შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი ვენები. III, IV, V და VI დღე


15-03-2018, 15:17
ავტორი ლურჯი ანა
ნანახია 2 154

15 სექტემბერი.
დღე III
მთელი დღე ჰამაკში ვინებივრე. აკა მორჩილაძის „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ წავიკითხე და ვაღიარებ, გამიხარდა 90-იან წლებში რომ არ გავატარე ახალგაზრდობა. პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ისეც და ასეც სიბნელეში ვარ. მოწყენილობის დასამარცხებლად ფერმაში მომუშავე ქალებს წავეშველე. რვაასამდე ჭრელი კვერცხი დავითვალე. ისეთი პატარა და მყიფეა ხელი რომ მოუჭირო მაშინვე ტყდება. საკუთარ თავზე გამოვცადე.
- მწყერის კვერცხს უმადაც სვამენ. - მითხრა კამალიამ. მუშებს შორის ყველაზე ასაკიანი ქალის, მედიკოს შვილმა და ისე სწრაფად დამიმეგობრდა, ხვალ დილით ყავაზე დამპატიჟა თავისი ნახელავი კექსის გასასინჯად.
საღამოს რომ ჩამობნელდა სამსახურიდან დაბრუნებულმა მიხომ ყურძენი მომართვა ჰამაკში და ბიძას როგორც სჩვევია, მზრუნველად მითხრა
- თვალებს გაიფუჭებ ამ შუქზე.
ჩომახაშვილების ბიბლიოთეკაში ნაპოვნი „წითელი და შავი“ დანანებით დავხურე. ერთი სული მქონდა ჩემს ოთახში ავსულიყავი და კითხვა გამეგრძელებინა, მაგრამ ვიფიქრე, კარგი დრო იყო იმისთვის რომ ჩემი კეთილი მასპინძლებისთვის კამალიასთან სტუმრობაზე ჩამომეგდო სიტყვა. ბეტონის მაგიდას მივუჯექი, არად ჩავაგდე ექიმის ბრძანება და სანამ ცოლ-ქმარი ყოველდღიურ საკითხებზე მსჯელობდნენ ნოუთბუქში 2017 წელს გამოსულ ფილმებს დავუწყე თვალიერება. გულმა ისევ საშინელებათა ჟანრისა და თრილერებისკენ გამიწია. ამ ჟანრებმა კი ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანი გამახსენა და ძალიან მომინდა მასთან საუბარი. 5 წელი. წესით, ბაკალავრის დიპლომი უნდა ჰქონდეს უკვე. გავიფიქრე და მღელვარება ძლივს დავიოკე.
- მიხო, შეგიძლია დამარეკინო? - ათრთოლებულმა ხმამ გამცა.
- კარგად ხარ? - დამეკითხა შეშფოთებული ნინო და რატომღაც სკამიდან წამოდგა.
- კი, კი, მშვენივრად ვგრძნობ თავს. - ვუპასუხე ჩემი აზრით, სავსებით დამაჯერებლად და მიხოს გავხედე, რომელიც ტელეფონში ნაცნობ ნომერს ეძებდა. - მამასთან არა. - ვუთხარი ღიმილით, როდესაც ტელეფონი გამომიწოდა და ეკრანზე „დავით ა.“ აციმციმდა.
- დედასთან? - დამეკითხა ისევ ნინო.
- არა, დეიდაშვილთან, მიმისთან.
- დედაშენის დიშვილთან?
მკითხა ახლა მიხომ და ცოტა არ იყოს, გავღიზიანდი. მზრუნველობა ზედმეტ ცნობისმოყვარეობაში ხომ არ გადასდით-მეთქი. პასუხმა როგორც ჩანს, დააკმაყოფილა, რადგან ტელეფონი გამომიწოდა, მაგრამ მათი სახეებიდან მივხვდი რომ არ ესიამოვნებოდათ თუ განმარტოებით მოვინდომებდი საუბარს. მრავალჯერ აკრეფილი, დაზუთხული ნომერი ავკრიფე და გული ლამის პირიდან ამომიხტა როდესაც ნაცნობი ხმა გავიგე. არ ვიცი ჩვენ შორის რა მოხდა, მაგრამ მომეჩვენა რომ იმ ადამიანს არ ვესაუბრებოდი ვისაც წარსულში საუკეთესო მეგობრად ვთვლიდი და ვის გამოც სულს არ დავიშურებდი. ახლაც კი, მასთან საუბრიდან რამდენიმე საათის შემდეგ გული მტკივა და იმედგაცრუებული ვარ. ერთ დროს მისთვის სანუკვარი ხმის გაგონებაზე იმხელა პაუზა გააკეთა, მეგონა ერთმანეთის აღარ გვესმოდა. ჩემს ერთი და იგივე კითხვაზე თითქოს გამოფხიზლდა და ზომიერი, თითქმის ცივი ტონით მომიკითხა. შემდეგ გაკვეთილზე ყოფნა მოიმიზეზა და მშრალად დამემშვიდობა, თავს გაუფრთხილდიო. ტელეფონი ნაძალადევი ღიმილით გავუწოდე მიხოს და მზერა მოვარიდე. მომეჩვენა რომ მითანაგრძნობდა. რა თქმა უნდა, მომეჩვენა.
განა რა მოხდა ასეთი? ვეკითხები საკუთარ თავს და ცრემლები მახრჩობს. მახრჩობს და ჩამომდის. სწორედ ისე, როგორც გუშინ რომ გავაანალიზე 5 წელი გავიდა და ჩემი მშობლები ისევ არ შერიგებულან... ძვირფასო მიმი, ჩვენ ხომ ერთმანეთს შევფიცეთ რომ მუდამ საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით. შეიძლება ბავშვურად ჟღერს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს როგორ ჟღერს, როცა საქმე ჩვენს ორს გვეხება...
დრო გადის და ადამიანები იცვლებიან, შეხედულებები ეცვლებათ.
დედა და მამა.
მიმი და მე, ჩვენი აურაცხელი თავგადასავლები.
ნეტავ, პირობა არ მიმეცა კამალიასთვის მოვალ მეთქი. საშინლად მეზარება. სატელეფონო საუბრის შემდეგ სტენდალსაც ვეღარ დავუდე გული.
16 სექტემბერი.
დღე IV
- ახალი დღე, იგივე ნაგავი. - გამარჯობასავით ეუბნება და მანქანაში ჩაჯდომისთანავე ღვედს იკრავს.
- მომესალმე მაინც - ღიმილით საყვედურობს მეორე და გასაღებს მონდომებით ატრიალებს. - ზრდილობის გამო მაინც მკითხე როგორ ვარ, რას ვშვები, როგორ ვცხოვრობ...
- სამივე კითხვის პასუხი ვიცი. ახალი დღე, იგივე ნაგავი. მომე რა სიგარეტი?
- რას ჩაიხვიე ვიღაც „პიტალო“ ფილოსოფოსის სიტყვები...
- „პიტალო ფილოსოფოსი“ შენ ხარ. - აწყვეტინებს ღიმილით და გამოწვდილი კოლოფიდან ორ ღერს იღებს. - სტივენ კინგის პერსონაჟების საყვარელი გამოთქმაა - ანთებულ ღერს ჩვეულებისამებრ, მეგობარ მძღოლს აწვდის, მეორე ღერს კი თავისთვის იტოვებს. – „სიზმართმჭერი“ ჰქვია. წიგნის წამკითხავი შენ არ ხარ და ფილმს მაინც უყურე, გაგისწორდება.
- შენ რო კითხულობ, რაში იყენებ თორე კი.
- მეხმარება რომ შევებრძოლო ერთფეროვან, უინტერესო ცხოვრებას. ხანდახან დროის მოკვლის საშუალებადაც ვიყენებ. უებარი წამალია მოჭარბებული, მტკივნეული საათების გასაყვანად. - უდარდელად პასუხობს და მთელი დღის დასვენებულ ფილტვებს ხარბად ინაგვიანებს.
- აუუუუ, როგორ იცი ხოლმე ჩახლართვა. გისმენ, გისმენ და ბოლოში რომ ჩახვალ, აღარ მახსოვს თავიდან როგორ დაიწყე.
- ჰმ, ეგ ორივემ ვიცით რისი ბრალიცაა, ტყუილად ნუ მწამებ ცილს. სადმე გვეჩქარება ფისო? - შეუმჩნეველი არ რჩება მეგობრის მზერა თუ როგორ მოუთმენლად ელოდება შუქნიშანზე მწვანის აციმციმებას.
- არის უფროსო! ახალი დღე, ახალი ნაგავი. - კმაყოფილი, ბედნიერი ღიმილით პასუხობს და მუსიკას იქამდე უწევს ხმას, სანამ დაყრუებული გოგონა ღიმილით არ გააჩერებს.
. . .
გაღვიძებისთანავე მოვიმარჯვე დღიური და კიბეზე ფეხაკრეფით ჩავედი. გაზზე ჩაიდანი შემოვდგი და წერას შევუდექი. დარწმუნებული ვიყავი რომ ეს სიზმარი კი არა, მივიწყებული წარსულის ერთ-ერთი ფრაგმენტი იყო. წინ გადადგმული ნაბიჯი ფარდის ასაწევად, რომლის მიღმაც ჩემი განვლილი ცხოვრება იმალებოდა. ფსიქოლოგთან დამშვიდობების შემდეგ (მიხოს სამსახურში აგვიანდებოდა და საუბარი ხანმოკლე იყო) ფრთებჩამოყრილი დავრჩი. მისი სიტყვებიდან გამომდინარე, დანაკარგს ვერ ვეგუები და ყველანაირად ვცდილობ ცარიელი სფერო შევავსო. სავსებით შესაძლებელია რომ სიზმარი კონკრეტული დღე კი არ იყო, არამედ ჩემი შელახული ფანტაზიის ნაყოფი.
არ ვეთანხმები!
დარწმუნებული ვარ რომ ის ბიჭი რეალურია და ეგ დღეც იყო. რომ გამეხსენებინა მისი სახელი და გვარი იქნებ ინტერნეტით მეპოვნა. რამდენ რამეს შევიტყობდი მისგან...
ახლა კი ისღა დამრჩენია, კამალიასთან გავატარო მოსაწყენი დილა.
. . .
- მე ვიცი შენ ვინც გიშველის. - გამომიცხადა კამალიამ ჩემი ამბავი რომ მოისმინა და ქიშმიშებიანი კექსის მესამე ნაჭერი გადმომიღო პატარა თეფშზე.
- ვინ?
- მკითხავი ზოია.
პირთან მიტანილი ნამცხვარი ხელში გამიშეშდა. მეგონა მეხუმრებოდა. კამალიამ კი ჩემი ღიმილი პირად შეურაწყოფად მიიღო და ნაწყენი კილოთი დაამატა.
- შეიძლება შენ არ გჯერა მკითხაობის, მაგრამ მენდე, ჩემებიდან ვინც მაგასთან წავიდა, ყველა გაშტერებული გამოვიდა. რასაც გეტყვის ყველაფერი აგიცხადდება. ვიღაც შარლატანი არ გეგონოს. საქართველოს სხვა და სხვა კუთხიდან ჩამოდიან მაგის სანახავად ისე აქვს სახელი განთქმული. დღე და ღამ ცოცხალი რიგია მაგის სახლთან.
- მომავლის განჭვრეტა არავის შეუძლია...
- მე მინდა რომ როგორმე დაგეხმარო, მეცოდები ასე რომ განიცდი...
- ვგრძნობ და ძალიან ვაფასებ, ჩემო კარგო. - ვუთხარი მადლიერი ხმით და ჩავეხუტე. იმ წუთას ჩემთვის ყველაზე ახლობელი გახდა ორი დღის გაცნობილი მუსლიმანი. - ხოდა იმას გეუბნებოდი რომ მართალია, მომავლის განჭვრეტის არ მჯერა, მაგრამ ეგ არც მჭირდება. ამჯერად მხოლოდ წარსული მაინტერესებს.
კამალიამ ხელკავით გამომაცილა სახლისკენ და იმ წუთებში თავს ბედნიერად ვგრძნობდი. მარტო აღარ ვიყავი.
. . .
ფანჯრის რაფაზე ვარ და ვტკბები შემოდგომის ნიავით. არ არსებობს იმაზე კარგი დრო როგორიც თბილი ღამეა. სიზმრის ამინდი. არც გცივა, არც გცხელა. რაღაც შუალედური და იდუმალია. კიდევ კარგი, ჩემს წინ სახლები არაა და ვერავინ დამინახავს, რადგან კაცს ეგონება რომ გავგიჟდი და თავს ვიკლავ. აბა რა უნდა იფიქრო როდესაც მეორე სართულის ფანჯარაზე წამოსკუპებულ ნახევრად შიშველ გოგოს დაინახავ, რომელსაც ფეხები ისე გადმოუყვია გარეთ, თითქოს გადმოსახტომად ემზადებაო. მეღიმება. დავიჯერებ რომ წარსულში ვმრუშობდი, ვიპარავდი, ვკლავდი, ვანგრევდი, ვაგინებდი, მაგრამ თვითმკვლელობა ეს ისაა, რაც მე არასოდეს შემეხება. ყოველთვის აქვს აზრი ცხოვრების გაგრძელებას, ოჯახს ამოგიწყვეტენ თუ შეყვარებული გიღალატებს. კიდურებს დაკარგავ თუ რომელიმე გრძნობის ორგანოს. მუდამ მოიძებნება სამყაროში რაღაც, რაც აზრს დაუბრუნებს შეძულებულ სიცოცხლეს. ვიცი, ჩემი სიტყვები შაბლონურად და გამაღიზიანებლად ჟღერს, მაგრამ მე ხომ არავის ვმოძღვრავ, ამას ჩემთვის ვწერ, დროის გასაყვანად. სხვა რა დამრჩენია, მსოფლიოში ყველაზე მარტოსულ ადამიანს?
მძულს ჩემი თავი. მძულს ჩემი ნახევარ-ცხოვრება.
ალბათ ნერვების ბრალია. მომიწია ქალაქში გავყოლოდი ჩომახაშვილებს და კამალიასთან ვიზიტი გადამედო. თანაც მთელი დღე რაღაც მაწუხებს. თითქოს რაღაც მაკლია. ვჭამ და ჭამის პროცესში აღმოვაჩენ რომ არ მშია. ვკითხულობ და მთელ აბზაცს ისე ჩავამთავრებ შინაარსი არ მესმის, სიტყვები გაუგებარია. მეჩვენება რომ სულ მცხელა, ჩრდილშიც კი ოფლი მასხამს. წყალს ვსვამ უგემურია. წყეულიმც იყოს ის დღე, ავარიაში რომ მოვყევი! როგორც ჰოლივუდელები იტყვიან, ეშმაკმაც გაჟიმოს თავისი ცეცხლოვანი თ იმ სატვირთოს მძღოლი, რომელიც დაგვეჯახა. ამაზე გამახსენდა, კიდევ ქალიშვილი ვარ?

17 სექტემბერი.
დღე V
ისეთ შეშინებულს გამეღვიძა, მზად ვიყავი ჩვენი წინაპრებივით ცხვირსთვის თოკი გამომება და შესაწირად წამეყვანა ტაძარში მადლიერების გამოსავლენად ცოცხალი რომ ვიყავი. უფრო სწორად, ისევ იმ ოთახში რომ ვიწექი სადაც წინა ღამით დავიძინე. ვეცდები ქრონოლოგიურად გადმოვცე არეული სიზმარი, რომელმაც ასე შემაშინა.
შხაპი ისე მივიღე, დუშგელს არ გავკარებივარ. ერთი სული მქონდა, რაც შეიძლება მალე გამოვსულიყავი იქიდან. საშინლად აფორიაქებული ვიყავი. ერთი იმიტომ რომ სადღაც მეჩქარებოდა, მეორე მიზეზს კი მაშინ მივხვდი, როცა დავინახე, დედას ჩემი მობილური ეჭირა და ენერგიულად დაძრომიალობდა მენიუში. არ ვიცი რას ეძებდა, მესიჯებს, სურათებს თუ ზარებს. სასწრაფოდ გამოვგლიჯე ტელეფონი და იატაკზე დავახეთქე რომ ნივთმტკიცებულებები გამექრო. ასე იმიტომ არ მოვქცეულვარ რომ შემეშინდა ჩემი სასიყვარულო მიმოწერა ენახა, ან ეროტიკული სურათები. ერთი სიტყვით, მამრი არაფერ შუაში არ იყო. იქ რაღაც ისეთი იყო, რაც ორივეს საფრთხეში ჩაგვაგდებდა და მინდოდა დედა ამისგან მეხსნა. მან რა თქმა უნდა, ვერ გაიგო ჩემი ქმედება. თვალებში სიბრაზისა და წყენის ცრემლები ჩაუდგა. გული ტკივილით მომეწურა როდესაც ზურგი მაქცია. ისე მინდოდა უკან გავკიდებოდი და მეთქვა როგორ მიყვარდა, მაგრამ ვერ შევძელი. იატაკზე გატეხილი მობილური ეგდო. ღილაკები მიმობნეულიყო და თეთრად ელავდა, როგორც ფლაკონიდან ამოყრილი აბები.
მივრბოდი. ოფლი ღვარად ჩამომდიოდა ყელზე და აქეთ-იქით შეშინებული ვაცეცებდი თვალებს. ძლივს დავინახე. სითბო და შვება ერთბაშად ჩამეღვარა სხეულში. მიმი ჩემ წინ იდგა და გაბრაზებულ-ნაღვლიანი მიყურებდა თავისი უზარმაზარი თვალებით. ყინულივით ცივი ხელი ჩამკიდა და საყვედურით მომმართა:
- ხომ გთხოვდი რომ უარი გეთქვა, შორს დაგეჭირა თავი.
- გეფიცები, კავშირი გავწყვიტე, მე... - ლამის ავქვითინდი. იმედი მქონდა, დამიჯერებდა რომ სიმართლეს ვამბობდი. მან კი სევდიანად ამოისუნთქა და უკანასკნელი სიტყვები მითხრა:
- გვიანია. შენ უკვე მათ ეკუთვნი.
თვალი გავაყოლე მიმის მზერას და სისხლი გამეყინა. ცა აღარ არსებობდა. მის მაგივრად უამრავი ავად მოკაშკაშე თეფში იდგა უძრავად. მათ არსად ეჩქარებოდათ, მაინც ვერსად გავექცეოდი. ვერ დავემალებოდი უცხო ტომელებს. თეთრი, ყვითელი, და ლურჯი უცხოპლანეტელები შემზარავად მიცქერდნენ. ისინი იყვნენ, რომლებიც ჩემთან მოსულიყვნენ ანგარიშის გასასწორებლად.
. . .
ეზოში მაგიდასთან ვიჯექი და ამ ჩანაწერს ვაკეთებდი როდესაც უკნიდან ხმა შემომესმა და იმხელაზე ვიკივლე, ახლაც კი მეცინება რომ მახსენდება. ჩემი გაღვიძებიდან ნინოც მალევე ამდგარა. ფანჯრიდან დავუნახივარ ეზოში. ყავისთვის წყალი აედუღებინა და წერაში გართულს ისე დამადგა თავზე, ვერც გავიგე. ჩემს ყვირილზე მანაც შეჰკივლა და რომ მივხვდით უმიზეზოდ გავუხეთქეთ ერთმანეთს გული, რამდენიმე წუთი ჩაბჟირებამდე ვიცინეთ. ორივეს ცრემლები მოგვდიოდა თვალებიდან.
- ნინო, უცხოპლანეტელების არსებობის გჯერა?
ვკითხე სხვათაშორის და რომ დავინახე როგორ გაჭირვებით გადაყლაპა პირში ჩაგუბებული ყავა, მეც მხიარულ გუნებაზე დავდექი. ჩემი წუხანდელი კოშმარი გაუფერულდა და საღამომდე ალბათ დავიწყებასაც მიეცემოდა.
- შენ, შვილო ჩემო, მგონი იმ ავარიის შემდეგ ცოტა შექანდი. გუშინ მკითხავებზე რა აზრის ხარო, დღეს უცხოპლანეტელებიო, ხვალ ალბათ დაიმფიცირებულ ზომბებზე ჩამომიგდებ სიტყვას.
- ზეგ ვამპირებზე და მაქციებზე. - წავეშველე მეც და ავხარხარდით.
- ჩუ, მგონი, თამარი ტირის - ყურები ცქვიტა ნინომ და შუამდე ჩაყვანილი სიგარეტი უკმაყოფილოდ დადო საფერფლეზე. - ესენი ხომ არაფერს დაგაცდიან. არც მოწევას, არც ყავის დალევას. - და ამ სიტყვებზე სირბილით წავიდა სახლისკენ.
მშვენიერი ამინდია. დილით თუ არა, საღამოს მაინც შემომივლის კამალია. მანამდე კი წავიკითხავ. თავი დავიმშვიდე და ჰამაკიდან კაკლის ფოთლები გადმოვბერტყე.
. . .
- მიდი, დაიწყე ჩემო გოგო. ნათია ცოტა შტერია, მარა კეთილი გული აქვს. - შემაგულიანა კამალიამ და თავისი ბიძაშვილის შეურაწყოფილი, ბრაზიანი მზერა არად ჩააგდო. - ყველაზე სულელურმა ვერსიამაც კი შეიძლება სწორ გზაზე დაგვაყენოს. სულაც, რეალური იყოს.
- ჰმ, ჩაქრი შენა. - დამცინავად შენიშნა მეორემ. - სულ გამოგატუტუცა მაგ პოლიციურმა სერიალებმა.
- დეტექტიურმა. - მოწყენილი ხმით შეუსწორა კამალიამ და მგონი ინანა „საქმეში“ რომ ჩართო შაბათ-კვირის გასატარებლად მოსული სტუმარი.
- რაც არის. გისმენ გენაცვალე, მომიყევი რა გაწუხებს, თუ რამით შემიძლია დახმარება, მზად ვარ გემსახურო.
გამაოცა მისმა გარდასახვამ. ერთი შეხედვით ქარაფშუტა გოგო სათნოების დად იქცა. ისეთი თვალებით მომაჩერდა პატრონის ბრძანების მომლოდინე ძაღლს რომ სჩვევია. მზად იყო ფანჯრიდან გადამხტარიყო ჩემს თხოვნაზე. სანამ ამ სოფელში ჩამოვიდოდი, ვერ წარმომედგინა თუ ასეთი კეთილი, უანგარო ადამიანები კიდევ არსებობდნენ. საკუთარ თავს კითხვა დავუსვი, მეც იგივენაირად მოვიქცეოდი? დავინტერესდებოდი სხვისი ჭირით და დახმარებას აღვუთქვამდი? მგონი კი.
- როგორც უკვე იცი, ავარიაში მოვყევი და მეხსიერება დავკარგე. სამწუხაროდ, არაფერი მახსოვს გასული ხუთი წლიდან. არც ერთი ფაქტი. ვინ ვიყავი, რას ვაკეთებდი...
- საერთოდ არაფერი ახსოვს როგორ ცხოვრობდა ამ დედანაქაჩი 5 წლის განმავლობაში, მაგრამ საბედნიეროდ...
- რას ეჩრები ნეტა. - მკვახედ შეაწყვეტინა კამალიას ნათიამ. - შენ უკეთ მომიყვები მაგის ისტორიას თუ თვითონ?
- სადილის გაკეთებისას ენა ჩააწე, უფრო მწარეც გამოგივა და წიწაკასაც დაზოგავ. - არ ჩამორჩა მეორე და სამზარეულოსკენ გაიქცა აწივლებული ჩაიდნის გამოსატანად.
- დაიცა, მხოლოდ ეგ წლები ამოვარდა და დანარჩენი „ოტიდო“ გახსოვს?
- კი. - სავსებით დარწმუნებულმა ვუპასუხე. - როგორ გითხრა, გავიღვიძე კლინიკაში. საწოლში ვიწექი. წინა ღამეს სრულიად ჯანმრთელი ვიყავი და შესაბამისად, გავვოცდი, აქ რა მინდა მეთქი. თურმე უარესი გაოცება წინ მელოდა. მოგვიანებით ჩემი გათიშვა მოუხდათ რადგან ისტერიკაში ჩავვარდი. დარწმუნებული ვიყავი რომ 2012 წელი იყო, ისინი კი მიმტკიცებდნენ 2017-აო.
- ვაიმეეეე, დამბურძგლა... - ჩაილაპარაკა და ხშირბალნიანი ხელი დაგვანახა.
ეპილაცია არ აწყენდა, გავიფიქრე და ჩემი თავის შემრცხვა. როგორ გულისხმიერად მექცევა, მე კი როგორ ვუხდი სამაგიეროს. მაგრამ ხმამაღლა ხომ არაფერი მითქვამს?! სამაგიეროდ, კამალიაც ჩემ აზრზე იყო ალბათ და არ დააყოვნა.
- ხმები ეპილაციის არსებობის შესახებ არ დარხეულა თქვენ სოფელში?
- უი, შე ქათმისტვინავ, - გაცხარდა ნათია. - შენ გაქვს მართლა დარხეული. მაგხელა გოგომ ის მაინც არ იცი რომ ეპილაცია მხოლოდ რეკლამაა ხალხის მოსაზიდად და ფულის წასაგლეჯად. მაგის შემდეგ იმაზე მეტი ჯაგარი ამოდის ვიდრე გქონდა.
კამალიას განწირული სახის დანახვაზე ცხელ ყავას ვეცი ძლივს შეკავებული სიცილის დასაფარად და გვარიანად გამოვითუთქე ენა.
- გააგრძელე. - მომიბრუნდა კამალია. ეტყობა მიჩვეული იყო ბიძაშვილის წარმოდგენას თანამედროვეობაზე და შეკამათება აზრად არ მოსვლია.
- ვინ გითხრა რომ 2012 წელი იყო? საიდან გაიგე? - კითხვები დამაყარა ნათიამ.
- ახლა ეგ არის მნიშვნელოვანი თუ ვინ უთხრა რომელი წელი იყო? - გაცხარდა მეორე, რომელსაც საბოლოოდ ენანა დუეტის ტერცეტად გადაქცევა. - ხომ უნდა გესმოდეს რომ მაგ თემას არ ჩავაცივდეთ. ჯერ 2 კვირაც არაა გასული და ანასთვის მძიმეა მაგაზე საუბარი. მოდი, პირდაპირ სიზმრებზე გადავიდეთ.
კიდევ ერთხელ გამაოცა სოფელში მცხოვრები გოგოს მსჯელობამ. გოგო, რომელიც უნივერსიტეტში ჩასაბარებლად არ გაუშვა ოჯახმა უფულობის გამო და გული დამეწვა. ვის უნდა სწავლა, და ვინ სწავლობს... ამჯერად აღარ შეკამათებია ნათია. უფრო მეტი სინაზით და თანაგრძნობით მომაჩერდა. დაზუთხულივით მოვყევი სიზმარი, რადგან შუა დღით უკვე მყავდა კამალია ნანახი და მეორე ეტაპზე გადავედი.
- ვიცი, თქვენ ადგილზე მეც ვიფიქრებდი რომ ჩემ წინ გიჟი ზის...
- ოოო, ნუ დაიწყე ეხლა.
- გააგრძელე კაცო, რას მიქვია გიჟი. - პროტესტი გამოთქვეს მსმენელებმა, რამაც შვება მომგვარა. - ჩემს დღეში არ მომისმენია ასეთი საინტერესო ისტორია და ეხლა არ დამუნჯდე, არ დამაინტრიგო და გადამრიო. ღამე ვეღარ დავიძინებ თუ ბოლომდე არ მოვისმენ.
- კაი, ნუ დაიქოქე. – მოუთმენლად შეაწყვეტინა კამალიამ და ინტერესით მომაჩერდა. - იპოვე ის ბიჭი წინა ღამეს რომ დაგესიზმრა?
- ის ბიჭი არა, მაგრამ თუ გახსოვს, „სიზმართმჭერი“ ვახსენე, სტივენ კინგის ნაწარმოები. დღეს დედას ვესაუბრე. აღმოჩნდა რომ ჩემი საყვარელი მწერალი ყოფილა. საშინელებათა ჟანრის დიდოსტატი. სახლში ყველა მისი წიგნი მქონია რაც ქართულად ითარგმნა. შვიდტომეული და კიდევ მინიმუმ 15 რომანი. ერთი სიტყვით, ფანი ვყოფილვარ და არა ერთხელ მითქვამს რომ ვაპირებდი მისი სურათის ჩარჩოში ჩასმას და ჩემს ოთახში კედელზე ჩამოკიდებას.
- გაჭედილი გქონია, კარგი გაგებით. - ფიქრიანად დაასკვნა კამალიამ.
- სიმპათიურია ეგ მწერალი? - დაინტერესდა ნათია.
- 60-70 წლის კაცზეა საუბარი. - ჩამეღიმა. - მწერლის გაფეტიშება ჩემთვის უჩვეულო არაა. მქონდა დუმბაძის, თაგორის, ცვაიგის, ბურჭულაძის, აგათა კრისტის, გოლზუორთის, რაიტის, უაილდის და ბოლოს ჯავახიშვილის პერიოდები. შიგადაშიგ რა თქმა უნდა, სხვებსაც ვკითხულობდი, მაგრამ გაფეტიშებით ესენი. კინგი კი ჩემი გამქრალი ხანიდან არის. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს დავგუგლე და „სიზმართმჭერს“ ვუყურე...
- უცხოპლანეტელებზეა. - მშვიდად გააგრძელა კამალიამ ჩემი სიტყვა და თვალებში რომ შევხედე მივხვდი, მასაც მოესწრო ყურება. - დედამიწაზე ჩამოსული უცხოპლანეტელებიდან უკანასკნელი გადარჩენილი მათგანი ჩასახლდება ერთ ტიპში და მისი სხეულის მეშვეობით ცდილობს მიაღწიოს კონკრეტულ ადგილამდე რომ დაინფიცირებული ძაღლი ჩააგდოს წყალში, რომელსაც უამრავი ადამიანი დალევს და ამით კაცობრიობის აღსასრულიც დადგება.
შვებით ამოვისუნთქე. გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, კამალიაზე თქვა რუსთაველმა. მე ერთი საათი მაინც მოვუნდებოდი იმ ფილმის მოყოლას და სახლში მაგვიანდებოდა უკვე. რა ხანია გამოსული ვიყავი.
- იმ შენ ნათესავ გოგოს რომ დაურეკო სიზმარში რომ ნახე და გაარკვიო, ნამდვილად გქონდა თუ არა იმ დასაწველებთან ურთიერთობა?
გაცნობის წუთებიდან პირველად ნათიამ ჭკვიანური კითხვა დამისვა, მაგრამ ვაი რომ იმედი უნდა გამეცრუებინა
- ასე პირდაპირ ნუ ჰკითხავ, შეაპარე, შენ უკეთესად იცი როგორ მიუდგე. გაქვს მაგ გოგოს ნომერი? - ნათიამ საქმიანად გამომიწოდა თავისი ძველმოდური მობილური, რომელსაც უთუოდ ძალიან უფრთხილდებოდა.
- აზრი არ აქვს დარეკვას. - ჩემს მაგივრად უპასუხა კამალიამ. - მიმიმ აგრძნობინა რომ ანასთან ურთიერთობის სურვილი არ აქვს. ჯერჯერობით მაინც. ვფიქრობთ, რომ ანამ ის აწყენინა. აქედან გამომდინარე, რამე რომც იცოდეს და დიდი ალბათობით იცის, მაინც არ ეტყვის.
- მხოლოდ წყენაზეც არაა. - ვცადე უდარდელი ხმა მქონოდა, აქაოდა სულაც არ მაღელვებს მისი შეცვლილი დამოკიდებულება ჩემ მიმართ-მეთქი. - ის ჩემს ახლანდელ მდგომარეობაზეც ფიქრობს, მხედველობაში მაქვს - თითი საფეთქელზე მივიკაკუნე - როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყოს ჩემზე, უფლებას არ მისცემს თავს ზიანი მომაყენოს, ამაღელვოს, გამანერვიულოს. ამიტომაც ჩემი წარსულის ბნელ, საშიშ მხარეს, თუკი ის ნამდვილად არსებობის, მისგან ვერ გავიგებ.
- მესმის. - უხმოდ ჩაილაპარაკა ნათიამ. ბიძაშვილის მოყოლილ ფილმს ვერ ჩასწვდა, მაგრამ ადამიანური გრძნობების უბადლო ექსპერტივით ეჭირა თავი. - შენ მაგაზე არ იღელვო. მე და კამალიაც სულ ვჭამთ ერთმანეთს მაგრამ მაინც ვრიგდებით...
- ნეტა ეგ იყოს პრობლემა, ჩვენ უცხოპლანეტელებზე და სამყაროს აღსასრულზე ვშიშობთ და შენ ნათესავების წყენა აღიქვი მხოლოდ ტრაგედიად.
- ქალო! - ხმას აუწია ფიცხმა ნათიამ - წუხელ ნიავი რომ არ შეგეპარა საბნის ქვეშ? რეებს ბოდავ, რა სამყაროს აღსასრული, ენამ არ გიყივლოს. ჩვენ ჯერ არ ვაპირებთ და შენ თუ გინდა, კლდე ნახე და იმის ჯანი.
- 20 ლარი მაქვს გადანახული. ჩემებმა არ იციან. - მოახლოებული ჩხუბის თავიდან ასაცილებლად თემა შეცვალა კამალიამ და თავისი სიტყვების დასამტკიცებლად უკანა ოთახში გაუჩინარდა. - სალოსგან გავიგე, 50 ლარი გაუხდია ზოიას ერთი ვიზიტი.
- უიმე, - შეიცხადა ნათიამ და თითქოს მთელი დღე ჩაუშხამდაო, ღვარძლიანად დაუმატა - ეგეც „ბიტვა ექსტრასენსის“ გამარჯვებული არა მყავდეს, რა ცეცხლის ფასი დაუდია მაგ შეჩვენებულს, სირცხვილი სულ დაკარგა?
- 30 ლარი გვაკლია, შენ რამდენი გაქვს? ცოტა ხნით რომ მასესხო. - ოთახიდან თავი გამოყო და სრული სერიოზულობით მიაჩერდა მასზე დაბალ და პუტკუნა ნათიას. - ამ დღეებში დედალს გავყიდი და დაგიბრუნებ. დედას ვეტყვი, კატამ მოიპარა-მეთქი.
- სულ არ მინდა შენი ფული, ოღონდ ამას რამე ვუშველოთ საყვედურნარევი ხმით უპასუხა ნათიამ და მკვირცხლად წამოიჭრა ფეხზე.
- ჩემი მკითხავისთვის აგროვებთ ფულს? - აღვშფოთდი სამართლიანად და ხან ერთს მივაშტერდი, ხან მეორეს.
- კარგი ეხლა, ნუ დაიწყებ თავპატიჟს. - უკმეხად მომაკეტინა ნათიამ - როცა გექნება, მაშინ დაგვიბრუნე. შენ გარბიხარ თუ ჩვენ? ადამიანები ვართ, თუ ერთმანეთს არ დავეხმარეთ, თქვენი სიტყვების არ იყოს, მეეჭვება მარსელები ამოგვიდგნენ მხარში.
ამ სიტყვებზე უბრალო თვლებით მოქარგული საფულედან სამი ათლარიანი ამოიღო და თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.
- ოღონდ...
- აჰ, დაიწყო. ეს უანგაროდ არავის ეხმარება. უეჭველად სამაგიეროს მოგვთხოვს.
კამალია არ ცდებოდა. კარგად იცნობდა ბიძაშვილს. 23:30-ზე დავთქვით შეხვედრა კაკლის ხესთან. კამალიამ თავისი ნოკია მომცა, ვინიცობაა ჩამძინებოდა, ათი წუთით ადრე დამირეკავდნენ და გამაღვიძებდნენ, მაგრამ ნათიასი არ იყოს, მეც აფორიაქებული ვიყავი და რა დამაძინებდა. საწყალმა გოგოებმა ჯიბეები გამოიფხიკეს რათა დამხმარებოდნენ და მეც როგორმე უნდა გადამელახა სირცხვილის გრძნობა და ნინოსთვის მეთქვა.
- ვიცი, იდიოტად ჩამთვილი. ამ გოგოს სულ დააკლდაო, მაგრამ გეხვეწები, შენი ჯვარნაწერი ბეჭედი მათხოვე ერთი საათით.
უთქმელად მიხვდა რისთვის მჭირდებოდა და ბევრი იცინა თუ ცოტა, მაშინვე დამთანხმდა იმ პირობით რომ სიტყვა-სიტყვით მოვუყვებოდი დანახულს.
- მიხოს კაბინეტში, მაგიდის უჯრაში გამადიდებელი შუშა უნდა იყოს. - მითხრა ნასადილევს მაგიდას რომ ვალაგებდით.
- ეგეც გვჭირდება? - შევიცხადე. სარკე, რომელშიც ნათიას და კამალიას ჩახედული არ ექნებოდათ და რიტუალის მთავარი ატრიბუტი, ბეჭედი უნდა წამეღო.
- უკეთესად რომ დაინახო. - მიპასუხა და ახარხარდა.
. . .
ის-ის იყო მრავალგზის ტანჯულმა ჟიულიენმა სიცოცხლე დაასრულა, მისი საყვარელი ქალები ერთმანეთს გადაეხვივნენ და წიგნიც გვერდზე გადავდე რომ კამალიას ნოკიამაც ლეგენდარული ზარით მამცნო, დრო იყო წასასვლელად. ჩემს ბედად, მიხოს ბუთა არ აეშვა ამაღამ, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. სულ დამავიწყდა ბუთას შესახებ მომეყოლა. როგორც თითქმის ყველა სოფლის სახლს ეკადრება, ჩომახაშვილებსაც ჰყავთ ძაღლი, ქართული ნაგაზი სახელად ბუთა. არა ერთ გზის ჩემპიონს და სახელგანთქმულ ბუთას ჩემი აზრით, ერთი დიდი ნაკლი აქვს. თვალის დაუხამხამებლად შეუძლია ადამიანის გადასანსვლა, განურჩევლად კეთილისა თუ ბოროტის. ამ ქვეყნად მისთვის მხოლოდ სამი ხელშეუხებელი ადამიანი არსებობს, პატრონი და მისი ცოლ-შვილი. პირველივე დღეს სასტიკად ამიკრძალა მიხომ მასთან მიახლოვება, როდესაც სურვილი გამოვთქვი მე მიმეტანა საჭმელი და გავცნობოდი. ძალიან მიყვარს ცხოველები და ვფიქრობ, ეს უნდა ეგრძნო ბუთას, მაგრამ ნინომ გადაჭრით მითხრა, შენი სათუთი გრძნობები ბუთაზე არ ვრცელდება, წლებია დღეში სამჯერ დადიან ფერმაში მომუშავე ქალები და ამასწინათ ერთ-ერთი კინაღამ დაგლიჯა როდესაც საქმეში გართულმა ახლოს ჩაუარა მის სახლს. ხედავს რომ ეს ქალები უცხოები არ არიან, მაგრამ ამ ძაღლმა შეჩვევა და გაშინაურება არ იცისო. მე მაინც არ ვკარგავ იმედს. თავს თუ ვერ შევაყვარებ, კბენის სურვილს მაინც გავუქრობ.
ფეხაკრეფით ჩამოვედი კიბეზე. სულ ანგელოზი-წყალზე-დადის ნაბიჯებით რომ იარო, მაინც ხმას გამოსცემს ეს ძველი ხის კიბე. რკინის კარები კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით დავკეტე და ჩამობნელებულ გზას გავუყევი. დათქმულ ადგილზე პირველი მე მივედი და ხის ძირში ჩამოვჯექი. სიჩუმეში ფოთლების, მწერების და ბაყაყების ხმები ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს. თითქოს ადამიანების ძილს ელოდებოდნენ რომ გაეღვიძათ და ცხოვრება დაეწყოთ. თვალები დავხუჭე და მაშინვე გავახილე, ტრანსის დრო არ იყო. შემოდგომის თბილი ღამე იდგა, მაგრამ მეძინებოდა და ჩემი თავით კმაყოფილი დავრჩი გრძელი ჟაკეტის წამოღება რომ არ დამეზარა. მის გარეშე აუცილებლად შემცივდებოდა. სიგარეტს მოვუკიდე და ყური მივუგდე ნაპასის დარტყმის დროს გამოცემულ ხმას. ჟრუანტელს მგვრიდა. ამ ხმას მხოლოდ რიჟრაჟზე და ღამით მოისმენ. არც ვიცი რას შევადარო ეს ხმა, ალბათ, რბილი ცელოფნის დაჭმუჭნას, ისეთს, მაღაზიებში შაქარს და დაფქულ ყავას რომ გიყრიან.
ის-ის იყო გაბრუებულმა თვალი გავახილე რომ ნაბიჯების ხმა მომესმა და ერთ წუთში საყვედურიც მივიღე.
- შუა გზაზე რომ არ ქაჩო სიგარეტი მთელი სოფლის დასანახად, სახლში ადგილი ვერ ნახე? ქალაქის კაფე-ბარში ხომ არ გგონია თავი? ვინმემ თვალი რომ მოგკრას, ერთი წელი ექნებათ საქაქანო, მიხოს სტუმარი გოგო პაპიროსს ვით ექაჩებოდა სოფლის ორღობეშიო.
სავსებით მართალი იყო ნათია. რა ნამუსით შევდავებოდი. ჩემი წინდაუხედაობით ჩომახაშვილებს ვაგდებდი უხერხულ მდგომარეობაში. ხომ შემეძლო, სახლში პიტნის ჩაი მომედუღებინა და მშვიდად დამეგემოვნებინა სიგარეტთან ერთად, მაგრამ არა! მე ხომ დაუდგრომელი სულისა ვარ. რაა მამული რისკისა და ექსტრემის გარეშე?! რა შეედრება იმ ნაპასის გემოს რომ დაარტყამ და თან აქეთ-იქით აცეცებ თვალებს, ვინმე ხომ არ მოდისო. და რომ დარწმუნდები არე-მარე სუფთაა, ბოლს ისევე უშვებ ფილტვებიდან, როგორც „კარმას“ გამომძვრალი შლანგი გაზს, სანამ ისევ მიუერთებენ.
- მერე შეიძლება ისიცა თქვან , დავინახეთ შუაღამისას როგორ ჩაჯდა ბიჭებით გამოტენილ მანქანაშიო...
- კარგი, გეყოფა. ნუ იცი ხოლმე კუბოს კარამდე ჩაყოლა.
ენადქცეული ბიძაშვილისგან დამიცვა კამალიამ და პირველი დაიძრა უმასპინძლო სახლისკენ, სადაც ნათიას ღრმა რწმენით, ჩვენი მომავალი ქმრები უნდა დაგვენახა ჯადოქრობის წყალობით. მას პირნათლად შეესრულებინა პირველი პუნქტი. დილით ყველასთვის დაესწრო გაღვიძება და სხვებთან გამოლაპარაკების გარეშე კოკა-კოლის ცარიელი ბოთლი ონკანის წყლით აევსო, რომელსაც თვითონ „უმძრახ წყალს“ უწოდებდა.
მომავლის დასანახად საჭირო იყო სარკე, რომელშიც არასოდეს ჩაგეხედა, სანთლები, გამჭირვალე უორნამენტო ჭიქა და ჯვარდაწერილი ბეჭედი, რომლის მოპოვებაც მე მხვდა წილად. ბიძაშვილებმა ბევრი იმსჯელეს სად ჩატარებულიყო საჭირბოროტო რიტუალი, ჩემს საძინებელში თუ მიტოვებულ სახლში, რომელიც ორასიოდე მეტრის მოშორებით იდგა კაკლის ხიდან. კამალიას სახლზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მედიკო და მისი მეუღლე ზვიადი ფრიად ღვთისმოსავი ხალხი იყო და ნამდვილად ცუდი დღე დაადგებოდა მათ ქალიშვილს, თუ „ეშმაკთან კონტაქტის დამყარებაში“ ამხელდნენ. ვერ დავარწმუნე მეგობარი რომ არც მიხოს და არც ნინოს ამის საწინააღმდეგო არაფერი ექნებოდათ, რადგან ვიცოდი, როგორც მე, ისინიც უწყინარ გართობად ჩათვლიდნენ და არც არაფერს ეტყოდნენ ალაჰის მოყვარულ მეზობლებს. თუმცა, მივხვდი რომ კამალია არ დაუმშვიდებია ჩემს სიტყვებს და მეც თავი აღარ გამოვიდე. ცოდვა გამხელილი სჯობსო და საბედოს დანახვაზე მეტად, უცხო სახლში ქურდივით შეჭრა უფრო მიზიდავდა.
- ნათი...
- რა იყო? ვინმე დაინახე? - მკითხა ნირწამხდარმა და უკან გაიხედა, რაკი წინ კაცის ჭაჭანება არ იყო.
- არა. დავუშვათ, იმ დროს როცა წყალს იღებდი მეზობელი ან შენი ოჯახის წევრი გამოგლაპარაკებოდა, უვარგისი იქნებოდა ეგ წყალი რიტუალისთვის? - თავი ვეღარ შევიკავე და მაინც ამოვთქვი კითხვა, რომელიც მთელი დღე მიტრიალებდა თავში. კამალიამ ჩაიფხუკუნა. სიბნელე იყო და ვერ ვხედავდი, მაგრამ ვიცოდი როგორი გაბრწყინებული თვალები ექნებოდა ჩემი სიტყვების მოსმენაზე.
- მორჩი მაიმუნობას. - მომიჭრა უბოროტოდ, ოღონდ უსამართლოდ და სიცილი ვეღარ შევიკავეთ. ჩვენდა გასაკვირად, თვითონაც აკისკისდა. ალბათ ზუსტად იმ წუთს გავიფიქრეთ სამივემ რას იფიქრებდნენ მეზობლები ჩვენი გეგმის შესახებ რომ სცოდნოდათ. ყველაზე კარგ შემთხვევაში, გაეცინებოდათ.
- იცი ყველაზე მაგარი რა იქნება? ამოისლუკუნა სიცილისგან ჩაოსებულმა კამალიამ - რომ გავშინაურდებით კორახაშვილების სახლში. მაგიდას რომ გავაწყობთ სანთლებით და სარკეებით, ნათია რომ ჩააფრინდება ბროლის ჭიქას, ემანდ არაფერი გამომეპაროსო, შენ დივანზე წამომჯდარი სიგარეტს აბოლებ და ამ დროს სახლის პატრონები დაბრუნდნენ.
სიცილისგან ზურგის არეში ვიგრძენი ტკივილი. გაჭაჭული ნათიაც მე მეკიდებოდა მხარზე და ძლივს ვინარჩუნებდი წონასწორობას არ წავქცეულიყავი.
- რომ შეგვეკითხებიან, რას აკეთებთ ჩვენ სახლშიო, შენ კიდე უპასუხებ, გადით გარეთ და იქ გაარჩიეთ, ხელს ნუ მიშლით, ძლივს საბედო გამოჩნდა ბეჭედშიო. - ორივე ჩაოსებული მე მაწვებოდა და ძლივს ვსუნთქავდი.
- პოლიციას რომ გამოიძახებენ და დაგვაპატიმრებენ, ჩვენს სახლში ჯადოქრობისას წავასწარითო.
- ოოო, ამან რომ არ ჩაგვაშხამოს ხომ არ შეუძლია. - სული მოითქვა კამალიამ და ცრემლები მოიწმინდა.
- რა გინდა, შენი დაწყებული ამბის ლოგიკური გაგრძელებაა. - გამოვექომაგე ამჯერად ნათიას და როგორც იქნა, დავმშვიდდი.
- ესეც კორახაშვილების მამული. - საზეიმოდ გამოაცხადა კამალიამ და გალავანზე პირველი გადაძვრა.
- დაგეხმარები. - ამომძახა ნათიამ. მეც მაშინვე დავეყრდენი ხელზე და სხვის საკუთრებაზე ჩავხტი. კამალია ოსტატურად გადავიდა ფანჯრიდან. ეტყობოდა, პერველად არ აკეთებდა ამას, ან ფანჯარა ღია თვითონვე დაეტოვებინა.
- ხომ არ გეშინია? - მკითხა ნათიამ - არავინ მოვა და რომც მოვიდეს, კამალიას აქ ყოფნის სრული უფლება აქვს. ხომ გითხარით, თვეში ერთხელ დედამისი ამ სახლს ალაგებს. პატრონები კი მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიან რუსეთიდან და ხელფასსაც აძლევენ. - კიდევ ერთხელ დამამშვიდა ნათიამ და მზრუნველად მომხვია მხრებზე ხელი.
ერთი შეხედვით, უწყინარი სტუმრობა, რომელიც ძვირად დაგვიჯდა.
ძალიან ძვირად.
. . .
მოწმენდილი ცა ერთბაშად რომ მოიღრუბლება და მზიან ამინდს ავდარი შეცვლის, ასე დაემართა ჩემს განწყობილებასაც სახლს რომ მივუახლოვდი. ცალკე თემაა ინტუიცია რამდენად მაქვს განვითარებული და ამისთანები. არც აღზევებული, უხილავი ძალების იქ ყოფნა მიგრძვნია და არც ავ წინათგრძნობას შევუშფოთებივარ. ერთადერთი რამაც სამივეს მოგვისხიპა სახიდან ღიმილი ეს იყო საზარელი სუნი. მახსოვს, ბავშვობაში სკოლიდან დაგვითხოვეს და დასასვენებლად ბებიასთან წავედი სოფელში. ბებოს საძინებელში საშინლად მყრალი სუნი იდგა. გავვოცდი, როგორ არ აწუხებს ეს სუნი მეთქი. სინამდვილეში ძალიანაც აწუხებდა და მთელი დღე ანიავებდა ოთახს, მაგრამ მაინც ვერაფერს ხდებოდა. საძინებელი გადავატრიალეთ. არსად ჩანდა არც გახრწნილი თაგვი, არც დამპალი ბოსტენული. ერთი სიტყვით არ ჩანდა არაფერი ისეთი, რაც ატმოსფეროს აბინძურებდა. ბოლოს ბიძაჩემმა ძველებურ დივანს დაადგა თვალი. გაიტანა, დაშალა და არასოდეს დამავიწყდება რკინის ხვეულებში გაჭედილი მკვდარი ვირთხა, რომლის დანახვაზეც კინაღამ იქვე ვარწყიე. ახლაც თითქმის იგივე სუნი იყო, ოღონდ უფრო მძაფრი.
- თავს დავდებ, რომ სადმე კუთხეში მკვდარი ვირთხა გდია.
ამოვილაპარაკე ზიზღით და ფეხი ავითრიე. არ შემეძლო იმ სახლში გადასვლა. ვინც მიცნობს, ყველამ იცის რომ ერთადერთი არსება, რისაც პანიკურად მეშინია და მეზიზღება თავგვია. ერთი სიტყვით, თაგვი და მისი მოძმე ჯიშები.
- დავიჯერო, ფანჯრიდან გადმოძვრა? - თავის თავს ჰკითხა კამალიამ - რანაირად კი მარა, განა რა ძალა აქვს ვირთხას რომ მიაწვეს ფანჯარას და გააღოს. დაღრღნილიც რომ არაა? - სიტყვების დასამტკიცებლად ნოკიას ფანარი მოავლო ფანჯარას. მართალი იყო.
- შეიძლება სხვა მხრიდან შემოვიდა, მაგალითად სარდაფიდან. - შევეპასუხე და ნათიას გავხედე რას იტყოდა. გამიხარდა სარგადაყლაპულივით რომ იდგა და არ მთხოვდა გადავძვრეთო.
- შანსი არაა. - მომიჭრა შეფიქრიანებულმა კამალიამ. - სარდაფი სახლის უკანაა და იმაზე კარგადაა გარემონტებული, ვიდრე ჩემი საძინებელი.
გული მომეწურა შინაარსზე მეტად გულგრილი ტონით ნათქვამ სიტყვებზე. მან უბრალოდ ფაქტი აღნიშნა. ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე.
- კაი, მოდი შუქს ავანთებ რომ დავრწმუნდეთ, აქ გდია თუ არა. ამის გარეშე ვერ გაიძულებ გადმოხვიდე.
შემწყნარებლურად გამიღიმა და მომდევნო წუთში სუნის მიუხედავად, აღტაცებაში მომიყვანა სასტუმრო ოთახმა. მართალია, კამალია აქებდა მაგრამ მეგონა აზვიადებდა. რატომღაც ვერ წარმომედგინა თუ ამ სოფელში ასეთ მდიდრულ სახლს ვნახავდი. სახლი კი არა, ძვირადღირებული აგარაკი იყო, დიდებული. თვალი მომჭრა თეთრი ტყავის დივანმა, ანალოგიურმა სავარძლებმა და მარმარილოს მაგიდამ. მოჯადოებულივით გადავძვერი ფანჯრიდან და მივხვდი, სათუო იყო მხოლოდ მისაღებში კი არა, სახლის რომელიმე ოთახში მკვდარი ვირთხის არსებობა და სიცივემ ერთბაშად დამრია ხელი. ისეთი შეგრძნება დამეუფლა სიცხიდან საყინულეში რომ ამოყოფ თავს და სუნთქვა გეკვრება. აი მაშინ კი ვინატრე, როგორც ბებიაჩემი იტყოდა, ნეტა ფეხი მომტეხვოდა და არ წამოვსულიყავი-მეთქი. გონებაში რაღაც ხმა, ალბათ ჩემივე ხმა ჩამძახოდა უკან მოუხედავად გავქცეულიყავი, მაგრამ ფეხი ვერ გავანძრიე. მხოლოდ მაშინ გავტოკდი, როდესაც უკნიდან ხმა მომესმა და კი არ შევკრთი, შევხტი. ეტყობა სახეზე მეწერა ყველაფერი, რადგან გადმობობღებულმა ნათიამ შეშფოთებული სახით შემომხედა და მყისვე გამოცოცხლდა.
- სად არის? ნუ გეშინია, თვითონ გადავაგდებ. ერთი ორი მომისვრია ნაგავში? ჩემი კატები დაიჭერენ, კლავენ და ნანადირევს გამარჯვებულები მომითრევენ კარებთან, რა არის რო გული მომიფონონ და ყველი გამომტყუონ. სად გდია აბა? - მისმა კითხვამ რეალობაში დამაბრუნა.
- არ ვიცი, არ დამინახავს... - ნათია უნდობლად მომაჩერდა.
- აბა რა გეტაკა? ისე გილაპლაპებს სახე, თითქოს კაცს ზეთი შემოესხას. - უნიათოდ გავუღიმე. იმ წუთას ალბათ ღიმილის კარიკატურის საუკეთესო ნიმუში ვიყავი.
- აზრზე არა ვარ, გოგო, ეტყობა სახლში ჩახუთული ჰაერია, თან ეს სუნი...
ვცადე ბუნებრივი ხმა მქონოდა. აქაოდა, თავს გადასარევად ვგრძნობ და მშვენიერ განწყობაზე ვარ, მხოლოდ ეს სუნი მაწუხებს მეთქი. ნათია, რომლის ცხვირის რეფლექტორებიც ალბათ ცოტა დაჩლუნგებული იყო, ან არ დაგიდევდა მძაფრ, მყრალ სუნს, მხიარულად მიუახლოვდა მაგიდას, დივანზე წამოჯდა და ჩანთიდან საჭირო ნივთების ამოლაგება დაიწყო. კინაღამ გული გამისკდა. კითხვის გამომხატველი თვალებით მივაჩერდი კამალიას, მაგრამ ყურადღება არ მოუქცევია.
- ვცდილობ გავიხსენო ბოლოს როდის ვიყავი აქ. - ჩაილაპარაკა თავისთვის და ზურგი შეგვაქცია.
- ნათი, იქნებ ჩემთან წავსულიყავით? - უკანასკნელად მოვსინჯე ძალები, მაგრამ უკვე ვიცოდი რომ ეს ბრძოლა წაგებული მქონდა. ფეხს ვერ მოვაცვლევინებდი ნათიას, მითუმეტეს კამალია არ დამთანხმდებოდა ჩომახაშვილების სახლზე.
- ამ ერთხელ გაუძელი ჩემ გამო რა??? - შემევედრა და ფარხმალი დამაყრევინა. ისღა დამრჩენოდა, ფანჯრიდან გადამეყო თავი და არ მეფიქრა სად ვიყავი, მაგრამ ვინ გაცალა, სანთებელა მათხოვეო, მხიარულად გამომძახა.
ზუსტად არ მახსოვს, მეორე თუ მესამე სანთელს ვუკიდებდი, როდესაც სულის შემძვრელი კივილი გაისმა. არ ვიცი რატომ მივაშტერდი ნათიას. მართლა მეგონა რომ შემთხვევით თმაზე წავუკიდე ცეცხლი, რადგან მას ეჭირა სანთლები და ანთებისას თავს ხრიდა, თუ არ მინდოდა რეალობისთვის გამესწორებინა თვალი და მცოდნოდა რომ ხმა მარჯვნიდან მოდიოდა, სადაც მაქსიმუმ 2 წუთის წინ კამალია გაუჩინარდა. არც ის მახსოვს პირველი მე შევედი იქ თუ ნათია. ერთია წაკითხული, ფილმებში ნანახი საშიში სცენები ბატი-ბუტს რომ მადიანად მიირთმევ და თვალს არ აშორებ ეკრანს, მეორე კი თვითონ იყო საშინელებათა ამბავში მთავარი გმირი.
ვარდისფერი ლოგინი, ზუსტად ისეთი, ანიმაციურ ფილმებში პრინცესები რომ იძინებენ. ვარდისფერივე ძველებური ელექტროლამპა თეთრ ტუმბოზე მოჩუქურთმებული ფეხებით. გადაყირავებული, გრძელ ყელიანი ბროლის ჭიქა და ლოგინზე სამუდამოდ მიძინებული გოგონა. კუპრივით შავი თმის ბოლოები, რომელიც უკანასკნელად დაევარცხნა, ტალღებად ეცემოდა იატაკისკენ. ჯებირიდან გადმომსკდარ წყალს გავდა, სანამ ძირამდე მიაღწევდა და წალეკავდა არემარეს. გულაღმა იწვა. თვალების დამხუჭიც კი არ ჰყავდა. ღიად დარჩენილი, მოხარშული თვალების. გამდნარი, დასიებული სახე. გახრწნილი, დალაქავებული ხელები. მარჯვენა ხელი... შავი, გრძელი ბრჭყალები.
მარჯვენა ხელის მომუშტული თითები შემოატყდებოდა ყველას, ვინც მის გაშლას მოინდომებდა.
მარჯვენა ხელი... მისი პატრონი სულ 25-ოდე წლის თუ იქნებოდა.
მარჯვენა ხელი, რომელსაც უკანასკნელად ჩაებღუჯა ნივთი.
მკვდარი, გახრწნილი მარჯვენა ხელი და უხრწნადი, უკვდავი ინსულინის ნემსი.
. . .
- ხომ გითხარი, კარგად დავწერე მეთქი. - მანქანაში ჩაჯდომისთანავე მუსიკას რთავს და ღვედს იკრავს. მარჯვენა სარკისკენ თვალს აპარებს, რაც უკვე ჩვეულებაში გასჯდომია და უკანა ხედს ზვერავს. სიმშვიდეა. არსად მოჩანს ადევნებული, სათამაშო მანქანა და საუბარს უწინდელი უდარდელი, თითქმის კმაყოფილი ხმით აგრძელებს. - დღევანდელ გამოცდაში ისე რაა ქულაც რომ მივიღო, მაინც შემინარჩუნდება მომავალ სემესტრში სტიპენდია, რადგან დანარჩენ საგნებში მაქსიმალური შეფასება მაქვს.
- ...
- 98 მხოლოდ ინფორმატიკაში მაქვს. დანარჩენებში 99 და 100. დე, გითიშავ, პროსპეროში შევდივარ წიგნის საყიდლად. ძალიან არ დავიგვიანებ, ასე რომ არ ინერვიულო. ოღონდ, ეხლავე გაფრთხილებ, ის სტუდენტი, რომელიც პირველი ტოვებს გამოცდების დამთავრების აღსანიშნავად გამართულ წვეულებას, მე არ ვიქნები. ერთად ვსხდებით და ერთადვე ვიშლებით.
- ...
- არავინ აპირებს საღამოს კაბით მისვლას და ჯინსების წინააღმდეგ გამელაშქრა თუ გამოცდებისგან გატანჯული ჯგუფელების ჯიბრით გამოვწყობილიყავი ზურგმოტიტვლებულ შავ კაბაში? კაი, წავედი, გკოცნი.
ტელეფონს თიშავს და მეგობარს უყურებს.
- იდიოტივით რომ იღიმები იმედია, გაქვს მიზეზი და ტყუილად არ მალოდინე 3 საათი.
- ვიღიმები? - კითხულობს საჭესთან მჯდომი და ყურებამდე ეხსნება პირი.
- ხო. რწმენაში დაბრუნებულ ბედნიერ ქრისტიანს გავხარ.
- არანორმალური ხარ რა, საიდან რას გამიძრობ ხოლმე. პროსპეროსთან გაგიჩერო? თუ პირდაპირ დავაწვე.
- შენს ლოდინში წიგნიც ვიყიდე და კითხვაც დავამთავრე. დააწექი.
- მხეცი ხარ!
აქებს თავისებურად. ამ ტონითვე ეტყოდა, „დედაჩემმა ტვინი გაბურღა სამსახურში იგვიანებო“, ან „უბანში ბიჭებს ჩხუბი მოუვიდათ და ჩემი მეზობელი „ოქრო“ მაგრად მიუბეგვავთო“. მისთვის სულერთია რა ხდება ირგვლივ. ცხოვრებაში მხოლოდ 3 რამეს აქვს აზრი. მანქანას, ფეხბურთს და...
- ამჯერად, რომელ მწერალს ერგო შენი პატივი? - ცდილობს ხმაში ინტერესი გაურიოს, რაც გვერდით მჯომს არ ეპარება და ხუმრობით თმას აწიწკნის. ასეთია მისთვის ეს ბიჭი, სასაცილო და საყვარელი.
- ხულიო კორტასარს. სხვათაშორის, ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი ოდესმე წამიკითხავს.
თავისივე სიტყვებზე ეღიმება. „კითხულობ, კითხულობ და ბოლოში რომ გახვალ, თითქოს უფრო ბევრი გრჩება წასაკითხი ვიდრე მანამდე, სანამ დაიწყებდი. ბედნიერების უწყვეტი წყარო. იქნებ, ერთადერთი უსაფრთხო გზა ცხოვრებაში?“
- ხოო? - ახლა კი ნამდვილად ინტერესდება. - რა წიგნია ასეთი?
- უძლიერესია. ძალიან გახმაურებული ნაწარმოებია. შეიძლება შედევრი არაა, მაგრამ კატასტროფულად საინტერესოა. თანაც, ყველა ვერ გაიგებს, ვერ გადაირევა და ეს მაგრად ასწორებს. „მდევარი“ უეჭველი უნდა წაიკითხო, ბექუშ. ერთ უნიჭიერეს მუსიკოსზეა, რომელიც მაგრად ეწევა.
- ვააა, მართლა? - ისე უხარია ამ ამბის გაგება, თითქოს ეს-ესაა საყვარელ ნაკრებს გაეტანა გოლი. - ჯიგარი ყოფილა ტო, თან ნიჭიერიო. ეჰ, ნეტა ყველა მასეთი როჟა იყოს ამ სამყაროში. მაშინ ხომ არავინ მოკლავდა, არ იკრისებდა, ბოროტება არ იარსებებდა, სიკეთე და სიმშვიდე დაისადგურებდა ქვეყანასა ზედა.
- ხო, მაგრამ კვდება... - საჭირო სიტყვების ძებნაში პაუზას აკეთებს. უნდა თქვას რომ სწორად ალკოჰოლის, ბალახის გამო იღუპავს თავს და სიცოცხლეს იმოკლებს, მაგრამ არის კიდევ რაღაც იმ მოთხრობაში ისეთი, რაც ამ აზრს წყალში ამოვლებული საღებავიანი ფუნჯივით ამღვრევს. ნარკოტიკი სიამოვნებისთვის, თუ ნარკოტიკი რაღაც საშინელების დასაძლევად. არადა, ისიც იცის რომ ორივე ვერსია ბოლო ჯამში ერთია. ან იქნებ მაინც არის მათ შორის უფსკრულისხელა სხვაობა? მაგრამ ფაქტი ხომ ისაა რომ ნაადრევად კვდება. ბიჭი კი თავისებურად ავსებს პაუზას.
- მოკვდება , აბა ცას ხომ არ გამოეკიდება. რას ერჩი, რა ექნა, ნოესავით 800 წელი ხომ არ იცოცხლებდა.
- კიდე მე ვარ დარეხვილი? - აღმოხდება მეორეს და სიცილს ვეღარ იკავებს.
- მაშ რა ხარ. პატიოსან კაცს ცილს წამებ, რატო მოკვდაო, შენ რა, სამუდამოდ აპირებ ამ პლანეტაზე ცხოვრებას?
- ღმერთმა დამიფაროს. - პასუხობს მტანჯველი აზრებისგან დროებით გათავისუფლებული გოგო და ახლა თვითონ ეკითხება - სად მივდივართ?
- თბილისის ზღვაზე.
- მანდ ან საჟიმაოდ მიდიან, ან გასაჩხერად. ჩვენ რით დავკავდეთ?
- რითაც ვკავდებით ხოლმე ჩვენ... რა სიტყვა მოთხარე ამასწინათ?
- ვეგეტარიანელები. ვე-გე-ტა-რი-ა-ნე-ლე-ბი. - უმარცვლავს მონდომებით, მაგრამ იცის რომ მომდევნო შეხვედრაზე ბიჭი ისევ მოსთხოვს გამეორებას. ესეც კიდევ გაუმეორებს სიამოვნებით. კიდევ და კიდევ. არ იღლება ამ სიტყვის თქმით.
- იცი რაზე ვფიქრობდი გუშინ? - თემას ცვლის ბიჭი და ცალი ხელით სიგარეტს იღებს კოლოფიდან.
- რა შეუცვალო მანქანას. - დაუფიქრებლად პასუხობს გოგო და იმედი აქვს რომ ხანგრძლივი არ იქნება მისთვის გაუგებარ თემაზე, კერძოდ მანქანის ნაწილებზე საუბარი.
- არა. სათბურის გაკეთება მინდა.
- ეგ ჩემი ოცნებაცაა. - აღტაცებისგან ლამისაა ხტუნაობა დაიწყოს მანქანაში. - მინდა ფული მოვაგროვო და პატარა სათბური ავაშენო, სადაც რამდენიმე ჯიშის ყვავილსა და საყვარელ მცენარეს გავახარებ. იქვე მინდა პატარა მაგიდა დავდგა. პრინციპში, ლოგინიც არ იქნება ურიგო. ბარემ იქვე დავიძინებდი.
- ტაშიი. შენ სათბურის კი არა, პატარა ბაითის მოშენება გდომებია. სამზარეულომ და ტუალეტმა რაღა დაგიშავა?
- არც არაფერი, მაგრამ სამზარეულო რა ჯანდაბად მინდა, აი მეორეზე კი დავფიქრდები.
- არა ტო, სათბური მაქსიმალურად უნდა გამოიყენო სხვა და სხვა მხეცი ჯიშებისთვის. ყვავილებს რაც შეეხება, მხოლოდ ერთ ჯიშს გირჩევ.
- რომელს? - ძალიან აინტერესებს რას უპასუხებს ბექა. აინტერესებს რომელ ყვავილს სცემენ ბიჭები პატივს.
- ყაყაჩოს.
- მცენარესაც ხომ არ მირჩევდი? რომელს? სოკოებს. - პასუხობს თვითონვე და სიცილით აქნევს თავს, აქაოდა, არაფერი შენ არ გეშველებაო.
მანქანას აჩერებს. ამჯერად, ზღვის ნაპირისგან მოშორებით. კარგად ახსოვს რაც შეემთხვა ერთ წვიმიან ამინდში და აღარ უნდა იგივე განმეორდეს. ჯერ ბუქსირება, შემდეგ კი ესკალატორი. დაუფიქრებლად აგდებს სიგარეტის ნამწვს ფანჯრიდან და ტელეფონიც რეკავს. რაც მართალია მართალია, მხოლოდ „ბიჩოკებს“ ყრის ფანჯრიდან. კოლოფებს, ბოთლებს თუ მისთანებს არაფრის დიდებით არ მოისვრის და არ დააბინძურებს გარემოს. „ბიჩოკი“ კი პატარაა, განა რა უნდა ავნოს სამყაროს?
- სად? - მხოლოდ ის მიხვდება რაოდენ სიხარულითაა გამსჭვალული ეს ერთადერთი სიტყვა, ვინც მას კარგად იცნობს და მყისიერად ქოქავს მანქანის ძრავას.
- რას ვშვებით? - კითხულობს გოგო, რომელიც კარგად იცნობს გვერდით მჯდომს და რამდენიმე წამის წინ მოხსნილ ღვედს ხელახლა იკრავს.
- ოქროყანაში. ბომბი უნდა გავნაღმოთ, ბომბი!
- ბრონის ჟილეტები თან აქვთ? - ღიმილით უკიდებს სიგარეტს და ფანჯრიდან შემოვარდნილ ცივ ნიავს უშვერს სახეს.
- ჩორტ ივო ზნაეტ. - პასუხობს ბექუშა, რომელმაც ცუდად იცის რუსული და კმაყოფილი იდიოტივით დაამატებს - მთავარია რომ მაგარი ნაშა დამხვდება.
გოგონა ირონიულად აქნევს თავს და უსწორებს:
- მთავარია, მსხვერპლი არ იყოს.
- ხოდა, სადავეები შენკენ მომართე. - სთავაზობს მხიარულად და ტრასაზე გასვლისთანავე სიჩქარეს უმატებს.
- როგორ მიყვარხარ, ჩლუნგო. - ეუბნება გოგონა და სიყვარულით უთათუნებს უხეშ, ნაადრევად გაჭაღარავებულ თმებზე თითებს.
. . .
თვალები გავახილე. გულისრევამ გამაღვიძა მეთქი რომ ვთქვა, მართალი ვიქნები. ვერ მივხვდი სიზმარში ვიყავი თუ ცხადში, მაგრამ მანქანაში რომ არ უნდა მერწყია, მაგდენი მაინც მესმოდა.
- გააჩერეთ მანქანა!
ამის თქმაღა მოვასწარი. ნათიას კალთიდან დამძიმებული თავი ძლივს ავწიე და ხელები პირზე ვიტაცე. სპაზმები მეწყებოდა და როგორც მერე გავარკვიე, ჩვენ დასახმარებლად მოსულ კამალიას ბიძაშვილს სანანებლად გავუხდიდი მანქანაში რომ ჩამსვა.
- გვეშველა! დიდება ალაჰს! - შვებით აღმოხდა ნათიას, რომელსაც ისე გაუხარდა ჩემი გაღვიძება რომ მზად იყო შუბლიც დაეჭირა და კაცმა არ იცის საიდან, პარკიც მომაწოდა. თითქოს წინასწარ იცოდა და მზად ჰქონდა, მელოდებოდა როდის დამჭირდებოდა.
- ან, საყვარელო, როგორ ხარ? რაკი თვალები გაახილე, ამიერიდან აღარაფერზე დავიწუწუნებ. ჩათვალე რომ სიცოცხლე შემინარჩუნე. არასოდეს ვაპატიებდი თავს შენ რომ რამე მოგსვლოდა.
კამალიას ხმა უთრთოდა და ლამის იყო წინა სავარძლიდან უკან გადმომხტარიყო, სადაც მე და ნათია ვისხედით. მინდოდა დამემშვიდებინა და უამრავი კითხვა დამესვა, მაგრამ სად მეცალა, პირი მქონდა დაკავებული.
- ვუგო, მაღაზიასთან გააჩერე და ნაბეღლავი იყიდე.
ვუგოდ წოდებულმა მძღოლმა მორჩილად დაუქნია თავი და სარკიდან თანაგრძნობით გადმომხედა. ნათიას გამოწვდილი სურნელოვანი ცხვირსახოცით პირი მოვიწმინდე და როგორც იქნა, ხმა ამოვიღე. უკეთესად ვგრძნობდი თავს.
- სად ვართ? რა მოხდა?
ნათიამ და კამალიამ შეპარვით გადახედეს ერთმანეთს, როგორც მერე გამანდეს ეგონათ რომ ისევ დავკარგე მეხსიერება და აღარ მახსოვდა კორახაშვილების სახლში მომხდარი, არც კამალიას და ნათიას არსებობა.
- 23:30ზე კაკლის ხესთან შევიკრიბეთ. - დაიწყო მშვიდად ნათიამ.
- ვიცი, შვილო, ალცჰაიმერი კი არ მჭირს. - ვუთხარი იმაზე უხეშად ვიდრე ვაპირებდი. - მას შემდეგ რაც დავინახეთ, რა მოხდა, გული წამივიდა?
- კი, კი, - მიპასუხა შვებით კამალიამ. - არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავით და ჩემს ბიძაშვილს დავურეკე საავადმყოფოში რომ წაგვეყვანე.
- კიდევ კარგი, მანამდე მოვედი გონს სანამ მიმიყვანდით. - გულზე მომეშვა. - სად ვართ ეხლა? პოლიციას შეატყობინეთ? - შეთქმულებივით ერთმანეთს გადახედეს.
- მარნეულში ვართ. - მიპასუხა ისევ კამალიამ. დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ? მე მაინც ვფიქრობ, რომ ექიმმა უნდა გაგსინჯოს.
- არავითარ შემთხვევაში! - ვუპასუხე ისევ აგრესიულად და ჩემი თავის შემრცხვა. კონტროლს ვკარგავდი იმ ადამიანებთან, ვისაც ჩემი დახმარება უნდოდათ. - მძულს ექიმები და საავადმყოფოებიც. - ჩემი ჭკუით, თავი ვიმართლე. - პოლიციაში დარეკეთ?
- კარგი, შემოგევლე.
დამიყვავა კამალიამ, როგორც პატარა ბავშვს და ჩემი კითხვა ისევ უპასუხოდ დატოვა. ახალგაზრდა, ჩასუქებულმა, შავტუხა მძღოლმა მანქანა გააჩერა.ხელის მუხრუჭი ამოსწია და იკითხა:
- კიდევ რა ვიყიდო?
- ნაბეღლავი, ლიკანი და ბორჯომი. რომელიც უფრო ესიამოვნება ის დალიოს. ერთჯერადი ჭიქებიც გამოაყოლე. - დაამატა ნათიამ და მომიბრუნდა - რას ინებებ? „ორბიტს“ თუ „დიროლს“?
- მაგდენი რა საჭიროა, ნაბახუსევი კი არ ვარ. ნაბეღლავი თუ შეიძლება და საღეჭი რეზინი, რომელიც იქნება, სულერთია.
ისეთი მონდომებით დამიქნია თავი ვუგომ, კინაღამ კისერი გადასტყდა.
- იყოს პიტნის ჟუვაჩკა? თუ სლადკი გირჩევნია?
- პიტნის.
- თქვენ რას დალევთ? მე მშია. - გამოაცხადა ვუგომ და გადასასვლელად მოემზადა.
- კოლებს. - უპასუხა ნათიამ და დაამატა - ერთი შავი შოკოლადი და ბაუნტი რაა.
- ერთი-ორი კოლოფი თეთრი ვინსტონი. - დაამატა კამალიამ და მაშინ კი შემაწუხა ნამუსმა.
- რა ვინსტონი, გაგიჟდი?
- რატო არა, გონება გაგინათდა და მოწევას თავი დაანებე?
- არა, მაგრამ ჯერ მაქვს სიგარეტი და რატომ...
- ჯერ! - შემაწყვეტინა ნათიამ - რომ გაგითავდება. მერე ინანებ ნეტავ თავი არ გამომედო ტყუილადო.
- კარგი მაშინ, ერთი კოლოფი. - ვთქვი დარცხვენილმა.
- 3 იყოს. - შემისწორა ნათიამ და დამამშვიდა - ნუ გეშინია, როგორც ციგანს ტილი არ გამოელევა, ისე ამას ფული. - მანქანიდან გადასულმა კიდევ ერთხელ ჩამოთვალა რა დავავალეთ და ის-ის იყო კარები უნდა მიეკეტა რომ ნათიას მადა გაეხსნა. - ერთი დიდი წიწაკის ჩიფსიც.
- კაი. - უყოყმანოდ დაეთანხმა ვუგო, მაგრამ ამ გოგოს ნელ-ნელა ახსენდებოდა რა არ ჰქონდა ან რა სჭირდებოდა.
- ბამბა და დიდი აცეტონიც რაა, ყურძნის სურნელით.
- მუშტის არომატით არ წავა? - გაცხარდა ბუნჩულა ბიჭი და სიცილი ძლივს შევიკავე. - ეს ვინაა ჩემი, კუბოშიც ჩაწვება ოღონდ უფასო იყოს.
- მიდი, მიდი, ბევრს ნუ ლაპარაკობ. ჩემს გამომცხვარ ღვეზელებს კარგად მიერეკები?
ქუჩა მოვათვალიერე. ბედად, ახლოსვე იყო ნაგვის ურნა და პარკიანად გადავედი. ერთი სული მქონდა მომეშორებინა. რომ დავბრუნდი, გაცხარებით კამათობდნენ.
- ნუ ვეტყვით რის გასაკეთებლადაც მივედით. ვთქვათ რომ სახლი უნდა დაგელაგებინა და ჩვენც გამოგყევით დასახმარებლად.
- ღამის 12 საათზე? - ლამის უკივლა კამალიამ - ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხომ შეგიძლია ცოტა იაზროვნო და დაუფიქრდე სანამ რამეს წამოროშავ?!
- ეხლა მოვკლავ ამ გოგოს! - შემომჩივლა ნათიამ - არც პოლიციაში დამარეკინა და არც იმას აპირებს თავისებს უთხრას. ამ დღეებში დედა მაინც აპირებს მაგ სახლის დალაგებას და ბარემ თვითონვე ნახოსო.
- რა?! - ყურებს არ დავუჯერე - სერიოზულად? კამი, მისმინე...
- თქვენ არ გესმით ჩემი! - ჩაილაპარაკა კამალიამ და კუნწულა ცრემლები ჩამოუგორდა კრიალა ლოყებზე. ჩემს წინ ყველაზე კეთილი და მშვიდი ადამიანი ტიროდა მხოლოდ იმიტომ რომ მისი არ გვესმოდა. გული მომიკვდა და უკნიდან ჩავეხუტე, რამდენადაც სავარძელმა მომცა ამის საშუალება.
- ნუ ტირი, გეხვეწები. შენ ყოველთვის უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებ, ვიდრე ჩვენ, რადგან შეგიძლია რომ ნებისმიერ შემთხვევაში ცივი გონებით იაზროვნო. გთხოვ, ახლაც იგივე გააკეთე. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რაც ნამდვილად არაა მარტივი. წეღან ლამის გამოგლანძღეთ უდანაშაულოები მხოლოდ იმიტომ რომ ნერვებზე ვიყავი და ბოდიშს გიხდით. - მათ პროტესტს ყურადღება არ მივაქციე და განვაგრძე. ორივე გაფაციცებით მისმენდა. - მგონი, სამივე ვაცნობიერებთ რომ ძალიან, საშინლად ცუდ მდგომარეობაში ვართ და აუცილებლად სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. პირველ რიგში ის მითხარით, ვუგომ რა იცის ან ვინაა?
- ჩვენიანია, ბიძაშვილია. - მიპასუხეს ერთხმად, რაც იმას ნიშნავდა რომ დაუფარავად შეგვეძლო მასთან საუბარი.
- გადასარევი! ბიჭი მოკავშირე თანაც ნათესავი, უკეთესს ვერც ვინატრებდით. შეიძლება მოვწიო მანქანაში?
- კი კაცო, თვითონაც ეწევა. - დამამშვიდა ნათიამ. - და არც იმ სასტავიდანაა „გოგო რომ სიგარეტს პირში ჩაიდებს, სხვა რამესაც ჩაიდებსო“. - ორივეს სიცილი აგვიტყდა. ალბათ სრულ ჭკუაზე არ ვიყავით, რადგან სასაცილოდ ნამდვილად არ გვქონდა საქმე.
- ყელი არ ჩაგწვას... - ყოყმანით მითხრა კამალიამ, რომელსაც არც კი გაღიმებია ხუმრობაზე. ცხვირის წვერი და თვალები პატარა ბავშვივით დასწითლებოდა ტირილის შემდეგ. კოლოფიდან სიგარეტი ამოვიღე, მაგრამ არც კოლოფში და არც ჯიბეში სანთებელა არ აღმომაჩნდა, რაც ძალიან ცუდად მენიშნა. - ამას ეძებ? - მკითხა კამალიამ და შავმა სანთებელამაც დამამშვიდებლად გაიჩხაკუნა.
- მადლობა. - გამოვართვი და მაშინვე ჯიბისკენ გავიქანე. რომ შემეძლოს ყელზე ჩამოკიდება, ჩამოვიკიდებდი, რადგან სულ ვკარგავ და სულ ვეძებ. ვუგო მაღაზიიდან პარკებით ხელდამშვენებული გამოვიდა. შევიცადე სანამ ნავაჭრს ამოვაპირქვავებდით და ყელს ჩავიწმენდდი ნაბეღლავით.
- წყნარ ადგილზე რო წავიდეთ და ვიბაზროთ გინდათ? თუ გეჩქარებათ? - ყველას გასაგონად იკითხა ვუგომ, მაგრამ უფრო მე მომმართავდა. სარკეში მიყურებდა მოწიწებით და ჩემს პასუხს ელოდა.
- ნინოს ხომ არ დაურეკავს? - ახლაღა გამახსენდა ჩომახაშვილები და გულში გემრიელად მივაწყევლე ჩემ თავგასულ უპასუხისმგებლობას.
- არა! - თავი მტკიცედ გააქნია და დაამატა - რომ დაერეკათ, არ გეტყოდი? - გულზე მომეშვა. „რაკი აქამდე არ დარეკეს, ესეიგი სძინავთ და აზრად არ მოსვლიათ რომ შევემოწმებინე. ნდობით აღჭურვილი პირი ვარ, აი დღეის შემდეგ რა მეშველება, არ ვიცი.“ სევდიანად გავიფიქრე და ვუგოს მივმართე:
- წავედით. - გავაცნობიერე რომ უნებურად სადავე ჩემს ხელთ იყო. ჩემზე იყო დამოკიდებული ნათიას ვერსიას გავყვებოდით თუ კამალიას დავუჯერებდით. ჯერ კი მხოლოდ ის ვიცოდი რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრ რამეზე უნდა დავფიქრებულიყავით.
- ან, გისმენთ. - საქმიანად მომიბრუნდა ნათია და ისე მადიანად აახრამუნა წიწაკიანი ჩიფსები, ეჭვი შემეპერა, ჩვენთან ერთად თუ იყო ვარდისფერ ოთახში. როგორ შეეძლო ჭამა იმის შემდეგ, რაც დავინახეთ. გახსენებაზეც კი გულ-მუცელი მიტრიალდებოდა.
- რომელიმეს გეცნოთ? - პასუხი რატომღაც უკვე ვიცოდი, მაგრამ მინდოდა დავრწმუნებულიყავი. - ნათიას ხელში შეაცივდა პირთან მიტანილი ჩიფსი და თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.
- დარწმუნებული ვარ რომ არასოდეს მინახავს. - მტკიცედ თქვა კამალიამ - არ ვიცი, ცუდი თვისებაა თუ კარგი, მაგრამ საკმარისია ადამიანს ერთხელ შევავლო თვალი რომ ის ჩემს ნაგვით სავსე მეხსიერებაში გამდნარი რკინასავით ილექება და ვერავითარი ძალა ვერ გააქრობს. - ცოტა დავეჭვდი მაგრამ თავისი გონების ჩემზე უკეთ არ ეცოდინებოდა? ვეღარ გავუბედე შეკამათება.
- მომიყევი სახლის პატრონზე...
- ვიცი რაც გაინტერესებს. 53 წლის ევგენი კორახაშვილი რუსეთში დაიბადა და გაიზარდა. ეს სახლი ევგენის პაპას აუშენებია. გენერალი იყო თუ არ ვცდები და ხალხი როგორც ამბობს, ისეთი მდიდარი იყო, ოქროს უნიტაზში ისაქმებდაო. მისმა შვილმა ცოლად მოიყვანა რუსი ქალი და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. შეეძინა ერთადერთი ვაჟი, ეს ჩვენი ევგენი, რომელიც დაქორწინებულია ქართველზე და ჰყავს მცირეწლოვანი, ქერათმიანი ბიჭუნა სახელად საბა. როგორც უკვე გითხარი, ისინი წელიწადში ერთხელ ჩამოდიან, ზაფხულობით. მაქსიმუმ ერთი კვირა გაჩერდნენ, მოინახულებენ გარდაცვლილი წინაპრების საფლავებს და უკან ბრუნდებიან. ასე რომ, ის გოგო არც მისი შვილია, არც ახლო ნათესავი, რადგან ამ კაცს ნათესავები საერთოდ თუ ჰყავს, ურთიერთობა მაინც არ აქვს. ყოველი შემთხვევისთვის, 15 წელია რაც ვიცნობ და ჯერ არ მახსოვს ევგენის გარეშე მანდ კაცს ფეხი დაედგას, ჩემი ოჯახის გარდა. - უკანასკნელი სიტყვები ნემსებივით ჩამესო ყურებში და მძიმედ ამოვისუნთქე. მდიდარი მემკვიდრის მკვლელობა, თვითმკვლელობა, ან თვითმკვლელობის იმიტაცია ხომ უფრო გასაგები იყო, ვიდრე სრულიად უცხო ცხედარი უცხო სახლში?
- მესმის რატომ არ გინდა პოლიციაში დარეკვა. ჯერ ერთი, შენი ოჯახი გაიგებს რომ შუაღამისას გამოიპარეთ და ჩემთან ერთად შეიჭერით სხვის სახლში...
- ვიტყვით რომ არ გვეძინებოდა, - მინდოდა მეთქვა, მითუმეტეს რომ „სხვის სახლზე“ გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრია შენს ოჯახს, რაც უფრო მძიმეს ხდის ჩვენს მდგომარეობას-მეთქი, მაგრამ ვინ მაცალა, მარტივ გზაზე მყოფმა ნათიამ მხიარულად გააგრძელა - არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა და გადავწყვიტეთ კორახაშვილების სახლისთვის დაგვეხედა რა მდგომარეობაში იყო რომ დილით საჭირო ნივთები წაგვეღო და დაგველაგებინა.
- და შენ ფიქრობ რომ მაგ სისულელეს დაგვიჯერებენ? - ირონიულად იკითხა კამალიამ და მოხუცი ქალივით ამოიხვნეშა.
- ერთი მხრივ, ცუდი იდეა არაა რასაც ნათია ამბობს. ბოლოს და ბოლოს, ვუგოც სიტყვას შეგვაწევს რომ ჩვენთან ერთად იყო. ასე შედარებით ნაკლები მოგვხვდება, შუაღამისას რას დაყიალობდითო, რადგან პირადი მცველი გვყავდა მისი სახით.
- ბაზარი არაა. - მხარი ამიბა ვუგომ - ზვიადას მე ვეტყვი, გოგოებმა დამირეკეს გაგვასეირნე და მეც გავასეირნე. მე რო ვეტყვი, აღარ გაბრაზდება. - კამალიას ხმა არ ამოუღია, თითქოს არც გვისმენდა.
- მშობლების თემა განვიხილეთ. მე უფრო მარტივად მაქვს საქმე. ჩემებს დავაჯერებ რომ ბოლო წუთს გადავწყვიტეთ უცხო სახლში მკითხაობა, სადაც ქურდებივით ნამდვილად არ შევპარულვართ და შენ იქ შესვლის სრული უფლება გქონდა. ერთი სიტყვით, არც ნინოს ჩავაყენებ უხერხულ მდგომარეობაში და არც საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, არც იმას გამოვრიცხავ რომ მშობლებისგან საყვედურები მაინც არ აგვცდება და ეს ნორმალურიცაა, მათი მოვალეობაა, მაგრამ, ხალხო, როგორმე ავიტანთ შენიშვნებს და თუნდაც მაღალ ტონს. ორი ყურის პრინციპით ვიხელმძღვანელოთ, ერთ ყურში შევუშვათ მათი რისხვა და მეორედან გამოვუშვათ. რაც ვნახეთ იმის მერე მგონი ყველა ერთ აზრზე ვართ რომ სამყაროში იმაზე ცუდი რაღაცეებიც ხდება ვიდრე სამართლიანად გაბრაზებული მშობლის ლანძღვა-გინება ჩვენ მისამართით. ადრე თუ გვიან, გვაპატიებენ და აღარც ემახსოვრებათ, აი ის გოგო კი, იმსახურებს უკანასკნელ გზაზე მაინც გავაცილოთ... რაც არ უნდა დაეშავებინა თუ რაც არ უნდა მოსვლოდა. ერთი წუთით მაინც წარმოვიდგინოთ მისი ოჯახი. ვინ იცის, ეძებენ კიდეც, ან არც ეძებენ და ფიქრობენ რომ ნათესავთანაა წასული ან მეგობრებთან ერთად ისვენებს. წარმოვიდგინოთ თავი დედამისის ადგილას. ის ქალი იმას მაინც ხომ იმსახურებს რომ შვილის ცხედარი დაიტიროს, რაც დროს გავწელავთ მით უფრო შეუძლებელი იქნება მისი კუბოში მოთავსება ისე რომ იმ ოთახში კაციშვილი გაჭაჭანდეს...
- ისედაც უკვე შეუძლებელია. - ხმა ჩაეხლიჩა ნათიას და მგონი ცრემლიც მოაწვა. ვუგო თავჩახრილი იჯდა. კამალია ხმას არ იღებდა.
- რაც შეეხება პოლიციას. რომ უნდა გამოვიძახოთ, წყალი არ გაუვა, მაგრამ მათთან ჩვენი ზღაპრები არამც თუ გაგვივა, ცრუ ჩვენებისთვის შეიძლება ეჭვიც კი მოიტანონ ჩვენზე, ასე რომ... - ნათიას პირთან მიტანილი კოკა-კოლის ქილა ხელში გაუშეშდა, ვუგომ კი მოწონების ნიშნად ცერი აწია და თავი დინჯად დააქნია. - რა თქმა უნდა, ბოლო ჯამში ყველაფერი გაირკვევა რომ ჩვენ ისეთივე დამნაშავეები ვართ მაგ საქმეში, როგორც ილიას ან ჟვანიას სიკვდილში, მაგრამ მანამდეც რომ არ გაგვიწყალონ გული, აჯობებს რომ მათთან ვითანამშრომლოთ, რაც ჩვენი მხრიდან სრული სიმართლის თქმას მოითხოვს.
- ხოდა ჩვენც ვთქვათ! - წამოიძახა მართალი ადამიანის ხმით ნათიამ - ოღონდ ისიც ვუთხრათ რომ ოჯახის წევრებს არ ვეუბნებით მკითხაობის შესახებ და ვთხოვოთ რომ არ ჩაგვიშვან. - ამ უკანასკნელ სიტყვებზე ვუგომ ჩაიფხუკუნა კამალიამ კი თვალები აატრიალა.
- მხოლოდ მე ვცოფდები? - იკითხა გაოცებით და დაჟინებით მიაშტერდა ბიჭს.
- მისმინეთ, - ჩხუბის მოახლოება ვიგრძენი და მაშინვე ჩავერიე - ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც ჩემს ახლობელს შეემთხვა. ფული ჭირდებოდა და რაკი ვერ იშოვა, თავისი ძვირადღირებული მობილური დაალომბარდა საკმაოდ სოლიდურ ფასად. სახლში კი ისე მოაწყო, ვითომ დაკარგა. ოჯახს ყუთი ჰქონდა შენახული და პოლიციაში განაცხადეს დანაკარგის თაობაზე. მორიგემ ერთი მხრივ დაამშვიდათ, მაშინვე იპოვიდნენ როგორცვე ტელეფონი ჩაირთვებოდა, მეორე მხრივ კი გამორთულს ვერასოდეს მიაკვლევდნენ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც გითხარით, ტელეფონი ლომბარდში იყო, რაღაც პერიოდის შემდეგ თუ არ გადაიხდიდა პროცენტს მაინც, გასაყიდად გაიტანდნენ და ეს მისთვის აპოკალიფსი იქნებოდა, რადგან ამ დაწყევლილ ნივთს ჩართავდნენ და პოლიციაც აღმოაჩენდა რომ არც ქურდი არსებობდა და არც სიტყვა „დაკარგული“. ხომ ხვდებით რამხელა შარში ამოყოფდა თავს ოჯახშიც და პოლიციაშიც...
- პაჩტი ჩვენნაირად ყოფილა. - ხმა ამოიღო დაინტრიგებულმა ვუგომ, ეტყობოდა ლომბარდი არც მისთვის იყო უცხო ხილი. - მერე რა მოხდა?
- რა და ერთ საათში უკან მიბრუნდა, ამჯერად მარტო და იმ გამომძიებელს თუ ვინც იყო, სიმართლე უთხრა. სხათაშორის, იმ პოლიციელმა სიტყვა შეასრულა, რამაც ჩვენი მთავარი გმირის რწმენა რომ კარგი პოლიციელი მხოლოდ მკვდარი პოლიციელია, ძირფესვიანად შეარყია.
- დიდება ალაჰს! ეს გოგო რომ გამოგვიგზავნა. - ნაადრევად შემასხა ხოტბა ნათიამ და არც იურისტის შექება დავიწყებია - ისიც იმენა ჯიგარი. ნეტავი ჩვენც მასეთები შეგვხვდებოდნენ...,
- ნუ გავიწყდება რომ მე ტელეფონზე მოვყევი, ჩვენ კი ახალგაზრდა გოგოს გვამი გვიდევს ცხვირწინ, საკმაოდ უცნაურ ვითარებაში გარდაცვლილი. მზად უნდა ვიყოთ იმისთვის რომ დაკითხვებით სულს ამოგვხდიან. მთელ სოფელს თუ არა, ჩვენს ოჯახებს და ახლო-მახლო მეზობლებს ყველა ვარიანტში ესტუმრებიან. ჩვენი ჩაშვება არ ჩაშვება დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი საგამოძიებო ჯგუფი შეგვხვდება და როგორ განვითარდება გამოძიება. ყველაზე კარგ შემთხვევაში დაგვიჯერებენ და გაგვიგებენ რომ იქ გასაქურდად არ შევპარულვართ, ცუდში კი...
- ჩვენს უდანაშაულობას კიდევ ორი რამ აყენებს ეჭვქვეშ. - მშვიდად, თითქმის გულგრილად თქვა კამალიამ - უკვე სამი დაიწყო. სანამ ჩვენ იქ დავბრუნდებით და პოლიციას გამოვიძახებთ, ნახევარი საათიც გავა. არ დაინტერესდებიან მაშინვე რატომ არ შეგვატყობინეთ, როგორცვე გვამი აღმოაჩინეთო?
- საიდან ეცოდინებათ რომელზე მივედით? - გაოცებით იკითხა ნათიამ.
- შეუძლიათ ჩვენი ზარები გადაამოწმონ, ოღონდ არ მკითხო ეხლა როგორო, თუ სიმართლის თქმას ვაპირებთ, მაშინ ფაქტია რომ 12-იც არ იყო იქ რომ მივედით.
- კაი მაშინ, რა პრობლემაა, ანკა ცუდად გახდა და...
- და კიდევ ვიმეორებ. გასაღები მხოლოდ ჩვენ გვაქვს და ევგენის, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ მოსკოვის რომელიღაც რესტორანში დაჩექინდა თავის ოჯახთან ერთად და არც ის შეუტყობინებია გასაღებს მეობარს ვაძლევ და არ გაგიკვირდეთ თუ ვინმე დაინახეთ ჩემს სახლშიო. - ხმის აწევით ჩაახშო ნათიას ხმა. კამალიას სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე და ახლა მე გამოვთქვი ჩემი აზრი.
- გამოდის რომ ვიღაცამ ან იცოდა ფანჯარას ღიას რომ ტოვებ, ან გაუმართლა...
- საქმეც მაგაშია. - გატანჯული ხმით მიპასუხა კამალიამ და ნათიამ გულზე იტაცა ხელი.
- კარები ღია იყო... შენ რომ ბოდიში და მიგათრევდით, მექანიკურად კარებიდან გამოგიყვანეთ. მაშინ ყურადღებაც არ მიმიქცევია რომ ეს შეუძლებელი იყო. შეუძლებელი იყო კარების გაღება... მექანიკურად ჩამოვწიე სახელური...
- მხოლოდ გასაღებშიც არაა საქმე. - შეაწყვეტინა ნათიას მოთქმა ბიძაშვილმა და გააგრძელა - კოდი უნდა იცოდე კარების გასაღებად თუ დასაკეტად.
- მასე თუა, მაშინ კამერებიც იქნება და... - ამოვილუღლუღე რეტდასხმულმა.
- გაფუჭებულია. კამერები რომ მუშაობდეს, რაღა გვიშავდა. ნათელი მოეფინებოდა ამ შემზარავ ამბავს და ჩვენი უდანაშაულობაც დამტკიცდებოდა.
- არ ვიცი რა ვთქვა. - დავარღვიე დუმილი. ვეღარ გავბედე მეკითხა, დარწმუნებული იყო თუ არა რომ თავის სახლში ჯერ კიდევ იყო ესოდენ საჭირო გასაღები. ამას ხომ სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა მისი ოჯახისთვის. და უკვე ჩვენთვისაც. - არც ისე და არც ასე არ უნდა გაჟღერდეს გაღებული ფანჯრის ისტორია. ამაზე წეღან არ დავფიქრებულვარ. ან შეიძლება ითქვას რომ შემთხვევით დაგრჩათ როდესაც წმენდავდით.
- რა ვქნათ? - ხმა ამოიღო ჩამოვარდნილი დუმილის გასაფანტად ვუგომ და ბოლოს და ბოლოს მიხვდა რომ ჰამბურგერი ტყუილად ეჭირა ხელში.
- დროებით უნდა გადავდოთ პოლიციის გამოძახება, მანამდე სანამ არ დავრწმუნდები რომ ბებიას ნაქონ ლარნაკში მშვიდად დევს გასაღები. –
- კაი, და ეხლა რა ვქნათ? - იკითხა საბოლოოდ ნირწამხდარმა ნათიამ. კამალიამ თვალი თვალში გამიყარა და ერთად ამოვთქვით. ტყუპებივით ერთხმად.
- ანაბეჭდები უნდა გავანადგუროთ.
. . .
ვიცი, არ ვიმსახურებთ აპლოდისმენტებს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. თუმცა, პირობა დავდეთ რომ უახლოეს მომავალში ჩავრევთ პოლიციას. იმედი მაქვს რომ ნათელი მოეფინება მის სიკვდილს. იმის გაფიქრებაც კი მზარავს რომ კამალია ვერ იპოვის გასაღებს. ალბათ, ერთი საათიც იქნება, რაც ჩემს საძინებელში ამოვიპარე და ლოგინში ვწევარ. სიგარეტს-სიგარეტზე ვეწევი. ღერი ისე იწვება, გემოსაც ვერ ვატან. შუქის ჩაქრობას ვერ ვბედავ და იმის გაფიქრებაზეც გული მისკდება რომ შეიძლება ნათურა გადაიწვას ან დენი წავიდეს. ისე როგორც არასდროს, მზის ამოსვლას ველოდები. მეშინია თვალების დახუჭვის. სიბნელის მეშინია. საშინლად მეძინება მაგრამ რა დამაძნებს... ლამისაა მისტერ ბინივით ასანთის ღერები შევილაგო წარბებსა და უპეებს შორის რომ თვალები არ დამეხუჭოს, ან წებოვანი ლენტებით ავიკრა მზის ამოსვლამდე გახელილი რომ მქონდეს. წეღან ისეთმა გიჟურმა აზრმა გამიელვა რომ ჩემი თავის თვითონვე შემეშინდა. სიგარეტით მინდოდა ხელის დაწვა რომ ტკივილს გამოვეფხიზლებინე. იქნებ ცხელ ყავას ეშველა, მაგრამ ყავა კი არა, ჩავიფსამ და ლოგინიდა არ ავდგები!
შავი ფრჩხილები...
ნუ ფიქრობ მაგაზე! ვუკივი ჩემს თავს და ვცდილობ დავბლოკო ის შემზარავი სურათი მთელი ჩემი გონება რომ მოუცვია. რა მოხდება, ხვალ გავიღვიძო და ეს ღამე აღარ მახსოვდეს? მაგრამ არა, მეხსიერების ხელმეორედ დაკარგვას ისევ მწარე რეალობასთან შეჯახება მირჩევნია. საკუთარ თავზე გამოვცადე რომ არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე გაურკვევლობა. სიკვდილისაც ხომ ამიტომ გვეშინია... რადგან არ ვიცით იმ კარის მიღმა რა ხდება. უმჯობესია ვიცოდეთ ყველაზე საზარელიც კი, ვიდრე ბურუსში ვიყოთ გვირილით ხელდამშვენებულები და ფურცლებს გამალებით ვგლეჯდეთ: არსებობს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე, არ არსებობს, არსებობს, არ არსებობს, არსებობს, არ არსებობს, არსებობს
. . .
ჩემი სახელის გაგონებაზე ვკრთები და წერას თავს ვანებებ. ძახილი კიდევ მეორდება. გაღებული ფანჯრიდან კამალიას ხმა შემოდის. დღიურს გვერდით ვდებ და ლოგინიდან ვდგები.
- კამი, რა ხდება, მშვიდობაა? - რაც შემიძლია ჩუმად ვკითხულობ, რადგან კამალია ზუსტად თამარის ოთახის ფანჯრებთან დგას და არ მინდა პატარა გავაღვიძო.
- არა. - მპასუხობს ის და დამრგვალებული, შეძრწუნებული თვალებით ამომცქერის. - ის ჩვენზეა გაბრაზებული და უნდა მივხედოთ. შენი დახმარება მჭირდება, მომყევი.
სიტყვის დამთავრებისთანავე უკან მოუხედავად გარბის მე კი გულამოვარდნილი ვწვდები ჟაკეტს და თუ ეს შესაძლებელია, ფეხაკრეფით გავრბივარ. ვიღას ახსოვს ბოროტი სულები, ბნელი კუთხეები და შიში. მეგობარს ჩემი დახმარება ჭირდება, თუმცა მას ვერც ეზოში ვპოულობ, ვერც კაკლის ხესთან და უკვე ვიცი სადაც მელოდება. მხოლოდ ის მიკვირს, ასე სწრაფად როგორ მოასწრო იქ მისვლა. განა რა ხანი დამჭირდა მეორე სართულიდან პირველზე ჩასასვლელად? სირბილისგან ჭვალი მადგება და ოფლი ღვარად ჩამომდის, მაგრამ მაინც არ ვჩერდები. ჭიშკარს ვუახლოვდები და ახლად ამოწვერილ მზის შუქზე მოვლილ ეზოს ვავლებ თვალს. თვალს, რომელსაც სისხლით მორწყული ბალახი მჭრის. უკვე ვიცი ეს ლარივით გაჭიმული ბილიკი ვისი სისხლითაა მოხატული და წამიერად გული მიჩერდება. იქვეე მყინავს უხილავი ძალა და შემდეგ ერთბაშად მწყვეტს ადგილიდან, „იქნებ მივუსწრო...“ გაღებული კარი ხელის მსუბუქ მოძრაობას ემორჩილება და ხახა დაღებულ უფსკრულში მივაბიჯებ. ეს მე მეჩვენება ასე არადა, ლამაზი სახლია, რომელიც ბნელ საიდუმლოს ინახავს. ვარდისფერი ოთახი მძაფრი, ცივი სუნამოს სუნითაა გაჟღენთილი და შავთმიანი მზეთუნახავი კამალიას ცხედარს ეფერება. ჩემს დანახვაზე ტირილს წყვეტს და მისი ფერადი გრძნობების პალიტრად ქცეული სახე ისეთი ლამაზი აღარ მეჩვენება, როგორც თავდაპირველად.
- გელოდებოდი. - მეუბნება ხმაჩახლეჩილი. მე კი მოჯადოებულივით ვდგავარ და განძრევა არ შემიძლია. - აქ, ამ ჯოჯოხეთურ ოთახში თქვენგან მიტოვებული წუთებს ვითვლი რომ გაგახსენდები და მიწას მაინც მიმაბარებ...
- დღეს ვაპირებდით... - ენას ძლივს ვატრიალებ პირში, მაგრამ მისი წივილი სისხლს მიყინავს.
- დღეს?! დღეს?! გუშინ სად იყავი, გუშინწინ სად იყავი? კვირებია ველოდები როდის გავთავისუფლდები ჩემივე სხეულისგან, რომელიც ნელ-ნელა იხრწნება. ბოლოს ალბათ ძვლების ჩაყრა მოუწევთ კუბოში, რადგან გასახრწნელიც აღარაფერი დარჩება. - ტკივილისგან, ბრაზისგან და სასოწარკვეთილებისგან სახე ეღრიცება და მუხლებზე ეცემა. – არავის ვადანაშაულებ. გესმის? არ ვეძებ დამნაშავეს. ერთადერთი რაც მინდა, სიმშვიდეა.
ვიღაც, თუ რაღაც ჩემი ფეხებით დგამს ნაბიჯებს და ჩემი ხელებით იკრავს გულში გოგოს, რომელიც ყველამ მიატოვა. როდესაც ორივე გულს ვიჯერებთ ტირილით, ის მეუბნება:
- შემპირდი რომ დამმარხავთ. - მე თავს ვუქნევ და ვქვითინებ.
- კამალია? - ვკითხულობ ათრთოლებული ხმით და ის თვალს მარიდებს.
- წაიყვანე შენი მეგობარი და გაუფრთხილდი, სანამ ცოცხალია. როდესაც ამ სახლის კარი გაიღება, მას მოაკითხავენ და წაიყვანენ...
- ვინ? - ენას ძლივს ვაცლი მიწებებულ სასას. პირი ხრიოკი უდაბნოსავით მაქვს გამომშრალი.
- ცისფერი ბიჭუნები. - მპასუხობს და თვალებით მბურღავს. - შენ ხომ მასე ეძახი მათ, რა იყო, დაგავიწყდა?
- რაზე მელაპარაკები? ვინ არიან ცისფერი ბიჭუნები? - ყურებში განგაშის სიგნალი მერთვება და შიშისგან მაძაგძაგებს.
- წადი! წადი! - ჩურჩულებს ის და ბუმბულივით მსუბუქ კამალიას მაწვდის. - წადი და არ დაგავიწყდეს პაროლის აკრეფვა. არ მიყვარს ღია კარში ყოფნა, დაუცველად ვგრძნობ თავს.
- კარგი, ოღონდ მიკარნახე... - უკვე სასტუმრო ოთახში ვარ, სადაც ფანჯარა ჩაუკეტავთ და პასუხი ყალყზე მიყენებს თმას.
- გაიხსენე, თვითონ არ შეცვალე?
მის სახეზე პირველად ვარჩევ ირონიას და ერთი სული მაქვს როდის დავტოვებ დაწყევლილ სახლს, რომელიც შემზარავ საიდუმლოს ინახავს. სანამ თითები უჩემოდ აკრეფენ ათნიშნა კოდს 4646283362 და კარებს გამოვიხურავდე, უკანასკნელად ვავლებ თვალს გარდაცვლილის სულს, რომელიც სიგარეტს შავი სანთებელათი უკიდებს და დამცინავად მიღიმის.
- ამისთვის მადლობა. შენ კიდევ ბევრს იყიდი. იმ ადამიანისგან განსხვავებით, რომლის სამყაროშიც სუპერმარკეტები არ არის.
18 სექტემბერი.
დღე VI
ჩემი სახელის გაგონებაზე შევკრთი და გამეღვიძა. ამჯერად, ხმა კარებიდან მოდიოდა და ნინოს მხიარულმა ხმამ დამამშვიდა. ხელში კალამი მეჭირა და დღიური მუხლებზე მედო, მჯდომარეს ჩამძინებოდა.
- მძინარა მზეთუნახავო პრინცს ელოდები კოცნით გაგაღვიძოს, თუ როგორაა შენი საქმე?
- ხო, თეთრ რაშზე ამხედრებულ ბანკირს ველოდი, მაგრამ შენ ხომ არაფერს დააცდი კაცს. - ვუპასუხე რაც შემეძლო უდარდელი ხმით და ნაცემ-ნაბეგვივით, გაჭირვებით წამოვდექი.
- ჰმ, შენ ლოგინში ინებივრე 3 საათამდე და ბანკირი სოფელში მოგაკითხავს. - დამაიმედა ნინომ და თამარს გაედევნა - ყავა ლოგინში მოგართვა თუ ინებებ ჩამობრძანებას?
- ეგ პრინცის საქმეა. შენ მხოლოდ წყალი დაადგი, 2 წუთში ჩამოვალ.
სარკეს მივუჯექი და ჩემი თავის შემეშინდა.
სარკევ, სარკევ მითხარი, ვინ არის ყველაზე დასიებული ამ ქვეყნად? სახე მოვიფშვნიტე, თმა საგულდაგულოდ დავივარცხნე, ხელის მარტივი მოძრაობით კისერთან შევიკარი. წამოვდექი. ხელის, ფეხის და წელის ერთი-ორი სავარჯიშო გავაკეთე გამოსაფხიზლებლად, რადგან ისეთი სიცხე იდგა სირბილით წრეს ნამდვილად ვერ დავურტყამდი სოფელს. ძვლების ტკაცა-ტკუცის მიხედვით, ესეც არ იყო ურიგო. გამოუყენებელი ბეჭედი არათითზე წამოვიცვი და ლოგინზე მივწექი. უნდა დავფიქრებულიყავი რომელი ვერსია მომეყოლა ნინოსთვის. დავინახე საქმრო თუ არა. საჭირო არაა ამდენი ტყუილი. არაფერი დამინახავს და მორჩა. ვუგო? ვუთხრა რომ მანქანით ვსეირნობდით შუაღამისას? მგონი არ უნდა ჰქონდეს პრობლემა. და თანაც, შეიძლება იცოდეს რომელზე მოვედი სახლში და უმჯობესია ტყუილში არ გამომიჭიროს. ჩემი მხრიდან უსინდისობა იქნება. არ მინდა მისი ნდობა დავკარგო. სიგარეტი საფერფლეს მივაჭყლიტე, შავი სანთებელა ხელში შევათამაშე და კარებისკენ წავედი. შევდექი. სტიქიური უბედურების წინ ყრუ ხმაური რომ ჩამოდგება, ისე ამიგუგუნდა ყურები. ხელში „კრიკეტის“ შავი სანთებელა მეჭირა.
. . .
- ფაქტია რომ არ ვიცოდი ვუგოს სანთებელა მომაწოდე თუ ჩემი. - შევეპასუხე კამალიას და სამივე გავჩუმდით.
- რა კარებში დააყენეთ ეს გოგო, გაწყდით ორივე.
შუა ეზოში დოინჯშემოყრილი, წინსაფრიანი მედიკო იდგა და მწყრალად უყურებდა შვილსა და დიშვილს.
- ყველაფერი ხომ არ უნდა მოისმინო, რასაც ვლაპარაკობთ? - წყრომითვე უპასუხა კამალიამ და ხელკავი გამომდო. სასტუმრო ოთახი სავსე იყო ახალი დაკრეფილი ყვითელი წიწაკის მეშოკებით და სუნიც სასიამოვნო იდგა, მოტკბო-მომწარო. ფართოდ გაეღოთ სამზარეულოს კარები და იქ დანახულმა შემოდგომის სურათმა უდიდესი სიამოვნება მომგვარა. წიწაკის ოთახი, აღმომხდა აღფრთოვანებულს და მას შემდეგ, მედიკოც კი წიწაკის ოთახად მოიხსენიებდა სამზარეულოს.
- დილიდან დიდი კრეფვა მოვაწყეთ. - შემომჩივლა ჩაწითლებულ თვალებიანმა ნათიამ - სამი საათიც არ მძინებია.
- რომ გაგეფრთხილებინეთ, მეც დაგეხმარებოდით. - ვუსაყვედურე ნათიას.
- ვერა ხარ შენ, ნახე რას მიგავს ხელები...
მე კი მომეწონა მისი ფრჩხილების გაშავებული ნაპირები და გაუხეშებული თითების ბალიშები. ბებო გამახსენდა, რომელთანაც მთელი ბავშვობა გავატარე.
- თუმცა, წინასწარ რომ ეთქვათ დილის 6ზე გაგაღვიძებთ და ბაღში ვირებივით გამუშავებთო, კი გაგაფრთხილებდი. გაგვართობდი მაინც.
- იდიოტო, გაგართობდით კი არა, დაგეხმარებოდით. - შევუსწორე შეურაწყოფილმა და წიწაკით სავსე სამზარეულოში მოფუსფუსე მედიკოს მივმართე. - რა უნდა უყოთ ამხელა მოსავალს?
- რადა დავაკონსერვო. ცოტა მეზობლებს გავუტანო, ცოტა ნათესავებს, ჩვენთვისაც დავიტოვო და დანარჩენი გავყიდო, მაშ? შენც გაგასინჯებ. ისეთი გემრიელია, თითებს ჩააყოლებ.
- ძაან, - ჩაიჩურჩულა ლანგრით ხელში მომავალმა კამალიამ - გული მერევა მთელ სახლში ისეთი სუნი დგას.
სანამ მედიკო შვილს პასუხს გასცემდა, მე ჩავერიე.
- როდის დაიწყებთ გაკეთებას? მასწავლეთ და მეც წაგეშველებით.
- სწავლით კი გასწავლი, არაფერიც არ უნდა ამის გაკეთებას, მარა დახმარებით როგორ შეგაწუხებ... ასე შემოვრჩი საღამომდე კამალიასთან, სანამ ნინომ არ მომაკითხა თამართან ერთად და საქმეში ჩაფლულს მოწონების ნიშნად დამიქნია თავი.
- უყურე ერთი შენ ამას, მე მგონია რომ წიგნების მეტი არაფერი იცის, ეს კიდე მეზობლებს ეხმარება კონსერვების კეთებაში.
- ღადაობ? - შევიცხადე გახალისებულმა - ბებო სასტიკად მყავდა გაფრთხილებული რომ პარასკევამდე დამლოდებოდა, როდესაც ლობიოს, ნიორს, ხახვს და სიმინდს იღებდა. ჩემთვის ყველაზე ბედნიერი შაბათ-კვირა იყო ხოლმე ბებიასთან გატარებული მხიარული საათები. ლობიოს გამოპარკვა, სწორად ვამბობ? ნიორისა და ხახვის გალების დაწვნა, სიმინდის დაფშვნა, მზესუმზირაზე რომ მიდგებოდა ხოლმე საქმე, მუდამ გული მწყდებოდა რომ იმ ულამაზესი ყვავილის დასახიჩრება მიწევდა მარცლების გამოსაღებად, მაგრამ რა მექნა, დახალული, მარილიანი მზესუმზირის ხრამუნიც ძალიან მიყვარდა. ბაღში მუშაობაც მეხალისებოდა. დილაუთენია ვიღვიძებდით, მიგვქონდა თოხები, ბარები, რძე, ყველი...
- შენ თოხნიდი? - თვალები გაუფართოვდა კამალიას.
- არა, ჩრდილში ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი...
- ეგეც ერთგვარი დახმარებაა. - სიცილი აუტყდათ ოთახში მყოფებს.
- დამამთავრებინე, საძაგელო. მე ჭიდან ვეზიდებოდი ცივ წყალს მუშებისთვის და კიტრის ან პომიდვრის თესლს ვყრიდი კვლებში.
- ხნა-თესვის რა მოგახსენო ამ შემოდგომაზე, მაგრამ მედიკოსგან 4 მეშოკი წიწაკა უნდა წავიღო და დამეხმარე რაკი ასე გყვარებია სოფლის საქმე.
- სიამოვნებით. - ვუპასუხე აღტაცებულმა იმითი რომ საქმე გამომიჩნდა. - აქ რეპეტიციას გავივლი და სახლში პროფესიონალი დავბრუნდები.
წიწაკას ჯერ ყუნწი მოვაცილე, შემდეგ დანა გავუყარე მუცელში და თითქმის გადავსებულ ორმოც ლიტრიან ქვაბში ჩავუძახე.
- არ გშია მაინც? - უკანასკნელად გაიბრძოლა ნინომ, თუმცა უკვე იცოდა პასუხი და თამარზე გადაერთო რომელიც სასაცილოდ ღრღნიდა ტკბილ, მტვრიან წიწაკას. პირიდან დიდი ბრძოლით გამოაგლიჯა ეს ერთობ უცხო ხილი ორი წლის ტირანს და ყურის წამღები ბღავილის თავიდან ასაცილებლად საწოვარა მაცდურად აუთამაშა თვალებთან.
- ეხლა კარტოფილს დავფრცქვნი და მუშებს გავუმასპინძლდები. - დააიმედა მედიკომ - თუ ძალიან არ შიათ და დამაცდიან, ჩქმერულსაც გავუკეთებ.
- დაგაცდით! - დამასწრეს გოგოებმა და ნინომაც ღიმილით დაგვტოვა მხიარული მუშები.
გასაღები არც კამალიას ბებიისეულ ლარნაკში აღმოჩნდა და არც უჯრებში, სადაც სხვადასხვა გასაღებს თუ დოკუმენტებს ინახავდნენ. გაუჩინარდა. ეს ამბავიც დროებით საიდუმლოდ შევინახეთ.
. . .
- სიზმრების გჯერა, ხო? - მოულოდნელად მკითხა ნათიამ ჩქმერულითა და შემწვარი კარტოფილით დამძიმებული კუჭებით რომ მივუბრუნდით სამუშაოს.
- გჯერა არ გჯერაზე არაა. - ჩემს მაგივრად უპასუხა კამალიამ და ჭურჭლის რეცხვაში გართული მედიკოსკენ გააპარა მზერა. - წინა სიზმრები აშკარად წარსულის გახსენება იყო. შეიძლება ზუსტი არა, მაგრამ მიახლოებითი მაინც. ეს ბოლო კი...
- კამი, ვიღაცამ შეცვალა სახლის კოდი. ეს ალბათ მაშინ მოხდა, როდესაც...
- ყავას მიირთმევთ თუ ჩაის? - გამოგვძახა მედიკომ, რომელიც უზომოდ გახარებული იყო ჩვენი სამსახურით და მთელი დღე თავზე გვევლებოდა.
- ცივი ყავა ნაყინით. დღეს დავიმსახურეთ. - შეუკვეთა კამალიამ და ჩურჩულზე გადავიდა. - ეგ თავისთავად. წლებია რაც მანდ დავდივარ მედიკოსთან ერთად და ჯერ არ მახსოვს პაროლი შეცვლილიყო. რასაც შევეხეთ ყველაფერი რომ გავწმინდე, ფანჯარაც რომ გადავკეტე და დიდი ხნის დაყენებული პაროლი ავკრიფე, არასწორიაო დამიწერა. მეგონა აღელვებისგან შემეშალა, რადგან თითები მიკანკალებდა და ვუგოს ვუკარნახე ციფრები. ისევ არასწორიაო რომ მამცნო, მაშინ კი სასწრაფოდ გავწმინდე ეკრანზე ნათითურები და იქიდან მოვკურცხლე. მესამედაც რომ შემშლოდა დაცვის პოლიციას მიუვიდოდა სიგნალი და იქაურობა მათი მანქანებით გაივსებოდა. ვუგო რომ არ მიმეშვა იმ დედანატირებთან, ერთი შანსი გვექნებოდა და შენს სიზმარს შევამოწმებდით. ეხლა კი ვერ გავრისკავთ. მითუმეტეს რომ გასაღები გაქრა და უკვე თავისუფლად შეუძლიათ ჩემს ოჯახზე მიიტანონ ეჭვი. ღმერთო, ეს რა დღეში ვარ!
- გეყოფა! - დავუტიე მკაცრად, მაგრამ ვაი რომ მეც იგივეს ვფიქრობდი. - ჩალით კი არაა ეს ქვეყანა დაფარული. გამოძიება დაიწყება და როგორცვე შენ, მედიკოს და ზვიადს გაგესაუბრებიან, მაშინვე მიხვდებიან რომ...
- ან არ გინდა, გთხოვ. - ნაზად შემაწყვეტინა კამალიამ და გული უარესად მომეწურა. - შენც კარგად იცი რომ ამას ჩემს დასამშვიდებლად ამბობ. ნეტა ვიცოდე, ვინ მოიპარა გასაღები. ჩემები არავის, არაფრის დიდებით არ მისცემდნენ სხვისი სახლის გასაღებს. ამაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი. ღარიბები ვართ, მაგრამ არა კრიმინალები...
- ოოო, ნუ გაუტიე, რა სისულელეს ამბობ! - გულწრფელად ავღშფოთდი და მედიკოსკენ გავაპარე მზერა, ჩემმა აწეულმა ტონმა ხომ არ მიიქცია ჩვენი ყურადღება მეთქი. არა, წყლის ხმაში არაფერი ესმოდა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. რა იცოდა რამხელა ტრაგედია დათარეშობდა მის ირგვლივ და რომ ყოველ წუთს შეიძლებოდა მისი ბედნიერი ოჯახის ჰარმონია ნაყინის ქულასავით დაფლეთილიყო პოლიცია-მიქსერის სახით.
- მკითხავთან უკვე 15 წუთი დაგვაგვიანდა. - დანანებით აღნიშნა ნათიამ - რაღა დღეს გამოტყვრა ეს წიწაკა...
- ვაიმე, აღარ მიხსენო ჯადოქრობები და მკითხავები. - გადავუჩურჩულე და კალათიდან წიწაკის თესლი გადავიბერტყე. ჩემდა გასაკვირად, კამალიაც ნათიას აჰყვა.
- წეღან დავურეკე და ხვალისთვის გადავადებინე...
- სიმართლე გითხრათ, გუშინდელიდან მოყოლებული ერთი წამითაც აღარ მიფიქრია ჩემს წარსულზე. მგონი ამჯერად აწმყო უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის.
- ეგ გადასარევია. - მოწონების ნიშნად თავი დამიქნია კამალიამ. - სამწუხარო ისაა რომ ზოგი ჭირი მარგებელიაო, ისე დაგემართა და კარგ ამბებს არ გადაუტანია შენი ყურადღება. იღადავე, რაც შენ გამოჩნდი, ჩემი ერთფეროვანი ცხოვრება საინტერესო გახდა. მიუხედავად იმისა რომ ჩემი ოჯახის კეთილდღეობას წყალი აქვს შეყენებული.
- მოვუვლით კამი, დამიჯერე. მე შენს გვერდით ვარ და... - სიტყვა აღარ დამამთავრებინა. პატარა დანა, რომლითაც ბოსტნეულს ჭრიდა გვერდით გადადო და ჩამეხუტა.
- ოჰო, რა სიყვარულის ბუშტი გაგისკდათ? - უკნიდან მოგვესმა მედიკოს ხმა, რომელსაც ჩაციებული ყავა მოჰქონდა ლანგრით. რაკი მაგიდაზე ადგილი ვერ ნახა ჩამოსადებად, კამალიას მიაჩეჩა და ნათიას მიმართა. - დაიჭი ეს ათლარიანი და რაც გინდათ ის იყიდე. ვაფლი, შოკოლადი, ნაყინი, რა ვიცი, რაც გესიამოვნებათ. მე ფერმაში მივდივარ, მწყერებს კორმა დავუყარო. თუ შემაგვიანდა, ეს ყუნწები ღორებს აჭამეთ და წყალიც დაალევინეთ.
- შენი შვილი აქ იჯდეს გაბრტყელებული და მაღაზიაში მე მაგზავნიდე. სინდისიც კაი საქონელია. - ყალბი აღშფოთებით მიუგო ნათიამ მაგრამ სახლიდან გასვლა კი დაასწრო სამსახურში მიმავალ დეიდას.
- უი, შე ტუტუცო, მე საქმეს მოგარიდე და შენ მადლობელიც არა ხარ.
- მეც მიყვარხარ. - მხიარულად გამოსძახა ნათიამ და ოთახიდან გაშპა.
. . .
- კამი, იქნებ დედაშენმა ადგილი შეუცვალა გასაღებს და ჩვენ ტყუილად ვიხეთქავთ გულს? - ვკითხე მარტო რომ დავრჩით.
- არ არსებობს! ან რაში უნდა დასჭირვებოდა გასაღების გადაადგილება, თუ იქ წასვლას არ ფიქრობდა?
- დავუშვათ, მტვრებს იღებდა...
- ანი, შეხედე რას გავს აქაურობა. სულ ამ დღეშია. 15 წელზე მეტია რაც მხოლოდ მე ვალაგებ სახლს: დაგვა, დარეცხვა, უთო, მტვერი, საჭმელი, სარეცხი ჩემს გარდა არავინ აკეთებს. იმიტომ კი არა რომ ეზარება, უბრალოდ დღის ბოლოს ისეთი დაღლილ-დაქანცულია ლოგინამდე ძლივს მიდის რომ გაითიშოს და დილამდე მკვდარივით ეძინოს. დამიჯერე, დედას დრო არ ექნებოდა იმისთვის რომ ნივთებისთვის ადგილი შეეცვალა თუ გარკვეული მიზანი არ ამოძრავებდა. ჩვენ ბოლოს ერთად ვიყავით იქ და ჩემი თვალით დავინახე როგორ ჩადო ის ჩვენი დამანგრეველი გასაღები ლარნაკში. მოწიე. - ამ სიტყვით დაასრულა კამალიამ უსიამოვნო საუბარი და დაამატა - მამა ნათლობაშია და გვიანობამდე არ მოვა.
- მერე სუნი?
- გავანიავებთ კაცო, დრო გვაქვს.
თავპატიჟი აღარ დამჭირდა. სიამოვნებით ამოვაცურე სიგარეტი და ნეტარებით დავარტყი პირველი ნაპასი.
- ან...
- ჰმ? - დავიზმუკუნე საწრუპიდანვე და გემრიელად გადავყლაპე ცივი ყავის ყლუპი.
- რას ფიქრობ ნარკოტიკზე?
გაოცებით მივაშტერდი. ერთხანს ასე ვუყურე, თითქოს მისი თვალებიდან ამოვიკითხავდი პასუხს. წარსულშიც დაუსვამთ ეს კითხვა სკოლაში და საკმაოდ უკმეხი პასუხიც მიუღიათ ჩემგან. ახლაც მაშინდელივით გავღიზიანდი და ერთბაშად ამოვხეთქე.
- რას და ერთი დიდი ნეხვია! ყველაზე უგუნური რამ, რაც ამ სამყაროში შექმნილა. - კამალიას ღიმილმა ჩემი შეცდომა მიმახვედრა და მაშინვე შევასწორე - არასაჭიროებისამებრ გამოყენებას ვგულისხმობ და არა სამედიცინო თვალსაზრისით. ხანდახან მძულს ეს ქვეყანა მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენი ხალხისთვის სამი რამ არის საინტერესო: სექსი, ომი და ნარკოტიკი. ახალი ფილმები, წიგნები, გადაცემები სულ ამ თემებს დასტრიალებს და ისე ვღიზიანდები, რომ შემეძლოს სამივეს სათითაოდ მივაფსამდი სახეში. ჩემთვის საშინლად მოსაწყენი და ყელში ამოსულია იმ განსხვავებით რომ ორი მათგანი კაცობრიობას ანადგურებს, ერთი კი ამრავლებს. რით ვერ დაიწყო ის ახალი ეპოქა, სადაც სხვა საგნები გამოვა ასპარეზზე. იცი, კამი, არასოდეს გამისინჯავს მოსაწევიც კი, რადგან პროტესტის გრძნობა მაქვს. არ მინდა იმ უგუნური ბრბოს ნაწილი გავხდე. მე უფრო საინტერესო სამყარო მინდა...
- იქნებ ამიტომაც ამოგარჩიეს უცხოპლანეტელებმა, თუკი ეს ჩვენივე მცდარი აზრი არ არის. - მოულოდნელად შემაწყვეტინა კამიმ და ისე აუციმციმდა თვალები, როგორც ერთ დროს ნიუტონს, როდესაც ყველასთვის ცნობილი უდიდესი აღმოჩენა გააკეთა. - შენ იმ სამ თემას აქცევ ზურგს, რომელიც ალბათ ჩვენი დასაბამიდან არსებობს და ყოველთვის აქტუალურია.
- არა, ზურგს არ ვაქცევ. სექსი ალბათ ყველაზე კარგი რამ არის, მე კი 25 წლის დედაბერს თუ ბავშვს არ შემიგვრძნია. გააჩნია რომელ საზოგადოებას მიეკუთვნები. ვიღაცისთვის ბებერი ავადმყოფი ვარ, ვიღაცისთვის სპეტაკი მანდილოსანი. მე კი ჩვეულებრივად ვგრძნობ თავს. ჯერ არავინ შემყვარებია და ალბათ ამიტომაც ვარ ქალიშვილი და არა იმიტომ რომ ასე მიმაჩნია გამართლებულად. რა დიდი ფილოსოფია მაგას უნდა, არ მესმის. ვიღაცას სულ არ სჭირდება ეს შენი რომეო და ჯულიეტა, მანონ ლესკო, ტიტანიკი, ტრისტანი და იზოლდა. გაიცნო, მოუნდა და გადაუშალა ფეხები. რისთვის უნდა გავაკრიტიკოთ თუ მცირეწლოვანი არაა. რა დააშავა, ან რისთვის შევაქოთ, განა რა გააკეთა ახალი? - ყავა მოვსვი და კამალიამაც ენადქცეულს ძლივს ჩამაკვეხა სიტყვა.
- ანუ ღიზიანდები ამის აფიშირება რომ ხდება? ტაბუ დავადოთ სექსს, ნარკოტიკს და ომს? - ღრმად ამოვისუნთქე.
- ომის ხსენებაზე, ვრწმუნდები რომ სატანა ნამდვილად არსებობს. პატრიოტული სულის კვეთების ნიღაბქვეშ ამოფარებული ტახტზე და სიხარბეზე ორიენტირებული დემონები, რომლებიც მილიონობით ადამიანს ნაადრევ სიკვდილს ახუტებს. აი მეორე და მესამე თემა კი... იჟიმავე, გაგისწორდა, ხოდა გააგრძელე ყვირილის გარეშე. თუ გინდა, სულ სარი გითხრია ერთ ადგილში. რად უნდა ამას აფიშირება და რატომ აჩვენებ ახალ თაობას რომ ესაა რაც არის და სხვა არაფერი საინტერესო არ ხდება ამ სამყაროში. ვიღას უკვირს დღეს სექსი ჩვენი ბნელი მოქალაქეების გარდა? რაც შეეხება ნარკოტიკს... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ეს არის ხალხის მასა, რომელიც იმდენად უინტელექტო, უაზრო, უინტერესო, უდანიშნულებო, უმისიო ნაცრისფერ ბურთულაში ზის რომ ყურადღება რამეზე უნდა გადაიტანოს რომ იარსებოს და უცებ ეს შერჩა ხელში. უარეს შემთხვევაში კი ვფიქრობ რომ ნარკოდამოკიდებულებები ხდებიან, რადგან მათ არავინ უთხრა რომ არსებობს წიგნი, მუსიკა, თეატრი, კოსმოსი, მკვლელობები რომელიც გამოძიებას მოითხოვს. პირამიდები, მაიას ტომები... ვაიმე, რამდენს მალაპარაკებ და ნერვებს მაშლევინებ, ერთი მაგათიც. - ერთ მოწრუპვაზე ლამის ბოლომდე ჩავიყვანე ცივი ყავა. ნაყინი გამდნარიყო და მილქშეიქის გემო ჩავატანე.
- უიტნი ჰიუსტონი, ემი ვაინჰაუზი, მიკი რურკი, რობინ უილიამსი, ირაკლი ჩარკვიანი და შენი საყვარელი სტივენ კინგიც ნაცრისფერ ბურთულებში ცხოვრობდნენ?
- ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, მათ ვერ შეიფერეს დიდება და გადაწყვიტეს რომ წარმატებული ცხოვრება გაეცალმტვერებინათ.
- თუმცა, თუ არ ვცდები, სტივენ კინგი დღესდღეობით ყველაზე მდიდარი მწერალია...
- შენ ის პერიოდი გამოგრჩა მისი ცხოვრებიდან, რომელსაც რეაბილიტაციური ცენტრი ჰქვია. დანარჩენები კი გარდა მიკისა, საფლავებში წვანან. სიმართლე გითხრა, ნარკომანებს ელგებეტე საზოგადოებას ვადარებ, რომ ვერ გაიგებ ავადმყოფები არიან თუ ჩვენგან განსხვავებული კატეგორია, რომლებიც ცხოვრებას უცნაური გზით იფერადებენ. ორივე შემთხვევაში წინააღმდეგი ვარ მათი ჩაქოლვის, რადგან როგორც ბრძენი ბიბლია გვამცნობს, პირველი ქვა იმან ესროლოს, ვინც უცოდველია. აკეთოს რაც უხარია, თუ რა თქმა უნდა სხვას ზიანს არ აყენებს. ბოლოს და ბოლოს, ისიც არ ვიცით რეინკარნაცია არსებობს თუ სამოთხე-ჯოჯხეთი. ხოდა, ჩემი აზრით, მაქსიმალურად უნდა მივიღოთ სიამოვნება. ისე არ გამიგო თითქოს მაგ ადამიანებს ვაკრიტიკებდე მე 25 წლის ანკა, ანუ არავინ. ზემოდან დანანებით დავყურებდე „ავადმყოფ“ ჰიუსტონს და „ცოდვილ“ მაკედონელს. ერთსაც აქვს უფლება სწრაფი სიკვდილით მოკვდეს და მეორესაც ნელი შიდსით. დარწმუნებული ვარ, ყოველი მათგანი ფიქრობს რომ ჩვენ ვერ ჩავწვდით ცხოვრების ჭეშმარიტ ნეტარებას. ასე რომ არც ღირს კამათი, უბრალოდ... მოდი ჩვენ წიწაკას მივუბრუნდეთ, სანამ მედიკო დაგვდგომია თავზე.
- რომც დაგვადგეს, იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ელოდა. საინტერესოდ მსჯელობ. ერთბაშად სასტიკიც ხარ და ჰუმანურიც. მომწონს შენი აზრების მოსმენა.
- ხო, კალამი მოიმარჯვე და ჩაიწერე ხოლმე ჩემი სიბრძნეთაფრქვევა. განსაკუთრებით იმ დარგებიდან სადაც დილეტანტი ვარ.
- ამას წინათ მითხარი, „ბინდი“ მხოლოდ იმიტომ არ მაქვს ნანახი, რომ ყველა სულელი თინეიჯერი აქებდაო, მაგრამ „ჰარი პოტერის“ ფანი ხარ...
- კი, გეთანხმები. თვითეული ნაწილი მინიმუმ სამჯერ მაქვს წაკითხული. მახსოვს, ერთ-ერთი ბოლო ნაწილი ზაფხულში გამოვიდა. ზუსტად იმ სამ დღეს დაემთხვა ოჯახთან და ნათესავებთან ერთად შეკვეთილში ვისვენებდი. იმის მიუხედავად რომ ზღვა ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს, თითქმის არ მახსოვს ის დღეები, რადგან სულ წიგნს ვეჯექი. რესტორანში, პლაჟზე, სასტუმროში თუ კაფეშ-ბარში. მგონი, მამას ბიძაშვილის შვილს შევძულდი, რადგან დედამისი სულ გულს უწყალებდა უყურე ამ ბავშვს და მაგალითი აიღეო. მეც შემძულდებოდა სხვა ჩემს ადგილზე, რადგან ისე ჩანდა, თითქოს ხალხს ვაჩვენებდი რომ წიგნებიდან თავს არ ვიღებდი. არადა რა მექნა, როგორ მეარსება ან როგორ დამედო სხვა რამისთვის გული, როცა სახლში როულინგის წაუკითხავი რომანი მედო. იმ დროში მე და ჩემი ბიძაშვილი სოლფეჯიოს გაკვეთილზე „პოტერობანას“ ვთამაშობდით.
- ეგ რომელი თამაშია? - მკითხა გამხიარულებულმა კამალიამ და სამზარეულოში გავიდა ხილის გამოსატანად.
- ჩვენ მოვიგონეთ. „ქალაქობანას“ შემოკლებული ვარიანტი გამოვიდა. - წარსულის გახსენებაზე სითბო ჩამეღვარა. მივხვდი როგორ მომენატრა ჩემი ტკბილი მაშო. - ვწერდით პერსონაჟების სახელებს და შემდეგ ვადარებდით ერთმანეთის ფურცლებს. გამარჯვებული ის იყო, ვისაც უფრო მეტი პერსონაჟი ჰყავდა გახსენებული. უნდა გენახა რა გატაცებული ვიყავით ამ თამაშით და რა მკაცრად ვიცავდით წესებს. არ ჩავუთვლიდით იმ პერსონაჟს რომლის სახელიც გვეწერა მაგრამ გვარი არა. რამდენჯერ გადაგვირევია სოლფეჯიოს მასწავლებელი დინარა ამის გამო. ის გამწარებული ხსნიდა სამხმოვანებებსა თუ დომინანტსეპტაკორდებს, ჩვენ კი გაავებულები ვიყავით ფანქრებს ჩაფრენილი ვინმე არ გამოგვრჩენოდა. როულინგის კითხვა მანამდე დავიწყე, სანამ საქართველოში გაპოპულარდებოდა. ვიცი, ეს რატომაც გამახსენე კამი. წეღან გავაზვიადე. ხანდახან მწვავე წინადადებების ჯიბრით სროლა მახასიათებს, ალბათ იმიტომ რომ ჩემი აზრის მძაფრად დაფიქსირებას ვცდილობ. რა თქმა უნდა, მოსაწევი მხოლოდ იმიტომ არ გამისინჯავს რომ ბრბოს ნაწილი არ გავმხდარიყავი, გადამეტებული ნათქვამია. უბრალოდ არა მგონია მომეწონოს, რადგან ალკოჰოლი მძულს. არც სმის პროცესი მსიამოვნებს, არც სიმთვრალის ფაზა. მაგის შემდგომი მდგომარეობა ხომ საერთოდ გაუსაძლისია, ვერ იტანს ჩემი ორგანიზმი. რაც არ უნდა დავლიო იმ დღესვე თუ არა, მეორე დღეს მაინც გულისრევით ვკვდები. ესაა რეალური მიზეზი თუ რატომ არ გამისინჯავს ჰაშიში, თუ მანაგუა. კიდევ გამიცნობ და დარწმუნდები, თუ რამემ მიიქცია ჩემი ყურადღება, სულ კაცობრიობას რომ ვაგდებდე საფრთხეში, მაინც ვეცდები სურვილის დაკმაყოფილებას. რა ვქნა, ევას შთამომავალი ვარ და ეტყობა უხვად დამაბერტყა თავისი ცოდვილი ბუნება.
- იქნებ იმიტომ არ ეკარები რომ არ გინდა შეჯდე? - ამ სიტყვებზე ისეთი სიცილი ამიტყდა ლამის გადავბჟირდი. კამალიაც ამყვა. - ძალიან დრამატულად გაიჟღერა შეჯდომამ, არა? - მკითხა ცრემლების წმენდით და სიცილის მეორე ტალღა წამოვიდა. მხიარულება ნათიამ შეგვაწყვეტინა. კარებიდანვე გვამცნო ახალი ამბავი. წუხელ ღამით მაღაზია გაეძარცვათ. დაწვრილებით მოგვიყვა სასოწარკვეთილი გამყიდველის ნაამბობი, რომელიც მოთქვამდა და თავბედს იწყევლიდა იმისთვის რომ ქმარს არ დაუჯერა სიგნალიზაცია დაეყენებინათ. ნაყინი ვერ იყიდა მარტივი მიზეზის გამო, ქურდებს ნაირ-ნაირი ნაყინით სავსე მაცივარიც კი გაეტანათ. ამაზე შეშფოთებულს სიცილი ამივარდა. ცივი კოკა-კოლა დავლიეთ, რომელიც ქურდებს რატომღაც დაეტოვებინათ. კამალიამ ჭიქები გასარეცხად წაიღო, ნათია ღორების დასაპურებლად გაეშურა, მე კი გაშეშებული წელი დივნის საზურგეს მივაყრდენი და ხელში ცარიელი ბოთლი შევათამაშე.
განმარტოებულს მაშინვე მტანჯველი აზრები მომეძალა. გარეული იყო თუ არა უცხო გოგოს სიკვდილში კამალიას ოჯახის ახლობელი, რომელმაც გასაღები მოიპარა. დიახ, დარწმუნებული ვარ რომ ქურდობასთან გვაქვს საქმე. მე მჯერა ჩემი მეგობრის, რომელიც ამტკიცებს რომ მისი მშობლები სხვისი სახლის გასაღებს არავის მისცემდნენ. მინდა მწამდეს რომ გასაღები სადმე აქვეა. სხვა უჯრაში, ან სულაც რომელიმეს ტანსაცმლის ჯიბეში და პასუხები პოლიციასთან ევგენიმ უნდა გასცეს. არ შეიძლება კამის ოჯახმა ინერვიულოს იმაზე, რაც არ ჩაუდენია. ეს უსამართლობა იქნება. მე ხომ ვიცნობ მათ... ეს გაანადგურებთ.
- რა დაგიშავა მაგ ბოთლმა? - მკითხა ნათიამ და გვერდით მომიჯდა.
ჰმ, რას არ ჩაიდენ ჩაფიქრებული ადამიანი. ბოთლის ყელიდან პლასტმასის წრე ამომეძრო და ცერა თითზე მეკეთა. არ დამინახავს, არც მახსოვს როდის ჩავიდინე ეს გაუაზრებელი ქმედება. მთელი ჩემი გონება ალიევების ოჯახის გადარჩენაზე ფიქრით იყო დაკავებული.
. . .
საიდუმლო მასალები, სიზმართმჭერი. ეს ის ფილმებია, სადაც ცისფერ კაცუნებს ახსენებენ. სამწუხაროდ, შუა ძებნის დროს მიხომ ლეპტოპი დამიხურა, კომპიუტერისთვის განკუთვნილი ერთი საათი ამოწურულიყო და ნინოც გააფრთხილა რომ მკაცრად მაკონტროლოს დღის განმავლობაში ამ დაწყევლილ საათს არ გადავაცდინო. გული რომ არ დამწყვეტოდა ინკუბატორთან მიმიყვანა და ბებია ქალის პროფესია შევითავსე. ჩოჩრებს ანუ მწყერის შვილებს დავეხმარე ნახევრად გატეხილი კვერცხებიდან გამოსვლა. არ ვუარყოფ რომ უდიდეს სიამოვნებას განვიცდი, როდესაც სიცოცხლის დაბადებაში წვლილი შემაქვს, მაგრამ მეეჭვება ფრინველების გამრავლებამ გამახსენოს წარსული და ამოგლეჯილი ნაწილი შემივსოს. საკმარისია მარტო დავრჩე საკუთარ თავთან რომ ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ცხვირწინ მიდევს სიმართლე და ვერ ვხედავ. ენის წვერზე მადგას და ვერ ვამბობ. ჭადის სახელი მავიწყდება. აჰა, აქ წყდება ჩემი მჭევრმეტყველება. ათასჯერ ვწყევლი იმ სატვირთოს მძღოლს. ათი ათასჯერ ჩემს ამნეზიას. ასი ათასჯერ კი იმ მეცნიერს, რომელსაც შეუძლია ამნეზიის წამალი გამოიგონოს და სხვა დაავადებას დასტრიალებს. ჩემი დავრდომილი ბედის ამბავი რომ ვიცი, მეხსიერება დამიბრუნდება და სწორედ იმ დღეს გადმოსცემს ქრონიკა, მოამბე და სიენენი რომ ევრიკა! ებრაელმა მეცნიერმა ამნეზიის წამალი გამოიგონა. აი მაშინ კი გავცოფდები და მტრისას! ერთი მეორეს მიყოლებით დავლეწავ ტელევიზორებსა და ერთი სიტყვით, ეკრანებს.
დიახ! არ შემცდარხართ. გაბოროტებული ვარ. არც მაღაზიის მეპატრონე მეცოდება რომ გაქურდეს, ქმარმა ხომ უთხრა დავაყენოთ სიგნალიზაციაო. ამან არ მინდაო, ფულის ზედმეტი ხარჯვააო. ხოდა ხარჯი ახლა ნახოს, მაცივრიანად რომ გაუტანეს ნაირ-ნაირი ნაყინი თუ ტკბილეული. უყაროს ახლა კაკალი. დაეჯერებინა ქმრისთვის მაგ გასიებულ ძროხას. წნევა ხომ არ აუწევდა ამ მშვენიერ დღეს. დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან ტურაო. ცხოველების რა მოგახსენოთ და ქურდებმა კი შეუჭამეს ნახევარი მაღაზია.
. . .
ვნანობ რასაც წეღაც ვფიქრობდი. გულით არ დამიწერია. ნინომ მითხრა რომ ოთხას ლარამდე აქვს ზუსტად იმ ქალის ვალი, მაღაზია რომ დაუყაჩაღეს. ყოველ დილით ყავას რომ ვხეთქავ და პურს ვცეცხლავ იმ უბედურის მაღაზიიდან მოტანილი ყოფილა. თურმე თანასოფლელებს სულ ნისიად მიაქვთ პროდუქტი და ხელფასის აღებისას უხდიან. ეს რომ გავიგე, ჩემი თავის შემრცხვა. რომ შემეძლოს, მაგ ეპიზოდს ამოვხევდი დღიურიდან, მაგრამ არა! მწარე სიმართლე ჩვენი არსებობისა გერჩივნოს შელამაზებულ ტყუილსო, ნათქვამია. მე ვეუბნები საკუთარ თავს. წეღან სატანურ-დეპრესიული შემოტევით რომ ვიტანჯებოდი და ათას სისაძაგლეს ვწერდი, ნინომ დამიძახა, ფენოვანი ხაჭაპურები დაეცხო და მანდ მოგართვა თუ ჩამოხვალო. არ მშიოდა, მაგრამ შემრცხვა და ჩავედი. არ მშიამ სამი ნაჭერი გადამასანსლინა და ტუჩებზე შერჩენილი ნამცეცებიც გამალოკინა.
ვახშმის დასასრულს მოხდა ის, რამაც ისე საშინლად ამაფორიაქა რომ კინაღამ გონება დავკარგე და ჩემი მასპინძლებიც გვარიანად დავაფეთე. უზარმაზარი ძვრა ჩემს გაყინულ გონებაში!!! რაღაც გამახსენდა!!! მინდა დაწვრილებით მოვყვე. მოკლედ, თამარს ვეთამაშებოდი, როდესაც თვალი მოვკარი ნაცნობი ფილმის პერსონაჟებს ტელევიზორში. ჰობიტი გადიოდა. უცებ ოთახი შეიცვალა. მე ჩემს საძინებელში ვიყავი წიგნების თაროს წინ და ხელში „ბეჭდების მბრძანებლის“ მესამე ტომი მეჭირა. ის-ის იყო დამეხურა და თავის ადგილზე მეორე ტომის გვერდით უნდა შემომედო. მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ის იყო რომ პირველად ამ დროის მანძილზე რაღაც გამახსენდა, არამედ ისიც რომ წიგნში რაღაც ჩავდე... რაღაც ისეთი რაც ჩემს გარდა არავის არ უნდა ენახა და ამის გამო სასტუმრო ოთახს ვაყურადებდი ვინმე ხომ არ აპირებდა საძინებელში შემოსვლას. სანამ წიგნს თავის ადგილზე დავაბრუნებდი, თვალში მომხვდა ფურცლებს შორის დარჩენილი ნაპრალი. სწორედ ისეთი გასახმობად ყვავილს რომ ჩადებ დღიურში და ზევიდან მძიმე წიგნს დაადებ. რაც არ უნდა დაადო, მაინც შეიმჩნევა პირდაღებული ადგილი.
სულ ეს იყო. მაგრამ ესეც ხომ დიდი ამბავია?! იმის მიუხედავად რომ ვაცნობიერებდი დედას არ უნდა ენახა რა შევინახე, გულმა ვერ მომითმინა და დავურეკე. ვუთხარი წაკითხვა მინდა და შეამოწმე მარცხენა თაროზეა თუ ვინმეს ვათხოვე მეთქი. მახსოვს რომ ორი თუ სამი ტომი გქონდა, ფასდაკლებით იყიდე, მაგრამ არცერთი არაა ადგილზე, ალბათ ვინმეს მიეციო.
გული ჩამეთუთქა. ვინ იცის რამდენი წიგნი მაქვს ასე „მითხოვებული“. იმედია ყველა მათგანი კეთილსინდისიერი აღმოჩნდება, პატივს მიაგებენ ჩემს ავადმყოფობას და არ შეიტყაპუნებენ სხვის საკუთრებას. დედასთან საუბრის შემდეგ სავარძელში მოვკალათდი და სანამ ჩაისთვის წყალი ადუღდებოდა ფიქრებმა წამიღო. რა შეიძლება დამემალა წიგნში? შეყვარებულის სურათი... მხოლოდ მე თუ დავბეჭდავდი ოცდამეერთე საუკუნეში შეყვარებულის სურათს და წიგნში შევინახავდი. სისულელეა. აბა სხვა რა ჯანდაბა უნდა ყოფილიყო? ვინმეს ვაშანტაჟებდი და მაკომპრომიტებელი მასალა? ანი დაეშვი მიწაზე. მაშინ, წერილი, ფული... ფულს არ დავმალავდი, უბრალოდ შევინახავდი. აღარც კი მახსოვს რომელი ასაკიდან ვინახავ წიგნებში, რვეულებში და დღიურებში ფულს. ზოგჯერ მავიწყდებოდა და შემთხვევით გადავაწყდებოდი ხოლმე. ჩემი ეს ჩვევა დედამაც იცოდა და ბებიამაც. სულ დამცინოდნენ ამის გამო. საფულე არასოდეს მქონია. უფრო სწორად, მქონდა მაგრამ არ ვიყენებდი. ჩანთა ისედაც ათასი ხარახურით მქონდა სავსე. რვეული, კალამი და წიგნი ყოველთვის სადაც არ უნდა წავსულიყავი. კაფეში თუ სკოლაში, რეპეტიტორთან თუ ნათესავთან. რა იცი როდის მომეპრიანებოდა კითხვა ან წერა. როცა შემიძლია ჩანთის ჯიბეში შევინახო ხურდა თუ ქაღალდი რატომ ვათრიო ზედმეტი ტვირთი საფულის სახით? არ ვიცი რა ძვრები იყო კოსმოსში ჩემი შობის დროს მაგრამ საფულეს, სათვალეს, საათს და საყურეებს ზედმეტ ტვირთად ვთვლი და მომკალი. საჭიროა, როგორ არა. მილიარდობით ადამიანი იყენებს ამ ჩამონათვალს და ზოგიერთ მათგანში მთელ ქონებასაც იხდიან, მაგრამ ჩემი არ არის. სხვებზე ძალიან მომწონს საყურე. განსაკუთრებით თუ ქალს გრძელი კისერი აქვს და შეკრული თმა. კაცზე საათი და ცივი სუნამო მაგიჟებს ისე მომწონს, მაგრამ რატომ შემოვირტყა მაჯაზე ბორკილის მსგავსი რამ როდესაც მობილური მაქვს და შემიძლია ნებისმიერ წამს ვნახო რა დროა. რაც შეეხება სათვალეს... ერთი თვალიდან უკეთესად ვხედავ ვიდრე მეორედან. ეს რბილად რომ ვთქვათ, უხეშად კი ვაღიარებ, რომ მარცხენა თვალიდან წაკითხვა მიჭირს, რის გამოც ტანჯული ბავშვობა მქონდა. რა დამავიწყებს მეკობრის სათვალეს, მარჯვენა მინაზე ნაჭერი რომ ჰქონდა აკრული რათა მარცხენა თვალი გამევარჯიშებინა. რა გამაკეთებინებდა იმ ოხრობას სკოლაში?! ხომ იმ წუთიდან ცალთვალას, ციკლოპს ან მეკობრეს შემარქმევდნენ კლასელები. ხოდა ისე შემძულდა ზოგადად სათვალე რომ პლაჟზეც კი არ ვიკეთებ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ საერთოდ არ მაქვს ეს საჭირო ნივთი.
- ანა, რას აკეთებ? - მიხოს ხმამ გამახსენა რომ ასადუღებლად წყალი მედგა გაზზე. როგორც ბებიაჩემი იტყოდა, წელამკვდარა, დაბნეული მეს გამო ჩაი თვითონვე მოემზადებინა ყველასთვის. მის სახეზე უცნობი გამომეტყველება შევამჩნიე, რომელიც ჯერ არ მენახა და შევცბი. ის ჩემს ხელებს მიშტერებოდა და მგონი ამან ამაფორიაქა. ქურდობაზე წასწრებულივით გავწითლდი. ფიქრებში ხეტიალისას ცარიელი კოლოფიდან ვერცხლის ქაღალდი ამომეძრო და ცერა თითზე მქონდა შემოხვეულ-ჩამოცმული. იმ წუთას ხუთი წლის ბავშვად გადავიქეცი და ენის ბორძიკით ვკითხე
- რამე დავაშავე? - მას გამომეტყველება შეეცვალა. უცებ ისე დაუთბა სახე, შემიყვარდა.
- რა უნდა დაგეშავებინა, სულელო, გარდა იმისა რომ ჩაის გაკეთება შემომტენე. - მიპასუხა მან და სურნელოვანი, ლიმონიანი ჩაი გამომიწოდა. არ ვიცი როგორ ამოვაძრე ვერცხლის ქაღალდი კოლოფს ისე რომ არ დამეხა, ან როდის „შევიხვიე“ ცერა. ნეტა ავარიის შემდეგ დამჩემდა გაუაზრებელი ქმედებები თუ მანამდე? გამიგია, ხალხი, რომელიც ფიქრის დროს გაუაზრებლად ხატავს, ქაღალდს ნაკუწებად ხევს, ფრჩხილებს იკვნეტს, ნიკაპს აწვალებს, ფეხს აკანკალებს... მე ამაშიც რომ არაპროგნოზირებადი ვარ. მეშინია ერთხელაც ტკივილმა რომ გამომაფხიზლოს და ჰოი საოცრებავ! მაკრატლით თითი მქონდეს გადაჭრილი. არა ღმერთო, გთხოვ! ოღონდ ეგ არა და ჯანდაბას, თუ გინდა სავარცხელს სათითაოდ დავაძრობ კბილებს, ან თავზე თმის ღერებს ჩამოვიპუტავ, ნაკლებად მტკივნეული იქნება.
. . .
ტირილის ხმა მაღვიძებს. ვიღაც გულსაკლავად ქვითინებს. თვალებს ვახელ და ვარდისფერ ლოგინზე ვზივარ, მის გვერდით. მარჯვენა ხელში ცეცხლმოკიდებული ინსულინის ნემსი უჭირავს და ეტყობა მიწებებული აქვს, რადგან ვერ აგდებს და ერთიანად კანკალებს.
- დამეხმარე, გთხოვ! შემომტირის და ცრემლები ნიაღვარივით უსველებს სახეს. მე ელვისსისწრაფით ვიხდი ჟაკეტს და ვკეცავ. ამ დაკეცილი ნაჭრით ვაგლეჯ გავარვარებულ ნემსს და იატაკზე ვისვრი.
- ესენიც ამომაძრე. - ჩურჩულებს მზაკვრული ღიმილით და თითებს შლის. ლპობაშერეულ ხელისგულში მატლები დაფუთფუთებენ და ის ყურის წამღებად მიყვირის.
- შენი ბრალია! შენი ბრალია! შენი ბრალია!..
. . .
ქუთუთოებს ერთმანეთს ვაცილებ, ჭაღს ვცნობ და ცოტა ვმშვიდდები. თვალებში ოფლის წვეთები ჩამდის და მეწვება. ისეთი დაღლილი და შეშინებული ვარ, ტირილის თავიც აღარ მაქვს.
რა დავაშავე? ან რა არის ჩემი ბრალი?!



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime chemo ramagari vrameaa. Gavgijdiii. Male dade raaa. Aseti saintereso ram titze champsatvlelia am saitzee. Ardaagvianobgtxovv. Moutmenlad gelodebiiii

 


№2  offline წევრი An_Gel

ისე ვარ შენით მოხიბლული, არც კი ვიცი საიდან დავიწყო!
პირველ რიგში, "აღმოგაჩინე" და ეს ძალიან მიხარია. შუაღამეს ძალიან უმიზნოდ დავხეტიალობდი საიტზე და არც კი ვიცი, რატომ გადავწყვიტე შენი სიახლის გახსნა. მაგრამ ძალიან მიხარია, რომ გავხსენი და შენი კითხვა დავიწყე. პირველი ორი თავი პატარა იყო და ნაკლებად მრავალფეროვანი, მაგრამ იყო მათში რაღაც ისეთი, რამაც მაიძულა კითხვა გამეგრძელებინა. არ ვიცი, იდუმალება დაკრავს შენს თხრობას, უდიდესი დოზის ინტრიგა და კიდევ ბევრი ისეთი რამ, რაც ძალიან მიყვარს ავტორში.
ზოგადად, ჩემდა სამწუხაროდ, უცნობ ავტორებს არ ვკითხულობ. შენი გამოჩენით ვარ ორმაგად გახარებული, ამიტომაც.
ყველაფერი წესრიგში გაქვს! - დინამიური, საინტერესო თხრობის მანერა, მდიდარი ლექსიკა, საოცარი იუმორი (რაც მხოლოდ მესამე თავში გამოამჟღავნე, მაგრამ ძალიან კარგად) შედარებები გაქვს უკარგესი, კითხვაზე რომ ხარ შეყვარებული და ძალიან საინტერესო ხედვა გაქვს, ამან ხომ ცალკე შემაყვარა შენი თავი. ინტრიგები ისე შემოგაქვს, მერე ისე ოსტატურად შლი და გვითრევ ამ ამბავში, ვერ მოწყდები კითხვის პროცესს. გრამატიკაშიც მშვენივრად ხარ. ნუ, ძალიან პატარა ნიუანსებს თუ არ ჩავთვლით, საიდანაც ყველაზე უხეშად "ეხლა" მხვდება. მაგრამ სხვა დანარჩენით იმდენად ვარ მოხიბლული, საერთოდ არ მადარდებს ეგ საკითხი, მითუმეტეს, რომ ძალიან გამართული ნაწერია. მომწონს, რომ ერთდროულად გაქვს "კლასიკური" ტიპის თხრობა და ხანდახან სლენგებს და თანამედროვე ლექსიკონსაც მშვენივრად უხამებ ამ ყველაფერს. მოკლედ, მოხიბლული ვარ, ზომაზე მეტად, შენით!
რაც შეეხება ისტორიას. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა ისტორია, სადაც მეხსიერებადაკარგულ გოგოს შეყვარებული წარსულიდან ახსენებს თავს, ან რამე მსგავსი. თურმე სად ვბანაობ?! :დ როგორც კი გამოჩნდა სახელი "კამალია" მივხვდი, რომ მე ამ ისტორიაში ვერ შევხვდებოდი პაპსა, ბანალურ სიუჟეტს. მესამე თავის სიდიდემ გამაოცა (მითუმეტეს წინა ორთან შედარებით) მაგრამ სიდიდეს ვინ ჩივის, ერთი ხელის მოსმით შეიცვალა ამ თავში ყველაფერი. რომ ვერც წარმოვიგდენდი, ისეთებს ატრიალებ.
ანა - ამ პერსონაჟზე უამრავი შემიძლია ვილაპარაკო. უკვე მაგიჟებს ინტერესი, ისე ვარ. აშკარაა, რომ ჩავარდნები აქვს მეხსიერებაში. უფროსწორად, ჯერ ძალიან "ლაითად" ჩანს, რომ რაღაცებს გაუაზრებლად აკეთებს, მაგრამ რატომღაც მგონია, უფრო სერიოზული ქმედებებიც აქვს გაუცნობიერებლად ჩადენილი. კოდი მან შეცვალა? გასაღები მან აიღო? - მგონია, რომ გარეულია ამ ამბავშვი სერიოზულად და ეს მან არ იცის. მერე ის მონაკვეთი მაფიქრებს, უეცრად რომ გაბრაზდა და გამყიდველი ქალი გამოლანძღა დღიურში. მრისხანების შეტევები აქვს, ფაქტია. ისე ოსტატურად გვაპარებ რაღაც-რაღაც მომენტებით, რომ ამ გოგოს ჯერაც არ აქვს ყველაფერი წესრიგში, მტოვებ უსაზღვროდ მოხიბლულს პირადად შენით.
ხო, ის ჩართვები მაინტერესებს ძალიან. არ აკონკრეტებ, ვინ არიან ის გოგო-ბიჭი, მაგრამ რატომღაც მგონია, ანა და მისი მეგობარი(?!) არის ის ბექა. რატომ არის დეიდაშვილი მიმი მასზე განაწყენებული, რას მალავდა ანა დედისგან და რა დამალა იმ წიგნში? - იმდენი კითხვა მაქვს, ინტერესი მკლავს.
ხო, მერე ეს მკლელობა და მაღაზიის გაძარცვა. არ მგონია, რომ შემთხვევითია ეს ყველაფერი და ანა უბრალოდ ახლო-მახლოს მოტრიალე ადამიანია ამ საქმეში. სხვათაშორის, არც ავარია მგონია შემთხვევითობა.
კამალია-ნათიას დუეტს რომ არ შევეხო, უბრალოდ არ გამომივა :დდ ამ პერსონაჟებმა განუმეორებელი ხიბლი შესძინეს ისტორიას. ორივე ისე მომწონს (და მაინც ნათია უფრო) და ისე ვიცინე "ბიტვა ექსტასენსის" და "ეპილაციის" მომენტზე, მაშინ მივხვდი საბოლოოდ, რომ ეს ისტორია უკვე მიყვარს.
უცხოპლანეტელების ამბავი? ცისფერი ბიჭუნები? :დ - არ ვიცი, არ ვიცი. მაინც მგონია, რომ გადატანითი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, თუმცა მოველი შენგან ყველანაირ სიურპრიზს. :დ
ექსტრასენსი რას იტყვის მომდევნო თავში, ძალიან მაინტერესებს. იმედი მაქვს, არ დააგვიანდება ახალ თავს. ჩათვალე, რომ შენი ერთგული მკითხველი ვარ. ძალიან მაგარი გოგო ხარ! იმედი მაქვს, ბევრი არ ვილაპარაკე და თავი არ შეგაწყინე <3

პ.ს დამავიწყდა უმთავრესის აღნიშვნა :დდ
სათაური? ძალიან დამაინტრიგებელი ხდება მას შემდეგ, რაც შინაარს ეცნობი. აშკარაა, რომ ნარკოდამოკიდებულებაზეა საუბარი, მაგრამ ვის დამოკიდებულებაზე, როცა ანამ ასე კატეგორიულად დააფიქსირა თავისი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით?!მაგრამ იქნებ მთავარი ამბავიც ეგ არის? :დ მოკლედ, კითხვები მაქვს ათასი, პასუხებს ველი :დდ <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

სიმართლე გითხრა გვიან ღამით წავიკითხე ეს თავი, მაგრამ იმდენად დავიზაფრე, შემეშინდა, ასე მეგონა მძაფრსიუჟეტიან ფილმს ვუყურებდი, საბნის ქვეშ ვიმალებოდი და ისე ვკითხულობდი. კომენტარი დილისთვის გადავდე, ანაზე არანაკლბ შეშინებული ვიყავი. უკვე ვიცი წინ დიდი სიდუმლოებები და მოულოდნელობები მელის. მიხარია რომ აღმოგაჩინე, ყველანაირად დახვეწილი ხარ. იუმორი გაქვს ბრწყინვალე. მთელი სიამოვნება იყო ნათიას და კამალიას დიალოგები. კიდევ ბევრი სათქმელი მაქვს, მაგრამ წერა არ მეხერხება. ხო კიდევ ანას წარსული ძალიან იდუმალი ჩანს, რასაც სიზმრებიდან ვიგებთ.
მოკლედ მე მხოლოდ ამ ისტორიაზე ვხდები დამოკიდებული და იმედი მაქვს, არ შეწყვეტ და აუცილებლად დაასრულებ. არც მინდა სხვანაირად დავიჯერო:დ

 


№4  offline წევრი ლურჯი ანა

[quote=An_Gel] ძვირფასო ანა, შენმა კომენტარმა გამაბედნიერა. იმდენად გამახარა რომ უცებ ვიფიქრე, ჩემი მამიდაშვილი ხომ არ მიწერს ამ კომენტარს რომ მასიამოვნოს-მეთქი. ისიც კითხულობს, ოღონდ ამ საიტზე არა. კარგი ჟურნალისტია და რა თმა უნდა, მას ვერაფერს გამოვაპარებ (როგორც შენ...) გრამატიკა ჩემი სისუსტეა... ძალიან ვნანობ რომ გრამატიკის წიგნი ერთხელაც არ გადამიშლია და ყველაფერს ყურით ვიმახსოვრებდი. მართალია, ლიტერატურა გრამატიკაშიც გამეცადინებს, მაგრამ... მაგრამ! დასანანია როდესაც ბევრი გაქვს სათქმელი და ერთი შეხედვით პატარა ნიუანსები გაბრკოლებს. პატარა კი ბოლო ჯამში უზარმაზარი ხდება. ამიტომაც იძულებული ვარ გრამატიკის წიგნი გადავშალო. ერთი სიტყვით, ელჯერნონივით ვარ :)
იმდენად დაკვირვებული თვალი გაქვს რომ გამაოგნე... ოღონდ მართლა. ისეთი კითხვები დასვი რომ... ამიტომ მეგონე ჩემი მამიდაშვილი :) მას შემდეგი თავები აქვს წაკითხული :) მიხარია ასეთი ჭკვიანი და საინტერესო მკითხველი რომ მყავს, მეორე მხრივ კი შევშფოთდი, ნუთუ ასეთი მარტივად გასაგებია ყველაფერი-მეთქი :) ვხუმრობ რა თქმა უნდა <3 რამდენიმე კითხვას დღეს გაეცემა პასუხი... ბოდიშს გიხდი იმ უწმაწური სიტყვებისთვის რაც შეგხვდება... ეს არც ფენტეზია არც სასიყვარულო დრამა. უფრო კიმინალური დრამაა და პერსონაჟები რომლებიც გამოჩნდებიან არც თუ ისე სასიამოვნოდ საუბრობენ. რაც შეეხება ნარკოდამოკიდებულებას... ეს წიგნი ავტობიოგრაფიულია და და პერსონაჟები ნამდვილად არსებობენ. შემდეგ თავებში მოყოლილი ისტორიები ნამდვილად მოხდა, და ალბათ ამიტომაც ავიღე კალამი. <3 კიდევ ერთხე, უზარმაზარი მადლობა ჩემო საყვარელო <3

ქეთი და ჩიკო <3
უღრმესი მადლობა ჩემო კარგებო <3 არაფერია იმაზე დიდი სიამოვნება როდესაც ასეთ თბილ სიტყვებს ისმენ <3
გპირდებით რომ იმედს არ გაგიცრუებთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent