პაემანის დღიურები: ლოდინი, წუწუნი და ფეისბუქის მეგობრების სახე სესილის დღიურებში. თავი 3
ექვსი ნომერი ჩემკენ მოდიოდა, მოდიოდა რა, სამ ნაბიჯში ჩემთან გაჩნდა. ხბოს მზერით ავხედე. მე მას მხოლოდ მხრებამდე ვწვდებოდი. - რა? - მხოლოდ ეს ვკითხე და გული ყელში მომაწვა. - არაფერი, - მიპასუხა ღიმილით. გაკოცებ ახლა და სახლში რომ ახვალ, დაგირეკავ, კარგი? - კარგი! - დავემორჩილე. არადა, რომ ეთქვა, ახლა გაგტყიპავო, მაგაზეც დავთახმდებოდი. ის კიდევ ნებართვას იღებდა ჩამგან... თავი ავწიე და თვალები დავხუჭე. კოცნის მოლოდინში იმანაც არ დააყოვნა და ნაზად შეეხო ჩემს ლოყას. ცოტა ხანი ვაცადე, მაგრამ თავი გაწია. - სულ ეს იყო?! - იმედგაცრუებულმა ამოვიძახე, გულში ეს იყო?! - იმედგაცრუებულმა ამოვიძახე, გულში. - კარგად იყავი, - ხელი დამიქნია და მანქანაში ჩაჯდა. როცა ეზოდან გავიდა, მერე გამახსენდა, რომ ჯერ კიდევ გაქვავებული ვიდექი ადგილზე. ლიფტის გამოძახებას აზრი არ ჰქონდა, გაფუჭებული იყო. ამიტომ ფეხით ავუყევი კიბეებს. მერვე სართულზე რომ ავედი და სულს ძლივს ვითქვამდი, მაშინ გაიღო კარი და წყვილი გამოვიდა კისკისით. არ ვიცნობდი და არც საჭიროდ ჩავთვალე მისალმება. სანამ კარები დაიხურებოდა, შევედი და დარჩენილი ოთხი სართული ლიფტით ავედი. სახლის კარები გავაღე და ოთახში შევედი. მერე პალტო იქვე დავაგდე და ლოგინზე დავემხე, მაგრამ ვერ ვტიროდი. არადა, როგორ მინდოდა ახლა ტირილი!!. სასწრაფოდ წამოვხტი და სიგარეტი მოვძებნე, მოვუკიდე და ნაფაზი დავარტყი. რას ნიშნავდა მისი ბოლო საქციელი? - დავიწყე ხმამაღლა მსჯელობა და საწოლის წინ, სარკეში შევათვალიერე ჩემი ანარეკლი. - სესილი, იცი, რა იყო ეს? - ვკითხე ხმამაღლა ჩემს თავს, მაგრამ ანარეკლი ზუსტად ისე იჯდა და ეწეოდა, როგორც მე. ტანსაცმელი დაულაგებლად შევყარე გარდერობში და ოთახი მივასუფთავე. მერე საძულველი პაჟამო გავიხადე და უბრალო მაისური ჩავიცვი. თვალი წამდაუწუმ ტელეფონის ჩამქრალი ეკრანისკენ გამირბოდა. აკი მითხრა, დაგირეკავო. რატომ, რატომ არ მირეკავს? ან ეს ლოყაზე კოცნა რაღა იყო? ასე ვინ იქცევა, როდის კოცნიან ბიჭები გოგოებს ლოყაზე... როცა რა? უყვართ? თუ გული არ სურთ, რომ დაწყვიტონ და აფრენდზონებენ?“ - ამაზე პასუხები მჭირდებოდა და მარტო ვერაფერს ვიზამდი. დავიჯერო, იმდენად არ მოვეწონე, რომ ტუჩებში ვერ მაკოცა? რატომ არ მაკოცა ტუჩებში? ასე იქცევიან კაცები? ვცდილობ, გავიხსენო... გადავწყვიტე, კაცების დარგში სუპერექსპერტი მოვიწვიო, დავურეკო. არადა, როგორ არ მინდა ჯერ, ვინმეს მოვუყვე ეს ამბავი, ან რა არის აქ მოსაყოლი? მოკლედ, საკუთარ თავს ხვალ საღამომდე მივეცი ვადა. როგორც კი ამ ვადაში ჩემი ექვსი ნომერი აღარ გამოჩნდება, ყველაფერს მოვუყვები ქეითს და დაე, ერთად ვიმტვრიოთ თავი, რა იყო ეს ყველაფერი. ქეითი ჩემი მეგობარია, მხატვარი. იდეაში ეს სახელი საერთოდ არ უხდება, მე მაგალითად, ქეთენოს ვეძახი. ისე, ერთი შეხედვით ლამაზი, საყვარელი გოგოა, რომელიც ნატურმორტებს და პეიზაჟებს ვერ გასცდა, მისი ხელოვნების აღქმა აქ მთავრდება, მაგრამ ამავე დროს, ძალიან კარგი მრჩეველი და დამრიგებელია. ეგაა, სხვაზე გამოსდის კარგად რჩევები და დარიგება, თორემ თავად ახლა ვიღაც ცვატა ბერძენიშვილს გადაეკიდა და იმაზეა შეთხლეშილი. ყოველ საღამოს მწერს ამ ბიჭზე - ,,რა ჭკვიანია, რა სიმპათიურია, რა კარგი ღიმილი აქვს; იცი, ჩემი არ იყოს, შემწვარი კვერცხი უყვარს“. ამიტომ ასკვნის, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი. ვეხვეწები, ვემუდარები, რომ მისწეროს, ბოლოს და ბოლოს რამე დაულაიქოს, მაგრამ ამაოდ, მხოლოდ ყურებით და ოცნებით შემოიფარგლება. – „ჯერ ადრეა სესილი, რა მივწერო, აბა? რომ არ მოვეწონო?“ არა, ქეითი რომ ვინმეს არ მოეწონოს, გამორიცხულია, ჩემგან განსხვავებით, მაგრამ ჰა, არ უნდა, ეშინია და მე რა ვქნა. ჰოდა, მიწევს ყოველ საღამოს ცვატას სტატუსების განხილვა და მასზე ოხვრა-კვნესის მოსმენა. იმედია, მალე გადაუვლის და დამშვიდდება. სამშაბათი დილას ათზე გამეღვიძა. თვალები არ მქონდა გახელილი, რომ მაშინვე ტელეფონს ვწვდი და ჩავრთე, მაგრამ ამაოდ. არც შემოსული ზარი, არც მესიჯი. რაღაც მომწყდა გულიდან და რიხინ-რიხინით ჩაგორდა სადღაც სიღრმეში. მომენტალურად მოვიბუზე და მოვიშხამე. რა გაეწყობოდა... თავად არ ვაპირებდი დარეკვას. შესაბამისად, ან უნდა მელოდა უსასრულოდ, ან ხელი ჩამექნია. მერჩივნა, უსასრულოდ მელოდა. რომც დამერეკა, არ ვიცი, რა უნდა მეთქვა. რამე მაინც დამრჩენოდა მანქანაში. ლოგინში მთელი დღე გავატარე, საჭმელიც არ გამხსენებია. ასე თუ გაგრძელდა, იმ მომატებულ სამ კილოსაც მალე დავიკლებ. ეგ მომწონს... შეყვარებულობის დროს, თუ რაცა მჭირს, მადა მეკარგება და ვერ ვჭამ. ხან ფილმებს დავუარე, ხან სერიალებს, მაგრამ თავიდან ვერ ამოვიგდე. ცალი თვალი ტელეფონისკენ გამირბოდა. ისე დაღამდა, არანაირი ზარი არ შემომსვლია. არც მესიჟი. საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი. რა თქმა უნდა, არც ქეთენოს შევატყობინე ჩემი ამბები. მან კიდევ კარგი ამბები მომწერა, როგორც იქნა, გაბედა და ცვატას დაულაიქა ერთ-ერთი რიგითი პოსტი. ეს კიდევ დაახლოებით ისეთივე ნახტომი იყო მის გამბედაობაში, როგორც ადამიანის მთვარეზე დაჯდომა. საბოლოოდ, საღამოს რვა საათზე ჩავიქნიე ხელი, აბაზანაში შევედი საბანაოდ, მერე დავიძინე. ოთხშაბათი - საერთოდ არ გამოჩენილა. მისი სახელი, „ექვსი ნომერი“ – ჯერ „აფერისტად“ გადავაკეთე, მერე საერთოდ წავშალე. რა აზრი ჰქონდა მის ლოდინს? ქალაქში ჩავედი და თეკოს შვხვდი, რომელსაც ჩემი უხასიათობა შეუმჩნეველი არ დარჩენია. - სესილი, რაღაც აუხსნელი სევდა დაგყვება, რა გჭირს? - აბა, რა მეთქვა. პმ-ს დავაბრალე და მისი ისტორიის მოსასმენად მოვემზადე, ვიღაც ბიჭს ხვდებოდა და უკვე საქმე იქამდე იყო მისული, დღე-დღეზე სექსი უნდა ჰქონოდათ, მე კი ეპილაციაზე მთხოვდა გაყოლას, რაც რა თქმა უნდა, მეზარებოდა. საერთოდ, დანაშაულად მიმაჩნია და მეგობრობაში ბზარის გაჩენად, გაჰყვე მეორე ადამიანს შოპინგზე, ეპილაციაზე და სალონში. საქმეები მოვიმიზეზე და საღამოს ათ საათზე მოვედი სახლში. კარებს ვაღებდი, როდესაც ტელეფონმა დარეკა. გასაღები მეკავა ხელში და იქვე დავაგდე, ტელეფონს ვეცი, რომელიც, როგორც აუცილობლობა და მერფის კანონი მოითხოვს, სადღაც ჩანთის უფსკრულებში იყო ჩავარდნილი. მეოთხე ზარზე ამოვიღე და ვუპასუხე - მამაჩემი იყო. მკითხულობდა, რამე ხომ არ მინდოდა. პირველად მომივიდა გული მამაზე, რომ მირეკავდა. აი, რას ვერჩოდი? მგონი, უხეშად ველაპარაკე. ხუთშაბათი. დილიდან ბანკში წავედი. დედაჩემმა ოთხასი ევრო გამომიგზვნა იტალიიდან და უნდა გამომეტანა. მერე მარკეტში საჭმელი ვიყიდე. ლიფტი ისევ გაფუჭებული იყო. ამიტომ ფეხით ამოვედი. მეხუთე სართულზე ვიყავი, როცა ტელეფონმა დარეკა. რადგან როგორც ყოველთვის, ჩანთაში მეგდო და ორივე ხელში მძიმე პარკები მეკავა, დავიკიდე. მერე ამოვალაგე საჭმელი, შევალაგე, სახლი დავალაგე და სადღაც შვიდისკენ გამახსენდა, რომ ვიღაც მირეკავდა. ვნახე ტელეფონი და იქვე გავშეშდი. ექვსი ნომერი იყო. ბოლო სამი რიცხვით ვიცანი, მოუხედავად იმისა, რომ მისი ტელეფონი წავშალე. თავიდან არ წამიშლია. უბრალოდ, ვცდილობდი, პირველი ოთხი რიცხვი არ დამემახსოვრებინა, რომ მერე ვაი და ერთხელაც დამერეკა. მაშინვე გადავურეკე, თუმცა გამითიშა. ავნერვიულდი. გამიხარდა ისე, ისე, რომ სიხარულით ლოგინზე გადავკოტრიალდი. მერე ვიხტუნავე. სადღაც რვა საათისკენ ძლივს გადმომირეკა. ძლივს დავიმშვიდე ხმა და მესამე ზარზე ვუპასუხე. - მომენატრე, პატარავ! - მიპასუხა ხმამ. გავშეშდი. - მეც-მეთქი, - მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვერ ამოვთქვი. - ჰო, კარგია, - ვუპასუხე. - შენ არა? - აგრძელებდა ხმა. აქაც გავჩუმდი. როგორ მინდოდა მეკითხა, სად იყო აქამდე, რატომ არ ჩანდა, მაგრამ აბა, რატომ უნდა მეთქვა? კიდევ კარგი, საერთოდ ვერ მხედავდა, სახეზე მეწერა ბედნიერება. - მმ, ჰო, რავი, არ მიფიქრია, - ვუპასუხე გულწრფელად და გავირინდე. - ხვალ რა გეგმები გაქვს? - ხვალ არაფერი, - ვუპასუხე გულწრფელად. სულ რომ მქონოდა, ყველაფერს გადავდებდი და მას ვნახავდი. - ხო და ხვალ რომ გნახო, რას ფიქრობ? - არაფერს, შევხვდეთ, - ვუპასუხე უემოციოდ. - რა გჭირს, სესილია? - არაფერი, რა უნდა მჭირდეს? - რაღაცნაირი სიტყვაძუნწი ხარ. - აა, ნიორი ვჭამე და ... - ვიმართლე თავი, მაგრამ გამახსენდა, რომ ეს არ ჭრიდა ტელეფონით ლაპარაკისას. აი, მას კი გულიანად გაეცინა. - კარგი, ხვალ დამირეკე, რომელზე შევხვდეთ, - ვუპასუხე და გავთიშე. რაღაც ჩამწყდა გულში. ასე მგონია, რომ მეთამაშება და ახლაც იმიტომ მალოდინა ამდენი, რომ ჩემი თავშეკავება აინტერესებდა. თუმცა, რომ არ გამოვჩნდი, თავად ,,გატყდა". ან რად უნდა ეს თამაში, ვერ ხვდება, რომ თავდამსხმელი ეგაა? ლოგინზე მივეგდე და ფეისბუქის სქროლვა დავიწყე, თუმცა ვის რას ვულაიქებდი, არც მახსოვს. უბრალოდ, ცერა თითს ვამუშავებდი ავტომატურ რეჟიმში. ისე გავერთე, რომ ვიღაცის ძაღლის დაკარგვა დავაჰაჰაე და სანამ პატრონმა არ მომწერა „პმ-ში“, რა გაცინებსო, ვერც მივხვდი. მერე მოვუბოდიშე, ეტყობა დამეჭირა, რას ამბობ, ძალიან განვიცდი-მეთქი და თუ გინდა, გავაზიარებ-მეთქი და ცხოვრებაში პირველად, ჩემს ფბ-ზე ცხოველის ფოტო გაჩნდა. ძაღლების ძალიან მეშინია. შესაბამისად, არც ჩემს ვირტუალურ სამყაროში არ არის მათი ადგილი. გადავწყვიტე, გემრიელი რამე მომემზადებინა და სამზარეულოში დადებულ პარკს დავხედე. დიდი კულინარი არ ვარ, თუმცა სოსისი, სპაგეტი, მაიონეზი და სოკო მქონდა. მგონი, რაღაც გამომივიდოდა და გადავწყვიტე, დაძინებამდე დრო ასე გამეყვანა. ტელეფონმა კვლავ დარეკა. ვუპასუხე და რადგან ორივე ხელი დაკავებული მქონდა, ხმამაღალზე ჩავრთე. ექვსი ნომერის ხმამ დამიარა მთელ ტანში. - სესილი, მე მაინც ვფიქრობ, რომ გაწყენინე. ალბათ, ის გეწყინა, რომ არ დაგირეკე. ძალიან დატვირთული დღეები მქონდა. თამაში, ვარჯიში, - დაიწყო თავის მართლება და გამოგიტყდები, ძალიან მსიამოვნებდა მისი ეს თავისმართლება. ისე, რომ გუნებაც გამომიკეთდა. - არა, არ ვყოფილვარ ნაწყენი, - ვიცრუე ურცხვად. ვსაქმიანობდი. - ჰოო? რას აკეთებდი? - ახლაც ვაკეთებ, ვახშამს ვუკეთებ... - ვის? - ხმა შეეცვალა და რაღაცნაირი გაუხდა. - ჩემს თავს, კიდევ ვის უნდა გავუკეთო? - გავიოცე. - მე არ გამიკეთებდი? - ვნახოთ, შეიძლება გამეკეთებინა კიდეც, ყველას არა აქვს ის ბედნიერება, რომ ჩემი ნახელავი გასინჯოს, - დავიფასე თავი. აი, ახლა ძალიან მომწონდა ჩემი პერსონა, ასე რომ ველაპარაკებოდი. - იცი, მშია. ახლა გამოვედი ვარჯიშიდან. ჰოდა, მოდი, შენ მავახშმე. - ოი, დედიკო!! ყველაფერს ველოდი, ამის გარდა. ავწრიალდი და კინაღამ ხელიც გავიჭერი. - სესილია, რატომ გაჩუმდი? - არა, ვფიქრობ, რა გაჭამო, რომ... - რასაც შენ ჭამ. რას აკეთებ? - სპაგეტს, - ვუპასუხე გულწრფელად. - ჰოდა, ნახევარ საათში ამოვალ და, ან რომ ჩაგაცივდი, იქნებ არც გინდა ჩემი სტუმრობა... - გულმა ბაგაბუგი დამიწყო. - ამოდი! - ვუთხარი და მაშინვე ვინანე. მივიხედ-მოვიხედე რა ჩემს ოთახში, ყველაფერი თავდაყირა იყო. არა, ისე ძალიან არ მაწუხებდა, მაგრამ სტუმარიი, თან ექვსი ნომერიიი... - კარგი, დამელოდე, ნახევარ საათში ამოვალ. რამე წამოგიღო? - არაფერი, მოდი შენ! - ვუპასუხე და ყურმილი ახლა უკვე მან გათიშა. ხუთი წუთი მაინც ვიჯექი გაშეშებული, მერე კი დამკრა თავში, რაც ჩავიდინე და ოთახში დავიწყე წრიალი წინ და უკან. ჩემი მაიონეზიანი სპაგეტით როგორ მომეწონებინა თავი? ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი ალბათ საჭმლის შეკვეთა იქნებოდა და მერე ჩემს გაკეთებულად გავასაღებდი, მაგრამ ვეჭვობ, 15 წუთში ვინმეს ამოეტანა, თან პლატოზე სპაგეტი. მადაც დამეკარგა და ავწრიალდი. ამ გახევებაში კი ათი ძვირფასი წუთი გავიდა უკვე. მე კიდევ ჯერ არაფერი მქონდა მზად. არა, რა ვქნა?.. დაელოდეთ გაგრძელებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.