შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისფერი სასახლე (თავი I)


10-02-2018, 22:01
ავტორი maryem
ნანახია 1 197

დილაადრიანად თითქოს სამოთხეში გადავინაცვლეო, მივაბიჯებდი მარმარილოებიან, რომელიღაც რომაელთა ნახატებითა და ძველბერძნული ქანდაკებებით სავსე დერეფანი. ეს მხოლოდ შესასვლელი იყო. რამდენჯერაც არ უნდა წარმომედგინა, თუ როგორი ზღაპრული იქნებოდა მომდევნო ოთახი, მით უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, თუ რაოდენ მცირე ფანტაზიის უნარი მქონია... არადა, პირიქით მეგონა.
სინათლიდან უფრო დიდ სინათლეში ვინაცვლებდი. მაღალი ფანჯრებიდან შემოსული ზღვა სინათლე მტვერსაც კი აბრწყინვალებდა. მტვერიც კი ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა, მისით ფილტვების გაჯერება მომინდა. ქრისტიანულ ტაძრებში რომ ჭერს ახედავ ხოლმ... რატომღაც ეგ მომაგონდა. არც წმინდანთა ცხოვრებამ, არც წმინდა წიგნებმა თუ საკმევლის საამო სურნელებამ, არამედ ამ სურათმა გააღვიძა ჩემში ღრმად მიძინებული ღმერთი, მომინდა შემეგრძნო და შევსვწდომოდი მას. მოულოდნელად ჩემს წარმოსახვაში აჟღერებული ორღანი ერთ-ერთი მცველის ხრიწინმა ჩაანაცვლა, კონსტანტინე გიბარებსო.
შემეშინდა.
მომერიდა.
მესიამოვნა.
შემრცხვა.
კვლავ შემეშინდა.
ჩვენში სხვაგვარად იყო, მეფეს სახელით არავინ მოიხსენიებდა, საერთოდ არავინ.
უფალი,
ბატონი,
მამა
და კიდევ სხვა უამრავი ეპითეტი თუ მეტაფორა.
კონსტანტინეზე უამრავი ამბავი თუ ლეგენდა დადის. ამბობენ, უბორკილო ლომი ჰყავს და მის დასაპურებლად, მისივე გალიაში, მცველების გარეშე შედისო.
ამბობენ!
კონსტანტინე კი უცნაური კაცი იყო. მკაცრი შესახედაობის, თუმცა ერთი შეხედვითაც იყო აშკარა, რომ თაგვის დანახვაც კი აშინებდა. მუდმივად თეთრები ეცვა. თეთრი მოსასხამი... თეთრი ჯოხი, ოღონდ ზურმუხტის თვლით. მოჩვენებასავით დაძრწოდა სასახლის კედლებს შორის ხოლმე, ჯოხს კი ისე ძლიერ ურტყამდა იატაკს, შეშინებული სასახლის ბაღის ყვავილებიც კი თავს ხრიდნენ. არ იყო ხანში შესული, თუმც ხელები ძლიერ დანაოჭებოდა. მის დანაოჭებულ კანს კი თანავარსკვალევით შეჯგუფული ხალები ამშვენებდა.
მეფის ოთახისაკენ მაღალი, ქერათმიანი, ალბათ ჩემი ასაკის ბიჭი გამიძღვა. ერთი შეხედვით დაგამახსოვრდებოდა მისი გარეგნობა. უშნო სახე, თუმც იდეალური ნაკვთებით. თეთრი კანითა და ჩაშავებული უპეებით. გადაღლილი და მკვეთრი, ჭაობისფერი თვალებით. რამდენჯერაც არ უნდა შეგეხედა, გეგონებოდა ის-ის იყო ცრებლები მოეწმინდა. თუმც, მაინც მხიარულად და უდარდელად იყურებოდა აქეთ-იქით და ყოველ დეტალზე იღიმიდა, ან ჩაიცინებდა ხოლმე, თითქოს იმ სევდის საგულდაგულოდ დამალვას ცდილობდა, ერთი შეხედვითაც რომ ეტყობოდა უშნო სახეში ჩალაგებულ თითოეულ ლამაზ ნაკვთზე.
- ლუკას! - შემომეგება მეფე. სხვა ქვეყნის მმართველებისგან საგრძნობლად გამოირჩეოდა. ხელქვეითებს მეგობრულად ექცეოდა და მათგანაც მსგავს დამოკიდებულებას მოითხოვდა. ყველა სახელით მიმართავდა. მონაც კი.
- კონსტანტინე, როგორ ბრძანდებით? - ჩემში ორპირმა ადამიანმა გაიღვიძა და მზრუნველად მოიკითხა ბებერი მონარქი.
- მშვენივრად! როგორ მიდის სარაჰის ოთახის მოხატვა?
- სულ რაღაც ორი კვირის სამუშაოღაა დარჩენილი. გუშინ თქვენმა დამ, სარაჰმა, მოინახულა და კმაყოფილი დარჩა.
- მინდა, რომ ახლავე შეწყვიტო ეს საქმე! ყველაფერი სანდო მხატვარს გადააბარე, შენ კი ჩემს სამსახურში ჩადგები!
- შუა გზაში მივატოვო?
- დიახაც!.. გეორგე, -დაუყვირა მან თავის მსახურს- ვინმეს სასმელი მოატანინე, დილის მერე გამომშრალი მაქვს პირი!
ბებერმა მეფემ, რომელსაც თავი თეთრ მოსასხამში მტრედად წარმოედგინა, რეალურად კი ყველა მკვდარ, აყროლებულ კატას ხედავდა მასში, ოთახის გარშემო სიარული და რაღაცის ძებნა დაიწყო.
- მოგეხმარო, კონსტანტინე? - შესთავაზა ჩემს გვერდით მდგომმა ქერა მამაკაცმა, ცოტა ხნის წინ მეფის ოთახისკენ რომ გამომიძღვა.
- არა, ჰუკ! დაგავიწყდა? ჩემს ნივთებს მხოლოდ მე ვეხები! - და უჯრის ქექვა თითების კანკალით განაგრძო.
მოულოდნელად ცისფერი საღებავით ჩემსკენ გამოიწია. გზაში მოკლე და სქელი თითი მასში ჩააწო და შემდეგ სახეზე , შუბლიდან ტუჩამდე, წამისვა.
- დღეიდან! - წამოიძახა აღტაცებულმა - შენი ცხოვრება ესაა, დედოფლის ოთახი უნდა მოხატო. ლურჯი, თეთრი... კიდევ რა ფერი დაგჭირდება?
- რაიმე განსაკუთრებული უნდა დავხატო?
- ოთახის ნებისმიერ კუთხეში უნდა გრძნობდე ზღვის ტალღებს. კარის გაღებისთანავე უნდა შეიგრძნო მისი სინესტე და საბერძნეთის სურნელი.
- სიტყვას გაძლევ, ოთახთანაც რომ ჩაიარო ზღვის ხმას გაიგებ! ასეთი სასიამოვნო რამ ჯერ არ გამიკეთებია.
- ჯერ მარიას ოთახს მოხატავ, შემდეგ კი, ნელ-ნელა, მთელ სასახლეს ტალღებში გაახვევ. მე მჯერა შენი. ახლა კი შეგიძლია წახვიდე.
უბედნიერესი ვიყავი, რადგან მეფეს ხელზე ამბორი არ უყვარდა და ბებერი თითების ლოკვა არ მჭირდებოდა. უმნიშვნელოდ დავუკარი თავი და ქერა ჰუკთან ერთად ჩემთვის გამოყოფილი ოთახისაკენ წავედი.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

რა საინტერესოა. განსხვავებულია და წინასწარაც ვერ გამოიტან დასკვნას თუნდაც მეორეხარისხოვანს სიუჟეტის განვითარებასთან დაკავშირებით. ძალიან მომეწონა და წარმატებებს გისურვებ.

 


№2  offline წევრი maryem

Anuki96
რა საინტერესოა. განსხვავებულია და წინასწარაც ვერ გამოიტან დასკვნას თუნდაც მეორეხარისხოვანს სიუჟეტის განვითარებასთან დაკავშირებით. ძალიან მომეწონა და წარმატებებს გისურვებ.

ძალიან დიდი მადლობა ინტერესისთვის <3

MoonLady
მოცულობით ვერ მომხიბლე.
კარგია. საკმაოდ გამართულია და ლექსიკური მარაგიც მშვენიერი გაქვს.
ველი შემდეგს.

სიმართლე გითხრათ, არც ისე დიდი მოცულობის თავებისგან შედგება რომანი. დაელოდეთ შემდეგ თავებსაც. :) იმედია, გამოცდილების მიღებასთან ერთად დავხვეწ.

 


№3 სტუმარი იოანე

საინტერესოა ძალიან. წარმატებები და ველი გაგრძელებას <3

 


№4  offline წევრი maryem

იოანე
საინტერესოა ძალიან. წარმატებები და ველი გაგრძელებას <3

მადლობა, იოანე :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent