე ხელს იტყაპუნებს . ერთი ზომით პატარა პერანგი აცვია, ლამის დააწყდეს ღილები, - ჩემი სახლის კარი ღიაა სტუმრებისთვის... დაიმახსოვრე, სახლის და არა ბუნკერის. - არ მომკლა. - სამწუხაროდ, მომიწევს . აბა, მითხარი იათამზე, რომელი ჭკუათმყოფელი გაუშვებს ცოცხალ მოწმეს?! - ლადო, გთხოვ... - მთხოვე, რაც გინდა, შეწყალების გარდა. მაგალითად.... მაგალითად, მზად ვარ, გულახდილად ვუპასუხო შენს ნებისმიერ შეკითხვას, ყველაზე უხერხულსაც კი. აბა, დაუკმაყოფილებელი ცნობისმოყვარეობით ხომ არ გაგიშვებ ბავშვობის მეგობრებთან?! სხვა თუ არაფერი, სუსიკოს ეწყინება, უყვარდა, ცხონებულს ჭორაობა. მართალს ამბობს ეს ვირიშვილი. თუ სიკვდილია, გულნაკლული მაინც არ წავალ ამ ქვეყნიდან. ბოლოს და ბოლოს , სიცოცხლესთან განშორება ერთნაირად უჭირს ოცდაცამეტი წლის ახალგაზრდასაც და ოთხმოცდაცამეტი წლის მოხუცსაც. მასხენდება ბაბუაჩემი, რომელსაც ჰქონდა დაავადება სახელწოდებით - მიტრალური სარქველის პროლაფსი. სიკვდილამდე ერთი საათით ადრე საავადმყოფოში მოვინახულე. „ბაბუ, როგორ ხარ ?“- ვეკითხები. ლაპარაკის თავი არ ჰქონდა , მხოლოდ ცერა თითის აწევა მოახერხა - ვითომ გადასარევადო. ჰოდა , ასეთი ბაბუის შვილიშვილი სიკვდილს ღირებულად უნდა შეხვდეს. - კარგი თანახმა ვარ. - დაიწყე. შენ ჟურნალისტი, მე - რესპოდენტი, - ლადო მზადყოფნას განასახიერებს. - რატომ მოწამლე ჩემი ეგობრები? - მე არ მოიწამლავს. - აკი, გულახდილი ვიქნებიო ? - მე არ მომიწამლავს, - მიმეორებს. - რა აზრი აქვს მოტყუებას , თუკი მაინც უნდა მომკლა? - შნ გგონია, გატყუებ ? სოფოს სულს ვფიცავარ, არა. ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ . თურმე ლადოს ლურჯი თვალები აქვს, იმდენად მუქი ლურჯი, რომ ყოველთვის შავი მეგონა . რომ არა ხორციანი სახე , ნაკვთებს ვერ დაუწუნებდი. ასეთ ნაკვთებს სულ ცოტა, თხუთმეტი კილოგრამით ნაკლები წონა მოუხდება. - ნუ მბურღავ თვალებით, იათამზე, მე არავინ მომიკლავს, ვერას გარდა. იმანაც მაიძულა , მომეკლა, თორემ ... - მა, ვინ ? - ირამ. - რა ხეირი ირას? - ის ხეირი, რომ შენ და შენი დაქალები ხელს უშლიდით მის ოჯახურ ბედნიერებას. სოფოს ფეხმძიმობის ამბავი რომ გაიგო , სულ გადადგა ჭკუიდან . - რა შუაში იყო ირა სოფოს ფეხმძიმობასთან ? - ირა არაფერში, მერაბი კი პირდაპირ თავში ბრძანდებოდა, - ლადო ალალად მიყვება, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე. გამოდის, სოფო მერაბისგან ელოდა შვილს . ეს სიახლეა, მაგრამ არც ისეთი, ჩემი გაჭირვება გადაფაროს. - დიახ, სოფო მერაბისგან იყო ფეხმძიმედ , - ფიქრებს მიმიხვდა ლადო. უბრალოდ ამბობს, გაღიზიანების გარეშე , თითქოს ცოლის ღალატი ისეთივე ნორმაა, როგორც წვერის გაპარსვა ან კბილების გახეხვა. - შენ... შენ ეს ყველაფერი იცოდი და მაინც... არ მესმის, მართლა არ მესმის... - ეეეჰ , ეგ რომ გაიგო, ჩემნაირი ცხოვრება უნდა გამოიარო, - მძიმედ ოხრავს ლადო. - რა ცხოვრება გქონდა ასეთი ? ლადო ჭერში იყურება, ყოყმანობს. ე.ი. არ ეჩქარება ჩემი მოკვლა, ლაპარაკი უნდა, დაცლა. ისიც ადამკიანია, ბოროტი, ნამუსგარეცხილი, მაგრამ ადამიანი! ადამიანი კი ცხოველისგან იმით განსხვავდება, რომ ურჩიერთობას საჭიროებს. მე მაწყობს დროის გაჭიანურება , გულწრფელად მაინტერესებს ლადოს ეკალ - ბარდით მოსილი ცხოვრებისეული გზა. - მომიყევი, ჩემს მოკვლას ყოველთვის მოასწრებ. - ჰოო, შენს მოკვლას მოვასწრებ , აი, აღსარების თქმას ალბათ ვერა . კეთილი, ეგრე იყოს... ლადო თავის სკამიანად კუთხესთან გასრიალდა და არყის ბოთლთან ერთად უკან მოსრიალდა. სასმელი ერთჯერად ჭიქებში ჩამოასხა. ერთი მე მომაწოდა, მეორე თვითონ მოსვა. ლადოს აღსარებიდან: ლადოს მამა არ ჰყავდა. ის იყო. დედამისი, თეძოგანიერი ქალი , მეტსახელად წკენტა , სილამაზის სალონში მუშაობდა ფეხის ფრჩხილების მოწესრიგების განხრით, მარტივათ რომ ვთქვათ, პედიკურშად. წკენტას იმიტომ, რომ პასიანსის გაშლა უყვარდა და აგურის კარტს წკენტას ეძახდა. გაკვეთილების შემდეგ პატარა ლადო დედას შეუვლიდა ხოლმე, ფუნთუშის ფულს ართმევდა და ქუჩის გაღმა, საკონდიტროში გარბოდა. გამხდარი არასოდეს ყოფილა, მაგრამ საკონდიტროში ყოველდღიურმა სირბილმა, თვითონაც ფუნთუშას დაამსგავსა. ერთხელაც კლასმა წამოაძახა - „შე ტრაკგასიებულო ო“. ლადომ არც აცია, არც აცხელა და ისეთი გლიჯა, თვალი ჩაულურჯა. იმ ბიჭმა დედასთან იჩივლა, დედამ - დამრიგებელთან , დამრიგებელმა წკენტა დაიბარა. იმის ნაცვლად, შვილი დაეცვა, დედამისმა მუხლი მოიდრიკა , პერეგიდროლით გაღიავებული თავი დახარა და ბოდიშები იხადა . რაც ყველაზე დამამცირებელია დარიგებლის ჩაწოდებით ლადოსაც მოთხოვა ბოდიშის მოხდა , რადგან ნაცემი ბიჭი პარტიული მუშაკის ( მაშინ კომუნისტური პარტია იყო ) შვილი იყო, ლადო კი პედიკურშიკის . ლადოს არც უფიქრია ბოდიშის მოხდა, სკოლა გაოიცვალა და მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო - ბეჯითად ისწავლოს და გახდეს პარტიული მუშაკი. მაშინ პატარა იყო და არ იცოდა, რომ ბუნებაში არ არსებობს სასწავლებელი , რომელიც კოვეიერის პრინციპით უშვებს რაიკომის მდივნებსა და კომიტეტის თავჯდომარეებს. აი, ცომეულის ჭამა კი აკრძალა. იმ დღის შემდეგ აღარც გაუხედავს საყვარელი საკონდიტროსკენ . ის არ დაუშვებს, ვიღაც გაგლესილმა ტიპება „სქელტრაკა“ დაუძახონ . დამამთავრებელ კლასში მოულოდნელად მამამისი გამოცხადდა , ბატონი რევაზი. ლადოს ყბა ჩამოუვარდა - ნუთუ ეს თეთრთიანი , იმპოზანტური მამაკაცი მისი ბიოლოგიური მამაა? უნივერსიტეტის დეკანი, თითქმის რაიკომის მდივანი, თუ მეტი არა... როგორც მოგვიანებით გაარკვია , ახალგაზრდობაში რევაზს ფეხის ფრჩხილებზე პრობლემა ჰქონია და დასახმარებლად წკენტასთვის მიუმართავს. იმას ფრჩხილებიც მოუწესრიგებია და არც ალერსზე უთქვამს უარი, ყოველდღე კი არ ყავდა ასეთი გამორჩეული კლიენტი! რევაზი ცნობილი კაზანოვა ბრძანდებოდა , უნივერსიტეტში ლეგენდები დადიოდა მრავლისმნახველ ტყავის დივანზე, რომელიც მის კაბინეტში იდგა და რომელზეც ბატონი მეცნიერი ეპატიჟებოდა ყველა მსურველს - დამლაგებლით დაწყებული , სტუდენტი გოგონებით დამთავრებული. ერთდღიანი „ალერსი“ წკენტას ძვირად დაუჯდა - დაფეხმძიმდა საწყალი. პირველად შეეშინდა მოგვიანებით კი გააანალიზა და ჭკუაში დაუჯდა. ვითომ რატომ არ უნდა გააჩინოს შვილი ლამაზი, განათლებული მამაკაცისგან ? მერე რა, რომ იმ მამაკაცს ცოლ- შვილი ჰყავდა , წკენტა არც ისეთი სულელი იყო , თავისი ადგილი არ სცოდნოდა. ერთადერთი, გვარს თუ გამოიმეტებდა შვილისთვის, არ იქნებოდა ურიგო, მატერიალურადაც თუ წაეხმარება, კიდევ უკეთესი. „რა შვილი, რის გვარი , შენ თავი ხომ არ მიგირტყამსო“, - უყვირა რევაზმა კათედრაზე გამოცხადებულ წკენტას და რაფინირებული ინტელიგენტიდან უცებ გაუთლელ მუტრუკად იქცა. ასე იცოდა შიშმა . ფული მიაშავა, ოღონდ აბორტის გასაკეთებელი , თან მკაცრად გაფრთხილა , რომ მეორედ აღარ დაელანდოს. არასდროს! კაცი ბჭობდა და ბედი იცინოდაო... გავიდა ხანი და რევაზს ორი უბედურება დაატყდა თავს - ავარიაში დაიღუპა მისი ცოლი და უფროსი ვაჟი ; ოთხი წლის შემდეგ მეორე ვაჟი მოკლეს - ვიღაც აუშარდა რესტორანში და დანა გაუყარა. „ღმერთო, რა დავაშავე , რატომ ამოწყვიტე ჩემი გვარი და ჯილაგი?“ - შუბლს ახლიდა კუბოს გამწარებული მამა . და აქ გაახსენდა წკენტა - მორჩილი პედიკურშა , რომელიც თექვსმეტი წლის წინ გამობზეკილი მუცლით მოადგა და დახმარება სთხოვა. ბატონმა რევაზმა შვილი დაასაფლავა, ორმოცი გადაიხადა და რადგან ამდენი უბედურების შემდეგ კიდევ ცოცხალი იყო, გადაწყვიტა პატარა მოკვლევა ჩაეტარებინა. წკენტა ისევ იმ სულამაზის სალონში მუშაობდა, ისევ ჭრიდა და ქლიბავდა მავანის სოკოიან ფრჩხილებს , მისი თექვსმეტი წლის ბიჭი კი სკოლაში სწავლობდა , თანაც წარჩინებულად. უბნის პოლიკნინიკაში რევაზმა გაარკვია , რომ ბიჭი ჯამრთელია, გაკეთებული აქვს ყველა აცრა, არ აღენიშნება არც ერთი ქრონიკული დაავადება. ლადომ სიამოვნებით მიიღო ახალგამომცხვარი მშობელი , მის გვარზე გადავიდა და მისივე რჩევით პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა. ფეშქაშად მანქანა მიიღო. მაშინ სხვა დრო იყო, ასე იოლად არ ყიდულობდნენ მანქანებს 17 წლის ლაწირაკებისთვის. კურსზე ლადოს გარდა საკუთარი მანქანა არავინს ჰქონია. და დაიწყო სტუდენტობის ბედნიერი ხანა. მამის არ იყოს, ლადოსაც უყვარდა ქალები - განურჩევლად ასაკისა, გონებრივი შესაძლებლობისა, რასისა თუ რჯულისა. შედეგად გენერიული დაავადება აიკიდა. მამამ ნაცნობ ექიმთან მიიყვანა. „ცხოვრება პარადოქსებითაა სავსე“, - ფიქრობდა ბატონი რევაზი, ჩანასახშივე უარყოფილი შვილი უფრო დაემსგავსა, ვიდრე საყვარელი ქალისგან გაჩენილი. ლადომ ზედმიწევნით შეასრულა ვენეროლოგის დანიშნულება - რაღაც პერიოდი არც სასმელს გაკარებია, არც ქალებს, მაგრამ სხვა პრობლემა გაუჩნდა - შიში სქესობრივი აქტის მიმართ, რაც ავტომატურად იწვევდა ერექციის დაქვეითებას. გულგახეთქილი დასცქეროდა მომჩვარულ პენისს, რომელიც არაფრით ემორჩილებოდა და თავის ტვინიდან წამოსულ იმპულსებს. რად სჭირდებოდა, ბინა მანქანა, დიპლომი თუკი საჭოჭმანო გახდება მისი მამაკაცური ღირსება ?! გენეროლოგი სექსოპათოლოგმა შეცვალა , სექსოპათოლოგი - ხალხურმა მედიცინამ, ხალხური მედიცინა - ექიმბაშმა. რა არ სცადა საბრალო ლადომ - აბა ჟენშენიო , აბა ვიტამინებიო, აბა იოჰიმბუს ფესვებიო... ვიღაცამ არაჟანიც ურჩია. შედეგი - ნული . პლუს ზედმეტი კილოგრამები. ოცდაშვიდი წლის იყო, როცა მის ცხოვრებაში გამოჩნდა სოფო კანკავა - საოცრად სექსუალური ნეფერტიტის პროფილიანი ქალიშვილი. მისი ხმის გაგონებაზე ლადოს მიძინებული ლიბიდო ცოცხლდებოდა და ძარღვებს დახეთქვით ემუქრებოდა. რა სათამაშოები, რა სიურპრიზები... მაგრამ სოფოს შეყვარებული ჰყავდა , ერთის ნაცვლად - ორი . ხან ვიღაც წკრიალა უყვარდა , ხან ვიღაც ჭუტალა (, ჯერ მარტო რა მეტსახელებია!) ბოლოს ორივესთან იჩხუბა და ლადოს გაჰყვა ცოლად. იმათ ჯიბრზე მოიქცა ასე , მაგრამ ლადოს ფეხზე ეკიდა , პირველყოფილი აღტკინებით დააცხრა ლტოლვილ ობიექტს და სქესობრივი აქტი ბოლომდე ჩაატარა. ის , რო სოფო ქალიშვილი არ იყო, მერეღა გააცნობიერა. გული დაწყდა, მაგრამ აპატია, ნამუსი შეუნახა, მშობლებთან არ გათქვა. მეტიც, ის მამაძაღლი წკრიალა ( სოფოს შემცდენელი) არალშერთულ ცოლთან ერთად ოჯახშიც მიიღო, უმასპინძლა. სოფომ მალე მოიწყინა, მისი უხასიათობა პირდაპირპროპორციულად აისახა ლადოს პოტენციალზე. ლადო ღელავდა, სოფო ბრაზობდა, ლადო სტიმულატორებს მიეძალა, სოფო - ტრანკვილიზატორებს. ერთხელაც ლადომ მძინარე სოფოს სურათი გადაუღო , კომპიუტერში ატვირთა და ფოტოკონკურსზე გაგზავნა. ფოტო საუკეთესო ასეულში მოხვდა, რაც გახდა ლადოს ახალი გატაცების წინაპირობა. თავდაპირველად სოფომ მხარი აუბა, ლამაზი ქალი იყო და მოსწონდა პოზირება, მაგრამ ლადო თვალსა და ხელს შუა გათამამდა , ყოველი მომდევნო პოტოსესია წინაზე გულახდილი იყო და მკვეთრად ეროტიკული შინაარსისა. სოფომ გააპროტესტა: „ეს უკვე მეტისმეტია, რომელი პორნოვარსკვლავი მე მნახეო“. თანაც მობეზრდა მიბნედილი მზერისა და გაბზეკილი საჯდომის დემონსტრირება. საერთოდ, სოფოს მალე ბეზრდებოდა ყველაფერი და მაშინვე დეპრესიაში ვარდებოდა. და მაშინ ლადომ ძვირად ღირებული ნარკოტიკი - კოკაინი შეაპარა . „შისუნთქე, სტრესს მოგიხსნის და ენერგიაზე მოგიყვანს“, - ვითომ სხვათა შორის ურჩია და თეთრფხვნილიანი პაკეტი ტუმბოს უჯრაში ჩაუგდო. ორ კვირაში პაკეტი ცარიელი დახვდა. ასე შეჯდა სოფო ნარკოტიკზე , ლადო კი ინტერნეტზე. თელ თავისუფალ დროს ჩათში იჯდა და უცხოელებთან ფოტოსურათების პიარით იყო დაკავებული. კოკით გაბრუებული სოფო სულ უფრო დამყოლი ხდებოდა და რაც უფრო დამყოლი ხდებოდა , მით უფრო იწევდა ფოტოსურათების ფასი. ლადო პრინციპულად არ გადიოდა ქართულ ბაზარზე, მაგრამ ერთმა გზავნილმა მოსვენება დაუკარგა . „ვიცი, ვინც ხარ და რას საქმიანობ . მე უკეთეს რამეს შემოგთავაზებ“ . და ლადოს ფოსტაში არასრულწლოვანთა ეროტიკული ფოტოები გადმოქაჩა, ძირითადად კავკასიური გარეგნობის მოზარდებით. ლადო მიხვდა - შეტოპა. რამდენიმე დღე კომპიუტერს არ გაკარებია, მაგრამ ბოლოს ცნობისმოყვარეობამ სძლია და ფოსტა გახსნა. „მე შენ თანამშრომლობას გთავაზობ , უარის შემთხვევაში შენი ცოლის ინტიმურ ადგილებს მთელი საქართველო იხილავს“. ეს იყო წმინდა წყლის შანტაჟი, და ლადო წამოეგო ამ შანტაჟზე. ასე გაიცნო თემური - ჰაკერი და სუტენიორი. თემურს გარიგება შესთავაზა - ლადო, სოფოს სამსახურის მეშვეობით , მოიპოვებს მზრუნველობა მოკლებული და უპატრონო მოზარდების კოორდინატებს და სიას თემურს გადასცემს. მოზარდების გაცნობა , დამუშავება- დაბოლება და საჭიროების შემთხვევაში საზღვარგარეთ გადაყვანა უკვე თემურის პრეროგატივაა. რისკი მინიმალურია, სამაგიეროდ, თანხა , რომელიც წარმატებული ოპერაციის პროპორციულად დაჯდება ლადოს ანგარიშზე - მაქსიმალური. ასე აღმოჩნდა ლადო ჩართული ტრეფიკინგში. მართალია, სოფოს სამსახურიდან წამოსვლით ინფორმაციის მოპოვება შეფერხდა, მაგრამ თემურს არ გაუწყვეტია ლადოსთან ურთიერთობა. საზღვარგარეთ გასაგზავნ ობიექტს სურათის გადაღება სჭირდებოდა , სურათს - ფოტოშოფში დამუშავება... და საერთოს, ისე არაფერი აკავშირებს ადამიანებს, როგორც ერთობლივი დანაშაული. ამ სიტყვებით ლადომ თავისი „ეკალ - ბარდიანი“ თავგადასავლის მოყოლა დაასრულა და როგორც მომეჩვენა, შვებით ამოისუნთქა. სამაგიეროდ, მე შემეკრა სუნთქვა, რადგან მივხვდი - აქედან ცოცხალი ვერ გავაღწევ . ინფორმაციით სავსე დეტონატორზე ბარ შეერთებული, ერთი გაფართხალება და ლადოსაც წავიყოლებ. - სასაფლაოზე რა გიგონდა ირასღან ერთან ? - არ მასვენებს გამჩენი. - სასაფლაო ყველაზე უსაფრთხო ადგილია კონფიდენციალური საუბრებისთვის. ეგღა გვაკლდა, კაფეში დავესტუკებინეთ ვინეს. - რა საქმე გქონდა ირასთან? - სოფოს დიქტოფონს ვეძებთ და ვერ გვიპოვია. პულსი ამიჩქარდა. დიქტოფონი შინ მაქვს, იქ არაფერია ნათქვამი ლადოს კრიმინალური ინდუსტრიის შესახებ, რომც გავუმხილო, შეიძლება დამიჯეროს, მაგრამ მაგრა დიქტოფონის მოსატანად რომ არ გამიშვებს , ფაქტია. თვითონ წავა, მოუსმენს, მიხვდება , რომ ისეთი არაფერია, მობრუნდება და მომკლავს. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. - რა არის იმ დიქტოფონში ასეთი ? - ყოველ შემთხვევაში , ვეკითხები. - სოფოს ნაბოდვარი. არ ვიცი, რამდენად შორს შეტოპა. დანამდვილებით ისიც არ ვიცი, რამდენად იყო საქმის კურსში ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით. მოკლედ , უნდა გადავამოწმო. ირასთვის შარია, არ უნდა, ქმარმა გაიგოს, როგორ აშანტაჟებდა სოფოს. ირა საძაგელი ქალია , ბოღმიანი და შარიანი. რას უძლებს შენი ძვირფასი მეგობარი ?! „ძვირფასიო!“ ამ გადასახედიდან აღარც წკრიალა მეძვირფასება , არც ჭუტალა. გუმანით ვგრძნობ, სუსიკო და თაზო შემთხვევით გახდნენ სისხლიანი ვახშმის გმირები, რომ არაფერი ვთქვა ფილფანებზე. - სუსიკოს დედას რაღას ერჩოდი? - ბოლო დროს სოფომ სუსიკოსთან სიარულს მოუხშირა , ვიფიქრე, იმას მიაბარა დიქტოფონი. თემურმა დაუსატკავა , მაგრამ ვიღაც გამოუხტა ბუჩქიდან და ვერ მოასწრო გამოტეხვა. - ჩემს ბინაში თემური იყო შემომძვრალი? - ხო შენთანაც და ლალიკოსთანაც. - ირასთანაც ? - არა. ირამ გაქურდვის სიმულაცია გააკეთა, კვალის ასარევად. - ვისთვის უნდა აერია კვალი ? - ქმრისთვის, გამოძიებისთვის... - დავიჯერო, სულ არ ნანობს ? - შენ წარმოიდგინე, ყველაფერს უარყოფს, მე არ მოიკლავსო, იფიცება. - აბა, ვინ მოკლა? - მე მაბრალებს, - ცალყბად იცინის ლადო და უცებ დგება, - რას მომჩერებიხარ, გოგო, ცოლს როგორ მოვკლავდი, სოფო ჩემთვის ყველაფერი იყო ! - მე მეგონა, შენ მოკალი. - ეგრე მეც ბევრი რამე მეგონა ! - შენი ეჭვების შესახებ გამომძიებელს უთხარი ? - არა, სამი შვილის დედას ვე ჩავუშვებ . - მკვლელმა რა შვილები უნდა გაზარდოს ?! - ნუ იტყვი, იათამზე, ირა გიჟი დედაა! შვილების გამო წავიდა მკვლელობაზე, ეტყობა, ის არაკაცი მერაბაც უყვარს , მაგის შუბა დავხიე მე, დამინგრია ცხოვრება... - ლადო კრიახით მიემართება გასასვლელისკენ . - საით? - ცოტა ხნით დაგტოვებ , შენ შეგიძლია ილოცო, დეზდემონა... - და გადის. - დამპალო, კრეტინო, არაკაცო ! - მივაძახე დაკეტილ კარს. - სიტყვები შეარჩიე, აყლაყუდა! - ყრუდ მპასუხობს ლადო. - ბინძურო იმპოტენტო! - ვყვირი ბოლო ხმაზე. არ უნდა მეყვირა, ლადომ შუქი გამომირთო. სრულ უკუნში გავრბივარ კარისკენ , შუბლით რაღაცას ვასკდები და უღონოდ ვეშვები დაბლა. ყვავილებით მოჩითულ მინდორში ვარ. გარშემო ულამაზესი პეპლები დაფარფატებენ , ასეთები მხოლოდ სქელტანიან ენციკლოპედიაში მინახავს. - ნუ გეშინია, ბზიკო, - მესმის სუსიკოს ხმა . თავს ვაბრუნებ , მაგრამ სუსიკო არ ჩანს. - ცოცხალი ხარ ? - გახარებული ვეკითხები სივრცეს. - აბა, მკვდარი ხომ არ დაგელაპარაკები ?! - ყასიდად ბრაზობს უჩინარი სუსიკო. - დამენახე. - დაგენახები , როცა დრო მოვა. - როდის ? - ჯერ არა. - მომენატრე, სუსი... - თამროს რატომ არ ნახულობ ? თამრო სუსიკოს შვილია, რომელიც ამ გაწამაწიაში თითქოს მიმავიწყდა. მინდა მოვუბოდიშო სუსიკოს , მაგრამ მინდორი ისევე სწრაფად გაქრა , როგორც აღმოცენდა და ისევ ბუნკერში აღმოვჩნდი. ამჯერად განათებულში. შუბლზე უზარმაზარი კოპით ვგდივარ იატაკზე. ცხადია, მიმართულება შემეშალა და კარის მაგივრად ბეტონის კონსოლს შევასკდი. რა მეგონა, სიბნელეში რომ გავცხენდი ? გაჭირვებით მივღოღავ ტახტისკენ , გვერდულად ვწვები და ვცდილობ ცალი ხელით შევიკრა საღილედან ამომხტარი ღილები. მცოდნოდა, რა მელის, ჯინსებს მაინც ჩავიცვამდი . თავისით მეხუჭება თვალები . ძილი არის თავდაცვითი რეაქცია სტრესზე. არ მინდა დამეძინოს, სამარადჟამო ძილი იქაც მეყოფა , სადაც ეს ნაძირალა მიპირებს გაშვებას. აი, ტირილს არ შვიკავებ , ვინ იცის, უკანასკნელად ვტირი... მხედავდეს ახლა ჩემი სახელოვანი ბაბუა , სამამულო ომის გმირი და მიტრალური სარქველის პატრონი! ჩქამია . მგონი, დამაჯდა სიკვდილის ბუზი. - ლადო შენ ხარ? - ვკითხულობ ხმამაღლა. - მე ვარ , ჩემო წითელქუდა , რუხი მგელი. მოვედი, რომ შეგსანსლო!- ენას მიჩლექს კარს უკან ატუზული ლადო. თან ხითხითებს, გიენასავით. - დამაცლევინე შარდის ბუშტი და მერე შემსანსლე, უფრო შგერგება. ლადო ხალისიანად აღებს კარს. - ისე , კი ხარ ღირსი, დაგიმტკიცო ჩემი მამაკაცური შესაძლებლობები. - არ გინდა, მჯერა! - დაბეჯითებით ვამბობ და დამძიმებული თავით ვჯდები ტახტზე. - კეთილი, დაგიჯერებ . არავინ აპირებს შენს გაუპატიურებას, თუმცა... მომწონს ცხენივით ქალები. ცხენივით ქალი, სავარაუდოდ, მე ვარ . კრეტინი, მოკლეხელება დინოზავრი , გიენა და ნაგავი ერთად . და ბინძური იმპოტენტი. ათასჯერ გავიმეორებ , ოღონდ გულში, გულში. - შუბლზე რა მოგსვლია? - ლადო კისერწაგრძელებული მომჩერებია. - სიბნელეში წავიქეცი. - უჰ,უჰ საწყალი იკაკუნა, შუბლზე ფუფუა აქვს და ფიში - ფიში უნდა, - მაიმუნობას განაგრძობს ლადო. დავიჯერო , წეღანდელმა არაყმა გამოათაყვანა ასე ? თუ კოკაინი შეისუნთქა. რა ენაზე მელაპარაკება ამ ეშაფოტზე გასაყვანად მომზადებულ ქალს ? უცებ ხითხითს წყვეტს და ჯიბიდან ქრომირებული პისტოლეტი ამოაქვს. - სინ შენ წახვალ. ერთი არასწორი მოძრაობა და ტრუპი ხარ. გასაგებია ? თავს ვუქნევ და იმედით შევყურებ მიხურულ კარს. რა მელოდება იქ , მხოლოდ საპირფარეშო თუ მაქვს გადარჩენის შანსი ? XIთავი ნანატრ საპირფარეშოში ვზივარ, აბაზანის კიდეზე და დროის გასაყვანად ჭიქაში გარჭობილ კბილის ჯაგრისებს ვითვლი.სულ ორია მალე მხოლოდ ერთი დარჩება - ლადოსი. ხელები უკვე დავიბანე , პირზეც შევისხი წყალი, ჩავრეცხე უნიტაზი, ლადომ რომ ეჭვი არ აიღოს , მაგრამ აქაურობის დატოვება მესიკვდილება. ყურს წყდება სავენტილაციო მილიდან შემოსული მელოდია , მაღლივ კორპუსში უთუოდ რუსული ესტრადის ფანი ცხოვრობს. საოპერო ბარიტონი უმღერის ანდალუზიის ღამეს, შავთვალა ლამაზმანს და კარდინალის შერყეულ რწმენას. არ ვიცი, რა ხდება ანდალუზიაში , მაგრამ თბილისის დროით ღამის თერთმეტი საათი იქნება, თუ მეტი არა. - რას შვები , ჩავარდი? - არ დაახანა ლადომაც , კართან აიტუზა. - არა. - რას აკეთებ ამდენ ხარს? - ბუზებს ვითვლი. - მე კი ვინმე დათას ველაპარაკე. „დათა!“ განწირული მზერა ვესროლე სარკეს ( ვინ იცის, ესეც უკანასკნელი) და სწრაფად გამოვედი. - დათამ დარეკა? - დარეკა სვა სიტყვაა, ამიკლო - ლადო ნიშნისმოგებით მაჩვენებს ჩემს მობილურს, - ვინ არის დათა? - ახლობელი, - ვპასუხობ ბუნდოვნად. - შეყვარებული? - რა მნიშვნელობა აქვს ... რა უთხარი? - ზღვაზე გაგიშვი დასასვენებლად, ბათუმში. წყლიდან როგორც ამოვა , დაგირეკავს -მეთქი. მგონი, ეწყინა, ხო იცი... თავჩაქინდრული ვდგავარ. ჩემს ავგუსტინეს გავახსენდი, ამან კი ბათუმში გამიშვა . ბოროტი! - იათამზე, შენ ალბათ მოგშივდა არა, ? - მზრუნველად მეკითხება ლადო. გაკვირვებული მივჩერებივარ . ნუთუ გადაიფიქრა ჩემი მოკვლა? თუ სიკვდილის წინ უნდა გამომაძღოს, სააღდგომო გოჭივით? სირცხვილით როგორ გავამხილო, მაგრამ მართლა მომშივდა. ვერაგულადაა მოწყობილი ადამიანის ორგანიზმი, კრიტიკულ სიტუაციაშიც კი თავს ახსენებს მიწიერი პრობლემები. მავანს ერთ ოთახში მიცვალებული ასვენია, მეორეში კი ლობიოს ხეთქავს . თან ტირის, თან ჭამს. ბებიაჩემის სიკვდილი მახსენდება... პანაშვიდამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი , დედა ლუკმის გასატეხად სამზარეულოში გავიდა , უცებ შეშლილი სახით შემოდის ანანო , ჩემი დისშვილი : „ბებიკო, ბებიკო, უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლები მოვიდნენ არიქა, გამოდიო!“ სიჩქარეში დედას ლუკმა გადაცდა, ხველებით გავიდა სამძიმრის მისაღებად , ისე ჩაბჟირდა საწყალი, ლამის დედამისს მიეწია. მე და ლელა სამზარეულოში ჩავბჟირდით, ოღონს დიცილით. - მომშივდა, კი, - გაუბედავად ვლუღლუღებ. - მარწყვი და ნაყინი მაქვს. ხომ გიყვარს ნაწინიანი მარწყვი? და ცივი კატლეტი, ვერას გაკეთებული. ვერას გახსენებაზემადა მეკარგება, მაგრა ლუკმა თუ არ დავღეჭე, გული წამივა. ჩემი ორგანიზმი შიმშილს ვერ იტანს . - კატლეტი არ მინდა. - მაშინ მოკიდე ამ ფიალას ხელი და მიბრძანდი, - ლადო მაგიდაზე დადებულ ფიალაზე მანიშნებს. ფიალაში მარწყვი და ნაყინია. უკანა გზაზე უხმოდ მივდივართ. წინ მე, უკან - პისტოლეტიანი ლადო, გვერდზე - ჩვენი გაწელილი ჩრდილები. ლადომხოლოდ ბუნკერში ინახავს იარაღს. გორგოლაჭებიან სკამს მოაგორებს და ჩემს წინ ჯდება. მე უგემურად ვღეჭავ საკმაოდ გემრიელ მარწყვს. - მიპასუხე, იამზე, რატომ არ მოგწონდით შენ და შენ მეგობრებს ? მაგალითად, შენი მეორე ქმარი ყველას მოსწონდა , მათ შორის სოფოს. მე რით ვერ დავიმსახურე თქვენი სიმპათია ? თქვი, თქვი, ნუ გერიდება, არ მეწყინება. - კაცია და გუნება, - ვამბობ ორაზროვნად. - ეგ რა პასუხია ?! ხომ გითხარი, არ გაგიბრაზდები - მეთქი. გულახდილად ვილაპარაკოთ, პირადად შენი მოსაზრება მაინტერესებს. მარწყვი ბოლომდე შევჭამე, ნაყინი ცოტა დავტოვე. მომჟავო გემო დაკრავს, არ მოეწონა. ფიალას კომპიუტერის მაგიდაზე ვდებ და ვცდილობ , ვიყო ორიგინალური. - წარმოიდგინე, მაგიდასთან ზის ორი კაცი , აი, ასე, ჩვენსავით. თეფშზე ორი ატამი დევს , ერთი - პატარა და შეუხედავი, მეორე- დიდი და დაბრაწული. შენ ის კაცი ხარ რომელიც დაელოდა , რომელ ატამს აირჩევს მეორე კაცი. - რით არის ეს ცუდი ? - ღირსეული ადამიანი პატარა ატამს აიღებს , მეორეს რომ უკეთესი შეხვდეს. - საიდან მოიტანე ეს სისულელე? - ფსიქოლოგიური ტესტია. სოფომ ჩაგვიტარა ერთხელ. - მერაბ წკრიალაშვილი ღირსეული კაცია ? - შენთან შედარებით, კი. - მე ცოლი არავისთვის დამიწერია. - სჯობდა დაგეწერა, ვიდრე ნარკოტიკზე შეგესვა. - ჩემს ნარკომან ცოლს არავინ მოუკლავს , მაგის ისტერიჩკა ცოლმა კი ექვს კაცს გაოუყვანა წირვა. - წკრიალამ იცის? - რას გაიგებ... რომც იცოდეს, საკუთარ ცოლს ხმ არ ჩაუშვებს?! გინდა , გაგასინჯო? - მეკითხება უცებ. - რა უნდა გამასინჯო ? - კოქსი. კოკაინი. შენს სიტუაციაში მისწრებაა. დავაი, გარისკე, არ ინანებ . - სიკვდილს, მირჩევნია, ნათელი გონებით შევხვდე, - პათეტიკურად ვამბობ. - ისე გაგინათდება, შეიძლება აქეთ შემეხვეწო - დროზე დამბრიდე, რაღას უცდიო. ჰეროინი კი არაა , მოგადუნოს, მაგარ ხოდზე იქნები. ლადოს ჯიბიდან პაკეტი ამოაქვს , თეთრ ფხვნილს ხელისგულზე იყრის და ცხვირით ისრუტავს. - იიიფ... კარგია, წაიღო... სხვათა შორის, ნარკოტიკის მოხმარებაშიც საჭიროა ძომიერების დაცვა . რაც გრძელია ინტერვალი , მით ნაკლებია მიჩვევის საფრთხე. ისე გადის ორი, სამი თვე არც მახსენდება... პერედოზიროვკა ორგანიზმს ფიტავს , ზოგს შიზოფრენია ეწყება , ასე რომ ... - ლადო სახეს ისრისავს და გადიდებული გუგებით მომჩერებია . - აუ მაგარი იდეა მომივიდა! გინდა ერთად დავტყდეთ ? - რაა? - ხო იცი გერმანული? - ვიცი. - ჰოდა, დავტყდეთ გერმანიაში . რა დაგრჩენია აქ, პირადად მე- არაფერი. შენი მეგობრები კაპუტ... ქმარი არ გაწუხებს და შვილი. მესამედ გათხოვების შანსი პრაქტიკულად არ გაქვს . რაც არ უნდა იყოს, საქართველოა. პროვინცია! ბრაზისგან მაცახცახებს. აქედან თუ ცოცხალი გავაღწიე , ლადოს ჯიბრზე მესამედ გავთხოვდები. დათა თუ არ წამიყვანს , ერთი სათადარიგო თაყვანისმცემელი მყავს - დედაჩემის ყოფილი ასპირანტი, რომელსაც თავის დროზე მგონი , დედაჩემის მიმართ სჭირდა „შორით ბნედა, შორით კვდომა“, მოგვიანებით კი ჩემზე გადმოერთო. - საყვარლის სტატუსით მეპატიჟები ? - ყოველ შემთხვევაში, ვაზუსტებ. - ეგ შენი გადასაწყვეტია, თუ გინდა, სულ ნუ მომცემ ! მე მეგობარი მჭირდება, თანამოაზრე, სიყვარულის ობიექტი. შენ საინტერესო ქალი ხარ, იუმორის გრზნობა გაქვს, შენთან ადვილია ცხოვრება. - სამაგიეროდ, შენთან არის ძნელი! - წამომცდა. მაინც წამომცდა! ენა მაქვს ამოსაძრობი, ჩემი გრძელი ენა. ლადო დაძაბული მიყურებს . ახლა წამოიმართება და ჩამაფარებს. ის წამოიმართა და... და ჩემ წინ მუხლებზე დაემხო. ეს კაცი ვერ არის სრულ ჭკუაზე. რა მიკვირა? ჯერ არაყი ხუშა , მერე კოკა ყნოსა. მე არც ერთი გამისინჯავს, არც მეორე, მაგრამ ისე მირატრატებს თავი , ლამის ტახტიდან გადმოვგორდე . - ცდები, იაკო, ჩემთან ძალიან ადვილია ცხოვრება , - გრძნობით ღაღადებს ლადო და თავის გასიებულ გოგრას მუხლებზე მადებს , - არც ისეთი ცუდი ვარ , ერთი მოუფერებელი კაცი ვარ , იმიტომ არ მასვენებს ეთმაკი... გაუნძრევლად ვზივარ. არ ვიცი , რა რეაქცია მივცე. ალბათ მოთმინება მმართებს . ბრაზმა გამიარა, მაგრამ მაინც მაცახცახებს. - მომეფერე , იაკო, თავზე გადამისვი ხელი, ვითომ დედაჩემი ხარ ... უბედური ბავშვი ვიყავი, იცი ?... დედა არასოდეს მეფერებოდა, განა არ ვუყვარდი, ვუყვარდი... ვინ ყავდა ჩემს გარდა , მაგრამ მე არასოდეს მაკმაყოფილებდა ისი სიყვარული . ყოველ ღამე ველოდი, რომ ის შემოვა ოთახში და ლოყაზე მაკოცებს , როგორც სხვა ბავშვებს კოცნიან ძილის წინ ... ის შემოდიოდა , გადადებდა სკამზე დაუთოვებულ პერანგს და გადიოდა. სუფთა თეთრეული და ცხელი კერძი ბიჭისთვის - ეს იყო ის მაქსიმუმი, რისი მოცემაც შეეძლო . შვილს ხანდახან უნდა შეუძახო, იამზე, უთხრა, რომ ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე საყვარელია ... დედაჩემმა ეს არ იცოდა , ისიც ოუფერებელი იყო და იმიტომ . მამა გვიან გავიცანი. ის უბედურება რომ არ დამართნოდა , ასი წელი არ გაახსენდებოდა ვიღაც წკენტას . ვინ ვიყავი მისთვის, ხავსი, რომელსაც წყალწაღებული ჩაებღაუჭა. სოფოს ფეხმძიმობა რომ შევიტყვე , სიხარულით ჭკუაზე გადავდექი . ვიცოდი, რომ მერაბისგან დაორსულდა, მაგრამ გაჩუმება ვამჯობინე, ვიფიქრე, ოღონდ ბავსვი გააჩინოს და გავზრდი. როცა ქალი გიყვარს, მისი შვილიც გიყვარს. ასეა ეს. სოფოსაც უხაროდა, ჯამრთელი ცხოვრების წესს მიჰყო ხელი , მეც თბილად მექცეოდა... არასოდეს ვყოფილვართ ასეთი ბედნიერები, ასეთი მშვიდები. ყოველ საღამოს დამყავდა სასეირნოდ, გეგმებს ვაწობდით . და უცებ , ერთ მშვენიერ დღეს განქორწინებაზე ალაპარაკდა! თურმე ნუ იტყვით, მერაბი ირას მიოვებას და სოფოს ცოლად მოყვანას აპირებს , მაგრამ ერთი პირობით - თუკი სოფო ჯამრთელ ბავშვს გაუჩენს. შენ ახლა იტყვი, მერაბი შვილების ნაკლებობას არ განიცდის, სამი შვილი ჰყავს შინ , ერთი შვილიც რაღაში სჭირდებაო? მე კი წეღან თქმულს გაგიმეორებ - საყვარელ ქალთან გაჩენილი შვილი სულ სხვაა , იათამზე... მამაძემის მაგალითი აიღე: დაბარებულივით დარბოდა ყოველ უქმ დღეზე სასაფლაოზე , საყვარელი ქალის მკვდარი შვილები ერჩია ჩმნაირ ცოცხალს. როცა საგვარეულო, მონოგრაიან საათს მჩუქნიდა ტირილი აუტყდა. ის საათი ტრადიციისამებრ უფროსი ვაჟისთვის უნდა გადაეცა და არა ძუნძგლიან საპარიჯმახეროში ჩასახული ნაბუშვრისთვის. შემეცოდა. ისიც შემეცოდა და ჩემი თავიც . ყვალამ დამაღალატა, ყველამ, მაგრამ სოფოს ღალატი ყველაზე მტკივნეული იყო. მიყვარდა და იმიტომ ... გაბრაზებულ გულზე საძინებელში ვიდეოთვალი დავამონტაჟე და მივლინებაში წასვლა მოვიმიზეზე. იმ ღამესვე ამოაგრიალა შინ თავისი შეუდარებელი წკრიალა. ვუყურე ვიდეოკასეტას და მივხვდი - სოფო ჩემთვის სამუდამოდ დაკარგულია. კასეტა ირას გადავეცი. იმანაც იგივე დასკვნა გამოიტანა და სამოქმედო გეგმა დასახა. მე არ მქონდა სხვა არჩევანი , მე ის არასდროს მქონია... რაღაცის თქმა მინდოდა არჩევანთან დაკავშირებით, მაგრამ უცაბედად აღმოცენებული მთქნარება სახეს იღრიცავს. ვეშვები, ვიღვენთები , ხელ - ფეხი მიბუჟდება . ქუთუთოებზე თითქოს ფუთიანი გირები ჩამომკიდეს „რა მჭირს, რა მჭირს , რა მჭირას“... ზარივით რეკავს გონებაში. ლადო თავს სწევს. ნამტირალევი თვალები აქვს, და ორაძროვანი, შეიძლება ითქვას, დარცხვენილი ღიმილი. - ძილი მოგერია ,იამზე? ნუ კანკალებ, წამოწექი, დაიძინე... აგერ ბალიში, მე ფეხსაცმელს გაგხდი... ჩემი თვალთახედვის არეალში მარწყვის ფიალა ხვდება. „მოვიწამლე“ მინდა ვიყვირო, მაგრამ ყვირილის ნაცვლად პირს ვაღებ და რაღაცნაირი მხეცური პირდაპირობით ვამთქნარებ. - რა კარგი კბილები გაქვს, იათამზე, არც ერთი პლომბი შენს ასაკში... „ქვედა ყბაზე მაქვს ერთი“, - მინდა ვუპასუხო, მაგრამ ლაპარაკის თავი არ მაქვს, და დღის განმავლობაში უკვე მეორედ, სიბნელეში მივექანები. * * * გულისრევის შეგრძნებით ვიღვიძებ. წამოდგომას ვცდილობ , მაგრამ ენით აუწერელი სისუსტე ისევ ბალიშისკენ მექაჩება. ნამუსგარეცხილმა ლადომ მარწყვიან ნაყინში დასაძინებელი შემაპარა, მე კი ლამის რევერანსში შევკუნტრუშდი. მოიცა, მოიცა... რად დაჭირდა ჩემი მიძინება? ინსტიქტურად წავეპოტინე ჯინსის ქვედაკაბას. ზოგიერტი ღილი გახსნილია . ხელი ჩავაცურე სალტეში . ვაი! საცვალი უკუღმა მაცვია! დავიჯერო, გამაუპატიურა ამ იმპოტენტმა ? იქნებ კოკაინის მაგივრად ვიაგრას ყნოსავდა ? დაფხვნილ ვიაგრას... გაჭირვებით ვდგები. არა, არ ვგავარ გაუპატიურებულს. მაშინ რაღაში დასჭირდა ჩემს საცვლებში ფათური ? მორღვეული ფეხებით მივლასლასებ კარისკენ . რასაკვირველია, დაკეტილია. სადღაც უნდა იყოს ჰაერის გამწოვი. გაჩაჩხული თითებით ვეხები ხორკლიან კედლებს . იქნებ სოფოს პლაკატის უკან იმალება საჰაერო მილის მსგავსი რამ , სულაც საიდუმლო კარი ან გვირაბი... ვიცი, უაზრობაა, მაგრამ უმოქმედობას აბსურდული ქმედება სჯობს. პლაკატი კომპიუტერის მაგიდის თავზეა გაკრული. სკამს ვიდგამ და მაგიდაზე ვბობღდები. მაგიდის ზედაპირსა და ჭრს შორის იმდენად პატარა მანძილია, იძულებული ვარ , მუხლებზე დავდგე და პლაკატამდე მივხოხდე. საკეტის ჩხაკუნმა პლაკატის ქვეშ ხელის ფათურისას მომისწრო. კარებისკენ ვბრუნდები და გონებაში ვხატავ ასეთ მიზანსცენას: ლადო შემოდის და ტახტისკენ იცქირება, სადაც, წესით, მე უნდა ვიწვე. მე ვსარგებლობ მომენტით და თავზე ვახტები, თუ ვერაფერს გავხდები, შევაშინებ მაინც. მაშ ასე, სტარტზე ვარ . ახტუნგ! ახტუნგ! ლადოს შემოსვლა და ჩემი კუნინძასავით ჰაერში აწევა ერთი იყო. მოულოდნელობის ეფექტმა იმუშავა . ლადო სახით ეხეთქება იატაკს. არც მე მადგას კარგი დღე, თუმცა ფეხზე ადგომას ვასწრებ და კარისკენ გავრბივარ. უნდა გამოვტყდე, ბიკინისამარა გავრბივარ, რადგან ლადომ მოასწრო წვედაკაბაში ხელის ჩავლება, მე გავიწიე და დავრჩი პრაქტიკულად შიშველი. რას დავეძებ, დაოთხილი გავრბივარ ნახევრად ჩაბნელებულ ტალანში , უკან მომდევს გამძვინვარებული მოძალადე - ქშენით, გინებით, ბრაგაბრუგით. უკვე კაბინეტში ვარ, თითქმის სამშვიდობოს. თითქმის არ ითვლება , რადგან ლადო დამეწია და ყბაში ისეთი ჰუკი მგლიჯა , რომ ზურგით წიგნის კარადას ივეხეთქე. კარადა ლაყლაყებს, მძიმე ტომეულებიჩემს მრავალტანჯულ თავზე შვავდება. დარეტიანებული ვეშვები დაბლა, ბუნდოვნად ვარჩევ ლადოს მარჯვენა ხელში ჩაბღუჯულ ბრინჯაოს დონ კიხოტს და ვხვდები : ეს ჩემი მიწიერი ცხოვრების დასადრულია! მაგრად ვხუჭავ თვალებს და დარტყის მოლოდინში ვიკუმშები. ერთი, ორი , სამი, ოთხი... წესით, უკვე მკვდარი უნდა ვიყო. თვალებს ვფხრეწ და მაიორ ოქრუაშვილის ტორებში აფართხალებულ ლადოს ვხედავ. უკანა ფლანგზე სპეცრაზმელები ირევიან , ვიღაც მზრუნველად მაფარებს პლედს, თავს ვაბრუნებ და საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებ - ეს ხომ დათაა, ჩემი ავგუსტინე! XII თავი დათამ სახლამდე მიმაცილა, ჩემი თავი ლელას ჩააბარა და დროებით დამემშვიდობა. ლელა გიჟს ჰგავს - მეხუტება, მეჩხუბება , ტირის... - სულელო, სულელო, სულელო... - იმეორებს შიგადაშიგ. - ხო, კარგი , ნუ დადორბლე, - ყასიდად ვიგერიებ მის შემოტევას. - რამ წაგიყვანა მარტო მტრის ბუნაგში , ყველგან უნდა ჩაყო შენი გრძელი ცხვირი, ყველგან! - ბუნაგში არა, ბუნკერში, მაგრამ იქ ისეთი ნადირი დამხვდა, მშიერი დათვი გახუნდება. უჰ, გახსენებაც არ მინდა ! - რას ჰქვია , არ გინდა , მე ? - ვიბანავებ და მერე ყველაფერს მოგიყვები. - მერე არა, ბანაობის პროცესში. სხვა გზა არ მაქვს , სააბაზანოში ვუშვებ და წყლის აკომპანიმენტის ქვეშ ყველაფერს ვუყვები. ლელა შეშლილ თვალებს იკეთებს, ლოყებზე ხელს იტყაპუნებს, მოკლედ, ემოციებს აფრქვევს. - მაგარი გადარჩენილი ხარ , იაკო, მაგარი... - იმაზე მაგრად ვარ გადარჩენილი, შენ რომ გგონია, - ვაწყვეტინებ ქადაგად დაცემულ დაიკოს და ონკანს ვკეტავ , - გაიქეცი, ჩემი ხელჩანთა მოიტანე. კომპრა მოვტეხე სოფოს სახლიდან , გამომძიებელსაც კი არ ვუთხარი... სანთებელაც წამოიღე. - დავაწიე გზაში. - სიგარეტს არ მოგაწევინებ ! - ლელა ჩანთას მაწვდის და მკაცრად მიყურებს. - არც ვაპირებდი, მაგრამ ახლა შენ ჯიბრზე მოვწევ. - აბა, სანთებელა რად გინდოდა? - სურათები უნდა დავწვა. - რა სურათები? - დამპალმა ლადომ გადამიღო , როცა წამლით გაბრუებულს მეძინა . წინასწარ გამაშიშვლა , რომ არ გავტოკებულიყავი , მერე იცოცხლე , აჩხაკუნა ფოტოაპარატი, - ჩანთიდან სურათები ამომაქვს , სანთებელას ვანთებ და სათითაოდ ვწვავ, - ვფიქრობ , რაღაც მომენტში ჩემი მოკვლა გადაიფიქრა და დასაშანტაჟებლად კომპრა გამიჩალიჩა. ცხადია, თუ არ დავაკმაყოფილებდი მის მოთხოვნებს. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე სოფოს საძინებელში, როცა ტანსაცმლის მოსაძებნად შევედი... აბა, ტრუსიკისამარა ხომ არ წამოვიდოდი შინ ? ჩემი ქვედაბოლო ორთაბრძოლას შეეწირა , ვიფიქრე, სოფოს ვესესხები რამეს - მეთქი. გავიხედე და ტრილიაჟზე ჩემი ფოტოები არ ყრია ? ! თვალები ყველგან დახუჭული მაქვს , თითქოს სახუთარი სიშიშვლის მრცხვენია. ავდექი და მოვიპარე. არ მგონია, ჩემი შიშველი ნიუები ძიებისთვის რაიმე მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენდეს. - ძიებისთვის არ ვიცი, მაგრამ ის ინსპექტორ - გამომძიებელი ისეთი ზეაქტიური იყო , სიამოვნებით შეათვალიერებდა, - იღიმება ლელა. - სერგო ? - ხო, სერგო. და ის, მეორეც , მოღუშული, ლოყებჩავარდნილი ტიპო. მივხვდი, დათაზე მიანიშნებს და გაჩუმება ვამჯობინე. ვითომ ჩავარდნილი ლოყები აქვს ? მე მომწონს დათას ლოყები. - ახლა შენ მომიყევი , საიდან გაჩნდი ჩემს ბინაში , ვინ მოგიპატიჟა... ლელას მონაყოლიდან: საღამოს ლელას დაურეკა მაიორმა სერგო ოქრუაშვილმა და იათამზეს ადგილსამყოფელი იკითხა, რადგან ეს უკანასკნელი ( ანუ მე ) არც სახლის ტელეფონს პასუხობს , არც მობილურს. ლელა შეშფოთდა , მაგრამ ისე არა , ქვეყანა შეეყარა. „დაღამებამდე დიდი დროა , ალბათ გამოჩნდებაო“ - აქეთ დაამშვიდა მაიორი. არ გასულა ორი საათი, მაიორი თავისი ფეხით მიადგა შინ და იამზეს ბინაში შესვლის ნებართვა ითხოვა. დედას შეშფოთება ჩუმ ისტერიკაში გადაიზარდა - რაღაც ხდება მისი დის თავს , თორემ მაიორი ასე არ შეუფითილებდა. ხელი დასტაცა გასაღებს ( ქალბატონი მარიკას დაჟინებული თხოვნით, ლელას ჰპონდა იას ბინის სარეძერვო გასაღები) და მაიორთან ერთად გამოვარდა, როგორც იყო, სარაფნითა სა ქოშებით. მანქანაში ჩაჯდომისთანავე მიხვდა , რომ მაიორი ოქრუაშვილი, თავის მხრივ , იმ მოღუშული ტიპის, დათას შეფითილებულია. ლელამ ახსნა - განმარტება ითხოვა. აღმოჩნდა , რომ დათას არაერთხელ დაურეკავს იათამზეს მობილურზე. ბოლოს, ვიღაც კაცი გაეპასუხა, რომელმაც უთხრა, რო იამზეს ლაპარაკი არ შეუძლია, ვინაიდან ბათუმში იმყოფება და ამ მომენტში ზღვაშია შესული. დათამ არ დაიჯერა და მაიორს დაურეკა, მაიორმა ლელას და ა.შ. ლელას ნერვებმა უმტყუნა და ღრიალი ამოუშვა. მისი უმცროსი და, რასაკვირველია , თავქარიანია, მაგრამ არც ისეთი უნამუსო, ზღვაზე გაუფრთხილებლად წასულიყო. მის თავს რაღაც უბედურებაა. უბედურების მიზეზი იას ბინაში მიაკვლიეს. ეს იყო დიქტოფონი სოფოს ჩანაწერით. კაცები მაშინვე მიხვდნენ იას ფიქრთა დინებას და დაუყოვნებლივ გაემართნენ ბაგებში, სავარაუდო ბოროტმოქმედის გასანეიტრალებლად. ოპერაცია, კოდური სახელწოდებით „ქარიშხალი ბუნკერში“, წარმატებით დასრულდა. - ვერა რომ ცოცხალი ყოფილიყო, მეც ეგრე ვიფიქრებდი , - ვამბობ გულდაწყვეტილი, ფერფლს უნიტაზში ვყრი და სააბაზანოს ვტოვებ. ლელა პიტნის ჩაის მიმზადებს. - ლომონით გინდა თუ თაფლით? - უშაქროდ. - დიეტაზე ხარ ? - ისე რა ... ორი - სამი კილოგრამის ჩამოყრა არ მაწყენს. - მაშინ ე რა უნდა ვთქვა ? - ლელა უკმაყოფილოდ დაჰყურებს თავის შევსებულ წელს. - შენ ისეთი ქმარი გყავს, 50 კილოც რომ მოიმატო, ვერ შეამჩნევს. - არ ვუყვარვარ ? - დადარაჯებული მეკითხება. - რომ უყვარხარ, იმიტომ. ლელა ორაზროვანი გამომეტყველებით მისხამს ჩაის. ეტყობა, გონებაში ჩემს ნათქვას ხარშავს. - დალიე, მერე ჩაწექი ლოგინში და კარგად გამოიზინე. ნურაფრის გეშინია, ამაღამ შენთან დავრჩები. - არა, ლელა, შენ ახლა თავზე ხელს გადაისვამ და შინ წაბრძანდები. - გაგიჟდი ? - არა, სტუმარს ველოდები. - რა დროს სტუმარია, ღამის პირველი საათია უკვე! იდუმალი ღიმილით მიმაქვს პირთან ჩაის ჭიქა. - იმ ვირისთვალება მაიორს ხომ არ ელოდები ? უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ . მაინც რას ნიშნავს სისხლით ნათესავი . ერთნაირი ხედვა გვაქვს , ერთნაირი ეტაფორები... - იმ ლოყებჩავარდნილ ხრაზიან სუბიექტს ? ჩუმად ვარ . სიჩუმე თანხმობის ნიშანია. - ფრანკენშტაინს ჰგავს, - ასკვნის ლელა. - ფრანკენშტაინს შენი ზურა ჰგავს. დათა რომის იმპერატორს ჰგავს, ავგუსტინეს. ფერშტაინ ? - არა, ზურა არ ჰგავს ფრანკენშტაინს, ზურა პუშკინს ჰგავს, - ჩაფიქრებული სახით ამბობს ლელა. - მე რომ მკითხო, გრანკენშტაინი უფრო კაცური კაცია, ვიდრე თმახუჭუჭა ეთიოპიელი. ლელა დანებებით მიყურებს. სულ არ უხარია ჩემი ბედნიერება. არ მენდობა. - სად იპოვე ? - სასაფლაოზე. - დამცინი? - არც მიფიქრია. - ღმერთო ჩემო, სასაფლაოზე გაცნობილ კაცს ეპატიჟები ღამის პირველ საათზე ? ეს რომ დედამ გაიგოს... - აპაპაპა! ახლა მორალის კითხვა არ დამიწყო , მაინც არ მოგისმენ , - ხელის აწევით ვაწყვეტინებ , - სჯობს ფენი მომაწოდო და კაბა მომაძებნინო, აბანოს ხალათით ხომ არ დავხვდები ჩემი ოცნების მამაკაცს ? - მაგასაც ეგ უნდა, თუ გგონია, პიტნის ჩაის დასალევად მობრძანდება, ცდები. - ძალიანაც კარგი, თუ „უნდა“, ცვედანმა ლადომ რეები ჩაიდინა , ვნახეთ აგერ, - ჩაის ფინჯნიანა სასტუმრო ოთახში გავდივარ და კარადას ვაღებ. - აბა, შენ იცი, ვინც შემოგხედავს, ყველას ჩაუწექი ლოგინში! - ქოთქოთით მომყვება ჩემი მორალისტი დაიკო. - დათა „ყვალა“ არ არის. ის ჩემი მხსნელია. სად არის ჩემი ყვავილებიანი სარაფანი ? - ფინჯანს ლელას ვაჩეჩებ და კარადაში ვიქექები. - ამას ეძებ ? - ლელას ზედა თაროდან ოთხად დაკეცილი სარაფანი ამოაქვს . - ეგ არის, კი ...აუუ, მაგარი დაჭმუჭნულია არა ? - არა უშავს, ტანზე გასწორდება. სარაფანში თავი კი გავუყარე , მაგრამ ქვევით არ მომყვება. ხელებდაწეული ვდგავარ , დატყვევებული ჯარისკაცივით. ორი - სამი კილოგრამი კი არა ხუთი მაქვს დასაკლები. - მომეხმარე, - ვუყვირი ლელას. ერთობლივი ძალისხმევით ვქაჩავთ სარაფანს . როგორც იქნა ,ჩამოვწიეთ, მაგრამ ისე ვარ გაკვეხებული, სუნთქვა იჭირს. დათამ რომ რამე დამიპიროს. ას პროცენტში ვერ გამხდის . შემომახევს, როგორც ჰოლივუდის ფილმებში ხდება - ექსტრემალური სექსი ოთახის ყველა კუთხეში , მაგიდაზე, მაგიდასთან , კედელზე, კედელთან ... ყველგან , გარდა მამაპაპური საწოლისა. - მიხდება ? - სარკის წინ ვტრიალებ. - ფარშევანგს გავხარ , -„მამშვიდებს“ საყვარელი დაიკო. - მაშინ სხვა კაბა მომაძებნინე! - სარკეში ვუბღვერ ლელას. ის დოინჯშემოყრილი დგას, კაპასი დედინაცვალივით. - ვერ მოვასწრებთ, ლიფტის ხმა გესმის ? ორივენი ვაყურადებთ. ლიფტი ჩემს სართულზე ჩერდება. ლელა მზერით მანამუსებს და ფართხფურთხით ტოვებს ჩემს ბინას. სარაფნის გახდას ვცდილობ , მაგრამ ვერ ვასწრებ. კარზე ზარია. ოხ, არ ამცდება ამაღამ ექსტრიმი... * * * ლადოს დაკავების ამბავმა , რასაკვირველია, წკრიალაშვილის ყურამდეც მიაღწია . მერაბმა ზუსტად იმ დროს დამირეკა , როცა მაიორ ოქრუაშვილს ჩვენებას ვაძლევდი. მან გადარჩენა მომილოცა და ჩემი ჯამრთელობით დაინტერესდა. - გმადლობ , მერაბ , არამიშავს. მერაბის ხსენებაზე სერგომ აპარატის ღილაკს თითი მიაჭირა და მიკროფონი ჩართო. მე მუშტი მოვუღერე ( რა წესია სხვისი ლაპარაკის მოსმენა) იმან პირზე თითი მიიდო და მანიშნა, განაგრძეო. დავემორჩილე. ბოლოს და ბოლოს , სერგო ინსპექტორ - გამომძიებელია , მერაბი კი... მერაბი კი ერთ- ერთი ეჭვმიტანილის ქმარი. - რატომ ასე ოფიციალურად ? - უკვირს მერაბს. - გეჩვენება. - არ მეჩვენება, ადრე წკრიალას მეძახდი, შინაურულად, მოხდა რამე, იაკო? - ცოცხალი ვარ . ჯერჯერობით. თქვენთან ხომ მშვიდობაა, ირა რას შვება, ბავშვები... - ირა თბილისშია, ბავშვები კოჯორში, სიდედრთან. - ჯუნა? - თბილისში. საღამოს კოჯორში ავალთ, თუ გინდა, შენც გამოგივლი. დავსხდეთ, ვილაპარაკოთ, ძველი დროგავიხსენოთ. სერგოს თვალებით ვეკითხები რჩევას , მაიორი ყოყმანობს - არ იცის, რა ჯობს ამო მომენტში. - ვნახოთ, მერაბ , თუ მოვიფიქრებ, შეგატყობინებ. - მოიფიქრე, რა ? - მთხოვს მერაბი და ვითომ სხვათა შორის მეკითხება : შემთხვევით ჭუტალას ყოფილი ცოლი ხო არ გამოჩენილა ასპარეზზე ? - მანანა? - ჰო, მანანა. სერგო, უარყოფის ნიშნად მიქნევს თავს. - არა. - ვატყუებ მერაბს და ნაჩქარევად ვემშვიდობები. - მაგან რაღაც იცის დიქტოფონის შესახებ, - ასკვნის სერგო - ირამ ლადოსთან შეხვედრა არ დაუმალა ქმარს და დიქტოფონის ამბავს რატომ დაუმალავს? ქმარი ცოლს აფარებს ხელს, მაგაშია საქმე. „შეიძლება“, - ვეთანხმები გულში , თან რაღაცის გახსენებას ვცდილობ . ეს რაღაც ჩემს ქვეცნობიერშია დალექილი და მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს . ინფორმაცია ეპიზოდურია , პატარა ბიძგია საკმარისი, რომ უცებ ამომიტივტივდეს. - მერაბის სიდედრთან არ გვაწყენს გასაუბრება, - ხმამაღლა მსჯელობს სერგო, - შენ რას იტყვი ? - არ დაგველაპარაკება. - ჩვენ არა, შენ დაგელაპარაკება. პირადად. - ერთი ჯუნა დამელაპარაკა, მეორე- დედამისი ... - „გველსა ხვრელით ამოიყვანსო“, ხომ გაგიგია? დაკითხვა კი არ მოუწყო , ისე გამოკითხე, ლაითად... მაიორის პირით გაჟღერებული „ლაითი“ კომიკურად ჟღერს . ყველას არ უხდება ბარბარიზმით მარიაჟი. მგონი, არც არავის უხდება. - არ გამოვა. ლალიკო ბუაძეს და მის ავსტრუელ მეგობარს პიკნიკზე წაყოლას დავპირდი. ნახევარ საათში ტაქსით გამომივლიან . სერგო მასიური ტორით მასიურ ყბას იფხანს. ფიქრობს, ასე ვთქვათ: - რად გჭირდებათ ტაქსი, აგერ მყავს მანქანა, ხარჯიც ნაკლებია და რისკიც. შემიამხანაგეთ და ერთად წავიდეთ კოჯორში, ირას დედას ნახავ, ვიდრე მარტოა ბავშვებთან . ცდას რაღა უდგას წინ ?... მიდი , მიდი, დაურეკე შენს ლალიკოს... - სერგო ყურმილს მაჩეჩებს და ვირის თვალს მიპაჭუნებს . ბარბარიზმისა არ იყოს , თვალის პაჭუნიც კომიკურად გამოსდის. არ უხდება ამჩატება. XIII თავი ჯუნას და ირას დედას ზაირა ქვია. ის კოჯრის სახლის ეზოში ზის და წკრიალაშვილების უმცროსი ნაშიერის ძილს ყარაულობს. გიორგი ჰამაკში წევს, ფიჭვების ჩრდილში მსუქანი ზაირა კი ლამაზად მოწნულ სავარძელში მოკალათებულა. შიშველი ტერფები ფურისულებით მოჩითულ ბალახზე დაუწყვია , მიწიდან თუ იღევს ენერგიას... ქალბატონ ზაირას აქვს ერთი შესანიშნავი თვისება - ნებისმიერ სტუმარს ( სიმპათიისა და ანტიპატიის მიუხედავად ) გულიანად ხვდება. არ ვიცი, ჯუნა და ირა ჩემზე რას ჭორაობენ , ფაქტია - ზაირა გაცისკროვნებული სახით მიყურებს. შესანიშნავი თვისება - ნებისმიერ სტუმარს ( სიმპათიისა და ანტიპატიის მიუხედავად ) გულიანად ხვდება. არ ვიცი, ჯუნა და ირა ჩემზე რას ჭორაობენ , ფაქტია - ზაირა გაცისკროვნებული სახით მიყურებს. - მოდი, ჩემო გოგო , აგერ დაჯექი, ჩრდილში. რატომ დაგვივიწყე... აღარც ლუკას დაბადების დღეზე გამოჩენილხარ, აღარც მოსაკითდად გამოგივლია... - აი, მოვედი ახლობელს გამოვყევი საქმეზე და ვიფიქრე , შევივლი, დავხედავ წკრიალაშვილებს- მეთქი. - კაი გიქნია, მაგრამ ჯუნა და ირა რომ თბილისში არიან ? - არა უშავს, ზაირა დეიდა, ისედაც ცოტა დრო მაქვს... - ნუ ჩურჩულებ, ჩემო გოგო , ხმამაღლა ილაპარაკე, ისედაც მაკლია სმენა. გიორგუნას ახალჩაძინებულზე ყუმბარა რომ აუფეთქო , არ გააღვიძებს. კი მაქვს ყურის აპარატი, მაგრამ რაღაც ვერ ვხმარობ . გოგოები მსაყვედურობენ - რას გადაგვაყრევინე ფულიო ! თვითონ რომ ერთ კაბაში იმოდენა ფულს იხდიან ეგ არაფერი ! ირა, თორემ ჯუნა არ არის მხარჯველი. ზაირა კეთილგანწყბილად მათვალიერებს. პარალელურად ტანსაცმელს მიფასებს, ხომ უნდა მოუყვეს ქალიშვილებს , რა მეცვა რა მეხურა. - ისე , კარგად გამოიყურები, ხო იცი... უკან გადაწეული თმაც გიხდება. მომწონს, როცა ადამიანს შუბლი უჩანს . აბა , ბალონკა ძაღლებივით რომ დადიან , ის რა მოსაწონია ? - თქვენ როგორ ბრძანდებით ? - თავაზიანად ვეკითხები და ცოტა ხანში ვნანობ. ენაწყლიანმა მასპინძელმა დაიწყო და აღარ დაამთავრა . ვენების გაგანიერება, ნაღვლის ბუშტის ანთება, პიკვიკის სინდრომი, ჩიყვი... ეს მცირე ნუსხაა იმ დაავადებებისა , რომლებიც მას აქვს და რომლებიც პერსპექტივაში ესახება. - დამასკუპეს ამ სიმაღლეზე ეს წნევიანი ქალი , თვითონ კი თბილისში გაქუსლეს . ქობულეთში ვაპირებდი წასვლას, სანატორიუმში, მიხდება იქაური ჰავა, თვალიც ისვენებს და გულიც . ვითომ რა არის ორი კვირა , მაგრამ მთელი წელი მყოფნის ხოლმე. ეს სეზონი ჩამივარდა, ირამაც თითქოს ჩემ ჯინაზე გაუშვა ძიძა , ჯუნამაც რა ქნას მარტოა, სამ 0 სამი ბავშვის მწემსვა ადვილია ? „ძიძა!“აი , ვინ იყო ჩემი მეხსიერების ბუფერში. ჩემთან სტუმრობისას ირამ ახსენა ძიძა , რომელმაც თითქოსდა ბეჭედი მოიპარა . ლადოს თუ დაეჯერება , ირამ ქურდობის სიმულაცია მოახდინა. თუ მართლა მოიპარეს , რა შუაშია სიმულაცია , და საერთოდ, ძიძის ეპიზოდი დეტალურ შესწავლას მოითხოვს. უნდა ვისარგებლო მომენტით. - თუ ბეჭედი მოიპარა, გაუშვებდა, აბა რას იზამდა! - ვინ,ძიძამ ? - დიახ. - რა ბეჭედი, რას ამბობ , ჩემო გოგო ?! - შეიცხადა ზაირამ , - ნანას ქურდობა ვინ დააბრალა ? უწესიერესი ქალია, სუფთა, მოწესრიგებული, პირადად მე ძალიან მომწონს. აჰა, ბეჭედი ბლეფია. ძიძა, სახელად ნანა , წკრიალაშვილებმა სულ სხვა მიზეზით დაითხოვეს. - მაშინ, რატომ დაითხოვეს? - კამათი მოუვიდათ. ირას ნერვებმა უმტყუნა და უხეშად მიუთითა რაღაც , ნანამაც იუკადრისა. თავმოყვარე ქალია , უმაღლესი განათლებით, რატომ მოუთმენდა? - დღეს რთულია კარგი ძიძის მონახვა, ჩემი ახლობელი უკვე ორი თვეა, უშედეგოდ ეძებს. კანდიდატურა ბევრია, ღირსეული - არც ერთი, - მორიგ ტყუილს ვაბრახუნებ და ფიჭვის წიწვს ვაწვალებ. - მეც მაგას არ ვჩივი ? - მეთანხმება ზაირა. - ხომ ვერ მეტყვით მაგ ნანას კოორდინატებს ? - ვიცი, რომ დიდუბეში ცხოვრობს, ავეჯის მაღაზიის თავზე რომ კორპუსია იქ. ირას ეცოდინება ზუსტად მისამართი . დაურეკე და გეტყვის. - ასე გავაკეთებ , - ვპირდები ზაირას და ძიძაზე რომ არ ჩაიციკლოს , შვილიშვილების ამბავს ვეკითხები. - ლუკა ფეხბურთს თამაშობს მეზობლის ბავშვებში , ნუცა წიგნს კითხულობს... - ზაირა სახლისკენ იცქირება, - რა იქნება ნუცამ ყავა მოგვიდუღოს, ჰა? ხომ გინდა ყავა, ჩე ო გოგო ? - პასუხს არ ელოდება , ხელებს სავარძლის ხასელურზე აბჯენს და წამოდგომას ცდილობს. ჭრიალზე მძინარე ბავშვი გვერდზ იცვლის , ზაირა კი შეშინებული უბრუნდება საწყის პოზიციას , - არ გაიღვიძოს ამ მამაძაღლმა! იათამზე, ჩემო გოგო, ნუ დამზარდები, გამეგზავნე სახლში, ნუცა იქნება მანდ სადმე და უთხარი, კაი მაგარი ყავა მოგვიდუღოს ორივეს. - ნუ შეწუხდებით, ზაირა დეიდა... - ყავის გარეშე არ გაგიშვებ. შენ მაინც მომიყევი, რა ხდება მკვლელობის გარშემო, თორემ ჩემებს პირში წყალი აქვსთ ჩაგუბებული. კითხვა ვერ დამისვამს, უცებ ღიზიანდებიან ხოლმე ყავა არ მინდა, მაგრამ ამ კეთილშობილურ სითხეს აქვს ერთი უნიკალური თვისება - გულახდილ საუბარში გიწვევს. ვცდი, იქნებ რაიმე საინტერესო დავცინცლო. ეზოს გავლით სახლში შევდივარ. სახლი პატარაა და საკმაოდ მოფახფახებული - წინ შუშაბანდი და სამზარეულო , უკან - ორი საძინებელი. მერაბი ყოველ წელს იმუქრება კაპიტალური რემონტით, მაგრამ ჩეჩმა ისევ გარეთაა , ირა ისევ უკმაყოფილოა. იმიტომაც ზის თბილისში, კომპორტი მიართვი ქალბატონს! უზურგო ტახტზე პირქვე გდია გადაშლილი წიგნი. „სიკვდილი ღრუბლებში“ . აგათა კრისტი . მინდა ნუცას ადგილზე ვიყო, პირველად ვკითხულობდე აგათა კრისტის და თავი ერკიულ პუაროზე მაგარი მეგონოს. საძინებლის ფანჯრები უკანა ეზოში გადის. ერთ -ერთ ფანჯარასთან ბოლოს პატარა ღრუბელი დაფუთფუთებს. ვუახლოვდები, ფანჯარაში ვიცქირები და სახტად ვრჩები. სახლის კედელთან ჩაცუცქული ნუცა სიგარეტს აბოლებს. მე რომ ანანო 13 წლის ასაკში სიგარეტზე გამომეჭირა , ჯერ თმას დავაწიწკნიდი, მერე ლექციას წავუკითხავდი თამბაქოს მავნებლობაზე. ან პირიქით - ჯერ წავუკითხავდი , მერე დავაწიწკნიდი. ნუცა ირას შვილია, აქეთ არ მომდოს შარი - იათამზემ სგარეტი გამასინჯაო. ფრთხილი ნაბიჯებით ვიხევ უკან და ნუცას შუშაბანდიდან ვეძახი! - მოვდივააარ! - მაღალ რეესტრში ყვირის ფაქტზე გამოჭერილი გოგონა და ორიოდე წუთში ფართხაფურთხით შემორბის, თან შემოაქვს სუნამოს მძაფრი სურნელი. სიგარეტის სუნის გასანეიტრალებლად ეტყობა, მთელი ფლაკონი გადაისხა. ნუცას სპორტულად აცვია. თეთრი მაისური, თეთრი კედები. თეთრი შორტებიდან გარუჯული, ნავარჯიშები ფეხები მოუჩანს. დაძაბული მიღიის, ვატყობ, გადაკოცნის ერიდება, ეშინია , თამბაქოს სუნი არ ვიყნოსო და მამამისს არ ჩავუკაკლო. ისე კი არის ჩაშვების ღირსი, ჩოგბურთს თამასობს და ჩუმ - ჩუმად აბოლებს. ხედავდეს გაბრტყელებული დედამისი! - იამზე, თქვენ საიდან ? - მეკითხება კანკალა ხმით. დროზე უნდა გავქრე , თორემ წახდა გოგო. - ბებიაშენმა ყავა მოგვიდუღოსო! - კი, რა თქმა უნდა, ახლავე! - გულზე მოეშვა ნუცას და წამში დაფაცურდა. ამასობაში, ჰამაკის ბინადარს გაღვიძებოდა და ბებიამისს ჩემს ჩანთას სთხოვდა. ზაირა უხსნიდა, რომ სხვის ჩანთაში ძრომიალი არ შეიძლება და რომ იათამზე დეიდა გაბრაზდება. „ბრაზიანი“ დეიდის დანახვაზე ბიჭი სახეზე ხელებს იფარებს და მორცხვად მიჭყიტინებს . ნაბოლარა გიორგუნა ზედგამოჭრილი მამაა, ნუთუ წკრიალას სოფოს გაჩენილი შვილი ამაზე მეტად ეყვარებოდა ? წარმოუდგენელია, აბსურდი... სადღაც მესმის ირასი, მაგრამ მკვლელობა - მეტისმეტია. ნუცას პლასტიკატის მინიატურული მაგიდა გამოაქვს, აკურატულად აფენს ხელსაწმენდებს და ყავის გამოსატანად მიდის. - ამას ენაცვალოს ბებია, ისეთი უთქმელი ბავშვია, ისეთი დამჯერე, გაგიკვირდება პირდაპირ! - ზაირა დანანებით აქნევს თავს შვილიშვილის მიმართულებით. - გაწვალდა ამ ჩოგბურთზე სიარულით, ვის გაუგია ამდენი ვარჯიში ზაფხულში მაინც დაასვენონ ? ჩამოიღე, ბიჭო, ხელი , რა პატარძალივით იპრანჭები ? - ახლა გიორგის მიუბრუნდა, - ნუ გრცხვენია, ბებია , ეს იათამზეა, კარგი დეიდა. დედიკოს და მამიკოს ამხანაგია. აბა, უმღერე შენი ლამაზი ხმით! არ გინდა ?.. აბა რა გინდა ? ბავშვი ბებიას მკლავზე ეპოტინება და პირი ყურთან მიაქვს, ზაირა სულგანაბული უსმენს. - მერე, თუ გშია, ვერ იტყვი ხმამაღლა ? ნუცას ყავა შემოაქვს და ხელსაწმენდებზე დებს. ერთ ჭიქას ბებიამისის მხარეს, მეორეს - ჩემკენ. - ნუცა, ამ გახსენებაზე , ლუკას დამიძახე, ჩემო გოგო... ვახოსთან იქნება გადასული ფეხბურთის სათამაშოდ , შეჭამოს ორი ლუკმა და მერე წავიდეს, სადაც უნდა. ნუცა უსიტყვოდ უკრავს თავს და ძმის მოსაძებნად მიდის.გიორგი ჰამაკიდან ამოძრომას ცდილობს , ბავშვი წონასწორობას კარგავს და ბადეს ებღაუჭება . - იჯექი მანდ, გაჭმევ და მერე ამოგიყვან . იამზე გენაცვალე , გამირთე პატარა ხანს ეს ყაჩაღი , ფაფას გავუცხელებ და ხელად გავჩნდები ზაირა სახლისკენ მიბაჯბაჯებს, მე მის სკამზე ვჯდები და გიორგის გართობას ვცდილობ : - მართლა იცი სიმღერა, თუ ბებო მატყუებს ? პასუხად ენას მიყოფს. ვიბნევი. დიდი რომ ყოფილიყო , ეგებ მეც გამომეყო, მაგრამ თითისხელა ბავშვს ხომ არ გავეჯიბრები ? - ეგ ვინ გასწავლა ? - ვკაცრად ვეკითხები. - ლუკამ . - სტუმარს რომ დაინახავ ენა გამოუყავიო? არ მჯერა. გიორგი მხრებს იჩეჩავს და დამრგვალებული თვალებით მომჩერებია. ჩემი არ იყოს , ისიც იბნევა, არ იცის, რა ქნას და ნიშნის მოგებით მიაქანებს პირში ცერა თითა. - მეორედ აღარ გააკეთო, თორემ მერე მეც გამოგიყოფ ენას და გეწყინება . თითი გემრელია ? - ხო. - მაშინ მეც მაჭამე. - ნწუ, - ეღიმება. იცის მამაძაღლმა , რომ თითი არ იჭმება. - გიორგუნა ნანა ძიძა გენატრება? - ხო. - კარგი იყო ნანა ძიძა? - ხო. დროა მოვკეტო , რადგან ზაირა დეიდა გვიახლოვდება ფაფიანი თეფშით. - ერთი წუთი არ მაქვს მოსვენება , სად შემიძლია ამდენი... შენ მაინც მიირთვი, ყავა, ჩემო გოგო, ცივი რად ვარგია ?! შეგრილებულ ყავას ვსვამ და ადგილს ზაირას ვუთმობ. - უნდა წავიდე ზაირა დეიდა. დიდი ადლობა. - რა გეჩქარება, იყავი ხოტა ხანი, ხელათ ვაჭმევ ამას და შენც მოგხედავ. - სხვა დროს, უკვე მომაკითხეს, - ნაჩქარევად ვემშვიდობები და ეზოდან გავდივარ. ჩემს დანახვაზე მანქანაში გაცხოველებული ლაპარაკი წყდება . ლალიკო სერგო და კლაუსი განსასჯელებივით მომჩერებიან, თავი მოსამართლე მგონია. - დაძარი, სერგო. - სად მივდივართ, რო ? - ჩვენ - თბილისში, ესენი შეგიძლია სადმე ბუნწიაღში დატოვო. - რა მებუნწიაღება , ადამიანო , აქ თურმე ისეთი ამბები ტრიალებს, მე კი ჭურში ვზივარ! - მსაყვედურობს ლალიკო. - ყველაფერი მოვუყევი . ორივეს - მიხსნის სერგო და ნაფოტა კბილებს მიჩვენებს. - შეიძლება ვიცოდე, უცხოელს რა ენაზე მოუყევი ?- ვანიშნებ კლაუსზე. - ესპერანტოზე. - დიახ, დიახ, - ადასტურებს კლაუსი და მშობლიურ გერმანულზე პიკნიკის გადადებას ითხოვს. - რუსულად ლაპარაკობდნენ , ვითო პირველად გესმის კლაუსის რუსული! - ბობოქრობს ლალიკო. - შენ რაღა მოგივიდა ? - ვეკითხები გაკვირვებული. - რა და, იდიოტის როლში გამოვდივარ . რატომ უნდა ვიგებდე სერგოსგან შენს ამბავს ? - დაგერეკა და გაიგებდი, - ამჯერად მე ვბრაზდები. რატომ უნდა ჩამებარებინა ანგარიში, ისედაც არამითხე მოამბის სახელი მაქვს გავარდნილი. თუ რაღაცას ვფაფხურობ , მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით. საკმარისია, რაც სიცოცხლეში დავაკელი ჩემს მეგობრებს. - ნუ იკამათებთ, გოგოებო, რას იტყვის უცხოელი ? - გვანამუსებს სერგო. - დიდუბეში მივდივართ, დანარჩენს გზაში ოგიყვებით. - ვამშვიდებ სამივეს და თბილისამდე არ ვჩერდები. XIV თავი გადაწყდა. ძიძასთან დასალაპარაკებლად მე მივდივარ. ცხელა. კოჯრის ნიავის შემდეგ თბილისის სადარბაზოც კი აბანოდ მეჩვენება. თურმე, ვიღაც დარეხვილი ფრანგი ბოთლებში გამომწყვდეულ მეოცე საუკუნის ჰაერს ყიდის. თან რეკლამას უკეთებს : ამ ჰაერს სუნთქავდა ჩარლი ჩაპლინი , შარლ დე გოლი, პაბლო პიკასო და მეოცე საუკუნის სხვა გამოჩენილი ტვინები. ყველაზე საინტერესოა, რომ იყიდება! მაშინ რატომ არის ფრანგი დარეხვილი ? ფრანგი ბიზნესს აკეთებს . თუ ვინმეა დარეხვილი, პირველ რიგში, მე . სად მივდივარ, ვისთან ... ზარს ვრეკავ . - ვინ არის ? - კარს მიღმა ქალის სასიამოვნო ხმა ისმის. - ქალბატონი ნანა მინდოდა... თვითონაც თუ ისეთივე სასიამოვნო ადამიანოა, როგორიც ხმა აქვს , გამიმართლა და ეგ არის. მართლაც, კარს სანდომიანი მანდილოსანი მიღებს . ასე ორმოცდაათი წლის. ცოტა ძველმოდურად აცვია, - საკინძესთან გაბანტული შავზოლიანი კოსტიუმი და მრგვალცხვირიანი ფეხსაცმელი. ხელზე ბეჭდები აუსხამს, თუ არ ვცდები , საკმაოდ ძვირფასი. - ძიძის აყვანის თაობაზე ვარ . - დასაწყისისთვის ვიტყუები, პირდაპირ ხომ არ ვაჯახებ ვიზიტის მიზანს ? - მობრძანდით , მაგრამ მგონი დაგაგვიანდათ. უკვე მივიღე შეთავაზება. იმედგაცრუებულ გამომეტყველებას ვიღებ და ბინაში შევდივარ. აქაურობას ჯერ კიდევ ატყვია ყოფილი დიდების კვალი - ბროლის ჭაღი , სამფრთიანი გორკა , ხავერდის ბურთულებიანი ფარდები , შანდლიანი პიანინო... - დავილაპარაკოთ . იქნებ მე უკეთეს ვარიანტს გთავაზობთ.? - ვნახოთ , - ქალბატონი ნანა ინტერესით მათვალიერებს. ჩემი სოციალური სტატუსის გამორკვევას ცდილობს . ცდებით, ქალბატონო , დღეს სამოსით ვერავის შაფასებ. მილიონერსაც შეიძლება ეცვას ჩემნაირი ჯინსი და უბრალო მაისური ბრალიანი ბირკით. სამკაულებიც მაქვს, მაგრამ თქვენსავით სახლში არ მიკეთია. არც შინ, არც გარეთ. სკამზე დაჯდომისთანავე ვხვდები, - არ მაქვს თვალთმაქცობის თავი . ისეთი დაცლილი ვარ , სული რომ შემიბერონ , ბაბუაწვერასავით ავიწევი ჰაერში. - რა ასაკის არის თქვენი პატარა ? - გულიბრყვილოთ მეკითხება. - ქალბატონო ნანა, ერთი თხოვნა მაქვს... - დიახ. - რაღაც მინდა გითხრათ და არ შემაწყვეტინოთ კარგი ? - კარგი. - თუ რამეა, მერე მკითხეთ. ქალბატონი ნანა შეტყუპებულ ხელებს კალთაში იწტობს და აღარ მიღიმის სანდომიანი ღიილით . ის დაძაბულია . მის ადგილას მე უარესი დამემართებოდა. - მე არ ვეძებ ძიძას... მე მკვლელს ვეძებ. ნუ გეშინიათ, ქალბატონო ნანა, თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ სიმართლის დადგენა მინდა . სულ რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ და წავალ. - არ მეშინია. მე ისეთი ძვირფასი ქმარი დავკარგე, სიკვდილისაც კი არ მეშინია. უბრალოდ, მაინტერესებს, რატომ მაკადრეთ ტყუილი? - წკრიალაშვილების გვარი რომ მეხსენებინა ვეჭვობ კარი გაგეღოთ. ქალბატონი ნანა გაგებით აკანტურებს თავს . მგონი მართებული სვლა გავაკეთე. - ალბათ გსმენიათ წყნეთში დატრიალებული ტრაგედიის ამბავი, იქ ექვსი კაცი მოწამლეს , მათ შორის, ჩემი კლასელები... - იათამზე მდივანი ხართ ? - მაწყვეტინებს ქალბატონი ნანა. - საიდან მიხვდით? - გახსენებდნენ ხოლმე... - ვინ ? - დები - ირა და ჯუნა. - როგორ... რა კონტექსტში? - მოულოდნელად ავწრიალდი. - არცთუ სასიამოვნო. - ჩემგან რაღა უნდოდათ ? - თქვენ ასოცირებული იყავით სოფო კანკავასთან . და რაც უფრო ცუდს ლაპარაკობდნენ მით უფრო კარგი წარმოდგენა შემექმნა თქვენზე. უსიტყვოდ ვიფერებ და დაკითხვის ეშხში შევდივარ. ქალბატონო ნანა, რატომ დაგითხოვეს წკრიალაშვილებმა, სხვათა შორის, ირას დედამ ძალიან გაქოთ. - პრინციპში არ იყვნენ უკმაყოფილოები. იცით, რას ვფიქრობ ... მათ არ სჭირდებოდათ ოჯახური კონფლიქტის მოწმე. - ვის, მერაბს და ირას? - არა, მერაბს იშვიათად ვნახულობდი. როცა ის შინ ბრუნდებოდა , მე უკვე წამოსული ვიყავი . ოჯახური კონფლიქტის შესახებ დებიდან ვიცოდი, ყოველთვის ვერ ითვალისწინებდნენ ჩემს არსებობას, დააყრანტალებდნენ რაღაცას და მერეღა ბრაზდებოდნენ. - განსაკუთრებით ირა : , „ნანა, გამეგზავნე მაღაზიაში“... - ნანამ ირა გამოაჯავრა და გაბრაზებულმა შეისწორა საკინძე . - კოჯორში ცოტა ამოვისუნთქე , ირა თბილისში დარჩა და აქედან გამომდინარე , ჯუნაც ჩაშოშმინდა. არვ ვაპირებდი მათი ბინძური თეთრეულის გამომძევრებას , მაგრამ ჯერ ერთი, ნაწყენი ვარ ირაზე - ნამდვილად არ ვიმსახურებდი ასეთ მოქცევას ; მეორეც , აქ ისეთი ამბავია - ადამიანები დაიხოცნენ. ასე რომ, არ მოგერიდოთ, როგორც შემიძლია , დაგეხმარებით. - გმადლობთ. მაშინ გადავდივარ საქმის არსზე: მე მაინტერესებს ირას გაბრაზების ხარისხი. შესაძლებელია მას სოფო მოეკლა ? - არ ვიცი, მაგრამ ჯუნა რომ მერაბს ემუქრებოდა, ჩემი ყურით მაქვს გაგონილი. - როგორ? - სმენა დავძაბე. ეტყობა, ისეთი სახე მაქვს , რომ ქალბატონმა ნანამ საჭიროდ ჩათვალა ცივი წყალი გადაასხას. - ნუ მიიღებთ სერიოზულად , იათამზე... ადამიანმა გაბრაზებულ გულზე შეიძლება ისეთი სისულელე დააბერტყოს , ერე თვითონაც გაუკვირდეს. ის, რომ მერაბს საყვარელი ჰყავდა, არათუ ირამ და ჯუნამ , ოჯახის ყველა წევრმა იცოდა . ზაირას და გიორგუნას გარდა. ზაირა ცალკე ცხოვრობს და შვილიშვილების გაზრდით დიდად არ იწუხებს თავს . ერთხელ, ასეთ სცენას შევესწარი : ჯუნა მერაბს თელეფონით ელაპარაკებოდა , უფრო სწორად უკიოდა: „ჩემმა დამ რომ თავს რამე აუტეხოს , იცოდე, არ გაცოცხლებ , სამსახურშიც გაგიფუჭებ საქმეს , მამობასაც ჩამოვართმევინებო“... - შეგიძლიათ მკვლელობის დღე გაიხსენოთ? - შმიძლია, რადგან სწორედ იმ საღამოს დამითხოვეს. ღამის ცხრა საათი იქნებოდა , შეიძლება მეტიც... დები აღელვებულები დაბრუნდნენ თბილისიდან და ოთახში შეიკეტნენ. როგორც მივხვდი, მერაბის მოსვლასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ. გიორგუნას კუჭი ჰქონდა აშლილი და ირას რჩევა ვკითხე. ისე გამოვიდა წყობიდან, სულ ცოფები ყარა... არც მე დავრჩი ვალში, მკვახედ ვუპასუხე. ეცა ტელეფონს და ტაქსი გამოიძახა , მერე გამომმიტანა დარჩენილი ჰონორარი - სულ კარგად მეყოლეო, მითხრა და გამომისტუმრა. - ბეჭდის მოპარვა ხომ არ დაგაბრალათ ? - რა ბეჭედი, რას ამბობთ ? - ნანა თავის ბეჭდიან თითებს დააცქერდა- რაში მჭირდება სხვისი ბეჭდები , ჩემებიც ოხრად მრჩება, ვინ გითხრათ? - ირამ. - ოიგონა. იმაზე უნამუსო ყოფილა , ვიდრე წარმომედგინა. - შეიძლება ქმრის დასაშოშმინებლად მოიგონა , რაღაცით ხომ უნდა გაემართლებინა ძიძის დათხოვდა. - ლოგიკურია, - მეთანხმება ნანა, - მძიმე ქალია ირა, ნამდვილი ფსიქოპათი . გაგონია, ქმრის ყოველ წუთში შემოწმება? მობილურშიც კი ძვრებოდა- ვინ მიწერა, რა მიწერა, რატომ მიწერა, რომელ საათზე... ამოუყვანა ყელში და იმანაც საყვარელი გაიჩინა. - ჩემზე რას ჭორაობდნენ ? - უჰ, ნუ მეტყვით! მაჭანკალიო, ქვეშქვეშაო... სუსიკოზე კიდევ უარესებს ამბობდნენ , სოფო კანკავაზე ხომ საერთოდ, - ბოროტების სიმბოლო , აღვირახსნილობის განსახიერება, ოჯახის დამანგრეველი... ორმაგად დაეჭვებული გამოვდივარ ქალბატონი ნანას სახლიდან , სადარბაზოსთან მდგარი კლაუსის და ლალიკოს დანახვაზე ეჭვი მიათმაგდება. სერგოს მანქანა არ ჩანს. - სერგო სად არის ? - გაფაციცებული ვეკითხები. - სასწრაფოდ გამოიძახეს, - ლალიკო იშმუშნება და მზერას მარიდებს. - სად ? - კოჯორში. - რა ხდება კოჯორში, მითხარი, ჩქარა! - ზაირა დეიდა გარდაიცვალა . მოულოდნელად , შენი წასვლიდან სულ რამდენიმე წუთში. ზაირა გარდაიცვალაო... მოულოდნელად... ჩემი წასვლიდან... სტოპ! ვცდილობ, მეხსიერებაში აღვიდგინო ეპიზოდი - ზაირა სახლში შედის ფაფის გასაცხელებლად , მე მის ადგილზე ვჯდები და წამოსვლის წინ მისთვის განკუთვნილ ყავას ვსვამ . ჩემთვის განკუთვნილი ყავა კი , სავარაუდოდ მან მიირთვა. ვინ მოადუღა ყავა? ნუცამ. ნუცა! ნუცას ჩემი მოკვლა უნდოდა და შემთხვევით ბებიამისი შემოაკვდა . ეს მან მოკლა ჩემი მეგობრები! ღმერთო ჩემო , ნუცა... ექსპერტიზით დადგინდა, რომ სუსიკოს დამზადებული კოქტეილი „სისხლიანი მერი“ შეიცავდა მედიკამენტს, რომლის დიდი რაოდენობით მიღება იწვევს წნევის დაცემას და გულის გაჩერებას. ფაქიზი ფსიქიკის, ემოციური მოზარდის ტვინში შურისძიების გეგმა მომწიფდა: კითხვა: ვის აქვს ამ ოჯახში წნევა ? პასუხი: ჯუნას. კითხვა : ნუცას შეეძლო წამლების მოპარვა? პასუხი: თავისუფლად შეეძლო. კითხვა : ვინ ლაპარაკობდა საზიზღრობებს ლევანის კლასელებზე ? პასუხი: ნუცას დედა და დეიდა - ირა და ჯუნა . კითხვა: ვინ აპირებდა ნუცასთვის მამის წართმევას? პასუხი: სოფო კანკავა. კითხვა: ვინ „უწყობდა“ ხელს სოფოს? პასუხი: ბავშვობის მეგობრები - მე , სუსიკო, ლადო, გიგუტა... ჩვენ , ყველანი უნდა დავსჯილიყავით, თანაც ისე, ეჭვი არავის აეღო ნუცაზე ან მისი ოჯახის წევრებზე.ხომ იწამლებიან ადამიანები სასმელით, სოკოთი, დაკონსერვებული პროდუქტებით ? წყნეთის აგარაკზე ნუცას გამოჩენა სუსიკოს არ გაუკვირდებოდა . სოფოს გამო შეიძლება არ გახარებოდა , მაგრამ მერაბის ქალიშვილს შინიდან ვერ გაისტუმრებდა, მით უმეტეს, მოგვიანებით მერაბსაც ელოდა. ნუცას თავისუფლად შეეძლო წინასწარ დაფხვნილი აბები კოქტეილში ჩაეყარა. მერე კი მოსვლია ისტერიკა, მაგრამ ვის აინტერესებს, რა იყო მერე ! - რაო, რა თქვა ძიძამ ? - ლალიკოს ხმა რეალობაში მაბრუნებს. ლალიკოს მზერით ვაჩერებ და აიორს ვურეკავ. - ისევ კოჯორში ხარ ? - ჰო. - მერე? - რა მერე... ოჯახის წევრები გვამის გაკვეთაზე უარს გვეუბნებიან . მერაბი ამბობს, ჩემი სიდედრი გულით ავადმყოფი ქალი იყო გაკვეთის საჭიროებას ვერ ვხედავო. - ირა რას ამბობს? - ირა შვილს ადგას თავზე, ნუცას ნერვული სტრესი აქვს და გაარიდეს აქაურობას . მთელი ამ უბედურების ფონზე ჯუნა გამოტყვრა აღიარებითი ჩვენებით: მორჩით დედაჩემის გვამით სპეკულაციას, მე დავხოცე წყნეთში ამოსული სტუმრებიო. - ჯუნას არ მოუკლავს! - ვყვირი. - ვიცი, რომ არ მოუკლავს , - მშვიდად მპასხობს სერგო, - ჯუნამ ირას დანაშაული აიღო საკუთარ თავზე.მაგრამ იძულებული ვარ , დავუჯერო . დებმა უკეთესად იციან თავიანთი საქმე, ალბათ ასე გადაწყდა ოჯახურ თათბირზე. „ჯუნამ ირასი კი არა ნუცას დანაშაული აიღო საკუთარ თავზე“. გულში ვპასუხობ მაიორს. მე რა უფლება მაქვს 13 წლის მოზარდი დავასმინო ? მობილურს ვთიშავ და ვცდილობ, დავემალო ლალიკოს მოლოდინით სავსე თვალებს. კლაუსი ხვდება სიტუაციის უხერხულობას და თავჩაღუნულ დგას. - არ მეტყვი, რა ხდება ? - მკლავებში მეჯაჯგურება ლალიკო. ვერ ვეტყვი. ვერც ლალიკოს, ვერც სერგოს, ვერც ვერავის. ვერასოდეს. დარცხვენილი ვემშვიდობები ორივეს და მივდივარ , სადაც ფეხებს მივყავარ... ფეხებმა სანაპიროზე მიიყვანეს. არა, თვითმკვლელობა თავშიც არ მომსვლია , უბრალოდ, წყალს მინდა გავატანო ჩემი წუხილი , მთელი დღევანდელი დღე და გუშინდელი ეჭვები. გვიან ღამით მივაღწიე შინამდე. სადარბაზოს მოპირდაპირე მხარეს , ორ ხეს შუა გჩხერილ ფიცარზე მერაბის სილუეტს ვხედავ . სიბნელეში ქაოსურად მოძრაობს სიგარეტის წითელი ნაკვერჩხალი , მიწაზე ჭიაყელებივით ყრია გაფშეკილი ნამწვები. უსიტყვოდ ვჯდები მის გვერდით. ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ . მე ვხვდები - მან ყველაფერი იცის . იმავეს ხვდება ისიც . - შენი იმედი მქონდეს?- ჩახლეწილი ხმით მეკითხებამერაბი. - ჰო. - გმადლობ. - როდის მიხვდი ? - როცა ვითომ მოპარულ ბეჭედს ირას ჩანთაში წავაწყდი . მერე კორტებზე მივედი, გადავამოწმე. ნუცა არ იყო იმ დღეს ვარჯიშზე . ტაქსი დაუჭერია და წყნეთში ასულა. ვარჯიშის დამთავრებისთვის უკვე თბილისში იყო, ეჭვი რომ არავის აეღო. - როდის გამოტყდა? - დღეს, ბებიამისის სიკვდილის შემდეგ. - მიკვირს, მე რომ არ დამაბრალა. - აზრი არ ჰქონდა , ისედაც შორს შეტოპა. - ირამ იცოდა ? - ხვდებოდა, მაგრამ არ უნდოდა დაჯერება . პირდაპირ დაკითხვას ვერიდებოდით , ბავშვი ისედაც დათრგუნვილი იყო. სირაქლემის პოზიცია დავიკავეთ და აი, შედეგიც. - ჯუნა არ გეცოდება ? - ნუცა უფრო მეცოდება, - მერაბი სიგარეტს მიწაზე აგდებს და ახალ კოლოფს ხსნის. - რას აპირებს? - ჩოგბურთის თამაშს საზღვარგარეთ წავიყვან , სპორტულ სკოლაში ჩააბარებს . ადრეც ჰქონდა შეთავაზება და უარი ვუთხარი. უნდა მოვაშორო აქაურობას, სხვა გზა არ მაქვს . - ჰოო... - ირას ვეყრები. - კაი დროსია... ვჩუმდენი . ახლომახლო კუთავს უხილავი ჭრიჭინამაწანწალა ძაღლმა ჩაგვიარა საქმიანი ცუხცუხით . ზედაც არ შემოგვხედა. - მართლა აპირებდი სოფოს ცოლად მოყვანას? მერაბი უარყოფის ნიშნად აქნევს თავს . ჩვენ აღარაფერი გვაქვს სალაპარაკო . სათქმელი ითქვა , გასაკეთებელი გაკეთდა! ფინიტა ლა კოედია! სადარბაზოსკენ მივდივარ ნელი ნაბიჯით. კეფაში ჩემი მეგობრის მზერას ვგრძნობ , ყოფილი მეგობრის... * * * ბორჯომში წასვლა მატარებლით გადავწყვიტე და დიდი შეცდომა დავუშვი. ვაგონი ქათმიანი ქალებით, ტომრიანი კაცებითა და ხმაურიანი ბავშვებით გაივსო. გასვლამდე ოცი წუთია დარჩენილი .შემიძლია ჩამოვიდე და მიკროავტობუსს დაველოდო , თუმცა იქვე მახსენდება წყნეთში ტაბურეტით მგზავრობა. იქაც რომ ვერ მივასწო, სად წავიღო მატარებლის ბილეთი ? და საერთოდ დღესაც თუ გადავდებ სუსიკოს შვილის ნახვას , სუსიკო საფლავიდან ამოხტება და სახეში შემაფურთხებს. ამიტომ კუთხეში ვიყუჟები და ვცდილობ , ვიფიქრო რაიმე სასიამოვნოზე, მაგალითად როგორ გაუხარდება თამროს ჩემი დანახვა, როგორ დაუძახებს ბებიას და ბაბუას, როგორ როგორ გამოვლენ ჩემს სანახავად თაზოს უბედური შობლები , როგორ მოადგებათ თვალზე ცრემლი ... იმიტომ კი არა , რომ ჩემი დანახვა ეწყინებათ იმიტომ რომ რო ტავიანთი კვდარი შვილები გაახსენდებათ. „მორჩი თავის მართლებას , არც შენ გამოეკერები ცას . გამოიფხიკე ყურები და გაეპასუხე მობილურს, ცხოვრება გრძელდება ბზიკო“- ამძახის უჩინარი სუსიკო. ჩემ მობილურზე დათას ნოერი ინთება. - გისმენ. - რა ხმაურია მანდ? -ითხულობს დათა. - მგზავრები აოდიან მატარებელში. - მატარებელსი რა გინდა ? - ბორჯომში მივდივარ , სუსიკოს შვილის სანახავად. - ააა... - უკვირს დათას. - ალე ჩამოვალ. - ვამშვიდებ, ჩემი ჭკუით. - აბა, შენ იცი. - მოკლედ მიჭრის და თიშავს. სულ ეს იყო. პრინციპში , ისეთს არაფერს ველოდი, მაგრამ - “აბა შენ იცი!“ - არაფერზე უარესია. შენ რას იტყვი სუსიკო ? კაცი, რომელიც დაკარგულ ფეხსაცმელს მოგართმევს პრინცივით , ტყვეობიდან დაგიხსნის , ღამეს შენთან გაათევს და დილით დაჭრილი მუსტანგის თვალებით გიყურებს , უცებ გეუბნება „აბა შენ იციო!“... ვიღაც ქოშინით ჯდება ჩემ გვერდით. ზედაც არ ვუყურებ . იმედგაცრუებული ვიცქირები ფანჯარაში. ბაქანზე ხალხი ირევა - ქათმებით, ტომრებით, ჩემოდნებით... - რაზე ჩაფიქრდით ? - მესმის ნაცნობი ხმა. დათა- ჩემი ავგუსტუსი, პრინცი, იმპერატორი, მუსტანგი... - გვერდით მიზის და იღიმება თავისი განუმეორებელი ღიმილით. - აბა, შენ იციო... - ვახსენებ. - მერე, შენ რა მიპასუხე? - მე შეურაცხყოფილი დავდუმდი. - გულში რა იფიქრე? - გულში ვიფიქრე: სულ ეს იყო ? „მატარებელი თბილისი- ბორჯომი გადის მეორე ლიანდაგიდან“ - მიკროფონიდან ოპერატორის უფერული ხმა იღვრება. - წავედით, თორემ დაიძრა მატარებელი, - ხელს მკიდებს დათა. - მე ბორჯომში მივდივარ, - ვამბობ ცოტა არ იყოს, დაბნეული. - ჩვენ მივდივართბორჯომში. ჩემი მანქანით. თავპირისმტვრევით გავრბივარ გასასვლელისკენ, ვახტებით ფუთებს, გალიებს და დაძრული მატარებლიდან ბაქანზე ვხტებით. შენ, როგორც ყოველთვის, მართალი ხარ , სუსიკო - ცხოვრება გრძელდება „დასასრული“ ავტორი: მაია ბურჭულაძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.