შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაემანის დღიურები. ეპიზოდი 6. პირველი კოცნა მთებში


21-02-2018, 21:05
ავტორი anushka 5
ნანახია 2 200

სადღაც ექვსი ხდებოდა, სახლში რომ ავხოხდი. ნანერვიულები, დაღლილი, ყველა გრძნობა არეული. ძლივს გავაღე კარი და შემოსასვლელშივე დავყარე ტანისამოსი, რომ სწრაფად შევვარდნილიყავი აბაზანაში და პოლიციის განყოფილების, პატრულის და იქაურობის გახსენება კანიდან მაინც ჩამომებანა.
ცხელმა წყალმა ცოტა აზრზე მომიყვანა, მერე კი საძინებელში გავლასლასდი და ლოგინში ჩავწექი. დღეს თერთმეტ საათზე ვხვდები ექვს ნომერს, რომელიც რაღაც საოცარ სიურპრიზს მპირდება. ცალკე ინტერესი მკლავს, ცალკე დაღლილობა. ამიტომ დეტალურად არც გამომიკითხავს, რას უნდა ველოდო.
თან, მერე აბა, რა სიურპრიზი გამომივიდო
და. დავწექი თუ არა ლოგინში, მაშინვე დამიფრთხა ძილი და ცხრა საათამდე ვბორგავდი. მერე ფეისბუქზე შევედი. ეგრევე ბექა ჭანკვეტაძის სტატუსი შემომეფეთა. მაღიზიანებს ეგ ბიჭი. სულ მგონია, მთელი დღეები ზის და მხოლოდ სტატუსების მოფიქრებაზე ფიქრობს. ამჯერად, თემა ყველაზე თამამ სექსუალურ ამბებს ეხებოდა და ისეთები წავიკითხე, ამ ისტორიების ფონზე ჩემი ოდესღაც შეთხლეშილი ქალიშვილობა თავისით აღმიდგა.

საათს დავხედე. ტელეფონზე ვერ დამირეკავდა ექვსი ნომერი, საათი კიდევ უკვე ათს მიჩვენებდა. რაღა მექნა, ისე კი, პირველად დამეზარა ექვს ნომერთან შეხვედრა. მთელი დღე მინდოდა ლოგინში ვწოლილიყავი და არაფერზე მეფიქრა.

თერთმეტ საათზე უკვე ჩემი კორპუსის ქვემოთ ვიდექი და ის-ის იყო, გაბრაზებას ვაპირებდი, რატომ იგვიანებს-მეთქი, ექვსი ნომერის პორშე კაიანიც შემოზიზინდა ეზოში.
გეზი გუდაურისკენ ავიღეთ. ეგაა, მომერიდა თქმა, რომ სრიალი არ ვიცოდი. გადავწყვიტე, თუ რამეა, ადგილზე გავუმხელდი. გზად ბულაჩაურის სახინკლეში შევჩერდით, თუმცა კი ვიუარე, რა დროს სადილიაო, მაგრამ მერე საათს დავხედე და პირველი იყო დაწყებული. გამახსენდა, რომ გვარიანად მშიოდა. ექვსი ნომერის სიურპრიზი ჯერ არ ჩანდა. რა იყო, იმედია, პარაპლანით ფრენა არ იქნება, სიკვდილივით მეშინია სიმაღლის.

ხინკლის მოსვლამდე ვეცადე, გამეგო, რა სიურპრიზი იყო, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ამასობაში კი მოულოდნელად მისი რამდენიმე ნაცნობი შემოვიდა იმავე სახინკლეში, უფრო სწორად, მეგობრები. ორი ბიჭი და ორი გოგო. გოგონებმა ისე ამათვალიერეს, როგორც ვერსაჩეს კოსტიუმი მეორადი მაღაზიის ვიტრინაში. ანუ ამრეზით და თან ინტერესით. ექვსმა ნომერმა დაუზარელად წარუდგინა მათ ჩემი თავი. დაძაბული ველოდი სტატუსს - „მეგობარს“, მაგრამ უცნურად გააცნო ჩემი თავი: „გაიცანით, ეს ჩემი სესილია“. ისე დავიბენი ამ ,,ჩემი სესილია“-ს გაგონებაზე, კინაღამ ხელის ჩამორთმევისას მეც წარმოვთქვი: „მისი სესილი“.

იქვე, გვერდით მაგიდასთან დასხდნენ, ჩვენც თავისთან მიგვიპატიჟეს და ჩემდა გასაოცრად, ექვსმა ნომერმა უარი უთხრა, რაც ძალიან მესიამოვნა. მათთან რომ გადასულიყო, ჩავთვლიდი, რომ უინტერესო კომპანიონი ვიყავი და ვერ პოულობდა საერთოს ჩემთან და ახლა სრული სიცხადით გავიზიარე ქეთენოს ერთი ისტორია, აი, იმ ქეთენოსი, ქეითი რომ ჰქვია ფეისბუქზე და თვეში ორჯერ ახალი, ცხოვრებაში ყველაზე მაგარი შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ ახლა ცვატაზეა შეთხლეშილი და ერთგულია თავისი აკვიატებული გრძნობის. ჰოდა, ერთხელ ქეთენო თავის მორიგ ,,ეს ბოლოა სესი, აიი სულ სხვაა, გეუბნები რააა“-ს როცა დაშორდა, დიდი პარკით ტკბილეულობა ამოიტანა და ბევრი ხორციანი ჰამბურგერი მოაყოლა, რათა დარდიან ჭამაში მოენელებინა ის მამრი.

მაშინ მომიყვა, რა ,,გაუტყდა“. თურმე ჩინურში ყოფილან ერთად. ჰოდა, ამ დროს იმ ბიჭის მეგობრები შემოსულან და იმ ბიჭმა არც აცია, არ აცხელა და თავისი ინიციატივით იმათ მაგიდაზე გადაჯდა დაპატიჟების გარეშე და მთელი საღამო მათ ისტორიებს უსმენდა ჩუმად, თან იბოღმებოდა ქეთენო. ამ ისტორიებში ვინმე მაკუნას სახელმაც გაიჟღერა ბევრჯერ, მაკუნა კი იმ ბიჭის ყოფილი შეყვარებული ყოფილა, ვისაც ახლა ხვდებოდა და ვისთან ერთადაც მთელი ზაფხული გაატარა იმ ტიპმა და ბათუმშიც ერთად იყვნენ. ბათუმში კიდევ წყვილის წასვლა თან აგვისტოში, ჩემი და ქეთენოს აზრით, ნიშნობის ტოლფასია, იმიტომ, რომ იქაურობა თბილისითაა გაძეძგილი, სადაც არ უნდა შეხვიდე, ყველგან ნაცნობი ზის და ფაქტობრივად, აღარაა საჭირო ფეისბუქზე რილეიშენშიფის დადება.

მერე კი ის გოგო დაშორდა. ხოდა, რომ გამოთვალა ქეთენომ, აღმოაჩინა, რომ იმ გოგოს დაშორებიდან ერთ კვირაში მიეწერა მისთვის ამ ბიჭს. ეს კიდევ, გოგოების დაუწერელი კანონის თანახმად, ვიცით, რასაც ნიშნავს: - უბრალოდ, ის მამრი ისტერიკულად ცდილობს, ყოფილის სახე ჩაანაცვლოს შენით და ის ტკივილი და უარყოფა გადაიტანოს შენით. ადრე თუ გვიან, ასეთი ნაუცბათევი ურთიერთობები ირღვევა. უფრო მაშინ, როცა იმ ტიპს თავისი ექსი აღარ უყვარს, უკვე მოშუშებულია და მზადაა ახალი ცხოვრება დაიწყოს, თან შენ გარეშე. ან მაშინ სრულდება, როცა ექსი ხელს დაუქნევს, ის კიდევ, თავქუდმოგლეჯილი გარბის შენგან მასთან.

მოკლედ, თავმოყვარე ქალი არასდროს დაიწყებს იმ ბიჭთან ურთიერთობას, რომელიც ცხელ-ცხელი დაშორებულია ყოფილთან. გააანალიზა რა ეს ქეთენომ, იმ საღამოსვე გაწყვიტა მორიგ ,,ბოლო და სამუდამო სიყვარულთან“ ურთიერთობა. მაშინ კარგად ვერ მივხვდი, რა ეწყინა მაინც. ეგაა, ხმაც არ ამოვიღე, რომ დებილური მიზეზი იყო, დაშორებოდა ამ ტიპს იმიტომ, რომ მასთან კი არ დარჩა, არამედ მეგობრებთან ერთად გადასხდნენ ორივენი, მაგრამ ახლა მივხვდი, მეც ხომ ვამბობ, ძალიან მეწყინებოდა, ჩემს ექვს ნომერს რომ მიეღო მეგობრების შემოთავაზება და ეთქვა, მოდი, გადავსხდეთ მათთანო. ახლა საერთოდ არ მინდოდა, რომ ვინმეს გავეცანი, თუმცა რაღაცნაირად უცნაურია, მხოლოდ მისი სამეგობრო, საახლობლო წრეს ვხვდებოდით ყველგან, ჩემიანებმა და არც თავად ქეთენომ არაფერი იცოდნენ ჯერ ამ ამბავზე, თორემ სამ საათში მეცოდინებოდა ექვსი ნომრის ყველა ყოფილის ისტორია და მათი ახლანდელი მდგომარეობაც კი. თუ დღევანდელმა შეხვედრამ კარგად ჩაიარა, მაშინ უნდა მოვუყვე ქეთენოს - გადავწყვიტე და ამასობაში ხინკალიც მოიტანეს. ვწვდი და გადავიღე. არ ვიცი, როგორ, ერთი ხინკალი გამივარდა, მაგიდაზე გაგორდა და ძირს გაეტყვლიპა. ამაზე იქიდან, ანუ ექვსი ნომრის მეგობრების მაგიდიდან ვიღაც გოგოს გაეცინა. ღრმად ჩავისუნთქე და როგორღაც დავჯაბნე ის სურვილი, რომ შევბრუნებულიყავი და კიდევ ერთი ხინკალი, ახლა კი დამიზნებით მესროლა მისთვის. ექვსმა ნომერმა შეატყო, რომ ავიჭერი და ჩემ დასამშვიდებლად ის გაკეთა, რაც საუკეთესოდ გამოსდიოდა - თავისი ხელი დაადო ჩემს ხელს, დამამშვიდა. მერე კი თავად აიღო ჭიქა, ხელი გაუშვა და ჭიქა დავარდა იატაკზე. მსხვრევის ხმამ უმალ მიიქცია ყველას ყურადღება. გვერდითა მაგიდანაც დაინახა, რომ მისი ბრალი იყო ეს, მაგრამ ახლა არავის გასცინებია. მადლიერი მზერით შევხედე და სიამოვნებისგან გული ფეხის თითებში გამეპარა. ეს ბიჭი ჩემ გამო იქცევა ასე - რატომ, რატომ, ღმერთო!? - დარბაზში გამოვარდნილმა ოფიციანტმა სასწრაფოდ მოგავა ნამსხვრევები, ხოლო მერე, ანგარიში რომ მოვიდა, აქაურობის მენეჯერი გამოვიდა და ჯიგრულად მოსთხოვა ავტოგრაფი. რა თქმა უნდა, დამსხვრეული ჭიქის საფასური არ გამოართვა. მანქანასთან კიდევ შეგვხვდნენ მისი მეგობრები. გოგოებმა უკვე არ შემომხედეს ზედ, ბიჭები კიდევ დამემშვიდობნენ და გზა გავაგრძელეთ.

გუდაურში ასვლისთანავე გავუმხილე, რომ არ ვიცოდი სრიალი, თუმცა, სანამ მე მზეზე თბილ დასაჯდომ ადგილს ვეძებდი, მან ინსტრუქტორი ამიყვანა, მერე კი მომიბოდიშა და მარტო ავიდა, რომ ჩამოსრიალებულიყო. კი ვთხოვე ინსტრუქტორს, რომ არ მინდოდა სრიალი, რომ არ მიყვარდა თოვლი, მაგრამ ასეთი პატიოსანი კაცი მეორე არ შემხვედრია. არაო, უნდა გასწავლოო! მოკლედ, უკვე ჩამოსრიალებული ექვსი ნომერი რომ მოგვიახლოვდა, დამოუკიდებლად ვახერხებდი პატარა გორაკიდან ჩამოსრიალებას, ეგაა, ფეხებს მაინც ვერ ვიმორჩილებდი და სასაცილოდ ვშლიდი. მეორეჯერ რომ ჩამოვიდა, უკვე მნიშვნელოვანი წინსვლა მქონდა სრიალში გადადგმული და ახლა მე თავად მსურდა, კიდევ ერთი საათი დამატებით მემეცადინა.
სადღაც ოთხი ხდებოდა, როცა იქვე ღია კაფეში ჩამოვსხედით. ექვსმა ნომერმა ლუდი შეუკვეთა ჩემთვის და სალათა. უხმოდ ვჭამეთ. მე მთების ცქერით ვტკბებოდი და ხარბად ვცდილობდი, ყველაფერი ჩამებეჭდა ტვინში, რათა მერე, ოდესმე, როცა ის ჩემთან აღარ იქნებოდა, გამეხსენებინა ის ბედნიერი დღეები, რომლებიც მასთან გავატარე. ერთ-ერთი კი ეს დღე იქნებოდა, ვიცი.

- სესი, ინტერნეტით არ სარგებლობ?
- ანუ? - შევხედე სალათით პირგამოტენილმა.
- ანუ ფეისბუქი გაქვს? - მერე გაეცინა. - ისე უცნაურად გამომივიდა ხო, ინტერნეტი ბოლო დროს მართლა ფეისბუქთან და სოცქსელებთან ასოცირდება.
-კი, მაქვს! - ვუთხარი, როგორც კი ლუკმა გადავყლაპე. - და რატომ მკითხე?
- რატომ და არც ფოტოებს იღებ, არც არავის სწერ, როცა ჩემთან ხარ, არც საჭმელებს უღებ ფოტოებს. მოკლედ, არ იქცევი ისე, როგორც იქცევიან სხვა გოგოები.
- და უნდა მოვიქცე? - ცოტა გაღიზიანებულმა ვკითხე.
- არა, არ გეუბნები, რომ უნდა, უბრალოდ მიკვირს, ამაშიც გამორჩეული ხარ.
-იქნებ ვაკეთებ კიდეც, რა იცი, შენ ხომ არა გაქვს ფეისბუქი, რას გაიგებ?
- რომ აკეთებდე, ხომ გადაიღებდი ას ფოტოს მაინც? შენ კიდევ... კაი ხო, გავატაროთ. ახლა დანაყრდი, მოწიე და მერე სიურპრიზის დროც მოვა. - შემახსენა დღის მთავარი თემა და მიმტანს ანგარიში სთხოვა.

ცოტა ავნერვიულდი. რა იყო ეს სიურპრიზი, რომ ვერ ვხვდებოდი და ინტუიციურად ვგრძნობდი, რომ რამე დებილობა იქნებოდა, ან ის, რისიც მეშინოდა ყველაზე ძალიან - პარაპლანით ფრენა. იმას კი მაშინ არ დავუკვირდი, რომ მითხრა - მოწიეო. მასთან ყველანაირად ვარიდებდი თავს სიგარეტს და როგორ მიხვდა, რომ იყო მომენტები, როცა სიგიჟემდე მინდოდა მოწევა?
თავი დავუქნიე, დარჩენილი ლუდი მოვსვი და სიგარეტს მოვუკიდე. ამასობაში კი მესამედ გადაგვეყარნენ მისი მეგობრები, რომლებიც მხიარულად მოდიოდნენ და გეზი პირდაპირ ჩვენკენ ჰქონდათ აღებული.

მე და ექვსი ნომერი პუფებში ვისხედით პირისპირ. როგორც კი მოგვიახლოვდნენ, ექვსი ნომერი ჩემთან გადმოჯდა და თავისი მხარე მათ დაუთმო. ორივე რომ კარგად მოვთავსებულიყავით ერთ პუფზე, მიმიხუტა. გოგოებმა კვლავ ირონიულად ამხედ-დამხედეს და ოფიციანტი იხმეს. ახლა კი დაგერხა სესილი - შევძახე ჩემს თავს. აზრზე არ ვიყავი, რაზე უნდა მელაპარაკა მათთან და არც ის მინდოდა, მუდოს სახელი მქონოდა მათ თვალში.
თავიდან ჩუმად ვისხედით. გოგოები ეწეოდნენ და თავები ტელეფონში ჰქონდათ ჩარგული. ვინ იცის, მე მჭორავდნენ. სადღაც მეამა, სვეცკთა ინტერნეტსასტავში სესილი დღის თემა იქნებოდა. ექვსმა ნომერმა ხელი გადამხვია და ყურში ჩამჩურჩულა:

- სესი, წავიდეთ უკვე? - ისეთმა გახარებულმა დავუქნიე თავი, კინაღამ ცხვირში ავარტყი. დროულად რომ არ გაეწია, ასეც მოხდებოდა. წამოვდექით და დავემშვიდობეთ. ბიჭებმა გამოიარეოო, ნუ დაიკარგებიო - შეახსენეს სტანდარტულად, ხოლო გოგოებმა "პაკააა" უთხრეს ისე, რომ თავი არ აუწევიათ ტელეფონებიდან. ცოტა ფეხარეული გამოვედი, ლუდს უკვე მოესწრო და მომრეოდა ალკოჰოლის დოზა. ჩემდა გასაკვირად, პარაპლანებისკენ არ წავსულვართ, არამედ მის მანქანასთან მივედით.

- ესაა შენი სიურპრიზი, შენ მანქანას მჩუქნი? - გავიოცე ნახევრად ხუმრობით.
- ეგ დროც მოვა, სესი, - ჩამიკრა თვალი და კარი გამიღო. სანამ მანქანას მოუვლიდა და თავადაც ჩაჯდებოდა, ჩურჩულით ვიმეორებდი მის სიტყვებს. ვცდილობდი, ლოგიკური ახსნა მომეძებნა - ეგ დროც მოვა, სესი - რას ნიშნავს ეს, რატომ? დავიჯერო, ვუყვარვარ? თუ კი, რატომ არ ცდილობს მაკოცოს, მაგრძნობინოს, რატომ იქცევა კარგი ძმაკაცივით, იქნებ გეია? დამკრა გულში ამ გაფიქრებულზე და საჭესთან ყურადღებით და დაკვირვებულმა შევათვალიერე. რომ ვთქვა, გეირადარი მიყენიაო, მოვიტყუები. ამიტომ ვერაფერს მივხვდი. მხრები ავიჩეჩე და ამოვიხვნეშე.

- რაო პატარავ, რაზე წუხხარ?- ისე თბილად და ტკბილად მითხრა ექვსმა ნომერმა, კინაღამ იქვე დავდნი. ვერაფერი ვერ ვუთხარი, მომერიდა, რომ მეკითხა, ან რა წესია ასეთი კითხვები? მაგრამ რა ვუყო ჩემს ეჭვებს? აი, რაა?

გუდაურიდან ჩამოვედით. ახლა ნამდვილად ვერ ვხვდებოდი, სად მივდიოდით ან რა შეიძლება ყოფილიყო სიურპრიზი. ამიტომ მანქანაში ჩუმად ვიჯექი. რამდენჯერმე გადმომხედა ექვსმა ნომერმა.

- სესი, ვერ გცნობ. რაზე ფიქრობ? რა ხდება, იქნებ სიურპრიზები არ გიყვარს? ან რამე არ მოგწონს?

- არა, სიურპრიზები უფრო მაინტერესებს, ვიდრე მიყვარს, რადგან არავინ არ მიკეთებდა არასდროს და მოწყენილი კიდე იმიტომ ვარ, რომ... - აქ გავჩერდი და ფანჯარაში გავიხედე. არა, უნდა ვუთხრა ჩემი ეჭვების შესახებ, ასე არ შეიძლება. ამიტომ ამოვისუნთქე და დავიწყე:
- შეგიძლია მანქანა გააჩერო? მოვწევ.
- ახლავე, - მითხრა ექვსმა ნომერმა და გააჩერა. მეც გადმოვედი, ისე, რომ არ დავლოდებივარ მის გადმოსვლას და კარის გაღებას. ან რა საჭირო იყო, თავიდანვე ხომ თამაში და ხუმრობა იყო ეს და არა რამე სერიოზული? გადმოვედი და იქვე დავდექი ხევის პირას, სიგარეტს მოვუკიდე და სუფთა ჰაერი და ნიკოტინიანი კვამლი თანაბრად, ღრმად ჩავისუნთქე. ზურგსუკან კი ექვსი ნომერი მედგა, მერე მომიახლოვდა და ჩამეხუტა. შევკრთი და დავიბენი, მერე კი შესუნთქული კვამლი გადამცდა. რომ არ დამეხველა, სუნთქვა შევიგუბე. არ მინდოდა, ხველების გამო ხელი გაეშვა. პირიქით, მსურდა, რომ ასე ვყოფილიყავით აქ, სადღაც მთებს შორის გზაზე, სიცივეში, მხოლოდ ჩვენ ორნი, მე და ის, მაგრამ ჰაერი გამომელია და ხველებაც ვერ შევიკავე.
როცა მოვსულიერდი, აცრემლებული თვალებით შევხედე და გადავწყვიტე, ყველა ძალა მომეკრიბა, რაც გამაჩნდა, ყველა გამბედაობა, რომელიც კი შეიძლება მქონოდა და საბოლოოდ გამერკვია, რა ხდებოდა ჩემსა და მის თავს, რატომ ვხვდებოდით. ხო, შევხედე თვალებში და ის-ის იყო, მოვუყარე კითხვის ფორმულირებას თავი - „შემთხვევით გეი ხომ არ ხარ“ - ხო, აი, ასე უნდა მეკითხა, რომ ექვსმა ნომერმა თავისთვის ჩაილაპარაკა, თუმცა უფრო მგონია, ჩემ გასაგონადაც: - „მეტი აღარ შემიძლია, სესი“ - და ტუჩებში მაკოცა.
მოულოდნელობისა და სიამოვნებისაგან ყველაფერი ამერია თავში და იქვე ჩავიკეცებოდი, ხელი რომ არ შეეშველებინა. რაღაცას ვლუღლუღებდი, მაგრამ რას, ვერ ვიხსენებ... მანქანამ ჩაგვიარა და გაბმული სიგნალი მოგვცა. ამან გამომაფხიზლა.

თვალებამღვრეულმა შევხედე: - ესე იგი, გეი არ ხარ! - ამის გაგონებაზე ექვსი ნომერი, როგორც სჩვევია, გულიანად ახარხარდა, მერე კი თავის დიდ ხელებში მოიქცია ჩემი სახე და კიდევ მაკოცა ბევრჯერ ტუჩებზე, ცხვირზე, სახეზე.
- სესიი, სესიი, როგორი კარგი ხარ!! არ ვარ გეი, საიდან მოიტანე? - როგორც კი გავთავისუფლდი მისი მკლავებისგან და თან გვარიანადაც შემცივდა უკვე, მანქანაში ჩავსხედით. მაშინაც მკითხა, რატომ დმებადა ეს კითხვა, მე კი უბრალოდ მხრები ავიჩეჩე. მართლაც და, რატომ დამებადა, დავიჯერო არ შეიძლება ბიჭი გხვდებოდეს, დადიოდეთ პაემნებზე, ისე ხვდებოდეს გოგოს, რომ არანაირი მინიშნება არ გაუკეთოს, რომ მასთან სექსი სურს? ალბათ, ეს ყველაფერი ისეთი უცხოა დღევანდელ დროში, რომ მიკვირს? გამახსნდა რამდენიმე ,,ქეისი" იმ ტიპებთან, პირველივე პაემანზე რომ მექაჩებოდნენ სახლში, ნომერში, ჩათის პირველ ოც წუთში რომ უკვე მეკითხებოდნენ, რომელი იყო ჩემი საყვარელი პოზა. ამის გახსენებაზე, მალე მიტევების კვირა თუ დღე მოდის და უნდა განვბლოკო ეს ადამიანები და ჩემი მიტევებაც ეგ იქნება.

ჰოდა, ახლა ცოტა შემრცხვა, რომ ასე ვიფიქრე ექვს ნომერზე. ამასობაში გამახსენდა სიურპრიზის თემა და თემის შეცვლა ვცადე.
- სურპრიზი რა იყო? შენი კოცნა?
- აჰჰ, აჰჰ, არაა, ეგ მოულოდნელი იმპულსი იყო. რა ვქნა, თავი ვერ შევიკავე და არც მე ველოდი ასეთ რამეს. იმედია, არ გეწყინა.
- არა, გამიხარდა, - ვუპასუხე მორცხვად.
- ხოდა, მოხარული ვარ, ეს რომ მოხდა და რომ მცოდნოდა, როგორ გაგრძელდებოდა, ორ ცალ-ცალკე ნომერს არ ავიღებდი. - გაიცინა ექვსმა ნომერმა. ჩემთვის კი ნათელი გახდა, სადაც მივდიოდით, თუმცა წინასწარ სიხრულის და გამარჯვების ყიჟინის დაცემას სჯობდა, დამეზუსტებინა, რა ხდებოდა.
- აბა, რა ორი ნომერი? სად? - გამოვიდებილე თავი.

- რუმსში. ხვალამდე მინდოდა, რომ ერთად გაგვეტარებინა მთებში, შორს ყველასგან ეს დრო და ვიცი, შეიძლება ძალიან თავდაჯერებულად მოვიქეცი, მაგრამ იმედია, არ მიწყენ.
- არა, თან ორი სხვადასხვა ნომერი თუ გვექნება, არა. - ვუპასუხე ნაწყენმა.
- ჰო, აი, მოვედით კიდეც. - დასძინა მოწყენილმა ექვსმა ნომერმა და ყაზბეგი რუმსისკენ გავუხვიეთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent