უცხო პორტრეტი
სახურავი სავსეა მკრთალი ფრინველებით. მათაც ეშინიათ, ეშინიათ, რომ ვერ შეძლებენ ფრენას. მათაც არ ჰყოფნით გამბედაობა, რომ ასეთ ყინვაში ფრთები ძლიერად მოიქნიონ და მაღლა აფრინდნენ თეთრი ფრთებით. ისინი ხომ ჩიტები არიან-თავისუფლებისთვის დაბადებულნი. მაშ, ადამიანი რაღაა? ნუთუ ადამიანი მონობისთვის იბადება? ნუთუ ადამიანი იმდენ ხანს ცხოვრობს სხვისთვის, რომ საკუთარი თავისთვის დროც აღარ რჩება? იგი უკან იტოვებს ყველა ტკივილს და ისევ იბრძვის. და რას ებრძვის? გარშემო მყოფთ თუ საკუთარ თავს? ადამიანიც ხომ თავისუფლებისთვის იბადება, თუ არა და რა აზრი აქვს მაშინ ყველაფერს, რასაც აკეთებს? რა აზრი აქვს დედისთვის შვილების მომავალს, რომ ისინიც სხვას დაემონონ? რა აზრი აქვს მამის მძიმე შრომას? და ამ ადამიანსაც ჟღალი თმა აქვს, იქნებ გაგიკვირდეთ კიდეც, რა ლამაზია და თავს როგორ წირავსო! ლამაზებს ხომ უზრუნველი მომავალი აქვთ-გარეგნულობა ყველაფრის გასაღებია, არა? მშვენიერება სამყაროს საგანძურია, მაგრამ მხოლოდ ამ ქვეყნიური. მკითხველო, ნუ იფიქრებ რომ ვაზვიადებ-მშვენიერება ერთი პწკარია, თუნდაც პეშვში მოქცეული ცივი წყალი მწყურვალისთვის. მაგრამ ეს მთელი ცხოვრება არ გეყოფა, აი, ნახავ, როგორ გაგაუბედურებს ეს მშვენიერება, როგორ გაგეხრწნება სხეული მძიმე ცოდვებისგან დატანჯულს და სულს ყელში ამოგადენს. როგორ ვერ ხვდები-მშვენიერება მხოლოდ თვალებითვის არის, გულისთვის ცისხელა გრძნობები შექმნა სამყარომ. ამოდენა ბედნიერების ზღვარი კი იმსიმძიმეა, მხოლოდ ორი კაცის მხრებზე დატევას არ იმყოფინებს და ბოლოს ყველას მოგვთხოვს სამყარო პასუხს იმ პასუხგაუცემელ გრძნობებზე და ბედნიერებაზე, რომელიც მან მოგვანიჭა. არც ისე მაღალია სახურავი, რომელზეც ჟღალთმიანია გადმოწოლილი და სადაცაა ბუმბულივით დაიწყებს ლივლივს ჰაერში. მაგრამ ვის ადარდებს სხვა ადამიანის უბედურება? უბედურება ხომ ერთჯერადი გრძნობაა, ისევე როგორც ბედნიერება. არ გაუწოდო დახმარების ხელი უბედურს, სანამ შენც არ ჩაგითრევს მწველ ტკივილში, სანამ შენც არ აგეწვება გულის არე მისი ტკივილით. ცრემლები გადამდებია, დაიმახსოვრე. ადამიანი კი მალე ივიწყებს ძველ უბედურებას, როგორც კი ახალი გამოჩნდება, ან რაიმე კარგი არ გააბედნიერებს. ქვასაც გახეთქავს უბედურება, წყალსაც დააშრობს, იას დააჭკნობს, მაგრამ ადამიანის გული ყოველთვის გამთელდება. ახლა კი შენ თვითონ იფიქრე- ბედნიერება ძველი უბედურების დავიწყებაა? ილოცე, რომ არ გადმოხტეს. ან, ილოცე რომ არ ინანოს. ღმერთს შესთხოვე და შენ კი დაელოდე, რას გააკეთებს, რას გადაწყვეტს. გულსხელდაკრეფილი, უემოციო ანდაც ძალით დამწუხრებული სახით უყურე და ელოდე. ელოდე. ელოდე. სანამ არ დამთავრდება. მერე შენც მოიწყენ, ბევრ ცრემლს დაღვრი მის დამჭკნარ (ოდესღაც კი ახალგაზრდა და მშვენიერ) სხეულზე. იტირებ და დაიღლები. დაიღლები ამდენი მწუხარებით. თვალთმაქცობით კი არ დაიღლები. მორჩება, ყველაფერი დამთავრდება. შენ კი-მეგობარი, საყვარელი ადამიანი, ოჯახის წევრი, ახლობელი... მოიხსენიებ მის სახელს დამწუხრებული სახით და ღმერთს დაადანაშაულებ-რა გოგო მოგიკლა?! როგორ გაგაუბედურა?! ასე როგორ მოგექცა... ასე როგორ გაგწირა... და როდის მიხვდები, რომ შენ მოკალი, როცა იდექი და ელოდებოდი, როდის მორჩებოდა? როცა გულში იმედის ნასახიც არ გედო. ალბათ, მხოლოდ წლების შემდეგ დაგიმძიმებს სულს ეს ცოდვა, მაშინ, როცა აღარავინ გეყოლება შენსავით ყალბი და არც მართალი. არა, შენ არავინ შეგახსენებს ძველ ცოდვებს, მაგრამ სულის სიბერეს ვერ დაეხსნები. სინდისი მაინც მოგკითხავს წარსულს. მაინც იგრძნობ-იგრძნობ, რომ ტკივილის ჭია შემოგიძვრა სხეულში და გულს გიღრღნის, გიგლეჯს, გიტალახებს. სარკეში შენს შეცვლილ თავს დაინახავ და გაიფიქრებ-"ასე არ შეიძლება". შენს მახინჯ, შესუსტებულ სახეს დაინახავ, არ მოგასვენებს, საწოლშიც კი ჩაგყვება შენივე თავის აჩრდილი. აღარაფერი გამოგიკეთებს სულს. რატომ? შენ ვერ შეძელი, უბრალოდ ვერ შეძელი მასთან იმის თქმა, რომ... რისი თქმა? რა გინდოდა გეთქვა და ვერ უთხარი? მოგენატრა? არ მოგენატრა. მის სიკვდილს განიცდი? არა, მის სიკვდილს არა. იცი, რას განიცდი? შენს ნაადრევ დაბერებას განიცდი მისი სიკვდილის გამო. შენი თავი გადარდებს, მაგრამ ხომ მართალი ხარ? შენზე ვინ ფიქრობდა და დარდობდა? არა, სარკე არაა ნამდვილი, სარკე ვეღარ ასახავს შენს სიმშვენიერეს. შენ ხომ ისევ ლამაზი ხარ. ხარ კი? და თუ ისიც ლამაზი იყო, რატომ მოკვდა? რატომ? რატომ? ირგვლივ მიმოიხედე-არც ისეთი სუფთაა დედამიწა. არც ისეთი ცოტა ნაგავია. ქუჩებში ჭუჭყის სუნი ტრიალებს-ადამიანთა ჭუჭყის სუნი. აბა ჩახედე თვალებში შენნაირს. როგორ? მლიქვნელს. რატომ? იმიტომ, რომ არასოდეს მიგიცია ერთი ნატეხი პური ცივ მიწაზე მოკუნტული ბავშვებისთვის. სჯობს, სხვისი ჭუჭყი გეცხოს, ვიდრე შენი ჭუჭყის და ცოდვების სუნად ყარდე. სჯობს, თვალები არ დახუჭო, როცა შენს ხელში ზედმეტს, სხვისაში კი არაფერს დაინახავ. მხოლოდ ამ დროს შეგეძლება ტირილი. იტირე და ნახავ, როცა გულწრფელი ხარ, ტირილი მაშინაა შვება. თუმცა, დამახინჯებული სული როგორ გაინთავისუფლო, როცა კვდები სურვილით-მანაც უმტკივნეულოდ ჩაიაროს და სხვისი უბედურება შენ არ შეგეხოს. ოღონდაც სხვამ შენ არ გაგაწმინდოს ჭუჭყიანი ხელები. ახლაც ხალხში ხარ და ცრემლები სულ ტყუილ უბრალოდ მოგდგომია თვალზე. თითით შეუმჩნევლად ამოიშრე ცრემლები, არავინ დაგინახოს. არავინ დაგცინოს, რომ ტირი, არავის დაანახო შენი სისუსტე. გაიქეცი. გაექეცი შენს ცუდ თვისებებს. არაადამიანობა განისჯება? თუმცა შენ რატომ განგსაჯონ? შენ ხომ არავისთვის არაფერი დაგიშავებია? არ იტირო, არ იტირო, შენ არ მოგიკლავს, თვითონ გადმოხტა. თვითონ მოინდომა ამ სამყაროს გაქცეოდა, მან შენზე არ იფიქრა. მიდი, იგრძენი, რომ რაღაც მართლა მტკივნეულია. იგრძენი, რომ ამ სამყაროში გრძნობები არსებობს. სარკის წინ ვერაფერს დაინახავ, გარწმუნებ. ვერ შეამჩნევ, როგორ ჩამოგეღვენთა სული, როგორ გიდნება სინდისი და შენც ზუსტად იმავეს განიცდი, რასაც სიკვდილის წინ ის განიცდიდა. ახლა შენ დგახარ სამყაროს ზემოდან, საკუთარი თავის წინაშე. ახლა შენ განიცდი იმავე ტკივილს. რა ჩანს ზემოდან? ჩვენი ქალაქიც ჩანს? ერთ მათხოვარს მაინც თუ დაინახავ?.. ქუჩის კუთხეში მშიერი ძაღლი ვიღაცას ადევნებია, ფეხდაფეხ მიჰყვება უცნობის ახლადგაუთოვებულ შარვალს და საწყალი თვალებით რაღაცას ევედრება. მაღაზიიდან პატარა ბიჭი გამოდის, შავი, გაცვეთილი კეპი ახურავს თითქმის გადაპარსულ თავზე და მოკლე, განიერ შორტში გადატყავებულ მუხლებზე სისხლისა და მტვრის კვალიც ატყვია. კევით გამოტენილი პირით ჩარბის კიბეზე და მეგობრებს ეგებება. გაშლილი ხელებიდან კევს მათაც უწილადებს. ქვაფენილს ორსული ქალი მიუყვება ძალით მხნე სახით, უნდა თავი დაიიმედოს, რომ ყველაფერი კარგადაა. როგორ არის ყველაფერი კარგად, როცა ამ ქვეყნად ერთი უბედური ადამიანი მაინც დადის? არ განსაჯო ეს ორსული, რომ მისი შვილი უკანონოა. იქნებ ძალიანაც კანონიერია? -მამა სად არის? -ნარკოლოგიურში წევს. რათქმაუნდა, დაგზაფრავს ეს უბრალო ამბავი, რომლითაც ბევრი წყვილის ურთიერთობაა აგებული. რატომ არ უნდა შეიმჩნიო? იქნებ ძალიანაც გაინტერესებს? -ნარკომანს გაყევით?-ჰო, აი ასე, ბოლომდე ჰკითხე, გაიგე, ჩაუღრმავდი. -ჩვენ დაქორწინებულები არ ვართ. შეშფოთდი. თანაც როგორ? აი ახლა კი, უბრალო საცოდაობის გრძნობა გეუფლება და როგორ გინდა, არ გაკიცხო?! როგორ გინდაა, ტკივილი არ გაუორმაგო შენი შემარცხვენელი და მწარე სიტყვებით?! ასეთი ადამიანები ხომ შენი პასუხის ღირსებიც არ არიან? ნარკომანთან იწვა-ნარკომანთან, რომელსაც არც კი უყვარს. თავისი უმანკოება ვის გადაუგდო გროშის ფასად? არა, არა, გროში სულაც არ ღირებულა, ვითომ "სიყვარულმა" სძლია ნარკომანისადმი ზიზღს და მაშინვე, სრულიად მოურიდებლად წაიბილწა თავისი "სუფთა" სული ამ უგუნურ, შემზარავ არსებასთან. ასეთ ქალს ქალი ჰქვია? და საერთოდაც, რას ჰქვია ქალი? ხომ მართალია, რომ ქალმა თავი არავის უნდა დაუხაროს? კი, ნამდვილად-შენც ასე ფიქრობ-ქალი ამაყი და მხრებში გამართული უნდა იდგეს. არავის მისცეს უფლება, რომ დაამდაბლოს და მის დონეზე დასცეს ასეთი ძლიერი არსება! -იძალადა?-ქალს ეკითხები და სრულიადაც საფუძვლიანად. შენ ხომ უნდა იცოდე, მართალია თუ არა ეს გოგო? როგირი სინდისის პატრონია, ხომ უნდა გაარკვიო! -არა, არა-თავს აქნევს ქალი-მე ის მიყვარს. მასაც. რატომ იღიმის, ერთი ამას თუ გამაგებინებთ? მსუბუქი ყოფაქცევა ასეთი სასიხარულოა? ფიქრობ, რომ ასეთ ქალს ვინ წესიერად ჩათვლის, მას უარესი სასჯელი მოელი ღვთისგან. "ღირსია, ღირსი!"- აი ასეთი განაჩენი გამოგაქვს და იმდენად დარწმუნებული ხარ შენს სიიმართლეში და მიგაჩნია, რომ სიყვარული მხოლოდ თანასწორებს შორის იბადება, რომ ცინიკურად გეღიმება ამ საწყალი ორსულის დანახვისას. როგორი საბრალოა არა? არც პატრონი ჰყავს, არც დამრიგებელი, არც მეგობარი, რომ რამე შეაგნებინოს. ალბათ სულაც საროსკიპოდანაა გამოქცეული.. თუმცა ორსულს იქ ვინ დაიტოვებდა? შენ მის ადგილზე მოიშორებდი. აბა რათ გინდა შვილი ნარკომანისგან? იოცნებებდი, რომ ძალადობა ყოფილიყო. ჰო, აბა რათ გინდა ასეთი გატეხილი სახელი, ასეთი დამდაბლებული სახე და ცხოვრება? რათ გინდა მახინჯი ბავშვი, რომელიც სავარაუდოდ მამას დაემსგავსება, ან დედას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ამ უაზრო სიცრუეში გაატარა, რომელსაც სიყვარულს ეძახდა. რა სასაცილოა, არა? მშვენიერი გოგოა, წავა, გაივლის, ყველა თვალს გააყოლებს, იპოვის ვინმე წესიერ ბიჭს და ეგაა! თუმცა, ასეთებს რას გაუგებ? გატუტუცებული თაობაა, ვისაც ვინ უნდა იმასთან წვება, იმას ეღლაბუცება, კისერზე ეკიდება, ეს სულელი გოგოც გაათამამა ცრუ გრძნობებმა და ახლა რას აკეთებს? შვილს აჩენს.. მიდი, გადახედე ქალაქს, ასეთ წაბილწულს და უშნოს, დამამშვრალ დედამიწას, დამძიმებულ ქუჩებს, ცამდეც კი ასული ადამიანების მტვერი. ერთი იმ საბრალო მოხუცს გახედე, როგორ დასდევს ქუჩაში მოსიარულე საქმიან ხალხს, ერთი უყურე, როგორ უკიდება ქალებს, კაცებს, როგორი დამშეული თვალებით უყურებს ბავშვებს, სამათხოვროდ უამრავ სიტყვას ისვრის, დამჭკნარ მუჭს იწვდის, იწვდის და ცრემლი ადგება დასისხლულ თვალებში. ნეტავ ვის მოატყუებს თავისი ცრემლით? განა ჩვენ არ ვიცით, როგორი გაიძვერაა ყველა ასეთი მოხუცი! როგორ სამათხოვროდ გაიხადა საქმე. ახლა ახალგაზრდებმა მოხუცები ინახონ თუ თავიანთ მომავალზე იფიქრონ? ეჰ, როგორი გაუგებრები არიან ასეთი მათხოვრები! გადახედე იმ კიკინიან გოგოს, როგორი დახეული წიგნები დაუჭერია ხელში, როგორ არ უხდება ამ სიგრძე კაბა და ეს ძველი, მოთხუპნული ჩექმები, რამხელაა! ბებიამისის იქნება. უყურე, როგორ უცნაური, სულელური ღიმილით გაჰყურებს მზეს, თითქოს პირველად ნახაო. რა საცოდაობაა! იმ დაბალ ქალს დააკვირდი, ორ ბავშვს რომ უდგას წინ და თბილი თვალებით გაჰყურებს. ორივეს ერთ ნაყინს უნაწილებს და თავზე ხელს უსვამს. ესაა სიყვარული? ესაა დედობა, როცა ორ ბავშვს ერთ ნაყინს ყიდულობ და ცდილობ, ძლივს შუაზე გატეხო. ენანება ორის ყიდვა? რა უცნაურია.. იმ კორპუსზე, რომელზეც შენ დგახარ იმ გრძნობისგან გაწამებული, რომელმაც შენმა თვითმკვლელმა მეგობარმა დაგიტოვა, მერვე სართულზე ქალი სარეცხს ფენს. ჭრელ წინდებსა და ნაქსოვ ჟილეტებს მოქნილად ამაგრებს თოკზე. აივანზე ოთხი წლის ბავშვის მოჰყვება და რაღაცას მხიარულად ტიტინებს ბრეტელებიან მაიკაში გამოწყობილი. -ბები -ჰო შვილო ბავშვი ხმას არ სცემს, პატარა ჯოხზე წამოცმულ ჩუპა-ჩუპსს ბედნიერად წუწნის. -რა იყო, ლუკა, ბები?-ქალი ბავშვს დახედავს და ეღიმება. გულს უცოცხლებს შვილიშვილის სილაღე და სიხარული. ჩვენც ახლობლების ბედნიერება გვაცოცხლებს. ერთადერთ ჭეშმარიტ ბედნიერებას სხვისი სიხარული გვანიჭებს. ეზოს მხიარული ჟრიამული აცოცხლებს და შენც ქვემოთ იხედები, რას ხედავ? სულელი წყვილი ხელიხელ გადახვეული მიყვება აღმართს და ორივე ბედნიერად კისკისებს. ნუთუ შენც არ გიხარია? ნუთუ შორიდან ვერ გრძნობ ამ მაცოცხლებელ სურნელს, სიყვარულის ნაყოფი რომ გამოსცემს? მიდი, დაუკვირდი, გოგოს როგორი უბრალო, ყავისფერი თმა და უშნოდ ჩამწკრივებული კბილები აქვს. ისეთი, რომ მეტჯერ შეხედვა აღარც გინდება! და ბიჭს? საშინლად აწეწილი ქოჩორი თვალებს უბრმავებს და გაჩხიკული ტანი ვერაფერი შესახედავია! როგორ გინდა ამის მერე თქვა, რომ ეს ქვეყანა ლამაზია? ვინც მართლაც თეთრი, კეთილშობილური და ნაზი იერით, სქელი, წითელი ტუჩებითა და რბილი, ფაფუკი თმითაა დაჯილდოებული, ის ნარკომან უმშვენებს გვერდს. ჭეშმარიტი სილამაზე ხომ საერთოდაც ვერავის შეუცვნია! არა და არა, სრულებითაც ვერ დავეთანხმებით ამ ქვეყნიურ სამართალს, დიახაც, უნდა გადახტე და დაისვენებ! გაიწმინდები ამდენი უწმინდურისგან, ამდენი უტვინო და უსულგული, შეუგნებელი და ულამაზო, მახინჯი და საცოდავი ადამიანისგან. შენც ხომ ეს გინდა? როგორ დაგტანჯა ბედმა ასეთი მძიმე ხვედრით! როგორ დაგამძიმა ახლობელი ადამიანის სიკვდილმა და რამხელა გავლენა მოახდინა შენზე ამ უსამართლო სამყარომ! არ იტირო, თორემ ვერ გადახტები, ხომ იცი, ბოლოს მაინც საღი ჭკუა გლევს და სასწაულებრივად, ბოლო მომენტში გადაგარჩენს. მერე, შეგეშინდება ასე დგომის, შეგეშინდება შემთხვევით გადავარდნის და გადაიფიქრებ. მალე, სანა უგუნურობის დროა! მალე, სანამ გაგაგიჟა ამდენმა ფიქრმა და ტვინის მტვრევამ. აქ ხომ იმისთვის ხარ, რომ განთავისუფლდე ყველა უძლურებისაგან.თორემ უკვე გაგაშმაგა ტკივილმა, სინდისმა ეკლით დაგიჩხვილტა სული და რაღა დაგრჩა შენს საბრალო სხეულში? არ მიაქციო ყურადღება ამ კდემა მოსილ გონებას, არც გაზაფხულის ნიბლიას ან თეთრად შებუმბლულ კაჭკაჭს. არ გაიხედო მწვანე, ფიჭვითა და რცხილით გადაკაზმულ ვრცელ ტყეს, თორემ გარწმუნებ, გონება გულსაც ვეღარ დაუშლის და ამჯერად მართლაც გაგიფრინდება საგულედან ამოვარდნილი არამარტო გული, მთელი არსება. თვალი არ გაგექცეს ამომავალი მწველი და მსუსხავი, თბილი ნარინჯისფერი მზისკენ. ინანებ! ინანებ, რომ სწორედ ამ მზემ დაგტოვა ამ ქვეყანაზე და გადახტომა აგარიდა. ტანში გაგცრის, როცა შენში შემოიპარება ეს მცხუნვარე, ცბიერი სინათლე და სახე ჩრდილის ნაცვლად სხივებით მოგეფინება. მერე მთელი ცხოვრება ქვეყნიერები მძრწოლარე და მოშიშარი გახდები, ყოველი ნაბიჯის გაგონებისას მოგელანდება, რომ შენი მკვდარი, ცბიერი და გრძნეული მეგობრის სული გაცოცხლდება და შენ დაგტანჯავს, დაგტანჯავს იმიტომ, რომ არ იტირე. ტიროდი, მაგრამ გრძნობები ვერ იპოვა შენს აკანკალებულ ხმაში. გაუმაძღარი შურისძიების გრძნობით შემოგეკვრება ყელზე დუმილი, სხეულს დაგიჩხვლეტს და ამ სენივით მახრჩობელ გრძნობას მხოლოდ სიკვდილი მოგიხსნის. დადუმდი. სურვილი ჩაიფიქრე სიკდვილის წინ. ღრმად ჩაისუნთქე, რომ მიწაზე დაშვებამდე ჰაერი გეყოს და ჰაერშივე არ გაიგუდო. ფილტვებს ჟანგბადი მიაწოდე, სანამ თავად ფილტვებს არ გახეთქავს სერი ასფალტი. სანამ უმსჯავრო ქვეყნიერება თავად გამოგაცლიდეს მიწას ფეხვეშ, სანამ შენი უსასოება და უქონელი გრძნობები თავად გამოიბამს თავს რომ დაგახრჩობდეს. სანამ თავად გკრავდეს წიხლს სინდისის სიბინძურე. უკან ჩაუქრობელი და უმოწყალო ტკივილი გამოგყვება, რომელიც შენ არც არასდროს აგტკიებია. ილოცე. ჯერ ილოცე და ღმერთს შეევედრე, სადმე თუნდაც ნეკა თითი გამოგიწოდოს რომ ჩაეჭიდო და დაუცემლად აღდგე. რომ მიწამ არ ჩაგყლაპოს და ყოველი შენი გაცემული სიკეთე თან არ წაიღოს. რა შენი ბრალი იყო, თუკი შენში ამგვარ სიბრალულს აღძრავდა მთელი კაცობრიობა, ადამიანში ადამიანობა. შეგრძნება, რომ იფიტები, რეალურია. შეგრძნება, რომ აღარ შეგიძლია-ისაა, რაც სასუნთ გზებს გიხერგავს, უბიწო სულს წაგიხდენს და ეს შენი მენტალიტეტი მაინც არ მიიღებს სწორ ფორმას. ეს შენც იცი. რა ცინიზმია არა? ყველაფერს ბოლოს იაზრებ, როცა აღარაფერია მოსანანიებელი, როცა უკვე ვეღარაფერს გამოასწორებ. არ იტირებ-განისჯები, იტირებ და არაფერი შვება არ მოაქვს ტირილს, როცა გული აღარ გაქვს. განსასჯელად წასულს გულსაც ამოგიღებენ და შენს მშვენიერ სხეულსაც აღარ დაგიტოვებენ. გაგიშიშვლებენ სულის ყოველ ნაკვთს და გამოსაფენად გაამზადებენ, რომ ყველამ შეგიცხადოს, რომ ყველამ ფურთხის ღირსად ჩათვალოს შენი ცოდვები. შენ აღარ გიკვირს-რა შევცოდეო, იმიტომ, რომ იცი-უმოქმედომა ცოდვაა. იცი, რომ დამსხვრეულს ვეღარ აღადგენ და შენი ბოლო ცოდვა ის იქნება, რომ პატიებას არავის სთხოვ. იფიქრებ-აზრი არ აქვსო. მაშ, არც თავის დროზე ბეთჰოვენის მოსმენას ჰქონდა აზრი და არც იმ შვილების აღზრდას, დედაშენს რომ უტოვებ თვითმკვლელობის შემდეგ. შენ ხომ საოცნებო ოჯახი გყავდა- თანასწორი, ერთგული და წესიერი ქმარი, სამი, წვალებით, ყვრილით და დარიგებებით აღზრდილი შვილი. მათ რა ასწავლე? ვიცით, რომ შენს ტკივილს არავის უზიარებდი, მაგრამ შენდაუნებურად მათ ტკენდი. იცი? ახლა ვეღარც იხსენებ საღებავისგან დასვრილ ხელებში როგორ დაარტყი. ინანე? ნანობ? რა საჭიროა არა? საჭირო არაა, ცინიზმს მიუსადაგო ყოველი ჩემი სიტყვა. საჭირო არ არის, ყველა შეცდომა მიგეტევოს. მაშ, ეს რაღა შეცდომა იქნება არა? უცნაურები ვართ ჩვენ, ადამიანები. გინდა დაივიწყო შენი ცოდვებბი მიუტევებლად და როგორ გეზარება რომ მოვა დრო, როცა განგსჯიან. როგორ გეზარება შენს ცოდვებზე ყურადღების გამახვილება და ამოდენა გაზვიადება. მიდი, წარმოიდგინე შენი ოჯახი, რომლის წინაშეც უდანაშაულო ხარ. -ჭურჭელი დარეცხე?-კი. -პერანგი დამიუთოვე-რათქმაუნდა. -ბავშვები ხომ გამიზარდე-ჰო. -მოსიყვარულე უნდა იყო!-ვიქნები. -არ მიღალატო.-მრუში არ ვარ. და თუ არ ნანობ, მართლაც წელში გამართული წარდგები ოჯახის წინაშე. არც მქადაგებელი შეგაწუხებს უაზროდ ბრძნული ქადაგებით. მაგრამ რად გინდა ასე უემოციოდ? უემოციომ განვლიე და ისევ უემოციოდ გააგრძელებ ნაბიჯების გადადგმას. დედაშენი? ის საწყალი მოხუცი კი არა, შენი ეტალონი ქალია. როგორ შეიძლება დედაზე ცუდი თქვა, მან გაგზარდა, მან ჩაგაცვა, დაგახურა, საჭმელი გიწილადა, და არც იტყვი. მაშ, სხვის დედაზე რატომ ამბობ, საწყალიაო? სხვის დედას რატომ ადანაშაულებ საჭმლის გაყოფაში, როცა თვითონ არც კი უჭამია? სხვის მოხუც, სახლიდან გამოგდებულ დედას რატომ დასცინი, როცა დედაშენს ვერაფრით გაიმეტებ ქუჩაში მარტოს გასაშვებად? მაგრამ, აი, ახლა შენც მიდიხარ. შენ ახლა ყველას ტოვებ. სხვაზე არ იფიქრო, თორემ ადამიანის ბუნება ხომ იცი რაცაა! ხომ იცი, შენს უგრძნობ გულსაც დაალბობს რაღაც. ღაწვზე ცივ ნიავს გრძნობ და სისველე გეწვის. უცებ გინდება, შევრდომილი ევედრო ღმერთს გადარჩენას. ახლა შენც გრძნობ მკვდარი მეგობრის ტკივილს. და ახლა ნამდვილად მეგობარია. ახლა ხომ ისე ახლოს ხარ მასთან, მის წილ ტკივილს იზიარებ. იქნებ იმდენად ცუდი აღარ ხარ? აბა კიდევ ერთხელ სცადე დათვლა. გულში დაითვალე და ყოველ ციფრს შენი ტკივილის მცირედი გაუნაწილე. ერთი.. თვალწინ გილიოტინა წარმოგიდგება მუხის ხის ფიცრებისგან აშენებული, ალესილი ცულით. გვერდს ჯალათი გიმშვენებს, შავ პერანგგადაცმული. არ ინერვიულო, შენ მალე მოკვდები. შეგეშინდა? კარგია, თუ ეს შეგრძნება გაშინებს, რადგან ეს რეალური შეგრძნებაა. თუ შენი მენტალობა არ მოგკლავს, ბუნებრივი სიკვდილი წაგიყოლებს თან. რა მშვენიერი განცდაა არა, როცა ფიქრობ, თავს მოიკლავ და დაისვენებ? მაგრამ მშვენიერებას ის შეგრძნება შემწიკვლავს, რომ სიკვდილი მწარეა. რისი გეშინია? შენივე ცოდვების. სიკვდილი შევარდენივით აგაფრენს ცისკენ, შენც იგრძნობ იმავეს, რაც ყოველმა თვითმკვლელმა იგრძნო. მაგრამ შენ ვერ გაიწმინდები. იმიტომ, რომ შენ არ წუხხარ. იგრძენი, მიდი. თავიდან ფეხებამდე შეიგრძენი მწვავე ჟრუანტელი ტკივილის და შენდობის, ჩამოიბანე უსუსურობის განცდა და განდიადდი. ხელს რა გიშლის? ფრთები შენმა წესიერებამ არ გიბოძა? მეორე.. გილიოტინა შენთვის ძალიან მაღალია. არ გირჩევნია, ხმელი ხის ტოტზე მჭიდროდ გამოაბა გრძელი ბაწარი და ის გამოიბა შენს ვიწრო, ჩამოსხმულ ყელზე? თუმცა არა, ასე ხომ გაიგუდები. ტკივილი გაგგუდავს და კიდევ... კიდევ ბოროტება. იმის შეგრძნება რომ იქ სადღაც ვიღაცაა, ვინც გითვალთვალებს და იცინის. ის ნარკომანი ხომ არ არის, შენ რომ დასცინე? ხმის აუკანკალებლად რომ შერაცხე გიჟად ისიც და ის ორსული გოგოც. გრძნობ მტანჯველ შეგრძნებას? ეს ის შეგრძნებაა, სულს რომ კურნავს თუ ის, ბოროტების შეგრძნებას რო გინახლებს? მესამე. აქ ხომ არ მთავრდება ეს ტანჯვა? შენ ვეღარაფერს ხედავ, სულ დაგაბრმავეს! ვერც ცოტაოდენ შვებას გრძნობ, რომელიც სიკვდილის სურვილის დროს გებადებოდა, ვერც ნუგეშს, რომელსაც ოჯახი გიწევდა. ახლა მარო ხარ და შენს თავს ებრძვი. ღირხარ ტკივილო ამდენი? ღირხარ ამქვეყნიურო სირცხვილო ამოდენა ტაჯვად? ეწამე, ეწამე რომ განათავისუფლო შენი სული ამდენი უგრძნობლობისგან, ამდენი მოუნანიებლობისგან. ახლა კი, როცა ვერც კი ხედავ, უსიტყვოდ გრძნობ სხვისთვის მიყენებული ტკივილის სიშმაგეს, დაჩაგრულების გმობას. იგრძენი, იქნებ სული განიკურნოს ამდენი გრძნობისაგან. ცრემლი ვერაფრის მშველელია, თუ მართლა არ წუხხარ და კვლავ შეუგნებლობა გძლევს. მეოთხე. სიმშვიდე უკვე ჭკუიდან გშლის და დანაცრულ სულზე ტკივილის ფერფლს გაყრის. უემოციობისგან შეშლილს მხოლოდ ერთი ბედნიერი გაღიმება თუ გიშველის. გაღიმება, რომ ცა თავზე არ ჩამოგენგრეს, რომ ყველა სისუსტე ერთბაშად არ დაგაცხრეს უგრძნობ გულზე. ახლა მაინც იგრძენი, ღიმილი ძველებურად აღარ გღლის თავისი მლიქვნელობით. ახლა შენი ღიმილი ისეთი სავსე და გულწრფელია, შენი თავის გშურს. მეოთხე. შენი თვალები შეღამებული ცსავით ნათელი და მოელვარეა. სინაზეს ვეღარ უძლებ არა? იმიტომ ხომ არა, რომ ემოციების ჰარმონიას გრძნობ სხეულში. შენც სიბნელეში თრთიხარ და ირწევი. ჰაერში ირწევი, ლივლივებ და იმხელა სიმსუბუქეს გრძნობ... მიდი, გადაიხედე. შენ ჯერ კიდევ იმ სახურავზე დგახარ, რომელზეც შენმა მეგობარმა მოიკლა თავი. რომლის ქვეშაც შენ გაშტერებული იდექი, უყურებდი და არ გრძნობდი არავითარ წვლილს, რომელიც ვალდებულს გხდიდა დახმარებოდი. ახლა ხვდები? ახლა განიცდი? უფრო მეტს განიცდი და შენ თვითონაც ვერ ხვდები, როგორ ამაღლდი, როცა დაფიქრდი. როცა სამყაროს გრძნობით შეხედე და თვითმკვლელობას სამყაროს გალამაზება არჩიე. აი ამ წამში ხვდები, რომ შენი სახურავზე დგომა უბრალოდ უსუსურობა და უაზრობაა. რომ არავითარი აზრი არ გააჩნია ამ ყველაფერს სხვისთვის, შენ კი ტყუილად არ უნდა მოკვდე. შენ ოჯახის მიმართ ვალდებული კი არა, მოსიყვარულე ხარ და ამჯერად უემოციობის მაგივრად გულის სწრაფ ცემას გრძნობ. მკერდში გირტყამს. შენ შეიცვალე. შენ მხოლოდ შენმა გონებამ შეგცვალა და ფარსი პირბადე და ყამჩა მხოლოდ გულწრფელობამ და მენტალურმა ცვლილებამ ჩამოგგლიჯა. არ გაიღიმო თუ არ გეღიმება. არ იტირო, თუ ეს ცრუა. მერე რა მოხდა, თუ ყოველ ღამით ქმარს მომზადებულ საჭმელს არ დაახვედრებ მხოლოდ იმისთვის, რომ "წესიერი" ცოლი გეწოდოს?! მერე რა მოხდა, თუ შენს შვილს ფანტაზიის უნარს არ ჩამოუნგრევ თავზე საკუთარი ხელით ნაშენები სახლივით? განა წესიერება რა არის, თუ არა უბრალოებაა, რომელიც მხოლოდ სიკეთეში და ოდნავ ღიმილშია. სახურავიდან არ ჩამოხვიდე,სულ ცოტათი შენც იგრძენი ჩამავალი მზის სიმშვიდე და მღელვარება. ამოდენა სინათლე და მზეზე შეყვარებული გოგონას გრძნობები. განა ვერაფერი გააქარწ....ბს ამდენ უბედოს? შენს სულში ბეღურასავით ხალისით შემოფრენილ სიკეთეს ნუ მოსპობ და სხვასაც დაანახე, იქნებ შეგამჩნიონ. ბოლო ნაბიჯს სახურავიდან ნუ გადმოდგავ. არაფერია იმაზე მტანჯველი, ვიდრე უემოციოდ სიკვდილი. შენც უნდა იგრძნო. და როცა წახვალ? უბრალოდ ჟრუანტელი შეამოაღწევს შენს სხეულში და ნათელ სულში. შენ არ მომკვდარხარ, იგრძენი, რომ სამყარო გრძნობები არსებობს. ეძღვნება ყველას-თქვენ ვინც იგრძენით და ვინც ჩათვალეთ, რომ დიდი არაფერია ... იმედია, რაიმე დადებითი თქვენამდეც მოვა ამ მოკლე ისტორიიდან. და ბოლოს, გმადლობთ, რომ ჩემს ჩანახატს დრო დაუთმეთ ,,,, |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.